ამილახვარი (თავი 8)
მელანო ჩასწვდა რა ალისას მისიას, მაშინვე მამამისთან გაიქცა. რადგან იმ დღეს თავადი ძლიერ დაკავებული გახლდათ, ალისასთან შეხვედრა მეორე დღეს გადაწყვიტა. -ნეტავ ვიცოდე, ასე სასწრაფოდ სად გაიქეცი, - თვალების ტრიალით შეხვდა მეგობრის დაბრუნებას ფრანგი სტუმარი. -მამაჩემს ველაპარაკე, - ალისას მარაო გამოართვა და დაინიავა მელანომ, - ხვალ შეუძლია შენს საქმეზე საუბარი. -ხომ გითხარი, დრო საკმარისად მაქვს-მეთქი? რა საჭირო იყო ასე აჩქარება? წლის ბოლომდე შემიძლია აქ დარჩენა. -შენ ქართველ თავადაზნაურობას არ იცნობ. ისე გაწელავენ ამ შენს საქმეს, შეიძლება წლის ბოლოსაც კი ვერ მოახერხო აქედან საბოლოო პასუხით გაბრუნება. -კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა, - მხრები აიჩეჩა ქალმა და მელანოს ლამის წაჰგლიჯა მარაო ხელიდან, - მომეცი ეს აქ, არ გიხდება შენ ჩემი მარაო. შენთვის საკმაოდ დიდია და შეიძლება გაცივდე კიდევ ერთხელ რომ დაინიავო. -ჰო, რა თქმა უნდა, მე ხომ თქვენნაირი პლანტატორი ვერასდროს გავხდები. -დიახაც, მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ. აი, გაბრიელი კი ვატყობ დღეს დაისჯება. -ამჯერად რაღა დაგიშავა? -შენი გასვლისას დავაბარე ჯერ კიდევ, რომ ჩემთვის ჩაი მოეტანა, ის კიდევ სადაა, აბა? ხედავ სადმე? -ალისა კარგი რაა, არ შეიძლება ასე. -მართალი ხარ, ნამდვილად არ შეიძლება ასე. რად უნდა ჩაის მოდუღებას ხუთ წუთზე მეტი? არადა ათ წუთზე მეტია გასული, რაც გავიდა. რა იყო, ახლა გლეჯს ჩაის ბუჩქებიდან ფოთლებს და ახმობს? *** მეორე დღეს საუზმის შემდეგ ბიძინამ ჯერ მელანო იხმო თავისთან, შემდეგ კი ორივემ ერთად დავითი გააგზავნეს ალისას მოსაყვანად. რამდენიმე წუთში კაკუნიც გაისმა და მოურავმა კარი ფართოდ შემოხსნა, რომ ქალბატონი შემოეტარებინა. მელანო მაშინვე წამოდგა ფეხზე, ოთახში შემოსულ ალისას სავარძელზე ანიშნა, თავად კი ფანჯარასთან დადგა დავითთან ერთად. -გმადლობთ, -კარის გაღებისთვის მადლობა მოუხადა კაცს და სავარძლისკენ წავიდა კიდეც მაგრამ წამში შემობრუნდა და დავითი შეათვალიერა, - მართალია, შავი ფერი გიხდება, ყოველთვის მოდაშია, არც ძალიან პრეტენზიულია და ამტანიცაა, მაგრამ ახლა პარიზში შინდისფერია მოდაში, - ცხვირაბზუებულმა ჩაუარა კაცს წინ და ტანზემორგებულ ამავე ფერის კაბაზე ანიშნა. -შენი მეგობარი შემომაკვდება, - კბილებში გამოსცრა კაცმა და აფხუკუნებულ მელანოს თვალები დაუბრიალა, - შინდისფერია თურმე მოდაში! -შენ რაღა გაცინებს მელანო? - ამჯერად მეგობარს შეხედა სერიოზული სახით და ღიმილი სახეზე შეაყინა, - შენს გარდერობს შემდგომში მივხედავთ. ამჯერად დავითსღა აკლდა ცოტა ახარხარებამდე. -ალისა! - წამოიძახა მელანომ, მაგრამ ფრანგი ქალბატონი მას უკვე აღარ უსმენდა, ამილახვრის წინ ჩამომჯდარიყო და თბილად უღიმოდა. -ალისა, ჩემო საყვარელო, - დაიწყო ბიძინამ და ქალს ხელზე ემთხვია, - შენ ხომ არ იცი, როგორ გამახარე, რომ გვეწვიე. -რას ამბობთ, ეს ჩემთვისაა დიდი პატივი თქვენი სტუმარი რომ ვარ, თავადო. -როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ, - გაუღიმა ქალს და მანაც კომპლიმენტი შეიფერა, - აბა, მითხარი, რა ამბებია საფრანგეთში? - შორიდან მოვლა გადაწყვიტა ბიძინამ. -რა გითხრათ, აბა? დიდი ამბებია. მაგალითად, წინა წელს ეიფელის კოშკის მშენებლობა დავიწყეთ. -ისე წარმოთქვამ მაგ სახელს, დიდად გულზე არ უნდა გეხატებოდეს, როგორც ჩანს. -მართალი ბრძანდებით. სულაც არ ვთვლი, რომ იმ სიმახინჯეს რაიმე ესაქმება პირდაპირ ელისეის მინდვრებთან, მაგრამ აბა, ნამდვილ ფრანგ ხალხს ვინღა გვისმენს? თავის გამოჩენა უნდათ, ყველაზე მაღალ კონსტრუქციას ვაშენებთ მთელს მსოფლიოშიო. ადგნენ და რაც რეალურად ქვეყანას სჭირდება, იმაში გამოიჩინონ თავი! მე ჯერ ისიც კი ვერ მომინელებია, ვერსალის სასახლე რომ მუზეუმად გადააკეთეს და სახელმწიფო ხაზინას იქიდან შემოსული ფულით ავსებენ. ღმერთო ჩემო, წარმოგიდგენიათ, შედიხარ სასახლის ეზოში, ვიღაც გადაპრანჭული გხვდებათ და რამდენიმე ფრანკის სანაცვლოდ გათავლიერებინებთ მხოლოდ რამდენიმე ოთახსა და ბაღს, თანაც სასახლის ისტორიასაც არასწორად გიყვებათ. -ნამდვილად წარმოუდგენელია, - კვერი დაუკრა ამილახვარმაც. -ანდაც ის რად ღირს, უნიათო პრეზიდენტი რომ აირჩიეს. გეფიცებით, კიდევ ერთი რევოლუცია რომ მოხდეს, ნამდვილად არ გამიკვირდება. -თუ ასე ცუდი ხელისუფლება გყავთ... - დაიწყო ბიძინამ, მაგრამ ალისამ მაშინვე გააჩერა. -არა, პრეზიდენტი ნამდვილად ვერაა ისეთი ძლიერი, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, მაგრამ ზოგიერთი ჭკვიანი ადამიანი მაინც შემორჩა და მეც სწორედ მათი თხოვნით ვარ აქ. -მაშინ გისმენ. -მოდით, ფრანგულის ნაცვლად ყველაფერს ქართულად გეტყვით, ხომ? ვიცი, რომ ჩემს მშობლიურ ენაზე შესანიშნავად საუბრობთ, მაგრამ მირჩევნია ქალრთულად აგიხსნათ ყოველივე. ბატონსაც და მის მოურავსაც ლამის თვალები გადმოსცვივდათ ბუდიდან, როცა ალისამ ბოლო წინადადება ქართულად ჩამოურაკრაკათ და მიამიტი სახით გახედა მელანოს, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. ამილახვარმა მალევე მიიღო ჩვეულებრივი სახე, რაც დავითს ნამდვილად გაუჭირდა. -და რა თქმა უნდა, მან ქართული მშვენივრად იცის, - კბილებში გამოსცრა კაცმა და მელანოს დაუბღვირა, მაგრამ რა აბრაზებდა თავადაც ვერ ხვდებოდა. შემდეგ კი ბიძინას მიმართა: -ბატონო, მე თუ არაფერში გჭირდებით, გავალ. -მიდი, დავით, მიდი, - ხელითაც ანიშნა და გაათავისუფლა, - გთხოვ, განაგრძო, ალისა. -დიახ, რა თქმა უნდა. მოკლედ ამჟამად სიტუაცია ასეთია: ცხრა წლის წინ გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ სახელმწიფოზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, მეორე აუცილებლად დაეხმარება. ექვსი წლის წინ კი ამ ხელშეკრულებას იტალია დაემატა, რადგან საფრანგეთმა 1881-ში ტუნისი მიისაკუთრა. რაღაც სამ სახელმწიფოთა კავშირი შექმნეს, რაც მე ძალიან მაშფოთებს. გერმანია ხელწამოსაკრავ ძალას სულაც არ წარმოადგენს. ამ ბოლო პერიოდში ძალიან მოძლიერდა და ამ საუკუნეში თუ ვერა, შემდეგში აუცილებლად მოხდება ომის მსგავსი რამ. -და ეს ყველაფერი შენ საიდან იცი? -ჩვენი აგენტურა არც თუ ისე ცუდად მუშაობს. რაც შეეხება რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს - გაუარესებულია. როგორც გავიგე რუსეთს სესხის გაგრძელებაზე უარი უთხრეს და ახლა სხვა მოკავშირეს ეძებს. -გასაგებია და აქ რა გინდა მაშინ? თავადაც კარგად იცი, რომ რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად ვითვლებით. -სიმართლეა, მაგრამ თავისუფლების მოპოვებაც მარტივად შეგიძლიათ. ახლა რუსეთს არც ისეთი ძლიერი მმართველი არ ჰყავს, რომ თქვენი თავისუფლება შეზღუდოს. -სამაგიეროდ ჰყავს დიდი და ძლიერი არმია. ვთქვათ, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ კიდეც, ამით საფრანგეთს რა ხეირი? -როგორც უკვე გითხარით, საერთაშორისო ასპარეზზე სიტუაცია იძაბება. ჩვენ კი ისეთი მოკავშირე გვჭირდება, რომელსაც სტარტეგიულადაც მშვენიერი ადგილი ეკავება. თქვენ სწორედ ასეთ ქვეყანას წარმოადგენთ და არც მეზობელ ქვეყნებთან გაქვთ ცუდი ურთიერთობა. -და ოსმალეთი რატომ არა? მას ხომ ჩვენზე უკეთესი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, თანაც სრუტეებსაც აკონტროლებს. -ოსმალეთი არც თუ ისე სანდოა. პირველ რიგში რელიგიური კუთხით, თანაც დანამდვილებით ვიცით, რომ გერმანიასთან აქვს აქტიური მიმოწერა. -ჩვენგან რას ელით? -თქვენგან მხოლოდ მოკავშირეობას ვითხოვთ. თუ საჭირო გახდება, დახმარებასაც. დიდი ალბათობით კი მაინც დერეფნის ფუნქციას შეასრულებთ. -თეორიულად დავუშვათ, რომ დაგთანხმდით. ჩვენ რას მივიღებთ ამით? -პირველ რიგში, თუ დამოუკიდებლობის მოპოვებას გადაწყვეტთ, საფრანგეთის მხარდაჭერას, ამასთანავე რამდენიმე მილიონი ფრანკით დახმარებასა და უკიდურეს შემთხვევაში თავშესაფარს. თანაც ყოველ გატარებულ ტვირთზე თავისთავად დაგრჩებათ შემოსავალი. მხოლოდ რაც შეიძლება უსაფრთხოდ და მალე უნდა გატარდეს ხოლმე. -გასაგებია და მაგაზე პრობლემა არც შეგექმნებათ, მაგრამ ეს ამბავი არც ისეთი მარტივი მოსაგვარებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დაფიქრება ნამდვილად სჭირდება, თანაც დანარჩენების აზრიც უნდა გავიგოთ. -ეგ ნამდვილად არ იქნება პრობლემა. დრო ჯერ მაქვს, მაგრამ მაინც, რაც უფრო მალე მოვაგვარებთ, მით უკეთესი იქნება. ამილახვრის კაბინეტიდან მელანო და ალისა ერთად გამოვიდნენ და გარეთ გასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, როდესაც ფრანგმა ქალბატონმა ფანჯრიდან ეზოში შემოსული პურებით დახუნძლული ქალი შეამჩნია. მას მალე დავითი გამოეგება, ღიმილით ჩამოართვა პურები და ოდნავ თითებზეც წაეთამაშა. -მელანო, - მიმართა წინ წასულ მეგობარს და თავისთან იხმო, - ის ვინ არის? -აბა, სად? ვისზე ამბობ? გარეთ ძალიან ბევრნი არიან, - გაფაციცებით ეძებდა ალისას ინტერესის ობიექტს. -შენი აზრით, მე ვინ დამაინტერესებდა? აი, იმაზე გეუბნები, თქვენს მოურავს რომ უღიმის და... -ა-ა-ა-ა, ეგ? ჩვენი ბავშვობის მეგობარია, ნინო. -და ასეთი თბილი ურთიერთობა აქვს ყველასთან დავითს თუ მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია? - უკვე ბრდღვინავდა ქალი და სულ მალე ხელში მარაოს ნაფხვენები შერჩა, - ჯანდაბა შენს თავს, დავით, ჩემი საყვარელი მარაო გავტეხე! -სიმართლე გითხრა, არ ვიცი. როცა წავედი უბრალოდ მეგობრები იყვნენ. -იმედია ახლაც ასეა, - შემდეგ კი ფანჯარას ზურგი აქცია და საკუთარი ოთახისკენ წავიდა, - მელანო, გაბრიელი თუ შეგხვდეს სადმე, ჩემთან გამოუშვი, საქმე მაქვს. თავადის ასული სამზარეულოსკენ წავიდა, სადაც უკვე ტრიალებდა ახლადგამომცხვარი პურის სუნი, იმდენად მიმზიდველი, რომ ნებისმიერ დანაყრებულ ადამიანსაც კი აუშლიდა ხელახლა ჭამის საღერღელს. გაბრიელიც იქვე იყო და ერთ-ერთი პურისთვის ყუის წატეხვაც მოესწრო. -ალისამ ჩემთან შემოვიდესო, - მეგობრის დაბარებული გადასცა კაცს და თავად დავითის ძებნას შეუდგა, მაგრამ ვერსად მოჰკრა თვალი და კვლავ სახლში შებრუნდა. ცოტა ხანში კი ალისას ხმამაღალი საუბარი მოესმა. აშკარად კვლავ თავის რომელიმე მსახურს უჯავრდებოდა ანდაც ისევ გაბრიელს. მათკენ გაიქცა და დაინახა კიდეც, როგორ მშვიდად იჯდა სავარძელში მის წინ აქეთ-იქით მორბენალ გაბრიელს კი იმ მარაოს ნატეხებს ესვროდა, რომელიც ცოტა ხნის წინ შემოსტყდომოდა ხელში. თან იმის გამო ეჩხუბებოდა, შენი მოძებნა რატომ დამჭირდა, აქვე არ უნდა ყოფილიყავი, იქნებ რა მომესურვებინაო. თანაც ჯერ ისევ არ დავიწყებოდა დაგვიანებული ჩაის ამბავი. *** -მელანო, - უკვე მზე კარგად ამოწვერილიყო ცაზე რამდენიმე დღის შემდეგ მეგობრის საძინებლის კარი რომ შეაღო ალისამ და საწოლზე წამოწოლილი წიგნის კითხვის დროს ჩათვლემილი ამილახვრის ქალიშვილი შეაღვიძა, - ადექი, სასეირნოდ მივდივართ მე და შენ. -ალისა... - დაიწყო, მაგრამ ფრანგ ასულს არაფრის გაგონება არ სურდა. მელანო სულ ძალისძალად გამოაწყო საჯირითო სამოსში, თავად თავისი განუყრელი ჩექმებითა და მათრახით უკვე აღჭურვილიყო და როგორც კი მელანომ ჩაცმა დაასრულა, მაშინვე ეზოში გაიყვანა. -მელანო, ცხენებს დავითი ვერ შეგვიკაზმავს? - მათრახის ტარით დაანახა ეზოში მოტრიალე კაცი, რომელსაც ჩოხის კალთები აეკეცა და იქვე მოფუსფუსე გლეხებთან ერთად შრომობდა. -ვკითხავ, თუ სცალია და... -მაშინ შენ გამოყოლაზეც დაითანხმებ, დარწმუნებული ვარ, - თვალები ააციმციმა ქალმა. -ალისა, ჯადოქარი კი არა ვარ. -აბა, ბატონიშვილის სიტყვა კანონიაო? - წარბები შეკრა ალისამ. -ყველანაირად ვეცდები, - დანებდა მელანო და დავითისკენ გასწია, რომელიც უკვე საზამთროდ დაწყებულ ფუსფუსს შეერთებოდა და ახლა ურმიდან ახლადმოჭრილ შეშას ტვირთავდა. მისკენ მიმავალი მელანო შეამჩნია თუ არა, მაშინვე გაჩერდა და წელში გასწორდა. -დავით, სათხოვარი მაქვს შენთან, - მორცხვად დაიწყო ქალმა და ურემს ოდნავ დაეყრდნო ხელით. -თუ რამით შემიძლია დახმარება, მიმსახურეთ. მელანომ პირი გააღო კიდეც რაღაცის სათქმელად, მაგრამ უეცრად ეზოში ათიოდე წლის ბიჭი შემოიჭრა დათო, დათოს ძახილით. -დათოოო! - ქოშინით მიირბინა ამილახვრების მოურავთან და მუხლებზე ხელებდაყრდნობილი გაჩერდა, - დათო, ნინო... -რა ნინო, სოსო? - ნერვიულობა შეეპარა დავითს ხმაში. -ნინო მოიტაცეს! - ძლივს ამოილაპარაკა ბავშვმა, - ბაზრიდან ბრუნდებოდა, როცა... კაცმა ლაპარაკიც აღარ დაასრულებინა, მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე, აღარავის დალოდებია, თავლაში გავარდა, იქიდან კი საკუთარ ცხენზე ამხედრებული გამობრუნდა და თვალისდახამხამებაში უკვე ეზოდანაც გამქრალიყო. -რა მოხდა, მელანო? სად გავარდა მიქელანჯელოს ქართველი დავითი? - მეგობარს მიეჭრა ალისა. -მეც ვერ გავიგე ნორმალურად, - მხრები აიჩეჩა ქალმა, - მაგრამ ვხვდები. -და ნინო ვინ არის? - ეჭვით და დაწვრილებული თვალებით ჩაეკითხა და ისევ დავითის გავლილ გზას დააკვირდა. -ასეთი გულმავიწყი არ მახსოვხარ, - თვალებდაწვრილებულმა შეხედა ქალს, - რამდენიმე დღის უკან არ მკითხე მასზე? მაგრამ არამგონია, შენს კითხვაზე პასუხი მოგეწონოს, - ფრთხილად შეაპარა მეგობარს. -იმედია დაა, ხომ? ან ნათესავი, - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, სწორედ ასე ცდილობდა უკანასკნელ იმედს ჩაბღაუჭებოდა ალისა. -როგორც გავიგე, საცოლეა, უკვე დიდი ხანიო თანაც. ქალის სახელი მოესმა თუ არა და დავითის რეაქციაც შეამჩნია, იეჭვიანა ფრანგმა ქალბატონმა, აბა, როგორ?! ამილახვრების მოურავი მას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას და ვიღაც ნინოს გადასარჩენად თავქუდმოგლეჯილი გავარდა. მელანოს სიტყვებითღა იმშვიდებდა გულს, რომ ის ქალი საცოლე იყო და არა ცოლი. ამასობაში კი დავითი უკვე ცხინვალისკენ მიმავალ გზას დასდგომოდა. მხოლოდ წამით მოახერხა თავის ბედაურზე გადაკიდებული ჩანთის შემოწმება და როცა ტყვია-წამალიცა და იარაღიც ადგილზე დაიგულა, მშვიდად მიუშვა ცხენი და მთელი სისწრაფით გააჭენა. ნინო, დავითიცა და მელანოც ბავშვობაში ერთად იზრდებოდნენ და თავისუფალ დროსაც, როდესაც ამილახვრის ასულს უფლებას აძლევდნენ სათამაშოდ გასულიყო, ერთმანეთს არ სცილდებოდნენ. ბევრჯერ გამასპინძლებია თამაშისგან დაქანცულ ბავშვებს შოთებითა და ყველით ნინოს დედა, თამარი. ხშირად გადაუსვამს მათთვის თავზე ხელი და არასდროს უწყრებოდათ მორიგი სისულელის ჩადენისას. ბავშვები არიან, ბავშვი კიდევ ცელქი უნდა იყოსო, ამშვიდებდა ხოლმე ქმარს და იღიმოდა. შემდეგ კი მათი ტრიო დაიშალა. მელანო უცხოეთში გაუშვეს. მალე ნინოს დედაც მიიცვალა და მამამისს მისი გაზრდა ძალიან გაუჭირდა. უკვე ყმაწვილქალობაში იყო გადასული და თავის ნებაზეც სურდა რაღაცების გაკეთება ქალს. სულ მალე კი მას და ნინოს მეგობრული გრძნობა რაღაც უფრო ღრმაში გადაეზარდათ. თავიდან ეგონა რომ ქალის გარეშე წუთითაც ვერ იცოცხლებდა და ეგაა, ნამდვილი სიყვარული მეწვიაო, მაგრამ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ საკუთარ თავსაც შეატყო, რომ ეს ის გრძნობა არ ყოფილა, რაზეც ამდენი რამ წაუკითხავს თუ მოუსმენია. ირემაშვილების ასული კი უკვე იმდენად დამშვენებულიყო, რომ სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენლების ყურადღებასაც იქცევდა. მოდი და ყურადღებას ნუ მიაქცევდი სავსე და გათქვირულ მკერდს, წვრილ წელსა და მსხვილ თეძოებს, რომლებზეც კაბა ისე შემოეტმასნებოდა ხოლმე, ლამის შემოგლეჯვოდა. ქალიც თითქოს სპეციალურად იცვამდა ასეთ კაბებსო. მოსწონდა მისი ჩავლისას მამაკაცები თვალს რომ გამოაყოლებდნენ ხოლმე. მართალია, სავსე სხეულის ნაწილები ჰქონდა და ეზოსა და ბაზარში ყელმოღერებული კარგადნასუქი ვარიასავით დაგოგმანებდა, მაგრამ სახეზე არც ისეთი მიმზიდველი იყო. ქერა თმასა და ლამაზ ბრიალა თვალებს ოდნავ კეხიანი ცხვირი, სავსე ტუჩები და ოკრობოკრო ჩალაგებული კბილები მოსდევდა წინწამოწეულ ნიკაპთან ერთად. ყველაფერს კი გამყინავი ხმა აბოლოებდა, რომელიც მყივანა ხველის შემდეგ დარჩენოდა ქალს. დიდი ხანია მთელმა სოფელმა იცოდა, დავითისა და ნინოს გამიჯნურების ამბავი. ხშირად შეუმჩნევიათ შეღამების პირზე მდინარის ნაპირას მოსეირნე წყვილი. მაგრამ მათ შორის ამბორს იქით არასდროს წასულა საქმე. ქალს რამდენჯერმე მოუნდომებია უფრო მეტი, ხელი შეუცურებია დავითის ჩოხის უბეში, მაგრამ კაცი ყოველთვის აჩერებდა და არასდროს ჰკვეთდა საზღვარს. ქორწინებაზეც ჩამოუგდია ხშირად საუბარი, ამდენი ხანი გავიდა უკვე და დრო არ დადგა შევუღლდეთო? მაგრამ დავითი ხან მოსავლის დაბინავებას, ხან კი საკუთარი სახლისთვის ხელის შევლებას და წესრიგში მოყვანას იმიზეზებდა. სახლისთვის ხელის შევლების ამბავი კი არა და არ მთავრდებოდა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ აკეთებდა ამას, მაგრამ მაინც ასე იქცეოდა. ის ოსი ყმაწვილი კი ორი წლის წინ გადაეკიდა. ნინოს მამა იხსნა სიკვდილისგან ვანო რამონოვმა. მაშინ გიორგი ძია, ნინოს მამა, ყანაში იყო გასული და უკვე ხორბლის მოსათიბად ემზადებოდა, როცა ხელი ჰკრეს და გვერდით გადააგდეს. კაცი გაკვირვებული მოტრიალებულა და ოსურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა შერჩენია ხელთ. მამაკაცს ხანჯალი ტარამდე ჩაესო მიწაში და გახშირებულად სუნთქავდა. გიორგი ახლოს რომ მისულა სანახავად, მხოლოდ მერეღა დაინახა, რომ ოსმა მცურავისაგან იხსნა, მაგრამ თავად ვერ მოესწრო დროულად თავისთვის შველა და მისთვის უხსენებელს ეკბინა. მოხუცებული მაშინვე მხრებში შეუდგა და რის ვაივაგლახით მიიყვანა თავის სახლამდე, მერე კი ნინო გააგზავნა ექიმის მოსაყვანად. ერთი კვირა ცდილობდა კაცი გონებაზე მოსვლას. ერთი კვირა სახლიდან ფეხს არ იცვლიდა გიორგი, ჩემს გადამრჩენელს როგორ დავტოვებო. ნინოც ხშირ შემთხვევაში სახლში იჯდა და უცნობ ყმაწვილს ცივ საფენებს უცვლიდა ხოლმე. დავითი კი ამ დროს ტფილისში იყო წასული თავის ბატონთან ერთად და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა სოფელში. ერთი კვირის თავზე თვალებიდან გამოიხედა ოსმა. სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო ძია გიორგი, შეისმინა უფალმა ჩემი თხოვნა და გადაგარჩინაო. ოსი თავიდან გონზე ვერ მოდიოდა, მაგრამ მერე გაახსენდა ყველაფერი და თავისთვის ჩაიღიმა. მადლობა, შვილო, მადლობა, შენთან სიცოცხლით ვარ დავალებულიო. ამასობაში ნინოც შემოვიდა სახლში და მაშინვე საწოლში მწოლისკენ გააპარა თვალი. მამამისივით მასაც გაუხარდა კაცის გონზე დანახვა. ოსმა კი თვალი ვეღარ მოსწყვიტა ირემაშვილის ქალს. ნინო დაჟინებულმა მზერამ სულ მთლად არია, როგორ არ უგრძვნია აქამდეც დაჟინებით რომ მისშტერებოდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა ეს კაცი რაღაცნაირად უცქერდა, რის საპასუხოდაც ქალს მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლიდა და ლაჯებს შორის ხორცი უცახცახებდა. ასე დათოს შეხებისასაც კი არ დამართნია, კოცნაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. იმდენად დაბნეული დააბიჯებდა, რომ რამდენჯერმე რაღაცას ფეხი გამოსდო და ლამის ყველაფერი ხელიდან გაუცვივდა. მამამ გაკვირვებით გააყოლა თვალი, მაგრამ შვილისთვის არაფერი უთქვამს. იმ დღეს გულში ჩაუვარდა ოსს ირემაშვილის ქალი. იმ დღის შემდეგ მოსვენება დაკარგა ნინომაც. გიორგი ძია საქმეებს დაუბრუნდა და სტუმარს ნინოს აბარებდა. იცოდა, ქალიშვილი არაფერს დააკლებდა და სათანადო ყურადღებას მიაქცევდა. ერთ ასეთ დღეს, როცა ნინო მორჩა კაცისთვის სამხრის ჭმევას მათლაფა და ხის კოვზი მაგიდაზე გადადო და თავადაც წამოდგომა დააპირა საწოლიდან, მამაკაცამა მკლავი რომ დაუჭირა და თავისკენ მიიზიდა. ნინო დამფრთხალი შველივით აცეცებდა თვალებს და არ იცოდა რა გაეკეთებინა. რამონოვმა სხეულზე აიკრა და ქალის ტუჩებს დაეპატრონა, თან ცალი ხელი ნინოს მკერდში ჩააცურა და ნაზად მიეალერსა. ესიამოვნა ქალის აფუებული ძუძუების შეხება, მაგრამ ნინო წამებში დაუსხლტა ხელიდან, ტუჩებზე თითები ჰქონდა აფარებული და თვალებგაფართოებული იყურებოდა. მერე კი გასარეცხ ჭურჭელს დაავლო ხელი და ეზოში გავარდა. ოსის სახლში მოყვანისთანავე შეამჩნია და აღიარა ქალმა რამონოვის მიმზიდველობა. კაცს გაშლილი მხარბეჭი და მკერდი ჰქონდა, შავი თვალ-წარბი, ლამაზად მოყვანილი პირი-სახე, რომელიც შავ დაბალ წვერ-ულვაშს დაემშვენებინა და ამ რამდენიმე დღეში ოდნავ მოზრდოდა. ნინო გამეტებით ხეხავდა დასვრილ ჭურჭელს და თან წამდაუწუმ ის შეგრძნება ახსენდებოდა, რაც ოსის მიერ მისი ტუჩების დაპატრონებას გამოეწვია. რამდენჯერ არ უკოცნია დათოსთვის, მაგრამ ასეთი ემოცია არასდროს უგრძვნია. ამასობაში ცეცხლზე შემოდგმული წყალიც ადუღდა და ქალმა მისი გაგრილება დაიწყო, შემდეგ კი ქოხში ფეხაკრეფით შევიდა და ისე, რომ მამაკაცისკენ არც კი გაუხედავს, უთხრა: -წყალი მზადაა, თუ გნებავთ, შეგიძლიათ, აბაზანა მიიღოთ, - და კაცის სიტყვებს არც დალოდებია, უკანმოუხედავად დატოვა ქოხი. ოთახში ტაშტით ხელში შებრუნდა და საწოლთან ახლოს მოათავსა, წყალიც ჩაასხა და ნაჭერიც ჩააფინა, რომ კაცს ამოსვლისას ტანზე შემოეხვია. გარეთ გასვლას აპირებდა, როცა მამაკაცის ხმამ გააჩერა. -ნინო, - ესიამოვნა ოსმა სახელით რომ მიმართა და თავისთვის გაიღიმა კიდეც, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია და უემოციო სახით მიბრუნდა. -დიახ, გნებავთ რამე? -უნდა დამეხმარო, - გამართული ქართულით ესაუბრებოდა რამონოვი, რასაც ქალის კიდევ ერთი გაოცება მოჰყვა. როგორც წესი, ოსები თავს არ იწუხებდნენ ხოლმე ქართულის სწავლით. -ჯერ ისევ სუსტად ვარ, მხოლოდ ჩემით ვერ შევძლებ. მამაკაცმა ნელ-ნელა წამოდგომა დაიწყო და თან პერანგის დუგმებს იხსნიდა. ნინო სწრაფად გავარდა გარეთ, ერთი დაუბარა მალე დავბრუნდებიო და სახეზე მთლად აწითლებული ამოეფარა სახლის კარს. უკან მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ოსი აქაფებულ ტაშტში ჩაწოლილი დაიგულა. ზურგის გახეხვაშიც მიეხმარა და ტანზე სუფთა წყლის გადავლებაშიც, მაგრამ ამჯერადაც გარეთ გასვლა ვეღარ მოასწრო და უბრალოდ სწრაფად შებრუნდა, რომ ტაშტიდან ამოსული მამაკაცი არ დაენახა. რამონოვს თავისთვის ჩაეცინა და მთელი სხეულით წამოიმართა, შემდეგ კი სველი ტერფებით გადმოაბიჯა ხის იატაკზე და ქალს ანიშნა შეგიძლია შემობრუნდეო. მაგრამ ვაი, ამ შემობრუნებას. ოსი ყმაწვილი მთლად შიშველი იდგა ქალის წინ. ნინოსაც თვალი გაურბოდა და მამაკაცს სახის ნაცვლად თითქმის მთელს ტანს უთვალიერებდა, რომელსაც კარგად ეტყობოდა როგორი აღგზნებულიც იყო. ვანომ წელზე ხელი შეუცურა ქალს და სხეულზე აიკრო. მაშინვე დასველდა ნინოს კაბა და მშვენივრად გამოაჩინა ქალის გამაგრებული და ყალყზე დამდგარი კერტები. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ვაჟისთვის. უკეთესად შემოხვია ხელები და კვლავ ტუჩებზე დაეკონა. ამჯერად არც ნინოს გაუპროტესტებია და თავადაც აჰყვა. კაცმა ლამის ტანზევე შემოახია კაბა, ამის გამო ქალი ოდნავ მოსცილდა, თავად გადაიძრო და შიშველი სხეულით აეკრო მამაკაცს. სულ მალე რამონოვის ტანქვეშმომწყვდეული აღმოჩნდა და ვნებას დანებდა. მამაკაცი ძალუმად ეფერებოდა და ფაფუკ ყელსა და მკერდზე ნაზად კბენდა. იმ წამს ნინოსთვის რომ გეკითხათ, თუ რატომ სჩადიოდა ამას, ალბათ გიპასუხებდათ, რომ უნდოდა თავი სასურველად ეგრძნო. თითქოს წამში გაახსენდა დათოსგან მიღებული ყველა უარი და ოს ვაჟს სწორედ ამიტომ დანებდა, მაგრამ მთლად ბოლომდე არ იყო დარწმუნებული ამ ბოლო მიზეზში. გაბრაზებული და უარნათქვამი ქალი ყველაფერზეა წამსვლელიო. ქოხში კი ნინოს სიამოვნების ამოძახილები ისმოდა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი დავითისთვის არ უთქვამს. საღამოს დაბრუნებულმა გიორგიმ კი რაღაც ძალიან აცმუკებული რომ დაინახა ქალიშვილი, თანაც ოსი სტუმარიც თვალებს უჟუჟუნებდა, იმ დღიდან აღარ მოშორებიათ და მარტო არ დაუტოვებიათ. სტუმრის წასვლის დრომაც მოაწია, სოფელში კი დავითი დაბრუნდა. ნინომ რამდენჯერმე სცადა უკვე განცდილი სიამოვნების მიღება დავითთან, მაგრამ კაცისგან კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ კი ყველანაირი სინდისის ქენჯნის გარეშე მასპინძლობდა საწოლში ოს ვაჟს. დავითს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია ვანოს მოხშირებული სტუმრობები და უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა ხოლმე, მაგრამ ქალი ამშვიდებდა. ზუსტად ერთ წელში ნინოს მამა გარდაიცვალა, თავისი ერთადერთი ქალი კი დავითს ჩააბრა, შენ უპატრონეო. ფრანგი ქალბატონის გამოჩენამ კი უფრო მეტად არია და გააცია მათ შორის გრძნობები. ნინო თავიდან უბრალო გატაცებად თვლიდა დავითის ალისაზე აღფრთოვანებით ლაპარაკს, მაგრამ ეს აღფროვანება არადა არ სრულდებოდა. ახლა კი, როცა დავითი ლამის სასროლ მანძილზე დასწეოდა ოსებს ფიქრებში გართულს ვერ გადაეწყვიტა, ნინოს გატაცება მის თავმოყვარეობას და ღირსებას როგორ ლახავდა, როგორც მიჯნურისას თუ როგორც ძმისას, რომელსაც და მოსტაცეს. ტყავის ჩანთიდან იარაღი ამოიღო და ოს მხედარს დაუმიზნა, თავად კი ნინოო იყვირა და მისი ხმა უმალ გახმიანდა მთებში. როგორღაც წამოეწია კიდეც მხედრებს, მაგრამ ვანო არაფრის დიდებით არ აპირებდა ქალის დათმობას. ამიტომ ისევ იარაღზე გაიკრა ხელი დავითმა. ორივე მხედარმა შეაჩერა ცხენი და მიწაზე ჩამოხტა. მათ ნინოც ჩამოჰყვათ და ვანოს ზურგს ამოფარებული თავდახრილი იდგა. მამაკაცებმა მაშინვე იარაღები დაუმიზნეს ერთმანეთს. -დათო, არ გინდა, - ნინომ წამოსწია თავი და თვალი გაუსწორა მამაკაცს, - არ ქნა ეგ! -ნინო, ახლავე თუ არ მოსცილდები მაგას, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! -არა, დათო, - წელში გასწორდა ქალი და ამჯერად თავად გადაუდგა წინ ვანოს, - არ ვიზამ მაგას. მე მისი ცოლი ვარ უკვე და შენ ამას ვერ შეცვლი. -რას ბოდავ, გოგო, შენ? - გამწარდა კაცი, - ვისი ცოლი ხარ, ამის? თუ არ გინდა, რომ შენც ზედ მიგაყოლო, ახლავე მოსცილდი! -არა-მეთქი! -ნუ ჩაერევი, ნინო, - მაშინვე კვლავ ზურგს უკან ამოიყენა ქალი ოსმა და ფართოდ გაშლილი გულ-მკერდი უჩვენა დავითს, - თავად მოვრიგდებით. -ქალი გამოუშვი და დავფიქრდები, ცოცხალს გაგიშვებ თუ არა, - შეუღრინა დავითმა და იარაღისთვის ხელი არ მოუცილებია. -დავით, ყველა საყვარელს გაფიცებ, არ ქნა, - ისევ ნინომ დაილაპარაკა, - მიყვარს, ვუყვარვარ, უნდა გამიშვა. -რას ბოდავ, ნინო? - შეცბა კაცი. -რაც არის იმას, - მხრები აიჩეჩა ქალმა, - და შენც იმავეს გირჩევ. ჩემზე დარდს შეეშვი და შენი მეორე ნახევარი იპოვე. ჩემზე უკეთ იცი, რომ მე და შენ მეგობრებზე მეტი არც არასდროს ვყოფილვართ. თითქოს ჩაქუჩი ჩაარტყეს თავშიო, ნინოს სიტყვებმა მაშინვე უკან დაახევინა. უღონოდ დაუშვა ხელი და თავადაც ვერ მიხვდა რატომ აქცია ზურგი, ცხენზე შემოჯდა და ისევ ამილახვრების მამულისკენ წამოვიდა, ამჯერად კუსავით ნელა. გაუშვა დავითმა, აბა, რა უნდა ექნა?! ვანომ კი ცხენზე შემოისვა ქალი და კვლავ ოსეთისკენ გაქროლდა. ასეა, ხშირია შემთხვევა, როცა არ გინდა, რომ შენი კომფორტული ზონა დატოვო, გინდა შენს ძველ ნაჭუჭში იყო გამოკეტილი და არასდროს მოიცილო იგი, მაგრამ არჩევანის გაკეთება ყოველთვის გიწევს. მერე რა, რომ გეძნელება, არ გინდა, არ გეთმობა, აუცილებელია. შენით არ იზამ? გაიძულებენ! ასეა ცხოვრება მოწყობილი. ზოგჯერ ზუსტად ის ადამიანი აღმოჩნდება შენი ნავსაყუდელი და ცხოვრების მეგზური, ვისზეც აქამდე საერთოდ არ გიფიქრია. სწორედ ის გალევს შენთან ერთად წლებს და შენს დანაოჭებულ სახესაც უყურებს. მერე რა, რომ სხვა გინდოდა, სხვაზე ოცნებობდი და სხვისკენ მიილტვოდი. ეს უკვე მნიშვნელოვანი აღარაა და არც არავის აინტერესებს. ამას მშვენივრად ხვდებოდა ნინო, რომელსაც უკვე გაეკეთებინა არჩევანი. ახლა ქართლის საყვარელ მთებს და ველებს მიაპობდა და უკან იტოვებდა ყველა საყვარელ ადამიანსა თუ მოგონებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.