შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეთვრამეტე თავი)


11-02-2018, 16:33
ავტორი murachashvili
ნანახია 2 787

მავანთათვის ცხოვრება ბედნიერებითა და ლამაზი ფერებითაა სავსე, მავანი კი უბრალოდ ცხოვრობს და გამუდმებით ითმენს. ვიღაც სასურველზე მეტად მარტივადაც კი იღებს ცხოვრებისგან ლანგრით მირთმეულ კეთილდღეობას და ისე იფერებს, თითქოს ასეც უნდა იყოს, თითქოს ეს ყველაფერი დაბადებიდან მხოლოდ მისთვის გამოიმეტა ცხოვრებამ. შენ კი ინერციით მიჰყვები დინებას, უბრალოდ მიიწევ, მიიწევ და ფიქრობ:
- სადღაც, ოდესმე ხომ დასრულდება?!
- აუცილებლად დასრულდება, - ვინ იცის მერამდენედ გპასუხობთ შინაგანი ხმა.
- მაგრამ როგორ?!
პასუხი არ იცით?! სამწუხაროდ, არც მე. თუმცა ერთი რამ ცალსახაა, არ არსებობს გზა დასასრულის გარეშე და ისევ გაქვს იმედი, რომ შენი ამბის დასასრულიც ისეთივე ბედნიერი იქნება, როგორც მავანთა.
ითმენ, ითმენ, ამ მოთმენასა და გამძლეობაში წლებიც გადის, მაგრამ უკეთესი მომავალი, შენთვის ესოდენ სანატრელი ფინალი კი არადა არ დგება, უბრალოდ არ მოდის.
დროსა და სივრცეში დაკარგული ისევ ავტომობილით მოძრაობდა ნინო. უთავბოლოდ ურტყამდა წრეს საბურთალოს. თავადაც ვერ მივხდა ვაჟა ფშაველადან როგორ ავიდა ასათიანზე, შეუხვია და რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახვევთან გაჩერდა. თითქოს ავტომობილის გაჩერებას ელოდაო, მობილურმაც არ დაახანა, მყისვე ამღერდა.
- სახლის გზა აგერია?! - ისევ გაისმა მამაკაცის ხინწიანი ხმა.
- ხომ მითხარი, უკეთესი ადგილი მომეძებნა? - ირონიამ ვერ დაფარა ტკივილი.
- სად ხარ?
- რესპუბლიკურთან. - მშრალად უპასუხა ქალმა.
- ნინო!
მართალია არ დაუნახავს, მაგრამ ზუსტად იგრძნო, მძიმედ როგორ გადაყლაპა ნერწყვი მამაკაცმა, არც მისი აჩქარებული გულისცემა გამოჰპარვია. ტკივილით გაეღიმა, აღარაფერი უთქვამს, ხელისკანკალით დააჭირა წითელ ღილაკს და ტელეფონი გათიშა.
ისევ თოვდა, თეთრი ფიფქები ლამპიონების შუქზე ფარფატით ეშვებოდნენ. თითქოს არაფერი შეცვლილა, იგივე ქუჩა, იგივე ნათება, ამინდიც კი მსგავსი. რამდენჯერ ურბენია ფეხით, უტრიალია ლამპიონებქვეშ ხელებგაშლილს, ახლა?! ლამპიონები ისევ ანათებდნენ, თოვდა, ახალი დილა თენდებოდა თბილისში, მაგრამ ნინოს ძველებურად ლამაზად მაინც აღარ ეჩვენებოდა. ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ავტომობილის დაბურული მინებიდან არ ჩანდა როგორ იღვრებოდა ცრემლებად.
- ვიღაცას გიჟი ვეგონები! - ტკივილით გაეღიმა, თუმცა წასვლაზე არც კი უფიქრია. მოგონებებით დამძიმებული ისევ რესპუბლიკურის შენობას უმზერდა.
მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაციისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე კორპუსი მიამატეს, რომელნიც, მისი შემინული ვიტრინებით, მეტალო-პლასტმასის თეთრი ფანჯრებითა და შეღებილი ფასადით, ევროპული ტიპის დაწესებულების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. თუ არ ჩავთვლით მეტალო პლასტმასის თეთრი ფერის კარ-ფანჯარას, გარეგნულად ადმინისტრაციული შენობა დიდად არ შეეცვალათ და დღემდე ინარჩუნებდა ძველ იერს. სწორედ ამ შენობის მესამე სართულის კუთხის ფანჯარას უმზერდა ცრემლებით სავსე თვალებით. ფანჯარაზე ნაჭრის ფარდების ნაცვლად ახლა მეტალის ჟალუზები ჩამოეფარებინათ. ალბათ უკვე მიხვდით, ეს ნატოს კაბინეტიდან გამომავალი ფანჯარა გახლდათ.
ვინ მოსთვლის დედის ლოდინით გაბეზრებულს ამ კაბინეტში რამდენი დრო ჰქონდა გატარებული. სწორედ ამ ფანჯრასთან მდგომი უმზერდა თბილისს და ოცნებობდა. მაშინ ბედნიერებისთვის სულაც არ სჭირდებოდა ბევრი, ახლობლებითა და საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმულს ყველაზე ძლიერი ეგონა თავი. მყისიერი ყოფილა ცხოვრება, სულ რაღაც ერთი დღეა საკმარისი შენს მიერ ნაკოწიწები სამყაროს დასანგრევად და გასანადგურებლად.
შუადღეს გადაცილებული იქნებოდა, როცა გორის ჰოსპიტლიდან უარით გამოსტუმრებული ზურა თბილისში შევიდა. დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია, გეზი პირდაპირ რესპუბლიკურისკენ აიღო. სად-სად და იქ უარს ნამდვილად არ ეტყოდნენ დაჭრილი ჯარიკაცის ოპერირებაზე. მორფი ძალას კარგავდა, ტკივილისგან დაკრუნჩხული ვაჟი დაჭრილი ნადირივით ღმუოდა და შველას უშედეგოდ ითხოვდა.
- ღმერთო შენ გვიშველე! - მონატრებულ მეუღლეს ერთი კი შეავლო თვალი და საკაცეზე ემბრიონის პოზაში მოკუნტულ პაციენტს მიუბრუნდა ნატო. საოპერაციოში მიარბენინებდნენ სანიტრები ჯარისკაცს. მაკრატლით გზადაგზა ჭრიდნენ ისედაც კონკებად ქცეულ ხაკისფერ შარვალს. თეთრი გახამებული ხალათის ფრიალით ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ნატოც. ექიმები იბრძოდნენ ვაჟის გადასარჩენად. ორ საათზე მეტ ხანს მოანდომეს კიდევ ერთი სიცოცხლის შენარჩუნებას. ინფექცია თითქმის ბარძაყამდე იყო მოდებული.
- განგრენა?! - ხმა უკანკალებდა ლიას.
- სველი განგრენა!... - ყრუდ ჩაილაპარაკა ნატომ.
ანესთეზიოლოგი ანესთეზიისთვის ამზადებდა პაციენტს. საოპერაციო გაჟღენთილიყო დამპალი ხორცის სუნით. ცდილობდა ნატო ყელში მოწოლილი სპაზმის დაიგნორებას, თუმცა გულისრევის შეჩერება მაინც ვერ შეძლო. სწრაფად გამოვარდა გარეთ და ხელსაბანში გულიც აერია.
- დაღლილი ხარ, დღეს უკვე მეორე ოპერაციაა, ბიჭებს დავიხმარ, შენ კი დაისვენე! - იქვე იდგა ლია.
- შინაგან ორგანოებზეც რომ იყოს გადასული?! მარტოს გაგიჭირდება.
- დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ? - ხმა უთრთოდა ლიას.
- ზურას დავპირდი, ვერ დავაღალატებ! - იმის წარმოდგენაზეც კი, რომ გარეთ თვეების უნახავი მეუღლე ელოდა, თბილად გაეღიმა.
აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა იმისა, რომ ახლა ოციოდე წლის ბიჭი ჰყავდა გადასარჩენი. მთელი ყურადღება მომწვანო ფერის ფეხის ტერფზე ჰქონდა გადატანილი. საბედნიეროდ ინფექციის წყარო, მუხლს ზემოთ არ იყო წასული. სისხლძაღვები ფეხის ზედა ნაწილში დაზიანებული არ გახლდათ, როგორც იქნა მოაშორეს სხეულს უსიცოცხლო, სასიკვდილო საფრთხედ ქცეული ნაწილი და შვებითაც ამოისუნთქეს.
- როგორც იქნა! - რამდენიმე საათის წინანდელი პანიკა აღარ ახსოვდა ლიას.
- შეძლებ ჩემი დახმარების გარეშე დასრულებას?! - ხალისიანად უციმციმებდა თვალები ნატოს.
- რა თქმა უნდა, მიდი გააკითხე მეუღლეს!
მეგობრის შეფაკლული ლოყების დანახვაზე სიცილი ვეღარ შეიკავა ლიამ. ფრიალ-ფრიალით გარბოდა ნატო კაბინეტისკენ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სულ ცოტაც და გული საგულედან ამოვარდებოდა.
ფანჯარასთან ზურგით იდგა ჩაფიქრებული ზურა. თბილისში წამოსვლამდე გორის ჰოსპიტალში მიღებულ ინფორმაციზე ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვობდა დამხმარე ძალის გაგზავნაზე უარს ეტყოდნენ, შტაბიდან მიღებული დეპეშა მაინც ძნელად წასაკითხი აღმოჩნდა.
ისევ მიღებულ დეპეშას ჩაჰკირკიტებდა:
- „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყოვლად გაურკვეველი წარმომავლობის სამხედრო გაერთიანებების შექმნა შეინიშნება, თუ სიტუაციის მართვასა და გაკონტროლებას ვერ შევძლებთ, დიდი ალბათობით მორიგ საომარ კერას მივიღებთ. ახლა დახმარების მოთხოვნა თქვენის მხრიდან დიდი უპასუხისგებლობაა!“
ვინ იცის მერამდენედ კითხულობდა მიღებულ შეტყობინებას და ფრაზებს შორის ცდილობდა რაიმე საიმედო, მანუგეშებელი სიტყვების პოვნას.
- ახლა რა ვქნა?!- ნერვიულად ისრესდა შუბლს.
კოლიდორიდანვე გაიგონა სირბილით მომავალი მოკლე ნაბიჯების ხმა. წვერით დაფარული სახე ღიმილმა გაუნათა, მუჭში მოკუჭული დეპეშა ჯიბეში დამალა. კაბინეტის კარი გახსნა და ცქრიალით მომავალ მეუღლეს ხელებგაშლილი შეეგება.
- როგორ ჩაიარა ოპერაციამ? - დაძაბული ჩაეკითხა.
- ფეხის ამპუტაცია მოუწია, თუმცა იცოცხლებს.
- ანუ გადარჩა?! - სიხარული ვერ დამალა ზურამ.
- იცოცხლებს!
მთელი სხეულით ეკროდა ნატო მეუღლეს. პატარა ჩიტივით გამალებით უცემდა გული. თურმე რა აკლდა. აი, რა სჭირდებოდა ახლა ყველაზე მეტად. ტკივილი დაამდა, დამშვიდდა. მეუღლის ბედნიერებით გაჟღენთილი თვალებიდან იმხელა სიყვარული იღვრებოდა, რომ ხელისგასაშვებად არ ემეტებოდა.
- რომ იცოდე, როგორ უსაშველოდ მომენატრე! - წვერი დაუნამა ქალის თვალებიდან გადმოღვრილმა ბედნიერების ცრემლებმა.
უბრალოდ გაეღიმა, ძლიერად დააბზრიალა ყელზე ჩამოკიდებული, ტკიპასავით მიკრული მეუღლე. იმდენად მხიარულად აკისკისდა ნატა, რომ მისი სიცილი მამაკაცსაც გადაედო. ასე, თინეიჯერი წყვილის მსგავსად ორხმაში იცინოდნენ მეუღლეები. როგორც იქნა დამშვიდდნენ,
- მიყვარხარ! - კაფანდარა, გაჩხინკული მკლავებით მისკენ მიიზიდა ქმარი და მსუბუქად შეეხო ესოდენ სასურველ ბაგეებს.
მიუხედავად განვლილი წლებისა გული ისევ გამალებით უფეთქავდა, თითქოს პირველად კოცნიდნენ სანატრელ ქალს, თითქოს პირველად პასუხობდა ალერსით. ისევ შეყვარებული თვალები და ისევ აწითლებული ლოყები, თურმე როგორ უღმერთოდ მონატრებია. ალბათ, დიდხანს გააგრძელებდნენ ერთმანეთის შესწავლას და მორიგი სიახლეების აღმოჩენას, რომ არა კაბინეტის უდროო-დროს შემოხსნილი კარი და მრავამნიშვნელოვანი ჩახველება.
- აი, ეს მესმის?! - ერთმანეთის ალერსით გაბრუებულ მშობლების დანახვაზე თვალები დაუწვრილდა ნინოს.
თუმცა ზურას ნატასთვის ხელის გაშვებაზე არც კი უფიქრია. მეორე ხელით ანიშნა შვილს ჩაჰხუტებოდა.
- რაგორ გამაღლებულხარ, რამხელა გაზრდილხარ, მა?! - გაოცებულმა დახედა ამ ორიოდე თვეში თითქმის გაზრდილ შვილს.
- ნატოს უკვე გავასწარი! - ამაყად გაეყინჭა გოგონა.
- შენ ისეთი ყოჩაღი ხარ, მალე მეც გამასწრებ! - შვილის კმაყოფილი სახის დანახვაზე სიცილი ვეღარ შეიკავა.
- სიმაღლესთან დაკავშირებით იმდენს დამცინით, არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩინეთ!... - ქუდიდან პეპის მსგავსად გამოჩრილ კიკინაზე დაქაჩა შვილი ნატამ.
- მორჩი მუშაობას? - დედის რეპლიკა არ შეიმჩნია, ისე ჩაეკითხა ნინო -მაშინ წავიდეთ. რომ იცოდე რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი. - მამას ხელკავი გამოსდო და კაბინეტიდან გაიყვანა.
- ჭორიკანა, მოღალატე! - სიცილით დაედევნა წინ მიმავალ ქმარ - შვილს ნატა.
ნინო ისევ გაუთავებლად ყვებოდა, ღიმილით უსმენდნენ მშობლები ბედნიერებისგან აღტკინებულ, პატარა ბავშვივით ატიტინებულ შვილს, თუმცა პერიოდულად მაინც ისმოდა ნატას აღშფოთებული ხმა:
- ეგ ამბავი ჩემთვის არ გითქვამს, დამიმალე?! გოგო ხარ ამის შემდეგ?!
დედის კრიტიკა აშკარად არ ადარდებდა, მამის მხარს დაყრდნობილი ისევ მხიარულად კისკისებდა ბოჭორიშვილი.
გზადაგზა ხვდებოდნენ ნაცნობები, მეუღლის კოლეგებსა და მეგობრებთან მოკითხვა-მისალმებაში თითქმის ნახევარ საათზე მეტი გავიდა. საოპერაციოდან გამოსული ლიაც მათ შეუერთდა.
- ნამდვილად არ წამოხვალ? - ვინ იცის მერამდენედ ეპატიჟებოდა მისაღებში მდგომ მეგობარს ნატა.
- ეჰ, ახლა თქვენთან ყოფნას რა სჯობს, - გული აუჩუყდა ლიას - მაგრამ მორიგე ვარ, თან მეუღლეებს ახალი თაფლობის თვე გაქვთ მოსაწყობი.
- იქნებ ვინმემ შეგცვალოს? - ამჯერად ზურა შეეხვეწა.
- არა, არ გამომივა. ხომ იცი ამათი ამბავი.
- მაშინ ერთს კარგად ჩაგეხუტები. კაცმა არ იცის კიდევ როდის გნახავ. - მეგობარი ძლიერად ჩაიხუტა მამაკაცმა.
- ომში სენტიმენტალურიც გამხდარხარ, თუ ასაკის ბრალია, ბოჭორიშვილო?! - მხიარულად აკისკისდა ლია - არ დაგავიწყდეს რას დამპირდი, უკან ცოცხალი და უვნებელი უნდა დაბრუნდე! - ცხინვალში წასვლისას დადებული პირობა თითის ქნევით გაახსენა ქალმა.
- მაგას რა დამავიწყებს?! - ბუჩქად დადებული თმა ხელით აუჩეჩა ზურამ და საპასუხოდ მოქნეული ხელის ასარიდებლად ნატას ამოეფარა.
- წაიყვანე შენი ქმარი, თორემ ჩემი წერა გახდება! - თითქოსდა გაბრაზებულმა თვალები დაუბრიალა დაქალს - ხომ იცი რომ ვერ ვიტან!
ისევ წუწუნებდა, თან თითებით ცდილობდა თმის გასწორებას ლია, თუმცა უშედეგოდ. ერთმანეთთან მოკინკლავე წყვილის შემხედვარე გარშემომყოფებიც მხიარულად იცინოდნენ.
- თხა! - უკვე კარში მდგომმა მოაძახა ზურამ.
- ცანცარა, გადარეულო! - მართალია უნდოდა სერიოზული სახით ეპასუხა, მაგრამ ღიმილს მაინც ვერ იკავებდა ლია.
- აი, ასე!-თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა ზურამ.
კარები პომპეზურად გამოხსნა, ცოლ-შვილს ისევ შუაში ჩაუდგა და სიცილ-სიცილით, როგორც იქნა გამოვიდნენ რესპუბლიკურის ეზოში.
ის-ის იყო ეზოდან უნდა გასულიყვნენ, რომ მათი ყურადღება გაბმული სიგნალებითა და საბურავების წუილით შემოვარდნილმა რამდენიმე ავტომობილმა მიიპყრო. პირველივე ავტომობილი საავადმყოფოს ცენტრალურ კარებთან გაჩერდა, მასვე მიჰყვნენ დანარჩენებიც.
რესპუბლიკურის ეზო ელვის უსწრაფესად გაივსო კბილებამდე შეიარაღებული ბიჭებით. შესასვლელებსა და კუთხეებთან ისე გადანაწილდნენ, თითქოს თავდასხმის ეშინოდათ. ერთ-ერთი ავტომობილი საავადმყოფოს კარებთან გაჩერდა თუ არა, რამდენიმე ვაჟმა ხელში აყვანილი მამაკაცი გადმოიყვანეს. ასე 30-35 წლის ვაჟის სახე და მაისური სისხლით იყო დაფარული.
- კვდება, ტო.... - ბოლო ხმაზე ღრიალებდა ვიღაც.
- ჩქარა ექიმი, ეს დედა ნატირები საკაცე სადღაა?! - პანიკაში მყოფი მამაკაცი იქვე მდგომ სანიტრებს ვერც კი ამჩნევდა.
- დამშვიდდით, მოგვეცით საშუალება პაციენტს მივხედოთ! - მეუღლე და ქალიშვილი აღარ ახსოვდა უკვე დაჭრილ ვაჟთან იდგა ნატა.
- პაციენტი? ეგ პაციენტი კი არა, ჩემი ძმაა! - ხალათზე უხეშად მოქაჩა ერთ-ერთმა ვაჟმა.
- თავს პატივი ეცით, ყმაწვილო! - კბილებში ავად გამოსცრა ზურამ.
- რას აკეთებ, შე ჩემა, ვერ ხედავ დახმარებას ცდილობენ?! - დროულად ჩაერია ბიჭებიდან ერთ-ერთი.
- იცოდეთ, რომ ვერ გადაარჩინოთ ქვას-ქვაზე არ დავტოვებ! - პაციენტთან ერთად საოპერაციოსკენ გაქცეულ ექიმებს ისევ მუქარით მისდევდა მამაკაცი.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რაც უფრო ვუახლოვდებით აწმყოს მოვლენებს მით უფროო სულსწრაფი ვხდები და ვერ ვითმენ ახალი თავის დადებამდე. მგონი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა და საინტერესოა არის ის თუ არა ერთ-ერთი მთავარი გმირი ამ მოთხრობის. ძალიან მაინტერესებს აწმყოში რა ადგილი უკავია გიგის ნინოს ცხოვრებაში და რატოა ნინო ახლა ასეთი "უბედური". :)))))))

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
რაც უფრო ვუახლოვდებით აწმყოს მოვლენებს მით უფროო სულსწრაფი ვხდები და ვერ ვითმენ ახალი თავის დადებამდე. მგონი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა და საინტერესოა არის ის თუ არა ერთ-ერთი მთავარი გმირი ამ მოთხრობის. ძალიან მაინტერესებს აწმყოში რა ადგილი უკავია გიგის ნინოს ცხოვრებაში და რატოა ნინო ახლა ასეთი "უბედური". :)))))))

როგორ მიხარია თქვენი მოლოდი, ვერ წარმოიდგენ heart_eyes სიმართლე გითხრა მეც ერთი სული მაქვს როდის მოვალთ აწმყომდე.

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

უზომოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები... არ ვიცი რა გითხრატ!!1
უმაგრესია...

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
უზომოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები... არ ვიცი რა გითხრატ!!1
უმაგრესია...

უღრმესი მადლობა, სულ იმის შიში მაქვს რომ ზედმეტად არ დამძიმდეს და ერთფეროვანი არ გახდეს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent