შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეცამეტე თავი)


2-06-2018, 18:06
ავტორი murachashvili
ნანახია 2 871

შენს მონათხრობს თუ დავუჯერებ, აფხაზეთის დაკარგვა ნაწილობრივ ჩვენი ბრალიც ყოფილა?!
- როგორ ფიქრობ, მსუბუქი შეცდომები დავუშვით?! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან იბრძოდნენ მებრძოლები, რომელნიც ავღანეთის ომში იყვნენ ნამყოფნი და იქაური გამოცდილებაც გააჩნდათ, ვერც მათმა პროფესიონალიზმმა გვიშველა. რადგან გვქონდა ყველაზე დიდი პრობლემა. ქართველებს ბრძანების გაცემა გვიყვარდა და არა შესრულება. უფროს-უმცროსობის დაცვა, მხოლოდ მაშინ გვსურდა, როცა ჩვენვე ვიყავით ხელმძღვანელები. საკუთარ თავზე შექმნილი ილუზიებით ვიკვებებოდით და რეალობის დანახვა არ გვსურდა. ძალიან ბევრისთვის კი, როგორც უკვე აღვნიშნე პირველი დავალება უკანასკნელიც გამოდგა. - გაღიზიანდა გიგა - ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის მახინჯ ტვინში დადგმული სცენარით ვითარდებოდა, ჩვენ კი ყველაზე ფატალური დასასრულისთვის განწირული მარიონეტები ვიყავით. თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ალბათ ვერც დავასრულებთ.
- ტატიანას როდისღა შეხვდი?
- თბილისში ჩამოვედი თუ არა, რამდენიმე დღეში აშბებთან გავემართე, მინდოდა ალექსანდრეს გარდაცვალების შესახებ ჩემგან გაეგოთ. ბავშვობის მეგობარს დასაფლავებისას ნათლობის ჯვარი შევხსენი. იქნებ გარდაცვლილი მამისგან დიდ სახსოვრად არც ჩაეთვლათ, მაგრამ მაინც მინდოდა ტატიანასთვის გადამეცა.
ცხადია მოლოგინებული დამხვდა. უმცროსი ალექსანდრე აშბა პატარა უფლისწულივით თეთრ აკვანში ამავე ფერის თეთრეულში ჩაეწვინათ. ხელები თავისუფლად დაეტოვებინათ, წელს ქვემოთ მჭიდროდ გადაჭერილი არტახებიდან მოუჩანდა ბუნჩულა თეთრი ფეხები. მამისეული ლურჯი თვალები უცინოდა და უცნობს ინტერესით მაკვირდებოდა. დედას გეფიცები, მსგავსი სილამაზის ბავშვი არ მენახა. სასთუმალთან თვალი რომ არ სცემოდა, გიშერიც კი მიემაგრებინათ. ცრურწმენის ამ მცირედ გამოვლინებაზე გამეღიმა. ჯიბეში მოთავსებული ჯვარი ამოვიღე. სარჭით მიმაგრებული აქსესუარი მოვხსენი და მამისეული ჯვარცმა დავამაგრე.
- ბევშვი ჯერ არ მოგვინათლავს! - გაკაპასებული დამეტაკა თამარ აშბა.
- Ето Александрин крест... - ცრემლებისგან სახე დანამვოდა ტატიანას, ათრთოლებული ხელებით ეფერებოდა მეუღლისეულ სახსოვარს.
ვერც კი წარმოიდგენ რამდენად მძიმე მოსაყოლი იყო. ოდესმე მოგისმენია მეგრული ზარი? - ნინომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია - აფხაზური კიდევ ბევრად მძიმეა. ალექსანდრეს დედის გოდებამ, გამკივანმა კივილმა წამებში გაკვეთა ჰაერი. მათი თითოეული ცრემლის მესმოდა, მთელი გულით მინდოდა, ისედაც მძიმე ხვედრი როგორმე შემემსუბუქებინა. ვუმზერდი ქალების კივილით შეშინებულ, აჩხავლებულ საშკას და უსაზღვროდ დიდ ვალდებულებას ვგრძნობდი მის მიმართ. მინდოდა როგორმე დავხმარებოდი. შეძლებისდაგვარად ხშირად დავკონტაქტებოდი. ყოველთვიურად მცირედ თანხას ვაწვდიდი, ზოგჯერ ჩემით მიმქონდა, ზოგჯერ ბიჭებს ვატანდი.
დედას გეფიცები, მართალია და არ მყავდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მყოლოდა, ტატიანიაზე მეტად არ მეყვარებოდა. ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა თავადაც.
სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდი თამარზეც, თითქოს არაფერი დამიშავებია, რატომ შემიძულა არ ვიცი.
- აშბებს ხშირად ნახულობდი? ტატიანა რატომ არასოდეს არ გიხსენებია?
- არ ვიცი. რამდენიმეჯერ მინდოდა თქვენი გაცნობა, ხან საშკა იყო სიცხიანი, ხან უბრალოდ ვერ მოვახერხე. ასე პირდაპირ შენი მათთან მიყვანისაც მერიდებოდა. შემდეგ ისედაც აგვერია ურთიერთობა, მოკლედ ვერ მოვახერხე.
- არევაში რას გულისხმობ?
- ვიცოდი, ადრე თუ გვიან თამარი აფეთქდებოდა, წლობით ნაგროვებ ბოღმას უბრალოდ ვერ დაიტევდა. თუმცა ასეთი ფორმით გამოხატვას ნამდვილად არ ველოდი.
დიდხანს ცდა არც დამჭირდა, ერთხელ მათთან სტუმრად მისული პატარა ალექსანდრეს ასაყვადან დავიხარე თუ არა, მისი გაკაპასებული ხმაც გავიგონე:
- არც კი გაბედო მიკარება! - ხელიდან იმდენად უხეშად გამომტაცა, რომ შეშინებული ჩვილი ატირდა.
გაოცებული ვუმზერდი გაწიწმატებულ ქალს და ვერ ვხვდებოდი რით გამოვიწვიე ასეთი აგრესია.
- შენ მოკალი, შენ და შენისთანებმა. იმის ნაცვლად, რომ მოფრთხილებოდი. სასიკვდილოდ გაიმეტე.
იმდენად გამაოგნა მისმა ნათქვამმა, პასუხის გაცემაც კი ვერ შევძელი.
- Тамара, а чом ти гавариш? - ჩემზე ნაკლებად დაბნეული არც ტატიანა იყო.
- კაცმა რომ ჰკითხოს, საცოლე ჰყავს, თუმცა რა მიკვირს? ამას ხომ სინდისი არ აქვს! - ირონიულად დამცინოდა თამარი - ვხედავ როგორი თვალებით გიყურებს. ყველაფერს ვამჩნევ. არადა, ჩემი სულელი ძმა მეგობრად თვლიდა!
- რა მითხარი?! - აშკარად გვიან გავიაზრე წამოსროლი სიტყვების მნიშვნელობა - ვერც კი წარმოიდგენ როგორ გაგიმართლა ალექსანდრეს და რომ ხარ! მის სულს ვფიცავარ, ახლა აქ შენს ნაცვლად სხვა რომ მდგარიყო...
- რას მიზამდი?!- თვალებში უტიფრად მიმზერდა თამარი.
- მოგკლავდი, ხელიც არ ამიკანკალდებოდა ისე მოგკლავდი! - აღარ მოვრიდებივარ აღარც იქვე მდგომ დედამისს, აღარც ტატიანას ყელში ვწვდი წინ მდგომს.
- არ გაგიჭირდებოდა! - უჰაერობისგან თვალებდაყვლეპილი გაჩუმების ნაცვლად ისევ იგესლებოდა.
- გიგა! - გონს ტატიანას ხმამ მომიყვანა. ცივად გავუშვი ახროტინებულს ხელი და გაცოფებული გამოვვარდი.
- ეჭვიც არ მეპარება, გამიმეტებდი!... - უკვე სადარბაზოში მყოფს დამეწია მისი ირონიული, ზიზღნარევი სიცილი.
ეს იყო და ეს. იმ დღის შემდეგ აშბებთან აღარ მივსულვარ. ბავშვთან თანხას ბიჭებს ვატანდი. თუმცა სულ რამდენიმე თვეში, ამის აუცილებლობაც აღარ მქონდა. ტატიანა წავიდა და აღარც მინახავს.
- საოცარია. თამარს ახსნა-განმარტება არ მოთხოვე? ასეთი რამ რატომ დაგაბრალა, საიდან მოიტანა?
- არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. - ისე გაწიწმატდა გიგა, თითქოს ახლა მეუღლის ნაცვლად წინ თამარ აშბა ეჯდა - მე იმას ვცდილობდი მათთვის ცხოვრება შემემსუბუქებინა. ის კი... რა მითხრა, რა დამაბრალა? სულში ჩამაფურთხა, ყველაზე წმინდა, კაცობა შემიბღალა. დედას გეფიცები, დღემდე ვერ მოვინელე და ვერც მოვინელებ. დროა წავიდეთ!- გიგიმ ოფიციანტს ანიშნა, ანგარიში გაისტუმრა და ნინოსთან ერთად დატოვა რესტორანი.

გარეთ ისევ თოვდა, მსხვილად ბარდნიდა. მთიულეთის მთები ბუმბერაზი დევებივით დასცქეროდნენ ზემოდან. ჩოთქები მაქსიმალური სისწრაფით წმენდდნენ საქარე მინას, თუმცა ხილვადობა მაინც ჭირდა. მიუხედავად ტრავმისა, გიგა ნინოს არ ენდო და ავტომობილს თავად მართავდა.
- თბილისში ხომ არ დავბრუნდეთ? - შიში გაეპარა ხმაში ქალს.
- აზრი არ აქვს. ნუ გეშინია, ფრთხილად ვივლი... - გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა.
ნინომ ერთი კი სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა გადაიფიქრა. დაორთქლილი მინა ხელით გაწმინდა. ჩაფიქრებული უმზერდა დაკლაკნილ, მშფოთვარე არაგვს.
თითქოს არაფერი განსაკუთრებული და ახალი მეუღლის მონათხრობში არ იყო. მსგავსი ისტორიები მრავლად წაეკითხა და მოესმინა, თუმცა ფაქტია მაინც იმოქმედა. წლების წინ მოშუშებული ჭრილობები განუახლა და ისევ პირვანდელივით ასტკივდა. ვინ მოსთვლის რამდენი ღამე გაათენა ბარათის მოლოდინში, თუმცა უშედეგოდ. ისევ ზურასგან გაიგო, რომ ერთად იბრძოდნენ. თუმცა სულ რამდენიმე დღეში გაგრის დაცემის შესახებაც შეატყობინეს.
იმ დღეს სკოლაში მხოლოდ ის იყო. ბიჭებმა რაღაც გაურკვეველი მიზეზით გაკვეთილებზე დარჩენა არ მოინდომეს და წავიდნენ. დიდხანს არც თავად დარჩა. მეორე გაკვეთილი დასრულდა თუ არა, მასწავლებლებს დაეთხოვა და სკოლიდან გამოვიდა. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, როცა კიბეებთან ტყუპთან ერთად მდგომი დათუნა დაინახა.
- აქ რას აკეთებთ? გაკვეთილზე რატომ არ შემოხვედით? - მხიარული სახით ჩამოეკიდა მკლავებზე ძმებს.
თუმცა ბიჭები დუმდნენ.
- რა მოხდა? - ღიმილი სახეზე შეეყინა ნინოს უხერხულად აწურული ძმაკაცების შემხედვარეს.
-გაგრა დაეცა!- ისევ ლაშამ გაბედა დუმილის დარღვევა.
ძარღვებში სისხლი გაეყინა. სიცივემ დაუარა სხეულში.
- და?... - საკუთარი ხმა ვეღარ იცნო ნინომ.
- დეპეშა მოვიდა გიგას გარდაცვალების შესახებ. - ერთმანეთს მიაყარა სათქმელი დათუნამ და როგორც კი დაასრულა ისე ამოისუნთქა თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მოხსნესო.
- ზურა?... - ხმა უთრთოდა გოგონას, წონასწორობას ვეღარ იკავებდა.
- ალბათ, ზურაც.
- ნინ, არ გინდა გთხოვ! იქნებ ტყუილიც იყოს. ნინ... - ცრემლები უბზარავდა ხმას ტატოს.
- იქნებ ტყუილიც?! - ცრემლები მისით მიიკვლევდენ გზას, ბიჭების პასუხი აღარ გაუგია. ისევ ტატომ იმარჯვა, მოასწრო უგონოდ მყოფი მეგობრის დაჭერა.

თბილისი გაგრის დაცემას გლოვობდა, ნინო კი ცხარე ცრემლებით გარდაცვლილებად გამოცხადებულ მამასა და შეყვარებულს დასტიროდა. იმ დღეს შეძულდა ტაშკენტის ქუჩაზე გავლა, როცა ძაძით შემოსილი მარიკა ნახა. იმ დღეს შეძულდა ყველაფერი, რაც გიგას არ ყოფნას ახსენებდა.
ისევ ბიჭები დაუდგნენ მხარში, მეგობრები ცდილობდნენ ეულად დარჩენილი ნინოს გამხნევებას.
გქონიათ შეგრძნება, რომ ხარ, მაგრამ თან არ ხარ? სუნთქავ, მაგრამ ჰაერი მაინც გენატრება? სამყარომ დაკარგა ფერები. დარჩა მხოლოდ ნაცრისფერი ბურუსი. სპაზმი რომელიც ახრჩობს, მაგრამ არ ყუჩდება, გუდავს, მაგრამ არ კლავს.
გამოსავალი? გამოსავალი არ არსებობდა და რა თქმა უნდა ვერც ნინო ნახულობდა. ისევ ისე იდგნენ ქუჩის კუთხეში გიგას მეგობრები, ისევ ლაზღანდარობდნენ, ისევ ჩაბჟირებამდე იცინოდნენ, მაგრამ იქ აღარ იდგა გიგა.
თვალებში შესცქეროდა მოხუცი ნინა ცხოვრების ერთად-ერთ იმედს. თითქოს ისიც მისგან ელოდა შველას, მაგრა გოგონას უბრალოდ ძალა აღარ ჰქონდა. ისედაც ფერმკრთალი სულ მთლად გაიცრიცა, თვალები ჩაუქრა. თითქოს ღიმილიც დაავიწყდა. სულ მთლად გაუცხოვდა. საკუთარ თავში ჩაიკეტა. აღიზიანებდა ყველა და ყველაფერი, განსაკუთრებით კი მშობლების ფოტოებთან მოცახცახე, ცრემლებად დაღვრილი დაპატარავებული ბებია. ერთ დროს მხიარული ბიჭორიშვილების ეზო ახლა მავზოლეუმს დამსგავსებოდა.
- ასე არ გამოვა, ტო... რაღაც უნდა მოვიფიქროთ! - ვინ იცის მერამდენედ იმეორებდა დათუნასთან მჯდომი ტატო - ასეთი არაფერი მინახავს, აღარც სკოლა უნდა, აღარც სწავლა.
- მართალი ხარ, ასე დიდხანს ვერ გაქაჩავს.- ძმას დაეთანხმა ლაშაც.

- ნინაც დარდობს, არ ჭამს, არ ლაპარაკობსო... - მეგობრებს თვალი ისე აარიდა დათუნამ, თითქოს მისი ბრალი იყო.
- ეს ლია სადღა დაიკარგა, რომ კითხო შვილივით უყვარს?! - ღრენით გამოსცრა ტატომ.
- ლია რას უშველის? - გაოცებული ჩაეკითხა ლაშა ძმას.
- რავი, ტო... ქალია მაინც. შეიძლება ჩვენ ვერ გვითხრას და იმასთან უფრო გაიხსნას.
- ნინოს ლაპარაკი კი არა. დახმარება სჭირდება. - ხმა გაუმკაცრდა დათუნას - ლიამ რეპეტიტორები დაუქირავა, მაგრამ გაკვეთილებზე არ დადის. როგორმე უნდა დავითანხმოთ. სახლიდან უნდა გამოვიყვანოთ. სკოლას ვამთავრებთ. სადღაც ხომ უნდა ჩააბაროს?
- ეს პარკები მაინც ავუტანოთ! - სურსათით სავსე პოლიეთილენის პაკეტები წამოკრიფა ტატომ და ბოჭორიშვილების ეზოში შეპატიჟების გარეშე შევიდა.

ხედავდა ნინო, როგორ ცდილობდნენ ბიჭები ისედაც მძიმე სიტუაციის ოდნავ მაინც შემსუბუქებას. უმადური უნდა ყოფილიყო, მათი ზრუნვა რომ არ დაეფასებინა. მართალია ტკივილი არ დაამებულა, მაგრამ იმდენი მაინც მოახერხა, რომ ნელ-ნელა ფეხზე დამდგარიყო. ბიჭებმავე დაითანხმეს მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაზე ეფიქრა. უცნაურია, რას არ გააკეთებ ბავშვობის მეგობრის ხათრით?! ტატო საკუთარ ოცნებასაც კი შეელია, არქიტექტურულის ნაცვლა თავადაც დანარჩენებთან ერთად იურიდიულზე ჩაბარება გადაწყვიტა.
ბიჭებისგან განსხვავებით სკოლის ხშირად გაცდენის გამო, იმდენად იყო ჩამორჩენილი სასწავლო პროგრამას, რომ კერძო მასწავლავლებთან გაორმაგებული ძალებით ემზადებოდა. სწავლობდა და ფიქრისთვის დრო აღარც რჩებოდა.
თუმცა ვერსად გაექცა სიზმრებს. ტკივილმა ძილში გადაინაცვლა. ღამის ილუზიებში ერთმანეთს ენაცვლებოდა დედა, ზურა და გიგა. უცნაურია, ძილშიც გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა დროებით მაინც უბრუნდებოდა ბედნიერების შეგრძნება. შემდეგ თენდებოდა. ღამის ზმანება იცრიცებოდა და ისევ ეულად რჩებოდა საკუთარ ტკივილთან. ასე გავიდა უსაშველოდ გრძელი და დაუსრულებელი სამი თვე.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

როგორც იქნა იმ მძIმე მონაკვეთს გავცდიტ და დავძლიეთ... უაზღვროდ ბედნიერი ვარ ამით

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
როგორც იქნა იმ მძIმე მონაკვეთს გავცდიტ და დავძლიეთ... უაზღვროდ ბედნიერი ვარ ამით

უკვე აღარ მჯეროდა, რომ აფხაზეთის მონაკვეთს დავასრულებდი. ვნახოთ რამდენად მარტივი მდგომარეობა იყო მაშინდელ თბილისში. როგორც იქნა, წვალებითა მოვედით ისტორიის ფინალურ ნაწილამდე.

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფო

გამიხარდა რო გააგრძელე.ყოველდღე ვამოწმებდი...ყოჩაღ!!!

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი სოფო
გამიხარდა რო გააგრძელე.ყოველდღე ვამოწმებდი...ყოჩაღ!!!

მიხარია, რომ ელოდით kissing_heart იმედია ღირდა ცდად kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი სოფო

murachashvili
სტუმარი სოფო
გამიხარდა რო გააგრძელე.ყოველდღე ვამოწმებდი...ყოჩაღ!!!

მიხარია, რომ ელოდით kissing_heart იმედია ღირდა ცდად kissing_heart

ღირდა...მთელი ემოცია ჩადეთ როგორც სჩანს...მომწონს ძალიან.წარმატებები ❤

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

წარმატებები, ანა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent