შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამილახვარი (სრულად)


28-10-2019, 21:27
ავტორი abezara98
ნანახია 14 717

თავი 1
ყველასთვის კარგად იყო ცნობილი შავ ზღვაში მოცურავე „პოსეიდონი“ რომ წითელწვერა მეკობრეს ეპყრა. იგი მეტად დაუნდობელი მეკობრის სახელით იყო ცნობილი, სანამ ქალი არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. ამის შემდეგ მეკობრე, რომლის სახელიც უბრალოდ არ შემორჩა ჩვენს მეხსიერებას, გაუჩინარდა და მხოლოდ 24 წლის შემდეგ კვლავ დაიწყო მითქმა-მოთქმა მეკობრეზე, რომელიც საერთოდ არ შეცვლილიყო ამ პერიოდის განმავლობაში. „პოსეიდონმა“ კვლავ შეცურა ზღვაში და თავისი საქმიანობა განაგრძო.
„პოსეიდონის“ კაპიტნის გაუჩინარებიდან ზუსტად ოთხ წელიწადში, გაზაფხულის დადგომის პირველივე დღეს ეკატერინე ამილახვარი ოფლში გაღვრილი ბოლო ხმაზე კიოდა და სამშობიარო ტკივილებისგან გატანჯული ცდილობდა რაიმეს მაინც მოსჭიდებოდა, რომ ოდნავ მაინც გადაეტანა ყურადღება. იმ ღამით ქალი ლამის გადაჰყვა მოლოგინებას. უკვე თენდებოდა, მზის პირველი სხივები იწვერებოდა კავკასიონის მუდამ დათოვლილი ქედების უკნიდან, როცა ეკატერინემ ბოლოჯერ შეჰყვირა და ქვეყანას ულამაზესი გოგონა მოევლინა, რომელსაც ბებიის საპატივცემულოდ მელანია დაარქვეს, მაგრამ ყველანი მელანოთი მიმართავდნენ. ბავშვს მელანივით ლურჯი თვალები და ჩალისფერი თმა ჰქონდა და რაც იზრდებოდა, მით უფრო მშვენიერდებოდა. მელანია პირველი შვილი და ერთადერთი ქალიშვილი იყო ამილახვრების ოჯახში, დანარჩენი ყველა ვაჟი შეეძინა ბიძინა ამილახვარს, ამიტომაც მას ყველა სურვილს უსრულებდნენ და განებივრებული ჰყავდათ. მაგრამ მისნაირი მორცხვი, სიფრიფანა და უბრალო გოგონა მეორე არ დადიოდა მთელს საქართველოში. მას ბავშობიდანვე ასწავლიდნენ რამდენიმე უცხო ენას და 16 წლის შესრულდა თუ არა, პარიზში გაუშვეს სასწავლებლად. 6 წლის შემდეგ კი, მოაწია იმ დრომ, როდესაც მელანოს შინ დაბრუნება აუცილებელი გახდა.
1888 წლის 5 მაისს, მზიან და ოდნავ ქარიან დღეს მარსელის პორტიდან გამოვიდა ორთქლის ძრავაზე მომუშავე ფრანგული გემი „სესილია“, რომელსაც გეზი ბათუმისკენ ჰქონდა აღებული. გემი რამდენიმე პორტში უნდა გაჩერებულიყო, ამიტომაც მარსელიდან ბათუმამდე მგზავრობა სამ კვირაზე გაიწელა, რაც მელანოსთვის ნამდვილ ჯოჯოხეთს წარმოადგენდა. გოგოს ზღვის ავადმყოფობა სჭირდა და უმეტეს შემთხვევაში საკუთარ კაიუტაში იწვა გაფითრებული და მხოლოდ მისმა მსახურებმა თუ იცოდნენ, რომ გემბანზე მელანო ამილახვარიც იყო მგზავრი. აშკარად ერჩივნა ხმელეთით წამოსულიყო, მაგრამ მატარებელს უფრო დიდი დროს სჭირდებოდა, ამიტომაც ისევ გემი ამჯობინა.
უკვე შავ ზღვაში იყვნენ შემოსულები და მელანოც თითქოს ცოტა უფრო მომჯობინდა. იგრძნო გულმა სამშობლოს სიახლოვე და სულ სხვანაირად აფართხალდა, მაგრამ მაინცდამაინც ამ წ....ბში დაატყდა თავს „სესილიას“ უბედურება. მელანო კვლავ კაიუტაში იყო წამოწოლილი და ზღვის ავადმყოფობით დასუსტებული დაძინებას ცდილობდა, როდესაც გემბანზე ჩოჩქოლი ატყდა. მსახური ბიჭი მაშინვე ამბის გასარკვევად გაიქცა და უკან სრულიად გადაფითრებული დაბრუნდა.
-რა ხდება, ილია? - ჩამწყდარი ხმით იკითხა მელანომ და თვალების გახელა უშედეგოდ სცადა.
უჭმელობისა და ავადმყოფობისგან სრულიად გამოჰფიტვოდა ორგანიზმი და ყოველ წამს ძილი ართმევდა თავს.
-ქალბატონო, უნდა გავიქცეთ. გემს თავს დაესხნენ!
-კი, მაგრამ... - მაგრამ მელანომ სიტყვის დასრულებაც ვეღარ მოასწრო, კაიუტაში რომ დამბაჩის ხმა გაისმა და ილია უსულოდ დაეცა იატაკზე.
მელანომ მხოლოდ წამით მოჰკრა თვალი კაიუტაში შემოვარდნილ მთლიანად შავებში გამოწყობილ მამაკაცს, ერთი შეჰკივლა და ისედაც დასუსტებულმა წამსვე გონება დაკარგა. კაცმა მაშინვე ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული, კიბეები მარდად აირბინა და გემბანი დატოვა.
რამდენიმე საათშივე გავრცელდა ბათუმში ჭორი, რომ შავ ზღვაში ფრანგულ გემს თავს დაესხნენ მეკობრეები, გემი ჩაიძირა, ეკიპაჟი და მგზავრები გადარჩნენ, მაგრამ რამდენიმე მათგანი ტყვედ იყო აყვანილი. ტყვეებს შორის კი ამილახვრის ქალიშვილიც ერია. ზოგი იმასაც ამატებდა, რომ ეს ამბავი „პოსეიდონის“ კვლავ ზღვაზე გამოჩენას უკავშირდებოდა. ეს უკვე მესამე გემი იყო, რომელიც „პოსეიდონმა“ ჩაძირა. აქედან ორი მათგანი კი ბათუმიდან იყო გასული. უმეტესობა ვიშვიშებდა, საწყალი გოგოო დაიძახებდა ერთი-ორს და მეორე წუთს აღარც კი ახსოვდა ეს ამბავი. სამაგიეროდ, მელანოს დასახვედრად მოსულმა ამილახვრების მოურავმა მაშინვე გამოატრიალა ცხენი და დაუზოგავი ჭენებით გაემართა უკან, რომ ბატონისთვის ახალი ამბავი შეეტყობინებინა.
გონზე კვლავ იატაკის რწევამ მოიყვანა. ისედაც დასუსტებულს თავი უარესად უბჟუოდა და თვალების გახელისას აცეკვებული ფერადი წერტილების დანახვა არ გაჰკვირვებია. იქაურობის დათვალიერება მხოლოდ მზერის დაწმენდის შემდეგ შეძლო და აღმოაჩინა, რომ კვლავ გემზე იმყოფებიდა, მაგრამ ეს კაიუტა სულაც არ ჰგავდა იმას, რომლითაც მგზავრობა დაიწყო. შეძლებისდაგვარად გასწორდა საწოლში და კაიუტას უკეთ მოავლო თვალი. გემის რყევა და დასუსტებული ორგანიზმი ამის საშუალებად ნაკლებად აძლევდა, მაგრამ მაინც წამოდგა და კედელზე მიყრდნობილი ნელა გაუყვა გზას კარისკენ. არ მოელოდა, რომ ღია დახვდებოდა, მაგრამ საიმედოდ ჩარაზული კარის აღმოჩენამ მაინც რაღაცნაირად იმედის ის მცირე ნაწილიც კი ჩაუკლა, რაც აქამდე მოჰყვებოდა. უღონოდ დაარტყა რამდენჯერმე ხელის გული შემდეგ კი გემი უფრო შეირყა, მელანოს ჰაერში აწეული ხელი გაუშეშდა, თავი ვეღარ შეიმაგრა და უღონოდ გადავარდა უკან. კიდევ კარგი იატაკზე ხალიჩა მაინც ეგო და შედარებით რბილად დაეცა, მაგრამ დაცემისას მარცხენა ხელი მოჰყვა და ყველაფერთან ერთად ახლა ისიც სტკიოდა. მელანო ხალიჩიდან აღარც წამომდგარა, უბრალოდ ამის ძალაც კი აღარ შესწევდა. იწვა და კარის ზემოთ დაკიდებულ ორ ცალ ზეთის ლამფის ქანაობას ადევნებდა თვალს. იმასაც ვერ იტყოდა, რამდენ ხანს იწვა ასე, მაგრამ 215-ჯერ რომ გაქანდნენ ლამფები აქეთ-იქით, ეგ დაითვალა. შემდეგ კი გასაღების ჩხაკუნმა მიიპყრო მისი ყურადღება 10 წამიც არ იყო გასული, რომ კაიუტაში ლანგარმომარჯვებული ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. ქალის იატაკზე დანახვამ გააოცა, ლანგარი მაშინვე მაგიდაზე დადო თავად კი მელანოსთან ჩაიმუხლა და ხელი გაუწოდა. ქალმა გაოცებულმა და ოდნავ დამფრთხალმა ახედა და შერჩენილი ძალით უკან გახოხდა.
-ვინ ხართ? რა გინდათ ჩემგან? - ამოიკნავლა და მაგიდის ფეხს შეშინებული აეკრო.
კაცმა მხოლოდ თავი გადააქნია, ქალს უხმოდ ჩაავლო ხელი და ფეხზე ააყენა.
-არ მომეკაროთ! - ხელიდან დასხლტომა მოინდომა მელანომ და ოდნავ უბიძგა მკერდზე.
მამაკაცს ყრუ ოხვრა აღმოხდა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. კარგად გამოჩნდა, როგორ შეეღება მხართან სპილოსძვლისფერი პერანგი წითლად, მელანომ კი რწევას კვლავ ვერ გაუძლო და უღონოდ ჩაიკეცა.
-ადექი, უნდა ჭამო, სუსტად ხარ! - ხმა ამოიღო კაცმა და ზურგი აქცია, - ერთ საათში დავბრუნდები და ეს ყველააფერი ნაჭამი გქონდეს!
სიტყვა დაუბარა იატაკზე ჩაკეცილ ქალს და ისე გაიხურა კარი, წამითაც არ გამოუხედავს ზურგს უკან. რა თქმა უნდა, არც გასაღებით ჩაკეტვა დავიწყებია. მელანომ ამოიქვითინა და წამოიწია. ოღონოდ ჩამოეყრდნო მაგიდის კიდეს და წამოდგა კიდეც. გაორებული მზერით შეხედა კართან ახლოს მდგარ პატარა მაგიდაზე დადებულ ლანგარს, რომელზეც უმეტესად დაჭრილი ხილი დაეწყოთ წყალთან, ყველთან და პურის რამდენიმე ნაჭერთან ერთად. გემი კიდევ ერთხელ შეირყა, მელანოს კი საჭმლისკენ წაღებული ხელი უღონოდ ჩამოუვარდა და იატაკზე ჩაიკეცა.
გონზე მოსული ისევ იმავე საწოლზე იწვა, იმავე კაიუტაში. წინ კი ის ბიჭი ეჯდა, ცოტა ხნის წინ საჭმელი რომ შემოუტანა.
-ზღვის ავადმყოფობა გჭირს? - პირდაპირ ჰკითხა უცნობმა და თვალებში შეაცქერდა, - მიპასუხეთ, ამილახვრის თავნება ქალბატონო! - ხმა უფრო მომთხოვნი გაუხდა, როცა მელანომ არაფერი უპასუხა.
ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია და მზერა აარიდა. ვერ უყურებდა დიდხანს ღია ყავისფერ თვალებში. რაღაცნაირად მტრულად შესცქეროდა ბიჭი, რაც ძალზედ აშინებდა ქალს.
-თქვენთვის არ უსწავლებიათ, თუ არ შეჭამ, ვერანაირ ავადმყოფობას ვერ დაამარცხებო? - იმავე ხმით აგრძელებდა კაცი.
-არ შემიძლია, ვერ შევჭამ, - ჩანგალზე წამოცმულ ხილის პატარა ნაჭერზე მაშინვე თავი გააქნია და თავბრუც დაეხვა, - მაინც უკან მომიწევს მერე ამოღება.
-ჭამე და ნუ მეწინააღმდეგები! - შეუღრინა ბიჭმა და ძალით შეაჭამა რამდენიმე ლუკმა.
მელანოც მორჩილი ბავშვივით დაჰყვა მის ნებას და ცოტა ხანში ენერგიის მომატება იგრძნო თუ არა, კითხვის დასმაც გაბედა.
-რა გინდათ ჩემგან?
-ჭამე! - ჩანგალი ლანგარზე დააგდო უცნობმა, შემდეგ კი წამოდგა და ისევ ხმისამოუღებლად გაიკეტა კარი.
***
რამდენიმე დღე უცნობი აღარ გაჰკარებია მელანოს (სინამდვილეში კი საკუთარ) კაიუტას. მის ნაცვლად ვიღაც ახალგაზრდა ქალს შეჰქონდა საჭმელი და ზუსტად იმავე მტრული მზერით აჯილდოებდა, როგორითაც პირველ დღეს. არავინ, საერთოდ არავინ აქცევდა კარზე ატეხილ კაკუნს და მისი კითხვებიც კვლავ უპასუხოდ რჩებოდნენ.
ამ გემზე გამოფხიზლებიდან მეოთხე დღეს კი ისევ იმ უცნობმა ინება საჭმლის შემოტანა. კაცი არც ისე მხნედ და კარგად გამოიყურებოდა, როგორც პირველ დღეს. სახეზე ოფლი ასხამდა და შესამჩნევად ებლიტებოდა თვალები.
-ცუდად ხართ! - მელანოს წამში დაავიწყდა ზღვის ავადმყოფობაცა და საკუთარი სისუსტეც, მაშინვე უცნობთან მიიჭრა და მხარში შეუდგა.
ბიჭმა ყრუდ წამოიკვნესა და ლანგარი ლამის ხელიდან გაუვარდა. ლანგარი მაგიდაზე დაადებინა, თავად კაცს კი დაწოლაში მიეშველა და თავზე დაადგა.
-არ მეტყვით, რა გჭირთ? იქნებ, შემიძლია დაგეხმაროთ.
-შეენ? - ძლივს ამოილუღლუღა კაცმა.
-დიახ, მე, - არ შეეპუა ქალი, - ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და ვერავის მივატოვებ, რაც არ უნდა არაკაცი და ნაძირალა იყოს ის.
კაცმა მხოლოდ ჩაიცინა და არაფერი უპასუხა, მაგრამ პასუხი არც დასჭირვებია, კაიუტაში ქალი შემოიჭრა ერეკლე, ერეკლეს ძახილით და როგორც კი დაწოლილი დაინახა, მაშინვე მელანოს მივარდა.
-რა გაუკეთე? მითხარი ახლავე, რა გაუკეთე! - ლამის ისტერიკაში ჩავარდნილიყო და მელანო ადგილზე მოეკლა შეშლილი სახით მდგომს.
-მე... მე არაფერი, - დაიბნა ქალი.
-დარეჯან, შეეშვი, - ძლივს ამოილუღლუღა ერეკლემ და თითქოს ქალიც გონს მოვიდაო, მელანოს შეეშვა და მაშინვე კაცთან მივიდა.
-ხომ გითხარი, არ ადგე, მე შევუტან საჭმელს-მეთქი? - ზიზღნარევი ხმით თქვა დარეჯანმა და ამ გრძნობითვე სავსე თვალებით გახედა მაგიდის კუთხეში საწყლად აწურულ მელანოს, - მაგრამ შენ ხომ შენი ნათქვამი ხარ. თავად „პოსეიდონის“ კაპიტანი თუ არ მოემსახურა თავადის ასულს ისე არ ეკადრება ჭამა, არა?
მაგრამ ერეკლეს ხმა არ გაუცია, თვალები მიელულადა სულ მალე ბორგვა დაიწყო.
-უნდა მითხრათ, რა სჭირს, - ფრთხილად უთხრა დარეჯანს და მხარზე ხელით შეეხო, მაგრამ მაშინვე უკან გასწია, როგორც კი ქალის თვალებს გადააწყდა, - მართლა შემიძლია თქვენი დახმარება.
ქალს ვერ გადაეწყვიტა ნდობოდა თუ არა მელანოს სიტყვებს, ბოლოს კი საკუთარი ხელით შეუხსნა პერანგი კაცს და მხარზე არსებული ჭრილობა დაანახა, რომელზეც დადებული თეთრი სახვევი მუქწითლად შეღებილიყო.
-5 დღის წინ დაიჭრა, - ხმადაბლა თქვა დარეჯანმა და თითებით ოდნავ მიეფერა კაცს, - ჭრილობა დავამუშავეთ, ტყვიაც ამოვუღეთ და მოვწვით კიდევაც, მაგრამ მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, პირიქით.
-შეიძლება... მმმ... შეიძლება, ჭრილობას შევხედო?
ქალმა ოდნავ დაუქნია თავი და მელანოს მიახლოების საშუალება მისცა. მანაც მაშინვე მოხსნა სახვევი და როდესაც ინფექციაშეჭრილი და ოდნავ ფერშეცვლილი ჭრილობა დაინახა, მაშინვე დარეჯანს მიუბრუნდა.
-რამე მჭირდება, რითაც ჭრილობას გავუწმენდ, გავუსუფთავებ, დაზიანებულ და დაჩირქებულ ქსოვილებს მოვაცილებ და გადავუხვევ. ამასთან ყვრლაფერი სპირტით უნდა იყოს დამუშავებული. თუ სპირტი არ გექნებათ, არაყი ან ნებისმიერი მაღალი ალკოჰოლის შემცველი სასმელიც გამოდგება. ჰო, კიდევ, ძმარიც და ცივი საფენებიც დაგვჭირდება, სიცხე რომ დავუგდოთ.
დარეჯანი წამით ეჭვისთვალით შესცქეროდა თავის სტიქიაში მყოფ ამ სიფრიფანა გოგოს, შემდეგ კი ისევ თავი დაუქნია და კაიუტუდან გასხლტა. უკან მალევე დაბრუნდა მელანოს ნათხოვნი ყველა საჭირო ნივთი ხელებში ვეღარ ეტეოდა და ამიტომ მის უკან კიდევ ერთი კაცი მოდიოდა. ამილახვარმა ყველაფერი მაგიდაზე დაალაგებინათ და სასწრაფოდ საქმეს შეუდგა. დამხმარედ მხოლოდ დარეჯანი დაიტოვა, ის კაცი კი კაიუტიდან გაუშვა.
-იცოდე, რამე ისე რომ ვერ წავიდეს, - დაწყებამდე შეაბრუნა თავისკენ დარეჯანმა, - არ მაინტერესებს იქნება ეს შენი ბრალი თუ არა, ჩემი ხელით მოგკლავ ისე, რომ არც ამიკანკალდება.
მელანო კი მიხვდა, რომ იმ წამს ქალი სიმართლეს ეუბნებოდა და ცოტა არ იყოს შეშინდა. მართალია, აქამდეც გრძნობდა შიშს, მაგრამ ახლა თითქოს სიკვდილს პირდაპირ ჩახედაო თვალებში და მიხვდა, რომ მას დარეჯანის მწვანეების ფერი ედო.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ერეკლე მეორე დღეს მოვიდა გონს და გაოცებულმა გახედა საწოლთან მდგარ სავარძლებში მძინარე ქალებს. დარეჯანს უშფოთვრლად და მშვიდად ეძინა, აი, ამილახვრის ქალს კი კვლავ დაჰკარგვოდა ფერი სახეზე და სავარძელზე მოკუნტული ბორგავდა. ჭრილობა ყრუდ უფეთქავდა, მაგრამ იგრძნო კაცმა, რომ აშკარად უკეთესად იყო და სულ ოდნავ ძალაც მომატებოდა.
თითქოს ექიმის ინსტიქტმა იმძლავრაო, მელანომ ბორგვას უკლო და რამდენიმე წამში თვალები გაახილა კიდეც, მაგრამ ერეკლემ დახუჭა და თავი მოიმძინარა. აინტერესებდა, რას გააკეთებდა ქალი. მელანო თითქმის უხმაუროდ აკეთებდა ყველაფერს. ბოლოს კი ავადმყოფთან მივიდა და შუბლზე სულ ოდნავ მიადო ხელი. სიცხეს დაეწია და სველი კომპრესებიც აღარ იყო საჭირო. ტილო უკანვე დააბრუნა ქალმა და ძალიან ფრთხილად შუბლზე ჩამოყრილი ქოჩორიც გაუსწორა. შემდეგ კი კვლაც სავარძელს დაუბრუნდა და მშფოთვარე ძილს მისცა თავი.
***
ერეკლეს ძალების მოსაკრებად და ფეხზე წამოსადგომას ხუთი დღე დასჭირდა. ამ ხუთი დღის მანძილზე არც ერთი ქალი არ ტოვებდა კაიუტას და „პოსეიდონიც“ საქართველოს პორტების გარდა ხან რომელ პორტში შევიდოდა და ხან რომელში.
ერთ დღესაც გემზე კვლავ ჩოჩქოლი ატყდა. მელანო იმაზე უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე აქამდე და უბრალოდ წამოდგომის ძალაც კი აღარ ჰქონდა. ნახევრად გათიშული უსმენდა გემბანზე მორბენალ მეზღვაურებს და ცალკეულ სიტყვებს თუ მოჰკრავდა ყურს. მაგრამ ერეკლეს დაყვირებული ცეცხლი მაინც მშვენივრად გაიგო. წამით წარმოიდგინა კიდეც, რომ მამამისი მის საშველად მოვიდა და იმედი მიეცა, მაგრამ ნახევარ საათში ეს იმედი ისევე უკიდეგანოდ გაქრა და გაცამტვერდა, როგორც ამ გემზე პირველად გაღვიძებისას.
კაიუტაში ერეკლე შემოვიდა. ხელში ათი-თერთმეტი წლის ბავშვი ეჭირა და გააფთრებული იყურებოდა.
***
შემდეგში მელანომ აღმოაჩინა, რომ ეს პატარა ბიჭი მათრახით სასტიკად იყო ნაცემი, მაგრამ იმდენად ბრძოლისუნარიანი იყო, რომ თავისი პატარა ხელებით შეუდრეკლად ებღაუჭებოდა ყოველ წუთსა და წამს. მელანოს გული მოუკვდა ასე ცუდად მყოფი პატარას ნახვისას და ისიც აინტერესებდა, თუ რომელმა მხეცმა გაიმეტა ასე, მაგრამ ერეკლესთვის არაფერი უკითხავს. თითქოს უხმო ზავი დაედოთ და ერთმანეთს ხმასაც არ სცემდნენ. უბრალოდ ერეკლემ იცოდა, რომ მელანოზე უკეთ ამ ბავშვს ვერავინ მიხედავდა და აი, მოუყვანა კიდეც. იარები იმდენად ბევრი იყო და იმდენად ღრმა, რომ საწყალ ბავშვს ნაწიბურები უცილობლად დარჩებოდა, საერთოდ თუ გამოძვრებოდა ამ მდგომარეობიდან.
ბიჭი რამდენიმე დღე უგონოდ იყო. ამილახვარი კი ცდილობდა საკუთარი სისუსტე და ავადმყოფობა კვლავ დაეძლია და მთლიანად ბავშვზე გადართულიყო. ხშირად მიუწვებოდა ხოლმე გვერდით პატარას, აბურდულ თმებზე ეფერებოდა და სხვადასხვა ზღაპრებს უყვებოდა.
შემდეგ კი ბავშვმა თვალები გაახილა. იმ დროს მელანო დაზიანებულ ზურგზე საფენებს უცვლიდა და ბიჭმაც ტკივილჩამდგარი და შეშინებული თვალებით ახედა.
-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, - მკრთალად გაუღიმა ქალმა და ბოლო საფენიც დაადო, - მე მელანო მქვია და შენ?
-მათე, - ამოიწრიპინა ბავშვმა.
-კარგი მათე. გაინტერესებს ალბათ, ხომ, სად ვართ?
-არა, ვიცი. თან დედა მაფრთხილებდა, უცნობებს არ დაელაპარაკოო.
-კი, მაგრამ, შენ ხომ უკვე მიცნობ? - ფართოდ გაიღიმა ამილახვარმა, - მე მელანო ვარ, აი, ის გოგო, რამდენიმე წუთის წინ რომ გაგეცნო.
ბავშვმაც გაიცინა მელანოს ნათქვამზე, მაგრამ მალე ისევ ტკივილმა მოუმანჭა სახე.
-გტკივა? - მაშინვე დაფაცურდა ქალი.
-დიახ.
-ცოტა ხანს მოითმინე, მალამო წაგისვი და მალე გაგიყუჩებს. მანამდე კი მელაპარაკე. თუ გინდა რამეს გაჭმევ. წესით მშიერი უნდა იყო. ან არ გწყურია მაინც?
-წყალს ნამდვილად დავლევდი, - მორცხვად ამოილაპარაკა ბიჭმა და სახეზე წამოწითლდა.
-არ მეტყვი, ზურგზე რა დაგემართა? - ცოტა ხანში ჰკითხა მელანომ და საწოლზე ჩამოუჯდა.
-მე... - რაღაცის თქმა უნდოდა, უეცრად ერეკლემ რომ შემოაღო კარი.
-ვიღაც გონზე მოსულა, - მხიარულად დაილაპარაკა კაცმა და თავადაც მიუახლოვდა საწოლს.
-ერეკლე, - ბედნიერმა დაიწრიპინა ბიჭმაც და უფრო ფართოდ გაეღიმა.
-როგორც ჩანს, ჩვენი თავადის ასული გაგიცნია უკვე.
-მელანო კარგი გოგოა, - მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ისევ აწითლდა, - მივლის და თბილად მექცევა. თავად გამეცნო, იცი?
-მე შენს ადგილას ასე აღფრთოვანებული არ ვიქნებოდი, მაინც ამილახვარია.
-რაა? - ამის გაგონებაზე ერთი-ორად გაუდიდდა თვალები ბავშვს.
მელანო გაკვირვებული მიაშტერდა კაცს. რა შუაში იყო ახლა აქ თუ ვინ იყო მელანო წარმოშობით. არა, ხვდებოდა, როგორი ზიზღით წარმოთქვამდა ხოლმე ერეკლეცა და დარეჯანიც თავადის სულს, მაგრამ ეგონა, რომ ეს მხოლოდ სტატუსის გამო იყო და არა მისი გვარის. რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ ამ დროს ერეკლე თვალების ბრიალს მოჰყვა და დადუმება არჩია.
-აბა, ახლა მითხარი, იმ გემზე როგორ აღმოჩნდი! - მხიარული სახე წამში დაისერიოზულა ერეკლემ და ბავშვმაც უფრო მეტად შეჭმუხნა წარბები.
პასუხი რომ ვერ მიიღო, ისევ თავად გააგრძელა საუბარი.
-ისევ არ დაუჯერე, ხომ დედაშენს?
ბავშვმა თავი გაჭირვებით გადაატრიალა და თვალი აარიდა კაცს.
-ამჯერად სად გაიქეცი? ვინმეს აედევნე თუ ისევ შენი მამაცობის დამტკიცებას აპირებდი რომელიმე შენი თანატოლისთვის? - ძალიან იყო გაბრაზებული ერეკლე და ბავშვს არ ინდობდა.
-მგონი, აჯობებს გახვიდე, - მშვიდად უთხრა მელანომ და ოდნავ შეეხო მკლავზე, მაგრამ ისეთი თვალებით გამოხედა კაცმა, მაშინვე ჩამოუშვა ხელი, - ერეკლე, გთხოვ. მას ახლა დასვენება სჭირდება. უკეთ რომ გახდება, მერე დაელაპარაკე.
ერეკლემ კიდევ ერთხელ დაუბღვირა ორივეს და მართლა დატოვა კაიუტა.
***
მიუხედავად ერეკლეს ნათქვამი სიტყვებისა და მათეს სიფრთხილისა, მელანომ მისი გულის მოგება ძალიან მალე მოახერხა. ფაქტობრივად იმდენად ენდობოდა და უყვარდა, როგორც ერეკლე და აღარც სიტყვაძუნწობდა ხოლმე. ხშირად ერეკლეც შემოვიდოდა და საუბარს ააწყობდნენ ხოლმე. პირველი დღის გაბრაზება აღარც კი ახსოვდა, მაგრამ მათეცა და ერეკლეც ჯიუტად დუმდნენ და ხმას არ იღებდნენ ბავშვის გამტაცებელზე. დარეჯანიც ამჩნევდა ამ სამეულის აშკარა დაახლოებას და ეს ნამდვილად არ მოსწონდა. უფრო მეტად ივსებოდა ბოღმით და ერეკლეს გადარჩენაც კი აღარ ახსოვდა, მელანოს მიმართ გამოვლენილ აშკარა ზიზღსაც მშვენივრად ამჩნევდა მთელი „პოსეიდონის“ ეკიპაჟი. არც აქამდე იყო დადებითად განწყობილი, მაგრამ ახლა ერთიანად გადაესვა ხაზი ყველაფრისთვის. თითქოს შეყვარებული ქალის გული წინდაწინ ხვდებოდა რაღაცას და მელანოში აშკარა კონკურენტს ხედავდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ვერაფერს აკეთებდა. იჯდა და ელოდა, როდის მოვიდოდა მისი დრო და აი, მაშინ, ამილახვრის ასული ფრთხილად უნდა ყოფილიყო.
შენი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებაო, აიმედებდა ბავშვს მელანო, მაგრამ მათრახით მიყენებულ ჭრილობებს პირი ვერაფრის დიდებით შეაკვრივენა. მართალია, მათესთან არაფერს იმჩნევდა და ბავშვის იმედით ანთებულ თვალებს ღიმილით პასუხობდა, მაგრამ საქმე ისე ვერ მიდიოდა, როგორც უნდოდა. თითქოს პატარას სხეული სპეციალურად ეწინააღმდეგებოდა და გამოჯანმრთელების ნაცვლადუფრო მეტად უარესდებოდა. კიდევ ერთი სახვევის გამოცვლის შემდეგ მათემ ტკივილისაგან მომანჭული სახით გამოხედა მელანოს და ქალი მიხვდა, რომ ბავშვი ყველაფერს ხვდებოდა და აზრი არ ჰქონდა რაიმეს დამალვას.
-ძალიან ცუდად გამოიყურება, არა? - გამტყდარი ხმით ჰკითხა და თვალები დახუჭა, რომ მელანოს მისი აცრემლიანებული თვალები არ დაენახა.
-უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. აი, მალე მივადგებით ნაპირს და იქ ნამდვილად უკეთესად მოგხედავთ.
-მელანო, ერთ რამეს დამპირდები?
-რასაც გინდა, - დაუფიქრებლად დასთანხმდა ბავშვს, როგორც კი ხასიათის გამოკეთება შეამჩნია, - გისმენ, აბა.
-ჩემს დას გადაეცი, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან მიყვარს და სულაც არ ვნანობ არაფერს.
-რას ამბობ? - ვერ მიხვდა ქალი.
-იცი, ერეკლე მართალი იყო. დედას არ დავუჯერე, სახლიდან შორს წამოვედი, მაგრამ არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც მას ჰგონია. მელანო, უფროსი და მყავს სახლში, მაგრამ დაც არის და დაც, - ჩაიცინა ბავშვმა და ზურგის ტკივილმა სახე მალევე მოუჭმუხნა, - მოდი, დაწექი აქ და ყველაფერს მოგიყვები.
ქალიც მაშინვე მიუწვა გვერდით, როგორც ამას ამ ბოლო დღეებში ხშირად აკეთებდა ხოლმე და თმაზეც მოეფერა.
-რა ჰქვია შენს დას?
-შორენა, მას შორენა ჰქვია. ჩემზე 5 წლით დიდია. იცი, არასდროს უთქვამს ერთი თბილი სიტყვაც კი, მაგრამ ვიცი, რომ ვუყვარვარ. და ამას საიდან მივხვდი, იცი? ერთხელ შემთხვევით ტყეში დავიკარგე და ჩემები მთელი ღამე მეძებდნენ, შორენა კი განსაკუთრებით. სწორედ მან მიპოვა. მართალია, ძალიან გამიჯავრდა და სილაც კი გამაწნა, ეს როგორ გააკეთეო, მაგრამ რომ დამინახა, ისე ჩამიკრა გულში, რომ ლამის გავიგუდე.
-და ახლაც არ შესცვლია დამოკიდებულება? - ინტერესით შეაცქერდა მელანო.
-არა, არასდროს. და ახლა მგონი ვხვდები კიდეც რატომ მექცეოდა ასე. ეგონა, რომ ჩემი დაბადებით მშობლების სიყვარული დააკლდა და მისი კუთვნილი წილიც კი მე მივისაკუთრე. მაგრამ, გეფიცები, არასდროს მდომებია ეგ, - უკვე ცრემლიანი თვალების დამალვასაც აღარ ერიდებოდა ბავშვი.
-არ ინერვიულო, კარგი? მთავარია, შენ ხომ იცი, რომ შორენას ძალიან უყვარხარ.
თითქოს ქალის სიტყვა არ გაუგონია, ბავშვი თავისას აგრძელებდა.
-ყოველთვის მჩაგრავდა და ისე მექცეოდა, როგორც მონას. იცი, ჩემი პირველი მოგონება რა არის, რაც ცხადად მახსოვს? - ოდნავ ჩაეცინა მათეს, - როგორ ვდგავარ სამფეხა სკამზე სამი თუ ოთხი წლის მე და ჭურჭელს ვრეცხავ თანაც შუა ზამთარში. შორენა კი ამ დროს საწოლზეა წამოწოლილი და თავის ნაწნავებს ეთამაშება. იმ დღესაც იმიტომ წამოვედი ასე შორს, რომ მისთვის რაღაცის დამტკიცებას ვცდილობდი, ოღონდ რაც ახლა ძალიან სულელურ მიზეზად მეჩვენება. ალბათ, როგორ ნერვიულობენ ჩემები.
-იცი, მეც მყავს თქვენნაირი ნაცნობები, - ღიმილით გააწყვეტინა მელანომ, - უფრო სწორად, მყავდა.
-გყავდა? - გაოცდა ბავშვი, - რატომ გყავდა და არა გყავს?
-რადგან დარწმუნებული არ ვარ ამ გემიდან ოდესმე ცოცხალი თუ გავაღწევ, - სიმართლე არ დამალა ქალმა და მძიმედ ამოიოხრა.
-რა სისულელეა, მელანო, - მაშინვე თავი გააქნია ბავშვმა, - ერეკლე ყველაზე კარგი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. მას შენი კი არა, ჭიანჭველას მოკვლა არ შეუძლია. მერწმუნე, არასდროს არაფერს არ დაგიშავებს, მიუხედავად იმისა, რომ ამილახვარი ხარ, - და ბავშვმა ეს გვარი ისე წარმოთქვა, თითქოს რამე საწყენი ეჭამოს და მალე გული აერევაო, - გთხოვ, მომიყევი მათზე.
-ვისზე? - უცებ დაიბნა ქალი.
-აი, შენს მეგობრებზე.
-ხო, - კვლავ სევდიანად გაიღიმა ქალმა, - ჩემს მეგობარს ალისა ჰქვია. ისიც შენი დასავით უფროსია. მისი მათე კი გაბრიელია. ისინი საფრანგეთში ცხოვრობენ და მერწმუნე, ალისასთან შედარები შენი და ნამდვილი ანგელოზია.
-მართლა? - თვალები გაუფართოვდა ბავშვს.
-შორენა ოდესმე მათრახით შეიარაღებული გინახავს, თან მსახურებს რომ ადგეს თავს და ბრძანებებს გასცემდეს? ამ მსახურებს შორის კი შენც ერიო და სიცხისა თუ სიცივის მიუხედავად მუხლჩახრილი გამუშავებდეს?
-ჩვენ მსახურები არ გვყავს, - დარცხვენილმა გაეპასუხა ბავშვი.
-მერე რა? მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას აქვს მნიშვნელობა ამ ცხოვრებაში ღარიბი იყავი თუ მდიდარი. მთავარია, აი, აქ, მკერდის ქვეშ რომ გიცემს რამხელა და როგორი გექნება, - ქალმა საკუთარ გულზე მიიდო ხელი, რადგან მათე მუცელზე იწვა, ზურგი კი კვლავ წყლულებით ჰქონდა დაფარული, - ზოგს იმდენად პატარა გული აქვს, რომ მისი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს და მთელს ცხოვრებას ისე ატარებს, რომ ერთ კეთილ საქმეს არ ჩაიდენს. სწორედ ჩვენი გული გვაკეთებინებს ყველაფერს ცუდსაც და კარგსაც და ზოგჯერ ეს ცუდიც ზედმეტი სიყვარულისგან მოგვდის. სიყვარულიც გულიდან მოდის და საერთოდაც, გული რომ არა და მისგან წამოსული დადებითი და უარყოფითი გრძნობები, ადამიანები უბრალო ფიტულები ვიქნებოდით და ჩვენი ყოფა მხოლოდ არსებობა იქნებოდა და მეტი არაფერი. იცი, მე დაწმუნებული ვარ, რომ შენს დას უზარმაზარი გული აქვს, ისევე როგორც შენ, და მისი გულის უდიდესი ნაწილიც შენ გეკუთვნის. მას უყვარხარ, მაგრამ ვერ გამოხატავს, ისევე როგორც ჩემს ალისას უყვარს გაბრიელი. მაგრამ მას ჰგონია, რომ სწორედ ასე დამონება და უმცროსი ძმის ჩაგვრაა სიყვარულის გამოხატვა.
-მელანო, შორენას ხომ კიდევ ვნახავ? - ძალიან მისუსტებული ხმით იკითხა ბავშვმა და თვალებიც მიელულა. მელანოს მონოლოგის დროს ბავშვი აშკარად უფრო ცუდად გამხდარიყო.
-კი, აუცილებლად, ჩემო საყვარელო და თავად ეტყვი, თუ როგორ გიყვარს.
-არა, მელანო. მე ვერა, მაგრამ დამპირდი, რომ ამას შენ გააკეთებ.
-გპირდები, მათე, გპირდები.
-და კიდევ ერთი, მელანო. ერეკლეს აპატიე, ხო, ყველაფერი. არაა ცუდი. პირიქით, ძალიან კარგია, მაგრამ ჯიუტი და ძალიან ძნელად თუ გადაათქმევინებ რამეს. ხომ შემისრულებ, მელო? - უკვე თვალებსაც ვეღარ ახელდა და მხოლოდ ჩურჩულებდაღა.
-ყველაფერს, სულ ყველაფერს, - ტირილით ამოთქვა და შუბლზე აკოცა.
იმ ღამით სიცხემ უარესად აუწია მათეს. იმ დღის შემდეგ გონზეც კი აღარ მოსულა, მხოლოდ ხანდახან თუ წამოაბოდებდა რაღაცას და მალევე ჩუმდებოდა. ორი დღის შემდეგ კი სუნთქვაც შეწყვიტა.
მელანო ცრემლად იღვრებოდა, როცა ბავშვის სხეული ზეწარში გაახვიეს და გემბანზე აიტანეს. ერეკლემ იმ დღეს პირველად მისცა ქალს „პოსეიდონის“ გემბანზე ასვლის და კაიუტის დატოვების უფლება ამილახვარს, მაგრამ ბოლომდეც კი ვერ უყურა, როგორ შთანთქა და სამუდამოდ თავისთვის დაიტოვა ზღვამ პატარა მათეს სხეული. აქვითინებული დაუბრუნდა კაიუტას და ხელებში თავჩარგული მანამდე იჯდა, სანამ ერეკლეს ხმამ არ გამოაფხიზლა.
-მამაშენი, ეს მამაშენმა ჩაიდინა!
კაცის ხმაში ზიზღისა და სიძულვილის გარდა მწუხარებაც იგრძნობოდა, მაგრამ პირველ ორ გრძნობას ბოლო მათგანი გადაეფარა. ამილახვრის ასულმა გაოცებით ამოხედა და ორი სიტყვა ძლივს გადააბა ერთმანეთს.
-მამაჩემი რა შუაშია მათესთან?
-რა შუაშია და სწორედ ბიძინა ამილახვარი რომ არა, ახლა მათე ცოცხალი იქნებოდა! მამაშენია ის კაცი, რომელიც ბავშვებს იტაცებს და მერე ოსმალოებთან მონებად ყიდის. მამაშენის ნამოქმედარი იყო ის, რომ იმ დღეს მათე იმ გემზე აღმოჩნდა და სტამბულში გასაყიდად მიჰყავდათ! და ეს ყველაფერი უკვე წლებია გრძელდება! მათეს სიკვდილი მამაშენის და შენი ბრალიცაა! შენც ამილახვარი ხარ და მისი დამპალი სისხლი გიჩქეფს ძარღვებში! - ბოლო სიტყვები მთელს ხმაზე იღრიალა და კარი გაიჯახუნა.
შეშინებული და მთლად გადაფითრებული მელანო კი საკუთარ ფიქრებთან მარტო დატოვა.

თავი 2
ამ დროს კი ბიძინა ამილახვარი საკუთარ მამულში იჯდა და დაჭრილი ლომივით ბრდღვინავდა. ჯერ ისევ ვერ მოენელებინა, რომ მისი სათაყვანებელი ქალიშვილი მოიტაცეს და მასზე უკვე დიდი ხანია აღარაფერი სმენოდა, რომ ახლა იმ გემის ჩაძირვაც დაემატა, რომლითაც ტვირთი ოსმალეთში გადაჰქონდა. და ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ იყო. ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მერამდენე შემთხვევა იყო, ვეღარც კი ითვლიდა. ახსოვდა, როგორ არ ახსოვდა "პოსეიდონიცა" და მისი კაპიტანიც. ძველი ნაცნობობა არასდროს ავიწყდებოდა თავადს და ყველას დამსახურებულს მიუზღავდა ხოლმე, მაგრამ ისიც კარგად ახსოვდა, რომ ის კაცი დიდი ხნის მკვდარი იყო და ახლა ეს ცალკე სადარდებლად დასწოლოდა გულზე. ნუთუ საფლავიდან წამოდგა? მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. თავად დარწმუნდა რომ ნამდვილად მკვდარი იყო კონსტანტინე ფალავანდიშვილი.
საქმის მეწილე თავადებიც აღარ ასვენებდნენ. მათ საკუთარი ფული უნდოდათ და თანაც, ალექსანდრე მაყაშვილსაც უკვე წაეღო ტვინი, რამდენჯერ გითხარი, ზღვას შევეშვათ და ხმელეთით ვისარგებლოთო. მაგრამ არც ხმელეთით იყო მარტივი საქმის კეთება. აქაც არანაკლებ ბევრი ყაჩაღი დაძრწოდა და თანაც, მესაზღვრე ოსმალოები იმხელა ბაჟს ადებდნენ საქონელს (ქართველ ყაჩაღებს გადარჩენილი ოსმალოებს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდი), რომ მერე იმათ გაყიდვას უბრალოდ აზრიც კი აღარ ჰქონდა.
იქით ცალკე დედა ედარდებოდა. მელანია ჭავჭავაძე-ამილახვრისა არ იყო მარტივად ხელწამოსაკრავი ქალი, მაგრამ საყვარელი შვილიშვილის გატაცების ამბავმა ისიც კი მოტეხა და დაასნეულა. მართალია, არ იტყობდა და კვლავ თავაწეული გასცემდა ხოლმე ბრძანებებს, მაგრამ ერთ დროს დაუშრეტელი ენერგიის მქონე ქალი ახლა ეზოდან კი არა, საკუთარი ოთახიდანაც კი აღარ გამოდიოდა.
ამილახვრის კიდევ ერთ სადარდებელს საკუთარი ბიჭები წარმოადგენდნენ. რუსეთში სასწავლებლად წასულებს მამა საერთოდ აღარ ახსოვდათ და დროსტარებასა და ღრეობაზე გადასულიყვნენ. მხოლოდ მაშინ მოაგონდებოდათ ხოლმე, როცა ფული გამოელეოდათ და ბიძინასაც სხვა რა გზა ჰქონდა, ადგებოდა და უგზავნიდათ. თავად მამამისისგან მკაცრად გაზრდილს, ეცოდებოდა საკუთარი შვილები და ყველა სურვილს უსრულება. როცა მათ ასაკში ისეთი მუხლჩაუხრელი შრომა უწევდა, რომ ყოველ ღამე ქანცგაწყვეტილი მიესვენებოდა ხოლმე საწოლს. რამდენჯერ გააფრთხილა მელანიამ, ნუ ანებივრებ, ფულის და შრომის ყადრი ასწავლე, რომ ცოტა დაჭკვიანდნენ და გონს მოვიდნენო, მამაშენი ტყუილად კი არ გამუშავებდა და ასე მკაცრად გზრდიდაო, მაგრამ არა ქნა, ესენი ჩემი შვილები არიან და როგორც მინდა ისე გავზრდიო. და აჰა, რაც დათესა, იმას იმკიდა კიდეც.
-თავადო, - მოულოდნელად მის კაბინეტში თავისივე მოურავი შემოიჭრა დაკაკუნების გარეშე.
-რა მოხდა, დავით? - ნერვიულობა არ შეიმჩნია და მკაცრად გახედა მსახურს, რომელსაც მამულში მოქცევის წესები აშკარად დავიწყებოდა.
-"პოსეიდონი", - ერთი სიტყვა გაჭირვებით წარმოთქვა კაცმა და სული ძლივს მოითქვა, სამაგიეროდ ბიძინა წამოიჭრა ფეხზე და მასთან მივიდა.
-რა "პოსეიდონი", დავით, რა მოხდა?
-"პოსეიდონი" შეუნიშნავთ შავი ზღვის ნაპირებზე. ასე ამბობენ, გეზი სოხუმისკენ უჭირავსო.
-ვინ გითხრა? - ლამის იყვირა კაცმა და მხრებში ჩააფრინდა მსახურს.
-თქვენი გაგზავნილი კაცებიდან ერთ-ერთი დაბრუნდა. ყანაში გლეხებს ვეხმარებოდი და იქ შემხვდა. მასაც კარგად ურბენია, რადგან ლიხს რომ გადმოსცილებია, გზაში ცხენი მოჰკვდომია და ეს ამბავი სასწრაფოდ უნდა ეცნობებინა თქვენთვის.
-კარგი, ძალიან კარგი, - ხელები ერთმანეთის გაუხახუნა თავადმა, - ძლივს ერთი კარგი ამბავი არ გავიგე?! ახლა დასვენების დრო არ არის, დავით! სასწრაფოდ ცხენები შეაკაზმვინე. სოხუმში მივდივართ!
***
რომ ამბობენ სამყაროში ყველაზე ძლიერი გრძნობა სიყვარულიაო, თურმე შემცდარან. შეიძლება სიყვარულის გამო მთებიც კი გადადგა, მაგრამ ეჭვზე ძლიერი მაინც არაა. რაც არ უნდა ენდობოდე ადამიანს და როგორც არ უნდა გწამდეს მისი, ეჭვი იმდენად ძლიერია, რომ მაინც მოგირყევს რწმენას, მაინც იპოვის სულ მცირედ ჭუჭრუტანას და თუ ერთხელ მაინც შემოგეპარა ეჭვის ჭია, მას უკან ვეღარ დააბრუნებ. იმდენს მოახერხებს, რომ თავზე ჩამოგაშლის ყველაფერს. ისევე როგორც გატეხილს ვეღარ დაუბრუნებ ძველ ფორმას, ვერც ეჭვშეპარულ გრძნობას გააახლებ და ძველ ყალიბს მოარგებ. ოდნავადაც რომ გაიბზაროს ესეც კი საწინდარი იქნება იმის, რომ ნებისმიერ დროს გატყდება. რამდენიც არ უნდა აწებო და მისი გამთელება სცადო, ვეღარაფერს გახდები.
მელანო სწორედ ასეთ ფიქრებში იყო და ისიც კი ვერ შეემჩნია, როგორ დაშრობოდა ცრემლები და მათეს კი აღარ გლოვობდა, მხოლოდ და მხოლოდ ერეკლეს ნათქვამ სიტყვებზე ეფიქრებოდა. როგორ შეიძლებოდა ბიძინასნაირი კაცისთვის მსგავსი რამ დაგეწამებინა. მისნაირი თბილი და მოსიყვარულე მამა მეორე არ დადიოდა. მელანოს მშვენივრად ახსოვდა როგორ დასდევდა და ეთამაშებოდა პატარაობისას, როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, ანდაც როდესაც მელანო მეცადინეობას მორჩებოდა. ხშირი იყო შენთხვები, როცა მამა-შვილი ბიძინას კაბინეტში განმარტოვდებოდნენ და ბოლო პერიოდის ამბებს ანდაც წაკითხულ წიგნებს განიხილავდნენ. წიგნები კი ნამდვილად ბევრი წაეკითხა კაცს. მელანომ ერთხელაც კი ვერ მოიხელთა მამა, ნებისმიერ წიგნს, რომელსაც დაუსახელებდა უკვე ყველაფერი იცოდა ხოლმე. მაგრამ რამდენად მკაცრი მამაც მელანოსთან იყო, ორი იმდენჯერ ლოიალური იყო მის ძმებთან, რაც მართალია, გულში ხინჯად ხვდებოდა ხოლმე ქალს, მაგრამ ფიქრობდა, რომ ქალს უფრო მეტი მოეთხოვებოდა. ბებიაც იმას ასწავლიდა, რომ სწორედ მანდილოსანი იყო ოჯახის სიწმინდისა და მთლიანად ოჯახის სარკე. ამიტომაც ყოველთვის ცდილობდა, რომ უფროსებისგან ყოველთვის ნაკლები შენიშვნა მიეღო და საყვედურის ნაცვლად მათი კეთილგანწყობა დაემსახურებინა.
ახლა კი, ეს ვიღაც ორი კვირის გაცნობილი და აშკარად ცხოვრებაზე გაბოროტებული ადამიანი ცდილობდა მისთვის დაეჯერებინა, რომ მამამისი ბავშვების გამტაცებელი და უფრო მეტიც, მკვლელი იყო. მართალია, არ სჯეროდა ამ ყველაფრის, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც რაღაც არ ასვენებდა. თითქოს ექაჩებოდა, რომ ერეკლესთვის დაეჯერებინა, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა, მთელი თავისი ცხოვრების ნაგები მამის ხატი ორ წამში გაცამტვერდებოდა და ეს სულაც არ იქნებოდა მარტივად გადასატანი. სწორედ იმედგაცრუების ტკივილია ყველაზე მწარე და დაუვიწყებელი. დრო გადის, ტკივილს აუფერულებს, მაგრამ იმედგაცრუების გრძნობას ვერაფერს უშვრება, ის მუდამ შენს გონებაშია და არსად არ მიდის.
იმ ღამით მელანო კვლავ ბორგავდა ძილში. ანდაც ძილი საერთოდ როგორ შეძლო, გასაკვირია, მაგრამ დაღლილობამ მაინც თავისი ქნა და ქალიც მშფოთვარე სიზმრებში დაგაეშვა. უბრალოდ სახეზეც რომ შეგეხედათ მისთვის, მაშინვე შეატყობდით, რომ კოშმარს ხედავდა. სიზმარი კი ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი კოშმარის მსგავსი.
საშინელი ქარი ჰქროდა და ზღვის ნაპირას მდგარი ქალს ისედაც არეულ თმებს უფრო მეტად ურევდა და სახეში აყრიდა. გარშემო ჩამოწოლილ სიბნელეს კი მხოლოდ ბუნდოვანი განათება და ცაზე ამოცურებული მთვარე არღვევდა, მაგრამ ირგვლივ მოდებულ ნისლს ვერაფერს შველოდა. ზღვა იმდენად აღელვებულიყო, რომ ნაპირებს არღვევდა, თითქოს ყველაფრის შთანთქმა და საკუთარ წიაღში დატოვება უნდაო. ცაც ნელ-ნელა საავდრო ღრუბლებით იფარებოდა და სულ მალე მსხვილი წვეთების ცვენაც დაიწყო. ნაპირზე მდგარ მელანოს კი ზღვის წყალი უკვე მუხლამდე სწვდებოდა, მაგრამ ადგილიდან ვერ ინძრეოდა, ვერც ხმის ამოღებას ახერხებდა და არც სხეულის რომელიმე ნაწილის განძრევა შეეძლო, მაგრამ ზღვის სხეულის გამყინავ ცივ ტალღებს მაინც მშვენივრად გრძნობდა. ქალის გარშემო რაღაც ყრუ ხმაური ვრცელდებოდა, რომელიც ნელ-ნელა უფრო მეტად აღასაქმელი ხდებოდა და მისკენ მოიწევდა. ნისლი ხედვაში ხელს უშლიდა, მაგრამ მაინც გაარჩია, როგორ ამოიჭრა ზღვიდან ორი უზარმაზარი ურჩხული ხმლების ქნევით. ერთმანეთთან შეჯახებისას მახვილებმა ნაპერწკლები გაყარა და ისეთი ხმა გამოსცა, გეგონებოდათ მიწა იძრაო, მაგრამ სინამდვილეში არც არაფერი მომხდარა. ურჩხულებსაც მხოლოდ იმით არჩევდა, რომ ერთ-ერთს ხასხასა წითელი აბჯარი ემოსა, მეორეს კი უკუნეთი ღამესავით ბნელი. ორივე მოწინააღმდეგე თანაბარი სიძლიერისა ჩანდა, მაგრამ შავი აშკარად სჯაბნიდა წითელს. როცა ამ უკანასკნელმა წითელს აბჯარი გადაუსერა და სისხლი ადინა, ბოროტად გადაიხარხარა და ახლა უკვე მოსაკლავად გაიწია მისკენ. მაგრამ მეორემ უგანა, უკან გახტა და შავაბჯრიანი ურჩხულის მოქნეულმა ხმალმა მხოლოდ ჰაერი გაჰკვეთა. წითელაბჯრიანი კი თითქოს სასოწარკვეთას მოეცვა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და გამოსავალს ეძებდა. ბოლოს რძესავით შესქელებულ ნისლში ქალის სილუეტი გაარჩია, მაშინვე ხელი დაავლო და ჰაერში აიტაცა. შავაბჯრიანსაც დიდი ხნის წინ შეემჩნია ქალის სილეუტი, მაგრამ მისკენ ნაბიჯსაც არ დგამდა, პირიქით, თითქოს ცდილობდა მოწინააღმდეგე მისგან შორს გაეტყუებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. მელანოს ჰაერში აღმოჩენა და შეტევაზე გადმოსული ურჩხულის წამში გაშეშება ერთი იყო. ხმალი დასწია და იმდენად ხმამაღლა დაიღრიალა, თითქოს მისთვის ვინმეს ყველაზე მტკივნეული დარტყმა მიეყენებინოს. ღრიალის შემდეგ სიტუაცია და გარემოც წამში შეიცვალა. მელანო ამჯერადაც ვერ ინძრეოდა, მაგრამ ის ადგილიცა და დღის სინათლეც ნაკლებ დამაფრთხობელი ეჩვენებოდა. უზარმაზარი სასახლის ერთ-ერთ სარკეებიან დარბაზში იდგა. მზის სხივებზე კი ვიტრაჟებით მორთული ფანჯრები ათასფრად კიაფობდნენ და მოზაიკით მორთულ იატაკზე კიდევ უფრო მეტ ნახატს აჩენდნენ. დარბაზის შუაგულში კი ამჯერად ურჩხულების ნაცვლად ერთმანეთს აბჯარასხმული რაინდები შეჰბმოდნენ. ორივეს მუზარადები ეფარათ და მათი სახის გარჩევა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ორივე მათგანის აღჭურვილობა და ჯაჭვის პერანგის მზის სხივებს ირეკლავდა და ერთმანეთისგან მხოლოდ ისევ ის ფერები განარჩევდათ. ერთს მარცხენა მკლავზე შეება წითელი ლენტი, მეორეს კი - მარჯვენაზე. ამჯერად წითელლენტიანი სჯაბნიდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ მაინც იგრძნობოდა რომ არც შავლენტიანი რაინდი იყო ჯაბანი. სარკეებში მათი გამოსახულება ირეკლებოდა და მრავლდებოდა. ორივე იმდენად დახვეწილად მოძრაობდა, რომ მათი ცქერა ნამდვილად არ მოგბეზრდებოდათ. მაგრამ, აი, წითელლენტიანმა შემთხვევით იმაზე უფრო ხისტად მოიქნია ხმალი, ვიდრე აპირებდა და მოწინააღმდეგესაც უპირატესობა მიეცა. რაინდმა ამით ისარგებლა, ხმალი მოიქნია და პირდაპირ მხარში დაჭრა, მაგრამ ჯაჭვის პერანგმაც თავისი ქნა და მხოლოდ გაკაწრა კაცი. სამაგიეროდ იმდენად ძლიერი იყო დარტყმული, რომ რაინდი შექანდა და იატაკზე დაეცა. შავლენტიანს ეს არ მოეწონა, ნელ-ნელა სიმაღლეში ზრდა დაიწყო და ზღვაში ნანახ ურჩხულად გადაიქცა. მზის სინათლეზე მისი დანახვა კიდევ უფრო საზარელი აღმოჩნდა და მელანომ თავის მიტრიალება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. რაინდი კაციჭამია ურჩხულად გადაქცეულიყო. დაღებული პირიდან გაყვითლებული და ალაგ-ალაგ ამომტვრეული კბილები მოუჩადნა, ხოლო სხეულზე - ჯერ კიდევ შეუმხმარი ადამიანების სიხლი. მელანო ვერ იტყოდა, საიდან მიხვდა, რომ სისხლი ადამინს ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც ფაქტი ფაქტად რჩებოდა. დარეტიანებული რაინდი კი ხმალზე დაყრდნიბით ცდილობდა ფეხზე წამოდგომას. ურჩხულმა კვლავ ხმალს წამოავლო ხელი და მოიქნია კიდეც, მაგრამ ამ დროს არსაიდან გამოჩენილი ქერათმიანი უცხო რაინდი ეკვეთა და ხმალი პირდაპირ გულში გაუყარა. მაგრამ ვერც თავად მოახერხა ურჩხულს არიდებოდა და სულდალეული დაემხო იატაკს.
-არა! - იკივლა მელანომ და საკუთარ გასისხლოანებულ ხელებს დახედა. თეთრი კაბაც სულ მთლად წითლად შეღებვოდა და სახეზეც კი სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა.
-არა! - ამჯერად სიზმრის ნაცვლად რეალობაში იკივლა ქალმა და ოფლშიგაწურული მთლად შეშინებული წამოიჭრა საწოლიდან.
კვლავ "პოსეიდონზე" იმყოფებოდა. გარედან კი აშკარად იმაზე უფრო მეტი ხმა ისმოდა, ვიდრე ოდესმე. შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა და ამ სიჩუმეში ცხადად ორი ხმა გაარჩია ქალმა. ერთი გემბანიდან მოისმოდა, მეორე კი იქვე, კაიუტიდან. მის ფანჯარას ვიღაც ორი ადამიანი მოსდგომოდა და მის გაღებას გამალებულები ცდილობდნენ.
-ამილახვრის ასული აქ მომგვარეთ!
კვლავ დაიგრგვინა ერეკლემ და მისი კაიუტისკენ წამოსული მძიმე ნაბიჯების ხმაც გარკვევით გაისმა.
***
-დავით, ზუსტად მითხარი, რა გითხრა იესემ, - ჰკითხა ბიძინა ამილახვარმა, როცა ცხენებზე ამხედრებულებმა დამატებით რამდენიმე კაცთან ერთად ამილახვრების მამული დატოვეს და სოხუმისკენ მიმავალ გრძელ და ხიფათით აღსავსე გზას დაადგნენ.
-იმდენად დაღლილი იყო, რომ მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, რაც გადმოგეცით. საიდან აქვს ეს ინფორმაცია დანამდვილებით არ ვიცი.
-კარგი, არაუშავს. მთავარია სიმართლე იყოს.
-მე მჯერა იესესი. არასდროს ტყუის, თავადო.
-იმედია, დავით, იმედია.
სჯეროდა, ბიძინა ამილახვარსაც სჯეროდა იესეს მოტანილი ცნობის და გულში იმედიც უღვივდებოდა, რომ საკუთარ ქალიშვილს დაიხსნიდა მეკობრეების კლანჭებიდან. მთავარია, მელანოს სულ ცოტაც გაეძლო და არ გამტყდარიყო. იმედოვნებდა, რომ იმ გემზე რომელიმეს მაინც შერჩენოდა სულ მცირე ღირსების გრძნობა მაინც და მისი ასულისთვის არაფერი გაებედათ. თორემ მერე სადღა გამოეყო სირცხვილით თავი? ჯერ ისედაც უკვე ალმაცერად უყურებდნენ და შემდეგ ხომ საერთოდ ახლოსაც აღარ გაიკარებდნენ. არ გაუკვირდებოდა რამდენიმე მეწილე თავადს საქმიდან გასვლაც რომ მოენდომებინათ (ანდრონიკაშვილსა და ვაჩნაძეზე ეჭვები მათი საქმეში შემოსვლისთანავე გაუჩნდა და არც ახლა ენდობოდა ბოლომდე. ორივე იმდენად ყოყმანობდა ყველაფერზე, რომ ხშირად ნერვებიც აღარ ჰყოფნიდა ხოლმე და ალექსანდრეს შეატოვებდა, ამათ შენ მიხედეო).
გზა სოხუმამდე იმაზე უფრო მეტად გაიწელა, ვიდრე ამას მოელოდა. რეალურად კი იმაზე სწრაფად ჩავიდნენ, ვიდრე შესაძლებელი იყო. ცხენები მხოლოდ ერთგან, ენგურის გადაკვეთისას შეასვენეს და შეცვალეს. იქაც ბიძინას ნაცნობი შეხვდათ და იაფად გაახერხეს ეს საქმე, თორემ ვერც ისედაც ადიდებულ ენგურზე გადავიდოდნენ დამატებითი ფულის გარეშე და ცხენებიც დაეხოცებოდათ. დაღლილი ცხოველები იმავე კაცს დაუტოვეს, თავად კი ერთსაათიანი დასვენების და საჭმლის ჭამის შემდეგ კვლავ გზას დაადგნენ.
ქალაქში გამთენიისას შევიდნენ და პირდაპირ პორტისკენ აიღეს გეზი. აქ თავისუფლად შეიძლებოდა გემის შოვნა. ამიტომაც ბიძინამ არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ "ზღვის ქარიშხალის" კაპიტანთან მივიდა და მოლაპარაკების ნაცვლად ერთი გატენილი ქისა ოქროს მონეტები დაუწყო წინ (ჯერ კიდევ ნიკოლოზ I-ის მიერ მოჭრილ მონეტებს დიდი ძალა ჰქონდა და საერთოდაც, რომელი ჭკუათმყოფელი კაცი იტყოდა იმ პერიოდში ისედაც ძვირად საშოვნ ოქროზე უარს?!). კაპიტანსაც რაღა ეთქმოდა? თქვენს სამსახურში გვიგულეთ ეკიპაჟი და ჩემი გემიცო და მაშინვე ღუზის აწევის ბრძანება გასცა. "პოსეიდონს" სულ რამდენიმე წუთის წინ გაეცურა და ჰორიზონტზე ჯერ კიდევ მოსჩანდა მისი აფრები.
კარგად ახსოვდა თავად ამილახვარს ბოლოს რომ დაედევნა ამ გემს, თავის სასარგებლოდ რომ დასრულდა ის დევნა და ახლაც, იმედი ჰქონდა, რომ ფორტუნა კვლავ მის მხარეს იქნებოდა. მაშინ გემი იმდენად დააზიანეს, რომ ცენტრალური ანძაც კი გადამტვრეული დაუტოვეს. უბრალოდ, როგორც მეზღვაუს (სამხედრო-საზღვაო ფლოტში ჰქონდა განათლება მიღებული თავადს), მასაც დაენანა იმ მშვენიერების განწირვა, რასაც "პოსეიდონი" ერქვა. მაშინ არც ერთ თავის მებრძოლს უფლება არ მისცა გემისთვის თუნდაც ანთებული ჩირაღდანი ესროლა. ჩასაძირად არ ემეტებოდა მთლიანად ფიჭვის ხისგან შექმნილი ეს მშვენიერება. ახლა კი, ახლა ნანობდა, რომ მაშინ ბოლო არ მოუღო. მაგრამ ერთი ფაქტი გულს მაინც აძლევდა. "პოსეიდონი" ზურგის ქარის შემთხვევაში ყველა სხვა გემზე სწრაფი იყო, იმ დღეს კი ქარი კი არა, მცირედი ნიავი კი არ იძვროდა. აი, "ზღვის ქარიშხალი" კი სულ სხვა საქმე იყო. "პოსეიდონისგან" განსხვავებით შედარებით მძიმე იყო, მაგრამ უქარო ამინდში თვით ეშმაკსაც კი გადაასწრებდა.
-"პოსეიდონს" უნდა დავეწიოთ, - უთხრა კაპიტანს და თავად გემის ქიმს მიაშურა.
მართალია კაპიტანს არ ესიამოვნა საკუთარ ბორტზე შეიარაღებული ხალხის დანახვა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა?! თავად მშვენივრად იცნობდა ერეკლეს და შურდა კიდეც მისი გემის.
"პოსეიდონის" ბუდეში გამომწყვდეულმა მეზღვაურმაც სულ რამდენიმე წუთში შენიშნა, რომ "ზღის ქარიშხალი" აშკარად მათი მიმართულებით მოცურავდა და სასწრაფოდ სხვა მეზღვაურებს ჩასძახა ქვემოთ. მათაც ერეკლე გააფრთხილეს, კაპიტანმა კი იმის ნაცვლად ყველა აფრის გაშლის ბრძანება გაეცა, მხოლოდ ის უთხრათ, რომ თვალყური ედევნებინათ გემისთვის და ყოველი შემთხვევისთვის იარაღიც აესხათ. თითქოს თავადაც გრძნობდა, რომ სულ მალე ამილახვარს შეეჩეხებოდა. ამას მელანოს გატაცების დღიდანვე მოელოდა და აი, დადგა ეს დღეც.
ზუსტად ორ საათში წამოეწივნენ. ჩრდილები ნელ-ნელა მოკლდებოდნენ და მზეც ზენიტისკენ მიიწევდა. ამილახვარს ბრძანება ჰქონდა გაცემული, არაფრის დიდებით არ გახსნათ ცეცხლი, მანამ მე არ განიშნებთო. და რადგანაც „პოსეიდონის“ მთელს ეკიპაჟს მოახლოებულ გემსა და უკვე ყურის ძირში მფეთქავ საფრთხეზე ჰქონდა გადატანილი, ვერც-ერთმა ვერ შეამჩნია „ზღვის ქარიშხლიდან“ ჩამოშვებული პატარა ნავი, რომელშიც სულ 2 კაცი იჯდა. ნავმა შეუმჩნევლად შემოუარა უკვე ერთმანეთის პირისპირ მდგარ გემებს და „პოსეიდონს“ ზურგიდან მიადგა, იქ სადაც კაპიტნის კაიუტა იყო. მართალია, ბიძინა არ იყო დარწმუნებული, რომ მელანო მაინცდამაინც აქ ეყოლებოდათ, მაგრამ იცოდა, რომ კაპიტნის კაიუტა ისეთ ადგილას იყო მოთავსებული, საიდანაც მთელს გემზე შეიძლებოდა თავისუფლად მოხვედრა. თანაც წესით იმ დროს ეს ადგილი დაუცველი უნდა ყოფილიყო.
გემები ერთმანეთს გაუსწორდნენ თუ არა, „ზღვის ქარიშხლიდან“ მაშინვე სახელდახელოდ შეკრული ფიცარნაგი ამოიღეს და „პოსეიდონსა“ და მათ შორის ხიდივით გადეს. პირველი ამილახვარი გადავიდა და უკან რამდენიმე თავისი კაცი მიჰყვა. დავითს ფეხიც არ მოუცვლია გემიდან. ერეკლეს ეკიპაჟი კი ჩასაფრბულები იყვნენ ისე, რომ მათთვის რაიმეს დაშავება რთული იქნებოდა.
-შეხედეთ, ვინ გვწვევია ჩვენს გემზე, - დაიწყო ერეკლემ ემოციური გამოსვლა და კიბეებზე დაეშვა, - როგორ მოხდა, რომ თვით ბიძინა ამილახვარმა გვიკადრა?! მიიღეთ მოწიწებული სალამი ჩვენგან, - თვალებიი დააწვრილა კაცმა და რევერანსით დაუკრა თავი.
-გეყოფა ეს მასკარადი! - დაიგრგვინა თავადმა და კარგად დააკვირდა თავის წინ მდგარ კაცს.
არა, ნამდვილად კონსტანტინეს ასლი იყო, მაგრამ რაღაც მაინც განსხვავდებოდა. ეს განსხვავება კი მაშინვე დაიჭირა თავადის არწივისებურმა მზერამ. კაცს ნაცრისფერის ნაცვლად სხივჩამდგარი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ე.ი. მის წინ თავად კონსტანტინე კი არა, მისი შვილი იდგა. კი, მაგრამ, რანაირად? მაშინ ხომ საკუთარი მებრძოლები ეფიცებოდნენ გემბანზე მყოფი ყველა სულიერი ამოვწყვიტეთო? ნუთუ, მაშინ ერეკლე მათთან ერთად არ იყო? მაგრამ უკვე გვიან იყო თითზე კბენანი. ოხ, ეს სხივჩამდგარი თაფლისფერი თვალები! ერთ დროს მასაც რომ უკარგავდა მოსვენებას, მაგრამ ვერაფრის დიდებით შეძლო მათი დაპატრონება!
-მასკარადი? - შეიცხადა ერეკლემ და კიბის მოაჯირს ჩამოეყრდნო, - რაზე საუბრობთ, თავადო, განა თქვენს მამულში ვართ?
-თავადაც მშვენივრად იცი, რისთვის ვარ აქ და გიჯობს მოეშვა ჩემი ნერვების უფრო მეტად მოშლას, რადგან აღარ დაგინდობ. ახლა მცირე შანსი მაინც გაქვთ, შენ თუ არა, შენს ეკიპაჟს მაინც, რომ აქედან ცოცხლებმა გააღწიოთ, მაგრამ კვლავ თუ გააგრძელებ ამ ცირკს, სხვა გზა აღარ დამრჩება, ყველას დაგხოცავთ და ჩემს ქალიშვილს სულაც თქვენი სისხლის ფასად დავიიბრუნებ!
სულაც არ იყო ეს სიტყვები ჰაერზე წამოსროლილი. ბიძინა ამილახვარი ყოველთვის ასრულებდა საკუთარ ნათქვამს, მაგრამ „პოსეიდონის“ კაპიტანს წამითაც კი არ შეუხრია წარბი.
-რთულია იმ ადამიანის შეშინება, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი აქვს. არ მეთანხმებით, თავადო? - თვალი თვალში გაუყარა ერეკლემ ამილახვარს, - და თუ გგონიათ, რომ თქვენი სიტყვებით რომელიმე ჩემს მეზღვაურს შიშს ჩაუნერგავთ, ძალიან ცდებით. შიშს დიდი თვალები აქვსო, თქვენ კი ნამდვილად არ გამოიყურებით მასე.
-თავი ყველაზე ჭკვიანი და შეუცდომელი გგონია, დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი გათვლილი გაქვს, ბიჭო? - ეს სიტყვები იმდენად აგდებულად წარმოთქვა ბიძინამ, რომ ერეკლე ლამის მაშინვე ეცა ყელში და დაახრჩო, მაგრამ ახალგაზრდა კაპიტანმა როგორღაც მოახერხა თავის შეკავება.
-რას გულისხმობთ?
-რას იზამდი, რომ გაგეგო, ყველაზე ძვირფასი ტყვე დაკარგე და მე ხელს ვეღარაფერი შემიშლის თქვენს განადგურებაში?! - ამჯერად ამილახვარი იცინოდა ირონიულად, - ერთხელ და სამუდამოდ დავასამარებ ამ გემსაც და გავუშვებ ზღვის ფსკერზე, სადაც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისევ ჩემმა გულმა არ გამიშვა. ახლა კი ამას დიდი სიამოვნებით ვიზამ.
ერეკლემ ოდნავ დაბნეული სახე მიიღო, მაგრამ მალევე მოთოკა საკუთარი ემოციები, ოდნავ შეშფოთებულ და შეფქრიანებულ საკუთარ ეკიპაჟს გადაავლო თვალი, შემდეგ კი კვლავ ამილახვარს გაუსწორა მზერა.
-რა, ახლა მადლობასაც ხომ არ მოელით ჩემგან? ბოდიში, მაგრამ ტყუილად დაგიკარგავთ დრო.
-ჰაჰ, - გაეცინა თავადს, რომელსაც არ გამორჩენია ერეკლეს შეშფოთება, - შენი ქეციანი მადლობა შენთვის დაიტოვე, პატარა ბიჭო. მე კი ის გამატანე, რაც ჩემია!
-და უარი რომ გითხრათ? - საუბარს წელავდა ერეკლე, - კვლავ ჩვენი დახოცვის აზრზე დარჩებით?
-ერთხელ უკვე გითხარი და მეორედ აღარ გავიმეორებ! - დაიგრგვინა მოულოდნელად ბიძინამ და მისმა მხლებლებმა მაშინვე იარაღზე გაიკრეს ხელი.
-მშვიდად, მშვიდად, - საკუთარ ეკიპაჟს გაჩერებისკენ მოუწოდა ერეკლემ, - დღეს ამ გემზე არც ერთი ტყვია არ გავარდება. უიარაღოდაც მოვრიგდებით მე და თავადი ბიძინა.
მაგრამ მოულოდნელად მაინც გაისმა გასროლის ხმა. ყველამ მაშინვე იარაღს სტაცა ხელი ერთმანეთს დაუმიზნა. ქვედა სართულიდანაც კი ამოძვრნენ ერეკლეს მეზღვაურები და ლამის ალყაში მოიქციეს ამილახვარი და მისი მხლებლები. მხოლოდ ორი ადამიანი, ერეკლე და თავადი ბიძინა იდგნენ წარბშეუხრელად ერთმანეთის პირისპირ და ერთურთს თვალით ზომავდნენ.
გასროლილი ტყვიის ავტორი კი ამილახვრის მოურავი აღმოჩნდა. დავითი კვლავ „ზღვის ქარიშხალზე“ იდგა, მაგრამ ამჯერად მხარზე იარაღმიდებული და ნებისმიერს მოკლავდა, ვინც იმ მეზღვაურივით არაკაცურად შეეცდებოდა მოწინააღმდეგე მხრის მეთაურისთვის სიცოცხლის მოსწრაფებას.
-გმადლობ დავით, - მადლობის ნიშნად თავი დაუკრა ამილახვარმა და მათ წინ დაცემულ საკუთარ კაცს დახედა, - მიუხედავად ჩემზე გავრცელებული ყველანაირი ჭორისა, მაინც ვერ ვიტან, როცა კაცს მუხანათურად კლავენ! შეგიძლიათ ზღვაში გადააგდოთ ეს ძაღლიშვილი!
-იარაღი დაუშვით! - გასცა ორივემ ბრძანება, რომელიც იმწამსვე შესრულდა და თავადის კაცებს „პოსეიდონის“ მეზღვაურებიც მიეშველნენ მოღალატის გემიდან გადაგდებაში.
-აბა, ჩვენ სად გავჩერდით, თავადო? - განაგრძო ერეკლემ და ბიძინასთვის მოულოდნელად ეშმაკურად ჩაიცინა.
ეს ანმდვილად არ მოეწონა ამილახვარს, მაგრამ ერთი წამითაც კი არ დაუხევია უკან.
-მგონი მახსოვს, მეკითხებოდით, რას ვიზამდი თუ გავიგებდი, რომ ჩემი ძვირფასი ტყვე დავკარგე. მე კი გპასუხობთ, რომ ჩემი ძვირფასი ტყვე კი არ დავკარგე, პირიქით, რამდენიმე დავიმატე კიდევ რეზერვში. ხერხები მოგიძველდათ, თავადო, - სიცილით თავი გადააქნია ერეკლემ და იქვე მდგარ ერთ-ერთ მეზღვაურს მიუბრუნდა, - ამილახვრის ასული აქ მომგვარეთ!
ბიძინა ამილახვარს სულ წაუხდა ნირი. ნუთუ მართლა აღარ იყო მის მხარეს ფორტუნა?

თავი 3
რაც შემდეგ გემზე მოხდა, ამას ვერასდროს წარმოიდგენდა ქართლის თავადი. თვით ერეკლეს მამასაც კი მოუღო ბოლო და ამ ერთიციდა, ჯერ კიდევ პირზე რძეშეუშრობელმა ღლაპმა, რა გაუკეთა? როდის იყო ბიძინა ამილახვარი ხელცარიელი ბრუნდებოდა უკან და გამარჯვებას მოწინააღმდეგეს უტოვებდა? მაგრამ ბრძოლა ვის არ წაუგია? აი, ომს კი ნამდვილად აღარ წააგებდა. ნაღვლის გემოს გრძნობდა პირში ამილახვარი და დანა კბილსაც არ უხსნიდა. საკუთარი მამულისკენ კუს ნაბიჯებით მიმავალ თავადს თავიდან არ ამოსდიოდა ის სურათები, რაც „პოსეიდონზე“ მოხდა.
ერეკლეს ბრძანების ასასრულებლად ერთი კი არა სამი მეზღვაური დაიძრა. არ გამორჩენია საჭეს მკლავჩამოდებული ქალიც, რომელიც დამცინავი თვალებით იმზირებოდა და აშკარა იყო, სულაც არ ეპიტნავებოდა არც ამილახვრის და არც მისი ასულის ამ გემზე ყოფნა, მაგრამ მას არავინ არაფერს ეკითხებოდა.
გაგზავნილი სამი კაციდან უკან მხოლოდ ერთი ამობრუნდა, რომელსაც თვალებამღვრეული მელანოსთვის ჩაევლო ხელი და გემბანისკენ ექაჩებოდა. ქალს თმა არეოდა და თვალებიც აშკარად დასიებოდა.
-მამა, - კაცის დანახვისთანავე სახე გაუნათდა ქალს და ეცადა მისკენ წასულიყო, მაგრამ არ დაანებეს.
-მელანო, ჩემო პატარავ, - ხელი გაიშვირა შვილისკენ, მაგრამ შეხება ვერ გაბედა.
-თავადაც ხედავთ, თავადო, რომ თქვენი ქალიშვილისთვის არავის არაფერი დაუშავებია. ახლა კი თუ შეიძლება, ისევე წაბრძანდით აქედან, როგორც მოსულხართ.
-არა! - ხმა აიმაღლა ამილახვარმა.
-რაღაც ვერ გავიგე?! - ხელი ყურთან მიიტანა ერეკლემ.
-არ წავალ-მეთქი. ჩემი ქალიშვილის გარეშე აქედან ფეხსაც არ გავადგამ.
აშკარა იყო, თავადი ისეთივე დიდ გულზე ვეღარ იყო, როგორც გემზე გადმოსვლისას. წესით ახლა მელანო მის კაცებთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ და „ზღვის ქარიშხლისკენ“ გაეცურათ, მაგრამ როგორც ჩანს, გეგმა ჩავარდნილიყო. ამ შემთხვევაში ერეკლეს გამარჯვების აღიარებას და სიამაყის ფეხქვეშ გათელვას ისევ სისხლისღვრა ერჩია ამილახვარს. ეს კი იმაზე დიდი საფრთხის მომასწავლებელი იყო, ვიდრე აქამდე წარმოედგინა. ამჯერად მელანოც გემბანზე იმყოფებოდა და შემთხვევით გავარდნილ ბრმა ტყვიასაც კი შეეძლო მისთვის სიცოცხლე მოესწრაფებინა. ამას კი ნამდვილად ვეღარ გადაიტანდა.
-ხერხები მოგიძველდათ და მე კი ტყვეები გავიმრავლე-მეთქი, მგონი, გითხარით, არა? - თითქოს ბიძინას აზრებს კითხულობდაო, ისე დაილაპარაკა ერეკლემ და ხელის აქნევით ანიშნა მეზღვაურებს რაღაც.
თავადი ძლივსშენარჩუნებული სიმშვიდით აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს და სახეზეც ნელ-ნელა ნაცრისფერმა გადაჰკრა, როცა ის ორი კაცი დაინახა, რომლებიც მელანოს გამოსახსნელად გაუშვა. რაღაცის სათქმელად დააღო კიდევაც პირი, მაგრამ კვლავ ახალგაზრდა კაპიტანმა დაასწრო. მეზღვაურებმა კი გაკოჭილი კაცები იქვე ერეკლეს ფეხებთან დააჩოქეს.
-გინდათ გამოვიცნო, რას გვეტყვის ახლა ბატონი თავადი? - მაყურებლებივით გარშემოჯარულ ხალხს გადახედა ერეკლემ, - როგორც მაშინ, ოცი წლის წინ, გახსოვთ, არა, თავადო?! - თვალი თვალში გაუყარა ბიჭმა და დაიგრგვინა, - რომ თქვენ მათთან არაფერი გქონდათ საერთო და საერთოდაც წარმოდგენაც არ გქონდათ ვინ იყვნენ ისინი.
-სცდები, - ზურგზე კატასავით არ დაეცა ბიძინაც, - ამჯერად ვაღიარებ რომ ჩემიანები არიან. როცა საქმე ქალიშვილის დახსნას ეხება დამპალი მეკობრეებისგან, მაშინ უკან არაფერზე დავიხევ.
-მაშინ ხომ უკან დაიხიეთ, როცა ამ გემზე სისხლისღვრა მოაწყვეთ, თანაც სულ უბრალოდ.
-მიზეზი მქონდა! - უკვე თავდაცვაზე გადასულიყო ამილახვარი.
-მელანო, - ახლა მის გვერდით მდგარ თავადიშვილს მიუბრუნდა კაცი, - არ გინდა შენს საყვარელ მამიკოს ჰკითხო, რაზე ვსაუბრობ? თუ უკაცრავად, თქვენობით უნდა მეთქვა, თქვენ ხომ ნაჩვევი ხართ რომ ყველა გელაქუცებათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში კადრულობთ პასუხის გაცემას ან ხელის განძრევას, როცა ეს თავად გაწყობთ.
ერეკლეს თაფლისფერი თვალები სულ მთლად დანისვლოდა, ხოლო ფერად გარს შემოვლებული სკლერა დასწითლებოდა და ყელზე ძარღვები იმდენად დაბერვოდა, გეგონებოდათ სადაცაა დასკდებიანო. მელანოს იმდენად შეეშინდა, რომ უკან დახევა სცადა, თვალი აარიდა კიდეც და ქვემოდან გახედა მამამისს, რომელიც მთლად გადაფითრებულიყო და ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სულ მალე იატაკზე გულწასული ჩაიკეცებოდა. ასეთი მოტეხილი ბიძინა ამილახვარი ჯერ ისტორიას არ ახსოვდა.
-გაჩუმდი, გთხოვ, - ამოიკვნესა ქალმა, რომელსაც გული უკვდებოდა ამდენად დასუსტებული მამის ხილვით.
-შენ ისევ გჯერა, რომ ეს კაცი მამა აბრამის ბატკანია, არა? - ქალის თვალებში შეხედვაც არ დასჭირვებია, მისგან წამოსულ სიცივესა და უნდობლობას აქაც კი გრძნობდა, - ნუთუ ასე უცებ დაივიწყე მათეს ამბავი?
თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ ცდილობდა მელანოსთვის რამის დამტკიცებას. რამის კი არა, იმის რომ თავადი ამილახვარი ყველაზე ცუდი ადამიანი იყო მათ შორის ვინც იმჟამად გემბანზე იდგა და რატომ უნდოდა, რომ ქალსაც მისი მხარე დაეჭირა. სამაგიეროდ ამის მიზეზს უკვე დიდი ხანია კარგად ხვდებოდა საჭესთან მდგარი დარეჯანი და ეს ამბავი გულზე სულაც არ ეხატებოდა. მელანოს თავიდანვე ამრეზით უყურებდა, მაგრამ ამჯერად ყველა გრძნობა შურითა და სიძულვილით ჩანაცვლებულიყო და დიდი ალბათობით აღარასდროს შეიცვლებოდა. ხვდებოდა, როგორ კარგავდა საყვარელ მამაკაცს მიუხედავად დაუღალავი მცდელობებისა და საწრაფოდ რაიმე უნდა ეღონა. ამასობაში კი ერეკლე მონოლოგს განაგრძობდა.
-კარგი, დავივიწყოთ ოცი წლის წინანდელი ამბავი. ახლა ვის აინტერესებს რა მოხდა წარსულში და ვინ ვინ მოკლა, - თავი ხელში აეყვანა კაცს და ემოციებიც მოეთოკა, - დავიჯერო ისიც არ გაინტერესებს, რატომ აღიკვეცა დედაშენი სამთავროს დედათა მონასტერში მონაზვნად შენი წასვლიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ? და ახლა თქვენს მამულში სრულიად უცხო ქალი რომაა დიასახლისი?
მელანოს თვალები გაუფართოვდა. არ მოელოდა ერეკლეს სიტყვები ამდენად მტკივნეული თუ იქნებოდა, თანაც არც დედამისზე იცოდა არაფერი. ყოველთვის უკვირდა, რატომ არ იწერებოდა მამამისი ეკატერინე ამილახვარზე ხოლმე, ანდაც რატომ სწერა დედა ასე იშვიათად, მაგრამ არც ერთს არ წამოსცდებია არაფერი ქალის მონაზვნად აღკვეცაზე. ან ბებია მელანიას რატომ არაფერი უთქვამს მისთვის? იცოდა, როგორ უყვარდა ეკატერინე ქალს, მაგრამ... ახლა ძალიან ბევრი მაგრამ იყო, რომელთა გამხელაცა და მას მოყოლილი სიტყვების გაგონების ძალაც აღარ შესწევდა ქალს.
-მამა, ეს მართალია? - მამამისს იმ იმედით გახედა, რომ კაცი ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ყოველთვის სიტყვაუხვი თავადი ამჯერად დამუნჯებულიყო. ერეკლე კი არ წყვეტდა ამილახვრის გამოაშკარავებას.
-საკმარისია! - მოულოდნელად იღრიალა ბიძინამ, - ენა ჩაიგდე, ასპიტო!
თავადმა ფრაკზე გაიკრა ხელი და იქიდან რევოლვერი ამოიღო. ერეკლემ მხოლოდ გასროლის ხმა გაიგო, შემდეგ კი მის წინ ერთ-ერთი მეზღვაური ჩაიკეცა. არადა, ამილახვარი თავად კაპიტანს უმიზნებდა. ეს მეზღვაური საიდან გაეჩხირა ტყვიასა და მას შორის, წარმოუდგენელი იყო. გემბანზე მყოფმა თითოეულმა მამაკაცმა კვლავ ჩახმახზე შეაყენა იარაღი და მხოლოდ მეთაურების ნიშანს ელოდნენ. ერეკლემ კი დრო იხელთა, მაშინვე მკლავში სწვდა მელანოს და წინ ფარად აიფარა. თან ქამრიდან ხანჯალი იშიშვლა და ქალს ყელზე მიადო.
-ახლა რაღა ვქნათ, თავადო? - კბილებს შორის გამოსცრა კაცმა და სისხლადდაღვრილ ლადოს დახედა, რომელიც აღარ სუნთქავდა. ტყვიას პირდაპირ გულში გაევლო და ადგილზე გაეთავებინა კაცი, - ავტეხოთ უაზრო სროლა და ერთმანეთი დავხოცოთ?
-მელანოს ხელი უშვი! - ამილახვარს იარაღი გვერდით გაეწია და ამჯერად ხელებაპყრობილი იდგა.
-არ მგონია, ახლა ისეთ პოზიციაზე იყოთ, რომ ულტიმატუმებს მიყენებდეთ!
-ჯანდაბა! ჩემი შვილი დამიბრუნე და კაცურ სიტყვას გაძლევ, აქედან ისე წავალთ, რომ არც ერთ ტყვიას აღარ გავისვრით და მთელი შენი ეკიპაჟიცა და შენც ცოცხლები დარჩებით.
-შენს კაცურ სიტყვას ჩირის ფასიც არ ადევს, ნუთუ არ გსმენია?! თუ გინდა ულვაში მოიძრე და ის დამიტოვე, მაგრამ, უი, ეგ ულვაში ხომ დიდი ხნის წინ მოიპარსე! - გადაიხარხარა ერეკლემ, რომელიც სულ ცოტაც და მთლად ამოიფრქვეოდა. ამდენი მოთმინების უნარიც არ ჰქონდა ოცდაექვსი წლის ახალგაზრდა კაპიტანს, - ამჯერად შენ მომისმენ! ახლა აქედან რომ ცოცხალს გიშვებ, ისევ იმიტომ რომ, შენგან განსხვავებით, კვლავ შემრჩენია მცირეოდენი, მაგრამ მაინც სინდისის გრძნობა რომ ჰქვია, ის. ადგები და შენი ხალხიანად წახვალ აქედან თანაც უკანმოუხედავად. მაგრამ აქვე ერთი გაფრთხილებაც, გირჩევნია, კარგად დაიმალო, ისე რომ, თვით ეშმაკმაც ვერ მოგაგნოს, თორემ როცა კიდევ ერთხელ შევხვდებით, მხოლოდ ოცი წლის წინანდელ ამბებს კი არა, ყველა იმ ადამიანის სიკვდილს არ შეგარჩენ, რომლებიც შენ შეიწირე! შენი ქალიშვილის ბედს რაც შეეხება, ვნახოთ, რა ხასიათზე ვიქნები! ახლა კი მიბრძანდით აქედან! სწრაფად! - ბოლო სიტყვა დაიგრგვინა და ანძებზე ჩამომსხდარი თოლიებიც მაშინვე ცაში აიჭრნენ.
-კიდევ შევხვდებით და მაშინ ვნახავთ, ვის ექნება დასამალად საქმე, - ბოლო სიტყვა გადმოუგდო ბიძინამაც, იატაკზე გადაანერწყვა და საკუთარ ხალხს უკან გაჰყვა.
როცა ფიცარნაგიც ჩამოხსნეს და „ზღვის ქარიშხალი“ კვლავ უკან აპირებდა გაცურვას, ერეკლემ სახეზეაკრული ირონიული ღიმილით გასძახა თავადს:
-მადლობა საჭირო არაა, თქვენთვის დაიტოვეთ თავადო!
***
-ამ ხანჯალს არ მომაშორებ? - აკანკალებული ხმით იკითხა მელანომ და პატარა თითებით იმ მაჯაზე შეეხო კაცს, რომლითაც მუცელზე ეხვეოდა. დაძაბულობას და შიშს ერთიანად მოეცვა ქალი და მხოლოდ ხმა კი არა, უკვე მთელი სხეული უკანკალებდა.
-როგორც კი სასროლი მანძილიდან მოგვცილდებიან, მაშინვე, - ამჯერად მშვიდი ხმით ჩაიჩურჩულა კაცმა და ერთიანად მოეშვა. ქალის ჩალისფერ თმაში ცხვირით შეუმჩნევლად ჩაეფლო და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა, - რას მიყურებთ? - შემდეგ საკუთარ ეკიპაჟს მიუბრუნდა და თვალები დაუბრიალა, - საქმეს მიხედეთ და ლადოს წესი აუგეთ!
-ამ მასკარადით რა მიიღე იმის გარდა, რომ კიდევ ერთი კაცი დაკარგე ეკიპაჟიდან?
-ის მივიღე, რაც დაგეგმილი მქონდა. შენ თუ არ გჯერა ჩემი სიტყვების, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვებსაც არ სჯერათ. განსაკუთრებით მათ კი, ვინც მამაშენს ახლდა თან. ჩათვალე, რომ მათაგან თუნდაც ერთმა თუ იცის რაიმე, უკვე მთელმა საქართველომაც გაიგო, თუ თქვენს მოურავს, დავითს, არ ჩავთვლით. მას არაფერს ვერჩი. ნამუსიანი კაცია.
-რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რა იცის ან ვის რისი სჯერა?
-დავიჯერო საზღვარგარეთ ყოფნით ვერაფერი ისწავლეთ თავადის ასულო? - ჩაეცინა ერეკლეს და ხანჯლიანი მაჯა მოადუნა, - თუ მხოლოდ მედიცინას სწავლობდით და სხვა არაფერი გაინტერესებდათ? მამაშენისნაირი ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხის თვალში შეურყეველი სახელის ქონა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გავაცამტვერე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერაფერი შეგასმინეთ და დაგაჯერეთ.
-რა იცი, რომ არ მჯერა შენი?
-ნუთუ? - გაოცდა კაცი და როცა დაწმუნდა, რომ „ზღვის ქარიშხალი“ უკვე საკმაო მანძილით მოსცილებოდათ, მელანოს ხელი უშვა და თავისკენ შეაბრუნა, - აბა, იმ დროს კვლავ მამაშენის მამა აბრამის ბატკნობის პოზიცია რატომ გეჭირა?
-თუ არ იცით, ბატონო კაპიტანო, გეტყვით, რომ ოჯახი ყველაზე წმინდაა და თუნდაც ლუციფერი რომ ყოფილიყო მამაჩემი და მეორედ მოსვლა გამოეწვია, მაინც მის მხარეს დავიჭერდი. ოჯახს არასდროს ღალატობენ და მათ ისეთებად იღებენ, როგორებიც არიან. მნიშვნელობა არ აქვს მათ ნაკლოვანებებსა და ცოდვებს. შენი ოჯახი შენი ოჯახია და ამას ვერაფერი შეცვლის. თანაც შეუცდომელი არავინაა. სჯობს რეალობისთვის თვალის გასწორება ისწავლო, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის, ვიდრე საყვარელი ადამიანების შენი იდეალებით აგებულ ხატებთან ერთად იცხოვრო, რომელიც ერთხელაც იქნება აუცილებლად ჩამოგეშლება თავზე და იმაზე უფრო მწარე დარტყმას მოგაყენებს, ვიდრე ამას თავიდანვე გააზრების დროს იგემებდი. არც ჩემთვის არის მარტივი იმის გააზრება, რომ მამაჩემი შეიძლება ბოლო დონის ნაძირალა იყოს, მაგრამ არც შენ ხარ უფრთო ანგელოზი!
ერეკლე გაოცებული (და სულ ოდნავ აღფრთოვანებულიც, რასაც, რა თქმა უნდა, არაფრის დიდებით აღიარებდა საკუთარ თავთანაც კი) უყურებდა ამ სიფრიფანა ქალს, რომელსაც თმები გასწეწვოდა, წყლიანი ლურჯი თვალები უფრო მეტად ჩამუქებოდა და სახეზეც საკმაოდ გამხდარიყო ზღვის ავადმყოფობის გამო, მაგრამ სიმტკიცეს არაფრის დიდებით კარგავდა. ყველაფერთან ერთად კი ძალაც შერჩენოდა, რომ საკუთარი ოჯახი დაეცვა და ერეკლესთვის წინააღმდეგობა გაეწია.
ერეკლემ რაღაცის სათქმელად პირიც გააღო, მაგრამ სიტყვის თქმა არ დასცალდა. ზურგს უკან დარეჯანის და კიდევ რამდენიმე მეზღვაურის ხმა მოესმა.
-ამათ რა ვუყოთ, კაპიტანო? - იკითხეს მეზღვაურებმა და ერეკლეს წინ გართხმულ ამილახვრის კაცებზე ანიშნეს.
-ამას რა ვუყოთ ერეკლე? კიდევ დიდხანს აპირებ მის აქ დატოვებას? - იკითხა დარეჯანმა და მელანოს სიძულვილით ააყოლა თვალი.
ერეკლემ დარეჯანს წაუყრუა, იქვე მდგარ არჩილს მიუბრუნდა, რომელიც აფრების დამჭერი თოკების დამაგრებით იყო დაკავებული და თავისთან იხმო.
-გისმენთ, კაპიტანო!
-ამილახვრის ასული კვლავ თავის კაიუტაში დააბრუნე.
-ახლავე, კაპიტანო! - თავი დაუკრა კაცს და მელანოს მიუბრუნდა, - ქალბატონო, გთხოვთ! - და ხელით ქვემოთ ჩასასვლელი კიბეებისკენ ანიშნა.
-რაც შეეხებათ ამ ვირთხებს, რომლებმაც გაბედეს და ზურგიდან შემოგვიძვრნენ გემში, ჯერ ვერ მომიფიქრებია, როგორ მოვექცე. იქნებ სჯობს მათ პატრონს მივბაძო? - ფიქრიანი მზერა გადაავლო წინ დაყრილებს და შემდეგ საჭისკენ შებრუნდა, - ლევან, გეზი ტრაპიზონისკენ აიღე. ახალი საქონელი გვაქვს, რომელიც აშკარად მოეწონებათ ოსმალოებს!
-არის კაპიტანო, - გაეპასუხა მესაჭეც და გემი სამხრეთის მიმართულებით შემოაბრუნა.
-მაგას ნუ ჩაიდენ, გთხოვ, - უკვე კიბეებთან მდგარმა მელანომ გამოხედა და ნიკაპი აუკანკალდა შემდეგი სიტყვების წარმოთქმისას, - თუ შენი სიტყვები სიმართლეა და მამაჩემი მართლაც ადამიანებით ვაჭრობს, ნუ დაემსგავსები მას.
ქალი მალევე მიიმალა, მაგრამ დარეჯანმა მშვენივრად შეამჩნია თუ როგორი მონუსხული გაჰყურებდა ერეკლე იმ ადგილს, სადაც წამის წინ მელანო იდგა. არა, ნამდვილად საჩქაროდ უნდა მიეღო საჭირო ზომები, თორემ ერეკლეს შენარჩუნების შანსები უკვე ბეწვის ხიდზე ეკიდა. წლების გამიჯნურებული ქალი, რომელსაც ლამის ყველაფერი დაეთმო ერეკლეს გულისთვის, იმაზე უფრო საშიში იყო, ვიდრე რომელიმე იმ გემზე მყოფი სულიერი წარმოიდგენდა. ერეკლე კი იმდენად იყო გადართული ახალ-ახალ წამოჭრილ პრობლემებზე, რომ საერთოდაც ვერ ამჩნევდა ქალის გაუცხოებას.
***
იმ დღეს ამილახვრის ასულს ძილი საერთოდ არ მიჰკარებია. ანდაც როგორ შეეძლო დაძინება, როცა მსგავსი ამბები დაატყდა თავს. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ მამამისი შეიძლება ადამიანებით მოვაჭრე ყოფილიყო. ახლა ისიც დაემატა, რომ ერეკლესთვის რაღაც დაეშავებინა და როგორც თავიდან ეგონა, კაცი სულაც არ ყოფილა ცხოვრებაზე გაბოროტებული. მას საკუთარი მიზეზი ჰქონდა და ახლა აშკარად შურისძიებას ცდილობდა მელანოს გამოყენებით. ამ ყველაფრისთვის რომ თავი დაენებებინა, როგორ შეეძლო მამამისს საკუთარი ცოლის მონაზვნად აღკვეცა და მის ნაცვლად სახლში სრულიად უცხო ქალის შემოყვანა. ნუთუ ამდენი ხნის განმავლობაში ყველა ატყუებდა მშობლებიდან დაწყებული გამზრდელი ბებიით დამთავრებული? კი მაგრამ, რატომ? ვერაფრის დიდებით ხვდებოდა, სად იყო დამარხული ძაღლის თავი და რომელი ხერხით შეიძლებოდა გორდიას კვანძის გახსნა. ის ხომ ალექსანდრე მაკედონელი არ იყო და არც მახვილი ჰქონდა, რომ ეს კვანძი ერთი დარტყმით გაეკვეთა.
ორი დღე მელანოსთვის საკვები ხან რომელ მეზღვაურს შემოჰქონდა და ხან რომელს. არც ერეკლე და არც დარეჯანი არაფრის დიდებით არ ეკარებოდნენ კაიუტას. მაგრამ ორი დღის შემდეგ ქალი კვლავ გამოჩნდა ჰორიზონტზე. დარეჯანმა ჯერ კარგად მოათვალიერა უკან დარჩენილი სივრცე, სანამ კაიუტის კარს დახურავდა, შემდეგ კი ლანგარი მაგიდაზე მოათავსა და ფანჯარასთან ჩამომდგარ მელანოს გახედა, რომელსაც თვალები დაეხუჭა და ფიქრებით შორეულ, მაგრამ საყვარელ ადგილებს დასტრიალებდა.
-მელანო, - დაუძახა ხმადაბლა და ეცადა ამილახვრისადმი სიძულვილი არ გამომჟღავნებულიყო მის სიტყვებში.
ქალს უკან არ მოუხედვას.
-მელანო, - ამჯერად უფრო ხმამაღლა წარმოთქვა და მხარზეც შეეხო.
ამჯერად კი ინება თავადის ასულმა შემობრუნება და მოულოდნელობის გამო გამოწვეული შიშით აღსავსე თვალებით შეხედა ქალს.
-მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება, - დაიწყო დარეჯანმა, ორი ნაბიჯით მოსცილდა და იქვე მდგარ სავარძელში მოთავსდა, - უბრალოდ არ მიპასუხე და... - მხრები აიჩეჩა და ლეღვი გახლიჩა.
მელანოს ცოტა კი ეხამუშა დარეჯანის ბოდიში და ასე, ერთი შეხედვით, ზრდილობიანი და თბილი მიმართვა, რადგან ქალი არასდროს ერიდებოდა, რომ მისდამი უარყოფითი გრძნობები გამოემჟღავნებინა, მაგრამ დიდად ყურადღება არ მიაქცია და მაგიდისკენ წავიდა.
-მოდი, ჩამოჯექი, შენთან სერიოზული საქმე მაქვს, - ხელით მეორე სავარძელზე მიუთითა ქალმა და კიდევ ერთი ლეღვის დაგემოვნებას შეუდგა, - ლეღვი არ გინდა?
-მოხდა რამე? - ამჯრად გაოცება ვეღარ დამალა ქალმა.
-მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავალ. შემიძლია აქედან გაგაპარო.
-რაა? - დაიბნა მელანო.
-შენ რა ყრუ ხარ? - თავი ვეღარ მოთოკა ქალმა. აი, ეს კი ნამდვილი დარეჯანი იყო, მაგრამ მალევე დაწყნარდა, - შემიძლია აქედან გაგაპარო, თანაც ისე რომ, ერეკლემ ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგოს, როცა შენ უკვე შენს მამულში იქნები მშვიდად გამაგრებული და ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს.
-როგორ? - ყურებს ვერ უჯერებდა მელანო.
-ხვალ ღამით ჩემი მორიგეობის ჯერი დგება მთელი ღამით. თანაც კურსი შევცვალეთ და ტრაპიზონის ნაცვლად ფოთში გავჩერდებით. ეს ჯერ არავინ იცის. მე კი შემიძლია, რომ ჩემი მორიგეობის დროს, როცა ყველას ეძინება, აქედან უჩუმრად გაგიყვანო და ჩემს კაცებთან დაგტოვო, რომლებიც უსაფრთხოდ მიგიყვანენ შენს მამულში. იმედია, მათთვის მამაშენს გასამრჯელოს გადახდა არ დაენანება.
-მართლა იზამ მაგას? - აღტაცება ვერ დამალა მელანომ.
მთლად ყველაფერი რომ არ გაეფუჭებინა და საკუთარი გეგმა არ გამოემჟღავნებინა, დარეჯანმა ზიზღი კვლავ გაურია საკუთარ ხმას.
-მგონი ორივე ვხვდებით, რომ გულზე დიდად არ მეხატები და არც შენი ამ გემზე დიდხანს დარჩენა მაწყობს რამეში!
-კარგი, კარგი, მაგრამ შენ ხომ არაფერი მოგივა?
მელანოს კითხვამ ქალში გაოცება გამოიწვია და წამით გაშეშდა კიდეც.
-ანუ, მე თუ გავიპარები მაინცდამაინც შენი მორიგეობისას, ერეკლე ხომ არაფერს დაგიშავებს?
-მაგაზე შენ ნუ იდერდებ, თავადის ასულო, მხოლოდ ის მითხარი, თანხმა ხარ თუ არა?
-რა თქმა უნდა, თანახმა ვარ!
-მაშინ ხვალ ღამით ჩემს ნიშანს ელოდე!
დარეჯანმა უკანმოუხედავად გაიხურა კარი ცბიერი ღიმილითა და ღიღინით აუყვა კიბეებს.
დარეჯანის ნათქვამი გამართლდა. უკვე კარგად ჩამობნელებულიყო, როცა „პოსეიდონი“ ფოთის პორტს მიადგა. თითქოს ღამეც კი მათ მხარეს იყო, სინათლე ყველგან ჩაექროთ და ცაც სქელი ღრუბლებით დაფარულიყო, არადა, წესით ახალ მთვარეს უნდა გაენათებინა იქაურობა.
შუაღამეს გადაცილებული იყო, როცა კაიუტის კარი უხმაუროდ გაიღო და შიგნით ქალის სილუეტი შემოვიდა. დარეჯანს გაცვეთილ კაბაზე მუქი ლურჯი კაპიუშონიანი წამოსასხამი მოერგო, ხოლო მეორე მოსასხამი ცალ ხელში ეკავა. მელანოსთვის არ კი უკითხავს, მზად იყო თუ არა, მაშინვე დაიჩურჩულა წავედითო, მოსასხამი გადაუგდო და ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა კიბეებისკენ. მეზღვაურებს იქვე გაბმულ ჰამაკებში ეძინათ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ხდებოდა მათგან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში.
მელანომ და დარეჯანმა უჩუმრად გაიარეს გემბანიც და თოკის კიბით პატარა ნავზე დაეშვნენ, რომლის ნიჩბებსაც მათსავით შებურვილი კაცი უსვამდა. ნაპირამდე სულ რამდენიმე მეტრიღა იყო დარჩენილი, როცა პორტიდან ოდნავ მოშორებით სინათლე აკიაფდა და დარეჯანმაც იქითკენ ანიშნა კაცს. ზღვაც ჩაწყნარებულიყო და ისე გარინდულიყო, როგორც მოსალოდნელი ქარიშხლის წინ იცის ხოლმე. მელანოს ამჯერად სულაც აღარ აწუხებდა ზღვის ღელვა და ტალღების მათ ნავზე შეჯახებაც კი სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურში.
როგორც იქნა, ნაპირსაც მიაღწიეს. მამაკაცმა ნავი დიდი ლოდების უკან გადამალა და წინ მიმავალ დარეჯანს აედევნა. სინათლე ნელ-ნელა იზრდებოდა და მელანოსაც უძლიერდებოდა უცნაური შეგრძნება, რომელსაც გემიდან წამოსვლის შემდეგ მოეცვა. კიდევ რამდენიმე ხეს გასცდნენ და ამჯერად გარკვევით გამოჩნდა, თუ რა გამოსცემდა ამ ნათებას. მოშიშვლებულ ადგილას კოცონი ენთო, რომელსაც სამი კაცი შემოსხდომოდა. სამივე ჩოხებში იყვნენ გამოწყობილები და სახე იმდენად დაებურათ, რომ მხოლოდ თვალები უჩანდათ, მაგრამ შუაში მჯდარი სისხლლისფერჩოხიანი მამაკაცი მაინც გამოირჩეოდა იმ ორისგან. დარეჯანმა ერთ-ერთს რაღაც გადაუჩურჩულა. კაცმა თავის დაკვრით უპასუხა და მელანოს გახედა, მაგრამ ქალი მაინც იმ წითელჩოხიანს აკვირდებოდა, რომლის მზერაც აქ მოსვლის წამიდან არ მოსცილებოდა. კაცს ნაცნობი სილუეტი ჰქონდა, მაგრამ საიდან ეცნობოდა, ჯერ ვერ გაეგო.
-აბა, მელანო, - ამილახვრის ასულისკენ მიბრუნდა დარეჯანი, - ახლა ისინი იზრუნებენ შენზე. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ.
გატრიალდა და წასვლაც დააპირა, როცა წითელჩოხიანმა ყაბალახი მოიხსნა და კოცონის მოცეკვავე ალებზე მშვენივრად გამოჩნდა კაცის სახე.
-სად გეჩქარება, დარეჯან. იქნებ ჯერ მელანოსთვის სახლამდე მიმავალი გზის რუკა მიგვეცა და შემდეგ წასულიყავი?
კაცს ხმაში ბრაზი შერეოდა და სიტყვებს კბილებში სცრიდა. დარეჯანი მთლად გადაფითრებული შემობრუნდა, თავისსავე მდგომარეობაში მყოფ მელანოს გადახედა და შემდეგ ვეფხვივით გავეშებულ ერეკლეს გაუსწორა მზერა. დიახ, სისხლისფერ ჩოხაში გამოწყობილი მამაკაცი ერეკლე იყო და თანაც იმდენად გაავებული იცქირებოდა, რომ ნებისმიერს მოკლავდა იმ წამს, ვინც კი წინ გადაეღობებოდა.

თავი 4
-ერეკლე, შენ... - შეშფოთება გამოესახა სახეზე ქალს და გაშეშებულმა ძლივს გადადგა კაცისკენ ორიოდ ნაბიჯი.
-რა მოხდა, დარეჯან? რატომ წაგივიდა ფერი ჩემი დანახვისას? დავიჯერო არ მოელოდი ჩამს აქ ყოფნას?
-რანაირად? - აღმოხდა ქალს.
-რა რანაირად, დარეჯან?
-რანაირად გაიგე, რას ვაპირებდით?
-შენ რა მართლა გეგონა, რომ ჩემი მოტყუებისა და გაბითურების საშუალებას ვინმეს მივცემდი? "პოსეიდონი" ჩემი ხომალდია და სულ მცირედი ჩქამიც კი არ გამომეპარება. ვერ გამიგია, ამდენი ხანია ჩემთან ერთად ხარ გემზე და იმდენს რატომ ვერ მიხვდი, რომ გემზე კაპიტნის გარეშე უბრალოდ თაგვიც კი ვერ გაძვრება. ის ჩემი გემია, ჩემი ეკიპაჟია და მე მემორჩილებიან, შენ კი არა!
-დარწმუნებული ხარ, რომ შენი გემია? - გამოცოცხლდა დარეჯანიც და იქით გადავიდა შეტევაზე.
-ღმერთო ჩემო, - გაეცინა კაცს, - არასდროს მეგონა, რომ მაინცდამაინც მაგის წამოძახება მოგინდებოდა.
-წამოძახება? არა, ერეკლე, უბრალოდ გახსენებ, რომ არა ჩემი მშობლები, დღეს შენი გემი ერთი ნაფოტების გროვა იქნებოდა და მეტი არაფერი.
-და რა ახლა, მადლობა გიხადო მუხლისჩოქებზე დამხობილმა მთელი სიცოცხლე და შენი ნატერფალები ვკოცნო? თუ გახსოვს, შენს მშობლებს არაერთგზის გადავუხადე მადლობა "პოსეიდონის" გადარჩენისთვის და თან არა მხოლოდ სიტყვიერად. ახლა კი შენ გამოდიხარ და ისე იქცევი, რომ ჩირადაც არ მაგდებ! ვინ მოგცა უფლება, რომ მელანო გაგეპარებინა ჩემი ბრძანების გარეშე? როდიდან გახდი "პოსეიდონის" კაპიტანი და როდიდან გასცემ შენ ბრძანებებს? რადგან ერთადერთი ქალი ხარ გემზე, ეს იმის უფლებას არ გაძლევს ისე მოიქცე, როგორც გინდა. მითხარი, რა ჰქვია ახლა შენს საქციელს?
-შეყვარებული ქალის ქმედება, - მტკიცედ დაილაპარაკა დარეჯანმა და წამითაც კი არ შეუხრია წარბი ერეკლეს წინაშე.
-რომელ სიყვარულზე მელაპარაკები, როცა სულ მცირე პატივსაც კი არ მცემ! -წყობიდან გამოვიდა კაცი და იქვე დაგდებულ ჯირკს ფეხი გაჰკრა, - სიყვარული პორველ რიგში პატივისცემას გულისხმობს ერთმანეთის მიმართ და მე მგონი არასდროს გადამიბიჯებია შენთვის თავზე. შენ კი, შენ რა გააკეთე? პირველივე დაბრკოლებაზე დაუფიქრებლად გადამისვი ხაზი და ისე მოაწყვე ყველაფერი, როგორც შენ გინდოდა და გაწყობდა. დიდი ხანია უკვე სიყვარულის ნიღაბს ამოჰფარებიხარ და ყველა შენს საქციელს მაგ მიზეზით ამართლებ, ხვდები, რომ უკვე უბრალო აკვიატებაში გადაგდის და მეტი არაფერი?!
-ერეკლე, ნუ ამბობ მაგას, - ცრემლები წასკდა ქალს და სახეზე ხელები აიფარა.
-ადრე შეიძლება მართლა მიყვარდი, - შედარებით შეარბილა ტონი კაცმა და ღრმად ჩაისუნთქა, - მაგრამ ახლა, ახლა ვეღარ ვხვდები ასე რამ შეგცვალა. ის დარეჯანი მე რომ რამდენიმე წლის წინ გავიცანი და ახლანდელი საერთოდ სულ სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები არიან.
-სუ, ნუ იძახი მაგას, - უკვე ღვარად სდიოდა ცრემლები ქალს, - ნუ იძახი, რომ გადამიყვარე! არ შეიძლება, არ მოხდება!
-უკვე მოხდა დარეჯან, თანაც დიდი ხანია და ახლა ამას ვეღარაფერი შეცვლის.
-რა ახლა ადგები და ასე მარტივად მიმატოვებ? ხომ იცი, რომ გაგიჭირდება ჩემი გაშვება.
-დარეჯან, მე უკვე გაგიშვი და ახლა დროა შენც მსგავსად მოიქცე.
-და ვის მანაცვალე? იმ დამპალი ამილახვრის ქალიშვილი ჩაგივარდა გულში, არა? - კბილებში გამოსცრა და ხელი მოსასხამს შიგნით ზურგისკენ წაიღო.
-რა შუაშია აქ მელანო, - ცოტა არ იყოს, შეცბა კაცი, - შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს, მე ვის შევიყვარებ და ვისთან ერთად გავატარებ დარჩენილ ცხოვრებას?
-აქვს, მერედა როგორ აქვს! - დაიკივლა ქალმა და მისკენ წამოსულ ერთ-ერთ ჩოხიანს ხელიდან დაუსხლტა, - ეგ ადამიანი მე უნდა ვყოფილიყავი, მე. მაგრამ რადგან შენსას არ იშლი, ზურგს მაქცევ და მიშვებ შენი ცხოვრებიდან, ისე თითქოს არც არასდროს ვყოფილიყავი მისი ნაწილი, მაშინ მეც გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ძალიან გატკენს იმდენად გატკენს, რომ საკუთარი ხორცის დაგლეჯვის სურვილი გკლავდეს.
ქალი გამუდმებით მოძრაობდა აქეთ-იქით და არც ერთ კაცს მიახლოების უფლებას არ აძლევდა. შემდეგ კი უკან წაღებული ხელი წინ გამოსწია და ცეცხლის ალზე ყველამ კარგად შეამჩნია პატარა ხანჯალი, რომელსაც დარეჯანი ატარებდა ხოლმე. ხანჯალიც ნაკლებად ეთქმოდა, უფრო პატარა დანა იყო, მაგრამ ამ დანითაც შეიძლებოდა ადამიანისთვის საკმაოდ სერიოზული ზიანის მიყენება.
-შენ თუ ჩემი არ იქნები, მაშინ არც არავისი იქნები! - დაიკივლა ქალმა და ყველასგან მოულოდნელად მელანოსკენ ავაზასავით მკვირცხლი მოძრაობით გადახტა.
-დარეჯან, არა! - ერეკლემ მხოლოდ დაყვირება მოასწრო, შემდეგ კი მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა.
ქალებისკენ სამივე კაცმა ერთდროულად ისკუპა და ორმა მათგანმა დარეჯანის დაჭერა მოასწრო კიდეც, მაგრამ უკვე გვიან იყო. ქალს მელანოსთვის ხანჯლის ჩარტყმა მაინც მოესწრო.
ამილახვრის ასული ისედაც ვერ გამოდიოდა ერეკლეს გამოჩენით მიღებული შოკისგან, როდესაც დარეჯანმა მისკენ ისკუპა. ქალმა მხოლოდ მკლავების აფარება მოასწრო, ისიც რეფლექსურად და შემდეგ კი მწარე ტკივილის შეგრძნებამ წამოკივლება აიძულა. მთელი სხეულით მოცახცახე თვალების გახელასაც კი ვერ ბედავდა. სახეზე გრძნობდა თბილი სისხლის ჩამოღვრას და მომლაშო ჟანგის სუნის შეგრძნებისას ლამის ადგილზევე ჩაკეცილიყო.
-მელანო, მელანო, ხომ კარგად ხარ? - ორ ნაბიჯში დაფარა მანძილი ერეკლემ და ქალი მკლავებში მოიქცია, - მელანო, თვალები გაახილე!
-არ მინდა, - ბავშვივით ამოიბუზღუნა ქალმა და იგრძნო როგორ ჩამოუგორდა პირველი ცრემლის ბურთულა ლოყაზე.
დარეჯანის ხანჯალს მარჯვენა ხელის ზურგში გრძნობდა, რომელსაც გულშიც გამოეხედებინა და ლოყაზეც გადაესერა კანი. ამ დროს კი თავად ხანჯლის პატრონი გაშმაგებით ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა დამტყვევებლებს და დაჭრილი ავაზასავით იღრინებოდა.
-მელანო, - მარცხენა ხელი ჩამოაღებინა მელანოს და ლოყაზე მიეფერა, - მოდი, მაჩვენე, რა გჭირს, რომ მოგხედოთ, კარგი?
მაგრამ ქალს ხმა არ გაუცია. არც თვალებს ახელდა დ საერთოდაც, ერეკლეს წელზე მოხვეული მკლავი რომ არა, დიდი ხნის გართხმული იქნებოდა მიწაზე.
-ეგ წაიყვანეთ და იმ ორთან ერთად ჩასვით დილეგში! - კბილებში გამოსცრა ახალგაზრდა კაპიტანმა და დარეჯანზე ანიშნათ, - შენც მათ გაჰყევი, ვაჟა, და ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გაიქცეს!
კაცებმა მხოლოდ თავი დაუკრეს, შემდეგ კი შეტრიალდნენ და იქითკენ წავიდნენ, საიდანაც ცოტა ხნის წინ ქალები მოსულიყვნენ ნავით. ერეკლემ თავიდან თვალი მიადევნა მათ, შემდეგ კი ხეებისკენ შებრუნდა და წამით გაუჩინარდა კიდეც. მელანო კი გაშეშებული იდგა და ვერ ინძრეოდა.
-მოდი, აქ დაჯექი და შენი ხელი მაჩვენე, - დაუყვავა ერეკლემ და თავისკენ ფრთხილად დაქაჩა.
ქალმაც ინება თვალების გახელა და მორჩილი ბატკანივით აედევნა. ერეკლემ გვერდზე გადაგორებული ჯირკი გაასწორა და თავადის ასული ზედ ჩამოსვა. თავად მის წინ ჩაიმუხლა ისე, რომ კოცონის სინათლე გვერდიდან ურტყამდა და მშვენივრად ხედავდა ქალის ხელზე არსებულ ჭრილობას.
-ცოტა შეიძლება გეტკინოს, - თქვა და ხელის ზურგში გარჭობილი ხანჯლის ტარს მოეჭიდა, - მაგრამ ჩემზე უკეთ იცი, რომ თუ ჭრილობიდან არ მოგაშორებ, რაც შეიძლება მოხდეს.
-კარგი, - მორჩილად დაუქნია თავი მელანომ და მოსალოდნელი ტკივილის ასატანად მოემზადა.
არც იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ხანჯლის ამოღება, როგორც თავდაპირველად მისმა ჩასობამ გამოიწვია, როცა კანის და კუნთების რამდენიმე ფენა გაჭრა. მაგრამ ტკივილისგან მაინც დაიკვნესა და თვალები მაგრად დახუჭა.
-მორჩა, მორჩა, - მის დამშვიდებას ცდილობდა კაცი და თან მათარიდან წყალს ასხამდა ჭრილობაზე, - ახლა შეგიხვევ და ყველაფერი კარგად იქნება.
-ზოგადად ჭრილობას წყლით მობანვა არაფერს შველის, პირიქით შეიძლება ინფექცია შეიჭრას, მაგრამ ამჯერად ესეც კმარა, - მკრთალად გაიღიმა ქალმა და სახეში მოჩერებულ ერეკლეს თვალი აარიდა.
კაცმა მელანოს ლოყასაც მიხედა, შემდეგ კი აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. ბოლოს კოცონი ჩააქრო, ქალს ჯანმრთელ ხელზე ხელი ჩაჰკიდა და ხეებისკენ წაიყვანა.
-სად მივდივართ? - ცოტა არ იყოს, შეშინდა ამილახვარი.
-მაინც მე უნდა გამომყვე, სხვა გზა არ გაქვს და აუცილებელია, იცოდე სად და რატომ მივდივართ? - რა დარწმუნდა, რომ მელანოს აღარაფერი უჭირდა, მთელი მოკრებილი სიმშვიდე წამში გაქრა და კვლავ გაცხარებული ერეკლე დაბრუნდა.
-უბრალოდ, მე... - შეცბა და დაიბნა ქალი.
-მითხარი, მართლა ასეთი მიამიტი ხარ? - დაბალი ხმით ჰკითხა, მაგრამ სიბნელეშიც კი შეიმჩნეოდა მისი დაჭიმული ყელ-კისერი და დაბერილი ძარღვები.
-რას... რას გულისხმობ?
-მითხარი, როგორ შეგიძლია ენდო ადამიანს, რომელსაც ნორმალურად არც იცნობ, მასზე საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა და თანაც, ეს ადამიანი თავს არ ზოგავდს, რომ როცა კი შანსი მიეცემა, მაშინვე გამოემჟღავნოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება?!
მელანომ არაფერი უპასუხა. უბრალოდ თავი ჩაქინდრა და ისე გააგრძელა გზა. დანიშნულების ადგილამდეც მალევე მიაღწიეს. ერეკლეს ერთ-ერთ გამხდარ ხეზე აღვირით გრძლად მიება ცხენი. კაცმა მათარა კვლავ უნაგირზე დაამაგრა, შემდეგ კი სხარტი მოძრაობით ცხენზე შემოჯდა და აღვირიც დაამოკლა. ბოლოს იქვე გაშეშებულ ქალს გადახედა, ნელა გადმოიწია ცხენიდან და ერთი მოძრაობით წინ შემოისვა თავადის ასული. მელანომ მოულოდნელობისგან წამოიკივლა, მაგრამ ერეკლემ ესეც კი არ აცადა ნორმალურად. ცხენს დეზები შემოსცხო და წინ გაიჭრა. ცხოველიდან რომ არ ჩამოვარდნილიყო, იძულებული გახდა ერეკლეს წელისთვის ხელი შემოეხვია. მართალია, კაცს მკლავებს შორის ჰყავდა მომწყვდეული და დავარდნის საშუალებას არ მისცემდა, მაგრამ მაინც ასე ამჯობინა. დაზიანებული ხელი კი მკერდზე მიიკრა და კაცის გულ-მკერდს მიენდო. ერეკლე კი არა და არ ცხრებოდა.
-იცი, მაინც რას გიპირებდა დარეჯანი, სულელო გოგოვ? წარმოდგენა თუ გაქვს, სად მიჰყავდი და ვისთვის აპირებდა შენი თავის გადაცემას? რომ მიჰყვებოდი, სად მიჰყვებოდი, ჰა?
-მე...
-იცი რას გიპირებდნენ? იცი მაინც? - ვერ მშვიდდებოდა ერეკლე, - ნამუსს აგხდიდნენ ის ნაბი... - მაგრამ მალევე გადააკეთა სიტყვები, - ის ძაღლიშვილები და მერე მამაშენს შენს გვამს მიუგდებდნენ თავისივე მამულის ჭიშკართან, ანდაც მაგითაც არ შეიწუხებდნენ თავს, პირდაპირ პალიასტომს გაატანდნენ შენს თავს და ღმერთმა იცის, ოდესმე იპოვიდა თუ არა შენს სხეულს ვინმე. რატომ არ ფიქრობ მელანო? შენ რომ რამე მოგსვლოდა... - თავი გადააქნია კაცმა და ცხენი თავის ნებაზე მიუშვა.
ქალმა, მთელი სიმართლის მოსმენით დაზაფრულმა, ძლივს მოახერხა და სახეში შეხედა ერეკლეს, მაგრამ იმდენად ბნელოდა, რომ საერთოდ ვერაფერი გაარჩია და თავი კვლავ მის მკერდზე დააბრუნა.
-მასე თუ იმსჯელებ, არც შენ გიცნობ კარგად, - ბოლოს სიტყვის თქმა მაინც გაბედა ქალმა, - და არც თავად გამოირჩეოდი დადებითი გრძნობებით! პირიქით, შენ არ იყავი ის, ვინც გამიტაცა? უფრო სწორად, ხარ. რატომ არ უნდა გამომეყენებინა სახლში დაბრუნების თუნდაც სულ მცირე შანსი?
-აღიარე, რომ რასაც არ უნდა განიცდიდე ჩემს მიმართ, მაინც მენდობი, რადგან მე ეს როგორღაც მოვახერხე, მაგრამ დარეჯანსაც ასე დაუფიქრებლად ვერ მიენდობი. ვერ ნახე, მეც კი გადამიარა. ახლა კი მხოლოდ სიტყვის მოცემა შემიძლია, რომ როცა დრო მოვა, გეფიცები, თავად დაგაბრუნებ უკან, - თითქოს ღამის სიმშვიდის დარღვევას ერიდებაო, ჩუმად დაილაპარაკა კაცმა და სულ ოდნავ შეახო ტუჩები ქალის თმას, - თუ შევძელი და გაგიშვი.
ბოლო სიტყვები მელანოს აღარ გაუგია. ემოციებით გადაღლილს, ამდენი ხნის შემდეგ პირველად, მშვიდად ჩაეძინა და ცხენის მოძრაობაც კი ნაზად დარხეული აკვნის რწევა ეგონა.
***
-მასპინძელო! - გამთენიისას ერთ-ერთი სახლის წინ შეაჩერა ცხენი ერეკლემ და ღობიდან დაიძახა.
ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო, მაგრამ სოფლის ორღობეშიც კი იგრძნობოდა, რომ გლეხებს გაეღვიძათ და მუხლჩაუხრელად შრომა დაეწყოთ.
-მასპინძელო! - კიდევ ერთხელ შესძახა და მელანოც გამოაფხიზლა.
სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, მაგრამ მაინც კარგად შენიშნა ერთ-ერთი ფანჯრის მიღმა სულ ოდნავ გამოძრავებული ფარდა. შემდეგ კი ეზოში ორი ბავშვი გამოიჭრა და ჭიშკართან გაჩერდა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, ჩუმად ჩაიკისკისეს, შემდეგ კი ცხენზე შემომჯდარ ერეკლეს ახედეს და ერთდროულად წარმოთქვეს:
-დილა მშვიდობისა ერეკლეე. იცი, მამამ დაგვაბარა, მამა შინ არ არისო.
-ხოო? - მათ ნათქვამზე გაეცინა ერეკლეს და ამჯერად თავის ქნევით მომავალ კაცს დააკვირდა, - აშკარად არ ყოფილა სახლში.
-თქვენ ხომ არაფერში გამოადგებით ადამიანს, - შვილებს დაუბღვირა, მერე კი ჭიშკარი გამოხსნა და ერეკლეს შიგნით შესვლის საშუალება მისცა.
-გამარჯობა, თედო, - მიესალმა და ამილახვრის ასული ფრთხილად გადმოსვა მიწაზე, - როგორ ხარ, როგორ გყავს ცოლ-შვილი?
-შენგან დავიწყებული როგორ ვიქნებით? - გაეღიმა კაცსაც, შემდეგ კი ერეკლეს ძლიერად გადაეხვია, - ჩვენ რა გვიჭირს, შენ ის თქვი, თავად როგორ ხარ? რა ამბებია ზღვაზე?
-ახლა, არა, ჩემო თედო, - თავი გადააქნია ერეკლემ, - სულ ცოტა ხნით დასასვენებლად შემოგიარეთ. წყალსაც ავასებთ და წავალთ.
-კარგი, ბატონო, - ცოტა არ იყოს, ეწყინა კაცს, მაგრამ არ შეიმჩნია და სახლისკენ გაუძღვა სტუმრებს, თან მელანოს არ აშორებდა ინტერესით სავსე მზერას.
ბავშვებიც მათ ირგვლივ დარბოდნენ. ერეკლეს კი კარგად იცნობდნენ, მაგრამ უცხო ქალის დანახვის შემდეგ მაინც ვერ ბედავდნენ მიახლოებას და მორცხვად აპარებდნენ ხოლმე თვალს.
-მოიცადე, ერეკლე, - მოულოდნელად კიბეზე შეჩერდა თედო და მოსასხამში გახვეულ ქალს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი, - მართალია ის ჭორები, რაც გავიგე?
ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს, რამდენიმე წამს ასე იდგნენ, შემდეგ კი ახალგაზრდა კაპიტანმა ოდნავ თავი დაუქნია.
-სულ მთლად შეშლილხარ, მაგრამ რას ვიზამთ, - ხელი ჩაიქნია თედომ და ამჯერად კიბეზე გაჩერებულ მელანოს გაუღიმა, - არასდროს გამოირჩეოდა არც ზრდილობითა და არც თავაზიანობით. თუ რამე გაწყენინათ, ჩემგან მიიღეთ ბოდიში, თავადის ასულო, არაა ერეკლე ცუდი ბიჭი.
მელანო გაოცებული შესცქეროდა თედოს, შემდეგ კი ნაზად გაუღიმა და ერეკლეს კაცისთვის თავში წამოტყმისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.
-ამის გამო მერე გადაგიხდი, - კბილებში გამოსცრა ერეკლემ ისე, რომ მხოლოდ გაკრეჭილ თედოს გაეგო და პირველმა შეაბიჯა სახლში.
ორი საათის შემდეგ დასვენებულები და მოღონიერებულები გაუდგნენ გზას. ერეკლეს თედოსთან მხოლოდ ის წამოსცდა, რომ ბოლნისისკენ მიდიოდნენ. იქ რა უნდოდათ, ეს აღარ უხსნებია. მთვარისამ, თედოს ცოლმა, მელანოს ხელი თავიდან შეუხვია და ახლა ნაკლებადღა აწუხებდა.
-ერეკლე, - მოულოდნელად მიმართა ქალმა, როცა ერეკლემ კიდევ ერთ გზაჯვარედინს აქცია ზურგი და ტყით სიარული არჩია, - რა გვარი ხარ?
-იმის ნაცვლად მკითხო, სად მივდივართ, რატომ ან რისთვის, მეკითხები რა გვარი ვარ? - გაეცინა კაცს და ოდნავ დაიხარა, რომ ჩამოწეულ ტოტს არ გამოსდებოდა.
-კითხვაზე არ მიპასუხებ?
-ფალავანდიშვილი, - ყოყმანის შემდეგ წარმოთქვა კაცმა და მელანოს დააკვირდა.
-ფალავანდიშვილი ერთ-ერთი თავადური გვარია და წესით ახლა შენს მამულში არ უნდა იჯდე და განკარგულებებს გასცემდე? - გაოცდა ქალი.
-წესით, - ამოიოხრა ერეკლემ და თვალებზე წარსულის ბინდი გადაეკრა, რაც მისთვის უმტკივნეულო აშკარად არ უნდა ყოფილიყო.
-აბა, მეკობრეობამდე რამ მიგიყვანა? თუ საკუთარი მამული გაქვს, თავადიშვილი ხარ და...
-და რა, მელანო? - ხმა გაიმკაცრა კაცმა, - არანაირი თავადიშვილი მე აღარ ვარ! არც არასდროს ვყოფილვარ და მორჩა!
ქალი მიხვდა, რომ მისთვის იმაზე უფრო მტკივნეულ თემას შეეხო, ვიდრე წარმოიდგენდა, ამიტომ ცოტა ხანს დამშვიდება აცადა, შემდეგ კი თავისთვის საინტერესო თემას მიადგა.
-რატომ მაინცდამაინც მეკობრეობა?
-ჰა? - ფიქრებიდან გამოერკვა კაცი და ერთ-ერთ ბილიკზე გადაუხვია. ტყეში ნელ-ნელა ნათელმა იმატა, შემდეგ კი წიწვოვანი ხეები ფოთლოვანმა შეცვალა და მზის სხივების გარჩევაც უფრო ნათლად შეძლო მელანომ.
-გკითხე რატომ გახდი მეკობრე.
-პასუხი მარტივია მამაშენისნაირი ადამიანების არსებობის გამო, რომლებსაც ცხოვრებაში წმინდა აღარაფერი შერჩენიათ. ჯერ კიდევ დედის კალთას გამოკერებულ ბავშვებს იტაცებენ და მონებად ჰყიდიან. მართალია, მხოლოდ რამდენიმე გემიდან მოვახერხე მათი გამოხსნა, მაგრამ მაინც იმ გრძნობას ვერაფერი შეედრება, როცა თითოეულ მათგანს უკან სახლში აბრუნებ და მთელი ოჯახის ბედნიერებას ხედავ.
-ხომ შეგეძლო უბრალოდ ყაჩაღად გავარდნილიყავი ტყეში. რატომ მაინცდამაინც ზღვა?
-ზღვა ბავშვობიდან მიყვარდა. იცი, სწორედ „პოსეიდონზე“ დავიბადე და მამაჩემი იყო თავად დედას ბებიაქალი. სწორედ მან ამიყვანა ხელში პირველად და თითქოს ზღვის სიყვარულიც მან დამანათლა და ჩამინერგა. ზღვა თავისუფლება და სიცოცლეა ჩემთვის. მუდამ მოძრაობს, არასდროს ჩერდება და სწორედ ეს მოძრაობაა სიცოცხლის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი თვისება, რაც ასე ძალიან მომწონს და აღმაფრთოვანებს. მოძრაობა რომ არა, ჩვენც იმ ლოქოებს დავემსგავსებოდით მდინარის ძირში რომაა გაწოლილი და პირღია ელოდება როდის მიუტანს წყალი საკვებს, რომ მას მხოლოდ მისი დღეჭვა და გადაყლაპვა მოუწიოს. ზღვას დამშვიდებაც შეუძლია და აფორიაქებაც. ადამიანივითაა, დიდი მოთმინების მქონე ადამიანივით და თუ ქარიშხალი არ ამოვარდა და არ ააფორიაქა, სხვა შემთხვევაში არასდროს დაგიშავებს რამეს. თავისი ხელით გაძლევს საკვებსაც, ფაქტობრივად საკუთარ შვილებს იმეტებს, რომ შენ დანაყრდე და არაფერი მოგივიდეს და მითხარი, რატომ არ უნდა მიყვარდეს?
ერეკლე ამ დროს იმდენად მშვიდი იყო, რომ მელანო მონუსხული შესცქეროდა და მის თითოეულ სიტყვას გულისყურით ისმენდა. მაგრამ მოულოდნელად კაცმა ცხენი შეაჩერა და რაღაცას მიაყურადა. მელანომ ისიც კი არ იცოდა, სად იყვნენ, მაგრამ თედოს სახლიდან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე საათი უკვე გასულიყო და მზეც ნელ-ნელა დასავლეთისკენ გადახრილიყო.
-ერეკლე, რა ხდება?
კაცი მარდად ჩამოხტა ცხენიდან, შემდეგ იქვე მდგარი ბუჩქები აქეთ-იქით გადასწია და იქაურობა მოათვალიერა. წამით მიწაზეც კი გაწვა და მიაყურადა.
-რამდენიმე ცხენის ხმაა. ვიღაც გვიახლოვდება!
შემდეგ კი ისევ ცხენს მოახტა და ოდნავ წინ წაიწია, რომ ნორმალური საფარი ეპოვნა. დაინახა კიდეც. რამდენიმე ხის გვერდით დიდი ლოდი ეგდო. მასიური მოცულობის ქვა იმხელა იყო, რომ ცხენსაც ადვილად დაფარავდა, მაგრამ ხმა არც ერთს არ უნდა ამოეღო, თორემ ძალიან მარტივად გამოიჭერდნენ. თანაც ნაპირთანაც ახლოს იყო და გზის დასაზვერავადაც გამოდგებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება სულაც უბრალო მგზავრები ყოფილიყვნენ დასავლეთისკენ მიმავლები, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა.
ფლოქვების ხმა გაძლიერდა. უკვე მიწისთვის ყურის დადებაც კი აღარ იყო საჭირო, მთელს არემარეზე ვრცელდებოდა ხმა. პირველი მხედარიც გამოჩნდა და მელანოს გვერდით ყოფნის მიუხედავად ერეკლემ მწარედ შეიკურთხა.
-ჯანდაბა, ყაჩაღები არიან! თანაც ყველაზე ხელაღებულ ყაჩაღთა ბანდა. მელანო, ხმა არ უნდა ამოვიღოთ, თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ.
მაგრამ ქალი მას სულ არ აქცევდა ყურადღებას. ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი დაზაფრულს. ერეკლემაც გაიხედა იქით და ოდნავ მოძრავი მოსრიალე არსება დაინახა. შიშისგან მთლად გადათეთრებულ მელანოს კი საკივლელად დაეღო პირი და რამდენიმე ბგერა აღმოხდა კიდეც, მაგრამ ერეკლემ მკლავებში მოიმწყვდია, ოდნავ შეაჯანჯღარა და როცა მიხვდა, რომ ქალს ცნობიერება დაჰბრუნებოდა, ხმადაბლა უთხრა:
-ნუ გეშინია, ეგ უბრალოდ გველხოკელაა. არაფერს დაგვიშავებს. შხამიც კი არ აქვს. ყველაფერი კარგადაა. ეს რომ მართლა რაიმე საშიში იყოს, ცხენიც დაფრთხებოდა, მაგრამ ნახე როგორ მშვიდადაა.
ქალი კი მაინც ვერ გამორკვეულიყო ბოლომდე. შიშს ძლიერად ჩაევლო ხელი და გაშვებას აშკარად არ აპირებდა.
-მე, მე ბავშვობიდან მეშინია მათი. ჩემს უმცროს ძმასაც გველხოკელა ეგონა და მან... მან უკბინა, - უკვე პანიკაში იყო ქალი. ყაჩაღების ფეხის ხმა კი ლამის ყურთან ჩაესმოდა ერეკლეს, - ვერ გადაარჩინეს. მათ პაატა ვერ გადაარჩინეს, - უკვე მოთქმით ტიროდა ქალი.
-მელანო, - დაუძახა დაბალი ხმით, მაგრამ ვერც მისი გამოფხიზლება შეძლო და ვერც გაჩუმება.
სასოწარკვეთილმა კი ბოლო ხერხს მიმართა. ქალი მჭიდროდ აიკრა სხეულზე, თავი ააწევინა და ძალიან ფრთხილად შეეხო ბაგეებზე.
რამდენიმე წუთში ყველაფერი მიწყნარდა. აღარც მცურავი ჩანდა ჰორიზონტზე და აღარც ცხენზეამხედრებული ტყეშიგავარდნილები. ერეკლე კი მაინც ვერ შორდებოდა ქალის ცრემლებისგან დასველებულ დარბილებულ ბაგეებს, მლაშე გემო რომ დაჰკრავდა, მაგრამ საკუთარ წიაღში გექაჩებოდა და უკან დაბრუნების საშუალებას არ გაძლევდა.
ისევ თავად მოსცილდა ერეკლე ქალს. გარემო კარგად დაზვერა და მხოლოდ ამის შემდეგ ამხედრდა კვლავ ცხენზე. მელანოც ისევ ისე შემოისვა და ბილიკს გაუყვა. ამილახვარი ჯერაც ვერ გამორკვეულიყო და დაბნეული აცეცებდა თვალებს. ბოლოს მაინც გაბედა და ის კითხვა დასვა, რომელიც იმ ადგილიდან წამოსვლის შემდეგ გულს უღრღნიდა.
-რატომ მაკოცე?
კაცს სახე მოეღრუბლა, ერთიანად დაეჭიმა სხეული და პასუხის გაცემის მომენტში თავიც კი გაატრიალა გვერდზე, რომ მელანოს მისი თვალები ვერ დაენახა.
-რა თქმა უნდა, - დაიწყო და ხმა ჩაუწყდა კიდეც, მაგრამ ჩაახველა და უფრო მეტად დამძიმებულმა განაგრძო, - შენი პანიკური შეტევა რომ შემეჩერებინა და ჩვენი სიცოცხლეები გადამერჩინა.
ქალი მოელოდა ამგვარ პასუხს, მაგრამ მისმა მოსმენამ მაინც რაღაცნაირად ჩასწყვიტა შინაგანად ყველაფერი და ლამის ხელახლა ატირდა. რა უნდოდა, საერთოდ რატომ ეკითხებოდა რამეს? ხომ იცოდა, რასაც მოისმენდა.
-ახლა კი, გთხოვ, გაჩუმდი. ისედაც ბევრი ვილაყბეთ. დანიშნულების ადგილამდე დაღამებამდე უნდა ჩავაღწიოთ. საუბარი კი ხელს გვიშლის!
მელანო აღარც აპირებდა რამის თქმას. საერთოდ დაჰკარგვოდა საუბრის სურვილი. დიდი სიამოვნებით დაღვრიდა ცრემლებს დაუფიქრებელი ერეკლეს გამო, რომელსაც მისთვის პირველი კოცნა მოეპარა და რომელიც მის გულში ისე უჩუმრად შემოჭრილიყო, რომ ვერც ვერაფერი გაიგო, მაგრამ სიამაყე ჯერ კიდევ შერჩენოდა ამილახვრის ასულს. შეიძლება ბევრჯერ დაანახვა კიდეც სუსტი მელანო მეკობრეებს, მაგრამ ამ მდგომარეობაში არ იტირებდა! არ გატყდებოდა საბოლოოდ ამ მართლა თავხედი და ზრდილობასმოკლებული მეკობრის წინაშე!
მაგრამ ვინ რა იცოდა, რა ხდებოდა ერეკლეს სულში და როგორ უმძიმდა იმ სიტყვების თქმა, რომელმაც ასე ძალიან ატკინა მელანოს...
მთელი გზა არც ერთს აღარ ამოუღია ხმა. მთელი გზა მხოლოდ ერეკლეს აჩქარებული, მაგრამ დარდით დამძიმებული გული ესაუბრებოდა ქალს და ვინ იცის, რამდენი ბოდიში მოუხადა და რას აღარ დაჰპირდა. ოღონდ სულ ცოტაც მოეთმინა და რწმენა არ დაეკარგა.

თავი 5
მზის უკანასკნელი სხივებიც ამოეფარა უკანმოტოვებულ ტყეებს და ქართლში შინდისფრად ჩამობნელდა. ცა ნელ-ნელა უფრო მეტად იცვლიდა ფერს და უფრო და უფრო მუქდებოდა.
-ჯანდაბა, ცუდ დროს შემოგვაღამდა, - ამოიღრინა კაცმა და მიდამოს თვალი მოავლო, - ახლა მთავარ გზაზე მოგვიწევს გასვლა, რომ ტყეში არ დავიკარგოთ, რაც არც თუ ისე ჭკვიანურ აზრად მეჩვენება.
მელანო კი ხმასაც არ იღებდა. ჯერაც ვერ მოენელებინა ერეკლეს სიტყვები, თან წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად მიდიოდნენ ანდაც რა მნიშვნელობა ჰქონდა მის აზრს? ერეკლე მაინც თავის ნებაზე მოიქცეოდა. ბოლოს კაციც მოეშვა საკუთარ თავთან საუბარს, ცხენიდან ჩამოხტა, მის წინ დადგა და თავად გაუძღვა ცხოველს. ასე უფრო მარტივად გაიგნებდა გზას. მალე ისე ჩამობნელდა, ადამიანი თვალთან თითსაც კი ვერ მიიტანდა და საერთოდ არაფრის გარჩევა აღარ იყო შესაძლებელი. თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო, მაგრამ ცოტა ხანში ღრუბლები დასავლეთიდან მობერილმა ძლიერმა ქარმა გადაფანტა და ცაზეც ახალი მთვარე ამოცურდა, რომელმაც ხედვა აშკარად გაადვილა. ერეკლემ წამით პირი დასავლეთისკენ იბრუნა და თვალებდახუჭული გაირინდა, შემდეგ კი ამოიოხრა და ცხენს კვლავ წინ გაუძღვა.
-იცი, - მელანოსთვის მოულოდნელად სიჩუმე დაარღვია კაცმა, - მამაჩემისგან ხშირად გამიგონია, რომ როცა ქარი დასავლეთიდან ასე ძლიერ უბერავს და თან მხოლოდ მტვერი მოაქვს, ე.ი. ზღვაზე ქარიშხალი მძვინვარებს და გადაუღებლად წვიმსო. იმედი მაქვს „პოსეიდონზე“ ყველაფერი კარგადაა.
ქალმა კვლავ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ოდნავ შესწორდა უნაგირზე და შეეცადა ატკივებული წელი როგორმე დაეამებინა.
-ერეკლე, - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ სიჩუმე დაარღვია ქალმა, - ცხენიდან ჩამოსვლა მინდა.
-ასე უფრო დაგვიგვიანდება, - უარის ნიშნად თავი გააქნია კაცმა.
-აღარ შემიძლია ჯდომა, წელი ამტკივდა, - რეალური მიზეზი გაუმხილა და შეეცადა სახე აერიდებინა მათკენ წამოსული მტვრის ბუღისაგან.
-კარგი, ცოტა ხანს აქ გავჩერდებით და დავისვენებთ, შემდეგ კი გზა უნდა განვაგრძოთ.
ერეკლემ კვლავ მოავლო იქაურობას თვალი და ცოტა ხნის სიარულის შემდეგ გაჩერდა კიდეც. მელანოს წელზე შემოხვია ხელი და ცხენიდან ფრთხილად ჩამოსვა. შემდეგ კი აღვირს მოქაჩა და ქალს მიუბრუნდა.
-ცოტა ხნით აქ დამელოდე. აქვე წყაროა. მათარას გავავსებ და მოვალ. თან ცხენსაც ცოტას გავატარებ, რომ ოფლი შეუშრეს, თორემ ცოდოა.
მელანომ მხოლოდ თავი დაუქნია, ერთ-ერთ ხესთან ჩამოჯდა და თვალდახუჭული ზურგით მიეყრდნო. ვერ მიხვდა რამდენი ხანი იჯდა ასე, მაგრამ ერეკლეს რომ შეაგვიანდა ცოტა ანერვიულდა. თითქოს აქამდე რომ სადღაც ხის უკან იმალებოდაო შიში, ისიც დაუბრუნდა ქალს და დაზაფრულმა ჭყიტა თვალები. სულ ტყუილად. მაინც ვერაფერი გაარჩია. წარმოუდგენელი იყო, ასეთ მკრთალ სინათლეში ერეკლე საერთოდ როგორ ხედავდა რამეს. შემდეგ კი რაღაც გახმაურდა. ქალი უარესად შეშინდა და ფეხზე წამოიჭრა, თან იქვე დაგდებულ ტოტს დაავლო ხელი, რომელიც შემთხვევით კაბის კალთაზე გამოედო და ლამის მთლად გაუხეთქა გული.
-ერეკლე, - დაიჩურჩულა და წინ წავიდა.
სულ ცოტა აკლდა მთავარ გზაზე გასასვლელად, მოულოდნელად რომ აეკრნენ ზურგიდან და პირზე ხელი ააფარეს კივილის ჩასახშობად.
-ნუ გეშინია, მე ვარ, - ყურთან გაიგონა კაცის ხმა და მთლად დაჭიმული ერთიანად მოეშვა.
-ღმერთს გეფიცები, მგონია, რომ ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა. მინდოდა დაღამებამდე ავსულიყავით სამთავროს მონასტერში, მაგრამ ჯერ ყაჩაღებს გადავაწყდით, ახლა კიდევ ამათ. მაგრამ რაღაც მხრივ კარგიცაა. თავად იხილავ სიმართლეს.
ერეკლემ ცალი ხელით ბუჩქები გადასწია და ქვა-ღორღით გადაპენტილი გზა დაანახა, რომელიც ალაგ-ალაგ ჩირაღდნებით გაენათებინათ ოსმალოებს.
-კი მაგრამ, ასე ღრმად საქართველოში ამათ რა უნდათ? - შიშისგან უარესად დაიზაფრა ქალი.
-ოსმალოები არ არიან, - არ დაეთანხმა ერეკლე, - აბა, კარგად დააკვირდი, ვერავის სცნობ?
მელანომ ყურადღება დაძაბა, ცდილობდა, როგორ არ ცდილობდა ვინმე ეცნო, მაგრამ არ გამოსდიოდა. მისთვის ჩირაღდნიანი კაცები ჰორიზონტს მიღმა მოჩანდნენ, არა და სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ მათგან. შემდეგ კი ალაგ-ალაგ გაფანტული წერტილები თითქოს თავისით შეერთდნენ და ქალმაც ერთიანი სურათი აღიქვა.
გზაზე ასამდე ჯაჭვის ბორკილებდადებული ბავშვი მწკრივად ჩაეყენებინათ და წინ მიერეკებოდნენ. ზოგიერთი „ოსმალო“ კი თავსაც არ იზოგავდა, წაქცეული ბავშვებისთვის როგზი მიეყოლებინა, იმის ნაცვლად, რომ ხელი გაეწვდინა და წამოყენებაში მიშველებოდა. სწორედ ასეთ ერთ-ერთ მათრახიან კაცში მელანომ თავადი ალექსანდრე მაყაშვილი ამოიცნო. კაცი, რომლის გვერდითაც თითქმის მთელი ბავშვობა გაეტარებინა და რომელიც ყოველდღიური სტუმარი იყო მათი სახლისა. მის გვერდით კი... არა, ეს შეუძლებელი იყო. ნუთუ ერეკლე კვლავ მართალი აღმოჩნდა? თურმე არც არასდროს მოუტყუებია თავადის ასული. თვალის არიდება სცადა, მაგრამ სხეულის არც ერთი ნაწილი აღარ ემორჩილებოდა. მზერა ვერ მოეშორებინა ცხენზე ამხედრებული და ოსმალურ სამოსში გამოწყობილი ბიძინა ამილახვრისთვის, რომელმაც სულ რამდენიმე წამის შემდეგ ერთ-ერთ ტყვეს იმდენად მწარედ გადაუჭირა მათრახი, რომ ბავშვის ზურგზე უზარმაზარმა იარამ დააღო პირი და სისხლი ჩანჩქერივით დასდინდა. თითქოს რაღაცაზე იყო გამწარებული თავადი და ახლა ამ ბრაზსა და ზიზღს ამ პატარებზე იყრიდა. იარეო, ერთი დაუყვირა და ამჯერად უკანა მწკრივისკენ გასწია.
გამოსახულებამ ჯერ ამღვრევა დაიწყო, შემდეგ კი საერთოდ დაებინდა. ქალი გულამოსკვნით ტიროდა. ერეკლემ მაშინვე გულზე მიიკრა და უკან დაიხია, რომ მათი ხმა არავის გაეგო. მელანოც კრავივით დაჰყვა. აღარაფერი ადარდებდა, მხოლოდ ხატად ქცეული მამის სახის ჩამონგრევას გლოვობდა და იმედგაცრუების ამ უზომოდ მძიმე ტვირთს ლამის იყო გაეჭყლიტა.
ადამიანის ბუნება ამოუცნობი რამააო, გაახსენდა ბებიას ნათქვამი და ერეკლეს მკერდს აკრული უფრო მეტად აქვითინდა, არავის ენდო და თავს გაუფრთხილდი, მითუმეტეს უცხო ქვეყანაშიო. სწორედ ის გიღალატებს ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი, კრავი გამგელდება და მგელი გაკრავდებაო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყანაში წასვლა სულაც არ დასჭირვებია მელანოს, რომ ბებიას სიტყვებში დარწმუნებულიყო. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ნანახს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა და არაფერი იცვლებოდა.
-ერეკლე, რამე უნდა ვიღონოთ, ასე არ შეიძლება, - სლუკუნს ამოაყოლა ქალმა სიტყვები და ხელი უმისამართოდ გაიშვირა, - ისინი ბავშვებს გაყიდიან. ვინ იცის, რამდენი ოჯახი გაანადგურ...ეს და რამდენს მოუსპეს ბედნიერება. გთხოვ, დავეხმაროთ და დავიხსნათ მათი კლანჭებიდან!
-ახლა არა მელანო, - თავი გააქნია კაცმა და ცხენის შეკაზმვას შეუდგა, - აქ ვერაფერს გავხდები. მარტომ როგორ ვძლიო ამდენ კბილებამდე შეიარაღებულ კაცს?
-მარტომ რატომ? მეც დაგეხმარები!
-მელანო, პირობას გაძლევ, რომ მათ აუცილებლად დავიხსნი და უვნებლებს დავაბრუნებ უკან, მაგრამ ამას მხოლოდ ზღვის საშუალებით თუ მოვახერხებ. ზღვა ჩემი ტერიტორიაა, ხმელეთი კი მამაშენის. მე კი მასთან დაპირისპირებას აქ არ ვაპირებ.
-მშიშარა ხარ! - იმდენად გაუცნობიერებლად წარმოთქვა, რომ დაფიქრებაც ვეღარ მოასწრო, რა შეიძლება მოჰყოლოდა მის სიტყვებს.
-შეიძლება ვარ კიდეც, - დარდიანად გაეღიმა კაცს, შემდეგ კი ცხენზე ამხედრდა და მელანოც თან გაიყოლა, - მაგრამ მითხარი, გეგულება სამყაროში ადამიანი, რომელსაც არაფრის ეშინია? მე ძალიან ბევრი რამ მაშინებს და ახლა ჩემს შიშებს კიდევ ერთი დაემატა.
***
შუაღამე მოტანებული იყო, როცა ეკლესიის სილუეტი დალანდა ქალმა და მხოლოდ ახლაღა გაიაზრა ერეკლეს ნათქვამი სიტყვები სამთავროს მონასტრის შესახებ.
-დედაჩემთან მიგყავარ? - სიხარული ვეღარ დამალა ქალმა და ტირილისგან დაწითლებულ-დასიებული თვალები გაუბრწყინდა.
-მასეა.
-კი, მაგრამ რატომ?
-დავიჯერო, საერთოდ არ მოგნატრებია?
-როგორ არა, მაგრამ შენ რატომ აკეთებ ამას?
-მელანო, არც ისეთი ცუდი და ბოროტი ვარ, როგორიც შენ გგონივარ, - ლაღად გაეცინა კაცს.
-პასუხს თავს არიდებ.
-კარგი, შეიძლება მასეცაა, - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ აღიარა კაცმა, - თავიდან სულ სხვა მიზეზით მომყავდი აქ. თანაც ეს ჩვენი ვოიაჟი შენი და დარეჯანის გამოხტომამ დააჩქარა.
-ეგ რეალური მიზეზი კი მამაჩემს უკავშირდება, ხომ ასეა?
ერეკლე კვლავ დადუმდა.
-მასეა. აქ იმისთვის მომყავდი, რომ სიმართლე დედაშენისგან მოგესმინა. ახლა მხოლოდ მის სანახავად მივდივართ. ნამდვილად არ მოველოდი, რომ სიმართლეს იმაზე მალე შეიტყობდი, თანაც საკუთარი თვალით, ვიდრე ამას ვგეგმავდი.
-კარგი.
მელანოს მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღია, სანამ მონასტერს არ მიაღწიეს. ეკლესიის ეზო მთლად ცარიელი იყო, მხოლოდ ერთი მონაზონიღა შემორჩენილიყო, რომელიც მონასტრის კარებს კეტავდა.
-თუ ვინმეს არ ეძებთ, შვილებო, იქნებ ხვალ დილით დაბრუნებულიყავით? - მიმართათ ქალმა და თავსაბურავი შეისწორა, რომლიდანაც მთვარის შუქზე არეკლილი ვერცხლისფერი თმა მოუჩანდა.
-იცით, ჩვენ მართლაც ვეძებთ ერთ ქალს, -დაიწყო მელანომ და ერეკლეს დახმარებით ცხენიდან ჩამოხტა, - უფრო სწორად, დედაჩემს.
-სახელს თუ არ მეტყვით, აბა, როგორ დაგეხმაროთ? - თავი გადააქნია ქალმა.
-ეკატერინე, - სიტყვა შეაშველათ ერეკლემ, - ჩვენ ეკატერინე ამილახვრის ნახვა გვსურს.
-დედა სიდონია ალბათ, არა? ახლავე დავუძახებ.
მელანოს გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა. თითქმის შვიდი წელი იწურებოდა, რაც ქალი არ ენახა და იმაზე უფრო მეტად მონატრებოდა, ვიდრე ამას წარმოიდგენდა.
-მელანო, კარგად ხარ? სახეზე მთლად გადაფითრდი.
ქალმა ვერც კი შეამჩნია, როგორ მიახლოებოდა ერეკლე. დაბნეულმა ახედა და ამჯერად ერთიანად ახურდა. კაცს მხოლოდ გაეღიმა, იგრძნო რაც იყო ამილახვრის ასულის აღელვების მიზეზი და აღარაფერი უთქვამს. ცხენს მიეფერა და ყურში რაღაც უჩურჩულა.
მალე მსუბუქი ნაბიჯების ხმა შემოესმათ და ორივემ იქით გაიხედა. მათკენ შავებში გამოწყობილი ქალი მოაბიჯებდა. ჯვალოს კაბით შემოსილს აღარაფერი ეტყობოდა, რომ ერთ დროს თავადაც თავადის ასული იყო, შემდეგ კი ბიძინა ამილახვრის მეუღლე. ეკატერინე ამილახვარი არც არასდროს გამოირჩეოდა შევსებული ფორმებით, მაგრამ ახლა სხეული მთლად ჩამოხმობოდა და ამ მცირე განათებაზეც კი დანახული ფერშეცვლილი კანი შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ, თითქოს პირდაპირ ძვლებზე გადაეკრათო. ერთ დროს ასე ნაზი და გრძელი თითები ახლა ჩამომხმარ ხის ტოტებს დამსგავსებოდა. მელანოს გული მოუკლა დედას ასეთ მდგომარეობაში დანახვამ და აქამდე ნაგროვები ცრემლები ერთიანად გადმოუშვა. ვერც ეკატერინე ამილახვარმა შეიკავა თავი და ასე აცრემლებული დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია. ქალი წამითაც არ უშვებდა შვილს ხელს. ხან სახეზე ეფერებოდა, ხან მკლავებზე და ბედნიერი თავისთვის ჩურჩულებდა.
გონს ერეკლეს მიახლოებამ მოიყვანათ. ეკატერინემ მხოლოდ წამით შეხედა, შემდეგ კი კვლავ მელანოს მიუბრუნდა, მაგრამ წამშივე ისევ ერეკლეს აკვირდებოდა.
-მე თქვენ გიცნობთ, - აღმოხდა ქალს და შვილს ისე გადაეფარა, როგორც დედა ლომის საკუთარ ბოკვერს.
-სცდებით ქალბატონო.
-მაგრამ თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთ პიროვნებას ჩემი წარსულიდან.
-ბევრს უთქვამს, რომ კონსტანტინეს ასლი ვარ, მაგრამ თვალებით დედას ვგავარ, - მხრები უდარდელად აიჩეჩა ერეკლემ, მაგრამ ეს უდარდელობა მხოლოდ გარეგნულად თუ ეტყობოდა, - თუმცა მართებულად არ მიმაჩნია, ახლა აქ ამ თემაზე საუბარი ღირდეს, - და თავით ოდნავ ანიშნა იმ დედაოზე, რომელიც მოსვლისას დახვდათ.
-მე წამომყევით, - მშვიდად წარმოთქვა და ზურგი აქციათ, - მადლობა, დედაო, - მიმართა ქალს და სიბნელეში გააბიჯა.
რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ ეკატერინემ მარცხნივ გაუხვია და მათ წინ პატარა ქოხი გამოჩნდა, რომელსაც ორი ფანჯარა თუ ექნებოდა.
-ეს ჩვენი პატარა სამზარეულოა, - შიგნით შესვლის შემდეგ წარმოთქვა ქალმა და სკამები გამოუწია სტუმრებს, - ამ დროს აქ არავინ მოვა. ასე რომ მშვიდად საუბარი შეგვეძლება.
-მადლობა, - თავი დაუკრა ერეკლემ და სკამზე ჩამოჯდა.
ქალი კი საკუთარ შვილს მიუბრუნდა.
-მელანო, ახლა ამიხსენი, რა ხდება შენს თავს? ხმებმა შენი გატაცების შესახებ აქაც კი ამოაღწია. მამაშენი ალბათ გიჟს ჰგავს, მაგრამ როგორც გატყობ, არაფერი გიჭირს. არ მეტყვი, აქ რას აკეთებ?
მელანომ და ერეკლემ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ყველაფრის ახსნა კაცმა საკუთარ თავზე აიღო.
-ქალბატონო ეკატერინე, - დაიწყო ერეკლემ, მაგრამ ქალმა მაშინვე გააჩერა.
-ახლა უკვე დედა სიდონია.
-როგორც თქვენ ინებებთ, - კვლავ თავი დაუკრა კაცმა და შემდეგ ყველაფრის მოყოლას შეუდგა.
-შენი მიზეზი სრულად გასაგებია ჩემთვის, - ერეკლეს გაჩუმების შემდეგ დაილაპარაკა დედაომ და სიბრალულით სავსე თვალებით შეხედა, - მაგრამ ძალიან გადაგიხვევია ღმერთის გზისთვის. შურისძიება არასდროს მოგიტანს ბედნიერებას. სინდისი დაგტანჯავს და ცხოვრებას არ დაგაცდის.
-სხვა რა გზა მქონდა? - თავი დაღუნა მამაკაცმა.
-ღმერთს უნდა მინდობოდი. იგი აუცილებლად მოიცლიდა ბიძინასთვისაც და ყველა ცოდვას მოჰკითხავდა.
-კი, მაგრამ როდის?
-განა დროის განსაზღვრა აუცილებელია?
-ბოდიში, რომ ვერევი, მაგრამ იქნებ მეც ამიხსნათ, რა არის გასაგები შენთვის, დედა? არა, იმას კი მივხვდი, რომ მამამ რაღაც ცუდი დამართა ერეკლეს, მაგრამ იქნებ მეც გამანდოთ?
-მამაშენმა ოჯახი ამოუხოცა მას, - დაილაპარაკა დედა სიდონიამ და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელით შეიმშრალა, - ერეკლე კი იმიტომ გადარჩა, რომ მის შესახებ არაფერი იცოდა ბიძინამ, თანაც აშკარად კარგად ჰყავდათ გადამალული.
-დედა სიდონია მართალია, - კვლავ თავდახრილი საუბრობდა ერეკლე, - ყველაფერი ოცი წლის წინ მოხდა, მაგრამ დღემდე არ დასრულებულა. ბიძინა ამილახვარი მაშინაც იმავე საქმით იყო დაკავებული. მამაჩემი კი, თავადი ფალავანდიშვილი ხანდახან თუ გაიხედავდა ზღვისკენ. ისიც მაშინ, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა. მაგალითად, მამაშენის გატაცებული ბავშვების დახსნა. დედაჩემიც ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს გაიცნო. დედა არ ყოფილა მდიდარი ფენის წარმომადგენელი, მაგრამ საოცრად ლამაზი იყო. განსაკუთრებით კი მისი სხივჩამდგარი თვალები მიიქცევდა ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას. სწორედ იმ თავდასხმისას შეიტყო მამაშენმაც კონსტანტინეს ვინაობის შესახებ და მაშინ მოიძულა. მართალია, არც მანამდე ჰქონიათ შესანიშნავი ურთიერთობა, მაგრამ იმ დღის შემდეგ, ლამის მოსაკლავად დასდევდა. ეს რომ მხოლოდ მონების გათავისუფლება ყოფილიყო, შეიძლება დიდი ყურადღება არც მიექცია თავადს ამისთვის, მაგრამ მამაჩემმა იმ დღეს მისი საყვარლობისთვის განწირული ქალიც დაიხსნა, - აქ კაცს სიტყვა გაუწყდა.
უკვე მძიმედ სუნთქავდა. უჭირდა ამ ყველაფრის სიტყვებად გამოთქმა. ბოლოს კი ფეხზე წამოხტა და ფანჯარასთან გადაინაცვლა. მისშტერებოდა მტვრის ნაწილაკებით დაფარულ შუშას და თითქოს იმ ბედნიერ წარსულში მოგზაურობდა, როცა მშობლები ცოცხლები ჰყავდა.
-ბიძინა ამილახვარს თავიდანვე გულში ჰყავდა ჩავარდნილი დედა, უბრალოდ შესაფერის დროს ვერ იხელთებდა ხოლმე, რომ საწადელი აეხდინა. მერე კი მისმა დამქაშებმა ორღობეში მარტო მიმავალი გამოიჭირეს და მაშინვე სხვა მონებთან ერთად გაუყენეს ბათუმისკენ მიმავალ გზას. ბიძინამაც მხოლოდ გემზე ასვლის და მონების დათვალიერების შემდეგ შეამჩნია და მაშინვე თავის კაიუტაში გაგზავნა. შემდეგ კი თავდასხმა მოხდა. დედა მამასთან დარჩა გემზე. უნდოდა უკან დაბრუნება, მაგრამ გულს ვერ უბრძანებო, ნათქვამია. ერთ წელიწადში მე დავიბადე. ამ დროს უკვე მოსისხლე მტრები იყვნენ ამილახვარი და ფალავანდიშვილი, მაგრამ საქვეყნოდ კვლავ პირზე კოცნით იცნობდნენ ერთმანეთს. ბიძინამ ვერ დაივიწყა და ვერ გადაყლაპა, რომ მისი სასურველი ქალი კონსტანტინეს გაჰყვა, კონსტანტინეს ცოლი გახდა და თავად გეგმა ჩაეშალა, მაგრამ ასე საჯაროდ არაფერს აკეთებდა. როცა საქმე ქალს და ამასთანავე იმ საქმეს ეხება, რომლითაც შენი ხაზინის უდიდესი ნაწილი ივსება, ყველა კაცი დაუნდობელი ხდება და ტვინში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ - შურისძიება. მამამ კი ჩემი დაბადების შემდეგ ლამის ხელი აიღო მეკობრეობაზე. სიმშვიდე უნდოდა თავის ცოლთან ერთად, მაგრამ როგორც კი გაიგებდა მოტაცებული ბავშვების ამბებს, თავის მეორე პროფესიას კვლავ უბრუნდებოდა. სწორედ ამით ისარგებლა თავადმაც. მამას მახე დაუგო და ისიც გაება.
აქ მეორედ ჩაუწყდა ხმა ერეკლეს და ქალებისგან შეუმჩნევლად მოიწმინდა ღაწვზე ჩამოცურებული ობოლი ცრემლი. შემდეგ კი ჩაახველა და უფრო მძიმედ განაგრძო, თითქოს ის დღე გაცოცხლებულიყო მის წინ და კვლავინდებურად სრულდებოდა.
-თავდასხმა დღისით მოხდა... მაშინ მეც გემზე ვიყავი. მე და დედა კაიუტაში უნდა ჩავსულიყავით, რადგან ჩემი დაძინება უნდოდა, სწორედ ამ დროს რომ გავარდა პირველი ზარბაზანი. მახსოვს დედამ შეშინებულმა გახედა მამას, მერე კი კიბეებზე დაეშვა და კაიუტაში შემიყვანა. იქ ნოხის ქვემოთ პატარა ოთახი ჯერ კიდევაა. მანდ საჭირო დოკუმენტებსა და რამდენიმე ნივთს ინახავდა ხოლმე მამა. დიდი ადამიანი ვერც ჩაეტეოდა, მაგრამ ოთხი წლის ბავშვისთვის ზედგამოჭრილი იყო. დედამ დამმალა თუ არა და სრულ სიბნელეში დავრჩი, იმ წამს შემოამტვრიეს კაიუტის კარი. ახლაც ყურებიდან არ ამომდის ის ხმა. ნაფოტები იატაკზე დაიყარა. დედას კი შებრალებაც არ უთხოვია. იცოდა, ვინც იყვნენ და თავის დამცირებას ისევ სიკვდილი არჩია. არადა, ბოლო ხმაზე ღრიალებდნენ, დაემხე მუხლებზე, ამილახვარს პატიება სთხოვე და ემთხვიე, თუ სიცოცხლე გინდაო. უარის მიღების შემდეგ ერთ-ერთმა ცხოველმა დედას ხელი გაარტყა. იმ ოთახში დამალულმაც კი კარგად გავიგონე როგორ გაჰკვეთა ჰაერი და დედას სახეში მოხვდა. შემდეგ კი... შემდეგ მათ...
ერეკლეს აღარც სიტყვები ჰყოფნიდა და აღარც ჰაერი.
-აღარაფერი თქვა, გთხოვ, - გამტყდარი ხმით დაილაპარაკა მელანომ და კაცი შეუბრუნებლადაც მიხვდა, რომ უკვე დიდი ხანი იყო ტიროდა.
-ეს ყველაფერიც გადმოცემებით ვიცი, ზოგი რამ მეც მახსოვს, მაგრამ ბევრი რამ მიამბეს, - როგორღაც მოიბრუნა ენა პირში კაცმა, - რადგან თავად ფალავანდიშვილს მემკვირდე არ გამოუჩნდა მისი ქონებაც ამილახვარმა და მისმა თანამზრახველებმა გაიყვეს. მამული მთლად გაანადგურეს და გადაწვეს. იმ დღის მოვლენები უკვე გაბუნდოვანებულია ჩემში, რამდენიმე მომენტის გარდა. დედას ღიმილიან სახესაც კი ვეღარ ვიხსენებ ნორმალურად. ღიმილიანს კი არა, მის სახეს ვეღარ ვხედავ ზოგჯერ. თითქოს ორივენი ფარდის იქით დგანან, მაგრამ არაფრის დიდებით აპირებენ ამ ზღვრის დარღვევას.
-ახლა რას აპირებ, ერეკლე? - დუმილი დედა სიდონიამ დაარღვია და ჩაფიქრებული კაციც სააქაოს დააბრუნა.
-არ ვიცი. ერთადერთ გამოსავლად ახლა მელანოს გათავისუფლება მესახება.
-კარგს იზამ, - განზრახვა მოუწონა ქალმა.
-მაგრამ მთლად შურისძიებაზე ხელის აღებაც არ მინდა.
-ალბათ ამას არ უნდა გეუბნებოდე, ალბათ კი არა, ნამდვილად არ უნდა გეუბნებოდე და პირიქით მიტევებისკენ მოგიწოდებდე, რადგან ქრისტე სწორედ მიტევებას გვასწავლის, მაგრამ შენი სურვილიც სრულად მისაღებია ჩემთვის. რა ვქნა, ბოლომდე თავად ვერ მიპატიებია ჩემი ყოფილი ქმრისთვის.
ერეკლემ თავი დაუქნია და კვლავ სკამს დაუბრუნდა.
-ვხვდები, ვერც გადაგაფიქრებინებ, ამიტომ ერთ რჩევას მოგცემ. თუ შურისძიებაზე ხელს არ იღებ, მაშინ წადი და მიტროფანე ჯაყელი მოძებნე. ოღონდ ჩათვალე, რომ მე არაფერი მითქვამს.
ერეკლე გაოცებული შესცქეროდა ეკატერინე ამილახვარს, რომელსაც ტუჩებზე მკრთალი ღიმილი გადაჰკვროდა. არც მელანო სჩანდა ნაკლებ გაოგნებული, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს.
-ალბათ როგორი დაღლილები ხართ, მე კიდევ აქ დაგაყუდეთ. წამომყევით, ცოტა ხანს მოგასვენებთ, ოღონდ დილით ადრიანად უნდა გახვიდეთ. სტუმრებს ვღებულობთ, მაგრამ...
თავი გადააქნია ქალმა და სიბნელეს ისე ბუნებრივად შეერწყა, თითქოს მისი ნაწილი ყოფილიყოს.
იმ ღამით მელანო დედის გვერდით იწვა და მას ეხუტებოდა. ბოლოს ასე სულ პატარა რომ იყო, მაშინ ეხვეოდა. დედამ სანამ ყველაფერი არ გამოჰკითხა, მანამ არ მოუხუჭავს თვალი. შემდეგ დაღლილობამ სძლია ქალს. მელანოს კი რაზეც არ უნდა წამოეწყო ფიქრი, ბოლოს რაღაც მანქანებით მაინც ის მომენტი ახსენდებოდა, როცა ერეკლემ აკოცა. რა იგრძნო იმ წამს? ალბათ ფორიაქი. რომელი ქალი არ აფორიაქდებოდა, მისთვის პირველი კოცნა ერეკლესნაირ მამაკაცს რომ მოეპარა?! ვის არ აუჩქარდებოდა პულსი და გულისცემას ყურებში არ იგრძნობდა?! თითები ბაგეებზე გადაიტარა და თითქოს ისევ ისე აუფართხალდა მკერდის ქვეშ დამალული ორგანო, როგორც იმ წამს. ეგონა, რომ მისი გულის ხმა დედამისსაც კი ესმოდა. გონებაგაფანტულმა ისიც კი ვერ შენიშნა, როგორ შემოათენდა და მამალმაც რამდენჯერმე იყივლა.
დედასთან გამომშვიდობება იმაზე უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე პირველად, სამშობლოს რომ ტოვებდა. იმდენ ხანს ეხუტებოდა, გეგონებოდათ ქალის სხეულში შესისხლხორცება უნდაო, რომ აღარასდროს გაეშვა. ბოლოს ისევ ეკატერინემ მოიცილა ქალიშვილი და კაცს გადააბარა მისი თავი. ერეკლემ წამით შეავლო თვალი მელანოს, შემდეგ კი დედაო გაიხმო განზე და ლამის ჩურჩულით გაანდო თავისი სათქმელი. ქალმა ოდნავ ჩაიღიმა, თვალით გაზომა, შემდეგ მათ მოცქირალ მელანოს გახედა და ბიჭს თავი დაუქნია. ერეკლემ მაშინვე დაიჩოქა და ჯერ კაბის კალთაზე ეამბორა ქალს, შემდეგ კი ხელზე. ქალმაც ჩურჩულით დაუბრუნა პასუხი. შემდეგ კი ჭიშკრამდე მიაცილათ და იქამდე უცქერდათ, სანამ თვალს არ მოეფარნენ.
„პოსეიდონზე“ დაბრუნებულებს არც ისე კარგი ამბავი დახვდათ. ქარიშხალს გემის რაღაც ნაწილი დაეზიანებინა, მაგრამ მისი აღდგენა მოეხერხებინათ. სამაგიეროდ ქარიშხალთან მებრძოლი მეზღვაურების უყურადღებობით დარეჯანსა და ამილახვრის იმ ორ კაცს ესარგებლათ და გაქცეულიყვნენ. ერეკლე ცოფებს ყრიდა, ლამის მთელი ეკიპაჟი შერისხა, მაგრამ მომხდარს რაღა ეშველებოდა? 
თავი 6
იმ ღამით ისე უჩუმრად ამოცურდა ცაზე ახალი მთვარე, თითქოს შექმნილი მყუდროების დარღვევას ერიდებაო. მკრთალი თეთრი სინათლით აავსო გარემო და ბოლოს ტალღების უბეში მშვიდად მოქანავე „პოსეიდონსაც“ მიადგა. იმ ღამით ზღვაც კი დამშვიდებულიყო. თითქოს ისიც ერიდებოდა „პოსეიდონის“ კაიუტაში მძინარე ასულის სიმშვიდის დარღვევას. კარის თავზე დაკიდებული ზეთის ლამპები დიდი ხნის წინ ჩამქვრალიყვნენ და ახლა, როცა მთვარის ნათელმა კაიუტაშიც შეაღწია, კარგად გამოჩნდა საწოლში მწოლიარე ქალი, რომელსაც დახუთული ჰაერისა და სიცხის გამო ზეწარი გადაეხადა და მხოლოდ ღამის პერანგის ამარაღა იყო დარჩენილი. კოჭამდე სიგრძის პერანგიც მშფოთვარე ძილის გამო დაგრაგნილიყო და მუხლებს ზემოთ სუროსავით შემოხვეოდა ამილახვრის ასულის ხორბლისფერ ნატიფ ფეხებს. ქალმა ხმადაბლა დაიკვნესა და მხარი იცვალა. თითქოს ცდილობდა, თავი დაეხსნა იმ მშფოთვარე ძილისგან, რომელიც ემოციურად დამღლელი დღეების შემდეგ სწვეოდა. გადაბრუნებას მისი პერანგის სხეულზე უფრო მეტად შემოტმასვნა და მეტი სიშიშვლე მოჰყვა. გულ-მკერდზე გადაღეღილმა ნაჭერმა კარგად გამოაჩინა ქალის სავსე მკერდი და დაბერილი ვარდისფერი კერტები, საალერსოდ რომ იწვევდნენ რჩეულს და ღამის კოშმარისგან გათანგულს სწრაფად აუდ-ჩაუდიოდნენ.
რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ კაიუტის კართან რაღაც გაფაჩუნდა, თითქოს თაგვმა ჩაირბინაო. შემდეგ კი ძალიან ჩუმად, ჩქამის გამოუცემლად კარი გაიღო და კაიუტაში ლანდი შემოიჭრა. საიმედოდ დაკეტა ზურგს უკან ხის ნაჭერი და მთვარის ნათელით მოცული მძინარე ასულისკენ დაიძრა. სუნთქვისშემკვრელად ლამაზი იყო მელანო მისთვის. ამის დაჯერების უფლებას აქამდე უკრძალავდა საკუთარ თავს, მაგრამ ახლა რაღაც შეცვლილიყო. საწოლზე ფრთხილად ჩამოჯდა და მძინარე ქალს დააკვირდა, რომლის ჩალისფერი დალალები მთელს ბალიშზე გაფანტულიყო. რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, წამითაც კი არ გაჰქცევია თვალი მისი მოშიშვლებული სხეულისკენ, მხოლოდ გამოკვეთილ ყვრიმალებსა და სიცხისაგან აწითლებულ ლოყებზე აკვირდებოდა, შემდეგ კი ხელი მისი არეული თმისკენ გააცურა და ნაზად მიეფერა. იმ წამს მთელი გულით სურდა ამილახვრის ასულს თავისი მელანივით ლურჯი და უძირო თვალები გაეხილა და მისთვის იმ აწყლიანებული მზერით შეეხედა, როგორც სჩვეოდა ხოლმე, იქიდან წაყვანას და დაცვას რომ სთხოვდა. ქალმაც თითქოს ისმინაო მისი ფიქრები. დაჟინებული მზერისგან სახეამწვარმა წამსვე დაახამხამა თვალები და გრძელი წამწამების ქვემოდან ამოხედა.
-ერეკლე... - დაიჩურჩულა ნამძინარევი ხმით. მის წინ მანდვილად „პოსეიდონის“ კაპიტანი იჯდა, თანაც ტანსზევით შიშველი და სულ მთლად უთიშავდა გონებას ქალს.
-ვერ გაგიშვებ, მელანო, არ შემიძლია, - ჩამწყდარი ხმით ძლივს ამოღერღა კაცმა და ყბადაჭიმულმა თვალები დახუჭა.
-ხოდა არ გამიშვა, - მთლად აწითლებულმა ქალმა ჩურჩულითვე დაუბრუნა პასუხი.
ერეკლეს წამით ეგონა, რომ მოესმა ან მოეჩვენა ის, რაც მელანომ უთხრა. მაშინვე გაახილა თვალები და კვლავ იმ მზერას გადააწყდა. სულ რამდენიმე წამით უყურა იმ აწყლიანებულ ლურჯ თვალებში, შემდეგ კი ამილახვრის ასულისკენ გადაიხარა, ცალი ხელი კისერზე შეუცურა, თავისკენ მიიზიდა და ქალის ძილისაგან აღუებულ ბაგეებს დაეპატრონა. არც მელანოს გაუწევია წინააღმდეგობა, პირიქით, მანაც შეუცურა კისერზე თავისი სუსტი მკლავები და შეეცადა ერეკლეს ტუჩების მოძრაობას აჰყოლოდა. კაცმა ჯერ ფრთხილად აასრიალა ხელი ქალის ფეხებზე, შემდეგ კი, როცა წინააღმდეგობას ვერ წააწყდა, ერთი ხელის მოსმით მოაცილა სხეულიდან დაგრაგნილი ღამის პერანგი და დედიშობილა ასულს თვალი შეავლო. მელანოს შერცხვა და აწითლებულმა მაშინვე თავი დახარა, მაგრამ მამაკაცმა არ დაანება. ერთი ამოიოხრა და საბოლოოდ მისცა ვნებას უფლება მთლიანად დაჰპატრონებოდა მას. ამჯერად ნაზი კოცნებით დაუყვა მელანოს გედივით კისერს და მუცლამდე ჩავიდა. ფაქიზად შეეხო ხელებით ქალის სწრაფად მოძრავ მკერდს, თითქოს რაიმე წმინდას ეხებოდა, რომლის წაბილწვაც არ სურდა, შემდეგ კი ტუჩებით ჩაანაცვლა საკუთარი მკლავები და მათ ქალის წვრილ წელზე მიუჩინა ადგილი.
-ერეე...ეეკლეეე... - ამოიკვნესა ქალმა და თვალები მინაბა.
თითქოს ამას ელოდაო, ფრთხილად მოიქცია მელანოს მკვრივი სხეული საკუთარ ტანქვეშ და კვლავ ბაგეებზე დააკვდა. მამაკაცი აქამდე უცნობ სიამოვნების მორევში ითრევდა ამილახვრის ასულს და ისიც თავდავიწყებული იღებდა, მასთან ერთად ბორგავდა და სუსტ მკლავებს მთელი ძალით ხვევდა მასზე მოქცეულს.
რამდენიმე წუთში ან საათში, როდესაც ვნება ჩაცხრა, კაცი ზურგზე გადაწვა და აკანკალებული ქალი საფეთქლით მიიკრო მკერდზე. მელანოს თვალები მიენაბა და ღრმად სუნთქავდა. ამდენ ხანს დავიწყებულმა სინდისის ხმამაც იჩინა თავი და მხოლოდ ახლაღა გაახსენდა გამზრდელი ბებია, რომელიც ალბათ გაკიცხავდა და სამაგალითოდ დასჯიდა ამ ურცხვი საქციელის გამო. ოჯახის შემარცხვენელს დაუძახებდა და ისეთ მწარე სილას გააწნავდა, როგორც ბავშვობაში სჩვეოდა, როცა მის ძმებს ასილაქებდა. მაგრამ ახლა ბებიაზე ფიქრებს და სინდისის ხმასაც ბედნიერების გრძნობა აბათილებდა. რამდენიმე დღის წინ ასეთ რამეს ვერც კი წარმოიდგენდა, მაგრამ ახლა ერეკლეს ეხვეოდა მთელი ძალით და მამაკაცისგანაც იმავეს გრძნობდა.
ერეკლემ ფრთხილი მოძრაობით გადააფარა იქვე მიკუჭული ზეწარი მის მკერდზე მიკრულ ქალს და საფეთქელზე ნაზად აკოცა.
-ხომ იცი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ არსად აღარ გაგიშვებ? ვერ გელევი, არ შემიძლია. მინდა, რომ სულ ასე, ჩემს მკალვებში მოქცეული მყავდე, რათა დარწმუნებული ვიყო, კარგად ხარ, ჩემთან ხარ და არაფერი გემუქრება, - მშვიდი ხმით ჰკითხა და თან ქალის აწითლებულ ღაწვებზე დაატარებდა თითებს.
-ვიცი, - კვლავ აწყლიანებული თვალებით ახედა ქალმა და თავადაც მიეფერა სახეზე, შემდეგ კი ცრემლები გადმოყარა.
-ჩშშ, მელანო, ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება. გეფიცები, ყველაფერს გავაკეთებ შენ გამო.
კაცმა მისი სახე ხელებში მოიქცია, ფრთხილად მოაცილა ღაწვებზე ჩამოდენილი უფერული მარილიანი ბურთები და ორივე თვალი დაუკოცნა.
-არა, ერეკლე, - თავი გააქნია ქალმა, - მხოლოდ ჩემ გამო კი არა, ამას ორივეს გამო უნდა აკეთებდე...
მაგრამ კაცმა აღარ დაასრულებინა სიტყვა, კვლავ მკლავებში მოიქცია ქალის სუსტი სხეული და ბაგეებზე დაეკონა.
მეორე დღეს ნაპირიდან ახალდაბრუნებულმა ერთ-ერთმა მეზღვაურმა ამბავი მოიტანა, ხმა გავრცელდა ქარიშხლის დროს მეხი გავარდნილა რამდენიმე ადგილას და ერთ-ერთი იმ სახლს დასცემია, სადაც ამილახვრის კაცები და დარეჯანი აფარებდნენ თავსო. სახლი მთლად გადამწვარა და ვერავის გადარჩენა მოუხერხებიათო. მეორე ამბის თქმამდე კი ალმაცერად გახედა მელანოს, მაგრამ ბოლოს მაინც ამოთქვა. ამილახვარს წუხელის დედა გარდასცვლია და ახლა ყველაფერი თავად ალექსანდრეს აქვს მინდობილიო. ერეკლემ თავის დაქნევით ანიშნა და კაციც გავიდა.
-მელანო, მელანო, ხომ კარგად ხარ? - ხელის შეშველება დასჭირდა ქალისთვის, რომ არ ჩაკეცილიყო, - მელანო, ნუ მაშინებ.
-ბებო აღარ არის, გესმის ერეკლე? - უკვე ცრემლები სდიოდა სახეზე და ერეკლეს მკერდს აფარებდა თავს, - მელანია ბებია აღარ არის და მე...
-უკან დაბრუნება გინდა? - ხმა ჩაუწყდა კაცსაც.
-ერეკლე, გაიგე, მან გამზარდა, მან შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ ასეთი ვყოფილიყავი. არ შემიძლია, უკანასკენლ გზაზე მაინც არ გავაცილო.
-მესმის შენი. წარმომიდგენია როგორ გიმძიმს ახლა, მაგრამ...
-ერეკლე, გთხოვ.
კაცმა მხოლოდ წამით შეხედა მელანოს აწყლიანებულ თვალებს. შემდეგ მისკენ გადაიხარა და ორივე მათგანზე ეამბორა.
-კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა, - ამოოხვრას ამოაყოლა სიტყვები და უფრო მაგრად ჩაიკრა ქალი, - ოღონდ უნდა დამპირდე, რომ თავს გაუფრთხილდები!
-ჩემს სახლში ვიქნები, ერეკლე, იმაზე უფრო დაცულ ადგილას, ვიდრე „პოსეიდონია“. არა, არ ვაკნინებ შენს გემს, უბრალოდ ხომ გესმის?
-საფრთხე ნებისმიერ კუთხეში შეიძლება იყოს ჩასაფრებული. არ მინდა, შენი გაშვება.
-მაგრამ უნდა გამიშვა. რაც არ უნდა მოხდეს, ახლა სიმართლე ვიცი და... - ქალი სახეზე წამოწითლდა და მზერა აარიდა ერეკლეს.
-და რა, მელანო?
-მე შენს მხარეს ვარ, ერეკლე.
-მოიცადე, აბა, რა იყო ის შენი გამოსვლა გემბანზე ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, ჩემიანებს არასდროს ვუღალატებო?
-ახლა ჩემი ოჯახი შენ ხარ. ასეა, როცა ქალს უყვარდება. მასში გარდატეხა ხდება, რაც არ უნდა პრინციპული იყოს, მაინც მოუწევს მათზე გადაბიჯება და სამუდამოდ ეთხოვება თავის ოჯახს. შემდეგ კი მხოლოდ იმაზე ფიქრობს და ზრუნავს, ვინც მის მომავალს წარმოადგენს. ამიტომ არასდროს აქვთ ხოლმე ოჯახის უფროს მამაკაცებს ქალიშვილების იმედი. ქალი გათხოვდება და წავა, თავად კი მხოლოდ ბიჭები რჩებათ. ან მარტო რჩებიან თუ მხოლოდ ქალიშვილი ჰყავდათ. შეიძლება მამაჩემს ეგონოს, რომ მე კვლავ მისი მჯერა, რადგან მას სიმართლე არ ეცოდინება, მაგრამ მე შენ გეკუთვნი უკვე, ერეკლე, და ამას ვეღარაფერი შეცვლის.
-არც კი ვიცი, რითი დაგიმსახურე, - ამოთქვა კაცმა და კვლავ წაეტანა მელანოს ბაგეებს.
***
ამილახვრების მამულამდე რამდენიმე მეტრიღა რჩებოდა, როცა ერეკლემ ცხენი შეაჩერა და მელანოს ჩამოსვლაში მიეშველა. მამულისთვის ზურგიდან მოევლოთ და ახლა ტყის განაპირას იდგნენ.
-ხომ გახსოვს, რაც უნდა თქვა, როცა გაქცევის შესახებ გკითხავენ? - ქალის სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და ნაზად ეფერებოდა.
-არ ინერვიულო, მახსოვს.
-კარგი. რამდენიმე წუთში დავითიც გამოჩნდება და ის მიგიყვანს სახლამდე. მის გარდა არავის ვენდობი. თუ ჩემთან დაკავშირება მოგინდება, მას სთხოვე და აუცილებლად მიპოვნის.
-ანუ დავითი, - ჩაეცინა ქალს, - ამიტომაც მითხარი მაშინ, რომ მამაჩემის მსახურებიდან მხოლოდ ის მოგწონდა?
-არა, უბრალოდ კარგად ვიცნობ და თავისუფლადაა შესაძლებელი მიენდოს ყველაზე ძვირფასი. თანაც ვინმე ხომ უნდა მყოლოდა, ვინც თავადი ამილახვრის ყოველ ნაბიჯს შემატყობინებდა, არა?
ამასობაში ჰორიზონტზე ამილახვრის მოურავის სილუეტიც გამოჩნდა.
-გამარჯობა, - მიესალმა ორივეს და ოდნავ მოშორებით დადგა.
-მელანო, დარწმუნებული ხარ? - ბოლოჯერ იკითხა ერეკლემ და თვალებში ჩახედა.
-სრულებით. ნუ ინერვიულებ, გთხოვ, აქ მართლა არაფერი მემუქრება. თანაც შენი კაციც გყოლია და გაგაგებინებს, როგორ ვიქნები.
ერეკლემ თავი დაუქნია, ოდნავ გადაიხარა და ზედ ტუჩებზე დასჩუჩულა.
-მიყვარხარ, ამილახვრის ასულო! - შემდეგ კი ძალიან ნაზად შეეხო მათ.
ერეკლე მალევე მოსცილდა, უკანმოუხედავად შეჯდა თავის ცხენზე და წავიდა. უკან რომ მოეხედა, ალბათ ვეღარც მელანოს გაშვებას შეძლებდა. ახლა კი გულდამშვიდებით შეეძლო იმაზე ფიქრი, როგორ ეძია შური ბიძინა ამილახვარზე.
***
სახლის ჭიშკარიცა და კარებიც ფართოდ გაეხსნათ, მაგრამ სოფლებისგან განსხვავებით არც წივილ-კივილს ხმა გამოდიოდა და არც ტირილის. მაღალ საზოგადოებაში მიუღებელ ტონად ითვლებოდა მსგავსი რამ. ეზოში შევიდა თუ არა, მაშინვე ყველა მას მიაცქერდა და რატომღაც თავი უხერხულად იგრძნო. მაგრამ სახლამდე ნაბიჯი არ შეუნელებია. პირდაპირ იქითკენ წავიდა, სადაც ბებია იყო დასვენებული. მერე რა, რომ შეუფერებლად ეცვა. სულ არ ანაღვლებდა. ოთახში შესვლისას კი ცრემლები წასკდა და ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. ვინ ეხვეოდა, ვინ ეფერებოდა, არც კი შეუმჩნევია. არავის დასმულ შეკითხვას არ აქცევდა ყურადღებას. მხოლოდ ოთახის შუაგულში დასვენებული სასახლისკენ გაურბოდა მზერა, გარშემო ყვავილის კონები რომ შემოელაგებინათ. ვერავინ გააჩერა. ატირებული გადაემხო ქალის გაყინულ სხეულს და თითქოს მხოლოდ ამ სიცივის შეგრძნებისას გააცნობიერა რეალობა. ეს კი იმაზე უფრო მწარე და მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე „პოსეიდონზე“ ამ ამბის გაგება. რთულია იმის გაანალიზება, რომ შენი საყვარელი ადამიანი ასე მოულოდნელად გეცლება ხელიდან და მის სითბოს ვეღარასდროს შეიგრძნობ. იგი აღარ მოვა შენს საწოლთან, აღარ ჩამოგიჯდება და თმებზე ნაზი ფერებით ვეღარ გაგაღვიძებს. მერე რა, რომ მელანია ამილახვარი ყველაზე მკაცრ და ცივ ქალბატონად ითვლებოდა?! მას მელანოსთვის არადროს დაუკლია არც სითბო და არც სინაზე. პირიქით, ხშირი იყო შემთხვევები, როცა მის ძმებს ტუქსავდა და გოგონას კი უფრო მეტის უფლებას აძლევდა. ცხოვრებაში ისედაც ხშირად დაიჩაგრები, რადგან ქალად გაგაჩინა ღმერთმა და ცოტა ხანს მაინც იყავი ასეთი ლაღიო.
მელანო ლამის პანიკაში ჩავარდა, როცა სასახლისგან მისი მოცილება გადაწყვიტეს, მაგრამ მაინც გამოუვიდათ. „პოსეიდონზე“ გატარებულ დღეებსა და ზღვის ავადმყოფობას თავისი კვალი მაინც დაემჩნიათ ქალის სხეულისთვის და მისი აწევა არც ერთ მამაკაცს არ გაუჭირდებოდა. ახლა დავითს ეჭირა ხელში და თავისი ოთახისკენ მიჰყავდა. უკან კი თავადი ამილახვარი მიჰყვებოდათ.
-მელანო, ჩემო პატარავ, - გაიხურა თუ არა კარი დავითმა, მაშინვე მოეხვია შვილს და გულში ჩაიკრა, - აქ როგორ აღმოჩნდი? ნუთუ სასწაული მოხდა?
-ქარიშხლის დროს მოვახერხე გამოქცევა, - ქალს ჯერ კიდევ გული ჰქონდა ამომჯდარი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა, მაგრამ ის ადგილები ეწვოდა, სადაც ბიძინა ეხებოდა. მაინც მომხდარიყო ის გარდაუვალი გარდატეხა მის სხეულში, რომელმაც მამასადმი ნდობა დააკარგვინა. - მერე კი ვიმალებოდი, რომ არავის ვეპოვნე. აქამდეც ძლივს ჩამოვაღწიე.
-პირობას გაძლევ, ამას არავის შევარჩენ! მთავარია კარგად ხარ და არავის არაფერი დაუშავებია შენთვის? - ბოლო სიტყვებს კითხვის ფორმა მისცა ამილახვარმა და გამომცდელად დააკვირდა ქალიშვილს.
-არა, მამა, ყველაფერი კარგადაა, - მელანომ ნაღვლის გემო იგრძნო პირში, არ მოსწონდა, ტყუილის თქმა, მაგრამ ზოგჯერ ესეც საჭიროა, - ბებია...
-ორი დღის წინ მოხდა. ვეღარ გაუძლო შენზე ნერვიულობას და...
-არა! - ქალს კვლავ ისტერიკა დაეწყო, როცა გააცნობიერა, რომ ბებიას სიკვდილი მისი ბრალი იყო, - არა, არა! არ შეიძლება ეს მომხდარიყო! ჩემი ბრალია! ჩემზე ნერვიულობას გადაჰყვა!..
ამილახვარმა ძლივს დაამშვიდა შვილი. ექიმის მოყვანაც კი დასჭირდა ტფილისიდან. მან დამამშვიდებელი ნაყენი დაალევინა ქალს და მელანოც უსიზმრო ძილში გადაეშვა.
პანაშვიდების დროს ძაძებში გამოწყობილი მელანო წამითაც კი არ ტოვებდა ბებიას სასახლეს. აღარც ცრემლი შერჩენოდა თვალზე და კანსაც თითქოს მიცვალებულის ფერი მიეღო, მაგრამ ვერავინ შეძლო და გადაარწმუნა, რომ მასაც სჭირდებოდა დასვენება.
ივლისის შუა რიცხვები იდგა. იმ დღეს საშინელი სიცხე დაიჭირა მთელს ქართლში და პროცესიას ძალიან უჭირდა მსვლელობა. ოფლშიგაღვითქული მამაკაცები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სასახლის ზიდვაში და ძლივს ააღწიეს იმ გორამდე, სადაც აკლდამა იდგა. მელანო წინა დღეს ჩამოსულ თავის უმცროს ძმას ეყრდნობოდა მკლავზე და სასახლისთვის თვალმოუშორებლად მიიწევდა წინ. ბევრჯერ წაბორძიკდა ქვიან გზაზე, ფეხიც გადაუბრუნდა და იტკინა, მაგრამ არ ჩერდებოდა. ფიზიკური ტკივილი ახლოსაც კი ვერ მიდოდა სულიერთან, რომელსაც ბებიას გარდაცვალებას მიეყენებინა მისთვის. მელანია ამილახვარი მისთვის უკვე გამზადებულ აკლდამაში დაასაფლავეს ქმრის გვერდით.
***
ერთი კვირა გავიდა მელანია ამილახვრის დასაფლავებიდან და ბიძინამ კი ქალიშვილი მოხუცებულის ოთახს ვერ მოაშორა. რა აღარ იღონა, გოგონასთვის სახეზე ღიმილის დასაბრუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. მელანო დღეებს ტირილში ატარებდა, ხშირად საჭმელზეც უარს ამბობდა და დასუსტებული თავსაც კი ვერ სწევდა ხოლმე. ძმების დაბრუნებამაც კი ვერ უშველა. სამივეს გადაეხვია, მკრთალად გაუღიმათ და კვლავ ბებიას ოთახში დაბრუნდა.
მართალი ყოფილა, როცა ამბობენ, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ უჩინარდება და დავიწყებას ეცემაო. დასაფლავებიდან მეორე დღესვე აღარ ახსოდა ბიძინას წინა დღეს რომ დედა დაკრძალა და ცხარე ცრემლით დაიტირა. თავადს ხშირად კონფლიქტი ჰქონდა ხოლმე ქალთან და ერთმანეთს ვერ უგებდნენ და თითქოს შვებაც კი იგრძნო, როცა ექიმმა დარწმუნებულმა განუცხადა სამწუხაროდ დედათქვენი გარდაიცვალაო. სამაგიეროდ მელანოს დაბრუნებამ დიდად გამოუკეთა გუნება და პანაშვიდის დროსაც კი ღიმილი არ შორდებოდა მის ტუჩებს. ხალხს ეგონა, ხომ არ შეშლილა თავადი, რა ნახა სამხიარულო და სასაცილოო, მაგრამ რეალურ მიზეზს ვერავინ იგებდა.
***
-მელანო, გარეთ გამოდი, თუ შეიძლება, - ერთი კვირის თავზე დედამისის ოთახში თავი შეყო ამილახვარმა და საწოლზე მისვენებული თვალებმილულული მელანო გამოაფხიზლა.
-რა ხდება, მამა?
-გახსოვს, ვახსენე, შენთვის სიურპრიზი მაქვს-მეთქი? ხოდა, ჩამოვიდა ის შენი სიურპრიზი.
-კარგი რაა, მამა. რა საჭირო იყო?! - შეიცხადა გოგომ, ფრთხილად წამოდგა, რომ არ წაქცეულიყო და ხელმკლავი გამოსდო კაცს.
-საჭირო იყო, საჭირო.
ნელა გაიარეს მისაღები ოთახი და მთავარი კარიდან გავიდნენ ეზოში. აქ კი მელანოს სრულიად მოულოდნელი სანახაობა გადაეშალა თვალწინ. თავისი მეგობარი ალისა, რომელიც საფრანგეთში სწავლისას გაიცნო, ახლა მის ეზოში დაატარებდა ცხენს და უკან დადევნებულ თავის მსახურებსა და უმცროს ძმას აწვალებდა. ქალს მამაკაცის ტყავის საჯირითო შარვალი და მუხლამდე ჩექმები ეცვა, ხელში კი დაწნულ მათრახს ოსტატურად ატრიალებდა.
-არც კი მჯერა, - სახეზე ხელები აიფარა მელანომ და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გულიანად გაიცინა, - წარმოუდგენელია! ალისა აქ რას აკეთებს, მამა?
-შენ რომ გაგიტაცეს, რამდენიმე კვირაში მოგვივიდა მისგან წერილი. მერე კი სულ გადაგვავიწყდა, რომ შენთვის გვეთქვა.
-მადლობა, მადლობა, მამა, - გადაეხვია კაცს, შემდეგ კი სტუმრებისკენ დაიძრა.
-მელანია, ჩემო ძვირფასო! - წამოიძახა ალისამ და ცხენი გააჩერა, - როგორ მომენატრე! - შემდეგ კი თავის უკან მდგომ ერთ-ერთ მამაკაცს მიუბრუნდა, - აბა, თუ მიხვდე, რომ ცხენიდან ჩამოსვლა მინდა და დამეხმარო!
მამაკაციც მაშინვე მივიდა ცხენთან, აღვირში ჩაეჭიდა, რომ გაეჩერებინა და ქალს ხელი გაუწოდა. მაგრამ ალისამ ხელი უკრა და მათრახით დაჩოქებისკენ მოუწიდა. მამაკაცმაც სასწრაფოდ შეასრულა უსიტყვო მოთხოვნა და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა.
-დავით, რა ზრდილობაა ეს? მე ეტლი არ გაგატანე ქალბატონის დასახვედრად? რა მოხდა? მხოლოდ შენ და ალისა რატომ სხედხართ ცხენებზე და მისი ძმა უკან ფეხით მოგყვებათ? - დაუძახა თავადმა ამილახვარმა კაცს, რომელსაც ცხენიდან ჩამოსვლა და მისი ღობეზე მიბმა მოესწრო, - ან კიდევ არ უნდა დაეხმარო ქალბატონს ცხენიდან ჩამოსვლაში? - და თავით ალისაზე ანიშნა, რომელიც მაშინვე გაჩერდა და ცხენიდან ჩამოსვლის ნაცვლად უკეთესად მოთავსდა უნაგირზე.
-მართალია! - ფრანგულად აჭიკჭიკდა ალისაც და თან ცხენს მოეფერა, - ნუთუ, ამათგან განსხვავებით, - და უკან მდგომ მამაკაცებზე ანიშნა მათრახის წვერით, - ცოტაოდენი შეგნება მაინც არ გაგაჩნიათ, რომ დაღლილ ქალბატონს ცხენიდან ჩამოსვლაში მომეხმაროთ?
დავითმა ბოდიშის ნიშნად თავი დაუკრა ამილახვარს, შემდეგ კი კბილების ღრჭიალით მოუახლოვდა ცხენს და ხელი გაუწოდა ქალს.
-ოო, არა, არა, - გადაიკისკისა ალისამ და დავითს მარჯვენა მათრახის ტარით გააწევინა, - ასე არ გამოვა. ნუთუ გგონია, რომ ჩემით შევძლებ ჩამოსვლას? არა, ძვირფასო, არა! - თქვა ისევ ფრანგულად და კაცს თავის წელზე ანიშნა.
დავითმა მხოლოდ ნაძალადევი ღიმილით უპასუხა, მძლავრად შემოაჭდო ქალის წვრილ წელს თავისი დაძარღვული ხელები, ფრთხილად ასწია და ისე დასვა მიწაზე.
-მელანო, ვერ მითხარი, ასეთი აპოლონები თუ არსებობდნენ ამ დალოცვილ მხარეში? - კვლავ ფრანგულად ჰკითხა მეგობარს და თავით მიმავალ დავითზე ანიშნა, რომელიც სახლისკენ მიდიოდა თავადთან ერთად, - აქამდე ჩამოგაკითხავდი და შენც ძალით წამოგიყვანდი. ისე, ეს მიქელანჯელოსი ვინ არის?
-დავითი, - სიცილით გაეპასუხა მეგობარს და ხელმკლავი გამოსდო, - მამაჩემის მოურავია.
-მართლა დავითია, - აღმოხდა ალისას და მზერით ამოუშანთა მამაკაცს ჩოხაში გამოკვეთილი განიერი ბეჭები.
-მართალი ხარ, დავითია, დავითი. დავითი ჰქვია სინამდვილეშიც.
-პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც სახელს ასე ამართლებს.
-გაფრთხილებ, ფრანგული მშვენივრად ესმის. ბავშვობაში ჩემთან ერთად სწავლობდა ხოლმე. მართალია, მამაჩემი ამის მომხრე არ იყო, მაგრამ მე ვთხოვდი და მასაც უშვებდა ხოლმე გაკვეთილებზე.
-ვიცი, რომ ფრანგული მშვენივრად ესმის. აბა, ჩემს მოთხოვნებს ისე როგორ შეასრულებდა? - იკითა ეშმაკური ღიმილით ქალმა და სავარძელზე მოთავსდა.
-არ მეტყვი, რა ჩაიდინე? დავითი ასეთი ჯერ არასდროს მინახავს. მისი გაგიჟებაც მოახერხე, არა?
-მე ვის გაგიჟებას ვერ მოვახერხებ? - გადაიკისკისა ალისამ და თავის მსახურებს დაუბღვირა, რომლებსაც მისი სკივრები შემოჰქონდათ, - ცოტა ფრთხილად, ჩინური აბრეშუმი აწყვია მანდ!
***
-დათო, - უკვე კარგად დაბნელებულიყო და ეზოს ნავთის ლამფებით ანათებდნენ, მელანომ რომ დაუძახა ბავშვობის მეგობარს, - დამელოდე.
ქალს როგორც იქნა გარეთ გამოსვლა გადაეწყვიტა და ოჯახის წევრები ამით ძალზედ აღფრთოვანებულნი იყვნენ.
-რა მოხდა, თავადის ასულო? - მოწიწებით ჰკითხა მოურავმა და კაკლის ქვეშ გაჩერდა.
-კარგი რაა, - მაშინვე გაწყრა მელანო, - რა თავადის ასულო?! მასე მიცნობ?
-მაპატიეთ, მაგრამ...
-დავით! - უფრო გაიმკაცრა ხმა მელანომ.
-კარგი, ბოდიში, - გაიღიმა კაცმა და გარემო მოათვალიერა, - რამე გინდოდა, მელანო?
-აი, ასე. ეს უკვე სხვა საქმეა, - ქალმაც გაიღიმა, ხელმკლავი გამოსდო და ბაღის ბილიკს დაადგა, - არ მომიყვები, რა ჩაიდინა ალისამ ისეთი, იმ სახით რომ მოძრაობდი მთელი დღე? თავად არაფერს ამბობს და შენ მაინც მითხარი, რაა.
-მაპატიე, მაგრამ შენი მეგობარი გიჟია! - დაიღრინა კაცმა და ალისას გახსენებისას თავი გადააქნია, - მაგრამ მოგიყვები.
ამილახვრების ბაღი შეღამებულზეც კი სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა. ეკატერინე ამილახვარს წლები დასჭირდა მსგავსი სამოთხის შესაქმენლად, სადაც თავის შეფარება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგეძლებოდათ და სწორედ მშვენიერი ადგილი იყო იმისთვის, რომ დავითს თავს გადამხდარი ამბავი მოეთხრო თავადის ასულისთვის.

თავი 7
"იმ დილით დავითს ისედაც თავი სტკიოდა, მაგრამ ხმისამოუღბლად დამორჩილდა თავადს და ბათუმში წავიდა მნიშვნელოვანი სტუმრის დასახვედრად. თავად ცხენზე იჯდა და უკან მიჰყვებოდა ორცხენიან ეტლს. იმ ღამით ქუთაისის მისადგომებთან დაბანაკდნენ, მეორე დღეს კი კვლავ გზა განაგრძეს. იმ დღეს კიდევ უფრო გამძაფრებოდა თავის ტკივილი. თითქოს წინასწარ ანიშნებდა რაღაცას, მაგრამ დავითს მისი ენა ჯერ ვერ გაეგო. ბათუმამდე გზა თითქოს გაიწელა. მზემაც დააჭირა და შავ ჩოხაში გამოწყობილ დავითსაც ოფლმა დაასხა. მკლავით შეიწმინდა სახეზე ჩამოდენილი ოფლი, მათარიდან წყალი მოსვა და როგორც იქნა, გამოჩნდა კიდეც ზღვის ნაპირზე გადაშლილი ქალაქი. პირდაპირ პორტისკენ წავიდა, სადაც უკვე ჩამომდგარი დახვდა გემი და მგზავრები ბორტს ტოვებდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი კი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ყველა დანარჩენისგან. ჯერ იყო და მეზღვაურებს ეჩხუბებოდა, ოღონდ დავითმა კარგად ვერ გაარჩია რის გამო, იმდენად სწრაფად საუბრობდა, შემდეგ კაპიტანზე გადავიდა და აქ კი ნამდვილად გაიგონა ამილახვრის მოურავმა, რომ კარგს არაფერს ეუბნებოდა კაცს. კაპიტანი გადაფითრებული იდგა (დავითი მხოლოდ მას ხედავდა) და სიტყვის თქმასაც კი ვერ ახერხებდა, თან შეშინებული უკან-უკან იხევდა. შემდეგ ქალი ფრანგულიდან სულ სხვა ენებზე გადაერთო და ახლა ყველა იმ ენაზე ბრაზობდა და კაპიტანს თავს ლაფს ასხამდა, რაც კი იცოდა. დავითმა თავი გადააქნია. შეუძლებელია ეს ქალი ყოფილიყო მათი სტუმერი, რადგან ბიძინა ამილახვრის აღწერილობით ნამდვილი დახვეწილი ფრანგი ქალბატონი უნდა ჩამობრძანებულიყო.
შემდეგ კი ნაპირზე გადმოსული დაინახა. ფრანგულად იძლეოდა განკარგულებას მამაკაცის სამოსში გამოწყობილი ქალი, მუხლამდე ჩექმაში და ხელში ტყავის დაწნულ მათრახს ატრიალებდა. შავი დალალები კეფაზე მჭიდროდ დაემაგრებინა ისე, რომ ერთი კულულიც კი ვერ გამოაღწევდა სამაგრიდან. ჩვეულებრივი ქალი ნამდვილად არ ეთქმოდა, თვალისმომჭრელად ლამაზი იყო და მიუწვდომელიც. ქალღმერთს ჰგავდა ამ სამოსში გამოწყობილიც კი და მოგანდომებდა მისი თაყვანისმცემელი გამხდარიყავი, იქნებ ერთხელ მაინც გადმოეხედა შენთვის მოწყალე თვალით და გაეღიმა. დავითმა თავი გააქნია აზრების გასაფანტად და ქალს მიუახლოვდა. ღმერთს გულში შესთხოვდა, რომ ეს ქალი არ ყოფილიყო, რადგან ცოტა არ იყოს და ზაფრავდა.
-უკაცრავად, - მიმართა ფრანგულად და ქალის ყურადღებაც მიიპყრო, - თქვენ ბრძანდებით...
-ალისა, ალისა ლეგრანდი, - სიტყვა გააწყვეტინა კაცს და თავიდან ბოლომდე შეათვალიერა, - და თქვენ?
-მე გამომგზავნეს თქვენს დასახვედრად. ქალბატონ მელანოსთან უნდა მიგიყვანოთ, - ამოიოხრა კაცმა და თავის ბედ-იღბალს ძალიან ტკბილი სიტყვები შეუთვალა.
-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, - ალისა კვლავ დავითის თვალიერებაში იყო გართული და ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა მის სიტყვებს, - ძალიან მომენატრა მელანო. აბა, რითი მივდივართ?
-თქვენთვის ეტლია მზად, - უპასუხა კაცმა და ხელით ორცხენიან ეტლზე ანიშნა.
-და მე რომ ეტლით მგზავრობას არ ვარ მიჩვეული? ჩვენთან, პარიზში უკვე ავტომობილებით მოძრაობენ. რა ვქნათ ამ შემთხვევაში?
-მატარებლით მგზავრობაზე რას იტყვით?
-არ მიყვარს მატარებლები, ზედმეტად ნელები არიან.
-ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამ ეტლზე უკეთეს ტრანსპორტს ვერ შემოგთავაზებთ.
-მაშინ ცხენით წავალ!
-უკაცრავად? - გაოცდა დავითი.
-რა ვერ გაიგე, ყმაწვილო? - გაიოცა ალისამ და დაწვრილებული თვალებით შეხედა თავისზე ორი თავით მაღალ კაცს, - ცხენით წავალთ. შემიკაზმე ერთ-ერთი მათგანი, - მათრახის წვერით ეტლში შებმულ ცხენებზე ანიშნა და კვლავ თავის მსახურებს მიუბრუნდა, - შენ რაღა გჭირს, გაბრიელ? პირველად აკეთებ მსგავს საქმეს?
-ქალბატონო ალისა, - დაიწყო ისევ დავითმა და ქალის ყურადღება კვლავ მიიპყრო.
-მიქელანჯელოს ბიჭო, ისევ აქ დგახარ და ცხენს არ მიკაზმავ? იმედებს მიცრუებ უკვე, - დანანებით გადააქნია თავი და მათრახიანი ხელი კვლავ ეტლისკენ გაიშვირა, -ცხენი, სასწრაფოდ!
-ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, - აღმოხდა დავითს და მეეტლესკენ წავიდა, - რა შეგცოდე ამისთანა?
-რა მოხდა, დავით? - ჰკითხა მეეტლემ და კოფოდან ჩამოხტა.
-ჩვენს ფრანგ ქალბატონს არ სურს ეტლით მგზავრობა, მაინცდამაინც ცხენი უნდა ან კიდევ რაღაც ეშმაკის მანქანა, ავტომობილი ეწოდებაო თუ რაღაც მსგავსი. მატარებელზეც უარი განმიცხადა.
-და რა უნდა ვქნათ? ცხენს უქირავებ?
-არა, - უარის ნიშნად თავი გააქნია დათომ, - ჩემი ცხენი დაღლილია და მას შევაბამთ ეტლში. მისი ბარგის წამოღება ხომ გვინდა, არა? შენ ნელა წამოხვალ ჩვენ უკან, მე კი ქალბატონს გავაცილებ და ცხენებს დავუთმობ მას და მის ახლობელს თუ მხოლოდ მსახურებით არაა ჩამოსული.
-კარგი, მასე მოვიქცეთ, მაგრამ უნაგირი რომ არ გვაქვს?
-მერე რა?! მე შევჯდები შეუკაზმავზე.
-ჰეი, მიქელანჯელოს ბიჭო, - მოესმა ალისას ხმა და კბილების ღრჭიალით შებრუნდა უკან, - აბა, მივდივართ? მზადაა ჩემი ცხენი?
-სულ რამდენიმე წუთში, ქალბატონო. მანამდე თქვენს მსახურებს უთხარით და ეტლში ჩააწყონ თქვენი ბარგი.
-მათ ამის თქმა არც სჭირდებათ, თავად ხვდებიან, - ცხვირი აიბზუა ქალმა, ეს რა მაკადრაო და ზურგი აქცია.
ალისამ შეუკაზმავი ცხენი რომ დაინახა, მაშინვე მისკენ გაიქცა და დავითს აღვირი ჩამოართვა.
-რას... -მაგრამ სიტყვის დასრულებაც ვერ მოახერხა, ამორძალივით რომ შემოახტა ალისა ცხენს და ყალყზე შეაყენა.
-აბა, მიქელანჯელოს ბიჭო, არ მივდივართ?
-მეე... - დავითი ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ იყო. ეს ქალი მართლაც რაღაც საოცრებას წარმოადგენდა. წამით ისიც კი გაიფიქრა, რომ ღმერთს ეპოქა აერია. ალისა ამორძალების დედოფლობას უფრო იმსახურებდა და ნამდვილად შეძლებდა, ვიდრე ამ ეპოქის შვილობას.
-მე... - კვლავ წამოიწყო დავითმა და ხმის გასაწმენდად, ჩაახველა, - მე შემიძლია ცხენი ნებისმიერ თქვენს...
-ჩემს არც ერთ მსახურს არ სჭირდება ცხენი. ფეხითაც მშვენივრად გამოგვყვებიან. არა, გაბრიელ? - ასევე შავთმიან ბიჭს გადახედა, რომელმაც თვალები აატრიალა. თავად ქალბატონმა კი ცხენი მოკირწყლულ გზაზე გაატარ-გამოატარა, - თუ დაიღლება რომელიმე, ეტლით გამოგვყვებიან. ახლა კი, გამიძეხი!
გზაში ალისამ ხან ძალიან გააჭენა ცხენი, ხან გაჩერდა და ამწვანებულ მინდვრებსა და ტყეებს აღტაცებული ათვალიერებდა და იმდენს ლაპარაკობდა, დავითიც კი მოქანცა. უკვე ღამდებოდა, მაგრამ ამილახვრების სასახლე ჯერ კიდევ შორს იყო. ამიტომაც ტყესთან ახლოს დაბანაკება გადაწყვიტეს. დავითმა კოცონი დაანთო და თავისივე მონადირებული კურდღლებით ავახშმა სტუმრები. ალისას გარდა ყველანი მამაკაცები იყვნენ, ამიტომაც მთლიანი ეტლი მას დაუთმეს. ქალს ამაზე მაინც არ უთქვამს უარი და ყველასაგან გასაკვირად, უყოყმანოდ დასთანხმა ეტლში დაძინებაზე.
-რაღაც ჩაიფიქრა, - კოცონს მიშტერებულ დავითს მოესმა ხის ძირში ჩამომჯდარი კაცის ხმა და მისკენ გაიხედა.
-უკაცრავად?
-რაღაც ჩაიფიქრა-მეთქი, - ხეს მოსცილდა და კოცონთან ახლოს მივიდა, გაბრიელი იყო, - ალისა ასე მარტივად და შეწინააღმდეგების გარეშე მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში თანხმდება ადამიანს. რაღაც აქვს ჩაფიქრებული. სჯობს ყურადღებით ვიყოთ, თუ არ გვინდა, რომ ხვალ დილით რაიმე სიურპრიზის "მსხვერპლები" გავხდეთ.
-რატომ ამბობთ მაგას?
-ჰაჰ, ალისას მთელი ჩემი ცხოვრებაა ვიცნობ და გამოცდილება მაძლევს ამის თქმის საშუალებას. ღამე მშვიდობისა, მიქელანჯელოს ბიჭო, - გამოემშვიდობა გაბრიელი და ისევ ხის ძირში გადაჯდა.
არა, რაღაც მსგავსს ნამდვილად მოელოდა ალისასგან და გაბრიელის გაფრთხილების გარეშეც აპირებდა ყურადღებით ყოფნას, მაგრამ ახლა ასმაგად უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო.
მთვარეც ამოიწვერა და იქაურობა მკრთალი ვერცხლისფერი სინათლით აავსო. სულაც არ იდგა ისეთი დროება, რომ ღამით გარეთ დარჩენილს, მითუმეტეს ტყესთან ახლოს, მშვიდად ამოგედო თავქვეშ ხელი და დაგეძინა. დავითმა კარგად იცოდა, რომ ამ ბოლო პერიოდში ტყეში ყაჩაღად გავარდნილ ადამიანთა რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილიყო და ნებისმიერ წუთს თავდასხმის საშიშროებას ელოდა. ხელით მოსინჯა ჩოხის ქამარში ჩამაგრებული რევოლვერი და ცივი ლითონის შეგრძნებაზე დამშვიდებულმა განაგრძო ყარაულობა. ამხელა გზაზე მგზავრობისგან გადაღლამ, დილანდელმა თავის ტკივილმა და კოცონის ნაღვერდალიდან წამოსულმა სითბომ თავისი ქნა და გამთენიისას მაინც ჩამოეძინა. მზე კარგად იყო ამოწვერილი, როდესაც გაიღვიძა. დანარჩენებს ჯერ კიდევ ეძინათ. თავი კი დაიწყევლა, როგორ ჩამეძინაო, მაგრამ რაღას იზამდა. ფრთხილად მოძრაობდა, რომ სტუმრებისთვის ძილი არ დაეფრთხო და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ერთი ცხენი, თანაც თავისი ცხენი, გამქრალიყო. მაშინვე ეტლს მივარდა და კრძალვით შეხედა, მაგრამ სულ ტყუილად. ალისაც სადღაც აორთქლებულიყო. "ესეც დილის სიურპრიზი!" - გაიფიქრა თავისთვის, მეეტლე შეაღვიძა, ამათ ყურადღება მიაქციეო, დაუბარა და თავად ალისას საძებნელად წავიდა.
არადა დავითის ცხენი ყველასგან გამოირჩეოდა და განსაკუთრებით უყვარდა. მართალია, თავადი ბიძინას საჩუქარი იყო მისი ოჯახისადმი ასეთი ერთგულებისთვის, მაგრამ შეუძლებელია, ეს შავი ულაყი არ შეგყვარებოდათ. სუფთა სისხლის არაბულ ბედაურს ერთ სხვა ფერის ლაქასაც კი ვერ უპოვიდით. წვრილ ფეხებზე შემდგარ ცხენს საუცხოო ძუა და ფაფარი ჰქონდა და პატრონიც ისეთი შეხვდა, რომ ცივ ნიავსაც კი არ აკარებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ყველაფერთან ერთად განსაკუთრებული თვისებაც ჰქონდა ცხოველს. კვიცობიდან დავითთან გაზრდილი არავის იკარებდა პატრონის გარდა და ყველა მათგანს ტყუპი წიხლით უმანსპინძლდებოდა ხოლმე. ახლა კი გაოცებული იყურებოდა და ვერ გაეგო, როგორ წაიყვანა ქალმა ასე დაუმორჩილებელი ბედაური. იმედია, ცოცხალი მაინც იყო და სადმე არ გადმოეგდო, ანდაც ნამდვილად ჯადოქარი იყო, რომ ეს ცხოველი დაიმორჩილა.
დიდხანს ძებნა ნამდვილად არ დასჭირვებია. ქალბატონი უკვე გაქაფულ ცხენს მოაგელვებდა მათკენ და თან ძალიან გაღიზიანებული ჩანდა. შავი დალალები წელამდე ჩამოშლოდა და ზამბარებივით აქეთ-იქით უხტოდა ყოველ შეტოკებაზე. დავითი დაინახა თუ არა, ცხენი ჩორთზე გადაიყვანა, მასთან მიახლოებისას კი საერთოდ გაჩერდა და თვალებში ჩახედა.
-მითხარი, მიქელანჯელოს ბიჭო, რატომ ხართ მამაკაცები ყველა ქვეყანაში ჟინმორეული მხეცებივით და ქალში მხოლოდ ერთი რამ რატომ გაინტერესებთ?
-რამე მოხდა, ქალბატონო?
-მოხდა, - დაიყვირა გამწარებულმა ქალმა და თავისი მათრახი ავისმომასწავლებლად გაატკაცუნა ჰაერში, - მოხდა ის, რომ ყველანი ერთნაირები ხართ! ერთად უნდა გადაგაბათ კაცმა ყველანი და ატლანტიდასთან ერთად ჩაგძიროთ ანდაც ჰადესის ცერბერებს უნდა დააგლეჯინოს თქვენი თავი!
-ვინმემ რამე შეგკადრათ, ქალბატონო? - ჩამწყდარი ხმით იკითხა დავითმა და თვითონაც ვერ მიხვდა, ისე შემოეპარა გულში ღელვის მარცვალი.
-მეტი არ მინდა, ვინმემ მსგავსი რამ გამიბედოს! იქვე გამოვღადრავ ყელს და ძაღლებს მივუგდებ მის გვამს საჯიჯგნად!
-მაშ, რა მოგივიდათ? - აფართხალებული გულის დამშვიდება მოახერხა კაცმა და თავისუფლად ამოისუნთქა.
ყველასგან მოულოდნელად ქალი დავითისკენ გადაიხარა, ჩოხაში ხელი ჩაავლო, თავისკენ დაქაჩა და ტუჩებში აკოცა. კაცი აზრზეც კი ვერ მოვიდა, იმდენად სწრაფადვე მოსცილდა, ცხენზე შესწორდა და ეშმაკურად გაიცინა. თითქოს წამის წინ მომხდარი თავიდან ასე ამოეგდო და დამშვიდებულიყოო.
-ბევრს ლაპარაკობ! - შეუღრინა ასევე მოულოდნელად და ცხენს ისე გადაუჭირა მათრახი, მისი წვერი დავითსაც გაარტყა, - ჩემი რომ ყოფილიყავი, ამდენს ვერ გამიბედავდი! მოგარჯულებდი, როგორც საჭიროა! - მიაძახა და ბანაკისკენ გაქუსლა, - თუმცა, არც ახლაა გვიან, - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა და ჩაიღიმა.
დავითი გაოცებული იდგა ერთ ადგილას და მათრახის წვერისგან გადასერილ ხელს დაჰყურებდა, რომლიდანაც სულ მალე სისხლის რამდენიმე წვეთს მოჰკრა თვალი. ჭრილობის ტკივილი და წვა იმდენად არ აწუხებდა, რამდენადაც ქალის საქციელმა გააღიზიანა. მისი ცხენით ჯირითობდა ალისა, გაუფრთხილებლად გაიპარა დილით და ახლა კაცის თავმოყვარეობაც ფეხქვეშ უმიზეზოდ გათელა. მერე კი თითქოს აქ არაფერიაო, ის ყველაფერი არ იკმარა, ადგა და ასე დაუკითხავად აკოცა. სწრაფად უნდა ჩაეყვანა დანიშნულების ადგილას, თორემ უკვე სული ეხუთებოდა მის გვერდით. და თუ ქალი მსგავს ქცევას გააგრძელებდა, თავის პრინციპებსაც გადააბიჯებდა და დიდი სიამოვნებით მიახრჩობდა. მიახრჩობდა?! ალბათ...
დავითმა მხოლოდ უბიძგა ცხენს და თავადაც აედევნა ალისას."
მოყოლა დაასრულა დავითმა და მოკისკისე თავადის ასულს გადახედა.
-მართლა არ მესმის, მისნაირთან როგორ მეგობრობ, მელანო, - ცოტა არ იყოს განაწყენებულმა შეხედა კაცმა და მელანომაც მაშინვე შეწყვიტა სიცილი, - ის ისეთი... ისეთი... - შესაფერის სიტყვებს ვერ პოულობდა და შუბლი უფრო მეტად ეჭმუხნებოდა.
-ისეთი განსხვავებული, ცოცხალი, ენერგიული, თავქარიანი და ყველაფერი ამის მსგავსია, არა? - კვლავ დავითზე გაეღიმა ქალს.
-მასეა.
-არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა მელანომ და წამოდგა, - მე მასში ის დავინახე, რაც მავსებს, მას კი მე ვავსებ. ახლოდან თუ შეეცდები მის გაცნობას, სულ სხვა ალისას აღმოაჩენ მერწმუნე.
***
რას წარმოადგენდა ალისა ლეგრანდი და ვინ იყო ფრანგი ქალბატონი? ამ კითხვაზე ყველა სხვადასხვა პასუხს გაგცემდათ. აი, მაგალითად, ამილახვრების მოურავისთვის ერთ თავზეგასულ ალქაჯ ქალბატონს წარმოადგენდა. მელანოსთვის ფასდაუდებელი მეგობარი იყო, გაბრიელისთვის უფროსი და და პლანტატორი, ხოლო ზოგიერთი ფრანგისთვის - თავისი ქვეყნისთვის თავგადადებული ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ქალი. რეალურად კი ალისა ამ ყველაფრის ნაზავი გახლდათ. მართალია, ღმერთს უხვად დაებერტყა მისთვის ჭკუაცა და სილამაზეც, მაგრამ სხეულის მრგვალი ფორმებით დიდად ვერ დაიკვეხნიდა. არა, ეშხი არ აკლდა, არც წვრილი წელი და გრძელი ფეხები - ასე კარგად რომ მალავდა საფრანგეთიდან ჩამოტანილი კაბების ქვეშ, მაგრამ მაინც ქალური შურით უყურებდა ხოლმე ამილახვრებთან მომუშავე პურისმცხობელ ნინოს (მასზე ოდნავ მოგვიანებით) და მის გათქვირულ სხეულს. ამილახვრებთან სტუმრად ყოფნისას ხშირად შეუხედავს ჯერ ქალის აფუებული მკერდისთვის, შემდეგ კი თავისას დაჰკვირვებია და დასკვნა ყოველთვის ერთი გამოჰქონდა (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნინოსა და დავითის მეტად თბილი და ახლო ურთიერთობა შეამჩნია და იმ წამს ხელში მათრახი რომ სჭეროდა, ორივეს დიდი სიამოვნებით გაროზგავდა. მაგრამ ხელთ მხოლოდ მარაო შერჩა, რომელსაც ერთი ხელის მოძრაობით მოუღო ბოლო), მამაკაცების უმრავლესობისთვის უპირატესობას ქალის სხეულის შევსებული ფორმები წარმოადგენდა (რა სჯობია იმას, როდესაც საწოლში ქალი ხელში მოგყვება, სანთლით საძებარი კი არ გიხდება). ვინ დაეძებდა მის ჭკუა-გონებას? საერთოდაც ვის რაში სჭირდებოდა ჭკვიანი ქალი იმ საუკუნეში? ჭკუა შიშთან ასოცირდებოდა მათთვის. ასეთ ქალს ხომ თავისუფლად შეეძლო ემართა ნებისმიერი. ეს კი არავის აწყობდა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა აქეთ იყვნენ მართვას და მათდამი მორჩილებას ჩვეულნი. აი, თან ლამაზი და თან ჭკვიანი ქალი კი უკვე ყველაზე საშიშ არსებად ითვლებოდა, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობდა. თავისი მოხერხებულობით ისე მარტივად დაგიმონებდა და თან თავს ბატონად გაგრძნობინებდა, აზრზეც კი ვერ მოხვიდოდი. ალისა კი სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნებოდა და ვაი იმას, ვინც მის წინააღმდეგ წასვლას გადაწყვეტდა.
ეს სიჭკვიანე კი მთლად თავისთავად არ დაჰყოლია ფრანგ ქალბატონს, ბევრი ვარჯიშის, მარცხისა და გამარჯვებების შედეგად მიიღო. მის პროფესიასა და მიდრეკილებებზე კი მისმა პაპამ მოახდინა გავლენა და ნამდვილად სწორი ბიძგი მისცა ჯერ კიდევ ბავშვს. პატარაობიდანვე შეატყო, რომ ენების სწავლისკენ მიდრეკილება ჰქოდა და თავიდანვე დააწყებინა მათი შესწავლა. მაგრამ ყველაზე მთავარი სულ სხვა რამ იყო. ქალს პირველი შეხება პოლიტიკასთან 1871 წელს ჰქონდა, როდესაც ჟაკმა (ალისას პაპა) ხუთი წლის გოგონა ვერსალის სასახლეში წაიყვანა და მართალია, კულისებიდან, მაგრამ მაინც დაასწრო სარკეებიან დარბაზში მიღებული აქტის ოფიციალურ ხელმოწერას (რომლის მიხედვითაც გერმანია შეიქმნა). ალისა გულაჩქარებული იდგა, პაპასთვის ხელი მაგრად ჩაეკიდა და ერთიორად გადიდებული თვალებით აკვირდებოდა იქ მყოფთ. შემდგომში უკვე გაზრდილი და დაქალებული კი ამაყობდა, რომ ბისმარკს შეხვედროდა, იმ მნიშვნელოვან ყრილობაზე იყო და ჟაკმა იმდენი მოახერხა, რომ ეს დიდებული პოლიტიკოსი და ადამიანი ასე ახლოდან აჩვენა. ახლაც კი ახსოვდა იმ დარბაზში მოტრიალე სანთლების და რაღაც უფრო სასიამოვნო სურნელი, ასე რომ გაფანტულიყო ჰაერში, მზის სხივების სინათლე და მათი ციალი ამოგებულ ხმლებზე.
მაგრამ ჟაკმა მალევე დატოვა. მისი გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადაიტანა ალისამ. თითქმის ყველაფერს ჩამოშორდა, რაც კი აინტერესებდა. იმ პერიოდში მისმა უმცროსმა ძმამაც ამოისუნთქა შედარებით, რადგან არც გაბრიელის წვალება აღარ იყო იმდენად საინტერესო.
ხშირად ახსნდებოდა, როგორ დაისვამდა ხოლმე ჟაკი მუხლებზე და თავისი ახალგაზრდობის ამბებს უყვებოდა. თავადაც კი უთქვამს თუ როგორ შურდა პაპის, რადგან იგი ნაპოლეონს მოესწრო, მის ერთ-ერთ თანამოაზრესა და თანამებრძოლს წარმოადგენდა და ამდენხნიანი დაკნინების შემდეგ კვლავ მოახერხეს საფრანგეთის საერთაშორისო ასპარეზზე გამოყვანა. კორსიკელ იმპერატორს აღმერთებდა ქალი და ხშირად თავადაც უნატრია, ნეტავ მეც იმ პერიოდში დავბადებულიყავი, ასეთი შეცდომების დაშვების უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემდიო. ადამიანს რაც საჭიროა ის კიდევაც უნდა აუვარდეს თავში, მაგრამ ზომიერება არასდროს უნდა დაავიწყდეს, ანდაც გვერდით ისეთი ადამიანი უნდა ედგეს, ვინც დროულად მოიყვანს გონსო. სამწუხაროდ მის სათაყვანებელ იმპერატორს ასეთი არავინ აღმოაჩნდა გვერდით, მათ შორის არც ალისას პაპა (ძალიან ახალგაზრდა კაცს გამოცდილებაც აკლდა და დაღვინებაც) და ამიტომაც იყო, რომ მიიღო ისეთი დასასრული, რასაც ქალის აზრით, ნამდვილად არ იმსახურებდა. ამის შემდეგ დაასკვნა, რომ ადამიანები უამდურები არიან. რაც არ უნდა ბევრი სიკეთე გაუკეთო მათ, ისინი უფრო და უფრო მეტს მოგთხოვენ, ბოლოს ისევ შენ დაგადანაშაულებენ და ისე მარტივად გაგწირავენ, თითქოს ერთ დროს მათი საფიცარი პიროვნება კი არა, საერთოდ არავინ არ ყოფილიყავი.
ნაპოლეონის გარდა სხვა სათაყვანებელი ადამიანებიც ჰყავდა ფრანგ ქალბატონს. ერთ-ერთ ასეთს კი ეკატერინე მედიჩი წარმოადგენდა. მერე რა, რომ წარმოშობით იტალიელი იყო, დედოფალმა მთელი ეპოქა შექმნა და დიახაც, რომ ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკოსი ქალი გახლდათ მთელს ფრანგულ ისტორიაში. პირველად დედოფალ ეკატერინეზეც პაპამისისგან შეიტყო და ცხრა წლის ასაკშივე წაიკითხა მასზე დაწერილი ნაწარმოებებიც. აღფრთოვანებას იწვევდა მასში ქალის თვისებები და ცდილობდა მიებაძა კიდეც მისთვის. ხშირად ჰკითხავდა ხოლმე თავს, როდესაც პრობლემურ საკითხს მიადგებოდა და გამოსავლის პოვნა უჭირდა, რას იზამდა მის ადგილას ესა თუ ის მისთვის ასე სათაყვანებელი ადამიანი და იმ წამს თუ არა, რამდენიმე დღეში აუცილებლად აგვარებდა ყველაფერს.
პრეზიდენტის კარზეც კარგად იცნობდნენ ქალს და დიდ პატივსაც სცემდნენ. ათასი ინტრიგის გაბმა ისე მარტივად შეეძლო და საქმეთა ჩახლართვა, რომ ძალიან ბევრ მამაკაცს პირღიას ტოვებდა. მართალია, საფრანგეთში კარგად იცნობდნენ რას ნიშნავდა ჭკვიანი და გამჭრიახი ქალის ძალა პოლიტიკაში, მაგრამ ალისას ქმედებებს მაინც „ძლიერი სქესის“ წარმოამდგენელნი იწერდნენ. ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ქალებს მამაკაცის ტოლი უფლებები და მათ საქმეს მხოლოდ დიასახლისობა და ბავშვების აღზრდა წარმოადგენდა.
უკვე დაქალებულ ალისას მშობლებმაც ვერა და ვერ მოუშალეს ბავშვობიდან გადმოყოლილი თვისებები. მამამისი კი ჯავრობდა, როგორ შეიძლება ზრდილი ქალბატონი მათრახით დასდევდეს საკუთარ უმცროს ძმას, მონასავით ამუშავებდეს და მსახურებს თავს უყადრიდესო, მაგრამ მას ვინ უსმენდა? ალისა ყველას ისეთი უყვარდა, როგორიც იყო და მისი ნაკლოვანებები დიდად არც აინტერესებდათ.
***
უკვე რამდენიმე დღე გასულიყო მას შემდეგ რაც, ქალი საქართველოში ჩამოსულიყო და ნორმალურად ვერ მოეხერხებინა მელანოს დამარტოხელება. მეგობარს მხოლოდ ჭამის დროს თუ ხედავდა, რადგან ქალი ჯერ კიდევ გლოვობდა ბებიას და ალისას ეს ესმოდა კიდეც. ერთ დღესაც, როგორც იქნა გამოიტყუა მელანო ოთახიდან და ბაღში გაიყვანა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. ხეხილის ხეებს შორის მისეირნობდნენ, როდესაც შემთხვევით ორმოცწლამდე ქერა ქალბატონს გადააწყდნენ, რომელიც იქვე მდგარ ჩარდახიან მაგიდასთან მოკალათებულიყო და მშვიდად მიირთმევდა ყავას. გოგონებმა დაკვირვებით შეხედეს, თავის დაკვრით შემოიფარგლნენ და გზის გაგრძელებას აპირებდნენ, ქალის გამაღიზიანებელი ხმა რომ მოესმათ, ასე მოქცევა ვინ გასწავლათ, როგორ შეიძლებაო. ალისამ გაოცებულმა გადახედა ჯერ მელანოს, შემდეგ კი კვლავ ყავის სმით დაკავებულ ქალს მიუბრუნდა და ფრანგულად ჰკითხა:
-უკაცრავად, მაგრამ, ვინ ბრძანდებით?
-Я Герцогия Светлана, - რუსულად უპასუხათ ქალმა და თავი ამაყად მოიღერა, - хозяйка этого дома, и я требую от вас большего уважения.
-А я королева Марго, и хочу, чтобы у вас была более короткий язык! - რუსულადვე გაეპასუხა ალისა, რომელსაც მელანოს ფერშეცვლილი სახე არ გამოჰპარვია და მაშინვე სხვა მხარეს წაიყვანა მეგობარი.
ქალბატონი სვეტლანა შეფიქრიანდა, როცა ფრანგი სტუმრისგან ასეთი პასუხი მიიღო, თანაც საკუთარ ენაზე. ცოტა ხანს ხმასაც ვერ იღებდა, მაგრამ შემდეგ ისევ თავის აზრზე დარჩა, რომ ორივე მეგობარს ზრდილობისა და ეთიკის არაფერი გაეგებოდათ და არც კარგად აღზრდილები იყვნენ.
-არ მეგონა თუ ის აქ იქნებოდა, ბოდიში, - ძლივს ამოილაპარაკა ამილახვარმა და დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა.
-რას მებოდიშები? - მაშინვე გადააქნია თავი ალისამ, - შენ რა შუაში ხარ?
-ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ მამაჩემს ასე მოქცევა შეეძლო. არ მესმის იმ სახლში როგორ უნდა მოიყვანო და აცხოვრო ასეთი „ქალბატონი“, - და ბოლო სიტყვა კბილებს შორის გამოსცრა, - როდესაც ნამდვილი დიასახლისი ჯერ კიდევ ცოცხალია და სადღაც შორს იტანჯება. მას პირველად ვხედავ და არც მეგონა თუ აქ გადავეყრებოდით, თორემ სულ არ წამოვიდოდი აქეთ.
-კარგი რა, - ხელი აიქნია ალისამ, - ასეთები მაინც არ გენახოს ჩემთან სტუმრად ყოფნის დროს. რამდენი ერთი გავიხსენო?
-კი მაგრამ, ის საფრანგეთი იყო, - თქვა მელანომ და მაშინვე გაწითლდა, - ანუ არ გეგონოს, რომ საფრანგეთს ვერჩოდე რამეს, უბრალოდ მანდ მსგავსი არ გიკვირთ, რადგან თითქოს ხალხიც შეჩვეულია, მაგრამ აქ... აქ... აქ უცნაური ხალხი ცხოვრობს. ვერასდროს ჩასწვდები მათ ბუნებას და ვერც ვერაფერს მიხვდები. ერთ წამს თუ რაღაც ქცევა მისაღებია მათთვის, მეორე წამს იმავე საქციელზე შეიძლება ლინჩის წესი აგიგონ.
ალისამ მხოლოდ თავი დაუქნია, შემდეგ კი მარაო დაინიავა. მზე ძალიან აჭერდა, ლამის გადაეწვა ყველაფერი. ამიტომ სახლისკენ ანიშნა მეგობარს და იქითკენ დაიძრნენ.
-აქამდე რომ ვერასდროს დაგიმარტოხელავე, აბა, ახლა მომიყევი რა ხდება შენს თავს და რატომ გიციმციმებს ამ ბოლო დროს ასე განსხვავებულად თვალები! - შევიდნენ ოთახში თუ არა, მაშინვე ლაპარაკი დაიწყო ალისამ და დივანზე მოთავსდა, - აქ ძალიან ცხელა, არა? - იკითხა და მარაო დააქნია, - არ შეგიძლია ვინმე გაგზავნო, რომ ფანჯრები გამოაღონ?
-დავითს ხომ არ დავუძახო? - ოდნავი ღიმილით შეუბრუნა კითხვა ქალს და თავადაც მის გვერდით მოთავსდა.
-რატომაც არა, - წარბიც არ შეუხრია ალისას და მარაოს ქნევა განაგრძო, - შენ გირჩევნია საუბარი დაიწყო!
მელანომ მართლა გააგზავნა გოგო დავითთან, თავად კი საუბარი დაიწყო.
-არაფერიც არ მიციმციმებს. ბებოს გარდაცვალება ვერ მომინელებია ჯერ, - მაშინვე დანაღვლიანდა ქალი.
-ეგ მეც ვიცი და ვიზიარებ, მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ მე მომატყუებ, ჩემო საყვარელო? მაგ სევდის მიღმა რაღაც უფრო საინტერესო იმალება და მე ამას მშვენივრად ვხედავ.
მელანოსაც სხვა რა გზა ჰქონდა? მშვიდად დაიწყო მოყოლა და „პოსეიდონზე“ გატარებული დღეების ისტორიას ჰყვებოდა, კარზე ფრთხილად რომ დააკაკუნეს.
-oh moun dieu! - წამოიძახა ალისამ, - ეს რა დაგმართნია, ჩემო საყვარელო! აბა, მე რომ ვმგზავრობდი, სიმშვიდე იყო და არავის გავუჩერებივართ.
-ეტყობა, გაიგეს რომ ალქაჯი მგზავრობდა იმ გემით და შეეშინდათ, - ჩაიბურტყუნა იმ წუთას შემოსულმა დავითმა, რომელასაც აშკარად გაეგო ალისას სიტყვები.
მელანომ თვალები დაქაჩა კაცის სიტყვების გაგონებისას და რაღაცის თქმაც დააპირა, როდესაც ალისამ ხელზე დაქაჩა და თავისკენ მიახედა.
-რაო, რა მინდაო ამ მარმარილოს შთამომავალმა? - ფრანგულად იკითხა ალისამ და უფრო ენერგიულად დაიწყო მარაოს ქნევა.
-რა და, ასე თუ განაგრძობს მაგ მარაოს ქნევას, მალე ქარიშხალი ამოვარდება, ღრუბლებს მოაგროვებს, წვიმაც წამოვა და აგრილდებაო, - მეგობრის მინიშნებას მიხვდა მელანოც და ცოტა გაეშმაკების ხასიათზე მოვიდა.
-ასეთი ეშმაკუნა არ მახსოვდი შენ, - წარბები აქაჩა ალისამ და გადაიკისკისა, - გაგაფუჭა ხომ შენმა...
-რატომ ატყუებ, მელანო? - ალისას პარალელურად ალაპარკდა დავითიც, - უთხარი რეალურად რაც ვთქვი, არ მაქვს პრობლემა.
ალისამ დაწვრილებული თვალებით გახედა კაცს, შემდეგ კი ირონიული ღიმილით გადააქნია თავი.
-გააკეთოს ის, რისთვისაც აქ დაიბარეს და გავიდეს, უთხარი. ისედაც ჩახუთულ ოთახს უფრო ამძიმებს!
-დაგცხა, არა? - ეშმაკურად გაუცინა მელანომ და მერე დათოს მიუბრუნდა, - თუ არ შეწუხდები, ფანჯრები გამოხსენი.
-რა თქმა უნდა, - უპასუხა კაცმა, ფანჯრები გამოხსნა და ოთახი თავის დაკვრით დატოვა.
-ალქაჯი არა?! - დავითის გასვლისთანავე წამოიძახა გაცხარებულმა ალისამ და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, - დამაცადე, ჩამივარდები ხელში! არა, რა გაცინებს მელანო? მე აქ ვიტანჯები ამ აპოლონის შორიდან ყურებით, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ ამხელა ქალს კიდევ ერთხელ ამიფორიაქა გული და შენ დამცინი?
-რამხელა ქალს, ჰა? ჩემხელა ხარ, ალისა!
-რა მნიშვნელობა აქვს? ის მინდა! რომ რამე, მოტაცება მიღებულია ხომ თქვენთან?
-თუ გიყვარს და მასზე დაქორწინებას აპირებ, კი. მაგრამ ჩვენთან მხოლოდ ქალებს იტაცებენ.
-რაც მთავარია,იტაცებენ და რა მნიშვნელობა აქვს ქალი იქნება თუ კაცი? - თვალების ციცმციმით იკითხა ალისამ, - ჩამივარდება ეგ ხელში და მერე მართლა ნახავს როგორი ალქაჯიც ვარ! სულ ცოტაც მაცადოს! ახლა განაგრძე, გისმენ!
მელანომ ბოლომდე მოჰყვა თუ არა საკუთარი ისტორია (პირადი მომენტების გარდა), ალისა მაშინვე მივარდა და გადაეხვია.
-ნეტავ, უფრო მალე ჩამოვსულიყავი, ასეთ დღეში ხომ მაინც არ დამხვდებოდი. რაღაცას მაინც გიშველიდი. მაგრამ რანაირად ჩამოვიდოდი? იქაც ძალიან ბევრი საქმე იყო. განსაკუთრებით კი ახლა.
-მართლა, ჯერ არ მიკითხავს და აქ რას აკეთებ? - დაინტერესდა მელანოც.
-გარდა იმისა, რომ ახლა მხოლოდ შენს გვერდით დგომას და იმ აფროდიტეს შვილის მოტაცებას ვგეგმავ, რეალურად სულ სხვა საქმე მაქვს. მაგრამ დრო საკმარისია, რადგან ნაჩქარევად არანაირი საქმე არ გამოდის, ჩემზე უკეთ თავად იცი. სულ არ ვიცოდი შენი ამბავი, აქ წამოსვლას რომ ვგეგმავდი. მე რეალურად მამაშენთან, უფროს სწორად თქვენი ქვეყნის თავადებთან და მმართველ ფენასთან მოსალაპარაკებლად ვარ ჩამოსული.

თავი 8
მელანო ჩასწვდა რა ალისას მისიას, მაშინვე მამამისთან გაიქცა. რადგან იმ დღეს თავადი ძლიერ დაკავებული გახლდათ, ალისასთან შეხვედრა მეორე დღეს გადაწყვიტა.
-ნეტავ ვიცოდე, ასე სასწრაფოდ სად გაიქეცი, - თვალების ტრიალით შეხვდა მეგობრის დაბრუნებას ფრანგი სტუმარი.
-მამაჩემს ველაპარაკე, - ალისას მარაო გამოართვა და დაინიავა მელანომ, - ხვალ შეუძლია შენს საქმეზე საუბარი.
-ხომ გითხარი, დრო საკმარისად მაქვს-მეთქი? რა საჭირო იყო ასე აჩქარება? წლის ბოლომდე შემიძლია აქ დარჩენა.
-შენ ქართველ თავადაზნაურობას არ იცნობ. ისე გაწელავენ ამ შენს საქმეს, შეიძლება წლის ბოლოსაც კი ვერ მოახერხო აქედან საბოლოო პასუხით გაბრუნება.
-კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა, - მხრები აიჩეჩა ქალმა და მელანოს ლამის წაჰგლიჯა მარაო ხელიდან, - მომეცი ეს აქ, არ გიხდება შენ ჩემი მარაო. შენთვის საკმაოდ დიდია და შეიძლება გაცივდე კიდევ ერთხელ რომ დაინიავო.
-ჰო, რა თქმა უნდა, მე ხომ თქვენნაირი პლანტატორი ვერასდროს გავხდები.
-დიახაც, მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ. აი, გაბრიელი კი ვატყობ დღეს დაისჯება.
-ამჯერად რაღა დაგიშავა?
-შენი გასვლისას დავაბარე ჯერ კიდევ, რომ ჩემთვის ჩაი მოეტანა, ის კიდევ სადაა, აბა? ხედავ სადმე?
-ალისა კარგი რაა, არ შეიძლება ასე.
-მართალი ხარ, ნამდვილად არ შეიძლება ასე. რად უნდა ჩაის მოდუღებას ხუთ წუთზე მეტი? არადა ათ წუთზე მეტია გასული, რაც გავიდა. რა იყო, ახლა გლეჯს ჩაის ბუჩქებიდან ფოთლებს და ახმობს?
***
მეორე დღეს საუზმის შემდეგ ბიძინამ ჯერ მელანო იხმო თავისთან, შემდეგ კი ორივემ ერთად დავითი გააგზავნეს ალისას მოსაყვანად. რამდენიმე წუთში კაკუნიც გაისმა და მოურავმა კარი ფართოდ შემოხსნა, რომ ქალბატონი შემოეტარებინა. მელანო მაშინვე წამოდგა ფეხზე, ოთახში შემოსულ ალისას სავარძელზე ანიშნა, თავად კი ფანჯარასთან დადგა დავითთან ერთად.
-გმადლობთ, -კარის გაღებისთვის მადლობა მოუხადა კაცს და სავარძლისკენ წავიდა კიდეც მაგრამ წამში შემობრუნდა და დავითი შეათვალიერა, - მართალია, შავი ფერი გიხდება, ყოველთვის მოდაშია, არც ძალიან პრეტენზიულია და ამტანიცაა, მაგრამ ახლა პარიზში შინდისფერია მოდაში, - ცხვირაბზუებულმა ჩაუარა კაცს წინ და ტანზემორგებულ ამავე ფერის კაბაზე ანიშნა.
-შენი მეგობარი შემომაკვდება, - კბილებში გამოსცრა კაცმა და აფხუკუნებულ მელანოს თვალები დაუბრიალა, - შინდისფერია თურმე მოდაში!
-შენ რაღა გაცინებს მელანო? - ამჯერად მეგობარს შეხედა სერიოზული სახით და ღიმილი სახეზე შეაყინა, - შენს გარდერობს შემდგომში მივხედავთ.
ამჯერად დავითსღა აკლდა ცოტა ახარხარებამდე.
-ალისა! - წამოიძახა მელანომ, მაგრამ ფრანგი ქალბატონი მას უკვე აღარ უსმენდა, ამილახვრის წინ ჩამომჯდარიყო და თბილად უღიმოდა.
-ალისა, ჩემო საყვარელო, - დაიწყო ბიძინამ და ქალს ხელზე ემთხვია, - შენ ხომ არ იცი, როგორ გამახარე, რომ გვეწვიე.
-რას ამბობთ, ეს ჩემთვისაა დიდი პატივი თქვენი სტუმარი რომ ვარ, თავადო.
-როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ, - გაუღიმა ქალს და მანაც კომპლიმენტი შეიფერა, - აბა, მითხარი, რა ამბებია საფრანგეთში? - შორიდან მოვლა გადაწყვიტა ბიძინამ.
-რა გითხრათ, აბა? დიდი ამბებია. მაგალითად, წინა წელს ეიფელის კოშკის მშენებლობა დავიწყეთ.
-ისე წარმოთქვამ მაგ სახელს, დიდად გულზე არ უნდა გეხატებოდეს, როგორც ჩანს.
-მართალი ბრძანდებით. სულაც არ ვთვლი, რომ იმ სიმახინჯეს რაიმე ესაქმება პირდაპირ ელისეის მინდვრებთან, მაგრამ აბა, ნამდვილ ფრანგ ხალხს ვინღა გვისმენს? თავის გამოჩენა უნდათ, ყველაზე მაღალ კონსტრუქციას ვაშენებთ მთელს მსოფლიოშიო. ადგნენ და რაც რეალურად ქვეყანას სჭირდება, იმაში გამოიჩინონ თავი! მე ჯერ ისიც კი ვერ მომინელებია, ვერსალის სასახლე რომ მუზეუმად გადააკეთეს და სახელმწიფო ხაზინას იქიდან შემოსული ფულით ავსებენ. ღმერთო ჩემო, წარმოგიდგენიათ, შედიხარ სასახლის ეზოში, ვიღაც გადაპრანჭული გხვდებათ და რამდენიმე ფრანკის სანაცვლოდ გათავლიერებინებთ მხოლოდ რამდენიმე ოთახსა და ბაღს, თანაც სასახლის ისტორიასაც არასწორად გიყვებათ.
-ნამდვილად წარმოუდგენელია, - კვერი დაუკრა ამილახვარმაც.
-ანდაც ის რად ღირს, უნიათო პრეზიდენტი რომ აირჩიეს. გეფიცებით, კიდევ ერთი რევოლუცია რომ მოხდეს, ნამდვილად არ გამიკვირდება.
-თუ ასე ცუდი ხელისუფლება გყავთ... - დაიწყო ბიძინამ, მაგრამ ალისამ მაშინვე გააჩერა.
-არა, პრეზიდენტი ნამდვილად ვერაა ისეთი ძლიერი, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, მაგრამ ზოგიერთი ჭკვიანი ადამიანი მაინც შემორჩა და მეც სწორედ მათი თხოვნით ვარ აქ.
-მაშინ გისმენ.
-მოდით, ფრანგულის ნაცვლად ყველაფერს ქართულად გეტყვით, ხომ? ვიცი, რომ ჩემს მშობლიურ ენაზე შესანიშნავად საუბრობთ, მაგრამ მირჩევნია ქალრთულად აგიხსნათ ყოველივე.
ბატონსაც და მის მოურავსაც ლამის თვალები გადმოსცვივდათ ბუდიდან, როცა ალისამ ბოლო წინადადება ქართულად ჩამოურაკრაკათ და მიამიტი სახით გახედა მელანოს, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. ამილახვარმა მალევე მიიღო ჩვეულებრივი სახე, რაც დავითს ნამდვილად გაუჭირდა.
-და რა თქმა უნდა, მან ქართული მშვენივრად იცის, - კბილებში გამოსცრა კაცმა და მელანოს დაუბღვირა, მაგრამ რა აბრაზებდა თავადაც ვერ ხვდებოდა.
შემდეგ კი ბიძინას მიმართა:
-ბატონო, მე თუ არაფერში გჭირდებით, გავალ.
-მიდი, დავით, მიდი, - ხელითაც ანიშნა და გაათავისუფლა, - გთხოვ, განაგრძო, ალისა.
-დიახ, რა თქმა უნდა. მოკლედ ამჟამად სიტუაცია ასეთია: ცხრა წლის წინ გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ სახელმწიფოზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, მეორე აუცილებლად დაეხმარება. ექვსი წლის წინ კი ამ ხელშეკრულებას იტალია დაემატა, რადგან საფრანგეთმა 1881-ში ტუნისი მიისაკუთრა. რაღაც სამ სახელმწიფოთა კავშირი შექმნეს, რაც მე ძალიან მაშფოთებს. გერმანია ხელწამოსაკრავ ძალას სულაც არ წარმოადგენს. ამ ბოლო პერიოდში ძალიან მოძლიერდა და ამ საუკუნეში თუ ვერა, შემდეგში აუცილებლად მოხდება ომის მსგავსი რამ.
-და ეს ყველაფერი შენ საიდან იცი?
-ჩვენი აგენტურა არც თუ ისე ცუდად მუშაობს. რაც შეეხება რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს - გაუარესებულია. როგორც გავიგე რუსეთს სესხის გაგრძელებაზე უარი უთხრეს და ახლა სხვა მოკავშირეს ეძებს.
-გასაგებია და აქ რა გინდა მაშინ? თავადაც კარგად იცი, რომ რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად ვითვლებით.
-სიმართლეა, მაგრამ თავისუფლების მოპოვებაც მარტივად შეგიძლიათ. ახლა რუსეთს არც ისეთი ძლიერი მმართველი არ ჰყავს, რომ თქვენი თავისუფლება შეზღუდოს.
-სამაგიეროდ ჰყავს დიდი და ძლიერი არმია. ვთქვათ, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ კიდეც, ამით საფრანგეთს რა ხეირი?
-როგორც უკვე გითხარით, საერთაშორისო ასპარეზზე სიტუაცია იძაბება. ჩვენ კი ისეთი მოკავშირე გვჭირდება, რომელსაც სტარტეგიულადაც მშვენიერი ადგილი ეკავება. თქვენ სწორედ ასეთ ქვეყანას წარმოადგენთ და არც მეზობელ ქვეყნებთან გაქვთ ცუდი ურთიერთობა.
-და ოსმალეთი რატომ არა? მას ხომ ჩვენზე უკეთესი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, თანაც სრუტეებსაც აკონტროლებს.
-ოსმალეთი არც თუ ისე სანდოა. პირველ რიგში რელიგიური კუთხით, თანაც დანამდვილებით ვიცით, რომ გერმანიასთან აქვს აქტიური მიმოწერა.
-ჩვენგან რას ელით?
-თქვენგან მხოლოდ მოკავშირეობას ვითხოვთ. თუ საჭირო გახდება, დახმარებასაც. დიდი ალბათობით კი მაინც დერეფნის ფუნქციას შეასრულებთ.
-თეორიულად დავუშვათ, რომ დაგთანხმდით. ჩვენ რას მივიღებთ ამით?
-პირველ რიგში, თუ დამოუკიდებლობის მოპოვებას გადაწყვეტთ, საფრანგეთის მხარდაჭერას, ამასთანავე რამდენიმე მილიონი ფრანკით დახმარებასა და უკიდურეს შემთხვევაში თავშესაფარს. თანაც ყოველ გატარებულ ტვირთზე თავისთავად დაგრჩებათ შემოსავალი. მხოლოდ რაც შეიძლება უსაფრთხოდ და მალე უნდა გატარდეს ხოლმე.
-გასაგებია და მაგაზე პრობლემა არც შეგექმნებათ, მაგრამ ეს ამბავი არც ისეთი მარტივი მოსაგვარებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დაფიქრება ნამდვილად სჭირდება, თანაც დანარჩენების აზრიც უნდა გავიგოთ.
-ეგ ნამდვილად არ იქნება პრობლემა. დრო ჯერ მაქვს, მაგრამ მაინც, რაც უფრო მალე მოვაგვარებთ, მით უკეთესი იქნება.
ამილახვრის კაბინეტიდან მელანო და ალისა ერთად გამოვიდნენ და გარეთ გასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, როდესაც ფრანგმა ქალბატონმა ფანჯრიდან ეზოში შემოსული პურებით დახუნძლული ქალი შეამჩნია. მას მალე დავითი გამოეგება, ღიმილით ჩამოართვა პურები და ოდნავ თითებზეც წაეთამაშა.
-მელანო, - მიმართა წინ წასულ მეგობარს და თავისთან იხმო, - ის ვინ არის?
-აბა, სად? ვისზე ამბობ? გარეთ ძალიან ბევრნი არიან, - გაფაციცებით ეძებდა ალისას ინტერესის ობიექტს.
-შენი აზრით, მე ვინ დამაინტერესებდა? აი, იმაზე გეუბნები, თქვენს მოურავს რომ უღიმის და...
-ა-ა-ა-ა, ეგ? ჩვენი ბავშვობის მეგობარია, ნინო.
-და ასეთი თბილი ურთიერთობა აქვს ყველასთან დავითს თუ მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია? - უკვე ბრდღვინავდა ქალი და სულ მალე ხელში მარაოს ნაფხვენები შერჩა, - ჯანდაბა შენს თავს, დავით, ჩემი საყვარელი მარაო გავტეხე!
-სიმართლე გითხრა, არ ვიცი. როცა წავედი უბრალოდ მეგობრები იყვნენ.
-იმედია ახლაც ასეა, - შემდეგ კი ფანჯარას ზურგი აქცია და საკუთარი ოთახისკენ წავიდა, - მელანო, გაბრიელი თუ შეგხვდეს სადმე, ჩემთან გამოუშვი, საქმე მაქვს.
თავადის ასული სამზარეულოსკენ წავიდა, სადაც უკვე ტრიალებდა ახლადგამომცხვარი პურის სუნი, იმდენად მიმზიდველი, რომ ნებისმიერ დანაყრებულ ადამიანსაც კი აუშლიდა ხელახლა ჭამის საღერღელს. გაბრიელიც იქვე იყო და ერთ-ერთი პურისთვის ყუის წატეხვაც მოესწრო.
-ალისამ ჩემთან შემოვიდესო, - მეგობრის დაბარებული გადასცა კაცს და თავად დავითის ძებნას შეუდგა, მაგრამ ვერსად მოჰკრა თვალი და კვლავ სახლში შებრუნდა.
ცოტა ხანში კი ალისას ხმამაღალი საუბარი მოესმა. აშკარად კვლავ თავის რომელიმე მსახურს უჯავრდებოდა ანდაც ისევ გაბრიელს. მათკენ გაიქცა და დაინახა კიდეც, როგორ მშვიდად იჯდა სავარძელში მის წინ აქეთ-იქით მორბენალ გაბრიელს კი იმ მარაოს ნატეხებს ესვროდა, რომელიც ცოტა ხნის წინ შემოსტყდომოდა ხელში. თან იმის გამო ეჩხუბებოდა, შენი მოძებნა რატომ დამჭირდა, აქვე არ უნდა ყოფილიყავი, იქნებ რა მომესურვებინაო. თანაც ჯერ ისევ არ დავიწყებოდა დაგვიანებული ჩაის ამბავი.
***
-მელანო, - უკვე მზე კარგად ამოწვერილიყო ცაზე რამდენიმე დღის შემდეგ მეგობრის საძინებლის კარი რომ შეაღო ალისამ და საწოლზე წამოწოლილი წიგნის კითხვის დროს ჩათვლემილი ამილახვრის ქალიშვილი შეაღვიძა, - ადექი, სასეირნოდ მივდივართ მე და შენ.
-ალისა... - დაიწყო, მაგრამ ფრანგ ასულს არაფრის გაგონება არ სურდა.
მელანო სულ ძალისძალად გამოაწყო საჯირითო სამოსში, თავად თავისი განუყრელი ჩექმებითა და მათრახით უკვე აღჭურვილიყო და როგორც კი მელანომ ჩაცმა დაასრულა, მაშინვე ეზოში გაიყვანა.
-მელანო, ცხენებს დავითი ვერ შეგვიკაზმავს? - მათრახის ტარით დაანახა ეზოში მოტრიალე კაცი, რომელსაც ჩოხის კალთები აეკეცა და იქვე მოფუსფუსე გლეხებთან ერთად შრომობდა.
-ვკითხავ, თუ სცალია და...
-მაშინ შენ გამოყოლაზეც დაითანხმებ, დარწმუნებული ვარ, - თვალები ააციმციმა ქალმა.
-ალისა, ჯადოქარი კი არა ვარ.
-აბა, ბატონიშვილის სიტყვა კანონიაო? - წარბები შეკრა ალისამ.
-ყველანაირად ვეცდები, - დანებდა მელანო და დავითისკენ გასწია, რომელიც უკვე საზამთროდ დაწყებულ ფუსფუსს შეერთებოდა და ახლა ურმიდან ახლადმოჭრილ შეშას ტვირთავდა.
მისკენ მიმავალი მელანო შეამჩნია თუ არა, მაშინვე გაჩერდა და წელში გასწორდა.
-დავით, სათხოვარი მაქვს შენთან, - მორცხვად დაიწყო ქალმა და ურემს ოდნავ დაეყრდნო ხელით.
-თუ რამით შემიძლია დახმარება, მიმსახურეთ.
მელანომ პირი გააღო კიდეც რაღაცის სათქმელად, მაგრამ უეცრად ეზოში ათიოდე წლის ბიჭი შემოიჭრა დათო, დათოს ძახილით.
-დათოოო! - ქოშინით მიირბინა ამილახვრების მოურავთან და მუხლებზე ხელებდაყრდნობილი გაჩერდა, - დათო, ნინო...
-რა ნინო, სოსო? - ნერვიულობა შეეპარა დავითს ხმაში.
-ნინო მოიტაცეს! - ძლივს ამოილაპარაკა ბავშვმა, - ბაზრიდან ბრუნდებოდა, როცა...
კაცმა ლაპარაკიც აღარ დაასრულებინა, მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე, აღარავის დალოდებია, თავლაში გავარდა, იქიდან კი საკუთარ ცხენზე ამხედრებული გამობრუნდა და თვალისდახამხამებაში უკვე ეზოდანაც გამქრალიყო.
-რა მოხდა, მელანო? სად გავარდა მიქელანჯელოს ქართველი დავითი? - მეგობარს მიეჭრა ალისა.
-მეც ვერ გავიგე ნორმალურად, - მხრები აიჩეჩა ქალმა, - მაგრამ ვხვდები.
-და ნინო ვინ არის? - ეჭვით და დაწვრილებული თვალებით ჩაეკითხა და ისევ დავითის გავლილ გზას დააკვირდა.
-ასეთი გულმავიწყი არ მახსოვხარ, - თვალებდაწვრილებულმა შეხედა ქალს, - რამდენიმე დღის უკან არ მკითხე მასზე? მაგრამ არამგონია, შენს კითხვაზე პასუხი მოგეწონოს, - ფრთხილად შეაპარა მეგობარს.
-იმედია დაა, ხომ? ან ნათესავი, - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, სწორედ ასე ცდილობდა უკანასკნელ იმედს ჩაბღაუჭებოდა ალისა.
-როგორც გავიგე, საცოლეა, უკვე დიდი ხანიო თანაც.
ქალის სახელი მოესმა თუ არა და დავითის რეაქციაც შეამჩნია, იეჭვიანა ფრანგმა ქალბატონმა, აბა, როგორ?! ამილახვრების მოურავი მას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას და ვიღაც ნინოს გადასარჩენად თავქუდმოგლეჯილი გავარდა. მელანოს სიტყვებითღა იმშვიდებდა გულს, რომ ის ქალი საცოლე იყო და არა ცოლი.
ამასობაში კი დავითი უკვე ცხინვალისკენ მიმავალ გზას დასდგომოდა. მხოლოდ წამით მოახერხა თავის ბედაურზე გადაკიდებული ჩანთის შემოწმება და როცა ტყვია-წამალიცა და იარაღიც ადგილზე დაიგულა, მშვიდად მიუშვა ცხენი და მთელი სისწრაფით გააჭენა.
ნინო, დავითიცა და მელანოც ბავშვობაში ერთად იზრდებოდნენ და თავისუფალ დროსაც, როდესაც ამილახვრის ასულს უფლებას აძლევდნენ სათამაშოდ გასულიყო, ერთმანეთს არ სცილდებოდნენ. ბევრჯერ გამასპინძლებია თამაშისგან დაქანცულ ბავშვებს შოთებითა და ყველით ნინოს დედა, თამარი. ხშირად გადაუსვამს მათთვის თავზე ხელი და არასდროს უწყრებოდათ მორიგი სისულელის ჩადენისას. ბავშვები არიან, ბავშვი კიდევ ცელქი უნდა იყოსო, ამშვიდებდა ხოლმე ქმარს და იღიმოდა. შემდეგ კი მათი ტრიო დაიშალა. მელანო უცხოეთში გაუშვეს. მალე ნინოს დედაც მიიცვალა და მამამისს მისი გაზრდა ძალიან გაუჭირდა. უკვე ყმაწვილქალობაში იყო გადასული და თავის ნებაზეც სურდა რაღაცების გაკეთება ქალს. სულ მალე კი მას და ნინოს მეგობრული გრძნობა რაღაც უფრო ღრმაში გადაეზარდათ. თავიდან ეგონა რომ ქალის გარეშე წუთითაც ვერ იცოცხლებდა და ეგაა, ნამდვილი სიყვარული მეწვიაო, მაგრამ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ საკუთარ თავსაც შეატყო, რომ ეს ის გრძნობა არ ყოფილა, რაზეც ამდენი რამ წაუკითხავს თუ მოუსმენია. ირემაშვილების ასული კი უკვე იმდენად დამშვენებულიყო, რომ სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენლების ყურადღებასაც იქცევდა. მოდი და ყურადღებას ნუ მიაქცევდი სავსე და გათქვირულ მკერდს, წვრილ წელსა და მსხვილ თეძოებს, რომლებზეც კაბა ისე შემოეტმასნებოდა ხოლმე, ლამის შემოგლეჯვოდა. ქალიც თითქოს სპეციალურად იცვამდა ასეთ კაბებსო. მოსწონდა მისი ჩავლისას მამაკაცები თვალს რომ გამოაყოლებდნენ ხოლმე. მართალია, სავსე სხეულის ნაწილები ჰქონდა და ეზოსა და ბაზარში ყელმოღერებული კარგადნასუქი ვარიასავით დაგოგმანებდა, მაგრამ სახეზე არც ისეთი მიმზიდველი იყო. ქერა თმასა და ლამაზ ბრიალა თვალებს ოდნავ კეხიანი ცხვირი, სავსე ტუჩები და ოკრობოკრო ჩალაგებული კბილები მოსდევდა წინწამოწეულ ნიკაპთან ერთად. ყველაფერს კი გამყინავი ხმა აბოლოებდა, რომელიც მყივანა ხველის შემდეგ დარჩენოდა ქალს. დიდი ხანია მთელმა სოფელმა იცოდა, დავითისა და ნინოს გამიჯნურების ამბავი. ხშირად შეუმჩნევიათ შეღამების პირზე მდინარის ნაპირას მოსეირნე წყვილი. მაგრამ მათ შორის ამბორს იქით არასდროს წასულა საქმე. ქალს რამდენჯერმე მოუნდომებია უფრო მეტი, ხელი შეუცურებია დავითის ჩოხის უბეში, მაგრამ კაცი ყოველთვის აჩერებდა და არასდროს ჰკვეთდა საზღვარს. ქორწინებაზეც ჩამოუგდია ხშირად საუბარი, ამდენი ხანი გავიდა უკვე და დრო არ დადგა შევუღლდეთო? მაგრამ დავითი ხან მოსავლის დაბინავებას, ხან კი საკუთარი სახლისთვის ხელის შევლებას და წესრიგში მოყვანას იმიზეზებდა. სახლისთვის ხელის შევლების ამბავი კი არა და არ მთავრდებოდა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ აკეთებდა ამას, მაგრამ მაინც ასე იქცეოდა.
ის ოსი ყმაწვილი კი ორი წლის წინ გადაეკიდა. ნინოს მამა იხსნა სიკვდილისგან ვანო რამონოვმა. მაშინ გიორგი ძია, ნინოს მამა, ყანაში იყო გასული და უკვე ხორბლის მოსათიბად ემზადებოდა, როცა ხელი ჰკრეს და გვერდით გადააგდეს. კაცი გაკვირვებული მოტრიალებულა და ოსურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა შერჩენია ხელთ. მამაკაცს ხანჯალი ტარამდე ჩაესო მიწაში და გახშირებულად სუნთქავდა. გიორგი ახლოს რომ მისულა სანახავად, მხოლოდ მერეღა დაინახა, რომ ოსმა მცურავისაგან იხსნა, მაგრამ თავად ვერ მოესწრო დროულად თავისთვის შველა და მისთვის უხსენებელს ეკბინა. მოხუცებული მაშინვე მხრებში შეუდგა და რის ვაივაგლახით მიიყვანა თავის სახლამდე, მერე კი ნინო გააგზავნა ექიმის მოსაყვანად. ერთი კვირა ცდილობდა კაცი გონებაზე მოსვლას. ერთი კვირა სახლიდან ფეხს არ იცვლიდა გიორგი, ჩემს გადამრჩენელს როგორ დავტოვებო. ნინოც ხშირ შემთხვევაში სახლში იჯდა და უცნობ ყმაწვილს ცივ საფენებს უცვლიდა ხოლმე. დავითი კი ამ დროს ტფილისში იყო წასული თავის ბატონთან ერთად და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა სოფელში.
ერთი კვირის თავზე თვალებიდან გამოიხედა ოსმა. სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო ძია გიორგი, შეისმინა უფალმა ჩემი თხოვნა და გადაგარჩინაო. ოსი თავიდან გონზე ვერ მოდიოდა, მაგრამ მერე გაახსენდა ყველაფერი და თავისთვის ჩაიღიმა. მადლობა, შვილო, მადლობა, შენთან სიცოცხლით ვარ დავალებულიო. ამასობაში ნინოც შემოვიდა სახლში და მაშინვე საწოლში მწოლისკენ გააპარა თვალი. მამამისივით მასაც გაუხარდა კაცის გონზე დანახვა. ოსმა კი თვალი ვეღარ მოსწყვიტა ირემაშვილის ქალს. ნინო დაჟინებულმა მზერამ სულ მთლად არია, როგორ არ უგრძვნია აქამდეც დაჟინებით რომ მისშტერებოდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა ეს კაცი რაღაცნაირად უცქერდა, რის საპასუხოდაც ქალს მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლიდა და ლაჯებს შორის ხორცი უცახცახებდა. ასე დათოს შეხებისასაც კი არ დამართნია, კოცნაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. იმდენად დაბნეული დააბიჯებდა, რომ რამდენჯერმე რაღაცას ფეხი გამოსდო და ლამის ყველაფერი ხელიდან გაუცვივდა. მამამ გაკვირვებით გააყოლა თვალი, მაგრამ შვილისთვის არაფერი უთქვამს. იმ დღეს გულში ჩაუვარდა ოსს ირემაშვილის ქალი. იმ დღის შემდეგ მოსვენება დაკარგა ნინომაც.
გიორგი ძია საქმეებს დაუბრუნდა და სტუმარს ნინოს აბარებდა. იცოდა, ქალიშვილი არაფერს დააკლებდა და სათანადო ყურადღებას მიაქცევდა. ერთ ასეთ დღეს, როცა ნინო მორჩა კაცისთვის სამხრის ჭმევას მათლაფა და ხის კოვზი მაგიდაზე გადადო და თავადაც წამოდგომა დააპირა საწოლიდან, მამაკაცამა მკლავი რომ დაუჭირა და თავისკენ მიიზიდა. ნინო დამფრთხალი შველივით აცეცებდა თვალებს და არ იცოდა რა გაეკეთებინა. რამონოვმა სხეულზე აიკრა და ქალის ტუჩებს დაეპატრონა, თან ცალი ხელი ნინოს მკერდში ჩააცურა და ნაზად მიეალერსა. ესიამოვნა ქალის აფუებული ძუძუების შეხება, მაგრამ ნინო წამებში დაუსხლტა ხელიდან, ტუჩებზე თითები ჰქონდა აფარებული და თვალებგაფართოებული იყურებოდა. მერე კი გასარეცხ ჭურჭელს დაავლო ხელი და ეზოში გავარდა.
ოსის სახლში მოყვანისთანავე შეამჩნია და აღიარა ქალმა რამონოვის მიმზიდველობა. კაცს გაშლილი მხარბეჭი და მკერდი ჰქონდა, შავი თვალ-წარბი, ლამაზად მოყვანილი პირი-სახე, რომელიც შავ დაბალ წვერ-ულვაშს დაემშვენებინა და ამ რამდენიმე დღეში ოდნავ მოზრდოდა. ნინო გამეტებით ხეხავდა დასვრილ ჭურჭელს და თან წამდაუწუმ ის შეგრძნება ახსენდებოდა, რაც ოსის მიერ მისი ტუჩების დაპატრონებას გამოეწვია. რამდენჯერ არ უკოცნია დათოსთვის, მაგრამ ასეთი ემოცია არასდროს უგრძვნია. ამასობაში ცეცხლზე შემოდგმული წყალიც ადუღდა და ქალმა მისი გაგრილება დაიწყო, შემდეგ კი ქოხში ფეხაკრეფით შევიდა და ისე, რომ მამაკაცისკენ არც კი გაუხედავს, უთხრა:
-წყალი მზადაა, თუ გნებავთ, შეგიძლიათ, აბაზანა მიიღოთ, - და კაცის სიტყვებს არც დალოდებია, უკანმოუხედავად დატოვა ქოხი.
ოთახში ტაშტით ხელში შებრუნდა და საწოლთან ახლოს მოათავსა, წყალიც ჩაასხა და ნაჭერიც ჩააფინა, რომ კაცს ამოსვლისას ტანზე შემოეხვია. გარეთ გასვლას აპირებდა, როცა მამაკაცის ხმამ გააჩერა.
-ნინო, - ესიამოვნა ოსმა სახელით რომ მიმართა და თავისთვის გაიღიმა კიდეც, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია და უემოციო სახით მიბრუნდა.
-დიახ, გნებავთ რამე?
-უნდა დამეხმარო, - გამართული ქართულით ესაუბრებოდა რამონოვი, რასაც ქალის კიდევ ერთი გაოცება მოჰყვა. როგორც წესი, ოსები თავს არ იწუხებდნენ ხოლმე ქართულის სწავლით.
-ჯერ ისევ სუსტად ვარ, მხოლოდ ჩემით ვერ შევძლებ.
მამაკაცმა ნელ-ნელა წამოდგომა დაიწყო და თან პერანგის დუგმებს იხსნიდა. ნინო სწრაფად გავარდა გარეთ, ერთი დაუბარა მალე დავბრუნდებიო და სახეზე მთლად აწითლებული ამოეფარა სახლის კარს. უკან მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ოსი აქაფებულ ტაშტში ჩაწოლილი დაიგულა. ზურგის გახეხვაშიც მიეხმარა და ტანზე სუფთა წყლის გადავლებაშიც, მაგრამ ამჯერადაც გარეთ გასვლა ვეღარ მოასწრო და უბრალოდ სწრაფად შებრუნდა, რომ ტაშტიდან ამოსული მამაკაცი არ დაენახა. რამონოვს თავისთვის ჩაეცინა და მთელი სხეულით წამოიმართა, შემდეგ კი სველი ტერფებით გადმოაბიჯა ხის იატაკზე და ქალს ანიშნა შეგიძლია შემობრუნდეო. მაგრამ ვაი, ამ შემობრუნებას. ოსი ყმაწვილი მთლად შიშველი იდგა ქალის წინ. ნინოსაც თვალი გაურბოდა და მამაკაცს სახის ნაცვლად თითქმის მთელს ტანს უთვალიერებდა, რომელსაც კარგად ეტყობოდა როგორი აღგზნებულიც იყო. ვანომ წელზე ხელი შეუცურა ქალს და სხეულზე აიკრო. მაშინვე დასველდა ნინოს კაბა და მშვენივრად გამოაჩინა ქალის გამაგრებული და ყალყზე დამდგარი კერტები. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ვაჟისთვის. უკეთესად შემოხვია ხელები და კვლავ ტუჩებზე დაეკონა. ამჯერად არც ნინოს გაუპროტესტებია და თავადაც აჰყვა. კაცმა ლამის ტანზევე შემოახია კაბა, ამის გამო ქალი ოდნავ მოსცილდა, თავად გადაიძრო და შიშველი სხეულით აეკრო მამაკაცს. სულ მალე რამონოვის ტანქვეშმომწყვდეული აღმოჩნდა და ვნებას დანებდა. მამაკაცი ძალუმად ეფერებოდა და ფაფუკ ყელსა და მკერდზე ნაზად კბენდა. იმ წამს ნინოსთვის რომ გეკითხათ, თუ რატომ სჩადიოდა ამას, ალბათ გიპასუხებდათ, რომ უნდოდა თავი სასურველად ეგრძნო. თითქოს წამში გაახსენდა დათოსგან მიღებული ყველა უარი და ოს ვაჟს სწორედ ამიტომ დანებდა, მაგრამ მთლად ბოლომდე არ იყო დარწმუნებული ამ ბოლო მიზეზში. გაბრაზებული და უარნათქვამი ქალი ყველაფერზეა წამსვლელიო. ქოხში კი ნინოს სიამოვნების ამოძახილები ისმოდა.
რა თქმა უნდა, ეს ამბავი დავითისთვის არ უთქვამს. საღამოს დაბრუნებულმა გიორგიმ კი რაღაც ძალიან აცმუკებული რომ დაინახა ქალიშვილი, თანაც ოსი სტუმარიც თვალებს უჟუჟუნებდა, იმ დღიდან აღარ მოშორებიათ და მარტო არ დაუტოვებიათ. სტუმრის წასვლის დრომაც მოაწია, სოფელში კი დავითი დაბრუნდა. ნინომ რამდენჯერმე სცადა უკვე განცდილი სიამოვნების მიღება დავითთან, მაგრამ კაცისგან კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ კი ყველანაირი სინდისის ქენჯნის გარეშე მასპინძლობდა საწოლში ოს ვაჟს. დავითს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია ვანოს მოხშირებული სტუმრობები და უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა ხოლმე, მაგრამ ქალი ამშვიდებდა.
ზუსტად ერთ წელში ნინოს მამა გარდაიცვალა, თავისი ერთადერთი ქალი კი დავითს ჩააბრა, შენ უპატრონეო.
ფრანგი ქალბატონის გამოჩენამ კი უფრო მეტად არია და გააცია მათ შორის გრძნობები. ნინო თავიდან უბრალო გატაცებად თვლიდა დავითის ალისაზე აღფრთოვანებით ლაპარაკს, მაგრამ ეს აღფროვანება არადა არ სრულდებოდა.
ახლა კი, როცა დავითი ლამის სასროლ მანძილზე დასწეოდა ოსებს ფიქრებში გართულს ვერ გადაეწყვიტა, ნინოს გატაცება მის თავმოყვარეობას და ღირსებას როგორ ლახავდა, როგორც მიჯნურისას თუ როგორც ძმისას, რომელსაც და მოსტაცეს. ტყავის ჩანთიდან იარაღი ამოიღო და ოს მხედარს დაუმიზნა, თავად კი ნინოო იყვირა და მისი ხმა უმალ გახმიანდა მთებში. როგორღაც წამოეწია კიდეც მხედრებს, მაგრამ ვანო არაფრის დიდებით არ აპირებდა ქალის დათმობას. ამიტომ ისევ იარაღზე გაიკრა ხელი დავითმა. ორივე მხედარმა შეაჩერა ცხენი და მიწაზე ჩამოხტა. მათ ნინოც ჩამოჰყვათ და ვანოს ზურგს ამოფარებული თავდახრილი იდგა. მამაკაცებმა მაშინვე იარაღები დაუმიზნეს ერთმანეთს.
-დათო, არ გინდა, - ნინომ წამოსწია თავი და თვალი გაუსწორა მამაკაცს, - არ ქნა ეგ!
-ნინო, ახლავე თუ არ მოსცილდები მაგას, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
-არა, დათო, - წელში გასწორდა ქალი და ამჯერად თავად გადაუდგა წინ ვანოს, - არ ვიზამ მაგას. მე მისი ცოლი ვარ უკვე და შენ ამას ვერ შეცვლი.
-რას ბოდავ, გოგო, შენ? - გამწარდა კაცი, - ვისი ცოლი ხარ, ამის? თუ არ გინდა, რომ შენც ზედ მიგაყოლო, ახლავე მოსცილდი!
-არა-მეთქი!
-ნუ ჩაერევი, ნინო, - მაშინვე კვლავ ზურგს უკან ამოიყენა ქალი ოსმა და ფართოდ გაშლილი გულ-მკერდი უჩვენა დავითს, - თავად მოვრიგდებით.
-ქალი გამოუშვი და დავფიქრდები, ცოცხალს გაგიშვებ თუ არა, - შეუღრინა დავითმა და იარაღისთვის ხელი არ მოუცილებია.
-დავით, ყველა საყვარელს გაფიცებ, არ ქნა, - ისევ ნინომ დაილაპარაკა, - მიყვარს, ვუყვარვარ, უნდა გამიშვა.
-რას ბოდავ, ნინო? - შეცბა კაცი.
-რაც არის იმას, - მხრები აიჩეჩა ქალმა, - და შენც იმავეს გირჩევ. ჩემზე დარდს შეეშვი და შენი მეორე ნახევარი იპოვე. ჩემზე უკეთ იცი, რომ მე და შენ მეგობრებზე მეტი არც არასდროს ვყოფილვართ.
თითქოს ჩაქუჩი ჩაარტყეს თავშიო, ნინოს სიტყვებმა მაშინვე უკან დაახევინა. უღონოდ დაუშვა ხელი და თავადაც ვერ მიხვდა რატომ აქცია ზურგი, ცხენზე შემოჯდა და ისევ ამილახვრების მამულისკენ წამოვიდა, ამჯერად კუსავით ნელა. გაუშვა დავითმა, აბა, რა უნდა ექნა?! ვანომ კი ცხენზე შემოისვა ქალი და კვლავ ოსეთისკენ გაქროლდა.
ასეა, ხშირია შემთხვევა, როცა არ გინდა, რომ შენი კომფორტული ზონა დატოვო, გინდა შენს ძველ ნაჭუჭში იყო გამოკეტილი და არასდროს მოიცილო იგი, მაგრამ არჩევანის გაკეთება ყოველთვის გიწევს. მერე რა, რომ გეძნელება, არ გინდა, არ გეთმობა, აუცილებელია. შენით არ იზამ? გაიძულებენ! ასეა ცხოვრება მოწყობილი. ზოგჯერ ზუსტად ის ადამიანი აღმოჩნდება შენი ნავსაყუდელი და ცხოვრების მეგზური, ვისზეც აქამდე საერთოდ არ გიფიქრია. სწორედ ის გალევს შენთან ერთად წლებს და შენს დანაოჭებულ სახესაც უყურებს. მერე რა, რომ სხვა გინდოდა, სხვაზე ოცნებობდი და სხვისკენ მიილტვოდი. ეს უკვე მნიშვნელოვანი აღარაა და არც არავის აინტერესებს. ამას მშვენივრად ხვდებოდა ნინო, რომელსაც უკვე გაეკეთებინა არჩევანი. ახლა ქართლის საყვარელ მთებს და ველებს მიაპობდა და უკან იტოვებდა ყველა საყვარელ ადამიანსა თუ მოგონებას.

თავი 9
დავითი ამილახვარს უკანდაბრუნებისთანავე დაეთხოვა. კაცმაც უარი არ უთხრა და იმდენი ხნით გაათავისუფლა, რამდენითაც საჭირო გახდებოდა, რადგან მოურავს სახეზევე ეწერა, რომ ვერ იყო კარგად. აქამდე მშრომელ და თავდადებულ დავითს მისთვის ჯერ არაფერი ეთხოვა და უარის სათქმელად მიზეზსაც ვერ ხედავდა. თავადი გაოცებული უყურებდა ეზოდან გამავალ კაცს, რომელიც დილის შემდეგ რამდენიმე საათში გადასხვაფერებულიყო და ჩვეულებრივი დავითისგან სრულად განსხვავდებოდა.
ჭიშკარს მძიმე ნაბიჯებით გასცდა და სახლისკენ აიღო გეზი. ცხენიც თითქოს პატრონის გუნებას ხვდებოდაო, ხმასაც კი არ იღებდა და ნელი ნაბიჯებით მიჰყვებოდა. მხოლოდ ნაცნობ ეზოში შესვლისას წაიხვიხვინა და დავითს ოდნავ გაჰკრა თავი მხარში. კაცმა მხოლოდ ხელი გადაუსვა, იქვე ჩრდილში მიაბა, თივა დაუყარა, წყალიც გამოუცვალა და სახლში შეიკეტა. შინ შესულმა მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ კართან ახლოს მდგარ ტახტზე განრთხმულიყო. ძირს გადმოვარდნილი მუთაქის აღების აღარც ძალა ჰქონდა და არც მონდომება. ფიქრებით დამძიმებულმა არ იცოდა რა ექნა, რომელი კედლისთვის ეხალა თავი ან რომელ წყალში გადამხტარიყო.
უკვე დიდი ხანი იყო რაც ხვდებოდა, რომ ნინოს მხოლოდ როგორც კარგ მეგობარსა და მეზობელს უყურებდა და არა როგორც ქალს, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ იყო ასე გუნებამოშხამული. ფრანგი ქალბატონის ჩამოსვლაც თითქოს ამ ყველაფერს დაემთხვაო. თავს არ უტყდებოდა, მაგრამ ძალიანაც სიამოვნებდა, როცა ალისა ანთებული თვალებით უყურებდათ ხოლმე, როცა ნინოს სულ ოდნავ მაინც ჩაჰკიდებდა ხელს. ახლა კი ცოტა ხნით აღარავის დანახვა არ სურდა. ნინოს წასვლით მართალია რაღაც ჩასწყდა, ეწყინა, რომ ვერაფერი შეატყო ქალს, მაგრამ გულის მიმალულ კუნჭულში მაინც გრძნობდა თავისუფლების მარცვალს, რომელიც ნელ-ნელა ფესვებს იდგამდა და მალე ალბათ მთლად მოიცავდა კიდეც.
ერთი ამოიოხრა და გვერდი იცვალა. მაშინაც ასეთი დღე იყო, ძია გიორგიმ რომ სული დალია. ცა თითქოს თავიდანვე გლოვობდაო კიდევ ერთი პატიოსანი ადამიანის დაკარგვას, შავი ღრუბლები ერთად შეჯგუფებულიყვნენ და მთელ ქარლთს წარღვნით ემუქრებოდნენ. ახლაც დასავლეთი მთლად შეწითლებულ-გაშავებულიყო. ვერ გაიგებდით, რომელი გაიმარჯვებდა ამ ჭიდილში მზის ბოლო სხივები, რომლებიც ჯიუტად არ თმობდნენ პოზიციებს თუ ახლადშეკრული საავდრო ღრუბლები. მაგრამ პოზიციების დათმობა კვლავ მზეს მოუწია და ავისმომასწავლებლად დაბნელდა.
დავითს კი თავში კვლავ ძია გიორგის ბოლო წუთები უტრიალებდა. ერთადერთ იმედს უტოვებდა ქალიშვილს. იცოდა, დავითი მიხედავდა და თვალის ჩინივით მოუფრთხილდებოდა, მაგრამ, ნუთუ დააღალატა მოხუცებული? მაშინ სინდისის მცირე ქენჯნას მაინც რატომ არ გრძნობდა? არეული გრძნობები დაუფლებოდა ამილახვრების მოურავს. თავსაც ვერ პატიობდა ნინოს გაშვებას, მაგრამ თან გრძნობდა, რომ თავისთან დატოვებით გააუბედურებდა ქალს. უკვე თავი უსკდებოდა ამდენი ფიქრით, მაგრამ ხსნაც რომ ვერ ეპოვა ამ ლაბირინთიდან?
ბოლოს ერთ დასკვნამდე მივიდა. აცდიდა ნინოს მშვიდად ცხოვრებას და შორიდან დააკვირდებოდა. აი, შეატყობდა თუ არა, რომ ნინო ბედნიერი არ იყო ოსთან, მაშინვე ჩაჰკიდებდა ხელს და თავისთან დააბრუნებდა. არ ანაღვლებდა ამას რის ფასად მიაღწევდა. გაიფიქრა ეს თუ არა, თითქოს სულ ოდნავ გამოუკეთდა გუნება, მაგრამ როგორც იმ ღამით არ გამოდარებულა, ასევე დარჩა თავადაც. ერთი კი მოახერხა. ძირსგადავარდნილ მუთაქას მისწვდა და თავის ადგილას დააბრუნა.
ლამის ორი კვირა იწურებოდა, რაც დავითს სახლი არ დაეტოვებინა, ალისას კი მოსვენება ჰქონდა დაკარგული. თვალი წამდაუწუმ გზისკენ გაურბოდა და ეჭირა, მაგრამ ამილახვრების მოურავი არა და არ ჩანდა ჰორიზონტზე. ფერისცვალებაც გადავიდა და ქართლში რთველი დაწყო. მართალია, ფრანგი ქალბატონი თავიდან კარგადაც ერთობოდა გაბრიელის ამ პროცესში ჩართვით, მაგრამ ახლა ესეც უინტერესო გამხდარიყო.
არა და როგორ გახალისდა გაბრიელის გაფართოებული თვალები რომ დაინახა ვაზის ამდენი რიგისა და შემდეგ სავსე გოდრების დანახვისას. თავად ბიძინას რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული ვენახი ჰქონდა და ლამის მთელი კვირა მის დაკრეფას შეალიეს. მანამდე კი უფრო სახალისო ერთი კვირა ჰქონდათ, როცა საღვინედ ქვევრებს ამზადებდნენ და გაბრიელი ერთ-ერთ მათგანში ლამის ძალით ჩასვა, მიდი და მიეხმარე ხალხს გარეცხვაშიო. კაცმა ჯერ ყოყმანით ჩახედა ქვევრს ძირიც რომ არ მოუჩანდა, მძიმედ გადააგორა ნერწყვი და შემდეგ ლამფით შეიარაღებულ დას გახედა.
-მიდი, მიდი, ჩადი. ამ ლამფას ჩამოგაწვდი და გპირდები, არც კიბეს ამოგაცლი. საერთოდაც უკან გავდგები და გიყურებ.
გაბრიელს რა თქმა უნდა ამის და კიდევ მრავალი სხვა დავალების შესრულება მოუწია. ის არ ეყოფოდა, რომ დილიდან მზის ჩასვლამდე ფეხზე იდგა და ყურძენს კრეფდა, ალისამ ვენახიდან უკან დაბრუნებულს ამჯერად საწნახელში ჩასვლა დაავალა. თავად უკვე მოელია ეს პროცესი და ახლა გაბრიელის ჯერი დამდგარიყო. კარგად დაღამებულზე კი მისცა დასვენების უფლება.
სამაგიეროდ მეორე დღეს თათარას მოხარშვა დაავალა. იდეა დილაადრიან ეზოში დაწყებულმა ფუსფუსმა მიაწოდა. მამაკაცები ჯერ ისევ დაკრეფილ ყურძენს წურავდნენ, სამაგიეროდ ქალებს რამდენიმე ადგილას კოცონი გაეჩაღებინათ, ზედ სპილენძის დიდი ქვაბები შემოედგათ და ბადაგს ადუღებდნენ ჩურჩხელისთვის. თავიდან მსახურები უარობდნენ, როგორ გეკადრებათ, ჩვენით გავაკეთებთო, მაგრამ ალისამ ისე დაუბღვირათ, მაშინვე ხმა გაწყვიტეს და ხის დიდი ჩამჩა, რომლითაც უკვე ოფნავ შესქელებულასას ურევდნენ, გაბრიელს გადაულოცეს. იმაზე უფრო დამღლელი და შრომატევადი პროცესი გამოდგა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. კაცს მთელი სხეული დაეჭიმა, ხელები ლოდებივით დაუმძდა და მთლად ოფლიში გაიღვითქა, მაგრამ მასა არა და არ აღწევდა სასურვწლ შედეგს. ბოლოს ალისა მელანომ იხმო და გაბრიელმაც ქალებს დაუთმო ადგილი, თორემ აშკარა იყო, ვეღარ უძლებდა. სამაგიეროდ ფრანგი ქალბატონი ხალისობდა და წამითაც არ აშორებდა ხოლმე მზერას. თან გამხნევების საოცარი ფორმა ჰქონდა, მაშინვე მუშაობის გაგრძელებას რომ მოგანდომებდა ადამიანს - მათრახის ჰაერში ერთი გაქნევა და ყველა მისი მსახური ფეხზე იდგა ხოლმე.
იმ დღეს კი ალისამ ვეღარ მოითმინა და თავად გადაწყვიტა დავითის მონახულება. თავს არწმუნებდა რომ სუფთა ადამიანური ფაქტორი ამოძრავებდა. უბრალოდ უნდოდა გაეგო, ჯანმრთელად იყო და რამე ხომ არ სჭირდებოდა.
დიდხანს ატარა დავითის ჭიშკართან ცხენი, მაგრამ სახლიდან ჩამიჩუმიც არ გამოდიოდა. კაცს კარგადმოვლილი კარ-მიდამო ჰქონდა, ვერაფერს დაუწუნებდი. ეზოს ერთ მხარეს ჭა და საჩრდილობლად დარგული ხეები იწონებდნენ თავს, მეორე მხარეს კი პატარა ბაღი თალარითა და ხილის ხეებით.
ბოლოს ნერვები რომ დააწყდა და შორიდან ყურებამაც დაღალა, გადაწყვიტა შიგნით შესულიყო. ჭიშკარს მიაწვა კიდეც მათრახის ტარით, როცა ერთ-ერთი ეზოდან ბავშვმა ჩამოიქროლა და ცხენზეამხედრებული ქალი შენიშნა თუ არა, მაშინვე გამობრუნდა.
-დათოსთან მოხვედით, არა? - იკითხა და ცხენს მიუახლოვდა.
ქალმა მხოლოდ ახლაღა იცნო. ეს ის ბავშვი იყო, მაშინ დავითს ამბავი რომ მოუტანა ნინოზე.
-დიახ, მასთან ვარ, - ქართულად გაეპასუხა ალისა და ბავშვის გაოცებული სახეც დაიმსახურა.
-თქვენ... თქვენ... თქვენ ქართული იცით... - ენა დაება ბავშვს.
ალისამ მხოლოდ გადაიკისკისა და თავი გადააქნია.
-აბა, ქართულად რომ მეკითხებოდი წეღან, როგორ უნდა გამეგო შენი, ძალიან მიკვირს.
-მაგდენი ვეღარ მოვიფიქრე, - დაიბნა ბავშვი და წამით უკანაც დაიხია.
-კარგი, ახლა მითხარი, სადაა დავითი? - და თან მათრახის ტარით სახლისკენ ანიშნა.
-რაში გჭირდებათ დათო? მაგ მათრახოთ უნდა სცემოთ?
-რაა? - ამჯერად თვალები ალისას გაუფართოვდა, შემდეგ კი ისევ აკისკისდა.
-ასეთი ხმები დადის ჩემზე დავიჯერო? ალისა ხალხს მათრახით სცემსო?
ბავშვმა მხოლოდ თავი დაუქნია.
-ეს თუ დაგამშვიდებს, გეტყვი, რომ სულ სხვა რამის გამო ვეძებ შენს დათოს.
-მართლა?
-მართლა, მართლა.
-კარგი, მაშინ გეტყვით. აი, იმ დიდ ხეს ხომ ხედავთ, მაგის გვერდით ბილიკს დაინახავთ და იმას გაუყევით. თავად იპოვით შემდეგ.
ბიჭს მადლობა გადაუხადა და მაშინვე იქით წავიდა. ბავშვი მართალი იყო. ხის გვერდით ბილიკი გამოჩნდა და ქალმაც მაშინვე იქით გადაუხვია. ხეები ჯერ გახშირდა, შემდეგ კი აღმართს რომ აუყვა ხეებიც შეთხელდა და დავითის ცხენიც გამოჩნდა. თავად პატრონი კი იქვე ახლოს ჩამომჯდარიყო შემაღლებულიდან ხელის გულივით გადაშლილ სოფელს გადაჰყურებდა. ქალის მიახლოებაც არ გაუგია, იჯდა თავისთვის ფიქრებში ჩაფლული და ვერავის ამჩნევდა. ალისამაც იქვე მიაბა ცხენი, შემდეგ კი მათრახი ხელიდან არ გაუშვია, ისე მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა.
-გამარჯობა, მიქელანჯელოს ბიჭო!
დავითმა მხოლოდ წამით შეხედა, შემდეგ კი ისევ გატრიალდა და ოდნავ ჩაეღიმა. ალისას ამჯერად ყავისფერი საჯირითო ტყავკაბა მოერგო ტანზე და არც თავისი განუყრელი ფეხზემომდგარი ჩექმა დავიწყებოდა. ხელში ისევ მათრახს ატრიალებდა ოსტატურად. არც ერთი არ იღებდა ხმას. ისხდნენ და აფუსფუსებულ სოფელს გასცქეროდნენ.
-ასეთი რა მოხდა, რომ აღთქმადადებული ბერივით ყველას ჩამოსცილდი და დაიმალე? არ იცი, რომ გაქცევა არასდროსაა გამოსავალი? - სიჩუმე ისევ ალისას ხმამ დაარღვია.
-ვინ გითხრა, რომ გავიქეცი ან სადმე დავიმალე?
-ღმერთო ჩემო, - ზეცას ახედა ქალმა და გაიცინა, - ხმა ამოიღო, ლაპარაკობს! თუ მჯეროდეს, რომ ცოცხალია.
ალისას რეპლიკაზე დავითსაც ჩაეცინა, მაგრამ ისევ არაფერი შეიმჩნია.
-გტკივა, ხომ ასეა?
-რა? - ქალის კითხვამ გააოცა დავითი.
-გტკივა და სწორედ ამიტომ იქცევი ასე. ადამიანის პირველადი ინსტიქტი სწორედ ტკივილისგან გაქცევის ინსტიქტია. არც თვითგადარჩენის ანდაც სხვა რომელიმე, არა. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ტკივილს გაექცეს, მაგრამ როცა ამასაც ვერ ახერხებს, მაშინ უბრალოდ სხვებს ეთიშება და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ცდილობს შვება მოიპოვოს. შენც ასე იქცევი.
-მართლა? იქნებ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებისგან დასვენება მინდოდა? ამაზე არ გიფიქრია?
-არა, რადგან მგონია, რომ ჩემი ვერსია უფრო ახლოსაა სიმართლესთან. ნინოს დასაბრუნებლად გაიქეცი, მაგრამ უკან მაინც მარტო დაბრუნდი. ვიცოდი, რომ ის ქალი შენთვის ახლობელი იყო, - არაფრის დიდებით არ წარმოთქვა, რომ საცოლე იყო და ეჭვიანობდა. იმ მომენტშიც სულ სხვა მხარეს გაიხედა და მათრახის ტარს ხელები მაგრად მოუჭირა, - აქედან ვასკვნი იმას, რომ ან ვერ დაეწიე, რაც შენი ცხენის მყოლი ადამიანისთვის შეუძლებლად მიმაჩნია, ანდაც ისეთი რამ მოხდა, რამაც ძალიან გატკინა. ხომ მართალი ვარ?
მაგრამ დავითს ხმა არ ამოუღია. კვლავ დუმილი ამჯობინა, შემდეგ კი მოულოდნელად თქვა:
-რა იცი ჩემი და ნინოს შესახებ?
-რა? როგორ თუ რა ვიცი? რა შუაშია ახლა აქ ეგ?
-არ მიპასუხებ?
-მე არ... - დაიბნა ქალი და თავი დახარა.
-ნინო ჩემთვის ჯერ ბავშვობის მეგობარი იყო, მერე მიჯნური, საცოლეც კი, მაგრამ ახლა...
-ახლა რა? - დაიძაბა ქალიც.
-ახლა აღარ ვიცი.
-იცი, მაგრამ გაცნობიერების გეშინია. არ გინდა, რომ უფრო გეტკინოს. მე კი გეუბნები, რომ სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს. და საერთოდაც არ მესმის ვინ მოიგონა სისულელე, რომ ეს გრძნობა მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაშიო. სიყვარული მრავალნაირია და ერთ ჯერზე უფრო მეტჯერ შეუძლია მოსვლა. ადამიანები ჩვენი ცხოვრებიდან მიდიან და მოდიან, მაგრამ მათ მიმართ გაჩენილი გრძნობა ყოველთვის ხელუხლებლად ინახება. დრო მათ არ აუფერულებთ. იმ ადამიანის მსგავსად შეგიძლია სხვაც შეიყვარო მეტადაც ან ნაკლებად, მაგრამ მის ადგილს გულში ვერასდროს სხვა ვერ დაიჭერს. მეორეს სულ სხვა ადგილი ეკავება, მას კი თავისი სამუდამოდ დარჩება. თუ საჭიროა, უნდა გაუშვა კიდეც, დათმო და დროს მიენდო. აცადო თავად იპოვოს ბედნიერება და თუ შეცდომას დაუშვებს, თავადვე გამოასწოროს. თუ შენი ბედია, ბოლოს ხომ მაინც აუცილებლად დაგიბრუნდება. რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოხდება ეს. მთავარია, რომ მოხდეს და ბოლოს შენთან იყოს.
-და სიყვარულზე მორალს მიკითხვას ის ადამიანი, რომელმაც თავად არ იცის რას ნიშნავს ეს გრძნობა.
-რატომ ფიქრობ მასე? - ალისა დაზაფრა კაცის ნათქვამმა და მათრახზე ჩაჭიდული ხელები მთლად გაუთეთრდა.
-ვინც უყვართ, მას ისე არასდროს ექცევიან, როგორც თავად ექცევი გაბრიელს. შენი უმცროსი ძმაა და იმის ნაცვლად, რომ სულ ცოტაოდენი სითბო გამოავლინო და აგრძნობინო, რომ მასზე ღელავ, გიყვარს და ნერვიულობ, ყველაფერს პორიქით აკეთებ. შენ მხოლოდ მაგ მათრახის ქნევა იცი. დასაშვებია, რომ ისეთი პიროვნება იყო, ვისაც საკუთარი გრძნობების გამოხატვის უცნაური ხერხი აქვს, მაგრამ ზედმეტი მოგდის. მე დიდი ხნის წინ ამომივიდოდა ყელში მსგავსი საქციელი და ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენდი, მაგრამ მე მე ვარ და ვერასდროს გავუგებ შენს ძმას.
ქალი კვლავ იჯდა ერთ ადგილას და ხმასაც ვერ იღებდა. მზერა გადადღაბვნოდა და მზის სხივების კიაფზეც კი კარგად ჩანდა, რომ თვალები ცრემლის ბურთებს დაეფარათ, რომლებსაც არაფრის დიდებით აძლევდათ გადმოღვრის საშუალებას. დავითი კი არა და არ ჩუმდებოდა.
-თავად მითხარი წეღან, რომ როცა საჭიროა უნდა გავუშვა და თუ ნამდვილად ჩემი ბედია, უკან დამიბრუნდება. რატომ ხარ დარწმუნებული, რომ სწორედ ასე არ ხდება? მაგრამ არ მიპასუხო, არ გინდა. გგონია, რომ შენთან უნდა ვიყო, შენ გემორჩილებოდე მთლიანად და სხვისკენ გახედვის უფლებაც არ მქონდეს. მე კი მასეთი ვერასდროს გავხდები. შენ შენი მსახურების მსგავსი მონები გჭირდება სხვა არაფერი. გინდა გითხრა, მაშინ რატომ მაკოცე? რადგან გაბრაზებული იყავი და მხოლოდ საკუთარი თავის დამშვიდებაზე ფიქრობდი. იმ წამს არანაირი გრძნობა არ გაგაჩანდა ჩემ მიმართ. მართალია, გრძნობ რაღაცებს, მაგრამ ეს ყველაფერი სიბრაზის საზღვრებს ვერ ცდება, მაქსიმუმ სიძულვილამდე მიაღწიოს. მაგრამ შენ წარმოდგენაც არ გაქვს იმ თბილ და სათუთ გრძნობაძე, რასაც სიყვარული ჰქვია. სრიყვარული არ იცი და ვერც იმას ხვდები, რომ მას დათმობა სჭირდება ორივე მხრიდან. შენ კი მხოლოდ მიღებას ხარ ჩვეული და არანაირ დათმობაზე არასდროს წახვალ. ჩემთან ურთიერთობა რომც წამოიწყო, მაშინვე თუ არა, ცოტა ხანში აუცილებლად მიხვდები, რომ ეს უბრალოდ აღფრთოვანება იყო და მეტი არაფერი. ახლა კი, გთხოვ, დამტოვო. არ მინდა შენგან არც თანაგრძნობა და არც დამშვიდება. სიყვარულის უცოდინარი ადამიანისგან არაფრის მიღება არ მსურს.
კაცი გაჩუმდა და ამჯერად თავად აარიდა მზერა. იცოდა და მშვენივრადაც ხვდებოდა, რომ თავისი სიტყვებით ძალიან სტკენდა ქალს, მაგრამ თითქოს კონტროლი დაეკარგაო, ვერც ერთ სიტყვას ენის წვერზე ვერ იმაგრებდა. თავისით ამოდიოდნენ და ჰაერში იფრქვეოდნენ. მანამ არ გაჩუმებულა, სანამ ბოლომდე არ ამოთქვა და თავში ერთი აზრის ჭაჭანებაც კი აღარ დარჩა.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც ჯერ ალისას გახშირებული სუნთქვა არღვევდა, შემდეგ კი მტვრევის ხმა გაისმა და ქალიც ალაპარაკდა.
-პირველივე შეხვედრაზე გითარი, რომ ბევრს ლაპარაკობ და ახლაც ამ აზრზე ვარ. მაგრამ აქ შენთვის რჩევა-დარიგებების მოსაცემად არ მოვსულვარ, - ქალს ლაპარაკი თანდათან უფრო უჭირდა და მთელი სხეულით თრთოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა, - უკან დაბრუნება უნდა მეთხოვა. ნურავის გამო გააკეთებ ამას, უბრალოდ გაითვალისწინე, რომ მელანო ნერვიულობს შენზეც და ერეკლეზეც. შენ კი ამ შემთხვევაში მათი დამაკავშირებელი ერთადერთი რგოლი ხარ. უბრალოდ დიდ ხანს ნუღარ დააგვიანებ. ბოლო დროს ბიძინა ძალიან ბედნიერი დაიარება და მელანოს ეს აშფოთებს. მადლობა, რომ გამიზიარე, რეალურად რას ფიქრობ ჩემზე, რომ უგულო არსება გგონივარ, მაგრამ გაფრთხილებ. ადიამიანებთან საუბრისას ფრთხილად უნდა შეარჩიო ხოლმე სიტყვები, რომ მერე პატიების თხოვნა არ დაგჭირდეს. სიყვარულზე კი იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია, დავით.
ქალი უკვე ფეხზე იდგა და არეული ნაბიჯებით მიიწევდა თავისი ცხენისკენ. მოუხერხებლად შემოჯდა უნაგირზე და თავის შემაგრებაც ძლივს შეძლო. მაგრამ ბოლომდე მაინც არ დაუყრია ფარ-ხმალი. ნაზად უბიძგა ცხოველს ფერდებში და ბილიკზე შეაყენა. უკან კი დავითის წინ დაგდებული გადამტვრეული მათრახი და გაოცებული კაცი დატოვა.
***
დავითი არც მეორე დღეს დაბრუნებულა და არც მესამე დღეს. მაგრამ ბოლოს როგორღაც მოერია საკუთარ თავს და დილაადრიან ამილახვრების მამულს მიადგა. მთელი დღე მუხლჩაუხრელად მუშაობდა. თითქოს გაცდენილი დროის ანაზღაურებას ცდილობდაო, მთელი დღე არ დაუსვენია. მაინც ყველას არიდებდა თავს, განსაკუთრებით კი ფრანგ ქალბატონს, მაგრამ ალისას მისკენ ერთხელაც კი აღარ გაუხედავს. ასე კი მთელი კვირა გაგრძელდა. კაცი გრძნობდა თავის დანაშაულს, მაგრამ თითქოს რაღაც აბრკოლებდა. მაგრამ იმ დღეს გარდატეხა მოხდა, როცა ალისამ მეჯინიბეს სთხოვა მისთვის ცხენის შეკაზმვა და არა დავითს. გვერდი ისე აუარა, გეგონებოდათ კაცი საერთოდ არ მდგარიყო იქვე. აქამდე თუ ყველა წვრილმანზე მას უხმობდა ხოლმე, დავითის დაბრუნების შემდეგ ყურადღებასაც აღარ აქცევდა. ხოდა, ადგა და იმ დღეს მელანოსთან მივიდა. მელანოს რამდენიმე დღის წინ გაეგო ჭორი, რომ „პოსეიდონი“ ზღვაში ჩაძირულიყო, ხოლო ბიძინამ დილით ახარა, შენი გამტაცებლები სათანადოდ არიან დასჯილებიო. თავადის ასული მართლა ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ დავითს მაინც ყურადღებით მოუსმინა და ბოლოს გაოცებულმა შეხედა.
-შენ რა ეს ყველაფერი მართლა უთხარი ალისას და ცოცხალი ხარ? მოიცადე, დასახიჩრებულიც არ ხარ?
-არა. საერთოდ რას მეკითხები მელანო?
-დარწმუნებული ხარ, რომ ახლა ორივე იმ ალისაზე ვლაპარაკობთ, ახლა ცხენზე რომ ზის და სადღაც აპირებს გასვლას?
-დარწმუნებული ვარ.
-მაშინ გასაგებია, რატომ დაბრუნდა ასე განადგურებული იმ საღამოს და საერთოდ არავინ გაგვიკარა ახლოს. რაზე ფიქრობდი, გამაგებინე, იმ სიტყვებს რომ ეუბნებოდი?
-მე მეგონა...
-რომ ალისას არ ეწყინებოდა? ქალებს ყველაფერი ძალიან მარტივად გვწყინს, ცნობისთვის. რაც არ უნდა ძლიერ ქალად გეჩვენებოდეს, ერთი არასწორი სიტყვა და მორჩა. იმ წამს არაფერს შეიტყობს, ვერც შენ შეამჩნევ, მაგრამ შემდეგ...
დავითი კვლავ იდგა და ალისას უყურებდა. რაღაცის სათქმელად დააღო პირი, ისევ მელანომ რომ გააწყვეტინა.
-არ თქვა ახლა, რომ როგორ მალე მოსულა ფერზეო. ალისა ასეთია. ერთ დღეს გამოიტირებს ყველაფერს და მეორე დღეს კვლავ ჩვეულებრივი ხდება. რა გეგონა, რომ მთელ დღეებს შენი სიტყვების გამო გლოვაში გაატარებდა? მწარედ შემცდარხარ. იცი, არ მესმის, რატომ გგონიათ მამაკაცებს თავები სამყაროს ცენტრი და რატომ გინდათ, რომ ყველა თქვენ დაგფოფინებდეთ თავს. აი, შენ კი, მეტის ღირსიც ხარ. რამ გათქმევინა, რომ სიყვარული არ იცის. წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა მდგომარეობაში იყო მე რომ გავიცანი, - მელანომაც ქალს გახედა, რომელსაც უკვე მოესწრო ჭიშკრიდან გასვლა და ამჯერად ორღობეში მოაქროლებდა ცხენს, - ალისა დანიშნული იყო და საქმრო ჰყავდა. ერთმანეთი ისე ძალიან უყვარდათ და იმდენად ბედნიერები იყვნენ, ზოგჯერ არ მეჯერა ხოლმე მათნაირი წყვილი როგორ შეიძლებოდა არსებულიყო დედამიწაზე. მაგრამ მოხდა ისე, რომ დიონი ჯარში გაიწვიეს და იქიდან აღარასდროს დაბრუნებულა. დღემდე ვერ გაარკვია ნორმალურად რა მოხდა, როგორ გაუჩინარდა და რა დაემართა. მხოლოდ კაცის სისხლისგანდაცლილი გვამი ჩამოუსვენეს. მაშინ რომ გლოვობდა დიონს, მგონი, საკუთარი ბაბუაც კი არ უგლოვია მასე. გაბრიელსაც სულ სხვანაირად ექცეოდა, როცა ის მის გვერდით იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ისევ შეიცვალა და გახდა აი ასეთი, როგორსაც დღეს ხედავ.
-კარგი, მე ცოტა ხნით გავალ...
-როგორც გინდა, მაგრამ ერთ რამეს გთხოვ, კარგი?
-გისმენ.
-ერეკლეზე სიმართლეს გამირკვევ? გული რაღაც ცუდს მიგრძნობს, მაგრამ ბოლომდე არც მამაჩემის და არც ამ ჭორების დაჯერება არ მინდა.
-დამშვიდდი, ყველაფერს გავარკვევ.
***
მელანოსთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა. ვერ მიხვდა დავითმა ასეთი რა გააკეთა, მაგრამ ალისა იმ დღეს ისე მალე დაბრუნდა შინ თანაც გაბადრული, რომ ასეთი მხიარული ბოლოს როდის ნახა, ისიც კი აღარ ახსოვდა. არავისთვის გაუმხელია თუ რა მოხდა, უბრალოდ აქეთ-იქით გაბადრული დადიოდა და ხანდახან თავისთვის ღიღინებდა კიდეც. იმ საღამოს კი ამილახვარმა ქალს შეატყობინა, რომ რამდენიმე დღეში ტფილისს მოუწევდათ გამგზავრება თავადების სანახავად. ალისაც უპრობლემოდ დასთანხმდა. ხოლო სწორედ იმ დღეს, როცა წასვლას აპირებდნენ, დილაადრიან მელანოს საძინებლის კარზე კაკუნი ატყდა. მართალია, ქალს დიდი ხანია ეღვიძა, მაგრამ მაინც გაოგნება ეწერა სახეზე, როცა კარი გამოხსნა.
-ვაიმე, ალისა, რა გჭირს, დაეცი? - მეგობრის დანახვისას წამოიკივლა მელანომ ლამის მთელი სახლიც გააღვიძა.
ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული. მზეს პირველი სხივები ახლა ამოეწვერა და ნელ-ნელა იწყებდა მთა-ბარის გათბობას. ალისა კი ღაწვებავარდისფერებული, ბედნიერი ღიმილით იდგა მელანოს ოთახის კართან და სულ არ აინტერესებდა მტვრით დასვრილი კაბა, აბურდული ვარცხნილობა და თმასა და ტანსაცმელზე შერჩენილი ბალახის ღეროები.
-სწრაფად შემოდი ჩემს ოთახში, არავინ დაგინახოს! - ხელი ჩაავლო და ოთახის კარი ჩაკეტა, - აღარ იტყვი, რა მოხდა?
-ისეთი არაფერი, - ყურებამდე გაიბადრა ალისა, - უბრალოდ მე და დათომ თივის ზვინი დავათვალიერეთ. გამძლე თივის ზვინების აგება გცოდნიათ, ხომ იცი შენ?! - ამოილაპარაკა და ხელით დაინიავა.
-რა ქენით? - თვალები შუბლზე აუვიდა მელანოს, - კი, მაგრამ... ჰა? - გაოცებული დადიოდა აქეთ-იქით და გაბადრულ ალისას თვალს ვერ აშორებდა, - დათო როგორ დაითანხმე? - ბოლოს დაუსვა ყველაზე ლოგიკური შეკითხვა და ერთ ადგილას გაჩერდა.
-დეტალებში მოგიყვე? - თვალები დაუბრიალა მეგობარმა და წამოდგა.
-კარგი, ხო, ბოდიში, მაგრამ ვერ ვიჯერებ. მოიცადე და ასე აწითლებული რატომ ხარ ჯერ კიდევ? ვერ გამოხვედი იმ ბურანიდან, რაც დათომ შეგყარა?
-მაქედან რაღა გამომიყვანს, მითუმეტეს როცა მისი გემო გავიგე, - შეიცხადა ქალმა და თან სარკეში ჩაიხედა, - ვაიმე, მართლა რას ვგავარ. თივის ზვინის პატრონმა ლამის წაგვასწრო, ხოდა ჩვენც გამოვიქეცით. აქამდე სულ სირბილით მოვედით და ამიტომ ვარ ჯერ ისევ აწითლებული.
-ჩვენ რა საკმარისი თივის ზვინები არ გვქონდა, რომელიმე გლეხს რომ არ შევარდნოდით და არ აგერიათ?
-ვაიმე, მელანო! ან გაჩუმდი და მოწესრიგებაში მომეხმარე, ან კიდევ წავალ, იცოდე!
-ვაიმე, როგორ მოლბი და მოტყდი, რომ იცოდე, - გადაიკისკისა ქალმა და ალისას დაბღვერილ სახეზე კიდევ უფრო მეტად აუტყდა სიცილი, - მათრახიც რომ დაიჭირო ხელში, მაშინაც კი აღარ შემეშინდება შენი. იმდენად ბედნიერი იყურები, სადღა შეგიძლია სიბრაზე. ყოჩაღ დავით, რაა! გეთაყვანები. როგორ უცბად მოგარჯულა და ჩამოგაგდო კვარცხლბეგიდან?!
-სანამ შენ ჩამომიგდიხარ მაგ სავარძლიდან, გირჩევნია, დამეხმარო! თორემ მართლა დავიბრუნებ პლანტატორი ალისას სახეს და მერე, ვაი შენი ტყავის ბრალი!
მელანო მართლაც მიეშველა თავის მოწესრიგებაში, შემდეგ კი მეტად საჭირბოროტო კითხვა დაუსვა.
-ახლა რას აპირებ?
-რას გულისხმობ?
-ხომ ხვდები, რომ ერთ დღესაც აქედან წასვლა მოგიწევს. მაშინ რას იზამ?
-დავითის მიტოვებას არასდროს ვაპირებ. ძლივს ცხოვრებაში სრულყოფილად ბედნიერი ვარ და ამ ყველაფერს არაფრის დიდებით არ დავკარგავ!

თავი 10
ამასობაში სექტემბერიც მიიწურა და ქართლის მიდამოებში ოქროსფრად ჩამოთოვლა. ხეებს ფოთლების უმეტესი ნაწილი გასცვივდა და ნელ-ნელა უფრო მეტად აცივდა. ბოლო ცნობებით კი ალისა და თავადი ამილახვარი ჯერ დაბრუნებას არ გეგმავდნენ. რაღაც ისე ვერ აეწყო მოლაპარაკებების საქმე, როგორც ამას ფრანგი ქალბატონი გეგმავდა.
ოქტომბრის იმ ქარიან დღეს ქართლის ცას ადგილი საღამოს ბინდისთვის დაეთმო, როცა მელანომ თავის მოსამსახურეებს წყლის გაცხელება სთხოვათ. იმ დღეს საშინლად ცხელოდა და მთლად გაოფლილი სხეულის გაგრილება და გასუფთავება სურდა თავადის ასულს. ქალებმა წყალი მალევე შემოუტანეს, აბაზანაც გაუმზადეს და წყლის დასამატებლად გავიდნენ. მელანო კი მშვიდად ჩაეშვა ორთქლადენილ წყალში და სხეულზე ნაზად დაიტარებდა ტილოს. როცა ესეც დაასრულა, უბრალოდ მოდუნდა, თვალები დახუჭა და თბილი წყლის ძალას დანებდა. ოდნავ ქვემოთ ჩაცურდა, თავი აბაზანის კიდეს ჩამოადო და გაიყურსა.
კარი უხმაუროდ მიიხურა და მელანომ მხოლოდ იატაკზე დადგმული სავსე სათლის და წყლის დგაფუნის ხმა გაიგო. დარწმუნებულმა იმაში, რომ მოსამსახურე გოგომ დამატებით შემოიტანა წყალი, თვალები არ გაახილა და მშვიდი ხმით ამოილაპარაკა:
-ეგ სათლი მანდ დატოვე და შეგიძლია, გახვიდე.
-მართლა? მე კიდევ მეგონა, რომ ჩემი დახმარება გჭირდებოდათ ზურგის გახეხვაში.
ქალმა მაშინვე გაახილა თვალები, როგორც კი მოსამსახურე გოგოს ნაცვლად კაცის ხმა შემოიესმა და ეგონა მოეჩვენა, მაგრამ მის წინ ნამდვილად ერეკლე იდგა. გაოცებულმა რამდენიმე წამს უყურა, მერე კი პირზე ხელი აიფარა, რომ სიხარულის კივილი ჩაეხშო.
-შენ აქ საიდან, როგორ?
-გავიგე, ამილახვრის ერთადერთი ქალიშვილი მთელი დღეები მოწყენილი დაიარება და ძლიერ ნერვიულობს არაფერი ამბავი რომ არ ისმის მისი მიჯნურისაო. ხოდა, მეც გადავწყვიტე მენახე, - ღიმილით ჩაიმუხლა აბაზანასთან და სახეზე მოეფერა ქალს, - მომენატრე მელანო, თანაც უზომოდ.
-მეც, მეც მომენატრე, - ამოიჩურჩულა ქალმა და თავისი სურვილით მისწვდა ერეკლეს ბაგეებს, მაგრამ მალევე მოსცილდა.
კაცმა უკმაყოფილოდ რაღაც დაიფრუტუნა და წამოდგა.
-გამოვიცნობ, გრცხვენია და უნდა შევბრუნდე.
-ვერ გამოიცანი, - გაეცინა მელანოს და ნელ-ნელა ზღვის ქაფისგან ნაშობი აფროდიტესავით წამოიმართა.
ერეკლემ მაშინვე ხელი შეაშველა, შემდეგ კი შირმაზეგადაკიდებულ მშრალ ნაჭერს მისწვდა და ქალს შემოაფარა. თავადვე მიიყვანა საწოლთან, ზედ ჩამოსვა, ნაჭერი ჩამოართვა და თავისი ხელით გადააცვა ღამის პერანგი. ნელა მიასრიალებდა ქალის ნატიფ სხეულზე ხელებს და თხელი მატერიაც მათთან ერთად მიიწევდა ქვემოთ. ბოლომდე მაინც ვეღარ გაუძლო. სანამ მოღეღილი მკერდი მთლად დაიფარებოდა, დრო იხელთა და ორივე ძუძუზე ხანგრძლივად დააკრო ტუჩები. მელანოს თვალები მიელულა და სიამოვნებისა და მონატრებისგან ხმადაბლა დაიკვნესა. ერეკლე წამსვე მოშორდა. ღრმად სუნთქავდა და თვალებიც ანთებოდა.
-არ შეიძლება, უპატივცემულობაა, - ლუღლუღებდა თავისთვის და დამშვიდებას ცდილობდა.
მაგრამ ცდუნება ზედმეტად ძლიერი იყო.
ბოლოს როგორღაც მოეგო გონს, ქალს ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად ისე დაწვა საწოლზე, რომ მელანო მის მკერდზე აღმოჩნდა. ერეკლემ მჭიდროდ მოხვია ხელები და ძლიერად ჩაიკრო, თითქოს მისი შესისხლხრორცება და სამუდამოდ თავისთან დატოვება სურდა. ქალიც გატრუნული დაჰყვა მის ნებას და არ გაუპროტესტებია.
-არ მეტყვი, მაინც როგორ აღმოჩნდი აქ? - რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ იკითხა მელანომ და თავი ისე დადო, რომ ერეკლეს გულისცემა ყურქვეშ ესმოდა.
-დავითი დამეხმარა უხმაუროდ შემოპარვასა და შენს ნახვაში. ასე მითხრა, ძალიან ნერვიულობდა მელანო შენზეო.
-რა თქმა უნდა, დავითი, - გაეღიმა ქალს, - სხვა ვინ მოახერხებდა მაგდენს. მართლა ძალიან ავნერვიულდი, მამაჩემი ასე გახარებული რომ დააბიჯებდა და თან ჭორი გავრცელდა, რომ "პოსეიდონი" და მისი ეკიპაჟი იმ ქვეყნად გაისტუმრესო.
-მერე ვგავარ იმ ქვეყნიდან მოსულს?
-მასე ნუ ხუმრობ, ერეკლე! - განაწყენდა მელანო და მკერდზე ხელი მიჰკრა, რაზეც კაცმა ტკივილისგან მომანჭული სახით უპასუხა.
-მოიცადე, რამე გჭირს? არ ხარ, ხომ კარგად? დაგჭრეს? - მაშინვე წამოიწია ქალმა, ერეკლეს მკლავებისგან თავი დაიხსნა და გაავებული მზერით დახედა.
-არაფერი მიჭირს, მართლა.
-ერეკლე, მაჩვენე!
რადგან თავად კაცი არ ინძრეოდა, მელანომ დაიწყო მოქმედება. ჯერ ჩოხის დუგმები შეუხსნა, შემდეგ კი ახალუხის, მარდად გადაუღეღა მკერდი და ნანახმა ლამის შეკივლება აიძულა. მთელი ზედა ტანი უკვე გაყვითლებულ-გამწვანებულ სისხლჩაქცევებს დაეფარა, რომელზეც უბრალო ხელის შეხებაც კი კვლავ ტკივილს აყენებდა კაცს.
-ღმერთო ჩემო, ერეკლე, - ლამის ტირილი დაეწყო მელანოს, რომელსაც ნიკაპი უკვე აკანკალებოდა, - ეს... ეს ვინ ჩაიდინა? მითხარი, კიდევ რამე გჭირს თუ მხოლოდ ესაა?
-დამშვიდდი, - წამოჯდა კაცი და უკვე აქვითინებული ამილახვრის ასული ჩაიხუტა, - სერიოზული მართლა არაფერია. ვერ ხედავ? თითქმის გამიქრა. სხვა კი მართლა არაფერი მჭირს.
-შენთვის რომ ეკითხა კაცს, არც აქამდე გჭირდა რამე. ნუ მატყუეებ და სიმართლე მითხარი!
-კარგი, ხო, - ამოიოხრა კაცმა, - ორი ნეკნი მქონდა გატეხილი, მაგრამ მართლა აღარაფერი მჭირს. ახლა კი, თუ შეიძლება, დაუბრუნდით თქვენს კუთვნილ ადგილს.
ერეკლემ წამშივე შეიბნია დუგმები, კვლავ საწოლზე გადაწვა და მელანოც გულზე მიიწვინა.
-არ მეტყვი, როგორ დაგემართა?
-დარწმუნებული ხარ, რომ ამის მოსმენა გინდა?
-აჰა, ანუ ისევ მამაჩემის ხალხს დაპირისპირებიხარ.
-მართალია. სადღაც თვე-ნახევრის წინ გადავეყარეთ ერთმანეთს.
-ამდენი ხანი ამის გამო არ ჩანდი, ხომ? სერიოზული გჭირდა რამე? არ დამიმალო, ერეკლე, გთხოვ.
-მართლა არაფერი ყოფილა სერიოზული. უბრალოდ გამარჯვების და სულ ოდნავ ჩვენი ცემის უფლება მივეცით, რომ მამაშენი ცოტა ფერზე მოსულიყო.
-ანუ ის ბავშვები...
-დამშვიდდი, მათ არაფერი უჭირთ, ყველანი უკან, თავიანთ სახლებში დავაბრუნეთ. ზოგჯერ მტერს გამარჯვების უფლება უნდა მისცე ხოლმე, რომ ყურადღება მოადუნოს, შემდეგ კი ეს ფაქტი საშენოდ გამოიყენო და ბედის ბორბალი ერთი ხელის მოსმით შენკენ შემოაბრუნო.
-მასე რომ არ მოხდეს, მაშინ რას აპირებ?
-მთავარია, შენ გჯერა ჩემი, ჩემი ხარ, გიყვარვარ და დანარჩენი უკვე სულ ერთია. შენ გამო სიცოცხლოს გაწირვაც კი მიღირს.
ქალმა წამით იმ აწყლიანებული მზერით შეხედა, რომელიც ამდენად უბნევდა თავ-გზას ერეკლეს. შემდეგ კი კვლავ შეერთდნენ ამილახვრისა და ფალავანდიშვილის ბაგეები.
მშვიდად საუბრობდნენ კიდევ ცოტა ხანს, კაცმა ისიც უთხრა, რომ ეკატერინე ამილახვრის რჩევა გაეთვალისწინებინა და თავად ჯაყელს დაკავშირებოდა. უკვე რაღაც გეგმაც ჰქონდათ შემუშავებული. შუა საუბრისას კი მოულოდნელად მელანოს ჩამოეძინა. ერეკლე უყურებდა მძინარე ქალს და მართლა ვერ ხვდებოდა, თუ როგორ დაიმსახურა მისნაირი ანგელოზი.
შემდეგ კი ყველაფერი წამებში მოხდა. ჯერ კიდევ მძინარე ქალი მკერდიდან ააგლიჯეს, თავად კი სამმა კაცმა შეიპყრო ისე, რომ თავის დახსნის საშუალებაც კი არ ჰქონდა. აი, მერე ოთახში თავად ბიძინა ამილახვარი შემოვიდა ირონიული ღიმილით სახეზე. ჯერ მელანოს შეხედა ზიზღით, რომელიც ერთ კაცს ჰყავდა გაკავებული, შემდეგ კი ერეკლეს. მისკენ გადადგა კიდეც ნაბიჯი, მაგრამ მერე მოტრიალდა და თავის ასულს მიუახლოვდა.
-შე კახპავ, - დაუყვირა და იმდენად ძლიერ გაარტყა სილა შვილს, რომ ქალს ტუჩი გაუსკდა, გვერდით გადაქანდა და რომ არა მის ზურგს უკან მდგარი ამილახვრის კაცი, აუცილებლად იატაკზე აღმოჩნდებოდა გართხმული, - ქუჩის ქალო! ამის გამო ვიკლავდი თავს, ამისთვის გასწავლიდი, რომ შენ ასე გადაგეხადა ჩემთვის სამაგიერო?
მელანო თავჩაქინდრული იდგა და ხმას ვერ იღებდა. თვალებში ჯერ კიდევ ვარსკვლავები დაურბოდნენ და თავიც უბჟუოდა. სამაგიეროდ ამილახვარი არა და არ ცხრებოდა.
-მართლები იყვნენ წინაპრები, როცა ქალს დაბადებისთანავე აკვანში ნიშნავდნენ და ათხოვებდნენ. არ უნდა დაკარგო დრო მათ გამო, რადგან წავლენ და მაინც იმათ ჩაუწვებიან, ვინც თავს ლაფს დაგასხამს. შენნაირი შვილის ყოლას საერთოდ არ მყოლოდა, მერჩივნა.
მელანო თითქოს გამოეთიშა იქაურობას და მოგონებებში გადაინაცვლა ბებიასთან, როდესაც შემთხვევით ბიძინაზე ჩამოვარდა საუბარი. ბებია მელანია სულაც არ ყოფილა კმაყოფილი თავისი შვილით. კარგი მამობა სულაც არ ნიშნავს კარგ კაცობასო, უთხრა ქალმა. მაშინ ხარ კარგი ადამიანი, როცა სახლშიც და მის გარეთაც, ერისკაცობაში მისაბაძი ხარო. ბიძინა კი მხოლოდ მამად თუ გამოდგა ისიც შენთან, თორემ არც ქმრად ვარგა და არც თავადადო. მოგონება კი რამდენიმე წამში კვლავ რეალობამ ჩაანაცვლა.
ერეკლე დაჭრილი მხეცივით ბრდღვინავდა, მაგრამ უშედეგოდ. იმდენი ძალაც არ ჰქონდა, რომ ერთდროულად სამი კაცისგან თავი დაეხსნა. შემდეგ კი მისკენაც ინება შემობრუნება ამილახვარმა, რომელსაც სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
-მაინც ხომ გაები, ფალავანდიშვილო! არ უნდა დაგეტოვებინა შენი გემი და ხმელეთზე არ უნდა გადმოსულიყავი. საერთოდაც, როცა შესაძლებლობა გქონდა, მაშინ უნდა მოგეკალი, რადგან ახლა ყველაფერი უკვე გვიანია და ამჯერად ჩემი ჯერი დადგა. მე კი დანდობა არ ვიცი.
თავადმა ახლა ერეკლესაც დაარტყა, მაგრამ ფალავანდიშვილი მელანოსგან განსხვავებით ძლიერი აღმოჩნდა და ადგილიდანაც არ განძრეულა. მხოლოდ ერთი ამოიღმუვლა და სახეზე ის ადგილი გაუწითლდა, სადაც ბიძინას მუშტი მოხვდა.
ხმაურზე ოთახში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი შემოიჭრა. წინ კი თავადის ცოლი მორბოდა. როცა იქაურობას თვალი მოავლო, სიტუაცია დაზვერა და გაცეცხლებული ქმარიც შენიშნა, აღარც უკითხავს რა მოხდაო, მაშინვე მელანოსთან მიიჭრა და თავადაც გაარტყა. ქალმა იმდენად სწრაფად დაიწყო რუსულად საუბარი, იმდენი რამ უთხრა ამილახვრის ასულს, რომ ყურის მიდევნებასაც ძლივს მოასწრებდით. აი, ბოლო სიტყვები კი ყველასგან კარგად გამოირჩეოდა.
-ვიძახდი, გაუზრდელია-მეთქი, მაგრამ მიჯერებდა ვინმე? თავის დროზე უნდა მოგეცილებინათ დედის კალთას და საფრანგეთის ნაცვლად რუსეთში გაგეშვათ სასწავლებლად. უტვინო გოგოვ! - მორიგი სილა გააწნა და ისევ აპირებდა, რომ ერეკლეს ხმამ გააჩერათ.
-თქვენ როგორ ბედავთ მის გაკიცხვას, როცა თავად არავინ ხართ მისთვის! საერთოდ არ გაქვთ უფლება მას მიუახლოვდეთ და ის სიტყვები აკადროთ, რაც სიმრთლეს არ შეესაბამება. დედამისი რომ იყოთ, კიდევ მესმის, მაგრამ თქვენ უბრალოდ მამამისის უკანონო ცოლი ხართ და მეტი არავინ!
-ხმა ჩაიწყვიტე! - გამწარდა ამილახვარი და ერეკლეს მორიგი მუშტი უთავაზა.
მერე კი ცოლს მიუბრუნდა და თვალებით ანიშნა რომ იქიდან აორთქლებულიყო. ქალმა ალმაცერად გახედა ოთახში მყოფ თითოეულ ადამიანს, წამით მზერა ალისაზე შეაჩერა, შემდეგ კი ამაყი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
ამჯერად კი ჯერი მელანოს უმცროს ძმებზე მიდგა. არც ერთი მათგანი არ აკლდა იქაურობას. ხმისამოუღებლად იდგნენ და სანახაობას შესცქეროდნენ. როცა ბიძინამ მათკენ მოაბრუნა თავი, სამივე მათგანმა გამკიცხავი მზერა ესროლა დას. შემდეგ კი თითო-თითოდ გაჩერდნენ მის წინ, ფეხებთან დაუფურთხეს და ოთახი დატოვეს.
გაბრიელი ლამის ჭკუიდან გადავიდა ამის დანახვაზე. მელანოს ძმებისკენ დაიძრა კიდეც, მაგრამ ალისამ მკლავში ჩაავლო ხელი და გააჩერა. მერე კი საერთოდ სიტყვის უთქმელად გავიდნენ ოთახიდან.
-რატომ გამაჩერე?
-ახლა ამის დრო არ არის და იმიტომ, - დაიჩურჩულა ქალმა და დერეფანს თვალი მოავლო, - ნუ გავიწყდება სად ხარ და ვის სახლში.
-და მელანო ან ერეკლე?
-დიდი ალბათობით, თავადი ერეკლეს მოკვლას გადაწყვეტს, მაგრამ ამას აქ არ გააკეთებს. მაგ შემთხვევაში კი, ვიცი, დავითი აუცილებლად უშველის. ახლა ვხვდები, თურმე რატომ მოიჩქაროდა ასე ტფილისიდან. თურმე მახეს უგებდა ერეკლეს.
ამილახვარი კი გაავებული დააბიჯებდა ოთახში და ვერ ჩამოყალიბებულიყო აქვე დაემთავრებინა ფალავანდიშვილის სიცოცხლე ყველას თვალწინ თუ როგორც დაგეგმა? ერეკლე კი თითქოს ჯინაზე უფრო მეტად ახელებდა ამ თავისი შეწინააღმდეგებით. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ დაგეგმილზე უფრო მეტი ხალხი დაესწრო ამ „სპექტაკლს“ და ჭორებიც მალევე აგორდებოდა. ბოლოს როგორც იქნა გონება მოიკრიბა, ოთახის შუაგულში გაჩერდა და ზიზღნარევ-ირონიული ღიმილით შეხედა ჯერ ქალიშვილს, რომელიც მთლადგადაფითრებული მიცვალებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე ცოცხალ ადამიანს, შემდეგ კი - ერეკლეს. ბოროტულმა ღიმილმა კიდევ ერთხელ გადაურბინა სახეზე და თავის კაცებს ფალავანდიშვილზე ანიშნა.
-ეს წაიყვანეთ და მოკალით. ჩემს ქალიშვილს კი თავად მივხედავ.
ერეკლემ ბოლოს რაც იგრძნო კეფაში ძლიერად ჩარტყმული ცივი საგანი იყო. შემდეგ კი ყველაფერი შავმა ფერმა დაფარა.
***
-გაბრიელ, მიდი და ის სამი წურბელა აქ მომითრიე, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც!
-რომელი სამი წურბელა?
-მართალია, ამ სახლში თითქმის ყველა წურბელაა, მაგრამ ამჯერად მელანოს ძმებს ვგულისხმობ.
-ახლავე.
გაბრიელმა ცოტა ხანში მართლა სამივე შემოუყვანა ოთახში დას, თავად კართან დადგა და ასპარეზი ალისას დაუთმო.
-დასხედით, დასხედით, რას მიყურებთ, - მშვიდად დაიწყო ქალმა და იქვე დადგმულ დივანზე ანიშნათ.
-გისმენთ, აბა, რა სასწრაფო საქმე გქონდა? - თქვა მათ შორის უფროსმა და უტეხად გაუსწორა თვალი ფრანგ ქალბატონს.
მის მზერაში გამოწვევასაც კი ხედავდა ალისა და ეს აგიჟებდა. არც ერთს არ ეტყობოდა, რომ რომელიმე ოდნავ მაინც სწუხდა ან სინდისის ქენჯნას გრძნობდა. კიდევ ერთხელ მოუწოდა თავს დამშვიდებისკენ, შემდეგ კი სავარძლიდან წამოდგა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
-მითხარით, ნამუსის მსგავსი რამე რომელიმე თქვენგანს თუ გაგაჩნიათ? რადგან მე ასე არ ვთვლი! არა, პირდაპირ გასაკვირია, როგორ შეგეძლოთ ასე მარტივად ხაზი გადაგესვათ საკუთარი დისთვის, ზურგი გექციათ და დახმარების ხელის გაწვდენის ნაცვლად ზურგში ხანჯალი ჩაგეცათ. მითხარით, რომელიმეს მაინც თუ გახსოვთ მელანო, რომელიც თქვენთვის თავს იზოგავდა, ზურგს გაქცევდათ და იმის ნაცვლად რომ თქვენ დაეცავით, გაბრუნებულიყო და თავისი საქმე გაეგრძელებინა. მოდით, მე გავცემ ამ კითხვაზე პასუხს - არა, არასდროს! მითხარით ერთი, რა დააშავა ასეთი თქვენმა დამ, რით მოგაყენათ შეურაცხყოფა და რანაირად შეგილახათ თავმოყვარეობა, რომ არც ერთმა არ დაიჭირეთ მისი მხარი? თავადი ბიძინასი მესმის, მამაა და უფლებაც ჰქონდა, რომ ასე მოქცეულიყო, რასაც მართალია, სულაც არ ვამართლებ, მაგრამ გაგება შემიძლია. აი, თქვენი საქციელი კი გულის ამრევია ჩემთვის. თქვენ რა დაგაკლდათ ერთი, მას რომ შეუყვარდა? როგორ გადაგაბიჯათ? შერცხვით რამეთი? თქვენ სულ არ გაინტერესებთ აქ რა მოხდება! წახვალთ იმ თქვენს დასაწვავ პეტერბურგში და რა, ისე ვეღარ შეძლებთ გართობას და დროსტარებას? და მელანო რას იზამდა თქვენს ადგილას? აი, თუნდაც შენ, - ყველაზე უფროსს გაუსწორა თვალი და კბილებში გამოსცრა, - სულ კახპა რომ შეგყვარებოდა, მათხოვარი, ქუჩის ქალი ანდაც სხეულით მოვაჭრე, ცოლად მოგეყვანა და ასე შეგელახა მამაშენის თავმოყვარეობა, მელანო გვერდით დაგიდგებოდა და წამითაც არ დაიხევდა უკან. თქვენ კი, თქვენ რა გააკეთეთ? წამიც არ დაფიქრდით ისე აქციეთ ზურგი! და იცით, რას გეტყვით? წურბელები ხართ სამივე თქვენგანი! მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, როგორ გაერთოთ და გაფლანგოთ ფული. იმას კი აღარ დარდობთ, რომ შეიძლება თქვენი საქციელით ვინმე ახლობელ ადამიანს ძალიან ატკინოთ! მართალია, ერთ დღეს უნდა გაწყვიტო მთლად კაცების სინსილა! ვიცი, მშვენივრად მომეხსენება, რომ მგლის თავზე სახარების კითხვასავით გამომდის, მაგრამ იქნებ მოხდეს სასწაული და რომელიმეს ჩემი ერთი სიტყვა მაინც მოგხვდეთ გულზე!
-მორალს ჩვენ რომ გვიკითხავ, თავად დარწმუნებული ხარ, რომ საკუთარი ძმა არ მოგექცევა ასე?
-როგორ ბედავ და გაბრიელს როგორ ედრები? - მთლად გადაირია ქალი, - ის თქვენსავით არასდროს დაეცემა და რაც არ უნდა მოხდეს, მჯერა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება! იმის ნაცვლად, რომ საკუთარ დანაშაულს ხვდებოდეთ, ახლა სხვას გადასწვდით. საკუთარ თვალში დირეს ვერ ამჩნევთ, სხვის ბეწვს კი მშვენივრად ხედავთ. და იცით, რაა, ახლა ნამდვილად დამარწმუნეთ, რომ წურბელებთან ერთად ყველანი , მთელი ერი სარეველა ბალახი ხართ! ყველაფერ კარგს მაშინვე თქვენი ხელით სპობთ და გახარების საშუალებას არ აძლევთ! იმის ნაცვლად, რომ გვერდით დაუდგეთ, მისცეთ თქვენთვის და ქვეყბნისთვის კარგის გაკეთების საშუალება, მაშინვე მის ჭამას იწყებთ. გშურთ, ის ჩემზე უკეთესი როგორ შეიძლება იყოსო და იმაზე იწყებთ ფიქრს, როგორ მოიშოროთ თავიდან. მერწმუნეთ, ისიც კი არ გამიკვირდება, რომ თქვენივე ნათესავი რომაა, ჭავჭავაძე, ღმერთო, გამახსენე რა ჰქვია! არ გამიკვირდება, რომ თქვენივე ხელით მოუღოთ ბოლო და მოკლათ, რადგან ქვეყნის გამოსადეგ საქმეს აკეთებს. იცით, რისი ღირსები ხართ? ვიღაცამ უნდა დაგიპყროთ, მაგრამ, უი, დაპყრობილები ხართ და ეგაა. მაინც მიჩვეულები ხართ მონობას! თქვენს ადგილას ნებისმიერი ერი რაღაცას მოიმოქმედებდა მაინც, მაგრამ ამის ნაცვლად თავადვე ხდებით იმ აჯანყებების გამცემლები, რომელსაც მართლა რაღაცის მოტანა შეუძლია თქვენთვის! მიჩვეულები ხართ ფეხიფეხზეგადადებულ ჯდომას და თავის ატკიებაც კი არ გინდათ! ხოდა, იცით რა?! მეც დავჯდები ასე თქვენსავით, თითსაც კი არ გავანძრევ და სანახაობით დავტკბები!
-მოიცადე, - ხელის აწევით გააჩერა ერთ-ერთმა და დაბნეულმა გახედა, - ჩვენ ახლა ისევ მელანოზე ვსაუბრობთ?
-ღმერთო, რა შეგცოდა ამისთანა კაცობრიობამ, ეს სამი იდიოტი რომ მოავლინე ამ ქვეყნად? - ჭერს ახედა ალისამ, შემდეგ კი გაბრიელისკენ გაიხედა, - ჩემი მარაო მომიტანე, რა.
-რომელი, რამდენიმე თვის წინ რომ გატეხე?
-მაშინ მათრახი!
-ეგ საერთოდ რამდენიმე კვირის წინ შემოგემტვრა.
-მაშინ წკეპლა მომიტანე, ეს სამი ჭკუაზე რომ მოვიყვანო!
გაბრიელი გავიდა, ალისა კი უკვე კართან მისულ სამეულს მიუბრუნდათ.
-გაიპარეთ, ჰო, გაიპარეთ. ზუსტად ისე მოიქეცით, როგორც ლაჩრების წესია! ჩემს მტერსაც კი არასდროს ვუსურვებდი, რომ თქვენი იმედი ჰქონოდა!
ძმები ამილახვრების გასვლის შემდეგ კი მალევე დაბრუნდა ოთახში გაბრიელი. ხელში ახლადგამოჩორკნილი წკეპლა ეჭირა, რომელიც ყოველ გაქნევაზე შხუილით აპობდა ჰაერს.
-ალისა, მართლა არაფერს გააკეთებ მელანოს დასახმარებლად?
-გაბრიელ, თუ არ გინდა მაგ წკეპლის ძალა შენზე ამ წამსვე გამოვცადო, გაჩუმდი და იმ სამ გამოთაყვანებულს ნუ დაემსგავსე! ახლა ხელფეხშეკრულები ვართ. ჩემზე უკეთ იცი, სტუმარმასპინძლობა რასაც ნიშნავს და ვერაფერს რომ ვერ გავაკეთებთ, რითაც ჩვენს ღირსებას შევლახავთ, ამილახვრისას კი არა! რაღაცას აუცილებლად მოვახერხებთ, მაგრამ ახლა ვერა და არა. მერწმუნე, ჩემზე მეტად არ შეგტკივა გული მელანოზე.

თავი 11
ერეკლე გონს საშინელმა თავის ტკივილმა მოიყვანა, რომელსაც უფრო მეტად აძლიერებდა რყევა და თავდაყირა დაკიდებული ყოფნა. მაგრამ ეს ის რყევა არ იყო, რასაც აქამდე "პოსეიდონზე" ყოფნისას შეჩვეოდა. თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ისიც გაიაზრა, რომ მუცლით ცხენის კისერზე იყო გადაკიდებული. გათოკილი ხელ-ფეხის გამოძრავებაზე ფიქრს აზრიც არ ჰქონდა. ამილახვრის დამქაშებს არც ტომრის ჩამოფხატება დავიწყნოდათ მისთვის. იგრძნო ნელ-ნელა როგორ იწყებდა დაბუჟებას სხეულის თითოეული ნაწილი და ზურგშიდავლილმა ჭიანჭველებმაც რაღაც ავი წინათგრძნობა გაუმძაფრეს.
ხმას არავინ იღებდა. ცხოველების ფეხის ხმით ხვდებოდა ერეკლე, რომ მას რამდენიმე კაცი მიათრევდა სადღაც. სად ალბათ ამას მალე გაარკვევდა და მერე... რა მოხდებოდა მერე არ იცოდა.
ბოლოს, როგორ იქნა, გაჩერდნენ. მხედრები ძირს ჩამოხტნენ, შემდეგ კი ერეკლეს ხელი ჰკრეს და ცხენიდან გადმოაგდეს. მართალია, შედარებით რბილად დაეცა მაღალი ბალახის გამო, მაგრამ მთელს სხეულში დავლილმა ტკივილმა მაინც თავისი ქნა და მწარედ ამოიგმინა.
-მიდი, მოხსენი, - გადაულაპარაკა ერთმა მეორეს და ხელით დავარდნილზე ანიშნა.
ისიც მიუახლოვდა და ერეკლეს სახიდან ტომარა მოხსნა. როგორც იქნა, ნორმალურად სუნთქვა შეძლო. მართალია, თავიდან თვალები აუჭრელდა და რამდენიმე წუთი ცდილობდა მზერის დაწმენდას, მაგრამ მერე ნატრობდა, ნეტავ, საერთოდ არ მოეხსნათ ჩემთვის ტომარაო. გარემოს შეთვალიერების შემდეგღა მიხვდა, რატომ იღიმოდა ასე ირონიულად ამილახვარი, როცა თავის კაცებს ერეკლეს მოკვლა უბრძანათ. ჩირაღდნების ფონზეც კი მარტივად გაირჩეოდა თუ სად იყვნენ.
ფალავანდიშვილების მამულში იმყოფებოდნენ. იქაურობა კარგად ახსოვდა ერეკლეს, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ ძნელი იყო თვალი გაესწორებინა გაუდაბურებული ალაგისთვის. მაშინ მიხვდა კაცი, რომ ადამიანისთვის იმაზე უფრო რთული არაფერია, ვიდრე იდგეს და უყუროს ნასახლარს, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა. ნებისმიერი სხვა ტკივილის ატანაა შესაძლებელი, მაგრამ როცა ხედავ, რა მდგომარეობაშია ის ადგილი, სადაც წესით შენ მთელი სიცოცხლე უნდა გაგეტარებინა, როგორი გაპარტახებულია და შენ არაფრის შეცვლის უნარი შეგწევს, თავს უძლურად და გამოუსადეგრად გრძნობ და ეს განადგურებს.
ფალავანდიშვილების სახლ-კარი ჯერ ისევ იმ შემაღლებულზე იდგა და სოფელს სამხრეთი ნაწილიდან გადაჰყურებდა, სადაც ერთ დროს კონსტანტინემ და მისმა წინაპრებმა დატოვეს. ახლა კი მხოლოდ კედლის ნანგრევებიღა მოჩანდა, რომელიც სუროსა და ხვიარა მცენარეებს დაეფარათ. არც სხვა ნაწილები გამოიყურებოდა უკეთ. წითელი აგურით ნაშენ სახლს სახლობის აღარაფერი ეტყობოდა.მას მხოლოდ გარეული ცხოველები ანდაც ყველაზე გაჭირვებული თუღა გამოიყენებდა თავშესაფრად ისიც კოკისპირული წვიმისას.
ბაღი მთლად გაჩანაგებულიყო. სადღა იყო მოვლილი ბუჩქები და ფერად-ფერადი ყვავილები. ახლა ეს ყველაფერი მაყვლის ეკლიან ბუჩქებს დაეფარა. მთლიან სურათს კი გადაქცეული ხეები აგვირგვინებდა, თითქოს სახლს რომ გადაჰფარებოდა და იცავდა, სინამდვილეში კი მისი სახურავი ჩაენგრია და მთლად ალპობდა ყველაფერს.
ერეკლემ კბილები გააღრჭიალა და თვალები დახუჭა. ვეღარ უძლებდა თუნდაც ჩირაღდნების მკრთალ შუქზე ამ სანახაობას.
-მშვენიერია, არა? - ჰკითხა ერთ-ერთმა იქ მყოფმა და გაეღრიჭა, - თავადმა სპეციალურად შენთვის შეარჩია.
ერეკლემ ხმა არ გასცა.
-შენ გელაპარაკებით. თუ ბატონიშვილოთი უნდა მოგმართოთ, მაიმდამაინც, რომ იკადრო და ყურადღება მოგვაქციო?
ფალავანდიშვილმა კვლავ უპასუხოდ დატოვა კაცის რეპლიკა.
-ვახტანგ, შეეშვი. აქ მასთან სალაყბოდ არ ვართ გამოგზავნილნი, - ხმა ამოიღო ცალკემდგომმა და ცხენს მოშორდა.
-რა იყო, არ შეიძლება, სანამ მოვკლავთ მანამდე ცოტა რომ გავერთოთ? - იკითხა ვახტანგადწოდებულმა.
-არ მომწონს მე ეს ადგილი, - სიტყვით გამოვიდა აქამდე ჩუმადმდგომი კაცი და იქაურობას კიდევ ერთხელ მოავლო მზერა, - დროზე მოვამთავროთ და წავიდეთ.
-რა იყო, ხომ არ გეშინია, ჰა, თედო? - გაიცინა ვახტანგმა.
-მე ვთქვი, არ მომწონს აქაურობა-მეთქი, შიში საერთოდ ვინ ახსენა?
-მაინც რა არ მოგწონს?
-მგონია, რომ რაღაც გვითვალთვალებს და თითოეული კუთხიდან საფრთხეა მოსალოდნელი.
-შენ მაგას იძახდი მთელი გზაც, მაგრამ მითხარი ერთი, მოხდა რამე?
კაცი დადუმდა და თავის ცხენთან უფრო ახლოს დაიკავა ადგილი ყოველი შემთხვევისთვის რამე რომ მომხდარიყო, გაქცევას მოახერხებდა, ფიქრობდა.
-მგონი, დროა, არ მეთანხმებით? მოცდას რამე აზრი აქვსღა? - იკითხა მათ შორის აშკარად მთავარმა და ერეკლესკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-მოიცადე, მოიცადე, - მაშინვე გააჩერა ვახტანგმა, - ჯერ მივ*ფსამ და მერე, კარგი? თორემ მთელი გზაა ვითმენ და აუტანელია. უკანასკნელი ფალავანდიშვილია გაქრობას კი ჩემი თვალით მინდა ვუყურო.
-ჯანდაბას შენი თავი, - ხელი ჩაიქნია კაცმა, - დროზე მოეთრიე, იცოდე!
ვახტანგმა ზურგი აქციათ და სახლის ნანგრევებისკენ აიღო გეზი. ცოტა ხანს ხმას არავინ იღებდა. მერე კი რაღაც გაფაჩუნდა. ამაზე თედო უფრო მეტად დაიძაბა. ცხენებიც, თითქოს ნადირის სუნი იკრესო, ჭიხვინებდნენ და ყალყზე დგებოდნენ. კვლავ გაფაჩუნდა რაღაც, შემდეგ კი ვახტანგმა დაიყვირა, რაზეც თედოსთან ერთად მათი მეთაურიც დაიძაბა და მაშინვე რევოლვერზე გაიკრა ხელი. ბუჩქები აშრიალდნენ, ამ ყველაფერს ნიავის ამოვარდნაც დაერთო და ახლა ირგვლივ ყველაფერი მოძრაობდა. ბოლოს კი ხმაური იმ ადგილიდან მოისმა, სადაც ვახტანგი იყო. თედო შესამოწმებლად წინ გაგზავნა კაცმა, თავად კი უკან მიჰყვა.
-ბუუჰ, - მოულოდნელად ნანგრევებიდან ისკუპა ვახტანგმა და ბოლო ხმაზე დაიყვირა, რასაც თედოს ყვირილიც მოჰყვა, ხოლო მეთაურმა ლამის შუბლში დააჭედა ტყვია, - აღიარეთ, რომ ორივეს შეგეშინდათ, - ხარხარებდა კაცი და მუცელი ხელით ეჭირა.
-ყოველთვის ასეთი იდიოტი იყავი! - შეუღრინა მეთაურმა და ისევ ერეკლესკენ მიბრუნდა.
-მე კიდევ ეს მინდოდა? - ძლივს ამოთქვა თედომ და იქვე კიბეებზე ჩამოჯდა, თან ხელი გულზე ედო.
-თქვენი სახეები უნდა გენახათ, - სიცილს არ წყვეტდა ვახტანგი.
-მოკეტე და აქ მოდი! - დაიყვირა მეთაურმა და ერეკლე იმ წამს მიხვდა, რომ მისი აღსასრულის ჟამი ძალზედ მოახლოებულიყო.
ლამის ყურთან გრძნობდა სიკვდილის ცივ სუნთქვას. მიუხედავად ამისა არ ეშინოდა. მხოლოდ მელანო ედარდებოდა, რომელსაც გაავებული ამილახვარი რას დამართებდა, ღმერთმა უწყოდა.
მოულოდნელად კვლავ გაისმა ფაჩუნი, შემდეგ კი ტოტის გადამტვრევის ხმა. თავჩაღუნულ თედოს რაღაც მოხვდა.
-ვახტანგ, გეყოფა რაა, უკვე აღარ არის სასაცილო! - თავი აწია სახეზე მთლადგადაფითრებულმა და კაცს გაუსწორა თვალი.
-რა მეყოფა? - გაოცდა ისიც.
-გეყოფა-მეთქი! - რამდენიმე წამში კვლავ რომ მოხვდა ზურგში რაღაც, ფეხზე წამოიჭრა და ვახტანგთან მივიდა.
-რა მეყოფა? ხომ არ გაგიჟებულხარ შენ? მე არაფერი მიქნია!
-აბა, ზურგში კენჭები თავისით მხვდებოდა?
-რომელი კენჭები? - ამჯერად ვახტანგიც შეფიქრიანდა.
-ორივემ მოკეტეთ! - დაუყვირათ მეთაურმა, - უკვე ნერვებზე მოქმედებთ!
-აი, ეს კენჭები! - ამჯერად თავში რომ მოხვდა ორივეს, შემდეგ ამოიღო ხმა თედომ.
შემდეგ კი კენჭებმა უხვად იწყეს ფრენა და ლამის სამივე მათგანი დაასახიჩრეს. ცხოველები ახლა ერთ ადგილასაც ვერ ისვენებდნენ. თედოს ცხენმა კი საერთოდაც აიწყვიტა და ბნელ შარაზე გაჭენდა. ამჯერად სამივე შეშინდა და იარაღები მოიმარჯვეს. კენჭების წვიმა ისევე უცბად შეწყდა, როგორც წამოვიდა.
-აი, ხომ ვიძახდი რაღაც არ მომწონს ეს ადგილი-მეთქი, - ლამის ტირილამდე მისულიყო თედო, - ცხენიც კი დაფრთხა.
-მოკეტე, მოკეტე! - იყვირა ვახტანგმა, - სულ შენი და შენი შიშების ბრალია!
ერეკლეც კი გაოცებული იყურებოდა. ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მათ ირგვლივ.
უეცრად მარცხნიდან რაღაცამ გაიელვა, რასაც ბუჩქების შრაშუნი მოჰყვა და სამივე მათგანი იქით შებრუნდა. თედომ ვეღარ მოითმინა და სროლა ატეხა.
-ტყვიები დაზოგე, იდიოტო! - უღრიალა მეთაურმა და იარაღიანი ხელი დააშვებინა, - მართლა რამე რომ იყოს, საბრძოლველად დაგვჭირდება!
ამჯერად მარჯვნივაც იგივე გამეორდა, შემდეგ მათ ზურგს უკან და აღარც ერთმა არ იცოდა, რა ექნა და საით შებრუნებულიყო. შემდეგ კი მოულოდნელად ნანგრევებში ცეცხლის ალი აკიაფდა და ცაში კვამლის ბოლქვები აიჭრა. შრიალი კი არა და არ წყდებოდა.
-ალია, აქ უეჭველი ალია, - იღრიალა თედომ და შეშინებულმა უკანმოუხედავად მოკურცხლა იქიდან.
შემდეგ კი ნანაგრევებიდან მოულოდნელად ტანზევითშიშველი ბინძურ თმაგაბურძგნული არსება გადმოხტა, რომელსაც თვალები ყვითლად უელავდა (ვახტანგს ასე მოეჩვენა). ტანს ქვემოთ კი მთლად ბალნით იყო დაფარული. პირი დააღო თუ არა ოკრობოკრო და წამახულმა კბილებმა სპილენძისფრად დაიწყეს ელვარება, რამაც ვახტანგი თედოს სიტყვებში დაარწმუნა, რომ მათ წინ ნამდვილად ბოროტი ალი იდგა და ხმაც ვეღარ ამოიღო, ისე ჩაიკეცა გონწასული მიწაზე. მეთაურმა შედარებით დიდხანს გაუძლო. არსება მისკენ რომ დაიძრა, იარაღიც კი ესროლა, მაგრამ შიშს იმდენად გაედგა მასში ფესვები, რომ ყველა ტყვია ააცილა და ბოლოს მხოლოდ ჩახმახსღა აწვალებდა. „ალმა“ კი კაცს გვერდი აუარა, სხარტი მოძრაობით გაკოჭილ ერეკლესთან მიიჭრა და მისკენ გადაიხარა. ფალავანდიშვილიც მოიქცია შიშმა თავის ბრჭყალებში, მაგრამ კარგად რომ დააკვირდა, რაღაც ისე ვერ იყო და თითქოს შვებითაც ამოისუნთქა. შემდეგ კი ყველასგან მოულოდნელად ყურთან ახლოს ნიავის მოტანილი ჩუმი შრიალის მსგავსი ხმა ჩაესმა.
-ერეკლე, ახლა მინდა, რომ იყვირო ისე, თითქოს შენს ცოცხლად შეჭმას ვაპირებდე.
რამდენიმე წამს თვალებგაფართოებული შესცქეროდა მის თავსზემოთ გაჩერებულ არსებას, რომელსაც უკვე ჩაევლო მისი ჩოხის ქამრისთვის ხელი და სიბნელისკენ მიათრევდა. მერე კი დაუჯერა და ხმამაღალი ყვირილი დაიწყო. თან ფართხალებდა, რომ იქნებ ხელიდან დასხლტომოდა. არსება კი, რომელშიც კაცს უკვე მოეხერხებინა დავითის ამოცნობა, გაძალიანებულ ერეკლეს უფრო მეტად ექაჩებოდა და ბრდღვინავდა.
როგორც იქნა თვალს მოეფარნენ და ამილახვრების მოურავმაც მაშინვე შეწყვიტა თამაში.
-მოიცადე, ახლავე დაგეხმარები, - მიმართა ერეკლეს და თავზედადებული პარიკი მოიცილა, - მასხარას ვგავდი, ღმერთო ჩემო.
-ნამდვილად ღირს სამსახიობო კარიერაზე დაფიქრებად, - გაიცინა ერეკლემ, - როგორც გავიგე, თბილისის დასი ეძებდა ნიჭიერ და ახალგაზრდა კაცს.
-შენი დასაცინი რომ გავხდები, ახია ჩემზე, - ჩაიბურტყუნა და იქვედადებული ხანჯლით თოკები გადაჭრა, - მაგრამ ახლა ამის დრო არაა. უნდა დაიჯერონ, რომ ნამდვილად მკვდარი ხარ.
ერეკლემ მაჯები მოისრისა და როგორც იქნა, ნორმალურად მოახერხა ფეხზე წამოდგომაც.
-ოღონდ შენი დახმარება დამჭირდება და კიდევ ერთი პირობაცაა, - ფრთხილად შეაპარა და ისევ გარეთ გაიხედა, სადაც შოკისგან გამორკვეული კაცი აქეთ-იქით დააბიჯებდა და ვერ გარკვეულიყო, ნანგრევებში შესვლა უღირდა თუ არა.
ერეკლემ დავითს შეხედა და მორჩილად დაელოდა თუ რას ეტყოდა კაცი.
-მთელი ეს ადგილი უნდა დაიწვას, - ფრთხილად შეაპარა ამილახვრების მოურავმა და ოდნავ უკან დაიხია. არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ფალავანდიშვილს.
ერეკლე მცირე ხანს დაყოვნდა, შემდეგ კი უხმოდ დაუქნია თავი და სინანულით შეათვალიერა ნანგრევები, რომლებსაც შიგნით ხის ორნამენტირებული გამოსახულებები ჯერ კიდევ კარგად აჩნდა.
-ეს ადგილი კი დაიწვება, მაგრამ ჩემი გვამიც ხომ იქნება საჭირო?
-დამშვიდდი, მაგაზეც ვიზრუნე, - გაიღიმა დავითმა, როგორც იქნა მოირგო ტანზე საკუთარი სამოსი და ერეკლეს ხელით ანიშნა.
ფალავანდიშვილმა იქითკენ გაიხედა და ადამიანის უსიცოცხლო სხეული შენიშნა.
-ვინაა?
-არ ვიცი, - მხრები გულგრილად აიჩეჩა დავითმა, - ძვლების ამოთხრას და ალაგ-ალაგ დაყრას ვაპირებდი, მაგრამ აქ დამხვდა უკვე მკვდარი.
-კარგი. მაშინ დროზე მოვილიოთ ეს საქმე, თორემ ის აშკარად აქეთ მოიწევს.
ორივემ გახედა გარეთ მობორიალე კაცს, რომელიც მართლა მათკენ მოიწევდა. ამიტომ დავითმა ხელი კოცონის ერთ-ერთ შეშას წამოავლო, ერეკლეს კი ორ პატარა ტიკზე ანიშნა.
-ჯერ ეგ მარცხენა აიღე, - ჩუმად უთხრა და ისე დადგა, რომ გარეთმყოფ კაცს მისი სილუეტი დაენახა, - და ისე გადაასხი ფანჯრიდან, თითქოს დაჭრილი ხარ.
ერეკლეც ასე მოიქცა და თან კვნესისა და ოდნავ წამოყვირების ხმაც დაურთო.
-და მე მეძახდა ეს კარგ მსახიობს, - თავი გადააქნია დავითმა.
-ეს რა იყო? - თითქმის დაცლილ ტიკს ჩახედა ერეკლემ და ცხვირში სისხლის მძაფრი სუნი ეცა.
-ცხოველის სისხლია, - დაამშვიდა დავითმა და კვლავ უკანდახეულ კაცს გახედა, - ახლა კი მთავარზე გადავდივართ. მეორე ტიკი აიღე და კედლებს მიასხი. მანდ ნავთია.
ერეკლეც ისე მოიქცა, როგორც კაცმა დაარიგა და რამდენიმე წუთში უკვე მთელი სახლი ერთ დიდ ჩირაღდნად იქცა. თედოსა და ვახტანგის მეთაური კი გაოცებული უცქერდა წამში აალებულ სახლს. ნავთის სუნი კი იყნოსა, მაგრამ ეგონა რომ მოეჩვენა. სახლი დილამდე იწვოდა. კაცმა შიგნით შესვლა რომ გაბედა, უკვე რამდენიმე ადგილასღა ამოსდიოდა ბოლი. ბუჩქებზე დასხმული სისხლიც კარგად შეამჩნია და ბოლოს უკვე დანახშირებული გვამიც დაინახა, რომელსაც ზემოდან სახლის კოჭები და გაშავებული ფიცრები ეყარა. კმაყოფილი წამოდგა და მშვიდი ნაბიჯებით გაუყვა გზას.
-არა, თქვენი სახეები უნდა გენახათ, როცა ველურივით გადმოვხტი ბუჩქებიდან - ჯერ ისევ წუხანდელზე იცინოდა დავითი.
-სიმართლე რომ ითქვას, მეც კი შემეშინდა, - სიცილშივე აჰყვა ერეკლეც.
-ჰო, განსაკუთრებით მაშინ გადაფითრდი შენკენ რომ გამოვიწიე, - ლამის მიწაზე გაწოლილიყო დავითი.
-ახლა რას ვაპირებთ? - კაცს სიცილის დამთავრება აცადა ერეკლემ და შემდეგ იკითხა.
-ახლა ვცდილობთ თვალში არავის მოვხვდეთ და საჭირო დროს დაველოდოთ. ასევე ვცადოთ, რომ ალისამ ჩემი შესრულებული როლის შესახებ არაფერი გაიგოს, თორემ რა ამოვა მისი ყბიდან?
***
მელანოს ოთახიდან გამოსულმა ამილახვარმა კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა და ძლივძლივობით მშვიდი ადამიანის სახეც მიიღო. მაშინვე თავისი კაბინეტისკენ გაემართა და იქვე მოყურყუტე კაცს დავითის დაძახება უბრძანა.
-თქვენი მოურავი აქ არ გახლავთ, ბატონო, - გამოუცხადა და თავი მდაბლად დახარა.
-როგორ თუ აქ არაა? - გაოცდა ბიძინა და სიბრაზის ჭია კვლავ შეუძვრა გონებაში, - აბა, სადაა? რატომ არაა თავის ადგილას მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება? - მართალია, ხმადაბლა ლაპარაკობდა კაცი, მაგრამ ყელზე ძარღვები იმდენად დაბერვოდა და სახეზეც მთლად აწითლებულიყო, შეგეშინდებოდათ, არ დაიხრჩოსო.
-ფალავანდიშვილი რომ გაიყვანეს, იმათ გაჰყვათ კუდში რამდენიმე წუთის შემდეგ.
-კი მაგრამ, მე მისთვის მსგავსი არაფერი მიბრძანებია, დავითი კი თვითნებურად არასდროს იქცევა.
-ვერ ვიტყოდი, რომ თვითნებურად არ იქცევა. პირიქით, ისე ჩუმად და მალვით აედევნა თქვენს კაცებს, რომ არ გამიკვირდება, ფალავანდიშვილს თუ დაიხსნის და მიემხრობა.
ბიძინამ მწარედ ჩაიცინა და კაცს თავისთან უხმო. მხოლოდ კაბინეტში შესვლის შემდეგღა ამოიღო ხმა.
-ყოველთვის ვეჭვობდი, რომ სახლში მყავდა მოღალატე, მაგრამ დავითზე არასდროს მიფიქრია მსგავსი რამ. უბრალოდ ვერ ვაკადრებდი მსგავს რამეს. ფაქტობრივად შვილივით მყავდა. ჩემს ხელშია გაზრდილი. მისგან კი ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი. თურმე გველი გამიზრდია უბეში და არ მცოდნია. მართალია, როგორც ახლობელი მოგექცევა და გიღალატებს, მსგავსად სხვა ვერავინ დაგიშავებსო. მაგრამ ახლობლიაგან უფრო უნდა ელოდო, რადგან უცხოს ისედაც არ იცნობ და მის მიერ ჩადენილ საქმეზეც იმდენად არ დაგწყდება გული.
კაცი მხოლოდ ჩუმად იდგა და ამილახვრის მონოლოგს ისმენდა.
-კარგი, მოვრჩეთ გლოვას! ახლა შენი სახელი მითხარი.
-გიორგი, ჩემო ბატონო, გიორგი ჩხეიძე.
-ჩხეიძეს ქართლში რა გესაქმება? - გაოცდა ბიძინა.
კაცის ყოყმანი რომ შეამჩნია, მერე დაამატა:
-სიმართლე მითხარი. მე არ განგსჯი, არ მაქვს მაგის უფლება.
-კაცი შემომაკვდა ჩემს სოფელში და იქ აღარ დამედგომებოდა, ხოდა აქაურობას შემოვაფარე თავი.
-სწორადაც მოქცეულხარ. ახლა მითხარი, სანდო კაცები თუ გყავს?
-საქმეს გააჩნია, თავადო.
ამილახვარმა ჩაიცინა და თვალი თვალში გაუყარა კაცს. ცოტა ხანს ასე უმზერდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ბიძინას სახეზე გამოსახული ღიმილი ფართო სიცილად იქცა.
-აშკარაა, როგორმე მოვრიგდებით. მანამდე კი ჩემს ახალ მოურავად გნიშნავ.
***
მეორე დღეს ლამის მთელს ქართლს პირზე ეკერა, ფალავანდიშვილების ისედაც გაპარტახებული მამული ხანძარს მთლად გაუნადგურებიაო. ბიძინა თავიდან კი აღშფოთდა, ესაა უხმაუროდ გაკეთებული საქმეო? მაგრამ მერე დარწმუნდა თუ არა, რომ ერეკლე მკვდარი იყო, უფრო თავისუფლად დააბიჯებდა. არც ის დაზარებია, მელანოსთვის პირველს ეხარებინა ეს ამბავი. წუხანდელიდან მოყოლებული ქალს თვალი არ მოეხუჭა, ერთ კუთხეში მიმჯდარიყო და მზერა კედლისთვის გაეშტერებინა. ასევე უემოციოდ მიიღო მამის ნათქვამი და მხოლოდ მისი გასვლის შემდეგ აქვითინდა.
ბიძინამ ფრანგ ქალბატონსაც მიუჩინა მსტოვრები, რადგან არც მას ენდობოდა დიდად. იცოდა, ქალი მელანოს მეგობარი იყო და არა მისი, ამიტომაც ყველაფერს უფრო მეტი დაკვირვება სჭირდებოდა. გიორგი ჩხეიძეს კი ნამდვილად მოერგო მოურავის როლი და ლამის ყველა გაფაჩუნება იცოდა, თუ რა ხდებოდა ამილახვრის მამულში. არც ალისას მელანოს ძმების გაკიცხვა გამორჩენია და თითქმის სიტყვა-სიტყვით ჩაუკაკლა ყველაფერი ბიძინას. სახლის გარშემოც გიორგის კაცები იდგნენ. განსაკუთრებით კი თავადის ასულის ფანჯრებს სდარაჯობდნენ, ვაიდა, არსად გაგვექცესო. მაგრამ მელანოს გაქცევის დაგეგმვის და შესრულების კი არა, ტირილის და გლოვის გარდა აღარაფრის თავი და ხალისი აღარ ჰქონდა.
იმ დღეებში მეორე უცნაურობაც მოხდა. დავითის სახლს სულ შემთხვევით ცეცხლი გაუჩნდა და მთლად გადაიწვა. ბევრი ამას ნინოს ქმარს აბრალებდა კიდეც, მაგრამ რეალურად რა მოხდა, არავინ იცოდა.
დავითის სახლის გადაწვა თითქოს ბოლო წვეთი აღმოჩნდა აქამდე წყნარად მჯდარი ალისასთვის. მეორე დღესვე იხმო თავისთან გაბრიელი და ამდენი ხნის ნაფიქრი გეგმა გაანდო.
-თავადი ამილახვარი ძალიან ინანებს, ჩემი გადაკიდება რომ მოახერხა, - დაასრულა მონოლოგი ქალმა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ბაღის იმ კუთხეს, სადაც ის და გაბრიელი მსჯელობდნენ, - ახლა შეგიძლია შეუდგე შენს საქმეს, - მაცდურად გაიღიმა ალისამ და გაბრიელს ანიშნა წასულიყო.
თავად კი ახალ საფიქრალზე გადაერთო. საფრანგეთიდან უამრავი წერილი მოსდიოდა, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდსი და ეს აფიქრებდა ქალს. თანაც სულ ახლახან გაეგო, რომ ვილჰელმ II 17 ოქტომბერს ოსმალეთს სწვეოდა, რაც სასიკეთო ახალი ამბავი ნამდვილად არ იყო. უნდოდა თუ არა, უკან დაბრუნება მოუწევდა და ხვდებოდა, ეს დრო ნელ-ნელა უახლოვდებოდა.
***
თავადი ამილახვარი ცოტა ხანს ჩაწყნარდა. მასზე საერთოდ აღარაფერი ისმოდა. სამაგიეროდ ლამის ყოველ დღე ვრცელდებოდა ახალ-ახალი ჭორები, ბიძინა ამილახვარი საკუთარ ქალიშვილის ხელს ხან რომელ თავადს ჰპირდება და ხან რომელსო. დადიანებმა იცოდნენ, რომ მელანო გურიელების ვაჟს მიჰყვებოდა და გაბრაზებულები იყვნენ, ეს როგორ გვაკადრა ამილახვარმა, ის მათხოვარი გურიელები როგორ გვამჯობინაო. შერვაშიძეებს პირიქით ეგონათ, მელანო დადიანების სარძლოაო და ლამის სამტროდ გადაჰკიდებოდნენ თავადს. თანაც ძველი წყენაც ახსოვდათ, რაც უფრო მეტად ართულებდა საქმეს. წერეთლებს გურიელების სარძლო ეგონათ, მაყაშვილებს - ჭავჭავაძეების და პირიქით და მათ შორის ჩამოვარდნილი შუღლი ნელ-ნელა უფრო ფართო მასშტაბს იძენდა. აი, ჯაყელები კი ამილახვარივით ჩუმად ისხდნენ და მოვლენების განვითარებას ელოდნენ.
ამ ჭორების გადამკიდე ბიძინა ამილახვარს ლამის ყოველ დღე შიკრიკი შიკრიკზე მოსდიოდა ყველა გვარის წარმომადგენელი თავადისგან და მოსვენება დაჰკარგვოდა. თითოეული მათგანისთვის მხოლოდ ახსნა-განმარტების წერილის გატანება უწევდა და თავის დაგეგმილ მასკარადზე მოსაწვევს უგზავნიდათ. თან თითოეულს აიმედებდა, მელანო შეგიძლიათ თქვენს სარძლოდ დაიგულოთო.
ერთი კი იყო, ქალიშვილის გათხოვების იდეა ჭკუაში დაუჯდა ამილახვარს და ახლა გაოცებულიც კი იყო, აქამდე ეს თავად როგორ ვერ მოვიფიქრეო. თან გულში ლანძღვას და მადლობას ერთდროულად უხდიდა ჭორების ავტორს.
ბოლოს კი ამილახვრის ლოდინიც მორჩა და ნოემბრის სუსხიან დილით მელანოსთან შეიჭრა, სწრაფად ჩაიცვი და სამგზავროდ მოემზადეო. ქალმაც უგულოდ დაუქნია თავი და მამის ნებას დამორჩილდა. ამილახვარს მთელი გუდანაბადი შეეკრა და ახალ სახლში გადადიოდა, რომელიც მცხეთაში აეშენებინა.
გასვლისას თავად ჩაჯდა მელანოს გვერდით ეტლში, ალისა და მისი მხლებლები კი უკან მოყოლილ ეტლში ჩასხა. თითოეულ ეტლს აქეთ-იქიდან ორ-ორი მცველი ამოუდგა, წინ და უკანაც ამდენივე და დაიძრნენ.
მართალია, მცხეთამდე სულაც არ იყო დიდი გზა გასავლელი, მაგრამ მელანოს ეს მგზავრობა მაინც უსასრულო მოეჩვენა. მაგრამ შუა გზაში გაჩერება მოუწიათ. ბიძინა მაშინვე მიზეზის გასაგებად გადავიდა და დაინახა, რომ ვიღაცას რამდენიმე სქელი მორი მოეჭრა და პირდაპირ სავალ ნაწილზე გადმოეგორებინა. ამასობაში ამბის გასაგებად ალისას გაბრიელიც გამოეგზავნა.
თავადი მაშინვე მიხვდა, რომ საქმე ისე ვერ იყო და რაღაც საფრთხე უცილობლად იქნებოდა ჩასაფრებული ირგვლივ, ამიტომ დაცვას მოგროვება უბრძანა. ნაწილს გზა უნდა გაეთავისუფლებინა ხეებისგან, ნაწილს კი ეტლებისთვის ედარაჯა. ამ არეულობაში კი ვერავინ შენიშნა ხელი, რომელმაც მელანოს ეტლში დახვეული პატარა ფურცელი შეუგდო და იმ წამსვე გაუჩინარდა. ქალმა ფარდა კი ასწია და გაიხედა, იქაურობის დასაზვერად, მაგრამ მხოლოდ მასზე მოშტერებული მცველები შერჩა და მაშინვე გაუშვა ნაჭერს ხელი. მარტოობით ისარგებლა, ფრთხილად გახსნა და პატარა ლამაზი ასოებით გამოყვანილი რამდენიმე წინადადება გადაიკითხა.
"მელანო, ამ წერილს წაიკითხავ თუ არა, მაშინვე დამალე ან გაანადგურე, რომ არავინ ნახოს. დამშვიდდი, ცოცხალი და საღსალამათი ვარ და შენს დასახსნელად მოვდივარ, ჩემო სიყვარულო. მამაშენის დაგეგმილ მასკარადზე შევხვდებით.
შენი ერეკლე".
ქალმა კიდევ რამდენჯერმე გადაიკითხა წერილი და ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო იმედის ნაპერწკალი. თვალებიც სხვანაირად აუკიაფდნენ მკრთალი ღიმილიც გამოესახა სახეზე. მაგრამ წამსვე ეტლის კარი გაიღო და ბიძინა ამოვიდა. კვლავ ქალიშვილის წინ მოთავსდა და გამომცდელი მზერით დააკვირდა. მელანოს ხელთათმანის ფოჩებში მოეხერხებინა წერილის გადამალვა და დამშვიდებული შესცქეროდა მამას.
-დავიძრათ! - გასცა წამსვე ბრძანება თავადმა და ეტლმაც კვლავ დაიწყო ჯაყჯაყი, - სულ მალე ახალ სახლში ვიქნებით მეც და შენც, შვილო, - მიმართა მელანოს და მხოლოდ მან უწყოდა, თუ რა იგულისხმა ამ სიტყვებით.
მელანოს კი იმედზე უფრო მეტად შიშის გრძნობა დაეუფლა და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. 
თავი 12
კიდევ ერთ საათს იარეს ეტლით და მცხეთაც გამოჩნდა. კვლავ დიდებულად გამოიყურებოდა საქართველოს ძველი დედაქალაქი თავისი ნაგებობებით. განსაკუთრებით კი ამაყად კი მაინც სვეტიცხოველი გამოიყურებოდა, რომელსაც თავზე ჯვარი გადმოსცქეროდა.
ამილახვარის ამალამ თავიდან მხარი უქცია დასახლებას, შემდეგ კი მარჯვნივ გადაუხვია და რამდენიმეწუთიანი სიარულის შემდეგ მაღალ გალავანთან შეჩერდა. აქედანვე იგრძნობოდა, რომ ეს ჩვეულებრივი სახლი კი არა სასახლე იყო. ჩუქურთმა ჩუქურთმას მისდევდა და ერთმანეთში ჩახუჭუჭებული ულამაზეს სანახაობას ჰქმნიდა.
არ ვიცი, როგორ გაერისკა სახლის არქიტექტორს, მაგრამ შენობა პირდაპირ მტკვრისა და არაგვის შესართავთან აეშენებინა და მისი უკანა აივანი პირდაპირ გადაჰყურებდა ამ ორ მდინარეს. მტკვარი ჩვეული სიდინჯით მოედინებოდა. აი, არაგვი კი ტოლს არ უდებდა სისწაფეში თავის მოძმეს, მაგრამ მიეკედლებოდა თუ არა მას, მაშინვე თავადაც წყნარდებოდა. თითქოს აქამდე ცელქ ბავშვს ახლა უფროსი დაენახა და დაწყნარებულიყოო.
ჭიშკარი მალევე გაიღო და ეტლებმა ნელ-ნელა ყვითელი ფოთლებით მოფენილი ეზო გადაავსეს. ალისა პირველი გადმოვიდა გაუღეს თუ არა ეტლის კარი და ახლა მთლიანობაში შეათვალიერა სურათი.
-არა, რასაც თავად ამილახვარს ვერ დაუკარგავ, გემოვნებაა, - აღმოხდა გაოცებულს, - მაგრამ ფუფუნება ნამდვილად ზედმეტი მოსვლია. გაბრიელ, პირი დახურე.
-წარმოიდგინე, რა დაუჯდა ამის აშენება, - ხმა ძლივს ამოიღო ბიჭმა და უზარმაზარ მარმარილოს ნაგებობას თვალი ააყოლა.
სახლი მართლაც ზედმეტად ფუფუნებით იყო მორთული. ჯერ მხოლოდ გარედან რად ღირდა - თეთრ კორინთულ სვეტებზე შემდგარ სახლს ოთხივე მხრიდან მომრგვალებული აივნები ერტყა. მათი მოაჯირებს კი იონური ფორმის სვეტები იჭერდა. გაღებული ფანჯრედან კი ხავერდის წითელი ფარდები ფრიალებდა. სახლი იმდენად ქათქათებდა შუა დღის სინათლეზე, რომ მნახველი დიდი ხნით თვალს ვერ გაუსწორებდა. თითქოს მთელი კავკასიონის თოვლი და ყინული მოეხვეტათ და ერთად დაეხვავებინათ ამ ადგილას.
-წარმომიდგენია შიგნიდან როგორი იქნება, - წარმოთქვა ალისამ და სახლში შესულ თავადს კუდში მიჰყვა.
აი, შიგნიდან კი ვეღარ იტყოდით რომ სახლი ნამდვილად თეთრი იყო. კედლებსა და იატაკზე გაკრულ-გაფენილი სპარსული თუ ოსმალური ხალიჩები სულ სხვა შესახედაობას სძენდა იქაურობას. ოთახის, უფრო სწორად, დარბაზის შუაგულში მარმარილოს შადრევანი დაედგათ ნახევრადშიშველი ვენერას ქანდაკების თანხლებით, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ბანაობა ახლადდასრულებული ჰქონდა და წყლიდან ამოდისო. მოქანდაკეს არც მის სხეულზე მოცურავე წყლის წვეთები დავიწყნია და გეგონებოდათ, ხელს თუ ჩამოაყოლებდით ქალის სხეულს, აუცილებლად აგყვებოდათ.
დარბაზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ოქროსფერი ჩუქურთმებითა და სქელი ნოხებით დამშვენებული კიბეები მიუყვებოდა, რომლებიც მეორე სართულის მოაჯირთან ერთდებოდა. მის ქვემოთ კი დიდ წითელ ნაჭერზე ამილახვრების გერბი ოქროსფერი სირმებით ამოექარგათ - ქონგურისებრად გადაკვეთილი ფარის ზედა ოქროს ველზე მიქაელ მთავარანგელოზი ხმლით; ქვედა მეწამულ ველზე ოქროს საწმისი, მანტია და სათავადო გვირგვინი.
გერბის ქვეშ კი დიდი ასოებით ეწერა მათივე დევიზი: "მეფისა მტრებსა ლახვარი, ამტკიცებს ამილახვარი".
სახლში შემოსულ მელანოს თავიდანვე თვალში სწორედ ეს სიტყვები მოხვდა და მწარედ ჩაეცინა. ცოტა არ იყოს და ირონიული სიტყვები იყო. თავად იყვნენ ქართველი მეფეების პირველი მტრები და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაც ყველაზე მეტად მათ სურდათ ხოლმე.
ბიძინა ამილახვარი აღფრთოვანებული უცქერდა იქაურობას და ადგილს არ ტოვებდა თვალი რომ არ შეევლო. შემდეგ კი ერთ-ერთი კარი შეაღო და უფრო დიდ დარბაზში შეაბიჯეს. აი, ეს კი ნამდვილად გამოდგებოდა სამეჯლოსო დარბაზად. თვით ვერსალის ულამაზესი დარბაზების მრავალჯერ მნახველ ალისასაც კი თვალი მოსჭრა მისმა დახვეწილობამ. რამდენადაც ფუფუნებით იყო მორთული მთელი სახლი, ორი იმდენჯერ უფრო სადა იყო იქაურობა. ამჯერად აქცენტი მხოლოდ ოქროსფერსა და თეთრზე იყო გაკეთებული და სიმდიდრის ასეთი გამოხატულებაც თავს უხერხულად აღარ აგრძნობინებდა ადამიანს.
-კარგად დაიხსომე ეს ადგილი, მელანო, - მიუბრუნდა მომღიმარი ამილახვარი ქალიშვილს, - ერთ კვირაში სწორედ აქ შეხვდები შენს ქმარს და გათხოვდები.
მელანო რაღაც მსგავსს მოელოდა კიდეც, ამიტომ უბრალოდ მზერა აარიდა და იატაკს ჩააცქერდა.
-ახლა კი ათასი საქმე მაქვს. გიორგი, ყველანი საკუთარ ოთახებამდე მიაცილე და თავადაც იცი, როგორ უნდა მოიქცე.
კაცმა მხოლოდ თავი დაუქნია და ქალბატონებს გასასვლელზე თავით ანიშნა.
***
ზუსტად ერთი კვირის თავზე ამილახვრების ახალ სახლში მოსამსახურეების ფუსფუსი არ წყდებოდა. ბიძინა დილაადრიან ამდგარიყო და ლამის ყველაფერს თავად აკონტროლებდა. მზარეულებს ყველა კერძი გაუსინჯა და რამდენიმეს ახლიდან გაკეთება მოსთხოვა. განსაკუთრებით მკაცრი კი იმ მოსამსახურეების მიმართ იყო, ვინც სახლის სისუფთავესა და ოთახებში ავეჯის განლაგებაზე აგებდა პასუხს. დიდ დარბაზში სავარძლები და ალაფუშეტისთვის განკუთვნილი მაგიდები (რომლებზეც ბროლის მაღალფეხიან ჭიქებში ჩამოსხმული სასმელი და ათასგვარი საკვები იწონებდა თავს) ცალ მხარეს მიეწყოთ და მთელი სივრცე გამოეთავისუფლებინათ. ხოლო სცენასავით ამაღლებულ ადგილას მოწვეული მუსიკოსები ისხდნენ და კარნავალზე დასაკრავ მუსიკას იმეორებდნენ.
დარბაზი მართლაც რომ იდეალურ მგდომარეობაში იყო. ოქროსფერ კედლებს ფერადი ყვავილების გირლიანდები მისდევდა და ოთახის ცენტრში რომ დამდგარიყავით და ჭერისთვის შეგეხედათ, მათგან გამოყვანილ ათასგვარ ფიგურასაც შეამჩნევდით. შუაში უზარმაზარი ბროლის ჭაღი გაეჩახჩახებინათ და ახლა ათას ცისარტყელას ერთად ქმნიდა.
ნოემბრის სუსხიანი ამინდის მიუხედავად ჭიშკარიცა და სახლის კარებიც ფართოდ გაეღოთ და საღამოს შვიდი საათიდან უკვე სტუმრების მიღებაც დაეწყოთ. სმოკინგში გამოწყობილი მსახურების ნაწილი კართან ჩამწკრივებულიყო და მოსულ სტუმრებს მოსაწვევებსა და ქურთუკებს ართმევდნენ. აი, დარბაზში შესვლამდე კი ამოწმებდნენ ყველას მოერგო თუ არა ნიღაბი და ვინიცობაა, ვინმეს სახლში დარჩენოდა, იქვე დადებული ყუთიდან იღებდნენ და მათ მორგებაში ეხმარებოდნენ. სტუმრები კი ფანტაზიას ნამდვილად არ უჩიოდნენ. ზოგიერთი ფარშევანგს განასახიერებდა (უმეტესად ქალბატონები), ზოგი მეფეს, ზოგიც მონაზონს და ა.შ.
ამილახვარიც, როგორც მასპინძელი, მსახურების გვერდით იდგა მელანოსთან ერთად და თითოეულ სტუმარს ღიმილით ესალმებოდა. იმავეს გამეორებას აიძულებდა კიდეც ქალიშვილს და თუ რაიმე არ მოეწონებოდა, ყველასგან შეუმჩნევლად მტკივნეულად უჭერდა ხოლმე ხელს კაბის სახელოთი დაფარულ მკლავზე, რომელსაც ალაგ-ალაგ სილურჯეები დასტყობოდა და მომავალი რამდენიმე დღე ქალს ტკივილებს ჰპირდებოდა. ერთადერთნი ვისაც ნიღბები არ ეკეთათ, სწორედ ეს ორნი იყვნენ.
აი, ალისა კი დარბაზში გახლდათ გაბრიელთან ერთად. სტუმრების მოსვლის შემდეგ კი მათ შორის მიმოდიოდა და თითოეულ მათგანს უთმობდა ყურადღებას, აკვირდებოდა და ღიმილითვე ეცლებოდა. ბოლოს კი ალაფუშეტის მაგიდის ერთ-ერთ განაპირა კუთხესთან გაჩერდა, ხელში გრძელფეხიან ჭიქაში ჩამოსხმული თეთრი ღვინო დაიკავა და რამდენიმე ყლუპი მოწრუპა.
-ვერ გამიგია, რას აკეთებ, - ქალის პასიურობამ და ერთ ადგილას დგომამ რომ დაღალა გაბრიელი, ადგა და პირდაპირ ჰკითხა, - მხოლოდ აქეთ-იქით დადიხარ და მაგ ღვინოს წრუპავ. ნუ, ახლა მხოლოდ ბოლო მათგანიღა გვაქვს ხელთ.
-დღევანდელი სანახაობისთვის ვემზადები, გაბრიელ, - მშვიდად მიუგო და გაუღიმა კიდეც, - შენც გირჩევ იმავეს. ერთი ჭიქა ღვინო არაფერს დაგიშავებს.
-დარწმუნებული ხარ?
-რომ ყველაფერი ისე წავა, როგორ მე მინდა? საერთოდაც არა. მაგრამ ის კი ვიცი, რომ მართვის სადავეები ჩემს ხელთაა და დასასრული აუცილებლად ჩემი სასურველი იქნება.
-ღმერთმა ქნას.
ალისა ცოტა ხანს კვლავ მდუმარედ უცქერდა სტუმრებს, შემდეგ კი რამდენიმე წამით მხოლოდ ერთ მათგანზე შეაჩერა მზერა. ბიჭი თითქოს არაფრით გამოირჩეოდა დანარჩენი სტუმრებისგან, მაგრამ მაინც, იყო მასში რაღაც, რაც ალისას უცნაურ შეგრძნებას უტოვებდა. იქნებ იმაში იყო საქმე, რომ უცნობს ერთიანი შავი ნიღაბი ეკეთა და მთლად უფარავდა სახეს.
-გაბრიელ, აი, იმ ბიჭს შავი ნიღბით ყურადღება მიაქციე.
-რომელს? ვერ ვხედავ.
-ღმერთო ჩემო, ჩემზე ბევრად მაღალი ხარ და კიდევ შენ ვერ ხედავ? ამ დარბაზში რამდენს უკეთია სრული ნიღაბი?
-აშკარაა, რაც დავითი გაუჩინარდა მას შემდეგ ცუდ ხასიათზე ხარ.
-ბევრს ნუ ლაყბობ და გააკეთე, რაც გითხარი.
***
სულ მალე დარბაზში თავად ბიძინაც გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მელანოს წამითაც არ უშვებდა ხელს. მუდამ თავის გვერდით ეყენა და თვითონვე ისტუმრებდა უარით ქალიშვლითან მისულ სტუმრებს, რომლებსაც მისი საცეკვაოდ გაწვევა სურდათ. ლამის დარბაზის ცენტრში იდგა და იღიმიდა ბიძინა ამილახვარი. გრძნობდა, რომ ამ ხალხზე თავად მოეხდინა ზეგავლენა და სიტუაციის წარმმართველი სწორედ ის იყო. ეს ხალხი მისთვის ქვევრი იყო, რასაც რომ ჩასძახებ უკანვე ამოგძახებს. ამას კი არა მხოლოდ იმის გამო ფიქრობდა, რომ მასპინძელი იყო. თითოეული მათგანი მის გადაწყვეტილებას ელოდა, თუ ვინ იქნებოდა გამარჯვებული. ვის ერგებოდა მელანო ამილახვარი ალაფის სახით და ქართლის თავადის უზარმაზარი ქონების ნახევარზე მეტს ვინ ჩაიგდებდა ხელში. ყველას კარგად მოეხსენებოდა ბიძინას ვაჟების ფუქსავატი ხასიათის ამბავი და მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ამაზე საუბარს ყველა ერიდებოდა, იცოდნენ, რომ ვაჟებზე გამწყრალი მამა ქალიშვილს უხვად ატანდა მზითევს.
ერთადერთი ვინც თვალში არ მოსდიოდა ამილახვარს მიტროფანე ჯაყელი და მისი ვაჟი, ერეკლე, იყვნენ. მათგან ნამდვილად გრძნობდა საშიშროებას, მაგრამ არ ფიქრობდა, რომ ამდენ ხალხში რაიმეს გაუბედავდნენ.
***
მოსულ სტუმრებში ბიძინას სულ ტყუილად ნამდვილად არ გამურჩევია ჯაყელები. მათზე თვალი ალისასაც ეჭირა. სწორედ მათთან მიეგზავნა გაბრიელი, რომელიც ჩდილივით დასდევდა ერთადმოსიარულე მამა-შვილს. თავიდან თითქოს ჩვეულებრივად იქცეოდნენ, ყველას ესალმებოდნენ და უღიმოდნენ, მაგრამ არც ერთი არ გაჰკარებია სასმელს. აი, შემდეგ კი, ყველას ყურადღება რომ გაეფანტა და მხიარულებას შეუდგნენ, ერთ-ერთი აივნისკენ წავიდა და შვილიც თან გაიყოლია. ყოველი შემთხვევისთვის მოავლო იქაურობას თვალი, ვინმე ხომ არ უთვალთვალებდათ და აყურადებდათ, მერე კი ჩურჩულით გერმანულად დაუწყო შვილს საუბარი, არავის რომ არაფერი არ გაეგო. გაბრიელს ლამის აივნის კედელზე შეზრდა დასჭირდა, რომ მათი ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა.
-ხომ გახსოვს, როგორც შევთანხმდით. ბიძინას მე გავართობ, შენ კი მელანოს საცეკვაოდ გაიწვევ. როგორც გავიგე, სამზარეულოს გვერდით მსახურთა ოთახია. აი, აიღე გასაღები. ერთ-ერთი მოსამსახურის მოსყიდვა დამჭირდა მის ხელში ჩასაგდებად. ოც წუთში გადი და ქალიც თან წაიყვანე. მე რამეს მოვიფიქრებ, მამამისს დაველაპარაკები და ერთად გამოვალთ. მინდა, რომ აქტის დროს შემოგისწროთ. განცვიფრებული, შეშფოთებული და განრისხებული ვიქნები. ალბათ, სილას გაგარტყამ. მაგრამ რას იზამ? ახალგაზრდული ვნებები და მთელი ამბები, ხომ გესმის?
დაუქნია თუ არა შვილმა თავი, გაბრიელი მაშინვე ალისასკენ წავიდა, რომელიც ამჯერად კედელთანმიდგმულ ერთ-ერთ სავარძელში მოთავსებულიყო და აქეთ-იქიდან მსხდომი მამაკაცების მონაყოლზე გულიანად კისკისებდა. მართალია, ორივე მათგანი იღიმოდა, მაგრამ მეორესთან შედარებით უფრო სუსტს ღელვის კვალსაც მარტივად შეატყობდით.
-ანუ ველურივით შიშველი გამოვარდა, არა? - დაეკითხა ქალი მარცხნივ მჯდომს და უფრო ფართოდ გაეღიმა.
-ვერ გადამირჩები! - ამოიღრინა მარჯვნივ მჯდომმა და მათ წინ გაჩერებულ გაბრიელს შეხედა.
-ალისა, ორი წამით, - გვერდით გაიხმო და, მაგრამ ქალი არ გაჰყვა.
-აქვე თქვი. ნუ გეშინია, არ არიან უცხოები.
გაბრიელმა წამით ისევ გაუშტერა მზერა მამაკაცებს და მათში დავითისა და ერეკლეს ამოცნობის შემდეგ უფრო მეტად აღელდა. სულაც არ იყო მარტივი გამიჯნურებული კაცის თანხლებით დისთვის მიტროფანე ჯაყელის სიტყვების გამეორება. დიდი ალბათობით აფეთქებულ ერეკლეს მიიღებდნენ, რაც ნამდვილად სასიკეთოდ არ წაადგებოდათ.
-იქნებ მაინ გამოხვიდე?
-გაბრიელ-მეთქი, - ღიმილი გაუქრა სახიდან და ხმაც გაიმკაცრა ქალმა.
გაბრიელმა ერთი ამოიოხრა და შერბილებული ვერსია მოუყვათ, რომ მელანოს ხაფანგს უგებდნენ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეცილებინათ მათთვის თვალი.
როგორც მოელოდა, ერეკლე მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და ლამის ამილახვართან გავარდა. კიდევ კარგი, დავითმა დროზე ჩაავლო მკლავში ხელი და როგორც ალისამ ურჩია, დარბაზიდან ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაიყვანა. შემდეგ კი ქალი გაბრიელს მიუბრუნდა.
-ახლა მთელი სიმართლე მითხარი, რაც მათი თანდასწრებით არ თქვი.
გაბრიელმაც ყველაფერი უთხრა და ლამის ახლა ალისა გახდა დასამშვიდებელი.
-კარგი, კარგი, წყნარად ვარ. ნერვებს არ ავყვები. მიდი, ერეკლე მომიყვანე და დარწმუნდი, რომ ცეკვის რამე მაინც გაეგება.
რამდენიმე წუთში კი ალისას დაჟინებული მოთხოვნით მოცეკვავე ხალხს შეერივნენ. თან ქალი იმას უხსნიდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
ამასობაში მიტროფანე ჯაყელს ნამდვილად მოეხერხებინა ბიძინას დამარტოხელება და მასთან საუბრის გაბმა. მართალია, ამილახვარს თვალი ეჭირა მოცეკვავე შვილზე და თავიდან მისი გაშვების წინააღმდეგიც იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დართო ნება და თავად კვლავ მიტროფანეს მიუბრუნდა. ჯაყელი მათ საერთო საქმეზე ელაპარაკებოდა და უყურადღებოდ ნამდვილად ვერ დატოვებდა.
-აი, ახლა, - უთხრა ალისამ ერეკლეს და მანაც მაშინვე გაცვალა პარტნიორი.
როგორც კი მკლავებში მოქცეული მელანო დაიგულა, მაშინვე შვებით ამოისუნთქა და მჭიდროდ ჩაიკრა გულში.
-ერეკლე, - ბედნიერმა ამოიჩურჩულა ქალმა და თავი მკერდზე დაადო.
-აქ ვარ, შენთან, - ეჩურჩულებოდა მელანოს და თან ცეკვას აგრძელებდნენ.
ჯაყელები აშკარად გაწბილებულები ჩანდნენ, მაგრამ უკან დახევას რომ არ აპირებდნენ, ამას მშვენივრად ხვდებოდა ფალავანდიშვილი. ხალხი ელოდა. ვეღარ ხვდებოდა რისთვის მოაწყო ეს კარნავალი ამილახვარმა. ნუთუ მართლა მხოლოდ კარნავალი იყო და სხვა არაფერი? არანაირი ქვეტექსტის მატარებელი.
სცენასთან ახლოს მდგარმა უზარმაზარმა ქანქარიანმა საათმა თერთმეტჯერ ჩამოჰკრა და გუგუნს მორჩა თუ არა, ამილახვარმა ღიმილით გაარღვია ხალხის მასა და სცენაზე ავიდა. ყველამ მას გახედა. თავადმა რაღაცის სათქმელად პირი დააღო კიდეც, მაგრამ მოულოდნელად იარაღის გასროლის ხმა გაისმა და ისედაც გასუსული ხალხი უარესად გაისუსა. მერე კი ალიაქოთი ატყდა. ვინ როგორ და საით გარბოდა არავინ იცოდა. გასასვლელებთან ჩოჩქოლი ატყდა. ყველას პირველს სურდა გარეთ გასვლა. აღარც ახლობლებს დაეძებდნენ, მთავარი იყო თავად გაეღწიათ იქიდან ცოცხლად. რამდენიმე დაეცა კიდეც. მათთვის დახმარების ხელი არავის გაუწვდია, პირიქით - ზედ გადაურეს და დაასახიჩრეს.
ერეკლემ მაშინვე ზურგს უკან ამოიყენა მელანო და ხალხს თვალი მოავლო, რომ ზუსტად გაეგო, საიდან მოდიოდა საფრთხე. ადგილიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არ დაძრულა. ამილახვარი გაოცებული და ცოტა შეშფოთებული იდგა სცენაზე. მის წინ ჯაყელები არ იცვლიდნენ ფეხს (არც ისინი ჩანდნენ ბიძინაზე ნაკლებგაოცებულები), აივანთან ალისას, დავითს და გაბრიელს მოჰკრა თვალი, მაგრამ ამ ჩოჩქოლში რთული იყო დანახვა, თუ ვინ გაისროლა. ფრანგი ქალბატონი თითქოს მოელოდა კიდეც მსგავს განვითარებას, მშვიდად მიჰყრდნობოდა კედელს და დავითისთვის ხელი ჩაეკიდებინა.
როგორც იქნა ყველა გაიკრიფა დარბაზიდან და მშვენივრად დაინახეს დარბაზის შუაგულში მდგარი გამხდარი ქალი, რომელსაც ხელში რევოლვერი ჩაებღუჯა და ამჯერად იარაღს ჭერს კი არა პირდაპირ ბიძინა ამილახვარს უმიზნებდა.
-გიორგი! გიორგი სადა ხარ? - იყვირა თავადმა და მისი ხმა ექოდ აირეკლა უზარმაზარ ოთახში.
-ტყუილად ცდები, - ჩაიბურტყუნა მიტროფანემ, - ჩემმა ხალხმა დაატყვევა და გათიშა.
-როგორ ვერ მივხვდი. შენი ნამოქმედარია, არა, ესეც? შენი ხელით მოკვლა არ გინდოდა და მკვლელი დაიქირავე, თანაც ქალი?
-ამ ამბავში ტყუილად ნუ მრევ. არც კი ვიცი, ვინაა. არც გამიკვირდება იცი?! ამ ქვეყნად უკვე იმდენი გადაიმტერე, რომ ნებისმიერ ქართველს სურს შენი მოკვლა.
-ნამდვილად საინტერესოა თქვენი მსჯელობის მოსმენა, მაგრამ მე ნებისმიერი არ ვარ, - ოთახში ამჯერად ქალის ხმა გაისმა, რომელსაც სახეზემორგებული ნიღაბი ახშობდა. ქალმა ერთი ხელის მოსმით ჩამოიგლიჯა სახიდან და ამილახვარმა მშვენივრად გაარჩია, რომ მათ წინ თავისი ყოფილი ცოლი იდგა.
-ეკატერინე? შენ აქ რას აკეთებ? - გაოცება ვერ დამალა თავადმა.
-შენ ხომ არ დაგიპატიჟებივარ, არა? - მწარედ გაეცინა ქალს, - მაგრამ, უი, არც შენი ახლანდელი ცოლი არაა აქ. ნეტავ, რატომ? მისი გამოჩენისაც ხომ არ გრცხვენია საზოგადოებაში, რადგან ძალიან ბევრი გკიცხავს მისი მოყვანის გამო?
-ამისთვის მოხვედი?
-ოოო, არა, ძვირფასო მეუღლევ. თქვენ კი ადგილიდან არ დაიძრათ, - ამჯერად კარებისკენ წასულ ჯაყელებს უყვირა და ისევ უკან დააბრუნა ქალმა, - თქვენთანაც მაქვს ანგარიშები.
-ალისა, შენი ნამოქმედარია, არა? - თავი მიატრიალა ბიძინამ ქალისკენ და თვალი თვალში გაუყარა.
-ნუთუ ამას ახლა მიხვდით? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ფრანგმა ქალბატონმა.
-მე კიდევ მეგონა, რომ ამ ყველაფერზე მაღლა იდექი.
-ვდგავარ კიდეც. უბრალოდ ამას თქვენ ვერ გაიგებთ. ჩემთვის ძვირფას ადამიანებს არ უნდა შეხებოდით, თავადო.
-მელანო მესმის, მაგრამ ჩემს ყოფილ მოურავში რა დაინახე ასეთი, ვერ ვხვდები. შენთვის ზედმეტად მდაბიოა.
-თუ ამდენი იცით, ისიც გეცოდინებათ, რა დავინახე და სხვისი დამცირების ნაცვლად, გიჯობთ საკუთარ თავზე იდარდოთ.
-ერთი წუთით, - ამჯერად მელანო გამოიწია წინ და ეკატერინეს დააკვირდა, - რის გაკეთებას აპირებ, დედა? - ცოტა არ იყოს შეფიქრიანებულმა ჰკითხა.
-იმის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა, - ქალიშვილისკენ არც კი გაუხედავს, ისე უპასუხა, - და ბოდიში, ერეკლე. ამ მოღალატესთან საქმის დაჭერა რომ გირჩიე.
-არაფერია, მაინც არ ვენდობოდი. მამა სულელი სულაც არ იყო, როცა არც ერთ მათგანთან არ იჭერდა საქმეს.
-კარგი, მოდი, გავარკვიოთ, რა გინდა, ეკატერინე? - ამილახვარმა კვლავ ამოიღო ხმა და ქალისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-არც კი გაბედო ჩემთან მოახლოება!
-რატომ? - ჩაიცინა კაცმა, - შენ ხომ ასე ძალიან გიყვარდა, როცა ჩემს მკლავებში ექცეოდი.
-და ამის გამო მეზიზღება საკუთარი თავი, - ამოიღრინა ქალმა და იმდენად მოუჭირა ხელი იარაღის ტარს, ლამის ხელში ჩაატყდა, - ახლა კი მიმართულება შეიცვალე. ჩემკენ კი ნუ მოიწევ, აივნისკენ წადი.
ამილახვარმა გაოცებულმა გახედა ქალს, მაგრამ მასზე იმხელა სიმტკიცე იყო ასახული, რომ თავადაც შეშინდა და დამყოლი ბატკანივით მართლა აივნისკენ გაემართა.,
-რა, ახლა მთელი ღამე აქ უნდა ვიდგე, რომ გამყინო და შენი ხელის ნაცვლად ასე მოვკვდე?
ბიძინა ამილახვარს სულაც არ მოსწონდა მდინარის დგაფუნის ხმა, რომელიც თითქოს ყურს უკან ესმოდა. ნამდვილად არ ელოდა სიტუაციის ასე შემობრუნებას. არა და, თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც თავად დაგეგმა. მაგრამ ქალმა აჯობა. რა თქმა უნდა, ქალის მოქმედებებს ხომ ვერასდროს გათვლი, მაგრამ თუ ის საკმაოდ ჭკვიანი და მოხერხებულია, მაშინ განსაკუთრებით. არ უნდოდა აღიარება, მაგრამ ალისამ ნამდვილად დაამარცხა ამ ბრძოლაში.
-არა, შენ ჩემი ხელით გიწევს სიცოცხლესთან გამომშვიდობება, რადგან ცხოვრების გაკვეთილი ვერა და ვერ დაიმახსოვრე - რასაც დასთეს, იმასვე რომ მოიმკი, - სიკვდილის ანგელოზივით წყნარი დაბალი ხმით წარმოთქვა ქალმა და დარბაზი კიდევ ერთხელ დააყრუა იარაღის გასროლის ხმამ.
ამილახვარმა სიმწრისგან დაიღმუვლა, რადგან ტყვია პირდაპირ მარცხენა მხარში მოხვდა. შექანდა კიდეც და როცა თავის შემაგრება სცადა, ვეღარ მოახერხა. პირდაპირ თავით გადაეშვა მდინარეში. დავითი მაშინვე აივნისკენ გაქანდა და ჯერ ეკატერინეს აართვა იარაღი ფრთხილი მოძარობით, შემდეგ კი მდინარეს გადახედა. გარეთ სიბნელე იდგა და ვერც ვერაფერი დაინახა, ამიტომ ქვემოთ ჩასვლა გადაწყვიტა. მაგრამ იქაურობა ჟანდარმერიის წარმომადგენლებით წამში გაივსო. წინ კი ოცდაათწლამდე ახლაგაზრდა კაცი გამოვიდა.
-გამარჯობა, მე გამომძიებელი არჩილ მჭედლიძე გახლავართ და ქალბატონო ეკატერინე, თქვენ დაკავებული ბრძანდებით.
-რა? არა! - მელანომ დაიკივლა და დედას გადაუდგა წინ.
-ქალბატონო, თუ ვერ შეამჩნიეთ, მან რამდენიმე წუთის წინ ადამიანი მოკლა.
მელანომ რა არ სცადა, მაინც ვერაფერი შეაგნებინა ჟანდარმებს. ისეთი ყაყანი იდგა, გვერდით მდგომი რას გეტყოდა, იმასაც კი ვერ გაიგონებდით ნორმალურად. საბოლოოდ მაინც არჩილმა მოიგო. ეკატერინე ამილახვარს ხელზე ჯაჭვითგადაბმული ბორკილები შეაბეს და ორი ჟანდარმის თანხლებით გაიყვანეს.
-მაშინ მე მათ დაკავებას მოვითხოვ, - გასვლამდე წამოიძახა ალისამ და ხელით ჯაყელებზე ანიშნა, რომლებსაც ამჯერად ხალხის სიმრავლის გამო ვერ მოეხერხებინათ იქიდან აორთქლება, არადა თითქმის კარებამდე მისულყვნენ.
-რის საფუძველზე?
-მათ ქალის გაუპატიურება სცადეს, - ბოლომდე არ თქვა სიმართლე ალისამ და წელში გასწორდა.
-დამამტკიცებელი საბუთი თუ გაქვთ?
-მოწმე მყავს.
-სამწუხაროდ ვერ დავაკავებ, - მხრები უდარდელად აიჩეჩა არჩილმა.
-რა, მაინცდამაინც უნდა ჩაედინათ ეგ დანაშაული, რომ დააკავოთ? თუ კაცი უნდა მოეკლათ ან ექურდათ? კარგი, მაშინ ახალი განცხადება შემომაქვს. ერეკლე ჯაყელმა ჩემი მარგალიტის სამაჯური მომპარა.
-რა სისულელეა! - მაშინვე იყვირა ახალგაზრდამ.
-მიდით, გაჩხრიკეთ, ბატონო ჟანდარმო, - ორაზროვნად იღიმოდა ალისა.
უხალისოდ, მაგრამ მაინც მოუწიათ ჯაყელის გაჩხრეკვა. ახალგაზრდას ჯიბეში ალისას სამაჯურის გარდა რამდენიმე ოქროს ბეჭედიც უპოვეს და სხვა გზა არ დარჩენოდათ, ისიც ეკატერინე ამილახვრის გზას გაუყენეს. მიტროფანე სულ ლანძღვით მიჰყვათ უკან და ფრანგ ქალბატონს მუქარას უთვლიდა.
-რა გააკეთე, ალისა? - ჰკითხა გაბრიელმა და უკანდაბრუნებული დავითიც დალანდა.
-არაფერი, მოუხდება ერთი-ორი დღით ტფილისის ციხეში ყოფნა და იქნებ ჭკუაზეც მოვიდეს.
როგორც იქნა, ყველაფერი ჩაწყნარდა. მელანო და ერეკლე ერთმანეთს ეხვეოდნენ. ფალავანდიშვილი ატირებულ ქალს ამშვიებდა და ნაზად ეფერებოდა. ალისას სახესაც ღიმილმა გადაურბინა და დავითისკენ მიტრიალდა კიდეც. კაცი უკვე წამოსულიყო მისკენ და მალე გულშიც ჩაიკრავდა, მაგრამ გარედან შემოჭრილმა ნიავმა ერთიანად ააფრიალა ფარდები და დარბაზში ფრაკშიგამოწყობილი მამაკაცი შემოვიდა.
-როგორც ჩანს, ყველაფერს გამოვაკლდი, - ღიმილით თქვა ფრანგულად და მშვენივრად დაინახა მის ხმაზე როგორ გადაფითრდნენ ქალები.
-ეს კარგად არ დასრულდება, - დაიჩურჩულა მელანომ და მაშინვე ალისას გახედა, რომელსაც მამაკაცისკენ შებრუნება მოესწრო.
-უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით? - იკითხა ერეკლემ და ისევ დაიძაბა.
-მე? ნუთუ ალისას არ ვუხსენებივარ? - ისევ ღიმილით იკითხა მამაკაცმა და ქალს წელზე მოავლო ხელი, - მე მისი საქმრო გახლავართ. აქ მის წასაყვანად ჩამოვედი. უკან უნდა დავაბრუნო, რადგან ყველას ძალიან მოგვენატრა და გვჭირდება.
მამაკაცმა ალისას ხმის ამოღებაც არ აცადა, ისე დაუკითხავად აკოცა ტუჩებში. ქალმა გაიბრძოლა, ხელები დაარტყა მამაკაცის მკერდს, მაგრამ იქამდე ვერ განთავისუფლდა, სანამ ეს მასზემიხუტებულმა არ მოისურვა. მიხვდა, გონებას კარგავდა. ბოლოს რაც დაინახა, სანამ სიშავე ყველაფერს შთანთქავდა, დავითის იმედგაცრუებული სახე იყო. მამაკაცმა ზურგი აქცია და გასასვლელისკენ წავიდა.
იმ დღის შემდეგ ბიძინა ამილახვარი ქართლის ტერიტორიაზე აღარასდროს უნახავთ. 
თავი13
-ამას ასე არ დავტოვებ, - იღრინებოდა მიტროფანე ჯაყელი და ჟანდარმებს უკან მიჰყვებოდათ, - როგორ გაბედეს და ასეთი შეურცხყოფა როგორ მომაყენეს!
ისედაც გაცხარებული თავადი წყობიდან საერთოდ გამოიყვანა არჩილის სიტყვებმა, რომ ერეკლე ტფილისში გადაჰყავდათ და სანამ ყველაფერს არ გაარკვევდნენ, მისი ციხეში დატოვება მოუწევდათ. მიტროფანეს კი თუ ძალიან უნდოდა მათ გაჰყოლოდა, ეს საკუთარი ეტლით უნდა გაეკეთებინა. კაცმა მხოლოდ ის მოახერხა, რამდენიმე წუთით შვილთან მარტო დაეტოვებინათ, რომ ოროდე სიტყვა ეთქვა.
-მაინც გაგვაცურა იმ უცხოელმა ქალმა, - ზიზღით წარმოთქვა ერეკლემ და გამწარებულმა გადაანერწყვა. თან მაჯაზე დადებულ ბორკილებს აჩხარუნებდა.
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, ყველაფერს მივხედავ. შენი აზრით მისი საქმროს ჩამოყვანა ამილახვრის იდეა იყო? მეგონა ყველაფერი გავითვალისწინე, თურმე შევმცდარვარ. ქალები ყოველთვის თავის ტკივილს წარმოადგენენ, რადგან არასდროს იცი, მათგან რას უნდა ელოდო, ჭკვიანი ქალები კი განსაკუთრებით ამ ტკივილის მძიმე ფორმაა.
-მე რა გავაკეთო? როგორ დაგეხმარო?
-შენ ჯერ-ჯერობით ჟანდარმებს უნდა გაჰყვე, სხვა გზა არ გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებ და მალევე გამოგიხსნი მაგათი აყროლებული საკნიდან. მაგრამ ჯერ ამათ უნდა მივხედო.
-როგორც იტყვი, - თავი დაუქნია ერეკლემ და მის წასაყვანად მისულ კაცს ყველანაირი შეწინააღმდეგების გარეშე გაჰყვა უკან.
აი, მიტროფანეს ადგილიდან ფეხიც არ მოუცვლია. პირიქით, დაელოდა როდის დატოვებდა ყველა ეზოს, შემდეგ კი ღამის სიბნელეს შეერია და ჩუმი ნაბიჯებით წავიდა სახლის უკანა ნაწილისკენ. ეს ის მომენტი იყო სწორედ, როდესაც ალისას საქმრომ დარბაზში შეკრებილთ საკუთარი თავი წარუდგინა და ქალმაც გონება დაკარგა.
უეცრად ყველამ გაიგონა აფეთქების ხმა, რასაც თან სახლის უკანა ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა. ყველა შეტორტმანდა, მაგრამ იმდენად ძლიერი ტალღაც არ ყოფილა, რომ რომელიმე წაქცეულიყო. სამაგიეროდ ყვავილებით სავსე რამდენიმე ლარნაკი ზრიალით დაეხეთქა იატაკს და ათას ნაწილად დაიფშვნა.
-რა ხდება? - იყვირა დავითმა და პირდაღებული ნაპრალისკენ გაიხედა.
-როგორც მახსოვს, სახლის მაგ მხარეს თავადს საწყობი ჰქონდა, სადაც თოფის წამლის დიდი მარაგი ინახებოდა, - ყვირილითვე უპასუხა გაბრიელმა და და ხელში აიტაცა, - მგონი, გონივრული იქნება თუ აქაურობას სასწრაფოდ დავტოვებთ.
-კი, მაგრამ, - ამჯერად ერეკლემ წამოიწყო და კიდევ ერთხელ გაისმა წინაზე შედარებით უფრო ძლიერი აფეთქების ხმა, რასაც სახლის უფრო დიდი ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა, - დენთი ასე თავისით არ ფეთქდება.
მერე კი მელანოს ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ მისიანად გაიქცა. სამშვიდობოს გასულებმა კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაიგეს, უკვე იმდენად ძლიერი, რომ იქიდან წამოსულმა ტალღამ გაქცეულები იმდენად ძლიერად შეაქანათ, რომ მიწაზე განერთხნენ. ბიძინა ამილახვრის ნანინანატრი სახლი კი წამის უსწრაფესად ჩამოიქცა და ნატეხები თითქმის ყველა მიმართუებით გაფრინდა. მარმარილოს უდიდესი ნაწილი მდინარეში ჩაცვივდა და ლამის დააგუბა კიდეც, მაგრამ შემდგომში ეს ძვირფასი მასალა გლეხებმა ამოზიდეს და საკუთარ სახლებში წაიღეს. ძალიან ბევრ მამაკაცს ნახავდით მაშინ მცხეთაში, რომელსაც ამილახვრის სასახლის ნატეხები და იქ დარჩენილ-გაფანტული სიმდიდრე დაეძებნა და საკუთრებად გაეხადა.
***
მთელი კვირა საწოლად იყო ჩავარდნილი ალისა. მთელი კვირა წამითაც არ მოუხუჭავთ თვალი გაბრიელსა და დავითს. ექიმების თქმით, ნერვიულობის ფონზე გამოწვეული ცხელება ჰქონდა ქალს. მხოლოდ სახლში მიყვანის დროს გაახილა წამით თვალები და გაბრიელს გადაუჩურჩულა, რომ მისი „საქმრო“ მოეცილებინა იქაურობისთვის და უკან, საფრანგეთში გაეშვა, მას მერე მიხედავდა. მერე კი კვლავ ცხელებას დანებდა. მართალია, ბიჭმა აასრულა მისი თხოვნა და უფრო მეტიც გააკეთა, დავითსაც ელაპარაკა, მაგრამ კაცმა ყურიც კი არ ათხოვა. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჭამდა ინტერესის ჭია.
ფრანგი ქალბატონი ერთი კვირის თავზე მოვიდა გონს, ზუსტად მაშინ, როდესაც დავითმა სახლიდან გასვლა გადაწყვიტა, რადგან სოფელში ნინო ჩამოსულიყო და მისი ნახვა სურდა. ალისამ გაიგო თუ არა ნინოს სახელი, მაშინვე გადაუვიდა სახეზე ფერები და მხოლოდ ერთი წინადადება უთხრა ოთახში მჯდომ ძმას. შემდეგ კი გვერდი იცვალა, ზურგი აქცია და აღარავის უშვებდა ოთახში, მათ შორის მელანოსაც კი.
სანამ გაბრიელი დის მიცემული დავალების შესასრულებლად დარბოდა, ერეკლე და მელანო ეკატერინე ამილახვრის საქმეს არკვევდნენ. რატომღაც ყველანაირი გასამართლების გარეშე გამოუტანეს ქალს განაჩენი და პირდაპირ ციმბირის გზას გაუყენეს. მართალია, ეკატერინე ამშვიდებდა ატირებულ მელანოს, რომ მისთვის იქ ცხოვრება იმაზე უარესი მაინც არ იქნებოდა, რაც აქამდე გამოვლილი ჰქონდა, მაგრამ ქალისთვის რთული აღმოჩნდა ამ ფაქტთან შეგუება. ყველაფერთან ერთად ალისამაც ზურგი აქცია ყველას და საკუთარ ტკივილს მარტო უმკლავდებოდა.
როგორც შემდგომში გაარკვია მელანომ გაბრიელისგან, წასვლას აპირებდნენ. იმ დღეს ვერც შიგნიდან გადარაზულმა კარმა და ვერც ალისას უარმა ვერ შეაჩერა ამილახვრის ასული და მეგობარს ოთახში შეეჭრა. ქალი კვლავ საწოლში იწვა და ოთახიდან გაუსვლელობის გამო, კანს მოყვითალო ფერი დასდებოდა.
-რას ჰგავს შენი საქციელი? - ლამის იყვირა მელანომ და ალისას საბანი გადააძრო.
-იმას, რაც არის.
-თავად არ მოგვიწოდებდი მეც და დავითსაც, რომ ტკივილს არ უნდა დავნებებოდით, ცხოვრება უნდა გაგვეგრძელებინა და ახლა შენ თვითონ იქცევი ასე!
-არ გინდა, მელანო, გთხოვ. ერთხელ ცხოვრებაში მეც ხომ მაქვს უფლება, რომ სუსტი ვიყო?
-შეგიძლია, მაგრამ შენ ეს არ გჭირდება!
-ახლა არა, გთხოვ.
-არ შემიძლია, ასეთს ვერ გიყურებ, - სევდიანი ხმით წარმოთქვა ქალმა და ალისას გვერდით მიუწვა, მერე კი მკლავები ძლიერად მოხვია და ჩაეხუტა, - შენ მუდამ თავქარიანი, მომღიმარი, ბედნიერი ალისა უნდა იყო. ჰო, პლანტატორი გამომრჩა კიდევ.
ალისას სახეზე ღიმილი გაკრთა და თავადაც მოეხვია მეგობარს.
-უნდა წავიდე, ხომ იცი, არა? თავად ხვდებოდი, რომ აქ სამუდამოდ არ დავრჩებოდი. ახლა კი განსაკუთრებით იმ იდიოტის გამოსვლის შემდეგ აქ აღარაფერი მაკავებს.
-და დავითი? - ფრთხილად შეაპარა კაცის სახელი.
-მან იმის ახსნაც კი არ დამაცადა, რომ საქმრო მხოლოდ საჭიროების გამო მყავდა იქ, საფრანგეთში. შენ ხომ მაინც იცი, რომ გარემოება მოითხოვდა ამას და მის მიმართ გრძნობაც კი არ მაქვს, მაგრამ დავითი... მან მაშინვე ზურგი მაქცია და ახლა ვიგებ, რომ ნინოსთანაა და ჩემს სანახავად თავსაც კი არ იწუხებს ბატონი.
-თავად აგვიკრძალე შენი ნახვა.
-აგიკრძალეთ, მაგრამ ვერ შემომეჭერი?
-კარგი, კარგი, - დანებდა მელანო, - ახლა რას აპირებ?
-უკან ვბრუნდები. მართალია, ის იდიოტი ჩამოვიდა და ყველაფერი ჩამიშალა, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ახალი ამბებიც ჩამომიტანა. ჩემს სამშობლოს ვჭირდები.
-ნამდვილად არ მინდა შენი გაშვება...
-მაგრამ მოგიწევს. ყოველთვის დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა იმის გაკეთება გვიწევს, რაც ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ აუცილებელია. ახლა შენი დროა, რომ გამიშვა და მერწმუნე, როცა შემდეგში შევხვდებით, ისევ ის ალისა ვიქნები, ვისაც ასე კარგად იცნობ.
ისე დატოვა ამილახვრების მამული დავითი ერთხელაც არ უნახავს. მხოლოდ ბათუმში ტრაპზე ასვლისას გადმოხედა სანაპიროს და თითქოს მსგავსი სილუეტის მქონე კაცი მოჰყვა კიდეც თვალში, მაგრამ მაშინვე გაუჩინარდა და ალისამაც, მართალია გულისწყვეტით, მაგრამ მაინც განაგრძო სიარული.
***
-ეს წერილი რაც შეიძლება მალე მიიტანე ადრესატამდე, - ერთ-ერთ მსახურ ბიჭს მიუბრუნდა ალისა მარსელის პორტში ჩამოსვლისთანავე და კონვერტში გახვეული წერილი გაუწოდა ფულთან ერთად, - აქ საკმარისი თანხაა ცხენის საქირავებლად.
-დიახ, ქალბატონო, - მოკრძალებით დაუკრა თავი ქალს და მაშინვე გაიქცა ქალაქისკენ.
-გაბრიელ, ისეთი ეტლი იქირავე, გზაში ძალიან რომ არ გაგვაწვალოს და მალე ჩაგვიყვანოს. არ დავეძებ, რაც უნდა ღირდეს. მთავარია, სახლამდე მალე მივაღწიო.
-კარგი, - უპასუხა ძმამ და ისიც მსახურის გზას დაადგა.
ზუსტად ორ დღეს მოუნდა მარსელიდან პარიზამდე ჩასვლას შესვენების გარეშე. უბრალოდ გზაზე ცხენებს იცვლიდნენ ხოლმე. თავისი მამულის ჭიშკრის დანახვისას გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა, მაგრამ იმდენად სიხარულნარევი დაბრუნება არ ყოფილა ეს, რამდენადაც უნდოდა და მოელოდა. გული სულ სხვა ქვეყანაში დაეტოვებინა და ჩამქრალი თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით. გაბრიელიც ხვდებოდა თითქოს დის ფიქრებს და გაყურსული იჯდა თავისთვის.
ეტლიდან ჩამოსვლისას კამერდინარი გამოეგება და მოახსენა, რომ მისი დაბარებული სტუმარი უკვე ნახევარი საათი იყო რაც ელოდებოდა. ალისას თვალები კვლავ აენთნენ, მაგრამ ამჯერად ბრაზით.
-გაბრიელ, ჩემი მათრახი მჭირდება, - უკან მდგომ ძმას ხელი გაუწოდა და ისე უთხრა, ზედაც არ შეუხედავს, მხოლოდ იმას გეგმავდა, თუ რას იზამდა სახლში შესული.
-მაპატიე, მაგრამ არ მაქვს. საქართველოში შენი ხელით არ დაამტვრიე?
-გაბრიელ, - კბილები გააღრჭიალა ალისამ და ახლა მას მიუბრუნდა, - გირჩევნია, მათრახი ორ წუთში აქ გამიჩინო, თორემ შემდეგი ადამიანი ვისაც ჩემი რისხვა დაატყდება თავს, შენ იქნები!
ამ სიტყვების თქმისას ნამდვილად ჰგავდა გაცეცხლებულ ძუ ვეფხვს, რომელიც გაახელეს და ახლა მოსაკლავად გამოუდგებოდა ნებისმიერს, ვინც პირველი გადაეღობებოდა წინ.
იმ წამს გაბრიელი მიხვდა, რომ გაბრაზებული და შურისძიების სურვილით შეპყრობილი ქალი უფრო საშიშია, ვიდრე გახელებული ვეფხვი. ასეთი ქალისაგან ყველაფერს უნდა მოელოდე, თანაც არასდროს იცი, როდის დაგესხმება თავს და რა უბედურებას მოგიტანს.
სხვა გზა არ ჰქონდა, სასწრაფოდ სახლისკენ გაიქცა და ორ წუთში ალისა მართლა მიდიოდა სასტუმრო ოთახისკენ მათრახმომარჯვებული. შევიდა თუ არა ოთახში, მაშინვე მოიქნია და მტკივნეულად გადაუჭირა ოთახში მყოფს.
-ეს იმისთვის, რომ ჩამოხვედი და ყველაფერი ჩამიშალე! - ურტყამდა კაცს და თან შეშლილი სახით ყვიროდა, - ეს იმის გამო, რომ საყვარელი ადამიანი დამაკარგინე! ეს შენი იდიოტობის გამო! ეს იმათ გამო, ვინც ამ სისულელის გათამაშება დაგავალა! ეს...
-ალისა, გაჩერდი! - ხელი გაუკავა გაბრიელმა და იატაკზე ტკივილისაგან მოკეცილ კაცს წამოდგომაში მიეშველა, - შემოგაკვდება ასე.
-მერე, ღირსი არაა თუ რა?! - დაიღრინა და მათრახი დასარტყმელად შემართა.
-ღმერთი არ ხარ, რომ ადამიანის სიცოცხლე-სიკვდილის ამბავი გადაწყვიტო! თუ უტყამ, მაშინ ისეთ ადგილას დაარტყი, თვალისგან დამალული რომ იყოს, - გაბრიელმა დას თვალი ჩაუკრა და მოულოდნელად დაარტყა მუცელში, - მაგალითად, აი აქ.
შემდეგ კი ტკივილისგან ორად მოკეცილ კაცს ქეჩოში სწვდა და ყურში სიცილით უთხრა:
-ეს ჩემი დის გამო, და თუ არ გინდა კიდევ მიიღო, აქედან აორთქლდი და თვალით აღარასდროს დაგინახოთ!
-ღმერთო, გაბრიელ?! - სასიამოვნოდ გაოცებული ჩანდა ალისა, მერე კი მათრახს ხელი უშვა და ძმას გადაეხვია.
კაცმაც ძლიერად მოხვია ხელი და ძლიერად ჩაიკრა გულში.
***
ამილახვრების მამულის დატოვებიდან ექვსი თვე გავიდა, ალისა კი ისევ ისე ცარიელი დადიოდა. ძველი გიჟი ალისასგან მხოლოდ ფიტულიღა იყო დარჩენილი და ძალიან იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც რეალურად გაიცინებდა. დანარჩენი დრო ჩამქრალი თვალებით იმზირებოდა და ყალბ ღიმილს ჩუქნიდა ნებისმიერს, ვინც მის გამხიარულებას შეეცდებოდა.
გაბრიელი ძალით დაატარებდა სასეირნოდ და ბოლო პერიოდში ცხენით ჯირითი ამოიჩემა. იმ დღესაც სულ ძალით წაიყვანა და ელისეის მინდვრები მოინახულეს. გაბრიელისგან გასაოცრად, ალისას ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია უკვე გასახსნელად მზადმყოფი ეიფელის კოშკის შესახებ. მზე იმაზე უფრო მეტად აჭერდა, ვიდრე სჩვეოდა. ქალმა ხელი მოიჩრდილა და ცას გახედა.
-სჯობს უკან დავბრუნდეთ, - რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა გაბრიელს და ცხენს აღვირი მოქაჩა.
-კარგი რაა, ალისა. ახლახან არ მოვედით?
-მალე გაწვიმდება და თუ არ გვინდა, რომ დავსველდეთ, აჯობებს ახლავე წავიდეთ!
-გაწვიმდება არა ის. რა სისულელეა. ნახე, ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ სჩანს!
-როგორც გინდა, - მხრები აიჩეჩა ქალმა და თავად გატრიალდა.
რაც საფრანგეთში დაბრუნდა, მას შემდეგ აღარ გაჰკარებია ჩვეულებრივ უნაგირს. სპეციალურად დაამზადებინა ქალბატონისთვის შესაფერისი და მხოლოდ ამით ჯირითობდა. ახლაც მასზე იყო ამხედრებული და ისე მიდიოდა. მალევე დაინახა, რომ გაბრიელიც აედევნა და ღიმილით გადააქნია თავი. რაც არ უნდა მომხდარიყო, გაბრიელი მაინც მის პატარა ბოთე ძმად დარჩებოდა.
სასახლის ეზოში მეჯინიბე ბიჭი დაეხმარა ცხენიდან ჩამოსვლაში და ისიც მოახსენა, რომ სტუმრები ჰყავდა. ალისამ მხოლოდ წარბები აძგიბა და ტყავის ხელთათმანების გახდით გართული გაემართა სასახლისკენ. სახეზე უდარდელი გამომეტყველება აიკრა, რადგან აღარ შეეძლო ყოველი ახალი სტუმრის ნათქვამი, ხომ კარგად ხარ, ალისა, რაღაც ვეღარ გცნობთო. სასტუმრო ოთახში შესულს კი ნამდვილად სიურპრიზი დახვდა. სავარძელში მუცელგამობერილი მელანო იჯდა, მის უკან კი ერეკლე იდგა და ცოლს რაღაცას უყვებოდა.
-თქვენ აქ რა გინდათ? - სასიამოვნოდგაოცებულმა იკითხა და ფრთხილად გადაეხვია მელანოს, - ვაიმე, როგორ მომნატრებიხარ, ჩემო გოგოვ!
-ჩვენც რომ მოგვენატრე, ამიტომ გეწვიეთ. აბა, შენ არ ჩამოხვიდოდი და ისევ ჩვენ წამოვედით. არადა ჩემი ამ სიშორეზე მგზავრობა არც თუ ისე სახარბიელოა! ყოჩაღ შენ, ასეთი უნდა იყოს ნათლია?!
-ნათლიაო?! მომესმა ხომ? მერე აქამდე ვერ მითხარით? სულაც ფეხით ჩამოგაკითხავდით!
-კი, მჯერა, - თვალები მოწკურა მელანომ და ერეკლეს დახმარებით დაუბრუნდა სავარძელს.
-მეჩვენება თუ ეს ბუზღუნა გახდა? - სიძეს მიუბრუნდა და პატარა ბავშვივით გაბუტულ მეგობარზე ანიშნა.
-აქამდე ხმას ვერ ამოაღებინებდი და ახლა აღარ ჩუმდება, - გულის ნადები გაამხილა ერეკლემაც, - არადა რას ვიფიქრებდი, შენი გაუთავებელი საუბარი თუ მომენატრებოდა.
-რა საზიზღარი ვინმე ხართ, სიძევ ბატონო! აბა, ახლა მითხარით, რა ხდება საქართველოში? მარტო თქვენ ჩამოხვედით თუ?..
ერეკლემ და მელანომ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ქალი ალაპარაკდა უცნაური სახის გამომეტყველებით.
-მხოლოდ მე და ჩემი ქმარი უნდა მიგვიღო, ალისა. ცოტა ხანს აქ დავრჩებით.
-მხოლოდ თქვენ? - თითქოს რაღაც ჩასწყდა, მაგრამ სახეზე ერთი ემოციაც არ აღბეჭდვია.
-ხო. დავითი ვერ დავითანხმეთ წამოსვლაზე. თანაც... მმმ... არ ვიცი, როგორ გითხრა, რომ არ გეწყინოს.
-პირდაპირ მითხრა ყველაფერს აჯობებს.
-ქორწილისთვის ემზადება. ცოლის მოყვანას აპირებს.
მელანოს სიტყვებმა მეხივით გაიჟღერა და ჩახუთულ ოთახში თითქოს მთლიანი ჟანგბადი გააქრო. აქ კი ვეღარ შეძლო ალისამ ემოციების კონტროლი და მთლად გადაფითრდა სახეზე.
-ალბათ... ნინოსას, ხომ? - ჩამწყდარი ხმით იკითხა და იქვე დადებული გრაფინიდან წყალი ჩამოისხა.
-ალბათ, - ახლა ერეკლე გაეპასუხა, რომელიც ალისას სიფითრეს შეეცბუნებინა და ფანჯრებს აღებდა.
ოთახში წვიმის სურნელი შემოიჭრა და ოდნავ გააგრილა იქაურობა. ალისა მართალი აღმოჩნდა, გაწვიმდა, თანაც კოკოსპირულად. ჯერ კიდევ დღის 3 საათი იყო, მაგრამ იმდენად ჩამობნელდა, რომ მსახურებმა ლამფები და სანთლები შემოიტანეს ოთახში.
-დარჩით რამდენ ხანსაც გინდათ, - ძლივს ამოიღო ხმა ალისამ და ფეხზე წამოდგა, - მე დაგტოვებთ ოღონდ. ზედმეტად სუსტად ვგრძნობ თავს და დავისვენებ.
-როგორც გინდა, - დაეთანხმა მელანო და თვალით მიაცილა მეგობარი კარამდე, - ხომ არ გინდა, გამოგყვე?
-არა, არა, ყველაფერი კარგადაა, - ოდნავ გაიღიმა ალისამ და კარი გაიხურა.
კარის დახურვა და მეორე მხრიდან სრულიად სხვა კარის გაღება ერთი იყო. ოთახში ამჯერად ფრაკში გამოწყობილმა მამაკაცმა შემოაბიჯა ღიმილით და ცოლ-ქმრისკენ წავიდა.
-ძალიან ცუდად იქცევი, დავით! - მაშინვე უსაყვედურა მელანომ და მუცელზე მოისვა ხელი, - ასე არ შეიძლება! მეგობარი მომატყუებინე!
-დამშვიდდი, ტყუილი არ გითქვამს, მელანო. მხოლოდ სიმართლის რაღაც ნაწილი დაუმალე.
-მაინც არ შეიძლება ასე. ვერ დაინახე რა დღეში იყო?
-არაუშავს, გადაიტანს. ახლა ჩემი ჯერია. ისევე უნდა გავაგიჟო და დავაწყვიტო ნერვები, როგორც მე გამაგიჟა!
-ორივე გადარეულები ხართ! - თავი გადააქნია ქალმა და ისიც მეგობრის გზას გაჰყვა, - აი, ნახე, ამ შენს უდიერ საქციელს, როგორ განანებს და მერე დასახმარებლად ნუღარ მომმართავ. გაბრიელიც რომ აიყოლიე, ეგეც იკმარე შენ.

თავი 14
მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა. წამითაც კი არ გადაუღია. ალისას კი მოუსვენრად ეძინა. საწოლში წრიალებდა და შფოთავდა. თითქოს მოსალოდნელ უბედურებას წინასწარ გლოვობდა ბუნება და ამის შესახებ ადამიანებისთვისაც უნდოდა შეტყობინება, მაგრამ ადამიანს დიდი ხნის წინათ დავიწყნოდა მასთან სასაუბრო ენა. ელვამ წამით გაანათა გარემო და დავითის სილუეტიც კარგად გამოჩნდა ალისას საძინებელში. თავიდან მხოლოდ ქალის საწოლთან ჩაიმუხლა და დააკვირდა. საქართველოდან წამოსვლის შემდეგ მთლად გამხდარიყო ალისა. სხეულზე გადაკრული კანიდან ადვილად შეგეძლოთ გაგერჩიათ და დაგეთვალათ მისი თითოეული ძვალი. დავითმა სიმწრისგან უკბინა საკუთარ ხელს, რომ ხმა არ ამოეღო, შემდეგ კი ძალიან ფრთხილი მოძრაობით გადააფარა ქალს გადახდილი საბანი და ოთახიდან გაიძურწა. კარის მიხურვა და ალისას თვალების დაჭყეტა ერთი იყო. თითქოს რაღაც იგუმანაო ქალმა, ჯერ ღიადდარჩენილ აივნის კარს გახედა, შემდეგ კი შემოსასვლელს, მაგრამ ეს უკანასკნელი დახურული დახვდა.
ოთახში უკვე სიგრილე ტრიალებდა. საწოლის მეორე მხარეს დაგდებული ხალათი მოიცვა, კარი დახურა და ტუმბოზე დადებულ ცარიელ გრაფინს დახედა.
-ოჰ, ღმერთო ჩემო! - ჩაიბურტყუნა და შანდალში ეულად დარჩენილი სანთელი აანთო, - რამდენჯერ ვუთხარი გაბრიელს, შეამოწმე წყალი მუდამ მქონდეს ოთახში-მეთქი. ხისთავიანი!
ჩაბნელებულ და გაყურსულ სახლში მხოლოდ ალისას ფეხის ნაბიჯების ხმა ისმოდა. სანთელიც დიდად ვერ შველოდა. მხოლოდ ერთი მეტრის რადიუსით უნათებდა ქალს არეალს, რომ არაფერს დასჯახებოდა. უკვე სამზარეულოსთან იყო მისული კიდეც, როდესაც რაღაც გაფაჩუნების ხმა მოესმა და უკან შებრუნდა. მხოლოდ დერეფანში მიმალულ სილუეტს ჰკიდა თვალი.
-გაბრიელ, შენ ხარ? - ჩურჩულით დაიძახა, მაგრამ მიძინებულ სახლში ესეც კი ყვირილის ტოლფასი იყო.
ხმა არავინ გასცა, ამიტომ თავად გადაწყვიტა შემოწმება. შანდალს უფრო ძლიერად ჩაეჭიდა და დერეფანს გახედა. მის გარდა სულიერი არ ჭაჭანებდა.
-აბა, დავიჯერო მომეჩვენა? - ამოიოხრა, შემდეგ კი წყალი აიღო და კვლავ თავის ოთახში დაბრუნდა.
დილით თავმტკივანს გამოეღვიძა. ეგონა, მთელი ღამე თეთრად გაეთენებინა. თანაც საწოლის მეორე მხარეს სიურპრიზიც დახვდა. ზუსტად ისეთივე მარაო იდო ბალიშებზე, როგორიც ამილახვრებთან სტუმრობის დროს შემოატყდა. ფრთხილად გააცურა ხელი და უნდოდა შეხებოდა, მაგრამ ვერ გაბედა. შემდეგ კი კარზე დაუკაკუნეს და ისიც მასზე გადაერთო. მთელი დღის განმავლობაში არ შესულა ოთახში და არც ვინმეს მისცა მასთან გაკარების საშუალება. საღამოს შესულს ისევ არეული საწოლი დახვდა, მაგრამ მარაო აღარსად იყო.
ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დილით ხვდებოდა ბალიშებზე დადებული მარაო, მერე კი იგი ზუსტად იმ მათრახმა ჩაანაცვლა, რომელიც დავითთან საუბრის დროს გატეხა. რითი იცნო? მათრახის ტარს ჯერ ისევ ეტყობოდა გადამსხვრევის ადგილი და ისიც, რომ ის ვიღაცას საგულდაგულოდ შეეკეთებინა.
-მორჩა, - დაიკივლა ალისამ და დერეფანში გავარდა, - მითხარით, რომელი თქვენგანი აკეთებს ამას!
-რა მოხდა, ალისა? - გაოცებული და დაფეთებული მელანო მისაღები ოთახის კართან შეეჩეხა, - რატომ ყვირი?
-ახლავე მითხარით რომელი თქვენგანი მახვედრებს ყოველ დილით ხან მთრახსა და ხან მარაოს ოთახში?
-ყვირილის ხმა შემომესმა და ხომ მშვიდობაა? - ოთახში გაოცებული ერეკლე შემოვიდა, თან შუბლიდან ოფლს იწმენდდა, - უჰ, ძალიან ცხელა გარეთ, მაგრამ რამდენიმე თივის ზვინის გაკეთება მაინც მოვახერხეთ.
-რისი? - თავში ლამის სისხლი ჩაჰქცეოდა ალისას, - გაა... გაიმეორე რა თქვი!
-რა იყო? გაბრიელმა მთხოვა, შენი მსახურებისთვის ჩვენებური თივის ზვინის დადგმა მესწავლებინა და მეც უარი არ მითქვამს.
-თქვენ!.. - სიტყვებსაც კი ვეღარ ამბობდა, სახეზე წამოწითლდა და პირი სასაცილოდ დააფჩინა.
-კარგად ხარ, ალისა? - მისკენ გაიწია მელანო.
-მეტი არ მინდა, რამეს მიმალავდეთ, - თითი მუქარის ნიშნად დაუქნიათ და კვლავ თავის ოთახს მიაშურა, საიდანაც მათრახი, რა თქმა უნდა, უკვე გამქრალიყო.
***
რამდენიმე დღემ თვალის დახამხამებაში ჩაირბინა. ფრანგი ქალბატონი კი წამითაც აღარ გამოდიოდა ოთახიდან. აინტერესებდა, ვინ სტუმრობდა ყოველ ღამით, მაგრამ ვერასდროს ვერ შეძლო მისი გამოჭერა და მაის გამო ნერვებმოშლილი დადიოდა.
-ალისა, - ოთახში გაბრიელი შემოვიდა ნებართვის აღების შემდეგ და დის წინ გაჩერდა, - უნდა გამომყვე.
-რატომ? - თვალები აატრიალა ქალმა და დანით ვაშლის გათლა განაგრძო.
-შეგიძლია, ერთხელ მაინც ცხოვრებაში, ყველანაირი შეკითხვის გარეშე დამმორჩილდე?
ალისა ცოტა ხანს უხმოდ თვალით ზომავდა მის წინ მდგარ ბიჭს, რომელსაც ჯერ ისევ შერჩენოდა ბავშვობისდროინდელი ხუჭუჭა თმა, შემდეგ კი დემონსტრაციულად, ძალიან ნელა დააბრუნა დანა თეფშზე, წამოდგა და კარისკენ დაიძრა.
-ანუ თანახმა ხარ. ძალიან კარგი, მაგრამ მაგ საშინაო კაბით აპირებ წამოსვლას?
-აჰა, ე.ი. ეზოს გარეთ მიგყავარ. საინტერესოა. და რა ჩავიცვა იქნებ მირჩიოთ?
-რაშიც შენ თავს კომფორტულად იგრძნობ, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-ჯანდაბა, ახლა ნამდვილად დამაინტრიგე, - ღიმილით ჩილაპარაკა ქალმა და მეორე ოთახში გაუჩინარდა.
რატომღაც ის შინდისფერი კაბა ჩაიცვა, რაც ერთი წლის წინ ეცვა ამილახვრის კაბინეტში, დავითსა და მელანოს მოდასთან დაკავშირებულ რჩევებს რომ აძლევდა. თმები უბრალოდ შეიკრა, ისე რომ მძიმე დალალები თავისუფლად მოძრაობდა. გაბრიელს გაეღიმა დის დანახვისას, ხელმკლავი გამოსდო და მათი სახლის წინ გაჩერებული ეტლისკენ წაიყვანა. ფარდები საგულდაგულოდ ჩამოეფარებინა ბიჭს. ალისა ინტუიციურადაც კი ვერ ხვდებოდა, თუ სად იმყოფებოდნენ. ერთხელ წყლის ხმაც შემოესმა და მიხვდა, რომ სენა გადაკვეთეს. მდინარეზე ბევრი ხიდი იყო გადებული და ასე ვერ მიხვდებოდა სად მიდიოდნენ. ბოლოს ეტლი შეჩერდა და გაბრიელმაც გახსნა კარი. ჯერ თავად ჩავიდა, შემდეგ კი დას მიეხმარა.
-კარგი, რა, გაბრიელ, - ამოიოხრა ქალმა, როცა რკინის კონსტრუქცია დაინახა, - ისევ ამ სულელური ეიფელის კოშკის სანახავად მომიყვანე? საწყალი ნაპოლეონი ალბათ საფლავში ბრუნავს. იმისთვის იბრძოდა და იკლავდა თავს, რომ შუაგულ პარიზში ეს სიმახინჯე წამოეჭიმათ?
-ნაპოლეონს საფლავში ვინც არ ასვენებს, ერთადერთი მგონი თავად ხარ, - თქვა ბიჭმა და როცა დის მრისხანებით სავსე თვალები დაინახა, ჩაახველა და მაშინვე განაგრძო საუბარი, - სხვათა შორის, გუშინ გაიხსნა მნახველთათვის და შეგიძლია პარიზს მისი წვერიდან გადმოხედო. თუ ფეხით ასვლა გეზარება, ერთ-ერთ ლიფტს აჰყევი.
-ვერ მეტყვი, მის წვერზე რა დამრჩენია?
-ადი და გაიგებ. ტყუილად ხომ არ გამოგატარე ამხელა გზა და თან შენი გავლენის გამოყენებით ტყუილად კი არ დავხურე მნახველბისგან ცოტა ხნით ეს კოშკი?!
-რა ქენი? - თვალები გაუდიდდა ქალს.
-მოკლედ, ადი ბოლო სართულზე და თავად მიხვდები, - კიდევ ერთხელ გაუმეორა ბიჭმა და ლამის სულ ძალით მიიყვანა ლიფტამდე.
-მეტი არ მინდა, არ მომეწონოს, - დანებებულის ბოლო გაბრძოლებას ჰგავდა ალისას სიტყვები.
-თუ არ მოგეწონება, მერწმუნე, თავად მოგიტან მათრახს და თუ შენ მოისურვებ, საკუთარი ხელით დავისჯი თავს.
ალისაც დანებდა. მართლა აჰყვა ლიფტს და კოშკის წვერზე გამოსულმა აქეთ-იქით გაიხედა. იქაურობა ცარიელი იყო. ქვემოთ მქროლი ნიავი აქ ქარი გამხდარიყო და თმებს სახეში აყრიდა, მაგრამ ხედი აქედან მართლაც რომ მშვენიერი იყო. ალისა მოაჯირს მიუახლოვდა და ნიავს ცოტა ხანს სახე მიუშვირა, შემდეგ კი ხელისგულზე გადაშლილ ქალაქს გახედა. შორს აღმოსავლეთით თუ გაიხედავდით, კუნძულ სიტესა და მასზე აღმართულ პარიზის ღვძთისმშობლის ტაძრის მაღალ კოშკებსა და შპილს დაინახვდით. ალისამ ინანა, ბინოკლი რომ არ ჰქონდა თან. მოწყობილობის საშუალებით ტაძრის ვარდული სარკმლების გარჩევასაც კი შეძლებდა, თანაც მზე ახლა სწორედ იმ მხრიდან ურტყამდა, რომ ლამაზადაბრჭყვიალებული ვიტრაჟების გარჩევაც შესაძლებელი გახდებოდა. ტაძრიდან ოდნავ ჩრდილოეთით კი ლუვრის უზარმაზარი შენობა მოჩანდა. მზე უკიდურესად დასავლეთისკენ გადაიხარა და ცამაც ნელ-ნელა დაიწყო ფერის შეცვლა. თავიდან მხოლოდ მკრთალი ვარდისფერი იყო, შემდეგ კი ნელ-ნელა გამუქდა და მოწითალო-მოიისფროდ შეაფერადა ქვეყნიერების გუმბათი.
-სულისშემკვრელი სანახაობაა, არა?
სიჩუმე დავითის ხმამ დაარღვია და ალისამაც მხოლოდ ახლაღა შენიშნა, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ჰაერი მის ფილტვებს არ მიეწოდებოდა. ნელა მიატრიალა თავი და რა დარწმუნდა, მის გვერდით ნამდვილად დავითი იდგა, კვლავ ცაზე მოლივლივე მზის უკანასკენლ სხივებზე გადაიტანა ყურადღება. შემდგ კი თითქოს ახლაღა მიხვდაო, ისევ კაცისკენ იქცია პირი და გაცეცხლებული სწვდა ფრაკის საყელოში.
-შენ იყავი, ხომ ასეა? შენ მიტოვებდი ყოველ დილით იმ სულელურ მარაოსა და მათრახს და მერე აქრობდი!
-თუ ხელს არ გამიშვებ, ვეღარასდროს გიპასუხებ, - ძლივს ამოთქვა კაცმა და ხარბად ჩაისუნთქა, როცა ალისამ ოდნავ უკან დაიხია.
-როგორ ვერ მივხვდი, ღმერთო ჩემო, - თავის თავზე ბრაზობდა ქალი და თან კოშკის მოაჯირს ძლიერად უჭერდა ხელებს, - მე კიდევ მეგონა, მოჩვენებები დამეწყო და ვგიჟდები-მეთქი და თურმე ეს მაიმუნობს. მოიცადეთ! გაბრიელიც გარეულია ამ ამბავში და ის ორი მოღალატეც, არა?
-თუ ვინმეზე გინდა ჯავრის ყრა, ეს მე ვარ.
-ჰო, სამაგიეროდ ისინი არიან დამხმარე ჯუჯები, არა?
-იცი, აქ იმისთვის არ ამომიყვანიხარ, რომ ეს ულამაზესი მომენტი შენმა ყვირილმა გააფუჭოს.
-აქ გაბრაზებული მე ვარ და არც ვიყვირო?
მაგრამ დავითი ყურადღებას აღარ აქცევდა ქალს. ჯერ თითქმის უკვე მიმალულ დისკოს გახედა, ბოლო ძალებს რომ იკრეფდა, შემდეგ კი ადგილი მოინაცვლა, ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და პატარა კოლოფში მოთავსებული ბეჭედი ქალს დაანახვა.
-თუ დამაცდი, მადლობელი დაგრჩები, - მაშინვე გააჩუმა, როგორც კი ალისამ რაღაცის სათქმელად დააღო პირი, - ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი, გული გატკინე და ძალიან ბევრი სულელური რამ გითხარი, მაგრამ ახლა წამითაც კი აღარ ვაპირებ დროის დაკარგვას. საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული ვარ, შენ შეიძლება არა, მაგრამ არც მაგაზე მაქვს პრეტენზია, მთავარია, შენ იყო ბედნიერი და დამთანხმდე, რა თქმა უნდა. ალისა, ცოლად გამომყვები?
-ეს რა ბებიაჩემის ნაქონი ბეჭედია? - თვალები დაუწვრილდა ქალს და სისხლისფრადაკიაფებულ ძოწისთვლიან სამკაულს დახედა.
-მასეა, გაბრიელმა მომცა.
-ახლავე მომეცი!
-ანუ თანახმა ხარ?
-რა? არა!
-ალისა, გეკითხები და მიპასუხე, ცოლად გამომყვები?
-არა!
-კარგი, რას ვიზამთ, - მხრები აიჩეჩა კაცმა და ბეჭედი უბის ჯიბეში დააბრუნა.
შემდეგ კი წამოდგა და ლიფტებისკენ დაიძრა.
-მოიცადე, რას აკეთებ? სად მიგაქვს ჩემი ბეჭედი?
-სანამ არ დამთანხმდები, ამ ბეჭედს ვერ დაიბრუნებ.
-კარგი, მაშინ თანახმა ვარ, - დაუფიქრებლად წამოისროლა ქალმა.
-მართლა? - იმედი მიეცა დავითს და ჯიბისკენ გააცურა კიდეც ხელი.
-რა თქმა უნდა, არა! გეგონა, ასე ბანალურად მთხოვდი ცოლობას და მეც მაშინვე ყელზე ჩამოგეკიდებოდი?! არავითარ შემთხვევაში! და ბოლოს და ბოლოს დამიბრუნე ჩემი ბეჭედი!
-არა, - უდარდელად უპასუხა კაცმა და ლიფტის გამოძახების ღილაკს მიაწვა.
ალისა სიბრაზისაგან უკვე ორთქმავალივით ქშინავდა. სახეზეც სულ მთლად წამოწითლებულიყო. დავითი კი სრულიად მშვიდი გამომეტყველებით იდგა. ბოლოს მოულოდნელად მიტრიალდა ქალისკენ, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად და დაუკითხავად ამბორი მოჰპარა და სანამ ალისა რაიმეს მოიმოქმედებდა ლიფტის კაბინაში გაუჩინარდა.
ქვემოთ ჩასულ ქალს მიდამო ცარიელი დაუხვდა. აღარც დავითი სჩანდა სადმე და არც გაბრიელი. ამიტომ თავად მოუწია ეტლის დაჭერა. მისამართი უკარნახა თუ არა, გულში ყველა მამაკაცის ლანძღვას მოჰყვა, დავითს, გაბრიელს და ერეკლესაც გადასწვდა, თან კი ტუჩებიდან არ იშორებდა თითებს და იღიმოდა.
***
-მოღალატეებო, თქვენ ორს მერე მოგხედავთ, - თითით მელანოსა და ერეკლეს ანიშნა და იქვე ჩამომჯდარ გაბრიელს აესვეტა, - აი, შენ კი, შენ რისი ღირსი ხარ ახლა გაბრიელ? როგორ გამყიდე? ან ის სულელური იდეა შენ მიაწოდე, ჩემთვის კოშკის წვერზე ეთხოვა ხელი?
-მოკლედ, როგორი უმადური ქალი ხარ, ალისა! - თავი გადააქნია ბიჭმა, - პირველი ქალი ხარ მთელს მსოფლიოში, ვისაც მაგ კოშკზე სთხოვეს ხელი და შენ კიდევ უარით გაისტუმრე ადამიანი. წარმოიდგინე, პარიზი მოდის დედაქალაქთან ერთად სიყვარულის დედაქალაქადაც რომ იქცეს, ეიფელზე კიდევ რამდენ ქალს სთხოვენ ცოლობას! შენ ახლა ფაქტობრივად ტრადიციას ჩაუყარე საფუძველი, მაგრამ ვერ შეირგე.
-შენ ამ ბოლო დროს ძალიან ამოიდგი ენა და ეს არ მომწონს! მითხარი ახლავე კიდევ რას გეგმავს ბატონი!
-არ ვიცი, - მანაც უდარდელად აიჩეჩა მხრები, - მართლა, შემდეგ კვირაში იტალიური დასი ჩამოდის ზაფხულის ღამის სიზმარს დგამენ და ხომ წამოხვალთ? ბილეთები წინასწარ ავიღე უკვე.
-დაიმახსოვრე, ჩვენ არ დაგვისრულებია და თუ გავიგე, რომ დავითს ისევ ეხმარები და იდეებს აწვდი, ცუდად დავამთავრებთ მე და შენ!
***
მთელი კვირის განმავლობაში ყველგან თავლში ეჩხირებოდა დავითი ალისას. ქალს უკვე ლამის სიბრაზისგან ეფეთქა, იმდენად ღიზიანდებოდა ხოლმე მამაკაცის სხვადასხვა ქალბატონების გარემოცვაში ხილვით. თანაც ძალიან მარტივად გამონახავდნენ ხოლმე ალისასთან სტუმრად მოსულები მამაკაცთან სასუბრო ენას. ლამის იყო ჭიშკარი აეჭედა და საერთოდ აღარავინ შემოეშვა მამულში. ბოლოს თეატრში წასვლისას გამოელაპარაკა დავითს. ორიოდე სიტყვა გადაუგდო და პირველმა დატოვა სახლი.
-რაო, რა მინდაო? - ჰკითხა გაბრიელმა და მასთან ერთად მოთავსდა ეტლში.
-დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი რობესპიერს შენს გილიოტინაზე გაყვანაში, ცოცხალი რომ იყოსო.
-ეს გოგო ხომ ვერ მოეშვა გარდაცვლილების შეწუხებას, - თვალები აატრიალა გაბრიელმა და გაეღიმა.
-რა გიხარია, არც შენზეა ნაკლები აზრის, - მაშინვე ჩამოურეცხა მოცინარი იერი სახიდან და ამჯერად თავად გაიღიმა.
გაბრიელს თითქოს სპეციალურად მოეწყო ისე, რომ ლოჟები ერთმანეთის გვერდიგვერდ აეღო. ასე რომ ალისას შანსიც კი არ დარჩენოდა გაეკონტროლებინა მოპირდაპირე მხარე. დავითის საქციელმა კი საბოლოოდ დაუკარგა მოსვენება ქალს. მაშინ, როცა წარმოდგენის დაწყებამდე წუთებიღა იყო დარჩენილი და ყველა საკუთარ ადგილს იკავებდა, ალისასა და გაბრიელის ლოჟაში დავითმა შემოაბიჯა კიდევ ერთ ფრანგ ქალბატონთან ერთად, რომელიც ალისას სრულ ანტიპოდს წარმოადგენდა. მრგვალი ფორმების მქონე ემილია ყველაფერთან ერთად ოდნავ მოსულელო გახლდათ, მაგრამ სილამაზეს ნამდვილად ვერ დაუკარგავდით.
-უი, უკაცრავად, - მათკენ მომზირალი სახეების დანახვისას წარმოთქვა დავითმა და უკან გაბრუნდა, - ჩვენი ლოჟა მეგონა. ბოდიში შეწუხებისთვის.
კარი დაიხურა თუ არა, ალისამ ხელში დაჭერილი ბინოკლი იქვე სკამზე მიაგდო და თუ აქამდე სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ამჯერად ერთიანად ამოიფრქვა.
-მორჩა, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს თავად მოაწერა ხელი. აქამდე მის გადმოგდებას თუ არ ვგეგმავდი რომელიმე მაღალი სართულიდან, ახლა ნამდვილად გავაკეთებ და შენც ზედ მიგაყოლებ.
-არ მითხრა, რომ სკანდალის მოწყობას აპირებ.
-რა, ბატონი ასე აპირებდა ჩემს ცოლობაზე დათანხმებას? ყოველ წამს თვალში უნდა გამჩხეროდა, თანაც სხვადასხვა ქალთან ერთად? ვერ ხვდება, რომ ასე უფრო მეტად მაძლევს უარისთვის მიზეზს?
-ალისა, რას აპირებ-მეთქი? - ქალის უეცარმა ჩაწყნარებამ უარესად აანერვიულა გაბრიელი.
-მშვენიერი სანახაობით ტკბობას, - ორაზროვნად უპასუხა ქალმა და სცენაზე გამოსულ მსახიობებს შეხედა, - ჩუმად იყავი, ხომ ხედავ, ვუყურებ.
ანტრაქტის დაწყებამდე ჩუმად იჯდა ალისა და ნამდვილად ბოლომდე იყო ჩაძირული პიესაში. აი, შემდეგ კი თავად გავიდა პირველი და დავითთან მივიდა. იმდენად ჩუმად უთხრა ყურში რაღაც, თავად კაცმაც კი ძლივს გაიგო. ქალმა იქვე დაუტოვა კოცნა და როგორც შემოვიდა, ისევე გაუჩინარდა.
ანტრაქტი უკვე სრულდებოდა, როცა შენობაში ყვავილების გამყიდველი რამდენიმე ქალი გამოჩნდა. ისინი ყველას სთავაზობდნენ შავი ვარდების მსახიობებისთვის ან მათი მეწყვილეებისთვის შეძენას. ბოლოს კი მოხდა ისე, რომ ყველა ეს ყვავილი მხოლოდ ერთმა ადამიანმა იყიდა. მანაც ჩუმად ანიშნა ქალებს, როდის უნდა გადაეცათ ადრესატისთვის ბუნების ეს მშვენიერებანი და კვლავ სპექტაკლით ტკბობა განაგრძო.
იტალიურ დასს ნამდვილად დიდი აღფრთოვანება ერგო ფრანგი მაყურებლებისგან. მთელი ათი წუთის განმავლობაში აპლოდისმენტები არ გაჩერებულა. მსახიობებიც მდაბლად უკრავდნენ თავს და სცენაზე წინ და უკან მოძრაობდნენ. შემდეგ კი სანამ ხალხი დაშლას დაიწყებდა, სცენაზე რეჟისორი ამოვიდა, რომელმაც სიწყნარისაკენ მოუწოდა ხალხს. მსახიობები ერთმანეთის მიყოლებით გაუჩინარდნენ სცენიდან და რეჟისორის საუბრის შუა მომენტში დაბრუნდნენ. თითოეულ მათგანს ძოწისფერი სამოსი ეცვა და ხელში ამფერისვე ვარდის თაიგული ეკავა. მსახიობებმა ჯერ კიბეებით სცენა დატოვეს შემდეგ კი ნელ-ნელა დაიძრნენ ზედა ეშელონისკენ. ყველას აინტერესებდა თუ რა ხდებოდა.
-ახლა კი საფრანგეთის ნამდვილ მშვენებას ვთხოვთ, რომ მისი მიჯნურის შემოთავაზებას დასთანხმდეს, - დაიგრგვინა რეჟისორის ხმამ და ზუსტად იქით გაიხედა, სადაც ალისა იჯდა. ქალი მთლად აწითლებულიყო სახეზე.
-მოვკლავ, ნამდვილად მოვკლავ, - კბილებში სცრიდა ქალი და თან გაბრიელის ხელს ეჭიდებოდა მთელი ძალით, - და არა მარტო მას!
ამასობაში მსახოიბებმაც მიაღწიეს მასთან. ყველამ სათითაოდ გადასცა თაიგული და ქალი ლამის ყვავილებში დაიმალა. ბოლოს დავითიც გამოჩნდა. მას ხელში მხოლოდ ბეჭედი ეჭირა და ქალს ქვემოდან მუდარის თვალებით უყურებდა. დარბაზში ჩურჩული არ წყდებოდა, რაც კიდევ უფრო მოქმედებდა ქალის ნერვებზე.
-გთხოვ, - თქვა დავითმა და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
-არა!
-რატომ? რახან შენი სურვილი არ შევასრულე და საჯაროდ არ გავიმასხარავე თავი?
-საინტერესო სანახავი იქნებოდა.
-ალისა, მორჩი ჯიუტობას!
-არა-მეთქი და მორჩა! - ლამის დაუკივლა ქალმა და ყვავილებისთვის ხელიც არ უხლია, ისე გავარდა თეატრიდან.
***
-ახლა რას აპირებ? - მეორე დილით საუზმობის შემდეგ ჰკითხა ერეკლემ დავითს და მასთან ერთად მიუახლოვდა ფანჯარას, რომელიც ბაღს გადაჰყურებდა.
-უკან დავბრუნდები, საქართველოში, - ამოიოხრა კაცმა, - ჩემი ყველა მცდელობა უაზრო აღმოჩნდა და აქ რაღა დამრჩენია?
-იქნებ კიდევ გეცადა?
-რა აზრი აქვს? თან გაბრიელს დავუბრუნე უკვე ბეჭედი. შენ ის მითხარი, რაზე დარდობ? რაღაც ვეღარ გცნობ ეს რამდენიმე დღეა.
-მელანო მაფიქრებს, - ყოყმანის შემდეგ ამოთქვა ერეკლემ და კვლავ ყვავილების ბუჩქებს შორის მოსეირნე ცოლს გახედა, - ამ ბოლო დროს სულ ბაღში სეირნობს თანაც მოწყენილი და მარტო. მერე ნაკადულთან ჩამოჯდება ხოლმე და რამდენიმე საათი ასე თვალგაშტერებული უყურებს. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ მაინც უცანურია. კარგი, დაივიწყე.
***
-დაბადების დღეს გილოცავ, მამა, - ცრემლიანი ხმით თქვა ქალმა და დიდი სიფრთხილით შეაცურა არხში თავისივე ხელით დაწნული ყვავილების გვირგვინი.
ყვავილები ტალღებმა ცოტა ხანს ათამაშეს, შემდეგ კი სენასკენ გაუყენეს გზას.
-მადლობა, - ზურგიდან მოისმა ხრინწიანი კაცის ხმა და წელშიგასწორებულ მელანოს ავისმომასწავებელმა ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში, - მხოლოდ შენ იყავი ჩემი შვილებიდან ერთადერთი, რომელსაც არასდროს ავიწყდებოდა ჩემი დაბადების დღე.
მელანო ძალიან ნელა შებრუნდა. ეგონა ეჩვენებოდა, მაგრამ არა, მის წინ ნამდვილად ბიძინა ამილახვარი იდგა, ცოცხალი და საღსალამათი. მართალია, თავში ჭაღარა მომრავლებოდა და დაჩიავებულიყო კიდეც, ტანსაცმელიც შედარებით ჩამოძონძილი ეცვა, მაგრამ მის ხმაში ჯერ კიდევ იგრძნობოდა ძველებური სიმტკიცე.

თავი 15
ერთხანს უხმოდ შესცქეროდა ერთმანეთს მამა-შვილი. ამილახვარმა ამჯერად წინიდან შეათვალიერა მელანო და თვალი ქალის წამოზრდილ მუცელზე გაუშეშდა. წამით ნამდვილი ღიმილიც კი გამოესახა სახეზე და შესახებად ხელიც კი წამოწია ოდნავ, მაგრამ მალევე უარყო ეს გონებისმომწამლავი ფიქრები და კვლავ დასერიოზულდა. რამდენიმე წამში კი უკვე ზიზღითაც შესცქეროდა შვილს.
-ამისთვის გზრდიდი, არა? - მწარედ ჩაიცინა, მერე კი მკლავზე მოავლო ხელი და ლამის ძალით წაათრია სახლისკენ, - მაგრამ არაუშავს, ყველაფერს გამოვასწორებ.
სახლის კარამდე ისე მიაღწიეს, არავის შეუმჩნევიათ. აი, შემდეგ კი თითქოს ყველას ერთად შეკრება სურდაო, ამილახვარმა მთელი ხმაურით გაიარა დერეფანი და მისაღებ ოთახში იმგვარად დადგა, რომ წინ მელანო აიფარა, ხოლო ზურგი კედელს აქცია. თან ხელში რევოლვერს ატრიალებდა. ხმაურზე დავითი და ერეკლე ლამის ერთდროულად შემოიჭრნენ ოთახში. ორივე ადგილზე გაშეშდა და შეშლილი თვალებით მომზირალ თავადს შეაცქერდა. ერეკლე განსაკუთრებით ანერვიულდა, რადგან ხვდებოდა, მელანოს ამაზე დიდი საფრთხე არასდროს დამუქრებია. თანაც ქალის მდგომარეობაც აშფოთებდა. სახეზე მთლად გადაფითრებულიყო ამილახვრის ასული, ცალი ხელი მუცელზე მოეხვია, თითქოს შვილის დაცვას ასე ლამობსო, ხოლო მეორე ხელი მამის მკლავისთვის ჩაეჭიდებინა, რომელიც ლამის ყელთან შემოხვეოდა და სუნთქვაში ხელს უშლიდა.
-რა ხმაურია, რა ხდება? - ღამის პერანგზე შემოცმული ატლასის ხალათის კალთების ფრიალით შემოვიდა ალისა ოთახში.
ქალს კარგად ეტყობოდა, ახლადგაღვიძებული რომ იყო. შავი მძიმე თმის ხვეულები არეულად ეყარა ზურგზე, ხოლო თავზე ოქროსფერი სირმებით მოქარგული საძილე ნიღაბი ეკეთა. თვალებიცა და ტუჩებიც ჯერ ისევ შესიებოდა ძილისგან და კიდევ უფრო მეტად ამშვენებდა.
-ო, ღმერთო ჩემო, ეს კაცი ისევ ცოცხალი როგორაა? - ამოიოხრა და სახეზე ხელი ჩამოისვა, - რატომ გიყვართ ყველას ჩემთვის ძილის სწორედ იმ დროს დარღვევა, როცა სიზმრის ყველაზე საინტერესო მომენტს ვხედავ?
-გამარჯობა, ალისა, - ირონიულად მიესალმა თავადი და იარაღი უკეთესად დაიჭირა ხელში, - მეც მიხარია შენი დანახვა.
ქალმაც ირონიული ღიმილითვე უპასუხა და დივანზე ჩამოჯდა. თან დავითისა და ერეკლესკენ აპარებდა მზერას და გულში ლოცულობდა, რომ გაბრიელს მალევე ეპოვა მის კაბინეტში დამალული სეიფი და მათ საშველად მოსულიყო.
-მელანო გაუშვი და ყველაფერს გავაკეთებ, რაც გინდა, - დაილაპარაკა ერეკლემ და თან ცალი ხელი ზურგს უკან გააპარა, რათა ქამარში ჩამაგრებულ იარაღს მისწვდენოდა.
-რომ შემდეგ თავისუფლად მომკლა, არა? არ გამოვა მასე, ფალავანდიშვილო, - კბილებში გამოსცრა ამილახვარმა, - შენ მე ყველაფერი წამართვი. ახლა ჩემი დროა, - თქვა და მამაკაცებისთვის დამიზნებული იარაღი მელანოსკენ მიმართა.
-ყოველთვის ხელს მიშლიდით ჩემს საქმეში, ყოველთვის! ის შენი სულაძაღლებული მამა და შემდეგში შენ განსაკუთრებით. იმდენი მოახერხე, რომ ჩემი ქალიშვილიც კი გადაიყვანე შენს ჭკუაზე, ჩემი სიმწრის ოფლით შექმნილი „იმპერია“ გამინადგურე, ჩემი ღირსება არაერთხელ შელახე და ახლა გგონია, ისე მოვიქცევი, როგორც შენ მიბრძანებ? გგონია, შენი ფინია გავხდები და საითაც ჯოხს გადამიგდებ, მეც იქითკენ გავიქცევი? ჩემი მოთმინების ფიალაც ამოიწურა. ახლა დროა, ყველამ დამსახურებული მიიღოს!
თქვა თუ არა, მაშინვე ჩახმახი შეაყენა ფეხზე და ოთახშიც ავისმომასწავლებელი სიჩუმე ჩამოვარდა.
-უკაცრავად რომ ვერევი, - მოულოდნელად ხელი ასწია ალისამ და ბიძინას ყურადღებაც მიიპყრო, - ყველაფერში გეთანხმებით და მშვენივრადაც მესმის თქვენი, მაგრამ ერთი რამ გაუგებარი რჩება ჩემთვის. რატომ მაინცდამაინც ბავშვებით ვაჭრობა? რამ გიბიძგათ ამ საქციელისკენ?
-შენ მაგას ვერ გაიგებ, ალისა.
-რატომ ვითომ? რადგან ქალი ვარ, გგონიათ, თქვენზე ნაკლები ჭკუა მაქვს თუ რა? - გაღიზიანდა ფრანგი ქალბატონი და ფეხზე წამოიჭრა.
-არა, ალისა, არა, - თავი უარის ნიშნად გააქნია კაცმა, - მე შენ როგორც თანასწორ მოწინააღმდეგეს ისე გაფასებ. როცა არად ჩაგაგდე, კი მივიღე მწარე გაკვეთილი. შენ ამას ვერ გაიგებ, რადგან ქართველი არ ხარ. გაგიმართლა, რომ საფრანგეთში დაიბადე და არა საქართველოში. მერწმუნე, ქართველებზე უფრო ზარმაცი, შურიანი და ბოროტი ხალხი ჯერ ღმერთს არ შეუქმნია.
-და მათ შორის ამილახვრები ხართ ყველაზე გამორჩეულები, არა?
-რატომაც არა, - არ დაბნეულა კაცი, - მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენივე ბუნების ბრალი არაა. გარემო-პირობებმაც შეუწყო ხელი. თავიდან ჩვენ მხოლოდ ქართლის თავადები ვიყავით და ამით ვკმაყოფილდებოდით...
-მაგრამ ადამიანის ბუნება ხომ ხარბია, - სიტყვა გააწყვეტინა ალისამ და იქვე გაიარ-გამოიარა, - გაუმაძღარი. რაც უფრო მეტი აქვს, კიდევ უფრო მეტი უნდება და არასდროს არ ჰყოფნის!
-გეშლება, ჩვენ მასეთები არასდროს ვყოფილვართ, სანამ მეფეებმა ჩვენი ჩაგვრა არ დაიწყეს. ვის წავართვათ ქონება? - ამილახვრებს, ბევრი აქვთ და კიდევ იშოვიან. ვისი ქალი მივათხოვოთ ურჯულო დამპყრობელს რომ მოვიმადლიეროთ? - ამილახვრებს, ყველაზე ლამაზი ქალები ჰყავთ და თანაც სიტყვის თქმასაც ვერ შემოგვბედავენ. და ხალხიც მათ მხარეს იყო ყოველთვის! მე თუ მკითხავ, მეტის ღირსები არიან, რაც მე დავაკელი, ასი იმდენი სხვამ უნდა გადაუხადოთ!
ამილახვარი დადუმდა. აღარც ალისას ამოუღია ხმა. მელანომ წამით მხოლოდ ერეკლეს შემართულ იარაღს ჰკიდა მზერა, შემდეგ კი თავად იგრძნო საფეთქელზე მიბჯენილი მეტალის სიცივე და ადგილზევე გაიყინა.
-თავადო, დააგდეთ იარაღი და მოსცილდით მელანოს! - მართალია, ხმა უკანკალებდა, მაგრამ იარაღშემართულ ხელზე ამავეს ვერ იტყოდით.
-როგორც მიბრძანებთ, თქვენო უდიდებულესობავ, - ირონიულად ჩაიცინა ამილახვარმა,- რადგან ამ ქვეყნიდან მაინც ასე ძაღლურად მიწევს წასვლა, რომელიმეს მაინც გაგიყოლებთ თან!
მზემ ცაზე ოდნავ ზემოთ აიწია და ოთახშიც უფრო მეტი შუქი შემოიჭრა. მბზინავმა იატაკმა ფერადი ფანჯრების ათინათი აირეკლა და მელანოს თვალწინ თითქოს მისი სიზმარი გაცოცხლდა, ჯერ ისევ ცხადად რომ ახსოვდა ამდენი ხნის შემდეგაც. ამჯერად იარაღი ერეკლეს მხარეს იყო მიმართული. რამდენიმე წამში კი დარბაზი მელანოს დაყვირებულმა არამ და სამი იარაღის ერთდროულად გასროლის ხმამ გააყრუა. დავითი მაშინვე სახეზეხელებაფარებულ ალისას გადაეფარა.
თავიდან ვერავინ მოდიოდა გონს, შემდეგ კი როცა დახურულ ადგილას გასროლილი ტყვიის გამო გამოწვეული ყურების წუილი მინელდა და დენთის დაწვით მიღებული მკრთალი ღრუბლებიც აღარსად ჩანდა, ყველამ კარგად დაინახა, რომ იატაკზე ორი ადამიანი უსულოდ იწვა. ერეკლეს გასროლილ ტყვიას მელანოსთვის მხარი გაეკაწრა და ამილახვარი მსუბუქად დაეჭრა, სამაგიეროდ გაბრიელის ტყვიას მიეღწია მიზნამდე და ამჯერად ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა თავადი ამილახვრის სიცოცხლე. აი, ბიძინას ერეკლესკენ გასროლილ ტყვიას კი სულ სხვა პიროვნება შეეწირა, რომელსაც ამ ყველაფერთან ყველაზე ნაკლებად ჰქონდა კავშირი.
უსულოდ მწოლი გაბრიელის დანახვისას, რომლისთვისაც გულის ფიცარი გაენგრია ბიძინას ტყვიას, ალისამ ერთი შეჰკივლა და გულწასული ჩაესვენა დავითის მკლავებში.
***
გაბრიელის დაკრძალვას ალისა ვერ დაესწრო. ლოგინად იყო ჩავარდნილი და ძალიან ხშირად გონზეც კი არ იყო ხოლმე. მელანოს ისედაც რთული ორსულობა კიდევ უფრო გაურთულდა და ისიც ალისასავით საწოლს ვერ შორდებოდა. ორი თვის თავზე კი ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, როცა ციმბირიდან წერილი მიიღო, რომ ეკატერინე ამილახვარი გარდაცვლილიყო. თავადაც ლამის გადაჰყვა ბავშვის დაბადებას, მაგრამ როგორც კი პატარას ტირილის ხმა გაიგო რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, თითქოს კვლავ მიეცა ბრძოლის უნარი, ჩვილ გოგონას მკლავები ძლიერად შემოხვია და მასთან ერთად ჩაეძინა.
პატარას დაბადებას ალისას სახლის ოდნავ გამოცოცხლება მოჰყვა. თავად ალისაც კი გამოდიოდა ხოლმე ოთახიდან და ბავშვს ეფერებოდა. ორმოცი დღის თავზე კი სახლიდანაც გავიდა და პატარა სოფიოს ნათლიაც გახდა. ერთ თვეში კი მარსელის პორტიდან გამავლ გემზე მდგარ მელანოსა და ერეკლეს უქნევდა ხელს და საქართველოსკენ აცილებდა.
-არ მეტყვი, მაშინ დედაჩემს რა სთხოვე? - ერეკლეს მკერდს მიყრდნობილმა მელანომ მძინარე სოფიოს თავზე ნაზად გადაატარა ხელი, შემდეგ კი ქმარს ახედა.
-საიდან გაგახსენდა ახლა ეგ?
-რა ვიცი, უბრალოდ დედაზე ვფიქრობდი და თავისთავად მოვიდა მოგონება.
-მაშინ შენი ხელი და დალოცვა ვთხოვე, რადგან ვიცოდი, მამაშენი არასდროს დამთანხმდებოდა ამაზე, - გაიღიმა კაცმა და ცოლ-შვილი გულში ჩაიკრა.
როგორც იცოდა, დავითიც წყვილს გაჰყვა და ალისა დაცარიელებული, დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი დაუბრუნდა პარიზს. ჯერ ისევ საკუთარ თავს აბრალებდა ძმის სიკვდილს. მე ვთხოვე იმ წყეული იარაღის მოტანაო, გაიძახოდა, როგორც კი ვინმე საპირისპიროს მტკიცებას დაუწყებდა, და მაშინათვე აჩუმებდა.
***
„-ჭირი იქა, ლიხინი აქა, - ზღაპრის მოყოლა დაასრულა დავითმა და გვერდიგვერდ მწოლ ბავშვებს ღიმილით დახედა, - მიდით, ახლა დაიძინეთ, თორემ მოვა ჯადოქარი დედათქვენი და სამივეს ცუდად წაგვივა საქმე.
-დედიკო ბოროტი ჯადოქარი სულაც არაა, - მაშინვე პროტესტი გამოთქვა ერთ-ერთმა და ლამის ატირდა, - არც ცოცხით დაფრინავს და არც ქათმის ფეხებზე შემდგარ სახლში არ ცხოვრობს!
-მართალია, დედა ძალიან კეთილია და ტყუილებს აბრალებ! - არ ჩამორჩა თავის დას მეორე და მამას თვალები დაუბრიალა.
-ჩემი დამცველები, - ოთახში ალისას ხმა გაისმა და მალე თავადაც გამოჩნდა, - მასეა, მიდით, არ დაუთმოთ მამათქვენს.
-რას ასწავლი ბავშვებს? - თავი მოატრიალა და კარში მდგომი ქალი დაინახა, რომელსაც ხელში პატარა ბიჭუნა, მათი გაბრიელი, ეჭირა და არწევდა, რათა დაეძინებინა.
-შენი ბრალია, - მხრები აიჩეჩა ალისამ.
-ჩემი ბრალია? რამდენჯერ გითხარი ჩვეულებრივი ქართული ზღაპრები მოუყევი-მეთქი, ანდაც ფრანგული, „ფიროზეტია“ თუ რაღაც მასეთი, თუნდაც ის სულელური „თეთრი მგელი“, მაგრამ არა, აიტეხა ყველა ქვეყნის ზღაპრები უნდა ისმინონ ჩემმა შვილებმაო.
-ჰეი, ჰეი, „თეთრი მგელი“ კლასიკაა და სიტყვები უკან წაიღე, - გაბრიელი ცალ ხელში გადაიყვანა და მეორე მუქარით მიუშვირა ქმარს.
-როგორც იტყვი, ბაბაიაგავ, - გაუცინა კაცმა და ცოლს მიუახლოვდა, - ძალიან დაიღალე?
-გაბრიელივით ვერც ერთი ვერ მაცლიდა ენერგიას, - ამოიოხრა ქალმა, - ახლა კიდევ მხოლოდ ძილი მინდა.
-წამოდი, დაგაწვენ მაშინ, - კვლავ გაიღიმა დავითმა და ალისა ბავშვიანად ხელში აიტაცა.
-ფრთხილად ცოტა, შეიძლება ხელიდან გამვარდნოდა.
გაბრიელი თავის საწოლში ჩააწვინეს და ოთახიდან გამოვიდნენ, როდესაც მისაღებში ქოშინით შემოიჭრა მათი ერთ-ერთი მსახური და ალისას ნაჩქარევადდაბეჭდილი დეპეშა გაუწოდა. ქალმაც წამში გადაავლო თვალი, ცოტა ხნის წინანდელი დაღლილობა საერთოდ დაივიწყა და ქმარს ჭინკებათამაშებული მზერით გახედა.
-კარგი, მივხვდი, - ამოიოხრა დავითმა, - სახელმწიფოს სჭირდები. ბავშვებს მე მივხედავ.
-საოცრება ხარ, - ტუჩებზე ეამბორა ქალი და რამდენიმე წუთის შემდეგ სახლიდანაც გაუჩინარდა.“
ოთახში ამ რამდენიმე ხნის წინანდელი ინციდენტი გამეორდა და თაგვის გაფაჩუნებასავით მსგავსი ხმა გაისმა. ალისა ძილში შეკრთა და მასთან ერთად გაშეშდა საძინებელში შემოპარული სილუეტიც. რამდენიმე წამი აკვირდებოდა მძინარეს, რომელსაც ამჯერად საერთოდ განსხვავებული რამ ეზმანებოდა.
"ყვავილებით გადაპენტილ მინდორზე იდგა, რომლის განაპირასაც ერთი დიდი მუხის ხე დაერგოთ. მასზე საქანელა ჩამოეკიდათ და ორი პატარა ბავშვი ერთმანეთში არკვევდა, თუ ვინ უნდა დამჯდარიყო პირველი. ბოლოს გამარჯვება ისევ გოგონამ მოიპოვა და მხიარულად აკისკისდა, როცა ბიჭმა სულ ბურტყუნ-ბურტყუნით მისცა ბიძგი და ოდნავ გააქანა.
მინდორზე მდგარ ალისას, რომელსაც თხელ წვრილსალტეებიან ღამის პერანგსა და თმას სიო ნაზად უფრიალებდა, გაეღიმა. კარგად ახსოვდა ეს მომენტი თავისი ბავშვობიდან. მაშინ პაპამისი ჯერ ისევ ცოცხალი იყო და ცხოვრების სიმწარის შესახებ ჯერ არაფერი გაეგო. ეს ხეცა და საქანელაც მათი ბაღიდან იყო, ახლა ასე ძალიან რომ უხდებოდა ამ მინდორს.
-პატარაობიდანვე მონათმფლობელის ხასიათი გქონდა და მიბრიყვებდი, - ლამის ყურთან მოესმა ალისას სიოსავით ნაზი და თბილი სიტყვები და მაშინვე იქითკენ შებრუნდა.
მის წინ გაბრიელი იდგა. თეთრი ტილოს შარვალი და ამავე ფერის თხელი პერანგი ეცვა, რომელიც გულზე გადაღეღვოდა და უკვე შეხორცებულ, მაგრამ შრამად დარჩენილ ნატყვიარს კარგად აჩენდა.
-შენ... შენ ხომ... - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ალისა, პირზე ხელები აეფარებინა და ახლა ასე უცქერდა ძმას.
-მე ხომ მოვკვდი? - ღიმილით დაასრულა ბიჭმა დის სიტყვები და კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა, - მართალია, ასეა.
-მოიცადე, ანუ მეც მოვკვდი? - შეიცხადა ქალმა და თვალები დააკვესა.
-ღმერთო, ზოგჯერ როგორ სისულელეს არ დააბერტყებ ხოლმე, - ისევ გაიცინა გაბრიელმა და დისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-სად ვართ?
-ჩემს ბედნიერ მოგონებაში.
-მოიცადე, ესაა სამოთხე?
-და შენ როგორი წარმოგედგინა?
-არ ვიცი, უფრო დიდებული. ანგელოზებით გარშემორტყმული ადგილი, სადაც მშვენიერი მუსიკის ხმა ისმის და ცხოვრება მშვენიერია.
-მერწმუნე, არც აქაა ცუდი. სამოთხე სწორედ ის ადგილია, სადაც შენ გრძნობ თავს ბედნიერად და არა რაღაც ფუფუნებით გაჯერებული ბაღი.
-მოიცადე, რანაირადაა ეს შენი ბედნიერი მოგონება? მე ხომ ისევ გჩაგრავდი ამ დროს?
-მაგრამ ამასთანავე გიყვარდი და შენს სიყვარულს ასე გამოხატავდი. ახლა შეხედე, - ხელი გაიშვირა და ბავშვებზე ანიშნა.
ამჯერად პატარა ბიჭუნა იჯდა საქანელაზე და დას უფრო მაგრად გაქანებას სთხოვდა.
ალისასაც გაეღიმა. ცოტა ხანს ასე უყურა მოთამაშე ბავშვებს, შემდეგ კი ჯიბეებში ხელებჩწყობილ ძმას მიუბრუნდა. შიშველ ტერფებზე ორივეს სასიამოვნოდ ედებოდათ ნაივიცა და ამ ნიავით გამოწვეული გადახრილი ბალახი.
-ასე რატომ გაცვია? - იკითხა, შემდეგ კი თავის ტანსაცმელს დახედა და გაოცებულმა ისევ გაბრიელს შეხედა, - ან მე რატომ მაცვია ასე?
-მომავლის მოდაა.
-რაა? რა სისულელეა! არანაირი კორსეტი და ტანზეგამოყვანილი კაბები? ამ ღამის პერანგებით უნდა ვიაროთ გარეთ? კიდევ კარგი ეკატერინე მედიჩი ვერ ხედავს ამას!
-მე თუ მკითხავ, ძალიანაც მოსახერხებელია და გიხდება კიდეც.
ქალმა კომპლიმენტი შეიფერა და არეულ თმაზე ნაზად გადაიტარა ხელი.
-თუ ეს შენი სამოთხეა და მეც ცოცხალი ვარ, არ მეტყვი მე, ანუ ზრდასრული მე აქ რას ვაკეთებ?
-ნუთუ ვერ ხვდები? არ მიშვებ, ვერ მელევი. ამის გამო შენც იტანჯები და ჩემს სულსაც უკარგავ მოსვენებას.
-მე...
-ალისა, ადამიანები ყოველ დღე კვდებიან და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. უბრალოდ ჩემ გარეშე ცხოვრება უნდა ისწავლო.
-არ მინდა. მეშინია, რომ მერე...
-რომ მერე რა?
-რომ მერე... დამავიწყდები.
-დავიწყებას არც არავინ არ გთხოვს. მთავარია, საკუთარი თავის დადანაშაულებას მორჩე და ბედნიერი იყო.
-კი, მაგრამ...
-არანაირი მაგრამ, ალისა. მორჩი ამ სულელურ გლოვას და შენს ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდი. განა, არ ვიცი, წეღან რა გესიზმრა.
-მოიცადე, რა? - მაშინვე თვალები ჭყიტა ქალმა და გაბრიელის კუშტი მზერა ესროლა, - შენ რა ჩემს სიზმრებსაც აკონტროლებ ახლა?
-ეგ არ მიგულისხმია, - ბიჭი ისევ გულიანად იცინოდა, - გენატრება დავითიცა და შენი საქმეც, ინტრიგები, პოლიტიკა, რომლის დედოფალიც იყავი. შენ შენი შესაძლო მომავალი ნახე. თუ დავითს შანსს არ მისცემ და ისევ ჯიუტ თხასავით მოქცევას გააგრძელებ...
-მოიცადე, რა გინდა თქვა, რომ მე ჯიუტი თხა ვარ? - ამჯერად თვალების ბრიალზე გადავიდა ქალი, - და რა იყო ამ დავითის სამ წინადადებაში ათასჯერ ხსენება?
-ამას მინიშნებას ეძახიან და ნახე, მხოლოდ ის გაიგონე, რაც შენ გინდოდა.
-რა დიდი სიამოვნებით ჩამოგირეცხავდი სახიდან მაგ საზიზღარ ღიმილს, მაგრამ...
-მაგრამ არ შეგიძლია, - ამჯერად ენა გამოუყო გაბრიელმა და კიდევ უფრო მეტად გაიცინა, - ამჯერად შენ აღარ ხარ ჩემი უფროსი.
-ხო, აქ სხვა ზედამხედველი გეყოლებათ.
-დამშვიდდი, არაფერი მომივა.
-მეტი რაღა უნდა მოგივიდეს, ისედაც მოკვდი, - ჩაიფრუტუნა ქალმა.
-მორჩი წუწუნს და მოდი აქ, ბოლოჯერ ჩაგეხუტო. სტუმრობის ლიმიტს საკმაოზე მეტად გადააჭარბე.
-ოდესმე კიდევ გნახავ?
-ოდესმე შეიძლება, მაგრამ მომავალი რამდენიმე წელი ნამდვილად ვეღარ. მერწმუნე, საჭიროც აღარ იქნება.
გაბრიელმა მკლავები ფართოდ გაშალა და ალისაც კნუტივით გაინაბა. სასიამოვნო იყო გაბრიელის სითბოს კვლავ შეგრძნება. შემდეგ კი ბიჭის გამოსახულებამ გაფერმკრთალება იწყო.
-არ წახვიდე, რა, - დაიჩურჩულა ქალმა, მაგრამ მის წინ უკვე აღარავინ იდგა.
მხოლოდ ისევ ბედნიერად მოთამაშე ბავშვებს ხედავდა და თავადაც ბედნიერდებოდა".
ქალმა საწოლში გვერდი იცვალა და შეიშმუშნა. რაღაც ისე ვერ იყო, როგორც დაძინებისას დატოვა. საბანს თავისკენ დაქაჩა, მაგრამ არ გამოუვიდა. რაღაც ან ვიღაც მძიმე იჭერდა. თვალები გაბრაზებულმა გაახილა, ხელთ კი მის საწოლზე მძინარე დავითი შერჩა. კაცს ზემოდან დასძინებოდა, თავი ალისასკენ მოებრუნებინა და ხელიც ისე ედო ბალიშზე, აშკარა იყო, მისი მოფერება სურდა, მაგრამ ვერ გაებედა.
თავიდან დაყვირება და მისი გაგდება უნდოდა. საწოლში ამის გამო წამოჯდა კიდეც, მაგრამ შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო, მშვიდად მიჩოჩდა კაცისკენ და მოეხვია. დავითმაც ინსტიქტურად შემოხვია ხელები და გულზე მიიკრა. სასიამოვნოც კი იყო ამგვარი შებოჭილობა.
-ბებიაჩემის ბეჭედი ისევ შენ გაქვს? - ნამძინარევი ხმით ჰკითხა ქალმა.
-კი.
-ხოდა, დამიბრუნე. მგონი, დროა, მის რეალურ პატრონთან დაბრუნდეს.
კაციც აღარ შესწინააღმდეგებია. ერთი მოძრაობით მოახერხა ბეჭდისთვის იმ ადგილის მიჩენა, რომლისთვისაც შექმნილი იყო. ღამის სიბნელეშიც კი გაიბრწყინა ძოწის თვალმა და წამით საძინებლის კედელზე ლამაზად ათამაშდა.
ამჯერად ძილშიც იღიმოდა ფრანგი ქალბატონი და იცოდა, გაბრიელი იქ სადღაც ზემოთ ბედნიერი იყო. ღიმილით უყურებდა დას და ანიშნებდა, რომ ახლა მისი ჯერი იდგა.
დასასრული

***
ესეც ამილახვრის სრული ვერსია blush



№1  offline წევრი Maia G.

შენ ხარ სიტყვის გოგო ❣❣❣❣
რაც შეეხება ისტორიას,არაჩვეულებრივია,თავებად როცა დებდი ვკითხულობდი და ახლაც ხელმეორედ დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ❤❤❤❤

 


№2  offline მოდერი abezara98

Mai dire mai
შენ ხარ სიტყვის გოგო ❣❣❣❣
რაც შეეხება ისტორიას,არაჩვეულებრივია,თავებად როცა დებდი ვკითხულობდი და ახლაც ხელმეორედ დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ❤❤❤❤

ვაიმე, როგორ მახარებ ამ გამოცდებით გატანჯულ ბავშვს, შენ ხომ არ იცი heart_eyes გყვარობ მე შენ! heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი Nini

როგორ.გამახარეეეე??? მადლობა ძალიან დიდი???

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგად წერ ძალიან, ყოჩაღ ))

 


№5  offline მოდერი abezara98

Nini
როგორ.გამახარეეეე??? მადლობა ძალიან დიდი???

პირიქით, მადლობა შენ რომ კითხულობ heart_eyes heart_eyes

სტუმარი ნინი
კარგად წერ ძალიან, ყოჩაღ ))

მაადლობა ძალიან დიდი heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი მაარ

ეს საუკეთესო იყო რაც წამიკითხავს <3

 


№7 სტუმარი მაარ

ძალიან კარგად წერ) მადლობა,რომ დადე <3

 


№8  offline მოდერი abezara98

მაარ
ეს საუკეთესო იყო რაც წამიკითხავს <3

მაარ
ძალიან კარგად წერ) მადლობა,რომ დადე <3

პირიქით, მადლობა რომ კითხულობ heart_eyes პატარა ბავშვივით ვარ ხოლმე აჟიტირებული, ასე რომ მოსწონთ ჩემი ისტორიები blush მადლობა კიდევ ერთხელ heart_eyes

 


№9 სტუმარი მაარ

უკაცრავად მაგრამ როგორ შემიძლია ვნახო როცა დადებ ახალს?
უნდა შემოვიდე თუ როგორ ხომ არ მეტყვით).

 


№10 სტუმარი მაარ

ან როგორ დაგამატოთ რომ გავიგო როცა დედაბ..
ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ<3

 


№11  offline მოდერი abezara98

მაარ
უკაცრავად მაგრამ როგორ შემიძლია ვნახო როცა დადებ ახალს?
უნდა შემოვიდე თუ როგორ ხომ არ მეტყვით).

მაარ
ან როგორ დაგამატოთ რომ გავიგო როცა დედაბ..
ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ<3

ძალიან მიხარია, რომ ჩემი მკითხველი ხარ და მაბედნიერებ heart_eyes თუმცა აქ ერთი პრობლემაა, ასე ვერ გაიგებთ როდის ვამატებ სიახლეებს, ანუ შეტყობინება ნამდვილად არ მოდის confused შემიძლია ფბ-ზე დაგამატოთ და გაგაგებინოთ, თუ როდის ვამატებ სიახლეს confused

 


№12 სტუმარი მაარ

ძალიან მიხარია, რომ ჩემი მკითხველი ხარ და მაბედნიერებ heart_eyes თუმცა აქ ერთი პრობლემაა, ასე ვერ გაიგებთ როდის ვამატებ სიახლეებს, ანუ შეტყობინება ნამდვილად არ მოდის confused შემიძლია ფბ-ზე დაგამატოთ და გაგაგებინოთ, თუ როდის ვამატებ სიახლეს confused[/quote]
სამწუხაროდ ფბ არა მაქვს მაგრამ ინსტაგრამი მაქვს თქვენ როგორ წერიხართ რომ მითხარათ ან რომ დამამათად ძალიან გამიხარდება "qwrytree" ეს ჩემი ინსტარგამია შეგიძლიათ დამამატოთ? და გამაგებინოთ როცა რამეს დადებ? მადლობა წინასწარ <333

 


№13  offline წევრი სიბილა

რაღაც ასეთი სულ მინდოდა წამეკითხა და მომეწონა.გააგრძელეთ ეს ნამდვილად თქვენი საქმეა.

 


№14  offline მოდერი abezara98

[quote=მაარ]ძალიან მიხარია, რომ ჩემი მკითხველი ხარ და მაბედნიერებ heart_eyes თუმცა აქ ერთი პრობლემაა, ასე ვერ გაიგებთ როდის ვამატებ სიახლეებს, ანუ შეტყობინება ნამდვილად არ მოდის confused შემიძლია ფბ-ზე დაგამატოთ და გაგაგებინოთ, თუ როდის ვამატებ სიახლეს confused[/quote]
სამწუხაროდ ფბ არა მაქვს მაგრამ ინსტაგრამი მაქვს თქვენ როგორ წერიხართ რომ მითხარათ ან რომ დამამათად ძალიან გამიხარდება "qwrytree" ეს ჩემი ინსტარგამია შეგიძლიათ დამამატოთ? და გამაგებინოთ როცა რამეს დადებ? მადლობა წინასწარ <333[/quote]
აუცილებლად heart_eyes heart_eyes

სიბილა
რაღაც ასეთი სულ მინდოდა წამეკითხა და მომეწონა.გააგრძელეთ ეს ნამდვილად თქვენი საქმეა.

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes მართლა არ ვიცი, რა ვთქვა blush ძალიან გამახარე blush

 


№15 სტუმარი სტუმარი გვანცა

თავიდან დებილობად მომეჩვენა, მაგრამ სიუჟეტიც ძალიან დახვეწილი აღმოჩნდა და წერის სტილიც ძალიან მომეწონა

 


№16  offline მოდერი abezara98

სტუმარი გვანცა
თავიდან დებილობად მომეჩვენა, მაგრამ სიუჟეტიც ძალიან დახვეწილი აღმოჩნდა და წერის სტილიც ძალიან მომეწონა

მართლა ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ❤❤ მადლობა ❤❤

 


№17  offline წევრი ენნე

ძალიან ძალიან მომეწონა <3

 


№18  offline მოდერი abezara98

ენნე
ძალიან ძალიან მომეწონა <3

მადლობა, ძალიან მიხარია heart_eyes heart_eyes

 


№19  offline წევრი maviwyara

ვინმე მეტყვის ის ისტორია აქამდე რატო არ ვიცოდი?
--------------------
M.N

 


№20  offline მოდერი abezara98

maviwyara
ვინმე მეტყვის ის ისტორია აქამდე რატო არ ვიცოდი?

მე ნამდვილად ვერ გეტყვი smile heart_eyes

 


№21  offline წევრი TamoTi

აუ რა ძალიან კარგი რამ იყოო❤️❤️აღფრთოვანებული ვატ❤️შემომათენდა ლამის კითხვაში მაგრამ არ. ნანობ ძალიან კარგი იყო❤️❤️ერთ ერთი საუკეთესო❤️❤️გაბრიელზე გული დამწყდა ძალიან❤️ვფიქრობ ის იმსახურებდა ბედნიერებას❤️❤️წარამტებებს გისურვებ❤️❤️

 


№22  offline მოდერი abezara98

Tamuna Gogaladze
აუ რა ძალიან კარგი რამ იყოო❤️❤️აღფრთოვანებული ვატ❤️შემომათენდა ლამის კითხვაში მაგრამ არ. ნანობ ძალიან კარგი იყო❤️❤️ერთ ერთი საუკეთესო❤️❤️გაბრიელზე გული დამწყდა ძალიან❤️ვფიქრობ ის იმსახურებდა ბედნიერებას❤️❤️წარამტებებს გისურვებ❤️❤️

ამდენი ხნის შემდეგ ნამდვილად არ მოველოდი ამ ისტორიაზე კომენტარს, მაგრამ ძალიან გამახარე heart_eyes გათენებულ ღამეზე ბოდიშს გიხდი, თუმცა იმან კი გამახარა, რომ ასე ძალიან მოგეწონა heart_eyes heart_eyes მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისა და პოზიტივისთვის ❤️❤️

 


№23  offline წევრი Anu_shki

საუკეთესო იყო, მართლა ძალიან კარგია. ვერ მოვწყდი ❤❤❤❤ ასეთი შინაარსის ჯერ არაფერი წამიკითხავს ❤ მადლობა ამ ემოციებისთვის❤

 


№24  offline მოდერი abezara98

Anu_shki
საუკეთესო იყო, მართლა ძალიან კარგია. ვერ მოვწყდი ❤❤❤❤ ასეთი შინაარსის ჯერ არაფერი წამიკითხავს ❤ მადლობა ამ ემოციებისთვის❤

პირიქით, მადლობა შენ, რომ დრო დაუთმე და წაკითხვა არ დაიზარე heart_eyes heart_eyes ძალიან მახარებთ ასეთი თბილი ემოციებით! heart_eyes heart_eyes

 


№25  offline წევრი sole_soul

განსაკუთრებით მიყვარს ძველ დროში რომ ხდება ვთარება. ყველაფერი უფრო საინტერესო და რაღაც აღმატებულია blush შენც ძალიან კარგად წერ kissing_closed_eyes kissing_closed_eyes ალისა და დავითის წყვილმა კიდევ უფრო მეტი ემოცია და სიხალისე შემოიტანა laughing ასეთ ისტორიებს თუ კიდევ დაწერ, არ გამოგვაპარო heart_eyes

 


№26  offline მოდერი abezara98

sole_soul
განსაკუთრებით მიყვარს ძველ დროში რომ ხდება ვთარება. ყველაფერი უფრო საინტერესო და რაღაც აღმატებულია blush შენც ძალიან კარგად წერ kissing_closed_eyes kissing_closed_eyes ალისა და დავითის წყვილმა კიდევ უფრო მეტი ემოცია და სიხალისე შემოიტანა laughing ასეთ ისტორიებს თუ კიდევ დაწერ, არ გამოგვაპარო heart_eyes

ვაიჰ, არ მოველოდი ასე თუ მოგეწონებოდა ჩემი ისტორიები და მართლა ძალია მიხარია scream heart_eyes heart_eyes ძველ დროზე ახლა ვწერ და ვეცდები მალე დავასრულო smile რაღაცნაირად მეც მომეწონა ძველ დროზე წერა, იცი? smile მადლობა კიდევ ერთხელ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent