შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეჩვიდმეტე თავი)


6-02-2018, 22:22
ავტორი murachashvili
ნანახია 3 650

ალბათ, თქმაც არ უნდა, რომ მარიკას შემოთავაზებაზე დათანხმება აზრადაც არ მოსვლია. ეგ კი არადა, იმ დღიდან მოყოლებული პავლოვზე არსებულ ქარხანასთან ფეხი აღარ დაუდგამს. მისი ასეთი ქცევა რა თქმა უნდა უკვირდათ ბიჭებს, თუმცა არც ერთი არ ეკითხებოდა მიზეზს.
სამაგიეროდ ახალი ტრადიცია დანარგა. რესპუბლიკური საავადმყოფოდან სახლში მიმავალმა, რამოდენიმეჯერ შენიშნა ტაშკენტის ქუჩის კუთხეში ბიჭებთან მდგომი გიგინეიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟი ზურგით იდგა, მისი ცნობა არ გასჭირვებია, გიგა ხელებით, მთელი ემოციით საუბრობდა და ხმამაღლა იცინოდა. მართალია ვაჟი მის დანახვას ვერ შესძლებდა, მაგრამ სახე მაინც კაპიუშონით დაიფარა და თავდახრილი სწრაფი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გადავიდა საპირისპირო მხარეს. წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ გაურბოდა, რატომ ემალებოდა, ან ასე პანიკურად რატომ ეშინოდა გიგასთან შეხვედრის, თუმცა ფაქტი მაინც ფაქტად რჩებოდა, ნაცნობი სილუეტის დანახვაც კი საკმარისი გახლდათ, გულის საგულიდან ამოსავარდნად.
- დებილი ხარ, ჩამოყალიბებლი დებილი! ასე რამ შეგაშინა?! - საკუთარ თავს თავადვე ლანძღავდა.
ალბათ, ყველაზე მარტივი იმ წუთას ამ გრძნობისთვის შიშის დარქმევა გახლდათ, მაგრამ იყო კი შიში?!
აშკარად უცნაური მიზიდულობის ძალით გამოირჩეოდა ტაშკენტის ქუჩის კუთხე. მთელი დღე ცქმუტავდა, ვერ ისვენებდა. თითქოს შემთხვევით მაინც და მაინც კანდელაკისა და ტაშკენტის ქუჩებზე არსებულ გზაჯვარედინზე გაივლიდა, შორიდან შეავლებდა თვალს კუთხეში მდგომ ბირჟას, თუ გიგინეიშვილიც იქ იდგა ისეთ სახეს მიიღებდა, თითქოს ვაჟს ვერ ამჩნევდა, თავს ამაყად აწევდა და ქვეყანა რომც დაქცეულიყო, ბიჭების მხარეს არაფრის დიდებით არ გაიხედავდა.
მართალია ნინო დარწმუნებული იყო, რომ ვაჟი ქუჩაში ლანდივით გავარდნილს ვერ ამჩნევდა, მაგრამ მწარედ ცდებოდა. რას ფიქრობდა ამ დროს გიგინეიშვილი?! წარმოდგენა არ მაქვს. ერთი რამ ცხადი იყო. მიუხედავად ქალიშვილის მცდელობისა შეუმჩნევლად ემოძრავა, ვაჟი კარგახანია ხედავდა კუთხიდან მოთვალთვალეს. ზოგჯერ, განგებ ქუჩაში არ გამოდიოდა გიგა და მალულად, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, ფარდებს უკან მდგომი უმზერდა გზაჯვარედინს. თითქმის ზუსტად იცოდა დრო, როდის გამოჩნდებოდა ნინო. ამჯერად თავად იდგა და აკვირდებოდა თვალებგაფართოებული როგორ ეძებდა ჯგროდ მდგომ ბიჭებში. შეუძლებელი იყო ვერ შეგენიშნა ნინოს სახეზე გამოსახლი იმედგაცრულება და სასოწარკვეთა. წესით, ალბათ ნდა შესცოდებოდა, მაგრამ გიგინეიშვილს სასურველზე მეტად კმაყოფილს, უბრალოდ ეღიმებოდა.

ასე კუკუ-მალობაში დრო გადიოდა. საქართველოში კი პოლიტიკური სიტუაცია დალაგების ნაცვლად სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. მოგეხსენებათ, რომ მოსკოვისა და თბილისის მიმოწერის პარალელურად საქართველოში გრძელდებოდა და სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა სამხედრო დაპირისპირება. პარალელურად თბილისში არსებული საძმოები საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად უმოწყალოდ ანადგრებდნენ ერთმანეთს. განა შეიძლება თხუთმეტიდან ოცდახუთ წლამდე ახალგაზრდების ქუჩურ გარჩევებში დაკარგვა ნორმად მივიჩნიოთ?! არარსებული იდეალებისა და იდეებისთვის თაობები იღუპებოდნენ და გარშემო მყოფნი ხმამაღლა გაპროტესტების ნაცვლად ამასაც ეგუებოდნენ, ისევ ეჩვეოდნენ, ისევ მხოლოდ მაყურებლის როლში დარჩენას ამჯობინებდნენ. ტკივილი ტკივილს ემატებოდა, პრობლემა პრობლემას და საპასუხოდ ძაძით იმოსებოდა თბილისი.
ცხინვალის მისადგომებთან წინა დღის მძიმე ბრძოლის შემდეგ სოფელი რუისის მინდვრებში იდგა სანახევროდ განადგურებული ქართული ბატალიონი. წვერისა და მოზრდილი თმის გამო, იქ მყოფთა ზუსტი ასაკის დადგენა აშკარად გაგიჭირდებოდათ. აღარც ახსოვდათ უკანასკნელად როდის მიიღეს ცხელ-ცხელი აბაზანა. თმცა ეს ახლა არავის ადარდებდა. ერ-ერთ კარავში ლაზარეთი მოეწყოთ. მეღლისგან ნასწავლი პირველადი დახმარების წესები აშკარად ადგებოდა ზურას, ბატალიონში მყოფი ერთად-ერთი ექიმი აგერ უკვე ორი დღეა გორის ჰოსპიტალში წაიყვანეს ოპერაციის ჩასატარებლად და უკან აღარ დაუბრუნებიათ. ახლა ის იყო ექიმიც, მეთაურიც, მამაც და სამწუხაროდ მესაფლავეც.
საველე პირობებში მყოფი ჯარისკაცები რკინის სათლებში აცხელებდნენ წყალს, ვიღაც მოზრდილ რკინის აბაზანაში, როგორც თავად უწოდებდა „ლახანკაში“, რეცხავდა ფერდაკარგულ, გადახუნებულ, ალაგ-ალაგ დაკემსილ სამხედრო ფორმებს. ვიღაცას პოვრობა აეღო საკუთარ თავზე, კოცონზე კერია მოეწყო და მოზრდილი ჩუგუნის ქვაბით წვნიანს ხარშავდა. სოფლის ყანაში მოპარული კარტოფილი ქვაბში ჩაეყარა, მდინარეზე დაჭერილი თევზი თხილისგან გამოჭრილ შამფურებზე წამოეცვა და მალი-მალ ატრიალებდა.
ერთ-ერთი ჯარისკაცი იქვე მწოლიარე დაჭრილი ჯარისკაცისთვის წამალს ხარშავდა და ხელისკანკალით ამზადებდა ბაიანს. დიახ, არ მოგესმათ. ასეც ხდებოდა. ადამიანი, რომელიც ექიმთან ვიზიტზე არ მიდიოდა ნემსის შიშით, ახლა ყოყმანის გარეშე თავადვე უკეთებდა სხვას ვენაში მორფს.
ამტყუნებთ?! ალბათ. თუმცა ვიდრე საბოლოოდ გამოუტანდე განაჩენს, მაინც უნდა ვთქვა. რთული ყოფილა, მერედა როგორი რთული ძმადნაფიცის ცრემლების ნახვა, ძვლამდე მისული დამპალი ხორცის სუნი და ექიმის უშედეგო ლოდინით ნატვრად ქცეული სიკვდილი.
ალბათ, მეტყვით განა ბაიანი გამოსავალიაო? იქნებ მართალიც იყოთ, იქნებ არ იყო გამოსავალი, მაგრამ დროებით ხომ ივიწყებდა, დროებით ხომ ტკივილიც ამდებოდა?!
- ექიმი ისევ არ მოვიდა? - წამლის ხარშვისას წამოადგა ზურა ჯარისკაცს.
- არა, ალბათ არც მოვა.
- რატომ ვითომ? - მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რასაც გულისხმობდა, მაინც ჩაეკითხა რიგითს.
- თქვენც ხომ იცით?! ჯერ კიდევ გუშინ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი! - სასოწარკვეთის დამალვას სიბრაზეში ცდილობდა ვაჟი.
დაჭრილთან დაიხარა ზურა, ფრთხილად ასწია სახვევი. ლპობა შეპარული ხორცის სუნმა ყელი ჩასწვა, ბრმა უნდა ყოფილიყავი ან ზედმეტად გამოუცდელი, რომ ვერ მიმხვდარიყავი, ნაღმისგან ნახევრად მოგლეჯილი ტერფი სასწრაფოდ ამპუტაციას საჭიროებდა.
- მორფი რამდენ ხანს იმოქმედებს? - ინტერესით ჩაეკითხა ჯარისკაცს.
- ალბათ საათ ნახევარი, შეიძლება ორიც.
- მე მეყოფა. - თავისთვის ჩაილაპარაკა ზურამ - სიკვდილამდე ჯერ კიდევ ადრეა! - მამაკაცის იმედიანი ხმა გულზე მალამოდ მოედო ვაჟს

სწრაფად წამოდგა და შტაბად ქცეულ ერთ-ერთ კარავში შევიდა. იქ შეკრებილ სამხედროებს მოზრდილი რუკა გაეშალათ და დაძაბული სახეებით იეროგლიფებით დაფარულ ნახაზს უკირკიტებდნენ. ხელით დახაზულ რუკაზე სოფელ ერედვში შემსვლელი ბილიკები იყო დატანილი. უფროს უმცროსებს შორის ზღვარი აშკარად წაშლილიყო. ვეღარ მიხვდებოდით, რომელი იყო მეთაური და რომელი რიგითი ჯარისკაცი იმდენად გაცხარებულები კამათობდნენ.
- შეუძლებელია, ასე ვერ გავრისკავთ, აღარც იარაღი გვაქვს და აღარც სურსათი. - ერთ-ერთი შავ წვეროსანი მამაკაცი თვალების ბრიალით უმზერდა წინ მდგომ ვაჟს.
- თვალების ბრიალი შედეგს არ მოგვცემს. კვირაზე მეტია ბიჭები დახმარებას ელიან! - პოზიციას არ თმობდა ბიჭი.
- სხვა გზა არ გვაქვს. შებინდებას დაველოდოთ და შესვლა ვცადოთ. - წინ მდგომთათვის არც შეუხედავს ისე გამოაცხადა ზურამ.
- ფიქრობ რას ამბობ?! - გაცხარდა წვეროსანი - ასე ვერ გავრისკავთ.
- შენც ხომ იცი, რომ დახმარების გარეშე ვერ გამოვლენ?! - ლურჯი თვალები ბრაზით ანთებოდა ზურას.
- მესმის, მაგრამ მხოლოდ პარტიზანების იმედად ცხინვალში ვერ შევალთ. - პოზიციას არ თმობდა წვეროსანი.
- იქნებ თბილისიდან დაგვემხარონ? - იმედს არ კარგავდა ერთ-ერთი.
- ზღაპრების ისევ გჯერა? - ირონიულად გაეცინა წვეროსანს.
- ტყვია-წამალს მაინც არ მოგვცმენ?! - არ ჩუმდებოდა ვაჟი.
- თუ არ გამოგვიგზავნიან, თბილისში დავბრუნდეთ.
ზუსტად ვერ გაიგო რომელმა თქვა, მაგრამ ამის გაგონებაზე ერთბაშად იფეთქა ჩუმად მდგომმა ზურამ:
- უკან გაბრუნება ომის წაგებას ნიშნავს. გგონიათ თბილისამდე ვერ ჩამოვლენ? რა პასუხს აძლევთ დაღუპულ ბიჭებს? რა პასუხს აძლევთ, ჩვენი დახმარების იმედად ცხინვალში დარჩენილ ბიჭებს?
- ახლა ემოციები გალაპარაკებს, მაგრამ ცივად აზროვნება გვჭირდება. აღარც იარაღი გვაქვს, აღარც ხალხი გვყავს. მშიერი, ბაცაცობაზე გადასული ჯარისკაცებით რუსებს ომს ვერ მოვუგებთ!
- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ის ბაცაცა ჯარისკაცები, როგორც შენ უწოდებ საქართველოსთვის იღუპებიან, მათი სიცოცხლე, მათმა მშობლებმა ჩვენ გვანდეს. ჩვენ კი ვერ დავიცავით, ვერ მოვუფრთხილდით. იმ ბაცაცა ჯარისკაცებიდან ერთ-ერთი ახლა ტკივილისგან იკრუნჩხება და დახმარებას ისევ ჩვენგან ელის.
- საკმარისია, ისე ნუ გამოგყავს, თითქოს მხოლოდ შენ გაწუხებდეს მათი ბედი! - ბრაზისგან თვალები დაქაჩა წვეროსანმა - მაგრამ რეალობას ვერ შევცვლით, თუ დახმარება დროულად არ მოვა, უკან დახევის გარდა სხვა გზა არ გვექნება.
- დახმარების თხოვნით თბილისში რადიოგრამაც გავაგზავნეთ. - საუბარში ჩაერია შედარებით ახალგაზრდაც.
- და რა გითხრეს? - ამჯერად მას ჩაეკითხა ზურა.
- არაფერი, სრული დუმილი..
- გიკვირს? -გულწრფელი ტკივილით ჩაეკითხა წვეროსანი ზურას - ეგ კი არა, კიდევ დიდხანს რომ გავჩერდეთ, სხვისთვის დახმარების ნაცვლად თავადვე ვიქცევით ცოცხალ სამიზნედ.
- მართალი ხარ. ლოდინს აზრი არ აქვს. აქ ყოფნით ისედაც ვრისკავთ. გადავნაწილდეთ. იქნებ სოფლებში შევაფაროთ თავი.
- ფრთხილად იყავით, ახლა მშვიდობიან მოსახლეობას არ შევუქმნათ პრობლემები.
- სადღაა მშვიდობიანი მოსახლეობა? - ირონიულად გაეცინა წვეროსანს.
- გადაბარგებას თუ ფიქრობთ, შებინდებამდე კარვების აკეცვა უნდა მოვასწროთ, სოფელში შესვლა ალბათ დაბნელდება ჯობს. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად ჩუმად იმოძრაოთ და ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ.
- ისე გვარიგებ, ჩვენთან ერთად არ მოდიხარ?! - გაოცებულმა ახედა წინ მდგომმა წვერებიანმა.
- არა. გორში ჰოსპიტალში უნდა წავიყვანო. - ეზოში ტკივებისგან ერთიანად დაკრუნჩხულ ჯარისკაცს გახედა ზურამ.
- დაჭრილები ისედაც ბლომად ჰყავთ, კიდევ ერთ მომაკვდავს არ მიიღებენ!
ერთი კი შეხედა ბღვერით, სიტყვების ავტორს, მაგრამ წვეროსანის რეაქციის დანახვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ზურამ. სულ რამდენიმე წამით უმზერდნენ ერთმანეთს თვალებში, უსიტყვო დიალოგი ბევრად მეტყველი გახლდათ ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. მიუხედავად იმისა, რომ თავი დახარა წვეროსანმა, მაინც შენიშნა, ამდენი ხნის შემდეგ პატარა ბავშვივით ტიროდა მამაკაცი.
- თუ საჭირო იქნება, თბილისშიც წავალ, იქ ნამდვილად არ გამიჭირდება ექიმის ნახვა! - კარავში დგომა აღარ შეეძლო, კისრისტეხით გამოვარდა გარეთ ზურა. მართალია გაუჭირდა, მაგრამ ჯარისკაცების დახმარებით ციმ-ციმ ჩააწვინა დაჭრილი ვაჟი სამხედრო ვილისში.
- მომისმინე, ზურა! - უკვე ავტომობილში მჯდომს მიუახლოვდა კარავში მოსაუბრე წვეროსანი - შტაბშიც მიდი. იქნებ რადიოგრამის პასუხიც გითხრან!...
- დახმარების იმედი მართლა გაქვს?!
- არა, მაგრამ ის მაინც მეცოდინება როგორ ვიმოქმედო.
- მაინც რას გეგმავ?
- ბიჭებს უსაფრთხოდ დავაბინავებ და...
-და?...
მამაკაცმა პასუხი არ გასცა.
- არ გაბედო, ვიდრე პასუხს არ გვეტყვიან, ცხინვალში გადასვლა არ გაბედო.
- ბიჭებს უსაფრთხოდ დავაბინავებ. - ისევ იგივეს იმეორებდა წვეროსანი.
- არ გაპატიებ, იმ ჩემს ინვალიდ დედას გეფიცები, არ გაპატიებ! - მანქანიდან გადმოხტა ზურა - გესმის? ჩემს გარეშ ცხინვალში გადასვლაზე არც კი იფიქრო! - მასზე ბევრად მაღალ მამაკაცს მთელი ძალით ანჯღრევდა.
- შეიძლება ყველაფერს ასე იჯერებდე? მართლა ბავშვივით ხარ, ზურა! - მხიარულად ახარხარდა მამამაკაცი - დაგელოდები, აბა რას ვიზამ?!
- მპირდები? - ეჭვით ჩაეკითხა ზურა.
- დაგელოდები, დაგელოდები...
- არ მომატყუო! - გამაგრთხილებლად დაუქნია თითი. ბუმბერაზი კი ხმას არ იღებდა, უბრალოდ იღიმოდა.



№1  offline წევრი თ. ა.

იმდენად კარგად აღწერ იმ ყველაფერს იმ ტკივილს რაც მაშინ ჩვენ მოსახლეობას ჯარისკაცებს და ჩვენ ყველას გვაწუხებდა რომ ვკითხულობ და არ ვიცი რა ვთქვა... საშინელებაა უიმედობა... ოდითგანვე ისე იყო ჩვენი ქართველების ბედი ყოველთვის შინაური გასწირავდა სასტიკად... ის ჯარისკაცები კი გმირები არიან რომლებიც ყველაფრის მიუხედავად იბრძოდა და იცავდა სისხლის ბოლო წვეთამდე მიწას, სახელს, ქვეყანას.
რაც შეეხება ნინოს და გიგას აქ თავს შევიკავებ რადგან გიგას ემოციებს ბოლომდე ვერ ვხვდები და არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიკო
იმდენად კარგად აღწერ იმ ყველაფერს იმ ტკივილს რაც მაშინ ჩვენ მოსახლეობას ჯარისკაცებს და ჩვენ ყველას გვაწუხებდა რომ ვკითხულობ და არ ვიცი რა ვთქვა... საშინელებაა უიმედობა... ოდითგანვე ისე იყო ჩვენი ქართველების ბედი ყოველთვის შინაური გასწირავდა სასტიკად... ის ჯარისკაცები კი გმირები არიან რომლებიც ყველაფრის მიუხედავად იბრძოდა და იცავდა სისხლის ბოლო წვეთამდე მიწას, სახელს, ქვეყანას.
რაც შეეხება ნინოს და გიგას აქ თავს შევიკავებ რადგან გიგას ემოციებს ბოლომდე ვერ ვხვდები და არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს.

არ ვიცი ჩემი ნაწერი რამდენად აღწერს მაშინდელ სიტუაციას და საერთოს რამდენად ვახერხებ იქ მებრძოლთა ემოციების ოდნავ მაინც გათავისებას, მაგრამ მართლა მთელი გულით მინდა მათი თვალით დავინახო მაშინდელი სიტუაცია. რაც შეეხება გიგას და ნინოს, ვნახოთ რამდენად სეძლებს ეს წყვილი თქვენი გულის მოგებას

 


№3 სტუმარი სტუმარი მარინა

ზუსტად და კარგად აღწერ მაშინდელ ვითარებას, პერსონაჟების ემოციებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent