გულწრფელობის საღამო (სრულად)
გულწრფელობის საღამო *** ყველაფერი დაიწყო ერთი წლის წინ. ამინდი სტაბილური და უფრო მეტად დამაფიქრებელი იყო, ყველა იმ მინიმალურ დეტალზეც კი,რომელსაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით. სიცივე საფეთქლებზე გვცემდა სითბო კი ხელის მტევნის ვენაზე გადადიოდა როგორც წარუშლელი სითხე. გაზაფხულისა და მარტის სუნი იდგა მაშინ, კოკრები ჯერ ისევ არ გადაშლილიყვნენ და საღამოებიც ისევ მეტად სევდიანი იყო. ცვლილებებისთვის კი ზოგჯერ, ესეც კი კმარა. გადავწყვიტეთ შეგვეცვალა რამე რადგან ყოველდღიური რუტინისგან ისე ვიყავით გასავათებულები, ისე გვინდოდა ფიქრების განდევნა ჩვენი ყოვლისმომცველი სხეულიდან რომ წამიერად დავივიწყეთ რას ემსახურებოდა ჩვენი იმქვეყნად არსებობა. მე ფერწერით ვიყავი გატაცებული და ჩემი ოთახი სავსე იყო მოხატული ქოთნებითა და მათზე წამოზრდილი მცენარეებით. ყოველ კუთხეში რაღაც ხარობდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა. მათი თავისებური სუნი და სიმწვანე ყველასთვის შესამჩნევი და საყვარელი იყო და მეც მთელი ენთუზიაზმით ვუვლიდი. როცა წელიწადის დროების მიხედვით,მისი ცვალებადობა შევნიშნე, მაშინ როცა საკუთარ არსებობაში- არაფერი არ ხდებოდა გარდა დროის გასვლისა გამიჩნდა შეგრძნება რომ ყველაფერს ჰქონდა გარკვეული განვითარება,საკუთარი თავის გარდა. ფული არასოდეს მქონია და უფრო მეტად იმას ვცდილობდი რამენაირად მეარსება. ოცი წლიდან საკუთარი თავის მარჩენალი,მრჩეველი და მესაიდუმლე ვიყავი და ეს ალბათ ყველაზე სასარგებლოა რაც შეიძლება შენი პიროვნებისთვის მოიმოქმედო. ღამის ცვლაში მუშაობა და კაპიკებად შენი შემოქმედების გაყიდვა, არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭმლისა და სახლის ხარჯებისთვის ფული ძლივს მყოფნიდა მაგრამ არასოდეს დამიწუწუნია რადგან ვიაზრებდი იმას რომ ჩემი გარემოცვა უამრავი კარგი ადამიანით იყო სავსე და ამ მხრივ მე ნამდვილად უბედნიერესი ვიყავი,რომელიც ყოველთვის გამონახავდა გზას საქმის გვერდით გადასადებლად და იმ დროის საკუთარ თავთან დასათმობად. ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები ვიყავით. უკვე ასაკში შესულები და გარკვეული გზაც გვქონდა არჩეული და არავინ არ აღნიშნავდა უიღბლობასა და გაჭირვებას. რადგან ჩვენ გვყავდა ერთმანეთი. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ჯვარედინად ვკონტაქტობდით. ხშირად არ შეგვეძლო ერთად შეკრება თუმცა ერთმანეთის შესახებ თითქმის ყველაფერი იყო ცნობილი. ვინტერესდებოდი მათი წარმატებითა და დაცემით, სიყვარულის ისტორიებითა და იმედგაცრუებებით, ბედნიერებითა და უბედობით. სასიხარულო ამბებს მათთან ერთად ლუდით ავღნიშნავდი და უსიამოვნო გასახსენებელს მეც თვალცრემლიანი ვიხსენებდი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იყო საკმარისი. როცა გაგვიჩნდა გრძნობა რომ უფრო მეტი რამ უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის. ვერ ვიტყვი რომ ეს იდეა, ყველასთვის სასარგებლო გამოდგა თუმცა ვგრძნობ რომ დამეხმარა. დამეხმარა გამეგო უფრო მეტი და თვალი გამეხილა იმ ყველა დაბურულ სიმართლეზე,რომელიც არსებობდა. ეს მარტივი არ ყოფილა, სამალავების აღმოჩენა ყველა კუნჭულში იყო შესაძლებელი და ვინც ამბობს რომ მათი ყველა ურთიერთობა ჩრდილ-გარეშეა, მათ წარმოდგენა არ აქვთ ურთიერთობების შესახებ. ყველაზე წმინდა და სუფთა სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი,ყველა იმ დეტალს,რაც რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველი გაზაფხულის დასაწყისს გამჟღავნდებოდა ხოლმე და ჩვენ ყოველდღიურობაში ჩაიღვრებოდა ბონუსად. ერთი შეხედვით იდეალური კავშირისგან, ნელნელა მხოლოდ ფერფლი და იმედგაცრუება დაგვრჩა, მაგრამ ეს სიყვარულის გარეშე არ არსებობდა. მისი გაქრობა ასე მარტივად ვერ ხერხდება. თუ იმ დღეს მე ზიზღის გარდა არაფერი დამრჩენოდა, ერთი კვირის შემდეგ-როცა უშუალოდ იმ სიცოცხლეზე დავფიქრდებოდი რომელშიც უნებურად ყველა ვმონაწილეობთ, ჩემი წყენა,წამსვე უფასურდებოდა და ქრებოდა ხოლმე. აღდგებოდა ის რაც დავიწყეთ, თუმცა სხვა ბევრი რამ შეცვლილი იყო. სამაგიეროდ ნდობა დაგვრჩა. ვიცოდით რომ დღის იმ პერიოდში,როცა საათი თორმეტს ჩამოკრავს და ჩვენი შეკრება გვირგვინდება, ჩვენ ყველა, ჩვენი ცოდვებითა და სიკეთით ერთ მოჩუქურთმებულ ადგილას ვგროვდებოდით და ირგვლივ ნოსტალგიურ და სასოწარკვეთილ სუნს ვქმნიდით,რომელიც ყველაზე გულწრფელი და აუხსნელი ტკივილით იყო სავსე. ხოდა ვამბობდი რომ უნდა შეგვეცვალა რამე. და ეს რაც მოხდა... იყო ცვლილებათა მწვერვალი და მწველი სიგარეტის ნამწვავი,რომელიც ჩვენივე სურვილით დავიდეთ კანზე. ეს იყო ყველაზე დიდი გადაწყვეტილება და ალბათ აუხსნელად საშიში ექპერიმენტი. ამის გახსენება, ჩვენთვის-ყველასთვის, ძალიან რთული იყო. თუმცა მისი შეჩერება... << - გასულ საუკუნეებში ჯერ ისევ არ არსებობდა სოციალური ქსელები, მაგრამ ხალხი მაინც ბედნიერი იყო. ამის მიხედვით, იმის თქმა მინდა რომ სისულელეა რასაც შენ იძახი. ეს პრაქტიკულობა არ არის, ზომბირებაა. - იმაზე არ გედავები რომ მიჩვევა ყველაფრის მიმართ არსებობს. მაგრამ ხომ უნდა აყვე იმ რითმს,რაშიც ცხოვრობ? - უკვე თავი ამატკივე. მე არ მჭირდება არაფერი, ინფორმაციის მისაღებად. - მაინც ცოტა უფრო მარტივად უნდა შეხედო-არ ვნებდებოდი-რით ხარ უკეთესი, მაგალითად ჩემზე,რომელიც იყენებს სოციალურ სივრცეს? - გარემოცვით. - გინდა თქვა რომ შენი გარემოცვა, მხოლოდ იმიტომ არის ჩემსაზე უკეთესი რომ მე ინსტაგრამზე ზოგჯერ ფოტოებს ვტვირთავ? - საერთოდ მეგონა ერთ გარემოცვაში მოვიაზრებოდით-მიპასუხა წყენით-უკვე ყველაფერს ერთმანეთში ურევ. ესეც უარყოფითი თვისებები. - ბოდავ... - დღის რეჟიმში, რომელი სიმღერაა გასაზიარებლად მზად? სამწუხაროა რომ შენი მუსიკალური გემოვნება ფეისბუქის გარეშეც ვიცი. ამას ვეძახი სიახლოვეს. შენი პოსტოლოგია არ მჭირდება საიმისოდ,რომ გიცნობდე. - რატომ გიყვარს ესე გართულება? - ეს დასასრულია. მალე ყველაფერი, ყველა ადამიანი, დეტალები ადამიანში, ხასიათები, შტრიხები, ემოციები, ყველაფერი დეკორაციულ ყვავილებს დაემსგავსება. რაღა დარჩა საიმისოდ რომ ამაზე არ ვიდარდო. შეგიძლია მითხრა ბოლოს როდის შევიკრიბეთ? მე გეტყვი... ღრმა ბავშვობაში,მაშინ როდესაც ჯერ ისევ ქსელების გარეშე ვიყავით ერთად. აბა ახლა რა ხდება? მჟავე პასუხები ამ ყველაფერზე, მერე (თუ გაგვიმართლა) და გაგრძელდა საუბარი რას ვიტყვით გარდა უაზრობისა? სად ახლა მე და შენ რომ ვუზივართ ამ პატარა მაგიდას და სად … - რაღაც ერქვა ამ შიშს,რაღაცის ფობია... ზუსტად აღარ მახსოვს. ზედმეტად ბევრს ფიქრობ. - მე სხვა რაღაცას ვხედავ-თქვა გიორგიმ- მე ვხედავ სიშორეს, მე ვგრძნობ სიშორეს... და ეს მწყინს. აღარ მინდა ასე შორს ვიყო. - მარტივია. ფეისბუქი გააკეთე. - დაახვიე აქედან ! - ისინი არ არიან შორს, შენ უფრო მეტად ხარ დაცილებული. - ეგეც ჩემი ბრალია ხო? ის სულელი გოგო რომ გათხოვდა და სანამ მაგას იზამდა ერთი თვით ადრე რომ წამაკითხინა ლექცია, ოჯახსა და სირთულეთა ყველა შესაძლო ვარიანტზე? რომ იცინოდა,არაფერს ვაპირებო და მეც რომ დამაჯერა. ვიფიქრე გონს მოეგო. ვინღა თხოვდება ოცდაერთი წლის? ყველა და ყველაფერი შეიშალა. - სხვათაშორის ლელას გათხოვებასა და განქორწინებას ხელი არ შეუშლია ახლა შუშებიან შენობაში იჯდეს და ორი ათასამდე ჰქონდეს შემოსავალი... - მისი ჭკუით,გაცილებით მეტი შეეძლო ვიდრე უბრალოდ... - სულ ვფიქრობდი რომ მოგწონდა. - ნუ დებილობ. - კარგი რა იყო. მართლა მასე მეგონა... რომ დაინახავდი,რაღაც სხვანაირი ხდებოდი... უფრო მეტად კარგი,ვიდრე ხარ. გიორგიმ გადაიხარხარა და ლუდი მოსვა. - წამოდი ...-ვუთხარი მუდარით - ერთი თვის წინ გავაჟღერე, მეთქი კარგი ივენთი კეთდება, ან რომც არ გაკეთდეს მე მაქვს საკმარისად სახლში ყველაფერი რომ ერთხელ, როგორც ადრე ხდებოდა,ისე მოხდეს -ავდგეთ და მეგობრულად ჩავუსხდეთ და ყველა ის *ირობა განვიხილოთ,რაც აქამდე გამოგვრჩათქო. ყველაფრის ორგანიზებას მე ვაპირებდი, ბავშვებს ჩამოვურეკე და თუ მიხვდები რა პასუხი მივიღე მათგან? - ,,არ მცალია?“ - მეხვეწონ...-თქვა მკაფიოდ. - ხომ იცი რომ გვიყვარხარ. - არ ვიცი. - ის ხომ იცი რომ მე მიყვარხარ... მასთან ახლოს მივწექი და თავი მხარზე ჩამოვდე. - ნუ მეპირფერები. - არასოდეს!-ვუთხარი მტკიცედ. ნაწყენი ფეხზე წამოვდექი და ტანსაცმელი ჩამოვიბერტყე. - ჯიუტი ვირი-შვილი ხარ. - მეხვეწეთ... სახლიდან გავედი. ზუსტად ვიცოდი, დათქმულ დროს და სივრცეში, ეს ერთი შეხედვით მტკიცე და მორწმუნე ადამიანი,პირველი მოკალათდებოდა იმ ადგილას,რომელიც სულ მისი იყო... და ჩვენ ყველას გვქონდა ჩვენი კუთვნილი ადგილი. სამაზროვანი ფიქრებიდან მარშუტის ხმამ გამომაფხიზლა და ნახევრად გათიშულმა გზა განვაგრძე. <<< - კარგად ხარ?-ჩემმა თანამშრომელმა როგორც ჩანს შენიშნა აკანკალებული და თოვლივით გათეთრებული თითები და ყავის ლამბაქები ხელიდან გამომგლიჯა. - ექიმთან ისევ არ მისულხარ?- - ყველაფერი კარგად არის. - არაფერიც არ არის კარგად. ვინმემ იცის რომ ავადმყოფობ? ამ კვირაში მესამედ გემართება უკვე. - გითხარი რომ...- ღრმად ჩავისუნთქე და თბილად მოვეფერე მხარზე- ყველაფერი კარგად არის. ვიყავი ექიმთან... ანალიზებს ველოდები. საგანგაშო არაფერია. დრამაში ხომ არ ვთამაშობთ ბოლოს და ბოლოს. - ვნერვიულობ... - ეს კინო არ არის, არც სიმსივნე აღმომაჩნდება,არც ლიმფომა და არც თმა გამცვივდება. ყველაფერს უფრო ნათელი კუთხით უნდა შევხედოთ.... ეს ყველაფერი რომც მოხდეს, ესეიგი საჭიროა ასე განვითარება. მარტივია... - შეშლილი ხარ-მითხრა ღიმილით და მომშორდა. ათრთოლებული ხელები როგორღაც დავიმორჩილე და უკანასკნელი ყავის ჭიქაც, ზედმეტი უზუსტობების გარეშე მივიტანე ადრესატთან... (2) ფიქრები მიდიოდნენ,გაივლიდნენ ჰორიზონტალურ წრიულ დიაგრამას, თავში გაივლიდნენ და მერე უსიცოცხლოდ ჩნდებოდნენ გარშემოწერილობაში. ვფიქრობდი და მტკიოდა... ჩემი ექიმთან ვიზიტები, წარმატებული არასოდეს ყოფილა. ხომ არსებობს ფაქტი, დადებითი და ჯანმრთელი იყო. არ გეშინოდეს არც ერთი სეანსის, არ გეშინოდეს ანალიზებისა და მკურნალობის. არ გეშინოდეს ნემსების,თეთრი პალატების...მკურნალობის უშედეგობა დიდად არ მადარდებდა.ის მკვეთდა სამყაროს რომ ოდესმე, ჩემ არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბარი მომიწევდა. ერთხელაც მკითხავდნენ, ნესი, რატომ გიკანკალებს ხელები გამუდმებით? რატომ გტკივა მუდმივად რაღაც? სისუსტეს რატომ გრძნობ? რატომ და რატომ? ამაზე ფიქრი მღლიდა. აღარ მინდოდა გამუდმებით შემემზადებინა საკუთარი თავი. რამდენჯერაც ამაზე საუბარი დავაპირე,მაშინვე უფრო ალტერნატიული საუბრის მიზეზი გამომიჩნდა. არ ვკვდებოდი,მაგრამ არც სიცოცხლე ერქვა ამ ყველაფერს. ოდესმე აუცილებლად შეამჩნევდნენ. არ ვცდილობდი ეს დოგმა შემეცვალა, ვეწეოდი, სასმლისგან არ ვიზღუდებოდი და უფრო მოკლედ, ძალიან დარხეული მქონდა. ახლაც,როცა შესაძლო შეკრების შესახებ გამაგებინეს, გამუდმებით ეს აზრები მიტრიალებდა. ერთი რამ კი უეჭველად გადაწყვეტილი იყო. აუცილებლად მომიწევდა ამაზე საუბარი და ეს იყო უსიამოვნო განაჩენის მსგავსი... მობილური ამოვიღე და ლელას გადავურეკე. - ანუ როდის?-ვკითხე მაშინვე - ხვალ პატარავ, ოღონდ საღამოსკენ, მანამდე ოფისში უნდა ვიყო. - სულ რატომ ცდილობ ყველაფერი დაბინდებამდე გადაიტანო? - იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს. - იცი, პატარა უფრო კარგი ტიპი იყავი და თავისუფალი დროც ბევრი გქონდა... - ახლა ნესი, თავისუფალი დრო,არც ერთ ჩვენგანს არ აქვს. - ანუ ხვალ... - არაფერი არ იყიდო, გიორგის ველაპარაკე და ისე იაზვურად მომიშორა,მემგონი არც მოვა. გავეხუმრე, ფეიქ ექაუნთი ხომ არ შეგიქმნათქო და ისე გამითიშა, ხმა მობილურის აქეთ ვიგრძენი. - მეც ვნახე დღეს ჰო- სიცილი ძლივს შევწყვიტე- ისევ მეწუწუნა. მაგრამ მოვა, ხომ იცი? პირველი ეგ მოვა. - ვინმე რომ არ მოვიდეს...-თქვა შიშით. - ყველა მოვალთ. - იმდენი ხანია. - ვიცი, მაგრამ მაინც ყველა მოვალთ. - ძალიან მომენატრე... აქამდე როგორ მივედით? - გათხოვილი შენ იყავი და მე მესაუბრები ,,აქამდე მისვლაზე?“ - ოდესმე შემარჩენთ?-გადაიკისკისა - ხვალ ვნახათ ერთმანეთს. - ყველა?...-მის ხმაში შიშის ნაწილაკები იყო - ყველა,რა თქმა უნდა. სხვანაირად არც გამოვა. ყურებამდე გაღიმებულმა მობილური გავუთიშე და ჩანთიდან სიგარეტი ამოვაძვრინე. ნახევრამდე მისულს საშინელი ხველება ამიტყდა, ერთი შევუკურთხე და სანაგვეში მოვისროლე. ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლამდე მისასვლელი გზა გრძელი მომეჩვენა. როგორც კი საწოლში ჩავწექი, საბანი მჭიდროდ შემოვიხვიე და ხვალინდელ შეკრებაზე დავიწყე ფიქრი... ,,როგორ დავიწყო?“ თვალებიდან ცრემლის ორი კურცხალი მოვიშორე და წიგნის კითხვა დავიწყე. << საერთოდ ყოველთვის არსებობდა ასეთი ტრადიცია რომ, ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული მანევრით ვხვდებოდით. შეხვედრისას არასოდეს გადაგვიკოცნია ერთმანეთი, მაქსიმუმ ზურგზე შემოვჯდომოდი ვინმეს ან ცხვირზე ხელი ამერტყა. გიორგის მაგალითად, ყოველთვის ,,ლინკზე გადახვედი“-თ ვესალმებოდით იმიტომ რომ ყოველთვის გაღიზიანებით იხსენებდა როგორ მისწერა ვიღაც დაფოტოშოპებულმა არსებამ, რაღაც გვერდზე მისი ფოტო მოეწონებინა.ძალიან გაგვიკვირდა რა იყო ამაში,ასეთი აღსაშფოთებელი, ყველას ერთხელ მაინც მოსვლია მსგავსი შინაარსის შეტყობინება, თუმცა ამაზე არ საუბრობდა. ფეისბუქი გააუქმა და სამი წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ერიდებოდა კომპიუტერულ ტექნიკასთან კავშირს. ყოველთვის გვაინტერესებდა რა გახდა ამ სიძულვილის მიზეზი,მაგრამ არასოდეს უთქვამს. თავიდან ძალიან სწყინდა ჩვენი სასაცილო ტონი, ზომბებსა და ჩანერგილებს გვეძახდა, მერე და მერე შეეჩვია და უკვე თავადაც ეცინებოდა. ,,გადავწყვიტე სუფთა ჰაერი ვისუნთქო“-ეს იყო პასუხი ყველა აუცილებლად დასმულ შეკითხვაზე...არ არსებობდა მისთვის სამყარო, იმ სამყაროს იქეთ,სადაც შეგეძლო მიწაზე ფეხი დაგებიჯებინა და შეხების შესაძლებლობა გქონოდა. სოციალურად არასოდეს უფილტრავია, მუდამ ერჩივნა მთელი დღე გარეთ გაეტარებინა სეირნობაში, ან ახალი ბიბლიოთეკები აღმოეჩინა. მოსწონდა როცა იზოლირებულად და მშვიდად შეეძლო წიგნის წაკითხვა ან თუნდაც პატარა ჩანახატის მოხაზვა, მის გაცრეცილ ბლოკნოტში,რომელიც სულ ჩანთაში ეგდო და თან დაატარებდა. ჩვენ ვეხუმრებოდით რომ მასში, სასიცოცხლოდ აუცილებელი ძალები იყო შენახული, ან თუნდაც შეყვარებულის -ძველ, პოლაროიდით გადაღებულ ფოტოს მალავდა, უკანა გვერდზე მიკრულს... სულ გვაინტერესებდა რას წერდა, თუმცა ერთადერთი დეტალი, სულ ერთადერთი,რაც ზუსტად ვიცი მის აუხსნელ ბრაზს გამოიწვევდა, ამ ბლოკნოტის წაკითხვა იყო. ამიტომ როგორც ღირსეულ მეგობრებს შეეფერებათ-მის სურვილს ბოლომდე პატივს ვცემდით. გიორგი არასოდეს გვიყვებოდა მის ურთიერთობებზე. შესანიშნავი აღნაგობა, ლამაზი ნაკვთები და აუღწერად მეტყველი თვალები ჰქონდა. მისი ჩაცმის სტილი ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული იყო. ვიცოდით რომ რაღაცებს გვიმალავდა და აუცილებლად ექნებოდა თუნდაც ,,ერთი დღის პაემნები“, მაგრამ ზედმეტად არ ვეძიებოდით. რადგან თავად არ სურდა ამაზე საუბარი,ალბათ ასეც იყო საჭირო. ერჩივნა ჩვენი წუწუნისთვის მოესმინა და გაუთავებლად გაბრაზებული ტონით ჭკუა დაერიგებინა, ეთქვა როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა ისე, რომ იმდენად არ გასულელდე,როგორი სულელებიც ჩვენ ვიყავით... ჩვენს სასიყვარულო ისტორიებს, დივანზე თავჩარგული და თვალებზე ხელაფარებული ისმენდა, ბევრ ლუდს სვამდა და განუწყვეტლივ ცდილობდა სიცილის შეკავებას. ჩვენ ვეუბნებოდით რომ ლუზერი იყო და ვერასოდეს გაგვიგებდა, მაგრამ რეალურად წარმოდგენაც კი არ გვქონდა მის ,,იმიერ“ ცხოვრებაზე,რომელსაც ასე სათუთად ინახავდა საკუთარ დაფარულ ზარდახშაში. მაგრამ მე სულ მჯეროდა,რომ რომანტიკოსი იყო. მჯეროდა მისი სიყვარულის შესაძლებლობების და იმ ადამიანის ბედნიერების,ვინც მის ხასიათსა და ნირს მხარს აუბამდა. ვიცოდი რომ გიორგის ,,არააფიშირებული“ გრძნობები, გაცილებით დიდი და მრავლისმომცველი იყო და მჯეროდა იმის რომ ვინც ამ პანდორას ყუთს გახსნიდა, მხოლოდ საუკეთესოს ამოჩხრეკდა იქიდან. იმდენად მჯეროდა ამ ყველაფრის, მისი უთქმელი სენსიტიურობისა და ერთგულების, რამდენადაც ვერასოდეს ვირწმუნებდი საკუთარ თავს... ეს ვიცოდი აუხსნელად და დასაბუთებით.მხოლოდ ეს. როცა გიორგიზე ვსაუბრობ, მრავლისმომცველ სიყვარულს ვგრძნობ. მაშინვე მისი სიმპათიური და ჭკვიანი სახე მიდგება თვალწინ და მსურს ვაჩვენო მსოფლიოს,ვაჩვენო ყველას და ყველაფერს... რომ მოუსმინონ და იგრძნონ ის,რასაც მე ვგრძნობდი მისი საუბრებისა და ,,სამშვიდობო სეანსების“ შემდგომ. ყოველთვის მეხმარებოდა. ძირითადად ვილანძღებოდი, მაგრამ ყველაზე მეტი რასაც საუბრებიდან ვიღებდი, დადებითი მუხტი და ენერგია იყო. გიორგი სულ ამბობდა რომ რჩევები, ერთ დიდ ნაგავს წარმოადგენდა,უაზრობასა და სილენჩეს. უმჯობესი იყო იმაზე გვეფიქრა, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო რეალურად ჩვენივე შესაძლებლობების ფარგლებში... ის მაძლევდა წიგნებს, მივყავდი სხვადასხვა ღონისძიებაზე, მესაუბრებოდა მობილურით შუაღამისას და ყოველთვის ვიცოდი რომ ყოველი ,,ბილწ სამყაროსთან კავშირის“ შემდეგ გიორგის მესიჯი დამხვდებოდა შუაღამეს ,, რა იდებილე?“... ვინმე იტყვის რომ ეს ქალ-ვაჟურ სიყვარულს გავს,მაგრამ ჩემთვის ყველაფერი იყო ამის გარდა. ის იყო მარგალიტი, ყველაზე ძვირფასი და საექსპონანტო. წამიერადაც არ შემპარვია ეჭვი რომ შეიძლებოდა სხვანაირად შემოეხედა, უცებ ეკოცნა ან ტანსაცმელი შემოეხია ჩემთვის. ალბათ ვისურვებდი მისნაირ ადამიანს ვყვარებოდი, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი სისულელე იყო,რადგან გარდა იმისა რომ ყველაფერი მაკმაყოფილებდა რაც იყო, ვიცოდი,გულში რაღაც სხვას იმალავდა. და ეს ,,სხვა“ აუცილებლად ვინმე ფარფატა და ლამაზი გოგონა იქნებოდა,რომლის წარდგენაც ჩვენთვის არ სურდა. ეს იმას ნიშნავს რომ თემის ამ ნაწილს, თითქმის არასოდეს განვიხილავდი... ჩვენ კი... სხვა დანარჩენები, მუდმივად შარსა და გაურკვევლობის ლაბადაში ვიყავით გამოხვეულები და იშვიათად იყო ნაბიჯი,რომელიც სწორად გადაიდგმებოდა, საბოლოოდ ყველა ერთ მარყუჟში მოვექცეოდით, ოხვრითა და სიგარეტის ბოლით ვიხსენებდით ყველა იმ მიქარვას, რაც ჩვენი არსებობის განმავლობაში, არც ისე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ნიცა კი ამას მუდამ ასე ხსნიდა ხოლმე ,,მოსაწყენიც კია, წყნარად იცხოვრო მაშინ როცა,ნებისმიერ წამს შეიძლება ციდან ატომური ბომბი დაეშვას და ყველა და ყველაფერი,რასაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებით,რაც მოგვწონს და ვთვლით რომ ჩვენ მფარველობას იმსახურებს, თავის ბოლში გაახვიოს. და საერთოდ, ყოველთვის შენი სურვილის გათვალისწინებით ადამიანები წამიერ ბედნიერებას მაინც ისრუტავენ,რასაც ვერ ვიტყვით მუდმივად რაღაცაზე მოწუწუნე ადამიანზე,რომელსაც რადგან არ ჰყოფნის გამბედაობა გარკვეული,ალოგიკური ქმედება ჩაიდინოს, ამ ყველაფერს იმით ფარავს რომ ეს აზროვნებას მოკლებულია.აი მაგალითად გიორგი, დარწმუნებული ვარ, მისი მშვიდი ცხოვრება იმით აიხსნება,რომ სხვანაირად ცხოვრების წარმოდგენაზეც კი, შიშისგან გულისრევის შეგრძნება უჩნდება“. მე ამას არასოდეს ვეთანხმებოდი, გოგოები კი მუდამ მხარს უბავდნენ ხოლმე. მათ გიორგის ,,ცალკე განშტოება“,რაღაც ფსიქოდელიურ და აუხსნელ მდგომარეობად ეჩვენებოდათ. მე კი ამის არ მესმოდა. - სოციოპათი არის ადამიანი,რომელიც საზოგადოების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი და მათთან ყოფნის დროს დისკომფორტს გრძნობს. დივანზე ვიყავი მოკალათებული,ფეხები ერთმანეთის ქვეშ მომექცია და გუგლის საძიებო სისტემიდან, სხვადასხვა ტიპის ადამიანზე, განმარტებებს ვკითხულობდი. გოგოები ისხდნენ, ფორთოხლის წვენს მიირთმევდნენ და ჩემ ყოველ სიტყვაზე ეცინებოდათ. - ნესი,რას აკეთებ?... - ინტროვერტი-ვიმეორებ, არის პიროვნება რომელიც კომფორტს საკუთარ თავთან იზოლირებულად ყოფნაში პოულობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მას არ აქვს კომუნიკაციის უნარი. პირიქით, ის საკმაოდ კარგად შედის პოლემიკაში თუმცა მუდამ განმარტოებით ყოფნას ამჯობინებს. არ ჰყავს ბევრი მეგობარი და საუბრის აქტიურობითაც არ გამოირჩევა... - რაც იმას ნიშნავს რომ..-გააგრძელა ნიცამ სიცილით მე ლეპტოპი დავხურე - რაც იმას ნიშნავს რომ, გიორგი არც სოციოფობია,არც სოციოპათი,არც ინტროვერტი და არც უცხოპლანეტელი. ჩვეულებრივი ადამიანია,თავისი განსაკუთრებული თავისებურებებით. - გასაგებია რომ მაგ ტერმინებში არ მოიაზრება-მითხრა ლელამ მშვიდად და სიგარეტის ბოლო ნაფაზი დაარტყა-მაგრამ იმაზე მემგონი ყველა ვთანხმდებით,რომ ცოტა ვერ არის,არა?! გოგოებმა სიცილი დაიწყეს მე კი დივანზე უფრო მეტად მოვიბუზე - ახლა რომ მაგას ისმენდეს,ძალიან ეწყინებოდა-ვთქვი ტუჩის აბზეკით- - პროგრამირებული ხარ-თქვა ნიცამ-რა გელაპარაკა ეგეთი? უეჭველი ექსტაზი რატომ მიიღეო, ალბათ განგიმარტა როგორ თიშავს ანალიზის უნარს. ისიც ხომ არ გითქვამს... თავი დავხარე - ღმერთო, შენი ,,ერთი ღამის ისტორია“ მაგასაც მოუყევი? გიორგის?! რამხელა სირცხვილია. ხომ შეგვპირდი რომ ჩვენც რომ მოგვიყევი,ეგეც დიდი შეცდომა იყო და აღარ გაიმეორებდი...აუ რა სულელი გოგო ხარ. შენ საცვლებშიც გინდა იძრომიალოს? - ვაიმე, ისე ლაპარაკობთ თითქოს თქვენი მეგობარი არ იყოს და ბევრჯერ არ დაგხმარებოდეთ. მაგარი დაუნახავი ტიპები ხართ, იცი?! - იმაზე არავინ არ დაობს რომ გიორგი, სამივეს ძალიან გვიყვარს... უბრალოდ ინტიმური დეტალები, ისეთ უცნაურ ადამიანთან როგორიც ისაა, და მითუმეტეს ბიჭთან არ უნდა განიხილო. მითუმეტეს ბოლომდე ჩვენთვისაც არ მოგიყოლია... - მაგრამ მას მოუყვა. - ნიცამ გადაიკისკისა და როცა ჩემ სახეზე ღიმილი შენიშნა ფეხზე წამოხტა - შე *ოზო!-დაიყვირა ბოლო ხმაზე როცა მივხვდი რომ იქიდან თუ არ გავიქცეოდი, უეჭველად ჩემ ყველაზე დიდ შეცდომაზე საუბარი მომიწევდა,რომელიც აუცილებლად ქილიკითა და ვინ იცის რით დამთავრდებოდა... გადაწყვიტე,როგორც ნამდვილ, მამაც, ადამიანს შეეფერება-გავქცეულიყავი. - მაინც დაფქვავ !-მომაძახა ნიცამ და როცა ღიმილით კარი მაგრად გამოვიხურე, გოგოების კისკისი სადარბაზოშიც მომესმა. გიორგიზე საუბარი სულ,დაუსრულებლად შემეძლო მაგრამ ეს არასოდეს გამიკეთებია. არა იმის გამო,რომ არ მინდოდა ან საჭიროდ არ ვთვლიდი... პირიქით, ის საოცრად მიჩენდა საუბრის სურვილს. უბრალოდ ვიცოდი ამ ნაბიჯებით, იმ ეჭვებს გავაჩენდი რომ მიყვარდა,რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა... რა თქმა უნდა მე ის მიყვარდა და მიყვარს... სულ ვთვლიდი რომ ადამიანებს,ის ერთადერთი რამ რის გამოც შეიძლება თავი ვინმეზე მაგარ ტიპებად წარმოვაჩინოთ, ის უხილავი მიზეზი ჩვენი განსაკუთრებული სიყვარულის უნარია,რომელიც ყველა ადამიანს თავისებურად ერგება... შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ერთნაირი სიყვარულით,არასოდეს არავინ მყვარებია. ჯერ ისევ შუადღე იყო როცა სამსახურში მივედი და ჩემი ფორმა მოვირგე. ისევ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი. თან მაციებდა და თან სასიამოვნოდ მეღიმებოდა. მართლა ყველა რომ არ მოვიდეს?-ამაზე გაფიქრებამაც შემძრა და სკამი მოვნახე დასაჯდომად. ათრთოლებული ხელები ერთმუჭად მოვიქციე და მხოლოდ დადებითისკენ წავედი... შეიძლებოდა ვინმესთვის ეს ,,მოუცლელობა“ ან რამე უფრო სხვა მიზეზი ყოფილიყო... ვიცი რომ მეგობრობას არ აქვს განსაზღვრება და ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება,ვინმე შეკრებას დააკლდეს... ვინმემ უბრალოდ მიგივიწყოს ან გადაწყვიტოს რომ იმ გარემოში მოხვედრა არ სურს,სადაც პატიჟებენ... მე კი ზუსტად იმას ვგულისხმობდი რომ ჩვენ ჩვეულებრივები არ ვიყავით. << - დედა არ ვკვდები...- გაზქურიდან მადუღარა გადმოვდგი და ყავის ჭიქისკენ წავიღე. - ეგ აღარ ახსენო შე სულელო გოგო !- დედაჩემის ყვირილის ხმამ ჩაიდანი ხელიდან გამაშვებინა და უნდა ვაღიარო რომ ამ მარცხში ჩემი ავადმყოფური სისუსტის ხელიც ერია. - ჯანდაბა !- ამოვიკვნესე - რა ხდება დედი? ნესტან?!- რამდენიმე წამი ყურმილი მოვიშორე რომ ხელზე ყინული დამედო, მანამ სანამ არაამქვეყნიური ხმა არ მომესმა- ვაიმე შვილო ! - დედა დედა,დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის, ხელი დამეწვა. - ჭკუიდან შემშლი. - თქვა და ღრმა ამოსუნთქვის ხმამ ყურებში გამცრა- ჩამოვალ მე ამ დღეებში. - რატომ?-ვუთხარი სერიოზულად - რანაირად მელაპარაკები, გავიწყდება ვინ ვარ? - ხო ვინ ხარ, შენ ვაფშე?- ყურმილის იქეთ გადავიკისკისე და მანაც უკვე მეორედ აიჩქარა გული - შვილო რეებს მეუბნები ! - ვიხუმრე დედი... გელოდები... ბლინებს გაგიკეთებ. სხვათაშორის შენ წარმოიდგინე და ჩემი პატარა სიმსივნური წარმონაქმნი ჯერ კიდევ არ მიშლის ხელს იმაში, ამ სამყაროში ყველაზე გემრიელი რაღაცები ვაკეთო...შოკოლადიანი ბლინები მაგალითად. - მენატრები-მითხრა სლუკუნით და უცებ მომინდა თმაზე ხელი გადამესვა, ისე როგორც ის მეფერებოდა ხოლმე, ,,სიპატარავის“ ჟამს. - მე უფრო...- ვუთხარი და ყურმილი გავუთიშე. ხელი ისევ მეწვოდა, ჩანთა რომ ავიღე უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა და შევუკურთხე. ეს იყო ჩემი მრავალფეროვნების მაქსიმუმი-სახლი სადაც შემეძლო ყავა დამელია და სამსახური სადაც რა თქმა უნდა, ვმუშაობდი... << ჩემი ყოველდღიურობის აღწერა, უნდა გავითვალისწინოთ რომ შარშან (თქვენც შეამჩნევდით) საკმაოდ სტაბილური და არაფრისმთქმელი არ იყო. აი ვერ დაჯდებოდი და ვერ იტყოდი, როგორ საკაიფოდ ცხოვრობ. ამაში ჩემი ავადმყოფობის ხელიც ერია და ბუნებრივია იმ მონური სამსახურისაც სადაც ნახევარ განაკვეთში (სადაც თითქმის ყველაფერი მე მევალებოდა,უნიტაზის გახეხვის გარდა) ოთხას ლარამდეც არ მიხდიდნენ... რომ შეეგუები, ტვინში გაატარებ,დაასკანერებ და შენ ოთახში გააკრავ, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, ყოველ დილით რომ შეხედო ამ დედა ნატირებ განაჩენს და თქვა რომ ეს მართლაც მშვენიერი რამეა,რადგან შეგიძლია საცოდავად მოიმარაგო მწვანე ვაშლი,არაჟანი და ყველაფერი ის რაც შენი იდეალურად ჯანსაღი ჯამრთელობისთვისაა აუცილებელი, გქონდეს გაზი, შუქი და არ იწვოდე როცა ცხელა, არ იყინებოდე როცა გარეთ ყველაფერი თრთის და შენ ამის გამო, მადლიერებითა და ცრემლებით აღსავსე ცრემლის კურცხალით ეგებები იმ დღეების გათენებას რომელიც მუდმივ რეჟიმში გხმარობს... რა სჯობია არა?! კი რამდენიმე წლის წინ ნამდვილად ამის მეტი დასაწერი არ მექნებოდა, მაგრამ ახლა მაქვს... და სანამ იმ საბედისწერო და (ცენზურას დავიცავ) დღემდე მივალ, მინდა ჩემი რამდენიმე მეგობარი, თავისი შინაარსითურთ,დახლზე შემოვდო... << ნიცას ზარებმა ყურები ამიწვა. გავიაზრე რომ კაფის დახლზე თავი ჩამომედო და მიმეძინა. რამდენიმე კლიენტი მდუმარედ მაკვირდებოდა და ამოვისუნთქე არც ერთ მათგანს რომ არ გასჩენია სურვილი მენეჯერთან ჩავეშვი... ნიცა ცოტა ხნით დავაიგნორე და მაგიდებისკენ წავედი. - კაპუჩინო და შოკოლადის ნაყინი მინდა- მითხრა ერთმა სიმპათიურმა (უფრო მეტად ეშხიანმა) კაცმა და ამათვალიერა. - აღარ გვაქვს ნაყინი, შემიძლია ნამცხვარი შემოგთავაზოთ- ვუთხარი მშვიდად მან კი უკმაყოფილოდ თავი გააქნია - მე შოკოლადის ნაყინი მინდოდა მაგრამ ახლა სულერთია რას შევჭამ... რაც მოგინდება ის მოიტანე. ცოტა დავიბენი და ვეცადე სიტუაციაში გამერკვია - არ მაქვს უფლება, გადახედეთ მენიუს და შეარჩიეთ რამე, რას ნიშნავს მე რაც მინდა?-ვუთხარი და გამეცინა - ეს გაკლია ზუსტად- მითხრა ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. - ჰაჰ- დოინჯი შემოვირტყი- და რა მაკლია? - ის რაც გინდა- ღიმილი დამიბრუნა და ისევ მობილურში ჩაძვრა. წამიერად გიორგი გამახსენდა,რომელიც მუდამ მართვევინებდა მობილურს როცა მასთან მივდიოდი. ინსტიქტურად წავართვი და მეორე ხელი ჩემი სექსუალური თეძოსთვის არ გამიშვია - იმის უფლებას არ გაქვს რაღაცები რაც დაიწყე,არ დაამთავრო... მითხარი რას ნიშნავს რომ ის მაკლია,რაც მინდა? შენ რა იცი მე რა მინდა? - თვალები- ფეხზე წამოდგა და ახლოს გამოიწია ჩემკენ- ეს ისაა რაც გინდა? მაშინ სად მიგაქვს სინათლე შენი გუგებისთვის? შენ იქეთ გამჭოლი,შავი სიბეცეა. ეს ის არის,რაც გინდა? ასე არ ვფიქრობ... - სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვირჩევთ, ის გვქონდეს რაც გვსურს... -თვალები ამიცრემლიანდა და თითები მობილურს მაგრად მოვუჭირე - არ ვიცი რა გჭირს მაგრამ ახლა რომ გიყურებ, იმის სურვილიც დავკარგე ყავა დავლიო.- მობილური ხელიდან გამომგლიჯა და წავიდა. მაჯით ცრემლები მოვიწმინდე და რამდენიმე ბინძურმა სიტყვამ გამკრთა გონებაში. სამი წამის მერე მივხვდი რომ ამ სცენას უყურადღებოდ არავინ დაეტოვებინა. და მართლაც, რა იყო ის,რაც მინდოდა? რა შემეძლო მქონოდა და რას ვერ შევძლებდი? ასე რატომ დამამცირა სრულიად უცხომ? ჩემივე სისუსტის გამო? თვალების?! კითხვებმა ტვინში მომისაქმეს და ვეცადე დღე რამენაირად მიმეყვანა რვა საათამდე,როცა სამუშაოს დავასრულებდი და როცა... ამდენი ხნის მერე ყველანი ერთად... ნიცას იგნორირებული ზარები, სამზე გაჩერებულიყო და წინასწარ შევემზადე შემოტევისთვის. როცა ხმამ ყურებში დამიარა, სახე მომეღრიცა - შენ მე ვიღაც სირ*ქალა ხომ არ გგონივარ გოგო, ჰა?!- - ვმუშაობდი, მაპატიე- - მე კიდევ აგაფეთქე, მეთქი რა დაემართა, აი სულ რომ სატვირთომ გადაგიაროს მე მოვკვდე გული თუ დამწყდეს... - აუ ნუ ისტერიკობ რა...- მასავით გავწელე სიტყვები - შენ დღეს ნახე რა უნდა გიყო, აი არც დამენახო, არავის უკადრებია ასეთი იგნორი, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ?! - გოგო რა ჯანდაბა დაგემართა, ბოლო ბოლო?- ჩვეულზე საშინელი ხასიათით იყო და გამიკვირდა. - ყველაფერი რიგზეა-უცებ დამშვიდდა- უბრალოდ მომწერე ხოლმე, თუ ვერ მპასუხობ... - გკოცნი. გნახავ დღეს- - ნეს..- მითხრა და გათიშვის ღილაკზე მიტანილი თითი წამიერად შევაჩერე - ჰო - შენი დედაც ნეს...- გადაიკისკისა, გამწარებულმა საბოლოოდ გავთიშე და სკამზე ჩემი უნიფორმით დავეხეთქე. ,, რა ყველა ერთიანად შეიშალა დღეს“- გამეფიქრა უკმაყოფილოს- ,, ყველაზე მეტი მიზეზი გაგიჟების მე მაქვს და ამათ შორის მაინც მე ვარ პირმოკუმული“ ამოვიოხრე და უკანასკნელი თეფში ავიღე დახლიდან,რომელსაც მორჩენილი ალუბლის ღვეზელი და ალაგ-ალაგ მოსხმული შოკოლადის მუსი ამშვენებდა. << ნიცა ტყუილად არ გამიხსენებია, მასზე მინდოდა მომეყოლა და ასე ვთქვათ- დიალოგის სახით შეგაპარეთ, მინიმალური წარმოდგენის შესაქმნელად... რას იტყვიან მასზე?- როცა ამაზე ვფიქრობ, თვალებს დაბლა ვხრი და ვკანკალებ რადგან, ერთადერთი რაც პირველი თვალების ფახუნისგან რჩება, უარყოფითია. სულ, მთელი ეს წლები, ყველასთან და ყველაფერთან ამის საპირისპიროს ვამტკიცებდი. ვამბობდი, იცით ნიცა არ არის მსუბუქი ყოფაქცევის, დიდი ბოდიში თუ შარვლის ქვეშ შეგიძვრათ ბატონო ლექტორო, ის ხომ მუდამ პატივს გცემდათ და ...არა პატივისცემას ისე არ ვგულისხმობ,როგორც აღიქვით,არანაირი ინტიმური დატვირთვა არ აქვს ამ ამბავს, უბრალოდ მას დეპრესია ჰქონდა და ამ დროს ექსპერიმენტებს ატარებს ხოლმე, ისეთებს ეფლირტავება, ვინც ასე თუ ისე კენწეროზე ზის... არა ბატონო ლექტორო, იმას არ ვამბობ რომ თქვენ კენწეროზე ზიხართ, ვგულისხმობ თქვენ მიუწვდომელ ბუნებას... როგორ გეკადრებათ, ის არ ეცდება ეს გაიმეოროს, ნიცა არასოდეს იმეორებს იმას რაც არ გამოსდის... მოიცადეთ... ეს თქვენი მზერა... გამოუვიდა?! ღმერთო... მოკლედ, ეს ჩემი საქმე არ არის, თქვენი სიამოვნება... უკაცრავად არაკორექტულად ვსაუბრობ, მინდოდა მეთქვა რომ აღარ განმეორდება, აუცილებლად დაველაპარაკები და ვეტყვი თავი შეიკავოს თქვენი აღზნებისგან, მაგრამ ამის გამო საგანს ნუ ჩაუტოვებთ... არა , არა ! არც მიფიქრია თქვენი დადანაშაულება, ნიცა ისეთი ტიპის გოგო არ არის რომელსაც ხმარობენ, უფრო პირიქით... მაპატიეთ, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, უბრალოდ იმის თხოვნა მინდოდა რასაც უკვე მესამედ ვიმეორებ... მისი არაორდინალურობის გამო ნუ მისცემთ მიზეზს, ვეღარ ისწავლოს. დიახ, ზუსტად მაგას ვგულისხმობ რომ ცუდად მოიქცა, მაგრამ ცუდი საქციელი თუ ჩვენი ცხოვრების მომავლის წინაპირობაა მაშინ გამოდის, დასაღუპად გვქონია საქმე,ამიტომ გთხოვთ,ბატონო ლექტორო, სავარაუდოდ მეოთხედაც მომიწევს აქ მოსვლა მაგრამ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და... რას ამბობთ! შესანიშნავი ადამიანია, როგორ უნდა მრცხვენოდეს მისი, პირიქით, ვამაყობ... იცით რომ სტატიებს წერს? შესანიშნავი მწერალია, მართალია უცენზურო ლექსიკა და ყველაზე ბინძური ფანტაზიები აქვს... ერთხელ თქვენზეც დაწერა რაღაც... ვაიმე ! არა, ამერია, თქვენ არ იყავით, ფსიქოლოგიის ლექტორი იყო... არა, მასთან... მასთან არაფერი ჰქონია... თავადაც არ ვიცი რეებს ვამბობ... დამეხმარებით?! მან გამიღიმა და თავი დახარა, ეს ნიშნავდა-კის. მე მისი ფარი ვიყავი ყოველთვის, ერთ უმნიშვნელო ირონიასაც არავის შევარჩენდი, თუმცა ნაკლებად ,,თახ“,არც თვითონ იყო. სიტყვას არ შეგარჩენდა, მისი უცენზურობის თანმიმდევრობა, ყველა ჩვენგანმა ზეპირად ვიცოდით. ერთადერთი ვისგანაც ბო*ზს, *ირქალას და *ლეს ვიტანდი, ნიცა იყო. ჩვენ ის ისეთივე ბინძური შევიყვარეთ,როგორიც თავად ვიყავით (ოღონდ სხვა განხრით). თუ ბილწსიტყვაობა ადამიანის შეფასებაში გეხმარება, მაშინ ნიცასნაირ ტიპებს უნდა შევეშვათ. ამ არაკორექტული გზებით, აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრებით, მუდამ შარში ყოფნით და ყველგან და ყველაფრისგან პრობლემის ამოთხრის უდიდესი უნარი გააჩნდა. ვერ წარმომედგინა სამყარო ნიცას გარეშე, პატარა,ყვითელი წერტილივით იყო დედამიწაზე, მუდამ ყურადღებისა და ადრენალინის მატარებელი... მე და ნიცა ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა ბოლო ხუთი წელი იყო რაც დავმეგობრდით. მანამდე სულ სხვა ტიპი იყო,რადიკალურად სხვა. ამაზე დაკვირვება შევწყვიტე, მომწყინდა,თან უკვე სუსტად ვიყავი სიმსივნის პატარა ნაწილაკები ჩემ ღვიძლს ნელნელა უვლიდნენ, წინიდან და უკნიდან და ფიქრობდნენ იმაზე როდის იქნებოდა შესაძლებელი ,,შედება...“. როცა ისინი გავიცანი,ჩემი ავადმყოფობა ჯერ კიდევ შორს იყო. როგორც თვითონ ამბობდა ქალწულობა თექვსმეტი წლისამ დაკარგა. ყოველთვის ტკბილად იხსენებდა ხოლმე. აბა გეთქვა თავმოყვარეობაზე რამე, მაგიდას ამოგიყირავებდა ცხვირწინ. ჩემი აზრით,მართალიც იყო. ბოლო ბოლო თავად ორი წლის შემდეგ მივეცი ნეტარებას, თვრამეტი წლის ასაკში, ასე ორი წლის გამო ადამიანს რანაირად გავკიცხავდი? სულ ვამბობდი-ბავშვობა მალე დავამთავრეთთქო, ნიცასაც გადავხედავდი ხოლმე. ცოტა მოიღუშებოდა, ჩაიბუზღუნდება ,,ბავშვობა ეგეც არ იყოს დიდი რამეო“,მაგრამ ვიცოდი რომ სწყინდა და ბევრ რამეს არევ-დარევდა წარსულში. რაღაც ნარკოტიკს რომ მიიღებ, იმ ნებისყოფაზე ფიქრობ, მანამდე რომ გქონდა-სანამ არ იღებდი. დაახლოებით ესეთ ემოციას მიქმნიდა ნიცა, ძალიან წმინდა და ამავდროულად გაჭუჭყიანებული სულის ნათელი გამოხატულება იყო. სულ მეგონა რომ მასში ორი ადამიანი ცხოვრობდა. მეგონა ასეთს ვიცნობდი, მეგონა ნიცას ვიცნობდი... ვერ წარმომედგინა. სანამ იმ დედა ნატირებ საღამოზე გადავალ, კიდევ რამდენიმე ოვალს შემოვხაზავ ჩემი სამეგობროს გასწვრივ და მათ დეტალურად გაგაცნობთ. ამ დროს გონების ხვეულებში იბადება კითხვა, თუ რაში უნდა გაინტერესებდეთ მათი დეტალიზირება, აი მე კი, დიდი სითამამით გამოვაცხადებ რომ ეს ყველაზე სასიამოვნოდ საწერი ნაწილია სადაც არც გულია მიმწვარი ტაფის მსგავსი, არც ხელები მიკანკალებს იმდენად და ვგრძნობ თავისუფლებას როცა სიტყვებს თავს ვუყრი. ამიტომ მკაცრად განსჯა, ის რაც საზოგადოების აუცილებელი მახასიათებელია, შეგიძლიათ ბალიშის ქვეშ ამოიდოთ, რადგან ავტორი თავად ვარ და იმას დავწერ რასაც საჭიროდ ჩავთვლი... როცა ასეთი სერიოზული ვარ, ასმაგად საყვარელი ვხდები. ეს ისე. << ალექსანდრე ძალიან ექსცენტრიულ სიტუაციაში გავიცანით. ვიტყოდი ალბათ იმასაც რომ ყველა ჩვენგანი რაღაც დონეზე ახალი ადამიანის გამოჩენის შესაძლებლობას უშვებს, ბუნებრივია, ხალხი პროდუქტს გავს,რომელიც ხშირად იცვლება-იზრდება ფასები, კლებულობს, ხარისხი ეცემა, ანდა პირიქით უფრო მეტად რეკლამირდება, პოპულიზირდება, ,,ხალხში გადის“, მის გემოს ყველა იგებს, მის შეფუთვას მილიონობით ხელი ეთომარება, თუმცაღა ძალიან იშვიათად ამ ფაქტმა დიდხანს გაქაჩოს. სულ მომწონს ხოლმე პროდუქტს რომ ვადარებ ჩემ თავს, აი ხშირად წარმოვიდგენ რომ ძროხის ხორცის კონსერვი ვარ, გემრიელი, იაფი და დაკეპილი. სახლში ძალიან დაღლილი მივედი, ლუდის დალევა მინდოდა მაგრამ ისევ ვაღებინე. ბევრი კლიენტი გვყავდა, მოქანცული ვიყავი, ვფიქრობდი მიმეტოვებინა სამსახური, მიმეტოვებინა საკუთარი თავი და ცხოვრება ახალი ფრთებით დამეწყო მაგრამ სამწუხაროდ პეპელა არასოდეს ვყოფილვარ (თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, დიდი შანსია რომ დავემსგავსო). ასევე, მომენტალურად, სუნთქვის მიტოვებაზეც ვფიქრობდი. ვისაც ინსტიქტების სჯეროდა ყველას დავცინოდი ხოლმე მაგრამ ამ ბოლო დროს დავაფიქსირე რომ როცა თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, ზუსტად მაშინ მირეკავს დედაჩემი. ჰოდა სწორედ იმ ღამეს, საწოლს ახალი თეთრეული გადავაკარი და საღამურის გარეშე ბალიშს ჩავეხუტე. უკვე ღრმა ბურანში ვიყავი წასული მობილურის ხმამ რომ გამაღვიძა. ბრმად გამოვაძვრინე და დახედვის გარეშე ვუპასუხე - ბატონო... - ნესი !- გიორგის ხმამ გამომაფხიზლა, თვალები მოვიფშვნიტე და საწოლზე წამოვჯექი. - რა მოხდა? მშვიდობაა? რა ხმა გაქვს? რანაირად სუნთქავ... - კითხვები მივაყარე და გავოფლიანდი. - სიზმარი ვნახე. მობილურის მიკროფონი შორს გავწიე და მწარედ ამოვიოხრე. - ეს რა მითხარი... - სიზმარი ვნახე-თქო- თავდაჯერებული ტონით,თითქოს ჩემი მომავალს წინასწარმეტყველებდა. - მეც ვნახულობ ხოლმე- დავამთქნარე- მაგრამ ყოველ შუაღამეს მაგის გამო არ გაღვიძებ. - ადამიანო მისმინე, უბრალო სიზმარი არ ყოფილა- - რა ნახე კი მაგრამ?- ხმაზე შევატყვე რომ ნასვამი იყო. - ვიცი რომ ძმა მყავს. დედაჩემს არასოდეს უთქვამს მაგრამ მის ძველ ჩანთაში ვიღაც ბავშვის ფოტო სულ იდო. ვერ მოვისაზრე მეკითხა, არ მაინტერესებდა. ახლა კიდევ ზუსტად ვიცი რომ ძმა მყავს, ალბათ ის თავის მამასთან ცხოვრობს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ არსებობს. ამ სიზმარშიც ის ვნახე და ვიგრძენი რომ ბედნიერი ვიყავი. გეუბნებოდი ხოლმე დედისერთობა ასწორებს იმიტომ რომ ყველა ფინანსური მხარე შენზე მოდისთქო...ასევე ემოციური... მაგრამ! ნესი, ისე ცხადად ვიგრძენი რომ ბედნიერი ვიყავი. ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს,ორივეს ბაიერნი მოგვწონდა და რატომღაც ოცი წლისები რომ გავხდით შევიძულეთ. ბევრს რომ ვსვამდი იმას მოვყავდი გინებით, ყველა არასწორ გოგოს მიშიფრავდა, ლუდი ამოჰქონდა სახლში.. ვაიმე ნესი... - ეს ყველაფერი სიზმარში ნახე კაცო?!- ვეცადე ხმამაღლა არ გამეცინა - უფრო მეტიც, ჩემ ქორწილში იყო. - წარმოუდგენელია, შენ ვერასოდეს იქორწინებ. - შენც იმ ორ ქათამს ემსგავსები თუ მეჩვენება?- მკითხა ნაწყენი ტონით - აბა რეებს მებოდიალები შუაღამის სამზე?- მეძინება გიორგი,ძალიან მეძინება. - კარგი, მაპატიე. მობილური გამითიშა. მერე საწოლზე დავეცი და აღარაფერი აღარ მახსოვს. << დილის ცხრაზე მაღვიძარა ლოგინიდან ჩამოვაგდე და ვეცადე თავი წამომეწია. ცოტა აზრზე რომ მოვედი, შუაღამის ამბები გამახსენდა და ისტერიული სიცილი ავტეხე. ,,სიზმარი უნახავს“- ვთქვი თვალების ფშვნეტით ,,ძმაც ჰყოლია“, ,,რამდენი დალია ნეტავ?“. ამის გახსენებაზე გადავურეკე. - როგორ ხარ?- - არ ვარ საერთოდ- ძლივს გავიგე სიტყვები - ბევრი დალიე? - აუ საკაიფოდ. - რეები მელაპარაკე გახსოვს?- - გელაპარაკე?!- დადარდიანდა- ვაიმე,რეები გელაპარაკე? - არა, არა, არაფერი. - დავამშვიდე - რაც არ უნდა ყოფილიყო... - ეს ის არ არის,რაც არის, - მახსოვს- ღრმა ამოსუნთქვის ხმა ყურმილის იქეთ გავიგე და რატომღაც გიორგის სურნელიც გადმომწვდა. - აწი მობილურს გავთიშავ ხოლმე. ხომ არ გაგაღვიძე? - არა,ვკითხულობდი. - დღეს რომ წამოხვალ თავის ტკივილის წამალი წამომიღე გთხოვ. - კარგი.- სანამ გათიშავდა ყურმილებს ვაკოცეთ და მეც გრძელი მაისური გადავიცვი,რომელიც საღამურის ფუნქციას ითავსებდა. სამზარეულოში გავედი, მაცივარი გამოვაღე და ლუდის დანახვაზე სახე დამემანჭა. ,,დამპალი სასმელი“-გავიფიქრე და რძეს დავავლე ხელი. ვგრძნობდი რომ უარესად ვხდებოდი. ყოველდღიურად თითო სუნთქვით ნაკლები იყო... << იმ დღეს კინოში უნდა წავსულიყავით სამნი. ლელას ჩვენთვის არ ეცალა, სწავლაში იყო ჩაფლული ხანდახან მემგონი საკუთარი თავიც ავიწყდებოდა. ვიცოდით მისი ამბები,ამიტომაც არ გვწყინდა. მაშინ კარიბის ზღვის მეკობრეების ბოლო ნაწილს აჩვენებდნენ. ინგლისური ენის სეანსზე ჩავეწერეთ და კინო ,,რუსთაველის:“ წინ გავჩერდით,რამდენიმე წამით. ნიცას მოწევა უნდოდა და მისი აზრით, არაეთიკური იყო,ამის შიგნით გაკეთება. მეც მხარი ავუბი, გიორგი კი უბრალოდ ბოლს იშორებდა, ხელებს იქნევდა, საუბარსაც ცდილობდა და ამავდროულად სახეს გვაშორებდა. როგორც იქნა ჩავაქრეთ,ჩავწვით და ჩვენმა ფაქიზმა ბიჭმაც ამოისუნთქა. როცა იქვე, გრძელ სკამზე ჩამოვჯექით ადამიანების თვალიერება დავიწყეთ. ყველა სისქის, სიგანის, წარმომავლობისა და ,,ზედ რომ აწერია“-ხალხი ირეოდა, რთული არ იყო მათი შესაბამის კონტეინერებში მოთავსება. ჩვენ კი რატომღაც მეტი გასართობი ვერ ვიპოვეთ, ერთმანეთის გვერდიგვერდ მუხლებშეერთებულები, ჩვეულებრივ პოზაში ვიჯექით და წამწამებს სამი წამის შუალედში ვაფახუნებდით, მასა ირეოდა, იცვლებოდა, ლამაზდებოდა, ზოგჯერ იცრიცებოდა კიდეც მაგრამ ჩვენ ჯიუტად არ ვყვებოდით, რითმას არ ვეკვროდით. რამდენიმე წუთი გადაცდა სიანსი, ყველა აწყდებოდა ერთმანეთს. ამ დროს ერთი წითური, პატარა გოგო გამოვიდა და გვახარა რომ რამდენიმე საათი, ტექნიკური ხარვეზების გამო,ჩვენება არ იქნებოდა. შეგვეძლო ბილეთები გადაგვეცვალა,მაგრამ რიგში ჩადგომა ათმაგად დაგვეზარა. - დალევა მინდა- გიორგიმ ამოიხვნეშა - შანსი არაა-ვუთხარი - მინდათქო-ძალიან.. - ჩემი სიკვდილის მერე მხოლოდ- ეს რომ ვახსენე რატომღაც ირონიულად ჩავიცინე გულში. - ფუ იმენა, ალკოჰოლიკი ხარ?- ნიცამ უსიამოვნოდ აათვალიერა ჩვენი მეგობარი და ცხვირი აიბზუა- ამყრალებული ალკოჰოლიკი. - შენადა ბიჭების რაოდენობა შემოგაკლდა? აშკარად დაუკმაყოფილებელი მეჩვენები. ნიცამ ხელის დასარტყმელად გაიწია მაგრამ მე დავაკავე. გიორგი ამ ფაქტმა რამდენიმე წამით გაამხიარულა. - ერთ ბოთლს ვიყიდი მარტო რა ნესი, გთხოვ, ჩემ ორგანიზმს შველა სჭირდება, ასე მგონია დაცარიალებულ ბოთლს დავათრევ... - მხოლოდ ერთი ბოთლი. - მეტის ფული არც მაქვს ! იქვე მაღაზიაში ლუდი იყიდა, სახელი აღარ მახსოვს, როგორც თვითონ თქვა საკმაოდ კარგი გემო ჰქონდა, მოტკბო და ზომიერად მწარე. ბარდიულზე ჩამოვჯექით რამდნიმე წუთით როცა ჩემი ნაცნობი დავინახე და მისკენ წავედი მოსაკითხად. მანამდე ნიცას დავავალე გიორგისთვის მიეხედა. ჩემი სკოლელი აღმოჩნდა, ადრე მოვწონდი და ახლა ისეთი დინჯი და ახოვანი იყო ცოტა მეხამუშა კიდეც მასთან დიალოგი. ფლირტში ვიყავით გადასულები,საკმაო დრო გავიყვანე... როდესაც რაღაც საშინელი, მაღალი ბგერები და გინება გავიგე. ცოტა მერე გავარჩიე რომ შესაძლოა ნაცნობი ხმა იყო, საბოლოოდ კი სახეში შემომასხეს ის სასირცხვილო რამ, რასაც არასტაბილური მეგობარი ჰქვია. გიორგი ბოლო ხმაზე იწეოდა ვიღაც პატარა ბიჭზე რომელიც ალბათ,როგორც ჩვენ ქვეყანას შეეფერება, თავს აბეზრებდა მისი უუნარობით და წინ ატუზვით. - რა ჯანდაბა დაგემართა?-გიორგის ხელები დავუჭირე და უკან გავწიე.- მერამდენე ბოთლი დალიე? ერთიო ხო მითხარი? ის დებილი გოგო სად არის? ნიცა იმ წამს გამოვიდა რუსთაველიდან, ცოტა გაბრუებული. შევხედე და გავშრი. - შენ რა, მოსაწევი გქონდა? - აბა რა მეკეთებინა?- მიპასუხა ჩვეულებრივ. - გიორგისთვის უნდა მიგეხედა ! - ორი ჩემხელაა,რამენაირად ამ მასითა და სხეულით, თავს გაიქაჩავს. - ორივე დარტყმული იდიოტები ხართ! ყველა ჩვენ გვიყურებდა, ვგრძნობდი სისინსა და ქილიკს, ზიზღს და ცინიზმს, იმას რაც ნორმალურ ადამიანებს ახასიათებთ. ხელები ყურებზე ავიფარე რომ არაფერი გამეგო, რაღაცას მივეყრდენი და ავტირდი. ვინ იცის რა დამემართება ორი წლის მერე, ან სამი წლის, ან იქნებ თვეებიღა დარჩა, ისინი კი მაინც აქ რჩებიან, ასეთები რჩებიან, არასტაბილურები და არეული ფსიქიკით. როგორ აპირებენ ცხოვრებას ჩემ გარეშე?! ამაზე ვფიქრობდი და უფრო მემატებოდა ცრემლები. ისინი ამას ვერ ხვდებოდნენ, ვიცოდი რაც ირეკლებოდა სარკეში, სირცხვილი, სირცხვილი ადამიანების მიმართ, სირცხვილი საკუთარი მეგობრების გამო. ეწყინათ ჩემი რეაქცია მაგრამ გიორგიმ მაინც შემომხვია ხელები წელზე და მიმიხუტა. - მაპატიე რომ გარცხვენ- არაფერი მიპასუხია. - რა უნდა გავაკეთო რომ მაპატიო? - რა უნდა გავაკეთოთ რომ გვაპატიო- ნიცამ თავისი თმის კულულები ჩემ მხარს მიადო და მეც მოვლბი. - ისე მოიქეცით როგორც ნორმალური ხალხი, შევიდეთ კინოში და ფილმს ვუყუროთ. სეანსი განახლებული იყო, რამდენიმე საათი კი გავიდა ამასობაში. გიორგი ერთ კონსულტანტს ეტორღიალებოდა. პრინციპში არც ის გოგო აკლებდა დიდად. ნორმალურად ვთხოვე მოქცევა მაგრამ ვიცოდი ეს შეუძლებელი იყო. რამდენიმე წუთი გაქაჩეს შემდეგ კი გიორგიმ ვეღარ დამალა მისი არაფხიზელი მდგომარეობა და შუა ჩვენების დროს სკამიდან წამოდგა, ზრდილობიანად გადახედა ხალხს და ჩვეული მონოლოგი დაიწყო, კინოების სტრუქტურის ცვლილებიდან დაწყებული ეფექტების ტრაგიზმით დამთავრებული. სეანსიდან გამოგვყარეს. თმა ზემოთ ავიწიე და გიორგის წყალი გადავასხი თავზე. თავად ვერაფერი მიქნა რადგან ჩემი ეს ჟესტი, დამსახურებული იყო. გამოგდებულები ისევ კინოს წინ მოვკალათდით, მე და ნიცამ ისევ გავაბოლეთ,აი გიორგი კი იმ წითურ კონსულტანტს გამოელაპარაკა. - მეგონა ასეთი ძროხები არ მოსწონდა- ნიცას უნდოდა თითებით დაესტვინა- - რა გინდა ლამაზია. - შენზე ლამაზი არ არის. ეს რომ მითხრა ინსტიქტურად შევხედე, ის ეწეოდა და არ მიყურებდა, მე კი ვცდილობდი მასში დაგროვილი ფიქრების ამოკითხვას, ისე თითქოს დღიურის ბოლო ფურცელი მქონოდა დარჩენილი. რადგან ჩემ გარეგნობას შევეხეთ, ნიცას თქმის არ იყოს, ცუდი ტიპი არ ვიყავი. საშუალო სიმაღლე მქონდა ,,გძე ტა“- ას სამოცდახუთი სანტიმეტრი, ქერაში გარდამავალი ხვეული თმა, სწორი ცხვირი და ბურუსივით შავი თვალები. საბოლოოდ მე ჩემი აგებულება მომწონდა, თუმცა ავადმყოფობა უპეებსა და სხეულის რაღაც ნაწილებს ყოველდღიურად მიცვლიდა ხოლმე. ერთადერთი რაშიც ეს პარაზიტი უჯრედები გამომადგნენ, წონაში დაკლება იყო. იდეალურ ორმოცდაათ კილოგრამს ვურტყამდი. - ნომერი- ცხვირწინ მობილური ამიფრიალა- - ნიცამ თქვა როდის აქეთ იყო ასეთი ძროხები მოსწონდაო. - ნიცა დებილია-მითხრა მშვიდად - ნიცა, შენზე თქვეს რომ დებილი ხარ- ვუთხარი და მას მივუბრუნდი - მე კი ვამბობ რომ ამის თქმის გამო ვიღაცას მაგრამ მირეხვავენ. - ნიცას სულ წყინდა ხოლმე როდესაც სულელად მოიხსენიებდნენ. - მე ვფიქრობ რომ ის ნელნელა ბოროტდება,რადგან სერიოზულ ურთიერთობას არავის სთავაზობს. - მე შენ...- ნიცა გაეკიდა მე კი ღიმილით ვაკვირდებოდი მათ ოინბაზობას, ისე როგორც ბებიები ქსოვენ წინდას როცა შვილიშვილები ლურჯად აბიბინებულ მინდორში, ბურთის თამაშით ერთობიან. ალბათ ყველას გაუჩნდება კითხვა, კარგი ეს ამბები კარგი, მაგრამ სად ჯანდაბაშია ალექსანდრე?! << წვიმა მომელამუნა ცხვირზე და მერე საკაიფოდ დაიწყო. ყველაფერი წამში სტიქიურ მოვლენად იქცა, ულმობელი და აგრესიული წყლის წვეთების მსხვერპლად. იმ ქაოსში რაღაც სილუეტი გამოეკვეთა, ჩვენ ჯიუტად არ ვაფარებდით თავს არაფერს, ვსველდებოდით და ამას განაჩენადაც კი ვთვლიდით. ეს სილუეტი გაიზარდა, გაიწუწა, წამიერად შთაინთქა და მერე ისევ გამოჩნდა. საბოლოოდ ვიღაც ბიჭი დამადგა თავზე და ზრდილობიანად მთხოვა სანთებელა. გიორგიმ ურეაქციოდ შეხედა და ხელი ისე მაგრად მომიჭირა მკლავზე, მეგონა ვიღაც ძალიან ცუდ ნაცნობს შეეჩეხა,რომლის ნახვაც მხოლოდ ცუდ სიზმარში წარმოედგინა. აი სიზმარზე გავარტყი. - ის არის - მითხრა ჩურჩულით. - ვინ ? - ჩემი ძმა- ღრმად სუნთქავდა-სიზმარში ვინც ვნახე. - ეს ცანცარი არ გეყო? გაღიზიანებული ფეხზე წამოვდექი და ბიჭს ბოდიში მოვუხადე რომ ასეთ სიტუაციაში გაერია. ის ღიმილით უსმენდა, დიდად არაფერი გატოკებია სახეზე. - გეუბნები ის არისთქო !- ხმას აუწია- ვიცი რომ ჩემი ძმა ხარ, ზუსტად ვიცი ! გნახე ! იქ იყავი, ჩემთან ერთად. - სად ვიყავი?- ახლა უკვე მან უპასუხა. - ჩემ ქორწილში. - არა მეგობარო, გეშლება რაღაც, მე შენ ქორწილში არ ვყოფილვარ.- უნდა გაბრუნებულიყო როცა გიორგიმ ხელი წაავლო და მისკენ შემოაბრუნა. - ამას ქორწილი ჰქონდა?- ნიცამ თავი დახარა-მემგონი ძალიან ბევრი მოვწიე. - არა არა, ჯერ არ მქონია- გიორგი უცნობს უყურებდა- ეს მომავლის სიზმარი იყო, ვიცი რომ შენ ჩემ გვერდით იდექი, ჩვენ თითქმის ერთნაირად გვეცვა და მე რაღაცნაირად მეამაყებოდა შენი ძმობა. მერე რა რომ სხვადასხვა მამა გვყავდა, ამას აქცევენ კი ყურადღებას ამ გამოიმასქნებულ სამყაროში?! ბიჭი ძალიან შეფიქრიანდა, ჯერ მე შემომხედავდა, მერე ჩემ თანხლებს, ნიცასაც აკვირდებოდა- მემგონი ეს უფრო გარეგნობის გამო. წამიერი პაუზის შემდეგ ხელკავი ამოუდო და წყნარად გაუბა ლაპარაკი. - ძმაო ...- აქ გაეცინა და ჩაასწორა- მეგობარო, ბევრი გაქვს დალეული და გოგოებსაც ანერვიულებ...შენი ძმა რომ ვიყო, მეც ხომ გიცნობდი ან ამდენი ხანი რას ელოდებოდი ადამიანო,გეპოვე აქამდე. - ყველაფერი სიზმარში გავიგე, მანამდე არაფერი ვიცოდი. - მაინცდამაინც სიზმრის იმედზეც ნუ იქნები. შეგვიძლია ანალიზი გავიკეთოთ, თუ ეს დაგამშვიდებს, მანამდე კიდევ ჯობია წყალი გადაივლო თორემ საშინლად ყარხარ. - მასულელებ ხო?- ხელი კრა-გინდა დაგიმტკიცო? ახლავე წამოდით სამივე, ახლავე,უკან გამომყევით. სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა. უცნობი არაფერს იმჩნევდა, ცდილობდა სიმშვიდეს მაგრამ მაინც ახურებოდა ლოყები. ერთადერთი ადეკვატური რაც იმ წამებში მოხდა, მისი თავის წარდგენა იყო. მე,ალექსანდრე და ნიცა ტაქსიში ვიჯექით და გიორგის მიერ განსაზღვრულ გზას, დაღლილი მდუმარებით მივუყვებოდით, რა აზრი ჰქონდა კამათსა და ხელების შლას? ის ყოველთვის გვარწმუნებდა რაღაცებში, მუდამ ჰქონდა ჩვენზე გავლენა. ქავთარაძეს გავცდით და ერთ ძველ კორპუსთან შეაჩერა. მესამე სართულზე ძლივს ავედით, სამივე ვქოშინებდით გიორგი კი კმაყოფილი აზარინებდა. - გიორგი, დე !- დედამისი ჯერ სიხარულით გამოწვეულ ეიფორიაში იყო და მერე ჩვენ ყველა რომ შეგვნიშნა და პლიუს მისი შვილის ლოთობა, რადიკალურად წაეშალა სახე. - ისევ დალიე ? ხომ დამპირდი დედა ვივლი იმ რაღაც სეანსებზეო? იქნებ და დაგხმარებოდა შვილო, ფსიქოლოგი ტყუილად კი არ მომიძებნია. - მაგ ფსიქოლოგებს მაგრად ადევთ რა- წარმოიდგინე- ალექსანდრეს მიუბრუნდა- ორას ლარამდე დამიჯდა სამი სეანსი და მთელი სარგებელი ის იყო რომ რბილი დივანი ჰქონდა და ფეხების გაშლა თავისუფლად შემეძლო. ალკოჰოლს კი არა, თავის ძაღლს ვერ მიხედა ტიპმა, ლაიკა ჰყავდა თითქმის ჩემი ზომის და ქუჩაში დაკარგა. აზრზე ხარ?! ზრდი,ზრდი და მერე ქუჩაში კარგავ... დებილი კაცი. იჯდა და მეუბნებოდა, შენ თავში უნდა იპოვო ძალაო, შე განდონო მაგას რომ ვერ ვპოულობ მაგიტომ ვარ აქ თორემ შენი შენ*რეული სახის დანახვა,რა ჩემ ფეხებად მინდა? დედამისს ჩაეხუტა, ალექსანდრე კი გულიანად იღიმოდა. - ისე ასეთი ძმა გამისწორდებოდა- მე მომიბრუნდა- არ მოგაწყენს. - წაიყვანე, შენი იყოს. სახელური გამოაბი ყელზე და ასეირნე, , ოღონდ მომშორდეს.ძმა მყავსო... იპოვა დაჟე ! ვაიმე...- ნიცა ჯერ ალექსს ესაუბრებოდა და მერე ჩემზე გადმოერთო. - ვნახოთ აბა რას აპირებს- ვუთხარი სიცილით და სამივე დედამისის შემოთავაზებულ ჩაის, დაუფიქრებლად დავთანხმდით. << - არა, მე არ ვარ ფოტოზე.- სამივე გულიანად ვიცინოდით. - ნამდვილად?- გიორგი ოთახში წინ და უკან დადიოდა და თან პარლამენტს გვაბოლებდა. - შვილო მაგ ფოტოზე მამაშენია, ბავშვობაში...- დედამისმა თმაზე ხელი გადაუსვა და თბილად გაეღიმა. - რათ გინდა იმ არაკაცის ბავშვობის ფოტო?- - მოწევაც დაიწყო- თქვა ნიცამ და ამოიოხრა- რაღაც სარგებელი მაინც დაგვრჩა. გიორგიმ უცებ გაიაზრა რომ აღარ ეწეოდა და ნახევარად ჩამწვარი ბიჩოკი ნიცას გადაულოცა. მის სახეზე, უცებადი სიხარული პატარა ნაწილაკებივით გაიფანტნენ და ერთ დიდ საუფლოში ჩაეშვნენ. მეწყინა რომ მისი სიზმარი არ ახდა მაგრამ ყველა იმის პრაქტიკული ასრულება რასაც ჩვენ ძილის დროს ვხედავთ, წარმოიდგინეთ,რამხელა ქაოსს გამოწვევდა? ალექსანდრე ვერ დავინათესავეთ, სამწუხაროდ მხოლოდ ფიზიკური მსგავსება საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცაღა იმ ჭვარტლში მეც კი გავარჩიე რომ უფრო მეტიც კი გვიპოვია ვიდრე გიორგის ძმა იყო. ოდნავი ტუჩის ჩატეხვით,რომელიც ფიქტიურად ღიმილს ქმნიდა ალექსის მზერას ვაკვირდებოდი,რომელიც ნიცას არ წყდებოდა. - ეგ არაფერი- ვთქვი და ვაკვირდებოდი სიტუაციის განვითარებას- დარწმუნებული ვარ შენი ფიქტიური ძმა ჩვენთან მეგობრობაზე უარს არ იტყვის. - ჩვენ კლანში იღებ?- მკითხა გიორგიმ - ხომ გახსოვს, ეგ მე მეხება. შესავალი და გასავალი. მივცეთ შანსი, იქნებადა მოგება ვნახოთ... - ფული არ მაქვს-აგვყვა ალექსი- მხოლოდ ჩემი გულის შემოთავაზება შემიძლია. - კიდევ რას შემოგვთავაზებ?- ნიცამ ტუჩზე იკბინა და გახედა, გადავიხარხარე, გიორგიც ამყვა. - რასაც ქალბატონი ისურვებს. ახლა უკვე ორივე ეშმაკურად ხალრთავდნენ მზერებს. სხეულის ენით, მათ უკვე საწოლში ვხედავდი. ასე მოხდა და ასე, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე,რამეს რომ დათეს და მის გაფურჩქვნას ელი. ასე გაიფურჩქნა ალექსანდრე ჩვენში, ასე მოეხვია წელზე ნიცას და ასე შევიდა ჩვენი დაუსრულებელი უცნაურობის სამფლობელოში. სიყვარულიც იყო და სიყვარულიც, ნიცასგან დიდხნიან ურთიერთობას არ ველოდი, როცა ამ ორის ცალკეული ფლირტი დასრულდა,ალექსანდრე მთლიანად მეგობრობის წამზომში ჩაერთო და ჩვენი უსაყვარლესი ნაწილი გახდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ხშირად ვიკრიბებოდით, ფილმებს ვარჩევდით, ლუდს ვწრუპავდით,სადღეგრძელოებს ვამბობდით. ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვუყვიროდით,ხანდახან ვჭორაობდით კიდეც. განვითარება ბუნებრივ კატაკლიზმად იქცა, შევეჩვიეთ, ყველა ინდივიდუალური თვისება გავუყავით, ჩვენი საკუთარი თავი ბოლომდე გავაცანით, აღარ ვიმალებოდით, გვიყვარდა და ამის დაფარვა არც იყო საჭირო. დავდიოდით ატრაქციონებზე, ყველაზე საშიშ და გულისამრევ რაღაცებზე, ვაკვირდებოდი ალექსანდრეს ცვლილებებს და მეგონა რომ ნიცასთან გარდაუვალი კონტაქტი, ჰარმონიით ჩანაცვლდა. ასე ვფიქრობდით მასზე, სითბოთი და სიცილით, ისე ვიხვევდით როგორც თბილ პლედს, ვუნაწილებდით შოკოლადიან კრუასანს და ზოგჯერ ჩვენთან ერთადაც ეძინა, საშუალოზე პატარა დივანზე. ბედნიერები ვიყავით მისი გამოჩენით. ერთხელაც კი,როცა უსწორმასწოროდ, მამაკაცური მოხერხებით, ლაქს მისვამდა ფრჩხილებზე, გამოგვიცხადა რომ მიდიოდა. მიდიოდა შორს და დიდი ხნით... << დღის მეორე ნახევარი რჩებოდა. ასე სამი საათი.. ზუსტად ცხრაზე იყო ჩვენი შეკრება დაგეგმილი. ერთი თვე მაინც იყო გასული რაც ერთმანეთი არ გვენახა. მე სამუშაოს ვიყავი გადაყოლილი, არაადამიანურ რეჟიმში მიწევდა ცხოვრება, ძალა სახლში მისვლისთვის, ფილმის ყურებისთვის, პოპკორნის კნატუნისთვის და ძილისთვის მრჩებოდა. ყველაფერს რომ შევეშვათ,რაღაც განელდა. თითქოს ერთმანეთის ინტერესი შევაჩერეთ. გადავწყვიტეთ,ისე როგორც ზოგჯერ წყვილები იქცევიან როცა რაღაცები ბეზრდებათ ხოლმე. აღდგენადი,ჩემი აზრით, მხოლოდ საკუთარი თავია. ყოველდღე ჩემ თავიდან რესტავრაციას ვცდილობდი, სისუსტის შეჩერებასა და წამლების ზუსტი დოზირებით სმას ისე რომ ზიზღი ჩამეხშო. ექიმთან ვიზიტები, პალატების სუნი და აუხსნელი სიმარტოვე, მხოლოდ წამიერი გვერდში დგომა დედაჩემისგან, ისიც მობილური ზარით... და რატომღაც ის შეჩერდა რაც კაცობრიობას ამოძრავებს. მეგობრობა. აი რამდენიმე საათში კი, ჩვენ ისევ რაღაც ახალს გამოვძერწავდით, საკუთარ თავს ხელში დავიჭერდით და გავახსენებდით რა იყო ერთ დროს ფასეული და მნიშვნელოვანი. რამდენად გვჭირდებოდა ერთმანეთი არამხოლოდ კრიტიკული დღეების დროს. ძალიან მენატრებოდნენ მაგრამ ასე მოხდა. ერთი თვე-სრული იზოლაცია. მეც და სხვებიც... ლელას ჰქონდა ამის ფასეული მიზეზი, გადაწყვიტა გამრავლებულიყო. როცა მის ქორწინებასა და განქორწინებაზე გვესმოდა, ჩვენთვის გვწყინდა ხოლმე რომ ყველაზე დალაგებული და ჭკვიანი გოგო იმ მინიმალურ შეცდომებს უშვებდა რაც ხშირად მაქსიმალურ ზიანს გაყენებს. ვორჭოფობდი იმაზეც რომ ყველა ჩვენგანში, მინუსთა გროვაა დალექილი რომელიც ერთხელაც ყველაფერს ამოისვრის და ტვინს გაგვიხვრეტს. მეგონა ლელა ცოტა შეიშალა,როცა გამოგვიცხადა რომ თხოვდებოდა. არასოდეს მომწონდა მისი ქმარი. ლადო ერთი ექსცენტრიული, კომპლექებით გატენილი ტიპი იყო, რომელსაც მხოლოდ გარეგნობა ჰქონდა კარგი. მახსოვს პირველი ეფექტი და მიკვირს, ისე შევუქეთ არჩევანი. პირველი შთაბეჭდილება განსაკუთრებულად ცუდი რამეა, მერე ნანობ ხოლმე. მეც ასე ვიყავი, ნეტავ თავიდანვე არ მეთქვა როგორ გაუმართლა ასეთი ბიჭი რომ ჰყავდა გვერდით. იქნებადა ბევრი რამ არ დატრიალებულიყო მის შავგვრემან თავში და ზოგჯერ იმ დინებისთვის,რასაც ჩვენ პიროვნულ დეგრადირებას ვეძახით,ფართო გზა არ მიეცა. სწავლას მოუკლო,სიგარეტის მოწევა დაიწყო და მელანქოლიკ ტიპად იქცა, ყოველდღიური ქაოსით. ყოველთვის ჩხუბობდნენ. დათო სხვებსაც ეფილტრავებოდა, როცა ლელასადმი ინტერესი გაუნელდა. ამ დროს ის უკვე მისი ცოლი იყო, თავისი კულინარიით, მზრუნველობითა და სიყვარულით,რომელიც მამაკაცებს ზოგჯერ მოსაწყენად ეჩვენებათ. ახალი სისხლი მოუნდა, უფრო მეტად უცხო საშო და გადაწყვიტა რომ მისი ცოლი არ იყო საკმარისი. ერთხელ ლელასთან სტუმრად ვიყავი, ეს იშვიათად ხდებოდა ხოლმე მას შემდეგ რაც,თავისუფლება უარყო და ჟანა დარკივით გადაწყვიტა ომის ველზე შეჭრა. თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, ცუდ ფორმაში იყო, კონტექსტიდან ამოვარდნილს გავდა. ცოტა დავდარდიანდი როცა შევხედე მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. მაშინ ოცდაერთი წელი შეუსრულდა თუმცაღა მეგონა რომ ოცდაათ წელს მიკაკუნებულ ქალს ვუყურებდი, ჩვეული ჩაშავებული უპეებითა და შუბლის ხაზებით გადმოცემულ სევდიანობით. გული ჩამწყდა. თბილად მომესალმა, ჩვეულად ხელი მომარტყა უკანალზე და რამდენიმე წამს დამაკვირდა. - როგორ გალამაზდი- მითხრა დედობრივი ტონით. - შენ როგორ ხარ?- - რავიცი, გათხოვილი ქალების მსგავსად, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო-ამოიოხრა- გავიჭედე ყველაფერში, სამსახურიდან წამოვედი. - მაგ სამსახურის გამო იმტვრიე თავი სემინარებზე, წიგნებზე, უმაღლეს ქულებზე და ასე უბრალოდ წამოხვედი? - ორსულად ვარ. - მერე რა მოხდა?!-ვთქვი გაცეცხლებულმა, ვერც კი გავიაზრე რომ მისი ორსულობის ამბავი, ჯერ ისევ არ ვიცოდი. - როგორც წესი, უნდა მომილოცო, ეტიკეტის ამბავია. - გილოცავ- თავი დავიმშვიდე- მაგრამ სამსახურთან რა შუაშია? - სუსტად ვარ, სახლის საქმეები, გულისრევა, არაფრის აღარ მაქვს. - შენ ქმარს არ შეუძლია დაგეხმაროს?- ვეღარ მოვითმინე. - ჩემ ქმარს ჰკიდია. - და შენც რომ დაიკიდო შენი ქმარი?- უკვე აშკარად ვაღიზიანებდი. - მეგონა მოგწონდათ. - არ მომწონს- ვთქვი და ჩაი მოვსვი- იმიტომ არ მომწონს რომ უკვე აღარც შენ აღარ მოგწონს. შენ რომ მოგწონდეს, მეც რაღაცნაირად მომეწონებოდა. - მიყვარდა. - ვიცი...- ცუდი რამეა სიყვარული, ხანდახან არაფერში გადგება. ამ დროს დათო შემოვიდა სახლში, ჩემ დანახვაზე უკმაყოფილო სახე გაუქრა და მეგობრულად მომესალმა. - ეს უფრო გალამაზებულა-აღნიშნა. - მეც ზუსტად ეგ ვუთხარი. - სამსახურში არ უნდა იყო?- დათომ ხილი და ბოსტნეული მაგიდაზე ამოალაგა და ისევ შემოგვხედა. - წამოვედი. - საიდან?- სამზარეულის მაგიდას მიეყრდნო დაბნეული. - სამსახურიდან რა თქმა უნდა. - და შენი აზრით იმის ხოდი გვაქვს რომ მხოლოდ ჩემი ხელფასით გავქაჩოთ? უხერხულობა ჩამოვარდა, თავი ზედმეტად ვიგრძენი. მინდოდა ამ ოჯახურ *ირობასთან მარტო დამეტოვებინა და თან არც მემეტებოდა. - როდესმე ჭკვიანურ ნაბიჯს გადადგამ?- არ ლბებოდა. - ლელა ძირითადად ჭკვიანი ნაბიჯებით გამოირჩეოდა ხოლმე,სანამ ოჯახობანა არ მოუნდებოდა შენთან- ენაზე ვიკბინე. - ეგ შენი საქმე არ არის.- - ნამდვილად- ლელას შევხედე, თვალები იატაკისთვის მიეჩერებინა და თითით ბეჭედს აწვალებდა. ფეხზე წამოვდექი რომ წავსულიყავი. - სად მიდიხარ?- ლადომ შემაჩერა. - იქ სადაც დუმან პირამიდები-ვუთხარი სიცილით - მეგონა შენ მეგობართან გინდოდა ყოფნა, ასე უბრალოდ მიატოვებ? ლელასგან ისევ დუმილი იყო, მხოლოდ დუმილი. - ასე უბრალოდ მიმატოვა, როცა შენ გაგიცნო. ამიტომ ხო, მივდივარ. - რას ნიშნავს მიგატოვე?!- უკნიდან ხმა გავიგე. მთელი ძალით შევვარდი ოთახში და ყველა მოთმენილი ფიქრი ამოვალაგე. - ჩვენ შორის ყველაზე გამორჩეული იყავი. ყველა შენგან ვიწერდით თვისებებს, ჩვენი რუქა იყავი არასტაბილურ სიტუაციებში. შენ მიჭერდი თავს როცა ვაღებინებდი, მარიგებდი ჭკუას როცა ვინმეს ვშორდებოდი. ყოველ დღე თუ არა, ხშირად გნახულობდი და რამდენიმე საათი შეგვეძლო ვერანდაზე გაციებული ყავა გვეხვრიპა და რაღაც აბსტრაქტულ თემებზე გველაპარაკა. და როდის შეიცვალა ეს?! მოდი გეტყვი... მას მერე რაც ის გაიცანი. შენი გული გაცივდა ჩვენ მიმართ, შენი ინტერესი დაიკარგა ჩვენ მიმართ,შენი სიყვარული... - ნესი !- ლელა ფეხზე წამოდგა - შენი სიყვარული...-ვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე- - ნუ ცდილობ ყველაფერი მე გადმომაბრალო. - როცა ვცდილობდი დაგხმარებოდი, გწერდი, გირეკავდი, მპასუხობდი რომ არ გეცალა. გეკითხებოდი რას აკეთებდი და შენ სულ ლადოს უმზადებდი სადილს, ლადოს მეგობრებთან იყავი,დათოს ოჯახის წევრები გაიცანი, დათომ ხელი გთხოვა ლადომ გეჩხუბა და არ გეცალა, ლადო იყო ჰორიზონტალური და ვერტიკალური საწყისი. გიღირდა რომ ამ ყველაფრად? - ჩვენ ვშორდებით- ლელამ სიგარეტი ამოაძვრინა და შემომხედა. წავუკიდე და მერე ხელები ამიკანკალდა როცა გამახსენდა რომ სხეულში მარტო აღარ იყო. - ნამდვილად- - რაღაცას გვეგონა გავქაჩავდით მაგრამ არ გამოვიდა. - ნა მდვი ლად- უკნიდან ისევ ექოსავით დაგვჩხაოდა ლადოს ხმა. - ამ *ირს საყვარელი ჰყავს- აგრძელებდა ლელა. - ნამდვილად. არაერთი. - ვსო,წავედით. ლელამ ხელი წამავლო და თავის ოთახში წამათრია. კოსმეტიკა, ტანსაცმელი,ფეხსაცმელი უკვე ერთიანად დაეყარა საწოლზე და მაშინ გადამიარა გაკვირვებამ. მე ვიყავი ნათელი სხივი მის ცხოვრებაში,რომელიც იმ დროს შემოიჭრა როცა ჩარაზული რაფიდან მხოლოდ დამცინავი ნიავი არღვევდა გისოსებს. მე ვიყავი მისი მაპროვოცირებელი, ეფექტური ხელსაწყო და მინდა სიმართლე ვთქვა, თავი ასე კარგად დიდი ხანია არ მიგრძვნია. ასე მეგონა კაცობრიობა გადავარჩინე. ზურგჩანთა მოიკიდა და წინ გამიძღვა. ოთახის კარი უხეშად გავაღეთ და სამზარეულოში შევედით სადაც უკვე ა.წ მისი ყოფილი ქმარი კარტოფილს თლიდა. - ბავშვს რას ვუშვებით?-იკითხა მშვიდად. - რა უნდა ვუქნა. გავაჩენ, ტანსაცმელს გამოვუცვლი,დავბან ხოლმე. ვეცდები ფინანსურად მოვძლიერდე და ყოველთვიურად მაინც წავიყვანო რამის საყიდლად. წავიყვანო ატრაქციონებზე, კინოში, თეატრში, ინტელექტუალურ შეხვედრებზე. ზოგჯერ როცა მამამისზე რამეს მკითხავს, არ ვეტყვი რომ ცუდი ტიპი ხარ უბრალოდ ყველაფერი ისე ვერ აეწყო როგორც გვინდოდა. რომ ერთ დროს, ჩვენ მართლა ვიყავით შეყვარებულები. არ შევუზღუდავ შენთან შეხვედრას, დასვენების დღეებში ალბათ გაასეირნებ ხოლმე, თუ თვითონ მოგესურვება. ალბათ დაბადების დღეებსაც მიულოცავ.გავზრდი და მეყვარება. სხვა რა უნდა ვქნა? - არ მოიშორებ?- ლელას ფეხებში ძალა გამოეცალა და ფიფქივით გაუთეთრდა სახე. - ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ჩანთა უფრო მეტად გადაიკიდა ზურგზე და ორივე გადავცდით იმ მინიმალურ ზღვარს,რასაც ხშირად თვითგანადგურებისკენ მოგვიწოდებს. მოთმინებისა და ტოლერანტობისკენ. გადავცდით სიმშვიდის ზღვარს. << საღამოს სინაზეში იყო გახვეული წვიმის უფერო ნაკადულები,რომლებიც ქვაფენილებს ძველი მეეზოვებივით ჩამორეცხდნენ. სასიამოვნო სუნი იდგა ირგვლივ, სისველისა და მოგონებების სუნი. ამინდი იყო ისეთი,როცა მიდიხარ ქუჩაში, ქვებს ფეხებით ამტვრევ და შენ წარსულ შეცოდებებზე ფიქრობ, სიყვარულსა და მეგობრობაზე. გეღვრება სითბოს განუსაზღვრელობა, აუხსნელად, თითქოს წამიერად და შენ კანში პატარა დეტექტორებს აჩენს. ისუნთქავ და ამოისუნთქავ, ისუნთქავ და ამოისუნთქავ. სიგრილე გამოსჭვივის თითოეული კუნთის ნერვისგან. გეღიმება. ჩვენც ვიღიმოდით, ჩანთამოკდებულ და ანთებულ ლელას რომ ვუყურებდი, მეფიქრებოდა, ნუთუ ოდესმე მეც მივხვდები რას ნიშნავს უბრალოდ ადგომა და წასვლა. იქნებ სიკვდილი არ ყოფილიყო ეს გამომცდელი, იქნებ მანამდე მეც დამეტოვებინა ვინმე ცარიელ ოთახში,რომელიც მაგიდასთან იჯდებოდა და კარტოფილს გათლიდა. იქნებ ოდესმე მეც შემეგრძნო,უფრო მეტი სისხლი სხეულში ვიდრე თავად მაქვს. და გავმხდარიყავი მშობელი ერთი სხეულისა,რომელიც აზრსაც და სიკეთესაც აერთიანებს. რომელიც ეგოისტობას არ გაცდის და თავისკენ მიგათრევს,რომლის სიყვარულის აუხსნელობა გაშინებს და გონებას გიკრთობს. იქნებ მეც ვყოფილიყავი დედა, დამერეკა დამქანცველი დღეების შემდეგ, მეკითხა ჭამა თუ არა ნოყიერად, გავიდა თუ არა მისი დღე პროდუქტიულად. ამაზე ვფიქრობდი როცა ლელას სახეს ვუყურებდი და უპასუხო კითხვებს ვსვამდი,რომელიც ბაგეებიდან არ ჟღერდა. როგორი შეგრძნებაა როცა შენი ცხოვრების რაღაც ნაწილს ანგრევ ? თავიდან იმარაგებ საშენ მასალას? როგორ ეგუები და ვითარდები?... იქნებ ერთ ადგილას გაიყინო და აღარ ისურვო გამთელება, იქნებ მოგწონდეს შენი გაბზარულობა და მასთან ერთად ძილი... - რას გრძნობ?- უფროსწორად როგორ გრძნობ-ვიკითხე სიჩუმეში,როცა სიარულისგან დავიღალეთ და პარკში მოგვინდა ჩამოჯდომა. ლელამ ისევ წაიღო ხელი სიგარეტის კოლოფისკენ, მე გავაჩერე. - არ გინდა.-ვუთხარი მშვიდად. - მას არ აინტერესებდა რომ ვეწეოდი-თავი გვერდით გადმოხარა- მემგონი ეს ყველაფერზე პასუხებს გვაძლევს. - აქამდე რატომ არ გააკეთე ეს? - მეშინოდა. შევეჩვიე იმას,რაც ავირჩიე. გამოცდას ჰგავდა.იცი რას ვგრძნობ?- შავი თმა ტალღებად დაიხვია თითზე და შემომხედა. - ვგრძნობ რომ ამ კატასტროფაში ზოგჯერ ყველა ჩვენგანი სიცოცხლეს ეძებს. იჭრის თმას, სხვანაირად იმოსება, თითქოს ცვლილებებს -ცვლილებებს ამატებს და ამით უძლებს. თითქოს ეს სტანდარტულია ყველას ცხოვრებაში, ისე როგორც სასწავლებლის დამთავრება და იმაზე ფიქრი შენი პროფესიით გააკეთო რამე. მე ამას ვგრძნობდი. მაშინ როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, მე ცვლილებები მომინდა. მომინდა რომ თუ დაუშვათ ეს ჩემი ბედისწერა ყოფილიყო, სინანული არ მომეკარებინა ახლოს. გიყურებდით თავისუფლებს, შეუზღუდავებს, უდარდელებს და ნელნელა უკან მივდიოდი რადგან ეს მტკენდა. მეც მინდოდა. თავისუფლება მინდოდა... - შენ ახლა თავისუფალი ხარ. - არ ვიცი. აღარ ვიცი თავისუფლება რა არის- ხელი მუცელზე დაიდო და დადარდიანდა. - ასე ყველასთან ხდება. მარტო შენ არ ხარ... რაღაცებს აკეთებ,ნანობ, აღარ აკეთებ. მარტივია... - სულელურად ჟღერს-არ უნდა მიხვიდე იქამდე რომ ისეთი რაღაც გააკეთო,რაც თავიდან-ფეხებადე შეგცვლის. ეს ჩემი ყველაზე სუსტი ნაბიჯი იყო და არ ვმალავ. სიყვარულს არ უნდა ჰქონდეს ამდენის უფლება. - გეთანხმები. - მეთანხმება-გამომაჯავრა და მხარი გამკრა-წარმოდგენა მაინც გაქვს რაზე ვსაუბრობ? რაღაცამ დენივით დამიარა და ავფორიაქდი, ამაზე ლაპარაკი აღარ მინდოდა. - შენ რომ გქონდა წარმოდგენა,მაგიტომ ზიხარ ახლა იდიოტივით,ზურგზე ჩანთა გაქვს მოკიდებული და წუწუნებ. გაეცინა. თავი მუხლებზე ჩამომდო და ცას შეხედა. - როცა სხვა გზა აღარ გაქვს, ყველაფერი ლამაზად გეჩვენება და შენი სიცოცხლის გამართლებას ამით იწყებ... შუბლზე ვაკოცე და იმ წერტილს მივაშტერდი რომელსაც მისი თვალის გუგები მოუშორებლად ეფერებოდნენ. << ,,გულწრფელობის საღამო“-ს იდეა მდგომარეობდა შემდეგში- არ გვქონდა საიდუმლოებების გზამკვლევი, არ იყო საჭირო ყველაფრის თქმა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე არჩევანი, ან საკუთარი თავის გაცემა, ან სხვის. ჩუმადაც შეიძლებოდა ყოფნა. ეს უკანასკნელი, არცერთმა არ ავირჩიეთ. << სახლში დავბრუნდი,გადავივლე, თმა გავისწორე,ტუჩსაცხი წავისვი, ცოტა ტონალური და ტუში. თვალის ფანქარი უჯრაში ჩავაბრუნე, ზედმეტი მეჩვენა. როცა შენში რაღაცები იცვლება, მაკიაჟი თავის გამართლებაა,რომ ისევ ისეთი ლამაზი და კარგი ხარ. ჩემი სითეთრის დასაფარავად მუქი ტონი დამდევდა სახეზე, ტუჩების დაშრობას ტუჩსაცხი მიფარავდა, მოკლედ მაგარ ფორმაში ვიყავი. ტანსაცმელიც სხვანაირი შევარჩიე, უფრო მეტად გამომწვევი. ნაცრისფერი ტანზე გამოყვანილი ქვედაბოლო ჩემი უკანალის წარმოსაჩენად და შავი ჩემით გადაკეთებული მაისური, საიდანაც ჩემი ,,ბითლზის“ გაფორმების ლიფი ლანდავდა. ადრე უფრო ლამაზი ვიყავი, უნდა ვაღიარო. მაკიაჟი არ მჭირდებოდა ხოლმე. ასე რამდენიმე წლის წინ. ოცდაორის ვიყავი, მე კიდევ მეგონა უკვე სამყარო დამიტრიალდა. რამდენიმე ჭაღარაც აღმოვაჩინე და ჩავფიქრდი, სიბრძნე მომემატა თუ ასაკი ნეტავ?! ჩემი თაყვანისმცემლის რამდენიმე ზარი, თითის უცაბედი მოძრაობით ამოვშალე და ჩანთაში ყველა არასაჭირო ნივთი ჩავტენე. სიგარეტი-რომელსაც ვეღარ ვეწეოდი, სარკე,რომელშიც აღარ ვიხედებოდი და პრეზერვატივი,რომელიც კაცმა არ იცის რაში მჭირდებოდა. ,,იმედია ჩანთას არ გამიჩხრეკენ“- თავში ეს აზრი დამიტრიალდა და სახლიდან გავედი. სანამ ჩემ მეგობრებთან მივიდოდი, ერთი ბიჭი უნდა მენახა. რადგანაც საკმაოდ უინტერესო ტიპი იყო, მისი აღწერა არ ვისურვე. უკვე ცხრას ურტყამდა საათი, ვქოშინებდი და მივდიოდი. მალე ვიღლებოდი ხოლმე, ბევრი სიარული არ შემეძლო. უცხო სახეებს ვლანდავდი, გვერდით ჩამივლიდნენ და ბუნებრივია მეც იგივეთი ვპასუხობდი. ადრე ვფიქრობდი ხოლმე, ასეთი თეორია რომ არსებობდეს. ,,განწყობის თეორია“ მაგალითად, რაც ყველას ვირუსივით მოედება. ამ თეორიის თანახმად კი, ყველას შეეძლოს იმის თქმა,რაც იმ მომენტში უტრიალებს. აი მაგალითად მათხოვარმა ყველა იმ გამვლელს შეუკურთხოს,რომელმაც უემოციოდ ჩაუარა. ბიჭებმა მოკლე კაბიან გოგოებს, მათი უსაზღვრო ფანტაზიები ჩაურაკრაკონ და ჩემმა ექიმმაც ერთხელ და საბოლოოდ მითხრას რომ არაფერი მეშველება. სექსის მერე, ყველა პოზა განიხილებოდეს, გრძნობების დაფარვა უკვე აღარ იყოს აუცილებელი და უშუალობაც უცხო ხილში არ მოიაზრებოდეს. კოცნის, სიტყვებისა და განწყობის -არავის აღარ შეეშინდებოდა. მე ვფიქრობ რომ უკეთესად შემობრუნდებოდა ყველაფერი, ცუდსაც მივიღებდით და კარგსაც, უფრო მრავალფეროვანი არჩევანი იქნებოდა, უინტერესო აღარ მომეჩვენებოდა ყოველდღიურობის ხავსი. გულწრფელობა... რა არის გულწრფელობა? << ვესაუბრე, ვუთხარი აზრი არ აქვს-მეთქი ჩემზე დროის კარგვას. ნუღარ მირეკავთქო, სხვა გზა აირჩიე მეთქი- სხვა გზა, სხვა ადამიანზე გამავალი. ვუთხარი ისედაც ცოტა დროათქო დარჩენილი. ნუ დგახარ აქ, ნუ მიყურებთქო. ნუ მესაუბრები და ნუ გიციმციმებს თვალები,ასე უიმედოდ. ჩემგან ხომ ხედავ-ჩავშავებულ უპეებს მეთქი, მეტი არც არაფერიათქო. შემდეგ ჩანთიდან პრეზერვატივი ამოვაძვრინე და ხელში ჩავუგდე სიცილით. გამოგადგება-მეთქი ისედაც თვეებია უაზროდ დავათრევ. გაეცინა იმასაც, აშკარად ხელი შევუწყე ფინანსურად. ჩემთან უნდოდა ვიცი მისი გამოყენება, მაგრამ რას ვიზამთ, არ ასრულდა მისი გულის წადილი. გადავულოცე სხვა იმიერ სამყაროსა და სინაზეს. დავიშალეთ, მოწიწებით, სიცილით და ჩახუტებით. ეს სულ შემეძლო- ცუდი რამის,კარგით გადაკეთება, იუმორითა და უშუალობით. ვიცი აღარ დამირეკავდა, ვუყურებდი და ვიცოდი, ტკიოდა რაღაც. უარი ტკიოდა. მეც მტკივა ხოლმე უარი, ოღონდ ესე არ მტკივა, ფიზიკურ ტკივილს შევეჩვიე-ვეღარ მოქმედებს. დავემშვიდობე და დელისს ფეხით ავუყევი. ხალხი ბოგინობდა და ყაყანებდა, ყველაფერი ისევ ძველებურად იყო. სუნიც კი, არ შეიცვალა. მარტო ვიყავი ვიცი,მინდოდა კიდეც, ოცნებას მერჩივნა. უაზრობასა და იმედგაცრუებას მერჩივნა. გაუმართლებელ დამოკიდებულებას. დავიკიდე და გავაბოლე სიგარეტი, საბედნიეროდ აღარ უმოქმედია ისე. ეს დეტალები მაფიქრებდნენ,იქნებ გამოჯამრთლება შესაძლებელია და იქნებ სულაც არ იყოსთქო საჭირო ყველაფრის მოყოლა. ასე უბრალოდ ეს სისულელე გამიქრეს და ისევ მე დავრჩე. მხოლოდ მე. << კარი შევაღე მომენტალურად და ვიღაც ისე ძლიერად ჩამეხუტა სუნთქვა შემეკრა. - იგრძნო შენი მოსვლა და კარებთან გელოდებოდა-მითხრა ნიცამ და ფეხზე წამოდგა, უკნიდან შემომეხვია და მხარზე თავი დამადო. - მოგვენატრე ყველას- ლელა უკვე წინიდან მეხვეოდა. - ის პატარა ვიღაც სად არის?- ვკითხე ბარბარეზე. - დედაჩემს დავუტოვე, ეძინა, აღარ გამიღვიძებია. - მეგონა ვნახავდი. ერთი წლის ბედოვლათია უკვე მე კიდევ მხოლოდ თვეების ვნახე, თავს რომ აქანქარებდა და იდორბლებოდა. - ახლაც მასე შვება- თქვა ლელამ და გადაიხარხარა- ს აწევა დაამუღამა უკვე, ჯდება თავისით, კლეოპატრასავით ზის დივანზე. - სიყვარული- ვუთხარი დატკბილულმა. ლელამ დივანზე მიმითითა და თავადაც გვერდით ჩამომიჯდა. - რომ ვუყურებ, ზოჯერ მგონია ჩემი არ არის. განა იმიტომ რომ არ მევასება და არ მინდა, უბრალოდ ასეთი ლამაზი რანაირად გაჩნდა ვერ ვიგებ. პატარა გოგონას ფოტო მაჩვენა და იქ მყოფებმა წამიერად შვილი ვისურვეთ. - შენ გგავს- ვუთხარი - რა მე მგავს გოგო, მამამისის უფროა ვაღიაროთ. რომ ვუყურებ ხოლმე, რაღაც მინდა ვესროლო, მერე მახსენდება რომ ჩემი შვილია და ვჩერდები. - *ირი- მოგვესმა უკნიდან გიორგის ხმა,რომელიც ისევ ბარბარეს ფოტოს უყურებდა. - განსაკუთრებული უნარი მაქვს- გვითხრა ლელამ- სულ ვიცი, გიორგი რა მომენტში,რას იტყვის. - განათხოვარო- გიორგი სკამზე მოიბუზა და წარბები მაღლა აწია- შენ რომ მიგატოვებს ადამიანი და ასეთ არსებას მითუმეტეს, სხვა რა უნდა უწოდო, მითხარი. - იმას არ მივუტოვებივარ, პირიქით არ იყო?!- ლელამ შემომხედა. - ასე პროსტა, მივდივარო, აღარ მინდიხარო, ჩანთა ჩაალაგა და ჩემთან ერთად წამოვიდა-დავუდასტურე. - ქათმები- თქვა უკმაყოფილოდ-შენ ის ქენი,რასაც ადრე თუ გვიან ეგ იზამდა. - გიორგი რატომ გინდა ხასიათში *ამიჯვა სულ?- ლელამ ვეღარ შეიკავა ბრაზი და მზერა მოარიდა. ყველანი უცაბედად გავჩუმდით. - მე რაღაც მოვიტანე- ვთქვი და ჩანთიდან ჟელიბონების რამდენიმე შეკვრა გადმოვყარე. ნიცა ისე ეცა, მეგონა ცხოვრებაში არ უნახავს. - მიყვარხარ ნეს- პირში რამდენიმე ჩაიდო ერთად და მუცელზე გადაწვა. - ჩვენც გვინდა- გიორგიმ კალთაში ჩაიყარა და შემომხედა. არ ვიცი ეს შემოხედვა რატომ აღმოჩნდა ასეთი უცნაური მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ასე ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს. - ტანსაცმელივით ვერ დაკეცავ შენ ცხოვრებას და თაროზე ვერ შემოალაგებ-თქვა ლელამ ტუჩების წკაპუნით- რაც მოხდა მოხდა, ყველაფერი კარუსელივით ტრიალებს, ბედნიერი ვარ ბარბარეს გამო და ისიც ბედნიერი იქნება ჩემ გამო. იმის გამო რომ ასეთი მაგარი დედა ჰყავს. ჩემი არჩევანის გამო,რომ არ ავარიდე თავი მის სიყვარულს და ექიმთან არ წავედი მის ამოსაჭრელად. - ბარბარე რომ არ იყოს?-იკითხა გიორგიმ და ლელამ გააგრძელა - გავუფასურდებოდი. ასე,მარტივად. ლელას ჩავეხუტე და არჩევანი შევუქე. ის ჰარმონია რაც გვქონდა ხოლმე, ახლა შემეხო. - შენ ქალბატონო?-ნიცა გადმოიწია ჩემკენ-სიახლეები არ გაქვს? - კი როგორ არა. დღეს პრეზერვატივი ვაჩუქე ბიჭს,რომელსაც დავშორდი. ყველას გაეცინა, მეც გადმომედო ღიმილი. - აი ასეთი სიურპრიზებით სავსე რომ ხარ, მაგიტომაც მევასები. - და შენ?-შევუბრუნე - იმ ლექტორს ვეჩალიჩები ისევ. ძალიან იფასებს თავს. - მანიაკი ხარ... - პატარა ბიჭები არ მომწონს ხომ იცი. ასე მგონია ჭყიპინებენ. აი რომ საუბრობენ, მინდა ლეიკო ავაკრა. კოცნის სურვილიც არ მიჩნდება, არათუ აღგზნების. - ოდესმე სამყარო შენ შესაფერის რობოტს გამოიგონებს, მუდმივი ერექციითა და მიუტოვებლობის უნარით-გიორგიმ ნიცას თვალი ჩაუკრა, მეც იგივე გავაკეთე. - რობოტამდე უნდა დაკმაყოფილდე- - მაგისთვის ბევრი რამ არსებობს. ხახუნისა და ინერციის ძალები, ხელსაწყოები, ამოზნექილი კუთხეები, თითები და ა.შ - ლუზერო, მოკეტავ? ,,კი კი, როგორ არა“-გავიფიქრე და გიორგი ავათვალიერე ,, ასეთი სახითა და ტანით, ლუზერი ვერასოდეს იქნები“ მაგრამ რადგან ჩვენ წრეში, ის ამ ზედმეტსახელით სარგებლობდა-მეც დავადასტურე. გიორგიმ მაცივრიდან ლუდები და რაღაც სანოვაგეები ამოალაგა, შემდეგ მობილური აიღო და რამდენიმე პიცა შეუკვეთა. ასევე ხმაამოუღებლად, საუბრის დასრულებისთანავე, მთლიანად გათიშა და მაგიდაზე სენსორის მიმართულებით დადო. ზუსტად ამ დროს გაისმა,მესიჯის ხმა,ჩემი მობილურიდან. ყველამ მე შემომხედა, საკუთარ თავსაც მე შევხედე. თან ვფიქრობ-რა დავაშავე, მესიჯს ვკითხულობ და ვშლი, თან მათ ვუყურებ. ისინი კი, ისე მაკვირდებიან, მგონია მალე არაფრისთვის ამკიდებენ სასჯელს. დავითრგუნე, ყველა ჩუმად იყო, მიყურებდნენ და მეც შევხედე სარკეში საკუთარ თავს, რამე ხომ არ შემეცვალა-მეთქი. ყველაფერი თავის ადგილზე მქონდა, ჩემი საამაყო ტუჩებიც და მკერდიც. - სერიოზულად?- ვიკითხე დუმილში და ჩემი ქშენის ხმაც გავიგონე შიგნით. რამდენიმე წამი ისევ დუმდნენ, მათი მზერა კანს მიწვავდა, სადაცაა გავსკდებოდი და გინებას დავიწყებდი. მერე კი განათდა და ისევ ფერებში აღვიქვი სამყარო. ამაყად გადავილაგე ფეხები ერთმანეთზე, მობილური ავიღე, გავთიშე და ეკრანის მხარეს დავდე მაგიდაზე. ყველა კმაყოფილი იყო, ჩემი მისია აღსრულდა. - სანამ მობილურები არ გავთიშეთ,კარებთან იდგა, არ შემოდიოდა-მითხრა ლელამ- - მშვენიერი წესია- გიორგის გავუღიმე-უბრალოდ აღარ მახსოვდა. - აკლია ამ საცოდავს- ნიცა თავს ძლივს იკავებდა რომ რამე ცუდი არ ეთქვა,მაგრამ გამოვიდა რომ მაინც ცუდი თქვა.- რა ვუწოდო, აღარ ვიცი, არაფერი არ შეეფერება. - შენ ისევ სვამ?- ყველამ რატომღაც დავაიგნორეთ ნიცას წამოსროლილი სიტყვები და მზერა გიორგისკენ გადავიტანეთ- კიდევ ერთი ძმა გინდა აღმოაჩინო?შეეშვი... ბოთლი გამოვართვი. უხეშად წამართვა და ისევ მოსვა. - ალექსანდრე მენატრება-ვთქვი მოწყენილმა, ძმის ხსენებაზე. ყველანი რაღაცნაირად ერთმანეთს დავშორდით, ახლა მივხდი რას ნიშნავს თითოეული ნატეხი, გატეხილი ფაიფურის ჭურჭლიდან. ერთი ციდა ნატეხი,რომელიც მთლიანობას ადგენს. პიცა რომ მოიტანეს,სიცოცხლის უნარი დაგვიბრუნდა, ახლიდან დავიწყეთ სუნთქვა. ოთახში ისეთი არომატი ტრიალებდა, ცუდი განწყობისთვის დრო აღარ გვეყო. ერთი ცალი დავანაწევრეთ, გადავხედეთ-რამდენი დაგვრჩა და აღმოჩნდა რომ საკმარისზე მეტიც კი იყო. დავმშვიდდით, ვილუკმებოდით, ერთმანეთს ვუყურებდით. ერთად ყოველთვის ყველაფერი გემრიელი იყო, ასევე მეგემრიელა ჩვენი შეხვედრაც და დადასტურებით ვუთხარი ჩემ თავს,მეგობრები საუკეთესო რამეა-მადისთვის. ასე რამდენიმე წუთი ისევ არაფერი გვითქვამს, ოღონდ ჩვენი დუმილი, მაინც სიტყვებად აღიქმებოდა. არ ვიცი ეს როგორ უნდა აღვწერო, ალბათ ვინმე გამიგებს.ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. კარებზე ისეთი კაკუნი ატყდა, ლუკმა გადამცდა და ლუდი მოვიყუდე რომ არ გავგუდულიყავი. ხველება ამიტყდა. - ვინ ჯანდაბაა?- ვიკითხე გამწარებულმა და კარებს მივვარდი. მის გამო ლამის დავიხრჩე, ცხოვრება დავასრულე, ვინც არ უნდა იყოს მაგრად გაითათხება. ხმის ტემბრი დაყენებული მქონდა, თუმცა კარების გაღების შემდეგ ყველაფერი ზედ შემახმა. ალექსანდრე გაბრაზებული შემოვარდა სახლში, მოსაცმელი სკამზე მიაგდო, გაოფლილი და ანერვიულებული იყო, არცერთს არაფრად არ გვაგდებდა. საპირფარეშოში შევარდა, კარები ჩაკეტა. წყლის ჩასხმის ხმა რომ გავიგეთ,მაშინ მოვედით ცოტა აზრზე. ისევ ოთახში შემოვიდა, უკვე დამშვიდებული მაგრამ მაინც უკმაყოფილო. - ეს დედა ნატირები, მთელი დღეა გზაში ვარ, უჭმელი,უპატრონო, არავის მე არ ვაინტერესებ,არავის მე არ ვუყვარვარ, ჩამოვდივარ, გეგონება გაუხარდეს ვინმეს,იმედიანად მოვდიოდი, სასმელი ვიყიდე... კაროჩე მოვდივარ რა, ბედნიერი ვარ, მეთქი ვნახავ ამათ, იქნებადა ვუყვარვარ ვინმეს ისევ. ნოსტალგიებში ვარ მოკლედ, რეი ჩარლზს ვუსმენ, ვღიღინებ მხიარულად. მერე კიდევ მეფიქრება, კარგი მივდივარ-მივდივარ, მაგრამ სად მივდივარ? მისამართი აღარ მახსოვს, ქუჩა ვიცი, ნომერი აღარ. კარგი-დაუშვათ ამ ქუჩაზეა, რამე დეტალი მაინც არ დამამახსოვრდებოდა რომ კორპუსი ვიპოვო? ვერაფერს ვიხსენებ, არადა მინდა, კარგ პონტში გაგჩითოთ და პირღიები დარჩეთ, ისე დაახლოებით როგორც ახლა ხართ.მოკლედ მოვატასავებ რა, ,,say no more”-ზე გადადის ფლეილისტი, რაღაც ხოდზე ვარ, მეთქი დედას მოვუტ*ნავ, ვიპოვი. ცუდად ვარ, ტუალეტში მინდა, უკვე ხასიათი მიფუჭდება. ავიღე მობილური მეთქი ამათი დედაც, იყოს რაც არისთქო მაგრამ ... თქვე *ირებო სად ჯანდაბაში გაქვთ მობილური?! ყველას გამორთული, ჰკიდიათ სოციუმი და ცივილიზაცია. ძლივს საცოდავად კადრები აღვადგინე, იმდენ კარებზე დავაკაკუნე, მცნობს უკვე ხალხი. მერე რაღაცები გამახსენდა და მეთქი სერი კარის ფერი არ იყო, ლელას სახლი, ამ თეთრ კარებზე რას ვაზარინებთქო და კაკრას გვერდით იყო ეგ ფერი. ესე ერთიანად მობილურები რა პონტში გათიშეთ? აგონიიდან პირველად მე გამოვედი, მისკენ გავიქეცი და მოვეხვიე. მანაც შემომხვია ხელები და თმაზე მაკოცა. - ეს უფრო გალამაზებულა-აღნიშნა- ყოველთვის თქვენზე უკეთესი იყო. აშკარად წყინს, არავინ ეხუტება ჩემ გარდა. შემდეგ გიორგიმ ლუდის ბოთლი აიღო და მიაწოდა. - გეგონა აქ სენტიმენტები და ამბები დაგხვდებოდა ხო?- ალექსი იწეოდა საჩხუბად, მე ვაკავებდი- ბოლოს მოთმინება დაიკარგა და უკვე სამივე დაუფარავად ვეფერებოდით,ხან თმაზე და ხან დატატუირებულ მკლავებზე. - გიორგის თემაა ეგ მობილურების გათიშვა-ვუთხარი - ანუ ჯერ არ გამოჯამრთელებულა- გიორგის გახედა- არადა ძმაო, მართლა მეგონა რომ გეშველებოდა რამე. ნიცას ჩაეცინა, ტუჩები მოიკვნიტა. თან ათვალიერებდა მის ოდნავ შეცვლილ და აშკარად გასიმპათიურებულ სხეულს. - შანსი არ გაქვს- როცა მზერა იგრძნო, ალექსიც წამოენთო- შანსი არ გაქვს პატარა. ყველას გაგვეცინა, დივანზე ერთად გავიშხლართეთ. იმ წამს ვიფიქრე რომ ლელამ ზუსტად გათვალა ჩვენი ზომა,წონა, მასშტაბები და დივანი ისე შეარჩია რომ ყველა დავტეულიყავით. სუნი რომ ვიგრძენი, მაშინ გაღვივდა ის განცდა რომ გიორგის თავი ჩემ მუხლებზე ედო. ამ წამს შევამჩნიე ეს. თითები თმაში შევუცურე და შუბლზე ვაკოცე. - სიტკბო-თქვა კრუსუნით - ყველას ნესი გიყვართ-ნიცა განაწყენდა- მეც კი მიყვარს მემგონი. ეს რა წესია ვერ გავიგე, აი რამდენიმე წელია მაგის ახსნას ვცდილობ,რატომ გვიყვარს ნესი ასე ძალიან. გიორგი ხომ გამაღიზიანებელია,სულ იმიერ სამყაროზე გველაპარაკება, გეგონება დედამიწისთვის არ არის გაჩენილი. ლელაც ისე იტყვის ხოლმე რამეს, ისე გაცვთება საუბრის დროს, საკუთარ პიროვნებას შეგაზიზღებს. აქვე გყავს მოღალატე და მანიპულატორი რომელიც ისე მიდის ჩვენგან ერთი წლით, ისე უემოციოდ გვეუბნება ამ ყველაფერს, თითქოს არაფერი რჩებოდეს აქ. აი ყველა ხომ რაღაცნაირად ცუდი ტიპები ვართ, მაგრამ ნესიზე ვერაფერს ვიძახი. მიყვარს და ყველას რომ გვიყვარს არ მიკვირს. ხანდახან ისე მინდება მძულდეს,რამდენადაც მიყვარს. - უცოდველი არავინ არ ვართ-გიორგი ჩაერთო- ნესი უბრალოდ ნაკლებად ცოდვილია.უფრო მეტად ვუფრთხილდებით და ვეფერებით. იმიტომ რომ ვაფასებთ,არ შეგვიძლია მისი მიტოვება. - რას ნიშნავს ,,საუბრის დროს ცვთება?“- მე განსახილველი თემა აღარ ვიყავი, ლელას ძალიან ეწყინა ნიცას ეს რეპლიკა, აუცილებლად აპირებდა ამის განხილვას. - იმას ნიშნავს რომ ისე საუბრობ ზოგჯერ, ისაოდა მე იმდენი გამომიცდია, რა გაქვთ ჩემთან სათქმელი, ისე დაგვიკიდე როცა გათხოვდი,ვიფიქრე, გიცვლიდით იმ შენ ლენჩ ყოფილს,აქამდე. - ამას რა უნდა უთხრა ახლა?- ლელა უარესად გაღიზიანდა- რას ნიშნავს გოგო ,,საუბრის დროს ცვთება“ -ო რომ თქვი, ამიხსენი რა გთხოვ. - გაჩერდით- ვცდილობდი ღიმილის შეკავებას,მაგრამ არ გამომივიდა. - არა,ხომ ამბობს რომ ვცვთები, ამიხსნას, რით არის ჩემზე უკეთესი მეგობარი თქვენთვის, რა აქვს უბრალოდ პრობლემა ჩემთან მიმართებაში... მიმიცია იმის მიზეზი ეგ ეფიქრა? - უმიზეზოდ არავინ გესაუბრება შენ- ნიცაც წამოენთო- მიზეზი მაქვს,ესეიგი სასაუბროც არის. - ოჰ, მართლა? და რა მიზეზი გაქვს?- მე და ბიჭები ვცდილობდით სიტუაციის განეიტრალებას და უშუალოდ ორივეს პოზიციას ვიჭერთ. - უემოციოდ არავინ წასულა- ვხვდებოდი ალექსანდრე რასაც უმიზნებდა, უნდოდა საუბრის თემა მასზე გადასულიყო,რომელიც აუცილებლად მშვიდობით ჩაივლიდა და ეს დაძაბულობაც მოგვშორდებოდა რამენაირად. - აბა როგორ წახვედი?!- ვხვდები, ამართლებს ეს მეთოდი, მაგრამ ისევ იგრძნობოდა სიმძიმის სუნი ირგვლივ. - მშვენივრად იცი რატომაც წავედი. - არა არ ვიცი ალექს, მე ხომ არაფერი არ ვიცი. აგერ გიორგი დაგეთანხმება, ჩემზე სულელი აქ არავინ არ არის. არა გიო? - რა თქმა უნდა-დაუდასტურა-ეჭვგარეშე. - ჰოდა ვერ მივხვდი, შეგეძლო აქაც ყოფნა მაგრამ გადაწყვიტე წასვლა. მიზეზი იციო მეუბნები,რა მიზეზზე მელაპარაკები? თუ მე ვიცი, იქნებ სხვესაც უნდათ რომ გაიგონ. - არ გვინდა რა გთხოვ- მშია საშინლად, უნდა ვჭამო და დავისვენო, არ მაქვს კამათის ნერვები. - ჰო, ნუ მესმის რატომაც არ გაქვს. რაზე უნდა მეკამათო, არ ვიცი. რას იტყვი,ან რით გამართლდები. - ჩვენ აღარ ვიყავით ერთად,როცა წავედი- ალექსი მშვიდად აგრძელებდა- მე გასამართლებელი არაფერი მაქვს, ისეც ხდება რომ გვიწევს ესეთი ნაბიჯების გადადგმა, ამის გამო არ ღირს ვინმესთან ასე აგდებით საუბარი. მითუმეტეს შენგან ცოტა უსამართლოა. - ეს წარსულის ,,რეჩები“ არ გვინდა გთხოვ, ყველამ იცის აქ, რა რატომ მოხდა... - ჰო... დარწმუნებული ხარ? ამდენი კითხვის ნიშანი, ამდენი ძახილის ნიშნით დაბოლოება, ამდენი უთქმელი წყენა, ჯერ არ ყოფილა ჩვენ ირგვლივ. არ ვიცი,საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ცუდმა წინათგრძნობამ ბეჭები მატკინა, დივანს მივეყრდენი და გიორგის ვთხოვე ცოტა ხნით აეწია თავი ჩემი მუხლებიდან რადგან უკვე მიბუჟდებოდა. ის ფეხზე წამოდგა, ყველას სიმშვიდისკენ მოგვიწოდა და ლეპტოპს დაუბრუნდა. პროექტორი გაასწორა და მხრებში გაიმართა. - მოკლედ ორი ვარიანტი გვაქვს... ან ,,იდეალურ უცნობებს“ ვუყუროთ ან ,,მაიმუნების პლანეტას“. - ის პირველი რაზეა?- დავინტერესდი. - ოო... წესით უნდა მოგვეწონოს... შუქი ჩააქრო, პროექტორი კედლისკენ მიმართა, ლეპტოპი გაასწორა და სრულ სიბნელეში, დიდ ამრეკლავ ეკრანზე, სუბტიტრები გაჩნდა. << (თხოვნა იქნება, სანამ კითხვას განაგრძობთ, უყუროთ ,,იდეალურ უცნობებს“. იდეალურის არარსებობის შესაგრძნობად). << სადღაც ვიდექით, ნაღმიან გზაზე და დაბუჟებულ,შეშინებულ ფეხებს ვერ ვდგამდით ადგილიდან. რეალურად კი,მოძრაობა აუცილებელია. ნელ ნელა კიდურებს ვაიძულებდით ემოძრავა, ოდნავ, სანტიმეტრებით მივიწევდით წინ. ქუხდა, ელჭექი იყო, ყინულები გვახტებოდა ტანზე, გვციოდა, გვშიოდა, გვეშინოდა. ტანსაცმელი ნახევრად შემოხეულად გვმოსავდა,არსებობისთვის აუცილებელი ჟანგბადიც კი მინიმალური იყო, ვერ ვსუნთქავდით, უფრო რთული კი ჩასუნთქულის უკან ამოტანა იყო. დიდი წვალებით მიგვქონდა სხეული, ჩვენივე თავი გვქონდა ზურგზე მოკიდებული,საშველად მიმართული. რადგან მოძრაობა აუცილებელია. რადგან იმისთვის არ გავჩნდით რომ გავიყინოთ. ავრორასავით. როცა აგონიიდან გამოვედი და ფილმისგან თავი დავაღწიე, ლუდი დიდი ყლუპებით ჩავცალე და იმდენად ცუდად გავხდი რამდენიმე წუთი საპირფარეშოში მომიწია ჩაკეტვა. არ ვიცოდი რა მჭირდა, მეგონა რაღაც ისეთი მოხდა,რაც არ უნდა მომხდარიყო. ასე მეგონა სამყარო თავზე ჩამომექცა, ჩემზე გაიქუხა, ჩემით დაიწყო აპელირება. ხელებს მუხლებზე ვაწყობ და ვცდილობ გაჩერდნენ. ისინი კი კანკალებენ და კანკალებენ, დაუსრულებლად. წყალი შევისხი სახეზე, ვაიძულე ჩემ თავს რომ ეს უბრალოდ ცუდი წინათგრძნობაა და უბრალოდ ამ ფილმმა იმოქმედა ჩემზე ასე. რომ ნამდვილად ჯობდა ,,მაიმუნების პლანეტისთვის“ გვეყურებინა. ყველაფერი ჩავლექე ასე თუ ისე და როგორც იქნა გარეთ გავედი სადაც ყველა შეშინებული იჯდა და მელოდებოდა. უპასუხოდ დავეხეთქე დივანს და პოპკორნით გავიტენე პირი. მზერები არ მშორდებოდნენ და არც არავის ხმა არ მესმოდა. საბოლოოდ ალბათ გადაწყვიტეს რომ ბევრი დავლიე და გული ამერია. ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იყო,როგორც ბევრი ჭამის მერე,რამდენიმე მომატებული გრამი. გიორგი მაინც მომიჯდა გვერდით და ჩემი სახე ორი თითით დაიჭირა. დამაკვირდა. - არ მომწონს რა ფერიც ხარ-თქვა ჩუმად- ლელა, მოდი ნახე, მემგონი არ აქვს კარგი ფერი. ლელას რამდენიმე, უმიზნოდ დალეულმა არყის ჭიქამ, ორიენტაცია აურია და იმის მაგივრად რომ ჩემი გათეთრებული სახე დაედასტურებინა, ორივეს ჩაგვეხუტა და თქვა რომ გადასარევი ფერი მაქვს და ჩვენ ყველანი ძალიან მაგარი ტიპები ვართ, უკიდეგანოდ მაგრები. ასე გადავრჩი. თუ გუშინ მეგონა რომ დღეს უფრო ძლიერი ვიქნებოდი, დღეს ვფიქრობდი რომ აი ზეგ უფრო მარტივად გამომივიდოდა. სიმართლე რომ ვთქვა, სულ არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, არასოდეს. სინდისზე ზემოქმედება, ათასი წესი საიმისოდ რომ დამშვიდდე. ეს იყო და ეს. როცა ფილმი გავთიშეთ და კორექტორი თავის ადგილას დავაბრუნეთ, ალექსიმ წამოისროლა ფრაზა რომელიც ჩემი აზრით, უტაქტობაზე უფრო მეტად, გაუთვითცნობიერებული, საშინელი რამ იყო. - რეალობაცაა და რეალობაც. კარგი რამე იყო, ამ დამპალ ალიაქოთში სიკარგე არავის არ უნდა მოსთხოვო, ნაკლებად ცუდი იყავითქო უნდა ემუდარო, ისიც მოწიწებით. - პერსონაჟებს ამართლებ რამით?- ნიცამ გაშლილი თმა, ისევ ზემოთ აიწია- ანუ ეს ისე ჟღერს თითქოს,ღალატი,ორპირობა და ტყუილი ჩვენი განუყოფელი ნაწილი იყოს. - რა ასე არ არის? - ალექსი მიხვდა რომ დიდი ალიაქოთის გამოწვევა შეეძლო და უკან აღარ უნდოდა მობრუნება. - გარემო ფაქტორები, ამინდი, ურთიერთობები, ყველაფერი მოქმედებს ისე როგორც უნდა მოქმედება და ამის მიხედვით ან დეგრადირდება ადამიანი ან აღდგება. გააჩნია როგორ გაგიმართლებს. ღალატს არ ვამართლებ,მაგრამ არც უღალატობაა ჩემთვის სიწმინდე. საიდუმლოებები ისეთი რამეა, ყველას სადღაც აქვს შეკუჭული. - გიორგი ყველას სათითაოდ გვიყურებდა და დამაჯერებლად აგრძელებდა საუბარს- მე არ ვარ მოღალატე, მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ არც უცოდველი არ ვარ. პირობითად რომ ავიღოთ ამ ფილმის სიტუაცია, გყავს საყვარელი ადამიანი, გაქვს სამსახური, მეგობრები, ჯანსაღი ლტოლვა მაგრამ მაინც შენ თანამშრომელს აორსულებ და მეგობრის ცოლთან აბამ რომანს. ეს ცოტა აუხსნელია მაგრამ თუ რამდენიმე სამოცგრადუსიანი კუთხით გადავაბრუნებთ, ამაშიც იქნება რაღაც ლოგიკა. - რა ლოგიკა, მაგალითად?- ვეკითხები ცოტა დაბნეული - შეიძლება სრულყოფილი ადამიანის შესაქმნელად, სამი ადამიანი გამოიყენო. - კარგად ხარ ხო?- მისკენ წავედი - რა გიკვირს არ მესმის, იქნებ მართლა სამი ადამიანია საჭირო, ერთი მთლიანის შესადგენად. - გიორგი რას მეუბნები,შენი აზრით პიროვნება ყავის აპარატივით შეგვიძლია გამოვიყენოთ,დავშალოთ,ავაწყოთ, ხან ესპრესო ჩავყაროთ შიგნით და ხან არაბიკას მარცვლები? - მე არ ვიქცევი ასე,მაგრამ ბევრია. - მაშინ მოდი ჩვენ თავზე ვილაპარაკოთ რა-ვთქვი უკმაყოფილოდ-არამგონია აქ ვინმე ადამიანის ნაწილების მიღება-ჩაბარებით იყოს დაკავებული . ნიცას გაეცინა, ლუდის ბოთლიდან მოსვა და ალექსანდრეს ხელი მოუთათუნა მკლავზე. - ჩვენი ალექსი ასე არ ფიქრობს- ყველანი გავჩუმდით. ალექსანდრემ უხეშად მოიშორა ნიცას თითები და მასთან ცალკე დალაპარაკება მოისურვა,რაშიც ბუნებრივია, ხელი შევუწყეთ. მისაღებში ვიდექით, უფროსწორედ კარებთან ვიყავით ჩამუხლულები, სიგარეტს ვეწეოდით,ვსვამდით და თან ერთმანეთს ვუყურებდით განუწყვეტლივ. საშინელი ყვირილის და ბოთლის დამტვრევის ხმა რომ გავიგეთ, მაშინ მივაწყდით ოთახს. გამწარებული ნიცა გიორგიმ ხელებში მოიმწყვდია, ალექსი გონებაამღვრეული ერთ ადგილს მისშტერებოდა და ყურადღებას არ აქცევდა. როცა ცოტა დავამშვიდეთ, ჩვენგან თავი გაითავისუფლა, ცრემლიანი თვალები ნაჭრით შეიმშრალა და თითქმის ჩურჩულით ამოიძახა რაღაც. - ყველამ ვუყურეთ ფილმს, ხომ ასეა. პერსონაჟებზე ვლაპარაკობთ, რატომ ვლაპარაკობთ პერსონაჟებზე? იმიტომ რომ ასე ადვილია. რატო არ ვსაუბრობთ საკუთარ თავზე?... იმიტომ რომ ასე რთულია. ამოცანა გვეკითხება,რა ჯანდაბა უნდა ვქნათ? ჩვენ გვგონია რომ ვიცნობთ ერთმანეთს,მაგრამ ასე არ არის. მე არ ვიცნობ ალექსს და არც ის მიცნობს მე, ამაში ახლა დავრწმუნდი. მაგრამ აქ მხოლოდ მე და ის,არ ვართ. ყველა ვართ. და გვეშინია. სიმართლის, სიცხადის, უკმაყოფილების გვეშინია. - რა გინდა, შინაარსი გავამეოროთ და მობილურები გავუჩხრიკოთ ერთმანეთს?-გიორგიმ გადაიხარხარა. - არ ვიცი, ის ვთქვი რასაც ვფიქრობ. მე კი იმას ვფიქრობ რომ ზოგჯერ უცხო ვარ. აქ ვარ და მაინც არ ვარ აქ. რაღაც ვიცი და ამავდროულად არ ვიცი. - და რა იცი?- ვკითხე დაუფარავად. - ზედმეტიც კი. ეს მთრგუნავს. - რომელიმე ჩვენგანზე?- საუბარში ლელა ჩაერია. - ამას რა მნიშვნელობა აქვს- ნიცამ თავი წამოწია და მხრებში გასწორდა.- აღარ გვინდა ამაზე საუბარი. - ,,რეჩს“ აგდებ და აღარ გინდა? წეღან ბოლო ხმაზე ყვიროდი. - მომისმინეთ?-ემოცია არ ჰქონდა. - არა- უკვე მე ვპასუხობდი-რატომ უნდა მოგვესმინა. - რატომ არ უნდა მოგესმინათ. დაუფარავი ზიზღის ამოკითხვა შეიძლებოდა ალექსის თვალებიდან. ამან წამშალა,დამაბნია, ჩემი იქ ყოფნა აუტანელი გახადა. სად მთავრდება პიროვნებისადმი სიყვარულის კვალი,როცა საუკუნეა სამყარო თითის წვერებზე დგას? ,,ისაოდა“ ადამიანებმა სიყვარული ისწავლონო, თავს ვანვითარებთ, ვპროგრესირებთ, ვცდილობთ უფრო მეტად კარგები ვიყოთ... საბოლოოდ კი ასე, ჩამუხლულები, სრულიად უმიზნო სიტუაციაში ჩართულები, რამდენიმე წლის მეგობრები და ალბათ ენით აღუწერი მნიშვნელობის... ვუყურებთ ერთმანეთს და არაფერი არ იხაზება თვალებში,გარდა ეჭვებისა... ცნობისმოყვარეობის და სილენჩის... რა მოხდებოდა ამ მხარეს რომ არ გადაგვეხვია?! - ნიცა ჯობს ამ სისულელის განხილვა შევწყვიტოთ და დავიძინოთ. ხელი მკლავზე დავადე და საძინებლისკენ გავაჩოჩე, თუმცა ჯიუტად მომიშორა. - არ მეძინება.- თქვა აფორიაქებულმა- ფეხებზე რომ ჩემი დაძინება გინდათ, მე არ მეძინება. - სულ გარეკა- ალექსი სიტყვებს ვეღარ იმორჩილებდა- ჰა მიდი, უთხარი რაზეც ვილაპარაკეთ... ჰომ ძალიან გული დაგწყდა რომ არ მოუსმენიათ, ალბათ ამიტომ აიმაღლე ხმის იოგები... მიდი,გააგებინე, მოსდე ყველაფერს... შეურაცხყოფა მომაყენე, გამტისკე, დამამცირე... ეს არ გინდა შე სულელო? აქამდე გინდოდა მისვლა. თავიდანვე აქამდე გინდოდა... მიდი, მიდი, რაღას ელოდები?! ათრთოლებული და აკანკალებული ალექსი, თვალის მოუცილებლად მუხლს გვკვეთდა და აზროვნების უნარს გვართმევდა. ნიცა ნერვის აუტოკებლად უსწორებდა თვალს. - ნაბი*ვარი ხარ- ნიცამ ჩაიცინა- ნაბი*ვარი... - კი,არის- გიორგიმ თავი დაუკრა-ახლა მოკეტავ?! - არა, არ ვაპირებ... როგორც ჩანს აქ მხოლოდ მე ვარ ის, ვინც უნდა გაჩუმდეს... ვინც უნდა დაიძინოს... ვისაც ძალით მიათრევენ საძინებლისკენ და ტუჩებზე ხელს აფარებენ... ჩუმად მკლავზე ჩქმეტენ. დიახ, თქვენ სულ ჩემ შეკავებას ცდილობდით, ჩემ დაცინვას. კი, კი, მე ყველაფერი ვიცი- სახეზე ფერი აღარ ედო, ლუდის ბოთლი მოიყუდა და გააგრძელა- კი, ვიცი ყველაფერი. ალბათ იმაზე მეტი ვიდრე გგონიათ. რა მარტივია არა?! ყველაფერი სუფთა და დალაგებული... თვეში ერთხელ შეხვედრა, ხვევნა-კოცნა, ფილმის ყურება და იმის გააზრება რომ ჩვენ... ყველამ... ერთმანეთისთვის საკუთარი თავები ამოვწურეთ და რადგან იმის *რაკი არ გვაქვს ეს ვაღიაროთ, უშუალოდ შეტევაზე გადავდივართ. მიდი, გააგრძელეთ მოტყუება, გააგრძელეთ ეს დებილური თამაში. მე ფეხებზე , არავის მივცემ უფლებას მიმითითოს როდის დავიძინო... როდის მოვკეტო და ა.შ. დაგვამუნჯა და გაგვაბათილა. ყველა ტრანსში გაგვხვია მისმა ასეთმა რევიუმ... რომელიც შემდეგ საფუძვლიანი შინაარსით გაივსო. გიორგი შეპასუხებას აპირებდა მაგრამ იმ ტკივილმა რომელიც ნიცას ხმის იოგებიდან ამოდიოდა, ჩემი ოდნავ შეფერმკრთალებულ,მგრძნობიარე განცდებს მიედო და მათქმევინა რომ... - ზოგჯერ მეც მგონია რომ...-ნერწყვი გადავყლაპე- დავიშალეთ... ლელამ ისე შემომხედა სისხლი ამემღვრა. - რა ჯანდაბებს ლაპარაკობ ნესი?- - არსებობს ასეთი აქსიომა... იწყება რაღაც და განვითარების პერიოდში ან ბოლო საფეხურზე ადის ან უკან ეცემა. ჩვენ მემგონი ზურგით დავეცით. - რა იყო, შენც ხომ არ გვიმალავ რამეს? აგერ ნიცას ბევრი რამ სცოდნია, იქნებ შენც გვესაუბრო ამაზე- ლელა გამომწვევად მიფახუნებდა თვალებს. - მე უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ, მეტი არაფერი. - ნახე რა... რადგან რაღაცები შეიცვალა, ეს უფლებას გაძლევს რომ იმ *ირობას დაეთანხმო რაც წეღან ითქვა? - რაღაცები არა ლელა. ბევრი რამ შეიცვალა. ხელები ამიკანკალდა, ვეცადე გულისრევა შემეკავებინა. მაღალ წნევას ვგრძნობდი, თუმცა თავის კონტროლი შემეძლო. ასე მეგონა ოფლისგან გავიწურებოდი... რამდენიმე წამს უშუალო ვერბალური კონტაქტი იყო. მხოლოდ ნეგატიური და მშვიდი. დაკვირვება და ცინიზმი, სიტყვების უაზრო რახარუხი. მოძრაობებიც აღარ იყო, თითქოს გავქვავდით. ვგრძნობდი ჭიანჭველებს რომლებიც დაცოცავდნენ და შემდეგ კისერზე გავლით, ყურში მიძვებოდნენ. ვგრძნობდი და მინდოდა ყურის ჩხირით ეს დამპალი არსებები უკან გამომეთრია, ეს საშინელი ქავილის შეგრძნება გამქრალიყო... მინდოდა ჭიანჭველებს თავისი ადგილი სცოდნოდათ, მიყრუებულ მიწისქვეშეთში საჭმლის ნარჩენები ეთრიათ. ამაზე ვფიქრობდი როდესაც,სრულიად მოულოდნელად გიორგიმ ლეპტოპი გახსნა და რაღაცის გაკეთება დაიწყო. წამიერად მივაქციეთ ყურადღება, მივუახლოვდი, ახალ მაილს აკეთებდა... ცოტა შევცბუნდი, მაგრამ არაფერი მიკითხავს. ასე ვუყურებდით სანამ კმაყოფილმა ლეპტოპი მაგიდის შუაგულში არ ჩადგა, ბოლომდე გაშალა რომ ყველას დაგვენახა და როგორც იქნა საქმის ვითარება გაგვაცნო... - ვუყურეთ ფილმს, ვუყურეთ... ნუ მერე რა, ფილმია რა. აი ნიცას კი გულში ჩარჩა მისი შინაარსი. არ მოვიტყუები, ჩემთანაც ასე იყო...რაღაც პონტში, ბევრ რაღაცაზე გამეფიქრა. აქვე დავეთანხმები ნესის ბევრი რამის შეცვლაზე და ჩვენ გაუჩინარებულ და ა.წ უკვე მკვდრეთით აღდგენილ ალექსიკოს... მოკლედ, ნიცამ ის დაიწყო,რაც ჩვენ ვერავინ ვერ დავიწყეთ... მართალია ცოტა უტაქტოდ გამოუვიდა მაგრამ აი ტაქტიანად რომ გამოსვლოდა, მაგას უფრო გავაპროტესტებდი იმიტომ რომ მისგან ის უფრო შეურაცმყოფელია ადამიანურად გელაპარაკოს,ვიდრე პირიქით... მოკლედ, ვრჩები ვსო... ნუ გაქვთ ასეთი სახეები, ბოლომდე მათქმევინეთ... ახალი ფოსტა გავაკეთე, ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო...რადგან ასე პირდაპირ იმის *რაკი და შეგნება არ გვაქვს რომ ის ვთქვათ რაც ხინჯად გვაქვს და ვერ ამოგვყავს... რომ ვერ ამოგვყავს მაგიტომაც იჭრება და ყროლდება რძესავით... მე გთავაზობთ რძის ამოყვანის ახალ მეთოდს, ალტერნატიულს და ჩვენ გამოლენჩებულ სოციუმზე მორგებულს... პირი გაუშრა, წყალი მოსვა და მაგიდაზე ჩამოჯდა. - ჰო, შემახსენეთ რას ვამბობდი, ვიკარგები ხოლმე... - აჭრილ რძეზე ლაპარაკობდი- შევახსენე - ამ ფოსტის ორივე პარამეტრი, ყველა ჩვენგანს ეცოდინება და მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეეძლება... - ხო მაგრამ რა ჯანდაბად გვჭირდება?- ვკითხე დაბნეულმა - ერთმანეთს მივწერთ. გამეცინა და თითები სახეზე ავიფარე აღშფოთების დასაფარად. - შენ ბიჭო *იგ ხომ არ გაქვს?-ალექსისაც გადაედო ღიმილი - აუ მისმინეთ რა ერთი წამი... არაა აუცილებელი ასეთი რაღაცა ,,აუ მააარ არ მევასები და პროსტა ფოსტაზე მოგწერე, რომ არ გწყენოდა“ საუბრები... თუ ამას უმიზნებთ. ინკოგნიტოდ შეგვიძლია მივწეროთ ვისაც რა გვინდა, ამდენი ხანი ვინახავთ და ვფუთავთ... ელ-ფოსტა ყველას გვაქვს და ამ მაილიდან ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, უშუალოდ პირველმა გახსნას გულწრფელობის საღამო... - ცოტა ალოგიკურია- ვუთხარი მშვიდად- გინდა თქვა რომ, ახლა დაუშვათ მე ნიცაზე რაც ვიცი... რასაც ვფიქრობ... ვწერ იმას ნიცას და ამას ყველა ჩვენგანი ვკითხულობთ? - ჰო მაგრამ ახლა თუ შენი თავი არ ჩააკვეხე, მე ვარ და ა.შ , მაშინ ინკოგნიტოდ დარჩები და ნიცაც თმით არ გითრევს... - რა იყო, აპირებ რამეს?- ნიცამ ბალიში თავზე დაიფარა. - მე არავის არაფერს არ მივწერ-ვთქვი მტკიცედ- სულელური იდეაა. - აი როცა შენ მოგწერენ... უშუალოდ შენ... მაშინ რას იზამ?- გიორგი მომიახლოვდა - ჩემზე ვინ რა უნდა დაწეროს? არ მესმის.- სუნთქვა შემეკრა - პირობითად ვამბობ. რეაქცია არ გექნება? - მექნება რა თქმა უნდა, მეწყინება. - და არაფერს არ იზამ? ხმა გამიწყდა. - არა, არაფერს არ ვიზამ.- - ოჰ... როგორ ვერ ვიტან ამ ნაზ ლაპარაკს... იზამ,თან უფრო იზამ,ვიდრე თავად გამომგზავნი. - ჰოდა შევამოწმოთ- თქვა ნიცამ- მე მომწონს. დაწერე გიო სახელი და პაროლი, მე გადავიწერ... არ მეთაკილება იმის აღიარება რომ იდეამ დამაინტერესა. რატომაც არა?! შეიძლება არც არავის მივწერო რამე, მაგრამ ასმაგად მაინტერესებს ჩემზე რას იტყვიან. - მეც ჩავინიშნავ ყოველი შემთხვევისთვის-ალექსანდრემ მობილური მოიმარჯვა. გონზე ვერ მოვდიოდი. - ყველანი შეიშალეთ ხო?-ვიკითხე გაბრაზებულმა- საკუთარი ლანძღვის და ბუნტის გაჩაღების აქტს აწერთ ხელს? არ ვიცი რა გემართებათ, მე ეს იდეა არ მომწონს და არც არაფერს არ ჩავინიშნავ. ახლავე წავალ აქედან თორემ სადაცაა გულისრევა დამეწყო(აქ არ ვიტყუებოდი). გიორგი ჩემ შეჩერებას ეცადა მაგრამ არ დავანებე, ჩანთა ზურგზე მოვიკიდე, მსუბუქად გავუღიმე წამოსვლისას მაგრამ ეს ის ღიმილი არ იყო,რითაც ვხასიათდებოდით... ეს იყო მისდამი იმედგაცრუებისა და ტკივილის ღიმილი. მეგონა ამას იგრძნობდა, ამ სისულელეს შეაჩერებდა (ისე როგორც დაიწყო...) მაგრამ არა. მანაც გამიღიმა და მე უბრალოდ კარი მოვაჯახუნე... საკეტის გადაწევის ხმამ ყურები ამიწვა და სადარბაზოში ამერია გული. რამდენიმე წუთი თავის მოწესრიგებას მოვანდომე და შემდეგ გათეთრებული სახის მოხაზულობით სახლისაკენ წავედი. << ისევ ის კაცი იჯდა მაგიდასთან. რაღაც ქსეროქსებს ფურცლავდა, სახეზე სერიოზულობის იარლიყი ჰქონდა აკრული. შლიდა ფურცლებს, თავს ოდნავ დახრიდა და თვალებს მოჭუტავდა. ,,ალბათ უჭირს კითხვა“-გამეფიქრა-სათვალე სჭირდება... - არ მიხვალ?- ბარმენის ხმამ გამომაფხიზლა და გვერდულად მივუტრიალდი - აუცილებლად მე უნდა მივიდე? - მე არ მევალება. - ყველა იმას ვაკეთებთ,რაც გვევალება და საერთოდ არ გვაინტერესებს ის რაც არ გვევალება ხო? - რა თქმა უნდა. - ჰო,კარგი... წინსაფარი გავისწორე, ფურცელი მოვიმარჯვე და მივედი. - რამეს მიირთმევთ?-ვკითხე უხარვეზო ხმით. - შოკოლადის ნაყინი მინდა- ,,ისევ იგივე უნდა, ისევ იგივენაირად ვუპასუხებ“. - გაგვითავდა... შემიძლია შემოგთავაზოთ... - არა,მე შოკოლადის ნაყინი მინდა-მითხრა გაღიზიანებულმა - არა, შოკოლადის ნაყინი აღარ არის-გავუმეორე (მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად გვქონდა). - სამწუხაროა- თქვა ნაწყენმა- არადა მომწონს ეს ადგილი... - შემიძლია შემოგთავაზოთ...-არ ვნებდებოდი - რისი შემოთავაზება შეგიძლია? ახლა უშუალოდ მე მიყურებდა, თვალს მისწორებდა და წამიერად გამეფიქრა ხელსაც მომითათუნებს მეთქი ამიტომ უკან გავიწიე. - ,,ჩიზ ქეიქის“ ან თუნდაც ბაუნტის... ორივე გემრიელია. - შენ რომელს აირჩევდი? - მე არც ერთს. - ანუ მთავაზობ იმას რაც არ გიყვარს და არ მოგაქვს შოკოლადის ნაყინი რომელიც წეღან ერთ კლიენტს მიუტანე ხომ? - ეგ ბოლო იყო- ვეცადე დაბნეულობა არ დამტყობოდა. ქსეროქსები დაკეცა, გვერდით გადადო და ბარისკენ წავიდა. მაღალი იყო, ფართო მხრებით, მამაკაცური სიარულის მანერით მე მაგიდასთან ვიდექი როცა რაღაც გადაულაპარაკა ბარმენს და ისევ ჩემთან დაბრუნდა. - რატომ მომატყუე?- მკითხა მშვიდად. - რა იცი ჩემზე?-კითხვითვე ვუპასუხე. - არაფერი. რა უნდა ვიცოდე? რა გქვია? - ნესი...- როცა სახეზე გაკვირვება დაეტყო ჩავასწორე- ნესტანი. - აი ის უკვე ვიცი რომ ნესი გქვია, თუ ასაკს მეტყვი ეგეც მეცოდინება.. რასაც შენ მეტყვი, ის მეცოდინება მხოლოდ და მხოლოდ. - მაშინ რომ მელაპარაკე, მასე არ ჩანდა. - მაშინ რომ გელაპარაკე, საშინელ ფორმაში იყავი და დავინტერესდი რა გჭირდა. - არაფერიც არ მჭირდა,დაღლილი ვიყავი. - ნუ მუშაობ აქ- მზერა ამარიდა- საშიშია. გაუარესდები... - რა თქვი?!- ხმა ჩამიწყდა. - თვალების სიშავე, ხელების კანკალი, ხმის უცაბედი ცვლილებები, განერვიულება, მარტივად გაბრაზება... - გულისრევა, თავბრუსხვევა, დაბალი იმუნიტეტი- დავამატე ღიმილით. - მკერდში ტკივილს გრძნობ? საჭმელთან როგორ ხარ? - კი, რაღაც ნემსებს ვგრძნობ. საჭმელს ხშირად ვერ ვირგებ... - ღვიძლის მეტასტაზური...- აქ ცოტა შეყოვნდა- სიმსივნე? - კი.-ვთქვი ჩუმად. - რომელი სტადია? - პირველი. შედარებით მსუბუქი... - როდის დადგინდა? - ერთი წლის წინ- - არ მეგონა ასე მარტივად თუ მივხვდებოდი. ჩემ პაციენტებს ხშირად აქვთ მსგავსი სიმპტომები მაგრამ მეოთხე სტადიაში ყველაფერი გაცილებით რთულადაა. შენ შემთხვევაში, სტაბილურად მკურნალობა... იძლევა გამოჯამრთელების გარანტიას. - ქიმიები არ მჭირდება- ვთქვი და ჩავისუნთქე ისე რომ ამოსუნთქვის ხმა მთელ კაფეს მოედო- მაგრამ დროსთან ერთად ვგრძნობ როგორ მედება მთელ სხეულზე... უფრო და უფრო ვსუსტდები. ზოგჯერ სუნთქვაც მიჭირს. ვიცი ეს სიმპტომი არ არის მაგრამ ხანდახან ისე მეშინია, ბევრი სხვა რამ მემატება... ვმკურნალობ, მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ ყოველ დილით, აი როცა საწოლიდან ვდგები და ვიცმევ... იმაზე მეფიქრება რომ ეს უკანასკნელად შერჩეული ტანისამოსი შეიძლება იყოს. - ნუ იქნები ასეთი პესიმისტი- თითები ჩემ თითებს მიადო და შემდეგ თამამად მომიჭირა. არ გავძალიანებივარ.- უბრალოდ წადი ამ სამსახურიდან... ფიზიკურად ნუ დაიტვირთავ თავს. - საკვები და არსებობა მჭირდება. ფული მჭირდება. მზერა მომაცილა და ამოიხვნეშა. ჯიბიდან რეკვიზიტი ამოიღო და ხელებში ჩამიგდო. - მოდი ჩემთან... თან დაგაკვირდები და თან ვეცდები რამე მსუბუქი სამსახური გიშოვო... - რატომ მეხმარები?- ვიგრძენი ტირილის სიმპტომებამდე ბევრი აღარ მეკლდა. - არ ვიცი. ფეხზე წამოდგა, შემომხედა... ახლაღა გავარჩიე მისი თვალის ფერი, მუქი იყო,ძალიან მუქი... მელნისფერი... - მე შოკოლადის ნაყინს შევუკვეთავ. შენთვის წვენს.. აქ იჯექი. ბარისკენ წავიდა და რამდენიმე წუთი მოიცადა. სრულიად უუნაროდ ვეგდე სკამზე და მომხდარზე ვფიქრობდი. მაშინღა გამოვფხიზლდი როცა ფორთოხლის წვენი წინ დამიდგა. ისევ დაიწყო ჩემი ყურება. თავი ექსპონანტი მეგონა,რომელიც გაიბზარა და რადგან მისი გადაგდება გარკვეულ ფინანსურ კრიზისს შეეხებოდა, დაწებება გადაწყვიტეს. არაფერი არ უთქვამს. როცა წვენი მივირთვი, ლამბაქზე თავადვე დაალაგა და ბართან მიიტანა. უკან მობრუნებისას მხრებზე ხელები მომხვია და ყურთან ახლოს ჩაილაპარაკა. - ფრთხილად იყავი. ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის. ეს შენშია და შენ... უნდა იბრძოლო. - მე ვიბრძვი- ვუთხარი ხმამაღლა - მაშინ სად არის სინათლე, შენი თვალებიდან?!- მითხრა ღიმილით და ზურგი მაქცია. << მასხსოვდა ბუნდოვნად რომ რაღაცაზე ვილაპარაკეთ გუშინ. ოდნავ ამოტივტივდებოდა, მერე ისევ გაქრებოდა ხოლმე. სისულელე იყო ეს ყველაფერი, იმდენად აბსტრაქტული რომ მასზე ფიქრიც კი მეზარებოდა. ვიცოდი არავის ექნებოდა ,,სთართ“ ღილაკი ბუნტის ასაგდებად, ვერავინ გაბედავდა, ვერავინ მისწერდა, ვერავინ იზამდა ასეთ რამეს. რა ჰქონდათ რომ სათქმელი? განა არსებობს ადამიანი საიდუმლოს გარეშე, ეს ხომ საცოდაობაც კი არის, შენი წახნაგი არ გქონდეს სამკუთხედზე. უბრალოდ ისე იცხოვრო, დასამალი რომ არაფერი გაქვს და გუშინდელის არ იყოს გულწრფელად რომც გინდოდეს ყველაფრის ამოლაგება, მაინც შეჩერდები,ფეხი დაგიცდება. ერთი წელია ერთგულად ვმალავ ჩემ ამბებს, ჩემი ქოთნების შესახებაც კი არ იციან, ისეთ ადგილას მაქვს შენახული გარე-თვალი რომ ვერ შეამჩნევს. აი რომ იცოდნენ, მთელ თავისუფალ დროს მათ მოხატვას რომ ვანდომებ და მერე დიდი წვალებით გაყიდვას... ექნებოდათ კი რამე რეაქცია, ანდაც ეს ამბავი რა დასამალია რომ ვიხსენებ... ჩემთვის ვთხაპნი ფუნჯით, ჭიას ვახარებ, ზოგჯერ მაგიდასთან მიმეძინება ენერგიისგან დაცლილს მაგრამ თვალს როცა ვახელ და წინ ლამაზი რაღაც მხვდება... სილამაზეზე კი დიდი კონკურენციაა ამ გარემოში, მუდამ ნაგავს ვხედავთ... წარმოვიდგენ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უბრალო ქოთანი, აი მიგდებისთვის განწირული, პოლიეთილენის პარკში გახვეული.. როგორ მიაქვს სამოც წელ მიღწეულ ბებოს სანაგვემდე. ვუყურებ და ვეუბნები ,, ქალბატონო, ყველაფერი კი არ უნდა გადააგდოთ,რაც ხელთ მოგხვდებათ“ ის იშმუშნება, ქოთნებს მაწვდის და მეუბნება რომ მშვიდობაში მოვიხმარო. თავად კი შვილიშვილებს ყიყლიყოები უნდა გაუკეთოს და ამ საუბრისთვის არ სცალია... ვართმევ ქოთნებს, ცოტა შეცბუნებული ვარ ასე იოლად რომ დათმო. მიმაქვს სახლისკენ, ვიღებ გუაშებს, რამდენიმე ფორმის ფუნჯს, გამომაქვს ლუდი მაცივრიდან, სიგარეტის კოლოფს ვიდებ წინ ისე რომ ღერების ამოღება ხელის ერთი გაწვდომით შევძლო... ვუკიდებ პირველ ღერს, ვავლებ ხაზს, სიმეტრიულს, ზურმუხტისფერს... ვამატებ პატარა ფიგურებს, სამკუთხედს, წრეს, კუბს... გადავდივარ დიაგრამებზე, დღეს გეგმაში უბრალო ქოთნის, მათემათიკურ ქოთნამდე ქცევაა... რამდენიმე წუთს ისევ ვუყურებ, ვჩერდები, ვსუნთქავ... ძალიანაც არ მინდა გადავტვირთო, ისედაც მიყვარს სიჭრელე. ამ ფიქრში, ლუდის წრუპვაში დრო აუხსნელად მალე მეპარება, მიღამდება მხედველობაც და თვითონ გარემოც... ვხედავ უკვე მზე ჩავიდა, აგრილდა, ცოტა აზრზე მოვდივარ. ნახევარი კოლოფი გავაქრე, მეორე ბოთლი ლუდიც... ძვირი მიჯდება მე ეს ქოთნები. ვფიქრობ ამაზე და მეცინება. მობილურს დავხედე, გიორგისგან ზარი... ტუჩს ვიკვნეტ და ვურეკავ... როგორც ყოველთვის მითიშავს, ეს ჯენლტმენური ჟესტია, მე კი ახირებად ვთვლი... რამდენიმე წამში მისი ხმა მესმის, ცოტა მაჟრიალებს, ემოციებს მკლავებს ვუჭერ და ვპასუხობ. << სავსე მთვარისას სულ იმაზე ვფიქრობ რითია განსაკუთრებული, ჩვეულებრივი მთვარეა რა, ცოტა შესხვაფერებული, სხვანაირი სტილით. აი თითქოს სალონში წავედი და თმა შევიჭერი, მაგრამ არავინ არ მიყურებს და არ მელოდება ისე დაჟინებით. ერთ დღეს მომიწია მაგ პერიოდში გარეთ გასვლა. სხვათაშორის ,,გულწრფელობის საღამოს“ მომდევნო მეორე დღე იყო, სამსახურიდან მოვდიოდი, მოვქოშინობდი, ქვებს მივამტვრევდი. დავინახე მთვარე, ცოტა სხვანაირი,უფრო მეტად სრულყოფილი და ვიფიქრე, თუ შემეძლება ცოტა ხნით მაინც ვიყო მთლიანი, რას ვიზამდითქო. სიმთლიანე კი მას შემდეგ ამეკვიატა, რაც გავიაზრე რომ ვიშლები. მტვრევის ხმა მესმის, რაღაც ძალიან ძლიერი მტვრევის, ასე მგონია ჩემი თავი, თავზე დამამხეს. ვფიქრობ სიმთლიანაზე და ყველაფერ იმ დადებითზე რასაც ის მომცემდა, ან იქნებ დადებითი არც ყოფილიყო, იქნებ ბანალური გამხდარიყო, იქნებ ყოველდღიურობის მომქანცველობა გამხდარიყო ან ბევრი სხვა რამ... არც არაფერი. მოვდიოდი, შინდისფერი გრძელი ზედა მეცვა, ყელამდე დაფარული, ფოტინა. ქამრით შეკრული ჩვეულებრივი ჯინსი და ნაიკის კედები. თავისუფლად ვიყავი, ვგრძნობდი რომ თავისუფლებისთვის დეტალებიღა დამრჩენოდა რადგან ისე ყველაფერი წამართვეს. წამართვეს არჩევანი, ჯამრთელად ყოფნის შესაძლებლობა, მდიდრად ყოფნის შანსი, უფრო მეტად სილამაზე წამართვეს, რაც მქონდა, იცრიცება. შიგნით მცრის... დავინახე. ეხუტებოდა. მე ხომ არ მაქვს უფლება, არ მაქვს და თან მაქვს კიდეც, იმიტომ რომ მიყვარს,იმიტომ რომ ის წერილი რომელიც გავგზავნე... << მეილი რომელიც გიორგიმ იმ დღეს გააკეთა, სრულიად გამოუსადეგარიც არ ყოფილა, ბევრი რამ გვქონია თურმე სათქმელი. ვინ წარმოიდგენდა, იმდენი რამ. ვთქვი რომ არ დავიმახსოვრებდი,რომ სისულელე იყო, ჩვეულებრივი ბუნტი. თითქოს ვეძებდით არაფრიდან ყველაფერს. მეშინოდა... არ ვიცოდი? ვიცოდი ბევრი რამ. ის რომ ანგელოზები არ ვიბადებით და მითუმეტეს არც ვკვდებით, დაბადებიდან სიკვდილამდე კი უბრალოდ ჯოჯოხეთის მაშხალები ვართ. წვრილმანი დეტალები, შური, სიბოროტე, ეს ყველაფერი იყო ის,რაც არის, ყველაში არის, ვინც იხედება, ვინც უფრო ღრმად იხედება. ვინც აღიარებს კი, უბრალოდ კარგი ტიპი ჩანს. ადამიანი რომელმაც მისი შინაგანი სტრუქტურა ლამბაქზე შემოდო და სამყაროს მისი თავი გადასცა განსასჯელად. მეც და შენც, ვინც არ უნდა იყო, ორივემ ვიცით რომ დღევანდელობა ასეთებს უფრო ინდობს და მათ გულწრფელობის იარლიყს აკრავს. იმის გამო რომ საუბრობ, იმის გამო რომ გესმის, არ ფარავ, გადმოსცემ, შენ ყველა ჩადენილ საზიზღრობას, შენ ყველა გაუწრთობელ გრძნობას, უუნარო ქმედებებს, გადმოსცემ ადამიანთა ტკივილს-შენი მიზეზით და სამყარო ამას გულწრფელობად აღიქვამს. მგონია რომ ეს სასაცილოა, მაგრამ ახლა ცრემლების მეტს ვერაფერს ვამჩნევ. მართლა მერჩივნა შეფუთული სილამაზე, ვინც არ უნდა მკითხოს ვიტყვი, მასე მერჩივნათქო, იმიტომ რომ სიმართლეს ვიძახი. არაფერი არ მომესმინა, წამეკითხა, გამეგო, მერჩივნა. ყველა მებრძოლის მშურდა ხოლმე, უფრო მეტად მიკვირდა, ასე როგორც მიდიოდნენ, უბრალოდ, ანთებული გულებით სიკვდილისკენ. მე მშიშარა ვარ, ვაღიარებ რომ მშიშარა ვარ და მირჩევნია მომატყუონ. << Sent mail>> To: [email protected] ,, ცუდი რამეა, ძალიან ცუდი რამეა შენში ამ განცდას რომ აამუშავებ. აამუშავებ დაგროვილი ინფორმაციის ამოხეთქვის განცდას. ახლა შუაღამის სამი საათია და გწერ. შენ არ გწერ, ყველას ვწერ, ყველას ... ეს ვინ მოიგონა?! ასე მარტივია. ადგე და მიწერო... ასე გაცილებით მარტივია. ვთვლიდი რომ ეს ინფორმაცია გამოუსადეგარი რამეა, ვარწმუნებდი თავს რომ ეს ჩემი საქმე არ არის, რასაც გავიგებ, დავინახავ,რაც მეცოდინება... რომ ჩუმად უნდა ვიყო და ხელი შევუწყო შენ კომფორტს. მაგრამ არ შემიძლია. შენ ეს დაიმსახურე. აი მაშინ, სიხარულით რომ მოაჯახუნე კარი, ისე თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ღიმილით მიირთმევდი შოკოლადიან კრუასანს და ტკბებოდი გარემოებებით. არანაირი ტრაგედია... შენ თითქოს არაფერიც არ იცი, მაგრამ მე ვიცოდი. როცა დრო გავიდა... ძალიან დიდი დრო.. მივხვდი კიდეც ეს რატომ გააკეთე. სანამ გავაგრძელებ თხრობას, ისევ გავიმეორებ რომ ჩემი ყოველი სიტყვა, სიმართლეს შეესაბამება და... შენ ეს დაიმსახურე. დაიმსახურე იმიტომ რომ ყველას გვევალება მინიმალური სიყვარული, ჩვენი არსობისა. მაშინ უნივერსიტეტში რაღაც საქმეებს ვაგვარებდი. შენც უნდა მენახე... როგორც ყოველთვის რაღაც საქმე მოიმიზეზე რომ დაგეგვიანა, ალბათ გეგონა რომ ამას გავითვალისწინებდი, მაგრამ რადგან იქვე ვიყავი ადრევე მოვედი დანიშნულების ადგილზე და ცოტა გავისეირნე... შენივე მოწოდებული ინფორმაციით, ჯერ უნივერსიტეტში არ უნდა ყოფილიყავი. მაგრამ დაგინახე, გავიფიქრე რატო მომატყუათქო მაგრამ შენ ხომ ჭკუა არ მოგეკითხება. როცა შენკენ წამოვედი სწორედ მაშინ ელაპარაკებოდი სამართლის ლექტორს-ბატონ დავითს, იმ გასიებულ ნეხვს. ამიტომ ცოტა ხანი შევიცადე რომ საუბარი დაგემთავრებინა. ყველაფერს ვფიცავ, არ მიფიქრია რომ სპეციალურად ყური მომედო კარებისთვის, ჭორიკანა მეზობელივით ნალექიანი ყავისთვის თითი ამომესვა და ისე მომესმინა. კარები ნახევრად ღია იყო. შენ ათანხმებდი და ათანხმებდი დეტალებს,რაღაცების გარკვევა გინდოდა, ანერვიულებული იყავი, სახე-შეფერკლილი. ბატონი დავითი გიყურებდა და თავის ჩამოწელილ კანს, თითებით ისრესდა. მერე დავინახე როგორ შემოგხვია წელზე ხელი. ლექტორი გაკვირდებოდა დაუფარავად, ტუჩების კვნეტით შემდეგ კი შეგეკითხა ,, რატომ უნდა დაგიჯერო? როცა იმ სტუდენტს რომელსაც ამას აბრალებ სტიპენდიისთვის მაქსიმალური ქულები აქვს?!“ ცოტა ხანს შეიცადე... თითები პიჯაკის ქვეშ შეუცურე და უთხარი რომ ,,მთავარია ენდო ინსტიქტებს,შეგრძნებებს... ნესი არ იმსახურებს უმაღლეს ქულას.„ ლექტორმა თითები მოგაშორებინა და კარისკენ წამოვიდა. უკან გამოვიწიე რომ არ დავენახე, მალევე ჩაკეტა და ისევ შენ მოგიბრუნდა... და რას აკეთებდი ნიცა ლექტორთან, ცარიელ ოთახში? ამაზე პასუხის გაცემას უსამართლობად თვლი? შენი აზრით, ის სამართლიანია რომ ადამიანი რომელსაც მინიმალური სახსრები ჰქონდა, რომელიც დღეებს აბამდა საუკეთესო ქულებისთვის, უქიცინებდა *რაკს ზოგიერთ ავადმყოფ ლექტორს (მაგალითად იმას ვინც აუდიტორიის მაგიდაზე გიხმარა), რომელსაც სუნთქვისთვისაც კი, ჩართული წამზომი ჰქონდა, ისაოდა, ზედმეტი არ მომივიდესო... რომელიც შენ ჩასვრილ საქმეებს, საკუთარი ავტორიტეტით გიგვარებდა... ამით გადაუხადე მადლობა? იმით რომ სტიპენდიის გარეშე დატოვე? მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდი იმაზე: რატომ?! ახლა კი შენ მინდა მოგმართო... თუ ადამიანებს მინიმალური სიყვარული მოგვეთხოვება, როგორ შეგვიძლია მაქსიმალური სიძულვილი გავცეთ?...“ <<< ეს იყო პირველი წერილი რომელიც წავიკითხე, როცა სავსე მთვარის ყურების შემდეგ სახლში მოვბრუნდი. ვიფიქრე ცარიელი დამხვდებოდა, მინდოდა მასე ყოფილიყო, მაგრამ ერთადერთი რამ რაც ეწერა და ისიც ჩემზე... მახსოვს იმ პერიოდში, მაგის იმედიღა მქონდა, სამუშაოც არ ჩანდა დიდად. უსწავლელობის გამო გრანტი ვერ ავიღე, მიწევდა სწავლის საფასური მეხადა, ვინდომებდი, ამას ვერ ვუარყოფ, ჭკუა ვისწავლესავით. სტიპენდია არაფერი არ არის,მაგრამ როცა არაფერი გაქვს, ყველაფრად გეჩვენება. ამიტომ გადავწყვიტე მაქსიმუმი გამეკეთებინა, როგორმე ყველაფერი ისე მემართა როგორც მსურდა. ბევრ რამეზე ვთქვი უარი, ბევრი ღამე გავათენე, ბევრი სიგარეტი მოვწიე, ნიცამ კი უბრალოდ *ჟიმავა და მორჩა, სხეული რას არ აკეთებს, თითქმის ყველაფერი შეუძლია. როგორ წარმოვიდგენდი... იმდენად ცუდად ვიყავი, განა იმის გამო რომ ის კაპიკები დამეკარგა, არ მადარდებდა, გავქაჩავდი როგორმე. ჩემი შრომა მენანებოდა, დრო მენანებოდა, ისეთ რაღაცებს რომ ვსწავლობდი რაც არ მინდოდა, მხოლოდ იმიტომ რომ ფული ამეღო. არ ღირდა ეგ არაფრად, შენი სურვილის საპირისპიროდ არაფერი არ ღირს. წყალსაც წაუღია ეგ ფული, თუნდაც სულ ტრაკში ამოესვა ნიცას, არ მაინტერესებდა, იმაზე ვფიქრობდი რაც წავიკითხე, რაც ამ მეილში ეწერა და გული მტკიოდა. ვერ მივხვდი, საიდან გამომდინარეობდა ეს ყველაფერი ან რით მივედი იმ დონემდე რომ უახლოეს მეგობარს ასე ვძულდი. ხელი ამიკანკალდა, მთელი კოლოფი ამოვცალე, ხველას აღარ ვაქცევდი ყურადღებას. მხოლოდ იმას ვგრძნობდი რომ ცუდად ვიყავი, არ მესმოდა. მობილური ხელში ავიღე. უნდა დამერეკა, ვალდებული ვიყავი, ასე ვერ მოვაჩვენებდი ჩემ თავს რომ მარტოც კი შემიძლია ასეთ უსამართლობას შევხვდე. რამდენიმე გამოტოვებული ზარი იყო გიორგისგან. ლელას მესიჯები... არ მინდოდა არაფრის ნახვა, უბრალოდ გარკვევა მსურდა, ნიცასთან დარეკვა და საუბარი. როცა ნომერი ავკრიფე სწორედ მაშინ შემოვიდა ზარი. სუნთქვაშეკრულმა ვუპასუხე და მხოლოდ ეს ვკითხე: ,,რატომ?“ -გახსოვს თუთიყუში რომ გაგვიფრინდა გალიიდან? მე რომ ვაწვალებდი და ფეხი ვატკინე. ხეზე რომ აფრინდა და ჩვენ რომ ვუყურებდით... -კი,მახსოვს. -მე ვთქვი რომ ფეხმოტეხილი დიდი ხანი ვერ იჯდებოდა, ძირს ჩამოვარდებოდა და ქვას დაარტყამდა თავს. გახსოვს? -კი მახსოვს, მაგრამ... -მაცადე. რამდენიმე წუთს ვუყურებდით. შენ ნერვიულობდი, ლამის ტირილი დაიწყე. მეცინებოდა შენზე... გითხარი რომ ისედაც ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი და აუცილებლად ჩამოვარდებოდა ხიდან. ის კი იჯდა, არ იძვროდა, არ მიფრინავდა... როგორც ფიტული ისე გამოიყურებოდა. ამაყად იჯდა, ისე თითქოს არაფერი სტკიოდეს... არაფერი დამეშავებინოს... მაშინ მითხარი რომ ბოროტი ვარ. არ შეიძლება სხვისი წვალებით გამოიკვებო. რომ ყველას უნდა გვქონდეს უნარი შევიცოდოთ და ვიზრუნოთ... მე კი მეცინებოდა, ის ხომ უბრალოდ ჩიტი იყო. ჩიტი რომელსაც ფეხი მოვტეხე და მალე ზურგით დაეცემოდა. ის კი მაინც ამაყად იდგა, შევშინდი, ვიფიქრე რომ მართალი იყავი, რომ შეეძლო თავი გადაერჩინა. შენ ცრემლები მოგდიოდა და მთელი გულით გინდოდა მისი დაბრუნება. მე არ მინდოდა... მე მინდოდა ჩამოვარდნილიყო. -ამას რატომ მიყვები?- ვუთხარი დაზაფრულმა -გახსოვს რა მოხდა?- -პატარები ვიყავით, მაგრამ მახსოვს... რამდენიმე წუთს იჯდა და შემდეგ ფრთები გაშალა. გაფრინდა... -მე ვთქვი რომ ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ჩემ ცხოვრებაში. ყველა მზად უნდა იყოს იმისთვის რომ ატკინონ... ცუდად მოექცნენ. მე ასეთი ვიყავი სულ... მუდამ ვფიქრობდი დასასრულზე-დასაწყისშივე. ამიტომაც არ გამომივიდა არაფერი. კლიშე შევქმენი იმის რომ ყველაფერს ბანზე ვაგდებ... ფეხებზე ვიკიდებ. მაგრამ ვერაფრით ვიშორებდი იმ განცდას რომ შენ განსაკუთრებული იყავი. ბოლო წამამდე გჯეროდა რომ გაფრინდებოდა... ასე იყავი სულ. მუდამ ბედნიერი, მუდამ მწვანე ხავსი გეკრა, ფერადი ბანტებით იყავი აჭრელებული. ციმციმებდი. ვერ ავიტანე რომ არ გგავდი. რომ ჩემში ცუდი უფრო მეტი იყო. რომ ჩემში ის განცდა უფრო მეტი იყო... ის სურვილი... იმ ჩიტის სიკვდილის. -ნიცა... -რომ გავიზარდეთ ეს უფრო აუტანელი გახდა. სულ ნესი, ყველგან ნესი... სად არის?! როგორ არის? წერა სადოქტორო? მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს... როგორ ლამაზდება დღითიდღე. მეტად დამოუკიდებელი და კარგი ხდება... ყველა აღფრთოვანებულია და სიტყვები სად ამოქოლოს აღარ იცის. ნესის რომ გავდე... მოუსმინე მას. ნესი მეხუტება, ვუყვარვარ,ზრუნავს. ნესი საოცარია. წამიერად შეწყვიტა ლაპარაკი. -მაგრამ... მთელი ცხოვრებაა, ეს წლები... თავს ვერ ვპატიობ. აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ნასვამი, უაზრო ურთიერთობებით გადაღლილი. მიგდებულ,ნახმარ ჩვარს ვგავდი. შენ კი იდეალურად... მალე სტიპენდია, კარგი ბიჭი გვერდით, ფართო შესაძლებლობები... ვიფიქრე ,, რაში სჭირდება, ისედაც ბევრი რამ აქვს. აიტანს...“ ეგოისტურად გადავწყვიტე რაღაც შემომეკლო შენთვის. ისე როგორც იმ ჩიტის სიკვდილი გადავწყვიტე. ვნანობ... ყოველ დღე ვნანობ როცა ვიხსენებ. მძულს იმ მომენტში ნიცა, საერთოდ ნიცა ყოველთვის მძულს მაგრამ მაშინ განსაკუთრებით საძულველია.მაშინ გაწუწულ ვირთაგვას გავს... მძულს... -მე მჭირდებოდა ეს- ვთქვი ნაწილ-ნაწილ- ის ფული... მჭირდებოდა... -ვიცი. -არ ვიცი რა უნდა გითხრა- თითები კისერს მივაკარი-არ ვიცი რა სიტყვებია შესაფერისი. ძალიან მატკინე ნიცა... -ვიცი. ყურმილი გამითიშა. სავარძელში ჩავესვენე და თვალები როცა მოვხუჭე მაშინ ვიგრძენი რომ აფექტისგან და დაღლილობისგან მხოლოდ ძილი გამომიყვანდა. << ჩემი სამსახურში გაჩერება წარმოუდგენლად გართულდა. ახალი მენეჯერი გვყავდა და ყველაფერზე პრეტენზიას გამოთქვამდა, განსაკუთრებით აგრესიული კი-ჩემ მიმართ იყო, ,,ქალური შური“- მხოლოდ ეს მომდიოდა თავში, როცა ასე მექცევიან, სულ მგონია რომ ჩემი შურთ. რამდენიმე დღე ისე გავიდა, ისეთი დატვირთული რეჟიმით ვმუშაობდი ნიცას მესიჯი სულ გადამავიწყდა და არც ფოსტა შემიმოწმებია დიდად. გიორგისთან ლაპარაკიც არ მინდოდა, საერთოდ არავინ არ მინდოდა იმ მომენტში. მხოლოდ იმაზე როცა კონცეტრირდები ლამბაქები ხელიდან არ გაგეშვას ან პრეტეზიულ კლიენტს არ აგინო, ყველაფერი მარტივი ხდება, ბინდი ეკვრება სხვა დეტალებს, ნელდება, რაღაც მხრივ გასვენებს კიდეც. გარდაუვალი კი არაფერი არ არის, რაც მოხდა, ის შემახსენებდა თავს, დღეს თუ არა, ხვალ მაინც, რაც არ უნდა დიდი ტემპით გავქცეულიყავი, დამეწეოდა, ვერასოდეს ვერ შემეძლო სირბილი. თმაში ხელს წამავლებდა, მომქაჩავდა თავისკენ და მეტყოდა- ეს ხდება, ამას აცნობიერებ. ზუსტადაც რომ ვაცნობიერებდი არ მჭირდებოდა ესეთი აგრესიული,ცხოვრებისეული ფაქტურები, სულ რომ ტკენაზეა ორიენტირებული, ,,ლიჟბი“ აფექტი დაგცინცლოს. მშვიდად ვიყავი, ასე სჯობდა, ჩემი ორგანიზმი ითხოვდა. მაგრამ მეოთხე დღეს, სრულ იზოლაციაში მყოფს, ბინდგადაკრულს და გამოფიტულს, ხელი დამიცდა ,,ჯიმეილის“ექაუნთზე, იმ ექაუნთზე ერთმანეთის გასანადგურებლად რომ უნდა გამოგვეყენებინა, შევედი გაგზავნილ შეტყობინებებში... ვერ ვიტყვი რომ მინდოდა არაფერი დამხვედროდა, მინდოდა კი-მწყუროდა ის ფაქტები რაც იმალება, რას მომცემდა ეს, რას გავიგებდი... იმაზე მეტს რაღას შევიტყობდი რაც უკვე გავიგე. თავისით ვდეგრადირდი, მომინდა უფრო მეტი გამეგო, მეტი საიდუმლო, ბოლომდე შევხებოდი იმ ტკენის ნოტებს, აქამდე რომ არ ჟღერდა, მინდოდა მეტირა... უცნაურია მაგრამ ცრემლების დიდი დანაზოგი მქონდა ამ წლების მანძილზე. მობილური ისევ ახმაურდა, გიორგი იყო. ვუპასუხე - ჰო... - როგორ ხარ?- ,,გახარებულია, კი, ცოცხალი ვარ. ჯერჯერობით.“ - არ ვიცი გიო, არამიშავს... რატომ რეკავ? - ლაპარაკი არ გინდა ჰო?- ,, კი მინდა, ისე ძალიან მინდა რომ ერთი კვირაა არ დაგლაპარაკებივარ“. - არა. - მითხარი რა არის ჩვენი უდიდესი მიზანი ამქვეყნად.- გიორგი... - თქვი ნესი, აბა თქვი! – - ვნახოთ რაც შეიძლება ბევრი ვარსკვლავი, მაქსიმალურად ბევრ ადგილას. - ვინ?- - ჩვენ. - ვინ ჩვენ?- ,,რა ჯანდაბა უნდა...“ - ჩვენ ყველამ, ხუთივემ. - და რატომ?- - იმიტომ რომ რაც უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო მეტ ვარსკვლავს შევამჩნევთ. - და... - და თუ ვარსკვლავები, მზე და მთვარე ვერ გაგვანათებს, ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის განათება. - რისთვის? - იმისთვის რომ ვიცოცხლოთ და ვეცადოთ ცხოვრება იქ,თუნდაც ცხოვრებისთვის არაფერი არ იყოს. - კარგი გოგო ხარ. - მაქსიმალური ქულა?- ხმაში ირონია გამერია. - ჩემი ბრალი არ არის ის რომ ნიცა სულელია, ნიცა სულ ეგეთი იყო, ხომ იცი. - არ მინდა მაგაზე საუბარი. - სად ხარ? - სახლში- ხმა დამიწვრილდა, მინდოდა გამეთიშა. - რა ადგილას. - საწოლზე. - რას აკეთებ? - ლეპტოპი მაქვს გახსნილი და მაუსის ღილაკი, ემაილის ერთ წერილზე მაქვს მიმართული. - მაცადე... ფეხის ხმა გავიგე, სადღაც შევიდა, რამდენიმე წუთში კი როგორც იქნა დამელაპარაკა. - იგივე პოზიცია... - მზად ხარ?- ვიღიმოდი. რატომ ვიღიმოდი?! - კი... გახსენი? - სამ თვლაზე...- - ნესი. - გისმენ... - რაც არ უნდა იყოს... არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენ ხუთნი. - ჩვენ ხუთნი. - მოდი ჯერ მაკოცე. - გიორგი ! << Sent mail>> To: [email protected] ,, მსოფლიო მონაცემებით, მამაკაცების 30%, სხვის შვილს ზრდის ი.ხ სტატისტიკა (დანართი)“. << - წაიკითხე?!- - კი.- გიორგის ღრმა სუნთქვა და მისი სუნი ვიგრძენი. - რა ჯანდაბაა? - ვერ ხვდები? კარგი რა... - ვაიმე გიორგი, იცოდე, არ გაბედო ჩემ ნერვებზე თამაში, მკვლელი ვარ იცოდე, ესაა ჩემი საიდუმლო და არ დაგინდობ,არანაირი ხუთეული აღარ იქნება. - ალბათ ლელას არ ჰყავდა შვილი, მისი ყოფილი ქმრისგან... სხვა რამე, ლოგიკურად გამორიცხულია. - თუნდაც არ ჰყოლოდა, რაც ძალიან მეეჭვება, ვინ მიწერა ასეთი რაღაც? შენ?! სიცილის ხმამ ხელი გამიქვავა. - და იქნებ შენ პატარავ?!- სიცილი გამოვაჯავრე და ვეცადე სიტუაციაში გარკვევა. - ამდენი წელი ატყუებდა? - რა ვიცი... - ეგ ჩვენი საქმე არ არის. - ზუსტადაც რომ ჩვენი საქმეა, ჩვენც მოტყუებულები ვართ ასე გამოდის. - მე ხელი შევუწყვე... მე მითხრა...- ხმა ამითრთოლდა- ბევრი ცუდი რაღაც ვუქენით, ალიმენტი ავკიდეთ... - დიდ თანხაზეა საუბარი? - საკმაოდ. ვუთხარით რომ... - რა უთხარით?!- გიორგის ხმის ტონმა შემაშინა. - ვუთხარით რომ ძალადობდა მასზე, შვილს არ უვლიდა და... - და?... - სცემდა ხოლმე. ლელას... რომ ბევრს სვამდა, სახლში გვიან მოდიოდა ან საერთოდ არ... - და შენ ამაში აჰყევი?!- - გიორგი მისმინე. ლელას ეს სჭირდებოდა. მე მთლიანად მის კეთილდღეობაზე ვიყავი გადართული. - ოდესმე... ოდესმე შეგიმჩნევია ლადოს ბევრი დაელიოს? - არა... - საერთოდ არ სვამდა, ერთ წვეთსაც კი.ვერ ვიტან მაგ როჟას მაგრამ რამდენჯერაც ვნახე... ეგ ვერავის ვერ სცემდა ნესი,ლელას მითუმეტეს. ლელას... ღადაობ? ტყუილია ეგ ყველაფერი. მაგრამ მაგაზე დიდი ტყუილი ის არის, მამაკაცს რომლის გვერდითაც ცხოვრობ, იმ პასუხისმგებლობას კიდებ, რომელიც შენი უთავოყვარეობის გამო ხდება... - გიორგი... - ხვალ ყველანი ლელასთან, საღამოს რვაზე. - გიორგი ! << - არ ვიტყვი მე არაფერს- ლელას თითები სახეზე ჰქონდა შემოხვეული და თავს ისტერიულად აქანავებდა,ზოგჯერ მეგონა რომ იმ სიზმრიდან სურდა გამოფხიზლება,რომელიც რეალობის რეალობაში იყო გახვეული. გიორგი სოლომონ ბრძენის ჰაბიტუსით,დივანზე იწვა,ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული.მისი მზერის მიმართულება პროპორციულად ემთხვეოდა ლელას ადგილსამყოფელს. - დაურეკე და სიმართლე უთხარი- ჩავერიე მეც-როგორ გამომიყენე გოგო,დამადებილე ყველანაირად. ვისთან დადიოდი ლადომდე ეგ მაინც არ უნდა მცოდნოდა? - საქმეც მაგაშია რომ მანამდე არ იყო ეგ-ტუჩის ქვემოთ ღიმილი დავლანდე-ლადოს ყოველთვის ვღალატობდი,იმიტომ რომ ეგეთ კაცს უნდა უღალატო,სხვანაირად არ გამოდის. - რას ქვია არ გამოდის?-ვკითხე შეცბუნებულმა - ოჯახური კომფლიქტების განსახილველ თემად ქცევა არ მინდა, ვინც იბრუტუნა მემგონი ასახულია მეილზე, აზრზე არ ვარ ვინ დამწვით,მაგრად მახატია,ჩემი ცხოვრებაა და ვისთანაც მინდა დავწვებოდი და სასურველ მამასაც შევურჩევდი ჩემ შვილს. - მე მესმის,მართლა მესმის- ნიცამ ტუჩებზე ხელი აიფარა, - შენ მოკეტე!-ალექსანდრემ მის ნათქვამს უმალ დაურთო ყვირილი და შემდეგ ასეთივე სიჩუმე ჩამოვარდა, ლელამ ისევ ჩაიცინა და ნიცას მიაშტერდა. - *-აი ნიცას ესმის, მაგრამ მე ის არ მესმის, ისეთ უწყინარ არსებას როგორიც *q ნესია,როგორ შეიძლება ფული მოპარო. - არავისთვის არაფერი მომიპარავს. - მას უბრალოდ თავის გამოჩენა სურდა,საზეიმო ყრილობაზე კუთვნილი ადგილი, ძველი შუმერების დამწერლობით გაფორმებულ სკამზე. სურდა ერთი წერტილი მაინც დაესვა ჩემ ნაშრომზე და როგორც ხედავთ გამოუვიდა, ყოველთვის როცა მელანქოლიაში გადავეშვები ნიცას ეს უანგარო მეგობრული ჟესტი გამახსენდება ის კი გაბედნიერდება იმით,რომ ჩემ ცხოვრებაში თავისი კოპწია ცხვირი ჩარგო. - მეგონა ვილაპარაკეთ- გამაწყვეტინა - მეც ბევრი რამ მეგონა. სხვები უნებურად გაჩუმდნენ, ლელა ისევ მალულად იცინოდა და მაღიზიანებდა ეს სიცილი,რადგან სწორედ იმ წამებში დამებადა ძირეული ეჭვი,ძველი ლეგენდის მართებულობაზე. ლეგენდაზე რომელიც გვეუბნება რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულისთვის ვიბადებით. ალექსანდრე და ნიცა ერთად იჯდნენ, მე და გიორგიც ერთად, ლელა გაგვირბოდა, სამზარეულოში იყო,აუტანელი გახდა სიტუაცია. გიორგიმ მობილური აიღო და მისკენ წავიდა. ჩურჩული იყო,მაგრამ მესმოდა - გააკეთე ეს. რამდენიმე წამის შემდეგ - ლელა გთხოვ! ეს ჩვენ გვჭირდება,შენ გჭირდება, პირველ რიგში კი ბარბარეს. - თქვენ რაში გჭირდებათ?-მისი ხმის ტონი წვრილი იყო და ტრაგიკული. - რომ გენდოთ. - ნუ მაცინებ... ნდობა აღარ არის. აღარ! გაიხედე მათკენ... უცხოები ვართ. არავინ ვიცით კიდევ რას მივწერთ ერთმანეთს . იქნებ უარესი ისევ წინ იყოს,იქნებ ერთმანეთის უბედურების მეტი,არც არაფერი გვსურდეს. ვერ აღადგენ გიო იმას,რაც ჩამოიშალა. შეეგუე და შევეგუოთ რა. - მეათასეჯერ გეუბნები რომ ჩვენ ურთიერთობებსაც რომ შევეშვათ,სიმართლის თქმა ისევ შენ გარგებს,შენ შვილს არგებს. გაიზრდება და რას ეტყვი,რომ მამამისი ლაჩარი,ლოთი და უსაქმურია? შენზე რას ეტყვი,რას მოუყვები, როგორ იჟიმავე მის ნამდვილ მშობელთან,რომელიც შეიძლება ახლა იბიცაზე იყოს და ყვერებს იფხანდეს? - ვერაფერს გაიგებს. - ყველა ყველაფერს იგებს საბოლოოდ. - რა თქმა უნდა,ნიცაც ოდესმე გაიგებს რომ მე მივწერე. ხელები მაგრად მოვიჭირე მკლავზე,მისი სუსტი ბგერებითაც კი აღვიქვი რა თქვა, მაგრამ უკვე სულერთი იყო,გამგზავნი-ადრესატი. ჯანდაბა...ვის რაში აინტერესებდა. << ნაბიჯი პირველი : ,,სასურველი ნომრის აკრეფა“. << ხელები უკანკალებდა, ბანცალებდა ოთახში, ამხელა სივრცეშიც კი მარტო იყო, ამდენი ადამიანიც კი ვერ ვარწმუნებდით რომ ასე სჯობდა. მაინც კანკალებდა და განიცდიდა. ძალიან ბევრს და ღრმად. << ნაბიჯი მეორე : ,, პირველი სიტყვები“. << - ლელა ვარ- როგორც იქნა ამოღერღა სახელი, წინ ვეღარ დაუდგებოდა საუბრის ფაქტს. ჩვენი თხოვნით მობილური ხმოვან რეჟიმში გადართო. - ვიცი ვინც ხარ. ბავშვი როგორ არის? - კარგადაა. რაღაც უნდა გითხრა. - ბავშვი თუ კარგადაა ჩემთან რა სათქმელი გაქვს? - შენთან ის სათქმელი მაქვს რომ ბავშვი, კარგად ყოფნასთან ერთად,შენი შვილი არ არის. - მოწეული გაქვს?- - საღ გონებაზე ვარ. - საღ გონებაზე შენ ვერასოდეს იქნები. მოვრჩეთ ამ ხუმრობას, ვმუშაობ, არ მაქვს მაგის თავი. - ლადო, არ არისთქო შენი შვილი. - რატომ არ არის?- ლელამ მობილური შორს გაწია და ამოიოხრა. - იმიტომ რომ ჩემი კვერცხუჯრედში სხვა მამაკაცის მოხვდა, მაშინ როდესაც შენი არ ფუნქციონირებდა. - ანუ? ისევ შორს გაწია და უფრო ღრმად ამოიოხრა. - შენი გონებრივი მონაცემები, საქმის გამარტივების საშუალებას არ მაძლევს. გიღალატე როცა ერთად ვიყავით,როცა ბარბარე ჩაისახა. - რეებს ბოდიალობ? - სისხლის ანალიზი თუ გახდა საჭირო, არ დაგზარდები. უბრალოდ მინდა აღიქვა, შენ მცირედ არსებულ ცნობიერში,რომ ეს გოგონა შენი შვილი არ არის და მე *ოზი ვარ. - ვიცოდი რომ მღალატობდი- ლადოს ხმა მშვიდი იყო- იმას აკეთებდი,რასაც მე. მაგრამ როგორ მოახერხე რომ სხვისგან დაორსულდი? - პრეზერვატივი არ გამოგვიყენებია. - რატომ არ გამოიყენეთ? ყბა ჩამომივარდა, სად წამეღო არ ვიცოდი. - ისე უფრო სასიამოვნოა. მაგის გარეშე. - ჩემთან მაგითაც მოგწონდა. - შენთან იმიტომ მომწონდა რომ შენ მოგწონდა და პლიუს მინდოდა გაგსწორებოდა. - კეთილი გოგო. - სანამ გათავების სიხშირეზე გადავალთ,არ გინდა რეალურად სანერვიულო თემას დავუბრუნდეთ? - მისმინე სულელო- სიგარეტს მოუკიდა, სუნთქვის სიხშირით მაგის ამოცნობა არ მიჭირს- რომელი იყო? ვაჩე? - არა რა ვაჩე... დებილი ხომ არ ხარ. - აბა? - ალექსი. შენი თანაშემწე. თავიდან ძალიან არ მოგწონდა მაგრამ მე დაგარწმუნე რომ შესაშური კანდიდატი იყო. - ფუ რა ხარ- სიცილის ხმამ ყბა უფრო მეტად დამიქვეითა. - მეგონა ხვდებოდი. - კარგი რა, შარვალში არც ეტყობოდა რომ ჰქონდა რამე, ნუ ისე...- ისევ ლადოს სიცილის ხმა, ლამის დივნის ქვეშ შევძვერი. - შე *ირო მაგასთანაც გქონდა რამე? - თავიდან არ უსწორდებოდა კაცთან, მერე შეეჩვია. დიალოგში აირია ლელა, მემგონი დაავიწყდა რაზე დარეკა და ისიც რომ ჩვენც ვუსმენდით. ასეთი გაოცებულები და ყბაჩამოგდებულები. ვერც ვაჩერებდით, წინათგრძნობა გვაიძულებდა ბოლომდე გაგვეაზრებინა ის ფაქტი, თუ როგორი თავისუფალი,აღვირახსნილი ურთიერთობების მოყვარული იყო ჩვენი ინტელექტუალი,ლამაზი მეგობარი. - ქალიც გვჭირდებოდა რა- ლელა სიცილში აჰყვა, მემგონი აფექტში იყო- ოთხშიც უნდა გვეცადა. - *ირობაა ოთხში. რაც გვქონდა, ის იყო იდეალური და შენც იდეალური იყავი. საერთოდ ასეთი საოცარი ხარ მანამდე, სანამ რამეს იტყვი. შენი პირი როცა დაკავებული იყო, ყველაზე მეტად მაშინ მიყვარდი. - ჩემი პირი ხშირად იყო დაკავებული- ლელამ ტუჩზე იკბინა.- გამოდის რომ ჩვენი სიყვარული უსაზღვროა. - სანამ... - სანამ დაორსულდებოდი- ლადომ მისი სიტყვა დაასრულა- დაორსულების შემდეგ, გადაწყვიტე რომ ეს ყველაფერი მოგესპო. - მე დედა ვიყავი, შვილს ვზრდიდი. ის იყო ყველაფერი, ჩემი გართობა არ იყო მნიშვნელოვანი მის ფონზე. - აი ჩემთვის კი,საოცრად მნიშვნელოვანი იყო. - ამიტომ ავირიეთ ხომ? - იყო სხვა დეტალებიც, მაგრამ შენი ცვლილებები, ყველა მხრივ... აუტანელი გახდა. გახსოვს როცა დავქორწინდით, უფროსწორედ როცა უეცრად გაგვიჩნდა ამის მოთხოვნილება, პირობა დავდეთ, იმის პირობა რომ არასოდეს დავემსგავსებოდით წყვილების ძირეულ ნაწილს, რომ ეჭვიანობისა და ტრაგიზმის გარეშე, ჩვენი ჩარჩომოშლილი სიყვარულით,ორგიებით და განცდებით, ბედნიერების უსაზღვრობაში გავიჭედებოდით. შენ ეს გინდოდა, მეც მინდოდა, ერთად თავისუფლები ვიყავით. უფრო მეტად თავისუფლები,ვიდრე ერთმანეთის გარეშე. - მიყვარდი ძალიან,მაგრამ ჩემი შვილი უფრო შემიყვარდა. მიყვარდა ჩემი თავიც, მაგრამ არაფერი აღარ იყო ბარბარეს მერე. - ერთად გადავწყვიტეთ რომ ავუხსნიდით. შენ აღარ მოგინდა. - ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ,რთულია შვილს აუხსნა ის ფაქტი,რომ ერთგულებისა და ეჭვიანობის გარეშეც შეიძლება სიყვარულის აღქმა. რომ ეს ინდივიდუალური და არალოკალური გრძნობაა,რომელიც ერგება როგორც სხეულის ასევე ფსიქიკის ნაწილებს. ამას ვერ ავუხსნიდი, გაიზრდებოდა და შევძულდებოდი. - ახლა სხვანაირად ცხოვრობ? - ახლა უფრო რადიკალური გავხდი,საზოგადოებაზე მორგებული, მაგრამ მაინც თავქარიანი ვარ. ხომ მიცნობ. - ეტყვი ალექსს? - არ ვიცი, მე მინდოდა შენთვის მეთქვა. - მე ხომ მითხარი. - და არაფერს იტყვი? - მისმინე ლამაზო, ეგ ისედაც ვიცოდი. თუ ზუსტად არა, ძირეული ეჭვი მქონდა. ბავშვი საერთოდ არ მგავს. ალიმენტზეც იმიტომ დავთანხმდი რომ მილხინს ასე თუ ისე, ეგ ფული არაფერია ჩემთვის და თქვენ უფრო გჭირდებოდათ. ეს თვალის ახვევაც,რომელიც ერთმანეთს მოვუწყვეთ. - მაინც დამპალი არსება ხარ. - მენატრები... - არა ისე,როგორც მე. ლელამ მობილური უხმო რეჟიმს დაუბრუნა,გათიშა და მაგიდაზე ეკრანით დადო. რამდენიმე წამში ჩვეულ პოზიციას დავუბრუნდით. - ესეც ასე. - თქვა ალექსანდრემ-ჯარიმაღა დარჩა. - რა ჯარიმა?- ლელა დივანზე ჩამოჯდა. - ჩვენი სულიერი და მორალური სტრესის, ტყუილის და გამოყენებიდან გამომდინარე. - ჰოდა,რა ჯარიმა?! ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი აგვიტყდა. <<< - არა ! არა რა, ნუ დახურავთ. ეს რა მოიგონე, ხელით დაიჭირე,შევალ და გამოვალ. ლიფტის წინ ვიდექით, ლელა გათეთრებული სახით იყურებოდა პირდაპირ ჩვენ კი ზურგსუკან ვიდექით და ვაჩქარებდით. - შედი ჰა...-ხელით ოდნავ ვუბიძგე. - არ შემიძლია, არა ! - შეგიძლია კი- ალექსანდრემ ხელი კრა და ლიფტის კარებიც დაიხურა. არ ვიცი რა მოხდა შიგნით, არც ის ვიცი როგორ მოასწრო ნიცამ ხელი ბოლო სართულისთვის დაეჭირა, იქ მყოფ ადამიანზეც ვერაფერს გავარკვევდით, ცოტა კი შეგვეშინდა- ლელა ბავშვობიდან ვერ იტანდა დახურულ სივრცეს, მეტროში მხოლოდ ორჯერ იყო ნამყოფი, ისიც მახსოვს რამდენიმე წყალი ვიყიდეთ,წამლები, ვალერიანის წვეთებიც კი მქონდა წამოღებული. უბრალოდ მისი შიშის გამოცდა გვინდოდა, იქნებ არც არაფერი დამართნოდა, ამ ვარიანტსაც ვუშვებდით. როცა ესკალატორიდან ჩამოვედით და ვაგონის წინ დავდექით, ლელამ ბოლო ხმაზე დაიყვირა: ჯერ მე შემიშვით ბო*ებო !- ხალხი გაიფანტა, პირველი შევიდა და ჩვენც შევედით. როცა მატარებელი დაიძრა, შიშმა აიტანა, გაიოფლა, ალექსანდრეს მიეკრო, მხარი მის თავზე ჩამოდო და ღრმად სუნთქავდა. - ყველაფერი კარგად არის- ვუთხარი მე და თმა გადავუწიე- არაფერიც არ გემართება. - არა, ჰო. რთული მეგონა უფრო.- კანკალებდა, აციებდა, ძლივსღა ამოისუნთქა როცა მომდევნო სადგურზე ჩამოვედით, თუმცაღა ყოველთვის სიამაყით ამბობდა რომ ფობია არაფერ შუაშია და მეტროთი მხოლოდ იმიტომ არ მგზავრობს,რომ ცუდი სუნი დგას. ასეთი იყო სულ, შიშის გამოხატვა ესირცხვილებოდა. ახლა კი, მარტო იყო საცოდავად, იმ პატარა სივრცეში გაჭედილი და ჩვენც ფეხით ავირბინეთ იმდენი სართული... კიბეზე იყო ჩამომჯდარი, ჩვენს დანახვაზე გაეღიმა და ამოილუღლუღა. - რას ელოდებით, აღარ ჩავდივართ? გამეყინა აქ ჯდომით. ხელი ლიფტის ღილაკს მიაჭირა და ლოდინის რეჟიმში გადაერთო. ესეც ასე, ისევ მოგვიგო. << ირეკლება ხოლმე ხშირად. ძალიან ხშირად, ის სურვილი შევცვლოთ რამე, თითქმის ყოველდღიურად მაქვს იმის შეგრძნება რომ შეცვლითი ფუნქცია ადამიანებს მხოლოდ თეორიის დონეზე არ გვაქვს განვითარებული და უფრო სიღმეებში ვიჭრებით. სიღმეების უკუნში,სიახლეების სურვილის ჩრდილებით. და მივდივართ, იმაზე ჩქარა ვიდრე საჭიროა, გონებაში ყველა დეტალი ფუნქციონირდება და ჩვენ გვინდა, თითქმის ყოველდღე, შევცვალოთ რამე, თუმცა ძალა რომელიც ამ ყველაფერს ერთ დიდ მოტივად აქცევს, მნიშვნელოვან მოტივად ზოგჯერ იმაზე საცოდავია, ვიდრე გვეგონა. ასე გვიცრუებს იმედებს, ყოველ ჯერზე თუ არა, ხშირად მაინც და ცრემლებიც რომ აღარ არის თითქოს გვგონია, არსებობა არ ნიშნავს სიცოცხლეს და სიცოცხლეც არ ნიშნავს არსებობას. ცდები გრძელდება, მანამ სანამ ისევ გველამაზება ის ყველაფერი, სანამ ფოთლებს ვაკვირდებით გვიანი შემოდგომისას, სანამ კოცნაზე ვფიქრობთ, ეიფორიულ კოცნაზე და ცვლილებებთან ერთად ვიჯერებთ, მოვა ყველაფერი რაც უნდა მოვიდეს,რადგან ასე წერია ჩვენთვის, ან თუნდაც რადგან ასე ძალიან გვინდა. და რომ ვკითხულობ, ჩემთვის, ჩუმად, რა მინდა კონკრეტულად... ამაზე პასუხი არ მაქვს. ცვლილებებს კი სჭირდებათ გზები, ისე როგორც ჩვენ გვჭირდება ცვლილებები და ეს ყველაფერი ძალიან ჯაჭვურია, თითქოს სხვადასხვა მაგრამ მაინც მიბმული. ცრემლები აღარ არის, არ ვიცი რატომ... << როგორც წესი, ანუ ეს იყო დათქმული და აუცილებლად ვასრულებდით ხოლმე, ყოველ კვირა დღეს მივდიოდით ფილმის საყურებლად. ვერ ვიტყვი რომ გიორგი ამით მუდამ აღფრთოვანებული იყო, მას არ მოსწონდა არც ერთი ფილმი 2016 წლიდან-დღემდე, არ მოსწონდა ისიც როგორც ცდილობდნენ ძველი გარემოს შემოტანას თანამედროვეობაში, არ მოსწონდა ლამაზად ჩაცმული ხალხი,რომელიც სტანდარტულზე მეტად მოხატული სახით, თავიანთ მიჯნურებთან ერთად იჯდნენ წინა და უკანა რიგებში და მომენტალურად, როცა ფილმი უინტერესო გახდებოდა, კოცნიდნენ, ეხებოდნენ, ამბობდნენ როგორი ბედნიერები არიან, რომ ამ წამს, ამ მოსაწყენი ფილმის პარალელურად აქვთ შესაძლებლობა, იგრძნონ შეხება, აამღვრიონ ჰორმონები და სიბნელეში რომელიც მხოლოდ მონიტორის შუქჩრდილს ირეკლავს უყურონ ერთმანეთის ჰაბიტუსს. რომ გამოვდიოდით, სულ საუბრობდა ამაზე. ფილმი მემგონი სრულყოფილად არასოდეს უნახავს, ხალხს უფრო აკვირდებოდა და ბევრჯერ მითქვამს, რომ თუ თვლის და უნდა რომ იყოს სოციუმიდან შორს მაშინ რატომ გამოთქვამს ამხელა ინტერესს მათ მიმართ? ამაზე თავს ჩაქინდრავდა ხოლმე, გრძელ თითებს ნიკაპზე მოისმევდა, შემდეგ მხრებში გაიმართებოდა და პასუხს მომახლიდა ხოლმე. - აბა ფილმს რომ ვუყურო მხოლოდ,ჭკუიდან გადავალ. ხალხი-რეალობა მაინც არის, ყოველდღიურობაა, ახალი ფილმები კი უბრალოდ დროის ფუჭად გაფლანგვა. ამაზე ვეკითხებოდი, თავად როგორ იყენებდა ამ უძვირფასეს დროს, როცა ასეთი წყენით საუბრობდა მის ფლანგვაზე. ლუდს მოწრუპავდა და აღარ მელაპარაკებოდა, იცოდა თვითონაც რომ ზედმეტი იყო მისი რადიკალიზმი და რომ ყველა სტილის, ჩაცმულობის და იდეოლოგიის ადამიანს აქვს უფლება, ამ სამყაროში ადგილი მონახოს. ასე გადავწვიტეთ გულწრფელობის საღამოს მერეც, ერთად წავსულიყავით ,,trainspotting“-ის ახალი ნაწილის საყურებლად,რომელიც გიორგისთვის ტრაგედიას უდრიდა თუმცა იმ სიტუაციაში ჩვენთვის აუცილებელი იყო. გაგვეკეთებინა ისე ვითომ არაფერი მომხდარა, არაფერი გამსკდარა და ჩვენ,ისევ ის ვართ, ვინც ვიყავით. მინიმალურად მაინც ვიაზრებდით ამის შეუძლებლობას, მეც ვიცოდი რომ ვერასოდეს დამიბრუნდებოდა ნდობა ნიცასა და ლელას მიმართ, სულ მექნებოდა ხინჯად ის ფაქტი რომ ისევ რაღაც იმალება, იმ უკუნში რომელშიც გავეხვიეთ. რომ ისევ ამოტივტივდება, სანამ ის წყეული მეილი იარსებებს,სანამ ისევ გვექნება შანსი ვთქვათ ის,რაც არასოდეს გვითქვამს ან რისი შესაძებლობაც არ მოგვცემია. მაინც ვამოწმებდი ღამღამობით და ამოვისუნთქავდი ხოლმე,როცა არაფერი მხვდებოდა. მინდოდა დამეჯერებინა რომ ყველაფერი მორჩა და ეს იმის ცოდნის მაქსიმუმია, რისი ცოდნის უფლებაც გვაქვს... მოკლედ ფილმის ყურება გვინდოდა რა. სამსახურიდან რომ გამოვედი, მინდოდა წყალი გადამევლო, სუსტად ვიყავი, ფერიც წახდილი მქონდა, ექიმთან ვიზიტიც უკვე მესამედ გადავდე და მომინდა სტანდარტულ, ლამაზ ნესის დავბრუნებოდი,რომელიც აფერკლებული, ვარდისფერი ლოყებით ისმევს ცოტაოდენ რუმიანას, ტუშს და არჩევს სამოსს დღევანდელი საღამოსთვის. გიორგიმ ერთხელ თქვა რომ მოსწონდა შავი ფერი ჩემზე, იმის მერე, რამდენიმე შავი ზედა აღმოვაჩინე ჩემ გარდერობში და თან მეფიქრებოდა იმაზეც რომ შოპინგისას, სულ ვცდილობდი მუქი ფერი შემემჩნია უფრო. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო, ზეწოლა, ეს გრძნობების, ხავსმოდებული გრძნობების გამოფხეკას გავდა. შავი სვიტერი შევარჩიე, ჩვეულებრივი, ღია ფერის ჯინსი ჩავიცვი და წითელი ,,all star”-ის კედები. დიდი ხანია არ ჩამიცვამს თავისუფლად, სამსახურიდან გამომდინარე ამის უფლება არც მქონია. ტუჩებზე მოყავისფრო ტუჩსაცხი გადავისვი, ცოტა თვალებიც ჩავიხატე და რუმიანა (რომლის ხმარებაც კი არ ვიცოდი,რამდენიმე წლის წინ) სქლად გადავისვი ღაწვებზე სითეთრის დასაფარად. სახლის კარები გამოვიკეტე, სიგარეტს მოვუკიდე და როცა ჩემ სადარბაზოსთან ნაცნობი ჩრდილი დავლანდე, ლამის ტუჩებზე მიმეწვა. ხელი წავუჭირე, ტუჩებთან მივიტანე და ღრმა ნაპასი დავარტყი,ისე რომ ოფლის წვეთები, ჩემ შუბლზე შემხმარი, ოდნავ წამონთებულ სიგარეტის ნამწვავზეც კი ჩანდა. - არ უნდა ეწეოდე- ნაცნობი ხმა. გამეღიმა, კიდევ ერთი ნაპასი დავარტყი და კიბეზე, მის გვერდით ჩამოვჯექი. - აქ რას აკეთებ?- - კაფეში არ იყავი. რთულია რამე შევუკვეთო,როცა იქ არ ხარ. ამიტომ წამოვედი. ცოტა ნაწყენი ვარ, ბევრი ხვეწნა დამჭირდა და ჩემი გავლენის აღნიშნვა რომ შენი მისამართი მოეცათ. მიხარია რომ დაკაკუნება არ დამჭირდა. მენეჯერს შენს ძმად გავეცანი...მან მითხრა რომ ცოტა ვერ ხარ. - სერიოზულად?- გულიანად გადავიხარხარე, უწყვეტ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ თავად არ დამიბრუნებია. - მე კი მგონია რომ იმათ აქვთ პრობლემები... - რა მხრივ? - სამსახურიდან არ გიშვებენ და ეს ცუდია. - ისედაც ვაპირებ წამოსვლას. - და ჩემთან მოხვალ?- ვეღარ მოვითმინე და შევხედე, გლუვ კანზე, ტუჩის კუთხესთან, ნაოჭი უჩნდებოდა ღიმილისას. - არა,არ მოვალ. გინდა რომ მოვიდე, მაგრამ არა... ვიცი რაც გინდა, მშვენივრად ვხვდები. გინდა განსხვავებული გამოჩნდე და შენზე ვიფიქრო, ეს კი, ავადმყოფთან დაწოლაში გამოგადგება. - მე კი მეგონა... შემეძლო ჩემი სურვილების დაფარვა. - შენი სურვილები დაფარულია, ან არც არის... უბრალოდ დრო არ მოგეცა, მათთვის. ჩვენ კი ვფიქრობთ, გოგონები როგორც წესი, რომ მამაკაცები ზოგჯერ თეთრეულს აქეთაც გვამჩნევენ და ვადარდებთ. მთავარი პოლუსი, აი ყველაზე ჩრდილოეთ პოლუსი არის სექსი. მერე კი... - მერე?... - მერე ცაზე ვარსკვალავები ქრებიან, საშინელი სიცივე დგება, აღარ ნათდება.ყოველთვის ვფიქრობდი რომ ბიჭები ვარსკვლავებს გავხართ, არასოდეს ჩანხართ მკაფიოდ და თუ ჩანხართ, ისიც მკრთალად სანამ საბოლოოდ არ გაქრებით. - ფემინისტური განცხადებაა. მე კი ვფიქრობ, სქესი არ არსებობს, მხოლოდ ადამიანები,მათი ინდივიდუალური გუნება-განწყობით. - შეიძლება... - არანაირად არ მიზიდავ.- დამამშვიდა - უბრალოდ მინდა დაგეხმარო. - ღმერთო! ამას მერჩივნა გეთქვა რომ ჩემი გაჟიმვა გინდა.ახლა საცოდავი ადამიანების სექტაში ვარ ჩავარდნილი და ტუალეტში ვაღებინებ, თმა აღარ მაქვს და შენ ჩემ წინ დგახარ, დუმილაკრული, ოხრავ და რაღაცას ბუტბუტებ. - რა საზიზღრობაა ! - მე უნდა წავიდე... დახმარებაზე უარი უნდა გითხრა. - კარგად ხარ?- მითხრა და ფეხზე წამოდგა ჩემ მსგავსად. თავის მაღლა აწევა დამჭირდა მის სახეს რომ მივწვდომოდი. - თუ იმას არ ჩავთვლით რომ გული მატკინეს,იმედები გამიცრუეს და სხეული მტკივა, კი. - შენც გააკეთე ეს.- მითხრა მშვიდად. - გული ატკინე, იმედები გაუცრუე. იყავი არასტანდარტული, მლაშე... - ანუ გულწრფელი?!- ჩამეცინა. - კი. - ეს რევოლუცია იქნება. - უბრალოდ იყავი ერთერთი. - არ მინდა. - სურვილები,სურვილები. ისეთი იოლია მათი მართვა... თავი დამიხარა დამშვიდობების ნიშნად და ლოყაზე ხელი მომითათუნა. შემდეგ მიყვა ნესტის სუნად აქოთებულ სადარბაზოს. მარტო დავრჩი. << რუსთაველის კინოთეატრამდე ამ შეხვედრაზე ვფიქრობდი, მერე კი გიორგი გამოჩნდა. მსუბუქად მაკოცა ლოყაზე და ხელჩაკიდებულმა გოგოებისკენ წამიყვანა. ნიცა სტანდარტულად აბოლებდა, მოურიდებლად უყურებდა ხალხს და ცდილობდა ყვითელი კოლგოტი,რომელიც ჯინსის კომბინიზონს უმაგრებდა ზურგს, შეესწორებინა. მისი აზრით ეს შეუმჩნევი იყო. მივედი მათკენ, მივესალმე, მაგრამ ეს აღარ იყო მონატრების მისალმება. ვცდილობდი არაფერი შემეტყო,მაგრამ არ გამომდიოდა. სიცივის ზოლი,ჩემ სახეზე, აშკარა ავტოპორტრეტს ქმნიდა,შედარებით უნდობი,გაციებული და სახეშეცვლილი ნესის... ისინი კი თითქოს ისეთები იყვნენ,როგორიც დავტოვე. მიკვირდა... რამდენიმე წვეთი ვიგრძენი ლოყაზე და ცას ავხედე. მოღრუბლული და უშინაარსო პეიზაჟი დამხვდა, მალე საშინლად გაწვიმდებოდა, მე კი ერთი თხელი დუტის ამარა ვიყავი,რუმიანაც მალე მომშორდებოდა. ამიტომ მოფარებულ ადგილას გავედი, შესასვლელთან. გამომყვნენ... - არადა ვუთხარი, არ იწვიმებსთქო- გაეცინა გიორგის და ლელას შეხედა. - ვის უთხარი, ალექსანდრეს?-დუტი შევიკარი და გიორგის წინ დავდექი. - არა, ალექსანდრე არ მოდის... გიორგის ნაშას გავიცნობთ დღეს. გიორგი აიმღვრა. - რამდენჯერ გითხარი გოგო, ნაშა არ არის, გოგოა რომელიც მომწონს... ხედავ განსხვავებას? - და რა ძირეული განსხვავებაა? ნაშა ხარ მაშინ,როცა უბრალო მოწონებით შემოიფარგლება მამრი, ის დაკავდება შენთან სექსით და მორჩა, ,,მოწონებაც“ გამქრალია. - სიყვარულამდე მისვლაა საჭირო- ლელა, ნიცას და გიორგის დიალოგში ჩაერთო და კინოთეატრის დიდ ბილბორდებს მიაშტერდა. - სისულელეა- ნიცა აშკარად პოლემიკის ხასიათზე იყო- თუ გიყვარს, თავიდანვე გიყვარს და არა რამდენიმე სექსის მერე. - სულ სექსი როგორ გაკერია პირზე?!- გიორგიმ ხელი კრა და მე შემომხედა. ეს ის მომენტია როცა რამე უნდა თქვა, რაც არ უნდა გაფითრებული იყო, სადღაც მიშლილი ტკივილის მიუხედავად. იმის მიუხედავად რომ ეს სიმპათიური სახე, ეს უცნაური და ჩემთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ადამიანი, რამდენიმე წამში იმ გოგოს გამაცნობს,რომლის მოფერებაც მოსწონს,რომელიც უნდა, იზიდავს, ხედავს მასში იმ ადამიანს,რომელთან ერთადაც არღვევს საკუთარ პრინციპებს, ჯდება კინოთეატრში, უყურებს ფილმს... ალბათ აკოცებდნენ კიდეც ერთმანეთს. ამით ყველაფერი ირღვევა, ამით იდილია ირღვევა, გიორგის სივრცე... ვინ დაარღვია ეს? ვინ არის?! ფაქტია... მე არ ვარ... მე არც არასოდეს ვყოფილვარ... ვერც ვიქნები. წინ დამიდგა ეს ფაქტი, ლოყაზე ხელი გამარტყა, მუცელში დამიშინა ფეხები. ვგრძნობდი ტკივილს შეუხებლად, უწყვეტი სახით,რომელიც არ იცვლება. და მაშინაც,როცა გინდა ბოლო ბგერა ამოუშვა ყვირილის, ამოიტანო ის შხამი რომლითაც მოწამლული ხარ, ვკანკალებ... მაციებს და ვხვდები რომ შეიძლება გავითიშო. მხოლოდ ადგილზე ვიძვრი, მხოლოდ სხეულის კიდურებს ვძრავ, სხვა ყველაფერი ეკლებშია გახვეული, ხორცს მგლეჯს... ვგრძნობ ზიზღს და ეს ზიზღი არ ეკუთვნის გიორგის, არავის არ ეკუთვნის... მეზიზღება ჩემი თავი იმის გამო,რომ მხოლოდ კიდურებს ვამოძრავებ,რომ მხოლოდ... მხოლოდ მოკლე პასუხებია ჩემი რეაქცია, ღიმილია, სასიამოვნო ხმის ტემბრი. თითქოს ყველაფერი კარგად არის,თითქოს არ ვფეთქავ, არ ვიწვი... - მშვენიერია- ძლივსღა მოვახერხე პასუხის გაცემა. - და ვინ არის საერთოდ?- ლელა უცხო ხალხს აკვირდებოდა,ალბათ ცდილობდა თავიდანვე გამოეცნო მისი რჩეული. - ერთი გოგოა რა... ბარში მუშაობდა. თვითონვე გამომელაპარაკა და ასე აეწყო. ყველაფერი უნდა მომაყოლინოთ? - ჰო რა. რაღაც დეტალებიც... რა არის მასეთი. რაზე საუბრობდით, რას აკეთებდით ერთად, საერთოდ რატომ გაუჩნდა სურვილი შენი გაცნობის. - ეს წმინდა საიდუმლოა, თქვენ გესლში ამას ვერ გავხვევ. - ხარ. - ყველაფერი ზედმეტად მარტივია, ის არის რა, ინდივიდია,მას გაიცნობთ და არ გააქცევთ... არაფერს არ დაუშავებთ...არ... უცებ მისი მზერა შორს გაიქცა, სადღაც ჩაიკარგა. ის ადგილიდან დაიძრა და პირდაპირ იწყო სვლა. მაღალი, წითური გოგოს სახე დავინახე რომელიც იღიმოდა და ელოდებოდა მის მისვლას. რა არის სხვაობა?- ვფიქრობდი და ხელებს ვიჭერდი მკლავებზე- მეც ზუსტად ასე არ ვუყურებ,როცა ვხედავ? იქნებ უფრო მეტადაც კი... მეტი გრძნობით... უკეთესი შეიძლებოდა. გიორგის უნდა ვუთხრა რომ ეს შემოხედვა,იმის მესამედიც არ არის,როგორც მე ვუყურებ. გულწრფელობა... რას ამბობდა ის კეთილი კაცი,რომელიც დღეს სადარბაზოში იჯდა ჩემი კარის წინ? ეს სიტყვები გონებაში შემომიძვრნენ. ,,გული ატკინე, იმედები გაუცრუე.“ ნეტავ რა მოხდება თუ ვეტყვი რომ მიყვარს? წვიმის ნამი ედებოდა ჩემ კანს, იხორკლებოდა ჩემი გრძნობები. ის ხელს ხვევდა მას და ყურთან ახლოს მიჰქონდა ტუჩები. ის ტუჩები,რომელიც მე არასოდეს შემხებია. ბინდდებოდა თბილისში. ლამაზად-როგორც იცის ხოლმე... << ლეპტოპის ეკრანის შუქი, თვალებში მანათებს, გვერდით საფერფლე და უკვე შეციებული ყავა მიდგას,გული ჩქარა მიცემს და დღევანდელ საღამოზე ვფიქრობ. ვფიქრობ ფილმებზე, ,,იდეალურ უცნობებზე“, ,,trainspotting”-ზე, ნეტავ სულ არ გადაეღოთ ეს ფილმები. ,,იტირე რა, იტირე“- ვამბობ, ვიძაბები, სახის კუნთებს ვჭიმავ, წამწამებს ერთმანეთს ვუჭერ. იტირე მიდი, უნდა დაიცალო რამენაირად, გასკდები, რამ გამოგაშრო... იფეთქოს მინდა ცრემლებმა, ის კი არ იძვრის, არ გადის ჩემგან, თითქოს შევისისხლხორცე, თითქოს ჩემ ფილტვებშია გაჭედილი და ჩასუნთქვისას ცხვირის საცობებს მიხშობს. მინდა რამე ვუქნა ჩემ თავს, ვერაფერს ვშვები. მუშტებს ვკრავ, ვცდილობ კადრები ამოვჭრა, ვცდილობ არ ვიფიქრო ამ წყვილზე-გასულ საღამოს რომ წამოენთნენ ჩემ წინ და გუნება ამიმღვრიეს, მომშალეს. ვფიქრობ სიმარტოვეზე, ობლობაზე, ვგრძნობ, არავინ არ მყავს... არავინ. გიორგიც აღარ არის. ეს რა იმიტირებული სიცოცხლეა, საშინელი. არაფერი აღარ მინდა, ვერაფერს ვჭამ, ვერც ვტირი. ასეთი რამ არ გამიგია, ტირილი გინდოდეს და ვერ იტირო. ცივი ნიავი მიბერავს, ოფლის წვეთებს ვგრძნობ, შეტევა მიახლოვდება. აღარც სიცოცხლეზე ვფიქრობ, აღარც სიკვდილზე, მხოლოდ გიორგი მიდგას წინ. ,,როგორ უბრწყინავდა თვალები“ ისტერიკა მეწყება, ლეპტოპი ნახევარი საათია წინ მიდევს, მეილი მაქვს გახსნილი, ვერ ვბედავ მივწერო. ,,რა აზრი აქვს“- ვფიქრობ და ნერწყვს ვყლაპავ, შემდეგ საოცრად მინდება მანდარინი, სამზარეულოში ვბრუნდები, მთელ პარკს ვიღებ და ლეპტოპის წინ ვდებ. აი ორი ცრემლი მაინც რომ ყოფილიყო... ვფრცქვნი, ბუსუსებს ვაცილებ. რამდენიმე წუთის მერე ვხვდები რომ ხუთი შიშველი მანდარინია ჩემ წინ. ვერ ვჭამ... პირთან მიმაქვს და სუნზეც კი მაღებინებს. ,,რა მემართება? ორსულად ვარ?“- ჩემ ეჭვზე მეცინება. როგორც იქნა სიმჟავეს ვგრძნობ ტუჩებზე, კლავიატურას ისევ ვერ ვეკარები, გაქვავებული ვარ. ,, აი რომ მეტირა და მერე მიმეწერა...“- აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, ოთახი ჩაბნელებულია, ოდნავი სინათლეც კი მაღიზიანებს, ეს სიბნელეც მგრუზავს, ემატება სიმარტოვეს. არავინ არ არის, დედასაც ერთი კვირაა არ დაურეკია. მობილურს ვიღებ... << - ყველა ადამიანი ირჩევს თავის ვარსკვლავს?- ვკითხე როცა სადღაც ზემოთ, გაშლილ მდელოზე, პლედის გარეშე ვიწექით, ზურგით, ცის ჰორიზონტი ანათებდა თვალების ჩრდილებს და ციმციმები გვეცემოდა ღაწვებზე. გიორგის სახე ფერმკრთალი და ცივი იყო,როგორც ყოველთვის, მაგრამ მე აღფრთოვანებული ვიყავი ამ სითეთრითაც კი,რადგან შიგნით იყო სინათლე. ჩემი წილი სინათლე. - მხოლოდ ისინი ვინც ოდნავ მაინც გამორჩეულები არიან- პასუხი გვიან დამიბრუნა. - მაშინ მე იმას ავირჩევ,რომელიც ყველაზე მეტად ანათებს. - რატომ?- ტუჩები გააცალკევა და იდაყვით თავს დაეყრდნო. მე ვიწექი, მისი თვალები ზემოდან აკვირდებოდნენ ემოციების ნაკადს. - იმიტომ რომ სურვილის დონეზე მაინც მინდა, გამოვიკვეთო. თმა გადამიწია, ღიმილით შემახო ბაგეები შუბლზე. - თუ არ მოგეწონება, შეგიძლია შეცვალო. - კოსმოსში არაფერი არ იცვლება.- გამეცინა, მეც მკლავს დავეყრდენი და თვალები დაბლა დავხარე. ისე დაბლა რომ მისი ვენების ფეთქვას ვხედავდი კისერთან. - ყველაფერს შეცვლი,რასაც მოისურვებ. - შენ ჩემი სინათლე ხარ- ისევ გაეღიმა. პასუხი აღარ ბრუნდება,არც პასუხები. ჩვენ ვამბობთ და ველით, ვამბობთ და ველით... <<< დედას დავურეკე. შეშინდა. - კარგად ვარ დე, უბრალოდ რომ არ გაგახსენდი, რატომ არ გაგახსენდითქო-მინდოდა მეკითხა. - ბოლოს რომ მელაპარაკე... გამახსენდა დანაწევრებულად. ,,ჩემი სივრცე“-ალბათ ხუთჯერ გავუმეორე- ,,მე ჩემი სივრცე მაქვს, ჩემი პერსონალური სივრცე“. არ იცოდა რა ეთქვა. ,,არ უნდა დაარღვიო ის როცა ასეთი სიტუაცია მაქვს. მივხედავ ჩემ თავს.“ ამოიოხრა, არ მივაქციე ყურადღება. ვგრძნობ რომ იტირებს. ,, უნდა შეეჩვიო უჩემოდ,რამენაირად. არ იდარდო. კარგი ანალიზებია. კეთილთვისებიანი“ ამაზე მე მეცინება, ის კი მობილურს იქეთ ტუჩებს იკვნეტს. ,,მეგობრებს უთხარი?-ზე ზარი წყდება, მე ვწყვეტ. არ უნდა დაესვა ეს კითხვა. - ჰო ვიცი, უხეშად გელაპარაკე- ვპასუხობ მორცხვად და თავს ვხრი.თითქოს ჩემ წინ იდგეს და როგორც ბავშვობაში ისე მიყურებდეს,საყვედურნარევი. - მაგრამ მენატრები-ვცდილობ ხმაში ტირილი არ შევურიო. ვხვდები რომ ვეღარ ვაკონტროლებ. - დე,ხომ კარგად ხარ?- გრძნობს რომ არ ვარ კარგად. მე ვფარავ-ის გრძნობს. დედები ყოველთვის საპირისპიროს აკეთებენ. როცა გინდა რომ ტყუილი დაიჯერონ, ამ ტყუილშივე აღმოაჩენენ ხოლმე სიმართლეს. საოცარია. - მიყვარხარ დე- ვეუბნები და მობილურის გათიშვას ვაპირებ მაგრამ ხმა არ წყდება. - ულამაზესი ხარ შენ. როცა ხელში აგიყვანე, მაშინვე ვიგრძენი რომ ყველაზე ლამაზი ჩვილის დედა ვარ, რაღაც ისეთი გქონდა. განა იმიტომ ვამბობ რომ ჩემი შვილი ხარ-ამაზე ორივეს გვეცინება- მართლა გეუბნები. ბებიაქალმა მე ასეთი ლამაზი ახალშობილი არ მინახიაო. ძირითადად ბავშვები მახინჯები იბადებიან ხომ იცი. დაუფარავად ვიცინი და თან ცრემლის ერთ კურცხალს ვიშორებ. - დე, რატომ მეუბნები ამ ყველაფერს ახლა?- - აი ასეთი წიკი მქონდა ხოლმე- აგრძელებს- ცუდად როცა ვიყავი,საშინლად ცუდად, აი ვისისხლიანებდი ტუჩებს. ეგეც ვერ მშველოდა, დედაჩემი მირტყავდა ტუჩებზე. არ გამოდიოდა, სულ კვნეტა და კვნეტა. საზღვარი აქვს ყველაფერს. ყვირილითაც ვერ ვყვიროდი, ბებიაშენი ხომ იცი, გამიგდებდა და ამიჭრელებდა გვერდებს. მაგრამ იყო პერიოდი რომ ეს ცუდად ყოფნა-სტანდარტული ცუდად ყოფნისგან განსხვავდებოდა. გარეთ გასვლაც დიდად ვერ მშველოდა, ვერც მეგობრები-ესენი მხოლოდ ყურადღებას გვატანინებენ. განა ვამბობ რომ მეგობრობა უმნიშვნელოა, მაგრამ მამაშენს ხომ იცნობ... ისე მაწყენინებდა ხოლმე, მეგობარი რას მიშველიდა. ამიტომ ავდგებოდი ეს შეყვარებული გოგო,ნაწყენი და გაბრაზებული, მივვარდებოდი ,,შკაფთან“ და ყველა ტანსაცმელს რაც მქონია, აი ისეთებსაც პირველად რომ ვხედავდი,ძირს ვყრიდი ხოლმე. ზვირთებად იყო იმდენი რაღაც, რავიცი, როგორ ვაგროვებდი ამდენს. - დედიკო,რეებს მიყვები?- გავაწყვეტინე სიცილით. - ვაჰ... მაცადე... ჰოდა- აქ ცოტა ხანს შეჩერდა, თითქოს მისი ნაოჭიანი კანის იქეთ,მოგონებები იშლებოდნენ- გადმოვყრიდი ამ ტანსაცმელს, მუხლმოკეცილი დავჯდებოდი იატაკზე, ღრმად ამოვისუნთქავდი და ვიწყებდი დაკეცვას. ყველაფერს სათითაოდ, დიდი ინტერვალებით ვკეცავდი, თან ვტიროდი. ვკეცავდი და ვტიროდი. ვალაგებდი თაროებზე, ერთმანეთზე, გვერდიგვერდ. გამოვავსებდი ხოლმე, გასარეცხს გვერდით მოვისვრიდი. შემდეგ ამ გასარეცხებს შევყრიდი ძველ სარეცხ მანქანაში-მაშინ დიდი ფუფუნება იყო ეგ სხვათაშორის, ბაბუაშენმა რომ მოიტანა, მთელი კორპუსი მაგაზე ლაპარაკობდა. - დედა !- - ამას იცი რატომ გიყვები? - მაგის კითხვას ვაპირებდი ზუსტად. - აი როგორც ჩემი გარდერობი იყო არეული და ტანსაცმლით გატენილი. შეკუჭული და აქოთებული გაურეცხავი სამოსით,მასეთი იყო ჩემი ცხოვრება. იმ წამებში, მამაშენი რომ რაღაცას მაწყენინებდა,მეგონა რომ დასრულდა ყველაფერი. მორჩა, რანაირად დავიძინო, რა აზრი აქვს გაღვიძებას,ჭამას,სიცილს, ღლიცინს. რა აზრი აქვს, სისულელეა. ჰოდა დავჯდებოდი და ვფიქრობდი. ეს უაზრობაც მაშინ მომაფიქრდა,მაგრამ მშველოდა. მეგონა ჩემ სიტუაციას ვალაგებდი, იმ არეულობაში ვტოვებდი ნეგატიურ განცდებს,შემდეგ რაღაც დინამიურს, მკაფიოს ვუღებდი კარს,იმ დაკეცილი ტანსაცმლით. ასეა შვილო, ყველა ვცდილობთ. ცრემლებით მომეფინა სარაფანა. მიხაროდა. - ვეცდები დე, მეც ვეცდები. დავემშვიდობე და გავუთიშე. საძინებლისკენ ავიღე გეზი, გადმოვყარე ჩემი ტანსაცმელი, მივფანტე მთელ ოთახში, სანათზე,ქოთნებზე,ყველგან. უკან დავიხიე და თითები ტუჩებზე მოვისვი. ,,არა,ეს ვერ დამამშვიდებს“. ოთახის კარი გამოვიხურე და ლეპტოპისკენ წავედი. <<< სიჩუმე... ირგვლივ მხოლოდ მდუმარება,არაფერი სხვა.რაღაც მიწასავით შავი და ფხვიერი. დუმილი, ბილწსიტყვაობისა და სიტკბოს გარეშე. ოთახი შემოსაზღვრული ოთხი სტანდარტული კედლით,საწოლით,გაფრცქვნილი მანდარინებით და ჩემით.. თითები მუქი თმის ღერებში მქონდა შეცურებული,ლეპტოპი გახსნილი. მთელი ღამე,დღის მონაკვეთშიც კი, დაახლოებით ორ საათამდე. შემდეგ კი, ჩემი უმოქმედობით გაღიზიანებულმა,სწრაფად დავხურე,სიგარეტს მოვუკიდე და გარეთ დამკვიდრებულ სიცივის სუსხს და წვიმის კომბინაციას, ჩემი სუნთქვა მიეკრო. ,,არ შემიძლია ამის გაკეთება“. ცრემლებმა ისევ იპოვეს თავშესაფარი ჩემ ყავისფერ სვიტერში. ,,სულ ასეთი ვიყავი“. რაღაცები გამახსენდა წარსულიდან. სკოლაში,შესასვლელთან ერთი ქალი იჯდა ხოლმე. არც ხნიერი იყო,არც ახალგაზრდა, ვერ გავარკვიე. სახე ჩამომხარი და დანაოჭებული ჰქონდა. როცა დედაჩემი სახარჯო ფულს მაძლევდა,სიხარულით ვყიდულობდი მის უგემურ შოკოლადებს და ბედნიერი ვიყავი. ვფიქრობ,რა მაბედნიერებდა... ის რომ ვეხმარებოდი ამ უვარგისი ნაწარმის გასაღებაში,თუ ის რომ როცა ამას ვაკეთებდი, ამბობდა ხოლმე- კარგი ხარო. ეგოიზმის ტალღამ დამიარა. ყველაფერს, სიკეთესაც კი,საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ. ერთ საღამოს კი, შევესწარი,როგორ მოპარეს ოცი ლარი. ვიფიქრე, ალბათ ლოგიკურია,გამიჩნდეს სურვილი რომ გავლანძღო ასეთი საქციელისთვის და მორალზე გავესაუბროთქო მაგრამ მე გავხევდი... ,,ჩემი საქმე არ არის“-ამომძახა ექომ და არც არაფერი მიქნია. კარგი რომ ვიყავი, ის მსიამოვნებდა, ის მოიაზრებოდა ჩემ საქმედ მაგრამ ამ ფაქტს სრულიად მშვიდად ჩავუარე გვერდით. ,,კარგი არასოდეს ვოფილვარ“, ცრემლის მეორე ნაკადი მოვიშორე,მაცივრიდან ლუდი გამოვიღე და დივანზე წამოვწექი. ასე ვიყავი მდუმარედ, ჭერს მიშტერებული სანამ გიორგის ზარმა არ გამომაფხიზლა. გულგრილად დავხედე მის ნომერს. -არ წამოვალ. -რატომ?- გამაღიზიანებელი იყო მისი ასეთი ჩაძიება. -ავად ვარ. - არ ხარ ავად. - დეპრესია მაქვს. -ეგ სულ გქონდა- გაეცინა- რატომ არ მოდიხარ? -მეზარება. -თავიდანვე მასე დაგეწყო... ცივად გამითიშა მობილური და მეც ინერციულად თავიდან გადავურეკე. -რომელზე? -რვისკენ. -ვინ ვიქნებით... - ჩვენ რა. და მეგი. ,,ის წითური“-ნერვიულობისგან შუბლი მოვისრისე და მისვლას შევპირდი. <<< ძალიან არ მინდოდა წასვლა. ჩემთვის განტვირთვა და სიმარტოვისგან ბრძოლის ღირსეული ხერხი იყო, მათთან ყოფნა,მაგრამ აღარ მინდოდა. ნუ, სიმართლე რომ ვთქვა-იმ წითურის და გიორგის დუეტი არ მიზიდავდა,სხვების ნახვაზეც არ ვგიჟდებოდი დიდად. სულ რომ არაფერი, კიდევ ერთხელ ნანახ ჩახუტებას ვეღარ გავუძლებდი. გიორგის წყალნარევ თვალებში აციმციმებული ნათურები, უცხო რამე იყო და ნეკერჩხალივით,საცოდავად არსებული სინათლეც,ჩაქრა. რა მეგონა? რას მოველოდი? მხოლოდ ჩემ ინსცენირებულ წარმოსახვაში ვიყავით ერთად. ლოგინზე, ლურჯი ზეწრით. ის ზურგზე იწვა, ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, მე კი, გულ-მკერდზე მედო თავი, ჰორიზონტალურად და ჩვენ კოორდინატთა სისტემას ვქმნიდით,სადაც გულის რითმი და ჩემი გახშირებული სუნთქვა იკვეთება. იმდენად მკაფიოდ წარმოვიდგენდი, ვგრძნობდი კიდეც. სურნელიც მომდიოდა, დარიჩინის მსგავსი სურნელი. გემოც, მბჟუტავი განცდებიც. ბედნიერება... თუნდაც მხოლოდ ერთხელ ვყოფილიყავით მსგავს სხივზე,ასეთ ვითარებაში, მყუდრო, ჩაბნელებულ ოთახში სადაც მკრთალად მოიპარებიან დილის შუქურები და მერე თუნდაც მთელი სამყარო გაქვავებულიყო,არ მანაღვლებდა.ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე ვერაფერი მსგავსი,მეგობრობის იდეოლოგიას დაეფარა ყოველი განცდის ნოტი და ქარიშხალივით მიბერავდა მოშიშვლებულ მკერდზე. გადავწყვიტე ფანტაზიას შევშვებოდი და რუტინული,გულისამრევი რეალობისთვის მებრძოლა-ანუ მეცხოვრა მასთან ერთად. სიყვარულის ეჭვის ნაწილნაწილ ამოცლა და პარალელურად ჩაცმა დავიწყე. ხელთ შინდისფერი, ყელამდე სავსე სვიტერი და მრავალ ჭირგამოვლილი კაბა მომხვდა,შავი შუზებითურთ. ტუჩებზე შინდისფერი ტუჩსაცხი მეცხო და ჩემი უსაყვარლესი, ადამიანის-ფერის, რუმიანა. კარები ჩავკეტე და სადარბაზოში რომ გამოვედი უცნაური განცდა დამეუფლა ,,ისევ მგონია რომ აქ ზის, ამ კიბეებზე“. თავი სიცილით გავაქნიე და სადარბაზოს გავცდი. << რაღაც საოცრება მოეწყო. ლელას გაუთავებელი ისტერიკით მივხვდი რომ ლიფტით უნდა ავსულიყავით, ბოლო სართულზე. გიორგი მიგვათრევდა, სადღაც იქეთ, სახელს არ ვუწოდებ. შეგვეშინდა ცოტა, მერე კი როგორც იქნა, ვიხილეთ სინათლე. - ერთადერთი მაღალსართულიანი კორპუსია, რომლის სახურავიც ღიაა ! აღმოჩენა მე მეკუთვნის, მთელი ნუცუბიძე შემოვიარე მაგის გამო. - ჩემთან არის ღია სახურავი- თექვსმეტიანში- ნიცამ ბოდიშის მოხდით დახარა თავი,როცა გიორგის განრისხებულ სახეს შეეჩეხა. - სულ როგორ უნდა ა*ვამდე ყველაფერში? - მე უბრალოდ ვთქვი რომ ათასობით მსგავსი კორპუსის მოძებნა შეიძლება და ეს მსახიობური სულისკვეთება საჭირო არ არის. - ჰმ...- გიორგი შედგა. - თან იქ უფრო სისუფთავეა. - მომაშორეთ ! ყველას გაგვეცინა და მარშუტიც მიილია ამასობაში. ესეც დანიშნულების ადგილი. - ახლა ნახე- მისმა მზერამ სახე გამინათა და ხელისგულზე მოჭიდული თითებიც ათმაგად თბილი მეჩვენა. არც სიცივე,უცხო გარემო,არაფერი აღარ იყო,თითქოს ილუსტრირებულად ამოვშალე. ოცდაათამდე სანთლით მოერთო იქაურობა, ძირითადად ქვის იატაკზე ეწყო-რამდენიმე შენობის კიდეზეც- ციცინათელებივით, ყველგან იყვნენ,ყველაფერს შთანთქავდნენ. შუაგულში ხის ნირწახდილი, ალბათ მრავალჯერ ნახმარი მაგიდა იდგა, იქვე პუფები და სკამები ეწყო, ლუდები ყველგან დაედო რომ დაგვენახა და შეგვეგრძნო, მიწისთხილი(რომლის გარეშეც არსებობა მძაგს) რამდენიმე ფენად დაეწყო ერთმანეთზე და სწორედ აქეთკენ მიმართა ჩემი მზერა. ის ის იყო, უნდა ჩავხუტებოდი... და, აი ისიც ! მეგი დავინახე. სანთლის შუქზე მისი თმის ფერი, უფრო მეტად სისხლისფერი ჩანდა. ,,ძალიან ლამაზია“-გამეფიქრა და ტუჩზე ისე ვიკბინე,სისხლის გემო ვიგრძენი. გიორგი მისკენ წავიდა,ხელი წელზე შემოხვია და შუბლზე აკოცა. ვცდილობდი არ მივშტერებოდი,მაგრამ სხვანაირადაც არ გამოდიოდა, ცაში ვერ დავიწყებდი ყურებას. ვეცადე ყურადღება ლუდის ბოთლის წარწერაზე გადამეტანა... დაორთქლილ, შუშის ბოთლს, გაყინული თითები მოვუსვი. ყველამ მზერა ვარსკვლავებისა და გიორგის ანთებული სანთლების ნაერთზე შევაჩერეთ,ჩავრთეთ ტომ ვეითსი და დავდუმდით. - არასოდეს მინახავს მის გვერდით გოგო,ასე ახლო კადრით- ვიცოდი რომ ნიცას მოთმინება ოდესმე ამოიწურებოდა. - ეს ბუნებრივიც კია, გასაკვირი მოხდეს რამე...- გიორგიმ თვალები მაღლა ასწია და მეგის მოაშორა. - არც მე მეგონა-წითურმა ტუჩები გაილოკა- როცა შევხედე ვიფიქრე, მხოლოდ ერთი ღამე და არაფერი სხვა... ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება რომ ზრდილობის გამო მხოლოდ თქვენ კი არა, მთელი სამყარო იცინის? ეს თვითდაკნინება უფრო იყო ვიდრე ხუმრობა. თვალი გავაყოლე ხელის მტევანს,რომელმაც მობილური ზემოთ მომართა. მეგი სელფის გადასაღებად ემზადებოდა ამ ნოტიო სივრცეში,კადრში კი ჩემი მეგობარიც გამოჩნდა... - სერიოზულად?-ამოვიგმინე. ჩემი ხმა, უფრო გასაგონი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი. - ინსტაგრამზე ბევრი გამომწერი მყავს,მემგონი უნდა იცოდნენ ამ მშვენიერი ადგილის შესახებ. თმა გაისწორა. მისი სილამაზე ჩემთვის მდაბიო სახეცვლილებად იყო ქცეული. რაღაცამ ძალიან დამიარა. არვიცი რა ვუწოდო, ქვა, ღორღი, ტალახი თუ ცეცხლი-უბრალოდ ასე შემოძვრა, რაღაც გზა გაიკვლია ჩემ ფსიქოლოგიურ წნეხში და გაუაზრებლად დავუდექი გიორგის წინ. - შენ ხომ ვერასოდეს იტანდი სურათებს-მუსიკა გავთიშე და მეგის შევხედე-არასოდეს უყვარდა. როცა ფოტოს გადაღება გვინდოდა, ვეხვეწებოდით ხოლმე, გამოჩენილიყო ჩვენთან ერთად... ის კი, მხოლოდ ფოტოს იღებდა, სულ...სულ. ერთად გადაღებული ყველა ფოტო გიორგისია. ერთხელ მეჩხუბა კიდეც... ახლა კი... - ნესტან რა გჭირს?- გიორგიმ გაკვირვებულმა შეარხია ტუჩები. - არა,უბრალოდ, ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს თავისი წინასიტყვაობა, ცვლილებები ხომ უნდა იყვნენ ვალდებული, რაღაცები ახსნან, გაგვარკვიონ... შენ მის გვერდით სელფს იღებ, მაშინ როცა წლებია მაგას გთხოვთ,დაცინვის მეტი კი არაფერი გვღირსებია. აქ ფოტოს გადაღებაზე არ არის საუბარი, შენ ისე... ისეთი უცხო ხარ. - მგონი გარეკა- ნიცამ გადაიხარხარა და მხარზე ხელი დამადო. მოვიშორე. - გავრეკე კი,შეიძლება, მაგრამ არასოდეს მომიპარავს შენთვის რამე. - ისევ იმ თემაზე გინდა საუბარი? - რაღა საუბარი. მეტი რაღა უნდა ვისაუბროთ!.-ხმის ტონით მივხვდი რომ ვყვიროდი. - მაპატიე- უნდოდა ჩამხუტებოდა,მაგრამ ისევ ხელი ვკარი. - შენ სულ გამო*ირდი?!-სახე აუწითდა. - ეგ შენი მაპატიე, გეგონება ცვლიდეს რამეს... ან ეს სულელური ბოდიშები... შურმა გაგაკეთებინა, აფექტმა თუ ტაბლეტებმა, იმდენი შეგნება უნდა გქონდეს და იმდენი ძალა, აკონტროლო რაღაც ადამიანური. აშავებ და პატიებას ითხოვ... რა მარტივია! რამე საშინეებას ჩავიდენ და მაგ სიტყვით განვმუხტავ.მერე კი ფიქრობ, თითქოს ვალდებულებიც კი ვართ, ისევ ისე ვიყოთ. ვერა ! გესმით?! ეს უბრალოდ საცოდავი რწმენაა. სულ არ მინდოდა აქ მოსვლა,არც ამ გოგოს გაცნობა მანაღვლებდა დიდად, თუ უნდათ მთელი დღეები ჟიმაობაში გაატარონ.რასაც ვხედავ,ეს არის კნინობითი მეგობრობა,ერთი რომელმაც გამომიყენა და მეორე რომელიც საარსებო წყაროს მპარავს. მივესალმოთ ბავშვობის ღირეულ მეგობრებს! შემდეგ კი რომანტიულ საღამოს ვაწყობთ და ვიცინით. ლუდს ვწრუპავთ... თითქოს ჩვენ ცოდვებს და უხერხულობას, სითხეს ვატანდეთ რომ გრადუსში უჩინრად იქცეს და სინდისი არ წაგვიხდინოს.შეამოწმეთ ფოსტა? რამე სიახლე ხომ არ გვაქვს, იქნებ ისევ რამეა უთქმელი. სელფების მოყვარულო დიდი ხანია პოპულარული გოგოები მოგწონს? რავიცი, ბოლოს რომ გნახე ვერ იტანდი და ტვინს მიღუნავდი სურეალისტური საუბრებით. ესაა შენი ძალა? ჩაეშვი ოცდამეერთე საუკუნის ფუნაში? სკამზე ჩამოვჯექი და კორპუსიდან მოსულ ხმაურს, განათებულ ქუჩებს მივაპყარი ყურადღება. მერე თითქოს რაღაც გამახსენდა. - სად არის ალექსანდრე?- ხმას არავინ იღებდა. - იმ მოხატულ ბიჭზე ამბობს რომ ეჩხუბებოდი?- გიორგის მზერამ მეგი უხერხულად დაადუმა. - ეჩხუბებოდა?!-წამოვენთე. - კი, მოსული იყო და გავაგდე. ხელების კანკალით მოვხსენი მობილურს ბლოკი და მეილი გავხსენი. გიორგი მოვარდა ჩემკენ და ხელიდან გამომგლიჯა. - რა მოგწერა?- არსებულის შეგრძნება დავკარგე. - არაფერი, სისულელეა. - იცი,რატომღაც მეგონა რომ იდიოტი არ გეგონე. დამიბრუნე ჩემი მობილური. როცა მობლიური ავიღე და წერილი წაშლილი დამხვდა,გიორგისკენ წავედი და მთელი ძალით გავარტყი სახეში. თვალებიდან ცრემლები უწყვეტი ნაკადით მდიოდა. სამი დღე გადაბმულად, დედასთან საუბრის მერე, ეს სისველე არ მომშორებია. - ეს რა, ტირის?- ნიცას უაზრო გაკვირვებამ,ვერ დამაცხრო. - მიდი, მეორედაც- გიორგიმ სახე მომიშვირა და მეც უფრო ძლიერად გავარტყი. - თუ გინდა შუაშიც ამომდე-მითხრა და მკლავები დამიჭირა-ვერაფერს გეტყვი. - ჩემზე მოგწერა? ჩემზე?!- - კი,შენზე. - და მე... მე რატომ არა? უკვე ვქვითინებდი. - ახლავე მითხარი ! ხელებს მკერდზე ვურტყავდი. ვტიროდი და ვურტყავდი. წამიერად შევჩერდებოდი და მერე ისევ... შეუჩერებლად,რამდენიმე წუთი. არ მაკავებდა. თითქოს სპეციალურად მოეშვირა ჩემკენ საკუთარი სხეული,თითქოს ტკივილში სიამოვნებას გრძნობდა, ან ჩემი აცრემლებული სახე აღაგზნებდა.ვურტყავდი და ვყვიროდი,ვეხვეწებოდი მოეყოლა.ხელები დამეღალა, ერთი შეტევაღა დამცდა და შემდეგ ძლიერმა მკლავებმა მიმიხუტეს. მოვეშვი, მის კისერში ტირილი გავაგრძელე. ვგრძნობდი ცრემლების მოძრაობას ზევიდან-ქვემოთ. ვქვითინებდი და თითქოს ცნობიერში სხვა სილუეტები გაქრა. - გიორგი, გთხოვ- სახე მოვაშორე და წყლიანი თვალები მივაპყარი. ღრმად ჩაისუნთქა და თმა უკან გადამიწია. - გახსოვს მცხეთაში რომ ავედით? ორი კარავი წავიღეთ,ბევრი სასმელი... - კი,მახსოვს. - დაჯექი- ძლივს მოვძებნე ჩამოსაჯდომი ადგილი. - გოგოები მომიყვნენ რომ არ გახსოვდა როდის გაირყვენი პირველად. - ანუ ტაბლეტები მიიღე- ლელამ აზრი გამოკვეთა. - ჰო, არ მახსოვს. ის დღე ნორმალურად არც დამამახსოვრდა, მერე არც თქვენ გაგიხსენებიათ. მხოლოდ ის ვიცი რომ ბარში შევედით. სოუზის და პიცის სუნი იდგა და ბევრი დავლიეთ... - სად ბარში?- ნიცას გაეცინა. - არანაირ ბარში არ ვყოფილვართ- მითხრა გიორგიმ და მომიახლოვდა- იმ დღეს ლამის დაგკარგეთ. ალექსანდრემ სმის დროს,რაღაც აბები შეგვაპარა. როგორც თქვა სასმელში გაურია. ჩვენ იმ დროს ვსვამდით, ვიცინოდით, რაღაც სირობებს ვყვებოდით. გახსოვს მოსაწევისგანაც კი იკავებდი თავს... მკაცრად მყავდა ყველა გაფრთხილებული რომ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ არაფრის მიღებისკენ არ გიბიძგებდნენ რადგან როცა პირველად დაბოლდი ისეთი ,,პერედოზი“მოგივიდა გონება დაკარგე. ალექსი უკვე კაიფში იყო, თან ნასვამი- არ ვამართლებ,უბრალოდ ვერ იყო საღ ჭკუაზე, თორემ ცუდს არაფერს დაგმართებდა. მე და ლელას მანქანაში ჩაგვეძინა,ნიცა პლედზე იწვა გარეთ,შენ და ალექსანდრემ კარვები გაიყავით... როგორ მომიყვა, დაუძახე. - რატომ? ცუდად გავხდი?- ვიკითხე. - მაცადე... შენ მას დაუძახე და სთხოვე შენთან დაეძინა. სრულიად უმართავი იყავი,საშინელ მდგომარეობაში... - გიორგი, ჩემი მდგომარეობის გამძაფრებული აღწერით, რაღაც საშინელ წინათგრძნობას მიჩენ. - ალექსიმ თქვა რომ სახეზე თითებს უსვამდი და... ჩემ სახელს ეძახდი... სხეული ყინულად მექცა,სადაცაა დავიმსხვრეოდი. - იმდენად კაიფში იყო ტიპმა იფიქრა, გავეღადავებიო და ვიდეოს გადაღება დაიწყო. ისე ვიყავი, ვუყურებდი და მინდოდა უფრო გაერეკაო. - რას ვამბობდი?- გული ამომივარდა. - სისულელეებს ნესი. სიყვარულს უხსნიდი, მერე წამიერად იცვლებოდი და ეუბნებოდი რომ გძულდა. მერე ისევ კისერზე ეკიდებოდი. - კიდევ?!- წამოვიყვირე- ბოლომდე თქვი. - ჩემკენ დაიხარა, ცერა თითი ტუჩებზე მომისვა და მითხრა რომ წლების განმავლობაში აკვირდებოდი შენ პარტნიორებს და ასეთი ლამაზი ტუჩები არავისზე გინახავს. შემდეგ თავს ჩახრიდი და ისევ ამბობდი რომ გძულდა. ვიდეოში, ხან ტირი და თან იცინი. ამბობ რომ დიდი ხანია თავი ასე კარგად არ გიგრძვნია რადგან ამის თქმის საშუალება მოგეცა და *ლეზე გკიდია რა იქნება შემდგომ. ის რომ ყველანი ერთ სისტემას ვეკუთვნით და არ არსებობს სხვა ძალა ამ უდაბნოში,რომელიც ამას ამოძირკვავს. ეს და მსგავსი უაზრობები... - რა სისულელეა! - ის ვიდეო გამომიგზავნა... ოღონდ არ დაუმალავს ვინც იყო. - მე რატომ არ მაჩვენა? -ვთქვი ბრაზმორეულმა- ნორმალურად რომ აეხსნა აუცილებლად ვაპატიებდი. გიორგიმ უშველებელი პაუზა გააკეთა და მერე მივხვდი რომ ისტორიის მთავარი ნაწილი, ჯერ ისევ უთქმელი დარჩა. არ ვიცოდი მინდოდა თუ არა მოსმენა, ალბათ უფრო გაქცევა მინდოდა მაგრამ რა თქმა უნდა, არ გავიქცეოდი. - სისხლი აღებინე რამდენჯერმე, სანამ კარავში დაგაწვენდით. არ ვიცოდით რა გჭირდა,როგორც წესი სასმელი ასე ცუდად არ მოქმედებდა შენზე... ერთმანეთს ვაგინებდით, ვუყვიროდით და თან შენს აზრზე მოყვანას ვცდილობდით. სწორედ მაშინ დაიწყო ლელამ საუბარი როგორ გაიპარა კაიფში, მისი ჰიპსტერი მეგობარი და როგორ უცებ მოუდუნდა სხეული-შენნაირად.მკვდრის ფერი რომ დაგედო პანიკა აგვიტყდა, შემდეგ სხეული აამოძრავე მაგრამ თვალებს არ ახელდი. იმდენად დაბნეულები და შეშინებულები ვიყავით, გავხევდით, ვერაფერი ვეღარ მოვიმოქმედეთ. ლელა სასწრაფოში ცდილობდა დარეკვას მაგრამ ალექსიმ მობლური ხელიდან ააცალა როდესაც გონზე მოსვლა დაიწყე. მაშინვე უნდა მივმხვდარიყავით...მაშინვე ! გადავწყვიტეთ რომ როცა უკეთ გახდებოდი და ამ ბურუსიდან გამოხვიდოდი, შენთვის არაფერი მოგვეყოლა. იმ ბარის ისტორიაც ამიტომ მოვიგონე... - შენ არ გაქვს უფლება, როცა მოგეპრიანება,რაღაცები მომიგონო. - როცა საქმე შენ გეხება, ყველაფრის უფლება მაქვს- მითხრა დარწმუნებით და ჩემ აფორიაქებულ სახეს მიაშტერდა. - რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები- ხელები საყელოში წავავლე- მითხარი თორემ დაგახრჩობ. გიორგი ყოყმანობდა, მე კი უფრო მეტად ვუჭერდი სუსტ თითებს კისერზე. - თქვა რომ ... კაიფში კი იყავი, მაგრამ სიმართლე თქვი. უნდა მცოდნოდა რომ გიყვარვარ, ალექსიმ ,,თურმე“ ასე ჩათვალა საჭიროდ. წარმოსახვითი სექსიც შეგვტენა, გითქვამს შენი სხეული მინდაო და ხელი შარვლისკენ წაგიღია. - ვაიმე! - უბე გაგიხსნია და... - გაჩერდი!- წამოვიყვირე. რამდენიმე წამი ამ ამბის ქექვას დავუთმე. არაფერი მახსოვდა.როცა გონს მოვედი, სისუსტისგან საუბარიც არ შემეძლო. სუსხიანმა ნიავმა თმა ამიწეწა,სხეულს მოვეჭიდე. - გიორგი- ვთქვი მშვიდად- რა ჩავიდინეთ მე და ალექსანდრემ? მიმიკების მიხედვით, პასუხი აღარ იყო საჭირო. კი, ჩავიდინეთ, ჩემივე სურვილით და ხელებით,სხვა ადამიანის წარმოდგენით. ეს გავაკეთეთ და დავივიწყეთ,ასე მარტივად, მიზანმიმართულად. იქნებ მახსოვდა კიდეც და არ ვიხსენებდი... - ვიდეოში შიშველი ხარ- თქვა და ნიკაპი მოისრისა- იმ ნაბიჭვარმა ისარგებლა შენი უუნარობით! წარმოგიდგენია? ეს რომ მცოდნოდა ნესი... დედა *ევეცი მე მაგის. ეს როგორ გაგვიკეთა? როგორ ურთიერთობდა შენთან, ასე უცვლელად? იმბეცილი... გავმწარდი და ვცემე. აქ სადღაც მისი სისხლია,ბანტებით უნდა მოვრთო. - ეს ალექსის ბრალი არ არის- მის აგრესიას ვუპასუხე. - რა? - და არც შენი საქმეა. - რეებს ამბობ ხვდები?- სახე წითლად შეეფერა. - რაც გაიგე. შენი საქმე, ისაა.- ხელი მეგისკენ გავიშვირე- მემგონი უკვე მოიწყინა. - ნესი! ლოყაზე ვაკოცე. - ჩემი ბრალია- ჩავჩურჩულე ყურთან- ზოგჯერ ისე გვინდა,ყველაზე ამორალურსაც კი ვთანხმდებით. - მაგალითად ალექსანდრესთან სექსს? - მე სექსი მასთან არ მქონია. შენთან მქონდა. ცივად მივუგდე პასუხი და იქაურობას გავეცალე. << თავისუფლების მოედნის ჩაყოლებაზე,სულ შეხვდებით პაბებს, კლუბებს, კაფეებს,მაგრამ დიდი არჩევანის მიუხედავად, რთულად მოიძებნება ისეთი ადგილი,სადაც ლუდის დალევა ღირს. ამას იმით ვხსნიდი,რომ სიტუაცია მეტად მოსაწყენი და დამღლელი მეჩვენებოდა, ან მე ვიყავი პრეტენზიული კლიენტის როლში. ხალხმრავლობა, სიგარეტის ბოლით დაფარული ქუჩის ხვეულები და ლოყებ-შეფერკლილი გოგოები,რომელთა სახეზეც ტონალური,კოკაინის თეთრი წერტილებივით ფხვიერია,დისკომფორტს მიქმნიდა. შეიძლება უსამართლოდაც კი ვსაუბრობ,მაგრამ არ მანაღვლებს. ერთ ბარი მქონდა ამოჩემებული და ახლაც იქ შევუხვიე. თვეები იყო გასული, არ ვყოფილვარ. ,,კრეატორში“ ხალხი მომრავლებულიყო, მე როცა ვიყავი-მაშინ ბევრი მაგიდა ცარიელი მახსოვდა, პერსონალის საყვარელ ბუზღუნსაც კი ვუსმენდი, ვუჭახუნებდი ტეკილის ჭიქას და ვარწმუნებდი რომ ერთხელაც, ჩემი სტუმრობისას, დასაჯდომ ადგილს ვერ ვიპოვიდი. და აი, ხუთი თვე გავიდა თითქმის და მეც აზრზე არ ვარ, სად დავჯდე... სიმართლე რომ ვთქვა, სულ არ გამხარებია, ისევ მერჩივნა მხოლოდ ჩემთვის და გიორგისთვის ეყურებინათ. ჰო, მან მომიყვანა აქ პირველად. ,,როკ-საღამოს“-ივენთი იყო, ფარფლების ერთი სიმღერა ვიცანი. ძველი მელოდია აყუჩებდა ღამის გართობის მოყვარულთ. ,,აისი“ შევუკვეთე-პრინციპში სხვა არაფერი ჰქონდათ. მენიუში ერთი კერძი მეუცნაურა- მამალოების გასინჯვა არაჟნით, არ იყო ცუდი ვარიანტი ამიტომ ეგეც მივათვალე ანგარიშს. ირგვლივ მიმოვიხედე, წყვილები, მეგობრები, ერთი ჰიპსტერიც დავლანდე რომელიც ჩემკენ აპარებდა თვალს და ალბათ ფიქრობდა,რატომ ვიყავი მარტო. ლუდი მომიტანეს, რამდენიმე ყლუპი მოვსვი,როდესაც ბითლზის ,,hey jude”-გაჟღერდა, გავინაბე და ვეცადე მაქიმალური სიამოვნებისთვის მიმეღწია, მინიმალური სახსრებით. ეს იგივე ორგაზმია, უსმენდე ლეგენდას და ლუდს წრუპავდე. რაღაცები გამახსენდა. პირველი ვიზიტი აქ, მაშინაც სამოციანების მელოდიები იყო ფლეილისტში. გიორგის განსაკუთრებულად უყვარდა დორსები. პირველად აქ მოვუსმინე ქართულ ჯგუფს ,,Bedford falls” და შევიყვარე. როცა აქ, ამ წითლად განათებულ, მყუდრო ბარში ვისხედით,სწორედ მაშინ ვიგრძენი კოცნის დაუცხრომელი სურვილი და მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ამ ადგილმა გამხვია ეჭვების ბურუსში და გრძნობების ტრაგიკულ დასკვნამდე მიმიყვანა. მე კი, მაინც აქ ვარ, უკვე არაყს ვუკვეთავ და ვხვდები რომ ეს არ არის საკმარისი. ჩანთაში ექსტაზის ერთი აბი მეგდო. არაყს წვენი დავუმატე და ჩუმად ჩავაგდე შიგნით.როცა გაიშალა და ზემოთ ნალექივით დაედო,პირთან მივიტანე და ბოლომდე ჩავცალე. ალბათ ეს იმიტომ გავაკეთე რომ, მშვიდობის ხიდიდან არ მომესურვებინა მტკვარში ჩახრჩობა. გამაბრუა და გონება დამიხშო, გრძნობები გამითიშა. ბარიდან გამოვედი და გაღიმებული სახით გავუყევი ქუჩებს. თან რაღაცებს ვამბობდი, ზუსტად არ მახსოვს. შემდეგ ტაქსი გავაჩერე, გავახსენე ცხოვრების მშვენიერება და ისიც დამეთანხმა. მე კი ყოველთვის ვხვდები როდის მეთანხმებიან. ეს მაშინ ხდება,როცა სიბრალულს ვიწვევ. ჩემ კორპუსთან ჩამოვედი,ორიენტაცია მომსპარი მქონდა და სახლის კარები ვეღარ ვიცანი. სამაგიეროდ დეჟავუ ახდა. ისევ ვიღაც იჯდა ჩემი სადარბაზოს კიბეზე. << - შემოხვალ?- ვკითხე კიბეზე აკრულ ალექსანდრეს რომელიც თავის გრძელ დუტშიც ვერ ფარავდა სიცივეს. - მე მაინტერესებს,რა გითხრეს-თქვა დადარდიანებულმა-ვიცოდი რომ რაღაცას გეტყოდნენ,მაგრამ მინდა შენგან გავიგო. - კი მითხრეს,ყველაფერი მითხრეს-ვუთხარი მშვიდად. - და არაფერი? - არაფერი.- - გძულვარ?- სახე წითლად აუფერმკრთალდა. - შენ?- გამეღიმა- შენ არ გძულვარ იმის გამო რომ შეგაცდინე? - მე არ მქონდა უფლება... - ეს მე არ მქონდა- გავაწყვეტინე- ჩემ ამბებში გამერიე. ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა. - მართლა გიყვარს? - რაღაც ძალიან ბევრის მოსმენა გინდა- ნიკაპზე მოვისვი თითი- იცი იმდენად რთულია,დაბნეული ვარ. აი ახლაც, შეზარხოშებული და ექსტაზნარევი გზაში რაღაცებზე ვფიქრობდი. გახსოვს ერთი ბიჭი რომ მომწონდა? - რომელი ერთი?-გადაიხარხარა- იმ შავთმიანზე ამბობ? - ჰო,მაგაზე- დავსერიოზულდი- მაგისნაირად მე არავინ მომწონებია. ოცი წლის ასაკი კი განსაკუთრებული მოწონებებით ხასიათდება,ეს მერე ფუჭდება თორემ... მოკლედ რომ გითხრა ის იყო პროტოტიპი ადამიანის რომელსაც ცალმხრივ ორალურ სექსზეც კი დავთანხმდებოდი. იდეალური ვიზუალი,განათლება,ქცევა,ჟესტები. მზერაც კი. არანორმალურად სექსუალური ტიპი იყო. - კარგი ახლა. - ნუ გიტყდება იმის აღიარება რომ შენ იქეთაც არსებობენ ლამაზი ადამიანები. ჰოდა ასე, ვიყავი პლატონურად მონუსხული და რა მექნა,რა მეღონა,სად ჩამეყვინთა არ ვიცოდი. - მერე ის ბიჭი გაგეცნო...-გამაგრძელებინა. - კი,რაღაც თემაზე დამეხმარა, დიდ დროს ვატარებდით ერთად. იცი,როცა ვინმე ანომალიად გექცევა,გგონია, მისი ტუჩის კუთხეც საეჭვოდ გიყურებს. რატომღაც მჯეროდა რომ უბრალოდ თავს იკავებდა,ერიდებოდა შემხვედროდა ინდივიდუალურად, ან გამოეთქვა სიმპათია. თავს ვაჯერებდი რომ არსებობს თეორია,წინათგრძნობაზე, ბედისწერაზე,რეინკარნაციაზე და ეს სავსებით ნორმალურია. რომ ის მიპასუხებს,ან არ მიპასუხებს მაგრამ ყველა ვარიანტში არაფერი არ იცვლება. როგორც მერე გავიგე ჩემი ყოველი გაშიფრული დეტალი,აღმოჩნდა უბრალოდ ლამაზი ზღაპარი,რომელსაც ვიწერდი ან რადიოთი ვუსმენდი ყოველ დღე. ამან შემზარა, გული დამიმსხვრია. ორი წელი ცხოვრობდა ერთ გოგოსთან ერთად, ლანა ერქვა მგონი. ჩემმა მეგობარმა მითხრა ყველა მაგათზე ლაპარაკობსო. ეგეთი უშნო გოგო,ასეთ ტიპთან როგორ აღმოჩნდა, მემგონი თავმოყვარეობა საერთოდ არ აქვსო. ვნახე ფოტოები და მეც წამოვენთე-მართლა გასაკვირიათქო. თან ხელებით მიჭირავს ცრემლები,რომ არ გადმომცვივდეს. პატარა ბინა ჰქონდათ თურმე ნაქირავები და ცხოვრობდნენ ტკბილად, დაშორებების გარეშე. ხომ იცი რამდენს ნიშნავს ამის გარეშე ცხოვრება, თითქოს კანონია ვინმე ისეთს გადაეყარო ვისაც რამდენჯერმე მიატოვებ. გავბრაზდი ძალიან, ვუყურებდი ამ გოგოს ფოტოებს,ვიხედებოდი სარკეში და მიკვირდა. ყოველი ნაკვთი და სხეულის ნაწილი,ათჯერ უფრო უკეთესი მქონდა ვიდრე მას. ვღეჭავდი ბალიშის ბოლოებს და ჩემი თვითშეფასება სადღაც მიექანებოდა. უკან და უკან. რამდენიმე საათი გავატარე ასე, მათი ფოტოების თვალიერებაში... უცებ თვალები მოვხუჭე და მიმეძინა კიდეც. სიზმარი ვნახე. ეს გოგონა მიმათრევდა ლამაზი ბაღის კიდისკენ, მეც მივსდევდი. შემდეგ ბალახზე გაწვა, თავი გვირილებში ჩარგო და უცებ შავი წრე შეიკრა, ცა გახუნდა, ყვავილები დაჭკნენ. ის იწვა, თავი ბალახზე ედო, სურნელს იყნოსავდა და იღიმოდა. ვიგრძენი ცეცხლისა და ნაკელის სუნი, იასამნისფერი გარემო უცებ მოქუფრულ წითელ-შავ ფერებად შეიღება და დაიქუხა კიდეც. გაწვიმდა. ვსველდებოდი, ჩემი მაისური მეწებებოდა კანზე, ის კი იწვა. ზუსტად იგივენაირად. სახეს უშვერდა წვეთებს და ტუჩის ნახევარი ბალახებზე ჰქონდა მიკრული. ვუთხარი რომ წამოსულიყო, საშიში იყო იქ წოლა და გაცივდებოდა თუმცა ის უფრო ეკვროდა მიწას,თითქოს საცაა ხელებს შემოხვევდა და მიიხუტებდა. მერე დიდრონი თვალები გაახილა,თითებით სახე მოიწმინდა ჩემკენ გამოიხედა. ,,ამის ქვემოთაც არის“.... როცა გამოვფხიზლდი ყველაფერი დეტალურად მახსოვდა და წუხილის შეგრძნება, ეიფორიით შემეცვალა. წარმოიდგინე ალექს, თურმე ჯერ კიდევ არსებობს ადამიანთა ის მოდგმა რომელიც შინაგანი მიმზიდველობით იხვევს თავბრუს და იყვარებს. საოცარია არა?! ამ სამყაროში, ამ მტვრევად, მოღუშულ სამყაროშიც კი არსებობენ ვიღაცები, ვინც სხეულის ფორმებსა და სახეს არაფრად აგდებენ. წარმოგიდგენია? და ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ ანუ სხვები, ვიზუალურობის ეპოკაში რომელიც ლოგინის მეორე ნაპირზე წვანან, თითქოს ყველაფერი აქვთ-სილამაზე, ჭკუა, მიხვედრილობა, მაგრამ მაინც, ჩვენ ამ წყეული საწოლის მეორე ნაპირზე ვწევართ სრულიად მარტონი და საკუთარ სხეულს,ჩვენივე ხელებით ვეხებით. ჩვენი იდეალიზმი ტბაში გადასაგდებად არის გამზადებული, ჩვენი სიამაყე, უკვე ყველაფერია გარდა სიამაყის და საბოლოოდ, ასეთი შესანიშნავებიც კი ვუყურებთ ,,მათ“ და განვსჯით. განვსჯით იმიტომ რომ შინაგანად ყოველთვის გვინდოდა მათნაირები ვყოფილიყავით. ალექსი ჩაფიქრებული მისმენდა მე კი შეზარხოშებული ვიყავი, ამიტომაც გაჩუმება ცოტა რთული თემა იყო. - მე ავად ვარ ალექს- ვთქვი ჩუმად- ძალიან ავად. კიბის მეორე კუთხეშიც ვიგრძენი გულისცემის აჩქარება. - ვიცი- თქვა მოკლედ.- და ეს უფრო მეტად მხდის დამნაშავეს. - ვინ მოიწერა?- - არავინ. როცა ავად გახდი, იმ წყეულ დღეს და გული წაგივიდა ექიმმა მითხრა. - და სხვები?- ამოვიოხრე. - წასულები იყვნენ. - და შენ რატომ არ წახვედი?- - იმიტომ რომ არ წავედი და მორჩა. - რამდენი ხანი იყავი ჩემთან?- ვკითხე და ახლოს მივიწიე. სხეულში სითბო ჩამეღვარა. - სამი დღე.- თავი ჩახრილი ჰქონდა. - მთელი სამი დღე?!- გამეღიმა. შემომხედა და ცხვირზე თითი მომითათუნა. - მადლობა მარტო რომ არ დამტოვე.- თავი მხარზე ჩამოვდე და ავსლუკუნდი. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, რაც ცივ, მარმარილოს კიბეზე ვიჯექით, ტირილისა და სინანულისგან, სიყვარულისა და სითბოსგან ვიყავი დასნეულებული და ვერაფერი ვერ იყო დაავადება, სისუსტე, თვითგვემა... სრულ იზოლაციაში მოვაქციე ჩემი თავი და მხოლოდ ტირილის უფლება მივეცი. << სიცივის ბუღისგან სიყვარულმა გამომარკვია. << ისევ დამეწყო. ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი, მეგონა ყინულის ნაწილები შემაყარეს. სახეზე ავწითლდი. გავიაზრე რომ ეს დაავადების ბრალი კი არა, ჩემი პერიოდული დეპრესიის ბრალი იყო,რომელიც იმ სიტუაციამ ,რაშიც ვიყავი, უფრო გაამწვავა. სანელებელი დავუმატე, გემო მივეცი, ყველაფერი გავაკეთე სიტუაცია რომ ჩემივე ტრაგედიისკენ ყოფილიყო მომართული. მწყინდა, ვერ ვეგუებოდი, მეგონა არსად გამიშვებდა სიამაყე. ,,მე როგორ“-სინდრომი,ამდენი წლის განმავლობაში რომ ეგოისტურად მდევდა თან, გულს მირევდა, ახლაც და სულ,მთელი ცხოვრება. რა მოხდებოდა თუ პატიებას შევძლებდი? ის მაკვირვებდა რომ ალექსანდრეზე არ ვიყავი გაბრაზებული. მან ჩემი ყველა საიდუმლო იცოდა და ხუმრობით რომ ვთქვა-მისი წყენა არ მაწყობდა,მიუხედავად იმისა რომ... ამაზე ვფიქრობდი როცა თავზე პლედი გადავიფარე, მოვიკუნტე, მუშტები შევკარი და სახეზე მივიწებე, ისე რომ სხეულის სიმხურვალე მეგრძნო და ისევ ავტირდი. ,,მიუხედავად იმისა რომ არავისთვის არ მიგიწერია“ ,,რატომ უნდა მიმეწერა?“ ,,იმიტომ რომ სხვებმა ეს გააკეთეს და მე არა.“ ,,სწორედ მაგიტომ ხარ ამ სიტუაციაში“. ,,მე მიყვარს ისინი მაგრამ ვერ შევძლებ მათ პატიებას“. ,, მათ საპატიებელი არაფერი აქვთ“. შევცბუნდი, ჩემ თავთან დიალოგში-ჩემივე თავი მიგებდა. ,, სწორედაც რომ აქვთ. ‘’ ,,სხვებმა თუ აპატიეს...“ ,, არა,არა.“ ,, ისინი ისევ ეცდებიან,შენ არ ეცდები. ისინი ერთად იქნებიან და შენ აქ იწვები,იტირებ, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობ. მათ კი გააცნობიერეს ის ფაქტი რომ იტყუებოდნენ, შენც იტყუები“. ,, ისინი რას იზამენ ეგ მათი გადასაწყვეტია.მოიცა..“-შემაჟრჟოლა- ,,რას ნიშნავს, მეც ვიტყუები?“ ,,ფიქრობ რომ მისაწერი არაფერი გაქვს? რომ სუფთა ხარ? როგორ ხარ სუფთა,როცა ყველაზე დიდი ტალახი გაკრია, შენ შეიყვარე ადამიანი რომელიც არ უნდა შეგყვარებოდა,რომელიც არ იმსახურებდა შენ სიყვარულს, არ იმსახურებდა ამხელა უხერხულობას. ამაზე რისი თქმა შეგიძლია? მოდი სიტყვებს შიფრი ავხსნათ: როგორ გაბედე საუკეთესო მეგობარი შეგეყვარებინა? თავმოყვარეობა არ გაქვს?“ ,,მოკეტე“- ხელები ყურებზე ავიფარე. ,, და იმის გამო რომ შენ ამ გაუთვალისწინებელ გრძნობას მონად ექეცი, რა უფლება გაქვს ყველაფერი ამაზრზენად მოგეჩვენოს?ალექსანდრეს დამნაშავედ თვლი როცა თვითონ ჩაუძვერი შარვალში(და სხვათაშორის შენი ავად ყოფნის შესახებ,რომელსაც ასე მონდომებით მალავ, მან ყველაფერი იცოდა. გაგიკვირდება და არაფერი უთქვამს, არ უჩხუბია,არც გაგცლია), ლელას იმის გამო იძულებ რომ მის პირად სივრცეში რომელიც ბავშვისთვის ასეთი სენსიტიურია, თავისი ღალატის თემა არ გაშალა და განსახილველად არ აქცია? ნიცას კი იმის გამო უბზუებ ცხვირს რომ შენი შეშურდა? ამ ადამიანურ, ბუნებრივ გრძნობას (რომელიც სხვათაშორის შენშიც მასშტაბურადაა),პირად დარტყმად იღებ და ბოდიშისა და ხვეწნის მერეც არ შეგიძლია გაუგო, მოუსმინო, გჯეროდეს მისი სიყვარულის.რატომ არ გესმის რომ ზოგჯერ გაუცნობიერებლად ადამიანები ამორალურ რაღაცებს ვატრიალებთ თავში, ეს რომ დასჯადი იყოს, ყველა ადამიანი შეიბრაწებოდა კოცონზე“. ,,არ მინდა შენი მოსმენა“- უფრო ჩავიხუტე ჩემივე თავი. ხელები მაგრამ მოვიჭირე, თითქოს მინდოდა მეტკინა მისთვის. ,, მოდი სიმართლე ვთქვათ, შენი პატარა ხიჭვი რომელიც გულზე ჩაგესო, უფრო მეტად ჩავიდა ღრმად ამ ამბების მერე. შენი მეგობრები არაფერ შუაში არ არიან, შენ მოგეცა გზა-ფართო გზა უფრო ვრცლად მოგეთხრო შენი გრძნობის შესახებ, თითქოს წიგნს წერდე,დრამის სილუეტად აქციე თავი, ნორმალური ხარ?! ადამიანები გამოიყენე იმისთვის რომ ემოციური კუთხით შენ ,,დანაშაულთან“ სამართლიანი ყოფილიყავი. იცი რას გეტყვი, შენ ყველაზე მეტად დამნაშავე ხარ. მიუვალი გრძნობა რომელიც სხვებსაც აზიანებს -ყველაზე დიდი დანაშაულია. ‘’ ,, მე არ მინდოდა... მე..- ავცრემლდი. ,, დროა დალაგდეს სიტუაცია. არ ფიქრობ რომ დროა? გაგზავნე ის წყეული წერილი,რომელსაც სამი დღეა უშედეგოდ აგზავნი. ‘’ ,, რომ შევზიზღდე?“ ,, ისე ფიქრობ, ლამისაა საკუთარ თავს ხელი წავუჭირო. პატარა გოგონასავით აცანცარდი და კონკრეტულად ერთი ადამიანის გამო, ისაოდა არ შევზიზღდეო, თავს ანგელოზად წარმოაჩენ. სინდისი არ გაქვს“. ,,სიყვარული დანაშაული არ არის“. ,,სწორედაც რომ დანაშაულია“. ,, ამას ვერ აკონტროლებ“. ,,შესანიშნავად შეიძლება მისი კონტროლი“. ,, რატომ მაძალებ მივწერო?! იქნებ... იქნებ..“ ,,იქნებ არც..“ ცრემლები მოვიწმინდე და საწოლზე წამოვჯექი. << Sent mail>> To: [email protected] ,, მეგობარო. ამ სიტყვას უფრო გამოვკვეთ მ ე გ ო ბ ა რ ო. რადგან მეშინია რომ ყველაფერი რასაც ვიტყვი, ამას შეურაცხყოფს. ეს მოსალოდნელია, ფიქრები მელეწება ისე ვიღლები,როცა მაგაზე ვფიქრობ. საერთოდ შენც და ყველა ხშირად მეუბნებოდით ძალიან ბევრს ფიქრობო, ჰოდა ვადასტურებ, სიმართლეა. ამდენი წლის მერე გეუბნებით რომ ეს ყველაზე წმინდა სიმართლეა რაც ჩემზე გითქვამთ. ის ჭორები ჩემ გრძნობებზე, არაა მთლად გასაბათილებელი, ზოგჯერ ვეკითხები ჩემ თავს, როგორ შეიძლებოდა შენ არ შემყვარებოდი. როგორ შეიძლებოდა... არ მესმის. ვფიქრობდი იმ იდეალურ წყობაზე შენ თავში რაც ხდებოდა, შენ ვიზუალში, შენ ქცევებში, ჟესტებში. ის რომ სიცილისას თვალებს დაბლა ხრი და როცა მორცხვობ(ეს ძალიან იშვიათად ხდება) ღაწვები გიწითლდება. როცა ცქმუტავ როდესაც გეხუტებიან და სითბოს გამოხატავენ და არ იცი სად წაიღო შენი მასიური სხეული-როდესაც ამას ასე მძაფრად ითხოვ. მე მახსოვს შენი ყველა სუნთქვა რომელიც ჩემ ვენებთან აღქმულა და შენი სუნიც,რომელიც ჩემ კანში ისე გაჯდებოდა ხოლმე, ათასი საცხებლით რომ გამეწმინდა ვერ გავიყვანდი (ხშირად მიცდია, ის *ირობა მაზი როა რაღაც ტანის-მე შენ და ნიცამ რომ ვიყიდეთ, მაგასაც ვისვამდი და მაინც ვერ გამყავდა). ვიძინებდი და ვიღვიძებდი, შენს გარეშე და შენთან ერთად,მაგ ჯეროვანი სუნით. რომ არ არსებობდეს ეს რეფლექსი, ეს სუნის აღქმის, ბედნიერი ვიქნებოდი,უფრო ნაკლები გვექნებოდა დასავიწყებლად. როდის გადავწყვიტე რომ შემიყვარდი არ ვიცი. რატომ გადავწყვიტეთქო მაგასაც ვერ გეტყვი მაგრამ ფაქტია მასე მოხდა და ამ შავ ხვრელს ვეღარ ვაქცევ იასამნისფრად, მინდა იცოდე რომ ეს დღეები, კვირები და თვეები მაგის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ და საბოლოოდ ჩემ მეგობართან საუბარი მარწმუნებს- ილუზიაა, ილუზიაა ის რასაც გრძნობ და ხედავ. მტკიცედ ვიმეორებდი მაგ სიტყვას, მიყვარს, მიყვარს, იმდენჯერ გავიმეორე სადილობის დროსაც მეგონა რომ ჩემ წინ მდგარი ჩაის ფინჯანი მიყვარდა,ან შემოხეტებული ცივი ნიავი, ან ლუდი ,,ლოვენბრაუ“. სიყვარულის გამძაფრებული ინსტინქტი გამომიმუშავდა ამ დეპრესიის ჟამს. ყველაფერს საკუთარ თავს, თვითონ ვაჯერებთ და მოდი ნუ შევალამაზებთ რა. როცა სიტუაცია ნაწილებად გჭრის, ეგეც იცვლება. ეს წერილები, მაიმუნობები, აღიარებები, საიდუმლოებები... ყველაფერი ეს, საჭირო ყოფილა რომ მივხვედრილიყავი... სიყვარულისგან სრულიად თავისუფალი ვარ და ამას იმით ვხსნი რომ შენ იდეალური მასა იყავი იმისთვის რომ თავი მარტოდ და უგრძნობად არ აღმექვა. შენ იყავი ჩემი დაფარული წარმოსახვა.შენ იყავი საფუძველი კი არა, საძირკველი ჩემი უნიათო და უსიცოცხლო ცხოვრების. შენდამი ილუზირებულმა სიყვარულმა, რომანტიულმა ფიქრებმა-მომაბრუნა იმ გარესამყაროს, სადაც მე- ნახევრად ავადმყოფი, ნახევრად წაბილწული, ვფიქრობ იმ შეგრძნებაზე რომელიც იმდენად ზემოთ არის ჩემგან რომ მალე ფრთებს შემოისხამს. მე რომ სიყვარული შემეძლოს, მე რომ საკუთარი თავის იქეთ შემეძლოს რამის დანახვა, აუცილებლად შეგიყვარებდი. აუცილებლად. და შენ ეს გეცოდინებოდა. ყველაფერი ბრუნავდა ისე, თითქოს მე ვიყავი მზე და თქვენ პლანეტები, ჩემ ირგვლივ. თქვენგან გამომდინარეობდა ჩემი უბედურებაცა და იმედგაცრუებაც. რა საშინელი ვარ.იმაზე კი არ მიფიქრია, მე რა გავაკეთე საიმისოდ რომ ამის უფლება მქონოდა. და მე ვანათებ, ოღონდ თავს დაბლა ვხრი, სითბოს მაგივრად-სირცხვილს ვასხივებ, ვერ გჩრდილავთ იმიტომ რომ სუსტი გამოსხივება ვარ და ვერ გეხებით-იმიტომ რომ დაგწვავთ. და მე ასეთი შერცხვენილი, ასეთი აცრემლებული-მხოლოდ იმას ვითხოვ, გამიგოთ და გაიგოთ ის-რასაც მეც ვერასდროს გავიგებ. ვიფიქრე ყველაფერზე (მე ხომ მაგის მეტს ვერაფერს ვაკეთებ), თქვენს გარეშე როგორ იქნებოდა ყოფა და რამდენიმე წამი დამჭირდა იმისთვის რომ შემეწყვიტა ეს მაზოხისტური ქცევა, სწორედ რომ ასეთი, იმიტომ რომ მე არაფერი ვარ-არაფერი ვარ მართლა და საოცარია იმის შეგრძნება რომ სხვისთვის მაინც ხარ რაღაცის ერთი-მეოთხედი,რაღაც საჭირო და მონატრებადი... არ ვაკნინებ ჩემ თავს, ესეც ნარცისული თვითდამცირებაა, რომელიც ამ დედა მოტ*ნულ თავში გვიზის. ყველა ფრაზა რაც შენთვის მითქვამს, ყველა ბრუნვაში ჩავსვი და საბოლოოდ ეს დამრჩა. შენ ჩემი სინათლე ხარ...“ << არაფერი არ მრჩებოდა. საცვლები, სადენზიფექციო საშუალებები, ქალური სისულელეები დიდ ჩანთაში ჩავტენე და თეთრი მალბოროდან ერთი ღერი ამოვაძვრინე. უკეთ ვიყავი, ექიმმა თქვა რომ ქიმიოთერაპიას შედეგი აქვს და თუ მკურნალობას გერმანიაში განვაგრძობ, გადავრჩები. ზუსტად ასე მითხრა-გადარჩებიო, რატომღაც მეგონა რომ ეგ ისედაც მასე იქნებოდა. გაეღიმა, თითები ლოყაზე მომითათუნა და მითხრა რომ ტყუილად ვდარდობ, სიმსივნე ამ ფაზაში, მითუმეტეს აქტიური მკურნალობით საშიში აღარ არის. თმაც არ გაგცვივდებაო დამაიმედა, მეც მაგის იმედი მაქვს, ჩემ გრძელ -შავ თმას ვერ შეველევი, აი ამ სახლს როგორ მივატოვებ მაგაზე ვფიქრობ. ეს პატარა, მტვრის ბუნაგი, ჩვევად მექცა. მარტის სუსხი იდგა, სიცივე და სიცხე რომ ერთმანეთს კვეთს, ფანჯრიდან მკრთალი, მოყვითალო სხივები გადმოდიოდა და შუშის მაგიდაზე ირეკლავდა ვერტიკალურ ხაზებს. ღრმად ჩავისუნთქე და კარები გავაღე. - მზად ხარ?- უხეშმა, მამაკაცურმა ხმამ გამომაფხიზლა- ყველაფერი ქენი უკვე? - ქუდებსაც ჩავდებ და ვსო.- - გელოდები. ჩემი ბარგი კარებთან მიიტანა და სიგარეტს მოუკიდა. ფართხუნით მივაღწიე საწოლამდე და უკანასკნელი სამოსიც ჩავდე. - ყოველდღე აპირებ გამოცვლას? ერთი თვისთვის ზედმეტად იპრანჭები. - საერთოდ ასე ხდება, სადაც წავალთ გვინდა ყველაფერი წავათრიოთ. - მაშინ ესეც წაიღე- მოხატული ქოთანი ქაღალდში შეახვია და გამომიწოდა- მინდა შენივე ნივთებმა გაგახსენონ ჩემი თავი. გამეცინა და ლაშას გამოწვდილი, იასამნისფერი ქოთანი ჩემოდანში ჩავაკვეხე. როცა კარები გამოვიხურეთ და გასაღები პატრონს ჩავაბარე, მანქანა დაძრა. ვეღარ მოვითმინე და ვკითხე. - რატომ მეხმარები?- - შემაწუხე უკვე. მერამდენედ უნდა მკითხო?- ტუჩთან ისევ გაუჩნდა ნაოჭი. - მანამდე სანამ არ მიპასუხებ. ფანჯარას ჩაუწია, შემომხედა და მარჯვენა ხელი საჭეს მოაშორა და თმა უკან გადამიწია. - იმიტომ რომ ვიცი. - რა იცი? - ყველაფერი. ეს გარემო ჩემთვის აღქმადია. შენც ასევე. თითქოს მგავხარ მაგრამ მაინც ვერ გაკავშირებ. ისეთივე სასოწარკვეთილი ხარ,როგორიც მე წლების წინ. - მასეთი ვერ წარმომიდგენიხარ... - ყველაფერს რომ შევეშვათ, ზედმეტად ლამაზი ხარ საიმისოდ რომ მოკვდე. გამეცინა, მარჯვენა ხელი რომელიც ჩემ ლოყასთან ჰქონდა შეჩერებული უფრო მივიკარი სახეზე. - მადლობ. - ეს უბრალოდ ბილეთია და მეტი არაფერი. - მაგაზე გაცილებით მეტია. - ნუ მარცხვენ- გადაიხარხარა და ხელი საჭეს დაუბრუნა. - ემშვიდობები შენ მეგობრებს?- გამეღიმა. არ ვიცოდი ეს ნერვიულობისგან იყო გამოწვეული თუ ირონიისგან. - გიორგი მირეკავდა. რაც მივწერე მას მერე...ბევრჯერ დამირეკა. მეშინოდა პასუხის. - მაგრამ მაინც უპასუხე. - როცა ის მირეკავს, არ შემიძლია არ ვუპასუხო-გამეცინა- არაფერი უთქვამს, არაფერი უხსენებია, მხოლოდ მომიკითხა. - მერე? - ვუთხარი კარგად ვართქო, მაგრამ იცის რომ მასე არ არის. თუმცა სხვა არაფერი უთქვამს,დიდი ხანი ვდუმდით, მობილურის ხაზების ხმაც კი მესმოდა ისე ჩუმად ვიყავით. - საბოლოოდ? - სუნთქვაზე მივხვდი რომ ეწეოდა. ვკითხე და მიპასუხა რომ შეეშვება. სულ რომ არაფერი, ვერ იტანს როცა რამეზე ხდება დამოკიდებული. და ძალიან წუხს იმაზე რომ,ზუსტად მსგავსი პრობლემა აქვს ჩემთან. რამდენიმე წუთს გავჩუმდით. - ,,ეს შენ ხარ ჩემი სინათლე“-ეს მითხრა ბოლოს. ლაშამ შემომხედა,უჩვეულო, მისთვის უცხო მზერით. - როგორც იქნა- საჭეს თითები ბედნიერად მოუთათუნა. - რა ხდება?- - სინათლე შენი თვალებიდან. ეს ხდება, მეტი რა უნდა მოხდეს. მთელ სახეზე გადამიბრინა კმაყოფილმა ეიფორიამ და ვიგრძენი რომ აეროპორტს მივუახლოვდით. <<< თმა ზემოთ ავიწიე, ფორთოხლის წვენი მოვსვი. ახლა ყველას ვწერდი. ყველას ერთდროულად... რა ამაღელვებელია როცა იცი,სათქმელი და დასამალი არაფერი რჩება, იციან რომ შენ ხარ, ეს ხარ, ამ ფორმით ხარ და მორჩა. ცოტა მოვადუნე მზერა და ავკრიფე. ,, მე ერთი თვით უნდა გავუჩინარდე, ასეა საჭირო. ბევრი ლაპარაკი არ მინდა, ისედაც დაღლილი ვარ... მაგრამ ერთი რამე უნდა გავარკვიო და ვცხადყო. რაც არ უნდა ჩაგედინათ წარსულში და რასაც ახლა ჩაიდენთ-უბრალოდ თქვენთვის დაიტოვეთ და მორჩა. მოკლედ რომ ვთქვა, უბრალოდ აღარ მიწეროთ ეს წყეული წერილები ერთმანეთს.“ << დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.