შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეცხრე თავი)


27-03-2017, 20:30
ავტორი murachashvili
ნანახია 3 501

გვიან ღამით სტუმრების თანხლებით დაბრუნდა მამა ნიკოლოზი მონასტერში. თორნიკეს რეაქციით შეძრულნი, ისევ ბავშვის შვილად აყვანის საკითხს განიხილავდნენ. მიუხედავად ყოყმანისა, მამაოც კი აღიარებდა, რომ პატარას არაბულების ბუდესთან ასე ახლოს ყოფნა ნამდვილად სარისკო იყო. მათი საიდუმლო ვინმეს რომც არ გაეთქვა, არსებობდა რისკი, რომ თავად ბავშვსვე გაემჟღავნებინა მისი ვინაობა. აი, ამას კი ვერაფრით დაუშვებდა. იმის წარმოდგენაზეც კი, რომ გიგაურების შემდეგი სამიზნე შეიძლება ის გამხდარიყო, ტანში სცრიდა. მართალია გულს არ უნდოდა, მაგრამ გონება ხმამაღლა უხმობდა: - ბავშვი ხეობისთვის მოეშორებინა.
იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევდა. ამ შემთხვევაში კი თავად თორნიკემ გააკეთა არჩევანი, მანვე მიიღო თეკლა მშობლად. აქამდე თუ იმას შიშობდა, რომ გაშვილებით პატარას დაკარგავდა, ამის რისკიც საბოლოოს გაქრა. ბიჭუნა ღვიძლი მშობლების სამეგობროში დარჩებოდა, ისევ მათი ნებიერა იქნებოდა, თუმცა ამჯერად დაბადების მოწმობაში თორნიკე არაბულის ნაცვლად თორნიკე ქართველიშვილს მიუთითებდნენ, გვარს, რომელიც აკამ გიგინეიშვილის ნაცვლად გერმანიაში წასვლის შემდეგ ფსევდონიმად აიღო. ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება, ბავშვის სიცოცხლის ას პროცენტიანი გარანტად იქცეოდა.
ისევ ეტკინა, ისევ ჩაწყდა გული. კარგად იაზრებდა, რომ ბავშვს თეკლე და აკა, მასზე მეტად თუ არა, ნაკლებად ნამდვილად არ შეიყვარებდნენ, მაგრამ მაინც ყოყმანობდა, მაინც არ ეთმობოდა. ეგოისტობდა? ალბათ.
- დაგვიჯერე, ასე სჯობს! - თითქოს მიუხვდა ვასიკო ფიქრებს. მხარზე ოდნავ მოუჭირა ხელი.
- ოცნების კოშკების აგებას არ დაგიწყებთ, მაგრამ შენც იცი, მისთვის კარგი მომავლის შეთავაზება შეგვიძლია. არ ვეცდებით მშობლები შევუცვალოთ, უბრალოდ გვეყვარება, ისევე ძლიერ როგორც საკუთარს შევიყვარებდით.
იცოდა ნიკოლოზმა, მეგობარი არ ატყუებდა. ისედაც ხომ უნდოდათ პატარა თორნიკეს აღზრდაში წვლილის შეტანა?!. განა მამაოს თავად არ უნდოდა თორნიკე არაბული გარდაცვლილად ჩაეთვალათ?! ბავშვს თავშესაფრიდან წაიყვანდნენ, არაბულის ნაცვლად თორნიკე ქართველიშვილად მოევლინებოდა სამყაროს.
- თორნიკე ქართველიშვილი! - რამდენიმეჯერ გაიმეორა ხმამაღლა. ტკივილმა ერთხელ კიდევ გაკვეთა მკერდი, ერთხელ კიდევ გაიარა.
- მოვა დრო და იამაყებ პატარა ქართველიშვილით. სიმართლეს არ დავუმალავთ. ეცოდინება საკუთარი წარმომავლობის შესახებ. თუ მოინდომებს, საკუთარ კუთხეში დაბრუნებასაც შეძლებს... - თეკლეს წკრიალა ხმა მალამოდ მოედო ნიკოლოზს.
- იქნებ დაბრუნდეს კიდეც! - ყრუდ ჩაილაპარაკა მან.
- მთავარია ბედნიერი იყოს და თუ არ დაბრუნდება, არც მაგაზე ვიდარდებთ! - უდარდელი ხმით გამოაცხადა ვასიკომ.
- ეგეც მართალია! -როგორც იქნა შუბლი გახსნა მოძღვარმა - რაც ხდება, ყველაფერი ჩვენსდა სასიკეთოდ. ალბათ, მართლა ასე სჯობს.
ვასიკო მეორე დღესვე დაბრუნდა თბილისში. აი, აკა და თეკლე კი კვირაზე მეტ ხანს დარჩნენ მონასტერში. ყოველ დღე მიდიოდნენ თავშესაფარში. დღითი - დღე, უფრო და უფრო უშინაურდებოდნენ პატარები. ამჯერად მათ ელოდნენ კარებში ატუზული ელენე და თორნიკე. თეკლესთან ჩახუტების გამო ებუტებოდნენ ერთმანეთს, როგორც იქნა დაკარგული ღიმილი დაიბრუნა ქალმა. ორივეს ერთდროულად ხვევდა ხელებს, ორივეს სურნელს ისუნთქავდა და მეხსიერებაში ღრმად იბეჭდავდა.
უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, თორნიკე არაბული კვირის ბოლოს მათ მიჰყვებოდა, მაგრამ ელენე?
ნიკოლოზთან საუბარში გაუბედავად ახსენა კიდეც, იქნებ ელენეც გამაყოლო, მასაც ვიშვილებო, მაგრამ მამაოსგან ისეთი ცივი უარი მიიღო, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გაბედა.
წასვლას ახსენებდნენ, თუ არა ელენეს ცრემლებით ევსებოდა თვალები. ბავშვს ძლიერად იხუტებდა თეკლე და ცდილობდა არ ეფიქრა მოსალოდნელ განშორებაზე, გოგონას შვილად აყვანაზე სულ უფრო მეტად ფიქრობდა ქალი. მით უმეტეს, რომ ნათლად ხედავდა, თავშესაფრიდან წასვლის პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, თორნიკეც ნელ-ნელა იღრუბლებოდა. პატარა მეტიჩარასთან მოსალოდნელ განშორებას აშკარად ისიც განიცდიდა.
ბოლოს ვეღარ მოითმინა, დახმარება ისევ მეუღლეს სთხოვა.
- გთხოვ, დაელაპარაკე, შენც შეეხვეწე ნიკოლოზს, თორნიკესთვისაც მტკივნეული იქნება პატარასთან განშორება, შეგვიძულებს, ჩვენ დაგვადანაშაულებს.
- თორნიკე იმაზე ჭკვიანი ბავშვია ვიდრე წარმოგიდგენია. მეგობრებთან, მათ შორის ელენესთან მოსალოდნელი განშორება გააზრებული აქვს და შეგუებულიცაა. მგონი შენ უფრო გინდა გოგონას წამოყვანა, ორი ბავშვის შვილად აყვანას კი ვერ შევძლებთ, თან სიმართლე გითხრა არც მინდა უცხო ადამიანი ოჯახში, რა იცი ვინაა, ვისი ჯიშის, ვისი სისხლის?!
ყურებს არ უჯერებდა თეკლე, გაოცებისგან რამდენიმეჯერ დააფახუნა თვალები, აკასგან ასეთ სასტიკ სიტყვებს ნამდვილად არ ელოდა. იგრძნო როგორ მოაწვა ცრემლები, ტუჩები აუცახცახდა, სულ ცოტაც და ატირდებოდა, როცა მეუღლის სახეზე გაპარული ღიმილი შენიშნა. არ უნდოდა, აკას გაცინება, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა თავი და ახარხარდა:
- პატარა ბავშვივით ხარ, დედას გეფიცები მართლა ვერ გაიზარდე, როგორ ახერხებ ასე წამში ტირილს?! დაველაპარაკები, შევეხვეწები. ოღონდ შენ ბედნიერი იყავი და თუ გინდა მთელ თავშესაფრის ბავშვებს ჩვენთან წამოვიყვან! - გულში ძლიერად იკრავდა თეკლეს და ცრემლებით სავსე თვალებს უკოცნიდა.
- ბოროტო, კინაღამ დავიჯერე! - ამჯერად მართლა სლუკუნებდა ქალი.
- მაგ პატარა მეტიჩარას გარეშე მეც გამიჭირდება... - შუბლზე კოცნიდა თეკლეს აკა.
- იცი, ეს დღეები სულ ვფიქრობდი, რა იქნებოდა ჩვენი გოგონაც რომ...
- არ გინდა, ნუ ეცდები ამ ბავშვებში მის დანახვას, გთხოვ! წარსულს არ მიუბრუნდე. - ტკივილისგან ხმა გაებზარა აკას - ალბათ, ასე იყო საჭირო, სამაგიეროდ ღმერთმა ისინი მოგვივლინა!
ცრემლებით სავსე თვალებით უმზერდა თეკლე აკას. მამაკაცს მტკიცედ მოეკუმა ტუჩები, დუმილის დარღვევა არ უნდოდა, იცოდა მოღალატე ხმა აუცილებლად გასცემდა მის განცდებს, თუმცა სიტყვები არც ჭირდებოდა თეკლეს, ზედმეტად კარგად იცნობდა მეუღლეს, მისი მოკუმული ტუჩები ბევრად მეტყველი იყო, ვიდრე ხმამაღლა ნათქვამი ბგერები. თლილი თითები ფრთხილად გადაუსვა ტუჩებზე ქალმა, ბაგეებით ოდნავ შეეხო ხელისგულზე აკა, ისევ იგივე განცდა დაეუფლა მამაკაცს, იგივე ჟრუანტელი, თითქოს ახლაც პირველად კოცნიდა, პირველად ეფერებოდა საყვარელ ქალს. თეკლე კი არ ჩერდებოდა, ამჯერად თვალებთან გაჩენილ წვრილ ნაოჭებზე გადაინაცვლა. კარგად ახსოვს მათი გაჩენა, თითოეული ხაზი, თითოეული ერთად გავლილი ტკივილი.
ემოციებისგან თითები უცახცახებდა თეკლეს, სულ ცოტაც და ისევ ატირდებოდა, ორივე ხელით მოეხვია მეუღლე, ისე იკრავდა, თითქოს ქალის დაკარგვის ეშინოდა, საფეთქელთან იგრძნო სასურველი ტუჩების სიმხურვალე.
- მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ ძლიერ მიყვარხარ! - მისთვის ტუჩები არც კი მოუშორებია, ისე უჩურჩულა ვაჟმა.
რა თქმა უნდა თეკლესთვის მიცემული პირობა არ დავიწყებია აკას, შესაფერის მომენტს ელოდა, მოძღვართან სალაპარაკოდ და თითქოს გაუჩნდა კიდეც.
ტაბლასთან მჯდომ თორნიკეს ნიკოლოზისთვის ძლიერად მოეჭირა მისი სუსტი მკლავები და იქვე ელენესთან მოთამაშე თეკლეს უმზერდა. უნებურად ძლიერად ამოიოხრა და ჩუმად გადაყლაპა მოწოლილი ცრემლი ბავშვმა. მისი რეაქცია არ გამოპარვიათ უფროსებს:
- რატომ ხარ მოწყენილი?! - მასთან ჩაიმუხლა აკამ.
პატარამ მზერა აარიდა, ერთხელ კიდევ გახედა სევდიანი თვალებით მოფარფატე ელენეს და სახე მამაოს მკერდში ჩამალა.
- ნიკოლოზ, იქნებ გეფიქრა თეკლეს სიტყვებზე განა რა გახდა?! გაგვატანე ელენეც!. გპირდები ყოველ კვირას ჩამოვიყვანთ, ბავშვების მონატრებასაც კი ვერ მოასწრებ, აქ რომ გავჩნდებით. ხომ ხედავ, როგორ ნერვიულობს, არ გეცოდება? ერთად გაიზრდებიან, გვერდი-გვერდ, როგორც დედმამიშვილები, როგორც ერთი ოჯახის წევრები.
-ელეს თუ არ გაგატანთ, ისე არ ივლით სტუმრად?! - ღიმილი ვერ შეიკავა ნიკოლოზმა.
- ვივლით, მაგრამ ისე უფრო ხშირად...
- ასეთი ჯიუტები როგორ ხართ? ხომ გითხარით უარი? - ნელ-ნელა ბრაზდებოდა მამაო.
- გასაგებია, მაგრამ რატომ?! - მისი სიბრაზე არ შეიმჩნია, მაინც არ ნებდებოდა აკა.
- იმიტომ, რომ ბავშვს დედა ჰყავს, რომელიც ადრე თუ გვიან მოაკითხავს მის შვილს!
- რომ არ მოაკითხოს?!
- მოაკითხავს, აუცილებლად მოაკითხავს. ეს ბავშვები ერთად ვერ გაიზრდებიან, მათ სხვა ცხოვრება ელით.
- რა წინასწარმეტყველივით ლაპარაკობ?! - ხუმრობა სცადა აკამ, თუმცა მამაოს სერიოზული მზერა შენიშნა თუ არა, მყისვე გაჩუმდა.
- ზოგჯერ ვერაფერს შეცვლი. ამ ბავშვებს მისი ცხოვრება აქვთ გასავლელი, იქნებ შეხვდნენ კიდეც ამ გზაზე ერთმანეთს. ამას მომავალი გვიჩვენებს.
- რა დაშავდება ერთად რომ?..
- არ მისმენ?! გეუბნები ელენე დედასთან გაიზრდება, საკუთარ დედასთან! რომ წაიყვანოთ და მოგადგეთ ჩემი შვილი დამიბრუნეთო, უარესი არ იქნება?! გეკითხები, ბავშვისთვის უფრო მტკივნეული არ იქნება?!
კიდევ აპირებდა შეწინააღმდეგებას აკა, თუმცა თავადაც ხვდებოდა, რომ ნიკოლოზს საკმაოდ მყარი არგუმენტები გააჩნდა და აზრს ასე მარტივად არ შეიცვლიდა.
- კარგი იყოს შენებურად! - იქვე მდგომ მეუღლეს, უსიტყვოდ ანიშნა არაფერი გამომივიდაო.
თეკლემ პატარა ხელში აიყვანა და თავადაც მამაკაცებთან მისვლა დააპირა, რომ მისი ყურადღება თავშესაფრის ეზოში შესულმა საშუალო სიმაღლის, ასე ოც წლამდე გოგონამ მიიქცია. ქალიშვილი ფრთხილი ნაბიჯით მოაბიჯებდა ეზოში. თვალებით ვიღაცას ეძებდა.
- აი, ისიც. ხომ გეუბნებოდი მოაკითხავს მეთქი?! - ნიშნისმოგებით გახედა ნიკოლოზმა აკას.
ქალი აშკარად ვერ მიხვდა მისი სიტყვების მნიშვნელობას, თითქოს ვერც კი გაიგონა, ოდნავ დაუქნია თავი მამაკაცებს, თუმცა ახლოს მისვლისგან თავი შეიკავა. აქეთ-იქით ისე იყურებოდა ყურადღებით თითქოს ვიღაცას ეძებდა. თეკლემ ელენე ისე მიიკრა, თითქოს მისი დაკარგვის ეშინოდა. რამდენიმე წამიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა დაინახა მისთვის უცნობ ქალს ჩახუტებული პატარა, ცალი თვალით რომ უმზერდა ეზოში შემოსულს. შვილის დანახვაზე სახე წამიერმა სიხარულმა გაუნათა სტუმარს, თუმცა თეკლეს მზერა გაუსწორა თუ არა, გამომეტყველებაც სწრაფადვე შეეცვალა. მისი ვინაობის დადგენა არც კი დასჭირდა, უცნობის მზერა ბევრად მეტყველი გამოდგა. მასში ისედაც დაკარგული, ისედაც გაუცხოვებული შვილის სიყვარულის მოწილე დაინახა და შეეშინდა, წლების შემდეგ პირველად შეეშინდა, თითქოს ახლაღა გაიაზრა, რომ მართლა კარგავდა, მისი ერთად-ერთი შვილი ვიღაცას იყვარებდა, ვიღაცას ეფერებოდა და იქნებ ერთ დღეს დედაც კი ეწოდებინა.
ეტკინა, იმდენად ეტკინა, რომ ხმამაღალი ბღავილი ქვეყანას ერჩივნა. უფლება რომ ჰქონოდა, ამ საძულველ არსებას კინწისკვრით გააგდებდა თავშესაფრიდან, მაგრამ მიუხედავად ემოციებისა, უსიტყვოდ უმზერდა ელეს, ასეთ ლამაზს, ასეთ ლაღს, თეკლეს თბილად რომ უღიმოდა და გული სტკიოდა, რომ იგივე თავად ვერ შეძლო. ხედავდა როგორ ეფერებოდა მისი ბუთხუზა თითებით ბავშვი და გული უფრო და უფრო ეწურებოდა. ვინ იცის რამდენჯერ უფიქრია, რამდენჯერ უნატრია, რომ ნიკოლოზს გოგონა გაეშვილებინა. მაშ რატომ ეტკინა?! რატომ სდიოდა ცრემლები? თავს იჯერებდა, რომ არ უყვარდა, რომ საბოლოოდ დაივიწყებდა.
ყოველ თვე მოდიოდა იმ გადაწყვეტილებით, რომ კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ ბავშვი არ ჭირდებოდა. მოდიოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, სიტყვას ვერ უშვებდა.
ახლა?! რატომღაც ეგონა, რომ შიგნიდან ჩეხდნენ, უნდოდა ეყვირა, ეღრიალა, რომ ეს უცნობი ქალი მოშორებოდა მის გოგონას. ახლა, ისე როგორც არასდროს უნდოდა ერთხელ მაინც შეხებოდა, ერთხელ მაინც ეგრძნო მისი სითბო. ვინ მოსთვლის რად უჯდებოდა ახლა ჩუმად ყოფნა. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ ჰაერში გასშეშებია შვილისკენ გაწვდილი ხელი, რამდენჯერ დაუნახავს მისკენ მიმართული მამაოს გამომცდელი მზერა. როგორ სძულდა მაშინ ნიკოლოზი, თითქოს ხედავდა, თითქოს ხვდებოდა მის განცდებს. არადა...
თითქოს გული დაწყდა, ხვდებოდა, რომ საკუთარი თავი თავადვე ეცოდებოდა, იქნებ ჯობდა კიდეც ახლავე გასულიყო თავშესაფრიდან, შორს გაქცევა ყველაზე კარგ გამოსავლად ეჩვენებოდა, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა, ისევ ყოყმანობდა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა თეკლე. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ორნი, ერთმანეთს თვალებში უმზერდნენ. თითქოს უსიტყვოდ პაექრობდნენ, პირველობისთვის იბრძოდნენ. მათი უტყვი დიალოგი დიდხანს არ გაგრძელებულა. თეკლემ ნიკოლოზს ჩახუტებულ თორნიკეს გახედა.
- ჩვენ თორნიკეს ახალი ოჯახი ვიქნებით. როგორც ვხვდები, თქვენც აპირებთ თქვენი გოგონას წაყვანას...
- ეგ ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი! - ყელში მოწოლილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
- ალბათ, უბრალოდ დროის საკითხია! თქვენი გოგონა ისეთი თბილია, ისეთი ტკბილი, შეიძლება შემოგეჭამოს კიდეც! - ლოყაზე ოდნავ უკბინა აკისკისებულ ბავშვს, ხელში აფართხალებული გოგონა დასვა, თავად კი ისევ სტუმარს მიუბრუნდა: - ჩვენი ბავშვები მეგობრობენ, მინდა დამპირდეთ, რომ სადაც არ უნდა წაიყვანოთ, ერთმანეთს არ დაკარგავენ!
- ქალბატონო, არ ვიცი ვინ ხართ, - ორმაგად გააღიზიანა თეკლეს უშუალო, ზედმეტად თბილმა დამოკიდებულებამ - არც პირობების წამოყენების უფლება გაქვთ, ჩემი შვილი ჯერჯერობით აქ იზრდება, აქაც ბედნიერია.
- პირობას გიყენებთ? შეუძლებელს გთხოვთ?! - ამჯერად ხმას აუწია თეკლემ - დარწმუნებული ხართ, რომ აქ კარგადაა? მისთვის გიკითხავთ?! იქნებ უნდა დედასთან ყოფნა? თუმცა ეგ თქვენი გადასაწყვეტია, ვინ ვარ რჩევა რომ მოცეთ?! - არ უნდოდა, მაგრამ ხმაში ირონია მაინც გაეპარა.
- თქვენთვის იოლია სხვისი ცხოვრების განსჯა, არ იცით ახლა ჩემს გულში რა ხდება. თავადაც ვერ მიხვდა ამ გაპრანჭულ, მეტიჩარა ქალზე რატომ აღარ ბრაზობდა, თვალი გააყოლა მამა ნიკოლოზისკენ კურტუმის ქნევით მიმავალ შვილს- ალბათ, უგულო გგონივართ. ცხოველი, რომელმაც საკუთარი შვილი მიატოვა. მაგრამ, იცით რა არის შიში?! როცა გეშინია, რომ ერთ დღეს შენივე შვილი შეგიძულებს, შენი შერცხვება, როცა ხევად შენს სისხლს შენგან გაქცევა როგორ უნდა, შენ კი ყველაზე მეტად გიყვარს და გასაშვებად არ გემეტება. არ მინდა ჩემი შვილის თვალებში იმედგაცრუება დავინახო.
- ვერ ხვდებით, რომ სიძულვილის მიზეზს თავადვე აძლევთ? შეხედეთ თქვენს პატარას, შეუძლებელია ზურგი გაქციოთ, უბრალოდ შანსი მიეცით. მიეცი უფლება უყვარდე.
- ამდენი ხანია დავდივარ, ის კი - ვერც მამჩნევს... - ხმა გაებზარა ქალს.
- გინდათ, რომ შეგამჩნიოთ? - თეკლე ქალის თანხმობას აღარც დაელოდა, თავადვე დაუძახა ბავშვს - ელენიკო, ჩემო სიცოცხლე, ნახე ვინ გესტუმრა?
თამაშში გართულმა პატარამ გულგრილად გამოხედა უკან მდგომს, ეტყობა სტუმარმა დიდად ვერ დააინტერესა და ისევ თორნიკეს მიუბრუნდა.
- თოლნიკე, - ჩვეული გაპრანჭული ხმით ეტიტინებოდა პატარა - რომ წახვალ მოგენატლები ხოლმე?
- მომენატრები! - ღიმილი ეპარება სახეზე.
- მეც რომ წამოვიდე?! - ისეთი სახით უმზერდა გოგონა, თითქოს მისი წაყოლა მართლა ვაჟზე იყო დამოკიდებული.
თორნიკემ ისეთი მუდარით სავსე თვალებით შეხედა თეკლეს, გული დაეწვა.
- ელენიკო, მერე შენ დედიკოს არ ეწყინება? - ღიმილით ცდილობდა ემოციების დაფარვას აკა.
- მე დედიკო არ მყავს!... - გაბუტული ხმით გამოუცხადა პატარამ.
ქალი გაფითრდა. უნებური ცახცახის დასაფარად, თითები ერთმანეთში გადახლართა, ნერვიულად იმტვრევდა თითებს.
- მომისმინე ელე, ყოველთვის ისე არ ხდება, ჩვენ რომ გვინდა. - ბავშვისკენ დაიხარა თეკლეც, გოგონას აშკარად ისე ესაუბრებოდა თითქოს წინ დიდი ადამიანი ედგა, სხვაგვარად არც გამოსდიოდა, ვერ ხვდებოდა 2 წლის ბავშვისთვის როგორ აეხსნა, რა გამართლება მოეძებნა ქალისთვის, რომელმაც შვილი მიატოვა, მაგრამ ქალის გაფითრებული სახის დანახვაზე, გული მოეწურა, უნებურად შეეცოდა უცნობი.
- დედიკო ყველას ჰყავს, მათ შორის შენც! - ცოტა არ იყოს უხეშად ჟღერდა ნიკოლოზის ხმა.
- თორნიკეს ხომ არ ჰყავს? არც მე მინდა დედა! - გაცხარდა პატარა.
- ელენიკო, ასე არ შეიძლება, შენ დედიკოს უყვარხარ! - დაუყვავა თეკლემ.
- არ მინდა, არ მინდა, შენთან წამიყვანე, შენ იყავი ჩემი დედა! - თავისას იმეორებდა ბავშვი, ისე ჩააფრინდა გვერდით მდგომ თორნიკეს, თითქოს ვინმე ართმევდა.
ამდენი ხნის დაგროვილი ემოციები ვეღარ შეიკავა, მოულოდნელად მუხლებზე დაეცა ქალი და ხმით ატირდა, პირზე აფარებული ხელებით ცდილობდა სლუკუნის შეკავებას, თუმცა უშედეგოდ.
დამფრთხალი, შეშინებული თვალებით უმზერდა ელე ტირილისგან მოცახცახე ქალს. ბოლოს ბავშვურმა ცნობისმოყვარეობა სძლია:
- რატომ ტირის?! - დაბნეული მზერით მიაჩერდა მამა ნიკოლოზს.
- ელენე არ მეხუტრებაო! - უჩურჩულა მოძღვარმა.
- მართლა?! - გაოცებულმა ამჯერად აკას და თეკლეს შეხედა, ღიმილი ვეღარ შეიკავა თეკლემ, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბავშვს.
გაუბედავი, ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდებოდა ელე მუხლებზე მდგომს. რამდენიმეჯერ გამოხედა თორნიკეს, თითქოს მისგან ელოდა დახმარებას, მიუხვდა ვაჟი, ოდნავ მოშორებით მიჰყვა პატარას.
ბუთხუზა, პატარა თითებით ფრთხილად შეეხო მხარზე. თითქოს დენმა დაარტყა, შეკრთა ქალი. მისი რეაქციით შეშინებულმა ბავშვმა უკან დაიხია. ორივე ხელი გაუწვდინა შვილს, მაგრამ გოგონა უნდობლად, ისე აკვირდებოდა თითქოს გაურკვეველი ფორმის არსებას შესცქეროდა. იმედგაცრუებამ ისევ ტკივილით გაიარა, ისევ ცრემლებად დაიღვარა ქალი. შეეცოდა პატარას, თავადაც ცრემლები მოერია, ამჯერად მამა ნიკოლოზს გამოხედა დახმარების მოლოდინში:
- ჩაეხუტე! - ტუჩების მოძრაობით ანიშნა კაცმა.
თითქოს მისგან ელოდა დასტურს, პატარა ადგილიდან მოწყდა და დედას მოეხვია. ატირებული ქალი, გულამომჯდარი იკრავდა შვილს, პატარა თითებს სათითაოდ უკოცნიდა და ვინ იცის მერამდენედ ევედრებოდა:
- მაპატიე დე, მე სულელს მაპატიე!




№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საუკეთესო ხარ ანა.გამიხარდა ელეს დედა რომ გამოჩნდა და უნდა შვილი დაიბრუნოს
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი qarishxali

ცუდად ვარ ეს საოცრება არის heart_eyes ვტირი გაუჩერებლად და ვიცი რომ თქვენ შესანიშნავი დედა ბრძანდებით heart_eyes და შესანიშნავი ადამიანი kissing_heart მეტს ვერაფერს გეტყვით დამამუნჯა თქვენმა მოთხრობამ kissing_heart

 


№3  offline წევრი neilo

არც ამჯერად ამცდა ცრემლების ყლაპვა....

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
საუკეთესო ხარ ანა.გამიხარდა ელეს დედა რომ გამოჩნდა და უნდა შვილი დაიბრუნოს

მგონი შემდეგ თავში მოვახერხებთ და დავალაგებთ ყველაფერ საკუთარ ადგილზე. და გადავალთ შემდგომ ეტაპზეც. მოზარდი ელე და თორნიკე.

qarishxali
ცუდად ვარ ეს საოცრება არის heart_eyes ვტირი გაუჩერებლად და ვიცი რომ თქვენ შესანიშნავი დედა ბრძანდებით heart_eyes და შესანიშნავი ადამიანი kissing_heart მეტს ვერაფერს გეტყვით დამამუნჯა თქვენმა მოთხრობამ kissing_heart

თქვენი სიტყვები ყველაზე საუკეთესო კომპლიმენტია, შევიფერებ და გავწითლდები. მიხარია თუ ასე მხედავთ kissing_heart

neilo
არც ამჯერად ამცდა ცრემლების ყლაპვა....

smile kissing_heart

 


№5  offline წევრი Mariamch

აუუუუ.... მიყვარს ძააალინ ეს რომანი♥

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
აუუუუ.... მიყვარს ძააალინ ეს რომანი♥

არ იცი, მე როგორ მიყვარხართ, ასე რომ მავსებთ kissing_heart

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმეეე მოვკვდი ტირილით.... ერთ დღრს შემიწირავ შენი ისტორიებით.

 


№8  offline მოდერი შადი

სულ რატომ მატირებ?

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
ვაიმეეე მოვკვდი ტირილით.... ერთ დღრს შემიწირავ შენი ისტორიებით.

შადი
სულ რატომ მატირებ?

აი დასრულდება ეს ეტაპი, როგორც იქნა წამოიყვანენ პატარებს და მგონი აღარ მოგიწევთ ამდენი ცრემლები. თუმცა წინასწარ რა გითხრათ? რა ვქნა მაინც ეგოისტურად მიხარია თქვენი ცრემლები heart_eyes kissing_heart

 


№10  offline წევრი An-El

აუ ძაან ემოციური და გემრიელი თავი იყო,განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი :*მალე დადე ხოლმე ვეღარ ვითმეეენ :D

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

An-El
აუ ძაან ემოციური და გემრიელი თავი იყო,განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი :*მალე დადე ხოლმე ვეღარ ვითმეეენ :D

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, თუმცა მალ-მალე დადების რა გითხრა? ვეცდები მაქსიმალურად, იმედია მოვახერხებ ახალი თავის სწრაფად, ვნახოთ რა გამოვა heart_eyes

 


№12  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

რა ძალიან საინტერესო და ცოტა მძიმე წასაკითხი იყოო არ მინდა პატარები ერთმანეთს დაშორდნენ როგორი საყვარლები არიან მიყვარს შენი ყველა პერსონაჟიი..ისე საოცრად წერ შეუძლეებელია კითხვის დროს ყველა ემოციაა რაც ჩადებულია ისტორია ში არ განიცადოო ❤❤მეამაყები ასეთი კარგი რომ ხარ ❤❤

 


№13  offline წევრი An-El

murachashvili
An-El
აუ ძაან ემოციური და გემრიელი თავი იყო,განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი :*მალე დადე ხოლმე ვეღარ ვითმეეენ :D

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, თუმცა მალ-მალე დადების რა გითხრა? ვეცდები მაქსიმალურად, იმედია მოვახერხებ ახალი თავის სწრაფად, ვნახოთ რა გამოვა heart_eyes

:* გელიიით ჩემო კარგო მოუთმენლააად :)

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
რა ძალიან საინტერესო და ცოტა მძიმე წასაკითხი იყოო არ მინდა პატარები ერთმანეთს დაშორდნენ როგორი საყვარლები არიან მიყვარს შენი ყველა პერსონაჟიი..ისე საოცრად წერ შეუძლეებელია კითხვის დროს ყველა ემოციაა რაც ჩადებულია ისტორია ში არ განიცადოო ❤❤მეამაყები ასეთი კარგი რომ ხარ ❤❤

დიდი მალობა, ჩემო საყვარელო kissing_heart იქნებ დაშორდნენ, იქნებ არც, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა უკვე ვიწყებთ რეალურად, ყველაზე საინტერესო ეტაპს. მგონი საკმარისი საფუძველი გვაქვს შექმნილი უკვე ბავშვებზეც რომ გადავიდეთ.

An-El
murachashvili
An-El
აუ ძაან ემოციური და გემრიელი თავი იყო,განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი :*მალე დადე ხოლმე ვეღარ ვითმეეენ :D

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, თუმცა მალ-მალე დადების რა გითხრა? ვეცდები მაქსიმალურად, იმედია მოვახერხებ ახალი თავის სწრაფად, ვნახოთ რა გამოვა heart_eyes

:* გელიიით ჩემო კარგო მოუთმენლააად :)

heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№15  offline მოდერი sopiko

რა იყო ეს ბოლო ეპიზოდი...
ბავშვები ზოგჯერ თავისი ბავშვურობით დიდ ტკივილს აყენებენ უფროსებს. გამახსენდა, ჩემს ძმას ხატვაში რომ მინდოდა მივხმარებოდი, მან კი პასტით მაისური გამიფხაჭნა და მიყვირა. საშინელება იყო. ხმამაღლა ვბღაოდი, ვეღარ მამშვიდებდნენ :დდ
ამ ქალმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ღმერთი ყველას აძლევს მეორე შანსს. დარწმუნებული ვარ, ელენე მიიღებს მას დედად, მაგრამ თორნიკე მებრალება, დაშორება რომ მოუწევთ.
ვცდილობ წინასწარ ყველაფერი განვსაზღვრო და რა ვიცი, აბა, რამდენად გამართლდება ჩემი მოლოდინი.

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sopiko
რა იყო ეს ბოლო ეპიზოდი...
ბავშვები ზოგჯერ თავისი ბავშვურობით დიდ ტკივილს აყენებენ უფროსებს. გამახსენდა, ჩემს ძმას ხატვაში რომ მინდოდა მივხმარებოდი, მან კი პასტით მაისური გამიფხაჭნა და მიყვირა. საშინელება იყო. ხმამაღლა ვბღაოდი, ვეღარ მამშვიდებდნენ :დდ
ამ ქალმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ღმერთი ყველას აძლევს მეორე შანსს. დარწმუნებული ვარ, ელენე მიიღებს მას დედად, მაგრამ თორნიკე მებრალება, დაშორება რომ მოუწევთ.
ვცდილობ წინასწარ ყველაფერი განვსაზღვრო და რა ვიცი, აბა, რამდენად გამართლდება ჩემი მოლოდინი.

მე კი პირიქით, არც მინდა რომ იოლად პროგნოზირებადი განვითარება ჰქონდეს ისტორიას smile მგონი ყველაზე საინტერესო ეტაპი ახლა გვეწყება, ერთად ვნახავთ, როგორ განვითარდება ამ ბავშვების მომავალი ცხოვრება და ისევ გადაიკვეთება თუ არა მათი გზები.

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ket-kat
ანა, დღეს დადებთ?

არა, დღეს არა, სავარაუდოდ შაბათ-კვირას იქნება ახალი თავი kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent