ცივი იარაღი ქალის გონებაში [1]
ცივი იარაღი ქალის გონებაში 1 - პროლოგი მოყვითალო ფარდების უკან, დიდ შუშაბანდებს მიღმა ახალი ქალაქი იმალება. ნამდვილად რომ გითხრათ, ძალიან ძველი ქალაქია. ძველი და ყველასთვის თავშესაფარი. აქა-იქ ჩამდგარი დიდი შენობები და ერთმანეთის გვერდი-გვერდ, ერთმანეთს მიჯრილი პატარა, ფერადი სახლები. პატარა სანაპირო და უზარმაზარი ზღვა. ტალღები, რომლებიც ღელავენ, ჯებირებს აწყდებიან და, რომ ვერ სტეხენ, უკან დედა-ზღვას უბრუნდებიან. ეს არის ქალაქი, რომლის ჰაერშიც ატანილა მლაშე არომატი, ზღვისგან მონაბერი. ქალაქი, რომლის ქუჩებშიც უწყლოდ დააფარფატებენ ფარფლებს თევზები. აი, მიდიხარ შენთვის, ყურსასმენებში მუსიკა ჟღერს და უცებ გზაჯვარედინზე ანთებულ წითელ შუქნიშანთან ოქროს თევზი ჩერდება. ფეხს უჩქარებ, მიდიხარ, მიდიხარ და ის არ გარბის. შენ სუნთქვას აგრძნობინებ, მაგრამ მაინც არ გარბის. უცებ შემოგხედავს, გაგიღიმებს და სწრაფად მიქრის წინ. მიმოიხედავ და შეამჩნევ - ამასობაში შუქნიშანზე მწვანე ანთებულა. ჰო, ცოტა გავაზვიადე. არსად დაქრიან ოქროს თევზები წითელ ლამბორჯინებში გამოჭიმულნი. შეიძლება ფილმებში, მაგრამ ჩვენ ხომ ფილმში არ ვართ, არა?! ისე კი, საინტერესო იქნებოდა ზემოთ წარმოდგენილი სცენა რომ გადამხდეს. ნეტავ, რას ვიფიქრებდი?! - შემეშინდებოდა თუ ინტერესის წყურვილი მიმაღებინებდა საბედისწერო გადაწყვეტილებას? მადლობა ბუნებას, ასეთი ფენომენი ჯერ არ უშვია. ამ ქალაქში, მლაშე არომატი რომ ცხვირს აგიწვავს სახლიდან გამოსვლისთანავე, ერთი კვირაა გადმოვედი. ვცხოვრობდი დედაქალაქში, ჩემს საქმიანობას ვეწეოდი აქტიურად, ვწერდი ცნობილი ჟურნალისთვის და ონლაინაც ვაქვეყნებდი სტატიებს. ვერ დავიკვეხნი და ვერ მოგატყუებთ, ჩემს ბლოგს ან ჟურნალისთვის მომზადებულ სტატიებს სულმოუთმენლად ელოდნენ-მეთქი. აქ გადმოსვლის ფუნდამენტად ეს მიზეზიც შესაძლოა ჩავთვალოთ, მაგრამ, რომ არც საკუთარ თავს და არც თქვენ მოგატყუოთ, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჩემს ადვოკატს დავურეკე. ოცდასამის ვიყავი, გიორგის რომ შევხვდი. პერსპექტიული, ჩამოყალიბებული და ფლირტის ოსტატი იყო. ერთი შეხედვით, საოცნებო მამაკაცი. იმ დროს ახალი დასრულებული მქონდა უნივერსიტეტი და სააგენტოდან სააგენტოში დავრბოდი. რაღაცის სწავლას რომ დაასრულებ, ერთი სული გაქვს, როდის გამოიყენებ ცოდნას პრაქტიკაში. მსგავსი სენით დავსნეულდი: ვეღარ ვითმენდი, ისე მსურდა მეწერა, თუნდაც ისეთი გაზეთისთვის, რომელსაც არავინ კითხულობდა. არა და არ მიმართლებდა. ყველა მიღიმოდა და დაგიკავშირდებითო, მპირდებოდა, მაგრამ გადიოდა დღეები და ტელეფონზე მხოლოდ დედას სახელი ფიქსირდებოდა ზარის შემოსვლისას. ერთ დილით დავყარე ფარ-ხმალი და გადავწყვიტე, ჟურნალისტიკა თავად მოვიდოდა ჩემთან, ახლა კი კულინარიაში უნდა მეცადა ბედი. ჩავიცვი დიასახლისურად - გაშლილი, ყვავილებიანი, მუხლებამდე კაბა, წავიკარი თავზე ბენდენა, დავავლე საფულეს ხელი და ხალისით ჩავირბინე ბაზრობამდე, რომელიც ჩვენს კორპუსებთან ახლოს გაეშალათ. აქამდე თუ უდარდელად ამოვუვლიდი და მხოლოდ მაშინ გადავავლებდი თვალს დახლებს, როცა ფორთოხლის სეზონი მოდიოდა, ახლა აღმოვაჩინე, რომ ბედნიერება კომპიუტერის კლავიატურის მიღმა კი არა, აქ უნდა მეძია. ყველაფერი ვიყიდე ცოტ-ცოტა და პარკებით დახუნძლული დავიძარი სახლისკენ. არ ვიცი, ასე კიდევ როდის გამიმართლა ცხოვრებაში, მაგრამ შორიდანვე შევნიშნე ჩემი უნივერსიტეტელი, რომელიც კურსელის დაბადების დღეზე გავიცანი. ჩემდასაბედნიეროდ, კომუნიკაბელური დავიბადე და იმ საღამოს ეს ახალგაზრდა ისე შემომეცნო, ვერც კი გავაცნობიერე. თუ სწორად მახსოვდა, ნიკა ერქვა და მაშინ დაასრულა უნივერსიტეტი, ჩვენ რომ მეორე კურსზე გადავდიოდით. გამომელაპარაკა და გამოვუტყდი ჩემს გასაჭირში. - ჰო, ახლა ყველგან კვალიფიცირებულ კადრებს ეძებენ, - არც აცია, არც აცხელა, ისე მომახალა. - მაგრამ არ ინერვიულო შენ მაგაზე! - ომახიანად გააგრძელა, - ზეგ გვაქვს კორპორატიული და წამოდი, თან გვერდს დამიმშვენებ, თან გავლენიანი პირები იქნებიან, იქნებ ვინმემ შეძლოს შენი დახმარება. ნეტავ მეც შემეძლოს… - არ ტეხავს? - კი შევიშმუშნე, მაგრამ გულში ძლიერად გამიხარდა. - კაი რა, რა ტეხავს, ხუმრობ? ერთ ჭიქაში ყველაფერი დაგავიწყდება… შენც და იმათაც! - გაიცინა და მხარზე მეგობრულად შემახო ხელი. - ძალიან დამეხმარები, ნიკა! - კი ვთქვი მისი სახელი, მაგრამ თან ეჭვნარევად, დაბალ ხმაზე, იქნებ მეშლება-მეთქი, მაგრამ შენიშვნა რომ არ მივიღე, ჩავთვალე, რომ ნიკა ერქვა და გავაგრძელე: - აქვე ვცხოვრობ, აი, იმ კორპუსში, მეორე სადარბაზოში, მესამე სართულზე. თავით ვანიშნებდი და თან მთელი ემოციებით ვსაუბრობდი. ხელში კი მძიმე პარკები მეჭირა და ვერც კი ვგრძნობდი ტკივილს. - შემეხმიანე, როცა გინდა, ნიკა, - შევხედე და გავუცინე ბოლოს. - შენი ნომერი მითხარი, - ჯიბეებში მოქექა რაღაც და ბოლოს შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოაძვრინა ტელეფონი. ვუკარნახე და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხარი. - რისი მადლობა, შეგეხმიანები. ნელა ჩამიარა, თან მიყურებდა, თვალი გავაყოლე. - და ნიკა არა, ლაშა! - თვალი ჩამიკრა, გენერლის ჟესტი ამიღო და ზურგი შემაქცია. მიდიოდა სწრაფი ნაბიჯებით, ძველბიჭური სიარულით და თვალს ვერ ვწყვეტდი. თან გულში ვფიქრობდი: “ნუთუ კულინარობას გადავრჩი? ნუთუ ტყუილად ვიყიდე ამდენი რაღაც?”. თან მიხაროდა, რომ ბედზე ამ დღეს და ამ მომენტში გამოვედი სახლიდან. დაპირებისამებრ, იმ დღიდან მეორე საღამოს, ნიკასთან ერთად აღმოვჩნდი კორპორატიულზე. ვიდექი, სირცხვილისგან ლოყები მეწვოდა, კედელს ვეფარებოდი და წითელ ღვინოს ვსვამდი. გვერდით ვიღაც ამომიდგა. მალულად გავაპარე მისკენ მზერა. ნაცრისფერ კოსტუმში იყო შავგვრემანი მამაკაცი გამოწყობილი და არც კი მიყურებდა. იდგა, მშვიდად სუნთქავდა და ხალხს გაჰყურებდა. ჯიბეებში ჩაელაგებინა ხელები და ჩანდა, შესაფერის მომენტს ელოდა, საუბრის წამოსაწყებად. - მსახიობი ხართ? - თქვა ბოლოს და შემომხედა. იმით დარცხვენილმა, რომ ჩუმ თვალთვალში გამომიჭირეს, ფარული ღიმილით დავიხედე დაბლა. საკუთარ თავზე მეცინებოდა და ამ მამაკაცზეც, ასე იდუმალად რომ ამომიდგა და გულის ჩირქად შერჩენილი კითხვა დამისვა. - მსახიობი სიამოვნებით შეერეოდა ხალს და ვინ იცის, იქნებ ერთი კარგი ვალსიც ეცეკვა?! - ეშმაკურად ამიციმციმდა თვალები, მგონი ვიპოვე ადამიანი, ვისთანაც ვიხუმრებდი, ვისაუბრებდი და ამ საშინელ საღამოს გადავაგორებდი. - მასე ჟურნალისტები იქცევიან, - დაიძრა და ჩემ წინ აღმოჩნდა. - ანუ უნდა ვინერვიულო, რომ ჟურნალისტი ვარ? - ხმამაღლა გავიცინე. შევატყე, მოვეწონე. ისედაც ცხადი იყო ეს სიმპათია, სხვაგვარად არავინ მიდის უცხოსთან და ასეთ ირიბ კომპლიმენტებს არ ეუბნება. - ჟურნალისტი? - გაკვირვების ნიშნად წარბები ზემოთ აზიდა მამაკაცმა და მიმტანს ლანგრიდან ერთი ჭიქა ააცალა. - დიახ? - უხერხულობა შემომეპარა, თუმცა მაინც არ დავთმე პოზიცია. - მეგონა, ქალაქში ყველა ჟურნალისტს ვიცნობდი. - შეცდით, - თვალი ჩავუკარი და მარჯვნივ შევტრიალდი მთელი სხეულით. ნელი ნაბიჯებით წავედი მაგიდისკენ ჭიქის გამოსაცვლელად. უკან გამომყვა. - იშვითად ვცდები, თუმცა ამჯერად გნებდებით! - იცინოდა. - რომელ ჟურნალში წერთ? - იქნებ თოქშოუ მიმყავს? - ჭიქა ავიღე, ამჯერად შამპანურის და გზა გავაგრძელე. - გარეგნობა კი შეგიწყობდათ ხელს, მაგრამ ეს კდემამოსილება ნამდვილად არა. “გონია, გამომიჭირა!” - გულმა ჩუმად ჩაიხითხითა. კედელს ავეყუდე. ჩემ წინ იდგა. მუხლს ჩემსას ახებდა და დაჟინებით მომშტერებოდა. თითქოს ცდილობდა, ჩემი თვალებიდან საიდუმლო ამოეკითხა. - ირონიული და დროულია, - ვუთხარი გამომწვევად და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. - არ გამანდობთ საიდუმლოს, მადმუაზელ? - სიამოვნებით, მაგრამ ახლა ეგ საიდუმლო მხოლოდ ჩარჩოა და ელოდება შესაფერის ნახატს, რომ დაამშვენოს… - მხრები ავიჩეჩე და შამპანური მოვსვი. - ამბობთ, რომ უმუშევარი ხართ? - ელენე, - გავუწოდე ხელი. - გიორგი. და ასე შედგა ჩვენი პირველი შეხვერდა. მეორე იყო მთაწმინდაზე. ცარიელ კაფეში ვისხედით, შოპენი ჟღერდა და ჩვენი საუბარი იმდენად ინტიმური იყო, არ მსურდა, დასრულებულიყო. მეორე შეხვედრაზე მთხოვა ხელი და უყოყმანოდ დავთანხმდი. ვფიქრობდი, მეტი არც იყო საჭირო. ვთვლიდი, როცა ორ ადამიანს შორის მუხტი ჩნდება, ეს ხდება პირველ შეხვედრაზე და ურთიერთობა სხვა შეხვედრებზე კი არ ღრმავდება, არამედ ხუნდება, იცვითება და კარგავს სახეს მშვენიერს. ჩვენი თანაცხოვრების მესამე თვესვე მივხვდით, რამდენად ვიჩქარეთ. გიორგიმ მომცა ყველაფერი - კარიერა, უზრუნველი ცხოვრება, სითბო. მაგრამ გაქრა ის ვნება, რომელიც პირველ შეხვედრაზე გაჩნდა. ეს იყო ნაპერწკალი, რომელიც, მეტი დრო რომ დაგვეყო შეყვარებულის პერიოდისთვის, ჩაქრებოდა და ამ უღელში ჩაბმულებს ასე ძლიერ არ გაგვიჭირდებოდა დაშორება. ყველაფერი სახლში გვიან მოსვლებით დაიწყო, დაბარებული არასწორი მისამართებით, არეული მოვლენებით. ერთხელ დააგვიანა, რაღაც ისტორიები შეთხზა და მაიძულა, დამეჯერებინა. მეორედ მითხრა, რომ სხვა ჟურნალის მეპატრონეს ხვდებოდა, დაბრუნდა გვიან, ტკბილი არომატით, რომელიც ჩემგან არ წაუღია. ქალს არ უჭირს ამოცნობა, როდის ღალატობს საყვარელი კაცი, მაგრამ ყოველთვის უჭირს იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ოჯახის დანგრევას უკავშირდება. რამდენიმე კვირა ვითმინე ხალხის თავშეკავებულობა და ნაძალადევი თავაზიანობა, მალვა და კრძალვა. ყველამ ყველაფერი იცოდა და ყველას ყველაფერი რცხვენოდა. ყველას გიორგის და მისი საყვარელის გარდა. სანამ ქმარი გამომიცხადებდა, რომ მშორდებოდა და საყვარელთან მიდიოდა, მანამ შემოვკარი განგაშის ზარი და ადვოკატს დავურეკე. სულ რამდენიმე დღეში დამთავრდა ყველაფერი. გიორგისგან კი იმდენი პატივისცემა მაინც დამრჩა, რომ თანაბრად გაგვეყო ყველაფერი. მას რაც უკავშირდებოდა, აღარაფერი მინდოდა ჩემად დამეტოვებინა. უკანასკნელი ნივთიც კი გავყიდე და აქ, ასე შორს დედაქალაქიდან, ბათუმში ვიპოვე მყუდრო ბინა ზღვის სიახლოვეს და გადმოვედი. სამსახურის პოვნა ძალიან გამიჭირდა. აქ უფრო მცირე არჩევანი იყო. და ამ არჩევანშიც, რეალურად, მე არაფერს ვირჩევდი და განვაგებდი. ყველგან უარი მითხრეს. შემრჩა ჩემი კომპიუტერი, რამდენიმე ათასი, რომელიც უნდა გამეწერა თითოეულ დღეზე, ულუკმაპუროდ რომ ზედმეტად მალე არ დავრჩენილიყავი. ზღვა იყო ნაწილი იმ თავისუფლების, რომელიც ჩემში ამ სიმარტოვის ჟამს აღმოვაჩინე. ყოველ დილას ზღვის ნაპირიდან ვიწყებდი და საღამოც ასე სრულდებოდა. მივუყვებოდი ქვებიან სანაპიროს, გავყურებდი ჩამავალ მზეს და მის ანარეკლს მოდუდუნე ტალღებში. მარტოობა აქამდე თურმე არასდროს მიგემია. თავიდან ორ კვირაში ერთხელ მეილებს მიგზავნიდა გიორგი. მკითხულობდა და შეცდომას აღიარებდა. ამით მხოლოდ ჭრილობას მინახლებდა და ვერ მშველოდა, თუმცა კი ის ფაქტი, რომ დანაშაულს გრძნობდა და ბედნიერებას, მოსვენებასა და მშვიდობას ვერც იმ დროებითი ქალის მკლავებში პოვებდა, მცირედად მამშვიდებდა; ეგოისტურ სიამოვნებას მგვრიდა. გაზაფხული კვირტებს შობდა, ტალღები ღელავდნენ და ღელავდნენ, მე კი რუტინულ ყოველდღიურობაში თავით ვიყავი გადაშვებული. “ესეც შენი ბათუმი, იფიქრე ახლა!” _ ბრაზს ვივლებდი გონებაში, საკუთარი თავისკენ იარაღად მიმართულს. და ვოცნებობდი მინიმალურ შემოსავლის წყაროს და სიმპათიურ ახალგაზრდას, რომელიც იმ ბედნიერებას მომანიჭებდა, რომელიც გიორგისგან არ მერგო. ამ ოცნებაში კი ზღვა ტალღებს ტყორცნიდა ჯებირებს. ზღვა ძალიან გავდა ცხოვრებას… ----- გამოხატეთ თქვენი აზრი, მოგეწონათ პროლოგი? თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.