თორელის მსხვერპლი (დასასრული) 16+
*** მეორე დილით, სერგიმ უხასიათოდ გაიღვიძა. დედა-შვილს ჯერ კიდევ ეძინა. ისაუზმა და სამსახურში წავიდა. მთელი დღე ფიქრობდა და ვერაფრით გადაეწყვიტა, როგორ უნდა მოქცეულიყო. საბოლოოდ გულის კარნახს მიჰყვა და კიდევ ერთხელ სცადა, რომ ცისიასთან ურთიერთობა დაეთბო. საღამოს, მისაღებ ოთახში მყოფს გვერდით მიუჯდა და სერიოზული სახით მიმართა: -ვიდრე საუბარს დავიწყებთ, თითოეულ ჩემს სიტყვას კარგად დაუკვირდი, ბავშვური სიჯიუტე თავიდან მოიშორე და გონიერი პასუხი გამეცი. ცისიას ცალყბად ჩაეცინა: -არაგონივრული სიტყვებით როდის გპასუხობდი? -ბევრჯერ. -ჩვენი დღევანდელი საუბარი ჩემი გონებრივი შესაძლებლობების გაზომვას და დაცინვას ემსახურება? -ისევ იგივეს იწყებ, მე კი სერიოზულად გელაპარაკები და არ მჭირდება შენი სარკასტული გამოხტომები, ამ შემთხვევაში ძალიან ზედმეტია! -კარგი, გისმენ. -ბევრ რაღაცას გეკითხები, კარგად დაფიქრდი და ისე გამეცი პასუხი:- ჩემთან ერთად წამოხვალ, თუ არა რომში? ეს რთული კითხვა, სერგის მზერა და მოლოდინი, მამაკაცის ჩქარი გულის ცემა, ფიქრები, სურვილი ძლიერ მამაკაცთან ყოფნისა-ყველაფერი ერთიანად დატრიალდა ცისიას გონებაში და ძალიან აბნევდა. სანიკიძე ქალს პასუხს არ აჩქარებდა. იცოდა, რომ შეიძლებოდა, ჯიუტ გოგოს ყველაფერი გაეფუჭებინა. ცისია დუმდა, არ უნდოდა, მისთვის ისეთი სიტყვები ეთქვა, რომლებიც შემდგომში სანანებელი გაუხდებოდა. დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს ხმის ამოუღებლად... გაუსაძლისი სიჩუმე ისევ მამაკაცმა დაარღვია: -პასუხი არ გაქვს? -მაქვს. -გელოდები, ცისა. -არა! -კარგი, -თავი დაუქნია მამაკაცმა, შემდეგ წამოდგა, გადაკეტილი კარი გასაღებით გააღო და ისე უთხრა ქალს, მისთვის არც შეუხედავს: -შეგიძლია, წახვიდე. თავისუფალი ხარ ჩემგან. ცისია ვერ იჯერებდა, რაც იქ მოხდა. ვერ იგებდა სერგის ასეთ საქციელსაც და გაოცებული უყურებდა. ფიქრებით დამძიმებული მამაკაცი კიბეებისკენ დაიძრა და ქალს უთხრა: -ალექსის მე დავურეკავ, როცა ეტყვი, მანქანით წაგიყვანს. დიდხანს იჯდა ცისია ტახტზე და გონებაში ათასი აზრი უტრიალებდა. რამდენიმე თვის წინ, ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ზუსტად იცოდა, რასაც გააკეთებდა, მაგრამ ახლა, გრძნობდა, რომ წასვლა არ უნდოდა. ვიცი, რომ ჯიუტმა და ამაყმა ხასიათმა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგო პასუხი მათქმევინა, მაგრამ უნდა წავიდე და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე!-თავს ამხნევებდა ცისია. იმ ღამეს, ქალი არსად წასულა. მეორე დილას, სერგი ძალიან ადრე გავიდა სახლიდან... როგორც კი ბავშვმა გაიღვიძა, დედამ აჭამა და მასთან ერთად ეზოში ჩავიდა. უკანასკნელად მოავლო თვალი იქაურობას, ღრმად ამოისუნთქა და ალექსის ჯიხურს მიადგა. მამაკაცი ყველაფრის საქმის კურსში იყო და ცისიასთვის პრობლემა არ შეუქმნია: -სად გნებავთ, რომ წაგიყვანოთ? -მანქანაში ჩავსხდეთ და მისამართს გზაში გეტყვით. ცოტა ხანში, წავკისიდან მიმავალი მანქანა ლისის ტბის მიმართულებით მიქროდა. ცისიამ ალექსის მანქანა სახლიდან მოშორებით გააჩერებინა და ფეხით გააგრძელა სიარული. მერაბი და მეგი თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც სიკვდილს გადარჩენილი შვილი დაინახეს. დაცემული ოჯახის უხალისო ცხოვრებაში თითქოს ისევ მზის შუქმა შეანათა... -ცისა, დედიკო, ეს ბავშვი ვინ არის? -ცნობისმოყვარე მზერით შესჩერებოდა მეგი ჩვილ გოგონას. -შენი შვილიშვილი,-ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, მოკლედ უპასუხა ცისიამ. ქალი დაიბნა და მეტყველების უნარი წაერთვა, ვერც მერაბი მიუხვდა ვერაფერს და შუბლი შეკრა. -ყველაფერს თავის დროზე გეტყვით, მანამდე არცერთი კითხვა დამისვათ და შემიწყეთ ხელი, რომ ნორმალური ცხოვრება გავაგრძელო,-მხოლოდ ეს უთხრა გოგონამ და სახლში შევიდა. *** ერთი კვირა ცისია ისევ იგივე ცხოვრების წესს აგრძელებდა, როგორიც სანიკიძის სახლში ჰქონდა. თავის ოთახში გამოიკეტა და არავისთან კონტაქტობდა. მისი გონება მხოლოდ ბავშვის მოვლით და ჩაფიქრებული საქმის ბოლომდე მიყვანით იყო დაკავებული. მეგი და მერაბი ატყობდნენ, რომ შვილს ნერვები იმდენად ჰქონდა გაფუჭებული, უწინდელი, ლაღი ხასიათი მთლიანად გამქრალიყო. ერთხელ, როდესაც დალი ოთახის დასალაგებლად ცისიას ოთახში შევიდა, შემთხვევით სანიკიძის სახლიდან წამოღებულ ფოტოს მოკრა თვალი და გაკვირვებული უყურებდა. გოგონამ სახეზე შეამჩნია, რომ დალისთვის სურათზე აღბეჭდილი ხალხი ნაცნობ სახეებს წარმოადგენდნენ და ჰკითხა: -დალი, იცნობ ამ ხალხს? -დიახ,-დაბნეული სახით შეხედა მოხუცმა გოგონას. -ვინ არიან ესენი? -ესენი თორელების ოჯახია. სამწუხაროდ არცერთი მათგანი დღეს ცოცხალი აღარაა, ხანძარს ემსხვერპლნენ. -შენ საიდან იცნობდი მათ? -აი, ეს კაცი მამუკა თორელია. იგი მამაშენის მეგობარი იყო და სახლშიც რამდენჯერმე მოუყვანია მერაბს. -როდის დაიღუპნენ? -ძალიან ადრე, ოთხმოცდაათიან წლებში. -შეგიძლია, გაიხსენო, რომელი წელს მოხდა ეს ამბავი? -კარგად მახსოვს, თქვენს ოჯახში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, ბებიაშენს ვუვლიდი. მაშინ მერაბს დედაშენი ცოლად მოყვანილი არც ჰყავდა. მამუკა სამჯერ მაინც მყავს ნანახი, სტუმრად მოდიოდა ხოლმე, არაჩვეულებრივი პიროვნება და ბიზნესმენი იყო. 1993 წლის პირველი იანვარი თენდებოდა, როდესაც მის სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ყველა დაიწვა. საკმაოდ გახმაურებული ამბავი იყო, ტელევიზიითაც გადმოსცემდნენ და გაზეთებშიც იწერებოდა სტატიები. -ესე იგი, ამბობ, რომ მამუკა თორელი მამას მეგობარი იყო? როგორი ურთიერთობა ჰქონდათ? -მე რასაც ვხედავდი, საკმაოდ ნორმალური,-თავდაჯერებული პასუხობდა მოხუცი. -იმ ღამეს, როდესაც მამუკა თორელის სახლს ცეცხლი გაუჩნდა, მამა სად იყო? -ნამდვილად არ მახსოვს, შვილო. -გაიხსენე, გთხოვ. -მერაბს რომ ჰკითხო? თავად უკეთესად არ გეტყვის? გოგონამ ამოიოხრა და თავი გააქნია: -ძალიან გთხოვ, თუ ისევ ჩემი მესაიდუმლე ხარ და უწინდებურად გიყვარვარ, არავის უთხრა, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. -კი ბატონო,-მხრები აიჩეჩა დალიმ და ოთახიდან გავიდა. იმ დღის შემდეგ, ცისია არქივის შენობას და კიდევ რამდენიმე დაწესებულებას არ მოსცილებია. საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოიპოვა თორელების ოჯახის შესახებ და იმ მისამართს მიადგა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მათი სახლის ადგილას სხვები დასახლებულიყვნენ. გოგონამ ყველა მეზობელი მოიარა და შეაწუხა, რომ მეტი ინფორმაცია შეეტყო. საბოლოოდ ერთმა ქალმა უთხრა, რომ მამუკას მეზობლად დარჩიების ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მათთან და იმ ხალხის ახალი მისამართიც დაუდგინა. პარალელურად გოგონა სერგი სანიკიძის პიროვნების შესწავლით იყო დაკავებული. ინტერნეტიდან რაც მოიძია, იყო ის, რომ იგი დაიბადა 1987 წლის 12 აგვისტოს, დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა და მისი დამთავრების შემდეგ რესტორნების ქსელის ბიზნესით დაკავდა. სანიკიძის სამუშაო და საგანმანათლებლო გამოცდილებები ცისიას კითხვებს პასუხებს ვერ სცემდა, შესაბამისად, ნაცნობების წყალობით, გოგონამ მოსკოვში კერძო დეტექტივი დაიქირავა და ბანკის ანგარიშზე ლონდონის უნივერსიტეტში გადასარიცხად გამზადებული ფულიდან გარკვეული თანხა მის საქმიანობას დაახარჯა. დარჩიების ოჯახი საქართველოდან ემიგრაციაში წასულიყვნენ. მხოლოდ ერთი მხრცოვანი ქალი დახვდა ცისიას ბინაში. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა სხვა სახელითა და გვარით გაეცნო, მაინც დიდი ეჭვებით უყურებდა და მისთვის არაფრის თქმას აპირებდა. ცისია რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ასვენებდა, ყველანაირი გზით ცდილობდა, რომ მოხუცისთვის ინფორმაცია დაეტყუებინა. ბოლოს როგორც იქნა, დიდი თანხის სანაცვლოდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ გაიგო მისგან: -ჩემი შვილი და მამუკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. როდესაც ახალი 1993 წელი დადგა, თორელების პატარა ბიჭი ლევანი ჩემი შვილის თხოვნით მამუკამ გააღვიძა და მეკვლედ შემოიყვანა. რამდენიმე წუთში, მამამ მოგვიბოდიშა, გვითხრა, რომ სტუმრებს ელოდებოდა და დაგვტოვა. შვილი კი ჩვენთან დარჩა და ჩემს შვილიშვილებთან დაიწყო თამაში. დაახლოებით ნახევარ საათში, კივილი ატყდა, თორელების სახლს ხანძარი გაუჩნდა და კატასტროფული სიჩქარით ედებოდა ყველაფერს. ჩემმა შვილმა ფანჯრიდან დაინახა, საწვავის ბიდონებით ხელში როგორ გარბოდნენ ეზოდან სამი მამაკაცი, თუმცა ვერ გაარჩია, ვინ იყვნენ. იმ ღამეს, მთელ უბანში სატელეფონო კავშირი გაითიშა, ამიტომ ვერ მოვახერხეთ, სახანძროსთვის დაგვერეკა. ყველა გარეთ გავვარდით და საკუთარი ძალებით ვცდილობდით, რომ ოჯახი რამენაირად გადაგვერჩინა. შეშინებული და ატირებული ხუთი წლის ლევანის სახე ახლაც თვალწინ მიდგას. ჩემმა ბიჭმა მანქანაში ჩაგვსხა, სასწრაფოდ სახანძროს მიაკითხა და თორელების მისამართზე გააგზავნა, ჩვენ კი იქაურობას მოგვარიდა და სხვაგან გადაგვიყვანა. საბედნიეროდ ჩვენი სახლი გადარჩა, მაგრამ ის საწყალი ხალხი ცოცხლად ამოიბუგნენ. თორელების ვერცერთმა წევრმა შეძლო, რომ იქაურობისთვის თავი დაეღწია. ეჰ, რა კარგი ხალხი იყვნენ... არაჩვეულებრივი ადამიანი იყო მამუკას მეუღლე ლელა, ძალიან კარგი ცოლი, ზრუნველი დედა და ბრწყინვალე მეზობელი. როგორ მიყვარდა მისი მოვლილი ეზო, მუდამ ყვითელი ყვავილებით ჰქონდა მორთული. -ყვითელი ყვავილებით? -ჩაფიქრდა ცისია. -ჰო, ძალიან უყვარდა ყვითელი ფერი. ამბობდა, რომ ეზოს სხვანაირ ხალისს ჰმატებსო. -როდესაც პოლიცია ამ საქმეს იძიებდა, რას ამბობდნენ? -გოგონამ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. -რას ფიქრობდნენ და ამბობდნენ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე დღემდე გაუხსნელ საქმეთა სიაშია. -თქვენმა შვილმა პოლიციას არაფერი უამბო, რაც დაინახა? -გაბედა და უთხრა, მაგრამ რა გამოვიდა? მაინც არაფერი. -ხანძრის დროს, ოჯახში ვინ იმყოფებოდნენ? -მამუკა, ლელა და ლევანის უფროსი დები. სტუმრები ჯერ არ მისულიყვნენ. ის გარეწრები სასტიკად მოექცნენ, ოთახში გამოკეტეს. -თქვენ საიდან იცით, რომ გამოკეტეს? -ექსპერტები საკეტის დათვალიერებისას მიხვდნენ, რომ გარედან დაუკეტა ვიღაცამ. -ფანჯრიდან ვერ გადმოხტნენ? -ვერ გადმოხტებოდნენ, შვილო. ფანჯრებს გისოსები ჰქონდა დამაგრებული. -რა ბედი ეწია ლევანს? -ჩემმა შვილმა ბავშვი გადამალა და მერე ქვეყნიდან ჩუმად გაიყვანა. -ყველას დღემდე ჰგონია, რომ ლევანიც დაიღუპა? -დიახ. რატომ არ გაამხილეთ, რომ იგი გადარჩა? -შეგვეშინდა, რომ მასაც მოკლავდნენ. -ბავშვი ვის რას დაუშავებდა? -არ ვიცი, ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, რომ სიმართლე არ გაემჟღავნებინა. -რატომ? -შენ როგორ ფიქრობ, რომ გაეგოთ, თორელების ოჯახიდან ერთ-ერთი წევრი გადარჩა, მშვიდად იქნებოდნენ? გინდ პატარა იყოს, გინდ დიდი, მტრის დატოვებას ყველა ერიდება. -ესე იგი ლევანმა ყველაფერი თქვენი ბიჭისგან იცის? -მე არ ვიცი, რა იცის ლევანმა. ჩვენ მასთან ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩემმა ბიჭმა მამუკასგან იცოდა, მოგვიანებით ყველაფერი დარიკოს უამბო. -დარიკო ვინ არის? -ლევანის მამიდა. მოგვიანებით, ისიც იმავე აზრზე იყო. ლევანის გადარჩენის ამბავი და სხვა დანარჩენიც ძალიან გაასაიდუმლა. -რა იცოდა თქვენმა შვილმა? რა უამბო დარიკოს? - მამუკა ჩემს ბიჭს არაფერს უმალავდა. უთხრა, რომ ორი მხედრიონელი, მერაბ ავალიშვილი და ნოდარ სამადაშვილი, რომლებიც მამუკას ვითომ დაუმეგობრდნენ და ძმობას ეფიცებოდნენ, ჰპირდებოდნენ, რომ ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ მის ბიზნესს საფრთხეს არავინ შეუქმნიდა. ყველას ეცოდინებოდა, რომ მამუკა თორელი მერაბის და ნოდარის მეგობარი იყო. ერთი სიტყვით, თანხით ყველაფერს მოუგვარებდნენ. მაშინ საქართველოში ძალიან არეული სიტუაცია იყო, ამას ხალხის გაჭირვება და სიღატაკეც ერთვოდა. თავიდან დაწესებულ თანხას ჩვეულებრივად იხდიდა, მაგრამ მოგვიანებით იფიქრა, რომ საქართველოში ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა და გადაწყვიტა, ბიზნესთან ერთად სახლიც გაეყიდა და საცხოვრებლად მოსკოვში გადასულიყო. ასეც მოიქცა. მამუკას და დარიკო იქ იყო გათხოვილი და თავის ძმას ახალი წლის შემდეგ, ერთ კვირაში ელოდებოდა. თორელმა ჩემს შვილს გაუმხილა, რომ გამომდინარე იქიდან, ქვეყანას ტოვებდა, მხედრიონელ მეგობრებს თანხის მიცემა რამდენიმე თვით ადრე შეუწყვიტა. ამის გამო , მათთან ურთიერთობა დაეძაბა და ემუქრებოდნენ, რომ სასტიკად გაუსწორდებოდნენ. -ესე იგი, მამუკას მერაბ ავალიშვილი და ნოდარ სამადაშვილი ემუქრებოდნენ? -დიახ. ის ორი არამზადა და მისნაირები ასეთი მუქარებით ძარცვავდნენ ხალხს და არც მათ მკვლელობებს ერიდებოდნენ. -და ხალხის ნაძარცვით მოგვიანებით ბიზნესმენები გახდნენ...-თავისთვის ჩაილაპარაკა გულმოკლულმა გოგონამ და სიმწრისგან მუშტები შეკრა. -ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ თორელი მათ თანხას აღარ აძლევდა. თავიდან იხდიდა, მაგრამ როდესაც გადასახადი გაუზარდეს... -კარგი, გასაგებია, -სიტყვა შეაწყვეტინა ცისიამ და ლევანის თემას დაუბრუნდა: -თქვენმა შვილმა ლევანი როგორ გაიყვანა აქედან? -არ ვიცი, მაშინ ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა, შვილო. ვინ იყო მომკითხავი იმ არეულობაში? მოსკოვში ჩაიყვანა და ობოლთა თავშესაფარში დატოვა, თავად კი ბავშვის მამიდის ძებნა დაიწყო. -მერე რა მოხდა? -რამდენიმე თვეში დარიკოს საცხოვრებელი დაადგინა, მივიდა და გადარჩენილი ძმიშვილის შესახებ სიმართლე უამბო. მერე მამიდას მთელი რიგი ფორმალობების გავლა დასჭირდა, რომ ლევანთან ნათესაური კავშირი დაემტკიცებინა. ბოლოს რა მოხდა, უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ამას წინათ, ჩემმა შვილმა დამირეკა და სასტიკად გამაფრთხილა, რომ ლევანის გადარჩენასთან დაკავშირებით სიტყვა არავისთან დამცდენოდა. გამიკვირდა, ეს მივიწყებული ამბავი რატომ გამახსენა-მეთქი?.. -იქნებ კიდევ გაიხსენოთ რამე. -სამწუხაროდ ვერაფერს გავიხსენებ, საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ. ეს რომ ჩემმა შვილმა გაიგოს, არასოდეს მაპატიებს. შემპირდით, რომ ვერ გაიგებს, მე რომ გითხარით. -არც არის საჭირო ამაზე საუბარი, ჩათვალეთ, რომ ვერასოდეს გაიგებს. -რატომ გინდათ, რომ თორელების შესახებ სიმართლე იცოდეთ? ეს ხომ ძალიან ძველი ამბავია, რას მოგცემთ? -ხომ გითხარით, მინდა, სიმართლემ გაიმარჯვოს და ყველა ისე დაისაჯოს, როგორც იმსახურებს. მოხუცმა ცისიას თანხა გამოართვა და ბინიდან გააცილა. სახლში დაბრუნებული ცისია მოპოვებული ინფორმაციის შეჯერებას ცდილობდა: ესე იგი, თუ სერგი სანიკიძე გადარჩენილი ლევან თორელია, მაშინ გამოდის, საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მამაჩემზე შური ეძია. იქნებ ლევან თორელი არ არის და სხვა ვიღაცაა, რომელიც თავად ლევანმა დაიქირავა? არქივიდან მოპოვებული ინფორმაციით სერგი და ლევანი მხოლოდ დაბადების წლებით ემთხვევიან ერთმანეთს. სერგი 3 აგვისტოს, ხოლო ლევანი 16 ნოემბერს არის დაბადებული. შესაძლოა, დაბადების მოწმობა გააყალბეს, არც ეს არის გამორიცხული. ყველაფერი ისეა ახლართული, თავს და ბოლოს ვეღარ გაიგებს კაცი -ფიქრებში ჩაკარგულიყო ცისია. *** სერგი ჩვეულებრივად აგრძელებდა კომპანიის საქმეებს. საკმაოდ დიდი წარმატებით მიდიოდა მისი ბიზნესი. სახლში იშვიათად ან ძალიან გვიან შედიოდა. ხშირად დადიოდა ბარებში ან ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრებზე, ან კიდევ ქალაქგარეთ გადიოდა და ბუნებაში ისვენებდა. ცისია ისევ არავისთან ურთიერთობდა. უბრალო რამეც კი აღიზიანებდა, თითქმის ყველაფერზე ნერვებს იშლიდა და მშობლებსაც უკმეხად მიმართავდა. მეგი და მერაბი ძალიან წუხდნენ, რომ ვერაფრით შველოდნენ. ვერ ეგუებოდნენ, რომ მათი შვილი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ან ბავშვთან იყო და უვლიდა, ან ლეპტოპს მისჩერებოდა, ან კიდევ მნიშვნელოვან საქმეებს იმიზეზებდა და გარეთ გადიოდა. *** შუაღამე იყო, როდესაც ცისიამ მერაბის კაბინეტში შეაღწია და იქაურობა თავდაყირა დააყენა. ერთ ყუთში სერგის მიერ გაგზავნილ წერილებს მიაგნო. ყველა მათგანი სასწრაფოდ გადაიკითხა და მისი სიტყვები ეცნო, მიხვდა, ვინ იყო გამომგზავნი. წერილებთან ერთად ფოტოებიც იხილა, რომელიც მამამისის მიერ ნოდარ სამადაშვილის გატაცების და მოკვლის ფაქტებს ადასტურებდა. გოგონას ნიკაპი აუკანკალდა და მთელი შთაბეჭდილებები, რაც მამამისზე ადრეული ბავშვობიდან შეექმნა, მის გონებაში უკანასკნელ ნანგრევებს ითვლიდნენ. იგრძნო, რომ ცუდად ხდებოდა, სასწრაფოდ სამზარეულოში გავიდა და დასამშვიდებელ მედიკამენტებს დაუწყო ძებნა. წერილებიდან ვიგებ, რომ სერგი მერაბს წარსულის ცოდვებს ახსენებს და ემუქრება, რომ გაანადგურებს. ამასობაში, მამაჩემი ვერაფერს ხვდება, თუ ვინ არის მათი გამომგზავნი. სავარაუდოდ არაფერი იცის გადარჩენილი ლევან თორელის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოდარს არ მოკლავდა. სამადაშვილი ერთადერთი პიროვნება უნდა ყოფილიყო, რომელმაც ყველა მისი ძველი შეცდომა იცოდა და დუმდა, რადგან მასაც ზუსტად იგივენაირად, როგორც მამაჩემს ფეხი ედგა იგივე ცოდვებში. როგორც ჩანს, მერაბიმ იფიქრა, რომ ნოდარ სამადაშვილი იყო ჩემი გატაცების ორგანიზატორი და წერილების ავტორიც, ამიტომ მამაჩემმა არ დაინდო და თავიდან მოიშორა. ღმერთო ჩემო, რას ვიფიქრებდი, რომ მამა, რომელსაც ასე ვაიდიალებდი, ჩვეულებრივი მკვლელი და ხალხის მწამებელი იყო,-შფოთავდა ცისია. *** მეორე დღეს, ცისია ეზოში იჯდა და ფიქრებში წასულიყო. ბავშვს ჰაერზე სასეირნო ეტლში ტკბილად ჩასძინებოდა. მერაბი შვილის და შვილიშვილის დანახვისას, მათკენ წავიდა: -მშვენიერი ამინდია, კარგად მოიქეცი, რომ ეზოში გამოხვედი და სუფთა ჰაერზე ისვენებ,-საუბრის დაწყება სცადა მერაბიმ. ცისიას პასუხი არ გაუცია. გოგონას ასეთი ხასიათი მერაბისთვის უცნაურობას უკვე აღარ წარმოადგენდა. ახლად გაღვიძებულ ბავშვს შესცინა და ხელში აყვანა მოინდომა: -ახლავე ხელი გაუშვი! -მკაცრად მიმართა ცისიამ. -კი, მაგრამ რატომ?-გაოცებული უყურებდა მამაკაცი შვილს. -ძალიან ბინძური ხელები გაქვს. -ხელები დაბანილი მაქვს, ცისა. -არა, მაინც ბინძური გაქვს! ათასჯერაც რომ დაიბანო, მაინც არ გექნება სუფთა. მამაკაცი ვერაფერს მიუხვდა შვილს. გულნატკენმა დააბრუნა ჩვილი ეტლში, სახლში შევიდა. მეგი მოძებნა და შეწუხებულმა შესჩივლა: -უკვე აუტანელია ცისას ხასიათი და ქმედებები. -ეგ ახალი ამბავი არ არის, მერაბ. ლამის ორი თვე გავიდა და ჩვენი გოგონა საერთოდ არ იხედება ძველი ცხოვრებისკენ. აღარც მეგობრები აინტერესებს, აღარც მუსიკა და ხატვა... -არა, დღეს ისეთი რაღაც წამოროშა, მგონი ფსიქოლოგი კი არა, ფსიქიატრიც ვეღარ უშველის. -უფ... ქალმა მძიმედ ამოისუნთქა და თვალებში ცრემლები ჩაუდგა. -არცერთ ექიმთან მომყვება. ამბობს, კარგად ვარო, მაგრამ აშკარაა, ცისა მთლიანად შეიცვალა. არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ ოცდაოთხი საათი რაღაცების კვლევა-ძიებაშია, ჩემს გოგონას ვეღარ ვცნობ. ის ძველი ცისა სადღაც გაქრა. -რას ამბობს, რას ვეძებო? -არაფერს ამბობს, პირში წყალი აქვს დაგუბებული. -ვაჰ... გეფიცები, მალე ჭკუიდან გადავალ, -იღრინებოდა მამაკაცი. *** რატომ ვეღარ ვპოულობ მოსვენებას? რატომ მეფიქრება სერგიზე, მის სიტყვებზე და საქციელზე? რა მჭირს? როგორ უცებ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და როგორ მალევე დამთმო... რატომ დამთმო ასე იოლად? ვინ არის სინამდვილეში? მაინც რა სიგიჟე იყო ამდენი ხნის მანძილზე ასეთი ცხოვრება? რატომ მოსწონდა მას მწამებლის როლი და მე რატომ ვეგუებოდი ჩემს მდგომარეობას? ხომ შემეძლო, რომ თავი მომ*ეკლა და საშინელი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ დამესრულებინა? რატომ არ გავაკეთე ასე? როგორ შეეძლო მას, რომ ყოფილიყო ასეთი სასტიკი და იმავდროულად ნაზი და სექსუალურიც? მისი მრავლისმეტყველი და ღრმა სიტყვები, იდუმალება, მრისხანება... აი, ახლაც, მახსენდება და გული მიჩქარდება... რა მჭირს?.. -საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ცისია. ფიქრებში გართული ქალი მობილურის ზარმა გამოაფხიზლა. ეკრანზე მოსკოველი მეგობრის ნომერი გამოისახა: -გისმენ ინა. -როგორ ხარ, ცისა? -კარგად, შენ როგორ ხარ? -მეც კარგად, მადლობა. მოკლედ, კერძო დეტექტივმა უკვე დაამთავრა სერგი სანიკიძის წარსულის შესწავლა. ყველა დოკუმენტაცია ხელში მიჭირავს და როგორ მოვიქცე? -საერთაშორისო ფოსტით გამომიგზავნე, მაგრამ ვიდრე გამომიგზავნიდე, ძალიან გთხოვ, დაასკანირო და ელექტრონულად მომაწოდო. -არ არის პრობლემა. დაახლოებით ერთ საათში, ყველაფერი ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოგივა. -შევთანხმდით. -დროებით. -დროებით, ინა. ვიდრე ცისია ერთ საათში კერძო დეტექტივის ნამუშევარს ელექტრონული ფოსტით მიიღებდა, თავისი დაემართა. ახლა, ერთადერთი, რაც დარჩენოდა, გული უნდა გაემაგრებინა და სიმართლისთვის თვალები გაესწორებინა. როგორც კი თავს მზადყოფნა შეატყო, ლეპტოპი ჩართო და ინასგან გამოგზავნილ მასალას დაუწყო გაცნობა. ყველა დოკუმენტს გულდასმით კითხულობდა. მათი შესწავლა დაასრულა და ნერვიულობისგან მთელი სხეულით აკანკალდა. მისი გონება და გული ამდენ ახალ და მოულოდნელ ამბავს ვეღარ ამუშავებდა... გაუნძრევლად იჯდა და აღარც ბავშვის ტირილი ესმოდა, აღარც დედამისის ხმა, რომელიც ნიტას დასამშვიდებლად ოთახში შესულიყო და ტკბილი სიტყვებით ეფერებოდა. ბოლოს ძალა მოიკრიბა, დამძიმებული სხეული ძლივს აითრია და მისაღებ ოთახში ჩავიდა. ცისა, ამ საღამოს ისე უნდა ილაპარაკო, მამაშენი ყველაფერში გამოტეხო. უნდა აღიაროს ძველი ცოდვები. უნდა დარწმუნდე, რომ სერგი მართალი იყო მასთან მიმართებაში. ახლა, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მერე კი დიდი არჩევანის წინაშე დადგები და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღო!-საკუთარ თავს ესაუბრებოდა ცისია. მერაბიმ ცისია დაღვრემილი სახით რომ დაინახა, მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და ჰკითხა: -ცისა, კარგად ხარ, შვილო? გოგონამ მამამისს ხელი გააშვებინა, იქ მყოფთ გადახედა და უთხრა: -მინდა, ყველას ერთად დაგელაპარაკოთ. -რა თქმა უნდა,-მიუგო მერაბიმ. -დამაცადე,-შუბლი შეუჭმუხნა ცისიამ მამას. -ამ საღამოს, თქვენს ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, თუ სად ვიყავი ამდენი ხნის განმავლობაში, რას ვაკეთებდი და როგორი დღეები გამოვიარე. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ყველაფერს გიამბობთ. -გისმენთ, ცისა,-მეგი სერიოზული სახით ჩამოჯდა ტახტზე და შვილის მოსასმენად მოემზადა. იგივე გააკეთეს მერაბიმ და დალიმ. -1993 წლის ახალი წლის ღამე იყო. მამუკა და ლელა თორელები თავის სამ შვილთან ერთად ბედნიერებით ტკბებოდნენ და ახალ წელიწადს ღიმილით და უკეთესი იმედებით ხვდებოდნენ. ისინი საქართველოდან გამგზავრებას გეგმავდნენ და ლამაზი მომავლის იმედით შეჰყურებდნენ მოსკოვისკენ მიმავალ გზებს. სამწუხაროდ, იმ საშინელ ღამეს ყველა ცოცხლად დაიწვა. აი, მანამდე კი მხედრიონელი მერაბ ავალიშვილი და ნოდარ სამადაშვილი მამუკა თორელს მეგობრობას ეფიცებოდნენ და ფულის სანაცვლოდ ბიზნესის შენარჩუნებას ჰპირდებოდნენ. მერაბის შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. -ერთ დღეს, როდესაც მეტი თანხის გამოძალვა მოინდომეს, მამუკამ იფიქრა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ფონზე აღარანაირ ბიზნესის კეთებას აზრი არ ჰქონდა და მერაბისთვის და ნოდარისთვის თანხის გადახდის შეწყვეტა, ხოლო მოგვიანებით კი მთელი ქონების გაყიდვა და როგორც უკვე აღვნიშნე, საზღვარგარეთ გადასახლება გადაწყვიტა. ფულზე გადარეულმა მამაჩემმა და მასზე არანაკლებად გაიძვერა მეგობარმა მამუკას ეს ნაბიჯი არ აპატიეს, რეალური სახე გამოავლინეს და მუქარით და დაშინებით თანხის გადახდას აიძულებდნენ. თორელი გაჯიუტდა და უკვე ფაქტობრივად მოსკოვის გზას დამდგარი მამაკაცი არაფერს უხდიდა მხედრიონელ კრიმინალებს. ეს არ აპატიეს, სამი პიროვნება მიუგზავნეს, ოთახში ცოლ-შვილთან ერთად გამოკეტეს, იქაურობას ცეცხლი წაუკიდეს და ამ სადისტებმა მთელი ოჯახი ცოცხლად გამოწვეს. მეგიმ გაკვირვებული სახით გადახედა თავის ქმარს. მერაბის ფერი დაჰკარგვოდა. -ეს ვინ გითხრა, ცისა?-შეშლილი სახით მივარდა მერაბი შვილს. -შენი ხმა არ გავიგონო, ვიდრე არ დავამთავრებ, ან რამეს არ გკითხავ! გოგონამ გააგრძელა: -უბანში სატელეფონო კავშირი განგებ დააზიანეს, რომ ვინმეს სახანძროსთვის არ გამოეძახა, დროზე არ მოსულიყო და ყველაფერი მიწამდე ჩაფერფლილიყო. თავად კი ვინ იცის, მოშორებით გარეთ იდგნენ და გულში ისე იცინოდნენ, სულ არ აწუხებდათ არც ცეცხლის ალში გახვეული აკივლებული ბავშვების და არც ამ ყველაფრის შემყურე უმწეო მშობლების ბედი, რომლებიც შვილებს ვერაფრით შველოდნენ. სამწუხაროდ, ვერც მშობლები და ვერც გოგონები გადარჩნენ, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ლევან თორელი, რომელიც შემთხვევით მეზობელთან მეკვლედ გასულიყო და მოგვიანებით, კეთილმა ხალხმა ამ სატანებს გადაუმალეს და საქართველოდან გააპარეს. -არასწორი ინფორმაციაა, შვილო. ლევან თორელიც დაიღუპა. -შენ საიდან იცი? რამდენი გვამი აღმოჩნდა ადგილზე? -ეგ არავინ იცის. ძლიერმა ხანძარმა ყველაფერი ფერფლად აქცია, შემდეგ კი ქარმა და წვიმამ ექსპერტებს თავგზა აუბნიეს, მაგრამ იმ ღამეს ხუთივე ოჯახის წევრი სახლში იყო. -ასე დარწმუნებით რატომ ლაპარაკობ? ნამეტანი ღრმად ყოფილხარ ჩახედული ამ საქმეში. ნეტა რატომ? იქნებ მოგატყუეს შენმა ნდობით აღჭურვილმა პირებმა? -ტელევიზიით გადმოსცემდნენ, რომ მთელი ოჯახი განადგურდა. იგივე იწერებოდა გაზეთებშიც. -ტყუილია! ლევან თორელი გადარჩა! ის რუსეთში, ობოლთა თავშესაფარში იზრდებოდა, ვიდრე მამიდამ მთელი რიგი სამედიცინო პროცედურებით არ დაამტკიცა მასთან ნათესაური კავშირი. იქიდან წამოიყვანა და სერგეი სანიკიძის სახელითა და გვარით, შენი და ნოდარ სამადაშვილის სიძულვილით გაზარდა, რომ ერთ დღეს ოთხი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილისთვის პასუხი მოეთხოვა და ორივესთვის ბოლო მოეღო. -შეუძლებელია... -აღელდა მერაბი. -დრო გადიოდა, ლევანმა სკოლა დაამთავრა და მუსიკისადმი დიდი სიყვარულით მოსკოვის კონსერვატორიაში ჩააბარა, მაგრამ როგორც ჩანს, შურისძიების წყურვილმა მუსიკისადმი სიყვარული დაძლია, ყველანაირი გრძნობა და სილამაზე სხეულიდან აიგლიჯა, ნაიარევი სული და გონება შხამიანი აზრებით გამოჭედა და ზრდასრულობისას, იმ იმედით, რომ დიდძალი თანხა ეშოვა და ამ ორ დამპალი სულის ადამიანს გასწორებოდა, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. მან ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და შესაბამისი ცოდნის დაგროვების შემდეგ ჯერ მცირე ბიზნესს, ხოლო შემდეგ კი შედარებით დიდ ბიზნესს მოჰკიდა ხელი და ოცდაათი წლის ასაკში, როცა დარწმუნდა, რომ მზად იყო, მახრჩობელა გველივით ორივესთვის ყელში წაეჭირა, აქ ჩამოვიდა და ბიზნესის კეთებით დაკავდა. სინამდვილეში კი სამშენებლო ბიზნესით ყველას თვალებს უხვევდა, შენს წინააღმდეგ მზაკვრულ გეგმებს ამუშავებდა და იმისთვის, რომ სასტიკად ეძია შური, ისე დაბრმავდა, რომ ამ ყველაფერში მეც მომიყოლა. მხოლოდ ღმერთმა იცის, რას გავუძელი. მან იცის რა ჯოჯოხეთიც გამოვიარე შენი და იმ დამპალი ნოდარ სამადაშვილის გამო, -ღრიალებდა ცისა და ღაპაღუპით ღვრიდა ცრემლებს. -ეს ჩვილი გოგონა ნიტა... ოჰ, არა... -ყველაფერს მიხვდა მერაბი და თავში შემოიკრა ხელი. -მერაბ, რას ამბობს ჩვენი შვილი? ნუთუ ეს სიმართლეა?- სახე აელეწა მეგის. მერაბი ხმას ვეღარ იღებდა... თავდახრილი მამამისის შემყურე ცისია მიხვდა, რასაც ამბობდა, ყველაფერი სიმართლე იყო და გააგრძელა: -საკმაოდ ჭკვიანი სვლები გააკეთა სერგი სანიკიძემ. ყველაფერი ისე მოაწყო, საკუთარი ხელით მოგაკვლევინა ნოდარ სამადაშვილი, მაგრამ იცი რა? მიუხედავად იმისა, თავის სისასტიკე ზოგჯერ ამაზრზენობაში გადასდიოდა, მაინც შენზე ათი თავით მაღლა დგას, რადგან შენსავით, საკუთარი ხელებით კაცი არ მოუკლავს და სისხლში არ გაუსვრია ისინი. აი, შენ კი ვინ იცის, თორელების და სამადაშვილის გარდა, რამდენი ადამიანი გამოასალმე სიცოცხლეს? -სერგი სანიკიძე ყოფილა შენი გატაცების და ჩემი ბიზნესის გაცამტვერების ორგანიზატორი...-ლუღლუღებდა მერაბი. -დიახ, გახლავს,-ცივი მზერა მიაპყრო ცისიამ მამამისს. -მაპატიე, შვილო. მაპატიე, რომ... -რა გაპატიო?! ის, რომ ამდენი ადამიანის ცოდვაში გიდგას ფეხი? ის, შენმა ცოდვებმა მეც რომ მიწიეს, თუ ის, სერგი სანიკიძესაც ფაქტობრივად ადამიანობა რომ წაართვი და ცივსისხლიან ტირანად ჩამოაყალიბე? რომელი ერთი გაპატიო?! -მერაბ, თქვი, რომ რასაც ცისა ამბობს, ტყუილია,-ეხვეწებოდა მეუღლეს მეგი. -სამწუხაროდ, ვერ გეტყვის, დედა. რაც ვთქვი, ყველაფერი სიმართლეა. მერაბიმ თავი კიდევ უფრო დახარა და ვერცერთ იქ მყოფს თვალს ვეღარ უსწორებდა. -სადაც ვცხოვრობთ, რაც გვაცვია, რასაც ვჭამთ-ყველაფერს სისხლის სუნი უდის და ეს ჩემთვის ამაზრზენია. მაპატიეთ, მაგრამ არცერთი წუთი აღარ მინდა აქ გაჩერება. გული მერევა!-ეს თქვა, ბავშვი ხელში აიყვანა, კარები გააღო და ჩქარი ნაბიჯებით ეზოში გავიდა. -ცისა, გთხოვ, შეჩერდი!-დაედევნა მეგი, -მე მაინც დამინდე დედიკო,-ეხვეწებოდა ქალი. შვილისგან დამცირებულმა მერაბიმ ფეხზე დგომას ვეღარ გაუძლო, იატაკზე დაჯდა და სიმწრისგან გმინვა დაიწყო. *** სერგი უნდა ვნახო და დაველაპარაკო!-თავისთვის ბუტბუტებდა ცისია და გულზე მიხუტებულ ჩვილს აწყნარებდა. დაახლოებით ერთ საათში, გოგონა წავკისის სახლს მიადგა. გარედან შეათვალიერა და როგორც კი შიში გადალახა და სერგისთან საუბრისთვის თავი შეამზადა, ზარი დარეკა და მოუთმენლად დაელოდა კარის გაღებას. ჭიშკარი ნანა დეიდამ გააღო და ცისია რომ ნიტასთან ერთად დაინახა, გაკვირვებული დარჩა: -გამარჯობა, ნანა დეიდა. შეიძლება, შემოვიდეთ? -როგორ არ შეიძლება, მობრძანდით, მაგრამ... ცისია თამამად შევიდა ეზოში. ნანამ ვეღარაფრის თქმა მოასწრო, უბრალოდ უკან დაედევნა. გოგონამ ეზო გაიარა და სახლში შევიდა. ალაგებული და ყუთებში ჩაწყობილი ნივთები რომ დაინახა, სახტად დარჩა: -აქ რა ხდება? -გაოგნებული იყურებოდა ცისია. -სახლის ნივთებს ყუთებში ვაწყობ, რომ არ დაიმტვეროს. ამ საქმეს რომ მოვრჩები, აქედან მივდივარ. ჩემი შვილი რამდენიმე დღეში ციხიდან გამოდის და სახლში უნდა დავხვდე. -ალექსი სად არის? -ალექსიც წავიდა. -სერგი? -სერგიმ გადაწყვიტა, რომ საქართველო დატოვოს. დღეს მოსკოვში ბრუნდება. -მოსკოვში? -დიახ. იგი სულ ახლახან წავიდა, ორ საათში უნდა გაფრინდეს. -გასაგებია. -დაჯექი, დაისვენე, ბავშვით ხარ და დაიღლებოდი,-შესთავაზა ნანამ. -არა, გმადლობთ, უმჯობესია, წავიდე,- უთხრა იმედგაცრუებულმა ცისიამ და იქაურობა დატოვა. ცოტა ხანში, გოგონა ტაქსში იჯდა და მძღოლს ეხვეწებოდა, რომ რაც შეიძლებოდა, სწრაფად ეარა აეროპორტისკენ. აღელვებული აწყნარებდა ატირებულ ნიტას და ეხვეწებოდა, რომ არ ეტირა. აეროპორტში მისული ცისია სასწრაფოდ გადავიდა ტაქსიდან და გულაჩქარებული ეძებდა მგზავრებს შორის სერგი სანიკიძეს. მამაკაცი ერთ-ერთ სარეგისტრაციო მაგიდასთან იდგა და ის იყო, სასაზღვრო კონტროლის გასავლელად ექსკალატორით მეორე სართულზე უნდა ასულიყო, რომ ვიღაცამ მთელი ძალით დაიყვირა: -ლევან თორელო!.. მამაკაცმა მისი ნამდვილი სახელისა და გვარის გაგონებაზე ელექტროშოკის ეფექტი მიიღო- ადგილზე გაშეშდა, გული შეეკუმშა და მთელი სხეული დაეძაბა. მერე, უცბად მოვიდა გონს და ფრთხილად მიიხედა უკან. ხალხის ტალღაში ცისფერ კაბაში მდგარი ცისია შეამჩნია, რომელსაც ნიტა გულზე მიეკრა და თორელს ისე უყურებდა, თვალს არ აშორებდა. როგორც იქნა, გოგონამ გაბედა და ჰკითხა: -სად გავჩერდით? შენი წინადადება რომში ერთად წასვლასთან დაკავშირებით, ისევ ძალაშია? ლევანი ჩვეული სიდინჯით გოგონას მიუახლოვდა, დამატყვევებელ თვალებში ჩახედა, დიდხანს უყურა და მათში იმაზე მეტი რომ ამოეკითხა, ვიდრე რამდენიმე წამის წინ ცისიამ წარმოთქვა, ბაგე ოდნავ ღიმილით გააპო და კმაყოფილმა, იტალიურად უპასუხა: -Si Signorina. (დიახ, პატარა ქალბატონო) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.