გოგონა ვარდისფერი პუანტებით (სრულად)
გოგონა ვარდისფერი პუანტებით მაისის თბილი საღამო იყო. ნაწვიმარ ქუჩებში დანამული მიწის და მცენარეების სურნელი ტრიალებდა. რუსთაველის გამზირს ათასფრად აჭრელებული, ყვავილებით მორთული ტროტუარები ამშვენებდნენ. განათებული ლამპიონები და შენობები კიდევ უფრო ლამაზ იერს აძლევდნენ მთავარ გამზირს. შესანიშნავი საღამო იყო სასეირნოდ. გარეთ, თბილისელებთან ერთად, ცნობისმოყვარე ტურისტები ირეოდნენ. დიდხანს ჩერდებოდნენ თითოეულ მონუმენტთან თუ შენობასთან და ცდილობდნენ, ევროპული ქალაქისთვის დამახასიათებელი ძველი არქიტექტურული და ლამაზი დეტალები ფოტო კამერებზე აღებეჭდათ. შემდეგ კმაყოფილი სახეებით იქაურობას გაეცლებოდნენ და მორიგ ადგილს ეძებდნენ გასაცნობად. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან თეთრკაბიანი გოგონა გამოჩნდა. მხრებზე პატარა ზურგჩანთა გადაეკიდა და ბედნიერი სახით რუსთაველზე მოსიარულე ხალხს შეერია. იქვე მდგარ მეყვავილესგან მინდვრის ყვავილების თაიგული შეიძინა და გეზი „თავისუფლების მოედნის“ მეტროსკენ აიღო. მეტროსადგურს რომ მიუახლოვდა, მიწისქვეშა გადასასვლელით პუშკინის სკვერისკენ დაეშვა და გაჩერებაზე სამარშრუტო ტაქსს დაელოდა. მალე, ისიც მოვიდა და გოგონა საბურთალოს მიმართულებით გაჰყვა. გზაში აიპოდს ყურსასმენები დაუმაგრა და მისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებს დაუწყო მოსმენა. არც ატირებული ბავშვის და არც პოლიტიკურ თემებზე მოსაუბრე ორი ქალბატონის ხმას არ შეუშლია მისთვის ხელი, თვალები დახუჭა და საკუთარ სამყაროში შეიჭრა. დროდადრო ფანჯარაში გაიხედებოდა, რომ დანიშნულების ადგილს არ გასცდენოდა. მეტრო „დელისის“ ტერიტორიას რომ მიუახლოვდა, მძღოლს გაჩერება სთხოვა, სამგზავრო თანხა მიაწოდა და ჩამოვიდა. იქიდან კი ნუცუბიძის ქუჩისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა და ოთხ წუთში გამრეკელის ქუჩის დასაწყისთან ჩამოვიდა, გურიელის ქუჩას აუყვა, ოცდარვა ნომერთან, ყავისფრად შეღებილ რკინის კართან გაჩერდა და ზარი დარეკა. ზარის ხმას ეზოდან ძაღლის ყეფა მოჰყვა, შემდეგ პატრონის ხმა გაიგონა: -ლუი, დაწყნარდი! ვნახოთ, ვინ გვესტუმრა. გოგონას ძაღლის პატრონის ხმის გაგონებაზე გული აუჩქარდა და მისთვის ნაყიდ ყვავილების თაიგულს თხელი და გრძელი თითებით დაუწყო შელამაზება. ახალგაზრდა ქალბატონმა ურდული გადასწია და კარი გააღო. მის წინ გამხდარი, საშუალო სიმაღლის, წაბლისფერთმიანი და თაფლისფერთავალებიანი, ლამაზი, თხელი სახის ნაკვთების გოგონა გაბადრული სახით იდგა და უცინოდა. -ლიზა, შემოდი, არ გამკვირვებია, რომ მოხვედი. ვიცოდი, ჩემს უნახავად არ წახვიდოდი. -მაია მასწავლებელო, თქვენს უნახავად ნამდვილად ვერ წავიდოდი,- უთხრა გოგონამ და ყვავილების თაიგული გაუწოდა. ახალგაზრდა ქალბატონმა თაიგული გამოართვა, მადლობა გადაუხადა და სახლში შესვლისთანავე ვაზაში ჩადო. გოგონას ლიმონიანი ჩაი და ნამცხვარი შესთავაზა და სამზარეულოში გავიდა. ცოტა ხანში, ფინჯნები და თეფშზე ლამაზად დაწყობილი შოკოლადის ნამცხვრის რამდენიმე ნაჭერი გამოიტანა და მაგიდაზე დააწყო. საუბარი ლიზამ დაიწყო: -მაია მასწ, ამ ღამეს, გამთენიისას მივდივარ. ჩემოდანი უკვე ჩავალაგე. -წარმომიდგენია, როგორ ღელავს დედაშენი. -არ მკითხოთ, ყოველ საათში ერთხელ რეკავს, ხან რას მარიგებს, ხან რაღაცებს მავალებს, ხან უბრალოდ მეკითხება, რას ვაკეთებ, -ტუჩებიდან ღიმილი გამოკრთა გოგონას. -სულ ასე არ არის? -კი, მაგრამ ახლა ორმაგ ყურადღებას იჩენს. -მესმის, უხარია და იმიტომ. ამდენი ხნის მონატრებულ შვილს ნახავს... ნათესავებს და მეგობრებს დაემშვიდობე? -დიახ, თითქმის ყველა ნათესავი ვნახე და დავემშვიდობე. მეგობრებს აეროპორტში შევხვდები, გამაცილებენ. -ლიზა, მიუხედავად იმისა, ძალიან მიხარია შენი წარმატებები, არ მოგატყუებ და თან, გული მწყდება, რომ ვეღარ გნახავ ხოლმე. -ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით. ჩემს წარმატებებში დიდი წვლილი მიგიძღვით და ამას არასოდეს დავივიწყებ. -შენთვის საჩუქარი მაქვს, დამელოდე, ახლავე მოვალ. მასწავლებელი სხვა ოთახში გავიდა და რამდენიმე წუთში, წითელი სასაჩუქრე პარკით დაბრუნდა. გოგონას გულმა ვეღარ მოუთმინა და საჩუქარი გახსნა. ლიზამ ახალი, ვარდისფერი პუანტები და ბალერინა თოჯინა ამოიღო, ძალიან გაუხარდა, სიყვარულით გადაეხვია ახალგაზრდა ქალბატონს და აკოცა. იქ კონვერტიც იყო, მაგრამ მაიამ სთხოვა, რომ იქამდე არ გაეხსნა, სანამ თვითმფრინავში არ ჩაჯდებოდა. გოგონა შეპირდა, რომ ასეც მოიქცეოდა. მასთან ცოტა ხნით კიდევ დარჩა და მერე წასვლა გადაწყვიტა. მასწავლებელს დაემშვიდობა, ლუის ბოლოჯერ მოეფერა და ნუცუბიძის ქუჩისკენ ნელი ნაბიჯებით ჩავიდა. ხანდახან მოიხედებოდა, იცოდა, რომ ის სახლი და იქ მაცხოვრებელი ახალგაზრდა ქალბატონიც ძალიან ბევრჯერ მოენატრებოდა. *** დილის 04:00 საათი იქნებოდა, როდესაც არსენას ქუჩაზე ლიზას სახლთან ტაქსი გაჩერდა. სპორტულ სამოსში გამოწყობილი გოგონა ორი დიდი ჩემოდნით უკვე ქუჩაში იდგა. ტაქსის მძღოლი მანქანიდან გადავიდა და ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო. მგზავრი უკანა სავარძელზე მოთავსდა და უკანასკნელად გახედა თავის სახლს. მანქანა დაიძრა, ლიზას ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია. საყვარელი უბანი, სამეზობლო, ნაცნობი მაღაზიები, ქუჩები, რუსთაველის გამზირი, ძველი თბილისის ხედები- ყველაფერი ერთი გაელვებით, სწრაფი სიჩქარით მიმავალი მანქანის ფანჯრებიდან სილუეტებად რჩებოდა თვრამეტი წლის გოგონას გონებაში. ტაქსი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მიუახლოვდა. მძღოლმა შენობის შესასვლელთან გააჩერა, ლიზას მშვიდობიანი ფრენა უსურვა, დაემშვიდობა და იქაურობას გაეცალა. ცოტა ხანში, ლიზას მეგობრებიც გამოჩნდნენ. მასთან ერთად ერთი საათი გაატარეს, სამახსოვრო სურათები გადაიღეს და ვიდრე ლიზა ესკალატორზე ავიდოდა, გულდაწყვეტილები ბოლოჯერ ჩაეხუტნენ და გადაკოცნეს. შემდეგ ესკალატორზე ასულს, ხელი მოწყენილი, მაგრამ ღიმილიანი სახეებით დაუქნიეს და აეროპორტი დატოვეს. *** დილის 06:00 საათზე ლიზა თურქეთის ავიახაზის ბორტზე იყო. ბორტგამცილებელმა ბილეთს დახედა და მისთვის განკუთვნილი ადგილის მიმართულებისკენ მიუთითა. რამდენიმე წუთში, ყველა მგზავრი ადგილზე იყო. კარები დაიკეტა და თვითმფრინავის ძრავი ჩაირთო. შემდეგ ნელი სვლით, ასაფრენი ბილიკისკენ დაიწყო მოძრაობა, მერე სიჩქარეს მოუმატა და სულ მალე, ცაში აიჭრა. ბორტგამცილებლები მგზავრებისთვის რამდენიმე ენაზე უსაფრთხოების წესების გაცნობას შეუდგნენ, ლიზამ კი ხელბარგიდან კონვერტი ამოიღო და მასწავლებლის წერილის კითხვა დაიწყო: ლიზა, ჩემო კარგო და ლამაზო გოგონა, კარგად იცი, შვილივით მიყვარხარ და შენთვის მხოლოდ საუკეთესო მემეტება. ალბათ, არ მოიძებნება სიტყვები, რომლებიც შენს მიმართ ჩემს უზომო სიყვარულს გამოხატავენ. გულწრფელად მიხარია, რასაც მიაღწიე და მინდა, კიდევ უფრო დიდ წარმატების მწვერვალზე გიხილო. ვიცი, რომ წლების შემდეგ, ქართველი ხალხი ლიზა მეტრეველით იამაყებს და მას დიდი პატივისცემით მოიხსენიებს. მე კი გული სიხარულით ამევსება და ვიტყვი, რომ ერთ დროს, პატარა ლიზა საბალეტო წარმოდგენებისთვის ჩემთან ერთად საათობით მეცადინეობდა, ცეკვავდა და თითოეული დეტალის დასახვეწად თავს არ ზოგავდა. კონვერტში თმის სარჭია, რომელიც პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილს ეკუთვნოდა. ძალიან მომეწონა და როდესაც აღვნიშნე, მან კი თმიდან მოიხსნა და მაჩუქა . მას შემდეგ, ჩემს თილისმასავით მქონდა. ახლა, შენ გეკუთვნის, გაუფრთხილდი და ყოველ წამს, როცა ცეკვისგან დაღლილს ან რაიმეზე იმედგაცრუებულს განწყობა შეგეცვლება, ხელით შეეხე და მაშინვე დიდ ძალას იგრძნობ, რაც ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება. წარმატებებს გისურვებ, ჩემო თაფლისფერთვალება. აბა, დროებით და არ დამივიწყო. შენი მაია მასწავლებელი. 15.05.2014 ლიზამ ვერცხლის, ლამაზი თვლებით მოჭედილი თმის სარჭი კონვერტიდან ამოიღო, გულთან მიიკრა, თვალები დახუჭა და ფიქრებში წავიდა. მოგვიანებით, ძილბურანში მყოფი გოგონა ქერათმიანმა და წითელ ტუჩსაცხიანმა ბორტგამცილებელმა გამოაფხიზლა და საუზმე შესთავაზა. *** 17 მაისი. 17:25 საათი. თვითმფრინავი ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტში დაეშვა. მზიანი დღე იყო. ახალი ემიგრანტი ცოტა აღელვებული, მაგრამ დიდი იმედებით და მოლოდინებით სავსე გამოვიდა დიდი ბოინგიდან. მხოლოდ მან იცოდა, რამდენ ხანს და როგორ ელოდებოდა ამ დღის დადგომას. ამიერიდან, ოცნების ქვეყანაში გააგრძელებდა ცხოვრებას და ზუსტად იცოდა, რომ მის მიზნებს ნიუ-იორკივით ფერადი და ნათელი მომავალი ექნებოდა. თავდაპირველად, დაბნეული თვალებით იყურებოდა, არ იცოდა რომელი მიმართულებით წასულიყო, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, ხალხის ტალღას გაჰყოლოდა. დიდხანს იარა ვიწრო დერეფანში და საბოლოოდ, დარბაზში გავიდა. უამრავი ეროვნების ხალხი ირეოდა. ზოგი კონვეიერთან იდგა და ჩემოდნებს ელოდებოდა, ზოგი დაკარგული ბარგის ამბავს არკვევდა, ზოგს უკვე მიეღო კუთვნილი ჩემოდნები და მესაზღვრესთან სასაზღვრო კონტროლის გავლისთვის ემზადებოდა, ზოგიც აეროპორტის თანამშრომლებთან სხვა საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული. ლიზამ თავის ბარგი კონვეიერიდან გადმოაწყო და მესაზღვრეს მიადგა: -თქვენი პასპორტი. -ინებეთ. -ლიზა მი-თრი-ვი-ლი. -ლიზა მეტრეველი,- ღიმილით შეუსწორა გოგონამ მესაზღვრეს გამოთქმა. მესაზღვრე მამაკაცმა მკაცრი სახით შეუმოწმა ყველაფერი, თითის ანაბეჭდები აუღო, პასპორტში ბეჭედი ჩაურტყა და დაემშვიდობა. ეს ეტაპიც გაიარა. ახლა კი თავს ფსიქოლოგიურად დედასთან შესახვედრად ამზადებდა. გული აუჩქარდა და გონებაში ყველაფერი ერთად აერია. საკუთარი ფეხის მოძრაობას ვეღარ გრძნობდა. ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ამჩნევდა. მხოლოდ დედაზე ფიქრობდა. ამასობაში დერეფნიდან გამოვიდა და თვალებით დაუწყო ძებნა, იქნებ სადმე დაენახა. ზღვა ხალხი ირეოდა. -ლიზა... სიხარულნარევი და ათრთოლებული ხმით ყვიროდა ვიღაც მის სახელს. გოგონამ იქით გაიხედა, საიდანაც ხმა მოესმა და სადღაც, ხალხის უკან დედამისს მოჰკრა თვალი, რომელიც ხელით ანიშნებდა, აქ ვარო. ლიზამ ფეხს აუჩქარა და სხვა მგზავრებისთვის მომლოდინე ხალხის ნაკადში შეიჭრა. ბედნიერი და თვალებაცრემლებული დედა რომ დაინახა, სწრაფად მივარდა და ჩაეხუტა. ასე იდგნენ დიდხანს გაქვავებულნი. ხანდახან დედა სახეზე შეხედავდა, თითებით ეფერებოდა. ალბათ, ფიქრობდა, რამხელა გაზრდილიყო... შემდეგ ისევ გულში ჩაიკრავდა ხოლმე. ეს ის წუთი იყო, რომლის დადგომაზე ფიქრსა და ოცნებებში არაერთი ტკივილიანი ღამე დასთენებია, ეს ის წუთი იყო, რომელიც ნაცნობსაც და უცნობსაც გულს აუძგერებდა და ააღელვებდა. დედამ ვეღარ გაუძლო ფეხზე დგომას, ქვევით მოწყვეტით დაეშვა, მუხლებზე დადგა და შვილიც თან ჩაიყოლა. რაღაცას ეჩურჩულებოდა, ესიყვარულებოდა, მერე ისევ დადუმდებოდა. ძალიან ემოციური სანახავი იყო. ასე გაგრძელდებოდა კიდევ დიდხანს, დედა-შვილის ყურადღება ერთ გულაჩუყებულ და თვალზე ცრემლმომდგარ ამერიკელს რომ არ მიეპყრო: -კარგით რა, გოგოებო. მეც ნუ ამატირეთ, გთხოვთ, შეწყვიტოთ. ნათიამ ვივიენს გაუღიმა და შვილი გააცნო: -ეს ჩემი გოგონაა, სახელად ლიზა ჰქვია. -გამარჯობა ლიზა, მე ვივიენი ვარ, დედაშენის მეგობარი. -ლიზა, ვივიენი ჩემთვის აქ ყველა და ყველაფერია. -გამარჯობა ვივიენ, თქვენზე ბევრი კარგი რამ მსმენია. დედა ხშირად მიყვება ხოლმე ამბებს. -მართლა? ნათია ძალიან მიყვარს, კარგი მეგობარია და თან, ძალიან ლამაზი გოგონა ჰყოლია, მოხიბლული ვარ,-სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა ამერიკელი ქალბატონი. ლიზამ და ნათიამ მადლობა გადაუხადეს ვივიენს თბილი სიტყვებისთვის. -მოკლედ, ლიზა, კეთილი იყოს შენი ჩამობრძანება ამერიკაში. შემდეგ, ორივეს მიუბრუნდა და ჰკითხა: -აბა, მზად ხართ, რომ წავიდეთ? -რა თქმა უნდა, -ერთხმად უპასუხეს დედა-შვილმა ვივიენს და უკან გაჰყვნენ. სანამ მანქანასთან მივიდოდნენ, დედამ რამდენჯერმე გააჩერა გოგონა, კვლავ გულში იკრავდა და კოცნიდა. ვივიენი გადახედავდა, თავს გაიქნევდა და სიცილით ორივეს მანქანის სადგომისკენ ანიშნებდა. ცოტა ხანში, ქუინსიდან მიმავალი მანქანა ბრუკლინის მიმართულებით დაიძრა. ლიზა ინტერესით ათვალიერებდა ნიუ-იორკის ქუჩებს, გარეთ მოსიარულეებს, მაღაზიის ვიტრინებს, შენობებს და ცდილობდა, იქნებ ფილმებიდან ნაცნობი ადგილებისთვისაც მოეკრა თვალი. ახლა, მისთვის ყველაფერი უცხო და ძალიან საინტერესო იყო. ნათიას მზერა კი შვილის სხეულს და სახეს არ მოსცილებია, ღიმილით უთვალიერებდა სახის ნაკვთებს, ტანს და გულში ფიქრობდა, იმ ჯიუტი თინეიჯერისგან, რომელიც წლების წინ საქართველოში დატოვა, ხასიათში რამე ხომ არ შემორჩენოდა. -ლიზა, დედამ მითხრა, რომ ბალერინა ხარ და აქ, ახალგაზრდების საბალეტო დასში მოგიწვიეს. -დიახ. -მიკვირს, ეს როგორ მოხდა? საკმაოდ რთულია იქ მოხვედრა. -საქართველოში სტუმრობისას, ერთ-ერთმა ამერიკელმა ქორეოგრაფმა ჩემი ცეკვა ნახა და შემდეგ შემომთავაზა, რომ თუ ჩემი სურვილიც იქნებოდა, რეკომენდაციას გამიწევდა ნიუ-იორკის საბალეტო დასში საცეკვაოდ, მეც დავთანხმდი. -გილოცავ! როგორ გაგიმართლა, ყველაფერთან ერთად, იღბლიანიც ყოფილხარ. -დიდი მადლობა. -ნათია, რას გეგმავთ დღეს? ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ კიდევ რამეში? -არა, მადლობა. დღეს სახლში დავრჩებით, ხვალ კი ქალაქში გავიყვან და შეძლებისდაგვარად, რასაც მოვასწრებ, დავათვალიერებინებ. -ძალიან კარგი. ერთი დღე დავთქვათ და სადილზე, ან ვახშამზე კარგ რესტორანში შევიკრიბოთ. -რა თქმა უნდა, აუცილებლად. -მგონი მოვედით, ეს არის ხომ ის კორპუსი, სადაც ცხოვრობ? -დიახ, ეს არის,-დაეთანხმა ნათია მეგობარს,- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. -რას ამბობ, ყოველთვის დიდი სიამოვნებით დაგეხმარები. ვივიენმა მანქანა „შიფსჰედ ბეი”-ს უბნის ერთ-ერთ კორპუსთან გააჩერა, დედა-შვილს მშვიდობიანი ღამე უსურვა და ნელ-ნელა ნიუ-იორკის საცობებს შეერია. *** სადარბაზოში რომ შევიდნენ, ლიზას ყურადღება გრძელმა დერეფნულმა სისტემებმა და ბინების განლაგებამ მიიქციეს. ლიფტიდან რომ გამოვიდნენ, გაკვირვებით აღნიშნა: -აქ იმდენი ბინებია, ალბათ, დიდ ხანს მოვუნდები ჩვენი კარების დამახსოვრებას. ახლა საით წავიდე? -დაიბენი? პირდაპირ და მარცხნივ, ბინა 4H, -გაუღიმა დედამ გოგონას. ლიზამ უცებ მოძებნა რკინის კარები შესაბამისი ნომრით, გორგოლაჭებიანი ჩემოდანი მის წინ გააჩერა და კარის გასაღებად დედას დაუწყო ლოდინი. ნათიამ კარები გააღო და შვილს შეუბრუნდა: -Welcome to our apartment, my dear girl! ბინა ერთ საძინებლიანი იყო, პატარა მისაღები ოთახით, სამზარეულოთი და სააბაზანოთი. სამზარეულოს ფანჯრები ქუჩაში გადიოდა, საძინებლის და მისაღების კი უკანა ეზოში, არც თუ ისე სახარბიელო ხედით. ოთახები სუფთა და მოვლილი იყო, იაფფასიანი ნივთებით, მაგრამ გემოვნებით და მოხდენილად მოწყობილი: -აბა, როგორ მოგწონს ჩვენი ბინა? -არაუშავს, ნორმალურია. -საძინებელში ერთად დავიძინებთ, მისაღებს კი ამ დღეებში სხვას მივაქირავებ. -რატომ? -ბინის ქირის გადახდაში დამეხმარება. -აქ სხვაც იცხოვრებს?-აშკარად არ ესიამოვნა ლიზას. -ჰო, მერე რა მოხდა? -მე მეგონა, მისაღებს ჩემს სავარჯიშო ოთახად გადავაკეთებდი და აქ დავიძინებდი. ზოგჯერ გვიანობამდე მიწევს ვარჯიში. -კარგი მაშინ, რა გაეწყობა, რაღაცას მოვიფიქრებთ. -დედა, მუშაობას რომ დავიწყებ, ბინის ქირის გადახდაში მეც მოგეხმარები. ნათიას შვილისთვის არაფერი უთქვამს, ხელები დაიბანა და სამზარეულოში მაგიდის გაწყობას შეუდგა. დაღლილი მგზავრი კი მისაღები ოთახის დივანზე ჩამოჯდა, ტელევიზორი ჩართო და ვიდრე ის ნიუ-იორკის სატელევიზიო არხებს ეცნობოდა, დედამისმა ყველაფერი გაამზადა და სამზარეულოში შეიპატიჟა: -მოკლედ, დღეს მენიუში გვაქვს: ხბოს კოტლეტი, კარტოფილის პიურე, „მარნეულის“ წითელი ტყემალი, სალათა კიტრით, პომიდვრით, ავოკადოთი, გახეხილი სტაფილოთი, სალათის ფურცლებით და სპეციალური სოუსით. -მშვენიერია,-აღფრთოვანდა ლიზა. დედა-შვილი მაგიდას მიუსხდენენ. ნათიას ბევრ რამეზე უნდოდა საუბარი ლიზასთან, მაგრამ იფიქრა, რომ დაღლილი იყო, თავი შეიკავა და სხვა დროისთვის გადადო. ვახშამი ორივემ უხმოდ მიირთვა, მერე გოგონამ შხაპი მიიღო და საძინებელში დასაძინებლად შევიდა. ნათიამ სამზარეულო დაალაგა და ცოტა ხნით ლეპტოპი ჩართო, ფილმის ყურება დაიწყო, მაგრამ ფიქრებმა სხვაგან გაიტაცეს და რამდენიმე წუთში, მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა და გამორთო. ერთი საათის განმავლობაში დივანზე გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ წამოდგა, შუქი ჩააქრო და საძინებლისკენ წავიდა. ოთახში შესულს, ღრმად ჩაძინებული ლიზა დახვდა, გვერდზე მიუწვა და გაუცხოვებული შვილის სუნთქვას ყური დაუგდო. ეს ღამე ყველაზე გამოუცნობ და უჩვეულო რამედ ექცა. არ იცოდა, როგორ დღეს გაუთენებდა, როგორი გაგრძელება ექნებოდა, ან დაიბრუნებდა გოგონას თუ არა? *** დაახლოებით დილის 05:00 საათი იქნებოდა, ლიზას რომ გაეღვიძა. ძილი ვეღარ შეიბრუნა და საწოლიდან წამოდგა. ყავის მომზადება დაიწყო, თან, ფანჯრიდან ქუჩის ხედს გაჰყურებდა. ჭურჭლის ხმაზე, ნათიასაც გაეღვიძა და საძინებლიდან გამოვიდა: -ლიზა, რატომ არ გძინავს დედიკო? -რა ვიცი, ადრე გამეღვიძა, ძილი ვეღარ შევიბრუნე და ავდექი. -ეს იმიტომ, რომ საქართველოს დროზე ხარ მიჩვეული, ერთ კვირაში ყველაფერი დალაგდება და ძილიც მოგიწესრიგდება. პირველი სამი დღე ჭირს, მერე უკვე მიეჩვევი. -ალბათ. -რას ვაპირებთ დღეს? -არ ვიცი, ყავას დავლევ და გარეთ გავალ, უბანს დავათვალიერებ. -ერთად გავიდეთ, ყველაფერს აგიხსნი. -არ არის საჭირო, თავად გავერკვევი, მარტოობას და დამოუკიდებლობას დიდი ხანია, მივეჩვიე. -ასე რატომ მელაპარაკები? რამეზე მიბრაზდები? -არა, საიდან მოიტანე? -სულ სხვანაირი ხარ. -როგორი? -თავადაც იცი როგორიც. ასე არასოდეს ელაპარაკებოდი დედას. -დედა, გავიზარდე, ის თოთხმეტი წლის პატარა გოგო აღარ ვარ, შენზე რომ ვიყავი დამოკიდებული. -მადლობა, რომ შემახსენე,-განაწყენდა ნათია. -რატომ გწყინს, ტყუილს ვამბობ? -შეიძლება ტყუილს არ ამბობ, მაგრამ ისე მელაპარაკები, თითქოს ვიღაც გუშინ გაცნობილი უცხო დეიდა ვიყო შენთვის. -დრო მომეცი, გარკვეული პერიოდი მჭირდება, რომ ამ გარემოს და კვლავ შენთან ცხოვრებას მივეჩვიო. ლიზა წამოდგა, დახეული ჯინსის შარვალი ჩაიცვა, ყვითელი მაისური გადაიცვა, გრძელი თმები მაღლა აიწია და კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა. დედას დაუბარა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ნათია ფანჯრიდან დიდ ხანს ადევნებდა თვალს ქუჩაში გასულ შვილს, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით სამსახურში მიმავალ ხალხს მიჰყვებოდა და თან აქეთ-იქეთ მდებარე სავაჭრო პუნქტებს ათვალიერებდა. რამდენიმე წუთში ფანჯარა დაკეტა, უხასიათოდ დაასხა ფინჯანში ყავა და სიგარეტს მოუკიდა. ვიღაცამ კარზე ზარი დარეკა. ეგონა, ლიზა მობრუნდა და კარებისკენ წავიდა, ხელთ კორპუსის აღელვებული ტექნიკური პერსონალი („სუპერი“) შერჩა: -მეზობელს თქვენგან წყალი ჩასდის. -შეუძლებელია, შემობრძანდით და შეამოწმეთ, ყველაფერი რიგზეა. „სუპერმა“ საგულდაგულოდ დაათვალიერა წყლის ყველა მილი და როცა დარწმუნდა, რომ წყალი ნათიას ბინიდან არ ჩადიოდა, გაკვირვებით გაიქნია თავი, ბოდიში მოიხადა და წასვლა დააპირა. გასვლისას, უკან მიიხედა და ნათია გააფრთხილა: -სიგარეტს ამ შენობაში ნუ ეწევით, აკრძალულია! ნათიამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს პირველად შეიტყო ამ წესის შესახებ, ბოდიში მოუხადა, გაუღიმა და უთხრა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებდა. ცოტა ხანში, ლიზაც მობრუნდა. ხელში მინიატურული წითელი ვარდის პატარა ქოთანი ეჭირა, მაშინვე სამზარეულოში შევიდა და რამდენიმე წვეთი წყალი მოაპკურა, შემდეგ ფანჯრის რაფაზე დადგა, დედას მიუბრუნდა და უთხრა: -ამ ყვავილს ძალიან კარგად უნდა მოვუაროთ, გამყიდველმა მითხრა, რომ სიყვარული, სიხარული და იღბალი მოაქვსო. ჰოდა, რადგან ურთიერთობა განვაახლეთ, ვიფიქრე, ვარდი ამერიკული ცხოვრების ერთობლივად დასაწყისის სიმბოლო გახდებოდა ჩვენთვის. -აუცილებლად მოვუვლით. ხომ იცი, ვარდი ჩემი საყვარელი ყვავილია,-ნათიას სახეზე ღიმილი მოადგა. -ვიცი დედა. *** რამდენიმე საათში ნათია და ლიზა მანჰეტენზე სეირნობდნენ. ლიზა აღფრთოვანებით უყურებდა ცათამბჯენებს, ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა ყვითელ ტაქსებს, პოლიციელებს, ტურ-ოპერატორებს და გამვლელებსაც კი. „როკფელერის ცენტრიდან“ რეკლამებით აჭრელებულ „თაიმ სქვერზე” ჩავიდნენ, დისნეის მულტფილმების პერსონაჟების კოსტუმებში ჩაცმული ქუჩის მსახიობები დედა-შვილს გარს შემოეხვივნენ და სურათების გადაღება შესთავაზეს. ლიზამ და ნათიამ მიკი და მინი მაუსებთან არჩიეს სურათის გადაღება. ლიზა გამხიარულდა, ეგრეთწოდებულ “filling”-ს იღებდა, რასაც ახალი ემიგრანტი აშკარად კარგ განწყობაზე მოჰყავდა, შემდეგ სიარულისგან დაღლილები თხუთმეტი წუთით ტურისტების საყვარელ ადგილას, წითელ კიბეებზე ჩამოსხდნენ, მერე კი მიმართულება ცენტრალ პარკისკენ აიღეს. გზად „სტარბაქსშიც” შევიდნენ და შავკანიან ახალგაზრდა გამყიდველ ბიჭს ორი საშუალო ზომის ყავა „ლატე“ და ლიმონის ხვეულა ნამცხვარი შეუკვეთეს. ძალიან მალე, დედა-შვილი ცენტრალ პარკის შესასვლელს მე-7 Ave. W 59-ე ქუჩიდან მიადგნენ. ცხენებშებმული ეტლების დანახვაზე, ლიზამ ციფრული კამერა მოამზადა: -ლიზა, გინდა ეტლით გავისეირნოთ? -არა დედა, მირჩევნია, ფეხით შემოვიაროთ და ისე დავათვალიეროთ ყველაფერი. -კარგი, როგორც გინდა, მაშინ პარკში შევიდეთ. ულამაზესი იყო პარკი. მაღალი ხეები, მათ ქვეშ მოცუნცულე და ადამიანებზე შეჩვეული ციყვები, წიგნის კითხვისგან დაღლილი, ბალახებზე მწოლიარე სტუდენტები, შეყვარებული წყვილები, ტურისტები, ბავშვებთან ერთად მოსეირნე ძიძები, სარბენ ბილიკებზე მოვარჯიშე სპორტსმენები და სხვა. ლიზამ უხვად ჩაისუნთქა ჟანგბადით გაჯერებული პარკის ჰაერი და აღნიშნა: -იდეალური ადგილია დასასვენებლად. -მოგწონს? -ძალიან. -აქ ბევრი ტბაა, მაგრამ ერთი გამორჩეულად ლამაზია, თან, ნავითაც შეგვიძლია, გავისეირნოთ, რას იტყვი? -რა თქმა უნდა, მინდა. -მაშინ წამომყევი. ნათია სხვანაირი ხალისით და ენერგიით მიუძღოდა ლიზას წინ და იცოდა, რომ დღევანდელი დღე, ახალი ურთიერთობის დასაწყისი იყო, რომელსაც ვეღარც დრო და ვეღარც მანძილი დააკლებდა ვერაფერს. პატარა ბავშვებივით გახარებულები და ბედნიერები იყვნენ ორივე და სჯეროდათ, ის დღე საინტერესო ცხოვრების საწყისი ეტაპი აღმოჩნდებოდა. ნათია და ლიზა პარკში დიდხანს დარჩნენ. როცა მოსაღამოვდა და ხალხმაც ნელ-ნელა ტერიტორიის დატოვება დაიწყო, ისინიც წამოვიდნენ და ფეხით ჩაუყვნენ მერვე ავენიუს. გზად, პატარა რესტორანში შევიდნენ. ნათიამ ვარდისფერი ორაგული შეუკვეთა სატაცურით და ღუმელში გამომცხვარი კარტოფილით, ლიზამ-სტეიკი პიურეთი და ბროკოლით. სასმელად ფორთოხლის წვენი ამჯობინეს. ვახშმის შემდეგ დაღლილებმა გზა ორმოცდამეორე ქუჩისკენ გააგრძელეს, შემდეგ მეტროში ჩავიდნენ და Q მატარებლის ბაქნისკენ წავიდნენ. სამ წუთში მატარებელიც გამოჩნდა. ვაგონები სამსახურიდან მომავალი ხალხით იყო გადაჭედილი. დედა-შვილს რამდენიმე გაჩერება ფეხზე დგომა მოუწიათ, მერე კი „პროსპექტ პარკის“-ის სადგურში მათ წინ მჯდომი ორი მამაკაცი ჩავიდა და ადგილებიც განთავისუფლდა. “შიფსჰედ ბეის” მეტროსადგურს რომ მიუახლოვდნენ, ნათიამ ლიზას ხელით ანიშნა, ჩავდივართო და ფეხზე წამოდგა, გოგონაც გაჰყვა. მეტროდან მათ კორპუსამდე ათი წუთის სავალი იყო. ისეთი დაღლილები იყვნენ, ის დრო საუკუნედ მოეჩვენათ. როგორც იქნა, ბინაში შევიდნენ და შხაპის მიღების შემდეგ მაშინვე საძინებლისკენ გაემართნენ. *** მეორე დილას, 07:00 საათზე დედა-შვილი მაღვიძარამ გამოაღვიძა. ნათიამ სწრაფად ჩაიცვა და ამერიკული სისწრაფით საუზმის მომზადებას შეუდგა, ლიზამ ელექტრონული ფოსტა გადაამოწმა და მისტერ ერიქსონის მიწერილი მისამართი ფურცელზე ჩაიწერა. გოგონამ თეთრი მაისური, მოკლე ქვედაბოლო და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა. ზურგჩანთაში სავარჯიშო ტანსაცმელი, მაია მასწავლებლის ნაჩუქარი ვარდისფერი პუანტები ჩააწყო და ჩაის დასალევად სამზარეულოსკენ წავიდა. საუზმე რომ მიირთვეს, ბინა ერთდოულად დატოვეს და მეტროსკენ წავიდნენ. ორივეს მანჰეტენისკენ მიმავალი მატარებელი აწყობდა. ნათია ოცდამეთოთხმეტე ქუჩაზე უნდა ჩამოსულიყო, ხოლო ლიზას ცოტა ხნის შემდეგ უწევდა ჩამოსვლა. სასურველ გაჩერებას რომ მიუახლოვდა, დედამ შვილს აკოცა, წარმატებული და იღბლიანი დღე უსურვა, ვაგონიდან გავიდა და სამსახურისკენ მიმავალ გზას გაუყვა. ლიზამ კი მობილურის ნავიგაციაში მისთვის საძიებო მისამართის ჩაწერა დაიწყო, რომ სწორად მიეგნო დანიშნულების ადგილისთვის. *** რამდენიმე თვეში, ლიზა ამერიკული ცხოვრების წესებს კარგად გაეცნო და შეძლებისდაგვარად ცდილობდა, ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელ სწრაფი ცხოვრების ტემპს აჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კარგად იცოდა, ყოველდღიური სასაუბრო ამერიკული ფრაზების შესწავლა მაინც მოუხდა და ცდილობდა, სხვადასხვა კულტურის და აქცენტებზე მოსაუბრე ხალხთან საუბრის დროს, სიტყვების გამოთქმებისთვის ყური შეეჩვია. რაც შეეხება ბალეტს, საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობდა და დრო თითქმის არაფრისთვის რჩებოდა. დასში რამდენიმე მეგობარიც შეიძინა, წარმატებული წარმოდგენების შემდეგ, ახალგაზრდა ხელოვანები ხშირად მიდიოდნენ რესტორანში ან ბოულინგ ცენტრში, სადაც აღნიშვნასთან ერთად, განტვირთვასაც ახერხებდნენ. ერთ დღეს, ლიზა სახლში უხასიათოდ დაბრუნდა. ნათიამ როგორც კი სახეზე შეხედა, შეატყო, რომ რაღაც სერიოზული ამბავი შეემთხვა. გოგონა ოთახში ჩაიკეტა და იმ საღამოს, ვახშმისთვისაც არ გამოსულა. ამაოდ ეცადა ნათია მასთან ოთახში შესვლას და დალაპარაკებას, შემდეგ ხელი ჩაიქნია, ვივიენს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. *** განერვიულებული ნათია “UBER”-ის მძღოლს მანქანაში ჩაუჯდა და აცრემლებულმა ჩანთაში ერთჯერადი ხელსახოცების შეკვრას დაუწყო ძებნა. მანქანა 19 Old Fulton St.-ზე მდებარე „ Juliana’s Pizza“ -ს რესტორნისკენ დაიძრა. ვიდრე ვივიენი საყვარელ რესტორანში მივიდოდა, ნათიამ იტალიური აქცენტით მოსაუბრე მიმტანს პიცა „მარგარიტა“ და ორი ჭიქა დიეტური „კოკა-კოლა“ შეუკვეთა. რამდენიმე წუთში, ვივიენი რესტორანში შევიდა და ნათიას დაუწყო ძებნა. აღელვებული მეგობარი იქვე, კუთხეში მდგარ მაგიდასთან დაინახა: -როგორ ხარ? მოხდა რამე? რა დღეში გაქვს თვალები?-ვივიენმა კითხვების კორიანტელი დააყარა მეგობარს. - მოხდა, ძალიან ბევრი რამ მოხდა ვივიენ და არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ გავუძლო. -ლიზას ეხება? -კი, მას ეხება. -კარგი, დაიწყე, მთელი გულისყურით გისმენ. -ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოდან წამოვედი, ლიზამ ეს ამბავი ცუდად მიიღო და პროტესტის ნიშნად, სკოლაში სიარული შეწყვიტა. რა აღარ ვცადეთ, მე თუ მამამისმა და ვერაფრით დავარწმუნეთ, რომ ასეთი საქციელი, პირველ რიგში, მის მომავალს დააზარალებდა. ბევრ ადამიანს ვთხოვე და კიდეც შეეცადნენ ჩემს დახმარებას, მაგრამ მისი სკოლაში და საბალეტო სასწავლებელში დაბრუნება, ვერავინ შეძლო. სხვა გამოსავალი არ მქონდა, ამ ამბავში ლიზას ბალეტის მასწავლებელი ჩავრთე. არ ვიცი, რა ისაუბრეს, ჩემი შვილი დღემდე არაფერს მიყვება, მაგრამ მაია მასწავლებელმა ისევ სწორ გზაზე დააყენა, რისთვისაც დღემდე მისი მადლიერი ვარ. დროთა განმავლობაში, ლიზა იმდენად დამოკიდებული გახდა მასზე, მეორე დედასავით სთვლიდა და მასთან სახლში, კერძო გაკვეთილებზე დაიწყო სიარული. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამის სანაცვლოდ, მაია არაფერს ითხოვდა, -მეუბნებოდა, რომ ჩემი გოგონა იმდენად უყვარდა და მასში ისეთ პოტენციალს ხედავდა, მზად იყო, უანგაროდ დახმარებოდა. მეც მიხაროდა, რომ ჩემს გოგონას მაიას სახით მზრუნველი გამოუჩნდა და შედარებით მშვიდად ვიყავი. სულ მალე, ლიზას ბალეტში არაჩვეულებრივი შედეგები ჰქონდა და სკოლაშიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. რა თქმა უნდა, მისი წარმატება მაია მასწავლებლის დამსახურება იყო და დღემდე ასეა. ვატყობ, რომ როდესაც რამე უჭირს, არა ჩემთან, არამედ მასწავლებელთან რეკავს და ყველაფერზე ესაუბრება. თავიდან ჩავთვალე, რომ ახალი ჩამოსული იყო და ჯერ კიდევ გული საქართველოსკენ და მაიასკენ მიუწევდა. თან, ბალეტში მაინც არაფერი გამეგებოდა და უკეთესიც კი იყო, რომ პროფესიონალთან ესაუბრა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთან ვერ იხსნებოდა და მას ისეთ რაღაცებზე ესაუბრებოდა, რაზეც ჩემგანაც შეიძლებოდა, რომ კარგი რჩევა მიეღო. ფიზიკურად ისევ ერთად ვართ, მაგრამ ჩვენს შორის სულიერი კავშირი გაწყვეტილია და სრულიად დარღვეული. ჩემთან მხოლოდ ზოგად საკითხებზე საუბრობს. სიმართლე გითხრა, ამ ოთხმა წელიწადმა ისეთი დაღი დაასვა ჩვენს ურთიერთობას, დღემდე ამის გამოსწორებას ვცდილობ. ის, რაც ადრე უყვარდა, აღარ უყვარს, რაც აბედნიერებდა, ახლა მნიშვნელობას აღარ ანიჭებს, ბევრ საკითხზე შეეცვალა წარმოდგენები. ერთმანეთისთვის გაუცხოვებულები ვართ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მე მას საერთოდ აღარ ვჭირდები, ერთი უცხო ქალბატონი ვარ, რომელსაც ვეღარ უგებს. ალბათ, გახსოვს, გითხარი, რომ საბალეტო დასში ლიზა ჯერ გამოსაცდელი პერიოდით ჰყავთ აყვანილი და დროებით, შესაბამის ანაზღაურებას არ უხდიან-მეთქი. ორი თვის წინ, აიჩემა, რომ დამატებით სხვა სამსახურს შეითავსებდა და ბინის ქირის გადახდაში დამეხმარებოდა. ვერ გადავათქმევინე, ჯიუტი ხასიათი აქვს და მანჰეტენზე ერთ-ერთ კაფეში, დილის სმენაში მიმტანად დაიწყო მუშაობა. ისედაც დატვირთული რეჟიმი, კიდევ უფრო დაიმძიმა და ერთ საღამოს, ატირებული მოვიდა, თურმე რეპეტიციაზე კაფეში მუშაობისგან დაღლილს ორმოცდაათი ფუეტე ვერ შეუსრულებია, ფეხი დაეღალა და ამის გამო, ქორეოგრაფმა სოლო ცეკვა აღარ მისცა. ისევ ვემუდარე, რომ თავი დაენებებინა მეორე სამსახურისთვის, მაგრამ ეს ხომ ლიზაა, რას დაარწმუნებ? დღეს, საბოლოოდ დავიჯერე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სამსახურიდან ცუდ ხასიათზე დაბრუნდა, ოთახში ჩაიკეტა და როდესაც ვთხოვე, დამლაპარაკებოდა, ჩემთან საუბარი არ მოისურვა. აშკარაა, რომ რაღაც უჭირს და არ მეუბნება. -კარგი, ნუ ტირი, თავი ხელში აიყვანე, მჯერა, რომ ყველაფერი მოგვარდება,-აწყნარებდა ვივიენი. -ვინმესთვის რომ არ მეთქვა, ალბათ, მოვკვდებოდი. მაპატიე, თუ ჩემი ამბით დაგამძიმე. უკვე აღარ ვიცი რა უფრო უკეთესია, შვილის ფიზიკურად გადარჩენა, თუ მასთან სულიერი კავშირის შენარჩუნება? იქნებ შეცდომა დავუშვი, რომ შვილი დავტოვე და ემიგრაციის გზას დავადექი? -წარსულს ვერ შევცვლით, ახლა მთავარია, რომ დაწყნარდე და სხვა ხერხს მიმართო. -რა ხერხს მივმართო? -ფსიქოლოგთან უნდა მიხვიდე, თანაც რაც შეიძლება მალე. ეს ისეთი რთული თემაა, ახლა, ამ პრობლემას ჩვენი ამღვრეული გონება ვერ მოერევა. -კარგი რჩევაა, ასეც მოვიქცევი. -მოდი სახლში წაგიყვან, დასვენება გჭირდება. ნათია უსიტყვოდ დაეთანხმა ვივიენს, ანგარიში გადაიხადა და უკან გაჰყვა. ბინაში შესულს, ყველა ოთახი ჩაბნელებული დახვდა. მხოლოდ საძინებლიდან გამოდიოდა სანათის ოდნავ მბჟუტავი შუქი. კარები შეაღო და საწოლზე ლიზა დაინახა, მაია მასწავლებლის ნაჩუქარი ვარდისფერი პუანტები გულში ჩაეკრა და ღრმად ჩასძინებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.