ორმაგი ცხოვრება 2
ნიშნობის შემდეგ ქორწილის გეგმების შედგენა აქტიურ ფაზაში გადავიდა. ოდესღაც უზარმაზარი ძალისხმევით თავიდან მოშორებული დედაჩემი ლამის ბინაში შემომისახლდა და გამუდმებით რაღაცას მეკითხებოდა იმის შესახებ, როგორი უნდა ყოფილიყო ცერემონია. საბოლოოდ თავი ისე მომაბეზრა, ვთხოვე ოღონდ ნუღარაფერს მკითხავ და როგორიც გინდა ისეთი ქორწილი გამართე მეთქი, მასაც ეს უნდოდა და დიდი მონდომებით გადაეშვა საქმეში. რამდენიმე საკითხი ალეკოსაც ჰქონდა გასარკვევი, ამიტომ მისთვის ერთი დღის გამოყოფა მთხოვა და მეც იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი. მთელი ეს სამზადისი უკვე ყელში მქონდა და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მალე დამახრჩობდა, ალეკო კი პირიქით, ამ პროცესით აღფრთოვანებული ჩანდა და იმდენად კარგ განწყობაზეც დამდგარიყო, რომ შემთხვევის გამოყენება და შეძლებისდაგვარად რომანტიული სადილის მოწყობა გადაეწყვიტა. როცა მივედი, ყველაფერი მზად ჰქონდა, მაგიდასთან მიმიპატიჟა და ისეთი გახარებული თვალებით შემომცინა, ვიფიქრე არ მოსვლა დიდი სისასტიკე იქნებოდა მეთქი. ვივახშმეთ, ვისაუბრეთ ჩვენს მომავალზე და დროც სწრაფად გავიდა. ალეკო შეპყრობილი იყო ჩვენი ქორწინებით, ვეღარ იცდიდა, მე კი მისი ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებდა და თანდათან იმაზე მაფიქრებდა, მინდოდა თუ არა სინამდვილეში მასზე გათხოვება. - მარიამ, რაზე ფიქრობ? - არა, არაფერია. - სწრაფად მოვედი გონს. - რა მკითხე? - სტუმრების სია გვჭირდება ქორწილისთვის. მაინტერესებს ვის პატიჟებ. - ჰო, ხვალ ჩამოვწერ. - ვთქვი მე და როცა ალეკოს კითხვებით სავსე დაბნეულ მზერას შევეჩეხე, თემა სასწრაფოდ შევცვალე. - აღარ მეტყვი იმ ძარცვაზე რა ხდება? - კარგად არიან მომზადებულები, კვალს არ ტოვებენ. - ალეკო უხერხულად შეიშმუშნა. - ანუ არაფერი? - რატომ ხარ ასე დაინტერესებული იმ ამბით? - კითხვა შემომიბრუნა ალეკომ. - გამუდმებით ამაზე საუბრობ. - ხუმრობ? - გულწრფელად გამეცინა. - იმ ამბის მონაწილე მეც ვარ, რა გიკვირს? არ უნდა მაინტერესებდეს დაიჭერენ თუ არა? - ეგ მამაშენმა უფრო იცის, მე ბრალის დამტკიცება მევალება. - მადლობა წესები, რომ ამიხსენი ალეკო. - მაპატიე, უბრალოდ ძალიან მრცხვენია იმ დღის გამო. - თითქოს რაღაც ტვირთი ჩამოიხსნაო, საგრძნობლად მოლბა. - ბრალზე გამახსენდა, გახსოვს რამდენიმე თვის წინ ერაყიდან დაჭრილი ჯარისკაცები რომ დაბრუნდნენ? - ჰო, ეგ ყველას ახსოვს. მერე? - ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან სამსახურში, ყოფილი ჯარისკაცი, მისიაზე დაიჭრა და მკურნალობა სჭირდება, მაგრამ დაფინანსება შეუწყვიტეს. გავიკითხე და აღმოჩნდა, რომ ის ერთადერთი არაა, ვისაც ასე მოექცნენ. შემთხვევით ამ ამბავზე რამე ხომ არ იცი? - მაგას შეეშვი მარიამ. - დამიშალა მზრუნველი ტონით. - არ გინდა ამ საქმეში გარევა, დამიჯერე. - ანუ რაღაც იცი. მითხარი რა ხდება. - არაფერი ვიცი, - სასწრაფოდ იუარა. - უბრალოდ ვამბობ, რომ უიმედო საქმეა და ჯობია მისგან შორს იყო. - შენი პროფესიის მქონე კაცის კვალობაზე ზედმეტად ცოტა იცი ალეკო, უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს პროფესიის არჩევაში ხომ არ შეცდი. - მე უბრალოდ ვამბობ, რომ არ არის საჭირო ყველაფერი შენ აიკიდო. აცადე, სხვებმაც აკეთონ რამე. თან მალე ქორწილი გვაქვს, მაგისთვის არ გეცლება. - იმედია თაფლობისთვეს არ გეგმავ. - რატომაც არა? - არა! - ვთქვი მტკიცედ. - უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს, ვიდრე რაღაც სულელური წეს-ჩვეულება. - მარიამ... - რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ არ მოვუსმინე, იქიდან თავის დასაღწევად ისევ საქმეები მოვიმიზეზე და ჩანთის ასაღებად გავედი. ალეკო უკან გამომყვა, მთხოვდა დარჩიო, მაგრამ ვერაფრით დამითანხმა. კვირა დღე იყო, მეც და ალეკომაც ზუსტად ვიცოდით, რომ ამ დღეს საქმე არაფერი მქონდა, მაგრამ ეს არცერთს გვიღიარებია. ზოგჯერ მიკვირდა კიდეც, ალეკოს რატომ არასდროს უჩნდებოდა კითხვები იმ სულელურ მიზეზებზე, რომლებსაც მისგან თავის დასაღწევად ვიგონებდი. ვფიქრობდი, ამდენად სულელი იყო თუ იმდენად ვუყვარდი, რომ ყველაფერს უსიტყვოდ იტანდა. მისი არ მესმოდა, მაშინაც კი, როცა მისი უცნაური გულუბრყვილობა ჩემს სასარგებლოდ მუშაობდა, არ მესმოდა კაცის, რომელსაც არ უნდა ან არ შეუძლია მის ცხვირწინ არსებული მდგომარეობის ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება, მაგრამ სულ რაღაც ორიოდ თვეში ამ კაცს ცოლად მივყვებოდი. ეს ფაქტი ჩემს გონებაში იმდენად შორეული და წარმოუდგენელი პერსპექტივის ნაწილად იხატებოდა, ვფიქრობ, სერიოზულად არცერთხელ მიფიქრია რას ვაკეთებდი და რა გველოდა მომავალში, როცა ერთობლივ ცხოვრებას შევეჭიდებოდით. თბილი საღამო იყო. ზაფხული თანდათან ილეოდა და მზეც მწველ სიკაშკაშეს ყოველდღე უფრო და უფრო კარგავდა, იდეალური პერიოდი იყო ქუჩებში სახეტიალოდ. ვიცოდი სახლში არ მიმესვლებოდა, თაკო ჯერ კიდევ ამრეზით მიყურებდა, ამიტომ გადავწყვიტე ქალაქის ქუჩებში მარტოს მებოდიალა. ყოველთვის მიყვარდა სეირნობა, განსაკუთრებით ასეთ ამინდში, როცა დროც მქონდა და არც სახლში მელოდა ვინმე, უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი. მოზუზუნე ცენტრალურ ქუჩას მოვცილდი და ქალაქის სიღრმეებში, ვიწრო და მყუდრო ქუჩებს დავუწყე შემოვლა, თუმცა რატომღაც მალევე მომბეზრდა და უკვე სახლში მობრუნებას ვაპირებდი, როცა პატარა, ლამაზი ტბისკენ მიმავალ ქუჩას მივადექი. ეს ადგილი ძალიან მიყვარდა, თან იქ არასდროს იყო ბევრი ხალხი, ამიტომ მისი მონახულება გადავწყვიტე. პაწაწინა მწვანე სამოთხე, რომელიც ქალაქის ყველაზე მაღალ მთაზე მდებარეობდა, ნამდვილად ღირდა იმ მანძილის გამოვლად, რაც აქ მოსაღწევად იყო საჭირო: მთის შუაგულში დაბუდებული კამკამა ლურჯი ტბა ქალაქს ამაყად გადმოჰყურებდა, ჯერ ისევ მწვანედ მობიბინე მდელო ადგილს საოცრად მიმზიდველს ხდიდა, პატარა ლამაზი ხეები კი ისე შემოხვეოდნენ ალმასისფერ სამკაულს, თითქოს უცხოსგან მის დაცვას ცდილობენო. აქედან მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანდა: მაღალსართულიანი კორპუსები ჯუჯა სახლებს ემსგავსებოდნენ, მანქანებით სავსე ქუჩები - საშოვარზე გამოსული ჭიანჭველების გრძელ რიგს, მაგრამ რაც ამ ადგილში ყველაზე მეტად მომწონდა, ქალაქის ყრუ გუგუნი იყო, რომელიც აქამდე მაინც აღწევდა და გახსენებდა, რომ სადღაც დაბლა სიცოცხლე ჩქეფდა. საყვარელი ადგილის კიდევ ერთხელ ხილვის მოლოდინში ქუჩა მოუთმენლად ამოვიარე და მთის ყველაზე მაღალი წერტილისკენ ავიღე გეზი. მინდოდა მოფუსფუსე ქალაქისთვის თვალი მომევლო და ცოტა ხნით იქ მომესვენა, თუმცა გეგმები მოულოდნელმა სტუმარმა ჩამიშალა. ჩემს ადგილას წელს ზემოთ შიშველი, თეთრ შარვალში გამოწყობილი ბიჭი იჯდა, ერთი ფეხი მოხერხებულად შემოეკეცა, მეორეზე კი ხელები შემოეხვია, თავზე კეპი ჩამოეფხატა და გარინდული გასცქეროდა რაღაცას ძალიან შორს ქალაქის სიღრმეში. თავიდან მისმა დანახვამ ცოტა არ იყოს გამაბრაზა, მაგრამ შემდეგ უნებურად დავინტერესდი და მუზეუმში გამოფენილი ექსპონატივით დავუწყე თვალიერება: გადაშლილმა, აქა-იქ კუნთებისგან ჩაჩხვლეტილმა ბეჭებმა, სავსე ძლიერმა მკლავებმა, გრძელმა სწორმა ფეხებმა და კეპის ქვეშ დამალულმა ოდნავ მოგრძო თმამ მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება და ჩემგან ზურგშექცევით მჯდარ ბიჭში გიორგის ამოცნობა არ გამჭირვებია. გულმა გამალებით დაიწყო ცემა, მუცელში ჭიანჭველების არმია შემომესია და კარგა ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ სუნთქვა ისევ დამეწყო. მთელი იმ დროის მანძილზე, რაც გიორგის არსებობამ ჩემში ინტერესი გამოიწვია, მასთან ასე ახლოს პირველად ვიყავი, პირველად ვხედავდი იმ უნაკლო სხეულს, რომელიც აქამდე მხოლოდ მაისურსქვეშიდან მიმზერდა და მეც თითოეული წამით ვტკბებოდი. ჩემ წინ მჯდარ სრულყოფილებას თვალს ჯერ კიდევ არ ვაცილებდი, როცა უცებ უხერხულად შეიშმუშნა, თითქოს ზურგს უკან ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო, მერე უდარდელად გაიზმორა და ფეხზე წამოდგა. უცებ შემეშინდა რომ დამინახავდა და იქიდან გაქცევა მომინდა, თუმცა მაინც მძლია უჩვეულო ცნობისმოყვარეობამ, ადგილი მოვინაცვლე, რომ პირდაპირ არ შევჩეხებოდი და თვალთვალი განვაგრძე. გიორგიმ კიდევ ერთხელ გახედა ქალაქს, მერე შარვლის უკანა ჯიბეში ჩაჩრილი პერანგი ისევ ტანზე მოირგო, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი. ჩემი ახალი ადგილი უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა სათვალთვალოდ, აქედან ბიჭი პროფილში ჩანდა, გარკვევით ვხედავდი პატარა სწორ ცხვირს, რომელიც მაღლა ჰქონდა აბზეკილი, ლამაზად მოყვანილ ტუჩებსა და ჩაღრმავებულ ნიკაპს, უკუღმა დახურული კეპიდან გადმოყრილ ხშირ, ღამესავით შავ თმას, რომელიც მისივე ცხვირივით ზემოთ იყო აპრეხილი და ქარის ყოველ მობერვაზე ლამაზად იჩეჩებოდა. ვხედავდი როგორ დახუჭა თვალები, მოეშვა, თავი უკან გადასწია და ცოტა ხნით ასე გაირინდა. ჩამავალი მზის წითელი სხივები სახეზე დასთამაშებდა, ისედაც გრძელ კისერს კი მათგან გამოწვეული ჩრდილები კიდევ უფრო გრძელს აჩენდნენ. ვუყურებდი და ვნატრობდი, რომ ამ წამში გაყინულიყო - ასეთი უბრალო და ახლობელი, ასეთი მისაწვდომი დარჩენილიყო, მაგრამ ზღაპარი მალევე დასრულდა, გიორგიმ თვალები გაახილა, კიდევ ერთხელ გახედა მის წინ გადაშლილ ხედს და წარბშეკრულმა გამომძახა: - კიდევ დიდხანს უნდა იჯდე ბუჩქებში? - რა სისულელეა, უბრალოდ აქ არავის ველოდი. - შერცხვენილი გამოვედი საფარიდან და ბიჭის წინ ავესვეტე. - ისევე როგორც მე. - ინტერესით შემათვალიერა და ისევ ზურგი შემაქცია. - სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან თქვენ ხართ, არა მარიამ?! - მეც იგივეს თქმა შემიძლია. - თავი არ დავიჩაგრე მე. - განა შენ არ დადიხარ ჩემი კორპუსის წინ მდებარე პარკში თითქმის ყოველ დღე?! - სადაც არ უნდა მდებარეობდეს, საზოგადოებრივი ადგილია. - ბრაზით მომიბრუნდა და ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. - ისევე როგორც ეს. - ეგეც მართალია. - ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და მზერა ისევ მომარიდა. - ვფიქრობ ეს ადგილი ორივეს დაგვიტევს, თან მე უკვე მივდიოდი. - საჭირო არ არის ჩემ გამო წახვიდე. მე ხელს არ მიშლი. - როგორი პატივია, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავრჩები. - სარკასტულად გაიღიმა, მერე კეპი შემოაბრუნა და გზას დაადგა. - ზოგადად ხარ ასეთი ცინიკოსი თუ მარტო მე მაქვს ეს პატივი? - ბრაზი ვერ დავმალე მე. გიორგი გაჩერდა, ცოტა ხანი ზურგით იდგა, მერე სწრაფად მობრუნდა, ისე ახლოს მოვიდა, რომ მისი სხეული სიმხურვალის შეგრძნება თავისუფლად შემეძლო და მკვახედ მომახალა: - იქნებ პირდაპირი ვარ?! - რაც უნდა დაარქვა, არასწორად იქცევი. - ადამიანების წინაშე სწორად ვერასდროს მოიქცევი. უაზრო მცდელობებს ჯობია, უბრალოდ დაივიწყო ის უაზრობა, რასაც საზოგადოებრივი აზრი ჰქვია. - ასე არ არის. კარგი ადამიანებიც არსებობენ და ისინი აფასებენ სიმართლეს. - მარიამ, ძვირფასო, შენი ნაბიჯები ისარივით სწორიც რომ იყოს, ის კეთილი ადამიანები, რომლებზეც ახლა საუბრობ, მაინც აღმოგიჩენენ რაღაც ნაკლს, რადგან სხვანაირად არ შეუძლიათ. ვერც დაადანაშაულებ, ისინი ხომ ადამიანები არიან. - ისე საუბრობ, თითქოს თვითონ არ ხარ ადამიანი. - მოდი ასე ვთქვათ, როცა უარს ამბობ ადამიანურ მანკიერებებზე და უფრო მაღალი ღირებულებებით იწყებ ცხოვრებას, ადამიანზე ცოტა მეტი ხდები. - თავხედურად გადმომხედა და დაჟინებული, გამჭოლი მზერით თვალების დახრა მაიძულა. - შენ… რთული ადამიანი ხარ! - ვთქვი ჩუმად. გიორგიმ დანანებით გადმომხედა და ჩახლეჩილი ხმით მითხრა: - შენ კი ჯერ ისევ ბავშვი. ბოლო სიტყვა იმ საღამოს გიორგის დარჩა, თუმცა გამარჯვებული არცერთი ვიყავით. გვერდი-გვერდ ვიდექით, ქალაქის ყველაზე მაღალი ადგილიდან გავცქეროდით მოციმციმე ქუჩებს და ორივენი ჯიუტად ვდუმდით. თითქოს იმდენი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი, მაგრამ საუბრის დაწყებას ვერცერთი ვბედავდით და ვხვდებოდი, რამდენად შორს ვიყავით ერთმანეთისგან. ბოლოს გიორგის მობეზრდა, თავაზიანად დამემშვიდობა და ხეებს შორის გაუჩინარდა. მისი ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა ჩემში დაბნეულობას იწვევდა, ერთ პატარა დიალოგში შეეძლო რამდენჯერმე შეეცვალა განწყობა და ვერაფრით ვხვდებოდი მე ვიწვევდი ამ ცვლილებებს თუ თვითონ იყო ასეთი: ერთის მხრივ თავაზიანი და უბრალო იყო, როცა ისე არ მექცეოდა, როგორც მის ყველაზე დიდი მტერს, მის ხმაში უსაზღვრო სითბოს ვგრძნობდი, მაგრამ იმ მომენტებში, როცა ცინიკური და უხეში ხდებოდა, მასზე მეტად სამყაროში არავინ მძულდა. მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელ შეხვედრას სასიამოვნოდ ნამდვილად არ ჩაუვლია, საღამოს ბინდ-ბუნდში ტბის პირას მდგარი ბიჭის კადრი, რომელსაც სახეზე ჩამავალი მზის სხივები დასთამაშებდა, ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა, როგორც ყველაზე ლამაზი სურათი, რაც კი ოდესმე მინახავს. ქუჩებს ზანტად მივუყვებოდი, თითქოს არ მსურდა ოდესმე დასრულებულიყო, მეხსიერებაში რამდენიმე წუთის წინ ნანახ კადრებს ვატრიალებდი და ჩემთვის ჩუმად ვიღიმოდი. სახლში მხოლოდ მაშინ დავბრუნდი, როცა ქუჩებში პირველმა ლამპიონმა გაიღვიძა. - შენ საერთოდ აღარ გინდა სახლში მოსვლა თუ რა ხდება? - შესასვლელშივე მომაგება სიტყვა მეგობარმა. - და შენ აღარ მიბრაზდები? - ხომ იცი რომ დიდხანს ვერ ვბრაზდები ხოლმე. სად იყავი? - ალეკოს ნახვის მერე სასეირნოდ გავედი. - მესმის რომ მისი ნახვის მერე ცივი ჰაერის ჩაყლაპვა აუცილებელი პროცედურაა, მაგრამ შეგეძლო დაგერეკა მაინც. - იცი, მითხრა ნუგოს საქმეს შეეშვიო?! - რატომ? - დაინტერესდა და გვერდით მომიჯდა. - შენ რა აპირებ დაუჯერო? - შენ როგორ ფიქრობ? - კითხვაზე კითხვით გავეპასუხე და ძლიერად მოვხვიე ხელები. ნუგოსგან ისევ არაფერი ისმოდა, არც ჩემს ზარებს პასუხობდა ვინმე და არც თავად დამკავშირებია, მე კი მისთვის კარგი ამბავი უნდა მეცნობებინა, მისი კუთვნილი დაფინანსების მიღებისთვის ბრძოლის დაწყების შანსი გვქონდა. გადავწყვიტე კიდევ ერთი დღე მომეცადა, შემდეგ კი იმ მისამართზე მომეძებნა, რომელიც პირველ შეხვედრაზე დატოვა. ვშიშობდი, რომ რაღაც შეემთხვა და ყოველი შემთხვევისთვის მისი მისამართი მოვიძიე, ‘ვარდისუბნის #13’ კითხულობდნენ ჩემი თვალები. მივხვდი, რომ თავში ყველაფერი ამერია, თვალები ძლიერად მოვჭუტე, თავი გავაქნიე და იმაზე დავფიქრდი, რომ ამისთვის რაღაც უნდა მომეხერხებინა, მერე ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ სწრაფად წავედი, ვგრძნობდი როგორ მაცილებდა მეგობრის კმაყოფილი მზერა. ადგილი საერთოდ არ აღმოჩნდა ადვილი საპოვნელი, თუმცა საბოლოოდ მაინც მივაგენი. აგურის ორსართულიანი სახლი იყო, მაგრამ მაინც საოცრად პატარა ჩანდა, თითო სართულზე ორი-სამი ოთახი თუ დაეტეოდა. ძველ ნაშენებ სახლს ეტყობოდა, რომ გასული საუკუნის შემდეგ აღარავის უცდია მისი შელამაზება: პაწაწინა ეზო გახუნებულიყო, კედლებს სიძველისგან ფერი შეეცვალათ, ღობე დაჟანგებოდა; მიტოვებულ, დაბღვერილ ქვრივს გავდა, საკუთარ თავში დაკარგული ყველას რომ თავიდან იშორებს და უსაშველო მარტოობას უმეგობრდება. ეზოს დაჟანგებული კარგი გავაღე და სახლს შემოვუარე, ირგვლივ არავინ ჩანდა, ამიტომ თამამად შევამოწმე ყველა კარი და ფანჯარა, ყველგან შევიხედე, სადაც შემეძლო და უკვე მზად ვიყავი იმ აზრს დავნებებოდი, რომ სახლი ცარიელი იყო, როცა ზურგს უკან გამყინავი ხმა მომესმა: - შემიძლია დაგეხმაროთ? - თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, შევკრთი და მისკენ შევბრუნდი. გული ისე გამალებით მიცემდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ხმა ჩემ წინ მდგარ ბიჭსაც ესმოდა. - გამარჯობა. - ნაჩქარევად გავეპასუხე. - რა უცნაურია ისევ რომ შევხვდით. - შემიძლია დაგეხმაროთ? - კითხვა ცივად გამიმეორა. - რა თქმა უნდა, ჩემს კლიენტს ვეძებ, წესით აქ უნდა ცხოვრობდეს, ნუგო ლომთაძე. - თავის დასაძვრენად მხოლოდ ეს მოვიფიქრე. - კლიენტს? - დიახ, მე ადვოკატი ვარ. - მომიახლოვდა და ისეთი ინტერესით დამათვალიერა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. - სახლი, რომელსაც ასე გულმოდგინედ სწავლობთ, ჩემია ქალბატონო ადვოკატო. - მაპატიეთ, რომ შემოგეჭერით. - ეჭვი რომ არ აეღო, ჩემი საქციელის ახსნა ვცადე. - ჩემი კლიენტი შეხვედრაზე არ მოვიდა, ტელეფონის ნომერზე კი რომელიც დატოვა, არავინ მპასუხობს... მოკლედ, მის პოვნას ვცდილობ. - და ამას როგორ აპირებდით? - უკაცრავად, - დავიბენი და ყველა დალაგებული წინადადება ერთბაშად შემომემსხვრა ბაგეზე. - ვერ ვხვდები რას გულისხმობთ. - არ დაგიკაკუნებიათ, თუმცა ყველა ფანჯარაში შეიხედეთ. - იჭვნეულად, თუმცა ზრდილობიანად გამიღიმა მან. - დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მისამართი იყო... ბოდიშს ვიხდი, სანამ დავაკაკუნებდი, მინდოდა გამეგო, წინ რა მელოდა. - ჯობია მისამართი გადაამოწმოთ ხოლმე. - მის ტონში ურცხვი თავხედობა იგრძნობოდა. - უკაცრავად, ჩემი ბრალია... კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, რომ მყუდროება დაგირღვიეთ. - აფორიაქებული ხმით ვთქვი მე და სასწრაფოდ ვაქციე ზურგი. - რთული საქმეები გიზიდავთ? - თემა ისე შეცვალა, თითქოს ჩემი ბოდიში არც მოუსმენია. - რატომ მეკითხებით? - ჩვენთან იშვიათია იურისტი, რომელიც გამომძიებლის საქმეს ითავსებს. - მივხვდი, რომ ინტერესი გავუღვივე და საკუთარი თავისთვის ზედმეტი პრობლემები რომ არ შემექმნა, ვცადე ჩემი ისტორია უფრო დამაჯერებელი გამეხადა. - არჩევის ფუფუნება არ მაქვს, წაგება კი ნამდვილად არ მიყვარს. - სეირნობა გიყვართ? - უკაცრავად?! - ხშირად იყენებთ ამ სიტყვას, დაბნეულობის ნიშანია თუ ჩვევა? - ვფიქრობ, ჩვევა. - მივხვდი, რომ დაკითხვაზე ვიყავი, რომელიც მალე გამომააშკარავებდა და სწრაფად დავემშვიდობე. - ნუგო ლომთაძე... ყოფილი ჯარისკაცი? - მომაძახა მან. - ჰო, ფეხის ტრამვა აქვს. - შემოვბრუნდი მე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გიორგის შეიძლებოდა მის შესახებ რამე სცოდნოდა, მაგრამ ცოტა მომეშვა კიდეც, ახლა ნამდვილად დაიჯერებდა, რომ აქ მისი სახლის დასაზვერად კი არა, საქმეზე ვიყავი მოსული. - ნუგო ზედა ქუჩაზე ცხოვრობს, - ქუჩა ხელით მაჩვენა. - რვა ნომერში და არა ცამეტში. - დიდი მადლობა. - გავიფიქრე, ამ ბიჭის დარწმუნება საერთოდ არ არის მარტივი საქმე-თქო და თან თავაზიანად გავუღიმე. - ადვოკატი რისთვის დასჭირდა? - დაინტერესდა გიორგი. - მაპატიეთ, უცხოებთან ჩემს კლიენტებზე არ ვსაუბრობ. - ყველანაირად ვეცადე არ მეუხეშა. - იქნებ თავად ჰკითხოთ?! - ჰმ, რა თქმა უნდა, - ჩაიცინა მან. - თუმცა რთულია მე და შენ „უცხოები“ დაგვერქვას. - უკაცრავად? - აშკარად შეყვარებული ხართ ამ სიტყვაზე. - თქვენ კი ის აშკარად გაღიზიანებთ. - წარმატებული დღე, ადვოკატო! - უცნაურად გამიღიმა და სახლში შევიდა. „თავხედი“, ვბრაზობდი მე, „ის რა, არავის გაუზრდია?“ უკან მობრუნება ცუდი აზრი იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის თავხედი ბიჭი სახლიდან მადევნებდა თვალს, თან ნუგოს ნახვა ნამდვილად მინდოდა, ამიტომ ქუჩას ავუყევი რვა ნომერი სახლის მოსაძებნად. ფაქტი იყო, რომ თვალთვალის ობიექტთან მოულოდნელმა გასაუბრებამ საკმაოდ შემაშინა და საგონებელშიც კი ჩამაგდო, მისი უცნაური ტონი ისევ მოუსვენრად ჩურჩულებდა ჩემს ყურებში, უაზროდ მივაბიჯებდი და მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. ქუჩა ქოშინით ავიარე, არა იმდენად დაღლილობის გამო, რამდენადაც ნერვიულობის და რვა ნომერ სახლს მივადექი. სინამდვილე იმაზე ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი: სახლს ორსართულიანი ნაკლებად ეთქმოდა, საცოდავ ნახევარსარდაფზე ხის ქოხი იყო დაშენებული, ცელოფნებით ამოქოლილი რამდენიმე ფანჯარა და გაცვეთილი, ლამის ჩამოვარდნამდე მისული ხის კარები ხედს უფრო საცოდავს ხდიდა. რამდენიმე საფეხურიანი დაჟანგული კიბე ავიარე და კარებზე დავაკაკუნე. - ვინ ხარ? - გამომხედა ათიოდე წლის ბიჭუნამ და ოდნავ შეღებულ კარებს ისე ამოეფარა, როგორც ჯარისკაცი ეფარება სანგარს. - გამარჯობა, მე მარიამი ვარ. შენ რა გქვია? - ვაჟა. - სწრაფად გამეპასუხა. - უფროსები სახლში არიან ვაჟა? - არა. - ისე მელაპარაკებოდა, საფარიდან არ გამოსულა. - როდის დაბრუნდებიან? - არ ვიცი. - გაოცებული დავრჩი, ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლება ამ ასაკის ბავშვი სახლში მარტო დატოვო და არ უთხრა, როდის დაბრუნდები. - იცი სად არიან? - არა. - შენი დები სადღა არიან? - აქ. - ბიჭუნას აშკარად არ სიამოვნებდა ჩემთან საუბარი. - კარგი, შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო? მამას გადაეცი, რომ მისი ადვოკატი იყო მოსული. უთხარი, რომ შემეხმიანოს. - კარგი. - თქვა ბიჭმა და სწრაფად მიხურა კარები. - გამოდის, სახლში არავინაა. - შევხტი, მოულოდნელმა ხმამ ზურგს უკან საშინლად შემაშინა. - შენ რა, გამომყევი? - ქუჩის გადაღმა გიორგი იდგა. - ასე გამოდის. - ურცხვად მიპასუხა და ისე შემომხედა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ გამოვლანძღავდი. არც ცდებოდა, ეს ძალიან მინდოდა, მაგრამ დროულად გამახსენდა, რომ ლედი უნდა ვყოფილიყავი და ენაზე ვიკბინე. - უცნაურია, არა? - ის რომ უკან დამყვებით, ბატონო გიორგი? - გაეცინა, მაგრამ ჩემი დაბნეული და გაბრაზებული სახის დანახვაზე სცადა სიცილის მიზეზი აეხსნა: - არ გეწყინოთ, უბრალოდ ასე პირველად მომმართეს. რაც შეეხება თვალთვალს, ვფიქრობ გავბათილდით. - სასიამოვნო დღეს გისურვებთ. - ჩემმა წარმოთქმულმა ფრაზამ ისე უცნაურად გაიჟღერა, მომინდა დროის უკან დაბრუნება შემძლებოდა. საჩქაროდ მოვტრიალდი და უცხო ქუჩას სწრაფი ნაბიჯით ჩავუყევი. სამუშაო საათები ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ პირდაპირ სახლში წავედი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ამ რამდენიმე წუთიანმა შეხვედრამ, ნახევარი სიცოცხლე წამართვა და მე თვითონ არ მესმოდა, რა მოხდა ასეთი: ერთ თავხედ ბიჭს შევხვდი, რომელმაც მისი სახლის დათვალიერებისთვის სამაგიერო უკან გამოყოლით გადამიხადა და კიდევ ჩემი კლიენტის შვილს, რომელმაც არ მითხრა სად იყვნენ მისი მშობლები. ამაზე რთული დღეებიც მქონია, მაგრამ მე ახლა ვცახცახებდი მთელი სხეულით, ახლა მეწვოდა რაღაც შიგნიდან და არა იმ ძველ ბობოქარ დღეებში. სახლში მივედი, ცივი შხაპი მივიღე და საწოლზე ჩამოვჯექი, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს მდგომარეობა გადატანილი სტრესის კი არა, იმ მოსალოდნელი საფრთხის გაცნობიერების შედეგი იყო, თუ რა მოხდებოდა იმ ბიჭს ტყუილში რომ გამოვეჭირე; ალტერ ეგო არ მეთანხმებოდა და თავგამოდებით ცდილობდა რაღაც აეხსნა, მაგრამ მოსმენა არ მსურდა. - მარიამ. - თვალები ზანტად გავახილე და მეგობარს ავხედე: - რა მოხდა თაკო? - ტელეფონს არ პასუხობდი, არც სამსახურში დაბრუნდი. შემეშინდა! - რეკავდი? ჩამძინებია. - ტელეფონი ავიღე და შეტყობინებები შევამოწმე. - ჰო, როგორც ჩანს, ერთადერთი არ იყავი. - შენი ძვირფასი საქმრო? - დაიმანჭა თაკო. - უკვე ვცნობ მაგ გამომეტყველებას. - ჰო? და როგორია ის? - ვინმემ მიხსენითო გაჰკივის, მაგრამ არავინ უსმენს. - კამათის ხასიათზე არ ვიყავი, ამიტომ თაკოს რეპლიკა უსიტყვოდ გავატარე, რითაც მეგობრის გულწრფელი გაოცება გამოვიწვიე.. - შეხვედრა უნდა. - ვთქვი ხვნეშით. - მერე? - კისერი გაწელა და ისეთი საცოდავი სახე მიიღო, იფიქრებდით მისთვის გილიოტინა გაუმზადებიათ და ბოლო სიტყვას ითხოვსო. - არა, დღეს არა, - მტკიცედ ვთქვი მე. - დღეს არანაირი ალეკო! - ეს უნდა აღვნიშნოთ! - გაოცებას ვერ მალავდა თაკო. - რაო, პრინცმა ამბორი გიძღვნა და ზამთრის ძილისგან გამოგაღვიძა? - ზამთრის ძილი არ არის ეგ თაკო. - ვის რაში ადარდებს რა ძილია, მთავარია გაიღვიძო! მოყევი რა მოხდა. - არაფერი. - მტკიცედ ვთქვი მე. - რა? ხუმრობ? მოყევი! - არაფერი მომხდარა თაკო, არ მინახავს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი! - არ გინდა იმაზე ლაპარაკი, რომ არ გინახავს? - თვალებში მომაშტერდა. - საკუთარი სიტყვები გყიდით ადვოკატო! - ვიცი. - ვთქვი მე და გულწრფელად გამეცინა. - კარგი, ნუ მომიყვები. ჯერჯერობით! - თქვა მან და ისე ძლიერად მომეხვია, სუნთქვა შემეკრა. - მომწონხარ მარიამ, ახლა ძველებურად მომწონხარ. - გირეკავენ. - ვიყვირე მე და აბზრიალებული ტელეფონი მივაწოდე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომეშორებინა თავიდან სიგიჟემორეული გოგო. - ღმერთო, ეს იაკოა. - თვალები გაუბრწყინდა თაკოს და ოთახიდან გავარდა. უკან გაყოლას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი ტელეფონიც სწორედ მაშინ აწკრიალდა, ისევ ალეკო რეკავდა. - სად იყავი? გირეკავდი. - მომახალა აღშფოთებულმა. - ჰო, ვიცი, ვნახე შეტყობინებები. - მერე? დარეკვას არ აპირებდი? - მისმა მოთხოვნამ გამაბრაზა. - ვაპირებდი ალეკო, რა თქმა უნდა ვაპირებდი. როგორ შემეძლო უპასუხოდ დამეტოვებინე?! - რა ცინიზმია მარიამ, კარგად ხარ? - რა გინდა ალეკო? - სწრაფად მოვუჭერი სიტყვა, რომ საუბარი დიდხანს არ გაგვგრძელებოდა. - თავი იდიოტი მგონია, საერთოდ მართლა თუ გინდა ჩემი ცოლობა? - დავიბენი, ალეკომ პირველად გამოთქვა უკმაყოფილება. - მე იმას ვერ ვიტან, რომ ჩემი კონტროლი გინდა! - კონტროლია, მაინტერესებდეს ჩემი საცოლე სად და როგორაა? - სამსახური მაქვს ალეკო, მეგობრები, ყოველთვის შენთან ვერ ვისაუბრებ ტელეფონით. ამას უნდა ხვდებოდე, არა? - სამსახურში არ იყავი. - შენ რა, სამსახურშიც დარეკე? - ამჯერად თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი. - არ გაბრაზდე მარიამ, მინდოდა გამეგო... - ტელეფონი გავთიშე. კიდევ რამდენიმე სიტყვაც რომ მომესმინა, ვეღარ მოვითმენდი და საშინელი სიტყვებით გამოვლანძღავდი. - იდიოტი. - მომესმა ზურგს უკან. - არ ვიცი თაკო, რაც დრო გადის სულ უფრო მიშლის ნერვებს, - საბოლოოდ ვაღიარე რასაც ვგრძნობდი. - ნიშნობის შემდეგ კი სულ გაგიჟდა, დღეში ხუთჯერ რეკავს. უკვე მისი ჩვეულებრივი ზარიც კი თმას ყალყზე მიყენებს. - და გიორგი? კარგი რა, გამოტყდი, ხომ ნახე დღეს? - კარგი ჰო, ვნახე. - ვთქვი მე და სასწრაფოდ შევცვალე თემა. - ვინ რეკავდა? - იაკო. - შემომცინა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს უნდა მცოდნოდა, ვისზე საუბრობდა. - და ვინაა რო? - მარიამ, კარგი რა, მართლა? - კარგად დამაკვირდა, რომ გაეგო, ვხუმრობდი თუ არა. - გიორგის მეგობარი, არ გახსოვს სახლამდე რო მოგვაცილა? - იაკოს ეძახიან? - გულიანად გამეცინა. - მე ვეძახი და არ დამიწყო ახლა! - ცხვირი აიბზუა თაკომ. - კარგი, რაო? რა უნდოდა? - საღამოს ბიჭები ბარში იქნებიან თურმე, მეც დამპატიჟა. - თქვენ რა, უკვე ერთად ხართ თუ როგორ? - გავიკვირვე მე. - ჰო, რავი. - თვალებში უცნაური სხივი აუთამაშდა. - ნეტა იცოდე რა საყვარელია. - რა? რამდენი ხანია, რაც იცნობ საერთოდ? ერთი კვირა? - თითქმის. - გამომწვევად გამიღიმა თაკომ და ცეკვა-ცეკვით გავიდა ოთახიდან, მერე ისევ შემოყო თავი კარებში და დაამატა: - გიუნაც იქ იქნება! გამიჭირდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი რამდენად ძლიერი იყო ამ სრულიად უცხო და უხეში ბიჭის ნახვის სურვილი და კარგა ხანი მედგრად ვეწინააღმდეგებოდი ცდუნებას, თუმცა საბოლოოდ მაინც დავმარცხდი. ჯერ კიდევ არ მქონდა სრულად გაცნობიერებული თუ რა მომწონდა მასში ისე ძალიან, რომ საკუთარ ქცევებზე კონტროლს ვკარგავდი, მაგრამ ერთის თქმა შემეძლო, ის სულაც არ იყო ისეთი, როგორადაც ცდილობდა გამოჩენილიყო, ამიტომ გადავწყვიტე საბოლოოდ გამერკვია რა იმალებოდა ამ ცივი, უკარება და უდარდელი ქცევების უკან. დახვეწილი იყო, თამამად საუბრობდა, ქუჩაში გაზრდილ ტიპებს არ გავდა თავში რომ არაფერი აქვთ, მისი სითავხედედ ქცეული თავდაჯერება ერთდროულად მომხიბვლელიც იყო და გამაღიზიანებელიც, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაშინებდა ის იყო, რომ მისი ყოველი გამოჩენა ჩემში ათასგვარ სასიამოვნო და ამაღელვებელ გრძნობას იწვევდა. - უკვე ჩაიცვი? - შემომძახა თაკომ. - მზად ვარ! - ისე სწრაფად გავეცი პასუხი, თითქოს წამიც რომ დამეგვიანა, წასვლის შანსს დავკარგავდი. - შემართება მომწონს! - გადაიკისკისა მან. - ნუ გადამაფიქრებინებ იცოდე! მოუთმენლობისგან ვცმუკავდით, ისიც კი არ ვიცოდით სად მდებარეობდა ბარი, რომელშიც გვეპატიჟებოდნენ, თაკოს ახალ მეგობარს უნდა გამოევლო და წავეყვანეთ. მის ლოდინში რამდენიმე კაბა გამოვიცვალე, სხვადასხვა სტილის ტანსაცმელი მოვირგე, ბოლოს კი ტყავის ქურთუკითა და ვიწრო ჯინსის შარვლით გამოვცხადდი თაკოს სამსჯავროზე. თავიდან ოდნავ შეკრთა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მიხდებოდა და მეც მშვიდად ჩავეშვი სავარძელში. რამდენიმე წუთში კარებზე ზარი დარეკეს, მესმოდა როგორ შემოიპატიჟა თაკომ სტუმარი, მაგრამ უარი მიიღო და მე გამომძახა, წავედითო. იაკობი თავაზიანად მომესალმა და მანქანისკენ გაგვიძღვა. თაკო ბიჭის გვერდით მოკალათდა წინ და მაშინვე გაუბა საუბარი, მე კი უკანა სავარძელზე ჩუმად ვიჯექი და ამ უცნაურ წყვილს ვაკვირდებოდი. ბიჭი, რომელსაც ჩემი მეგობარი ასე ადვილად დაუმეგობრდა, უშუალო და თამამი ჩანდა, თაკოს უცნაურ კითხვებს მარტივად იგერიებდა და მიუხედავად იმისა, რომ გახსნილი ჩანდა, თავის სამყაროში ბოლომდე მაინც არ გვიშვებდა. მაღალი იყო, ტანადი, გრძელი წაბლისფერი თმა, რომელიც გვერდებზე აპარსული ჰქონდა, უკან უცნაურად გაეკვანძა, მოზრდილი ასევე წაბლისფერი წვერი მის გარეგნობას უფრო სოლიდურს ხდიდა, მოუსვენარი თაფლისფერი თვალები და გრძელი წამწამები საოცრად უხდებოდა მის ფერმკრთალ სახეს. წყვილი ერთმანეთს თვალებში შესციცინებდა, ერთმანეთის წინადადებებს ასრულებდნენ და კარგადაც ერთობოდნენ, მე კი თავს დავიწყებულად ვგრძნობდი და იმაზე ფიქრით ვერთობოდი, თუ როგორ მოახერხეს ამ მოკლე დროში ასე დაახლოებულიყვნენ. - არა, მითხარი სად მივდივართ. იცოდე, იურისტები ვართ, ჩვენი უფლებები ვიცით. - კისკისებდა თაკო. - ნებით მოდიხართ ქალბატონებო და თუ ასე არაა, ახლავე ვაჩერებ მანქანას. - გაიცინა ბიჭმა და თითქოს გაჩერებას მართლა აპირებსო, სვლა შესამჩნევად შეანელა. - კარგი რა, ასე რთულია თქვა? - არ მოეშვა თაკო. - არა, რთული არაა, მაგრამ მაინც არ გეცოდინებათ. კლუბს ვეძახით, უბნის ბარია. თითქმის სახლივითაა, ხომ გესმით?! - და რომ არ მომეწონოს? - ტუჩი აიბზუა თაკომ. - მაშინ იქ წაგიყვან, სადაც შენ მოგწონს. - სხარტად გაეპასუხა ბიჭი. - მალე მივალთ? - მოუთმენლობა ვერ დავმალე მე. - ოც წუთში. იაკობს ნამდვილად არ მოვუტყუებივართ. მეტიც, ადგილზე მისვლის დრო ისეთი სიზუსტით დაასახელა, რომ გაოცებული დავრჩი, როცა მანქანა გაჩერდა და საათს დავხედე; ზუსტად ოც წუთში პატარა დაწესებულებასთან ვიყავით, რომელსაც კარებზე ციმციმა ასოებით ეწერა: „Club“. ბიჭმა კარები გაგვიღო და შიგნით შეგვიპატიჟა. კლუბი ერთი დიდი ოთახი აღმოჩნდა, სადაც უამრავი მაგიდა იდგა, ერთ კუთხეში კი მთელი კედლის სიგრძეზე ბარი იყო გაკეთებული. აქაურობა სავსე იყო კლიენტებით, მხოლოდ რამდენიმე მაგიდაღა შემორჩენოდათ ცარიელი, ბართან კი ისეთი ჭ....ტა იყო, თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა. ჩანდა, რომ ეს ბარი ადგილობრივებისთვის კარგ გასართობს წარმოადგენდა. - ბიჭებო, ჩვენც მოვედით. - ხელი დაუქნია მეგობრებს იაკობმა. - იო, სად დაიკარგე ძმა? - გაეპასუხა ერთ-ერთი, მერე გვერდით მჯდარ ბიჭებს რაღაც გადაულაპარაკა, ისინიც უსიტყვოდ ადგნენ და იქაურობას გაეცალნენ. - დასხედით ქალბატონებო. - მაგრამ ეს ხომ მათი ადგილია?! - მისმა საქციელმა ოდნავ დამაბნია. - ეგ არაფერი, გადაიტანენ. - გამეპასუხა უცნობი. კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ თაკომ მიჩურჩულა, ‘მორალისტი ნუ გამოხვალ, არ გაპატიებ’ო და მეც მაშინვე გავჩუმდი. - ეს დიდი კაცი ირაკლია, - გაგვაცნო მეგობარი იაკობმა. - თოკო, დათო და სალი, ამ ვაჟბატონს კი თუ შემოტრიალებას იკადრებს, მიხვდებით, რომ უკვე იცნობთ. - კეთილი იყოს თქვენი ფეხი კლუბში. - ალმაცერად გამოგვხედა გიორგიმ და ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა. - მამო, რა ჯანდაბა გჭირს? - იწყინა იაკობმა. - არაფერი. მშვენივრად ვარ. - მართლა ბიჭო, ისეთი სახე გაქვს, გეგონება მოჩვენება დაინახაო. - გაეცინა ირაკლის, სალიმ გიორგის გახედა და რაღაც ანიშნა. - ალბათ იმიტომ, რომ სტუმრებს არ ველოდი. - ისევ უხალისოდ გაეპასუხა გიორგი და გოგონას მიუბრუნდა. - ეტყობა დღეს მარცხენა ფეხზე ადგა. დაიკიდეთ. - დაგვამშვიდა თორნიკემ. სალიმ ისევ უჩურჩულა რაღაც გიორგის, მან კი საპასუხოდ ხელი აიქნია. გონებაში ვმარჩიელობდი რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ამის გამოცნობა არც ისე მარტივი საქმე იყო. - რას დალევთ გოგონებო? - იკითხა ირაკლიმ. - სიამოვნებით დავლევ ლუდს. - თქვა თაკომ და მე გადმომხედა. - და რა გაქვთ? - თითქოს დიდი ინტერესით ვიკითხე. - შამპანიურს ან ვისკის აქ ვერ იპოვნით ადვოკატო. - გესლიანი სიტყვა მომაგება გიორგიმ. - დიდებულია, მათი არსებობის შესახებ გცოდნია. - არ დავაყოვნე მეც. - სამაგიეროდ ტეკილა გვაქვს! - დაძაბული მომენტის განმუხტვა სცადა იაკობმა. - გაგისინჯავს? აქაურობის პატრონი აკეთებს. - კი, გამისინჯავს და ახლაც სიამოვნებით დავლევ. - პირი არ დაგწვას პრინცესა! - ისევ გამკრა კბილი გიორგიმ. საშინლად გავბრაზდი და თუ აქამდე იმ მიზეზს ვეძებდი, რაც ამ ადგილიდან დამიხსნიდა, ახლა ჯიბრით ყველა აზრს ვეჭიდებოდი, რომელიც დარჩენას მიკარნახებდა. - აბა გოგონებო, რას საქმიანობთ? - იკითხა დათომ, რომელიც მთელი ეს დრო ჩუმად იჯდა და შორიდან გვაკვირდებოდა. - იურისტები ვართ, - სწრაფად აჰყვა საუბარში თაკო, რომ დაძაბული ატმოსფერო როგორმე გადაეფარა. - ადამიანებს ვეხმარებით კანონთან გამკლავებაში. - საჭირო საქმეა! კლიენტები ვინ არიან? - ვინც გვაკითხავს. - ზერელედ წამოისროლა სიტყვა თაკომ. - დამნაშავეებიც? - კრიმინალებზე კარგი ალღო გვაქვს! - თავდაჯერებულად განაცხადა თაკომ, მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს და ყველას ერთდროულად გაეცინა. - რა ვთქვი სასაცილო? - არაფერი, ესენი სულ ასე არიან. - ჩაერია საუბარში იაკობი. - მოდი, დავლიოთ! თქვენი გაცნობის იყოს გოგონებო! ჭიქები ავწიეთ და მოურიდებლად გადავკარით. არაფერი მადარდებდა, გარდა იმისა, როგორ გამემწარებინა გიორგისთვის საღამო, რადგან თვითონაც იგივე გამიკეთა, შურისძიება მწყუროდა და ამისთვის ძალას ალკოჰოლში ვეძებდი. გიორგის და სალის თითქოს ცალკე სამყარო ჰქონდათ, მთელი საღამო თავისთვის ერთობოდნენ და თითქოს ჩვენს არსებობას ვერც კი ამჩნევდნენ, რაც კიდევ უფრო მიფუჭებდა განწყობას. სალი საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა: დიდი მწვანე თვალები ჰქონდა, რომელსაც გრძელი და ხშირი წამწამები უმშვენებდა, სქელი წარბები და გრძელი თმა საოცრად უხდებოდა მის ოვალურ სახეს; პატარა ცხვირი, სავსე ტუჩები და ორი ოდნავ მოგრძო თოვლივით თეთრი წინა კბილი, რომელიც ერთმანეთს ოდნავ დაშორებული ტუჩებიდან ყოველთვის ჩანდა, ბავშვურ იერს აძლევდა. ვუყურებდი ამ წყვილს და გული მეკუმშებოდა, აშკარა იყო, რომ ამ გოგონას ვერაფრით გავეჯიბრებოდი, ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ვერც კი მივხვდი, როგორ გამოვთვერი. საკუთარ თავზე გაბრაზებული, გიორგიზე კიდევ უფრო ვბრაზობდი, ამიტომ ზედაც აღარ ვუყურებდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ რაც უფრო მეტს ვსვამდი, უფრო ყურადღებით მადევნებდა თვალს შორიდან. ზურგს უკან მისი მზერის დაფიქსირება გულს მიჩქარებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი და შეუპოვრად ვაგრძელებდი მის დაიგნორებას. უცებ უცხოური ქანთრი კლასიკურმა მუსიკამ შეცვალა და ეს ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი ადგილი მშვიდმა ჰანგებმა აავსო. - ცეკვა მინდა. - ვუთხარი თაკოს და ხელი ჩავკიდე. - რა? აქ? - მიუხედავად სიმთვრალისა, ჩემზე უკეთ აზროვნებდა. - ჰო! შენ ხომ გიყვარს ცეკვა? ჰოდა, ვიცეკვოთ. - მარიამ, მთვრალი ხარ საყვარელო. - მზრუნველი ტონით მითხრა თაკომ და ბარისკენ მიმაჩოჩა. - კარგი, ნუ იცეკვებ. - ვთქვი მე და ბოლო ხმაზე ვიყვირე. - ვის უნდა ცეკვა? - მე გაცეკვებ, ლამაზო! - მეზობელი მაგიდიდან შავგვრემანი ბიჭი წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. - იმას მიხედე რა. - ზურგს უკან გიორგის ბრაზიანი ხმა მომესმა. - კარგი, კარგი, ქალბატონმა ზედმეტი დალია, დროა სახლში წავიდეს. - თქვა თორნიკემ და წამებში ჩემსა და იმ უცნობ ბიჭს შორის აღმოჩნდა. - არ მინდა სახლში! - ვთქვი მტკიცედ. - ხედავ? ქალბატონს არ უნდა სახლში. - გაიმეორა მოხალისემ. - ედიკა, გაა*ვი აქედან! - წამოდგა გიორგი. - აი, ისიც ალაპარაკდა. - ზიზღნარევი ირონია ვერ დაიტია ედიკამ. - ეტყობა მნიშვნელოვანი ვინმეა, არა? შენი ქალია? - მისი ქალი არ ვარ! - თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. - გინდა ჩემი იყო? - უცნაურად წარმოთქვა და ენით ტუჩები გაილოკა. გიორგიმ ედიკას ზურგი შეაქცია, მერე ძლიერად ჩაბღუჯა ჩემი იდაყვი, გვერდზე გამწია და მბრძანებლური ტონით მითხრა: - სახლში მიმყავხარ! - ზურგს ნუ მაქცევ. - ისევ ალაპარაკდა მოხალისე. - გითხარი, დაიკარგე თქო! - შეუღრინა გიორგიმ. - დღეს ეს ძუკნა ჩემია! - არ ცხრებოდა ბიჭი. ვუყურებდი, როგორ დაებერა ნესტოები, სუნთქვა დაუგუბდა და თუ აქამდე სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ახლა საბოლოოდ დაკარგა კონტროლი, თავხედურად გაჭიმული ბიჭისკენ შეტრიალდა და ხელი ისე ძლიერად ჰკრა, რომ ოთახის ბოლოში მდგარ მაგიდებს მიანარცხა, წაქცეულს რამდენიმე მათგანი თავზე ჩამოემხო და გადმოღვრილმა საჭმელ-სასმელმა ტანსაცმელზე ფერადი ლაქები დაუტოვა. გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა, დაჭიმული სხეული ერთბაშად მოადუნა, მერე ჯერ კიდევ იატაკზე გაწოლილ ბიჭს თავზე წაადგა, ხელით კარისკენ ანიშნა და თითქოს აქ არაფერიო, მშვიდად უთხრა: - სახლში წადი ედიკა! გაცხარებული და ღირსებაშელახული მოხალისე მეგობრებმა გაიყვანეს, მე კი დარცხვენილი ვიდექი იმ აურზაურის შუაგულში, რომელიც თავადვე შევქმენი და არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. გიორგიმ იქაურობას მოავლო თვალი, დამსწრეებს ბოდიში მოუხადა, ბარის მეპატრონეს მიყენებული ზარალისთვის გადაუხადა და იქიდან ისე გამიყვანა, აზრი არავისთვის უკითხავს. იმდენად გაბრაზებული იყო, მეგონა მეც დამარტყამდა ან მინიმუმ გამომლანძღავდა მაინც, მაგრამ ხმა არ გაუღია, ხმა ამოუღებლად ჩამსვა მანქანაში და ისე სწრაფად მოწყდა ადგილს, იფიქრებდით საკუთარი ჩრდილისგან აპირებს გაქცევასო. ალკოჰოლმა, ძრავის გუგუნმა და მანქანის რიტმულმა რწევამ თავისი საქმე გააკეთა და იქვე ჩამეძინა. - მარიამ, გესმის ჩემი? - ჰო, რა მოხდა? - ვიზმორები, თვალებს ვახელ და გიორგის ვხედავ. მერე ყველაფერი მახსენდება და საცოდავი ხმით ვამბობ: - ღმერთო, ეს სიზმარი არ იყო! - არა, არ იყო! - მშვიდად მპასუხობს, თუმცა სახეზე ეტყობა, რომ მწყობრიდან გამოვიყვანე. - სიარული შეგიძლია? - კი. - ვამბობ და წამოდგომას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ. გიორგი წელზე მხვევს ხელს და ფეხზე მაყენებს. მისი ხელების ჩემს წელზე შეგრძნება გულს კიდევ უფრო მიფორიაქებს. - გასაღები? - მეკითხება, როცა ბინის კარებთან მივდივართ. ჩანთისკენ ვანიშნებ, ის უცნაურად მიყურებს, შემდეგ ხვდება რომ მე ვერაფერს მოვძებნი და ჩანთაში ქექვას იწყებს. ზუსტად არ ვიცი, ალკოჰოლის ბრალია თუ თავს უხერხულად გრძნობს ჩემს ჩანთაში ქექვის გამო, მაგრამ ისე სასაცილოდ გამოიყურება, თავს ძლივს ვიკავებ, რომ ხმამაღლა არ გამეცინოს. საბოლოოდ გასაღებს პოულობს და საჩქაროდ აღებს კარებს. - გიორგი. - ვამბობ ჩუმად. - გისმენ. - ჩუმადვე მპასუხობს. აშკარაა, რომ ჩემმა უმწეობამ გული მოულბო და ბრაზმაც თითქოს გადაუარა. - ცუდად ვარ... მე ახლა... - ვამბობ მიკნავლებული ხმით და პირზე ხელს ვიფარებ. - კარგი, სააბაზანო სადაა? - ხელები პირზე მაქვს შემოჭდობილი, ამიტომ მიმართულებას თვალებით ვუჩვენებ. გიორგის ხელში აყვანილი გავყავარ აბაზანაში. - გიჭერ, გიჭერ. - მეუბნება ის და თმებს მიწევს, მეორე ხელით მჭიდროდ მეხვევა წელზე და სუნთქვა მიჭირს, ალბათ უფრო მისი შეხების გამო, ვიდრე ალკოჰოლის. - მორჩა? - კი. - ვამბობ და დარცხვენილი თვალებით სახეში ვაცქერდები. - კარგი. - იღიმის. - მოდი, პირი დავიბანოთ. - რა? რამე მაქვს? - ვწითლდები და გიორგის კიდევ უფრო ვახალისებ. - პირველია, არა? - მეკითხება, თან პირს თბილი წყლით ნაზად მწმენდს. - დალევა არა, მაგრამ ისე დათრობა, რო ცეკვა მომინდეს, ნამდვილად პირველია. - კიდევ უფრო ვწითლდები მე. - გასაგებია. - ისევ იღიმის. - ახლა შენს ოთახში დაგაბრუნებ. - შენი ბრალია! - ვამბობ მკაცრად. - რა? - ამჯერად მის გაოცებას ნამდვილად ვახერხებ. - შენ გამო დავლიე... - ის ჩუმადაა, ხვდება რომ არ დამიმთავრებია და ელოდება რას დავამატებ. მეც ვაგრძელებ: - იმიტომ, რომ ყურადღება არ მომაქციე... და მე გავბრაზდი! - ბოდიში, რომ გაგაბრაზე! - მთვრალი ნამდვილად ვარ, მაგრამ მის თვალებში გულწრფელობას ვამჩნევ. - თუ გინდა გაპატიო, უნდა გამოისყიდო! - ალკოჰოლი გამბედაობას მმატებს და მეც ყველაფერს ვამბობ, რაც თავში მომდის. - რამე იდეა გაქვს? - არა! ეგ შენ მოიფიქრე! - ვამბობ მე და ხელებს ვშლი, რომ ისევ ამიყვანოს ხელში. ის გულიანად იცინის და ჩემს ოთახში გავყავარ. - იცი, მე საერთოდ არ ვარ ასეთი გოგო. - კიდევ მინდა რაღაცის თქმა, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ, ვგრძნობ როგორ ცვლის ალკოჰოლი ჩემი სისხლის შემადგენლობას, თვალები მეხუჭება და თითქმის ვწყდები სამყაროს. - მოდი, ეს გაიხადე. - მესმის ყრუდ გიორგის სიტყვები. ვგრძნობ, როგორ მხდის ფეხსაცმელს, მერე კაბას, ბალიშს მისწორებს და საბანს ფრთხილად მახურავს. - მარიამ... მთელი გულით მინდა პასუხის გაცემა, მაგრამ ენას ვერ ვიმორჩილებ, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს და ხმაურობს. თვალები მილულული მაქვს, თუმცა მაინც ვგრძნობ, როგორ დამყურებს გიორგი, რწმუნდება რომ ყველაფერი რიგზე მაქვს და ოთახიდან გადის. გულით მინდა, რომ დარჩეს, მაგრამ მან ეს არ იცის, რადგან ბაგიდან ბგერასაც კი ვერ გამოვცემ. თანდათან უფრო ვდუნდები, სამყარო მეტად ნაცრისფერი ხდება, ტვინის ფუნქციებიც ნელ-ნელა იწყებს დასუსტებას და მალე ღრმა ძილში ვინაცვლებ. ნაბახუსევზე დილა საშინელი თავის ტკივილით დაიწყო, თითქოს ვიღაცამ ქალა გადამხსნა და ახლა შიგ იქექება, მაგრამ ტკივილზე ფიქრის დრო არ მაქვს, წინა ღამე მახსენდება და საკუთარი თავი მძულს იმისთვის, რაც ჩავიდინე. ვერაფრით ვხვდები რამ მიბიძგა ამ სულელური ნაბიჯისკენ, გიორგის უყურადღებობამ თუ მის გვერდით გოგონას დანახვამ, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ ღამეს საკუთარ თავს არ ვგავდი. საწოლიდან ვდგები, დაუდევრობით იქვე მდგარ ლარნაკს ხელს ვკრავ და იატაკზე ვანარცხებ, რომელიც ისეთი საშინელი ხმაურით იმსხვრევა, რომ გული მიწუხდება. იატაკზე მიმოფანტულ ნამსხვრევებს ფეხს ვკრავ და სამზარეულოში ზანტად გავდივარ. - ნაბახუსევზე თავს როგორ გრძნობ? - ეშმაკურ მზერას მესვრის თაკო, თითქოს უსიტყვოდ რაღაცაზე მანიშნებს. - მგონია, თავში მატარებლები დამიდიან. - ვბურტყუნებ ჩემთვის. - აბა რა გეგონა ამდენი რომ დალიე? მეტყვი რა დაგემართა? - არა რა თაკო, ისედაც მრცხვენია. - თავს ვხრი და სახეს ვუმალავ. - კარგი რა, ერთხელ გაგიჟდი, თან ისეთიც არაფერი მომხდარა, პრინცმა გიხსნა განსაცდელისგან. - ნუ მახსენებ! - ვჩურჩულებ მე. - რაო? რა მოხდა აქ, როცა მარტო იყავით? - გალეშილი ვიყავი და დამეძინა. სულ ესაა. - ვცრუობ მე. - და ტანსაცმელი გალეშილმა გაიძრე? რო მოვედი, ასე იყავი. - ალბათ. - ვამბობ მერყევად, მაგრამ ვხვდები, რომ თაკოს ჩემი სიტყვების მაინც არ სჯერა და საუბარს ვიწყებ. - კარგი ჰო, მან გამხადა. - მერე? - თაკოს ინტერესით თვალები უბრწყინავს. - მერე როგორც მახსოვს, ლამის სიყვარული ავუხსენი. - ვწითლდები მე. თაკო მოითხოვს ყველაფერი დაწვრილებით ვუამბო და მეც ასე ვიქცევი. - იცოდე, აწი აღარ იაქტიურებ. - მარიგებს ის. - ბიჭებს არ უყვართ, როცა გრძნობენ, რომ ეტენებიან, ამიტომ თავი შორს დაიჭირე და ისე მოიქეცი, თითქოს ის ღამე არც კი გახსოვს. - ფიქრობ ასე ჯობია? - შენ რა, ბოდიშის მოხდას აპირებდი? - უკვირს თაკოს. - მასთან ამ თემაზე საუბარი არ გაბედო. - კარგი. - თავს ვუქნევ და ბალიშში ვემხობი. - ღმერთო, როგორ მტკივა თავი, რა საშინელებაა! - ეგ არაფერი, გაგივლის! - ამბობს თაკო და ძველ თემას უბრუნდება. - ახლა მოყევი რას გრძნობ და იცოდე, არაფერი გამოტოვო! კარზე ზარის ხმამ ამჯერად ნამდვილად მიხსნა განსაცდელისგან. თაკოსთან საუბარი არასოდეს მიჭირდა, არ არსებობდა თემა, რაზეც არ გვისაუბრია და ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს, როცა რამეს ვუყვებოდი, მაგრამ რატომღაც იმის გამხელა თუ რას ვგრძნობდი გიორგის მიმართ, უზარმაზარ პრობლემად მექცა. ალბათ, საკუთარ თავსაც კი ვატყუებდი და უაზროდ ვჯიუტობდი იმ ფაქტის წინაშე, რომ ეს ბიჭი საკუთარ საქმროზე მეტად მომწონდა. ბედნიერი გავვარდი კარებისკენ მეგობრის კითხვებს რომ დავმალვოდი, თუმცა მაშინვე ვინანე, კარებში ჩემი დეიდაშვილი იდგა და ნაძალადევად იღიმოდა. - ანი, აქ რას აკეთებ? - ზრდილობის გამო მაინც შემომიპატიჟო, არაფერი დაშავდება. - მითხრა იგივე გამომეტყველებით. - ლალიმ გამომგზავნა, კაბა აარჩევინეო. - ასეთი მწარე რომ არ იყო, არც მაგით დაშავდება რამე. შემოდი. - არაუშავს, ჩაიცვი და გავიდეთ, ბევრი დრო არც მე მაქვს. - კაბას მე თვითონ ავარჩევ ანი, მაგაზე არ იდარდო. - მშვენიერია, ლალის უთხარი, რომ მოვედი. აბა კარგად. - სიტყვები ერთმანეთს მიაყარა და კიბეები ისე სწრაფად ჩაირბინა, თითქოს ვინმე დაედევნებოდა. - ეს გოგო ნამდვილად გიჟია. - დაასკვნა ამ სცენის შემსწრე თაკომ. - ლიფტს მაინც დალოდებოდა. - ეგ არაფერი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. - მართლაც რომ. - ჩაიცინა თაკომ და უკან ოთახში შემომყვა. - მოიცა და, კაბის ასარჩევად მე უნდა წამიყვანო? - აბა ვინ წამომყვება? - მოგყვებოდა ეგერ. - ხელი აიქნია თაკომ. - მაინც მე უნდა დამტანჯო, არა?! - ჩემ გამო როგორმე გაუძლებ. - როდის მივდივართ? ეგ დღე წინასწარ უნდა გამოვიტირო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.