ბედნიერების რეცეპტი (მეექვსე თავი)
ალბათ, აზრი არ აქვს იმის აღწერას, როგორ ჩაივლიდა ასე მუხანათურად დახოცილი არაბულების დასაფლავება, ერთი ის შემიძლია აღვნიშნო, რომ ისედაც ჩაშავებული სოფელი ორმაგად ჩაშავდა, ჩაბნელდა, ქალების ზარი ექოდ ეცემოდა ხეობას. პერიოდულად მკერდში მჯიღის ცემით, ოხვრითა და გოდებით უერთდებოდნენ კარებთან თავდახრილი მამაკაცებიც. დაცლილი ხეობა ხალხით შევსებულიყო, სამძიმარზე მიმსვლელთა ტალღა არ ილეოდა, შავოსანთა ერთი ჯგუფი მიდიოდა და მეორე ენაცვლებოდა. არაბულების ეზოში ორი საკაცე ესვენა. ჭირისუფალში აუცილებლად შენიშნავდით მამა ნიკოლოზსა და მასთან მდგომ ვასიკოს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო არსად ჩანდა თორნიკე. ხალხში ალაგ-ალაგ ჩურჩულსაც გაიგონებდით, პატარა არაბული უგზო - უკვლოდ დაკარგულად გამოეცხადებინათ, მათივე ვარაუდით, საბრალო ბავშვს იმ ავბედით დღეს მკვლელებისგან გადარჩენის შემთხვევაშიც კი, ტყეში ნადირისგან თავის დაღწევის შანსი არ ჰქონდა. - ალბათ, ისიც დაიღუპა! - ვიღაც ჩუმად აფრქვევდა ცრემლებს. - რას ლაპარაკობ, ღმერთმა დაიფაროს!..- შეშინებული პირჯვრის წერით თითქოს ეწინააღმდეგებოდა მოსაუბრეს, თუმცა ხმაზევე ეტყობოდა, რომ ნაწილობრი ეთანხმებოდა ატირებულ ქალს. - რას ამბობთ, უი, შვილო!... ვაი, შვილო! - ხმამაღლა შეიცხადა ვიღაცამ და ჭირისუფალშიც ტალღასავით გადავიდა ხმა, თორნიკე მკვდარი ყოფილაო. სხვა დროს ალბათ, დატუქსავდა ნიკოლოზი მოქოთქოთე, მომტირალ ქალებს მსგავსი ქცევის გამო, მაგრამ ამჯერად გაჩუმება არჩია. თითქოს აწყობდა კიდეც მსგავსი ჭორის გავრცელება, თითქოს განზრახ ხელსაც კი უწყობდა. დუმდა ნიკოლოზი და მასთან ერთად დუმდნენ როგორც ბექა, ასევე მონასტრის ბერ-მონაზვნებიც. საიდუმლოს გამჟღავნებას არ აპირებდა მამაო, პირიქით დღითი - დღე რწმუნდებოდა, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება პატარა არაბულის მასთან მონასტერში დამალვა იყო. ამის მიზეზი კი იმაზე მარტივი იყო, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. როგორც უკვე იცით, პირველადი საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისას ბექა ისევ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს მომხდარით თავზარდაცემული ძალოვნები ცდილობდნენ საკუთარი მოვალეობა მოეხადათ და შემთხვევის ადგილი შეძლებისდაგვარად სწრაფად დაეტოვებინათ. შესაშური სისწრაფით წამოკრიფეს დანაშაულის ადგილზე დატოვებული იარაღები, ფოტოები უღეს ავტომობილის პროტექტორებით დატოვებულ კვალს. ასეთ თვალსაჩინო სამხილებს სურვილის შემთხვევაში ალბათ, დამნაშავეებამდეც უნდა მიეყვანათ, თუმცა კვალში ჩადგომის ბრძანებას არავინ გასცემდა, გიგაურების დაკავებას სულაც არ ჩქარობდნენ. გაოცებული შესცქეროდა ბექა კრიმინალური და საპატრულო პოლიციისა ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ნელ-ნელა ავტომობილებში წასასვლელად ისე ნაწილდებოდნენ, თითქოს სამუშაო უკვე დაასრულეს და იქ აღარაფერი ესაქმებოდათ. - კი, მაგრამ მე არ უნდა დამკითხოთ? ეჭვმიტანილების დაკავებას არ აპირებთ?! - ასეთი კატეგორიის დანაშაულის გამოძიება ჩვენს კომპეტენციას სცდება, გენერალურ პროკურატურას გადავცემთ და ისინი მიხედავენ! - ცივად გამოუცხადა სავარაუდოდ ჯგუფის ხელმძღვანელმა და თავადაც უკვე დასაძრავად მომზადებულ ავტომობილში ჩაჯდა. - კი, მაგრამ, რომ გაიქცნენ? რომ დაიმალონ? - უკვე სანახევროდ დაძრულ ეკიპაჟს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ბექა. - ეგ ჩვენ არ გვეხება, თავად გადაწყვეტენ! - ავტომობილის კაბინიდან ცივად გადმოსძახა მუნდირიანმა და წინ წასულ კოლონას სწრაფი სიჩქარით დაედევნა. სამხილების კვლევითა და ძიებით დიდად არც პროკურატურის წარმომადგენლებს შეუწუხებიათ თავი. შემთხვევის ადგილზე დარჩენილი საბურავების პროტექტორების სხვადასხვა სისქის ზოლებში რატომღაც ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. მიწაყრილიან გზაზე დამწვარი რეზინისა და ავტომობილის საბურავების მკვეთრი ზოლით თურმე შესაძლებელი არ ყოფილა თავდამსხმელთა ტრანსპორტის სახეობისა და მისი მიმართულების დადგენა. მოწმეთა, მამა ნიკოლოზისა და ბექას მიერ თითქმის ძალით მიცემული ჩვენებები საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა ბრალის წასაყენებლად. ყველა სიკეთესთან ერთად, თავდამსხმელებს მკვლელობის იარაღებიც შემთხვევის ადგილზევე დაეყარათ, თუმცა ვერც მათი იქ ყოფნა დაეხმარათ დიდად. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ცეცხლსასროლი იარაღები დამნაშავეებს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული არ ექნებოდათ. ექსპერტების განცხადებით, იარაღზე თითის ანაბეჭდების მოძიება ვერ მოხერხდა და მიუხედავად მამა ნიკოლოზის მრავალგზის თხოვნისა, არც ეჭვმიტანილების თითის ბალიშების შემოწმების საფუძველი ჰქონდათ. იქნებ არც ის იცოდნენ, რომ თითებზე სროლის შედეგად დენთის კვალი რჩება?! არ ვიცი ასე როგორ მოხდა, ან დამნაშავეები იყვნენ ზედმეტად ჭკიანნი, ან ძალოვანი უწყების წარმოადგენლები ზედმეტად უპასუხისმგებლოები და გამოუცდელნი. მე პირადად ვარჩევდი, მათი ასეთი მოქმედებები გამოუცდელობისთვის დამებრალებინა, ჩვენსდა სამწუხაროდ, თურმე კეთილსინდისიერი, ენთუზიაზმზე მომუშავე გამომძიებლები მხოლოდ მხატვრულად აღწერილ დეტექტივებში არსებულან, აი, არაბულებს კი ასე ნამდვილად არ გაუმართლათ. მოიკითხეს გარდაცვლილების ოჯახური მდგომარეობა. როგორც გაირკვა, სალომეს მშობლები წლების წინ სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყვნენ, იმედი ჰქონდათ, მოახერხებდნენ საბუთების გაკეთებას და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას, თუმცა იმედი - იმედად დარჩა, წავიდნე და წავიდნენ, რაღაც პერიოდი სწერდნენ შვილს, შემდეგ კი ეს მიმოწერათ გაეწყვიტათ. შესაბამისად არ იცოდნენ, არც სალომეს გათხოვების შესახებ და არც მის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ სმენოდათ რამე. მინდია არაბულს კი დედ-მამა წლების წინ გარდასცვლოდა. ფაქტიურად ერთმანეთის ამარა მყოფ წყვილს, არც მშობლები ჰყავდათ და არც დედმამიშვილები. როგორც კი დარწმუნდნენ, რომ გარდაცვლილებს მომკითხავიც კი არავინ ჰყავდათ ერთი ანაფორიანი მამაოს მეტი, სწრაფადვე დაიწყეს საქმის დასახურად მასალების მოძიებაც. მაქსიმალურად ცდილობდნენ ეს სისხლიანი საქმე დროულად ჩაეფარცხათ, რაც შეიძლება სწრაფად ერთ-ერთ მტვრიან თაროზე შემოედოთ და აღარასოდეს გაეხსენებინათ. შეძლებისდაგვარად სწრაფად დამარხეს გარდაცვლილები და ნელ-ნელა დავიწყებასაც მისცეს მომხდარი ტრაგედია. გიგაურების ალიბი, თითქოს მათივე ბიძაშვილის დაბადების დღეზე გვერდით სოფელში საქეიფოდ იმყოფებოდნენ, უცებ გამყარდა სუფრაზე მათი ყოფნის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერებითა და იმ დღეს გადაღებული ფოტოებით. რატომღაც აზრად არ მოსვლიათ თუნდაც ფორმალურად მაინც გადაემოწმებინათ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მამა ნიკოლოზსა და ბექას კი გარდა ზეპირი ბრალდებებისა ხელთ არაფერი ეჭირათ. ბავშვის მონასტერში ყოფნას ისევ საგულდაგულოდ მალავდნენ. არაბულების ერთად-ერთი მემკვიდრე უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს, მართალია ცხედარს ვერ მიაგნეს, მაგრამ მოსახლეობამ თავადვე დაასკვნა, რომ ორი წლის მოზარდი ტყეში თავს ვერ გაიტანდა და ნადირის მსხვერპლად იქცეოდა. როგორც უმეტესად ხდება, თავიდან ხალხი ბობოქრობდა, შფოთავდა, თითქოს საკუთარი წესებით გეგმავდა შურისძიებას, შემდეგ ნელ-ნელა შეეგუა მომხდარს. ერთხელ კიდევ გამოხატეს მათი ტკივილი, როცა ტყეში დასახიჩრებული სხეულის (სინამდვილეში ალბათ რაიმე ცხოველის) ნარჩენები იპოვეს, ყოველ შემთხვევაში მამაოების დახმარებით ის სისხლიანი ძონძები მოსახლეობამ პატარა თორნიკეს სამოსად ჩათვალა, ასე გამოაცხადეს არაბულების პატარა მემკვიდრეც გარდაცვლად. თორნიკესთან ერთად კიდევ ერთხელ დაიტირეს მინდია და სალომე, კიდევ ერთხელ გაიხსენეს საბრალო წყვილი, თუმცა პირველმა ელდამ ნელ-ნელა გადაიარა, ტკივილი მიყუჩდა და დავიწყებასაც მიეცა. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არის კი ასე?! ალბათ, ნიკოლოზს ამის თქმა ყველაზე მეტად გაუჭირდებოდა. ყოველ საღამოს უმზერდა ცრემლებით სავსე თვალებში თორნიკეს, მის მონატრებას ებრძოდა, თუმცა ვერაფერს უხერხებდა. ძნელად ასახსნელი გამოდგა პატარა ბავშვისთვის, სად წავიდნენ ასე მოულოდნელად მისი მშობლები, რატომ აღარ ეყოლებოდა პატარა დაიკო, რომელსაც ასე ელოდა. ვასიკო ხშირად ადიოდა მონასტერში, მამაოებთან ერთად ნაწილობრივ ისიც ეხმარებოდა პატარას მოვლაში. უჩვეულოდ სევდიანი იყო თორნიკე, უჩვეულოდ მოწყენილი და ელოდა. ელოდა მხოლოდ ერთს, მისი ღიმილის ერთად-ერთ გამომწვევს, ერთ პატარა გოგონას. დიახ, არ ცდებით, მოღუღუნე, ზოგჯერ მტირალა ჩვილს რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ამ პატარა არსებასთან მის სახეს იბრუნებდა, მასზე ზრუნვა ახარებდა და მშობლების მონატრებასაც აქარვებდა. თავშესაფრიდან დედაოები შაბათ-კვირაობით სტუმრობდნენ მონასტერს, რა თქმა უნდა ელენეც თან მოჰყავდათ, ამ დღეებში ზოგჯერ მონასტერს ელენეს დედაც სტუმრობდა, თუმცა ბავშვთან მისვლას არ ცდილობდა. ძნელი იყო იმის დადგენა რას ფიქრობდა, უტყვი, უემოციო სახით საკუთარ შვილს შორიდან უმზერდა. ვიდრე მამაო ბავშვებთან ერთობოდა, დედები კელიებს ალაგებდნენ და სახლის საქმეებშიც ეხმარებოდნენ. ელენიკო უკვე ექვს თვემდე იყო. პატარა ოქროსფერი კულულუბი შუბლს ოდნავ უფარავდა, ბრდღვიალა მოთაფლისფრო, მომწვანო თვალებით მუდამ გაოცებული უმზერდა თბილად მომღიმარ ნიკოლოზს, მისი ფუნჩულა თითებით წვერზე ეპორინებოდა და კოცნისას ხმამაღლა კისკისებდა. ბავშვის სიცილის გაგონებისთანავე პატარა თორნიკესაც ეხსნებოდა მუდამ შეჭმუხნილი შუბლი. - ენე, ენე-ნე... - თბილად შესცქეროდა აფართხალებულ, აკისკისებულ გოგონას. უჩვეულოდ ხალისიანი იყო ჩვილი, მისი შემხედვარე პატარა ხევსურიც იბრუნებდა ბავშვურ სახეს, მასთან ისევ ბედნიერი იყო. საოცარი სანახავები იყვნენ ექვსი თვის ჩვილი და ორი წლის არაბული, თითქოს ერთმანეთს გრძნობდნენ, ერთმანეთს ავსებდნენ. ზოგჯერ უმზერდა ჩვილს და უნებურად დედა ახსენდებოდა თორნიკეს. მის ბავშვურ მეხსიერებას ჯერ კიდევ შემოენახა სალომეს სახე, რომელიც მამა ნიკოლოზის კელიაში პატარა ელენეს იკრავდა გულში. დედის ხელებში მშვიდად მძინარე ჩვილის სახე წარუშლელ კვალად დამჩნეოდა მის უმანკო გონებას. ახლაც უმზერდა გოგონას და ცდილობდა დედის მონატრება მასთან თამაშით შეევსო. მოსაღამოვდებოდა თუ არა, სახე ეღრუბლებოდა, იწყენდა არაბული, დედაოების წასვლის დრო ახლოვდებოდა. ჩვეულებისამებრ ჩვილს ჯორზე დადგმულ აკვნის ფორმის სარწეველაში ჩააწვენდნენ, მყარად დაამაგრებდნენ, უკან უკვე წინამძღოლთან ერთად გასაცილებლად მდგომ თორნიკეს შემოუსვამდნენ და დაეშვებოდნენ ხეობისკენ. როგორც კი დარწმუნდებოდნენ, რომ ქალბატონები თავშესაფრამდე უსაფრთხოდ მივიდოდნენ, ემშვიდობებოდნენ და თორნიკე მამაოსთან ერთად უკან ბრუნდებოდა. ისევ იღრუბლებოდა პატარა ხევსური, ისევ იწყებდა დღეების თვლას, ისევ შესცქეროდა მზეს და უხაროდა კიდევ ერთი დაღამება. შაბათობით დილიდანვე ორღობესთან იდგა და ელოდა დედაოების გამოჩენას. ელოდა, ელოდა და როგორც წესი ისევ ჯორზე დამაგრებული სავარძლით მოდიოდა კიდეც ჩვილი. თითქოს ხვდებოდა გოგონა რომ იქვე იდგა ლოდინით დაღლილი, თვალებად ქცეული ვაჟი, დედაოების გამოჩენამდე მისი ჭყლოპინი იკლებდა წვრილ ხეობას. ერთს შეჰკივლებდა გახარებული ბიჭუნაც და გარბოდა სავარძელში არანაკლებად აკივლებულ, აფართხალებული ჩვილისკენ. ალბათ, უცნაურიც კი იყო, ჩვილისგან უენოდ, უსიტყვოდ გამოხატული ამხელა სიხარული. - ჩემი ენე-ნე... - მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამართულად წარმოსთქვამდა გოგონას სახელს, მისთვის ელენეს დაძახება მაინც არ სურდა თორნიკეს. ძნელი იყო ვერ შეემჩნიათ ბავშვებს შორის არსებული კავშირი მონასტერში მყოფთ, თითქოს უფრო მეტადაც უწყობდნენ ხელს მათ ერთად ყოფნას, ან რა დაშავდებოდა, თუ ობლებს, ყველასგან მივიწყებულთ, ერთმანეთის იმედი ექნებოდათ?! ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი წელი. დღითი-დღე უფრო და უფრო ეჩვეოდა ჩვილს, ელენემ შეავსო მშობლების დაკარგვით გამოწვეული სიცარიელე, მისი ღიმილიანი სახე ჩაენაცვლა ესოდენ მონატრებულ დედას. ამჩნევდა ნიკოლოზი, რომ ნელ-ნელა ეჩვეოდა ბავშვი ახალ გარემოს, ნელ-ნელა ავიწყდებოდა მშობლების სახე. უფრო და უფრო იშვიათად კითხულობდა მინდიას, თითქმის აღარ ახსენებდა სალომეს. ეშინოდა მამაოს, რომ ერთ დღესაც სულ წაშლიდა მშობლების ხატებას მეხსიერებიდან. ხშირად უამბობდა მათზე, ხშირად უყვებოდა, მაგრამ ბავშვური გონება მის მონათხრობ ნელ-ნელა ძილის წინ მოყოლილი ზღაპრის გმირების სახესებს აძლევდა. მინდია ხან დევებთან მებრძოლი ხუთკუნჭულა იყო, ხან - ასფურცელა, ხან - ამირანი. სალომე? სალომეს დედა ღვთისშობელს ადარებდა პატარა. ღრმად ჩაიბეჭდა, რომ დედა მუდამ მასთან იყო, ციდან უმზერდა, ლოცვისას ეფერებოდა. იცოდა, მშობლები უნდა ჰყვარებოდა, მონატრებოდა, მაგრამ... მათი სახება თანდათან უფერულდებოდა, იცრიცებოდა, მიუხედავად ნიკოლოზის სურვილისა ბავშვი მაინც ივიწყებდა. მამაომ ჩაანაცვლა დაკარგული ოჯახი, მასთან შეივსო ობლობის სიცარიელე. ფიქრიც კი არ უნდოდა ნიკოლოზს იმაზე, რომ ადრე თუ გვიან ბავშვის გაშვება მოუწევდა. მიუხედავად სურვილისა, კარგად ხვდებოდა ნიკოლოზი, რომ ბავშვს მონასტერში დიდხანს ვერ დაიტოვებდა. ადრე თუ გვიან დაინტერსდებოდნენ ამ ბავშვის მიმართ განსაკუთრებული ინეტრესით. მინიმალური ეჭვიც კი არ უნდა გასჩენოდათ, მის წარმომავლობასთან დაკავშირებით. ბავშვი დღითი - დღე უფრო და უფრო ემსგავსებოდა მამას. ვიღაც აუცილებლად ამოიცნობდა თორნიკეს თვალებში ასახულ არაბულების მზერას. საკუთარ ეჭვებს ვასიკო და ბექაც ხშირად უდასტურებდნენ. - მისი აქ ყოფნა არ შეიძლება, ნელ-ნელა უყვარდები, რაც უფრო შეგეჩვევა, დაშორებაც მეტად გაუძნელდება. ბავშვს ნორმალური ოჯახი უნდა მოვუძებნოთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაშვილოთ! - უკვე მერამდენედ ეუბნებოდა ძმა. - გაგიჟდი? მინდიას ვაჟს უცხო ოჯახში არ გავაშვილებ. ბავშვზე პასუხისმგებელი ვარ. უნდა ვიცოდე, უნდა ვხედავდე... - ოთახში ნერვიულად სცემდა ბოლთას მამაო. - მინდია ჩემთვისაც იგივე იყო, რაც შენთვის, არც მე მიყვარდა ნაკლებად. მაშინ მე წავიყვან თბილისში მის ვაჟს, ჩემთან მეყოლება, როგორც საკუთარს ისე გავზრდი! ზუსტად იცოდა ნიკოლოზმა, რომ ვასიკო არ ტყუოდა, არც მასზე ნაკლებად შეიყვარებდა თორნიკეს, არც მასზე ნაკლებად მოუვლიდა, მაგრამ მაინც არ ემეტებოდა, ვერ თმობდა, რაღაც გაურკვევლის ეშინოდა. - შენთან ყოფნითაც იგივე საფრთხზე ემუქრება, რაც მონასტერში ყოფნით. გიგაურებს მაინც საეჭვოდ მოეჩვენებათ ჩვენს ოჯახში უცნობი ბაშვის გამოჩენა. - გიგაურები!- კბილების კრაჭუნით გაიმეორა ესოდენ საძულველი გვარი ვასიკომ - ადრე თუ გვიან მაინც ვისისხლებ!... - ღმერთს ნუ სცოდავ! - შეუბღვირა მამაომ - ეს ჩვენ გვეჩქარება, თორემ ღვთის სასჯელს ვერავინ გაჰქცევია და ვერც ისინი გაექცევიან! - იქნებ სანატრელიც კი გაუხდეთ ციხეში ჯდომა!... - სიმწრისგან მომუშტული ხელი კელიის კედელს მოუღერა ვასიკომ. - ეგ როდის იქნება კაცმა არ იცის, ჩვენ კი ბავშვზე გვაქვს საფიქრალი, თუ არ გააშვილებთ, თავშესაფარში მაინც უნდა გაგზავნოთ, ბავშვი გაიზრდება, ასე ცივილიზაციას მოწყვეტილი ვერ იქნება, სწავლა სჭირდება, საბავშვო ბაღი, სკოლა! - საუბარში ჩაერია ბექაც. უნდოდა თუ არა, იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ბექა მართალი იყო. - მოვკვდები და ვერ შეველევი! მის ელენესადმი დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ ჭკვიანური იქნება თორნიკეც ელენეს მსგავსად თავშესაფარში გავგზავნოთ, ბავშვები ერთად მაინც იქნებიან და არც ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდება. მამაოსთვისაც ბევრად იოლი იქნებოდა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიექცია ყურადღება ბავშვებისთვის. განა რა იქნებოდა საეჭვო, თუ წინამძღოლი მისივე აღსაზღდელებზე იზრუნებდა?! მათმა მოლოდინმა გაამართლა, თავშესაფარში წასვლა სულაც არ გაუპროტესტებია თორნიკეს, პირიქით, სიხარულის კიჟინაც კი აღმოხდა, როცა უთხრეს, რომ ელენესთან ერთად უნდა ეცხოვრა. როგორც კი დედაოები შეიპირა, რომ ყოველ შაბათ-კვირას ელენეს მსგავსად თავადაც მონასტერში ივლიდა სტუმრად, კუნტრუშ - კუნტრუშით გაჰყვა ქალებს. გასცქეროდა გზაზე მიმავალ პატარას ნიკოლოზი და ნაწილობრივ სწყინდა კიდეც, თითქოს არ ელოდა, თუ ასე მარტივად მიატოვებდა, ასე მარტივად თუ დასთმობდა. ეჭვიანობდა კიდეც იმ ერთი ციდა გოგონაზე, რომლიც სიყვარულმაც მამაოსადმი სიყვარულიც კი გადასწონა. უნდოდა თუ არ უნდოდა, უნდა ეღიარებინა, რომ პატარა თორნიკეს სამყარო ელენეთი იწყებოდა, სადაც იყო მისი ენე-ნე, იქვე უნდოდა თავადაც ყოფნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.