შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი სასახლე (I და V თავები)


12-04-2018, 01:17
ავტორი maryem
ნანახია 1 333

თავი 1
დილაადრიანად თითქოს სამოთხეში გადავინაცვლეო, მივაბიჯებდი მარმარილოებიან, რომელიღაც რომაელთა ნახატებითა და ძველბერძნული ქანდაკებებით სავსე დერეფანში. ეს მხოლოდ შესასვლელი იყო. რამდენჯერაც არ უნდა წარმომედგინა, თუ როგორი ზღაპრული იქნებოდა მომდევნო ოთახი, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, თუ რაოდენ მცირე ფანტაზიის უნარი მქონია... არადა, პირიქით მეგონა.
სინათლიდან უფრო დიდ სინათლეში ვინაცვლებდი. მაღალი ფანჯრებიდან შემოსული ზღვა სინათლე მტვერსაც კი აბრწყინვალებდა. მტვერიც კი ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, მისით ფილტვების გაჯერება მომინდა. ქრისტიანულ ტაძრებში რომ ჭერს ახედავ ხოლმე... რატომღაც ეგ მომაგონდა. არც წმინდანთა ცხოვრებამ, არც წმინდა წიგნებმა თუ საკმევლის საამო სურნელებამ, არამედ ამ სურათმა გააღვიძა ჩემში ღრმად მიძინებული ღმერთი, მომინდა შემეგრძნო და შევსვწდომოდი მას. მოულოდნელად ჩემს წარმოსახვაში აჟღერებული ორღანი ერთ-ერთი მცველის ხრიწინმა ჩაანაცვლა, კონსტანტინე გიბარებსო.
შემეშინდა.
მომერიდა.
მესიამოვნა.
შემრცხვა.
კვლავ შემე შინდა.
ჩვენში სხვაგვარად იყო, მეფეს სახელით არავინ მოიხსენიებდა, საერთოდ არავინ.
უფალი,
ბატონი,
მამა
და კიდევ სხვა უამრავი ეპითეტი თუ მეტაფორა.
კონსტანტინეზე უამრავი ამბავი თუ ლეგენდა დადის. ამბობენ, უბორკილო ლომი ჰყავს და მის დასაპურებლად, მისივე გალიაში, მცველების გარეშე შედისო.
ამბობენ!
კონსტანტინე კი უცნაური კაცი იყო. მკაცრი შესახედაობის, თუმცა ერთი შეხედვითაც იყო აშკარა, რომ თაგვის დანახვაც კი აშინებდა. მუდმივად თეთრები ეცვა. თეთრი მოსასხამი... თეთრი ჯოხი, ოღონდ ზურმუხტის თვლით. მოჩვენებასავით დაძრწოდა სასახლის კედლებს შორის ხოლმე, ჯოხს კი ისე ძლიერ ურტყამდა იატაკს, შეშინებული სასახლის ბაღის ყვავილებიც კი თავს ხრიდნენ. არ იყო ხანში შესული, თუმც ხელები ძლიერ დანაოჭებოდა. მის დანაოჭებულ კანს კი თანავარსკვალედივით შეჯგუფული ხალები ამშვენებდა.
მეფის ოთახისაკენ მაღალი, ქერათმიანი, ალბათ ჩემი ასაკის ბიჭი გამიძღვა. ერთი შეხედვით დაგამახსოვრდებოდა მისი გარეგნობა. უშნო სახე, თუმც იდეალური ნაკვთებით. თეთრი კანითა და ჩაშავებული უპეებით. გადაღლილი და მკვეთრი, ჭაობისფერი თვალებით. რამდენჯერაც არ უნდა შეგეხედა, გეგონებოდა ის-ის იყო ცრემლები მოეწმინდა. თუმც, მაინც მხიარულად და უდარდელად იყურებოდა აქეთ-იქით და ყოველ დეტალზე იღიმოდა, ან ჩაიცინებდა ხოლმე, თითქოს იმ სევდის საგულდაგულოდ დამალვას ცდილობდა, ერთი შეხედვითაც რომ ეტყობოდა უშნო სახეში ჩალაგებულ თითოეულ ლამაზ ნაკვთზე.
- ლუკას! - შემომეგება მეფე. სხვა ქვეყნის მმართველებისგან საგრძნობლად გამოირჩეოდა. ხელქვეითებს მეგობრულად ექცეოდა და მათგანაც მსგავს დამოკიდებულებას მოითხოვდა. ყველა სახელით მიმართავდა. მონაც კი.
- კონსტანტინე, როგორ ბრძანდებით? - ჩემში ორპირმა ადამიანმა გაიღვიძა და მზრუნველად მოიკითხა ბებერი მონარქი.
- მშვენივრად! როგორ მიდის სარაჰის ოთახის მოხატვა?
- სულ რაღაც ორი კვირის სამუშაოღაა დარჩენილი. გუშინ თქვენმა დამ, სარაჰმა, მოინახულა და კმაყოფილი დარჩა.
- მინდა, რომ ახლავე შეწყვიტო ეს საქმე! ყველაფერი სანდო მხატვარს გადააბარო, შენ კი ჩემს სამსახურში ჩადგე!
- შუა გზაში მივატოვო?
- დიახაც!.. გეორგე, -დაუყვირა მან თავის მსახურს- ვინმეს სასმელი მოატანინე, დილის მერე გამომშრალი მაქვს პირი!
ბებერმა მეფემ, რომელსაც თავი თეთრ მოსასხამში მტრედად წარმოედგინა, რეალურად კი ყველა მკვდარ, აყროლებულ კატას ხედავდა მასში, ოთახის გარშემო სიარული და რაღაცის ძებნა დაიწყო.
- მოგეხმარო, კონსტანტინე? - შესთავაზა ჩემს გვერდით მდგომმა ქერა მამაკაცმა, ცოტა ხნის წინ მეფის ოთახისკენ რომ გამომიძღვა.
- არა, დაგავიწყდა? ჩემს ნივთებს მხოლოდ მე ვეხები! - და უჯრის ქექვა თითების კანკალით განაგრძო.
მოულოდნელად ცისფერი საღებავით ჩემსკენ გამოიწია. გზაში მოკლე და სქელი თითი მასში ჩააწო და შემდეგ სახეზე , შუბლიდან ტუჩამდე, წამისვა.
- დღეიდან! - წამოიძახა აღტაცებულმა - შენი ცხოვრება ესაა, დედოფლის ოთახი უნდა მოხატო. ლურჯი, თეთრი... კიდევ რა ფერი დაგჭირდება?
- რაიმე განსაკუთრებული უნდა დავხატო?
- ოთახის ნებისმიერ კუთხეში უნდა გრძნობდე ზღვის ტალღებს. კარის გაღებისთანავე უნდა შეიგრძნო მისი სინესტე და საბერძნეთის სურნელი.
- სიტყვას გაძლევ, ოთახთანაც რომ ჩაიარო ზღვის ხმას გაიგებ! ასეთი სასიამოვნო რამ ჯერ არ გამიკეთებია.
- ჯერ მარიას ოთახს მოხატავ, შემდეგ კი, ნელ-ნელა, მთელ სასახლეს ტალღებში გაახვევ. მე მჯერა შენი. ახლა კი შეგიძლია წახვიდე.
უბედნიერესი ვიყავი, რადგან მეფეს ხელზე ამბორი არ უყვარდა და ბებერი თითების ლოკვა არ მჭირდებოდა. უმნიშვნელოდ დავუკარი თავი და ქრისტოფერთან ერთად ჩემთვის გამოყოფილი ოთახისაკენ წავედი.


თავი 2

- ქრისტოფერ, გამუდმებით ჩემთან ერთად უნდა იყო?
- როგორც კონსტანტინემ თქვა, მანამ, სანამ ისე არ შემეჩვევი და მენდობი, რომ ადევნების გარეშეც გარეშეც გაკონტროლო. - ჩაიცინა და ფუნჯი მომაწოდა.
- ე.ი. ჩემს მეგობრად დაგნიშნა?
- როგორც ჩანს.
- და ეს ყველაფერი რატომ მითხარი?
- იმიტომ, რომ ჩემს საქმეს ყოველთვის პროფესიონალურად ვასრულებ.
- ანუ ?
- დაივიწყე. ასეთ რაღაცებს მაინც ვერ გაიგებ. შენი საქმე მხოლოდ ესაა - ფერებით ემოციების გადმოცემა, ან ხატვა, იმიტომ რომ მუხლები არ მოგკვეთონ. - და ისევ გაიცინა.
- არ მიცნობ სწორად. - ქრისტოფერის სიტყვებმა იმედგაცრუებული დამტოვა. ერთ წუთში მეგობრობას მთავაზობდა, ახლა კი უსარგებლო არსებადაც კი არ ჩამაგდო.
- და საერთოდ გიცნობ?
- რამდენჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ერთად რამდენი დღე-ღამე გაგვიტარებია აქ, ამ სასახლეში. დაგავიწყდა?
- წიგნები იკითხე, მეგობარო! მეგობრობა ხშირ ნახვას არ ნიშნავს.
- აბა?
- ეჰ... ამიტომაც არ გყავს მეგობრები!
- ეს საიდან იცი? - ქრისტოფერი ჩემს სუსტ წერტილს შეეხო. მეგობარი არასდროს მყოლია. მთელი ცხოვრების განმავლობაში, პერიოდულად, მეგონა მყავდნენ, მაგრამ დრომ ყველა აქეთ-იქით მიმოფანტა.
- ვინმე რომ გყოლოდა, ასე ხშირად არ შეიცვლიდი საცხოვრებელ ადგილს, ამდენი დღის განმავლობაში ერთ წერილს მაინც გააგზავნიდი და ვინმე მაინც გეტყოდა, რომ საშინელი ვარცხნილობა გაქვს.
ვეღარაფერი ვუპასუხე. სარკეში თმა გავისწორე, ისე, რომ ქრისტოფერს არ შეემჩნია და ხატვა განვაგრძე. ერთ დროს ეს მართლა მანიჭებდა სიამოვნებას. მაშინ, როდესაც ღამ-ღამობით უმეგობრობითა და მარტოობით შებოჭილი ჩემს კვდომას ქაღალდზე გადავიტანდი ხოლმე. ახლა კი მხოლოდ მუხლების მოკვეთის შიშით ვხატავ. ვემორჩილები, რათა გადავრჩე. მაგრამ, რეალურად, არავინაა ისეთი, ვისთვისაც დარჩენა ღირს.
ახალმა მეგობარმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. გონებაში ისეთი რაღაცები მომდიოდა, რაზე ფიქრიც კი არ მაფიქრდებოდა. მივხვდი, რომ ცხოვრებისთვის ან აზრი უნდა მიმეცა და მისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე მებრძოლა, ან საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი და დასაკარგიც აღარაფერი მხოლოდა, მათ შორის არც მუხლები.
ფუნჯს უაზროდ ვიქნევდი და ლურჯ ხაზებს ერთმანეთში ვურევდი. ზღვა არა კედლებზე, არამედ ჩემს თვალებში წარმოიქმნებოდა. ქრისტოფერის თანდასწრებით ცრემლის გადმოგდება არ მინდოდა, ვცდილობდი, სახე გამეყინა და ზედ რაიმე სხვა, ნებისმიერი გრძნობა აღმბეჭვდოდა, გარდა სინანულისა და სევდისა.
ვნანობდი.
გასულ წლებს ვნანობდი.
უმეგობრობას ვნანობდი.
დაკარგულ დროს ვნანობდი.
ვნანობდი წარსულს, რომელსაც არანაირი სარგებელი არ ჰქონია, რომელსაც საერთოდ არაფერი მოუტანია ჩემთვის, თუმც მაინც მძიმე დაღი დამასვა.
წარსულში არსებული არაფრობა მკლავდა.
ამ საუბრის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.
აქამდე დამღლელი დღის შემდეგ ჩემს ოთახში, საწოლზე დასვენება მიყვარდა. ჭერს მივაშტერდებოდი ხოლმე. გაუპრიალებელ სარკესავით იყო, თუმც ყველაზე უკეთ მხოლოდ მას შეეძლო ჩემი არეკვლა. ჩუქურთმებით სავსე ჭერზე ყოველთვის ჩემი სულის ანარეკლს ვხედავდი. რაღაცა შტრიხებს გონებაში ვკრავდი და სილუეტს ვიღებდი. სილუეტი კი ცოცხლდებოდა და უფრო რეალური ხდებოდა, ვიდრე საწოლზე მყოფი პიროვნება. ის ჩემს დაფარულ სურვილებსა და მხარეებს აჩენდა, რომელთაც მე თვითონაც კი ვერ ვგრძნობდი. ახლა კი ვინ გავხდი? რად ვიქეცი? ამაზე დაფიქრებასაც კი გავურბოდი. პასუხი მართლა არ ვიცოდი. ძილის წინ ვცდილობდი სინათლეც კი არ ამენთო, შემთხვევით რომ არ მომეკრა თვალი ჭერისთვის. ერთგვარ ფობიად ჩამომიყალიბდა. მე კი დავწვებოდი მუცელზე, რომ მაღლა არ ამეხედა, ხელებით მუხლებს მოვიბჯენდი და ვითვლიდი...
ერთი...
ორი...
სამი...
...და ასე, სანამ ძილი არ წამართმევდა ხოლმე თავს.
ერთ დღეს კი, შემთხვევით, ამეხედა... ვერაფერი დავინახე, საერთოდ ვერაფერი. არაფრობა კი იზრდებოდა, რეალურდებოდა და უჩინარ მოსასხამსავით მეფარებოდა ზედ, სხეულზედ.
მეზიზღებოდა ეს სხეული.
გულს მირევდა ამაზრზენად დაკიდებული ხორცები.
ხორცი, რომელმაც სამუდამოდ აქ, ამ საწოლზედ, უჩინარი მანტიის ქვეშ დამტოვა...


თავი 3

სასახლეში დრო სწრაფად გადიოდა. გრილი, წვიმიანი დღეები ერთმანეთს მალ-მალე ანაცვლებდნენ. ქრისტოფერის გვერდით ყოფნა კი უკვე აღარ მაღიზიანებდა, პირიქით. როდესაც მის გარეშე ვიყავი, სულიერად მშივდებოდა. თითქმის სულ ერთად ვიყავით მარიას ოთახში. ვხატავდი, ის კი კითხულობდა. ვერც კი ვხვდებოდი, რას პოულობდა ამ წიგნებში ასეთ საინტერესოს, მაგრამ მათ მიერ, ასე ვთქვათ, აღზრილ ქრისტოფერთან საუბარი შინაგან სიამოვნებას მანიჭებდა. ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე, ძირითადად კი ჩემს ისტორიებს მაყოლებდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან აინტერესებდა დეტალები, უბრალოდ იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რომელმა ისტორიამ რა გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნებაზე. თავის თავზე კი არასდროს ლაპარაკობდა, არასდროს!
აივანზე მიყვარდა ყოფნა კიდევ. განსაკუთრებით დილაობით. ძალიან ადრე, სანამ ყველა გაიღვიძებდა და აქეთ-იქით სიარულს დაიწყებდა. მე კი ვიდექი აივანზე, მზის ამოსვლით ვტკბებოდი. მომწონდა, როგორ ეფინებოდა მისი შუქი ბაღს. ბაღი კი საოცრად ლამაზი იყო. კუთხეს ვერ იპოვიდი ეზოში, რაიმე ყვავილი რომ არ ყოფილიყო. ვარდების სურნელი ყველგან, საერთოდ ყველგან იგრძნობოდა. მათ შორის კი ქანდაკებები და მოსასვენებელი სკამები იყო ჩადგმული. ყველაფერი თეთრი ფერის. სწორედ ამ თეთრებზედ დაფენილი მზის შუქის ყურება მსიამოვნებდა. ასეთი ლამაზი იყო რეალურად ცივი, სასტიკი და უგრძნობი ვენიტატის სამეფო.

* * *
- და თვითონ მარია სად არის? - ვკითხე ქრისტოფერს.
- მიკვირს აქამდე რომ არ დაგვინახავს. ერთი თვე იქნება რაც ვენიტატში ჩამოვიდა, უფრო სწორად, ჩამოიყვანეს, დაატყვევეს, თუ როგორც ითქმის.
- დედოფალი?..ტყვე?..
- ააჰ...შენ მასზე საერთოდ არაფერი გცოდ...
- არ მოგიყოლია და! - გაოცებულმა შევაწყვეტინე წინადადება. მე ხომ ქრისტოფერის გარდა სასახლეში კონტაქტი თითქმის არავისთან მქონდა.
- მოგიყვები...-ამოიხვნეშა და ბაღში, ვარდების ბუჩქებს შორის ჩამდგარი სკამისაკენ შეუხვია. შემდეგ კი განაგრძო - კონსტანტინეს საბერძნეთი უყვარს. ძალიან უყვარს. ვენიტატში ზღვა არ არის, ამიტომ მის სანახავად ის ყოველთვის ბერძნულ ქალაქებში დასეირნობს. შემთხვევით გადააწყდა მას ქუჩაში... ცოცხალ ქალღმერთს... პირადად არასდროს მინახავს, მაგრამ, როგორც ამბობენ, მასსავით ლამაზი ცად არც მზეა და მიწად არც ყვავილი... პირველივე ნახვისთანავე ჩაჰვარდნია მარია კონსტანტინეს გულში და დღისით, მზისით, მოუტაცებია. აქ ჩამოიყვანა, იძულებით ცოლადაც შეირთო. ძალიან უჭირს დედოფალს აქ. ენატრება ბერძნულ პეიზაჟები, ზღვის სანაპიროებზე სეირნობა...პირველი დღეები ოთახიდან არც კი გამოდიოდა, ტიროდა, დარდობდა, გლოვობდა. სრულიად ახალგაზრდა მოაშორეს ის მშობლებს, თანატოლებს, სამშობლოს და აქ, ამ უღმერთო და ჩახუთულ სასახლეში გამოკეტეს. ბოლო დღეები კი გამოვიდა, დანებდა, ცდილობს შეეგუოს ახალ ყოფას და მაქსიმალურად მიიღოს სიამოვნება ნებისმიერი წვრილმანისაგან. წიგნებს კითხულობს, სასახლესა და მისი ბაღის მიდამოებში დასეირნობს, ყველაფერს რომ ისე შეეგუოს, რომ თავი შინ იგრძნოს. მაგრამ ზღვას ხომ მაინც ვერავინ და ვერაფერი შეუცვლის. ამიტომ მოგიხმო კონსტანტინემ, რომ მარიას როგორმე დარდი შეუმსუბუქოს. ეჰ,როგორი სულელია ეს ჩვენი მეფე, რა იცის მან დარდის, სიყვარულისა და მონატრების. ჰგონია, შენი ნაჯღაბნი...
- მე არ ვჯღაბნი! - შევუყვირე გაბრაზებულმა და რაღაც უხეშადაც ვუთხარი, მან კი უბრალოდ გაიცინა. უბრალოდ გაიცინა. ის ხომ ქრისტოფერია... როგორ მაღიზიანებდა ჩემი მეგობარი ხოლმე, ან სულ. როგორ შეეძლო ასე უემოციოდ მიეღო ყველაფერი, ყვირილიც, დაცინვაც, რისხვაც, საერთოდ ყველაფერი და პასუხად მხოლოდ გაეცინა ან არც კი შემოეხედა შენთვის და უბრალოდ თავი დაექნია. არ ვიცი კონფლიქტს არიდებდა თავს, თუ არ აინტერესებდა რას ვეტყოდი ხოლმე, მაგრამ ფაქტია, ქრისტოფერს არც ჩემი და საერთოოდ არც არავის სიტყვები და ქცევები არ უტოკებდა წარბს. უგრძნობი იყო. ზოგჯერ აღარც კი ვუსმენდი ხოლმე, როცა მშვიდი, აუღელვებელი სახით განაგრძობდა ხოლმე ტრაგიკული ისტორიების თხრობას.
- აბა, რას შვრები? - უფრო გაკვირვებული, ირონიანარევი სახით შემომხედა.
- მე ხელოვნებას ვქმნი! - ვუპასუხე თავდაჯერებულმა.
- მხატვრობა ხელოვნება არაა!
- და მაშინ რაღაა ხელოვნება?
- ოდესმე თეატრზე, მუსიკასა და პოეზიაზე გსმენია რამე? ესაა ჭეშმარიტი ხელოვნება. ხელოვნებაა ამ ყვავილების სილამაზე, ამ ცეცხლოვნი ბურთის ნათება, -და მზისკენ აიხედა - როდესაც თავის სხივებს გარშემო სტყორცნის და არე-მარეს ოქროსფრად ანათებს, ხელოვნებაა ისიც, რომ კონსტანტინე ასე უაზროდ გაჯღაბნინებს რაღაცას და ისიც, რომ მიუხედავად შენი ბანალური შეხედულებებისა და შემდეგ ჩემი სარკასტული საუბრებისა, მაინც გვიყვარს ერთმანეთი. ხელოვნებაა უმიზეზოდ, გაუმიზნავად გამოხატული ყველა ემოცია თუ მოვლენა. და ამის შემდეგ გინდა მითხრა, რომ ის რასაც ყოველი მეორე გააკეთებს, რაც წლები უნდა ხატო, ქიმიური ნივთიერებების და საღებავების შერევის შედეგად, ხელოვნებაა?! ამაში ვერასდროს დამარწმუნებ!
- ანუ გიყვარვარ?
- ვიცოდი, რომ ჩემი საუბრიდან მეტს ვერც ვერაფერს გაიგებდი!
- ლექსი არასდროს დამიწერია.
- იმიტომ, რომ ნამდვილი ემოცია არასდროს გქონია...ოდესმე გყვარებია?
პასუხი არ მქონდა. მე ხომ არც კი ვიცოდი, რა იყო სიყვარული.

თავი 4

შემოდგომისას ოთახის ორი კედელი უკვე სრულად მქონდა მოხატული.
იმ საღამოს კონსტანტინე შემოვიდა ჩემს ოთახში, აღფრთოვანდა ჩემი ნაშრომით და პირადად სადილზეც კი დამპატიჟა, მარიაც იქნებაო.
მაშინვე ქრისტოფერთან გავვარდი, შინაგანად აღტაცებული.
კონსტანტინესთან სადილი არც თუ ისე დიდ სიამოვნებას წარმოადგენდა, ამპარტავნულად გაიბღინძებოდა ხოლმე, თავის წინ გამოწეულ მუცელს ამაყად შეათვალიერებდა და მორჩილ გეორგეს ყოველ ორ-სამ წუთში ერთხელ სასმისის ღვინით შევსებას უბრძანებდა. უნდა წარმოგედგინათ როგორი ბედნიერი იყო როდესაც მისი მორჩილი ამ დავალებას შეუსრულებდა. არა იმიტომ, რომ მყრალ ნივთიერებას გადაუშვებდა ორგანიზმი. იტყოდა, ნახეთ, როგორ მემსახურებიან, როგორ ვუყვარვარ ყველას. არც კი მინდოდა მარია, რომელიც ჯერ კიდევ არ მყავდა ნანახი, მის გვერდით წარმომედგინა. ხანდახან ის გეორგეზე მეტად საცოდავი მეგონა, მაგრამ როგორც კი მსგავს რამეს გავიფიქრებდი, მაშინვე ჩემს თავს შევსძახებდი ხოლმე : „გეყო!“
მარიაზე კი ბევრს ვფიქრობდი.
ზედმეტად ბევრსაც კი.
მაგრამ როგორც კი გონებაში მას შევკრავდი და ზღვის ნაპირას სეირნობისას, თეთრ კაბაში, წარმოვიდგენდი მაშინაც საკუთარ ფიქრებს ვფანტავდი: „გეყო!“
ბავშვობაში, როდესაც მშობლები ჯერ კიდევ ცოცხალი მყავდა, მამას ტაძარში დავყავდი ხოლმე. რელიგია ყოველთვის სისულელედ მიმაჩნდა, მაგრამ მახსოვს, წინა დღით ყოველთვის საგულდაგულოდ ვემზადებოდი. მიყვარდა ეკლესიაში სიარული, საკმევლის სურნელი და ყველაზე მეტად სიწყნარე, სიმშვიდე, ჰარმონია და სხვადასხვა ფრესკის დეტალურად დათვალიერება. ტაძარში წასვლა ჩემთვის დღესასწაულივით იყო. რაღაც ისეთისკენ მივისწრაფვოდი, რაც რეალურად არც კი მყავდა ნანახი, შეცნობილი. მაგრამ მაინც წარმოვიდგენი ხოლმე უფალს, თუ როგორი დიდებული შეიძლებოდა ყოფილიყო, თუკი მართლა არსებობდა.
ახლაც იმავეს ვგრძნობდი.
ზუსტად იმავეს!

* * *
მიუხედავად იმისა, რომ სამი დღე თითქმის მშიერი ვიყავი და კონსტანტინეს სადილიც, ალბათ, მადისაღმძვრელი იყო, ყელში გულისრევის შეგრძნება მძვინვარებდა და იმის სურვილიც კი არ მიჩნდებოდა, რომ სუფრაზე დალაგებული კერძებისა თუ ტკბილეულისთვის თვალი შემევლო. თითქოს დანის წვერზე ვიჯექი, ან მუხლამდის ეკლები მქონდა შემოხვეული.
„ნუ ნერვიულობ!“
„არა ლუკას, არ ნერვიულობ!“
„მშვიდად ხარ!“
მგონი პირი მიშრებოდა.
„არა!“
„წყალი მოსვი და ვეღარ იგრძნობ!“
წყალი...წყალი... ახლა-ღა გამახსენდა თუ რა მაწუხებდა.
„წყურვილი გაწუხებდა?“- ამჯერად ეს ჩემი, ლუკასის, შინაგანი ხმა აღარ იყო. თითქოს ქრისტოფერი ჩამისახლდა გონებაში და სარკასტული კომენტარებით მეგობრულ თანაგრძნობას ცდილობდა...როგორც ყოველთვის...
წყლის ძებნა დაბნეულმა დავიწყე. ხელებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და მათ ხან ხილს დავაჯახებდი და ხან უბრალოდ ჰაერში ვამოძრავებდი.
- ლუკას, დახმარება ხომ არ გინდა?- მკითხა მეფემ.
- არა კონსტანტინე... კი... წყალი მინდა...
წყლის დოქი თურმე ჩემს გვერდით მდგარა. ბებერმა მეფემ თავად შემივსო ჭიქა, გამიღიმა და მითხრა:
- მარიას შეაგვიანდა, მაგრამ მოვა. მინდა, იცნობდე.
და თითქოს პასუხმა დამაკმაყოფილა. შინაგანი ფორიაქი მშვიდმა ლოდინმა ჩაახშო.




...



....
წამები წუთებად იქცა
წუთები საათებად
და დავინახე
...
ოთახში მარიამ შემოაბიჯა. უმალ ვიცანი... სხვა მასსავით დიდებული ვერ იქნებოდა
ყოველთვის, როცა გონებაში მის სილუეტს ვკრავდი, წარმოვიდგენდი როგორ დადიოდა, სიარულისას ხელებს როგორ ამოძრავებდა, ღიმილისას ლოყები როგორ ეკვეთებოდა, თითებით როგორ ისწორებდა თმას
თითქოს ზუსტად ისეთი ყოფილიყოო.
და თუ სადღაც ღმერთი არსებობდა, ის მას ასეთ ყოფას არ არგუნებდა
სკამზე დაჯდომისას თხელ კაბაში მისი სხეულის დეტალები მომხვდა თვალში
თითები ნაზად შეახო თმას და მხრებს უკან გადაიყარა. ზღვაში ჩამავალ მზესავით ერწყმოდა მისი გრძელი, წითური თმა ცისფერ კაბას
მშვიდი ზღვა.
მაგრამ ჩახედავდი თუ არა ზღვისფერ თვალებში აბობოქრებული ოკეანის ზვირთები დაგახრჩობდა. არა, მისი თვალები მრისხანებას არ სტყორცნიდნენ. თითქოს ადიდებული ტალღებივით ირწეოდნენ და მიწიდან მოწყვეტასა და შველას ითხოვდნენ.
დამუნჯებული კადრები კონსტანტინემ გაარღვია:
- ლუკას, გაიცანი, ეს მარიაა, ჩემი მეუღლე! - დანაოჭებული ხელი მისი თითებისკენ წაიღო და ამაყად გაიმართა მხრებში.
- სს..სასიამონოა თქვენ..ნი გაცნობ..ა. - ძლივს ამოვილუღლუღე.
- ლუკას, ნუ ნერვიულობ. მასთან შეგიძლია თავისუფლად იყო, ის ხომ ჩემსავით ლმობიერი ადამიანია.
ახლა კი მეტი თავდაჯერების მიცემა გადავწყვიტე საკუთარი თავისა და სიტყვებისთვის:
- თქვენი ოთახი... ოთახი მზად იქნება... ზაფხულს... შეგიძლიათ ნებისმიერ დროს იხილოთ! - მოკლე-მოკლე წინადადებებს ვისროდი რათა უფრო ნაკლები უაზრობა მეთქვა და ვფიქრობდი, ასე ღელვა ნაკლებად შემეტყობოდა. მაგრამ ჩემთვის აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუ ვინ რას იფიქრებდა ჩემზე, რამდენად ლამაზად მოხვდებოდა კონსტანტინეს ყურს ჩემი ფრაზები ან რას მოვუყვებოდი ქრისტოფერს ჩემი მეფესთან შინაურული საუბრის შესახებ. ისევ მოლოდინმა შემიპყრო. მე ხომ მისი ხმა გაგონილიც კი არ მქონდა.
- სიამოვნებით... - დაბალი, საშუალო ტონის, სასიამოვნოდ ვიბრაციული ხმით მომიგო და მისი ხმის გაგონებისას მასთან ერთად მარტო ყოფნა და ამავე ხმით თბილი სიტყვების მოსმენა მომინდა...მისმა ხმამ სამყაროში ყველაზე მწველი უდაბნოს სიმხურვალე და ყველაზე ცივი ყინულისაგან გამოწვეული ტკივილი ერთდროულად შემაგრძნობინა...ოღონდ არა გარედან, არამედ ჩემში, შიგნიდან...შიგნიდან გასკდა ეს... „გეყო“!
გადაწყდა. მარიას ხვალ საღამოს კვლავ ვიხილავდი.
სწორედ იმ ღამით, ვახშმის შემდეგ, მივხვდი, რომ ყველაზე სუსტი გრძნობა ლოდინი ყოფილა.

თავი 5

მარია აქ იყო
მარია ოთახში იყო
მანამ, სანამ მარიას კედელზე გამოსახული ზღვა ღრმა ნოსტალგიებს აღუძრავდა მე შემეძლო, მისთვის უსასრულოდ მეყურებინა და დავმტკბარიყავი... მარია ხომ ყველაზე გენიალური ხელოვნების ნიმუში იყო იმ ხელოვნების ნიმუშთაგან რაც ოდესმე სამყაროს სამყაროში შეუქმნია.
- მეზღვაურო ქალბატონო, გავისეირნოთ, თუ , რა თქმა უნდა, უკვე დატკბი ამ ნათითხვნის ცქერით. - გენიალური იდეა მიაწოდა მეფემ მეუღლეს.
- ჯერ არა!- ისეთი ხმით უპასუხა ქალმა, რომ აღარცაა საჭირო იმის აღწერა, თუ როგორ შეხედა მან კაცს, რომელსაც სამყარო უჩოქებდა.
- კარგი, - მორჩილად დახარა კონსტანტინემ თავი და ახლა ქრისტოფერს შეხედა- სალაპარაკო გვაქვს!
მე კი კიდევ ერთხელ მოვექციე ლოდინის ტყვეობაში და წამების მეათასედებს ვითვლიდი იმ მომენტამდე, როდესაც მე და მარია მარტოდ დავრჩებოდით. და მაშინ, როდესაც ეს წუთი დადგა მორიდებით შევსჩივლე:
- თქვენს მეუღლეს ჩემი ნაშრომი მგონი არ მოსწონს...
- მგონი, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ჩემი და კონსტანტინეს აზრები ერთმანეთს ემთხვევა.- უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან და სიტყვებით ჩემში ის სიცარიელეც გააქრო, რომელიც წასვლით უნდა დაეტოვებინა.
ასე ჩაირა ცოლ-ქმრის, რომლებიც იმდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რამდენადაც ერთმანეთს ჰგავდნენ, სტუმრობამ, აღარც ქრისტოფერი იყო ჩემს გვერდით საუბრით გული რომ დამეამებინა. კუთხეში, ფანჯარასთან ჩემი მეგობრის წიგნი ეგდო. ვიფიქრე, სიცარიელე რაიმე აქტივობებით შემევსო და წიგნისთვის თავის ადგილის მიჩენა გადავწყვიტე, ზედ დაწერილი რამდენიმე ასო გავარჩიე კიდეც: “ლ“, „ს“ და „ო“, ეს ალბათ „ლესანტოს ქრონიკები“ იქნებოდა, რომლის სახელსაც იგი ხშირად ახსნებდა. მალევე მივხვდი, რომ ასეთი უაზრო და ხელოვნურად აწყობილი ფიქრები თუ ქმედებები არაფრის მომტანი იყო ჩემთვის და თავს უფრო უსარგებლოდ მაგრძნობინებდა.
ამის მერე აღარც კი მახსოვს რა მოხდა
ან როგორ
გონს მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოვედი და მაშინვე ქრისტოფერის შეშფოთებული და შეწითლებული სახე გადამეშალა:
-შენ რა, მართლა გაგიჟდი??- ყვიროდა და ცხვირწინ ფუნჯს მიქნევდა- ეს რატომ ჩაიდინე?
ვერც კი მივხვდი თუ როდის მოვახერხე მთელი კედლის გათეთრება, მაგრამ ეს ნამდვილად მე ჩავიდინე, უარყოფას აზრიც არ ჰქონდა,რადგან მთელი ტანსაცმელი, სხეული და ფრჩხილებიც კი თეთრად მქონდა მოთხაპნილი.
-იცი?? მე...მმმ...
-შენ დედოფალი შეგიყვარდა.
-არა!
-კი!
-არა!
-მე ვიცი რა სისულელის ჩადენა შეუძლია შეყვარებულ ადამიანს!
-შენ საერთოდ არ გაქვს გრძნობები!
...
ესეც ჩავიდინე!
ერთადერთმა მეგობარმა უკანმოუხედავად მაქცია ზურგი და ფუნჯი, რომელიც ხელში ეჭირა, სახეში მესროლა:
- ერთი ლაქით მეტი შენ უკვე ვეღარ შეგცვლის.

...
მახსოვს, ის ღამე გავათენე. კედლის პირისპირ დარჩენილი მთელი ამ დროის განმავლობაში ვუმტკიცებდი თავს, რომ არ შევმცდარვარ. თვალებში მხოლოდ საღებავები ირეკლებოდა, ხელები, თითები, ნელ-ნელა ზვირთებში ეხვეოდა. ლურჯი...თეთრი...ლურჯი...თეთრი....მეტი თეთრია საჭირო... შავი...თეთრი... მხოლოდ ხაზები, ისევ ხაზები...ფერები ერთმანეთში ირეოდა.
წითელი
წითელი მჭირდება
წითლის გარეშე არაფერი გამოვა
აქეთ-იქით ვაწყდებოდი კედლებს საღებავის ძიებაში, თუმცა ამაოდ.
არა, ხვალ დილამდე ისევ იმდენი უნდა ეხატოს, რამდენიც გუშინ იყო!
ხელში დანის მეტი აღარაფერი მომყვა.
შეძელი!
შევძელი და დანა ხელზე დავისვი.
წითელი უკვე მქონდა. ფუნჯად ქცეული პეიზაჟს ძლიერ მივეკარი და სამუდამოდ დავრჩი ზღვის ტალღებში...ცისფერი სასახლის კედლებზე...


მეორე დილით სასახლის დერეფნებში დავბორიალობდი და ყველა კუთხეში მარიას ჟღალი თმის პოვნის იმედით ვაჩერებდი მზერას. გზად ქრისტოფერი გადამეყარა. მინდოდა გამეჩერებინა, დავლაპარაკებოდი, ყველაფერი ამეხსნა მისთვის და პატიება მეთხოვა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო... მარია უნდა მომეძებნა.
რამდენიმესაათიანი ძიების შემდეგ მხოლოდ ის შედეგი დადგა, რომ ქრისტოფერს ზუსტად ოთხჯერ გავუარე გვერდი, მისი დანახვისას კი უხერხულად ვიშმუშნებოდი, რადგან მისთვის სიტყვის თქმისაც ისე მრცხვენოდა, როგორც გვერდის უხმოდ, უცხოდ გავლისა.
- ბიბლიოთეკაშია!- როდესაც მომიახლოვდა გადმომიჩურჩულა და უმალ გაქრა.
მეც დრო არ დამიკარგავს და მაშინვე კიბეებზე ჩავირბინე. სისწრაფეში გამოსახულებას ორად, ან უკვე სამადაც კი, ვხედავდი და ერთადერთი, რასაც ვცდილობდი ის იყო, რომ ბიბლიოთეკამდე შედარებით ლამაზს მიმეღწია.
- დედოფალო! - შევვარდი ხმამაღალი, ფორიაქნარევი საუბრით და ისედაც გულაჩქარებულის საგულემ სხეულს გარეთ გადმოინაცვლა.
- რა გაყვირებს!- უხეშად მომიგო მარიას დაცვამ. - ის მეჭურჭლე არაა და არც მონა-ქალი.
- თუ მხატვარია, მოვიდეს და...- მას წინადადებაც კი არ ჰქონდა დასრულებული, რომ უკვე მის წინ ვიდექი.
მოულოდნელად თავი იმ მამაკაცად ვიგრძენი, რომელშიც პატარა ბავშვი ცხოვრობს. ჯერ მისი თითები შევათვალიერე, გრძელი და თეთრი, მზერამ მისი ლავიწიდან ტუჩთან გადაინაცვლა და ამ დროს ჩემს თავს შევჰყვირე: „გეყო!“. მხოლოდ ორი სიტყვის ამოლუღლუღება მოვახერხე:
- ჩემო დედოფალო!- ვეხვეწებოდი, რომ გამომყოლოდა, როგორც ბავშვებმა იციან ხოლმე. ის კი მპასუხობდა- გუშინ შენთან ვიყავი, მას შემდეგ რა უნდა შეცვლილიყო?!
ბოლოს კი დავიყოლიე.
ერთი სული მქონდა, როდის გაემიჯნებოდა საბოლოოდ მისი კონსტანტინეს აზრები ერთმანეთს.
- სიტყვები არ მყოფნის...მართლა!- ამაყად იყურებოდა. ის ჩემით ამაყობდა.
ვხედავდი, თუ როგორ უთრთოლდებოდა გული მკერდის ქვეშ და როგორ ცახცახებდა მისი მოთეთრებული მხრები.
- ზღვა ოდესმე გინახავს?- მკითხა მან.
- ...
- ასე მხოლოდ ის დახატავდა ვისთვისაც ზღვა ერთდროულად ტკივილს იწვევს და აამებს მას.- არ დაელოდა ჩემს პასუხს არც წეღან და არც ახლა და ისევ დადუმებული დამტოვა ოთახში მარტო... ცისფერი სასახლის კედლებს შორის.



№1  offline მოდერი N1penguin

scream scream მართლა ძალიან საინტერესო და განსხვავებული წერის სტილი გაქვს. მკითხველს გაოცებულს ტოვებ blush blush

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რა სასიამოვნოდ წავიკითხე. არჩვეულებრივად გამოგდის წერა, ძალიან დახვეწილი და გამართული ნაწერია.

 


№3  offline წევრი maryem

N1penguin
scream scream მართლა ძალიან საინტერესო და განსხვავებული წერის სტილი გაქვს. მკითხველს გაოცებულს ტოვებ blush blush

გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. იმედია, დანარჩენი თავებიც მოგეწონებათ ^_^

Chikochiko
რა სასიამოვნოდ წავიკითხე. არჩვეულებრივად გამოგდის წერა, ძალიან დახვეწილი და გამართული ნაწერია.

დიდი მადლობა! მიხარია რომ მოგეწონათ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent