შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თორელის მსხვერპლი (3) 16+


25-09-2018, 05:15
ავტორი K. I.
ნანახია 10 527

***
მეორე დილით, სამსახურში მიმავალმა სერგიმ ცისიას ოთახში შეიხედა. მას უკვე ეღვიძა, სარკესთან იდგა და თმებს ივარცხნიდა. მამაკაცი მიუახლოვდა და ჩურჩულით უთხრა:
-კარგად ხარ?
გოგონამ ხმა არ გასცა, თავს აჩვენებდა, რომ ვერ ხედავდა. სერგიმ კითხვა გაუმეორა, მაგრამ ცისიას იგივე რეაქცია ჰქონდა:
-რატომ არ მითხარი, რომ...
გოგონამ პირზე ხელი ააფარა. მიახვედრა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურდა. მამაკაცმა ხელი მოაშორებინა და მკაცრი ტონით ჰკითხა:
-რა გჭირს?!
ცისია თმის დავარცხნას დაუბრუნდა.
-ცისა, რატომ არ მცემ პასუხს?!
გოგონა აუღელვებლად აგრძელებდა თავის საქმეს. სერგის სიბრაზე მოერია, ვეღარ მოითმინა, გოგონა მხრებით დაიჭირა და უბრძანა:
-თვალებში შემომხედე და პასუხი გამეცი!
ცისია ყველანაირად ცდილობდა, მისთვის თვალები აერიდებინა. სერგიმ ძალით დაუჭირა ნიკაპი და თვალებში ჩახედა, მაგრამ გოგონამ თვალები დახუჭა, რომ ტირანისთვის არ შეეხედა.
-რა გჭირს-მეთქი? მიპასუხე!- მამაკაცმა დაუღრიალა.
გოგონას სუნთქვა გაუხშირდა, ყველაფერი ერთიანად ყელში მოაწვა და დანა რომ ჰქონოდა, ისეთ ხასიათზე იყო, ალბათ, გულშიც დაარტყავდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლა:
-ბინძური და აყროლებული სულის ადამიანებთან საუბარი არ მიყვარს!- უნდოდა, კიდევ რაღაც დაემატებინა, მაგრამ თავი შეიკავა.
სერგის ამ სიტყვების გაგონებაზე სახე აუწითლდა:
-კარგი, რაკი ასე ჯიუტობ და მეტლიკინები, დღეს დასჯილი ხარ, საჭმელს არ შეჭამ.
ცისიას გაეცინა:
-ნუთუ? არ ვიცოდი, თუ შენს ხელში უჭმელობა სასჯელი იყო და სხვა დანარჩენი - კურორტზე ყოფნა. ნწ, ნწ,ნწ, როგორ ვერ გავუფრთხილდი და დავაფასე ჩემი მდგომარეობა.
-ცისა! -იღრიალა სერგიმ, -არ გირჩევ, წყობიდან გამომიყვანო, გაფრთხილებ და მეტჯერ აღარ გეტყვი!-კარები მთელი ძალით გაიხურა და გასაღებით გადაკეტა. შემდეგ ნანა გააფრთხილა, რომ გოგონასთვის საჭმელი არ შეეტანა, ეზოში გავიდა, საჭესთან დაჯდა და განერვიულებულმა სწრაფად დატოვა ტერიტორია.
ცისა ფანჯრიდან ადევნებდა მოვლენებს და გაბრაზებული სერგი რომ დაინახა, სახეზე სიამოვნების ღიმილი მოადგა. მერე, დიდხანს უყურა მებაღის მუშაობას და ყვავილების ყურებით გული რომ იჯერა, საწოლზე წამოწვა და შეეცადა, რომ დაეძინა.

***
მერაბიმ სიტყვა-სიტყვით უამბო მეუღლის ნაამბობი ვანოს, მაგრამ მისგან ბევრი ვერაფერი დამაიმედებელი პასუხი მიიღო. ასეც ელოდა, თითქმის შეუძლებელი იყო, მოცემული ინფორმაციით ცისიას ადგილსამყოფელის დადგენა. სერგი სანიკიძის მიერ ჩახლართული ამბები დღითი-დღე კიდევ უფრო მოსვენებას უკარგავდა მერაბ ავალიშვილს და ფსიქოლოგიურად ყველაზე სასტიკი შედეგებისთვის ამზადებდა.
ამასობაში მის სამშენებლო კომპანიაში სერგის მიერ შეგზავნილი გამოცდილებით სავსე, კვალიფიცირებული კადრი გამოჩნდა, რომლებსაც სანიკიძისგან მიცემული დირექტივების მიხედვით საკმაოდ დიდი სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი. შეიძლება ითქვას, ავალიშვილის ბიზნესი მალე ბომბზე დაიდებოდა.

***
ცისიას ცხოვრება ყველაზე სასტიკ, საშინელებათა ფილმს დაემსგავსა, სადაც შიშს, ადამიანის განადგურებას და ნელ სიკვდილს ფესვები ღრმად გაედგა. სანიკიძის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა გოგონას ჯანმრთელობას სამუდამო დაღს ასვამდა. მსხვერპლს სერგის გამუდმებული სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილება უწევდა და გრძნობდა, ამდენი ნერვიულობით ნელ-ნელა როგორ ემსგავსებოდა მოსიარულე გვამს. მიუხედავად იმისა, რომ სერგი მის საძინებელს აღარ კეტავდა, გოგონა მთელი დღე მაინც იქ იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა.
ერთ დღეს, როდესაც სერგი ხუთდღიანი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, მებაღე მოსულიყო და ბაღს უვლიდა. ცისია ფანჯრიდან ადევნებდა თვალს, თუ როგორ რგავდა ყვავილებს და რატომღაც ძალიან მოინდომა, რომ გარეთ გასულიყო და დახმარებოდა. სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეები და ნანა დეიდას რამდენიმე წუთის განმავლობაში ყელგამოწეული ეხვეწებოდა, რომ გასაღები მიეცა და ეზოში გაეშვა. მსახურს შეეცოდა და ალექსის სთხოვა, რომ სერგისთვის მომხდარის შესახებ არაფერი ეცნობებინა. ალექსი როგორც იქნა, დასთანხმდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ძალიან მალე, ცისია ისევ სახლში შებრუნდებოდა. გოგონა გაბადრული სახით გავიდა ეზოში და ჟანგბადით გაჟღენთილი სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს დაკარგული თავისუფლება დაიბრუნა და მარწუხებში მოქცეულ გონებას ცუდი ფიქრებისგან გათავისუფლება დაუწყო. დიდხანს იყურებოდა ცაში და ღრუბლების თვალიერებით ტკბებოდა. ბედნიერი წუთებისთვის ღმერთს მადლობას უხდიდა. ცის ყურებით რომ გული იჯერა, ანდრო პაპასთან მივიდა და ყვავილების დარგვაში დახმარება შესთავაზა. მებაღემ გოგონას თბილად გაუღიმა და ყვითელი ყვავილის რამდენიმე ნერგი მასაც უწილადა დასარგავად. ცისიამ წითელი ყვავილებიც შენიშნა ყუთში და სთხოვა, რომ ისინიც მიეცა, უნდოდა, რომ ყვითლებისთვის შეერია და ფერთა შეზავება გაეკეთებინა. მოხუცმა ჯერ იუარა, უთხრა, რომ სერგისგან მხოლოდ ერთი ფერის ყვავილების დარგვა ჰქონდა ნაბრძანები, მაგრამ გოგონას ხათრი ვეღარ გაუტეხა, სხვის ბაღში დასარგავ ყვავილებს წითლები ამოაკლო და ცისია გაახარა. სულ რამდენიმე წუთით გაგრძელდა გოგონას ბედნიერება და ბაღში სამუშაოს რომ მორჩა, ალექსიმ ისევ აიძულა, რომ სახლში შესულიყო.
ისევ დაიწყო ცისიას ცხოვრებაში უხალისო წუთები... ნაცნობი კედლების ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ყურება ძალიან ცუდად მოქმედებდა მასზე და სულს კიდევ მეტად უხუთავდა, ვიდრე მანამდე.

***
წვიმიანი პარიზის ქუჩებში ვიღაც ქოლგით ხელში სევდიანად დააბიჯებდა. თავი ჰქონდა დახრილი და სახეზე ეწერა, რომ ძალიან მოწყენილი იყო. უხალისოდ დადიოდა ყვითელი ფოთლებით დაფენილ ტროტუარებზე და ხარბად სუნთქავდა უცხო ჰაერს, რომ დამძიმებული სხეული რაღაც ახლით გამოეკვება, მაგრამ არც ეს აძლევდა შვებას. ქოლგა დაკეცა, პატარა კაფეში შევიდა და ფინჯან ყავასთან ერთად კრუასანი მიირთვა. საშინელი სიმარტოვე იგრძნო, ყველაფერი უაზროდ ეჩვენებოდა, სიცოცხლეც კი... ფიქრებში მთლიანად გააშიშვლა სიბოროტით შენიღბული სული და ხელში ერთი უბადრუკი მეორე მე შერჩა. საწყალ მდგომარეობაში ჩავარდნილი საკუთარი თავი აღარ მოეწონა, სასწრაფოდ ისევ თავის დემონებს უხმო და გონებაში კივილით გააღვიძა შურისძიების წყურვილით შეპყრობილი მეორე მე, რომლისთვისაც ამქვეყნიური გრძნობები- სილამაზე, სიკეთე და სითბო მხოლოდ ვიღაცების მოსათვინიერებლად შექმნილი ილუზიური გრძნობები იყო. ისევ გამოენთნენ თვალებიდან ეშმაკები, ისევ გაუმაგრდა გული და სიძლიერე იგრძნო. ის სიძლიერე, რომელიც პირველ რიგში მას და შემდეგ სხვებს ანადგურებდა. თავი უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნო, იქაურობა მალე დატოვა და გარეთ გამოსვლისთანავე მოსკოვში დარეკა.:
-დარიკო მამიდა, მე ვარ.
-ჰო, შვილო. როგორ ხარ? აბა, მომიყევი, რა ხდება?
-პარიზში ვარ, საკუთარ თავს ცოტა ხნით დასვენების უფლება მივეცი.
-მე მგონია, საქმეს აკეთებ და შენ თურმე სხვაგან ყოფილხარ, -უსიამოვნო ტონი იგრძნობოდა ქალის ხმაში,- ვფიქრობ, მაგის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მოვდუნდეთ.
-არც მოვდუნებულვარ.
-რატომ არ მოკალი მერაბის გოგო?! ჩვენ სხვანაირად შევთანხმდით.
-სამაგიეროდ, უფრო საშინელი შედეგისთვის ვამზადებ ნიადაგს.
-მაინც როგორი შედეგისთვის? რატომ ასცდი რელსებს?
-წარმოიდგინე, ჩემგან დამცირებული, ნაწამები, ფსიქიკურად განადგურებული შვილი და გაკოტრებული მამა. როგორი „დიდებული“ სანახაობა ელოდება მერაბს და არ იცის,-კმაყოფილებისგან ჩაეცინა სერგის.
-ჰმ, რომ არ შეიშალოს? მაგის გაგიჟებას ვუცადოთ?
-დრო მომეცი და სისრულეში მოვიყვან ჩანაფიქრს.
-ავალიშვილის კომპანიაში რა ხდება?
-წინა კვირას ჩემი ხალხი შევუშვი. ჯერ სიტუაციას ეცნობიან.
-სანდოები არიან?
-ასი პროცენტით.
-კარგი, ჯერ-ჯერობით ისევ გენდობი. იცოდე, იმედები არ გამიცრუო!
-არ გაგიცრუებ, -მამაკაცი თავდაჯერებული ესაუბრებოდა მამიდას.
-კარგი, დროებით.
-დროებით,-სერგიმ მობილური ჯიბეში ჩააბრუნა, სიგარეტს მოუკიდა და სასტუმროსკენ მისასვლელი გზა ფეხით გააგრძელა.

***
შვილის გაუჩინარებამ მერაბ დვალიშვილს სამსახურში სიარულის ხალისი დაუკარგა. საქმეს გულს ვეღარ უდებდა და მის სამშენებლო კომპანიაში მართვის სადავეებს ნელ-ნელა სანიკიძის მიერ შეგზავნილი ორი ადამიანი იბარებდა. შედეგმაც არ დააყოვნა, კომპანიაში ფინანსური დანაკლისისთვის მზადება ისე ოსტატურად იფუთებოდა, ავალიშვილი ვერც კი აცნობიერებდა, რომ სულ მალე, შესანიშნავი „დიპლომატების“ წყალობით დიდ ორმოში გადაეშვებოდა, საიდანაც ამოსვლა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა.
ავალიშვილების სახლის მისამართზე მორიგი წერილი მივიდა:
მოგესალმები და მოგიკითხავ, მერაბ. დარწმუნებული ვარ, შენი ერთადერთი ქალიშვილის დაკარგვამ დიდი სატკივარი და საფიქრალი გაგიჩინა. ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, როცა შენი ეჭვებით გაძეძგილი გონება წარმომიდგება ხოლმე, რომელიც მისი გამტაცებლის ვინაობის დადგენას ცდილობს. მინდა გითხრა, ჩემამდე ეჭვითაც ვერ მოხვალ. არ შეგრჩება ნაქურდალი გზებით აშენებული ბიზნესი და არც სანაქებო ოჯახი შეგინარჩუნდება. მალე გიხილავ განადგურებულს. დროებით, ნაბიჭ*ვარო.
როგორც კი მერაბი წერილს გაეცნო, შეურაცხადივით დაიღრიალა და კაბინეტის მაგიდაზე დალაგებული ნივთები ერთი ხელის მოსმით იატაკზე გადაყარა. ნოდარ სამადაშვილის ბინის ტელეფონის ნომერი მოძებნა და დაუკავშირდა. ყურმილი თავად ნოდარიმ აიღო:
-გისმენთ.
-ნოდარ, მერაბ ავალიშვილი ვარ.
მამაკაცი დადუმდა, ხმა ვერ ამოიღო, იმდენად გაოცდა ძველი ბიზნეს პარტნიორის სატელეფონო ზარით:
-რით დავიმსახურე ავალიშვილის ყურადღება? -გაწყვეტილი ხმით იკითხა ნოდარიმ.
-რით დაიმსახურე კი არა, თუ დავადგინე, რომ რაც ახლა ჩემს თავს ხდება, შენი ხრიკებია, საკუთარი ხელით ამოგიღებ გულს! -იმუქრებოდა მერაბი.
-რას ბოდავ?!
-არც იფიქრო, რომ გზაზე გადამეღობო, თორემ...
-დაემუქრე იმას, ვინც შეგიშინებია, გაიგე? მე ვერ მომატყუებ, ერთი საცოდავი, ფულზე შეყვარებული ვირთხა ხარ! მეორეჯერ აქ არ დარეკო და აღარ გამაგონო შენი მივიწყებული და საზიზღარი ხმა, -ყურმილი დაკიდა ნოდარმა და ერთი კარგად შეუკურთხა.
ძველი პარტნიორისგან ასეთი აგდებული საუბარი ვერ აიტანა გაცოფებულმა მერაბმა, სასწრაფოდ ვანოს გადაურეკა და ნოდარ სამადაშვილის გატაცება დაავალა.

***
დილა იყო, როდესაც სერგი პარიზიდან თბილისში დაბრუნდა. ჯერ წავკისში ავიდა და მერე კომპანიაში აპირებდა წასვლას. პირველ რიგში, ეზოში სადარაჯოდ განთავსებულ ალექსის ჯიხურს მიაშურა და დეტალურად დაუწყო ყველაფრის გამოკითხვა, შემდეგ სახლში შევიდა და ნანასგან მოისმინა ცისიას ამბები:
-ბატონო, სერგი, მთელი დღეების განმავლობაში ოთახშია ჩაკეტილი და ხატავს. საჭმელს თითქმის არაფერს ჭამს.
-რას ხატავს?
-არ ვიცი, მთხოვა, კალამი და ფურცლები მიმეცა. კალამი აქ ვიპოვე, ფურცლები ალექსის ჰქონდა ჯიხურში და რაც მივუტანე, მას შემდეგ ოთახიდან გამოსული არ დამინახავს.
-კარგი, სხვა ხომ არაფერი გაქვს სათქმელი?
- არაფერი,-მხრები აიჩეჩა ნანამ.
სერგი ცისიასთან ოთახში ავიდა. გოგონა ფანჯარასთან იჯდა და შავი კალმით პატარა გამოსახულების ფიგურებს ხატავდა.
-რას აკეთებ?-მკაცრი ტონით ჰკითხა მამაკაცმა.
ცისიას არც შეუხედავს, ისე უპასუხა:
-ვიხარჯები.
მამაკაცი უფრო ახლოს მივიდა მასთან და ფურცელზე დაიწყო დაკვირვება. უცნაურ ფიგურებს ვერაფერი გაუგო და ვიდრე რამეს ეტყოდა, ბაღში ახლად დარგულ წითელ ყვავილებს მოჰკრა თვალი. სათქმელი დაივიწყა და სახეზე წითელმა ალმა გადაჰკრა. გახელებული გავარდა ოთახიდან და წამებში ეზოში აღმოჩნდა. გოგონა სერგის უცნაურმა ცვლილებამ დააინტერესა და როგორც კი მთავარი კარის გაჯახუნების ხმა გაიგონა, ფანჯრიდან გადაიხედა. მამაკაცი ძირებიანად გლეჯდა წითელ ყვავილებს.
გოგონა გულდაწყვეტილი უყურებდა მამაკაცის მოქმედებას და საკუთარ თავს ხმამაღლა ეკითხებოდა:-რას აკეთებს?
სერგი შეშლილივით ისროდა აქეთ-იქით წითელ ყვავილებს და როგორც კი ყველა ფესვიანად ამოგლიჯა, ღრიალი მორთო: -სად გდია, მებაღე?
ალექსი ჯიხურიდან გამოვიდა და მოახსენა, რომ ანდროს ბაღში გასაკეთებელი საქმეები ადრიანად დაემთავრებინა და რამდენიმე წუთის წინ წასულიყო. სერგიმ სასწრაფოდ აკრიფა მებაღის მობილურის ნომერი და უშვერი სიტყვების კორიანტელი დააყენა მოხუცს:
-ხომ გითხარი, რომ მხოლოდ ყვითელი ყვავილები დაგერგო ბაღში და სხვა ფერი არ გაგეკარებინა აქაურობას? რამ გამოგაშტერა?
-ბატონო, სერგი. მე ვიფიქრე, რომ...
- რა იფიქრა შენმა გამოშტერებულმა ტვინმა, სულ ფეხებზე მ*კიდია, გესმის? მეორედ აქ მოთრეული არ დაგინახო. ფუ, შენი...-„ლამაზი“ სიტყვებით ამკობდა მებაღეს.
ცისიამ თავი დამნაშავედ იგრძნო, ეზოში ჩავიდა და სერგის წინ აესვეტა. მამაკაცმა რომ გარეთ გამოსული დაინახა, მრისხანედ შეანათა თვალები და უბრძანა, სახლში შესულიყო. გოგონა არ დაემორჩილა:
-ანდრო პაპას თავი დაანებე, მე ვარ დამნაშავე.
-რა?
-ჰო, მე ვთხოვე, რომ წითელი ყვავილები შეერია დანარჩენებისთვის.
-და შენ ვინ ხარ, რომ ბედავ და ამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?-სიმწრით გამოსცრა მამაკაცმა კბილებში.
-ცისა ავალიშვილი.
-და ცისა ვინ არის? აბა, ცისა? აქ ვინმეს წარმოადგენს? რა დატვირთვა აქვს მის არსებობას?
გოგონამ სევდიანი თვალებით შეხედა, ზურგი შეაქცია და სახლში შევიდა.
გაშმაგებული სერგი უკან დაედევნა, მკლავზე ხელი წაავლო და მთელი ძალით მისკენ შეაბრუნა:
-მხოლოდ ხუთი დღით დაგტოვე და თავი ამ სახლის დიასახლისად იგრძენი, არა?
-არ მჭირდება ამ სახლის დიასახლისობა. ღმერთმა დამიფაროს, შენნაირი ურჩხულის სახლის დიასახლისი გავხდე.
-მაშინ რატომ დაიწყე ბრძანებების გაცემები?
-არ ვიცოდი, თუ ურჩხულებს ყვავილების ფერები ასე ძალიან ანაღვლებდათ.
-შენ აქ არავინ და არაფერი ხარ! გასაგებია?! მეტჯერ არც გაიფიქრო, რომ გადაწყვეტილება მიიღო! მხოლოდ მე მემორჩილები!
გოგონა ხმას არ იღებდა, უბრალოდ ელოდებოდა, როდის დაიცლებოდა მის წინ მდგარი ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი უარყოფითი ენერგიისგან და ის ზღაპრული არსება სერგის სახის ნაკვთებით რომ წარმოიდგინა, ისტერიკული სიცილი აუვარდა. მამაკაცი და ნანა გაოცებულები უყურებდნენ მის საქციელს. ცისია თავს ვეღარ აკონტროლებდა და არ ჩერდებოდა.

***
საღამო ხანს, ვიდრე სერგი სამსახურიდან დაბრუნდებოდა, ცისია მისაღებ ოთახში საყვარელ ფილმს უყურებდა. როგორც კი სერგი სახლში დაბრუნდა, ოთახიდან საფრანგეთში საჩუქრად ნაყიდი სუნამოები ჩამოიტანა და მის დასანახად ალექსის და ნანას გადასცა. მსახურებმა მადლობა გადაუხადეს და უხერხულად გაეცალნენ სანიკიძეს. გოგონას მამაკაცის ქმედებაზე ჩაეცინა, წამოდგა და ოთახში ასვლა დააპირა:
-სად მიდიხარ?
-საძინებელში.
-არა, აქ იქნები.
-რატომ?
-ვახშამს მოამზადებ.
-ნანამ უკვე მოამზადა. ასე, რომ შეგიძლია, ისიამოვნო.
-დღეს ნანას მომზადებული საჭმელი არ მინდა. შენ გააკეთებ!
ცისიამ ამოიოხრა და მაცივრისკენ გაემართა. ამასობაში, გარეთ თავსხმა წვიმამ დაუშვა. ვიდრე გოგონა არკვევდა, რა მოემზადებინა, სერგიმ ნანა მეორე დილამდე დაითხოვა და თავად სააბაზანოში შხაპის მისაღებად ავიდა. ცისიას თვალს არ გამოჰპარვია, რომ სახლის კარი ღია იყო და დაღლილ სანიკიძეს გასაღებით დაკეტვა დავიწყებოდა. ახლა, მხოლოდ ალექსის მოტყუება იყო საჭირო, რომ როგორმე შინ შეეტყუებინა და თავად ეზოს ჭიშკრიდან გაპარულიყო. შეშფოთებული სახე მიიღო, გარეთ გავარდა, ჯიხურში ალექსის მიეჭრა და უთხრა, რომ სერგი თავს შეუძლოდ გრძნობდა და დასახმარებლად ეძახდა. იმდენად დამაბნეველი სიტუაცია შეუქმნა, მამაკაცი მის დაგებულ მახეში გაება და სასწრაფოდ სახლში შევარდა. ცისიამ კი ჭიშკარი გააღო და გარეთ გაიქცა. შურდულივით ავარდა ალექსი სანიკიძის ოთახში და მისი სახელის ყვირილით იქაურობა გააყრუა. სერგიმ მსახური მამაკაცის ხმა რომ გაიგონა, მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე, სასწრაფოდ წყალი გადაკეტა და აბაზანიდან ხალათით გავიდა:
-ბატონო, სერგი, კარგად ხართ?
-ცუდად რატომ უნდა ვიყო? -გაოცებული უყურებდა ალექსის.
-ცისამ მითხრა, რომ ცუდად გახდით და ჩემი დახმარება გჭირდებოდათ.
-ცისამ?-სახე დაძაბა სერგიმ, -ცისას შენთან რა უნდოდა?
-ეზოში გამოვიდა და ჯიხურში მომაკითხა, შეშინებული იყო.
სერგის გაახსენდა, რომ ნანას წასვლის შემდეგ სახლში შესასვლელი კარი გასაღებით არ დაეკეტა და ალექსის ნათქვამის შემდეგ თავში ცუდმა აზრმა გაუელვა. სასწრაფოდ ცისიას ოთახში შევარდა. მთელ სახლს შემოურბინა და რომ დარწმუნდა, გოგონა იქ აღარ იყო, კარისკაცს დაუღრიალა:
-ასეთი იდიოტი როგორ ხარ? ცისამ გაგაცურა და გაიქცა.
-რა უნდა ვქნათ, ბატონო სერგი?
-ნაყინი ვიყიდოთ, დავსხდეთ და მშვიდად შევექცეთ, -თავს ვეღარ აკონტროლებდა სანიკიძე, -რა უნდა ვქნათ? სასწრაფოდ დავედევნოთ, დაგვრჩენია რამე?
განერვიულებული ალექსი მანქანაში ჩაჯდა და ცისიას საძებნელად თავსხმა წვიმაში წავიდა. გაღიზიანებულ სერგის რაც ხელში მოხვდა, უცბად გადაიცვა და თავადაც ავტომობილით გაუდგა წავკისის მიხვეულ-მოხვეულ გზებს.
თავსხმა წვიმა ხილვადობას აფერხებდა და რთული იყო გოგონას ძებნა.
-სად ხარ ცისა? გამოჩნდი,- ხმამაღლა ყვიროდა სანიკიძე.

***
წვიმის თქეშში თეთრკაბიანი გოგონა შეშლილივით გარბოდა. იმდენად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა თავისუფლება, დაიბნა კიდეც. გარდა იმისა, რომ რაც შეიძლებოდა, შორს ყოფილიყო იმ სახლისგან და თავი დაეღწია ჯოჯოხეთისთვის, სხვა არაფერზე ფიქრობდა. წვიმას ტანსაცმელი ისე დაესველებინა, სხეულზე შემოტმასნოდა და იმდენად დამძიმებულიყო, სირბილში ხელს უშლიდა. მირბოდა, მაგრამ თავადაც არ იცოდა სად. მანქანები კანტი-კუნტად მოძრაობდნენ და შეშლილივით გზაზე მორბენალ გოგონას სიგნალებით იკლებდნენ.
აღელვებული სერგი გამალებით ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს:
-შორს ვერ წავიდოდა,-თავს ამშვიდებდა მამაკაცი და ცისიას ძებნას აგრძელებდა. თან, ხშირ კავშირზე იყო ალექსისთან.
ამასობაში სერგის ავტომობილი მთავარ გზაზე გავიდა და ნელი სვლით დაუყვა თბილისსიკენ მიმავალ გზას.
ცისია სირბილისგან ძალას კარგავდა და სიჩქარეს მოუკლო. თმებს და კაბას წარა-მარა იწურავდა და გზას აგრძელებდა.
მოულოდნელად, სერგიმ თეთრ სამოსში ჩაცმული გოგონა დაინახა , შვებით ამოისუნთქა და მანქანა გააჩერა. როგორც კი ცისიამ მის უკან გაჩერებული ავტომობილი შენიშნა, უნდოდა, სირბილისთვის მოემატებინა, მაგრამ ვიდრე სერგი მანქანიდან გადმოვიდოდა და გოგონას დაედევნებოდა, ორმაგად შეშინებულ ცისიას მუხლები აუკანკალდა და წაიქცა. მამაკაცი მივარდა და წამოაყენა:
-არ წამიყვანო, გთხოვ, -ემუდარებოდა გოგონა.
-ცისა, სასწრაფოდ სახლში უნდა წავიდეთ, სულ დასველდი.
-ახლა რა მელის? არ მაპატიებ და უფრო საშინლად მაწამებ? გაქცევა რომ გავბედე, ამისთვის დედაჩემს მოკლავ?-მთელი სხეულით ცახცახებდა გოგონა და პასუხის მოლოდინში, სევდიანი და ცნობისმოყვარე მზერა მიეპყრო მტარვალისთვის.
-აქ არ მსურს საუბარი, მითუმეტეს ასეთ ამინდში. მანქანაში ჩაჯექი!
-არ მინდა,-თავს იქნევდა ცისია, -არ მინდა, არა. ვიცი იქ რაც მელის და აღარ დამაბრუნო, გთხოვ.
-ცისა, წამოდი! ძალით, პატარა ბავშვივით წაგათრიო?! გირჩევნია, შენი ნებით წამოხვიდე.
-სერგი, გემუდარები, მითხრა რა დაგიშავე და ასე რატომ მექცევი? ეს ოხერი პასუხი ხომ არსებობს, არა? იქნებ მართლა ღირსი ვარ და არ ვიცი.
-ღირსი ხარ!
- რისთვის ვისჯები? რატომ არ ამბობ?
სერგი დუმდა...
-ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, თავის პატარა ან დიდი ოცნებებით და მიზნებით. მუსიკა და ხატვა ჩემთვის ყველაფერი იყო, სასურველ უნივერსიტეტშიც კი ჩავაბარე, რომ ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო კუთხით წარმემართა. მერე შენ გამოჩნდი და ყველა ოცნება თავზე ნაწილებად ჩამომამსხვრიე. წესით, ახლა, ლონდონში უნდა ვიყო და ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად უნდა ვერთობოდე, ან რომელიმე კომპოზიტორის ნაწარმოებზე ვსაუბრობდე, ცხოვრებით ვტკბებოდე, მიზნებამდე მისასვლელ გზებს ვიკვლევდე... და შენ რა გამიკეთე? ყველაფერი გამომაცალე, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჩემს სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა და მოსიარულე ხორცად მაქციე, რომელიც არავის არაფერში აღარ არგია. ის ისეა გაძარცვული, როგორც ზამთარში ეულად მდგარი ხშირფოთლიანი ხეები. საკუთარი თავი შემაზიზღე და გესმის ეს რას ნიშნავს? მე მოვკვდი. ჰო, შენ მე მომკალი. ცისა მოსიარულე გვამია, რომელსაც ყოველ დღე ჯიჯგნიან და აწამებენ. შენ მკვლელი ხარ, ჩვეულებრივი დამნაშავე, რომელიც სხვისი უბედურებით ერთობა. მძულხარ ამისთვის სერგი სანიკიძე! მინდა, რომ დამთავრდე! -ატირებულმა გოგონამ მამაკაცს მკერდზე მუშტები დაუშინა.
სერგი გაუნძრევლად იდგა, ცისიას ბოლომდე მისცა უფლება, რომ დაცლილიყო. სათქმელიც ამოათქმევინა და მის მუშტებსაც ითმენდა. როდესაც გოგონა გაჩერდა, შუბლი მამაკაცის მკერდს მიადო და აქვითინდა. სანიკიძეს ტუჩები აუკანკალდა. ცხადად უყურებდა მის მიერ განადგურებულ ადამიანს და პირველად შეაწუხა სინდისის ქენჯნამ. ნელ-ნელა სურვილს დამორჩილდა და როგორც იქნა, გოგონა მთელი ძალით ჩაიხუტა. ატირებული ცისია გონს მოვიდა და სწრაფად დაიხსნა თავი სანიკიძისგან. მამაკაცმა მიმართა:
-ავად გახდები, სულ სველი ხარ. წამოხვალ, თუ ხელში აგიყვანო?
გოგონა საკუთარი ნებით დამორჩილდა სერგის და ავტომობილისკენ წავიდა.
სახლში მისვლისას სერგიმ ცისია ოთახამდე მიაცილა. გოგონა მთლიანად კანკალებდა. აშკარა იყო, რომ სიცხეს აძლევდა და შეუძლოდ ხდებოდა.
-ესღა მაკლდა! ფუ ამის დედაც... ახლა რა ვქნა? -ფიქრობდა სანიკიძე.
ცისიას ტანსაცმლის გახდაში დაეხმარა, აბაზანიდან პირსახოცი გამოუტანა, რომ თმა და სხეული შეემშრალებინა. გოგონა საწოლში ჩაწვა, მაგრამ სიცივისგან ისევ კანკალებდა.
-რამე რომ დაემართოს, როგორ მივხედო? არაფერი ვიცი,-სანიკიძე დასუსტებულ ცისიას უყურებდა და აკვიატებული ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა.
დაახლოებით ორ საათში, გოგონას ტემპერატურამ აუწია. სანიკიძემ თერმომეტრი იპოვა და როდესაც გაუზომა, ოცდაცხრამეტ გრადუსზე მეტს აჩვენებდა. რამდენიმე ხანში, ავადმყოფს ბოდვაც დაეწყო.
-რაღაც უნდა მოვიმოქმედო, მგონი, ცივი ტილოები უშველის, -მამაკაცი სამზარეულოში ჩავიდა და ტილოებს დაუწყო ძებნა.
მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებდა სერგი ცისიას ჯანმრთელობას, მის საწოლს არ მოშორებია. დილით გოგონასთვის სიცხეს დაეწია და როგორც კი ნანა მივიდა, ავადმყოფის მოვლა გადააბარა და თავად სამსახურში წავიდა.
სამი დღის განმავლობაში ცისია თავს შეუძლოდ გრძნობდა და ოთახიდან არ გადიოდა. სერგი გოგონასთან არ შესულა და არც მოუკითხავს, თუმცა ნანას მშვიდი სახით და მასზე გამუდმებული მზრუნველობით ხვდებოდა, რომ ნელ-ნელა ჯანმრთელდებოდა.

***
ერთ ღამეს, როდესაც კომპანიიდან გვიან დაბრუნებული სერგი სახლში მივიდა, შუქი ყველა ოთახში ჩამქრალი დახვდა, ცისიას დიდი ხნის წინ ჩასძინებოდა. ნანას სახლის შესასვლელი კარი გასაღებით დაეკეტა და უკანა ეზოში, თავის საცხოვრებელ ოთახში შესულიყო. მთელი დღის ნამუშევარი და დაღლილი სანიკიძე მისაღებ ოთახში ტყავის სავარძელში ჩამჯდარიყო, თვალები დაეხუჭა, თავი უკან გადაეწია და გონებას ასვენებდა. უნდოდა, ტვინის თითოეული უჯრედი გაეთიშა და ხუთი წუთი მაინც არაფერზე ეფიქრა, მაგრამ თვალებდახუჭული მამაკაცის წყვდიადში უეცრად, შორიდან პატარა ცეცხლის ალი გამოჩნდა. სერგი აფორიაქდა, ნელ-ნელა უახლოვდებოდა სიმხურვალე და ხედავდა, ყველაფერს საოცარი სისწრაფით ეკიდებოდა. ცეცხლს ქალის, ორი გოგონას და მამაკაცის ყვირილის ხმები მოჰყვებოდა. ტკაცუნობდნენ განადგურებული სახლის კედლები, იბზარებოდნენ და სკდებოდნენ ფანჯრები... სანიკიძემ ამ ნაცნობ და მრავალჯერ ნანახ კოშმარს ვეღარ გაუძლო და თვალები გაახილა. ღრმად ამოიგმინა, ყელში მოჭერილი ჰალსტუხი მოიგლიჯა, პერანგის წინა ღილები შეიხსნა, რომ დახრჩობის შეგრძნება როგორმე თავიდან მოეშორებინა, სახელოები იდაყვამდე აიკეცა და ალკოჰოლის ბარისკენ გაეშურა. საუკეთესო წითელი ღვინო გახსნა, ბოკალში დაასხა, ნახევრამდე ჩაცალა, ორივე მეორე სართულზე, კაბინეტში შეიტანა და როიალთან ჩამოჯდა. დიდი უცნაური პიროვნება იყო სერგი. მის ოთახში შეიძლებოდა, ისეთ უადგილო რამისთვის მოგეკრათ თვალი, რომელიც იქაურობას არა, მაგრამ მის კომფორტულ გარემოს ნამდვილად ერგებოდა. ის ოთახი სხვისთვის ქაოსი, მაგრამ მისთვის განვლილი და ახლანდელი ცხოვრება იყო, ამიტომ არავის აკარებდა, მათ შორის, ნანასაც, რომ დაელაგებინა. მუდამ გამოკეტილი ჰქონდა და მხოლოდ მაშინ შედიოდა, როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურდა. აი, ახლაც ღვინის ბოთლი და ბოკალი როიალის თავზე შემოეწყო და დიდი ხნის გადაუშლელ ნოტებს მიშტერებოდა. რამდენიმე წუთში, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“ კლავიშებზე მთელი გრძნობით ააჟღერა და გონებით მუსიკაში ჩაიძირა. არაჩვეულებრივი სანახავი იყო სერგი სანიკიძე როიალთან, დახვეწილი და ემოციურად დატვირთული სახე ჰქონდა. ძალიან აშიშვლებდა როიალი მამაკაცს და სადღაც წარსულში, მტვრიან კუთხეში გადამალულ და მიტოვებულ ნამდვილ სახეს უბრუნებდა. მისი გრძელი თითები კლავიშებს ისეთი გრძნობებით ეხებოდნენ, იფიქრებდით, რომ მათზე დაფრინავდნენ.
ცისიას მუსიკის ხმაზე გამოეღვიძა და გულაჩქარებული წამოვარდა საწოლიდან. მეჩვენება, თუ სინამდვილეა? მგონი, გავგიჟდი,-ფიქრობდა გოგონა,- შეუძლებელია „მთვარის სონატას“ ამ შუაღამისას ვინმე უკრავდეს, -ყურებზე ხელები დაიფარა. მელოდია დიდი დახვეწილობით და ძალიან კარგი შესრულებით აღწევდა ცისიას ოთახში და რომ აღარ გაჩერდა, გადაწყვიტა, საძინებლიდან გასულიყო და დაედგინა, საიდან მოდიოდა. ფეხშიშველი, პერანგის ამარა, ნელა მიჰყვებოდა მუსიკის ხმას, რომელმაც სერგის კაბინეტისკენ წაიყვანა. როდესაც კარებს მიადგა, ჩაიბუტბუტა: -შეუძლებელია! იმის მიუხედავად, რომ იქ შესვლა სასტიკად აკრძალული ჰქონდა, გოგონა მაინც შევიდა და როიალთან მყოფი მამაკაცი რომ დაინახა, თვალებს არ უჯერებდა:
-ახლავე შეწყვიტე ეს კონცერტი!-დაბალი ხმით წარმოთქვა ცისიამ და შინაგანად ყველაფერი დაეძაბა.
სერგის არაფერი გაუგია, კვლავინდებურად გადაჰქონდა გრძნობები როიალის კლავიშებზე. მუსიკა გრძელდებოდა.
-შეწყვიტე-მეთქი! ურჩხულებს ეს მუსიკა არ უყვართ, მათგან გრძნობები ძალიან შორს არიან!
სერგი ისევ აგრძელებდა როიალზე დაკვრას.
-გაჩერდი! -მთელი ძალით იღრიალა ცისიამ და მხოლოდ ახლა მოახერხა, რომ სერგის ყურადღება დაემსახურებინა.
სანიკიძემ როიალზე დაკვრა შეწყვიტა და გაკვირვებული სახით შეხედა. მრისხანე თვალები მიიღო და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ცისიამ არ აცალა, როიალთან მივიდა, ბოთლი მთელი ძალით იატაკზე დაანარცხა და დაიღრიალა:
-ეს შენ არ ხარ! რა ხელი აქვს ამ გენიალურ ნაწარმოებს სერგი სანიკიძესთან? შეუძლებელია, კაცი, რომელიც ასეთ სიძულვილს ატარებს, „მთვარის სონატა“ მოსწონდეს, გესმის? შეუძლებელია და შეწყვიტე ეს სპექტაკლი! ნუღარ მაგიჟებ! -შეურაცხადივით ყველაფერს ძირს ყრიდა და რაც ხელში ხვდებოდა, კედლებზე ახეთქებდა, -მუსიკა შენი არ არის, ის ჩემია და ნუ მართმევ!-აგრძელებდა ცისია.
სერგი ორი წუთის განმავლობაში უთმენდა ცისიას. ბოლოს წამოდგა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, მკლავში წვდა, ხელიდან მოსასროლას გამზადებული თავის საყვარელი წიგნი „ჯვაროსნები“ გამოართვა, მაგიდაზე გადადო და ისევ გოგონას მიუბრუნდა:
-იცი, ახლა ამისთვის რისი ღირსი ხარ? -მშვიდი, დაბალი ხმით მიმართა მამაკაცმა.
თვალცრემლიანმა გოგონამ თვალები გაუსწორა და უპასუხოდ, მზერა არ მოაშორა სერგის თვალებს. მამაკაცმა ღვინიანი ბოკალი ხელში აიღო სახესთან მიუტანა და ლოყაზე მიადო. ცისიას გაცხელებულ კანს გრილი მინა თითქოს ესიამოვნა და თვალები დახუჭა. იგრძნო, რომ ბოკალი ყელის მიმართულებით ჩაცურდა, შემდეგ კი მკერდზე და იქ გაჩერდა. სერგიმ დარჩენილი ღვინო გამოცალა და ქალის თმის და კანის სურნელში აიხლართა. გოგონა მიხვდა ვნებამორეული მამაკაცის სურვილს და შეეცადა, რომ ხელებით შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სერგიმ წარბი აუზიდა და ისიც მის ნებას დამორჩილდა. ვნებააშლილ მამაკაცს ქალის ლამაზ სხეულზე მორგებული თავის ნაყიდი წითელი პერანგი კიდევ უფრო მეტად ანდომებდა ცისიას. ხელში აიყვანა, როიალზე შემოსვა და სიამოვნების მორევში ჩაინთქა.

***
კახეთში, ერთ-ერთი სოფლის მიტოვებულ სახლში მერაბ ავალიშვილი ნოდარ სამადაშვილს პირისპირ შეხვდა:
-მოგესალმები, ბატონო ნოდარ,- ავალიშვილმა ბოროტი ღიმილით გაუწოდა ძველ პარტნიორს ხელი ჩამოსართმევად.
-ხომ გითხარი, რომ შენი დანახვა არ მინდა-მეთქი, არაკაცო? -მწარედ გამოსცრა მამაკაცმა კბილებიდან.
-მართლა? რას მეუბნები?
-რა გინდა ჩემგან?
-ყველაფერს დაფქვავ.
-რას დავფქვავ, შენ ხომ არ გაჟრიალებს? გითხარი, შენნაირ ნაძირალასთან საქმე არ მაქვს-მეთქი, საკმარისი არ არის?
-სად გადამალე ჩემი შვილი?
-ვინ, ცისა?-გაკვირვებული სახით შეხედა ნოდარიმ.
-თავს ნუ იკატუნებ, ნაბიჭ*ვარო! აღიარე, რომ ის წერილებიც შენი გამოგზავნილია.
-რომელი წერილები, რა გატაცება? აბა, სიცხე გაიზომე, შე მართლა ნაბიჭ*ვარო!
ავალიშვილმა ვერ მოითმინა და ნოდარს მუშტი უთავაზა სახეში. ძლიერი დარტყმის შედეგად სამადაშვილი ინვალიდის ეტლიდან გვერდზე გადაეკიდა:
-სულ ეგ ხარ, ხომ ძაღლის გაგდებულო? მეტი ძალა არ გაქვს? -გახეთქილი ტუჩიდან სისხლი გადააფურთხა სამადაშვილმა.
მერაბიმ მამაკაცი ეტლიდან გადმოაგდო და წიხლი ჩაარტყა მუცელში:
-შენს მეტმა არავინ იცოდა ის, რაც იმ წერილში წერია. ყველაფერი შენი მოწყობილია, გამოტყდი! -გამეტებით ურტყავდა მერაბი ძველ პარტნიორს.
-ყველაფერი ისე გააკეთე, წილი წამართვი და გამანადგურე. დღემდე მჯერა, რომ ის ავარიაც შენი მოწყობილი იყო, ჩაფიქრებული გქონდა, რომ ვერ გადავრჩენილიყავი. ღირსი კი ხარ, რომ ასე მოგექცნენ. უკან გეწია საკუთარი ცოდვები, შენი დედაც მოვ**ან!-არ ჩერდებოდა ნოდარი.
მერაბი ამ სიტყვებზე კიდევ უფრო მძვინვარებდა და დაუნდობლად სცემდა ნოდარს:
-სად წაიყვანე ჩემი შვილი, არ დაგინდობ, ნოდარ!
-ჰო, მეტი რა შეუძლიათ შენნაირ ნაძირლებს? ერთ დღეს, კიდევ უფრო მეტად შემოგიბრუნდება ცოდვები.
-გამოტყდი, სად გადამალე ჩემი შვილი?
-მე არ მყავს, სხვასთან ეძებე,-ძლივს ამბობდა ნაცემი მამაკაცი.
მერაბი არ უჯერებდა და იმ იმედით, რომ გამოტეხავდა, კონტროლიდან გამოვიდა და ვეღარ ზომავდა, როგორ გამეტებით ურტყავდა მამაკაცს.
-მერაბ, შემოგაკვდება!-აფრთხილებდა ვანო.
ავალიშვილს ერთი სიტყვა აღარ ესმოდა, დაგროვილ ბოღმას ძირს დაგდებულ, დასისხლიანებულ ძველ პარტნიორზე ანთხევდა. ნოდარი გაუნძრევლად ეგდო იატაკზე და მერაბის წიხლებზე რეაქცია აღარ ჰქონდა. გააფთრებული ავალიშვილი რომ დარწმუნდა, მამაკაცი ისეთ დღეში იყო, მისგან ვეღარაფერს გაიგებდა, სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა მის გონზე მოსვლას. ვანო სამადაშვილის სხეულს მიუახლოვდა და გულის პულსი შეუმოწმა. ნოდარი აღარ სუნთქავდა. მოგვიანებით, გარდაცვლილის სხეული ტყეში წაიღეს და თავიდან მოიშორეს.



№1  offline წევრი kethrine

აუ ეს რა იყო? დამუნჯებული და იმდენად ისტორიაში ვარ ფიქრებით, გრძნობებით და აზროვნებით რომ ჰოი. ძლივს ამოვისუნთქე... მაინტერესებს საერთო თუ აქვთ ნოდარს და სერგის...
ვფიქრობ არც მერაბი იქნება წმინდა წარსულის დამტოვებელი კაცი, ეს ცოტას ამართლებს სერგის, თუმცა...
არ მინდოდა დამთავრებულიყო მართლა, მიუხედავად იმის, რომ არაა პატარა თავი. იმედი მაქვს მომავალ თავს მალე შემოგვთავაზებ. გელოდები და წარმატებები შენ ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

შემდეგს როდის ველოდო?სასწაულიაააა

 


№3  offline წევრი elene2619

როგორ მოუთმენლად ველი ხოლმე ახალ თავს heart_eyes მიუხედავად იმისა რომ ძალადობა თუნდაც სუსტი გამოვლინებით ჭკუიდან მშლის და აქ სუსტი კი არა საკმაოდ მკაფიო გამოვლინება იყო მაინც მომწონს ეს ისტორია რაღაც დიდის დასაწყისია ეს ყველაფერი relaxed რა თქმა უნდა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. წარმატებები შენ <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

kethrine
აუ ეს რა იყო? დამუნჯებული და იმდენად ისტორიაში ვარ ფიქრებით, გრძნობებით და აზროვნებით რომ ჰოი. ძლივს ამოვისუნთქე... მაინტერესებს საერთო თუ აქვთ ნოდარს და სერგის...
ვფიქრობ არც მერაბი იქნება წმინდა წარსულის დამტოვებელი კაცი, ეს ცოტას ამართლებს სერგის, თუმცა...
არ მინდოდა დამთავრებულიყო მართლა, მიუხედავად იმის, რომ არაა პატარა თავი. იმედი მაქვს მომავალ თავს მალე შემოგვთავაზებ. გელოდები და წარმატებები შენ ❤❤❤❤


დიდი მადლობა ინტერესისთვის blush დიახ, მეორე თავიც ამ კვირაში დაიდება.

სტუმარი ნათია
შემდეგს როდის ველოდო?სასწაულიაააა

უღრმესი მადლობა heart_eyes დაელოდეთ, მალე იქნება.

ქეთი იმერლიშვილი
kethrine
აუ ეს რა იყო? დამუნჯებული და იმდენად ისტორიაში ვარ ფიქრებით, გრძნობებით და აზროვნებით რომ ჰოი. ძლივს ამოვისუნთქე... მაინტერესებს საერთო თუ აქვთ ნოდარს და სერგის...
ვფიქრობ არც მერაბი იქნება წმინდა წარსულის დამტოვებელი კაცი, ეს ცოტას ამართლებს სერგის, თუმცა...
არ მინდოდა დამთავრებულიყო მართლა, მიუხედავად იმის, რომ არაა პატარა თავი. იმედი მაქვს მომავალ თავს მალე შემოგვთავაზებ. გელოდები და წარმატებები შენ ❤❤❤❤


დიდი მადლობა ინტერესისთვის ❤️ დიახ, მეორე თავიც ამ კვირაში დაიდება.

სტუმარი ნათია
შემდეგს როდის ველოდო?სასწაულიაააა

უღრმესი მადლობა heart_eyes დაელოდეთ, მალე იქნება.


elene2619
როგორ მოუთმენლად ველი ხოლმე ახალ თავს heart_eyes მიუხედავად იმისა რომ ძალადობა თუნდაც სუსტი გამოვლინებით ჭკუიდან მშლის და აქ სუსტი კი არა საკმაოდ მკაფიო გამოვლინება იყო მაინც მომწონს ეს ისტორია რაღაც დიდის დასაწყისია ეს ყველაფერი relaxed რა თქმა უნდა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. წარმატებები შენ <3


მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

როგორი სწორი შეფასებები გაქვს ხოლმე რა ❤️❤️❤️ მადლობა, რომ კითხულობ.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6 სტუმარი ქეთა ბერიძე

ძალიან გამიხარდა მესამე თვის ხილვა არაჩვეულებრივი ისტორიაა და იმედია მალე დადებ ველოდები შემდეგ თავს

 


№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

ქეთა ბერიძე
ძალიან გამიხარდა მესამე თვის ხილვა არაჩვეულებრივი ისტორიაა და იმედია მალე დადებ ველოდები შემდეგ თავს


დიდი მადლობა. ძალიან გამახარეთ ❤️დიახ, ამ კვირაში დავდებ.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline ახალბედა მწერალი K. I.

უცნაური მე
სერგის სიზმარი პირდაპირ კავშირში იქნება მერაბთან, ნუ მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში.
თან მგონია რომ სერგის მამიდას დიდი წვლილი მიუძღვის მის ასეთად ჩამოყალუბებაში, არ მომწონს ეგ ქალი..
აღსანიშნავია ასევე რატომ გადაირია წითელი ფერის ყვავილებზე, რა კავშირშია..
მოკლედ მე ძალიან მომწონს ეს ისტორია..
სერგის როიალთან ხილვა, ჩემთვის სიურპრიზი იყო, სერგიმ როიალთან გააშიშვლა გრძნობები და მე ძალიან მომეწონა სერგის ასეთად ნახვა.
ქეთი ჩემო კარგი შენ ნამდვილი შენაძენი ხარ ამ საიტის და მე შენ ძალიან მომწონხარ ❤️❤️


ვერც კი წარმოიდგენ, ისე გამახარე ამ სიტყვებით. კარგია, რომ შთაბეჭდილებებს მიზიარებთ. მამიდა პირდაპირ კავშირშია სერგის სულის დასახიჩრებასთან. არ მინდა, წინასწარ გავთქვა ყველაფერი, მაგრამ ძალიან კარგად მომყვები ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9 სტუმარი Cisi

Sergi ara mgonia aseti sastiki ikos shinaganad ,davelodebi momdevno tavebs vnaxot

 


№10  offline ახალბედა მწერალი K. I.

Cisi
Sergi ara mgonia aseti sastiki ikos shinaganad ,davelodebi momdevno tavebs vnaxot


კი, ბატონო, დაელოდე და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომ აწერია ისტორიას თორელის მსხვერპლი, როდესაც მესამე თავი უკვე დასრულდა და ჯერ კიდევ არაფერია მსგავსი

 


№12  offline ახალბედა მწერალი K. I.

terooo
რატომ აწერია ისტორიას თორელის მსხვერპლი, როდესაც მესამე თავი უკვე დასრულდა და ჯერ კიდევ არაფერია მსგავსი

მალე გაიგებ :)))
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent