შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეცამეტე თავი)


4-01-2018, 18:18
ავტორი murachashvili
ნანახია 3 615

უცნაურია ცხოვრება, თავიდან თითქოს ყველაფერს აპროტესტებ, შემდეგ ეგუები, გამოსავალს ეძებ და ნელ-ნელა აღმოაჩენ, რომ ის რაც ასე მიუღებლად გეჩვენებოდა ცხოვრების წესად გექცა. რთული ყოფილა შეჩვევა, ორმაგად რთული - გაძლება, თუმცა მაინც ეჩვევი და აღარ აპროტესტებ, აღარც ყვირი და არც შეცვლას ცდილობ.
ახლაც ახსოვდა პირველი ელდა, როცა დილით გაღვიძებული სახლში სითბოს ნაცვლად სიცივემ შეაწუხა. გვიანი შემოდგომა იდგა თბილისში. ხალხის არეულმა განწყობამ თითქოს ამინდზეც იმოქმედა. ხავერდივით შემოდგომა სულ რამდენიმე კვირაში მიილია და ოქტომბრის მზიანი ამინდები ნოებრის წვიამიანმა-თოვლნარევმა ამინდებმა შეცვალა. მიუხედავად სახლში არსებული სიცივისა თბილად ჩაცმა აზრადაც არ მოსვლია, ჩვეულებისამებრ ისევ პიჟამის ამარა გატანტალდა სამზარეულოში. ჩაიდანი ცივი წყლით შეავსო და გაზქურაზე დაადგა. ვინტილი გადააბრუნა, ანთებული ასანთიც მიუშვირა გაზქურას. თუმცა, აი, საოცრება, ვერ აანთო.
- ჯანდაბა, ჯანდაბა. მა!... - ხმამაღლა, გაღიზიანებული ეზოში მდგომ მამას ისე ეძახდა თითქოს სამყროს დასასრული დამდგარიყოს.
- რა გჭირს, ნინო? - ზურას შემოსვლა ისევ დედამ დაასწრო.
შვილიშვილის ხმის გაგონებაზე ეზოს ბოლოდან ეტლით მოგორავდა შეშინებული ბებიაც. ხან მილები შეამოწმეს, ხან გაზქურის „შტუცერები“, გამოცდილი გაზის ხელოსანივით ატრიალებდა ხელში სხვადასხვა ზომის ხრახნებს ზურა. ნინოც ცნობისმოყვარე თვალებით უმზერდა მოფუსფუსე მამას. თუმცა „დაზიანებულ“ ტექნიკას ვერაფერი გაუგეს.
- ალბათ, ავარიაა. - ხამამაღლა ფიქრობდა ბებია.
- ამ სიცივეში, ახლა ეს გვინდოდა?! - შვილის მსგავსად წუწუნებდა ნატოც - ასე ტიტველი რომ დგახარ, თბილად ჩაიცვი, არ გაცივდე! - ახლაღა შენიშნა მობუზული შვილი.
- გამოვიძახებ ხელოსანს და მალე ჩართავენ! - თავს იიმედებდა მამაკაცი.
რა თქმა უნდა იმ დღეს ბოჭორიშვილებთან არ მისულა არც ხელოსანი და არც არავის ჩაურთავს გაზი. გულით რომ სდომოდათ ამას მაინც ვერ მოახერხებდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გაზქურის „დაზიანების“ მიზეზი საკმაოდ მარტივი გახლდათ, საქართველოს ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდებოდა.
მიუხედავად რუსეთთან არსებული დაძაბული მდგომარეობისა, მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ელოდნენ. მსგავსი ცვლილებებისთვის აშკარად მოუმზადებელნი გახლდნენ. ძლივს იპოვეს სხვენში საგულდაგულოდ დამალული ძველი, სპირალიანი, ელექტრო პლიტა. რამდენიმეგან ჩაწყვეტილი სანახევროდ დაჟანგებული სპირალი ხელით გადააბეს.
- ჯერჯერობით ეს გამოვიყენოთ და ჩართავენ კიდეც! - აშკარად თავს იიმედებდა ნატო.
- ამის დედაც!... - უმისამართოდ ვინ იცის მერამდენედ იგინებოდა უფროსი ბოჭორიშვილი.
თუმცა, პრობლემას პრობლემა ემატებოდა. თითქოს მხოლოდ ბუნებრივი აირი არ იყო საკმარისი, მასვე მიჰყვა ელექტრო ენერგიაც. დაიწყო ახალი, სიცივისა და სიბნელის ხანა თბილისში. ერთმანეთის მიყობელბით ითიშებოდა სხვადასხვა ნომრის მქონე ელექტრო ენერგიის ბლოკები, იყო მუდმივი მოლოდინი როდის აენთებოდა ფუნქცია დაკარგული ნათურები.
საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობდა დიდი პაპა-ბებიებიის ნაქონი ნავთის, ეგრეთწოდებული „ჩუგუნის“ ქურები. ნინოს ახლაც კარგად ახსოვდა მშობლების კამათი, როცა მამამ მეთუნუქეს სპეციალურად მოზრდილი წალამი გააკეთებინა და შინ ამაყი სახით მოიტანა.
- სად დავდგა ამხელა ხრონგი, რა ჯანდაბად მინდა წალამი, როცა გაზქურა მაქვს? - ხმამაღლა აპროტესტებდა ქალი სამზარეულოში რკინის მოზრდილი კონსტრუქციის დადგმას.
- წალამზე შემწვარ მწვადს სულ სხვა გემო აქვს. - პოზიციას არ თმობდა ზურა.
- მწვადი მწვადია, გინდა წალამზე შეწვი და გინდა ღუმელში, საერთოდაც ღორის ხორცი შენთვის არ შეიძლება! - გაწიწმატდა ნატო.
- ეგ არაფერი, ჩვენო ნატილია, არც ხბოს ხორცის მწვადია ცუდი! - მოკამათე მეზობლების შემხედვარე სიცილს ვერ იკავებდა ირაკლი.
ახლა ოქროს ფასი დასდებოდა საკუჭნაოში დამალულ წალამსაც და წლების წინ სადღაც ბაღის ბოლოში მიგდებულ, ძირგავარდნილ, შეშის ღუმელს. ორივე მათგანი ბეტონის საფარით გადახურულ ეზოს შუაგულში, საპატიო ადგილას გამოეჭიმათ.
საკუჭნაოდან წალამთან ერთად საგულდაგულოდ დამალული შალის, ძველებული ნაბდის ფარდაგებიც გამოიღეს, ეზო ნაბდებით ფაცხისებურად შემოღობეს. შუაში ჩადგეს წალამი, იქვე კუთხეში ენთო შეშის ღუმელიც. ცეცხლის დასანთებად შეშას ლისის ტბასთან არსებული ნაკრძალიდან ეზიდებოდნენ. ხელის ხერხებით შეიარაღებულ მამაკაცებს გვერდს ბავშვებიც უმშვენებდნენ. სიცილ-ხარხარით მოათრევდნენ იღლიაში ამოჩრილ ხის ტოტებს. დაახარისხებდნენ, დაჭრიდნენ, დაალაგებდნენ. შეხედავდი და იფიქრებდი, რომ შეშის საკმაოდ დიდი მარაგი ჰქონდათ, არადა, სულ რამდენიმე დღეში, ისევ ხელახლა უწევდათ ხმელი ხის მოსაჭრელად წასვლა. როგორც იქნა ირაკლისაც მიეცა მისი ელექტრიკოსობის ნიჭის გამოვლენის საშუალებაც.
- რას აკეთებ?! - ბოჭორიშვილების „ფაცხის“ გარშემო ელექტრო სადენებით მოსიარულე მამას გაოცებული უმზერდა დათუნა.
- ნულოვან ფაზას ვეძებ! - ჩურჩულით ისე უპასუხა, თითქოს ხმამაღალი საუბრის შემთხვევაში ძებნას ვეღარ შეძლებდა.
- ეგ რას ნიშნავს? - მეგობარზე არანაკლებ გაოცებული, ინტერესით ჩაეკითხა იქვე მდგომი ლაშაც.
- ირაკლის თუ გაუმართლებს, ამაღამ შუქი გვექნება! - მეზობლის წამოწყება აშკარად მოსწონდა ზურას.
- პირველად გავიგე, კიბის საფეხურთან ელექტროენერგია თუ გადიოდა! - ირონიულად გაეცინა ნინოს, თუმცა ღიმილი სახეზე შეახმა, როგორც კი მამაკაცის ხელში ყვითლად აციმციმებული ნათურა დაინახა - შეუძლებელია! - გაოცებული აფახუნებდა თვალებს.
- ფიზიკა რომ გესწავლათ, ახლა ასეთი გაოცებული სახეები არ გექნებოდათ! - იქვე მდგომ ბავშვებს მსუბუქად გაკენწლა ირაკლიმ.
იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ საღამოს ტრადიციად ექცათ, სადენებით ეზოს სხვადასხვა კუთხეში „მორბენალი დენის“ ძებნა. დამიწების გაკეთება და ელექრო ენერგიის მიღება. მსგავსი მეთოდით დიდი სიმძლავრის ენერგიის მიღებას მართალია ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ერთი, 100 ვოლტიანი ნათურის ამუშავება მაინც შეიძლებოდა. სხვა თუ არაფერი, ლამფის სინათლეს ხომ ჯობდა?!
ფასი დაედო ირაკლის ძველ 011-ის მარკის ავტომობილს. რომლითაც მამაკაცი დღე ტაქსაობდა, საღამოს კი მთელი სამეზობლოს თხოვნით ავტომობილის აკუმულატორზე გადამყვანებით მტკაველისოდენა ტელევიზორს აერთებდნენ და მთელი სამეზობლო ახალ ამბებსა და სერიალებს უყურებდა. ხალხს თითქოს მათი გაჭირვება არ ჰქოფნიდათ, ახლა მონიკასა და ხუანის პრობლემები აღელვებდათ.
ალბათ, უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ფაქტი იყო, ჩაბნელებულ ქუჩებზე ერთად-ერთი სახლი, საიდანაც ოდნავ შესამჩნევად ბჟუტავდა ნათურა, ბოჭორიშვილების ეზო გახლდათ. ოდნავ ახლოს თუ მიხვიდოდით, მუდამ გაიგონებდით ხალხის ჟრიამულს. ვიღაც ისევ სერიალს უმზერდა და დანარჩენებს სიჩუმისკენ მოუწოდებდა. ვიღაც ნარდს აჭახუნებდა და კამათელს დორი-ჩარის მოსვლას ევედრებოდა. ვიღაცას წერეთელივით შუბლზე ხელი შემოედო და ჭადრაკის მორიგ კომბინაციაზე ფიქრობდა. ვიღაც უდროოდ გამოყენებული ჯოკრის გამო ედავებოდა პარტნიორს. ვიღაცას ბაფთიანი გიტარა მოემარჯვებინა და ვინ იცის მერამდენედ უმღეროდა აციმციმებულ ციცინათელას. შეშის ღუმელზე მუდამ იდგა კვამლისგან გაშავებული ჩაიდანი, ყავის ჭიქები, რომელიც ახლა პატრონებს ყავის ნაცვლად მოხალული, დაფქვილი სოიოს ნახარშით გაევსოთ. ლავაშის ნარჩენებისგან მომზადებული ყალბი აჩმა. მცირე ზომის მაგიდა, რომელსაც ბებიების მიერ თავის დროზე მომზადებული სხვადასხვა ასორტიმენტის მწნილებისა და კონსერვების გარდა არაფერი ამშვენებდა. მაგრამ იქ მსხდომნი მაინც მღეროდნენ, იცინოდნენ და მაინც კამათობდნენ. ერთი პარტია მიდიოდა, მეორე მოდიოდა. იცოდნენ ყველას გაჭირვება, თითოეულის ოცნება და აუხდენელი სურვილები. რა თქმა უნდა წვალობდნენ, მაგრამ წვალებად ნამდვილად ღირდა. სასიამოვნო ტკაცა-ტკუცით იწვოდა შეშა.
ამდენი წლის შემდეგაც ცხვირის ნესტოებში სასიამოვნოდ შეუღიტინა ნინოს, ისევ ნათლად იგრძნო დამწვარი ფიჭვისა და გირჩების სუნი. უცნაურია, რამდენი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში, რამდენი რამ გადააფასა, გაუფასურდა, მაგრამ წარსულის მოგონებები მაინც ისევ ისე ძველებურად აფორიაქებდა, ისევ ისე ათბობდა და აბედნიერებდა. აი, ახლაც უმზერდა დათუნას სახლის წინ გაჩერებულ, დაჟანგებულ, მინებ ჩამსხვრეულ 011 მარკის ავტომობილს. ერთ დროს თეთრი ფერის მანქანას აღარ ეტყობოდა აღარც ფერი, აღარც ფორმა. თუმცა პატრონს მაინც ვერ გაემეტებინა ჯართში ჩასაბარებლად. უმზერდა ავტომობილისგან დარჩენილ კარკასს და ისევ ახსენდებოდა, როგორ გულწრფელად უხაროდა დათუნას, როცა მამამ ავტომობილი შეიძინა.
ისიც ახსოვდა, ნაბახუსევმა დათუნამ, ნინოს წაქეზებით, მძინარე ირაკლის მაისურიდან გასაღები როგორ ამოაცალა და მეგობრებმა ტყუპებთან ერთად ავტობილით უბანს საპატიო წრეც დაარტყეს. მაშინ პირველად მოყვნენ ავარიაში, გაგარინის მოედანზე დაეჯახნენ „უადგილო ადგილას“ დადგმულ ელექტო ენერგიის ბოძს. მაშინ პირველად დაესერათ ხელები ავტომობილის საქარე მინის ნამტვრევებისგან. თუმცა, ერთმანეთს აყოლილებს, არც ტკივილი უგრძვნიათ და არც სინდისის ქენჯნა. საკუთარი ნამოქმედარით კმაყოფილნი, სიცილით ასკდებოდნენ ერთმანეთს.
მაშინ პირველად ნახეს ნერვიულობისგან გაფითრებული ირაკლი, რომელმაც პირველად გაარტყა ხელი ნაბახუსევ შვილს.
- რა იყო, მანქანა დაგენანა?! - ბრაზისგან ცახცახებდა დათუნა.
- მანქანა?! - ორმაგად გაცოფდა მამაკაცი - ვერც კი მიხვდი რატომ მოგხვდა. თუმცა ეგ არაფერია. კიდევ დაგიმატებ და შემდეგ მიხვდები!.. შეხედე, შენს მეგობრებს შეხედე!..
ახლაღა შეხედა კლასელებს. ნინოს სისხლით დასვრილი სახის დანახვაზე წონასწორობა დაკარგა ვაჟმა.
- მეგობრებს ასე რომ გაიმეტებ, არაკაცი ხარ დათუნა ქათამაძე! - არ ინდობდა ირაკლი.
მამისგან საყვედურს ნაჩვევი არ იყო დათუნა. წამიერად გამოფხიზლდა. იუკადრისა, ეწყინა, თუმცა მამის თვალებში იმხელა იმედგაცრუება დაინახა, ხელის შებრუნება ვერ გაბედა. თვალები დახუჭა და მორჩილად მიუშვირა სახე მორიგ სილას.
- არა! - მეგობრისთვის მოქნეული მორიგი სილის სიმწარე წინ გადამდგარმა ნინომ იგემა.
- ირაკლი გაჩერდი! - ბავშვებს გადაეფარა აფთრად ქცეული ნატო.
- რაც მთავარია ცოცხლები არიან! - ისევ შვილის დასარტყმელად შემართული მარჯვენა ზურამ დაუკავა.
ვინ იცის რამდეჯერ მოიხადა ბოდიში ირაკლიმ იმ სილისთვის. ვინ იცის რამდენჯერ მოუხდია ბოდიში ნინოსთან თავად დათუნასაც. მარჯვენა წარბზე ნაზად გადაისვა გოგონამ ცერი. თითის ბალიშით ისევ იგრძნო იმ ღამის ავარიის შედეგი, წარბთან შერჩენილი მცირე ზომის იარა.
მხოლოდ ბოჭორიშვილებთან არ ხდებოდა მეზობლების შეკრება. დათუნასაც ჰქონდა პაპისგან დატოვებული პატარა რელიკვია, რომლის გამოც ამ ძნელბედობის ჟამს მთელი უბანი მადლობას უხდიდა ღირსეულ წინაპარს. გგონიათ რამე ძვირადღირებული?! არა, ერთ დროს ახალ წელს გოჭის შესაწვავად თიხისგან დამზადებული, უბრალო, ყველაზე პატარა ზომის თონე, რომელსაც პაპის გარდაცვალების შემდეგ აღარავინ იყენებდა, ახლა მთელი უბნის თავშეყრის ადგილად ქცეულიყო. ერთ ჩაკვრაზე სულ რაღაც ხუთ შოთს თუ ჩააკრავდი, მაგრამ რაღაც შეღავათს ხომ მაინც ნახულობდნენ? ლამის გრაფიკი ჰქონდათ სამეზობლოს შედგენილი, რომელ დღეს რომელი აცხობდა შოთებს. არ ჩათვალოთ, ისე თითქოს თონის წყალობით, აღარ უწევდათ მაღაზიაში პურის შეძენა და რიგში დგომა, რა თქმა უნდა არც უამისობა იყო. მთელი უბანი ერთად მიდიოდა პურის საყიდლად, ერთად იდგნენ გათენებამდე რიგში, ერთად უხაროდათ ურიგოდ აღებული ორიოდე შოთი. ყველაზე კარგი ბიჭი ხომ ის იყო, ვისაც პურის ქარხანაში ყავდა ნაცნობი, ყველაზე მაგარი ბიჭი კი ის ვინც შინ ერთით მეტ პურს მიიტანდა. რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მიუხედავად გაჭირვებისა, ეკონომიური სიდუხჭირისა, ნებისმიერი ვეძისელისთვის რომ გეკითხათ, დღემდე გეტყოდნენ რომ ყველაზე ბედნიერი წლები სწორედ ბოჭორიშვილებისა და ქათამაძეების ეზოში, იმ ავბედით ოთხმოცდაათიანებში გაატარეს.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ametiraaaa. Mesamed gadavikitxeee. Ise mcared maxsivs eg periodiiii. Da yvela tkbil mogonebaddd. Gelodebit moutmenladddd

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ყოველთვის მანტერესებდა 90-იანების მოვლენები. არ მაკმაყოფილებს არანაირად ნტერნეტში გამოქვეყნებული მშრალი სტატიები. დედისგან მოთხრობილ ჩემი პატარაობის ამბებს ვერც კი ვიჯერებ ხოლმე. ხანდახან წარმოვიდგენ როგორ უჯდა ამდენი ხალხი აკუმულატორზე ჩართულ პატარა შავ-თეთრ ტელევიზორს...
მე უკვე ოცდამეერთე საუკუნის თაობა ვარ და 90-იანები არგად არ ვიცი მხოლოდ ნასწავლისა და გაგებულის დონეზე ვიცი. სიამოვნებით ვკიტხულობ-მეტქი უნდა გითხრათ და თან მეცინება. გული გახლეჩაზე მაქვს ამ უბედურებებს რომ წარმოვიდგენ რომელიც წლობით გრძელდებბოდა. არ ვიცი არ ვიცი რა როგორ და რანაირად უნდა ვთქვა. მე მხოლოდ პატივისცემის გამოხატვა შემიძლია თქვენს მიმართ როგროც 90-იანელის მიმართ და ასევე უდიდესი სიყვარული საყვარელი ავტორის მწერლის და ვირტუალური მეგობრის ავტორის მიმართ რომელმაც პირველმა ამატირა ამ საიტზე და პირველად დამაყენა რეალობის წინაშე რომ ამ საიტზე საოცრებები იწერება...
მოუთბენლად გელით. მოუთბენლად ველი შემდეგ თავს დიდი მოლოდინით და მადლობა თქვენ რომ ამ სადღესასწაულო დღეებშიც კი წვრილი შეგაქვთ ჩემს ბბედნიერებაში...

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Qeti qimucadze
Ametiraaaa. Mesamed gadavikitxeee. Ise mcared maxsivs eg periodiiii. Da yvela tkbil mogonebaddd. Gelodebit moutmenladddd

ნამდვილად არ მეგონა ამ ისტორიის მიმართ ასეთი ინტერესი თუ იქნებოდა. ვაღიარებ გარკვეულ წილად მეშინოდა კიდეც, რომ წარსულში ქექვა მკითხველში უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევდა. ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ.

nawkas12345
ყოველთვის მანტერესებდა 90-იანების მოვლენები. არ მაკმაყოფილებს არანაირად ნტერნეტში გამოქვეყნებული მშრალი სტატიები. დედისგან მოთხრობილ ჩემი პატარაობის ამბებს ვერც კი ვიჯერებ ხოლმე. ხანდახან წარმოვიდგენ როგორ უჯდა ამდენი ხალხი აკუმულატორზე ჩართულ პატარა შავ-თეთრ ტელევიზორს...
მე უკვე ოცდამეერთე საუკუნის თაობა ვარ და 90-იანები არგად არ ვიცი მხოლოდ ნასწავლისა და გაგებულის დონეზე ვიცი. სიამოვნებით ვკიტხულობ-მეტქი უნდა გითხრათ და თან მეცინება. გული გახლეჩაზე მაქვს ამ უბედურებებს რომ წარმოვიდგენ რომელიც წლობით გრძელდებბოდა. არ ვიცი არ ვიცი რა როგორ და რანაირად უნდა ვთქვა. მე მხოლოდ პატივისცემის გამოხატვა შემიძლია თქვენს მიმართ როგროც 90-იანელის მიმართ და ასევე უდიდესი სიყვარული საყვარელი ავტორის მწერლის და ვირტუალური მეგობრის ავტორის მიმართ რომელმაც პირველმა ამატირა ამ საიტზე და პირველად დამაყენა რეალობის წინაშე რომ ამ საიტზე საოცრებები იწერება...
მოუთბენლად გელით. მოუთბენლად ველი შემდეგ თავს დიდი მოლოდინით და მადლობა თქვენ რომ ამ სადღესასწაულო დღეებშიც კი წვრილი შეგაქვთ ჩემს ბბედნიერებაში...

დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის kissing_heart ახალი წლის დღეებს ნამდვილად ბევრად უფრო მხიარული და სადღესასწაულო განწყობა შეეფერება, თუმცა ისტორიის ზედმეტად გაჯანჯლება ნამდვილად არ მინდა. ზემოთაც აღვნიშნე და ისევ გავმეორდები, რომ უზომოდ მახარებს თქვენი ინტერესი. აქ აღწერილი ეზიპოდები ხომ არც თუ შორეული ისტორიაა. დღეს ხმამაღლა ვსაუბრობთ, ხმამაღლა ვაპროტესტებთ რაღაც-რაღაც სიმახინჯეებს, თუმცა ის მიზეზები გვავიწყდება რის გამოც ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მარტივია სხვისი გაკიცხვა, კარგი და სასურველია ევროპული ცხოვრება, თუმცა ის კი გვავიწყდება, რომ სულ რაღაც ოციოდე წლის წინ, ლამის პირველყოფილი ადამიანების პირობებში ვცხოვრობდით. გვინდა განათლებული და ძლიერი თაობები, არადა ამ თაობებს გაკვეთილების ჩატარების ნაცვლად გაყინულ კლასებში უწევდათ ჯომა. მაშინ ყველა იბრძოდა, დიდიც და პატარა, თბილისელიც და რაიონელიც. ვიღაც ომში თუ იღუპებოდა, ვიღაც მათივე ასაკის წამალში იპარებოდა. იქნებ ვცდები კიდეც, იქნებ ამ პრობლემებს აქ არც უნდა აღვწერდე, მაგრამ ძალიან მინდა, რომ თქვენც დაინახოთ. თუნდაც იმიტომ, რომ იგივე შეცდომები ხვალ კიდევ არ გავიმეოროთ. მაპატიე, თუ სიტყვა გამიგრძელდა. მე უბრალოდ ვიხსენებ და ვწერ, იმედია ზედმეტად მკაცრად არ განმსჯით.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ამ თავში ჩემი ბავშვობა გამახსენდა.ყველაფერი ისე კარგად გაქვს აღწერილი.ამიტომ მიყვარს შენი ისტორიების კითხვა
--------------------
ლანა

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
აი ამ თავში ჩემი ბავშვობა გამახსენდა.ყველაფერი ისე კარგად გაქვს აღწერილი.ამიტომ მიყვარს შენი ისტორიების კითხვა

უზომოდ გამიხარდა შენი გამოჩენა kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

როგორ ნათლად მახსოვს ეს 90-იანი წლების მოვლენები.კარგად აღწერ იმდროინდელ ვითარებას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent