ძველი პიანინო - 28
28. როცა უცნობ ბილიკებს მიუყვები თავი გზამკვლევი გგონია, ის კი გავიწყდება, რომ ერთი ჩვეულებრივი გზააბნეული მგზავრი ხარ და მეტი არაფერი... მიმი სადარბაზოს ჩაბნელებულ ლაბირინთებს მიუყვებოდა, გარეთ მზიანი დღე იდგა, მაგრამ იქ დღის შუქი ძლივს აღწევდა, გზას ფარნით წინ მიმავალი მხატვარი უნათებდათ. მხატვრის შვილი ძალიან თავნება, მაგრამ საყვარელი გოგონა აღმოჩნდა, მიმის ისე დაუმეგობრდა, რომ ყველაფერში ენდობოდა, მიმიც თავის მხრივ უნახავდა პატარ-პატარა საიდუმლოებებს. ერთ მზიან დღეს, როგორც იქნა მოაბეს თავი და სამივემ ერთად გადაწყვიტა დაელაშქრათ ეს დიდი „საიდუმლოებებით“ აღსავსე სახლი, თავისი სადარბაზოებებითა და გასაძრომ-გამოსაძრომებით. მხატვარი გაკვირვებული ათვალიერებდა... „ყველაფერი რაღაცნაირად იდუმალია... უცნაურად იდუმალი... ნუთუ შეიძლება ადამიანი ასეთ ლამაზ და უძველეს ქალაქში ცხოვრობდეს და არაფერი იცოდეს მის შესახებ“... - რა დასანანია, ერთ დროს ლამაზად მოხატული სადარბაზოს კედლები მოგვიანებით უგემოვნო ფერის საღებავით დაუფარავთ... ეს საღებავი კი იმდენად უხარისხო გამოდგა, რომ ალაგ-ალაგ ჩამოცვენილი ადგილების ქვეშ კიდევ კარგი, რომ აქა იქ მაინც მოჩანს ძველი ნახატები... აღშფოთებას ვერ მალავდა მხატვარი: - საიდან ამდენი სიბოროტე და ვანდალიზმი?.. - ხედავთ?.. დროთა განმავლობაში უხარისხო საღებავის ფენა თავისით ჩამოიშალა, ვერ გაუძლო სილამაზის შემოტევას და ხელოვნების ნიმუშმაც თავი იჩინა... აი, ძველ კედელზე, ოდნავ შესამჩნევად მაინც ეტყობა ლამაზად მოხატული კედლის კვალი... არ ცხრებოდა მხატვარი. ერთ კუთხეში პატარა ძველი კიბის ნაშალი მიყრუებულ ეზოში ჩადიოდა, ეზოც აღარ ერქვა ისე იყო შევიწროვებული. მიმი კიბეს ძლივს ჩაჰყვა, პატარა ეზოში ჩავიდა. დიდი ხნის წინ დარგული ხე კედელში შეზრდილიყო და სახურავზე ადიოდა. თითქოს აქ ადრე შესასვლელი კარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც წითელი აგურით იყო ამოქოლილი, როგორც ეს მთლიანი კედელი... „ნეტა ამ კედლის იქეთ სახლის რომელ ნაწილია?.. აშკარად ეტყობა აქ ადრე ნამდვილად იქნებოდა კარი....“ მიმიმ კედელზე როგორღაც აცოცება შესძლო, ცოტა ხესაც აჰყვა ცოტა აქა იქ გამოშვერილ აგურსაც მოეჭიდა და პატარა სარკმლიდან გადაძრომა მოახერხა. სიბნელეში ხელის ცეცებით გაჰყვა კედელს... კედელი არ თავდებოდა და არც არსად უხვევდა, თითქოს ერთ დიდ დარბაზში იყო, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. ჯიბეები მოისინჯა, არც ასანთი და არც ტელეფონი თან არ ჰქონდა, ყველაფერი ჩანთაში ჩატოვა, ან რაში სჭირდებოდა?.. მხატვარი აქვე ჰყავდა, ფარანიც მას ჰქონდა და ასანთიც... აუცილებლად უნდოდა გაეგო ეს ტალანი სად გაიყვანდა და ისე მიიწევდა წინ, არც უფიქრია, თავისიანები უკან, რომ ჩამოიტოვა, იფიქრა ჯერ მე გავალ სადმე და მერე შევძახებო... ერთი კი ინანა, რატომ ტელეფონი არ წამოვიყოლეო... იქნებ ფიფოს დაერეკა?.. ფიფო კი თითქოს ჩამოშორდაო, ისე ინტენსიურად აღარ ურეკავდა, არც ტვინს უბურღავდა, სად იყავი ან სად მიდიხარო. აღარც მხატვართან აკითხავდა, ყველაფერს მოუცლელობასა და დაუმთავრებელ გამოუძიებელ საქმეებს აბრალებდა. მიმი დიდად არ ნაღვლობდა, დარწმუნებული იყო ფიფო მართლაც საქმით იყო დაკავებული და ხელის შეშლას არ აპირებდა. მხოლოდ მხატვარი ხვდებოდა რაშიც იყო საქმე, ძალიან კარგადაც იცოდა ფიფო ასე რატომაც გადაიკარგა და მიმი ხელში ასე რატომ შეატოვა... მიმი საშინლად დაიქანცა გასასვლელი ვერსად იპოვა, ის ოდნავ მბჟუტავი ეზოდან შემოსული შუქიც სადღაც სიბნელემ შთანთქა, მაინც არ უნდოდა უკან მობრუნება, წინ მიიწევდა, ბოლოს და ბოლოს სადღაც ხომ დამთავრდებოდა ეს გზა.. რაღაც კუთხეს მიადგა... მერე ნახევრად ჩამოშლილი კედლის ნანგრევებსაც წააწყდა, თავი სადღაც ქვესკნელში ეგონა, ძალიან შორს და სადღაც ზემოდან თითქოს შუქის მკრთალი სხივიც შენიშნა... თუ მოეჩვენა?.. მოჩვენებების დრო აღარ იყო, ყველაფერს ერთდროულად უნდა გამკლავებოდა - შიშს, სიბნელეს, დაღლილობას... გონება დაძაბა. სანამ ამ ბნელ ტალანში გზას იკვლევდა, ძირს დაფშვნილ ქვა-ღორღს ხრაშა-ხრუში გაუდიოდა, იქნებ ეძახდნენ კიდეც და ამის გამო ვერაფერი გაიგონა.. მიმი გაიტრუნა, სმენად იქცა, სამარისებულ სიჩუმეს თითქოს რაღაც ყრუ ხმა არღვევდა... რაღაც ხმა კი არა... ვიღაც პიანინოს უკრავდა... აშკარად უკრავდა... მიმი იმ ხმას მიჰყვა, თან ჩერდებოდა, ყურს უგდებდა, ხმა ზემოდან მოდიოდა, მაგრამ იქამდე როგორ ან საიდან უნდა ამძვრალიყო... რაღაც მომენტში მოეჩვენა, რომ ხმას თითქოს უფრო დაშორდა, მაგრამ წინ რაღაც შუქივით შენიშნა, ახლა ამ შუქისკენ წავიდა და სადღაც ჭერის სიღრმეში სავსე მთვარის შუქი გრძელ ზოლად ჩამოდიოდა... მიმიმ ცოტა ამოისუნთქა, ახლა მთავარი იყო როგორმე კედელზე ამძვრალიყო და იმ სარკმლამდე მიეღწია საიდანაც შუქი ჩამოდიოდა. და ეს არც თუ ისე ადვილი საქმე იყო... როგორღაც მაინც მოახერხა, სულ ცოტა იყო დარჩენილი იმ რაღაც სარკმელთან ასულიყო, ან იქნებ არც იყო სარკმელი, მაგრამ სადღაც ხომ ავიდოდა, იქიდან მშველელს მაინც მოუხმობდა... აი ცოტაც და... ვერაფერს გახდა... ვერანაირად ვერ შესწვდა სარკმელს... პიანინოს ხმა უკვე აღარ ისმოდა, სამაგიეროდ სადღაც შორიდან ქუჩაში მიმავალი მანქანების ხმაური ყრუდ აღწევდა... „აქვე ახლოს სიცოცხლე სჩქეფს და მე კი აქ ვიღუპები... სასაცილოა...“ ხმამაღლა გაეცინა, ისტერიული სიცილი აუვარდა... მერე ხმამაღალ ლაპარაკსა და ღიღინს მოჰყვა.. იმ მელოდიას ღიღნებდა სადღაც ვიღაც, რომ უკრავდა ან იქნებ ესეც ეჩვენებოდა ან სულაც სიზმრის ცხადში გადმოტანა იყო?.. სიზმარი... სიზმარი... ადრე არასდროს სჯეროდა, ახლა კი... მხატვართან სახლში ნანახი სიზმარი მოაგონდა, როგორ მიჰყვებოდა დანჭყრეული პიანინოს ხმას და მერე როგორ გადაარჩინა ვიღაცის ხელმა დაღუპვას... - ახლა კი სად ხარ?.. სად არის შენი ხელი?... ჩამომაწოდე აბა თუ მაგარი ხარ!... ბარემ ესეც ამისრულე, სიზმრის ეს ნაწილი რატომ გამოგრჩა?.. მიმი მთელი ხმით აყვირდა, საშინლად სასოწარკვეთილი ხმით აყვირდა... მოულოდნელად, მთვარის შუქი რაღაცამ გადაფარა... მიმი გამოერკვა... მისკენ ჩამოწვდილმა ხელმა ჭერიდან ჩამომავალი ერთადერთი ნათელი სხივი დაჩრდილა. მიმის ბევრი არც უფიქრია, ხელს მოეჭიდა, რის ვაი-ვაგლახით იწყო ამოძრომა, დარწმუნებული იყო მხატვრის ხელს ეჭიდებოდა... სახურავზე მოექცა და იქედან უკვე კარგად განათებული სადარბაზოს შუქი შენიშნა, არც მოუხედავს ისე ჩაძვრა და ჩავიდა ძირს, მაგრამ მისდა გასაკვირად მხატვარი და მისი გოგოც ქვემოთ დაუხვდა და საყვედურიც მიიღო: - სად იყავი ამდენი ხანი?! მთელი სახლი შევაწრიალეთ, სად არ გეძებეთ!... LEX·2016 წლის 5 ივლისი, სამშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.