გაორებული (სრულად)
გაორებული -როგორ დამამახინჯე, ნუთუ სირცხვილის გრძნობა არ გაგაჩნია? -განრისხებული მზერით უყურებდა ახალგაზრდა კაცი ლიკას და იმ დღეს წყევლიდა, როცა ეს ქალბატონი მის ცხოვრებაში გამოჩნდა. -მე დაგამახინჯე? არა, ნიკა, ცდები. –ლიკამ გრძელ ქერა თმაზე ხელი ნაზად ჩამოისვა, კეკლუცად გაუცინა და ჩანთაში წითელ ტუჩსაცხს დაუწყო ძებნა. -გითხარი, ამ ტუჩსაცხს ნუ იყენებ-მეთქი, უკვე გულს მირევ!-ხმაში სიბრაზე ემატებოდა მამაკაცს. -შენ ისიც არ გიყვარს ნიკა, როცა მოკლე კაბა მაცვია, ქუჩაში ვდგავარ და სხეულს სხვებს ვაჯიჯგნინებ, მაგრამ რას ვიზამთ, ჩემი ინტელექტი და შესაძლებლობები საზოგადოებას ფეხზე ჰკი,დია. -თავს ნუ იმართლებ! შენნაირ მახინჯს რა თქმა უნდა, სამსახურში არავინ მიიღებს! -რატომ? -ვითომ არ იცი. -არ ცხრებოდა ნიკა. -ოჰ, ნეტავ თავს როდის დამანებებ?! -ამოიოხრა ქალმა. -შენ რატომ არ მანებებ თავს? შენს გამო, დღე არ გავა, ვიღაც „ნაგავმა“ ტკივილი არ მომაყენოს, დამცინოს, მასხრად ამიგდოს, სახეში მაფურთხოს და მცემოს. მეძავი გამხადე და სული დამიკარგე. კიდევ რამდენ ხანს უნდა მტანჯო ასე, არ გეცოდები?!-თავი ვერ შეიკავა სარკეში გამოსახულმა ნიკამ და ღრიალი დაიწყო. -მაპატიე, მაგრამ შენ არც არასოდეს გქონია სული, ნიკა. შენს სხეულში ყოველთვის ლიკა ცხოვრობდა. -ქალმა სიბრარულით შეხედა განადგურებულ მამაკაცს და სწრაფად გაიხურა ბინის კარი, რომ მორიგ კლიენტს შეხვედროდა. მამაკაცი სიმწრისგან გმინავდა... *** საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გონდაკარგული ლიკა მიიყვანეს. პაციენტის ბაბუა და დედა საავადმყოფოს მოსაცდელში სევდიანი სახეებით იდგნენ და ექიმის პასუხს ელოდებოდნენ. რამდენიმე წუთში ისიც გამოჩნდა: -ნიკას ნათესავები ხართ? -ახალგაზრდა მამაკაცმა ამრეზით გადახედა მოხუც კაცს და შუახნის ქალბატონს. -დიახ.-ერთხმად უპასუხეს ექიმს. -ახლავე უნდა შეეგუოთ, დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩა. შიდსი, ტუბერკულოზი... -აღარ გავაგრძელებ, მთელი ორგანიზმი „შეჭმული“ აქვს, თავადაც იცით. -ესეიგი ვერ გადარჩება? -საწყალი თვალებით შეხედა პაციენტის ბაბუამ მამაკაცს. -სამწუხაროდ, ასეა. -ექიმმა ცივი მზერა მიაპყრო იქ მყოფთ და კაბინეტისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. *** პალატაში მხოლოდ ლიკა იწვა. მზერა ჭერზე მიეპყრო და თვალებს ერთ წერტილს არ აცილებდა. -როგორ ხარ, ბაბუ? -მოხუცს ხელში მინდვრის ყვითელი ყვავილები ეჭირა, ცდილობდა, პაციენტთან დარდი დაეფარა და ოთახში ხალისი შეეტანა. ლიკა დუმდა, პასუხის გაცემა არ ისურვა. -ბაბუ, როგორ ხარ? -თავი შეახსენა მოხუცმა. პაციენტმა თვალები ჭერს ნელ-ნელა მოარიდა და გამზრდელ ბაბუას უსიცოცხლოდ შეხედა: -არამიშავს. -რამე ხომ არ გჭირდება? მითხარი, არ მოგერიდოს, ბაბუ. -მოხუცმა ავადმყოფის ხელს თავის დანაოჭებული და დაკოჟრილი თითები დაადო და სიყვარულით სავსე მზერით შეხედა. -შენ რომ მიყიდე, ის დათუნია მომიტანე, ბაბუ. -მხოლოდ ეს უთხრა გოგონამ და კედლისკენ გადაბრუნდა. -არ დამელაპარაკები? კარგი, როგორც შენ გინდა, ბაბუ, შენ იყავი კარგად და დღესვე მოგიტან იმ დათუნიას. -სულდამძიმებული მოხუცი შვილიშვილის საწოლს დაშორდა და თავჩაქინდრული, ნელი ტაატით გაუყვა საავადმყოფოს დერეფანს. *** ლიკას მუხლებზე დაესვა დათუნია და სანამ სათქმელს თავს მოუყრიდა, დიდხანს ფიქრობდა, საიდან დაეწყო: -ჩემი მეხსიერება ოთხი წლიდან იწყება, თედი. მახსოვს, ბაღში როგორ დამცინოდნენ ჯგუფელები, როცა მანქანების, გემების, თვითმფრინავების და ავტომატების ნაცვლად, თოჯინებთან თამაშს ვამჯობინებდი. -თოჯინები რა ბიჭის საქმეა, გოგო ხომ არ ხარ?-ხარხარებდნენ ბიჭები. -ნიკა, ეს ანას თოჯინაა, ახლავე დაუბრუნე და ბიჭებთან სხვა სათამაშოებით გაერთე!-მსაყვედურობდნენ მასწავლებლები. ერთხელ, ავტირდი კიდეც, თავადაც არ ვიცოდი ცრემლების მიზეზი. ალბათ, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რატომ მაინტერესებდა ის, რაც გოგონების „საქმე“ იყო და არა ბიჭების. -ქალაჩუნა, ქალაჩუნა... -თითი გამოიშვირა ჩემკენ ჯგუფელმა ბიჭმა და სხვებსაც ეძახდა, რომ ეჩვენებინა, როგორ ვტიროდი. -ტირილი რა ბიჭის საქმეა? ახლავე შეწყვიტე, არ გრცხვენია?! –„მამშვიდებდა“ მასწავლებელი. დღის ბოლოს ისევ ჯოჯოხეთი... დედ-მამის გაუთავებელი ჩხუბი, წივილი, კივილი და ნივთების უგზო-უკვლოდ ჰაერში სროლა... ჩემი შეშინებული და აცრემლებუი თვალები, რომლებიც მაშინ არავის აინტერესებდა... ექვსი წლის ასაკში მეზობელმა ბიჭებმა გამაუპატიურეს, მცემეს და დამემუქრნენ, თუ ვინმესთან დავასმენდი, არ მაცოცხლებდნენ, ან უფრო დამიმახინჯებდნენ ცხოვრებას... მეც შემეშინდა და დადუმება ვამჯობინე... ასე ჩავიკეტე საკუთარ თავში და ჩაბუდებულ შინაგან პროტესტს გარეთ ვერ ვუშვებდი, არადა ვგრძნობდი, როგორ მანადგურებდა და აღელვებული ოკეანის ტალღებივით ეხეთქებოდა ჩემი სხეულის და სულის კიდეებს, რომ გზა ეპოვა და როგორმე გადმოსულიყო. სკოლაში მეგობრები არ მყოლია, ვერ მიგებდნენ, ისინიც დამცინოდნენ. ბოლო მერხზე ვიჯექი და სულ ვხატავდი, ჩემს ფანტაზიებში ლამაზ, გამხდარ გოგონებს ვაცოცხლებდი და სხვადასხვა ფერის ტანსაცმლით ვმოსავდი. მახსოვს, ერთხელ ჩემმა კლასელმა მერხიდან რვეული ამაცალა და საკლასო წერის დროს, ინგლისურის მასწავლებელთან მიარბენინა: -ნახეთ, ნიკა რითი ერთობაო. მასწავლებელი ჩემი რვეულით ხელში მომიახლოვდა, ტუჩის კვნეტით დიდხანს მიყურა და ფიქრობდა, რა ეთქვა. კლასელები ხელების ფშვნეტით მორიგი ოინის სანახავად ემზადებოდნენ. აწურული წამოვდექი, უხერხულად შევიშმუშნე და მასწავლებლის რისხვას საშინელი განაჩენივით ველოდი. მოულოდნელად მხარზე ხელის დადება ვიგრძენი. სხეულში სიმხურვალემ დამიარა, მეგონა, ტანსაცმლით მომქაჩავდა, ყურსაც ამიწევდა, კარგად გამომლანძღავდა და მერე კლასიდანაც მიმაბრძანებდა. ისეთი სახით ვიყურებოდი, როგორც ბრალდებული მოსამართლის განაჩენის მოსმენის წინ. -რატომ არ წერ ნიკა? ნუთუ ეს გოგონები შენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი ახსნილი მასალა? -მშვიდი ტონით მომმართა მასწავლებელმა და გვერდით დამიჯდა. მისმა სიტყვებმა აჩქარებული გული კიდევ მეტად ამიჩქარეს, საკუთარი თავის შემრცხვა. -არ გინდა, მიპასუხო? მართლა მაინტერესებს. -თავზე ხელი გადამისვა და მზერა ჩემი დახატული გოგონებისკენ წაიღო. -დავწერ!-აკანკალებული ხმით ვუთხარი, მხოლოდ ეს მოვახერხე. -ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი საგნის მიმართ შენს ინტერესს დავინახავ. ისე, სიმართლე გითხრა, შენი გოგონები ძალიან მომწონს. -ვიგრძენი, რომ გოგონებს უღიმოდა, ძალიან მესიამოვნა, რომ შეამჩნიეს. -იცოდე, თავისუფალ დროს ერთი ასეთი გოგონა მეც უნდა დამიხატო, მერე შევინახავ და ვინ იცის, მომავალში სახელოვანი დიზაინერი რომ გახდები, ხშირად დავხედო და შენით ვიამაყო ხოლმე. -დაგიხატავთ. -მოკლედ ვუთხარი და გავწითლდი. იმ დღეს, საკუთარი უპასუხისმგებლო საქციელის ისე შემრცხვა, მას შემდეგ ავად თუ კარგად მხოლოდ თეა მასწავლებლის დავალებებს ვასრულებდი. ზოგჯერ ადამიანის ერთ სიტყვას იმდენად დიდი ძალა აქვს, თედი, შეიძლება სამუდამოდ დაგრჩეს მეხსიერებაში და ცხოვრების კრედოდაც კი გაგიხდეს. ხელოვნებისადმი სიყვარულს ბავშვობიდანვე ვამჟღავნებდი, ამიტომ ერთ დღეს, დედას ვთხოვე, რომ მუსიკაზე შევეყვანე. -მუსიკა რა ბიჭის საქმეა, შეხედე შენს თანატოლებს, ბექა ფეხბურთზე დადის, გიორგი და გეგა -კალათბურთზე, სხვა რამ მომთხოვე რა! -შემომწყრა დედაჩემი. -მე ხომ ბექა, გიორგი და გეგა არ ვარ! -მეც გავბრაზდი, მაგრამ ამის თქმა გადავიფიქრე, ისევ გულში ჩავიკალი ტკივილი. სკოლის ბოლო წლებში, დედას საშუალება არ ჰქონდა, რომ კერძო რეპეტიტორთან მოვემზადებინე და სხვა დანარჩენი თანატოლებივით უნივერსიტეტში მეც ჩამებარებინა. ხშირად დამიძინია მშიერს, სწავლაზე ფიქრი ზედმეტადაც კი მიმაჩნდა, ფიზიკური გადარჩენისთვის ვიბრძოდი. მერე მოხდა ის, რაც მოხდა -საკუთარი სხეულის ჩემი სულისთვის დამსგავსება ვცადე. თმები გავიზარდე, ჩემს ფანტაზიებში შექმნილ გოგონებს კაბები გავხადე და სხეულზე მათი მორგება დავიწყე. –ფუჰ, რას გავხარ, შენ უპატრონო?!; -ვაი, შენს დედას, უბედურს! და ა.შ. ფრაზები და ადამიანების ზიზღიანი და ხან სიბრალულის გრძნობით სავსე სახეები ჩემი ყოველდღიურობა გახდნენ. ასე დავამახინჯე ნიკა და საბოლოო ჯამში, აღარც ნიკა ვარ და აღარც ლიკა. ერთი ბუნების შეცდომად ვიქეცი, რომელიც თავს სხვის სხეულში გამომწყვდეულ არსებად გრძნობს და სიკვდილს ნატრულობს, რომ მეორე ცხოვრებაში მაინც მოვიდეს თავის სხეულით. თედი, ზოგჯერ იცი როგორ მეცოდება ნიკა? მან ხომ არაფერი დააშავა, რომ სხეულში ჩემნაირი გზააბნეული ჩაუსახლდა და ცხოვრება დაუღუპა? უნდა მაპატიოს, სხვა გზა არ აქვს. *** დათუნიასთან ერთად გოგონამ პალატა დატოვა და დერეფნის ბოლოს, სამლოცველო კუთხისკენ კედელ-კედელ, მისუსტებული გაუყვა გზას. ხატების კუთხეს რომ მიუახლოვდა, უკნიდან ქალი წამოადგა და მკაცრი ტონით მიმართა: -ახლავე გაერიდეთ აქაურობას, აქ თქვენნაირების ადგილი არ არის! -კარგი. -არ შეეწინააღმდეგა ლიკა, ცივად დადო ხატისთვის დასანთები სანთელი და თავის ოთახს დაუბრუნდა. პალატაში შესვლისას, შენიშნა, რომ გარეთ წვიმა დაწყებულიყო. წყლის წვეთები ფანჯრის მინას სწრაფად ასკდებოდნენ და შემდეგ გველებივით იკლაკნებოდნენ. ლიკამ სიცხიანი შუბლი წვიმისგან გაგრილებულ შუშას მიაბჯინა და სიამოვნება იგრძნო, მერე ძალა მოიკრიბა და იქვე, ფანჯრის რაფაზე მყოფ დათუნიას მიუბრუნდა: -თედი, ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ მე მჯერა, რომ ერთ დღეს, აუცილებლად გაცოცხლდები და შენი მეგობრის ამბავს ყველას მოუყვები. აბა, მშვიდობით, მეგობარო და არ დამივიწყო. -მომაკვდავმა მკრთალად გაუღიმა თედის და საწოლამდე ძლივს მიაღწია. წვიმამ მალე გადაიღო და ცაზე ცისარტყელა გამოისახა. *** ოჯახის წევრებს გარდაცვლილის სხეულის სახლში მისვენების უფლება არ მისცეს, უთხრეს, რომ საშიში იყო, რადგან სხვების ჯანმრთელობას საფრთხეში ჩააგდებდნენ. გვამი სახლში მისვენების და სამძიმრის გარეშე, ნიკას ტანსაცმლით, პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს... -„ვეუბნებოდი, არ გინდა ასეთი ცხოვრება, იცხოვრე ადამიანურად-მეთქი. სულ ვჩხუბობდით. -კიო, მოვბრუნდებიო. -მპასუხობდა. როდის მობრუნდები-მეთქი? -გამოვჯანმრთელდები და მერეო, მაგრამ ვეღარ გამოჯანმრთელდა...“ -ლუღლუღებდა გარდაცვლილის ატირებული ბაბუა ჟურნალისტთან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.