მარიონეტი (ოცდამეცხრამეტე თავი)
ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ ჩაივლიდა პანაშვიდები და დასაფლავება. არც მე შეგაწყენთ ამაზე საუბრით თავს. თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც აღვნიშნავ, ტატოს მკვლელობის სხვადასხვა ვერსია არსებობდა. სამძიმარზე მომსვლელნი ხან ერთ სიბინძურეს აფრქვევდნენ, ხან - მეორეს. - ნარკოტიკების რეალიზატორების ვალი ჰქონდა და გადაგდება დაუპირებია. - ჩურჩულებდა ჭირისუფალში მჯდომი. - არამგონია მართალი იყოს, არ გავდა ეს ბიჭი ნარკომანს ან ვალის გამო ვის კლავენ?! - ირონიულად ჩაიქირქილა მეორემ. - მე ცოტა სხვა ვერსია გავიგე. - საუბარში ჩაერთო მესამე - ქურდებთან ყოფილა შეკრული და წილი მოუტეხაო. - კარგით რა, სისულელეა. არაფერი მაგდაგვარი. გათხოვილ ქალთან ყოფილა მისული და ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. - დამაჯერებლად გამოაცხადა მეოთხემ. - კარგი რა, არა მგონია ასე ყოფილიყო!. - შეიცხადა პირველმა. - ქალის ამბავი არ იცი?! - მრავალმნიშვნელოვნად დაქაჩა თვალები - არ მოეშვა საბრალო ბიჭს და აი, შედეგიც. - უი, შვილო, უი, რავა ტყვილად გოუფუჭებია თავიიიი!... - სულ დაავიწყდა დაჭერილი, გაპრანჭული საუბრის მანერა, სახე ჩამოიხოკა პირველმა. ვერსია ვერსიას ცვლიდა. ბუღას დასაფლავებისგან განსხვავებით, არ იყო პომპეზურობა, არ იყო გმირად გამოცხადება, მაგრამ იყო გულწრფელი ცრემლი. ვიღაც იქნებ მოვალეობის გამოც მიდიოდა სამძიმარზე, მაგრამ იქ მყოფთაგან უმეტესობას ნამდვილად გულწრფელად ეცოდებოდათ მისაღებში უძრავად გაშოტილი ორმეტრიანი ვაჟი. რა მოჰქონდა ამ შეცოდებას? გგონიათ ტკივილი ამდებოდა?! იოტისოდენადაც არა. იარა სულ უფრო და უფრო იხსნებოდა, როგორც ძლიერადაც არ უნდა გდომოდა არსებული რეალობის შეცვლა, ფაქტი მაინც ფაქტად რჩებოდა, ტატო აღარ იყო. განუყრელ „ტვიქსებს“ ცალი აკლდა. ნინოს ყველაზე ბუნტიორი და მოჩხუბარი მეგობარი. ვეღარავის ეკამათებოდა, ვეღარავინ ეძახდა თხას. მართალია აღიარება არ უნდოდათ, უარყოფდნენ, მაგრამ ვაჟის გარდაცვალების მიზეზთაგან დასახელებულ უამრავ ვერსიაში მხოლოდ ერთი იყო ნამდვილი. იცნობდა კი ეს ხალხი ტატოს, რა იცოდნენ მისი ცხოვრების შესახებ? მამა და დედა სპეციალობით ქიმიკოსები იყვნენ, მეცნიერებათა კანდიდატებმა ერთმანეთი მოსკოვში, ერთ-ერთ კონსილიუმზე გაიცნეს. არ იყვნენ იმ ასაკში დრო რომანტიულ შეხვედრებზე და ფლირტზე დაეკარგათ, მეორე შეხვედრაზევე გადაწყვიტეს დაოჯახება. გგონიათ ნანობდნენ?! თქვენ წარმოიდგინეთ მათ ოჯახის სიმყარეს საფრთხე არასოდეს შექმნია. ერთნაირად აზროვნებდნენ, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ. წლები ელოდნენ ნანატრ შვილს, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ უფალმა ტყუპი ვაჟი რომ უბოძა. აღტაცებული უმზერდა ერთმანეთის გვერდი-გვერდ დაწვენილ 50 სანტიმეტრამდე შეფუთულ მუთაქებს მამაკაცი და სიხარულისგან პირველად ტიროდა. უნდოდა აეყვანა, მაგრამ მიკარებას ვერ ბედავდა, შორიდან შესციცინებდა მისი სხეულის ნაწილს. მისი ტყუპისთვის დიად და ნათელ მომავალზე ოცნებობდა იმ ღამით მამაკაცი. თუმცა ოცნება ვერ ახდა, თურმე ვერ ახდებოდა. ერთ დროს მუდამ კოპწიად ჩაცმული ქალი, ახლა დაბალ პრაქტიკულ ფეხსაცმელს ირგებდა ფეხზე, თერმოსში ცხელ, უშაქრო ჩაის ასხამდა და კუსკუსით მიჰყვებოდა თბილი ლაბადით შემოსილ მეუღლეს, მათი რეისი ყოველთვის უცვლელი იყო, „მშრალ ხიდად“ წოდებული მეორადი ნივთების, ანტიკვარებით სავაჭრო ადგილი. დიახ, არ შემცდარხართ. თავის გასატანად ახლა იქ ეზიდებოდნენ გასაყიდად შემორჩენილ ოჯახის რელიქვიებს. ახლა სიტყვით ტრიბუნაზე კი არა, დახლთან მდგომ მოვაჭრეებთან გამოდიოდნენ და ქიმიის ფორმულების ნაცვლად მარტივ მათემატიკურ მიმატება-გამოკლებაზე ფიქრობდნენ. თუმცა წამით არ უნანიათ, არ დაბოღმილან, სჯეროდათ, რომ ადრე თუ გვიან ისევ დალაგდებოდა, ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდებოდა. დაიწყებდა ქვეყანა აღზევებას და ისევ დასჭირდებოდათ ქიმიკოსებიც, ფიზიკოსებიც და დახლთან მდგომი ისტორიკოსებიც. ალბათ, ამ ყველაფერს თქვენ ილუზიას დაარქმევთ, მე კი რწმენას ვუწოდებდი. მიუხედავად მშობლების მცდელობისა შვილებს გაჭირვება არ ეგრძნოთ, კარგად იცოდნენ ბიჭებმა ყოველდღე რის ფასად მიირთმევდნენ სადილს. იზრდებოდნენ და ემატებოდათ მოთხოვნილებებიც. ლაშა უფრო თავშეკავებული იყო. მეგობრების მსგავსად მასაც სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან შეძლებდა მათი ცხოვრების გალამაზებას. - სულ რამდენიმე წელი მოვითმენთ, დავამთავრებ უნივერსიტეტს, გავხსნით საკუთარ ბიუროს და ერთად ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის... - ოცნებობდნენ ბავშვები და ვინ იცის მერამდენედ ჩაფიქრებული, ოდნავ ირონიული ღიმილით უმზერდათ ტატო. მათი იდეების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი ჰქონდა, პირიქით მათ აზრს ისიც იზიარებდა. მაგრამ ახლაც რომ სურდა შავი ტყავის ქურთუკით სიარული? რა დაშავდებოდა თუ ისიც ისეირნებდა უცხოური მარკის კარგი ავტომობილით სასურველ ლამაზ-ლამაზ გოგონებთან ერთად? არც არაფერი. იქნებ შეცდა კიდეც, მაგრამ ნახა მარტივი გამოსავალი. დაეფიცებოდა, საკუთარი მშობლების ნაშრომი ერთხელაც არ გაუტანია სახლიდან, თუმცა ჰქონდა კი რამე წასაღები?! დაიწყო ქურდობა. სულაც არ იყო რთული. მთელი კვირა ელოდა როდის დატოვებდა სახლს მეპატრონე, პირველად თუ ხელისკანკალით ტეხდა კლიტეს, ნელ-ნელა ისე გაიწაფა სულ რამდენიმე წამში ხსნიდა საკეტს, ზოგჯერ პატრონი იქვე, მეორე ოთახში ტრიალებდა ის კი უტიფრად ასუფთავებდა ბინას. - არიფები არიან ტო... არიფები... - კმაყოფილი დასცინოდა გაძარცვულებს. შემდეგ წამალსაც გაუსინჯა გემო. გულახდილად რომ ვთქვა, თავიდან არ მოეწონა, ვერც იმას მიხვდა როგორ უნდა დაეჭირა მუღამი კაიფისთვის. თუმცა ერთხელ. ორჯერ, სამჯერ და შეეჩვია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დახელოვნდა ქურდობაში, ბოლო პერიოდში აღარ უმართლებდა. არ ვიცი ხალხი გაღატაკდა, თუ ჭკუა ისწავლეს, ძვირფასეულობას თითქოს განზრახ შინ აღარავინ ინახავდა. ორი თუ სამი ფუჭი მცდელობის შემდეგ საერთოდ აიღო ხელი ამ წამოწყებაზე. არადა თანხა აღარ ჰქონდა, ვეღარც წამალს ყიდულობდა და ვერც შეძენილის თანხას იხდიდა. მიუხედავად პრობლემებისა, როგორღაც მაინც ახერხებდა მშობლებისთვის სიმართლის დამალვას, ამაში ლაშაც ხშირად დახმარებია, ან რა აზრი ჰქონდა ტყუილად მათ განერვიულებას? მევალეები აწუხებდნენ, ვალის ნაცვლად საქმეზე წასვლას სთხოვდნენ. თითქოს არაფერი განსაკუთრებული. ასე ხშირად მომხდარა, გარკვეული მომსახურეობის სანაცვლოდ ვალის გაქვითვა მოსული „პონტი“ იყო, წესით სიხარულით უნდა წასულიყო, მაგრამ რატომღაც არ დაეთანხმა, სულ კინწისკვრით გააგდო შუამავლებად მოსულნი ტატომ. - რაღაცას განიცდიდა. როგორ არ ვეცადე და მიზეზი არ გამიმხილა. - სამზარეულოში სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა ლაშა, თან დათუნას ესაუბრებოდა. - სამაგიეროდ ახალი ახირება გაუჩნდა, ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა. განსაკუთრებით ნინოს დაცვა ექცა იდეაფიქსად. - მწარედ გაეღიმა ვაჟს. - დედას გეფიცები ვფიქრობ და ვერ ვიგებ, რატომ მოკლეს, ასეთი რა სთხოვეს, რომ არ დაეთანხმა? - თავსატეხის ამოხსნას უშედეგოდ ცდილობდა ლაშა - ვიკამათეთ კიდევაც ამის გამო. ჩვევად ექცა ჩაბნელებულ ბინაში ჯდომა, ფანჯრიდან თვალთვალი და არარსებული მდევრისგან მალვა - ფრაგმენტულად ახსენდებოდა ლაშას - ერთხელ შინ დაბრუნებულმა სინათლე რომ ავანთე, მისაღები ოთახის ფანჯრის რაფაზე იყო შემხტარი და მთელი სხეულით მინაზე აკრული. დედას გეფიცები, ერთი პირი ისიც კი ვიფიქრე გადახტომას ხომ არ ცდილობს მეთქი, იმდენად ცხადად დაუდგა თვალწინ, თითქოს ახლა ხდებოდა. - შენ ბიჭო, სულელი ხომ არ ხარ?! ჩამოეთრიე დაბლა! - ბოლო ხმაზე უღრიალა ცალს. - სინათლე გამორთე! - ძმის სიტყვები თითქოს არც გაუგია, კბილებში მუქარით გამოსცრა ვაჟმა. - რას აკეთებ, ტო?! - გაოცებულმა ამჯერად ლაშამ გადახედა ჩაბნელებულ ეზოს, თუმცა საინტერესო ვერაფერი შენიშნა. არადა, ტატო ისევ მთელი სხეულით ეკვროდა მინას, თითქოს ასე ცდილობდა უხილავი მოთვალთვალის დანახვას - ვის ეძებ? - არავის, ტო... მომეჩვენა! - გაღიზიანებული ჩამოხტა რაფიდან ვაჟი, ნერვიულად ბორგავდა ვაჟი. - ასეთი რა ხდება? - ძმის საქციელი აშკარად აღიზიანებდა ლაშას. - არ გეტყვი, მაგრამ მაქვს მიზეზი! - მაინც?! - მოვა დრო და გაიგებ! დრო კი არ მოვიდა, მაინც ვერ გაიგო, ვერ დაეხმარა. ცრემლები მოადგა. მაშინ ნამდვილად ეუცნაურა გაფითრებული, აცახცახებული ძმის რეაქცია, თუმცა ყველაფერი წამლის ლომკას მიაწერა. ზედმეტი კითხვებით თავი აღარ მოუბეზრებია, საძინებელში შეალაჯა და გაუხდელადვე მიწვა ლოგინზე. - ძმობას ვფიცავარ, ვერ მომინელებია, უნდა ჩავძიებოდი, უნდა გამერკვია! - პატარა ბიჭივით ზლუქუნებდა ლაშა. ნინო მომხდარში თავს იდანაშაულებდა, ჩაიფერფლა, ისევ ჩაიცვა ძაძი, კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედი, რომ მის ტკივილს ვიღაც გაიზიარებდა, გაუგებდა და მიეფერებოდა. უჩვეულო სისუსტეს გრძნობდა, წარა-მარა თავბრუ ეხვეოდა. - საჭმელი მაინც გეჭამა... - მუდარა გაერია ხმაში გიგას, თუმცა ემბრიონის პოზაში მწოლიარე მეუღლისგან პასუხი ვერ მიიღო - ამის დედაც... - გაავებულმა მოაბრახუნა კარი ბიჭმა. ერთი კი გახედა მისაღებში გასულ მეუღლეს და უფრო მეტად მოიკუნტა. - გაიგე, რას ამბობს ხალხი? - რძალზე გაღიზიანებული, გაკაპასებული მანანა ისევ შვილს დაეტაკა - კურო ყოფილა, მისი კურო! - დედა, საკმარისია, ნუ იმეორებ ამ სისულელეს. ტატოს კარგად ვიცნობდი! - იცნობდი არა ის, გლოვასაც ხომ აქვს ზღვარი, მეგობარი ვის არ მოკვდომია, ასე დასტირიან?! - ეულად მწოლიარე რძალს მტრულად გახედა - ის არ გვყოფნის, რომ უშვილოა, ფსიქიკური პრობლემებიც აქვს!. ქალაქის ტელეფონი გაბმულად რეკდა. თუმცა კამათში გართულებს აღება არ უფიქრიათ. - დედა, ასე რამ შეგცვალა?! - ხმას აუწია გიგამ. - მე?! - შეურაცყოფილი სახით უმზერდა შვილს მანანა - ნებისმიერ დედას უნდა მის შვილს ბედნიერს ხედავდეს. თქვენ კი... - რა, ჩვენ კი?! - ერთმანეთს ანგრევთ. ეგ გოგო მისი პრობლემებით განადგურებს. - იმდენად ვერ იტან, რომ ათას სისულელეს აბრალებ. იქნებ ჩემშია პრობლემა, მე ვარ დეპრესიული და მე ვერ ვახერხებ მის გაბედნიერებას? - მის გამართლებას ცდილობ?! ფაქტია, რომ ერთმანეთს ვერ ეგუებით, იქნებ ჯობს... - არა, დედა, - ყბა უცახცახებდა მღელვარებისგან ვაჟს - არც კი გაბედო, - მუქარით დაუქნია თითი - ზედმეტად ეგოისტი ვარ, ვერ გავჩერდები, უმისოდ ვერ გავძლებ!.. როგორც იქნა აღირსა ყურმილს აღება მანანამ. - გისმენთ! - ჩხავილით ჩასძახა ყურმილში - ხო, ლია... - წამში სცადა ხმის დაწმენდა - რავიცი, ვართ რა, არ იცი მაგის ამბავი, თავი ტკივა და გორაობს. რა მიზეზი უნდა ქონდეს, სუსტია გენაცვალე, სუსტი!... ნინო, გამოდი, ნათლიაშენი რეკავს, ანალიზების პასუხებია მზადო! - უკვე საძინებლის კარტან მოსულ ნინოს დედამთილის შხამიანმა რეპლიკამ კიდევ ერთხელ ატკინა გული, ცრემლები მოაწვა თუმცა თავის შეკავება მაინც შეძლო. - ანალიზები გაიკეთე? რამე გაწუხებს? - მისკენ შეაბრუნა, თვალებში ჩახედა ტირილამდე მისულ მეუღლეს გიგამ. - არაფერი, ისეთი... - ხმა უთრთოდა გოგონას. - აბა? - არაფერი, ისეთი... - ზიზღით გამოსცრა, უხეშად მოიშორა მამაკაცის ხელი და დედამთილს ყურმილი გამოართვა. - გისმენ, ლია... - ყურადღებით უსმენდა მოსაუბრეს. სულ რამდენიმე წამში დარდით სავსე მზერა სიხარულმა შეცვალა. ტუჩები ღიმილს ვეღარ იმორჩილებდა. - დარწმუნებული ხარ, იქნებ შეცდომაა?! - ხმა უთრთოდა მღელვარებისგან. კითხვით სავსე თვალებით უმზერდა დამუნჯებულ მეუღლეს, ცნობისმოყვარეობას ვეღარ გაუძლო გიგამ, ყურმილს თავადაც ყური მიადო, არ მოსჩვენებია, ნამდვილად გარკვევით გაარჩია ქალის ხმა: - ოცნება აგისრულდა, ახლა ორნი ხართ. თუმცა ნაყოფი ჯერ კიდევ სუსტია. თავს მოუფრთხილდი, იცოდე, შენთვის ზედმეტი სტრესი, გადაღლა არ შეიძლება!.... ისევ საუბრობდა ლია, არიგებდა, თუმცა აღარაფერი ესმოდათ. მღელვარებისგან აცახცახებულ მეუღლეს ციბრუტივით ატრიალებდა გიგა. - არ დაიღალო, თავს მოუფრთხილდი! - ლიას ნათქვამს ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა ღიმილად ქცეულს - აი ნახავ, რა მაგრად ვიქნებით, აი ნახავ, აუ ჩემი, მამა ვხდები ტო!... ალბათ, დიდხანს ვერ შეელეოდა ისევ მორიგი ტელეფონის ზარი რომ არ ყოფილიყო. ამჯერად ხალიასიანად უპასუხა მანანამ: - გისმენთ, ხო ზურა, როდის ჩამოხვედი?... მშვიდობაა?... კარგი, ვეტყვი, არ დააგვიანებს!.. - ყურმილი დადო - მამაშენი იყო, - ისე თბილად მიმართა რძალს, თითქოს რამდენიმე წუთის წინ თავად არ ლანძღავდა - შემოგითვალა, - ამჯერად შვილზე გადავიდა - ომში ნამყოფ სამხედრო ნაწილებს კრებენ და ინსტრუქტაჟს უტარებენო. ერთ საათში შავნაბადას ბაზაზე ამოვიდეს, ჩვენ იქ ვიკრიბებითო! - ვერაფერი ვერ გავიგე, ინსტრუქტაჟი წაგებულ ომზე?! - გაოცებულმა ახედა მეუღლეს ნინომ. - ერთ საათში? აუ, ჩემი... ბიჭებიც უნდა მენახა! - კეფა მოიქექა გიგამ - ნინ, ჩემი შავი მაისური სად არის? - უკვე კარადასთან მდგომი გოგონა კოხტად დაკეცილ ტანსაცმლიდან აძვრენდა მეუღლის მოთხოვნილ მაისურს. - შარვალი?... წინდები?... ფეხსაცმელები? - მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა სად ინახავდა ქალი მის ნივთებს, თავად აღება აზრადაც არ მოსვლია. - აი, სულ ცოტა ხნით გავალ. სულ მალე დავბრუნდები და... ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვიქნებით, ეს ბავშვი, ჩვენი ბავშვი, ვახ ჩემი... - ისევ ოცნებობდა ვაჟი - მამაშენს მე ვეტყვი, ხომ მომცემ უფლაბას? - მეუღლეს ახლაღა ახედა, გოგონამ უსიტყვოდ დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი - დასატოვებლად არ მემეტები, ვერ ვარ მგონი კარგად! - სიცილი წასკდა გიგას. უკვე სადარბაზოში მდგომი ვინ იცის მერამდენედ მობრუნდა, მერამდენედ დაუკოცნა ტუჩები. - აი, ნახავ, ზურა ბაბუ ხდება! - სიმამრის გახარებული სახის წარმოდგენაზე კიდევ უფრო მეტად გახალისდა - გაგიჟდება ტო... ზურა ბაბუ! რას გაუსწორდება... - სადარბაზოს კიბეებზე კი არ ჩადიოდა კისრისტეხით გარბოდა, ერთი სული ჰქონდა სწრაფად გაეზიარებინა მისი სიხარული სიმამრისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.