ამილახვარი (თავი 12)
კიდევ ერთ საათს იარეს ეტლით და მცხეთაც გამოჩნდა. კვლავ დიდებულად გამოიყურებოდა საქართველოს ძველი დედაქალაქი თავისი ნაგებობებით. განსაკუთრებით კი ამაყად კი მაინც სვეტიცხოველი გამოიყურებოდა, რომელსაც თავზე ჯვარი გადმოსცქეროდა. ამილახვარის ამალამ თავიდან მხარი უქცია დასახლებას, შემდეგ კი მარჯვნივ გადაუხვია და რამდენიმეწუთიანი სიარულის შემდეგ მაღალ გალავანთან შეჩერდა. აქედანვე იგრძნობოდა, რომ ეს ჩვეულებრივი სახლი კი არა სასახლე იყო. ჩუქურთმა ჩუქურთმას მისდევდა და ერთმანეთში ჩახუჭუჭებული ულამაზეს სანახაობას ჰქმნიდა. არ ვიცი, როგორ გაერისკა სახლის არქიტექტორს, მაგრამ შენობა პირდაპირ მტკვრისა და არაგვის შესართავთან აეშენებინა და მისი უკანა აივანი პირდაპირ გადაჰყურებდა ამ ორ მდინარეს. მტკვარი ჩვეული სიდინჯით მოედინებოდა. აი, არაგვი კი ტოლს არ უდებდა სისწაფეში თავის მოძმეს, მაგრამ მიეკედლებოდა თუ არა მას, მაშინვე თავადაც წყნარდებოდა. თითქოს აქამდე ცელქ ბავშვს ახლა უფროსი დაენახა და დაწყნარებულიყოო. ჭიშკარი მალევე გაიღო და ეტლებმა ნელ-ნელა ყვითელი ფოთლებით მოფენილი ეზო გადაავსეს. ალისა პირველი გადმოვიდა გაუღეს თუ არა ეტლის კარი და ახლა მთლიანობაში შეათვალიერა სურათი. -არა, რასაც თავად ამილახვარს ვერ დაუკარგავ, გემოვნებაა, - აღმოხდა გაოცებულს, - მაგრამ ფუფუნება ნამდვილად ზედმეტი მოსვლია. გაბრიელ, პირი დახურე. -წარმოიდგინე, რა დაუჯდა ამის აშენება, - ხმა ძლივს ამოიღო ბიჭმა და უზარმაზარ მარმარილოს ნაგებობას თვალი ააყოლა. სახლი მართლაც ზედმეტად ფუფუნებით იყო მორთული. ჯერ მხოლოდ გარედან რად ღირდა - თეთრ კორინთულ სვეტებზე შემდგარ სახლს ოთხივე მხრიდან მომრგვალებული აივნები ერტყა. მათი მოაჯირებს კი იონური ფორმის სვეტები იჭერდა. გაღებული ფანჯრედან კი ხავერდის წითელი ფარდები ფრიალებდა. სახლი იმდენად ქათქათებდა შუა დღის სინათლეზე, რომ მნახველი დიდი ხნით თვალს ვერ გაუსწორებდა. თითქოს მთელი კავკასიონის თოვლი და ყინული მოეხვეტათ და ერთად დაეხვავებინათ ამ ადგილას. -წარმომიდგენია შიგნიდან როგორი იქნება, - წარმოთქვა ალისამ და სახლში შესულ თავადს კუდში მიჰყვა. აი, შიგნიდან კი ვეღარ იტყოდით რომ სახლი ნამდვილად თეთრი იყო. კედლებსა და იატაკზე გაკრულ-გაფენილი სპარსული თუ ოსმალური ხალიჩები სულ სხვა შესახედაობას სძენდა იქაურობას. ოთახის, უფრო სწორად, დარბაზის შუაგულში მარმარილოს შადრევანი დაედგათ ნახევრადშიშველი ვენერას ქანდაკების თანხლებით, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ბანაობა ახლადდასრულებული ჰქონდა და წყლიდან ამოდისო. მოქანდაკეს არც მის სხეულზე მოცურავე წყლის წვეთები დავიწყნია და გეგონებოდათ, ხელს თუ ჩამოაყოლებდით ქალის სხეულს, აუცილებლად აგყვებოდათ. დარბაზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ოქროსფერი ჩუქურთმებითა და სქელი ნოხებით დამშვენებული კიბეები მიუყვებოდა, რომლებიც მეორე სართულის მოაჯირთან ერთდებოდა. მის ქვემოთ კი დიდ წითელ ნაჭერზე ამილახვრების გერბი ოქროსფერი სირმებით ამოექარგათ - ქონგურისებრად გადაკვეთილი ფარის ზედა ოქროს ველზე მიქაელ მთავარანგელოზი ხმლით; ქვედა მეწამულ ველზე ოქროს საწმისი, მანტია და სათავადო გვირგვინი. გერბის ქვეშ კი დიდი ასოებით ეწერა მათივე დევიზი: "მეფისა მტრებსა ლახვარი, ამტკიცებს ამილახვარი". სახლში შემოსულ მელანოს თავიდანვე თვალში სწორედ ეს სიტყვები მოხვდა და მწარედ ჩაეცინა. ცოტა არ იყოს და ირონიული სიტყვები იყო. თავად იყვნენ ქართველი მეფეების პირველი მტრები და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაც ყველაზე მეტად მათ სურდათ ხოლმე. ბიძინა ამილახვარი აღფრთოვანებული უცქერდა იქაურობას და ადგილს არ ტოვებდა თვალი რომ არ შეევლო. შემდეგ კი ერთ-ერთი კარი შეაღო და უფრო დიდ დარბაზში შეაბიჯეს. აი, ეს კი ნამდვილად გამოდგებოდა სამეჯლოსო დარბაზად. თვით ვერსალის ულამაზესი დარბაზების მრავალჯერ მნახველ ალისასაც კი თვალი მოსჭრა მისმა დახვეწილობამ. რამდენადაც ფუფუნებით იყო მორთული მთელი სახლი, ორი იმდენჯერ უფრო სადა იყო იქაურობა. ამჯერად აქცენტი მხოლოდ ოქროსფერსა და თეთრზე იყო გაკეთებული და სიმდიდრის ასეთი გამოხატულებაც თავს უხერხულად აღარ აგრძნობინებდა ადამიანს. -კარგად დაიხსომე ეს ადგილი, მელანო, - მიუბრუნდა მომღიმარი ამილახვარი ქალიშვილს, - ერთ კვირაში სწორედ აქ შეხვდები შენს ქმარს და გათხოვდები. მელანო რაღაც მსგავსს მოელოდა კიდეც, ამიტომ უბრალოდ მზერა აარიდა და იატაკს ჩააცქერდა. -ახლა კი ათასი საქმე მაქვს. გიორგი, ყველანი საკუთარ ოთახებამდე მიაცილე და თავადაც იცი, როგორ უნდა მოიქცე. კაცმა მხოლოდ თავი დაუქნია და ქალბატონებს გასასვლელზე თავით ანიშნა. *** ზუსტად ერთი კვირის თავზე ამილახვრების ახალ სახლში მოსამსახურეების ფუსფუსი არ წყდებოდა. ბიძინა დილაადრიან ამდგარიყო და ლამის ყველაფერს თავად აკონტროლებდა. მზარეულებს ყველა კერძი გაუსინჯა და რამდენიმეს ახლიდან გაკეთება მოსთხოვა. განსაკუთრებით მკაცრი კი იმ მოსამსახურეების მიმართ იყო, ვინც სახლის სისუფთავესა და ოთახებში ავეჯის განლაგებაზე აგებდა პასუხს. დიდ დარბაზში სავარძლები და ალაფუშეტისთვის განკუთვნილი მაგიდები (რომლებზეც ბროლის მაღალფეხიან ჭიქებში ჩამოსხმული სასმელი და ათასგვარი საკვები იწონებდა თავს) ცალ მხარეს მიეწყოთ და მთელი სივრცე გამოეთავისუფლებინათ. ხოლო სცენასავით ამაღლებულ ადგილას მოწვეული მუსიკოსები ისხდნენ და კარნავალზე დასაკრავ მუსიკას იმეორებდნენ. დარბაზი მართლაც რომ იდეალურ მგდომარეობაში იყო. ოქროსფერ კედლებს ფერადი ყვავილების გირლიანდები მისდევდა და ოთახის ცენტრში რომ დამდგარიყავით და ჭერისთვის შეგეხედათ, მათგან გამოყვანილ ათასგვარ ფიგურასაც შეამჩნევდით. შუაში უზარმაზარი ბროლის ჭაღი გაეჩახჩახებინათ და ახლა ათას ცისარტყელას ერთად ქმნიდა. ნოემბრის სუსხიანი ამინდის მიუხედავად ჭიშკარიცა და სახლის კარებიც ფართოდ გაეღოთ და საღამოს შვიდი საათიდან უკვე სტუმრების მიღებაც დაეწყოთ. სმოკინგში გამოწყობილი მსახურების ნაწილი კართან ჩამწკრივებულიყო და მოსულ სტუმრებს მოსაწვევებსა და ქურთუკებს ართმევდნენ. აი, დარბაზში შესვლამდე კი ამოწმებდნენ ყველას მოერგო თუ არა ნიღაბი და ვინიცობაა, ვინმეს სახლში დარჩენოდა, იქვე დადებული ყუთიდან იღებდნენ და მათ მორგებაში ეხმარებოდნენ. სტუმრები კი ფანტაზიას ნამდვილად არ უჩიოდნენ. ზოგიერთი ფარშევანგს განასახიერებდა (უმეტესად ქალბატონები), ზოგი მეფეს, ზოგიც მონაზონს და ა.შ. ამილახვარიც, როგორც მასპინძელი, მსახურების გვერდით იდგა მელანოსთან ერთად და თითოეულ სტუმარს ღიმილით ესალმებოდა. იმავეს გამეორებას აიძულებდა კიდეც ქალიშვილს და თუ რაიმე არ მოეწონებოდა, ყველასგან შეუმჩნევლად მტკივნეულად უჭერდა ხოლმე ხელს კაბის სახელოთი დაფარულ მკლავზე, რომელსაც ალაგ-ალაგ სილურჯეები დასტყობოდა და მომავალი რამდენიმე დღე ქალს ტკივილებს ჰპირდებოდა. ერთადერთნი ვისაც ნიღბები არ ეკეთათ, სწორედ ეს ორნი იყვნენ. აი, ალისა კი დარბაზში გახლდათ გაბრიელთან ერთად. სტუმრების მოსვლის შემდეგ კი მათ შორის მიმოდიოდა და თითოეულ მათგანს უთმობდა ყურადღებას, აკვირდებოდა და ღიმილითვე ეცლებოდა. ბოლოს კი ალაფუშეტის მაგიდის ერთ-ერთ განაპირა კუთხესთან გაჩერდა, ხელში გრძელფეხიან ჭიქაში ჩამოსხმული თეთრი ღვინო დაიკავა და რამდენიმე ყლუპი მოწრუპა. -ვერ გამიგია, რას აკეთებ, - ქალის პასიურობამ და ერთ ადგილას დგომამ რომ დაღალა გაბრიელი, ადგა და პირდაპირ ჰკითხა, - მხოლოდ აქეთ-იქით დადიხარ და მაგ ღვინოს წრუპავ. ნუ, ახლა მხოლოდ ბოლო მათგანიღა გვაქვს ხელთ. -დღევანდელი სანახაობისთვის ვემზადები, გაბრიელ, - მშვიდად მიუგო და გაუღიმა კიდეც, - შენც გირჩევ იმავეს. ერთი ჭიქა ღვინო არაფერს დაგიშავებს. -დარწმუნებული ხარ? -რომ ყველაფერი ისე წავა, როგორ მე მინდა? საერთოდაც არა. მაგრამ ის კი ვიცი, რომ მართვის სადავეები ჩემს ხელთაა და დასასრული აუცილებლად ჩემი სასურველი იქნება. -ღმერთმა ქნას. ალისა ცოტა ხანს კვლავ მდუმარედ უცქერდა სტუმრებს, შემდეგ კი რამდენიმე წამით მხოლოდ ერთ მათგანზე შეაჩერა მზერა. ბიჭი თითქოს არაფრით გამოირჩეოდა დანარჩენი სტუმრებისგან, მაგრამ მაინც, იყო მასში რაღაც, რაც ალისას უცნაურ შეგრძნებას უტოვებდა. იქნებ იმაში იყო საქმე, რომ უცნობს ერთიანი შავი ნიღაბი ეკეთა და მთლად უფარავდა სახეს. -გაბრიელ, აი, იმ ბიჭს შავი ნიღბით ყურადღება მიაქციე. -რომელს? ვერ ვხედავ. -ღმერთო ჩემო, ჩემზე ბევრად მაღალი ხარ და კიდევ შენ ვერ ხედავ? ამ დარბაზში რამდენს უკეთია სრული ნიღაბი? -აშკარაა, რაც დავითი გაუჩინარდა მას შემდეგ ცუდ ხასიათზე ხარ. -ბევრს ნუ ლაყბობ და გააკეთე, რაც გითხარი. *** სულ მალე დარბაზში თავად ბიძინაც გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მელანოს წამითაც არ უშვებდა ხელს. მუდამ თავის გვერდით ეყენა და თვითონვე ისტუმრებდა უარით ქალიშვლითან მისულ სტუმრებს, რომლებსაც მისი საცეკვაოდ გაწვევა სურდათ. ლამის დარბაზის ცენტრში იდგა და იღიმიდა ბიძინა ამილახვარი. გრძნობდა, რომ ამ ხალხზე თავად მოეხდინა ზეგავლენა და სიტუაციის წარმმართველი სწორედ ის იყო. ეს ხალხი მისთვის ქვევრი იყო, რასაც რომ ჩასძახებ უკანვე ამოგძახებს. ამას კი არა მხოლოდ იმის გამო ფიქრობდა, რომ მასპინძელი იყო. თითოეული მათგანი მის გადაწყვეტილებას ელოდა, თუ ვინ იქნებოდა გამარჯვებული. ვის ერგებოდა მელანო ამილახვარი ალაფის სახით და ქართლის თავადის უზარმაზარი ქონების ნახევარზე მეტს ვინ ჩაიგდებდა ხელში. ყველას კარგად მოეხსენებოდა ბიძინას ვაჟების ფუქსავატი ხასიათის ამბავი და მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ამაზე საუბარს ყველა ერიდებოდა, იცოდნენ, რომ ვაჟებზე გამწყრალი მამა ქალიშვილს უხვად ატანდა მზითევს. ერთადერთი ვინც თვალში არ მოსდიოდა ამილახვარს მიტროფანე ჯაყელი და მისი ვაჟი, ერეკლე, იყვნენ. მათგან ნამდვილად გრძნობდა საშიშროებას, მაგრამ არ ფიქრობდა, რომ ამდენ ხალხში რაიმეს გაუბედავდნენ. *** მოსულ სტუმრებში ბიძინას სულ ტყუილად ნამდვილად არ გამურჩევია ჯაყელები. მათზე თვალი ალისასაც ეჭირა. სწორედ მათთან მიეგზავნა გაბრიელი, რომელიც ჩდილივით დასდევდა ერთადმოსიარულე მამა-შვილს. თავიდან თითქოს ჩვეულებრივად იქცეოდნენ, ყველას ესალმებოდნენ და უღიმოდნენ, მაგრამ არც ერთი არ გაჰკარებია სასმელს. აი, შემდეგ კი, ყველას ყურადღება რომ გაეფანტა და მხიარულებას შეუდგნენ, ერთ-ერთი აივნისკენ წავიდა და შვილიც თან გაიყოლია. ყოველი შემთხვევისთვის მოავლო იქაურობას თვალი, ვინმე ხომ არ უთვალთვალებდათ და აყურადებდათ, მერე კი ჩურჩულით გერმანულად დაუწყო შვილს საუბარი, არავის რომ არაფერი არ გაეგო. გაბრიელს ლამის აივნის კედელზე შეზრდა დასჭირდა, რომ მათი ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა. -ხომ გახსოვს, როგორც შევთანხმდით. ბიძინას მე გავართობ, შენ კი მელანოს საცეკვაოდ გაიწვევ. როგორც გავიგე, სამზარეულოს გვერდით მსახურთა ოთახია. აი, აიღე გასაღები. ერთ-ერთი მოსამსახურის მოსყიდვა დამჭირდა მის ხელში ჩასაგდებად. ოც წუთში გადი და ქალიც თან წაიყვანე. მე რამეს მოვიფიქრებ, მამამისს დაველაპარაკები და ერთად გამოვალთ. მინდა, რომ აქტის დროს შემოგისწროთ. განცვიფრებული, შეშფოთებული და განრისხებული ვიქნები. ალბათ, სილას გაგარტყამ. მაგრამ რას იზამ? ახალგაზრდული ვნებები და მთელი ამბები, ხომ გესმის? დაუქნია თუ არა შვილმა თავი, გაბრიელი მაშინვე ალისასკენ წავიდა, რომელიც ამჯერად კედელთანმიდგმულ ერთ-ერთ სავარძელში მოთავსებულიყო და აქეთ-იქიდან მსხდომი მამაკაცების მონაყოლზე გულიანად კისკისებდა. მართალია, ორივე მათგანი იღიმოდა, მაგრამ მეორესთან შედარებით უფრო სუსტს ღელვის კვალსაც მარტივად შეატყობდით. -ანუ ველურივით შიშველი გამოვარდა, არა? - დაეკითხა ქალი მარცხნივ მჯდომს და უფრო ფართოდ გაეღიმა. -ვერ გადამირჩები! - ამოიღრინა მარჯვნივ მჯდომმა და მათ წინ გაჩერებულ გაბრიელს შეხედა. -ალისა, ორი წამით, - გვერდით გაიხმო და, მაგრამ ქალი არ გაჰყვა. -აქვე თქვი. ნუ გეშინია, არ არიან უცხოები. გაბრიელმა წამით ისევ გაუშტერა მზერა მამაკაცებს და მათში დავითისა და ერეკლეს ამოცნობის შემდეგ უფრო მეტად აღელდა. სულაც არ იყო მარტივი გამიჯნურებული კაცის თანხლებით დისთვის მიტროფანე ჯაყელის სიტყვების გამეორება. დიდი ალბათობით აფეთქებულ ერეკლეს მიიღებდნენ, რაც ნამდვილად სასიკეთოდ არ წაადგებოდათ. -იქნებ მაინ გამოხვიდე? -გაბრიელ-მეთქი, - ღიმილი გაუქრა სახიდან და ხმაც გაიმკაცრა ქალმა. გაბრიელმა ერთი ამოიოხრა და შერბილებული ვერსია მოუყვათ, რომ მელანოს ხაფანგს უგებდნენ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეცილებინათ მათთვის თვალი. როგორც მოელოდა, ერეკლე მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და ლამის ამილახვართან გავარდა. კიდევ კარგი, დავითმა დროზე ჩაავლო მკლავში ხელი და როგორც ალისამ ურჩია, დარბაზიდან ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაიყვანა. შემდეგ კი ქალი გაბრიელს მიუბრუნდა. -ახლა მთელი სიმართლე მითხარი, რაც მათი თანდასწრებით არ თქვი. გაბრიელმაც ყველაფერი უთხრა და ლამის ახლა ალისა გახდა დასამშვიდებელი. -კარგი, კარგი, წყნარად ვარ. ნერვებს არ ავყვები. მიდი, ერეკლე მომიყვანე და დარწმუნდი, რომ ცეკვის რამე მაინც გაეგება. რამდენიმე წუთში კი ალისას დაჟინებული მოთხოვნით მოცეკვავე ხალხს შეერივნენ. თან ქალი იმას უხსნიდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ამასობაში მიტროფანე ჯაყელს ნამდვილად მოეხერხებინა ბიძინას დამარტოხელება და მასთან საუბრის გაბმა. მართალია, ამილახვარს თვალი ეჭირა მოცეკვავე შვილზე და თავიდან მისი გაშვების წინააღმდეგიც იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დართო ნება და თავად კვლავ მიტროფანეს მიუბრუნდა. ჯაყელი მათ საერთო საქმეზე ელაპარაკებოდა და უყურადღებოდ ნამდვილად ვერ დატოვებდა. -აი, ახლა, - უთხრა ალისამ ერეკლეს და მანაც მაშინვე გაცვალა პარტნიორი. როგორც კი მკლავებში მოქცეული მელანო დაიგულა, მაშინვე შვებით ამოისუნთქა და მჭიდროდ ჩაიკრა გულში. -ერეკლე, - ბედნიერმა ამოიჩურჩულა ქალმა და თავი მკერდზე დაადო. -აქ ვარ, შენთან, - ეჩურჩულებოდა მელანოს და თან ცეკვას აგრძელებდნენ. ჯაყელები აშკარად გაწბილებულები ჩანდნენ, მაგრამ უკან დახევას რომ არ აპირებდნენ, ამას მშვენივრად ხვდებოდა ფალავანდიშვილი. ხალხი ელოდა. ვეღარ ხვდებოდა რისთვის მოაწყო ეს კარნავალი ამილახვარმა. ნუთუ მართლა მხოლოდ კარნავალი იყო და სხვა არაფერი? არანაირი ქვეტექსტის მატარებელი. სცენასთან ახლოს მდგარმა უზარმაზარმა ქანქარიანმა საათმა თერთმეტჯერ ჩამოჰკრა და გუგუნს მორჩა თუ არა, ამილახვარმა ღიმილით გაარღვია ხალხის მასა და სცენაზე ავიდა. ყველამ მას გახედა. თავადმა რაღაცის სათქმელად პირი დააღო კიდეც, მაგრამ მოულოდნელად იარაღის გასროლის ხმა გაისმა და ისედაც გასუსული ხალხი უარესად გაისუსა. მერე კი ალიაქოთი ატყდა. ვინ როგორ და საით გარბოდა არავინ იცოდა. გასასვლელებთან ჩოჩქოლი ატყდა. ყველას პირველს სურდა გარეთ გასვლა. აღარც ახლობლებს დაეძებდნენ, მთავარი იყო თავად გაეღწიათ იქიდან ცოცხლად. რამდენიმე დაეცა კიდეც. მათთვის დახმარების ხელი არავის გაუწვდია, პირიქით - ზედ გადაურეს და დაასახიჩრეს. ერეკლემ მაშინვე ზურგს უკან ამოიყენა მელანო და ხალხს თვალი მოავლო, რომ ზუსტად გაეგო, საიდან მოდიოდა საფრთხე. ადგილიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არ დაძრულა. ამილახვარი გაოცებული და ცოტა შეშფოთებული იდგა სცენაზე. მის წინ ჯაყელები არ იცვლიდნენ ფეხს (არც ისინი ჩანდნენ ბიძინაზე ნაკლებგაოცებულები), აივანთან ალისას, დავითს და გაბრიელს მოჰკრა თვალი, მაგრამ ამ ჩოჩქოლში რთული იყო დანახვა, თუ ვინ გაისროლა. ფრანგი ქალბატონი თითქოს მოელოდა კიდეც მსგავს განვითარებას, მშვიდად მიჰყრდნობოდა კედელს და დავითისთვის ხელი ჩაეკიდებინა. როგორც იქნა ყველა გაიკრიფა დარბაზიდან და მშვენივრად დაინახეს დარბაზის შუაგულში მდგარი გამხდარი ქალი, რომელსაც ხელში რევოლვერი ჩაებღუჯა და ამჯერად იარაღს ჭერს კი არა პირდაპირ ბიძინა ამილახვარს უმიზნებდა. -გიორგი! გიორგი სადა ხარ? - იყვირა თავადმა და მისი ხმა ექოდ აირეკლა უზარმაზარ ოთახში. -ტყუილად ცდები, - ჩაიბურტყუნა მიტროფანემ, - ჩემმა ხალხმა დაატყვევა და გათიშა. -როგორ ვერ მივხვდი. შენი ნამოქმედარია, არა, ესეც? შენი ხელით მოკვლა არ გინდოდა და მკვლელი დაიქირავე, თანაც ქალი? -ამ ამბავში ტყუილად ნუ მრევ. არც კი ვიცი, ვინაა. არც გამიკვირდება იცი?! ამ ქვეყნად უკვე იმდენი გადაიმტერე, რომ ნებისმიერ ქართველს სურს შენი მოკვლა. -ნამდვილად საინტერესოა თქვენი მსჯელობის მოსმენა, მაგრამ მე ნებისმიერი არ ვარ, - ოთახში ამჯერად ქალის ხმა გაისმა, რომელსაც სახეზემორგებული ნიღაბი ახშობდა. ქალმა ერთი ხელის მოსმით ჩამოიგლიჯა სახიდან და ამილახვარმა მშვენივრად გაარჩია, რომ მათ წინ თავისი ყოფილი ცოლი იდგა. -ეკატერინე? შენ აქ რას აკეთებ? - გაოცება ვერ დამალა თავადმა. -შენ ხომ არ დაგიპატიჟებივარ, არა? - მწარედ გაეცინა ქალს, - მაგრამ, უი, არც შენი ახლანდელი ცოლი არაა აქ. ნეტავ, რატომ? მისი გამოჩენისაც ხომ არ გრცხვენია საზოგადოებაში, რადგან ძალიან ბევრი გკიცხავს მისი მოყვანის გამო? -ამისთვის მოხვედი? -ოოო, არა, ძვირფასო მეუღლევ. თქვენ კი ადგილიდან არ დაიძრათ, - ამჯერად კარებისკენ წასულ ჯაყელებს უყვირა და ისევ უკან დააბრუნა ქალმა, - თქვენთანაც მაქვს ანგარიშები. -ალისა, შენი ნამოქმედარია, არა? - თავი მიატრიალა ბიძინამ ქალისკენ და თვალი თვალში გაუყარა. -ნუთუ ამას ახლა მიხვდით? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ფრანგმა ქალბატონმა. -მე კიდევ მეგონა, რომ ამ ყველაფერზე მაღლა იდექი. -ვდგავარ კიდეც. უბრალოდ ამას თქვენ ვერ გაიგებთ. ჩემთვის ძვირფას ადამიანებს არ უნდა შეხებოდით, თავადო. -მელანო მესმის, მაგრამ ჩემს ყოფილ მოურავში რა დაინახე ასეთი, ვერ ვხვდები. შენთვის ზედმეტად მდაბიოა. -თუ ამდენი იცით, ისიც გეცოდინებათ, რა დავინახე და სხვისი დამცირების ნაცვლად, გიჯობთ საკუთარ თავზე იდარდოთ. -ერთი წუთით, - ამჯერად მელანო გამოიწია წინ და ეკატერინეს დააკვირდა, - რის გაკეთებას აპირებ, დედა? - ცოტა არ იყოს შეფიქრიანებულმა ჰკითხა. -იმის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა, - ქალიშვილისკენ არც კი გაუხედავს, ისე უპასუხა, - და ბოდიში, ერეკლე. ამ მოღალატესთან საქმის დაჭერა რომ გირჩიე. -არაფერია, მაინც არ ვენდობოდი. მამა სულელი სულაც არ იყო, როცა არც ერთ მათგანთან არ იჭერდა საქმეს. -კარგი, მოდი, გავარკვიოთ, რა გინდა, ეკატერინე? - ამილახვარმა კვლავ ამოიღო ხმა და ქალისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. -არც კი გაბედო ჩემთან მოახლოება! -რატომ? - ჩაიცინა კაცმა, - შენ ხომ ასე ძალიან გიყვარდა, როცა ჩემს მკლავებში ექცეოდი. -და ამის გამო მეზიზღება საკუთარი თავი, - ამოიღრინა ქალმა და იმდენად მოუჭირა ხელი იარაღის ტარს, ლამის ხელში ჩაატყდა, - ახლა კი მიმართულება შეიცვალე. ჩემკენ კი ნუ მოიწევ, აივნისკენ წადი. ამილახვარმა გაოცებულმა გახედა ქალს, მაგრამ მასზე იმხელა სიმტკიცე იყო ასახული, რომ თავადაც შეშინდა და დამყოლი ბატკანივით მართლა აივნისკენ გაემართა., -რა, ახლა მთელი ღამე აქ უნდა ვიდგე, რომ გამყინო და შენი ხელის ნაცვლად ასე მოვკვდე? ბიძინა ამილახვარს სულაც არ მოსწონდა მდინარის დგაფუნის ხმა, რომელიც თითქოს ყურს უკან ესმოდა. ნამდვილად არ ელოდა სიტუაციის ასე შემობრუნებას. არა და, თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც თავად დაგეგმა. მაგრამ ქალმა აჯობა. რა თქმა უნდა, ქალის მოქმედებებს ხომ ვერასდროს გათვლი, მაგრამ თუ ის საკმაოდ ჭკვიანი და მოხერხებულია, მაშინ განსაკუთრებით. არ უნდოდა აღიარება, მაგრამ ალისამ ნამდვილად დაამარცხა ამ ბრძოლაში. -არა, შენ ჩემი ხელით გიწევს სიცოცხლესთან გამომშვიდობება, რადგან ცხოვრების გაკვეთილი ვერა და ვერ დაიმახსოვრე - რასაც დასთეს, იმასვე რომ მოიმკი, - სიკვდილის ანგელოზივით წყნარი დაბალი ხმით წარმოთქვა ქალმა და დარბაზი კიდევ ერთხელ დააყრუა იარაღის გასროლის ხმამ. ამილახვარმა სიმწრისგან დაიღმუვლა, რადგან ტყვია პირდაპირ მარცხენა მხარში მოხვდა. შექანდა კიდეც და როცა თავის შემაგრება სცადა, ვეღარ მოახერხა. პირდაპირ თავით გადაეშვა მდინარეში. დავითი მაშინვე აივნისკენ გაქანდა და ჯერ ეკატერინეს აართვა იარაღი ფრთხილი მოძარობით, შემდეგ კი მდინარეს გადახედა. გარეთ სიბნელე იდგა და ვერც ვერაფერი დაინახა, ამიტომ ქვემოთ ჩასვლა გადაწყვიტა. მაგრამ იქაურობა ჟანდარმერიის წარმომადგენლებით წამში გაივსო. წინ კი ოცდაათწლამდე ახლაგაზრდა კაცი გამოვიდა. -გამარჯობა, მე გამომძიებელი არჩილ მჭედლიძე გახლავართ და ქალბატონო ეკატერინე, თქვენ დაკავებული ბრძანდებით. -რა? არა! - მელანომ დაიკივლა და დედას გადაუდგა წინ. -ქალბატონო, თუ ვერ შეამჩნიეთ, მან რამდენიმე წუთის წინ ადამიანი მოკლა. მელანომ რა არ სცადა, მაინც ვერაფერი შეაგნებინა ჟანდარმებს. ისეთი ყაყანი იდგა, გვერდით მდგომი რას გეტყოდა, იმასაც კი ვერ გაიგონებდით ნორმალურად. საბოლოოდ მაინც არჩილმა მოიგო. ეკატერინე ამილახვარს ხელზე ჯაჭვითგადაბმული ბორკილები შეაბეს და ორი ჟანდარმის თანხლებით გაიყვანეს. -მაშინ მე მათ დაკავებას მოვითხოვ, - გასვლამდე წამოიძახა ალისამ და ხელით ჯაყელებზე ანიშნა, რომლებსაც ამჯერად ხალხის სიმრავლის გამო ვერ მოეხერხებინათ იქიდან აორთქლება, არადა თითქმის კარებამდე მისულყვნენ. -რის საფუძველზე? -მათ ქალის გაუპატიურება სცადეს, - ბოლომდე არ თქვა სიმართლე ალისამ და წელში გასწორდა. -დამამტკიცებელი საბუთი თუ გაქვთ? -მოწმე მყავს. -სამწუხაროდ ვერ დავაკავებ, - მხრები უდარდელად აიჩეჩა არჩილმა. -რა, მაინცდამაინც უნდა ჩაედინათ ეგ დანაშაული, რომ დააკავოთ? თუ კაცი უნდა მოეკლათ ან ექურდათ? კარგი, მაშინ ახალი განცხადება შემომაქვს. ერეკლე ჯაყელმა ჩემი მარგალიტის სამაჯური მომპარა. -რა სისულელეა! - მაშინვე იყვირა ახალგაზრდამ. -მიდით, გაჩხრიკეთ, ბატონო ჟანდარმო, - ორაზროვნად იღიმოდა ალისა. უხალისოდ, მაგრამ მაინც მოუწიათ ჯაყელის გაჩხრეკვა. ახალგაზრდას ჯიბეში ალისას სამაჯურის გარდა რამდენიმე ოქროს ბეჭედიც უპოვეს და სხვა გზა არ დარჩენოდათ, ისიც ეკატერინე ამილახვრის გზას გაუყენეს. მიტროფანე სულ ლანძღვით მიჰყვათ უკან და ფრანგ ქალბატონს მუქარას უთვლიდა. -რა გააკეთე, ალისა? - ჰკითხა გაბრიელმა და უკანდაბრუნებული დავითიც დალანდა. -არაფერი, მოუხდება ერთი-ორი დღით ტფილისის ციხეში ყოფნა და იქნებ ჭკუაზეც მოვიდეს. როგორც იქნა, ყველაფერი ჩაწყნარდა. მელანო და ერეკლე ერთმანეთს ეხვეოდნენ. ფალავანდიშვილი ატირებულ ქალს ამშვიებდა და ნაზად ეფერებოდა. ალისას სახესაც ღიმილმა გადაურბინა და დავითისკენ მიტრიალდა კიდეც. კაცი უკვე წამოსულიყო მისკენ და მალე გულშიც ჩაიკრავდა, მაგრამ გარედან შემოჭრილმა ნიავმა ერთიანად ააფრიალა ფარდები და დარბაზში ფრაკშიგამოწყობილი მამაკაცი შემოვიდა. -როგორც ჩანს, ყველაფერს გამოვაკლდი, - ღიმილით თქვა ფრანგულად და მშვენივრად დაინახა მის ხმაზე როგორ გადაფითრდნენ ქალები. -ეს კარგად არ დასრულდება, - დაიჩურჩულა მელანომ და მაშინვე ალისას გახედა, რომელსაც მამაკაცისკენ შებრუნება მოესწრო. -უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით? - იკითხა ერეკლემ და ისევ დაიძაბა. -მე? ნუთუ ალისას არ ვუხსენებივარ? - ისევ ღიმილით იკითხა მამაკაცმა და ქალს წელზე მოავლო ხელი, - მე მისი საქმრო გახლავართ. აქ მის წასაყვანად ჩამოვედი. უკან უნდა დავაბრუნო, რადგან ყველას ძალიან მოგვენატრა და გვჭირდება. მამაკაცმა ალისას ხმის ამოღებაც არ აცადა, ისე დაუკითხავად აკოცა ტუჩებში. ქალმა გაიბრძოლა, ხელები დაარტყა მამაკაცის მკერდს, მაგრამ იქამდე ვერ განთავისუფლდა, სანამ ეს მასზემიხუტებულმა არ მოისურვა. მიხვდა, გონებას კარგავდა. ბოლოს რაც დაინახა, სანამ სიშავე ყველაფერს შთანთქავდა, დავითის იმედგაცრუებული სახე იყო. მამაკაცმა ზურგი აქცია და გასასვლელისკენ წავიდა. იმ დღის შემდეგ ბიძინა ამილახვარი ქართლის ტერიტორიაზე აღარასდროს უნახავთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.