საყვარელი ვენები. დღე X
22 სექტემბერი დღე X ორი გრძელი დღე-ღამე გავიდა ლოდინში. არ გამოჩენილა. ყოველი მესიჯის თუ ზარის ხმაზე ვღელავდი და საკუთარი თავის მიკვირდა, თითქოს თინეიჯერობის ასაკში დავბრუნდი. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მჯეროდა ჩვეულებრივ სხეულში ჩასახლებული პრინცის სულის არსებობის. არა, არ გეგონოს რომ ერთი ნახვით შეყვარების მჯერა და მსგავსი სისულელეები. უბრალოდ, კომფორტულად ვიგრძენი მასთან თავი და მინდოდა კიდევ განმეორებულიყო გასული ღამე. ჩემს ბიჭებს შავად ჰქონდათ საქმე. ბატონმა ფოქსიმ ფული ჩაარიცხინა დალომკილ სასტავს და სამ ასოზე გაუშვა, სადაც ვირის თავ-ფეხით გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს. ხანდახან ასეც ხდება. ამიტომაც არ მიყვარდა დიდ პარტიაზე ჩალიჩი. სად 150 ლარს რომ დაკარგავ და სად 1500-ს. მე შენ გეტყვი, პოლიციაში უჩივლებ ფულის შეტყაპუნებისთვის თუ მოშავო ელემენტებს დაიბარებ და მაყუთს უკან გამოიხსნი. არადა, შესანიშნავი დრო იყო „გასვლისთვის“. სამსახურში თვითნებაზე ვიყავით მიშვებული, რადგან უფროსს დიდი ხნის ნატვრა აუსრულდა და ცოლის დაკრძალვის საქმეებთან ერთად საფრანგეთში გამგზავრების საკითხებს აგვარებდა. ისეთი მართალი კაცის ტონით მითხრა, ორი ბილეთი მინდა მომავალი კვირისთვისო, ლამის დავიჯერე რომ საქმიანი ვიზიტით მიდიოდა პარიზში და არა თაფლობისთვის გასატარებლად ძველ საყვარელთან ერთად. მესამე საღამოს უსაქმურობისგან დაღლილი სახლისკენ მივიჩქაროდი, გზად ბატი-ბუტი ვიყიდე, მინდოდა კარგ ფილმებს ჩავჯდომოდი და დანაგვიანებული გონება რამე შედევრით გამესუფთავებინა. ავტობუსით მივჯაყჯაყებდი და დრო რომ მომეგო იქიდანვე ვარჩევდი რომლით დავმტკბარიყავი: ტომ ჰენკსისთვის მიმეგო პატივი და მესამედ ჩამერთო „ფილადელფია“, თუ მეოთხედ მენახა გაქცევა შოშენკიდან. ბოლოს, როგორც ხდებოდა ხოლმე, გულმა ისევ მძაფრი შეგრძნებებისკენ გამიწია და იმის მიუხედავად რომ თავს ვუბრძანე, რამე ახალი მომეძებნა, დანამდვილებით ვიცოდი რომ ინტერნეტში ერთ საათიანი ფუჭი ძრომიალის შემდეგ მაინც „დოგვილს“ მივადგებოდი, შემდეგ კი „კრავთა დუმილს“ ჩავრთავვდი და დილამდე არ მოვხუჭავდი თვალს, სანამ ტრილოგია არ ჩამთავრდებოდა. კონტროლიორმა იმდენხანს უყურა ჩემს ბილეთს, სანამ თვითონვე არ შემეპარა ეჭვი, ფიქრებში წასულმა წინა ავტობუსში აღებული სამგზავრო ბილეთი ხომ არ გავუწოდე მეთქი. მაგრამ არა. ცოტა არ იყოს, ნირწამხდარმა დამიბრუნა 0 თეთრიანი ბილეთი და ჩემს უკან მჯდომ ჩაძინებულ მთვრალ კაცს დააცხრა. საჩქაროდ ამოვკრიფე ხურდები ჩანთიდან. სად მქონდა საწყალი კაცისა და სამსახურეობრივი მოვალეობის უნაკლო შემსრულებლის შორის ხელჩართული ბრძოლის ატანა. არ მერჩივნა 50 თეთრი გამეღო და აღარ მომესმინა მათი გულის გამაწვრილებელი დიალოგი? არა, ხანდახან სახალისოცაა ტრანსპორტში ატეხილი აურზაური. მოწყენილობისას ერთ რამედ ღირს უყურო ორი უცნობის ჩხუბს. განსაკუთრებით სასიამოვნოა თუ ერთ-ერთი მათგანი ჯიუტი და ენამოსწრებულია, შეუპოვრად ამტკიცებს შავზე თეთრს ან სახელმწიფოზე გამწარებულია და... ასეთებს რა გამოლევს და მეც ხშირად ვმგზავრობ მხიარულად. ის-ის იყო გამოღვიძებულმა მადლობა ჩამიბურტყუნა თავიდან რომ ავაცილე დავიდარაბა რომ მესიჯიც მომივიდა. თვალებს არ დავუჯერე. წამებში დაპატარავდა ავტობუსი, ან მე ისე გავიზარდე რომ თავით კინაღამ გავანგრიე ჭერი და სუნთქვაც შემეკრა. ის იყო. თვალის დახამხამებაში სამყარო გაფერადდა. გვერდით მჯდომი ქალბატონი მძინარე მზეთუნახავის ნათლია-ფერიას დაემსგავსა, ავტობუსის მძღოლი კი კეთილ კარლსონს. ტელეფონი ფარულად მივიტანე ტუჩებთან, შემდეგ კი ეკრანს მოვეფერე. ჯერ რა გამახსნევინებდა მესიჯს. ვაპირებდი, სახლში მივსულიყავი და მხოლოდ მაშინ წამეკითხა, როდესაც ათრთოლებულ თითებში სიგარეტს მოვუკიდებდი. მინდოდა, როგორც დოჩანაშვილის პერსონაჟი ამბობს, პირველად წაკითხვის ბედნიერება გამეხანგრძლივებინა. იმაზე ბჭობა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო პაწაწუნა კონვერტში, შემომავალმა ზარმა შემაწყვეტინა. გულში სწრაფად დავთვალე ათამდე, რომ არ ეფიქრა ტელეფონსაა მიმჯდარიო და ვუპასუხე: - რას შვები ძეტკა, ჩემი ნომერი არ გიწერია თუ რა პონტში არ მპასუხობ? - გწერდი... - წამოვაყრანტალე და ენაზე ვიკბინე. ვინ იცის რა მომწერა. - ხო? მერე, რას იტყვი? - რაზე? - ავტობუსის ხმაურს ერწყმოდა მანქანაში მოგუგუნე მუსიკა და ჩემი დაბნეულობა, რის გამოც მზად ვიყავი ლოყაში გაშლილი მარჯვენა შემომერტყა გამოსაფხიზლებლად. - რაზე და გლობალურ დათბობაზე. გცალია-მეთქი რო გნახო? - ამ სიტყვებისგან აღმოცენებულმა ტორნადომ ძვალ-რბილი დამილაშქრა და უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, რა ჩამეცვა. მოვასწრებდი თუ არა შხაპის მიღებას და თმის გაშრობას. მაღალწელიანი ჯინსი ჩამეცვა ტოპთან ერთად თუ გრძელი წინდები და მოკლე კაბა. - დღეს? - ვკითხე გაუაზრებლად და ფანჯრიდან ჩემი ქუჩის დანახვამ უარესად ამაღელვა. ლამის წამოვხტი და კარებთან ავიტუზე, წინ დადექი, მალე ჩახვალ დამემართა. - არა, ზეგ. რამდენ ხანში და სად გამოგიარო? სამწუხაროდ, ბედად ჩემს უბანში იყო და მხოლოდ 15 წუთი მქონდა მოსამზადებლად. ჰმ, თურმე რამხელა პროლოგს ვგეგმავდი ერთადერთი სიტყვის წასაკითხად. „გცალია?“ სახლიდან რომ გამოვედი შავი ჰამერის ჯიპი უკვე მელოდებოდა. ჩემს დანახვაზე გაცხარებით მოსაუბრენი გაჩუმდნენ. ლევანჩიკამ გამიღიმა , მის გვერდით მჯდომმა კი კარები გააღო და მანქანიდან გადმოვიდა. ლენჩივით შემათვალიერა, ოღონდ არა უტიფრად. მეგობრულად ჩამომართვა ხელი და თავისი ადგილიც დამითმო. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა. უკან კიდევ ერთი იჯდა, მათე. ნორმალური ბიჭი იყო. ათიდან ცხრა გოგოს რომ მოეწონებოდა მხოლოდ ლურჯი თვალების გამო. ისეც არაუშავრდა. - რას შვები? - მკითხა ლევანმა და მანქანა დაძრა. სხვათაშორის გადმომხედა, არც კი შეუმჩნევია როგორ გამოვიყურებოდი. არც გრძელმა ფეხებმა მიიქცია მისი ყურადღება და არც მსხვილ, წითელ ტუჩებს მოუგია მისი გული, სხვებს ხშირად რომ ეგონათ სილიკონის. სრული იგნორი. არადა, მე ცხვირი დამწვა გარუჯულ ყელზე დაპკურებულმა ცივმა სუნამომ და მეტრის მეოთხედშიც კი ვგრძნობდი დაკუნთული მკლავების მცხუნვარებას. ჩამოფრინდი, შევუძახე საკუთარ თავს და ვუპასუხე: - სამსახური-სახლი. შენ? - ხაზი გავუსვი რომ მოწყენილი ვიყავი და მხოლოდ ამიტომ შევხვდი, გასამხიარულებლად და არა იმიტომ რომ გრძნობები მიღვივდებოდა. მოგვიანებით მივხვდი რომ შევცდი. ამ არჩეული სტრატეგიით კარგს არ უნდა ელოდო. „გავმხიარულდეთ“ ქართველი ბიჭი თავისებურად თარგმნის, რაც მის ენაზე გართობას ნიშნავს. „გართობის“განმარტება კი ასეთია, „ვიჟიმაოთ და დავიშალოთ. თუ გინდა, ათასში ერთხელ გავიმეოროთ“. - უფროსი ხომ არ გაბრაზებს? - მზრუნველი ძმასავით მკითხა ლადომ და მესამედ გაუთიშა ტელეფონი ვიღაცას. დიდი ალბათობით, ლაპარაკისთვის მოწადინებულ მდედრს ან ოჯახის წევრს. - არაა, პირიქით. ძალიან კარგად მექცევა. - ვუპასუხე ალალად. კარგი ადამიანი იყო ბატონი ნუგზარი. სხვა შემთხვევაში იქ არ გავჩერდებოდი. - ცუდად რატო მოგექცევა ჰამერივით გოგოს... - ჩვენ ვიკითხოთ, კაცებმა... - ჩაურთო სიცილით მათემ. - უფროსის კეთილგანწყობა უკუპროპორციულადაა კაბის სიგრძესთან, არა? - წამოროშა ლევანმა და ალმური მომედო. - ხშირად მირბის ხოლმე შენს დანახვაზე ტუალეტში? - სისხლმა ვულკანივით ამასხა ტვინში და თითები ერთმანეთს მტკიცედ შემოვაჭდე. ამ მოქმედებით თავი დავაჯერე რომ დაბმული ვიყავი . არ შემეძლო მის რბილ თმებში ხელი ჩამევლო და გამეტებით მიმენარცხებინა ცხვირ-პირით საჭეს. - კი, მგონი პროსტატა ტანჯავს. - ვუპასუხე მშვიდად და ისე დასჭექა ლადომ, იმედი ვიქონიე რომ ხმა ჩაუწყდებოდა. - ესეც რა მოზგია, ამუღამებ? - სიცილით ამოთქვა მათემ. მოზგი ალბათ, მე ვიყავი. - პროსტატა არა, ჩემო კარგო, ლევანამ იცის მაგას რაც ტანჯავს. - უნდა გადავიდე. - თქვა გამხიარულებულმა და ბენზინგასამართთან გააჩერა. - სად მიდიხარ? - ვკითხე ყასიდად, პასუხი უკვე ვიცოდი. - ტუალეტში რაღაც... - შენც პროსტატა გაწუხებს? - აღარ დავამთავრებინე წინადადება და მაინც წავკბინე. ესეც მეორე შეცდომა. მოკეტე და იჯექი, ან უთხარი და წადი. ბიჭს ვერასოდეს აჯობებ „შაირობაში“ და ბოლოს მხოლოდ შენ რჩები შეურაწყოფილი. უკანა ფლანგი მჭექარედ აჭიხვინდა და მათი ხმები დასერილ ჭრილობაზე მარილივით მომედო. - არაა. ისე მადის აღმძვრელად გამოიყიურები ეს სექსუალური ქალწული რო ერთი უნდა ჩამოვკრა. მეც სიამოვნებით ჩამოვკრავდი ახალ ნაყიდ ქლიბს მის გარუჯულ ყელზე, მაგრამ თავი შევიკავე. - მეგონა, მასტურბაციისთვის უკვე დიდი ბიჭი იყავი. - გამწარებული ვიყავი და ენას ვეღარ ვაჩერებდი. - რისთვისო? - იკითხა სიცილისგან ჩაოსებულმა, გაუნათლებელმა ლადომ. - მასტურბაციისთვისო. ნძრევის სინონიმია. - აუხსნა ლევანმა და კარები გააღო - ჭკვიანი გოგოა, პროსტა, პრაქტიკა აკლია. სანამ მათეს ხელი ედო ჩემს მხარზე, მეგობრულად მიჭერდა და მამხნევებდა, არ გეწყინოს, გეხუმრებითო, ლევანმა კარები გამიღო და შემრიგებლურად მითხრა: - თუ გინდა, გამომყევი... - მგონი, მარტო უკეთესად გაართმევ თავს. - ვუპასუხე ნაძალადევი ღიმილით და კარები მოვხურე. სამწუხაროდ, ხელი სწრაფად გასწია და თითები ვერ ჩავაჭყლიტე დიადი ჰამერის ჯიპის კარებში. რომ მცოდნოდა რაზე მეპატიჟებოდა, საჭმლის დანახვაზე აჭყლოპინებული გოჭივით გავედევნებოდი უკან. ვერ დავინახე საპირფარეშოდან როდის გამოვიდა, რადგან უკან ვიყავი მიტრიალებული და ლადოს ტელეფონში ორი წლის გოგონას სურათებს ვათვალიერებდით. რომ ვხედავდი რამხელა სიყვარული ედგა თვალებში და როგორ ცვლიდა შვილი მის პიროვნებას, მაშინვე დამითბა ლადოზე წარმოდგენა. არადა, ის ცნობილი ფაქტიც ხომ მომეხსენებოდა რომ ძალიან ბევრ სერიულ მკვლელს თუ მანიაკს ოჯახი ჰყავს და ხშირ შემთხვევაში ციხეში ჩასმამდე ვერ იგებენ ნათესავები საყვარელი ადამიანის საქმიანობას. არა, ლადო მანიაკს არ გავდა, სიტყვას მოვაყოლე. ლევანი დიდი თეთრი პარკით დაბრუნდა და სამივეს ჩამოგვირიგა ენერგეტიკული სასმელი. ნახევარლიტრიანი წყლის ბოთლი მოიყუდა, რამდენიმე ყლუპი მოსვა და დანარჩენი ფანჯრიდან გადაასხა. ამ ძალიან ნაცნობ ქმედებაზე ეტყობა ისე გამებადრა სახე რომ თავი ვერ შეიკავა და გაეცინა: - შენ რა ხარ, ვინც არ გიცნობს. - პატარა, საყვარელი ქეშუნია. - ვუპასუხე ტკბილად და ჩემდაუნებურად გავფაციცდი. მაინტერესებდა სად მალავდა ფაქტს. ჯინსის ჯიბის ზედა პატარა ჯიბეში, ქამრის ბალთაში, მანქანის საიდუმლო უჯრაში თუ სადმე სხვაგან. - ვინ გაამზადებს ბოთლს? - იკითხა ლევანმა და გატიკნული ფოლგის ბურთულა სიგარეტის კოლოფიდან ამოაგდო. - მომეცი. - ვუთხარი აღელვებულმა და ბოთლის ყელს ვეცი „კალიცოს“ ამოსაძრობად. - ფრჩხილებს გაიფუჭებ. - მითხრა მან ღიმილით, მე კი ჩამეცინა. ისე მაფრთხილებდა, თითქოს პირველად მეჭირა ხელში. ბოთლის გარდაქმნა მაკიაჟის გაკეთებას გავს. პლასტმასის რგოლის, ე.წ. „კალიცოს“ ამოძრობით თმას ვიკრავთ რომ სახის დამუშავებაში ხელი არ შეგვიშალოს. ძირის გახვრეტა ორნაირად ხდება, ან მოკიდებული სიგარეტით ვკოცნით ბოთლის ძირს, ან სანთებელას მოცეკვავე ალი მიგვაქვს და მანამდე ვადნობთ, სანამ სასურველი, მსხვილი სიგარეტის სიმსხო ორმო არ შეგვრჩება ხელში. მე ამ მეორეს ვანიჭებ უპირატესობას. ამ შემთხვევაში, ხვრელის გაწმენდა აღარ მიწევს ფერფლისგან და უფრო თამამად შემიძლია მოწევისას ტუჩები შევახო. ხვრელი ფრთხილად უნდა ამოიყვანო. თუ ზედმეტი მოგივიდა ტუჩსაცხი ან კონტურები გადასცდა ტუჩის ხაზებს, კლოუნს დაემსგავსები. ნაკლები კი ხიბლს დაგიკარგავს. ბალანსის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია ორივე საქმეში. როგორც აუცილებელია სახის გაფერადებამდე სურნელოვანი კრემით ასიამოვნო კანი, ისევე ფაქიზად უნდა დააშორო ე.წ. ფოლგა, ანუ ვერცხლის ქაღალდი მიწებებულ კოლოფს. ვინც „პარლამენტს“ ეწევა, არ გაუმართლა და მოუწევს არაჟნის, მდოგვის ან იმ შოკოლადის ყიდვა, რომელსაც ჩვენთვის საჭირო რამ მოჰყვება. ლევანი „პარლამენტს“ ეწეოდა და მეც უკანვე მივუბრუნე თავისი სიგარეტი. გამიკვირდა, ეს როგორ შეეშალა-მეთქი. ჩემი „ვინსტონიდან“ დარჩენილი ათი ღერი გადმოვყარე, კოლოფს ამოცმული ცელოფანი ჩამოვხსენი და ამ საქმეში ყველაზე რთულ ნაწილს მივადექი. თუ ფოლგას და კოლოფს ისე შეხედავ როგორც უსულო საგანს, ის აუცილებლად შემოგეხევა. ისევე ფრთხილად ვაცალკევებთ ერთმანეთისგან, როგორც დამწვარ სხეულს მოვაცლიდით დამსკდარ კანს. ნაზად, რომ არ ეტკინოს. თუ შევამჩნევ რომ გახევის პირასაა, ისევ სანთებელას მოვიმარჯვებ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ მისაშხურებელს და კოლოფის ქაღალდს ავუქროლ-ჩავუქროლებ ცეცხლის ენებით. ეს სალბუნივით მოქმედებს მათზე და დაშორებული წყვილივით ცალ-ცალკე რჩება ქარხანაში დამზადებული, თუთუნისთვის შექმნილი დაშლილი სახლი. შემდეგი ეტაპი: კორექტორი. ვერცხლის ქაღალდს ორად ვკეცავ. კუთხეს კუთხესთან ვასწორებ, როგორც ღაწვებზე კორექტორის ჩამოსმამდე ყურადღებით დავაკვირდებოდი პროპორციულ ხაზებს. მე ხომ არ მინდა ერთი ლოყა მეორეზე გრძელი გამომივიდეს, ან მსუქანი, ხოდა ამ ორად მოკეცილ ქაღალდს ზუსტად შუა წერტილში ვადებ ცერა თითს და ნაპირებს ისე მოხერხებულად ვიხვევ თითზე, როგორც მთიული ქალი მოახვევდა ხინკალს. აჰა, თითქმის გავედი ბოლოში. შეხვეულ ცერს ბოთლის ყელში ვათავსებთ. სიღრმე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ აძრობს ფაქტს. თუ შენ - მალევე აჩერებ თითს, თუ სხვა - ღრმად აცურებ. ოღონდ ისე არა რომ ვეღარ შეძლო კუთხეების შემოხვევა ბთლის ყელის გარეთ. ნუ შეგეშინდება, თუ ვერცხლის ქაღალდი ისე არ მიეკრა პლასტმასს, როგორც აღგზნებული სხეულები ერთმანეთს. ამისთვისაა ზუსტად დასაწყისში გამოძრობილი „კალიცო“. ცოტა რთულია ჩამოცმა, მაგრამ ფრჩხილები თუ მაგარი გაქვს, დაბრკოლება გადალახულია. დარჩა უკანასკნელი, უმთავრესი ნაბიჯი. დასკვნითი ნაწილი. თუ ეწევი, მაშინ ყოველთვის თან გაქვს ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთი, კბილის ჩხირი ან ასანთის ღერი. მე ყოველთვის მედო რამდენიმე ასეთი. კბილის ჩხიკინის რა მოგახსენო და ამ ჩხირებს არადანიშნულებისამებრ კი ვიყენებდი ხშირად. გაცილებით უკეთესია ეს უკანასკნელი, რადგან ასანთის ღერს თავის მოწვა სჭირდება. წაწვეტებული პირით ისე ოსტატურად უნდა დახვრიტო ოფლით ნაშენი ვერცხლის ქაღალდის ორმო რომ შემთხვევით არ ჩაგეხიოს და თავიდან არ მოგიწიოს მაღაზიაში გადასვლა და ისეთი პროდუქტის არჩევა, რომელსაც შეფუთვაში მოჰყვება სწორედ ის სიფრიფანა ქაღალდი, დეიდები ნამცხვრის გამოცხობისას რომ იყენებენ, ძირის მიწვის ან მიკრობის თავიდან ასაცილებლად. მეხუთე ნახვრეტის დადებისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რუმიანა გადავისვი ღაწვებზე. შემდეგ კრიტიკულად შევათვალიერე სახლის, უფრო სწორად, მანქანის პირობებში შექმნილი ხელსაწყო, როგორც უკანასკნელად ჩავიხედებოდი სარკეში სადმე რამე ზედმეტი ხომ არ მეცხო და ფარული კმაყოფილებით გავუწოდე ბორჯომის სახეცვლილი ბოთლი ფაქტის პატრონს. სანამ ამ სამზადისში ვიყავი, ყველაზე მოხერხებულ ადგილას ანუ ფეხებ შორის მედო მასალა და ვძერწავდი, საყვარელ საქმეში გართულმა ვერ შევამჩნიე რომ კაბა უფრო ამწეოდა მაღლა და სიფრიფანა წინდების ის ნაწილი ჩანდა, რომელიც სილიკონით ეტმასნება შიშველ ხორცს... სამაგიეროდ, ლევანს შეემჩნია და ზანტად გადაიტანა მზერა წინდის ყელიდან ბოთლზე. ბიჭები წინ წამოწეულიყვნენ და თვალყურს ადევნებდნენ ჩემს მუშაობას. - კაი, ძმაო, ლევან ნუ დაიგრუზები. გრძელ ფეხებზე ამოცმულ „ჩულქებს“ კიდევ ბევრჯერ ნახავ, აი ამ დიდებულ სანახაობას, ამდენ კაცში ლამაზი ქალი რო ჩალიჩობს ბოთლზე, იშვიათად. - მათეს სიტყვებზე თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა. - აზრზე ხარ ტო, პროფესიონალურად გააკეთა. - გაოგნებულმა ჩაილაპარაკა ლადომ, რომელიც ბოთლს ათვალიერებდა და შექებით დამიქნია თავი. - გამოცდა ჩაბარებულია. - გამიღიმა ლევანმა და ჩემი საგულდაგულოდ გამოძერწილი ქმნილება ფეხებთან მიაგდო. - რას აკეთებ? - შეშფოთება ვერ დავმალე, ვაითუ მეხუმრა როდესაც კოლოფიდან რაღაც გააძრო რომ უბრალოდ ენახა ჩემი შესაძლებლობები-მეთქი. - არ გაგიტყდეს, შესანიშნავად გაართვი თავი. პროსტა, ეს უკეთესია. - მითხრა და „ბარდაჩოკიდან“ გამურული „პარაშოკი“ ამოიღო. - მეღადავები? - აღმომხდა ნაწყენს და სიცილი ამიტყდა. - საძაგელო! - რომ გკითხო, მოგიწევია ამით-მეთქი, უადგილო იქნება, არა? - მართალი იყო. - ეგ ბულბულატორზე მეტად მიყვარს. ზოგადად, ჩემი ფავორიტია. - ვუპასუხე ჯერ კიდევ გაოგნებულმა, თუ რა ტყუილად გამსარჯა. ლადოს მომდევნო სიტყვებზე კი პირი ყურებამდე გადამეხსნა. - ამას ძმაო, ბალახის გაშრობაც ეცოდინება და მე შენ ადგილზე, დღესვე მოვიყვანდი ცოლად. - კი. გამიშრია მიკროტალღურ ღუმელში, ფოლგაშიც, ასანთის ცეცხლზე რკინის ქილაში და ტაფაშიც, მაგრამ მაინც არ ვენდობი ჩემს თავს. გაგებული მაქვს სუნი არ უნდა გაუშვასო, მართალია? - ვიყო. - აღმოხდა მათეს და ლადოს გადახედა - შეხედავ, უფრთო ანგელოზს გავს და იმდენი ხერხი ჩამოთვალა, ჩვენი უბნელების ნახევარს აზრად არ მოუვა. - ბაზარი არაა. - დაეთანხმა ლადო და ტელეფონს შეუკურთხა. - შენ კიდე, რა ვერ გაიგე რო ყველგან არ უნდა შეყო... - არა, სხვა თემაა. - თავი იმართლა ლადომ და მაშინვე დავიჭირე მოღალატე კაცის ტონი. - მტყუანს? - ნამუსზე შეაგდო ძმაკაცმა და მე მომიბრუნდა - ლევანჩიკა ერთგულია, ამას კი არა გავს. თავი ღიმილით დავუქნიე, გულში კი გავიფიქრე, ერთი ეს იქნება მეთქი და ჩემი სატკივარი ამოვთქვი: - რას ვშვებით? - რა გინდა რო ვქნათ? - კაი, , რას გვაწუწუნებ. ჩაყარე რაა. - მოთმინების ფიალა აევსო მათესაც და ბიჩოკი ფანჯრიდან მოისროლა. - ვაბშე რით გვიმასპინძლდები, არ გვეტყვი? - შოკოლადი! - აღმომხდა აღტაცებისგან, როდესაც ლევანმა სარკე ჩამოსწია და საბუთებში გაჩხერილი, აფთიაქში აბებს რომ გიყრიან ისეთი პარკი ჩამოიღო. ამდენს პირველად ვხედავდი. ჰმ, რა გულუხვია ეს ბიჭი, გავიფიქრე და წამსვე მეორე აზრიც მეწვია. ნეტა ფოლგაში რაღა აქვს-მეთქი. - შავსაც ეწევი ტო? - გამოშტერდა ლადო და გაოცებით ჩაიცინა. - მიდი , იმოქმედე, ეს გოგო ხელიდან გასაშვები არაა. - ამაზე მეტი რაღა იმოქმედოს, ნახე რამდენი გააძრო. ჩვენ რო გვეთქვა, მაგის მეხუთედსაც არ გვასუნინებდა. - შენი არასწორი! - თავი დანანებით გააქნია ლევანმა და ცერად გახედა - ეს რამის ღირსია ლადუშ? - არა, ძმაო. თვითონ რა პროჭიცაა, სხვებიც თავისნაირი ჰგონია. - მხარი აუბა ლადომ და დროულად მიაწოდა ბოთლის ამოღრუტნულ თავსახურში ჩაწებებული, ლურსმნით დახვრეტილი სათითე. - ვაა, რა მაგარია. - შევუქე გაბადრულმა. ასეთს მეორედ ვხედავდი. ლევანმა მშვიდად გამოართვა საჭირო ნივთი და ბოთლის ყელში დაამაგრა. ცოტა ხანს იყოყმანა, შემდეგ გამომიწოდა ბოთლი და პარკი გახსნა. - რამდენიც გინდა ჩაყარე. არა მგონია, მწეველისთვის ამაზე სასურველი წინადადება არსებობდეს. ეს იმას ნიშნავს დამშეულ კაცს დაბრაწული გოჭი მიართვა საწებელთან და ცხელ შოთთან ერთად, დოქით ჩაციებული სითხეც მიაწოდო და უთხრა, რამდენიც გინდა მიირთვიო. მეორედ აღარ გავამეორებინე შემოთავაზება. მისი ბოთლი ისევ ფეხებში მოვითავსე, ამჯერად, კაბისკენ გამექცა მზერა, ხომ არ ამეწია-მეთქი და ვინსტონის ღერი მოვიმარჯვე. - აი შე ჩათლახო. - ჩაილაპარაკა მათემ ლევანის მისამართით. მივხვდი საითაც უმიზნებდა. - შარზეა ეს ჩემისა. - გადაულაპარაკა ლევანმა ლადოს და გაეღიმა როდესაც დამინახა რა ფრთხილად ვყრიდი სათითეში თუთუნს. - შარზე ვარ კი არა, ეს გოგო მაგარი ძმაა და ნუღარ აწვალებ, ჩაუყარე... - არაა. - აღმომხდა იმაზე უფრო შეშფოთებით, ვიდრე ვაპირებდი გამჟღავნებას. - რა ვწვალობ, პირიქით. - ვერ უყურებ ბიჭო, ისე გაფაციცებით დასტრიალებს ფაქტს, როგორც ქიმიკოსი კოლბებს. ესე უნდა მიხვდე, თუ ჩალიჩი არ ეზარება, ესეიგი ნაღდი მწეველია. ეე, ბევრი ხო არ მოგდის მეგობარი, დაამატებ კიდე, სად გეჩქარება... - კი, მაგრამ ერთი და ნაღდი არ სჯობია? გპირდები, ცუდად რომც გავხდე, შენ არ შეწუხდები. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ვერ გაიგებ. - ჰმ, ეს ნახე რაა ძმაა, - ჩაეცინა ლადოს - დაჟე ვერ გაიგებო. - მაიცა ტო, ეგ მარტომ უნდა მოწიოს? - პროტესტი გამოთქვა მათემ, რომელმაც დაინახა რამდენი ჩავყარე. - იზმენით ვკაიფობო მებლატავება და რა ვქნა, ბოლო-ბოლო, თუ გაკრიჭა აქ რისთვის ვართ. - გაგიჟდი ? - თავისას აგრძელებდა მათე. - ტვინი ნუ გაბურღე. თვითონ უკეთესად არ იცის? - დამიცვა ლადომ და გამამხნევა - მიდი შემოგევლე, დაუბერე. კბენას შეჩვეულია ჩემი თითები და ღმერთმა ნუ ქნას, იესლი შტო, გაგიძლებ. - ჯიგარი ხარ. - ვუპასუხე სიყვარულით ანთებული თვალებით და სანთებელა გავაჩხაკუნე. - მომე, მე დაგიჭერ ბოთლს და შენ ჩაუკიდე. - შემომთავაზა ლევანმა და მივხვდი რომ უფრო და უფრო მომწონდა ეს ბიჭი. უთქმელად ხვდებოდა რომ ერთ რამედ მიღირდა საყვარელი, შავი ნამცეცების აცეკვება ცეცხლის ტალღების ქვეშ. პარკზე გამობმულ ძაფს მტკიცედ მოვკიდე ხელი და ნელ-ნელა ჩამოვწიე. ბოლი ბოლქვებად გამოვიდა და ცარიელი სფერო რძისფრად შეავსო. ძნელი იყო ამ ბოლის სითხესთან გამორჩევა. - თითქოს, რძე ჩამოდისო, არა? - ვიკითხე სიყვარულით და მათემ ჩაიფხუკუნა. - ხო, რძესავით სასარგებლოა. პირდაპირ ჯანში მიდის. ლევანმა თავი მოხადა ორლიტრიან ბოთლს და სასმისივით მომაწოდა. გათეთრებულ ყელზე თითი მივადე, რამდენჯერ დამიწვია ტუჩები მის ზედაპირზე. გავუძლებდი. გული გალიაში გამომწყვდეული ნადირივით ენარცხებოდა კედლებს და მეც მოუთმენლად მივიტანე სურნელოვანი რძე ტუჩებთან. ვიცოდი, ჩემი ტუჩსაცხი მის კედლებზე დარჩებოდა და ამავე კედლებს შეეხებოდა ლევანის ტუჩებიც. ამან უფრო ამაღელვა და ერთ წამში, ერთ ჩასუნთქვაზე... თითქოს წყალში დიდხანს ვიყავი და ხარბად შევისრუტე ჯადოსნური ჟანგბადი. ვიგრძენი როგორ ჩასრიალდა მკერდში და გამითბო. როგორ მომელამუნა სუსხიანი ჭინჭარივით ტვინის გარშემო და ზოგადად ის შეგრძნება დამეუფლა, რაც დამღლელი მგზავრობიდან დაბრუნებულ კაცს. სახლში დავბრუნდი. - ვიყო... - აღმოხდა ლადოს, თითქოს მეცხრე საოცრება იხილაო - ესე მე ვერ ვეწევი. შეგერგოს ძმაო. ამას ჰქვია დარტყმა. უყურე და ისწავლე... მისი სიტყვები ჩემთვის გაუგებარი გახდა. ხმა მესმოდა მაგრამ აზრი აღარ. სახე დამიბუჟდა. ნელ-ნელა სხეულიც მიჰყვა თითქოს თბილი ყინული ჩამეღვარა თმის წვერიდან ფეხის ფრჩხილამდე და გამაქვავა. ბოლი რომ გამოვუშვი და ბოთლიც დავუბრუნე პატრონს, მივხვდი, რამდენიმე წუთი თითსაც ვეღარ გავანძრევდი. ჰაერი გამკვრივდა. დათბა. არამატერიალურმა მატერიალურზე დაიწერა ჯვარი. ვიცოდი, რომ რასაც არ უნდა შევხებოდი ნაჭერს თუ რკინას, თმას თუ კანს, ყველაფერი ერთი მასალისგან იქნებოდა ჩამოსხმული. მე უკვე ასე აღვიქვამდი და თვალებით გამეღიმა. გავდიოდი. რამდენიმე წამში მკვდარივით გასული ვიქნებოდი. რამდენიმე წუთში კი (თუ გავუძლებდი) საშინლად დაბოლილი. - როგორ ხარ? - მკითხა მან და გაჭირვებით შევხედე. ვეღარ ვცნობდი. ისიც არ ვიცოდი თვითონ ვინ ვიყავი, სად ან რატომ. ჩემს იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო უცხოდ ქცეული გარემოს დანახვა, ოღონდ არა აღქმა, ის მაინც ესმოდა რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეცა თავი და სიმართლე არ უნდა ეთქვა. თუნდაც ორი სიტყვა, „ცუდად ვარ“ „ან ვინ ხარ“, კიდევ უარესი „სად ვარ“, „ვინ ვარ“ დამღუპველ შედეგს მომიტანდა. დამეწყებოდა პანიკა და ან გული გამისკდებოდა, ან ტვინი გადამეწვებოდა, ან დავიჯერებდი რომ მოვკვდი და... არც მრცხვენია, არც ვნანობ, მითუმეტეს არც ვამაყობ, მაგრამ აი ერთი ასეთი კაიფის გამო, სიცოცხლის ერთ წელს დავთმობდი. მუდამ ვოცნებობდი რომ ასეთი შედეგი მიმეღო, და ძალზე იშვიათად მოდიოდა. თითებზე ჩამოსათვლელად, ვერც კი ავხსნი რას განვიცდიდი. მეგონა გამოცდას ვაბარებდი უხილავ ძალებთან. სამყაროს ვუმტკიცებდი რომ სიცოცხლე მიყვარდა და ვერ შეძლებდა დაევიწყებინა ჩემთვის დედამიწა. სიცოცხლეს კი ვარწმუნებდი რომ არც ისეთი საშინელი იყო სიკვდილი, როგორც თავს გვაჩვენებდა. ეს არ იყო კაიფი. არც სიტყვა დაბოლილი შეესაბამებოდა ჩემს მდგომარეობას. ეს იყო 90%-ანი გასვლა. მოქმედი ტვინის ამავე პროცენტით დაბნელება და ქვეცნობიერის ბნელ მხარეებთან ჭიდილი. ჩემი ძველი მეგობარი ამას „გადებილებას“ უწოდებდა. მარტივად რომ ვთქვა, ბეწვის ხიდზე გავდიოდი და მაინტერესებდა, მივაღწევდი სამშვიდობოს თუ თავით გადავეშვებოდი ჰადესის სამყაროში. დატენილი იარაღით საფეთქელს ვეფერებოდი და იღბალს ვცდიდი, სასხლეტზე თითის გამოკვრით ტვინს ფეიერვერკივით გავასხამდი თუ ტყვია ლულაში გაიჭედებოდა და მხოლოდ რბილი ტკაცანის ხმაზე დამივლიდა ჭიანჭველების აღლუმი სხეულზე. - მაგრად. - ვუპასუხე მშვიდად, მაგრამ გაღიმება ვეღარ შევძელი. ერთდროულად ნაცნობიც იყო და ზედმეტად უცნობიც. - გინდა წყალი? - მკითხა მან და პარკიდან ნახევარლიტრიანი წყლის ბოთლი ამოიღო. - არა, მიყვარს „სუშნიაკი“. - ენა ძლივს მოვიბრუნე უდაბნოსავით გამხმარ, გამომშრალ პირში. თუმცა, რომც მდომნოდა, ხელს ნამდვილად ვერ გავიწვდენდი გამოსართმევად, რადგან ამ უკანასკნელს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ჰაერი იმდენად მკვრივი იყო რომ ხელი რომც ამემუშავებინა, ბოთლს, როგორც ყველაფერ დანარჩენს სივრცეში რეალისტურად ჩახატულ თუ აღმოცენებულ სურათებად ვხედავდი. რომ შემძლებოდა ხელის აწევა, თავისუფლად შევსრიალდებოდი სხეულის ნებისმიერ ნაწილში, რადგან სულს ხორციც თავისნაირი გაეხადა... გასული ვიყავი. ჩემს სიტყვებზე ლევანს გაეღიმა და მოფუსფუსე ბიჭებს გადახედა. - მომწონს ეს გოგო. მისი ღიმილი... ალბათ ზუსტად ასეთი განცდა ჰქონდა იმ ცოცხალ არსებას, რომელმაც პირველად იხილა დიდი გამყინვარების შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი მზე. აი რას გავდა მისი ღიმილი ჩემთვის. ლუციფერის კაშკაშა ღიმილს, სანამ ღმერთს განუდგებოდა. მისი თვალები... ამღვრეული ტბისფერი. - აპოლონს გავხარ. - ამოვილუღლუღე და სუნთქვა შემეკრა როდესაც მის ზურგს უკან დამანგრეველი ტალღები გაკრთა. ფრთხილად უნდა ამომერჩია სიტყვები და ყოველი ჩემი ფიქრი ლამაზი ყოფილიყო. ნელ-ნელა უნდა გავცოცხლებულიყავი და მხოლოდ კარგზე მეფიქრა. უნდა გამომეყვანა ჩემი თავი, თორე უკვე მართლა ჰადესის მკვდართა სამყაროს ბინადარი ვხდებოდი. - შენ კი ქალთევზას. - მისი სიტყვები ჯადოსნური ხალიჩასავით მომელამუნა ფეხის გულებში და სულების ქვეყნიდან ულამაზეს, უკიდეგანო ოკეანეში გადამისროლა. - ესენი ნახე რაა, რაზე ბაზრობენ. - ჩაილაპარაკა მათემ და ხველება აუტყდა. შესვენებ-შესვენებით ეწეოდა, რაც უარესი იყო. ბოლი ცივდებოდა და უფრო მწარე ხდებოდა. რთული იყო გაციებული ჰაერის შესუნთქვა - ქალთევზებიო, გუდიანი კაცებიო, ეშმაკებიო... - არა, გთხოვ. - აღმომხდა შეძრწუნებულს და უკან გახედვა ვერ გავბედე. არ ვიცოდი ვინ დამხვდებოდა. ბიჭები თუ მათ ტყავში გამოკრული, შენიღბული მხეცი... - რამე სასიამოვნოზე ვისაუბროთ. - ჰა ჰა, ამას რაკი ამბობ, ესეიგი მაგრად ხარ, კნუტო. - ჩაეცინა ლევანს და თითებზე მაკოცა. - მაგრად იქნება . იმდენი ჩაყარა, ერთი კამანდა მოწევდა. მაგდენს ნაღდად ვერ გავუძლებდი. საღოლ ლიზ, ქეშუნია კი არა, დიდი ქეში ყოფილხარ. - შემაქო ისევ ლადომ და ჩემს გასამხიარულებლად დაამატა - ლიზ, იცი ქალთევზებზე ანეგდოტი? - თუ მოკლეა, გამოუშვი. - ვუპასუხე შვებანარევი ხმით. იმ დროს ყველაზე მეტად სასაცილო ამბის მოსმენა მინდოდა, მაგრამ საქმე იმაში იყო რომ მძიმედ დაბოლილი ვიყავი. ზუსტად ისე, რომ არ იცი როდის ჩაგიტყდება ლპობაშეპარული ხის იატაკი და გაურკვევლობაში ჩაეშვები. სიბნელეში გაჭირვებით რომ მიიკვლევ დაჭაობებულ მდელოს და ყოველ ფეხის გადადგმაზე ელი როდის გახდები ჭაობის ბინადართა მსუყე ლუკმა. აზრები მუჭისხელა ფიფქებივით ბარდნის. ერთი აზრიდამთავრებული არაა რომ მის მაგივრად სამი მოდის. ცდილობ დაიჭირო, მაგრამ შეუძლებელია მათი მოხელთება. შეუძლებელია ფიქრების ზვავის შეჩერება. შენ კი ჯიუტად ცდილობ გაედევნო და რამდენსაც მოასწრებ ხელი ჩაავლო. ეს იმას გავს სოლომონის საგანძურს რომ მიაკვლიო დაბზარულ გამოქვაბულში და ოფლში გაწურული ცდილობდე მხარზე წამოკიდებული ოქროს ლოდების გათრევას, სანამ ქვა-ღორღი თავზე დაგემხობა და სამუდამოდ დაგასამარებს ძვირფასეულობასთან შეუღლებულს. მინდოდა მათი მოსმენა, მაგრამ სანამ ბოლოში გავიდოდნენ დასაწყისი მავიწყდებოდა. - კაცს ეკითხებიან, ქალთევზა ქალია თუ თევზიო. გააჩნია გშია თუ სექსი გინდაო. შენ რომელი გინდა ლევან? მოჩვენებით გავიცინე. ლევანს თვალი მოვარიდე, მისი ბასრი კბილები ალმასივით ბზინავდა მანქანის შუქზე. მეგონა გამიარა, მაგრამ მაშინვე სხვა სურათებმა შეცვალა ისინი... ხრიოკ ტყავზე ვიწექი ხელებით ლოგინის რკინის ფეხებს ვეჭიდებოდი ტკივილის გადასატანად, ის კი გაშმაგებით მეუფლებოდა... - მეორე სჯობია. - ჩაილაპარაკა ლევანმა და როგორც იქნა, მისი ჯერი დადგა ბოთლთან. ღიმილით ამომხედა, მე მეუბნებოდა. - და სხვათაშორის, მხეცი არ ვარ. - გაოცებისგან მეტყველების უნარი დავკარგე. თავში გამიელვა, ისე ხომ არ გამოვშტერდი ხმამაღლა ვფიქრობდი-მეთქი. - როგორ მიხვდი, რაზე ვფიქრობდი? - ჩავილაპარაკე გაოცებულმა და მისმა კმაყოფილნარევმა ღიმილმა მიმახვედრა თუ რა იდიოტი ვიყავი და როგორ გავყიდე თავი. - ვაა ფისო, დაჟე ფიქრობდი? - ოპაა, მათე, მგონი ჩვენ ზედმეტი ვართ ამ მანქანაში. - მომესმა ლადოს ხმა და სირცხვილთან ერთად გამეღიმა კიდეც. ამ ბიჭის ხმა ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლივით მოქმედებდა გათოშილ ადამიანზე. - გადადონ. - უპასუხა მათემ იმხელა პაუზის შემდეგ რომ ყველას დაგვავიწყდა რაზე იყო მანამდე საუბარი. - ამათი სექსი კი არა, სულ შტურმით რო აგვიღონ ძაღლებმა, მაინც არა ვარ აქედან გადამსვლელი. - ისევ დუმილი ჩამოვარდა და რომ გავიზარეთ მისი სიტყვები, ისტერიკულმა სიცილმა წაგვლეკა. - რა გადადონ , რა შტურმი, - ძლივს ისმოდა ლადოს სიტყვები ჩვენს ხორხოცში - გებრძვის ხო ჩვენი ძველი მეგობარი? არ დანებდე, ძმაო. ნუ უსმენ, არ გაჰყვე. ეგენი კარგ პონტში არ გეპატიჟებიან. გეუბნები, არ გაჰყვე. - მართალია, სიცილისგან უკვე ყბები მტკიოდა, მაგრამ მაინც მეცოდებოდა მათე. ასეა, დაბოლილებში ყოველთვის გამოჩნდება ერთი, რომელიც სხვებზე მეტად იმჩნევს რომ მაგრადაა და მაშინ უკვე ყველა მას ეღადავება. რაც მართალია, მართალია, სხვისი დაცინვით შენსას მალავ, მაგრამ ჩვენ მას კი არ დავცინოდით, არამედ ვეხუმრებოდით. - აუ მაიცა რაა, ნუ გაბურღე ტვინი. - ჩაილაპარაკა მათემ და ისეთი ყალბი ომახით იკითხა, იქსელი კიდევ ხომ არ არისო რომ მეორე ტალღა წამოვიდა სიცილის. - მოგწყურდა პუპსიკ? - მზრუნველად ჰკითხა ლევანმა და ბოთლი პირდაპირ ხელის მუხრუჭთან დადო. - იქსელი აღარაა და წყალი არ წავა? თუ გინდა, ფულს მოგცემ და მაღაზიაში შეირბინე. - არა ტო, რა მაღაზია. - შეიცხადა მათემ, რომელიც ვერ მიუხვდა ირონიას და სიცილის შესაკავებლად სახეზე ავიფარე ხელები. არ მინდოდა ზედმეტი მომსვლოდა და გამეღიზიანებინა, მაგრამ თავსაც ვერ ვიკავებდი. - იქსელი კი არა, ბიჭო, ეს ეხლა ისეა, კისლატასაც დალევს. ლიჟბი სითხე მიიღოს და არაფერზე იტყვის უარს. დაამუღამე ფულზე რო გაგიტარა? ეზარება გადასვლა თორე ფულის გამორთმევაზე პროტესტი არ გამოუთქვამს. - ლადო, მოკეტე თორე ვიყო, მაგარს მოგდებ. - დაემუქრა გაბეზრებული მათე და ისევ წყალი მოითხოვა. არც ერთს არ შეუფერთხავს ყურები, ვითომ ვერ გაიგეს. - კაი რა , მაგის შნო რო გქონოდა, აქამდე მომდებდი. შენზე გამახსენდა, ხო იცი შვილი რო ეუბნება მამას. მამი, მამი რო ვეწევი მა.ლევებსო... - ვიცით, ბიჭო ვიცით. რა შეიყავი მაგ ანეგდოტით და დაიტრიალე. დებილი ხარ და გავიწყდება ათასჯერ რო გვიყვები თუ გიხარია ორსიტყვიანი ანეგდოტი რო ისწავლე. ეს ვინაა ტო, წადი რა ძმაო ეღადავე შენს ცალტვინა ნაშებს, მერე ლევანას მიადექი და აბორტის ფულზე აჩალიჩე. შენ კიდე მომაწოდე რა წყალი, მახრჩობთ თუ რას მიშვებით ძმაო? - ეჰ, მათე, მათე... შენ ბოღმა გახრჩობს და გგონია რო გწყურია... არ ვიცი, ზუსტად რა მომენტში შემეყინა სახეზე ღიმილი, მაგრამ მწეველები როგორც იტყვიან, წამიღო. საშინლად „დავიგრუზე“. წარმოვიდგინე გოგონა... მარტოსული. ხელში ორსულობის ტესტი უჭირავს და ელოდება... წვიმის წვეთები ავისმომასწავებლად წკაპა-წკუპობს ფანჯრის რაფაზე და ეს ხმა კუბოს თავზე დაჭედებული ლურსმნის ბრაგუნს აგონებს. ორი ხაზი, ორი ზარი, ორი ტკივილი ერთმანეთს ენაცვლება და მეორე ვიზიტზე სულ მარტო ზის ცივ დერეფანში. ზრდის მიხედვით ჩამწკრივებულ ემბრიონის სურათებს დამრგვალებული თვალებით უყურებს, თითქოს ჰიპნოზი გაუკეთაო ნიჭიერმა ფსიქოლოგმა და თმიდან მხრებზე ჩამოცურებულ შალს, რომლითაც სახეს იმალავდა, ყურადღებას აღარ აქცევს. ცდილობს უკუაგდოს ექიმის სიტყვები და თავი დაირწმუნოს რომ ორი თვის არსებას არც გული აქვს, არც სული, არც არაფერი ესმის. ორი ხაზი, ორი გამოტოვებული ზარი, ორი ტკივილი... ჯვარი ყელს უწვავს, უდაგავს, კვლავ სატანა ჩურჩულებს მისთვის. ახსენებს გონებაში დალექილ სიტყვებს, შენ არ ხარ მისთვის ერთადერთი. ორჯერ ოცი წუთი გადის, მოპირდაპირე კაბინეტიდან კი ახალგაზრდა, დაღლილი ქალი გამოდის. გულთან ატირებული ბავშვი მიუკრავს და ვერაფრით ამშვიდებს. ბავშვის ხმა არც მაშინ წყდება, როდესაც დედა-შვილი საავადმყოფოს ტოვებს, ის კი მჩატედ, ნახევრად მძინარე მიდის ინტელექტუალური ჯალათის ოთახში. თეთრ ხალათებში გამოწყობილი ანუბისები ნახევარ წრეზე დგანან და ელოდებიან როდის გაიხდის, როდის წამოწვება პენტაგრამის ფორმის დივანზე შიშველი მზეთუნახავი. და მაშინ, როდესაც დიონისე თავის ბაღში მოკრეფილ, დაწურულ ყაყაჩოს წვენს შემოიტანს გრაალის თასით, ბოროტი ფერიები ქნარს ააკვნესებენ, რაც იმის უტყუარი ნიშანია რომ მსხვერპლშეწირვა დიდებულად ჩაივლის. ხოლო, როდესაც მოდუნებულ ქუთუთოებს ერთმანეთს გაჭირვებით მოაცილებს და გაწელილი, მოლივლივე ნივთებიც თავის ადგილს დაუბრუნდება, განადგურებული თვითმკვლელი ლოგინში წამოიწევა და მძიმედ მოარიდებს თვალს ფეხებთან ამოსულ ტბას. ტბაში... არა, არა, ახლა არა. უმჯობესია ჩაიცვას და უკანმოუხედავად გაიქცეს ამ ჯოჯოხეთიდან. აღარ შეხედოს, აღარ იფიქროს. მხოლოდ მაშინ, უკანასკნელად გაიხსენოს ეს წუთები, როდესაც წმინდა აკლდამაში შევა, მუხლებზე დაეცემა და პატარა ღმერთებს გაუმხელს შემაძრწუნებელ სიმართლეს. რომ ის ტბა... ის სისხლის ტბა მისი შვილის ცრემლებით, ხორცით, ძვლითა და სისხლით... ვიღაცის ხელი უხეშად მიჭერს ნიკაპზე და მკვეთრად ვინძრევი. თითქოს, ღრმა ძილიდან გამომაფხიზლესო, მანქანაში მყოფებს, შეშფოთებულები რომ მომჩერებიან, ვცნობ და ვუღიმი. - რა ხდება? არ მითხრათ რომ ავყირავდი... - არა ტო, ღადაობ? - კითხვას მიბრუნებს ლევანი და სახე უმშვიდდება - რამდენჯერმე დაგიძახე და რო არ მიპასუხე, მეგონა... - ხო, გასული ვიყავი. - ვუპასუხე ღიმილით და ვიგრძენი რომ სრულიად ფხიზელი ვიყავი. შოკოლადის ნიშან-წყალიც აღარ მეტყობოდა. - სად იყავი? - მკითხა ლევანმა და მის თვალებში აქამდე უცნობი რამ დავლანდე. მოგატყუებ თუ გეტყვი, სიყვარულით უბრწყინავდა, ან მზად იყო ჩემს გამო კლდიდან გადამხტარიყო-მეთქი. არა, იქ სულ სხვა რამ იყო... ვიცოდი რომ თვალებით მაშიშვლებდა. მე მისთვის გადაშლილი წიგნი ვიყავი. წიგნი, რომელსაც ნელ-ნელა კითხულობდა. როდის ჩაამთავრებდა, როდის დახურავდა და მტვრიან თაროზე შემოდებდა, ამაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებდი. მე ხომ აღარც მარადიული სიყვარულის მჯეროდა და აღარც თბილისელ ბიჭში ჩასახლებული პრინცის სულის არსებობის. - ჰა? - მკითხა მან და ორი თითით ნაზად მომწმინდა ლოყიდან ცრემლი. - ვტიროდი? - გაოცება ვერ დავმალე და უნებურად მკერდზე დავიხედე. ლავიწების შუაში მკრთალად ბრწყინავდა ცრემლებისგან დატოვებული სისველე. - მაშ?! - მიპასუხა ლადომ და პათეთიკური ტონით დაამატა - ლევანას სიყვარულს ეფიცებოდი და მოზღვავებულ გრძნობებს რო ვეღარაფერი მოუხერხე, ატირდი. - მინდოდა დრო გაყინულიყო და მარადიულად მეგრძნო მისი თბილი თითები ჩემს სახეზე, მაგრამ ლადოს სიტყვებზე თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. - ვაიმე, რა საყვარელი და სასაცილოა, არა? - აღმომხდა გამხიარულებულს და ისევ გადავიკისკისე. - ჰმ, საყვარელი კი არა, მე ვიცი ეს რაცაა. - შემეწინააღმდეგა მათე და დაამატა - ჩარჩენილია გოგომ სულ გამოათაყვანა ამდენმა კაიფმა... - ეტყობა, ვინცაა ჩარჩენილი... - ...გუშინ ცოლი ურეკავს, სადა ხარო, კიდე კაიფში თუ დაბრუნდი სახლში, გეყრებიო და ეს ქინძი რას პასუხობს... - ბიჭო, მაგრად ვიყავი რა, შემთხვევით ვუპასუხე ზარს. ამ დედანაქაჩზე თითი დამეჭირა და მინუჟდენში ვიყავი ხმა ამომეღო... - ...უბანში ჯოკერს ვეწევი და მალე ამოვალო. - ...ხო იცი, ჩემი ცოლია და მაგრად მიყვარს, მარა ტვინს ბურღავს უკვე ამ კაიფზე. ეს დედანატირები, არ იცოდა ვის მიჰყვებოდა ცოლად, ეხლა რო მართავს სცენებს... - იცოდა, მარა ასეთ მძიმე შემთხვევას არ ელოდა. - აუხსნა მათემ და უცებ ორივეს მიმართ სიმპათიით განვეწყე. ჩემი თვალით დანახული მათი მეგობრობა შემიყვარდა. ვფიქრობდი რომ მხოლოდ საუკეთესო მეგობარი თუ გეტყოდა სიმართლეს ასეთი სასტიკი ფორმით. - მე , ვიღაცა გამომყვა მაინც და შენ იკითხე. - არ ჩამორჩა მეორე და როგორც იქნა, მესამედ მოსული მესიჯი გახსნა. - სად იყავი? - მკითხა ისევ ლევანმა და მაიძულა მის თვალებში ჩავძირულიყავი. - დიდხანს ვტიროდი? - მხოლოდ ცრემლები ჩამოგდიოდა... გიხდებოდა. - ლოგინიდან ახალწამომდგარს ვგავდი? - ორი ანკესი გადავაგდე. მაინტერესებდა რომელს წამოეგებოდა ყალბს თუ ნამდვილს. - რავი, კმაყოფილი სახე გქონდა, ძლივს კი დადიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ყალბს წამოეგო, სიცილის არ ვიცი, მერამდენე დამანგრეველი ნაკადი მეძგერა. დაინტრიგებულები ხან ერთს შემოგვყურებდნენ, ხან მეორეს. - რაზე იცინიან? - ჰკითხა ლადომ ძმაკაცს და მობილური სავარძელზე მიაგდო - რა გამოვტოვე? - თვითონაც არ იციან. - დაასკვნა მათემ და თავი მოიფხანა - რაზე იცინით? ჩვენც გაგვამხიარულეთ, რა პონტია? - არ გაგეცინებათ. - იმედი გადაუწურა ლევანმა - ლიზა მეუბნება, ქალიშვილი ვარო და... - აუუუ, ეხლა ამას ეჯაჯგურე... - აღმოხდა მათეს. თითქოს მას ვავალდებულებდით „დავექალებინე“ და წინასწარ ეზარებოდა. რომ დავმშვიდდით და ლევანმაც ძრავა აამუშავა ადგილის შესაცვლელად, ლადოს ტელეფონი ისევ ახმაურდა. - მათე. - თქვა დაბალ ხმაზე ლევანმა და მე შემომხედა - ყველა გოგო ასე განიცდის, არა? - შენ ფიქრობ რომ მე... - არ გინდა. - შემაწყვეტინა მან, მაგრამ მინდოდა სიმართლე მეთქვა. - ლევან, ერთი წუთით მომისმინე. ვეცდები მოკლედ აგიხსნა. - გრძლად იყოს. არსად მეჩქარება. - მიპასუხა ნაღვლიანი ღიმილით. - მეჩვენება რომ ზედმეტად ხანმოკლეა სიცოცხლე. გესმის? იმდენად პატარა რომ ვერაფერს ვასწრებთ. მეცოდება ის ცხოვრება, სადაც მხოლოდ ფოტოგრაფი ვიქნები, მხოლოდ ცოლი, მხოლოდ დედა... სამყაროში ძალიან ბევრი რამაა, რაც მინდა რომ ვაკეთო. მინდა აღმოსავლური ენები ვისწავლო და არაბულ ქვეყნებში გადავიღო სურათები. მათ კულტურას გავეცნო, ოღონდ არა ერთკვირიანიშვებულებით. ერთი ან ორი თვე დავსახლდე ყველაზე მივარდნილ სოფელში და საკუთარ თავზე გამოვცადო რას ნიშნავს იყო არაბი ქალი. მინდა აფრიკაში გადავცხოვრდე, სადაც პატარა ხის ქოხი მექნება და ყოველ დილით იმის შიშით ვახელდე თვალს შხამიანი ობობა ხომ არ ამომაცოცდა ან გველი ხომ არ ცდილობს მიკბინოს. მინდა რომ ინდიელთა ტომმა მიმიღოს და უმი, სისხლიანი ხორცის დაგემოვნების შემდეგ ცეცლის გარშემო ვიცეკვო და რომელიმე კერპს თაყვანი ვცე. მინდა მოხუცი შამანის შეგირდი ვიყო, ამასთანავე, უბრალოდ ქალი, რომელიც შეყვარებულმა მიატოვა და... და ნამდვილი ტრაგედია შევიგრძნო. ასე უფრო გამიადვილდება წასვლა... თუ ბევრ რამეს მოვასწრებ, ბევრის ცხოვრებით ვიცხოვრებ, ჩავთვლი რომ სამყარო შეძლებისდაგვარად ამოვწურე და აღარ გამიჭირდება სიკვდილი. ნარკოტიკი... მოსაწევი და ფხვნილი ჩემთვის ჭრელი ბილეთია, რომლითაც გრძნობების სამყაროში ვმოგზაურობ. წიგნები, ფილმები, ნახატები... დიახ, შეგვიძლია ხელოვნებაში გადავეშვათ, ან მსახიობები ვიყოთ და გავიგოთ რას ნიშნავს იყო მეფე ან მათხოვარო, მეძავი ან ცხრაკლიტულში გამომწყვდეული, პრინცის მოლოდინში დაუღლელი პრინცესა, მაგრამ მე უფრო მძაფრი მინდა. არა დადგმული სცენები და გარშემო მოთამაშენი, არამედ ცოცხალი, ტკივილამდე მისული ნამდვილი სახეები. არ ვიცი, რამდენად სწორად ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი და რამდენად გასაგებია, მაგრამ ვცადე მაინც. - დღეს შენ დედა იყავი... - ხმა ამოიღო ლევანმა და ჟრუანტელმა დამიარა მისი უცნაურად მომღიმარი სახის დანახვაზე. - რომელმაც... - ხო... - გასაგებია. - მიპასუხა თითქმის ჩურჩულით. ფხვნილი რომ მქონოდა მიღებული, აუცილებლად დავინახავდი ლურჯ ქსელებს. ძაფებს, რომელიც ჩვენ ორს გვაერთიანებდა. შევცდი, როდესაც ვიფიქრე რომ ყალბ ანკესს წამოეგო. მან ზუსტად იცოდა, რაზე ვფიქრობდი ან სად ვიყავი, როდესაც ცრემლები ჩამომდიოდა. - რაზე ბაზრობთ? - იკითხა ლადომ, როდესაც ტელეფონი გათიშა და მოსაუბრე მოატყუა, ხუთ წუთში მანდ ვიქნები და რამეს მოვიფიქრებო. - მე რავი, ტო. ორი გადარეული ერთმანეთს გადაეყარაო, ამათზეა ნათქვამი. - თავისებურად დაასკვნა მათემ და ისევ მხიარულ განწყობაზე დამაყენა. - ამან - ხელით ჩემზე ანიშნა - რა აღარ ჩამოთვალა. სურვილები აქვს იმის დედა ვატირე. ან როგორ დაიმახსოვრა იმდენი, ეტყობა, ქვეყნის სახელს რო გაიგებს, ეგრევე „ხაჩულისტში“ შეაქვს, არ გამომრჩესო. ეს დაქლიავებული უსმენდა. ეტყობა, ფიქრობდა, რა მამაჩემის ბიუჯეტი გაუძლებს ამის მოგზაურობებსო. ბოლოს რაღაცა მოთხარა, არ ვიცი ოღონდ რა შუაში იყო. დღეს შენ დედა იყავიო, იმან ხოოვო, ამან კიდე სოლომონ ბრძენივით დაუქნია თავი, გასაგებიაო. ძმობას გაფიცებ, რა არი გასაგები? - რაღაც გამოგრჩა ეტყობა და აზრი ვერ გამოიტანე. - სიცილით შენიშნა ლადომ. - არა, ძმობას გეფიცები, თვითონაც არ ესმოდათ რას ბაზრობდნენ. ძლივს რომ დავმშვიდდი და ამოვისუნთქე, უკანმჯდომებს გავხედე. - აუ, მათე, დაგლიჯე. არც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიცინე ამდენი. - ჰმ, რა გემახსოვრება გოგო, ტვინი ათასი ხარა-ხურით გაქვს გამოტენილი. აფრიკაში რო არ წახვიდე სისხლიანი ხორცის გასასინჯად და ლევანას მამა აზარალო, მე წაგიყვანთ კახეთში. ერთი საათის სავალზეა აქედან. ღორის ქელეხში გაგჩითავ და რამდენიც გინდა დაუბერე ახალი დაკლული უმი ხორცი, ვიყო თუ ვინმემ უარი გითხრას. რამდენიც გინდა ჭამე. ჩვენც იქვე, გვერდით ვიმწვადავებთ და ერთ-ორ ჭიქა ჭაჭასაც ჩავურტყამთ. ჰა, რას იტყვით? ჩვენ ოთხნი. - სად მოვწიოთ? - იკითხა ცოტა ხანში ლევანმა და სამივეს ნაპერწკლები გადმოგვცვივდა თვალებიდან. - ლევან... - დავუძახე აჟიტირებულმა. რაღაც მინდა გთხოვო... გკითხო. თუ ცუდი იდეა იქნება, ან ჩვენთვის სახიფათო... - შეიძლება თუ არა სიჩქარე ავკრიფო, შენ კი გაფრენილ მანქანაში მოწიო, შესანიშნავი იდეაა, მიდი. - მიპასუხა და სარკიდან საზეიმო გამომეტყველებით გახედა ბიჭებს - ჩემი გოგოა! - აუუ, ლევან... - მიყვარხააარ! - დაასრულა მათემ ჩემი ხმით, ოღონდ უფრო პათეთიკურად. - როგორ მიხვდი, რა უნდა მეთქვა? - მელ გიბსონი დვაა. - განმიმარტა ლადომ. - ბავშვობაში დენმა დაარტყა და იმის მერე ქალების აზრებს კითხულობს. - ნწ, ო... - რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. მოთმინებით ველოდი როდის ჩაწყნარდებოდნენ რომ სიმართლე გამეგო. - ლევან... გთხოვ! - უთხარი შენ კიდე, მოუყევი ის ავად სახსენები დღე, აბანოში ფენი რო ჩაგივარდა და მე და მათემ გიპოვეთ ნახევრად მკვდარი. - აუ, კარგი რა, ლევან... - კაი, გეტყვი, ოღონდ სანაცვლოდ მეც რაღაც უნდა გთხოვო. - ანუ, გაცვლა? მოსულა. - ძაან მარტივად, ფისო. სად მოვწიოთ მეთქი და შენ ჯერ ფანჯარაში გაიხედე, მერე სპიდომეტრს შეხედე, სპიდომეტრიდან ბოთლზე გადაიტანე მზერა და მერე ისევ ეშმაკური ღიმილით გახედე გზას. ეგრევე მივხვდი რაც გინდოდა. იმიტომ რომ მეც მაგრად მევასება გონკაობის დროს ბოთლის დატრიალება და კიდევ იმიტომ რომ ვიღაცა ნინი, სალი, მარი, ეკა, თინა არა ხარ. და ვიცი ვინც ხარ. ეხლა ჩემი ჯერია, ხო? - თავი მექანიკურად დავუქნიე. გონებაში ვწონიდი კარგი იყო თუ ცუდი მისთვის ასეთი მარტივად გასაშიფრი რომ ვიყავი. - ლიზ, ძალიან გთხოვ, არ შეიცვალო. სულ ასეთი იყავი, კაი? დამცხა. მგონი ოფლმაც დამასხა. გამიხარდა რომ უკან სხვები ისხდნენ და თავს არ მივცემდი უფლებას ჩავხუტებოდი. - ჰმ, აბა ეს ნახე. რამ გამოგალენჩა , ესეთი გოგო გეუბნება, რაც გინდა მთხოვეო და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? - დასცინა მათემ და ბოთლი ხელში გამიშეშდა. აღარ შემეძლო ამდენი სიცილი, დაღლილ-დაქანცულიღა ვიყავი. - მაიცა ძმაო, აცადე, იცის თავისი საქმე. - უპასუხა ლადომ - მშვენიერი სტრატეგია აქვს შემუშავებული. ჯერ უმნიშვნელოთი დაიწყებს და ნელ-ნელა მოზრდილსაც შეაპარებს. ლიზ, იმედია გესმის ხო რო გეხუმრებით? - თავი დაიზღვია ლადომ. მე ამ დროს გამნაღმელივით, ოფლში გაწურული ვყრიდი შავ ნამცეცებს სათითეში. უცბად რომ დაემუხრუჭებინა, მთელი ფაქტი მანქანის ხალიჩაზე აღმოჩნდებოდა. ამიტომაც ძალიან ვფრთხილობდი. - ღადაობ? რა თქმა უნდა, მესმის. პირიქით, ბრწყინვალე დროს მატარებინებთ. - დავამშვიდე და ამოვისუნთქე, ჩაკიდების დრო იყო. - როგორ ხარ? მკითხა ლევანმა ბოთლი ბიჭებს რომ გადავაწოდე და აწეულ მინას შევაბოლე. - კარგად. - ჩავილაპარაკე ძლივს გასაგონად და ისე ფრთხილად ჩამოვწიე ფანჯრის მინა, თითქოს ღილაკი, რომელსაც თითს ვაჭერდი ქაღალდის იყო და არ მინდოდა ჩამეტეხა. - ლევან, იცი რაზე ვფიქრობ? - რაზე? - მკითხა ღიმილით და პატრულის მანქანის დანახვაზე სახე გაებადრა. ვცნობდი ამ ღიმილს. სწორედ ასეთი გამომეტყველება აქვს ბავშვს, რომელმაც სკამზე ჭიკარტები მიაწება და ერთი სული აქვს როდის დადებს მასწავლებელი საჯდომს. - გისწორდება ხო როდესაც დაბოლილი უყურებ მათ? - სხვა რაღაც მქონდა სათქმელი, მაგრამ ამ სანახაობამ მომნუსხა. თავი დამიქნია. - შენც გისწორდება. - ხო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სვავებს ცხვირწინ ავაცალე ცხელი ხორცი. - რა ცუდი გოგო ხარ. - მითხრა ლევანმა და შუქნიშანთან გაჩერდა. წამსვე გვერდით ამოგვიდგა პატრულის მანქანა. - არც ისეთი ცუდი რომ ჩემი ერთ-ერთი ოცნება ავიხდინო, ფანჯარაში თავი გავყო, ბოთლი მოვიმარჯვო და სამშობლოს სამსახურში მყოფებს ვთხოვო, ჩამიკიდეთ-მეთქი. - ლევანს სიცილი აუტყდა. მაინტერესებდა, გვიყურებდნენ თუ არა გვერდითა მანქანიდან, მაგრამ არც ისეთი გულადი ვიყავი გამეხედა. დაბოლილები თან დიდი ფაქტითა და ხელსაწყოთი. ჰმ, რა ნადავლს უშვებდნენ ხელიდან ჩვენი სახით. რას ვიზამთ, იმ საღამოს არ უმართლებდათ „პაგონებიან“ ბიჭებს. მწვანე აციმციმდა და კრიმინალები პოლიციელებს დავშორდით. - მაგაზე ფიქრობდი? - მკითხა ცოტა ხნის მერე და ბიჭებს გახედა. - მათე, სანამ გაშტერდები, ჯერ მე ჩამიყარე, რა? - კამიკაძეები ვართ ძმაო? - ჩაილაპარაკა მათემ მაგრამ მისი პროტესტი მხოლოდ ამ სიტყვებში გამოიხატა. - არა. - ვუპასუხე გაწელვით და დავფიქრდი მეთქვა თუ არა. არ მინდოდა ძალიან შექანებული ვგონებოდი. - მიდი მერე, გამოუშვი. - სისულელეა, მაგრამ ხშირად ვფიქრობ. ყველა ამბობს რომ სამყარო შეიშალა. ომები, არეულობა, უცნაური ვირუსები, სხვა და სხვა დაავადებები, სიამის ტყუპები, გლობალური დათბობა... რა მოხდება ერთხელაც მეტეორი ჩამოვარდეს და პლანის ბუჩქს დაეცეს. - მერე? - ყურები ცქვიტა ლადომ. - მარსიდან ან რომელიმე სხვა პლანეტიდან მეტეორი ან რამე მსგავსი დაეცეს პლანის ბუჩქს და კოსმუსური ძალა შთაბეროს. წარმოიდგინეთ, ელვის სისწრაფით იზრდება ეს მცენარე, ძლიერდება, ფოთლები პალმის ტოტებისხელა უხდება. წებოვანი „გალოვკები“ კი საზამთროს სიმსხო. პოლიცია ალყას არტყამს და უშედეგოდ ცდილობს ცულით მოჭრას. ტანკები მიჰყავთ გადასათელად მაგრამ ვერაფერს აკლებენ კოსმუსური ძალებით აღვსილ პლანის ხეს. მათი ჯიბრით დღითი-დღე იზრდება, მშვენდება და ავ თვალს გავარვარებული მზის სხივებივით ჭრის. - ეჰ, ჩემო დაო, აღარ უყურო ფანტასტიკურ ფილმებს. - გამომიცხადა მათემ. - აღარც ვიოცნებოთ, ტო? - შეედავა ლადო. - პირველად ვხედავ გოგოს, რომელსაც ესე უყვარს კაიფი. - თქვა ლევანმა ღიმილით და გზიდან თვალის მოუშორებლად დაარტყა ნაფაზი. - ბაზარი არაა. - დაეთანხმა ლადო. - და თუ პოლიცია ალყას შემოარტყამს, ჩვენ რა ხეირი, ლიზ? - კარავს დავცემთ და პირველივე შესაძლებლობაზე გალოვკას მოვიგდებთ ხელში... - აკი ვერ ჭრიანო? - შემედავა მათე. - ხეს ვერ ჭრიან მაგრამ თუ ფოთლები და გალოვკები ვერ მოწყვიტე, ისე რა ჩემფეხებად გვინდა. - სამართლიანად შეეკამათა ლადო. - არა? - აბა რაა. ერთი გალოვკა ნახევარ ქალაქს ეყოფა, თესლს კი სათბურში დავთესავთ და ცოტა ხანში სერიოზულ მოსავალს მოვიყვანთ. - ვაითუ გარემო არ გაუსწორდა, ჩვენი მიწა-წყალი ვერ მოირგო? - ხომ მოვწევთ მაინც? - დავაიმედე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ გავახარებდით სათბურში. - მისმინეთ, სანამ მეტეორინაქაჩი პლანის ხე დაგვეცემა, სუბო გვეჩითება და გავიჩხიროთ? - მაცდური წინადადება წამოაყენა მათემ. ... კაკ-კუკ, კაკ-კუკ... ანა... კაკ-კუკ, კაკ-კუკ... - გაჰყევი? - ვკითხე მოსაუბრეს და ვინატრე ნინოს შეეწყვიტა ჩემი გაღვიძება. - ნწუ. - მიპასუხა მან და უკანასკნელი სიტყვები ძლიბურანში ჩამესმა - მას არ უყვარს ისეთი კაიფი, რომელსაც პრიხოდი არ აქვს. - ვინ მას? - მინდოდა მეკითხა, მაგრამ თვალებს ტყუილად არ ვახელდი. სიზმრების სამყაროს მტკიცედ მიეკეტა კარი. მე კი კარს მიღმა ვიყავი. . . . საუზმის დასასრულს თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ნინოც გვერდით მეჯდა. წელზე ხელს მითათუნებდა და თვითონაც კუნწულა ცრემლებით ტიროდა. - ორივე ისეთი ძვირფასი იყო ჩემთვის. - ძლივს ამოვთქვი და გული ამომიჯდა. მამის და და დედის ძმა... ორივე ახალგაზრდა. ერთი ავადმყოფობამ იმსხვერპლა, მეორე კი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ახალგამოსულმა. თერთმეტი ჭრილობა მიუყენებია ჟანგიანი რკინით და მხოლოდ ერთი მათგანი იყო სასიკვდილო... ჭრილობა გულში. მკვლელს მხოლოდ 4 წელი მიუსაჯეს... სახლში ყველა უჯავრდებოდა როდესაც სვამდა. ყველა ჩემ გარდა. მე მომწონდა მთვრალს რომ ვხედავდი, რადგან მუდამ მამხიარულებდა. მომენატრება დამარილებული თევზის ჭამა მასთან ერთად. ან დამარილებული ხორცის, ჩუმად რომ მთხოვდა სარდაფიდან მომეპარა ღვინოსთან ერთად და კომპანიონობა გამეწია სუფრასთან. ის სვამდა, მე ვჭამდი და ბევრს, ძალიან ბევრს ვიცინოდით მანამდე, სანამ ბებო ან ბიცოლა არ დაგვადგებოდა სამზარეულოში მყუდროდ მოკალათებულებს და ერთს „ჩაგისკდეს მუცელიო“ გვეტყოდნენ, მეორეს კი „ერთი არ მიგიცილებია ლოგინამდეო“. მტკივნეულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მაგრამ ეს მერე, როდესაც რაღაცა პერიოდი გავა და გადახარშავ. მანამდე კი ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ნისლში დადიხარ და ეძებ. ეძებ, რადგან ვერ შეგუებიხარ რომ ნამდვილად არსებობს სიკვდილი. ფიქრობ რომ არსებობს, ოღონდ თავისთვის არის. მიჰყავს მეზობლები, ნათესავები, მოხუცი მასწავლებლები, მაგრამ არა ახალგაზრდები... ეს უბრალოდ მიუღებელია ჩვენი გონებისთვის. დაუჯერებელია. უსამართლობაა... უსამართლობაა და მეტი არაფერი. მარინა მამიდა... ერთხელ უპატრონო, ჭუჭყიანი კნუტი მივიყვანე სოფლის სახლში. ჯერ მეჩხუბა, არ დავინახო ოთახებშიო. ცოტა ხანში კი ჯამით რძე გამომიტანა. სანამ ჰამაკში იჯდა და წიგნს კითხულობდა, შეპარვით გამოხედავდა ხოლმე კნუტს, როგორ სვლეპდა ჯამიდან თბილ რძეს. მეც ჩუმად ვიჯექი, ვითომ ვერ ვხედავდი ნელ-ნელა როგორ ეღიმებოდა. ვიცოდი, ოთახში არ გააჭაჭანებდა, მაგრამ ყოველ დღე გამოიმეტებდა რძეს და ყველს. დროთა განმავლობაში კი ფეხითაც მოეფერებოდა. არ შევმცდარვარ. არ მჯერა რომ ჩემი გესმით და ციდან მადევნებთ თვალყურს, მაგრამ თუკი ასეა, თუკი ღმერთი გამოსასვლელ დღეებს გჩუქნით და იმ დღეებში გვისმენთ ან გვიყურებთ, მინდა გითხრათ რომ ძალიან, უზომოდ, უსაზღვროდ მიყვარხართ და მენატრებით. თუკი სული არსებობს და უკვდავია, მაშინ იმედი მაქვს რომ ოდესმე, სხვა დროს, სხვა სამყაროში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. თავს ვინუგეშებ რომ როდესაც შევხვდებით... სხვა დროს, სხვა სამყაროში აუცილებლად გაგვახსენდება რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით და ჩვენ ჩვენ ვიყავით. სანამ ამას ვწერდი ფანჯრის რაფაზე ჩიტი შემოჯდა. მხიარულად აჭიკ-ჭიკდა და არც მაშინ შეუცვლია ადგილი, როდესაც მივუახლოვდი. მაშინღა დავფიქრდი... იქნებ ვეგეტარიანელები იმიტომ არ ჭამენ ხორცს რომ რეინკარნაციის სჯერათ და ფიქრობენ რომ შესაძლებელია საყვარელი ადამიანის სული ჩასახლდეს რომელიმე ფრინველში ან ცხოველში? არა! არ მინდა ამაზე ფიქრი. ამაზე რომ ვიფიქრო, ჭკუიდან გადავალ. ამაზე გამახსენდა... ბექასთან დიალოგი. „ჩვენ ვეგეტარიანელები...“ ვითომ?! მაშინ რატომ არ მეზიზღება მწყერის ბარკალი ხშირად რომ მოვიგდებ ხოლმე ყბაში? რატომ არ მერევა გული როდესაც თეფშზე მწვადი ან მიხოს მოტანილი ქაბაბი მიდევს და მანამდე ვსანსლავ, სანამ ნინო საწებელს მომაწვდის? რაღაც არ ჯდება. სხვა კიდევ რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს „ვეგეტარიანელს“? ოხ, ბექა, ბექა... ვინ ხარ?! სად ხარ?! ან რა ურთიერთობა გვქონდა, როგორ გიპოვო?! . . . შუა დღეს კამალია მესტუმრა, აღელვებული იყო. დანახვისთანავე მივხვდი რომ რაღაც მოხდა. უცნაურია, მაგრამ იმის მაგივრად რომ გული ამჩქარებოდა, დავმშვიდდი. არ ვიცოდი, ცუდი ამბავი მელოდა თუ კარგი, მაგრამ მაინც შვება დამეუფლა. ვიფიქრე, როგორც იქნა დამთავრდა ყველაფერი და შემიძლია ტკბილად დავიძინო-მეთქი, მაგრამ სიხარული ნაადრევი გამოდგა. - დედას ველაპარაკე. ბებია მომენატრა, ამ დღეებში ერთი-ორი დღით უნდა ვესტუმრო და სანამ წავალ, კორახაშვილების სახლი ხომ არ დაგველაგებინა-მეთქი, შაბათს ნათესავის გასვენებაა და იქ მიდის. ამიტომაც კვირაზე შევთანხმდით. ან, კიდევ სამი დღე, ლამისაა ჭკუიდან გადავიდე. წუხელ თვალი არ მომიხუჭავს, სულ იმაზე ვფიქრობ რომ არასწორად ვიქცევი... - მესმის... - ჩავილაპარაკე თანაგრძნობით და ჩავეხუტე - სამი დღეც მოვითმინოთ და... - ან, - შემაწყვეტინა მოუთმენლად და სახეზე ყოყმანი შეეტყო. - მაპატიე რომ აქამდე არ გითხარი. მგონი, ვიცი ვინც აიღო გასაღები... მამაჩემის უმცროსმა ძმამ. ადრეც მოქცეულა ასე უსინდუსოდ. გასაღები მოიპარა და სხვის სახლში „ვეჩერინკა“ მოაწყო. მართალია, მამამ გემოზე მიბეგვა, მაგრამ რა ხეირი? მაინც მე და დედას მოგვიწია ხელების გადატყავება რომ ყირაზე დაცემული აგარაკი ცოტა აზრზე მოგვეყვანა. - ღმერთო ჩემო, კამი... ამიტომ არ გამოიძახე პოლიცია, ხომ ასეა? თავიდანვე ბიძაშენზე იეჭვე... - ახალი ამბავიც ასეთი უნდა. ყველაფერს, ყველაფერს ველოდი, ოღონდ ამას არა. იმაზე უფრო ცუდი პირი უჩანდა ამ ამბავს, ვიდრე წარმომედგინა. - მაპატიე... - უხმოდ ჩაილაპარაკა და ცრემლიანი თვალები ძირს დახარა. - კამი... გეხვეწები, არ იტირო. - ვცადე გამამხნევებლად გამეღიმა, მაგრამ არ გამომივიდა, თავზარდაცემული ვიყავი. - მისმინე, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ევას შთამომავლები. ჩვენში ღრმად დევს ის დედანაქაჩი კოდი, რომელიც გვიბიძგებს ყოველ ნაბიჯზე დავუშვათ შეცდომები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდი ან ბოროტი ადამიანები ვართ, არ მეთანხმები? - თავი დამიქნია, ეს უკვე კარგის ნიშანი იყო - არ მახსოვს როდის წავიკითხე, მაგრმამ ეს დღეები სულ იმ რომანზე ვფიქრობ. შემთხვევით, შენც ხომ არ გაქვს წაკითხული ჰერმან კოხის „ვახშამი“? არაუშავს, ამ დღეებში ჩამოგიტან თბილისიდან. თურმე დედას მაგ წიგნით მივულოცე 3 მარტი... ხომ იცი, ჩემი უნიკალური თვისების შესახებ, დაბადების დღის საჩუქრად ყოველთვის წიგნს ვყიდულობ, ვისთანაც არ უნდა მივდიოდე მნიშვნელობა არ აქვს. ოღონდ, ჯერ მე ვკითხულობ და მერე ვფუთავ. დედამ მითხრა რომ მაგ წიგნის გამო ლექციები გავაცდინე... კამი, რაღაცით ძალიან გავს ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას. ყურადღებით მომისმინე, ისტორია ორ ძმაზეა. უფროსი ძალიან ცნობილი პოლიტიკოსია, რომელსაც პრემიერ მინისტრობას უწინასწარმეტყველებენ, უმცროსი კი უმუშევარი მასწავლებელი. ძმებმა გაიგეს რომ საკუთარმა ვაჟიშვილებმა მკვლელობა ჩაიდინეს და უნდა გადაწყვიტონ როგორ მოიქცნენ, ხელი დააფარონ შვილებს, თუ პასუხისგებაში მისცენ. უფროსი იმისთვისაც მზადაა რომ უარი თქვას თითქმის მწვერვალამდე მისულ კარიერაზე, ოღონდ ისე მოიქცეს, როგორც სწორად მიაჩნია. მან გადაწყვიტა რომ ვაჟიშვილი და ძმიშვილი პოლიციას ჩააბაროს, მაგრამ საქმე იმაშია რომ არც მეორე ძმა და არც მათი ცოლები, უფროსი ძმისნაირად არ ფიქრობენ. ის სამი ადამიანი ყველაფერს აკთებს იმისთვის რომ შვილი გადაარჩინოს. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მწერალი არჩევნის უფლებას გიტოვებს, რომლის მხარეს დაიჭერ, უფროსის თუ უმცროსის. იმის თქმა მინდა რომ... არ ვიცი, ალბათ, ვცდები, მაგრამ მაინც მგონია რომ სულ პატარა მნიშვნელობა მაინც აქვს იმას თუ რატომ აფარებ ხელს დანაშაულს. იმიტომ არღვევ კანონს რომ სარგებელი ნახო, თუ იმიტომ რომ საყვარელი ადამიანი დაიცვა... მგონი, ამათ შორის სხვაობა არის, არა? - ალბათ, ანი მაგრამ ეს არ მამართლებს... - მართალი ხარ, არ გვამართლებს. ამიტომაც გთხოვ, მითხარი რომ გეგმა გაქვს. რა გავაკეთოთ? მინდა იცოდე რომ ნებისმიერ შემთხვევაში შენს გვერდით ვარ. იმიტომ რომ ვიცი, დარწმუნებული ვარ, შენ სწორად მოიქცევი. ნათიამ იცის? - არა. მაგრამ მომიწევს ვუთხრა. გეგმა მაქვს, უნდა დაველაპარაკო ბიძაჩემს, მაგრამ ერთი კვირაა უკვე, რაც არ გამოჩენილა. მამამ მითხრა ძმაკაცთანაა სტუმრად სოფელშიო. შენი და ვუგოს დახმარება დამჭირდება... - შენთან ვარ! როდის დავადგეთ? - იმედია, ხვალ ეცლება ვუგოს... - გადასარევია! მანამდე რა გავაკეთოთ? - კამისგან უცნაური შემოთავაზება მივიღე, ზოგადად, ეს დღე ყველაზე მოულოდნელობებით დატვირთული გამოდგა ჩემთვის. - არ გინდა ტაძარში წავიდეთ? სანთლები დაუნთე შენს გარდაცვლილ ნათესავებს. მე კი, ვეცდები ცოდვები გამოვისყიდო და ხვალინდელზე ვილოცო, ყველაფერმა კარგად რომ ჩაიაროს... - სიამოვნებით! მეგონა, მუსლიმი იყავი... - მეგონა, ათეისტი იყავი. ნინოს გული დასწყდა, თამარს რომ არ ეძინოს, გამოგყვებოდითო და ჩვენ ორნი გავუდექით მტვრიან ორღობეს. გზად მაყვლის ბუჩქებთან ვჩერდებოდით და იმდენი ვჭამეთ, თითები და ტუჩები სულ გაგვიშავდა. თაფლის და საკმევლის თბილი სუნი იდგა იქ. ვუყურებდი ანგელოზებით მოხატულ კედლებს, ჭერს და ვფიქრობდი... დედამიწის ზურგზე ყველაზე უსაფრთხო, მყუდრო თავშესაფარი იყო. ადგილი, სადაც შეგიძლია ბოროტებას დაემალო, დაისვენო. დარდი და ნაღველი ანთებულ სანთლებს შეატოვო, შენ კი ტვირთჩამოხსნილი, გამსუბუქებული გამოხვიდე ფათერაკებით აღსავსე სამყაროში... ტაძრის გარეთ. ტაძრის უკან პატარა სკვერი იყო, საიდანაც წებოსა და გამხმარი ფოთლების მათრობელა სუნი გამოდიოდა. კამის არ ეჩქარებოდა, ერთი საათი ჰქონდა სანამ ღორების დაპურების დრო მოვიდოდა და გადავწყვიტეთ ცოტა ხანი დაგვესვენა. მხიარულად შევაბიჯეთ პარკში. ერთი შეხედვით, ორი უდარდელი გოგო ვიყავით, რომლებიც დროის გასაყვანად სეირნობდნენ. ტაძრიდან გამოსული მართლაც ასე ვგრძნობდი თავს და პირობა დავდე, ხშირად ამოვალ-მეთქი. კამიმ ჟაკეტი გაშალა ხის ძირში და ერთმანეთს ზურგებით მივეყრდენით. - აქ რომ მოვწიო ხომ არ გეწყინება? - ღიმილით ვკითხე კამალიას და ფიჭვის წიწვებიდან ჯიბეზე გადავიტანე მზერა. - ჰმ, მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, შენი საქმე ისეა. - მიპასუხა უარდელი ხმით და სიცილში ამყვა. - გამიშვით, გზაზე ცხვარი მიდისო, თუ როგორ არის? - გზაზე არა, ტროტუარზეო. - შემისწორა კამალიამ და ისევ სიცილი აგვიტყდა. - მოწიე, რას მეკითხები, მე მანამდე კოლას მოვიტან რომ ჩანახშირებული ფილტვები დაგიამო. - რას მწყევლი ნათიასავით, გოგო... მომენატრა ნათია. - იმასაც მოენატრე. დღეში ცხრაჯერ გკითხულობს. ტელეფონი რომ გქონდეს, ტვინს გაგიბურღავდა. არადა, ადრე კვირაში ერთხელ თუ მომიკითხავდა, კედელს ჩხირს ვუყრიდი. და ახლა მართლა ტვინი წაიღო. სპეციალურად არ ვეუბნები წამოდი-მეთქი. მისწორდება რომ ვტანჯავ. - რა საძაგელი ხარ! - გული ჩამეთუთქა, მაგრამ ღიმილი არ მომშორებია სახიდან. - სად მიდიხარ? რა კოლა, არ გეზარება? - მზესუმზირა მარილიანი წამოვიღო თუ უმარილო? - კითხვა შემომაგება კამალიამ და სწრაფად გამშორდა რომ არ შემეკავებინა. სიგარეტს მოვუკიდე და გამახსენდა როდის მოვწიე პირველად. ხუთი, ექვსი წლის ვიქნებოდი ბიძაშვილებთან ერთად სოფლის ტუალეტში რომ შევიყუჟე და დიდი პაპის „ასტრა“ გავაბოლე. ბოლს პირში ვიჩერებდი და გადაყლაპვის გარეშე ვუშვებდი უკან, ვიცოდი არ უნდა შემესუნთქა რომ ჩემი უფროსი ბიძაშვილივით ხველა არ ამტეხვოდა. ვინმეს რომ დავენახეთ, კარგი დღე არ დაგვადგებოდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ძალიან საყვარლები კი ვჩანდით. სიგარეტის გველივით დაკლაკნილი ბოლიდან მზერა გაყვითლებულ ფოთლებზე გადავიტანე. ...ო’ჰენრის სასწაულმოქმედი ფოთოლი... - ჩამესმა ყურებში და თავბრუ დამეხვა, მთლიანად დავბუჟდი. ...კვამლი, ხმაური, შორიდან მოვარდნილი მუსიკის ხმა. დინამიკების ყოვლისმპყრობელი ხმა, რომელიც გონგზე დაკვრას ჰგავდა. შავი, ლურჯ ბუმბულებიანი ნიღაბი. თითქოს სარკე ვიყავი, სარკეში ვიყავი და შეშინებული შევყურებდი ნიღბიანს. მისი თვალები, საოცრად ნაცნობი, გადარეული თვალები მე მიყურებდა და მაფრთხილებდა... მაფრთხილებდა, მალე მოკვდებიო... ხმაური გაქრა და ნიღბიანის მაგივრად კამალიას შეშინებული თვალები შემრჩა. სახე ისე ახლოს მოეტანა რომ მის თვალებს და ცხვირის ნახევარს ვხედავდი. უცებ ტკივილი ვიგრძენი მარჯვენა ფეხში. ისეთივე ტკივილი ფუტკრის ნაკბენმა რომ იცის და კამის სიტყვები დაგუბებულ ყურებს ძლივს გასაგონად მისწვდა. - რა მოხდა? როგორ ხარ? ხმა ამოიღე... - დასამშვიდებელი სიტყვები პირზე შემაშრა. ბარძაყზე, მუხლთან ახლოს სიგარეტით მქონდა ამომწვარი და მთელი ფეხი სველი. სახეც სველი მქონდა და მაისურიც. რთული გასაგები რ ყოფილა თუ რატომ ვიყავი გალუმპული, როდესაც იქვე მიგდებული, ნახევარლიტრიანი, დაცარიელებული წყლის ბოთლი დავინახე. ერთი-ორი წინადადების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ რამდენიმე წუთი ჩახუტებულები ვისხედით. ამომწვარი ფეხი გაღვივებული ნაკვერჩხალივით მიფეთქავდა. ვინმეს რომ დავენახეთ ერთმანეთს მონატრებული მეგობრები, ან ლეზბიანკები ვეგონებოდით, მაგრამ არ მაღელვებდა. შეშინებული ვიყავი, ძალიან შეშინებული. - მორჩა! ადექი. დიდი ხანია რაც ეს უნდა გაგვეკეთებინა. - მტკიცედ თქვა მან და წამოდგომაში დამეხმარა. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. - ჯერ ზოიათი დავიწყებთ, შემდეგ კი დრო გვიჩვენებს. - პირი გავაღე რომ შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ კიდევ უფრო მტკიცედ გამაჩერა და გაბრაზებულ დედას როგორც სჩვევია, ისეთი ტონით მომმართა - სიტყვა აღარ გამაგონო! სულ ცოტა რომ დამგვიანებოდა, ან მაღაზიაში რიგი ყოფილიყო, ძვლამდე ამოიწვავდი ხორცს. იმ შეტევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეპილეფსიას რომ წააგავდა. ან ახლავე, უსიტყვოდ გამომყვები ზოიასთან, ან პირადად დავურეკავ მამაშენს და მოვთხოვ ექიმთან წაგიყვანოს. მაპატიე ასეთი ტონით რომ გელაპარაკები, მაგრამ 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ შენც ასე მოიქცეოდი ჩემს ადგილზე. - კარგი. მაგრამ რიგის გარეშე მიგვიღებს? ან ფული... - ფული თან მაქვს. - მომიჭრა კმაყოფილებით აღსავსე ხმით და ჟაკეტი დაფერთხა. შემდეგ თეძოებზე მომახვია ისე რომ ნაჭრის შარვლის სველი, ამომწვარი ნაწილი დაფარულიყო და გზას გავუდექით. - კიდევ კაი წყალი იყიდე და კოკა-კოლა არ მომასხი ცეცხლის ჩასაქრობად. - ვცადე გამემხიარულებინა, მაგრამ არ გამომივიდა. კოპები შეკრა და სერიოზულად მიპასუხა: - აბა გოგო, შენ ეგა თქვი. უნიტაზებს ხეხავენო მაგით და ჭრილობას რას უზამდა... - ისე ამბობ, თითქოს მაგის საყიდლად არ წახვედი წეღან. - ფეხქვეშ ხრაშა-ხრუში გაუდიოდა შეყვითლებულ ფოთლებს და გულისგამაწვრილებლად მწიწკნიდა დამწვარი ფეხი. - ნწ, ო... მასე თუ მივუდექით, მაშინ მშიერ-მწყურვალი დავღუპულვარ. - ხელი ჩაიქნია და ღრმად ჩაისუნთქა. ვიცოდი რაზეც ფიქრობდა, როგორ შევსულიყავით ზოიასთან ურიგოდ. რაც მართალია, მართალია ისეთი რამ გააკეთა კამიმ მე რომ არც დამესიზმრებოდა. ფაქტიურად, ავადმყოფი გამომიყვანა იმდენ ხალხში. როგორც ორსული სარგებლობს პრივილეგიით ავტობუსში და განურჩევლად ყველა - ზრდილობიანი თუ ხეპრე ადგილს უთმობს, ან ხეიბარი რომ ავა ყავარჯნებით და პირველივე მგზავრი ფეხზე წამოხტება რათა კუთვნილი სკამი დაუთმოს, ისე აღმოვჩნდით ჩვენც ზოიას ოთახში და მართლაც რომ გრძელი რიგი ათ წუთში ჩამოვიტოვეთ უკან. რაღა დაგიმალო და იმედი გამიცრუვდა როდესაც ზედმეტად ჩვეულებრივ ოთახში შევაბიჯეთ. არსად ჩანდა არც ბროლის ბურთი, რომელსაც თანამედროვე ჯადოქრები დახუნძლულ ბეჭდებიან თითებს შეახებენ ხოლმე ფილმებში და ეს ბურთი ათასფრად ელვარებს. არც რამე განსაკუთრებული. ძალზე ჩვეულებრივი ოთახი იყო. ზოია? მხოლოდ ხმა ჰქონდა ეგზოტიკური. გარეგნობითაც ისეთი იყო რომ შეხედავ და მეორე წუთში გავიწყდება თუ როგორ გამოიყურება. ერთადერთი საინტერესო რაც ჰქონდა, ეს იყო მრავალწლიანი მწეველის ჩახლეჩილი ბარიტონი. ოთახიც სიგარეტის სუნით იყო გაჟღენთილი და საშინლად ცხელოდა. არც იყო გასაკვირი, ფანჯრები მყარად დაეგმანა. ალბათ ხმა რომ არ გასულიყო გარეთ. - ყავას დალევ გენაცვალე? - ჰკითხა კამალიას და პასუხს არც დალოდებია ისე მომიტრიალდა - ტკბილი გიყვარს, უშაქრო თუ საშუალო? - საშუალო. - ვუპასუხე მოკრძალებით და რატომღაც მომეწონა ზოია. მყუდროდ ვიგრძენი თავი მის პაწაწუნა ოთახში. გამურულ-გაშავებული ყავადანი გაზქურაზე შემოდგა და „პირველის“ კოლოფს პარკი შემოაცალა. - თუ ეწევით, არ შეგეხათროთ, პირველად რომ შემოდიან დაძაბულები არიან, ჰგონიათ რომ ვიკბინები. - არ ვიცი რა დამემართა, დამავიწყდა რომ მეც მქონდა სიგარეტი თუ მისი ხელიდან მინდოდა აღება, გამოვართვი, მოვაკიდებინე და უკვე გავშინაურდი. - რისი მადლობა შვილო. დაიბუბუნა თავისი კაცური ხმით და გამიღიმა. წინ ერთი კბილი აკლდა. სანამ ყავა წამოდუღდებოდა, გაუსაძლის სიცხესა და ბუზებზე წუწუნებდა. ვუყურებდი სოფლურ ყაიდაზე ჩაცმულს, ციგნებისგან ნაყიდი გრძელი კოპლებიანი კაბა რომ ეცვა (ზუსტად ასეთი ჰქონდა ბებიაჩემსაც, სანამ დაეწვებოდა და გადააგდებდა) და მიკვირდა, ნეტავ რაში ხარჯავს-მეთქი ამდენს ფულს. არც სახლს ეტყობოდა რამე სასიკეთო, არც მის ჩაცმულობას თუ ვარცხნილობას. რამდენიმე თვის შესაღები თმა ჰქონდა და ამოწვერილი ჭაღარა მის ხანდაზმულობას უსვამდა ხაზს. ალბათ, მშენებარე სახლისთვის შეაქვს ყოველთვიურად ფული ან ბანკში აგროვებს-მეთქი დავასკვენი. ყავა ისეთ პაწაწუნა ჭიქაში დამისხა, მეგონა ბარბის სათამაშო ჭურჭელი იყო და ეჭვი შემეპარა საერთოდ თუ დაინახავდა რამეს. სულ რამდენიმე წუთში ისე მომნუსხა, როგორც კაამ მაუგლი ამავე სახელწოდების ანიმაციურ ფილმში. რომ დავეხრჩე, მგონი, არც გავუწევდი წინააღმდეგობას. ერთი სიტყვით, ნიჭიერი იყო და ძალიან მალე დავრწმუნდი. იმის მიუხედავად რომ გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს, გონებიდან ამომიფრინდა როგორ დაალაგა კარტი. თუ არ ვცდები, რომბის ფორმა ჰქონდა. - ორ კაცს ვხედავ შენს ცხოვრებაში. - მითხრა დამაჯერებლად და ხელი ისე დაუკაკუნა ვალეტ აგურს და ვალეტ ჯვარს, თითქოს სურათებს მაჩვენებდა ამოსაცნობად. - თავს აჯერებ ვითომ აღარ გიყვარს, მაგრამ ტყუილია. მარტო რომ რჩები ტირილს იწყებ, რადგან გენატრება. კამიმ შეუმჩნევლად გამკრა ფეხი ფეხზე. არ ვიცოდი რას ნიშნავდა, შევკამათებულიყავი შარლატან ზოიას, თუ თავი მომეკატუნებინა ვითომ მართალი იყო. გაჩუმება ვამჯობინე. მეგობრების 50 ლარი კი საშინლად დამენანა. ჩემი ჯიბიდან მაინც ყოფილიყო გადახდილი. - ...დღესდღეობით ორივესთან გაწყვეტილი გაქვს ურთიერთობა. უცნაურია... - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ზოიამ და გაჩუმდა. ვიგრძენი როგორ გამომხედა კამალიამ და ჟრუანტელმა დამიარა. - უცნაურია... - კიდევ ერთხელ გაიმეორა და თვალი-თვალში გამიყარა - რამდენი წლის ხარ, დედი? - 25-ის. - მოიშორე თავიდან ცუდი აზრები. - მითხრა მან დამრიგებლური ტონით და მაგიდაზე გაშლილი კარტი ერთი ხელის მოსმით წამოკრიფა. - ძალიან ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს. წარმატება, ფული, კარგი საბედო, შვილები... მე ამ ყველაფერს ვხედავ. ვხედავ რომ ბედნიერი იქნები, მაგრამ თუ არ შეწყვიტავ სიკვდილზე ფიქრს... მანამდე სანამ სიკვდილს თავს არ დაანებებ, შენი ბედი ჩაკეტილი იქნება. - ვერ გავიგე... - ამოვილუღლუღე რეტდასხმულმა და არანაკლებ ნირწამხდარ კამალიას გადავხედე, თითქოს მისგან ველოდი დახმარებას. - უნდა გესმოდეს. რასაც ვხედავ, იმას გეუბნები თორე მე სულ არ ვიცი შენი ცხოვრება. - არ ვიცი, ვერც ვერკვევი ფოკუსებში. კარტს ჩვენ თვალწინ ურევდა და ჩემი ხელით ვიღებდი დასტიდან თითო-თითოს. ოთხი ცალი ამოვიღე და ამოვატრიალე, ოთხივე ვალეტი. ყვავი, აგური, გული, ჯვარი. სანამ ხმას ამოიღებდა და ამომხედავდა, მეგონა რომ მთელი ცხოვრება გავიდა. - ოთხი კაცი. - თქვა ჩაფიქრებულმა და აგურის ვალეტი წინ წამოსწია. დასტიდან დაუდევრად ამოიღო ორი კარტი და აგურს დაადო. - არ გეცოდება? - ისეთი შეწუხებული სახით მკითხა, მსახიობის ოსტატობაში ათიდან ათი ეკუთვნოდა. - მთელი გულით უყვარხარ. სად აღარ გეძებს, რას არ აკეთებს, მაგრამ ან ვერ გპოულობს, ან შენ არ პასუხობ. ალბათ, უფრო მეორე თორე ასეთ ბიჭს არ გაუჭირდებოდა შენი პოვნა. დაიმახსოვრე, 4 რიცხვი, 4 დღე, 4 კვირა, მოკლედ, 4 პერიოდში დაგირეკავს, ან პირადად გნახავს. კამის გადავხედე, ძლივს შესამჩნევად იღიმებოდა. ნეტავ ისიც ჩემსავით ფიქრობდა რომ ეს ქალი მასულელებდა თუ სჯეროდა? დასტიდან ექვსი კარტი ამოიღო და დანარჩენ ვალეტებს დააყარა. ექვსივე შავი ფერის იყო. - უიმე?! - შეიცხადა ზოიამ და შეშფოთებულმა ამომხედა - რა ჭირი უნდათ ამ ოხრებს?! გიყურებ და რო არც შემოგხედო, ისეთი კეთილი, უბოროტო გული გაქვს მეტი რო არ შეიძლება. შენ გგონია ურიგოდ ლამაზი თვალების გულიზა შემოგიშვი? არა შვილო. კარგი აურა მოდის შენგან და შემეცოდე, მივხვდი რომ შენ ნამდვილად გჭირდებოდა დახმარება. მოდი ეხლა, სიმართლე მითხარი თუ გინდა რომ დაგეხმარო. მე არც მილიციონერი ვარ, არც მოსამართლე. თავი ისე იგრძენი, ისე ჩათვალე, თითქო მოძღვარი ვიყო. ან არადა, ასე მოდაში როა, ფსიქოლოგი. რა დაუშავე სამ ვალეტს, რატომ გეძებენ? დამცხა. თავს შევუძახე რომ მუცლითმეზღაპრის წინ ვიჯექი და ვალდებული არ ვიყავი მისი ბოდვა დამეჯერებინა. - არ ვიცი. - ვუპასუხე სასოწარკვეთილმა - იქნებ თქვენ მითხრათ, არ მახსოვს. - აღმომხდა ის სიტყვები, რაზეც კამალიამ სასტიკად გამაფრთხილა არ გამემჟღავნებინა. თუ ეტყვი მეხსიერების პრობლემაზე, იქნებ ტყუილების მოგონება დაიწყოს, აქაოდა, რას მიხვდებაო. - ეგ როგორ კაცო? - შეიცხადა ქალმა კაცის ხმით და უცებ კოპები გახსნა - აჰ, გასაგებია. ტვინი ვერ ეგუება შეცდომებს და ივიწყებს. ჭკვიანი გოგო ჩანხარ და მარტივი ხერხისთვის მიგიგნია, მაგრამ შენც ხომ იცი რომ სამუდამოდ ვერ დაივიწყებ და ერთ მშვენიერ დღესაც ზედაპირზე ამოვა, თვალწინ დაგიდგება. რაღას აჯანჯლებ დედი, გადადებული საქმე ეშმაკისააო, არ გაგიგია? აბა ეხლა თავს ძალა დაატანე და გაიხსენე, რა დაუშავე ამ ვალეტებს, რატომ დაგდევენ. მითხარი რომ გამოსავალი მოვნახოთ და ჩამოგაშორო ეგ გველის წიწილები. ქვეყანა პატარაა შვილო, ვინ იცის, იქნებ ამ ვალეტებიდან რომელიმე ჩემი კლიენტიც იყოს. ისეთი შევჯორო რომა, უბატონოდ ხმა აღარ გაგცეს. დავმუნჯდი. ენა კბილებს შეეზარდა და ნერწყვიც ვეღარ გადავყლაპე. უცხო ეროვნების ადამიანი რომ შეგხვდება ქუჩაში, უცხო ენაზე რომ დაგიწყებს საუბარს შენ კი უძლური, უმწეო დგახარ მის წინ და წარმოდგენა არ გაქვს რას გთხოვს ისე დამემართა. - საქმე ისაა რომ ანა ავტოავარიაში მოყვა. თავის ტრავმა მიიღო და ამიტომ არაფერი ახსოვს. ნუ, ბოლო რამდენიმე წელი მეხსიერებიდან ამოუვარდა. - ისევ ჩემმა ტკბილმა მეგობარმა გამომიყვანა მძიმე მდგომარეობიდან. - დედა! ჩემი სიკვდილი... - შესძახა ზოიამ და ორივეს გული გადაგვიქანდა - რანაირად შვილო? შენ იჯექი საჭესთან? განა არა, თავიდანვე მივხვდი რო რაღაც ელდა გქონდა გადატანილი. შემოგევლე, დედი, ამიტომ გაქვს ნაავადმყოფარი სახე? თავი ძლივს შევიკავე ამ კითხვის დასმისგან, აკი რა ლამაზი გოგო ხარო?! ოთახში შესვლისთანავე ასე შემამკო და ახლა თურმე ნაავადმყოფარი სახე მქონია. ჰმ, სასაცილო იყო პირდაპირ. არადა, ეზოში რამდენი ელოდებოდა ჩემს გამოსვლას რომ ის სკამი დაეკავებინა, რომელზეც მე და კამი ვისხედით, და ამ ცრუპენტელას ფანტაზიებისთვის დაეგდოთ ყური. - საჭესთან ტაქსის მძღოლი იჯდა, რომელსაც გადატეხილმა მინამ თავი მოაწყვიტა და იმ საწყალმაც მყისიერად მიაბარა უფალს ნატანჯი სული. - ვუპასუხე დრამატულად და არ შევიმჩნიე კამის გამოხედვა. სიამოვნებით ვატყუებდი იმ დამპალს, 50 ლარი რომ უნდა მიმეთხლიშა იაფფასიანი ზღაპრებისთვის. ტაქსის მძღოლს ჩემგან განსხვავებით, მხოლოდ ხელი ჰქონდა მოტეხილი. - ნათელში ამყოფოს. - ჩაილაპარაკა დამწუხრებულმა და ორი კარტი დამაჯვარი და ტუზყვავი ამოიღო - სიკვდილს ვხედავ. - დაიჩურჩულა მეტი ეფექტის მოსახდენად. წადი შენი! შევუკურთხე გულში - მაგრამ ეს კაცი არაა დედი, ქალია... - მამიდა ახალი გარდაცვლილი ჰყავს. - წაეშველა კამი. განრისხებულმა გადავხედე, რატომ შტერდებოდა ჩემი ჭკვიანი მეგობარი ამ დეგენერატის წინაშე, არ მესმოდა. - არა ქალო - ლამის ამოგვტირა ზოიამ - ჯვარი გწერიათ და ეს გოგო დაახლოებით თქვენი ასაკის იქნებოდა. ეს წელს ქვევით დარტყმას უდრიდა. ის კი აგრძელებდა და აგრძელებდა. - გულით უბოროტო გოგო იყო, ღმერთო ნუ მიწყენ რომ გცოდავ, გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენო მარა რა ვქნა, ვხედავ რომ გზას აცდენილი იყო ეს უბედური და მაგან დაღუპა. არ ვიცი შეესწარი მის სიკვდილს, არ ვიცი შენი ნათესავი იყო თუ მეგობარი, მარა ვხედავ რომ რაღაცით დაკავშირებული ხარ მაგ გოგოსთან. და ვხედავ რომ განიცდი, ძალიან განიცდი. ავარიაში ეს გოგო არ მომკვდარა. მანქანას ვერ ვხედავ და საერთოდ, ამ კარტში მე ავარიას ვერ ვხედავ. როგორ მოგატყუო დედი, იქნებ ყავაში გამოჩნდეს მარა კარტი არაფერს მეუბნება მაგის თაობაზე. რა მითხარით, თავიო, ხო? - პასუხს არ დალოდებია, ისე აღაპყრო ხელები თითქოს წარმართების კერპს არმაზს ეთაყვანებოდა და მისი თბილი თითები თავზე შემომეჭდო. მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგი ვიყავი, სიამოვნებისგან გავიტრუნე. - უიმეე, რა თავის დაზიანება ქალო, ბოდიში მომითხოვია და ჯორივით ჯანმრთელი ხარ. არაფერი ცუდი არა სჭირს შენს ლამაზ გოგრას. ადექი დედი, მოდი ჩემთან. მოდი, მოდი, რისა გეშინია ქალო, კი არ ვიკბინები. კამიმ ფეხი წამკრა მაგიდის ქვეშ და მეც ყოყმანით წამოვდექი. ვინმეს რომ დავენახეთ, ზოიას ექიმბაშად ან პედოფილ ლეზბიანკად ჩათვლიდნენ. მკერდზე, ყელზე, ხელებზე, ფეხებზე, მუცელზე, ყველგან მომიფათურა ხელი. განწირული მზერა ვტყორცნე კამალიას, რომელიც ჩემგან განსხვავებით სრული სერიოზულობით ადევნებდა თვალყურს თუ როგორ „მეთომარებოდა“ მკითხავი. გვარიანი დამასაჟების შემდეგ ნეკნებთან გამიჩერა თბილი ხელები და ფიქრიანი მზერით ამომხედა. - მსმელი არა ჩანხარ, დედი. - ბატონო? - ლამის დავკივლე. - რაღაც არ გეტყობა ალკოჰოლს ეტანებოდე, დედი... - არა, დე. - ვუპასუხე მშვიდად. ნელ-ნელა მევსებოდა მოთმინების ფიალა. - ვიცი, შვილო, ვიცი. მსმელ ადამიანს ერთი კილომეტრიდან ვცნობ. ჩემი განსვენებული ქმარი ლოთი იყო, უფალმა დროულად წაიყვანდა, სანამ ბოლოს მომიღებდა. ხოდა იმას გეუბნებოდი რომ საშიში არაფერია, მაგრამ შენი ღვიძლი ცოტა გაზრდილი მეჩვენება... - რა სისულელეა, აშკარად ცდებით. არ მტკივა, არც არასოდეს შევუწუხებივარ. - შევაწყვეტინე უხეშად და ისეთი გაავებული თვალები შევანათე, ხელები მოწყვეტით მომაშორა. - ღმერთმა არ ქნას აგტკივდეს, შვილო. ღვიძლმა ტკივილი არ იცის. ტკივილი ბოლო სტადიაა, რომელსაც ცეროზს ეძახიან. შენ ღმერთმა დაგიფაროს... - მატყუებთ! - ვუყვირე ათრთოლებული ხმით. რა გასაკვირია რომ არ მოელოდა. სახე ცვილის ფიგურასავით გაეყინა. - ბოდიში, ცოტა აღელვებულია. - ამოთქვა კამალიამ და ამაზე უფრო გადავირიე. ჩვენ გვქონდა ბოდიში მოსახდელი? თუ იმ ფულზე შეყვარებულ ვიგინდარას? - მომეცი ტელეფონი. - გაალმასებული მივვარდი კამალიას და ხელიდან გამოვგლიჯე მობილური - ეხლავე დაგიმტკიცებთ რომ მე თავი დავიზიანე ავტოავარიაში და არა ღვიძლი. ზოია თითქოს გონს მოეგო, ფეხზე წამოხტა და არ ვიცი შიშისგან თუ მოულოდნელი ელდისგან გვარიანად შებარბაცდა. მაშინ ვინატრე დაცემულიყო და შეუღებავ-გაცვენილ თმიანი თავი ბეტონის იატაკზე გადასკდომოდა მწიფე გოგრასავით. მაგრამ ახლა მაგ სურათის გახსენებაზე ცრემლებს ძლივს ვიკავებ. მინდა დრო უკან დავაბრუნო, გადავახვიო ფილმის კადრივით და ჩავეხუტო. - არა შვილო, იქნებ ბოტკინი გადაიტანე... - თავისას აგრძელებდა. ჭიქა წყლით გამივსო და მომაწოდა. კიდევ კარგი ზუსტად მაგ დროს მიპასუხა მამამ, უკვე ვაპირებდი ხელიდან გამომეგლიჯა ჭუჭყისგან გაზინტლული ჭიქა და სახეში შემესხა. - მამა, შეგიძლია ექიმის ნომერი მომწერო? - პირდაპირ ვაჯახე. არც მოკითხვა, არც გამარჯობა. - რა ხდება ანი, მშვიდობაა? რომელი ექიმის? ჰმ, რომლის. ესეიგი ბევრი ექიმი მყავს და მე მათზე წარმოდგენაც არ მაქვს. მე მხოლოდ ორი ვიცოდი, ერთი ძროხის ჯიქნებიანი ფსიქოლოგი და მეორე სუფთა კრეტინი, ახალგამოღვიძებულის გამომეტყველება რომ ჰქონდა მუდამ. სწორედ ისეთი ტიპია სკოლაში ერთი კარგი დღეც რომ არ ახსოვს. ფრიადოსანი, დონდლო, წურბელა. ყველა მას რომ ჩაგრავს და მხოლოდ საკონტროლოს წერის დროს რომ ხდება მთელი კლასისთვის განუყრელი მეგობარი. - იდიოტს რომ გავს! - ჩავყვირე ტელეფონში. შემდეგ... მახსოვს ყოველი დეტალი... გულნატკენი, შეშფოთებული მამა. ატირებული დედა. კამალია... გავასაზიზღრე. ნინოს ელდა ვეცი... კიდევ კარგი, თამარი პატარაა და ვერ მიხვდებოდა... არ შემიძლია ის დაწყევლილი საათი ამ ფორცლებზე გადმოვიტანო და ოდესმე თვალი გამომექცეს წასაკითხად. ძალა არ მყოფნის დასაწერად. დიდხანს ვუყურე ლიმბახის ცენტრიდან გამოტანილ ფურცელს, სადაც ეწერა რომ... თვალებს არ ვუჯერებდი. ვხუჭავდი, ვახელდი, ვხუჭავდი, ვახელდი თითქოს აზრს შეიცვლიდა სიტყვები ან სულაც გაქრებოდა შავით თეთრზე დაწერილი, დიდისამბით ბეჭედდარტყმულიც. განა რაა, უარესი დაავადებებიც არსებობს, მაგრამ ზუსტად იმ ფერადმა ბეჭედმა დამაკარგინა კონტროლი. თითქოს, დიდად საზეიმო რამ იყო ეს ჩემი ვირუსი. თითქოს, შობას მილოცავდნენ წითელ-ყვითელ-სტაფილოსფერი ლენტებ გადაჭერილი თაბახისხელა ბარათებით. - საქართველოში მხოლოდ C - ჰეპატიტის პროგრამაა. - ისეთი ტონით მითხრა იმ გამოლენჩებულმა გეგონება თვითგვემას უნდა მივცემოდი რომ ეს უნეტარესი ჯანდაბა არ მჭირდა. - უნდა მეწყინოს რომ ცე ჰეპატიტმა არ ინება ჩემს სისხლში გაბატონება? - შევაწყვეტინე უკმეხად. სად მქონდა მაგის ლაყბობის მოსმენის თავი. ნუ იტყვი და თათბირიდან თუ რაღაც მსგავსიდან გამოსულა ჩემი ზარის გამო. - არა, ეგ რა საწყენია. - მომიგო პაუზის შემდეგ. მე აქ ხორცებს ვიბრდღვნიდი, ის კი იქ მშვიდად მემუსაიფებოდა. - თქვენი ვირუსი, ანა, მედიკამენტურ მკურნალობას არ საჭიროებს... - აჰა, დაიწყო მაღალფარდოვანი სიტყვების რახა-რუხი! - მოგეხსენებათ... - კი, როგორ არა. წეღან მომახსენა ზოიამ და კაი ჩიტიც დაიჭირა. - თქვენი ვირუსი ქრონიკულია, დელტა აგეტის გარეშე. საჭიროა დიეტა. დიეტა გადაჭარბებული ნათქვამია. უბრალოდ არ უნდა მიირთვათ ცხიმიანები და განსაკუთრებით მოერიდეთ ღორის ხორცს... - მიყვარს ღორი და შევჭამ კიდეც! - ...არავითარ შემთხვევაში არ გაეკაროთ ალკოჰოლს... - მძულს ალკოჰოლი, მაგრამ აწი ცხვირზე ხელს მოვიჭერ ხოლმე და ისე დავლევ! - ...და რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღეთ. უმჯობესია წყალი. დღეში ორ ლიტრამდე. მარილიანებისგან თავი შეიკავეთ... - კი, მოგართმევ! ვგიჟდები მარილზე! - გადამდები სენი მატარებელი ვარ, ხო?! - ჩავძახე ტელეფონში და მთელი ძალისხმევა მოვიკრიბე არ ავტირებულიყავი, არ მინდოდა მისი თანდასწრებით ტირილი. - ოჰ, ანა, ეს ძალზედ გადამეტებული ნათქვამია. თქვენ არავითარი სენი არ გჭირთ. ეს უბრალოდ ვირუსია, რომელიც დიდი ალბათობით, ა-ჰეპატიტმა ანუ ბოტკინმა დაგიტოვათ. თქვენი ვირუსი თავისთვისაა, არაფერს გიშავებთ. მხოლოდ წელიწადში ერთხელაა საჭირო პროფილაქტიკის მიზნით ანალიზების ჩაბარება... - გადამდებია, ხო? ცეროზი როდის დამეწყება... - ხმა ჩამიწყდა. ცრემლები ნიაღვარივით წამომივიდა. - რას ბრძანებთ, რა ცეროზი, ღმერთმა დაგვიფაროს. - გამიწყალეს გული ამ ღმერთმა დაგვიფაროთი. დაგვასვენონ მეც და ისიც. მე თუ მკითხავ, აქამდე დავეფარე და ნუ დამასნეულებდა, ახლა რაც უნდა ის ქნას. ჩემი ნიჭიერი ექიმი კი აგრძელებდა და აგრძელებდა დაუსრულებლად. - ...თქვენი უწყინარი ვირუსი მხოლოდ სისხლით გადადის. მხოლოდ და მხოლოდ სისხლით. სქესობრივი კავშირით, ნერწყვით და მითუმეტეს შეხებით არ გადადის. არავითარ შემთხვევაში არ იხმაროთ სხვისი კბილის ჯაგრისი... ჰმ, აბა ეს ნორმალურია?! რა სისაძაგლეს მეუბნება. კინაღამ ტელეფონში გადავძვერი რომ წიხლქვეშ გამეგდო. - ...და არც თქვენ ათხოვოთ ვინმეს თქვენი მაკრატელი, საპარსი... აღარ შემეძლო მეტის მოსმენა და კავშირი შუა საუბრის დროს გავწყვიტე. არც დავემშვიდობე, არც არაფერი. შემდეგ ლიმბახიდან გამოთრეულ ფურცელს დავაცხრი და სულ ნაკუწ-ნაკუწ ვაქციე. სიამოვნებისგან ტანში მამტვრევდა იმ ფურცლის ფხრაწა-ფხრუწის ხმაზე. ბარგის ჩალაგება დავიწყე. მახსენდებოდა ერთი ლოთი კაცი, რომელიც პაპასთან მოდიოდა ხოლმე და აცდუნებდა რომ დაელიათ. მას ცე-ჰეპატიტი ჰქონდა და ჭიქას, რომლითაც სვამდა, არავინ ვეკარებოდით. გვეშინოდა არ გადაგვდებოდა. ვინ იცის, მეც ასე მერიდება ყველა მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მაგრძნობინებენ. შემდეგ... ნინო ჩამეხუტა და მითხრა რომ... ის რაც ექიმმა. მაგრამ ნინოს ცემის სურვილი არ გამჩენია. პირიქით, დავმშვიდდი როდესაც მის მხარზე ვაღვარღვარე ცრემლები. მითხრა რომ... B-ჰეპატიტი მხოლოდ სისხლით გადადის და რომ ჯერ მე უნდა გავიჭრა ხელი, შემდეგ იგივე სისხლშემხმარი დანით სხვამ მიიყენოს ჭრილობა რომ გადაედოს. და ეს იმდენად შეუძლებელია რომ... ეს იმდენად იშვიათობაა რომ ბარგი ერთად ამოვალაგეთ და ყავის დასალევად ჩავედით. ქრონიკული ჰეპატიტი B DELTA აგენტის გარეშე. მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის ტოქსიური დაზიანება (DILI) ? . . . მინდა რომ ეს დღე სამუდამოდ გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან. მრცხვენია? საშინლად! ვინ არ დამირეკა კამალიას ნომერზე. ბებო, მამა, ბებოს და, მარტო დედამ ალბათ ცხრაჯერ. მიხომაც კი სამსახურიდან. ალბათ მამასგან გაიგო. ყოველი მათგანი აპირებდა თურმე თქმას მაგრამ როდის? სხვა და სხვა პასუხები მოვისმინე, ალბათ შეთანხმება ვერ მოასწრეს: „იმდენად უმნიშვნელო იყო, არც გვიფიქრია თუ ასე განიცდიდი...“ “ვაპირებდით თქმას, უბრალოდ სათანადო მომენტს ვარჩევდით...” ესეც თქვენი სათანადო მომენტი, საწყალი ზოია, რა დღე ვაყარე. კიდევ კარგი, ფსიქოლოგთან დარეკვა ვერ მოვასწარი. წარმოდგენაც კი მზარავს რა სიტყვებით გამოვთათხავდი. კამი... ისე მრცხვენოდა მისი. თვითონ რომ არ მოსულიყო და უსიტყვოდ ჩამხუტებოდა, ალბათ მე ვერც გავბედავდი მასთან მისვლას. არავის უკითხავს როგორ გავიგე. ალბათ, ყველა ფიქრობს რომ იმ ფურცლებიდან, რომელიც მეგონა რომ ავარიის შემდეგ კლინიკიდან გამოგვატანეს როგორც ჩემი ისტორია და ზოიასთან მისვლამდე არც კი გადამიხედავს. ლამის ფრთები გამომესხა ისე გამიხარდა როდესაც ვახშმობისას კამი დაგვადგა ნათიასთან ერთად და სტადიონზე გასეირნება შემომთავაზა. ნინო და მიხო სიამოვნებით დამთანხმდნენ. ალბათ იფიქრეს, მძიმე დღის შემდეგ გულს გადააყოლებსო. თეფშზე დარჩენილი შემწვარი კარტოფილი ჩანგლის სამ მოსმაზე გადავამუშავე, ოღონდ მალე გავსულიყავი გოგოებთან ერთად. კიდევ იყო რაღაც, რაც ძალიან მაწუხებდა და მინდოდა მათთვის გამემხილა. P.s. დღეს დავრწმუნდი რომ წარსულის ძიება ჩემი ავადმყოფობის ისტორიის შესწავლით უნდა დამეწყო. ცხვირწინ მედო 10 დღე და მხოლოდ წეღან შევიტყე უწყინარი, საზარელი სიმართლე. . . . - რაღაც მინდა გითხრათ... - უიმეე, როგორ უყვარს შესავლებით დაწყება. პირდაპირ გაინტრიგებს კაცს. - წაიბუზღუნა ნათიამ და მის ამ საფირმო გამოთქმის მოსმენაზე კიდევ უფრო დავრწმუნდი თუ როგორ მომნატრებია. - წეღან ჩემი წამლები დავგუგლე... - რომელი წამლები? რასაც სვამ? - არა, თვითონ რაც გამოიგონა. - გამოაჯავრა კამიმ და დიდი ინტერესით მომაჩერდა. - ერთ-ერთია „ფევარინი“... გადავწყვიტე აღარ დავლიო. - ექიმს უთხარი რომ აღარ აპირებ დალევას? - მკითხა ნათიამ. იმედგაცრუებული ჩანდა, უფრო პომპეზურ ახალ ამბავს ელოდა. - ნწუ... - გაგიჟდი? როგორ შეიძლება ექიმის გაფრთხილების გარეშე შეწყვიტო... - ხოდა, რომ არ მინდა გავგიჟდე, ზუსტად ამიტომაც შევწყვიტე. - ვუპასუხე ნათიას და თვალწინ დამიდგა კომპიუტერის ეკრანზე ამოკითხული ცალკეული სიტყვები: ანტიდეპრესანტი, კრუნჩხვა, ჰალუცინაციები... - დავიწყოთ იქიდან რომ მე ნამდვილად არ მჭირდება ანტიდეპრესანტების მიღება, რადგან სასოწარკვეთილი დიასახლისი არ ვარ. და რომც ვიყო, მირჩევნია მედიკამენტების დახმარების გარეშე მოვერიო თავს. თქვენ ხომ მაინც იცით რომ სუიციდზე არ ვფიქრობ! ისეთი უკუჩვენებები ჰქონია, თმები ყალყზე დამიდგა. ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, შიში, უძილობა, ოფლიანობა, კომაში ჩავარდნაც კი... - საკმარისია, - შემაწყვეტინა შეშფოთებულმა ნათიამ - რომელი გიჟი შენ გნახეს რო ახლა ანტიდეპრესანტიც დაგინიშნეს? თან იცი რო მაგან შეჩვევა იცის? - ახლა უკვე გასაგებია... - აღმოხდა არანაკლებ შეშფოთებულ კამალიას. - ან, შენ ეგ ყველაფერი გქონდა... - ალაჰ, გადმოგვხედე! - ცას შეჰღაღადა ნათიამ. - ის გულის წასვლებიც მაგ წამლის ბრალი ყოფილა, მე კიდე მეგონა, ავარიის შემდეგ სუსტადაა-მეთქი... - ავარიის გაგონებაზე მე და კამალიამ ერთმანეთს გადავხედეთ. ორივეს ერთი და იგივე წინადადებამ გაგვიელვა თავში. - ან, რაღაც მინდა გითხრა... - ძალიან ვნანობ როგორც მოვიქეცი... - აჰა, ეხლა ამანაც გადაიღო ეს ოხერი წინადადება. გინდა და თქვი, რაღათ უნდა მაგას ამხელა შესავალი. - პარალელურად აბუზღუნდა ნათია. - ...ძალიან განიცადა ზოიამ. ფულიც არ გამომართვა. მითხრა გადმომეცა რომ უმორჩილესად გთხოვს დღესვე მიხვიდე. შენთან საუბარი სურს. შენ რომ გაიქეცი, ის გახდა მოსასულიერებელი. ამიტომ ვერ დაგეწიე... ჩვენ სამიდან მხოლოდ ნათია ჩანდა ბედნიერი. სულ ცეკვა-ცეკვით მოდიოდა მკითხავის სახლამდე. უცნაურია ცხოვრება... დღეს ჯანმრთელობა შემირყია და დღესვე უცხო ადამიანის ხელი გამომიწოდა დასახმარებლად. - შემოდით დედი, შემოდით. რას დაყუდებულხართ უცხოებივით. ნუ გრცხვენია დედი, მე არ ვიცოდი შენი მდგომარეობა, თორე ასე პირდაპირ კი არ გაჯახებდი. ცეროზი რო ვახსენე, გული გაგიხეთქე. დამიმიწდეს ენა, ეგ რამ მათქმევინა. როგორ შეგაშინე ეს ანგელოზივით ბავშვი. - ქოთქოთებდა ზოია და ცხვრებივით მიგვერეკებოდა თავის ოთახისკენ. - დასხედით ბალღებო, როგორც იმ დასამიწებელ სერიალებში ამბობენ, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში. ეს რა გვიყვეს ქალო, ამ ბრაზილიური სერიალებით სულ გადაგვირყვნეს თაობა. თურქულ სერიალებში შიშლიკანები მაინც არ დარბიან. უყურებთ „დედას“? - სამწუხაროდ, არც ერთი არ ვწყალობდით თურქულ საპნის ოპერას და დანანებით გავაქნიეთ თავი. - მიდი დედი, ყავა მოადუღე. მინდა ამ ჩემგან განაწყენებულ გოგოს ჩავუხედო. - დაასაქმა კამალია, რომელიც სიხარულით წამოხტა სკამიდან. ვიცოდი, გულში ზეიმობდა რომ ისევ მოვედით. - აჰაა, აი დამშვიდდი და კარტიც დამშვიდდა. ვხედავ, სასწავლებელში სიახლე გელის. უახლოეს მომავალში წარმატებას მიაღწევ. არ ვიცი მაგისტრატურაზე ჩააბარებ... მაგისტრატურაზე სწავლობ, დედი? - არა. - ხო აპირებ? - ისეთი მონდომებით მკითხა, უარი როგორ მეთქვა. ისედაც ვაპირებდი. - ხოდა 100%-ით ჩააბარებ და ხუთიანზეც ისწავლი. თუ ათიანზე, ეგ რაღა სისულელე შემოიღეს. ჩემ დროს ხუთბალიანი სისტემა რო იყო ვერ ვსწავლობდით? - ნათიამ მცოდნესავით დაუკანტურა თავი. ესეც კაი აფერისტი მყავს-მეთქი, გავიფიქრე. - დახე ამას! - შესძახა თეატრალურად - არ განებებს ეს ბიჭი თავს და მომკალი. რა უქენი, როგორ აუბნიე თავგზა ამ საწყალ ბიჭს, ჰა? შენზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს და მომკალი! – „წარმოდგენა არ მაქვს რაზე მელაპარაკები და მომკალი!“ კინაღამ ვუთხარი. - თუ მიყვარს, როგორ დამავიწყდა, ან აქამდე რატომ არ შემეხმიანა? თუ შეყვარებულია, მაშინ ხომ ჩემს ნათესავ-მეგობრებსაც უნდა იცნობდეს? - მაგრამ არც ისინი გეხმიანებიან, ან... - შემედავა კამალია და გავჩუმდი. ზოიამ გამარჯვებულის სახით გახედა ყავის კეთებაში გართულ კამალიას, რომელსაც მთელი გულის-ყური ჩვენკენ ჰქონდა მომართული და თავისი სახასიათო ხმით დაიბუბუნა. - არა სჭირდება ამის ნათესავები. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე თუ აქ არ ჩამოგაკითხოს. გიპოვის დედი, გიპოვის. ხომ გაგიგია, ვინც ეძებს პოულობსო. აი არ გჯერა, ხო? ხოდა რომ მოგაკითხავს აქ და ხელს გთხოვს, ერთი არ მოსულხარ ზოია დეიდასთან და არ გიხარებია. ძალიან მაწყენინებ იცოდე. - შევპირდი, მოვალ მეთქი. ერთი ის მოვიდოდა ხელის სათხოვნელად ჩომახაშვილების მამულში და მეორე მე მივიდოდი ზოიასთან ქორწილში დასაპატიჟებლად. კიდევ ბევრი ილაქლაქა ჩემს იდუმალ ბიჭზე და ოჯახის წევრების ნერვიულობაზე ჩემი ავადმყოფობის გამო. ამის შემდეგ კი ისევ იგივე კითხვა გამიმეორა. - რა დაუშავე ამ ვალეტებს დედი, რა ჭირი და სიკვდილი უნდათ შენგან, მაგათ არ ნახონ კარგი. დაგანებონ თავი თორე იქნება ისეთი წყევლა მივუვლინო საშვილიშვილოდ გავიმეტო. - ჩემი მოკვლა უნდათ? - ვკითხე ნახევრად ხუმრობით. თუ ასე იყო, მაშინ საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა დედა ზოიას მივლენილ წყევლასთან. მაგრამ მისი სახის გამომეტყველებამ და დუმილმა ხუმრობის ხალისი დამიკარგა. - შვილო, ბანკში ხომ არ მუშაობდი? - მკითხა და მაშინვე პირჯვარი გადაიწერა - ღმერთი, რჯული, სამარე ვარ. ენა იმისთვის მიბოძა უფალმა რომ პირი დავმუწო. ხომ გაგიგიათ, სიტყვა ვერცხლია, დუმილი ოქრო ბაჟაღლოო. მენდე შვილო, გეფიცები... - ბანკში არასოდეს მიმუშავია, ჩემთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესო პროფესიაა. - შევაწყვეტინე ტაქტიანად და საქმეც გავურთულე - თუ ფიქრობთ რომ რამდენიმე კაცს ფული გამოვძალე და მივიმალე, ცდებით. აბა რაში უნდა დამჭირვებოდა, თან იმხელა თანხა რომ მოსაკლავადაც დამდევდნენ. მაგრამ თუ ნამდვილად ხედავთ რომ მოვიპარე, არ დამიმალოთ. ვიცი, ბევრს მოვითხოვ, მაგრამ იქნებ ისიც მითხრათ სად მაქვს ის ფული რომ უკან დავაბრუნო... - ზოიას ზურგს უკან კამიმ ცერა თითი ამიწია მოწონების ნიშნად. - არადა, გამომძალველსაც რომ არა ჰგავს ეს ანგელოზივით ბალღი? - შესჩივლა ნათიას, რომელმაც სათანადო მიმიკა არ დააყოვნა - მაგრამ ფაქტია რომ შენ მაგათი გმართებს დედი. ეს ქვეყანა კი გადარეულებითაა სავსე, მაგრამ მთლად ტყუილად არავინ გამოგეკიდება მოსაკლავად. ერთი ნორმალურად მომიყევი, როგორ მოხდა ავარია? ვისი ბრალი იყო? - მეც გადმოცემით ვიცი. სატვირთო დაგვეჯახა. ტაქსის მძღოლს ხელი მოსტყდა, სატვირთოს მძროლი საღსალამათი გამოვიდა, მე კი... თავი დამიზიანდა, რამაც ამნეზია გამოიწვია. - ვუპასუხე გაზეპირებული ლექსივით და უხსნადი ყავა მოვსვი. - მოგიკვდეს ჩემი თავი! - შემომტირა ბებიაჩემივით და სიგარეტს მოუკიდა. - ღმერთს მადლობა რომ გადარჩი დედი, ამნეზიას ეშველება. ტვინი ისეთი რამაა, რეინგ... რენგ... ფუ... - რეგენერაცია - წავეშველე და კინაღამ გამეღიმა. მატყუებდა. მსმენია რომ ტვინის მკვდარი უჯრედების აღდგენა შეუძლებელია. - აკი გითხარი, განათლებული გოგო ხარ-მეთქი. - მითხრა ნიშნის მოგებით და პირთან მიტანილი ჭიქა ხელიდა გამომაცალა - სულ არ გადაყლურწო, დედი. მერე ძალიან მუქი ნალექი იცის და მუქი ფერი არ მიყვარს. თუ გინდა, კიდევ დაგალევინებ, გინდა? - აღარ მინდოდა. კიდევ ბევრი მოგვიყვა თუ რომელი ყავა იყო სასურველი ამ საქმისთვის და რამდენი უნდა დაგველია საჭირო ნალექი რომ მიგვეღო. თავი მარჩიელობის შემსწავლელ კურსებზე მეგონა. ნათია, ჰმ, ნათია ისე ისრუტავდა მის ყოველ სიტყვას, როგორც მტვერსასრუტი მტვერს და ღრუბელი წყლის წვეთებს. შემდეგ კი ამ ნაქები ნალექშემხმარი ჭიქის დროც მოვიდა და მოხსნა გუდას თავი. და რა მოხსნა... ნახევარზე მეტიც ვერ დავიმახსოვრე. იმ ბიჭის სახელი დ-ზე ან ღ-ზე იწყებაო. დათო, დევიდი, დაჩი... დევიდი არ ერქმევა. ღ... საერთოდ კი არსებობს ამ ასოზე ქართული სახელი? ღორი, ღიღილო, ღუნღულა, ღრუტუნა... სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში, მაგრამ ვაი რომ არც ერთი არ იყო კაცის სახელი. - ბალ-მასკარადები გიყვარს დედი? მთელი ჭიქა მასკებითაა სავსე. საითაც არ უნდა გავიხედო, ყველგან ამათ ვხედავ. - ოფლმა დამასხა. სწორედ ეს ნიღაბი იყო ბოლო წვეთი ზოიასთან რომ მოგვიყვანა. - სანამ თქვენთან მოვიდოდით... - პირი გამიშრა. ნერვიულობის დასაფარად ხელები მაგიდის ქვეშ შევყავი და ფეხებზე დავილაგე, როგორც ყოველთვის, მიშველა - ნიღბიანი დავინახე. მგონი წარსულის ფრაგმენტი იყო. არ ვიცი, სად ან როდის შევხვდი, მაგრამ ფაქტია რომ სადღაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, მემახსოვრებოდა. - რა იგრძენი? - დადარაჯებულივით მკითხა ზოიამ და მეორე ღერს მოუკიდა. - შიში. - ვუპასუხე უყოყმანოდ. - თვალებზე რას მეტყვი, უჩანდა? რას გრძნობდი როდესაც გიყურებდა, რა უნდოდა შენგან, რას გთხოვდა? - ფართოდ გახელილი თვალებით მიყურებდა. კარგი არაფერი. იქნებ ერთ-ერთი ვალეტი იყო... - შესაძლოა. - მიპასუხა ცოცხლად და ჩაახველა. - თქვენი აზრით, რას ნიშნავს ამდენი ნიღბიანი? - ხმა ამოიღო ნათიამ. - ბევრ რამეს. ხალხი, რომელიც ანას ეთამაშება. ეთამაშება განა კარტს და კლასობანას, არა დედი, ატყუებენ ამ გოგოს, თავს ისეთებად აჩვენებენ, როგორებიც არ არიან სინამდვილეში. შეიძლება შურთ კიდეც და ათასი მახინაციებით ცდილობენ ამის გულის მოგებას რომ მახე დაუგონ და უფსკრულში უკრან თავი, მაგათ არა ნახონ დღის სინათლე. მაგრამ მე უფრო მგონია რომ კარნავალზე იყავი და იქ რაღაც მოხდა. აჰა... აბა უყურე, მასკიანი ჯეელი თავზე ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ადგას. ვერ მოგატყუებთ რომ ეს ყმაწვილი ცუდი გულით უდგას ამ გოგოს. არა, ცოდოს ვერ ვიტყვი. მოდი აბა არათითი ჩამიყავი ჭიქის გულში... აჰა, - შესძახა ქალის ხმით და გული გადამიქანდა, მეგონა იტყოდა, კუბოს ვხედავ და შიგ შენ წევხარო. გადავრჩი! - ისევ ის შენი გულის სწორი. უყურე შენ რა ბიჭია, ლერწამივით ჩამოქნილი ხარ-ირემია სუფთა. იგეთი თვალები აქვს, რომ შემოგაფეთებს დაჯდომის მაგიერ წვები. სულ ცეცხლს აკვესებს თვალის ბუდეებიდან. - მე კი მაინც იმ აზრზე ვიყავი, რომ მყვარებოდა, არ დამავიწყდებოდა. - არა რაა, აბა ესეთ კაცს ჭკვიანი ქალი დაემალება? ვერაფერი გამიგია ამ ახალგაზრდების. გიქრით შვილო, გიქრით მაგ უტვინო გოგრებში. - ცერა თითის წატორვამ ჭიქაში ისევ ვალეტები მოიყვანა - რას ვფიქრობ, თუ იცი? - მკითხა ზოიამ - ესენი რომ გეძებენ და არა მილიცია, ეგაც კაია. მაინც იღბლიანი ხარ შვილო. დაივიწყე წარსული. წარსულში კარგი არაფერი ყრია. მომავალზე იფიქრე. ახალი ცხოვრება დაიწყე. ახალი მეგობრები, ახალი სამსახური და ეგ ვალეტებიც კლდეს ნახავენ და ჩაეყრებიან. სანამ გამოგვისტუმრებდა ჩემს ჭიქაში უკანასკნელად ჩაიხედა ჩემი უცნაური ბედის დასანახად და თავისთვის ჩაილაპარაკა: - მაინც რომ ვერ ვხედავ ავარიას? განა კი მოხდა საერთოდ? დათო, დაჩი, დუდუ, დოდო, დურმიშხანი, დანიელი... ღუდუშა... ღორი, ღიღილო, ღუნღულა, ღრუტუნა, ღილი... მაინც მგონია რომ დ-ზე უნდა ვიფიქრო. ღ-ზე ქართული სახელი მიხომაც კი არ იცოდა. არადა, კაცი ისტორიკოსია. ღუდუშაც მიხომ გაიხსენა. ზოიამ ფული არ გამომართვა, ნაყინები იყიდეთო. საყვარელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.