შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი ადენიუმი [სრულად]


31-12-2019, 00:30
ავტორი მარამელი
ნანახია 20 722

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
ვისურვებ, რომ ეს წელი ყველასთვის იყოს ულევი ბედნიერების წელი! სულ კაშკაშა მზე ათბობდეს თქვენსა და თქვენი ადამიანების ცხოვრებას!

ალისფერი ადენიუმი
1
თაკარა მზის სხივები ფანჯარაში შემოიპარნენ და ფარდებს შორის ამაყი მოქნილობით გამოირჩნენ. ახლადგაღვიძებულს თვალებში ცოფიანი ძაღლებივით მეცნენ და სიფხიზლე მაიძულეს.საფეთქლებში სისხლძარღვთა დაუოკებელმა, მტკივნეულმა ხტუნვამ მაგრძნობინა, განმაცდევინა ის საშინელი გრძნობა, რომელსაც ბოლო დროს თითქმის ყოველდღე განვიცდი. ქალები, ღმერთმანი, ქალები… ყოველ დილას გონებაში ჩალექილი და აწ ამოტივტივებული კითხვა: ღმერთო, რატო შექმენი ეს სულელი არსებები ან რატომ გაგვიჩინე კაცებს მათ მიმართ ლტოლვა? ადგომა მინდოდა და ვერ ვდგებოდი;გვერდის ცვლა მინდოდა და ვერ ვიცვლიდი; კიდევ ერთი უგუნური ღამის წაშლა მინდოდა და ვერ ვშლიდი. ის კი იწვა ჩემს გვერდით და უდარდელად ფშვინავდა. გაღვიძებაც მინდოდა მისი, თქმა, რომ სააბაზანოში შევიდოდი და ჩემს გამოსვლამდე იქ აღარ დამხვდებოდა, მაგრამ წინა ღამის ზედმეტი დოზა თავს უსუსურ, ძალაგამოცლილ ცხენად მაგრძნობინებდა და აღარც ის შემეძლო, აბეზარ კოღოდ გადავქცეულიყავი.
იმ მომენტში მთელი სიმძაფრით შევიგრძენი, რომ ცოლი მენატრებოდა. ცოლი, რომელიც წინა ღამის მთვრალს დილით მინერალურ სასმელს მახვედრებდა, ყინულებს აპილპილებულ სახეზე მისვამდა და მიჩურჩულებდა, კალაპოტს დაუბრუნდება დინება, ძალა მოიკრიბეო. იმ დღეს მივხვდი, რომ ჩემი მამოძრავებელი ღერძი დავკარგე, გავუშვი თვის წინ და ამ ფაქტს აღარაფერი შეცვლიდა, გარდა ქალებისა, ქერებისა, შავგვრემნებისა და ჟღალებისა, რომლებიც ჩემი საწოლის მარჯვენა ნაწილს უცვლელად იკავებდნენ. ნაწილს, რომელსაც ოდესღაც დაიანა იკავებდა.
დაღლილობამ მკერდში ბასრი დანასავით გამიარა და სულში გამოატანა. დრო იყო ავმდგარიყავი და ქალი შორს მომესროლა, იმ ჯანდაბაში, რომლიდანც აქ აღმოჩნდა.
საწოლზე წამოვჯექი. თითქოს ჩემს ტვინში ბომბის წამზომი ჩაირთო, გონებაში წამები გაბმული წრიალით ცვლიდნენ ერთმანეთს და თითქმის კრუნჩხვაში მაგდებდნენ. სული მოვითქვი, ღრმად ჩავისუნთქე და რამდენიმე წამიან მედიტაციას მივმართე. მერე ქალს გადავხედე. მისკენ შებრუნება ყველა ძვლის ერთიანი გადატეხვის ტოლფასი იყო. ცოტაც და ნაბახუსევი ღრიალსა და ცრემლიან გვემას დამაწყებინებდა საკუთარი იდიოტიზმის. ქალი მუცელზე იწვა, სახე მზის სხივებისთვის მიეშვირა; სხივებისთვის, რომლებიც მის ალისფერ თმას მეტად უკიდებდნენ ცეცხლს. თმის დანახვაზე თვალები დამეხუჭა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ღმერთმანი, მისი თმა ალისფერ ადენიუმს გავდა. ეს მცენარე, იგივე ველური ვარდი, შორს, უდაბნოში მენახა, ოდეს რომ მომეარა.გაოგნებული მივაჩერდი ქალის თავს, რომელსაც ცეცხლი მოჰკიდებოდა. აი, სულ მალე ნაკვერჩხლის ტკაცუნსაც გავიგონებდი. მივაყურადე.

რამდენიმე წამი თავს დავცინოდი, მართლა მეგონა მის თავზე ცეცხლი? ავდექი. თითოეული ნაბიჯი თხემით-ტერფამდე აურაცხელ ნერვს მიტოკებდა. სიგარეტის ასაღებად რომ დავიხარე, არ მეგონა, კიდევ თუ შევძლებდი გაშლას. თუმცა შევძელი.
ფანჯარა გამოვაღე და სიგარეტს მოვუკიდე. მცირე ხანს ფიქრებს მივცემოდი, ღრმად შემეცურა მათ ზღვაში და დაიანაზე ვოცნებობდი. სასიამოვნოდ გავვოცდი, ნაზი ბგერები ჩემს ყურთასმენას რომ მოელამუნა.
ჩაცმას არ აპირებთ? - მკითხა ალისფერმა ადენიუმმა.
მისკენ შევბრუნდი. აქამდე თუ დაჟინებით უცქერდა ჩემს უკანა ხედს, ახლა წამის მეასედში შეეფერა ლოყები ჩამავალმზისფრად და თავი მარჯნივ გადაატრიალა.
მოულოდნელობამ დენივით დამიარა ტანში.
-არ მითხრა, რომ… - ანაზდად სიცილი წამოვიწყე. არ ვიცოდი მას დავცინოდი თუ საკუთარ არარად ქცეულ არსებობას.
– ნუ იცინით და ჩაიცვით, თუ შეიძლება! – ჩანდა, სურდა, მისი ხმა მონოტორული და ძლიერი ყოფილიყო, თუმცა აღელვებით გამოწვეული თრთოლა გაბატონებულიყო მასზე და მე, რამდენადაც გამბედაობას მაძლევდა, იმდენად მოვყავდი გაოცებაში.
– არ ფიქრობ, რომ ზედმეტად დრამატიზირებ? წინა ღამის შემდეგ მაინც, – სიმწრით ჩამეღიმა და ჩამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან გადავაგდე.
– ჩაიცვამთ თუ არა? – ახლა უკვე ნათლად ჩანდა გაბრაზება მის ტონში და მეც სერიოზულად მოვეკიდე საქმეს.
– მაშინ, სჯობს ასე ვქნათ, – სიტუაციის განმუხტვა ჩემებურად ვცადე, – მე სააბაზანოში შევალ და რომ გამოვალ, აქ აღარ დამხვდე.
მისმა წამოკივლებამ ერთდროულად შემაკრთო და გამაცინა.
– მეორე სააბაზანო გაქვთ? – განწირული ხმით დაურთო კივილს.
– არა, – გაკვირვებისგან წარბები ზემოთ ავზიდე და, მას რომ ჩემი ამ მდგომარეობისთვის ცალი თვალით მაინც შემოეხედა, მიხვდებოდა, ჩემეული ვარიანტი უჯობდა.
– მაშინ არ გამოვა, – თითქოს თავისთვის დაიჩურჩულა.
– რატო? – ვკითხე.
მასთან საუბრისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პარარელური სამყაროდან მოსულ ქალს ვესაუბრებოდი და ჩემი თეორია შემდეგაც გამყარდა, როცა მითხრა, რომ გარეთ ვერ გავიდოდა, თუ კბილებს არ მოიწესრიგებდა. ამის გაგონებაზე ისტერიკული სიცილი ამივარდა. ასეთ ქალს პირველად შევხვედროდი. კი, ვის არ უყვარს წესრიგი, მაგრამ ამ სირცხვილის შემდეგ იშვიათი ბედავს მსგავსი წიკის გამოჩენას და ბედს ეგუება ხოლმე.
სიცილს რომ მოვრჩი, უჩვულო შფოთვამ და ბრაზმა შემიპყრო. ყველაფერი რომ მტკიოდა, ისიც მეყოფოდა დღის სატანჯველად, ახლა ეს ჯოჯოხეთიდან ამოსული ქალიღა მაკლდა! ალისფერთმიანი… ადენიუმი. ღმერთო, როგორი შესაფერი სახელი ამირჩევია! ეს ქალიც სწორედ უდაბნოს ვარდს გავს. ცოტას დავიცდი და ჩემი ვარაუდები თუ გამყარდა, თქვენც მიხვდებით, როგორია უდაბნოს ვარდი. ალისფერი…
– დასწყევლოს ეშმაკმა! – დავიყვირე და მუშტი ძლიერად დავარტყი ფანჯრის რაფას, რომლის ხმაური ნახევრად სავსე ოთახში ექოდ გავრცელდა.
მშვიდი საუბრის შემდეგ, არ ელოდა ჩემს წყობიდან გამოსვლას და საწოლში ისე შეხტა, თითქოს მის სხეულში შოკი გამეშვას და გულს ხელახლა დაეწყოს არითმიული ფეთქვაო.
– შემომხედე! – კიდევ ერთხელ ამოვღერღე ხმამაღლა.
თავი ჩემკენ გადმოატრიალა. მის ეგზოტიკურ სახეს მკრთალი შფოთვა გადაჰფენოდა. ასეთი ქალი არასდროს, არსად მენახა. ლურჯი, ზაფხულის საღამოს კრიალა ცის’ფერი თვალები ჰქონდა, რომელიც მზეზე თვალისმომჭრელად კაშკაშებდა. სახეზე აქა–იქ ჭორფლები ეყარა, რომლებიც თეთრ კანზე წერტილისებრ ლაქებად დააჩნდა. დიდი და მკრთალი ტუჩები ჰქონდა. ზედა ბაგე უფრო სავსე და უფრო ღია, ვიდრე ქვედა. წარბები ალისფერი ჰქონდა და მათი ფორმა სახეს მკაცრ იერს სძენდა.
შემაჟრჟოლა და წამით მისი სახის სათითაო წერტილის დაკოცნა მომინდა. თვალებში ჯიქურ მიყურებდა და ბაგეებზე ნახევრად დაბნეული, ნახევრად კი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. გაორებას შეეპყრო. მისი ერთი ნაწილი სიმორცხვეს ავლენდა, მეორე კი დაუოკებელ ვნებას. სურვილმა შემიპყრო მის გვერდზე ადგილი მეპოვა, ღამე ყოფილიყო და დაღლილებს დაუშრეტელი ენერგიით გვესაუბრა ყველაფერზე.
ლამაზი ხარ… - ჩურჩულით წარმოვთქვი და ჩემი ხმა მეუცხოვა, თითქოს ბგერები ანაზდად კოსმოსში გაიფანტა, გაქრა და ვერ შევძელი მისთვის სათქმელის მიწოდება.
მართლა?!
მის თვალებში ომს ვხედავდი. ბრძოლას ენერგიასა და უენერგიობას შორის. თითქოს ცდილობდა რომელიმე აერჩია, მაგრამ დიდი დილემის წინაშე დგომა აბნევდა და სწორი არჩევნიდან გადახვევას აიძულებდა. დიდხანს ვუყურებდი თვალებში და ჩემი თეორიის გამყარებას ამაოდ ვცდილობდი.
– უბრალოდ, ის იყავი, რაც ხარ! – ვუთხარი და ვიგრძენი,, რომ დავეხმარე იმდენად, რამდენადაც დავაბნიე. მის ეგოს ესმოდა, რას ვამბობდი, მას კი არ სურდა ეგოს შეგონების მოსმენა.
– არ ვარ?
ხან ეშმაკური ღიმილი უპობდა ბაგენს, ხან შეცდომით გამოწვეული მორცხვი ძრწოლა.
– ვხედავ, გიჭირს არჩევანი გააკეთო. ვერ ვხვდები, ჩემს გაბმას ცდილობ თუ შენი თავის, მაგრამ არ გინდა, არც ერთი გამოგივა, თუ ის არ იქნები, ვინც ხარ.
– ის ვარ, ვინც ვარ, – მომიჭრა, მაგრამ ეგოს მოუსმინა და გათამამებული საწოლზე წამოჯდა.
შიშველი სხეული არ დაუფარავს. უნაკლო ქალი იჯდა ჩემ წინ და გათამამებული, ეშმაკურად მიღიმოდა, მიწვევდა. ისიც საკმარისი იყო, მისი მკრთალი კანისთვის შემეხედა, დაკოცნის სურვილით ვკანკალებდი… ახლა კი ეს ღიმილი.
არ შემეძლო, ვერ მივეკარებოდი, რადგან დილა იყო, ცოცხალი და რაციონალური ძალის აღმძვრელი მომენტი. დილა, როცა გულწრფელი მეობა უკვალოდ ქრება და ადეკვატურობის კედელი ჰკვეთს მას. დილა, როცა შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს. ამ დილით, როცა ცოლზე ვიფიქრე და დაიანას დაბრუნების სურვილი მისი წასვლით დამსხვრეულ არსებას მალამოდ მოედო. უფლება არ მქონდა სხვა ქალის სურვილი გამჩენოდა. იმ დილით არა.

2
აღარც ერთი ღამე ძილის გარეშე. ვისთვის მიმეწერა ეს ბედნიერება? – უსახელო ველური ვარდისთვის თუ გაზაფხულის მახარობელი დაიანასთვის? იმ დღეს ორივე ერთდროულად შემოუჩნდა ჩემს არსებას და ორივემ ერთდროული მკვიდრი ძალით მაიძულა გამოფხიზლება. და მაშინ, როცა ეს ბედნიერება ერთი ნატეხი შავი შოკოლადით უნდა აღმენიშნა და მედიტაციისთვის მიმემართა, საგონებელში ჩავარდნილი ვცდილობდი მიხვედრას, რომლის ძალამ მაიძულა სასმელზე თავის დანებება და საწოლის მარჯვენა ნაწილის კვლავ დაცარიელება.
– ძმაო, მოდუნდი. რა დღეში გაქვს ნერვები, ვინ უნდა დააწყნარო შენ, როცა შენი თავი ვერ დაგიწყნარებია? – ჩამკიოდა ალტერ–ეგო.
მართალი იყო, პასუხს ვერ დავუბრუნებდი. ფსიქიატრი ვიყავი და ჩემი თავისთვის, მისი ბოროტი ნაწილისთვის ნება არ უნდა მიმეცა, რომ ფსიქოპათთა გვერდზე საკანი დაეთმოთ ჩემთვის და მათ ნაცვლად მე მეყლაპა აბები, რომლებიც საბოლოოდ სრულად შემშლიდა ჭკუიდან.
ცხოვრება ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდებოდა, რადგან მისი განუყოფელი ნაწილი აღარ მყავდა, თუმცა ვეცადე ადამიანობის უკანასკნელი ნასახი არ მომესროლა ჩემი არსებიდან და მასთან ერთად გავაგრძელე დინების მიმართულებით მოდუნებული ცურვა. აქამდე თუ მის საწინააღმდეგოდ ვცურავდი, ამას არავითარი სარგებელი მოეტანა.
ერთთვიანი შვებულებიდან რომ დავბრუნდი სამსახურში, ყველა გაოცებული მათვალიერებდა და მათ თვალებში ვხედავდი იმ ლტოლვას, რომლითაც ჩემს ამოცნობას ცდილობდნენ. მესმოდა ზურგს უკან ექთნების ჩურჩული: ეს კოსტაა? მინდოდა მიბრუნება და ყვირილი, რომ მართლა მე ვიყავი, მაგრამ პროფესიული კაუჭები მაიძულებდნენ არ გამეკეთებინა ეს.
ჩემი პაციენტები ისევ ადგილზე დამხვდნენ. მე მათთვის კეთილი ექიმი ვიყავი, რომელიც ამშვიდებდათ, მათ მდგომარეობაში შედიოდა და, როცა საჭირო იყო, აბების ყლაპვას არ აიძულებდათ. ეს მათთვის ფასდაუდებელი სიკეთე იყო და მეც ბოლომდე მწამდა, რომ ერთ დღეს, გამოჯანმრთელებულები ფასსაც დაადებდნენ.
შევიცვალე. იმ დღიდან შევიცვალე, დაიანას რომ დავშორდი. მეგონა პაუზა, რომელიც ავიღე, დამეხმარებოდა, მაგრამ საბოლოო გადატრიალება მოახდინა ჩემში. საბედისწეროც კი, ჩემი კარიერისვის. აღარ ვიყავი ის თბილი ექიმი, შებინდებისას, სახლში წასვლამდე “საკნის” კარს რომ შეუღებდა ავადმყოფებს, მშვიდ ძილს უსურვებდა და, საჭიროების შემთვევაში, საწოლის კიდეზე მოკალათდებოდა და იმდენ ხანს ესაუბრებოდა, სანამ არ დაიცლებოდნენ ემოციებისგან და მშვიდი ძილის კალთას არ მიებარებოდნენ.
ერთ დღეს, როცა ჩემს პროფესიულ ვალოდებულებას აღვასრულებდი, დერეფანში მივდიოდი, მის ბოლოში შუშაბანდთან მდგარი ქალი შევნიშნე. საღამო ხანი იყო, მზე ჩადიოდა და ამ შუშაბანდიდან ხედი უნაკლოდ იშლებოდა. ქალი ეწეოდა და თმა მხრებზე ჩამოჰფენოდა. შემაჟრჟოლა, გავხევდი, როცა მის თმაში ცეცხლი შევნიშნე. ისეთი ცეცხლი, ადენიუმის თავზე რომ ენთო იმ დილით. მისკენ დავიძარი, მშვიდი ნაბიჯებით, თითქმის უხმაუროდ ვუახლოვდებოდი. არ ვიცი, რა იგრძნო, შეტრიალდა, ორი ნაბიჯი გადადგა და ქალთა საპირფარეშოში შევიდა. არ შევყოვნდი, კარი შევაღე. სარკესთან იდგა და თავის ანარეკლს ეჭვის თვალით შეჰყურებდა.
– აქ რას აკეთებ? – ვკითხე ანაზდად.
– შენ რას აკეთებ აქ? – ეშმაკური ღიმილი გადაეფინა კვლავ ბაგენზე.
არ შემოუხედავს ჩემთვის, საკუთარ თავს ათვალიერებდა და მასში ვნებიანი ქალის დაჭერას ცდილობდა.
– მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
– სამწუხაროა, იგივეს რომ ვერ ვიტყვი, – მხრები აიჩეჩა და ჩემკენ შემობრუნდა.
წითელი ნაქსოვი სვიტერი ეცვა, მკერდამდე ალისფერი თმები ჩამოჰყროდა. ღია ფერის ვინტეჟური ჯინსი ეცვა, განიერი, რომელშიც წითელი სვიტერი ჩაეტანებინა. სუსტი ქალი იყო, გამხდარი და მის სუსტ აღნაგობაში დაუცხრომელ ვნებას ვხედავდი. სუნთქვა მეკვროდა, ისე მინდოდა მივსულიყავი და იქამდე დამეკოცნა მისი ეგზოტიკური, გამომწვევი ტუჩები, სანამ საბოლოო ჟანგბადის მოლეკულებს არ წავართმევდი. მისგან თავის შემოწირვას მოვითხოვდი, ოღონდ ჯერ არ იცოდა ეს.
– დიაგნოზი?
– სოციოპათი.
ჯერ ტუჩის მხარები ჩაუტეხა ღიმილმა, შემდეგ კი ხმა ამოუშვა და სატანისებრ გადაიხარხარა.
– ჩემი მშობლები თვლიან, რომ, რადგან ინტროვერტი ვარ, ესეიგი სოციოპათი ვარ! – დაამატა ბოლოს.
– ინტროვერტი და სოციოპათი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, – მის სიტყვებზე გამეღიმა, თუმცა დაცინვა არ მიფიქრია. მე არასდროს დავცინოდი ჩემს პაციენტებს.
– არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ საკუთარ თავში და ხშირად საკუთარ ოთახში ჩაკეტილი გოგო დღეს აქ არის, გიჟების გვერდზე.
– მაშინ დროა დაამტკიცო, რომ არც სოციოპათი და არც ფსიქოპათი ხარ.
– როგორ?
– ვისი პაციენტი ხარ? – კითხვაზე კითხვით ვუპასუხე, თუმცა სასაცილოც კი იყო ჩემი კითხვა, რადგან კლინიკაში მხოლოდ ორნი ვიყავით, მე და ეკატერინა. ჩემი პაციენტი თუ არ იყო, ესეიგი ეკატერინასთან ეწერებოდა. ჩემი კი ნამდვილად არ იყო, რადგან მეცოდინებოდა.
– დღეს მომიყვანეს, არ ვიცი.
გამიკვირდა.
– როგორ მიხვდი, წეღან მე რომ გიახლოვდებოდი?
– შენი სურნელი… ჩემს ყნოსვით მეხსიერებას არ შორდება, – გაიღიმა და მომიახლოვდა.
წამით მომეჩვენა, რომ სუნთქვა შემეკრა მის სიახლოვეს და სურვილმა, დამეკოცნა მისი ეს თხელი, მკრთალი და მაგნიტური კანი, ამაკანკალა.
ფეხისწვერებზე აიწია, ცხვირი ჩემს ყელთან ჩარგო და სურნელი შეისუნთქა. მერე უკან დაიხია, ნასიამოვნებმა ღიმილმა სახე გაუნათა. მცირე ხანს მომაშტერდა, შემდეგ კი წავიდა.
ოცდარვა წლის განმავლობაში ასეთი მაგიური არაფერი განმიცდია. როგორც წესი, ჩემს სიახლოვეს ქალები ვარდებოდნენ ამ მდგომარეობაში, მე კი პირველად მანიჭებდა ქალი სიამოვნებას შორიდან.
იმ დღეს მიმღებში გადავამოწმე ბოლო დროს შემოსული პაციენტები. განგაშის სიგნალი ჩაირთო ჩემში,, როცა აღმოვაჩნე, რომ გასული თვის შემდეგ არავინ ეწერებოდა. მაშინ ადენიუმი? დასწყევლოს ეშმაკმა, მოჩვენებები დამეწყო? თუმცა მის სიახლოვეს ასე ცხადად ვერ შევიგრძნობდი, ეს თუ მოჩვენების ბრალი იქნებოდა. სადღაც შევცდი, სადღაც გამაცურეს და ამ რეალობას ვერ შევეგუე.
იმ საღამოს ბევრი დავლიე. სახლში, მარტომ, გაჩაღებული ბუხრის წინ. მარტი იწურებოდა, ხალხი გრძელსახელოებიან მაისურებზე გადადიოდა და მე მციოდა, ვიყინებოდი. იქნებ ვგიჟდებოდი? ფსიქიატრი ვიყავი, ეს უნდა მცოდნოდა, და მაინც, საკუთარ თავს დიაგნოზს ვერ ვუსვამდი.
იმ ღამეს მოვიდა ჩემთან. ღია კარში დაუკაკუნებლად შემოვიდა, ჩემი სასმელი უკითხავად გაიყო და ასევე უკითხავად ჩამოჯდა პლედზე, ჩემს მარჯვნივ, ცარიელ ადგილზე.
– ჩვენი შეხვედრისა იყოს! – ჭიქა ამიწია და გამიღიმა.
– რას აკეთებ? – აღმომხდა ისე, რომ მისკენ არ გამიხედავს.
– ვდილობ.
– რას?
– შეყვარებას.
– რა უფლებით?
– სიყვარულს უფლებები ვინ დაუწესა?!
– რა უფლებით იჭრები ჩემს ცხოვრებაში?
– შენ მთხოვე.
– როდის?
გამეცინა.
– მაშინ, როცა მაიძულე, შემომეხედა. მაშინ მთხოვე დარჩენა, თვალებით მთხოვე, არსებით. მეტი არ მჭირდებოდა.
– ჭკუიდან ვიშლები. იქნებ გჭირდებოდა? იქნებ მე მჭირდებოდა?
– სადაც სიტყვები საჭიროა, იქ იშლებიან ადამიანები. როგორც მე შევიშალე. შენ ჩემს ვაკუუმში შემოხვედი და ახლა წასვლა გინდა?
ვაკუუმშიო. გამეცინა. ხანდახან პირდაპირ გაგება წინადადებების მარგებელიც კია ხასიათისთვის.
– მე არსად მივდივარ, სტუმარი შენ ხარ, – ვუთხარი ბოლოს.
– ჩემს ვაკუუმში მე ვარ სტუმარი?
– არა. ჩემს სახლში ხარ. წადი.
ადგა. მისი სუსტი სხეული აკანკალდა, სასმელი ჭიქიდან გადმოიღვარა და პლედს დაესხა. სიცარიელემ ძვლებში გაიარა და გააპო. ის მიდიოდა, მე კი სუნთქვა მიჭირდა, ისე მინდოდა მისი დარჩენა. თავს ვებრძოდი, ის კი უფრო და უფრო გადიოდა ჩემი ვაკუუმიდან.
– გაჩერდი! – ვთქვი, მაგრამ ჩემი სურვილისამებრ არა. ეს ჩემი ალტერ–ეგო იყო და იქამდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ნამდვილად ვთქვი, სანამ არ ვიგრძენი, რომ გაჩერდა.
ავდექი, მისკენ წავედი. ოთახიდან გასასვლელ კარის ჭრილში იდგა და მხრები აუდ–ჩაუდიოდა, ღრმად სუნთქავდა და წამით მომეჩვენა, თითქოს ტიროდა კიდეც.
– როცა პირველად შენი თმა დავინახე, მეგონა ცეცხლი გიზგიზებდა შენს თავზე. მერე გამახსენდა, რომ ასეთი რამ სადღაც მენახა… ალისფერი ადენიუმი, ანუ ველური ვარდი, უდაბნოში იზრდება. შენ ხარ ალისფერი ადენიუმი და მეშინია, რომ თუ ამ პირობებში შევეცდები შენს მოშენებას, ვერ გაუძლებ და მოკვდები. გესმის? მე კი არ ვარ შენს ვაკუუმში, შენ ხარ ჩემსაში! არ შემიძლია, ვერ მოგკლავ.
რამდენიმე წამის განმავლობაში ორივე გაშეშებული ვიყავით. შემდეგ ჩემკენ შემობრუნდა, გამიღიმა. სახეზე ცრემლები უბრწყინავნენ, ნიკაპზე ჩამოჰკიდებოდნენ და მის ცისფერ თვალებში სახლიც დაედოთ. ჩემკენ წამოვიდა, ღრმად სუნთქავდა, მე კი ვერ ვსუნთქავდი. განსაკუთრებით მაშინ დამაკლდა ჰაერი, როცა ჩემს ტუჩებს ველურივით დააცხრა. გამოსამშვიდობებელი კოცნა იყო, მაშინ ეს ვიცოდი.

3
იმ დღეს გადავწყვიტე, რომ დაიანას უნდა შევრიგებოდი. სამსახურიდან ადრე წამოვედი. გზაში არეული მოვაბიჯებდი. მარტი იწურებოდა, თუმცა თავის ქაოსს ქალაქის თავზე მაინც ტოვებდა. წვიმას აპირებდა, ნიავი სხეულებს შორის მიმოდიოდა. ყვავილები ვიყიდე, ოქროს ბეჭედიც, რომლის ქვეშაც თარიღი ამოვაჭრევინე ხელოსანს. ჩვენი ქორწინების დღის თარიღი. უბრალო ბეჭედი იყო, ძვირადღირებული, თუმცა უბრალო. ისეთი, როგორიც დაიანა იყო. მის სახლის კართან შევდექი. რამდენიმე წამით შევყოყმანდი და ბოლოს ზარი დავრეკე.
კარი გამიღო. თვალები წითელი ჰქონდა, ამავე ფერის აბრეშუმის ხალათი ეხვა და კანი უბზინავდა. აქამდე ყოველთვის მიღიმოდა, ქუჩაში შემთხვევით შეხვდრისას, ერთ დღესასწაულზე ყოფნისას. ყოველთვის დარდით სავსე ღიმილით, თუმცა მაინც, მიღიმოდა. ახლა ვერაფერი ამოვიკითხე მის სახეზე. ვეღარც გაოცება, ვეღარც სითბო, ვეღარც დარდი. თითქოს ჩემი ყოფილი ცოლის ფიტულს ვხედავდი, რომელშიც აღარ ბუდობდა სული. სული, რომელიც ასე მიყვარდა.
– დაიანა, როგორ ხარ? – შფოთვამ ხმა გამიპო.
– კარგად, შენ? – მექანიკურად ჩაიდუდღუნა ქალმა.
– არ ხარ კარგად.
ჩემში გაოცებას იწვევდა ის ქალი, რომლადაც ქცეულიყო. არ მინდოდა ასეთი დაიანა მენახა. ასეთი არა. ახლა ჩემი ჯერი იყო, უნდა დავხმარებოდი.
– კარგად ვარ. რა გინდა? – მისი სიტყვები უჩვეულოდ მონოტორული იყო.
– შემომიშვი! – სიმკაცრე ხმაში გამიჯდა, რადგან ის კარს ეფარებოდა, მე კი უნდა შევსულიყავი, რათა დავლაპარაკებოდი.
– არა. რა გინდა?
– რა გჭირს, დაიანა? – მღელვარებამ ყვირილი მაიძულა.
– შენ არ გეხება, აღარაფერი გეხება შენ! – მანაც აუწია ტონს.
– რაც წახვედი, დღე არ გასულა, რომ არ დამელია. ყოველი ახალი დილა ჯოჯოხეთია, შენს გარეშე და ვხედავ, უერთმანეთობას შენთვისაც დაუმჩნევია კვალი. არაფერი მაფიქრებინო, დაიანა, შემომიშვი.
– ეშმაკმა წაგიღოს! რისთვის შემოგიშვა? ვინ ხარ? – ვიგრძენი, რომ ფიტულში სული ბრუნდებოდა ქალის, რომელიც მიყვარდა. – ჩვენ დავასრულეთ. ახლა ჩემს ცხოვრებაზე მე ვაგებ პასუხს, შენ შენსაზე ხარ პასუხისმგებელი. რომ გალოთდი, შენ მოგეთხოვება იქ. ჩემი დღეობა კი მე მომეთხოვება. მორჩა. წადი და აღარ დაბრუნდე. გთხოვ, თუ ოდესმე გიყვარდი, იმ სიყვარულს გაფიცებ, აღარ დაბრუნდე!
– ნარკოტიკს მოიხმარ? – ჩემსავე სიტყვებზე შემაჟრჟოლა. იმის წარმოდგენა, რომ ჩემი დაიანა ნარკომანი გახდა, სიკვდილს მანდომებდა.
თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა და დასამალად ანაზდად მომიხურა კარი.
გავშეშდი. არქტიკულმა ქარმა დაუქროლა და ყინულის გარსი შემომახვია. ვეღარ ვფიქრობდი, სიცივე თითქოს ტვინსაც მიყინავდა. გაბმულად წრიალებდა გონებაში აზრი იმის შესახებ, რომ ჩემი ცოლი ნარკომანი გამხდარიყო და ამაში წვლილი, ალბათ, მეც მიმიძღვოდა.
ქუჩას არეული გავუყევი.
განგაშის სიგნალი არ წყდებოდა ტვინში. ადამიანი, რომელთანაც 22 წელი გავატარე, რომლის საწოლსაც 3 წლის განმავლობაში ვიყოფდი, აღარ არსებობდა. ახლა ის გამხდარიყო ზომბი. ვიცოდი ნარკოტიკი, მისი ზემოქმედება, ვიცოდი, რრომ მისი მომხმარებელი ვერ ინარჩუნებდა სახეს ადამიანისას და ხდებოდა ზომბი. ეს მტკიოდა. იდეალური ქალი იყო, დამერწმუნეთ, იდეალური. როგორც შეხვდებოდი, მის პირვ ელ სიტყვებს გაიგონებდი, გარეგნობა წარსულში დარჩებოდა და აწმყოში მისი უნაკლო შინაგანი სამყარო გახსნიდა გამოფენას. დაუღალავად გასწავლიდა, შენზე იმუშავებდა და იმ სულიერ განძს, რომელიც გააჩნდა, დაუშრეტელი ენერგიით და უსიკვდილოდ გაგიყოფდა. დაიანა გარდაიცვალა, როცა ნარკოტიკი გასინჯა. მე აღარაფერი შემეძლო. მასთან ერთად გარდავიცვალე.
*
ბარში ვსვამდი. ვცდილობდი დარდი სასმელისთვის გამეტანებინა. სიგარეტისა და ალკოჰოლის სურნელი ერთმანეთს შეზავებოდა, ყურებში კი უამრავი ადამიანის ხმა გუგუნებდა. რას არ მივცემდი, ოღონდ შემძლებოდა დროში დაბრუნება და ჩემ ცოლთან ერთად ყველა პრობლემის დავიწყება. თუნდაც იმისთვის, რომ დამვიწყებოდა ცხოვრების თანამგზავრი ქალი, ყველაფერს დავთმობდი. თუმცა ჩემი ოცნებებისგან შორს ვიყავი, მათ ასრულება ისევე არ ეწერათ, როგორც ჩემ ცოლს პირვანდელი სახის აღდგენა.
ვერ დავითვალე, მერამდენე ჭიქა სკოჩი ჩამოვცალე, უბრალოდ, ცხვირში ნაცნობმა სურნელმა მომიღიტინა და სიწითლეჩამდგარი თვალები დახლიდან მარჯვენა მხარისკენ გადავიტანე. ის იქ იდგა, ალისფერი ადენიუმი. მიღიმოდა და მის თვალებში უჩვეულო დარდს ვხედავდი.
– დამსდევ? – სევდიანად გამეცინა მე.
– შენ ხომ არ დამსდევ?! – ეცადა გაღმებას, თუმცა ვერ შეძლო.
– ახლა არაფერი მინდა სიმშვიდის და სკოჩის გარდა, – ისე ვუთხარი, თითქოს აბეზარი ბუზის მოშორებას ვცდილობდი. იქნებ ასეც იყო?!
– აქ სიმშვიდეა?! – გაუკვირდა ქალს და ჩემს გვერდზე მოკალათდა.
– არა, მაგრამ სულიერ სიმშვიდეს ამ ხმაურში ვპოვებ.
მერე რაღაც დიდი წინადადება წარმოსთქვა. არ გამიგოია, რადგან ფიქრებმა ისევ დაიანასკენ მიმავალ მდინარეში შეცურეს. მახსოვს, რომ დაჟინებით მთხოვდა, წამოდიო და დიდი თხოვნის შემდეგ, წავყევი.
ფეხით დიდი გზა გავიარეთ. იქნებ სჯობდა არ წამოვყოლოდი? მას მერე ეს კითხვა თავს არ მანებებს. რომ არ გამოვყოლოდი, რამდენი რამ შეიცვლებოდა. იქნებ კიდევ ერთი დიადი ტანჯვა ამეშორებინა თავიდან. ეს კი ჩვენთვის განკუთვნილი საშობაო საჩუქარია, რომელიც ცხოვრებამ სრულწლოვნობის პირველივე წელს დაგვიტოვა ნაძვის ხის ქვეშ – შევეჭიდოთ სირთულეებს და მათი სიმწარე მომავლისგან ბრმად ვიგემოთ.
სადარბაზოში შემიყვანა. ეს იყო უზარმაზარი კორპუსის სადარბაზო, რომელიც ერთიანად ჩაებნელებინათ. არაფერს ამბობდა, არაფერს მიხსნიდა და მეც ბოლომდე მინდობილი, მასთან ერთად ვახტებოდი შენობის ორ–ორ საფეხურს. თავი პატარა ანც ბიჭად წარმომედგინა, რომელიც გოგოსთან ერთად პირველად მიდიოდა სიბნელეში რაღაცის გასაფუჭებლად. ეს არ ხდებოდა ჩემს ბავშვობაში და აწმყოში მომხდარი უცნაურ ადრენალინს მანიჭებდა.
ბოლო სართულს რომ მივაღწიეთ და შევჩერდით, გული ისე ამიფრიალდა, მიკვირს, რომ ცოცხალი დავრჩი. ჩემი ასაკის არეული ცხოვრების მქონე, მთვრალი კაცისთვის ოცზე მეტი სართულის შეუჩერებლად არბენა სიკვდილის ტოლფასი იყო და რატომღაც მაშინ გავაცნობიერე მხოლოდ, როცა გული გამისკდა თითქმის. ველურ ვარდსს კი ოდნავი დაღლაც არ ეტყობოდა.
– ღრმად ჩაისუნთქე! – ღიმილით მითხრა და კარი შეაღო.
თითქოს ცაზე ახლადშობილი მთვარე მაშინღა დაიმალა, ჩვენ რომ მისთვის სახის ჩვენება გადავწყვიტეთ. სწორი შენიშვნა იყო ალისფერი ადენიუმის მხრიდან, როცა მითხრა ღრმად ჩაისუნთქეო, რადგან პირველივე ნაბიჯში ღრმა წყალში ამოვყავი თავი.ნელ–ნელა ვიძირებოდი, წყლის ბუშტუკები სახესა და სხეულზე ავი ძაღლებივით მეცემოდნენ და სკდებოდნენ. ეს ჩაძირვა ზღაპრულად საოცარი იყო. რაც უფრო მიიწევდა სხეულის სიმძიმე ფსკერისკენ, ციდან მთვარეც მეტ სითბოს აფრქვევდა. არ ვფიქრობდი, რომ მინდოდა წყლიდან ამოცურვა, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვები დაჟინებით ითხოვდნენ ჰაერს.. ფსკერისკენ თან მივიწევდი და თან თითქოს ერთ ფენას მივყინოდი. მერე ის მოცურავდა ჩემკენ და მიღიმოდა. მერე მთვარე დიდდებოდა და უკვე ახლოდან დაგვნათოდა.
– იმისთვის არ მოგიყვანე აქ, რომ მომკვდარიყავი! – ნერვიულად მიღმოდა ადენიუმი.
– არ ვაპირებდი.
აუზის ნაპირთან ვიყავით, ხელები პატარა მოაჯირზე ჩამოგვედო და განათებულ ქალაქს ვუყურებდით. ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ აყოვნებდა. მე კი ამ საოცარი მომენტით მაქსიმალურად ვიღებდი სიამოვნებას.
– კლინიკაში რატომ არ ხარ? – ვკითხე ბოლოს, სიჩუმითა და ინტერესით შეწუხებულმა.
– კლინიკაში თითქმის არასდროს ვარ, – ღიმილი შემომანათა.
მაგიური ღიმილი ჰქონდა. თვალს ვერასდროს ვწყვეტდი და ბოლომდე შთავინთქმებოდი ხოლმე ამ საოცარ მომენტში.
– პაციენტი ხარ… არ ხარ?
– ვარ, თან არ ვარ, – მხრები აიჩეჩა.
რას მეუბნებოდა?
– ანუ?
– ჯერ ადრეა… – მითხრა და გაცურა.
– რისთვის? – ყვირილით დავაწიე კითხვა.
არაფერი მიპასუხა, უბრალოდ ხმამაღლა გაიცინა და ცურვა განაგრძო.
მისი თმა აქტიურად ირეკლავდა მთვარის მკრთალ ნათებას და გარემოს ოქროსფერ ბრწყინვალებას სძენდა. წყალზე თითქოს ვიღაცას ოქროს ბრჭყვიალები დაეფანტა…

4
– მაკოცე! – ჩემთან მოცურა და ყურთან ტუჩები გაამოძრავა.
მისგან წამოსული სიმხურვალე ჯერ ყურის თხელი ფენის კანს შეეხო, მერე მთელ სხეულში ჟრუანტელად დამიარა. ცივ წყალში, ცივ აპრილში, სიცივისგან კანკალი ჯოჯოხეთურ სიცხედ გადამექცა. მარჯვნივ მოვიქციე სახე და მის მარცხენა ტუჩის კუთხეს ვაკოცე. გაიცინა და ჩემკენ მოაბრუნა სახე. ისე დავეწაფე მის ტუჩებს, როგორც მოწყურებული ცხოველი. ვკოცნიდი და მარცხენა ხელს მის თმაში დავაცურებდი.
ისე მომწყდა, როგორც თხელი “წვერი” ბაბუაწვერას, გაიცინა და ისევ ღრმად შეცურა. მეც გავცურე მისკენ. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო მშორდებოდა და ისე იცინოდა, ტანში მცრიდა და სურვილს მიმძფრებდა.
– მორჩა! – თქვა ბოლოს, გაჩერდა და შემაღლებულ მოაჯირზე აცოცდა. ისე დაჯდა, თითქოს მოაჯირი ცხენი ყოფილიყო და მის გაჭენებას აპირებდა. – საკმარისია… – დაამატა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
ტანსაცმელი სრულიად დასველებოდა, თეთრი მაისური სხეულზე მიტმასნოდა და უფრო გამომწვევ იერს სძენდა. მკერდი აუდ–ჩაუდიოდა. ვკანკალებდი, ისე მინდოდა მისთვის სხეულის თითოეული წერტილი დამეკოცნა.
– მელაპარაკე! – მომთხოვა ბოლოს.
– არ მიყვარს ლაპარაკი, – მოვუჭერი მოკლედ და მივანიშნე, ხორციელი კონტაქტი მერჩია.
– გიყვარს! – “გამოგიჭირე ღიმილით” გამიღიმა.
– კარგი, მიყვარს, – დავნებდი.
– გცივა?
– მაგას მე უნდა გეკითხებოდე და ჩემს ქურთუკს გაწვდიდე, – გამეცინა.
– სამწუხაროა, რომ არ ვართ საუკუნის “მოდერნ” წყვილი.
– წყვილი ვართ?
– ვიყოთ?
– ვიყოთ, – ისევ გამეცინა.
– მოგწონვარ? – იღიმოდა.
– მომწონხარ.
– სამწუხაროა… – თვალი ამარიდა და ქალაქს ჩახედა. იქ სიცოცხლეს დილამდე მიეძინა, მის ძარღვებში კი ახლა იწყებდა გაღვიძებას.
მინდოდა ამომეკითხა მის თვალებში, რას გულისხმობდა, მაგრამ უფლებას არ მაძლევდა. და რომც მოეცა, მე ვერასდროს შევაღწევდი მისი სამფლობელოს ამ მზის მსგავს ნაწილში.
– რატო? – ვკითხე ბოლოს.
– ღამე გიყვარს? – კითხვით მიპასუხა და მივხვდი, პასუხის გაცემა არ სურდა.
– არც ისე.
– მე კი ძალიან მიყვარს, – ღიმილით შემომხედა. მის თვალებში გაბრწყინებული სითხე შევნიშნე. – მე ღამეში ვცოცხლობ.
– როგორც ღამურა?!
– როგორც მე.
დამაბნია.
– მიყვარს ცა. ღამე მას არც მოწყენა ეტყობა და არც სიხარული. ის აღარ იღლება მომაბეზრებელი, ერთფეროვანი ადამიანებით, რომლებიც დღის რუტინას თავს სწირავენ. ღამე ჩვენ გვღვიძავს – ცასავით გულწრფელ ადამიანებს. და თუ ის ტირის, ჩვენც ვტირივართ; ის თუ მთვარეს უშვებს თავის სივრცეში, ჩენც ვუშვებთ ადამიანებს.
ვინ ჩვენ?
– ჩვენ ღამის შვილები ვართ. დილა გვაფრთხობს.
– ვამპირი? – გამეცინა.
– სიამოვნებით ვიქნებოდი ვამპირი, ერთი მინუსი რომ არ ჰქონდეს ამას – უკვდავება.
– განა ცუდია უსასრულოდ სიცოცხლე? – გამაკვირვა მისმა პასუხმა.
– ჩვენ თავად ვართ უსასრულობა, რად გვინდა მასში სიცოცხლე? ეს ხომ მოსაწყენია?
შეიძლება ასეც იყო, მაგრამ თუ ვინმე შემომთავაზებდა უკვდავების წამალს, უყოყმანოდ მოვიხმარდი. ის არ ფიქრობდა ასე. იქნებ ეს მიზიდავდა მისკენ ძლიერ? მისი განსხვავებული, განსაკუთრებული ბუნება, რომელშიც თითქოს გაზაფხულის მცენარეები იღვიძებდნენ და თუ ღრმად შეხვიდოდი, ზამთრის სუსხსში ამოჰყოფდი თავს. მას არ ეშინოდა სიკვდილის, ეს ცხადი იყო, მაშინ რისიღა უნდა შეშინებოდა? კითხვა, რომელიც გონებაში ძლიერად ჩაილექა, იმწამსვე გავაჟღერე.
– სიკვდილი საშიში არ არის, – ღიმილით წამოიწყო მან. – სიკვდილი უსასრულობის ნაწილად გხდის. თუმცა ეს ხაზს არ უსვამს შიშის თეორიას. რა თქმა უნდა, მე მეშინია. მეშინია ადამიანების, მეშინია, რომ შემიყვარდება. ორივე შიში ჩემს ცხოვრებაში ცხადია და მე მათი არიდება ვერ შევძელი.
– ორი კითხვა მაქვს: რელიგიური არ ხარ და გიყვარს?
– რელიგიური არ ვარ და მიყვარხარ.
თვალები დავხუჭე და ისევ მომინდა ჩაძირვა წყალში, რადგან მივხვდი, სხვაგან ვიძირებოდი. ამ ქალის არსებაში და ეს ის იყო, რაც მე ერთდროულად მაშინებდა და სასიამოვნო თავგადასავლისკენ მიტაცებდა.
– კვლავ ორი კითხვა: ღმერთის არსებობა ცხადია, რატომ არ გწამს? და რატომ გიყვარვარ?
– ორი სულელური შეკითხვა… – გაეცინა, – ღმერთის სიცხადე რაში გამოიხატება? – მე რომ შენ შეგხვდი თუ რომ დავიბადეთ? ეს ორი შემთხვევითობაა, არავითარი წინასწარ დაწერილი კანონი. და რატომ მიყვარხარ? – შეჩერდა, დაფიქრდა, თითქოს ამ კითხვის წინაშე საკუთარი თავი აქამდე არასდროს დაეყენებინა. – ხომ ვთქვი, ეს დაუწერელი კანონია. შენ შორი ხარ, მიუწვდომელი, ყველასთვის. ჩემთვის მზე ხარ, რაც უფრო გიახლოვდები, მით უფრო მწვავ, ამავდროულად არ შემიძლია შენს გარეშე. მცივა, ვიყინები. ეს მუხტია, რომელიც ჩვენ შორის არსებობს. შენ ჩემგან განსხვავებული ხარ, ეს გვიზიდავს, თუმცა მე მიყვარხარ, შენ კი სხვა გიყვარს. ეს ერთ–ერთი პასუხია, იმ “სამწუხაროსი”.
სიბნელეშიც კი გამოჩნდა, მისი წითლად შეფერილი ლოყები. დასცხა და წყალში ჩახტა. შემდეგ კი გაცურა და დაგვტოვა მე და სიცარიელე ერთმანეთის ამარა.
არასდროს აუხსნია ქალს სიყვარული ჩემთვის. არასდროს მიგრძვნია ის ლტოლვა, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. მაგრამ მართალი იყო, მე სხვა მიყვარდა. მხოლოდ იმ მომენტამდე, როცა მის ტუჩებს შევეხე და გაყინული სხეული, გაყინული სული გამითბა. მე ის შემიყვარდა. შემიყვარდა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ვინმე მყვარებია. მაშინ დავივიწყე დაიანაც და მისი პრობლემებიც, რომელიც მანამდე ჩემს პრობლმებად აღმექვა. რომანტიკა, ანუ ჩემთვის უცხო ხილი, ყოველდღიურ საკვებად გადაიქცა. რაციონალური კაცი, რომანტიკოსად გადავიქეცი. და მეც, როგორც ყველა დანარჩენი რომანტიკოსი, პოეტიც გავხდებოდი, ოღონდ მისი ჩემთან ყოფნა დამემსახურებინა.
ადენიუმი სხვა იყო, მას არ შეეძლო დიასახლისობა, მას არ შეეძლო ოჯახის შექმნა. მისთვის სპონტანური ურთიერთობები ყველაფერს უდრიდა. მართალი იყო, როცა ჩვენ შორის არსებულ მუხტზე საუბრობდა: მე მინუსი ვარ, ის - პლუსი, ერთმანეთს მივიზიდავთ, ამის გამო. მაგრამ თუ ორივე მინუსი ან ორივე პლუსი ვიქნებოდით, ჩვენთვის ამას გარდა საერთო არაფერი იარსებებდა. მე ყინული ვიყავი, ის კი წყალი. საერთო ჯამში, მე მისგან წარმოვიქმნებოდი, თუმცა რამდენადაც მასთან საერთო გამაჩნდა, იმდენად განსხვავებული ვიყავი. ერთი არსის ორი გასაყარი… და მაინც, მასთან ყველაფრის გამოცდა მინდოდა. მსურდა გვქონოდა ერთი პატარა ქოხი, ტყეში, მდინარის მახლობლად, დიდი ოთახით, რომელიც იქნებოდა სავსე წიგნების დიდი თაროებით, რომლებიც გაივსებოდნენ მრავალი წარმომავლობის წიგნით; მინდოდა ერთად გადმოვმხტარიყავით ვერტმფრენიდან პარაშუტით და ადრენალინს ეგრძნობინებინა, რომ ჩვენი სიყვარული იმაზე მეტი იყო, ვიდრე ყველა სხვა შიში; მინდოდა ერთად გადაგვეარა სტერეოტიპული საზოგადოებისთვის, დაგველია ჭიქა წითელი ღვინო და სიტყვებით შეგვეფურთხებინა ბინძური ჰუმანისტებისთვის. მაგრამ მას ეშინოდა სიყვარულის, ეშინოდა, რომ ერთ დღესაც ეს საოცარი გრძნობა წარსულის მოგონებად გადაიქცეოდა. და მე მივხვდი, რომ მართალი იყო. აწმყო ყოველ წამს წარსული ხდება, ჩვენ კი არ ვიცით, რა გველის მომავალში. ვერ განვსაზღვრავთ, რომ შეიძლბა უნებლიეთ ერთმანეთს ვატკინოთ. მას კი შეეძლო ფიქრით განეჭვრიტა მომავალი, ამიტომ იტანჯებოდა იმ გრძნობით, რომელსაც შემდგარი ან ვერშემდგარი ურთიერთობის მწარე უღელი ერქვა. ვისურვებდი, რომ მაშინ მეც მქონოდა ეს საოცარი უნარი და ზღვაში მეტად არ შემეცურა.

5 - ეპილოგი
იმ დღეს ჩემთან მოვიდა. შუა დღე იყო და თვალები ჩასისხლიანებოდა, ისე ეძინებოდა. მისმა უბრალოებამ თვალი მომჭრა. დავიჟინე, სურათები უნდა გადაგიღო–მეთქი. იუარა, მტკიცედ მიხსნიდა, რომ არ უყვარდა სურათები, რომ არ შეეძლო ჩხაკუნის ატანა. მე კი არ ვუსმენდი. გული გამალებით მიცემდა მკერდში და სისხლი მიდუღდა, ისე მინდოდა მისი ლამაზი სახე სამუდამოდ შემენახა ქაღალდებზე, რომელსაც დრო ისეთივე დაღს დააჩენდა, როგორსაც ყოველთვის ყველაფერს დააჩენს ხოლმე. ბოლოს დამთანხმდა, სხვა რა გზა ჰქონდა. ჩემ ოთახში გავიქეცი და ისეთი სისწრაფით ვიშორებდი ბარიერად ქცეულ ნივთებს, თითქოს თუ არ ვიჩქარებდი ის წავიდოდა. არ მახსოვდა სად დამედო აპარატი. ბოლოს გარდერობის თავზე მივაგენი. იმდენი ხანი არ გამომეყენებინა, მტვერი სქელ ფენად დასდებოდა.
სადარბაზოში გავიყვანე, კიბეზე ჩამოვსვი და მარჯვნიდან მივუდექი, გადასაღებად.
– შემომხედე, – მოვთხოვე დაჟინებით, როცა აპარატიდან მის დაბნეულ მზერას შევეხე.
შემომხედა. აპარატი გავაჩხაკუნე. სასწრაფოდ მიიჭირა ყურებზე ხელები და სახე დაემანჭა. რომ შევიგრძენი, როგორ უღმერთოდ ატკინა ამ ხმაურმა, მეც გადმომედო მისი ტკივილი. აპარატი გვერდზე მივაგდე და მას მივუჯექი. ხელი მხარზე შემოვხვიე და მკერდზე მივიკარი. ტკივილი ჩაუცხრა თითქოს, ახლა კი ატირდა. როგორც პატარა ბავშვს, ისე ვაქანავებდი და გაჩერებას ვთხოვდი. ბოლოს აწია თავი, შემომხედა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა და ვერ ეთქვა. მერე მაკოცა. ეს განსხვავებული კოცნა იყო. თითქოს რაღაცას ნანობდა და ამით მიხდიდა ბოდიშს.
– დამშვიდდი. არაფერია, – გავუღიმე ბოლოს, ეს სჭირდებოდა.
მერე ეძინა, შუა ღამემდე ჩემს კალთაში ეძინა. მის თმას ვეფერებოდი, შემდეგ ჩემს ხელებს ვყნოსავდი, მისი ტკბილი სურნელი ნირვანაში მაგებდა.
*
ჩემი ძველი მანქანა გამოვიყვანე და ძლივს დავქოქე. მერსედესის მარკის კაბრიოლეტი ჩემი ერთადერი სიმდიდრე იყო და მასაც არ ვუვლიდი. გამეჩერებინა და ნესტის კლანჭებში ჩამეგდო. დასტყობოდა კიდეც მანქანას. თუმცა რა მექნა, ადენიუმმა დაიჟინა, სეირნობა მინდაო. ქალაქი ჩვენ გვიყურებდა, ეს საკოლექციო მანქანა უცხო ხილი იყო როგორც ჩვენთვის – უბრალო ხალხისთვის, ასევე ადამიანებისთის, რომლებიც რას არ მისცემდნენ, ოღონდ ეს მოდელი ჰყოლოდათ. ძველი რადიო ვერ იჭერდა სიგნალს, თუმცა მას ჩაერთო და ხრიალი დიდ ხმაზე აეწია.
– როგორ გვიყურებენ! – კისკისებდა და ხალს ხელს უქნევდა ისე, თითქოს ინგლისის დედოფალი ყოფილიყო და ეს ხალხი მის შესახვედრად გამოსულიყო ქუჩებში.
– აღარ გაშინებენ ადამიანები? – გავღიზიანდი მისი გამომწვევი საქციელით, უნდა ვაღიარო, ვიეჭვიანე კიდეც, ჩემს გარდა სხვასაც რომ უღიმოდა ამ ბრწყინვალე ღიმილით.
ჩემკენ გადმოიხარა და ყურში მიჩურჩულა:
– არ უნდა ირძნონ, რომ მეშინია, თორემ ამ შანსს გამოიყენებენ…
გამეღიმა, ოღონდ თბილად აღარ.
მაღაზიასთან გავჩერდი, ძალიან მწყუროდა. დარჩი–მეთქი, ვუთხარი ადენიუმს და გადავედი. მეხვეწა გადმოგყვებიო, მაგრამ ვაიძულე შიშის დაძლევა. მაშინ მეგონა, რომ ამით კარგს ჩავდიოდი.
მაღაზიიდან რომ გამოვედი, ვიგრძენი, რა იყო ტკივილი. ვიგრძენი, რომ არსებობა შევწყვიტე. დავინახე, როგორ ეჯახებოდა დიდი მანქანა ჩემს ადენიუმს. მერე სისხლი, მისი ალისფერი თმა წითლად შეღებილი და ყვითელი სვიტერი ნარინჯისფრად შეფერილი… ექოდ გაბნეული კივილი ჩემს თავში, ექვსი ასობგერა: მოკვდა!
მაშინ ყველა მოკვდა. ყველა მის გარდა, რადგან ის იქცა უსასრულობად.
მასთან ჩავიმუხლე, სისუსტე ვიგრძენი. მისი თბილი სხეული ჩავიხუტე. ვუყურებდი ტუჩებს, რომელსაც ღიმილი შეჰპარვოდათ. შიშნარევი ღიმილი. აკი არ მეშნოდა სიკვდილისო? როგორ მატყუებდი!
მესმოდა ხალხის ხმა, ერთი ამბობდა, მანქანისკენ მიმავალი კაცი დაინახა და როგორც შველი, მონადირე რომ დაინახა, ისე გადახტა და მანქანა ვერ შენიშნაო… სიკვდილი მომინდა. მინდოდა მის ნაცვლად მე დამჯახებოდა ეს სატვირთო. ასე მტკივნეული არ იქნებოდა მაინც.
ნეტა მცოდნოდა, რომ ასეთი მწარე იქნებოდა რეალობა, არასდროს გავიკარებდი არავის.
ის გრძნობდა მოახლოვებულ სიკდილს და იცოდა, ეს დღე იქნებოდა მისი მეორე პასუხი, როცა თქვა “სამწუხაროა”.
გულშიჩაკრულ სხეულს ერთს ვუმეორებდი: მიყვარხარ, და ჩემი აკანკალებული არსება თხოვდა დაბრუნებას, თხოვდა, რადგან არ სურდა გაყინულიყო.
*
მე გავიყინე. გავიყინე ზაფხულში, მზეში, პაპანაქებაში. მე ის დავკარგე. დავკარგე არა დროებით, არამედ სამუდამოდ. გავიყინე რეალობაში და ერთადერი რაც ადამიანური შემრჩა მოგონებებია, რომლებიც მალ–მალე მაბრუნებს მასთან. მე ისევ მასთან ვარ და ის კი ჩემთანაა. უსასრულობაშიც კი ჩემთან ერთად ცურავს.
მე ის დავწვი. მის თმას ამ უკანასკნელ ჟამს მაინც ეკიდა ცეცხლი. დავწვი და ფერფლი ყელსაბამში შევინახე. ახლა აღარასდროს მშორდება იმ ყელს, ასე რომ უყვარდა და მისი გული ჩემის რიტმში იფეთქებს.
როცა ღამეა და წვიმს, ზიარი ვხდები ღამის. ღამის, რომელსაც სტკივა, რომელიც ჩემთან ერთად ტირის. ცივი წვეთები ჩემს სხეულს იმ სითბოდ ეღვრება, რომელიც ადენიუმს გააჩნდა. ადენიუმს, რომელიც ყველაზე ცხელი ქალი იყო. ის არ გაცივდა, ვერ დავუშვებდი, რომ სიცივისთვის მიმებარებინა. მიწაში ცივა, ჩემს სხეულზე კი არასდროს. ჯერაც გიზგიზებს ჩემი არარად ქცეული კანი მისი სურვილით. მე მის სულს დავეუფლე, მისი გასაღები ვპოვე, მაგრამ სხეულს ვერასდროს. ერთდერთი იმედით ვცოცხლობ, რომ მალე მეც მას შევუერთები და ერთად შევცურავთ უსასულობის აუზში. მჯერა, რომ, რაც ერთხელ შევძელით, მეორეჯერაც შევძლებთ.
*
ჩემი პაციენტი მესტუმრა ამ დილით, ღამე მომიტანა. არ ვიცი, როგორ გააკეთა, მაგრამ ქილაში გალაქტიკა ბრწყინავდა. მადლობა გადამიხდა დახმარებისთვის, ოდეს რომ გავუწიე და იმედი გამოთქვა, რომ ისიც დამეხმარებოდა. მართალი აღმოჩნდა. ამ ქილას ყოველწამს ვუყურებ, მის თავზე შენახული ალისფერი თმა შემომიხვევია და არც ერთი წამით მავიწყდება იმედი, რომელიც მაცოცხლებს.
*
ჩემი ცოლი ერთი კვირის წინ დაასაფლავეს. მანამდე კი ჩემთან იყო მოსული და მთხოვდა შერიგებას, მარწმუნებდა, გამოვსწორდიო. არ დავუჯერე და სწორად მოვიქეცი. მაგრამ იქნებ სჯობდა, მეპატიებინა, რადგან მისთვის გაკეთებულ ბეჭედს ჯერ კიდევ ვატარებ ნეკა თითით და ეს მახსენებს იმ ბედნიერ დღეს, როცა დავქორწინდით. ცოლი ჩემი ცხოვრების მკრთალი ნათელი ნაწილია, ადენიუმი კი მზე.
*
მტკივა და ჯერაც მგონია, უკანასკელ წერტილამდე, რომ თუ ამ ტკივილს ფურცლებზე გადმოვიტან, გამივლის. არასდროს არაფერი დამიწერია, არაფერი შემიქმნია გარდა სიყვარულისა, რომელიც ალისფერი ადენიუმის მიმართ გამაჩნდა. ახლა კი ესეც მემატება. იმედია დრო ამ სიტყვებს ფურცლებიდანაც წაშლის, წავიშლებით მეც და ისიც… ასე ვეზიარებით უსასრულობას და ჩვენს ტრაგედიას, ცხოვრება რომ ჰქვია, არავინ დაიტირებს.
*
ჩემი “მგონია” წარსულში დარჩა. ჯერ კიდევ
მ ტ კ ი ვ ა.



ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი

 


№2  offline ადმინი მარამელი

სიყვარული გულს გვტკენს
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი

შენც ასევე, მადლობა<3
--------------------
- სიყვარულით, მარამელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent