იყალთოელი ბიჭები ,,თავზარდამცემი ამბავი'' (ნაწილი 21)
თითქმის მთელი ღამე ,,საიდუმლო კუნძულის,, კითხულობდა ბიჭი და დაღლილმა გვიან დაიძინა. ახლა სიზმრებში არ მოასვენებს: ხან აუზარმაზარ გამოქვაბულში დადიოდა, ხან აღელვებულ ზღმაში დაცურავდა, ხალ ლიანებით დახლართულ გაუვალ ტყესი დაეხეტებოდა და, ბოლოს უცხო ჯიშის ხეებით შემორაგულ ერთ პატარა მინდორზე მოხვდა. ათასფრად ყვაოდა მინდორი: მისთვის უცნობი ყვავილებით. აქა-იქ კი ჩვენებური ენძელები და იებიც ერივნენ, მხოლოდ ასჯერ უფრო დიდები ეჩვენნენ სანდროს. ბალახბულახში მოცვის ბუჩქები შეამჩნია, თავზე უცნაური სახის ფრინველები დახვეოდნენ და ჟიცილ-ხივილით კენკავდნენ გემრიელ ნაყოდს. ზოგან მარწყვს ამოეყო თავი და თურაშაულისოდენა ნაყოდით წელში მოხრილიყო. ზოგან მოცხარის ბუჩქს დაჰკიდებოდა მწიფე მტევნები,ხოლო წითელ-ყვითლად აყვავებულ მუხის უზარმაზარ ხეზე ვიღაც უცნობი ბიჭი ასულიყო და საზამთროს კრეფდა. ბიჭმა შეამჩნია სანდრო, ძირს ჩამოვიდა და ხელის ქნევით თავისთან მიიწვია. სანდრო გაკვირდა, მაგრამ არც შეტოკებულა. გაბრაზდა უცნობი და უშვერი სიტყვებით დაუწყო ლანძღვა-გინება, რომ ზარმაცია, ფეხის გადადგმა ეზარება, უშნო და ძილისგუდაა. სანდრო მაინც არ იცვლიდა ფეხს ადგილიდან. მაშინ ეს ბიჭი უზარმაზარ დათვად გადაიქცა, მივიდა სანდროსთან, მოხვია ტორები, დაუწყო ჭანჭყარი და თან იმ უცნაური მუხისკენ მიათრევდა. სანდრო არ დანებდა. გაიძრო ხანჯალი და დაუწყო ჩეხა, მაგრამ ის წყეული დათვი არც მოკვდა და არც თავი დაანება. მაშინ კი ინანა სანდრომ, რომ თან სნაიპერი და გოგია არ წამოიყვანა. აფსუს, სად არის გოგია მაინც! ის რომ იყოს, დათვს ეგრე რა გაათამამებდა! უცებ, თითქოს ამ ნატვრაზე, საიდანღაც გოგია გაჩნდა, დათვი წიხლისკვრით მოაშორა და წაქცეულ სანდროს დაუწყო წამოყენება: -ადე, რამ მოგკლა ეგრე, კაცო. სანდროს ისე გაუხარდა მისი დანახვა, რომ სიხარულით შეჰყვირა: -უჰ! შენ გენაცვალე, გოგი! აბა, კარგად დამენახვე, მართლა გოგია ხარ? -ადე, ჰო, ადე, გოგია ვარ, მაშ, ვინ ეშმაკები ვარ? ადე, თორემ სნაიპერი მოკვდება სიცივისაგან, რამდენი ხანია გარეთ იცდის. გაოცებულმა სანდრომ თვალები მოიფშვნიტა და ოთახი მოათვალიერა: რის დათვი, რა ფლავი: თაბზე გაბრაზებული გოგია ედგა და ეჯაჯგურებოდა. -ძლივს არ ჩაგაგდე გონებაში! რამდენი გაჭანჭყარე და შენ მუშტების დაშენა დამიწყე. ადე, ჩქარა, რა ეშმაკმა დაგაძინა ასე მაგრად, აკი კურდღელივით ძილი ვიციო? სანდრომ დაკვირვებით შეათვალიერა ბიჭი, მერე ირგვლივ მიმოიხედა და დარცხვენით წაიბუტბუტა: -სიზმარი ყოფილა! საშინელი კი იყო. -ადე, გარეთ გამოდი და საშინელს იქ გაიგებ ისეთ საშინელებას, რომ შენი სიზმარი იმასთან მონაგონი მოგეჩვენება. -რა საშინელებაა? -ადე და იქ გაიგებ. -რა არის, ბარემ თქვი! -ადე, სკოლაშიც არ დაგაგვიანდეს, გარეთ სნაიპერი იცდის. შეშფოთებული სანდრო წამოხტა, ხელად გადაიცვა ტანსაცმელი, პირი დაიბანა და ჩანთაში პურსა და ყველს უკრა თავი. მეგობარმა მის ბუზღუნს ყურადღება არ მიაქცია. არც ბებიას გამოლაპარაკებია, არც დაინტერესებულ ემას უპასუხა კითხვაზე, ჰკრა ხელი და ძალით გააგდო გარეთ ისედაც აჩქარებული ბიჭი. აკაკქვეშ გახებული მრელაშვილი იდგა, თითქოს დილის სუსხს მიწაზე მოუყინავსო. შეშფოთებული ბიჭი ქანდაკებას მიეჭრა. -რა ამბავია, ვახტანგ? სნაიპერმა სახეზე ახედა მოსულს და მძიმედ წაილაპარაკა. -საბძელში ვაშლი აღარ არის. აკაკის ხეს რომ იმწუთს ჩურჩხელები დაესხა, შეიძლება ისე არ გაჰკვირვებოდა ახალმოსულს, როგორც ამ ნათქვამმ გაიკვირვა. ვახტანგს ხელი სტაცა, შეანჯღრია და გარინდებიდან გამოიყვანა. -ხომ არ ხუმრობ, ბიჭო? -ვხუმრობ კი არა, ახლა ორი ქვა უნდა გეჭიროს და თავში აქეთ-იქიდან იცემდე. რა არის სახუმარო? -მაშ, აღარ არის? -აღარ არის. -შენ თვითონ ნახე? -მე თვითონ ვნახე და გათენებისას გოგიაც წავიყვანე. შეცბუნებულმა სანდრომ გოგიას გადახედა. -მეც ვნახე. ერთი ცალიც ვერ ვიპოვე ნამჯაში წამლად. -როდის გაიგე, ვახტანგ? -გუშინ გავიგე. -მაშ, რატომ აქამდე არ მითხარ? -როდის უნდა მეთქვა? გაჯავრდა ვახტანგი, გუშინ მთელ დღეს იმ წყეულ ბებერს უსხედით შინ. -უნდა მოსულიყავ. -აკი მოვედი, მაგრამ ვერ ამოვეპარე, შორიდან ხომ ვერ ავყვირდებოდი? როგრი მწარე ხელი აქვს, დღესაცა მტკივა კოჭის თავი. რამდენი გიქნიეთ ხელი გზიდან, მაგრამ თქვენ ძაღლადაც არ ჩამაგდეთ. წუხელ მთელ ღამეს არ მიძინია. ბოლოს ვერ მოვითმინე, დილას მივედი გოგიასთან, საბძელში წავიყვანე და მერე აქ მოვედით. მთელ დღეს უგულისყუროდ ისხდნენ ბიჭები გაკვეთილებზე და როცა დაუმთავრდათ, მესამე რგოლი და ოთხი-ხუთი მისი ახალი წევრი ძველი საბძლისკენ გაემართნენ. მისვლისთანავე კარებთან შეჩერდნენ და მიმოიხედეს. არსად რამე კვალის ნიშანიც არ ჩანდა. შეხსნეს კარები, შიგ შევიდნენ და თავპირჩამომტირალები შემოუმწკრივდნენ ნამჯას. ცოტა ხანს იდგნენ ასე, მერე ნელ-ნელა ასწიეს თავი, ერთმანეთი შეათვალიერეს და მორიდებული მზერა რგოლის ხელმძღვანელზე გადაიტანეს. სანდრომ დაკვირვებით დაათვალიერა ამხანაგების ჩაბინდული სახეები და მოწყვეტით დაეშვა ნამჯაზე. იქ მყოფებიც დასხდნენ. -თქვენი აზრით, ვითომ ვის უნდა ჩაედინა ეს. ჰა? ბიჭებმა ისევ ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს. -შენ რას იტყვი, გოგი? -აბა, რა ვთქვა, ჩვენ ვერ მოვიხმარეთ და ვიღაც შნოიანმა გამოიყენა. -თუ ვინმე შემოვიდა აქ, მაშ რატომ კვალი არ ატყვია? -განა უეჭველად კვალი უნდა დასტყობოდა, რწყილავ? ამოიოხრა გულდაწყვეტილმა მრელაშვილმა. -რა იცი, რომ ვინმე იყო, ვახტანგ, იქნებ ღორებმა შეჭამეს? -ღორებმა შეჭამეს! ღორებმა არა, აფთრებმა უკაცრაული პასუხია, ნაჭამი მაინც დაეტყობოდა. ღორებმა შეჭამეს! -პაპაჩემი ამბობდა. -პაპაშენი არა, ძალუაშენი. რა დროს პაპაშენია, აყლაყუდავ, როცა ხალხს გული გვემღვრევა. -ახლა, იქნება რას ვამბობ, აღარ დამაცდით? -მაგის დრო არა გვაქვს, დედაბრიშვილო, ჭკვიან ხალხს დაგვიგდე ყური, დაამშვიდა ლუარსაბმა ვახტანგი. -არ დააცადოთ, დაჭამეთ ერთმანეთი. ეგრეა, ძმაო: ავი ძაღლი არც თვითონ შეჭამს და არც სხვას შეაჭმევს. ბებიაჩემმა იცოდა (ღმერთმა აცხონოს) ანდაზა: ,,ქურდის ქურდი ცხონდაო'' წადით და ირიკავეთ ახლა! მხარ-თეძოზე წამოწვა სნაიპერი. სანდრო აიმღვრა. -შენ ნუ იღრინები, ვახტანგ. ამ საბძელში მოტანილი ვაშლისთვის მე პირი არ დამიდვია. ყველამ იცოდა, რისთვისაც გვინდოდა. რა ვიცოდით, თუ მოიპარავდნენ? -ჰოდა, ანდე, რომ აგვიკრძალე: საბძელში ფეხი აღარ დაადგათო, მაშ, რა გეგონა! -ნუ მაბრაზებ, ვახტანგ! -რა ვქნა, გაბრაზდი. ქვეყანას უვლიდი და სადაც ვაშლს მიაგენი, სულ შენი იყო. აი, ახლა იწვნიე, მოპარვა როგორი ყოფილა. სანდროს ცეცხლი მოეკიდა. -მე ის საჭმელად არ მომიპარავს! გოგია ნამჯიდან წამოვარდა. -რას მიედ-მოედები, ღობემძვრალავ! ახლა ეგღა გვინდა? შენ საქმეზე ილაპარაკე. -საქმეზე ვლაპარაკობ, მაშ არადა შენს ახატულ-ჩამოხატულ ქოჩორზე ვილაპარაკებ. -ნუ იკბინები-მეთქი. და გოგიამ გოჭის კუდივით გადაგრეხილი ქოჩორი გაისწორა. სნაიპერმა გამომწვევად გადაიხარხარა. რგოლის ხელმძღვანელი უცებ მოეშვა, თავი მუხლებში ჩარგო და ძლივს წაილაპარაკა: -გაუშვი, გოგი, ილაპარაკოს! საბუთი აქვს და ლაპარაკობს. ჩემი ბრალია. ვერ მოვუარე, დროზე ვერ ჩავაბარე პატრონს და ახლა უკვე გვიანია, დაეხსენ, გოგი. ეფრემას ბიჭმა ანთებული თვალი მოაშორა მოქიშპეს და ნამჯაზე მიწვა. -მაშ, რა ვქნათ, სანდრო? ვერ აიტანა სიჩუმე ზაზანაშვილმა. გოგიამ თვალით ანიშნა, თავი დაანებეო, მაგრამ ალექსიმ წამოაყრანტალა: -ზალიკო ხომ არ წაიღებდა ბიჭებო? უცებ ყველა გამოფხიზლდა და იქვე ჩამჯდარ ლაჩაშვილს თვალებგადმოკარკლული მიაჩერდა. -აბა, რას ამბობთ? მე. მე. ხომ დღეს გავიგე, რომ თქვნ ვაშლი გქონიათ? -თაბს ნუ იკატუნებ, ალბათ, ადრეც იცოდი! შეუტია სოსომ და უფრო ახლოს მიჩოჩდა. -ჰა, ვიბ იცის, მართლაც ეს იყო? უკაცრაული პასუხია, ყველგან მელასავით დაძვრებოდა. -ალბათ, ეს იყო, ბიჭებო. -ეს იქნებოდა. -შენიყავ? -თქვი, შე იყავ თუ არა! -ახლავე გამოტყდი! -ჩქარა, თორემ მოვიდა! ზალიკოს შიშისაგან გააცია. დამფრთხალმა შეხედა ირგვლივ შემოხვეულებს და ბოლოს მუდარის თვალი რგოლის ხელმძღვანელს მიაპყრო. სანდრომ თავი ასწია და უშნოდ წაიღრინა: -გაანებეთ თავი, მაგას თვალითაც არ უნახავს ჩვენი ვაშლი. ზალიკომ ცოტა თავისუფლად ამოისუნთქა. -დედას გეფიცებით, ბიჭებო. აბა, რას ამბობთ. მე.. აი.. თქვენთან აღარ გამიკაროთ, თუ ვტყუოდე. დედას გეფიცებით, მე თქვენი ვაშლი თვალითაც არ მინახავს. -მაშ, ვინ ეშმაკმა წაიღო. საკვირველია, სად მიაგნო ამ ნამჯაში, ფუი! ნეტავ ერთი გულთმისნად მაქცია, ვინ ოხერი მოეხეტა. ბიჭებმა თანაგრძნობით შეხედეს სნაიპერს, რადგან ყველაზე ძალიან მას აწუხებდა ვაშლის დაკარგვა. -აფსუს, კაცო, მეც მაგაზე მწყდება გული, ეგრე კარგი მაინც არ უოფილიყო, წაიწუწუნა სერგომაც. -ერთი, გემო მაინც გამესინჯა, მერე ჯანდაბას! შეუერთდა მას აყლაყუდა. -მართლა, რა იქნებოდა, ბიჭო! ნეტარებით მინაბა თვალი თუჯიშვილმა. -მაშ, მაშ! თუ შამფურზედაც იქნებოდა აგებული. კვერი დაუკრა ბერძენაშვილმა. ბიჭებს უეცრად სიცილი წასკდათ. გოგია აიმრიზა. -ახლა, მთლად ღორებივით ნუკი გადაიქცევით მართლა. ხომ იცით, ჩვენ ის რისთვის გვინდოდა? ახითხითებულნი დაწყნარდნენ. -როგორ არ ვიცით! -ჰოდა, თუ იცით, რაღა გაქვთ საღრეჭი? მიყუჩებულმა ბუჩუკურთელმა ბიჭები ერთხელაც მოათვალიერა და წამოდგა. -ბიჭებო, ქურდი უნდა ვიპოვოთ და საკადრისად დავსაჯოთ. იმან ჩვენ პირში ჩალა გამოგვავლო და გაგვაწბილა ლენასთან და თყისმცველთან. მოვძებნოთ ბიჭებო? ბიჭები ისე აყვირდნენ რომ ისედაც მოფამფალებული საბძელი შეაზანზარეს. -უნდა მოვძებნოთ! მხოლოდ სნაიპერმა აიჩეჩა მხრები. -ხან ,,დალაგებული'' მეჩვენება ეს ბიჭი, ხან კი.. ეჰჰ! მძიმედ ჩაიქნია ხელი და საბძლიდან გამავალ ბიჭებს უკან გაჰყვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.