შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროლის თოჯინები (ნაწილი II სრულად) 18+


7-06-2019, 22:11
ავტორი K. I.
ნანახია 9 143

ნაწილი 2
ქაოსი

ნოემბერი მიწურულიყო, ბოლო დღეებს ითვლიდა და მალე ზამთარიც შემოაბიჯებდა. იმ ღამეს წვიმდა და ქარი გულსაკლავად ზუზუნებდა. ძველი, თბილისური ეზოს მეორე სართულის ერთ-ერთი ბინიდან შუქი გამოდიოდა. შუშაბანდის მინებზე წვიმის წვეთები გველებივით იკლაკნებოდნენ. ვიღაცას არ ეძინა და ისიც ამინდივით არეული ელაპარაკებოდა საკუთარ თავს:
-შეიგრძენი აღმაფრენა, ლოლა. შენს სამყაროში მტრედები სვავებს დაუმეგობრდებიან, ბოროტი ძალები ანგელოზებში აირევიან, გვირილები შავ ორქიდეებად გადაიქცევიან, თბილი გულები სისხლის ბოლო წვეთამდე გამოიწურებიან და გაიყინებიან, ჰაერი თავისუფალი გახდება, გრძნობები მსუბუქი, სული სრულყოფილი. შეიგრძენი აღმაფრენა, დაიჭირე სიამოვნების წამები, ეზიარე რეალურ სამყაროს! -იისფერთმიანი, მომღიმარი, შოკოლადისფერთვალება, თხელი გოგონა გადარეულივით დადიოდა ოთახიდან ოთახში მძიმე მუსიკის ფონზე და ღმერთმა უწყის, ალკოჰოლური სასმლით სავსე მერამდენე ჭიქას ცლიდა, -ახლა სრულყოფილი ხარ. შენ ვერავინ და ვერაფერი დაგამარცხებს. იქ მიდიხარ, სადაც ნამდვილი ცხოვრებაა, სადაც სხვებისთვის უსამართლობა, შენთვის კი დიდი სიმართლეა გამეფებული. გამოსცადე ნეტარების წამები, ნახე მუქი ფერებით სავსე სამყარო, სადაც ცეცხლივით ცხელი და ალმოკიდებული, მგზნებარე სიცოცხლე სჩქეფს,-აგრძელებდა ახალგაზრდა, მელოდიას სხეულს აყოლებდა, უხსენებელივით იგრიხებოდა და ისტერიულად იცინოდა.
შორიდან თეთრ სამოსში ჩაცმული დატყვევებულის ხმა ისმოდა:
-აქედან გამომიშვი, ლოლა. გესმის? არ გაქვს უფლება, ასე მომექცე. კარი გამიღე და გამათავისუფლე!- ნერვულად გაჰკიოდა ვიღაც და შეშლილივით აწყდებოდა ცივ კედლებს.
იისფერთმიანი ყურებზე ხელს იფარებდა, თითქოს გაურბოდა შორიდან მოსულ, კარგად ნაცნობ ხმას, რომელიც უკვე თავს აბეზრებდა:
-ახლა ყველაფერი უკეთესად იქნება. ბევრად უკეთესად, ვიდრე ფიქრობდი. ფანჯრიდან გაიხედე, შენთან ზღვა მოსულა. მასზე კი შავი ყვავილები ირწევიან. თეთრი ქაფი გამუქებულა და ბაცი ფერები შთაუნთქავს, თუმცა ღრუბლებს ჯერ ვერ მისწვდომია, იქამდე შორია... -ლუღლუღებდა ძალამიხდილი.
უეცრად, თავი ვეღარ შეიკავა, ალკოჰოლმა სძლია და ძირს დაეცა. კარგა ხანს იყო გონწასულივით გართხმული იატაკზე, სხეულის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა და საკუთარი თავის არსებობას ვეღარ აცნობიერებდა. უცნაური ზმანება ისევ გრძელდებოდა... ხანდახან მკრთალად გაეღიმებოდა და ძლივს ახელდა მილულულ თვალებს, მაგრამ ქუთუთოებზე მოწოლილი სიმძიმე თავისას შვრებოდა და მალევე ახუჭვინებდა.

---
პოლონეთიდან ახლად დაბრუნებულმა ნატა ანდრიადმა გადაწყვიტა ვიკასთვის მიეკითხა. სადარბაზოს კიბეები შლეგიანივით აირბინა და ზარი დარეკა. კარი რომ არავინ გაუღო, ხელებით ატეხა ბრახუნი:
-რა იყო, მოგდევს ვინმე?-გაოცებული სახით გაუღო სააბაზანოდან ახლადგამოსულმა ქალმა კარი და მისაღებ ოთახში შეიპატიჟა.
ნატამ ჩემოდანი შესასვლელში მიატოვა, ხელჩანთა დივანზე მიაგდო და დოინჯი შემოირტყა.
-რა სახე გაქვს? დაჯექი,-უთხრა მეგობარს და სიგარეტის ღერს მოუკიდა.
-საიდან შეიტყო დუდამ ჩემი აბორტის შესახებ?-მკაცრად, მკაფიოდ და ნერვული ტონით ჰკითხა მეგობარს.
-გაიგო? რას მეუბნები?- შეიცხადა ვიკამ.
-მხოლოდ შენ და დეამ იცოდით ამ საიდუმლოს შესახებ, მეტმა არავინ. მას უკვე ვესაუბრე და ყველაფერი გავარკვიეთ. ახლა შენგან ველოდები ახსნა-განმარტებებს.
-ჩემზე ფიქრობ? ხომ არ შეიშალე? მე არავისთვის არაფერი მითქვამს.
-ყველა გზა შენკენ მოდის ვიკა.
-რატომ? იმიტომ, რომ ლევანის შეყვარებული ვიყავი? ჰო, მაგრამ იმ დროს არაფერი ვიცოდი, რომ შენ და ლევანს ერთმანეთის მიმართ ფარული გრძნობები გაგაჩნდათ. ასე, რომ ხელს ჩემკენ ნუ იშვერ.
-ყოველთვის მიკვირდა ლევანის და ჩემი შეუღლების შემდეგ როგორ შეგეძლო ჩემთვის ისევ ისეთი მეგობრობა გაგეწია, როგორც მანამდე. აი, სად ვცდებოდი. თურმე დუდასთან ფარული კავშირები გქონია. ახლაც ახალ-ახალი ინფორმაციით მამარაგებ მასზე. რა ჯანდაბას მიგეგმავთ? ჭკუიდან გინდათ გადამიყვანოთ?
-დაწყნარდი, ღრმად ისუნთქე, ტონს დაუწიე და ისე მელაპარაკე, თორემ მეც მაქვს ნერვები, და ჩემებურად გაგიფრენ.
-მეფიცები, შენი მეგობარი ვარო, ზურგს უკან ინტრიგებს მიხლართავ და კიდევ შენ გამიფრენ?
-საღად იაზროვნე და ცილისწამებას მორჩი!
-საიდან გავიგო, რომ ეს ყველაფერი შენი მოწყობილი არ არის?
-საიდანაც გინდა! სხვათაშორის, უმჯობესი იქნება, დედაშენს დაელაპარაკო.
-დედაჩემი რა შუაშია?
-შუაში კი არა, თავშია, ძვირფასო. კარგად გაიხსენე, შენი და დუდას დაშორების ამბავი თავიდან ბოლომდე მისი დაგეგმილი იყო.
-რას ბოდავ? ის უბრალოდ ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, მეტი არაფერი.
-სულელს ვგავარ? -მწარედ ჩაეცინა ვიკას და სიგარეტის ბოლო საფერფლეს ჩააჭყლიტა.
-რა მინიშნებებით მელაპარაკები?
-ნატა, მე არავისთვის არაფერი მითქვამს და ზუსტად ვიცი, ხვალ-ზეგ ამ სიტყვებისთვის ბოდიშს მომიხდი. მანამდე კი გირჩევ, დედაშენს დაელაპარაკო.
-რაღაც იცი და არ მეუბნები.
-წადი და ესაუბრე!-წარბი აუწია მეგობარს.
-კარგი, რაკი ასეა, მაშინ წავალ,- ქალმა გაწყვეტილი სიტყვები ძლივს წარმოთქვა და კარები გაიკეტა.
ვიკამ კიდევ ერთი ღერი ამოიღო კოლოფიდან, ნიკოტინით გაჟღენთილი კვამლი ფილტვებში ღრმად შეისუნთქა და მოჩვენებითი სიმშვიდით გააბოლა.

***
ანდრიადი თავის თავს აღარ ჰგავდა. არც ლევანის ზარებს პასუხობდა, არც ტექსტურ შეტყობინებებს. მხოლოდ ერთის გარკვევა აინტერესებდა, -საიდან გაიგო გავაშელმა აბორტის შესახებ, რომელიც მხოლოდ ვიკამ და დეამ იცოდნენ, ხოლო სინამდვილე კიდევ უფრო სხვა იყო.
ნახევარ საათში დედამისთან იყო და სიმართლის გარკვევას ცდილობდა:
-დუდას მე ვუთხარი შენი აბორტის შესახებ,-გამოუტყდა ქალი.
-რა?
-ჰო. სხვა გზა არ დამიტოვა, მხოლოდ ამ გზით თუ ჩამოგაშორებდი.
-დუდას კარგად ვიცნობ, დედა. ის ამას, არავითარ შემთხვევაში, ფაქტის გარეშე არ დაიჯერებდა.
-ექიმი მოვისყიდე და შესანიშნავად დაარწმუნა,- კმაყოფილმა მიუგო შვილს. ისე, რომ ნამუსსაც არ შეუწუხებია.
-ჯანდაბა,-ნიკაპი აუკანკალდა ნატას,-ეს რატომ გააკეთე?
-აბა, რა გინდა მეთქვა, გაჩენას აპირებს-მეთქი? მერე სამუდამოდ გადაგეკეტებოდა გზა ლევანის ცოლობაზე.
-სიმართლე უნდა ვუთხრა.
-რა სიმართლე, გოგო? შენ ხომ არ შეიშალე?
-უნდა იცოდეს, რომ ის ბავშვი მკვდარი დაიბადა.
-ენას ამოგაგლიჯავ. ოჯახი გინდა, დაანგრიო?
-სიმართლის ცოდნის უფლება აქვს! ტყუილი იცის.
-ტყუილი იცის თუ სიმართლე, ყველაფერი ჩავლილი ამბავია. არავინ იცის შენი ორსულობის შესახებ. დაგავიწყდა, როგორ გგმალავდით მე და მამაშენი? სირცხვილს აგაცილეთ. ახლა გინდა, რომ ცხოვრება აიწეწო?
-რომელი ცხოვრება, დედა?
-უმადური ადამიანი ხარ! რა არ გაკმაყოფილებს ლევანთან?! ყველაფერი გაქვს.
-ცდები, ყველაფერი არ მაქვს.
-კიდევ რა გინდა, რომ გქონდეს?
-შენ ვერ გაიგებ!-თვალებში ცრემლი ჩაუდგა ნატას.
-იცოდე, შეცდომა არ დაუშვა, თორემ ძალიან ინანებ!
-ვიკამ საიდან იცოდა, რომ დუდას შენ უთხარი აბორტის ამბავი?
-ალბათ, თავად მიხვდა, რომ მე გავაკეთებდი. ვარწმუნებდი, რომ მისულიყო და გავაშელისთვის ეს ამბავი ეთქვა. ვიფიქრე, მას უფრო დაუჯერებდა.
-გასაგებია,-კიდევ მეტად აფორიაქდა ქალი და უკანმოუხედავად წავიდა.

---
დილა თენდებოდა, როცა იატაკზე გაშხლართული ლოლა თავისმა ახლადშეძენილმა მეგობარმა გვანცამ ნახა და საწოლამდე მიყვანაში დაეხმარა:
-ასე თუ გააგრძელე, ვეღარავინ გიშველის. მაგარი დაგერხევა.
-აუ, წადი რა თავს მიხედე,-ლუღლუღებდა ლოლა.
-მომისმინე, ჩიტო. მე ვერ გაცხოვრებ, ჩემი პრობლემებიც მეყოფა, ან დაიწყებ მუშაობას, ან არადა, დაახვევ აქედან!
-რაღაცას მოვიფიქრებ. დამიწყნარდი რა, შენი სარჩენი არ გავხდები.
-ჰოდა ძალიან კარგი. საღამოს ბარში წამოხვალ?
-სად?
-სადაც მე ვმუშაობ. შეხედავ რა, იქნებ უფროსს დაევასო და სამსახურში აგიყვანოს. იკას უნდა შეახსენო, მეტი გზა არაა.
-იკა ვინღაა?
-ჩვენი მენეჯერი.
-აჰ, ჰო, ის დარეხვილი?
-მოდიხარ თუ არა?
-კაი, წამოვალ, ოღონდ ახლა დამასვენე რა, -მობეზრებული ხმით ძლივს უპასუხა და მაშინვე ძილში გადაეშვა.
***
საღამო იყო, როდესაც ქალაქის ცნობილ ღამის ბარში ლოლა გამოჩნდა და შესვლისთანავე არაერთის ყურადღება მიიქცია. მკვეთრი ფერის მაკიაჟი, ამოშავებული თვალები, წარბზე პირსინგი, სამაჯურები, რკალისებური ფორმის დიდი საყურეები, იისფერი თმები, შავი ფერის ტყავის ქურთუკი, მაისური, ჯინსის შორტი, ბადისებური კოლგოტი, მუხლებამდე აზიდული ტყავის მაღალქუსლიანი ჩექმები და ქცევის თავისუფალი მანერები საკმაოდ გამომწვევ იერს აძლევდნენ გოგონას:
-ეს ვინ არის?- ჰკითხა მენეჯერს ბარის ხშირმა სტუმარმა და გოგონა უცნაური მზერით შეათვალიერა.
-არ იკერება, უკვე ვცადე.
-შენ ის მითხარი, ვინ არის?
-გვანცას მეგობარი, დიდი ახვარის ერთია.
-აბა, გვანცა?
-ჩვენი მიმტანი.
-აჰ, გასაგებია.
-აზრი არა აქვს, ტყუილად წაეჩალიჩები, ეტყობა განსაკუთრებულს ეძებს.
-ჰოდა, განსაკუთრებულად მიიღებს,-თვალი ჩაუკრა ბექამ მენეჯერს.
-წარმატებები,-იკამ გაუცინა და მუშაობა განაგრძო.
-გავიცნოთ ლამასო?- ბექა ლოლას მიუახლოვდა და ტუჩები სექსუალურად ენით გაილოკა.
-წადი შენი,-თავისთვის ჩაილაპარაკა და ისეთი იერი მიიღო, ვითომ ვერ გაიგო, რაც უთხრეს. მისთვის თავის არიდება სცადა და წასვლა დააპირა.
-ეი, სად მიდიხარ? -მკლავში სწვდა ბიჭი.
გოგონამ შოკოლადისფერი თვალები დაუბრიალა:
-ხელი გაწიე და სხვა ლამასები ეძებე!
-კომპლექსიანი ხარ, თუ კაცები არ გაინტერესებს?
-შენი საქმე არაა ვინ მაინტერესებს და ვინ არა, გოიმო.
-რა მითხარი? -გადაიხარხარა ბიჭმა.
-რა იყო? აქამდე არავის უთქვამს შენთვის, რომ გოიმი ხარ?
-არა, სხვათაშორის. ჩემთან შედარებით, თავი ძალიან აზრზე მოსული ტიპი გგონია და კაცმა რომ გკითხოს, დროს წინ უსწრებ ხომ?
-მიდი, საქმე ნახე რა.
-ცოტათი მაინც არ დაგევასე?
-ნწ, ოდნავადაც არა,-ბიჭს ხელი გააშვებინა და მენეჯერის მიმართულებით წავიდა.
-გამარჯობა, იკა.
-ოჰ, გაგიმარჯოს.
-დაელაპარაკე შენს უფროსს?
-რაზე უნდა დავლაპარაკებოდი?
ლოლამ თვალები აატრიალა:
-სამსახურთან დაკავშირებით.
-აჰ, სულ აღარ მახსოვდა.
-კაი ერთი,- ნერვიულად გაისწორა თმა და პირდაპირ უფროსის კაბინეტისკენ აიღო გეზი.
- მოიცადე, სად მიდიხარ? აქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია!-გაეკიდა იკა.
-მაშინ შედი და დაელაპარაკე. იცოდე სანამ პასუხს არ მივიღებ, არსად წასვლას არ ვაპირებ! ვიცი, რომ მიმტანი გჭირდებათ.
-რას კისრულობ?
-ისევ დაიწყო,-ამოიღმუვლა ლოლამ.
-ჰო, კარგი, ვიხუმრე, რას კაპასობ?-მიაძახა იკამ და უფროსის კაბინეტში შევიდა.
რამდენიმე წუთში გოგონა ხელმძღვანელის კაბინეტში იყო და სამუშაო გრაფიკს, ანაზღაურებას და დანარჩენ პირობებს უთანხმებდა.
ბარიდან გასული, იმ ღამეს სახლში გვიან შევიდა. კარი შეაღო თუ არა, ქალის და მამაკაცის ოხვრის ხმები მოესმა. გვანცა საყვარელ მამაკაცთან სექსით იყო დაკავებული. ლოლა მაშინვე უკან გაბრუნდა და გარეთ, კართან აიტუზა. ლოდინით რომ დაიღალა, ხის კიბეებზე ჩამოჯდა და დროის გასაყვანად ტელეფონში თამაში დაიწყო. ცოტა ხანში მამაკაცი გამოვიდა, მიესალმა და კიბეებზე ჩავიდა:
-შენ აქ ხარ?-გვანცამ კიბეებზე მჯდომ ლოლას თვალი მოჰკრა და ხალათი გაისწორა.
გოგონა წამოდგა და სიცივისგან გაყინული, ჩქარი ნაბიჯებით შევიდა სახლში:
-სხვა დროს, ვიდრე შენს პარტნიორს აქ მოიყვან, იქნებ იკადრო და წინასწარ გამაფრთხილო ხოლმე, ან კარი მაინც ჩაკეტეთ, ნუ დამაზეპირებინეთ საყვარელი პოზები.
-კაი ერთი.
-ჰო, მართლა, ეს ქირის ფული,-ჯიბიდან ამოიღო და გაუწოდა ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც შუაზე იყოფდნენ.
-ეს ფული საიდან?-გაიკვირვა გვანცამ.
-ხელზე გავმაზე და მოვიგე.
-ჯანდაბა, ისევ იმ „სასტავთან“ იყავი? ხომ გაგაფრთხილე, რომ იმათ არ გაეკარო-მეთქი? როგორ არ გესმის, საშიში ხალხია და შარს აგკიდებენ.
გოგონამ დამცინავი მზერით შეხედა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა:
-დავიჯერო, შენმა „ბარიგა“ შეყვარებულმა წამალი არ დატოვა?
- მერე შენ რა?
-აიღე ეს ფული და მომეცი,-მსხვილი კუპიურები დაუყარა მაგიდაზე.
-ზედმეტი მოგდის. ასე შეჯდები და ვეღარ გადააგდებ.
-შენს თავზე იფიქრე, არ მჭირდება მზრუნველები!
-მე გაგაფრთხილე!-მხრები აიჩეჩა გვანცამ. მერე ლეიბის ქვეშ დამალული ნარკოტიკი გამოიღო და ლოლას ესროლა.

---
სამსახურში მისულმა დუდამ მიმღებში იაკოს ნაცვლად მომუშავე სხვა თანამშრომელი რომ დაინახა, სიბრაზე ვეღარ დამალა:
-უკვე მერამდენედ უნდა ცვლიდე, რა ხდება, გამაგებინებს ვინმე?!
-ბატონო დუდა, იაკოს დედა ჰყავდა ცუდად და ცოტა შეაგვიანდება,-თავი უხერხულად იგრძნო ექთანმა.
-როგორც კი მოვა, გადაეცით, ჩემს კაბინეტში შემოვიდეს!
-უკვე აქ ვარ,-უკნიდან იაკოს ხმა და მისი ქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნი მოესმა გავაშელს.
მამაკაცმა მკაცრად შეხედა და შეუღრინა:
-უკვე ყოველგვარ ზღვარს გადახვედი!
- ბატონო დუდა, მანქანა გამიფუჭდა და...-ნერვიულობისგან ტუჩზე იკბინა იაკომ.
მისმა პასუხმა ორმაგად გაახელა გავაშელი:
-სასწრაფოდ ორივე ჩემთან შემოდით კაბინეტში. დანარჩენს იქ გავაგრძელებთ.
ფერდაკარგული ექთანი დაბნეული სახით წამოდგა და იაკოსთან ერთად ექიმს გაჰყვა:
-ორივემ სხვადასხვა მიზეზი დაასახელეთ, გამოტყდით, რომელი იტყუებით?!-წარბი მკაცრად აუწია თანამშრომლებს გავაშელმა.
-იაკომ მითხრა, რომ დედა ჰყავს ცუდად, მეც ამიტომ გითხარით ასე...-ისევ იგივე გაიმეორა აღელვებულმა ექთანმა და წამოწითლდა.
-თავად სხვა მიზეზი მითხრა, თამარ,-რომელ ერთს დავუჯერო?!
აწითლებულმა ქალმა იაკოს შეხედა და თვალებით რაღაცა ანიშნა.
-იცით რა, ბატონო დუდა, თამარს თქვენთვის ტყუილი არ უთქვამს, დედა მართლაც მყავს ცუდად, მანქანა კი სულ რამდენიმე წუთის წინ გამიფუჭდა. მოკლედ, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ, მეტჯერ არ განმეორდება.
მამაკაცმა ჯერ არაფერი თქვა, მერე თანამშრომლის მორიგ ტყუილს ვეღარ გაუძლო, ნერვებმა უღალატეს და ხმას აუწია:
-არაერთხელ გაგაფრთხილე, სამსახურში ნუ აგვიანებ-თქო! სამწუხაროდ, ამას უკვე სისტემატიური ხასიათი მიეცა და ყველაზე საშინელება ის არის, რომ შენი ტყუილების ამბებში უდანაშაულო ხალხსაც ითრევ. სხვათაშორის, დედაშენმა რამდენიმე წუთის წინ სამსახურში მოგაკითხა, შენზე ძალიან ღელავდა და გეძებდა. დარაჯს ეუბნებოდა, ჩემი შვილი ხომ არ გინახავთ, გუშინ ღამე სახლში არ მოსულა და ძალიან ვნერვიულობო.
იაკოს ენა ჩაუვარდა და თავის მართლებას მორიგი უაზრობით შეუდგა. გავაშელმა მაშინვე სიტყვა გააწყვეტინა:
-ტყუილს და მატყუარებს არავითარი გამართლება არც ჰქონიათ და არც ექნებათ ჩემთვის! როგორც ჩანს, შენი ერთი წუთით გაჩერებაც არ შეიძლება კლინიკაში. ბუღალტერს მიაკითხავ და სათანადო ანაზღაურებას გამოგიწერს. მადლობა თანამშრომლობისთვის და კარგად იყავი,-ამრეზით შეხედა სირცხვილისგან აწურულ იაკოს და მერე თამარს მიუბრუნდა:- შენ კი თამარ, გაფრთხილებას გაძლევ და ვიდრე ვინმეს კუდს მოსწმენდ, გირჩევ, სიმართლე კარგად გადაამოწმო და თავი ისე ჩაიგდო საფრთხეში.
-გასაგებია! -შეიშმუშნა ქალი.
-ორივე თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ, წახვიდეთ.
-ბატონო დუდა, ეს კონვერტი თქვენთვის დატოვეს,-მორიდებით დადო მაგიდაზე თამარმა და იაკოს გაჰყვა.
დუდამ კონვერტი გახსნა და მოსაწვევი ამოიღო, სადაც ძველით ახალ წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ექიმების კორპორატიულ საღამოზე ეპატიჟებოდნენ. ასევე აცნობებდნენ, რომ საღამოს რამდენიმე წარმატებული ექიმის საჯაროდ დაჯილდოვება და მათთვის პრიზების გადაცემაც იგეგმებოდა.

---
-ღმერთო ჩემო, ნეტავ გამაგებინა სად არის ეს გოგო და მეტი არაფერი მინდა,- შეურაცხადს ჰგავდა თეო.
უკვე მესამე კვირა იწურებოდა, რაც მოულოდნელად გაუჩინარებული ნინოს შესახებ არანაირი ინფორმაცია ჰქონდათ ახლობლებს.
- ნერვიულობისგან ყველამ მოსვენება დავკარგეთ,-წუხდა მასთან სტუმრად მყოფი სოფოც.
-ჩემი ბრალია ყველაფერი. მე რომ ის ამბავი არ მეთქვა, შესაძლოა დღეს ჩემი გოგო დაკარგული არ ყოფილიყო.
-რა მოხდა, თეო? აღარ გვეტყვი?-ფერი აღარ ედო ლაშას.
-ძალიან პირადულია და თავად ნინომ უნდა გადაწყვიტოს ამის შესახებ უნდა იცოდეთ, თუ არა. მხოლოდ ერთს გეტყვით, საიდუმლო გავუმხილე, რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
-ასეთი რა საიდუმლო იყო, რომ სახლიდან წავიდა?
-შეიძლება უბრალო დამთხვევაც იყოს, ლაშა და თეოს საუბარი არაფერ კავშირში იყოს მის გაუჩინარებასთან, ჩვენ ხომ არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში?-ამოიოხრა სოფომ.
-იქნებ ჩემი ნათქვამი მართლა არაფერ შუაშია და სხვა რაღაცაშია საქმე? უფ, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო? ლამის არის ჭკუიდან გადავიდე,- ადგილს ვერ პოულობდა თეო.
-საზღვრის კვეთა დაფიქსირებული არ არის. ის მაინც ვიცით, რომ საქართველო არ დაუტოვებია,- დაბალ ხმაზე წარმოთქვა ლაშამ და სევდიანი თვალებით შეხედა ორივეს.
-ცალკე წყნეთის ბავშვთა სახლიდან ეძებენ. დღე არ გავა, რომ არ მოიკითხონ. თურმე ვიღაც დემეტრე, რომელიც რამდენიმე თანატოლის გარდა ხმას არავის სცემდა, სექტემბრის აქეთ ნინოს ისე შეეჩვია, უსაზღვროდ შეიყვარა და ხშირად ესაუბრებოდა კიდეც. მისი შინაგანი მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდებოდა და ბავშვი სიცოცხლეს უბრუნდებოდა. ახლა ისევ საკუთარ თავშია ჩაკეტილი, მძიმედ ავადმყოფობს და აღარც გაკვეთილებს ესწრება.
-საწყალი ბავშვი,-ჩუმად ჩაილაპარაკა ლაშამ.
-ნეტავ ცოცხალი იყოს და აღარაფერს დავეძებ,-ტირილისგან თავი ვეღარ შეიკავა თეომ და ხმამაღლა აქვითინდა.
ლაშამ ვეღარ გაუძლო შექმნილ მდგომარეობას და ცოტა ხნით გარეთ გავიდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ისეთი გმინვით ამოისუნთქა, თითქოს სხეულში დაგროვილი სამი კვირის დარდი ერთიანად ამოაყოლა.

---
ჩაფიქრებული ნატა იმდენად შეყოლოდა სარბენ ბილიკზე ვარჯიშს, ვერ გაიგო, დრო როგორ გასულიყო:
-ლამის ორი საათია მაგ ტრენაჟორზე გიჟივით დარბიხარ. არ დაიღალე მაინც?- გაოცებული უყურებდა ოთახში შესული მაისურაძე მეუღლეს.
ნატას მისი სიტყვები არც გაუგია, ვარჯიშს არ წყვეტდა.
-ნატა!-ხმამაღლა უთხრა მამაკაცმა.
-რა იყო, ლევან? გული გამიხეთქე!- შეშინებული თვალებით შეხედა ქალმა.
-აღარ მორჩები?
-რომელი საათია?
-08:30 , ძალიან მშია, შენ გელოდები,-შეწუხებული სახით შეხედა მამაკაცმა.
-რატომ მელოდები? დაჯექი და ჭამე. მე ჯერ წყალი უნდა გადავივლო,- უხალისოდ უთხრა ნატამ და სარბენი ბილიკი გამორთო.
მაისურაძე მეუღლეს მიუახლოვდა და გაუღიმა:
-რა გინდა, ლევან? რას მიღიმი? -გაეცინა ქალს.
-კარგი იდეა მომივიდა თავში.
-მაინც?
-ერთად ხომ არ მიგვეღო შხაპი და მერე გვევახშმა?
-ნწ, -უარის ნიშნად თავი გაიქნია ნატამ და მეუღლეს ხელიდან დაუძვრა.
მამაკაცი არ დანებდა და აბაზანაში შეჰყვა:
-აუ, ლევან, თუ გინდა, რომ მალე გამოვიდე და მაინცდამაინც ერთად ვივახშმოთ, მარტო დამტოვე.
-არა!-გაჯიუტდა მამაკაცი და ნატას საკოცნელად მიუახლოვდა.
ნატას აშკარად არ სიამოვნებდა ლევანის საქციელი და არც შხაპის ერთად მიღების ძალდატანებითი წინადადება. სახე შეეცვალა და მისი მოშორება დაიწყო:
-შეწყვიტე რა, თავი მტკივა.
-რატომ?
-არ ვიცი, მტკივა და მორჩა!-ცივად უპასუხა ქალმა.
-იცოდე, სულელი არ გეგონო. შენმა თავის ტკივილებმა ხშირი ხასიათი მიიღეს და ძალიან არ მომწონს! -თვალები დაუბრიალა მამაკაცმა.
-ლევან, ახლა არ დაიწყო, გთხოვ. არაფრის თავი მაქვს, ვერც შეგეპასუხები.
-სამსახურში დაშვებული შეცდომები, სახლში უხასიათოდ სიარული, ჩემთან ყოფნის სურვილის დაკარგვა... აღარ მეტყვი რა ჯანდაბა გჭირს?!
-რა უნდა მჭირდეს? რაღაცებს ნუ იგონებ.
-კიდევ მე ვიგონებ?
-ჰო, იგონებ,-ხმას აუწია ქალმა.
-დედაც მოვ..ან! -იღრიალა მამაკაცმა, მთელი ძალით გაიხურა კარები და სიბრაზისგან სახეალეწილი სახლიდან გავარდა.

---
რამდენიმე დღეში ახალი წელი დგებოდა. 31 დეკემბრის საღამოსთვის ბარის მეპატრონეს განსაკუთრებული გეგმა ჰქონდა და მენეჯერის დახმარებით თანამშრომლებს აცნობდა:
-მოკლედ, მუსიკოსების ბენდი აქ დაუკრავს. შესაბამისად, მაგიდების განლაგება უნდა შევცვალოთ. დეკორაციებიც დაგვჭირდება. გოგოებო, ამაში თქვენი იმედი გვაქვს,-ხაზი გაუსვა ბარის მეპატრონემ.
-რაც შეეხება ანაზღაურებას, დატვირთული გრაფიკის გამო, 31 დეკემბრიდან ბედობის ჩათვლით გაორმაგებულ თანხას მიიღებთ,-საუბარში ჩაერთო იკა.
-რომელი ბენდი დაუკრავს?- იკითხა გვანცამ.
-ამას მნიშვნელობა აქვს?- დამცინავი ტონით წარმოთქვა ლოლამ და გვანცას გადახედა,-თქვენ ის მითხარით, რა დეკორაციებია საჭირო და როდის უნდა მოვრთოთ?- საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
გვანცას სახეზე სიბრაზე მოაწვა და წამოწითლდა.
-ბარის შესასვლელში ნაძვის ხეს ავაწყობთ, ხოლო კედლებზე წითელი ბაფთებით გაწყობილი გირლიანდები დაიკიდება, ძალიანაც ნუ გადავტვირთავთ აქაურობას.
-მესმის,-უპასუხა ლოლამ და გაბრაზებულ თანამობინადრეს ჩუმად გადაულაპარაკა:
-გირლიანდებს მე დავკიდებ. აი, შენ კი ნაძვის ხე მორთე. მაინც გიყვარს რაღაცების კირკიტი. ჰოდა, კარგი გასართობი მოგეცემა, მე მაგის ნერვები არ მაქვს.
გვანცამ ისეთი სახე მიიღო, წამიც და ბაყაყივით გასკდებოდა.
-ვინმეს რამე კითხვა ხომ არ გაქვთ?
-მე არაფერი,-უპასუხა ლოლამ.
-გვანცა შენ?
-მაგიდებს სად და როგორ დავალაგებთ?
-მაგას 31 დეკემბრის დილას გადავწყვიტავთ. კიდევ რამე ხომ არ გაინტერესებს?
-სხვა არაფერი, -კბილებში გამოსცრა ლოლაზე გამწარებულმა გოგონამ.
-ძალიან კარგი. მაშინ დეკორაციებზე მუშაობას შეუდექით,- გაუღიმა თანამშრომლებს უფროსმა და თავის კაბინეტში შევიდა.
-ბარის მეპატრონესთან რომ არ დამემცირებინე, სხვანაირად არ შეიძლებოდა?-მიუბრუნდა გვანცა იისფერთმიანს.
-კაცი საქმეზე საუბრობს, ტექნიკურ დეტალებს ვარკვევთ და შენ კითხულობ რომელი ბენდი დაუკრავსო,-ჩაეცინა ლოლას.
-მაინტერესებდა და ვიკითხე. არ შეიძლებოდა?
-ძალიან უადგილო შეკითხვა იყო.
-ლაპარაკს ნუ მასწავლი.
-კარგი, არ გასწავლი, მაგრამ ზედმეტად ცნობისმოყვარე ხარ და ამის გამო ზოგჯერ რაღაცები გეშლება ხოლმე. არაერთხელ შემიმჩნევიხარ.
-საყვედურებს მორჩი და საწყობიდან გირლიანდები გამოზიდე!-სიბრაზისგან თვალებს აბრიალებდა გვანცა.
ლოლას ჩაეცინა და საწყობისკენ წავიდა.

***
თანამშრომლების რამდენიმესაათიანი მცდელობის შედეგად ბარს საახალწლო იერი მიეცა. ძალაუნებურად ამაღლებული განწყობა დაეტყოთ გოგოებსაც, თუმცა ლოლა არ გამოხატავდა, ეს მხოლოდ მის ენერგიულ მუშაობაში აისახებოდა. საღამოს მოსული სტუმრები შესასვლელში მწვანე სათამაშოებით მორთულ თეთრ ნაძვის ხესთან სურათებსაც იღებდნენ და კიდეც აღნიშნავდნენ, რომ ულამაზესი გარემო დახვდათ. ბენდი სტუმრების მოსვლას უცდიდა და ირგვლივ მყოფებს წყნარი მუსიკის ფონს უქმნიდა. ყველაზე მოუსვენარი კლიენტიც გამოჩნდა- ბექა ოდიშარია.
-ჯანდაბა!-მის დანახვაზე თავისთვის ჩაილაპარაკა ლოლამ და მუშაობა გააგრძელა.
ბიჭი ბარისკენ წავიდა, მაღალ სკამზე ჩამოჯდა და ერთი ჭიქა ჯეკ დენიელსი შეუკვეთა. ალკოჰოლის წრუპვა ნელ-ნელა დაიწყო და თან ჩუმად აპარებდა დიდრონ, მწვანე თვალებს იისფერთმიანი ქალბატონისკენ. ლოლა ყურადღებას არ აქცევდა, მშვიდად და აუღელვებლად აგრძელებდა მუშაობას, თუმცა ბიჭის მწველ მზერას ყოველ წუთში ცხადად გრძნობდა. ოდიშარია ამღვრეული თვალებით უყურებდა მის მაღალ, თხელ სხეულს და თვალს ვერ არიდებდა გოგონას ულამაზეს, თავისუფალ მიხვრა-მოხვრას, რომელიც სწრაფი მუშაობის დროსაც კი ძალიან ბუნებრივად გამოსდიოდა და უნებურად კლიენტების ყურადღებას იქცევდა. უმშვენიერესი სახის ნაკვთები ჰქონდა ლოლას. თეთრი და ნაზი სახის კანი, გამომწვევი თვალები, სწორი, თხელი ცხვირი და პატარა, ალუბლისფერი ტუჩები. ენერგიულად დადიოდა მაგიდების რიგებში და მასსავით ცივ სუნამოს სურნელს აფრქვევდა, რომელიც თავისებურად ამოუცნობი და ისეთი იყო, ვერაფრისას შეადარებდი.
-ეს გოგო დღითი-დღე ჭკუიდან მშლის!-ეუბნებოდა მენეჯერს ოდიშარია, იდაყვი ბარის დახლზე ჩამოედო და სახეზე შეწუხებული, თითებით ისრესდა თვალებს.
-ლოლა ბევრს უნდა, ბექა, მაგრამ სად არის? -გაიხუმრა იკამ და ქვედა ტუჩი სასაცილოდ დაბრიცა.
- მე ბევრში არ გავდივარ.
-მაინც არ ეშვები შენსას.
-არა,-თავი გაიქნია ოდიშარიამ და ვისკის მორიგი ჭიქა შეუკვეთა.
მოულოდნელად ბარში არასასურველი სტუმრები გამოჩნდნენ. იქაურობას ბოროტი მზერა მოავლეს და ვისაც ეძებდნენ, ის რომ შენიშნეს, მაგიდასთან ადგილები დაიკავეს.
-Oh, no!-პაკოს და ჩელეს დანახვაზე გვანცამ თვალები გადაატრიალა და ლოლას რაღაც ანიშნა.
როგორც კი ლოლამ ახლადშემოსული სტუმრები დაინახა, ადგილზე გაშეშდა. ტანში შიშის გრძნობამ დაუარა და ყელს მობჯენილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. გოგონას უყურებდნენ და უღიმოდნენ. საშინელი და ძალიან ყალბი ღიმილი ჰქონდა ორივეს. ლოლამ გვანცას სთხოვა, რომ მათ მაგიდას მომსახურებოდა, თავად კი შეეცადა, დანარჩენი კლიენტებისთვის მიეხედა. გვანცა მათ მაგიდასთან მივიდა, მიესალმა, მენიუ დაუტოვა და გამობრუნება დააპირა, როცა უკნიდან პაკოს საზიზღარმა ხმამ შეაჩერა:
-ის აშარაშკა მოეთრეს!
-ამ მაგიდას დღეს მე ვემსახურები.
-ვერ გაიგე, გოგო რა გითხარი?!- საზიზღარი სახით ახედა მიმტანს.
-პაკო, ხმას დაუწიე. ეს ქუჩა არ არის.
- გაიმეორე, რა თქვი?!
მიმტანმა თავი დახარა, აღარ უნდოდა, შეპასუხებოდა. იცოდა, რომ მასთან შელაპარაკება სამსახურის დაკარგვად დაუჯდებოდა და ჩუმად ყოფნა ამჯობინა.
-რასაც გეუბნები, ის გააკეთე! აახვიე ახლა და იმას გადაეცი, მოვიდეს, საქმე გვაქვს.
გვანცა ლოლასკენ წავიდა და პაკოს სიტყვები სიტყვა-სიტყვით გადასცა, თან დაამატა:
-გაფრთხილებდი, რომ მაგათთან საქმე არ დაგეჭირა. ახლა როგორც გინდა, ისე მოიშორე თავიდან. მე ნუ ჩამრევ რა, ძალიან მკ*იდია თქვენი პირადი ამბები და გარჩევები,-სახე დაეღრიჯა გვანცას და გოგონას ზურგი შეაქცია.
-გვანცა, მოითმინე! -უკან დაეწია ლოლა,-დაცვას რომ ვუთხრა?
-რა უნდა უთხრა?
-რომ გვაწუხებენ და ასეთი სიტყვებით მოგვმართავენ.
-კლიენტი ყოველთვის მართალია!-გვანცამ სიმწრით წარმოთქვა, ჩაეცინა და ისევ ზურგი შეაქცია.
ლოლამ ახლადმოსულ სტუმრებთან მისასვლელად და სასაუბროდ თავი შეამზადა და მათი მაგიდისკენ აიღო გეზი:
-გამარჯობა, გისმენთ, რას შეუკვეთავთ?-დაზეპირებული სიტყვები ერთმანეთს სწრაფად მიაყარა და ისე, რომ მათთვის არც შეუხედავს, კალამი მოიმარჯვა და ყურები დაძაბა, რომ რასაც ეტყოდნენ, ჩაენიშნა.
-წაგებული ფული სადაა?!-კბილებში გამოსცრა პაკომ.
-ხომ გითხარით, დრო მჭირდება-მეთქი? აუცილებლად მოვიტან.
-რამდენი დღე მოგეცით? აბა, თუ გახსოვს?-ამრეზით შეხედა ჩელემ. გოგონას მისი ჩახლეჩილი ხმა კიდევ უფრო საზიზღარ მოსასმენად მოეჩვენა.
- სამი დღე.
-ყოჩაღ! მერე? დღეს მერამდენე დღეა?
-მესამე.
-ჰო! საქმეც მაგაშია, რომ დღეს „თავანის“ ჩაბარების ბოლო დღეა.
-სამ დღეში ვერ მოვიტანდი, საკმაოდ დიდი თანხაა.
-ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს.
-ამდენ ხანს სალაპარაკოდ ვერ გაგიჩერდებით, უფლება არ მაქვს. შეუკვეთეთ თუ რამე გინდათ და დანარჩენი ბარის გარეთ ვილაპარაკოთ.
-მუშაობას როდის ამთავრებ?
-სადღაც ოთხ საათში.
-გნახავთ.
პაკომ და ჩელემ ბოროტული მზერა ესროლეს და ბარი დატოვეს. ბექას შეუმჩნეველი არ დარჩენია განვითარებული მოვლენები და გულმა უგრძნო, რომ მათ შორის რაღაც სერიოზული ამბავი ხდებოდა. ამაზე მეტყველებდა ლოლას აფორიაქებული სახეც.

***
ბარი დაახლოებით დილის 04:00 საათისთვის დაიკეტა. მიმტანებმა სამუშაო ფორმა გამოიცვალეს და სახლში წასასვლელად მოემზადნენ. როგორც კი გარეთ გავიდნენ, ლოლას პაკო გადაუდგა:
-ერთი აქეთ გამოდი! არ დამისრულებია შენთან საუბარი.
ლოლამ გვანცა სახლში გაუშვა და თავად ბარის გვერდზე, ქუჩის კუთხეში პაკოს ჩამოუდგა სალაპარაკოდ. ამასობაში ჩელეც გამოჩნდა.
-გისმენ!
-რას მისმენ, გოგო? შენი მოსმენა კი არა, ფული მჭირდება.
-უკვე გითხარით, რომ დრო მჭირდება. სამი ათასი დოლარი სამი ლარი არ არის.
-კაი ერთი, რას მეუბნები? არ ვიცოდი,-სათქმელში ირონია გაურია ჩელემ.
პაკომ იარაღი ამოიღო და გოგონას დაემუქრა:
-მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ხუთ დღეს გაძლევ და არცერთი დღე აღარ გადაცდება დათქმულ ვადას. მოიტან ფულს, ხომ კარგი, არ მოიტან და ამ იარაღით ისე გაგასხმევინებ ტვინს, ხელი არ ამიკანკალდება.
-სულ ორი ტყვია კეფაში და უმტკივნეულოდ მოკვდები,-ნერვიულად გაიკრიჭა ჩელე.
-თუ კარგ ხასიათზე ვიქნები, ეგ მაშინ, ხოლო თუ არ გაგიმართლებს, მსხვერპლთან გართობაც მჩვევია. ჯერ ყურებს დაგაჭრი, მერე შენს გრძელ და ლამაზ თითებს და ასე თამაშ-თამაშით დამახინჯებული გაგიშვებ ამ ქვეყნიდან,-აგრძელებდა პაკო.
ლოლა მის წინ მდგომ არამზადებს უსმენდა და ოდნავადაც არ აღელვებდა მათი სიტყვები. თითქოს შვება იყო, რასაც ისინი ფულის გადაუხდელობის გამო ჰპირდებოდნენ. უტიფრად შესცქეროდა და დროდადრო მათ სიტყვებზე ეღიმებოდა კიდეც.
ამასობაში ბექა გამოჩნდა და განრისხებული სახით მიუახლოვდა გოგონასთან მყოფებს:
-რა ხდება? რატომ აწუხებთ ამ გოგოს?-ახლადმისული მოსაუბრეებს მიუახლოვდა და საუბარში ჩართვა სცადა.
-არაა საჭირო ჩემი დაცვა, ბექა. პატარა ბავშვი არ ვარ! როგორმე მეც მოვახერხებ მათთან საუბარს,-კბილებში გამოსცრა ლოლამ.
-შენ ვინ ჩემი ფეხები გდიხარ?-შეუბრუნდა პაკო ოდიშარიას.
-მისი მეგობარი ვარ.
-ბექა დაგვტოვე!- ხმას აუწია ლოლამ.
-რაშია საქმე? გამარკვიეთ?-არ ცხრებოდა ბიჭი.
-სხვის საქმეში რომ არ უნდა ჩაერიო, ახალი ამბავია?-შეუბრუნდა ჩელე.
-ჩემი მეგობარია-მეთქი და სხვა არ არის ჯერ ერთი და მეორეც, გოგოს ასე არ უნდა ელაპარაკებოდეთ.
- აუ, ჭკუასაც რომ მარიგებს ეს ლაწირაკი. გაა*ვი რა პატარა ბიჭი!-უღრიალა პაკომ.
-ვის ეუბნები ბიჭო?-სახეზე წამოწითლდა ოდიშარია.
-შენ გეუბნები,-თვალები დაუბრიალა პაკომ.
ბექამ ვეღარ მოითმინა და სახეში მუშტი დაარტყა. ცხვირიდან წამოსულმა სისხლმა პაკოს სახე მთლიანად შეუღება. მოთმინება დაკარგა და გამხეცებული გაიწია ბექასკენ:
-შენი ბო*ზი დედა მოვ*ყან! -შეშლილივით ურტყავდა ოდიშარიას ახალგაზრდა მამაკაცი.
არც ჩელე ჩამორჩა და სულ მალე ისეთი ხელჩართული ჩხუბი ატყდა, მთელი ქუჩა ხმაურმა მოიცვა. გარეთ გამოსულმა ხალხმა ძლივს გააშველეს მოჩხუბრები.

---
ერთ პატარა, თეთრად შეღებილ ოთახში ორი ორსართულიანი საწოლი იდგა და თითოეულ საწოლში თითო ბიჭუნა მოთავსებულიყო. უკვე კარგა ხნის დაღამებული იყო და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წესით უნდა სძინებოდათ კიდეც, მაგრამ ერთ-ერთის ხველებას და ხშირ ქოშინს იმდენად მოეცვა იქაურობა, დანარჩენებს მოსვენება დაეკარგათ და აწრიალებულიყვნენ:
-დემეტრე!-ეძახდა ნიკალა, მაგრამ ბიჭი ხმას არ სცემდა.
-ბიჭო, ცუდად ხარ? ამოიღე ხმა,- სიწყნარეში მეორე ბიჭის ხმაც გაისმა, მაგრამ დემეტრე ისევ დუმდა.
ბიჭები სიბრალულით იყურებოდნენ მეგობრის საწოლისკენ და შიშისგან პატარა თვალები ისე დაეჭყიტათ, კაცი იფიქრებდა, ასეთი შეძრწუნებულნი მოჩვენებას უმზერდნენ. ბავშვს კიდევ უფრო ურთულდებოდა სუნთქვა და ჰაერის უკმარისობის გამო, ყოველ ღრმად ჩასუნთქვაზე შეუჩერებლად ახველებდა. ნიკალამ ვეღარ მოითმინა და ოთახიდან გავიდა. ბიჭი დერეფანში ფეხაკრეფით დადიოდა, რომ სხვა ბავშვები არ გაეღვიძებინა და თან გაფაციცებით ეძებდა აღმზრდელს, რომ დემეტრეს გართულებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაეყენებინა.
-ნიკალა, მანდ რას აკეთებ?-გაკვირვებული სახით ახედა პირველი სართულიდან დარაჯმა პიჟამოში ჩაცმულ ბავშვს.
-დემეტრე ცუდად არის,- მოწყენილი სახით მიუგო ხანშიშესულ კაცს ბიჭუნამ.
-რა სჭირს ბიძიკო?
- ვერ სუნთქავს და წარამარა ახველებს.
-კარგი, დაუბრუნდი შენს ოთახს, შევატყობინებ აღმზრდელებს და მიხედავენ.
ბავშვი ოთახში შევიდა, დემეტრეს საწოლთან მივიდა, გაოფლიანებულ ხელზე შეეხო და გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა:
-ცოტაც გაუძელი, მეგობარო. ახლავე მოვლენ და დაგეხმარებიან. უნდა იბრძოლო დემეტრე, სხვა გზა არა გაქვს. გაიხსენე რა გვითხრა ნინო ფსიქოლოგმა:- თუ მოინდომებთ, ყველაფერს შეცვლით და ნებისმიერ სირთულეს დაძლევთო. ჰოდა, რისი გეშინია? ამასაც მოვერევით.
ავადმყოფს ფერი დაჰკარგვოდა და სისუსტეს ისე დაემორჩილებინა, ძალის ნატამალიც არ შერჩენოდა სხეულში. მალე ბავშვთა სახლის თანამშრომელიც გამოჩნდა და დემეტრეს მდგომარეობა, რომ ნახა, მაშინვე სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკა. დანარჩენ პატარებს რომ არ შეშინებოდათ, ბავშვი ოთახიდან გაიყვანეს და ექიმის კაბინეტში გადაიყვანეს.
-დემეტრე, გესმის ჩემი?- ხმამაღლა ელაპარაკებოდა ექიმი პატარა პაციენტს.
ბავშვი ადგილიდან არ იძვროდა, თვალებს ძლივს ახელდა და მაშინვე ხუჭავდა. ექიმმა ტემპერატურა გაუსინჯა, გულს და ფილტვებს მოუსმინა და თავი უიმედოდ გააქნია:
-სავარაუდოდ პნევმონიაა.
სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახებიდან ათ წუთში წყნეთის ბავშვთა სახლთან იყო. ექიმების ბრიგადამ დემეტრეს საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა. ერთ-ერთი აღმზრდელი მათ გაჰყვა. პატარას რენტგენის სურათმა ფილტვების ანთების მძიმე ფორმა აჩვენა, რაც საკმაოდ საშიში იყო ჯანმრთელობისთვის. ბავშვი სასწრაფოდ პალატაში გადაიყვანეს და ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი დაუნიშნეს.

---
დიდხანს იწრიალა ვიკამ ტაშკენტის ქუჩაზე და ყოყმანის შემდეგ მაინც გარისკა, რომ მანქანა გავაშელის საცხოვრებელ კორპუსთან გაეჩერებინა. ნერვიულობდა და ცალი ფეხი უკან რჩებოდა, მაგრამ ჩაფიქრებული ბოლომდე უნდა მიეყვანა და აუცილებლად დალაპარაკებოდა. მეექვსე სართულზე თეთრი რკინის კართან შეჩერდა, გამბედაობა მოიკრიფა და როგორც იქნა ზარის ღილაკს ხელი დააჭირა.
პოპკორნით მომარაგებული დუდა მისაღებ ოთახში სავარძელზე კომფორტულად მოთავსებულიყო და თავს დეტექტიური ჟანრის ფილმის ყურებით ირთობდა, როდესაც კარზე დარეკილმა ზარმა გამოაფხიზლა.
-აბა, მიკი, ვნახოთ ვინ გვესტუმრა,-გვერდზე მწოლიარე ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა და კარის გასაღებად გაემართა.
ძველი მეგობრის დანახვა ცოტა არ იყოს, გაუკვირდა:
-ვაჰ, ვიკა, აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
-არ შემომიშვებ?-გაუღიმა ქალმა.
-მობრძანდი,-გაკვირვებული და თან მომღიმარი სახით შეხედა გავაშელმა.
ვიკამ ძალიან თავისუფლად შეაჭრა მისაღებ ოთახში და დივანზე მოთავსდა.
-რას ინებებთ? ყავა, ჩაი, წვენი?..
-წყალი თუ შეიძლება, ყელი მიშრება.
დუდა სამზარეულოში გავიდა, რომ სტუმრისთვის წყალი მიეტანა. ქალმა ვეღარ მოითმინა, ფეხზე წამოდგა და უკან გაჰყვა:
-კარგად მოწყობილხარ. ბინას ძველი იერი აღარ აქვს, თანამედროვე სტილში გადაგიკეთებია.
-ჭორიკანა, მოასწარი და თვალი მოავლე ხომ ყველაფერს?-ჩაეცინა მამაკაცს.
-ისე, სიმართლე გითხრა, მეგონა შენი გაქანების ადამიანი კორპუსის ბინას აღარ დასჯერდებოდა და საცხოვრებლად საკუთარ სახლში გადავიდოდა.
-ჯერ-ჯერობით ესეც მაკმაყოფილებს.
-თუ მოგწონს და გაკმაყოფილებს, ეგ სხვა ამბავია.
-აბა, გისმენ. რატომ მოხვედი? არა მგონია, აქ ჩემი ბინის რემონტზე სასაუბროდ გამოჩენილიყავი.
-ჰო, კარგად მიცნობ,-უხერხულად გაეღიმა. ერთი ყლუპი წყალი მოსვა და ჭიქა ჟურნალების მაგიდაზე ფრთხილად დადო,- პრობლემა ის არის, რომ არ ვიცი საიდან დავიწყო.
-როცა არ იცი რა თქვა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე სიმართლით დაიწყე! ასე უფრო იოლია.
-შენთან გარიგების დასადებად მოვედი. წინადადება მინდა, შემოგთავაზო.
-გისმენ.
-კარგად მახსოვს, აქედან სამეგობრო წრეზე განაწყენებული წახვედი.
-არ მქონდა მიზეზი?
-ეგ კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა...
-ყველამ მიღალატეთ, სიმართლე დამიმალეთ...
-მე არაფერ შუაში ვარ, დუდა. მეც მოტყუებული დავრჩი.
-მაგრამ ხელი არ გაგინძრევია, რომ შენი და ლევანის ურთიერთობა გადაგერჩინა. არც მე ჩამაყენე საქმის კურსში, რომ შენი შეყვარებული ნატას დასდევდა.
-და ჰქონდა რამეს აზრი?..
-იქნებ ჰქონდა კიდეც? ნატას მე ვუყვარდი და ეს ყველამ კარგად იცოდა.
-მაგრამ რა გამოვიდა? ფულზე გაიყიდა შენი ნატა ანდრიადი და ჩემი და ლევანის ურთიერთობაც დაშალა.
დუდა სახეზე წამოწითლდა, კარადიდან „ბურბონის“ ვისკი გამოიღო და ჭიქაში დაასხა:
-დედამისის ბრალია ყველაფერი. იმან აურია თავ-გზა,-კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
-რა ვიცი, მე ბედნიერები მეჩვენებოდნენ შენს გამოჩენამდე, ამიტომ მათი ურთიერთობისთვის ხელი აღარ შემიშლია...
-აქ რატომ მოხვედი?
-ვიცი, რომ საქართველოში შენი მიზნებით დაბრუნდი.
-მაინც რაზე გაქვს ეჭვი? რა მიზანი უნდა მქონდეს?
-ნატა შენც გიყვარს, ისევე როგორც მას უყვარხარ. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, დუდა. შენ აქ მის დასაბრუნებლად ჩამოხვედი.
-ტყუილია! ანდრიადი დიდი ხანია აღარ მაინტერესებს.
-აი, მე კი ასე არ ვფიქრობ.
-რაღაც ჩაიფიქრე, კარგად გიცნობ, ვიკა და იცოდე, არ გამოგივა. ახლავე გაფრთხილებ.
-ბევრს ნუღარ გავაჯანჯლებთ, დუდა. არ გინდა თავის დაფასება. მე ჩემს ლევანს დავიბრუნებ, შენ კი შენი დიდი ხნის სიყვარული დაიბრუნე.
-შენი დაქალი დიდი ხანია გულიდან ამოვირიცხე.
-არ მჯერა.
-ჩემი პრობლემა არ არის.
-ნუ ბავშვობ, რა.
-არა, სხვათაშორის. ჩემი აქ ჩამოსვლა არავითარ კავშირში არ გახლავს ნატა ანდრიადთან.
-ტყუილად ჯიუტობ.
-სიმართლეს ვამბობ.
-მოკლედ, გარიგება არ შედგა. კარგი, მარტოც არაჩვეულებრივად გავართმევ თავს.
-რაც გინდა, ის გააკეთე. არ მადარდებს არც ლევანის, არც ნატას, არც შენი და არც არავის პირადი ცხოვრება.
-კარგი, ბატონო დუდა. ასე იყოს!- ნაწყენი სახით შეხედა ქალმა და ბინიდან გავიდა.
წარსულის გახსენებით აფორიაქებულმა მამაკაცმა ვისკის ჭიქა გამოცალა და ზიზღნარევი სახით კედელს მთელი ძალით შეალეწა.

---
ატეხილი ჩხუბის გამო, ლოლა სამსახურიდან გამოუშვეს. მიზეზად კლიენტების ერთმანეთზე გადაკიდება და ბარის სახელის გატეხვა დაუსახელეს.
ახალი წლის ღამე დგებოდა. ქალაქი ჯადოსნური წუთების შესახვედრად ემზადებოდა. ზოგი ვახშმისთვის კერძების მზადებაში იყო, ზოგს სილამაზის სალონისთვის მიეშურებინა, ზოგი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს არჩევდა, ზოგი სამსახურში იყო და დილამდე ვერც მოწყდებოდა... ლოლა კი სახლში მარტოდ დარჩენილიყო და ნარკოტიკის მორიგი დოზით გონება ისე გაეთიშა, ჰალუცინაციური ჩვენებების მორიგ ციკლში გადავარდნილიყო. სიცივისგან დაორთქლილ ფანჯრის მინებთან მისულიყო, თავს ძლივს იმაგრებდა, თითებით მრგვალ ფიგურებს ხატავდა და თითოეულს უაზრო გამომეტყველებით შესცინოდა:
-ცოტა ხანიც უნდა მოითმინოთ და ყველაფერი დასრულდება. ჰო, ასეა. მერე ფრთები შეგვესხმევა და ძალიან შორს გავფრინდებით. საოცარ სიმსუბუქეს ვიგრძნობთ და ნეტარებისგან ჰაერში ვინარნარებთ. იქ ვეღარ მოგვწვდებიან. ყველას გავექცევით. ვეღარავინ დაგვინახავს. მხოლოდ მე და თქვენ ვიქნებით.
მოულოდნელად ხის კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. ლოლას არაფერი ესმოდა, თავის სამყაროში გაჭრილიყო და გონებაში გაცოცხლებულ ფიგურებთან აგრძელებდა საუბარს. კარზე ატეხილი ბრაგუნი ოდნავადაც არ აწუხებდა, მხოლოდ დროდადრო მოსული კივილი ურევდა თავგზას:
-გამომიშვი ამ საზიზღარი ოთახიდან, ლოლა. ნუ მმალავ! იცოდე, არ შეგრჩება. ამის გულისთვის ძალიან ინანებ!-გამყინავი ხმით გაჰკიოდა ვიღაც.
-მოკეტე და ჩუმად ეგდე! ხელს ნუ მიშლი, სულელო გოგო! -უბრაზდებოდა ლოლა შორიდან მოსულ ხმას.
კარებზე ბრახუნის ხმა გრძელდებოდა:
-კარი გააღე! ვიცით, რომ სახლში ხარ,-ყვიროდა ორი მამაკაცი.
გოგონას იგივე რეაქცია ჰქონდა. კარისკენ არც კი გაუხედავს.
-იცოდე, შემოვამტვრევთ და ვერ გადაგვირჩები!
ლოლამ მინაზე დახატული ფიგურების წაშლა დაიწყო:
-უნდა დაგმალოთ, არავინ უნდა დაგინახოთ, რომ არსებობთ. სასწრაფოდ წადით აქედან და გვირილებში დაიმალეთ, მეც მალე მოვალ. იქ ვერავინ გიპოვით. ისინიც თქვენსავით თეთრია და ბოროტ თვალებს ყვავილებში აერევით,-გადარეულივით ასუფთავებდა უცნაური გამოსახულების ნახატებს...- ყოჩაღ! კარგები ხართ! როგორი დამჯერი და საყვარლები ხართ. ახლა მშვიდად ვიქნები. არ იჯავროთ, გპირდებით, ისევ მოგაკითხავთ და მერე სულ ერთად ვიქნებით.
ამასობაში პაკომ და ჩელემ ხის ფუყე, ძველი კარი ადვილად შეამტვრიეს და იქვე თითქმის უგონოდ მყოფი ლოლა დაინახეს. სახლიდან ჩუმად გაიყვანეს, რომ არავის დაენახა, მანქანაში ძალით ჩასვეს და სასწრაფოდ მოწყდნენ იქაურობას.

***
რამდენიმე საათში ხელ-ფეხ შეკრულმა გოგონამ გამოფხიზლება დაიწყო. ძილბურანიდან გამოდიოდა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, რომ ადგილსამყოფელი ამოეცნო.
-ოჰ, ლოლას ვახლავართ,- ბოროტი მზერა ესროლა მის წინ მდგომმა პაკომ და ოცდაცამეტივე ნაფოტივით დიდი და ჩაყვითლებული კბილი უშნოდ გადმოყარა.
-აქ როგორ აღმოვჩნდი?- გოგონა ათასგვარი, გამოუყენებელი ნივთით გაძეძგილ სარდაფს თვალს ავლებდა და ცდილობდა, ჯერ კიდევ მღვრიე გამოსახულებები მკაფიოდ გაერჩია ერთმანეთისგან.
-მგონი ის უფრო საინტერესოა, აქ რატომ აღმოჩნდი,-გაიკრიჭა ჩელე.
-სად არის ფული?- კუშტი სახე მიიღო პაკომ და შავი, სქელი წარბები მაღლა აზიდა.
-არ მაქვს, ვერ ვიშოვე,-მოკლედ მოუჭრა ლოლამ და ცდილობდა, თოკით შეკრული ხელ-ფეხი გაეთავისუფლებინა.
-გასაგებია,-პაკომ ნერვიულად აათამაშა ხის სკამზე თითები, მერე წამოდგა და კარგად გალესილი დანა ამოაძვრინა ჯიბიდან. ნათურის შუქი პირდაპირ ეცემოდა ვერცხლისფერ ბასრ ზედაპირს და თვალისმომჭრელად ელვარებდა.
-მე ხომ თქვენთვის არ მითქვამს, რომ არ გადაგიხდიდით? ვიმუშავებ და ნელ-ნელა დავფარავ ვალს. მეტი არაფრის შემოთავაზება შემიძლია.
-მე რომ წამეგო, მაშინვე უნდა გადამეხადა, ასე არ არის?
ლოლა გაჩუმდა.
-შენ რომ წააგე, წლებზე რატომ უნდა გადაგინაწილო?-ბრდღვინავდა ახალგაზრდა მამაკაცი.
-იქნებ დიდი ხანი არც დამჭირდეს და მალე გაგისტუმრო?
-ბარში მუშაობით გინდა, სამი ათასი დოლარის დაფარვა? მანდ მუშაობაში სახე რომც აიხიო, მალე მაინც ვერ გადაიხდი.
-აბა, მაშინ რას მთავაზობთ?
-ჩვენ უკვე აღარაფერს შემოგთავაზებთ. ახლა რაც დაგემართება, შენ თავს დააბრალე,-ახარხარდა პაკო.
-რას მიმზადებთ? უნდა მომკლათ? მზად ვარ. ეგ დიდი ხანია, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ჩემი სიკვდილი ასე ძალიან დაგამშვიდებთ, დამდეთ პატივი და ახლავე გადადით საქმეზე.
-უყურე შენ, ეს რა გაბედული გვყოლია,- ჩაიქირქილა ჩელემ.
-ოჯახის წევრები გყავს?
-რა იყო, გაინტერესებს ჩემი გვამის ძებნას დაიწყებენ თუ არა?-ნერვიულად ჩაეცინა ლოლას.
-რასაც გეკითხები, იმაზე მიპასუხე!-ხმას აუწია პაკომ.
-შენი საქმე არ არის, ვინ მყავს და ვინ არა. ჩვენ რა საქმეზეც ვართ აქ მოსულები, იმაზე ვისაუბროთ და რაღაცაზე შევთანხმდეთ. ასე აჯობებს.
-ნუ მიწვევ, თორემ გპირდები, შავი დღე დაგადგება.
ლოლამ პაკოს ბოროტ თვალებს მზერა გაუსწორა:
-ამოღერღე, რას აპირებ? უკვე ძალიან დავიღალე.
-მიფრთხილდი და ეგ გრძელი ენა გააჩერე, თორემ მოგაჭრი და ხელში დაგაჭერინებ! დაიღალა კიდეც,-კბილებში გამოსცრა და კედლის კუთხეში გულისამრევი ხმით სწრაფად გადაანერწყვა.
-ამაზრზენი!-თავისთვის ჩაილაპარაკა ლოლამ.
-რა თქვი, გოგო?- ჩელე სკამიდან წამოენთო, მიხვდა, რომ მათი მისამართით იყო ნათქვამი.
-არაფერი,-ცალყბად უპასუხა და წებოვანი ლენტით შეკრული ხელების წვალება გააგრძელა, რომ როგორმე გაეხსნა.
-ჩელე, ერთი წუთი გარეთ გამოდი,-დაუძახა პარტნიორს პაკომ.
ბიჭი მორჩილად გაჰყვა.
-მოკლედ, ერთი იდეა მომივიდა. გახსოვს ვალერი?
-ვინ ვალერი?
-თბილისის ძველ უბანში საუნას რომ ამუშავებს.
-ის „სუტინიორი“?
-ჰო. სწორედ ასეთ უპატრონოებს ეძებს და თუ ჭკუით ვიქნებით, ამ გოგოსგან უფრო მეტ მაყუთს ვიშოვით, ვიდრე ვფიქრობდით.
-მოიცა, ტო. ეს გოგო გადავცეთ? რა იცი, რომ უპატრონოა?
-არ ეტყობა, ვინც არის? თან ნუ დაგავიწყდება, რომ ჩვენი ვალი აქვს. ვალერი კი ფულს გადაიხდის და გავსწორდებით.
-მერე ამას რა ბედი ეწევა?
-რა და გართობის და სიამოვნების სულთნად გადააქცევენ. ეტყობა, ნარკოტიკი ისედაც უყვარს. ერთი მაგრად შესვამენ და ყოველი მორიგი დოზის მოლოდინში კლიენტებს კატასავით ისე გაუწვება, როგორც დაგიბარებია.
ჩელე დაფიქრდა და სახე მოეღუშა.
-ახლა არ მითხრა, რომ გეცოდება. ფეხებზე არ გკიდ*ია? ჩვენ ჩვენი მივიღოთ და...-აგულიანებდა პარტნიორს.
-ცოტა ხანიც ხომ არ დავაცადოთ? იქნებ ვალი გადაიხადოს.
- არ გადაიხდის,-თავი გააქნია პაკომ,- ნუ ხარ ეგეთი ჩმორი რა, რის გეშინია? ეს დაუწერელი კანონია, ძმაო. სუსტი ძლიერთან ყოველთვის მარცხდება ცხოვრების ომში. ასეა, ვისაც ძალა აქვს, მასზე შედარებით უმწეოს იჭერს, ბასრი კბილებით ფატრავს, ჭამს და მუდამ დანაყრებულის პოზიციაშია. მგელი უნდა იყო და ყურადღება ძილშიც არ უნდა მოადუნო, ბიჭო, თორემ ზედ ისე გადაგივლიან, წამითაც არ დაფიქრდებიან!
-არ ვიცი, საშიში ხომ არ არის? ციხეში წასვლა ნაღდად არ მინდა, ტო.
-მშვიდად, მეგობარო. ეგ საქმე მე მომანდე,-პაკომ ჯიბეებში თამამად ჩაიწყო ხელები და მზაკვრული გეგმით სარდაფისკენ დაიძრა.

---
საავადმყოფოს თეთრ კედლებში უპატრონოდ დატოვებული ბავშვი მაღალი სიცხისგან ბოდავდა:
-ნინო, სად ხარ? აქეთ წამოდი, მანდ ნუ გადაუხვევ...- წარმოთქვამდა და გამშრალ, დამსკდარ ტუჩებს ენის წვერით ისველებდა.
ბიჭუნას შუბლი შეეკრა და გაურკვეველი სიტყვებით თითქოს ვიღაცას უჯავრდებოდა. მერე შეკრთებოდა და სხეულში დავლილი სიცივისგან ერთიანად ჟრჟოლა უტყდებოდა.
-ხან აციებს, ხან აცხელებს ამ კაცუნას,- ხანშიშესული მორიგე ექიმი შეწუხებული დასცქეროდა დემეტრეს, ოფლით დაცვარულ სახეს წმენდდა და თან თერმომეტრით ტემპერატურას უსინჯავდა.
-ვინ არის? პატრონი არავინ ჰყავს? -გაისმა მეორე საწოლზე მყოფი პატარა გოგონას დედის ხმა.
-ბავშვთა სახლიდან არის. სამწუხაროდ, არავინ ჰყავს.
-საწყალი ბიჭი. ვინმე ნათესავი მაინც მოაკითხავდეს, ყველამ ერთად როგორ მიატოვა?! -შეიცხადა ქალმა.
-არაფერი ვიცი,-მხრები აიჩეჩა ექიმმა და პალატიდან გავიდა.
-ასე როგორ იმეტებენ ამ პაწაწინებს მოსაშორებლად? ღვთისმშობელო მარიამ, შენ გადმოხედე ამ პატარას და დაიფარე ყოველივე განსაცდელისგან,- ლოცვის წიგნით ხელში იჯდა და ბუტბუტებდა ორ პატარასთან დარჩენილი ქალი.
ამასობაში 12:00 საათიც გახდა და გარეთ ცა ფეიერვერკებით განათდა. ფანჯრის იქით მხიარული ხმები და ჟრიამული ისმოდა, ფანჯრის აქეთ კი ვიღაცები სიკვდილს ებრძოდნენ...
---
ახალი წლის ღამეს, ქლოროფორმით გაჟღენთილი ნაჭრით გონწასული ლოლა პაკომ და ჩელემ ვალერისთან მიიყვანეს და დატოვეს, თავად კი ფულით ხელდამშვენებულები გამოვიდნენ შენობიდან:
-ესეც ასე, ერთი სულიერი ახალი წლიდან ახალ ცხოვრებას შეუდგება,- ჩაიხითხითა პაკომ, პარტნიორს კმაყოფილი სახით გადახედა, მანქანა დაქოქა და ადგილიდან გაუჩინარდა.
ოთახი სიგარეტის კვამლის და სასმლის სუნით ისე გაჟღენთილიყო, აუტანელი იყო იქ გაჩერება. არ წყდებოდა მამაკაცების ხორხოცი, სადღეგრძელოები, ნარკოტიკზე და ახალ „ტავარზე“ საუბრები...
-ახალი ნაშაც გაეძრო, რაღა გვიჭირს? -ღლიცინებდა ყველაზე ახალგაზრდა.
-მერე როგორი შხვართია,-ულვაშებში ჩაეცინა მსუქანს.
-კმაყოფილი კლიენტების რიცხვი მოიმატებს და ჩვენი ბიზნესიც კიდევ მეტ მოგებას ნახავს,- თვალები უბრწყინავდა ვალერის და დროდადრო გონწასულ ლოლას ხარბად გადახედავდა ხოლმე.
-ჰა, ამაღამ ახალი წელი რომელმა მივულოცოთ?-საღერღელი აეშალა ახალგაზრდას.
-ჯერ მე და მერე თქვენი იყოს, -ხმას აუწია ვალერიმ და საჩვენებელი თითი ჰაერში ასწია, თითქოს დანარჩენებს ამ ჟესტით აგრძნობინა, აქ უფროსი მე ვარო. მერე მშვიდად განაგრძო ღორის ნეკნების მწვადის ძვლებისგან გამოცლა და ცხიმიან ტუჩებს გემრიელად ილოკავდა.
ცოტა ხანში გოგონამ გონზე მოსვლა დაიწყო და სიგარეტის კვამლით გაბუღულ ოთახში გამოფხიზლება იმდენად არ ესიამოვნა, ხველა აუვარდა.
-მდაა... -მომხიბვლელი ლოლას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა ოდნავ შეზარხოშებულ ვალერის.
-აქ რა მინდა?- ტახტზე მიწოლილი ცუდად მყოფი ფეხზე ადგომას ცდილობდა.
-ლურჯი ნაშა გონზე მოდის,-ამოილაპარაკა ყველაზე მთვრალმა და თვალები მისი მიმართულებით ძლივს გააყოლა.
-ლურჯი ნაშაო? საიდან მოიტანე?-ახითხითდა ერთ-ერთი სუფრაზე მყოფი.
-ვერ უყურებ ამ ძუკნას რა ფერზე აქვს თმები? ბოზ*ის თანამედროვე და ორიგინალური ვერსიაა,- იღრიჭებოდა მამაკაცი.
-აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ? ვინ ხართ?-თავის ტკივილისგან სახეს მანჭავდა ლოლა.
-ყველამ დამტოვოს!-მკაცრად წამოთქვა ვალერიმ და მელოტ თავზე ხელი გადაისვა.
კაცებმა ისევ განაგრძეს ხორხოცი და ერთმანეთს სიტყვებში ჰყვებოდნენ.
-არ გესმით? ყველამ დამტოვოს-მეთქი!- დაიყვირა მელოტმა.
-რა გაყვირებს, ტო? მივდივართ,-აბუზღუნდნენ სუფრის წევრები და წასასვლელად ფეხზე წამოდგნენ.
ლოლა ისევ ძილბურანში იყო და იქ მყოფების სახეებს ერთმანეთისგან ძლივს არჩევდა. მათი როხროხი რამდენიმე წუთში მთლიანად შეწყდა და ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ვალერი დარჩენილიყო სუფრასთან და იისფერთმიანს გასცქეროდა.
-შენ ვინ ხარ?-გაკვირვებული სახით ჰკითხა ლოლამ მამაკაცს.
-მე ვალერი მქვია. დღეიდან ხშირად გექნება საქმე ჩემთან,-ეშმაკურად ჩაეცინა მამაკაცს.
-შენი სახელი არაფერს მეუბნება.
-ეს ჯერ-ჯერობით. სულ მალე გეტყვის, ლამაზო.
-აქ როგორ მოვხვდი, ან ჩემგან რა გინდა?
-გიყიდე.
-რა?
-შენი ვალი გადავიხადე, სამაგიეროდ, როგორც მინდა, ისე მოგექცევი. უკვე ჩემი ხარ!
-მოიცადე, რას ჰქვია მიყიდე?! შენ ნორმალური ხარ? მონათა ბაზარი და ადამიანების ყიდვა-გაყიდვის დრო დიდი ხანია, გადავარდა.
-ჰო, მაგრამ ეს ზოგიერთებისთვის.
გოგონას მწარედ ჩაეცინა. პაკოზე და ჩელეზე გაბრაზებული სახეზე წამოწითლდა და ნერვული კანკალი აუტყდა:
-იმ ორ ღორს გადაეცი, რომ რაც გააკეთეს, არ შერჩებათ! აქედან მივდივარ!
-სად მიდიხარ, გოგო? ვერსად წახვალ!-შესაჩერებლად გაეკიდა მამაკაცი.
-ხელი გამიშვი!-თვალები დაუჭყიტა ლოლამ.
ვალერიმ ხელი ჰკრა, ტახტზე მიაგდო და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. გოგონამ სქელ კისერზე ჩამოკიდებული ოქროს მსხვილი ჯაჭვი და ჯვარი რომ დაინახა, ზიზღით გამოსცრა კბილებიდან:
-ფარისეველო!
-ნუ მებლატავები, პატარა !
-არც გაბედო, საქონელო!-შიშმა დაუარა ლოლას, როდესაც შიშველ დევივით კაცს ახედა და მიხვდა, რომ მისი ხელიდან დასხლეტის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა.
ტახტიდან წამოდგა და კარს მივარდა. ვალერი მკლავებში სწვდა და კედელს მიანარცხა:
-ნუ ფართხალებ! ტყუილად იბრძვი. ვერავინ გიშველის. ამაღამ ჩემი და ჩემი ძმაკაცების ხარ, ხვალიდან უკვე საუნაში ჩახვალ და მუშაობას დაიწყებ, გასაგებია?-იღრიალა მელოტმა.
-მომისმინე,- რა თანხაც იმ ნაბიჭვრებს ჩემში გადაუხადე, კაპიკ-კაპიკ დაგიბრუნებ, ოღონდ აქედან გამიშვი.
-აჰაჰაჰ, დამიბრუნებ, აბა რას იზამ? რა თანხაც შენში ჩავდე, აუცილებლად უნდა ამოვიღო და გადავაჭარბო კიდეც, ოღონდ ერთი განსხვავებით, აქ იმუშავებ!-აგრძელებდა მელოტი.
ლოლა კვლავ შეეცადა წამოდგომას. მამაკაცმა ხელი ჰკრა და ისევ ტახტზე მიაგდო:
-როგორ აღმაგზნებს შენი ლამაზი სხეული და ეს გამომწვევი ტანსაცმელი, მინდა ახლავე შემოგაგლიჯო,- გოგონას ბადე კოლგოტში თავის კოტიტა თითი გამოსდო და ერთიანად შემოაფხრიწა.
-ხელი გამიშვი, მხეცო!- თავზარდაცემული კიოდა ლოლა და მისი დაუფლების სურვილით შეპყრობილ მამაკაცს იგერიებდა.
-წყნარად, გოგონი!-ხელი გაარტყა გავეშებულმა.
იმდენად მძიმე დარტყმა იყო , ლოლას წამით თვალებში ჩაუბნელდა და თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და მის მკერდზე ქონიანი ტუჩების ლოშნით დაკავებულ მამაკაცს ხელზე ისე მწარედ უკბინა, ლამის ხორცი შერჩა პირში. მელოტმა ერთი ამოიღნავლა და ნატკენს დახედა. გოგონამ დრო იხელთა და ისევ კარებს მივარდა. კვლავ დაეწია მამაკაცი და ისევ მთელი ძალით გააწნა სილა:
-ვის უბედავ?!- დაუღრიალა ვალერიმ.
-ნეხვის ჭიას! ფუ, გული მერევა შენზე, -უღრიალა გოგონამაც.
-ახლა გაჩვენებ მე შენ ეს ნეხვის ჭია რაზეა წამსვლელი. მგონი ნამდვილი მამაკაცის გემო არც გინახავს, ისე დაგამუშავებ, ფეხზე სიარული ვეღარ შეძლო! -მელოტს კიდევ უფრო მოემატა მის სხეულზე ვნებების დაცხრომის სურვილი და დორბლიან ტუჩებს ლოლას სახეზე გულის ამრევად დაატარებდა.
გოგონამ სიმწრისგან მოთმინება ისე დაკარგა, ხელში რომ იარაღი სჭეროდა, სულს გააფრთხობინებდა. წყობიდან გამოვიდა, მთელი ძალა მოიკრიბა და ფეხებს შუა მუხლი ძლიერად უთავაზა. დევივით კაცი პატარა ბავშვივით აღმუვლდა. ესეც არ აკმარა, სუფრაზე ხილით სავსე ვაზას ხელი დაავლო და თავზე დაალეწა. მამაკაცი გაითიშა და იატაკზე გაგორდა. ატირებულმა საკეტი გააღო და გარეთ ისე გავარდა, კარგი მწევარიც ვერ დაეწეოდა.

---
ახალი წლის დადგომას ლევანი და ნატა დუბაიში ზეიმობდნენ. ლევანს როგორც ყოველთვის, წინასწარ ჰქონდა ყველაფერი დაგეგმილი და მეუღლის გულის მოგებას „სვაროვსკის“ თვლებით მოჭედილი ულამაზესი კაბით და „შანელის“ მზის სათვალით ცდილობდა:
-ყოველთვის იცი, რაც გამიხარდება, ლევან,-კმაყოფილი აფახულებდა დაგრძელებულ წამწამებს ნატა.
-მიხარია, რომ მოგეწონა,-ტუჩებზე სწვდა მამაკაცი მეუღლეს.
-მოითმინე,-მოფერება შეაწყვეტინა ლევანს,-მეც მაქვს შენთვის საჩუქარი,-თვალი ჩაუკრა და ტანსაცმლის კარადაში გადამალული შეფუთული საჩუქარი გამოიღო.
მაისურაძემ ლურჯად შეფუთულ საჩუქარს დახედა და ინტერესით დაუწყო გახსნა:
-ვაჰ, ნატა. შენ აღარ ხუმრობ, - გაოცებული შესცქეროდა შვეიცარიულ საათს მაისურაძე.
-მოგეწონა?
-ჰეჰ, შენ როგორ ფიქრობ?-მამაკაცმა საჩუქარი მაჯაზე მოირგო და საყვარელ ქალს გახარებული, ვნებიანად უკოცნიდა სახეს.

***
ამასობაში ვიკას სულაც არ ედღესასწაულებოდა, მარტო დამჯდარიყო ცარიელ მაგიდასთან, ნერვიულობისგან მთელი კოლოფი შოკოლადის ასორტი შეეჭამა და ლევანის და ნატას დუბაიში გამგზავრებით დაბოღმილი ალკოჰოლით სავსე ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. გულმა ვეღარ მოუთმინა და ანდრიადის მობილურის ნომერი აკრიფა.
ცოლ-ქმარი სიყვარულის ქარცეცხლში გახვეულიყვნენ, როდესაც ნატას ტელეფონი აწკარუნდა.
-არ უპასუხო,- ჩურჩულით უთხრა ლევანმა, მაგრამ ქალი არ დაემორჩილა.
-გისმენ, ვიკა,-გაეღიმა ნატას.
-ახალ წელს გილოცავ, ძვირფასო,-მეორე მხრიდან ვიკას ხმა გაისმა.
-მეც გილოცავ, ჩემო კარგო.
ლევანი მაინც არ შორდებოდა ნატას და მის მოფერებას განაგრძობდა. ქალი ცდილობდა, მამაკაცს მკლავებიდან გაძვრომოდა.
-რას შვებით? გულაობთ დუბაიში?
-ჰო, არ ვიმსახურებთ?
ვიკას ანდრიადის სიტყვებზე სიბრაზე მოაწვა, მაგრამ თავს იკავებდა, რომ არ გამოემჟღავნა:
-იცი ახლა გავაშელი სად იმყოფება?
-სად?
-რესტორანში ერთობა და შენი ნატა ანდრიადი სულ ცალ ფეხზე ჰკი*დია.
-არ მჯერა.
-მინდა გითხრა, თავს მშვენივრად გრძნობს და სხვათაშორის, ქალებიც ბუზებივით ახვევია, ჩემო ლამაზო.
ანდრიადს გული შეეკუმშა.
-რა იყო, რატომ გაჩუმდი? არ გესიამოვნა?
- შენ საიდან იცი სად არის და რა სიტუაციაშია?
-ნუ გავიწყდება, კარგი ინფორმატორები მყავს.
-ხვალ დაგირეკავ და ვილაპარაკოთ.
-კარგი. ჰო, მართლა, არ დამავიწყდეს, ლევანს გადაეცი, რომ მასაც ვულოცავ და ამ წელს ყველა სურვილის და ოცნების ახდენას ვუსურვებ.
-გადავცემ.
-Adios Amigos! თქვენი სადღეგრძელო იყოს.
-ნახვამდის,-ქალი უხასიათოდ დაემშვიდობა მეგობარს და ტელეფონი უღიმღამოდ ტუმბოზე მიაგდო.
-რა სახე გაქვს?- გაუკვირდა ლევანს, როდესაც აღელვებულ ცოლს შეხედა.
-არაფერი, გავაგრძელოთ, ლევან,- ნაძალადევად გაიცინა და მამაკაცს გაავებული პანტერასავით დააცხრა.

---
გადარეულივით მირბოდა ლოლა ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში და სულს ძლივს ითქვამდა. ხშირი სუნთქვისგან ფილტვები ისე სტკიოდა, მთელ სხეულზე მოსდებოდა და უჭიმავდა. სისხლის შხუილი ყურში ჩაესმოდა და მძაფრი შეგრძნებები გონებას უბინდავდნენ. რამდენიმე წუთის წინ მომხდარი, კადრებივით თავში უტრიალებდა და გულის რევის შეგრძნება უძლიერდებოდა. აღარც მანქანების სიგნალი ესმოდა, ვეღარც ანთებული ფარების სინათლეს ხედავდა, არც ქუჩაში მოსიარულე, სადღესასწაულო განწყობაზე მყოფ ხალხს იმჩნევდა, ისევ უკანმიუხედავად გარბოდა და ცდილობდა, საშინელ სინამდვილეს რაც შეიძლება, შორს გაქცეოდა. უცებ, მტკვრის სანაპიროზე აღმოჩნდა, მოძრავ მანქანებს გიჟივით შეერია და ბოლოს მთელი ძალით შეასკდა მოაჯირს. მდინარე მშვიდად, მდარედ მიედინებოდა. თითქოს არავის ბედი აღელვებდა, არავის ცოდვაში ჰქონდა ხელი გარეული და თითქოს ათასი გვამის მხილველი და ჩამომტარებელი არავის წინაშე გრძნობდა თავს დამნაშავედ, ალხეინად განაგრძობდა თავის კალაპოტში ყოფნას... გოგონა შეშლილი თვალებით უყურებდა ტალახივით შავ მდინარეს, რომელიც მორიგი მსხვერპლის მოლოდინში კვლავინდებურ სიწყნარეს ინარჩუნებდა. მერე ყველაფერი აირია და ერთმანეთში აიზილა. ახლა მას სხვა ძალები მართავდნენ და გაურკვეველ და საინტერესო სამყაროში გადაჰყავდათ:
-ამ ეკალ-ბარდებს გავარღვევ და მაინც მოვალ, დედა. არ გაბედო და არ შემეწინააღმდეგო! შორიდან გხედავ. მინდა ახლოდანაც დაგინახო და შეგეხო. მამა სად არის? მისი სითბო, გულწრფელი ღიმილი, დინჯი და მშვიდი ხმა მომენატრა. ისიც მანდ არის? ჰო, ალბათ, ისიც მანდ არის. მინდა ორივე შეგიგრძნოთ და თქვენსავით ჰაერივით მსუბუქი გავხდე. აქ ვეღარ ვძლებ, წამიყვანეთ,-ლუღლუღებდა და ცალ ფეხს მოაჯირს იქით დგამდა.

***
დუდა გავაშელი რესტორნიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სრულიად შემთხვევით, მოაჯირს იქით გადასულ ლოლას თვალი მოჰკრა. ზურგით იდგა, პირდაპირ წყალს უყურებდა, ხელები ჯერ კიდევ მოაჯირისთვის ჩაეჭიდა და გადასახტომად ემზადებოდა. სწრაფად გააჩერა მანქანა და მისკენ წავიდა. როგორც კი მიუხლოვდა, ღრმად ამოისუნთქა და თავი სასაუბროდ შეამზადა:
-გოგონა, იცით რომ იდიოტი ხართ?
თითქმის უკვე სხვა სამყაროში გადავარდნილი ლოლა სიტყვა „იდიოტმა“ ისე გამოაფხიზლა, ათი ნაბიჯით დაახევინა სააქაოსკენ. ამღვრეული თვალები ჰქონდა, გული ისევ გამალებით უცემდა და პატარა მკერდი გახშირებული სუნთქვისგან აღმა-დაღმა დაუდიოდა:
-შენღა მაკლდი,-მოკლედ მოუჭრა და ისევ წყალს დახედა.
-თუ გგონია აქ შენი ჭკუის დასარიგებლად მოვედი, ძალიან ცდები.
-ხოდა გაიარე და ხელს ნუ მიშლი.
-ხელს რაში გიშლი? სიკვდილთან შეხვედრაში?
-ჰმ, სიკვდილი...-სიმწრით ჩაეცინა ლოლას,-ვისთვის სიკვდილი და ვისთვის დიდი შვება.
-რომელ შვებაზე ამბობ? სუსტი ნებისყოფის ლაწირაკი ხარ.
-სიტყვები შეარჩიე!-გაბრაზდა გოგონა.
-კარგი ერთი, რას დამიშავებ? საკუთარი თავისთვის ვერ გიპატრონებია,-გავაშელი ცდილობდა, რომ გოგონას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და გამიზნულად არჩევდა ისეთ სიტყვებს, რომლებიც თვითმკვლელობაზე ფიქრს საბოლოოდ მოსწყვეტდა.
-შენ რა იცი, რომ არ ვპატრონობ? რის გაკეთებასაც ვაპირებ, ასე უფრო უკეთესი იქნება ჩემთვის.
-რა? აჰაჰაჰ, არ გამაცინო. მაინც რატომ იქნება უკეთესი? არ მეტყვი?
-სულიერ სიმშვიდეს მოვიპოვებ.
-ასე გაბრაზებული რომ მიდიხარ ამ ქვეყნიდან, სულიერ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებ.
-შენ რა იცი, რომ გაბრაზებული მივდივარ?
-ზედ გეტყობა. ომიდან გამოქცეულს გავხარ,- დუდამ ლოლას დაფლეთილ ტანსაცმელზე გადაიტანა მზერა.
გოგონამ ზედ დაიხედა და შემოგლეჯილ სამოსს თვალი რომ შეავლო, შერცხვა:
-თავი დამანებე რა...
-გინდა, რომ წავიდე?
-ჰო, მინდა.
-რაღაც არ მგონია, რომ ეს სანაპირო კერძო საკუთრებაში იყოს. ჩვეულებრივი გამვლელი ვარ და ღამის მდინარის ხედებით ვტკბები. აქ დგომას ვერავინ დამიშლის.
-მაშინ მოკეტე და დამამთავრებინე, რაც ჩავიფიქრე.
-მიდი, გელოდები. მინდა შენს საცოდაობას ვუყურო, როგორ გადასტყორცნი ახალგაზრდა სხეულს მდინარეში და უმწეო ბავშვივით დაიხრჩობი. მე კი აქ ვიდგები და შენს იდიოტურ ქცევაზე ვიცინებ.
-უმწეო ბავშვი არ ვარ, ძლიერი ვარ.
-მაინც რით ხარ ძლიერი?
-ამასაც გამბედაობა უნდა. ყველას არ შეუძლია ჰადესის საუფლოში თავისით აიღოს ბილეთი და გაემგზავროს.
-აჰაჰაჰ,-ახარხარდა გავაშელი,- მანდ თავისი ნებით მხოლოდ უსუსურები მიდიან, რომლებიც ამ ცხოვრებაში შექმნილ სირთულეებს გაურბიან.
-რა გინდა, რომ თქვა? ესე იგი, მეც უსუსური ვარ?
-აბა, ვინ ხარ?
-არ ვარ უსუსური.
-აბა, დამიმტკიცე.
-როგორ დაგიმტკიცო?
-საკუთარი ნებით, ფეხები მოაჯირს აქეთ გადმოალაგე.
-მერე?
-ჯერ ეგ გააკეთე და დანარჩენს შემდეგ გეტყვი.
გოგონა უსიტყვოდ დაემორჩილა. დუდამ ხელი მიაშველა, რომ დახმარებოდა:
-არაა საჭირო, მე თვითონაც გავართმევ თავს.
-როგორც გინდა,-ხელი გაუშვა გავაშელმა.
-ახლა რას ვაკეთებთ? ვაგრძელებთ დამპალ დედამიწაზე სიარულს და ცხოვრებას?
-ეს „დამპალი დედამიწა“, როგორც თავად მოიხსენიებ, სინამდვილეში არც ისეთი ცუდი პლანეტაა, როგორც შენ გგონია. უბრალოდ მუღამი უნდა დაუჭირო რა. ყველას არ შეუძლია.
ლოლას გაეცინა:
-არ მეგონა დღეს თუ რამეზე გამეცინებოდა. დედამიწას მუღამი როგორ უნდა დავუჭირო? არ მასწავლი?
-თუ კარგად მოიქცევი, გასწავლი,-თვალი ჩაუკრა დუდამ.
-კარგი ტიპი ჩანხარ.
-მადლობა, ვიცი.
ამ სიტყვებზე ისევ გაეცინა გოგონას.
-სად წაგიყვანო?
-არ მინდა, თავად მივხედავ საკუთარ თავს.
-ძალიან ცივა, გაიყინები. მითხარი სად გინდა და მანქანით მიგიყვან.
-სად მინდა? კარგი კითხვაა,-ამოიოხრა ლოლამ.
-სამწუხაროდ, არსად მაქვს წასასვლელი.
გავაშელი წუთით დაფიქრდა:
-დროებით შემიძლია, რომ შეგიფარო. რას იტყვი?
ლოლამ თავი დაუქნია და მანქანისკენ გაჰყვა.
-ჰო, მართლა, სახელის კითხვა დამავიწყდა, რა გქვია?
-ლოლა.
-დუდა გავაშელი,-ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად გოგონას.
ნაცნობი სახელის და გვარის ხსენებაზე ლოლა შეცბა და როგორც კი ლამპიონების სინათლემ გავაშელის სახეს კარგად დაანათა, მისი ნაკვთები გაარჩია და გაოცებისგან პირი დააღო, თუმცა თავად დუდამ ვერ იცნო და ეს ფაქტი ოდნავ ამშვიდებდა.

***
დილის ხუთი საათი ხდებოდა, როდესაც გავაშელმა გასავათებული ლოლა ბინაში მიიყვანა. გოგონამ მაშინვე შეამჩნია, რომ დუდა პედანტი იყო. იქაურობას სისუფთავე და წესრიგი ეტყობოდა. ყველა ნივთი თავის ადგილზე ეწყო:
-ოჰ, ბოქსიორის ჯიშის ძაღლი გყოლია,- აღნიშნა, როდესაც მიკი მიუახლოვდა და ყნოსვა დაუწყო.
-ჰო, უკვე მეოთხე წელია მყავს და ძალიან მიყვარს,-გაეღიმა და ძაღლს მიეფერა.
ლოლა დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა და ერთი სული ჰქონდა, დუდა თავის ოთახს როდის უჩვენებდა, რომ შესულიყო და მოესვენა.
-წამოდი, ეგ გახეთქილი ტუჩი სპირტით დავამუშავოთ და მერე ბინას დაგათვალიერებინებ.
გოგონა უხმოდ დაემორჩილა. რამდენიმე წუთში გავაშელმა სპირტიანი ბამბა ხელში მიაწოდა და სარკესთან მიიყვანა:
-დაიმუშავე!
ლოლამ მადლობა გადაუხადა და სისხლიანი ტუჩები სპირტიანი ბამბით გაისუფთავა. როდესაც სამედიცინო პროცედურა დაამთავრა, გავაშელმა ბინის კუთხე-კუნჭული დაათვალიერებინა. რასაც უხსნიდა, ლოლას გონებაში ნახევარზე მეტი არ შედიოდა, თუმცა არ აგრძნობინებდა და თავაზიანად უღიმოდა. როდესაც ოთახების ნახვას მორჩნენ, გოგონამ შხაპი მიიღო და მაშინვე საწოლზე გაიშოტა. ბალიშზე თავის დადებისთანავე ძილმა წაიღო და მეორე დღეს, შუადღის თორმეტ საათამდე აღარც გაუღვიძია.

***
საღამო ხანი იყო, როდესაც გავაშელი სახლში დაბრუნდა. მისაღებ ოთახში არყის ცარიელი ბოთლი და წაქცეული ჭიქა შენიშნა.
-ჯანდაბა, აქ რა ხდება?-ხმამაღლა იკითხა და ისეთი სახე მიიღო, აშკარად არ ესიამოვნა.
-ოჰ, ჩემი მამა ზეციერიც მობრძანებულა,- ალკოჰოლური სასმლის მორიგი ბოთლით ხელში გამოვიდა ლოლა და გაეღრიჭა.
-ასე გამოთრობა როდის მოასწარი?
-სანამ შენ სახლში არ იყავი.
-წერილი რომ დაგიტოვე, ნახე?
-ვნახე.
-მერე, გაასეირნე ძაღლი?
-უი, ბოდიში,-უხერხულობისგან ხელი პირზე აიფარა და უაზროდ გაიცინა.
-შენი იმედი მქონდა, მაშინ თომას ვთხოვდი,-წარბი ასწია დუდამ.
- თომა ვინღაა?
-კარგი პიროვნებაა. ძაღლის მოვლაში მეხმარება. შენი გულისთვის არ მივეცი დღეს გასაღები, რომ მოულოდნელი გამოჩენით არ შეეშინებინე.
მამაკაცი საძინებელში შევიდა, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა და უცებ იმხელა ხმაზე დასჭექა, ლოლა მისაღებ ოთახში შიშისგან ახტა:
-ამის დედაც! ეს რა ამბავი ხდება აქ?!
-რა ხდება?-გაკვირვებული სახე მიიღო ლოლამ და ბოთლი იატაკზე დადგა.
-მიკის ჩემს ოთახში მოუსაქმია. ერთი შედი, რა სუნი დგას, ტყუილად გენდე!-ყვირილს აგრძელებდა და ძაღლის განავალში ჩადგმულ ფეხსაცმელს იხდიდა.
ლოლა გაფართოებული თვალებით უყურებდა დუდას ფეხსაცმელს, მერე სუნმა შეაწუხა და უცნაურად დაიღრიჯა.
-კარგი, რაც არის, არის. საჭმელი ჭამე?
გოგონამ თავი გაიქნია.
-რატომ?
-რა ვიცი.
-არ გშია?
-არა.
-წადი აბაზანაში, ცივი წყალი შეისხი და შემომიერთდი.
-არ მინდა საჭმელი.
-არც გამოფხიზლება?
-ნწ!
-აუ, ეს ვინ არის?!-ხელები გაშალა განრისხებულმა მამაკაცმა და გვერდულად გახედა კედელზე იდაყვით დაყრდნობილ და მოკონწიალე ლოლას, რომელიც თავს ძლივს იმაგრებდა და თვალებს ძაბავდა.
დუდამ საძინებლის იატაკი გაწმინდა, ფეხსაცმელს ძირი მოურეცხა და სამზარეულოსკენ წავიდა. ლოლა სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა და თვალები დახუჭა. გავაშელმა ივახშმა და საძინებელში ძაღლთან ერთად შევიდა. განტვირთვისთვის ფილმის საყურებლად მოემზადა, როდესაც ნახევრად შიშველი ლოლა თავს დაადგა:
-მადლობა როგორ გადაგიხადო?
-მადლობა რისთვის?
-რომ შემიფარე?
დუდამ გოგონას სხეულს ფეხებიდან თვალი ააყოლა და მზერა თვალებში გაუსწორა:
-განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ,-სერიოზული სახით უპასუხა.
-არაგანსაკუთრებულს?-ლოლამ ტანსაცმლის გახდა დაიწყო.
-არც არაგანსაკუთრებულს.
-ნწ, არცერთი მამაკაცის არ მჯერა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ იმათ რიცხვში არ წერიხარ, ვისაც ჩემთან სექსის სურვილი ჰკლავს. შენც ჩემს გაჟ*მვაზე ფიქრობ, ასე არ არის? მიდი, რაღას უცდი? ნუღარ აყოვნებ.
-შენნაირები არ მაინტერესებს. შეგიძლია ტანსაცმელი ჩაიცვა და მშვიდად იყო.
-ცოიტოფობია გჭირს?
გავაშელს გაეცინა:
-შენთან ერთი წინადადება მაქვს.
-აბა, დაფქვი.
-სანამ აქ იცხოვრებ, მსგავსმა ეჭვებმა რომ არ დაგტანჯონ, ჩემს სამსახურში დაგასაქმებ და ქირას გადამიხდი.
-ეგ როგორ?
-ნახევარ ხელფასს ოთახის ქირის ფასად ჩამოგაკლებ.
-სად მუშაობ? ისიც არ ვიცი,-გაეცინა ლოლას.
-პროფესიით ექიმი ვარ და საკუთარ ონკოლოგიურ კლინიკას ვხელმძღვანელობ.
-ვაჰ, თურმე რამხელა კაცი ყოფილხართ, ბატონო დუდა და მე აზრზეც არ ვიყავი,- სევდიანად გაუღიმა და ოთახიდან შერცხვენილი, ცრემლიანი თვალებით გავიდა.

***
დილით ლოლა ყავის სასიამოვნო სურნელმა გააღვიძა. მალე მის ოთახში ომლეტის გემრიელმა სუნმაც შეაღწია და შიმშილისგან შეწუხებულმა იმხელა ნერწყვი გადაყლაპა, ლამის დაიხრჩო. ფეხაკრეფით გავიდა და ცალი თვალი სამზარეულოში მოფუსფუსე დუდასკენ გააპარა:
-მოდი, რაღას უდგახარ?- მამაკაცმა შორს მდგომი ლოლა შეიპატიჟა.
გოგონა დაუფიქრებლად შეუერთდა.
-ყავას დალევ, თუ ჩაი დაგისხა?
-ლუდი გაქვს?
გავაშელმა მაცივრიდან ჩეხური ლუდი გამოიღო და კათხასთან ერთად მაგიდაზე დაუდგა. ვიდრე უჯრიდან ბოთლის გასახსნელი ამოიღო, ლოლამ დანის პირით უცებ გახსნა და მოიყუდა.
დუდას გასახსნელი ხელში შერჩა და გაეღიმა:
-სხვათაშორის ამით უნდა გაიხსნას,-ხელით ანიშნა გოგონას.
-მაპატიე, ჩვევა მაქვს ასეთი,- თვალი ჩაუკრა და ბოთლი ისევ მოიყუდა.
-მაგ ლუდზე ეს მიდის,-მოლურჯო შეფერილობის ყველი შესთავაზა გავაშელმა.
გოგონამ ცოტა გასინჯა და გემო დაიწუნა:
-ამ საშინელებას როგორ ჭამ?
-ამ საშინელებას „როკფორი“ ჰქვია, ფრანგული წარმოშობის ობიანი ყველია და დელიკატესად ითვლება. არაუშავს, კიდევ რომ შეჭამ, მიეჩვევი.
-არ მესმის, რატომ უნდა მივეჩვიო იმას, რასაც საზიზღარი გემო აქვს?- სასაცილოდ დაბრიცა ტუჩები.
-გახსოვს, სამსახურის შესახებ რომ გელაპარაკე?
-დიახ.
-არ გაინტერესებს რა მოვალეობები გექნება?
-მაინტერესებს.
-რატომ არ მეკითხები?
-მაცალე? ჯერ გუშინდელზე მინდა, დაგელაპარაკო. რაც შენს საძინებელში მოხდა, იმას ვგულისხმობ...
დუდამ სიტყვა გააწყვეტინა და საუბარი ისევ სამსახურის ამბავზე გადაუტანა:
-მოკლედ, ორშაბათიდან მიმღებში დაიწყებ მუშაობას. იქ მოხვალ და ყველაფერში ჩემი თანამშრომელი თამარი გაგარკვევს. ჰო, მართლა იმედი მაქვს, წინამორბედივით უპასუხისმგებლო არ ხარ და პირად ცხოვრებას სამსახურში არ აურევ. გახსოვდეს, რომ ისეთ კოლეგებს ვერ ვიტან, ვინც კლინიკის საქმეებს უგულოდ ეკიდებიან და საერთო საქმეს აზარალებენ.
-ერთი პირობით დავიწყებ მუშაობას.
-პირობასაც მიყენებ? კარგი, გისმენ.
-ოფიციალურად არ გამაფორმოთ და ხელფასი ხელზე მომეცით.
-ოფიციალურად გაფორმებას რას უწუნებ?
-ასეა საჭირო, თუ შევთანხმდებით, ვიმუშავებ.
გავაშელი ერთხანს დაფიქრდა და საუბარი განაგრძო:
-მაგ ტანსაცმლით ვერ იმუშავებ, ავანსის სახით თანხას დაგიტოვებ და რამე წესიერი იყიდე.
-გარეგნობას ვერ შევიცვლი, გამორიცხე, რაც შეეხება ტანსაცმელს, შენი სამსახურის შინაგანაწესს პატივს ვცემ და იქ ყოფნის დროს შეძლებისდაგვარად დავემორჩილები, რადგან ახლა ასე მაწყობს.
-ჰოდა, ძალიან კარგი. სამსახურში უნდა წავიდე და მალე მოვალ. შაბათ დღეს დიდხანს არ ვმუშაობთ ხოლმე. შენ მანამდე საყიდლებზე წადი და რამდენიმე საათში ისევ შევხვდებით ერთმანეთს.
-შევთანხმდით,-გოგონამ კმაყოფილი სახით აიღო დუდას დატოვილი ფული და დაემშვიდობა.

---
საავადმყოფოს დერეფანი ხელჯოხით ძლივს გაიარა და დემეტრეს პალატაში აღელვებული შევიდა. მარტოდ მყოფი ბავშვი რომ დაინახა, გული აუკანკალდა და თვალებში სინანული ჩაუდგა. ფერდაკარგულმა თავსაფარი მოიხსნა და მის საწოლს მიუახლოვდა :
-შენ მოგიკვდი, ბებიკო,-ჩაიჩურჩულა და დანაოჭებულ ლოყაზე ცრემლები ჩამოუგორდა.
სნეულმა ბებია რომ დაინახა, ბაგეები მკრთალად გაეპო და ავადმყოფობასთან ბრძოლით დაღლილი სახე ოდნავ გაუნათდა.
-როგორ ხარ, დემეტრე?
-ექიმმა მითხრა, მალე მორჩები და გაგწერო,-სუსტად წარმოთქვა და ხველა აუვარდა.
-არ ილაპარაკო, ბებია. ჩემთვის შენი ცქერაც საკმარისია, ჩემო გულის მალამო. კარგად იქნები, ავადმყოფობამ ერთი წუთითაც არ შეგაშინოს,-ამშვიდებდა მოხუცი.
დემეტრე თაფლისფერ თვალებს უსიცოცხლოდ ახამხამებდა და ქალს იმედით უყურებდა, რომ ახლა მაინც შეიცოდებდა და სახლში დააბრუნებდა. პალატაში სიჩუმე ჩამოდგა... რამდენიმე წუთში ბიჭის სევდანარევი სიტყვები გულსაკლავად გაისმა:
-ბებიკო, წამიყვანე რა სახლში.
-ახლა არა, ჩემო სიცოცხლე. ოღონდ ამას ნუ მთხოვ, პატარავ.
-არაფერი მინდა, თუ საჭმელი არ გვექნება, მოვითმენ, გპირდები, სიტყვაც არ დამცდება, ოღონდ ბავშვთა სახლიდან წამომიყვანე.
-ასე რატომ მელაპარაკები, იქ ცუდად გექცევიან?
-შენ არაფერი იცი. მე სახლში ყოფნა მირჩევნია,-ნაღვლიანი თვალებით შეხედა ბავშვმა.
გვერდით საწოლზე პატარა გოგონას დედამ ვეღარ გაუძლო ბებია-შვილიშვილის დიალოგს და ოთახი დატოვა...

---
სადარბაზოდან გასულმა ლოლამ ეზოში მყოფების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. მეზობლებმა ერთმანეთს გადახედეს:
-ვინ არის? -უჩურჩულა ერთმა მეორეს.
-ეშმაკმა უწყის,-მხრები აიჩეჩა და გაეღიმა.
-რა თაობაა, ვინ არიან ეს ჩემისები?..-თვალი გააყოლა ხანშიშესულმა მამაკაცმა და გვერდზე გადააფურთხა.
როგორც კი თომამ იისფერთმიანი, უცნაური გარეგნობის გოგო დაინახა, მაშინვე დაედევნა და გაცნობა მოინდომა:
-შენ აქ ვისთან ხარ?
ლოლამ შეხედა და თმააჩეჩილი, მომღიმარი კაცი რომ დაინახა, თავადაც გაეღიმა, მაგრამ პასუხი არ დაუბრუნებია. თომა არ მოეშვა:
-აქ ცხოვრობ, თუ სტუმრად მოხვედი?
-სტუმრად ვარ.
-ვისი სტუმარი ხარ?
-ვაიმე, რამდენ კითხვას სვამ?-შეწუხებული სახით შეხედა გოგონამ.
-გეხვეწები რა, მითხარი რა გქვია?
-ლოლა.
-რა ლამაზი სახელია.
-მადლობა.
-მე თომა ვარ.
-თომა?-გოგონას სახელი ეცნო და დაფიქრდა.
-ჰო, ჰო, თომა ვარ.
-შენც ლამაზი სახელი გქვია.
-მიყვარს ჩემი სახელი. აქ ვისთან ხარ? ეგეც მითხარი რა.
-აღარ დამანებებ თავს?
-მითხარი და დაგეხსნები.
ლოლამ თვალები აატრიალა და მამაკაცი რომ მოეშორებინა, უცბად მიახალა:
-დუდასთან.
-ჩვენ დუდასთან? დუდა გავაშელთან? დუდა ჩემი ძმა არის, -მხიარულად უთხრა კაცმა.
-კარგი, ახლა წადი. ხომ შემპირდი, რომ თავს დამანებებდი?
-ჰო, ჰო, წავალ,-თავს უქნევდა თომა და თან ცქმუტავდა.
-ეგ თმები შენია?
-არა, სხვას მოვპარე.
-გიხდება, არავის ჰგავხარ.
-მადლობა და ნახვამდის, ამ სამარშრუტო ტაქსში უნდა ჩავჯდე,-ხელით მიუთითა მომავალი ტრანსპორტისკენ და მძღოლს ანიშნა, რომ გაეჩერებინა.
-კარგი, კარგი, აღარ მოგაცდენ,- თომამ ალაგ-ალაგ ჩაცვენილი კბილები გადმოყარა და ხელის ქნევით დაემშვიდობა, მერე კუნტრუშით გაუყვა თავის კორპუსისკენ მიმავალ გზას.

***
-შეიძინე, რაც გჭირდებოდა? -ჰკითხა სამზარეულოში მყოფმა დუდამ საყიდლებიდან ახლადდაბრუნებულ ლოლას.
-შენ სულ მანდ როგორ უნდა იყო? დიდი გურმანის ერთი ხარ!
-მერე შენ რა? -ხელსახოცზე ხელების წმენდით გამოვიდა გავაშელი.
-არც არაფერი,-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-რა იყიდე?
-ტანსაცმელი.
-კაი ერთი. ვითომ ვერ გაიგო, რა ვკითხე. აბა, მაჩვენე.
-ბიუსტგალტერებით დავიწყო, ქვედა საცვლებით, თუ?..
-ეგენი შენთვის შეინახე, მორჩი მაიმუნობას და სამსახურისთვის ნაყიდ სამოსს შემახედე.
-არაფერი განსაკუთრებული. შავი მაისურები და შავი ჯინსის შარვლები. სულ ესაა,-ტანსაცმელი პარკიდან ამოიღო და დივანზე გაშალა.
-სხვა ფერი არ არსებობს?
-ეს ფერი მომწონს.
-შენი გადასაწყვეტია, შავს ჩაიცმევ, ყვითელს, თუ წითელს, მაგრამ ამ ჩონჩხის გამოსახულებიან მაისურებით გინდა, რომ კლინიკაში იარო?
-თეთრი ხალათის ქვეშ არაფერი გამოჩნდება. მაკიაჟს რაც შეეხება, სამსახურში თვალებს არ გავიმუქებ. კიდევ რა გაინტერესებს?
-წარბთან პირსინგს რას უპირებ?
-პირსინგს დავიტოვებ.
-ჯანდაბას, -ხელი ჩაიქნია მამაკაცმა,- გშია?
-ისევ ობიანი ყველი უნდა მაჭამო?
-თევზი მოვამზადე თეთრი ღვინის სოუსით, გეპატიჟები.
-კუჭი წითელს მინთებს. ასე, რომ დაგეწვევი.
-კუჭი წითელს უნთებს,-გაიმეორა დუდამ და ოთახისკენ მიმავალ ლოლას გახედა.
-რამე მითხარი?- გასძახა ლოლამ.
-არაფერი, დროზე გამოდი, გელოდები.
-მოვფსამ და მოვალ.
-ღმერთო ჩემო, რა ლექსიკაა?-თავის ქნევით ჩუმად ჩაილაპარაკა და სამზარეულოში შებრუნდა.

***
ორშაბათ დილით დუდა ადრე ადგა და მობინადრის ოთახის კარებთან დასაკაკუნებლად მივიდა, რომ გაეღვიძებინა. მისდა გასაკვირად საძინებლიდან ნივთების ჩხაკა-ჩხუკის ხმა გამოდიოდა. ლოლამ კაკუნის ხმის გაგონებისთანავე გახედა, თურმე უკვე გამზადებულიყო და უცდიდა:
-გეგონა, ჩამეძინა? არც ისეთი უპასუხისმგებლო ვარ, როგორც გგონია,-მძაფრი სუნის სუნამო მის თვალწინ მიიპკურა, მზის სათვალე გაიკეთა და აესვეტა.
-მეც მალე გავემზადები და მანქანით წავიდეთ.
-აქ ვიქნები,-მისაღები ოთახისკენ წავიდა და სავარძელში მთელი ძალით ჩაეზღერთა.
ცოტა ხანში გავაშელის მანქანა კლინიკის ეზოში გაჩერდა. ავტომობილიდან გადასულმა გოგონამ დარაჯის ყურადღება მიიქცია, მაგრამ ლოლა უკვე დიდი ხანია, უცხოებისგან ამგვარ რეაქციას მიჩვეული იყო და კაცის გაოცებული სახე აინუნშიაც არ ჩაუგდია.
-გამარჯობა, ბატონო დუდა,-ღიმილით შეხვდა თანამშრომელი თამარი მამაკაცს და ლოლა არც შეიმჩნია.
-გამარჯობა, თამარ. გაიცანი, ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია, ლოლა.
-აჰ, სასიამოვნოა,-თამარმა ძალით შეინარჩუნა ღიმილი, როდესაც საღეჭი რეზინის ღეჭვით გართულ გოგონას დააკვირდა და ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა.
მანაც გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
-თამარ, თუ შეიძლება იაკოს მოვალეობები აუხსენი. დღეიდან ეს გოგონა გადაიბარებს მის სამუშაოს.
-დიახ, აუცილებლად,-დაეთანხმა ქალი გავაშელს და ლოლას წინ წაუძღვა, რომ სამუშაო წესები და მოვალეობები გაეცნო.
დუდა კაბინეტში შევიდა და ლოლას ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა:
„მაგ საღეჭ რეზინს ძროხასავით ნუ ღეჭავ, თორემ მეშინია, გვერდში რომ გიდგავარ, ყბა არ გამარტყა.“
არც ლოლა ჩამორჩა:
„ჯაჯღანა პაციენტები სხვანაირად როგორ მოვიგერიო? დარწმუნებული ვარ, ბევრი გეყოლება.“
თამარმა ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა. ლოლამ მაშინვე კარგად აუღო ალღო სამუშაოს და იაკოსგან განსხვავებით, პასუხისმგებლობა უფრო მეტ საკითხზე აიღო.

---
დუბაიდან ახლადდაბრუნებულ ნატას ვიკა წინასწარ შეუთანხმებლად სახლში დაადგა:
-ვაჰ, ვიკა?-გაკვირვებული სახით შეხედა ანდრიადმა,-შენ აქ გაუფრთხილებლად არ დამადგებოდი, ახლა რაღა ხდება?
-რა აღარ ხდება, შენ ის თქვი. ლევანი სახლშია?
-ნწ, სადღაც დაპატიჟეს, წასულია.
-ჰოდა, ძალიან კარგი. თავისუფლად ვისაუბრებთ,- პალტო შემოიძრო, იქვე შესასვლელში მიაგდო და კიბეებზე სიარულისგან დაღლილმა ძლივს ამოისუნთქა.
ნატა ელდანაკრავივით ეცა:
-რა ჯანდაბა ხდება, აღარ იტყვი?
-მოკლედ, დუდამ მგონი ვიღაც უცნაური გარეგნობის საყვარელი გაიჩინა. ემოს ჰგავს.
-ემო ვინ არის?
-ემოების ჯგუფი ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა. უცნაური და გამომწვევი ჩაცმულობა ახასიათებთ, უყვართ შავი, ვარდისფერი და იისფერი კონტრასტი. აქვთ პირსინგები, არც ტატუებთან არიან მწყრალად, იკეთებენ ბევრ სამკაულს, უსმენენ მძიმე როკს. ძალიან თავისუფალი ცხოვრების სტილით ცხოვრობენ.
-რა? დუდა და ემო? არ არსებობს, ნუ გადამრიე.
-გინდ გადაირიე, გინდ არა. ასეა და...
-გინდა თქვა, რომ გავაშელის თავში გადატრიალება მოხდა და ახლა ასეთი გოგოები იზიდავს?
-აუ, უნდა ნახო რას ჰგავს- იისფერთმიანი, გაჩეჩილი თმებით...-ახარხარდა ვიკა.
-მდაა, ნეტავ, ცალი თვალით მაინც შემახედა ვინ არის,-საგონებელში ჩავარდა ანდრიადი.
ვიკა სიცილს არ წყვეტდა.
-დარწმუნებული ხარ, რომ მართლა მისი საყვარელია?
-მასთან ცხოვრობს, კლინიკაში დაასაქმა, ყოველ დილით მანქანით მიჰყავს, მეტი რა გითხრა?
-ჰო, მაგრამ ეგ მათ სასიყვარულო კავშირზე არ მიუთითებს.
-ჰო, დაიჯერე მაშინ, რომ მათ შორის არაფერი ხდება.
-ვაჰ, დუდა, დუდა, სულ გადაგიტრიალა ეგ ჭკუა ამერიკამ,-მწარედ ჩაეცინა ანდრიადს და ვიკას კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოაცალა.
-მოვწიოთ?-თვალი გააყოლა ვიკამ.
-ოღონდ აქ არა, აივანზე გამოდი,- გაწიწმატებული ნატა გარეთ გავიდა.

---
უკვე საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც ლოლა სახლში დაბრუნდა და ფეხაკრეფით თავის ოთახისკენ მიიპარებოდა, რომ დუდა არ გაეღვიძებინა, მაგრამ გავაშელს არ ეძინა, წიგნს კითხულობდა:
-ვაჰ, რა გეჩქარებოდა? ეგ არის შენი დაპირება, მიკის დაბანაში მოგეხმარებიო?-გასძახა საძინებლიდან.
გოგონა შედგა და თავისთვის ჩაილაპარაკა: „ღვიძავს, ამის დედაც!“
-რა ვქნა? მეგობრებთან შემოვრჩი,-თავი იმართლა ლოლამ.
-დაჯექი, შენთან საქმე მაქვს.
-რა საქმე გაქვს?
-მოვალ ახლავე, -ხალათი შემოიცვა და საძინებლიდან გავიდა.
-გისმენ,- ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და მის მოსასმენად მოემზადა.
-ბოლოს და ბოლოს შეგიძლია, მითხრა, ვინ ხარ და რა ცხოვრებას ეწევი?
-ძალიან გთხოვ, ჩემს პირად ცხოვრებაში ნუ ჩაერევი.
-მინდა, უკეთესად გაგიცნო, რომ გენდო.
-მე მხოლოდ ზინი მიცნობს, სხვა არავინ. რაც შეგეხება შენ, შეგიძლია, მენდო, ოღონდ რასაც თავად არ გეტყვი, იმაზე მეტს ნუ მომთხოვ.
-ზინი ვინ არის?
-გოგონამ ფეხები ერთმანეთზე გადაიდო და ცალი ფეხი აათამაშა, მზერა კი ჭერს მიაპყრო,- მიახვედრა, ისევ ზედმეტი მოგდისო.
-კარგი, მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამ. რა შეგიძლია, შენს შესახებ მითხრა, რომ ზოგადი წარმოდგენა შემექმნას. აი, თუნდაც ახლა, მითხარი, მეგობრებს შევხვდიო. რას აკეთებ ხოლმე მათთან ერთად, რითი ერთობი და რა გაინტერესებს?
-ჩემი ჭკუის ხალხთან ყოფნა მიყვარს. ხშირად ვიკრიბებით.
-სად?
-მაგას ვერ გეტყვი, საიდუმლოა.
-იქ რისთვის დადიხარ?
-მრისხანება და სიბოროტე რომ შემომელევა, ან პირიქით, თუ ჭარბი რაოდენობით დამიგროვდება, რაღაცით ჩემი ემოციები დავიბალანსო. ეს კი სამყაროს რეალურ ფერებში აღქმაში მეხმარება. კიდევ იმაში, რომ ცოცხლად ხრწნადი ადამიანები მოვიშორო.
-რაღაც უცნაურად საუბრობ. ცოტა საშიში მეჩვენები.
-საშიში არ ვარ. მოდი, ასე ვთქვათ, უბრალოდ საკუთარი თავის დაცვა კარგად შემიძლია.
-ვერ მიგიხვდი, რისგან ან ვისგან იცავ თავს? მაგალითად, რატომ მაშინ ვერ დაიცავი თავი, როცა თავს იკლავდი?
-მაგაში კი ძალიან ცდები. სინამდვილეში, იმ ღამეს, სწორედაც, რომ თავს ვიცავდი და შენ რომ არ გამოჩენილიყავი, ჩაფიქრებულსაც არაჩვეულებრივად დავაგვირგვინებდი, სამუდამოდ გავიქცეოდი აქედან.
-არ მეტყვი, რა მოხდა იმ ღამეს?
-არა.
-კარგი, რა გაეწყობა? არ დაგაძალებ.
ლოლამ კმაყოფილების ნიშნად ტაში დაუკრა. მამაკაცმა მოულოდნელად ხელზე დასერილი ადგილი დაუნახა და ჰკითხა:
-ხელზე რა გჭირს?
-არაფერი.
-რას ჰქვია არაფერი? ჭრილობა გაქვს.
-შემთხვევით დანა მომიხვდა და გამეჭრა, დაი*კიდე, გაივლის.
-დაიმუშავე მაინც, რომ ინფექცია არ შეგეჭრას.
-მივხედავ. კიდევ რამე გინდა, მითხრა?
-ხვალ საღამოს წვეულებაზე ვარ მიწვეული.
-მერე?
-ყველას ორი მოსაწვევი გაუგზავნეს. შეუძლიათ, ვინმე წაიყვანონ.
-რა წვეულებაა?
-ჯანდაცვის სამინისტრო ძველით ახალი წლის ღონისძიებას აწყობს და საუკეთესო ექიმების დაჯილდოვებაც იგეგმება.
-არც იფიქრო, მაგ საქმეში კომპანიონად მე არ გამოგადგები.
-რატომ?
-ეგრეთწოდებულ გლამურულ საზოგადოებაში ტრიალი და სნობებთან ერთად მთელი საღამო ერთი ჭიქა ღვინის წრუპვა ჩემი ცხოვრებისგან შორს არის.
-სულ ცოტა ხანი მაინც წამომყევი, მარტო რომ არ გამოვჩნდე ხალხში.
-მარტო გამოჩენას არაფერი უჭირს, ან სხვა თანამშრომელი წაიყვანე. დარწმუნებული ვარ, უარს არცერთი გეტყვის.
-კარგი რა, რომელს ვთხოვო?
-არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა გოგონამ,-თან მაგ საზოგადოებისთვის შესაფერისი ტანსაცმელიც არ მაქვს.
-მაგაზე უკვე ვიზრუნე.
-რა?
-ჰო, არ მეგონა, თუ უარს მეტყოდი.
-შეწყვიტე ჩემზე ზრუნვა და ისე ნუ მექცევი, თითქოს შენი პატარა ბავშვი ვიყო!
-როდის დაინახე, რომ პატარა ბავშვივით გექცევი?
-არაა საჭირო, ხელი ჩამკიდო და ყველგან მატარო! წადი და გაერთე, მე კი აქ დავრჩები და გპირდები, რომ არაფერს გაგიფუჭებ, დუდა ბიძია,-ბავშვივით ხმა დაიწვრილა და სასაცილოდ წარმოთქვა ბოლო სიტყვები.
-ძალიან ცუდად გაიგე, იქ მხოლოდ თანამშრომლის სტატუსით გეპატიჟები, მეტი არაფერი.
ლოლა ცოტა ხანს დაფიქრდა. მერე, მამაკაცს გახედა და ჰკითხა:
-რა ფერის კაბა მიყიდე? ხომ იცი, ყველანაირ ფერს არ ვიცმევ.
-არ ინაღვლო, შავია.
-მდაა... კარგი, შენგან თავს დავალებულად ვგრძნობ და მხოლოდ ამიტომ წამოგყვები, თორემ იქ გამოჩენა ძალიან მეზარება.
-მოდი კაბას გაჩვენებ,-გავაშელი საძინებელში შევიდა და თეთრი ყუთი გამოიტანა.
როგორც კი კაბას დახედა, მიხვდა, რომ არც ისე იაფი ღირდა:
-დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ საჩუქარს ვიმსახურებ.
-ნება მომეცი, თავად განვსაჯო.
-კარგი, რაკი ასეა...
-შევთანხმდით.
-დიახ. ახლა ნება მომეცი, დავიძინო. ადრე ვარ ასადგომი.
-ჰო, რომ არ დამავიწყდეს. ხვალ სამ საათამდე ვიმუშავებთ. ადრე მოვალთ, რომ მოსამზადებელი დრო გვქონდეს.
-კარგი,-თავი დაუკრა და საძინებლის კარი ცხვირწინ მიუხურა.

***
მეორე დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულმა ლოლამ შავი, ბრჭყვიალა, მოკლე კაბა მოირგო, მისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ფერის მაკიაჟი გაიკეთა და დუდა გავაშელთან ერთად წვეულებაზე წავიდა.
ვიდრე ღონისძიება დაიწყებოდა, ტელევიზიებიდან ახალი ამბის გასაშუქებლად ჟურნალისტები და ოპერატორები მისულიყვნენ და სასტუმროს შესასვლელში ირეოდნენ.
ღონისძიება განსაკუთრებულად ძვირადღირებულ სასტუმროში იმართებოდა. შვიდი საათისთვის მიწვეული სტუმრებიც გამოჩნდნენ. ულამაზესი და დახვეწილი გარემო სადღესასწაულო, ამაღლებულ განწყობას უქმნიდა დამსწრეებს. ნატალია ანდრიადი მეუღლესთან ერთად რამდენიმე წუთის წინ მისულიყო და იქ მყოფებში დუდას ეძებდა. ულამაზესი, მწვანე გიპიურის გრძელი კაბა საოცრად ამშვენებდა მის ლამაზ ტანს. ქერა თმაზე სადღესასწაულო ვარცხნილობა გაეკეთებინა და იმდენად მომხიბვლელად გამოიყურებოდა, თვალს ვერ მოწყვეტდი. ცნობისმოყვარე ხასიათის წყალობით, საუცხოოდ, სმოკინგში გამოწყობილი გავაშელის და მისი კომპანიონის მისვლა არ გამორჩენია. განსაკუთრებულად დააკვირდა ლოლას და მის გამომწვევ გარეგნობაზე გული ლამის აერია.
-დუდა გავაშელო, სადამდე დაცემულხარ, რომ ეს წუწიანი, ორკილოგრამიანი და უსახური გოგო გვერდში დაიყენე,-გაიფიქრა და შამპანური მოწრუპა.
დუდა მეგობრებს მიესალმა და ლოლა თანამშრომლის რანგში წარუდგინა. ყველა გავაშელის ხათრით უღიმოდა და ესაუბრებოდა გოგონას. მათი ყალბი სახეები და ნაძალადევი ღიმილი მისთვის მოსალოდნელიც იყო და ოდნავადაც არც გაჰკვირვებია.
წვეულება მედიკოსების დაჯილდოვებით დაიწყო. „ინოვატორი ექიმის“ ჯილდო გავაშელმა მოიპოვა. სხვათაშორის, არც ლევან მაისურაძის დამსახურებები გამორჩენიათ და „პაციენტთა რჩეულად“ დასახელდა. მედიცინის რამდენიმე სპეციალისტი რეგიონებიდანაც დააჯილდოვეს. ნიჭიერი ექიმების გამოვლენა და პრიზების გადაცემა ყველასთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ნაწილი აღმოჩნდა.
დაჯილდოვების ნაწილის შემდეგ მსუბუქი მუსიკა გაისმა და იქ მყოფები წვეულების მეორე ნაწილზე გადავიდნენ. ლოლა ადგილიდან წამოდგა და მიმტანს ლანგრიდან შამპანურის ფუჟერი ააცალა. ნატა ანდრიადი ირონიული მზერით წინ გადაუდგა, კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა და აგდებით ჰკითხა:
-ვინ ხარ, ან აქ რა დაგკარგვია?
ნატას დანახვაზე გოგონა შეკრთა და ცოტა დაიბნა, მაგრამ ხმა არ გაუცია:
-ახლა თუ მიცნო, საქმე კარგად არ წამივა,-გაიფიქრა და მისთვის თავის არიდება სცადა. ანდრიადმა შეაჩერა და უფრო თამამი სიტყვებით მიმართა:
-შენ გელაპარაკები. არ გესმის? რომელი სოროდან გამოძვერი?
ეს კი აღარ ესიამოვნა, სახე წყრომისგან აენთო და ქალს სასტიკი მზერით მიუბრუნდა:
-ბატონო?
ნატამ ვერ იცნო, ზიზღით შეხედა და უტიფრად გააგრძელა:
-აქ რა გინდა? მისამართი ხომ არ შეგეშალა?
-თუ არ ვცდები, ექიმი უნდა იყო და ხალხთან ურთიერთობა არ უნდა გეშლებოდეს,-ეს ერთი, მერე მეორე- შენი ნაცნობი არ ვარ და რამდენადაც მახსოვს, არც მიზეზი მომიცია, რომ ასე მელაპარაკო.
-კარგი ერთი, შენნაირი გარეგნობის ხალხზე, ასეთი ექლეკტიკის შენობაში აუცილებლად ფეის კონტროლი უნდა არსებობდეს, -ამრეზით შეხედა ქალმა.
-ჩემს გარეგნობას რას უწუნებ?
-სად შენ და სად ჩვენ? აბა, გადახედე, რომელი ერთი გგავს?
-არც ვაპირებ, ვინმეს დავემსგავსო.
-მართლა? არც ქცევის ეტიკეტებზე გსმენია რამე?
ლოლამ თვალები აატრიალა:
-მეც და თქვენც დღის განმავლობაში ერთი მზე გვანათებს, ხოლო ღამე - ზუსტად იგივე მთვარე.
-გინდა ერთი რჩევა მოგცე?
-არა.
-მაინც გეტყვი, თავს მიხედე, თორემ ქუჩიდან შემოპარულ ვირთხას გავხარ. შეიძლება, ძალიან გინდა, მაგრამ ასე ჩვენნაირებს ვერ გაუქაჩავ.
ლოლას მოთმინების ფიალა აევსო, ანდრიადს შეძლებისდაგვარად მშვიდი სახით შეხედა და დასაგესლად მოემზადა:
-დაბალი დონის ქალი რომ ხარ და თავმომწონე ტუტუცი, ეს შენს ზრდილობით სავსე და ამავდროულად უცხო სიტყვებით გაჯერებულ ლექსიკაშიც იგრძნობა. ახლა, რაც შეეხება დანარჩენს, თავი ძალიან ლამაზი ვინმე გგონია, არა? ნწ, სულ ტყუილად,-თითი გააქნია გაცეცხლებულმა გოგონამ და გააგრძელა:- თუ მაგ სილიკონებს და ბოტოქსებს დაგაცლიან და სახეზე წათხაპნულ საღებავებსაც კარგად ჩამოგრეცხავენ, ისეთ ვიღაცას დაემსგავსები, ცრემლების გარეშე ვერავინ შემოგხედავს.
ნატა გამწარდა და კიდევ რაღაცის სათქმელად მოემზადა, როდესაც თავზე დუდა დაადგათ და ლოლას მიმართა:
-ვხედავ, არ იწყენ და ვიღაცების გაცნობაც მოგისწრია.
-უბრალოდ ერთმანეთს ქალური სილამაზის საიდუმლოებები გავანდეთ,- ლოლამ მამაკაცს გაუღიმა და ანდრიადს სალაპარაკოდ შეატოვა.
-რა უთხარი?- წარბი აუწია ქალს დუდამ.
-არც არაფერი, - ანდრიადმა ტუჩები მოპრუწა და ლევანს რომ არ ეეჭვიანა, მისკენ წავიდა.
დარბაზში ქეთათოს „აზას“ მელოდია კლავიშების ნაზი და სულში ჩამწვდომი ბგერებით შემოიპარა. ლოლა კედელს მიეყრდნო, რამდენიმე წუთის წინ მიმტანისთვის ლანგრიდან აცლილი შამპანურით სავსე ფუჟერი ლოყაზე მიედო, თვალები დაეხუჭა და დრამატული სახით ირწეოდა. გავაშელი გოგონას მიუახლოვდა და საცეკვაოდ გაიწვია:
-მაგ ფუჟერს რომ არ ეცეკვო, მგონი არც თუ ურიგო პარტნიორი გყავარ,-თვალი ჩაუკრა და ხელი გაუწოდა.
ლოლამ შოკოლადისფერი თვალები შეანათა და მორჩილად გაჰყვა. ქეთათოს ჰარმონიული და ოდნავ აგრესიული ხმა სასიამოვნოდ ჩაესმოდა და მთელ სხეულში ნელ-ნელა ეღვრებოდა. ყურს უგდებდა სიმღერის თითოეულ სიტყვას და მუსიკას ბოლომდე შეიგრძნობდა. შორს გადამალული, გააფთრებული ადამიანი ცუნამივით მოიწევდა წინ, გარეთ გამოხეთქვას ლამობდა და ლოლას სახეს აკარგვინებდა. აკუსტიკა შენობაში მთელი სიგიჟით ვრცელდებოდა და ყველას თავის აურაში ჰხვევდა. გოგონას გრძნობები ერთმანეთში ერეოდნენ და ქარში აშრიალებული შემოდგომის ფოთლებივით ბგერებს ქაოტურად ერწყმოდნენ.. მოულოდნელად, სახე შეეცვალა და თრთოლა დაიწყო:
-რა გჭირს?-გავაშელმა პარტნიორს ცვლილება უცბად შეამჩნია.
- სიმღერის ტექსტმა და მელოდიამ იმოქმედა,- ძლივს ამოილუღლუღა.
-მე კი მეგონა, ჩემი ბრალი იყო,-ჩაეღიმა მამაკაცს და უხერხულობის გადასაფარად წვერზე ხელი ჩამოისვა.
-შენ რა შუაში ხარ?- გაკვირვებით შეხედა, ცივად ჩამოაცურა მამაკაცის მკვრივ მკლავებზე ხელი და გაუშვა.
-რამე მოხდა?-შუბლი შეკრა გავაშელმა.
-მაპატიე,-სატირლად მოემზადა და შენობიდან გავარდა.
შეწუხებული დუდა უკან დაედევნა.
-ჰმ, იცის ამ ძუკნამ მამაკაცის ყურადღება როგორ მიიქციოს,-კბილებში გამოსცრა ანდრიადმა და მასზე დადევნებულ დუდას თვალი განაწყენებულმა გააყოლა.
აქვითინებული გოგონას ცრემლები გავაშელის გულს ეკალივით მოედო:
-ჩემმა სიტყვებმა თუ იმოქმედეს, ბოდიშს გიხდი.
-არა,-პატარა ბავშვივით ტიროდა და ცხვირსახოცით მალ-მალე იწმენდდა ცრემლებს.
-მაშინ რა მოხდა? სხვამ გაწყენინა?
-არავის უწყენინებია.
-არ მითხრა, რომ მართლა ქეთათომ აგატირა.
-ჰო, მან ამატირა. უბადლო შესრულება იყო, ბრავო. ემოციების ზღვა მოიტანა, სულის სიმებს შეეხო და შეარხია. კლავიშები, ღმერთო... ასე მეგონა, ვიღაცამ ფორტეპიანო ჰაერში აიტაცა და ძირს დაანარცხა. ეს... ეს დედამიწის აივანზე გასვლას ჰგავდა. ასეთი შეგრძნება თუ არ გქონია, ვერ გამიგებ,-ტუჩები უკანკალებდა ლოლას.
-დიდი უცნაური ვინმე ხარ,-ამოიოხრა დუდამ და ჰორიზონტს გახედა.
-სახლში მინდა. შეიძლება, წავიდეთ?
-კი, ბატონო, წავიდეთ. შენ მანქანაში დამელოდე, მეგობრებს დავემშვიდობები, გასახდელი ოთახიდან ჩვენ ქურთუკებს გამოვიტან და მალე დავბრუნდები.
-კარგი,-გოგონა მანქანაში ჩაჯდა და შეეცადა, თავი ხელში აეყვანა და დამშვიდებულიყო.
გზაში არცერთს არაფერი უთქვამს ერთმანეთისთვის. სახლში მისვლისას კი საძინებელში უხმოდ მიმავალ დუდას შეუბრუნდა და მშვიდი ხმით უთხრა:
-ჩათვალე, რომ დღეს ლოლას არ უტირია. ის არასოდეს ტირის.
-აბა, ვინ იტირა?
-იმან, ვინც დღეს წვეულებაზე წამოგყვა და შენთან ერთად იცეკვა.
-და ვინ წამომყვა წვეულებაზე?
-კარგი, დაივიწყე, მაინც ვერაფერს მიხვდები,-ხელი ჩაიქნია და საძინებლის კარი მიიხურა.
-რატომ მეტეორი არ დამეცა იმ დღეს, როცა ეს უცხოპლანეტელი და ამოუცნობი პიროვნება სახლში შემოვიყვანე? როგორ ამწეწა. ეს ვინ არის?!-თავისთვის ჩაილაპარაკა გავაშელმა და მიკისთან ერთად საძინებელში შევიდა.

---
სტუდენტები ლექტორის გარშემო შემომწკრივებულიყვნენ და სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებით შესრულებული საქმის ეფექტურობისა და ეფექტიანობის შესახებ საუბრობდნენ. აკეთებდნენ ღრმა შეფასებებს და მსჯელობდნენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე, თუ ხარვეზით ჩატარებული კვლევითი საკითხების გაუმჯობესებაზე.
-ნინო ისევ არ გამოჩენილა?
-არა, ქალბატონო დალი,-თავი ჩაქინდრა სოფომ.
-ძალიან სამწუხაროა,-აღმოხდა ქალს. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ისევ გააგრძელა:-გოგონებო, დრო აღარ იცდის, აპრილში სადიპლომო ნაშრომის მოსმენა გაქვთ. ყველაფერი თებერვლის ბოლოს, მაქსიმუმ მარტის დასაწყისში უნდა დამთავრდეს, სხვა შემთხვევაში, ვერაფერს მოასწრებთ.
-რას გვთავაზობთ?-შეეკითხა მარიკა.
-თუ ნინოს მეგობარს უწოდებთ და ჯერ კიდევ იმედი გაქვთ, რომ გამოჩნდება და გინდათ, რომ დაეხმაროთ, ერთ-ერთმა მისი გასაკეთებელი უნდა ითავოს. მე მესმის, მუშაობთ, პლუს კვლევით სამუშაოებს ატარებთ, პირადი ცხოვრებაც გაქვთ და ძნელია, მაგრამ მეტი გზა არ არის, გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს.
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს, ვერ გადაეწყვიტათ, როგორ მოქცეულიყვნენ. ბოლოს ისევ სოფომ წამოაყენა ინიციატივა:
-მე შევეცდები, რომ ნინოს კვლევითი სამუშაოები შევითავსო.
-ძალიან კარგი,-გაუხარდა ლექტორს, საქაღალდე გახსნა, გიორგაძის მიერ მიტანილი სამუშაო ფურცლების ასლები მოძებნა და გასაცნობად სოფოს გადააწოდა.
გოგონამ თვალი გადაავლო ნამუშევრებს და ირგვლივ მყოფებს გაუღიმა:
-ნუ გეშინიათ, ნინოს დაკარგვა კვლევას არ შეაფერხებს. მე ვიღებ ჩემს თავზე ყველაფერს და მაქსიმალურად შევეცდები, რომ სამაგისტრო ნაშრომი შედგეს.
-გენდობით,- გაუღიმა ქალბატონმა დალიმ სოფოს, მერე გოგონების ჯგუფს დაემშვიდობა, როგორც ყოველთვის, ოთახიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა და სხვა სტუდენტებთან ერთად, აუდიტორიაში გადაინაცვლა.

--
დუდას ბინაში დაახლოებით ხუთი ემო შეკრებილიყო და მთელი ბინა თავზე დაემხოთ. ნივთები უწესრიგოდ მიეყარ-მოეყარათ, სამზარეულოდან გამოტანილი საჭმლით სავსე ჭურჭელი ალაგ-ალაგ, სადაც მოეწადინათ, იქ დაედოთ. ალკოჰოლის ცარიელი ბოთლები დაელეწათ და მისაღები ოთახის პარკეტზე მიმოებნიათ, ფანჯრები გამოეღოთ და მძიმე როკს ხმამაღლა უსმენდნენ.
ერთ-ერთი მეზობელი ძალიან შეწუხდა და დუდას დაურეკა. გავაშელი სხვა ქალაქში, საქმეზე იმყოფებოდა და როგორც აღმოჩნდა, რაც მის ბინაში ხდებოდა, საქმის კურსში არ იყო. აღელვებულმა ლოლას გადაურეკა, მაგრამ მეგობრებთან ერთად გართულს ზარის ხმა არც გაუგია. კიდევ ბევრჯერ სცადა, მაგრამ პასუხს არავინ სცემდა. ბოლოს მამაკაცს ნერვებმა უმტყუვნეს და შუაღამეს მანქანაში ჩაჯდა და გადარეულივით თბილისის მიმართულებით გაემართა. ძალიან სწრაფად მართავდა ავტომობილს და არც პატრულ-პოლიციელებს უფრთხოდა, რომ თბილისში მალე ჩაეღწია და ვითარებას დროულად გაცნობოდა. გორიდან სულ რაღაც ორმოცდახუთ წუთში დაფარა გასავლელი გზა და კორპუსის ეზოში მანქანა შხუილით შეიყვანა. ბინის აივანს ახედა თუ არა, ღია კარი შენიშნა. იქიდან გამომავალი ხმამაღალი მუსიკის ხმა მთელ ეზოს აყრუებდა.
ბინაში შესული დუდა ლოლას არც შეუმჩნევია. მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა და არაჩვეულებრივად ერთობოდა. გავაშელმა ფანჯრები და კარი დაკეტა, გაცხარებულმა გოგონას მკლავში ხელი ჩაავლო და ცალკე, ოთახში გაიყვანა:
-ვინ მოგცა უფლება, რომ ეს გაურკვეველი არსებები აქ მოგეყვანა?!
-ეს გაურკვეველი არსებები, როგორც შენ უწოდებ, ჩემი მეგობრები არიან.
-რა ამბავში ხართ?!
-დღეს ჩემი დაბადების დღეა და აღვნიშნავთ. რა, არ შეიძლება?
-ჩემთვის არ უნდა გეკითხა?
-აქ არ იყავი.
-საკომუნიკაციო საშუალებები არ არსებობს, არა?
-კაი, ნუ გაატ*აკე რა...
-წესიერად ილაპარაკე და ვიდრე შემირცხვენიხარ შენს მეგობრებთან და ეს მე გამიკეთებია, თავად გაყარე აქედან.
-აუ, არაფრის აზრზე არ ხარ.
-გააკეთე რასაც გეუბნები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ!
-ჰო, კარგი,-ცალყბად უპასუხა ლოლამ, ყვირილით გაიჭრა მისაღებ ოთახში და რატომღაც ინგლისური ტექსტით მიმართა:
-OK, guys. My birthday party is going to end today. Thanks for coming and see you next week.
ემოებმა ყურები ჩამოყარეს, ლოლა გადაკოცნეს, დაემშვიდობნენ და ბინა დატოვეს. როგორც კი გოგონამ მეგობრები წასული დაიგულა, დუდასთან გააგრძელა დაძაბული საუბარი:
-ყოჩაღ! რა გამიკეთე ახლა, ხვდები?
-კიდევ მე ვარ დამნაშავე?-ბრაზი ახრჩობდა გავაშელს,- ბედავ და რამეში მადანაშაულებ?!
-აბა, რა იყო ეს? შლეგიანივით შემოვარდი, მუსიკა გამორთე, კარ-ფანჯრები დახურე და მეგობრები გამაყრევინე.
-შენ გოგო საღად აზროვნებ? იანვარია, გარეთ ორი გრადუსია. რა დროს ფანჯრების და აივნის კარის გაღებაა?
-მუსიკა რას გიშლიდა?
-მუსიკას ისე უნდა მოუსმინო, რომ სხვა არ შეაწუხო. ისე არა, რომ მეზობლები საყვედურებით მირეკავდნენ.
-აჰა, რომელმა ბ*ოზმა ჩამიშვა?
-წესიერად ილაპარაკე-მეთქი!
-თორემ?
გავაშელს სახე სიბრაზისგან ისე ალეწვოდა, თავს ძლივს იკავებდა, მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა.
-პასუხიც არ გაქვს,-გაეცინა გოგონას,-ისეთი ცივი და მოშტერებული თვალებით მიყურებ, თითქოს მორიგი პაციენტის ისტორიას ეცნობოდე. არაფერი შენში საინტერესო არ ზის... გარდა შენი საქმიანობისა, რამეზე ფიქრობ ხოლმე? ადამიანებს ამჩნევ საერთოდ?
-შენ წარმოიდგინე, არაჩვეულებრივად.
-ნწ, თეთრი ხალათის და პაციენტების გარდა, ვერაფერს ამჩნევ. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, ეს ყველაფერი შენთვის ნორმალურია. ვინ იცის, გარშემო ყველას იდიოტად თვლი და ცხვირიც იმიტომ გაქვს მაღლა აწეული. გგონია, რომ ხალხი შენ უნდა გემორჩილებოდეს. სინამდვილეში ერთი უინტერესო ადამიანი ხარ.
-მორჩი?
-დიახ.
-ახლა შეტრიალდი და შებრძანდი შენს ოთახში!
-ისედაც ამას ვაპირებდი. შენს გვერდით თავისუფლად ვერ ვსუნთქავ,-გოგონამ რბილ, სათამაშო „LOL”-ის თოჯინას ხელი დაავლო, გულში ჩაიხუტა და გავაშელს გაეცალა.

***
გათენებისას ლოლა უცხო ქალის საუბარმა გააღვიძა:
-ღმერთო, ჩემო ეს რა უბედურება ხდება აქ? ბატონო დუდა, მშვიდობა გაქვთ?
-კი.
-მთელი ბინა ნაომარ ველს ჰგავს.
ლოლა პიჟამოებით, თვალების სრესვით გავიდა მისაღებ ოთახში და სტუმარს მიესალმა.
-შენი გულისთვის ასე ადრიანად შევაწუხე ეს ქალბატონი. ვალდებული არ არის შენი ნივთებიც ამან აიღოს. ასე, რომ მოკიდე ხელი საჩუქრებს მაინც და ოთახში შეიტანე,-მკაცრი იერით და ტონით უთხრა გოგონას გავაშელმა.
ლოლა დივანზე დაყრილ საჩუქრებთან მივიდა, ყველა ერთად ხელში დაიჭირა და უკმეხი სახით საძინებელში შეიტანა. შეფუთული ყუთები საწოლზე მიყარა და გახსნა დაუწყო. ერთ-ერთმა მათგანმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. პატარა ყუთში ჩადებული ბროლის თოჯინა ამოიღო, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის მოიქცია და შუქზე გახედა. ფიგურა ახლად ამოსულ მზის სხივებს ირეკლავდა და უჩვეულოდ ბრწყინავდა.
-საინტერესოა,- ჩაფიქრებული სახე მიიღო და დიდხანს აკვირდებოდა.

---
ლევანმა უხასიათოდ გაიღვიძა. ლეპტოპი ჩართო და სამსახურის საქმეებს დაუწყო კირკიტი. მთელი კვირის მუშაობისგან დაღლილ ნატას ტკბილად ეძინა და საწოლში ნებივრობას კიდევ კარგა ხანს გააგრძელებდა, რომ არა, მაისურაძის საძინებელში საყვედურით შესვლა:
-გაიღვიძე, საქმე მაქვს. რა ძილქუში დაგატყდა?
-ეს ერთი კვირა დღე მაქვს, დამასვენე რა,- უპასუხა ძილბურანში მყოფმა ქალმა და გვერდი იცვალა.
-საქმე მაქვს-მეთქი, არ გესმის?
-აუ, ლევან, რა საქმე გაქვს ასე ადრიანად? რადგან შენ გღვიძავს, მეც უნდა მეღვიძოს? რა სიბოროტეა?
-იქნებ რა უნდა გითხრა? ფეხებზე გკიდ*ია ხომ? ყოჩაღ!- იყვირა მამაკაცმა და საძინებლის კარი გაიჯახუნა.
-უფ!.. არ შეგარგებს არაფერს!- გაბრაზებული წამოდგა ნატა.
-მითხარი, რა გინდა?-თვალებს ძლივს ახელდა სამუშაო ოთახში ლევანთან შესული ნატა.
-კლინიკის ფინანსური საქმე ძალიან ცუდად მიდის. კიდევ უფრო უარესადაა სიტუაცია, ვიდრე მეგონა.
-რა ხდება?
-რაღა უნდა მოხდეს?! იმ დედააფეთქებულ, ახალ კლინიკაში მიეხვეტებიან პაციენტები. ასე თუ გაგრძელდება, ის ვაჟბატონი მალე მწვერვალზეც ავა და გამარჯვების დროშასაც დაარჭობს.
-გავაშელს და მის კლინიკას გულისხმობ?
-აბა სხვას რომელს, ნატა? თუ თავს იშტერებ?
-ერთგულებიც ბევრი გვყავს, ვინც შენს პროფესიონალიზმს პატივს სცემს და აფასებს.
-მხოლოდ მათი რიცხვი არაფერს მოგვცემს, კლინიკა ხარჯებს ძლივს ფარავს.
-ლევან, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? თათბირზეც ყველა ერთად შევთანხმდით, რომ სიახლეებს დავნერგავდით. ახალი ინვენტარი და აპარატურაც შევუკვეთეთ. მეტი რა გავაკეთოთ?
-არ ვიცი, ძალიან ვნერვიულობ. როგორ ფიქრობ, გაამართლებს? ამხელა ვალი ავიღე, ლამის არის, თავი გამისკდეს.
-შენ ისეთი ჭკვიანი ბიჭი მყავხარ, იცი რასაც აკეთებ.
-იდეები მჭირდება, ძვირფასო. ცარიელი სიტყვები ახლა დიდი ვერაფერი სარგებელია. დაძაბე შენი გამჭრიახი გონება და ჩამოყარე აზრები.
-კარგი, ცოტა ამომასუნთქე და დღეს უცხოური კლინიკების მუშაობის სტილს და ინოვაციურ სვლებს გავეცნობი. საღამოს ვიმსჯელოთ.
-ჯანდაბა, სულ ასე მსუბუქად რატომ უდგები ყველაფერს?
-რა გინდა, ჩხუბის ხასიათზე თუ ხარ, თავიდანვე გეთქვა, რას მიედ-მოედებოდი?
-გესმის საერთოდ რა დღეში შეიძლება, აღმოვჩნდეთ?
-ჰოდა, გითხარი, მაცადე ცოტა ხანს-მეთქი. გონზე მოსვლაც აღარ მაცალო...-ხმას აუწია ანდრიადმა და მეუღლეზე გაცოფებული კაბინეტიდან გავარდა.

---
გუდაურში წასასვლელად გამზადებული დუდა ლოლამ გააჩერა და ჰკითხა, სად აპირებდა წასვლას.
-გუდაურში,-მოკლედ უპასუხა და კარი გააღო.
-შეიძლება, მეც წამოვიდე?
გავაშელმა სერიოზული სახით გახედა:
-რომ წაგიყვანო, შენზე ბავშვივით მზრუნველობაში არ ჩამეთვლება?
-თავად მე მინდა და გთხოვ.
-ძალიან გინდა?
გოგონამ თავი დაუქნია.
-თხილამურებზე სრიალი იცი?
-არა, მაგრამ შენ მასწავლი.
ლოლას პასუხზე მამაკაცს ირონიულად ჩაეცინა:
-ბარემ მითხარი, ინსტრუქტორს ვეძებ და მთელი დღე მე დამითმეო.
-არ წამიყვან?
-წამოდი, ოღონდ გაფრთხილებ, სხვებთან ერთად მივდივარ და წესიერად მოიქცევი!
-არაწესიერად როდის ვიქცევი?
-ხშირად...
-ჰო, კარგი, დამჯერი გოგო ვიქნები,-კარში მდგომს შესცინა და მომზადებას შეუდგა.
-თბილად ჩაიცვი. მე ეზოში დაგელოდები, მანქანას გავათბობ, გაყინული იქნება.
-კარგი,-მხიარულად გამოსძახა ოთახიდან გოგონამ და ღიღინს მოჰყვა.
ეზოში ჩასულ დუდას ბავშვობის მეგობარი შეხვდა და სალაპარაკოდ ჩამოუდგა:
-ამ ბოლო დროს ჩვენს კორპუსში უცნაური გარეგნობის გოგონა რომ გამოჩნდა, შენს ბინაში ცხოვრობს?
-ჰო, -შეიშმუშნა დუდა.
-ვინ არის, ტო? თომამ მითხრა, რომ შენი სტუმარია. მართლა დროებითი სტუმარია, თუ თქვენს შორის რაღაც სხვა ამბავი ხდება?
-არა, დროებითი სტუმარია და არაფერი ხდება.
-მეც ვიფიქრე, სად დუდა და სად ეს საშინელება-თქო... -გაეცინა მამაკაცს.
დუდას არ ესიამოვნა ლოლას შესახებ მსგავსი სიტყვების მოსმენა. ამასობაში, იისფერთმიანი გოგონაც გამოჩნდა და მანქანაში ჩაუხტა. გავაშელი მეგობარს დაემშვიდობა და ეზოს მოწყდა.

***
გუდაურში გადაუღებლად თოვდა. შუადღისთვის გადაიღო და ხილვადობაც უკეთესი იყო. გარშემო ზამთრის სპორტის უამრავი მოყვარული ირეოდა და დიდიან-პატარიანად სათხილამურო ტრასას მიუყვებოდა. დუდა მეგობრებს დროებით დაემშვიდობა და ცოტა ხნით ლოლასთან და ერთ-ერთი მეგობრის მეუღლესთან ერთად ქვევით დარჩა, სადაც თხილამურებზე სრიალის სწავლის მსურველებს ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში მითითებებს აძლევდნენ:
-ახლა, კარგად მომისმინე და მიჰყევი ჩემს ინსტრუქციებს, თორემ რამე რომ დაიშავო, შენთან ერთად მედ-პუნქტებში სიარულის თავი არ მაქვს.
-რა კარგი დასაწყისია, ღმერთმანი,- გაეცინა ლოლას.
-თხილამურების სამაგრები კარგად უნდა დაარეგულირო, ძალიან არ მოუჭირო, თორემ რომ დაეცე, მოტეხილობა არ აგცდება.
-რატომ?
-იმიტომ, რომ დაცემისას სამაგრი არ შეიხსნება.
-აჰ, გასაგებია.
-დაშვებისას სისწრაფე აკონტროლე და ძალიან ჩქარა არ დაქანდე. იმ შემთხვევაში, თუ გრძნობ, რომ ეცემი, მაშინ ჯოხები რაც შეიძლება შორს გადაყარე და თავი ხელებით დაიჭირე, რომ ძლიერად არ დაარტა რამეს.
გოგონა ყურადღებით უსმენდა და თავს უქნევდა.
-თავდაცვით მექანიზმზე საუბარს მოვრჩით. ახლა გადავიდეთ მთავარზე- ჯოხს უკან დაჰკრავ და წინ ინერციით წახვალ. თუ გინდა, რომ მარჯვნივ მოუხვიო, მაშინ იმ მხარეს ხრი ფეხს და ძალა გადაგაქვს მარჯვენაზე, ხოლო მარცხენას ოდნავ შეასუსტებ. იგივე წესი ვრცელდება მარცხნივ მოხვევაზეც. ჰო, მართლა, საითკენაც უხვევ, ჯოხს თოვლში არჭობ საპირისპირო მიმართულებით. ვთქვათ, გაჩერება გინდა, მაშინ თეძოს ოდნავ გააქნევ და გვერდზე შემოტრიალდები, ან მეორე ვარიანტიც არსებობს, რომელიც უფრო გაგიადვილდება. სრიალის სიჩქარეს ანელებ და თხილამურების წვერებს ერთმანეთთან ახლოს მიიტან.
-ამდენს რა დაიმახსოვრებს. შენთან ერთად რომ დავიწყო სრიალი და თან ნელ-ნელა ამიხსნა, არა?
-როგორ ისრიალებ, თუ წესები არ იცი?
-თანდათან გავერკვევი.
დუდა ოდნავ დაქანდა, მერე შეჩერდა და დაბნეულ ლოლას ახედა:
-მოდი, ნუ გეშინია. როგორც აგიხსენი, ჯოხი უკან დაჰკარი და ნელა წამოდი.
გოგონამ გარისკა და დაძვრისთანავე შიშისგან თვალები დახუჭა.
-ლოლა, თვალები გაახილე და წინ იყურე, ვინმეს არ დაეჯახო!
მომატებული სიჩქარე იგრძნო და გახელილი თვალები გაუფართოვდა.
-ნუ იძაბები, მოეშვი და რაც გითხარი, კარგად გაიხსენე,-ეცინებოდა დუდას.
-რა გაცინებს? შენთვის იოლია, როცა იცი, - აკანკალებული ხმით გასძახა მასთან ერთად მოსრიალე მამაკაცს.
რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ, დამწყების კვალობაზე არაჩვეულებრივად სრიალებდა. მერე გაუთამამდა კიდეც და სიჩქარესაც მოუმატა.
-ძალიან ყოჩაღი ხარ! ხომ არ გეწყინება, ჩემი მეგობრის ცოლთან რომ დაგტოვო? ისიც მოყვარულია და ერთად არ მოიწყენთ.
-სად მიდიხარ?
-ცოტა ხნით ზევით ავალ. მანამდე აქ ისრიალე, ჩამოვალ და ამ საღამოსვე დავბრუნდეთ თბილისში.
-დიდხანს მომიწევს მარტო ყოფნა?
-არც ისე. უკვე 15:30 საათი ხდება, მალე შებინდებას დაიწყებს.
-კარგი, წადი. მე არაფერი მიჭირს.
დუდამ გოგონა ქვევით დატოვა, თავად კი მაღალ მთაზე სასრიალოდ მეგობრებს შეუერთდა.

***
-მასწავლებლობის ნიჭიც გქონია, კარგად ავითვისე,-ლოლა სიამაყით ეუბნებოდა თბილისისკენ მიმავალ, საჭესთან მჯდომ დუდას.
-მადლობა.
-ბოლოს ძალიან გავთამამდი კიდეც...
-ჰო, მეც შეგამჩნიე და არ მომეწონა, მაინც ფრთხილად იყავი, დამწყები ხარ!
-შევეცდები, გავითვალისწინო, თუმცა სწრაფად დაშვებისას ადრენალინი გაწვება და რთულია, უარი თქვა ასეთ სიამოვნებაზე.
-ჰო, ეგეც არის.
-შენ ასე კარგად სად ისწავლე სრიალი?
-ოთხი წლიდან თხილამურებზე ვდგავარ.
-ვაჰ, ამიტომაც ხარ სამთო-სათხილამურო სპორტის მამა, ჩემი აქსელ ლუნდ სვინდალი ხარ.
-ოჰო, რა შეფასება მომცა, ვინმემ სული შემიბეროს, არ გავფრინდე და სადმე არ დავემხო,-ახარხარდა გავაშელი.
-აუ, მომშივდა.
-გინდა, სადმე დავსხდეთ?
-არის აქ რამე?
-ცოტა ქვემოთ ჩავიდეთ და ერთ კარგ ადგილას დაგპატიჟებ. მოითმენ მანამდე?
-კი, მეტი რა გზა მაქვს?
-რა გინდა, რის ხასიათზე ხარ?
-რამე მსუბუქი.
-ჰოდა იმიტომაც ხარ მსუბუქი. ცოტა მეტი ჭამე, რომ ფერი მოგივიდეს.
-ხორცი და ძალიან ცხიმიანი არაფერი მინდა.
-კარგი ბატონო, შენ როგორც ინებებ, მაგრამ საერთოდ არაფერს ჭამ, ქარმა რომ დაგიბეროს, მეშინია, სადმე არ წაგიღოს.
-ნუ დამცინი.
-არ დაგცინი.
-დამცინი.
-არ დაგცინი-მეთქი.
-აბა, რას აკეთებ?
-შენს ჯანმრთელობაზე ვფიქრობ.
-არ გინდა ჩემზე ფიქრი, არაფერს მოგცემს და თან მაინც ვერაფერს გახდები,-მრავალმნიშვნელოვნად შეხედა მამაკაცს და ვიდრე პიცერიას არ მიადგნენ, ფანჯრისთვის თვალი აღარ მოუშორებია.

---
წყნეთის ბავშვთა სახლის ეზოში იდგა და უცნაურად ღელავდა. არ იცოდა, როგორ მიიღებდნენ თავშესაფრის პატარა წევრები. მომზადებული იყო, მაგრამ ემოციური დატვირთვა მაინც თავისებურად მოქმედებდა მასზე. დირექტორს გაეცნო და ქალბატონი მანანას დახმარებით, გიორგაძის სამიზნე ჯგუფში აღმოჩნდა. ბავშვები ახალ ფსიქოლოგს ზუსტად იგივენაირად შეხვდნენ, როგორც თვეების წინ ნინოს. ათვალიერებდნენ გარეგნულად, აკვირდებოდნენ მიმიკებს, სიტყვებს და ცდილობდნენ მონატრებული გიორგაძე დაენახათ მასში, მაგრამ ამაოდ. მათ წინაშე სრულიად სხვა ადამიანი, უბრალოდ ნინოს მეგობარი, სოფო იდგა, რომელსაც მის ხასიათთან და გარეგნობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ისიც მოეწონათ და არც თუ ისე ცუდად აჰყვნენ აქტივობებში, მაგრამ გიორგაძის სამუშაოები სულ სხვა აურას ატარებდნენ და შესაბამისად, დანაკლისის განცდაში იყვნენ.
დემეტრე ახალი გამოწერილი დახვდა საავადმყოფოდან და ჯანმრთელობის მხრივ ჯერ კიდევ სუსტად იყო. ნინოსგან იცოდა, რომ ყველაზე რთული და საინტერესო ადამიანი იყო, რომელთანაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ სამყაროსკენ შემოებრუნებინა და ნორმალური ცხოვრების რიტმში ჩაერთო. რა აღარ სცადა, ყველანაირად მიუდგა, რომ აემეტყველებინა, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილიყო და ყველას ზურგს აქცევდა. გული უწუხდა, რომ პატარა ქერათმიანი ბიჭუნას აყოლიება ვერაფრით შეძლო. როგორც აღსაზრდელებმა აუხსნეს, ნინოს გაუჩინარების შემდეგ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
-ეჰ, ნინო, რომ იცოდე, ეს პატარა ადამიანი როგორ იტანჯება, ყველაფერს დათმობდი და თუ ცოცხალი ხარ, მის გადასარჩენად გამოიქცეოდი. არაფრისფერია უშენოდ ეს ბავშვი, სევდისფერია დეიდაშენის, ჩემი და ლაშას ცხოვრებაც...- ჩაფიქრებულ სოფოს თვალებში ცრემლი ჩაუდგა და პატარა ონავრებს რომ არ შეემჩნიათ, ფანჯრიდან გახედა ეზოს.
მოულოდნელად, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, ცოტაც და ეზოში შემოსულ ნინოს დაინახავდა. თითქოს მისი სიახლოვე და სურნელი შეიგრძნო:
-რა მჭირს? მგონი, ჭკუიდან გადავდივარ,-საკუთარი შეგრძნებების თავადვე შეეშინდა და სწრაფად მოწყდა ფანჯარას.

---
დღის ბოლო ახლოვდებოდა. პაციენტების რიცხვი უკვე საგრძნობლად შეთხელებულიყო. გავაშელი წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც მოულოდნელად ატეხილმა ჩხუბმა და ხმაურმა კაბინეტიდან გაიყვანა. ხმა ეცნო, ლოლა ერთ-ერთ თანამშრომელს შეურაცხადივით უყვიროდა:
-აი, სწორედ შენნაირი ფსევდოინტელექტუალები და ფსევდოფართოდმოაზროვნენი აქცევენ ჩარჩოებში ქართულ საზოგადოებას და ყველანაირ გზას უკეტავენ, რომ მენტალურად განვითარდნენ. სწორედ შენნაირები ზრდიან აგრესიულ და ადამიანების ზიზღისკენ მიმართულ ხალხს, ამიტომაც ვერ მივდივართ წინ. ნეტავ, როდის გადაშენდებით ეს ჩირქგროვები, რომ ამოვისუნთქოთ. პრიმიტიული და მდაბიო აზროვნებისანები ხართ, საერთოდ არაფრის აზრზე არა ხართ!
-შენ ხომ ხარ აზრზე და ქართული საზოგადოების ღრმად პატივსაცემი წევრი ბრძანდები...
-მოკეტე, ქალო და პატივი მეცი. შენი საქმე არაა რას ჩავიცმევ, თმებს რა ფერზე შევიღებავ და როგორ მოვიქცევი. ხომ გაიგე?!
კლინიკის სტუმრები ბუღალტრის ოთახთან ჩამომდგარიყვნენ და სეირს უყურებდნენ.
-აქ რა ამბავია?! -სახე შეჭმუხნა ბუღალტერთან შესულმა გავაშელმა.
დუდას მკაცრმა ხმამ ორივე მაშინვე დაადუმა.
-ბატონო, დუდა, ეს თავხედი გოგო შემომივარდა და შეურაცხყოფას მაყენებს.
-მან დაიწყო, მე არაფერ შუაში ვარ,-მშვიდად თქვა ლოლამ.
-ორივე ჩემთან შემობრძანდით, გაჩვენებთ მე თქვენ როგორ უნდა სამსახურის უპატივცემულობა,-სიბრაზისგან კბილები გაახრჭიალა გავაშელმა და თავის ოთახში დაბრუნდა.
ბუღალტერი აიწურა და აწითლებული სახით გაუყვა ექიმის კაბინეტის გზას. ლოლა საკუთარ სიმართლეში იმდენად იყო დარწმუნებული, საერთოდ არაფერი ანაღვლებდა, ისე შევიდა დუდასთან და მის წინ, მაგიდასთან თავისუფლად ჩამოდგა.
-რა ჯანდაბა ხდება?-ხელები გაშალა განერვიულებულმა მამაკაცმა.
-მე დავიწყებ, -ანიშნა ლოლამ და სასაუბროდ მოემზადა:-თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ხელფასი ჩაერიცხათ. ამ ქალბატონს ჩემი კუთვნილი ჩეკისთვის მივაკითხე და ზრდილობიანად მოვთხოვე, რომ გამოეწერა. ჯერ აგდებით მიპასუხა, რომ ჩემთვის არ ეცალა და მერე მივსულიყავი. მოვითმინე, ჩავყლაპე და რამდენიმე წუთის წინ შესახსენებლად კიდევ მივაკითხე, რომ არ დავიწყებოდა. გამოვბრუნდი თუ არა, მესმის ერთ-ერთ ექიმს ჩემს გასაგონად როგორ გადაულაპარაკა -ამ მალვინამ უკვე თავი მომაბეზრაო. ვეღარ მოვითმინე, ამომასხა და აქედან დაიწყო ყველაფერი. რაც ვაკადრე, არ ვნანობ, იმსახურებდა.
-ქალბატონო ელზა, მართალს ამბობს ეს გოგო?
-ბურატინოს მულტფილმში რომ პერსონაჟია მალვინა, იმას შევადარე. რა ვთქვი ახლა ამისთანა, რომ ასე გაგიჟებულიყო და ის საშინელი სიტყვები ეკადრებინა ჩემთვის?
-ხმის ტონს და დამოკიდებულებასაც აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ ეგ არ იყო მიზეზი, თავადაც კარგად იცი, რატომაც გამოვედი წყობიდან და თავს ნუ იმართლებ!-ჩაერია ლოლა.
-შენ გაჩუმდი! როცა საუბრობდი, არავინ გაწყვეტინებდა,-უსაყვედურა დუდამ.
-მაპატიეთ, თავი ვერ შევიკავე.
ბუღალტერი უაზრო თავის მართლებას მოჰყვა და გავაშელი მიხვდა, რომ ჩხუბის დეტალების მოსმენას და გარჩევას აზრი არ ჰქონდა:
-მოკლედ, არ მაინტერესებს როგორ განვითარდა მოვლენები და მან რა გითხრა, შენ რა უთხარი. მაგ დონემდე ვეღარ გამოგყვებით. ერთს გეტყვით, პატივი ეცით ერთმანეთს და ზედმეტი არ აკადროთ! მეორეჯერ რომ იგივე განმეორდეს და კლინიკა ისევ უფასო საცირკო სანახაობად გადააქციოთ, ორივეს განანებთ! -კბილებში გამოსცრა და ბუღალტერს ანიშნა, რომ ოთახიდან გასულიყო, ხოლო მის წინაშე თავმომწონედ მდგომი ლოლა თავიდან ბოლომდე აათვალიერა და მიახალა:- როგორც იტყვიან, რამდენიც არ უნდა ეფერო, ნაგვიდან ამოსული კატა ვერასოდეს გახდება სახლის ცხოველი.
გოგონას გავაშელის სიტყვებზე გული ეტკინა, თითქოს შიგნით რაღაც ჩასწყდა, მაგრამ გარეგნულად მაინც არ შეიმჩნია, თითებით თმის წვალება დაიწყო, ტუჩები წინ სასაცილოდ გაწია და აღნიშნა:
-საინტერესო შედარება იყო. რა აღარ მომისმენია საკუთარ თავზე. ვირთხაც ვყოფილვარ, ბუნკერიდან და სოროდან გამომძვრალიც, მალვინაც, უსახურიც, საცოდავიც, მაგრამ ნაგვიდან ამოსული კატა ნამდვილად არავის უთქვამს ჩემთვის. ვაღიარებ, რომ ფანტაზიაში ყველას გადააჭარბე.
-კარები გაიხურე და დამტოვე!- ნერვული დაძაბულობა იგრძნობოდა გავაშელის ხმაში.
გოგონა გაბრაზებულ მამაკაცს გაეცალა, მარტოდ დარჩენილმა დუდამ ღრმად ამოიოხრა და სახეზე ხელი აიფარა, ლოლასთვის ნათქვამ სიტყვებს უკვე ნანობდა.

***
-აი, ხომ ხედავ, არაფერს ვაშავებ და მაინც მე გამოვდივარ ჩხუბისთავიც, ძუკნაც, უზრდელიც, უტიფარიც და რა ვიცი, კიდევ უამრავი ვიღაც და რაღაც...-გავაშელის კაბინეტიდან გასული ლოლა ჩუმად ებუტბუტებოდა ბროლის თოჯინას, რომელიც დაბადების დღის შემდეგ მუდამ ჯიბეში ედო და არ იშორებდა.

***
საღამოს დუდა მიკისთან ერთად ტელევიზორის წინ მოკალათებულიყო, როდესაც ლოლამ კარი შეაღო და დაღლილი სახით წავიდა თავის ოთახისკენ.
-სად იყავი?-შეაჩერა მამაკაცმა.
ლოლა მისგან ზურგით იდგა, აღარ შებრუნებულა, ისე უპასუხა:
-ვსეირნობდი.
-ამ სიცივეში რა დროს სეირნობაა?
-სეირნობას სეზონი არ აქვს.
-არ შემობრუნდები? სულ რომ არაფერი, ადამიანის მიმართ ელემენტარული პატივისცემაა.
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, დუდას შეუბრუნდა, მისკენ წავიდა და სავარძელში ჩაჯდა:
-სხვისგან რომ ითხოვ, შენ რატომ არ გამოიჩინე ჩემს მიმართ პატივისცემა?
-რომელ პატივისცემაზე მელაპარაკები მას შემდეგ, რაც დღეს ჩაიდინე?
-რა ჩავიდინე?
-ჩხუბი ატეხე დღეს კლინიკაში და ლამის ხელჩართულ ბრძოლამდე მიიყვანე საქმე.
-კარგად იცი, რომ არაფერ შუაში ვარ, იმ ქალმა გამომიწვია.
-და შენც წამოეგე. რატომ ჩემთან არ მოხვედი და ჩამაყენე საქმის კურსში, იქნებ სხვაგვარად, უფრო ცივილურ ფორმებში ვაგვარებდი?
-ესე იგი, მამტყუნებ.
-ორივეს გამტყუნებთ, მხოლოდ შენ არა.
-მე არ ვარ დამნაშავე.
-ხარ!
-არ ვარ!
-სისულელეს ნუ მიმტკიცებ.
-ეს არ არის სისულელე და ნერვებს ნუ მიშლი.
დუდას აღარაფერი უთქვამს მისთვის, საინფორმაციო გადაცემაზე გადართო. როგორც კი გოგონამ თიკა მესხი დაინახა, სახე გვერდზე შეაბრუნა და გავაშელს უთხრა:
-გადართე!
-რა?
-გადართე-თქო!
-რატომ უნდა გადავრთო?
-იმიტომ, რომ ასე მინდა!
-იმიტომ, რომ ლოლას უნდა, ყველა მის სურვილზე ვერ მოაწყობს ცხოვრებას. ახალ ამბებს მინდა მოვუსმინო და არსად გადართვას არ ვაპირებ.
-ამ ქალის ხმა მაღიზიანებს,-ყურებზე ხელი აიფარა გოგონამ.
-ოთახში შედი.
-შენნაირი ადამიანი ცხოვრებაში მეორე არ შემხვედრია,-სიმწრისგან ყელზე ვენები დაებერა ლოლას.
-რა თქვი?
-რაც გაიგე.
-ალბათ, მომესმა.
-არაფერი მოგესმა. ყველაფერი კარგად გაიგე.
-რა გინდა, ლოლა?-თვალები დაუბრიალა გავაშელმა.
-უკვე ტვინს ბურღავ და ამომასხა. იცი როგორი ხარ? გინდა, რომ ყველამ შენს ჭკუაზე იტრიალოს, მუდამ შენ გაქოს, გადიდოს და მადლობები გიხადოს იმისთვის, რომ ასეთი კარგი ხარ. ამის მოსმენა თუ გინდა, მზად ვარ:
-მადლობა, ბატონო დუდა, რომ გაჩნდით ამ ქვეყანაზე; მადლობა, რომ იმ დაწყევლილ ღამეს მშველელად მომევლინეთ და სიკვდილს ხელიდან გამომტაცეთ; მადლობა, რომ შემიფარეთ და პური გამიყავით; მადლობა, რომ არ მცივა; მადლობა, რომ დამასაქმეთ და მადლობა, რომ საერთოდაც მეხი არ დამეცა,- ეს თქვა და ოთახის კარი მთელი ძალით ისე გაიხურა, კედლებმა ზანზარი დაიწყეს.
დუდამ ტელევიზორის ყურების ხალისი დაკარგა და პულტი კედელს შეალეწა.
ლოლა საეჭვოდ გაჩუმდა. მისთვის უჩვეულო იყო სიწყნარე, ოთახს ყოველთვის ხმაურით იკლებდა, თუმცა არა ამჯერად.
გავაშელმა კიდევ ცოტა ხანს აცადა და მერე ოთახის კარზე მიაკაკუნა:
-მშვიდობა გაქვს?
უჩვეულო სიჩუმე იყო, ლოლასთვის არადამახასიათებელი...
მამაკაცმა კარი შეაღო და საწოლთან ჩაკეცილი გოგონა დაინახა, რომელსაც შპრიცი ჯერ კიდევ ხელში შერჩენოდა და თითქმის აღარ სუნთქავდა. დუდა მიხვდა საქმე რაშიც იყო და სახე გაუფითრდა:
-თავს რა აუტეხე, ლოლა?! რა ჯანდაბა გჭირს?! -ლოყაზე ურტყავდა ხელს, რომ გონზე მოეყვანა.
ლოლას პულსი ძალიან ჰქონდა შენელებული, გაშავდა, ტუჩები გაულურჯდა და კბილებიც შეეკრა.
თავზარდაცემული წამოდგა და წამლების ყუთს ეცა:
-სადღაც ნალოქსონი უნდა მქონდეს... -ყვიროდა და ძალიან ჩქარობდა გავაშელი.
მალე იპოვა, მერე გოგონას მივარდა, მის წინ ჩაიმუხლა და ცხვირში შეასხურა:
-არ შეგეშინდეს, გადაგარჩენ, არსად გაგიშვებ, შენს გვერდით ვარ,- გვერდულად გადააბრუნა და მის გონზე მოსვლას მოუთმენლად დაელოდა: -ძალიან გთხოვ, პირი გააღე და ისუნთქე! გაიღვიძე, ლოლა! გესმის? გაიღვიძე!
ლოლამ გონზე მოსვლა დაიწყო და დაახლოებით ნახევარ საათში როგორც იქნა, სააქაოს მობრუნდა. მთლიანად გაოფლიანებული და აკანკალებული იყო, სხეულში დაჭიმულობას და კუნთების ტკივილს გრძნობდა. გავაშელმა შვებით ამოისუნთქა და სწორედ მაშინ, როდესაც გოგონას საწოლზე აწვენდა, დაინახა, რომ კეფასთან იისფერი თმის ქვეშ წითელი თმა გამოუჩნდა. გაუკვირდა, მაგრამ დრო არ იყო, კითხვები დაესვა და რამეზე პასუხი მოეთხოვა. მთელი ღამე არ მოსცილებია. წამდაუწუმ დახედავდა და წიგნის კითხვას აგრძელებდა, რომ დრო გაეყვანა.
დილა იყო, როდესაც სკამზე ახლად ჩაძინებულ დუდას ლოლა ბინიდან გაეპარა.

---
ნინო გიორგაძე სახლში დაბრუნდა. მოახერხა და ბინაში ჩუმად შევიდა, არავის შეუნიშნავს. ორი თვე არ ენახა საყვარელი კედლები. ის სუნი ენატრებოდა, რომელიც დედის სურნელით იყო გაზავებული, მაგრამ ვაი, რომ ვეღარსად იპოვა... ნაღვლიანი თვალებით დახედა ქოთნის ყვავილებს, რომლებსაც ქალბატონი ბელას ხელები მოჰკლებოდათ. მანაც ვერ მიხედა, ვერ მოიცალა მათთვის... გაფერმკრთალებულიყვნენ, დამჭკნარიყვნენ და ისინიც დედამისივით წასულიყვნენ... შეშლილივით მოჰქონდა წყალი და ამატებდა, რომ რომელიმე მაინც გადაერჩინა. გამხმარ ყვავილებსაც რწყავდა, ალბათ სასწაულის იმედი ჰქონდა, რომ რამეს უშველიდა...
ტელეფონი ჩართო, უამრავი შეტყობინება დახვდა, თუმცა არცერთის წაკითხვის თავი ჰქონდა, დასვენება და ფიქრი სჭირდებოდა. ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება. აბაზანაში შევიდა, ტანსაცმელი გაიხადა და გამხდარ სხეულს სარკეში თვალი მოავლო. წითელი თმა ჩამოიშალა და კარგად დააკვირდა მონატრებულ ფერს. ძალიან დასუსტებული მოეჩვენა საკუთარი თავი. ტყვეობას თავისებური დაღი დაემჩნია მისთვის. ცისფერი თვალებიც ჩამქრალიყვნენ, ბრძოლის უნარი დაეკარგათ. შხაპის ქვეშ ორი საათის განმავლობაში გათიშული იდგა და დაგროვილ ტკივილს და დარდებს ერთიანად ირეცხავდა. უნდოდა, ყველაფერი დიდ სიზმრად ექცია, რომელსაც სამუდამოდ დაივიწყებდა.

***
-ნინო?- გაოცებული უყურებდნენ მეგობრები, როდესაც გოგონამ კარი გაუღო.
-შემოდით, ჯერ მხოლოდ თქვენ იცით, რომ დავბრუნდი, სხვამ არავინ.
-სად იყავი? რა დაგემართა? კარგად ხარ?-ცრემლიანი თვალებით მივარდა და ჩაეხუტა სოფო.
-არამიშავს, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მთავარია, გადავრჩი.
-ძალიან შეგვაშინე,- გადაეხვია ლაშაც.
-ვიცი, რომ განერვიულეთ, მაგრამ უნდა მაპატიოთ. სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. ახლა ამის არც ძალა მაქვს და არც სურვილი. მზად რომ ვიქნები, ყველაფერს მოგიყვებით.
-მთავარია, ცოცხალი ხარ.
-ჰო,-აღმოხდა ნინოს.
-ახლა რას აპირებ?
-იმ კვირიდან სკოლაში გავალ და დირექტორს ვნახავ, იმედია, ჩემს ნაცვლად არავინ მიუღია. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობასაც დავუბრუნდები. ნელ-ნელა მივხედავ ყველაფერს.
-კარგი იქნება,-დაეთანხმა სოფო.
-მაინც არ იტყვი, რა შეგემთხვა? - ეჭვები ტანჯავდა ლაშას.
-მოდი ასე ვთქვათ, გადავწყვიტე, ყველას და ყველაფერს დროებით ჩამოვშორებოდი.
-თეომ გვითხრა, რომ ბოლოს რაღაც მნიშვნელოვან თემაზე გილაპარაკიათ. იმის შემდეგ კი გაუჩინარდი.
-ჰო, ასე იყო, მაგრამ ახლა არაფერი გამახსენოთ. სჯობს, ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც იყო.
ლაშას არ მოეწონა ნინოს პასუხი, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
-ყავას მოგიდუღებთ,-ფეხზე წამოდგა მასპინძელი.
-არ გინდა, ნუ შეწუხდები,- გააჩერა სოფომ.
-რატომ?
-მე და ლაშა მალე უნდა წავიდეთ, დაღლილი ხარ და დასვენება გჭირდება.
-ეგ ჰო, მაგრამ დარჩით რა, ასე მალე რატომ მიდიხართ?
-შენ არ იდარდო, კიდევ მოვალთ. ერთი თხოვნა მაქვს, თეოს დაურეკე. ძალიან ნერვიულობს, შენს დაკარგვას საკუთარ თავს აბრალებს და ცოდოა. ის მაინც იცოდეს, რომ კარგად ხარ და არაფერი გიჭირს.
-კარგი, -დაეთანხმა ნინო და მეგობრები გააცილა.

***
-ასე რატომ მოიქეცი?-უსაყვედურა გიორგაძის ბინიდან გამოსულმა ლაშამ მეგობარს.
-როგორ მოვიქეცი?
-რატომ მაიძულე, რომ გამოგყოლოდი?
-ახლა არაფერს იტყვის, ვერ უყურებ რა განადგურებულია? დასვენება სჭირდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ცუდი რაღაც შეემთხვა. ნინო ფაქტობრივად ვერ ვიცანი, ძალიან დაუძლურებული და სულიერად დაცარიელებულია.
-ჰო, ეგ მეც შევნიშნე.
-გამხნევებითაც ვერ გავამხნევებდით. ისიც არ ვიცით, რაზე ვიმსჯელოთ, ან რა რჩევა მივცეთ. ახლა მასთან ყოფნას აზრი არ აქვს. თვითონ უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან. ნუ გეშინია, ძლიერია და შეძლებს.
- არ ვიცი,-ხელი ჩაიქნია მოწყენილმა ლაშამ.
-მენდე, ვიცი რასაც ვამბობ.
-კარგი, ოღონდ დაურეკე ხოლმე და გამაგებინე როგორ არის, შენ უფრო გაგეხსნება.
-აუცილებლად,-შეპირდა სოფო.

---
რამდენიმე დღის განმავლობაში შეუწყვეტლად ეძებდა გავაშელი ლოლას. სად აღარ დარეკა და ვინ აღარ შეაწუხა, მაგრამ მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცოდა... მობილურზე გაუჩერებლად ურეკავდა, მაგრამ ვერ უკავშირდებოდა, გამორთული ჰქონდა. გული სიბრაზით ევსებოდა, რომ ასე მოექცა. ფიქრობდა, რომ მისგან ასეთ საქციელს არ იმსახურებდა. გადაწყვიტა, სამუდამოდ ამოერეცხა გულიდან, თუმცა ერთ დილით მასთან ბინაში მისულმა დამლაგებელმა ქალმა ლოლას ოთახში ნივთების და ტანსაცმლის ჩემოდანში ჩალაგებისას ისეთი რამ აღმოაჩინა, რამაც დუდას ცხოვრება კიდევ უფრო გადაატრიალა.

***
საღამო იყო, როდესაც გავაშელის კარებს ლოლა მიადგა და გაღება დაუპირა, მაგრამ საკეტს გასაღები ვერ მოარგო, შეცვლილი დახვდა. ზარი დარეკა და რამდენიმე წუთში კარი დუდამ გაუღო:
-გამარჯობა,-თავი დახარა გოგონამ.
-გაგიმარჯოს,- ნაწყენი ტონით მიუგო მამაკაცმა.
ლოლამ ბინაში შესვლა დააპირა, მაგრამ გავაშელმა ხელით შეაჩერა:
-სად მიდიხარ?
-უნდა დაგელაპარაკო.
-შენთან საუბარს არ ვაპირებ.
-არ გაინტერესებს, რა მოხდა?
-არა.
-მაშინ ნება მომეცი, ჩემი ნივთები წავიღო და წავიდე.
-მოიცადე!-მკაცრად უთხრა და ორ წუთში ჩემოდანი გამოუტანა,-ყველაფერი აქ არის, ხოლო შენი მოსვლა საჭირო აღარაა.
-სად დაიკარგე?- ნახევრადშიშველი ქალი გამოჩნდა და იისფერთმიან გოგონას გაკვირვებული სახით შეავლო თვალი,-ოჰ, მეორეც მოიყვანე? გაუმაძღარო,-აკისკისდა ქერათმიანი.
-კარგი, გასაგებია, აღარ შეგაწუხებთ,- დაბალ ხმაზე აღმოხდა ლოლას, ჩემოდანს ხელი დაავლო და კიბეებზე ნელი ნაბიჯებით დაეშვა.
დაღონებული სახით ძლივს მიათრევდა გატენილ ჩემოდანს. ჯიბიდან რაღაც ამოუვარდა და ასფალტზე დაირაკუნა. მერე ნამსხვრევებად იქცა.
-რაღაც დაგივარდა, -თომამ ასფალტიდან ბროლის თოჯინის ნაწილები აკრიფა და გოგონას დაეწია.
-ეს რა არის?-ღრმად ჩაფიქრებულიყო ლოლა და ვერ მიხვდა, რის ნამსხვრევებს აწვდიდა.
-ბროლის თოჯინაა, ჯიბიდან გადმოგივარდა და გატყდა,- შეწუხებული სახე მიიღო მამაკაცმა.
-ჩემი ბროლის თოჯინა,-გული დასწყდა გოგონას.
-დუდამ გაჩუქა ხომ?
-დუდამ?-ვერ მიუხვდა ლოლა.
-ჰო, ბავშვობაში ბროლის თოჯინების კოლექციას აგროვებდა. დიდი რომ გავხდი, ერთი ცალი მეც მომცა, ასე მითხრა, რომ ყველას არ ვჩუქნი, მხოლოდ მათ, ვინც ჩემთვის ძვირფასი და განსაკუთრებულიაო. იცი როგორ მიყვარს? დღემდე ვინახავ.
-მართლა?-სახე შეეცვალა გოგონას.
-ჰო, ჰო, კიდევ ასე მითხრა, რომ პირველი მე ვიყავი, რომლისთვისაც ბროლის თოჯინა გაიმეტა და ფიქრობდა, რომ მეტს არავის უსახსოვრებდა. როგორც ჩანს, შენ მეორე ხარ, ვისაც აჩუქა.
ლოლამ ყელს მობჯენილი ნერწვი გადაყლაპა და ფეხს აუჩქარა, რომ იქაურობას რაც შეიძლება, სწრაფად გასცლოდა. თომა თავს არ ანებებდა:
-არ წაიღებ?
-რას?
-ბროლის თოჯინის ნაწილებს.
-აღარ გამრთელდება, უკვე დაიმსხვრა. დუდას იმედები გავუცრუე და თოჯინამაც გადაწყვიტა, რომ დამტოვოს...-ნაღვლიანად უთხრა და ისევ აუჩქარა ფეხს.
-გადავყარო?
-შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი,-უკან აღარ მოუხედია, ისე გაეცალა კორპუსს.
რამდენიმე შენობის იქით, გოგონამ თავიდან პარიკი მოიხსნა და ბუნკერთან დაახეთქა, შემდეგ თვალებიდან ლინზები ამოიცალა და ისიც სიმწრისგან ნაგავში ჩაუძახა.
პირდაღებული თომა ხეს ამოფარებოდა და ჩუმად უთვალთვალებდა. რაც იმ ღამეს დაინახა, თვალებს არ უჯერებდა.

***
მეორე დილით, როდესაც გავაშელი სამსახურში წასვლას აპირებდა, მანქანაში ჩაჯდომამდე თომა დაეწია და იისფერი პარიკი აჩვენა.
-ეს რა არის?-გაოცებული სახით დახედა დუდამ.
-გუშინ ლოლა ვნახე და არ დამიჯერებ რა მოხდა.
-რა მოხდა?
-თურმე წითელთმიანი გოგო ყოფილა.
-საიდან დაასკვენი?
თომამ ყველაფერი დეტალურად უამბო.
-ამის დედაც!..- კიდევ უფრო გახელდა გავაშელი, შუბლი ხელით მოისრისა და გააგრძელა: -თომა, მომეცი, რაც ხელში გიჭირავს.
-არა!- თვალები დაუჭყიტა და პარიკი ზურგს უკან დამალა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ მე ვიპოვე და ჩემია.
-რად გინდა ეგ იისფერი თმა?
-შენ არაფერი გესმის, ეს ულამაზესი ფერის თმაა, ლოლა სწორედ ამ თმის გამო მომწონდა,- პარიკს ბედნიერი სახით დასცქეროდა და თან ღიღინებდა. დუდა უყურებდა იისფერი პარიკით მოხიბლულ კაცს და კიდევ უფრო ინთებოდა. მოულოდნელად თომა თავის ფიქრებს მოსწყდა და გავაშელს შეუბრუნდა:-იცი ერთხელ რა მითხრა?
-რა გითხრა?
-ეს თმა სხვას მოვპარეო და მართალი ყოფილა, არ მოუტყუებია,- პარიკს თითებით ეხებოდა და მასთან ერთად საცეკვაოდ ემზადებოდა.
-ესე იგი, არ მომცემ?
-არა, არა, წადი, ტყუილად მეხვეწები,-ხელით ანიშნებდა აღელვებული თომა და იისფერ თმას ისევ ზურგს უკან მალავდა.
-კარგი, მაშინ ისე იყოს, როგორც გინდა,-თქვა აღელვებულმა დუდამ და მანქანა დაქოქა.
როგორც კი გავაშელი ეზოს მოსწყდა, თომამ ზურგს უკან გადამალული პარიკი გამოაჩინა, აკოცა და გულში ჩაიხუტა:
-გააბრაზეს ჩემი გოგო,- თვალები დახუჭა და ლოლა წარმოიდგინა.

---
რამდენიმე დღეში გიორგაძე სამსახურსაც დაუბრუნდა და წყნეთის ბავშვთა სახლშიც გამოჩნდა. პატარები ჟრიამულით შეხვდნენ, მხოლოდ დემეტრემ აქცია ზურგი და მოშორებით ჩამოჯდა. ნინო ბიჭს მიუახლოვდა:
-შენ არ მომესალმები?
პატარამ სხვა მხარეს გაიხედა, აგრძნობინა, რომ მასთან საუბარი არ სურდა.
-ჩემზე ნაწყენი ხარ?
დემეტრემ ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და გაიმრუსხა.
-დამიჯერე, მიზეზი რომ არ მქონოდა, ასე არ მოვიქცეოდი, ჩემო პატარა მეგობარო. გთხოვ, მაპატიე. არსად წასვლას აღარ ვაპირებ, ამის შემდეგ სულ ერთად ვიქნებით.
ბიჭმა თავი ჩაქინდრა და ცრემლი მოერია.
-კარგი, არ მინდა, განერვიულო. თუ ჩემთან ლაპარაკი არ გსურს, თავს დაგანებებ და როცა თავად გადაწყვეტ, მერე ჩავეხუტოთ ერთანეთს. ისე, მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და მენატრებოდი. დღე არ გავიდოდა, არ გამხსენებოდი. უბრალოდ ცხოვრებაში არსებობს გამოუვალი სიტუაციები, რასაც წინასწარ ვერასოდეს გათვლი და იძულებული ხდები, იმ გარემოს გაეცალო, რაც შენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო,- ნინომ სიტყვები გულის ტკივილით წარმოთქვა და დემეტრე მარტოდ დატოვა.
იმ დღეს, დიდად არ დაუტვირთავს ბავშვები. ყველას მიეფერა, გულში ჩაიკრა და სითბო გაუნაწილა. ბედნიერები იყვნენ თავშესაფრის პატარა ბინადრები, თავს ისევ მშვიდად და კომფორტულად გრძნობდნენ.
ნინო კვლავინდებურ ცხოვრებას უბრუნდებოდა, გატეხილ სულის ნაწილებს ისევ სათუთად აკოწიწებდა და ერთმანეთზე აწებებდა...

***
სულ სხვა შეგრძნებებით და დადებითი ემოციებით დატვირთული დაბრუნდა სახლში. როგორც კი ლიფტის კარებიდან გავიდა, ბინის კართან წითელი ვარდების თაიგული შენიშნა. გაუკვირდა, შეათვალიერა, ხელში ფრთხილად აიღო და მასში ჩადებული პატარა ზომის, თეთრი კონვერტი ამოიღო. სასწრაფოდ გახსნა და მამაკაცის სუნამოთი გაჟღენთილი, დაბეჭდილი წერილი წაიკითხა:
-ვიცი ვინც ხარ. ვერსად დამემალები. მალე მოგაკითხავ!
სუნამოს სუნი არ ეცნო, ვერავინ გაიხსენა, ვინც მსგავს სურნელს ატარებდა. ტანში შიშმა ერთიანად დაუარა და ადგილზე გაიყინა. ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, ფეხებს ვეღარ ამოძრავებდა. აკანკალებული ხელით კარი ძლივს გააღო და გონზე რომ მოსულიყო, ერთი ჭიქა ცივი წყალი ხარბად გამოცალა. ყვავილები ნაგავში ჩატენა, იატაკზე ჩაიკეცა და საცოდავად ამოილუღლუღა:
-ნეტავ ვინ არის? ნუთუ ის არამზადა კაცია, ვისაც იმ წყეულ ღამეს გამოვექეცი? როგორ მომაგნო? საიდან გაიგო ჩემი არსებობის შესახებ? ღმერთო, რატომ არ მთავრდება სანერვიულო? ასეთი რა შეგცოდე?
ძალიან მოუნდა, რომ ალკოჰოლით თავი შეექცია და ახალი წარსულისგან წარმოჩენილ პრობლემებს ასე გაჰქცეოდა, მაგრამ იცოდა, რომ თავი ხელში უნდა აეყვანა და რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ლოლას მავნე ჩვევებს საბოლოოდ უნდა გარიდებოდა.

---
როგორც ლოლას გამოჩენამ, ასევე წასვლამ დუდას ცხოვრებაში საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა. ხასიათის ცვლილება დაეტყო, თითქოს რაღაც აკლდა და სიცარიელეს ვერაფრით ივსებდა. სხვებისთვის უსახური და ამავდროულად იდუმალებით სავსე, იისფერთმიანი გოგონა მისთვის მუდამ რაღაც მიმზიდველობით გამოირჩეოდა, ოღონდ ვინმეს რომ ეკითხა, თავადაც ვერ უპასუხებდა მაინც რა იყო ასეთი განსაკუთრებული იმ თმაგაჩეჩილ ემოში, რომელიც მაგნიტივით იზიდავდა. სპორტ-დარბაზში სიარულს მოუხშირა, თავი ახალი საქმეებით დაიტვირთა, რომ რაც შეიძლებოდა, ნაკლები ეფიქრა მასზე, მაგრამ მაინც არ გამოსდიოდა. საღამოობით მიკისთან ერთად დივანზე მოთავსდებოდა, როგორც ადრე სჩვეოდა, ფილმის საყურებლად პოპ-კორნით ხელში მოემზადებოდა, მაგრამ ვერც ამ თავის შესაქცევს უდებდა გულს. კადრებს უაზროდ შესჩერებოდა და სხვაგან წასული ფიქრების გამო, შინაარსს ვერ მიჰყვებოდა. მერე ხელს ჩაიქნევდა, ტელევიზორს გამორთავდა და დაღონებული დასაძინებლად მიდიოდა...
ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა...
ყოველი დღე კიდევ უფრო ასუსტებდა...
ყოველი დღე მეტად ტანჯავდა და ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, თავს ვერაფერს უხერხებდა, რომ შექმნილი კაეშანი რაღაცით მაინც გაექარვებინა.

---
თეო მეტისმეტი სიხარულისგან გადარეულივით არბოდა კიბეებზე, რომ მოულოდნელად გამოჩენილი დისშვილი ენახა. უცებ ფეხი რაღაცას წამოკრა და რომ არა მეზობელი ბიჭი, ალბათ, კიბეებზე ტორტიანად გაიშხლართებოდა. როგორც კი მონატრებული დისშვილი დაინახა, ბედნიერებისგან შეჰკივლა:
-შენ უნდა მომკლა ხომ? რამდენი მანერვიულე, ჩემო გოგო.
-მჯერა.
-ასე აღარ მომექცე, თორემ მეორეჯერ შეიძლება გულმა დამარტყას და ცოცხალს ვეღარ მომისწრო.
-თეო,-გაეცინა გოგონას.
-ჰო, რა გაცინებს? შენ რომ ჩემი თავი დაგენახა, მკვდარი რომ ყოფილიყავი, გაცოცხლდებოდი.
-კარგი რა, ნუ მაცინებ.
-ჰე, აბა, მიდი ტორტი დაჭერი და ყავა ამიდუღე. შენი დაბრუნება და ამ ტორტის გადარჩენა აღვნიშნოთ.
-რის გადარჩენა?
-ტორტის. ისე მოვრბოდი, რაღაცას ფეხი წამოვკარი და ზედა სართულის მეზობელმა ხელი მომაშველა, თორემ ტორტი ცალკე იფრენდა სადღაც და მე ცალკე აღმოვჩნდებოდი ტრავმატოლოგიურის პალატაში.
-სულ კურიოზებში როგორ უნდა იყო?
-რა ვიცი, ისე შემეჩვივნენ, თავს აღარ მანებებენ ეგ ოხრები,-სერიოზული სახით უპასუხა ქალმა.
-აუ...-რაც მოხვედი, სულ დაგცინი, მრცხვენია უკვე.
-ახლა შენი ამბები მიამბე. რა დაგემართა?
-თიკა მესხს შევხვდი.
-მართლა? მერე რაო?
-ჯერ არ მიჯერებდა, რომ მისი შვილი ვიყავი. მერე, საბუთები და ოქროს სამკაული რომ ვაჩვენე, დაიჯერა, მაგრამ არ მიმიღო.
-რა გითხრა?
-მსუბუქად, რომ გითხრა, შენი დანახვაც არ მინდაო.
-და მძიმედ რომ მითხრა?
-არ ღირს, საშინელი ადამიანია, თეო. მასთან არ უნდა მივსულიყავი, ძალიან ვნანობ.
-ვაჰ, არადა, იმედი მქონდა, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შემობრუნდებოდა.
-მრცხვენია, რომ ასეთი ბიოლოგიური მშობელი მყავს. მისი დამსახურებით, თავს ისეთი რამ ავუტეხე, ცხოვრება ლამის სამუდამოდ დავიღუპე. პლუს, ორჯერ ძლივს გამომგლიჯეს სიკვდილს ხელიდან.
-რას მეუბნები?-სახეზე ხელები აიფარა თეომ, -ჩემი ბრალია ყველაფერი, არ უნდა მეთქვა.
-დედის სიკვდილი, მერე ამ საშინელი ამბის გაგება და თიკა მესხთან შეხვედრა ზედმეტად დიდი დარტყმა აღმოჩნდა ჩემთვის და ვეღარ გავუძელი,-სახე შეეცვალა ნინოს.
-სად იყავი?
-სად აღარ ვიყავი, მინდოდა ნინო გიორგაძის გარდა, ყველა და ყველაფერი ვყოფილიყავი. საკუთარ თავს ვემალებოდი. გესმის ეს რას ნიშნავს?
ქალს ტირილი აუვარდა და დისშვილი გულში ჩაიკრა:
-მერე? მერე რა მოხდა?
-არ შემიძლია, თეო. ახლა ნუ მთხოვ, მაინც ვერ მოგიყვები, ძალიან მძიმე გასახსენებელი იქნება ჩემთვის.
-კარგი, ჩემო გოგო. შენ როგორც იტყვი. მთავარია, დაგვიბრუნდი და ისევ ჩვენთან ხარ... როცა მზად იქნები, მერე მოგისმენ, -მთელი ძალით იხუტებდა ნინოს და სახეს უკოცნიდა.
ეხუტებოდა გულამომჯდარ დეიდას და სიმწრისგან მდუღარე წყალივით თუხთუხებდა. ზუსტად იცოდა, რომ ნამდვილი მშობლების არსებობაზე ფიქრით თავს აღარასოდეს შეიწუხებდა.

***
შუაღამე იყო, როდესაც გიორგაძის ბინაში კარზე რამდენჯერმე ზარი დარეკეს. გოგონა გულგახეთქილი წამოდგა საწოლიდან და ფრთხილად გაიხედა სათვალთვალოდან, მაგრამ ვერავინ დაინახა და იფიქრა, ვიღაცას სართული ან კარი შეეშალა და საძინებელში დაბრუნდა.
რამდენიმე წუთში იგივე განმეორდა. ნინომ როგორც იქნა, გარისკა და კარი გააღო. ფეხსაწმენდზე წითელი ვარდების თაიგული დახვდა, რომელსაც წინამორბედის მსგავსად თეთრი შეფერილობის კონვერტი ახლდა. შიშისგან გასცრა, ყვავილებს დასწვდა და სასწრაფოდ ბინაში შებრუნდა. წერილი ისევ იგივე სუნამოთი გაეჟღინთათ და ზედ დაეწერათ:
„ყველაფრისთვის პასუხს აგებ!“
ვარდებს ფეხებით შედგა და სიმწრისგან ატირებული ხმამაღლა ყვიროდა:
-ჯანდაბამდე გზა გქონია, წყეულო იდიოტო! ვინ მოგცა უფლება, რომ ასე მაშინებ? -აღარ ჩერდებოდა, ჯავრებს ყვავილებზე იყრიდა და რაც უფრო მეტად ანადგურებდა, მით უფრო მშვიდდებოდა.
ისტერიკა რომ გადაუვიდა და ფეხქვეშ გათელილი ვარდები იხილა, ნელ-ნელა ჩაიკეცა, იატაკზე გაწვა და პატარა ბავშვივით მოიკუნტა.

---
მას შემდეგ, რაც გიორგაძის ბინის კართან ხშირად ჩნდებოდა ვარდების თაიგული და მამაკაცის სუნამოს სურნელიანი წერილები, გოგონამ მოსვენება დაკარგა. ყოველი სახლიდან გასვლა და დაბრუნება ჯოჯოხეთურ წამებად ექცა. შიშით აგრძელებდა ცხოვრებას და არც საკუთარ წარსულზე სურდა ვინმესთან საუბარი. ცდილობდა, ქუჩაში მარტო ხალხმრავალ ადგილებში, დღისით ეარა და შებინდებამდე მისულიყო სახლში.
ერთ დღეს, როდესაც წყნეთის ბავშვთა სახლში მორიგი აქტივობისთვის ემზადებოდა, ნიკალა შეშინებული თვალებით მივარდა და დემეტრეს დატოვებული წერილი აჩვენა. იგი წერდა, რომ შორს მიდიოდა და არ მოეძებნათ.
-ბოლოს როდის ნახეთ?
-რამდენიმე წუთის წინ აქ იყო. მერე მასწავლებელს უთხრა, რომ საჭირო ოთახში უნდოდა გასვლა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
-მანანა მასწავლებელმა იცის?
-ჯერ არაფერი მითქვამს, გაკვეთილი მალე დაგვიმთავრდა და მისი გაუჩინარება ვერ შეამჩნია.
-შემპირდი, რომ ჯერ არავის არაფერს ეტყვი.
-რატომ?
-წავალ და მოვძებნი, შორს ვერ წავიდოდა. მანანა მასწავლებელთან კი მე მოვაგვარებ ყველაფერს, ვიცი რაც უნდა ვუთხრა. ეს წერილი ნახა კიდევ ვინმემ?
-არა, პირველმა მე წავიკითხე,-ხმა აუკანკალდა ბიჭუნას.
-კარგი, შედი გაკვეთილზე და მე ცოტა გვიან დავბრუნდები. არ ინერვიულო, აუცილებლად მოვძებნი.
გიორგაძემ მანანას დრო გადაუნაცვლა, მოიმიზეზა, რომ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და მოგვიანებით გააგრძელებდა პატარებთან ყოფნის საათს, თავად კი შენობა დატოვა და ბავშვის ძებნას შეუდგა. გამვლელებს აჩერებდა, ტელეფონით გადაღებულ დემეტრეს სურათს აჩვენებდა და ეკითხებოდა სადმე ხომ არ შეემჩნიათ. გაგიჟებულივით ეძებდა, ნერვიულობისგან ტუჩებს იკვნეტდა და წარმოდგენაც არ უნდოდა, რა შეიძლებოდა შემთხვეოდა ქუჩაში მარტოდ მოწანწალე ბავშვს:
-ღმერთო დამეხმარე, რომ ბავშვი ვიპოვო. შეუძლებელია, ასეთ მოკლე დროში შორს წასულიყო, -ხმამაღლა ფიქრობდა გოგონა და თავზარდაცემული, ახლო-მახლო ტერიტორიებს კარგად ათვალიერებდა.
ტაქსში ჩაჯდა და მძღოლს სთხოვა, ნელა ჩაჰყოლოდა წყნეთის დაღმართს. ასე იარეს, ვიდრე ბაგებში ერთ-ერთ გაჩერებაზე მდგომი ტაქსის მძღოლისგან არ შეიტყეს, რომ მსგავსი შეხედულების ბავშვი რამდენიმე წუთის წინ ქალაქის მიმართულებით მიმავალ ყვითელ ავტობუსში ჩაჯდა. მათ წინ მიმავალი ყველა ავტობუსი შეამოწმეს და საბედნიეროდ, ერთ-ერთში აღმოჩნდა, რომელიც ვაკის პარკის გაჩერებაზე წამების წინ გაჩერებულიყო:
-დემეტრე, -გახარებულმა იყვირი ავტობუსში ასულმა გიორგაძემ და ბავშვს მივარდა.
ბიჭმა სახეზე ხელები აიფარა, არ უნდოდა, ნინო დაენახა.
-დემე, გთხოვ, ასე ნუ მექცევი, პატარავ. იცი როგორ შემაშინე?
-წადი!
-არსად წასვლას არ ვაპირებ, უნდა დაგელაპარაკო. მომისმინე, კარგი? გაქცევას ყოველთვის მოასწრებ.
ბიჭმა არაფერი თქვა. შუბლი შეკრა და ფანჯრიდან გაიხედა.
-მოდი, ჩავიდეთ, ჰო?-გოგონამ ხელი მოკიდა და გაჩერებაზე ჩაიყვანა.
ვაკის პარკში სკამზე ჩამოსხდნენ. ბავშვი ზეცას უყურებდა და დუმდა...
-იცი, მე და შენ ბევრი საერთო გვაქვს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მგონი შენ უფრო გაგიმართლა. მშობლები გყავდა, ზრუნავდნენ შენზე და დარწმუნებული ვარ, ძალიან უყვარდი კიდეც. აი, მე კი მამაჩემს არც არასოდეს ვუნახივარ და დედასაც გაჩენის დღიდან ვძულვარ. კეთილი ადამიანები, რომ არა, ალბათ მეც ბავშვთა სახლში მომიწევდა გარკვეულ ასაკამდე დარჩენა და კაცმა არ იცის, დღეს ვინ ვიქნებოდი.
-რამდენი ხნის იყავი, როცა გიშვილეს?
-სულ რაღაც ხუთი თვის.
-იქ ყოფნა აღარ მინდა, მეზიზღება ის სახლი.
-რატომ? ცუდად გექცევიან?
-არა, მაგრამ იქ არავინ არის ბედნიერი. ყველა ობოლი და მიტოვებულია.
-ნუ გეშინია, გამოჩნდება ვიღაც ღვთისნიერი, რომელიც აუცილებლად გიშვილებს და წაგიყვანს იმ სახლიდან.
-ტყუილია. მათ მხოლოდ პატარები უნდათ. ასაკით დიდებს ზედაც არ გვიყურებენ.
-დემე, ასეც რომ იყოს, მე არ მიგატოვებ.
-არ მჯერა შენი. ერთხელ უკვე მიმატოვე.
-მაპატიე, გეფიცები არ მინდოდა, მეტჯერ აღარ მოხდება ასე, გპირდები. ოღონდ ახლა დამიჯერე და წამომყევი, კარგი?
ბავშვმა გოგონასკენ თავი შეაბრუნა და თვალებში ჩახედა, თითქოს რაღაცას ეძებდა მასში, მერე მისკენ გადაიხარა და ჩაეხუტა. ნინოს ბიჭუნას საქციელით გული გაუთბა და დიდხანს აღარ მოუცილებია მისთვის მკლავები.
რამდენიმე წუთში თავშესაფარში დაბრუნდნენ. ნინომ ყველაფერი ისე მოახერხა, დემეტრეს წასვლის ამბავი არავის გაუგია. ბავშვს მისი ნდობა კვლავ დაუბრუნდა...

***
-დღევანდელი თემა ბედნიერება და მისი ფერებია,- დაიწყო ბავშვებთან დაბრუნებულმა გიორგაძემ,- ზოგჯერ ადამიანები ერთმანეთს ფერებში აღვიქვამთ. ხანდახან ვფიქრობთ, რომ ისინი წითელი, ყვითელი, იასამნისფერი, ცისფერი, ან სულაც სხვა ფერია. სწორედ ასეა ბედნიერებაც. ყოველი ადამიანისთვის თავის ფერი აქვს. მოდი ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, რა არის ბედნიერება? თქვენ მიკარნახეთ და მე დაფაზე ჩამოვწერ.
ბავშვები მაშინვე ჩაერთვნენ და საკმაოდ საინტერესო ვერსიები წამოაყენეს. ვიღაცისთვის ბედნიერება სიყვარული იყო, ვიღაცისთვის სიცილი, ოჯახის წევრებთან ყოფნა, სეირნობა, ფანტანის ქვეშ სირბილი, ახალი ტანსაცმელი, მეგობრები, ლეკვთან თამაში...
პასუხებით კმაყოფილმა ფსიქოლოგმა კითხვა შემდეგნაირად შეაბრუნა:
-თქვენ ჩამომითვალეთ ისეთი რაღაცები, რომლებსაც შეიძლება, ბედნიერება ეწოდოს. ახლა მინდა, რომ კარგად დაფიქრდეთ და ისინი ფერებში აღიქვათ. შემდეგ მე პასუხებს შევაჯერებ და ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა ფერს მივიღებთ თქვენი თვალით დანახულ ბედნიერებას.
პატარები დაფიქრდნენ და უმრავლესობა წითელსა და მწვანეს შორის აკეთებდა არჩევანს.
-კარგი, ჩემგან მარჯვნივ დადგნენ ბავშვები, რომლებიც ეთანხმებიან იმას, რომ ბედნიერება წითელია, ხოლო მარცხნივ მოგროვდით ისინი, რომლებიც ამბობთ, რომ ის მწვანეა.
მაშინვე დაემორჩილნენ ფსიქოლოგს.
-ახლა, ჩემო კარგებო. თქვენ მოგიწევთ, მაგალითები მომიყვანოთ და დამიმტკიცოთ, რომ ამ ორიდან ბედნიერება უფრო მეტად რომელი ფერისკენ იხრება. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომლებსაც უფრო მეტი დამაჯერებელი არგუმენტი ექნება. ამისთვის კი მხოლოდ ათი წუთი გაქვთ და შემდეგ ლიდერები გამაცნობენ პასუხებს. მათი არჩევა კი თქვენთვის მომინდვია.
ბავშვები მხიარულად შეუდგნენ მორიგ დავალებას. დემეტრე „მწვანე“ ჯგუფში აღმოჩნდა. ათი წუთი ისე გაილია, დროის გასვლა ვერც კი შეამჩნიეს პატარებმა. საბოლოო ჯამში, „წითლების“ პასუხები ასე გადანაწილდა:
გული წითელია, შესაბამისად სიყვარულიც წითელია.
სისხლი წითელია, შესაბამისად ადამიანის სიცოცხლეც წითელია.
მზე ჩვენი არსებობისთვის აუცილებელია, ზოგჯერ ისიც ხდება წითელი, ანუ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სიცოცხლესთან დაკავშირებული ფერი წითელია.
სიყვარული და სიცოცხლე კი ბედნიერებაა, ესე იგი ბედნიერება წითელია.
-საინტერესო მოსაზრებები გაქვთ. მოდი ახლა, „მწვანეებს“ მოვუსმინოთ,- ფსიქოლოგები მეორე ჯგუფს შეუბრუნდა.
მათაც საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები მოიყვანეს:
გაზაფხულზე ბუნებას სიცოცხლე უბრუნდება და ყველაფერი მწვანედ იფერება. ადამიანები კი ბედნიერდებიან, რადგან ბუნების გაღვიძება მათ ხასიათზე და განწყობაზეც მოქმედებს. ისინი იცინიან, თბებიან, სეზონს სიხარულით ხვდებიან... გამოდის, რომ სიცილი, სითბო, სიხარული და კარგი განწყობა მწვანე ფერს მოაქვს, ესე იგი, მწვანე სიცოცხლის ფერია.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვეგეტარიანელები არიან. ისინი ხორცს არ მიირთმევენ და მხოლოდ მცენარეულ საკვებზე არიან დამოკიდებულნი. თითქმის არ არსებობს მცენარე, რომელსაც რამე მაინც, თუნდაც ფოთოლი მწვანე არ ჰქონდეს. გამოდის, რომ მწვანე ფერი ისევ სიცოცხლესთან არის დაკავშირებული.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სახეობის ცხოველზეც, რომლებიც მხოლოდ მცენარეებს მიირთმევენ.
შუქნიშანზე ანთებული მწვანე ფერი წინ წასვლას ნიშნავს, მოძრაობა კი ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ადამიანს თუ რამის მიღწევა სურს, მან სულ უნდა იმოძრავოს და წინ იაროს. წინ სვლა წარმატებაა, წარმატება კი ადამიანს ბედნიერების შეგრძნებას ანიჭებს.
ირლანდიელებს სწამთ, რომ მწვანე ფერი იღბალს მოუტანთ, ამიტომ თითქმის ყველა დღესასწაულზე მათ ტანსაცმელში მწვანე ფერი ფიგურირებს. კარგი იღბალი კი ყველას ახარებს, ღიმილს ჰგვრის და აბედნიერებს.
მწვანე ფერი სიმშვიდესთანაც ასოცირდება. ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ბუნებაში მიდის, რომ ცუდი ემოციებისგან დაიცალოს და დამშვიდდეს. ესე იგი, მწვანე ფერი ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
-საკმარისია,-გააჩერა ფსიქოლოგმა პატარები,-„წითლებს“ შეხედა და თანაგრძნობით ხელები გაუშალა,-მე არ ვიცი სინამდვილეში რა ფერია ბედნიერება, შეიძლება ის არც წითელია და არც მწვანე, მაგრამ ფაქტი, რომ დღეს „მწვანეებმა“ უფრო მეტი მაგალითები მოიყვანეს, ცხადყოფს, რომ დღეს ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერება მწვანედ გადაიქცა.
-ნინო, ის ჩვენ შევღებეთ მწვანედ ხომ ?-იკითხა დემეტრემ.
-ჰო, დემე თქვენ შეღებეთ,-გაუღიმა ბიჭუნას და თავზე ხელი გადაუსვა.

***
წყნეთიდან წამოსული ნინო სახლში ჩვეულ დროზე გვიან დაბრუნდა. უკვე კარგად შებინდებულიყო, როდესაც სადარბაზოში შევიდა. გაუკვირდა, რომ განათება ყველა სართულზე გამორთული იყო და ლიფტამდე მობილური ტელეფონის შუქით გაიკვალა გზა:
-ჯანდაბა, ლიფტი არ მუშაობს,-თავისთვის ჩაილაპარაკა და ფეხით აუყვა კიბეებს.
როდესაც თავის სართულს მიუახლოვდა, მის კართან ვიღაც დალანდა. ტელეფონის შუქი მიანათა, მაგრამ თავზე ჩამოფხატული ქუდით ვერავინ ამოიცნო. უცნობ სტუმარს ხელში ვარდების თაიგული ეჭირა და ის იყო კართან მის დატოვებას ცდილობდა, როდესაც გოგონას ტელეფონი შიშისგან გაუვარდა და კიბეებზე რაკუნით დაეცა. თავზარდაცემული სწრაფად გამოიქცა და გრძნობდა, რომ ის ვიღაც სწრაფი ნაბიჯებით უკან დაედევნა.
სუნთქვა შეეკრა, ეზოში ჩასული წამით შეჩერდა და თვალების ცეცებას მოჰყვა. შემდეგ მეზობლის გარაჟი მოძებნა და მის უკან, ვიწრო გასასვლელში დაიმალა. გული გამალებით უცემდა, მთელი სხეული ეწვოდა, ხელ-ფეხი უკანკალებდა და მანტოს საყელოში ჩაეყო თავი, არ უნდოდა, მისი ხმამაღალი სუნთქვა გაეგოთ, რომელიც შიშმა, სირბილმა და ძლიერმა ემოციურმა ტალღამ გამოიწვია.
უეცრად ხმა მოესმა, თითქოს ვიღაც მისკენ მიდიოდა. გაინაბა და ყური დაუგდო. უახლოვდებოდა, მერე ლანდიც გამოჩნდა. გოგონას ორმაგად შეეკუმშა გული და პირი გააღო, რომ უჟანგბადობისგან არ მოგუდულიყო, თითქმის ვეღარ სუნთქავდა, პირი გამოშრობოდა და სისხლი ძარღვებში გაჰყინვოდა. როდესაც მეზობლის ძაღლი, მაქსი დაინახა, ოდნავ შვება იგრძნო და თავზე შეეხო:
-ახლა არა, მაქს. წადი, გთხოვ. არ მინდა, რომ გვიპოვოს, გეხვეწები, წადი.
ძაღლი წკმუტუნებდა და თავს არ ანებებდა, თითქოს გრძნობდა, რომ რაღაც უჭირდა.
-მაქს, ძალიან გთხოვ, გაჩუმდი და წადი.
ძაღლი პატრონისკენ გაიქცა და შეჰყეფა, შარვალზე კბილები ჩაავლო და სადღაც წაყვანას უპირებდა. აგრძნობინებდა, რომ ვიღაც განსაცდელში იყო და დახმარება სჭირდებოდა.
-რა გჭირს, რამე დაინახე?-ეკითხებოდა მათე და საითკენაც ძაღლი ექაჩებოდა, ბიჭიც იმ მიმართულებით იყურებოდა.
-წამოდი, გავიყინე ტო, რაღაც ცხოველს დაინახავდა, ახლა იქ შეძვერი და სდიე კიდევ,-გადაულაპარაკა ძმაკაცმა ძაღლის პატრონს.
-მაქს, სახლში წავიდეთ, -მათემ გარაჟის უკანა მხარის დათვალიერება გადაიფიქრა და ძაღლი კორპუსისკენ წაიყვანა.
თავიდან გაუძალიანდა პატრონს, არ ემორჩილებოდა, მაგრამ ბიჭმა საბელი მოაბა და წასვლას აიძულებდა. მაქსს არ სურდა, ადგილიდან დაძრულიყო, უნდოდა ნინო გადაერჩინა, მაგრამ ვერაფერს რომ გახდა, ბოლოს დაჰყაბულდა და ძუნძულით გაეკიდა. ხანდახან გაჩერდებოდა და საწყალი თვალებით უკან გაიხედებოდა ხოლმე.
ნინო გაჩუმდა და გარაჟის კედელს აეკრო. ეზოში სიწყნარე იყო, აღარაფრის ხმა ისმოდა. ცდილობდა, დამშვიდებულიყო, მაგრამ სხეულში ჩამდგარი მძაფრი შეგრძნებები ჯერ კიდევ არ განელებოდა. ის იყო, სამალავიდან გასვლა დააპირა, რომ ვიღაცის ჩრდილი გამოჩნდა, რომელიც ნაბიჯების მძიმე ხმით მის სამალავს უახლოვდებოდა:
-მგონი, მომაგნო, გაები ნინო გიორგაძე, ყველაფერი დამთავრდა!-ცრემლები გადმოუგორდა და თვალები დახუჭა.
უცნობმა სახე ცხვირამდე კაშნით დაიფარა, რომ საუბრისას მისი ხმა არ ეცნო გოგონას, მერე სამალავში დამალულს მკლავში ხელით ჩაავლო, იქიდან გამოიყვანა და სასწრაფოდ პირზე ხელი ააფარა, რომ არ ეყვირა. გიორგაძემ ნაცნობი სურნელი იგრძნო და სხეული კიდევ უფრო გაეყინა:
-ის არის, ვინც წერილებს მწერს,-გაიფიქრა და თავი ყველაზე ცუდი განაჩენისთვის მოამზადა. წინასწარ შეეგუა სიკვდილსაც, დასჯასაც და იმ საშინელ ადგილას დაბრუნებასაც, სადაც პაკოს და მისი მეგობრის წყალობით ახალი წლის ღამეს აღმოჩნდა.
-არ გაბედო და ხმა არ ამოიღო! წინ იარე, შენს სადარბაზოში შედი და წყნარად, ყოველგვარი ჭიდაობის და ძიძგილაობის გარეშე დაემორჩილე ჩემს სიტყვებს! გასაგებია?!
შეშინებულმა და აკანკალებულმა ნინომ მამაკაცს თავი დაუქნია და წინ წავიდა. ნაცნობი სუნამო გონებას კიდევ მეტად ურევდა. უხმოდ აუყვა კიბეებს და მოულოდნელად, სიბნელეში ერთგან წაბორძიკდა:
-ფრთხილად!-მოგუდული ხმით იყვირა უცნობმა.
თითქოს ნაცნობი ხმა ჰქონდა, მაგრამ კარგად მაინც ვერ არჩევდა, ვინ შეიძლებოდა, რომ მის უკან მდგარიყო. ბინის კარებთან როგორც კი მივიდნენ, ყვავილების აღება უბრძანა. გიორგაძემ ესეც უხმოდ შეუსრულა.
-კარები გააღე და ჰოლში სინათლე აანთე, ისე რომ უკან არ მოიხედო! მერე ყვავილებში დატოვილი წერილი გახსენი და ხმამაღლა წაიკითხე!-აგრძელებდა უცნობი.
ნინომ კარს გასაღების მორგება დაუწყო, მაგრამ ნერვიულობისგან რამდენჯერმე დაუვარდა. მამაკაცი მიხვდა, რომ ძალიან შეაშინა და კარის გაღებაში თავად დაეხმარა. სინათლე აანთო, ვარდებს კონვერტი ამოაცალა და წერილის კითხვა დაიწყო:
„ლოლა ნინო გიორგაძეა!“
-ახლა შემობრუნდი და შემომხედე!-კაშნე მოიხსნა და გოგონას მოქმედებას დაელოდა.
გიორგაძე აჭიანურებდა, რომ უცნობისკენ შებრუნებულიყო. უნდოდა, რაც შეიძლებოდა, გაეწელა და ის საზარელი სახე არ დაენახა, რომელიც გონებაში უტრიალებდა. ნელა-ნელა დაიძრა ადგილიდან და ძლივს მოახერხა, რომ მისკენ მიბრუნებულიყო. ქურთუკს თვალები ააყოლა და ნაცნობი ნაკვთები დაინახა. გაოცებისგან წერილი ხელიდან გაუვარდა:
-დუდა ექიმო?- აღმოხდა და თავი ძლივს შეიმაგრა, რომ არ ჩაკეცილიყო.
-ახლა მაინც ნუ თვალთმაქცობ! -ხმას აუწია გავაშელმა.
-აბა, როგორ გინდათ, რომ მოგმართოთ? ნინო გიორგაძისთვის თქვენ მხოლოდ დედამისის ექიმი ხართ,-თავი იმართლა ფერდაკარგულმა.
-და ლოლა სხვა ვიღაც იყო, არა? კიდევ ბედავ და ცალკე მდგომ ფიგურად განიხილავ?!
-ჩემი საიდუმლო საიდან გაიგეთ?
-„ზინი“ გავიცანი და ყველაფერი იმან მიამბო.
-ჩემი დღიური? რატომ ვერ მოვიფიქრე, -საკუთარ თავზე გაბრაზდა,-მისამართი საიდანღა გაიგეთ?
-ნუ გავიწყდება, რომ ავადმყოფის ისტორიაში პაციენტის პირადი ინფორმაცია ინახება.
-ეგეც მართალია,-დაბალ ხმაზე ამოილუღლუღა, ძლივს უსწორებდა თვალებს.
-რატომ მომატყუე?
-რა მოგატყუეთ?
-თავს ნუ იკატუნებ! ყველაფერი მომატყუე. არაერთხელ ვცადე, რომ პირადად დაგლაპარაკებოდი, მაგრამ უტიფრად აგრძელებდი სიცრუის თქმას.
-მოდი ასე ვთქვათ, ტყუილს არაფერს ვამბობდი, უბრალოდ სიმართლეს არ ვამჟღავნებდი, სულ ეს იყო. თქვენ რატომ არ დამინდეთ, როცა ამ საშინელი ტექსტის წერილებს მიგზავნიდით?
-მოდი მეც ასე გეტყვი, იმისთვის დაგსაჯე, როგორც მომექეცი.
-და როგორ მოგექეცით?
-პირად ცხოვრებაზე რომ არ მესაუბრებოდი, ეს კიდევ შემიძლია, გავიგო, მაგრამ ბოლოს როგორც მომექეცი, ნამდვილად არ გეპატიება. მგონი ვიმსახურებდი, საქმის კურსში მაინც ჩაგეყენებინე, რომ წასვლას აპირებდი.
-მაპატიეთ, ჩემი საქციელის შემრცხვა და ამიტომ გავიქეცი.
დუდამ მძიმედ ამოისუნთქა, გოგონას მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა. დიდხანს უყურებდა, თითქოს რაღაც უნდოდა, რომ ამოეკითხა, სახეზე თითები მსუბუქად შეახო და თავის სახე ახლოს მიუტანა, ნაზი კანის სურნელი შეიგრძნო და გააჟრჟოლა. ტუჩებით ბაგესთან ახლოს აკოცა და მიხვდა, რომ მის წინ სწორედ ის იდგა, ვინც ცხოვრება საინტერესო კუთხით დაანახა და თან მისკენ ამოუხსნელი ძალით მიექაჩებოდა. თავი ვეღარ შეიკავა და ნინოს რბილ ბაგეებს თავისი შეახო. გიორგაძე შეეწინააღმდეგა, მაგრამ მამაკაცმა მთელი ძალით მიიზიდა და უკან დახევის საშუალება არ მისცა. გოგონას გავაშელის კოცნისგან მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ბოლოს ისიც აჰყვა...
მოულოდნელად, დუდამ კოცნა შეწყვიტა, ნინოს ზღვისფერ თვალებში ჩახედა და შუბლშეკრულმა უთხრა:
-ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ, არასოდეს მომატყუებ და ამიერიდან ჩემთან „თ“-ებით ლაპარაკსაც თავს დაანებებ. ახლა წავალ, ვიცი, მძიმე დღე გქონდა და აღარაფერს დაგიმატებ, მაგრამ იცოდე, ჩვენ კიდევ გვაქვს სალაპარაკო და ამ დღეებში აუცილებლად მოგაკითხავ.
კაშნე უღიმღამოდ მოიხვია და წასასვლელად კარი გააღო:
-ჰო, მართლა, - მიუბრუნდა, თითები გაუშალა და ხელისგულზე ბროლის თოჯინა დაუდო,-თომამ მითხრა, რომ პირველი საჩუქარი გაგიტყდა. იმედი მაქვს, მეორეს გაუფრთხილდები,-თვალი ჩაუკრა და კარები გაიხურა.
გიორგაძემ ბროლის თოჯინას დახედა და სავარძელში მოწყვეტით დაეშვა. მომხდარით შოკირებული ვეღარაფერზე ფიქრობდა. ჯერ კიდევ შერჩენოდა გავაშელის კოცნისგან დატოვებული შეგრძნებები. ალუბლისფერ ტუჩებს ფრთხილად შეეხო და თვალები დახუჭა.



№1 სტუმარი სტუმარი ელისო

არსებობენ ადამიანები რომლებიც ყურადღებიანები და გულისხმიერები არიან და არსებობს ქეთი,რომელიც ამ წამს სულიერ და გონიერ საზრდოს ერთად მაწვდის...მიხარიხართ...და მიყვარს ეს გვერდი,იმიტომ რომ აღმოგაჩინეთ.წარმატებები და უამრავი ნაწერი თქვენგან ჩვენ,მკითხველებს და გულშემატკივრებს ???? მერამდენედ ვკითხულობ ბროლის თოჯინებს აღარ ვიცი,შემოვედი და საიტის პრობლემის გამო,წაშლილი დამხვდა და მგონი თხოვნის ფორმაც არ ჰქონია ჩემს ნათქვამს,უფრო სურვილი იყო და ქეთიმ,მიუხედავად(არ უთქვამს მაგრამ დარწმუნებული ვარ) მწირი დროისა,ჩემთვის,რიგითი მკითხველისთვის,მიიცალა,შემოვიდა,სრულად ატვირთა და კითხვის გაგრძელების საშუალება მომცა.უღრმესი მადლობა...წავალ,წავიკითხავ და ისევ და ისევ ვისიამოვნებ ????

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ელისო
არსებობენ ადამიანები რომლებიც ყურადღებიანები და გულისხმიერები არიან და არსებობს ქეთი,რომელიც ამ წამს სულიერ და გონიერ საზრდოს ერთად მაწვდის...მიხარიხართ...და მიყვარს ეს გვერდი,იმიტომ რომ აღმოგაჩინეთ.წარმატებები და უამრავი ნაწერი თქვენგან ჩვენ,მკითხველებს და გულშემატკივრებს ???? მერამდენედ ვკითხულობ ბროლის თოჯინებს აღარ ვიცი,შემოვედი და საიტის პრობლემის გამო,წაშლილი დამხვდა და მგონი თხოვნის ფორმაც არ ჰქონია ჩემს ნათქვამს,უფრო სურვილი იყო და ქეთიმ,მიუხედავად(არ უთქვამს მაგრამ დარწმუნებული ვარ) მწირი დროისა,ჩემთვის,რიგითი მკითხველისთვის,მიიცალა,შემოვიდა,სრულად ატვირთა და კითხვის გაგრძელების საშუალება მომცა.უღრმესი მადლობა...წავალ,წავიკითხავ და ისევ და ისევ ვისიამოვნებ ????

არ ვიცი ასე რით დავიმსახურე თქვენი პატივისცემა და სიყვარული. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ელისო ❤️❤️????
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent