შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ვახშამი (IX თავი)


10-01-2018, 18:48
ავტორი cool baby
ნანახია 1 191

IX თავი
აბა გამოიცანით , ვის უნდა შევხვდე ? გიგუტა სესიაშვილის , იგივე, ჭუტალას, ყოფილ ცოლს - მანანას . გუშინ დამირეკა - საქმე მაქვსო. მოუთმენლობისგან ლამის ფეხსაცმელებიდან ამოვხტე. მანანას არასოდეს დაურეკავს ჩემთვის, არ გვქონდა ახლომეგობრული ურთიერთობა, რაც ერთმანეთს გაშორდნენ , საერთოდ არ მინახავს .
მახსენდება მათი ბათუმური ქორწილი. რესტორანი, გრძელი სუფრა, აჭარული განდაგანა... მთელი კლასი ვიყავით დაპატიჟებული, ქმრებითა და ცოლებით. ნეფე რესპექტაბელურ პინგვინს გავდა , დედოფალი - ნაძვის ხეს, ქორწილში მორთმეულ სამკაულებს პირდაპირ სუფრაზე იკოფსებდა და იყო ბედნიერი. ჩვენც ბედნიერები ვიყავით, თუმცა მაშინ არ ვიცოდით ბედნიერების ფასი. მაშინ გვეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა - ჭამა გასკდომამდე , სიცილი - ჩაფსმამდე, ცეკვა - თავდავიწყებამდე.
მანანამ ქაფეში დამინიშნა შეხვედრა. ხუთი წუთით ადრე მივდივარ . ის უკვე ზის კუთხის მაგიდასთან და ფიალიდან ნაყინს მიირთმევს . გარუჯულია, თმა გაუღიავებია და გაუზრდია. სამკაულები ახლაც უკეთია, მაგრამ ზომიერად.
ერთმანეთი გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ.
- არ არის ცუდი ნაყინი, გინდა, შენთვისაც შევუკვეთავ ? - მთავაზობს მანანა.
- არა, წვენს დავლევ.
გადის ხუთი წუთი, თხუთმეტი. წვენი დაილია, ნაყინი შეიჭამა , სალაპარაკო თემა ამოიწურა. ამინდს უკვე შევეხეთ, პოლიტიკის ნერვები არ მაქვს , მოკლულ მეგობრებზე ლაპარაკი არ მინდა. დროა, საქმეზე გადავიდეს !
- ალბათ გაგიკვირდა ჩემი ზარი , - როგორც იქნა, ამოღერღა მანანამ.
- გამიკვირდა, კი.
- ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, მინდა ორი სიტყვით გიამბო ჩემი და გიგუტას ურთიერთობის შესახებ . იმიტომ არა რომ გული გადაგიშალო და რჩევა მივიღო არა ... უბრალოდ , წინასიტყვაობის გარეშე ვერ მიხვდები , რა და როგორ...
- ყურადღებით გისმენ , - თავს ვუკრავ და სახეზე ცნობისმოყვარე გამომეტყველების ალაგვმას ვცდილობ.
ყურადღებით მოსმენილიდან :
ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ასეთი რამ მანანას მხოლოდ წიგნებში წაეკითხა ან ფილმებში ენახა. შავი ზღვა, თეთრი გემი და გემბანზე მდგარი გიგუტა - კაპიტნის თეთრი კიტელით, წინაფრიანი ქუდით, ჰორიზენტისკენ მიპყრობილ რომანტიკული მზერით. მათი დაქორწინება იმდენად სწრაფად მოხდა , მანანამ რჩეულის ხეირიანად გაცნობაც ვერ მოასწრო. მით უმეტეს, ქორწინებიდან ერთ თვეში გიგუტა ნახევარწლიან რეისში გაემგზავრა , დატოვა ბათუმში ფეხმძიმე ცოლი. მანანა დღეებს ითვლიდა , ერთი სული ჰქონდა ქმარი დროზე ჩამოსულიყო, წამოზრდილ მუცელზე შეხებოდა და ნაყოფის გულისცემა ეგრძნო. და აი, ის ჩამოვიდა - დაძაბული, დისტანციური და შორეული , როგორც ის რომანტიკული ჰორიზონტი.მუცელზე შეხებას ვინ დაეძებდა, ცოლთან დაწოლაც არ ინება ! ძილის წინ შუბლზე აკოცა , ცალკე საბანში გაეხვია და... დაიძინა.
მანანა მთელი ღამე ასველებდა ბალიშს, ჩუმად, უსიტყვოდ, ქმარი რომ არ გაეღვიძებინა. მეორე დღეს კი დედამისთან გაიქცა და მშობლიურ მკერდზე განაგრძო ქვითინი . „ამისთანა არაფერი გამიგია ! - თქვა ქალბატონა იზოლდამ , მედიდურმა ქალბატონმა თეატრის მსახიობის სტაჟით , - მოდი, დელიკატურად გამოკითხე უგუნებობის მიზეზი,“- ურჩია ქალიშვილს. იქნებ გიგუტას ორსული ქალები აღიზიანებს და თქმა ერიდება. მანანა ასეც მოიქცა , მაგრამ გულახდილობის ნაცვლად დუმილის ყრუ კედელს წააწყდა. გიგუტა ჰგავდა აუღებელ ციხესიმაგრეს, რომლის წიაღში შეღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. მანანა დაცდა ამჯობინა, აუ, გააჩენს ბავშვს და იქნებ მის ქუჩაზეც გამოჩნდეს გაზაფხული.
ჯამრთელი, ლამაზი ბიჭი ეყოლათ. დაარქვეს ირაკლი. გიგუტა თითქოს გალღვა , მამობა შეიფერა , ანანაც თბილად ეფყრობოდა , თუმცა თვალებში რაღაცნაირი , დატყვევებული ნადირის სევდა ედგა. მერე ისევ რეისმა მოუწია. ისევ ნახევარი წლით. მანანა კი ისევ ითვლიდა დღეებს და ისევ გაუცრუვდა იმედი. გიგუტა ჩამოვიდა , საჩუქრები დააყარა , ქმრის მოვალეობაც შეასრულა, მაგრამ ისე ნაჩქარევად და ფაციფუცით , თავმოყვარე მამალი არ იკადრებდა. მერე გადაბრუნდა და დაიძინა , როგორც უწინ.
გულგატეხილი მანანა ისევ დედასთან გაიქცა. ქალბატონი იზოლდა სერიოზულად შეფიქრიანდა. გაიხსენა ყველა შესრულებული როლი , ყველა წაკითხული პიესა, მაგრამ ღვილის პრობლემას გასაღები ვერ მოუნახა. „იქნებ ჩემშია საქმე , იქნებ მე ვაკლებ რამეს ლოგინში!“ - ხელს იმტვრევს მანანა . „შეიძლება“, - დაბეჭდა დედამ და ქალიშვილი სექსოპათოლოგთან მიარბენინა. მანანამ ერთი სიცოცხლე დაამთავრა , ვიდრე უცხო, მეჭეჭებიანი ქალის უხერხულ კითხვებს პასუხობდა.
- ალიბიდემია დისჰარმონიის ფონზე, - დაასკვნა მეჭეჭმა.
- რას ნიშნავს ? - დაიბნა მანანა.
- ალიბიდემია სქესობრივი ლტოლვის გაქრობა გახლავთ, დისჰარმონია - მოუწესრიგებელი ცოლქმრული ცხოვრება. თქვენი მეუღლე ექვსი თვეა რეისშია , სტატისტიკური მონაცემები კი ცხადყოფს - ჯამრთელი სექსი კვირაში სამჯერ აუცილებელი თუ არა, სასარგებლო მაინც არის.
- გამოსავალი ?
- მოიყვანეთ თქვენი მეუღლე ჩემთან , გავიცნობ , გავესაუბრები...
მანანას სასაცილოდ არ ეყო მეჭეჭიანის ედეა, გიგუტამ რომ ცოლის სექსოპათოლოგთან ვიზიტის ამბავი გაიგოს , შეიძლება მართლა მიატოვოს. მას ჯერ კიდევ უყვარდა ქმარი ...
ქალბატონმა იზოლდამ ერთხანს უყურა ქალიშვილის ტანჯვას, მერე თავისთან მიიხმო და თამაშის სხვა წესები შესთავაზა:
- იცი რას გეტყვი , ჩემო კარგო, შენს ქმარს წელს ქვევით კი არა, თავში სჭირს დისჰარმონია.
და ქალბატონმა იზოლდან შვილს ქმრის კაბინეტის გაჩხრეკა შესთავაზა. მანანა აღშფოთდა : „სხვისი წერილების კითხვა რომ უღირსი საქციელია შენ მასწავლე და ახლა საკუთარი ქმრის ნივთებში ქექვას მთავაზობ ?“ ქმარი , „სხვა“არ არის, - უპასუხა მშობელმა დედამ და დააყოლა : თუკი ის (მანანა), უწინდებულად აპირებს თავის მოტყუებას, მას (დედას) , ხელიც დაუბანია.
მეორე დღეს მანანამ ხელის კანკალით და აწრიალებული სინდისით ამოაცოცა გასაღების ასხმა ქმრის პიჯაკიდან და ჩაკეტილი უჯრების გაღებას შეუდგა... სიმწიფის ატესტატი, დიპლომი, თანრიგის მოწმობა სპორტულ ტანვარჯიშში, ბრელოკები, რეისებიდან ჩამოტანილი სუვენირები ... და უცებ ცხვირს სურნელი მისწვდა ! ძვირფასი სუნამოს ოდნავ შესამჩნევი სურნელი ,ზღაპრული ჯინივით ამომხტარი უჯრის სიღრმიდან. მანანა დაიხარა და ყნოსვით მიაგნო სურნელის წყაროს. ეს იყო ბამბუკის ტარიანი აბრეშუმის მარაო. ნახმარი. რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს მისი ქმრისთვის ნახმარ მარაოს ? იქნებ სახსოვარია?.. სახსოვარი, რომელსაც ჯერ კიდევ ასდის პატრონის სურნელი.
მანანამ უკრები დაკეტა და გასაღების აცმა ისევ პიჯაკის ჯიბეში ჩააცურა. უცებ, ხელზე რაღაც პრიალა ქაღალდი მოხვდა. ამოიღო და ფერადი ფოტოსურათი შერჩა. სურათზე სამი ადამიანი იყო გადაღებული , ამ ადამიანებს მანანა კარგად იცნობდა. ერთ-ერთი მისი ქმარი იყო , გიგუტა ; დანარჩენები - გიგუტას კლასელები : სოფო კანკავა და მერაბ წკრიალაშვილი. ერთმანეთს გადახვეულები იდგნენ სანაპიროზე , და ეს სანაპირო ნამდვილად არ ჰგავდა ბათუმისას. ფოტო საზღვარგარეთ იყო გადაღებული , სავარაუდოდ, საკურორტო ქალაქ ვარნაში. გიგუტას საქორწინო ბეჭედი ეკეთა , რაც იმას ნიშნავდა , რომ კლასელებს რეისში ყოფნისას გადაეყარა. მართლაც , გემი სამი დღე იდგა ვარნაში და მეზღვაურებს თავისუფლად შეეძლოთ სიარული. ამ მხრივ, გიგუტას ვერაფერს მოედავები, მაგრამ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი ამ რეისიდან ასეთი შეცვლილი ? ან რატომ არიან ერთად სოფო და მერაბი ? სად არის ერთის ქმარი ან მეორეს ცოლი ?
და აქ მანანა მიხვდა - მისი ქმარი შეყვარებულია! მას უყვარს სოფო კანკავა, ქალი, რომელსაც ოფიციალური ქმრის პარალელურად საყვარელი ყავს - მერაბ წკრიალაშვილი, წკრიალა!
მანანა აღარ დაელოდა ემოციების გაციებას . იმავე საღამოს ,როგორც კი ბავშვი დააძინა , ტახტზე არხეინად წამოწოლილ ქმარს ტელევიზორი გამოურთა და ყოველგვარი შესავლის გარაშე მიახალა , რომ იცის მისი გაუცხოების მიზეზი და ეს მიზეზი სოფო კანკავაა.
ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ გიგუტას არც უცდია თავისმართლება. თავჩაქინდრული დუმდა.
მანანას არ გაუმართავს ისტერიკა. ტაქსი გამოიძახა, მძინარე ბავშვი პლედში გაახვია და ქმრის სახლი დატოვა. ორიოდე კვირაში გიგუტამ ცოლს მიაკითხა , მუხლებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა, მაგრამ მანანას აღარ უყვარდა ქმარი. გემბანზე მდგარი თეთრკიტელიანი კაპიტანი ბუნებაში არ არსებობდა, ის წიგნის გმირი იყო და წიგნშივე დარჩა.
მანანა თხრობას ასრულებს და ორაზროვნად მიყურებს.
- იცი, იამზე რა იყო გიგუტას უბედურება ?
თვალებით ვეკითხები, ენა , შეიძლება ითქვას , მუცელში ჩამივარდა.
- მეტისმეტად პატიოსანი იყო. არ შეეძლო ერთდროულად ორ ქალთან წილა... თანაც , ის პირველი სიყვარული იყო , აუხდენელი ოცნება , მისი ჟინი მთელი ცხოვრება კლავდა.
- იმის თქმა გინდა , რომ ... - სიტყვა მიწყდება და ისევ თვალებით ვეკითხები.
- იმის თქმა მინდა, რომ ისინი საყვარლები იყვნენ .
- იქნებ... იქნებ პლატონურად უყვარდა.
- მეც მიფიქრია ამაზე, მაგრამ ფაქტი სახეზეა, - მანანა ხელჩანთას ხსნის და მაგიდაზე დიქტოფონს დებს.
- ეს რა არის? - ვეკითხები ხმის კანკალით.
- დიქტოფონი, - გულუბრყვილოდ იხსნის, თითქოს მე ვერ ვხედავ .
ვხედავ , მაგრამ თვალებს ვერ ვუჯერებ . თავს დავდებ , სწორედ ამ დიქტოფონს ედავებოდნენ სუსიკოს დედას, სავარაუდოდ, ჩემთანაც დიქტოგონს ეძებდნენ , ლალიკოსთანაც , მერაბთანაც !
- გიგუტას ბინაში ვიპოვე , როცა ვალაგებდი, - ამბობს მანანა.
- ბინაში... რომელ ბინაში?
- გიგუტას ერთოთახიანი ჰქონდა თბილისში , რომელიც ანდერძით ირაკლის დაურეკა. რეისიდან რეისამდე იქ ცხოვრობდა ხოლმე , ბათუმში იშვიათად ჩამოდიოდა , მხოლოდ ბავშვის სანახავად . მე არ ვუკრძალავდი , რა უფლება მქონდა , მამისთვის შვილის ნახვა დამეშალა?! თანაც არ ყოფილა ცუდი მამა , საჩუქრებით ანებივრებდა. უბრალოდ, ხშირად ვხედავდი ნასვამს და ამის გამო ვღელავდი... ჰოდა , იმას ვამბობდი, სახლის დალაგებისას აი , ამას წავაწყდი, - მანანა დიქტოფონზე მანიშნებს, - ფეხსაცმლის ცარიელ კოლოფში ედო , იმ ავადსახსენებელი მარაოს გვერდით. რომ არა მარაო, ალბათ არც მივაქცევდი ყურადღებას , მაგრამ მარაო გიგუტას სიყვარულის ობიეწტს დავუკავშირე და , რაღა დაგიმალო, დიქტოფონითაც დავინტერესდი.
- მერე ?
- მერე გაისმა სოფო კანკავას შუდარებელი ხმა, - არტისტულად წელავს მანანა.
ჩემი ხელი ავტომატურად მიცოცავს დიქტოფონისკენ, ერთი სული მაქვს მოვუსმინო.
- ციც! - მანანა გამაფრთხილებლად მიქნევს თითს და დიქტოფონს ხელისგულს აფარებს , - აქ არა, შინაც მოასწრებ. ამ ჩანაწერს შენ გჩუქნი, იათამზე, თუ რამეში დაგეხმარება , ხომ კარგი , თუ არა და, შეგიძლია ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილო და გადააგდო, - მანანა ხელჩანთას კეტავს და წასასვლელად ემზადება. - ბათუმში თუ მოხვდები , გამომიარე, გიგუტას შვილს გაგაცნობ.




* * *
ნაწყვეტი სოფო კანკავას ჩანაწერიდან:
„ლაპარაკი მინდა , მსმენელი კი არ მყავს , მეგობრები დაიფანტნენ , მე და დიქტოფონი დავრჩით. ეს მინიატურული შავი კოლოფი არ დამაღალატებს , მოისმენს და ერთგულების ნიშნად წითლად ჩამიპაჭუნებს თვალს. მეც ვუერთგულებ , ისეთ ადგილზე დავმალავ , რომ ლადომ ვერასოდეს მიაგნოს. ზუსტად ვიცი, ლადო მითვალთვალებს, გრძნობს, რომ რაღაცას ვიწერ და კომპიუტერში კოდის გატეხვას ცდილობს. ვერ მოგართვი , ძვირფასო ძამიკო, აწი ფხიზლად ვიქნები , კავკასიური ნაგაზივით...“
„...წუხელ წკრიალა დამესიზმრა, არათითზე ოქროს რგოლი ეკეთა და მახარბებდა. დაბოღმილს გამეღვიძა. ბედნიერი მაინც იყოს თავის პირანია ცოლთან . არ არის ბედნიერი, მშიერი თვალებით მიყურებს და ნერწყვს ყლაპავს . ნერწყვებს ყლაპავს გიგუტაც , თუმცა კარგი ცოლი ჰყავს. გვიანია თითზე კბენანი ბიჭებო , თქვენ გზის დასაწყისში მიმატოვეთ , ლადომ კი მიპოვა და გალიაში ჩამსვა , თუთიყუშივით. სოფო თქვი :ააა... და მე ვამბობ: ააა... ახლა :ბეე...და მეც ვამბობ : ბეე...თუ არ გავიმეორებ , დოზას არ მომცემს. ლადო დოზას მაძლევს , მე - სხეულს. ბარი ბარში ვართ...“
„...გუშინ ირამ დარეკა , თავისი ჭკუით უკანასკნელი გაფრთხილება მომცა . ირა ფიქრობს, ქმარს ავახევ . სულელი“
„ქეთისთან დაკავშირებით სინდისი მქენჯნის . „ჩვენი რომ ყოფილიყო კლეპტომანი?“ - ვეკითხები ლადოს. „ჩვენი შვილი არ იქნებოდა ლეპტომანი“. -მპასუხობს ის. კიდევ კარგი ამ პირუტყვისგან შვილი არ მყავს . ღმერთო, როგორ მძულს, როგორ მეზიზღება, მისი ოდეკოლონიც კი გულს მირევს. არადა, წკრიალასაც ზუსტად ასეთი ასხია და სულაც არ მაღიზიანებს. პირიქით, მისი კანის სუნი აღმაგზნებს“.
„გარდაიცვალა ლიანა მასწავლებელი , ჩვენი კლასის დამრიგებელი. გუშინ პანაშვიდი იყო. ყველანი ვიყავით , სუსიკოს გარდა. საწყალი ლიანა მასწი, როგორ ვაბრაზებდით...ერთხელ მე და წკრიალას ფიზკულტურის დარბაზში შემოგვისწრო, გასახდელში ვიჯექით და ტუჩებში კოცნას ვსწავლობდით. კალათბურთის ბურთი გამოგვიქანა, კიდევ კარგი, წკრიალას მოხვდა და არა მე. ვიფიქრე, პანაშვიდის შემდეგ სადმე კაფეში დავსხდენოდით , მაგრამ წკრიალა ირამ აიკლო ზარებით, იამზემ კი ერთი წრე დაარტყა და დატყდა . მეორე ქმართან დაშორების შემდეგ იამზე შეიცვალა, ერთი შეხედვით უწინდებურად ხალისიანია , მაგრამ შინაგანად დათრგუნვილია. სუსიკომ საიდუმლო გამიმხილა - ქმრის ჯინაზე აბორტი გაიკეთა და საკუთარ თავს ვერ პატიობსო. რამ გააკეთებინა აბორტი , ვატო ისეთი ნორმალური ბიჭი იყო, თითქოს ერთმანეთიც უყვარდათ...“
„ირა დაუფარავ შანტაჟზე გადავიდა . მემუქრება - ქმართან ჩაგიშვებო . და რას მოიგებს ? წკრიალა ცოლს მიატოვებს , მე - ქმარს , ირა კი მარტო დარჩება სამი შვილით მარტო. არ მინდა წკრიალამ გიგუტას ბედი გაიზიაროს. გიგუტას მიმართ ისეთივე სინდისის ქენჯნას ვგრძნობ , როგორც ქეთის მიმართ. არ მეგონა, ვარნაში გატარებული ერთი ღამე თავდაყირა თუ დააყენებდა მის ცხოვრებას . რომ მცოდნოდა, ცოცხალი თავით არ დავნებდებოდი, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა, როგორია გიგუტა ლოგინში. ის ერთადერთი ღამეც წკრიალას ეკუთვნოდა , უბრალოდ , იმ საღამოს ისე დავცხეთ , გიგუტასთან კი არა , პირველ შემხვედრთან ვუღალატებდი . მთვრალები ვიყავით და მოვაწყვეთ ცოდვის ღამე . მე და წკრიალა მეორე დღეს შევრიგდით, გიგუტამ კი ისე გამოიდო თავი, თითქოს კანონიერი ცოლი გაექცა სხვასთან . „შენი გულისთვის თავს მოვიკლავო“, და ამას ეუბნება ადამიანს , ვისაც არაერთხელი ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა“.
„... მე მეცვა „ჯან პოლ გოტიეს“ წითელი პიჯაკი და „კრიციას“ შავი ფეხსაცმელები. ვარცხნილობა „ისი პარიში“გავიკეთე და წავედი პაემანზე. გავიპარე. წკრიალამ მითხრა, - ძალიან ლამაზი ხარო , მე ვუპასუხე , - მირჩევნია , ბედნიერი ვიყო - მეთქი. ზოგჯერ მეჩვენება, რომ წკრიალა მართლა მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ , როცა სეთი აღტაცებით მიყურებს . მომწონს ჩემი აღტაცებული კაცები, იმათი თვალით ვუყურებ საკუთარ თავს და ნარცისიზმში ვვარდები. „გინდა ყველაფერს მივაფურთხოთ და სადმე გადავიკარგოთ?“ - მკითხა წკრიალამ . გამეცინა. ერთხელ უკვე გადავიკარგეთ. იმიტირებული თაფლობის თვე მოვიწყვეთ. და რა ? როგორც კი ყურადღებას მოვადუნებდი , წკრიალა ტუალეტში იკეტებოდა და თბილისში რეკავდა - შინ , ცოლთან , შვილებთან... ისინი ერთნი იყვნენ, განუყრელნი, მე - მთელის უმნიშვნელო ნაწილი. რამდენჯერაც გაოვიჭირე , იმდენჯერ ისტერიკა დავიმართე. ვჩხუბობდით, ვრიგებოდით , ისევ ვჩხუბობდით, ისევ ვრიგდებოსით. ვარნაში გიგუტას გადავეყარეთ... გვქონდა ყმაწვილობის დროინდელი სამკუთხედის აღდგენის უშედეგო მცდელობა - მე, წკრიალა და გიგუტა. ჩვენ ერთი უბედურება გვჭირს, ვერ გავთავისუფლდით წარსულისგან , ვერ შევეგუეთ აწმყოს , ვერ ავაწყვეთ მომავალი. არასოდეს დამავიწყდება გიგუტას სახე, როცა ვარნის პორტში ერთად დაგვინახა. არ იცოდა , რა ექნა - შეემჩნია -არ შეემჩნია , წყენოდა - გახარებოდა. ვფიქრობ, ეწყინა. უფრო სწორად, შესურდა. არადა, მაშინ ახალი დაქორწინებული იყო. მე მომწონდა მისი ცოლი - სათნო პროვინციელი გოგონა. გიგუტა კი ჩემზე ჩაიციკლა , ალბათ გართულება ჰქონდა ზნედაცემულ ქალებზე...“
„... გიგუტა თვალსა და ხელს შუა ლოთდება , მე თვალსა და ხელს შუა ვყალიბდები ნარკომანად. ვერა რევიზიას უტარებს ჩემს ოთახს, ჰგონია, სადღაც სასმელს ვმალავ და ჩუმ - ჩუმად ვწრუპა. ვერ წარმოუდგენია, რომ კოკაინს ვყნოსავ. სამი წლის წინ ვერც მე წარმოვიდგენდი , მაგრამ დღეს... ჩემო უტყვო მეგობარო , გინდა, გიამბო რა გავაკეთე დღეს?.. არა , არ შმიძლია , მრცხვენია... შენთანაც კი მრცხვენია...“
„წკრიალამ დაირეკა - იამზეს სახლის გასაღები გამოვართვი, რვა საათამდე დრო გვაქვსო. მეფიცება, ჩვენ შესახებ არაფერი იცისო . მიჭირს დაჯერება , წკრიალა და იამზე ისე ახლოს არიან , ზოგჯერ ვეჭვიანობ კიდეც. წკრიალამ მითხრა: - იამზემ რომ იცოდეს, ვინ ამყავს მაგის სახლში, იმ გასაღებით თავს გამიჩეჩქვავდაო . მეწყინა და გავბრაზდი . „შენ სხვანაირად გაიგე, - დამამშვიდა წკრიალამ , - იამზე ირას მხარეს არ არის , უბრალოდ, ღალატის წინააღმდეგიაო“. ვფიქრობ , ვატოც ღალატზე გამოიჭირა , იმიტომ არის ასე აცრილი...“
„ეს დღეები სულ გული მერევა, სიგარეტსაც კი ვერ ვეწევი. გუშინ სეანსის დროს თავბრუ დამეხვა და გული წამივიდა. ვერამ , ორსულად ხომ არ ხარო . რა სისულელეა...“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent