შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 52


11-05-2017, 09:42
ავტორი Lex
ნანახია 1 215

52.
პიპა ტკბილ სიზმრებში გაეხვია, ცხოვრებისგან დათრგუნულს ასე ბედნიერად არასდროს უგრძვნია თავი. ხშირად ისეთი კოშმარიც დასიზმრია, რომ დასვენების მაგივრად დილით საშინლად დაღლილი იღვიძებდა. ახლა კი ჩაძირული უცნაურ სიზმარში თავს ბედნიერად გრძნობდა. გულს მოწოლილი მძიმე ლოდი სადღაც გამქრალიყო, სხეული მსუბუქად, საპნის ბუშტივით მიიწევდა ჰაერში. უამრავი ხალხი ირეოდა, თითქოს მიწას ფეხს არც აკარებდნენ, ისე ირწეოდნენ ჰაერში, სახეებს ვერ არჩევდა, სულ წინ, წინ მიცურავდა, თანდათან ხალხის ბრბო მატულობდა...
მერე ძირს იწყო დაშვება, რაც უფრო ქვემოთ მიიწევდა, მით უფრო სწრაფად მიჰქროდა ქვემოთ, სადღაც უფსკრულში, რაღაც უცნაურად დაეღო პირი სიბნელეს და მხოლოდ საშველად ამოწეული ხალხის ხელის თითებიღა მოჩანდა...
ზემოთ, შორს, ღია კარიდან შემოჭრილი სხივის სიკაშკაშე, წყვდიადს თავზე ზოლად გასდევდა, ცოტაც და სულ ჩაეშვებოდა სიბნელეში, მაგრამ ნათელმა სხივმა ხელი ჩასჭიდა და ზემოთ ამოაძვრინა, მთელი ამ ხნის მანძილზე სასიამოვნო სურნელი სულ ცხვირში უღიტინებდა და რაღაც მოტკბოდ ოდნავ წვავდა ყელში...
თანდათან ყველაფერი განათდა, ზემოდან წყვდიადი უკვე პატარა წერტილივით მოჩანდა, სხივმა ფერი იცვალა და ხორციც შეისხა, ადამიანად იქცა, თვალებში ჩახედა, მოხუცის სახე იცნო, უღიმოდა, ბიჭს ბედნიერებისგან სუნთქვა ეკვროდა, ბაბუსთან ერთად დაჰქროდა, მეტი რაღა უნდოდა...
მოულოდნელად ბაბუმ ხელი ჰკრა, და იმ კარში შეაგდო, საიდანაც ასეთი დიდი სინათლე გამოდიოდა, თვითონ კი სადღაც გაქრა... ჰაერს შეერია, ბიჭი მთელი ძალით ცდილობდა დაეძახა, დაეყვირა, მაგრამ პირი თითქოს ამოკერილი ჰქონდა, უფრო მეტი ძალა, მოიკრიბა და ძახილის მაგივრად რაღაც მოგუდული ღმუილივით აღმოხდა:
- ბაბუ!...
არავინ გამოეხმაურა... იქნებ არც უყვირია და ის ღმუილიც სიზმარში იყო...
„ყველაფერი სიზმარი ყოფილა, როგორ გამიხარდა, ეჰ, ბაბუ რა კარგად იყო... ყველაფერი ტყუილი ყოფილა... ისე, როგორც მთელი ჩემი ცხოვრება...
ტყუილი... ყველაფერი ტყუილი...
ის რაღაც სასიამოვნო სუნი კი ტრიალებს..“
საამო სურნელი მართლაც იდგა ოთახში. ბაბუს საწოლთან ახლოს საკმეველი ოდნავ ბოლავდა... ჯერ ისევ ბნელოდა, გათენებამდე დიდი დრო იყო, მამაოს სანთელი აენთო, ლოცვებს კითხულობდა...
ბაბუს საშინლად ხვნეშოდა. მისი სიცოცხლე უკანასკნელ დღეებს ითვლიდა... შეიძლება წუთებსაც...
„ოღონდ ახლა ისევ მოიხედოს, ისევ დადგეს ფეხზე და ყველაფერს მოვუყვები, არაფერს დავუმალავ... როგორ აინტერესებდა რა მოხდა მაშინ იმ სახლში...
თვალს ვეღარ ვუსწორებდი, საზიზღარი გავხდი, თითქოს მასაც რამეს ვერჩოდი... როგორ უხმოდ გამიგო და ამიტანა... ელოდებოდა, ადრე თუ გვიან ხომ მაინც ვეტყოდი ყველაფერს...
ჰოდა, ახლა ადგეს და მოვუყვები... ყველაფერს მოვუყვები... არაფერს დავუმალავ... ღმერთო, ყველამ როგორ უნდა მიმატოვოს...“
ბიჭს დიდი მომავალი ჰქონდა, მაგრამ აქაც ბედმა უმტყუნა. უკვე მერამდენედ ცხვირწინ მიუჯახუნა იმედის კარი. ის დაწმენდილი თვალებიც ისევ ისე ძველებურად აემღვრა და აუელვარდა, სწორედ ეს შენიშნა მაშინ ბაბუმ, როცა იმ სახლიდან წამოსული, გიჟივით, შეიჭრა ბაბუს ოთახში...
გოგონას ბებიას გულით უნდოდა ბიჭისგან კარგი მუსიკოსი დამდგარიყო, წვრთნას არ აკლებდა, ბიჭიც კი რაც შეიძლებოდა, უფრო და უფრო მეტს შრომობდა არ ეზარებოდა. სკოლაშიც კარგად ჰქონდა საქმე, სწავლას დაეწაფა. ბოღმა და დარდი სიხარულმა და ბედნიერებამ შეუცვალა.
ოჯახის უფროსს, თავიდან არ მოსწონდა ბიჭის ასეთი ხშირი სტუმრობა, მითუმეტეს, რომ მთელი სახლი თავს ევლებოდა, ბებია თითქოს ამ უცხო ბიჭს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ვიდრე თავის საკუთარ შვილიშვილს. გოგონას მამა ამაზე უფრო მეტად ღიზიანდებოდა და ბუზღუნებდა:
- რას შემოიჩვიეთ, რა იცით ვინ არის და რა ჯიშის არის?..
მაგრამ მერე თავად დაუმეგობრდა, მოეწონა ეს გამჭრიახი, ნიჭიერი და სწავლას მოწყურებული ბიჭი და თავადაც ისე ძლიერ შეეჩვია, რომ მოვიდოდნენ თუ არა მასთან სტუმრები, ბებიას მოსწავლეს ააცლიდა და თავის კოლეგებთან ერთად მეცნიერული ნაშრომების გასწორებასაც კი ანდობდა. ბიჭი აქაც იშვიათ ნიჭს ავლენდა და ტოლს არ უდებდა უფროსებს.
იყო შემთხვევები, როდესაც უცხო სტუმრები ბიჭს ძალიან აქებდნენ:
- მამის ნიჭი გამოყვა... გარეგნულადაც მამის ასლია, აი რას ნიშნავს გენეტიკა!
ბიჭი დარცხვენით გახედავდა კაცს, ელოდა, რომ ის იტყოდა არ არის ჩემი შვილიო, მაგრამ კაცი ღიმილით თავზე ხელს გადაუსვამდა, და ამაყად შეიფერებდა. თითქოს მოსწონდა კიდეც ასეთი კარგი ბიჭის მამად, რომ სთვლიდნენ...
ერთ მშვენიერ დღეს კი... ეს ყველაფერი დაინგრა, ბიჭის ბედნიერებას კიდევ ერთხელ გამოეცალა ძირი და ისევ ისე ჰაერში გამოკიდებული უბედო ბედის ანაბარა დარჩა...
„როგორც იქნა მორჩა კითხვას... სკამებიც იქეთ დაუწყვია, მაგიდაც გვერდით გადაუდგამს... თავი ვინ ჰგონია?.. რას უფროსობს ამ ბაბუს ოთახში?...“
მამაო ოთახს აწესრიგებდა, ბიჭი ბრაზით ადევნებდა თვალს.
ოთახში ვიღაცამ შემოიხედა კიდევ რამდენიმე სკამი გინდათო?...
ახლაღა შენიშნა დამლაგებელი ქალი...
მამაოს ეკითხებოდა, ბაბუს ძველ ნახევრად დაბრეცილ სარკეზე თეთრი ზეწარი უკვე ჩამოეფარებინა თუ არა...
„ვაიმე...“
ახლა კი იკადრა წამოდგომა, მამაოს თვალებს შეეფეთა, მანაც უხმოდ ოდნავ დაუქნია თავი, დასტურის ნიშნად. ერთ ადგილას გაქვავდა, არც ბაბუს საწოლისკენ გახედვაც არ უნდოდა...
რა უნდოდა გაეკეთებინა? ეყვირა, ეღრიალა, ბაბუს საწოლზე დამხობილს ეტირა თუ გარეთ გავარდნილიყო...
გულით უნდოდა ვინმე მიშველებოდა, რჩევა მაინც მიეცა, მაგრამ არავინ იყო მისი შემწე და მფარველი, და უკვე აღარც არავის ენდობოდა...
მამაო მიუხვდა და დაბნეულ ბიჭს ქურთუკი მიაწოდა:
- გარეთ ცივა, ახლა შენი ავადმყოფობის დრო არ არის...
ბიჭი უხმოდ იცმევდა
„ჯერ ბაბუ წესიერადაც არ გაცივებულა და ეს უკვე გარეთ მაგდებს?.. თანაც ჯერ ისევ ბნელა... გათენებასაც არ დაადგა საშველი... ვაი.. შენ ჩემო თავო..“
მოულოდნელად ძლიერი ფშვინვა შემოესმა, თითქოს ხრიალებდა, თითქოს...
მამაომ მკაცრად შეხედა დაბნეულ ბიჭს:
- გადი გარეთ!
ბიჭი შეცბა, მის თვალებში რისხვამ იელვა. მამაომ ახლა უფრო თბილი ხმით უთხრა:
- შორს არ წახვიდე, დაგიძახებ... მალე..
ბიჭმა ცოტა შვებით ამოისუნთქა, მიხვდა, რომ სახლიდან კი არ აგდებდნენ, მხოლოდ ოთახიდან გასვლას სთხოვდნენ.
ქურთუკი ძველი იყო, გარედან სულ გაქუცული, სამაგიეროდ შიგნიდან საკმაოდ დათბილული. გარეთ მართლაც საშინლად ციოდა, ნოემბრის სუსხი ძვლებშიც მწარედ ატანდა. ბიჭს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, სიცივისგან სიგარეტის მოწევაც კი ვერ შესძლო...
ჩამუქებული ცაზე თანდათან მტრედისფერმა იმატა..
ბაბუმ გამთენიისას მიაბარა სული ზეცას და ახლა მისი სხეული მზადებაში იყო მიწასთან მისაბარებლად...
უამრავი ხალხმა იწყო მოსვლა. კარის ზღურბლთან ატუზული ბიჭი სამძიმრებს იღებდა.
„აქამდე სად იყავით? ასე გამოხატავთ გვამის პატივისცემას?
ცოცხალი კი არ გინდოდათ...
მთელი ცხოვრება ციხის საკანი ხეხა...
ერთხელაც კი არ მოგიკითხავთ...“
ბიჭს ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა, მაგრამ უხმოდ იტანდა, ყველაზე მეტად კი ის შლიდა ნერვებზე მამაოც, რომ მისი „ოჯახის“ წევრივით იღებდა სამძიმრებს...

LEX·2016 წლის 6 დეკემბერი, სამშაბათი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent