შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლის შარაგზა


26-03-2019, 17:28
ავტორი omexi
ნანახია 1 057

აგვისტოს მზე უმოწყალოდ აცხუნებდა სოფლის შარაგზას, ბუღი ასდიოდა არე-მარეს. ძველ, ხავსმოდებულ წისქვილთან ქალ-ვაჟი იდგა. ვაჟს ქალის ხელი ჩაებღუჯა და ცისფერ თვალებში ჯიქურ ჩაშჩერებოდა.
- არ წახვიდე მარიტა, - ხმადაბლა ბუტბუტებდა ის, - უშენოდ რა აზრი ექნება ჩემს აქ ყოფნას.
- მშობლებმა ასე გადაწყვიტეს.
- მაგრამ შენ ხომ დიდი გოგო ხარ, შეგიძლია აქ დარჩენა არჩიო.
- მე მხოლოდ თექვსმეტი წლისა ვარ ჯაბა, - გოგონამ თავი ჩაღუნა და ნაღვლიანად დაუმატა, - არ შემიძლია.
- მაშინ გავიპაროთ, - ვაჟის თვალებში იმედის ნაპერწკლებმა გაიკვესეს, - ახლავე გავიპაროთ.
- არა ჯაბა, მე პატივს ვცემ ჩემს მშობლებს ... აჯობებს დავიცადოთ.
- მაგრამ როდემდე ვიცადოთ, მე ხომ მიყვარხარ მარიტა! - ვაჟმა მკერდში ჩაიკრა ქალი და აცრემლებული თვალები დაუკოცნა.
- მეც მიყვარხარ, მაგრამ ...
- წამოგყვები, - სიტყვა შეაწყვეტინა ვაჟმა.
- ამით მხოლოდ ურთიერთობას გაართულებ.
ქალმა ნაზად გაითავისუფლა თავი ვაჟის მკლავებიდან.
- ჯერ გავიზარდოთ, - გადაჭრით წარმოსთქვა, ვაჟს ლოყაზე ეამბორა და მტვრიან შარაგზას გაუყვა.
ვაჟი კი იდგა ძველ წისქვილთან და მიმავალ გოგონას უმზერდა, მას იმ წუთას სძულდა სოფლის შარაგზა, რადგან სიყვარულმა ამ ვიწრო შარაგზით ირჩია მისგან წასვლა, იდგა და ცრემლებს ძლივს იკავებდა, შემდეგ წისქვილის ხავსმოდებულ კედელს მიეყრდნო და თავისთვის ჩაიჩურჩულა.
- გავიზრდები.

*****

როდესაც ავტობუსის სველი მინის მიღმა ჟანგმოდებულ აბრას მოჰკრა თვალი, რომელსაც მსხვილი ნახევრადწაშლილი ასოებით ეწერა `გოჩა ჯიხაიში~, მხოლოდ მაშინ იგრძნო თუ რაოდენ მონატრებოდა სოფელი, მონატრებოდა გაგიჟებით მთელი სულითა და გულით. ის ფარული სევდა კი რომელიც თან სდევდა ეს ხუთი წელია უბრალოდ საყვარელი სოფლის სიშორით იყო გამოწვეული. მშობლიური კერის სიახლოვემ ენით აუწერელი აღმაფრენა მოჰგვარა. მას ხომ ბავშვობის უმეტესი წლები სოფელში ჰქონდა გატარებული, ბავშვობა კი ყველაზე დაუვიწყარი და უმთავრესი ეტაპია, ცხოვრების იმ ძნელი გზისა, რისი გავლაც ადამიანს უხდება.
აბრას თვალი გააყოლა, რომელიც რკინის ორ მოლაყლაყებულ ბოძზე დამაგრებული აკვანივით ირწეოდა და იგრძნო, როგორ შეუყვა სოფლის დანგრეულ შარაგზას ერთიორად აჯაყჯაყებული ავტობუსი.
- სოფელი “გოჩა ჯიხაიში”, - ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და გაყინულ მინას სახით აეკრო.
გვერდით მჯდომმა მოხუცმა ქალბატონმა, წამით გაოცებულმა გადმოხედა, შემდეგ პატარა დრო-ჟამისაგან დანაოჭებული ხელი ბეჭზე ფრთხილად შეახო და ნაცნობი აქცენტით ჰკითხა.
- სტუმრად მოდიხარ შვილო?
ქალს ნაღვლიანად გაუღიმა და თავი უარის ნიშნად გაიქნია.
- არა ბებო, - შემდეგ კი სიამაყით დაუმატა, - მე აქაური ვარ.
მოხუცმა ჯერ ინტერესით შეათვალიერა, შემდეგ სუსტი მხრები სასაცილოდ აიჩეჩა და იქვე, მოუხერხებლად დადებულ ჩანთას გადასწვდა, რათა ის ავტობუსის ჯაყ-ჯაყზე არ გადაყირავებულიყო.
აი ასეთები არიან მისი მშობლიური სოფლის მკვიდრნი, მოსიყვარულე და კეთილნი. უცნაური იყო ყოველივე, მონატრებულ სოფელში ჩამოსვლამ, მისტიკური შთაგონება მოჰგვარა. ხუთწლიანი “ძალად” ემიგრანტობის შემდეგ, როგორც იქნა ეღირსა სამშობლოში დაბრუნება, აღარც კი ახსოვდა რამდენი ხანი დაეხეტებოდა ლონდონის მარად ნესტიან ქუჩებში უმუშევარი, სანამ ერთ პაწაწინა მაღაზიაში იაფფასიანი სუვენირების რეალიზატორად არ მოეწყო. ერთფეროვნად მიიზლაზნებოდა წლები. უცხოეთში გადაკარგული თავს ეულად გრძნობდა, თუმცა არა ერთ ქართველთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ იქაურ ქართველებს, დაეკარგათ ის ეშხი და ლაზათი რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ქართველი ერი. არ ჰგავდნენ მის მოსიყვარულე თანასოფლელებს. ამიტომაც უგდებდა ყურს დაუსრულებლად მოსაუბრე მგზავრებს, სიამოვნებდა იმერული კილოკავით გაჯერებული სიტყვების მოსმენა, გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა ფანჯრის მიღმა გადაშლილ ნაცნობ პეიზაჟს და მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საკმაოდ მოჟამული ამინდი იდგა, ნისლიანი ლონდონის შემდეგ მისი სოფელი ფანტასტიური ნათელით გასხივოსნებული ეჩვენებოდა.
ავტობუსის მძღოლი მოსული, ბრგე მამაკაცი იყო, ნაღვლიანი გაუპარსავი სახე და უზარმაზარი, გაბურძგნული თავი ჰქონდა, ტიკივით გაბერილი მუცელი საჭესთვის მიებჯინა და კოტიტა თითებით საჭეს ჩაფრენილი მართავდა ავტომობილს.
როდესაც მგზავრობის საფასური გადაიხადა და მძღოლს ხმამაღლა გასძახა.
- გამიჩერეთ!
მან მოზვერივით შეუბღვირა, ავტობუსი გააჩერა, ფული დაუდევრად გამოსტაცა ხელიდან და ხარბად ჩაითვალა.
დეკემბრის თვის შუა რიცხვები იდგა. ყინავდა. ცა მძიმე ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარა. ირგვლივ ოდნავი ბინდი ჩამოწოლილიყო, არე-მარე გარინდული ელოდა ზამთრისთვის ესოდენ დამახასიათებელ ... თოვლს ...
ავტობუსის თბილი კაბინიდან ჩამოსულმა წამსვე შეიგრძნო დეკემბრის ძვალსა და რბილში გამტანი სუსხი, პალტოს თბილი საყელო ყურებამდე აიწია და ერთ დროს მოასფალტებულ ახლა კი ნაასფალტარ შარაგზას გაუყვა, თან ცდილობდა პირდაპირ შუა ქუჩაში დამდგარი ნაწვიმარი გუბეებისათვის აექცია გვერდი.
სახლამდე საკმაოდ შორი გზა ჰქონდა გასავლელი, მთელი საათი გავიდოდა სანამ მშობლიურ ეზოში შეაბიჯებდა. განა ეზარებოდა დეკემბრის სუსხიან ამინდში ხეტიალი, პირიქით უხაროდა ესოდენ ნაცნობი ადგილების ხილვა. გულისფანცქალით შესცქეროდა წინ შემხვედრ ყოველ ეზოს, ყოველ სახლს, მან ხომ აქ გაატარა ბავშვობა, დარბოდა ტოლ-მეგობრებთან ერთად ზაფხულის მწველი სხივებისაგან აბიბინებულ მინდვრებზე, ხან კი ყინვისაგან ფქვილივით გამომშრალ თოვლში გორაობდა. ახლაც გამოჩნდა ტანაშოლტილ ნაძვებს შორის გამომწყვდეული, მრავალ ჭირ-ვარამნახული ფეხბურთის მოედანი, რომელზეც გულის ამოვარდნამდე თამაშობდა ფეხბურთს, თუმცა მთელი მოედანი ღორებს გადაეჩუღნათ, არც კარი ჰქონდათ სახარბიელო და არც გულშემატკივარი ჰყავდათ თავსაყრელად, მაგრამ ეს როდი აბრკოლებდათ.
მის თვალწინ რძისფერი ნისლის მიღმა, თანდათან გამოიკვეთა ის პაწაწინა ტბორი, სადაც პაპანაქება ზაფხულში ტიტლიკანები ჩაცვივდებოდნენ ხოლმე და ჟივილ-ხივილით ბაყაყებს დასდევდნენ. თუმცა ის ახლა დაპატარავებული და უფერული ეჩვენა, მაგრამ მაინც სიამოვნებდა მისი შორიდან ჭვრეტა და არა მარტო მისი, არამედ ყოველი ხე, ყოველი ბუჩქი ბავშვობისდროინდელ მოგონებებს აღუძრავდა.
ვინ მოთვლის რამდენ საიდუმლოს მალავდა ეს ტალახიანი და მიხვეულ-მოხვეული შარაგზა, ალბათ ენა რომ ჰქონოდა, ყურით გაუგონარ ამბებს მოუყვებოდა ყოველ გამვლელ-გამომვლელს, მაგრამ ... როდესაც ის ამ შარაგზას დაადგებოდა ხოლმე, ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა თითქოს წარსულში მოგზაურობდა. პირველი სიყვარული ამ შარაგზაზე ეწვია, აქ გაიცნო მარიტა, საღამოობითაც შარაგზაზე სეირნობდნენ ერთად. ძველი, მიტოვებული წისქვილი კი რომელიც შარაგზის განაპირას დგას მათი საიდუმლო შეხვედრების ადგილი იყო. მხოლოდ წისქვილი და სოფლის შარაგზა გახლდათ მათი მესაიდუმლე, თუმცა მის სიყვარულს ხელი გარემოებამ შეუშალა, მარიტას მშობლები რატომღაც აღარ სწყალობდნენ, ამიტომ გოგონასთან ურთიერთობა რომ გაეწყვიტა ის ქალაქში გაამგზავრეს, თვითონ კი დადარდიანებული უცხოეთისაკენ გაუყვა გზას და მას შემდეგ აღარც კი ენახა მარიტა.
უხმაუროდ მიუყვებოდა შარაგზას, უკვე მოჩანდა კიდეც მხიარულად მოწაკწაკე რუს გვერდით წამოჭიმული წისქვილი, მისი და მარიტას საიდუმლო შეხვედრების ადგილი, ის ისევ ისეთი იყო, როგორიც წლების წინ მდუმარე და სევდიანი, მაგრამ ყველაზე უცნაური ის გახლდათ, რომ წისქვილთან ახლოს სიფრიფანა გოგონას სილუეტი ილანდებოდა. ჯერ თვალებმოჭუტული უმზერდა სილუეტს, შემდეგ როდესაც მასში მარიტა შეიცნო, ნაბიჯს მოუჩქარა და მისკენ მოკურცხლა.
სირბილით მიუახლოვდა გოგონას, რომელიც წისქვილის კედელს მიყრდნობილი, ღიმილით შესცქეროდა თვალებში, შეცვლილიყო მარიტა, გალამაზებულიყო. ნაცნობმა გრძნობამ მოიცვა მისი არსება, თბილმა ტალღამ დაუარა სხეულში და გულმა ძალუმად დაუწყო ფეთქა.
- მარიტა, - ჩაიჩურჩულა და მოეხვია.
- გავიგე რომ ჩამოხვედი, - მარიტამ სველ თმაზე ხელი გადაუსვა და დიდრონი ცისფერი თვალები მორცხვად აახამხამა, - არც კი შეცვლილხარ, ისევ ისეთი ხარ.
- შენ კი ძალიან ლამაზი ხარ, - დაბნეულად ჩაიბურტყუნა.
- მომენატრე.
- მეც მომენატრე.
- მერედა სად იყავი აქამდე? დაგერეკა მაინც.
- მეგონა ასე აჯობებდა, - მხრები აიჩეჩა, - შენს დავიწყებას ვცდილობდი.
- მერე, არ გამოგივიდა?
- არ გამომივიდა. - ქალს მზერა აარიდა და ხავსმოდებულ წისქვილს გახედა, - ისევ აქა ვართ, როგორც მაშინ, პირველ დღეს.
- შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
- მერე შევძლებთ?
ერთად გაუყვნენ შარაგზას, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დააშორა, მაგრამ დღეს ისევ შეახვედრა ერთმანეთს, ხელი-ხელჩაკიდებული მიდიოდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ დეკემბრის სუსხს.
- ახლა უნდა წავიდე, ორ დღეში თბილისში ვბრუნდები, - მარიტა ნაღვლიანად გამოემშვიდობა.
- დღეს საღამოს წისქვილთან შევხვდეთ, - მომთხოვნი ტონით წარმოსთქვა ვაჟმა, - მე ის პატარა ბიჭი აღარა ვარ, უცხოეთმა ბევრი რამ მასწავლა.
- შენ უკეთ იცი.
გოგონა მიტრიალდა და ნელი ნაბიჯით სახლისაკენ გაეშურა. ღრუბლებით მოქუფრული ცა, უფრო დამძიმდა, თითქოს ერთი-ორად დაახლოვდა და თოვლი წამოვიდა, მსხვილი ფანტელები ტრიალ-ტრიალით გადმოეშვნენ, სოფლის თავზე მრისხანედ გადმოკიდებული ღრუბლებიდან, ერთ წამში სულ შებურეს არე-მარე, ერთმანეთში ქინქლასავით აირივნენ და ლამაზად დაეფინნენ სველ ასფალტს. ის გაუნძრევლად იდგა და მიმავალ გოგონას მანამ უმზერდა, სანამ მისი სილუეტი შარაგზის მოსახვევში არ მიიმალა. დეკემბრის სუსხმა ისევ შეახსენა თავი, სიცივემ აიტანა, მოიბუზა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა შარაგზას.
ჭიშკარი როგორც ყოველთვის ალუმინის მავთულით დახვდა გამოკრული, ბებოს ამ უცნაურ ჩვეულებაზე გაეღიმა, მავთული გახსნა, ურდული გამოსწია და ეზოში შეაბიჯა. პატარა კუდაპრეხილი ძაღლი ხმამაღალი ყეფით გამოექანა მისკენ.
- პწუ, პწუ ცუგო ვერ მიცანი? - დაუყვავა ძაღლს, ცუგომ ყეფა შეწყვიტა, თავი გვერდზე სასაცილოდ გადასწია, შემდეგ კუდის ქიცინით მიელაქუცა, ანცად აწკმუტუნდა და გაყინული ხელები თბილი ენით აულოკა.
ეფერებოდა ცუგოს და თან ხარბად ათვალიერებდა ესოდენ მონატრებულ ეზო-გარემოს, აი ის ლოყაწითელა ვაშლის ხე, რომელსაც ახლა ფოთლებიდან გაძარცვულს, თხლად დასდებია თოვლის ქათქათა ფენა, ის დედოფალივით თეთრ სამოსში გამოწყობილა, ღმერთმა იცის რამდენჯერ მოქცევია მას კენწეროზე და რამდენჯერ ჩაუკბეჩია მისი ლოყაწითელა ნაყოფი, აი თოვლისგან გათეთრებული გოლიათი მსხლის ხე, რომელიც ობლად დგას ყველასაგან განმარტოებით, ის თავისი არსებობის მეასე წელიწადს ალბათ დიდი ხანია რაც ითვლის, უხარია ესოდენ მონატრებულ ეზოში ფეხის შემოდგმა, უხარია ნაცნობი გარემოსათვის თვალის გადავლება და უნდა გიჟივით იყვიროს, ცუგოს ჩაეხუტოს, თოვლში იკოტრიალოს, უკვე საკუთარ არსებას აღარ ეკუთვნის და დგას შუა ეზოში ერთ ადგილზე ქანდაკებასავით გაშეშებული.
შემდეგ სახლიდან ბებო გამოვიდა, ალბათ ცუგოს ხმამაღალი წკავ-წკავით და ყეფით შეწუხებული. ძველი, უშველებელი სათვალე გაიკეთა, ცოტა ხანი უმზირა შუა ეზოში მდგარს, ალბათ გაუკვირდა ვინ არის ეს კაცი ამ “თოვლ-მეხში” რომ დამდგარა აჩრდილივითო, შეიძლება პირველად ვიღაც გადარეულადაც კი ჩათვალა, მაგრამ ბოლოს იცნო, გაიღიმა, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა მისკენ და მონატრებული ხმით ჩაილაპარაკა.
- ჩამოხვედი დია?
ისიც გაემართა ბებოსაკენ, გადავეხვია აცრემლებულს და მხოლოდ ახლა იგრძენო თუ რაოდენ მონატრებოდა.
- ჩამოვედი ბებო.
ხმადაბლა უპასუხა და გულში ჩაიკრო.

*****

თოვდა, თოვლის ფანტელები ფარვანებივით ფარფატებდნენ ღამეულ ცაში და ჩუმი შრიალით ეფინებოდნენ გაყინულ მიწას, სოფლის შარაგზას ქალ-ვაჟი მიუყვებოდა, ხელი-ხელჩაკიდებულნი მიაბიჯებდნენ სიბნელეში, მათ არც დეკემბრის სუსხი აბრკოლებდათ და არც წაღმა-უკუღმა მოფარფატე ფანტელები.
- ხუთი წელია ველოდი ამ დღეს, - სიჩუმე დაარღვია ვაჟმა.
ქალმა თავი მორცხვად დახარა და საპასუხოდ მხოლოდ ხელი მოუჭირა.
- ჩვენ გავიზარდეთ მარიტა.
- ჰო გავიზარდეთ, - ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია და ვაჟს მიეხუტა.
უკან, შარაგზის ბოლოს ძველი წისქვილის სილუეტი მოჩანდა, რომელიც ძლივს ილანდებოდა სიბნელეში, თოვლით გადათეთრებული შარაგზა კი არიადნეს ძაფივით მიიკლაკნებოდა ქალ-ვაჟის წინ და თითქოს ხელი-ხელჩაკიდებულ წყვილს, ახალი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზას ასწავლიდა.
ვაჟს იმ წუთას უყვარდა სოფლის შარაგზა, რადგან მისი გავლით წარსული უკან მოიტოვა და საყვარელ ადამიანთან ერთად მომავლისაკენ მიემართებოდა.



№1  offline წევრი Rania

Zalian tevadi da realuri iyo. Momeconaaa. Madlobaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძალიან კარგია! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent