შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,მშობელი'' (ნაწილი 22)


8-01-2019, 00:22
ნანახია 7 456

ეს ერთი ხანია, რაც მრელაშვილი სინდისის ქენჯნას განიცდის მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, მაგრამ რამდენიც სცადა გამოესწორებინა, პირიქით გამოუვიდა და უარესად მოარტყეს.
ჯანდაბას, ის რაც იყო, იყო, მაგრამ ექიმს რაღა პასუხი გასცეს, რომელსაც მშვენიერი მამალი მოუკლა. როგორ მოუხადოს ბოდიში? მისი ბებია იტყოდა ხოლმე, ღმერთმა აცხო.. (ფუჰ, კინაღამ კიდევ წამომცდა) ,,ცარიელა თითმა პირი გამომქლირტაო;;, ცარიელა ბოდიში რას უშველის? საეჭვოა, რომ შერიგება გამოიწვიოს და ვერც მამალს გააცოცხლებს. არა, არა! ისევ მოკლულის მაგიერი უნდა მიიყვანოს, თორემ უიმისოდ ექიმს ვერ დაენახვება.
და ერთ სისხამ დილას ბიჭმა დაიჭირა ოქროსბიბილოვანი, ვერცხლისდეზებიანი მამლაყინწა და ფეხებშეკრული სკოლაში ჩაიყვანა, რათა გაკვეთილების შემდეგ ექიმს წარდგომოდა ბოდიშითა და უკანდაბრუნებული დანაკარგით.
ორ გაკვეთილს პატრონზე უფრო მეტი გულისყურით მოუსმინა ქათამმა, მაგრამ მესამე გაკვეთილზე აბორგდა. ვახტანგმა იფიქრა, უთუოდ მოშივდაო, და ჩანთას მიადგა. წვრილად დაუფშვნა პური და მერხშივე დაუყარა. პატიმარმა რაკი ,,სუნი იკრა'' საჭმლისა, კენკვა დაუწყო და ისეთი კაკუნი აუტეხა ფიცარს, გულადი ბიჭი შიშისაგან გათავდა, სტაცა უცბად ხელი ნისკარტზე და ისე მოუჭირა, საცოდავმა მამალმა კინაღამ სული განუტევა. პატრონმა რაკი დაატყო, მიჩუმდაო, ხელი შეუშვა. მაგრამ იმ ტურის საჭმელმა მოიბრუნა სული თუ არა, ისევ ნამცეცებს მიადგა და თყვიამფრქვევივით არაკუნდა.
ახლა კი გაბრაზდა მისი პატივისმცემელი: ერთი-ორი უთაქა თავში და ნისკარტი დაუჭირა. სტუმარმა სასჯელის განმეორება იწყინა: აფხაკუნდა, ხელიდან დაუსხკტა თავის მტარვალს, გამოვარდა მერხიდან, შეხტა ზედ, გახარებულმა ერთი ყიყლიყო დასძახა, მერე გადაუფრინა კლასს და ფანჯარას ეტაკა გასასვლელად.
აბა,ეს იყო, რაც იყო! მიუხედავად მასწავლებლის გაფრთხილებისა, მთელი კლასი წამოვარდა ზეზე და ცდილობდა წესრიგის დამრღვევის დაჭერას. ატყდა რახარუხი და ბრაგუნი, აწივლდნენ გოგოები, აყვირდნენ ბიჭები, აფართხუნდა მამალი და ეს ალიაქოთი მანამდე გაგრძელდა, სანამ დამნაშავე ფრინველი კუთხიდან კუთხეში გადაფრენის დროს დედაბრიშვილის ჰაერში გაპარჭყულ ხელებს არ წააწყდა. აყლაყუდამ, გეგონებათ, საზღვრის დამრღვევი შეუპყრიაო, ისე გაიარა მერხხები და აურზაურის ამტეხი მასწავლებელს გადასცა.
დეზებიანი ვაჟკაცი მაინც არ გატყდა და დარდიმანდულად გვერდზე ბიბილოგადაგდებული ყვითელგუგებიან თვალებს უბრიალებდა იქ მყოფთ. ხოლო პატრონი გაფითრებული და გამშრალი იდგა მერხთან და თავი ზევით ვერ აიღო.
-მაშ, ისევ შენებური მოიგონე, მრელაშვილო? კარგი. რაკი ასეა, ასე იყოს. წაიყვანე ახლა ეს ქათამი და წადი. ხვალ თუ მშობელს არ მოიყვან, ისე არ დაგიშვებ ჩემს გაკვეთილზე.
სნაიპერს მამლისთვის არც კი შეუხედავს, ისე აიღო თავისი ჩანთა, ფეხების თრევით გაიარა კლასი და გარეთ გავიდა.
მეორე დღეს გეოგრაფიის ახალმა მასწავლებელმა დაპირება შეუსრულა და გაუმეორა: სანამ მშობელს არ მოიყვან, არ დაგიშვებ გაკვეთილზეო. ეს ისე გარკვევით და ნათლად იყო ნათქვამი, რომ სნაიპერმა უკან მოუხედავად გაიარა სკოლის ეზოში ამ გაზაფხულზე მათ მიერ დარგული ცაცხვების ხეივანი, გასცდა ჭიშკართან უზარმაზარ კაკალს, გადაახტა რუს და რიყეს გაუყვა.
კარგა ხანს მიდიოდა თავჩაღუნული და ბოლოს კლდის პირზე გადმომდგარი მუხის ქვეშ შედგა, მიიხედ-მოიხედა, მცირე ხანს უცქირა გაბურდულ ტოტებს, მერე საოცარი სიმარჯვით აცოცდა კლდეზე, იქ მუხის ქვეშ მწვანეზე ჩამოჯდა, ფეხები კლდეზე ჩამოჰკიდა და ჩაფიქრდა.
რა უნდა ქნას ახლა? როგორ დაენახვოს მშობლებს? როგორ უთხრას, რომ სკოლაში იბარებენ, ან ბიჭებს როგორ აუხსნას, რომ მას ეს განგებ, წინასწარ არ მოუფიქრებია? გაკვეთილიც კი გუშინ ხუთიანზე თუ არა, ოთხიანზე მაინც იცოდა. დასწყევლოს ეშმაკმა, რაც უნდა წაღმართი მოიფიქროს, მაინც უკუღმართი გამოდის!
ჯერ იყო და, მელანამ ბაღჩაში გადაიპარა გროზნასაგან ნაჩუქარი ქლიავის საუკეთესო ჯიშის ნამყენებით. ფიქრობდა, საქანლის ტოტებად მოჭრილი ქლიავების სანაცვლოდ დავრგავო, მაგრამ ჯერ ერთიც არა ჰქონდა ჩაფლული, რომ მელანა დაადგა თავზე (დასწყევლოს ეშმაკმა, რა ყოჩაღი დედაკაცია) დაავლო ერთ ნერგს ხელი და ისე გაუხურა წელს ქვევით ტანი, რომ ძლივს გადაასწრო ღობეზე. ეგ არაფერია მაინც ვერავინ დაინახა, მაგრამ ამ ერთი კვირის წინ კი მაგარი სირცხვილი ჭამა: სკოლის სიმღერის გუნდში დიდი სიამოვნებით მიიღეს და დაავალეს თავისი სალამური მოეტანა (ნეტავ რა ეშმაკად უთხრა უფროს პიონერხელმძღვანელს, რომ დაკვრა იცოდა), ბიჭმაც მოიტანა, სიფრთხილით დადო ჩანთის გვერდზე და თვითონ სალახტაოდ გამოვიდა გარეთ. ხოლო ისტორიის გაკვეთილზე უცებ ნახა, რომ სალამური მარცხნივ კიარა, მარჯვნივ ედო ჩანთას. გაცეცხლდა ვახტანგი. აშკარა იყო, რომ ვიღაცა არამკითხეს აეღო და ვინ იცის, გააფუჭა კიდევაც. მაშინ ხომ დაიღუპა ბიჭი დღეს სიმღერის გუნდში უიმისოდ როგორ გამოჩნდება? სულ გადაავიწყდა იქ მყოფები, სასწრაფოდ გამოიღო მერხიდან სალამური, ჩაჰბერა და ზედ თითებიც აათამაშა.
მიყუჩებულ კლასში საამური ხმა გაისმა.
ბიჭი უცებ გონზე მოვიდა და დაფეთდა. შიშნარევი თვალები ირგვლივ მიმოავლო, მაგრამ გვიანღა იყო, მთელი კლასი ხარხარებდა. ისტორიის მასწავლებელი წარბშეჭმუხვნით უცქეროდა. ეშმაკობით ცნობილმა ბიჭმა ვერაფერი მოახერხა და იმით დასაჯეს, რომ ერთ კვირას გუნდს არ მიაკარეს.
ახლა კი, ახლა რაღა ქნას და რა იღონოს? მშობლებს ვერასგზით ვერ ეტყვის, არადა გაკვეთილზე აღარ უშვებენ. ბიჭებს კი სიტყვა მისცა, რომ ამ საგანს ოთხიანზე მაინც ისწავლიდა. მაგრამ თუ გაკვეთილს არ დაესწრება, როგორღა უნდა ისწავლოს? აფსუს! რაღა ახლა გახდა ავად სარდიონ მასწავლებელი! ეს ერთი თვეა, ლოგინად არის ჩავარდნილი და, მგონი, აღარც კი ფიქრობს ადგომას და სკოლაში მოსვლას.
უცებ თვალი მოჰკრა ვიღაც კაცს, რომელმაც საექიმო პუნქტს გვერდი აუქცია და გეზი მათი სკოლისკენ აიღო. იგი თანდათან ახლოვდებოდა. როდესაც დათუნაანთ კარს გამოსცდა, ბიჭმა დაასკვნა, რომ ეს კაცი ამის მეტად იყალთოში არ ენახა. როცა უცნობი მუხას გაუთანაასწორდა, ვახტანგს თავში ბედნიერმა აზრმა გაუელვა. ფაცაფუცით ჩამოღოღდა კლდიდან და მგზავრს სალამი დაასწრო.
-გამარჯობა, ძია!
მგზავრი შედგა, გაუღიმა, სალამზე სალმით უპასუხა და თავზე ხელი გადაუსვა.
-შენთვის ძია კი არა, პაპა ვარ. გეტყობა, სკოლიდან მოდიხარ, გაკვეთილები უკვე დამთავრდა?
-არა, ჯერ არ დამთავრებულა.
-მაშ, რატომა ხარ გარეთ?
ბიჭი გულწრფელად მოუყვა თავის თავგადასავალს.
-ახლა მეუბნება, სანამ მშობელს არ მოიყვან, არ დაგიშვებო. მე მშობლებისთვის სირცხვილით ვერაფერი მითქვამს და თქვენ მიმყევით მათ მაგიერ. ნუ გეშინიათ, მასწავლებელი აქაური არ არის და იყალთოელებს ჯერ არავის იცნობს რიგიანად, შეაგულიანა ბიჭმა, ჰოდა, ისიც დაგიჯერებთ, რომ თქვენ მშობელი ხართ.
-მაშ, მაშ, როგორ არ დამიჯერებს, მშობელი ვარ, მაშ, როგორ! ღიმილით თქვა უცნობმაც.
-უჰ, შენ გენაცვალე, ძიავ! მაშ, წამოდით ახლავე და პირდაპირ იმის გაკვეთილზე მიგიყვანთ.
-წავიდეთ, თუ ეგრე საჩქაროა.
ბიჭი სიხარულისაგან გადაირია. აი, კაციც ამას ჰქვია და მოგონებაც!
ვახტანგი მკვირცხლად მისდევდა გვერდით. წარამარა ახედავდა მის კოსტიუმს და ჭაღარა საფეთქლებს, რაც დარბაისლობის უტყუარი ნიშანი იყო.
მორჩა, ყველაფერი წერსრიგზეა! რომელი ბიჭი გაჩარხავდა ასე საქმეს? რას გაიგებს გეოგრაფიის მასწავლებელი, რომ ეს კაცი მისი მამა არ არის! საიდან გაიგებს, როცა იყალთოელებს რიგიანად არავის იცნობს?
ბიჭის თანამგზავრს სულ დაავიწყდა თავისი საქმე და ახლა მთელი გულისყური იქითკენ ჰქონდა, რომ მისი მასწავლებელი ენახა.
როგორც კი ეზოში შევიდნენ, გაკვეთილის გამოსვლის ზარი დაირეკა. მასწავლებელი გამოვიდა მათი კლასიდან და ის იყო სამასწავლებლოსკენ გასწია, რომ მრელაშვილმა თამამად მიირბინა მასთან.
-მასწავლებელო, მშობელი მოგიყვანეთ.
-ჰა? მშობელი? აბა, სად არის?
-აი, აქვე დგას.
გეოგრაფიის მასწავლებელი მობრუნდა, ახედა ჩვენს ნაცნობ უცნობს და მცირე ხამს უცქირა გაკვირვებულმა. მერე აღტაცებულს ქვედა ბაგე აუთრთოლდა, გაშალა ხელები და გადაეხვია:
-მამი, მამილო! როდის მოხვედი, როგორ მომაგენი?
უცნობს თვალებზე სიხარულის ცრემლი მოსდგომოდა. იგი თან შვილს ეხვეოდა, თან მის ჯამრთელობას კითხულობდა.
-როგრ მომაგენი, მამი? ან როდის დაბრუნდო ექსპედიციიდან?
-განა დასაკარგავში ხარ, შვილო, რომ ასე მეკითხები? სოფელი დიდი ჩანს, მაგრამ მოგნება ძნელი არ არის. აი, ამ პატარამ მითხრა, რომ აქ იყავი, და თვითონვე მომიყვანა.
იგი მცირე ხანს ჩაფიქრდა და მერე ღიმილით უთხრა შვილს:
-აპატიე დანაშაული, უნებურად მოსვლია, როგორც თვითონ მიამბო.
მასწავლებელმა მამას ხელი გამოსდო და სამასწავლებლოსკენ წაიყვანა.
სნაიპერს განცვიფრებისაგან პირი დაეღო და გაოგნებული შეჰყურებდა გარსმოჯარულ მოხითხითე ბავშვებს.



№1  offline მოდერი მარტო სახლში

ეს შენი დაწერილია?

 


№2  offline წევრი beshqen

ეს არის ძალიან მაგარი წიგნი და რა სამწუხაროა რომ აზრზე არაა თითქმის არავინ,ვურჩევ ყველას,წაიკითხონ..თინეიჯერებო,წაიკითხეთ ღირებული და არა ნაგავი,ბევრს ისიამოვნებთ და არა მარტო,ძალიან გაიზრდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent