შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროლის თოჯინები (ნაწილი III სრულად) დასასრული


7-06-2019, 22:21
ავტორი K. I.
ნანახია 10 704

ნაწილი სამი
ზურმუხტისფერი ბედნიერება

---
ლევან მაისურაძის შიში გამართლდა. მართალია, გაკოტრების პირას ნამდვილად არ იყო, მაგრამ გავაშელის ახალი კლინიკის არსებობის გამო, პაციენტების რიცხვის ზრდას ვერაფრით ახერხებდა. ნატა ანდრიადი ოდნავადაც არ ჯავრობდა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. არც იმას ითვალისწინებდა, მეუღლის ბიუჯეტს გაფრთხილებოდა და კვლავინდებური დაუდევრობით უტევდა მის ფინანსებს. არ იკლებდა ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს, ძვირიან სალონებში და რესტორნებში სიარულს და სჯეროდა, რომ ლევანის თავსატეხი უიმისოდაც არაჩვეულებრივად ამოიხსნებოდა. მისი მუხლჩაუხრელი შრომის ყოველთვის სწამდა და ზედმეტ თავის ტკივილს ყოველთვის ერიდებოდა.
საღამო იყო. ანდრიადი ქაფიან აბაზანაში ჩაწოლილიყო და მთელი დღის განმავლობაში, პაციენტებისგან მიღებულ სტრესს ამ გზით იხსნიდა. არ ასვენებდა დუდაზე ფიქრებიც...
-სტუმარი გვყავს,- კარები შეაღო ლევანმა და მეუღლეს რელაქსაციის პროცესისგან მიღებული სიამოვნება დაურღვია.
-ვინ არის?
-ჩემი ცოლის დაქალი,-ჩაეცინა მამაკაცს.
-ვაი, დამავიწყდა, რომ უნდა შევხვედროდი,-თვალები გაუფართოვდა, აბაზანიდან ამოვიდა, ხალათი მოიცვა და შეწუხებული სახით მისაღებ ოთახში გავარდა..
-ვიკულ, ბოდიში რა, სულ გადამავიწყდა.
-დასჯილი ბავშვივით რომ დამაყუდე ამ სიცივეში, ხომ შეიძლებოდა, სადმე მაინც მოგენიშნა, რომ ერთმანეთს უნდა შევხვედროდით?
-აუფ!.. მართლა ვწუხვარ.
-ნუ, ჰო, რაც არის არის, მაგრამ ტელეფონი მაინც გქონდეს ჩართული, რომ დაგიკავშირდე ხოლმე.
-ისიც გამორთული მქონია,- ქალმა მობილურს დახედა და მეგობარს მორიდებით შეხედა.
-რაზე ან ვისზე ფიქრობ, გოგონი?-დოინჯი შემოირტყა ვიკამ.
-ჩემზე ნამდვილად არა, მოვკვდი მშიერი, -გამოსძახა სამზარეულოში მოფუსფუსე ლევანმა, რომელიც თავისთვის რაღაცას იმზადებდა.
-შენ მოგიკვდი,-დასცინა ვიკამ მამაკაცს.
-არა რა, ეს ქალი სახლში შემოსაყვანი არ იყო,-ხუმრობით უპასუხა ვიკას.
-იყიდე კაბა?- ახლადმოსულს კითხვით შეუბრუნდა და ყოფილი შეყვარებულები ამ გზით გააჩუმა.
-ვიყიდე, მაგრამ შენი გემოვნება მაინც სულ სხვაა, ერთს შეხედავ და უკვე იცი, ვის რა უხდება.
-აბა, მაჩვენე?- ინტერესით გადაიხარა მეგობრისკენ და ქორწილისთვის ნაყიდ სამოსს დაუწყო მზერა.
-კარგი კაბაა, რა გინდა? ლამაზი მაკიაჟი, ვარცხნილობა, ქლაჩი, თეთრი ფეხსაცმელი და სუპერ მეჯვარე იქნები.
-ფიქრობ, თეთრი ფერის ფეხსაცმელი მოუხდება?
-კრემისფერიც მოუხდება. ლურჯ კაბას ღია ფერის აქსესუარები და ფეხსაცმელი ძალიან დაამშვენებს.
-ჰე, მოდით ახლა, დამეწვიეთ მაინც. კიტრი-პომიდვრის უგემრიელესი სალათა დავჭერი, კვერცხიანი პური შევწვი და პელმენი მოვხარშე, -ლევანმა საუბარი შეაწყვეტინა ქალებს.
-ვაჰ, ყიყლიყო,-წამოიძახა ვიკამ, -აუ, როგორ მომინდა, მგონი ბავშვობის შემდეგ არ მიჭამია. ვისი იდეაა?
-ვისი იქნება? თქვენი ქალების,-ხელები გაუშალა ლევანმა.
-შენ საბრალო, როგორ გაშიმშილებს ჩემი დაქალი,-გაეცინა ვიკას და მაგიდისკენ კუსკუსით წავიდა.
-მეც კი მომანდომა. ჯანდაბას ჩემი დიეტა, -ჩაილაპარაკა ანდრიადმა და ქმარს და მეგობარს შეუერთდა.
სწორედ მაშინ, როდესაც ვახშამს გემრიელად მიირთმევდნენ, მაისურაძეს ტელეფონზე დაურეკეს და აცნობეს, რომ კლინიკის უკანა მხარეს ხანძარი გაჩნდა.
-დედაც მოვტ*ან! ერთხელ რომ უკუღმა წაგივა საქმე, ასე მიდის შეუჩერებლად,-ბურტყუნებდა აღელვებული ლევანი და მანქანის გასაღებს ეძებდა.
-რა მოხდა?-შეშინებული წამოხტა ნატა.
-კლინიკა იწვის.
-ეს როგორ?..
-ჭრელად, ნატა, ჭრელად! -ყვიროდა მამაკაცი.
-უფ!..- ნერვები მოეშალა ანდრიადს,-თითო პრობლემა არ დაილია რა! წამოგყვე?
-რა უნდა გამიკეთო?
-მაშინ დამირეკე მაინც და გამაგებინე რა ხდება.
-კარგი,-მიაძახა ქალს და გარეთ გავარდა.
-მდა... მეც წავალ, თორემ უკვე გვიანია, თან არც შენ ხარ ხასიათზე,-ვიკაც წამოდგა, მეგობარს დაემშვიდობა და წავიდა.

***
სახანძრო მანქანის დროულმა გამოჩენამ ცეცხლი ადვილად ჩააქრო და ძალიან მალე ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა. ახლა ირგვლივ მხოლოდ პოლიციელები ტრიალებდნენ და ცდილობდნენ, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაედგინათ. მაისურაძეს და იქ მომუშავე დაცვის თანამშრომელს კითხვებს უსვამდნენ, როდესაც ვიკას მანქანა კლინიკის ტერიტორიაზე გაჩერდა. ქალი გადმოვიდა, იქაურობას თვალი შეავლო, სახე უცნაურად მოეღუშა და ლევანს დაუწყო ძებნა.
-ვიკა?-შენ აქ საიდან გაჩნდი?-გაოცებული ეკითხებოდა იქ მყოფებში შერეული მაისურაძე.
-გულმა ვეღარ მომითმინა. არ გესწავლება ჩემი ხასიათი,- გულდათუთქული ქალი თვალს არ აშორებდა დამწვარ კედლებს.
-ჰო, მაგრამ...- დაიბნა მამაკაცი.
-ზარალი დიდია?
-საბედნიეროდ, არა, მხოლოდ ერთი ოთახი დაიწვა.
-კარგია,-გაუხარდა და გასამხნევებლად გადაეხვია.
-ვიკა, წადი, ნუღარ იყინები.
-არაფერი მიჭირს, აქ ვიდგები და არ მიგატოვებ.
-ნატამ იცის, რომ აქ ხარ?
-არა. რას ამბობენ პოლიციელები?
-ექსპერტები მოიყვანეს და მიზეზებს სწავლობენ, დასკვნას მალე დადებენ და შეგვატყობინებენ.
-დაცვის თანამშრომელი რას ამბობს?
-არაფერი იცის. უცებ კვამლი დაუნახავს და მაშინვე საჭირო ინსტანციებში დაურეკავს. სულ ეს არის, რაც ვიცი.
-არ ინერვიულო, ყველაფერს ეშველება. იმ ოთახს პროფესიონალი მუშათა გუნდი ერთ კვირაში გაარემონტებს.
-ჰო,-ამოიოხრა ლევანმა.

---
სამსახურიდან სახლში ახლადდაბრუნებულმა დუდამ გადაწყვიტა, ნინოსთვის მიეკითხა და სასაუბროდ სადმე წაეყვანა. წინასწარ შეუთანხმდა და რამდენიმე საათის შემდეგ მანქანა მის კორპუსთან გააჩერა. ოდნავ ღელავდა, რადგან ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებინა, რომ თავაწყვეტილი და ბილწი სიტყვების მოყვარული ლოლა სინამდვილეში ნინო გიორგაძე იყო, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა თავის ცხოვრების წესით და გარეგნობით იისფერთმიანი ემოსგან. დღიურის წაკითხვის შემდეგ მიხვდა, რომ ორივე ადამიანი ერთნაირად საინტერესო და კომპლექსური იყო. რთულად ამოსახსნელი ამოცანები კი ყოველთვის მათში ქექვის და ამოხსნის წყურვილს უღვიძებდნენ.
პაემნისთვის გამზადებული ნინო მალე გამოჩნდა. ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა, თვალს ვერ მოწყვეტდი. ყოველთვის ასე იყო, უცხო გარეგნობის და თავისებური შარმის წყალობით ათასი კაცისგან გამოარჩევდი. სადარბაზოსთან მდგომი მამაკაცი, რომ დაინახა, გაუკვირდა:
-ჩემთან ამოდიოდი? ხომ გითხარი, მალე ჩამოვალ-მეთქი?
-შეხვედრა პრეტენზიებით დაიწყეთ, ქალბატონო ნინო?
გოგონას გაეცინა.
-ნება მომეცით, მანქანამდე მიგაცილოთ,-ხელით ანიშნა, რომ წინ წასულიყო.
-რა ჯენტლმენი მყავს,-ჩაილაპარაკა და მანქანისკენ წავიდა.
-უკვე ვყავარ კიდეც? მიმისაკუთრე? -გვერდულად გახედა გავაშელმა და ცალყბად ჩაეცინა.
-მორჩი ხუმრობას და მითხარი, სად მიგყავარ?
-მაგას ძალიან მალე გაიგებ, მანამდე კი სიმღერებით დატკბი, მანქანაში არაფერზე ვაპირებ საუბარს, -საყვარელი სიმღერების კრებული ჩაურთო და მანქანა დაძრა.
გზაში მართლაც არაფერი უთქვამს. სერიოზული სახით, ჩაფიქრებული მართავდა. ხანდახან შუქნიშანთან გაჩერებისას თუ გადახედავდა, თავისებური, გამჭოლი მზერით შეათვალიერებდა ხოლმე და ისევ გააგრძელებდა გზას.
ნინო მეორედ შეხვდა გიორგაძის ამპლუაში გავაშელს და თავს ისე გრძნობდა, თითქოს ახლიდან იწყებდა მის გაცნობას. ადრე თავს არასოდეს აიძულებდა, დაკვირვებოდა მის ჩაცმის სტილს, სახის ნაკვთებს, ხასიათის შტრიხებს... ახლა უფრო განსხვავებულ და საინტერესო ფაქტებს იჭერდა მასში.
ცოტა ხანში, მტკვრის სანაპიროზე აღმოჩნდნენ. გავაშელმა ზუსტად იმ ადგილას მიიყვანა, სადაც პირველად შეხვდა. ნინო მოაჯირს გადაეყუდა და წამით მტკვარს დააცქერდა. მდინარე კვლავ მდუმარედ მიედინებოდა თავის კალაპოტში. ისევ ისეთი ჭუჭყიანი და ტალახისფერი იყო, როგორც მაშინ, ახალი წლის ღამეს... შავი ცის წყვდიადი კიდევ მეტად ამუქებდა და საზარელ იერს სძენდა.
-აქ რატომ მომიყვანე?
-ხომ გითხარი, სასაუბრო გვაქვს-მეთქი? აღარ გახსოვს?
-მაინცდამაინც ამ ადგილას გინდა, რომ მელაპარაკო?
მამაკაცი გოგონას მიუახლოვდა, ქარისგან სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია და დაბალ ხმაზე, მოკლედ მიუგო:
-ჰო.
-რაზე უნდა ვისაუბროთ?
დუდამ პარტნიორის ნაზ კანს სახეზე თითები მსუბუქად შეახო, ტუჩები ყურთან მიუტანა და არეულად უპასუხა:
-ჩვენზე.
-რა გაინტერესებს?-გიორგაძე უკან დაიხია.
-რატომ გამოიგონე ლოლა?
გოგონა დაფიქრდა, მერე მოიწყინა და სიტუაციის გასანეიტრალებლად ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა:
-რა ლამაზი ცაა...
დუდას გაეღიმა:
-ცაზე მერე ვისაუბროთ...
-ლოლა... -უხალისოდ წარმოთქვა,- როგორც ჩანს, ვერ ელევი.
-ვცდილობ, მის არსებობის და შემდეგ გაქრობის აუცილებლობას ჩავწვდე.
-დღიური ხომ წაიკითხე? ყველაფერი იცი მასზე, ჩემგან რაღა გინდა? რატომ მაწვალებ?..
-„ზინი“ ყველაფერს ისე ვერ მეტყოდა, როგორც თავად მისი პატრონი... არ მინდა, ჩვენს შორის რამე გაურკვეველი დარჩეს. ასე, რომ გელოდები, -სერიოზული სახით შეხედა გავაშელმა.
გოგონა დიდხანს ფიქრობდა, საიდან დაეწყო. წარსულისგან მიღებული ტკივილი ისევ თვალწინ წარმოუდგა, თითქოს დახურული ჭრილობა გაეხსნა და თავი ცუდად იგრძნო. ძალიან უჭირდა ლოლაზე საუბარი, თუმცა დუდას დაჟინებულ სურვილს მაინც დაჰყვა და დარდიანი თვალებით დაიწყო:
-თიკა მესხთან საუბრის შემდეგ იმდენად გავნადგურდი, შინაგანად თავი მიტოვებული სახლივით ვიგრძენი, რომელსაც ყველა კედელი ნაწილ-ნაწილ ეშლება და სარეველა ბალახს ეზოც ისე გადაუფარავს, სიცოცხლის ნიშან-წყალი დაუკარგავს და ეშმაკების საბუდარს დამსგავსებია. ჩემს გაპარტახებულ და გამოცარიელებულ სულში ჟანგიანი ჭიშკარი რომ არავის შემოეღო და კიდევ უფრო არ მიენგრ-მოენგრია იქაურობა, ამიტომ დამჭირდა გარეგნობის შეცვლა, სხვანაირად ნინო გიორგაძეს ვერ გადავარჩენდი. ის ისეთ მდგომარეობაში იყო, ყველა ზედ გადაუვლიდა და ჩაწიხლავდა...
-გინდა, თქვა, რომ ლოლას გარდა, ნინოს ვერავინ უშველიდა?
-ჰო, სწორად გამიგე.
-და შექმენი საკუთარი თავის ყველაზე საშინელი ვერსია...-ჩაფიქრდა დუდა.
-სინამდვილეში, ლოლა და ლოლასნაირები ცხოვრების უსამართლობისგან შედგენილი პროდუქტები არიან, რომლებიც თავისებური ხერხებით უმკლავდებიან არსებულ რეალობას. მაშინ მეტი გამოსავალი არ მქონდა, ადამიანების მიმართ ნდობა დავკარგე და ყველაფერზე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ნინო ლოლაში გამოვკეტე და უცნაური გარეგნობის სხეულით ვატარებდი.
-და კეთილი და სიყვარულით სავსე ნინო სამართლიან, თავაწყვეტილ, უკომპლექსო და ამავდროულად ამჩემფეხება გოგონად გადააქციე, რომელიც არაფერს უშინდებოდა და ყველაფერზე ისეთი რისკებით აწერდა ხელს, სიკვდილიც კი სარფიანი გარიგება ეგონა.
-კარგი, ნუღარ გამახსენებ...-თავი დახარა გოგონამ.
-მოდი ჩემთან,- გავაშელმა ჩასახუტებლად მიიხმო.
სევდით შეპყრობილი ნინო მამაკაცს ჩაეხუტა და მისმა სითბომ და სურნელმა ისეთი სიმშვიდე მისცა, აღარ უნდოდა, რომ დაშორებოდა.
-ნუთუ დაიღალა დედამიწა სიყვარულისგან? ირგვლივ ბოროტება ისე მძვინვარებს, სიყალბის გარეშე ცხოვრება, უკვე გმირობის ტოლფასია და კიდევ უფრო დიდი გმირობაა, როდესაც ფლიდებს შორის გულწრფელ ადამიანს გამოარჩევ. თუ ასე მოხდა და სიკეთის გზას მიდევნებულ პიროვნებას დაინახავ, ხელი უნდა ჩასჭიდო და აღარასოდეს გაუშვა.
-ნეტავ, სიყვარულით გადაღლილი დედამიწა რომ ბოროტებისგანაც დაიღლება, მერე როგორი სურათი შეგვრჩება ხელში?..
-ეგ სამყაროს აღსასრულის ტოლფასი იქნება, ნინიკო...
-სამყაროს აღსასრულის?.. ჰო, ალბათ ასე იქნება, მაგრამ არ მინდა, ყველაფერი საშინლად და სიკვდილის ფერებში დასრულდეს.
-სამაგიეროდ, კაცობრიობას უნდა და მას ვეღარ შევაჩერებთ!
-ჩვენ როგორ გადავირჩინოთ თავები? გამოსავალი რა გვაქვს, დუდა?
- სწორედ ისე უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე, როგორც ახლა ვცხოვრობთ. მთავარია, საკუთარ პრინციპებს არ ვუღალატოთ და სხვებივით ჭუჭყში არ გავითხვაროთ... არ უნდა შევშინდეთ და გადარჩენისთვის ბრძოლა არასოდეს შევწყვიტოთ. კარგად უნდა დავიმალოთ, არ შეგვამჩნიონ, რომ მათ არ ვგავართ, თორემ ყველგან მოგვძებნიან და გაგვანადგურებენ.
-ზოგჯერ მგონია, რომ დაფერფლილ და ნაცრისფერ ქუჩებში დავდივარ. ადამიანები შავები არიან და გულებიც დიდი ხანია გაყინულები და დათრთვილულები აქვთ. ძნელია, ლოდებად ქცეულთა შორის შენი სითბო და გულის წითელი ფერი გამოაჩინო, რთულია ნათელი ფერების დამალვა, მაგრამ მაინც გიწევს მათსავით მუქი ფერის ქურქში გამოწყობა და ზღარბივით დაგორგლილი, ჩუმად სიარული, რომ არ შეგნიშნონ. საინტერესოა, ჩვენნაირი ადამიანების ბოლო რა იქნება?
-თუ იყოჩაღეს, ბროლივით სუფთად, ლამაზად დაკრისტალდებიან და ნაცრისფერი ქალაქის შუაგულში მდგარი საშობაო ნაძვის ხის სათამაშოებივით მის წმინდა ტოტებზე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ. იმ ადგილს, სადაც უფალთან ახლოს იქნებიან და ჯერ კიდევ შეუბღალავი სულის ბავშვებივით სამუდამოდ აინთებიან და აციმციმდებიან...
გოგონა კიდევ მეტად მიეკრო მტკვრისგან ზურგით მდგომ მამაკაცს. იგრძნო, როგორ აღწევდნენ მასში პატარა ნაწილაკები, რომლებიც ნელ-ნელა სხეულში იშლებოდნენ და სიამოვნებას ანიჭებდნენ. აქამდე არავისთან ეგრძნო მსგავსი რამ და ხვდებოდა, რომ მასში შეღწეული ცვლილება სულიერი სიმშვიდისკენ და ამასთანავე დუდაზე მიზიდულობისკენ უბიძგებდა. როგორც იქნა, გრძნობებს მოერია, გვერდულად დაუდგა, მხარზე თავი ჩამოადო და მათ წინ მიმავალ მანქანებზე გადაიტანა მზერა. აღარაფერი უკითხავს. არც გავაშელს გაუგრძელებია საუბარი. ორივე ერთმანეთის არსებობით გაბრუებულიყო და საკუთარ სიტყვებზე ფიქრობდა...

---
მაგისტრის დიპლომისთვის კვლევაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა. ნინო გიორგაძე ბავშვებთან მუშაობის ბოლო საათს ატარებდა. პატარები სულგანაბულები უსმენდნენ ფსიქოლოგის მიერ მიცემულ რჩევებს, რომელიც სამყაროს აღქმის, მისი თავისებურებების და უკეთესი მომავლის დანახვაში დაეხმარებოდათ. ახალგაზრდა სტუდენტი მათ წინ იდგა, თითოეულს ყურადღებიან მზერას უნაწილებდა და დამრიგებლური ტონით ესაუბრებოდა:
-ნურასოდეს შეადარებთ საკუთარ ცხოვრებას სხვისას, რადგან რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვერასოდეს გახდებით სხვა. თქვენ თქვენ ხართ და ყველას საკუთარი ინტერესი, მოთხოვნები და შესაძლებლობები გაქვთ. შესაბამისად, თითოეული აქ მყოფის გასავლელი გზა სხვადასხვაა. ამ დაქსაქსულ სამყაროში უამრავი გზა და ბილიკია, რომლებიც ერთმანეთს ჰკვეთს და ქაოტურად იხლართება. ჩვენ კი მათზე მოსიარულე, დროებით მგზავრებს ვგავართ, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით გვეჩქარება. ხანდახან უსასრულო ლაბირინთები გვაბნევენ, გზას ვკარგავთ და ჩვენს ბილიკებს ვეღარ ვპოულობთ, მაგრამ ამან არასოდეს შეგაშინოთ. თუ ვერ იპოვით, თავად გაიყვანეთ იგი და მიჰყევით საკუთარ სავალ ბილიკებს; თუ თავს ქარიშხალი დაგატყდებათ, არ შეშინდეთ , რადგან ადრე თუ გვიან გადაივლის და გზა ისევ გამოჩნდება; თუ ბედნიერების კარი დაკეტილი დაგხვდათ, უკან არ დაბრუნდეთ, დაელოდეთ, ვიდრე ხელმეორედ არ გაიღება; თუ ცხვირწინ მოგიხურეს და განგებ გადაგირაზეს, ჩალეწეთ და მაინც შედით, არავის და არაფერს აქვს უფლება, ვინმემ საკუთარ სურვილზე უარი გათქმევინოთ. გამოიყენეთ ძალა, რომელიც თქვენშია; თუ რაღაც არ მოგწონთ ცხოვრებაში, შეცვალეთ! ნუ დაელოდებით, რომ ის ვინმემ გაგიკეთოთ. ის არასოდეს გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს, რადგან სხვისი პრობლემები ადამიანთა უმეტესობას საერთოდ არ ანაღვლებს, ან უხარიათ, რომ ისინი თქვენ ცხოვრებაში არსებობენ და მოუგვარებელია. ნუ მისცემთ თავს უფლებას, რომ წარუმატებლობამ შეგაშინოთ, მიიღეთ ისინი ცხოვრების გაკვეთილებად; თუ ფერად სამყაროს ვერსად დაინახავთ, თავად გააფერადეთ იგი; თუ სითბო ვერ იპოვეთ, თავად დაანთეთ ცეცხლი. მიჰყევით მიზნებს და არა ოცნებებს! იწამეთ ღმერთის და თქვენი თავის, ისინი არასოდეს მიგატოვებენ.
არც იმას აქვს მნიშვნელობა ვისი შვილი ხართ, ან იზრდებით თუ არა მშობლებთან. ჩათვალეთ, რომ თითოეული დედამიწელი სამყაროს შვილია და საბოლოო ჯამში, თავად უხდება საკუთარ თავზე ზრუნვა და თვითგადარჩენა. ჩვენ, ადამიანები თავად ვქმნით საკუთარ პიროვნებას და მომავალს.
თუ გინდათ, რომ შეგამჩნიონ, გადამალეთ სიმორცხვე და გამოჩნდით! თუ გინდათ, რომ ხმა მიაწვდინოთ, იყვირეთ! თუ გინდათ, რომ არ დაგივიწყონ, დაამჩნიეთ დედამიწას ნაფეხურები!
ბოლო სიტყვის დასრულებისას, გიორგაძეს აღელვებული ხმის ტემბრი დაუმშვიდდა და აბობოქრებული ოკეანესავით ჩაცხრა... სახეზე ჩვეულმა სიმშვიდემ და ჭკვიანმა გამოხედვამ დაისადგურა.
ბავშვები გასუსულიყვნენ, ყველა ერთად დამუნჯებულიყო და ნინოს სიტყვებს გონების ხვეულებში მარხავდნენ... არაფერს ამბობდა მანანაც, რომელიც კვლავინდებურად ბოლო მერხზე დამკვირვებლად იჯდა და ფსიქოლოგის მუშაობას თვალყურს ადევნებდა...
რამდენიმეწუთიანი სიჩუმის შემდეგ ნინო წამოდგა, ღრმად ამოისუნთქა და საუბარი განაგრძო:
-დღეს თქვენთან მუშაობის ბოლო დღეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე აქ აღარ მოვალ. აუცილებლად მოგინახულებთ ხოლმე, სულაც არ ვაპირებ თქვენს მიტოვებას,-ტუჩები ღიმილმა გაუპო და თვალებიდან სითბო გადმოეღვარა.
პატარა ონავრები ნელ-ნელა გონს მოეგნენ, მერე წამოიშალნენ და ნინოს წინა ღამეს მომზადებული ნახატები და წერილები გადასცეს საჩუქრად. მანანაც მიუახლოვდა, უხერხულად ჩაახველა, რომ ყურადღება მიექცია და გაუღიმა:
-იცი, სიმართლე გითხრა, თავიდან ვფიქრობდი, რომ ბავშვებს ტვინებს ურეცხავდი და სისულელეებით უჭედავდი, მაგრამ ახლა შედეგს აშკარად ვხედავ. შენი გამოჩენის შემდეგ ძალიან შეიცვალნენ და გაცილებით ლაღები და იმედიანები გახდნენ.
-მეც ეს მინდოდა,-დინჯად წარმოთქვა ახალგაზრდა ფსიქოლოგმა.
-მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ასე გაისარჯე და ბავშვები უკეთესობისკენ შემოაბრუნე.
-არაფრის.
-კარგი, ამის თქმა მინდოდა. აღარ მოგაცდენ და ჩემს საქმეს მივხედავ,-ქალმა პირველად გაუღიმა და ბავშვებს საქმიანი სახით მიუბრუნდა.
ფსიქოლოგი პატარებს და ადმინისტრაციას დაემშვიდობა და ბავშვთა სახლის დირექტორს შეპირდა, რომ რამდენიმე კვირაში რეკომენდაციის სახით შემუშავებულ ტექსტს გაუგზავნიდა, სადაც დაწვრილებით იქნებოდა გაწერილი სამუშაო მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც თანამშრომლებს აღსაზრდელებთან მუშაობის გაადვილებაში დაეხმარებოდა. ყველა საქმე მოაგვარა და წასვლას აპირებდა, როდესაც დერეფანში გამოსული დემეტრე შენიშნა:
-შენ აქ რა გინდა, გაკვეთილზე არ უნდა იყო?-გაკვირვებულმა შეხედა.
-მანანა მასწავლებელს ვუთხარი, საპირფარეშოში მინდოდა და ოთახიდან გამოვედი, რომ წასვლის წინ კიდევ ერთხელ დამენახე.
-რა საყვარელი ხარ,-გაეღიმა გოგონას და გულში ჩაიკრა.
-მართლა მოხვალ ხოლმე?
-ტყუილად არავის არაფერს ვპირდები, დემე.
-გენდობი,-ბავშვმა სიხარულისგან შესცინა.
-შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
-გისმენ,-ბიჭი ყურადღებით უსმენდა.
-შეგიძლია, მითხრა, ბებია სად ცხოვრობს?
-მისამართი გინდა?
-ჰო, ან ტელეფონი.
- რად გინდა?
-მინდა, შევხვდე და გავიცნო.
ბავშვი დაფიქრდა, მერე ჩუმად უთხრა, რომ არავის გაეგო:
-ორივეს დაგიწერ.
ნინომ ფურცელი და კალამი მიაწოდა. დემეტრემ უცბად დაუწერა, შემდეგ ლოყაზე ძლიერად აკოცა და სამეცადინო ოთახს დაუბრუნდა. გოგონამ ფურცელი ჯიბეში შეინახა, იქაურობას თვალი მოავლო და რომ დარწმუნდა, არავინ დაინახა, ბავშვთა სახლი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა.
მოდიოდა წყნეთიდან გიორგაძე და გზაში პატარების ალალად, გულიდან წამოსული სიტყვებით დაწერილ და მათი სიყვარულით გამთბარ წერილებს ეცნობოდა, უყურებდა ნახატებსაც და თითებით ფრთხილად ეხებოდა დახატულ კაშკაშა მზეს, ცისფერ ცას, წითელ-ყვითელ ყვავილებს, მწვანედ მობიბინე მინდორ-ველებს და სახლებს, საიდანაც სეზონის შეუფერებლად საკვამურიდან ამოსული კვამლი ამოდიოდა...

---
რამდენიმე კვირაში ლევან მაისურაძეს კლინიკაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დასკვნა მოუვიდა, სადაც ატყობინებდნენ, რომ ცეცხლი მოკლე ჩართვამ გამოიწვია და შენობა ელექტრო გაყვანილობის სათანადოდ შეკეთებას საჭიროებდა.
სარემონტო სამუშაოების პარალელურად, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა ფუნქციონირებას. ნატალია ანდრიადის ბოლო დროს ჩვეულ დაბნეულობას და სამსახურისადმი უგულო დამოკიდებულებას თუ არ ჩავთვლით, პაციენტები და ექიმები მომხდარი ხანძრის გამო ნამდვილად არაფრით დაზარალებულან:
-რა ჯანდაბა გჭირს?-ერთ დღეს მოთმინებადაკარგული მაისურაძე სახეალეწილი შეუვარდა მეუღლეს კაბინეტში.
-არ შეიძლება, რაღაც დაგავიწყდეს? ალბათ გადავიღალე და იმის ბრალია.
- უაზრო თავის მართლებას მორჩი. რას ჰქვია დაგავიწყდეს?! მენტალური შვებულება გაქვს?
-შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ, ლევან,-თვალები დაუჭყიტა ქალმა.
-აქ საქმე პაციენტს და მის ჯანმრთელობას ეხება და კარგად იცი, ზოგჯერ ექიმის შეცდომა რით შეიძლება, დასრულდეს.
-არაა საჭირო შეხსენება.
-ჰო? რაღაც ვერ გამჩნევ, რომ არ გჭირდება შეხსენება.
-ლევან!
-რა, ნატა?! გავჩუმდე? არ გავჩუმდები! ყელში ამოვიდა უკვე შენი დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ავადმყოფებთან ბოდიშის მოხდა.
-ჰო, შემეშალა და ვაღიარებ. ახლა რა ვქნა? სამსახურიდან წავიდე?
-თუ ასე გააგრძელებ, მოგიწევს.
-მემუქრები კიდეც?
-კეთილი ინებე და გონს მოდი და როცა სამსახურში ხარ, ღრუბლებში ნუ დაფრინავ.
-ბოდიში, რომ ჩემმა შეცდომებმა გაგაღიზიანეს.
მამაკაცს აღარაფერი უთქვამს, კარები გაიხურა,
-ცოფიანი,-თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა და განერვიულებული ავადმყოფების საქმეებს დაუბრუნდა.

---
თბილისიდან მოშორებით, ქალაქგარეთ, საკუთარი სახლის ეზოში მიწური იდგა, რომელიც მეპატრონეს მდგმურებზე გაექირავებინა და ყოველთვიურად პატარა შემოსავალს იღებდა. ერთ-ერთ ოთახში დემეტრეს ბებია ცხოვრობდა. მოხუცი თვიდან თვემდე თავს პენსიით და ქუჩაში მათხოვრობით ირჩენდა.
გიორგაძემ ეზოს ჭიშკარი ფრთხილად შეაღო და შევიდა. ირგვლივ მიმოიხედა და თვალში მოუვლელი, დასასუფთავებელი და უსარგებლო ნივთებით გადავსებული ეზო მოხვდა. შესასვლელში ორ ძირი კარალიოკის ხე იდგა, რომელზეც თოკებით ჩამოკიდებულ უპატრონო საქანელას ქარი აქეთ-იქით არწევდა. ოდესღაც ასფალტით დაფარული მიწის ამოღრმავებული ადგილები წვიმის წყალს ამოევსო. გოგონამ ატალახებული კარ-მიდამო კარგად შეათვალიერა და სახლის უკან, ბაღში გავიდა. მიწურის ერთ-ერთ შეუღებავ კარზე დააკაკუნა და ჩამტვრეულ და ხის ფანერით შეკეთებულ ფანჯარას დაუწყო ცქერა. დაბურული მინიდან ძლივს გაარჩია მოხუცებულის სახე, რომელიც სტუმარს აკვირდებოდა. ქალმა ძველი კარები ხრჭიალით გაუღო:
-თქვენ ხართ ნინო?
-დიახ,-მორიდებით გაუღიმა ახალგაზრდამ.
-მობრძანდით.
ოთახში შესვლისას გოგონას თვალში მოხვდა რკინის საწოლი, ტუმბო, მაგიდა და ორი სკამი. ხის იატაკი წითლად იყო შეღებილი, ხოლო კედლებზე ძველი, ალაგ-ალაგ ახეული შპალერი მოჩანდა, რომელსაც ახალგაზრდა წყვილის და პირმცინარი ბავშვის სურათები ამშვენებდნენ. ირგვლივ „სიღარიბის სუნი“ იდგა, რომელიც ნივთებს და კედლებს ისე გასჯდომოდა, არაფრის დიდებით არ აპირებდა უკან წასვლას...
-ბოდიში, ვერაფრით გაგიმასპინძლდებით,-უხერხულობისგან აიწურა მასპინძელი.
-არაა, საჭირო, ნუ შეწუხდებით,-წარმოთქვა სტუმარმა.
-დაბრძანდით.
-გმადლობთ,-გოგონა სკამზე ჩამოჯდა და დარდისაგან გატეხილ მოხუცს თანაგრძნობით შეხედა.
-გისმენ, ბებია, დაიწყე.
-როგორც გითხარით დემეტრეზე სასაუბროდ მოვედი.
მოხუცმა მუხლებზე დანაოჭებული ხელები დაიდო და მის მოსასმენად მოემზადა.
-მე ფსიქოლოგიური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი გახლავართ. დემეტრე უნივერსიტეტიდან ბავშვთა სახლში მივლენილ საქმეზე გავიცანი და მინდა გითხრათ, ამ მოკლე ხანში ძალიან შევიყვარე. არაჩვეულებრივი შვილიშვილი გყავთ.
ხანდაზმულმა დემეტრეს ხსენებაზე სევდიანი თვალები მიიღო:
-მე ვერ ვუპატრონე...
-მესმის... -თავი ჩაღუნა ახალგაზრდამ.
-თქვენც ხედავთ, ამ პირობებში ბავშვის აღზრდა შეუძლებელია,-თავის მართლება დაიწყო ქალმა.
-ქალბატონო მედიკო, ბავშვი ძალიან განიცდის უთქვენობას. მთავარი მაინც საყვარელ ადამიანებთან ყოფნაა. იქნებ როგორმე გაიჭირვოთ და თქვენთან დააბრუნოთ.
-მას ტანსაცმელი უნდა, საკვები, სასმელი, სწავლა, ხელშეწყობა, მე კი ამის საშუალება არ მაქვს.
-მე დაგეხმარებით.
-თქვენ რით დამეხმარებით?
-როგორც შევძლებ, ისე დაგეხმარებით.
-არ მინდა, ვინმეს თავს ჩემი პრობლემები მოვახვიო.
-გასაგებია, მაგრამ დემეტრე ძალიან ემოციური ბავშვია. ვერ წარმოიდგენთ იქ როგორ ითრგუნება.
-ვიცი, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. სჯობს, იქ იყოს, სადაც არის. მე როდემდე ვეყოლები? იქ კი შეიძლება პატრონი გამოუჩნდეს.
-ალბათ, გესმით, რომ ასაკით დიდი ბავშვების გაშვილება ცოტა რთულია.
-ვიცი, მაგრამ ვერაფერს გავაწყობ.
-ყველანაირად გვერდში დაგიდგებით.
-არა, ვერავის შევაწუხებ.
-ძალიან გთხოვთ, იქნებ დაფიქრდეთ.
-ნუ მთხოვთ და ნუ მავალდებულებთ იმ ბავშვის მოვლა-პატრონობას, რომელიც ჩემი ნამდვილი შვილიშვილიც კი არ არის.
-რას ბრძანებთ?-სახე შეეცვალა გოგონას.
-ჰო, დემეტრე ჩემი ღვიძლი შვილიშვილი არ არის.
ნინოს თვალები გაუფართოვდა:
-ბავშვმა ეს ამბავი იცის?
-არა. ეს ამბავი ჩემმა შვილმა და სიძემაც კი არ იცოდნენ.
-როგორ?-დაიბნა გოგონა.
-იმ ღამეს, როდესაც ჩემი გოგონა მშობიარობდა, იმავდროულად სამშობიაროში ერთი ახალგაზრდა გოგოც მოიყვანეს. ჩემს შვილს მკვდრადნაშობი დაებადა, მას კი ჯანმრთელი ბიჭუნა ეყოლა. ვიცოდი, რომ ჩემი გოგო ამ ამბავს ვერ გადაიტანდა და მაშინ როცა, სიძის მოსვლამდე სამშობიაროს მოსაცდელში მაღალ ხმაზე მოვთქვამდი, მეორე მშობიარის დედამ ეს ამბავი შეიტყო, გარიგება შემომთავაზა და ექიმთან გარკვეული საზღაურის გაღებით ბავშვები გავცვალეთ. ასე წამოვიყვანეთ დემეტრე სამშობიაროდან. დედამისს კი დააჯერეს, რომ შვილი დაეღუპა.
-კი, მაგრამ...
-იმ გოგოს ქმარი არ ჰყავდა და ოჯახმა სირცხვილი აირიდა. აი, ასე იყო ეს ამბავი.
ნინო გაოგნებული იყურებოდა. აღარ იცოდა რა ეთქვა:
-ეს რომელ სამშობიაროში მოხდა?
-ბათუმში, მაგრამ ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს?
-იქნებ ნამდვილი მშობელი მოვძებნოთ და შევატყობინოთ.
-შენ გგონია, ამას გავაკეთებ? მე სიტყვა მივეცი იმ ქალბატონს და პირობას არ დავარღვევ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ჩემი შვილი სიკვდილისგან იხსნა. ასეც რომ არ იყოს, ისიც კი არ ვიცი სად მოვძებნო.
-იქნებ ახლა ის ოჯახი თავის საქციელს ნანობს და დემეტრეს ეძებს კიდეც? თქვენ ხომ გიყვართ ის ბავშვი? გეხვეწებით, ნუ გაწირავთ.
-გამორიცხულია, რასაც მთხოვთ, არ გავაკეთებ. ვერავის ჩავაგდებ საფრთხეში.
-ესე იგი, ბიჭის ბედი აღარ გაინტერესებთ?
მოხუცმა მოიწყინა და სუსტი მხრები აიჩეჩა.
-გასაგებია,- გულისტკენით თქვა ნინომ და წასასვლელად მოემზადა.
-ახლა ვნანობ, რატომ ვიბჟუტურე ამდენი.
-დაწყნარდით, არავის ვეტყვი,- დაბალ ხმაზე მიუგო ნინომ.
-იმაზე მეტი გითხარი, რაც უნდა მეთქვა,-აგრძელებდა მოხუცი.
-მხოლოდ ერთს გთხოვთ, დემეტრეს ნუ ეტყვით ამ ამბავს, მისი ფსიქიკა ამდენს ვეღარ გაუძლებს.
-არც დამალვაა კარგი...
-ყოველ შემთხვევაში, ახლა ნუ გავაგებინებთ. ფსიქოლოგი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ.
მოხუცი ერთხანს გაჩუმდა, მერე სტუმარს ახედა და თავი დაუქნია:
-შევთანხმდით.
-კარგი, ახლა დაგემშვიდობებით, უნდა წავიდე.
ქალი გოგონას გასაცილებლად წამოდგა და კარებამდე გაჰყვა. უყურებდა თავჩაღუნულ ნინოს, რომელსაც გული ორმაგად დამძიმებოდა და ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა ტალახიანი ეზოს ბილიკებს. თავად მოხუციც ჩაფიქრებულიყო, მასაც ძალიან ეცოდებოდა უპატრონოდ დარჩენილი დემეტრე და შორიდან ცრემლებით უთანაგრძნობდა...

***
სახლში მისულ იუბილარ გიორგაძეს ლაშამ და სოფომ მიაკითხეს და კინოთეატრში ახალი ფილმის პრემიერის საღამოს სეანსზე დაპატიჟეს. ჩვენების შემდეგ პატარა, მყუდრო რესტორანში დასხდნენ და დაბადების დღეს აღნიშნავდნენ:
-უცნაური დღე მაქვს. ასეთი ტკბილ-მწარე დაბადების დღე არასოდეს მქონია,-ამბობდა ნინო.
-რა მოხდა?-ცნობისმოყვარეობით გახედა ლაშამ.
-დღეს წყნეთის ბავშვთა თავშესაფრის ერთ-ერთი აღსაზრდელის ბებიას შევხვდი და ისეთი რამ მიამბო...
-დემეტრეზე ამბობ?-იკითხა სოფომ.
-ჰო...
-ძალიან გულში ჩაგრჩა ეგ ბავშვი.
-ღვთის სასწაულია, შეუძლებელია გაიცნო და თავი არ დაგამახსოვროს.
-მართალი ხარ,-დაეთანხმა სოფო.
-ბებიამ რა გიამბო?-ჩაეძია ლაშა.
-ჩემი ნამდვილი შვილიშვილი არ არისო. წლების წინ, ვიღაცას სამშობიაროში თავის გარდაცვლილ შვილიშვილში გაუცვლია და თავად შვილისთვის დაუჯერებია, რომ მისი ბავშვი მკვდარი დაიბადა.
-რას ამბობ, ტო?-შეიცხადა ლაშამ.
-აუფ! დემეტრემ იცის ეს ამბავი?
-არა, სოფო და არც ვაპირებ, რომ გავაგებინო. ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ნამდვილად ვერ გადაიტანს.
-სულ მიკვირს, ზოგჯერ რა შეუბრალებელია ადამიანი. ასე როგორ უნდა მოიქცე?! საკუთარი შვილიშვილი შვილს მოაშორო და ვიღაცას ნივთივით გადასცე? წარმოუდგენელია ჩემთვის.
-ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს ირგვლივ, ვისაც გულის ნაცვლად ქვა უდევს, ლაშა,-ნაღვლიანი თვალებით შეხედა ნინომ მეგობარს.
შუა ვახშმის დროს გიორგაძეს დუდამ დაურეკა:
-როგორ ხარ?
-კარგად, თავად?
-მეც კარგად. სად ხარ, რა ხმაურია?
-რესტორანში ვარ, მეგობრებთან.
-კონკრეტულად რა ადგილას ხართ? მოგაკითხავ.
-არაა საჭირო, ლაშა მიმაცილებს.
-მოიცა, ეს რა პასუხია?!
-და რა არ მოგეწონა?!
-მგონი ზედმეტი ვარ, ჰო? შემთხვევით ხელს ხომ არ გიშლი?
-დუდა, ეჭვიანობ?
-არ ვიეჭვიანო?! ისე მელაპარაკები, თითქოს ჩემი მოშორება გინდოდეს.
-მეგობრებზე არ უნდა იეჭვიანო.
-სად ხარ? მითხარი და ახლავე მოვალ. მეტჯერ აღარ გავიმეორებ!
-უხერხულია, ესენი როგორ მივატოვო?
-არაუშავს, მეგობრებს ეტყვი, რომ საქმე გაქვს და ცოტა ხნით შემხვდები.
-მაინც არ იშლი შენსას,-ჩაეცინა ნინოს,-კარგი, ისედაც ვამთავრებდით ვახშამს, მისამართს მოგწერ.
-ეს პასუხი უკვე მომწონს,-ხმა შეეცვალა გავაშელს.
გოგონამ რესტორნის სახელი და მისამართი მიწერა და მეგობრებთან საუბარი გააგრძელა. რამდენიმე წუთში დუდაც გამოჩნდა და უკვე გარეთ მყოფ ნინოს და მის მეგობრებს მიესალმა. გიორგაძემ იგი დედამისის ექიმად წარადგინა, შემდეგ ლაშას და სოფოს მოუბოდიშა, მიზეზად საქმე მოიდო, დაემშვიდობა და გავაშელს გაჰყვა.
ლაშას გულმა უგრძნო, რომ ნინოსთვის დუდა დედამისის ექიმზე მეტს წარმოადგენდა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ცოტაც და მოწოლილი ბრაზისგან გასკდებოდა.

***
-მითხარი, მეგობრები არიანო, არა?-მანქანაში ახლადჩამჯდარი დუდა ნინოს კითხვით შეუბრუნდა.
-ჰო, მერე რა მოხდა?
-ეგ ლაშა არ მომწონს.
-რა?
-რაც გაიგე.
-რატომ? რა სჭირს შენი დასაწუნი?
-ნინიკო, პატარა ბიჭი არ ვარ და არც შენ ხარ ძალიან პატარა, რომ ვერ ხვდებოდე რას და რატომ გეუბნები,- მკაცრი ტონით უთხრა და მანქანა დაქოქა.
-მაინც ვერ მივხვდი და იქნებ კონკრეტულად ამიხსნა, რა გაწუხებს?
-ლაშა მეგობრულად არ გიყურებს.
-და ამიტომ არ მოგწონს?
-აი, ხომ ხედავ? თავადაც არ გიკვირს ჩემი ნათქვამი. ესე იგი, არც შევმცდარვარ.
-მოიცა...
-ნინიკო, მოიცა და საქმის გარჩევები არ უნდა მაგას!-სიტყვა გააწყვეტინა გავაშელმა.
-ეჭვიანობის სცენებს მიწყობ და აბა, მკითხე, მომწონს ეს?
-მე არ მეკითხები რა მომწონს და რა არა?
-ლაშას და ჩემს შორის არაფერი ხდება.
-ეგეც ვიცი.
-ჰოდა, მაშინ რა პრობლემაა?
-დავიჯერო, მართლა ვერ ხვდები რა პრობლემაც არის?
-მეგობარი გინდა, დამაკარგვინო?
-შენთვის მეგობარია, მისთვის არ ხარ მეგობარი...
-დუდა კარგი, რა. არ გინდა ეს ლაპარაკი.
მამაკაცმა თავი ვერ შეიკავა და მანქანა გააჩერა:
-მე იმას ვამბობ, რაც დავინახე. ამას არც შენ უარყოფ. ჩემგან რას ელოდები? ლაშას ისე შევხვდე ხოლმე, როგორც შენს მეგობარს და თავი იდიოტად მოგაჩვენოთ?
გიორგაძე გაჩუმდა.
-ხომ ხედავ, შენც არ გაქვს პასუხი. არც ლაშა იმეგობრებს ჩემთან და არც მე მასთან. მიმიხვდი რისი თქმაც მინდოდა?
ნინომ თავი დაუქნია.
-კარგი, აღარ მინდა დაბადების დღე ჩაგაშხამო. ბოლოს და ბოლოს, მოსალოცად შეგხვდი,-უკანა სავარძელზე დადებულ შეფუთულ ყუთს გადასწვდა და შეყვარებულს გადასცა.
-ეს რა არის?-ეშმაკურად გაეღიმა ნინოს.
-გახსენი და ნახე,-ჯერ კიდევ გამწყრალი სახით უთხრა დუდამ.
გოგონამ ყუთს წითელი ქაღალდი მოაცალა და მისთვის საყვარელი სუნამოს კომპლექტი დაინახა:
-ვაუ, რა კარგია, „Gucci Bloom” ,-სიხარულისგან იკივლა და მამაკაცს გადაეხვია.
იქვე გახსნა, რამდენიმე წვეთი მიიპკურა და სურნელში ჩაიკარგა:
-ღვთაებრივია! დიდი მადლობა,-კმაყოფილებას ვერ მალავდა იუბილარი.
გავაშელმა შეკრული წარბი გახსნა და გაეღიმა, შემდეგ მანქანა დაქოქა და ნინოს მისაცილებლად მისი სახლისკენ დაიძრა. გზაში ხმა აღარ ამოუღია, არც გიორგაძე იყო გამწყრალ დუდასთან საუბრის ხალისზე, თუმცა ორივემ კარგად იცოდა, რომ ლაშაზე და მასთან დაკავშირებით წამოჭრილ ახლანდელ და შესაძლო სამომავლო პრობლემებზე ფიქრობდნენ...

***
გათენებისას გიორგაძეს ლაშას მობილურიდან ტექსტური შეტყობინება მიუვიდა, სადაც სთხოვდა, რომ საღამოს სადმე შეხვედროდა. დიდი ხნის ყოყმანის და ფიქრის შემდეგ, ნინო დათანხმდა.
დაახლოებით 06:30 საათი იქნებოდა, როდესაც ლაშას მანქანა ნინოს კორპუსის ეზოში გაჩერდა. გოგონამ მაშინვე შეატყო, რომ რაღაც აწუხებდა. ბიჭმა გეზი ფუნიკულიორისკენ აიღო. იქ ასულებმა, ცოტა ხნით პარკში ფეხით გაისეირნეს და საღამოს თბილისს გადახედეს.
-რამდენჯერაც არ უნდა ამოვიდე, ზუსტად იგივე შეგრძნება მეუფლება. ულამაზესია ჩვენი დედაქალაქი,-უცნაური სიჩუმე დაარღვია ნინომ.
-ჰო, აქედან მართლა ლამაზად ჩანს,-ძალით გაუღიმა მეგობარმა.
-ბუნებაც ნელ-ნელა იღვიძებს და კიდევ უფრო გაალამაზებს.
ლაშას აღარაფერი უთქვამს, სერიოზული სახით ჰორიზონტს გასცქეროდა და თვალი ერთ წერტილზე შეეჩერებინა.
-არ მეტყვი, რა ხდება?
ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა, ნელ-ნელა სახე ნინოსკენ მოაბრუნა და უხასიათოდ უთხრა:
-მოდი, რესტორანში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ.
-კარგი, როგორც გინდა,-დაეთანხმა და შენობისკენ გაჰყვა.
არც გარემომ, არც მომღიმარმა მომსახურე პერსონალმა და არც ნინოსთან ერთად ყოფნამ შეუცვალა ბიჭს გუნება. მოწყენილი იყო და დროდადრო მძიმედ სუნთქავდა. გიორგაძე ცდილობდა, მისთვის განწყობა შეექმნა, მაგრამ ლაშას სულ სხვა რამ აფიქრებდა:
-რასაც ახლა გკითხავ, გთხოვ, გულახდილად მიპასუხე, კარგი?
-რა მოხდა, ასე რამ დაგაღონა?
-შენს და იმ ექიმს შორის რა ხდება?
გოგონა შეიშმუშნა, თითქოს არ სურდა დუდაზე საუბარი მასთან. იცოდა, რომ გულს ატკენდა და ცდილობდა, ისეთი სიტყვები შეერჩია, რომელიც შექმნილ სიტუაციას ოდნავ მაინც განმუხტავდა:
-ხომ გითხარი, რომ მე და შენ მხოლოდ მეგობრები ვართ? ამის იქით, ჩვენი ურთიერთობა არასოდეს წასულა და ვერც წავა. ჩემსა და დუდას შორის რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს შენს გულზე გავლენას არ უნდა ახდენდეს.
-მაგრამ ახდენს და იცი, რატომაც.
-მე ხომ არაფერ შუაში ვარ? იმედი არასდროს მომიცია და რატომ მიწყრები?
-არ გიწყრები, საკუთარ თავზე მეშლება ნერვები.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ბოლომდე მაინც იმედი მქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა.
-იცი, ჭირვეულობა და თავის დაფასება არ მიყვარს, ვიღაც თუ მომწონს, ვაღიარებ და უკან არ ვიხევ.
-ის ექიმი მოგწონს? პირდაპირ მითხარი, ასე მირჩევნია.
-კი, მომწონს.
ლაშას სახე კიდევ უფრო შეეცვალა და გული დაუმძიმდა:
-საკუთარ გრძნობებს ვერ ვერევი, ნინო. ისევ მიყვარხარ.
გოგონამ თანაგრძნობით შეხედა, ვერაფერი უთხრა და ჩანგლით სალათის ფოთოლს დაუწყო წვალება.
-მოკლედ, ბევრი ვიფიქრე და სჯობს რაღაც დროით ჩამოგშორდე.
ნინომ გაოცებული სახით შეხედა:
-ლაშა, არა მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს. იქნებ კარგად დაფიქრდე. ჩემთვის არაჩვეულებრივი ადამიანი და მეგობარი ხარ.
-ვიცი და ძალიან ვაფასებ, მაგრამ თავს ვეღარ მოვიტყუებ. ვერც შენ მოგაჩვენებ, რომ როცა სხვა მამაკაცთან დაგინახავ, მტკივნეული არ იქნება ჩემთვის.
-პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში, არ ვიცი რა ვთქვა.
-შენ არაფერი უნდა თქვა, ნინო. სათქმელი მე მაქვს და კიდეც ვამბობ. დროა, ჩვენი ურთიერთობა შეწყდეს.
-ძალიან რთული იქნება ჩემთვისაც, შენთვისაც და სოფოსთვისაც.
-სოფოსთან ურთიერთობას ისევ გავაგრძელებ, მაგრამ შენთან აღარ გამომივა და უნდა გამიგო.
გოგონამ თვალები დახარა, მარტივი მოსასმენი ნამდვილად არ იყო, რასაც ლაშა ეუბნებოდა:
-რაკი ეს გადაწყვეტილება მიიღე, მაშინ იძულებული ვარ, შევეგუო.
-მადლობა,-თავი დახარა ბიჭმა.
მართალია, ნინოსთვის მტკივნეული აღმოჩნდა ლაშასთან, როგორც მეგობართან განშორება, მაგრამ მისი ესმოდა და იცოდა, რომ მათი ურთიერთობის დასასრული ორივესთვის მართებული გადაწყვეტილება იყო .

---
მაისურაძის კლინიკაში განხორციელებული სიახლეების წყალობით, კმაყოფილი პაციენტების რიცხვი გაიზარდა და ლევანმაც როგორც იქნა, ამოისუნთქა. დროებითი გასაჭირი ცუდი სიზმარივით მოგონებებს გააყოლა და ხასიათიც გამოუსწორდა. მხოლოდ ნატა გრძნობდა თავს არაკომფორტულად, სულ მუდამ რაღაც აწუხებდა და აფორიაქებული იყო. ვერაფრით გამოიკეთა ბოლო დროს გაფუჭებული ხასიათი და განწყობა.
ერთ დღეს ვიკას მიაკითხა და გული გადაუშალა:
-მართლა აღარ ვიცი, რა მჭირს. მგონი, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც ლევანს გავყევი ცოლად. დუდას გამოჩენის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ასე მგონია, აქამდე ჩემი ცხოვრებით არც მიცხოვრია.
-ოჰ! ვინ ლაპარაკობს ამას? ნუთუ ნატალია ანდრიადი?
-ახლა ვხვდები, დუდა არც არასოდეს დამვიწყებია. უბრალოდ, ჩემს ირგვლივ ვეღარსად ვხედავდი და თავს ვაიძულებდი, რომ მასზე არ მეფიქრა.
-მდაა, რთული ვითარებაა,- სიგარეტს მოუკიდა ვიკამ და მოსაწევად აივანზე გავიდა.
-მითხარი, რა გავაკეთო?-უკან გაჰყვა მეგობარს.
-ლევანს უნდა დაელაპარაკო და გაშორდე. შენ სხვა გიყვარს და ტყუილში ვერ იცხოვრებთ.
-ასე იოლია? დუდამ რომ არ მიმიღოს?
-მოდი ვაღიაროთ, რომ გავაშელი შენზე ძალიან ნაწყენია, რადგან თავად იყავი დაშორების ინიციატორი. ამას რომ თავი დავანებოთ, დარწმუნებული ვარ, გააფთრდებოდა, როცა დედაშენი შენი ორსულობის და აბორტის ამბავს მოუყვებოდა, მაგრამ ისიც კარგად მახსოვს როგორ უყვარდი. ასე მარტივად ვერ დაგივიწყებდა. ჩემი აზრით, რაღაც შანსი გაქვს, რომ დაიბრუნო.
-დავიბრუნებ კიდეც, აი ნახავ.
-დაიწყე მოქმედება. რაღაც უდგახარ?
-მართლა, სულ მინდოდა, რომ მეკითხა: -თუ დედაჩემი შენთან მოვიდა და გთხოვა, რომ დუდასთან მისულიყავი და ჩემი ორსულობის და აბორტის ამბავი გეამბო, ამას რატომ უნდა ვიგებდე ახლა?
-მეგონა, ერთად მოიფიქრეთ და ორივეს დაგეგმილი იყო ეგ ამბავი.
-არადა, ამდენი წლის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ დუდამ ჩემი ორსულობის ამბავზე საერთოდ არაფერი იცოდა.
-კარგი, მაგ ამბავს შევეშვათ, კონკრეტულ გეგმაზე გადავიდეთ. რას აპირებ?
-ვინც მის დასაბრუნებლად გზაზე გადამიდგება, გეფიცები არავის დავინდობ!
-ყოჩაღ! ეს უკვა ნატას სიტყვებია!
-ბევრჯერაც რომ მომიწიოს, მასთან მაინც მივალ, შევაწუხებ და ბოლოს შემოვირიგებ.
-მომწონს შენი შემართება.
-ათასჯერაც რომ დამემალოს, მაინც მოვძებნი.
-ბრავო!
-რომ გაიქცეს, მაინც დავეწევი.
-კარგია!-მის შეგულიანებას აგრძელებდა მეგობარი.
-მაინც ჩემი გახდება, მე კი მისი.
ნატა უცნაურად ღელავდა და ცახცახებდა. ვიკამ კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და მიაწოდა:
-აიღე, ნერვიულობ და დაგეხმარება.
ანდრიადმა სიგარეტის ღერი გამოართვა, აკანკალებულ თითებში მოიქცია და ვიკას მიუშვირა, რომ ცეცხლი მოეკიდა. მერე ღრმად ჩაუშვა თამბაქოს კვამლი ფილტვებში, აივნის კედელს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და გაინაბა.

---
დუდამ და ნინომ წყნეთის ბავშვთა სახლში სტუმრობა გადაწყვიტეს. იყიდეს ტკბილეული, საჩუქრები და დიდი მოლოდინებით გაეშურნენ პატარებისკენ:
-ესე იგი, ბავშვები გიყვარს,-სასაუბრო თემა წამოწია გავაშელმა.
-ძალიან. სულ სხვა ენერგიით მავსებენ ხოლმე. შენ არ გიყვარს?
-მეც მიყვარს.
-ახლა გაგაცნობ დემეტრეს, რომელიც ჩემს გამოჩენამდე თითქმის არავის ესაუბრებოდა. სეანსების შედეგად, სრულიად შეიცვალა და ნახავ როგორი საყვარელი ვიღაც გახდა.
-შენი დამსახურებაა?
-დიახ და ვამაყობ,- ყელი მოიღერა ნინომ.
-რა ამბიციებია, ღმერთმანი,-გაეცინა მამაკაცს.
-ასეა და... თუ არ გჯერა, შეგიძლია თავშესაფრის თანამშრომლებს ჰკითხო.
-კარგი, მჯერა. ეს შენობაა ხომ? მგონი, მოვედით.
-კი, ეს გახლავთ, დუდა ექიმო,- დაეთანხმა ნინო და გაუღიმა.
-როგორი ოფიციალური ხართ, ქალბატონო ნინო,- გაეხუმრა გავაშელიც.

***
ბავშვები მანანა მასწავლებლის მეთვალყურეობით ეზოში გამოშლილიყვნენ. როგორც კი ნინო დაინახეს, მაშინვე ყიჟინით გაიქცნენ მისკენ და ჩაეხუტნენ. გოგონა მანანას მიესალმა და თანმხლები სტუმარი მეგობრად წარუდგინა. შემდეგ პატარები ცალ-ცალკე მოიკითხა და დუდასთან ერთად საჩუქრების დარიგებას შეუდგა. დემეტრეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, გვერდიდან არ შორდებოდა გიორგაძეს. გავაშელი ბავშვს მიუახლოვდა, ღიმილით დააკვირდა მის მაისურს, რომელზეც კალათბურთის გუნდის სახელი “Golden State Warriors” იყო გამოსახული და ჰკითხა:
-შენ დემეტრე ხარ?
ქერათმიანმა ბიჭმა თავი დაუქნია და გაუცინა.
-გიყვარს კალათბურთი?
-ძალიან.
-ეგ არის შენი ფავორიტი გუნდი, რაც მაისურზე გაწერია?
-დიახ.
-რა დამთხვევაა. მეც იგივე გუნდის ფანი ვარ.
-რომელი მოთამაშე მოგწონს?-თვალებგაბრწყინებული ბავშვი მაშინვე დიალოგში აჰყვა.
-რა თქმა უნდა, სტეფ ქარი და კევინ დურანტი.
-ორივე საოცრებაა, მაგრამ სტეფ ქარი მაინც სხვა დონეა. ის ჩემი კულტია.
-ძალიან საყვარელი ბიჭია,-მამაკაცმა მხიარულად გახედა ნინოს.
-შენ და ნინო მართლა მეგობრობთ?-დემეტრემ ეშმაკურად შეხედა დუდას.
-რა იყო, არ მოგწონვარ?-გაეცინა გავაშელს.
-რაო დემე?-ლოყაზე ხელი მოუთათუნა მათთან მისულმა ნინომ.
-არაფერი, შენს მეგობარს ვეცნობი,-თვალი ჩაუკრა გიორგაძეს, მერე მამაკაცს მიუბრუნდა და მორიდებით უთხრა:
-კი, მომწონხარ.
-კარგი ტიპი ჩანხარ,-თმები აუჩეჩა გავაშელმა დემეტრეს.
ბიჭმა სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა და თანატოლებს შეერია. მამაკაცი დიდხანს უყურებდა ბავშვებთან ერთად ნინოზე უკან მადევარ ბიჭს, რომელიც უცხო თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევი იყო, რომ თავის ფსიქოლოგს გამორჩეულად უცინოდა, გამორჩეულად ეხუტებოდა და გამორჩეულად ეპყრობოდა. ატყობდა, რომ ძალიან იყო მასზე დამოკიდებული. თავადაც მოიხიბლა დემეტრეთი, თითქოს გაუცნობიერებლად შეიჭრა მის გულსა და გონებაში. მოულოდნელად რაღაც სასიამოვნო აზრმა გაჰკრა და მანქანისკენ წავიდა. უკანა საქარე მინასთან დაწყობილი რამდენიმე გამოუყენებელი კეპიდან დემეტრეს საყვარელი გუნდის სახელის წარწერიანი აიღო, მერე სარკესთან დაკიდებული ბროლის ანგელოზი ჩამოხსნა, ეზოს დაუბრუნდა და დემეტრე მოძებნა. სხვებს რომ არ დაენახათ, ჩუმად გადასცა და დასძინა:
-ეს საჩუქრები შენია, იმედი მაქვს, მოგეწონება.
გახარებულმა ბავშვმა კეპი თავზე დაიხურა და ბროლის ანგელოზი ხელში შეათვალიერა.
-იცი, დემე, როცა შენი ასაკის ვიყავი, ბროლის თოჯინების კოლექციას ვაგროვებდი. ისინი ჩემი საწოლის წინ, კარადის თაროზე ეწყო და ყოველი ძილის წინ მიყურებდნენ. მეც არ ვიღლებოდი მათი ცქერით, შევცქეროდი ამ ანგელოზებს და მათგან წამოსულ საოცარ ენერგიას ვგრძნობდი. თითქოს მამშვიდებდნენ და კეთილ სიზმრებს მიგზავნიდნენ. ერთ-ერთს შენ გაძლევ, რატომღაც მგონია, რომ იმსახურებ. ისე ცნობისათვის, ყველას არ ვჩუქნი, ძნელად, რომ ვინმესთვის გავიმეტო. ბავშვობისდროინდელი ჩვევა მაქვს. შეხედე, ქვემოთ რა აწერია. ინგლისური ხომ იცი?
ბიჭმა სიტყვა „Faith” ამოიკითხა და თარგმანიც მოაყოლა: - „რწმენა“.
-სწორია, -დაეთანხმა დუდა.
-მართლა მჩუქნი?-თვალები გაუნათდა ბავშვს.
-ჰო, შენი იყოს. საწოლთან ჩამოკიდე, ან შენ სადაც მოგიხერხდება, იქ დადე. რამდენჯერაც შეხედავ, თავს კარგად იგრძნობ და მეც გამიხსენებ ხოლმე,-თვალი ჩაუკრა ბიჭს.
-აუ, ნამდვილად ნინოს მეგობარი ხარ. შენც მისნაირად კეთილი ხარ.
გავაშელმა ბიჭს თბილად გაუცინა და გულზე მიიკრა.
ნინომ ადმინისტარაციის წევრები მოინახულა, კვლევის შედეგად შემუშავებული, აღსაზრდელებთან მუშაობის სარეკომენდაციო წერილი გადასცა და ეზოში დაბრუნდა. შემდეგ ბავშვებს და მანანას დაემშვიდობა და დუდასთან ერთად იქაურობა დატოვა.

***
გოგონამ გზაში აიჩემა, რომ ლიტერატურულ კაფეში შესულიყვნენ. დუდამ თხოვნა შეუსრულა. გიორგაძე ინტერესით დადიოდა თაროებს შორის და ახლად მიღებულ წიგნებს ეცნობოდა. რამდენიმე ამოარჩია და საყიდლად გვერდზე გადააწყო:
-გინდა, ცოტა ხანს ჩამოვსხდეთ? ფინჯან ყავაზე და ნამცხვარზე გეპატიჟები, -შესთავაზა მამაკაცმა.
-სიამოვნებით,- დაეთანხმა ნინო და მასთან ერთად თავისუფალი მაგიდისკენ წავიდა.
ვიდრე ყავას მოუმზადებდნენ, გავაშელი თბილი ღიმილით აკვირდებოდა გოგონას სახეს:
-თავშესაფრის აღსაზრდელები როდის გაიცანი?-დუდა ბავშვთა სახლიდან გამოყოლილ ემოციებს ვერ ივიწყებდა და მათზე წამოიწყო საუბარი.
-სექტემბრიდან ვიცნობ.
-არ მიკვირს, რომ თავი შეაყვარე.
-რატომ?-გაეცინა გიორგაძეს.
-რა ვიცი, რაღაც ზებუნებრივი ძალა გაქვს და ადამიანებს შენკენ ითრევ.
-ყველას არა.
-ყველა არც არის საჭირო, რომ აიკრო.
-ყოველი იქ მისვლა საკმაოდ დიდ ძალისხმევად მიჯდებოდა. მათთან დასაშვებ ზღვარზე მეტად ვიცლებოდი. თავს ვატყობდი, რომ ვიშლებოდი და მიუხედავად ამისა, როგორც შემეძლო, ვცდილობდი, თითოეული მათგანი გადამერჩინა. არც ვნანობ, ზოგჯერ საჭიროა, რომ ვიღაცას შენი შეხების უფლება მისცე.
-შენი შეხების ნებას ვერავის მივცემ.
ნინოს გაეცინა:
-ვითომ ვერ მიმიხვდი, რასაც ვგულისხმობ...
-თუ ვინმეს გაეხსნები, შეუძლებელია, შენი ძლიერი, მრავალფეროვანი და საინტერესო სამყარო შეუმჩნეველი დარჩეს. აი, ასე მოუვიდათ ბავშვებსაც. გაგიცნეს და ახლა ვეღარ გელევიან.
-კომპლიმენტად მივიღებ.
-და მგონი მეც იგივე მემართება. ისე მიზიდავ, ვატყობ, ეს მდგომარეობა თუ კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდება, შენი სეანსები მეც არ ამცდება.
-ისევ მე უნდა გიწამლო?
-ჰო, შენს იქით გზა აღარ მაქვს,-გაეცინა მამაკაცს.
უყურებდა დუდა გიორგაძეს და თვალს ვერ წყვეტდა. აკვირდებოდა ნაკვთებს, მშვიდ ხმას, სწავლობდა მიმიკებს და გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ იპყრობდა მის წინ მყოფი წითელთმიანი გოგონა მისი გონების წიაღებს.
-ასე რატომ მიყურებ?-გავაშელის მწველ მზერას ვეღარ გაუძლო და მორცხვად ჰკითხა ნინომ.
-როგორ გიყურებ?
-რაღაცნაირად.
-როგორ რაღაცნაირად? ვერ მიგიხვდი.
-არ ვიცი, სიტყვებით ვერ ავხსნი.
-ჭკვიანი გოგო ხარ, იცი ასე რატომაც გიყურებ, თავს ნუ იკატუნებ,-ღიმილით უთხრა.
ნინო გაწითლდა.
-ოი, სიმორცხვეც გამოვავლინეთ. როდიდან გახდი ასეთი მორიდებული? რაღაც მაშინ ვერაფერს გატყობდი, როდესაც საძინებელში შემომივარდი და ცოიტოფობობაში დამდე ბრალი.
გოგონამ სახეზე ხელები აიფარა და ისე იმართლა თავი:
-მაშინ მიღებული ალკოჰოლი მმატებდა სითამამეს.
-არც ფხიზელზე აკლებდი,-სიცილს ვერ იკავებდა გავაშელი.
-აუ, დუდა, გაჩერდი, გთხოვ და ნუ დამცინი, თორემ...
-თორემ რა?-სერიოზული სახე მიიღო მამაკაცმა.
-თორემ მოვკვდები, ისე მრცხვენია.
-კარგი, მაპატიე, დალიე ყავა და წავიდეთ,-შუბლზე აკოცა გოგონას.
როდესაც ნინოს კორპუსთან გავაშელის მანქანა გაჩერდა, გოგონამ მანქანის სახელურს ხელი მოჰკიდა და მაშინვე გადასვლა დააპირა.
-წასვლის წინ არ მაკოცებ?-უკნიდან მამაკაცის სერიოზული ტონით ნათქვამი სიტყვები მოესმა.
ნინო შებრუნდა, დუდასკენ ნაზად გადაიხარა და ლოყაზე აკოცა.
-ნწ, ასე არ მაწყობს.
-აბა, როგორ?
მამაკაცმა თითი ტუჩზე დაიდო და ნინოს ეშმაკური ღიმილით გახედა. გიორგაძეს გაეღიმა, გამბედაობა მოიკრიბა, ლამაზი ტუჩები ახლოს მიუტანა და მისას დააწება. დუდას მთელ სხეულში სიყვარულის ტალღებმა დაუარეს, თავი ვეღარ შეიკავა, წელზე ხელი შეუცურა და კოცნა უფრო მომთხოვნი გახადა. მამაკაცის შეხებაზე ნინოც აღელდა, თავს შეატყო, რომ ნელ-ნელა ძალა ეცლებოდა და გონება ეთიშებოდა. ბოლოს, იმარჯვა და ხელიდან დაუსხლტა.
-მაინც ჩემი გახდები, ტყუილად გამირბიხარ,-ჩუმად მიაძახა სადარბაზოსკენ მიმავალ გოგონას გავაშელმა, შემდეგ მანქანა დაქოქა და იქაურობას მოსწყდა.
ბინაში ასული გიორგაძე კარებს მიეყრდნო და შეეცადა, დაბუჟებული სხეული დაემშვიდებინა:
-ღმერთო, რა მჭირს? ასე რატომ მემართება, როცა მის სიახლოვეს ვგრძნობ?-ნერწყვი გადაყლაპა და თვალები დახუჭა. დიდხანს უსმენდა საკუთარ გულის ძგერას, რომელიც გამალებით ჩაესმოდა ყურებში. შემდეგ ნელ-ნელა დამშვიდდა, არეულობა სადღაც გაფანტა და გონზე მოსვლა დაიწყო.

***
იმ ღამეს დემეტრეს ხელიდან არ გაუშვია დუდას ნაჩუქარი ბროლის თოჯინა. სიყვარულით შესცქეროდა ფრთაშესხმულ ანგელოზს და სახეზე თბილი ღიმილი არ შორდებოდა. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი და ბროლის ანარეკლი დაჰნათოდა თავზე და გონებაში ლამაზი აზრები პეპლებივით დაჰფარფატებდნენ. ფიქრებმა ფერად სამყაროში გადაისროლეს და ბედნიერებით აავსეს. მერე ძილიც მოერია და პირმცინარს ჩაეძინა. ალბათ, ისევ ანგელოზთან ერთად იყო, მას ეთამაშებოდა და შესცინოდა...

---
დუდას კარგ ხასიათზე გაეღვიძა. სამსახურში წასვლამდე მიკი გაასეირნა და ეზოში თომას გადაეყარა, რომელიც გრძელ ხის სკამზე იჯდა, ფეხებს აქეთ-იქით აქნევდა და საყვარელ ნუგბარს, გარგლის ჩირს გემრიელად შეექცეოდა:
-დუდა, დუდა, როგორ ხარ?- როგორც კი მეზობელი დაინახა, ჭამას თავი დაანება, ჩირი ჯიბეებში ჩაიწყო და პატარა ბავშვივით დაედევნა უკან.
-კარგად, ბიჭო, შენ როგორ ხარ?
-მეც ძალიან კარგად,-თავს აქიცინებდა და გამოძენძილი ჯემპრის ბოლოს ხელით აწვალებდა.
-რაო? რაღაც გინდა მითხრა და ვერ მიბედავ?
-აი, ისა... შენთან, რომ ლოლა ცხოვრობდა, აღარ მოვა?
-რა იყო, მოგენატრა?
-ჰო, ჰო, ცოტა მომენატრა. კიდევ გესტუმრება?
დუდას გაეცინა:
- არ ვიცი, მგონი აღარ მოვა, წავიდა.
-აუ! -გულდაწყვეტილმა შუბლზე ხელი მიირტყა.
-რა გჭირს?
- იცი როგორ მიყვარდა?
-გიყვარდა?-სახე შეჭმუხნა გავაშელმა.
-ჰო, ჰო. თმებიც კი არაბუნებრივად ლამაზი და სხვა ფერის ჰქონდა. ზუსტად ისე, როგორც ზღაპრებში აქვთ ხოლმე ფერიებს.
-რომ მაბრაზებდა ხოლმე?
-ჰეჰ, ეგ ვერ გაგაბრაზებდა. ჩემი სიხარულის ფერიაა.
-ჰმ!
-რა ჰმ?! ძალიან კარგი იყო. ეზოში რომ ჩამოდიოდა, გული სიხარულით მევსებოდა. ვაიმე, რომ დავინახავდი, იცი რა მომდიოდა? სულ მინდოდა მეკოცნა, მაგრამ ცოტა უკარება იყო და ვერ ვუბედავდი.
-თუ ახლოს არ გიშვებდა, საიდან იცი, რომ კარგი იყო?-ჩუმად ეღიმებოდა დუდას.
-ვიცი, აი აქედან ვიცი,-გულზე მუშტი რამდენჯერმე დაირტყა.
-კარგი ბიჭო, კანი არ დაიჟეჟო, ნუ ირტყამ ეგრე ძლიერად!
-მაშინ უთხარი რა მოვიდეს, უთხარი რა, ძალიან მინდა მისი ნახვა, -თავს არ ანებებდა თომა.
-კარგი, თუ შემხვდება, ვეტყვი. იქნებ გვესტუმროს, მაგრამ რაღაც არა მგონია, რომ ისევ გამოჩნდეს.
-შენზეა ნაწყენი? რატომ ფიქრობ, რომ აღარ გამოჩნდება?- ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა და თავი საცოდავად ჩაქინდრა.
-ფერიები ხომ ქრებიან კიდეც, თომა?
-ჰო, ჰო, ქრებიან.
-ჰოდა, მგონი, ისიც გაქრა.
-მართლა? ეგ როგორ?-თვალები გაუფართოვდა ტირილამდე მისულ თომას.
-შეიძლება ახლა სხვა ფერიად გადაიქცა.
-რის ფერიად?
-რა ვიცი, უამრავი რამის ფერია არსებობს, მაგალითად, სიყვარულის.
-ე, მართალი ხარ შენ! წასვლის წინ იმიტომ გაუხდა გულივით წითელი თმები. ის გაქრა და სხვა გაჩნდა. კი, კი უეჭველი ეგრეა! ვაი! ნეტავ, სად წავიდა სიყვარულის ფერია?-მკლავები გადაიჯვარედინა და სერიოზული სახით ჩაფიქრდა.
გავაშელს გაეცინა, საგონებელში ჩავარდნილი თომა მარტოდ დატოვა და მიკისთან ერთად სადარბაზოში შევიდა.

---
დუდა თბილისის მოდის კვირეულზე მიიწვიეს. მისი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ნინო ულამაზეს, გრძელ, წითელ კაბაში სათანადოდ გამოეწყო და ჩვენებაზე გაჰყვა. ვიდრე საღამო დაიწყებოდა, სტუმრად მისულები ალკოჰოლით იქცევდნენ თავებს და ჟურნალისტების, კამერების და საზოგადოების წინაშე წამყვანი დიზაინერების სამოსით პოზიორობდნენ:
-მშვენიერო,- თვალები უბრწყინავდა გავაშელს, როდესაც მის გვერდით დახვეწილი გარეგნობის და მანერების გიორგაძეს ხედავდა.
-ნუ აჭარბებ,-შამპანურის ფუჟერიდან ყლუპი მოსვა და გამომწვევად შეხედა პარტნიორს.
მამაკაცი მისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:
-მარტო რომ ვიყოთ, თავს ვეღარ შევიკავებდი და...
-და?.. დაასრულე.
-ჰმ! მიწვევ, არა?
-ვთქვათ, ასეა... მერე?
-ალკოჰოლი მართლა გათამამებს, ხშირად უნდა დაგალევინო,-თვალები დააწვრილა გავაშელმა და თავადაც აღარ იცოდა პარტნიორის ლამაზ სხეულს თვალი მერამდენედ შეავლო.
მოულოდნელად, ნინომ შუბლი შეკრა, თითქოს სახეზე შავმა ღრუბელმა გადაუარა. გავაშელი დაიბნა, არ ესიამოვნა მისი უეცარი ცვლილება, მის მზერას გაჰყვა და კუთხეში თავმომწონედ მდგომი თიკა მესხი შენიშნა, რომელიც ბოლო მოდაზე გამოწყობილ მეგობრებთან ერთად იდგა და ლაღად საუბრობდა. მამაკაცმა გოგონას ხელი წელზე ნაზად შეახო და შეუბრუნდა:
-ნუ გეშინია. მე აქ ვარ და არ მივცემ უფლებას, რომ გული გატკინოს.
-არაფრის მეშინია! ეგ ქალი ვეღარაფერს დამიშავებს. თავის დაცვა თავადაც შესანიშნავად გამომდის. პრობლემა ის არის, რომ იმ გარემოში ყოფნა არ მინდა, სადაც თიკა მესხი ტრიალებს. მასზე გული მერევა, ვერ ვიტან.
-მოდი, იქით წავიდეთ, ჩემი მეგობრები მოვიდნენ,-ადგილის შეცვლისკენ უბიძგა.
გოგონა დაემორჩილა და გაჰყვა. მესხმა შემთხვევით უცხო მამაკაცთან ერთად ჩავლილ შვილს მოჰკრა თვალი და პირკატა ეცა. სიტუაციიდან რომ გამოერკვა, ყველაზე ჭორიკანა დაქალს იდაყვი გაჰკრა და ჩუმად გადაულაპარაკა:
-ეს კაცი გეცნობა?
-აბა, რომელი?-დაინტერესდა მეგობარი.
-წითელკაბიანთან რომ დგას.
-კი, ვიცი. ეგ ცნობილი ონკოლოგი, დუდა გავაშელია. ახლახან ჩამოვიდა ამერიკიდან და საკუთარი კლინიკის გახსნაც მოასწრო.
-მდა!..-თიკამ თეთრი ღვინით სავსე ბოკალი ბოლომდე გამოცალა და კიდევ ერთხელ შეხედა წყვილს.
-რატომ მეკითხები?-ჩაეძია მეგობარი.
-რა ვიცი, ისე. თვალში უცხოდ მომხვდა და ვიკითხე.
-გვერდით რა ლამაზი გოგო ჰყავს. კარგი გემოვნება ჰქონია,- ტუჩები მოპრუწა ქალმა, მაგრამ თიკას მეტჯერ აღარც გაუხედავს მათკენ. ცხვირი ისევ ზევით ასწია და მეგობრებთან სხვა თემაზე გააგრძელა ბაასი.
აღარც ნინოს შეუხედავს დედამისისთვის. დუდას მეგობრებს უსმენდა და შამპანურს პატარა ყლუპებით მიირთმევდა.
-ოჰ, ამათ ვის ვხედავ,-საუბარი გააწყვეტინა თავზე წამომდგარმა ნატამ, რომელიც ნაძალადევი ღიმილით და ბოროტი მზერით უყურებდა წყვილს.
-გამარჯობა, ნატა ექიმო,-მიესალმა გიორგაძე და მოიკითხა.
-გამარჯობა,-გავაშელმა ცალყბად მიუგდო სიტყვა ანდრიადს და გვერდზე გაიხედა.
-რა მოულოდნელობაა. რას ვიფიქრებდი, თუ აქ შეგხვდებოდი, ნინო.
-რატომ?
-რა ვიცი,-ქალმა ოქროსფერი და შავი ფერებით გაწყობილი სამოსი აჩეჩილი მხრებით შეარხია.
-ნინიკო, ჩვენება იწყება, ადგილები უნდა დავიკავოთ,- დუდამ ხელი მოჰკიდა და ანდრიადისგან გარიდებას შეეცადა.
-ბოდიში, უნდა დაგტოვოთ,-უთხრა გოგონამ და ზურგი აქცია.
ნატას გავაშელის საქციელზე გული გაეყინა და გიორგაძეს გესლიანი მზერა გააყოლა.
სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელები, მოდელები, დიზაინერები, ცნობილი სახეები, ფოტოგრაფები, მოდის კრიტიკოსები, -ყველა იქ იყო და მოუთმენლად ელოდა კვირეულის გახსნას.
ანდრიადმა კუთვნილი ადგილი დაიკავა და მთელი საღამო დუდასთვის და ნინოსთვის თვალი არ მოუშორებია. აინტერესებდა, რა აკავშირებდა გავაშელს მისი ყოფილი პაციენტის შვილთან და რამდენჯერაც პარტნიორის მიმართ მამაკაცის თბილ მზერას დაიჭერდა, იმდენჯერ ბოღმა აწვებოდა და გიორგაძის ნაკუწებად ქცევის სურვილი უჩნდებოდა.
რამდენიმე წუთში დარბაზში შუქი ჩაქრა და სცენა წითლად განათდა. ხმამაღალი მუსიკა, სიბნელეში არეული სილუეტები, წითელი ფონი და პოდიუმზე მოსიარულე მოდელები ანდრიადზე უკვე იმდენად მოქმედებდნენ, ყელში და გონებაში ნერვულად აწვებოდნენ. მხოლოდ ერთის სურვილი ჰკლავდა, ჩამოწოლილი წყვდიადი გაფანტულიყო და მისთვის საინტერესო წყვილი დაენახა, რომ თვალი ედევნებინა.
-ჯანდაბა, რა მემართება? ნერვებმა ისე ამიტანეს, მზად ვარ, პოდიუმს გადავახტე და ის ჟღალი ღერა-ღერა გავცალო თმებისგან,- სიბრაზეს ვეღარ იკავებდა ქალი და მთელი სხეული აგრესიით ევსებოდა. აღარავის იმჩნევდა, ვერაფერს ხედავდა, ადგილს ვერ პოულობდა, მოუსვენრად იჯდა და მუხლებზე დადებულ ქლაჩზე გრძელ, მოვლილ თითებს ათამაშებდა.
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ქართველი დიზაინერებისგან წარმოდგენილმა კოლექციებმა მოდის მოყვარულთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. გავაშელმა მეგობრის ახალბედა დიზაინერ მეუღლეს წარმატებული დებიუტი მიულოცა და საყვარელ ქალთან ერთად იქაურობა დატოვა.
ნინოს გზაში ისევ წაუხდა ხასიათი. დუდას მისი ცვლილება ამჟამადაც არ დარჩენია შეუმჩნეველი:
-ახლა რაღა გჭირს?
-არაფერი, უბრალოდ დავიღალე,-ტყუილი თქვა და მობილურში სურათებს უაზროდ დაუწყო ყურება.
-ნინიკო, ვერაფერს გამომაპარებ.
-არაფერი-მეთქი, ტყუილად ღელავ.
-სისულელეების როშვას თავი დაანებე და მითხარი, რა გჭირს?-წარბი ასწია მამაკაცმა.
გოგონამ არ იცოდა, საუბარი საიდან დაეწყო და ყოყმანობდა. გავაშელმა მანქანა გვერდზე გადააყენა, ნინოს მიუბრუნდა, ტელეფონში ჩარგული თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა:
-არ მომწონხარ, რაღაც გაღელვებს და არ ამბობ.
-არ მოგწონვარ? იქნებ იმიტომ, რომ რაღაც უნდა ვიცოდე და მიმალავ.
გავაშელს ხმა შეეცვალა:
-მაინც რას გიმალავ?
-მე რა ვიცი, აბა, დაფიქრდი.
-ნუ მეთამაშები, თქვი, რაც გაწუხებს.
გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და გულზე მოწოლილი დარდი ერთიანად ამოხეთქა:
-რა ხდება შენს და ნატა ექიმს შორის?
მამაკაცმა სახე გაიმკაცრა:
-ვინ ნატა? საიდან მოიტანე?!
-ნატა ანდრიადს ვგულისხმობ.
-ჩემს და მას შორის არაფერი ხდება.
-აბა, ასე რატომ გვიყურებდა? თვალი არ მოუცილებია ჩვენთვის.
-იქნებ მოვეწონეთ?-მწარედ ჩაეცინა დუდას.
-თვალებით გჭამს, დუდა. ყოველ ჯერზე, როდესაც შენს გვერდით ქალს ხედავს, რთული არ არის, გამოიცნო, რომ უბრალოდ ცოფდება.
-ფეხებზე მკი*დია ნატა ანდრიადი და მისი რეაქციები. შენ კი მეორედ მასზე საუბარს გიკრძალავ!
-აჰ, მიკრძალავ კიდეც? რატომ?
-იმიტომ, რომ ეგ ქალი არ იმსახურებს არც შენს და არც ჩემს ყურადღებას.
-და შენ რატომ გიჟდები, როცა მას ვახსენებ?
-იმიტომ, რომ ჩემთან არ უნდა ახსენო!
-ეს პასუხი არ არის!
-რა გაინტერესებს? მომწონს თუ არა? მაშინ ჩემი პასუხია- არა!
-აბა, მას მოსწონხარ?
გავაშელმა იფეთქა და საჭეს ხელის გული მთელი ძალით დაარტყა:
-არ მაინტერესებს-მეთქი ეგ ქალი, რატომ არ გესმის?!
-რატომ ბრაზდები?
-იმიტომ, რომ რაღაც აბსურდის თეატრს მიწყობ.
-ეს აბსურდის თეატრი არ არის, სიმართლეა.
-რა არის სიმართლე? არ გამაგიჟო ახლა და წყობიდან არ გამომიყვანო.
-არ მინდა, მამაკაცს, ვისაც ვხვდები, ჩემთან საიდუმლოებები ჰქონდეს. არ მიყვარს, როდესაც ურთიერთობაში კითხვები მტანჯავს.
-კარგი, რომ გითხრა, ოცდაორი წლის ასაკში, სტუდენტობის დროს მასთან რომანი მქონდა და მას შემდეგ თორმეტი წელია, არაფერი მაკავშირებს-მეთქი, დამიჯერებ?
-მხოლოდ ეს არის და მეტი არაფერი?
-მეტი არაფერი, შენს თავს ვფიცავარ, ნინიკო. ეგ ქალი ოდნავადაც არ მაღელვებს. ვინც მიყვარს, გვერდით მყავს და დაანებე ამ უაზრო ეჭვიანობას თავი, გთხოვ, - გიორგაძის სახე ხელებში მოიქცია, მძიმედ ამოისუნთქა და სახეზე შუბლი მიადო.
საოცარი გულწრფელობა ჩანდა მამაკაცის ხმაში და ქცევაში, გოგონა გრძნობდა, რომ დუდა არ იტყუებოდა:
-შენი მჯერა, მაგრამ იმ ქალს არ ვენდობი, ძალიან უცნაურად იქცევა.
-მოდი, აღარ გვინდა იმაზე საუბარი, დავმშვიდდეთ რა,-ლოყაზე აკოცა აღელვებულმა დუდამ.
-კარგი,-დაბალ ხმაზე წარმოთქვა ნინომ და მამაკაცს სახიდან თავი ააწევინა.
-აი, ახლა ჩემი გოგო ხარ,-გაუღიმა ჯერ კიდევ აღელვებულმა, მანქანა დაქოქა და იქაურობას ჩქარი სისწრაფით მოწყდა.

---
მეორე დღეს კლინიკაში მისული დუდა დატვირთული გრაფიკით მუშაობდა და ნაშუადღევს, როგორც იქნა, შესვენებისთვისაც მოიხელთა დრო. კაბინეტიდან არსად გასულა, ფინჯანი ყავის თანხლებით, ენერგიის აღსადგენად თხუთმეტწუთიანი განტვირთვა მოიწყო და წინა საღამოს ნინიკოსთან ერთად გადაღებულ სურათს დასცქეროდა. მოულოდნელად, გარეთ ჩოჩქოლი ატყდა:
-გითხარით, რომ არ შეუძლია, ვერ მიგიღებთ! რიგში უამრავი პაციენტი დგას! -ხმამაღლა ეუბნებოდა თამარი ვიღაცას.
-ხელი გაწიე და გამატარე!-ქალი კლინიკის თანამშრომელს არ ემორჩილებოდა.
გავაშელი სავარძლიდან წამოდგა, რომ ხმაურის მიზეზი დაედგინა. ამასობაში კარიც გაიღო და ოთახში ნატა ანდრიადი შევიდა. მის დანახვაზე დუდამ უხალისო სახე მიიღო:
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-უნდა მომისმინო, დუდა. ფეხს არ მოვიცვლი, ვიდრე სიმართლეს არ გაგაგებინებ.
-ნატა, რატომ არ მეშვები?!
-ვიდრე ჩემზე მცდარი წარმოდგენები გაქვს, ვერ დავმშვიდდები. გაიძულებ, მომისმინო.
-რა გინდა? დროზე მითხარი და წადი.
-ასე რატომ მექცევი?
-როგორ?
-თითქოს ვიღაც არარაობა ვიყო შენთვის.
-იქნებ ხარ კიდეც?!
ქალი შეცბა:
-შეუძლებელია, დუდა ამ სიტყვებს მეუბნებოდეს.
-არ იმსახურებ?
-ნინო გიორგაძე ვინ არის შენთვის?
-ბატონო?-ხმას აუწია მამაკაცმა.
-ის გოგო ვინ არის, ვისთანაც გუშინ გნახე?
-რაღაც არ მახსოვს, ნატა ანდრიადის წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობდე, რომ პირადი ცხოვრების დეტალებზე სალაპარაკოდ ჩამოვუჯდე.
-მაგიჟებ, არა? ეს გინდა, ხომ?
-გაგიჟებ? ეს ჩემს გეგმებში სულაც არ შედის, მაგრამ თუ ასეა, ვწუხვარ, ვერაფრით დაგეხმარები.
-მორჩი! ნუღარ მიმატებ! მითხარი, რა გავაკეთო, რომ შენი ყურადღება მივიქციო ბოლოს და ბოლოს? თმა მწვანედ გადავიღებო? იქნებ ვარდისფრად? ახლა ფერადთმიანი ქალები მოგწონს?
-სულ გაგიჟდი შენ.
-ჰო, შენ დამამსგავსე შეურაცხადს და რატომ იცი? აქ რომ ჩამოხვედი, მივხვდი, რომ ისევ მიყვარხარ. ვერ მოვერიე ამ გრძნობას და გავაცნობიერე, რომ თურმე აქამდე ფარსი ცხოვრება მქონდა. ვნანობ თითოეულ წუთს, რომელიც უშენოდ გავატარე.
-შემეშვი, შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა.
-უნდა დამიჯერო.
-საშიში ადამიანი ხარ, ნატა. ორმაგი სახე გაქვს. მაშინ, როცა ჩემთან იწექი და მეგონა, რომ ჩემზე ფიქრობდი, პარალელურად ლევანის შებმის გეგმებს აწყობდი და ვიკას შეყვარებულის წართმევას უპირებდი. შენ ვინ უნდა გენდოს?
-ყოველ შეხვედრაზე გულს მტკენ და ჩემკენ შხამს უშვებ.
-წადი, გამერიდე!
-რა თქვი?
-შენი დანახვაც აღარ მინდა!
-არსად არ წავალ, ვიდრე ბოლომდე არ მომისმენ.
-უკვე საკმარისად მოგისმინე.
-არ წავალ-მეთქი. დამასრულებინე საუბარი!-იკივლა ქალმა.
-უკვე ძალიან ვფეთქდები და გაფრთხილებ, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
-მე... მე ჩვენი შვილი არ მომიკლავს და პოლონეთში დაუმსახურებლად გამასწორე მიწასთან.
-ნუ მატყუებ და ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, თორემ გეფიცები არ დაგინდობ!
-რას მიზავ? დამარტყავ? მომკლავ? თუკი ეს შვებას მოგგვრის, გააკეთე და იყარე ჯავრი, მიდი, გელოდები!
მამაკაცი სიმწრისგან სახეზე წამოწითლდა და ანდრიადისკენ გაემართა, უნდოდა, მისთვის რაღაც აეტეხა, მაგრამ უცებვე მოეგო გონს და შედგა:
-ჩემი თვალით ვნახე ექიმი და ჩემი ყურით გავიგონე მისგან, რომ ნაყოფი მოგაშორა.
-ტყუილია ეგ ამბავი.
-შენი აფერისტობის თავი არ მაქვს, ნერვებს ნუ მიშლი, წინ დიდი დღე მაქვს,-ქალს ხელით ანიშნა კარებისკენ და თავის მაგიდისკენ წავიდა.
-ეგ ყველაფერი დედაჩემის მონაჩმახი და დიდი აბსურდია. დაგაჯერა იმაში, რაც არასოდეს მომხდარა. ის ბავშვი თავად დაიღუპა, გეფიცები ამაში ჩემი ხელი არ ურევია.
გავაშელმა ტაში შემოსცხო:
-მორჩი წარმოდგენას? ყოჩაღ! გაოცებული ვარ შენი ნიჭით. ტრაგედიების ისეთი დედოფალი ხარ, დეზდემონას გაასვენებ.
-აი, შენი თვალით ნახე, თუ არ გჯერავს,- ჩანთიდან დაკეცილი ფურცელი ამოიღო და ხელში მიაწოდა.
-ეს რა არის?-სახე დაძაბა გავაშელმა.
-ჩვენი შვილის გარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობა. ის ცხრა თვე ჩემს სხეულში ცხოვრობდა, დაიბადა დუდა, მაგრამ სამწუხაროდ მკვდრადშობილი იყო. დაუკვირდი დაბადების თარიღს და მიხვდები, რომ არ გატყუებ. ის ნამდვილად დაიბადა.
დუდა დოკუმენტს გაეცნო, სადაც მკვდრადშობილი ჩვილი ბიჭის მონაცემები და გარდაცვალების მიზეზი ეწერა და სახეზე ფერი დაკარგა:
-ახლა რატომ ვიგებ ამას?! -გატეხილი ხმით თქვა მამაკაცმა.
-არ მქონდა შანსი, რომ მენახე და დაგლაპარაკებოდი.
-თავის დროზე შენი ორსულობის ამბავი დედაშენისგან რატომ გავიგე და შენგან არა?!
-მე არ ვიცოდი რა ჩაიდინა დედაჩემმა. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, სანამ ამერიკაში ცხოვრობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ამბავი არ იცოდი.
-შენი აზრით არ უნდა მცოდნოდა? არ ვიმსახურებდი?!
ქალმა თავი დახარა, ვერაფერი თქვა. მერე ძლივს ამოილუღლუღა:
-მხოლოდ ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ. ვუთხარი, რომ ნაყოფი მოვიშორე, სინამდვილეში უკვე გვიანი იყო და ექიმებმა თავი შეიკავეს, ხელი არ დამაკარეს. ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ყველასგან მმალავდა, არ უნდოდა, ვინმეს ჩემი ორსულობის ამბავი გაეგო. შენ არ იცი რა დღეები გამოვიარე, სადღაც დედამიწის დასალიერში, სადაც ყვავიც აღარ ჩხავის, სოფელში დამმალეს და ყველას ეუბნებოდნენ, რომ საზღვარგარეთ, ნათესავებთან ვცხოვრობდი.
-ვიდრე ამერიკაში წავიდოდი, რატომ არ მითხარი, რომ ჩემგან ორსულად იყავი და ბავშვის გაჩენას გეგმავდი?
-იმიტომ, რომ... -ქალი გაჩუმდა.
-იმიტომ, რომ დედაშენს და შენ ასე გინდოდათ. იმიტომ, რომ უკვე ჩაფიქრებული გქონდათ, რომ ჩემს მეგობარს გაჰყოლოდი ცოლად. საინტერესოა, ის ბავშვი, რომ გადარჩენილიყო, რას მოუხერხებდით, ან ლევანი მოგიყვანდა ცოლად?
-რატომ ვერ მპატიობ, დუდა? მაშინ მხოლოდ ოცდაორი წლის ვიყავი და ადვილად მოვექეცი დედის გავლენის ქვეშ.
-არა მგონია, ოცდაორი წლის გოგო ვერ ხვდებოდეს, რას და რატომ აკეთებს. არანაირი გამართლება არ გაქვს!
-დუდა...
-წადი, თავს უფრო მეტად ნუ მაზიზღებ,-თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა გავაშელი.
-ვერ წარმოიდგენ, გულს როგორ მიკლავს შენი სიტყვები. ასეთი რა დავაშავე, რომ ჩემი დანახვაც არ გინდა?
-შენ რა, მასხარად მიგდებ?!-მხეცივით აღრიალდა მამაკაცი.
-რატომ გეზიზღები?
-იმიტომ, რომ მოღალატე ხარ. ლევანის ფინანსურმა შესაძლებლობებმა ისე დაგაბრმავეს, მამონად იქეცი, ნამდვილი სიყვარული მოჩვენებითისგან ვერ გაარჩიე და ყელზე ჩამოეკიდე. თან ვის? ჩემს ძმაკაცს, გოგო. რამდენჯერაც მახსენდება, იმდენჯერ მინდა, ორივე დაგახრჩოთ,-უკონტროლოდ აგრძელებდა ღრიალს გავაშელი.
-მე მხოლოდ შენ მიყვარხარ, დუდა. სხვა არავინ მინდა. გთხოვ, მაპატიე და თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. რა გავაკეთო, რომ დაგაჯერო? როგორ მოვიქცე, რომ გული ისევ ჩემკენ მოგაბრუნებინო?
-სიტყვა აღარ დაძრა!-თვალები დაუბრიალა მამაკაცმა.
-ვერ ვიჯერებ, რომ სამუდამოდ დაგავიწყდი.
-აღარაფერი თქვა-მეთქი და დამტოვე!-სიბრაზისგან ყელზე ვენები დაბერვოდა გავაშელს.
ქალი მიხვდა, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. მის წინ მდგომს ცრემლიანი თვალებით შეხედა, კარები გააღო და იქვე, ყველას დასანახად რომ არ აქვითინებულიყო, ტუალეტს დაუწყო ძებნა.
გაცეცხლებულმა გავაშელმა გვარიანად შეიგინა და რაც ხელში მოხვდა, მაგიდიდან ყველაფერი პირწმინდად მოისროლა. ოთახიდან ცოფიანივით გავარდა, სასწრაფოდ ყველა ვიზიტი გააუქმა და მანქანისკენ დაიძრა. დიდხანს იჯდა გაუნძრევლად, თავი სავარძელზე უკან გადაეწია და გახშირებულ სუნთქვას ვერ არეგულირებდა...

***
საღამო ხანი იყო, როდესაც დუდას ავტომობილი ნინოს კორპუსთან გაჩერდა. დიდხანს უყურებდა მის ფანჯარას და ფიქრობდა. რაც უფრო მეტად უღრმავდებოდა საკუთარ აზრებს, მით უფრო ხვდებოდა, რომ გიორგაძესთან ჩამოყალიბებული ახალი ურთიერთობა იმდენად ძვირფასი და სუფთა იყო მისთვის, ვერასოდეს დათმობდა. იხსენებდა მასთან შეხვედრის პირველ დღეს, როდესაც ერთიანად აცახცახებული მტკვარში გადასახტომად ემზადებოდა, ძველით ახალ წელს მოწყობილ საღამოს, როცა დარბაზში აჟღერებულ სიმღერაზე პატარა ბავშვივით ატირდა, თხილამურებზე პირველად დამდგარს და შეშინებულს, დაცემას და მოტეხილობას რომ გაურბოდა, მის სახლში მოწყობილ დაბადების დღეს, რომლის გამოც მთელი მეზობლები შეწუხდნენ და მოგვიანებით დაბრუნებულმა კარგადაც გამოლანძღა, მის თამამ საქციელებს, დავებს, რომელიც ლოლას გადარეული ხასიათის წყალობით არ აკლდა, ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღებით მომაკვდავს, როდესაც დანახვისთანავე გული ნაწილებად დაეშალა, მის შინაგან სამყაროში გადამალულ ნინიკოს გამოჩენას, რომელიც გვირილების მინდვრებში დაკარგული ანგელოზის გადმოსვლას ჰგავდა და გრძნობდა, რომ სწორედ ის იყო მისი სიყვარულის ქალღმერთი, რომელიც სიმშვიდეს, სითბოს, კომფორტს, სიგიჟეს და მრავალწახნაგოვან ცხოვრებას უქადდა...
ნინო აქეთ-იქით გაღავებულ ფურცლებს სერიოზული სახით ჩასცქეროდა, მისთვის საჭირო ინფორმაციას კრებდა და ლეპტოპში პრეზენტაციის მოსამზადებელი პროგრამის გვერდებზე გადაჰქონდა, როდესაც კარებზე ზარის ხმა გაისმა. არავის ელოდებოდა და გაუკვირდა, როცა კარის ზღურბლზე მყოფი დუდა გავაშელი დაინახა:
-შენ აქ საიდან გაჩნდი?
-ძალიან მომენატრე,- გაუღიმა და საკოცნელად გაიწია.
მაშინვე იგრძნო მისი ნაჩუქარი სუნამოს სურნელი და თავბრუდახვეული მამაკაცი გოგონას მაგნიტივით მიეკრო:
-ვერ წარმოიდგენ, რა ტკბილი ხარ, ნინიკო,-თბილად გაუღიმა შეყვარებულს.
-შენც ტკბილი ხარ, -გოგონამაც გაუღიმა.
-ჰო? ვითომ?
-დიახ.
-მიხარია შენგან ამ სიტყვების მოსმენა, -გონებაარეული აგრძელებდა სიტყვებს გავაშელი.
ნინომ სახლში შეიპატიჟა და ვახშამზე მიიწვია. დუდამ სუფთა და მოვლილ ოთახებს რომ გადახედა, გაიცინა:
-ყოველ შეხვედრაზე მაოცებ.
-რატომ?
-ჯერ შენს მიერ მომზადებული საჭმლის ხსენებამ გამაკვირვა, ახლა ეს დალაგებული ბინა. ჩემს სახლში რა ჯანდაბა გჭირდა? განგებ ურევდი?
-იქ ლოლა გყავდა თანამობინადრედ, აქ ნინო ცხოვრობს,-ენა გამოუყო გამხიარებულმა.
-ცელქი გოგო,-თავისთვის ჩაილაპარაკა გავაშელმა და მისკენ ზურგით მდგომ, სამზარეულოში მოფუსფუსე ნინოს მოკლე, ვარდისფერ, თხელი ნაჭრის კაბას დააკვირდა, რომელიც საოცრად ნაზს და მშვენიერს აჩენდა.
-მსგავს ფორმაში რამდენად ხშირად გადიხარ გარეთ?
-რას გულისხმობ? ვერ მივხვდი.
-ასეთი მოკლე, მიმზიდველი და გამომწვევი ტანსაცმლით ათასი იდიოტის ყურადღებას მიიქცევ.
-შენ რა განერვიულებს?
-არ უნდა ვინერვიულო?- წელზე უკნიდან მოეხვია და თავი ყელში ჩაურგო.
-ვახშმის დროა,-თავი ააწევინა ნინომ.
-გემრიელი სუნი დგას, იმედი მაქვს, გემოც არაჩვეულებრივი ექნება,- მამაკაცი ინტერესით ათვალიერებდა კერძებით სავსე მაგიდას.
-შეგერგოს,-თვალი ჩაუკრა გოგონამ.
-მადლობა.
-კიდევ კარგი, მოხვედი, თორემ ამ კვირის ბოლოს სამაგისტრო დიპლომისთვის ნაშრომის დაცვა მაქვს და ისე ვიყავი კვლევის ფურცლებში თავჩარგული, დამავიწყდა, რომ მშიოდა.
-ხშირად უნდა მოვიდე ხოლმე, თორემ ჭამაზე დიდად არც ჩემთან იწუხებდი თავს.
-აბა, ბატონო გურმანო, შემიფასეთ საჭმელი. მოგწონთ?
-ძალიან. ყოჩაღ!-მოწონების ნიშნად ცერა თითი აუწია.
ვახშმის შემდეგ, ვიდრე ნინო ყავას ამზადებდა, დუდამ შემთხვევით თაროზე დადებულ ბროლის თოჯინას მოჰკრა თვალი. ხელში აიღო, გაუღიმა და უკან დააბრუნა.
-ყავაც მომზადდა,-გოგონა ლანგრით ხელში შევიდა ოთახში.
მამაკაცმა ლანგარი გამოართვა და მაგიდაზე დადო:
-დაგინახე, ჩემს თოჯინას რომ უყურებდი,- დაიწყო ნინომ და ლანგრიდან ფინჯნებთან ერთად ტკბილეულით სავსე თეფში გადმოიღო.
-ჰო, ეს თოჯინები ჩემი ბავშვობის მოგონებებს უკავშირდებიან.
-თომამ მითხრა, რომ თითქმის არავისთვის იმეტებ.
-მართალი უთქვამს. ძალიან ვუფრთხილდები.
-დემეტრესთვისაც გიჩუქებია...
-ჰო, კარგი ბავშვია,-თვალები დახარა დუდამ.
-გეთანხმები. საერთოდ, ბავშვებს არასოდეს ვარჩევ ერთმანეთისგან და შესაბამისად, არც თავშესაფრის აღსაზრდელებიდან განსაკუთრებულად არავის ვეპყრობი, მაგრამ მე ხომ ვიცი, გულის სიღრმეში რაღაც უხილავი ძაფები მაკავშირებს დემეტრესთან,- ნინომ ფინჯანი ხელში აიღო, დივანზე კომფორტულად მოთავსდა და დარჩენილ ყავას შეექცა.
დუდამაც მიბაძა, გვერდით მიუჯდა, გოგონა გულზე მიიკრა და მკლავები მთელ სხეულზე შემოაჭდო:
-ჩემს შენამდე გამობმულ უხილავ ძაფებს რა მოვუხერხო?
ნინო უხერხულად შეიშმუშნა და მისი მკლავებიდან თავის დახსნა დააპირა. გავაშელმა არ გაუშვა და ყურის ძირთან აკოცა:
-ვფიქრობ, დროა შენთან უფრო ახლოს მომიშვა.
-დუდა!..
-შენც ისევე მოგწონვარ და გიზიდავ, როგორც მე. მოწონებაც აღარ ჰქვია ამას, გაცილებით მეტია... ასე რომ არ იყოს, აქ ახლა ერთად არ ვისხდებოდით.
-ნება მომეცი, შეგახსენო, რომ აქ თავად მოხვედი.
-ჰო, მაგრამ არც გაგიგდივარ,-ლოყაზე ტუჩები დაადო და ამოიჩურჩულა, შემდეგ ნინოს ლამაზი თითები ხელში მოიქცია და სათუთი გრძნობით დაუკოცნა.
დუდას ქმედებები ნინოს თავს აკარგვინებდნენ. მისი სურნელის შესაგრძნობად მამაკაცმა სახე უფრო ახლოს მიუტანა და ყელზე აკოცა. გოგონამ სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. სხეულში დავლილი ემოციები მამაკაცში ზვავივით დაძრულიყვნენ და ვეღარ აჩერებდნენ. მისგან წამოსული ძლიერი გრძნობები და სითბო გიორგაძეს გონებას უბინდავდნენ და თავისდა უნებურად აჯადოვებდნენ. გავაშელმა ლავიწის ძვლები კოცნით ამოუვსო და თხელი კაბის ზედა ნაწილი მხრებზე ნაზად გადაუწია. მოშიშვლებული თეთრი მხრები კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა დუდას სიყვარულის ქალღმერთს. თავგზაარეულმა გოგონამ თრთოლვა დაიწყო. დუდამ ულამაზეს თვალებში ჩახედა, რომლებიც სულში და სითბოში ჩაზრდილ და აღმოცენებულ იებს ჰგავდნენ. ორივე დაუკოცნა და ისევ გაუსწორა მზერა. ეს ყველაზე გულწრფელი თვალები იყო, რაც კი ოდესმე ენახა, ამიტომ აგიჟებდნენ... ისევ დაუკოცნა და სახის ნაკვთებს მსუბუქად ჩაუყვა. მოულოდნელად, ნინოს ხელები იგრძნო, რომლებიც მკერდზე სუსტად აწვებოდნენ, ცდილობდა, დუდა უკან გაეწია.
-ჩემი ხომ გჯერა?- მის ტუჩებზე ამოიჩურჩულა მამაკაცმა.
ნინომ თავი დაუქნია.
-ჰოდა, გთხოვ, მომენდე და ნუ გამაჩერებ.
სამოსი გახადა და ვნებით მოავლო შიშველ სხეულს თვალი. ტანში ჟრუანტელმა დაუარა. სიყვარულის წყურვილისგან გოგონას ოდნავ შევარდისფრებოდა კანი და იმდენად მაცდურად და მიმზიდველად გამოიყურებოდა, კიდევ უფრო ატყვევებდა და ჭკუას აკარგვინებდა მამაკაცს. ფანჯრიდან შემოსულ ნიავს ოთახში თითქოს სიყვარულის მუსიკა შემოჰქონდა და გამეფებულ სიჩუმეში ფარდას ნელა არხევდა. ორივეს ესმოდა სიყვარულით აძგერებული გულების ხმები, რომლებიც ერთმანეთს ეკუთვნოდნენ და სულ მალე შეერწყმებოდნენ...
დუდა პირველი და ერთადერთი იყო, რომელმაც იმ ღამეს ნამდვილ სიყვარულს აზიარა. მასთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება მესამე სუნთქვას ჰგავდა, რომელსაც მზის სხივებით განათებულს და მრავალფეროვანს წარმოიდგენდა. ალბათ გავაშელსაც ზუსტად ისეთივე მომავალი წარმოედგინა მასთან, როგორსაც თავად გიორგაძე ოცნებებში ხატავდა...

***
გამთენიისას ნინო ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა გააღვიძეს. მძინარე პარტნიორს ღიმილით გადახედა და სააბაზანო ოთახში შევიდა. შიშველ სხეულს თვალი შეავლო და წინა ღამეს მომხდარი გაიხსენა. თვალები დახუჭა და გონებაში ის მომენტები გააცოცხლა, როდესაც საყვარელი მამაკაცი მის ტანზე თითებს ვნებიანად დაატარებდა. ახსოვდა თითოეული სიტყვა, დუდას გახშირებული სუნთქვა, ცხელი ჰაერი, რომელიც ყოველი ამოსუნთქვისას სხეულზე ელექტროდებივით უვრცელდებოდა. მისი სურნელი, ჯერ კიდევ თმებში და კანის უჯრედებში ჩარჩენოდა და აღარ უნდოდა, რომ ჩამოებანა.
ახლად გაღვიძებულმა დუდამ გვერდით ნინო რომ ვერ დაინახა, მის მოსაძებნად წამოდგა. სააბაზანოდან წყლის ხმა მოესმა და გაეღიმა, მიხვდა, რომ იქ იყო:
-მალე გამოხვალ?-კარებზე მიუკაკუნა.
-უკვე გამოვდივარ,- გამოსძახა და ონკანი გადაკეტა.
-დაუჩქარე, თორემ სამსახურში დამაგვიანდება.
ნინომ თვალები აატრიალა და ჩუმად, ღიმილით ჩაილაპარაკა:
-დაესვა ჩემს მშვიდ ცხოვრებას წერტილი.
-რა თქვი?
-არაფერი.
-გუშინ შენთვის არ მითქვამს, ერთ თვეში ბრაზილიაში მივდივართ.
-რა?-გაოცებისგან იკივლა და სააბაზანო კარები სწრაფად გამოაღო.
-რაც გაიგე,-ტუჩებზე დაეწაფა მამაკაცი.
-მოიცა, იქ რა გვინდა?
-ამერიკიდან ჩემი მშობლები და ძმის ოჯახი ჩამოდის. ერთად დავათვალიერებთ რიოს, ახალ ადგილებს გავეცნობით და კარგადაც გავერთობით.
-დუდა, მგონი ჩქარობ. ვფიქრობ, ადრეა მათთან შეხვედრა.
-სულაც არა.
-და ჩემზე რა უთხარი ოჯახის წევრებს?
- რა უნდა მეთქვა? ჩემი ნინიკოც უნდა წამოვიყვანო და გაგაცნოთ-მეთქი.
-მერე?
-რა მერე? სიხარულით გელოდებიან და ერთი სული აქვთ, როდის გაგიცნობენ.
-ახალი სანერვიულო გამომიჩნდა.
-არაფერი გაქვს სანერვიულო.
-როგორ არ გესმის? უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ.
- ფსიქოლოგი შენ ხარ და სიტუაციას როგორმე გაუმკლავდები, -გაეცინა მამაკაცს, აღელვებულ გოგონას თვალი ჩაუკრა და აბაზანის კარი მიუხურა.
ნინო კარს ეცა, გააღო და საუბარი გააგრძელა, მაგრამ გავაშელი ძალიან ჩქარობდა, უკვე საშხაპეში იყო და წყლის ხმაურში მისი სიტყვები ბუნდოვნად ესმოდა.

---
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დიდ აუდიტორიაში ფსიქოლოგიის კათედრის წევრები, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და მიწვეული სტუმრები შეკრებილიყვნენ. ნინოს ჯგუფი რამდენიმე წუთში გასასვლელად ემზადებოდა და ოთხივე წევრს სახეზე მღელვარება ეტყობოდა. გიორგაძემ მეხსიერების ბარათი კომპიუტერს მოარგო და პრეზენტაციის ფაილი თეთრ ეკრანზე გაშალა. სათაურმა მაშინვე მიიქცია დამსწრე აუდიტორიის ყურადღება. თავდაპირველად საუბარი ოთხეულის ხელმძღვანელმა, დალი მათიაშვილმა დაიწყო:
-მოგესალმებით. გახლავართ თქვენს წინ მყოფი გოგონების სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი და ვიდრე უშუალოდ ისინი დაიწყებდნენ საუბარს, მოკლე შესავალი მინდა გავაკეთო. თემას ჰქვია „სხვადასხვა გარემოში მოხვედრილი ბავშვების თვალით დანახული სამყარო“, სადაც ძირითადი აქცენტები რვა-თორმეტი წლის ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის თავისებურებებზე კეთდება. კვლევაში, რომელიც ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, იმაზე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები, ვიდრე მოველოდებოდით. აქ სტუმრად იმყოფებიან იმ ბავშვების აღმზრდელები, მშობლები და ახლობლები, რომლებმაც გოგონებს ხელი შეუწყეს, რომ პატარების სამყარო შეძლებისდაგვარად შეესწავლათ, დაედგინათ ამა თუ იმ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და შემუშავებული ხერხებით ერთად შეეცვალათ უკეთესობისკენ. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს ჩვენი სტუდენტების კვლევის ჩასატარებლად ხელის შეწყობისთვის. მე ვიტყოდი, რომ ამ სამუშაომ პატარებს ასწავლა, თუ როგორ შეიძლება, გაუმკლავდნენ შექმნილ დაბრკოლებებს, რთულ მომენტებში საკუთარ ნაჭუჭში არ ჩაიკეტნონ და მძიმე მდგომარეობის შესაცვლელად უშიშრად იბრძოლონ. დანარჩენზე კი თავად კვლევის ავტორები მოგახსენებენ,-ლექტორმა სიტყვა სტუდენტებს გადასცა.
გოგონები კარგად იყვნენ მომზადებულნი. მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ პრეზენტაციისთვის მიცემული დრო ნაყოფიერად გამოეყენებინათ და მთავარზე ესაუბრათ. შესანიშნავად ჰქონდათ გადანაწილებული სასაუბრო დრო და როდესაც აუდიტორიას შეატყეს, რომ მათმა ნაშრომმა საკმაოდ დიდი ყურადღება დაიმსახურა, ნელ-ნელა დაძაბულობაც მოეხსნათ და თამამად გააგრძელეს ეკრანზე გადატანილი ძირითადი საკითხების გავრცობა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სამიზნე ჯგუფებს შორის ყველაზე დიდი ინტერესი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებზე საუბარმა გამოიწვია. ნინო საკმაოდ დამაჯერებლად საუბრობდა, ეტყობოდა, რომ იქ მყოფი პატარების სამყაროს განსაკუთრებული დამოკიდებულებით ჩასწვდომოდა და მათთან მუშაობისას მიღწეული შედეგითაც ამაყობდა. ხაზი გაუსვა დემეტრეს პიროვნებასაც. თავდაპირველად, მისი დახასიათებისას ყველას სახეზე სინანული გამოისახა, მაგრამ ახალგაზრდა ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულმა აქტივობებმა ირგვლივმყოფები დაარწმუნეს, რომ შეუძლებელი არაფერია და სტუდენტის მიმართ ყველა დადებითად და განსაკუთრებული სითბოთი განეწყო.
საბოლოოდ კვლევის ჯგუფის დაკვირვებებით, სამუშაო სტრატეგიებით და პრობლემების აღმოფხვრის გზებით მოხიბლულმა აუდიტორიამ პრეზენტაციის დასრულებას მქუხარე ტაში მიაგება და გოგონების სახეზეც კმაყოფილებისგან მოგვრილი ღიმილი გამოისახა.

***
-როგორი გამოსვლა გვქონდა, გოგოებო? რამე მომენტი ხომ არ ჩაგვივარდა?-ეიფორიაში იყო უნივერსიტეტიდან გამოსული სოფო.
-დაწყნარდი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გილოცავ მაგისტრის დიპლომს,-გაუღიმა ნინომ.
-ღმერთო, რადგან ეს კვლევა ბოლომდე წარმატებით მივიყვანეთ, რაღა მომკლავს,-შვებით ამოისუნთქა მირანდამ.
-ნინო, შეამჩნიე, დემეტრეზე საუბარმა ყველა როგორ ჩააფიქრა?- აღნიშნა მარიკამ.
-დემეტრე სხვა განზომილებაა,-აღნიშნა გიორგაძემ.
ცოტა ხანში სოფო და ნინო გოგონებს დაემშვიდობნენ და ფეხით ჩაუყვნენ ვაკის პარკის ტერიტორიას:
-ახლა, დროა, ბრაზილიაში მოგზაურობაზე იფიქრო,-საუბარი სხვა თემაზე წამოიწყო სოფომ.
-ვნერვიულობ.
-რატომ?
-არ ვიცი. მართალია, დუდამ მითხრა, რომ ეს მოგზაურობა დიდი ხნის წინ დაგეგმეს და ჩემს გასაცნობად არ მოუფიქრებიათ, მაგრამ მაინც ვღელავ. ხომ გესმის? თავისთავად ყურადღების ცენტრში ვიქნები.
-ბუნებრივია, რომ განიცდი, მაგრამ მჯერა, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
-იმედი მაქვს,-ჩაფიქრებული სახით უთხრა ნინომ და ნერვიულობა რომ აღარ გაეგრძელებინა, წამოწეული თემა სხვა საკითხებზე საუბრით გადაფარა.

---
რამდენიმე კვირაში გიორგაძემ სამსახურიდან შვებულება ათი დღით აიღო და დუდასთან ერთად, ხანგრძლივი და დამღლელი ფრენის შემდეგ რიო -დე -ჟანეიროს გალეაოს საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩნდა. გოგონას ყურადღება მაშინვე მიიქცია უამრავმა ელექტრონულმა დაფამ და პორტუგალიურ ენაზე მიკროფონში მოსაუბრე ინფორმატორების ხმებმა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით აცხადებდნენ თვითმფრინავების რეისების განრიგს:
- პორტუგალიურთან შეხება არასოდეს მქონია, მაგრამ სიტყვებს ისეთი ჟღერადობა აქვთ, ასე მგონია, ძალიან მშობლიურია ჩემთვის და ოდესღაც მეც ამ ენაზე ვმეტყველებდი.
-დიდი უცნაური ვინმე ხარ,-გაეცინა გავაშელს.
-რატომ?
-ენა, რომელიც პირველად გესმის, რანაირად უნდა შეიგრძნო მშობლიურად?
-აი, მე შემიძლია,- გაეცინა ნინოს.
-ჰოდა, იმიტომ ხარ უცნაური.
უამრავი მგზავრით გადაჭედილ აეროპორტში მესაზღვრეებთან კონტროლი გაიარეს და ჩემოდნებით ხელში გარეთ გავიდნენ. დუდამ მაშინვე შენიშნა ტყუპი ძმები, რომლებიც მონატრებულ ბიძას შორიდან ხელს უქნევდნენ და მასთან შეხვედრის სიხარულით ხტუნავდნენ:
-უკვე მოსულან და გველოდებიან,- ნინოს ხელით ანიშნა ძმის ოჯახისკენ და მათკენ აიღო გეზი.
გიორგაძემ შინაგან მღელვარებას უმატა, თუმცა როდესაც ჯენის, დათას და ბავშვებს გაეცნო და დაინახა, რომ უშუალო ხალხი იყვნენ, ცოტა დამშვიდდა. დათამ ძმას ბარგი არენდით გამოყვანილ მინი ვენის საბარგულში ჩააწყობინა და სასტუმროს მიმართულებით აიღო გეზი:
-აბა, როგორ ხართ? მგზავრობით ხომ არ დაიღალეთ?-კითხვით შეუბრუნდა მეუღლის გვერდით მჯდომი ჯენი წყვილს.
-ავიაკომპანიის ბოინგი კომფორტული იყო, მაგრამ მგზავრობის ხანგრძლივობამ და ტრანზიტებმა ცოტა დაგვღალა,- უპასუხა დუდამ.
-ჰო, ამერიკიდანაც დიდი მანძილის გადმოკვეთამ მოგვიწია,-საუბარში ჩაერთო დათაც.
-წამოსვლამდე ცოტა ინფორმაციას გავეცანი ბრაზილიაზე და თურმე რამდენი აეროპორტი ჰქონია რიოს.
-უზარმაზარი ქალაქია. ეხუმრები შენ? ცამეტ მილიონამდე კაცი ცხოვრობს.
-ჰო, თვითონ ბრაზილიაც ტერიტორიული სიდიდით მეხუთეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. თუ არ ვცდები, დაახლოებით, ასოთხმოცდაცამეტი მილიონი მოსახლე ჰყავს.
ვიდრე ძმები საუბრობდნენ, ამასობაში ნინო მის გვერდით მსხდომ მეთიუს და ჯოშუას გაეცნო. გამოჰკითხა ასაკი, სკოლის ამბები, საყვარელი საქმიანობა და ბავშვებიც დაუზარელად, თუმცა ჯერ კიდევ მორიდებით პასუხობდნენ შეკითხვებს. დუდა სასიამოვნოდ გაოცებული უსმენდა გიორგაძის უაქცენტო ინგლისურს, ვეღარ მოითმინა და ყურში ჩასჩურჩულა:
-ინგლისური ასე კარგად სად ისწავლე?
გოგონამაც ყურში ჩურჩულით გასცა პასუხი:
-საქართველოში ინგლისელი კერძო რეპეტიტორი მყავდა.
დათამ ერთმანეთის მიმართ სითბოთი განწყობილ წყვილს რომ შეხედა, ეშმაკურად ჩაეცინა და ჯენის თვალი ჩაუკრა, შემდეგ მყუდროება დაურღვია ორივეს:
-ნინო, როგორც ვიცი ფსიქოლოგი ხარ.
-დიახ,-შეხედა გოგონამ.
-აუცილებლად გვასწავლე ხერხები, როგორ მოვარჯულოთ მე და ჯენიმ ცელქი ტყუპი.
გოგონას გაეღიმა, არაფერი უთქვამს.
-ამათ არაფერი სჭირთ მოსარჯულებელი, ეგ თქვენ არ გესმით ჩემი ძმისშვილების,-დუდამ ბიჭებს ღიმილით გადახედა. ბავშვებმა ბიძამისს ეშმაკური მზერით შეხედეს და გაუცინეს.
-არ მოგშივდათ? ჩვენთან ახლოს ძალიან კარგი რესტორნებია, - ახლად ნამგზავრ წყვილს შეხედა ჯენიმ.
-მე ჯერ არა,-უპასუხა ნინომ და მთებში ჩაფლულ ულამაზეს ქალაქს ფანჯრიდან გახედა, რომელიც ფერდობებზე ფერადი სახლების იარუსებით დაფენილიყო.
-დუდა შენ?
-არც მე. მოდი, ჯერ სასტუმროში მივიდეთ, მოვთავსდებით, მოვწესრიგდებით და რამდენიმე საათით დავისვენებთ.
-დედა და მამა არ უნდა ნახოთ?
-ცოტა ხნით შევხვდებით, ნინიკოს გავაცნობ, მოვიკითხავ და მერე საღამოს სადმე ერთად შევიკრიბოთ.
-კარგი წინადადებაა, შენ რას იტყვი, ჯენი?-ცოლს შეხედა დათამ.
-ჰო, დაისვენონ მაშინ, დაღლილები არიან, სახეზეც ეტყობათ.
დუდას მშობლებმა მონატრებული შვილი გულში ჩაიკრეს და მოიკითხეს, ნინოც გაიცნეს და თავდაპირველი შთაბეჭდილებაც კარგი შეიქმნეს. გოგონას მღელვარებისგან ოდნავ შეეფაკლა ლოყები, მაგრამ იქ დიდხანს არ შეყოვნებულან და შვებით ამოისუნთქა.
სასტუმროს ფოიეში შესულმა ნინომ აღმოაჩინა, რომ დუდას მხოლოდ ერთი ორადგილიანი ოთახი დაეჯავშნა და არ მოეწონა:
-გადაირიე?
-რატომ?
-ერთია, შენი შეყვარებული ვიყო და ხანდახან სექსი გვქონდეს, მეორეა რამდენიმე დღე ერთ პატარა ოთახში ერთად ვიცხოვროთ,-დაბალ ხმაზე უთხრა პარტნიორს და სახეზე წყენა გამოესახა.
-ნუ გავიწყდება, რომ ჩემთან ცხოვრებას უკვე შეჩვეული ხარ.
-ერთ ოთახში არა.
-რა გინდა ახლა, რომ ცალ-ცალკე ოთახებში ვიყოთ და მე სულ შენთან შემოსვლაზე ვფიქრობდე? ხომ იცი, რომ მაინც არ მოგასვენებ?
-საზიზღარო! -გაიმრუსხა გიორგაძე.
დუდას ჩაეცინა და რეგისტრატორს პასპორტი და ოთახის ნომრის საფასურის გადასახდელად ბანკის ბარათი მიაწოდა.
-ნინიკო,- ლიფტისკენ მიმავალმა გავაშელმა ტუჩები ერთმანეთზე მაგრად დააჭირა, რომ არ გასცინებოდა.
-რა?-მოკლედ მიუგდო სიტყვა გიორგაძემ.
-დაგერხა.
გოგონამ ტუჩები გაბუსხა და მისთვის აღარ შეუხედავს.
-გაიბუტე?- გავაშელს მისი ბავშვური მიმიკები გულში ამხიარულებდა და მიზეზს ეძებდა, კიდევ მეტად გაეგიჟებინა.
ნინომ აღარაფერი თქვა. ოთახში შესვლისთანავე ფარდა გადაწია და შენობიდან ქალაქის ხედს დაუწყო ყურება. დუდამ ჩემოდნები კედელთან მიაწყო და სერიოზული სახით წავიდა გოგონასკენ:
-რა დაგემართა?
-არაფერი.
-თუ არაფერი, მაშინ შემომხედე.
ნინო მიუბრუნდა, მაგრამ თვალები დახარა, მისთვის არ შეუხედავს.
-გინდა, საერთოდ ჩავშალო ეს მოგზაურობა? ხვალვე გადავცვლი ბილეთებს და უკან გავბრუნდებით.
-ახლა ბრაზობ და აქეთ გადმოდიხარ შემოტევაზე.
-აბა, რატომ ბავშვობ?
-არ ვბავშვობ. უბრალოდ არჩევანის უფლებას არ მიტოვებ და არ მომწონს, როცა რამეში ვიზღუდები. გეკითხა მაინც...
-საერთოდ არ მოგეკარები. იყავი და იბღვირე ეგრე,-უთხრა მამაკაცმა და სააბაზანო ოთახში შევიდა. დაღლილობის მოსახსნელად შხაპი მიიღო, იქიდან გამოსულს ნინოსთვის არც კი შეუხედავს, ისე დაწვა საწოლზე და მისგან საწინააღმდეგო მიმართულებით გადაბრუნდა.
ნინო მიხვდა, რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და საუბარი აღარ გაუგრძელებია. თავადაც გადაივლო წყალი და დასაძინებლად საწოლის მეორე მხარეს დაწვა. მანაც ზურგი აქცია პარტნიორს და თვალები დახუჭა.
დაახლოებით 05:00 საათი იყო, როდესაც დათამ ჩაძინებულ ძმას მობილურზე დაურეკა და გააღვიძა:
-აბა, რას აკეთებთ? რამდენ ხანში გამოგიაროთ?
-სად მივდივართ? რა გადაწყვიტეთ?
-რესტორანში წავიდეთ და შემდეგ ღამის რიო დავათვალიეროთ.
-კარგი, ნახევარ საათში გამოგვიარე, მზად ვიქნებით.
გავაშელმა ნინო დაღვრემილი სახით გააღვიძა და საღამოს გეგმა გააცნო.
ზუსტად ნახევარ საათში დათამ ნაქირავები მინი ვენი სასტუმროს კარების წინ გააჩერა. ნინო და დუდა უხმოდ ჩასხდნენ, სიტყვაც არ დაუძრავთ.
-აბა, შევარჩიოთ, როგორი ტიპის რესტორანი გვინდა - ზღვის პროდუქტების, თუ შერეული? -მხიარულად გადახედა ჯენიმ ახლად შემოსწრებულებს.
დუდამ მხრები აიჩეჩა:- სულ ერთია.
-შენ ნინო?
-ჩემთვისაც,-უპასუხა გოგონამ.
-კარგი, მგონი შერეული ტიპის რესტორანზე შევჩერდებით,-აღნიშნა დათამ და გეზი წინასწარ შერჩეული რესტორნის მისამართისკენ აიღო.
-დუდა, ხომ კარგად ხარ, შვილო?-დედამისმა მაშინვე შეატყო უხასიათობა.
-კი, ახლახან გავიღვიძე და ჯერ კიდევ ძილბურანში ვარ.
-ბიძია, დუდა, მამამ მითხრა, ხვალ „მარაკანას“ სტადიონის სანახავად უნდა წაგიყვანოთო.
-გამიკვირდებოდა, ეგ რომ არ ეთქვა,-სუსტად გაეღიმა მამაკაცს.
-ნინო, დათა ყოფილი ფეხბურთელია,- საუბარში ჩაერთო ბატონი თამაზი.
-აი, თურმე რაში ყოფილა საქმე,-გაეცინა ნინოს.
-იცოდი, რომ მთელ სამხრეთ ამერიკაში ყველაზე დიდი სტადიონია? - შესცინა მეთიუმ გიორგაძეს.
-კი, ვიცოდი.
-საიდან? შენც ფეხბურთელი იყავი?-ჰკითხა ჯოშუამ.
ბავშვის ნათქვამზე ყველას ერთად აუტყდა სიცილი, თავი ვეღარ შეიკავა დუდამაც. ბიჭს შერცხვა და ცხვირი ჩამოუშვა:
-ნუ დამცინით. ქალი ფეხბურთელებიც არსებობენ.
-არ დაგცინით, ჯოშ, უბრალოდ ერთად ყოფნა გვიხარია და კარგ ხასიათზე ვართ,-მდგომარეობის გამოსწორება სცადა ნინომ.
-სულელი კი არ ვარ. ვიცი, რომ ჩემს ნათქვამზე გაგეცინათ.
-სხვათაშორის, პატარა რომ ვიყავი, ფეხბურთს მეც ვთამაშობდი ხოლმე.
-მართლა?-თვალები გაუნათდა პატარას.
-კი, -გაუღიმა ბავშვს და თავზე ხელი გადაუსვა.
-ესე იგი, მამასავით გყვარებია ფეხბურთი. ბურთის აკენწვლა იცი?
-ვაჰ, ჯოშუ, რასაც შენ არ იტყვი, - დუდა სიცილით იგუდებოდა.
-არა, მე როგორც მოყვარული, ისე ვთამაშობდი ხოლმე მეგობრებთან. ასე, რომ ეგეთი რაღაცები არ ვიცი, -უპასუხა ნინომ.
-ჰოდა, თუ გინდა, მამას სთხოვე და გასწავლის,-აგრძელებდა ბავშვი.
-კარგი, დავფიქრდები მაგ ამბავზე.

***
რესტორანი ოკეანის სანაპიროსთან ახლოს, პლიაჟზე მდებარეობდა. ყველა ერთად შეთანხმდა, რომ ღია ცის ქვეშ ყოფნა ერჩივნათ და გარეთ დასხდნენ:
- ძალიან ლამაზი ადგილია,-აღნიშნა აღფრთოვანებულმა ჯენიმ.
-გიყვარს ზღვა და ოკეანე?- ჰკითხეს პატარებმა გიორგაძეს.
-ძალიან.
-ჩვენც,-ერთხმად უპასუხეს ბავშვებმა.
-ჰოდა, როცა დღის შუქზე წამოვალთ, პლიაჟის თამაშები ვითამაშოთ, არ გინდათ?
-აბა, რომელი თამაშები?
-ფრანით ვირბინოთ, სილაში ვითამაშოთ... მოვიფიქრებ კიდევ რამეს.
-მოკლედ, ბავშვებს წებოსავით იკრობს,-ჩუმად ჩაილაპარაკა დუდამ.
-შენ არ მელაპარაკები და პირში ენას ვერ გამოვილპობ,- პასუხი დაუბრუნა გოგონამ.
-პასუხები იცოცხლე, ეგრევე მზად აქვს...-ოკეანეს გახედა დუდამ.
მშობლებმა უამრავი სახალისო ამბავი გაიხსენეს შვილების ბავშვობიდან, თავად ისინიც აიყოლიეს და საერთო მხიარულებაში ჩაბმულები ყველა ისე გაიხსნა, არაჩვეულებრივი ატმოსფერო ჩამოყალიბდა. რესტორანში გაბმულად ისმოდა ცნობილი ბრაზილიური სიმღერებიც, რომლებიც გარშემომყოფების განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. დაახლოებით ათი საათისთვის პატარებს ძილისპირულის დრო მოუვიდათ და თვალებს ძლივს ახელდნენ. რუსიკომ და თამაზიმ ბიჭები სასტუმროში წაიყვანეს და ახალგაზრდები ღამის ქალაქის დასათვალიერებლად გაუშვეს. ჯენიმ როგორც ყოველთვის მორიგი იდეა წამოაყენა, რომ სადმე, ისეთ ადგილას წასულიყვნენ, სადაც სამბას მოცეკვავეების წარმოდგენას ნახავდნენ და გაერთობოდნენ. იდეა ყველამ ერთად აიტაცა.

***
რამდენიმე წუთში ერთ-ერთ წარმოდგენაზე აღმოჩნდნენ, სადაც უამრავ ტურისტს სამბას ფერადკოსტუმიან, ცეცხლოვან მოცეკვავეებთან ერთად მოეყარათ თავი და ცდილობდნენ, მათი ენერგიული მოძრაობებისთვის მიებაძათ და თავადაც ბოლომდე დახარჯულიყვნენ.
-მიდი, აჰყევი სამბას. არ შემარცხვინო, -ძმას გაეხუმრა დუდა.
-მე რომ ამათ თეძოების ქნევაში ავყვები...- დათამ სახე სასაცილოდ დამანჭა.
ჯენი და ნინო მშვენივრად ერთობოდნენ, უცებ აუღეს ალღო მუსიკას და სხვა ტურისტებივით დილეტანტების დონეზე კარგადაც ცეკვავდნენ. სცენაზე ერთმანეთს განუწყვეტლივ ცვლიდნენ მუსიკოსები და მოცეკვავეები, არ ცხრებოდა გამამხნევებელი შეძახილები და სტუმრებს მოდუნების საშუალება ერთი წუთითაც არ ეძლეოდათ. მალე ყველასათვის ცნობილი „Mas Que Nada” გაისმა. დათას სახე გაებადრა და ძმას მიუბრუნდა:
- ამ სიმღერაზე სულ რონალდინიო, რონალდო, ადრიანო, კაკა, კარლოსი და რობინიო მახსენდებიან.
დუდას გაეცინა:
-ბურთი ხომ არ მოგაწოდო?
-უარს არ ვიტყოდი,-ტანის მოძრაობა ააყოლა მელოდიას.
დუდა ბარისკენ გაიჭრა და გოგოები კოქტეილებზე დაპატიჟა, ძმისთვის და თავისთვის ვისკი წამოიღო. ალკოჰოლმა კიდევ უფრო გაათამამა ოთხეული და კარგ ხასიათზე მყოფნი გვიანობამდე შემორჩნენ. დილის პირისთვის ტურისტების რიცხვი შეთხელდა და იქაურობა მათაც დატოვეს. გზაში მეორე დღის გეგმებზე ისაუბრეს და მხიარულად დაიშალნენ. სასტუმროს ნომერში ასული დუდა და ნინო ისევ გაჩუმდნენ. გოგონა არაფრის თქმას აპირებდა. უხერხული სიჩუმე ისევ მამაკაცმა დაარღვია:
-ვიყოთ ასე და-ძმასავით, თუ დამიბრუნდები?
-მე არსად წავსულვარ.
-რატომ მაბრაზებ, ნინიკო?
-თავად ბრაზდები.
-მიზეზს მაძლევ და იმიტომ.
ნინო ისევ გაჩუმდა და თავი დახარა. მამაკაცი მიუახლოვდა, ნიკაპი ააწევინა და სერიოზული გამომეტყველებით საყვარელ თვალებს ჩახედა. გიორგაძე შეიშმუშნა და გაშლილი თმები ერთი მიმართულებით, მხარზე გადაიწია:
-დაანებე ამ თმებს თავი და მე მიყურე!-მომთხოვნი იყო გავაშელი.
-რა გინდა, დუდა?
-არ იცი, რა მინდა?-წარბი აუზიდა და მზერა ალუბლისფერი, ლამაზი ტუჩებისკენ გადაიტანა.
ნინოს გული აუჩქარდა.
-საძაგელი გოგო!-ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ტუჩებზე ვნებიანად დააცხრა.
კოცნაში პარტნიორიც აიყოლია და სანამ ირიჟრაჟებდა, ერთმანეთზე განაწყენებულები სიყვარულის ძალამ ორივე კვლავ ერთ სხეულად გადააქცია.

***
მეორე დღეს საუზმის შემდეგ, დუდა, ნინო, დათა და ჯენი ბავშვებთან ერთად კოპაკაბანას პლიაჟზე შეიკრიბნენ. ოკეანე საოცრად მშვიდი იყო და ნელი ტალღებით ასველებდა ოდნავ მოოქროსფრო, თეთრი ქვიშით დაფარულ პლიაჟს, რომელიც მზის გულზე ლამაზად აბრჭყვიალებულიყო. იქაურობა დილიდანვე უკვე გადაჭედილიყო და დამსვენებლების რიცხვი უფრო და უფრო ემატებოდა. მეთიუმ და ჯოშუამ ხელში ფრანები მოიმარჯვეს და ნინოს მიადგნენ, რომ მათთვის წინა დღის დაპირება შეესრულებინა. ჯენიმ მაშინვე მიაკითხა პატარებს:
-ჯერ ვიცურაოთ, ცოტა გავგრილდეთ, მზის სხივებით გავშრეთ და თამაშისთვის მერე მოვიცალოთ.
ბავშვებმა დედას დაუჯერეს და მასთან ერთად წყალში შევიდნენ.
-შენ რატომ არ შედიხარ, ნინო?-ჰკითხა დათამ და ოკეანისკენ დაიძრა.
-მეც შევალ,-გაუღიმა და დუდას შეხედა.
-წავიდეთ, ნინიკო?-გადახედა მეწყვილეს მამაკაცმა.
გოგონამ თავი დაუქნია, ხელი ჩაჰკიდა და წყალში შეჰყვა.
-კარგად ცურავ!-შეაქო ნინოს შესაძლებლობებით მოხიბლულმა პარტნიორმა.
-ურეკში გავიზარდე, წყალი ძალიან მიყვარს.
-გეტყობა.
-შენც კარგად ცურავ.
-მადლობა,-შეიფერა და შორს, სიღრმეში შეიჭრა.
მკლავებს ძლიერად იქნევდა და ფართო მხრებით ლამაზად მიაპობდა ატლანტის ოკეანეს. ნინო შორს აღარ გაჰყოლია, თუმცა არც ის იყო ნაპირთან ახლოს. ცურვისგან დაღლილი ტალღებზე ზურგით გაწოლილიყო, თვალები მოწმენდილი ცისთვის მიეპყრო და ნეტარებით ლივლივებდა.
-რატომ არ გამომყევი?-უეცრად უკან დაბრუნებულმა დუდამ გამოაფხიზლა.
-დავიღალე.
-წავიდეთ ნაპირისკენ?
-წავიდეთ, -გაუღიმა ნინომ და მამაკაცს გვერდით გაჰყვა.
ღრმა წლიდან უმშვენიერესი იყო კაფეებით და ფერადი ქოლგებით გადატვირთული კოპაკაბანას პლიაჟი, მის უკან აგებული, მაღალი შენობები და მთის ფერდობებიც, რომლებიც ოკეანიდან თვალწარმტაც ხედებს ქმნიდნენ. შეყვარებული წყვილი მედგრად მიიწევდა ნაპირისკენ და დროდადრო ერთმანეთს თბილი მზერით გადახედავდნენ ხოლმე.
-ქოქოსი გიყიდეთ,- დათამ ხელში მიაწოდა საწრუპებით გამზადებული პალმის ნაყოფი წყლიდან ახლად გამოსულებს.
-მოიცა, სული მოვითქვა,- შეზლონგზე გაწვა დუდა.
-როგორ მოგეწონათ წყალი?
-კარგი იყო, ოღონდ ცოტა გრილია,-უპასუხა ნინომ.
-ჰო, დილით ასეა ხოლმე, მაგრამ თუ დავრჩებით, თანდათან გათბება და უფრო სასიამოვნოც იქნება.
-რას ამბობთ, თამაზიმ არ გაგიგოთ, ერთი სული აქვს, როდის წავალთ „მარაკანას“ სტადიონისკენ,-იცინოდა ჯენი და ქოქოსის რძეს წრუპავდა.
-სად არის?-იკითხა დუდამ.
-რუსიკოსთან ერთად დადის მუზეუმებში. ხათრი ვეღარ გაუტეხა და გაჰყვა.
-წარმომიდგენია დედაჩემი, რომელიც მთელ თავის პროფესიონალიზმს იყენებს და მაღალფარდოვანი სიტყვებით უხსნის თამაზის ამა თუ იმ მხატვრის ნამუშევრის შესახებ. ის კი დგას და იქიდან ნახევარზე მეტი არ ესმის.
-არც უნდა, რომ ესმოდეს,-ხითხითებდა დათა.
-მოდი, ნინო, -ხელით ანიშნა მის გვერდით მდგარი ცარიელი შეზლონგისკენ დუდამ.
გოგონა გვერდით მიუწვა და მზის სხივებს სახე მიუშვირა.
ცოტა ხანში ტყუპი ბიჭები მიადგნენ, საყვარელი სახე მიიღეს და ჰკითხეს:
-ნინო, არ გვეთამაშები?
ჯენიმ თავი გაიქნია და გაეცინა:
-აბა, თუ დაავიწყდეთ.
-წამოდით, ვითამაშოთ.
-ვაშა!-ერთმანეთს შესძახეს ბავშვებმა.
-აბა, ფრანები მაჩვენეთ.
პატარებმა უცებ მოუზიდეს რაც ჰქონდათ. ნინომ ქარის მიმართულება დაადგინა და ფრანი გაშალა. მეთიუმ და ჯოშუამაც მიბაძეს და ნინოს უკან ბედნიერი სახეებით დაცუნცულებდნენ. ჯენიმ მომენტით ისარგებლა და სამივეს სურათები გადაუღო.
-კარგი გოგოა, მე ძალიან მომწონს,-გადაულაპარაკე მაზლს ქალმა.
-მადლობა,-დუდამ ბავშვებთან ერთად თამაშით გართულ ნინოს გახედა.
-იმედი მაქვს, ის არის, ვისაც ეძებდი.
-კი, ის არის,-კმაყოფილმა შეხედა რძალს და გაეღიმა.
-ჰოდა, რაღას აყოვნებ მაშინ, -საუბარში ჩაერთო დათა.
-ამჯერად აღარ დავაყოვნებ.
-ძალიან კარგი, ჩვენ კი მგონი, დროა, საქორწინო საჩუქარზე ვფიქრობდეთ,-ცოლს გადაულაპარაკა მამაკაცმა.
დუდა შეზლონგიდან წამოდგა და ნინოს და ბავშვებს შეუერთდა.


***
შუადღე იყო, როდესაც რუსიკოს და თამაზის მიაკითხეს და „მარაკანას“ სტადიონისკენ აიღეს გეზი. რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, შესვლის რიგმა მოუწიათ. ინტერესით ეცნობოდნენ გიდის მიერ ნაამბობ ისტორიებს სხვადასხვა საფეხბურთო მატჩების, ფეხბურთის ლეგენდების თუ თავად სტადიონის მშენებლობის შესახებ. მხიარული გიდი გატეხილი ინგლისურით და პორტუგალიური აქცენტით დაწვრილებით ესაუბრებოდა ტურისტებს და მათთან ერთად იხსენებდა ყველა იმ ღირსშესანიშნავ მომენტს, რაც ფეხბურთის ისტორიაში „მარაკანას“ სტადიონზე იყო მომხდარი.
ბატონი თამაზი უყურებდა ოთხმოცდა ორი ათას ორას ოცდათვრამეტ მაყურებელზე გათვლილ უზარმაზარ სტადიონს და დათას მთელი აღტაცებით უყვებოდა 1950 წლის 16 ივლისს ჩატარებულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, რომელიც ბრაზილიასა და ურუგვაის შორის გაიმართა და ურუგვაის სასარგებლოდ 2-1 დასრულდა.
-იცი რა ხდებოდა, დათა? მაყურებელი ერთმანეთზე გადადიოდა. სტადიონზე ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ორმოცდათოთხმეტი კაცი დაფიქსირდა.
-მართლა?
-პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრებმა გაიტანა. მაშინ ყველას ეგონა, რომ ესენი მოიგებდნენ, მაგრამ სამოცდამეექვსე წუთზე და მერე, კიდევ ცოტა ხანში ურუგვაიმ იყოჩაღა.
დუდას ნინოსთვის ხელი წელზე მოეხვია და დროდადრო ისეთი თვალებით შეხედავდა, რთული არ იყო, მიმხვდარიყავი, რომ სწორედ ნინო იყო ის ადამიანი, რომელიც მის სულში გაჩენილ ღრმულებს მთელი თავისი არსებით უვსებდა. ამიტომაც ესამყაროებოდა...
ქალბატონ რუსიკოს დუდას რადიკალური ცვლილება არ გამორჩენია. შორიდან, შეფარვით აკვირდებოდა მისგან წამოსულ თითოეულ ღიმილს, რომელიც ნინოს ეკუთვნოდა და შვილის პატარაობა ახსენდებოდა. შეყვარებული მამაკაცის სახეზე დიდი ხნის წინ არსებული ბავშვური სინამდვილე და გულწრფელობა იკვეთებოდა. ძალიან ენატრებოდა დედას ასეთი დუდა და თავადაც უხაროდა, როდესაც ნინოსთან ყოფნის ბედნიერებამ მონატრებული შვილის ბავშვობაში გადაისროლა.
ჯენი როგორც ყოველთვის თავის ამპლუაში იყო. ოჯახის წევრებს უკან დასდევდა და ლამაზ წუთებს კადრებად აფიქსირებდა. ჯოშუა და მეთიუ გიდის ინგლისურს ვერაფერს უგებდნენ, გადაწყვიტეს, თავისებური სიანცით შეექციათ თავი და აქეთ-იქით ოჯახის წევრებს შორის დარბოდნენ.
მაისისთვის დამახასიათებელი ტროპიკული სიცხე თავისებურად მოქმედებდა და სუნთქვას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. ჰაერში თანდათან მატულობდა ტენიც და გავაშლების გვარის პატარა წარმომადგენლები სულ მალე ისე მოითენთნენ, მათმა შემხედვარე დათამ სასტუმროში დაბრუნება დააჩქარა.

---
ნატა ბაღში იყო და მოვლილი ყვავილნარით ტკბებოდა. ბამბუკის სარწევ სავარძელში იჯდა, ფორთოხლის ნატურალურ წვენს მიირთმევდა და პარალელურად ინსტაგრამზე მეგობრების მიერ ატვირთული სურათების ნახვით ირთობდა თავს. უცბად, თვალები გაუფართოვდა, გული შეეკუმშა და ელდანაკრავივით წამოხტა სავარძლიდან. ხელები აუკანკალდა და ტელეფონი ძირს რომ არ დავარდნოდა, მაგიდაზე მიაგდო:
-დუდა იმ წითურთან ერთად ბრაზილიაშია? შეუძლებელია! არა, არა! გავაშელი მხოლოდ მე მეკუთვნის. მას მე ვუყვარვარ, თავს იტყუებს. ჰო, თავს იტყუებს. ის გოგო ასე ვერ გააგიჟებდა,-ხმამაღლა ფიქრობდა.
მერე ისევ ტელეფონს ეცა და დუდას მიერ ატვირთულ სურათში მისი ბედნიერი სახე რომ დაინახა, იგრძნო როგორ ძალიან ეტკინა. თვალებზე ცრემლები მოადგა და ამოიღნავლა:
-ჩვენი სიყვარული, დუდა? ნუთუ სამყაროს დასასრული დადგა?
თავი ხელში აიყვანა, ღაპა-ღუპით მომდინარე ცრემლები სასწრაფოდ მოიწმინდა, ტელეფონი ხელში აიღო, სურათს თავისებური კომენტარი მიუწერა, მერე ბოროტულად გაიღიმა და სახლში შევიდა. წიგნის კითხვით გართული ლევანისთვის არც შეუხედავს, მაშინვე ოთახში შეაჭრა.
საწოლზე მიყრილი ბალიშები ერთმანეთზე მიაწყო, ზურგით მიეყრდნო და ცივი გამომეტყველებით უკვე წარმოიდგინა დუდას და ნინოს სახე, როდესაც რომელიმე მათგანი მის კომენტარს ნახავდა. მაშინ ყველაზე მეტად უნდოდა, რომ პირველად გიორგაძეს წაეკითხა. უკვე წარმოსახვაში ხატავდა გოგონას აპილპილებულ სახეს და მეტისმეტი სიხარულისგან წარბებს კმაყოფილებით ათამაშებდა.

---
დათას დაჟინებული თხოვნით საპიკნიკოდ ყველა რიო- დე-ჟანეიროს სამხრეთით მდებარე როდრიგო დე ფრეიტას ლაგუნაზე წავიდნენ. ატლანტის ოკეანისგან მოწყვეტილი, ვიწრო სრუტით დამაკავშირებელი წყალმარჩხი ბუნებრივი წყლის აუზი თვალისმომჭრელად ლამაზი იყო. მწვანე მთებში ჩაფლული ადგილი უამრავი ოჯახის თავშესაქცევად გადაქცეულიყო. კატერებს უკან გამობმული წყლის თხილამურების მოყვარულები ლაღად მიაჭრიდნენ წყალს და ადრენალინით ივსებოდნენ.
-რა კარგი ადგილია,- აღტაცება ვერ დამალა ნინომ, თვალს ვერ წყვეტდა ბუნებას.
-ჯენი და მე ვგიჟდებით წყლის თხილამურებზე. შენც ხომ არ შემოგვიერთდები?-შესთავაზა დათამ გოგონას.
-აუცილებლად.
როგორც კი დუდამ გაიგო, მაშინვე ხელები გაასავსავა:
-ხომ არ გადაირიე? მაგას თავის სპეციფიკა აქვს და თუ არ იცი, არ უნდა გარისკო.
-რატომ? მინდა და აი, ნახავ, გამომივა კიდეც,-ჩაეცინა გიორგაძეს.
-არა,-გაჯიქდა მამაკაცი.
-რატომ?
-დაიწყო ახლა.
-ოჰ, შენც რა მოგივიდა? რთული არაფერია. დამცავ ჟილეტს ჩაიცვამს და თუ დაეცემა, წყლის იქით სად წავა?-დათამ მხარი აუბა ნინოს.
-მორჩი უაზრო ახირებას,- მოკლედ მოუჭრა დუდამ პარტნიორს და გაეცალა.
გიორგაძეს ეშმაკურად გაეცინა და სანამ დუდა ჯენის და მშობლებს მანქანიდან საგზლის გადმოტანაში ეხმარებოდა, დათას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მამაკაცმა ძმას გახედა და ჩაიხითხითა:
-ეგ მე მომანდე.
როგორც კი მსუბუქად დანაყრდნენ, დათამ ყველაფერი ისე მოაწყო, დუდა ცელქ ბიჭებთან ერთად ბალახზე ბურთით თამაშს მოჰყვა. როცა დარწმუნდა, ყურადღება ბავშვებისკენ ჰქონდა გადატანილი, მშობლებს ანიშნა, რომ ლაგუნასკენ მიდიოდნენ და ჯენისთან და ნინოსთან ერთად კატერისკენ გაიპარა.
რამდენიმე წუთში დუდამ შეამჩნია, რომ ძმა და გოგოები სადღაც წასულიყვნენ და მშობლებს მათი ამბავი ჰკითხა.
-წყლისკენ წავიდნენ,- თითი გაიშვირა დედამისმა.
-ვაჰ, მაინც არ იშლის ეს გოგო!-კბილებში გამოსცრა, ბავშვები დედ-მამასთან დატოვა და თავადაც ლაგუნასკენ დაეშვა.
გაბრაზებული შვილის დანახვაზე თამაზის ულვაშებში ჩაეცინა.
მოკლე შორტებით, სპორტული მაისურით და დამცავი ჟილეტით შემოსილ ნინოს უკვე ყველა საჭიროება მოერგო და კატერის დაძვრას უცდიდა.
-დათა! არ გააკეთო!-იღრიალა ნაპირზე ახლად ჩასულმა დუდამ, მაგრამ ძმამ ყურადღება არ მიაქცია და კატერი დაძრა.
გიორგაძემ პარტნიორს თვალი მოჰკრა და მის გასაგიჟებლად თავი მოიკატუნა, რომ არაფერი გამოსდიოდა და რამდენჯერმე ისეთი მომენტი შექმნა, კაცი იფიქრებდა, წამიც და წყალში ჩავარდებოდა. ცოტა ხანში არაჩვეულებრივად დაიჭირა ბალანსი და მანევრირებაც ძალიან ოსტატურად გამოსდიოდა. ნაპირზე მდგომ მამაკაცს შეშლილი სახე განცვიფრებაში გადაუვიდა და მწარე სიცილით ხელი შუბლზე შემოირტყა:
-როგორ გამაცურა! კუდიანი!
ამასობაში მშობლები და ბავშვებიც შემოუერთდნენ და ნინოს შესაძლებლობებით აღფრთოვანებულები დუდას დასცინოდნენ.
-Nino is the best!-წამოიყვირა მეთიუმ და თვალი გააყოლა წყლის თხილამურებზე შემდგარ გოგონას.
რამდენიმე წუთში გიორგაძე ნაპირზე გამოვიდა, ცოლ-ქმარს მადლობა გადაუხადა და დუდასკენ წამოვიდა. დათა და ჯენი ისევ წყალში შევიდნენ და გართობა გააგრძელეს. მშობლებმა წყვილი მარტო დატოვეს და ბიჭებთან ერთად შემოგარენს ეცნობოდნენ.
-პატარა მატყუარა!-ჩაილაპარაკა დუდამ, როდესაც ნინო მიუახლოვდა.
გოგონამ კისკისი დაიწყო.
-რატომ არ ვიცოდი, რომ წყლის თხილამურებზე დგომა გიყვარდა?
-ზაფხულობით ბოლო ორი წელი მეგობრებთან ერთად ყვარლის ტბაზე ხშირად დავდიოდი და იქ ვისწავლე.
-იმ ყმაწვილმა გასწავლა?- შუბლი შეკრა და ეჭვიანი თვალებით გახედა.
-ვინ ყმაწვილმა?
-ლაშამ.
-არა სხვათაშორის, ინსტრუქტორმა. უყურე შენ, როგორ გულში ჩარჩენია ჩემი მეგობარი.
-მეგობარს ნუ უწოდებ!-წარბი აუწია და გააგრძელა:-მეც არ ვთქვი, ასე იოლად თოვლზე როგორ დაიწყო სრიალი-მეთქი? თურმე მსგავსი ტიპის გამოცდილება ჰქონია ქალბატონს.
-რატომ მიწყრები?
-ვერ ვიტან საიდუმლოებებს და არ მომწონს, როცა რაღაცას მიმალავ!
-უაზროდ იშლი ნერვებს და მეც მაბრაზებ.
-უნდა გეთქვა, აქ მე ვღელავდი, იცი? თავქარიანი გოგო!- მიაძახა დუდამ და ზურგი შეაქცია.
-მაშინ ვერ გეტყოდი.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ლოლა პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობდა.
-მე ახლანდელზე ვამბობ.
-ახლა უბრალოდ სიურპრიზად დავგეგმე,-გაეცინა ნინოს, მამაკაცს მიუახლოვდა, თვალები ცბიერად შეანათა და ტუჩთან ნაზად აკოცა.
-ოხ, ეს ხალხი არ იყოს აქ, ნახავდი, რაც დაგემართებოდა,-გული მოულბა დუდას და ჩუმად ჩაეცინა.

***
საღამო ხანი იყო, როდესაც მოპიკნიკეებმა სასტუმროში დაბრუნება მოიწადინეს. მეთიუს დედამისისთვის მიედო თავი და ჩასძინებოდა. თავს ქინდრავდა ჯოშუაც.
-მშვენიერი დრო ვატარეთ,-აღნიშნა ბატონმა თამაზმა.
-ძალიან ლამაზი ქალაქია, უამრავი სანახაობით,-საუბარში ჩაერთო რუსიკოც.
-ხვალ რას ვაკეთებთ?- იკითხა დუდამ.
-ხვალ იესოს ქანდაკების სანახავად წავალთ,- პასუხი გასცა დათამ.
ვიდრე ოჯახი სამოგზაუროდ დარჩენილი დღეების დაგეგმვით იყო დაკავებული, ნინო მობილურს ჩასცქეროდა და შემთხვევით დუდას ატვირთულ სურათს მოჰკრა თვალი. გული გაუთბა, ორივე ძალიან ბედნიერად და ლამაზად გამოიყურებოდნენ. შემდეგ კომენტარებს ჩაუყვა და ერთ-ერთი პიროვნებისგან, რომლის ვინაობაც ვერ დაადგინა, მინაწერს გაეცნო:
„რამდენიც არ უნდა ეცადო, ვერც ნინო გიორგაძე და ვერც სხვა ვერ შეცვლის ნატა ანდრიადს და ვერასოდეს დაიკავებს მის ადგილს შენს გულში. მე არ მწამს ამ სიყვარულის და თავს ნუ იტყუებ!“
გოგონას სახე შეეცვალა და დუდას შეხედა. მამაკაცი ოჯახის წევრებთან იყო საუბრით გართული და მისი გუნების წახდენა არ შეუმჩნევია, თუმცა თავად ნინოც ცდილობდა, რომ არავისთვის არაფერი ეგრძნობინებინა და თავს ძალას ატანდა, გულში დაგროვებული სიბრაზე და ეჭვები როგორმე დაეცხრო.
სასტუმროში ასვლისას, დუდა ნინოს მთელი ძალით ჩაეხუტა:
-ორ დღეში ჩემი ოჯახი ბრაზილიიდან სახლში ბრუნდება.
-ასე მალე?
-დათა სამსახურში უნდა გავიდეს, შვებულება უმთავრდება.
-და ჩვენ რომ სამ დღეში გვაქვს ფრენა? ესე იგი, მარტო დავრჩებით?
-ჰო და სწორედ მაგ თემაზე მინდა, დაგელაპარაკო. დესანას ტომის სანახავად მინდა, რომ წაგიყვანო.
-რა?
-მკვიდრი ინდიელების აბორიგენული ტომია, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობს. მე მგონია, რომ მოგეწონება, საინტერესო ცხოვრების წესი აქვს.
-კი, მომეწონება,-დაბალ ხმაზე მიუგო მამაკაცს.
-მაშინ სასტუმროს ფოიეში ჩავალ და მიმღებში ტურების შესახებ ინფორმაციას გავარკევ. მგონი ფლაერიც უნდა ჰქონდეთ, დამელოდე, ახლავე ამოვალ,- ოთახიდან გავიდა მამაკაცი და პირველ სართულზე, რეგისტრატორისკენ დაეშვა.
ფიქრებით სხვაგან წასული ნინო ფანჯარასთან დამდგარიყო და ნატა ანდრიადსა და დუდას შორის არსებულ კავშირზე თავისი ეჭვები ღრნიდა.
რამდენიმე წუთში დუდა ფლაერით ხელში დაბრუნდა და ნინოსთან დესანას ტომზე საუბარი გააგრძელა, მაგრამ უხასიათობა შენიშნა და გაჩერდა:
-რაღაც სახეზე არ მომწონხარ, რამე მოხდა?
-შენი თვალით ნახე,-ტელეფონი გაუწოდა და სურათის ქვეშ მინაწერ კომენტარზე თითი დაუდო.
გავაშელმა როგორც კი წაიკითხა, სახეზე სიბრაზე გამოეხატა, მიხვდა ვინც იყო კომენტარის ავტორი და სასწრაფოდ წაშალა:
-დედა მოვტ*ან!-კბილებში გამოსცრა და მობილური ტელეფონი საწოლზე მოისროლა.
-იცი ხომ ვინც წერს ამას ყალბი სახელით?
-დაიკიდე!
-რას ჰქვია, დავიკიდო? რამე ხდება და მე არ ვიცი?
-უაზრობაზე ნერვიულობ.
-ყველაფერს მომიყვები! რატომ არ გეშვება ის ქალი?
-არაფერია მოსაყოლი.
-ნატა ისევ გიყვარს?
-რა სისულელეს როშავ?
-აბა, ეს ტექსტი როგორ გავიგო?
-აუ, ვიღაც შტერმა აბსურდი დაწერა და ახლა ასე უნდა იშალო და მეც მიშალო ნერვები?
-რაღაცას მიმალავ, დუდა.
-არაფერს გიმალავ, დამიჯერე.
-მიპასუხე, მის დასავიწყებლად მიყენებ?-ხმა აუკანკალდა გიორგაძეს.
-რას ბოდავ, ნინიკო?! ხვდები, რამხელა სისულელე დაახეთქე?! ჩემს სიტყვას შენთვის ფასი აღარ აქვს?!-კიდევ უფრო განრისხდა მამაკაცი.
-სიმართლის გარკვევას ვცდილობ.
გავაშელი ნინოს მიუახლოვდა და ყელზე ვნებიანად ააყოლა ტუჩები:-აი, სიმართლე!.. -ხმადაბლა წარმოთქვა და ალერსი გააგრძელა.
-დუდა...
-ჩშშ! მორჩი ლაქლაქს და ჩემზე იფიქრე!
-შენზე ვფიქრობ ზუსტად!
პარტნიორი რომ გაეჩუმებინა, თითები ტუჩებზე დაადო და მომდგარი სიტყვა ნაზი კოცნით შეუჩერა, შემდეგ ცხელი ბაგეები ყვრიმალებზე გადაიტანა და ვნება გაამძაფრა.
-დუდა, დამასრულებინე!- ძლივს აგრძელებდა ნინო და გრძნობდა, საყვარელი მამაკაცის მოფერება გონებას როგორ ართმევდა.
რამდენიმე წუთში გავაშელის ვნებამ მთლიანად გადათელა და სათქმელი დაავიწყა. სამოსისგან შემოიძარცვნენ და სიყვარულის ცეცხლით ალმოკიდებულ ხელებს ერთმანეთის სხეულებზე დაატარებდნენ. დუდამ გიორგაძე ხელში აიტაცა და ფერდებზე შემოისვა. სიბრაზე ორივეს აგრესიულ სიყვარულში გადაეზარდათ. ლავასავით გავარვარებული გრძნობები ვულკანივით მომძლავრებოდათ და გარეთ გადმოსაღვრელად ემზადებოდნენ. სიამოვნების იმპულსები ორივეს გონებაში პიკს აღწევდნენ და ოთახი ნეტარებისგან აღმოხდილი კვნესის და ოხვრის შენაცვლებითი ხმოვანებით ივსებოდა.
-ასეც ვიცოდი, რომ პატარა ამორძალი იყავი,-სუსტად ჩაეცინა მამაკაცს და პარტნიორი საწოლზე გადააწვინა.
ღამის ბინდში დაუოკებელ ემოციებს თავისუფლად აძლევდნენ გასაქანს და სიამოვნებისგან არეულნი უფრო ღრმად მიექანებოდნენ სიყვარულის მორევში.

---
კორკოვადოს მთაზე ქრისტეს ქანდაკების სანახავად უამრავ მნახველს მოეყარა თავი და ინტერესით უსმენდნენ გიდს, რომელსაც თავადაც არეული ჰქონდა, რიგით უკვე მერამდენე ტურისტულ ტალღას ესაუბრებოდა იმ დღეს:
- ამ ქანდაკების შვიდასათმეტრიან მთაზე აღმართვის იდეა კათოლიკე მღვდელმა პედრო -მარია- ბოსმა 1850 წელს წამოაყენა და დაფინანსებისთვის ბრაზილიის პრინცესას, იზაბელას თხოვნით მიმართა, თუმცა იგი დიდად არ დაინტერესებულა და მაშინ ეს პროექტი ჩაიშალა. 1921 წელს კი, მაშინ როდესაც ბრაზილია დამოუკიდებლობის ასი წლისადმი მიძღვნილ ცერემონიის სამზადისში იყო, ეს იდეა სამღვდელოების მხრიდან ისევ გაჟღერდა. შეიქმნა იესოს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ საბოლოოდ გაშლილი ხელებით ამოარჩიეს, რომელსაც „მხსნელი ქრისტეს“ სახელი ეწოდა. ქანდაკების დიზაინერი ეიტორ და სილვა კოშტა გახლდათ, ხოლო მოქანდაკე პოლონური წარმოშობის ფრანგი პოლ ლანდოვსკი იყო, რომელმაც გამომდინარე იქიდან, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო ბრაზილიაში ქანდაკების დამზადება შეუძლებელი იყო, იგი პარიზში შექმნა. ცხრა წელი დასჭირდა მის მომზადებას და ორას ორმოცდაათი ათასი დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს იესოს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე ოცდაათი მეტრია, კვარცხლბეკი -რვა, მაცხოვარს ხელები ოცდასამი მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.
-საოცარია!-თვალს ვერ აწვდენდა მაღალ ქანდაკებას რუსიკო,- მართლაც რომ დამსახურებულად იკავებს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებაში თავის ადგილს. რას იტყვი, თამაზ?-მეუღლეს გადაულაპარაკა ქალმა.
მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
გიდი არ ჩერდებოდა, უამრავ ინფორმაციას აწვდიდა იქ მყოფებს და ხანდახან, თაკარა მზისგან დაცვარულ შუბლს და ნიკაპს ცხვირსახოცით იწმინდავდა.
ტურისტები დიდი აღტაცებით ათვალიერებდნენ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას და ღრმა შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფებოდნენ. გიდის სიტყვის დამთავრებისთანავე ყველა ფოტოაპარატით მოემზადა. რა თქმა უნდა, ჯენიმ მთიდან გადაშლილი რიოს ხედების უამრავი მშვენიერი კადრი აღბეჭდა. მერე ოჯახის წევრებს მიუბრუნდა და სთხოვა, ყველა ერთად დამდგარიყო და ხელებგაშლილი ქრისტეს ფონზე სურათი გადაეღოთ. უცებ მოძებნა სურათის გადამღები და თავადაც შეუერთდა ბედნიერებისგან სახეგაბადრულ ოჯახს. ჯოშუამ და მეთიუმ ზუსტად ქანდაკებასავით გაშალეს ხელები და უფროსებს წინ გადაუდგნენ. ჯენიმ ციფრულ ფოტოაპარატში სურათს დახედა და აღფრთოვანდა:
-მთელი მოგზაურობის განმავლობაში რამდენი სურათი გადავიღე და ეს საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. აუცილებლად უნდა დავბეჭდო,-ყველას სათითაოდ აჩვენებდა.
-ჯენი, ჩვენც გამოგვიგზავნე, ძალიან მომეწონა,-აღნიშნა ნინომ.
-„მხსნელი ქრისტე“ და ოჯახის წევრებთან მყოფი დუდას „მხსნელი ნინო“, მართლაც არაჩვეულებრივი სურათია, ვერაფერს იტყვი, -მამაკაცმა თბილად გაუღიმა მეწყვილეს და ლოყაზე ეამბორა.
-აუცილებლად გამოგიგზავნით,-შეპირდა წყვილს ჯენი და გაეცალა.
-რისგან გიხსენი? -დაინტერესდა ნინო.
-ბევრი რაღაცისგან.
-მაგალითად?
-მაგალითად იმისგან, რომ მალე მიკისთან ერთად აღარ მომიწევს ძილი.
-რა სულელი ხარ,-სიცილისგან ჩაბჟირდა ნინო.
-ჰე, აბა, ახლა სად მივდივართ?-იკითხა დათამ.
-მე ძალიან დავიღალე, თქვენ თუ სადმე გინდათ, წადით, -თქვა ბატონმა თამაზმა.
-ახლა სჯობს, სასტუმროში დავბრუნდეთ და ბარგი ჩავალაგოთ, ხვალ შუადღეს ფრენა გვაქვს, საღამოს კი სადმე, კარგ რესტორანში შევიკრიბოთ და ვახშამი მოვაწყოთ,- წინადადება წამოაყენა ქალბატონმა რუსიკომ.
-კარგი აზრია,-დაეთანხმა დუდა და დანარჩენებსაც გადახედა: -თქვენ რას იტყვით?
მთელი დღის სიარულისგან ყველა კარგად დაღლილიყო და დასვენება სჭირდებოდათ. ამიტომ იდეა მოიწონეს და ქალაქში ჩასასვლელად, კორკოვადოს მთიდან ტიჟუკის ტყეში სარკინიგზო ხაზით დაეშვნენ.

---
სამსახურიდან დაბრუნებულმა ნატალია ანდრიადმა ტანსაცმლის კარადის განახლება მოინდომა. ძველი სამოსი, რის ჩაცმასაც აღარ აპირებდა, ახლისგან გამოარჩია და გაჭირვებული ნათესავებისთვის ყუთებში ჩააწყო. ამას ყოველ წელს აკეთებდა, შემდეგ მშობლების სახლში მიჰქონდა და დედამისი თავადვე ანაწილებდა ხოლმე. როგორც კი საქმეს მორჩა, ცოტა ხნით შეისვენა, ყუთები საბარგულში ჩააწყო და მათთან შესახვედრად წავიდა.
ბოლო ხანებში მშობლებთან დიდხანს აღარ ჩერდებოდა, თითქოს საერთო ენას ვეღარ პოულობდა და დრო საშინლად მიიწელებოდა ხოლმე. ახლაც, გადარჩეული ტანსაცმლით სავსე ყუთები სახლში დააწყო და წასვლას აპირებდა, როდესაც მამამ შეაჩერა:
-მოდი, ყავა დავლიოთ და ცოტა ვიჭორავოთ. სად გარბიხარ? მომენატრა შენთან საუბრები, ჩემო კუდრაჭა.
ნატამ კაცს თბილად გაუღიმა, მოწყენილი თვალები მის ღიმილიან სახეს მიაპყრო და ხათრით უარი ვეღარ უთხრა:
-კარგი, დავლიოთ.
-მე მოგიდუღებ. ხომ გიყვარს ჩემი მოდუღებული?
-ძალიან.
ცოტა ხანში, ფიქრებში წასულ ნატას მშობლები ნაყინით და ყავის ფინჯნებით ხელში დაადგნენ.
-რომ გაიგო, რომ დღეს უნდა გამოსულიყავი, მამაშენმა შენი საყვარელი ნაყინი მოიტანა,-სიტყვით გამოვიდა დედამისი.
ნატამ უხალისოდ მოკიდა შოკოლადის თხილიან ნაყინს ხელი და გარშემო შემოხვეული ქაღალდის შეფუთვის მოხსნა დაიწყო. ძალიან ნელა ხსნიდა და უაზრო თვალებით მისჩერებოდა.
-გინდა, დაგეხმარო?- შესთავაზა უხასიათოდ მყოფ შვილს კაცმა.
-არაა საჭირო, მე თვითონ,-ვიდრე სიტყვა დაამთავრა, ხელი აუკანკალდა და ნაყინი იატაკზე დაუვარდა.
მამამისი ნაყინს დასწვდა და ნაგავში ჩასაგდებად წავიდა.
-ჯანდაბა,-ნერვები მოეშალა და შუბლი მოისრისა.
-რა გჭირს, დედიკო?-სახე შეეცვალა ქალს, როდესაც განერვიულებულ შვილს დააკვირდა.
-არაფერი.
-მგონი დეპრესიული ფონი გაქვს და ვერ ხვდები. საერთოდ ვეღარ გცნობ.
-მაპატიეთ, უნდა წავიდე,-ფეხზე წამოდგა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.
მამამ შვილის საქციელი გულთან მიიტანა და სევდიანი თვალები გააყოლა:
-სულ შენი ბრალია ეს ყველაფერი,-შეუბრუნდა ცოლს.
-რაში მადანაშაულებ?
-კარგად იცი რაშიც.
-ბარემ თქვი, ერთი რა გავაკეთე არასწორი?
ეზოში ჩასულმა ნატამ შეამჩნია, რომ ჩანთა ბინაში დარჩა და სადარბაზოში შებრუნდა.
-ვერ ატყობ, რომ შენი შვილი ლევანთან ბედნიერი არ არის?
-აქ სხვა ამბავია, თორემ აქამდე არაჩვეულებრივად ეწყობოდნენ ერთმანეთს. ლევანს უყვარს ჩვენი შვილი და ნატაც კარგად გრძნობს მასთან თავს.
- შენ მათ ურთიერთობას ბედნიერს უწოდებ?
-დიახ.
-თავს ტყუილად ნუ არწმუნებ იმაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მათ ურთიერთობას სრულყოფილების ელფერი არასოდეს დაჰკრავდა.
ამასობაში, ბინაში ნატაც შევიდა და მის შესახებ მშობლების ცხარე კამათი რომ გაიგონა, ყური დაუგდო.
-გეჩვენება. ყველაფერი აქვს, კიდევ რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? აი, ღმერთს რომ მათთვის შვილი მიეცა, უფრო სრულყოფილი ოჯახი ექნებოდათ.
-ღმერთმა მას უკვე მისცა იგი, მაგრამ შენ დაუნდობლად მოექეცი და წაართვი. რამდენჯერაც მახსენდება, იმდენჯერ ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, რომ ჩემს შვილს შენი კარგი ქალობის შესახებ არ ვეუბნები.
-რა გინდოდა? თოთო ბავშვით ხელში გაუბედურებული შვილი გენახა? ყველას თითი შენი ოჯახისკენ გამოეშვირა და მასხრად ასაგდებები ვყოფილიყავით? ლევანი შვილიან ქალს ცოლად არ მოიყვანდა, დუდა კი უკვე ამერიკაში იყო.
-დუდას რომ გაეგო, რომ შვილი ჰყავდა, ჩამოვიდოდა, მას ძალიან უყვარდა ნატა და ბედნიერებიც იქნებოდნენ ერთად. ის არ მიატოვებდა ჩვენს გოგოს.
ამ სიტყვების გაგონებისას ნატას გული ლამის გაუჩერდა, თვალები გაუფართოვდა და პირზე ხელი აიფარა.
-და რად გინდოდა გაჭირვებული და ჯიბეგაფხეკილი დუდა? რას მისცემდა ჩვენს შვილს? ლევანის ოჯახი მთელ ქალაქში ცნობილი იყო, ყველაზე სასურველი სასიძო და მადლობა თქვი, რომ თვალი შენს შვილს დაადგა.
-ზოგჯერ მიკვირს, შენთან როგორ გავჩერდი,-კაცი განერვიულებული ეცა სიგარეტს და სასწრაფოდ მოუკიდა, ღრმად ჩაისუნთქა თამბაქოს კვამლი და გააგრძელა: -იცი რამდენჯერ მიფიქრია ჩვენი შვილიშვილის შესახებ? ნეტავ, როგორია? სად არის? რას აკეთებს? რა მოსწონს და რა არა?.. ის რომ ნატასთან ყოფილიყო, დარდად აღარ გამყვებოდა არც იმ ბავშვის და არც ჩემი გოგოს ბედი. ახლა დადის უშვილოდ და აზრზეც არ არის, რომ სინამდვილეში დედაა.
-მე რა ვიცოდი, რომ ნატას მეტი შვილი აღარ ეყოლებოდა? ყველაფერს ვერ გათვლი ცხოვრებაში.
ჰოლში მყოფ ქალს ცრემლები წამოუვიდა, ბარბაცით შევიდა მშობლებთან და ცოცხალ-მკვდარის სახით გადახედა ორივეს:
-სად არის ჩემი შვილი?
-ნატა?-ელდა ეცა დედამისს.
-შენ აქ იყავი და ჩვენი საუბარი გესმოდა?-გადარეულივით წამოდგა მამამისი და შვილს მივარდა.
-სად წაიყვანეთ ჩემი შვილი? ვის მიეცით?-ცახცახმა აიტანა და სიტყვებს წყვეტილად ძლივს წარმოთქვამდა.
-შვილო, დაწყნარდი,-ამშვიდებდა დედამისი.
-შვილოს ნუ მეძახით, თქვენი შვილი აღარ ვარ! ბავშვი ვის მიეცით, უგულოებო?
-ნატა, მამიკო, მოდი ჩამოჯექი, წყალს მოგიტან.
-არაფერი მინდა, ჩემი შვილი მანახეთ. დამიბრუნეთ, თორემ თავს მოვიკლავ,-სამზარეულოში გავარდა, უჯრიდან პურის საჭრელი, ბასრი დანა ამოიღო და ისევ მისაღებში შევარდა.
-დედიკო, მორჩი ახლა ისტერიკებს, მკვდარი იყო შენი შვილი.
-ნუ ცრუობ! ყველაფერი კარგად გავიგონე. ჩემი შვილი ცოცხალია. სად გადამალეთ? ვისთან არის? მითხარით, თორემ არცერთი წუთით აღარ ვიცოცხლებ თავს. თქვენ თვალწინ გავიყრი ამ დანას.
-რას აკეთებ? -დანის წასართმევად მივარდა მამამისი.
-არ მომეკარო, თორემ არც შენ დაგინდობ!-თვალები დააბრიალა და შავტარიანი დანა ჰაერში აატრიალა.
-სამწუხაროდ არ ვიცით სად არის,-თავი ჩაღუნა კაცმა.
-დიდი ხანია სიცოცხლე აღარ მინდა, ისედაც მომბეზრდა ოქროს გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ცხოვრება. ყველა და ყველაფერი სულს მიხუთავს. თავი დავკარგე. გესმით ეს რას ნიშნავს? ძალიან უბედური ვარ,-გაჰკიოდა.
-დემონი გყავს სულში შესახლებული. დააგდე, რაც ხელში გიჭირავს!-უყვირა დედამისმა.
ამასობაში მამამ იმარჯვა და დედამისზე ყურადღებაგადატანილ შვილს დანა გამოსტაცა.
ნატა მამამისს გაეკიდა და საცოდავი სახით სთხოვა:
-მამა, გეხვეწები, თუ იცი მისი ადგილსამყოფელი, მითხარი, არ დამიმალო. ჩემი შვილი აუცილებლად უნდა ვნახო, ჩემი და დუდას შვილი...
-არ გიმალავ, მამიკო, მართლა არაფერი ვიცი.
-მორჩი ნატა, არ გინდა წარსულზე გამოკიდება! ეს კარგს არაფერს მოგიტანს!-ცივი სახით გახედა დედამისმა.
დედამისის სიტყვებისგან გაცოფებული ქალი მაშინვე მიუბრუნდა:
-რა მომიტანს კარგს?
-მოისვენე და შეირგე შენი ცხოვრება! ცუდად ატყდი.
-გეკითხები და მიპასუხე: -რა მომიტანს კარგს?!
-ხმას დაუწიე და ნუ ღრიალებ!
გაცოფებული შვილი თავისსავე მოტანილ, ყუთებში ჩაწყობილ ძვირფას ტანსაცმელს მივარდა, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ამოიღო და დედამისს ცხვირწინ მიუტანა:
-ესენი მომიტანენ ხომ კარგს და ბედნიერებას. ეს ძონძები, არა? უტვინო და საზიზღარი ქალი ხარ! აჰა, გაძეხი, გაძეხი თუ ამას ეძახი ბედნიერებას,- უმართავივით დადიოდა და ყველაფერს სახეში აყრიდა დედამისს.
-ნატა, შეჩერდი!-აწყნარებდა მამამისი.
-ნუ მაჩერებ!-ღრიალს უმატა და მეორე ყუთს მივარდა. იქიდანაც ამოიღო ტანსაცმელი და დახევა დაუწყო:-აი, თქვენი ბედნიერება! შეხედეთ, როგორ ვექცევი.
-საცოდავო! აბა, რა უნდა გელაპარაკო? გიჟებთან საქმე არ მაქვს!-ამრეზით შეხედა დედამისმა და სხვა ოთახში შევიდა.
-წესიერად ილაპარაკე და გიჟები შენკენ მოიკითხე!-ოთახში შეუვარდა მამაკაცი. ეს გოგო მართალია. შენი ბრალია დღეს ამ დღეში რომ ვხედავთ!-თვალები დაუბრიალა ცოლს.
-მომწყდით ორივე!-გველივით დაისისინა ქალმა.
მამამისი განწირული ხმით მომტირალ შვილთან მივიდა და ტანსაცმელი ხელიდან გამოგლიჯა:
-მე დაგეხმარები შვილის მოძებნაში. შენ არ იჯავრო, ჩემო ნატალიკო. ოღონდ თავს რამე არ აუტეხო რა, მამი. ახლავე გაფრთხილებ, ვერ გადავიტან.
-მამა! როგორი დატანჯული და გაუხარელი ვარ, შენ ვერ წარმოიდგენ, - მხარზე ნიკაპი ჩამოადო და ცხარედ ატირებულმა ცრემლებით დაასველა.
გული რომ მოიოხა, კოპები შეკრა, ცრემლები მუჭით მოიწმინდა, ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან შეურაცხადივით გავარდა.
-ნატა!-ასეთ დღეში ვერ გაგიშვებ, დაბრუნდი!-უყვიროდა აღელვებული მამაკაცი და უკან მისდევდა, მაგრამ ქალი არ უსმენდა, მანქანა დაქოქა და დიდი სისწრაფით მოსწყდა იქაურობას.
მანქანას შლეგიანივით მიაფრენდა. რამდენჯერმე საავარიო სიტუაცია შექმნა და მძღოლები სიგნალებით და გინებით იკლებდნენ. ბოლოს, მართვა ვეღარ შეძლო, საავარიო შუქსიგნალიზაცია ჩართო, შუა გზაზე გააჩერა და განადგურებულმა საჭეზე თავი ჩამოდო.

***
გალეაოს აეროპორტში ჩვეულებისამებრ ბევრი მგზავრი ირეოდა. დუდა და ნინო ნიუ-იორკში წამსვლელებს აცილებდნენ, თავად კი ამაზონის შტატში გამგზავრებას ფიქრობდნენ.
-ძალიან კარგი დრო გავატარეთ, არასოდეს დამავიწყდება,-აღნიშნა ჯენიმ.
-მშვენიერი მოგზაურობა იყო, -დაეთანხმა ქალბატონი რუსიკოც.
ბატონი თამაზი შვილს მიადგა, გვერდზე გაიყვანა და დაბალ ხმაზე, ისე, რომ ნინოს ვერაფერი გაეგო, საუბარი დაუწყო:
-გული მიგრძნობს, კარგ არჩევანს აკეთებ. მე და დედაშენი გენდობით. ვიცით, არ შეცდები.
-ესე იგი, მოგეწონათ?
-როგორ შეიძლება, შენი შერჩეული ცხოვრების მეგზური არ მოგვეწონოს? არ გიცნობდეთ მაინც, იშვიათად, შენ ვინმე გულში ჩაგივარდეს. ალბათ, ის არის, ვისაც ეძებდი და ჩვენ რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ მხარი აგიბათ?
-მადლობა, მსიამოვნებს შენგან ამას რომ ვისმენ.
-ჰო, დიდხანს აღარ გაწელოთ და დააჩქარეთ.
-შევეცდები, არ გადავდო.
-ძალიანაც კარგი,- შვილს თბილად გაუღიმა და გადაეხვია.
მერე ნინოსაც დაემშვიდობა და სარეგისტრაციოდ გამზადებულ მგზავრების რიგს შეერია.
ბედნიერი სახეებით და უამრავი მოგონებებით ტოვებდნენ „ღმერთის ქალაქს“. უხაროდათ, რომ ნინო გაიცნეს და ერთად ყოფნის ტკბილი წუთები გაატარეს. ახლა მოუთმენლად ელოდებოდნენ დიდ ოჯახში ახალი წევრის ოფიციალურად შემატებას.


***
ოთხსაათიანი ფრენის შემდეგ დუდა და ნინო ბრაზილიის ჩრდილოეთით, ქალაქ მანაუსში აღმოჩნდნენ. ამაზონის შტატის დედაქალაქი განსაკუთრებული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საუცხოო ბუნების ხარჯზე, ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა. წყვილი სასტუმროში დაბინავდა და ცოტა ხანში ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების თვალიერებას მოჰყვა. მოასწრეს ოპერის შენობის და რეგიონულ და ადგილობრივ ხალხთა რამდენიმე მუზეუმის დათვალიერება. ოპერის თეატრის რენესანსულმა სტილმა ორივე განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ დატოვა. თვალს ვერ წყვეტდნენ ფრანგულ ინტერიერს და შეუდარებლად მოხატულ ჭერს და კედლებს. მარმარილო, სვეტები, ბაროკოს და როკოკოს შერწყმა- ყველაფერი ღვთაებრივი იყო და ამასთანავე დაუჯერებელიც. ვერცერთი მათგანი წარმოიდგენდა, რომ ამაზონის ჯუნგლების შუაგულში მდებარე დედაქალაქს ასეთი ფუფუნების და ღირებულების ნაგებობა გააჩნდა. მოიხიბლნენ ქალაქის ტროპიკული ბუნებითაც, რომელიც იმდენად ლამაზად ეხამებოდა თანამედროვე სტილში აშენებულ დედაქალაქს, შეუძლებელი იყო, მისით არ მონუსხულიყავი. მრავლად შეხვდნენ ფერად სახლებს და სხვა არქიტექტურულ ძეგლებს. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

***
დილით ადრე, დაახლოებით 8:30 საათზე სასტუმროსთან ტურისტული კომპანიის ავტობუსმა მოაკითხათ და მდინარე რიო ნეგროს და სოლიმოინსის შესართავთან წაიყვანა, რომელიც მანაუსისგან თვრამეტი კილომეტრის მოშორებით იყო. ორი სხვადასხვა ფერის -შავი და მოყვითალო ფერის წყალი ერთმანეთს ულამაზეს ტროპიკულ ბუნებაში ერწყმოდა და ერთი კალაპოტით აგრძელებდა გზას. მდინარის კრუიზი ვარდისფერი დელფინების მონახულებით გაგრძელდა, სადაც ტურისტებს საშუალება ჰქონდათ, რომ უჩვეულო ფერის და ადამიანების მოყვარულ წყლის ბინადრებთან დაუვიწყარი დრო გაეტარებინათ:
-ლეგენდის მიხედვით ამაზონის მდინარის ვარდისფერი დელფინი მაგიური ქმნილებაა, რომლებსაც მამაკაცებად შეუძლიათ გადაიქცნენ და ქალები დააფეხმძიმონ. მათზე ბრაზილიელ მუსიკოსებს არაერთი მუსიკაც დაუწერიათ.ზოგი მიიჩნევს, რომ ისინი ალბინოსები არიან, რადგან ძალიან ჰგვანან ალბინოს, ვარდისფერ დელფინებს, მაგრამ ასე არ არის. თუ კარგად დააკვირდებით, მათ ნაცრისფერი ლაქები აქვთ, რაც ალბინოსებისთვის არადამახასიათებელი ნიშანია. ბოლო დროს, საკმაოდ დიდი საფრთხე შეექმნათ და ფაქტობრივად გადაშენების პირას იმყოფებიან, რადგან მეთევზეები ლოქოების დასაჭერად ხოცავენ და მათი ხორცით თევზაობენ. ჯარიმა საკმაოდ დიდია, მაგრამ მთავრობის მიერ სათანადოდ მაინც ვერ კონტროლდება და შედეგი ძალიან მძიმეა-ყოველწლიურად ასობით დელფინი იხოცება. მეთევზეების გარდა, ჩვეულებრივი მაცხოვრებლებიც საკმაოდ გულგრილად უყურებენ მათ სიკვდილს და სანტარენის ღია ბაზარზე მოკლული დელფინების სასქესო ორგანოებს ჰყიდიან, რომლებიც მათი თქმით იღბლის, სიყვარულის და გამრავლების მომტანია. მსურველები მისი ცხიმისგან დამზადებულ რევმატიზმის წამალსაც ყიდულობენ, რომელიც უებარია,-ჰყვებოდა გიდი და მის წინ მოცურავე დელფინს საკვებით იზიდავდა.
-არ ვიცოდი, რომ ამაზონის მდინარეში ამ ლამაზ არსებებს გადავაწყდებოდი,-ნინო გაკვირვებული უყურებდა დელფინებს.
-ახლა ტურისტების წყალში ჩასვლა იგეგმება და გაფრთხილებ, არ მოინდომო.
-რატომ?
-ვერ გაიგე? მამაკაცები ხდებიან და ქალებს აფეხმძიმებენო,-გაეცინა დუდას.
-და მერე მიდი და იმკითხავე შენი შვილია თუ ვარდისფერი დელფინის,- ხუმრობაში აჰყვა ნინოც.
-ზუსტად.
-რა გეშველება?-აკისკისდა გიორგაძე.
ტური ამაზონის წვიმის ტყეების ფლორის და ფაუნის დათვალიერებით გაგრძელდა. ტურისტებისგან დატვირთული ნავები ლიანებით და სხვა ტროპიკული ხეებით, ბუჩქნარებით, ფრინველებისა და ცხოველებით გარემოცულ ბუნებაში ნელი სვლით მიაპობდა რიო ნეგროს და თანდათან უახლოვდებოდა ინდიელების სოფელს.
შუადღის მეორე ნახევარი იყო, როდესაც ნავები დესანას ტომის საცხოვრებელ ადგილს მიადგნენ. ტურისტებს მაშინვე თვალში მოხვდათ საღებავით მოხატული სახეებით და ტანით მოსიარულე, მკვიდრი ინდიელები, რომლებიც უცხოელებისთვის დასახვედრად ემზადებოდნენ. როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებსაც ტრადიციული სამოსი უფარავდათ ტანის ქვედა ნაწილებს, ხოლო მის ზევით ყველა ერთნაირად ტიტველი იყო. ქალების მოშიშვლებულ მკერდს მრავალწყებად შემოხვეული მძივებიც ვერ ფარავდნენ. ბავშვებს კი საერთოდ არაფერი ეცვათ.
თავდაპირველად, ტურისტები ინდიელების კერძო მეურნეობას გაეცნენ. დაათვალიერეს ეზოში მათი ხელით მოყვანილი მცენარეები, გაეცნენ მამაკაცების მიერ დამზადებულ სანადირო, თუ ყოველდღიური მოხმარების იარაღებს. ნახეს შხამით დაფარული მშვილდის ისრები, რომლებიც ცხოველების ორგანიზმში მოხვედრისას მათი თქმით, იმის გარანტი იყო, რომ იქიდან გავრცელებული შხამი ნადირს კუნთებს დაუდამბლავებდა და შორს ვეღარ მოახერხებდა წასვლას.
-სათავისოდ ჭკვიანები არიან, ეძახე განუვითარებლები და ცივილიზაციას მოწყვეტილნი,-აღნიშნა დუდამ.
-ბედნიერებიც, მათ სახეებს დააკვირდი, სულ იღიმიან და მშვენიერ განწყობაზე არიან.
-ეს იმიტომ, რომ ტურისტებთან არიან. უხერხული იქნებოდა, ამჟავებული სახეებით დაგვხვედროდნენ.
-არა, ზოგადად ასე იქნება. მე ვერაფერს გამომაპარებ.
-ოჰ, ჩემი ფსიქოლოგი გოგო. უცებ დაასკვნის ხოლმე,- ღიმილით შეხედა მეწყვილეს.
მალე ისლით გადახურულ ნაგებობაში შევიდნენ, რომელიც ტომის საცეკვაო სანახაობებისთვის იყო განკუთვნილი. ტურისტები სკამებზე ჩამოსხდნენ და აქა-იქ, ბამბუკის და სხვა ხეებისგან დამზადებულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს დაუწყეს თვალიერება. თავად ინსტრუმენტებიც უცნაური ფიგურებით მოეხატათ, რომლებიც თითოეულ იქ მყოფში ინტერესს აღძრავდნენ.
მოულოდნელად, სადღესასწაულო ფორმებში შემოსილი ინდიელები შეცვივდნენ და ცეკვა დაიწყეს. შიშველ ფეხის გულებს მთელი ძალით ურტყამდნენ იატაკს. ქალებს ფოჩებიანი ქვედაბოლოები ეცვათ და მოღიავებული მკერდი ზევით-ქვევით ჩაუდიოდათ. მამაკაცები მცენარეების დიდი ფოთლებისგან შექმნილი ქვედაბოლოებით, თუთიყუშის ბუმბულისგან დამზადებული თავსამაგრებით და მკლავის და ფეხის სამაჯურებით იწონებდნენ თავს. ხელში ბამბუკის სქელი ტოტები ეჭირათ, ტუკანოს ენაზე მღეროდნენ და ძირზე რიტმულად აკაკუნებდნენ. დროდადრო ისმოდა გულისგამაწვრილებელი, კივილის მსგავსი ხმაც, რომელიც სიმღერის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. სიმღერა რომ დაამთავრეს, წარმოდგენა წრიული ცეკვით ჩაანაცვლეს, სადაც ქალები უხმოდ დაჰყვებოდნენ მამაკაცებს, რომლებსაც ხელით დამზადებული მუსიკალური ინსტრუმენტები პირთან მიეტანათ და მათში შთაბერვით უცნაური ჟღერადობის ბგერებს უშვებდნენ, შამანურ მუსიკას წააგავდა.
ცეკვის ცერემონიის დამთავრებისთანავე უცხოელებმა ტომის წარმომადგენლებისგან ფოტოების გადაღების ნებართვა აიღეს და წარა-მარა აჩხაკუნებდნენ აპარატებს. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ტომის ბელადზე. იგი ცისფერი მაკაუს ჯიშის თუთიყუშის ბუმბულისგან დამზადებულ, უზარმაზარ თავზე დასადგამს ატარებდა, რომელიც მხრებზეც გადადიოდა. იქვე იყო შესაძლებლობა, მათ მსგავსად სახე მოეხატათ, ამაში ერთ-ერთი ტომის წევრი ეხმარებოდათ. რა თქმა უნდა, ნინოს აჩემებით დუდამაც მოიხატა და ახლა, ორივე დესაუს ტომის სრულუფლებიან წევრებს თუ არა, მათ მსგავსებს ნამდვილად წააგავდნენ.
მომცინარი პირისახის ინდიელები დაინტერესებულ მნახველებს გრძელ სახლებში, მალოკებში ეპატიჟებოდნენ, რომლებიც საშუალოდ ოთხიდან რვა ოჯახზე იყო საცხოვრებლად გათვლილი. ჭურჭლის უმეტესი ნაწილი ხისგან გამოჩორკნილ ნივთებს წარმოადგენდა. იატაკზე გამხმარი მცენარეებისგან და ცხოველების ტყავისგან დამზადებული ქვეშსაგებები ჰქონდათ ჩამწკრივებული და დასაძინებლად მათ იყენებდნენ. ჩვილებისთვის კი ჰამაკები გაებათ. კედლებზე სხვადასხვა ფორმის და ზომის, ხელით მოწნული კალათები შეიმჩნეოდა, რომლებსაც ქალები ბავშვებთან ერთად ძირითადად ხილის კრეფაზე წასასვლელად იყენებდნენ.
მალოკების დათვალიერების შემდეგ გიდმა მხოლოდ ათი წუთი მისცა ტურისტებს, რომ ადგილობრივების მიერ დამზადებული ნივთები ენახათ და სურვილის შემთხვევაში, შეეძინათ. ნინო გულმოდგინედ ეცნობოდა მათ მიერ შექმნილ ნივთებს და რამდენიმე ცალი იყიდა კიდეც.
ამასობაში რიო ნეგროს მდინარის სანაპიროს მორიგი ტურისტული კომპანია მოადგა და ვიდრე ნავები ხალხის მორიგი ნაკადისგან იცლებოდა, ინდიელები მეორე წარმოდგენისთვის ემზადებოდნენ.
ნინომ დუდას თვალი ვეღარ მოჰკრა და მოსაძებნად წავიდა. ესმოდა, მათი გიდი როგორ აჩქარებდა წამსვლელებს და ნავების მიმართულებით უბიძგებდა. ხალხის არეულობაში ძლივს მიაგნო გავაშელს, რომელიც რიო ნეგროს ნაპირთან გაშენებულ ბაღთან იდგა და ბანანის, პაპაიას, მანგოს, ანანასისა და მანიოკის ბაღებს ათვალიერებდა.
-დუდა, სად ხარ ამდენ ხანს? ჩვენი ნავები გადიან, დაუჩქარე!-გასძახა აღელვებულმა გოგომ, რომელიც ხელს უქნევდა, რომ მისკენ წასულიყო.
-ნინიკო, მოდი ერთ წამს რა, ნუ გეშინია, უჩვენოდ არსად წავლენ. ეს ბაღები არ გვინახავს, არ გაინტერესებს?
-რომ გაგვასწრონ?
-არ წავლენ უჩვენოდ.
-რა ჯიუტი ხარ!-თავისთვის ჩაილაპარაკა და ბაღებისკენ დაეშვა.
როგორც კი გულის სწორი მარტოდ მოიხელთა, მამაკაცმა ეშმაკური თვალებით შეხედა და გაუღიმა:
-ვიცოდი, რომ ჩემს საძებნელად წამოხვიდოდი.
-მერე?
-მერე ის რომ შენი ტუჩების გემო მომენატრა,- მიუახლოვდა და მის ბაგეებს დაეძგერა.
-გადარეულო,- მოიშორა გოგონამ და გაექცა.
-სად მიდიხარ?
-გული მიგრძნობს, გაგვასწრებენ.
-ოჰ, დიდი ამბავი,-უკან დაედევნა მამაკაცი, დაიჭირა და თავისკენ შემოაბრუნა.
-წავიდეთ რა.
-მაკოცე და წავიდეთ,-ხელს არ უშვებდა გოგონას.
-აუტანელი!
-ვის ეუბნები ამას?
-შენ.
დუდას გაეცინა:
-მაკოცე-მეთქი და წავიდეთ.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ნინო მის სურვილს დამორჩილდა. ამასობაში ტურისტული კომპანიის ყველა ნავმა მდინარის სანაპირო დატოვა.
ინდიელების სოფელში დარჩენილ ტურისტებს მეორე კომპანიამ იქიდან წაყვანაზე უარი განუცხადა. მიზეზად ადგილის არქონა დაასახელა.
-მოკლედ, ამაღამ აქ დარჩენა მოგვიწევს, ხვალამდე ჩვენი ტურისტული კომპანია აღარ გამოჩნდება,-ცოფებს ჰყრიდა გავაშელი.
-ნეტავ ვისი ბრალია?!-ცეცხლებს ჰყრიდა ნინოც.
-კარგი ახლა! შენ მაინც ნუღარ მიმატებ!
-ღირსი ხარ, მაგრამ მე რა დავაშავე?!-ზურგჩანთა მწარედ დაახეთქა მიწაზე და მდინარის სანაპიროზე ჩამოჯდა.
დუდამ იწრიალა და იქიდან გაღწევის სხვა გამოსავალი რომ ვეღარ მოძებნა, პარტნიორს გვერდით მიუჯდა:
-ასეთი რამ პირველად დამემართა. შენი ბრალია ყველაფერი.
-რა? -გაოცებული სახით შეუბრუნდა მამაკაცს.
-ქურდი ხარ!
-რას ბოდავ?
-გული მომპარე და თავი დამაკარგვინე.
-ვაი, დუდა გავაშელო, ხმა გაიკმინდე და ნერვებს ნუ მიშლი!..
მამაკაცს ჩუმად ჩაეცინა და აღარაფერი უთქვამს.

---
ძალიან არეული იყო, სულგამწარებული, დაუცველი და უსუსური. დარდისგან და ტკივილისგან გამორეცხილი თვალები ჰქონდა, ოდნავ შესიებული და დაწითლებული. არ იცოდა, რა გაეკეთებინა... არ იცოდა, რითი ემკურნალა თავისთვის... არ იცოდა, საიდან დაეწყო არეული ცხოვრების დალაგება, რომელიც ტორნადოსგან ატაცებული ნივთებივით აქა-იქ მოღავებულიყო და ერთი- ალთას, მეორე -ბალთას ეგდო. საათს დახედა, ლევანის მოსვლის დრო მოსულიყო. სარკესთან უღონოდ მილასლასდა, მკვდარი სახე მაკიაჟით გამოიცოცხლა, მეუღლის საყვარელი კაბა გადაიცვა, აივანზე გავიდა და ღრმად ამოისუნთქა:
-როდემდე უნდა უტარო თავს ხელოვნური სუნთქვები ნატალია ანდრიადი? როდემდე?!.-ამოილუღლუღა და თვალში ჩამდგარ ცრემლს წამოსვლის საშუალება არ მისცა.
ოთახში შებრუნდა, ტელეფონს დასწვდა და ვიკას დაურეკა. მეგობარმა ზარის გასვლისთანავე უპასუხა:
-რაო, ნატალია?
-შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.
-რა მოხდა?
-როცა შევხვდებით, მოგიყვები. ტელეფონზე სასაუბრო არ არის.
-მიახლოებით მაინც მითხარი.
-მოდი რა ჩემთან, გთხოვ.
-სამსახურიდან ზუგდიდში ვარ მივლინებით, სამ დღეში ჩამოვალ და გნახავ.
-არ ვიცოდი, რომ თბილისიდან გასული იყავი.
-შენ ბევრი რამე არ იცი, ჩემო გოგო, ამიტომ თვალები უნდა გაახილო და გონება დაძაბო,-ბოროტული ღიმილით ჩაეცინა ვიკას.
-რა ქარაგმებით მელაპარაკები?
-კარგი, არაფერი, დაივიწყე. უბრალოდ გეხუმრე. ჩამოვალ და შეგხვდები. გკოცნი,-უცბად მიაყარა სიტყვები და გაუთიშა.

---
დესანას ტომმა ტურისტების ბოლო ნაკადიც გაისტუმრა და წარმოდგენებისთვის გამოყოფილი ადგილის დალაგებას შეუდგა. მალოკებში შეჰქონდათ სავაჭროდ გამოტანილი ხელნაკეთი ნივთებიც. დროდადრო ჩაუვლიდნენ ხოლმე რიო ნეგროს ნაპირთან მყოფ წყვილს და გაოცებული სახეებით ანიშნებდნენ ერთმანეთს რაღაცას:
-ამჩნევ, რომ ჩვენ გვიყურებენ?- ნინომ შიშით შეხედა პარტნიორს.
დუდამ უკან გაიხედა და შორიდან ტომის ბელადის მზერა დაიჭირა:
-მერე რა? გვიყურონ.
-მეშინია.
-რისი გეშინია? ესენი კანიბალები არ არიან.
-მაინც მეშინია.
-ახლოს მოიწიე და ნუ სულელობ!
ნინო მისკენ მიიწია და თავი მხრებზე დაადო. მამაკაცმა ხელი წელზე შემოჰხვია. დესანას წევრები ჯგუფად შეგროვილიყვნენ, ერთმანეთს თავის ენაზე ესაუბრებოდნენ და სოფელში დარჩენილ წყვილს თვალს არ აშორებდნენ.
-ვინ იცის, ფიქრობენ, რომ ისე მოგვეწონნენ, აქ დარჩენა გვინდა,- სიცილი წასკდა ნინოს.
-და ბჭობენ, მიგვიღონ თუ არა?- ახარხარდა დუდა.
ტომმა ცოტა ხანს კიდევ უყურა, მერე ბელადის ბრძანებას დაემორჩილა და ვახშმის მზადებას შეუდგა. მამაკაცებმა ცეცხლი გააჩაღეს, ხორცის ნაჭრები ბასრი პირის ტოტებზე ჩამოაცვეს და შესაწვავად ცეცხლის ზევით ჩამოკიდეს. მერე ბადისებური ფორმის ჯოხებში თევზი მოათავსეს და ხელიდან არ გაუშვიათ, ალთან ახლოს მიჰქონდათ და გამუდმებით აღმა-დაღმა ატრიალებდნენ. ქალებმა ქოთნებით ტკბილი კარტოფილი შემოდგეს. ჰაერში საჭმლის სუნი დატრიალდა. ნინომ შიმშილისგან მოწოლილი ნერწყვი გადაყლაპა:
-მომშივდა.
-ზურგჩანთაში სასუსნავი რომ გქონდა, სულ შეჭამე?
-ცოტაღა დამრჩა.
-რაღას უცდი? ამოიღე და ჭამე.
-მერე შენ?
-ჩემზე ნუ ღელავ, მოვითმენ.
-ნწ, არ შემერგება, გავიყოთ,-ჩანთიდან დარჩენილი შოკოლადი და ორცხობილა ამოიღო და დუდას გაუწოდა.
-კარგი რა ნინიკო, ეგ რა გასაყოფია?
-გამომართვი!
მამაკაცი ხელს არ ჰკიდებდა..
-მაშინ არც მე შევჭამ,-ცხვირი აიბზუა და რაც ხელში ეჭირა, ყველაფერი უკან ჩააბრუნა.
დუდამ ცოტა ხანიც აცალა მეწყვილეს და როცა დარწმუნდა, საკუთარ სიტყვას არ გადავიდოდა, თავი გაიქნია და ერთ ცალ ორცხობილას გემო გაუსინჯა. როგორც კი გოგონამ სასუსნავით ხელში დაინახა, მაშინვე ჭამაში აჰყვა და აღარც გაჩერებულა.
ტომმა შებინდებამდე ივახშმა, ყველაფერი თავის ადგილზე მიაწყო და გრძელ სახლებში შევიდა მოსასვენებლად. დროდადრო ისმოდა პატარა ბავშვების ტირილი, რომლებიც მშობლებს რაღაცებზე უძალიანდებოდნენ. აქა-იქ, რამდენიმე მამაკაცი შემორჩენილიყო, გამხმარი ბალახებისგან დამზადებულ მოსაწევს ღრმად ისუნთქავდნენ და დამღლელ დღეს ამგვარი განტვირთვით ეთხოვებოდნენ.

***
-ვუყურებ ამ ხალხს და რაღაცებში ძალიან მშურს მათი, -ჩაფიქრდა ნინო.
-მაინც რა გშურს?
-თითქოს ველურები არიან, ამაზონის ჯუნგლებში გაზრდილნი... წესით ზრდილობა და კულტურა არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არა! ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული იგრძნობა ურთიერთდამოკიდებულებაში. დაინახე, ცოტა ხნის წინ ბებია და დედა როგორ ზრუნავდნენ პატარაზე?
-აუ, რეებს აკვირდები.
-არ დაგინახავს?
-არა.
-აი, შენი თვალებით რომ გენახა, მიხვდებოდი, რასაც ვამბობ. ჩვენ, განვითარებულნი ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც არ ვინდობთ და მზად ვართ, სასტიკი განაჩენი გამოვუტანოთ. აშკარად დესანას წარმომადგენლები გვჯობიან რაღაცებში, -გოგონას დემეტრე და საკუთარი თავი გაახსენდა და ამოიოხრა.
-გინდა, დაგტოვო?-დუდა მიხვდა, ნინოს საუბარი საითკენაც მიჰყავდა და საუბარი ხუმრობაში გადაიყვანა.
-აქ რა მინდა?
-რა ვიცი, მაინც მოგწონს და...-სერიოზული სახით აიჩეჩა მხრები.
-არა, გმადლობთ, რატომ წუხდებით? შენ დარჩი, თუ კარგია.
-ისე აქ რომ დავბადებულიყავით, ნეტავ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება?
ნინომ ვეღარ გაუძლო დუდას მაიმუნობას და სიცილისგან ლამის გული წაუვიდა.
-რა გაცინებს?
-წარმოგიდგინე, როგორ დატანტალებ მცენარეების ფოთლებით, ცხოველების ძვლებისგან ასხმული მძივებით და მაკაუს ბუმბულით. ისე, ისეთი ხასიათი გაქვს, ბელადობაზე წამოაყენებდი პრეტენზიას. დაგადგავდნენ დიდ ცისფერბუმბულიან რაღაცას და ივლიდი ინდაურივით გაფხორილი.
-მასხარადაც რომ მიგდებს,-მამაკაცმა ცხვირის წვერზე წაჰკრა თითი,-სამაგიეროდ, შემეხვეწებოდი, რომ ცოლად მომეყვანე, მე კი თავს დავიფასებდი.
-რა გეშველება?-ისევ აკისკისდა გოგონა.
-ისე, მართლა, ხუმრობა იქით იყოს და მგონი დროა, ქორწილზე ვილაპარაკოთ.
-ოღონდ ამაზონის ჯუნგლებში არ მთხოვო ხელი და დანარჩენ ადგილებს როგორმე ავიტან.
-ჰმ! ამ ადგილს რას უწუნებ?
-არარომანტიულია.
-ვითომ?-თვალები დააწვრილა მამაკაცმა.
-ჰო!
-გავხადო უცებ რომანტიული?
-როგორ?
დუდას ეშმაკურად ჩაეცინა და მათ უკან, მოშორებით მდგარი სახლებისკენ გაიხედა. ვერავინ შენიშნა და მრავლისმეტყველი მზერით ტყეს გახედა. ნინომ მამაკაცის თვალებში მისი სურვილი ამოიკითხა და ფეხზე წამოდგომა დააპირა:
-არ გაბედო, იცოდე!
-რატომ?-წარბი აუზიდა და ხელი ჩაავლო.
-გამიშვი!
- ნწ!
-დუდა!
-რაო?
-ნუ მაგიჟებ, ისედაც მთელი საღამოა კოღოებს ვიგერიებ. უკვე ნერვები პიკზე მაქვს.
-არ გინდა ჯუნგლებში ალერსი და ხელის თხოვნა?
-გადაირიე? -მომინდომა მაიმუნების თანდასწრებით,-შეუღრინა მამაკაცს.
-სამაგიეროდ, ბევრს არ ექნება ასეთ ადგილას გამოცდილი.
-ახლა გავგიჟდები,-თვალებზე ხელები აიფარა.
-ვაჰ, ყველაფრის რომ სჯერა. კარგი, გეხუმრები,-ახარხარდა და გოგონა გულზე მიიკრა.
ნინოს ხმა აღარ ამოუღია. ხის ძირას მიჩოჩდა და ზურგით მიეყრდნო. მერე თვალები დახუჭა და შეეცადა, დაღლილობა სადღაც გაეშვა. დუდამ საუბარი განაახლა:
-ნინიკო, არ გეხუმრები, სერიოზულად გეკითხები. დაფიქრდი და ისე მიპასუხე:- როდის ვიქორწინოთ?
-რატომ არ მასვენებ?
-არ მოგასვენებ. რაღაცაზე ფიქრობ და არ მიყვარს, როცა მარტო მტოვებ ხოლმე.
-მოდი ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.
-სხვა დრო არ არსებობს. ვეღარ ვძლებ უშენოდ.
-ქორწილზე რა გითხრა, მაგრამ თაფლობისთვე ზურმუხტისფერ ქვეყანაში მინდა, გავატარო.
-ეგ რომელია?
-ირლანდია.
-სულ ვამბობ, დიდი უცნაური ვიღაც მყავხარ.
-რატომ?
-სხვა იტყოდა პარიზს, მილანს, ეგზოტიკურ კუნძულს...
-სხვა სხვაა და არასოდეს ვებაძები მას.
-ეგეც მართალია. მოკლედ რას ვაკეთებთ?
-საქართველომდე ჩავაღწიოთ და იქ მოვიფიქროთ რა, როგორ და როდის დავგეგმოთ.
-კარგი, ეგრე იყოს, მაგრამ გაითვალისწინე, თავისუფალი დიდხანს ვეღარ ივლი.
-არც ახლა ვარ თავისუფალი შენი წყალობით,-დაქანცული სახით ოდნავ გაეღიმა და თავი ხეს მიადო.
დუდაც გაჩუმდა და არაფერი უთქვამს. მიწაზე გაწვა და პარტნიორს თავი კალთაში ჩაუდო. კოღოები გულის გამაწვრილებლად წუოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ შეყვარებულებს.
-ერთი რაღაც გამახსენდა,-ფიქრებიდან გამოერკვა ნინო.
-მაინც?
-გახსოვს, პირველად რომ შეგხვდი?
-მაგას რა დამავიწყებს?
-საუბრისას მითხარი, რომ დედამიწას მუღამი უნდა დაუჭიროო. არ დადგა დრო, რომ მითხრა, როგორ უნდა დაუჭირო მუღამი?
-ჩემი არსებობით,-დაბალ ხმაზე წარმოთქვა მოდუნებულმა მამაკაცმა.
-რა?
-ჩემი არსებობით-თქო.
-და შენ რომ არ შემყვარებოდი? მაშინ რა უნდა გამეკეთებინა?
-ეგ პასუხი არ განიხილება,-დუდამ თავი ნინოს კალთიდან ასწია, სახე ახლოს მიუტანა და ქვედა ტუჩზე ცერა თითი გადაუტარა. მერე ხელი ყელზე ნაზად ჩაუცურა და ბაგეები ახლოს მიუტანა. პარტნიორის ასეთი სიახლოვე და გახშირებული სუნთქვა გოგონას სიამოვნების იმპულსებს ჰგვრიდა და მთელ სხეულში ჟრუანტელს უვლიდა.
-ნინიკო!-ამოიჩურჩულა მამაკაცმა.
ყველაზე ძალიან მის მიერ წარმოთქმული „ნინიკო“ უყვარდა გიორგაძეს, სადაც ყველაფერი იყო ჩაქსოვილი. თვალები გაახილა და მთვარის შუქზე მზერა გაუსწორა. მამაკაცის გულმა მის მომაჯადოვებელ თვალებს ვეღარ გაუძლო და საკოცნელად ტუჩებისკენ გაიწია.

---
მეორე დილით ორივე მოუთმენლად ელოდებოდა ტურისტული კომპანიის ნავების გამოჩენას:
-რომ დააგვიანდეთ?-სახე ეძაბებოდა ნინოს.
-მაშინ დაგვაგვიანდება აეროპორტშიც და საქართველოში დროულად ვეღარ ჩავალთ.
-ოჰ, არა!-აფორიაქდა გოგონა.
გავაშელი წამდაუწუმ ამოწმებდა მდინარის ჰორიზონტს და როდესაც ტურისტებით სავსე ნავები დაინახა, ნინოს ახარა:
-მგონი გვეშველა.
-მოდიან?-სიხარულით სახე გაებადრა გოგონას და მდინარეს გახედა.
-არ იდარდო, მივასწრებთ თვითმფრინავს, ოღონდ წამებში უნდა ჩავალაგოთ ჩემოდანი.
-წესიერად არც ამომილაგებია, დიდი დრო არ დამჭირდება.
-მშვენიერია.
უცხოელებით დატვირთული ნავები ინდიელების სოფელს მოადგნენ. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ დუდა და ნინო მგზავრებად დაემატნენ და როგორც იქნა, მანაუსის მიმართულებით დაიძრნენ.
უყურებდა გიორგაძე ინდიელების სოფელს და ღიმილით ახსენდებოდა დუდას უპასუხისმგებლობის გამო თავს გადახდენილი ამბავი, რომელიც ერთი ღამით ღია ცის ქვეშ გატარებად დაუჯდა. ზუსტად იცოდა, არ დაავიწყდებოდა მთვარის შუქის ქვეშ საყვარელი მამაკაცის ალერსიც, რომლის შემდეგ ჩახუტებულებს დილამდე ტკბილად ეძინათ.

***
სასტუმროში მისვლისთანავე ჩემოდნები ჩაალაგეს, რეგისტრატორთან ოთახის გასაღები დატოვეს და ტაქსით გაეშურნენ აეროპორტისკენ. ყველაფერი მოასწრეს და უკვე ბორტზე მყოფებმა შვებით ამოისუნთქეს:
-ყველაზე გიჟური და დაუვიწყარი მოგზაურობა!- ასე შეაფასა მომღიმარმა ნინომ ბრაზილიაში ყოფნის წუთები.
-და ყველაზე დაუვიწყარი ნინოს პარტნიორი,- საკუთარი თავი შეიქო დუდამ და ღიმილით გაიხედა ილუმინატორიდან.
-ჰო,-დაეთანხმა გიორგაძე.
-ესე იგი, წინააღმდეგი არ ხარ დაუვიწყარი დავირქვა?
-რატომ უნდა ვიყო? მართლაც დაუვიწყარი ხარ.
დუდას აღარაფერი უთქვამს, თბილად შეხედა, მისი თხელი თითები ხელში მოიქცია და ფერება დაუწყო.
ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ თვითმფრინავი საქართველოში დაეშვა. დაღლილი მგზავრები დუდას მეგობარმა სახლში მანქანით მიაცილა. დილა თენდებოდა, როდესაც საწოლში დაწოლისთანავე დაქანცულ ნინოს მაშინვე საღათას ძილით ჩაეძინა. დუდამ მეგობართან დატოვებული მიკი სახლში წაიყვანა. მარტოდ მყოფი და უკვე ნინოს მონატრებული ბინის ოთახებში ძაღლთან ერთად უაზროდ დაბორიალობდა და მისგან გამოწვეულ დანაკლისს ებრძოდა. მერე საძინებელში შევიდა, ბალიში გაისწორა და ძალაგამოცლილი დასაძინებლად მოემზადა. მიკი მონატრებულ პატრონს მიუწვა და ლოკვა დაუწყო.
-მორჩი, მიკი!- აჩერებდა ნახევრად ძილში წასული გავაშელი თავის ძაღლს.
მიკი არ ჩერდებოდა, ლოკვას აგრძელებდა და ამგვარი ჟესტით გამოხატავდა მისდამი მონატრებას და სიყვარულს.

***
ქუჩაში მიმავალმა ნინომ შემთხვევით, დუდას მანქანაში მყოფი ნატა დაინახა. ქალი მგზნებარედ აკვესებდა თვალებს. გავაშელი ბედნიერი სახით და მისი სურვილით შეპყრობილი თვალს არ აცილებდა:
-მაცდურო! - თავისებურად გაუცინა და შეხსნილ კაბას ცალი ხელი ბარძაყზე ააყოლა.
-სად მივდივართ?
-სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით და სხვა არავინ.
ქალი კმაყოფილი სახით შესცქეროდა მონატრებულ პარტნიორს და რომ წარმოიდგენდა, წინ როგორი წუთები ელოდებოდა, სიამოვნებისგან კრუტუნებდა.
გავაშელს, ოდნავადაც არ აწუხებდა, რომ ნინო გიორგაძესთან ურთიერთობა გაწყვიტა. ბოლოს და ბოლოს, ნატასნაირ სექსუალურ ქალზე უარის თქმა ნებისმიერ მამაკაცს გაუჭირდებოდა. კარგად იცოდა, რომ მისი ბევრს შეშურდებოდა და ეს ფაქტი მოსწონდა კიდეც.
ნატაც გახარებული იყო, გულში გიორგაძის თავიდან მოშორებას ზეიმობდა და საკუთარ მეს კიდევ ერთხელ არწმუნებდა, რომ მასზე ძლიერი აღმოჩნდა.
მანქანამ შხუილით ჩაუარა და თვალი გულმოკლულმა გააყოლა. თავი გამოყენებულ ქაღალდად იგრძნო, რომელიც დუდას საკუთარი ხელით დაეჭმუჭნა და ნაგვის ურნაში მოესროლა.
-ჯანდაბა! -გულგახეთქილი წამოვარდა საწოლიდან, - ეს ქალი ძილშიც არ მასვენებს, -აჩქარებულ გულზე ხელი დაიდო და შეეცადა, სიზმრისგან მიღებული ცუდი შეგრძნება კარგზე ფიქრით ჩაენაცვლებინა.
მობილურს დახედა, რომ საათი ენახა. უკვე თერთმეტი ხდებოდა. დუდასგან მოსული ტექსტური შეტყობინება დახვდა:
-დღეს სახლში ვარ. მე და მიკი სადილზე გელოდებით. როცა გაიღვიძებ, მომწერე.
ნინომ შვებით ამოისუნთქა, საწოლიდან სწრაფად წამოდგა და მოსაწესრიგებლად სააბაზანოში შევიდა. დაახლოებით პირველი საათისთვის დუდას ბინის კარებთან იდგა. მოკლე, კლასიკური სტილის შავი შორტი და წითელი, გამჭვირვალე ბლუზი ეცვა, მხრებზე ტყავის ჩანთა დიაგონალურად გადაეკიდა, ხოლო ლამაზ ტერფებს ღია ფეხსაცმელი უმშვენებდა. ზაფხულის სიცხეს რომ არ შეეწუხებინა, თმა ზევით აეწია. გავაშელმა როგორც კი კარები გააღო, ქვემოდან ზევით აათვალიერა და მისით მოხიბლულს ცოტა ხნით მეტყველების უნარი წაერთვა.
-არ შემომიშვებ? - ალუბლისფერი ტუჩები საკოცნელად გაუწია და ზღვისფერი თვალები გამომწვევად შეანათა.
-ოჰო! ეს სექსუალური ნაშა ვინ არის?-წამოიძახა, ქალს ხელი სტაცა, ბინაში შეითრია და კართან ასვეტილს შიშველ ფეხზე ხელი აუცურა.
-მომენატრე და ძალიან მინდიხარ,-წარმოთქვა გიორგაძემ.
მამაკაცმა ბარძაყიდან ხელი საჯდომზე წაატანა და ტუჩები ლავიწიდან ზევით ააყოლა.
ნინომ გადარეულივით გახადა მაისური და თითები მკერდზე გადაუტარა, ცხელი ბაგეებით და ენის წვერით შეეხო, შემდეგ ამღვრეულ თვალებში ჩახედა და ამოიჩურჩულა:
-ჯერ რომელი? შენი მომზადებული სადილი, თუ სექსი?
-სადილის დედაც!-ქშენით თქვა, თმა ჩამოუშალა, ხელი ბლუზის ქვეშ შეუყო და ბიუსტჰალტერით დაფარულ მკერდზე მოუჭირა.
ქალმა ტუჩზე იკბინა და პარტნიორს ფეხებშუა აუტარა თითები. დუდამ შორტის ღილები ჩაუხსნა და ხელი საცვლის შიგნით ჩაასრიალა. ნინომ ხმამაღლა ამოიკვნესა და ფრჩხილები მხრებზე ჩააჭირა.
-როგორ აღგზნებულხარ,-სუსტად გაეცინა, ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა.
აწყვეტილმა ქალმა ტანსაცმლისგან მთლიანად შემოძარცვა.
-რა უღმერთოდ კარგი ხარ, ნინიკო! - ჩქარობდა, ტანზე შემორჩენილი წითელი ბლუზი გაეხადა. ღილების ჩახსნის დროს მოთმინებამ უმტყუვნა და ზედვე შემოაგლიჯა. მკერდი ბიუსტჰალტერისგან გაუთავისუფლა და მკვრივ ძუძუს თავებს რომ დახედა, გააჟრჟოლა. კერტებზე ტუჩებით დაეძგერა და თხელ მუცელზე ჩაუყვა. ნინო მეწყვილის სურვილმა იმდენად გაათამამა, კოცნა შეაწყვეტინა, წამებში ზემოდან მოექცა და სხეული მისას შეურწყა.
ვნებისგან მოწოლილი ხმები რამდენიმე წუთის განმავლობაში მთელი სიგიჟით ეხეთქებოდნენ ოთახის კედლებს, შემდეგ ყველაფერი დაცხრა და სიმშვიდემ დაისადგურა...
მოთენთილმა მამაკაცმა ამოილუღლუღა:
-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არანორმალურ ლოლასთან ვიწექი.
ნინოს კმაყოფილებისგან გაეღიმა:
- რომელი უფრო მოგწონს, ლოლა, თუ ნინო?
-ორივეზე ერთნაირად ვაფრენ.
-მეტი გზა არც გაქვს.
-არც მინდა, რომ მქონდეს,-მილულული თვალები გაახილა და მკლავი შიშველ სხეულზე შემოჰხვია.
მოულოდნელად ნინოს სიცილი აუვარდა.
-რა გაცინებს?- სერიოზული სახით შეხედა დუდამ.
-ტანსაცმელი რომ დამიხიე, აქედან რითი წავიდე?
-მოვძებნით რამეს.
-მაშინ დროა ჯერ შენი კარადა დავლაშქრო, მერე კი დაპირებული სადილი მივირთვა.
- მოგშივდა?
-ძალიან. რა მოამზადე?
-რაღაც.
-რა ჰქვია მაგ რაღაცას?
-გავიდეთ და გაიგებ,-დუდა საწოლიდან წამოდგა და აქა-იქ მიყრილ ტანსაცმელს დაუწყო ძებნა.
ნინომ კარადა გამოაღო, თეთრი მაისური გადაიცვა და სამზარეულოში გაჰყვა.

***
დუდაზე გაცხარებული თომა ეზოში სკამზე ჩამომჯდარიყო და მუხლებზე ხელებს ირტყამდა:
-დამპალი! უუჰ! უუჰ!-წრიპინებდა.
ეზოში შვილთან ერთად მოსეირნე ზურამ ცუდ ხასიათზე მყოფი თომა რომ დაინახა, აღელვებული მიადგა:
-რა მოხდა, ბიჭო? რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის?
-შენმა ძმაკაცმა გამაბრაზა,-გავაშელის სართულს ახედა და თითი მისი ფანჯრებისკენ გაიშვირა.
-დუდამ?
-ჰო.
-რატომ?
-წითელთმიანი ფერია ჰყავს სახლში.
-ვერაფერი გავიგე, წესიერად ამიხსენი.
-სიყვარულის ფერია წამართვა.
-რაო?
-ოჰ! რა ვერ გაიგე? წითელთმიანმა გოგომ მოაკითხა.
-შენ ალბათ, თავის საცოლეზე ამბობ. ის ფერია არ არის, ჩვეულებრივი ადამიანია.
-ნუ მატყუებ!
-არ გატყუებ. დუდას ხომ იცნობ? შენ არაფერს წაგართმევს.
-აქამდე მეც ეგრე მეგონა.
-კარგი რა, არ გრცხვენია?
-არა.
-თომა, დედამ მითხრა, რომ ყველას ჩვენი ფერია გვყავს. მათ იციან სადაც ვცხოვრობთ და თვითონ წყვიტავენ, როდის მოვიდნენ, -თვალებს აციმციმებდა ზურას პატარა გოგონა.
-მართლა?
-ჰო.
-მაშინ რა გამოდის? ის დუდას ფერიაა?
-ჰო,-თავი დაუქნია და ტუჩები დაბურცა ბავშვმა.
-ის თუ დუდას ფერიაა, ჩემი სადღაა?-მოიწყინა თომამ.
-თუ კარგად მოიქცევი, შენიც მოვა.
-მე სულ კარგად ვიქცევი. მოვიდეს რა, მოვიდეს. სად არის?
-ვინ იცის? შეიძლება ამ ღამეს მოგაკითხოს.
-კარგი იქნება.
-დუდაზე ხომ აღარ ბრაზობ?-გაეცინა ზურას.
-არა, არა! ისევ ჩემი ძმაა. ჰყავდეს თავის ფერია. მე ჩემსას დაველოდები,-ცრემლები მოიწმინდა, ჯიბეში მონეტები ააჩხარუნა და ეზოდან ძუგძუგით წავიდა.
-სად მიდიხარ?-გასძახა ბავშვმა.
-ყვავილებს ვუყიდი და დავახვედრებ,-ჩაიბურტყუნა და გზა გააგრძელა.


---
სადილის შემდეგ დუდამ ნინო სახლამდე მიაცილა. ბინაში შესვლისთანავე ტანსაცმელი გამოიცვალა და ლევან მაისურაძის კლინიკაში წავიდა:
-უკვე ძალიან წაიღე ტვინი შენი არსებობით ნატალია ანდრიადი და საბოლოოდ მოგსვამ შენს ადგილას! -ცხარობდა და მასთან სალაპარაკოდ მიიჩქაროდა.
კლინიკამდე მისასვლელმა გზამ წარსულის უსიამოვნო შეგრძნებები გაუღვიძა. წამით ავადმყოფი დედის მომღიმარი სახე გაახსენდა და გული შეეკუმშა. სამარშრუტო ტაქსიდან გადავიდა და შენობის შესასვლელში შეაჭრა. ანდრიადის კაბინეტთან კვლავინდებურად პაციენტების გრძელი რიგი იყო. უცნაურად დაიღმიჭა, არ ესიამოვნა და დრო რაღაცით რომ გაეყვანა, საპირფარეშოში მაკიაჟის შესასწორებლად შევიდა. მისდა გასაკვირვად, გარედან ნატას ხმა მოესმა, ვიღაცას დაბალ ხმაზე ელაპარაკებოდა:
-ტუალეტში შევიდეთ, იქ არავინ მოგვისმენს და ვერც დაგვინახავს, თორემ ლევანმა რომ გაიგოს, ჩვენ ვსაუბრობთ და გარეთ პაციენტები მელოდებიან, ტყავს გამაძრობს.
ნინო ერთ-ერთ კაბინაში დაიმალა და უნიტაზზე ფეხებით შედგა, რომ ნახევრად სავსე კარებიდან ვინმეს მისი ფეხსაცმელი არ დაენახა.
ანდრიადმა საპირფარეშოს კარები გადაკეტა და ონკანთან ჩამოდგა:
-ძალიან ცუდ დღეში ვარ. ჩემი საიდუმლო უნდა გაგანდო, ოღონდ შემპირდი, რომ პირზე ბოქლომს დაიდებ და კრინტი არავისთან დაგცდება.
-სამარე ვარ!-სწრაფად წამოიძახა ვიკამ.
-მოკლედ, გახსოვს ალბათ, როცა დუდას გარდა ყველა მეგობარს გაგანდეთ, რომ ორსულად ვიყავი. ისიც გითხარით, რომ ამ ბავშვის გაჩენას არ ვაპირებდი, რადგან სხვა მიყვარდა და მინდოდა, მას გავყოლოდი.
-ჰო, მაშინ არ ვიცოდი, რომ ლევანს მართმევდი,-მწარედ ჩაეცინა ვიკას.
-ახლა არ დაიწყო, რა. ეს ამბავი უკვე გავარჩიეთ და შენც აღიარე, რომ ლევანს მართლა შევუყვარდი. მე ის შენთვის არ წამირთმევია. თავად მოინდომა, რომ დაგშორებოდა.
-იმიტომ, რომ თვალებს უჟუჟუნებდი და მიზეზს აძლევდი.
-სიმართლე ის არის, რომ ნამდვილი სიყვარულით არ უყვარდი, თორემ არ დაგშორდებოდა.
-კარგი, რაც იყო, იყო. წარსულს ვეღარ შევცვლით. დავივიწყე ყველაფერი და ისევ ვაგრძელებ შენთან მეგობრობას. რას ამბობდი? იმ თემას დავუბრუნდეთ, რისთვისაც აქ მომიყვანე.
-ჰო, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, გამომდინარე იქიდან, რომ ნაყოფი დიდი იყო, ექიმებმა უარით გამომისტუმრეს და ის ბავშვი დაიბადა. საზღვარგარეთ ჩემი დროებითი წასვლა შეთხზული ამბავი იყო. სინამდვილეში ოჯახმა შორეულ ნათესავთან სოფლად გადამმალა და როცა დრო მოვიდა, ბავშვი ბათუმის ერთ-ერთ სამშობიაროში გავაჩინე, მაგრამ მითხრეს, რომ ცოცხალი ვერ გადარჩა.
-რა?- განცვიფრებული ვიკა ფანჯარას მიეყრდნო, რომ მიღებული შოკისგან არ წაქცეულიყო.
კაბინაში ჩაკეტილ ნინოს მთელ სხეულში სისხლი გაეყინა და ვეღარ იძროდა:
-რაც ახლა გავიფიქრე, თუ გამართლდა, დავიღუპები. მგონი, ჩემი დილანდელი სიზმარიც ამას უნდა მოასწავებდეს,-დუდას და დემეტრეს დაკარგვის მომენტი წარმოიდგინა და სხეულის შიგნით იმდენად ეტკინა, სიმწრისგან თითზე იკბინა.
-ჰო, ვიკა. ექიმებმა მომახსენეს, რომ ჩემი ბიჭი მკვდრადნაშობი დაიბადა და სინამდვილეში დედაჩემმა პალატაში სხვა გოგოს გადასცა. მისი გარდაცვლილი ჩვილი კი მე მომაჩეჩეს და თურმე ამდენი ხანი სხვის შვილს ვგლოვობდი. ამის დედაც! -იკივლა ქალმა და ქუსლიანი ფეხსაცმელი მთელი ძალით იატაკს დაარტყა.
-შე, საბრალო...-პირზე ხელი აიფარა თვალებგაფართოებულმა ვიკამ და იმ წუთს ნამდვილად გულწრფელად შეეცოდა.
-ლამისაა გული საგულედან ამომივარდეს. არც კი ვიცი სად ვეძებო და რა გზას დავადგე.
-დუდას უთხარი. აუცილებლად ჩააყენე საქმის კურსში. მის მოძებნაში დაგეხმარება. იქნებ ამან მაინც დაგაახლოვოთ ერთმანეთთან და კვლავ დაგითბეთ ურთიერთობა.
-ჰო, მაგრამ იმ წითელთმიან გოგოსთან არის. ნეტავ განახა როგორი სახით უყურებს. პირდაპირ თვალებით ჭამს,-ნატა ცხვირსახოცით იწმინდავდა მომდგარ ცრემლებს.
-არა! არ დანებდე და იბრძოლე! ეგრე იოლად ფარ-ხმალს ნუ დაყრი!
-პრობლემა ისაა, რომ დუდას თვალებში ჩემს მიმართ სიყვარულს ვეღარ ვხედავ.
-დაინახავ, იბრძოლე-მეთქი! ბავშვი შენი შანსია, რომ ძველი სიყვარული დაიბრუნო!
-არც ის მინდა, შვილი ჩემი მიზნებისთვის გამოვიყენო. მე დედობა მინდა და იმ კაცთან ცხოვრება, ვისაც ვუყვარვარ და ვინც მე მიყვარს. თუ დუდას ჩემთან ყოფნა არ უნდა, რასაც მის დასაბრუნებლად ვაკეთებ, ყველა მცდელობა ფუჭია.
-კიდევ უნდა სცადო! მეტი გამოსავალი არ გაქვს.
-ისეთი დაცლილი ვარ, ძალა აღარ მყოფნის.
-მაშინ დაისვენე და ცოტა ხანში სხვა ენერგიით შეუტიე იმ გოგოს, მაგრამ გახსოვდეს, ბევრი დროც არ გაქვს.
-ჰო, მგონი მართალი ხარ. დავისვენებ და მერე ჩემი ბედნიერებისთვის ომს კიდევ გავაგრძელებ.
-აბა რა. ასეც უნდა იყოს.
-კარგი, პაციენტები მელოდებიან, უნდა გავიდე, თორემ...
- მოგვაგნებს ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი და ადგილზე დაგვწვავს,-მეგობრის სათქმელი თავადვე დაასრულა ვიკამ.
-ზუსტად,-გაეცინა ნატას და ტუალეტიდან სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა კაბინეტის გზას.
ვიკამ სარკეში ჩაიხედა, თმა გადაივარცხნა და იქაურობა ღიღინით დატოვა. ცოცხალმკვდარმა ნინომ უნიტაზიდან დაბუჟებული ფეხები რის ვაი-ვაგლახით გადმოალაგა და მასზე ჩამოჯდა. მძიმედ სუნთქავდა, საკუთარი ამონასუნთქით გამოწვეული ხმაც კი ნერვებს უშლიდა. უნდოდა, დროებით ტვინის უჯრედები რეალობისთვის მოეწყვიტა და გათიშულიყო, აღარ უნდოდა იმაზე ეფიქრა, რაც გულს უწიწკნიდა. შვებას ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა. ონკანს მივარდა, წყალი სახეზე რამდენჯერმე შეისხა და მოძალებული ემოციები ღრიალით და კედელზე მუშტის დაკვრით ამოუშვა. შემდეგ თავი მოთოკა, ნელ-ნელა დამშვიდდა და ცივი გონებით დაიწყო ყველაფრის შეფასება. უკვე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და თავდაჯერებული გაუყვა ანდრიადის ოთახისკენ მიმავალ დერეფანს.
ნატას კაბინეტის წინ სამი პაციენტი იდგა, მაგრამ ამ ფაქტს არ შეუჩერებია, რომ კარები წიხლის კვრით შეეღო და თავხედივით ჩამოსჯდომოდა.
-როგორ იქცევით? ვატყობ, ზოგ-ზოგიერთებმა კულტურა სულ დაკარგეს!-თვალები დაუბრიალა ანდრიადმა ახლადშესულს.
-კულტურაზე და ზრდილობაზე ვინ მელაპარაკება?..-ცალყბად ჩაეცინა წითელთმიანს.
-პაციენტი მყავს.
-ბრმა არ ვარ.
-მაშინ გადი და დრო რომ მექნება, მიგიღებ!
-დაველოდები, მგონი უკვე მიდის კიდეც. ნუ ღელავ, დიდ დროს არ წაგართმევ. მოგიწევს ჩემი მოსმენა!
-კარგი, მე დაგტოვებთ ნატა ექიმო და როგორც შევთანხმდით, მომავალ სამშაბათს მოვალ,-უხერხულად აიწურა ავადმყოფი.
-კარგად ბრძანდებოდეთ,-ზრდილობიანად გაუღიმა ექიმმა და კარებამდე მიაცილა, შემდეგ მომდევნო პაციენტს მოუბოდიშა, მოულოდნელად გამოჩენილ სტუმართან სასწრაფო საქმე მაქვსო და დაამშვიდა, რომ ძალიან მალე მოიცლიდა მისთვისაც.
-აქ რას აკეთებ?!-განრისხებული შეუბრუნდა ნინოს.
-ნუ მომცემ აქ მოსვლის საბაბს და გპირდები, არასოდეს მოვალ! არც მე მსიამოვნებს შენი სიფათის ყურება.
-რა გინდა?!
-ამ კითხვას მე უნდა გისვამდე, აბეზარა ეკალივით რომ ყველგან მეჩხირები. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, დუდას მე ვუყვარვარ და შენი არსებობა დიდი ხანია აღარ ანაღვლებს. ბოლოს და ბოლოს, შეიგნე და წესიერად მოიქეცი!
-აჰ, როგორც ვატყობ, ყველაფერი გცოდნია. ძალიან კარგი! მაშინ მინდა გაგაფრთხილო, რომ უკან დახევას არ ვაპირებ!
-უთავმოყვარეო ადამიანი ხარ!
-ფეხებზე მკი*დია ჩემზე რას ფიქრობ.
-მას შენ ვეღარასოდეს დაიბრუნებ.
-მაგასაც ვნახავთ.
-ჰმ! მიწვევ?
-ჰო.
-შენნაირ საცოდავს არ ავყვები,-ცივი თვალებით და გაქვავებული სახით შეხედა ნინომ.
-როგორი თავდაჯერებული ხარ.
-დიახ, ვარ.
-მაშინ კიდევ უფრო საინტერესო იქნება შენთან პაექრობა.
-შენ ჩემი მეტოქე ვერასოდეს იქნები. ერთი უპრინციპო და სუსტი ადამიანი ხარ.
ანდრიადმა გიორგაძის სიტყვებში სიმართლის მარცვალი იპოვა და აფეთქდა:
-დუელში გიწვევ.
-დაშნით თუ დამბაჩით?-მუხლზე ფეხი გადაიდო და სიტყვებით თამაშის ეშხში შევიდა.
-შენ იღლიცინე და ვნახოთ, რომელი გაიმარჯვებს. მწარედ დამარცხდები.
-რაც უფრო მეტად ბრაზდები, მით უფრო იდიოტს ემსგავსები.
-ენას კბილი დააჭირე და გაიხსენე ვის ელაპარაკები.
-და ვის ველაპარაკები?!. ერთ არარაობას, რომელიც აქამდე ისე მოვიდა, დღემდე ვერ ჩამოყალიბებულა ვინ არის და რა უნდა. აგიჩემებია პატარა ბავშვივით დუდა მინდა, დუდა მინდა და ვერ აცნობიერებ, რომ ის შენი სათამაშო არ არის, რომელსაც როცა მოგინდება ყუთში ჩაუძახებ და მერე უკან დააბრუნებ! რატომ იმას არ კითხულობ, თავად მას უნდიხარ თუ არა?
-ვუნდივარ და თანაც ძალიან. იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩემთან ბევრი ცხელი და დაუვიწყარი წუთი განუცდია. შენ რა უნდა შესთავაზო? იცი მაინც, მამაკაცი საწოლში როგორ გააბედნიერო?
-რა მითხარი?
-რაც გაიგე. დუდა ჩემთან გატარებულ ღამეებს ვერასოდეს დაივიწყებს. მალე მობეზრდები და მიგაგდებს.
-მიუხედავად იმისა, რომ ინტიმურ დეტალებზე საუბარი არ მიყვარს და არც ვაპირებ, მხოლოდ ზოგადი და ამასთანავე კონკრეტული პასუხით შემოვიფარგლები - მხოლოდ ერთს არ შეუძლია ათი ქულიდან ათი აიღოს.
-გამოცდილებას მაინც თავისი მოაქვს, პატარავ,-ტუჩები გამობზიკა და თვალები აახამხამა.
-არც შენზე ათი წლით ახალგაზრდა სხეულია ურიგო. კანი გიბერდება, მალე ბოტოქსიც ვეღარ გიშველის.
-წადი აქედან, უკვე მდგომარეობიდან გამოგყავარ!
-ისედაც მივდიოდი, ყველაფერი გითხარი, რაც მინდოდა.
-თვალებს დაგთხრი, შე ძუკნა!
-ფრთხილად იყავი, საქმე ისე არ გაგიხადო, აქეთ ითხრიდე საკუთარი ხელით!- მერე მაგიდაზე მდგარი ნატას ჭიქა ხელში აიტაცა და ერთჯერად პარკში ჩადო.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-გაშტერებული უყურებდა ანდრიადი.
-ჩვევა მაქვს ასეთი. საყვარელი ადამიანების ნივთების კოლექციას ვაგროვებ,- პარკში ჩადებული ჭიქა ჩანთაში ჩაუძახა და კაბინეტი გაყინული ღიმილით დატოვა.

---
დასვენების შემდეგ გავაშელი სხვა ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას. ახალი ინტერესიც გაუჩნდა. როგორც კი დროს მოიხელთებდა, სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის ძებნას იწყებდა. ერთ საღამოს ნინოს მიკისთან ერთად მიაკითხა და ქალაქგარეთ, კერძო სახლის ასაშენებლად შერჩეული ადგილის დასათვალიერებლად წაიყვანა.
-ძალიან ლამაზი ადგილია!- არჩევანი მოუწონა პარტნიორს.
-გინდა, ცოტა ხანი ჩამოვსხდეთ? მიკისაც გავუშვებ და ირბენს.
ნინომ თავი დაუქნია და ბალახზე დაჯდა. სუფთა ჰაერი, ბუნება და საღამოს სიგრილე სასიამოვნოდ მოქმედებდა. დუდა ცოტა ხნით მიკის წაეთამაშა და მეწყვილეს მიუჯდა:
-ესე იგი, მოგწონს.
-კი, ძალიან,-უხალისოდ გაიღიმა. ცდილობდა, დუდასთვის შინაგანი განწყობა არ გაემჟღავნებინა, მაგრამ ეჭვებს ისე აეფორიაქებინათ, მდგომარეობას ძლივს უმკლავდებოდა.
-სახლის დაპროექტებაში, დიზაინსა და მოწყობაში შენი იმედი მაქვს,-ბალახში ამოზრდილი ყვითელი ყვავილი მოწყვიტა და ღიმილით თმაში ჩაარჭო.
ნინოს მისი სიტყვები ესიამოვნა, პარტნიორს ლოყაზე ნაზად აკოცა და ბალახზე თვალებდახუჭული უკან გადაწვა.
-გეძინება?
გოგონამ თავი უხმოდ გააქნია.
-აბა?
-ვისვენებ.
დუდა გვერდით მიუწვა და ხელი გადაჰხვია.
-რაო?-თვალები გაახილა და თბილად გახედა მამაკაცს.
-არაფერი. ვიდრე მიკი გადარეულივით დარბის, მეც შენს გვერდით დავისვენებ.
გიორგაძემ თვალები ისევ დახუჭა და შეეცადა, ერთად ყოფნის წუთებით დამტკბარიყო, მაგრამ თავისდაუნებურად მოდიოდნენ აზრები დუდაზე, დემეტრეზე და ნატაზე. წარმოდგენაც არ უნდოდა, რა მოხდებოდა, თუკი გაიგებდა, რომ ბავშვი, რომელიც საკუთარი სისხლი და ხორცივით შეიყვარა, სინამდვილეში საყვარელი ადამიანის სიყვარულის ნაყოფი იყო და მის უკან ანდრიადი იდგა, რომელსაც მთელი არსებით სძულდა და მასში მხოლოდ მეტოქეს ხედავდა. არც იმაზე ფიქრი უნდოდა, როდესაც მის ნაცვლად ნატა აღმოჩნდებოდა ბავშვის გვერდით და თავად განზე გადგომილის პოზიციით ცხოვრება მოუწევდა. აი, მაშინ ყველაფერი ერთ დიდ აბდაუბდას დაემსგავსებოდა, რომელსაც უკარებო ციხესავით გასავალი აღარსად ექნებოდა.
ამ ფიქრების შემდეგ შიში კიდევ უფრო გაუმძაფრდა, წინასწარ ტკივილი იგრძნო, ყელს მობჯენილმა ბურთმა ლამის სუნთქვა შეუკრა და თავი რომ ენუგეშებინა, დუდას პატარა ბავშვივით მიეკრო და ხელები მოჰხვია.
-რა დაგემართა? -სერიოზული სახით შეხედა სუნთქვააჩქარებულს მამაკაცმა.
-შენი სურნელი მომენატრა,-ცხვირი მაისურის ყელთან მიუტანა და გაიტრუნა.
-ხომ კარგად ხარ?
-კი, შენთან ერთად კარგად ვარ.
დუდამ შუბლზე ნაზად აკოცა და თითებით წითელ თმას დაუწყო ფერება. გოგონა მაინც ვერ მშვიდდებოდა, მთელი არსებით გრძნობდა, რომ მათ ბედნიერებას შავი ღრუბელი თანდათან უახლოვდებოდა.

***
ღრმად ჩაფიქრებული ნინო ქვაფენილს მიუყვებოდა. ძველი თბილისის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე პატარა და მყუდრო კაფეში შევიდა, მიმტანს ატმის ნატურალური წვენი შეუკვეთა და ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან მოთავსდა. იდაყვები დაადო, შეკრულ ხელის მტევნებს ნიკაპი ჩამოადო და იქ მყოფებისთვის აღარც შეუხედავს, თავის ფიქრებთან განმარტოვდა. ცოტა ხანში სოფოც გამოჩნდა:
-ამას ვის ვხედავ?-ახლადმოსულმა სხვა ხალისი შემოიტანა, მეგობარს სიხარულით გადაეხვია და მაგიდასთან მოკალათდა.
-რა შევჭამოთ?
-რა ვიცი, თევზის სალათა ავიღოთ და ორივემ გავიყოთ.
-მეტი არაფერი?
-მერე ნამცხვარი და ჩაი დავიმატოთ.
-კარგი,-ნინომ მიმტანს ანიშნა, რომ მზად იყო შეკვეთის მისაცემად.
-მოგზაურო, როგორ ჩაიარა ბრაზილიის დათვალიერებამ?-ინტერესით შეხედა მეგობარს.
-ქალაქი რიო -დე-ჟანეირო და ამაზონის შტატის პატარა ნაწილი ვნახეთ. უზარმაზარი ქვეყანაა. ერთი კვირა მაგას არ ეყოფა.
-ეგ ჰო. რაო, მისმა მშობლებმა? ცხვირი ხომ არ აგიბზუეს? -აკისკისდა სოფო.
-არა, კარგი ხალხია. ძმაც არაჩვეულებრივი ჰყავს, დუდასგან ხასიათით ცოტა განსხვავდება, იუმორის მოყვარული ტიპია. მოკლედ, კარგები არიან.
-აი, ხომ ხედავ? ტყუილად ღელავდი. მომიყევი, სად იყავით და რა ნახეთ, მაინტერესებს.
ნინომ ყველაფერი დეტალურად უამბო. სოფო ყველაზე მეტად ინდიელთა სოფელმა და წყვილის ერთი ღამით იქ დარჩენის ამბავმა გაახალისა. ბევრი იცინა, სურათებიც დაათვალიერა და მასთან ერთად წარმოსახვით ბრაზილიაში იმოგზაურა. მეგობართან შეხვედრამ ყურადღება სხვა რაღაცებზე გადაატანინა და დროებით მოწყდა საშინელ ფიქრებს, მაგრამ სოფოსთან შეხვედრის მთავარი მიზეზი მაინც დემეტრეს ვინაობის დადგენა იყო. მოგზაურობაზე საუბარი რომ დაამთავრეს, საუბარი სხვა თემაზე წამოიწყო და როგორც მესაიდუმლეს, აბსოლუტურად ყველაფერი გაანდო. ნინოს გულის წუხილმა სოფოც დაადარდიანა:
-ესე იგი, შენ ვარაუდობ, რომ დემეტრეს ნამდვილი დედა ნატაა?
-არაფერია გამორიცხული. ბავშვის ასაკი ემთხვევა, ქალაქიც, სადაც ანდრიადმა იმშობიარა და ისტორიაც იმის მსგავსია, რაც დემეტრეს ბებიამ მიამბო.
-დნმ-ით უნდა დადგინდეს. ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი და უტყუარი გზა ეგ არის.
-ვიცი და ამაში დედაშენის იმედი მაქვს. ის ხომ გენეტიკის დოქტორია? სამივეს ბიოლოგიური მასალა ხელში მაქვს. ვიცი, რომ ეს ანალიზი ძვირი ღირს, მაგრამ მზად ვარ, გადავიხადო. რადაც არ უნდა დამიჯდეს, სიმართლეს თვალები უნდა გავუსწორო.
-ვთქვათ და დემეტრე დუდას და ნატას შვილია...
-მოდი, წინასწარ ნურაფერს განვიხილავთ.
-კარგი, სად არის ბიოლოგიური მასალა?
-ჩანთაში მაქვს.
სოფომ დედამისს დაურეკა და სამუშაო საათის დასრულების დრო ჰკითხა. დროში ყველანაირად ეტეოდნენ. ანგარიში გადაიხადეს და სასწრაფოდ კაფე დატოვეს.

***
ამასობაში ნატალია ანდრიადი ბათუმის იმ სამშობიაროს ეწვია, სადაც შვილი გააჩინა და თანამშრომლის მოსყიდვის საშუალებით არქივიდან ყველა მშობიარის პირადი მონაცემები ნახა, რომლებმაც იმ დღეებში იმშობიარეს. ასეთი სულ ცხრა იყო. გამორიცხვის მეთოდით მათ რიცხვს გოგონების დედები გამოაკლო და სია სამამდე დაიყვანა. აღმოჩნდა, რომ საბუთებში აღნიშნულ მისამართებზე არცერთი აღარ ცხოვრობდა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა.
-მაინც მივაგნებ! დავიბრუნებ ჩემს შვილს, აუცილებლად დავიბრუნებ! მერე დუდასთან მივალ და სიმართლეს ვეტყვი. ვნახოთ როგორ არ მიმიღებს, ვნახოთ როგორ ჰკრავს თავისი შვილის დედას ხელს. ვიცი, გულის სიღრმეში მე ვუყვარვარ, უბრალოდ არ მპატიობს. იმ ჟღალს მშრალზე დავტოვებ. დავანახებ, როგორ უნდა ბაქიბუქი. მაგას ვინ ვგონივარ? კარგად არ იცნობს ნატალია ანდრიადს,-საკუთარ თავს ამხნევებდა ქალი.
ნატას გამუდმებულმა სახლიდან გასვლებმა და გადაკარგვებმა ლევანისთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ მეტად გაამწვავა. ამის გამო, ხშირად ექმნებოდათ კომფლიქტური სიტუაციები, მაგრამ მაინც იგივეს აკეთებდა. საერთოდ არ ადარდებდა არც იგი და არც მისი ნერვები. მოსვენება დაკარგული ლევანი ერთ დღეს ვიკას ბინის კარს მიადგა. ქალისთვის მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა და სახტად დარჩა.
-შეიძლება, შემოვიდე?
-როგორ არა, შემოდი.
-სად არის?-კბილები გააღრჭიალა გამწარებულმა.
-ვინ სად არის?
-შენ რა, იძინებ?-მაშინღა შენიშნა, რომ ვიკა პენუარით იდგა მის წინ.
-ჰო, დაძინებას ვაპირებდი.
-მოიცა, ნატა შენთან არ არის?
-არა,-გაურკვეველი სახე მიიღო და თავი გააქნია.
-არც მოსულა?
-დღეს საერთოდ არ მილაპარაკია მასთან,- შიშველი ფეხის გული წვივზე ააცურა და კმაყოფილმა გაიცინა, -რა იყო? გითხრა, რომ ჩემთან იყო?
მამაკაცმა არაფერი თქვა, სავარძელზე ჩამოჯდა და ცოლის ტელეფონზე გააგრძელა რეკვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზარი გადიოდა, არც ამჯერად გასცა პასუხი.
-უკვე მერამდენედ ვრეკავ. სად დედის ტყვ..შია?-სიმწრით გამოსცრა კბილებიდან.
ვიკა მიუახლოვდა, უკნიდან მხრებზე თითები დაადო და თითებით მასაჟის გაკეთება დაუწყო.
-რას აკეთებ? -შეუღრინა მამაკაცმა.
-დამშვიდდი, გამოჩნდება. შენ კი მოდუნება გჭირდება,-გააგრძელა ქალმა.
-არ მინდა, ჩამოიღე ხელები!
-მოგიხდება, ლევან. ცოტას დაგაწყნარებს.
-არ მინდა-მეთქი! -ძალით მოაშორებინა ხელები.
-არ გინდა, ნუ გინდა! რას მიყვირი? შენი პატარა ბავშვი კი არ ვარ? - გაუბრაზდა ქალი და გამრუსხული სახით ჩამოჯდა სავარძელზე.
-მაპატიე, არეული ვარ, - მოლბა მამაკაცი და ვიკას შეხედა, რომელიც შავ გამჭვირვალე პენუარში იმდენად სექსუალურად გამოიყურებოდა, თვალი მალევე აარიდა.
ქალი წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ? - ცდუნებას ვეღარ გაუძლო და პენუარზე უკიდან შეხედა, საიდანაც გამომწვევი საცვალი მკვრივ საჯდომს კიდევ უფრო სექსუალურს უჩენდა.
-ჩემი ბინაა ლევან და სადაც მინდა, იქ შევალ!-ისევ შემოუწყრა და გააჩუმა.
ვიდრე ვიკა საძინებელში ხალათს და ჩუსტებს ეძებდა, მაისურაძემ ჟურნალების მაგიდაზე დადებულ ცისფერყანწელების წიგნს მოჰკრა თვალი და თავისთვის ჩაილაპარაკა:-ცისფერყანწელები ისევ გყვარებია.
ვიკამ მამაკაცის სიტყვები გაიგონა და გამოსძახა:
-ვიდრე შენ მობრძანდებოდი, ახლაც მაგას ვკითხულობდი.
მაისურაძემ წიგნი ხელში აიღო და სანიშნიან გვერდზე გადაშალა. უცებ ჩაიკითხა პაოლო იაშვილის „ძახილის“ სტრიქონები და ჩუმად, ღიმილით ჩაილაპარაკა:
- ძილის წინ პოეზიით აღგზნება და მერე დასაძინებლად წასვლა რაღაც ახალია. რას გაუგებ ამ ქალებს? - შემდეგ ეშმაკურად გააპარა ვიკას საძინებლისკენ თვალები და როგორც კი იქიდან ხალათში შემოსილ და ჩუსტებიან ქალს მოჰკრა თვალი, მზერა სხვაგან გადაიტანა.
-რას მიირთმევ? - მკაცრად გადახედა მასპინძელმა.
-რას მთავაზობ?
-ჰმ! შენ რა გნებავს? ყავა, ჩაი, ლიმონათი, დოზანა, სიკვდილი...-სახეს არ ცვლიდა ვიკა.
-კარგი ახლა, ისეთი რა გაწყენინე, რომ ასე მებღვირები?
-შენი ცოლი არ გეგონო, ყველაფერს რომ გითმენს.
-პატიება ხომ გთხოვე?
-ჰოდა, იმიტომაც ზიხარ მანდ, თორემ აქამდე გარეთ იქნებოდი.
ლევანს ჩაეცინა:
-ისევ ისეთი ხარ, არ შეცვლილხარ.
-როგორი?
-არავის არაფერს შეარჩენ.
-ნამდვილად! არავის, არაფერს შევარჩენ, ლევან! - დაბალ ხმაზე, გარკვევით და ნელა წარმოთქვა.
მამაკაცი წამოდგა და ღრმად ამოისუნთქა: -წავედი რა, არ ვარ ხასიათზე და შენც გადაგედო.
-როგორც გინდა. მიბრძანდი, არ გაკავებ, - ხელები გაუშალა.
მაისურაძე მარტო მივიდა კართან, არც გაუცილებია. ქალმა კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, შემდეგ სამზარეულოს ფანჯრიდან გადაიხედა და მანქანისკენ მიმავალ ლევანს თვალი გააყოლა:
-მალე მიხვდები ვინ ვინ არის. ცოტა გეტკინება, მაგრამ სამაგიეროდ სიმართლეს გაიგებ და ბოლოს ძალიან კმაყოფილი დარჩები. ძალიან... ძალიან...- ჩუმად მიაძახა, მერე ნახევრად ჩამწვარი ღერი ეზოში მოისროლა და ფანჯარა დაკეტა.


---
დალუქული კონვერტი ეჭირა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელში ატრიალებდა. ვერ ბედავდა, რომ გაეხსნა, ეშინოდა. მოულოდნელად, შიში ინტერესმა გადაფარა და როგორც იქნა, კონვერტს გვერდი მოახია და შიგნით ჩადებული ფურცელი ორი თითით გამოაძვრინა. გააკანკალა... თვალები დახუჭა და საკუთარი თავი დნმ-ის ტესტის პასუხის სანახავად შეამზადა. ფრთხილად გახსნა და დახედა. პასუხი დადებითი აღმოჩნდა, დემეტრე დუდა გავაშელის და ნატალია ანდრიადის ღვიძლი შვილი იყო. ზაფხულის ხვატში ეკალმა დააყარა, ძალიან შესცივდა... თითებში ძალა გამოელია, ფურცელი ჩამოუცურდა და იატაკზე ფრიალით დაეცა.
-დადებითი პასუხია?- უცებ მიხვდა სოფო.
უხმოდ დაუქნია თავი და ყელში ნერწყვი ძლივს გადააგორა.
-უფ!-ნერვიულობისგან ტუჩზე იკბინა სოფომ.
-არის იმის ალბათობა, რომ ექსპერტიზამ არასწორი დასკვნა გამოიტანოს?
-გამორიცხულია. ასეთი რამ არ ხდება.
-რატომ?
-მას ორი კვალიფიციური ექსპერტი ასრულებს. ისინი ერთმანეთსაც ამოწმებენ. ლაბორატორიაში მიღებული პასუხი უტყუარია და შეცდომა არასოდეს დაფიქსირებულა.
გიორგაძე გაშეშებული იდგა. ისევ სციოდა...
-რას აპირებ?-მეგობრის ხმა დაგუბებულ ყურებში ძლივს აღწევდა.
-არ ვიცი,-შეციებულ სხეულზე მკლავები შემოიხვია და ერთიანად აცახცახდა.
-ნინო, ნინო, არ გინდა ახლა!-სოფო მეგობრის დასამშვიდებლად წამოდგა. შეატყო, რომ ნერვებმა აიტანა. მერე სამზარეულოში გავიდა და ვალერიანის დამამშვიდებელი აბები გამოუტანა, -დალიე, დაგეხმარება.
გოგონამ აბებს არც დახედა, უაზროდ გამოართვა და მიიღო.
-წამოდი, დასვენება გჭირდება. ცოტა ხანს წამოწექი,-ხელი მოჰკიდა და საძინებელში შეიყვანა.
-წადი, სოფო. მე კარგად ვიქნები.
-არა, არ დაგტოვებ!
აღარ შეეწინააღმდეგა, თავიც არ ჰქონდა. საწოლზე წამოწვა და ტკივილით სავსე თვალები საცოდავად მილულა.

***
ჩაძინებული თავის საშინელმა ტკივილმა გააღვიძა. ოთახში სიბნელე იყო. მისაღები ოთახიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა. კარებამდე ხელის ცეცებით მივიდა და გამოაღო. იქ გასულს შუქმა თვალი მოსჭრა და სახე დაემანჭა.
-გაიღვიძე?-შეათვალიერა სოფომ.
-რომელი საათია?- თვალებს და საფეთქლებს ისრესდა ახლადგაღვიძებული.
-პირველი დაიწყო.
-მართლა? რამდენ ხანს მძინებია.
-როგორ ხარ?
-თავი მტკივა.
-მოიცადე, ტკივილგამაყუჩებელს მოგცემ,-ჩანთის ქექვა დაიწყო და წყალში გასახსნელი ფხვნილი ამოიღო.
ვიდრე გოგონა სამზარეულოში იყო და წამალს ამზადებდა, ნინო დივანზე ჩამოჯდა და კეფასთან მოწოლილ ტკივილს თითების ძლიერი დაჭერით და მოძრაობებით უმკლავდებოდა. სახე ისევ წაშლილი ჰქონდა...
-მოდი გონზე და როგორც იცი ხოლმე თავი არ დაუხარო სირთულეებს,-წამალი მიაწოდა ოთახში შემოსულმა მეგობარმა.
-ჰმ!-მძიმედ ამოისუნთქა და ოხვრა ამოაყოლა, შემდეგ წამლით სავსე ჭიქა გამოცალა და მაგიდაზე დადო, -სულ მე რატომ უნდა მემართებოდეს ასეთი ამბები? თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ლოდი, რომელსაც მივათრევდი, დაღმართში დაგორდა და სადაცაა გადამივლის.
-მხოლოდ შენ არ ცხოვრობ პრობლემებით, ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი. არ შეშინდე, გაუმკლავდები.
-ნატა ანდრიადი უნდა ვნახო.
-სიმართლეს ეტყვი?
-ჰო,-თავი დახარა.
-მეც ასე ვფიქრობ, რომ სიმართლე უნდა იცოდეს, მაგრამ იქნებ ჯერ დუდასთვის გეთქვა.
-ისიც მალე გაიგებს.
-ბავშვს ერთად ნახავდნენ და ეტყოდნენ.
-არა! ბავშვი ჩემი თანდასწრებით უნდა შევახვედრო თავის მშობლებს.
-გგონია, რომ დემეტრე მათ ცუდად მიიღებს?
-არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ თუ ჩემი დახმარება დასჭირდება, მეც იქ ვიქნები.
-შენ იქ ზედმეტი იქნები, ნინო.
-მე ზედმეტი არასოდეს ვიქნები დემეტრესთვის,-ჩუმად თქვა და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა.
-როგორ ფიქრობ, ნატალია ანდრიადი თავის შვილთან შენს სიახლოვეს მოინდომებს?
-ფეხებზე მკი*დია ის რას მოინდომებს!
-კარგი, ბატონო. ისე იყოს, როგორც იტყვი,- ტუჩი გადმოაბრუნა სოფომ.
-გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა და ამიხდა. ახლაც ასე ვარ, მგონია, რომ წინ კიდევ უარესი მელოდება.
-რაც არ უნდა მოხდეს, პირობა მომეცი, რომ ძველებურად სამართლიანი იქნები. ვიცი ძალიან რთული იქნება შენს მდგომარეობაში ცივი გონებით მსჯელობა, მაგრამ ნუ გაბოროტდები და არავინ დაჩაგრო.
-არაა საჭირო მაგაზე საუბარი, სოფო.
-ჰოდა, ძალიან კარგი!- თავი დაუკრა და წასასვლელად მოემზადა.
-სად მიდიხარ? დარჩი.
-უკვე კარგად ხარ. ჩემი აქ ყოფნა აღარ არის საჭირო.
-გვიანია. საათს შეხედე.
-არაფერი მიჭირს, ტაქსს გამოვიძახებ.
-მოდიხარ შაბათ-კვირას ბათუმში სემინარზე?
სოფოს გაეცინა.
-რა გაცინებს?
-მაგაზე ფიქრის თავი რომ გაქვს.
-ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ დავივიწყებ, დუდა მომყვება და ორი დღით იქ ვრჩებით.
-ოჰ!-აღტაცება ვერ დამალა გოგონამ და სახე გაებადრა,-მოკლედ, მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი სიყვარული ამ დარტყმას აუცილებლად გაუძლებს.
-იმედი მაქვს, სოფო, იმედი მაქვს...- ჩაილაპარაკა და კარებამდე მიაცილა მეგობარი.

---
-სასწრაფოდ ერთ ადგილას უნდა წამომყვე!-დოინჯშემორტყმული დაადგა გიორგაძე ნატალია ანდრიადს კლინიკაში.
-სად მეპატიჟები?-თითებით კალამი აათამაშა და აგდებულად გახედა.
-მთვარეზე უნდა გაგასეირნო.
-რა იყო, ისე შეგიყვარდი, ვეღარ მელევი? ვარსკვლავებიც ხომ არ უნდა მომიწყვიტო და მაჩუქო?
-ჰო, შენს დანახვაზე პირდაპირ სიამოვნების პოლუსზე ვზივარ ხოლმე. ვარსკვლავები რა მოსატანია? ყველაფერს გაჩუქებ.
-დეგენერატო!
-მორჩი ყბედობას, შენი ნერვები არ მაქვს და რასაც გეუბნები, ის გააკეთე!
-ოჰ, ეგღა მაკლია, შენს ბრძანებებს დავემორჩილო. ვინ მიგდიხარ ბოლოს და ბოლოს?!
-აწიე ეგ სილიკონიანი ტრა*კი და შენი შვილის სანახავად წამომყევი!
-რა?-შეიცხადა ქალმა.
-რაც გაიგე. შვილი უნდა გაგაცნო. ვიცი სადაც არის.
-მეხუმრები?.. იცოდე ზედმეტი არ მოგივიდეს, თორემ ამას არ შეგარჩენ!
მკაცრი იერი არ შეუცვლია. არც თვალი მოუცილებია მისთვის. ჯიბეში ჩაკეცილი დნმ-ის ტესტის პასუხი ამოიღო და მაგიდაზე დაუგდო:
-გახსენი და წაიკითხე!
-ეს რა არის?-გაოცებული დასცქეროდა რამდენჯერმე დაკეცილ ფურცელს.
-პასუხი იმაზე, რომ თერთმეტი წლის დემეტრე ზალოშვილი შენი და დუდას ბიოლოგიური შვილია.
ნატა თვალებდაჭყეტილი უყურებდა ხან გაშლილ ფურცელს და ხან მის წინ მდგომ ნინო გიორგაძეს.
-შენ საიდან გაიგე, რომ შვილი მყავს და ვეძებდი?
-არა აქვს მნიშვნელობა.
-აი, თურმე რამდენიმე კვირის წინ რატომ წაიღე ჩემი ჭიქა.
- აბა, მართლა დაიჯერე, რომ შენი დორბლიანი ჭიქა რამეში მჭირდებოდა?
ქალს აღარაფერი უპასუხია, ვეღარ მოითმინა და სიხარულის ცრემლები წამოუვიდა. ნინომ არაფერი უთხრა, ძალიან კარგად ესმოდა მისი.
ცოტა რომ დამშვიდდა, სტუმარს მიუბრუნდა და თავის მანქანით წასვლა შესთავაზა. მერე თეთრი ხალათი გაიხადა და სკამზე უსწორმასწოროდ მიაგდო.
არავინ გაუფრთხილებია, ისე დატოვა შენობა გიორგაძესთან ერთად.

***
წყნეთის ბავშვთა სახლის ეზოში ბევრი აღსაზრდელი ირეოდა. ჟივილ-ხივილი აეტეხათ. ნატას პატარების დანახვაზე გული ჩიტივით აუფრთხიალდა. იქ მყოფი ბიჭებიდან თავის წარმოდგენებში შექმნილ ბავშვს ეძებდა. არ იცოდა როგორი შეხვედრა გამოუვიდოდა. არც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი არაფერი, მაგრამ ინსტინქტურად მაინც უცნობი შვილისკენ იწევდა. უცნაურად ღელავდა. ნინო გაქვავებული სახით მიჰყვებოდა დაბნეულ და დიდი სიახლის მოლოდინით აღტკინებულ ნატას, რომელიც თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. უეცრად ნიკალამ ეზოში შესული სტუმრები დაინახა, სიხარულით გაექანა გიორგაძისკენ და მთელი ძალით ჩაეხუტა. გოგონას მხოლოდ მაშინ გაეღიმა და ბავშვს წითელი ვაშლივით აღაჟღაჟებული ლოყები დაუკოცნა. ნიკალას დანარჩენებიც მიჰყვნენ და წინამორბედს მიბაძეს. სულ მალე ნინოს გარშემო ბავშვებით შემდგარმა მხიარულმა წრემ ანდრიადი კიდევ უფრო ააღელვა. რატომღაც გული უგრძნობდა, რომ თავის შვილთან ძალიან ახლოს იყო. ახლა ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული ნინოზე. ერთი სული ჰქონდა, ბავშვებით გარსშემოხვეული, პირმცინარი გოგო მისთვის როდის მოიცლიდა და დაანახებდა, ვისაც რამდენიმე კვირა იყო, გადარეულივით ყველგან დაეძებდა.
გიორგაძემ ბავშვებთან მყოფი ნაცნობი აღმზრდელი მოიკითხა და სთხოვა, რომ მისი მოყვანილი სტუმრისთვის დემეტრესთან რამდენიმე წუთით ყოფნის საშუალება მიეცა, შემდეგ ანდრიადს შეუბრუნდა და მოკლედ უთხრა, ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს:
-დღეს არაფერს ეტყვი! მხოლოდ გაიცნობ და როდესაც ოფიციალურად ყველა საბუთს მოაწესრიგებ და ბავშვს აქედან წაიყვან, მამამისთან ერთად აუხსნი ყველაფერს, ან ბავშვთა სახლის ფსიქოლოგთან ერთად მოიფიქრებთ რამეს და ბიჭს ისე შეაპარებთ თქვენს სათქმელს! არ გეგონოს, რომ შენი შვილის და შენ საქმეში ვერევი, უბრალოდ ვიცი რასაც ვამბობ. ძალიან ფაქიზი ბუნების ბავშვია და არ მინდა, შოკი მიიღოს. ისედაც საკმაოდ მძიმე დღეები გაიარა.
ანდრიადმა თავი დაუქნია:
-როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცნობ ჩემს შვილს.
ნინოს აღარაფერი უთქვამს, თანატოლებთან მყოფ დემეტრესკენ წავიდა, მასთან ჩაიმუხლა და სევდიანი სახით შეხედა, შემდეგ თავს ძალა დაატანა, სახეზე ღიმილი აეკრა და საუბარი დაიწყო:
-დემე, ჩემი ახლობელი უნდა გაგაცნო.
ბავშვმა უცნობი ქალისკენ გაიხედა და შეათვალიერა:
-ის დეიდა?
-ჰო.
-კარგი, წავიდეთ,-ხელი ჩაჭიდა და გაჰყვა.
პირისპირ დემეტრესთან დარჩენილი, დაბნეული ნატა ცქმუტავდა. ხელები, ტუჩები, ნიკაპი, ყველაფერი უკანკალებდა... ნინომ მოიმიზეზა, რომ სხვა ბავშვებთან ჰქონდა საქმე და დედა-შვილი მარტოდ დატოვა. ბიჭთან დარჩენილი ნატა მის წინ ჩაიმუხლა და გაუღიმა:
-რა გქვია?
-დემეტრე.
-ჰო, სულ დამავიწყდა, რომ დემეტრე გქვია.
-რამდენი წლის ხარ?
-თერთმეტის.
-უკვე დიდი ბიჭი ხარ,-თმებზე მიეფერა და ტანსაცმლიდან ფოთლის ნაწილი მოაშორა, რომელიც საიდანღაც მხარზე დასცემოდა.
ბიჭი გაკვირვებული უყურებდა უცნაური საქციელების, დაბნეულ ქალს, რომელსაც ენა ებმოდა და ისიც არ იცოდა, რა ეთქვა.
-გინდა, რომ აქედან წახვიდე?
ბიჭმა თავი დაუქნია.
-მე... მე მინდა, რომ აქედან წაგიყვანო. გახდები ჩემი შვილი?
დემეტრემ მხრები აიჩეჩა.
-არ წამომყვები?
-შენ სულ ასე ლაპარაკობ?
-როგორ?
-რა ვიცი, -უყურებდა უცნობ ქალს და ვერაფერი გაეგო, რატომ ნერვიულობდა.
-აქ მეგობრები გყავს?
-კი მყავს.
-რამდენი?
-რა უაზრო კითხვებს მისვამს,-გაიფიქრა ბავშვმა და შუბლზე ჩამოყრილი თმები სულის შებერვით მობეზრებულად გადაიყარა:-ორი.
-ვინ არიან?
-არ იცნობ.
-ნინომ მითხრა, რომ მათემატიკა გიყვარს.
-მართალი უთქვამს.
ნატამ ჩანთა გახსნა, „სვაროვსკის“ თვლებით გაწყობილი კალამი მოძებნა და დემეტრეს გაუწოდა:
-აი, გამომართვი.
-ეს რად მინდა?-უინტერესო სახით უყურებდა ბიჭი დედამისის ხელით გაწვდილ ნივთს.
-დავალებებს დაწერ ხოლმე, თან გამორჩეულად ძვირფასი კალამი გექნება. ძალიან ძვირი ღირს.
დემეტრემ გაურკვეველი მზერით კიდევ ერთხელ შეათვალიერა, შემდეგ ზრდილობის გამო გამოართვა და მადლობა გადაუხადა.
-რა გიყვარს? რითი ერთობი ხოლმე?
-კალათბურთი მიყვარს.
-მამამისს დაემსგავსა,-გულში სიამოვნებით წარმოთქვა და გონებაში სტუდენტობის დროს უნივერსიტეტის გუნდის თამაშებმა გაუელვეს, რომლებსაც დუდასთან ერთად ხშირად ესწრებოდა და ქომაგობდა ხოლმე.
-კარგია, რომ კალათბურთი გიყვარს.
-რატომ?
ქალმა პასუხი ვერ გასცა და დაბნეულობა რომ გადაეფარა, ისევ ახალი კითხვის დასმა დააპირა, მაგრამ ნინო დაადგათ თავზე და აუხსნა, რომ ბავშვს სამეცადინო საათები ეწყებოდა და დანარჩენ ბავშვებთან ერთად დემეტრე შენობაში უნდა შესულიყო. ბიჭი ახლადგაცნობილ, აღელვებულ სტუმარს და ნინოს დაემშვიდობა და თანატოლებს შეუერთდა. გიორგაძესთან მარტოდ დარჩენილმა ნატამ ამოიგმინა და საწყალი თვალებით გადახედა:
-ისიც კი არ მახსოვს, რა ველაპარაკე. მგონი ფიქრობს, არ ვარ ჭკუათმყოფელი.
-მე ჩემი გასაკეთებელი უკვე გავაკეთე, დანარჩენი თავადაც იცი როგორ უნდა იმოქმედო.
-არ მეგონა, თუ ოდესმე რამეზე მადლობის თქმა მომიწევდა შენთვის, მაგრამ დღეს ჩემი ანგელოზი ხარ და მადლობას გეუბნები.
ნინოს არაფერი უთქვამს, ზურგი აქცია და ეზოს გასასვლელისკენ აიღო გეზი. ანდრიადი უკან დაედევნა:
-მოიცადე! მე წაგიყვან.
-საჭირო არ არის. თავადაც გავიგნებ გზას.
-შენთან სალაპარაკო მაქვს.
გოგონა შედგა და უხალისოდ მიუბრუნდა:
-გისმენ.
-მანქანაში ვილაპარაკოთ, ძალიან გთხოვ.
მისი თხოვნა გაითვალისწინა და მანქანისკენ გაჰყავა.

***
ვიდრე დემეტრესთან შეხვედრით აჟიტირებული სათქმელს თავს მოუყრიდა, რამდენიმე წუთით საჭეზე ეწყო ხელები და თავჩაღუნული იჯდა. შემდეგ როგორც იქნა, გაბედა და მის გვერდით მჯდომს სევდიანი თვალებით შეხედა:
-ვიცი, რასაც გეტყვი, შენთვის რთული მოსასმენი იქნება, მაგრამ რომ არ გითხრა, უამისოდაც არ შემიძლია. ის, რომ შენ დუდას უყვარხარ, შენი ფანტაზიის ნაყოფია.
ნინომ ზევით აიხედა, ღრმად ამოისუნთქა და თავი გაიქნია.
-შენი გამომეტყველებით ვხვდები, რომ არ გჯერავს, მაგრამ არ იცი მას როგორ ვუყვარდი.
-ჰო, მართალია, უყვარდი, მაგრამ აღარ უყვარხარ,-სიტყვა მოუჭრა გიორგაძემ.
-იმის გამო, რაც ჩავიდინე, შეიძლება დუდამ მოგონებებში დამფლა, მაგრამ ჩემდანი გრძნობებს ვერაფერს მოუხერხებს, რადგან სიყვარული ერთხელ მოდის ცხოვრებაში და ის უკვალოდ არასოდეს იშლება. მეც მეგონა, რომ დავივიწყე, მაგრამ თავს ვიტყუებდი. სინამდვილეში გავაშელი ის ერთადერთი მამაკაცია, რომელიც გულწრფელად მიყვარდა და დღემდე ასე თავდავიწყებით მიყვარს. ჰო, ვაღიარებ, მასთან შემეშალა და თითქმის უპატიებელი შეცდომა ჩავიდინე, მაგრამ ამისთვის მწარედაც დავისაჯე- დავკარგე შვილი, დუდა და ამდენი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი მამაკაცთან, რომელიც მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ თავს ვიტყუებდი. მეტი შვილიც არ მოუცია ღმერთს ჩემთვის... ამაშიც თავისთავად მომეზღო. მართალია, ლევანს ამ თემაზე სიტყვა არასოდეს დაუძრავს, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ამბავი ძალიან აწუხებდა. სხვის ბავშვებს ეფერებოდა, სათამაშოებს ჩუქნიდა და რამდენჯერაც ამას დავინახავდი, გული მტკიოდა. რას ვიზამთ? უფლის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგება...
-შენს შეცდომებზე მე რატომ მელაპარაკები? ჩემგან რა გინდა, ნატა?
-გთხოვ, გამაგრძელებინე. როდესაც დუდა საქართველოში ჩამოვიდა და ამდენი ხნის შემდეგ ისევ დავინახე, კვლავ ავირიე და ზუსტად იგივე ვიგრძენი, რასაც მის მიმართ მრავალი წლის წინ განვიცდიდი. მაშინვე მივხვდი, თვითონაც ვერ მოერია თავის გრძნობებს და აქ ჩემს გამო დაბრუნდა. სწორედ ამიტომ, უკან აღარ დავიხიე და ჩავიფიქრე, მის სიყვარულს ისევ დავიბრუნებდი და ახლა მაინც დავიწყებდი ნამდვილ ცხოვრებას, მაგრამ გამოჩნდი და ყველაფერი თავდაყირა დააყენე. შენ რომ არა, დარწმუნებული ვარ, დუდა უკვე ჩემთან იქნებოდა.
-ნატა, რასაც ახლა ამბობ, ძალიან დიდი სისულელეა. მესმის, რომ წარსულის შეცდომას ნანობ. შემიძლია, იმაშიც გაგიგო, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა გინდა, მაგრამ დუდას აღარ ახსოვხარ და რატომ არ გინდა, შეეგუო იმ ფაქტს, რომ სხვა უყვარს?
-ნინო, ეს შენ არწმუნებ თავს, რომ დუდას მეორე ნახევარი ხარ. კი, შეიძლება მას მართლა ძალიან მოსწონხარ და მისთვის საინტერესო ადამიანს წარმოადგენ, მაგრამ რეალურად ყველას მხოლოდ ერთი მეორე ნახევარი ჰყავს. შენ არ ხარ ის, ვინც დუდას სჭირდება და გთხოვ, გადი თამაშიდან და მოგვეცი საშუალება, რომ მე, მან და დემეტრემ ბედნიერი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ყველას ერთად ნუ გაგვწირავ.
-ნატა, დუდა ძალიან მიყვარს და წარმოუდგენელ რაღაცას მთხოვ, მას არ დავთმობ.
-არც ის ბავშვი გებრალება?-თითი გაიშვირა ეზოსკენ, სადაც წუთების წინ დემეტრე თამაშობდა.
-რომ მებრალება, დღეს იმიტომ მოგიყვანე აქ.
-მას მამაც უნდა, სრულყოფილი ოჯახი სჭირდება, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს.
-დუდა ის ადამიანი არ არის, რომ მიატოვოს. დემეტრეზე სათანადოდ იზრუნებს. ამაში დარწმუნებული ვარ.
-რატომ არ აძლევ ბავშვს საშუალებას, ისეთ სრულფასოვან გარემოში იცხოვროს, სადაც დედას და მამას ერთად ყოფნა უხარიათ და შვილზეც ერთნაირად ზრუნავენ.
-ის შენ არ დაგიბრუნდება. იმიტომ, რომ მე ვუყვარვარ.
-მომეცი საშუალება, დაგიმტკიცო, რომ ცდები.
-ნატა, მორჩი!
-რა იყო? გეშინია, რომ დამარცხდები და თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდები? აბა, გამოსცადე თქვენი სიყვარული. ვნახოთ, როგორ გაუძლებს ერთ შერკინებას. არ გაინტერესებს?
-რას მთავაზობ?
-დუდას დაშორდი და გამითავისუფლე გზა, რომ მასთან მივიდე.
-რა? ხომ არ გაგიჟდი? მას გულს ვერ ვატკენ.
-იქნებ მისთვის ეს შვებაც იყოს?
-მასთან დაშორება? ჭკუიდან იშლები. გონება გაქვს დაბინდული და საღად ვეღარ აზროვნებ. დაბრუნდი რეალობაში და ისე მელაპარაკე, თუ არა, მეტის მოსმენა აღარ შემიძლია. გადავდივარ შენი მანქანიდან.
-ახლა ის შენს მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ თუ დაშორდები, დარწმუნდები, რომ რასაც გეუბნები, სრული სიმართლეა. რად გინდა ის ადამიანი, რომელიც შენთან სხვის დასავიწყებლად არის?
-უკვე ბევრჯერ გაგიმეორე, რომ ასე არ არის და ცდები!-გაბრაზებულმა ნინომ კარები გააღო და გადავიდა.
ნატაც გადაჰყვა, წინ გადაუდგა და დაუჩოქა:
-ერთი შანსი მომეცი. მხოლოდ ერთი და თუ დუდა ამის შემდეგ ჩემთან დაბრუნებაზე უარს იტყვის, მაშინ დავიჯერებ, რომ ნამდვილად უყვარხარ და გპირდები, აღარასოდეს გადაგეღობებით გზაზე. დავანგრევ ჩემს ოჯახს და დემეტრესთან ერთად გავაგრძელებ ცხოვრებას.
-რას აკეთებ? ადექი, თავს ნუ იმცირებ.
-ამისთვისაც მზად ვარ, რომ თავი დავიმცირო. გეხვეწები, ოღონდ შეისმინე ჩემი ვედრება...-აქვითინდა ქალი.
ნინომ ვეღარ გაუძლო ნატას მდგომარეობას და ფეხზე წამოაყენა:
-ვიფიქრებ მაგაზე, მაგრამ ვერაფერს შეგპირდები,-ეს უთხრა, გზაზე გამოჩენილ მომავალ ტაქსს ხელი აუწია, სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და იქაურობას გაეცალა.

***
კოკისპირულად წვიმდა. ცა იქცეოდა. დღის შუქს შავი ღრუბლები მთელი ძალით, ავსულებივით გადაჰფარვოდნენ და დედამიწამდე არაფრის დიდებით უშვებდნენ. ეკლესიაში ოდნავ დაბნელდა... თეთრ სამოსში ჩაცმული გოგონა ხატის წინ იდგა და სანთელი ეჭირა. გაშლილი თმა მხრებზე ჩამოეშალა და ზღვისფერი თვალები თაფლის სანთლისგან წამოსული ნათებისკენ გაეშტერებინა. ღვთაებრივად ლამაზი იყო... გარეთ ბუნება ბრდღვინავდა და ამოვარდნილი ქარიშხლით, სეტყვით და თქეშით ყველაფერს ანგრევდა, ტაძარში სიმშვიდე დაბრძანებულიყო. უკვე ორ საათზე მეტი იყო, გაუნძრევლად მყოფ გოგონას თვალს ადევნებდა და თავისთვის ეღიმებოდა. წითელთმიანი დროდადრო პატარა ალუბლისფერ ბაგეებს გახსნიდა და ჩუმად ამოიბუტბუტებდა. მერე ისევ დადუმდებოდა და უხილავ კავშირს უსიტყვოდ აბამდა ღმერთთან. დიდხანს იდგა, ძალიან დიდხანს. არ დაღლილა. არც სიმშვიდე დაღლილა მისი ყურებით და რაც უფრო მეტად უყურებდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ძალიან მოსწონდა...
თეთრებში შემოსილს, ხატებს და სანთელს შორის სასწაული სიჩუმე იყო. დიალოგად გადაქცეული სავსე სიჩუმე...
დატყვევდა სიმშვიდე გოგონათი და ისე აირია, ვეღარ გაიგო თვალსა და ხელს შუა როდის და როგორ გაეპარა.
ტაძარში გალობის ხმა გაისმა. საღამოს ლოცვისთვის მზადებას იწყებდნენ. მრევლმა კანტი-კუნტად იწყო მოსვლა. ახმაურდნენ უფლის კედლები.
ტაძრიდან გასული ფეხით აუყვა სიონიდან მიმავალ ქვაფენილს. არაფერი აშინებდა, არც წვიმა, არც ძლიერი ქარი, აღარც ადამიანები... მთლიანად დასველდა. წყალი წურწურით ჩამოსდიოდა სხეულზე, მაგრამ მაინც მიდიოდა და არ ჩერდებოდა.

***
სახლში დაბრუნებულმა გათიშული მობილური ტელეფონი დენის წყაროში შეაერთა. როდესაც ეკრანი განათდა, ნატალია ანდრიადის ნომერი აკრიფა და ზუმერს დაელოდა. ქალმა მაშინვე უპასუხა.
-იყოს ისე, როგორც შენ თქვი.
-რა?-გაოგნებულმა ჰკითხა.
-ჰო, გადავწყვიტე, დუდას დავშორდე.
-მე... მე... რაც დღეს გამიკეთე და რასაც კიდევ აპირებ, რომ გააკეთო, არ ვიცი ამისთვის მადლობა როგორ გადაგიხადო.
-მე ამას არც ჩემთვის, არც დუდასთვის და არც მითუმეტეს შენთვის ვაკეთებ. მხოლოდ მე და ჩემმა ღმერთმა ვიცით ასე რატომ ვიქცევი.
-ვწუხვარ, რომ ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღებამ მოგიწია.
-არ არის საჭირო შენი ყალბი გულისტკივილის დემონსტრირება.
-დამიჯერე მე...
ნინომ აღარ მოუსმინა, სათქმელი გააწყვეტინა და გააგრძელა:
-ამაღამ ბათუმში მივდივარ. დუდა უკვე იქ არის. ხვალ დილით ათი საათისთვის მასთან ყველაფერი დამთავრებული მექნება. შეგიძლია, მიხვიდე და დაელაპარაკო. მისამართს და ტელეფონის ნომერს მოგწერ,- ეს უთხრა და სწრაფად გაუთიშა.
-რას აპირებ? გაგიჟდი? -შეშლილი თვალებით მივარდა სოფო ნინოს.
-არაფერი მითხრა, აზრს არ შევიცვლი.
-ეს ვინ არის? -ხელები ნერვიულად გაშალა ჰაერში,- შენს თავს ხომ თავისთავად ვნებ, დუდასაც არ ინდობ, იმ ქალს ხომ საერთოდ ლანგრით აძლევ ბედნიერებას.
-თუ ეს ბედნიერება მისია და მე ვართმევდი, მაშინ აღარ შევეცილები. დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია. სხვისი არაფერი მჭირდება.
-და თუ დუდას ის ქალი არ უნდა?
-მაშინ ჩემი ბედნიერება ისევ ჩემთან დაბრუნდება.
-რომ არ გაპატიოს?
ნინო გაჩუმდა, ვერაფერი თქვა.
-საკუთარ ტოტს იჭრი და ვერ ხვდები.
-ჯერ არცერთი ჩემი გადაწყვეტილება არ მინანია, სოფო. იმედი მაქვს, არც ამას ვინანებ.
-ეს ყველაფერი „რუსული რულეტკის“ თამაშს მაგონებს. ეშმაკს ეთამაშები და ფრთხილად იყავი, საკუთარი ხელით არ დააჭედო ნამდვილ სიყვარულს ტყვია.
-თავი დამანებე, უკვე გითხარი, რომ არ შევცვლი ჩემს გადაწყვეტილებას.
-უაზროდ ჯიუტობ!
-გეყოფა!-იყვირა გიორგაძემ,-შენ არაფერი გაგეგება.
-რასაც ახლა აკეთებ, ძალიან ცდები და მერე გვიანი იქნება სინანული.
-არ ვცდები.
-მაშინ დაასახელე თუნდაც ერთი მიზეზი, რომ საკუთარი თავისთვის ასეთი საშინელი განაჩენის გამოტანა გაგიგო!-ნერვებმა უმტყუვნა სოფოსაც და მეგობარი რომ გონზე მოეყვანა, ხმას აუწია.
-შენ არ გინახავს იმ ბავშვების სახეები, რომლებიც ყოველ დღე ფანჯრებთან დგანან და ეზოს გასცქერიან. გასცქერიან იმ იმედით, რომ დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, დეიდები, ბიძები ან თუნდაც უცნობი, კეთილი ადამიანები ერთ დღესაც მიაკითხავენ, ხელს დაავლებენ და სახლში წაიყვანენ. იმ სახლში, სადაც სითბო, სიხარული და სიყვარულია. შენ არაფერი გსმენია მათი განადგურებული სამყაროს შესახებ, სადაც ყველაფერი გახუნებული, დამჭკნარი, გამხმარი, ამჟავებული, გამწარებული და აყროლებულია. არც მათი ხელით მოხატული სახლები გინახავს, რომლებიც სიმბოლურად ზაფხულშიც შეშის აგიზგიზებული ცეცხლით თბებიან. შენ არ გინახავს! არ გინახავს და არაფერი იცი!
სოფო გაჩუმდა. ვერაფერი თქვა. უხმოდ ჩაეშვა სავარძელზე და გაფითრდა. არც ნინო იყო კარგად. მაგიდასთან დაჯდა, მკლავები უხეიროდ დააწყო და თავი ჩარგო.

---
სახლის ეზოს კარები ზიზღით გააღო, მანქანა შეიყვანა და ბაღის გავლით კიბეებზე სვენებ-სვენებით ავიდა. ოდესღაც საყვარელი ყვავილების სურნელი ყელს უწვავდა და აღარ სიამოვნებდა. სახლში შევიდა, ფეხსაცმელები შესასვლელში მიყარა და ჩანთაც იქვე დატოვა. ლევანი კაბინეტში იჯდა და ტელეფონზე კოლეგას ესაუბრებოდა. კარი ღია დაეტოვებინა და ცოლის მოსვლა არ გამორჩენია. ნატა უხალისოდ შევიდა სააბაზანოში და ხელების დაბანა დაიწყო, როდესაც ლევანი შეუვარდა:
-სად ეგდე?!
ქალი მშვიდად აგრძელებდა ხელებიდან საპნის მოცილებას და პასუხის გაცემას არ ჩქარობდა.
-რატომ არ მპასუხობ, როცა გირეკავ? უკვე მერამდენედ მიკეთებ ამას?
-საჭესთან ვიჯექი,- ხელსახოცს დასწვდა და ხელების შემშრალება დაუწყო.
-სულ საჭესთან როგორ ზიხარ, რომ ჩემს საპასუხოდ ვერ იცლი? მე შენ ვინ გგონივარ?! ვის უბედავ ამდენს?! -ბრდღვინავდა მამაკაცი.
ნატა ძალიან წყნარად, ისე, რომ ნერვიც არ შეურხევია, საძინებლისკენ დაიძრა. ლევანი მკლავში წვდა, კედელზე ააკრა და ცეცხლივით აბრიალებული და ჩაწითლებული თვალები შეანათა:
-სად დაეთრევი?
-საქმეები მაქვს.
-რა საქმეები გაქვს? უკვე ვეღარაფერი გიშველის, ყველაფერს იტყვი!
-ვერ გეტყვი.
-შენ, გოგო ხომ არ უბერავ? გინდა, აქვე სიცოცხლეს გამოგასალმო და სარდაფში ჩაგაცემენტო? *შვილი ვიყო, თუ ეს არ გავაკეთო. ვისთან ერთად დაეთრევი?
-ლევან, შენი ეჭვიანობის სცენების თავი არ მაქვს. შემეშვი რა,-ხელი აუკრა და თავიდან დაძვრომა სცადა, მაგრამ გაგიჟებულმა მამაკაცმა ხელი ყელში წაუჭირა:
-დაგახრჩობ იცოდე!
ნატა ჰაერის უკმარისობისგან სახეზე წამოწითლდა. გამძვინვარებულმა მამაკაცმა ხელი ოდნავ შეუშვა, რომ შვება მიეცა:
-მითხარი სად დადიხარ და რას აკეთებ?
-არ გღალატობ, დაწყნარდი და ხელი გამიშვი.
-მაშინ რა გჭირს?
ქალი ხმას არ იღებდა, არც უყურებდა.
-რა გჭირს-მეთქი?-დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა მაისურაძე.
-ხელი გამიშვი, მტკივა.
-დედას შევე*ცი! რა არ გაკმაყოფილებს ჩემთან, აჰ?!
-შენ არაფერ შუაში ხარ, ლევან. პრობლემა ჩემშია.
-მოეთრიე აქ! დაეგდე და ყველაფერი შენი პირით მითხარი. რა ხდება შენს თავს? რატომ შეიცვალე?
-ახლა ვერაფერს გეტყვი. დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ.
-იცოდე, ჩემს თავზე დაჯ*მას არ შეგარჩენ!
-დაწყნარდი და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი!-ამოასხა ნატას და ხმამაღლა იკივლა.
-რა გაკივლებს?
-აბა, რა სცენებს მიწყობ? ხმას რომ არ ვიღებ, იმას არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ.
-არ იცი, რომ მართალი ვარ? შენი აზრით, ქმარმა არ უნდა იცოდეს, ცოლი სად არის?
-დედაჩემთან და მამაჩემთან ვიყავი.
-იქ შუადღით იყავი. მერე სად წახვედი?
-თავი ცუდად ვიგრძენი და რამდენიმე საათი თბილისის ქუჩებში დავდიოდი.
- ძალიან მიფრთხილდი! თუ გავიგე, რომ ვინმე გაიჩინე, არცერთს დაგინდობთ! ორივეს კბილებში გადაგჭრით!
-დამშვიდდი-მეთქი! მიზეზი არ გაქვს, რომ ასე მომექცე.
-იმედი მაქვს,-მამაკაცი სკამიდან წამოდგა და გამწარებულმა წიხლი ამოსცხო.
ძლიერმა დარტყმამ შორს გაისროლა და ჩამინულ კარებს მოხვდა. შუშამ დაიზრიალა და დიდ ნაწილებად ჩამოიმსხვრა. შეშინებულმა ქალმა ყურებზე ხელი აიფარა და თვალები დახუჭა.
-დედაც მოვტ*ყან!-მიაძახა მაისურაძემ და ეზოში გავარდა.
ცოტა ხანში მანქანის ძრავა ააბღუილა და შხუილით მოწყდა იქაურობას.
მარტოდ დარჩენილი ანდრიადი საძინებელში შევიდა. შუქი აანთო და საწოლზე ჩამოჯდა:
-ყველაფერში ასეთი „ლუზერი“ როგორ ვარ? ისიც ვერ გავბედე, რომ მეთქვა, ამაღამ მის მიტოვებას ვაპირებდი, მაგრამ ვის დავაბრალო? ჩემი ბრალია,-აწეწილი თმები უკან კანკალით გადაიწია და კარადიდან რამდენიმე ხელი ტანსაცმელი გადმოალაგა. მერე პატარა ჩემოდანი მოძებნა და ჩაწყობა დაუწყო.

---
დილის 7:00 საათი იქნებოდა, როდესაც უნივერსიტეტიდან დაფინანსებული ფსიქოლოგების ჯგუფი მახინჯაურის რკინიგზის სადგურში ჩავიდა. ნინოს სახეზე ფერი აღარ ედო, მთელი ღამის უძინარი, სოფოს გადაღლილი თვალებით მიუბრუნდა:
-ჯგუფს გაჰყევი. დუდას ვნახავ და მეც მალე შემოგიერთდებით.
-არსად წასვლას არ ვაპირებ. მეც მოვდივარ,-მტკიცე იყო სოფოს ხმა.
-მე არაფერი მიჭირს, ყველაფერს თავს გავართმევ.
-არა. მეც წამოგყვები და გარეთ დაგელოდები.
-არაა საჭირო.
-რაა საჭირო და რა არა, მე გადავწყვეტ.
-უფ!-მძიმედ ამოისუნთქა გიორგაძემ.
-ტყუილად ცდილობ ჩემი თავიდან მოშორებას, არ მიგატოვებ.
-კარგი. რაკი არ იშლი, წამოდი,-თავი დაუკრა ნინომ.

***
დუდას რამდენიმე დღით ბინა დაექირავებინა და გიორგაძესთან ერთად შაბათ-კვირის გატარებას ზღვაზე აპირებდა. ხელის სათხოვნელად ნაყიდი ბეჭედი ეჭირა და კმაყოფილი სახით დაჰყურებდა. იცოდა, რომ სემინარის დაწყებამდე, ნინო ჯერ მის მონახულებას აპირებდა და სანამ კარს შეაღებდა, ფანჯრიდან ზღვის ხედით ტკბებოდა.
ნატალია ანდრიადი ბათუმის გზას ადგა. გონებაში მხოლოდ დუდა, დემეტრე და მათთან ერთად გატარებული ბედნიერი წუთები უტრიალებდა. არ ფიქრობდა ლევანზე, წარსულ ცხოვრებაზე, აღარც მრავალი წლის განმავლობაში აწყობილ ცხოვრებასთან გამოთხოვება ადარდებდა. იცოდა, რომ მეუღლისგან წამოსული საერთოდ არავის წარმოადგენდა, მაგრამ ეს ფაქტი არ აშინებდა. ბოლოჯერაც უნდა ეცადა, რომ ცხოვრება შეეცვალა და სხვა კუთხით შემოებრუნებინა. ტელეფონი აიღო და დუდას ნომერი აკრიფა. როდესაც მისი ხმა გაიგონა, გულმა სიხარულით დაუწყო ძგერა:
-დუდა, როგორ ხარ?
-რომელი ხართ?
-ნატა ვარ, ანდრიადი.
-ჩემი ნომერი საიდან გაიგე?
-მხოლოდ შენი ნომერი არა, ისიც ვიცი, სადაც ხარ და მანდ მოვდივარ.
-მომისმინე! არ ვიცი, ვინ არის შენი ინფორმატორი და რომელი წყაროდან შეიტყე ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ, მაგრამ შენთვის ერთი წუთიც არ მაქვს. აქ ფეხმოდგმული არ დაგინახო! ამოხვედი უკვე ყელში, ბლ*იად!
-შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს და რომ გაიგებ, რისთვის მოვდივარ, ასე აღარ დამელაპარაკები.
-შენნაირი უთავმოყვარეო ადამიანი მეორე არ დადის. შეუშვი მაგ ტვინში, რომ არ მიყვარხარ! დაივიწყე ჩემი სახელი და გვარი! მორჩა, აღარ არსებობს დუდა გავაშელი შენს ცხოვრებაში!
-დუდა, ბოლოჯერაც უნდა მომისმინო.
-უკვე მეტისმეტი მოგდის.
-ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა.
-არ მინდა!
-მოგიწევს, მომისმინო!
-გითხარი, ფეხს არ მოადგამ-მეთქი! გაიგონე, ვიდრე წესიერად გელაპარაკებიან, თორემ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. გეფიცები, თავზე ხელს ავიღებ და რაც დაგემართება, დაინახავ! -მკაცრად უთხრა და გაუთიშა.
-ჯანდაბა! უკვე მეც შემაძულე საკუთარი თავი. წარმომიდგენია შენ როგორ გეზიზღები. ამის დედაც! წყეულიმც იყავ, ნატალია ანდრიადი, რომ თავი ასე გაიბანძე!- ტელეფონი ჩანთაში შეინახა და უკან მოისროლა. მერე გაბრაზებულმა გაზის პედალს მთელი ძალით მიაჭირა.
ვიწრო გზაზე მიმავალი, დაბნეული მძღოლები გაგიჟებულ ნატა ანდრიადის ავტომობილს დიდი ძალისხმევის ფასად უქცევდნენ გვერდს, რომ რამეს არ შესკდომოდნენ. ერთ-ერთმა მგზავრმა ვერ მოითმინა, მანქანა გაუსწორა და გასძახა:
-ოე, შენ ხომ არ გააფრინე?! ბებიაშენი მოგენატრა? წადი და მიაკითხე. ჩვენ რას გვერჩი?!
ნატამ სამი თითის კომბინაცია დაანახა. მამაკაცი კიდევ მეტად განრისხდა და გინების კასკადი დააწია. ქალმა უფრო მოუმატა სიჩქარეს და აწყვეტილი მიაქროლებდა ავტომობილს:
-ყველამ ერთად გამიმეტეთ. დამაგდეთ მიწაზე და წიხლებით შემდექით. მთელი სხეულით ვგმინავ. მძორისმჭამელი, მტაცებელი ფრინველებივით მომჩერებიხართ და ერთი სული გაქვთ, საკუთარ სისხლს როდის ამოვარწყევ, რომ სულამოღაფული სხეულით დატკბეთ, გამოფატროთ, გაძღეთ და მოისვენოთ. მინავლებული ვგდივარ, თქვენ კი ზემოდან დამცქერით და უკანასკნელ ქვასაც არ იშურებთ, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე მირტყათ. გასანადგურებლად გამწირეთ, მაგრამ არა! ვერ ეღირსებით, რომ ნატალია ანდრიადი სულდაცემული და თქვენგან ჩაწიხლული იხილოთ. არავის მივცემ უფლებას, შემიცოდოს. წავალ და ჩემი ტკივილით ცის უკიდეგანო თავისუფლებას შევუერთდები, -ეს თქვა და თვალები შეშლილივით აემღვრა. გზაზე ვეღარაფერს ხედავდა, საერთოდ ვეღარაფერს... სიამოვნებდა, რადგან ადრენალინის ჭარბი რაოდენობით მოწოლას განიცდიდა. აგრესიული ძალები მართავდნენ და თავადაც საკუთარი სურვილით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ემორჩილებოდა.

---
სადარბაზოში ფეხის ნელი ნაბიჯებით შევიდა. ტკივილისგან ჩამწვარი და დანახშირებული გული არაფერს უგრძნობდა. სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ შერჩენოდა. ლიფტიდან გავიდა და რამდენიმე წუთით თეთრ კართან ძეგლივით დაყუდებული იდგა. სხეულის კუთხეებში სევდისგან მიმოღავებული, შემორჩენილი უკანასკნელი ძალა დიდი რუდუნებით მოიკრიბა და კარის სახელური ჩამოსწია.
-ჩემი ნინიკო მოსულა,- დუდა შესახვედრად გავიდა და ჩასახუტებლად და საკოცნელად გაიწია.
გიორგაძემ ჩამქრალი თვალები შეავლო, ხელის მტევნებით გააჩერა და უკან დაახევინა. გვერდი ცივად აუარა და მაგიდასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა. გავაშელმა შუბლი შეკრა. მიხვდა, რომ ნინოს გარეგნობა და საქციელი კარგს არაფერს მოასწავებდა.
-რამე მოხდა? რა სახე გაქვს?
-დაჯექი, სალაპარაკო მაქვს.
-რა ხდება?- შეცბუნდა მამაკაცი და წინ ჩამოუჯდა.
ნინომ ძლივს გაუსწორა თვალები და ამოიჩურჩულა:
-უნდა დავშორდეთ.
-რა თქვი?-სახე მოეღრუბლა გავაშელს.
გოგონამ იგივე გაიმეორა:
-უნდა დავშორდეთ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ შევცდი.
-რაში შეცდი?
-მეგონა, რომ მიყვარდი, მაგრამ მივხვდი, რომ ასე არ არის და სანამ დროა, სჯობს წავიდე შენი ცხოვრებიდან და არც შენ გაგაწვალო.
-ესე იგი, ამბობ, რომ ჩემთან ყოფნით წვალობ?
-აღარ მინდა შენთან, ვეღარ დავრჩები.
-აქამდე გეგონა, რომ გიყვარდი და უცებ გუშინ მიხვდი, რომ თურმე არ გყვარებივარ? რა სისულელეს ჩმახავ? -ორივე წარბი დაბლა ჩამოეწია, თვალებმა ელვარება დაუწყეს და სიბრაზისგან ერთმანეთზე მაგრად დაჭერილი ტუჩები გაუწვრილდა.
ნინომ პასუხი ვერ გასცა.

***
ლანჩხუთთან ახლოს, საავტომობილო გზაზე ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობდა. უკვე მერამდენე წუთი იყო, შეწუხებული მგზავრები მიზეზის დადგენას ცდილობდნენ და მანქანებიდან გადადიოდნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ვითარებას გასცნობოდნენ. ადგილზე მისულებს მძიმე სურათი ხვდებოდათ. BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი თურქეთიდან მომავალ ტრაილერს ისეთი ძალით შესკდომოდა, წინა მხარე მთლიანად დაპრესილიყო და მეტალი და ადამიანი ერთმანეთში იმდენად აზელილიყვნენ, შეუძლებელი იყო, დამხმარე საშუალებების გარეშე გარდაცვლილის იქიდან ამოყვანა. პოლიციელებს გარშემო ყვითელი ლენტი შემოეხვიათ და ცნობისმოყვარე მგზავრებს იქაურობის დროულად დატოვებას აძალებდნენ.

***
-რაღაც მოხდა და არ ამბობ.
-არაფერი მომხდარა, დუდა.
-ვინ გადაგიტრიალა გონება?
-არავინ. მე თვითონ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
-დარწმუნებული ხარ შენი სიტყვების სიმართლეში?
-დიახ.
დუდას ძალიან ეტკინა. საყვარელი ადამიანი, რომელსაც სათუთი გრძნობებით მოდიოდა მის სულამდე, გულამდე და გონებამდე, ერთ წუთში ბოროტ არსებად გადაიქცა, რომელიც მთელ სხეულს ნაწილებად უფლითავდა.
-ასეთი გამეტებით მოისვრი წყალში ჩვენს ურთიერთობას?
პასუხი არ იყო.
-იცი რა? იმდენად არ მინდა, დავიჯერო, რომ შენთან ურთიერთობის დაჭერაში შევცდი, მგონია, რომ ხუმრობ.
-არ ვხუმრობ.
დუდა გაოგნებული სახით უყურებდა. ვერ აცნობიერებდა, რომ ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა. ალბათ, მაშინ ყველაზე ძალიან უნდოდა, გაეღვიძა და ნინოს სიტყვები ღამის საშინელ კოშმარად გადაქცეულიყო, მაგრამ არა! რასაც საკუთარი ყურით ისმენდა, სიმართლეს წარმოადგენდა. იმ სიმართლეს, რომელიც თავის ნინიკოს რამდენიმე წუთში წაართმევდა და შორს გაიტაცებდა. არ ეთმობოდა და კიდევ ერთხელ შეეცადა, რომ დაერწმუნებინა, კარგად დაფიქრებულიყო. მისი თითები ხელში მოიქცია და ნაღვლიანი თვალებით შეხედა. გოგონამ ხელი ცივად გააშვებინა.
-ასე რატომ მიკეთებ?
-ხომ გითხარი რატომაც?
გავაშელი ცოტა ხანს დადუმდა და საყვარელი ქალის სახის ნაკვთებს დაუწყო თვალიერება. უყურებდა ოდესღაც ნაფერებ ადგილებს და მათ დაკარგვაზე ფიქრით გამოწვეული ტკივილი გაუყუჩებელ ფაზაში გადასდიოდა.
-ათ წუთს გაძლევ. დაჯდები, კარგად გაიაზრებ და საბოლოო პასუხს მეტყვი.
-არცერთი წუთი არ მინდა,-ამოიბუტბუტა ნინომ.
-გაფრთხილებ, თუ დღეს აქედან, დუდას ყოფილი ქალის სტატუსით გახვალ, ბოლომდე ასე დარჩები და ვეღარასოდეს მობრუნდები უკან!
-თანახმა ვარ.
მისმა პასუხმა კიდევ უფრო მეტად მოუკლა გული. ეს ბოლო წერტილი იყო, რომ ხელი ჩაექნია და უბრალოდ ღირსეულად, ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე გაეშვა:
- რადგან შენს გრძნობებში ასე კარგად გარკვეულხარ და გადაწყვეტილებაც საკმაოდ მტკიცედ მიგიღია, შეგიძლია წახვიდე. მე შენთან სალაპარაკო აღარ მაქვს.
ნინო სკამიდან წამოდგა და წასვლა დააპირა. გრძნობდა, როგორ მიათრევდა საკუთარ გვამს და საშინლად აწუხებდა. უნდოდა, გაჩერებულიყო, დუდასთვის შეეხედა, ისევ ჩახუტებოდა და კვლავ შეეგრძნო მისი კანის სურნელი, რომელიც ჭკუას აკარგვინებდა, მაგრამ საკუთარ თავს უკრძალავდა, უკან მიეხედა. ვიდრე ბინას დატოვებდა, გავაშელის ტელეფონზე ზარი გაისმა.
-გისმენთ,- ხმაშეცვლილმა უპასუხა ზარს.
-...
-არამიშავს, ვიკა. შენ როგორ ხარ?
-...
-დიახ, მელაპარაკა. რა ხდება?
-...
-ნატალია ანდრიადი გარდაიცვალა?
-...
-არა, აქ მის მოსვლას არ ველოდებოდი, მაგრამ მაინც მადლობა, რომ დამირეკე და შემატყობინე.
-...
-კარგად.
ეს სიტყვები ნინოსთვის მეხის დაკვრას ჰგავდა. ნახევრად გაღებული კარები დახურა და დუდას თვალებგაფართოებული მიუბრუნდა:
-ნატა გარდაიცვალა?
-შენ რატომ გაღელვებს ანდრიადის სიკვდილი?
-მე... მე... და ნატამ... -გოგონას ნიკაპი აუკანკალდა,-ის აქ მოდიოდა. შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ეთქვა.
-რა თქვი?
-ჰო.
-ესე იგი, შენ მიეცი ჩემი პირადი ნომერი და მისამართი ნატას და ვიკას?
-მხოლოდ ნატას. ვიკა არ ვიცი ვინ არის,-თვალები დახარა.
გავაშელი აფეთქდა:
-ვინ მოგცა უფლება, რომ დაუკითხავად ვიღაცებს ჩემს პირად ინფორმაციას აწვდი?
-ხომ გითხარი, ჩემი წასვლის შემდეგ ის აქ უნდა მოსულიყო და უნდა ეთქვა, რომ... -ნიკაპთან ერთად ტუჩებიც აუკანკალდა.
-რომ, რა?!
-რომ...
-თქვი!-უყვირა მამაკაცმა.
-რომ თქვენი შვილი ცოცხალია.
-რა ჯანდაბას ამბობ?
-სიმართლეს. მას შენც იცნობ. აი, ეს წაიკითხე,-დნმ-ის ტესტის პასუხის ფურცელი გაუწოდა.
დუდა სწრაფად მოავლო თვალი და სახე შეეშალა:
-დემეტრე...-მხოლოდ ეს თქვა და გაჩუმდა.
ცოტა ხნის შემდეგ დუმილი ისევ გავაშელმა დაარღვია.
-და შენ რატომ მშორდები? შვილიანი კაცი რომ ვარ მაგიტომ?
-ეგ რა შუაშია?
-აბა, მაშინ რა ვიფიქრო?- სისხლი ძარღვებში მოაწვა და გადმოსკდომაზე ჰქონდა.
-მე... მე ვიფიქრე, რომ... შენ ნატას დაუბრუნდებოდი და ერთად გააგრძელებდით ცხოვრებას.
-რა თქვი?-სიბრაზისგან გახელებული მივარდა მამაკაცი.
ნინომ თვალები ვერ გაუსწორა.
-რა მითხარი ახლა? მომესმა ჰო? ალბათ, მომესმა.
- დემეტრეს მივეცი შანსი, რომ მშობლებთან ერთად ეცხოვრა.
-ამის გულისთვის მშორდებოდი?
-დიახ.
-ასე რატომ გაიმეტე ჩვენი სიყვარული?
-სხვა გამოსავალი არ მქონდა.
-შენ ხომ არ გაგიჟდი?
-ნატა მუხლისჩოქებზე დამიდგა და მთხოვა, თქვენი ნამდვილი სიყვარულისთვის გზა არ გადამეღობა.
-მოიცა, ნატას სიტყვას უფრო დიდი ფასი ჰქონდა შენთვის, ვიდრე ჩვენს სიყვარულს?
-ეგ არაფერ შუაშია. თავადაც მიცნობ და არ გესწავლება, რომ სხვის ჭკუაზე არასოდეს გამივლია. მე ყოველთვის ჩემს აზრზე ვდგავარ.
-მაშინ ახსენი, რატომ მოიქეცი ასე?-თვალებიდან ცეცხლს ყრიდა მამაკაცი.
-ერთი მხრივ დემეტრეს მშობლებთან ცხოვრების შანსს ვაძლევდი, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი სიყვარულის სიმტკიცეს ვამოწმებდი.
-ნორმალური ხარ? რა ჯანდაბა მოიგონე?
-უნდა დავრწმუნებულიყავი, ისე ვერ გავაგრძელებდი შენთან ურთიერთობას.
-და რაში უნდა დარწმუნებულიყავი? შევახტებოდი თუ არა ნატა ანდრიადს? ვგავარ ისეთ ადამიანს, რომელიც სადაც კაბიანს დაინახავს, მაშინვე შარვალს იხდის და ქუჩის ძაღლივით ცხოველურ ჟინს იკმაყოფილებს?
ნინომ გაგულისებული მამაკაცის წინაშე ხმა ვერ ამოიღო.
-გეკითხები და პასუხი გამეცი!-ხმას კიდევ მეტად აუწია გავაშელმა.
გოგონამ თავი გაიქნია.
-ვერ გავიგე. ამოიღე ხმა და მიპასუხე!-მომთხოვნი იყო მამაკაცი,-მითხარი:-არა, დუდა!
-კარგი, ასე ნუ მელაპარაკები.
-თქვი!-იღრიალა დუდამ.
-არა, დუდა!-გაიმეორა ნინომ,- კმაყოფილი ხარ?
-მომიცია ოდესმე მიზეზი, რომ გეეჭვიანა?
-არა.
-აბა, რამ გაფიქრებინა, რომ გიღალატებდი?
-მაპატიე, მაგრამ პირველ ადგილზე დემეტრე და მისი მომავალი დავაყენე.
-ჯერ იმ კითხვაზე გამეცი პასუხი!
-შეგამოწმე.
-იცი, რისი ღირსი ხარ ახლა? ჰმ, იცი?
გიორგაძეს მთელი სხეული აუდუღდა. ვეღარ უძლებდა დუდას რისხვას და ვერც ვერაფერს ეუბნებოდა, რომელიც მის გადაწყვეტილებას უფრო ღრმა ახსნას მოუძებნიდა. იცოდა, რომ აზრი არც ჰქონდა, მაინც ვერ გაუგებდა და ამას ელოდებოდა კიდეც და ყველაფრისთვის თავიდანვე მზად იყო. ერთადერთი, რაც ვერ გათვალა, საყვარელი მამაკაცის წყობიდან ასეთი გამოსვლა იყო.
-იმის ღირსი ხარ, რომ ზურგი შეგაქციო და ახლა მე წავიდე შენი ცხოვრებიდან, იმიტომ, რომ არასანდო ადამიანი ყოფილხარ და კიდევ იმიტომ, რომ არ იმსახურებ ჩემნაირ ერთგულ ადამიანს გვერდში,-აგრძელებდა მამაკაცი.
ბოლო სიტყვები სახეში სილის გაწნის ტოლფასი იყო ნინოსთვის და ძალიან ეწყინა. გავაშელისგან ზურგით შებრუნდა, სახეზე ხელები აიფარა და გული ამოუჯდა. დუდას კიდევ უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ ატირებული პარტნიორი რომ დაინახა, სიტყვა პირზე შეაშრა. ცოტა ხანს გაუძლო მის ცრემლებს და მერე სამზარეულოში გავიდა, რომ მისთვის წყალი მიეტანა:
-გამომართვი და დალიე,-წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა.
-არ მინდა.
-ცოტა დალიე და დაწყნარდი.
-წაიღე, არ მინდა!- სიტყვებს ძლივს ამბობდა აცრემლებული.
-ნუ იცი ასეთი გაჯიქება!
როგორც იქნა, ათრთოლებულმა ჭიქა გამოართვა, რამდენიმე ყლუპი მოსვა, მაგიდაზე დადო და დასამშვიდებლად დივანზე ჩამოჯდა.
გავაშელი იატაკზე დაჯდა, კედელს ზურგით მიეყრდნო და გადაღლილი თვალებით შეხედა ჯერ კიდევ მომტირალ გიორგაძეს, რომელიც სრუტუნებდა და ერთჯერადი ხელსახოცებით დასველებულ თვალებს და ღაწვებს იწმინდავდა.

***
ავტოავარიის შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ გარშემომყოფები იქაურობას განარიდა და სასწრაფო დახმარების მანქანის ექიმთა ბრიგადა მიუშვა. მსუბუქად დაშავებულ ტრაილერის მძღოლს სახეზე მიღებული ჭრილობები დაუმუშავეს, ხოლო გარდაცვლილის გვამის დათვალიერებისას სიკვდილი დააფიქსირეს და ოფიციალური ცნობა შეადგინეს.
გამომძიებელი და მასთან ერთად მყოფი თანამშრომლები თავის საქმეს შესდგომოდნენ. ოჯახის წევრებისთვის უკვე შეეტყობინებინათ და მათ გამოჩენას ელოდებოდნენ. მანქანა რამდენიმე ადგილას გაიჭრა და ცხედარი ამოიყვანეს. თანდათან აღდგა სატრანსპორტო მოძრაობაც...

***
დუდას გონება ნაომარ ველს ჰგავდა, რომელიც ბოლო ერთ საათში მიღებულ ინფორმაციას მეხსიერების დაფაზე ვეღარ იტევდა და ემოციებსაც კი თავგზა აჰბნეოდათ. აღარ იცოდა, რომელი ერთს განიცდიდა- ნინოსგან მიყენებულ ტკივილს, შვილის გარდაცვლილი დედის სიბრალულს, სიყვარულის დაბრუნებას, თუ მამობრივ პასუხისმგებლობას?.. თვალები დახუჭა და ცოტა ხნით დარჩა შინაგან სამყაროში, სადაც ფიქრები და შეგრძნებები ერთმანეთს შეჭიდებოდნენ და შექმნილ ქაოსს კიდევ უფრო ქაოტურ მდგომარეობაში ზრდიდნენ. თვალები რომ გაახილა, პარტნიორს შეხედა, რომელსაც თვალი ფანჯრისთვის გაეშტერებინა და განადგურებული სახით იყურებოდა.
- დავიჯერო, აქამდე ვერ გამიცანი?-კითხვით მიიქცია ყურადღება მამაკაცმა.
-რომ არ გამეცანი, შენთან არ ვიქნებოდი.
-არ ვიცი, შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ პირადად ჩემთვის ცხოვრება წუთებით კი არა, არამედ განსაკუთრებული მომენტებით ისაზღვრება. მე შენში ის განსაკუთრებული მომენტები შევიყვარე, რაც თავს გადაგვხვდა, დაგვაახლოვეს და დღემდე ლამაზად გრძელდებოდა. ასე, რომ ილუზია იყო ეგ ყველაფერი, დუდა გავაშელს საკუთარი პრინციპებისთვის გადაეხვია და ჩვენი გრძნობები ოდესღაც არშემდგარ, მახინჯ კავშირში გადაეცვალა.
-მაპატიე,-მთელი გულწრფელობით თქვა გოგონამ და დასიებული თვალები პარტნიორს გაუსწორა.
-არ ხარ ღირსი!- დუდა იატაკიდან ადგა და მანქანის გასაღებს დასწვდა.
-სად მიდიხარ?
-თბილისში.
-მეც წამოვალ.
მამაკაცმა მხრები აიჩეჩა და მისთვის აღარ შეუხედავს, ბინიდან გავიდა. ნინოც უკან გაჰყვა.
სადარბაზოსთან სოფო შეეჩეხათ. გავაშელი გოგონას მიესალმა და მანქანისკენ წავიდა. გიორგაძე მეგობარს მიუბრუნდა:
-სემინარზე ვეღარ დავრჩები, თბილისში მივდივარ.
-თუ შენი სახის და იმ ვაჟბატონის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, მარტივია, დაადგინო, რომ არც თუ ისე სასიამოვნო საუბარი გქონდათ.
-ჰო, სწორად მიხვდი.
-მერე ეს ყველაფერი ამად გიღირდა?
-დიახ.
-მაინც რომ არ იშლის თავისას,-თავი გაიქნია ნერვებმოშლილმა სოფომ, -რატომ გიღირდა?
-იმიტომ, რომ ნატა დარწმუნებულიყო, დუდას ის ვეღარ დაიბრუნებდა, მე დავრწმუნებულიყავი, რომ პარტნიორს ნამდვილად ვუყვარდი და ყველაზე მთავარი-დემეტრეს წინაშეც სუფთა ნამუსი მქონოდა.
-თხასავით ჯიუტი, მაგრამ მაინც დიდი ადამიანი ხარ და ამიტომ მიყვარხარ, -გულაჩუყებულმა სოფომ ვეღარ მოითმინა და მეგობარს გადაეხვია.
-მეც მიყვარხარ.
-მართლა, ნატა სად არის? რატომ არ მოვიდა?
-ერთი საათის წინ, ავტოავარიაში მოჰყვა და დაიღუპა.
-რა?-მოულოდნელობისგან პირზე ხელი აიფარა გოგონამ.
-ჰო.
-ღმერთო, ეს რა უბედურებაა? ახლა რას აპირებთ? დემეტრესთან მიდიხართ?
-სავარაუდოდ კი. დუდამ ბავშვის ცხოვრების შესახებ არაფერი იცის. ჩემი აზრით, საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გველოდება.
-კარგი, მაშინ აღარ მოგაცდენთ. მეც მაგვიანდება და წავალ.
-ბოდიში, სოფო, რომ ტყუილად გალოდინე.
-ეგ არაფერი. წავედი, აღარ დაგაყოვნებთ, -დაემშვიდობა და ქუჩის მეორე მხარეს გადაკვეთა გზა.
გავაშელს მთელი გზა ხმა არ ამოუღია. არც ნინოს გამოუჩენია ინიციატივა, რომ ჯერ კიდევ მასზე გულმოსულ პარტნიორისთვის რამე თემაზე დაეწყო საუბარი. თბილისში ჩასულმა მაშინვე წყნეთის ბავშვთა სახლისკენ აიღო გეზი. მანქანა შენობის წინ გააჩერა და მხოლოდ მაშინ მიუბრუნდა:
-ყველაფერი მიამბე ჩემს შვილზე.

***
პროზექტურაში მისულმა ლევან მაისურაძემ მაშინვე ამოიცნო მეუღლის გვამი. პოლიციელებმა სამწუხარო ამბავი მიუსამძიმრეს და გარდაცვლილის მანქანაში აღმოჩენილი ნივთები გადასცეს. ცალ ხელში წითელი ჩანთა ეკავა, მეორეში მობილური ტელეფონი და საცოდავად დასცქეროდა. გული ეგლიჯებოდა, რომ ნატალია ანდრიადის ტელეფონი აღარასოდეს დარეკავდა და ვეღარც მის ხმას გაიგონებდა...

***
გავაშელმა ბავშვთა სახლის ადმინისტრაციას მიაკითხა და დემეტრეს წამოყვანასთან დაკავშირებით ყველა საჭირო წარსადგენი საბუთის ნუსხა ჩამოწერა, შემდეგ ბავშვს ოთახში მიაკითხა და სალაპარაკოდ ეზოში გაიყვანა:
-გინდა, მეც თქვენთან ერთად ვიქნები და დაგეხმარები,-შესთავაზა ნინომ.
-არ არის საჭირო! მარტო დამტოვე! - დაუბღვირა მამაკაცმა.
-როგორც ჩანს საჭირო არ ვარ შენთვის და სახლში წავალ,-ნაწყენმა მიუგო.
-აქ დარჩები! დემეტრესთან საუბარს მოვრჩები და შენთან სხვა საქმე მაქვს.
ნინომ მამა-შვილი დატოვა და განცალკევებით სკამზე ჩამოჯდა. თავი მობილურში ჩარგო და დროის გასაყვანად თამაში დაიწყო. ხანდახან თვალს ინტერესით აპარებდა მათკენ და მერე ისევ ტელეფონის ეკრანს აშტერდებოდა.
დუდამ ბავშვს სხვანაირად შეხედა. ოდნავ ღელავდა, მაგრამ არ ეტყობოდა. სჯეროდა, რომ დემეტრე მიიღებდა. საუბარი ყოველდღიური სასაუბრო თემებით დაიწყო და ბიჭი მარტივად აიყოლია. შემდეგ ცოტა ხანს გაჩუმდა, ხელი უხერხულად დაისვა წვერზე და დაიწყო:
-დემე, მე რომ გიშვილო, წამოხვალ ჩემთან?
ბიჭი არ მოელოდებოდა საუბრის ასეთი კუთხით შემობრუნებას. ჯერ სახე უცნაურად შეეცვალა, თითქოს გაუკვირდა, მერე ბაგე სუსტმა ღიმილმა გაუკვეთა და თვალები დაუმრგვალდა:
-მართლა? რა მაგარია!
-გამიწევ შვილობას?-გაეცინა დუდას.
-შენ თუ გამიწევ მამობას? -თვალები ეშმაკურად დააწვრილა და მაიმუნობის ხასიათზე მოვიდა.
-აბა, რას ვიზამ?
-მაშინ თანახმა ვარ.
-კიდევ მინდა, ერთი რაღაც გკითხო.
-მკითხე.
-რომ გაგეგო, რომ მართლა მამაშენი ვარ, მაშინაც ასე გაგიხარდებოდა?
ბავშვი დაფიქრდა. ფეხები აათამაშა და მხიარული სახით შეხედა:
-დიახ.
-მაშინ აღარ გავაჯანჯლებ და პირდაპირ გეტყვი, რომ მამაშენი ვარ.
ბიჭმა ფეხების თამაში შეწყვიტა და სახეზე ღიმილი შეეყინა:
-ეგ როგორ?
- დღეს გავიგე, რომ შენნაირი არაჩვეულებრივი შვილის მამა ვარ.
-მე ხომ მყავდნენ მშობლები?
-ისინი ნამდვილი მშობლები არ აღმოჩნდნენ.
-და ბებო? არც ის არის ნამდვილი?
-არც ის არის შენი ნამდვილი ბებო.
ბიჭი დიდ გაურკვევლობაში ჩავარდა და ინსტიქტურად ნინოსკენ გაიხედა. თითქოს უნდოდა, რომ იმ წამს გვერდში ჰყოლოდა. დუდამაც გახედა გოგონას. მოწყენილი იჯდა, სხვა მხარეს იყურებოდა.
-მოდი ჩემთან, დემეტრე,-მამაკაცი გადაიხარა და ბავშვი მისკენ მიიზიდა. ბიჭს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
-დედაჩემი სად არის?
-დედამაც არ იცოდა, რომ ცოცხალი იყავი. ჩვენ ორივეს გვეგონა, რომ ექიმებმა დაბადებისას ვერ გადაგარჩინეს. აღმოჩნდა, რომ შენი თავი სხვას გადასცეს, ჩვენ კი სხვისი შვილი მოგვცეს, რომელიც გარდაცვლილი იყო.
-ექიმებს შეეშალათ?
დუდამ ღრმად ამოიოხრა და ბავშვს ოქროსფერ თმაზე აკოცა:
-ჰო, შეეშალათ და ჩვენი შვილი სხვას მისცეს.
-ვინ არის დედაჩემი?
-დედამ გაგიცნო. რამდენიმე დღის წინ აქ იყო და გნახა.
-ნინოსთან ერთად რომ უცნაური ქალი მოვიდა, ის არის დედაჩემი?
-უცნაური?-გაიკვირვა დუდამ.
-ჰო, რა ვიცი. წესიერად ვერ ლაპარაკობდა. ენა ებმოდა.
-დემე, სამწუხარო ამბავიც უნდა გითხრა. ის ქალი, ანუ დედაშენი დღეს ავტოავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა.
-მართლა? -ბავშვმა თვალები დახარა, შეეცოდა.
-ცოცხალი რომ დარჩენილიყო, აუცილებლად წაგიყვანდა აქედან და ერთად იცხოვრებდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არც ჩემთან და ნინოსთან ყოფნაზე იტყვი უარს,-ლოყაზე თითებით მიეფერა პატარას.
ბავშვმა საყვარელი და ჭკვიანი თვალებით ახედა. დიდხანს უყურა მამამისს, მერე კოპები შეკრა და ნინოს გახედა. გოგონა ფეხზე წამომდგარიყო და აქეთ-იქით ნერვიულად დადიოდა.
-შენ და ნინო შეყვარებულები ხართ?
-ჰო. ცოლად მინდა რომ მოვიყვანო. წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ ჩვენთან იცხოვროს?-გაეცინა დუდას.
ბავშვსაც გაეცინა:
-ნინო ძალიან მიყვარს.
-ნინოსაც უყვარხარ და მეც.
-აქედან როდის წამიყვან?
-როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ და დოკუმენტებს შევაგროვებ, იმ დღესვე წაგიყვან. მანამდე კი გპირდები, თითქმის ყოველ დღე აქ ვიქნები და არ მიგატოვებ.
ბავშვს სახე გაუბრწყინდა და სიამოვნებისგან გაიყურსა. გავაშელი სხვა თემაზე გადავიდა:
- შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
-გისმენ.
-ყური მოსწიე და გეტყვი.
ბიჭი ცნობისმოყვარეობას ვეღარ მალავდა, მაშინვე მამამისისკენ მიიწია. დუდამ თავისი გეგმები გააცნო და ცოტა ხნის შემდეგ ნინოს სერიოზული მზერა მიაპყრო:
-ნინო, მოდი აქ!
გოგონა არ ელოდებოდა, რომ გავაშელი დაუძახებდა. თავადაც სერიოზული სახით მიადგა მოსაუბრეებს. დემეტრე ეშმაკური თვალებით უყურებდა მამამისს და ტუჩებს პრუწავდა.
-უთხარი დემე.
-რა უნდა მითხრას?- სახის მიმიკა არ შეუცვლია გოგონას.
ბავშვი თითქოს ვერ ბედავდა, ერიდებოდა. მერე დუდას შეხედა და უსაყვედურა:
-მე რატომ უნდა ვუთხრა? შენ ვერ ეტყვი?
-ასეა საჭირო.
ბავშვმა მორცხვად ახედა ნინოს, მერე მოკუმული ტუჩები გახსნა და ისე, რომ თვალებს ვერ უსწორებდა, ის სიტყვები გაიმეორა, რაც მამამისმა სთხოვა:
-გაჰყვები დუდას ცოლად?
გოგონა შეკრთა. იმ ფონზე, რაც დუდას და მის შორის მანამდე ხდებოდა, ყველაფრის ასე შეტრიალება სრული მოულოდნელობა იყო. განცვიფრებისგან აღარ იცოდა რა ექნა. ხელებს უაზროდ იკიდებდა ხან ყელზე, ხან თმებზე. მერე სიცხისაგან ნახევრად გამხმარ ბალახზე გადაიტანა მზერა. გულიც აუჩქარდა, ტირილი მოუნდა. გულის სწორს შეხედა, მაგრამ ის რატომღაც არ უყურებდა და ისევ ცივი გამომეტყველებით იჯდა, თუმცა პასუხის მოლოდინში გული მასაც აჩქარებოდა. ნინოს სიტყვამ დააგვიანა და დემეტრემ უცნაურად გადახედა მამას. მამაკაცი ნინოს დუმილმა შეაშინა და თავზე წამომდგარ გოგონას თავისებური გამჭოლი მზერით ახედა. გიორგაძეს ტუჩები გაებუსხა და კიდევ არ ჩქარობდა ხმის ამოღებას.
-ნინო, ჩემი შვილი და მე ხელს გთხოვთ. პასუხი გვჭირდება.
-სად არის ბეჭედი? ეგ მაინც ამოიღე, ბრინჯივით რომ დაიბენი. მაგასაც მე ხომ არ გავუკეთებ? -დემეტრემ აღელვებულ დუდას შეხედა და შუბლზე ხელი დაირტყა.
ნინოს დემეტრეს სიტყვებზე გაეღიმა. ბავშვმა თვალი ჩაუკრა.
-ნეტავ, ვისი სკოლაა? ლოლასი, თუ ნინოსი?-თავი გაიქნია და პატარა ყუთი გახსნა.
-ორივესი,-წარმოთქვა გოგონამ და თვალები გაუსწორა.
დუდა წამოდგა, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ოქროს ბეჭედი ყუთიდან ამოიღო და თაფლისფერი თვალები ჯერ მის ლამაზ და წყლიან თვალებს, შემდეგ ალუბლისფერ ტუჩებს შეავლო:
-გისმენ, ნინო. მზად ხარ, ჩემთან და დემეტრესთან ერთად იცხოვრო?
-თანახმა ვარ,-დაბალ ხმაზე წარმოთქვა და ტუჩები აუკანკალდა.
როგორ უნდოდა, რომ გულში ჩაეხუტებინა და მისი მღელვარება თავისი სითბოთი დაეცხრო, მაგრამ დილანდელი ოინები რომ ახსენდებოდა, სიბრაზე ისევ თავისას შვებოდა. ხელი დინჯად მოჰკიდა, თითებს ნაზად შეეხო და ბეჭედი გაუკეთა. ძალიან მოუხდა გოგონას თლილ თითებს გულისწორის გემოვნებით შერჩეული სამკაული. ნინოსაც მოსწონდა, ან როგორ შეიძლებოდა, რომ არ მოსწონებოდა? მას ხომ სიყვარულის ელფერი დაჰკრავდა? ის ხომ საყვარელი ადამიანის გულიდან წამოსული გრძნობების სიმბოლო იყო? მამაკაცმა მზერა თითებს მოსწყვიტა და ისევ ზღვისფერ თვალებს გაუსწორა. როგორც ყოველთვის, ისევ მოჯადოვდა და ლურჯ სივრცეში ჩაიკარგა.
გახარებული დემეტრე სკამიდან წამოდგა და ჯერ ნინოს, მერე მამამისს ჩაეხუტა. პირველადმა ეიფორიამ რომ გადაუარათ, დუდა და ნინო სკამზე ჩამოსხდნენ და ბავშვს ირლანდიაში მოგზაურობაზე გაუბეს საუბარი. დემეტრე აღტაცებისგან სულ სხვა სამყაროში იყო. სწორედ ისეთში, როგორსაც ყოველ საღამოს ღმერთს ავედრებდა.

***
დემეტრესგან წამოსულებს ერთმანეთთან ისევ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ნინომ რამდენჯერმე სცადა, რომ სიტუაცია განემუხტა და საუბარი სხვა რაღაცებზე წამოიწყო, მაგრამ დუდა არ აჰყვა, თითქოს ისევ აგრძელებდა მის დასჯას. გიორგაძესაც მობეზრდა და გაჩუმდა. საცხოვრებელ კორპუსს რომ მიუახლოვდნენ, აღარაფერი უთქვამს, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და სადარბაზოში შევარდა. ბინაში ასული სახეზე წყრომისგან გაწითლებულიყო. გახურებულ ლოყებზე ხელები მოიკიდა და გულისტკივილით ხმამაღლა წამოისროლა სიტყვები:
-ბოღმა! ღვარძლიანი! ტირანი!
გავაშელს მანქანა არ დაუძრავს. ნინოს ფანჯრებს უყურებდა. მერე სამზარეულოს ფანჯრებში შუქი გამოჩნდა და მიხვდა, რომ უკვე სახლში იყო:
-საძაგელი გოგო!-ღიმილით ჩაილაპარაკა და ეზო დატოვა.
გოგონას მთელი დღის განმავლობაში მიღებული ემოციები ფურცელზე უნდოდა, რომ გადაეტანა. „ზინს“ მიაკითხა და ფიქრები მელნად აქცია:
„ ზუსტად ვიცი, დუდა რომ არ გამოჩენილიყო, სამუდამოდ მარტო დავრჩებოდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს პიროვნებას მხოლოდ ეს ადამიანი იმსახურებს. მე კი მას. სხვა ვერც გამიგებს. ვერც მე გავუგებ. არ ვიცი რითი მიმიზიდა, მაგრამ როცა ვხედავ, მისი შინაგანი სამყარო ასეთი მყარი, ჩამოყალიბებული, რთული და ამასთანავე მკაცრია, ძალაუნებურად მითრევს და აღარ მინდა, იქიდან გამოვიდე. ყველაზე მეტად კი ის მომწონს, სხვისთვის დახურული და რთულად მიღწევადი, ჩემთვის რომ ღიაა. ამას ყველაზე დიდი მუღამი აქვს. კიდევ მისი პრინციპულობა, ქარიზმა და ერთგულება მიყვარს. მისი სიბრაზეც მიყვარს, რადგან არასოდეს არის სამართლიანობას მოწყვეტილი. არ ეგონოს, რომ ჩემთან მშვიდად იქნება, კიდევ ბევრჯერ გამოყოფს ღობის უკან დამალული ლოლა ცხვირს, თავისებურ სიანცეს ჩაიდენს და ააფორიაქებს, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი, რომ მასზე გიჟდება, ისევე როგორც ნინოზე და შეეგუება.
ვიცოდი, რომ ჩემი გადაწყვეტილებით დუდას ძალიან გავაბრაზებდი, მაგრამ არ შემეძლო, საკუთარი თავის და სურვილების წინააღმდეგ ვერ წავიდოდი. ისიც ვიცი, რომ მასაც მოსწონს ჩემი პრინციპულობა, თუმცა არ აღიარებს. ან რა საინტერესო უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც დაპროგრამებული კომპიუტერივით დავუწყებთ მართვას? მარიონეტთან ვერასოდეს ვიცხოვრებდი. ვერც დუდა იცხოვრებდა მასთან.“
დღიური დახურა, ცოტა ხნით თვალები დახუჭა და საყვარელი მამაკაცი წარმოიდგინა. ტუჩებზე ღიმილი მოადგა. იცოდა, რომ სიყვარული ისევ ჩაიდენდა თავის ჯადოქრობებს და ამ მძიმე დღეს ნანახი სიზმარივით გადააგორებინებდათ.

***
ნატალია ანდრიადის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მისულიყო. მოწყენილ ლევანს თვალის ქუთუთოები სევდისგან დასწეოდა და ტუჩის კუთხეები ჩამოშვებოდა. მის გვერდით ვიკა იდგა და ანუგეშებდა.
გარდაცვლილის დედის განწირული ხმა და მამის არაადამიანურად ნატანჯი სახე გარშემომყოფებში სიბრალულის გრძნობას იწვევდნენ. ბოლოჯერაც გამოეთხოვნენ დამფერფლავი სიტყვებით მიცვალებულს და სამარეს რამდენიმე ნაბიჯით დაშორდნენ. მესაფლავეებმა კუბოს თავსახური დააფარეს და მიწაში ნელა ჩაუშვეს. ლევანს მთელი სხეული ნაწილებად ჩამოეშალა. ვეღარ გაუძლო ამ სიმწარეს და თვალზე ცრემლი მოადგა. მესაფლავეები იმ დღეს მორიგ ცხედარს კრძალავდნენ, მისთვის კი ცხოვრების ნაწილს. უგულოდ იდგნენ, ხელში ბარები ეჭირათ და მიწის დასაყრელად ემზადებოდნენ. გოროხები მთელი ძალით ეცემოდნენ კუბოს თავსახურს და ყრუ ხმებს გამოსცემდნენ. უყურებდა ვიკა მეგობრის მიწაში ჩადებულ საკაცეს და ტიროდა, რადგან მისგან მიღებული ტკივილი ახსენდებოდა, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში გაუყუჩებლად აწუხებდა:
- შენმა მატარებელმა უგზოუკვლოდ იარა, იარა და ბოლოს ისეთ ლიანდაგზე გადავიდა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა. ეჰ, რას ვიზამთ? ცუდი მემანქანე აღმოჩნდი. მაინც როგორ მენდე? რატომ დაიჯერე, რომ ლევანის წართმევას შეგარჩენდი? ვფიქრობ, ჩემს როლს არაჩვეულებრივად გავართვი თავი. კარგად ვითამაშე მზრუნველი მეგობრის როლი. დუდას გამოჩენისთანავე შეგიჩნდი და თავგზა აგირიე. ძალიან არ მანაღვლებდა მიგიღებდა, თუ არა, უბრალოდ ლევანისთვის შენი ნამდვილი სახე მინდოდა, მეჩვენებინა. მსურდა, მისთვის დამენახებინა, ვინ უყვარდა. სამწუხაროა, რომ დროზე ადრე ჩაძაღლდი, კიდევ მქონდა გეგმები. დუდასგან და ქმრისგან მიტოვებული მინდოდა, მენახე. ერთი სული მქონდა, ზიზღით სავსე ლევანის სახე დამენახა, როცა სახლიდან გამოგაგდებდა. სამწუხაროა, ბოლომდე განადგურებული შენი თავის ნახვა რომ არ დამცალდა.
გარდაცვლილის დედას გახედა და ბოროტი სახით ჩაილაპარაკა:
-Karma’s a bitch!
მერე ლევანს შეხედა: -შენც მოხვალ გონზე. ამდენი წლის განმავლობაში თვალებზე რომ ლიბრი გქონდა გადაკრული და ვერაფერს ამჩნევდი, ახლა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავ და დიდი იმედი მაქვს, მართალს ტყუილისგან გაარჩევ. მე კი რაღა დამრჩენია? ჩემი მოთმინების უკანასკნელ რეზერვსაც გამოვიყენებ და ბოლოს, საკუთარი ფეხით მოგიყვან ჩემამდე. ყველაფერს გაპატიებ. არა იმიტომ, რომ იმსახურებ, არამედ იმიტომ, რომ მიყვარხარ. მანამდე კი მინდა, გააცნობიერო, რაც მიქარე და თავად გათქმევინო, რომ ჩემთან დიდი შეცდომა დაუშვი. ასეც იქნება!- ფიქრობდა ვიკა და სასაფლაოდან წასულ ხალხს მაისურაძესთან ერთად მიჰყვებოდა.

---
ზურმუხტისფერ ქვეყანაში დილიდან წვიმა ცრიდა და ჰაერში სუსხიც იგრძნობოდა, მაგრამ ამ ფაქტს არცერთისთვის ხელი არ შეუშლია, რომ დუბლინის ქუჩებში გასულიყვნენ და საერთო სახალხო დღესასწაულს სხვების მსგავსად მწვანე ბუშტებით შეერთებოდნენ. გრეფტონის ქუჩა სავსე იყო სავაჭრო დახლებით. ხალხი ბუზებივით ირეოდა და ზოგი ტანსაცმელს, ზოგიც კი სუვენირებს ათვალიერებდა და ყიდულობდა. მუსიკოსები ფლეიტით, გუდასტვირით და ვიოლინოთი ართობდნენ მათ წინ შეკრებილებს. დემეტრეს განსაკუთრებით ერთი შლიაპიანი მოეწონა, რომელიც თოკზე გადიოდა და იმავდროულად ვიოლინოთი ტრადიციულ ირლანდიურ მუსიკას უკრავდა. იქვე იყვნენ ლეპრიკონების ფორმაში გადაცმული მსახიობებიც, რომლებიც მსურველებთან სურათებს იღებდნენ და სიმბოლურად პლასტმასისგან დამზადებულ „ოქროს მონეტებს“ სჩუქნიდნენ, რომლებსაც მათი თქმით, იღბალი და წარმატება მოჰქონდათ. ბარებიდან ლუდისგან გაბრუებული და ოდნავ შემთვრალი ხალხის მხიარული შეძახილები, სიცილი, ხარხარი და სიმღერების ხმა გამოდიოდა. ქვაფენილად დაფენილ ვიწრო ქუჩებში მოსიარულეების ტევა არ იყო. ბავშვი მხიარულად მიჰყვებოდა დუდას და ნინოს და ცნობისმოყვარე თვალებით აკვირდებოდა მის თვალწინ გადაშლილ სიახლეებს.
მალე წვიმამაც გადაიღო და ნაცრისფერი ღრუბლებიდან მზემ ოდნავ გამოაჭყიტა.
-გინდათ, წმინდა სტეფანის მწვანე პარკში შევიდეთ? -წინადადება წამოაყენა დუდამ.
-აუ, კი,-მაშინვე დაეთანხმა დემეტრე.
-მოდი, მაშინ აქეთ გავუყვეთ, ნავიგაცია ამ გზას მიჩვენებს,-გაუღიმა გვერდში მყოფებს და იორკის ქუჩის მიმართულებით ააღებინა გეზი.
დუბლინის ცენტრში გაშენებული პარკი უზარმაზარ ტერიტორიას იკავებდა, რომელიც უამრავი, მოვლილი მცენარეების წყალობით მთლიანად მწვანეში ჩაფლულიყო. პირველი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, სიმშვიდე, სისუფთავე და მრავალფეროვანი ფლორის საოცარი დეკორატიული ურთიერთშეხამება იყო. ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი ფილტვებს სასიამოვნოდ ხვდებოდა. ჰაერში ბზების, ყვავილების და ხის მერქნის სუნი ტრიალებდა, რომელიც ახლადნაწვიმარ მიწის სუნს უერთდებოდა.
-აქ ჩამოვსხდეთ, -დასვენება მოინდომა ნინომ და დიდი ხის ქვეშ, სკამზე ჩამოჯდა.
დემეტრე წყალში მოცურავე იხვებს და გედებს მიუახლოვდა და სურათების გადაღება დაუწყო.
-იცი, ვუყურებ დემეტრეს და არაფრის მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, შენგან რამდენი შვილიც არ უნდა მეყოლოს, არასოდეს გამოარჩევ მათგან.
-ადრეც მითქვამს და ახლაც გეტყვი, ეს ბავშვი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
-გატყობ და მიხარია. ისიც ვიცი, ყველანაირად მხარში დამიდგები, რომ ღირსეულ პიროვნებად აღვზარდოთ.
ნინომ თავი დაუქნია და ზურგით მკერდზე აეკრო. დუდამ მხარზე ხელი მოჰხვია და ყურის ძირთან ჩურჩულით უთხრა:
-არასოდეს მითქვამს, რომ მიყვარხარ.
-არც მე.
-მიყვარხარ, ნინიკო!
-მეც.
-ნახეთ რა ლამაზი სურათები გადავიღე,- დემეტრე გახარებული წამოადგათ და ფოტოკამერა ახლოს მიუტანა.
-ამას უყურე, როგორი კარგი ხედვა აქვს,-ნამუშევარი მოუწონა ნინომ და მეუღლესაც აჩვენა.
-ყოჩაღ, დემე. კარგია!- აღიარა დუდამ.
-მოდი ეს ბუშტები ჰაერში გავუშვათ, მთელი დღეა ხელში მიჭირავს,-სასაცილოდ დაიჯღანა ბავშვი.
-წავიდეთ,-ერთხმად თქვეს, ფეხზე წამოდგნენ და დემეტრეს გაჰყვნენ.
მზეს კიდევ მეტად გამოეჭყიტა თვალი ღრუბლებიდან და დედამიწაზე სითბოს აფრქვევდა. მდელოზე შემდგარმა ბავშვმა ბუშტებს ხელი გაუშვა და ცაში აჭრილებს ღიმილით გააყოლა თაფლისფერი თვალები. ნინოც უყურებდა ჰაერში მოფარფატე ბუშტებს და ბედნიერებით სავსე თვალებს ვერ წყვეტდა. დუდა შესცქეროდა მისთვის ორ ძალიან საყვარელ ადამიანს, რომლებსაც ცისკენ ჰქონდათ მიპყრობილი თვალები და მზის სხივებში თვალებაბრჭყვიალებულებს თავის ბროლის თოჯინებს ამსგავსებდა.
მწვანე იყო მათი ბედნიერება, გაზაფხულის ყვავილებთან ერთად, ხეში ახლად გამოტანილი, ხასხასა ფოთლებივით მწვანე, რომელიც ცას, ღრუბლებს და მზეს სწვდებოდა... ვინმეს რომ იმ წამს ბუშტებისთვის მომზირალ, შესანიშნავ სამეულისთვის შეეხედა და მათი სახეები კადრად აღებეჭდა, ნამდვილად დაიჯერებდა, რომ ბედნიერება ზურმუხტისფრად გაფერადებულიყო...




№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

საიტზე დაფიქსირებული ხარვეზის გამო, "ბროლის თოჯინების" მე-2 და მე-3 ნაწილები წაიშალა. მკითხველის მოთხოვნით ისინი აღდგენილია.
პატივისცემით,
ავტორი
❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2 სტუმარი სტუმარი ელისო

ახალი ისტორია მინდა დამხვდეს :)

 


№3  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ელისო
ახალი ისტორია მინდა დამხვდეს :)

ელისო, ვმუშაობ ახალზე და ამ თვეში იმედი მაქვს, დავიწყებ ატვირთვას ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№4 სტუმარი სტუმარი ელისო

მოუთმენელი მოთმინებით დაველოდები :)

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ელისო
პატივისცემით,

მადლობა ❤️
ერთი თავი ავტვირთე უკვე :)))
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკა

ძალიან ვისიამოვნე,აქამდე როგორ გამომრჩა წასაკითხი არ ვიცი. თუმცა ახლა სრული ვარიანტია და ეფექტიც მეტია. იმდენად კარგად და საინტერისოდ წერ სანამ ბოლომდე არ გავედი თავი ვერ დავანებე.ყოჩაღ, ასე გააგრძელე.

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

საოცარი ადამიანი ხარ და არაჩვეულებრივად წერ.მხოლოდ ახლა დავიწყე შენი ისტორიების კითხვა და ამ ორი ისტორიით თუ ვიმსჯელებ,წინ კიდევ მელის დიდი სიამოვნება heart_eyes
--------------------
ლანა

 


№8  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი მარიკა
ძალიან ვისიამოვნე,აქამდე როგორ გამომრჩა წასაკითხი არ ვიცი. თუმცა ახლა სრული ვარიანტია და ეფექტიც მეტია. იმდენად კარგად და საინტერისოდ წერ სანამ ბოლომდე არ გავედი თავი ვერ დავანებე.ყოჩაღ, ასე გააგრძელე.

მარიკა, ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო heart_eyes
"ბროლის თოჯინები" ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია.

La-Na
საოცარი ადამიანი ხარ და არაჩვეულებრივად წერ.მხოლოდ ახლა დავიწყე შენი ისტორიების კითხვა და ამ ორი ისტორიით თუ ვიმსჯელებ,წინ კიდევ მელის დიდი სიამოვნება heart_eyes

ლანა, გულწრფელად მიხარია შენი სიტყვები. ბედნიერი ვარ, რომ "ბროლის თოჯინები" ისევ იზიდავს მკითხველს.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9 სტუმარი სტუმარი Eka

Saocreba iyoooo????????????

 


№10  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი Eka
Saocreba iyoooo????????????


დიდი მადლობა, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№11 სტუმარი ეკა

საოცრებაა ვისიამოვნე

 


№12 სტუმარი ნატაშკა

ულამაზესი ამბავი. ძალიან მიყვარხარ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent