შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამილახვარი (თავი 7)


21-09-2019, 16:28
ავტორი abezara98
ნანახია 1 970

"იმ დილით დავითს ისედაც თავი სტკიოდა, მაგრამ ხმისამოუღბლად დამორჩილდა თავადს და ბათუმში წავიდა მნიშვნელოვანი სტუმრის დასახვედრად. თავად ცხენზე იჯდა და უკან მიჰყვებოდა ორცხენიან ეტლს. იმ ღამით ქუთაისის მისადგომებთან დაბანაკდნენ, მეორე დღეს კი კვლავ გზა განაგრძეს. იმ დღეს კიდევ უფრო გამძაფრებოდა თავის ტკივილი. თითქოს წინასწარ ანიშნებდა რაღაცას, მაგრამ დავითს მისი ენა ჯერ ვერ გაეგო. ბათუმამდე გზა თითქოს გაიწელა. მზემაც დააჭირა და შავ ჩოხაში გამოწყობილ დავითსაც ოფლმა დაასხა. მკლავით შეიწმინდა სახეზე ჩამოდენილი ოფლი, მათარიდან წყალი მოსვა და როგორც იქნა, გამოჩნდა კიდეც ზღვის ნაპირზე გადაშლილი ქალაქი. პირდაპირ პორტისკენ წავიდა, სადაც უკვე ჩამომდგარი დახვდა გემი და მგზავრები ბორტს ტოვებდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი კი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ყველა დანარჩენისგან. ჯერ იყო და მეზღვაურებს ეჩხუბებოდა, ოღონდ დავითმა კარგად ვერ გაარჩია რის გამო, იმდენად სწრაფად საუბრობდა, შემდეგ კაპიტანზე გადავიდა და აქ კი ნამდვილად გაიგონა ამილახვრის მოურავმა, რომ კარგს არაფერს ეუბნებოდა კაცს. კაპიტანი გადაფითრებული იდგა (დავითი მხოლოდ მას ხედავდა) და სიტყვის თქმასაც კი ვერ ახერხებდა, თან შეშინებული უკან-უკან იხევდა. შემდეგ ქალი ფრანგულიდან სულ სხვა ენებზე გადაერთო და ახლა ყველა იმ ენაზე ბრაზობდა და კაპიტანს თავს ლაფს ასხამდა, რაც კი იცოდა. დავითმა თავი გადააქნია. შეუძლებელია ეს ქალი ყოფილიყო მათი სტუმერი, რადგან ბიძინა ამილახვრის აღწერილობით ნამდვილი დახვეწილი ფრანგი ქალბატონი უნდა ჩამობრძანებულიყო.
შემდეგ კი ნაპირზე გადმოსული დაინახა. ფრანგულად იძლეოდა განკარგულებას მამაკაცის სამოსში გამოწყობილი ქალი, მუხლამდე ჩექმაში და ხელში ტყავის დაწნულ მათრახს ატრიალებდა. შავი დალალები კეფაზე მჭიდროდ დაემაგრებინა ისე, რომ ერთი კულულიც კი ვერ გამოაღწევდა სამაგრიდან. ჩვეულებრივი ქალი ნამდვილად არ ეთქმოდა, თვალისმომჭრელად ლამაზი იყო და მიუწვდომელიც. ქალღმერთს ჰგავდა ამ სამოსში გამოწყობილიც კი და მოგანდომებდა მისი თაყვანისმცემელი გამხდარიყავი, იქნებ ერთხელ მაინც გადმოეხედა შენთვის მოწყალე თვალით და გაეღიმა. დავითმა თავი გააქნია აზრების გასაფანტად და ქალს მიუახლოვდა. ღმერთს გულში შესთხოვდა, რომ ეს ქალი არ ყოფილიყო, რადგან ცოტა არ იყოს და ზაფრავდა.
-უკაცრავად, - მიმართა ფრანგულად და ქალის ყურადღებაც მიიპყრო, - თქვენ ბრძანდებით...
-ალისა, ალისა ლეგრანდი, - სიტყვა გააწყვეტინა კაცს და თავიდან ბოლომდე შეათვალიერა, - და თქვენ?
-მე გამომგზავნეს თქვენს დასახვედრად. ქალბატონ მელანოსთან უნდა მიგიყვანოთ, - ამოიოხრა კაცმა და თავის ბედ-იღბალს ძალიან ტკბილი სიტყვები შეუთვალა.
-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, - ალისა კვლავ დავითის თვალიერებაში იყო გართული და ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა მის სიტყვებს, - ძალიან მომენატრა მელანო. აბა, რითი მივდივართ?
-თქვენთვის ეტლია მზად, - უპასუხა კაცმა და ხელით ორცხენიან ეტლზე ანიშნა.
-და მე რომ ეტლით მგზავრობას არ ვარ მიჩვეული? ჩვენთან, პარიზში უკვე ავტომობილებით მოძრაობენ. რა ვქნათ ამ შემთხვევაში?
-მატარებლით მგზავრობაზე რას იტყვით?
-არ მიყვარს მატარებლები, ზედმეტად ნელები არიან.
-ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამ ეტლზე უკეთეს ტრანსპორტს ვერ შემოგთავაზებთ.
-მაშინ ცხენით წავალ!
-უკაცრავად? - გაოცდა დავითი.
-რა ვერ გაიგე, ყმაწვილო? - გაიოცა ალისამ და დაწვრილებული თვალებით შეხედა თავისზე ორი თავით მაღალ კაცს, - ცხენით წავალთ. შემიკაზმე ერთ-ერთი მათგანი, - მათრახის წვერით ეტლში შებმულ ცხენებზე ანიშნა და კვლავ თავის მსახურებს მიუბრუნდა, - შენ რაღა გჭირს, გაბრიელ? პირველად აკეთებ მსგავს საქმეს?
-ქალბატონო ალისა, - დაიწყო ისევ დავითმა და ქალის ყურადღება კვლავ მიიპყრო.
-მიქელანჯელოს ბიჭო, ისევ აქ დგახარ და ცხენს არ მიკაზმავ? იმედებს მიცრუებ უკვე, - დანანებით გადააქნია თავი და მათრახიანი ხელი კვლავ ეტლისკენ გაიშვირა, -ცხენი, სასწრაფოდ!
-ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, - აღმოხდა დავითს და მეეტლესკენ წავიდა, - რა შეგცოდე ამისთანა?
-რა მოხდა, დავით? - ჰკითხა მეეტლემ და კოფოდან ჩამოხტა.
-ჩვენს ფრანგ ქალბატონს არ სურს ეტლით მგზავრობა, მაინცდამაინც ცხენი უნდა ან კიდევ რაღაც ეშმაკის მანქანა, ავტომობილი ეწოდებაო თუ რაღაც მსგავსი. მატარებელზეც უარი განმიცხადა.
-და რა უნდა ვქნათ? ცხენს უქირავებ?
-არა, - უარის ნიშნად თავი გააქნია დათომ, - ჩემი ცხენი დაღლილია და მას შევაბამთ ეტლში. მისი ბარგის წამოღება ხომ გვინდა, არა? შენ ნელა წამოხვალ ჩვენ უკან, მე კი ქალბატონს გავაცილებ და ცხენებს დავუთმობ მას და მის ახლობელს თუ მხოლოდ მსახურებით არაა ჩამოსული.
-კარგი, მასე მოვიქცეთ, მაგრამ უნაგირი რომ არ გვაქვს?
-მერე რა?! მე შევჯდები შეუკაზმავზე.
-ჰეი, მიქელანჯელოს ბიჭო, - მოესმა ალისას ხმა და კბილების ღრჭიალით შებრუნდა უკან, - აბა, მივდივართ? მზადაა ჩემი ცხენი?
-სულ რამდენიმე წუთში, ქალბატონო. მანამდე თქვენს მსახურებს უთხარით და ეტლში ჩააწყონ თქვენი ბარგი.
-მათ ამის თქმა არც სჭირდებათ, თავად ხვდებიან, - ცხვირი აიბზუა ქალმა, ეს რა მაკადრაო და ზურგი აქცია.
ალისამ შეუკაზმავი ცხენი რომ დაინახა, მაშინვე მისკენ გაიქცა და დავითს აღვირი ჩამოართვა.
-რას... -მაგრამ სიტყვის დასრულებაც ვერ მოახერხა, ამორძალივით რომ შემოახტა ალისა ცხენს და ყალყზე შეაყენა.
-აბა, მიქელანჯელოს ბიჭო, არ მივდივართ?
-მეე... - დავითი ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ იყო. ეს ქალი მართლაც რაღაც საოცრებას წარმოადგენდა. წამით ისიც კი გაიფიქრა, რომ ღმერთს ეპოქა აერია. ალისა ამორძალების დედოფლობას უფრო იმსახურებდა და ნამდვილად შეძლებდა, ვიდრე ამ ეპოქის შვილობას.
-მე... - კვლავ წამოიწყო დავითმა და ხმის გასაწმენდად, ჩაახველა, - მე შემიძლია ცხენი ნებისმიერ თქვენს...
-ჩემს არც ერთ მსახურს არ სჭირდება ცხენი. ფეხითაც მშვენივრად გამოგვყვებიან. არა, გაბრიელ? - ასევე შავთმიან ბიჭს გადახედა, რომელმაც თვალები აატრიალა. თავად ქალბატონმა კი ცხენი მოკირწყლულ გზაზე გაატარ-გამოატარა, - თუ დაიღლება რომელიმე, ეტლით გამოგვყვებიან. ახლა კი, გამიძეხი!
გზაში ალისამ ხან ძალიან გააჭენა ცხენი, ხან გაჩერდა და ამწვანებულ მინდვრებსა და ტყეებს აღტაცებული ათვალიერებდა და იმდენს ლაპარაკობდა, დავითიც კი მოქანცა. უკვე ღამდებოდა, მაგრამ ამილახვრების სასახლე ჯერ კიდევ შორს იყო. ამიტომაც ტყესთან ახლოს დაბანაკება გადაწყვიტეს. დავითმა კოცონი დაანთო და თავისივე მონადირებული კურდღლებით ავახშმა სტუმრები. ალისას გარდა ყველანი მამაკაცები იყვნენ, ამიტომაც მთლიანი ეტლი მას დაუთმეს. ქალს ამაზე მაინც არ უთქვამს უარი და ყველასაგან გასაკვირად, უყოყმანოდ დასთანხმა ეტლში დაძინებაზე.
-რაღაც ჩაიფიქრა, - კოცონს მიშტერებულ დავითს მოესმა ხის ძირში ჩამომჯდარი კაცის ხმა და მისკენ გაიხედა.
-უკაცრავად?
-რაღაც ჩაიფიქრა-მეთქი, - ხეს მოსცილდა და კოცონთან ახლოს მივიდა, გაბრიელი იყო, - ალისა ასე მარტივად და შეწინააღმდეგების გარეშე მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში თანხმდება ადამიანს. რაღაც აქვს ჩაფიქრებული. სჯობს ყურადღებით ვიყოთ, თუ არ გვინდა, რომ ხვალ დილით რაიმე სიურპრიზის "მსხვერპლები" გავხდეთ.
-რატომ ამბობთ მაგას?
-ჰაჰ, ალისას მთელი ჩემი ცხოვრებაა ვიცნობ და გამოცდილება მაძლევს ამის თქმის საშუალებას. ღამე მშვიდობისა, მიქელანჯელოს ბიჭო, - გამოემშვიდობა გაბრიელი და ისევ ხის ძირში გადაჯდა.
არა, რაღაც მსგავსს ნამდვილად მოელოდა ალისასგან და გაბრიელის გაფრთხილების გარეშეც აპირებდა ყურადღებით ყოფნას, მაგრამ ახლა ასმაგად უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო.
მთვარეც ამოიწვერა და იქაურობა მკრთალი ვერცხლისფერი სინათლით აავსო. სულაც არ იდგა ისეთი დროება, რომ ღამით გარეთ დარჩენილს, მითუმეტეს ტყესთან ახლოს, მშვიდად ამოგედო თავქვეშ ხელი და დაგეძინა. დავითმა კარგად იცოდა, რომ ამ ბოლო პერიოდში ტყეში ყაჩაღად გავარდნილ ადამიანთა რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილიყო და ნებისმიერ წუთს თავდასხმის საშიშროებას ელოდა. ხელით მოსინჯა ჩოხის ქამარში ჩამაგრებული რევოლვერი და ცივი ლითონის შეგრძნებაზე დამშვიდებულმა განაგრძო ყარაულობა. ამხელა გზაზე მგზავრობისგან გადაღლამ, დილანდელმა თავის ტკივილმა და კოცონის ნაღვერდალიდან წამოსულმა სითბომ თავისი ქნა და გამთენიისას მაინც ჩამოეძინა. მზე კარგად იყო ამოწვერილი, როდესაც გაიღვიძა. დანარჩენებს ჯერ კიდევ ეძინათ. თავი კი დაიწყევლა, როგორ ჩამეძინაო, მაგრამ რაღას იზამდა. ფრთხილად მოძრაობდა, რომ სტუმრებისთვის ძილი არ დაეფრთხო და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ერთი ცხენი, თანაც თავისი ცხენი, გამქრალიყო. მაშინვე ეტლს მივარდა და კრძალვით შეხედა, მაგრამ სულ ტყუილად. ალისაც სადღაც აორთქლებულიყო. "ესეც დილის სიურპრიზი!" - გაიფიქრა თავისთვის, მეეტლე შეაღვიძა, ამათ ყურადღება მიაქციეო, დაუბარა და თავად ალისას საძებნელად წავიდა.
არადა დავითის ცხენი ყველასგან გამოირჩეოდა და განსაკუთრებით უყვარდა. მართალია, თავადი ბიძინას საჩუქარი იყო მისი ოჯახისადმი ასეთი ერთგულებისთვის, მაგრამ შეუძლებელია, ეს შავი ულაყი არ შეგყვარებოდათ. სუფთა სისხლის არაბულ ბედაურს ერთ სხვა ფერის ლაქასაც კი ვერ უპოვიდით. წვრილ ფეხებზე შემდგარ ცხენს საუცხოო ძუა და ფაფარი ჰქონდა და პატრონიც ისეთი შეხვდა, რომ ცივ ნიავსაც კი არ აკარებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ყველაფერთან ერთად განსაკუთრებული თვისებაც ჰქონდა ცხოველს. კვიცობიდან დავითთან გაზრდილი არავის იკარებდა პატრონის გარდა და ყველა მათგანს ტყუპი წიხლით უმანსპინძლდებოდა ხოლმე. ახლა კი გაოცებული იყურებოდა და ვერ გაეგო, როგორ წაიყვანა ქალმა ასე დაუმორჩილებელი ბედაური. იმედია, ცოცხალი მაინც იყო და სადმე არ გადმოეგდო, ანდაც ნამდვილად ჯადოქარი იყო, რომ ეს ცხოველი დაიმორჩილა.
დიდხანს ძებნა ნამდვილად არ დასჭირვებია. ქალბატონი უკვე გაქაფულ ცხენს მოაგელვებდა მათკენ და თან ძალიან გაღიზიანებული ჩანდა. შავი დალალები წელამდე ჩამოშლოდა და ზამბარებივით აქეთ-იქით უხტოდა ყოველ შეტოკებაზე. დავითი დაინახა თუ არა, ცხენი ჩორთზე გადაიყვანა, მასთან მიახლოებისას კი საერთოდ გაჩერდა და თვალებში ჩახედა.
-მითხარი, მიქელანჯელოს ბიჭო, რატომ ხართ მამაკაცები ყველა ქვეყანაში ჟინმორეული მხეცებივით და ქალში მხოლოდ ერთი რამ რატომ გაინტერესებთ?
-რამე მოხდა, ქალბატონო?
-მოხდა, - დაიყვირა გამწარებულმა ქალმა და თავისი მათრახი ავისმომასწავლებლად გაატკაცუნა ჰაერში, - მოხდა ის, რომ ყველანი ერთნაირები ხართ! ერთად უნდა გადაგაბათ კაცმა ყველანი და ატლანტიდასთან ერთად ჩაგძიროთ ანდაც ჰადესის ცერბერებს უნდა დააგლეჯინოს თქვენი თავი!
-ვინმემ რამე შეგკადრათ, ქალბატონო? - ჩამწყდარი ხმით იკითხა დავითმა და თვითონაც ვერ მიხვდა, ისე შემოეპარა გულში ღელვის მარცვალი.
-მეტი არ მინდა, ვინმემ მსგავსი რამ გამიბედოს! იქვე გამოვღადრავ ყელს და ძაღლებს მივუგდებ მის გვამს საჯიჯგნად!
-მაშ, რა მოგივიდათ? - აფართხალებული გულის დამშვიდება მოახერხა კაცმა და თავისუფლად ამოისუნთქა.
ყველასგან მოულოდნელად ქალი დავითისკენ გადაიხარა, ჩოხაში ხელი ჩაავლო, თავისკენ დაქაჩა და ტუჩებში აკოცა. კაცი აზრზეც კი ვერ მოვიდა, იმდენად სწრაფადვე მოსცილდა, ცხენზე შესწორდა და ეშმაკურად გაიცინა. თითქოს წამის წინ მომხდარი თავიდან ასე ამოეგდო და დამშვიდებულიყოო.
-ბევრს ლაპარაკობ! - შეუღრინა ასევე მოულოდნელად და ცხენს ისე გადაუჭირა მათრახი, მისი წვერი დავითსაც გაარტყა, - ჩემი რომ ყოფილიყავი, ამდენს ვერ გამიბედავდი! მოგარჯულებდი, როგორც საჭიროა! - მიაძახა და ბანაკისკენ გაქუსლა, - თუმცა, არც ახლაა გვიან, - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა და ჩაიღიმა.
დავითი გაოცებული იდგა ერთ ადგილას და მათრახის წვერისგან გადასერილ ხელს დაჰყურებდა, რომლიდანაც სულ მალე სისხლის რამდენიმე წვეთს მოჰკრა თვალი. ჭრილობის ტკივილი და წვა იმდენად არ აწუხებდა, რამდენადაც ქალის საქციელმა გააღიზიანა. მისი ცხენით ჯირითობდა ალისა, გაუფრთხილებლად გაიპარა დილით და ახლა კაცის თავმოყვარეობაც ფეხქვეშ უმიზეზოდ გათელა. მერე კი თითქოს აქ არაფერიაო, ის ყველაფერი არ იკმარა, ადგა და ასე დაუკითხავად აკოცა. სწრაფად უნდა ჩაეყვანა დანიშნულების ადგილას, თორემ უკვე სული ეხუთებოდა მის გვერდით. და თუ ქალი მსგავს ქცევას გააგრძელებდა, თავის პრინციპებსაც გადააბიჯებდა და დიდი სიამოვნებით მიახრჩობდა. მიახრჩობდა?! ალბათ...
დავითმა მხოლოდ უბიძგა ცხენს და თავადაც აედევნა ალისას."
მოყოლა დაასრულა დავითმა და მოკისკისე თავადის ასულს გადახედა.
-მართლა არ მესმის, მისნაირთან როგორ მეგობრობ, მელანო, - ცოტა არ იყოს განაწყენებულმა შეხედა კაცმა და მელანომაც მაშინვე შეწყვიტა სიცილი, - ის ისეთი... ისეთი... - შესაფერის სიტყვებს ვერ პოულობდა და შუბლი უფრო მეტად ეჭმუხნებოდა.
-ისეთი განსხვავებული, ცოცხალი, ენერგიული, თავქარიანი და ყველაფერი ამის მსგავსია, არა? - კვლავ დავითზე გაეღიმა ქალს.
-მასეა.
-არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა მელანომ და წამოდგა, - მე მასში ის დავინახე, რაც მავსებს, მას კი მე ვავსებ. ახლოდან თუ შეეცდები მის გაცნობას, სულ სხვა ალისას აღმოაჩენ მერწმუნე.
***
რას წარმოადგენდა ალისა ლეგრანდი და ვინ იყო ფრანგი ქალბატონი? ამ კითხვაზე ყველა სხვადასხვა პასუხს გაგცემდათ. აი, მაგალითად, ამილახვრების მოურავისთვის ერთ თავზეგასულ ალქაჯ ქალბატონს წარმოადგენდა. მელანოსთვის ფასდაუდებელი მეგობარი იყო, გაბრიელისთვის უფროსი და და პლანტატორი, ხოლო ზოგიერთი ფრანგისთვის - თავისი ქვეყნისთვის თავგადადებული ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ქალი. რეალურად კი ალისა ამ ყველაფრის ნაზავი გახლდათ. მართალია, ღმერთს უხვად დაებერტყა მისთვის ჭკუაცა და სილამაზეც, მაგრამ სხეულის მრგვალი ფორმებით დიდად ვერ დაიკვეხნიდა. არა, ეშხი არ აკლდა, არც წვრილი წელი და გრძელი ფეხები - ასე კარგად რომ მალავდა საფრანგეთიდან ჩამოტანილი კაბების ქვეშ, მაგრამ მაინც ქალური შურით უყურებდა ხოლმე ამილახვრებთან მომუშავე პურისმცხობელ ნინოს (მასზე ოდნავ მოგვიანებით) და მის გათქვირულ სხეულს. ამილახვრებთან სტუმრად ყოფნისას ხშირად შეუხედავს ჯერ ქალის აფუებული მკერდისთვის, შემდეგ კი თავისას დაჰკვირვებია და დასკვნა ყოველთვის ერთი გამოჰქონდა (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნინოსა და დავითის მეტად თბილი და ახლო ურთიერთობა შეამჩნია და იმ წამს ხელში მათრახი რომ სჭეროდა, ორივეს დიდი სიამოვნებით გაროზგავდა. მაგრამ ხელთ მხოლოდ მარაო შერჩა, რომელსაც ერთი ხელის მოძრაობით მოუღო ბოლო), მამაკაცების უმრავლესობისთვის უპირატესობას ქალის სხეულის შევსებული ფორმები წარმოადგენდა (რა სჯობია იმას, როდესაც საწოლში ქალი ხელში მოგყვება, სანთლით საძებარი კი არ გიხდება). ვინ დაეძებდა მის ჭკუა-გონებას? საერთოდაც ვის რაში სჭირდებოდა ჭკვიანი ქალი იმ საუკუნეში? ჭკუა შიშთან ასოცირდებოდა მათთვის. ასეთ ქალს ხომ თავისუფლად შეეძლო ემართა ნებისმიერი. ეს კი არავის აწყობდა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა აქეთ იყვნენ მართვას და მათდამი მორჩილებას ჩვეულნი. აი, თან ლამაზი და თან ჭკვიანი ქალი კი უკვე ყველაზე საშიშ არსებად ითვლებოდა, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობდა. თავისი მოხერხებულობით ისე მარტივად დაგიმონებდა და თან თავს ბატონად გაგრძნობინებდა, აზრზეც კი ვერ მოხვიდოდი. ალისა კი სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნებოდა და ვაი იმას, ვინც მის წინააღმდეგ წასვლას გადაწყვეტდა.
ეს სიჭკვიანე კი მთლად თავისთავად არ დაჰყოლია ფრანგ ქალბატონს, ბევრი ვარჯიშის, მარცხისა და გამარჯვებების შედეგად მიიღო. მის პროფესიასა და მიდრეკილებებზე კი მისმა პაპამ მოახდინა გავლენა და ნამდვილად სწორი ბიძგი მისცა ჯერ კიდევ ბავშვს. პატარაობიდანვე შეატყო, რომ ენების სწავლისკენ მიდრეკილება ჰქოდა და თავიდანვე დააწყებინა მათი შესწავლა. მაგრამ ყველაზე მთავარი სულ სხვა რამ იყო. ქალს პირველი შეხება პოლიტიკასთან 1871 წელს ჰქონდა, როდესაც ჟაკმა (ალისას პაპა) ხუთი წლის გოგონა ვერსალის სასახლეში წაიყვანა და მართალია, კულისებიდან, მაგრამ მაინც დაასწრო სარკეებიან დარბაზში მიღებული აქტის ოფიციალურ ხელმოწერას (რომლის მიხედვითაც გერმანია შეიქმნა). ალისა გულაჩქარებული იდგა, პაპასთვის ხელი მაგრად ჩაეკიდა და ერთიორად გადიდებული თვალებით აკვირდებოდა იქ მყოფთ. შემდგომში უკვე გაზრდილი და დაქალებული კი ამაყობდა, რომ ბისმარკს შეხვედროდა, იმ მნიშვნელოვან ყრილობაზე იყო და ჟაკმა იმდენი მოახერხა, რომ ეს დიდებული პოლიტიკოსი და ადამიანი ასე ახლოდან აჩვენა. ახლაც კი ახსოვდა იმ დარბაზში მოტრიალე სანთლების და რაღაც უფრო სასიამოვნო სურნელი, ასე რომ გაფანტულიყო ჰაერში, მზის სხივების სინათლე და მათი ციალი ამოგებულ ხმლებზე.
მაგრამ ჟაკმა მალევე დატოვა. მისი გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადაიტანა ალისამ. თითქმის ყველაფერს ჩამოშორდა, რაც კი აინტერესებდა. იმ პერიოდში მისმა უმცროსმა ძმამაც ამოისუნთქა შედარებით, რადგან არც გაბრიელის წვალება აღარ იყო იმდენად საინტერესო.
ხშირად ახსნდებოდა, როგორ დაისვამდა ხოლმე ჟაკი მუხლებზე და თავისი ახალგაზრდობის ამბებს უყვებოდა. თავადაც კი უთქვამს თუ როგორ შურდა პაპის, რადგან იგი ნაპოლეონს მოესწრო, მის ერთ-ერთ თანამოაზრესა და თანამებრძოლს წარმოადგენდა და ამდენხნიანი დაკნინების შემდეგ კვლავ მოახერხეს საფრანგეთის საერთაშორისო ასპარეზზე გამოყვანა. კორსიკელ იმპერატორს აღმერთებდა ქალი და ხშირად თავადაც უნატრია, ნეტავ მეც იმ პერიოდში დავბადებულიყავი, ასეთი შეცდომების დაშვების უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემდიო. ადამიანს რაც საჭიროა ის კიდევაც უნდა აუვარდეს თავში, მაგრამ ზომიერება არასდროს უნდა დაავიწყდეს, ანდაც გვერდით ისეთი ადამიანი უნდა ედგეს, ვინც დროულად მოიყვანს გონსო. სამწუხაროდ მის სათაყვანებელ იმპერატორს ასეთი არავინ აღმოაჩნდა გვერდით, მათ შორის არც ალისას პაპა (ძალიან ახალგაზრდა კაცს გამოცდილებაც აკლდა და დაღვინებაც) და ამიტომაც იყო, რომ მიიღო ისეთი დასასრული, რასაც ქალის აზრით, ნამდვილად არ იმსახურებდა. ამის შემდეგ დაასკვნა, რომ ადამიანები უამდურები არიან. რაც არ უნდა ბევრი სიკეთე გაუკეთო მათ, ისინი უფრო და უფრო მეტს მოგთხოვენ, ბოლოს ისევ შენ დაგადანაშაულებენ და ისე მარტივად გაგწირავენ, თითქოს ერთ დროს მათი საფიცარი პიროვნება კი არა, საერთოდ არავინ არ ყოფილიყავი.
ნაპოლეონის გარდა სხვა სათაყვანებელი ადამიანებიც ჰყავდა ფრანგ ქალბატონს. ერთ-ერთ ასეთს კი ეკატერინე მედიჩი წარმოადგენდა. მერე რა, რომ წარმოშობით იტალიელი იყო, დედოფალმა მთელი ეპოქა შექმნა და დიახაც, რომ ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკოსი ქალი გახლდათ მთელს ფრანგულ ისტორიაში. პირველად დედოფალ ეკატერინეზეც პაპამისისგან შეიტყო და ცხრა წლის ასაკშივე წაიკითხა მასზე დაწერილი ნაწარმოებებიც. აღფრთოვანებას იწვევდა მასში ქალის თვისებები და ცდილობდა მიებაძა კიდეც მისთვის. ხშირად ჰკითხავდა ხოლმე თავს, როდესაც პრობლემურ საკითხს მიადგებოდა და გამოსავლის პოვნა უჭირდა, რას იზამდა მის ადგილას ესა თუ ის მისთვის ასე სათაყვანებელი ადამიანი და იმ წამს თუ არა, რამდენიმე დღეში აუცილებლად აგვარებდა ყველაფერს.
პრეზიდენტის კარზეც კარგად იცნობდნენ ქალს და დიდ პატივსაც სცემდნენ. ათასი ინტრიგის გაბმა ისე მარტივად შეეძლო და საქმეთა ჩახლართვა, რომ ძალიან ბევრ მამაკაცს პირღიას ტოვებდა. მართალია, საფრანგეთში კარგად იცნობდნენ რას ნიშნავდა ჭკვიანი და გამჭრიახი ქალის ძალა პოლიტიკაში, მაგრამ ალისას ქმედებებს მაინც „ძლიერი სქესის“ წარმოამდგენელნი იწერდნენ. ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ქალებს მამაკაცის ტოლი უფლებები და მათ საქმეს მხოლოდ დიასახლისობა და ბავშვების აღზრდა წარმოადგენდა.
უკვე დაქალებულ ალისას მშობლებმაც ვერა და ვერ მოუშალეს ბავშვობიდან გადმოყოლილი თვისებები. მამამისი კი ჯავრობდა, როგორ შეიძლება ზრდილი ქალბატონი მათრახით დასდევდეს საკუთარ უმცროს ძმას, მონასავით ამუშავებდეს და მსახურებს თავს უყადრიდესო, მაგრამ მას ვინ უსმენდა? ალისა ყველას ისეთი უყვარდა, როგორიც იყო და მისი ნაკლოვანებები დიდად არც აინტერესებდათ.
***
უკვე რამდენიმე დღე გასულიყო მას შემდეგ რაც, ქალი საქართველოში ჩამოსულიყო და ნორმალურად ვერ მოეხერხებინა მელანოს დამარტოხელება. მეგობარს მხოლოდ ჭამის დროს თუ ხედავდა, რადგან ქალი ჯერ კიდევ გლოვობდა ბებიას და ალისას ეს ესმოდა კიდეც. ერთ დღესაც, როგორც იქნა გამოიტყუა მელანო ოთახიდან და ბაღში გაიყვანა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. ხეხილის ხეებს შორის მისეირნობდნენ, როდესაც შემთხვევით ორმოცწლამდე ქერა ქალბატონს გადააწყდნენ, რომელიც იქვე მდგარ ჩარდახიან მაგიდასთან მოკალათებულიყო და მშვიდად მიირთმევდა ყავას. გოგონებმა დაკვირვებით შეხედეს, თავის დაკვრით შემოიფარგლნენ და გზის გაგრძელებას აპირებდნენ, ქალის გამაღიზიანებელი ხმა რომ მოესმათ, ასე მოქცევა ვინ გასწავლათ, როგორ შეიძლებაო. ალისამ გაოცებულმა გადახედა ჯერ მელანოს, შემდეგ კი კვლავ ყავის სმით დაკავებულ ქალს მიუბრუნდა და ფრანგულად ჰკითხა:
-უკაცრავად, მაგრამ, ვინ ბრძანდებით?
-Я Герцогиня Светлана, - რუსულად უპასუხათ ქალმა და თავი ამაყად მოიღერა, - хозяйка этого дома, и я требую от вас большего уважения.
-А я королева Марго, и хочу, чтобы у вас была более короткий язык! - რუსულადვე გაეპასუხა ალისა, რომელსაც მელანოს ფერშეცვლილი სახე არ გამოჰპარვია და მაშინვე სხვა მხარეს წაიყვანა მეგობარი.
ქალბატონი სვეტლანა შეფიქრიანდა, როცა ფრანგი სტუმრისგან ასეთი პასუხი მიიღო, თანაც საკუთარ ენაზე. ცოტა ხანს ხმასაც ვერ იღებდა, მაგრამ შემდეგ ისევ თავის აზრზე დარჩა, რომ ორივე მეგობარს ზრდილობისა და ეთიკის არაფერი გაეგებოდათ და არც კარგად აღზრდილები იყვნენ.
-არ მეგონა თუ ის აქ იქნებოდა, ბოდიში, - ძლივს ამოილაპარაკა ამილახვარმა და დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა.
-რას მებოდიშები? - მაშინვე გადააქნია თავი ალისამ, - შენ რა შუაში ხარ?
-ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ მამაჩემს ასე მოქცევა შეეძლო. არ მესმის იმ სახლში როგორ უნდა მოიყვანო და აცხოვრო ასეთი „ქალბატონი“, - და ბოლო სიტყვა კბილებს შორის გამოსცრა, - როდესაც ნამდვილი დიასახლისი ჯერ კიდევ ცოცხალია და სადღაც შორს იტანჯება. მას პირველად ვხედავ და არც მეგონა თუ აქ გადავეყრებოდით, თორემ სულ არ წამოვიდოდი აქეთ.
-კარგი რა, - ხელი აიქნია ალისამ, - ასეთები მაინც არ გენახოს ჩემთან სტუმრად ყოფნის დროს. რამდენი ერთი გავიხსენო?
-კი მაგრამ, ის საფრანგეთი იყო, - თქვა მელანომ და მაშინვე გაწითლდა, - ანუ არ გეგონოს, რომ საფრანგეთს ვერჩოდე რამეს, უბრალოდ მანდ მსგავსი არ გიკვირთ, რადგან თითქოს ხალხიც შეჩვეულია, მაგრამ აქ... აქ... აქ უცნაური ხალხი ცხოვრობს. ვერასდროს ჩასწვდები მათ ბუნებას და ვერც ვერაფერს მიხვდები. ერთ წამს თუ რაღაც ქცევა მისაღებია მათთვის, მეორე წამს იმავე საქციელზე შეიძლება ლინჩის წესი აგიგონ.
ალისამ მხოლოდ თავი დაუქნია, შემდეგ კი მარაო დაინიავა. მზე ძალიან აჭერდა, ლამის გადაეწვა ყველაფერი. ამიტომ სახლისკენ ანიშნა მეგობარს და იქითკენ დაიძრნენ.
-აქამდე რომ ვერასდროს დაგიმარტოხელავე, აბა, ახლა მომიყევი რა ხდება შენს თავს და რატომ გიციმციმებს ამ ბოლო დროს ასე განსხვავებულად თვალები! - შევიდნენ ოთახში თუ არა, მაშინვე ლაპარაკი დაიწყო ალისამ და დივანზე მოთავსდა, - აქ ძალიან ცხელა, არა? - იკითხა და მარაო დააქნია, - არ შეგიძლია ვინმე გაგზავნო, რომ ფანჯრები გამოაღონ?
-დავითს ხომ არ დავუძახო? - ოდნავი ღიმილით შეუბრუნა კითხვა ქალს და თავადაც მის გვერდით მოთავსდა.
-რატომაც არა, - წარბიც არ შეუხრია ალისას და მარაოს ქნევა განაგრძო, - შენ გირჩევნია საუბარი დაიწყო!
მელანომ მართლა გააგზავნა გოგო დავითთან, თავად კი საუბარი დაიწყო.
-არაფერიც არ მიციმციმებს. ბებოს გარდაცვალება ვერ მომინელებია ჯერ, - მაშინვე დანაღვლიანდა ქალი.
-ეგ მეც ვიცი და ვიზიარებ, მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ მე მომატყუებ, ჩემო საყვარელო? მაგ სევდის მიღმა რაღაც უფრო საინტერესო იმალება და მე ამას მშვენივრად ვხედავ.
მელანოსაც სხვა რა გზა ჰქონდა? მშვიდად დაიწყო მოყოლა და „პოსეიდონზე“ გატარებული დღეების ისტორიას ჰყვებოდა, კარზე ფრთხილად რომ დააკაკუნეს.
-oh moun dieu! - წამოიძახა ალისამ, - ეს რა დაგმართნია, ჩემო საყვარელო! აბა, მე რომ ვმგზავრობდი, სიმშვიდე იყო და არავის გავუჩერებივართ.
-ეტყობა, გაიგეს რომ ალქაჯი მგზავრობდა იმ გემით და შეეშინდათ, - ჩაიბურტყუნა იმ წუთას შემოსულმა დავითმა, რომელასაც აშკარად გაეგო ალისას სიტყვები.
მელანომ თვალები დაქაჩა კაცის სიტყვების გაგონებისას და რაღაცის თქმაც დააპირა, როდესაც ალისამ ხელზე დაქაჩა და თავისკენ მიახედა.
-რაო, რა მინდაო ამ მარმარილოს შთამომავალმა? - ფრანგულად იკითხა ალისამ და უფრო ენერგიულად დაიწყო მარაოს ქნევა.
-რა და, ასე თუ განაგრძობს მაგ მარაოს ქნევას, მალე ქარიშხალი ამოვარდება, ღრუბლებს მოაგროვებს, წვიმაც წამოვა და აგრილდებაო, - მეგობრის მინიშნებას მიხვდა მელანოც და ცოტა გაეშმაკების ხასიათზე მოვიდა.
-ასეთი ეშმაკუნა არ მახსოვდი შენ, - წარბები აქაჩა ალისამ და გადაიკისკისა, - გაგაფუჭა ხომ შენმა...
-რატომ ატყუებ, მელანო? - ალისას პარალელურად ალაპარკდა დავითიც, - უთხარი რეალურად რაც ვთქვი, არ მაქვს პრობლემა.
ალისამ დაწვრილებული თვალებით გახედა კაცს, შემდეგ კი ირონიული ღიმილით გადააქნია თავი.
-გააკეთოს ის, რისთვისაც აქ დაიბარეს და გავიდეს, უთხარი. ისედაც ჩახუთულ ოთახს უფრო ამძიმებს!
-დაგცხა, არა? - ეშმაკურად გაუცინა მელანომ და მერე დათოს მიუბრუნდა, - თუ არ შეწუხდები, ფანჯრები გამოხსენი.
-რა თქმა უნდა, - უპასუხა კაცმა, ფანჯრები გამოხსნა და ოთახი თავის დაკვრით დატოვა.
-ალქაჯი არა?! - დავითის გასვლისთანავე წამოიძახა გაცხარებულმა ალისამ და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, - დამაცადე, ჩამივარდები ხელში! არა, რა გაცინებს მელანო? მე აქ ვიტანჯები ამ აპოლონის შორიდან ყურებით, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ ამხელა ქალს კიდევ ერთხელ ამიფორიაქა გული და შენ დამცინი?
-რამხელა ქალს, ჰა? ჩემხელა ხარ, ალისა!
-რა მნიშვნელობა აქვს? ის მინდა! რომ რამე, მოტაცება მიღებულია ხომ თქვენთან?
-თუ გიყვარს და მასზე დაქორწინებას აპირებ, კი. მაგრამ ჩვენთან მხოლოდ ქალებს იტაცებენ.
-რაც მთავარია,იტაცებენ და რა მნიშვნელობა აქვს ქალი იქნება თუ კაცი? - თვალების ციცმციმით იკითხა ალისამ, - ჩამივარდება ეგ ხელში და მერე მართლა ნახავს როგორი ალქაჯიც ვარ! სულ ცოტაც მაცადოს! ახლა განაგრძე, გისმენ!
მელანომ ბოლომდე მოჰყვა თუ არა საკუთარი ისტორია (პირადი მომენტების გარდა), ალისა მაშინვე მივარდა და გადაეხვია.
-ნეტავ, უფრო მალე ჩამოვსულიყავი, ასეთ დღეში ხომ მაინც არ დამხვდებოდი. რაღაცას მაინც გიშველიდი. მაგრამ რანაირად ჩამოვიდოდი? იქაც ძალიან ბევრი საქმე იყო. განსაკუთრებით კი ახლა.
-მართლა, ჯერ არ მიკითხავს და აქ რას აკეთებ? - დაინტერესდა მელანოც.
-გარდა იმისა, რომ ახლა მხოლოდ შენს გვერდით დგომას და იმ აფროდიტეს შვილის მოტაცებას ვგეგმავ, რეალურად სულ სხვა საქმე მაქვს. მაგრამ დრო საკმარისია, რადგან ნაჩქარევად არანაირი საქმე არ გამოდის, ჩემზე უკეთ თავად იცი. სულ არ ვიცოდი შენი ამბავი, აქ წამოსვლას რომ ვგეგმავდი. მე რეალურად მამაშენთან, უფროს სწორად თქვენი ქვეყნის თავადებთან და მმართველ ფენასთან მოსალაპარაკებლად ვარ ჩამოსული.



უჰ კარგი იყოო????????

 


№2  offline წევრი დარინა

ალისას და დავითის წყვილზე გავგიჟდი, აი ცეცხლს დაანთებენ, ამ თავში ერეკლე დამაკლდა და ველოდები რას გააკეთებს მელანოს დასაბრუნებლად, უკვე მიყვარს ეს ისტორია და ახალ თავებს სულმოუთქმელად ველოდები.

 


№3  offline მოდერი abezara98

ნატალია ყალაიჩიშვილი
უჰ კარგი იყოო????????

მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes

დარინა
ალისას და დავითის წყვილზე გავგიჟდი, აი ცეცხლს დაანთებენ, ამ თავში ერეკლე დამაკლდა და ველოდები რას გააკეთებს მელანოს დასაბრუნებლად, უკვე მიყვარს ეს ისტორია და ახალ თავებს სულმოუთქმელად ველოდები.

ხო, ეგ ორი მართლა ცეცხლი მყავს, თან ისეთი, რომ მოერიდეთ, თავად არ დაიწვათ laughing მიხარია, რომ მოწონს და კითხულობ heart_eyes მადლობა დიდი kissing_heart kissing_heart

 


№4  offline მოდერი N1penguin

ვაა ვაა, საინტერესოა, საინტერესო. მეტი ალისა მინდააა heart_eyes სულ ალისა მინდაა და დავითი რომ მოარჯულოს ეგეც მინდაა. მართლა როგორ ააფორიაქა აბაა. ალქაჯი არა? დაგიმარტოხელებს შენ ეგ ალქაჯი wink ალისამ ქართული ენა იცის? აბა საიდან გაიგო, რომ ალქაჯი უწოდა დავითმა? გაბრიელის დაჩმორება როდის გამოჩნდება? სხვათა შორის, იმ თივის ზვინის მომენტსაც ველი smirk ყოველთვის მაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ყველა მოთხრობაში მთავარ წყვილზე მეტად შედარებით მეორეხარისხოვანი წყვილი მიყვარდება? laughing

 


№5  offline მოდერი abezara98

N1penguin
ვაა ვაა, საინტერესოა, საინტერესო. მეტი ალისა მინდააა heart_eyes სულ ალისა მინდაა და დავითი რომ მოარჯულოს ეგეც მინდაა. მართლა როგორ ააფორიაქა აბაა. ალქაჯი არა? დაგიმარტოხელებს შენ ეგ ალქაჯი wink ალისამ ქართული ენა იცის? აბა საიდან გაიგო, რომ ალქაჯი უწოდა დავითმა? გაბრიელის დაჩმორება როდის გამოჩნდება? სხვათა შორის, იმ თივის ზვინის მომენტსაც ველი smirk ყოველთვის მაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ყველა მოთხრობაში მთავარ წყვილზე მეტად შედარებით მეორეხარისხოვანი წყვილი მიყვარდება? laughing

მეორეხარისხოვნები უფრო საყვარლები გამომდის, გეთანხმები sweat_smile მაგრამ ჩემს მელანოსა და ერეკლეს რას ერჩი? heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent