შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ყვავილების თაიგულით 3 (ეძღვნება 20 ივნისის ღამეს)


30-07-2019, 17:37
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 214

20 ივნისი - ტრაგედიამდე 8 საათით ადრე :
გათენდა. დაღლამ ჩემს სხეულზე საოცრად იმოქმედა. მთელი ღამე ვცეკვავდით და ვერთობოდით მე და ჩემი მეგობრები, მათ შორის სანდროც, რომელმაც დაბადების დღეზე საოცნებო ფოტოაპარატი მაჩუქა.
დილით, უფრო სწორად შუადღით ოთხ საათზე გამეღვიძა. ცეკვისგან და დგომისგან ფეხები დამსიებოდა. სასმელის შემდეგ ნაბახუსევს დიდად არ შევუწუხებივარ, თუმცა მაინც მწკლარტე გემო დამყვებოდა პირში. ადგომას არ ვჩქარობდი და ტელეფონი მოვიმარჯვე.
„დილამშიდობის, ჩემო თვალებციმციმა გოგო. ბედნიერად დაიწყე დღე. მე უკვე სამსახურში ვარ და შენ ალბათ გაბზეკილს გძინავს. ნეტავ ახლა შენი თავი ჩამახუტებინა, განსაკუთრებულად, საოცრად მინდა ჩაგეხუტო დღეს.“
დილის გამამხნევებელი მესიჯი ჩვეულებისამებრ გამოეგზავნა სანდროს და როგორც ყოველთვის ღიმილიც მომგვარა. იმ დღეს განსაკუთრებულად თბილი იყო ჩემ და ზოგადად სამყაროს მიმართ.
„მთებში მინდა წავლა, ელე. დამღალა ამ სამსახურმა, სტრესმა, სულ გადარბენაზე ყოფნამ. რა კარგი იქნება ახლა სიმწვანე, ჩიტების ჟღურტული და შენ. ნეტა მძინარე თავი დამანახა შენი.“
„აუ, ძალიან მომინდა ხინკალი. დღეს ვჭამოთ რა, ამ კვირას კი სადმე წავიდეთ, გთხოვ.“
მთელი დღე სიმშვიდეს ითხოვდა სამყაროსგან. უნდოდა ცოტა ხნით მოწყვეტილიყო ყველაფერს და დამშვიდებულ გულზე დაეწყო ახალი სამუშაო პერიოდი.
„ამ ქვეყნის უსამართლობამ დამღალა. ვმუშაობ, ვმუშაობ და დაფასება არ არის. ერთ მადლობას არავინ მეუბნება. გასაგებია, რომ ხელფასს მიხდიან, მაგრამ ცოტა მოტივაციაც ხო შეიძლება, ცოტა მოტივაცია...“
ყოველთვის უყვარდა მუშაობა და არასოდეს ამბობდა უარს სამსახურსა და შრომაზე, თუმცა ბოლო დროს წუწუნის ხასიათზე იყო. სასტიკად არ მოსწონდა, როდესაც ოდნავ მადლიერებას არ გამოხატავდნენ მის მიმართ და ისე ექცეოდნენ, როგორც დაბალი რანგის ადამიანს. ამბობდა - ფულს მიხდიან და ისე მექცევიან, თითქოს მათი მონა ვიყოო.
სანდროს განსაკუთრებულად უყვარდა ზღვა. ხშირად უთქვამს ვოცნებობ ზღვისპირა ქალაქში ცხოვრებაზეო. შეეძლო საათობით მჯდარიყო ზღვის ნაპირას და ჰორიზონტისკენ ეყურებინა. ყოველ წამს რაღაც ახალს აღმოაჩენდა ხოლმე და ბავშვივით შეჰკივლებდა სიხარულისგან.
„გავიცნობ გოგოს სერიოზული ურთიერთობისთვის. დაველოდები პირველ გიმნაზიასთან იასამნისფერი ვარდებით ხელში.“
ეს იყო ბოლო მესიჯი, რაც იმ დღეს მომწერა. რადგან შეხვედრა დათქმული გვქონდა მესიჯობით აღარ გადამიღლია, არ მინდოდა სამსახურში პრობლემები შექმნოდა თუნდაც ამ მიზეზის გამო. მალევე ავდექი და შხაპის მიღება გადავწყვიტე. თითქმის ყოველთვის რაღაც ზოგადსაკაცობრიო თემაზე მინდებოდა ხოლმე ფიქრი აბაზანაში, გამონაკლისი არც ის დღე იყო და თურმე ყველაფერს წინასწარ გრძნობდა ჩემი გული, ამას კი მხოლოდ მომხდარის შემდეგ მივხვდი.
-ომი რომ დაიწყოს და სანდრო ჯარში გაიწვიონ, როგორ შემეძლება მის გარეშე გაძლება, როგორ უნდა დავიძინო იმის ფიქრით, რომ ის ტყვიების წვიმის ქვეშ დგას და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორ უნდა შევძლო დაძინება, როდესაც ვიცი მისი ძილი არადა არ იქნება მოსვენებული. როგორ უნდა ვჭამო საჭმელი, როდესაც ის ნახევრად მშიერ-მწყურვალი იქნება. როგორ შეეძლოთ ჩვენს წინაპრებს ასე ცხოვრება.
შემდეგ 2008 წლის ომი გამახსენდა. ყველაზე საშინელი მოგონებები ამომიტივტივდა გონებაში და ის მებრძოლები გამახსენდა ბრძოლის ველზე გმირულად, რომ დაეცნენ. მიუხედავად გმირობისა და ქვეყნისთვის თავგანწირვისა, ოჯახისთვის სასტიკად ძნელი იქნებოდა ამ ყველაფრის გადატანა. მე წარმოსახვაზე ამიკანკალდა მთელი სხეული და ამის გადატანა საოცრად მძიმე იქნებოდა იმ მეუღლეებისთვის, რომლებიც ყოველ წამს ელოდნენ სახლისკენ მიმავალ ქმარს.
-რატომ ვფიქრობ ასეთ მძიმე თემაზე? წინ არაჩველებრივი დღეები გველის. ბაკურიანში წავალთ და განვიტვირთებით, შემდეგ იქნებ ზღვასაც გამოვკრათ ხელი და შებინდებისას ზღვის ტალღების ჩხრიალში, კოცონის პირას ვალსიც კი ვიცეკვოთ.
ნეგატიურ ფიქრებს პოზიტივმა სძლია და გარდერობი სიმღერ-სიმღერით გამოვაღე, თუმცა სადღაც, გულის ბნელ კუთხეში ჩასაფრებული იყო შიში. შიში უბედურებისა.
„ელენიკო, გამოხვედი ნაბახუსევიდან?“
ეს ჩემი საუკეთესო მეგობრის მესიჯი იყო. ლუკა ჩემთვის ნამდვილი მეგობარი გახდა და ჩვენი მეგობრობა თითქმის ათ წელს ითვლიდა უკვე. ის ყველაზე უკომპლექსო, უსაზღვროდ თბილი და ცოტათი ენაბილწიანი ბიჭი იყო.
„გამოვალ რა შენთან“
როგორ ველოდი ამ მესიჯს, როგორ მინდოდა ვინმე ყოფილიყო ჩემთან, ჩემ გვერდით, რადგან ჩემი საშინელი ფიქრები თავიდან ამომეგდო. ლუკა კი აშკარად არ ელოდებოდა ჩემს პასუხს გამოსვლასთან დაკავშირებით, რადგან ათ წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა.
-შემოდი, ლუკა. როგორ ხარ? - კარშივე ღიმილით მივეგებე და გადავკოცნე.
-ელე, ძალიან ცუდი ფიქრები ამეკვიატა და მინდოდა დაგლაპარაკებოდი - სახე ისე მოეღუშა, რომ მივხვდი ჩემს ფიქრებზე გაცილებით რთულად იყო საქმე - ყავა მომიდუღე და აივანზე დავხსდეთ - მე და ლუკას ხშირად გვისაუბრია ისეთ თემებზე, რომლებსაც სხვებთან ვერ განვიხილავდით. ხშირად მიგვიცია რჩევები ერთმანეთისთვის და ამით კიდევ უფრო ძლიერდებოდა და მყარდებოდა ჩვენი ურთიერთობა - საშინელი სიზმარი დამესიზმრა. ირგვლივ ქაოსი იყო, არეულობა, ყვირილი, ბავშვების ტირილი. გულამოვარდნილმა გავიღვიძე და ძლივს გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. გახსოვს შენ, რომ დაგესიზმრა უდაბნო და გველები, რაღაც მაგდაგვარი გრძნობა მქონდა მეც, თითქოს უცხო გარემოში ვიყავი და თავს ვერ ვაღწევდი.
-დამშვიდდი, სიზმარი სიზმარია და ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ მე მთელი დღეა ომზე ვფიქრობ.
-ომი რომ დაიწყოს მე გადავიმალები სადმე სხვა ქვეყანაში - გაიცინა და ყავა მოსვა, თან შორს ჩაფიქრებულად გაიხედა - მართლა რომ დაიწყოს ომი, რა უნდა ვქნათ?
-გთხოვ, აღარ გამახსენო, თორემ ცუდად გავხდები - მხარზე ხელი მოვკიდე და ჩემკენ გამოვახედე - ალბათ დღეს ნეგატიური დღეა.
-და ჩვენ ნეგატივი პოზიტივად უნდა გარდავქმნათ და ეს საშინელი ფიქრები ტვინის სპირალებიდან უნდა ამოვირეცხოთ, თან სასწრაფოდ. რა გეგმები გაქვს დღეს? გინდა სადმე გავიდეთ?
-სანდრო თერთმეტზე ამთავრებს სამსახურს დღეს და უნდა ვნახო, მანამდე კი დრო მაქვს - სახლში შევიხედე და საათს ავხედე. შვიდი საათი იყო - რამე კარგ ფილმს ხომ არ ჩავუჯდეთ?
-ოხ, ეგ კარგი გამახსენე - ტაში შემოკრა და გაოცებულმა გადმომხედა - შენ ხომ უყურებ „მხევლის წიგნს“? - თავი დავუქნიე და სახლში შევედით.
თერთმეტის ნახევარზე გავედით სახლიდან. ერთი გზა გქონდა და ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიებს ვახსენებდით, წარსულს ვქექავდით, თუმცა ბოლოს მაინც ვაღიარე სიმართლე.
-რაღაც ცუდს მიგრძნობს გული, თითქოს სადღაც მიწისძვრა მოხდება, თუმცა რა სახის ძვრა, ეს ნამდვილად არ ვიცი - ასფალტს დავხედე და ვიგრძენი კიდეც როგორ შეტოკდა მიწა.
-ეცადე არ იფიქრო, აიძულე შენი თავი რამე კარგზე იფიქრო, თუ არ გამოგივა დღეს ჩემთან დარჩი. ვეცდები გაგამხიარულო - გადამკოცნა და წავიდა. მე კი თავში ერთადერთი სიტყვა მიტრიალებდა - მიწისძვრა.

20 ივნისის ღამიდან 4 დღის შემდეგ:
რუსეთი - სიტყვა, რომელიც მარცვალ-მარცვალ შემოდიოდა ჩემში და გულზე ჯერ კენჭებივით, შემდეგ ქვებივით, ბოლოს კი, ლოდებივით ლაგდებოდა. ვერ გამეგო ვის ვღალატობდი, სამშობლოს თუ სანდროს. იქნებ იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე იდგა, ან საერთოდაც საკუთარ თავს. იქნებ საერთოდ არ იყო ეს ღალატი. რატომ უნდა შევიძულოთ ხალხი ეროვნების გამო, ან ქვეყანა მმართველების გამო? თავს ვიმშვიდებდი და ჩემს წასვლას ღალატად არ ვრაცხავდი. გადავედი თუ არა საზღვარზე გულზე კიდევ უფრო მძიმედ ჩამოეკიდა სიტყვა სიყვარული, ნდობა, გვერდში დგომა და მეგობრობა. მე ვუღალატე ამ სიტყვებს განა რუსეთში წამოსვლით, არამედ გაქცევით. განა საფრანგეთში, რომ წავსულიყავი იგივეს არ ვიგრძნობდი? განა არ მეტკინებოდა ისე, როგორც ახლა მტკივა?
ჩამეძინა. ტკბილად ნამდვილად არა. სანდროს დაჭრის მომენტი მედგა თვალწინ, როგორ ჩაიმუხლა და თავი სასწრაფოდ შეატრიალა, რადგან მე არ დამენახა, თუმცა დავინახე და ყველაფერს მივხვდი. მივხვდი როგორ ეტკინა, როგორ იფიქრა იმ მომენტში ჩემზე, როგორ სთხოვა უცნობ ადამიანებს სასწრაფოსთან მიყვანა, როგორ ნათლად გრძნობდა თვალის დაკარგვას და სიბნელეს მარცხენა მხარეს. მე კი ვიდექი გაშეშებული და ვუყურებდი კოჭლობით მიმავალს, რადგან ტკივილი გაუსაძლისი იყო.
-ლუკა, საავადმყოფოში ხარ? - ლუკა ერთადერთი იმედი იყო, რომელიც სანდროსთან მაკავშირებდა. მათ არ ჰქონდათ ახლო, მეგობრული სახის ურთიერთობა, სულ რამდენჯერმე თუ ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი, თუმცა ჩემ გამო ის იქ იდგა და სანდროს მდგომარეობის შესახებ ყველაფერს მწერდა.
-კი, შენ სად ხარ? გადახვედი საზღვარზე? - საზღვარი, ნუთუ ასე მძიმეა ეს ცნება ჩემთვის, რომ მისი გაგონებაც კი ტანში ჟრუანტელს მგვრის?!
-გადავედი და ნეტა ვიცოდე სწორად ვიქცევი? ვერც კი დაგემშვიდობე, ლუკა. გთხოვ, მითხარი როგორ არის სანდრო?
-მალე გნახავ. ვიცი, რომ სანდროს გარეშე დიდხანს ვერ გაძლებ. რაც შეეხება მდგომარეობას, სამი საათის წინ გაიღვიძა. არ მინდა დაგამძიმო, მაგრამ პირველი შენ მოგიკითხა და ახლა დედამისია შესული. ვთხოვე ჯერ არაფერი ეთქვა, რადგან მე მინდა ავუხსნა. დედისთვის რთულია ამ ყველაფრის ახსნა, ხო ხვდები?
-და შენ რას ეტყვი? ფაქტი ხომ ერთია - მივატოვე - ცრემლები თავისით წამოვიდა და ყელში ძალიან დიდი ბურთი გამეჩხირა - მივატოვე, ლუკა. ყველაზე საჭირო მომენტში დავტოვე. მინდა ჩამოვხტე ამ ავტობუსიდან და ისევ მანდ გამოვიქცე, როგორ გავუძლო ამ ყველაფერს მითხარი.
-რასაც ვეტყვი სიტყვასიტყვით მოგწერ, არ ინერვიულო. ყველაფერს ისე გავაკეთებ, რომ არცერთი არ დაზარალდეთ. ახლა კი მშვიდად იჯექი მაგ ავტობუსში. ცოტა ხანი განიტვირთე და დალაგებული აზრებით დაბრუნდი აქ.
ჩემი იმედიც ლუკა გახდა და ის ხავსიც, რომელსაც შუა ჭაობში ვეჭიდები. ნამდვილად არ ვიცი რას და როგორ ეტყვის სანდოს, ალბათ მისი ნახვაც ძალიან გაუკვირდება, თუმცა იქნებ მოხდეს სასწაული, იქნებ არ შემიძულოს, იქნებ მან მაინც არ თქვას უარი ჩემზე. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ ოცნებაა, უდიდესი და აუხდენელი ოცნება.
***
საღამოს ათ საათზე ლუკას მესიჯი მომივიდა, რომელიც სიმშვიდისკენ მომიწოდებდა.
„ ელე, ძვირფასო. ვიყავი სანდროსთან შესული. დედამისმა ჯერ ალმაცერად შემომხედა, თუმცა გიორგიმ მიჯიგრა და მისი დიდი თხოვნის შემდეგ მომცა უფლება მარიკამ შევსულიყავი. არ მინდა ინერვიულო და შენზე ცუდად იმოქმედოს ამ მესიჯმა. ყველაფერი კარგად იქნება, შენც ხომ იცი. პირველ რიგში გეტყვი, რომ მხედველობა მარცხენა თვალში არ აქვს, ვერ შეუნარჩუნეს რაღაც, ხომ იცი როგორი სუსტი ვარ ანატომიაში, ამიტომ ვერ დავიმახსოვრე რა. არის მცირე იმედი საზღვარგარეთისა და ვნახოთ რა და როგორ იქნება. სახელმწიფო ამბობს ჩვენ დავუფინანსებთო, რაც კარგია, თუმცა სიხარული ჯერ ნაადრევია.
ვცდილობ ყველაფერი ზედმიწევნით და ზუსტად მოგწერო რა და როგორ იყო:
შევედი თუ არა გაკვირვება ვერ დამალა. ალბათ მის ძმას ან ნათესავს ელოდა და არა მე, ბიჭს, რომელიც სულ სამჯერ ყავს ნორმალურად ნანახი. თავიდან თითქოს ვერც კი მიცნოო და როგორც კი გადავწყვიტე ჩემი თავი შემეხსენებინა მან დამასწრო.
-შენ ლუკა ხარ ხო? - გაოცებულ ხმას ცოტა შიშიც შეეპარა მგონი.
-კი, ლუკა ვარ. მიხარია, რომ უკეთ ხარ - წინადადება არ დამასრულებინა და პირდაპირ შენზე მაჯახა კითხვა.
-ელენე სად არის?
მთელი დღე ტექსტს ვადგენდი გონებაში, ელე. ვცდილობდი ყველაფერი თანმიმდევრულად და მშვიდად მეთქვა, თუმცა იმ მომენტში ყველა აზრი გაიყინა ტვინში და გავშეშდი. ვაიმე, ვერც გეტყვი როგორ ვინერვიულე, ელე. არ მინდოდა შენთვის იმედები გამეცრუებინა და ყველაფერი ნეგატიური კუთხით და შემაშფოთებლად მეთქვა, მაგრამ აი, ჩემს კატას გეფიცები სიტყვა არ წამოვიდა პირიდან.
-ლუკა, მეგობარო - ძლივს ამოილუღლუღა მანაც, ვხედავდი ხელები როგორ უკანკალებდა - არავინ არაფერს მეუბნება ელენეზე და მითხარი ხომ კარგადაა, ხომ ცოცხალია.
მივხვდი, რომ მას უფრო ცუდი ფიქრები უტრიალებდა თავში და მაშინვე ვცადე დამშვიდება, რადგან საოცრად შემეცოდა.
-კი, ძმაო. ცოცხალია და რაც მთავარია კარგადაა. არაფერი არ მოსვლია. ყველა ტყვია ბოლივუდის მსახიობივით აირიდა. ხომ იცი რა მოუხერხებელია, მაგრამ გაგიკვირდება და მოახერხა, მაგრამ - სიტყვა კვლავ გამაწყვეტინა.
-მეზიზღება ეს მაგრამ. რა მოხდა, სადაა? - ლამის ლოგინიდან გადმოხტა და ყელში მეცა დასახრჩობად.
-ხომ იცი, რომ შენი დაჭრის მომენტი საკუთარი თვალით ნახა, სანდრო. იმ დღის მერე აქ ათენებდა და აღამებდა. სახლში არც კი წასულა, მაგრამ ვეღარ გაუძლო და წავიდა. არ მიუტოვებიხარ, ძმაო, ამას ვერასოდეს გაბედავდა, მაგრამ ცოტა ხნით საკუთარ თავსა და ფიქრებს დააღწია თავი. აქ იმიტომ ვდგავარ, რომ სწორად და ადეკვატურად აღიქვა მომხდარი.
-როგორ? - სიზმრიდან, რომ გამოერკვევი ეგეთი ხმით მითხრა, ელე - ელენე წავიდა? მიმატოვა?
-ზუსტად მაგას გიხსნი, სანდრო, რომ შენ კი არ მიგატოვა, მან საკუთარი თავი დატოვა მარტო. უბრალოდ ვერ გაუძლო. ვიცი რთულია და აუ, როგორ მინდა სიტყვებით ის გითხრა, რასაც მე და ელენე ვგრძნობთ ახლა.
-რა უნდა ამიხსნა, ბიჭო - ცოტა სიბრაზე შეეპარა ხმაში, თუმცა მაშინვე მოთოკა თავი და ჩვეულ ტემბრში გააგრძელა - დღეს ყველაზე მეტად ელენე მჭირდებოდა გვერდით. დედაჩემიც კი არ მომიკითხავს, თვალების გახელისთანავე ელენეზე ვიკითხე. ის ხომ ჩემი ქალბატონია, თუ იყო.
ხმა ვერ ამოვიღე. დასჯილი ბავშვივით ვიდექი კართან და სამაჯურს ვაწვალებდი.
-დაჯექი - მითხრა ძალიან მშვიდი და აუღელვებელი ხმით - მინდა ყველაფერი მომიყვე.
რა უნდა მექნა? ავიღე სკამი და შორიახლოს ჩამოვუჯექი.
-სანდრო - ხმა სადღაც გაქრა, მხოლოდ რაღაც ამოვიხავლე - ელენე ძალიან ცუდადაა. წესით კარგი ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ ამის გაგონებაც არ უნდა. წავიდა და ჩამოვა მალე, ხომ იცი უშენოდ წამიც არ შეუძლია. შენიც მესმის, საყვარელ ქალს, რომ დავეტოვებინე ასეთ დროს, ალბათ ვიფიქრებდი, რომ ფეხებზე ვკიდივარ, მაგრამ საქმე ხომ ელენეს შეეხება, ჩემს, შენს ელენეს. სუსტი აღმოჩნდა და უნდა ვაპატიოთ. უნდა ამოვუდგეთ გვერდში და გავაძლიეროთ. ამას შენ ვერ მოგთხოვ, რადგან შენც გჭირდება გაძლიერება და მხარში დგომა, თუმცა შენ მშობლები გყავს, ძმა გყავს. ელენეს კი არავინ ყავს, ვინც გაუგებს.
-სწორედ ამიტომ უნდა დარჩენილიყო აქ და ერთად გადაგველახა ყველაფერი. რა ტყუილს ვამბობ? - თვალებიდან ცეცხლი გადმოაფრქვია, მაგრამ ხმისთვის არ აუწევია. სად იპოვე ასეთი ბიჭი, ელენე, სად?
-იქნებ დაურეკო - ამაზედაც ჩავაგდე სიტყვა, იქნებ დაფიქრებულიყო მაინც.
-მე? - გაეცინა - დღეს ორი საშინელი ამბავი გავიგე, ლუკა. პირველი - თვალი აღარ მაქვს და შეიძლება მხედველობა აღარასოდეს დამიბრუნდეს, რადგან ჩემი საყვარელი ქალის სანახავად მივდიოდი და ვირაც სი**ს გამოსტყორცნილი ტყვია შიგ თვალში მომხდვა და მეორე, ამ ქალმა მე ამხელა ტრამვის წინაშე მარტო დამტოვა. თვალის დედაც, ბიჭო. ვინ დაეძებს თვალს. მეორე ხომ მაქვს, იმით დავინახავ, მაგრამ მეორე ქალი მე არ მყოლია და იმ საყვარელმა ქალმა დამტოვა, ვინც ახლა ყავარჯენივით უნდა ამომდგომოდა გვერდით.
ვეღარაფერი ვუთხარი, ელე. იმ მომენტში ყველაფერი დამავიწყდა. გეფიცები, ყველაფერი ვცადე, მაგრამ სიტყვები სადღაც გაქრა. მაპატიე, გთხოვ. ერთ რჩევას მოგცემ, როცა მზად იქნები მიწერე და კონტაქტზე გადი. შენ უკეთ ეტყვი სათქმელს. მე ის მაინც მოვახერხე, რომ სწორად ამეხსნა ყველაფერი და როგორ და რანაირად გადახარშავს მისი გონება მომხდარს ეგ არ ვიცი.
რომ ჩახვალ მომწერე და სანდროსაც მიწერე. ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კარგი ბიჭია და არ უნდა დაკარგო. იცი რა ძლიერად დგას? მაგრამ შენთან ყველაზე სუსტი იქნება, ხომ იცი.“
ცრემლები აღარც კი მომდიოდა უკვე. ალბათ ასჯერ მაინც გადავიკითხე ლუკას მესიჯი და ყოველ ჯერზე უფრო მიმძიმდებოდა გული. მინდოდა გავქცეულიყავი და ჩემი სუსტი მკლავები მისთვის შემომეხვია. მინდოდა მეთქვა როგორ მიყვარს და რომ არასოდეს დავტოვებ მარტო, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა.
დეიდაჩემი ნოვოსიბირსკში ცხოვრობდა, მაგრამ ჩემს ჩასვლასთან დაკავშირებით გადაწყვიტა სანქტ-პეტერბურგში წავსულიყავით თავის დაქალთან. ჩემთვის კი სულერთი იყო სად წავიდოდით. მე თბილისისგან შორს მინდოდა ყოფნა, თუმცა რაც უფრო მივიწევდი ოცდაათსაათიანი გზის დასრულებისკენ მით უფრო მიჭერდა რაღაც გულზე. თითქოს არ მსიამოვნებდა რუსული წარწერების და ქალაქების დანახვა. თითქოს არ მინდოდა ერთმანეთს მიმსგავსებული ქალაქებისა და სოფლების სახელების დანახვა. თითქოს ყველაფერი ძველ, კომუნისტურ საქართველოს მაგონებდა, რომელიც მხოლოდ ფოტოებიდან თუ მინახავს. მივდიოდი გზად და ვუყრუებდი ყოველგვარ სიახლეს მოკლებულ ქუჩებს და ჩემთვის, გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ ამ ქალაქებს არაფერი აახლოვებდათ თანამედროვეობასთან. თანამედროვე შენობები ისე ჩაკვეხებულან ძველ გამზირებზე, რომ თვალს არ უხარია, ხვდები, რომ ზედმეტია და არც ლამაზი არაა. ნეტავ, მოსკოვიც ასეთია? ძველის და ახლის შერწყმა ასე უსიამოვნოდ ჯერ არსად მინახავს.
„თავბრუსხვევა მაქვს. ვფიქრობ გულიც მერევა. ნეტავ რამემ მომწამლა? იქნებ ამ გარემომ, ამ ერთმანეთში უგემოვნოდ შეზავებულმა შენობებმა, იქნებ ახლოდან ყველაფერი სხვაგვარადაა და ლამაზია, მაგრამ ასე, ერთი თვალის შევლებით, ყველაფერი ერთმანეთშია არეული.
მეცხრამეტე საათია გზაში ვარ, იქნებ ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს ჩემზე და სჯობს დავიძინო. იქნებ ჩემს თავს დატრიალებულმა ტრაგედიამ იქონია გავლენა ჩემს ჯანმრთელობაზე? ძილი გადავწყვიტე და ძილის წინ მხოლოდ სანდროზე დავიწყე ფიქრი. მე მჯერა, რომ ფიქრში მაინც გადავკვეთ გზებს, რადგან საფიქრალად ერთმანეთზე უკეთესი არავინ გვყავს. მაშ, რატომ გამოვიქეცი მისგან. იქნებ მითხრათ ვინმემ, იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ პასუხი.“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent