შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 10


16-03-2019, 16:51
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 221

წინ ყველაზე რთული საათები გველოდა. ელენეს დედასთან მივდიოდით ჩვენ ოთხი: მე, ვატო, ელენე და ალი.
-ჩვენც ხომ არ დავქორწინდეთ? - ჩუმად მითხრა ვატომ
-ხომ არ გაგიჟდი, რა დროს ქორწილია? - სიცილით მივუგე, თუმცა მისმა სერიოზულმა სახემ ეჭვი შემატანინა მის ხუმრობაში - სერიოზულად ამბობ?
-რატომაც არა? ელენეს და ალის თუ ორი თვე ეყოთ, ჩვენ რატომ არ გვეყოფოდა ეს თვეები?
-ცოტა რომანტიკულად მაინც გეთხოვა ხელი და არა ელენეს დედისკენ მიმავალ გზაზე - ამოვიხვნეშე და დანარჩენი სიტყვები ბანზე ავუგდე, თუმცა გულში მაინც ჩამრჩა და მოსვენება დამაკარგვინა.
ქორწინებისთვის მზად არ ვიყავი. ამაში ჩემმა წარსულმა იქონია დიდი გავლენა. თვეების წინ თუ ლევანს ბედნიერად დავუქნიე თავი ქორწინებაზე, ვატოსთან ურთიერთობაში ძალიან ნაადრევად მეჩვენეოდა ოჯახის შექმნა და მისი პასუხისმგებლობა. ვატო ლევანზე ნაკლებად არ მყვარებია, ზოგადად სიყვარულის გაზომვა აბსურდად მეჩვენება, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე ვატო ძლიერად მიყვარდა. პასუხისმგებლობას გავურბოდი და სიმართლე გითხრათ საერთოდ არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას.
ზარი ვატომ დარეკა. ყველაზე მხნე ის აღმოჩნდა ჩვენ შორის. კარი ელენეს დედამ გაგვიღო, შესვლისთანავე გადაგვეხვია და თბილად მიგვიწვია მისაღებ ოთახში.
-დედა, ეს მართაა, ჩემი თურქეთის მეგზური - ხელით წინ გამწია ელენემ და სამუზეუმო ექსპონატივით დაიწყო ჩემი აღწერა - ეს ვატოა, მართას შეყვარებული და ძალიან კარგი ადამიანი - ვატოს ჯერი დადგა და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ჩემ შემთხვევაში - ეს კი, ეს - ხმა აუკანკალდა ელენეს - ეს ალია ჩემი შეყვარებული.
დედამისის სახეზე ვერაფერი ამოვიკითხეთ, ვერც სიხარული და ვერც შეშფოთება, თითქოს არც არაფერი გაუგონიაო.
-სასიამოვნოა ჩემო ძვირფასებო - მოგვმართა მან და მისაღებ ოთახში დივანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩავმწკრივდით - აბა ვინ რას მიირთმევთ, ჩაი, ყავა, კაპუჩინო - შემდეგ ალის გახედა და ინგლისურად უთხრა - შენ ალბათ ჩაის დალევ, თუმცა ჩვენ ისეთი ჩაი არ გვაქვს, როგორიც თქვენ.
ელენეს დედის საქციელმა ყველა გაგვაკვირვა, ვერ ვხვდებოდით რა იწვევდა მის კეთილგანწყობას, ალიც ღიმილით უქნევდა თავს ყველაფერზე და შიგადაშიგ გაფართოებული თვალებით ჩვენ გადმოგვხედავდა.
-ქალბატონო - ფეხზე წამოდგა ალი, როდესაც ელენეს დედა ოთახში ფინჯნებით დაბრუნდა - მე აქ სერიოზული მიზეზით ჩამოვედი და გეწვიეთ, ეს ჩვენს ტრადიციებში ცოტათი არ ჯდება, თუმცა თუკი საშუალება მომეცემა ყველაფერს გამოვასწორებ - ელენეს დედა ინგლისურის მასწავლებელი იყო, ამიტომ სრულიად არ უჭირდა ალის სიტყვების გაგება - მე თქვენი ქალიშვილის ხელი მინდა გთხოვოთ - აი, მაშინ კი შეეცვალა სახე ელენეს დედას და სავარძელში მოწყვეტით ჩაჯდა - ჩვენ უკვე ერთი წელია ვწერთ ერთმანეთს, იზმირშიც სწორედ ჩემ გამო ჩამოვიდა ელენე, მანამდე მე ვსტუმრობდი ხოლმე თქვენს ქვეყანაში- ეს ჩვენი მოფიქრებული ტყუილი იყო, რადგან დედამისის ინფაქტი თავიდან აგვერიდებინა.
-ალი, ჯერ რამდენიმე კითხვა დაგისვამ, რადგან ცოტა უკეთ გაგიცნო, კარგი? - მიმართა ელენეს დედამ, როგორც კი მოსულიერდა - რას გრძნობ ჩემი შვილის მიმართ?
-თქვენი შვილი ჩემი ნაწილია - ალიმ ელენეს სიყვარულის თვალებით გადახედა და ხელი მოჰკიდა - ყოველი დილა მისი სახით იწყება, გაღვიძებისთანავე ვიწყებ ფიქრს მასზე. ათასობით კილომეტრის იქეთაც კი შეუძლია გული ამიჩქაროს მის ერთ სიტყვას. მე მიყვარს ელენე, ამას სრულიად გაცნობიერებულად და გულწრფელად გეუბნებით, ასევე გეუბნებით, რომ მას არ მოვაკლებ არაფერს, არც მატერიალურად და არც მორალურად. საქართველოში ცუდი წარმოდგენა აქვთ ხოლმე თურქ მამაკაცებზე, თუმცა ჩემი გრძნობები იმდენად სუფთაა, რომ მერიდება კიდეც ამაზე საუბარი. ელენემ ჩემი ცხოვრება სასიამოვნოდ არია.
-თქვენ სხვადასხვა კულტურებში გაიზარდეთ, როგორ ფიქრობ თქვენს თანაცხოვრებას. წინ ხომ უამრავი საკითხი გელოდებათ, რომლის გადაჭრაც ორივეს სხვადასხვაგვარად გენდომებათ?
-ჩემს ოჯახში ყველა ქალს პატივს სცემენ, იქნება ეს თურქი, ქართველი თუ სხვა ეროვნების. ოჯახში გვყავს კიდეც ერთი ინგლისელი და ერთი ამერიკელი სიძე, რომლებიც ისე უყვართ, როგორც მე. ელენეს უკვე ვუთხარი და თქვენც გეუბნებით, რომ თუკი საჭიროდ ჩათვლით თქვენს ჯვრისწერას, მე თანახმა ვარ ვუღალატო მაჰმადიანთა რჯულს. დამიჯერეთ ამას ვერცერთი კაცისგან ვერ გაიგონებთ იქ, პირიქით, ქალს მოსთხოვდნენ მათი რელიგიის მიღებას. ჩემთვის კი ელენე ყველაზე დიდი სიწმინდეა, ამიტომ ალაჰი მაპატიებს, რომ ფორმალურად დავთმობ მაჰმადიანთა რჯულს.
-არა, ალი - თავი გაიქნია ელენეს დედამ და დაძაბულებმა გავაგრძელეთ მათი დიალოგის მოსმენა - არავინ მოგთხოვს რჯულის შეცვლას. ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ღმერთი ერთია, უბრალოდ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი დაარქვეს მას. ხოლო თუკი ელენეს იმდენად უნდა საკურთხეველთან დგომა, რომ შენ რელიგიის შეცვლას გთხოვს, მაშინ არ მოიყვანო ის ცოლად, რადგან მას არ მიუღიხარ ისეთი, როგორიც ხარ.
შემდეგ ბევრი ცხოვრებისეული კითხვა დააყარა ელენეს დედამ ალის. ჰკითხა განათლებისა და სამსახურის შესახებ, ოჯახის შესახებ, ჰყავდა თუ არა და-ძმა და ასე შემდეგ. ბოლოს კი გადამწყვეტი კითხვა გადაუგდო მას.
-რა ფერი უყვარს ელენეს განსაკუთრებით?
-კამკამა ლურჯი - არც კი დაფიქრებულა ალი, ისე უპასუხა - ელენეს უყვარს ყველაფერი, რაც ლურჯი და ცისფერია, ზღვა, ცა, ცისფერი თვალები.
ელენემ შვებით ამოისუნთქა და ყველანი საბოლოო განაჩენისთვის მოვემზადეთ.
-ელენე - ამჯერად ქართულად დაიწყო საუბარი დედამისმა - შოკში ჩამაგდე შენი საქციელით და აქ მოსვლით. წნევა ახლაც ჰაერში იქნება აწეული, მაგრამ ვერ გაგამტყუნებ, რომ აქამდე არ მითხარი შენი სიყვარულის შესახებ. მე შენში შიში დავთესე ჩემ მიმართ და ამას მხოლოდ შენი გაქცევის შემდეგ მივხვდი. ვნანობ თუ არა ჩემს საქციელს ამას აზრი აღარ აქვს. ალი პატიოსანი, მშრომელი და როგორც მის თვალებს, საუბარს და მანერებს ეტყობა ძალიან განათლებული ბიჭია. რადგან მან შენ თავი შეგაყვარა, ესეიგი შინაგანი სამყაროც ისეთივე ლამაზი აქვს, როგორიც შენ შეგეფერება. მე ყოველთვის გეუბნებოდი, იპოვე შენი ღირსითქო, მაგრამ არასოდეს არ მითქვამს ის აუცილებლად ქართველი იყოსთქო. ალი, რომ სამტრედიაში დაბადებულიყო სხვანაირი იქნებოდა? რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას ახდენს პიროვნებაზე ის კულტურა, სადაც ის იბადება და იზრდება, თუმცა ადამიანობას, ადამიანად ჩამოყალიბებას საცხოვრებელი ადგილმდებარეობა ვერ განსაზღვრავს. ახლა ვხვდები რატომ წამოიყვანე შენი მეგობრები, შეგეშინდა ჩემი რეაქციის, რადგან ეროვნებით არაქართველს გინდა ცოლად გაყვე, თუმცა ამით ადამიანს არასოდეს გამოვარჩევ. რაც შეეხება ქორწინებას, მთავარია შენ იყო დარწმუნებული, ორივემ უნდა გაითავისოთ, რომ მცირე ზეწოლები და ხასგასმები მაინც მოყვება თქვენს ქორწინებას, როგორც ორი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის. ზუსტად იცოდე, რომ მამიდაშენი, მთელი ჩვენი სანათესაო მწარედ ჩაგავლებს ხოლმე კბილს ალისთან მიმართებით და ასევე, ალის სანათესაოშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შენს ქართველობას გაუსვამს ხაზს.
საკუთარ თვალებს და ყურებს არ ვუჯერებდით. ვატო სიტყვა-სიტყვით უთარგმნიდა ელენეს დედის სიტყვებს ალის და მის სახეზე ღიმილი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. ელენე ატირდა და ჯერ დედას, შემდეგ კი ალის გადაეხვია.
***
ჩემს სახლში პირველად სუფევდა სიწყნარე. ბოლო თვეებმა და მოვლენებმა ძალიან გადამღალეს და საყვარელი ადამიანისთვისაც კი არ მრჩებოდა საკმარისი დრო. აღარც ნიღბების სახეზე წასასმელად მქონია თავისუფალი დრო და აღარც ქვაბები რიჩხინებდნენ ჩემს სამზარეულოში. გადავწყვიტე რამედნიმე კერძი მომემზადებინა და ჩემთვის და ვატოსთვის ერთი გემრიელი საღამო მომეწყო.
გასპაჩოს მომზადება გადავწყვიტე :
• ნახევარი კილო წითელი ბუგლარული წიწაკა
• კიტრი
• 1 კგ პომიდორი
• 50 მლ ზეითუნის ზეთი
• 2 ც ლიმონი
• ოხრახუში
• 100 გრ ტომატის წვენი
• მარილი,წითელი წიწაკა
• 2 თავი ხახვი
• 5 კბილი ნიორი
• პური
• ტობასკო
ბოსტნეულს ვჭრით კუბებად.პროპოციების მიხედვით ყველა ინგრედიენტებს ვათავსებთ ბლენდერში ყინულებთან ერთად დავაბლენდერებთ კარგად, მანამ ერთიანი მასა არ გახდება. შემდეგ ვუმატებთ მარილს დატობასკოს გემოვნების მიხედვით და კერძი მზადაა.
მხოლოდ ეს არ მაკმაყოფილებდა და ინტერნეტში ქექვა დავიწყე. სახეირო ვერაფერს წავაწყდი, ამიტომ უკვე კარგად ნაცნობი ხორციანი ბლინების მომზადებას შევუდექი.
ვატო სამსახურის შემდეგ პირდაპირ ჩემთან მოვიდა.
-კიდევ ველოდოთ ვინმეს თუ შეგვიძლია საკუთარ თავებსაც დავუთმოთ ცოტა დრო? - პირველი სიტყვები წაკბენით დაიწყო, თუმცა არ ვამტყუნებდი - ოხ, რა სუნებია. დღითიდღე მაოცებ, საყვარელო, თუმცა დღეს მე ვაპირებ შენს გაოცებას - ინტერესით ვცქვიტე ყურები და დივანზე მჯდომს ფისოსავით მივეკარი - იცი სად გავატარებთ ამ პარასკევს, შაბათს და კვირას?
-გეყოს წვალება, ვატო - თითი დავუქნიე და ბლინი ჩემი ხელით ვაჭამე.
-თუ მაცდი პირის გამოთავისუფლებას, გეტყვი - მისკენ წაწეული ხელი გამიჩერა და გამიცინა - ფასანაურში.
თითქოს ერთიანად მოვწყდი სამყაროს. წამიერად გადავვარდი იმ სიამოვებაში, რაც წინ მელოდა და გავიტრუნე. თავი მხარზე დავადე და მგონი ჩამეძინა კიდეც.
-მართა, საყვარელო -შორიდან მესმოდა ხმა - გაიღვიძე და საწოლში გადაწექი, ცოდო ხარ აქ.
-რაო? არ მძინავს - თვალები ვჭყიტე და ფეხზე ნელ-ნელა წამოვდექი.
-წამოდი, ჩემო სიყვარულო და ლოგინში დაწექი - ხელი წელზე მომხვია და საძინებელ ოთახში ბარბაც-ბარბაცით გავედით.
***
ხუთშაბათ საღამოს წავედით ბაზარში. ტატიანა ბებოსთვის ვიყიდეთ ერთი ტომარა ფქვილი, შაქარი, სარეცხი ფხვნილი, რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი, ხახვი და რამდენიმე შეკვრა მაკარონი. ყველაფერი საბარგულში ჩავაწყვეთ და გზას გავუყევით.
ჭიშკართან მისულებმა დავასიგნალეთ და მანქანიდან გადმოვედით. ტატიანა ბებო წიწილებს სიმინდს უყრიდა, ჩვენ დანახვაზე თასი იქვე დადო და ხელებგაშლილი წამოვიდა ჩვენკენ.
-ჩემი ლამაზები, დახატულები, აქ რამ მოგიყვანათ, ბებო - მოვიდა და გადაგვეხვია - როგორ გამახარეთ ნეტა იცოდეთ. წამოდით ბებო, ღუმელს შევუკეთებ და დავსხდეთ და ვიჭუკჭკოთ, როდემდე რჩებით?
-კვირა საღამოს წავალთ, ბებო - სახლისკენ წავედი და ვატოს გავხედე. საბარგულიდან იღებდა ტომრებს და ეზოში ალაგებდა.
-როგორ შეწუხებულხართ, ბავშვებო. რას დაეძებდით ამათ ყიდვას. დედა, მომიკვდეს თავი, რამდენი ფული დაუჯარავთ ჩემთვის. რა არის , ისე ვერ გაათევდით ღამეს? შემირცხვა თავი - ქოთქოთებდა ტატიანა ბებო და თან შეშას ამატებდა ისედაც სავსე ღუმელს.
-საკუთარ სოფელში წასვლა არცერთს არ გვიფიქრია, ბებო - დაჭრილი შეშები შემოიტანა ვატომ და იქვე ვედროში ჩააწყო - პირდაპირ შენთან გამოვიქეცით იმხელა სითბო და სიყვარული გამოავლინე მაშინ.
-ჩემი სახლის კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის. ახლავე გაგიმზადებთ ლოგინს. ისევ ცალ-ცალკე ოთახებში დაწვებით თუ ტახტზე გადავაკრა თეთრეული? - იკითხა ოთახიდან გასვლისას, ორივემ მორიდებით ვუთხარით ცალ-ცალკეთქო, თუმცა არ დაგვიჯერა - მეც ვიყავი თქვენხელა, ამიტომ ტახტზე გადაგიკრავთ, ვიცი გულის სიღრმეში ორივეს ერთ ოთახში დაწოლა გინდათ.
***
ისევ თეთრი, ფითქინა თეთრეული. ძველებული, თუმცა ერთი სიძველის ნიშანი არ ეტყობოდა მას. მორიდებით ჩავიცვი გრძელი პიჟამა და ვატოს გვერდით დავწექი. ეს იყო პირველი ღამე, რომელიც ერთად, ერთ საწოლში გავატარეთ.
ვატომ ხელი თავქვეშ ამომიდო და მისკენ მიმწია.
-ხვალ სად წავიდეთ?
-არსად - მოკლედ მოვუჭერი მას - ტატიანა ბებოს დავეხმაროთ, შაბათს კი გერგეტის სამებაზე ავიდეთ, რას იტყვი?
-ცოლად მართლა არ გამომყვები, მართა? - რამდენიმე წუთიანი დულიმის შემდეგ ოთახში ტურასავით შემოიპარა ეს სიტყვები და თავზე ყაჩაღებივით დამადგნენ. ვატოს გულიდან თავი ბალიშზე დავაბრუნე და სიმართლის თქმისთვის მოვემზადე.
-არა - ღმერთო, რა ცივად და უხეშად ჟღერდა ეს სამი ასო.
-რატომ? - კიდევ უფრო მკვახედ დასჭექა ვატოს კითხვამ
-რადგან მეშინია. მეშინია პასუხისმგებლობის და იმის, რომ ვერ გაგიწევ სათანადო ცოლობას.
-შენ ჩვენი სიყვარულის არ გჯერა?
-რა სისულელეს ამბობ, ვატო - ლოგინზე წამოვჯექი და მას დავხედე, თვალები დაეხუჭა - მე მჯერა ჩვენი სიყვარულის, მაგრამ არავარ მზად და რატომ მოგატყუო?
-და ლევანი? ლევანთან ხომ იყავი? - კვლავ თვალდახუჭული მესროდა ყველაზე მტკივნეულ კითხვებს.
-დაიძინე, ვატო. დილით ყველაფერი უკეთესად იქნება - გადავბრუნდი და ზურგი ვაქციე. არ მინდოდა ჩემი სიტყვებით გული მეტკინა, თუმცა რომელი უფრო საწყენი იყო არ ვიცი, სიჩუმე თუ მწარე სიმართლე.
ვატო ჩემკენ გადმობრუნდა და მუცელზე ხელი მომხვია.
შემირიგდა.
გათენდა. ჩახუტებულებს გვეძინა მე და ვატოს. მიუხედავად ივნისის თბილი დღეებისა, სოფელში მაინც ციოდა და სქელ საბანთან ერთად არც ვატოს სითბოზე ვთქვი უარი. ალაგ-ალაგ ჩამესმოდა სოფლის ხმები, ჩიტების ჟღურტული, მამლის თავდაუზოგავი ყივილი, მეზობლების გადაძახილ-გადმოძახილი. დილით ყველანი საქმიადობდნენ, ზოგი ოჯახიდან ხის ჩეხვის ხმა ისმოდა, ზოგი ოჯახიდან რაღაცის ჭახა-ჭუხი. ყველაფერი ისე იყო, როგორც ნამდვილ სოფელს შეეფერება.
მე კი ჩახუტებულს მეძინა ჩემთვის საყვარელ ადამიანთან და მისი სუნთქვა ნაზად მიაპობდა ოთახის ჰაერს. შეეღვიძა. ნაზად გაახილა ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე თვალი.
-დილამშვიდობისა - დილის ჩახლეჩილი ხმით მითხრა ვატომ და გაიზმორა - ყველაზე მშვენიერი დილა, ასევე მშვენიერ ქალბატონთან ერთად.
-ძალიან მიყვარხარ, ვატო - ვაკოცე და ასადგომად მოვემზადე.
-მოიცა, სად მიდიხარ? - ხელში მწვდა და კვლავ ლოგინში ჩამითრია - გგონია ასე მარტივად დააღწევ ჩემს მკლავებს თავს? - ზემოდან გადამაწვა და ტუჩებით მომეწება -შენ ჩემი ქალღმერთი ხარ და ცოტა ხნით საწოლში კოტრიალიც უნდა შეიფეროთ.
მაინც ჩემი გავიტანე და ავდექით. თავისუფალი ტანსაცმელი ჩავიცვი და კიბეებზე დავეშვი. ტატიანა ბებო უკვე გასული იყო სამუშაოდ. ვატომ ცული მოიმარჯვა და ეზოში დასაჩეხი მორების დაჩეხვას შეუდგა. მე სახლი გამოვგავე, მტვერი გადავწმინდე. სამზარეულოში ცომს მოვკარი თვალი და გადავწყვიტე პური და ხაჭაპურები გამომეცხო, ამიტომ ღუმელში შეშა შევყარე, ცოტა ნავთი შევასხი და ასანთს გავუკიდე. ცეცხლი მალე დაინთო და ღუმელიც საკმარისად გახურდა. ამასობაში ტატიანა ბებოც შემოვიდა ოთახში და საყვედურებით ამავსო.
-თქვენ დასასვენებლად ჩამოხვედით შვილო და ჩემ არ ყოფნაში სახლის საქმეებს მიდებ-მოდებიხართ, რანაირი მასპინძელი ვარ ახლა მე? - ვატოს გასძახა - დაანებეთ ახლა თავი ყველაფერს და სახლში შემოდით ან გაისეირნეთ სადმე.
ჩვენ არ ვუსმინეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. საღამო განსაკუთრებით ტკბილი იყო. სამივე უნდა მინელებულ ღუმელს შემოვუსხედით და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით.
-ჩემს ოჯახში ყველა თვრამეტ წლამდე გათხოვდა - ისტორიის მოყოლა დაიწყო ტატიანა ბებომ - ჩემი სამი და დედამ მალევე მიათხოვა ბიჭებს. ჩვენთან სამივე დისთვის ხელის სათხოვნელად ერთი ქალი მოვიდა, ნესტანი. ამ ქალის დამსახურება იყო ჩვენს სოფელში ქალების დაოჯახება, ამიტომ როგორც კი თხუთმეტი წელი შემისრულდა ჩემს გასათხოვებლად მოვიდა და თან დოსიეები მოიტანა. დაგვისვა წინ მე და დედა და კანდიდატების განხილვა დაიწყო. მე უკვე მიყვარდა ჩემი მეზობელი, ამიტომ არ ვაპირებდი მათ შერჩეულ კანდიდატს გავყოლოდი ცოლად, თუმცა დედაჩემს უკვე გადაეწყვიტა, რომ გარდაბანში გავეთხოვებინე.
-შემდეგ? შემდეგ რა მოხდა, ტატიანა ბებო? - ცნობისმოყვარედ ჩავეკითხე და თან ჭიქიდან ჩაი მოვსვი.
-გავიპარე - გაეცინა - სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ და მე და მურმანი მისი დედის სოფელში გავიპარეთ.
-ვაიმე - აღფრთოვანებით შევყვირე - დედაჩემიც გაიპარა, როცა ჩვიდმეტი წლის იყო, ახლა კი ისევ მამაჩემს გაყვა ცოლად.
-ისევ? - გაკვირვებით გამომხედა ბებომ
-დიახ, გარკვეული მიზეზების გამო მამაჩემმა წლების წინ დაგვტოვა და ახლახანს ჩამოვიდა. სწორედ ამ დროს ისევ თავიდან შეუყვარდათ ერთმანეთი და ჯვარიც დაიწერეს.
-ჩვენი ამბავი მალე გადაწყდა - გააგრძელა ბებომ თავისი ისტორია - გაპარულ ან მოტაცებულ ქალს უკან აღარავინ დაიბრუნებდა, შვილებო. ადრე ასეთი დრო არ იყო ახლა როა. ადრე ყველაფერი მკარც საცერში იცრებოდა, საკეპ მანქანაში იკეპებოდა და ისე გამოდიოდა დღის შუქზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent