ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეორე თავი)
საბუთების მიტანიდან ორ კვირაზე მეტი იყო გასული, თითქოს ის შემართებაც დაკარგვოდა, უკვე ეჭვიც კი გაუჩნდა. - იქნებ მართალი იყო ის უჟმური ქალი? იქნებ მართლა დამიწუნეს და სულაც არ ვარ შესაფერისი კანდიდატი? - ვინ იცის მერამდენედ ეკითხებოდა მაიკოს. -დავიღალე! რა დავაშავე ამისთანა?! შეიძლება სულ დეპარტამენტზე საუბრობდე?! - ამდენი წუწუნით გაბეზრებულმა ბღვერით გამოხედა მაიკომ. - აბა რა ვქნა? ნეტა სულ არ მიმეტანა, ფეხი არ შემედგა იმ დაწყევლილ შენობაში....- ისევ თავისას აგრძელებდა ელენე. - წადი ნიკოლოზთან, თან დაისვენებ, თან დაეხმარები. არ დაგავიწყდეს, ამაღამ მორიგე ვარ... - შუბლზე აკოცა ქალიშვილს და თავად სამსახურში წავიდა. დედის რჩევა მოეწონა, მართლა წავიდა თავშესაფარში. თითქმის თვეზე მეტი გავიდა საბუთების მიტანიდან, თბილისში დაბრუნდა ელენე, მეგობრების რჩევით, ახალი სამსახურის ძებნაც დაიწყო. საკუთარ ოთახში ისევ მორიგ გასაუბრებაზე წასვლას აპირებდა და სწორედ მაშინ დაურეკა ტელეფონმა. ბოხი ბარიტონის მქონე უცნობმა მამაკაცმა ამცნო, რომ მისი საქმის შესწავლა წარმატებით დასრულდა და სამსახურში მიღებაც მიულოცა. - მართლა?! - აშკარად ვერ დაიჯერა მისი სიტყვები, გახარებული ადგილზე ხტუნაობდა. ალბათ, მიუხვდა მამაკაცი რეაქციას, საუბარი სიცილით გააგრძელა: - ორშაბათს, დილის ათიდან თერთმეტ საათამდე სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში, კადრების განყოფილებაში მობრძანდით. ბატონი ჯუმბერი იკითხეთ, სამუშაო პირობებს ადგილზე გაგაცნობთ. - რა თქმა უნდა, დიდი მადლობა... - ისევ ცქმუტავდა ელე. - წარმატებებს გისურვებთ!... - სიცილით დაემშვიდობა უცნობი. - უღრმესი მადლობა! - პატარა ბავშვივით გაეპრანჭა გოგონა. ტელეფონის დაკიდება და ბედნიერებისგან კივილიც ერთი იყო. - Yes, yes!... - სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას დაეჯღანა და ბედნიერი ლოგინზე გაიშოტა. - ციხეში მუშაობის დაწყება ასე თუ გაგიხარდებოდა არ მეგონა! - ღიმილით უმზერდა კარებში მდგომი მაიკო. - არც მე, თუმცა ფაქტია. მიმიღეს, დე... მიმიღეს... - ვეღარ მოითმინა, დედასთან მიირბინა და მთელი ძალით მოეხვია. - ღმერთო, ელე... როგორი ბავშვი ხარ! რა გინდა შენ პატიმრებში?! - არ უნდოდა, მაგრამ ხმა მაინც გაებზარა მაიკოს. - ჩემი ხომ გჯერა?! აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. გული მიგრძნობს, კარგად კი არა. მაგრად იქნება! - იქნება, დე... რათქმა უნდა იქნება... - ძლიერად ეხუტებოდა ქალიშვილს მაიკო. გაფრთხილებისამებრ დაბარებულ დღესა და დროს გამოცხადდა სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში. ისევ შენობის შესასვლელში მდგომი საშვთა ბიურო, ისევ დაფოთლილ ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები. ძველ, სავარაუდოდ ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელ, სამსართულიან შენობაში ფეხი შედგა და გაოცებულმა მიმოიხედა. აშკარად არ ელოდა დეპარტამენტის შენობა ასეთი თუ იქნებოდა, ოდესღაც შეთეთრებულ კედლებს, უკვე სიშავე შერეოდა, ალაგ-ალაგ გაჩენილი, მოზრდილი, მოყვითალო ლაქები, ძლიერი წვიმის კვალი უნდა ყოფილიყო. ალაგ-ალაგ აყრილიყო კიდეც საღებავი. ვიღაცას იატაკზე დაგებულ პარკეტზე, ლინოლიუმიც გადაეკრა. თუმცა მისი დანიშნულების გაგება ნამდვილად გაგიჭირდებოდათ, უკვე გადახუნებულ, ალაგ-ალაგ დახეულ ლინოლიუმის აღარც ფერი ეტყობოდა და აღარც ფორმა. აშკარად არ ელოდა მსგავს სიტუაციას. გაოცებისგან აფახუნებდა თვალებს ელენე. - აქ თუ ასეთი მდგომარეობაა, ციხეში წარმომიდგენია რა ხდება! - ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და კიბეებს აუყვა. მეორე სართულზე არსებულ სიტუაციას მოზუზუნე ფუტკრების სკას უფრო შეადარებდით. საქმიანი, დაძაბული სახეებით მოძრაობდნენ შეიარაღებული, სამხედროს ფორმიანი ვაჟები. ამდენია იარაღიანი მამაკაცის დანახვაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. - ხომ შეიძელება გაუვარდეს? - წინ ჩავლილი მამაკაცის საქამრიდან დაუდევრად ამოჩრილი პისტოლეტს გააყოლა თვალი. ვაჟს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მობილურზე საუბრით სწრაფად ჩაირბინა კიბეები და დეპარტამენტის ეზოში უწმაწური გინებით გავარდა. ერთ-ერთ კაბინეტთან ვიღაც ფორმიანი, სახეზე ნიღბიანი მამაკაცი უძრავად აყუდებულიყო. - სპეცნაზიც ჰყავთ?! - საკუთარ თავს ჩაეკითხა გოგომა და თვალი გაექცა კარებთან დატანილი წარწერისკენ: - „სასჯელაღსრულებით დეპარტამენტის თავმჯდომარე“. ნიღბოსანმა ღრენით მოაძახა: - გაიარეთ მოქალაქე, გაიარეთ! მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა ელენე. - უკაცრავად, მე ბატონ ჯუმბერთან ვარ... - შიში ხმაშიც გაეპარა. - ჯუმბერთან?! - მისი რეაქციით აშკარად ზედმეტად კმაყოფილი და უჩვეულოდ გახალისებული სპეცნაზელი უცებ დათბა, ადგილიდან მოწყდა და ერთ-ერთ ოთახში შეყო თავი: - ბატონო, ჯუმბერ... - ხმა გაენაზა ბიჭს - თქვენთან ბრძანდებიან! - ბატონოს მოგცემ შენ! - ღრენით გამოსძახა ოთახიდან გამოსულმა შუახნის, დაბალმა, ღიპიანმა მამაკაცმა. - ეეე, კარგი რა.. უზრდელი კი არ ვარ, ბაბუის ტოლ კაცს, აბა როგორ მოგმართო?!..- ისევ ერთობოდა ვაჟი. - აქამდე მამის ტოლი ვიყავი და ახლა ბაბუაც გავხდი?! - განაწყენდა ჯუმბერი. მათი შემხედვარეს ღიმილი გაეპარა სახეზე უხერხულად აწურულ გოგონას. - ელენე, ხომ?! - როგორც იქნა მიაქცია ყურადღება მამაკაცმაც. - დიახ. - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ელემ. - შემოდი, შვილო, შემოდი. ამას რას უყურებ - ისევ საწყის პოზიციაში ატუზულ ბიჭს დაუბრიალა თვალები - ასე იღლაბუცებს მთელი დღე. - ვიბღვირები, ხალხს აშინებო, ვხუმრობ და ღლაბუცობო, კაცი ვერ გასიამოვნებს, უჟმური ბებერი იქნები. ფრთხილად იყავი, არ გააქციო ეს გოგო!... - ისევ ლაზღანდარობდა სპეცნაზელი. - ბღვერას ისევ სიცილი სჯობს! - თვალი ჩაუკრა ელენემ და ჯუმბერს შეჰყვა. - მეც მაგას არ ვამბობ?! ვინ გიჯერებს! - ყოველგვარ ფამილიარობის გარეშე, უკან მიჰყვა ვაჟიც. - თუ ძმა ხარ, ეგ ნიღაბი მაინც მოიხსენი, მასხარას ფორმა არ გიხდება თავმჯდომარე კაცს! - ირონიულად ახედა ჯუმბერმა. - რავი, ერთი, ამის მომგონიც... - ელენეს იქვე ყოფნა გაახსენდა და უწმაწური სიტყვები არ დაარულა - ასე თქვეს, კარებში მდგომ დაცვას ეს ფორმა უნდა ეცვასო. ზამთარში კიდევ მესმის და ზაფხულში ხომ დაიხრჩობიან ბიჭები?! - როგორც იქნა სპეცნაზელმა ნიღაბი მოიხსნა და მისი გრუზა წაბლისფერი თმაც გამოჩნდა. ელენე გაოცებისგან კინაღამ საკუთარმა ნერწყვმა დაახრჩო. უმზერდა მის წინ მდგომ შუახნის მამაკაცს, რომელიც ტელე ეკრანებზე საკმაოდ ხშირად ჰყავდა ნანახი, დიახ, არც-მეტი არ ნაკლები, წინ სასჯელაღსრულებით დეპარტამენტის თავმჯდომარე ედგა. - წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, გასაუბრებას მეც რომ დავესწრო? - ისევ იღიმებოდა თავმჯდომარე. - როგორ გეკადრებათ, რას ბრძანებთ... - საკუთარი თვალის ჩაკვრა რომ გაახსენდა, სახე აუჭარხლდა ელენეს. ჯუმბერის კაბინეტში წამოწყებული გასაუბრება თითქმის საათზე მეტხანს გაგრძელდა. მამაკაცებმა იმდენად უშუალოდ და მეგობრულად მიიღეს, რომ ნელ-ნელა ელენესაც მოეხსნა დაძაბულობა. - მოკლედ ასე მოვიქცეთ. ციხეში დღესვე გადაგიყვან, ადმინისტრაციას გაეცნობი, ნახავ მომავალ სამუშაო ადგილს. ძირითადად შეხება იმ პატიმრებთან გექნება, ვისი საქმეც შესასწავლად „უდოს“ კომისიაზე გადის. - საქმიანად საუბრობდა ბატონი ჯუმბერი. - უკაცრავად, ტერმინებში კარგად ვერ ვერკვევი, უდო რას ნიშნავს? - ინტერესით ჩაეკითხა ქალიშვილი. - უდო შეწყალების კომისიაა, მას იმ კატეგორიის პატიმრები მიმართავენ, მისთვის მისჯილი სასჯელის ნახევარზე მეტი ვინ მოიხადა, შეწყალების კომისია შეისწავლის საქმეს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. - ჯუმბერის ნაცვლად თავმჯდომარემ უპასუხა - უდოს კომისიას შეუძლია ან განთავისუფლოს პატიმარი, სასჯელი შეუმციროს ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეუცვალოს, მაგალიტად პირობითით. სამივე შემთხვევაში მსჯავრდებული მოგებული რჩება. - კომისია ყოველთვის აკმაყოფილებს მოთხოვნას? რა ხდება უარის შემთხვევაში? - სამწუხაროდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უდოს კომისიას არც ერთი განცხადება არ დაუკმაყოფილებია. - საუბარში ჩაერთო ბატონი ჯუმბერიც. - რატომ? მსურველთა რაოდენობა შემცირდა? სასჯელის შემცირებას მაინც არ იმსახურებენ?! - გაოცება ვერ დამალა ელენემ. - იქნებ იმსახურებენ კიდეც, თუმცა ფიზიკურად ვერ ვასწრებთ მათი საქმეების შესწავლას. - ვერ გავიგე, ბატონო ჯუმბერ, თუ კომისია საქმის შესწავლას ვერ ასწრებს, მაშინ ჩემს მუშაობას რა აზრი აქვს? მე რა ფუნქცია მექნება? - კარგად იცი, ციხეში ორი მხარე ვართ, ადმინისტრაცია, ძალოვნები, მათ შორის ჩვენც და პატიმრები. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ერთმანეთი დიდად არ მოგვწონს და არც ვენდობით, შესაბამისად ნეიტრალური მხარე გვჭირდება... - ნახევრად ხუმრობითი ტონით უპასუხა თავმჯდომარემ. - მაპატიეთ, მაგრამ დამაბნიეთ. გამოდის ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის შუამავლის ფუნქცია უნდა ვიკისრო?! -მოსალოდნელი პასუხისმგებლობის წარმოდგენაზე, ხმაში პანიკა გაერია ელენეს. - არასწორი ფორმულირებაა. - ხმა დაუსერიოზულდა თავმჯდომარეს - ჭკვიანი გოგო ჩანხარ და შენითაც მიხვდები როგორ უნდა იმოქმედო. მხოლოდ ერთს გეტყვი, ციხის ადმინიტრაცია, მსუბუქად რომ ვთქვა, არაა დაინტერესებული მათი განთავისუფლებით, რომელიმე მათგანს არც შუამდგომლობას გაუწევს და არც თავდებად დაუდგება. ეს ფუნქცია, როგორც ფსიქოლოგმა შენ უნდა იტვირთო. საკუთარ საქმესთან დაკავშირებით ჩემთან და ბატონ ჯუმბერთან იქნები ანგარიშვალდებული. არავისთან, განსაკუთრებით კი ციხის ადმინისტრაციასთან სიტყვაც კი არ დაგცდება. შეძლებისდაგვარად შეისწავლი თითოეული პატიმრის საქმეს, პრიორიტეტული პირველ ეტაპზე სწორედ უდოს კომისიაზე გასული პატიმრები იქებიან. - წინ საკმაოდ მოზრდილი საქაღალდე დაუდო მამაკაცმა - აქ მათი სახელები და გვარებია მოცემული. შეისწავლი მათ ბუნებას. - ასევე უნდა გითხრათ - საუბარში ჩაერთო ბატონო ჯუმბერიც - ამ ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ციხეში ჩადენილმა დანაშაულთა რაოდენობამ. პატიმრები ციხიდან გამოსვლის ნაცვლად, რატომღაც იმატებენ და იმატებენ სასჯელს. ეჭვი გვაქვს რომ ამაში ციხის ადმინისრაციაც „ეხმარებათ“. - ეხმარება? როგორ უნდა დაეხმარო სასჯელის დამატებაში, ან რა ინეტერესი აქვთ? - ჯერ ბავშვი ხარ და ვერ ხვდები, მაგაზე იოლი რაა?! - გაეცინა ჯუმბერს - შეარჩევენ ფეთქებად, იმპულსური ხასიათის ახალგაზრდას და მცირედი პროვოკაციაც საკმარისია, რომ ჩხუბი წამოიწყონ. ამას რომელიმე პატიმრის დაჭრაც მოჰყვება და ახალი დანაშაულიც სახეზეა. - ვერ გავიგე, ამით რას იგებენ? - პატიმრებს აიძულებენ ითანამშრომლონ ადმინისტრაციასთან. ვინც ასე არ იქცევა, ვერც გარეთ ვერ გამოდის. - ან იქნებ მატერიალური სარგებელიც უნდათ ნახონ? ვერც ამას გამოვრიცხავთ. - და, ჩემგან რას ელით?! რაც ადმინისტრაციას არ გამოუვიდა, მე ხომ არ უნდა შევასრულო? პატიმრები თანამშრომლობაზე მე უნდა დავითანხმო?! - ამის გაფიქრებაზეც კი ტანში უსიამოვნოდ გასცრა, ზიზღი გამოესახა სახეზე ელეს. - სულაც არა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოგვხარშავ. - გოგონას რეაქციის დანახვაზე კმაყოფილმა შეხედა ჯუმბერს თავმჯდომარემ - ვიღაც იქნებ იმსახურებს კიდეც მთელი ცხოვრება ციხეში ჯდომას. ვიღაც კი პირიქით, ნორმალურ პირობებსა და განსხვავებულ გარემოში იქნებ საზოგადოების ღირსეულ წევრადაც დაგვიბრუნდეს. . ციხიდან გამოსული, „დაჩმორილი“, განადგურებული და მეობა დაკარგული ადამიანები საზოგადოებას სასიკეთოს ვერაფერს მოუტანენ. ჩვენ იქ არსებული რეალური სურათი გვჭირდება, ეგაა და ეგ. - კარგად დაფიქრდი, წინ სერიოზული საქმე გელის. არაა გამორიცხული სახიფათოც. თუ ფიქრობ, რომ ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა, უარის თქმა ყოველთვის შეგიძლია. - ყურადღებით აკვირდებოდა წინ მჯდომ ჩაფიქრებულ ელენეს თავმჯდომარე. - არ ვიცი, არ დავმალავ, ცოტა არ იყოს შემეშინდა... - გულწრფელად აღიარა გოგონამ - მე უბრალო ფსიქოლოგი ვარ, დღემდე მყარად მჯეროდა, რომ ციხეში მხოლოდ დამნაშავეები ისხვდნენ. აზრადაც არ მომსვლია საწინააღმდეგო. - არც ჩვენ ვამბობთ, რომ უდანაშაულო ხალხი გვყავს დაკავებული, მაგრამ ხომ შეიძლება თუმდა ამ დამნაშავეებს მეორე შანსი მივცეთ?! - გასაგებია, მაგრამ ეგ მე უნდა გადავწყვიტო?! ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა ხომ არაა? - თვალები გაუფართოვდა გოგონას. - არა, შენ ნამდვილად არ გადაწყვეტ. - ღიმილი ვერ შეიკავა თავმჯდომარემ - ერთად ვიმუშავებთ, შემდეგ კომისია ჩაერთვება, თუ საჭირო იქნება პრეზიდენტიც და ასე შეიკვრება სამართლიანობისთვის მებრძოლთა დიდი წრე. - პათეტიკურად დაასრულა გამოსვლა - აღიარე ჯუმბერ, დიდი ორატორი დაკარგა საქართველომ, პოლიტიკაში რომ არ წავედი... - ისევ ხუმრობდა ის. - როგორც ჩვენმა ორატორმა გვითხრა, ამ რგოლის საწყისი წერტილი შენ იქნები. შემდეგ ჩვენ და ასე შემდეგ... აბა რას ფიქრობ?! - იდეა მომწონს. საფიქრალიც ბევრი აღარაფერია. იმედია შევძლებ, ამას მუშაობის დროს უფრო მივხვდები. - ხომ გეუბნებოდი, არაჩვეულებრივი გოგონაა მეთქი?! - ხელები კმაყოფილმა მოიფშვნიტა ჯუმბერმა. - ძალიან კარგი, დღეიდან თანამშრომლად ჩაგთვლი. ერთი რამ არ დაგავიწყდეს, ანგარიშვალდებული მხოლოდ ჩვენთან ხარ! აბა წარმატებას გისურვებ. ჯუმბერი თავადვე გადაგყვება ციხეში, თუ დახმარება დაგჭირდეს, ნებისმიერ დროს მომმართე... - ხელი ძლიერად ჩამოართვა, გამაფრთხილებლად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა თავმჯდომარე. - აი ნახავ, ერთად დიდ საქმეებს დავატრიალებთ! - აშკარად ზედმეტად კმაყოფილი იყო ჯუმბერი - გადავიდეთ ბარემ ციხეში? - გადავიდეთ! - ალაბთ უნდოდა ხალისიანად ეპასუხა, თუმცა გაბზარულს ხმაზე მაინც შეეტყო დაძაბულობა გოგონას. დეპარტამენტის ეზოდან გამოვდნენ თუ არა, თვალში ეცა რკიის გისოსებიან კარებთან მდგომ ვიზიტორთა მოზრდილი რიგი, იქ მდგომი ქალებისა და ბავშვების დაღლილი, გაწამებული სახის დანახვაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა და სწრაფადვე მოარიდა მზერა ელემ. - ასეთ სურათს ყოველ დღე ნახავ. ბოლოს ეჩვევი. - აშკარად არ გამორჩენია მისი რეაქცია მამაკაცს - დღეს შენი გიდი მე ვიქნები, მომავალში კი თავად გამიწევ მეგზურობას. - მეგობრულად უხსნიდა ის - მანდ საშვთა ბიუროა, მაგ კარებიდან ჩვეულებრივი მოქალაქეები შემოდიან. კონტროლს გაივლიან და შემდეგ შეხვედრების ოთახში მიემართებიან. ჩვენ თანამშრომელთათვის განკუთვნილ, სამსახურეობრივი კარებიდან შევალთ. შემახსენე, რომ გავაფრთხილო, ელექტრონული გასაღები შენც დაგიმზადონ. ამ გასაღებს მხოლოდ კარების გახსნის ფუნქცია არ აქვს, ამით შენი სამსახურში მოსვლისა და წასვლის დროც ფიქსირდება, ერთგვარი ტურნიკეტია. ამ კარებიდან, რომც არ შემოხვიდე, ბადრაგთან გამშვებ პუნქტში გასაღები მაინც უნდა დააფიქსირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დღე გაცდენილად ჩაგეთვლება. - დიახ, რა თქმა უნდა! - თავს მორჩილად უქნევდა ელე. შენობას გვერდიდან მოუარეს. ჯუმბერმა ერთ-ერთ, რკინის კარებს მისი მაგნიტური, ელექტრო გასაღები მიადო და შენობაშიც შევიდნენ. უჩვეულო შეგრძნება დაეუფლა შიგნით შესულს. დეპარტამენტისგან განსხვავებით შენობა აშკარად ახალი გარემონტებული და კომფორტულად მოწყობილი გახლდათ. თუმცა აშკარად სული შეეხუთა, დახურულ სივრცეში ყოფნისგან ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს იხრჩობოდა. ინსტინქტურად ხელი ყელისკენ წაიღო და რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა. - ნუ გეშინია, ეგ ყველაფერი სტრესის ბრალია, ღრმად ისუნთე და გაგივლის!.. - როგორც კი დარწმუნდა, რომ გოგონა უკეთ იყო, ისევ სიარული გააგრძელა მამაკაცმა - თავიდან ყველა ასეა. ნელ-ნელა მიეჩვევი. - პატიმრებიც აქვე ჰყავთ? - საუბრის თემის შეცვლა სცადა ელენემ. - არა, მათი კამერები მეორე ფლიგელშია, აქ ადმინისტრაცია ზის. - კამერებიც გარემონტებულია, თუ მხოლოდ უფროსებმა მოიწყვეს კომფორტი? - ირონიულად იკითხა გოგონამ. - ნუ გვაწყენინებ, ქალბატონო ელენე. თქვენც ხომ ნახეთ რა პირობებში გვიწევს მუშაობა?! მგონი დეპარტამენტის შენობას კომფორტულს ნამდვილად ვერ უწოდებთ! თუმცა ნელ-ნელა ვცდილობთ გავარემონტოთ. საბოლოოდ ციხის გადატანას ისედაც გლდანში გეგმავენ, თუმცა ეგ როდის მოხდება კაცმა არ იცის. - ტელევიზიით ხშირად მომისმეია, რომ კამერებში დაშვებულზე მეტი რაოდენობის პატიმარი გყავთ... - ასე მგონია დაკითხვაზე ვარ. - სიცილი ვერ შეიკავა ჯუმბერმა - ტელევიზიით ხშირად გვაკრიტიკებენ, ის კი ავიწყდებათ, რომ ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს, სად წავიყვანოთ ამდენი მსჯავრდებული? - აი, ჩვენ ხომ გამოვაშვებინებთ და განთავისუფლდება ადგილები... - განთავისუფლდება რომელია... - ელენეს ოპტიმისტურ სიტყვებზე ხმამაღლა ახარხარდა მამაკაცი. - ღმერთმა ქნას, ჩვენი მიზანიც ხომ ეგაა. ვნახოთ ერთი როგორ დაგვხვდება უფროსი... იქვე მდგომი ბადრაგის დანახვაზე მალევე დასერიოზულდა ჯუმბერი. ვაჟი სამხედრო სალმით მიესალმა სტუმრებს. - უთხარი რომ მოვედით?! - აშკარად ირონიულად იკითხა მან. - დიახ, მაგრამ პატიმარი ჰყავს დაკითხვაზე. აქამდე თბილსა და მომღიმარს, სახე შეეცვალა მამაკაცს, ცივი მზერით ახედა ბადრაგს: - ეტყობა ვერ მიხვდა, გაფრთხილებას. უთხარი, დაკითხვა შეწყვიტოს! - ბატონო ჯუმბერ, მე ვერ... - რას ვერ?!... - გაბრაზებულმა დაიგრგვინა კაცმა. ბადრაგისთვის აღარც შეუხედავს ისე გავარდა უფროსის კაბინეტისკენ. - ქალბატონო, თქვენ ვერ... - მისი შეჩერება არც კი გაბედო! - ღრენით გამოსძახა უკვე კარებში მდგომმა. დაკაკუნება აზრადაც არ მოსვლია, უკვე შიგნით შესულს უკანვე შეჰყვა ელენე და მოულოდნელობისგან ადგილზეც გაშეშდა. კომფორტულად მოწყობილ ოთახის შუაგულში მდგომ სკამზე უკან ხელებგაკრულ, თავჩაქინდრულ ვაჟს ოთხი მამაკაცი გამეტებით ურტყამდა. - რას აკეთებთ, მე თქვენი... - ყელიდან წამოსული გოგონას კივილის ხმა, ჯუმბერის გინებამ გადაფარა. - ეს ღა გვაკლდა, ბებერი ნაბოზვარი!... - მოსაქნევად მომზადებული ხელკეტი უკმაყოფილოდ მოისროლა ერთ-ერთმა - ხომ გითხარი, კარები ჩაკეტე და არავინ შემოუშვა მეთქი?! - უკმაყოფილოდ შეუღრინა კარებში ატუზულ ბადრაგს. - რამდენჯერ გაგაფრთხილეთ, რამდენჯერ გითხარით?! - სიბრაზისგან ადგილზე ცახცახებდა კაცი. - რითი ვერ გაიგე, ჯუმბერ, რომ ციხეში ხარ, ციხეში?! აქ სხვა ცხოვრებაა, სხვა კანონები!... ამათ როზგი და მუშტი სჭირდებათ, მხოლოდ როზგი, თუ არადა დაგაჯდებიან თავზე... - პატიმარი გაიყვანეთ, - ამჯერად ჯუმბერმა გასცა ბრძანება, ორი მამაკაცი, რომელიც აქამდე პატიმრის ცემაში იღებდა მონაწილეობას, აქეთ იქიდან, იღლიებში ამოუდგნენ დალილავებულ ვაჟს - ექიმმაც ნახოს, რამე არ ჰქონდეს დაზიანებული, თუ საჭირო გახდეს საავადმყოფოშიც გადაიყვანეთ. ჩვენ კი ამ საკითხზე სერიოზულად ვილაპარაკებთ, აქ არა, თავმჯდომარესთან! - თითისქნევით დაემუქრა ციხის უფროსს კაცი. - ქართველიშვილო ჭრილობები კარგად მოიშუშე შემდეგ შეხვედრამდე! - ჯუმბერის სიტყვები აშკარად არ აღელვებდა უფროსს. - ერთხელაც იქნება და შენს სისხლს დავლევ!... - მართალია უჭირდა მეტყველება, მაგრამ მაინც აშკარად გაიგონა გასვლისას თავდახრილი, ლამის მოკუნტული პატიმრის მუქარა ელემ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.