ბედნიერების რეცეპტი (თავი ორმოცდაშვიდი)
მონასტრის დიდ ტაძარში შეკრებილიყვნენ მეგობრები. საკურთხეველთან დაესვენებინათ მაცხოვრის ხატი. თავდახრილი ლოცულობდა წინამძღოლი. იცოდა, თითქმის სასოწარკვეთილებამდე მისულ ახლობლებს, განსაკუთრებით მაიკოს ყველაზე მეტად გამხნევება და იმედი ახლა სჭირდებოდათ. შეძლებისდაგვარად ახერხებდა კიდეც გაგიჟებული დედის დამშვიდებას, მაგრამ ხვდებოდა, რომ მუდამ ოპტიმისტურად განწყობილს ნელ-ნელა შიში იპყრობდა. როგორ არ ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო, არადა სუსტი ყოფილა. რეალობა მთელი სიმძიმით მხრებზე დასწოლოდა.არადა, უნდოდა საკუთარ თავში ისევ ეპოვა ძალა, უნდოდა სახეზე ღიმილის შენარჩუნება, თუნდაც სასოწარკვეთილი დედის, თუნდაც მისივე გაზრდილი უმცროსი არაბულის გამო, მაგრამ არ გამოსდიოდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ტაძარში გვერდით ედგა გიგაურიც. შუბლშეკრული მამაკაცი ჩუმად ლოცულობდა. სიტყებს ვერ გაარჩევდი, მაგრამ დარდსა და მწუხარებას ნამდვილად შეამჩნევდი. - უფალი იყოს ჩვენი შემწე! - ერთხელ კიდევ გადასახა ჯვარი მოძღვარმა მრევლს, იქვე მდგომ მეგობრებს, მლოცველებს და ტაძრიდან მონასტრის ეზოში გამოვიდნენ. - პოლიციის იმედი ტყუილად გვაქვს, რაც დრო გადის, ირაკლისა და მისი ამფსონების პოვნის შანსი უფრო და უფრო მცირდება! - აშკარად დანარჩენების აზრი გააჟღერა დათამ. - პოლიციის იმედი არც გვაქვს, ყველა შესაძლო ადგილას ვეძებთ, მაგრამ იდეებიც აღარ გვაქვს... - თითქოს თავს იმართლებდნენ აკა და გიორგი. - ის მაინც რომ ვიცოდეთ ვინ ეხმარება, რაღაც ვერსიები კიდევ გვექნებოდა... - საუბარში ჩაერთო ფარნავაზიც. - თუ სამართალდამცავებს დავუჯერებთ, ხეობიდან არ გასულან. სავარაუდოდ აქვე, სადღაც ახლოს იმალებიან. - მუქარით მომუშტა ხელი თორნიკემ. - იქნებ ადგილობრივებიდან ეხმარებიან?- საკუთარი ვერსია წარმოსთქვა თეკლემაც. - გამორიცხულია. ელენე ყველას უყვარს. აქ მტრები არ ჰყავს... - მაშინვე უარყო მისი აზრი ნიკოლოზმა. - ელენეს არ ჰყავს, მაგრამ?!...- ეჭვით გახედა გიგას თორნიკემ. გიგაური მსჯელობაში არ ერეოდა, თუმცა ყოფილ მტრებს ყურადღებით უსმენდა და თეკლეს ნათქვამმაც ჩააფიქრა. - იქნებ მართალია თეკლე?! ვერ გაერთიანდებოდნენ?! - მეუღლის აზრი უფრო განავრცო აკამაც. - თუ სწორად მახსოვს, არაბულების მკვლელებიდან ერთი დასაჭერია... - ხმამაღლა მსჯელობდა გიორგი. - ზეზვა და ირაკლი?! - ბრაზით მომუშტა ხელები - ამას ვერ გაბედავდა! - თუ, მაინც გაბედა?! - თვალებში მიაჩერდა თორნიკე. - კვალზე გასასვლელად ყველაზე უტოპიური აზრიც უნდა დავამუშავოთ. - დაიბუბუნა ფარნავაზმაც. - თუ თქვენი ვერსია სწორია, მაშინ მართლა არ გაუჭირდებოდათ დამალვა.ზეზვა ამ მთებს ზედმეტად კარგად იცნობს. - დროა ხეობის ჩხრეკა შევწყვიტოთ და მთებში გადავინაცვლოთ. - საკუთარი ვერსია წამოაყენა ვასიკომ. - ამბობენ, დამნაშავეები საკუთარ დანაშაულის ადგილს უბრუნდებიანო. - ამჯერად იაკო ჩაერია საუბარში. - იქნებ იმ ქოხშიც კი არიან, მე რომ მმალავდნენ?! - ხმა გაბზარვოდა მაიკოს. - ვერსიები საკმაოდ ბევრი გვაქვს. - აშკარად იმედი მიეცა ყოფილ პროკურორს. - აქ ჯდომით ვერაფერს გავაკეთებთ. დროა გავიყოთ ჯგუფებად და ძებნა ჩვენით დავიწყოთ!... - ფეხზე წამოდგა ნიკოლოზი. - ისე ლაპარაკობ, თითქოს რამე დავაკელით! - აშკარად განაწყენდა მოლოდინაშვილი. - არაფერი დაგიკლია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენი დახმარებით ბევრად უკეთესი შედეგი გექნებათ! - თბილად გაუღიმა მოძღვარმა გაბუსხულ მეგობარს. - საკამათო და საწყენი არაფერია. ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვეძებთ. - მე, დათა და იკა, მუცოს ხეობას დავუყვებით... - თითქოს თორნიკეს ელოდნენო გვერდით დაუდგნენ ბიჭებიც. - მე და გიორგიც თქვენთან ერთად მოვდივართ. - მათი მიმართულებით გადაინაცვლეს მამებმაც. - მე მონადირის ქოხებით ვიწყებ... - თავი არც აუწევია ისე ჩაიბურტყუნა გიგაურმა. - კეთილი, პირველად მაიკოს ქოხით დავიწყოთ! - გიგაურის გაოცება არ შეიმჩნია ვასიკომ, ისე გაეშურა იქვე დაბმული ცხენისკენ. - ფარნა, შენ აბულაძის დახმარებით, ისევ საზღვარსა და ხეობას გააკონტროლებ, მე კი თქვენთან მოვდივარ! - ძმასა და გიგაურს ანიშნა დამელოდეთო, თავად კი კელიაში შევიდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ხელში რამდენიმე სანადირო თოფითა და ტყვიებით სავსე მასრებით გამოვიდა ნიკოლოზს. სათითაოდ ჩამოურიგა მხედრებს, ერთი წყვილი კი თავად აისხა. - თავი ტყეში გავარდნილი ფირალი მგონია, მონასტერია თუ იარაღის საწყობი? ამდენი ტყვია-წამალი კარგახანია არ მინახავს. - იცინოდა გიგაური. - სანადიროდ ჩვენც დავდივართ! - ღრენით გახედა ირონიულად მომღიმარს ასათიანმა. - ნადირობაში ადამიანებზე ნადირობაც შედის?! - როცა გაიძულებენ, თავიც უნდა დაიცვა! - ისევ უბღვერდა ნიკოლოზი. - ღმერთმანი უცნაური კაცი ხარ. ამდენი იარაღი თუ გქონდათ, მონასტერი რატომღა დააწვევინეთ?! - გაოცება ვერ დამალა გიგაურმა. - ბოლოდროინდელი მოვლენების გადამკიდე, იძულებული გავხდით შეგვეძინა. - თავადაც ცხენს მოახტა მოძღვარი. - დედას გეფიცები თავი ომში მგონია...- ჯირითით დაედევნა წინ წასულ მამაკაცებს დათა. მონასტრიდან გამოსულმა ცხენოსნებმა გეზი ზემოთ, მთებისკენ აიღეს. სულ რაღაც ნახევარი საათის სავალში ჯგუფი ორად გაიყო, ბიჭებმა აკასა და გიორგის თანხლებით გეზი მუცოს ციხისკენ აიღეს, მეორე ნაწილი კი პირობისამებრ აღმართ-აღმართ აუყვნენ უღრან ტყეს მონადირეების მიერ აშენებული ქოხებისკენ გაემართნენ. სულ რაღაც ერთი საათის სავალში ტყის მასივი დასრულდა და ალპური ზონაც დაიწყო. არანაირი ცივილიზაციის კვალი, მხოლოდ გაუკაცრიელებული, მკაცრი ბუნება, სადღაც შორიდან ყმუოდა ნადირი. მოშიშვლებული კლდეები ამაყად გადმოჰყურებდნენ ხევსურეთს. ერთმანეთის იმედად დარჩენილიყვნენ მძებნელები. მიუხედავად გზის სირთულისა, მაინც მოხერხებულად მიიკვლევდა გიგაური გზას. ერთმანეთის მხარდამხარ მდგომი ძმები. - უცნაური რამაა ცხოვრება, ოდესმე იფიქრებდი რომ მე და შენ ასე ერთად, გვერდი-გვერდ ერთი მიზნისთვის ვიბრძოლებდით? - სიჩუმე დააღრვია გიგაურმა. - ადამიანი ბევრ რამეს ვერ ხვდება. ყველაფერი ღვთის ნებაა. ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ. ეგაა და ეგ... - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ნიკოლოზმა. - ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო?! - სიცილი წასკდა გიგაურს. - ასე გამოდის. - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ნიკას. - ასე ბევრს კი არ უმართლებს, თავში არ აგივარდეს, გიგაურო!... - ირონიულად გაეცინა ვასიკოს. გონს მოსული ელენე აქეთ-იქით იყურებოდა. თუმცა ვერაფერს ხედავდა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ავტომობილის საბარგულში მოკუნტულმა თვლა დაიწყო, რამდენჯერ მოუხვია ავტომობილმა. არც ამ მეთოდმა გაამრათლა. ავტომობილმა აშკარად იმდენჯერ მიუხვ-მოუხვია, რომ საბოლოოდ სათვალავი აერია. ერთად -ერთი რასაც ჯიღჯიყით არჩევდა ის იყო, რომ ოღრო - ჩოღრო გზაზე მოდიოდნენ. როგორც იქნა გაჩერდა მანქანა. იგრძნო როგორ მიჯახუნდა რამდენიმეჯერ კარები. საბარგულს ახადეს თუ არა გაფაციცებით მიიხედ-მოიხედა, თუმცა გარშემო ტყით დაფარული მთების გარდა ვერაფერი შენიშნა. საბარგულიდან ამოიყვანეს თუ არა, თვალებიც აუკრეს, უკვე ცხენებზე მჯდომმა გამტაცებლებმა ხურჯინებზე გადაიკიდეს ტყვეც. - მე როგორ მოვიქცე? - ერთი კი გამოხედა საბარგულიდან ამოყვანილ გაკოჭილ ქალიშვილს და ირაკლის მიაჩერდა უცნობი გოგონა. - ამაღამვე დაბრუნდები თბილისში, მანქანას რაც შეიძლება სწრაფად მოიშორებ. იცოდე კვალი არ უნდა დატოვო! - მუქარა გაერია ხმაში მამაკაცს. - არა გრცხვენია, ირაკლიკო?! ყველაფერი ისე იქნება, შენ რომ გინდა! - კეკლუცი ღიმილით შესცინა ქალმა. - იცოდე, ავტომობილის გაყიდვა არც კი იფიქრო, პირდაპირ ჯართში! - გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი ზეზვამ. გოგონამ ერთი კი გახედა მათი ტვირთიანად მთებისკეს წასულ წყვილს და ავტომობილი ადგილიდან დაძრა. როგორც მოსალოდნელი იყო, სხვა ავტომობილებთან ერთად ისიც გააჩერეს. თუმცა საჭესთან ქალი შენიშნეს თუ არა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ზერელედ შეათვალიერა ავტომობილი და უპრობლემოდაც გაატარეს. ცხენზე გადაკიდებული გოგონა კიდურებს ვეღარ გრძნობდა. რამდენიმეჯერ შეფართხალდა, თუმცა მამაკაცის ძლიერმა ხელმა ისევ ცხენის გავაზე მიაკრა. ზიზღით გააჟრჟოლა, კიდევ ერთხელ შეფართხალდა, თუმცა მისი საზიზღარი ხელის მოშორება მაინც ვერ შეძლო. - სულ ცოტაც ფისოვ და დასრულდება შენი მგზავრობაც!.. - კარგი მეგობარივით მოუთათუნა ხელები ბეჭებზე ზეზვამ. - ფისო კი არა, ქაჯია, ალქაჯი... - ირონიულად გაეცინა ირაკლის. - ქაჯი?! იცოდი მსგავსი თვისებები გენეტიკურად რომ გადაეცემა?!... - ახარხარდა უცნობი - ესე იგი, წინ კარგი გართობა გველის. - უცნაური კაცი ხარ ზეზვა. იმის მაგივრად რომ ბრაზდებოდე, აშკარად გართობს ეს სიტუაცია. - გაოცებულმა აღიშნა ირაკლიმ. - გავბრაზდე, როცა მიზანთან ასე ახლოს ვარ?! ახალბედას არ გავხარ, წესით უნდა იცოდე, ზედმეტი ემოციები საქმეში ხელს გიშლის. შურისძიებისთვის კი ცივი გონებაა საჭირო, მით უმეტეს თუ მოწინააღმდეგე გიგაურია... - გიგაურის ასე გეშინია?! - ირონიულად ჩაეკითხა ირაკლი. - გამწარებული და დაბოღმილი ადამიანი დაჭრილ ნადირზე უარესია. - არ გითქვამს, მაინც რატომ მტრობთ ერთმანეთს? - ინტერესით ჩაეკითხა ირაკლი. - ბევრის ცოდნა დაგღუპავს ირაკლი! - შეუბღვირა მამაკაცმა - აქედან უნდა გადავუხვიოთ და აი იმ მთაზე ავიდეთ!- ხელით ანიშნა გზისკენ. მგზავრებმა ბილიკიდან გადაუხვიეს, ტყეში შევიდნენ და ერთ-ერთი მონადირის ქოხისკენ აიღეს გეზი. როგორც იქნა დასრულდა უთავბოლოდ გაჭიმული მგზავრობა. გოგონა ცხენიდან ჩამოსვეს, მისთვის ხელ-ფეხის გახსნა აზრადაც არ მოსვლიათ, უხეში მოძრაობით შეაგდეს მცირე ზომის ფიცრულში. სურსათით სავსე ხურჯინები ჩამოიღეს და ცხენებიც იქვე მიაბეს. - ახლა, რას ვაკეთებთ? - ინტერესით ჩაეკითხა ირაკლი. - ახლა?! შენ ერთობი! - თავით ქოხისკენ ანიშნა ზეზვამ - მე კი ველი... ჩიტუნიები დაგებულ მახეში როდის გაებმებიან. - ჩაიქირქილა ზეზვამ. - რატომ მაინცდამაინც აქ?! - აქ დაიწყო და აქვე დასრულდება ჩვენი დაპირისპირება. - ანუ არ იტყვი, როგორ დაიწყო? - უკვე გითხარი, ზედმეტ კითხვებს სვამ! - ღრენით გამოხედა მამაკაცმა. - კარგი, იყოს შენებურად. - სიცილით ასწია ხელები ირაკლიმ - ჩემთვის მთავარია სასურველი შედეგი მივიღო, სხვა არც არაფერი მაინტერესებს. - შენ გოგონა გჭირდებოდა, მე - გიგაური... პირობას ვასრულებ. ზედმეტი კითხვებით არც მე შეგაწუხებ და არც შენ... - დრო დამდგარა ჩემი მომხიბვლელობა კიდევ ერთხელ გამოვავლინო! - თმაზე ხელი გადაისვა ირაკლიმ და სახეზე მაცდურ ღიმილ აკრული ქოხისკენ გაემართა. თუმცა შიგნით შესულს ღიმილი სახეზე შეეყინა. - ამის დედა!... - უწმაწური გინაბის გაგონებისთანავე ზეზვაც უკან მიჰყვა. აქეთ -იქით გაოცებულმა მიმოიხედა. ქოხში მხოლოდ სურსათით სავსე ხურჯინები ელაგა. სულ რამდენიმე წუთის წინ გოგონას იქ ყოფნაზე მხოლოდ იატაკზე დაყრილი თასმები და თხელი მოსასხამი მოწმობდა. გაცოფებულები გარეთ გამოცვივდნენ. ახლო-მახლოს მთლიანად შემოირბინეს ტერიტორია, თუმცა ელენეს კვალიც არ ჩანდა. - ხომ ვერ აორთქლდებოდა?! სადღაც ხომ უნდა გამძვრალიყო? - ხვრელის ძებნაში ქოხს უვლიდა გარშემო ზეზვა. - ხომ ვამბობდი, ქაჯია მეთქი ეს დედა... - ისევ გინებით იოხებდა გულს ირაკლი. - ქაჯი კი არა, ჭკვიანია, თითქმის ოცდახუთი წელი ვემზადებოდი შურისძიებისთვის და ამ თითისტოლა გოგომ გამაბითურა?! - ისტერიულად ხარხარებდა ზეზვა კედელში მცირე ზომის ხვრელის დანახვაზე. - აქ როგორ გაეტია?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ირაკლის. - როცა გიჭირს ხვრელში კი არა ნემსის ყუნწშიც გაძვრები! - ისევ იცინოდა ზეზვა - შორს ვერ წავოდიდა, ხელის ფანარი აიღე და მოვძებნოთ!... არადა, სულაც არ იყო გოგონა შორს წასული. ტყეში ერთ-ერთ ხეს ამოფარებული, ერთიანად აცახცახებულმა რამოდენიმე წუთით დაისვენა, ოდნავ სული მოითქვა, ერთხელ კიდევ გახედა ქოხთან მოსიარულე მამაკაცებს, რომლებსაც მიმართულება აშკარად შეეცვალათ და ტყის მასივისკენ, ელენესკენ მოდიოდნენ. დიდხანს აღარ უფიქრია, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და გაიქცა, თუმცა რამდენად ერქვა ამას სირბილი ვერ გეტყვით. აშკარად ძნელი იყო მისი წვალებისთვის ამ სახელის დარქმევა. სციოდა, ყინვისგან აკანკალებდა, ზოგჯერ ვარდებოდა, ეკლებსა და ტოტებზე ფეხის ტერფები ეკაწრებოდა, მაგრამ ნაკლებად ანაღვლებდა. დაძაბული გონება ზედმეტად ახლოს აღიქვამდა მდევრის ფეხის ხმას, ალბათ ესეც ეხმარებოდა დასუსტებულ სხეულს გაქცევისთვის ძალა მაინც ჰქონოდა. პანიკურად ეშინოდა, ზუსტად იცოდა ახლა ირაკლისა და ზეზვას ხელში მოხვედრას ყველა მიუღებელი, თვით სიკვდილიც კი სჯობდა. სხვა რაღა დარჩენოდა?! ისტერიულად, მთელი თავგანწირვით გარბოდა. იმ წუთებში აშკარად გაგიჭირდებოდათ ელენესთვის ნორმალურის წოდება. მთვარის შუქზე ოდნავ ჩანდა თმა გაწეწილი, სახე შეშლილი, ამდენი დავარდნით საბოლოოდ შემოხეული კაბის ამარა დარჩენილი ქალი. ისტერიის ზღვარზე მყოფს, ეს შეგრძნება კიდევ უფრო ეხმარებოდა, თითქოს ორმაგ ძალას აძლევდა გასაქცევად. თუმცა გონებამ ნელ-ნელა სძლია პანიკას. ნელ-ნელა ისევ დაიწყო ფიქრი. ზემოდან გადახედა ხელისგულივით გადაშლილ ხეობას. მართალია სიბნელეში ორიენტაციის აღება უჭირდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ სადღაც ქვემოთ უნდა ყოფილიყო მუცოს ციხე სიმაგრე. - თუ იქამდე მივაღწევ, თუ მივალ!... თუმცა ფიქრები ნადირის ხმამ შეაწყვეტინა, ბალახებიდან, სულ რამდენიმე სანტიმეტრში აშკარად ფოსფორისფრად ანათებდა ცხოველის თვალები, თუ მისი თვალების ზომით ვიმსჯელებდით, ცხოველი დიდი ზომის ნამდვილად არ იქნებოდა. თუმცა სხეულში უსიამოვნოდ მაინც გასცრა: - ვერ მომერევი, როგორმე მივალ, აუცილებლად მივალ!.. - ჯიბრით, მტკიცე ხმით შეუძახა ოთხფეხას, მოზრდილ ქვას დასწვდა და სიბნელეში უმისამართოდ ისროლა, თუმცა ნადირი იქ აღარ იდგა. სამაგიეროდ მისი ყურადღება არც თუ ისე შორს მოციმციმე ფანრის ნათებამ მიიპყრო. მდევარი აშკარად ეწეოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.