შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამერვე თავი)


22-04-2018, 16:26
ავტორი murachashvili
ნანახია 3 655

როგორც უკვე აღვნიშნე, სამგზავრო ავტობუსები გზის გასწვრივ, ერთ მწკრივად განლაგებულნი ელოდნენ მგზავრებს. ორ ჯგუფად გაგვყვეს. უკვე გადაწყვეტილი იყო, პირველ ეტაპზე ვერტმფრენები გაფრინდებოდნენ, მათი დანიშნულების ადგილზე მშვიდობით ჩასვლის შემთხვევაში (რაც ვაღიარებ საკმაოდ ეეჭვებოდათ), ავტობუსების კოლონაც დაიძვრებოდა.
რადგან იქ მყოფთა უმეტესობა დიდი საბრძოლო გამოცდილებით ვერ დავიკვეხნიდი, ოცეულებად დაგვყვეს, თითოეულ ოცეულს შედარებით გამოცდილი მებრძოლები მეთაურობდნენ. როგორც ტერიტორიის მეტ-ნაკლებად მცოდნე, პირველივე, ვერტმფრენით წამსვლელ ნაკადში მოვხვდი. მეთაურად თბილისიდან ჩვენთან ერთად წამოსული უსახელო, პაგონებიანი მამაკაცი დაგვინიშნეს. თუმცა გატყუებ, მისი ვინაობა უკვე ვიცოდით. არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენი მუდამ დაბღვერილი მეთაური პაპუნა ხარებავა გახლდა.
- ხარებავა? - მამამისის ბრძოლის მეგობრის გვარის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა ნინოს - გიორგი ხარებავას რა იყო?!
- ტყუპის ცალი. დიახ, ესოდენ კარგად ნაცნობ ჟორიკას ტყუპის ცალი ჰყავდა, ძმები ხარებავების საგმირო საქმეები მათ პიროვნულ ღირსებებზე მეტყველებდა. თუმცა ტყუპზე და მათ საბრძოლო დამსახურებებზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს, ისევ ჩვენს ისტორიას მივუბრუნდები.
ხრიგინ-ხრიგინით, ხმაურით დაეშვა სამხედრო ბაზაზე სამი ვერტმფრენი.
ბრძანებისთანავე ბეჭებზე მოვირგეთ პარაშუტები და გასაფრენად ჩვენთვის განკუთვნილ ადგილებზე მოვკალათდით. თუმცა მფრინავები რატომღაც გაფრენას არ ჩქარობდნენ. რადიოგრამაში რაღაცას გადასცემდნენ, ჩვენთვის გაუგებარი ტერმინებით აშკარად სავარაუდო დაფრენის კორდინატებს ათანხმებდნენ. ფერად-ფერად, სხვადასხვა ზომის ღილაკებს ამოწმებდნენ, ნელ-ნელა ვერტმფრენებმა ჰაერში აწევა დაიწყეს, თუმცა ბაზის დატოვებას მაინც არ ჩქარობდნენ. ის-ის იყო უკანასკნელი ვერტმფრენიც უნდა აფრენილიყო, რომ შტაბის შენობიდან ერთ-ერთი ჯარისკაცი გამოვარდა. ზემოდან ვხედავდით მფრინავს ქოშინით, ხელების ქნევით რაღაცას რომ უხსნიდა, მართალია ჩვენ მისი სიტყვები არ გვესმოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მოულოდნელად მფრინავმა თითქმის დაძვრამდე მისული ვერტმფრენი გამორთო.
- რა ხდება? - დაძაბული ხმით ჩაეკითხა რადიოგრამაში მოსაუბრე მფრინავს პაპუნა.
- ფრენა გადაიდო! - მფრინავმა დაჟინებით მომზირალ ხარებავას მზერა ისე აარიდა, თითქოს ბრძანების გაცემა მის გამო მოხდა.
რამდენიმე საპატიო წრე სამხედრო ბაზის ეზოს დავარტყით და ისევ საწყის ადგილს დავუბრუნდით.
- რა ხდება? - ამჯერად ეზოში მდგომ ბაზის უფროსს ჰკითხა მეთაურმა.
- გუდაუთის რუსული ბაზიდან მოვიდა მუქარა, თუ აფრინდებით, ჩამოვაგდებთო.
- გვემუქრებიან კიდეც?! - აცახცახებული უწმაწურად იგინებოდა პაპუნა.
ასე აბარგებულები, გასაფრენად გამოწყობილნი კაი ხანს ველოდით აფრენას.
ვხედავდით ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ პოულობდა ხარებავა, სიგარეტის ღერს-ღერზე ეწეოდა და დაძაბული ისეთი მტრული თვალებით მისჩერებოდა შტაბის შენობას, თითქოს იქ ეგულებოდა დასამარცხებელი მტერი. მისი შფოთვა იმდენად გადამდები იყო, რომ ადგილზე ვეღარ მოვისვენე, მოვიხსენი მხრებზე დამაგრებული პარაშუტი და ეზოში ჩავხტი.
- რა ხდება?! - ამჯერად მე ჩავეკითხე მეთაურს.
ერთი კი შემომხედა ბღვერით, მაგრამ ჩემსდა გასაოცრად დასმულ კითხვაზე მიპასუხა:
- ჩამოგდების შიშით, გაფრენისგან თავს იკავებენ.
- ანუ შეიძლება დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავფრინდეთ?!
- დღეს გაგრაში თუ არ ჩავალთ, აფხაზეთს დავკარგავთ.
- უსიკვდილოდ დავკარგავთ! - უხალისოდ დაეთანხმა მფრინავი.
- ასეთი მუქარის წერილი ნებისმიერ დროს შეიძლება მივიღოთ. რუსებს უფლება რომ მოვცეთ, თბილისსაც სიამოვნებით აიღებენ. უბრალო რისკის ამბავია, - ხელოვნური უდარდელობით აღვნიშნე - ან უნდა წავიდეთ ან - არა. რა თქმა უნდა, წასვლა სჯობს.
ალბათ, მთლად ჯანმრთელის შთაბეჭდილებას არ ვტოვებდი, ყოველ შემთხვევაში ჩემს შერაცხადობაში აშკარად ეჭვი შეეპარათ.
- მთლად ნორმალური არ უნდა იყო! - უტყუარი დიაგნოზი დამისვა ერთ-ერთმა მეთაურმა.
თუმცა მისი შეფასება დიდად არ მაღელვებდა, გამომცდელი მზერით ვაკვირდებოდი მომღიმარ ხარებავას.
- რას ერჩით, მართალია ეს ბავშვი?! სხვა გზა მაინც არ გვაქვს, უნდა გავრისკოთ. ისედაც საღამოა, სულ მალე შებინდდება, შეუმჩნევლად მოძრაობა არ გაგვიჭირდება. - ხმამაღლა მსჯელობდა ის.
- თუ სტადიონამდე მიგვიყვანთ, უხმაუროდ დაშვებას პარაშუტებითაც შევძლებთ! - გამოცდილი მებრძოლივით ვგეგმავდი მე - ნებისმიერი ბილიკი ზეპირად ვიცი, იქიდან შეუმჩნევლად გამოსვლა არ გაგვიჭირდება.
არ ვიცი, რა მაძლევდა მსგავს სითამამეს. ახლანდელი გადასახედიდან მგონია, რომ რაც უფრო არიფი და გამოუცდელი ხარ, მით უფრო ბევრს იღებ საკუთარ თავზე. გამომცდელად მიმზერდა თვალებში ხარებავა, შემდეგ ირონიულად გაეღიმა, კმაყოფილმა გასრისა თითებში მოქცეული მორიგი სიგარეტის ღერი.
- კეთილი. ამდენი ხალხის გაფრენას აზრი ისედაც არ აქვს. რადგან დიდი რისკია, ათნი გავფრინდეთ. აბა, კიდევ ვის აქვს სურვილი ჩვენთან ერთად წამოსვლის? - დაძაბულმა მოავლო თვალი ვერტმფრენებში მჯდომ ჯარისკაცებს.
ჯარისკაცები ხმაურით წამოიშალნენ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მსურველი მოსალოდნელზე ბევრად მეტი გამოჩნდა. საბოლოოდ ათეულის შესარჩევად კენჭისყრაც კი დაგვჭირდა. შესაშური სისწრაფით დაამტვრიეს ასანთის ღერები. რვა გოგირდის თავიანი ასანთის ღერი უთავო ღერებთან ერთად დახურულ, გაუჭვირვალე კოლოფში მოათავსეს, პოტენციური გაფრენის კანდიდატები სათითაოდ, რიგ-რიგობით იღებდნენ ღერებს. ისინი, ვისაც გოგირდის თავიანი ასანთის ღერი შეხვდა, ჩვენთვის გამოყოფილ ვერტმფრენში თავსდებოდნენ.
ერთად-ერთი რაც იმ სიტუაციაში გვეხმარებოდა ალბათ, ის იყო, რომ ფიქრის საშუალება არ გვქონდა. ინსტინქტებზე აყოლილნი ბრმად ვასრულებდით ბრძანებას. გვეტყოდნენ ჩასხედითო - ვჯდებოდით, გვეტყოდნენ გადმოდითო - გადმოვდიოთ. სახეზე სულელური ღიმილი აგვეკრა და ისე გვიხაროდა რჩეულთა შორის ყოფნა, თითქოს დანიშნულების ადგილას საომარი მდგომარეობის ნაცვლად თბილი და კომფორტული სასტუმრო გველოდა.
ჩვენმა დადებითმა განწყობამ ხარებავაზეც იმოქმედა.
- ზუსტად ვიცი რომ მოვახერხებთ, მფრინავი კი გვყავს მხეცი!... - მეგობრულად უტყაპუნებდა მხრებზე ხელებს ყურებამდე გაბადრულ, დაბალ ღიპიან მამაკაცს - ჩვენს შეტყობინებას დაელოდეთ, თუ დანიშნულების ადგილამდე ჩავფრინდით... - წინადადება აღარ დაუსრულებია.

ილუმინატორებიდან სუნთქვა შეკრულნი გადავყურებდით ხელისგულივით გადაშლილ აფხაზეთს. უკან გვრჩებოდა სიმწვანეში ჩაფლული სოხუმი, შავი ზღვის აღელვებული ტალღებით. უჩვეულოდ მეხამუშა ჩამკვდარი, ხალხისგან დაცლილი ულამაზესი პლიაჟები. ერთ დროს აქ დამსვენებელთა ყოფნაზე ეულად დარჩენილი მოწითალო ფერის ტივტივაღა მეტყველებდა. თუმცა ქალაქში სიცოცხლის არსებობაზე პორტში გაჩერებული გემების უხვი რაოდენობაც მეტყველებდა.

დიდხანს ფიქრისა და სინანულის დრო არ გვქონდა. სულ რამდენიმე წუთში გამოჩნდა უჩვეულოდ ჩამკვდარი და ჩაჩუმებული გაგრა. თითქოს ისევ ლურჯი იყო ზღვა, თითქოს ისევ ისეთივე სილამაზე ჰქონდათ ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჩამწკრივებულ პალმებს, მაგრამ ჩემი გაგრა სულაც არ იყო ჩემეული.
- იცი, როგორ ყველასგან განსხვავებული მწვანე ფერი აქვს აფხაზეთს, დავიჯერო არასოდეს შეგიიშნავს?! - ინტერესით ჩაეკითხა წინ მჯდომს გიგა.
- აფხაზეთში ნამყოფი არ ვარ!
- არა? ბევრიც დაგიკარგავს... - კბილებში ისე გამოსცრა, თითქოს მომაკვდინებელ ცოდვაში გამოიჭირა მეუღლე.
- უკაცრავად, ეგ საყვედური ზურას უთხარი, მშობელი ის იყო და ჩემი ცნობიერების ამაღლებაზე მას უნდა ეზრუნა... - წყენა გაერია ხმაში ქალს.
- საწყენად არ მითქვამს, უბრალოდ კარგი გადმოცემის უნარით ნამდვილად არ გამოვირჩევი, ძნელია ზუსტად აღვწერო და გადმოგცემი ჩემი ემოციები. იმედია ოდესმე მოვახერხებთ დაბრუნებას და შენი თვალით ნახავ იმ სილამაზეს. ახლა კი სხვა გზა მაინც არ გაქვს ისევ ჩემი მონათხორობით უნდა დაკმაყოფილდე. - ღიმილი გაეპარა ხმაში გიგას - რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან მჯდომი ბიჭები საკუთარი თვალით ხედავდნენ წინ გადაშლილ პეიზაჟებს, მაინც ვერ ხედავდნენ ბუნების ასეთ ხილულ საოცრებას. გულგრილი, უმეტყველო სახეებით გადასცქეროდნენ ქალაქს.
გული მეტკინა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჩემივე განცდებთან ეულად დარჩენილი, პირისპირ აღმოვჩნდი მძიმე რეალობასთან.
იქნებ ვცდებოდი?! იქნებ ამ ადგილების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ემოციებს მიმძაფრებდა?
თუმცა არამგონია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ბრალი ყიფილიყო.
მიუხედავად ღამის სიბნელისა მაინც ჩანდა გაუკაცრიელებული, ადამიანებისგან დაცლილი, ჩაბნელებული ქალაქი მისი გადამწვარი სახლებით, სადაც სიცოცხლის ერთად-ერთ ნიშნად მხოლოდ ალაგ-ალაგ ყვითლად ანთებული ნათურები შემორჩენილიყო.
რადიოგრამით გამოგზავნილი შეტყობინება ცრუ მუქარა ნამდვილად არ გახლდა, რუსები ან იქნებ აფხაზებიც აკონტროლებდნენ საჰაერო ზონას. ცას სულ რამდენიმე წამიანი ინტერვალებით ანათებდა ღამის ქალაქიდან მომავალი პროჟექტორების წრიული ნათება. ქართული სამხედრო ძალების ვერტმფრენის ქალაქის მახლობლად გამოჩენა, შეუჩნეველი არ დარჩენიათ, რასაც შედეგად გამაფრთხილებელი, გაბმული ყურისწამღები საგანგაშო სიგნალისა და ავტომატების ტყვიათა ჯერიც მოჰყვა.
- ასე ტყვიებით აპირებენ ჩვენს ჩამოგდებას?
- ნუ გეშინია, არც ყუმბარებსა და „გრანატამიოტებს“ დაგვაკლებენ. - ირონიულად გახედა მეთაურმა მკვეხარა ქოთანივით გაბღენძილ ერთ-ერთ ჯარისკაცს - როგორ ფიქრობ, ნათებისგან შექმნილ ბადეში შეუმჩნევლად გაძრომას მოახერხებ? ხომ არ სჯობს აქვე დავეშვათ პარაშუტებით?!- ამჯერად მფრინავს მიმართა ხარებავამ.
- ზღვისთავზე ვართ. ნაპირისგან საკმაოდ შორს. როგორც გვატყობინებენ, საკმაოდ ძლიერი შტორმია მოსალოდნელი. სულ რომ პროფესიონალი მოცურავეები გყავდეს, რაშიც ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება, ამხელა მანძილიდან სანაპირომდე შეუმჩნევლად გაცურვა გაგიჭირდებათ.
- მგონი უნდა გავრისკოთ. აქამდე მოსული უკან ხომ არ გავბრუნდებით? - სუნთქვა შეკრული უმზერდა ხარებავა მახედქცეულ მოციალე შუქს და ნათებებს შორის ინტერვალების გამოთვლას ცდილობდა.
- აბა, ასე გაჩახჩახებულ...
- მოითმინება თავადო, მოთმინება! - კოტიტა, მსუქანი თითები მრავალნიშვნელოვნად აწია - მართალია ცოტა რთულია, თუმცა მაინც არის გამოსავალი... - იმედიანად ჟღერდა მფრინავის ხმა.
მთელი ძალით მოქაჩა ხელის სამკუთხა ფორმის რიჩაგი, სპიდომენტის მსგავს ტახომეტრზე მოწითალო ფერის ისარი მარჯვენა უკიდურეს ზონას მიაწყდა, ვერტმფრენმა მიმართულება რადიკალურად იცვალა, იმდენად მოწყვეტით დაეშვა დაბლა, ერთი პირი ისიც კი ვიფიქრეთ რომ ვვარდებოდით.
- აუ, სად ვკვედი! - შიში შემეპარა.
სახეზე ფერი აღარ გვედო, ვბარბაცებდით, წონასწორობის შენარჩუნება ნამდვილად გვიჭირდა, თუმცა ეს არ გვაღელვებდა. იმდენად დიდი იყო ადრენალინი, იმდენად დიდი იყო გარადჩენის სურვილი, რომ როგორც კი გასწორდა ვერტმფრენი შვებით ამოვისუნთქეთ. ვიღაცას წამოაზიდა და გული აერია, თუმცა ეს არ გვაღელვებდა.
ახლაღა მივუხვდით განზრახვას, დაბლა, თითქმის წყლის პირზე მივფრინავდით, თუმცა არ ვიცი ამას ფრენა ერქვა თუ არა. ზღვისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულნი, თავს დავდებ წყლის შხეფებსაც კი ვგრძნობდით, თუმცა რაც ყველაზე მთავარი იყო ნელ-ნელა მივიწევდით გაგრის ნაპირებისკენ. საკონტროლო ნათებამ რამდენიმეჯერ ვერტმფრენს ზემოდან გადაუარა. რუსები ვეღარ გვხედავდნენ, ვეღარ გვაკონტროლებდნენ.
ამის გააზრებაზე ბედნიერი ყიჟინა აღმოგვხდა. ემოციებს ვეღარ ვიკავებდით, ერთმანეთს ისე ვეხუტებოდით, თითქოს გადამწყვეტი ბრძოლა უკვე მოგებული გვქონდა. ჩვენგან განსხვავებით სულაც არ მოდუნდა მფრინავი. ისევ დაძაბული ჩასცქეროდა წითლად მოციმციმე რადარებს. ნამდვილად არ შემცდარა მეთაური მფრინავის შეფასებისას, აუღელვებლად, შესაშური სიდინჯით მოქმედებდა, პირობა შეასრულა, სულ რამდენიმე წუთში რადარების გვერდის ავლით, ყველასთვის შეუმჩნევლად, დანიშნულების ადგილას, შუაგულ გაგრაში, სტადიონზე ვიყავით და რადიოგრამით შტაბში მყოფებს ჩვენი მშვიდობიანი დაშვების შესახებ ვატყობინებდით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent