თორელის მსხვერპლი (4) 16+
*** ერთ დილას, ვიდრე სერგი სამსახურში წასვლამდე კაბინეტში მუშაობდა, ცისია ოთახის კართან დადგა და მის გამოსვლას ელოდებოდა: -შენ აქ რა გინდა? -გაკვირვებული სახით შეხედა მამაკაცმა, როდესაც კარებთან დაყუდებული გოგონა დაინახა. -შენს კაბინეტში უნდა შემიშვა. -რა? ამაზე ხომ ვილაპარაკეთ?! -შენი წყალობით ცივილიზაციას მოვწყდი, მოვლენებს ჩამოვრჩი. არც ტელეფონი, აღარც ინტერნეტი... გასაგებია, რომ არ გინდა, ვინმესთან კავშირი დავამყარო, მე ხომ ტყვე ვარ და მერე პრობლემებს შეგიქმნი, მაგრამ ძალიან მოსაწყენი ცხოვრება მაქვს. - მერე? -დიდი ბიბლიოთეკა გქონია, მინდა, რამდენიმე წიგნი გამოვიტანო და წავიკითხო. -არა! -რატომ? -არცერთ ჩემს წიგნს არ შეეხები, ასე მინდა! -მკაცრი თვალები შეანათა სერგიმ. -ასეც ვიცოდი. ელაპარაკე ტირანს... -ცისიამ იმედგაცრუებული სახე მიიღო, ხელი ჩაიქნია და თავის ოთახისკენ ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას. მის უკან დარჩენილი სერგი გაუნძრევლად იდგა და თვალს არ აშორებდა. მოულოდნელად გოგონა წაბარბაცდა, გაჩერდა და საფეთქლების დაზილვას მოჰყვა. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და გზას ვერ აგრძელებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ წამიც და გონება დაეკარგებოდა და ჩაიკეცებოდა. მამაკაცი სწრაფად მივარდა სუსტად მყოფს, ხელი შეაშველა და ოთახამდე მიაცილა: -რა გჭირს? -არაფერია, გამივლის,-საწოლზე წამოწვა ცისია. -ნანას დავუძახებ. -არ მინდა!-ხელი გაიქნია გოგონამ. -კარგი, რა გაეწყობა,- მხრები აიჩეჩა სერგიმ. სანიკიძე კიბეებს ჩაუყვა და ეზოში გასვლისას ალექსის დააბარა, რომ მოლბერტი, ზეთის საღებავები, ფუნჯები, ტილო და პალიტრა ეყიდა და ცისიასთვის ოთახში შეეტანა. შუადღე ახლოვდებოდა, როდესაც ალექსიმ სერგის დავალება შეასრულა. გოგონამ საყვარელი ნივთებით ხელდამშვენებული ალექსი რომ დაინახა, სიხარული ვერ დამალა და თვალები აუციმციმდა. მსახურმა პირველად იხილა გაღიმებული ცისია და იმდენად მომხიბვლელი და სიცოცხლით სავსედ მოეჩვენა, ქვეყნად ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნია. ცოტა ხანში, გოგონამ ისევ მოიწყინა და ხელი არაფერს დააკარა. სამი დღე აკვირდებოდა სერგი ცისიას, აინტერესებდა, რამდენად მოიწონა მისგან გაკეთებული საჩუქარი, მაგრამ გოგონა მასთან ამ თემაზე არ საუბრობდა. სერგიც განგებ არ ახსენებდა საჩუქარს, არც მის ოთახში შედიოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს ხატავდა, ხელი არ შეეშალა. ბოლოს გულმა ვეღარ მოუთმინა და ნანას ჰკითხა: -დაიწყო ხატვა? -ვინ, ცისამ? -დიახ. -არა, ხელიც არ დაადო. -რატომ? რას ამბობს? -არაფერს. ერთი უცნაური რამ შევნიშნე, რამაც ხშირი ხასიათი მიიღო და ძალიან მაშფოთებს. -რა ხდება? -ვფიქრობ, ექიმმა უნდა გასინჯოს. -რატომ?-აღელვება დაეტყო მამაკაცს. -თაბრუს ხვევები აქვს და ეს ამბავი მაშინებს. -ასე რამდენჯერ დაემართა? -ალბათ სამჯერ მაინც. არც საჭმელს ჭამს, მეუბნება, რომ სწყენს. -გასაგებია. მსახურ ქალთან დიალოგის შემდეგ სერგი მანქანაში ჩაჯდა და გარეთ გავიდა. გზად ერთ მაღალ ადგილზე გააჩერა, ავტომობილიდან გადავიდა და კაპოტზე ჩამოჯდა. ლამაზი იყო საღამოს თბილისი, იქიდან ხელის გულზე მოჩანდა. ღრმად ჩაისუნთქა წითელ-ყვითლად შეფერილი ფოთლების სურნელით გაჯერებული სუფთა ჰაერი და საკუთარ ფიქრებთან და შემოდგომის პეიზაჟებთან განმარტოვდა. ახლა, მისი გონება იმდენი რამით იყო გაძეძგილი, ვეღარ ხვდებოდა, კონკრეტულად რომელი უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ გაერისკა და ცისია ნაცნობობით ისეთ ექიმთან მიეყვანა, სადაც მოლაპარაკების გზით, ავადმყოფის ისტორიას არ გაუხსნიდნენ. *** მიუხედავად ცისიას დიდი წინააღმდეგობისა, სერგიმ მაინც წაიყვანა ექიმთან. თერაპევტმა გულმოდგინედ გასინჯა, პაციენტის სიმპტომები მოისმინა და თავის ეჭვების გადასამოწმებლად მთელი რიგი სამედიცინო შემოწმებები დაუნიშნა: ექოსკოპიური კვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლის და შარდის ანალიზები. სანიკიძე ცისიას არ მოსცილებია, რომ ზედმეტი არავისთან არაფერი წამოსცდენოდა. ექოსკოპიურმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალი ორსულად იყო. პასუხის გაგონებაზე ცისიამ ფერი დაკარგა. უსიამოვნო სახე მიიღო, აღარაფერი ესმოდა, თუ რას ეუბნებოდა ექიმი, რამდენი კვირის იყო ნაყოფი, როგორი განვითარება ჰქონდა, მხოლოდ გაბმულად ჩაესმოდა მისი თავდაპირველი სიტყვები: -გილოცავთ, თქვენ ორსულად ხართ. აღარც ის ახსოვდა, როგორ გამოიყვანა ექიმის კაბინეტიდან სერგიმ, უაზრო სახით და გამომეტყველებით მიჰყვებოდა. გონზე მხოლოდ მანქანაში მოვიდა, როდესაც უკვე წავკისის გზას ადგნენ, ისიც მამაკაცის ხმის მაღალი ტემბრის წყალობით: -რატომ არ მეუბნებოდი, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდი? -რა შეიცვლებოდა? მას შემდეგ, რაც გაგიცანი, თავს სულ შეუძლოდ ვგრძნობ. -ასე ნუ ლაპარაკობ! -აბა, როგორ გელაპარაკო? -ხომ შეიძლება, რომ ნორმალურად დამელაპარაკო? -არა! -რატომ? -არ იმსახურებ, მეზიზღები და ეს ბავშვიც მეცოდება, რომ შენნაირი მამა ეყოლება. სერგი ცისიას სიტყვებმა გააცოფა და ავტომობილის სიჩქარეს მოუმატა. -სიჩქარეს დაუკელი, მეშინია. სანიკიძე გოგონას არ უსმენდა. -შეანელე! -სანამ ნორმალურად ლაპარაკს არ ისწავლი, არ შევანელებ! -მეშინია, რატომ არ გესმის? -მთხოვე! ცისია გაჩუმდა. -მთხოვე-მეთქი!-იღრიალა მამაკაცმა. -შეანელე, გთხოვ,-ძლივს წარმოთქვა ცისიამ. ქალს გულის ცემა იმდენად გახშირებოდა, ბაგიბუგის ხმა ყურებში მკაფიოდ ჩაესმოდა. მამაკაცმა მანქანა გააჩერა და ღრმად ამოისუნთქა. -გიჟი ხარ! -შეშფოთებულმა შეხედა ცისიამ. სანიკიძე რამდენიმე წუთის განმავლობაში დუმდა, არც გოგონა იღებდა ხმას. შემდეგ ისევ მამაკაცმა დაარღვია გაურკვეველი სიჩუმე: -ეგ ბავშვი არ გაჩნდება! -რა? -გაოცებული სახით უყურებდა ცისია. -რაც ვთქვი, ასე იქნება! -ანუ? -ანუ ის, რომ ხვალ წავალთ და აბორტს გაიკეთებ! -მკვლელი ხარ და ეს კარგად ვიცი, მაგრამ არ მეგონა, თუ საკუთარი შვილსაც ასე მარტივად გაიმეტებდი. -შენ მე გეზიზღები, მე კი შენ. ასე, რომ მაგ ბავშვის არსებობა დანაშაული იქნება. არ არის სიყვარულის ნაყოფი. -კი, შენი ცოდვის ნაყოფია. კარგია, რომ თავადაც აცნობიერებ. სიმართლე ისაა, რომ ეს ბავშვი ყოველთვის შენს დამპალ თავს გაგახსენებს და ეს არ გინდა, რომ მოხდეს. აი, მე კი მინდა, რომ გაჩნდეს და ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი წამებისთვის ბოლო მოგიღოს! სერგი ამ სიტყვებს არ მოელოდა ქალისგან, სიბრაზით საჭეს მუშტი დაარტყა და იყვირა: -ახლავე გაჩუმდი, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ! ქალი დადუმდა. ცოტა ხნის შემდეგ ამოილუღლუღა: -მე არ მინდა, რომ მოკვდეს, ძალიან მეცოდება. გთხოვ, ეს უდანაშაულო ადამიანი მაინც არ მოკლა. მამაკაცს აღარაფერი უთქვამს, მანქანა დაქოქა და დაღვრემილი სახით გზა გააგრძელა. *** ერთ დღეს, სანიკიძესთან შესახვედრად კომპანიაში მერაბ სამადაშვილთან შეგზავნილი კადრი მივიდა: -აბა, რა ხდება, ყველაფერი დაწვრილებით მომახსენეთ,- ცნობისმოყვარე სახე მიიღო სანიკიძემ. პირველად ჯაბამ დაიწყო: -მერაბი დავარწმუნეთ, რომ მინიმალური დანახარჯებით, მაქსიმალურ მოგებაზე გავიდოდით და მომწოდებელს უხარისხო მასალა შევუკვეთეთ. -ყოჩაღ! როგორ მოახერხე? ავალიშვილი არც ისეთი სულელია, რომ საკუთარი კომპანიის სახელი სასწორზე დადოს. -ნამდვილად მართალს ბრძანებთ, მაგრამ მისმა ფულის სიხარბემ და ჩემმა მრავალჯერადმა მცდელობამ სათანადო ნაყოფი გამოიღო,-კმაყოფილი სახით ქირქილებდა ჯაბა. -გოგა, ბუღალტერიაში რა ამბებია? -სერიოზული გარღვევები და დანაკარგები, მაგრამ ამას ჯერ ვერ გაიგებს ბატონი მერაბი. ყველაფერს დრო სჭირდება, მომდევნო თვეებში გამოჩნდება, -ამაყი სახით მიუგო ბუღალტერმა. -მიყვარს ასეთი ამბების მოსმენა,-კმაყოფილებით ათამაშებდა მაგიდაზე თითებს სანიკიძე. -კომპანია აუცილებლად გაკოტრდება, არ იდარდოთ. -არც ვდარდობ, დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. *** ათი დღე ფიქრობდა სანიკიძე ჯერ კიდევ არდაუბადებელი შვილის ბედზე. საბოლოოდ ერთ დილას, გოგონას ოთახში შეაკითხა და ნაყოფის მოსაშორებლად იგივე კლინიკაში, ნაცნობ ექიმთან წაიყვანა. გაოგნებული და შეშლილი სახით მიჰყვებოდა გოგონა მამაკაცს და ზუსტად იცოდა, რომ არცერთი სიტყვის თქმას აზრი არ ჰქონდა, გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა. სანამ აბორტს გაუკეთებდნენ, წინამოსამზადებელი პროცედურებისთვის ემზადებოდნენ. ქალი ექოსკოპიის კაბინეტში ერთხელ კიდევ შეიყვანეს, ყველაფერი შეამოწმეს და როცა დარწმუნდნენ, რომ მისი ჯანმრთელობისთვის აბორტის გაკეთება საშიშროებას არ წარმოადგენდა, სპეციალურ ოთახში გადაიყვანეს. სერგი გარეთ გავიდა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა. ვიდრე ექიმი თავის საქმეს დაიწყებდა, გოგონას დეტალურად უხსნიდა ეტაპებს: -ახლა ნემსს გაგიკეთებ და დაგეძინება. რამდენიმე ხანში, როცა გაიღვიძებ, ყველაფერი დამთავრებული იქნება. ტკივილს ვერ იგრძნობ, ვერც იმ პროცესს, როდესაც ნაყოფს მოგაშორებთ. ცისიამ თვალები დახუჭა და კანკალი დაიწყო. ექიმის თვალს ქალის მდგომარეობა არ გამორჩენია. -რა იყო, ხომ არ გეშინია? -ძალიან, ძალიან მეშინია, -დაბალ ხმაზე წარმოთქვა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. გარეთ მყოფ სანიკიძეს ყურში ჩაესმოდა ექოსკოპიის აპარატისგან დაფიქსირებული შვილის გულის ფეთქვა, მერე ცისიას სახე წარმოუდგა თვალწინ, რომელიც ეხვეწებოდა, რომ ბავშვის მკვლელი არ გამხდარიყო. ღრმად ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა. ვიდრე ცისიას ნარკოზს გაუკეთებდნენ, ოთახში მედდა შემოვარდა და ექიმს უთხრა: -გააჩერეთ, ოპერაცია! ამ გოგონას ქმარი სასტიკ უარზეა! -ქმარი? -გაურკვეველი მზერა მიაპყრო შუახნის ქალბატონს გოგონამ. -ჰო, ის მაღალი, სიმპათიური მამაკაცი, ყავისფერი თმით და ცისფერი თვალებით თქვენი მეუღლე არ არის? მედდა სერგი სანიკიძეს აღწერდა, მაგრამ ცისიას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ მტარვალმა გადაწყვეტილება შეცვალა. -დიახ, ის არის,-წყვეტილი ხმით დაეთანხმა გოგონა. დერეფანში გასვლისას, ცისია განერვიულებულ სერგის შეეჩეხა. მამაკაცმა როგორც კი გოგონა დაინახა, მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და ყველაფერი ამოიკითხა: შიში, უიმედობა, უნდობლობა, ბავშვის გადარჩენის სიხარული, მადლობა, ზიზღი... მისთვის არაფერი უთქვამს, უბრალოდ ხელი ჩაკიდა და იქაურობას მოაცილა. მამაკაცმა გზად აფთიაქთან გააჩერა და ყველა საჭირო წამალი იყიდა, რაც ექიმმა პაციენტის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ნაყოფის სწორი განვითარებისთვის გამოწერა. *** დრო გადიოდა, ავალიშვილებმა საბოლოოდ დაკარგეს იმედი, რომ ცისიას იპოვიდნენ. კომპანიაში სერიოზული ფინანსური კრიზისი შეიქმნა. რამდენიმე ადგილას უხარისხოდ ახალაშენებული კორპუსები ჩამოინგრა და ამ ფაქტმა სერიოზული ზარალი მოუტანა ავალიშვილს. კომპანიის მარცხის შესახებ ჟურნალ-გაზეთებში აჭრელებული სტატიები და საინფორმაციო გადაცემებში გასული სიუჟეტები, ხალხს მის მიმართ ნდობას ნელ-ნელა აკარგვინებდა. გახშირდა დაზარალებული მოსახლეობის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელებიც. მერაბიმ მესამე წერილი მიიღო: სალამი, მერაბ. იმედი მაქვს, ჩემი გამოჩენის შემდეგ ძალიან „ტკბილი“ და „მშვიდი“ ცხოვრება გაქვს. სხვანაირად არც შეიძლებოდა, შენ ხომ ამ ყველაფერს იმსახურებდი. კონვერტში იპოვი სურათებს, სადაც აღბეჭდილია ჯერ კიდევ ცოცხალი ნოდარ ავალიშვილი გატაცებისას, სახლი, სადაც ყოფილი თანამზრახველი სიცოცხლეს გამოასალმე და ბოლოს ის მომენტი, როდესაც შენს მიერ დაქირავებული ხალხი ნოდარ ავალიშვილის გვამს ტყეში მიათრევს, საფლავს თხრის და მარხავს. კარგად ჩანს შენი დამპალი სიფათიც, რომელიც შორიდან მის გვამს ისე დაჰყურებს, ოდნავ არ აწუხებს ძველი მეგობრის სიკვდილი, მაგრამ სიმართლე გითხრა, ისიც კარგი ნაგავი იყო და არ მეცოდება. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდება. აბა, დროებით. ნოდარი არაფერ შუაში ყოფილა,-ხმა აუკანკალდა წერილის წაკითხვის შემდეგ მერაბს. მაშ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?- იყვირა მამაკაცმა და შიშნარევი სახით დაუწყო გამოგზავნილ სურათებს ყურება. *** სერგი საერთოდ აღარ კონტაქტობდა ცისიასთან. იშვიათად, რომ მისთვის რაიმე ეთქვა. სახლში ყოფნისას მხოლოდ კაბინეტში იჯდა და დროის უმეტეს ნაწილს იქ ატარებდა. არც გოგონა იწუხებდა თავს, ტირანისთვის თავი შეეხსენებინა. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ როგორც იქნა, გადაწყვიტა, ხატვა დაეწყო. დროის უმეტეს ნაწილს მას ანდომებდა. ახალი წელი ახლოვდებოდა. სანიკიძის კომპანია კორპორატიული საღამოსთვის ემზადებოდა. სერგი სათანადოდ გამოეწყო და საღამოზე წასვლას აპირებდა. ცისიას ოთახთან ჩავლისას, შეამჩნია, რომ კარი ოდნავ ღია იყო. დაინტერესდა, რას აკეთებდა და შეიჭვრიტა. გოგონა მოლბერტთან იჯდა და რაღაცას ხატავდა. ოთახის კარი შეაღო და შიგნით შევიდა. მამაკაცმა თვალი შეავლო იქაურობას და რამდენიმე სურათი დაინახა, სადაც ყველაზე მეტი სიჭარბით შავი საღებავი იყო გამოყენებული. გაუკვირდა, რადგან ქალს უცნაური და საშიში არსებები ჰყავდა დახატული: -რას ხატავ ცისა? -რასაც ხედავ, -ქალმა სერგის შეხედა და ხატვა გააგრძელა. გოგონას შავი საღებავით ჰქონდა მოთხვრილი ტანსაცმელი და ხელები. -მაღალ კოშკებზე და მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებზე გარს შემოხვეული შავი არსებები... რას ნიშნავს ყოველივე ეს?-ინტერესით დააკვირდა მამაკაცი მის შემოქმედებას. გოგონა პიზის კოშკზე და რომის კოლიზეუმზე შემოხვეულ გველეშაპებს ხატავდა. დანარჩენ ტილოებზე კი ბიგ-ბენზე, ეიფელის კოშკზე, თავისუფლების ქანდაკებაზე მჯდომი შავი არსებები ჰყავდა დახატული და კედელთან მიეწყო: -ესენი გველეშაპები, ურჩხულები და დემონებია. -როგორც მხატვარი, როგორ ახსნი? -პიზის კოშკი, რომის კოლიზეუმი, ბიგ-ბენი, ეიფელის კოშკი და თავისუფლების ქანდაკება ჩემთვის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან, ადამიანების მიღწევებთან და შემოქმედებასთან ასოცირდება. აი ეს არსებები კი დედამიწის ჭუჭყია, რომლებიც ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ, ყველა კარგის და დიდებულის არსებობას ვერ ეგუებიან და ცდილობენ, რომ გაანადგურონ. სამწუხაროდ, ისინი ბევრია და ასე აშავებენ ღმერთის მიერ ნაჩუქარ მწვანე სამყაროს. -შენთვის სამყარო მწვანეა? -ადრე მწავანე იყო, ახლა შავია. -რატომ მაინცდამაინც მწვანე და არა სხვა ფერი? -იცი, რომელია ჩემი საყვარელი სეზონი? -რომელი? -გაზაფხული. -რატომ? -იმიტომ, რომ სიცოცხლე იღვიძებს. მე კი მოსაწყენი ზამთრის სიცივისგან გამოვდივარ და სიმწვანით და სითბოთი ვტკბები. ამიტომ ვადრი ღმერთის მიერ ნაჩუქარ სამყაროს მწვანე ფერს. შენი სეზონი რომელია? -შემოდგომა. -რატომ? -გაიზრდები და მიხვდები. -ერთი კითხვა მაქვს: -ნაძვის ხის აწყობის უფლება რატომ არ მიეცი ნანა დეიდას? -არ მიყვარს ახალი წელი. შენ ის მითხარი, ასე გვიან რატომ დაიწყე ხატვა? ალექსიმ ყველა საჭირო ნივთი მოგიტანა, ხომ ასეა? -დიახ, ასეა, მაგრამ არ დავიწყე, რადგან შენ არ გენდობოდი. -მე რა შუაში ვარ? -გამიკვირდა, რომ ჩემზე იზრუნე და რაღაცით დაკავების საშუალება მომეცი, რომელიც ამ უფერულ დღეებს გადამატანინებდა. -მაინც რა გეგონა, რას გავაკეთებდი? -როგორც კი ხატვას დავიწყებდი, ამ ყველაფერს ისევ წამართმევდი და მერე ჩემზე იხარხარებდი. -პეიზაჟებს რატომ არ ხატავ? ვიცი, რომ გიყვარს პეიზაჟების ხატვა. -პეიზაჟებს მხოლოდ გონებაში ვხატავ, იქ ცოცხლობენ ჩემი ტყეები, ჩიტები, მთები და მათ ფერდობებზე აყვავებული ფერადი ყვავილებიც. -შეგიძლია, რომ შენი ფერადი ყვავილები ტილოზე გადმოიტანო და მეც მაჩვენო? -არა. -რატომ? -იმიტომ, რომ მათ მხოლოდ იქ უნდა იხარონ, აქ მათი დახატვა არ შეიძლება, გველეშაპი გაანადგურებს. სერგის ხმა აღარ ამოუღია, ცივად დატოვა ცისიას ოთახი. *** ვიდრე სერგი კორპორატიულ საღამოზე მივიდოდა, გზაში მოსკოვიდან მამიდამ დაურეკა: -გისმენ, დარიკო მამიდა. -რა ხდება ახალი? რატომ აღარ მაყენებ საქმის კურსში? -ამ დღეებში ვაპირებდი დარეკვას, დამასწარი. -გააკოტრე მერაბი? -ბოლომდე ვერა, მაგრამ კომპანიის დაძირვა დიდი ხანია, რაც დაიწყო. -მინდა, რაც შეიძლება მალე ვიხილო მუხლის ჩოქებზე დამხობილი ავალიშვილი. -ნუ ჩქარობ, ეგ დღეც დადგება. -ძალიან მოეშვი, ბევრ შეცდომებს უშვებ და არ მომწონს. -რა შეცდომებს? - მაგ ძუკნას სახლში მოყვანა და მითუმეტეს დაორსულება ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. აი, სად დაუშვი ყველაზე დიდი შეცდომა. თავიდანვე ტყვია უნდა დაგეჭედებინა, მაგრამ ვერ შეძელი.-ხმას აუწია ქალმა. -გითხარი, ასე რატომაც მოვიქეცი. გიმეორებ, მინდა, როცა გაკოტრდება, მისი შეშლილი შვილიც მივუყვანო და გვერდით მივუსვა, რომ კიდევ მეტად დავტანჯო. -ჰოდა, რატომ ვერ შეშალე? რა გიშლის ხელს, კიდევ უფრო სასტიკად მოექცე? სერგი აღელდა და სიჩქარეს მოუმატა. მამიდა მაინც არ ეშვებოდა, თავისას აგრძელებდა. მოულოდნელად, მამაკაცმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და წინ, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეასკდა. საავადმყოფოში სამ საათიანი სამედიცინო პროცედურების შემდეგ, სანიკიძეს მოტეხილი ხელი თაბაშირში ჩაუსვეს, ჭრილობები დაუმუშავეს და სახლში გამოუშვეს. უკვე გვიანი იყო, როდესაც წავკისში დაბრუნდა. მისაღებ ოთახში ცისიას ტელევიზორთან ჩასძინებოდა. კარების გაღების ხმაურზე გამოეღვიძა და სერგის ასეთ მდგომარეობაში დანახვამ, გააკვირვა: -შეგიძლია, დამეხმარო?-ტკივილისგან სახეს მანჭავდა მამაკაცი და ცალი ხელით წამლებით სავსე პარკს აწვდიდა. -რაში უნდა დაგეხმარო?-დაიბნა ცისია. -ეს პარკი გამომართვი და ექიმის მიერ დაწერილს მიჰყევი. რომელი აბებიც ამაღამ უნდა მივიღო, წყალთან ერთად მომაწოდე. გოგონამ პარკი გამოართვა და ექიმის მიერ დაწერილს გაეცნო. წამლების სიაში პრომედოლის სახელი ამოიკითხა. კარგად იცოდა, რომ ეს წამალი ძილიანობას იწვევდა. წყალთან ერთად სწრაფად მიაწოდა და ფილმის ყურება გააგრძელა: -რა დაგემართა?- გვერდით მჯდომ მამაკაცს გახედა და ჰკითხა. -ავარიაში მოვყევი,-უპასუხა და თვალი ცისიას წამოზრდილი მუცლისკენ გააპარა. მეტი სიტყვა არცერთს უთქვამს, ორივე ტელევიზორის ეკრანს მიაშტერდა. რამდენიმე ხანში, წამლებმა თავისებურად იმოქმედეს სერგიზე და როგორც მოსალოდნელი იყო, ჩაეძინა. -აბა, შენ იცი, ცისა, როგორმე გასაღები უნდა ამოაცალო და მის კაბინეტში შეხვიდე. აუცილებლად უნდა გაიგო მისი საიდუმლო,-თავს იმხნევებდა ქალი. ღრმად ჩაძინებული სერგის ჯიბეების ჩხრეკისას გასაღებების ასხმა იპოვა და ფრთხილად აუყვა მეორე სართულისკენ მიმავალ კიბეებს. ერთ-ერთი გასაღები კაბინეტის ჩამკეტს მოარგო და ოთახში შევიდა. როგორც კი კომპიუტერი ჩართო, პაროლის გამო, სისტემაში ვერ შევიდა და თავი დაანება. ყველა უჯრა საგულდაგულოდ გაჩხრიკა, მაგრამ უამრავმა დოკუმენტმა თავგზა აუბნიეს, ვერაფერი გაიგო. შემდეგ ერთ დიდ კონვერტს მიაგნო, სადაც ძველი სურათები იპოვა. მისი ყურადღება ერთ-ერთ სურათზე აღბეჭდილმა ქალმა, მამაკაცმა და სამმა ბავშვმა მიიქცია. ვერცერთი იცნო, მხოლოდ ყველაზე პატარა მიამსგავსა სერგის, თუმცა სურათის უკან დაწერილმა თარიღმა და სახელებმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინეს გონებაში. ლელა, მამუკა, ნინო, ინგა და ლევანი; 1992 წელი,-ასეთი წარწერა ამშვენებდა სურათს უკანა მხარეს. ეს პატარა ბიჭი სერგის როგორ ჰგავს. ნეტა ვინ უნდა იყვნენ ესენი? რატომ აქვს ამ ხალხის სურათები შენახული? შეიძლება, ნათესავები არიან, მაგრამ ასე საგულდაგულოდ რატომ ინახავს მათ სურათებს? ერთს მოვიპარავ, შეიძლება რაღაცაში გამომადგეს. აუცილებლად უნდა დავადგინო მიზეზი, რატომ ვყავარ აქ გამომწყვდეული და საბოლოოდ რა აქვს ჩაფიქრებული?-ფიქრობდა ცისია. პისტოლეტსაც მიაგნო და გონებაში ერთმა აზრმა გაჰკრა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. იცოდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა, კარგი შანსი ნამდვილად იყო, რომ იარაღის მუქარით სერგისგან და კარისკაცისგან თავი დაეღწია. შემდეგ გაახსენდა, რომ იარაღი ალექსისაც ჰქონდა და ასე მარტივი არ იქნებოდა იქიდან თავის დაღწევა. შვილზეც ფიქრობდა, არ უნდოდა, ალექსის მხრიდან გასროლის შემთხვევაში მას და ჯერ არდაუბადებელ ბავშვს რამე მოსვლოდათ. ვერ გარისკა. კიდევ დიდხანს იტრიალა ოთახში ქალმა და მისთვის საინტერესო რომ ვერ ნახა, კარები ისევ გადაკეტა, გასაღებები სერგის ჯიბეში დააბრუნა, ტახტზე ჩამოჯდა და ჩაძინებულ სანიკიძეს დაუწყო ყურება: ღმერთო ჩემო, როცა სძინავს, ეს სატანა როგორი მშვიდი და სიმპათიურია. არადა, როგორც კი გაიღვიძებს, მაშინვე ფხიზლდება მასში სატანაც და მისი სიწყნარე სადღაც ქრება. ისე, დიდი ხანი გავიდა, რაც ყურადღებას აღარ მაქცევს. როცა საკონსულტაციო ცენტრში მოსულ მოსიყვარულე წყვილებს ვხედავ და მერე ჩემს გვერდით, უგულო სახით, ტელეფონის ეკრანზე მიშტერებულ სერგის, ბევრ რაღაცაზე მწყდება გული, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ჩვენი სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავდება სხვებისგან და ყველაფრის შეგუებას ვიწყებ. ნეტა ის თეო ვინ არის, ვისაც ასე ხშირად ესაუბრება ტელეფონზე? შენ რა, ეჭვიანობ? არა, ცისა, არ უნდა გაინტერესებდეს! რაში განაღვლებს ან სერგი, ან მისი ნაცნობები?! ყველას ჯანდაბამდე გზა ჰქონია. სჯობს, წახვიდე და დაისვენო,-ფიქრობდა ცისია. ქალი ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა. შემდეგ სერგის შეხედა და რომ არ შესცივნოდა, მოუნდა, მისთვის გადასაფარებელი დაეფარებინა. არა, ცისა, არ უნდა დააფარო, არ იმსახურებს! -ქალი საკუთარ თავთან აგრძელებდა საუბარს. ისევ წასვლა დააპირა, მაგრამ გაახსენდა, სახლიდან გაქცევის დღეს, შეციებულ და სიცხიანს თავად სანიკიძე როგორ უვლიდა. ბოლოს გულმა ვეღარ მოუთმინა, მამაკაცს გადასაფარებელი მიაფარა, ტელევიზორი და შუქი გამორთო და მეორე სართულზე ავიდა. სერგი რამდენიმე დღე სამსახურში არ წასულა. მიუხედავად იმისა, რომ ცისას თავის მტარვალის მდგომარეობა ძალიან აინტერესებდა, ერთხელაც არ შეუხედავს მის ოთახში და არ უკითხავს ჯანმრთელობის ამბავი. *** დრო გადიოდა და რამდენიმე თვეში, მერაბ ავალიშვილის კომპანია საბოლოოდ გაკოტრდა. მთელი ქონება იპოთეკური სესხით ბანკში იყო დატვირთული და ძალიან მალე ჩამორთმევას უპირებდნენ. მერაბის სნობიზმი და ამპარტავანი ხასიათი სადღაც დაიკარგა. ავალიშვილებმა დაიჯერეს, რომ ცისია ცოცხალი აღარ იყო და ვეღარ გაეგოთ, რა გაეკეთებინათ, ან ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის როგორ აეხსნათ შვილის უგზო-უკვლოდ გაუჩინარების ამბავი. მერაბს პოლიციასთან საქმის დაჭერა ისევ არ უნდოდა, თავზე ლაფის დასხმას და ცოდვების გამხელას ერიდებოდა. უკვე ზე ფიქრობდა, გამოსავლად მხოლოდ ეს მიაჩნდა. სერგი სანიკიძე ყოველ დღე ზეიმობდა გამარჯვებას. განადგურებული მერაბ ავალიშვილის სახეს რომ წარმოიდგენდა, უმალ სიამაყის გრძნობა და კმაყოფილება დაეტყობოდა ხოლმე. *** საღამო ხანი იყო, როდესაც ცისიას სამშობიარო ტკივილი დაეწყო. მსახურებმა სასწრაფოდ დაურეკეს სერგის და აცნობეს ქალის მდგომარეობა: -ალექს, დრო რომ აღარ დავკარგოთ, სამედიცინო დაწესებულების მისამართს მოგწერ და მანქანით იქ მოიყვანეთ. მეც ახლავე გამოვალ და იქ შეგხვდებით,-აღელვებული ხმით საუბრობდა სერგი. ცოტა ხანში, ცისია სერგის ნაცნობ, წინასწარ მოლაპარაკებულ გინეკოლოგთან იყო და სინჯავდა. ექიმი ყურადღებით აკვირდებოდა ნაყოფის მდებარეობას, გულდასმით სინჯავდა ბავშვსაც და მომავალ დედასაც. მთელი ღამის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულების მოსაცდელში იდგნენ სერგი, თავის მსახურები, კიდევ ერთი მამაკაცი ნათესავებთან ერთად და მამობის მოლოდინში ორივე ნერვიულად დადიოდნენ. უკვე დილა თენდებოდა, როდესაც მეანი ქალი გამოვიდა და მეორე მამაკაცს გოგონას დაბადება მიულოცა, ხოლო სერგის სევდიანი თვალებით მიუბრუნდა და უთხრა: -თქვენი გოგონა ჯანმრთელი დაიბადა. ვწუხვართ, მაგრამ დედა ვერ გადავარჩინეთ. ექიმი უკვე კაბინეტშია, თავად დაგელაპარაკებათ და ყველაფერს აგიხსნით. ამ სიტყვების გაგონებაზე სერგი სახეზე გაფითრდა და ადგილზე გაიყინა. ყველაფრის უნარი დაკარგა: მეტყველების, მოძრაობის, სუნთქვის... წამით ყველაფერი გაჩერდა მისთვის. შემდეგ პირველი შოკიდან გამოვიდა, სიბრაზისგან საოცრად დიდი ძალა მოაწვა და მის დასახარჯად მისაღებში ყველაფერი დალეწა. ნანა და ალექსი გულგახეთქილები მივარდნენ და ცდილობდნენ, დაეწყნარებინათ. შენობის დაცვის თანამშრომელი ადგილის დატოვების მოთხოვნის ბრძანებით მივიდა მამაკაცთან, მაგრამ სერგი იქვე, კედელთან ჩაიკეცა, ძირს დაჯდა და ცდილობდა, ცრემლიანი თვალები არავისთვის დაენახვებინა. აკანკალებული ნანა ძლივს მიუახლოვდა და თავადაც თვალცრემლიანი, განერვიულებული მამაკაცისთვის სანუგეშო სიტყვებს ეძებდა. -ისე წავიდა, ვერ მოვასწარი, მეთქვა, რომ ... ,-მხოლოდ ეს ამოთქვა თავისთვის ჩუმად და ისევ დადუმდა სანიკიძე. სული რომ მოითქვა, ტაატით წავიდა ექიმის კაბინეტისკენ, რომ ცისიას გარდაცვალების მიზეზი გაეგო. შეშლილი სახით შევიდა მამაკაცი ექიმთან. გინეკოლოგი წამოდგა, შვილის დაბადება მიულოცა და ჰკითხა, ბავშვის დაბადების მოწმობისთვის გასაცემი საბუთების საქმე როგორ მოეწესრიგებინათ. -ჯერ ის მითხარით, რა დაემართა ცისას? -გაწყვეტილი სიტყვებით, ძლივს მოახერხა, რომ ექიმისთვის კითხვა დაესვა. -ცისა კარგად არის, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. მეანმა არაფერი გითხრათ? -მითხრა, რომ გარდაიცვალა. -ნუთუ?-გინეკოლოგმა გაოცებული სახით ჩამოიწია ცხვირზე სათვალე და სერგის შეხედა. -დიახ. -ცისა არა, სამწუხაროდ მეორე მშობიარე გარდაიცვალა. რამდენიმე წუთში, თქვენს მეუღლეს და შვილს პალატაში გადავიყვანთ. შებრძანდით და ნახეთ. -ესე იგი, რაღაც გაურკვევლობა მოხდა? -როგორც ჩანს, იმ ტუტუც ქალს რაღაც აერია,-გაბრაზებული იქნევდა თავს ექიმი. -მანახეთ ცისა,- ამოილუღლუღა სერგიმ. -აუცილებლად,-უპასუხა გინეკოლოგმა. -საბუთებზე და დანარჩენზე მერე დაგელაპარაკებით, ახლა არ შემიძლია. -გასაგებია. რამდენიმე წუთში, ცისამ ბახილებით და ერთჯერადი ხალათით მასთან შესული სანიკიძე რომ დაინახა, თვალებს არ უჯერებდა. რატომღაც ეგონა, რომ გულქვა მამაკაცი მას არ მოინახულებდა. ამის ფიქრის საშუალებას კი ის აძლევდა, რასაც ორსულობის მანძილზე მისგან ხედავდა. მთელი ცხრა თვის განმავლობაში, არასოდეს უგრძვნია სერგისგან განსაკუთრებული ყურადღება. გაოცებული უყურებდა, როცა მომღიმარი სახით, მამამისი მძინარე ჩვილს დასცქეროდა. კიდევ უფრო მეტად გაუკვირდა, მისი პატარა თითები ხელში რომ მოიქცია და ფერება დაუწყო. შემდეგ ქალს მიუახლოვდა და ჰკითხა: -კარგად ხარ? თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ცისიამ. -რა გინდა, რომ დავარქვათ? -ჩუმი ხმით ჰკითხა სერგიმ. -ნიტა. -კარგი,-ჩუმად უთხრა სანიკიძემ. მამაკაცი დიდხანს არ გაჩერებულა, პალატა მალე დატოვა. მეოთხე დღეს ცისია სახლში გამოწერეს. სერგის პატარა გოგონასთვის ყველაფერი შეეძინა და ოთახი ლამაზად მოეწყო. მამაკაცი ისევ უწინდებურად ცდილობდა, რომ ცისიასგან თავი შორს დაეჭირა. მხოლოდ ბავშვს დახედავდა და ტირილის დროს, დედამისის მოსვლამდე ხელში აიყვანდა და თბილად გაუღიმებდა ხოლმე. *** ერთ დღეს, სერგი მეორე სართულიდან ბავშვთან მყოფ, მომღიმარ და მოსიყვარულე ცისიას უყურებდა და გულში ამბობდა: -მისგან მხოლოდ გაბრაზებული, სევდიანი და მოწყენილი სახე მახსოვს. მოფერება და ღიმილიც არაჩვეულებრივი სცოდნია... ნელა ჩაუყვა კიბეებს და ქალს უთხრა: -საღამოს რესტორანში მივდივართ, ვახშამზე გეპატიჟები. ცისია დაიბნა: -დიდ რისკზე ხომ არ მიდიხარ? არ გეშინია, რომ სხვებმა დამინახონ? -არა, მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, ამაზე უკვე ვიზრუნე. -და უარი, რომ გითხრა? -ადრე უარს არაფერზე მეუბნებოდი,-მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა. -ამის მიზეზი მქონდა. -ჰოდა, ჩათვალე, რომ იგივე მიზეზი გაქვს, უარს ვერ მეტყვი. -რამე განსაკუთრებული ხდება? -წამოხვალ და თავად ნახავ. -შესაბამისი ტანსაცმელი არ მაქვს. -ეგ მე მომანდე.. -ბავშვს ვინ დაიტოვებს? -ნანა. გაქვს კიდევ რამე სათქმელი? -არაფერი. -ძალიან კარგი, -ეს უთხრა და სადღაც წავიდა. საღამო ხანი ახლოვდებოდა, როდესაც სერგიმ ცისას თავის გემოვნებით ნაყიდი კაბა და ფეხსაცმელი გადასცა და გააფრთხილა, რომ ერთი საათი ჰქონდა მოსამზადებლად. დათქმულ დროს, სერგი უკვე მისაღებ ოთახში იყო და ქალს უცდიდა. რამდენიმე წუთში ლურჯ კაბაში გამოწყობილი ცისიაც გამოჩნდა. მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინა, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარიყო, ხელში „ქლაჩი“ დაეჭირა და ამ ფორმაში საოცრად მომხიბვლელი და სრულიად სხვანაირი იყო. სანიკიძემ თავი ძლივს შეიკავა, რომ აღფრთოვანება დაემალა, თუმცა თვალებში აშკარად ეტყობოდა, რომ გულგრილი არ დარჩა. რესტორანში რომანტიკული გარემო იყო. სერგი და ცისია სანთლის შუქზე ვახშმობდნენ. ქალი ისევ ვერ იჯერებდა მამაკაცის ხასიათის ცვლილებას და თავს არწმუნებდა, რომ არ უნდა მოდუნებულიყო, რადგან სანიკიძე მორიგ დარტყმას უმზადებდა: -ცისა, ალბათ, გახსოვს, როდესაც საფრანგეთიდან ჩამოვედი, მსახურებს საჩუქრები ჩამოვუტანე,-დაიწყო მამაკაცმა. -დიახ,-დაეთანხმა ქალი. -შენც ჩამოგიტანე, უბრალოდ არ მომიცია და დღეს მინდა, გადმოგცე. ცისიამ საჩუქარს დახედა და არ გამოართვა: -მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო. -მადლობა მერე მითხარი, როდესაც გახსნი. ნახე, იქნებ არ მოგწონს. -მაქვს თუ არა უფლება, დღეს მაინც თავად მივიღო გადაწყვეტილება და საჩუქარი არ ავიღო? -უფლება გაქვს, მაგრამ შეიძლება, მიზეზი მითხრა, რატომ არ გინდა? -შეიძლება, ამაზე პასუხი არ გაგცე? -კარგი, როგორც გენებოს,-მხრები აიჩეჩა სერგიმ. -ადრე ნაყიდი საჩუქრის გადმოცემა სახლშიც შეიძლებოდა. ალბათ, კიდევ რაღაც გაქვს სათქმელი. -ვხედავ, რომ ბავშვის მოვლამ ცოტა დაგღალა, ღამეებს ათენებ... გინდა სადმე წავიდეთ? მაგალითად, რომში ან რა ვიცი, შეიძლება სხვაგან გინდოდეს. -თეო წაიყვანე. -თეო ვინ არის? -სანიკიძემ შუბლი შეკრა. -არ ვიცი, ხშირად ესაუბრები ხოლმე. მამაკაცს თავის მდივანი გაახსენდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ ცისიას სიტყვებზე არ გაეცინა. ქალი მიხვდა, რაც წამოროშა და საკუთარი სიტყვების თავად შერცხვა: -ესე იგი არ მოდიხარ? -შენთან ერთად სადმე წასვლა, კარგად იცი, რომ ჩემთვის ჯოჯოხეთია. არ მჭირდება დასვენება, მადლობა, ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, მაგრამ დაღლილობას როგორმე თავადაც გავუმკლავდები. სანიკიძეს ხასიათი დაეკარგა. საჩუქარს ხელი დაავლო და ზურგს უკან ისეთი ძალით მოისროლა, ძირს დავარდნისას, ცისიამ თვალები დახუჭა და შიშისგან ახტა. მამაკაცმა სიტყვა აღარ გააგრძელა, ვახშამი მალე დაამთავრა, ქალს თვალით ანიშნა, რომ სახლში წასვლის დრო იყო და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა გზას მანქანის სადგომისკენ. სახლში მისული სერგი კაბინეტში ჩაიკეტა და მთელი ღამე იქ გაატარა: ვინ ვარ მე? შავი ძალებით მართული არსება თუ ნამდვილი სერგი? დარჩა ჩემში რამე ადამიანური? ბავშვობიდან სული ისე დამისახიჩრეს, ვერც კი ვაცნობიერებდი, როგორ ნელ-ნელა იბადებოდა ჩემში შხამით ნაკვები სიმახინჯე და ყველაფერ კარგს ზიზღით მიკლავდა და ფეხქვეშ მითელავდა. მე კი უდანაშაულო თვალებით ვუყურებდი და ვერაფრით ვეწინააღმდეგებოდი. ამასობაში, ვერც კი ვამჩნევდი, ასაკის მატებასთან ერთად ის საძაგელი არსება როგორ წებოსავით მეწებებოდა სულისა და სხეულის თითოეულ ნაწილზე და ღრმად, ფენებად მეკრობოდა შიგნით. საბოლოოდ, ქურდივით გამძარცვა, ყველა კარგი გრძნობა გაიტანა და ცარიელ სხეულში საკუთარი ნივთებივით დაიწყო მომაკვდინებელი გრძნობების შემოზიდვა. დღითი დღე ისეთი სიჭკვიანით მამახინჯებდა, ამისთვის მადლობასაც მახდევინებდა. აი, ასე ვიქეცი შურისძიების წყურვილით შეპყრობილ სერგი სანიკიძედ. რას მივიღებ ბოლოს? განადგურებულ და გაცამტვერებულ თავს, თუ სიამაყის გრძნობით აღვსილ პიროვნებას, რომელმაც შური იძია? თავს ვაჯერებ და სხვებსაც ვაჩვენებ, რომ კარგი ტიპი ვარ, მაგრამ საკუთარ მეს ჩემზე უკეთესად არავინ იცნობს. ეს შხამიანი სიმახინჯე ჯერ კიდევ ჩემში ცხოვრობს და ისე შემეზარდა, ვეღარ ვიგლიჯავ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობო,-ფიქრობდა იგი. -ჰო, მართალი ხარ. სინამდვილეში ერთი დაკომპლექსებული პიროვნება ხარ, რომელიც ჩემს ქურქშია გახვეული და სხვებს შიშის ზარს სცემს. მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით შენი რეალური სახე, რომელიც ჩემს ნიღაბს ამოეფარა და თავდაჯერებული აგრძელებს ყოველდღიურ საქმიანობას, მაგრამ შენ ხომ მოგწონს ეს მდგომარეობა? -უკვე არ ვიცი მომწონს, თუ არა. -რატომ? -აღარ მსიამოვნებს ჩემი ხელით განადგურებული ადამიანების ყურება. უკან მიბრუნდება ყველაფერი. -ეგ შენი შეცდომის ბრალია. -რომელ შეცდომაზე მეუბნები? -ცისია უნდა მოგეკლა. რატომ ვერ გაიმეტე? -მეც არ ვიცი. -სიყვარული ჩვენთვის არ არის. -ასე რატომ მეუბნები? -რა მოგწონს მაგ გოგოში? -მასში ბავშვობა ვიპოვე, სილაღეც, რომელიც ჩემს ხელში სადღაც მიიჩქმალა, გამბედაობა, გონიერება და თბილი გრძნობები... ვიღაცამ ხარხარი ატეხა. სერგის არ მოეწონა მისი საქციელი და წყრომით ჰკითხა: -არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენც გვიყვარდეს ვინმე? -ეგ ერთადერთი გრძნობაა, რომელსაც ჩვენთან საერთო არაფერი აქვს და თუ მაინც შემოგვიჩნდა, ვერ ვამარცხებთ. -სიმართლე ისაა, რომ თვალს გვიხელს. -რომელ თვალის ახელაზე მელაპარაკები? იმაზე, რომ სუსტდები? -არ ვსუსტდები! -აბა, რას მიკეთებ? ვერ ამჩნევ, რომ დღითი დღე ძალა გეცლება? -სამაგიეროდ შენ გშორდები. -ნუთუ მოგწონს ეგ მდგომარეობა, როცა სულიერად შიშვლდები? -იქნებ შევძლო და უფრო უკეთესი გრძნობებით ვიცხოვრო? -და ფიქრობ, ეგეთს მოგიწონებენ? ბევრ რამეს ჩამორჩი ცხოვრებაში, მაშინ სხვა გზით უნდა გევლო. წლებია, ერთმანეთის მეგობრები ვართ. ვერ მიღალატებ. -გიღალატებ! -შეყვარებული სერგი, რომელსაც გული სიკეთით აევსო და სულელივით პატიოსანი დაიარება,-ახარხარდა ვიღაც. -აბა, რას მირჩევ? -ცისიას და შენი შვილის მოკვლას. არცერთი გჭირდება! წახვალ მერე მოსკოვში და ისევ ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდები. -ამას ვერ გავაკეთებ. -უნდა გააკეთო, თორემ თავს დაიღუპავ! ბოლოს მოგიღებს შენი სიყვარული! -არ იქნება ასე. -კი, როგორ არა. მერე მოვალ, ხელს დაგიქნევ და ბევრს ვიცინებ. -თავი დამანებე. -კარგი, მე წავალ, ამ ქურქსაც წავიღებ და დაველოდები, ცოტა ხანში ბოდიშის მოხდით როგორ მომაკითხავ,- ვიღაცამ კარი გაიხურა და სერგი ოთახში დატოვა. მართალი იყო ის, რასაც მეუბნებოდა. ძალიან რთული იქნება, თავს კომფორტული გარემო წავართვა და მთლიანად შევიცვალო, მაგრამ იქნებ ისიც სჯობს, ამ მომენტში ის გავაკეთო, რაც სწორად მიმაჩნია? ერთხელ მაინც გადავდგა ცხოვრებაში ღირსეული ნაბიჯი და მერე ის მოხდეს, რაც მოსახდენია... -საკუთარ თავს ესაუბრებოდა სანიკიძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.