ქარს გატანებული წერილები (სრულად)
მოწმენდილ ცაზე გამოჩენილი შავი ღრუბლები კრიალა ცისფერს ნელ-ნელა ფარავდნენ და მზიან ხასიათს უფუჭებდნენ. ამინდი საზარლად მოიღუშა, ეკლესიაში მოგუგუნე ზარების ხმები აგრესიულად აღწევდნენ კუშტ უსასრულობამდე და გადღაბნილ ფერთა გამებს სატირლად ამზადებდნენ. თვალებში ცრემლებივით დაგუბებულმა წვიმამაც თავგამეტებით დასცხო და მოვარდნილმა ნიაღვრებმა მთელი ქალაქი წალეკეს. ეკლესიის შემოგარენი უეცრად ისე დაიტბორა, შიგნით მყოფთა ბედნიერი სახეები ოდნავმა შიშმა და შფოთვამ ჩაანაცვლა: -ამ ამინდსაც ახლა მოუნდა გაგიჟება,- დანანებით ახედა ცას პატარძლის დედამ და განერვიულებული ჯვრისწერის ცერემონიას დაუბრუნდა. -Be careful, honey, it’s slippery here!-ხელი მიაშველა უცხოელმა ქმარმა ულამაზეს მწვანე კაბაში გამოწყობილ ქალს და გაუღიმა. გერის გასაცნობად და მისი ქორწილისთვის ჩასული რიკ ენდრიუ განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩეოდა, ახლად მოყვანილ ცოლს სიყვარულით და თბილი ღიმილით მალ-მალე ასაჩუქრებდა და არც კოცნას იშურებდა. -როგორ მინდოდა, ნინოსაც ჩვენთან ერთად ეცხოვრა, მაგრამ ახლა საბოლოოდ გადამეწურა იმედი. მას უკვე თავის ოჯახი ჰყავს, გვერდით საყვარელი მამაკაცი...- ჩურჩულით ეუბნებოდა ქალი მაღალ, სიმპათიურ, ქერა და ცისფერთვალება მეუღლეს, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა კედლის ფრესკებს, ხატებს, სანთლებს, ღვთისმსახურებს და გარემოს, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა მისთვის კარგად შესისხლხორცებული პროტესტანტული ეკლესიისგან და წესებისგან. - და მალე ალბათ შვილიშვილებსაც გვაჩუქებენ,- ტუჩთან აკოცა მეუღლეს რიკმა და ხელი წელზე მოჰხვია. უხერხულად გახედა ირგვლივ მყოფ სტუმრებს ქალმა და მორცხვად გაუღიმა მისკენ მომზირლებს. -თავი შეიკავე, გთხოვ. ქართველები შენს ალერსს სხვანაირად გაიგებენ,- შეეცადა რბილად მოეშორებინა მეუღლე თავიდან. -კი, მაგრამ რატომ? -ეკლესიაში ეს დაუშვებელია. -რადგან ასე ამბობ, ესე იგი, ასეა და დაგემორჩილები, მაგრამ ღვთის ტაძარში სიყვარულის დრო ყოველთვის არის, ჩემო ქალბატონო. მე თუ მკითხავ, აქ ყველაზე დიდი დოზით უნდა იყოს, ვიდრე გარეთ. -არ გეწყინოს, რა. -არ მწყინს, საყვარელო. წესი წესია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს. უბრალოდ, გაკვირვება გამოვხატე, რომ ჩემს მეუღლესთან ხელის შემოხვევა და კოცნა მეკრძალება. სულ ეს არის. ეკლესიის მოძღვარი ჯვრისწერის ცერემონიალს მშვიდად და აუღელვებლად განაგრძობდა. გაზეპირებულ ტექსტს ყოველგვარი ხმის ტონის ცვლილების გარეშე მიჰყვებოდა და დროდადრო ნეფე-დედოფალს ინსტრუქციებს აძლევდა, რომ ზედმიწევნით დაეცვათ მართმადიდებლური კანონებით გაწერილი წესები. ამინდის გაუარესების მიუხედავად, ჯვრისწერამ ლამაზ გარემოში ჩაიარა. ვიდეო გადამღებთა ჯგუფი ფოტოგრაფთან ერთად ახალდაქორწინებულ წყვილს დაუღალავად დაჰყვებოდა და მათი საქმიანობის პირნათლად შესასრულებლად, მისალოცად გამზადებულ სტუმრებს ნერვების ხარჯზე უთმენდა და ცდილობდა, დროებით ახლოს არ მიეკარებინა: -მერეც მოასწრებთ, ქალბატონო. გვაცალეთ მუშაობა!- ახალგაზრდა ფოტოგრაფს უკვე სათვალავი ჰქონდა არეული, მერამდენედ იძლეოდა საყვედურს მორიგ, საგულდაგულოდ შემოსილ, ხანშიშესული სტუმრის წინაშე, რომელიც წვიმაში ფოტოსესიისთვის გამზადებულ წყვილს ლოყებს უკოცნიდა, ეხუტებოდა და ოქროს სამკაულს ხელებში უტენიდა. -ამათ ვერ შეცვლი, ძმაო. მაინც თავისას უბერავენ,- ირონიულად გახედა წუთის წინ კამერაში მომზირალმა ოპერატორმა და თავი გააქნია. --- წვიმამ ცოტა ხნით გადაიღო, მაგრამ ამ ფაქტს მექორწილეების დიდი ხნით ტკბობა არ გამოუწვევია. მალევე გაგრძელდა უფრო მეტი სიგიჟით და თავგამოდებით. ვიდეო და ფოტოგადამღებმა ჯგუფმა სამუშაო დროებით შეწყვიტა და ნეფე-დედოფალს დანარჩენი სტუმრების შესახვედრად რესტორანში წასვლის საშუალება მისცა. ტრადიციული სიგნალებით და ახალგაზრდების ჟრიამულით მიაპობდა მანქანების კოლონა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს. მალე ერთ-ერთ შენობასთან გაჩერდნენ, სადაც დიზაინერების მიერ თეთრი ყვავილებით მორთულ-მოკაზმული დარბაზი უკვე დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდათ. ციდან წამოსული ცრემლები გულსაკლავად რეცხავდნენ რესტორნის ეზოს და დარბაზს. გიორგი ვაჩაძე და ნინო თადაშვილი ქორწინებას და ბედნიერი თანაცხოვრების დასაწყისს აღნიშნავდნენ. ხალისობდა და ლაღობდა ყველა, როგორც სიძის, ასევე პატარძლის მხრიდანაც. ვერაფერს იტყოდი, იდეალურად მოილხინეს და ახლადდაქორწინებულ წყვილსაც შესანიშნავი გარემო შეუქმნეს. დაახლოებით ღამის თერთმეტი საათი იყო, როდესაც საქორწილო ტორტი გაიჭრა. პატარძალმა მინდვრის ყვავილებით გაფორმებული თაიგული ახალგაზრდებში ისროლა და მეუღლესთან ერთად ბოლო ვალსი შეასრულა. საღამო დასასრულს უახლოვდებოდა. ახლადშექმნილი ოჯახის წევრები ძლივს დაუძვრნენ გრძელი სადღეგრძელოებით გართულ, მთვრალ თამადას ხელიდან და წუთი წუთზე იქაურობის დატოვებას ფიქრობდნენ. რესტორნის ეზოში დარბაზიდან გამოშლილი მექორწილეების სადღესასწაულო განწყობას ნელ-ნელა დაღლილობა ენაცვლებოდა. დაშლას აპირებდნენ, როდესაც მოულოდნელად გამოჩენილი უცნობები ნეფე-დედოფალს მიუახლოვდნენ და მოიმიზეზეს, რომ ნეფეს აუცილებელ საქმეზე უნდა დალაპარაკებოდნენ. რამდენიმე წუთში ჩვეულებრივი საუბარი ხმამაღალ ლაპარაკში გადაიზარდა, რომელსაც ჯერ ყვირილი, შემდეგ ჩხუბი მოჰყვა. მალე მექორწილეებსა და ახლადმისულებს შორის ისეთი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, რთული სათქმელი იყო ვინ ვის რას და რატომ ურტყამდა. აყალმაყალი აწყობდა ვიღაცას, რომლის წისქვილზე შექმნილი სიტუაცია წყალს ასხამდა. ვიდრე ატეხილ ხმაურზე დარბაზში შემორჩენილი დანარჩენი სტუმრებიც ეზოში გამოიშლებოდნენ, ცალკე მდგომ, განწირული ხმით მომკივან პატარძალს უკნიდან მიეპარა, ყველას თვალს ოსტატურად მიაფარა, ქლოროფორმის ხსნარიანი ნაჭრით გათიშა და უგონოდ მყოფი იქაურობას გაარიდა. სწრაფად მიმავალი მანქანა რამდენიმე წუთის გამცდარი იყო თბილისს, როდესაც ქალმა გონზე მოსვლა დაიწყო: -სად ვარ?- დაბნეული სახით იკითხა და ატკიებულ თავზე ხელები ძლიერად მოიჭირა. გამტაცებელმა პასუხი არ გასცა. განერვიულებული მართავდა ავტომობილს. პატარძალმა იქაურობას თვალი მოავლო და მისთვის კარგად ნაცნობი პიროვნება რომ ამოიცნო, სისხლი გაეყინა: -ამიხსენი შენთან ერთად რა ჯანდაბას ვაკეთებ? -დამშვიდდი,- მხოლოდ ეს უთხრა მამაკაცმა და სიჩქარეს მოუმატა. -რა დამამშვიდებს, როცა შენ გხედავ? აქ რა მინდა? ახლავე დამაბრუნე იქ, საიდანაც წამომიყვანე. -ხომ გითხარი, ან ჩემი გახდებოდი, ან არავისი? შენ კი არ დამიჯერე. მე კი სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი. -არაკაცი ხარ! როგორ მეზიზღები!- ყვიროდა გამწარებული ქალი და საჭეზე მყოფს მუშტებს ურტყამდა. -ხელები გააჩერე, თორემ ავარიას მოვახდენ! -არ მაინტერესებს. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე შენთან ერთად ვიყო და ერთ ჰაერს ვსუნთქავდე!-პატარძალი კვლავ აგრძელებდა გამტაცებლისთვის მანქანის მართვაში ხელის შეშლას. -ნინო, ნუ მაიძულებ, რომ ისევ გაგთიშო!- იღრიალა მამაკაცმა, რომ როგორმე შეეჩერებინა. ქალი კვლავ არ უჯერებდა და დაუმორჩილებლობას უცხადებდა. გამტაცებელმა მანქანა გააჩერა და მის მხრებზე არწივივით დაფრენილი ქალი პირველივე მცდელობაზე მოიშორა: -კიდევ ერთხელ გააკეთებ იგივეს და გეფიცები, მწარედ განანებ!-ღრიალით წარმოთქვა და თვალები დაუბრიალა. შეშინებული პატარძალი უხმოდ გაიყურსა და რომ ვეღარაფერი თქვა, ტირილი მოეძალა და ასლუკუნდა. რამდენიმე წუთში მანქანა გორის რაიონში, სოფელ სკრის მახლობლად მდებარე მიტოვებულ შენობასთან გაჩერდა. ადგილი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს იყო, ამიტომ ნაკლებად სავარაუდო იყო, ვინმე მისდგომოდა იქაურობას: -ბევრი აღარ მალაპარაკო, გადმოდი!- მკაცრად უთხრა მსხვერპლს მამაკაცმა. -აქ რა გვინდა? -აკანკალებული ხმით იკითხა ქალმა. გამტაცებელი მანქანიდან გადავიდა, კარი გაუღო და დაელოდა, როდის გადავიდოდა. ნინო მიხვდა, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა და გაფითრებული სახით მის სურვილს დაჰყვა: -აქ რისთვის მომიყვანე? ხომ იცი, რომ ძებნას დამიწყებენ? ჩემი გატაცებისთვის კარგი დღე არ დაგადგება, - ათრთოლებული ტუჩებით ძლივს წარმოთქვა. -ჩემზე არავინ აიღებს ეჭვს, ჩვენი ურთიერთობის შესახებ შენმა ოჯახმა არაფერი იცის და ტყუილად ნუ ბაქიბუქობ! მთვარის შუქზე ღამის ციდან გამომკრთალი იისფერი შუქი მკვეთრად დასთამაშებდა მის მკაცრ სახეს. პატარძლისთვის მეტი არაფერი უთქვამს, ხელი ჩაავლო, სიბნელე ფანრით გაარღვია და მასთან ერთად მიტოვებულ შენობაში შეიჭრა. -ნუ უხეშობ და ძალას ნუ მატან!- კიდევ ერთხელ შეჰბედა აცრემლებულმა ქალმა მის წინ მიმავალს, რომელიც მთელი ძალით წინ ექაჩებოდა. შესასვლელში რამდენიმე ადგილას ფილები აყრილი იყო. ქალმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით უსწორმასწორო გზა ძლივს გაიარა. გრძელ კაბაზე წარამარა ებიჯებოდა და დროდადრო მუხლებში იკეცებოდა: -გაჩერდი, გთხოვ! ასე დავეცემი. -ნუ იგონებ! -კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და აიძულა, კიბეებით პირველი სართულიდან სადღაც ჩასულიყვნენ. ერთ ოთახს მიადგნენ. რკინის კარი გასაღებით გააღო და პატარძალი შეიყვანა. მაშინვე სანთლები აანთო, ქალს სკამი წინ დაუდგა და თავად მეორეზე მოთავსდა. მსხვერპლმა იქაურობას თვალები მოავლო. უფანჯრო ოთახს მაღალი ჭერი და ლურჯი საღებავით შეღებილი კედლები ჰქონდა. ძლივს განათებულ სიბნელეში ერთი საწოლი, მაგიდა და რამდენიმე ხის სკამი მოჩანდა. -შეგიძლია, ამიხსნა, ამ საშინელ ადგილას რას ვაკეთებთ? -დაჯექი!- შუშის თვალებით შეხედა მამაკაცმა. ქალი ბრძანებას დაემორჩილა, სკამზე ჩამოჯდა და მის მოსასმენად მოემზადა. -შენი გულისთვის თავი საფრთხეში ჩავიგდე და გაგიტაცე, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე. -რის მიღწევას ცდილობ? ბოლოს და ბოლოს, შეიგნე, აღარ მიყვარხარ! დანიშნული ხარ, ორ თვეში ქორწილი გაქვს, დამანებე თავი და დატკი შენი ცხოვრებით, არ შეიძლება? -დროა შეეგუო, რომ შენი ქმარი მე გავხდები და არა ის @ლე, რომელსაც დღეს ცოლად მიჰყვებოდი. -მივყვებოდი არა! უკვე გავყევი და მოგწონს ეს თუ არა, მისი კანონიერი ცოლი ვარ. ვერც შენ ჩაშლი შენს საცოლესთან ქორწილს. ამის უფლება არ გაქვს. მამაკაცს ჩაეცინა: -მე ის არ მიყვარს. კარგად იცი, რომ ჩავშლი. შენი ერთი „კი“ და ყველაფერი დამთავრდება. -სხვის უბედურებაზე ჩემს ბედნიერებას არასოდეს ავაგებ და თან ამის არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ ეს გავაკეთო. არ მიყვარხარ, არა! რამდენჯერ გაგიმეორო? - უბედურება ის იქნება, ორმა ადამიანმა უსიყვარულოდ იცხოვროს. სანამ ჭკუას არ ისწავლი, აქ იცხოვრებ. ისე, რომ ჩემს გარდა, არავინ შენი მომკითხავი არ იქნება. -ჭკუის სწავლებაში რა შედის? -ჯერ დაგაცდი, რომ საკუთარი ნებით მოინდომო ჩემი ცოლობა. -და რომ არ მოვინდომო? კარგად იცი, ჩემი ქმარი როგორ მიყვარს. მის ღალატს არ ვაპირებ. -მაინც ჩემი გახდები. -ავადმყოფი ხარ! მკურნალობა გესაჭიროება!- ზიზღით თქვა ქალმა და ცრემლით სავსე თვალები მოიწმინდა. -არ მინდა, რომ შენზე ვიძალადო. მირჩევნია, საკუთარი ნებით გახდე ჩემი. -რას გადამეკიდე? ვერ გიტან და იქნებ როგორმე შეიგნო. -ისევ შეგიყვარდები. ეს შენ გგონია, რომ არ გიყვარვარ. შენი თვალები კი სხვაზე მეტყველებენ. -ტყუილად გაქვს მაგის იმედი. ზღაპრების შეთხზვას თავი დაანებე და აქედან გამიშვი. -კარგი, რადგან ასე ურჩობ, მაშინ ამაღამ აქ მარტო დარჩები და ძალიან ბევრი დრო გექნება საფიქრალად და რაღაცების გასაანალიზებლად,- ფეხზე წამოდგა მამაკაცი. -რას აკეთებ? არ გაბედო და აქ არ დამტოვო!- დამფრთხალი წამოხტა ადგილიდან და მამაკაცს უკან გაჰყვა. -რომ დავრჩე, სამაგიეროდ რას მთავაზობ? -გეხვეწები, არ წახვიდე. შიშისგან მოვკვდები. -რას მთავაზობ-მეთქი? -არაფერს. -მაშინ შეეგუე სიბნელეში ჯდომას,- კარი გაიხურა მამაკაცმა და გასაღებით გადაკეტა. -რა სასტიკი ხარ! გამომიშვი!- კიდევ უფრო ატირდა პატარძალი, მაგრამ გამტაცებელმა ყურიც არ ათხოვა. კარზე უიმედოდ ბრახუნს რომ მორჩა, ნახევრად ჩამწვარ სანთლებს შეხედა, ერთ-ერთი ანთებული დატოვა, დანარჩენი ჩააქრო და ტირილისგან მითენთილი საწოლზე წამოწვა. გონებაში აშლილი აზრები არ ასვენებდნენ. მომავალი აშინებდა. ის მომავალი, რომელიც გამტაცებელთან დარჩენის შემთხვევაში ყველაზე საშინელ განაჩენს უქადდა. --- მთელი ღამე კართან იყო მამაკაცი. ნინოზე მეტად თავად განიცდიდა, რომ საყვარელი ქალი ოთახში გამოკეტა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. არ იჯერებდა, რომ ერთ დროს, მასზე უგონოდ შეყვარებულ ადამიანს ერთი ხელის მოსმით შეეძლო მათ შორის მყარად ჩამოყალიბებული სიყვარული გაენადგურებინა და ახლადგაცნობილ პიროვნებასთან ქორწილი დაეჩქარებინა. მეორე დილით ადრიანად დაადგა თავზე. როგორც კი კარი შეაღო, შემკრთალი ქალი ფეთიანივით წამოდგა, გრძელი კაბის კალთები აიწია და მუდარით სავსე სახით მივარდა: -გეხვეწები, ნუღარ მაწვალებ. აქედან გამიშვი და სამუდამოდ დამივიწყე. -დროა, შეეგუო, რომ ჩემს იქით გზა არ გაქვს,- ამოღამებული თვალებით შეხედა და მაგიდაზე საჭმლით სავსე პარკები დააწყო. -არ მიყვარხარ და რა გავაკეთო?- ამოიღნავლა ქალმა. -მოდი, ერთად ვჭამოთ. -არ მინდა,- საწოლისკენ იმედგაცრუებული წავიდა და კიდეზე ჩამოჯდა. -ნუ ჯიუტობ! -არ მინდა-მეთქი. -ძალით გაჭამო?! გაბრაზებული ქალი მაგიდას მივარდა, ყველაფერს ხელი მოავლო და პირწმინდად ძირს გადაყარა. მასზე უკან დადევნებული მამაკაცი ნინოს ხელში სწვდა და კედელთან მიიმწყვდია: -ბოლოს და ბოლოს დაამთავრე ისტერიკები, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ! -რას მიზამ? მომკლავ? ჩემზე იძალადებ? მიდი! გამძვინვარებული მამაკაცი ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა და მძიმე სუნთქვისგან ქშინავდა. -მიდი-მეთქი! გელოდები! -ნუ მიწვევ! - არაადამიანი ხარ! ჩემი ტანჯვა გსიამოვნებს. -ასე არ არის! სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებე! -სხვა მიყვარს. შენთან ბედნიერი ვერ ვიქნები. -გამორიცხულია! -ჯანდაბა შენს თავს!- ქალს კვლავ ცრემლები წამოსცვივდა და აქვითინდა. მამაკაცმა თანაგრძნობით შეხედა და მის ცრემლებს რომ ვეღარ გაუძლო, თავის ბედზე გვარიანად შეიგინა და კარი გაიხურა. --- ნინოს უეცარმა გაუჩინარებამ ოჯახის წევრები სრულ აგონიაში ჩააგდო. სიძესთან ერთად ყველგან ეძებდნენ, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. სამწუხაროდ, ვერც პოლიცია დაადგა სწორ კვალს. საქმეში უამრავი დამაბნეველი გარემოება იყო. ამასობაში ერთი თვეც მიიწურა და დაკარგული პატარძლის ბედი კვლავ ყველასთვის უცნობი რჩებოდა... --- ადრეული დეკემბრის ღამე იყო. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. გატაცებული კვლავ მიტოვებული შენობის ერთ ოთახში იყო გამომწყვდეული და სანთლის შუქზე მუხლებზე დაყრდნობილი გულმხურვალედ ლოცულობდა. მოულოდნელად უცხო მამაკაცების ხმა გაიგონა და რკინის კართან დადგა: -რომელი ხართ? დამეხმარეთ,- ხმამაღლა მიმართა უცნობებს. -ბოქლომი ადევს. უნდა გადავჭრათ,-წაიბურდღუნა ერთ-ერთმა. -ვინ ხართ?-კვლავ იკითხა დახმარების იმედით აღვსილმა მსხვერპლმა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. მოულოდნელად, შუახნის მამაკაცის ხმა ამოიცნო. ის ხმა, რომელიც ალბათ, ყველაზე მეტად სძულდა დედამიწაზე. სხეულში არანორმალური შიში გაუჯდა და კარს მოსცილდა. მიხვდა, თავს რაღაც საშინელება დაატყდებოდა და ინსტიქტურად ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში მიიყუჟა. რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ კარი გაიღო და ფანრების შუქმა მთელი ოთახი გაანათა. აკანკალებულმა ქალმა სამი მამაკაცის დანახვაზე თვალებზე ხელები აიფარა. საკუთარი გულისცემა ლამის ყურის ბარაბნებს უხეთქავდა. ნერვიულობისგან გულის რევის შეგრძნება დაეწყო და ფეხებში დავლილმა სისუსტემ იატაკზე ჩაკეცა. -გეგონა ვერ მოგაგნებდი?- ისევ გაისმა სასტიკი ხმა, რომელიც საოცარ შიშის ზარს სცემდა გატაცებულს. -გეფიცებით, მე არაფერ შუაში ვარ!- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლუღლუღებდა გოგონა. -ხმა გაიკმინდე! -თვალები დაუჭყიტა გატაცებულს,- აი, თურმე როგორ საქათმეში მოუყვანიხარ. მეტის ღირსი არც ხარ, სალახანავ! -რა გინდათ? რა დაგიშავეთ? ასე რატომ გძულვართ? -რატომ არ შეასრულე პირობა? ჩვენი ბოლო შეხვედრისას ხომ დამპირდი, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა? -მე ჩემი სიტყვა შევასრულე, მაგრამ ის თავად მოვიდა და ქორწილიდან გამიტაცა. რა ჩემი ბრალია? -როგორც ჩანს, წესიერად არ დაარწმუნე, რომ არ გიყვარს. -ყველაფერს ვაკეთებ, რომ დამიჯეროს. -სტყუი! ისევ თავგზას ურევ შენი ხერხებით. კარგად ვიცნობ შენნაირ ვიგინდარებს. -გეფიცებით... -ნუ მეფიცები!- ყვირილით გააწყვეტინა წინადადება შიშატანილ ქალს და მოჩვენებითი სიმშვიდით გააგრძელა:- რადგან ნორმალური სიტყვა არ გესმის, მაშინ დროა, სიცოცხლეს დაემშვიდობო. მე ჩემს პირობას ყოველთვის ვასრულებ! -რა გავაკეთო, რომ დამიჯეროთ?- მთელი სხეულით ცახცახებდა ქალი. ნერვიულობისგან ორგანოების წვა იგრძნო. -აღარაფრის გაკეთება არ არის საჭირო!- აგდებულად უთხრა, მერე გვერდში მყოფებს გადახედა და უბრძანა, საქმეს შესდგომოდნენ. ორი მამაკაცი კუთხეში ჩაკეცილ ქალთან მივიდა, ხელი უხეშად მოკიდეს და ოთახიდან გაიყვანეს. ატირებული მსხვერპლი ისევ იმ საზარელ მამაკაცს უყურებდა და ეხვეწებოდა, რომ მისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა: -ოღონდ ეს არ გააკეთოთ და გპირდებით, საერთოდ გავქრები. თუ გნებავთ, ქვეყანასაც დავტოვებ. დედაჩემთან ერთად წავალ ამერიკაში. -შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. როდის იყო, სარეველა ბალახი ჩარევის გარეშე, თავისით იკვეთებოდა? მეყო გულკეთილი კაცის როლის თამაში,-ცივსისხლიანივით უყურებდა უმწეო ქალს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ როგორმე ხელიდან ცოცხალი დასძვრომოდა. --- იმ ღამეს თოვდა. თეთრი ფანტელები უკანასკნელად უსველებდნენ სახეს სიცოცხლეს მოწყურებულ ქალს, რომელიც დამძიმებული გულით და შინაგანი პროტესტის საოცარი გრძნობით ფეხარეული მიჰყვებოდა ორ მამაკაცს. მანქანაში ჩასვეს და რამდენიმე წუთი ატარეს. ბოლოს ტყეში გაჩერდნენ და ქალი გადაიყვანეს. -გეხვეწებით, არ მომკლათ. მე არაფერი დამიშავებია,- ბოლოჯერაც გაიბრძოლა, მაგრამ უცნობები ჯალათებივით მიჰყვებოდნენ და ხმას არ სცემდნენ. ტყეში ღრმად რომ შევიდნენ, ერთ-ერთმა უბრძანა, წინ წასულიყო და მუხლებზე დამდგარიყო. შეშინებული ქალი ადგილიდან არ იძვროდა, სიცოცხლე არ ეთმობოდა. -გააკეთე, რასაც გეუბნები!-კვლავ გაისმა მკვეთრად გამოთქმული სიტყვები. -არ მინდა სიკვდილი,- ცარცის ფერი გადაეკრა სიკვდილის შიშით ძრწოლაატანილ, აცრემლებულ ქალს. მეორე მამაკაცმა ძალით გაათრია და მუხლებზე დააგდო. შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა და იარაღიანს გვერდით ამოუდგა. ქალმა თვალები დახუჭა, უფრო მეტად აცახცახდა და მის წინ ერთიანად გაირბინა დედის, გარდაცვლილი მამის, დის და საყვარელი მამაკაცის სახეებმა. ტყვიამ მჭექარე ხმით იგრიალა და ფიფქებით სავსე ჰაერი გაჰკვეთა. სისხლისგან შეღებილი ქალის უსულო სხეული მაშინვე თოვლზე დაეცა და თეთრად გადაპენტილ არემარეს წითლად გადაეფარა... --- ღამის პირველი საათი იქნებოდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა კვლავ ნინოს ადგილსამყოფელს მიაკითხა. ძველი შენობა ცეცხლს ისე გაეცამტვერებინა, თითქმის აღარაფერი იყო გადარჩენილი. თავზარდაცემული შევარდა გადამწვარ კედლებში, მაგრამ სამწუხაროდ, მიტოვებული შენობის მსგავსად, საყვარელი ქალიც უკვე მოგონებებად გადაქცეულიყო. -მე მოვკალი! - თავში წაიშინა ხელები და გაუგონარი ხმით გმინავდა. გაყინულ მიწაზე დაცემული, სიმწრისგან სველ მიწას ფრჩხილებით კაწრავდა და ნინოს გლოვობდა. ძალიან განიცდიდა. სული ეწვოდა და მისი მიზეზით გამოწვეულ სიკვდილს თავს ვერ პატიობდა. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო და რეალობაში გაღვივებულ სუნთქვისშემკვრელ კოშმარს როგორ გაჰქცეოდა. -ეს როგორ დაგემართა? როგორ დაგემართა?- ისევ მოსთქვამდა და განადგურებული ურტყამდა მუშტებს წუთის წინ ფრჩხილებით ამოკაწრულ მიწას. ირგვლივ სიმშვიდე იყო. მდუმარედ იდგნენ სამგლოვიაროდ გაშავებული ხეები და გადამწვარ შენობას მოქუფრული სახით დასცქეროდნენ. --- დილა თენდებოდა. ახლად ამოწვერილმა ზამთრის მზემ ღამის ცას ნათელი ფერები შეაპარა და ოდნავ შეამღვრია. ცოცხალმკვდარი მამაკაცი სახლის კიბეებზე ბარბაცით ავიდა და საწოლზე მიესვენა: -მკვლელი ვარ. მე მოვკალი,- კვლავ იმეორებდა და ჩაწითლებულ თვალებზე მომდგარ ცრემლს ხელს არ უშლიდა გადმოდინებაში. არეული გონება ვერ დაელაგებინა. არ იცოდა სად წასულიყო, რა ეთქვა, რა გაეკეთებინა... წუხანდელმა ღამემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა მის ცხოვრებაში. გამოსავალი არსად ჩანდა. --- გორიჯვრის ტყეში ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებელმა ახალგაზრდა ქალის ცხედრის აღმოჩენისთანავე შესაბამის ორგანოებს აცნობა და გამომძიებლები ექსპერტებთან ერთად მაშინვე ადგილზე გამოცხადდნენ. თვითმხილველს გაეცნენ, მისი ვინაობაც დაადგინეს და საქმისთვის მნიშვნელოვან ნაწილზე გადავიდნენ: -ერთი ეს მითხარი, აქ რა გინდოდა და ამ გვამს როგორ მიაგენი?-თვალები დააწვრილა ერთ-ერთმა გამომძიებელმა და პასუხს მოუთმენლად დაელოდა. -აგერა ვცხოვრობ ახლოში,- ხელი გაიშვირა თავის სოფლის მიმართულებით ძველ ტანსაცმელში შემოსილმა თეთრწვერა მოხუცმა,- ფიჩხის შესაგროვებლად ამოვედი. მე არა, ჩემმა ძაღლმა იპოვნა და იმან მომიყვანა აქამდინა. -როგორ მიაგნო? -აი, ყეფავდა, რა. მომვარდა და იქამდისინ არ მომეშვა, სანამ ამ თხრილთან არ მომიყვანა. სუნი აიღო ალბათა, მე რა ვიცი,- მხრები აიჩეჩა და აქეთ-იქით შეშინებული იყურებოდა. -მანამდე სხვა რამე ხომ არ შეგინიშნავს? -არაფერი ისეთი, მხოლოდ ესა და გაცნობეთ კიდევაცა, - ხუთი თითი გაშალა და ხელით მიანიშნა გარდაცვლილისკენ. -კარგი. აბა, გაიხსენე, ამ ტყემდე მოსაღწევად რამდენი სამანქანო გზა არსებობს? -მარტო ესა, დანარჩენი მისადგომები ფეხით უნდა გაიარო. -გასაგებია. ესე იგი, მხოლოდ ეს ერთი სამანქანო გზა არსებობს და დანარჩენი მხოლოდ საცალფეხო ბილიკებია?-საუბარში ჩაერთო მეორე გამომძიებელიც. -ჰოოდე,-თავს აკანტურებდა ხანდაზმული. -მოდი, შენი ტელეფონის ნომერი დაგვიწერე და თუ კიდევ რამეში დაგვჭირდები, დაგირეკავთ. -კი ბატონო, ვინ მამაძაღლი?- ხელი მოჰკიდა ზაზა დავითურის მიერ გაწვდილ ფურცელს და კალამს, მობილურის ნომერი დაუწერა და უკან დაუბრუნა. -თავისუფალი ხარ,- დაემშვიდობა მოხუცს გამომძიებელი და ექსპერტს მიუბრუნდა: -დაახლოებით რამდენი ხნის გარდაცვლილი უნდა იყოს?- ღრმად გამოქაჩა სიგარეტის კვამლი და მოკლულ ქალს დააცქერდა. -გვამური ლაქების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ორი დღის გარდაცვლილი უნდა იყოს,- თავი არც აუწევია, ისე უპასუხა საქმეში გართულმა ექსპერტმა. -ძალადობის კვალი ხომ არ აღენიშნება? -ხელებზე აქვს რამდენიმე ადგილას ჩაქცევები. როგორც ჩანს, აქ თავისი ნებით არ ამოსულა, ვიღაცამ ან ვიღაცებმა ძალით ამოიყვანეს. -გასაგებია. ვიცი, ჯერ ადრეა ასეთი კითხვების დასმა, მაგრამ კიდევ რა მნიშვნელოვანი მონაცემები გვაქვს? -ფრჩხილებში მიწასთან ერთად აღმოჩენილია ქსოვილი. გარდაცვლილის ტანსაცმელზე შევნიშნე თმის ღერიც. ქსოვილი სავარაუდოდ მკვლელის ტანსაცმლის უნდა იყოს. აი, თმის ღერი კი ცხოველისას უფრო ჰგავს. ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით, დანარჩენი კარგად უნდა გადამოწმდეს. ზაზა დავითური მეორე გამომძიებელს მიუბრუნდა, ცალი ხელით ხეს დაებჯინა და ჩვეული სიდინჯით ჰკითხა: -ესე იგი, რა გამოდის? ვიღაცამ ეს გოგო აქ ძალით ამოიყვანა, თავში ერთი გასროლით მოკლა და ამ თხრილში ჩააგდო? -ვიღაცებმა ზაზა ბატონო,- ღიმილით მიუგო ბორის ლაფერაშვილმა მეწყვილეს,- ეს ქალი აგერ აქ, ათ მეტრში მოკლეს. სისხლის კვალიც სავარაუდოდ მას უნდა ეკუთვნოდეს. თუ მისი სხეულის მიხედვით ვიმსჯელებთ, არანაირი ნაკაწრი არ აქვს, არც ტანსაცმელია მაინცდამაინც შელახული. რა გამოდის? ძირს არ უთრევიათ, ასწიეს და ამ თხრილამდე მოიტანეს. ასე, რომ გამორიცხულია, ერთი კაცი ამას თავისით ვერ მოახერხებდა. -ჰო, ასე იქნებოდა, - ნიკაპზე მოისვა ხელი დავითურმა და დაკვირვებული თვალი კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს. -ეს მკვლელობა და სოფელ სკრასთან იმ მიტოვებული შენობის გადაწვა თუ ერთმანეთთან კავშირში არაა, თუ გინდა, თავი მომაჭერი,- სახე დამანჭა ლაფერაშვილმა. -რა დარწმუნებული საუბრობ? -დაფიქრდი, ზუსტად ორი დღის წინ, როცა ეს საცოდავი მოკლეს, დაახლოებით იმ დროს გადაიწვა ის შენობაც. რაღაც საეჭვოდ ემთხვევა ეს ორი გარემოება ერთმანეთს და იბადება კითხვა,- ხმა აიმაღლა ბატონმა ბორისმა,- სად იყო დაკარგული ნინო თადეშვილი მანამდე? სავარაუდოდ იქ ჰყავდათ გამოკეტილი. მერე არ ვიცი რა ოხრობა მოხდა, მაგრამ გამტაცებლებმა შეცვალეს გადაწყვეტილება, შენობაში აღარ გააჩერეს, ამ ტყეში წამოიყვანეს, სიცოცხლეს გამოასალმეს, ხოლო კვალის გასაქრობად იქაურობას ცეცხლი წაუკიდეს. -მართალი ხარ შენ, ლოგიკურია, - საჩვენებელი თითი ასწია დავითურმა და თვალებში საქმის გახსნის იმედის ნაპერწკალი ჩაესახა,-სასწრაფოდ იმ შენობისკენ უნდა წავიდეთ. იდეალურად დაგეგმილი დანაშაული არ არსებობს. დიდი იმედი მაქვს, რაღაცას მაინც მივაგნებთ,-თვალი ჩაუკრა ლაფერაშვილს, იქ მყოფებს ინსტრუქციები მისცა და თავად დანაშაულის ადგილს მეწყვილესთან ერთად გაეცალა. --- „რამდენიმეკვირიანი ძებნის შემდეგ აღმოჩენილია ქორწილიდან დაკარგული პატარძლის, ნინო თადეშვილის გვამი. ცხედარს გორის რაიონის სოფელ ელექტროფიკაციის მაცხოვრებელმა ცოტა ხნის წინ გორიჯვრის ტყეში, მთის მაღალ ფერდობზე მიაგნო. თადეშვილებმა სამართალდამცავებს უკვე დაუდასტურეს, რომ აღმოჩენილი გვამი ნამდვილად წარმოადგენს მათი ოჯახის წევრს. შეგახსენებთ, რომ ნინო თადაშვილი ამა წლის 17 ნოემბერს უცნობმა პირებმა ქორწილიდან გაიტაცეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები არ ხმაურდება. ამჟამად დაკითხულია ყველა პირი, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას ფლობენ“-აცხადებდა ტელევიზიით ახალი ამბების წამყვანი. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ქმარი კამერებთან საუბარს ერიდებოდნენ. იდუმალი მკვლელობა ძალიან ბევრ კითხვებს და ეჭვებს აჩენდა, მაგრამ ღიად საუბრისგან ყველა თავს იკავებდა. --- გამომძიებელი ზაზა დავითური კაბინეტში სამუშაო მაგიდასთან იჯდა, მის წინ დაგროვილ ფურცლებს და ფოტოებს ჩაფიქრებული დასცქეროდა და ნერვიულად აწვალებდა კალამს. -კარგი რა, თუ ძმა ხარ. გააჩერე ეგ კალამი. ტკაც-ტკუც, ტკაც-ტკუც... ნუ მომიხანი ეს ტვინი!- წამოიყვირა კონცენტრაციადაკარგულმა ლაფერაშვილმა. -ვერა ხარ შენ. წადი კატაბალახას ნაყენს მიეძალე,- ჩაეღიმა დავითურს და კალამი გვერდზე გადადო. -ეგრე რა, თორემ ცოტაც და წამოგიხტებოდი. დავითურს კალამზე აღარ გაუმახვილებია ყურადღება, სალაპარაკო თემა შეცვალა და გამოძიების დეტალებზე ალაპარაკდა: -მოკლედ, ასეთი მონაცემები გვაქვს. მოკლული ნინო თადეშვილი დაახლოებით ღამის ათი-თერთმეტი საათისთვის აიყვანეს გორიჯვრის ტყეში. სკრასთან მდებარე ყოფილი საწყობების მიტოვებულ შენობას ცეცხლი მისი სიკვდილიდან ნახევარ საათში გაუჩნდა. როგორც სახანძრო სამსახური ამბობს, დაახლოებით ღამის 01:20 საათისკენ დაუკავშირდათ ვიღაც მამაკაცი, როგორც გამვლელი ისე გაეცნო და შეატყობინა, რომ შენობა იწვოდა. იქ მისულებს არავინ დახვედრია. ნაგებობა თითქმის უკვე ბოლომდე ჩამწვარიყო. საგულისხმოა, რომ ტყეში აღმოჩენილი მანქანის საბურავების კვალი საწყობის წინაც შევნიშნეთ. ესე იგი, ეს მოწყობილი ხანძარი უშუალო კავშირშია ამ კვლელობასთან. გამოდის, რომ გატაცებული ჯერ მოკლეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და იქაურობა გადაწვეს. -არ დაგავიწყდეს, რომ საწყობის წინ არსებულმა ტალახმა კიდევ ორი მანქანის და ოთხი მამაკაცის ფეხსაცმლის ლანჩის კვალი დააფიქსირა. აქედან, მხოლოდ ორი მსგავსი ფეხსაცმლის ლანჩი აღმოვაჩინეთ მკვლელობის ადგილას. ანუ, რამდენიმე კაცი ურევია ამ საქმეში,- დასძინა ლაფერაშვილმა,- ნეტავ რას შეეწირა ის უბედური, აჰ? -ერთი ჩვეულებრივი ტანვარჯიშის მასწავლებელი იყო, რომელიც დიდი ხელფასით ვერ დაიკვეხნიდა. ვერც ბებიამისის პენსიის იმედზე იცხოვრებდა. რომ არა ამერიკაში მცხოვრები დედა, იმ ადგილებში სიარულს, სადაც ეგ ერთობოდა და როგორი ხელგაშლილი ცხოვრებაც უყვარდა, ვერ გაქაჩავდა. ვის აწყობდა მისი სიკვდილი? რა დააშავა ამისთანა, რომ ქორწილიდან გაიტაცეს და რამდენიმე კვირაში მოკლეს? -ერთი მისი ქმრის ჩვენება გადმომაწოდე რა,- თხოვნით მიმართა ბორისმა მეწყვილეს. ზაზამ საბუთებიდან გიორგი ვაჩაძის ჩვენების ფურცელი ამოაძვრინა და გაუწოდა. ცოტა ხნით ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. ორივე სხვადასხვა მონაცემებს დასჩერებოდნენ და გონებადაძაბულები ახალ მიგნებებს ეძებდნენ. -გარდაცვლილის ქმარი ჰყვება, რომ ნინოსთვის არც საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, არც ისეთ ხალხში ჰქონია საქმე, რომ სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. ქორწილში კი ის ვიღაც სამი უცნობი ახვარი სიძეს ეუბნება, რომ ნინოს შენ არ უყვარხარ და სხვა უყვარსო და უცებ ამხელა ჩხუბი იწევა. ვაჰ, ამხელა რესტორანს ვიდეო კამერები რატომ არ უნდა ჰქონოდა, რომ იმ პროვოკატორთა სახეები გვენახა რა. იასნა, გამტაცებლების მიგზავნილი ტიპები იყვნენ,- ამოიქშინა ლაფერაშვილმა. -ბატონო ზაზა, დადგინდა სახანძრო დეპარტამენტში იმ ღამეს შემავალი ზარი ვინც განახორციელა,-ოთახში თავი შემოჰყო ახალგაზრდა, სათვალეებიანმა ბიჭმა, რომელსაც ყველა სათანადო მონაცემი ოფიციალურად ამოებეჭდა. -შემოდი,- ხელით ანიშნა გამომძიებელმა თანამშრომელს და ფურცლის გამოსართმევად მარდად წამოდგა,- ნიჩევო სებე,-რუსულად ჩაილაპარაკა დავითურმა და ლაფერაშვილს გადახედა. -რა ხდება, მაჩვენე ერთი,-ბატონმა ბორისმა ხელიდან წაართვა ფურცელი დავითურს. -მოიცა კაცო, ეს ტიტე ავაზნელი იმ ბობოლა ბიზნესმენის, ნოდარ ავაზნელის ბიჭი არ არის? -სავარაუდოდ კი. მისი საცხოვრებელი მისამართი მათკენ მიგვითითებს. -რა ჯანდაბა უნდოდა სოფელ სკრასთან ცნობილი ბიზნესმენის შვილს ტიტე ავაზნელს?-თვალები გაუფართოვდა ლაფერაშვილს. -აი, მაგას კი მალე გავარკვევთ,- ზაზამ თითი დაჰკრა მეწყვილეს მხარზე და კვლავ სამუშაო მაგიდას დაუბრუნდა. -ბატონებო შეიძლება?- კარზე კაკუნის შემდეგ იკითხა კიდევ ერთმა თანამშრომელმა და გამომძიებლები მუშაობას მოსწყვიტა. -შემოდი,- ნება დართო ბორისმა და ინტერესით გახედა. -ტიტე ავაზნელია მოსული, ამბობს, გარდაცვლილი ნინო თადეშვილის შესახებ რაღაცის თქმას ვაპირებო. გამომძიებლებმა მრავალმნიშვნელოვანი მზერით გადახედეს ერთმანეთს. -შემოუშვი,- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ლაფერაშვილმა. წარმოსადეგი გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი მხრებაწურული შევიდა ოთახში, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იქ მყოფებს გადახედა და დაგვიანებული სალამი უთხრა. -დაბრძანდით,-უპასუხა მაგიდასთან მყოფმა დავითურმა და მის მოსასმენად გამზადებულმა მაგიდაზე თითებით ერთმანეთში გადაჭდობილი ხელები დააწყო. ახლადმისულმა სტუმარმა მაგიდის წინ მდგარი მეორე სკამი დაიკავა და მეორე გამომძიებელს უხერხულად შეხედა. -ბატონი ბორის ლაფერაშვილი,-წარუდგინა ზაზა დავითურმა. რა საქმეზეც ხართ მოსული, სწორედ ჩვენ ვიძიებთ. -კეთილი,-თავი დაუკრა ავაზნელმა და პალტოს ღილები შეიხსნა. -გისმენთ. რამ მოგიყვანათ? -ნინო თადეშვილი ქორწილიდან მე გავიტაცე,-მოკლედ მოუჭრა და თავი დახარა. -მიზეზი რა იყო?- შუბლი შეკრა დავითურმა. -ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. მე კი არ დავუშვებდი, რომ მას თავისი და ჩემი მომავალი სამუდამოდ დაემახინჯებინა. ასე ვთქვათ, სიყვარულისთვის ვიბრძოდი. -მოიცა, მოიცა! თუ ერთმანეთი გიყვარდათ, მაშინ რატომ მიჰყვებოდა ცოლად იმ ბიჭს? რა გვარია კაცო? ერთი თუ ძმა ხარ, გვარი შემახსენე,-ხელის მტევნის რხევით თავის მეწყვილეს გადახედა ლაფერაშვილმა. -ვაჩაძე,-შეახსენა დავითურმა. -ჰო, ვაჩაძეს,-კვლავ შეხედა სახეზე აწითლებულ ტიტეს, რომელიც უჩვეულოდ ღელავდა. -ეგ მეც არ ვიცი და გარკვევას ვცდილობდი, მაგრამ ნინო ძალიან ცდილობდა, დავერწმუნებუნე, რომ აღარ ვუყვარდი. გამუდმებით მიმეორებდა, თავი დამენებებინა. -იქნებ მართლაც ასე იყო და აღარ სურდა შენთან ურთიერთობა? -არა, იმის მიუხედავად, რომ ცოლად სხვას მიჰყვებოდა, მას ჯერ კიდევ მე ვუყვარდი. ამაში ნამდვილად არ ვცდები. -რატომ ხარ დარწმუნებული? -ისევე როგორც ქალი, მამაკაციც ყოველთვის გრძნობს მეორე ადამიანის ლტოლვას და სურვილს. თქვენც მამაკაცები ხართ და მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ. ნინო უბრალოდ ცრუობდა, რომ აღარ ვუყვარდი. ამის მიზეზი კი დღემდე ვერ ამოვხსენი. -ის ტიპები შენ მიუგზავნე გიორგი ვაჩაძეს, რომ ჩხუბი ატეხილიყო? -ვინ ტიპები? - ხელოვნური დაბნეულობა გამოესახა სახეზე ავაზნელს. -ვინც იმ ღამეს პროვოკატორობდნენ? -წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყვნენ. ვიცი მარტო ის, რომ ატეხილმა დავიდარაბამ ჩაფიქრებულ საქმეში ხელი შემიწყო. -ასევე არაფერი იცის ნინოს მეუღლემ,-თვალები დააწვრილა ბორის ლაფერაშვილმა და უნდობლობა გამოხატა ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ,- ის ჩხუბი რომ არ ატეხილიყო, საინტერესოა, პატარძალს როგორ გაიტაცებდი? ხელს ნუ აფარებ! გამოტყდი, რომ შენი მიგზავნილები იყვნენ,-ხმას აუწია გამომძიებელმა. -მქონდა სხვა გეგმაც, არ გამიჭირდებოდა ჩაფიქრებულის ბოლომდე მიყვანა,- პრინციპულობას არ კარგავდა ავაზნელი. არ სურდა, მისი გულისთვის სხვები შარში გაეხვია და სწორედ ამიტომ დაპირებულ სიტყვას ბოლომდე ინარჩუნებდა. -სად იყავი მკვლელობის დღეს, 16 დეკემბერს ღამის 22:00 საათიდან 23:00 საათამდე? -ათი ხდებოდა, როდესაც სამსახურიდან გამოვედი. -სად მუშაობ? -რესტორნების ქსელ „საწნახელის“ დირექტორი ვარ. -ვინმეს შეუძლია, რომ შენი იქ ყოფნა დაადასტუროს? -დაცვის თანამშრომელს და ვიდეო სათვალთვალო კამერიდანაც შეიძლება ჩანაწერის ხილვა. -და მისი სიკვდილის მიზეზი რა გახდა? ვინ და რატომ გაიმეტა ის უბედური გოგო მოსაკლავად?- გამჭოლი მზერით ახედა დავითურმა. -აი, ეს კი თქვენ უნდა გაარკვიოთ. მერწმუნეთ, ყველაზე ნაკლებად მისი სიკვდილი მე მაწყობდა. ამაში ბრალი ნამდვილად არ მიმიძღვის. -ყველაფერი დაწვრილებით მოგვიყევით, ქორწილის ღამეს როგორ გაიტაცეთ ნინო თადეშვილი, სად წაიყვანეთ და რატომ გყავდათ გადამალული თითქმის ერთი თვე? -ამაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ქორწილში ჩხუბი ატყდა. შექმნილი ვითარებით ვისარგებლე, ეზოში მარტოდ მდგომ პატარძალს ხელი ჩავავლე და იქიდან გავიყვანე. ქლოროფორმით გავთიშე, ხელში ავიყვანე და მანქანამდე მივიყვანე. გონზე რომ მოვიდა, თბილისიდან საკმაოდ შორს ვიყავით. სოფელ სკრასთან ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში მივიყვანე და წინასწარ მომზადებულ ოთახში ჩავკეტე. -რატომ? -მეგონა, დაფიქრდებოდა და გადაწყვეტილებას შეცვლიდა, მაგრამ მთელი იმდენი ხნის განმავლობაში, ჯიუტად იდგა თავის აზრზე. -მკვლელობის ღამეს რა მოხდა? -ღამის პირველი საათი იყო, როდესაც მისაკითხად მივედი. შენობას ცეცხლი ეკიდა. არ ვიცი ასე სასტიკად ვინ ან რატომ მოექცა. ვფიქრობ, ნინოს ჩემთან დაშორებას და მის ნაჩქარევად გათხოვებას აუცილებლად აქვს საფუძველი და ეს ყველაფერი მის სიკვდილთანაც კავშირში უნდა იყოს. -ვინ იცოდა სად გყავდათ გატაცებული? -არავისთვის მითქვამს. წარმოდგენა არ მაქვს ვინ და როგორ გაიგო. -იყო ვინმე, ვისაც შენი და ნინოს ურთიერთობა არ აწყობდა? -მე და ნინო ჩვენს ურთიერთობას არ ვახმაურებდით. ეს ჩემი სურვილი იყო, რადგან დანიშნული ვარ და ჯერ მასთან დაშორება მინდოდა. -ანუ ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ ამის შესახებ? -ნინოს მშობლებმა არ იცოდნენ, ჩემებმა- კი. -ძალიან ჩახლართული ამბავია. ესე იგი, ამბობ, სხვაზე დანიშნული ვარო, მაგრამ ნინო მიყვარდა და ნიშნობის გაუქმებას ვაპირებდიო. ვინ არის შენი საცოლე? -დიზაინერი ლიკა ხავთასი. -ეს იმ პარლამენტარის, გოგი ხავთასის შვილია ხომ? -დიახ. -გასაგებია,- დავითურმა ხელში კალამი აიღო და კვლავინდებურად წვალება დაუწყო. -თავად ლიკა ხავთასმა თუ იცოდა ნინოს არსებობის შესახებ და ის ფაქტი, რომ მასთან დაშორებას აპირებდი?- შემდეგი კითხვა დასვა ლაფერაშვილმა. -ბოლო დროს ჩვენს შორის რომ ურთიერთობა გაცივდა, ამას ატყობდა და რაღაცას კიდეც ეჭვობდა, მაგრამ ნინოს არსებობის შესახებ არაფერი მითქვამს მისთვის. -შენს მშობლებს თუ მოსწონდათ ნინო? ამ კითხვაზე მძიმედ ამოიქშინა ავაზნელმა და საუბარი გააგრძელა: -სასტიკი წინააღმდეგნი არ იყვნენ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, დასამოყვრებლად ხავთასების გვარი ერჩივნათ. -რა გააკეთე მას შემდეგ, რაც აღმოაჩინე, რომ შენობა იწვოდა? -მე რომ მივედი, შენობას ჯერ კიდევ ცეცხლი ეკიდა, მაგრამ ის ნაწილი, სადაც ნინო იყო, თითქმის ფერფლად ქცეულიყო. შევვარდი, მაგრამ მას ვერ მივაგენი. მერე აღარაფერი მახსოვს. აზროვნების უნარი რომ დამიბრუნდა, სახანძრო სამსახურს დავუკავშირდი და იმ ტერიტორიას გავეცალე. -კიდევ რამეს ხომ არ გაიხსენებ, რომელიც გგონია, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის? -ჯერ-ჯერობით არაფერი მახსენდება. -კარგი,- დავითურმა კალამი გვერდზე გადადო და ფეხზე წამოდგა- ის, რომ გამოძიებასთან სათანამშრომლოდ მოხვედი, ძალიან დასაფასებელი ფაქტია, მაგრამ ალბათ, ისიც გესმის, ადამიანის გატაცება დანაშაულია და კანონით ისჯება. -ვაცნობიერებ და მზად ვარ, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი ვაგო,- მტკიცედ მიუგო ავაზნელმა გამომძიებელს. -კარგი მაშინ, ახლა სხვა პროცედურებსაც გავივლით და დანარჩენს ეტაპობრივად მოგახსენებთ,-კმაყოფილი მზერით შეხედა ლაფერაშვილმა. ტიტემ თანხმობის ნიშნად მსუბუქად დაუკრა თავი და მძიმედ ამოისუნთქა. --- ტიტე ავაზნელის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადება და ჩაბარება ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ჟურნალისტებს. ერთ-ერთი ტელევიზიის არხზე განუწყვეტლივ გადიოდა ინფორმაცია მისი პოლიციის შენობაში მისვლის შესახებ. -მომიკვდა თავი!- როგორც კი მთვარისა ავაზნელმა შვილის სახე ტელევიზიით იხილა, თავზარდაცემულმა თავში წაიშინა ხელები და ფეხებში დავლილი სისუსტისგან უღონოდ ჩაიკეცა. -ვაიმე!-შეჰკივლა ამის შემხედვარე მოსამსახურემ და ფეხზე წამოსაყენებლად მივარდა,-კარგად ხართ, ქალბატონო მთვარისა?- ნერვიულობას ვერ მალავდა დაბნეული გოგონა. მიბნედილმა და ძალაგამოცლილმა ქალმა თავი დაუქნია და წამოდგომა დააპირა. ძლივს მიატანა დამძიმებული სხეული დივნამდე და ცოცხალმკვდარის სახით ჩამოჯდა: -ამას რას მოვესწარი, შვილო. რა ჯანდაბა გინდა პოლიციაში? რა შარი აუტეხე შენს თავს, დედი?-თავისთვის ლუღლუღებდა ქალი და ყელში მოწოლილ სპაზმების ჩახშობას გარედან ხელის თითების უგზოუკვლო მოძრაობებით ცდილობდა. -წყალი დალიეთ,- სასწრაფოდ მიუტანა ჭიქა მოსამსახურემ და დამამშვიდებელი აბიც მიაწოდა. ქალმა ჭიქა მორჩილად გამოართვა , წამალი დალია და თვალებში ჩამდგარი ცრემლი ხელით მოიწმინდა. ათი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ძალა მოიკრიბა და მეუღლესთან დასაკავშირებლად მობილურ ტელეფონს დასწვდა. ჯერ მოიკითხა და შემდეგ გულადუღებულმა ტიტეს შესახებ უამბო. -რას მიქვია პოლიციაში გამოცხადდა? რა ჯანდაბა დააშავა?- შეიცხადა ნოდარმა. -ნინო გაუტაცია და რომელიღაც სოფელში მალავდა. -თქვენ სულ გაგიჟდით, კაცო? ესე იგი, თქვენი მარტო დატოვება არ შეიძლება? -მე რა შუაში ვარ, ადამიანო? -აბა, მე ვარ შუაში? ის შენი ბედოვლათი შვილი რომ პოლიციაში მიდიოდა, ვერ შეაჩერე? -და მითხრა ვინმემ? მეკითხება ვინმე რამეს? -ვაჰ! ან გამაგიჟებთ, ან გულს გამიხეთქავთ და მერე მოისვენებთ. -გეხვეწები, უშველე რამე, ნოდარ. ჯერ სულ მთლად ახალგაზრდაა. რა უნდა ჩვენს ბიჭს ციხეში? -ვნახავ რისი გაკეთება შემიძლია. გათიშე ტელეფონი და ყოველ წამს ტვინს ნუ შემიჭამ -რა ქენის და რა გააკეთეს კითხვებით,- შეიგინა გამწარებულმა მამაკაცმა. ცოლმა უხმოდ გაუთიშა, აქვითინებული შევარდა საძინებელში და სასოწარკვეთილი დაემხო საწოლზე. --- გახმაურებული გამოძიება საზოგადოებაში ინტერესის პიკს აღწევდა. გაუთავებელი კითხვებით დაღლილი გამომძიებლები ჟურნალისტებისგან თავს ძლივს იგერიებდნენ. საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევდა, ცოტაც და გამოძიება ალბათ მთავარ ხაზზე გავიდოდა და გამოცდილი კადრის წყალობით, დამნაშავესაც მალე ჩაავლებდნენ ხელს. -გამანდე ერთი, რას ფიქრობ?- სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან ზაზა დავითურმა და მეწყვილის აზრების მოსმენის მოლოდინით სავსემ მთელი ნეტარებით ჩაუშვა თამბაქოს კვამლი ფილტვებში. -არა მგონია, ავაზნელს მოეკლა,- თავი გააქნია ლაფერაშვილმა და მაგიდაზე მიგდებულ მეწყვილის სიგარეტის კოლოფს დაუკითხავად გადასწვდა,- ჯერ ერთი, მის გარდა მიტოვებულ შენობაში სხვებიც იყვნენ და ეს კარგად ვიცით, მერე მეორე- ძალიან მარტივად დავრწმუნდებით მისი მანქანის საბურავების და იმ ერთი მანქანის საბურავის კვალის შედარებით, რომელიც მკვლელობის ადგილას აღმოვაჩინეთ, ასევე ფეხსაცმლის კვალითაც, რომლებიც იმავე ადგილას ვნახეთ და ეს სამხილები რომც არ გვქონდეს, როგორც ეს ბიჭი ამბობს, ჯერ კიდევ ათ საათზე სამსახურში იმყოფებოდა და ერთ საათში ვერანაირად ვერ მოასწრებდა თბილისიდან სოფელ სკრამდე ჩასვლას, მერე ნინო თადეშვილის გორიჯვრის ტყეში აყვანას და მოკვლას, გამორიცხულია,-სიგარეტის ღერი კოლოფიდან ამოიღო და მოუკიდა. -მდაა... ის ვიდეო უნდა მოვიპოვოთ,-შეფიქრიანდა დავითური და დაღლილი თვალების სრესვას მოჰყვა. -არ მოგეჩვენა, რომ ქორწილში მიგზავნილ უცხო ტიპებზე საუბრისას რაღაცას მალავდა? -ეგ ჰო, მაგისი მიგზავნილები იქნებოდნენ. ხელს აფარებს, რად უნდა მაგას ბევრი ბაზარი? -არა რა, ეს სვეცკი ნაროდი ყოველთვის მანცვიფრებს თავიანთი ცხოვრების წესით. სხვა უყვარდა, სხვაზე იყო დანიშნული და მალე ქორწილის ჩაშლას აპირებდა. ამავდროულად, თავის შეყვარებული სხვას მიჰყვება ცოლად, მისმა ოჯახის წევრებმა კი ტიტე ავაზნელს რომ ხვდებოდა, არაფერი იცოდნენ. -დავიჯერო, ამ კავშირის შესახებ მხოლოდ ტიტეს მშობლებმა იცოდნენ და მეტმა არავინ? -ამას ჰქვია, კაცმა არ იცის ვისი როიალი ვის ვიოლინოშია. დავითურმა მოულოდნელად აწკარუნებულ მობილურს დახედა და ლაფერაშვილს ხელით ანიშნა, რომ გაჩუმებულიყო,- აშკარად ჩანდა, რომ მეტად მნიშვნელოვანი პიროვნება ურეკავდა: - დიახ, ბატონო ოლეგ. -... -არამიშავს, თავად როგორ გიკითხოთ? -... -დიახ, დიახ. -... -ანუ, მეუბნებით, რომ... -სახე შეეცვალა გამომძიებელს და მეწყვილეს გადახედა. -... -კარგი, ბატონო ოლეგ. -... -დიახ, თქვენ როგორც მიბრძანებთ. -... -არ არის პრობლემა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც იტყვით. -... - გასაგებია. -... -გასაგებია, ბატონო ოლეგ. -... -დიახ. -... -კარგად ბრძანდებოდეთ,- ტელეფონი გათიშა და იმედგაცრუებულს გაეღიმა. -რაო ოლეგმა?- ცნობისმოყვარე მზერას არ აშორებდა ლაფერაშვილი. -რაო, ჩემო ბორის და „დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალიო“...- ხელი დაარტყა მაგიდას. -მოიცა, რა ქარაგმებით მელაპარაკები? წესიერად ამიხსენი. -ნინო თადეშვილის საქმე დახურულია. -ეგ როგორ? -ჭრელად, ბორია, ძალიან ჭრელად. ვითომ არ იცოდე, როგორც ხდება,-საჩვენებელი თითი აღმართა მაღლა და მიანიშნა, რომ ამ საქმის გამოძიების შეჩერება ზემდგომი ორგანოებიდან იყო ნაბრძანები. -ფუ, ამის დედა ვატირე!-ხელი ჩაიქნია ლაფერაშვილმა და სკამიდან შეშლილივით წამოდგა. -ამ პატარა ნაბიჭ*ვარს რა ვუყოთ? -მაცალე ცოტა გონზე მოვიდე. ადვილი ხომ არაა, თითქმის ნახევარი გამოძიება წყალში ჩაყარო?-ამოიოხრა ლაფერაშვილმა. -ასეა, ძმაო. ჩაიდენენ დანაშაულს და მერე მამიკოები და ბიძიები თავიანთ გაქსუებულ ვირიშვილებს თავზე ხელს უსვამენ, ეფერებიან და კიდევ მეტად უწყობენ ხელს, უარესი გოთვერნები გახადონ. საწყალი, დაჩაგრული და დაზარალებული ხალხი კი მთელი ცხოვრება იმის მოლოდინშია, რომ ოდესმე მის სამართალსაც ეღირსება ზეიმი და ამ სამართლის პოვნის ლოდინში და ნერვების წყვეტაში ხდებათ სული. მოვტ.ან ასეთი სამართალი და ასეთი ცხოვრებაც!- სიბრაზისგან ყელზე ვენები დაებერა დავითურს,-შენ კიდევ დაწყნარდი, კარდიოგრამასავით აღმა-დაღმა რომ დადიხარ. მოდი მაგიდასთან და მოვილაპარაკოთ რაღაც, თორემ სადაცაა ჭკუიდან გადავალ. -ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით,- აფორიაქებული დაუბრუნდა თავის ადგილს ლაფერაშვილი და ორწუთიანი დუმილის მერე შემდეგ ნაბიჯებზე ალაპარაკდა: -მოკლედ, მედია საშუალებებში უკვე გავრცელდა, რომ ნინო თადეშვილი ტიტე ავაზნელის გატაცებულია. უმჯობესი იქნება, ეს გამოძიება სხვანაირად შევატრიალოთ და საქმეში ჩაიწეროს, რომ პატარძალს ეს ბედის საჩუქარი უყვარდა და ქორწილიდან თავისი ნებით გაჰყვა. ისინი დროებით სხვაგან აფარებდნენ თავს და შესაბამის მომენტს უცდიდნენ, რომ გამოჩენილიყვნენ. რაც შეეხება მკვლელობას, ვიტყვით, რომ გამოძიება ამ საკითხზე კვლავ განაგრძობს მუშაობას. -და ვინ დაიჯერებს იმას, რომ ნინო თადეშვილი საკუთარი ნებით გაიქცა ქორწილიდან?-ირონიულად ჩაეცინა გაბრაზებულ დავითურს. -დაიჯერებენ თუ არა, ასეა საჭირო და ეს ამბავი რაც შეიძლება მალე უნდა მოყომარდეს. ამით ტიტე ავაზნელი სასჯელს აცდება და გავათავისუფლებთ. ახლა მთავარი მისი აქედან გაშვებაა და დანარჩენს კი მე და შენ ერთად დავსხდებით, ჩამოვყალიბდებით რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ოლეგსაც დავუკავშირდებით და ნელ-ნელა მივხედავთ. არა, ისე რა მუღამში ვიყავი. ცოტაც და მკვლელებსაც დავიჭერდით,- დანანებით დაირტყა მუხლებზე ხელის გულები ლაფერაშვილმა. ზაზა დავითურმა მის წინ მოგროვილი დოკუმენტები ერთიანად მოაგროვა, სამუშაო მაგიდის ბოლო უჯრა გამოაღო, პროტესტის ნიშნად ერთიანად ჩაახეთქა და წიხლის კვრით მიხურა. --- გვიანი ღამე იყო, როდესაც ნინო თადეშვილის ოჯახის წევრებს გამოძიებასთან დაკავშირებით ახალი ამბავი აცნობეს. -არა! ეს შეუძლებელია! - ხმამაღალი კივილით შეხვდა ახალ ამბავს ნინოს დედა, როდესაც შეიტყო, ტიტე ავაზნელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ადასტურებდა, რომ მისი გოგონა ქორწილიდან გაიტაცა და თითქმის ერთი თვე სხვაგან ჰყავდა გადამალული, ბრალი მოუხსნეს და ახლა თავისუფლების ჰაერს სუნთქავდა. ქალი შეშლილი თვალებით შევარდა ყვავილებით მორთულ ოთახში, სადაც დასვენებული შვილი იწვა და კარი მოიხურა. - ჯანდაბამდე გზა გქონია ტიტე ავაზნელო შენ და შენი ხელის დამფარებლებსაც! ვერასოდეს იბედნიერებთ ჩემი ცოდვით ამ ანგელოზივით შვილის გაცივებისთვის! სათანადოდ მოგეზღვევა!- წამოსული ცრემლები სახეზე ცვილივით ჩამოეღვენთა და ნინოს საკაცესთან დაემხო. ქალი შვილის ხელებს გადაფარებოდა და გათოშილ თითებს ხელებით უთბობდა,- გაგაცივეს დედი და მაპატიე, რომ ვერ ვერევი ამ სისასტიკეს. უძლური ვარ სიკვდილით გამოწვეულ სიცივესთან და უსამართლო სამართლის წინაშე,- მოსთქვამდა საცოდავად მოკუნტული შავოსანი და ცრემლით ასველებდა უსულოდ მყოფ მიცვალებულს,- როგორ არ მომწონს შენი ახალი საცხოვრებელი, ჩემო ნინიკო. ეს რა პატარა და საზარელი სასახლე უყიდიათ შენთვის, ჩემო პატარავ. რა გაგიკეთეს დედას სიამაყევ? სად გამოგკეტეს, აჰ?- კვლავ აგრძელებდა გამწარებული დედა მარტოდ დარჩენილ უძრავ შვილთან ნახევრად ყრუ დიალოგს და მის თითოეულ ნაკვთს მეხსიერების სათავსოში იძულებით ახალ ადგილს უძებნიდა... --- გათოშილი ახალგაზრდა ჟურნალისტი უკვე მეორედ მიადგა ლიკა ხავთასის ატელიეს. თავისი მოხერხებულობის წყალობით, დაცვას როგორც ტანსაცმლის წასაღებად მისული მორიგი კლიენტი, ისე გაეცნო და თვალსა და ხელს შუა დაუძვრა ხელიდან. ლიკა ხავთასი ატელიეში გვიანობამდე შემორჩენილიყო. მკერავებთან ერთად თარგებში იქექებოდა და თან საყვედურების კორიანტელს აყენებდა: -ვწუხვარ, მაგრამ ამაღამ სახლში ვერ გაგიშვებთ. ძალიან ნელა მუშაობთ. ასე თუ გაგრძელდა, მოდის კვირეულზე სამი კაბის მეტს ვერ გავიტან. გესმით ეს რას ნიშნავს? -მეც ვწუხვარ, მაგრამ აქ ღამე ვერ დავრჩები,- უნიფორმა გაიხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა და საკერავ მანქანასთან დააგდო. -შენ სულ ასეთი ნერვიული ხარ?- მკლავები გადაიჯვარედინა და მწვავე მზერით შეათვალიერა ახალი თანამშრომელი. -რა ახირებაა, რომ ყველაფერი მის ქორწილამდე მოესწროს? მაგარი ხუშტურიანი ტიპია,- ერთ-ერთმა მკერავმა საქმეში გართულ გვერდით მჯდომს გადაულაპარაკა. -გამიგია, ქორწილის და თაფლობის თვის შემდეგ სწერვები შრომისუნარიანობას კარგავენ,- ხუმრობით უპასუხა გაწბილებულ თანამშრომელს. -ნუ აღელდებით, ხვალ დილისთვის ყველაფერი მზად იქნება. გპირდებით, გაწერილი გეგმას აუცილებლად დავეწევით,-შექმნილი სიტუაციის განტვირთვა სცადა მენეჯერმა. -ნუ გავიწყდებათ, რომ მეც აქ ვარ, არსად არ მივდივარ და ზუსტად ისე მუხლჩაუხრელად ვმუშაობ, როგორც ამას თქვენგან ვითხოვ. სხვათაშორის, ზედმეტად ნამუშევარი საათებისთვის სათანადოდ გიხდით. იმედი მაქვს, ზურგს უკან არ ლაპარაკობთ, რომ ექსპლუატაციას გიწევთ. -არაფერია ამაში გასაბრაზებელი. მე ღიად დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ ვერ შევძლებ ღამის თენებას და სახლში მივდივარ,- აუხსნა მასზე გულმოსულმა გოგონამ. -ჰოდა, არც მე მჭირდება ისეთი თანამშრომელი, რომელიც განსაკუთრებულ წუთებში გუნდს უღალატებს და ზურგს შეაქცევს!- უკმეხად მიუგო ლიკამ და ყურადღება ოთახში შესულ ჟურნალისტზე გადაიტანა. -უკაცრავად, ქალბატონო ლიკა. გუშინ გესაუბრეთ, ინტერვიუზე შევთანხმდით, მოვედი, მაგრამ აქ არ დამხვდით. -კაბინეტთან დამელოდეთ,- ცივად უთხრა ჟურნალისტს, შემდეგ მენეჯერს მიუბრუნდა და დილამდე შესასრულებელი დავალებების მიცემა დაუწყო. ვიდრე კაბინეტთან მდგომ ჟურნალისტთან ლიკა ხავთასი გამოჩნდებოდა, გოგონა ულტრა-თანამედროვე დონეზე მოწყობილ სალონს მოხიბლული ათვალიერებდა: -ვერაფერს იტყვი, გემოვნება მართლაც არ დაეწუნება,- გულში გაიფიქრა და მოსაცდელში მოთავსებულ თეთრი ტყავის დივანზე ჩამოჯდა. ამასობაში ლიკაც გამოჩნდა და ჟურნალისტს ზრდილობიანად შეუძღვა სამუშაო ოთახში: -პირველ რიგში, ბოდიში მინდა, მოგიხადოთ გუშინდელთან დაკავშირებით. დაუგეგმავი საქმე გამომიჩნდა და ნამდვილად არ მეცალა, რომ შეგხვედროდით. გისმენთ, რა უნდა მკითხოთ? -კომფორტულად მოთავსდა მაგიდასთან, წინ დაწყობილი ესკიზები დროებით გვერდზე გადადო და მთელი ყურადღებით ჟურნალისტზე გადაერთო. -თქვენი ქორწილის სამზადისთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. გესმით ალბათ, რომ საზოგადოების მხრიდან ორი ცნობილი ოჯახის დანათესავების შესახებ ინტერესი არ წყდება. -კონკრეტულად რა გაინტერესებთ? -როგორ ემზადებით? კაბას ვინ გიკერავთ? სად ჩატარდება და ა.შ. თუ შეიძლება სამზადისის შესახებ მიამბეთ. ლიკამ ღრმად ამოისუნთქა, ჯერ კიდევ მთელ სხეულს უნგრევდა საქმროს გახსენება, მის გარშემო ატეხილი სკანდალი და ხალხის ვნებათაღელვა. -ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი. მირჩევნია, ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს. -რა კომენტარს გააკეთებდით თქვენი საქმროს, ტიტე ავაზნელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ? -ეს გაურკვევლობაა. მერწმუნეთ, ყველაფერი გაირკვევა და საზოგადოება თითოეულ კითხვაზე პასუხს მიიღებს. -გამოდის, რომ არ სცნობთ თქვენს საქმროს დამნაშავედ. -დიახ, სწორედ ასეა. - მან თავად აღიარა, რომ ნინო თადეშვილი ქორწილიდან გაიტაცა და ... -თქვენი სახელი?- ლიკამ საუბარი შეაწყვეტინა ჟურნალისტს. -ლიზა. -ლიზა, მე უკვე გითხარით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოება სიმართლეს აუცილებლად შეიტყობს და დანარჩენზე აღარ ვაპირებ თქვენთან საუბრის გაგრძელებას. -ქალბატონო ლიკა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალ კოლექციაზე მუშაობთ. ორიოდე სიტყვას ხომ ვერ მეტყვით მომავალ წელს როგორ სტილს და რომელ ფერებს მიენიჭება უპირატესობა? -თავიდანვე ასე უნდა დაგეწყოთ. ვერ ვიტან, როდესაც ჩემი პირადი ცხოვრებით ინტერესდებიან,- დაძაბული სახე გაეხსნა და სასურველ კითხვას მაღალ პროფესიონალურ დონეზე, სრულყოფილად უპასუხა. შუა ინტერვიუს ჩაწერის პროცესში გოგი ხავთასისგან შვილის ტელეფონზე ზარი შევიდა. ლიკამ ბოდიში მოიხადა და მამას უპასუხა. -გილოცავ, ტიტე ავაზნელი თავისუფალია. -რა?- თვალები გაუბრწყინდა ლიკას. -მე ჩემს დაპირებას ყოველთვის ვასრულებ, შვილო. ახლა, ავაზნელები მთელი ცხოვრება ხავთასებთან ვალში იქნებიან,-მამაკაცმა კმაყოფილი სახით შეისწორა ოდნავ შევერცხლილი თმა და ეშმაკურად ჩაეღიმა. -სად არის? აუცილებლად უნდა ვნახო,- ხელები აუკანკალდა ლიკას. -მამამისს მოჰყავს, მალე სახლში იქნებიან. აღელვებულმა შვილმა სასწრაფოდ ტელეფონი გათიშა, ახალგაზრდა ჟურნალისტს ინტერვიუს შეწყვეტისთვის ბოდიში მოუხადა და ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა ატელიეს. --- -რატომ გამათავისუფლე?- პოლიციის შენობიდან გამოსული ტიტე ავაზნელი საყვედურით მიუბრუნდა საჭესთან მჯდომ ნოდარ ავაზნელს. -რა ამბებს ხლართავ ჩემს ზურგს უკან? რატომ ვიგებ დღეს, რომ ჩემმა შვილმა ქალი გაიტაცა? -ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს? დანაშაული უკვე ჩადენილია და მზად ვარ, ამისთვის პასუხი ვაგო. -რას ბოდავ? იცი რამდენია ადამიანის გატაცებისთვის სასჯელი? -ორიდან-ოთხ წლამდე. -გატაცებისთვის და მისი მოკვლისთვის? -ოც წლამდე, მერე? -რაღა მერე? ნაციხარის სახელი გინდა, დაგერქვას? რისთვის? ცოტა აზრზე მოდი. -ნინო ჩემი მიზეზით მოკვდა. ის მე მოვკალი. ნოდარი ამ სიტყვების გაგონებაზე ლამის მანქანას შეასკდა: -ეს სიტყვები მეორეჯერ არსად გაიმეორო! გიკრძალავ! ტიტემ ფანჯარა ჩამოწია და მოწოლილ უჰაერობა ზამთრის სუსხნარევი ჰაერით შემოსვლით შეებრძოლა. -რა მოხდა? დაწვრილებით მომიყევი,- შვილს გახედა ნოდარმა და სერიოზული საუბრისთვის მოემზადა. -ქორწილიდან გავიტაცე და სკრის მიტოვებულ შენობაში მყავდა გამოკეტილი. -ეს რატომ გააკეთე? -ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად. -შენ იმ გოგოს არ უყვარდი, შვილო. -ვუყვარდი. -თუ უყვარდი, მაშინ რატომ გათხოვდა სხვაზე? -არ ვიცი. -რატომ გყავდა ამდენი ხანი იქ ჩაკეტილი? -ამბობდა, ჩემთან აღარ დაბრუნდებოდა. მე კი დროს ვაძლევდი, გადაწყვეტილება შეეცვალა. -და რატომ აძალებდი, შენთან დარჩენილიყო? -არ ვაძალებდი, უბრალოდ მინდოდა, ეღიარებინა, რომ ისევ მე ვუყვარდი. -მერე? -ეს არ გააკეთა. ჯიუტობდა. მამას უჩვეულო მღელვარება დაეტყო, ხელის გულები გაუოფლიანდა და გასამშრალებლად ერთჯერად ხელსახოცებს დაუწყო ძებნა: -რა ვითარებაში დაიღუპა? -მაშინ როცა იქ არ ვიყავი, ვიღაცებმა შენობიდან გორიჯვრის ტყეში წაიყვანეს, თავში ესროლეს და... მამაკაცმა ნერვიულობას უმატა, ჰალსტუხი შეიხსნა და მანქანა გააჩერა: -ვინ უნდა ყოფილიყვნენ? გაქვს რამე ეჭვი? -აზრზე არა ვარ. -კარგად გაიხსენე. ნურაფერს დამიმალავ! შენი მტერი არ ვარ! ტიტემ ღრმად ამოიოხრა და სულის მოსათქმელად მანქანიდან გადავიდა. -თავიდანვე არ მომწონდა შენი აბდაუბდა სიყვარულის ამბავი. რა გინდა? ანგელოზივით საცოლე გყავს. გიჟდება შენზე, ისე უყვარხარ. მაინცდამაინც აურზაური და მოუწყობელი პირადი ცხოვრება გხიბლავთ ამ ახალგაზრდებს. შედეგებზე კი არ ფიქრობთ. დააყენე ერთი ადგილი და შეირგე მშვიდი, უზრუნველი და ლაღი ცხოვრება. იმედი მაქვს, ჭკუას ისწავლი და ეს ამბავი კარგი გაკვეთილი იქნება შენთვის,-გვერდში ამოუდგა მამამისი. -ახლა ისეთი განადგურებული ვარ, პასუხის გაცემის თავიც არ მაქვს. ნოდარი მიხვდა, რომ იმ წამს ლიკაზე სალაპარაკოდ ყველაზე შეუფერებელი დრო იყო და სიტყვა აღარ დაუძრავს. რამდენიმე წუთი იდგა შვილის გვერდით და სიცივემ რომ შეაწუხა, სახლში წავიდეთო- ჩაილაპარაკა და მანქანისკენ წავიდა. ტიტემ რამდენიმე წუთი კიდევ დაჰყო გარეთ. აღარ უნდოდა მამასთან საუბრის გაგრძელება და დროს წელავდა. იქ დგომამაც ვერ მოჰგვარა შვება, ძალ-ღონე მოიკრიბა და მანქანაში დაბრუნდა. --- 19 წლის შემდეგ... ახალ სკოლაში სწავლის დაწყების პირველი დღე იყო. ქართულ-ამერიკული კერძო სკოლა “Opened World“-ის მოსწავლე გოგონა გაბედულად მიაბიჯებდა პრესტიჟული სასწავლებლის შენობაში და საკლასო ოთახს ეძებდა. მეორე სართულის ნათელ, ფართო ოთახს კარზე მე-12 ა კლასის წარწერა ამშვენებდა, რომლის ქვეშ დამრიგებლის, ია ფუტკარაძის სახელი და გვარი იკითხებოდა. -ეს მე-12 ა კლასია?- ინგლისურ-ქართული აქცენტით იკითხა გოგონამ და მომავალი კლასელების წინ მყოფ დამრიგებელს გაუღიმა. -შენ სავარაუდოდ მელანი უნდა იყო,- წარმოთქვა ზედმეტად კეკლუცმა ქალბატონმა და ახალი მოსწავლის მიმართ საპასუხო ღიმილი არ დაიშურა. -დიახ,-მიუგო გოგონამ და კლასში შევიდა. -გაიცანით, თქვენი ახალი კლასელი, მელანი ვუდი. იგი ამერიკიდან, კერძოდ მიჩიგანის შტატიდან გვეწვია და სწავლას დროებით აქ გააგრძელებს. იმედი მაქვს, საერთო ენას გამონახავთ და დაუმეგობრდებით, -წარუდგინა მოსწავლეებს და კვლავ ახლად მისულს შეხედა,- თავისუფალი ადგილი მოძებნე და დაიკავე. -მადლობა, - უპასუხა მოსწავლემ და თავისუფალი ადგილისკენ წავიდა. -ოჰო! რა გოგოა,- ჩუმად ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა ბიჭმა და თვალი გააყოლა. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს, სახეზე ეტყობოდათ, რომ მისით დაინტერესდნენ. მერხზე მარტოდ მჯდომმა მელანიმ ჩანთიდან პატარა ბლოკნოტი და საწერი კალამი ამოიღო და კლასს გადახედა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ საკლასო ოთახის ინტერიერით და სწავლისთვის განკუთვნილი თანამედროვე აღჭურვილობით და ინვენტარით მაშინვე მოიხიბლა. ოთახი ახალი სკამებით და მერხებით გაწყობილიყო, მარკერის დაფის გვერდზე სმარტბორდი განთავსებულიყო, ხოლო ზევით ეკრანი და პროექტორი დაემონტაჟებინათ. თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, რომ კლასელი გოგონა გასაცნობად მიუჯდა: -მელანი არა? -შეგიძლია, მელანო დამიძახო,- თამამად მიუგო. -მე ანი მქვია. -სასიამოვნოა. -აქ რამდენი ხნით ჩამოხვედი? -ჯერ არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა და გადაშლილ ბლოკნოტს წვალება დაუწყო. -თუ რამე კითხვა გაქვს, შეგიძლია მომმართო. ყველაფერს აგიხსნი და შეძლებისდაგვარად დაგაკვალიანებ. -მადლობა. -არაფრის. -აი, ჩვენი ფეხბურთელი და კლასის ამრევიც გამოჩნდა,- ჩაილაპარაკა გვერდით მჯდომმა მარიამმა და მრავლისმეტყველი მზერით შეხედა თავმომწონედ მოსიარულე, სიმპათიურ კლასელს, რომელიც წინა რიგებში მეგობრებს შეუერთდა. ვიდრე ზარი დაირეკებოდა და პირველი გაკვეთილი დაიწყებოდა, ბიჭებმა მოასწრეს და ახლადმოსულ ძმაკაც რატი ავაზნელს ამერიკელი კლასელის შესახებ შეატყობინეს. რატიმ უკანა მერხზე მყოფ თანაკლასელს სპეციალურად რაღაც გადაულაპარაკა და თან თვალი მელანისკენ გააპარა. სერიოზული სახით შეათვალიერა და მალევე იბრუნა სახე. -გარეგნულად არაუშავს. საინტერესოა, ხასიათების მხრივ როგორი როჟაა,- ჩუმად გადაულაპარაკა სანდროს და როგორც სჩვეოდა, ცხვირის წვერზე გაისვა ცერა თითი. -გავიგებთ,- თვალი ჩაუკრა თემომ და კლასში შესულ ქართული ენის მასწავლებელს შეხედა. -ქართული კარგად გესმის?- ჩურჩულით ჰკითხა ანიმ მელანის. -ძირითადად კარგად, მაგრამ ხანდახან არის რაღაც სიტყვები, რომლებიც არ გამეგება. -ამერიკაში დაიბადე? -დიახ. -ქართული ვინ გასწავლა? მელანის სახეზე თითქმის შავმა ღრუბელმა გადაურბინა, მაგრამ მალევე თავი დააღწია გუნების გაფუჭებას და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ორაზროვნად უპასუხა: -მანომ. -მანო ვინ არის? -დედაჩემი. -აქ რატომ მოინდომე სწავლა? -ანი, ჯერ არ შემოვსულვარ და უკვე პირველი შენიშვნა!- ხმამაღლა მიმართა მასწავლებელმა გოგონას. -უკაცრავად,- დაბალ ხმაზე წარმოთქვა და საუბარი შეწყვიტა. -ღმერთო ჩემო, ნამეტანი ცნობისმოყვარე ხალხი არიან ქართველები. არა, ნათესავები და ახლობლები გასაგებია, მაგრამ ხუთი წუთის წინ გაცნობილებზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მართალი ყოფილა მანო რასაც მეუბნებოდა, ზუსტად ამიხდა, - გულში გაიფიქრა მელანიმ. პირველმა დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა. სკოლის შენობას გაეცნო, მასწავლებლებს, მეტნაკლებად კლასელებსაც და სახლში წასვლის დრო რომ მოახლოვდა, კაფეში მიმავალ ახლადგაცნობილ კლასელ გოგონებს დაემშვიდობა და ფეხით ჩაუყვა მთავარ ქუჩაზე გამავალ გზას. --- სკოლიდან გამოსულმა რატიმ მეგობრები მანქანაში ჩაისხა და ბოულინგ ცენტრისკენ დაიძრა: -მაშ, ამერიკელი კლასელი გაგვეჩითა, არა? -მიჩიგანის შტატიდან,-დასძინა სანდრომ. -დემოკრატია, თუ რესპუბლიკელი? სანდროს სიცილისგან კოკა-კოლის ბოთლიდან წასული ყლუპი სასულეში გადაცდა და ხველა აუტყდა. -ხრჩობა!- ხუმრობით მიაძახა რატიმ. -კა..რგი, შე ჩე...მა, შემარგე სასმელი,- სულს ძლივს ითქვამდა. -დემოკრატია, თუ რესპუბლიკელი ნაღდად არ ვიცი, მაგრამ მაგარი ტიპშა რომ არის, მაგას უკვე მივხვდი,- კომენტარი გააკეთა უკან მჯდომმა თემომ. -რაზე შეატყე? -ინტუიცია ინ ექშენ!- საჩვენებელი თითი ჰაერში აღმართა და სარკიდან მომზირალ მეგობარს თვალი ჩაუკრა. -რა იყო, შემთხვევით გულში ხომ არ ჩაგივარდა? -მე? რა სისულელეა?- ცალყბად ჩაეცინა. სანდრომ ხველას უკლო და როგორც იქნა, ამოისუნთქა: -როგორი კანონმორჩილი იყო, იცი? ზედმიწევნით მიჰყვებოდა დამრიგებლის ნათქვამ წესებს. მერე შესასვლეში გამოკრულ შინაგანა წესების პოსტერთან იდგა და გულდასმით ეცნობოდა. -არაუშავს, სულ მალე მაგასაც გავაგიჟებთ,- ახარხარდა რატი. -აფსუს, მაგ წესიერი გოგოს გადაჯიშება იქნება?- მოჩვენებითი სინანულით გააქნია თავი თემომ. -გეუბნები, ამას გულში ჩაუვარდა ის გოგო,- ეშმაკური მზერით გადახედა სანდროს. -ვერ არის ეს,- ხელები გაშალა თემომ. ვიდრე ახალ თანაკლასელზე საუბარში გართულიყვნენ, ბოულინგის ცენტრს მიუახლოვდნენ. რატიმ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და მეგობრებთან ერთად შენობაში შეაჭრა. --- სანამ შვილიშვილი სკოლიდან დაბრუნდებოდა, ქალბატონი მერი მღელვარებისგან ადგილს ვეღარ პოულობდა. მელანი სახლში მხიარულად შევიდა და ფეხსაცმელების გახდა დაიწყო. -მოხვედი, ბებო?- ქალი გულდამშვიდებული შეეგება ახლადმისულ შვილიშვილს. -გეგონა, ჩვენს მისამართს ვერ მოვაგნებდი? -რა ვიცი, ვიფიქრე, მარტო გაგიჭირდებოდა სიარული. ეს ტელეფონიც სახლში დაგრჩენია, ლამის არის გაგიჟდეს მანო. -დამშვიდდი, ცოტაც და ქუჩების განლაგებებს და ადგილმდებარეობებს უკეთესად მივეჩვევი,-ლოყაზე აკოცა ბებიას, ხელები გადაიბანა და მაშინვე მაცივრის კარი გამოაღო: -საჭმელი რა გვაქვს? -ისეთი კარგი წვნიანი მოგიმზადე... მელანი სასაცილოდ დაიჯღანა: -მეტი არაფერი გვაქვს? -გეკითხა მაინც რომელი წვნიანი მოგიმზადე,- ნაწყენი სახე მიიღო ხანდაზმულმა. -სალათას შევჭამ, -ნება შენია,- დაემორჩილა ქალი და ვიდრე სამზარეულოს დატოვებდა, სთხოვა, სადილის შემდეგ მანოსთვის დაერეკა. ჯერ კიდევ სადილს შეექცეოდა, როდესაც მანომ თავად დაურეკა მელანის. გოგონამ მაშინვე უპასუხა: -რატომ არ გგძინავს, ქალბატონო მანო? -რა იყო, ეგრევე დატუქსვაზე რომ გადადიხარ, ადამიანის მოკითხვა დანაშაულია? -როგორ ხართ, ქალბატონო დედა? -მორჩი მაიმუნობას,- გაეცინა მანოს. -არა, მართლა რატომ არ გძინავს? -ჩაეძია მელანი. -რა დამაძინებს? შენზე ვფიქრობდი. -ყველაფერი კარგად არის. სკოლა ლამაზია, კარგად აღჭურვილი. მასწავლებლები ზედმეტად გადაპრანჭულები და ძალიან ფენსი ტანსაცმელში გამოწყობილები მობრძანდნენ. ზუსტად ასე შემოსილები იყვნენ კლასელებიც. ოი, მანო, ამ სკოლაში მგონი ყველა მილიონერია და ჩვენ -ღარიბები. რასაც ჰქვია მასწავლებლიან მოსწავლიანად მოდის შოკი და კივილი ხალხია. -არც ეგრეა საქმე. გაიცნობ და დარწმუნდები. მე მაინც არ მესწავლება კუდაბზიკა ქართველების ამბავი. -ჰო?-თვალები გაუფართოვდა გოგონას. -კარგი, დავანებოთ მაგათ ჩაცმულობაზე ლაპარაკს თავი. კიდევ რას მეტყვი? -დასვენებებზე პატარა ბავშვები დერეფნებში დარბიან, დაჭერობანას თამაშობენ და ძალიან ყვირიან. მანდატურები ჩვეულებრივად დადიოდნენ და არაფერს იმჩნევდნენ. ამ საშინელებას ვერ ვუძლებდი, ყურებზე ხელებს ვიფარებდი და კლასელები დამცინოდნენ. მე კი ეს არ მომეწონა. რა წესია? -საყვარელო. რით გიშველო?-ჩაბჟირდა მანო. -შენც დამცინი, არა?-თვალები მოჭუტა მელანიმ. -არ დაგცინი, უბრალოდ შენი ამერიკული მენტალიტეტის და ქართული გარემოს შეჭიდება მაცინებს. -ღმერთო ჩემო,-თავს აქნევდა გოგონა. -კარგი, სხვა არაფერი გაქვს სათქმელი? -მასწავლებლებს არაუშავთ, ნორმაში არიან. -რაო? -ნორმაში არიან. -ნორმალურები არიან,-შეუსწორა წინადადება. -ჰო, ნორმალურები არიან. -კლასელები? -მხოლოდ ორი გოგო გავიცანი. ისინიც კარგები ჩანან. -ესე იგი, დღევანდელი დღით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ხარ. -დიახ. -არ დაგავიწყდეს, თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდება, მაშინვე მირეკავ და მატყობინებ. -ოჰ, ხომ შევთანხმდით? არ არის საჭირო ბევრჯერ შეხსენება. -ბოდიში, ჩემო ტკბილო,- ხელები ასწია მანომ,- მაშინ მე წავალ, სამსახურისთვის უნდა მოვემზადო. წარმატებულ დღეს გისურვებ. -ბებიასთან არ გინდა საუბარი? -უკვე ველაპარაკე. -OK, მეც კარგ დღეს გისურვებ და დაგემშვიდობები. -უყვარხარ მანოს,-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გოგონას და სწრაფად გათიშა. მერე მობილური ტელეფონი გულზე მიიდო და კმაყოფილი სახით წარმოთქვა:- ესეც ასე, ოკეანეში წარმოქმნილი ცუნამი სულ მალე სანაპიროს დიდი ძალით დაარტყამს. გიახლოვდებით, გი-ახ-ლოვ-დე-ბით!.. --- ავაზნელების დილა როგორც ყოველთვის, ფორიაქით დაიწყო. ადრე ადგომას მიჩვეული ტიტე შხაპის მისაღებად სააბაზანო ოთახში შევიდა, ხოლო თეკო უკვე კარგა ხნის მოწესრიგებული იყო და საყვარელი მამაკაცისთვის სამსახურში წასვლამდე სამზარეულოში ფაციფუცობდა. -ოჰ, მოწესრიგებულა, ჩემი სიმპათიური,-შეაქო შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ტიტე და სახეზე აღფრთოვანება გამოესახა. ტიტეს დიდად არ შეუმჩნევია ქალის სიტყვები, სკამი გამოსწია, ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მოკალათდა და სერიოზული გამომეტყველებით იკითხა:- რატი სად არის? -სძინავს. -მერე არ უნდა გააღვიძო? -შენ გიმზადებდი საუზმეს,- თავი იმართლა ქალმა. -ახლავე გააღვიძე, სკოლაში აგვიანდება,-მაჯის საათს დახედა მამაკაცმა. თეკო რატის ოთახისკენ დაიძრა, კარი შეუღო და მძინარეს დოინჯშემორტყმული დააცქერდა: -რატი, ადექი. ბიჭი ხმას არ სცემდა. -რატი, არ გესმის? გაიღვიძე. -ჰმმ!- საწოლში მყოფმა შეწუხებული ხმით უპასუხა და ცალი თვალით ახედა, მაგრამ ძილმა მალევე დაჯაბნა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა. ქალს ნერვებმა უმტყუვნეს, მხარზე ხელები ჩაავლო და მაგრად დააჯანჯღარა: -გაიღვიძე-მეთქი! ღმერთო ჩემო, დაიწყო სასწავლო წელი და დაიწყო ჩემი ნერვების ბრდღვნაც. -თავი დამანებე რა,- გაგუდული ხმით უთხრა ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა რატიმ და მისთვის არც შეუხედავს. -ახლა რომ არ გაიღვიძო და სკოლაში არ წახვიდე, მამაშენი მე მისაყვედურებს, სათანადოდ არ ზრუნავ მასზეო. -შენ მხოლოდ ის გაინტერესებს, რას იტყვის მამაჩემი, დანარჩენი ფეხებზე გკი*დია. -ადექი, ადექი! ბევრს ნუ ლაპარაკობ. -აუუუ! რას გადამეკიდე? შემომივარდი ამხელა ქალი აქ ბიზონივით და ისე მაჯანჯღარებ, თითქოს შენი პატარა ბავშვი ვიყო, -მობეზრებული სახით წამოდგა რატი და სააბაზანო ოთახისკენ წავიდა. -საუზმე მზად არის, გელოდებით,-მიაძახა და გასვლა დააპირა. სწორედ იმ დროს ბიჭი მიუბრუნდა და გამაფრთხილებელი ტონით უთხრა: -სხვა დროს სანამ ჩემს ოთახში შემოხვალ, ყოველთვის დააკაკუნებ. გასაგებია? -გავიზარდეთ უკვე?- ტუჩები მოპრუწა თეკომ. -ეგ რა შუაშია? -შენს ოთახში შემოსვლის უფლება როდიდან მეკრძალება? -სიტყვის მოსმენა და გაგება ისწავლე! დღეიდან დაკაკუნების გარეშე შემოსვლა გეკრძალება, -წარბი აუწია და სააბაზანოს კარები ცხვირწინ მიუხურა. -თავმომწონე იდიოტი,- ჩაიბურტყუნა და ოთახიდან გავიდა:- საყვარელო, რატიმ გაიღვიძა და ემზადება,- სახის მიმიკა შეცვალა ქალმა და ტიტეს გაენაზა. -ძალიან კარგი. მე გავდივარ და გვიანობამდე ვერ მოვახერხებ მოსვლას. ნუ დამელოდები, უჩემოდ დაიძინე,- სწრაფად მიაყარა სიტყვები და მაგიდიდან წამოდგა. -კი, მაგრამ უკვე რამდენი ხანია ასეთი გაციებული ხარ ჩემს მიმართ, ადრე სულ სხვანაირად იყო ყველაფერი,-გაბუტულმა ახედა და თვალები დახარა. -ახლა ნუ დაიწყებ, მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს და ნამდვილად არ მცალია, ჩვენი ურთიერთობა ვარჩიოთ,- ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა. მადადაკარგულმა და ხასიათწამხდარმა თეკომ ჭამა აღარ გააგრძელა და საძინებელში შეიკეტა. --- რატი ავაზნელი ზლაზვნით შევიდა საკლასო ოთახში და ერთ-ერთ მერხთან დაჯდა. ზაფხულის არდადეგების შემდეგ აშკარად ეტყობოდა, რომ სწავლის რეჟიმიდან ამოვარდნილიყო და გაკვეთილზე ჯდომა ეზარებოდა. იმ წამს ყველას და ყველაფერს საწოლში ნებივრობა ერჩია და მოჩვენებითი ინტერესით უსმენდა ინგლისური ენის მასწავლებელს, რომელიც გრამატიკის განმტკიცების მიზნით დროებს მიმოიხილავდა. დაფაზე დაწერილ მაგალითებს ინტერესით ადევნებდა თვალს მელანიც და მისთვის საინტერესო დეტალებს ინიშნავდა. როდესაც პედაგოგმა მიმოხილვა დაამთავრა, მოსწავლეებს მიუბრუნდა: -ვინმეს რამე შეკითხვა ხომ არ აქვს? სიამოვნებით მოგისმენთ. რატიმ ვნებით გვარში გადაყვანილ ერთ-ერთ დროსთან დაკავშირებით კითხვა დასვა და მასწავლებლის პასუხს დაელოდა. -არის აქ ვინმე ისეთი, რომელიც რატის კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს?- მოსწავლეებს გადახედა მასწავლებელმა. -მე შემიძლია,-ხელი ასწია მელანიმ. -ძალიან კარგი, გამოდი,- მარკერი გაუწოდა ქალმა ახალ მოსწავლეს. მელანი დაფასთან მივიდა, ჯერ რატის შეხედა, შემდეგ დანარჩენ კლასელებს და ახსნა დაიწყო. საუბარი რომ დაამთავრა, მაგალითის დასაწერად დაფისკენ შებრუნდა და რაზეც ისაუბრა, მოყვანილი მაგალითებით გაამყარა. როდესაც მუშაობა დაასრულა, მარკერი დაფის ქვეშ დადო და რატის გაუსწორა თვალები. -აბა, გავიგეთ?- ცნობისმოყვარე მზერით შეხედა ავაზნელს მასწავლებელმა. რატიმ თავი დაუქნია, მხოლოდ ამ ჟესტით შემოიფარგლა და არაფერი უთქვამს. -მადლობა, მელანო,- გაუღიმა მოსწავლეს ქალმა და გაკვეთილი გააგრძელა. რატიმ მერხისკენ წასული მელანისკენ თვალი გააპარა. ეს კი დაკვირვებული გოგონას თვალს არ გამორჩენია. -მშვენიერი საშუალება მაქვს, რომ უკეთესად გავიცნო. დასვენებაზე ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ,-გაიფიქრა ვუდმა და მის წინ, რამდენიმე მერხის მოშორებით მყოფ ავაზნელს თვითკმაყოფილმა უკნიდან დაუწყო თვალიერება. როგორც კი ზარი დაირეკა, დრო რომ არ დაეკარგა, მაშინვე წინ აესვეტა და გამოელაპარაკა: -რატი გქვია, არა? -დიახ,- ბიჭმა გოგონას სითამამით გაკვირვებულმა მოკლედ მიუგო. -ვნებითი გვარი ხანდახან ნეითივ სფიქერებსაც უჭირთ, მაგრამ მე გრამატიკაში კარგი ვარ. შეგიძლია ნებისმიერ დროს მომმართო დახმარებისთვის. -მადლობა, მაგრამ ვიდრე შენამდე მოვალ, ამისთვის ჯერ მასწავლებელი არსებობს და მერე კერძო რეპეტიტორი,-მკვახედ უპასუხა ღიმილაკრულ კლასელს, ზურგი შეაქცია და მეგობრებს შეერია. -ღმერთო ჩემო, მადლობის მაგიერია? ეს რა თავს გასული ვიღაც ყოფილა,- ჩუმად ჩაილაპარაკა მელანიმ და იქაურობას გაშორდა. -რაო? არ მოგეწონა ვაჟბატონი ვირგლას ტლანქი ხასიათი?-ირონიულად გადაულაპარაკა ანამ. -ვისი?- ვერ გაიგო გოგონამ. -შენ ქართული გიჭირს, ხომ? კაი, დაიკიდე,- ხელი ჩაიქნია ანამ. -მითხარი რატომ თქვი რატიზე ვირგლა. რას ნიშნავს ეგ სიტყვა?- ხმამაღლა იკითხა მელანიმ. -ჩუმად!- საჩვენებელი თითი მიიტანა გოგონამ ტუჩებთან და შიშისგან თვალები დაჭყიტა. -ცუდი სიტყვაა?- აღშფოთდა მელანი და მათკენ წასული გაბრაზებული რატი რომ დაინახა, ოფლმა დაასხა. -რომელმა თქვენგანმა იკადრა და თქვა ჩემზე ვირგლააო? ანა სახეზე წამოწითლდა. -შენ იყავი, არა?-მიუბრუნდა ანას ავაზნელი და თმაში წასწვდა. -ხელი გაუშვი, - შეეწინააღმდეგა მელანი. -შენ რასაც არ გეკითხებიან, ნუ ერევი!-მკაცრად შეხედა გოგონას და ანას კიდევ მეტად ჩამოქაჩა თმა. გოგონამ სიმწრის სიცილით უთხრა: -ვირგლა მსუბუქი ნათქვამია, უარესი სიტყვაც გეკუთვნის. -რა თქვი?-კიდევ მეტად დაქაჩა ბიჭმა თმა და სიამოვნებით შესცქეროდა ტკივილისგან წელში დაკლაკნილ კლასელს. -უარესის ღირსი ხარ-მეთქი,-მაინც არ იშლიდა ანა. -გეყოფა!- ხმას აუწია მელანიმ და კვლავ სცადა, რომ ხელი გაეშვებინებინა. -შენ მისი ადვოკატი ხარ? როდის დაგიქირავა? -ძალადობას არასოდეს მივემხრობი! -კაი ერთი. რატომ ერევი ჩვენს საქმეში? -რატომ ისმენ სხვების საუბარს? ესეც ჩვენი საქმე იყო, ერთმანეთთან ვსაუბრობდით და შენ დაუკითხავად ჩაერიე. -ჩემზე საუბრობდით. -მაგრამ შენთვის პირში არ გვითქვამს. -რა მნიშვნელობა აქვს? -ძალიან დიდი. სხვის საქმეში შენც ნუ ერევი!- ხმას აუწია მელანიმ, ანას გადახედა და დაბალ ხმაზე უთხრა, წავიდეთო. -ორი დღის მოსულმა აქ ჰეგემონიის აღება მოინდომე?-უკნიდან მიაძახა ავაზნელმა. -არ მინდა, შენი იყოს, დაგითმობ,- მიუბრუნდა მელანი და ანასთან ერთად სწრაფად გავიდა კლასიდან. -ამერიკელი ნახე...- ჩუმად ქირქილებდა ვიღაც. -ამას ვაჩვენებ სეირს,- თავი გაიქნია რატიმ და დერეფანში გაიჭრა. გოგონებისკენ წასული რატი თემომ შეაკავა: -ნუ აიფოფრები ხოლმე მამალივით, დაწყნარდი რა. -გაიგონე როგორ გონორზე მელაპარაკა? მაგას თავი ვინ ჰგონია?-არ ცხრებოდა რატი. -მორჩი, გეყოფა!-ხელით აკავებდა მეგობარი. -მაინც არ შევარჩენ! -კარგი ბიჭო, რა გჭირს? მოისვენე მართლა ე! -სანდროც ჩაერია მის დაშოშმინებაში. რატი სიბრაზისგან ძლივს სუნთქავდა, მაგრამ ძმაკაცებს დაუჯერა და საკლასო ოთახში შებრუნდა. --- -იდიოტი!-ამოიქშინა ტუალეტში მოსაწესრიგებლად შესულმა ანამ. -ეტყობა, რომ აუტანელი პიროვნებაა, - თავი გააქნია მელანიმ. -მაგას მამამისის მრავალნულიანი ანგარიშები აბლატავებს. სტატუსი აქვს ბიჭს,- გაცეცხლებული ისწორებდა თმას ანა. -მამამისის ფული რა შუაშია? თვითონ ვინ არის და რას წარმოადგენს? ეგ არის მთავარი. -ხომ გითხარი ვინც არის? -ეგ საკმარისი არ არის, რომ ასე ამაზრზენად ექცეოდეს კლასელებს. -ეს საქართველოა, მელანი. ამერიკა არ გეგონოს, სადაც მილიონერი მშობლების შვილები პიცის დამტარებლებად მუშაობენ და ჰამბურგერების მაღაზიების ტუალეტებს ხეხავენ. მელანის აღარაფერი უთქვამს, ყელზე მოწოლილი ნერწყვი გადაყლაპა და ინგლისურად რაღაც წაიბურდღუნა. -კარგი, წავიდეთ, გაკვეთილი დაიწყებოდა,- ხელკავი გაუყარა გოგონამ და ბრაზმორეული კლასელი საკლასო ოთახისკენ წაიყვანა. მასწავლებელი ახალი შესული იყო და სიას კითხულობდა. გოგონებმა დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადეს და თავის ადგილები დაიკავეს. როდესაც მელანიმ წიგნის ამოსაღებად ჩანთაში ხელი ჩაჰყო, დაინახა, შიგნით ყველაფერი მელნით იყო მოსვრილი. -ჯანდაბა!- გაბრაზებულმა თქვა და ანას გადახედა. -მისი გაკეთებულია,-მაშინვე მიხვდა ანა და რატისკენ გაიხედა, რომელიც ცინიკურად მოღიმარი უყურებდა მასწავლებელს და თავისი ოინის შედეგით დაინტერესებული მალ-მალე აპარებდა თვალს გოგონებისკენ. -ხელები გაიწმინდე და არაფერი შეიმჩნიო. სწორედ ეგ უნდა მაგასაც, რომ გამოგიწვიოს,- სველი ხელსახოცი მიაწოდა და ამოიხვნეშა. -როგორ არ შევიმჩნიო? შეხედე რა გააკეთა,- მელნით მოთხვრილი ხელი აჩვენა გოგონას და სახე აუჭარხლდა. -მაინც ვერაფერს დაუმტკიცებ. არავინ დაადებს ხელს, კლასი მაგის ყურმოჭრილი მონებით არის სავსე. -ნაბი*ჭვარი!- აღმოხდა მელანის და ხელის წმენდა დაიწყო. -ავაზნელისგან არაფერი აღარ მიკვირს. შენ ახალი ხარ და იმიტომ გაქვს ასეთი რეაქციები. -კი, მაგრამ ადმინისტრაციისაც არ ეშინია? -ეს კერძო სკოლაა. მოსწავლეების რიცხვს უფრთხილდებიან. ასე რომც არ იყოს, მამამისის რიდი აქვთ და დირექტორიან მასწავლებლებიანად ყველა ელაქუცება. -ელაქუცება რას ნიშნავს? -როგორ აგიხსნა? ცდილობენ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ მის ოჯახთან. -აჰ, გასაგებია. -რა გინდა, გემეგობრები და თან ქართულსაც გასწავლი. -ჰო,- გაეღიმა მელანის და მოუშორებელ მელნის ლაქებს დაუწყო ყურება. მერე მძიმედ ამოისუნთქა, მისგან ზურგით მჯდომ რატის შეხედა და გაიფიქრა: -შენთან ურთიერთობა ნერვების ფასად დამიჯდება, მაგრამ მაინც მოვახერხებ, ჭკუა გასწავლო. --- სკოლის შემდეგ ანამ ახალი მეგობარი უკეთ გასაცნობად სახლში მიიპატიჟა. -დედა, ახალ კლასელზე რომ გიყვებოდი ხომ გახსოვს? ეს გოგოა მელანო,-მერე მელანის შეუბრუნდა, -ეს კი დედაჩემია, შეგიძლია უბრალოდ ეთოც დაუძახო, - მხიარულად გააცნო დედამისი და კლასელი ერთმანეთს. -რა ლამაზი გოგო ყოფილა,- შემოდი, ჩემო კარგო,- თბილად მიიღო მასპინძელმა. -მადლობა,-მელანი თავისუფლად შევიდა მისაღებ ოთახში და სავარძელში ჩაჯდა. -გემრიელი ხაბიზგინები მოვამზადე. არ მიირთმევს? აბა, ჰკითხე, შეიძლება ჩემი მოერიდოს და უარი მითხრას,- დაბალ ხმაზე გადაულაპარაკა შვილს ეთომ. -ხაბიზგინებს გასინჯავ? -ეგ რა არის?-ინტერესით იკითხა გოგონამ. -ოსური ხაჭაპური. შიგთავსში ყველთან ერთად კარტოფილიც ურევია. მგონი, სულ ეს არის,-ქვედა ტუჩი დაბრიცა ანამ, რეცეპტის სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო. -გავსინჯავ. -ჰოდა, ძალიან კარგი. სამზარეულოში შემოდი, იქ უფრო კომფორტულად მოვთავსდებით,-ხელით ანიშნა კლასელს და წინ გაუძღვა. -მოდი, ჩემი გოგო. თქვენ აქ დაბრძანდით, მეც მალე მოვრჩები ცხობას და გაგეცლებით,-ეთომ ფქვილიანი ხელებით გაუწია სკამი სტუმარს და კვლავ ცომის გუნდებს მიუბრუნდა. -დედაჩემი ძალიან გამგები და კარგი გოგო მყავს. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ. ზოგჯერ ვეჭვიანობ ხოლმე, მგონია, ეს უფრო მეტად უყვართ, ვიდრე მე,- საუბარი წამოიწყო ანამ. -დედაჩემიც ასეთია,- გაეღიმა მელანის. -დედა აქ არის?-იკითხა ეთომ. -არა, ამერიკაში დარჩა. -აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილება რამ მიგაღებინა? ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როცა ანამ მითხრა, რომ ამერიკელი მოსწავლე გვყავს კლასშიო. ქართველი მოსწავლეები თავებს იხოცავენ, რომელ კონკურსში, თუ პროექტში აღარ იღებენ მონაწილეობას, რომ ამერიკაში მოხვდნენ. მელანი უხერხულობაში ჩავარდა და ცოტა დაიბნა კიდეც, მაგრამ მაინც მოახერხა, რაღაც ეპასუხა: -საქართველო ძალიან მომწონს. -გაიხარე შენ, საყვარელი გოგონა ხარ,-უთხრა ქალმა და ცხელი ხაბიზგინები მაგიდაზე დააწყო,-არ მოგერიდოს, მიირთვი რამდენიც გაგიხარდება. -მადლობა,- გაეღიმა სტუმარს და ერთი ნაჭერი გადაიღო თეფშზე. -როგორი გემრიელიააა,- ანამ პირველივე ლუკმაზე სიამოვნებისგან დახუჭა თვალები. -Yummy!-ამერიკულად შეაქო მელანიმაც. -შეგერგოთ,- ეთოს გაუხარდა, ნახელავი რომ მოუწონეს. -მოგვიყევი შენს ქალაქზე,- საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა ანამ. -ჩემს ქალაქს ფლინტი ჰქვია. როგორც აქ მტკვარი, იქაც ზუსტად ასე, მდინარე ფლინტი გადის და ამიტომ უწოდეს ეს სახელი. -ლამაზია? -ნიუ-იორკივით, ლოს-ანჯელესივით და სხვა ცნობილი ქალაქებივით დიდი და მრავალი ცათამბჯენით არ გამოირჩევა, მაგრამ მე მომწონს. მანქანების ინდუსტრიით არის ცნობილი. -მოიცა, აბა, დეტროიტი? -დეტროიტიც და ფლინტიც -ორივე ინდუსტრიული ქალაქებია. -გასაგებია. -იქაური სკოლები როგორია? -ამერიკულ სკოლებში მეტი დისციპლინა და ორგანიზებულობაა. -რას გულისხმობ? -ბავშვების უსაფრთხოებას, პრივატულობას, სასწავლო პროცესის ორგანიზებულობას და კიდევ ბევრ წვრილმანს. -ჩვენი სკოლა არ მოგწონს? -არ მითქვამს, რომ არ მომწონს. მე თუ მკითხავ, აქ შენობა უფრო ლამაზია და ძალიან თანამედროვედ აღჭურვილი, მაგრამ არის რაღაცები, რაც დამაკლდა. თუმცა იქ ფაბლიქ სკოლაში ვსწავლობდი, ეს კი კერძოა და მგონი არც უნდა შემედარებინა,-მხრები აიჩეჩა გოგონამ. -გულწრფელი გოგონაა, ანა ზუსტად შენნაირი მოგიძებნია,-გაეღიმა ეთოს. -იქ რითი ერთობოდით? -ორი მეგობარი მყავდა, რომლებთანაც ახლოს ვიყავი. ხან დედაჩემს მივყავდი მათთან მანქანით, ხან ისინი მოდიოდნენ ჩემთან. ფილმებს ვუყურებდით, მუსიკას ვუსმენდით, საჭმელებიც მოგვიმზადებია ერთად. ერთხელ მახსოვს, დედაჩემთან ერთად ნამცხვარი გამოვაცხეთ, მერე ქუჩაში გავყიდეთ და აღებული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადავრიცხეთ. ხშირად მიგვიღია მონაწილეობა ქალაქის ეკოსისტემის დაცვის პროექტებშიც. -შენ როგორი ყოჩაღი გოგო ყოფილხარ,- გაუკვირდა ეთოს. მელანიმ მადლობა გადაუხადა და ხაბიზგინის ჭამა გააგრძელა. სადილის შემდეგ, ანამ თავის ოთახში შეიყვანა და დაათვალიერებინა. -კომფორტული ოთახი გქონია,-აღნიშნა სტუმარმა და ჩარჩოში ჩასმულ ერთ-ერთ ფოტოს დააცქერდა. -ამ ფოტოში ექვსი წლის ვარ. სკოლაში მისვლის პირველი დღეა,-განუმარტა ანამ. -რა ლამაზი ბავშვი ყოფილხარ. -მადლობა. -რატი თავიდანვე შენს კლასში იყო? -სულ რაღაც მესამე წელია, რაც „Opened World”-ში გადავედი, მანამდე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. -გასაგებია. -რატიზე რატომ მკითხე? -არა, ისე,-თავი გააქნია გოგონამ,-მაინტერესებდა სულ ეგეთი ბავშვი იყო, თუ? -ალბათ, სულ ეგეთი იყო,- სახე შეეცვალა ანას,-შეეტყო, რომ მაინცდამაინც არ სიამოვნებდა ავაზნელზე საუბარი. -დღეს ძალიან ცუდად მოგექცა. -მოდი, მაგ ბიჭზე საუბარი არ გვინდა, რამე კარგზე ვილაპარაკოთ, ან ფილმს ვუყუროთ. -შენ როგორც იტყვი,- დაეთანხმა მელანი, თუმცა ცხადზე ცხადი იყო, რომ ერჩივნა, რატიზე ელაპარაკათ და მასზე უფრო მეტი შეეტყო, ვიდრე იცოდა. --- საღამოს 18:30 საათი იყო, როდესაც რატი ავაზნელი ბიძამისის, ილია ხავთასის სახლს მიადგა: -იუბილარს გაუმარჯოს,- სახეგაბადრულ მამაკაცს გადაეხვია და ქურთუკი შესასვლელში დატოვა. -ასე უნდა დაიკარგო? აღარც ბიძა გახსოვს, აღარც ბიცოლა, არც შენი ბიძაშვილი და ჩემზე და ბებიაშენზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია,- გამწყრალი სახით მიუახლოვდა გოგი ხავთასი შვილიშვილს. -კარგი რა გოგი, დროებით მაინც დაივიწყე შენი ბუზღუნა ხასიათი, - ქმარს უკმაყოფილო სახით შეხედა მეუღლემ და რატის ჩაეხუტა: - მოდი ბებიკო, როგორ მომენატრე, ჩემო ბიჭო. ბებია რომ მოესიყვარულა, ბაბუას მიუბრუნდა და თავი იმართლა: -ვეღარ ვიცლი. უკვე აბიტურიენტი ვარ, ბატონო გოგი. ხუმრობა ხომ არ არის? - წამოდი, უცხო არავინ გვყავს. მხოლოდ შინაურები ვართ. წელს გადავწყვიტე, ვიწრო წრეში აღმენიშნა,- ილიამ ხელი ახლად ნაოპერაციებ ხერხემალზე მოიკიდა და დისშვილი სასადილო ოთახში შეიპატიჟა. ტიტე და თეკო დანარჩენ მასპინძლებთან ერთად უკვე მაგიდასთან ისხდნენ. როგორც აღმოჩნდა, რატი უკანასკნელი სტუმარი იყო, რომელსაც ელოდებოდნენ. უმცროსმა ავაზნელმა მაგიდასთან მსხდომები მოიკითხა და ადგილი ბიძაშვილის გვერდით დაიკავა. -რა კარგი ბიჭი ხარ, რომ მოხვედი,- თბილად გაუღიმა კელიმ მამიდაშვილს. -რიანაირი ბლურწკობებია რიაარი?- სასაცილო ხმით იკითხა რატიმ, როდესაც ცისფერ ჟელეში ჩაწყობილ ცოცხალ თევზს, სპაგეტით გაკეთებულ ბუდეებს, შიგნით ჩადებულ მწყრის კვერცხებს და კიდევ უამრავ მსგავს საჭმელს მოჰკრა თვალი. -თითქოს არ იცნობდე ბიცოლაშენს,-თვალები აატრიალა კელიმ. -ეს რა არის, გაფიცებ?- ერთ-ერთ საჭმელზე მიანიშნა ბიძაშვილს. -გებჟალია მოცხარის პესტოთი და თაფლის სოუსით. -რაო?- თვალები ისე გაუფართოვდა, კელიმ თავი ვეღარ შეიკავა და აკისკისდა. -ცოტა ჩუმად,- იდაყვი გაჰკრა გოგონას და თავადაც ჩაეცინა. უფროსები ისე იყვნენ საუბარში და სადღეგრძელოებში გართულნი, ბიძაშვილ-მამიდაშვილის შეხუმრებული საუბარი არც კი გაუგონიათ. ოდნავ რომ შენაყრდნენ, კელიმ გარეთ გასვლა მოინდომა და რატის სთხოვა, გაჰყოლოდა. უკანა ეზოში ერთ-ერთ ხეს ამოეფარა და სიგარეტის ღერს მოუკიდა. -მშობლებმა იციან, რომ ეწევი?- ჰკითხა მამიდაშვილმა. -მგონი დედაჩემი რაღაცას ხვდება, მაგრამ თავს ისულელებს. -და რატომ დაიწყე? -აუ, რა ვიცი. გოგოებმა ერთხელ გავსინჯეთ, მერე დამევასა და მას შემდეგ ჩუმად ვეპარები ხოლმე. ვმაიმუნობ რა, აქტიური მწეველი ჩემზე არ ითქმის. -თუ შეგიძლია, რომ თავი დაანებო, მაშინ გირჩევ, აღარ გაეკარო. -რატომ? -უფრო მიეჩვევი და მერე ძალიან გაგიჭირდება. -ჯერ-ჯერობით არ მაწუხებს მასთან ურთიერთობა. -შენი საქმის შენ უკეთესად იცი,- მხრები აიჩეჩა რატიმ. - ფეხბურთის ამბები როგორ მიდის? -კარგად,-ღამის სიგრილემ შეაწუხა ბიჭი და თხელი ქურთუკი ყელთან აიქაჩა. -შეგცივდა, არა?-სიგარეტი ჩააქრო გოგონამ და წავიდეთო -ანიშნა. -აუ, მშია და სულ დედაშენის ბრალია, იმ რაღაც საზიზღრობებს რომ ვერ ვეკარები. -ნუ აზვიადებ! სხვა რაღაცებიც დევს სუფრაზე და თვალები კარგად გაახილე,- გაეცინა გოგონას. -იცი რას შევჭამდი? -რას? -შაურმას. -რას? -ჰო, რა იყო? გინდა დაგპატიჟო? -გადაირიე? -ვიყიდოთ და მალე დავბრუნდეთ. -სად უნდა ვთქვა, რომ მამაჩემის დაბადების დღეზე მე და ჩემი გადარეული მამიდაშვილი შაურმის საჭმელად სახლიდან გავიპარეთ-მეთქი? -შენც ნურსად იტყვი. აუცილებელია, ყველამ გაიგოს?- ხელი მოჰკიდა ბიძაშვილს და მანქანისკენ უბიძგა. -გიჟი ხარ. -გიჟი არა და მშიერი -კი, -მანქანა დაქოქა და გეზი ქალაქის საუკეთესო საშაურმისკენ აიღო. -ყველა ამბობს, რომ აუტანელი ხასიათის ადამიანი ხარ. ჩემთან სწორედ ისეთივე გულღია და ალალი ხარ, როგორც ბავშვობაში. რატის არაფერი უთქვამს, სერიოზული სახით აგრძელებდა მანქანის მართვას. -გახსოვს მე და შენ დამალობანას რომ ვთამაშობდით და შემთხვევით ჩიტის ბუდიდან ჩამოვარდნილი ბარტყი რომ იპოვე? მამიდაშვილი კვლავ დუმილს ამჯობინებდა. -ხელებში ათბობდი და ცდილობდი, გაგეცოცხლებინა. ერთხელ, ტიტე და მამიდა სადღაც წავიდნენ და ჩვენთან სახლში დაგტოვეს. თამაშის დროს სარდაფში შემთხვევით მკვდარი წრუწუნა ვიპოვეთ. მე შემეშინდა და გავიქეცი. შენ კი დარჩი და დიდხანს დასცქეროდი. როცა დედაჩემი მოვიდა, მოწყენილმა ჰკითხე აღარ გაცოცხლდებაო? მან კი დაგამშვიდა, დედა თაგვი რომელიღაც სამკურნალო ბალახის მოსატანად არის წასული და რომ დაბრუნდება, სახეზე რამდენჯერმე შეახებს და აუცილებლად გაცოცხლდებაო. ეს რომ გაიგონე, შენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. -ამ ყველაფერს რატომ მახსენებ?-ბიჭმა როგორც იქნა, ხმა ამოიღო. -ყოველ ჯერზე, როდესაც შენზე ამბობენ, ცივი და ჩაკეტილიაო, მათთვის იმდენი რაღაცის მოყოლა მინდება... -ვინ ამბობს, რომ ცივიაო? -ყველა. -ვინ ყველა? -ვინც გიცნობს,- ხელის მტევნები გაშალა კელიმ. რატიმ სიჩქარეს მოუმატა, საუბრის გაგრძელება აღარ მოისურვა და მეტი კითხვის დასმისგან თავი შეიკავა. --- -იცი რა?- ახალი იდეა მოუვიდა თავში ანას და ფილმი დროებით დისტანციური მართვის პულტით გააჩერა. -რა?- ცნობისმოყვარე მზერა შეავლო მელანიმ. -რა და ქველმოქმედება რომ ახსენე, ვფიქრობ მსგავსი ტიპის ღონისძიება ჩვენს კლასსაც შეუძლია, რომ მოაწყოს. -ვისთვის? -ჩვენი კლასელისთვის, რომელსაც მეთერთმეტე კლასს რომ ვამთავრებდით, ლეიკემია დაუდგინდა და მას შემდეგ მკურნალობის კურსს გადის. როგორც ვიცი, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა და ფინანსურად არც ისეთ კარგ დღეშია. ჩემი აზრით, ურიგო არ იქნება, მთელი სკოლა ამ იდეის გარშემო გაერთიანდეს და ვისაც რა შეუძლია, თანხის შესაგროვებლად ისე იმოქმედოს. -პირველ რიგში ადმინისტრაციისგან უნდა მივიღოთ თანხმობა. -ხვალვე დაველაპარაკები დამრიგებელს,- ახალმა აზრმა თვალები ვარსკვლავებივით აუკიაფა ანას. -ვთქვათ, თანხმობა მივიღეთ, პირადად შენ რა შეგიძლია, გააკეთო?- დაინტერესდა მელანი. -შემიძლია, ტკბილეული გამოვაცხო და სკოლის ეზოში გავყიდო. -ეგ კარგი აზრია. შეგიძლია რამდენიმე ადამიანიც დაიხმარო და უფრო ფართორიცხოვანი მენიუ შესთავაზო მყიდველს. -შენ არ მომეხმარები? -რა თქმა უნდა, მაგრამ მე სხვა რაღაც მომაფიქრდა და დიდი სიამოვნებით გავაკეთებ. -აბა, გამანდე, -მისკენ მიიჩოჩა ცნობისწადილისგან აცქმუტებული ანა და ყურადღება დაძაბა. -ქუჩებში რომ ოქროსფრად ან ვერცხლისფრად შეღებილი გაძეგლებული მსახიობები დგანან ან სხედან ხოლმე ხომ შეგინიშნავს? -კი, მერე? -შემიძლია, ერთ-ერთი ცნობილი ქანდაკების სახე განვასახიერო. ამერიკაში მსახიობის ოსტატობის კურსებზე დავდიოდი და არც თუ ისე ცუდად გამომდის. -მართლა? აბა, რომელიმე ძეგლს მიბაძე,- ინტერესით შეხედა ანამ და მელანის რეაქციას დაელოდა. -მოლი მალონი გაგიგია? მისი განმსახიერებელი ხშირად ვყოფილვარ. -სამწუხაროდ, მასზე პირველად მესმის. -იგი იყო ახალგაზრდა გოგონა მეჩვიდმეტე საუკუნის ირლანდიიდან, რომელიც დუბლინის ქუჩებში დღის განმავლობაში ურიკით დაიარებოდა და თევზს ჰყიდდა, ხოლო ღამით მეძავად მუშაობდა. ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ციებ-ცხელებამ შეიპყრო და დაიღუპა. მოგვიანებით ამ სევდიან გოგონაზე სიმღერა შეიქმნა. ქუჩაში რომ ირლანდიელები გააჩერო და მოლი მალონი უხსენო, მასზე დაწერილ ცნობილ მელოდიას ათიდან შვიდი მაინც წაგიმღერებს. მისი ქანდაკება დუბლინის ცენტრში დგას და ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. -შენ საიდან გაიგე მასზე? -ეს სიმღერა ჩემს ქვეყანაშიც საკმაოდ ცნობილია. -ერთი უნდა დავგუგლო, მაინტერესებს რა ინფორმაციას ამომიგდებს,- ინტერესი მოეძალა ანას და მობილურ ტელეფონს დასწვდა,-ოჰო! თვალები დააჭყიტა, როდესაც მეჩვიდმეტე საუკუნის დროინდელი კაბით შემოსილი გამოქანდაკებული მოლი იხილა. რა სავსე და ლამაზი მკერდი აქვს,- ჩაილაპარაკა და მელანის მკერდისკენ გააპარა თვალი. -გაფიცებ, მე რატომ შემომხედე?- გაეცინა მელანის. -არაფერი,-თავი გაიქნია ანამ. -გაინტერესებდა ჩემი მკერდით გავქაჩავდი თუ არა მოლის ქანდაკების როლის შესრულებას? -არ დაგიმალავ და ჰო. -არ იღელვო, გავქაჩავ,-თვალი ჩაუკრა მელანიმ და თავის მკერდი წინ გამოსწია. -მოკლედ, შენ გაშეშდები, მე ნამცხვრის გამყიდველი გავხდები და სოფელიც აშენდება,- გაუხარდა ანას და აღტაცებულმა ხელები მოიფშვნიტა. -ძალიან კარგი. მოდი, მე წავალ, შენ ხვალ დამრიგებელს დაელაპარაკე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ,- ფეხზე წამოდგა მელანი და გასასვლელისკენ წავიდა. -ასე მალე? ცოტა ხანსაც დარჩენილიყავი,- სიტყვა დააწია მეგობარმა. -უკვე გვიანია, ბებია ინერვიულებს,-მიუბრუნდა ანას, ლოყაზე აკოცა და კარისკენ შებრუნდა. მოულოდნელად კარი გარედან გაიღო და მელანი მასზე ერთი თავით მაღალ ანას ძმას მთელი ძალით შეასკდა. ბიჭმა ხელი შეაშველა, რომ არ დაცემულიყო: -კარგად ხარ?-ღიმილით შეათვალიერა სტუმარი. -ბოდიში, ბოდიში,- სწრაფად წარმოთქვა მელანიმ და გარეთ გავარდა. -ეს ვინ იყო?- გაკვირვებული სახით ჰკითხა დას. -ჩემი ახალი მეგობარია,-მიუგო გოგონამ და თავის ოთახში შებრუნდა. --- ტიტე ავაზნელმა სახლში მისვლისთანავე შვილს ღამე მშვიდობისა უსურვა და საძინებელს მიაკითხა. -უკვე იძინებ?- ოთახში შეჰყვა თეკოც და მაცდური ღიმილით შეხედა. ტიტე მიხვდა ქალის სურვილს და მის მოსაშორებლად კუნთების ტკივილი და დაღლილობა მოიმიზეზა. -მასაჟს გაგიკეთებ და შენი დაღლილობაც გაივლის, -გაუღიმა თეკომ და პერანგის გახდა დაუწყო. მამაკაცი წელსზემოთ გააშიშვლა და თითების მსუბუქი მოძრაობებით მასაჟი ჯერ კისრის მალებიდან დაიწყო, შემდეგ მხრებზე გადავიდა და იქიდან მთელ ზურგს მოედო. ცოტა ხანში ტიტეს კუნთების დაჭიმულობა მოეხსნა და სიმსუბუქე იგრძნო: -მართლა კარგად გამოგდის,- სიამოვნებას ვერ მალავდა. -სხვა რაღაცებიც კარგად გამომდის, მაგრამ ეს რატომღაც აღარ გახსოვს,- სექსუალური ხმით ჩაილაპარაკა ქალმა და ცხელი ტუჩები მხარზე დააწება. მამაკაცი შეიშმუშნა, თითქოს არ ესიამოვნა. -იცი როგორ მომენატრე? -ყურში ჩასჩურჩულებდა ვნებააშლილი და ყელს უკოცნიდა. სიყვარულის ხასიათზე მოსულმა ქალმა მოახერხა და წამოწყებაში ტიტეც აიყოლია. რამდენიმე წუთში ცხელ ღამეს ვნება შემოეცალა და ერთმანეთისგან გათანგული წყვილი სიამოვნებისგან აღვსილნი ბალიშებზე მიესვენნენ. ტიტე მაშინვე ძილმა წაიღო და გათიშულმა გონებამ სიზმრების მორიგ სამბრძანებლოში მოინდომა გასეირნება. უეცრად, კარგად ნაცნობ კოშმარს გადააწყდა, რომელიც უკვე რამდენიმე წელი იყო, მოსვენებას უკარგავდა: ცაზე ვარსკვლავების გარეშე ჩამობნელდა... მის წინ მდებარე გზა ხის ტოტებივით უამრავ განშტოებად იყოფოდა და ერთმანეთში იხლართებოდა. ვეღარ გაეგო, რომელი მიმართულება აერჩია და დასდგომოდა. ქარს ნაცნობი ქალის სურნელი საიდანღაც მკრთალად მოჰქონდა. სიბნელეს არ ნებდებოდა და ხელის ცეცებით შეუპოვრად მიიწევდა. იმ ერთადერთს ეძებდა, რომლის თვალები, სახე და ღიმილი გონებიდან არ გამოსდიოდა. მიდიოდა და იცოდა, სადღაც ნახავდა. თითქოს მისგან შორს იყო, მაგრამ იმედს არ ჰკარგავდა, რომ სინათლეს დაინახავდა და მისკენ მისასვლელ გზას გაიმარტივებდა. ქარი გაძლიერდა და განწირული ადამიანივით ხახიდან საზარელ ხმებს უშვებდა. ჰაერში ატეხილი კორიანტელი თვალებს მიწით უვსებდა და მხედველობას უქვეითებდა. ეს ფაქტი ოდნავადაც არ აშინებდა, ძალას იკრებდა, რომ წინაღობები გადაელახა და სამშვიდობოს გასულიყო. ბოლოს, ორ უფსკრულთან აღმოჩნდა. ვეღარც წინ დგამდა ნაბიჯს და ვეღარც უკან, სიცარიელე სიკვდილთან აახლოვებდა. -ნინო,- აღმოხდა დამაშვრალს და ორ უფსკრულს შორის გაირთხა. მოულოდნელად სხეულში ჩაღვრილი სითბო იგრძნო. თავდაპირველად ეგონა, ეჩვენებოდა, მაგრამ მკლავებში ჩარგული თავი ოდნავ ასწია და შორიდან გამკრთალი სხივი დაინახა, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა და ირგვლივ ყველაფერს ნათელს ჰფენდა. საყვარელი ქალის სურნელი უფრო მკვეთრად იგრძნო. მის გარშემო ლავანდის ყვავილების მინდვრებმა გაიღვიძეს. სხივი კიდევ უფრო მიუახლოვდა და თეთრ კაბაში გამოწყობილ ნინოდ გარდაისახა. -მოხვედი?- გახარებული მამაკაცი ქანცგაწყვეტილი წამოდგა მის შესაგეგებლად. -მოვედი,- პირქუში იყო ქალი. -რამდენი გეძებე. სად წახვედი? რატომ დამტოვე? -ისევ უნდა წავიდე. შენთან ვერ დავრჩები. -რატომ?-გული შეეკუმშა ცივი სახით მომზირალ ნინოს სიტყვებზე მამაკაცს. -ამის უფლება არ მაქვს, ამიკრძალეს. -ვინ აგიკრძალა? -ვერ გეტყვი,- ძალიან მკაცრი და თავდაჯერებული იყო თეთრკაბიანი. -ნუ გეშინია, მითხარი. ქალი უარის ნიშნად თავს აქნევდა. -არასწორად იქცევი!- ხმაში სიბრაზე შეეპარა ტიტეს. -შენი მოწერილი წერილები მოგიტანე. ჩემთან ამათ აღარაფერი ესაქმებათ,- კონვერტები გაუწოდა. -გთხოვ, ამ სიყვარულს უსამართლოდ ნუ მოექცევი!- ახლა უკვე მუდარა გაერია მის ხმაში. -ვერ დაგპირდები,- მოიწყინა ქალმა და სახე რომ დაემალა, ზურგით შებრუნდა. -ნინო,- მასთან მისვლა სცადა მამაკაცმა, მაგრამ რაღაც ბოჭავდა, ნაბიჯსაც ვერ დგამდა. ქალი წავიდა, ისე, რომ მისკენ ერთხელაც არ მიუხედავს. -არ მიმატოვო! - ყვიროდა უყვიროდა სატრფოს, მაგრამ საკუთარი ხმა თავადაც არ ესმოდა. მეტყველების უნარი წართმეოდა და ვერაფერს აგონებდა. თეთრკაბიანი ისევ სხივად იქცა, მისი სურნელიც გაცვდა, ლავანდის მინდვრებიც სადღაც გაქრნენ, ჩამობნელდა და უმალ ნაცნობ უფსკრულებს შორის მოექცა. ტიტეს ხელში შერჩენილი წერილები ქვიშის საათივით ჩამოეცალნენ და დაბრუნებულ ქარს სადღაც გაჰყვნენ. -რატომ გავატანეთ ქარს ჩვენი წერილები?! ეს ვინ გვაიძულა?! -იღრიალა მამაკაცმა და გამეფებულ წყვდიადში წაიქცა. არავის ესმოდა მისი ხმა, იოგები ისევ ჩაწყვეტილი ჰქონდა. ძალიან ბორგავდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა. შუბლზე ოფლი ასხამდა და შეწუხებულ სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან წვალობდა. ძილბურანში მყოფი თეკო მამაკაცის უცნაურმა მოქმედებამ გამოაფხიზლა და შეშინებული დააცქერდა. მერე მიხვდა, სიზმარს ხედავდა, ხელი ფრთხილად შეახო, რამდენჯერმე სახელით მიმართა და გააღვიძა. ტიტე დამფრთხალი წამოვარდა და ოთახში მიმოიხედა. გამოერკვა, რომ სიზმარი ნახა, ხალათი შემოიცვა და წყლის დასალევად წამოდგა. -სად მიდიხარ?- დაბალ ხმაზე ჰკითხა თეკომ. -წყალს დავლევ და მოვალ,-მიაძახა და კიბეებით სამზარეულოსკენ დაეშვა. უდაბნოში მოწყურებულივით გამოცალა ორი ჭიქა და ოფლით დაცვარული სახე ხელით მოიწმინდა. ოდნავ რომ დამშვიდდა, ეზოში გავიდა და ჟანგბადით სავსე ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. სხეულში მთელი არსებით გამჯდარ ღამის წყეულ კოშმარს უკვე ვინ იცის, ნაფლეთ-ნაფლეთ მერამდენედ დევნიდა... --- მეორე დილას, რატი და მისი კლასელები გაკვეთილების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე წებვადი ლენტით შეხვეული ქაღალდის ხვეულით ფეხბურთს თამაშობდნენ. მოულოდნელად, ავაზნელმა მოწინააღმდეგეს ხელი ჰკრა და „ბურთის“ წართმევა დაუპირა. მოთამაშე მთელი ძალით შეასკდა დაფას და კედლიდან ჩამოგლეჯილ დაფასთან ერთად ძირს ისე საშინლად დაეცა, ხელი მოიტეხა. -თქვენ ხომ არაფრის ღირსი არ ხართ! ჯერ სწავლა წესიერად არც კი დაწყებულა და უკვე ვხედავ კედლიდან ჩამოგლეჯილ დაფას და მოსწავლის მოტეხილ ხელს. თქვენი ადგილი სკოლაში კი არა, ჯუნგლებშია, ჯუნგ-ლებ-ში!- ყვიროდა დამრიგებელი. კლასში ყველა გაისუსა. დაშავებულ კლასელზე ნერვიულობდნენ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაუსაძლისი ტკივილებით გააცილეს ექიმის კაბინეტისკენ. -ექსკურსიაზე მინდოდა, წამეყვანეთ, მაგრამ ის დროა, გადავიფიქრო. მრცხვენია, რომ ველურების კლასს ვწყემსავ. მასწავლებელი კი არა, საგიჟეთის უდიპლომო და უხალათო ექიმი ვარ,- არ ცხრებოდა მასწავლებელი და განერვიულებული დადიოდა ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში:-აბრძანდეს და აღიაროს ეს ვინც ჩაიდინა. იმის გამბედაობა მაინც ეყოს და თქვას, რომ დამნაშავეა და ნანობს. კლასელები რატის ფეხზე წამოდგომას ელოდებოდნენ, მაგრამ რატომღაც ის სულ არ ფიქრობდა, რომ სიმართლე უნდა გაემჟღავნებინა. ავაზნელის უტიფარი სახის შემყურე მელანოს მოთმინების ფიალა აევსო, წამოდგა და ყველაფერი თქვა: -ძალიან ვწუხვარ, რომ მე მიწევს დამნაშავის ნაცვლად საუბარი, მაგრამ რადგან ის სიმართლის თქმას არ აპირებს, მაშინ ამას მე გავაკეთებ. -გისმენ!-დამრიგებელი ახლოს მივიდა ვუდთან და თვალებში ჩახედა. აფორიაქებულმა ანამ ფეხი მიჰკრა მელანის და ცდილობდა, მეგობრისთვის გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა, მაგრამ გოგონას უკან დახევის არაფერი ეტყობოდა. -ეს რატი ავაზნელმა გააკეთა. დემეს ხელი მან ჰკრა, კედელს შეაზღერთა, შემდეგ ძირს დაცემული ჩამოგლეჯილ დაფას შეატოვა და კლასიდან გავიდა. მოსწავლეებში ჩოჩქოლი ატყდა, არავინ ელოდებოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. -ეს რა გააკეთე?!- ანამ შუბლზე შემოირტყა ხელი. მასწავლებელმა მელანის მადლობა გადაუხადა და გაკვეთილების შემდეგ რატი ავაზნელი დირექტორთან დაიბარა. ავაზნელმა სანდროს და თემოს რაღაც გადაულაპარაკა, მერე ბოროტი თვალებით მელანის გახედა და ისეთი სახე მიიღო, კარგს არაფერზე მოასწავებდა. -როგორც კი ზარი იქნება, სასწრაფოდ კლასს დატოვებ, უკან გამომყვები და რასაც გეტყვი, დამიჯერებ!- საჩვენებელი თითი ასწია ანამ და მომთხოვნი ტონით წარმოთქვა. -რატომ?-გაკვირვებული იყო მელანი. -არ გამიგონებ და საშინელებას დაგმართებენ. შენ არ იცნობ რატი ავაზნელს. ერთი დაუნდობელი ავაზაკია. ამას ასე ადვილად არ შეგარჩენს,- შეშინებული თვალებით აფრთხილებდა მეგობარს. -რას არ შემარჩენს? როდიდან გახდა მატყუარა ადამიანი დასაფასებელი და სიმართლის მთქმელი -დაუფასებელი? არაკაცურად რომ მოიქცა, ეგ უნდა შერჩენოდა?- გაწიწმატებული ისროდა სიტყვებს. -გეხვეწები, დამიჯერე, ვიცი, რასაც გეუბნები. -რა დაგიჯერო? დამნაშავე ის არის და კიდევ მე გავიქცე კლასიდან?-ვერაფერი გაეგო მელანის. -რაღაც ცუდი ჩაიფიქრეს, ამას მთელი არსებით ვგრძნობ და უმჯობესი იქნება, თუ დღეს სკოლაში აღარ გამოჩნდები. როგორმე აქედან უნდა გააღწიო, მე დაგეხმარები. -What a f@cking reality?-თავის ენაზე ჩაილაპარაკა მელანიმ და მის წინ დადებული რვეული მერხიდან გაისროლა. --- ზარის დარეკვისთანავე ანამ ხელი მოჰკიდა მელანის, მათეს და მარიამს შეხედა და მათგან რომ მიმიკური მინიშნებებით დახმარებაზე თანხმობა მიიღო, გული მეტად მიეცა და მეგობარი სასწრაფოდ კლასიდან გაიყვანა. -სად მიგყავარ? - მართლა ვერაფერს ხვდებოდა, რა დააშავა და რატომ უნდა გაქცეულიყო. -მოდიან!- თემოს და სანდროს დანახვაზე ანას გული აუჩქარდა. მელანის ხელი ჰკრა და პერსონალური ნივთების შესანახი კარადების ოთახში შეიყვანა. -გამაგებინე რა დავაშავე და რატომ მმალავ?- უცნაურად უყურებდა მელანი მეგობარს და უკვე ეჭვი ეპარებოდა მის გონიერებაში. -აქ დაიმალე, -თავის კარადა გამოაღო, შიგნით შეტენა და გასაღებით გადაუკეტა, თავად კი შემოვლითი გზით ბუფეტში ჩავიდა. -სად არის?- თავზე წამოადგნენ რატის მეგობრები. -ვინ სად არის?- გაიკვირვა ანამ. -შენი ახალი მეგობარი. -ტუალეტში. რა ხდება?-მათი დაბნევა სცადა. ბიჭებმა პასუხი არ დაუბრუნეს, გოგოების ტუალეტისკენ გაიქცნენ. ანამ მობილური ტელეფონი ამოიღო და მელანის ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომ ზარი გაეთიშა. კარადაში მჯდომი ასეც მოიქცა. სწორედ მაშინ, თემოს ხმა გაიგონა: -ასე უცებ სად აორთქლდა? -მაინც ვერ გავა ამ შენობიდან. პასუხს ვაგებინებთ!- მიუგო სანდრომ და რომ დარწმუნდნენ, ოთახი ცარიელი იყო, იქაურობა დატოვეს. -ღმერთო, რა შეგცოდე ამისთანა?- მელანიმ სახეზე ხელები აიფარა და მაშინ მიხვდა, რომ წუთების წინ ანა სიმართლეს ეუბნებოდა. უცნაურმა შიშმა აიტანა და სიმწრისგან საჩვენებელ თითზე იკბინა. -დროზე გამოდი აქედან და გამომყევი!-სწრაფად გამოგლიჯა მათემ კარადის კარი. მელანის სუნთქვა შეეკრა. არ ელოდებოდა, რომ ანა სხვას გაუშვებდა მის დასახმარებლად. -ნუ გეშინია, მასზე რომ არაფერი ეეჭვათ, ანამ მე გამომაგზავნა,-ახსნა-განმარტება მიაყოლა ბიჭმა. -რატომ უნდა ვიჯდე ცხრანაირად მოკუნტული აქ ვიღაც რატის გამო და შიშისგან ვკანკალებდე, ვინმე ამიხსნის?- აღმოხდა გოგონას. -ამაზე საუბრის დრო არ არის, სარდაფის ჩასასვლელი კიბეების ქვეშ უნდა დაიმალო. წავიდეთ!- ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად სწრაფად ჩაირბინა კიბეები. -ვაიმე, აქეთ მოდიან!-იყვირა მელანიმ და კედელს აეკრო. -ჩშშ!- ბიჭმა ანიშნა, რომ დაწყნარებულიყო და სასწავლო ნაწილის ოთახში შეაგდო. საბედნიეროდ გაუმართლა, ოთახი ცარიელი აღმოჩნდა. სასწავლო ნაწილი დირექტორის კაბინეტში რატი ავაზნელის საქმესთან დაკავშირებით გასულიყო. ანასგან შეტყობინება მიიღო, რომ ბიჭები პირველ სართულზე იყვნენ და იქ გამოჩენაზე თავი შეეკავებინათ. -ვაიმე!-საკუთარ სხეულს ინსტინქტურად ჯვარედინად შემოავლო მკლავები და გაორმაგებულ გულისცემას საკუთარი ძალებით ცდილობდა, ჩაეხშო. რამდენიმე წუთში მათემ კარი შეაღო და შესძახა: -ჩქარა, სარდაფისკენ! -ეს რა დღეში ვარ? ასე მგონია, ბანკი დავაყაჩაღე და უკან პოლიციელები მომდევენ,- უფრო მეტად შეცბუნებული ჩანდა მელანი. -ახლა ცოტა ხნით იქ დაგტოვებ და კლასში ავალ. ძალიან გთხოვ, სანამ არ მოგაკითხავთ, იქიდან გამოსვლა არც იფიქრო. -თორემ? -ისეთ რაღაცას დაგმართებენ, ძალიან შეგრცხვება. ბულინგი მაგათი მოგონილია. -ჯანდაბა! რისთვის? -რატი და მისი შანტრაბა ამ სკოლის მოუშორებელი ჭირია. ეგენი უნდა აქო და ერიდო. -F@ck!-იყვირა გოგონამ. -აი, მოვედით! - კიბეებთან გაჩერდა მათე. მელანი ჩავიდა და როგორც ბიჭმა დაარიგა, კიბეების ქვეშ დადგა. ამასობაში ზარი დაირეკა და მოსწავლეები კლასში შევიდნენ. სკოლის შენობა უცებ ჩაწყნარდა. აქა-იქ მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლის ხმა ისმოდა. გოგონა გაუნძრევლად იდგა, პირველად იყო ასეთ გაურკვევლობაში ჩავარდნილი და თავისით იმასაც ვეღარ ხვდებოდა, რა მოემოქმედებინა. იმ მომენტში ყველანაირად ანას გადაწყვეტილებებს მინდობოდა. ცოტა ხანში მარიამის ხმა გაიგონა: -მელანო, მარიამი ვარ, გამოდი. -შენ?-გაუკვირდა გოგონას. -ჰო, მე ვიცი სკოლის შენობიდან როგორც უნდა გახვიდე, ოღონდ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, ბევრი დრო არ გვაქვს. -რატომ უნდა გავიდე? -დღეს ასეა საჭირო, ხვალ-ზეგ კი სიტუაცია ჩაცხრება და ისევ გამოჩნდები. ცხელ გულზე რატი და მისი მეგობრები არავინ იცის, რას გაგიკეთებენ. -რატომ მაშინებთ?- ტუჩზე იკბინა გოგონამ. -ბევრს ნუღარ მალაპარაკებ. ამოდი რა! -მანდატურებმა რომ დაგვინახონ? -ისინი თავის ოთახში არიან. -კამერები? -აქეთ კამერები არ არის დამონტაჟებული. მენდე, მელანო. -აჰა, გენდობით,- სამალავიდან გამოვიდა გოგონა და მარიამს გაჰყვა. -ახლა ექიმის კაბინეტში შევალთ. დააჯერე, რომ შეუძლოდ ხარ, თავი და მუცელი გტკივა, თვალთ გიბნელდება, გული გერევა და სახლში წასვლა გინდა. დანარჩენი კი თავისით მოგვარდება. -დიდი მადლობა,- მადლიერების გრძნობით სავსე თვალებით შეხედა მელანიმ. -წავალ და თუ გაკვეთილს არ ატარებს, დამრიგებელს ვნახავ და საქმის კურსში ჩავაყენებ. ისიც მოგაკითხავს. შენ კი ნუღარ მოცდები, გააკეთე რაც გითხარი და რაც შეიძლება, დროულად გაეცალე სკოლის ტერიტორიას. -კარგი,-მიუგო მელანიმ, ღრმად ამოისუნთქა და ექიმის კაბინეტის კარი შეაღო. რამდენიმე წუთში სკოლის გარეთ იყო და არეული ფიქრებით მიუყვებოდა სახლის გზას. --- სკოლის შესასვლელში შეშფოთებული სახეებით შევარდნენ ტიტე და თეკო. მანდატურებს აუხსნეს, რომ დაბარებულები იყვნენ და მაშინვე დირექტორის კაბინეტისკენ გაეშურნენ. ოთახში სკოლის ადმინისტრაციის თითქმის ყველა წევრი დახვდათ. დამრიგებელი ორივეს მოკრძალებული ღიმილით მიეგება და რატის გადახედა. ბიჭი ძალიან თავისუფლად იდგა. ვერავინ შეატყობდა ვერც სინანულს, ვერც დანაშაულის გრძნობას. ხელში რკინის რგოლი ეჭირა, რომელზეც ფეხბურთის საყვარელი გუნდის ლოგო იყო გამოსახული და თითებში აწვალებდა. -გამარჯობა,- დირექტორს მიესალმა ტიტე და ირგვლივ მყოფებს გადახედა. -გამარჯობა,- ქმარს მიბაძა თეკომაც და ინტერესით გახედა რატის. ბიჭმა ცივი თვალები გაუსწორა და სახე გაიმკაცრა. ახალგაზრდა ქალმა მის ბოროტულ მზერას თავი აარიდა, ტიტეს ხელკავი გამოსდო და გვერდულად აეკრო. -დაბრძანდით,- გარკვევით გაისმა დირექტორის ხმა. -ძალიან მეუხერხულება, რომ ისევ რატის ყოფაქცევის გამო მიწევს თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ეს კერძო სკოლაა, რომლის სახელი ჩვენი თანამშრომლებით, მოსწავლეებით და მათი მიღწეული შედეგებით იქნმება და მკვიდრდება. მშობლები მათი შვილების უსაფრთხოებას, განათლებას და მომავალს გვანდობენ,- ოფიციალური ტექსტით გამოვიდა დირექტორი. -ქალბატონო მაკა, გთხოვთ, საქმეზე გადავიდეთ. რა დააშავა ჩემმა შვილმა?- საუბარში ჩაერთო ტიტე. -თავის კლასელს ხელი მოსტეხა. მამამ შვილს გახედა და დაბალ ხმაზე ჰკითხა: -შეგიძლია, აგვიხსნა ეს როგორ მოხდა? -ფეხბურთს ვთამაშობდით, ბურთის წართმევა მინდოდა, ხელი ვკარი და წაიქცა. სულ ეს არის,- მხრები აიჩეჩა ბიჭმა. -დემეც იგივეს ამბობს,- აღნიშნა დაზარალებულის მამამ და მძიმედ ამოისუნთქა,- როგორც ჩანს, ეს გამიზნული შემთხვევა არ იყო, თამაშის დროს კი არავინ იცის რა მოხდება, მსგავსი რაღაცებისგან დაზღვეული არ ვართ,-გაგებით მოეკიდა დემეტრეს მშობელი. -ჰო, მაგრამ ეს არ ამართლებს მის დაუფიქრებელ საქციელს. კლასი ფეხბურთის მოედანი არ არის! სხვათაშორის, დაზიანებულია სასკოლო ინვენტარიც,- სათვალე შეისწორა დირექტორმა. -ქალბატონო მაკა, ხარჯთაღრიცხვა გამომიგზავნეთ და ავანაზღაურებ,- მიუგო ტიტემ. -კარგი, რადგან ორივე მხარე შეხვდა ერთმანეთს, ყველაფერი გაირკვა, მაშინ მე გარდა იმისა, რომ საყვედური გამოვუცხადო რატის და გავაფრთხილო, სხვა დროს ადამიანის ჯანმრთელობასთან ფრთხილად იყოს, მეტი აღარაფერი დამრჩენია. -ბოდიში შექმნილი მდგომარეობის გამო და კარგად ბრძანდებოდეთ,- მოწიწება იგრძნობოდა ტიტეს სიტყვებში. -კარგად ბრძანდებოდეთ,-თუთიყუშივით გაიმეორა თეკომაც და საყვარელ მამაკაცთან ერთად ოთახი დატოვა. -მერამდენედ უნდა დავხარო თავი შენი გაუაზრებელი საქციელის გამო? კაცი შემოგხედავს, იფიქრებს გაიზარდე, მალე თვრამეტი წლის ხდები და მაინც მიწევს ასეთ სისულელეებზე შენთან საუბარი,-მამამ ცალკე გაიყვანა შვილი და უსაყვედურა. -შეეშვი, ტიტე. აქ არ არის ამის ადგილი, სახლში მოვა და მერე დაელაპარაკე,-ჩუმად უთხრა თეკომ და სკოლას გაარიდა. კლასში დაბრუნებული რატი მეგობრებს გვერდით დაუჯდა და კბილებში გამოსცრა: -ის წაკლა გოგო მომითრიეთ. -წავიდა. -სად წავიდა?- მელანის მერხისკენ გაიხედა ავაზნელმა. -ცუდად გახდა და დამრიგებელმა სახლში გაუშვა. -აბსურდი!- მაშინვე მიხვდა, რომ ვიღაცამ იგი დაძაბულ სიტუაციას გამოსტაცა ხელიდან და ხვდებოდა, ამის მოთავე სავარაუდოდ ანა უნდა ყოფილიყო. -ანა დაეხმარა? -არა, ვაკვირდებოდით და ის არაფერ შუაშია. -აბა, ვინ? -მათესთან ერთად მოვკარით თვალი, მაგრამ მერე კვალი აგვირია და ვერცერთს ვეღარ მივაგენით. -არც მათეა კლასში?- მის ადგილსაც გადახედა რატიმ და თავისუფალი რომ დახვდა, ბრაზმორეულმა შეიგინა. -ისიც დაეთხოვა იას. ეგ ისედაც სადღაც მიდიოდა. დილიდანვე გაფრთხილებული ჰყავდა. -ხვალ მივხედავ ორივეს,-ისეთი სისასტიკით თქვა, თემოს და სანდროს სხეულში გააჟრჟოლათ. --- ვარჯიშიდან დაბრუნებული რატი როგორც კი სახლში შევიდა, ტელევიზორთან მსხდომ ტიტესთვის და თეკოსთვის არც კი შეუხედავს, მაშინვე თავისი ოთახისკენ აიღო გეზი. ტიტე ფეხზე წამოდგა და უხმოდ, მშვიდი ნაბიჯებით აედევნა შვილს. კარი რომ შეაღო, რატი ტანსაცმელს იხდიდა და აბაზანისკენ მიდიოდა. -ერთი წუთი, შენთან საქმე მაქვს,-მკაცრი იყო ტიტე. რატიმ გახდილი მაისური გადაიცვა და მამამისს წინ სერიოზული სახით ჩამოუდგა. -რაც მოხდა, იმის განხილვას აღარ ვაპირებ. თავადაც კარგად გესმის, რომ დააშავე, მაგრამ კიდევ ერთხელ აღარ მინდა უზრდელი და ხეპრე შვილის მამის ამპლუაში წარვსდგე ვიღაც მორალის მკითხველ დეიდებთან და მათი ჭკუის სწავლებები ვისმინო. გასაგებია?! -შევეცდები,- მხოლოდ ეს უთხრა და მორიგ სიტყვას დაელოდა. -კარგად იცი, როგორი მშობელიც ვარ. გაძლევ თავისუფლებას, არ გზღუდავ არაფერში, მაგრამ უტორმუზო გიჟს არ უნდა დაემსგავსო. ახლა დანარჩენზე თავად დაფიქრდი და გაანალიზე როგორ უნდა იმოქმედო, მე ხელს აღარ შეგიშლი, - თითი აუწია და ოთახი დატოვა. ცოტა ხანში თეკომ მიაკითხა: -ვახშამი მზად არის. მე და მამაშენი გელოდებით. -აქ შემომიტანე. -გამობრძანდი და თავად შეიტანე. მე შენი მოსამსახურე არ ვარ. -რა უკმეხი ხარ, როდესაც მამაჩემი არ გვისმენს, - მკრთალად ჩაეცინა რატის და ფეხზე წამოდგა. -ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ ძალიან ხარ განებივრებული და ეს ფაქტი ნორმალურ ცხოვრებაში და საკუთარი შესაძლებლობების რეალურად შეფასებაში ხელს გიშლის. -შენ წარმოიდგინე, სულაც არა. მიყვარს, როდესაც ჩემს სურვილებს ემორჩილებიან. სულ ეს არის. -ტუტუცი ბიჭი,-თავისთვის ჩაილაპარაკა თეკომ და კარები მიუჯახუნა. -გაიმეორე რა თქვი!-ღრიალით დაეწია რატი, ყელში სწვდა და კედელთან მიაზღერთა. -რას აკეთებ?!- შეშლილი სახით მივარდა ტიტე შვილს და ხელი გააშვებინა. -მაშინ შეეშვას დედობანას თამაშს და თავი დამანებოს თავისი რჩევა-დარიგებებით და საყვედურებით. ეს დედაჩემი ვერასოდეს გახდება!- ღრიალს აგრძელებდა რატი. -ფსიქიატრიულის პაციენტია. ეს არ არის საღი ფსიქიკის ადამიანი,- თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა სუნთქვაშეკრულ თეკოს. -ბოდიში მოუხადე, - შეუვალი იყო ტიტე. -არ მოვუხდი. -აღარ გამამეორებინო! დამნაშავე ხარ! -გეფიცები, ისეთი არაფერი მითქვამს, რომ წყობიდან გამოსულიყო,-თავს იმართლებდა თეკო. -შენ გაჩერდი!-ხელით ანიშნა ტიტემ და კვლავ რატის მიუბრუნდა:-გელოდები. -ბოდიში, თქვენო აღმატებულებავ. რევერანსიც ხომ არ გავაკეთო?-ირონიულად უთხრა დედინაცვალს. -არაა საჭირო,-თვალები დაუბრიალა მამამისმა და თეკო საძინებელ ოთახში გაიყვანა. -ამდენს იმიტომ მიბედავს, რომ შენი ცოლი არ ვარ. საერთოდ არაფერს წარმოვადგენ, არარაობა ვარ მის თვალში. -კარგი რა, სტატუსს და ფარატინა ფურცელს რა მნიშვნელობა აქვს? -დამიჯერე, ისეთი მართლა არაფერი მიკადრებია, რომ ასე გაგიჟებულიყო. -მჯერა, მაგრამ ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ მიდგომა შეცვალე. მოზარდია, ცოტა რბილად უნდა დაელაპარაკო. მესმის, რთული ბავშვია, მაგრამ არ გესწავლება, ასე რატომაც იქცევა. ქალი არ შეჰპასუხებია. შესანიშნავად იცოდა, რომ ტიტე მართალი იყო. ტიტესაც კარგად ესმოდა შვილის აგრესიის მიზეზი თეკოს მიმართ და ყოველთვის ცდილობდა, მათ შორის წარმოქმნილი უთანხმოება დასაწყისშივე აღმოეფხვრა, რომ მერე პატარა კამათი დიდ კომფლიქტში არ გადასულიყო და მთელი ძალისხმევით დამყარებული „ოჯახური იდილია“ ქაღალდის ხუხულასავით თავზე არ ჩამოშლოდა. --- გაბედულმა ხასიათმა მელანის უკან არ დაახევინა და ანას რჩევამ, რომ რამდენიმე დღე სახლში დარჩენილიყო და რატის და მის მეგობრებს თვალში არ მოხვედროდა, უნაყოფოდ ჩაიარა. მისმა კლასში გამოჩენამ ცოტა არ იყოს, კლასელებში ფარული დაძაბულობა, ხოლო ავაზნელის თვალებში უზადოდ დიდი კმაყოფილება მოიტანა. გაკვეთილებმა ფიზ-კულტურის გაკვეთილამდე მეტ-ნაკლები სიმშვიდით და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. ის იყო, გვანცა ფიზკულტურის დარბაზში გადასასვლელად ეზოში ჩასვლას აპირებდა, როდესაც ავაზნელმა შეაჩერა და ავისმომასწავებლად გაუღიმა. -რა გინდა?- არც თუ ისე სასიამოვნო მზერით ახედა ავაზნელს. -არაფერი, შენი კარგად ყოფნა,- წარბები აათამაშა ბიჭმა. -დღეს არ გაგიცანი, გატყობ, რაღაც ჩაიფიქრე. -ჰო? მგონი მართალი ხარ. -გელოდები, ამოთქვი რაც გინდა. -კარგი, ბევრი დრო არც მე მაქვს. აი, ამ ჭუჭყიანი წყ*ლით სავსე ვედროს ხედავ?-დამლაგებლის სათლზე მიანიშნა. -კი, მერე? ავაზნელმა მასწავლებლების ტუალეტის გასაღები გაუწოდა: -იმ ოთახში შეხვალ, საჰაეროს გამოაღებ და როგორც კი მელანო ეზოში გამოვა, თავზე გადაასხამ. -რა? -რაც გაიგონე. -არა, ამას ვერ ვიზამ. რატიმ გულის ჯიბიდან გვანცას ხელით დაწერილი, დაჭმუჭნული წერილი ამოიღო, რომელიც დაქალისთვის იყო წასაკითხად განკუთვნილი და შემთხვევით გაკვეთილზე მისთვის ნასროლი რატიმ დაიჭირა. -კარგი, მაშინ ფიზკულტურის გაკვეთილზე ყველას ეცოდინება გუშინ ვის შეხვდი, სად გიფათურებდა ხელებს, რა მოგადო და რა განცდები გამოიარე. ჰო, მართლა ფრაზა „ეკოლოგიურად სუფთა სექსმა“ დაგლიჯა. მე პირადად ბევრი ვიცინე და დარწმუნებული ვარ, სხვებიც გახალისდებიან. გვანცა სირცხვილისგან აწითლდა: -წერილი დამიბრუნე და შევასრულებ. რატიმ უარის ნიშნად თავი გააქნია:- ჯერ გააკეთე, რასაც გეუბნები. -სად არის გარანტია, რომ მაგ წერილს არ დამიბრუნებ და კიდევ არ დამაშანტაჟებ? -სიტყვაზე უნდა მენდო. ტყუილად არავის არაფერს ვპირდები და სხვათაშორის, საიდუმლოს შენახვაც არაჩვეულებრივად მეხერხება. გოგონამ გასაღები ხელებიდან გამოგლიჯა, დამლაგებლის სათლს დასწვდა და პედაგოგების ტუალეტში შეიტანა. რატი ეზოში გავიდა და მეგობრებთან ერთად ოინის საყურებლად მოემზადა. მალე, ანასთან ერთად მელანიც გამოჩნდა და სწორედ იმ დროს ერთი სათლი ჭუჭყიანი წყალი თავზე ჩამოაცალეს. ავაზნელმა გაწუწული და შემცბარი ვუდის სახე რომ დაინახა, ახლოს ჩამოუდგა და გულიანად გაეცინა: -ჯოჯოხეთიდან დარეკეს, მაშხალა გამოგვექცაო და შემთხვევით შენზე ხომ არ იყო საუბარი? მის სიტყვებზე იქ მდგომ მეგობრებს სიცილი აუტყდათ. მელანო მაშინვე მიხვდა, რაც დამართეს, რატის ხელწერა იყო და გაბრაზებულმა მიახალა: -„Hell is empty and all devils are here.” -რა შიჩოჩხლე ხააარ, გოგო, მთელი სკოლის ჭუჭყი ზედ გახატია,- ბოლოჯერაც შეათვალიერა, რომ დამტკბარიყო და ზურგი აქცია. -ხომ გაფრთხილებდი, რატომ არ დამიჯერე?- ანა სახეანთებული მიუბრუნდა მეგობარს. -რატი ავაზნელი არც ისეთი ყოვლისშემძლეა, როგორც შენ და დანარჩენები ფიქრობთ. ამას მალე დაგანახებთ,- წაბილწულ ტანსაცმელს ზიზღით შეავლო თვალი და თავის მოსაწესრიგებლად გაბრაზებული შევარდა სკოლის შენობაში. საკუთარი სინდისით შეწუხებული გვანცა ავაზნელს მივარდა, ცალკე გაიყვანა და დაპირებული წერილი მოსთხოვა: -მე ჩემი სიტყვა შევასრულე. ახლა შენი დროა. რატიმ წერილი ამოიღო, ხელში ჩაუკუჭა და თვალები მოჭუტა: -ისე, ერთი რჩევა- ყველაფრის უფლებას თუ აძლევ იმ ბიჭს, ბარემ ბოლომდე დაასრულებინე. შენც კმაყოფილი დარჩები. -შენი საქმე არ არის,- მის თვალწინ ქაღალდი ნაკუწებად აქცია და ჰაერში ააფრიალა. რატის აღარაფერი უთქვამს, თვალი ჩაუკრა და გაეცალა. -მათეს რას ვუშვრებით? - კითხვით მიადგა სანდრო. -უკვე ვუთხარი, რომ მასთან საქმე მაქვს. გაკვეთილების ბოლოს ფიზკულტურის დარბაზში ჩამოვალთ და შევამოწმებთ. არავინ უნდა დაგვინახოს. დარბაზის სარკმელი უკანა ეზოს მოფარებულ ადგილას გადის და არ მინდა, ახალი შარი ავიკიდო. -მოიცა რა, თუ ძმა ხარ. ჯერ სარკმელთან ვინ უნდა აბობღდეს, თუ სპეციალურად რამე არ ისქესა და მერე იქ ვინ უნდა დაგვინახოს? მიტოვებული კუნძულივით არის. -გადამოწმებას არაფერი უდგას წინ. ვითომ არ იცოდე, მთელი სკოლა ნაბოზ*ვრებით არის გაძეძგილი. -ეგეც მართალია,- კეფა მოიქექა სანდრომ. --- -ეს ვინ ყოფილა. ეს მართლა არამზადა, ავანტიურისტი, ნაძირალა, გაიძვერა, დამპალი, იდიოტი, , ვირი, ახვარი, ავაზაკი... -კარგი, დაოკდი! ნუ გადმომიღე ქართული ლექსიკონი ზეპირსიტყვიერად,- განერვიულებულ მელანის შეძლებისდაგვარად აჩერებდა ანა. -F@ck! -ეს F@ck კარგი იცით ამერიკელებმა. ყველაფერში ამ სიტყვას აკვეხებთ,- გაეცინა გოგონას. -რა ჯანდაბა ვქნა? ისეთ დღეში ვარ, გეფიცები აქ რომ მყავდეს, გავგლიჯავდი,- ნერვიულად პარჭყავდა თითებს. -იქ არ გყავდა? გაგეგლიჯა მერე,-მშვიდად მიუგო ანამ. -შენც მიმატებ ხომ? ცეცხლზე გაზს მისხამ? -აჰაჰაჰ, რა საყვარელი ხარ. ცეცხლზე ნავთს გისხამ,- შეუსწორა მეგობარმა. -ჰო, რაც არის,- დოინჯშემორტყმული დადიოდა მელანი ტუალეტში. -მოდი აქ, ჩამოიბანე ეგ თმა,- ონკანთან მივიდა ანა და დასახმარებლად მოემზადა. -ამ პერანგს რას ვუშვრებით? - როგორც მოახერხებ, საპნით ამორეცხე ლაქები. სხვა რა უნდა გააკეთო? -ქვედაბოლო არც ისეთ ცუდ დღეშია,- ხელი მოიკიდა და თვალიერება დაუწყო. -გაიხადე ეგ პერანგი და ჩემი ჟაკეტი ჩაიცვი, ან აქამდე როგორ არ მომაფიქრდა?- თავის ტანსაცმელი გაუწოდა ანამ. -აუ, მადლობა რა,- ჩაეხუტა მელანი. -ძუნძგლიანო, ჯერ დაიბანე,- მხიარულად უთხრა მეგობარმა და გრძელთმიანი თავი ონკანში ჩააყოფინა. --- გაკვეთილების შემდეგ, მაშინ როდესაც თითქმის მთელი სკოლა დაცარიელდა და მანდატურებიც წასვლას იწყებდნენ, მათე და თემო უკვე მიფარებულ ადგილას იყვნენ და სანდროს და რატის ელოდებოდნენ. რატიმ ფრთხილად შეაღო ფიზკულტურის დარბაზის კარი და უზარმაზარ სივრცეს მოავლო თვალი. არავინ იყო. -ე, მოიცა,- დარბაზის შესასვლელთან მოშორებით მდებარე გასახდელის ოთახისკენ წავიდა სანდრო. -რა ხდება?- უკან გაჰყვა ავაზნელიც. კარი მიხურული იყო, ხოლო ქალის ცალი ქოში გარეთ იყო დარჩენილი. -აქ მგონი რაღაც ამბებია,-მიაყურადა სანდრომ. ოთახიდან მამაკაცის და ქალის ოხვრა-კვნესა გამოდიოდა. -დარბაზში რომ შევიხედე, შუქი ისევ ენთო და ამირანის ჟაკეტიც საკიდზე ეკიდა. ესე იგი, ჯერ კიდევ აქ არის,-დაასკვნა რატიმ. -ყოჩაღ ამირანს. დღისით-მზისით, სკოლაში აფოფრილი მამალივით დედალი მოიმწყვდია და მედეეე...- ჩაიქირქილა სანდრომ. -სკოლის შესასვლელთან დადექი და მასწავლებლები შენობიდან გამოსვლას რომ დაიწყებენ, დააკვირდი ვის აცვია ასეთი ქოში. მათეს მე და თემოც მივხედავთ, შენი იქ ყოფნა არ არის აუცილებელი. -თუ გინდა, კარს შევუღებ და კამერით დავაფიქსირებ. -გაეთრიე შე ჩემა, ახლა ბებრების ფართხალს მაყურებინე კიდევ,- სახე დაეჯღანა ავაზნელს და იქაურობა დატოვა. --- უკანა ეზოს შეფარებულ ადგილას თემოს და მათეს რატი ავაზნელი დინჯი ნაბიჯებით და თავისებური სიარულის მანერით მიუახლოვდა: -ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიწყებ:- რატომ დაეხმარე გუშინ მელანოს და რატომ წახვედი ჩვენს წინააღმდეგ? -რა? რას იგონებ?-თავი გაისულელა მათემ. რატიმ შეატყო, რომ იოლად ვერ გატეხავდა, მის დასამორჩილებლად ძალის გამოყენება დასჭირდებოდა და პერანგის სახელურები აიკეცა. --- გაკვეთილების შემდეგ ანამ დამრიგებელს კლასელის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარების სურვილი გაანდო. იამ იდეა მოუწონა, დაპირდა, რომ ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენებდა და სავარაუდო პირველადი მონახაზიც შეაქმნევინა. გოგონა სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, როდესაც სამასწავლებლოდან გამოვიდა. წასვლის წინ კლასში შეიხედა, რომ იქ დატოვებული, ფორმატზე მომზადებული პრეზენტაცია სახლში წაეღო და მათეს ნივთებს რომ მოჰკრა თვალი, სახტად დარჩა: -უცნაურია,-გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და დაბნეულმა გაიხურა კარი. სკოლის გარეთ სანდრო იდგა. შენობის გვერდით მანქანების სადგომზე კი რატის მანქანა. მაშინვე ცუდმა აზრმა გაუელვა. წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ ავაზნელის დაუნდობელი ხასიათის წყალობით, მეგობარი საფრთხეში იყო. სასწრაფოდ მელანის გადაურეკა და ახლად წასული, შუა გზიდან მიაბრუნა. -აქ რას აკეთებთ?- სანდრომ გოგონები შესასვლელთან გააჩერა. -დამრიგებელთან მივდივართ, ღონისძიების საკითხებს ვაგვარებთ. -რომელი ღონისძიების?- ბიჭს ინტერესი გამოეხატა სახეზე. -ამ დღეებში გაიგებ. ჯერ იდეის დონეზეა და არავის ვეუბნებით,- მიახალა ანამ და მელანისთან ერთად სკოლის შენობაში შევიდა. -გული მიგრძნობს, უკანა ეზოში არიან. ფიზკულტურის დარბაზიდან ოდნავ მოშორებით შეფარებული ადგილია, ყოველთვის დაკეტილია იქაურობა. იქ გადაძვრებოდნენ,- შეშინებული ეუბნებოდა ვუდს. -იქამდე როგორ მივიდეთ? -მოდი ჯერ დავრწმუნდეთ, რომ იქ არიან. აქეთ გამომყევი,- ხელი ჩასჭიდა ანამ და დარბაზისკენ წაიყვანა. დარბაზში კვლავ არავინ იყო. ანამ კედელთან სკამი მიადგა, შემდეგ მელანის სთხოვა, სარკმლამდე ამძვრალიყო და გაეხედა. გოგონა შემაღლებულ ადგილზე წვალებით აძვრა, გაიხედა და გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა. -ვაიმე,- მხოლოდ ეს თქვა და მაშინვე მობილური მოიმარჯვა, რომ რასაც ხედავდა, დაეფიქსირებინა. --- -რა საქმეებს ხლართავ ჩვენს ზურგს უკან, აჰ? თავი ვინ გგონია? - ავაზნელი მათეს წყლით სავსე ავზში აყოფინებდა თავს. -დედა როგორ შეგაგინო, შე ნაბიჭ*ვარო?! ხელი გამიშვი!- ძლივს წარმოთქვა სუნთქვაშეკრულმა ბიჭმა, როდესაც საშუალება მისცა, ჰაერი ჩაესუნთქა, რომ არ დამხვრჩვალიყო. -როდის იყო, ჩემს წინააღმდეგ წასულს კარგი დღე ადგა?- კვლავ თავი ჩააყოფინა და მთელი ძალით აჭერდა ხელს, რომ რამდენიმე წამი კვლავ წყალში ჰქონოდა სახე. -რატი, ძვლებში გადაგტეხავ, იცოდე! - ზურგზე არ ეცემოდა მათე. -ვის ემუქრები?- კბილებში სცრიდა ავაზნელი. ბიჭი წყალში ხელებს აფართხალებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ავაზნელის ნავარჯიშევ სხეულს მაინც ვერ ერეოდა. -შემპირდი, რომ რაც შენი საქმე არ არის, ცხვირს არ ჩაყოფ! -არა! -არა? კარგი მაშინ, ცოტა კიდევ ვყლაპოთ წყალი,- კვლავ დააყურყუმელავა ავზში. -ახლავე გაჩერდი!- იყვირა ვუდმა და რატის ყურადღება შეშლილი სახით მის უკან მდგომმა გოგონამ მიიპყრო. -ვაჰ, ამას ვის ვხედავ?- ბოროტი ღიმილით გახედა ავაზნელმა. -ერთ დღეს შენი სიბოროტე მისხალ-მისხალ უკან დაგიბრუნდება. ღმერთი ყველაფერს ხედავს. სამყარო ქვევრის პრინციპით არის მოწყობილი, რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს. -რა ბებიაჩემი ინეზასავით ლაპარაკობ? შენღა მაკლდი ჭკუის დამრიგებლად. მოუსვი აქედან! -ხელი გაუშვი, თორემ გეფიცები, მანდატურებს დავუძახებ. -ფეხები არ მომჭამონ ძირში. წაენძრიე და დაუძახე. მიდი, გელოდები! -არ დაუძახო, მელანო,- ხელები გაასავსავა მათემ. -მაშინ ხელი გაგიშვას,-შეწუხებული სახით შეხედა კლასელს, როდესაც ნაწამები სახე დაუნახა. -წადი მე არაფერი მომივა. -გაიგონე, რა გითხრა?- მიუბრუნდა რატი, რომელსაც ჯერ კიდევ ქოჩრით ეჭირა მათე. -ვერა! აქედან მხოლოდ მასთან ერთად წავალ, ან მანდატურს დაგაყენებ თავზე. -ვერაფერს დაამტკიცებ. მათე არაფერს იტყვის. ხომ ასეა?- შეხედა და მის დასტურს დაელოდა. ბიჭი გაჩუმდა, ღრმად სუნთქავდა, რომ უჰაერო ფილტვები ჟანგბადით ამოევსო, დროდადრო ახველებდა და ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. -ხედავ? დუმილი თანხმობის ნიშანია,- მოჩვენებითი სიმშვიდით მიუგო ავაზნელმა. -გაუშვი, თორემ ძალიან განანებ. სურათები და ვიდეო მასალა მაქვს. იქ წავა, სადაც საჭიროა და მერე ვეღარავინ გიშველის. -რომელი სურათები?-ხელიდან გამოსტაცა მობილური გოგონას. -ჩემი ტელეფონიდან რომც წაშალო, მაინც აღვადგენ. სანდო ადგილას გავაგზავნე. მაგ დონის სულელი არ გეგონო. -მაჩვენე რა გადაიღე. ისე არ დაგიჯერებ. -ჩაგიწერ და ხვალ მოგართმევ. -გაუშვი, პრობლემები არ გვჭირდება,- შეეშინდა თემოს. რატი წუთით დაფიქრდა, მერე პერანგის აკეცილი სამკლავურები ჩამოიშალა და ბიჭი გაუშვა. მელანიმ ნიშნის მოგებით გადახედა ავაზნელს და მათეს უკან გაჰყვა. -კარგად ხარ? -ნაწამებ კლასელს მივარდა შორიახლოს მდგომი ანა, რომელსაც ნერვიულობისგან ფრჩხილები ძირში დაეკვნიტა. ბიჭმა თავი დაუქნია, აჩეჩილი თმები თითებით შეისწორა და ვუდს მიუბრუნდა: -მადლობა, მაგრამ ჩემ გამო თავი საფრთხეში არ უნდა ჩაგეგდო, მოვრიგდებოდით. -სულაც არ ჩამიგდია თავი საფრთხეში. ამიერიდან რატი ავაზნელი ბევრ რამეში დაატორმუზებს. უკვე დრო იყო, ერთ ადგილზე მომესვა. ნამეტანი გააბლატავეთ. -ნუ ებრძვი! ეს კარგს არაფერს მოგიტანს. ახვარი მთელი ცხოვრება ახვრად დარჩება. -ვიღაცამ უნდა შეაჩეროს! -ჰო, მაგრამ ის საკუთარ მშობელს ვერ გამოუსწორებია, შენ გინდა, რომ მისი აღზრდა ითავო?- უიმედოდ ჩაიქნია ხელი. -აღზრდა არა, მისი შეჩერება მინდა, მეტი-არაფერი და ამისთვის საკმაოდ მყარი მასალა მაქვს. -სადაც მიიტან, მაგ მასალას ისე გააქრობენ, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ. უკეთესს გეტყვი! ფრთხილად იყავი, აქეთ არ წაგიყენონ ბრალი ტყუილი ცილისწამებისთვის. -ეს როგორ? მათემ თეატრალურად გაშალა ხელი და გამოთქმით წაიკითხა: -„ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ბონდო დააორსულა“.-ეს ლექსი არ გაგიგია? -არა. -ნიკო გომელაურის პოეზიას გადახედე. ნიჭიერი კაცი იყო სხვათაშორის...- მრავალმნიშვნელოვნად შეხედა, კეპი დაიფარა და სკოლის ტერიტორიას გაეცალა. -„საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია.“ დოსტოევსკი- ხმამაღლა მიაძახა მელანიმ, რომ მათეს გაეგო. -დროული პასუხი იყო, მომწონხარ, იცი?- გაეცინა ბიჭს, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ქუჩის მეორე მხარე თავდახრილმა გადაკვეთა. --- სკოლის შენობიდან გამოსული ავაზნელი გარეთ მომლოდინე სანდროსთან მივიდა და ჩუმად ჰკითხა: -რა გაარკვიე? -ათი წუთის წინ სწორედ იმ წითელი ქოშებით მუსიკის მასწავლებელი რუსიკო კვარაცხელია მოკუნკულებდა. -კაი, ტო!- ცხვირის წვერზე ეშმაკურად გაისვა ცერა თითა და ჩაეცინა. -რა ხდება?- გაურკვევლობაში ჩავარდა თემო. -არაფერი ისეთი, წავიდეთ და მანქანაში გეტყვი,- ავაზნელმა დისტანციურად გახსნა მანქანის კარები და სადგომისკენ წავიდა. --- სახლში მისული მელანი მომხდართან დაკავშირებით ნერვებს ვერ იცხრობდა. წამდაუწუმ რატი და მისი საზიზღარი ხელისშემწყობები ედგა თვალწინ, რომლებიც თანატოლებს ათასგვარი სიბინძურის ქარცეცხლში ატარებდნენ, მახრჩობელა გველებივით ეხვეოდნენ და სუნთქვას უკეტავდნენ. ბებიის მიერ გაკეთებულ მურაბების ქილებს მივარდა, ერთ-ერთი ამოარჩია, ხუფი მოხადა და ნახევარ საათში მუსრი გაავლო. მეორე ქილის გახსნაც რომ დააპირა, ამერიკიდან მანოს ზარმა შეუშალა ხელი. კარგად იცნობდა, მაშინვე შეატყო, რომ უხასიათოდ იყო და მიზეზი ჰკითხა. მელანის არაფერი დაუმალავს მისთვის, ყველაფერი უამბო: -ღმერთო ჩემო, გამაგიჟებს ეს გოგო. აბა, კარგად გაიხსენე, რისთვის წახვედი საქართველოში? -ვიცი მანო, მაგრამ... -არანაირი მაგრამ, მელანი. ჩვენ რატი ავაზნელის აღმზრდელები არ ვართ და სიმართლე გითხრა, სულ ცალ ფეხზე მკი*დია მისი ბუნტი ხასიათის ამბებიც და მისი გამოსწორება-არგამოსწორებაც. ეგ მისმა ოჯახის წევრებმა იდარდონ. -ჰო, მაგრამ როგორ ჩავყლაპო, როცა ასეთ უსამართლობას ვხედავ? -ძალიან კარგად იცი, რატომ უნდა ჩაყლაპო. -არ შემიძლია, მანო. მე სხვა საზოგადოებაში აღვიზარდე, სადაც ადამიანის უფლებები და სიმართლისთვის ბრძოლა მუდამ პრიორიტეტული თემაა. შენც ხომ ამ პრინციპით აღმზარდე? -მელანი, ეს დროებითია. შენ ისევ ამ საზოგადოებას დაუბრუნდები და კვლავ გააგრძელებ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობას, მაგრამ ოღონდ ახლა, დროებით ისე მოიქეცი, როგორც ამას ჩვენი გეგმა მოითხოვს, კარგი? -უფ!..- თავზე შემოიკრა ხელები, თვალები დახარა და გაჩუმდა. -პასუხი არ მესმის,- თავი შეახსენა მანომ. -შევეცდები. -სიტყვა „შევეცდები“ არცერთს არ გვაწყობს. -ჰო, კარგი,- უფრო მეტად აღელდა გოგონა. საშინლად არ უყვარდა, როდესაც თავისი სურვილების საწინააღმდეგოდ მიდიოდა. -მოკლედ, რას ვაკეთებთ? აბა, შემახსენე. -რატის დავუმეგობრდები, მის ნდობას მოვიპოვებ, რომ მოგვიანებით როგორმე ავაზნელების სახლში შევაღწიო და ის ვიპოვო, რაზეც მე და შენ მრავალი წელია, ვოცნებობთ. -აი, ყოჩაღ! - ტაში დაუკრა მანომ. გოგონა დიდხანს აღარ გაუჩერდა სალაპარაკოდ, მალე დაემშვიდობა და საკუთარ აზრებთან დარჩენილი ლაბირინთებივით რთულად სავალ მომდევნო თვეებზე შეფიქრიანდა. --- ნოდარ ავაზნელი ქალაქგარეთ მდებარე ერთ-ერთი საწყობის ოთახში იჯდა და სატვირთო მანქანების შემოსვლის და გასვლის თარიღებს მოუსვენრად ამოწმებდა. აშკარა იყო, თავის ახალი სატკივარი გასჩენოდა, რომელიც ჭიასავით უღრღნიდა გულს და გაფიქრებაც არ უნდოდა რა დაემართებოდა, საქმე რომ წარმატებით არ დაგვირგვინებულიყო. -რა ხდება, ნოდარ?- გაკვირვებული სახით მიაკითხა გოგი ხავთასმა არც თუ ისე სანიმუშოდ მოწყობილ ოთახში, რომელიც ქვეყნის შავი ეკონომიკის აღორძინების და არაერთი არალეგალური საქმის მოგვარების მომსწრე გამხდარიყო, თან აქეთ-იქით იყურებოდა, რომ დარწმუნებულიყო, მისი იქ მისვლა უსაფრთხო იყო და არანაირ პრობლემას არ შეუქმნიდა მომავალში. -თამამად შემოდი. საწყობში მხოლოდ დაცვა და ორი მძღოლია, სანდოები არიან,- ფეხზე წამოდგა და ისე მიეგება. -რაშია საქმე? გამარკვიე,- შუბლშეჭმუხნული ჩამოჯდა მაგიდასთან და ფაილში ჩაწყობილი ფურცლებისკენ გაექცა თვალი. -საზღვარზე ხუთი სატვირთო დააკავეს. მაგარ შარში ვართ. -ქართულმა მხარემ? -ჰო. -სად იყო ჩვენი კაცი? -იქ იყო, მაგრამ ვერ დაგვკვრიშა, ჩაშვებულები ვართ. -ახლა რა მდგომარეობაა? -რა მდგომარეობა უნდა იყოს? ნარკოტიკია აღმოჩენილი სატვირთო მანქანების სამალავებში, ხოლო მძღოლები პოლიციას ჰყავს აყვანილი. თუ ალაპარაკდნენ, მოხაზული გვაქვს და ეგ არის. გოგის სახე შეეცვალა: -შენ როგორ ფიქრობ, ვისგან შეიძლება მოდიოდეს ეს ამბავი? -ჩვენ მხოლოდ ერთი მტერი გვყავს, გოგი. ლოგიკურად გაჰყევი ეჭვებს და ერთ წერტილამდე მიხვალ. -მაგის დედას შევე*ი! სანამ ზოგ-ზოგიერთებივით ტვინს არ გავასხმევინებთ, მანამ არ მოგვასვენებს ეგ გნიდა კაცი!- კბილები გაახრჭიალა ხავთასმა. ნოდარმა ამოიხვნეშა და ხელში მოქცეულ ფურცლებს დაუწყო ყურება. -რამდენის ზარალია?-კვლავ გააგრძელა ხავთასმა. -საკმაოდ ბევრი,- ფურცლები მიაწოდა, რომ თავადაც დარწმუნებულიყო. როგორც კი თანხის ოდენობას დახედა, მეტყველების უნარი დაკარგა და ცოტა ხანი დასჭირდა გონზე მოსასვლელად: -მდაა! სრული ქაოსია. ვნახავ, აქედან რისი გაკეთება შემიძლია. -შენ რა გენაღვლება? ყველაფერში ჩემი სახელი ფიგურირებს,- ცალყბად ჩაეცინა ნოდარს და სიგარეტის ღერს მოუკიდა. ამ სიტყვების გაგონებაზე გოგი გავეშებული ხარივით მივარდა ნოდარს და პერანგის საყელოთი მისკენ მოქაჩა: -კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე! აი იმ გლავნს თუ ვუღალატეთ და ეს ზარალი არ ავანაზღაურეთ, არ აქვს მნიშვნელობა საბუთებზე შენი სახელი ეწერება თუ ჩემი, ორივეს ჯერ ოჯახის წევრებს რიგ-რიგობთ ამოგვიხოცავს და მერე ჩვენც ცოცხლად ჩამოგვატყავებს. ასე, რომ ორივე ნეხვში ვართ და როგორც შენ ნერვიულობ, ასევე ვნერვიულობ მეც. გაიგე?! -ნუ ღრიალებ და ხელები გასწიე!- თვალები დაუბრიალა ნოდარმა. ხავთასს წამიერმა აფეთქებამ გადაუარა, პარტნიორს ხელი გაუშვა და გულაჩქარებულმა გამოგლიჯა ოთახის კარი. -სად მიდიხარ? ლაპარაკი ჯერ არ დაგვიმთავრებია,- ხელები გაშალა ავაზნელმა. გოგი ოდნავ წელში მოიხარა, გაფითრებული სახე დამანჭა და გულზე მოიკიდა ხელი. -რა გჭირს, ტო?- შეეშინდა ნოდარს. -არაფერია, გამივლის,- ჯიბიდან აბები ამოიღო და მშრალად, წყ*ლის გარეშე ჩაიდო პირში. რამდენიმე წუთში უკეთესად გახდა და სალაპარაკო მაგიდას დაუბრუნდა: -მე და შენ ამ ჭაობში მაშინ ჩავეფალით, როცა ჩვენი ოჯახები ერთამანეთს შვილებით დავაკავშირეთ. ასე, რომ გვინდა თუ არა, აქედან ვერცერთი ვეღარ დავაღწევთ თავს და კიდევ ერთი, ვიდრე ჩემზე რამეს იტყვი, პირი გამოირეცხე, კარგად გაიხსენე რამდენი წუპაკი საქმე დამიფარავს შენი სახელის გადასარჩენად და ვინ იცის, კიდევ რამდენის მიჩქმალვა მომიწევს,- ეს თქვა, ქუდი დაიხურა და კარი გაიხურა. -სატვირთო მანქანის მძღოლებზე რას ვაკეთებთ?- უკან დააწია სიტყვა ავაზნელმა. -დარდი გაუშვი, საკუთარ თავზე აიღებენ. შენ ის იფიქრე, ჩამორთმეული ტავარის ზარალი იმას როგორ ავუნაზღაუროთ,-გვერდულად მოხარა კისერი და იმ პიროვნებაზე მიანიშნა, ვისთანაც უკვე მუშაობის მრავალი წლები აკავშირებდათ. ოთახში მარტოდ დარჩენილი ნოდარი ჩაკეტილ უჯრას ეცა, იარაღი ამოიღო და საწყობის ტერიტორია დატოვა. --- ორი კვირის თავზე მე-12ა კლასის დამრიგებლის ორგანიზებით სკოლის შესასვლელთან ლეიკემიით დაავადებული გოგონასთვის კლასელების მიერ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საბოლოო გეგმის მიხედვით, ხელნაკეთი ნივთების, საკვების გაყიდვა და მუსიკალური გაფორმებით დადგმული წარმოდგენა შედიოდა. წარმოდგენას მელანი და ანას ძმა, გიო მებურიშვილი მართავდნენ, სადაც ერთი ქანდაკების როლს ასრულებდა, ხოლო მეორე ფლეიტით იდგა და მოლი მალონზე დაწერილ მელოდიას უნაკლოდ ასრულებდა. წინასწარ დაანონსებული ღონისძიების შესახებ ბევრს ჰქონდა ინფორმაცია და უამრავმა დახმარების მსურველმა მოიყარა თავი. სკოლის დირექტორი ამაყად უყურებდა მომავალი თაობის მიერ წამოწყებულ კეთილ საქმეს და იმედს იტოვებდა, რომ მსგავსი სახის მხარდამჭერითი აქციები მასშტაბურ ხასიათს მიიღებდა „Opened World”-ში. საქმეთა მმართველი კამერით დადიოდა, სკოლის საიტზე ასატვირთად საინტერესო კადრებს აფიქსირებდა და წინასწარ ალაგებდა აზრებს, რა სახის ინფორმაციული ტექსტი დაერთო მათთვის. რატი და მისი მეგობრები ხალხთა რიგებში დადიოდნენ და სიტუაციას აკვირდებოდნენ. რამდენიმე წუთით ავაზნელი ქანდაკებად ქცეულ მელანის ჩამოუდგა და თავიდან ბოლომდე აათვალიერა. იდგა მასთან და თვალს არ აცილებდა, ფარულად იხიბლებოდა კლასელის მსახიობური ოსტატობით. არც მის ლამაზ, მოშიშვლებულ მკერდს დაუტოვებია გულგრილი, რომელიც ძალიან მაცდურად გამოიყურებოდა. -ახლა მე ამ ქანდაკებასთან მივალ და როცა განიშნებ, სურათი გადამიღე,- რატიმ სანდროს გახედა და გონებაში გავლილი მზაკვრული იდეით აღტაცებულს თვალები სხვანაირად გაუბრწყინდა, მერე გაშეშებულ მელანისთან მივიდა, გვერდით დაუდგა, ხელი მკერდზე დაადო, მოხერხებულად ჩაუძვრა თითებით ქვემოთ, მუჭში მოიქცია და მაგრად მოუჭირა. სწორედ იმ დროს სანდროს ტელეფონმაც გაიჩხაკუნა და თავმომწონედ ცერა თითით ანიშნა, რომ შესანიშნავი კადრი გამოვიდა. -Ouch! - ტკივილისგან გამწარდა ვუდი, - მაპატიე, მანო, მაგრამ ამის სითავხედეს საზღვარი არ აქვს, ამაზე თვალს არ დავხუჭავ,- გაიფიქრა და დიდი ძალისხმევით შეიკავა თავი, რომ ავადმყოფი გოგონას სახელისთვის პატივი ეცა, წარმოდგენა არ ჩაეშალა და ბოლომდე მიეყვანა, თუმცა იმ წამს ძალიან უნდოდა, გაჰკიდებოდა და დამსახურებული პასუხი გაეცა. ანას ძმამ ფლეიტაზე დაკვრა შეწყვიტა, რატის მიუახლოვდა, რაღაც გადაულაპარაკა და გაცეცხლებული სახით უკან დაბრუნდა. ავაზნელს წარბიც არ შეუხრია, ძალიან მშვიდად გააგრძელა სკოლის წინ სეირნობა და ღონისძიებით ტკბობა. საქველმოქმედო აქციის დასრულებისთანავე მელანიმ სკოლის შენობას მიაშურა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროსფრად შეღებილი სახე და სხეულის დანარჩენი ნაწილები წყლ*ით ჩამოიბანა და ღონისძიების ადგილს დაუბრუნდა. რატი და მისი მეგობრები ჯერ კიდევ იქ იყვნენ და რაღაცას ბჭობდნენ, როდესაც ავაზნელს გაავებული მივარდა და ხალხის წინაშე სილა გააწნა: -ეს იმისთვის, რაც გააკეთე! რატიმ ამწვარ ლოყაზე ხელი დაისვა და გოგონას სერიოზული და გაოგნებული სახით ჰკითხა: -და რა გავაკეთე? -კიდევ მეკითხები?- სიბრაზისგან ანთებული თვალებით მიაჩერდა ვუდი. -ჰო, რა გავაკეთე? -აბა, დაფიქრდი! -თუ იმაზე ბრაზობ, რომ მოლი მალონს მკერდზე შევეხე და მის ქანდაკებასთან სურათის გადაღება მოვისურვე, ამაში არაფერია საწყენი და მითუმეტეს, გასაბრაზებელი. იმდენად პერფექტო შესრულება იყო, წამით დავფიქრდი კიდეც დუბლინში ხომ არ ვიმყოფებოდი. -დამცინი, არა? -როგორ გეკადრება? პირიქით, შეგაქე,- ბოროტულად ჩაეცინა ბიჭს და გააგრძელა:- აბა, გაიხსენე რას აკეთებენ ტურისტები მოლის ქანდაკებასთან? მელანის თვალებში ცრემლი ჩაუდგა. -კარგი, ისევ მე გავცემ ამ კითხვას პასუხს. ისინი მასთან მიდიან, მადისაღმძვრელ მკერდს ბედნიერი სახეებით ეხებიან და პოზიორობენ. იგივე გავაკეთე მეც. -მაგრამ მე მოლის ქანდაკება არ ვარ, მსახიობი ვარ, რომელიც მისი ქანდაკების როლს ვირგებდი. -რა მნიშვნელობა აქვს? ხომ გეუბნები, იმდენად ჩინებული მსახიობობის ნიჭი გამოავლინე, შევცდი, მომეჩვენა, რომ ნამდვილი ქანდაკება იყავი და შევამოწმე თვალი ხომ არ მატყუებს-მეთქი. -თუკი დედამიწაზე რამე არაადამიანური თვისება არსებობს, ყველაფერმა ერთად შენში მოიყარა თავი და ნამდვილ მახინჯი სულის არსებას დაგამსგავსა,- გული ამოუჯდა მელანის და ღაწვებზე მდუღარე ცრემლები წამოუვიდა. თემომ და სანდრომ ატირებული ვუდის დანახვაზე თავები დახარეს. ავაზნელი ცივად შესცქეროდა, ოდნავადაც არ შეუწუხებია სინდისს. --- კოჯრის ტყეში, იქ სადაც ვერავინ მოიაზრებდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლევან ბერაძე ნოდარ ავაზნელს შეხვდებოდა, ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა: -მიყვარს პუნქტუალური ხალხი, ბატონო ლევან,- ხელი ჩამოართვა ნოდარმა ახლადმისულს. -აქ რატომ დამიბარე? -ჩვენ ისეთი ამბავი უნდა მოვაგვაროთ, კაბინეტი ამ საკითხს არ მოუხდებოდა,- ნოდარ ავაზნელმა ჯიბიდან იარაღი ამოიღო და შუბლზე მიაბჯინა. -ეს არ გააკეთო, თორემ მწარედ ინანებ. -მართლა? რაღაც არა მგონია. -იარაღი დაუშვი და გირჩევ, ჩემთან მოლაპარაკებაზე წამოხვიდე. -რომ არ წამოვიდე, რას მიზამ? -მტკივნეულად აჭერდა რკინის იარაღს. -შეუშვი შენს თავში, რომ ჩემი გავლენა ბევრად მეტია მთავრობის ზედა ეშელონებში, ვიდრე გოგი ხავთასის. დროა, შეიგნო, ვინც ამინდს ქმნიან, მათთან პირდაპირ გავდივარ და არა ჩერეზ ვიღაცეებით. -დაგბრიდავ შენი! -მე თუ რამე მომივა, კარგად დაიმახსოვრე, არც შენ ოჯახს დაადგება კარგი დღე,- ჩაეცინა ბერაძეს,- მთელი მაკომპრომიტირებელი მასალა სანდო ადამიანების წყალობით ტელევიზიებში და პრესაში იფრიალებს და მერე ვეღარც გოგი ხავთასი და მისი გავლენიანი წრე, ვეღარც შინაგან საქმეთა მინისტრი და ვეღარც მამა ღმერთი გიშველის. პატარა ჭიანჭველებს ისეთ მსუყე ლუკმას დაანახებენ, მისი მიტაცების წყურვილით სიამოვნებით აფუთფუთდებიან. მერე რაღას იზამ? რამდენს მოიშორებ შენი ბინძური ხელებით? ყველას ამოჟლეტ? სწორედ იმ დროს ავაზნელს მობილურზე ტექსტური შეტყობინება შეუვიდა. -ეკრანს დახედე,-გამყინავად ჩაეცინა პრემიერ-მინისტრს,-შენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს. ნოდარმა ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და შეტყობინებას დახედა. გაგზავნილ სურათზე გამოსახულ ტიტეს პირი ჰქონდა აკრული და სკამზე თოკებით იყო მიბმული. -გეგონა, ლევან ბერაძე იმდენად სულელი იყო, ასე, ცარიელი ხელებით აქ წყნარად შეგხვდებოდა?- გადაიხარხარა ახალგაზრდა მამაკაცმა,-ძალთა ბალანსი დაცულია, ახლა ბეს სახით ორმოცდაათი ათასი დოლარი მოჯ*ვი, თორემ თუ ნერვებმა მიმტყუნეს, შენს შვილს ყველაზე სასტიკ სიკვდილის განაჩენს გამოვუტან და მის ცოცხლად დამარხვას პირდაპირი ტრანსლაციით გაყურებინებ. -რამდენს ითხოვ შენი სიჩუმისთვის?-იარაღი დაუშვა ნოდარმა. -ეს ლაპარაკი უფრო მომწონს,-კმაყოფილება დაეტყო ბერაძეს,- ყოველ შემოტანილ რეისზე ღირებულების ათ პროცენტს. -მოსულა. მისამართი და დრო მითხარი, სად მოვიდე შვილის წასაყვანად და თანხის გადმოსაცემად. -ცოტა ლოდინი მოგიწევს, ყველაფერს მოგწერენ, ბატონო ნოდარ,- თავი დაუკრა და მანქანაში ჩაჯდა. მარტოდ დარჩენილი ნოდარი ფიჭვის ხესთან ჩამოჯდა, უამრავი აზრით გადატენილი თავი ხის მერქანს მიადო და გამოსავლის მოძებნაზე ფიქრობდა. ამ ეტაპზე სხვა გზა არ ჰქონდა, მორიგ მარცხს უნდა შეჰგუებოდა და ამიტომ შვილის სიცოცხლისთვის პრემიერ-მინისტრთან იძულებით გარიგებას სწორ ნაბიჯად აფასებდა, მაგრამ იყო რაღაც, რაც მისი და გოგი ხავთასის დაშვებული შეცდომის გამო, შექმნილი პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდ განსაცდელს უმზადებდა და სწორედ ეს აშინებდა. --- რატი ავაზნელი სკოლის პარალელურ ქუჩაზე ახალი კორპუსის მიმდინარე მშენებლობის ეზოში იდგა და ანას ძმას ელოდებოდა. ხუთი წუთიც არ გასულა, როდესაც გააფთრებული სახით მომავალი ახალგაზრდა ყმაწვილი წინ ჩამოუდგა: -რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს?! -მაინც რამდენის?- უშიშრად მიუახლოვდა ავაზნელი. -რისი ღირსი ხარ, თუ ხვდები? -რისი აბა?-აგდებულად მიმართა. ამის თქმა იყო, თავი ვეღარ შეიკავა გიო მებურიშვილმა და რატის მუშტი გაუქანა. ავაზნელმა ცხვირიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და საპასუხო რეაქციით გალომებული მივარდა: -შენი დედა მოვტ*ან! ბიჭები ერთმანეთს გამეტებით ურტყამდნენ და ხელჩართულ ბრძოლაში უშვერი სიტყვებით კიდევ უფრო ახელებდნენ ერთმანეთს. -რა დღეში ხართ?- მოულოდნელად გამოჩენილმა ვუდმა ისეთ ხმაზე იკივლა, საკუთარმა ხმამ თვითონვე შეაშინა. არმატურაზე გადაწოლილ მებურიშვილს მივარდა და რატის მოქნეული მუშტი ჰაერში გააშეშებინა. -გეხვეწები, გიო. თუ ოდნავ მაინც პატივს მცემ, შეწყვიტე და გამომყევი,- ემუდარებოდა გოგონა. -საიდან მოგვაგენი?- ქოშინით ჰკითხა მებურიშვილმა. -არა აქვს მნიშვნელობა. ძალიან გთხოვ, ჩხუბი დაამთავრეთ. -მელანოს უმადლოდე, რომ ცხვირ-პირი კარგად არ გაგიერთიანე. ის, რომ ტიტე ავაზნელის შვილი ხარ, სხვებისგან განსხვავებით, მე ნაკლებად მაინტერესებს და მეორეჯერ რამეს აწყენინებ ამ გოგოს და ასე იოლად ვეღარ გადამირჩები. -შემთხვევით მელანო ხომ არ ჩაგქრის გულში?- ორივეს ცინიკურად გადახედა ავაზნელმა. -რასაც გეუბნები, გაითვალისწინე, თორემ მერე გვიანი იქნება! -ვაიმეეე, როგორ მეშინია შენი მუქარის, სად გავიპარო, აღარ ვიცი. -ფუ, შენი!-ქვას წამოავლო ხელი მებურიშვილმა. -გიო!- ხელებში მივარდა მელანი. ბიჭი გოგონას განწირულმა კივილმა მყისვე შეაჩერა და მოძალებული ენერგია შორს გასროლილ ქვას გაატანა. --- მოულოდნელად გამქრალი ტიტეს ბედი ნოდარ ავაზნელის და გოგი ხავთასის გარდა არავინ იცოდა. -ღმერთო ჩემო, ასე მოულოდნელად სად უნდა წასულიყო?- ცრემლები ახრჩობდა საყვარელი მამაკაცის გაუჩინარების გამო თეკოს. -პაპამ ვერაფერი შეიტყო?-არანაკლებ ნერვიულობდა რატიც. -არა. უკვე ყველგან დავრეკეთ, ყველა უწყება ავაწრიალეთ, მაგრამ...- ვერ მშვიდდებოდა ქალი. -ჯანდაბა! -იმას რომ რამე მოუვიდეს... -რას ბოდავ?- სიტყვა გააწყვეტინა რატიმ. -მის დაკარგვას ვერ გადავიტან,-დაწყებული წინადადება დაასრულა და სლუკუნს უმატა. რატიმ ვეღარ გაუძლო სახლში შექმნილ დაძაბულობას და საგონებელში ჩავარდნილი, იქაურობას დროებით გაეცალა. -რატი, იცოდე ბებიაშენს არაფერი უთხრა. პაპაშენი ამ ამბავს უმალავს. ისედაც ცუდად არის და რომ გაიგოს, კარგი დღე არ დაადგება მის ჯანმრთელობას,-გარეთ გაჰყვა თეკო. -დაწყნარდი, ვერაფერს გაიგებს. -სად მიდიხარ? -სახლში შედი. მალე დავბრუნდები,- უკანმიუხედავად უთხრა და მანქანაში ჩაჯდა. --- შუაღამე იყო, როდესაც ტიტე ავაზნელი ლევან ბერაძის ხალხმა მამამისს შეპირებული ფულის სანაცვლოდ გადასცა. -კარგად ხარ, შვილო? რამე ხომ არ დაგიშავეს?- შეშფოთებული სახით ათვალიერებდა სახეზე გატეხილ ტიტეს ნოდარი და ხელის შეხებით ათვალიერებდა. -კარგად ვარ,- ხელები გააწევინა შვილმა. ნოდარ ავაზნელმა საღ-სალამათი შვილის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა: -წამოდი, სახლში წაგიყვან. -ვინ იყვნენ? -შენ არ გეხება. ბიზნესთან დაკავშირებით მომხდარი გაურკვევლობა იყო. -მე არ მიკითხავს რატომ გამიტაცეს. ვინ იყვნენ?- კვლავ გაუმეორა კითხვა. -ლევან ბერაძის ხალხი. -როდემდე უნდა გქონდეს ამ ბინძურ საქმეებში ხელები ჩაყოფილი? იქამდე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ყველას არ ამოგვხოცავენ? -შენ ნუ ერევი. ყველაფერს მოვაგვარებ. -რას ჰქვია ნუ ვერევი? ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ დაანებე არალეგალურ ბიზნესს თავი. გეყოფა, რაც მთავრობაში მოსული თაობები ამდიდრე. -სამწუხაროდ უკვე გვიანია. მე რომც თავი დავანებო, ამ საქმეში ჩაბმული ხალხი არ მომეშვებიან. შენ არ იცი შავი კანალის ამბები. -რა ვქნათ? მშვიდად დაველოდო ხვალ-ზეგ ჩემ შვილამდეც როგორ მივლენ? ნუთუ ვერ ხვდები, რომ თითოეული ჩვენგანი ბომბზე ვზივართ? -გპირდები, არცერთს არ მოგიწევთ, ჩემს გამო, რამეზე პასუხი აგოთ. -ამის დედაც! იპოვე გამოსავალი და მოშორდი მაგ სისხლის მსმელებს! -გაშლილი ხელის გული დაარტყა მანქანის კაპოტს. -დამშვიდდი და დაჯექი მანქანაში, - დინჯად უთხრა ნოდარმა. -რა დამამშვიდებს? -დღეს გაიგე, რომ მამაშენი ამ ბიზნესშია? -ისე არა ქნა, რომ გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან გადავიხვეწო. კარგად დაიმახსოვრე, შენს ბიზნესს არასოდეს გადავიბარებ და არასოდეს ჩავუდგები სათავეში. როგორც გინდა, ამ წუმპიდან ამოდი! -გითხარი, რომ შეუძლებელია და რაც შეეხება ჩემი ბიზნესის გადაბარებას, ყველაფერს ისე ვაკეთებ, მე რომ რამე დამემართოს, შენ არ შეგეხებიან და არაფერს გაიძულებენ. -ჰო, ძალიან დაინახავ მაგას,- კბილებში გამოსცრა და მანქანის კარი გამოაღო. *** თეკომ სახლში დაბრუნებული ტიტე რომ დაინახა, მეტისმეტი სიხარულისგან აღტკინებულ ბავშვს დაემსგავსა. მამაკაცმა მაშინვე შვილი მოიკითხა. ქალისგან რომ ვერაფერი გაიგო, მობილურ ტელეფონზე გადაურეკა. რატიმ იმ წამსვე უპასუხა და შეპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა, თუმცა ადგილსამყოფელი დაუმალა. -ხედავ? მამა გამოჩნდა და მაშინვე მომიკითხა. მართალია ნამეტანი დიდი სითბოთი და ყურადღებით არ გამოირჩევა, მაგრამ შენსავით ცივი და უგულო არ არის. მაპატიე, ისევ ვერ მოვდივარ შენს საფლავთან, კვლავ შორიდან გიყურებ და დღემდე ვერ ამომიხსნია, ასე რატომ მომექეცი,- შორს მდგომმა რატიმ თავისთვის ჩაიჩურჩულა და დედამისის საფლავს გვერდი აუარა. --- მესამე სართულზე განთავსებულ ერთ-ერთ ოთახში შეიჭყიტა და ერთმანეთში მოსაუბრე მასწავლებლები რომ დაინახა, მოწიწებული მისალმების შემდეგ ბატონი თენგიზი იკითხა. -ვინ ბრძანდებით, გოგონა?- ჰკითხა ერთ-ერთმა დაბალი ტანის, გამხდარმა ქალბატონმა. -მე მელანო ვუდი გახლავართ, თეატრალურ წრეზე მინდოდა ჩაწერა. გავიგე, მთავარი როლისთვის კანდიდატს ეძებენ, ბატონ თენგიზს ტელეფონით უკვე ველაპარაკე და დღეისთვის ვყავდი დაბარებული. -პირდაპირ და მარჯვნივ . მეც ახლავე შემოვალ, მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ,- გაუღიმა რუსიკო კვარაცხელიამ. -სასიამოვნოა,-თავი დაუკრა გოგონამ და მითითებული მიმართულებით წავიდა. დარბაზში ბნელოდა. პატარა სცენა ოდნავ მბჟუტავი პროექტორებით განათებულიყო. დეკორაციები მაყურებელს ძველი თბილისის ეზოში აგრძნობინებდა თავს. ორი მოხუცი მეზობელი ფანჯრებიდან გადმოყუდებულიყო და ერთმანეთში ტკბილად საუბრობდა. ერთ-ერთი მოხუცის როლს რატი ავაზნელი ასრულებდა: -დედა რომ წავიდა, ჩემი ბავშვობაც სწორედ იქ დასრულდა. -არ ვარგა. „დედა რომ წავიდა“ ,-აქ იდუმალი ხმა უნდა ჩანდეს, რომ მაყურებელი ინტერესში ჩააგდო რისი თქმა გინდა. „ჩემი ბავშვობაც სწორედ იქ დასრულდა“-აქ კი ერთი ტონით დაბალი და ნაღველით სავსე სიტყვები მინდა. ხელმეორედ დაიწყე,- სცენის წინ იჯდა რეჟისორი და ავაზნელს თავისი სიტყვის სწორად წარმოთქმაში ამეცადინებდა. მელანი რიგებს შორის ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და გადაწყვიტა, სცენაზე მყოფი რატი ავაზნელის სამსახიობო მონაცემებისთვის თვალი მიედევნებინა. -დედა რომ წავიდა, ჩემი ბავშვობაც სწორედ იქ დასრულდა. მას შემდეგ ისე არავის შემოუხედავს ჩემთვის, როგორც მან იცოდა. რაღაცნაირი გამთბარი და გასხივოსნებული მზერა ჰქონდა, თითქოს სიცოცხლის ძალას მმატებდა და ცუდს სადღაც ქვეყნის დასალიერში დევნიდა. ღიმილიც უცნაურად ლამაზი იცოდა იმ დალოცვილმა, არავისას ჰგავდა... ამ ხნის კაცი ვარ, რამდენი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ ის უიშვიათესი ღიმილი, რაც დედაჩემს ჰქონდა, ვერავის სახეზე ვეღარ ვიხილე. მაინც რა ვართ ადამიანები, არა? დავკარგავთ და მერე ვიგებთ იმ პიროვნების ფასს. რას აღარ დავთმობდი, მისი მზრუნველი და თბილი ხელები კიდევ რომ მეგრძნო, კარგი შვილობისთვის ღვთაებრივი თვალებიდან სიამაყით გადმოგორებული პატარა მარგალიტებივით ცრემლები რომ მენახა და ბაგეებს მოწყვეტილი, სიყვარულით ნაფერები სიტყვები მომესმინა. ბოლო დროს მასზე ნანახი სიზმრები დამჩემდა. ძილის წინ, როცა ბალიშზე თავს ვდებ, მოდის, სასთუმალთან მიჯდება და თავის ტკბილი ხმით იავნანას მიმღერის. რა სასაცილოა, არა ოთხმოცდასამი წლის კაცს ვინმე იავნანას უმღეროდეს, მაგრამ იცი რა, ჩემო მედიკო? სიზმარში ისევ ისეთივე თმახუჭუჭა და ანცი ბიჭუნა ვარ, როგორიც ბავშვობაში ვიყავი,- ხმა შეეცვალა რატის და სიტყვები არეულმა წაიკითხა. მელანომ თავი ვეღარ შეიკავა, ცრემლები წასკდა და ერთჯერადი ცხვირსახოცების შეკვრას დაუწყო ძებნა. -კაპიკად არ ვარგა! უღიმღამოდ კითხულობ! - ადგილიდან წამოხტა რეჟისორი და შუქი აანთო. ატირებული უცხო გოგონა რომ დაინახა, გაკვირვებული სახით შეხედა: -შენ ვინღა ხარ? -გუშინ ტელეფონით გესაუბრეთ, სინჯებზე დამიბარეთ,- აწითლებული თვალები დაბლა დახარა. -და რა გატირებს? -არაფერი,-თავი გააქნია გოგონამ. -უმიზეზოდ არ ტირიან. -რაღაც გამახსენდა და...- იცრუა ვუდმა. -რატი, მურადის როლს შენ თავს ვერ გაართმევ, დაივიწყე,- ხელი ჩაიქნია ბატონმა თენგიზმა და მელანის შეხედა. -ადი აბა, სცენაზე, გამოართვი ამ ყმაწვილს ტექსტი და წაიკითხე. -მურადის სიტყვები?-გაოცება ვერ დამალა ვუდმა. -ჰო, რა მოხდა? მამაკაცის როლს ვერ ითამაშებ? -არ შემიძლია. -ჩემო კარგო, ახლავე მეუბნები, რომ როლის თამაში არ შეგიძლია, მაშინ აქ რატომ მოხვედი? -მე არ მითქვამს, რომ როლის თამაში არ შემიძლია, უბრალოდ იმ სიტყვებს, რაც რატიმ დედაზე თქვა, ვერ წავიკითხავ. -რატომ? -ზედმეტად მძიმეა ჩემთვის. -გასაგებია, -ჩაილაპარაკა, მთავარი პერსონაჟის სიტყვები ამოაძვრინა საქაღალდიდან, ახლოს მიიხმო და სთხოვა, წაეკითხა. მელანომ როგორც პლასტიკით, ასევე ტექსტის წაკითხვით რეჟისორის გული მოიგო და მისი კეთილგანწყობა დაიმსახურა. -კარგი ხარ, ოღონდ აქცენტზე უნდა იმუშავო, თან დიდი დრო არ გვაქვს, რეპეტიციები დაწყებულია და იმედები არ უნდა გამიცრუო. შენი როლის შემსრულებელმა ფეხი იღრძო და გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, ვერ გავრისკავდი. -დიახ, ბევრს ვიმუშავებ. აი, ნახავთ, არ ინანებთ, რომ მენდეთ. -მოკლედ, გადავწყვიტე, რატი ავაზნელს ისევ ჟულიკი საშკა დემეტრაძის როლი დავუბრუნო. ნაციხარი და გაიძვერა ადამიანის როლი პირდაპირ ზედ აკვდება და რა გავაკეთო? რაც გამოსდის, გამოსდის,- ახლად შემოსწრებულ მუსიკალურ ხელმძღვანელს შეხედა თენგიზმა. -და ეს ნიჭიერი გოგონა ვინ იქნება?- ცნობისმოყვარეობამ სძლია რუსიკოს. -ეს გოგონა მისი შეყვარებული, ნატალია ახალკაცი იქნება. -რა?- ავაზნელმა და ვუდმა ერთდროულად წარმოთქვეს და ერთმანეთს თვალებგაფართოებულებმა შეხედეს. --- რატიმ და მელანიმ რეჟისორის სურვილს იძულებით დაყოლიებულებმა როლებისთვის განკუთვნილი ფურცლები გამოართვეს, ბატონ თენგიზს დაპირდნენ, რომ შემდეგი რეპეტიციისთვის მთელ ტექსტს ისწავლიდნენ და სკოლის შენობა დატოვეს. ანას წყალობით, მელანიმ რატი ავაზნელის საცხოვრებელი მისამართი დაადგინა და საღამოს სახლში მიაკითხა. -რატი ავაზნელის კლასელი ვარ. სახლშია?- თამამად ჰკითხა თეკოს მელანიმ. -მშვიდობაა?- ოდნავ შეკრთა ქალი. -დიახ. დღეს თეატრალურ წრეზე როლები მოგვცეს და სახლში წამოსვლისას, ჩანთაში რომ ჩავიხედე, ვნახე, მისი სიტყვები გამომყოლია. -ახლა კერძო რეპეტიტორი ჰყავს, მაგრამ მალე დაამთავრებენ მეცადინეობას. შემოდი და დაელოდე. ძალიან გეჩქარება? -არა, რას ამბობთ? პრობლემა არ არის, დაველოდები,- უთხრა გოგონამ და თეკოს შეჰყვა. როგორც კი ავაზნელების კეთილმოწყობილ სახლში ფეხი შედგა, უსიამოვნო გრძნობამ დაუარა. იმ წამს ყველაზე ნაკლებად უნდოდა, იქ ყოფნა, მაგრამ იცოდა, ეს მისი შანსი იყო, რომ მანოსთან ერთად დაგეგმილი საქმე იმ დღესვე წამოეწყო და მხოლოდ ამის გაცნობიერება ჰგვრიდა შვებას. -რას დალევ? ჩაი? ყავა? -უნალექო ყავა, თუ შეიძლება. -შაქრით? რძით? -ორი კოვზი შაქარი და რძეც,-მაქსიმალურად გაურთულა ყავის მომზადება გოგონამ. -კეთილი,-სამზარეულოსკენ წავიდა თეკო და გოგონა მისაღებ ოთახში დატოვა. -უკაცრავად, ხელების დაბანვა მინდა და სად შეიძლება? თეკომ აუხსნა იქამდე როგორც მისულიყო და ყავის მომზადება დაიწყო. როგორც კი მელანო დარწმუნდა, სახლში ყველა დაკავებული იყო, ოთახებში შეიჭვრიტა და ყველაზე საინტერესოდ მრავალფეროვანი ნივთებით სავსე კაბინეტი მიიჩნია. -ესეც ასე, აქ იმაზე ადრე შემოვაღწიე, ვიდრე ვფიქრობდი, პირდაპირ ტუზი დამეცა,-გაეღიმა და სამუშაო მაგიდის უჯრების ჩხრეკვა დაიწყო. მაგიდა საგულდაგულოდ დაათვალიერა და ვერაფერს მიაგნო. მერე თაროებზე განლაგებულ წიგნებს თვალი ეშმაკურად შეავლო და მივარდა. -ვინ ხარ და აქ რას აკეთებ?- ზურგს უკან გაჟღერებულმა ბოხმა ხმამ ლამის გული გაუჩერა მელანის. უკან მიიხედა და სერიოზული სახით მდგომი ახოვანი მამაკაცი დაინახა, რომელიც გაკვირვებული უყურებდა მის კაბინეტში მყოფ ქერა, ცისფერთვალება გოგონას, რომელსაც თაროდან გადმოღებული, შტეფან ცვაიგის გადაშლილი წიგნი ხელთ შერჩენოდა: -მე რატის კლასელი ვარ. ტუალეტში ხელის დასაბანად გამოვედი, შემთხვევით ოთახის კარი ღია იყო, წიგნების დანახვაზე ინტერესმა მძლია და თქვენი მდიდარი ბიბლიოთეკის დათვალიერების სურვილმა მაცდუნა. ბოდიშს გიხდით,- მშვენივრად გაართვა თავი დაძაბულ სიტუაციას. -შტეფან ცვაიგი გიყვარს? -ბატონო? აჰ, დიახ, ევროპული ლიტერატურა ძალიან მიზიდავს,- თავი მდაბლად დაუქნია მელანიმ. -წაიღე და წაიკითხე, შემიძლია, გათხოვო. -მართლა? რა კარგია! მადლობელი ვარ. როგორც კი წავიკითხავ, აუცილებლად უკან დავაბრუნებ, - გახარებული სახე მიიღო გოგონამ. -მეც არა ვთქვი რატომ აღარ გამოჩნდა-თქო? თურმე სად ყოფილხარ,- თეკო არ მოელოდებოდა, რომ სტუმარს ბიბლიოთეკაში ნახავდა. -უკაცრავად, მოვდივარ,- კიდევ უფრო მორიდებული სახე მიიღო მელანიმ, ტიტეს ბოდიში მოუხადა და ყავის დასალევად მისაღებ ოთახს დაუბრუნდა. -შენ აქ როდის მოხვედი?-თავის ოთახიდან ახლად გამოსულმა რატიმ მასწავლებელი გააცილა და გაოცებული სახით მიუბრუნდა იქ მყოფ კლასელს. -ნახევარი საათია, აქ ვარ და გელოდები. შენი ტექსტი გამყვა და მოგიტანე. -შენთან როგორ აღმოჩნდა? -წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ რეჟისორს აერია რაღაც, -ითვალთმაქცა მელანიმ. რატიმ გადაამოწმა და დარწმუნდა, რამდენიმე ფურცელი მართლაც აკლდა რეჟისორის მიცემულ დასტას. მელანის ფურცლები ხელიდან გამოსტაცა და ხუმრობის იშტაზე მოსულმა გულზე ხელი მიიდო: -გულითადი მადლობა, ვუდ, მაგრამ ამ ტექსტს სკოლაშიც მომართმევდით. გოგონამ უხერხულობისგან ჩაახველა და მისი დამოკიდებულება არ შეიმჩნია: -ხვალ-ზეგ შაბათი და კვირა უწევს, ორშაბათს კი რეპეტიცია გვაქვს. -ჩემზე ზრუნავ? -მიუახლოვდა და აბრეშუმივით ნაზ კანზე თითები შეახო,- მე რომ ადვილად ხელმისაწვდომი და შემეტენე გოგოები არ მომწონს? მელანიმ პირი სხვა მხარეს იქცია და ფარული სიბრაზისგან წამოწითლდა, ჩანთას ხელი დაავლო, კარისკენ წავიდა და მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა: -დროებით. --- ორშაბათი დილა გათენდა. რატი ავაზნელისთვის დანარჩენი დღეებისგან არაფრით გამორჩეული. ზლაზვნით მოემზადა სკოლაში წასასვლელად. როგორც ყოველთვის, იუბილარობა არ უხაროდა და არც განსაკუთრებული განწყობა ჰქონდა. უფრო მეტიც, ეს დღე იმდენად ეჯავრებოდა, მისი ნება რომ ყოფილიყო, 28 ოქტომბერს კალენდრიდან ამოშლიდა. ოჯახში ყველამ იცოდა მისი დაბადების დღისადმი დამოკიდებულება და არავინ ულოცავდა, საერთოდ არ ამახვილებდნენ ყურადღებას. სკოლაში მისულს მელანი ვუდი მიუახლოვდა, გაუღიმა და დაბადების დღე მიულოცა. რატიმ გულგრილად ჩაუარა, თავი მოაჩვენა, რომ ვერაფერი გაიგო და სამასწავლებლოსკენ აიღო გეზი. -თავხედი!- გაიფიქრა გოგონამ და კლასში შევიდა. სამასწავლებლო მასწავლებლებისგან დაცლილიყო. ავაზნელმა სიტუაციით ისარგებლა, რამდენიმე კვირის წინ პედაგოგების საპირფარეშო ოთახის მოპარული გასაღების დაბრუნება განიზრახა და სწორედ იმ დროს, როდესაც მას კედელზე დამაგრებულ საკიდზე ჰკიდებდა, რუსიკო კვარაცხელია დაადგა თავზე: -როგორ ვერ უნდა მივხვედრილიყავით, რომ გასაღების ქურდი და ჩვენი ტუალეტიდან ახალი ბავშვისთვის ერთი სათლი ჭუჭყიანი წყ*ლის დაცლის ინიციატორი შენ იქნებოდი? -ცდებით,- ცხვირის წვერზე გაისვა ცერა თითი ავაზნელმა. -ვინ იყო ის კაპიუშონიანი და სათვალეებიანი გოგონა ვინც იქ შეუშვი? შენი თანამზრახველი, არა? ახლავე გამოტყდი! -მე არავინ შემიშვია. -მაშინ გეკითხები, როგორ აღმოჩნდა მოსწავლე პედაგოგებისთვის გათვალისწინებულ ტუალეტში? -აზრზე არა ვარ,- მხრები აიჩეჩა ბიჭმა. -რატი ავაზნელო, როდემდე უნდა გაგრძელდეს შენი უზნეო საქციელი? აღარ დადგა დრო, რომ გამოსწორდე? მე ამას ასე არ დავტოვებ! ახლავე წავალ და ყველაფერს დირექტორს მოვუყვები. -ეს არ გააკეთოთ, ქალბატონო რუსიკო. -ვითომ რატომ? მეც იმ ამერიკელი მოსწავლის ბედს გავიზიარებ? აბა, გაბედე! კაი ჩიტსაც დაიჭერ ხელში. ავაზნელს მოთმინების ძაფი გაუწყდა, კართან გადაუდგა და ნელ-ნელა, ძალიან გარკვევით დაიწყო: -სამი კვირის წინ, მეექვსე გაკვეთილის შემდეგ, ფიზკულტურის დარბაზთან მდებარე ბიჭების გასახდელ ოთახში, ამირან მოსიძესთან ერთად ერთი წითელქოშიანი ქალბატონი... კიდევ გავაგრძელო?- სიტყვა გაწყვიტა რატიმ, როდესაც შეატყო, მასწავლებელს ფერი გადაუვიდა სახიდან. -აღარ გააგრძელო. -იმ შემთხვევაში აღარ გავაგრძელებ, თუ ერთმანეთის საიდუმლოს შევინახავთ,- კარგ ხასიათზე დადგა ბიჭი. რუსიკო კვარაცხელიამ თავი დაუკრა და შეშლილივით გავარდა ოთახიდან. -შენმა შხამიანმა ენამ მაიძულა, შენსავე ენაზე დაგლაპარაკებოდი, თორემ არ მინდოდა, ღმერთმანი,- თავისთვის ჩაილაპარაკა ავაზნელმა და სამასწავლებლო დატოვა. --- სოლოლაკის გორიდან, იქ სადაც ქართლის დედის ქანდაკება მთელ თბილისს გადასცქეროდა და განათებული ქალაქი კიდევ უფრო მომნუსხველად მოჩანდა, რატი და კელი განმარტოვებით იდგნენ და საკუთარ ფიქრებში ჩაძირულიყვნენ. ბოლოს, ისევ კელი გამოეყო აზრების ომს და მამიდაშვილს მიუბრუნდა: -კარგად იცი, როგორ მიყვარხარ, მაგრამ რაშიც არა ხარ მართალი, არ გეწყინოს და ვერასოდეს გაგამართლებ. -რაში მამტყუნებ? იმაში, დედას დღემდე რომ ვერ ვპატიობ, დაბადების დღეზე ასეთი გრანდიოზული საჩუქარი რომ გამიკეთა? თავისი ეგოისტური გადაწყვეტილების გამო, იმიტომ, რომ ასე მოეხოშა და სიცოცხლე ახალგაზრდა ასაკში დასთმო, ექვსი წლის ბავშვი ბედის ანაბარა, სრულიად მარტო დავრჩი. -ჯერ ერთი, გარს უამრავი კეთილმოსურნე გახვევია და მარტო არ ხარ, მერე მეორე, ეს მისი არჩევანი იყო და ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. -არასოდეს,- თავი გააქნია რატიმ,- მე შემიძლია გავუგო ბუნებრივი სიკვდილით წასულ ადამიანს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელსაც, მაგრამ არა ლიკა ხავთასს, რომელმაც ობლობისთვის და ასეთი ცხოვრებისთვის გამიმეტა. -იქნებ რაღაც უჭირდა და არ ასვენებდა? იქნებ თავს მარტოსულად გრძნობდა? იქნებ აღარაფერი აბედნიერებდა? იქნებ სამყარო სულიერ საზრდოს ვეღარ ჩუქნიდა? იქნებ?!. -არასოდეს მომიყოლია შენთვის, მაგრამ დღეს გაგეხსნები. იმ დღეს, როდესაც სტუმრები წავიდნენ, დედამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და საძინებელში ავიდა. მე და მამამ საჩუქრები გავხსენით, ახალი სათამაშოებით ვითამაშეთ და როცა მოვიბეზრე, ხატვაზე გადავედით. მე მთვარე, ვარსკვლავები და დედა დავხატე. არ დამავიწყდება, როგორ მინდოდა, ღამის ცაზე კაშკაშა მზეც გამომესახა. ბოლოს ასეც მოვიქეცი, ისიც მივახატე. მამამ ნახატს დახედა, გაეცინა და მკითხა, ღამის ცაზე მზეს რა უნდაო? -ეს იმისთვის, რომ სხვაგან რომ წახვალ, დაღამდება და დედას გვერდზე არ ეყოლები, გზა გაუნათოს-მეთქი,-ვუპასუხე, ნახატი ხელიდან გამოვტაცე და ლიკას საძინებელში მივაკითხე. მინდოდა, გამეხარებინა, რატომღაც ბავშვურად მწამდა, ჩემი ნახატის დანახვაზე თავის ტკივილი გადაუვლიდა. როცა ოთახში შევედი, თეთრპერანგიანი, საწოლზე მისვენებული აბებით ხელში დავინახე. თავდაპირველად მეგონა, ეძინა და გაღვიძება დავუწყე, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ... დღემდე ვინახავ თოჯინების თეატრის სპექტაკლის ბილეთებს, რომელიც მისი სიკვდილიდან რამდენიმე დღეში ჩვენს დაუსწრებლად ჩატარდა. მაშინ ვერ ვიაზრებდი სიკვდილის არსს, მის სისასტიკეს და იმას, თუ რამდენად დაასახიჩრებდა მომავალში ალალი და სიყვარულის მაძიებელი ბავშვის გულს და სადღაც წარმოდგენაში, იმის მოლოდინი მქონდა, რომ დედა მოვიდოდა, ხელს მომკიდებდა და ჩვენ ორნი აუცილებლად წავიდოდით იმ სპექტაკლზე. -ჩვენ ვინ ვართ, ადამიანები რომ განვსაჯოთ?.. -სხვა ადამიანები სულ არ მაინტერესებს. ამ შემთხვევაში მე დედაჩემზე ვსაუბრობ. -იმედი მაქვს, ოდესმე გაუგებ და მიუტევებ. -ყოველ ღამე, სანამ თვალებს დავხუჭავ, ვფიქრობ და მინდა ვაპატიო, მაგრამ არ შემიძლია. რაც ჩემთვის ადამიანში პირველი და უმთავრესია, სამწუხაროდ მასში პირველად და უმთავრესად ვერ აღმოვაჩინე... - ღრმად ამოისუნთქა, ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი მისი დანაწევრებული სულივით დაანაკუწა და გაუყუჩებელი ტკივილით მინავლებული, ქანდაკების ძირს ჩამოჯდა. -ლიკა მამიდა საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო. მას მამაშენიც ძალიან უყვარდა, შენც და გარშემო მყოფებიც. მიუხედავად იმისა, საზოგადოებაში მკაცრი იმიჯი ჰქონდა, მისი შინაგანი ბუნება სულ სხვას მეტყველებდა. -შენ რა გახსოვს? და საერთოდ, კარგად იცი, დედაჩემზე საუბარი ჩემთვის დახურული თემაა. დავამთავროთ, ნუ გააღვიძებ იმას, რაც დიდი ხნის წინ მივაძინე. -როგორ არ მახსოვს? ზოგიც მამაჩემის და ბებია-ბაბუის მონაყოლიდან ვიცი. ყველაზე ლამაზად იცი რა მახსენდება?- ღიმილი მოადგა სახეზე გოგონას,- მისი ატელიედან საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი უძვირფასესი ქსოვილი რომ მოვიპარე. თურმე შოუბიზნესის ერთ-ერთ წარმომადგენელს სოლო კონცერტისთვის კაბას უკერავდა და ის ქსოვილი მისი ნაწილი იყო. მკერავების ოთახში შევედი, მანეკენზე ჩაცმული ბრჭყვიალა და თვლებით გაწყობილი კაბა რომ დავინახე, ჩავთვალე, პრინცესას კაბა იყო და ჩემი თოჯინისთვისაც მოვინდომე, იგივენაირი ჰქონოდა. დიდი მაგიდიდან კაბის მიუკერებელი მკლავები ავიღე, შარვალში ჩავიტენე და წამოვედი. სახლში რომ მივედი, დედაჩემს ლიკა მამიდამ დაურეკა, ძალიან მეუხერხულება ამას რომ გეუბნები, მაგრამ გადავატრიალეთ მთელი სალონი და კაბის მკლავებს ვეღარ ვპოულობთ, იქნებ ბავშვმა წამოიღო, ან სადმე დადო და ჩვენ ვეღარ მივაგენითო. აუ, როგორ შემრცხვა, როცა დედამ შარვლიდან ის ლამაზი ქსოვილი ამომაცალა, ტირილიც კი დავიწყე. ლიკა მამიდა მოვიდა და ასეთ დღეში რომ დამინახა, კალთაში ჩამისვა და მომეფერა. მერე მკითხა, ის ქსოვილი რისთვის მინდოდა და სურვილი რომ გავუმხილე, წამითაც არ დაფიქრებულა, წავიდა, მაკრატელი, ძაფი და ნემსი მოიტანა და ჩემ თოჯინას ულამაზესი კაბა შეუკერა. იცი როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ? ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. -კელი, გაჩუმდი, გთხოვ. მეტი აღარაფერი თქვა, თორემ გაწყენინებ. გოგონამ მამიდაშვილს თვალებში ჩახედა და მისი სულიერი მდგომარეობა რომ ამოიკითხა, მეტი აღარ გაუგრძელებია, ჩუმად დაუტოვა საჩუქარი და საკუთარი ავტომობილით იქაურობას გაეცალა. მარტოდ დარჩენილსა და ირგვლივ დინჯად მოსიარულე სიჩუმეს შორის უხილავი კავშირი გაბმულიყო. სადღაც შვიდივე სიმს ჩამოჰკრეს და სიმღერად მოტანილი სიმართლე დედის ხმით ახმაურდა: -„რატი, ყოველი ჭამის წინ ხელები უნდა დავიბანოთ, ტკბილო“; „მე ვიხუჭები, ჩემი მეგობარი რატი იმალება“; „ ახლა ერთმანეთს ხელები ჩავკიდოთ, ჯარისკაცებივით სააბაზანოში შევიდეთ და ეს პატარა სიმინდის მარცვლებივით ჩალაგებული კბილები ჯაგრისით გავიხეხოთ“; „დედას სუნთქვა და ოქროსფერი ვარსკვლავი ხარ“... ბიჭმა ყურებზე ხელები აიფარა, უნდოდა ეს ხმა შეეჩერებინა, მაგრამ ხელებით დახშულ ყურებში ისევ საოცარი სითბოთი და სიმსუბუქით აგრძელებდნენ დედის სიტყვები შეღწევას. --- რამდენიმე დღის წინ მომხდარმა შემთხვევამ გოგი ხავთასი დაარწმუნა, რომ შეკრული და რამდენიმე კაცის თაოსნობით საიდუმლოდ მართული ბიზნესი ფარღალალა ქოხს ემსგავსებოდა, საიდანაც ნებისმიერი მხრიდან შეიძლებოდა, ძლიერად ამოვარდნილ ქარს ღრიჭო ეპოვა, გარედან შეტანილი მტვრით და ნაგვით ამოევსო, ბოლოს საძირკველიც მოეშალა და ისე დაეძაბუნებინა, წაქცევა და სადღაც გადასაკარგად ნაფოტებად ჰაერში ატაცება ერთი იყო. სახლში იყო, ფინჯან ჩაის გემრიელად შეექცეოდა და ნოდარ ხავთასს ჩანაფიქრს აცნობდა: -არა მგონია, პრემიერ-მინისტრის ამ საქმეში გარევა „კრაზანას“ მოეწონოს. რაღაც თუ არ ვიღონეთ და იმ ჩათ*ლახ ბერაძეს კისერი არ მოვუგრიხეთ, ისეთ ჩიხში აღმოვჩნდებით, იქიდან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება. -მაგაზე მეც ვფიქრობდი, ოღონდ მოვლენებს არ ვაჩქარებდი. -არ დავაჩქარებთ და მაშინ განკითხვის დღე დროზე ადრე მოგვიახლოვდება,- უკანასკნელი ყლუპი დალია გოგიმ და მაღალ სავარძელში მოკალათდა,- მოძებნე შენი ხალხი და რაც შეიძლება, მალე შეუკვეთე მკვლელობა. ყველაფერი ისე უნდა იყოს, უბედურ შემთხვევას დაემსგავსოს,- ხელის თითები აათამაშა ხავთასმა. -შენ მაგაზე არ იჯავრო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. -მაშინ წარმატებები, ნოდარ,-ულვაშებში ჩაეცინა და ტექნიკურად მიახვედრა, რომ მისი წასვლის დრო იყო. *** მოგვიანებით ნოდარ ავაზნელი დაქირავებულ ხალხთან პრემიერ-მინისტრის მკვლელობას გეგმავდა. ჩაფიქრებული იყო საცხოვრებელი სახლის გაზის მილების დაზიანება, რომლის შედეგად დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის გაჟონვა აფეთქებას გამოიწვევდა. ერთი კვირის თავზე, პრესა და ტელევიზია პრემიერ-მინისტრის უბედური შემთხვევის გამო, მის და დანარჩენი ოჯახის წევრების სიკვდილზე ალაპარაკდა. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეწუხებული საზოგადოების ყურადღება პოლიტიკური ფიგურის დაღუპვის ამბავმა გადაფარა. -„მიეცი ხალხს პური და სანახაობა“- ამბობდა იმპერატორი გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი. პურის მიცემისა ვის რა მოვახსენო და სანახაობა კი აშკარად კარგი შევქმენით, დიდხანს ეყოფათ უქნარა მთავრობის წევრების უნიათო მმართველობაზე თვალის დასახუჭად,- გოგი ხავთასმა ტელევიზორის მართვის პულტს გამორთვის ღილაკზე დააჭირა და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად კმაყოფილი სახით გავიდა გარეთ. --- მელანი მთელი დღე ავაზნელების სახლთან, მალულად იდგა და შესაბამის მომენტს ელოდებოდა, რომ სახლში შესულიყო. როგორც კი ტიტე ავაზნელი მარტოდ დაიგულა, მაშინვე სამალავიდან გამოვიდა და თამამად წავიდა სახლისკენ: -გამარჯობა. წიგნის დასაბრუნებლად მოვედი,- ღიმილით უთხრა გოგონამ და დაელოდა, სახლში როდის შეიპატიჟებდა. -შემოდი,-სერიოზული სახით უთხრა მამაკაცმა. -ბოდიშის მოხდით, თუ არ გამიწყრებით, კიდევ ვითხოვებ რამეს. -არა, რატომ უნდა გაგიწყრე? პირიქით, თუ კითხვა ასე ძალიან გიყვარს, შეგიძლია, ჩემი ბიბლიოთეკით ნებისმიერ დროს ისარგებლო,- მიუგო და კაბინეტისკენ გაჰყვა. გოგონამ შტეფან ცვაიგის წიგნი თაროზე დააბრუნა და მოჩვენებითი ცნობისმოყვარეობით სხვების თვალიერება დაიწყო. დაბლა დაწყობილ წიგნებში მისთვის საინტერესო რომ ვერაფერი იპოვა, ზედა თაროებს ახედა. -კიბეს მოვიტან. ზედა თაროს ვერ მიწვდები,- ჩაილაპარაკა ტიტემ და მოსატანად წავიდა. ცოტა ხანში, კიბეზე ასული მელანი გულდასმით ათვალიერებდა თითოეულ წიგნს. მამაკაცი მისაღებ ოთახში გასულიყო და თავს იუმორისტული გადაცემის ყურებით ირთობდა. ძებნისგან დაღლილ გოგონას უკვე ყველა იმედი ეწურებოდა: -მეც კარგი ვიღაც ვარ. რამე სერიოზულს აქ რომ ინახავდეს, თავისი ხელით ხომ არ გამოიჭრიდა ყელს? ის დროა, რომელიმე წიგნს ხელი დავავლო და ვიდრე თავის მუტრუკი შვილი არ მოსულა და ჩემი ნერვების მატყლივით ჩეჩვა არ დაუწყია, აქედან წავიდე,-გაიფიქრა და იმედგაცრუებულმა უგულოდ დააბრუნა თავისუფლად განლაგებულ წიგნებში ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“. სწორედ იმ დროს, წიგნი მის გვერდით არსებულ წიგნზე გადაწვა და უცნაური ხმით წააქცია. -ეს რა ხმა იყო?- კიბეზე ორი საფეხურით ჩასულმა მელანიმ თაროს ახედა და ისევ ზევით ავიდა. „ოსტატი და მარგარიტა“ გაასწორა და წაქცეულ შავი ფერის წიგნს მოჰკიდა ხელი. მასზე გამოსახული ოქროსფერი წარწერები ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე მიანიშნებდნენ, მაგრამ როდესაც გადაშალა, რეალობა სულ სხვაზე მეტყველებდა. შიგნით პატარა სეიფი ინახებოდა, რომელიც საკეტით იყო დაკეტილი და გასაღების ან სპეციალური ხელსაწყოს გარეშე არ გაიხსნებოდა. გოგონამ საკეტი კარგად შეათვალიერა და გაეღიმა. საქართველოში ჩასვლის წინ, კრიმინალურ უბანში ნაცხოვრებს, მეზობელი შავკანიანი ბიჭისგან ნასწავლი ჰქონდა მსგავსი ტიპის საკეტები როგორ გაეხსნა და ჩანთიდან რკინის წვრილი ხელსაწყო ამოიღო. სეიფი გაიხსნა და რაც იქ ნახა, სახტადდარჩენილმა მობილური ტელეფონით სურათები გადაუღო, ხოლო მათთან ერთად იქ არსებული მეხსიერების ბარათი მოიპარა და მისაღებ ოთახში ტიტეს წინაშე მორიგი წიგნით წარდგა: -ახალ წლამდე წავიკითხავ და აუცილებლად მოგიტანთ,-მიტკლისფერი სახით გაუღიმა, მადლობა გადაუხადა და გულაჩქარებული სახლისკენ გაიქცა. *** სადარბაზოს კიბეები აირბინა, ყოველგვარი სიტყვის გარეშე ბებიას გვერდი აუქცია და საძინებელში შეიკეტა. ლეპტოპს მეხსიერების ბარათი მოარგო და მასში ჩაწერილი ვიდეო გახსნა. ჩანაწერში კარგად ჩანდა, როგორ აიძულეს, თოვლიან ტყეში მუხლებზე დადგომა შეშინებულ და მისავათებულ ნინო თადეშვილს. ისმოდა მუდარის სიტყვებიც, დანდობას ითხოვდა სიკვდილის შიშით შეპყრობილი. -არა, არა, არა!- პირზე ხელი აიფარა და ცრემლები წამოუვიდა. ტირილისგან სული რომ მოითქვა, მანოს დაუკავშირდა და მის ხელთ არსებული მასალები მეილზე გადაუგზავნა. ეკრანის მეორე მხარეს დუმილი იყო... მანოს სახე მყინვარწვერივით მკაცრ იერს შეემოსა. როდესაც ვიდეოში გასროლის ხმა გაიგონა და თოვლზე უსულოდ გადავარდნილი ნინო დაინახა, წარბები ოდნავ შეიხარა და თვალები აუწყლიანდა. მერე სასწრაფოდ გამორთო და სურათები გადაათვალიერა. მელანისთვის რომ მოიცალა, მაშინღა შენიშნა, რომ პატარა გოგონა ძალიან ცუდად იყო: -მისმინე, მელანო. ამ ვიდეოთი ახალი არაფერი გაგვიგია. დიდი ხანია ვიცით, რომ ნინო მოკლეს. -ჰო, მაგრამ... ძალიან რთული საყურებელი იყო... -პირველ რიგში მინდა, გითხრა, რომ სუპერ გოგო ხარ. არაჩვეულებრივად ართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ახლა, შენს მიერ მოპოვებულ მასალას რაც შეეხება -ამ ვიდეოდან ვიგებთ, რომ ნინო ორმა მამაკაცმა მოკლა. აქედან, ერთ-ერთის სახის ნაკვთები კარგად ჩანს და როცა იქნება, მის ვინაობას დავადგენთ, ხოლო მეორე, ვინც ისვრის, მართალია სახით ვერ ვხედავთ, მაგრამ როდესაც იარაღიდან გაისროლა, ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ შევნიშნე- ცერა თითზე მორიელის ტატუ აქვს. ასე, რომ ესეც ბევრზე მეტყველებს ჩვენთვის. -იცი რა ვერ გავიგე? რად უნდოდა ტიტე ავაზნელს ისეთი სურათების გადაღება და შენახვა, რომლებიც ნინოს გატაცებაში საკუთარ დანაშაულს ამტკიცებენ? -რას გაიგებ? ჰო, სურათებში კარგად ჩანს, როგორ მივარდა მარტო მდგომ პატარძალს თეთრი ნაჭრით, მიადო ცხვირზე, გონება დაუკარგა და მანქანაში ჩასვა. -ტიტემ თავიდან ხომ აღიარა, რომ ნინო მისი გატაცებული იყო? -დიახ, მაგრამ რად გინდა? გავლენიანი სანაცნობო წრის წყალობით გარეთ აღმოჩნდა,-ხელები გაშალა მანომ,- ღმერთო, როგორ მძულს! ამ სურათებით სულ მცირე ის მაინც მტკიცდება, რომ ნინო თავის ნებით არ გაჰყოლია. არადა, მაშინდელმა ვითომ გამომძიებლებმა ყველაფერი ისე გამოიყვანეს, ვითომ ნინო საყვარელ მამაკაცს არაადამიანურად მოექცა, ქორწილიდან სხვას გაეკიდა და უღალატა. ნაბიჭ*ვრები! -მანო, იქნებ ვცდებით და ნინო ტიტეს არ მოუკლავს? -შეუძლებელია. შენ კარგად იცი რატომაც. ტიტე ავაზნელი მკვლელია და ამას რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ორნი აუცილებლად დავამტკიცებთ. ახლა, მაპატიე, მაგრამ უნდა გაგითიშო, ცოტა უნდა დავისვენო, რაღაცები უნდა გადავხარშო. შენ კი შემპირდი, რომ არ მოდუნდები და მათი სახლის კუთხე-კუნჭულს აითვისებ. მელანი მანოს უპირობოდ დაეთანხმა და ეჭვებით სავსე გონებით დაემშვიდობა. --- ნოემბრის ბოლო კვირა იყო. „Opened World”-ის თეატრალური წრე კერძო თეატრის დაქირავებულ დარბაზში სპექტაკლს მართავდა. რატის და მელანის საკმაოდ რთული როლები ჰქონდათ შესასრულებელი. კრიმინალი ბიჭის, საშკა დემეტრაძის და ქალაქში ცნობილი ექიმების შვილის, ნატალია ახალკაცის სიყვარული მაყურებლამდე სპეტაკი გრძნობებით უნდა მიეტანათ. ბოლო და ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი ახლოვდებოდა, როდესაც კულისებში მდგომ რატის და მელანის რეჟისორი წინ ჩამოუდგა: -აბა თქვენ იცით. მოაზღვავეთ ენერგია, წამოიღეთ ზვავივით და გადათელეთ დარბაზი. გრძნობები დამანახეთ, ამოიღეთ და დადეთ სცენაზე,- გაშლილი თითებით ისე სასაცილოდ ეუბნებოდა, ავაზნელი თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ახარხარებულიყო. მოულოდნელად, მუსიკა მძაფრი ემოციებით შეიჭრა მაყურებლებში. რაღაც ცუდის მოლოდინი ჰქონდათ, შინაგანად დაიძაბნენ და ყველა ერთად სიჩუმეს დაემონა. ავაზნელი პირველი გავიდა სცენაზე, ტრაგიკული სახე მიიღო და მონოლოგისთვის მთელი ემოციებით შეემზადა: -ობობები ჩემს თვალებზე ქსელებს აბამენ, თვალის ბადურას დაქსაქსული ქსელებით ეხვევიან და ისეთ კადრებს აჩვენებენ, რაც მათ ბოროტ გონებას წინასწარ შხამის წვეთებით დაუწერია. მერე შავ კვამლში დამხვრჩვალი და გადღვებილი სურათები მოლეკულებივით ტვინის წიაღებისკენ დასაპყრობად მიიწევენ და შემუსვრას იწყებენ. ერთი, სამი, ათი, ორმოცი, ასი, ათასი, მილიონი, კვადრილიონი, ოქტალიონი... მასში შეღწეულები ატომებად იშლებიან, მრავლდებიან, ტვინს ასნეულებენ, ჰკლავენ, ალპობენ, ჭამენ და ლაქებიან სიცარიელეს ტოვებენ... აღარ ვარ, არსად ვარ, ვეღარ ვგრძნობ, აღარ მესმის, დამაბრმავეს... ვიცი, ამ გადაყინულ კუნძულზე „არაფერი“ ცხოვრობს. „არაფერმა“ კი „არავის“ მოუხმო და თავის სამბრძანებლოში თავი შეაფარებინა. მე ბავშვი, ფერადი ფანქრებით სხვაგვარ ცხოვრებას ვხატავდი. ფანქრები ჩამომართვეს, ნაგავში გახრწნილ ნარჩენებში შეურიეს და ბინძურ ფსკერამდე ჩაძირეს. სად არის ყვითელი, რომ ეს თეთრი სიცივე შევღებო? ცისფერიც გამომიჩინეთ, რომ ჯოჯოხეთივით ჩამუქებული ცა გავაღიავო. წითელიც გამქრალა- გულის ფერი, სუნთქვის და სიყვარულისა... გამწვანდეს რა, ისევ გამწვანდეს სულის მკაცრი საყუდებელი. ააშრიალოს ცელქმა სიომ ტოტზე ფოთოლიც. მიწა გაათბოს დარდისფერმა კაცობრიობამ, არ შეიძლება? ფანქრები ისევ მყარად ინარჩუნებენ იძულებით მიჩენილ ადგილს და ლაყე კვერცხის სუნი გადასდებიათ. მძიმე ლოდივით აწვება ყოველ დღე დამატებული ახალი ნარჩენები და ისე პრესავენ, ლამის მიწა გახიონ და დედამიწის გულამდე ჩაიტანონ. დამიბრუნეთ ჩემი ფანქრები!- სცენაზე გართხმული ღრიალით ფხაჭნიდა იატაკს და სიკვდილთან მებრძოლი, თავგაჭ....ტილი გველივით იკლაკნებოდა. მოულოდნელად, მშობლების სახლიდან გამოქცეული ნატალია ახალკაცი გამოჩნდა, რომელიც გადაყინულ კუნძულზე მოხვედრას აკანკალებული სხეულით პასუხობდა და იმ ერთს ეძებდა, რომლის გადარჩენის გასაღები ხელში ეჭირა. თვალების ცეცებით გაკვალულ სრიალა ბილიკებს მეტისმეტი სიფრთხილით გადააბიჯა და სულის ამოღაფვამდე მისულ გულისსწორთან დაიხარა. თითები შეახო, მის სუსტ სუნთქვას დაუგდო ყური და ბეჩავად მიგდებულს თავის სხეულით დაუწყო გალღვობა: -აქ მოსასვლელად მარცვლებით დამძიმებული პურის ყანები გამოვიარე. მოხუცის დაჩაჩანაკებული სხეულივით ატკიებული და გამოფიტული კიდურები აქამდე ვათრიე და ამ კუნძულამდე გამობმულ სისხლის ძაფებს ტაატით მოვყვებოდი. შენი მოღრიალე ქარების დასაცხრობად ტყეები, ღელეები, ხევები და ზღვები გავთელე. გამაყრუეს ციკლონებში ათასჯერზე გაჟღერებულმა ბგერებმა. გამუდმებით იბნეოდნენ ქვიშიან და წვიმიან ქარში. მერე ისევ იწყობოდნენ და „მჭირდების“ ემსგავსებოდნენ,- მუშტად შეკრული ხელი გაშალა, გასისხლიანებულ ხელის გულებს დახედა, მკრთალად გაეღიმა და გააგრძელა: -წითელი ფერი მოგიტანე, გულის ფერი, სუნთქვის და სიყვარულის,- მის ფერხთით დამხობილს ხელი გაუწოდა და სიჩუმის შემდეგ გათანგულმა ისევ განაგრძო:- ხელი მომეცი, შენც გიწილადებ. ამით დავიწყოთ და ერთად სიარულისას ვინ იცის, ეგებ სხვა ფერებიც აღმოვაჩინოთ? ბიჭმა ჯერ ხელის ერთი თითი გაამოძრავა, შემდეგ მკლავი მოხარა, მუხლებიც, სხეული ოდნავ წამოწია და განადგურებულ სახეზე იმედის მსგავსმა მოლოდინმა დაიწყო დასადგურება. საფხეკივით აცლიდა კანში გამჯდარ უღმერთობას ახალგაზრდა ბიჭის სხეულს... როგორც იქნა, გაჩეხილი ვაზივით გადაქცეული წამოაყენა და ისე მჭიდროდ ჩაუჭირა ხელი, მისი წითელი საშკას ხელის გულზე გადაითხაპნა. ბიჭი დასახუჭად გამზადებულ თვალებს ძლივს ახელდა და აქეთ-იქით ტორტმანობდა. ნატალიამ ორივე ხელი ჩასჭიდა და მჭიდროდ მიეკრო. იმდენად ჩინებულად თამაშობდნენ როლებს, მაყურებელს იმ წამს სჯეროდა, რომ ის ორი, ვინც ახლა მათგან მოშორებით იდგა, ერთმანეთის სულის ჭიგოებად გადაქცეულიყვნენ. გასუსულები უყურებდნენ აკრძალული სიყვარულით შეერთებულებს და თითოეულ მათ სიტყვას და მოძრაობას ისისხლხორცებდნენ. რატი ავაზნელი ისე ჩაბღაუჭებოდა მელანის, ერთ მთლიან შენაზარდს დამსგავსებოდნენ. მათი გულის ცემა და სუნთქვა ერთმანეთზე გადადიოდა, კანის და თმის სურნელი გზააბნეული მთვრალივით უგზო-უკვლოდ დახეტიალობდა და ერთმანეთს გადაფსკვნილ წყვილს მათრობელა ღვინოსავით აბრუებდა. ლოყები ლოყებს, სუნთქვა სუნთქვას, გული გულს პაემანზე უხმობდნენ... სცენარის მიხედვით, ჩაბნელებული დეკორაციები გადაყინული კუნძულიდან , ზღვებიდან, ხევებიდან, ღელეებიდან, სისხლით მორწყული ნაკვალევებიდან და პურის ყანებიდან კვლავ თბილისურ ეზოში უნდა დაბრუნებულიყვნენ, სადაც ჭორიკანა მეზობლებს ჯერ კიდევ ღრმად ეძინათ და მოღლილ ყბებს ასვენებდნენ. მზის ამოსვლას ახალგაზრდა წყვილთან ერთად მხოლოდ მოხუცი მურადი შეჰგებებოდა. მათთან ახლოს მყოფი თოვლივით თეთრ წვერზე დამჭკნარ თითებს ისვამდა და გარშემო განლაგებულ ცარიელ ფანჯრებს და აივნებს მხედველობაშელახულ თვალებს ავლებდა: -გათენებულა... გაიღვიძეთ ქვეყანაზე ფიქრით დაღლილნო მამულიშვილნო. დღეს ახალი საზრუნავი მოუტანია თქვენთვის. სანამ სიზმრების სამყაროში მოგზაურობდით, აგერ ვიღაცას ღამე თეთრად გაუთენებია და წარმატებისკენ მიიწევს. ახლა, თქვენ იცით, ხელ-კეტებით დაეწიეთ, კარგად დაიჭირეთ და იქამდე ურტყით, სანამ წირვას არ გამოუყვანთ!.. არ დაინდოთ, ვინც თქვენზე მეტს მოინდომებს, წელებზე ფეხს დაიდგამს და მრავალ ტკივილში გამობრძმედილი გამარჯვების მწვერვალს ბობღვით მიუახლოვდება. ცოდვაში გასვრილი ხელები ქეჩოში ჩაავლეთ, კარგად გამოქაჩეთ და ძირს ისე ჩამოაგდეთ, სულის მოთქმა ვერ მოასწროს. დარბაზში, სცენის ქვეშ შავად შემოსილი ბოროტი ძალები გაწოლილიყვნელ და საზარელი მუსიკის ფონზე ხელებს აქეთ- იქით აფათურებდნენ. მხცოვანი ბერიკაცს სევდიანი თვალები ძირს დაეხარა და ხმამაღლა განაგრძობდა: -წამოდექით, ნახეთ რამდენი საქმე მოგიტანათ ახალმა დღემ გასაკეთებელი და თქვენ კი საწოლებში ნებივრობთ და მთქნარებით იღლებით! აქ მოდით, ნახეთ რამდენი ჭუჭრუტანებია. ყველას გეყოფათ სხვის კერიებში შესახედად. ოჰოჰოჰ, ვერც კი წარმოიდგენთ წინ რამდენი საქირქილო და განსახილველი ამბები გელით. თქვენ ხომ ბრძენნი ხართ და ამ საქმეში გამტოლებელიც არავინ გყავთ?!. აბა, თქვენ იცით, მე მიგითითეთ და ვიდრე ღამე მოგისწრებდეთ, იფუსფუსეთ და იშრომეთ, ჩემო კარგებო. მე კი ჩემს წილ საზიდ ტომარას ზურგზე მოვიგდებ და ვივლი ასე დამძიმებული, ჩემი დარდებიც მეყოფა... კულისებში გაუჩინარებულ მურადს მისი სიტყვით აღფრთოვანებულმა მაყურებელმა ტაში დაუკრა. წყვილი ისევ ერთ ადგილზე იდგა. იდგა გაუნძრევლად, უხმოდ, ერთმანეთს მიბჯენილნი. საშკა დემეტრაძე ოდნავ შეირხა, გოგონას სახე ნელი, თითქოს შეუმჩნეველი მოძრაობით კიდევ უფრო მიუტანა და ტუჩთან ხანგრძლივი კოცნა აჩუქა. პროექტორებმა დაბნელება დაიწყეს. მაყურებელი უმალ ტაშით შეხვდა წარმატებულ პრემიერას. რატი ავაზნელი ისევ გახევებული იდგა. -ხელი გამიშვი! დამთავრდა,-მის მკლავებში გაირხა ვუდი. ბიჭს არ ესმოდა, მხოლოდ გრძნობდა, გრძნობდა რაღაცას, მაგნიტური ტალღისებურ მიზიდულობას, რომლებიც ჯერ კიდევ ნატალია ახალკაცისკენ ექაჩებოდა, ან იქნებ მელანი ვუდისკენ?.. -რატი, ხელი გამიშვი! სადაცაა სცენა განათდება და მაყურებლის წინაშე დასამშვიდობებლად მოგვიწევს გასვლა,- თავი დაიხსნა მისგან და კულისებში შევიდა. ავაზნელი ისევ მარტო დარჩა, ისევ იმ პატარა ბიჭს დაემსგავსა, რომელსაც ფანქრები წაართვეს... მერე გონს მოვიდა, თითის წვერზე ცერა თითი გაისვა და კულისებში სცენაზე გასასვლელად მომლოდინე მსახიობებს შეუერთდა. -ბრწყინვალეა! ბრწყინვალე!- აღტაცებული დადიოდა რეჟისორი და რატის და მელანოს ყურებამდე გახსნილი პირით შესცინოდა. ქუხდა დარბაზი... ისმოდა ყიჟინა... არ მიდიოდა მაყურებელი და ყოველი მათ წინაშე წარმდგარი მსახიობის შესრულებას ტაშის ძალით აფასებდა. გიო მებურიშვილი მაყურებელთა რიგებს ელვისებური სისწრაფით მოსწყდა, სცენაზე ავიდა, მელანის წითელი ვარდების ულამაზესი თაიგული აჩუქა და გადაეხვია. როლიდან წესიერად არ გამოსულმა რატი ავაზნელმა საშკა დემეტრაძის თვალებით შეხედა და სატრფოსთან ჩახუტებულ უცხო მამაკაცისთვის ერთი ლაზათიანი ალიყურის, ყვავილების წართმევის და მის თვალწინ განადგურების სურვილი მოეძალა. -ფარდა დაუშვით, ფარდა,- დაიძახა ვიღაცამ კულისებიდან. ხავერდის წითელმა ფარდამ სცენის დაკეტვა დაიწყო და საშკა დემეტრაძის და ნატალია ახალკაცის ცხოვრება რეალური სამყაროსგან გამოაცალკევა... --- დეკემბერი ყველაზე გადატვირთული თვე იყო ხოლმე „Opened World”-ში. საახალწლო ღონისძიებები, ტესტები, სემესტრული ნიშნების გამოსასწორებლად გამრჯე მუშაობა, ქულების დაანგარიშება და საბოლოო ნიშნის გამოყვანა... ერთი სიტყვით, ფიზიკური ენერგია შემცირებული იყო როგორც თანამშრომლებში, ასევე მოსწავლეებშიც, სამაგიეროდ რაც უფრო ახლოვდებოდა ზამთრის არდადეგების თარიღი, მით უფრო მატულობდა საშობაო და საახალწლო განწყობა. მე-12 ა კლასის ინიციატივით, რომელსაც სათავეში რატი ავაზნელი ჩაუდგა, ოცდაცხრა დეკემბრის ღამეს მასკარადის მსგავსი წვეულება დაიგეგმა. ვუდი კითხვებით მიადგა ავაზნელს, აინტერესებდა ზუსტი დრო და ადგილი, სადაც წვეულება უნდა ჩატარებულიყო: -სიმართლე გითხრა, ეს ჩემთვის პირველი საახალწლო წვეულებაა, რომელიც სკოლის გარეთ ტარდება და ამიტომ რამდენიმე კითხვა მაქვს. -შეგიძლია კითხვებით თავი არ დაიღალო, შენ არ ხარ დაპატიჟებული,-ცივად უპასუხა ავაზნელმა, რომ თავიდან მოეშორებინა. -კი მაგრამ, რატომ? მე კლასის წარმომადგენლად არ ვითვლები? -წვეულება ჩემს სახლში გაიმართება და მასპინძელი თავად წყვეტს ვის დაუძახოს და ვის -არა. -ეს ხომ უსამართლობაა?- აღელვება დაეტყო გოგონას. -მაპატიე, არ მცალია შენთან სალაპარაკოდ,- უხეში იყო რატი. -რა ბზიკმა უკბინა?- მხრები აიჩეჩა და თავის მერხს დაუბრუნდა. -რატომ მოიწყინა ჩვენმა ამერიკელმა?- ანა ღიმილით ჩამოჯდა მეგობრის გვერდით. -არ ვიცი რატომ, მაგრამ საახალწლო წვეულებაზე დაპატიჟებული არ ვარ. -რა?- გული მოუვიდა ანას. -ჰო, რატიმ ასე მითხრა, რომ მასკარადი ჩემს სახლში იქნება და სტუმრების სიასაც მე ვადგენო. -ნაძირალა!- ხელში აღებულ კალამს ხელი ისე მოუჭირა, ლამის შემოემსხვრა,-კარგი, რაც არის, არის. გული მიგრძნობს, არც მე დამპატიჟებს იმ წყეულ წვეულებაზე და მგონი კიდევ დარჩებიან სტუმრების სიის მიღმა რამდენიმე. ჰოდა ამ დაწუნებულმა ხალხმა არ გინდათ, რამე მოვიფიქროთ და უკეთესად გავერთოთ? -რატომაც არა,- მხრები აიჩეჩა მელანიმ. -რატი რომ წვეულებას მართავს, გაიგეთ?- სალაპარაკოდ ჩამოუჯდათ მარიამი. -გავიგეთ, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით სასურველი ხალხის სიაში,- უკმაყოფილოდ უთხრა ანამ. -მაგარი რაღაც იგეგმება. მთელი წვეულების განმავლობაში ყველა შენიღბული იქნება და ბოლოს გაამხელენ სიმართლეს. ბევრი საახალწლო თამაში მოეწყობა და რავი, სიგიჟე იქნება. -მიდიხარ? -ვფიქრობ,- თმაში აბურდა თითები და წვალება დაუწყო. -მარიამ, იმ შემთხვევაში, თუ შენ იქ წასვლაზე უარს იტყვი, მოსაწვევი მე უნდა დამითმო,- არც აცია, არც აცხელა, ეგრევე მიახალა მელანიმ. -რა? -ცოტა ჩუმად, ვინმემ არ გაგვიგოს. -რად გინდა იმ წვეულებაზე მოხვედრა, სადაც არ გელოდებიან? -ჰო, რად გინდა? ჩვენ უფრო კარგი რამე მოვიფიქროთ, ისეთი, რომ ვინც რატი ავაზნელს შეეტენება და ჩვენს დაგეგმილ საღამოზე არ მოვა, მოგვიანებით სანანებელი გაუხდეთ,-თქვა ანამ. -პატარა საქმე მაქვს, ჯერ იმას მოვაგვარებ ავაზნელის წვეულებაზე და მერე თქვენ შემოგიერთდებით,- ეშმაკურად გაეღიმა მელანის. -რა ჩაიფიქრე?- ახლოს მიუჯდა მარიამი, რომ მეტი ინფორმაცია დაეცინცლა. -ეგ მე ვიცი,- თვალები აუბრჭყვიალდა გოგონას. --- ნოდარ ავაზნელს უცნობი ნომრიდან ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდა, სადაც მხოლოდ შეხვედრის ადგილი, თარიღი, დრო და მისთვის ნაცნობი პაროლი იყო მითითებული. ცხადზე ცხადი იყო, კარაზანას მასთან კავშირზე გასვლა უნდოდა. მაშინვე გადარეკა დაფიქსირებულ ნომერზე, მაგრამ ვერ დაუკავშირდა, მიუწვდომელი იყო. ნოდარის მანქანა ქალაქის ერთ-ერთ საცხობთან გაჩერდა. შენობა არაფრით გამოირჩეოდა, უბრალოდ იყო მოწყობილი. მამაკაცს ახალგაზრდა ყმაწვილი შეეგება და წერილი გადასცა. ავაზნელმა მიმართულება ამოიკითხა და შენობიდან გამავალი კარით ნახევრად ბნელ დერეფანში გავიდა. ოდნავ ღიად დატოვებული, ყავისფრად შეღებილი კარიდან სანათის სინათლე გამოდიოდა. -მობრძანდი, ნოდარ,- ფიცხად წამოდგა სავარძელში მყოფი ქალი და ხელი ჩამოართვა. -ქალბატონო თამარ?- არ მოელოდა, რომ კრაზანას ნაცვლად იდუმალებით მოცულ ადგილას მაღალჩინოსანს იხილავდა. -ვიცი, ჩემი აქ ყოფნა გიკვირს, მაგრამ როცა საქმე მოითხოვს, სად და ვის აღარ შეხვდება კაცი,-ხელები გაშალა ქალაქის მერმა. -აქ რატომ დამიბარეთ?- მაშინვე საქმეზე გადავიდა ავაზნელი. -მე არ დამიბარებიხარ. შეტყობინებაში გარკვევით ეწერა ყველაფერი. წესით უნდა მიმხვდარიყავი, ვის და რატომ აწყობდა ჩვენი შეხვედრა,-ხმის ტონი შეიცვალა ქალბატონმა და თამამად დაუბრუნდა სავარძელს,-დაბრძანდი, ფეხზე რატომ დგახარ? დაბნეული ნოდარი ქალის პირისპირ დაჯდა და შეფიქრიანებულმა ინტერესით ახედა. -მოკლედ, ბევრი რომ არ გავაჯანჯლო, ეგრევე საქმეზე გადავალ. დღეიდან კრაზანას სურს, რომ მისი ბიზნესი საქართველოში ჩემი და კიდევ ორის წყალობით დაიკრიშოს. მისი გადაწყვეტილებით გოგი ხავთასი ამ საქმეს ჩამოსცილდება. ავაზნელი კიდევ მეტად დაიბნა, საერთოდ ვერაფერი გაეგო, რა ხდებოდა. -რას გულისხმობთ?- თავი მოაჩვენა, რომ ვერ მიუხვდა. -ვინც აქამდე ნარკოტიკის ბიზნესს მფარველობდნენ, გზიდან ჩამოგვეცლებიან, ხოლო შენ და დანარჩენი ხელისშემწყობნი ჩვენთან გააგრძელებთ თანამშრომლობას. -ვინ თქვენთან? წესიერად ამიხსენი. -გოგი ხავთასის პენსიაზე გასვლის შემდეგ მისმა გავლენამ პოლიტიკურ წრეში მოიკოჭლა და ამის გამო , მმართველი გუნდიდან ისეთმა პირებმა წამოყეს თავი, ვინც არანაირად არ იყვნენ გათვალისწინებულნი ამ საქმეში შემოსასვლელად. შენ კი კარგად იცი, რომ კრაზანა შეცდომებს არავის პატიობს,- მრავალმნიშვნელოვნად შეხედა თამარმა. -რისი თქმა გინდათ? ამოთქვით ბოლომდე. -მეტი არაფრის, მხოლოდ ის მევალებოდა, რომ ახალი ამპლუით გაგცნობოდი, დანარჩენს კი ზეგ დანიშნულ თათბირზე გეტყვიან,-ფურცელი მიაწოდა, სადაც მომდევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია იყო დატანილი. ნოდარმა ფურცელი გამოართვა, დახედა და ქალს მიმართა: -რატომ უნდა გენდო? -თუნდაც იმიტომ, რომ პაროლი გითხარი. ეს კი მხოლოდ კრაზანას ხალხმა იცის. -არაა გამორიცხული, რომ მანქანიერი გზებით გაგეგო,- უნდობლობა იგრძნობოდა მამაკაცის მზერასა და ხმაში. ქალმა ჩანთა გახსნა, წინა ჯიბეში ჩადებული ორი მობილურიდან ერთ-ერთი ამოიღო და ნომერი აკრიფა. რამდენიმე წამში ტელეფონი ავაზნელს მიაწოდა: -კრაზანაა, ელაპარაკე. ნაცნობმა ხმამ დაუდასტურა, რომ წინ მისი ნდობით აღჭურვილი პირი ეჯდა და საუბარი დიდხანს აღარ გაუგრძელებია, მაშინვე გაუთიშა. -თავად სად არის? რატომ არ მოვიდა? -კრაზანა რომ ერთი ხელის დაქნევაზე ყველას ასე ენახებოდეს და ელაპარაკებოდეს, აქამდე შეიძლება ცოცხალიც არ დაეტოვებინათ. მოკლედ, ასე, რაც გადმოგეცით, ნაბიჯებს მიჰყევით,-საუბარი დაამთავრა ქალმა და ხელი ჩამოართვა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ ნოდარ ავაზნელი უცნაურად აფორიაქდა. გრძნობდა, რომ გოგი ხავთასს ცუდ ამბავს უმზადებდნენ, მაგრამ კარგად იცოდა, კრაზანას გაცემა რად დაუჯდებოდა და არჩია, დადუმებულიყო. --- ქალაქის არც თუ ისე ცენტრალურ დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის პატარა ბინაში, მანო კედელზე ჩამოკიდებულ სუფთა ფორმატს ღმერთმა უწყის, მერამდენედ ანახლებდა: -ესე იგი, მთავარი ეჭვმიტანილი გვყავს ტიტე ავაზნელი, რომელმაც ნინო გაიტაცა, სადღაც გამოკეტა და ბოლოს ორ მამაკაცს მოაკვლევინა. აქედან ერთი თანამზრახველი გვყავს მაღალი და შავგვრემანი მამაკაცი, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით, სქელი წარბებით და შუბლთან შეთხელებული თმით, ხოლო მეორეს ცერა თითზე მორიელის ტატუ აქვს. საუბრიდან ჩანს, რომ ორივე ქართველია, ყოველ შემთხვევაში, უაქცენტოდ საუბრობენ და ერთმანეთის არაჩვეულებრივად ესმით,- ახალ ინფორმაციას აჯერებდა ქალი. ფიქრებს რომ მოსწყდა, ტელეფონის ნომერი აკრიფა და საქართველოში დარეკა. პოლიციაში მომუშავე დიდი ხნის მეგობარი მოიკითხა და სთხოვა, კრიმინალთა ბაზაში შეძლებისდაგვარად შესაბამისი გარეგნობის პიროვნებები მოეძია. - გარეგნობით ძებნა საკმაოდ რთულია, მანო. დრო დამჭირდება, რომ მსგავსი მონაცემების დამნაშავეები ამოვყარო,-გააფრთხილა მეგობარმა. -უკვე რამდენი წელია, ვითმენ და არაუშავს, კიდევ დაველოდები. -რაკი ასეა, მაშინ ხვალიდანვე შევუდგები საქმეს და როგორც კი რამეს გავიგებ, მაშინვე დაგირეკავ,- შეპირდა და ტელეფონი გაუთიშა. ფიქრებთან კვლავ მარტოდ დარჩენილი მანო მელანის მიერ მოპოვებულ მასალაზე ფიქრობდა და ვერაფრით ამოეხსნა, რატომ შეიძლებოდა, ტიტე ავაზნელს საკუთარი დანაშაულის დამამტკიცებელი მასალა შეენახა. --- საახალწლო მოგზაურობაში წასულმა ტიტემ და თეკომ სახლი რატის ანაბარა დატოვეს. მეორე დღეს წვეულება უნდა გამართულიყო და კლასელი გოგონების დახმარებით სახლის პირველი სართული ისე მოაწყო, როგორც ნამდვილ სამასკარადო სიტუაციას შეშვენოდა. კლასელები რომ სახლში გაისტუმრა, წინასწარ ნაყიდი საჩუქრები ლამაზად გაფორმებულ ქაღალდის პარკებში ჩადო და ნაძვის ხის ქვეშ დააწყო: -ისევ მარტო და ყველასგან გარიყული...- ღრმად ამოიხვნეშა, საჩუქრებში ჩამალულ ხის მაკნატუნას წამოავლო ხელი, ცივად დახედა და უკან დააბრუნა. ნაძვის ხიდან ბავშვობისდროინდელ ანგელოზს დააცქერდა, ნათურებით ანთებულ მწვანე ტოტზე თითით შეათამაშა და დივანზე ჩამოჯდა. დიდხანს უყურა უაზროდ, თვალებგაშტერებულმა ბურუსიან წინხედში ათასფრად აციმციმებულ ნაძვის ხეს, რომელიც არანაირ ასოციაციებს არ აღძრავდა მასში და ბოლოს თავი დაანება. იქვე მიწვა და მკვდარივით მიეძინა. დილის ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც სიცივემ გააღვიძა და ხელით საბანს დაუწყო ძებნა. მერე გამოერკვა, რომ მისაღები ოთახის დივანზე იყო და უჟმური სახით წამოდგა. მობილურ ტელეფონს რომ დახედა, მესენჯერში თეკოს გაგზავნილი შეტყობინება დაინახა: -„აბა, შენ იცი, იბანავე და გარეთ სველი თმით გადი. არც ქუდი დაიფარო და არც თბილად ჩაიცვა. მერე დაიმართე ხველა, გრიპი, სიცხე, ფილტვების ანთება და ახალ წელს გოზინაყი საავადმყოფოში ჭამე.“ წაკითხვისთანავე დაუბრუნა პასუხი: -„რამდენადაც მახსოვს, პროფესიით ეკონომისტი და არა ექიმი ხარ. თუ რამეა, შენ არ ინაღვლო, ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპეტენტური პირების ხელში გადავა.“ -„ჰოდა, გაატარე ახალი წელი ექიმების გარემოცვაში,“- ტექსტთან ერთად გაბრაზების გამომხატველი სიმბოლოც გაუგზავნა. -უფ, რა უნდა ამ ქალს? კიბოა რა, - ჩაილაპარაკა და სააბაზანო ოთახისკენ აიღო გეზი. თეკო მართლაც კარგად იცნობდა რატის ბუნებას. შხაპის მიღების შემდეგ, თხელი ტანსაცმელი ჩაიცვა და წვეულებისთვის ერთჯერადი თეფშების და დანა-ჩანგლების საყიდლად გარეთ გავიდა. --- -ოღონდ გამაგებინა რა დაკარგე რატი ავაზნელის სახლში და მეტი არაფერი მინდა,- ანა ინტერესით ათვალიერებდა ვენეციური ნიღბის ქვეშ ამოფარებეულ მელანის. -ყველაფერს თავის დრო აქვს, მეგობარო,-დინჯად მიუგო და თავზე დადგმული აქსესუარი შეისწორა. -ღმერთო ჩემო, ასე მგონია, ვენეციის კარნავალზე მიმავალ მსახიობს ველაპარაკები. ცოტა საშიშიც ხარ, იცი? -საშიში?- გაიკვირვა გოგონამ. -ჰო, ასე მგონია, რაღაც ცუდი ჩაიფიქრე. ვუდს ნიღბის ქვეშ ჩაეღიმა, მეგობარს მადლობა გადაუხადა კოსტუმის შერჩევაში დახმარებისთვის, დაპირდა, საღამოს დათქმულ ადგილას მასთან და კლასის რამდენიმე წევრთან ერთად რესტორანში წვეულებას დაესწრებოდა და საკარნავალო კოსტუმების გაქირავების სალონიდან მაშინვე ავაზნელების სახლისკენ გაეშურა. *** როდესაც მელანი ავაზნელების სახლში შევიდა, უკვე დიდი აყალმაყალი ატეხილიყო. აღრიალებული დინამიკები დამაყრუებელ აკუსტიკას ქმნიდნენ და ცეკვისგან და სასმელისგან მოთელილი ახალგაზრდები თამაშებზე გადასვლას იწყებდნენ. ვუდმა საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ დადო და კლასელებს შეუერთდა. საინტერესო კოსტუმიანებს შორის ზოროს, ესმერალდას, ჩექმებიან კატას, გრაფ მონტე კრისტოს და უამრავ ვიღაცას ამოიცნობდით. ახალ წელს ნამდვილად უხდებოდა წიგნებიდან გადმოსული, გაცოცხლებული პერსონაჟები. ლოტოდრონის პრინციპით ვუდს ნომერ შვიდად ყოფნა მოუწია. მშვიდად აიღო ნაძვის ხის ქვეშ დადებული საჩუქარი და კლასელების თვალწინ გახსნა. ლურჯ ქაღალდში ყავის შეკვრა, ჭიქა და შოკოლადები იყო შეფუთული. ირგვლივ მყოფებს მადლობა გადაუხადა და თავის ადგილს დაუბრუნდა. -ვინმეს ხომ არ სურს, საჩუქარი წაართვას?- დაიძახა ზორომ. -მე მინდა მისი საჩუქარი,- ხელი აიწია ერთ-ერთმა და თავის დაწუნებული საჩუქარი ვენეციელ ქალბატონს ხელში მიაჩეჩა. ასეთი ხალისით გადადიოდა საჩუქრები ხელიდან ხელში და ყველაზე იღბლიანი ბოლო ნომერი აღმოჩნდა, რომელსაც დიდი არჩევანი ჰქონდა ვიღაცის საჩუქრის მისატაცებლად, მაგრამ რატომღაც თავის საჩუქარი მოეწონა და დაიტოვა. ვუდს გაეღიმა. გაუხარდა, რომ გულით არჩეული საჩუქარი არ დაუწუნეს. თამაშები რომ დასრულდა, კლასელებმა კვლავ შვედურ მაგიდას მიაკითხეს და მუსიკამაც ისევ აიღო სტარტი ცეკვის ახალი ნაწილისთვის. სწორედ იმ დროს, როდესაც ერთმანეთში აირივნენ და მეტ-ნაკლებად შესამჩნევი გახდებოდა მელანის იქ არყოფნა, წვეულებას ჩუმად გამოეყო და ტიტეს კაბინეტს მიაკითხა. -ჯანდაბა! იქ როგორ ავიდე? -სიბნელეში მობილურით ანათებდა ზედა თაროებისკენ, რომ ვინმეს მისი იქ ყოფნა არ შეემჩნია. ბოლოს, სკამი მიადგა და ფეხის წვერებზე აწეული მისწვდა ლექსიკონს. სეიფი გააღო და მეხსიერების ბარათი უკან დააბრუნა. -ესეც ასე,-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ის იყო, სკამიდან ფეხი უნდა ჩამოედგა, რომ აუცდა და ძირს მოადინა ზღართანი. ვარდნის დროს ხელი კედელზე დაკიდებულ სურათს შეახო და ისიც თავზე დაემხო. -ოპაა!- კიდევ კარგი, თავსაბურავმა მიშველა, თორემ ჩარჩოს კუთხეები კი გამიხვრეტდა თავს,- სიმწრისგან იზელდა ნატკენ ადგილებს. საბედნიეროდ, ისეთი ხმაური არ ყოფილა, რომ მისაღებ ოთახში არსებული აურზაურისთვის გადაეჭარბებინა. სურათის დასაკიდად ფეხზე წამოდგა და გაოგნებული დარჩა, როდესაც კედელში შესმული სეიფი დაინახა, რომელსაც თურმე სურათი ფარავდა. -რა თქმა უნდა, ავაზნელების ბინძური ხელებით ჩადენილ საქმეებს და საიდუმლოებებს მხოლოდ წიგნისოდენა სეიფი რას ეყოფოდა?- ჩაილაპარაკა და საკეტს შეხედა. რამდენიმე წუთი ეწვალა, რომ თავის ხელსაწყოებით გაეხსნა და ვერაფერი მოუხერხა. ბოლოს, ამერიკელ მეზობელს დაურეკა და თხუთმეტწუთიანი წვალების შემდეგ სეიფი გახსნეს. როდესაც მელანიმ თავის საქმე დაამთავრა, ოთახიდან ჩუმად გავიდა და წვეულებაზე კიდევ რამდენიმე წუთი დაჰყო. მერე შესაბამისი დრო იხელთა და იქაურობა დატოვა. რატი ავაზნელს, რომელიც ზოროს ნიღაბს ირგებდა, ვენეციელი ქალბატონის გაუჩინარება არ გამორჩენია. მისი დანახვის პირველივე წუთიდან ინტერესი ჰკლავდა, გაეგო ვინ იმალებოდა მკაცრი ნიღაბის და კოსტუმის ქვეშ. ძებნა დაუწყო, მაგრამ იმ დღეს იდუმალებით მოცული მასკარადის მონაწილე არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველასთვის ბოლომდე გამოუცნობად დარჩა. *** რესტორანში კლასელების მეორე ნაწილთან მყოფი ვუდი თავმომწონედ ატრიალებდა შუშხუნა ღვინოთი სავსე ფუჟერს და ნება-ნება შეექცეოდა. იმ წამს არ იცოდა, რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა სეიფში გადაღებული ფოტო მასალების სახით, მაგრამ დარწმუნებული იყო, მოგვიანებით რომ გაეცნობოდა, მათში აუცილებლად იპოვიდა ისეთ რამეს, რაც ნინოს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ ინფორმაციას სასიკეთოდ გაამდიდრებდა. -აქაო და არავინ ჩემი მომკითხავი არ არისო და გავიჯეჯილეთ?-ალკოჰოლის მიღებაზე მიანიშნა ანამ. -გაჯეჯილება რას ნიშნავს?- სასაცილოდ გაიმეორა სიტყვა მელანიმ. -გაჯეჯილება იმას ნიშნავს, როდესაც აკრძალვები ფეხზე გკი*დია და შენსას მაინც ისწორებ. -აჰ, მიგიხვდი, რასაც გულისხმობ. ჰო, აშშ-ში ოცდაერთი წლის თუ არ ხარ, სასმელს არც მოგყიდიან და არც რესტორანში მოგიტანენ. მე კი სადაც ვარ, იქაურ ქუდს ვიხურებ ხოლმე. - ჩაგეთვალა, მშვენივრად გაიმართლე თავი,- თვალი ჩაუკრა და ახლადშემოსწრებული ბედნიერი სახით შეიყვანა მოცეკვავე მეგობრებს შორის. *** ღამის ორი საათი იყო დაწყებული, როდესაც მელანი სახლში დაბრუნდა. თბილ პიჟამოში გამოეწყო და მობილური ტელეფონის გალერეაში შევიდა. სურათზე გადაღებული მასალებიდან ორი წერილი, იარაღი და ქალის ხელნაკეთი სამაჯური მიიჩნია საინტერესოდ. მანოსგან იცოდა, რომ ნინო სამკაულებს ამზადებდა და თავადაც ხშირად ატარებდა საკუთარ ნამუშევრებს. წერილების შინაარსმა ცოტა დააბნია: „საყვარელო, მინდოდა, ჩემი შექმნილი ბარათით მომელოცა შენი დაბადების დღე. იმედი მაქვს, გაგიხარდება და არ დამცინებ. სულ მცირე, იმას მაინც დააფასებ, ამ პაწაწკუნტელა ბისერებით აწყობილი წყვილის ქაღალდზე გადმოსატანად წებოს თოფით თითები რომ დავიწვი. მინდა, ყოველივე საუკეთესო გისურვო, უამრავი საინტერესო დღე, ბევრი სიხარული და წარმატება. მიყვარხარ უზომოდ და უსასრულობამდე. შენი მოუსვენარი და გადარეული ნინო.“ 3 აპრილი, 1998წ. „მინდა, რასაც მოგწერ, კარგად დაუკვირდე და გაიაზრო. ძალიან ძალიან ბევრი ვიფიქრე და ერთ დასკვნამდე მივედი. მე და შენ ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილი და თავს ნუღარ მოვიტყუებთ. როგორც ჩანს, სხვანაირად მესმოდა სიყვარულის არსი და შევცდი. ჩვენი ურთიერთობა უნდა დამთავრდეს, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ძველი წერილები ქარს გავატანოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ყველა იმსახურებს ნამდვილ ბედნიერებას. როცა აქ ჩამოვედი, ერთი ბიჭი გავიცანი. სწორედ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს გიყვარდეს, ერთადერთად თვლიდე და მის იქით ვეღარაფერს ამჩნევდე. მაპატიე, მაგრამ შენთან ალბათ ბურუსში მოცულ ლაბირინთში ვიყავი და ნამდვილს ყალბისგან ვერ ვანსხვავებდი. ასეა და იმედი მაქვს, ადამიანურად გამიგებ და მშვიდად, ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე ამ სიყვარულისგან გამათავისუფლებ. სჯობს, შენი გზით იარო და აღარასოდეს გაგახსენდე. ნუ გამიბრაზდები. ეს ერთადერთი და ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ნინო 22 აგვისტო, 1998წ. -ვერაფერი გავიგე. საქმე კიდევ უფრო რთულად ყოფილა, ვიდრე მეგონა,- ფეხზე წამოდგა გოგონა და აღელვებისგან თავ-გზა აბნეულმა აღარ იცოდა, რა მოემოქმედებინა,-ესე იგი, გამოდის, ნინოს ტიტე უყვარდა? ამის შესახებ რატომ არაფერი ვიცოდით? ან ეს მეორე წერილი რას უნდა ნიშნავდეს? ძალა მოიკრიბა და იარაღის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა. ბერეტას ტიპის პისტოლეტი ოფიციალურად იყო გაფორმებული ტიტე ავაზნელის სახელზე, რასაც მოწმობდა სეიფში აღმოჩენილი დამადასტურებელი დოკუმენტი. -როგორც მახსოვს, ნინო ტეტეს ტიპის იარაღით არის მოკლული,-ბუტბუტებდა მელანი. ბოლოს ფიქრისგან თავი ასტკივდა და მანოს დაურეკა: -იცოდი, რომ ნინოს ტიტე ავაზნელი უყვარდა? -რას ბოდავ?- შუბლი შეჭმუხნა მანომ. -გაეცანი,- მისალოც ბარათზე დაფიქსირებული ტექსტის სურათი გაუგზავნა გოგონამ. ქალმა დაკვირვებით წაიკითხა და ქვედა ტუჩზე იკბინა: -შეუძლებელია. -მისი ხელწერაა? -კი, აშკარად მისია. ასეთი წვრილი ასოებით იცოდა წერა და დახრილი სტილი ჰქონდა. -ახლა ეს წაიკითხე,- მეორე წერილის ტექსტი გაუგზავნა და დაელოდა, რა რეაქცია ექნებოდა. მანომ უცებ გადაიკითხა და ტკივილისგან ამწვარ საფეთქლებზე მოიჭირა თითები. -თქვი რამე, თორემ გავგიჟდები. -რა უნდა ვთქვა? მაცალე,-დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა და ისევ წერილებს დაუწყო კითხვა. ცოტა ხანში, ღრმად ამოისუნთქა და საუბარი განაგრძო: -როგორც ჩანს, ვიდრე ნინო გიორგის ნიკორწმინდაში გაიცნობდა, ტიტეს ხვდებოდა. 1998 წლის აგვისტოში რაჭაში, რომელიღაც მეგობრის სოფელში ისვენებდა. სექტემბერში თბილისში ჩამოვიდა და მანდ გააგრძელეს შეხვედრები. გიორგიც დედაქალაქში ცხოვრობდა და იქ მხოლოდ ზაფხულობით ადიოდა ხოლმე. ოქტომბერში ქორწილის თარიღი დაინიშნა და ნოემბერში ცოლად გაჰყვა. ვითომ ავაზნელმა ეს საშინელება ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა? -რა გითხრა?- სევდიანი ხმით მიუგო მელანიმ,- კიდევ მინდა, რაღაცები გაჩვენო,-იარაღის, მისი მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამაჯურის სურათები გაუგზავნა. მანომ ნინოს სამაჯური ამოიცნო,-ეს თავისი ხელით აწყობილი სამკაულია. სხვათაშორის, იმდენად უყვარდა, ქორწილშიც ეკეთა. -ასეც ვიფიქრე, რომ ეს ნივთი ნინოს ეკუთვნოდა. შენგან ვიცოდი, რომ თავის შექმნილ აქსესუარებს ატარებდა. -იარაღს რაც შეეხება, ეს ის არ არის, რომლითაც ნინო მოკლეს. ამ ფურცელზე რა ინფორმაციაც მის კუთვნილ იარაღზე წერია, მკვლელობის იარაღისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. -ჰო, მაგრამ მაინც გადავამოწმე, მე ასეთ რაღაცებში ვერ ვერკვევი. აი, კიდევ რა. შენ ვარაუდობ, რომ ტიტემ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა ან მოაკვლევინა ნინო. ძალიან მაინტერესებს, თუ ასეა, ნინოზე გაბრაზებული ტიტე ავაზნელი რატომ ინახავს მისი ყოფილი შეყვარებულის სამკაულს და სასიყვარულო წერილს? -შეიძლება კიდევ ახსოვს, ვერ ივიწყებს, უყვარს, მაგრამ ღალატს ვერ პატიობს. ადამიანის ბუნება ისეთი რთულია, მჯერა, მომავალში ფსიქოლოგები უამრავ ახალ აღმოჩენას გააკეთებენ. ერთი ეს მითხარი, ეს საინტერესო მასალა როგორ და სად მოიძიე? -საახალწლო მასკარადზე ჩემი კლასელი მარიამის მოსაწვევით შევიპარე, მეხსიერების ბარათი დავაბრუნე და შემთხვევით დიდი სეიფი აღმოვაჩინე, რომელიც სურათის უკან იმალებოდა. -იმ ჭკუათხელებს მეტი ფანტაზია ვერ ეყოთ სეიფის კარგად დასამალად?- ჩაეცინა მანოს,-ნუ კარგი, ისევ კარგად გიმუშავია და შენით ვამაყობ, ჩემო გოგო. რატისთან ეცადე, როგორმე კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბო და კატა-ძაღლივით აღარ სჭამდეთ ერთმანეთს, ოღონდ ძალიან ფრთხილად, არავინ არ უნდა გაიგოს შენი ვინაობა. -არა-მეთქი, ათასჯერ მაინც მითქვამს! -მაშინ ნება მიბოძეთ, გაგახაროთ, პატარა ქალბატონო და გითხრათ, რომ ზეგ ამერიკაში მოფრინავთ. -რა?- სიხარულისგან ცმუკვა დაიწყო მელანიმ. -დიახ, დიახ, ეს ჩემი საშობაო საჩუქარია,-აკისკისდა პატარა გოგონას ბედნიერებით გახარებული მანო და ელექტრონული ბილეთი გაუგზავნა. *** ორი კვირის განმავლობაში მელანი ვუდმა უწინდელი ცხოვრება დაიბრუნა. მამა, ნათესავები, მეგობრები, საყვარელი ადგილები მოინახულა და ძველებური იერსახე მიეცა. ყველაფერი ისე მონატრებოდა, როგორც დილეგში გამომწყვდეულ ადამიანს საკუთარი სახლი. ძალიან ლაღი და თავისუფალი იყო თავის ქალაქში. იქ სულაც არ ახსოვდა, სადღაც ოკეანის იქით, შორეულ ევროპაში რამდენად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს მოსჭიდებოდა. იყო ის, ვინც ნამდვილად იყო, არავისთან არაფერს მალავდა და წარამარა არც წარმოთქმულ სიტყვებს დებდა სასწორზე. *** მანო მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევდა გოგონას, თითქმის ყველა სურვილს უსურვებდა და ანებივრებდა. იცოდა, საქმე, რომელსაც ორივე მოჰკიდებოდა, დიდ ძალისხმევას და ენერგიას მოითხოვდა. შესაბამისად, უნდოდა, მისთვის როგორც შეეძლო, ხელი შეეწყო და განეტვირთა. ერთ დღეს, მელანიმ ბებიასთან სტუმრობა მოინდომა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ლოს-ანჯელესში ჩავიდა. ქალბატონი ბარბარა შვილიშვილს აეროპორტის შენობის გარეთ, მანქანით ელოდებოდა. როდესაც რამდენიმე თვის უნახავი მელანი დაინახა, მოზღვავებული სიხარულისგან ატირდა და გულში ჩაიკრა: -აბა, ბრძანე, სად გინდა, წაგიყვანო მშვენიერო ქალბატონო?- ჰკითხა და გოგონას პასუხს მოუთმენლად დაელოდა. -პირველ რიგში, ჩემს საყვარელ მექსიკურ რესტორანში წავიდეთ და მერე პლაჟზე გავისეირნოთ,- არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა შვილიშვილმა. ქალმა გეზი მექსიკური რესტორნისკენ აიღო. უგემრიელესი ბურიტოების დაგემოვნების შემდეგ ქალაქში სეირნობას შეჰყვნენ. სანტა მონიკა- ასე ერქვა უბანს, სადაც ქალბატონი ბარბარა ცხოვრობდა. ლოს- ანჯელესის პატარა სულჩადგმული უბანი ფეხით სასიარულო ქუჩებით, კაფეებით, მაღაზიებით, ქუჩის მუსიკოსებით გამოირჩეოდა. იქ არავის არასოდეს ეცალა მოსაწყენად. მელანი ოკეანის სანაპიროზე, ლურჯად გაშლილ ჰორიზონტს გასცქეროდა და თავს კუბური ყავით ანებივრებდა. ტურისტებით სავსე ცენტრი პრომინადე როგორც ყოველთვის, იმ დღესაც გადაჭედილი იყო. თოლიები ჭყივილით შლიდნენ თეთრ ფრთებს და შიმშილისგან შეწუხებულები თვალებგაფაციცებულები ეძებდნენ დასანაყრებელს. -ლამაზია ჩემი ქალაქი,- შლიაპა შეისწორა ნაცრისფერთვალება, პრანჭია მოხუცმა, რომელიც შვილიშვილთან ერთად ქვიშაზე იჯდა და გარშემო ამოზრდილი პალმის ხეების და წყ*ლის უზარმაზარი სივრცით შექმნილი პეიზაჟებით ტკბებოდა. -აჰამ, ასე შორს რომ არ ვცხოვრობდე, უფრო ხშირად გესტუმრებოდი ხოლმე,- დაეთანხმა გოგონა და გაბადრული სახე ოკეანიდან წამოსულ, ზღვის ბინადრების და წყალმცენარეების სუნით გაჯერებულ ნიავს მიუშვირა. -დედაშენსაც ძალიან უყვარდა აქ ყოფნა,- გაუღიმა ქალმა და გამოხედვას ნაღველი შეურია. -მომიყევი, როგორი იყო დედაჩემი? - მელანიმ მოხრილ მუხლებს ხელები შემოაჭდო და მოსასმენად მოემზადა. -ხალასი ბუნების, უბრალო, სუფთა და მუდამ ღიმილიანი. ვერასოდეს შეატყობდი, რომ რაღაც უჭირდა. მიუხედავად იმისა, კარგი მსმენელი და მრჩეველი იყო, სხვისთვის პრობლემების თავზე მოხვევა არასოდეს უყვარდა. ყველაზე მეტად ტყუილი და უსამართლობა აღიზიანებდა. შენი დის სიკვდილმა და მასთან დაკავშირებულმა უსამართლოდ წარმართულმა გამოძიებამ მასზე ძალიან იმოქმედა და ჯანმრთელობის მხრივ საგრძნობლად დააძაბუნა. ფაქტობრივად, ვეღარ ვცნობდით. ერთი ავადმყოფობა მეორეს მოჰყვა, მეორე-მესამეს და დანარჩენი კი შენც იცი, რაც იყო და როგორ- იქამდე წავიდა ამ ქვეყნიდან, ვიდრე შენი დაბადების პერიოდი დადგებოდა. ახლაც მახსოვს, როგორი პატარა და უსუსური იყავი, როდესაც დედაშენის მუცლიდან ამოგიყვანეს. ექიმები შენი გადარჩენის მცირე შანსს ვარაუდობდნენ. აქეთ დედაშენის სიკვდილი, იქით ექვსი თვის ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა -არგადარჩენის საკითხი... მამაშენი გიჟს ჰგავდა. ღმერთს ყოველ დღე მადლობას ვეუბნები, რომ მანომ დიდი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და საკუთარი შვილივით გაგზარდა. მის ასაკში ამას ბევრი ვერ შეძლებდა. დობაც გაგიწია და დედობაც. სტუდენტობა, მუშაობა, შენი აღზრდა... მამაშენიც კი ეხმარებოდა, მაგრამ ხომ იცი? არის რაღაცები, რომლებსაც ქალი უკეთესად ართმევს თავს, ვიდრე მამაკაცი. დააფასე მისი ამაგი. კარგია, რომ გყავს და დღემდე შენზე ზრუნავს. -ჰო, მანო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს,- ჩაფიქრდა გოგონა და გააგრძელა:- ყოველთვის, როდესაც მაღალი სიცხე მქონდა და ჩემი და ღამეს მითენებდა, ახალ ჩათვლემილს არ არსებობდა, დედა არ დამსიზმრებოდა. მოდიოდა, შუბლზე ხელს მადებდა, წამალს დამალევინებდა, საკუთარი ხელით ცხელ სუპს მაჭმევდა და ისევ მიდიოდა. თვალებს რომ გავახელდი, ტემპერატურა საგრძნობლად მქონდა დაწეული და ამას სიზმრად ნანახ დედაჩემს ვაბრალებდი. ხმას არასოდეს მცემდა, სიტყვასაც არ მეტყოდა და სულ მწყინდა ხოლმე. ზოგჯერ ვუყურებ მის სურათებს და ვცდილობ, წარმოდგენებში გავაცოცხლო. ნეტა როგორი ხმა ჰქონდა? არ გახსოვს? -როგორ გითხრა? მსუბუქი, ნაზი, ჰაეროვანი, წკრიალა... -მანოსგან ვიცი, რომ ფერადი სამოსი უყვარდა. -კი, მაგრამ ყველაზე მეტად მის ტანსაცმელში ლურჯი ჭარბობდა. მელანი დუმდა... ოკეანეს მიშტერებოდა... მერე წამოდგა და ნელ-ნელა დაიწყო წყალთან მიახლოვება. მიდიოდა მასთან და სევდიანი სიყვარული ეძალებოდა. ფეხსაცმელი გაიხადა და წყნარი ოკეანის სივრცეში შეიჭრა, დედის ფერს უნდოდა მიფერებოდა, მაგრამ უსაშველო სიცივე იგრძნო და უმალ უკან დაიხია... --- ამსტერდამიდან დაბრუნებული ტიტე და თეკო დაზაფრულები შევიდნენ სახლში. აშკარა იყო, ახალი წელი არც ისე ნათელი დღეებით დაიწყო მათთვის. -ისეთი გაბრაზებული სახეებით მოძრაობთ, ჰალკსაც კი შეშურდება,- ჩაილაპარაკა რატიმ, როდესაც მათ საეჭვო ქმედებებს დააკვირდა. არცერთს არაფერი უთქვამს, ცივი სახეებით, უსიტყვოდ აგრძელებდნენ სიარულს. აღარც ჩასძიებია, მიხვდა, უტაქტო საქციელი იქნებოდა და თავის ოთახში შეიკეტა. -შენც ხომ ეს გინდოდა, დარწმუნებული ვარ, გიხარია,- ჩაიბურდღუნა თეკომ. -რა თქვი?-თვალები დაუბრიალა ტიტემ. -არაფერი. -ერთხელ კიდევ ზედმეტად ახსენებ ჩემს შვილს და აქედან აუდებ!- იყვირა მამაკაცმა. ქალმა უკმეხად შეხედა, შემდეგ ამოიოხრა და რამე რომ არ ეკადრებინა და მეტად არ გაეხელებინა, მის თვალთახედვას მოწყდა. --- ნოდარ ავაზნელის და კრაზანას ნდობით აღჭურვილი დანარჩენი პირების შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. სოფელ მისაქციელში ერთი დღით დაქირავებულ სახლში მაგიდასთან შეკრებილებს ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტები გადაეცათ, სადაც გარკვევით ეწერა ვის რა დავალების შესრულება უწევდა. ავაზნელმა კუთვნილი ბარათი გახსნა და როგორც კი გოგი ხავთასის სიკვდილის გზით თავიდან მოშორება ამოიკითხა, სხეულში სისხლი გაეყინა. შეხვედრამ დიდხანს არ გასტანა. იქ მყოფებმა ჩუმად დაკეცეს წერილები, ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სწრაფად გაეცალნენ ტერიტორიას. თბილისამდე ისე ჩავიდა, საშინელ დავალებაზე ფიქრებში დაკარგულს საგზაო წესების რამდენჯერმე დარღვევა მოუწია და საავარიო სიტუაციაც არაერთხელ შექმნა: -რაღა მაინდამაინც მე?- არ ემეტებოდა სასიკვდილოდ პარტნიორი, მაგრამ კარგად ესმოდა, დავალების შეუსრულებლობის გამო, რა სავალალო შედეგები მოჰყვებოდა მის სიცოცხლესაც. გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო, დაექირავებინა ასეთ საქმეებში გაწვრთნილი ხალხი და გოგი ხავთასისთვის სიცოცხლე მოესწრაფებინა. რამდენიმე დღეში ფალიაშვილის და ნაფარეულის ქუჩის კუთხეში გოგი ხავთასი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ჭირისუფლებთან მდგომი ნოდარ ავაზნელი პირველი იყო, რომელიც ძნელბედობის ჟამს ყოფილი რძლის ოჯახის წევრებს სანუგეშოდ ედგა და სინდისშეწუხებული უყურებდა საკაცეში ჩასვენებულ ცხედარს. "ეს როგორ მოხდა"; "ვისთვის რა უნდა დაეშავებინა?"; "ვინ გაიმეტა?"; "ვისზე გაქვთ ეჭვი?"- აქეთ-იქიდან ისმოდა ოჯახის წევრების შეწუხებული მეგობრებისგან კითხვები. ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი ილია ავაზნელი ნოდართან მივიდა და სალაპარაკოდ ჩამოუდგა: -პარტნიორები იყავით, ერთად უძღვებოდით საქმეებს და წესით, უნდა ხვდებოდე, ვის აწყობდა გოგის სიკვდილი. -მეც გაოგნებული ვარ, შვილო. ვერ ვხვდები რის გამო მოხდა ეს საშინელება. -არავისზე გაქვს ეჭვი? -ხომ გეუბნები, ვერაფერს ვხვდები. ხალხი ისეთია, ზოგიერთ მათგანს ბოლომდე ვერასოდეს გამოიცნობ. დაველოდოთ გამოძიებას, იქნებ გაჩენილ კითხვებზე პოლიციელებმა გაგვცენ პასუხი, - მხრებში აწურული იდგა მამაკაცი. ამასობაში, ტიტე, თეკო და რატი გამოჩნდნენ. ჭირისუფლების სახეებით იდგნენ სახლში ატეხილ რია-რიაში. --- საახალწლო არდადეგები მიიწურა და სკოლა ჩვეული რეჟიმით დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. რატი ავაზნელი ერთი თვე არ გამოჩენილა. ოჯახში მომხდარი ტრაგედია და მამამისსა და თეკოს შორის არსებული დაძაბულობა მასზე დამრთგუნველად მოქმედებდა. მხოლოდ კელისთან პოულობდა დროებით შვებას და კაეშანს მასთან ურთიერთობით იქარვებდა. კერძო რეპეტიტორებთან მეცადინეობებსაც მოუკლო და საკუთარ თავში კიდევ უფრო ჩაიკეტა. ერთ დღეს, მარტო მყოფს სახლში მელანიმ მიაკითხა. მობეზრებული სახით შეხედა და შინ არც შეუპატიჟებია: -რისთვის მოხვედი? -როგორ ხარ?-მის უგულო დამოკიდებულებაზე გაკვირვება არ დასტყობია გოგონას. -კარგად. -სკოლაში რატომ არ დადიხარ? -ალბათ მაქვს მიზეზი. -ამ საღამოს კინოთეატრში ახალი ფილმის პრემიერა იმართება. კინოკრიტიკოსებისგან საკმაოდ კარგი შეფასებები აქვს, ხომ არ გინდა, წავიდეთ? -აქ იმისთვის მოხვედი, რომ კინოში დამპატიჟო?-ჩაეცინა და თავი გააქნია. -ალბათ ფიქრობ, რომ მაკლია, მაგრამ... -კი, გაკლია,- მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და მისთვის კარი უნდა მიეხურა, როდესაც მელანიმ ხელით შეაჩერა, - თუ არ გინდა, არც დაგაძალებ, მე უბრალოდ შემოგთავაზე და დანარჩენი შენ იცი. - ბოლო დროს ძალიან აიდგი ფეხი ჩემს სახლში და იქნებ მითხრა, რას დატასაობ? -წიგნის დასაბრუნებლად მოვედი, მამაშენმა მათხოვა. -რომელი ბიბლიოთეკარი მამაჩემი ნახე? რა წაიღე ტვინი ბოლოს და ბოლოს? წადი რა, ქალაქში ბიბლიოთეკები დაილია? -ღმერთს მადლობა, დანარჩენი აქ მცხოვრებნი შენნაირი მასპინძლები არ არიან. -დაახვიე!- წყობიდან გამოვიდა ბიჭი. -მადლობა ასეთი ზრდილობიანი საუბრისთვის, -წიგნი დაუტოვა და გულშემოყრილი მოშორდა ავაზნელების სახლს. *** საღამოს რვა საათიან სეანსზე ანა, გიო და მელანი პოპ-კორნით და გაზიანი სასმელით ხელში შევიდნენ დარბაზში. მოულოდნელად, რატი ავაზნელი სანდროსთან და თემოსთან ერთად გამოჩნდა და მათგან რამდენიმე რიგის უკან ადგილი დაიკავა. გიო მებურიშვილი მელანის გვერდით იჯდა და ვიდრე ფილმი დაიწყებოდა, თავს გადახდენილი ამბების მოყოლით ახალისებდა. მელანის გულიანი კისკისი რატი ავაზნელს ნერვებს აწყვეტდა, მეგობრებთან პოპ-კორნის ყიდვის სურვილი მოიმიზეზა და ცოტა ხნით დარბაზი დატოვა. ხუთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც გამხიარულებულ და-ძმას და მელანის დინჯი ნაბიჯებით ახლოს ჩაუარა. ვუდმა სიცილი შეწყვიტა, თვალი გააყოლა და როდესაც მასთან მყოფი სანდრო და თემო დაინახა, წყრომით გაიფიქრა: -ჰო, რა თქმა უნდა, მხოლოდ შენსავით ცივსისხლიან ხალხს ეწყობი. რად გინდა მელანი და მისნაირები? რატი თავის ადგილს დაუბრუნდა და პოპ-კორნს გაუჩერებლად შეექცეოდა. -მეჩვენება თუ თვალი მატყუებს?- თემომ იდაყვი გაჰკრა სანდროს და რატიზე მიანიშნა. -მეც გამიკვირდა პოპ-კორნს რომ ჭამს, არასოდეს უყვარდა,- ჩურჩულით უპასუხა და რატის მზერას გააყოლა თვალი. ავაზნელი მელანოს და გიოს თვალს არ აცილებდა. ამასობაში, ფილმიც დაიწყო და ჩაბნელებული დარბაზი დიდი ეკრანის შუქმა გაჰკვეთა. --- სახლში დაბრუნებული რატი მამამისის და თეკოს კამათს შეესწრო. ქალის აზრით, სახლის ინტერიერი შეცვლას საჭიროებდა, ტიტე კი ამის წინააღმდეგი იყო. -როდემდე უნდა ვისმინო თქვენი უაზრო და გაუთავებელი საუბრები?- ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა და სამზარეულოში შევიდა. -მანდ რა გინდა? იცოდე, სალათის მასალები არ შემიჭამო,- ხმას აუწია თეკომ. -მშია. -ვამზადებ და მალე იქნება. მოითმინე! რატის ჩაეცინა და მაინც გადასწვდა პლასტმასის სათავსოში ლამაზად დაჭრილ ბოსტნეულს. -ღმერთო, ჩემო, რა მსუნაგი ხარ. რა გითხარი?- უკან შეჰყვა ქალი. -აუ, რაზე მიჭედავ? წადი ნერვები დაიწყნარე. -ოქროს მედალი მეკუთვნის, რომ ორ ურთულეს ავაზნელს ვუძლებ. -თუ პირიქით?-ენა შეუბრუნა ბიჭმა, მის დასანახად კიდევ ერთხელ მოიპარა სალათის ინგრედიენტები და რომ გაეგიჟებინა, მის თვალწინ, ხელის გულზე დახროვილ ბოსტნეულს ნელ-ნელა დაუწყო ჭამა. -ტიტე, უთხარი შენს შვილს რამე, თორემ ვცემ. უხასიათოდ მყოფმა მამაკაცმა არაფერი თქვა, ტელევიზორი გამორთო და კაბინეტში შეიკეტა. იმედგაცრუებული თეკოს სახის დანახვაზე ბიჭი ახარხარდა. გული რომ იჯერა, გასამწარებლად ცივი წყალი დაუდგა და გაეცალა. ქალმა ჭიქას ხელი მოჰკიდა და ტიტესთან შევიდა: -აი, შეხედე. სულ ერთსა და იმავეს გიმეორებ, რომ შენს შვილთან ასე ნუ მექცევი. როგორ არ გესმის, რომ მის თვალში ფასს მიკარგავ? შენზე წყენა რომ გამქრობოდა, გამეკაიფა და ცივი წყალი დამიდგა. -კარი გაიხურე!- შეუვალი იყო მამაკაცი. მოულოდნელად, თეკომ ტიტეს ხელში ნინო თადეშვილის სამკაული შენიშნა, რომელიც სეიფიდან გამოეღო და დასცქეროდა. -ეს რა არის?- დააინტერესდა და ახლოს მივიდა. მამაკაცმა შუბლი შეკრა: -ის, რაც შენ არ გეხება. -მაჩვენე,- ხელი გაუწოდა ქალმა. ტიტემ საშუალება არ მისცა, რომ თითი დაეკარებინა. -მოიცადე, ჩემს გარდა, შენს ცხოვრებაში ვინმე ქალი კიდევ არსებობს?-გაოცებული სახე მიიღო თეკომ. -მარტო დამტოვე! -აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ვიდრე არ გამოტყდები, ვის ეკუთვნის ეს ნივთი? -არავის, პატრონი არ ჰყავს. -მაშინ თუ ასეა, ამ ნივთს შენთან რა უნდა? -იმიტომ, რომ ამ ნივთის პატრონი ჩემთვის დღემდე ძვირფას ადამიანად რჩება. -ვისი ნივთია?- ქვედა ტუჩი სატირლად დაებრიცა თეკოს. -ოთახიდან გადი! -ვისია ნივთი? -ოთახიდან გადი-მეთქი! -ვისია?!-იღრიალა ქალმა და ჭიქა, რომელიც ხელში ეჭირა, იატაკზე დაახეთქა,-რატომ მაგიჟებ? ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და რად გინდა, რომ ჭკუიდან გადამიყვანო? -უკვე ვეღარ გიძლებ, აი, აქ ხარ!- ტიტემ თითი ყელზე მიიდო და კარი ისე გაიხურა, ლამის ძირს ჩამოიღო. ატირებული თეკო ჭიქის ნამსხვრევებზე ჩაიკეცა და დაჭრილი ცხოველივით ღმუოდა. *** იმ ღამეს, ღამის ბარში ბავშვობის მეგობართან ერთად მყოფი ტიტე არყით ისე გამომთვრალიყო, პირში ენას ძლივს იბრუნებდა: -მე ვარ ადამიანი, რომელმაც ნინოს სიკვდილის შემდეგ, პირადი ცხოვრება ვეღარ ვიპოვე. მაპატიოს ლიკას სულმაც, მაგრამ მიუხედავად იმისა, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაინც ვერ შევიყვარე. არადა, მეგონა, პირად ტრაგედიას გადამატანინებდა და ოდნავ მაინც შემიმსუბუქებდა იმ ლოდივით მძიმე ტკივილს, რომელიც მაშინაც გულზე მაწვა და ახლაც ასე ხდება. -და თეკო? ვერც მან შეძლო, ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა შენი მწუხარება? ტიტე თავს იქნევდა და სახეს მობეზრებული მანჭავდა: -არც ეს არის ის ურთიერთობა, რასაც წლებია, ვეძებ. აი, ასე, უბრალოდ არ მიმართლებს,- ხელებს შლიდა ავაზნელი და საკუთარ ბედზე დადარდიანებული კიდევ უფრო მეტად იხსნიდა წარსულის შეუხორცებელ ჭრილობებს. დილის სამი საათი იქნებოდა, როდესაც სახლში მხარზე კოსტუმგადაკიდებული მივიდა. კოსტუმი იქვე მიაგდო, თეკოსთვის ზედაც არ შეუხედავს, გვერდი აუქცია და ყოველგვარი სიტყვის გარეშე, საძინებელში შევიდა. --- რატი ავაზნელმა როგორც იქნა, სკოლაში მისვლა გადაწყვიტა. პირველი გაკვეთილის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, საკლასო ოთახის კარი შეაღო თუ არა, მეგობრები აღტაცებით შეხვდნენ. მელანიმ ბიჭის მაჯაზე ახალი წლის ღამეს თავის ნაჩუქარი საათი ამოიცნო, რომელიც სპეციალურად ისე ჰქონდა შერჩეული, ვისაც არ უნდა შეხვედროდა, ორივე სქესის წარმომადგენელი თავისუფლად მოიხდენდა. მოსაკითხად მივიდა, უთხრა, რომ მისი მისვლა გაუხარდა და საათთან დაკავშირებით კომპლიმენტიც გაუკეთა. რატის სახეზე უსიამოვნო შეგრძნება გამოესახა, მაშინვე მაჯიდან მოიხსნა და მის თვალწინ ნაგვის ურნაში ჩაუძახა. გოგონას ბიჭის საქციელის გამო, გული ეტკინა, მაგრამ არ გაჰკვირვებია, მისგან მიჩვეული იყო მსგავს გამოხტომებს, უბრალოდ გაეცალა, ზედმეტი კითხვების და ემოციების გარეშე. როგორც კი გაკვეთილი დამთავრდა, ავაზნელი მარიამთან მივიდა და სალაპარაკოდ ცალკე გაიყვანა: -ჩემს სახლში გამართულ ახალი წლის მასკარადზე, ერთის გარდა, ყველა დაპატიჟებულმა სტუმარმა გაამხილა ვინაობა, რადგან ის ერთი დროზე ადრე გაიპარა წვეულებიდან. ვინ იყო ის ერთი, მარიამ?- წარბი აუწია ბიჭმა. -მე ვიყავი. -შემახსენე, რა გეცვა? -ვენეციური კოსტუმი. -სახეზე რა ფერის ნიღაბი გეკეთა? -ოქროსფერსა და შავში გაწყობილი, მეტწილად თეთრი. -გაიხსენე ვის რა საჩუქარი შეხვდა. -რა მახსოვს? -ერთ-ერთის მაინც,-მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი შეიტანა და ხმას აუწია. -არ მახსოვს და რატომ გაინტერესებს? -კარგი, რომელ თამაშში დამარცხდა სანდრო? გოგონა უხერხულობაში ჩავარდა, როდესაც ავაზნელმა ტყუილში გამოიჭირა, მისგან თავის დასაძვრენად მოიმიზეზა, რომ მასწავლებელმა სამასწავლებლოდან ახალი მარკერის წამოღება სთხოვა და წასვლა დააპირა, მაგრამ ბიჭმა მკლავში წაავლო ხელი და მაგრად მოუჭირა: -ჯერ პასუხი გამეცი, არსად არ წახვალ! -რატი ხელი გამიშვი, მტკივა,- შეწუხდა გოგონა. დერეფანში გასულმა მელანიმ იგრძნო, საათზე გაკეთებულ კომპლიმენტზე რატიმ ეჭვი აიღო, იმ ღამეს მარიამი მასთან სახლში არ ყოფილა და მაჯის საათი სწორედ ვუდის მიტანილი იყო. მათ მიუახლოვდა და ავაზნელის კითხვაზე, თუ ვინ იმალებოდა ვენეციელი ქალის კოსტუმის ქვეშ, გამოუტყდა, რომ თავად იყო. ბიჭმა მარიამი გაუშვა და მელანის გაცხარებული მიუბრუნდა: -რას დაშლიგინებ ჩემს სახლში? ვინ ხარ და რა გინდა? გოგონას ტანში გასცრა: -არაფერი, რა უნდა მინდოდეს? შემდეგ გამომეტყველება შეარბილა, სახე ახლოს მიუტანა და მის ღაწვებთან მიტანილი ტუჩებით ჩურჩულით ჰკითხა: -შეგიყვარდი, ვუდ? მოულოდნელი იყო მისი კითხვა გოგონასთვის: -რა? -შეგიყვარდი? -რა სისულელეა? საიდან მოიტანე? -კი, ასეა,-თავი დაუქნია ავაზნელმა და დასცინა. -არ ვიცი, ეს რამ გაფიქრებინა, მაგრამ... -არ გეწყინოს, არანაირი შანსი არ გაქვს, ცუნცულ. ჩემს შებმაზე ფიქრს თავი დაანებე და ეგ ტვინი შენთვის უფრო სასარგებლო ინფორმაციით გატენე. ასე აჯობებს,- თავმომწონედ შეხედა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ამაღლებული განწყობით გაეცალა. განრისხებულმა გოგონამ გზა გადაუკეტა და პირში მიახალა, რასაც მასზე ფიქრობდა: -ის, რომ ტიტე ავაზნელის შვილი ხარ, სულაც არ მიშლის ხელს, ის გითხრა, რასაც შენზე ვფიქრობ. ერთი თავმომწონე, გაუზრდელი და დაკომპლექსებული იდიოტი ხარ. გარეგნულად შენიღბული დადიხარ და თავქარიანობით აშინებ თანატოლებს. სინამდვილე კი სულ სხვაა. როგორც მამაკაცი, სუსტი და დაუცველი ხარ. რატომ გვიმტკიცებ, რომ მაგარი ტიპი ხარ? ასეთი რა მიზეზი გაქვს? რატომ არ ელოდები, ეს სხვამ თქვას გულწრფელად, თუნდაც შენს ზურგს უკან, რომ მართლაც კარგი ტიპი ხარ? მაგრამ კარგად იცი, ეს არასოდეს მოხდება. ასეთი საქციელით არასოდეს დაიმსახურებ ხალხის ნამდვილ სიყვარულს და აღიარებას. მათ თვალში ერთი ვიგინდარა ადამიანი დარჩები და ვინც შენთან იმეგობრებს, მარტო იმიტომ, რომ მამაშენის შვილი ხარ. მე ის ჭუჭყიც ჩამოვირეცხე, რომელიც შენივე დავალებით ვიღაცამ წყალში არეული გადმომასხა, მაგრამ ის ჭუჭყი, რომელიც შენშია შეზელილი, მერწმუნე, უფრო მეტად მძაფრი სუნის არის და შენს სხეულში იმდენად ღრმად არის გამჯდარი, ყველაზე წყალუხვი მდინარეც ვერ ჩამოგრეცხავს. ამ სიტყვებით გააფთრებული რატი მელანის ქეჩოში სწვდა და კბილები გაახრჭიალა: -ოდესმე კიბიდან დაგორებულხარ, ვუდ? -მეტი არ მინდა, გაბედო!- თვალები დაუბრიალა გოგონამ,- ხომ არ დაგავიწყდა, ამერიკის მოქალაქეს რომ ელაპარაკები? -ფეხები არ მომჭამო ძირში! ძალიან მაგრად მკი*დია, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ. -სამაგიეროდ, ჩემს ქვეყანას არ ჰკი*დია ვინ და რატომ ემუქრება თავის მოქალაქეს. God bless America!- უშიშრად აგრძელებდა მელანი. -რა ხდება აქ?- მკაცრი სახით წამოადგა მანდატური დავაში ჩართულ რატის და მელანის. -არაფერი,-ცივად გაუშვა ავაზნელმა ხელი გოგონას და მას შეატოვა. -რამე ხომ არ დაგიშავა?- მიუბრუნდა ახალგაზრდა მამაკაცი. -არა, კარგად ვარ, გმადლობთ, -უთხრა ვუდმა და რატის მსგავსად, თავადაც გაეცალა. --- ზამთარმა ისე ჩაიარა, მანოს და მელანის გამოძიება ოდნავადაც არ წასულა წინ. ვერც მანოს მეგობარმა აღმოაჩინა დამნაშავეების მონაცემთა ბაზაში ის პირები, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოკრება სთხოვა. ერთი სიტყვით, დებს საჭირო და სახარბიელო არაფერი ეჭირათ ხელში, მაგრამ აღნიშნული ვითარება ჯერ-ჯერობით კერძო გამოძიების მოტივაციას არცერთს უკარგავდა. --- მარტის დასაწყისი იყო. ტიტე და თეკო მეგობრებთან ერთად გუდაურში რამდენიმე დღით წასულიყვნენ. სახლში მარტოდ დარჩენილი რატი მეცადინეობას შეჰყვა და ღამის პირველ საათამდე შემორჩა. გაზაფხულის ცივი და ქარიანი ღამისგან კბილს კბილზე აცემინებდა გარეთ მყოფ მელანის, რომელიც უკვე რამდენიმე წუთი იყო, ჩასაფრებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის დაიძინებდა, რომ სახლში შესულიყო. -ახლა მოუნდა ამასაც ბეჯითი მოსწავლეობა,- თვალები აატრიალა და დუტის თხელ ქურთუკში ჩაიწყო ხელები. ცოტა ხანში, რატიმ შუქი გამორთო და სახლიც მიჩუმდა. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, ვუდმა ჩათვალა, ბიჭს უკვე ღრმად ეძინებოდა და სწრაფად შეაღწია სახლში: -უფ! -ავაზნელების თბილ სახლში შესულმა ზამთრის ტაიგიდან გამოღწეულივით ამოისუნთქა და ცხვირ-პირზე მოხვეული კაშნე მოიხსნა,- ახლა სხვა ოთახების დათვალიერების დროა,-ბუტბუტით თქვა და ფრთხილად წავიდა ტიტეს და თეკოს საძინებლისკენ. იქ რომ ვერაფერი ნახა, გამოცდილი ქურდივით გადადიოდა ოთახიდან ოთახში. არც სარდაფში ჩატანილმა ძველმა ნივთებმა მიიქციეს მისი ყურადღება. ერთი სიტყვით, მალე დარწმუნდა, ავაზნელების სახლში მისთვის საინტერესოს სხვას ვეღარ აღმოაჩენდა და ის იყო, წასვლა დააპირა, როდესაც შუქი აინთო და რატი ავაზნელი ბოქსიორის ტრუსის ამარა ოთახიდან ფეხშიშველი გამოეცხადა. როგორც კი მელანიმ კლასელი დაინახა, ადგილზევე გაშეშდა. -აი, გამართლებაც ასეთი უნდა, ახლა ნამდვილად ვეღარ გადავრჩები,- გაიფიქრა და თვალებზე აიფარა ხელები. რატი თვალებს ვერ უჯერებდა. კანკალს ატანილ გოგონას სერიოზული სახით მიუახლოვდა, სახიდან ხელები ჩამოაღებინა და თვალებში ჩახედა: -პოლიციის ნომერი ავკრიფო, თუ თავად იტყვი, ასეთ დროს ჩემს სახლში რას აკეთებდი? -არა, რა პოლიცია? შეგიძლია, თავადაც დარწმუნდე, არაფერი ამიღია,- ცარიელი ხელის გულები დაანახა, მერე მხარზე გადაკიდებული პატარა ზურგჩანთა მოიხსნა, იატაკზე დადო და დაბნეულმა ელვაშესაკრავს დაუწყო ძებნა, რომ თავის სიტყვებში დაერწმუნებინა. ავაზნელი ხელში სწვდა, ფეხზე წამოაყენა და სახეაწითლებულს დააცქერდა: -მაშინ გამოტყდი, აქ ჩუმად რატომ შემოიჭერი? რის გაკეთებას გეგმავდი? მელანი სიმართლეს გამორიცხული იყო, ვერ ეტყოდა და თავს არ გასცემდა. რჩებოდა ერთადერთი რამ, რომ რატის რისხვას გადარჩენილიყო. მართალია, არც ისე მიმზიდველად ჟღერდა, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ აღარ ჰქონდა: -მართალი ხარ, შემიყვარდი და იმიტომ ვერ განებებ თავს. აქ ხშირად მოსვლის მიზეზიც ეს არის. - მდაა!- ხელი ნიკაპზე მოისვა ბიჭმა,- და ამ შუაღამისას სახლში რომ მივარდებოდი, რა გინდოდა? საწოლში უნდა შემომხტომოდი? -არა,- შეიცხადა მელანიმ. -აბა?-წარბი აუწია ბიჭმა. -მინდოდა, მენახა, როგორ გეძინა და მერე წავიდოდი. -შენ ცოტა ხომ არ უბერავ, აჰ? -რატომ?- თვალებში ვერ უყურებდა ვუდი. -მანიაკივით დაძვრები და მითვალთვალებ. -ბოდიში, თუ შეგაშინე. არ მინდოდა. -ისეთი ნაგლი ხარ, არ გამიკვირდება მალე მამაჩემს ჩემ ხელსაც თუ სთხოვ. გოგონა სად წასულიყო, აღარ იცოდა. მხრებში მოიხარა და გულში ლოცულობდა, რაც შეიძლებოდა მალე გამოესწრო რატის რისხვისთვის. ბიჭი სამზარეულოში გავიდა და წყალი დალია. მერე ოთახში შევიდა, ტანსაცმელი სწრაფად გადაიცვა და კედელთან საცოდავად ატუზულ მელანის მიუახლოვდა: -იცი? რაც უფრო მეტენები და აქტიურობ, მით უფრო თავს მაბეზრებ. ერთი ღამის გასართობადაც არ ივარგებ, თორემ ახლავე შემოგთავაზებდი. -გეყოფა!-თვალები დახუჭა შერცხვენილმა გოგონამ. -არ მეგონა, ამერიკელმა გოგონებმა ასეთი მანიაკალური სიყვარულის გამოხატვა თუ იცოდნენ. მართობ ხოლმე, იცი? -გეყოფა-მეთქი!- ხელი აუწია, რომ სიტყვა გაეწყვიტა ბიჭს, მაგრამ ავაზნელი არ ჩერდებოდა, მაინც აგრძელებდა მისთვის გულის ტკენას. -ძალიან საინტერესო იქნებოდა წყალი რომ არ მომენდომებინა, აქ არ გამოვსულიყავი და ჩემს ოთახში შემოსვლის შესაძლებლობა მოგცემოდა, რას გააკეთებდი? მძინარე რატისთვის სურათები უნდა გადაგეღო?- ხელის თითები კისერთან ნაზად დაუსვა გოგონას,- ან იქნებ საბანი გადაგეხადა და ჩემთან ერთად ეროტიული სცენები წარმოგედგინა? მელანიმ ხელი გააწევინა და განზე გადგომა სცადა. ბიჭს სახე შეეცვალა, საშინლად ბოროტი თვალები გაუხდა და მისკენ ძალით მიიზიდა: - მითხარი აბა, რომელი ერთი, საყვარელო? გოგონა კიდევ მეტად შეშინდა, თავში უამრავმა აზრმა გაუელვა: -გამიშვი, გთხოვ. -რატომ? შენი ფეხით არ მოხვედი აქ? ხომ გინდოდა, ჩემთან ყოფილიყავი? -შენი მეშინია, ასე ნუ მიყურებ. -როგორ გიყურებ? -მგონია, რომ მომკლავ. ბიჭმა ხელი გაუშვა, მელანი შეტორტმანდა და კედელს მიეხალა. ატკიებული მხარი ხელით დაიზილა და ასრუტუნდა. ავაზნელი კარს ეცა, გააღო და მკაცრად მიუგო: -გაეთრიე! ვუდმა სასწრაფოდ დაავლო ხელი ზურგჩანთას და გარეთ უკანმოუხედავად გავარდა. --- -ნორმალური ხარ? ეგ რამ გათქმევინა იმ იდიოტისთვის, მიყვარხარო?- ცოფებს ჰყრიდა მანო, როდესაც მელანიმ მარცხიანი ღამის შესახებ უამბო. -აბა, რა მეთქვა? გინდოდა, ყველაფერი გამემხილა და მერე ჩაკუკული ბავშვივით შენთან მოვსულიყავი და თავის მართლება და ახსნა-განმარტებები დამეწყო? დამიჯერე, ასე სჯობდა, მაინც ჰგონია, რომ მიყვარს და დაე, იფიქროს, არ მანაღვლებს. -შენს შერცხვენას რომ დაიწყებს და მასხრად აგდებას, მერე პრეტენზიები არ იყოს. -მივხედავ, იქნებ ჩემს სასარგებლოდ ისე შემოტრიალდეს მოვლენები, დავიახლოვო კიდეც. -როგორ გეტყობა, რომ გამოუცდელი და პატარა ხარ. -რატომ? -ძალიან პოზიტიურად უყურებ ყველაფერს და ასეც არ შეიძლება. -აბა, რა ვქნა? გოდებას ხომ არ დავიწყებ, რატი ავაზნელს სიყვარული ავუხსენი-მეთქი? ნერვებს მიშლი მანო, არ გეწყინოს, მაგრამ უნდა გაგითიშო, ბოლო ონლაინ გამოცდისთვის უნდა მოვემზადო, ხვალ გადამწყვეტი დღე მაქვს,- გათიშვის ღილაკს თითი დააჭირა, ათას აზრთან ახლართული ფანჯარასთან ჩამოდგა და ქუჩაში მოსიარულე ხალხს მიშტერებულმა დაუწყო ყურება. მანოს სიტყვებმა ძალიან ჩააფიქრა. არ იცოდა, ახალი ამბის გაგებით გაყოყოჩებულ ავაზნელთან ორშაბათიდან როგორი სასკოლო ცხოვრება დაეწყებოდა და გაურკვევლობა ტანჯავდა. ყოველთვის, როდესაც რაღაცაზე ძალიან აღელდებოდა, მხოლოდ ორი თერაპია შველოდა -ჭამა ან სალონში წასვლა და გარეგნულ ცვლილებაზე ზრუნვა. უკანასკნელ შემთხვევაში, ნერვების დასაწყნარებლად სილამაზის სალონში წასვლა ამჯობინა და თმა წაბლისფრად შეიღება. --- ორშაბათიც გათენდა და ვუდი თავდახრილი შევიდა კლასში, ისე, რომ რატისკენ ერთხელაც არ გაუხედავს. გაკვეთილის დაწყებამდე ანამ ილუზიის მუზეუმში წასვლა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, სულ არ იყო სადმე წასვლის განწყობაზე, მაინც დათანხმდა, უნდოდა, დაძაბული გონება საფიქრალად სხვა რამეზე გადაეტანა. რატი ავაზნელი არაფერს იმჩნევდა. ძალიან ჩვეულებრივად აგრძელებდა ყველასთან ურთიერთობას. უყურებდა განცვიფრებული ვუდი მშვიდად მოსიარულე ბიჭს და გულში ფიქრობდა: -როგორ დავიჯერო, რომ არაფერი ჩაიფიქრე და ორი დღის წინ მომხდარ ამბავს ასე შემარჩენ? არ ენდობოდა მის სიმშვიდეს და მართალიც იყო, ვინც კარგად იცნობდა ავაზნელს, ისიც იცოდა, თუკი მის ინტერესებში არ შედიოდა, ადამიანის სახელის გაფრთხილება და გრძნობები ერთი წამითაც არ ანაღვლებდა. დერეფანში ტელეფონში თავჩარგული ვუდი მანოს ტექსტურ შეტყობინებას სწერდა, როდესაც მეოთხე კლასელი ბავშვი მთელი ძალით შეასკდა და წააქცია. -რას აკეთებ? ნორმალური ხარ?- შეჰყვირა ცუდად დაცემულმა მელანიმ და წამოდგომა სცადა, მაგრამ ტკივილისგან ვერ ახერხებდა. რატი ცივი გამომეტყველებით წამოადგა ძირს დაცემულ ვუდს, ცოტა ხანს უყურა და დახმარების სურვილმა რომ გადაუარა, გვერდი აუქცია. პატარა ბიჭი დამნაშავის სახით მივარდა და ბოდიში მოუხადა. მერე თავის პატარა ხელი ჯენტლმენივით გაუწოდა და ფეხზე წამოყენებაში დახმარება შესთავაზა. -რა საყვარელი ხარ, მიპატიებია, მაგრამ ვერ ჩამოგეკიდები, წაგაქცევ, - ტკივილნარევი სახით გაეღიმა გოგონას და ისევ თავად მოახერხა წამოდგომა. ავაზნელმა ოდნავ კოჭლობით მოსიარულე ვუდს ფარულად გააყოლა თვალი, არაფერი რეაქცია არ ჰქონია... გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოსწავლეები ჯერ კიდევ გარეთ იდგნენ, არ დაშლილიყვნენ. გიო მებურიშვილი ანას და მელანის ელოდებოდა. მოულოდნელად, რატი ავაზნელს და მის მეგობრებს მოჰკრა თვალი. გულში ძველი სიბრაზის კვალი კვლავ გამოეკვეთა, მაგრამ გოგონების გამოჩენამ ყურადღება მათზე გადაატანინა. -ვაჰ, თმები შეიღებე? გიხდება,- მელანის გარეგნული ცვლილება აღნიშნა გიომ. -მადლობა,- ბიჭის კომპლიმენტი შეიფერა ვუდმა. -მეც იგივე ვუთხარი, ბევრად მიმზიდველი ჩანს,-ძმას დაუდასტურა ანამ. -კარგად დათბა, ხომ იცი? მიყვარს გაზაფხულის გიჟი ამინდები- ერთ დღეს ცივა, მეორე დღეს თბილა, მესამე დღეს ცხელა, მერე წვიმაა და თუ თავში დაარტყა, შეიძლება თოვლიც გამოგვიგზავნოს,- მოსაცმელი გაიხადა სიცხისგან შეწუხებულმა მელანიმ. გიოს დაკვირვებულ თვალს მის მკლავებზე გამოსახული ჩალურჯებები არ გამოჰპარვია, გოგონას ხელი შეახო, შეათვალიერა და ჰკითხა: -ეს ჩალურჯებები სად მიიღე? რატი ავაზნელს გიო მებურიშვილის ქმედებაზე სიბრაზე შემოაწვა და მათკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. დააპირა, მისულიყო და მელანის მკლავეზე თითებით მოსიარულესთვის ხელი გაეშვებინა, მერე საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები, ვერ მიხვდა რატომ გაღიზიანდა და უკან დაიხია. -ჩალურჯებები? -მელანიმ თავადაც მაშინ შეამჩნია ორ ადგილას მიღებული სისხლნაჟღენთი და ავაზნელს გახედა, მიახვედრა, რომ იმ ღამინდელი „შემოქმედება“ იყო, როდესაც მის სახლში შესული ხელში ჩაიგდო და ვიდრე კითხვებზე პასუხს არ დაუბრუნებდა, არ უშვებდა. -ანას ძმას მგონი მელანი მოსწონს,- თემომ გოგონას მიმართ თბილად მომზირალ გიოს თვალი მოაშორა და მეგობრებს შეხედა. -რაში მაინტერესებს? რაც უნდათ, ის უქნიათ, - კომენტარი გააკეთა ავაზნელმა და თავის მანქანისკენ წავიდა. --- სახლში მისულ რატის გახარებული კელი დახვდა. ბიძაშვილს თვალები უბრწყინავდა, ეტყობოდა, მისთვის კარგი ამბავი უნდა ეცნობებინა: -აბა, გამოიცანი, რა უნდა გითხრა. რატი დაფიქრდა და ყველაზე მეტად რომელი ამბავიც გაახარებდა, ის ივარაუდა. -ბაბუის მკვლელობის ამბავი გამოიძიეს? -არა. -აბა მაშინ რა? მითხარი, რას მამკითხავებ? -პენსილვანიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. -ე, შენ აღარ ხუმრობ,-გაეღიმა მამიდაშვილს და გადაეხვია,- გილოცავ, ციცქნა! მაგარი გოგო ხარ! და როდის მიდიხარ? -აგვისტოდან დაგემშვიდობებით. ნახე, ამ დილით წერილი მივიღე,- უნივერსიტეტიდან მიღებული ოფიციალური წერილი გადასცა ბიჭს, მხარზე ხელი ჩამოადო და დაელოდა, როდის წაიკითხავდა. წერილში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მათი სტუდენტების რიგებში მოხვედრას ულოცავდა, იუწყებოდა, რომ კელი ხავთასს 35000$-ის ეგრეთწოდებული სქულარშიფი დაენიშნა და ახალი სემესტრიდან სასწავლო წლისთვის მოუთმენლად ელოდებოდნენ. -აუ, იქ სწავლაზე უარს მეც არ ვიტყოდი,- რატის აღტაცება გამოესახა სახეზე. -მერე? არც ახლაა გვიან, შეგიძლია, მომზადება დაიწყო და შემდეგი წლისთვის იქ წამოსვლაზე იფიქრო. -არა, ტო. ამდენი წვალება წყალში როგორ გადავყარო? - აბიტურიენტობაში გათენებული ღამეები დაენანა ბიჭს,- თუმცა არაფერია გამორიცხული. არ აღვნიშნოთ? -აღვნიშნოთ,-დაეთანხმა კელი. -წამოდი, სადმე დაგპატიჟებ, - ჯიბეებში მანქანის გასაღებს დაუწყო ჩხრეკვა. -იცი, ყველაზე მეტად რა მინდა?-შეაჩერა გოგონამ. -მითხარი, ყველა სურვილს შეგისრულებ. -მინდა, სანამ საქართველოდან წავალ, სადმე ექსკურსიაზე წავიდეთ, ლამაზ ბუნებაში. რატი დაფიქრდა და თავში ერთმა აზრმა გაუელვა: -ამას წინათ, კლასელები სწორედ მაგ საკითხზე ვლაპარაკობდით. სადმე, დამრიგებლის გარეშე გვინდა, წავიდეთ, საკუთარი მანქანებით. თუ წინააღმდეგი არ ხარ, წაგიყვან. -არა, წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო? თან შენს მეგობრებს, სანდროს და თემოსაც ვიცნობ. იმედია, ისინიც წამოვლენ და არ მოვიწყენ. -თუ ასეა, ზუსტად როცა მეცოდინება ყველაფერი, გეტყვი და წაგიყვან. -შევთანხმდით,-გაუღიმა გოგონამ,- ახლა წავალ, მეგობრები მელოდებიან. -მოიცა, სად გარბიხარ? სადმე მინდოდა, დამეპატიჟებინე. -სხვა დროს აღვნიშნოთ, დღეს-არა, დაკავებული ვარ. უბრალოდ შემოგიარეთ და გაგახარეთ, ოთახში მყოფ მოღიმარ ტიტეს და თეკოს გადახედა, რომლებიც ასევე აღფრთოვანებულები იყვნენ გოგონას წარმატებით, მერე ყველას ჩამოუარა, კოცნით დაემშვიდობა და გაიქცა. -ხედავ, კელიმ რას გამოჰკრა ხელი? - ღიმილით ჩაილაპარაკა ტიტემ. -ნიჭიერი ბავშვია, ჩამოყალიბებული და ყოველთვის იცის რას და რატომ აკეთებს,-თეკომ უკმეხად გადახედა რატის. ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა, თავი გააქნია და თავის ოთახში შეიკეტა. -ნეტა გამაგებინა რას აკეთებს ეს ბიჭი იმ ოთახში. დაყუდებული წმინდანივით სულ იქ ზის,- გააგრძელა ქალმა. -შენ აუტანელ ხასიათს გაურბის,-უპასუხა ტიტემ და ისიც გაეცალა. -თუ შენსას?- სიტყვა-პასუხში არ ჩამორჩა თეკო, მაგრამ მამაკაცი აღარ შეჰყვა, მობეზრებით გახედა და ტელევიზორს მიუჯდა. --- ნოდარ ავაზნელი მეუღლესთან ერთად საავადმყოფოდან სახლში ახალი დაბრუნებული იყო. ქალის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გულის მეორე ოპერაციაზე საუბრობდნენ, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. -ვინმეს ველოდებით?-იკითხა მამაკაცმა. -მე არავის,- სუსტად აიჩეჩა მხრები ავადმყოფმა და აფთიაქიდან წამოღებულ, მედიკამენტებით ნახევრად სავსე პარკს დახედა. ნოდარი კარის გასაღებად წავიდა და ხელთ პოლიციელთა მთელი არმია შერჩა, რომლებიც სახლში შესვლისთანავე უხსნიდნენ მათი მისვლის მიზეზს: -ნოდარ ავაზნელო, თქვენ დაპატიმრებული ხართ, როგორც ეჭვმიტანილი გოგი ხავთასის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის. გაქვთ უფლება, გამოიყენოთ დუმილის უფლება და მოითხოვოთ ადვოკატი,-ერთ-ერთმა ძალოვანმა გაზეპირებული ალელუიასავით მიაყარა ტექსტი და ხელებზე ბორკილები დაადო. -ვერაფერი გამიგია, რა ხდება?- ყბაჩამოვარდნილი უყურებდა მთვარისა ავაზნელი ხელბორკილიან მეუღლეს და უფერული სახე კიდევ უფრო გაფითრებოდა. -გაურკვევლობაა. შენ არაფერზე ინერვიულო,- როგორც შეეძლო, ისე აწყნარებდა ცოლს თავადაც აღელვებული ქმარი. ქალი მაშინვე ტელეფონს ეცა, შვილს დაურეკა და საქმის კურსში ჩააყენა. ცოტა ხანში ტიტე ავაზნელი ადვოკატთან ერთად უკვე გამომძიებლის ოთახთან იდგა და პირისპირ შესახვედრად ემზადებოდა. მოულოდნელად, გაცეცხლებული ილია ხავთასი შეეფეთა: -არ მეგონა, თუ ერთმანეთის მტრები გავხდებოდით. ყველაფერს ვიღონებ, ეგ ძაღლისშვილი ციხეში ამოლპეს. მასზე არანაკლებ გაცოფებულმა ტიტემ ყოფილი ცოლის ძმა კედელზე მიანარცხა და საკადრისი პასუხი გასცა: -ვიდრე რამეს იტყოდე, კარგად დაუკვირდი ხოლმე! მეც ყველაფერს ვიღონებ, მისი უდანაშაულობა დავამტკიცო და ციხიდან გამოვიყვანო. -სიცოცხლის ბოლომდე ვიზრუნებ, მამაჩემის მკვლელი იქ იჯდეს, სადაც მისი ადგილია. -მაგასაც ვნახავთ!- ნადირივით ბრდღვინავდა ავაზნელი. რამდენიმე წუთში ტიტე და ადვოკატი გამომძიებლის ოთახში ისხდნენ და ნოდარის ბრალეულობის საქმეს ეცნობოდნენ. პოლიციელებს ხელთ ჰქონდათ ყველა დამამტკიცებელი საბუთი ფოტო და ვიდეო მასალის სახით, თუ როგორ დაიქირავა ნოდარ ავაზნელმა მკვლელები, რა სახის საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ იგეგმებოდა გოგი ხავთასის მანქანაში ჩაცხრილვა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მასალა არცერთი მათგანისთვის არ წარუდგენიათ. იმის მერე, რაც შავი ბიზნესმენი მამის წყალობით, გატაცებაში მყოფმა ტიტემ მკვლელების და ყველაფერზე წამსვლელი ხალხის გარემოში გარკვეული პერიოდი გაატარა, ეგონა, მისგან აღარაფერი გააკვირვებდა, მაგრამ გოგის სიკვდილშიც თუ მისი ხელი ერია, ამას ნამდვილად ვეღარ წარმოიდგენდა. *** ნოდარ ავაზნელის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ ტიტემ ყველაფერი გააკეთა, გამომძიებლის თანხმობის საფუძველზე მამამისს შეხვედროდა და პირადად გასაუბრებოდა. ნოდარი თავჩაქინდრული იჯდა შვილის წინაშე. ბევრის თქმა უნდოდა, მაგრამ მის ბინძურ საქმეში გასვრას ერიდებოდა და თევზივით პირში წყალდაგუბებული იჯდა. -ამიხსენი, რა ჯანდაბად დაგეგმე გოგის მკვლელობა? ვინ დაგავალა? - კითხვები არ ასვენებდა ტიტეს. ნოდარი უხერხულობისგან შეიშმუშნა და ცხვირი მოისრისა: -ვის უნდა დაევალებინა? რაღაცაში ვერ მოვრიგდით და სულ ეს იყო. -კარგად გიცნობ. გამოტყდი, ამის დედაც!- კბილებში გამოსცრა მამაკაცმა. -შენ მე ვერაფრით დამეხმარები, ტყუილად ცდილობ უსარგებლო ამბების ქექვას. უკვე შეგუებული ვარ, რომ დამსახურებულად მომისჯიან რამდენიმე წელს და დროა, თქვენც რეალობას გაუსწოროთ თვალები. -აქედან აუცილებლად გამოგიყვან! ყურები არ ჩამოყარო! -რას აპირებ? -ისეთ ინფორმაციას მოვიძიებ და გადავცემ, რაც პოლიციას შენს აქ ყოფნაზე მეტი უღირს. ნოდარს შვილის სიტყვებზე თვალები შეემღვრა და სკამიდან დენდარტყმულივით წამოხტა: -გაფრთხილებ, არაფერში გაერიო! -მაშინ ბოლო-ბოლო ალაპარაკდი და დაასახელე ის პირები, ვინც ამის გაკეთება გაიძულეს. მამაკაცს სუნთქვა შეეკრა და ექიმთან შეხვედრა მოითხოვა. ტიტეს კი კიდევ ერთხელ გახედა, თავი გააქნია და ანიშნა, აზრად არც კი გაევლო, გოგი ხავთასის რეალური მკვლელების ვინაობის დადგენა მოენდომებინა. რთული იყო, შექმნილი მდგომარეობიდან ტიტე ავაზნელს გამოსავალი ეპოვნა. ნოდარს ყველაფერი ისე ჰქონდა აწყობილი, მის საბუთებში კრაზანას კვალი არაფერში ფიქსირდებოდა. ადვოკატი დასაიმედებელს ვერაფერს ეუბნებოდა. --- მიუხედავად იმისა, ავაზნელების და ხავთასების ოჯახებს შორის დაძაბულობა დღითი-დღე მატულობდა, ამ ფაქტს ოდნავადაც არ უმოქმედია რატის და კელის ურთიერთობაზე. დათრგუნულები იყვნენ და ნამდვილად არ მოსწონდათ რაც უფროსებს შორის ხდებოდა, მაგრამ ცდილობდნენ, აღნიშნული მდგომარეობისთვის გამოძიების დასრულებამდე უბრალო გაურკვევლობა დაერქმიათ. რატიმ კლასელებთან ერთად ხევსურეთის დათვალიერება გადაწყვიტა და დაპირებისამებრ, კელიც წაიყვანა. დილის 08:30 საათი იყო, როდესაც Imagine Dragons “Believer”-ით აღრიალეული მანქანით დათქმულ ადგილს მიადგა, სადაც კლასელები რამდენიმე მანქანაში უნდა გადანაწილებულიყვნენ. ყველა რატომღაც რატის მანქანაში ჩაჯდომას მოერიდა და თავი უფრო კომფორტულად რომ ეგრძნოთ, დემეს და სანდროს მანქანებში გადანაწილდნენ. ორცხობილების საყიდლად წასული მელანი რომ დაბრუნდა, ადგილი მხოლოდ ავაზნელის მანქანაში იყო დარჩენილი. -შეიძლება, შენი მანქანით ვიმგზავრო?- უხერხულად იკითხა გოგონამ. -არა,- მოკლედ მოუჭრა ავაზნელმა. -რატი, უკან ერთი ადგილი გვაქვს,- შეახსენა კელიმ. -ვიცი,- მკვახედ უპასუხა ბიძაშვილს. -კარგი, არ არის პრობლემა. ვინმეს ვთხოვ, რომ ადგილი გამიცვალოს,- ძალიან ჩვეულებრივად მიიღო ავაზნელის პასუხი ვუდმა და სხვას სთხოვა, დემეს მანქანიდან რატის მანქანაში გადასულიყო. -ასე რატომ ეუხეშე?- კელიმ გვერდზე გაიყვანა მამიდაშვილი. -არ გეწყინოს, მაგრამ ჩემ საქმეში ნუ ერევი, კარგი? -უბრალოდ, ცუდად გამოგივიდა, მეტი არაფერი,-დაბალ ხმაზე მიუგო გოგონამ. საუბარში გართულებს სანდრომ მანქანით ჩაუარა და სიგნალით ანიშნა, რომ უკვე მიდიოდნენ. ავაზნელმა ხელი აუწია, კელისთან ლაპარაკი შეწყვიტა და მანქანისკენ წავიდა. -ეს თუ ასე აპირებს თანატოლების დამცირებას და ბაქიაობას, მოვკლავ,- კელი გაბრაზებული აედევნა მამიდაშვილს. *** გეგმა ასეთი ჰქონდათ: დათვისჯვარი, მუცო, ანატორის აკლდამები, შატილი და ლებაისკარი უნდა მოენახულებინათ. თავდაპირველად კორშას ეთნოგრაფიულ მუზეუმს მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მასალის გასაცნობად ეწვივნენ. საინტერესო იყო ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, ჭურჭელი და უამრავი წვრილმანი, რომლებიც კავკასიონის მთების ბინადრების ცხოვრებას ასახავდნენ. მუზეუმის შემდეგ ალუდა ქეთელაურის სოფელს, ბისოს მიაკითხეს, იქიდან კი ხახმატში გადავიდნენ და მოწყურებულებმა ბოთლები მინერალური წყ*ლით აავსეს. ხევსურეთის თვალუწვდენელი და ტყეებით შეფენილი ქედები წარუშლელ სურათებს ქმნიდნენ დამთვალიერებლებისთვის. ალაგ-ალაგ მთის მწვერვალებზე ღრუბლები ჩამოწოლილიყვნენ. -Wow, look at that! If I were there, I would reach the clouds with my fingers!- ამერიკულად გამოხატავდა გაოცებას მელანი და ქართული ბუნების მშვენიერებით აღტაცებული ყველაფრის ობიექტივში მოქცევას და კადრებად აღბეჭდვას ცდილობდა. მხრებზე ზურგჩანთამოკიდებულ რატის ცალი ხელი ბიძაშვილისთვის ჩაეჭიდა, ცალით მის ზურგჩანთას მიათრევდა და რთულ ადგილებში უსაფრთხოდ გასავლელად ეხმარებოდა. კლასელები პირველად ხედავდნენ ვიღაცაზე მზრუნველ ავაზნელს და გაკვირვებას გამოხატავდნენ. ბიჭს საერთოდ არ ანაღვლებდა ირგვლივმყოფების აზრი, მისთვის მთავარი იყო, ბიძაშვილისთვის კომფორტი შეექმნა. -ეს თავს გვაჩვენებს, თუ მართლა ასეთი საყვარელია ნათესაობაში?- ხმამაღლა ფიქრობდა ანა და თვალს ვერ წყვეტდა რატის და კელის. -ისე მეკითხები, თითქოს ამ უცნაური არსების რამე გამეგებოდეს,- თავადაც გაკვირვებული პასუხობდა მელანი,-ღმერთო, რა გავაკეთო? ყველაფერი მომწონს,- აქეთ-იქით ტრიალებდა გოგონა და ხარბად ისრუტავდა ბუნებისგან წარმოქმნილ სასწაულებს. დათვისჯვრის უღელტეხილზე ცოტა ხნით შეისვენეს და სახლიდან წაღებული სენდვიჩებით შეიქციეს თავი. მერე ისიც გადაიარეს და ლებაისკარზე სამასი მეტრის ოდენობით მოუწიათ სიარული. ულამაზესი იყო იქაურობა, ციხე და საბრძოლო ქვითკირები განსხვავებულ იერსახეს აძლევდნენ. -კოშკები!- აღტაცებული ვუდი თითოეულს გარშემო უვლიდა, შიგნით იჭყიტებოდა და სურათს სურათზე იღებდა. -ნეტა არ დაიღალა?- ენერგიულად მოსიარულე მელანის შემხედვარე რატიმ თავისთვის ჩაიბურტყუნა. მარშრუტის მიხედვით, ლებაისკარიდან არღუნის ხეობით შატილზე უნდა გადასულიყვნენ. იქ კი მეორე დღესაც დარჩებოდნენ და ანატორის აკლდამებს და მუცოს ნახავდნენ. ის იყო, შატილზე გადასვლა დააპირეს, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად მდინარის დონემ აიწია და ღვარცოფი მოვარდა. ხიდზე მყოფები დაიბნენ და ვეღარ გაეგოთ რა გაეკეთებინათ. -უკან წამოდით, უარესად დიდდება, -იყვირა რატიმ. რამდენიმე შეშინებული სახეებით უკან მორბოდა, როდესაც წყალმა ხიდს დაარტყა და მელანი ადიდებულ მდინარეში მოისროლა. -მელანი,- იკივლა ანამ და თვალები დახუჭა. სიტყვა მელანის ხსენება სიკვდილის სიგნალს ჰგავდა ავაზნელისთვის. თავადაც ვერ გააცნობიერა როგორ, მაშინვე ყველაფერი ძირს დაყარა და გავეშებულ მდინარეში შთაინთქა. -რას აკეთებ, შე ჩემა?- იღრიალა თემომ,- რატიიიი!.. -რას აკეთებს? სიცოცხლე მობეზრდა? - გონზე ვერ მოსულიყო სანდროც. -მელანი, ვაიმე, მელანი,- ატირდა ანა. -რატიიიიი!.. -განწირულ ხმაზე გაჰკიოდა კელი და სადღაც შორს, თეთრ მაისურში შემოსილ ბიჭს თვალს ძლივს აწვდენდა. საშინელი სიტუაცია შეიქმნა. ჰკარგავდნენ ორ კლასელს და გაფიქრებაც არ უნდოდათ, ეს ყველაფერი მათი მშობლებისთვის როგორ შეეტყობინებინათ. ნაპირ-ნაპირ, როგორც შეეძლოთ დასდევდნენ და ხან ერთის, ხან მეორის სახელს ყვიროდნენ, ან მეტი რა შეეძლოთ? მთის ჩქარი და აქაფებული მდინარე ორივეს განრისხებული ახეთქებდა უზარმაზარ, ლიპ ქვებზე. მალე აღარცერთი ჩანდა, კლასელებისგან ძალიან შორს იყვნენ. -მელანო, რამეს მოეჭიდე,- ავაზნელი როგორც შეეძლო, ხმას აწვდენდა წყალთან მებრძოლ გოგონას. მელანი ხან ქვას, ხან მდინარის პირას ჩაზრდილ ხის ფესვებს ეჭიდებოდა და შესაბამის მომენტს უცდიდა, რომ ნაპირზე ასულიყო. მერე ისევ წყალი ჯობნიდა, ფესვებს ძირს აცლიდა და კვლავ იტაცებდა. რატი ლოდიდან ლოდს ენარცხებოდა და პირი ქვიშიანი წყლით ევსებოდა. უნდოდა, არღუნისგან გატაცებულ გოგონას დასწეოდა, მაგრამ უკვე შეუძლებლად მიაჩნდა. სწორედ მაშინ, როდესაც მელანის ვეღარ ხედავდა, მაშინ იგრძნო, რომ დაკარგა და ყველაზე ძალიან შეეშინდა. ჩაჭიდებულ ხის ტოტს ხელი გაუშვა და მდინარის დინებას გაჰყვა. დიდხანს ატარა მოღრიალე მდინარემ დათეთქვილი და ძალაგამოცლილი ავაზნელი. ერთ წამში კადრებად გაუელვა მდინარის მოვარდნამ, მელანის გატაცებამ, მის გადასარჩენად წყალში გადახტომამ, კელის, უკან მორჩენილი კლასელების და მამის სახეებმა. ანაზდად, რაღაც უცნაური ძალა იგრძნო, თითქოს სიკვდილის პირას მისულს თვალწინ დედის სახე წარმოუდგა და ნაპირთან ახლოს მყოფი მელანი დაანახა. -მირაჟია თუ ცხადი?-გაიფიქრა და ინსტიქტურად გოგონასკენ წავიდა. -მიშველეთ!- კიოდა სასოწარკვეთას მიცემული ვუდი. -ცოტაც გაუძელი, აქ ვარ!- რატიმ ბოლო ძალები მოიკრიბა და მისკენ დაიძრა. თავადაც არ იცოდა როგორ ჰკვეთდა ტალახით ამღვრეულ, გაგიჟებულ მთის მდინარეს, თითქოს ვიღაცამ ძალით გააჩერაო და მშვიდად ცურვის საშუალებას აძლევდა. როგორც იქნა, ყველა წინაღობა გადალახა და წყალს დაეხსნა. ძლივს მიათრევდა გათელილ სხეულს და გოგონასკენ მიიწევდა. მელანი ხეს ეჭიდებოდა, წყალი კი თავზე უვლიდა, ქვებს აყრიდა და ცდილობდა, კვლავ შორს გაექაჩა. ბიჭი ქვებზე გადადიოდა, რამდენჯერმე ფეხიც დაუსხლტა, მაგრამ არ ეპუებოდა, მედგრად მიდიოდა მისკენ: -მოვედი, ნუ გეშინია! - შესძახა და ხელი გაუწოდა. ცოცხალმკვდარი გოგონა ბოლომდე მას მიენდო და ჯერ ერთი ხელი გაუწოდა და როგორც კი იგრძნო, ნახევრად ნაპირზე იყო, ხეს მეორე ხელი გაუშვა და რატის ჩაებღაუჭა. ავაზნელმა წვალებით წაართვა გაავაბულ წყალს სიკვდილისთვის გამზადებული მელანი და გულში ჩაიკრა: -მორჩა! ყველაფერი დამთავრდა!- ძლივს ქოშინობდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ეხვეოდა. არცერთი აღარაფერს ამბობდა. აკანკალებული სხეულებით ეკვროდნენ ერთმანეთს და იმ წამს მოძალებულ, არეულ გრძნობებში იკარგებოდნენ. -ეს რატომ გააკეთე?-ძლივს აღმოხდა გოგონას. -რა რატომ გავაკეთე? -ჩემს გამო სიცოცხლე საფრთხეში რატომ ჩაიგდე?- კითხვა დაუკონკრეტა მისავათებულმა მელანიმ. -არ ვიცი,- აღმოხდა და კიდევ უფრო მეტად მიიკრო. -შენც შეგიყვარდი? -არც ეგ ვიცი. იქნებ მიყვარხარ კიდეც? -ჩურჩულებდა სუნთქვაშეკრული. -თუ მართლა ასეა, როგორ შეგიძლია, ერთდროულად ჩემი ჯალათიც იყო და მფარველი ანგელოზიც? -ვერაფერს გეტყვი, მე არ ვიცი რას ნიშნავს სიყვარული. სამწუხაროდ, აღარაფერი მახსოვს მაგ გრძნობის,-თვალები აუწყლიანდა ბიჭს. -იქნებ ერთად გავიგოთ, რას ნიშნავს სიყვარული? -ერთად გავიგოთ?- ქვებზე გადაყვლეფილ ხელებში მოიქცია მელანის სახე და თვალებში ჩახედა. -ჰო,- უპასუხა გოგონამ და ტკივილისგან თვალები დახუჭა. -რამე გაწუხებს?- ხელები გაუშვა და დაგლეჯილ ტანსაცმელზე დააცქერდა. -გვერდები მტკივა, უფროსწორად, ყველაფერი და ძალიან მცივა, -ცრემლები წასკდა გოგონას და ისევ ბიჭს ჩაეხუტა. --- დილის ხუთი საათი იყო, როდესაც მანოს უცნაური შეგრძნებით გაეღვიძა, ძილი ვეღარ შეიბრუნა და სანამ ცაზე ინათებდა და სამსახურში წასვლის დრო მოუვიდოდა, ლეპტოპი ჩართო. ერთ-ერთი ქართული არხის საინფორმაციო ამბების სიახლეებს გაეცნო და ნოდარ ავაზნელის დაკავების ამბავი რომ წაიკითხა, წარბები შეკრა: -რა ხალხია?! საკუთარი რძლის მამასაც აღარ ინდობენ, ფაქტობრივად ოჯახის წევრს. დედა-ბუდიანად მკვლელები არიან. მერე რომ წარმოიდგინა, მელანი მათი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო, შიშმა შეიპყრო, პირველად იგრძნო საფრთხე, რომელიც მკვლელების ოჯახში თავისუფლად სიარულისგან შეიძლებოდა შეჰყროდა და სიმწრისგან ქვედა ტუჩზე იკბინა: -რაც შეიძლება, მალე უნდა მოვაშორო ავაზნელებს. მამა -მკვლელი, შვილი-მკვლელი, შვილიშვილიც ასეთი თავხედი. იმასაც კოჭებში ეტყობა, ვინც იზრდება,- თავისთვის ასკვნიდა ქალი და ფორიაქობდა. შემდეგ დღის ამბების პირდაპირი ეთერი ჩართო. სწორედ იმ მომენტში წამყვანი არღუნის ხეობაში მომხდარი შემთხვევის შესახებ აცხადებდა: კერძო სკოლა „Opened World”-ის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ხევსურეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც მდინარე არღუნის მოვარდნილმა ღვარცოფმა ორი მოსწავლე გაიტაცა და დიდ მანძილზე ატარა. საბედნიეროდ, მოსწავლეებმა სამაშველო რაზმის გამოჩენამდე საკუთარი ძალებით მოახერხეს მდინარიდან ამოსვლა და მსხვერპლი არ არის. „თოვლის დნობის შედეგად, მოულოდნელად ადიდებულმა მდინარემ შატილთან გადასასვლელი გზა მთლიანად გადაკეტა. ამ დროს, ექსკურსიაზე მყოფი ახალგაზრდებისგან სამაშველო სამსახურში შეტყობინების შემოსვლისთანავე ჩვენი რაზმი ადგილზე გამოცხადდა და მაშინვე დავიწყეთ სამძებრო სამუშაოები. მივაგენით ორ ახალგაზრდას, რომლებმაც საკუთარი ძალებით მოახერხეს თავის გადარჩენა. ორივე მათგანი გადაყვანილია რაიონულ საავადმყოფოში და უტარდება სათანადო სამედიცინო დახმარება“- ამბობდა სამაშველო სამსახურის უფროსი. „ყველაფერი უცებ მოხდა, ვერც კი შევნიშნე, როგორ მოგვიახლოვდა ადიდებული მდინარე და კლასელი გაიტაცა. მერე ერთ-ერთმა მელანო რომ დაიძახა, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. რატი მის საშველად შევარდა და ვერცერთს რომ ვეღარ მოვკარით თვალი, სამაშველო სამსახურს დავურეკეთ,“-მათე ჯერ კიდევ დაზაფრული სახით იდგა კამერის წინ და მომხდარის შესახებ ჟურნალისტს უყვებოდა. -ვაიმე,- ადგილზევე გახევდა მანო და გონზე მოსვლა რომ დაიწყო, მაშინვე ტელეფონს ეცა, მაგრამ ვერც მელანის დაუკავშირდა, ვერც -ბებიას,- ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!- ხმააკანკალებული გალიაში გამომწყვდეული მხეცივით დადიოდა. *** ექიმების თქმით, რატი ავაზნელს და მელანი ვუდს ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა გოგონას მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო- მიღებული ჰქონდა ორი ნეკნის გაბზარულობა და საჭიროებდა რეაბილიტაციას. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ რატი რამდენიმე საათში, ხოლო გოგონა ოდნავ მოგვიანებით გაწერეს სახლში. -როგორ ხარ, მანოს სიხარულო?- აწრიალებული იყო ახალგაზრდა ქალი. -უკეთესად, სანერვიულო მაშინ გექნებოდა, რომ ვერ გადავრჩენილიყავი. ამ პატარა პრობლემას მივხედავთ,-აქეთ ამშვიდებდა ყოჩაღად მყოფი და. -რა გტკივა? არ დამიმალო. -ხელს რომ მაღლა ვწევ, ან უცებ დაბლა ჩამომაქვს, ნეკნებთან მტკივა. ღრმად რომ ჩავისუნთქავ, ან კუნთები მეჭიმება, მაშინაც ასე ხდება. კარგად ვერ ვსუნთქავ, მიჭირს. ექიმმა მითხრა, დრო უნდა და გაგივლისო. -ქამარი არ მოიხსნა. -არა. -წამლებს ხომ სვამ? -კიიიიი...- გაბმულად უპასუხა ეკრანიდან შეწუხებული სახით მომზირალ დას და კამერა იმ ადგილისკენ მიუშვირა, სადაც ბებიამისს ნაირფეროვანი აბებით სავსე შუშის ბოთლები და ლისტები დაელაგებინა. -კარგი გოგო ხარ!- ოდნავ დამშვიდდა მანო და მომხდარი ამბის დეტალების ჩაძიებაზე ორიენტირდა. მელანიმ აუღელვებლად, ძალიან მშვიდად მოუყვა რა და როგორ მოხდა ყველაფერი. არც იმის თქმას მოერიდა, რომ რატი სიყვარულში გამოუტყდა. -ავაზნელების სიყვარული დებს წყევლად გვექცა! იმედი მაქვს, კარგად აცნობიერებ ვისთან გაქვს საქმე და ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე ჩაივლის მისი სიყვარული,-მკაცრი იყო მანო, -ხვდები ხომ, რასაც ვგულისხმობ? მელანიმ მორჩილად დაუქნია თავი და გონებაში ის სცენა გაიხსენა, როდესაც სიკვდილს გადარჩენილი, რატის გულ-მკერდზე მიეკრო და მისი გულის ცემის ფონზე კვლავ სიცოცხლეს განაგრძობდა. ალბათ, თუ ოდესმე ვინმე ჰკითხავდა სიცოცხლე ვინ გაჩუქაო, პირველს დედას დაუსახელებდა და მეორეს რატის. --- ტიტე ავაზნელი მომხდარი ამბის შემდეგ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა შვილზე. რამდენჯერაც გაახსენდებოდა, შეიძლებოდა, შვილი დაეკარგა, ლამის გული საგულედან ამოჰგლეჯვოდა, მაგრამ იყო რაღაც, რაც ამასთანავე სიამაყის გრძნობას ჰგვრიდა- მისი საქციელი, რომელმაც ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. რატის სხეულზე მიღებული დაზიანებების შედეგად, ყოველ დღე უწევდა ნახეთქი ადგილების სპირტით და იოდით დამუშავება. ამაში ხან მამამისი, ხან თეკო ეხმარებოდა. რამდენიმე დღეში კანქვეშა ქსოვილებმა შეხორცება დაიწყეს და ინფექციის შეჭრის საფუძველიც გამოირიცხა. უკვე რამდენიმე დღე იყო, რატის მელანის მოკითხვა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა, ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა, დაერეკა, თუ დანარჩენი კლასელებივით ისიც სახლში მისულიყო. ბოლოს, ისევ სახლში მისვლა ამჯობინა. კარი თავად მელანიმ გაუღო და ზღურბლზე მდგომი სტუმარი შეიპატიჟა. მისაღებ ოთახში ინგლისური წიგნები და ფურცლები იყო მიმოღავებული: -ბოდიში უნდა მოგიხადო უწესრიგობისთვის, სწორედ ახლა ვაპირებდი ამ ყველაფრისთვის ადგილის მიჩენას,-ხელი წამოავლო მაგიდაზე დაწყობილ საგამოცდო საკითხებს. -ეს რა წიგნებია?- ინტერესით დააცქერდა ბიჭი. -გამოცდებისთვის ვემზადებოდი, ალბათ ნახევარი სემესტრი აქ კიდევ დავრჩები და მერე წავალ. მანამდე კი კურსს ონლაინ პროგრამით გავივლი. დაჯექი რა,- სკამი გამოუწია გოგონამ. -უკვე ჩააბარე? -ჰო. -სად ჩააბარე? -ნიუ- იორკის უნივერსიტეტში. -და ვინ უნდა გამოხვიდე?- კიდევ მეტი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა ბიჭმა. -ბიზნეს სკოლაში ჩავირიცხე, თუ კარგად ვისწავლი და ამერიკელი ლექტორების წნეხს ბოლომდე გავუძლებ, ფინანსისტი გამოვალ,- გაეცინა მელანის და გვერდით მიუჯდა. -ნეკნები როგორ გაქვს?- მზერა ტანისკენ გადაიტანა. -ნორმალურად, საატესტატო გამოცდებზე აუცილებლად მოვალ. -გინდა, დაგეხმარო? მანქანით მოგაკითხავ ხოლმე. -არა, იყოს. არ შეგაწუხებ,- თავი გააქნია მელანიმ. -არ შევწუხდები,- დაბალ ხმაზე მიუგო რატიმ და სახეზე ჩამოშლილი თმა გაუსწორა. -ეს ბიჭი ვინ არის ბებიკო?- მყუდროება დაურღვია ოთახში მყოფ წყვილს აივნიდან შესულმა მოხუცმა. -ეს რატი ავაზნელია, ვინც გადამარჩინა,- ეგრევე მიახალა ქალს შვილიშვილმა. ხანდაზმული ჯერ შეცბა, შემდეგ შეეცადა, მისი განწყობა ბიჭისთვის შესამჩნევი არ გაეხადა და გაუღიმა: -სასიამოვნოა, ბებიკო. არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო, შენ რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა,- აქ უკვე ძალიან გულწრფელი იყო მოხუცი. რატიმ არაფერი უთხრა, აღარც ქალს გაუგრძელებია საუბარი. ცოტა უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა. ბიჭი მელანის მიუბრუნდა და ჰკითხა: -კელის უნდა, რომ თავის სახლში დაგპატიჟოს, წამოხვალ? -რა ხდება?- დააინტერესდა მელანის. -არაფერი, თქვენი გადარჩენა აღვნიშნოთო,- ჩაეცინა რატის. -მელანოს არ სცალია, ბებიკო. სკოლის გამოცდებისთვის უნდა მოემზადოს,-უხეშად ჩაერია ახალგაზრდების საუბარში ხანდაზმული. -ბებია!-თვალები დაუჭყიტა მელანიმ. -ტყუილს ვამბობ?- ანიშნა, რომ არ უნდა დათანხმებოდა. -მოვიფიქრებ და შეგატყობინებ,- მაშინვე დადებითი პასუხი არ უთხრა, რომ მის თვალწინ ბებია არ შეერცხვინა, თუმცა ზუსტად იცოდა, წაჰყვებოდა. -კარგი, მე აღარ მოგაცდენ, წავალ,-წასასვლელად მოემზადა რატი. -ისე მიდიხარ, ვერაფრის შემოთავაზება ვერ მოვასწარი,-უკან დაედევნა გოგონა. რატი მიუბრუნდა, დარწმუნდა, რომ ბებიამისისგან მოფარებულ ადგილას იდგნენ, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და ინტრიგით აღსავსემ ჰკითხა: -რა უნდა შემოგეთავაზებინა? გოგონას წამიერად სხეულში ამოუხსნელმა გრძნობამ დაუარა და მუცელში პეპლებმა დაუწყეს თამაში, აქამდე ასეთი რამ არცერთ ბიჭთან არ მოსვლია და ცოტა დაიბნა, ვერ გაიგო რისი ბრალი იყო, ან რამ გამოიწვია ასეთი რეაქცია: -ჩაი, ყავა, ჩემი ხელით გამომცხვარი კექსი,- სიტყვები ძლივს მოკრიბა, რომ პასუხი გაეცა. სიტყვა „კექსმა“ ავაზნელს ტუჩები ოდნავ გაუპო: -სხვა დროს იყოს,- მერე თვალი ჩაუკრა და სადარბაზოს კიბეებზე უკანმიუხედავად დაეშვა. რატი რომ წასული დაიგულა, გამწყრალი სახით შევიდა ოთახში და ბებიას მიაშტერდა. -რას მიყურებ? ვიცი რისი თქმაც გინდა, მაგრამ მანო გაგიჟდება რომ გაიგოს, იმ ვაჟბატონთან ერთად აქეთ-იქით უაზრო ხეტიალს აპირებ,-თავი იმართლა სტუმართან უტაქტო გამოხტომისთვის ქალმა და სათვალე შეისწორა. -თქვენი ვერაფერი გამიგია. დაუახლოვდი, დაუმეგობრდი და მეტი ინფორმაცია შეაგროვე, რაც ნინოს მკვლელობის გამოძიებას წინ წასწევსო. -რაც გამოძიებას წინ წასწევსო და არა თქვენს ურთიერთობასო. ამ ორში კი ნამდვილად არის განსხვავება!- თვალები დაუქაჩა და გაფრთხილების ნიშნად საჩვენებელი თითი აუწია. -კი, მაგრამ როცა დაახლოვება მოვახერხე, მაშინ ვკრა ხელი? -აგერ ტელეფონი, აგერ სკაიპი თუ რაღაც ვებერი თუ ვიაბერი,- ხელში აიღო ტელეფონი მოხუცმა და წინ დაუდო,-დაურეკე მანოს და თქვენ ორმა გადაწყვიტეთ, რას იზამთ, მე ხელები დამიბანია! -ვაიბერი, ბებო,-პროგრამის დასახელება შეუსწორა შვილიშვილმა. -ჰო, რაც არის,- ქოთქოთით აქცია ზურგი მოხუცმა და თავის საქმეებს დაუბრუნდა. --- ციხის შენობაში პირველად იყო და არასოდეს ენახა ამდენი პოლიციელი, კარები, თავდაცვითი სისტემები, საკეტები და სათვალთვალო კამერები ერთად... ქედმაღალი მზერით მიდიოდა დახვეწილი გემოვნებით ჩაცმული ახალგაზრდა ქალი და ცდილობდა, არ შეემჩნია ციხეში მომუშავე პერსონალის მწველი მზერა, რომელსაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან ასე აშკარად გრძნობდა. სქელ კედლებში უცნაური სუნი გამჯდარიყო- დამნაშავეების, შეზღუდული თავისუფლების, ავადმყოფობის, სინანულის, მონატრების, უსამართლობისაც... სკამზე ჩამოჯდა და ვიდრე პატიმარს გამოიყვანდნენ, მოთმინებით დაუწყო ლოდინი. -აქ რატომ მოხვედი?- როგორც კი ნოდარ ავაზნელმა ნაცნობი სახე დალანდა, მაშინვე უსიამოვნო გამომეტყველება მიიღო. -ჯერ იქნებ მომესალმო? ერთმანეთი მოვიკითხოთ...- ირონიულად ჩაეღიმა ქალს. -ჩამოგენგრა შენი საყრდენი, ერთი ვიცოდე, რა გაცინებს? -რა იყო, სიცილის უფლებას მართმევ? -არა, მაგრამ მინდა იცოდე, ახლა, როცა დარწმუნებული ვარ, კრაზანას ჩემი გზიდან ჩამოშორება უნდა და დღეს-ხვალ მისი დაქირავებული კაცი ციხეში სულს გამაფრთხობინებს, დასაკარგი არაფერი მაქვს და შემიძლია, ნინო თადეშვილის მკვლელზე თავისუფლად ავლაპარაკდე. -აი, სწორედ მაგ თემაზე სალაპარაკოდ შემოგიარე. მადლობა, რომ მიხვეულ-მოხვეული გზებით არ მატარე და ეგრევე საქმეზე გადამიყვანე,- თვალები დააწვრილა ახალგაზრდა ქალმა და პატიმარი რენტგენის სხივივით გაატარა,-ჭკვიანია კრაზანა, ჯერ გოგი ხავთასის მკვლელობა საკუთარი ხელით დაგაგეგმინა და მსუყე მასალა მოუმზადა ძალოვნებს, რომ აქ გამოეკეტე, ახლა ილია და ტიტეც ერთმანეთის მტრები გახადა და კაცმა არ იცის, ამ სვლით რა ჩაიფიქრა, მერე შენც საიქიოს გაგისტუმრებს და სულ სხვა სახეებით და ძალებით ახალ იმპერიას შექმნის. ახალი სისხლის გადასხმა ყოველთვის დადებითად მოქმედებს ნებისმიერ საქმეში, ნოდარ. -კრაზანას გოთვერნობაზე საუბარს თავი დაანებე, მაგის დედამოტ*ნული ხასიათი არ მესწავლება. რისი გულისთვისაც აქ მოხვედი, იმაზე მელაპარაკე,- კბილებში გამოსცრა მამაკაცმა. -იცოდე, თუ ნინო თადეშვილის მკვლელს გასცემ, კარგად დაიმახსოვრე, რითიც აქამდე გაშინებდი, ის მასალა ისევ შენახული მაქვს და შენს შვილსაც არ ასცდება ციხე. -ძაღლის გაგდებული ქალი ხარ! იმედი მაქვს, მალე მიხვდებიან რა ჩიტიც ბრძანდები და ვისთან მუშაობ. აი, მერე კი გეშინოდეს, ყველაფერი თავზე ჩამოგენგრევა. -რაღაც არა მგონია, ასე წარიმართოს ყველაფერი. ცუდად მიცნობთ, ბატონო ნოდარ. საზოგადოება მაფასებს, მუდამ ჟურნალისტების დაკვირვების ობიექტი ვარ, არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს. ახლა მითხარი, ვგავარ მე იმ ქარაფშუტა ქალს, საკუთარი ტოტი მოვიჭრა და ასეთ ცხოვრებაზე უარი ვთქვა? -შენ არა, მაგრამ დადგება დრო, თავად ის მოგხედავს. კარგად იცი, ვისაც ვგულისხმობ. -ნწ! ცდებით! არაჩვეულებრივად ვიცი ახალნაწვიმარზე სოკოებივით ამოსულ პრობლემებს როგორ მივხედო. მოკლედ, მკვლელს არ ჩაუშვებ? არც შენ შვილს ჩაუშვებენ. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, მადლობა ყურადღებისთვის! -ყელი მოიღერა ქალმა, მერე ჩანთას ხელი დაავლო და პატიმართან დაუმშვიდობებლად გავიდა ოთახიდან. --- მელანიმ დიდი ძალისხმევისა და სიჯიუტის უმაღლესი დონის გამოვლინების წყალობით, მანო დაითანხმა, კელის სახლში სტუმრად გაეშვა. ვიდრე რატი წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე მიაკითხავდა, ანასთან მივიდა, რომ ნაცნობ მკერავთან სკოლის ბანკეტისთვის კაბის შეკერვის ამბები მოეგვარებინა. მეგობარი სახლში არ დაუხვდა, კარი გიომ გაუღო და გოგონას უთხრა, თავის და მაღაზიაში იყო ჩასული და მალე დაბრუნდებოდა. მელანი მისაღებ ოთახში შევიდა და მორიდებულად დადგა. -დაჯექი, რატომ დგახარ?- დივნისკენ მიანიშნა ბიჭმა. გოგონა ჩამოჯდა, დრო რომ გაეყვანა, შარვლის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და კაბის ესკიზებს დახედა. გიო გვერდით ჩამოუჯდა, ხელი მუხლზე დაადო და ჯანმრთელობის ამბავი ჰკითხა: -როგორ ხარ? კიდევ გიჭირს სუნთქვა? -კარგად ვარ, მადლობა. მდგომარეობა დღითი-დღე უმჯობესდება,- ხელი ააღებინა და გვერდით გაიწია. ბიჭი კვლავ მისკენ მიიწია: -მეჩვენება, თუ ჩემთან დაძაბული ხარ? -არა, საიდან მოიტანე?- სახეზე ალმური მოედო მელანის. -გატყობ. -არა, არა, ასე არ არის,-კვლავ გაიწია გოგონა. -ასე ვითამაშოთ?- გაეღიმა გიოს და ისევ მისკენ დააპირა მიახლოვება, როდესაც კარი გაიღო და ჩამოწოლილი უხერხულობა დის მოსვლამ გაფანტა. -ვაჰ, მელანი?- გაუღიმა ანამ და სტუმარი გადაკოცნა. - სხვაგანაც უნდა მოვასწრო მისვლა და იქნებ დროზე მოვაგვაროთ მკერავთან მისვლის საკითხი,-ფეხზე წამოდგა გოგონა. -კი ბატონო, სწორედ ახლა ველაპარაკე იმ ქალს და გველოდება. -მაშინ დრო აღარ დავკარგოთ და წავიდეთ,-კარისკენ წავიდა მელანი. -ასე ძალიან გეჩქარება? დარჩენილიყავი ცოტა ხანს,- მისი ქცევა ეუცნაურა ანას. -ახლა არა და შემდეგში აუცილებლად,- აჩქარებულმა კარის სახელური გასაღებად გამოქაჩა. გიოს მის საქციელზე ეშმაკურად ჩაეცინა. *** როგორც კი მკერავმა კაბისთვის ზომები აუღო, მელანიმ რატის მისწერა, რომ რამდენიმე წუთში დანიშნულ ადგილზე იქნებოდა, მერე ანას დაემშვიდობა და ისე, რომ მისთვის არც გაუმხელია, ავაზნელთან შესახვედრად გაემართა. *** შენ სულ ასეთი პუნქტუალური ხარ?-გაეცინა რატის, როდესაც მელანი ზუსტად დათქულ დროს იხილა. -ჰო, არ მოგწონს? თუ გინდა, შემდეგში დავაგვიანებ,- ცბიერი მზერით შეხედა ბიჭს. -არც იფიქრო, მაგრად ვერ ვიტან, როდესაც აგვიანებენ. სად იყავი? მოაგვარე, რაც გინდოდა? -ანას შევუარე, მის მეზობლად კარგი მკერავი ცხოვრობს და საბანკეტო კაბები უნდა შევაკერინოთ. -აბა, ანა? -მებურიშვილი. -მისი ძმაც სახლში იყო?- მაშინვე მოაყოლა შემდეგი კითხვა და ინტერესით დაელოდა, რას ეტყოდა. -ჰო, რატომ მეკითხები? რატის სახე შეეცვალა, თუმცა არაფერი უთხრა, ეჭვიანობის სცენების მოსაწყობად ურთიერთობის ზედმეტად ადრეული ეტაპი ჰქონდათ და თავი შეიკავა: -ისე გკითხე. არ შეიძლება?- ისეთი მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, მისივე მზერიდან იკითხებოდა, რომ გიო მებურიშვილი მისთვის პერსონა ნონ-გრატასთან ასოცირდებოდა. მელანის ყურადღება აღარ გაუმახვილებია მასზე, სასაუბრო თემა სხვა რაღაცაზე გადაიტანა და ვიდრე წყნეთში ავიდოდნენ, ათას წვრილმანზე ლაპარაკს შეყოლილებმა თვეების განმავლობაში მათ შორის შექმნილი კედლის მსხვრევა ნელ-ნელა დაიწყეს. წყნეთში საოცარი სიმშვიდე და სიგრილე იყო. ქალაქის დამღლელ გარემოს გარიდებულები ერთგვარ რელაქსაციას გადიოდნენ. კელიმ ორივეს დანახვაზე ისე გაიხარა, თითქოს დიდი ხნის უნახავ ხალხს ხედავდა: -მოსიარულე სასწაულები მოსულან,- თვალები აუციმიმდა მასპინძელს. -ე, მარტო ხარ?- მაშინვე შეამჩნია რატიმ. -ასეა გენაცვალე, აღარც მშობლებს ვუნდივარ, აღარც ბებიას. დავრჩი ეულად, ჩარლის ამარა,- იხუმრა კელიმ და აყეფებული ძაღლის დაწყნარებას შეუდგა. -არა, მართლა, სად არიან? -რაიონში წავიდნენ, ვიღაც შორეული ნათესავის ქორწილში. სამაგიეროდ, უფრო თავისუფლად ვიქნებით,- გაეღიმა გოგონას და სასმელი შესთავაზა:- რას დალევთ? -მე წყალი მომიტანე, მეტი არაფერი მინდა,- მანქანის გასაღები დაანახა მამიდაშვილმა. -მელანო, კარგი კოქტეილი მაქვს- ფორთოხლის წვენი კამპარით. სასიამოვნოდ მიდის, რას იტყვი? -გავსინჯავ,- მიუგო გოგონამ და ეზოში მოწყობილ ხის ფანჩატურში შევიდა. -დახმარება ხომ არ გინდა?- სახლისკენ მიმავალ ბიძაშვილს გასძახა რატიმ. -სასმლის მოტანაზე არა და საჭმელი ერთად უნდა გავაკეთოთ. -ვაჰ, ვმზარეულობთ? რას ვამზადებთ? -სპაგეტი ხორცის ბურთულებით, ყველით და პომიდვრის საწებლით. -მივეხმაროთ?- მელანოს მიუბრუნდა ბიჭი. -სიამოვნებით,- მოემზადა ვუდი. -დაჯექი, დაჯექი, ჯერ დაისვენე,- შეაჩერა რატიმ. -რა პრობლემაა? არ ვარ დაღლილი. -ჯერ კოქტეილი დალიე, არ არის საჩქარო. მალე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, მელანის ყოველგვარი უხერხულობა მოეხსნა და კელის ხალასი, უშუალო ხასიათის მეშვეობით, ბიძაშვილ-მამიდაშვილის გარემოში თავი ძალიან კარგად იგრძნო და ყველანაირ წამოწყებაში აჰყვა. რამდენიმესაათიანი მზარეულობის მცდელობამ წარმატებით ჩაიარა. გემრიელი ვახშმის ფონზე, ხუმრობებით და საინტერესო ამბების გახსენებით თავშექცეულები შესანიშნავ განწყობაზე დადგნენ. უყურებდა წრფელი გულით მოსაუბრე, ბიძაშვილს აყოლილ ბიჭს და მასში სხვანაირ პიროვნებას ამჩნევდა, ისეთს, რომელსაც არანაირი საერთო არ ჰქონდა "Opened World"-ის თავსგასულ მოსწავლე რატი ავაზნელთან. შექმნილი კომფორტი მანოს მიერ გაგზავნილმა ტექსტურმა შეტყობინებამ დაურღვია, რომელშიც ეწერა, საკმაოდ გვიანი იყო და არცერთი წუთი აღარ დარჩენილიყო მათთან. -ჩემი წასვლის დრო მოვიდა,- მოულოდნელად თქვა მელანიმ და სახეზე დაძაბულობა გამოესახა. -მოხდა რამე?- ცნობისმოყვარე მზერით ჰკითხა რატიმ. -არა, ისეთი არაფერი,-ტუჩზე იკბინა გოგონამ, აღარ იცოდა მიზეზად რა მოედო. -კარგი, თუ წასვლა გინდა, დარჩენას აღარ დაგაძალებთ, გაგაცილებთ,-მიუგო და კელის შეხედა. -ჰო, მეც თქვენთან ერთად წამოვალ,- გაუღიმა კელიმ და სახლის კარის დასაკეტად გაიქცა. რატი და მელანი მანქანისკენ დაიძრნენ. -არ დამიმალო, რამე მოხდა?- სერიოზული სახით კიდევ ერთხელ ჰკითხა ავაზნელმა. -რა უნდა მომხდარიყო? -მე არ ვიცი, შენ გეკითხები. -არა, არაფერი არ მომხდარა. ძალიან გთხოვ, ცუდად არ მიიღო. -უცნაური ხარ, თითქოს უცებ შეგცვალეს. არადა, ყველაფერი კარგად იყო,- მხრები აიჩეჩა ბიჭმა. გოგონა დაიბნა, ტყუილის თქმა არ ეხერხებოდა და არასოდეს უყვარდა, მაგრამ სიმართლესაც ვერ გაუმხელდა... -აი, მეც მოვედი,- ისევ თავისებური განწყობა მოიტანა კელიმ, -მოდი, სიმღერები ჩავრთოთ, რაღაც ცეკვის განწყობაზე დავდექი. -ადი, მშვენიერი სცენაა, ჩვენ ტაშით გაგამხნევებთ,- მანქანაზე ანიშნა მამიდაშვილმა. -გიჟი ხარ,-აკისკისდა ბიძაშვილი. -მოიცადეთ, მე მაქვს კარგი "ფლეილისტი", ვიდრე რატი მანქანას დაქოქავდა, მელანიმ ჩანთიდან მეხსიერების ბარათი ამოიღო და მიაწოდა. -ვნახოთ ერთი რას უსმენ,- გამოართვა ბიჭმა და პირველი სიმღერის გაჟღერებას დაელოდა. -ვაჰ, მინაჩელენტანო?- თვალები გაუბრწყინდა კელის, როდესაც "A Un Passo Da Te" -ს მელოდია გაისმა,- როგორ მიყვარს, ოღონდ სიტყვები არ ვიცი, მე და შენ კარაოკე ჩავრთოთ და ისე ვიმღეროთ,-სასწრაფოდ მოძებნა ტექსტი და მელანის აჩვენა. ცოტა ხანში, რატიც აიყოლიეს და თან მობილურის ეკრანზე გამოტანილ ტექსტს უყურებდა, მანქანას მართავდა და თან იტალიური სიმღერით მოხიბლული მათთან ერთად ღიღინებდა. -წინ იყურე შენ, არსად გადაგვყარო!- კელიმ რამდენჯერმე მიაბრუნებინა თავი რატის და მანქანაში აცეკვებული მელანისთან ერთად თანდათან უმატებდა ანცობას. ბიჭი გოგოების შესანიშნავ განწყობას ბოლომდე აჰყვა, მანქანა გააჩერა და მათთან ერთად გზის ნაპირზე აცეკვდა: -მიდი, მინას სიტყვები შეუშვით, მე ჩელენტანო ვიქნები, -თვალი ჩაუკრა გვერდში მდგომ მელანის და ხელების და ფეხების ზუსტად ერთნაირი მოძრაობებით და ხარხარით ხან მარჯვნივ გადაინაცვლებდნენ, ხან მარცხნივ. მოულოდნელად ახალგაზრდებს თავზე პატრულის მანქანა წამოადგათ. პოლიციელმა მძღოლს ჯერ ალკოტესტი ჩააბარებინა, შემდეგ საბუთები მოსთხოვა და რომ დარწმუნდა, ყველაფერი რიგზე იყო, თავი გააქნია და ღიმილით დაემშვიდობა. უკვე თერთმეტი საათი იყო დაწყებული, როდესაც რატიმ მანქანა მელანის კორპუსთან გააჩერა. გოგონამ შესანიშნავი საღამოსთვის ორივეს მადლობა გადაუხადა, მშვიდობიანი ღამე უსურვა და მანქანიდან გადავიდა. -მელანო,- რატიმ კარი გააღო და უკვე სადარბაზოში შესულ გოგონას შეჰყვა. მელანი ბიჭს შეუბრუნდა: -გისმენ. რატი მიუახლოვდა, უცნაურად შეხედა, ხელი მოჰკიდა და ხელის გულზე მეხსიერების ბარათი დაუდო: -ეს დაგრჩა, -მერე კედლისკენ უბიძგა, მასზე აკრულს სახე ახლოს მიუტანა და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ჩურჩულით უთხრა:-ძალიან მინდა, გენდობოდე,- მისკენ მეტად გადაიხარა, ტუჩთან ნაზი კოცნა დაუტოვა და სადარბაზოდან ნელი ნაბიჯებით გავიდა. სუნთქვაშეკრული მელანი კარგა ხანს იდგა და გონზე მოსვლას ცდილობდა: -შარში ხარ, ძალიან დიდ შარში, ვუდ!-საკუთარ თავს გაუბრაზდა, რატის ნაკოცნ ადგილს შეეხო და რეტდასხმულივით ძლივს აიარა კიბის საფეხურები. რამდენიმე საათში ჩაბნელებული საძინებელი ავაზნელისგან ტელეფონზე შესულმა შეტყობინებამ გაანათა. ფიქრებში წასული მელანი წასაკითხად დასწვდა: -"მთელი საღამოა, მინაჩელენტანოს "A Un Passo Da Te"-ს ვუსმენ. წინადადება შემომაქვს, ჩვენი სიმღერა დავარქვათ. იმედი მაქვს, ხვდები რასაც გეუბნები. კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე." გოგონა რამდენიმე წუთი ყოყმანობდა რაიმის მიწერას, თუმცა გულის კარნახს აჰყვა და პასუხი დაუბრუნა: -"წინააღმდეგი არ ვარ,"-შემდეგ დამნაშავე ბავშვივით ხელში ტელეფონი ჩაირტყა, რომ თავი დაესაჯა და ბალიშზე გონებაარეული დაემხო. --- ტიტე ავაზნელი ძალ-ღონეს არ იშურებდა, მამის ციხიდან გამოსაყვანად. სამსახურის შემდეგ მის პირად საქმეებს გამოცდილი დეტექტივივით ჩაჰკირკიტებდა, თითოეულ დეტალს სხვასთან აკავშირებდა და რამდენიმეკვირიანმა მუშაობამ იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ნოდარ ავაზნელი სხვის სახელზე ფორმალურად დარეგისტრირებული ბიზნეს ობიექტებიდან საბერძნეთში რამდენიმე პიროვნების ანგარიშზე დიდძალ თანხას რიცხავდა. აღნიშნული ვითარება საეჭვოდ მიაჩნდა და სწორედ იქ ეგონა ძაღლის თავი დამარხული. ნათელი იყო, ნოდარ ავაზნელი უცხო პირებზე დარეგისტრირებული ბიზნეს ობიექტების საბუთებს და გადარიცხული თანხების დამადასტურებელ დოკუმენტებს იმიტომ ინახავდა, ყველაფრის ძირითად განმკარგავს თავად წარმოადგენდა. -ეს პიროვნებები უნდა მოვძებნო, მაგრამ როგორ?-კითხვები არ ასვენებდნენ ტიტეს. ისიც კარგად ესმოდა, რომ შესაძლოა იმ ბიზნეს ობიექტების მსგავსად, ის პიროვნებებიც ფინანსური მახინაციებისთვის გამოგონილები ყოფილიყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ეს ის მხარე იყო, სადამდეც მისი ხელი და შესაძლებლობები ვეღარ გასწვდებოდა. სწორედ იმ დღეებში ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს შეხვდა, რომლის პირად ინტერესებში შედიოდა შავი ბიზნესის შესახებ ფარული გამოძიების ჩატარება და მთავრობაში მყოფი მაღალჩინოსნების პირდაპირი მხილება, რომ მოახლოვებული არჩევნებისთვის მხარდამჭერთა კეთილგანწყობა მოუსავლეთში გაეშვა, საზოგადოების თვალში ნდობა და პატივისცემა მოეპოვებინა და თავის გუნდთან ერთად ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ჩაეგდო. სამაგიეროდ, დაპირდა, რომ შექმნილი „კლანი“ თავისი მუშაობის სქემითურთ ჩამოიშლებოდა და ნოდარ ავაზნელზე პირადად თვითონ აიღებდა ციხიდან გათავისუფლების შესახებ პასუხისმგებლობას. შემთხვევით ყურმოკრული სატელეფონო საუბრიდან თეკომ ტიტეს გეგმა მოისმინა და შეძრული შეუვარდა კაბინეტში: -რას აკეთებ? სიცოცხლე გინდა მოისწრაფო? ნუთუ არცერთი ჩვენგანის თავისუფალი ცხოვრება აღარ გადარდებს? შენ იცი, რამხელა საქმეს ეჭიდები? აცნობიერებ რა ხალხში შეიძლება აღმოჩნდე? და რისთვის? მამაშენი დამნაშავეა და ეს შენც იცი! ან სად არის გარანტია, რომ ხვალ-ზეგ ეს მთავრობა არჩევნებში დამარცხდება? სად არის გარანტია, რომ ნოდარი ნამდვილად გამოვა ციხიდან? სად არის გარანტია, რომ მაფია, რომელთანაც მასჰქონდა კავშირი, არ გაიგებს და შესაბამის ღონისძიებებს არ მიმართავს? რატომ აგდებ შენს თავს და ოჯახს ასეთ საფრთხეში? მე მეშინია და ძალიან გთხოვ, სანამ დროა ცეცხლთან თამაშს თავი დაანებე. -შენ რა, სულელი გგონივარ? დამშვიდდი, მგლის შიშით ცხვარი ჯერ არავის გაუწყვეტია. ეს ერთადერთი გზაა, რაც მამაჩემმა ვერ შეძლო, მე დავასრულო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე მოხდეს. -მე არ მინდა, ყოველ დღე სახლიდან იმის შიშით გავდიოდე, რომ მანქანის ქვეშ ბომბი არ მქონდეს დამონტაჟებული, ან ვიღაცამ ქუჩაში ჩამცხრილოს. სამწუხაროდ, ეს არის ბნელი კანონების მართვის წესები და ვინც იმ სამყაროს ეკუთვნის, მათი ცივსისხლიანი ბუნებისთვის არც ტიტე, არც თეკო, არც რატი და არც არავის სიცოცხლე არ არის ღირებული. როგორ არ გესმის? ჩვენ მათთვის საზარბაზნე ხორცი ვართ და მეტი არაფერი. იყო და არა იყო რა... მშვიდად გადაბრუნდებიან და ძილს ისე გააგრძელებენ, ოდნავადაც არ შეაწუხებთ ნამუსი. -ვინმეს შენთვის უთქვამს, რომ დრამატურგია შენი პროფილია? -დამცინი კიდეც?! კარგად დაფიქრდი! მე არ მინდა ისეთი ცხოვრება, რასაც ახლა შენ მიქმნი. -მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა დაამთავროს ისინი? -სამწუხაროდ, ეგენი არასოდეს დამთავრდებიან. ტიტე ავაზნელი მსოფლიოს დამპალ კანონებს ვერ მოერევა! ფესვები აქვთ გამჯდარი და ნოდარ ავაზნელი მათთვის უბრალო პაიკია. ასეთი პაიკები კი იცი რამდენი ჰყავთ მთელ მსოფლიოში? ვერც კი დაითვლი. -კაი ერთი, მართლა? არ ვიცოდი და მადლობა, რომ განმანათლე. მე მხოლოდ ის მინდა, მამაჩემის შეცდომა გამოვასწორო და ეს კუდად მობმული ცოდვა ერთხელ და სამუდამოდ ავადღლიზო ჩემს ოჯახს. -ვერ ააგლეჯ! -რატომ? -იმიტომ, რომ შენ დასაკარგი ბევრი გაქვს, მათ კი -არაფერი. -საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მამაჩემის ბმას ჩავშლი. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ, მაგრამ ჩემამდე და ჩემ შვილამდე არ მოვასუნინებ. გათხარონ ფულის საკეთებლად ახალი არხები, არ მანაღვლებს, მაგრამ მე მათ ბინძურ თამაშებს არ ავყვები! -შენ რაღაცას მიმალავ? -რას გულისხმობ? -მოვიდა ვინმე და მამაშენის საქმის გაგრძელება შემოგთავაზა? რამეს გაიძულებენ? არ დამიმალო. -რომც არ დაგიმალო, რას მიშველი? -ესე იგი, მოგწვდნენ? -თეკო, დავამთავროთ ამაზე საუბარი, თავი ისედაც გაბრუებული მაქვს და აღარ მინდა ზედმეტი კიკინი,-სალაპარაკოდ აღარ გაუჩერდა მამაკაცი. მარტოდ დარჩენილი თეკო საგონებელში ჩავარდა. აშინებდა ხვალინდელი დღე, რომელიც სისხლისფრად შეიძლებოდა, გასთენებოდა და თითქოს სიკვდილის საზარელი ნაბიჯების ხმაც ყურებში საგანგაშო ზარივით ჩაესმოდა. რაღაც უნდა ეღონა, ტიტე ნებისმიერი გზით უნდა დაერწმუნებინა, რომ საშიში წამოწყება ჩაეშალა, მაგრამ როგორ? თავადაც არ იცოდა... --- საატესტატო გამოცდების დასრულების შემდეგ, ვიდრე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების პერიოდი დაიწყებოდა, მე-12 ა კლასმა ბანკეტი ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მოაწყო. დამრიგებელთან ერთად, დაპატიჟებულ სტუმრებში სკოლის დირექტორი და რამდენიმე მასწავლებელი ერია. საგანგებოდ შემოსილი კლასელები ცოტა დაბნეული სახეებით უყურებდნენ მელანოზე მეტისმეტი ყურადღებით გადართულ რატის. ვერავინ წარმოიგენდა, თუ ერთ დროს, მტრულად განწყობილი წყვილი ერთმანეთის გაგებას დაიწყებდნენ. საცეკვაოდ გასული ავაზნელი ისეთი თვალებით შესცქეროდა მელანის, თითქმის მის გარდა, ირგვლივ არავინ იყო. მასში თვითგადარჩენის წყაროს ხედავდა, რომელსაც ისე ეკედლებოდა, თითქოს დედამიწაზე შემორჩენილი ერთადერთი სასიცოცხლო ძალა იყო. ვალსზე აცეკვებული, მის მსუბუქ სხეულს ეხებოდა და არ ჰყოფნიდა, მაინც ენატრებოდა, არავისთვის ეთმობოდა, ეჩემებოდა... -გეფიცები, არ მჯერა, რომ მე და შენ აი, აქ, ამ დარბაზში პირისპირ ვდგავართ და ერთად ყოფნა გვსიამოვნებს. -არც მე,- თბილად უყურებდა ბიჭის სიყვარულით გაბრწყინებულ, უტყუარ თვალებს და საოცარ მაგიას გრძნობდა,-ვერასოდეს ვიფიქრებდი, იმ სიტყვების შემდეგ, რასაც მაძახებდი, ასე დავახლოვდებოდით. -რომელი სიტყვების შემდეგ?- თვალები დააწვრილა ბიჭმა და ინტერესით შეხედა. გოგონამ ხმა დაიბოხა და რატის მიმიკებით დაიწყო საუბარი: -"ჯოჯოხეთიდან დარეკეს, მაშხალა გამოგვექცაო და შემთხვევით შენზე ხომ არ იყო საუბარი?"; " აბა, გაიხსენე, რას აკათებენ ტურისტები მოლის ქანდაკებასთან?“; „ოდესმე კიბიდან დაგორებულხარ, ვუდ?“ ბიჭს მორიდებით ჩაეღიმა: -კარგად აგიკრეფია ჩემი სიტყვები. მერე თავადაც ხმა დაიწვრილა რომ მისთვის მიებაძა: - „ჭუჭყი, რომელიც შენშია შეზელილი, მერწმუნე, უფრო მძაფრი სუნის არის და შენს სხეულში ისეა გამჯდარი, ყველაზე წყალუხვი მდინარეც ვერ ჩამოგრეცხავს“; „ხომ არ დაგავიწყდა, ამერიკის მოქალაქეს რომ ელაპარაკები?“; „God bless America”. -არც შენ ჩამომრჩები მეხსიერებაში,- კისკისებდა ვუდი. -ამათ უყურე, რა,-გაკვირვებული სახით ეუბნებოდა სანდრო თემოს და გამხიარულებულ წყვილს თვალს ვერ აშორებდა. -ალბათ, რატიმ იმ მდინარეში ისე გლიჯა თავი რამეს, აშკარად რაღაც გადაუტრიალდა,-ხითხითებდა თემო. -ჩვენ ძმობას ვფიცავარ, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი. -ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, აგერ ცოცხალი მაგალითი,- ხელები გაშალა სანდრომ და მათმა შემყურემ, თავადაც ცეკვის ხალისზე მოსულმა საცეკვაოდ კლასელი გოგონა გაიწვია. სანდროს და თემოს მსგავსად, დანარჩენებიც ჩუმად აღნიშნავდნენ რატის უცნაურ ცვლილებას. ყველაზე განსაცვიფრებელი კი ის იყო, რომ ავაზნელის საქციელში მელანოს მიმართ არავითარი ხელოვნურობა არ ერია, მაგრამ აღსანიშნავი იყო ისიც, რომ სხვებთან მიმართებაში ჩვეული დამოკიდებულება შემორჩენოდა, ძველი რატი ჯერ არსადაც არ გამქრალიყო. *** -შენ და რატიმ ასეთ მოკლე ხანში დაახლოვება როგორ მოასწარით?-ცეკვის შემდეგ ანამ ცალკე სალაპარაკოდ გაიყვანა ვუდი. -რა ვიცი, ასე მოხდა. -ეს ყველაფერი ხევსურეთში მომხდარ ამბავს უკავშირდება, არა? -შეიძლება. -გამოგიტყდები და არ მომწონს რაც თქვენს შორის ხდება. -რატომ? -არ გიფიქრია, რომ ავაზნელმა რაღაც ჩაიფიქრა? ვერავინ დამარწმუნებს, რომ ასე, ორ დღეში ჰოპ და ეს გარეწარი სიკეთის განსახიერება გახდა. -საბედნიეროდ, ყველა ადამიანში არსებობს რაღაც მარცვალი, რომელსაც ნებისმიერ ადამიანში შეუძლია ცუდი კარგისკენ მოაბრუნოს. -ჰა, ჰა, ჰაჰ... -ახარხარდა ანა, -რა გულუბრყვილო ხარ! არ გამიკვირდება რომ მითხრა, სანტა-კლაუსის არსებობისაც მჯერაო. -რა ხდება, ანა? საიდან ეს აგრესია? -აგრესია არაფერ შუაშია, რჩევას გაძლევ და ნება შენია, გინდა გაითვალისწინე, გინდა-არა! მერე გული შენ გეტკინება და არა-მე. გიომ იცის ამის შესახებ? -გიო რა შუაშია? -ახლა არ თქვა, იმასაც ვერ ამჩნევ, რომ ჩემ ძმას მოსწონხარ. -აი, თურმე რა გალაპარაკებს,- ჩაეცინა მელანის. -არა! მხოლოდ ეს არ მალაპარაკებს! ავაზნელი დღეს არ გამიცნია და იცოდე, გიომ თუ გაიგო, რომ გატყუებს, ერთხელ უკვე გადაურჩა მის რისხვას და ამჯერად, უკან არაფერზე დაიხევს. მე კი არ მინდა, ჩემი ძმა ამნაირ ადამიანს დაუპირისპირდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა მის გრძნობებს ფეხებზე იკიდებ! -ჩემსა და შენს ძმას შორის არაფერი ხდება და თუ საჭირო გახდება, მერწმუნე, მასსა და რატის შორის ჩავერევი და ყველა შესაძლო პრობლემას ორივეს თავიდან ავარიდებ. -მინდა, მჯეროდეს,- უკმეხად უთხრა ანამ და განაწყენებული სახით მიატოვა. მელანის ნამდვილად არ უნდოდა, შექმნილი გაუგებრობის გამო, მათი მეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ აუხსნიდა, რატომ აწყობდა რატი ავაზნელთან სიახლოვე და იმ იმედით, რომ შეირიგებდა, დროებით გაჩუმება არჩია. *** დირექტორი და მასწავლებლები ადრე გააცილეს, ხოლო კლასელები დილის ოთხ საათამდე შემორჩნენ. იმ დროისთვის ზოგი გვარიანად შემთვრალიყო, ზოგი ზომიერად, ზოგიც -საერთოდ არა, მაგრამ დაღლილობა ყველას აერთიანებდა და ნელ-ნელა დაშლა დაიწყეს. რატიმ ტაქსი გამოიძახა და მელანო სახლამდე მიაცილა. კორპუსთან იდგნენ, ჩაფიქრებულები და გარინდულნი. სიყვარულის ვირუსი ორივეს ისე მძლავრად ერეოდა, თავადაც ვერ აცნობიერებდენ, როგორ უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ახლადშეძენილ მეწყვილესთან ახლოს მდგომმა ბიჭმა გოგონას სახე ხელებში მოიქცია და სერიოზული სახით შეხედა. ლამპიონების ნათება ორივეს სახეზე ლამაზად დასთამაშებდა. რაღაც ახალი, გამოუცდელი გრძნობით ანთებულ თვალებს კეთილი ჯადოქრობა აკავშირებდათ. შექმნილი სიტუაცია აქედან ერთ-ერთს სერიოზული სიტყვისთვის ამზადებდა: -ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ის ხარ, რომელიც დროთა განმავლობაში ჩემს ქვეცნობიერში შევქმენი და ახლა მგონია, რომ ასე ნაადრევად ან ვინ იცის, იქნებ დროულადაც ვიპოვე. ამ სიტყვებმა პირდაპირ მელანის გულში გაიარა, თვალები დახუჭა და ეიფორიაში გახვეული კვლავ ჩუმად იდგა. სწორედ იმ დროს, ბაგეებზე რატის ცხელი ტუჩები იგრძნო. მის ძლიერ მკლავებში ათრთოლებული არ შეეწინააღმდეგა, თავადაც აჰყვა და სწორედ ისე გაიძლიერა გულის ძგერა, როგორც ამას ავაზნელისგან გრძნობდა. --- მანოს მოთმინება ზღვარს უახლოვდებოდა. თითქმის ერთი წელი იყო გასული, რაც დასთან ერთად შემუშავებულ გეგმაში დიდი არაფერი წინსვლა იყო. როცა წარმოიდგენდა, რომ დის და ფაქტობრივად დედის მკვლელი, ტიტე ავაზნელი ბედნიერად განაგრძობდა ყოველდღიურ ცხოვრებას, შურისძიების სურვილი კიდევ უფრო უმძაფრდებოდა და მთელ გონებას უწამლავდა: -ცხოვრება დაგვიმახინჯა ამ საძაგელმა ადამიანმა და კიდევ თავისუფლად განაგრძობს პარპაშს! უნდა დამთავრდე ტიტე ავაზნელო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდე! გეფიცები, გაჩენის დღეს გაწყევლინებ! მამაშენის გვერდზეა შენი ადგილი, ციხის კედლებში უნდა ამოლპე და თუ ასე არ მოხდა, მაშინ პირადად მე ვიკისრებ სამართლის აღსრულებას, სხვა ხერხებს მივმართავ და ისე გაგაგიჟებ, ფსიქიატრიულის კედლებში, წამლებით გაბრუებულს აღმოგხდეს ეგ დამპალი სული!- სიმწრისგან ცრემლები სცვიოდა ქალს და საცოდავად აყუდებული, მუშტებს ურტყამდა სამუშაო ოთახის კედელს. აზრებს მელანის სატელეფონო ზარმა მოსწყვიტა, მუჭით ცრემლები მოიწმინდა, გაღიმებული სახე მიიღო და პატარა დისთვის მოღუშული სახე რომ არ ეჩვენებინა და არ დაეთრგუნა, მხიარულ ნოტაზე უპასუხა. ენაწყლიანმა გოგონამ თავის ტიკტიკით უწამლა და კარგ განწყობაზე დააყენა. ბანკეტის ამბებით და კიდევ ბევრ რაღაცაზე ხალისიანად ამეტყველებულმა დროებით გაუყუჩა იარებისგან დაცხრილული სულის ტკივილი. -რატისთან დაკავშირებით რა ხდება? -არაფერი,-იცრუა გოგონამ და სირცხვილისგან ლოყები წითლად აუღაჟღაჟდა. -არ მომატყუო, მელანო! ამას შენგან ვერ გადავიტან, ლამაზო. -არა, მანო. ისეთი არაფერი ხდება, რომ მოსაყოლად ღირდეს. -კარგი, რაკი ასეა და მეტი სათქმელი ჩემთვის არაფერი გაქვს, მაშინ დაგემშვიდობები, - ეჭვისთვალით შეხედა ქალმა. ტელეფონის გათიშვისთანავე თავი მაგიდაზე დაწყობილ მკლავებში ჩარგო და საკუთარ ფიქრებში ჩაიკარგა. გული უგრძნობდა, რომ მელანო ამჯერად გულახდილი არ იყო მასთან და ყველაზე მეტად რისიც ეშინოდა, ის იწყებდა აღმოცენებას - დის სიმპათიები ავაზნელების უმცროსი წარმომადგენლის მიმართ, რაც მისთვის ყოვლად დაუშვებელი იყო... --- გამოცდების ციებ-ცხელების პერიოდი იდგა. რატიმ კერძო რეპეტიტორებთან მეცადინეობები შეწყვიტა და ახლა მხოლოდ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარება და მელანისთან შეხვედრები გაეხადა პრიორიტეტებად. შვიდი ივლისი იყო- მელანის დაბადების დღე. იუბილარი სახლში იყო და გამოცდიდან გამოსულ რატის ელოდებოდა. სწორედ იმ დროს, ტელეფონზე გიო მებურიშვილისგან შეტყობინება მიიღო. ბიჭი ხუთი წუთით კორპუსთან ჩასვლას და დალაპარაკებას სთხოვდა. სადარბაზოსთან ყვავილებით და საჩუქრით მდგომი მებურიშვილი უჩვეულოდ ღელავდა. გარდა იმისა, რომ გოგონასთვის დაბადების დღის მილოცვას აპირებდა, ანასგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება სურდა. როგორც კი მელანი დაინახა, ღიმილიანი და თბილი სახით მიუახლოვდა, გადაკოცნა და საჩუქარი გადასცა. -მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო, რატომ შეწუხდი?- ბიჭის მხრიდან ზედმეტ ქმედებად მიიჩნია ასეთი საქციელი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც უკვე რამდენი ხანი იყო, მასთან შეხვედრებს მაქსიმალურად ერიდებოდა. -მოდი, მე გადავწყვიტავ ვისთვის შევწუხდე და ვისთვის -არა. შენ იმაზე გამეცი პასუხი, რატომ გამირბიხარ? -არ გაგირბივარ. -ჩვენთან რატომ აღარ მოდიხარ, ან სადაც გეპატიჟები, რად ხარ უარზე? -ანას არაფერი უთქვამს?- აღარ იცოდა, როგორ დაეწყო საუბარი და აეხსნა, რომ რასაც მისგან გრძნობდა, ასეთი ურთიერთობა არ აწყობდა. -რამე უნდა ეთქვა?- გიომ მწველი მზერით შეათვალიერა გოგონა. -შეყვარებული მყავს,- ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უთხრა და თვალები დახარა. -ვინ არის?- ბიჭს ხმა გაუწყდა და სახეზე დაღვრემილობა შეეტყო. -რატი ავაზნელი. მებურიშვილისთვის ნაცნობი სახელისა და გვარის გაგონება გლოვის ზარს ჰგავდა. ვერ წარმოედგინა, რომ მელანი ვუდი, რომელიც სიმართლისთვის მებრძოლი, გაბედული და ამასთანავე საოცრად კეთილი ადამიანი იყო, ისეთ პიროვნებას მოიწონებდა, როგორიც რატი ავაზნელი იყო. -ვერაფერი გავიგე, შეეენ და იიის?.. - თვალები გაუფართოვდა ბიჭს. მელანიმ თავი დაუქნია. -გეფიცები, იმას უფრო დავიჯერებდი, ვინმეს ეთქვა, სოხუმის „ცხუმმა“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხაო, ვიდრე ამ სისულელეს. -ეს სისულელე არ არის, სიმართლეა. -კარგად იფიქრე, ვიდრე მისი შეყვარებული გახდებოდი? -დიახ. -დარწმუნებული ხარ? -დიახ,- მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა ვუდი. -მდაა!..- შუბლი მოისრისა მებურიშვილმა, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა,- მის გრძნობებში დარწმუნებული ხარ? -აბსოლუტურად. -ჰმ,- სიმწრით ჩაეცინა ბიჭს,- მაშინ შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. -კარგი,- კვლავ სიტყვაძუნწობდა მელანი. -დროებით,- უკანასკნელად შეხედა მასზე იმედგაცრუებულმა ბიჭმა და იქაურობას ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა. ის იყო, მელანი სადარბაზოში უნდა შებრუნებულიყო, როდესაც ეზოში შესულ რატის მანქანას მოჰკრა თვალი. ბიჭმა ყვავილებით და საჩუქრით მდგომი შეყვარებული რომ დაინახა, მანქანიდან გადავიდა და თავისკენ უხმო. -აი, სად დაგერხა, ვუდ,- გააკანკალა გოგონას და ფეხარეული მიუახლოვდა. -რა ხდება?- დინჯად ჰკითხა ავაზნელმა. -არაფერი, საჩუქარი მივიღე. -ვისგან? მელანის არ უნდოდა, მისთვის საჩუქრების მიმტანის ვინაობა გაემხილა, მაგრამ ეჭვი ჰქონდა, რომ რატიმ გიო დაინახა და ატყობდა, სიმართლის თქმა მოუწევდა: -რა მნიშვნელობა აქვს? -მელანო, ვისგან?-ხმას აუწია ავაზნელმა. -გიო მებურიშვილისგან. ბიჭმა საჩუქრებს დახედა და ისეთი სახე მიიღო, ეშმაკსაც ძრწოლას დააწყებინებდა: -თუ ჩემი გაგიჟება არ გინდა, რაც ხელში გიჭირავს, ახლავე ნაგავში ჩაყრი! -კი, მაგრამ საჩუქარმა რა დააშავა? -ახლავე, მელანო! მეტჯერ აღარ გავიმეორებ! -ამას არ გავაკეთებ. -რა?- წარბი აუწია რატიმ. -მირჩევნია, უკან დავუბრუნო, ვიდრე ნაგავში მოვისროლო. -მაშინ მე გავაკეთებ!- ხელიდან გამოსტაცა და ყვავილებიც და სამკაულების ცნობილი ბრენდის პატარა შეფუთვა ურნისკენ მოაფრიალა. -რას აკეთებ?- გული დასწყდა გოგონას. -ვერ ხვდები ამას რატომ ვაკეთებ? -ვერა. -ნამდვილად? -ნამდვილად. -თუ გგონია, რომ მისთვის მხოლოდ თავის დის მეგობარს წარმოადგენ, ძალიან ცდები! -მან იცის, რომ შეყვარებული მყავს. -ა, დაჟე მანდამდეც მიხვედით, რომ ჩემზე საუბრობთ? იქნებ ურთიერთობის დეტალებსაც უყვები და მე არაფერი ვიცი. რჩევებსაც ხომ არ გაძლევს? -რატი! -რა, მელანო? -ასე არ არის და ძალიან გთხოვ, ნუ მიბრაზდები. საამისო მიზეზი არ გაქვს. -კიდევ ერთხელ ვნახავ შენს გვერდით და... - მელანის აწყ*ლიანებული თვალები რომ დაინახა, სიტყვა გაწყვიტა რატიმ. -ცუდად იქცევი. -მაპატიე, მაგრამ ამომასხა. დანახვის პირველივე დღიდან ვერ ვიტან მაგ ტიპს. მელანის სახეზე ეტყობოდა, რომ შეყვარებულის აფეთქებამ ხასიათი წაუხდინა. -წავიდეთ, თუ სახლში ასვლა გჭირდება?-საუბარი გააგრძელა ბიჭმა. -არსად წასვლა აღარ მინდა, გადავიფიქრე,- გულგატეხილი სახით მიუგო გოგონამ და სადარბაზოსკენ დაიძრა. -ბოდიში რომ მოგიხადო?-მაჯაში სწვდა რატი. -ავაზნელი ბოდიშს იხდის?- გაკვირვებული სახით ახედა ვუდმა. -გააჩნია ვისთვის,- ხმის ტონი შეარბილა ბიჭმა. -ნეტა შემეძლოს, გამოვიცნო, რამდენად გულწრფელი ხარ... -პატარა ბავშვივით ნუ მებუტები, ბოდიში ხომ მოგიხადე?- მის გაბუსხულ სახეს შესცქეროდა რატი და ხელს ლოყაზე უთათუნებდა. მელანის სიტუაციის გამწვავება აღარ უნდოდა, ბოდიში მიიღო და ტანსაცმლის გამოსაცვლელად ბინაში ავიდა. *** -მორჩა! მანოს ვეტყვი, რომ მე ვეღარ გაკონტროლებ, ან ჩამოვიდეს და მოგხედოს, ან არადა, წაგიყვანოს ისევ ამერიკაში,- წარბშეკრული სახით დახვდა შვილიშვილს ქალბატონი მერი. -რას ნიშნავს მოგხედოს? ჩამოგიყვანოს, წაგიყვანოს...- მე თქვენი სათამაშო ხომ არ გგონივართ? უკაცრავად რა, მაგრამ აქ ჩამოსვლაც პირველ რიგში ჩემი სურვილი იყო, რატისთან დაახლოვებაც და აქედან წასვლაც ასევე ჩემი ნება იქნება!- რატიზე გაბრაზებულმა ჯავრი ბებიაზე ყვირილით იყარა. -რას დაეთრევი იმ ბიჭთან? თითქოს არ იცოდე, ვინც არის,- ხმას აუწია მოხუცმაც. -შემეშვი, ბებია. ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ. -მე შეგეშვები, მაგრამ ის არ მოხდეს, რისიც ძალიან მეშინია. -რისი გეშინია? -არ შეგიყვარდეს. -არ შემიყვარდება,-მიუგო და ტანსაცმლის კარადა სწრაფად გამოაღო. *** კოჯორში გრილოდა. წვიმიან ტყეში, გზის პირას გაშენებულ რესტორანთან შეჩერდნენ და მიმტანს მენიუდან მათთვის სასურველი საჭმელი შეუკვეთეს. -ჩემზე კიდევ ბრაზობ?- დაბალი ხმით ჰკითხა რატიმ მელანის. -არა, გაპატიე. -მაგრამ მაინც ნაწყენი ჩანხარ. -ზოგჯერ ძალიან უხეში ხარ. ხომ შეიძლება, შენი ქცევა აკონტროლო? -ვიცი, რომ ასეთი ვარ, მაგრამ ზოგჯერ არის რაღაცები, რასაც წყობიდან გამოვყავარ. -და ასე უნდა მაგლიჯო ნერვები? -ადრე ხომ მითმენდი? -როდის გითმენდი? კატა-ძაღლივით ვჭამდით ერთმანეთს,- ჩაეცინა მელანის. ვერც რატიმ შეიკავა თავი და მასაც გაეღიმა: -კარგი, რაც იყო, იყო, მოდი დღეს ნუღარ ჩავიშხამებთ. რაღაც მინდა, გადმოგცე,- ჯიბიდან საჩუქარი ამოიღო და მიაწოდა. -ეს რა არის? საჩუქრის გახსნა დაიწყო გოგონამ და როდესაც ოქროს ძეწკვი და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანი დაინახა, სიხარული ვერ დაფარა და მოღიმარ ბიჭს ჩაეხუტა,-დიდი მადლობა, ძალიან მომეწონა. -დაბადების დღეს გილოცავ,- მისკენ გადაიხარა და ცხვირი ყელში ჩაურგო. -საიდან იცი, რომ იუბილარი ვარ? -მე ყველაფერი ვიცი, უბრალოდ არ ვლაპარაკობ ხოლმე,- ჩურჩულით უთხრა და მიმტანის მიერ ახლად მიტანილ და დაწყობილ საჭმელს დახედა. -ყველაფერი არ გეცოდინება ჩემზე, - ნაღვლიანი თვალებით შეხედა. -მაგალითად, რა არ ვიცი? -ის, რომ... -კარგად დაფიქრდა, რომ გაეფილტრა, რა ელაპარაკა და რა-არა. -ვიცი ის, რომ დედა გყავს, მამაც და აქ ბებიასთან ცხოვრობ,-საუბარი დაიწყო რატიმ. -დედა მყავს, მამაც, მაგრამ სამწუხაროდ ერთად არ არიან. -გაშორდნენ? -ჰო, რაღაც ეგეთი. დიდი ხნის წინ ერთმა შემთხვევამ დააშორათ. სამი წლის უკან მეორე ცოლი მოიყვანა,- ნახევრად იცრუა ვუდმა. -აი, მე კი დედა არ მყავს. დედინაცვალთან და მამასთან ერთად ვცხოვრობ. -ვიცი,-ღრმად ამოისუნთქა მელანიმ,-ანამ მითხრა. -შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ რადგან ერთმანეთს დღითი-დღე უკეთესად ვეცნობით, მინდა იცოდე, დედის გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე ერთხელაც არ ავსულვარ,- ცხვირის წვერთან ცერა თითი გაისვა. -რატომ? -მასზე ნაწყენი ვარ. -დედას შვილისთვის რა უნდა დაეშავებინა? ბიჭი გასწორდა, ცალი ხელით ნიკაპის წვალება დაიწყო და ყოყმანის შემდეგ ორი სიტყვით გამოუტყდა: -თავი მოიკლა. -მართლა?-შეკრთა გოგონა. ავაზნელს აღარაფერი უთქვამს, სახე გაუქვავდა. -ეს რის გამო გააკეთა? -არავინ იცის,-რატიმ ყელს მობჯენილი ნერწყვი ძლივს გადააგორა. მელანი ასეთ გულწრფელობას არ ელოდებოდა მისგან, მისი ტკივილის თანაზიარი შეიქმნა და სახეზე მწუხარე იერი დაეტყო. -არ მინდა დაგზაფრო, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ,- სევდიანად გაუღიმა ბიჭმა. -მაგალითად? -შეგიძლია, ერთ რაღაცაზე მიპასუხო? -მკითხე. -ოღონდ არ მომატყუო. -არა. -პირველად რომ ჩემს სახლში მოხვედი და სპექტაკლის ტექსტი მოიტანე, ის ფურცლები შენთან როგორ აღმოჩნდა? მელანი გულწრფელობაში არ ჩამორჩა და დაუფიქრებლად უთხრა: -მე მოგპარე. -ასეც ვიცოდი,-ჩაეცინა ავაზნელს, -მაგარი გაიძვერა და მელაკუდა ბავშვი ხარ. -არადა, არ ვარ ეგეთი. -ჰო, რა თქმა უნდა, სიმართლით და სიალალით სავსე კალათა ხარ. გეგონა, ვერ მიგიხვდებოდი? -რას?- გაეცინა მელანის. -მიზეზს მიზეზზე ეძებდი, რომ როგორმე ჩემს სახლში შემოგეღწია. მელანიმ ავაზნელების სახლში სიარულის რეალური საბაბი გაახსენდა და სიცილი სახეზე შეეყინა, თუმცა მალევე მოახერხა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო: -იცი რა მინდა, გთხოვო? -რა?- ინტერესით გახედა ბიჭმა. -ახლავე გეუბნები, რომ შენგან მორთმეულ ყველანაირ საჩუქარს მირჩევნია, თუ შემისრულებ. -მოვკვდები და შევასრულებ. -ჯერ ყვავილების მაღაზიაში წამიყვანე, დანარჩენს გზაში გეტყვი. -კი ბატონო, რა პრობლემაა?- დათანხმდა რატი და სასიამოვნოდ გაუღიმა შეყვარებულს. *** -რომელი ყვავილები უყვარდა დედაშენს?- მაღაზიაში შესული მელანი ნაირფეროვანი მცენარეებით დამშვენებულ ქოთნებს დასცქეროდა. -დედაჩემი რა შუაშია?- შუბლი შეკრა რატიმ. -ოდესმე მიპასუხებ? -იები. -რამდენი წელია, რაც დედაშენი გარდაიცვალა? -რა გინდა, მელანო? რის მიღწევას ცდილობ? -მაინტერესებს, არ შეიძლება? -თორმეტი. -უკაცრავად, თორმეტი ქოთნის ია მომეცით,- გამყიდველს შეხედა გოგონამ და ჩანთიდან საფულე ამოიღო, რომ თავად გადაეხადა. -შეიძლება გავიგო, რას აკეთებ?- დაბნეული უყურებდა რატი. ამასობაში პარკში ჩაწყობილი ქოთნები ხელში აიღო და შეყვარებულს სთხოვა, მანქანამდე მიეტანა. გამყიდველს ხურდა გამოართვა და კმაყოფილი სახით ჩაჯდა მანქანაში. -ახლა რას მიბრძანებ?- მორიგი დავალების მოლოდინში იყო ავაზნელი. -ახლა დედაშენის საფლავზე ამიყვანე. -რა? -რაც გაიგე,- სერიოზული სახით მიუბრუნდა გოგონა. -იმ ზღვარს გადადიხარ, რის უფლებასაც არავის ვაძლევ!- მკაცრი იყო ბიჭი. -ახლა გამოჩნდება რას წარმოვადგენ შენთვის და რამდენად ძვირფასი ვარ. -სხვა რამეში რომ გამომცადო, არა? -ტრადიცია მაქვს ასეთი, ჩემს დაბადების დღეზე აუცილებლად ვირჩევ ვიღაცას და თუ ვთვლი, რომ ის ჩემგან ამის ღირსია და იმსახურებს, ვასაჩუქრებ. ხშირად მითქვამს დაბადების დღის აღნიშვნაზე უარი და თანხა, რომელსაც მამა მაძლევდა, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ან ობლებისთვის და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენისთვის გადამირიცხავს. -და წელს რატომ გადაწყვიტე, რომ დედაჩემის საფლავზე მიიტანო ეს ყვავილები?- გული მოულბა რატის. -მინდა, ეს ყვავილები მის საფლავზე დავრგო და იხარონ. აი, ასეთი სურვილი მაქვს წელს და მორჩა! ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და მანქანა დაქოქა. *** ახლად ნაწვიმარ და მზის სხივებით ნახევრადგამშრალ სასაფლაოზე დანამული მიწის და მცენარეების სურნელი ტრიალებდა. საფლავებზე აღმართული მარმარილოს თეთრი და შავი ჯვრები სურათებიან ქვებთან ერთად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. სიწყნარე მეფობდა. მშვიდად განისვენებდენ ამ ქვეყნიდან წასულები... არც თუ ისე დიდხნიანი სიარულის შემდეგ რატი ერთ ადგილას გაჩერდა. -რომელია?-ცნობისმოყვარე მზერით, აქეთ-იქით იყურებოდა მელანი. -წინ წადი, ორი საფლავის შემდეგ მარჯვნივ შეუხვიე და ლიკა ხავთასის სახელს და გვარს დაინახავ. -მარტო ვერ შევძლებ, ეს ყვავილები უნდა შემატანინო და დარგვაში მომეხმარო,-მელანიმ ზუსტად იცოდა რას და რატომ ამბობდა. რატიმ ამოიქშინა და უკან გაჰყვა. მელანი რატის დედის საფლავთან ჩამოდგა და დედამისი გაახსენდა. უფრო ზუსტად, დედის საფლავი, რომელსაც მანოსთან ერთად ხშირად სტუმრობდა, მიწას საკუთარი ხელით ჩიჩქნიდა და ლამაზი მცენარეებით უფორმებდა ხოლმე. აი, ახლაც, დასცქეროდა ლიკას საფლავს და მიუხედავად იმისა, რომ მოვლილი იყო, მაინც მიტოვებული მოეჩვენა. ჩაიმუხლა, თვალის ზომით თორმეტი იისთვის სიმეტრია გათვალა, მერე ადგილები მონიშნა და უმოძრავად მდგომ რატის გახედა, რომელიც ცივი სახით სხვა მიმართულებით იყურებოდა: -არ მომეხმარები? ბიჭმა იები მიაწოდა, თუმცა, რომ დაინახა, ვუდი საკუთარი თითებით ჩიჩქნიდა მიწას, თავადაც დაიხარა და მონიშნული ადგილების ამოღრმავება და შემდეგ იების ჩარგვა დაიწყო. უყურებდა თორმეტწლიანი განშორების შემდეგ დედის საფლავთან დახრილ რატის და გული სიამაყის გრძნობით ევსებოდა -გრძნობდა, რომ განაწყენებულ შვილს დედასთან არიგებდა. თითოეული აყვავებული იის ბუჩქი იყო ნიშანი ყოველ წელს იქ მიუსვლელობაზე პატიებისთვის, რომელიც თორმეტწლიანი განშორების შემდეგ ირგვებოდა... გულის ამაჩუყებელი და ერთობ ლამაზი მომენტი იყო. ძალიან მოუხდა ლიკა ხავთასის საფლავს ვარდისფრად აყვავებული აფრიკული იები. -აი, ახლა მომწონს,- წარმოთქვა, კმაყოფილი წამოდგა და დათხვრილი ხელები ერთმანეთზე გაუსვა, რომ მიწა მოეშორებინა. რატიმ ცარიელი ქოთნები პარკებში ჩააბრუნა, ნაგვის ურნისკენ წაიღო და იებით მორთულ დედის საფლავს რომ გადახედა, მელანოს მიუბრუნდა, მისი ხელები თავის თითებში მოიქცია და პაუზის შემდეგ უთხრა: -როგორ შეგიძლია, ასეთ ასაკში ასეთი კარგი და დიდი იყო? -არც ისეთი კარგი ვარ, როგორც შენ გგონია,- ტკბილ-მწარე პასუხი გასცა მელანიმ, მერე გამხნევების ნიშნად, ღიმილიანი სახით მხარზე ხელი დაარტყა და აწყლიანებული თვალები მოარიდა. --- განთიადი იდგა, როდესაც ავაზნელების სახლში ციხიდან სატელეფონო ზარის ხმა გაისმა და ოჯახის წევრებს ნოდარ ავაზნელის თვითმკვლელობის ამბავი შეატყობინეს. *** -ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც დავგეგმეთ? -რა თქმა უნდა, ჩვენგან შეგზავნილმა კაცმა ჯერ თოკით მოახრჩო, მერე სახრჩობელაზე დაკიდა და მომხდარი თვითმკვლელობის სცენას დაამსგავსა,- უპასუხა ნაცნობმა ხმამ. -მშვენიერია!- დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ,- ულვაშებში ჩაეცინა კრაზანას და ნდობით აღჭურვილ პირს ტელეფონი გაუთიშა. --- ვიდრე ავაზნელების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად პანაშვიდი მიმდინარეობდა, ამასობაში თეკოს ტელეფონზე შეტყობინება გაუგზავნეს: -„დღის ბოლოს სახლიდან გამოსვლა ისე მოახერხე, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდეს და ეჭვი არაფერზე აიღოს. შეხვედრის ადგილი უცვლელია.“ -ჯანდაბა! ყოველთვის უდროო დროს რატომ მთხოვენ, მათთვის მოვიცალო?- გაიფიქრა, სასწრაფოდ შეტყობინება წაშალა და ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა. -რამე მოხდა?- ქალის აღელვება არ გამოჰპარვია ტიტეს. -არა, რა უნდა მომხდარიყო? -ისეთი გამომეტყველება გაქვს... -ამ კომპანიებმა გაუთავებელი რეკლამებით და შეთავაზებებით ტვინი შეჭამეს,- შეძლებისდაგვარად ახსნა აღელვების საბაბი,-წავალ, რატის მივაკითხავ, უკვე რამდენი ხანია, არ გამოჩენილა. შეიძლება რამე უნდოდეს,- ქალი გერის ოთახისკენ წავიდა. რატი მწუხარე სახით საწოლზე წამოწოლილიყო და ისვენებდა, როდესაც თეკომ საძინებლის კარი შეუღო და დახედა. -რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ დაკაკუნების გარეშე ჩემთან არ შემოხვიდე?- როგორც ყოველთვის, საყვედურით წამოუხტა ბიჭი. -უკვე რამდენი ხანია, დაიკარგე და ვიფიქრე, რამე გჭირდებოდა. -თუ რამე დამჭირდება, ჩემს თავს თავად მივხედავ. გადი აქედან! როცა შევძლებ, გამოვალ! -ნეტა რატომ არ მიკვირს შენგან ეს სიტყვები? შეღონებაც აღარ ჰქვია ამას. ასე თუ გააგრძელებთ მამა-შვილი ჩემი ნერვების წიწკვნას, მალე უნგრულ დეპრესიამდე მიმიყვანთ, - აღმოხდა ქალს და კარი გაიხურა. მარტოდ დარჩენილმა რატიმ ტელეფონის ეკრანს დახედა და შექმნილ გაწამაწიაში მდგომარეობის შესამსუბუქებლად მასზე გამოსახულ მელანის სურათს დახედა. მართალია, მეგობრებთან ერთად სამძიმარზე მისულ გოგონას იქაურობა ცოტა ხნის წინ დაეტოვებინა, მაგრამ მასთან ყოფნა სულ სხვანაირად უნდოდა -მარტოს, სადაც მათ გარდა არავინ იქნებოდა და არავინ აღარ დაამძიმებდა გაუთავებელი და მოუგვარებელი პრობლემებით, რომლებიც წლები იყო, მისი გონების და გულის კედლებს ისე ულესავდნენ, ლამის აღარც დაეჯერებინა, რომ მათ იქით სხვა ცხოვრებაც არსებობდა. როგორც კი პანაშვიდი დამთავრდა და ხალხის მისვლა-მოსვლა შეწყდა, ქალბატონ მთვარისასთან ყურადღების მისაქცევად რატი და ტიტე დარჩნენ, ხოლო თეკო სახლში გაუშვეს. ქალმა დრო იხელთა და ტელეფონზე შესული შეტყობინების ავტორთან შესახვედრად გაეშურა. *** -ასეთ დროს აქ რამ ჩამოგიყვანა?- თეკო საყვედურით მიადგა დიდი ხნის უნახავ ძმას. -შენმა უპასუხისმგებლობამ. -რა? შენ ვერ ხარ, ხომ იცი? და ჩემგან რას ელოდებით? -რა გინდა? აქ ჩამოვდგე და ძერსკად ვიბაზროთ, საქმეები ვარჩიოთ, მიგაჩმორო და წავიდე, თუ პრობლემებს მივხედოთ? -ვერ ვარწმუნებ ეს დედააფეთქებული და რა ვქნა? არ უნდა თქვენთან თანამშრომლობა და მორჩა! -შენ დაგავიწყდა რამხელა პატივი მაქვს შენზე? -არ დამვიწყებია. მადლობელი ვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება ასე უნდა მაძახო? -არა, უბრალოდ ადამიანებს ავიწყდებათ ხოლმე სხვებისგან გაკეთებული სიკეთეები და ზოგჯერ შეხსენება სჭირდებათ. -რატომ მოკალით ნოდარ ავაზნელი? არ გესმით, რომ ამ სვლით უფრო მეტად გამოიწვიეთ ტიტეს გაღიზიანება? -საკმაოდ ბევრი რამე იცოდა და თან ბოლო დროს მან და თავისმა ძმაკაცმა უპატიებელი შეცდომა დაუშვეს. აუ, რას გიხსნი? წადი და კრაზანას მოკითხე, თითქოს მე მიმეღოს ეგ გადაწყვეტილება. -კრაზანას უნდა შემახვედრო. -რა?-ჩაეცინა მამაკაცს. -მინდა ავუხსნა, რატომ ვერ ვარწმუნებ ტიტეს, მამამისის საქმე განაგრძოს. -ნწ! -რა ნწ? აბა, რა ვქნა? -ჯერ ერთი, გგონია, ერთი თითის დატკაცუნებაზე ყველასთან ჩნდება? მერე მეორე- შენ თვითონ თუ გჯერა, რომ ლიმონიან ჩაიზე და ნამცხვარზე ფეხი-ფეხზე გადადებული ჩამოგიჯდება და შენს ლაყბობას მოუსმენს? და მესამე- შეუშვი მაგ თავში, რომ ყველაზე სერიოზული საქმეების გარჩევაც მის გარეშე მიდის. კრაზანა მხოლოდ სიტუაციას ეცნობა, ანალიზს უკეთებს, აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს. მისი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე კი დანარჩენები არიან პასუხისმგებელნი. -ვინ არის და რატომ აქვს ამდენი უფლება, ადამიანების ბედი განკარგოს? -უბრალო კაცივით გამოიყურება. ქუჩაში რომ შეხვდე, ვერასოდეს წარმოიდგენ, რომ ასეთი ძალაუფლება აქვს. მთელი საბერძნეთი, თურქეთი, საქართველო და კავკასიის ქვეყნების შემოგარენი მისი ნარკოტიკით და იარაღით მარაგდება. ამაში კი ქვეყნის ძვირფასი ხელისუფალნი ეხმარებიან. აი, ახლა კარგად შემომხედე და მითხარი, ტიტე ავაზნელი მისი დამმარცხებელია? -ტიტე არც ცდილობს, რომ კრაზანა დაამარცხოს,- ხელი დააფარა ქალმა, - არ შეიძლება, რომ ავაზნელებს თავი დაანებოთ? სხვა ხაზი ეძებეთ. -სამწუხაროდ, მე არ ვწყვეტ ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ და ვისთან- არა. რატომ ილია ხავთასი არ აირჩია? იმიტომ, რომ სუსტია და მშიშარა. ტიტეში კი ის დაინახა, რაც მის საქმეს არაჩვეულებრივად წაადგება. ასე, რომ თუ არ გინდათ, თავები გაიტრუპოთ, კრაზანას ხალხის მითითებებს მიჰყევით. -მე რანაირად დავარწმუნო? ისიც არ იცის კრაზანა ვინ არის და რაზეა წამსვლელი. -როგორც კი ჯაჭვის ბმაში რიგითი რგოლის ადგილს დაიკავებს, აუცილებლად გაიგებს მის სახელსაც და შესაძლებლობებსაც. -ტიტეს ჩემთვის არაფერი უთქვამს, რომ მამამისის საქმის გაგრძელება მოსთხოვეს. -ბუნებრივია, არც გეტყვის. ის შენს მეორე მხარეს არ იცნობს და აზრზე არ არის, რომ იმაზე მეტი იცი, ვიდრე მან. -ბოლო დროს, საკმაოდ დამეძაბა მასთან ურთიერთობა. ისიც აღარ ვიცი, რა გაგრძელება მოჰყვება ჩვენს სიყვარულს, რომელიც სულს ღაფავს და ახლა, როცა ტიტეს შენარჩუნებაზე უნდა ვიფიქრო, იმას მიმატებთ, რომ თქვენთან თანამშრომლობისკენ ვუბიძგო? ეს მეტისმეტია!-ქალმა თავი გაიქნია და ღრმად ამოიოხრა. -შენ არ იყავი, მასზე ვენებს რომ იჭრიდი? რას აღარ კადრულობდი, ეგ კაცი დაგეთრია. რა იყო? ბერდები და თავს ვეღარ ანდომებ? ქალმა ძმისგან წამოსულ შეურაცხყოფას სილის გაწვნით უპასუხა: -ზოგჯერ გაიხსენე ხოლმე, რომ შენს დას ელაპარაკები და არა შენი ქალებიდან რიგით კახპას. მამაკაცი დროებით, რამდენიმე წამით გაჩუმდა, შემდეგ მკაცრი სახე მიიღო და საუბარი გააგრძელა: -დიასახლისის როლის მორგება კარგია, თბილი კერაც და სიმპათიური და ცნობილი ბიზნესმენის ცოლობაც, მაგრამ ზოგჯერ პაესტკებში და ბუტიკებში სიარულის და ფულის ფლანგვის გარდა, შენს მისიასაც თუ გაიხსენებ, კარგი გოგო იქნები. აბა, დროებით,- თავი დაუკრა და ღამის წყვდიადში დაიკარგა. --- მამის დაკრძალვის შემდეგ ტიტე ავაზნელმა ტელეფონზე შეტყობინება მიიღო, სადაც გარკვევით ეწერა, ნოდარ ავაზნელის სიკვდილი პირდაპირ კავშირში იყო მამის ძველი საქმეების გაგრძელებაზე მის ურჩობასთან. მთელი ცხოვრება თავდაყირა დაუდგა. კერძო ბიზნესი, დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, პირად ურთიერთობაში თეკოსთან დაძაბულობა და ამასთანავე უცხო ხალხისგან ბინძურ საქმეებში ჩართულობაზე დაყოლიების მცდელობა მის ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან აისახებოდა და ბოლო დროს პატარა რამეზეც კი ისე ფეთქდებოდა, მის აუტანელ ხასიათს ვეღარც სამსახურში და ვეღარც ოჯახში უძლებდნენ. მიუხედავად იმისა, მამის ციხიდან გამოყვანა ვერ მოასწრო, გადაწყვიტა, ოპოზიციის ლიდერ, ცოტნე ავალიანთან კვლავ ფარულად ეთანამშრომლა და ყველა ინფორმაცია მიეწოდებინა, რასაც მამის ძველი კავშირებიდან ამოქექავდა. ამის მიზეზად კვლავ ერთადერთი რჩებოდა -ავაზნელების მხრიდან საბოლოოდ გაეწყვიტა სერიოზულ კლანთან კავშირი. *** საღამო ხანი იყო, როდესაც ტიტე ავაზნელი ცოტნე ავალიანს მალულად შეხვდა და მათ შორის მორიგი დიალოგი შედგა: -ისევ მამაჩემის საქმის გაგრძელებას მთხოვენ, არ ცხრებიან. -ვინ გელაპარაკა? -ალბათ, რიგითმა პეშკამ მომწერა. -უნდა დათანხმდე, ამ ეტაპზე სხვა გზა არ არსებობს. ამ საქმეში ჩაბმული პარტნიორები უნდა გაიცნო, -მშვიდად უთხრა მამაკაცმა. -ზეგ შეხვედრაა დანიშნული. -რასთან დაკავშირებით? -არაფერი ვიცი, ყველაფერი გასაიდუმლოებულია. -მოგიწევს წასვლა. გამოსავალი ერთია- ეს ამბავი დანარჩენი პარტნიორების საქმეების გაშიფვრით უნდა გავხეთქოთ. მივყვეთ დინებას და არ არსებობს, სადმე მაინც შეიმღვრევა წყალი. მერე დრო უნდაა ვიხელთოთ და მომენტს ჩავეჭიდოთ. ლიფსიტები პატარა თევზებამდე, პატარა თევზები კი დიდ თევზამდე მიგვიყვანენ. -კარგი, წავალ რისკზე,- მტკიცე იყო ავაზნელი. -ძალიან კარგი, ვაფასებ შენს უშიშარ გადაწყვეტილებას. ისე, ჩვენში დარჩეს და ტყუილად არ დაუდგამთ შენზე თვალი. ტიტეს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ძალიან ეზარებოდა და არც განწყობაზე იყო, თავისი გადაწყვეტილების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ვრცლად ესაუბრა, სევდიანი თვალებით გახედა და ზურგი აქცია. --- თეკო ქალთა საკონსულტაციო ცენტრში ნაცნობთან მივიდა და სთხოვდა, მის ორსულობასთან დაკავშირებით ყალბი დოკუმენტი გაეცა. -შეუძლებელს მთხოვ. საციხოდ გინდა, საქმე გამიხადო?- ქალი სასტიკ უარზე იყო. -თანხაზე არ არის საუბარი. რამდენიც საჭიროა, იმდენს გადავიხდი. -არანაირი ფული არ მიღირს ჩემი კარიერის და სახელის დასამარების სანაცვლოდ! ახლა ძალიან გთხოვ, დამტოვო, პაციენტი მყავს და უნდა მივხედო, -ახლად შემოსულს გაუღიმა და ფარდით გატიხრული ოთახის მეორე ნახევარში გასასინჯად შეიყვანა. სწორედ იმ დროს, თეკომ მაგიდაზე არსებულ ექოსკოპიის სურათს მოჰკრა თვალი. ხელი სტაცა, ჩანთაში ჩადო და ოთახიდან გავიდა. *** ტიტე ავაზნელი ძალიან დამძიმებული იდგა ტერასაზე და საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებისთვის ემზადებოდა- წერტილი უნდა დაესვა თეკოსთან ურთიერთობისთვის და საბოლოოდ გაეთავისუფლებინა თავი არასწორი კავშირისგან, რომელიც იოტისოდენა ბედნიერებასაც აღარ ანიჭებდა. -საყვარელო,- უკნიდან მიეპარა თეკო და თავი მხარზე დაადო, - ერთი ძალიან კარგი ამბავი უნდა გახარო. -რა ხდება?- უხალისოდ ჰკითხა მამაკაცმა და ქალი სხეულიდან მოიცილა. -მეორე შვილის მამა გახდები,- ექოსკოპიის სურათი აჩვენა და გონზე მოსვლაც არ აცალა, ისე ძლიერად ჩაეხუტა. -რატომ ხდება, როდესაც შეცდომის გამოსწორებაზე ფიქრს ვიწყებ, მაშინვე ხელის შემშლელი ფაქტორები ჩნდებიან და პრობლემა პრობლემად რჩება?- ხმამაღლა გაიფიქრა მამაკაცმა. -რა მითხარი? -არა, შენ არაფერი,- სერიოზული სახით შეხედა სახეგაბადრულ ქალს. -არ გაგიხარდა? -ეჭვი გეპარება, რომ არ გამიხარდა?- შუბლზე აკოცა ქალს და მისი მდგომარეობის გათვალისწინების გამო, დაშორებაზე საუბარი დროებით გადაიფიქრა. მოგვიანებით, რატიც ჩააყენა საქმის კურსში და გააფრთხილა, რომ მაქსიმალურად შეეკავებინა თავი თეკოსთან უხეშად მოპყრობაზე. სხვათაშორის, ტიტეს გასაკვირად, ბიჭმა ძალიან დადებითად მიიღო პატარა დედმამიშვილის შესახებ ახალი ამბავი. --- ენკენისთვე დამდგარიყო. ბუნება ხასხასა, მწვანე სამოსს იძარცვავდა და შემწიფებული ფერებისთვის ემზადებოდა. სიცხე -სითბოს, სითბო- სიგრილეს, ხოლო სიგრილე სიცივეს ენაცვლებოდა და ხან მზიან დარს, ხანაც წვიმის წვეთებს აგზავნიდა დედამიწაზე. ბინდი წვებოდა, როდესაც რატიმ შეყვარებულს მიაკითხა და ქალაქში გასეირნება შესთავაზა: -რაღაც მინდა, გიამბო. -რა უნდა მიამბო? -ერთგან წამომყვები? -გააჩნია სად მეპატიჟები. -ჩემს ბავშვობაში. -რა მაცდურად ჟღერს,- გაეცინა მელანის. -აბა, რას იტყვი?- დაბალ ხმაზე ჰკითხა ბიჭმა. -კარგი, სიამოვნებით ვიმოგზაურებ,-თავი დაუქნია გოგონამ. ცოტა ხანში, ავაზნელის მანქანა კოჯრის გზაზე მიჰქროდა. რაც უფრო ზევით ადიოდნენ, საღამოს ცივი ტემპერატურა კიდევ უფრო დაბალ გრადუსზე ჩამოდიოდა. -შემცივდა,- მხრებში მოიბუზა მელანი, როდესაც პატარა აგარაკს მიადგნენ. -სახლში შევიდეთ და გათბები. -აქ სხვა დროს რომ მოვიდეთ?- მანქანისკენ დაიხია ჭიშკართან მყოფმა გოგონამ. -რა იყო, ჩემი გეშინია? -არა, რა სისულელეა. უბრალოდ, უკვე საღამოა და თანაც ... -ნუ გეშინია. რაც შენ არ გინდა, არაფერი არ მოხდება,- მისი სახე ხელებში მოიქცია და აღელვებული გოგონა დაამშვიდა. მელანი სახლში შეჰყვა და ძველ, მაგრამ გემოვნებით მოწყობილ პატარა სახლს ინტერესით ეცნობოდა. -მოდი სხვენში ავიდეთ. იქიდან მინდა, ჩემი ამბის თხრობა დავიწყო,- თითით მიანიშნა, რომ კიბეებისკენ წასულიყო. გოგონა მის სურვილს დაემორჩილა და რამდენიმე წუთში ორივე ძველმანებით გადაჭედილ ადგილას აღმოჩნდნენ. რატიმ დამტვერილი კომოდის უჯრა გამოაღო და ბავშვობისდროინდელი სათამაშოები ამოალაგა: -დაჯექი,-ღიმილით მიუგო და სკამი დაუდგა. თავად კი იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდა და საუბრისთვის მოემზადა:- იცი რაა? ეს აგარაკი დედაჩემს განსაკუთრებით უყვარდა. შაბათ-კვირაობით მამას ხშირად ამოვყავდით და ზუსტად ვიცოდი, რომ იმ დღეებში მშობლები მხოლოდ მე მეკუთვნოდნენ და სხვას- არავის. მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ძალიან ლაღი და მხიარული ბავშვი ვიყავი, ალბათ, გულკეთილიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი დედის სიკვდილის შემდეგ ნელ-ნელა გაილია და ბოლოს სადღაც გაქრა. რაც ლიკა ჩემს ცხოვრებაში აღარ არის, იშვიათად ამოვდივარ, რომ ის ლამაზი დღეები და მოგონებები ჩემი სიშავით არ დავფარო და მეხსიერებაში დახატულ სურათებს გაცრუებული იმედების შპალერი არ ავაკრა. ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ არასოდეს ვაღიარებდი, რომ ამასაც თუ მოვკლავდი, სიკვდილამდე მივიდოდი და ცხოვრების გაგრძელების აღარანაირი შანსი აღარ მექნებოდა. მე კი არ მინდოდა, ეს მომხდარიყო. ყოველ დღე, ყოველ წამს ვიბრძოდი, ცხოვრება იმ მომენტიდან გამეგრძელებინა, სადაც ლაღი ბავშვობა გაჩერდა. ამიტომ ვინახავ ამ ბურთსაც, თვითმფრინავსაც და გემსაც, - ხელში შეათამაშა სათამაშოები. -ოდესმე ყინულში გახვეული ხის ტოტები გინახავს? აი, ისეთი, თითქოს მკაცრი ზამთრისგან ყინვის ცრემლები რომ ჩამოსდით. -კი და რატომ მეკითხები? -ის თუ გინახავს, როდესაც მზის სხივები დილის ცას სითბოთი მოებნევა და შემდეგ ხის ტოტებზე გაბატონებულ ყინვას თავისი ძალებით უტევენ? აი, თითქოს ყურში ჩამესმის როგორ წკაპა-წკუპით ჩამოდის წყლად ქცეული ყინული და მიწას ასველებს. -ეგეც მინახავს. -და როდესაც იგივე ტოტზე კვირტი იწყებს გამოსვლას და სიცოცხლის პირველ ნიშანს იძლევა? -ამას რისთვის მეუბნები? -შედარებას ვახდენ. შენი პიროვნება სწორედ იმ გაყინულ ტოტს მაგონებს, რომელიც მზის ამოსვლას საკმაოდ დიდ ხანს უცდიდა და როგორც იქნა, მისთვისაც გამოიდარა. -და რა გინდა რომ ამით მითხრა? შენ ჩემი მზე ხარ?-გაეცინა ბიჭს და თბილად ახედა. -მზეს ვერასოდეს შევადარებ ჩემ თავს. ამის უფლება უბრალოდ არ მაქვს. ის უფრო დიდი სიცოცხლის წყაროა, ვიდრე -მე, - თვალები აუწყლიანდა გოგონას. -გული რატომ აგიჩუყდა? -ისე,- მხრები აიჩეჩა და ბიჭს ჩაეხუტა. იმ წამს ორივეს იმდენად სჭირდებოდა ერთმანეთი, ვერავინ იტყოდა მელანი იყო რატის მზე, თუ პირიქით? -იცი? მეც მქონდა ძალიან ცუდი პერიოდები ცხოვრებაში და ამაში ხან ვის ვადანაშაულებდი და ხან ვის. ერთხელ ერთ პიროვნებას, რომელსაც დღემდე დიდ პატივს ვცემ, გული გადავუშალე და იცი რა მითხრა? ზოგჯერ ადამიანები ძალიან ვცოდავთ, როდესაც საკუთარ უბედურებაში სხვებს ვდებთ ბრალს და გამუდმებით მათკენ ვიშვერთ თითსო. ვერავის დავაძალებთ, ჩვენს ცხოვრებაში დარჩეს, თუკი მას ჩვენგან წასვლა უნდა. არც არასოდეს უნდა ვიფიქროთ, ეს რომ ასე გაგრძელებულიყო, მერე როგორ წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება. ამა თუ იმ ადამიანის ჩვენს ცხოვრებაში ხანგრძლივი თუ მოკლე პერიოდით არსებობა რაღაცას გვასწავლის, რომელიც შემდეგ ხიდის ფუნქციას ასრულებს, გავაგრძელოთ ცხოვრება და გავხდეთ დღევანდელზე ძლიერებიო. -და შენ ეთანხმები? -რადგან გიყვები, ესე იგი, ვეთანხმები კიდეც. არის რაღაცები, რასაც სამწუხაროდ ვერ შეეწინააღმდეგები და თუ ძლიერი ხარ, გადარჩები, თუ სუსტი, მაშინ ვერ მოერევი შენს თავს და საკუთარი სისუსტე შენვე დაგჩაგრავს. -შენ სუსტი ხარ, თუ ძლიერი? -მე სუსტიც ვარ და ძლიერიც. ყველაფრით ძლიერი და უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ. მთავარია, საკუთარი სისუსტეები ვაღიაროთ და მათთან ბრძოლა დავიწყოთ. -ჩემზე რას ფიქრობ? როგორი ვარ?-ინტერესით შეხედა რატიმ. გოგონა დაფიქრდა და დუმილის შემდეგ კვლავ გააგრძელა: -შენ ახსენე, რომ ჩემი ბავშვობა ერთ ადგილას გავაჩერე და სიშავე არ გადავდეო. იცოდი, რომ შესაბამისი მომენტის ხელში ჩაგდებისთანავე კვლავ მიაკითხავდი და ცხოვრებას გააგრძელებდი. ისიც აღნიშნე, ყოველ წამს იბრძოდი ამისთვის, რომ ეს დღე დამდგარიყო. ესე იგი, ამ მხრივ შენც ძლიერი გამოდიხარ. ყველას ჩვენი ხერხები გვაქვს, მოცემულ მომენტებში თავები გადავირჩინოთ. სისუსტეებზე კი რა გითხრა? ალბათ შენც გექნება, ისევე როგორც ყველას. ბიჭმა სიცივისგან აკანკალებულ მელანის რომ შეხედა, ბუხრის ოთახში ჩაიყვანა:- ცეცხლს ავანთებ და უცებ გათბები. სხვენში კი მერე დავბრუნდეთ. -ბუხარში ცეცხლის დანთება იცი? -ჰეჰ, დამცინი? ბავშვობაში ცეცხლთან თამაში ისე მიყვარდა, მეხანძრე მინდოდა, გამოვსულიყავი. -მერე ფეხბურთელი და ახლა ბანკირი თუ რაღაც ეგეთი. მაინც კარგად ვერ გავიგე რომელი პროფილით მიდიხარ,- დაამატა მელანიმ. -ფეხბურთელობაზე სერიოზულად არასოდეს მიფიქრია. ეს სპორტი ჩემი გატაცებაა და ფიზიკურად რომ ფორმაში ვყოფილიყავი, იმიტომ დავიწყე გუნდში სიარული. მას შემდეგ, რაც მუხლის მყესებზე პრობლემა შემექმნა, სერიოზულად ვერც გავყვებოდი. -ახალი წელი გიყვარს? -რატომ მეკითხები? -შენს სათამაშოებში რამდენიმე საახალწლო აქსესუარს მოვკარი თვალი და ვიფიქრე, რომ ჩემსავით გიყვარს. -მიყვარდა, მაგრამ ახლა ჩვეულებრივ გასართობ დღედ ვთვლი, რომლის მსგავსიც ყოველ დღე შეიძლება მოაწყო. ასე, რომ განსაკუთრებულად აღარ მივიჩნევ. -შობა-ახალი წელი ჩემთვის იმდენად საყვარელი და გამორჩეული დღესასწაულებია, იყო დრო, სხვადასხვა ქვეყნების თოვლის პაპების, სანტა კლაუსების, ყინვის ბაბუების, მათი დამხმარეების და კიდევ ბევრი საახალწლო ტრადიციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით ვიყავი გატაცებული. -მართლა? -ჰო, შენ ხომ მეხანძრე გინდოდა, გამოსულიყავი? მე მწერლობაზე ვოცნებობდი. წიგნის სათაურიც კი მქონდა შერჩეული, რომელშიც აბსოლუტურად ყველა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები ახალი წლის თემით გაერთიანდებოდა და ბავშვებისთვის საინტერესო წასაკითხი მასალა შეიქმნებოდა. -და რომელი იყო ამ მხრივ ყველაზე საინტერესო ქვეყანა? -იტალია. ეგ ქვეყანა ყველაფრით მაოცებს. -ჰო? აბა, მომიყევი,- რატიმ ახლად აგიზგიზებული ბუხრიდან მელანისკენ გადაინაცვლა და გვერდით მიუჯდა. -ბაბო ნატალე,-ასე ჰქვია სანტა კლაუსის იტალიურ ვერსიას, რომელიც ლეგენდის თანახმად ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობდა და შემდეგ გადასახლდა ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ხოლო ლა ბეფანას კეთილ მოხუც ქალს უწოდებენ, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული ფიგურაა და 6 იანვარს საჩუქრებს არიგებს. რატი ღიმილით უსმენდა ახალი წლის ამბებით გართულ შეყვარებულს და თანდათან მისკენ საკოცნელად იხრებოდა. მელანი მის მზერაში ბიჭის სურვილს ამჩნევდა და რომ შეეჩერებინა, კვლავ გააგრძელა: -კიდევ ვიცი, პიერ ნოელი გაგიგია? -ეგ ვინღაა?-ცხვირის წვერზე ცერა თითი გაისვა და და რომ შეატყო, მელანის კიდევ უნდოდა, საუბარი გაეგრძელებინა, უკან გადაიხარა. -მწვანე სამოსი აცვია, ძალიან გრძელი წვერი თეთრად აქვს დაფენილი და ვირით გადაადგილდება. ჰო, კიდევ ხის ფეხსაცმელები აცვია, ხელში საჩუქრებით სავსე კალათი უჭირავს, სახლებში საკვამურის საშუალებით აღწევს და ბუხართან დატოვებულ ფეხსაცმელებში ტოვებს საჩუქარს. -საინტერესოა,- კიდევ გადაიხარა რატი შეყვარებულისკენ. როგორც კი გოგონამ მის ამღვრეულ თვალებს შეხედა, ტანში გააჟრჟოლა: -შავ პიტერზე რამე გსმენია? -მელანო, მაინც ვერ მომიშორებ,- გაეღიმა ავაზნელს, ჩამოშლილი თმა გვერდზე გადაუწია და ნაზად დაუკოცნა უცბად აწითლებული ლოყები. გოგონა ვეღარ შეეწინააღმდეგა, რთული იყო სიყვარულის წინაშე გონების მართვა და თავადაც აჰყვა. ბიჭის ძლიერი მკლავები მის სიფრიფანა სხეულს ეხვეოდნენ და გრძნობამორეულს კიდევ უფრო ღრმად ითრევდნენ „მზით“ გამთბარ სიყვარულის სამფლობელოში. ცხელი ტუჩები ცხელ ტუჩებს ერწყმოდნენ, სხეული სხეულს ეკვროდა და დაუოკებელ ვნებებში გადადიოდნენ. ახალგაზრდა წყვილს ერთმანეთისადმი ლტოლვამ მთლიანად დააკარგვინა თავი და უნებურად ერთმანეთში ჩაეფლნენ, გრძნობებს უცვლიდნენ, ეუფლებოდნენ... გიზგიზებდა ბუხარი და სითბო სიცივეს ამარცხებდა, თავისზე დიდ „სითბომდე“ აღწევდა... -არსად არ გაგიშვებ. შენ აქ დარჩები და ჩემს გვერდზე გააგრძელებ არსებობას, გესმის?- ოთახში სიტყვაარეული ბიჭის ჩურჩული ისმოდა, რომელიც გულის სწორს იჩემებდა და თავზე მეტად ეძვირფასებოდა. *** შუაღამე იყო, როდესაც მელანის გაეღვიძა. რატის გადახედა და რომ დარწმუნდა, ღრმად ეძინა, ფეხზე წამოდგა და სხვენში ავიდა. უამრავ უსარგებლო ნივთს შორის კიდევ ბევრი საინტერესო რამ შენიშნა, რომელიც რატიზე და მის მშობლებზე მეტ ინფორმაციას იძლეოდა, მაგრამ არა თავისი დის მკვლელის ვინაობის მამხილებელს. ცოტა ხანში სხვენიდან სხვა ოთახებში გადაინაცვლა და შემთხვევით ფოტოალბომს წააწყდა. სურათები არც თუ ისე შორეული წარსულიდან იყო. მათგან ერთ-ერთმა გამორჩეულად დიდი ყურადღება მიიქცია- კაცი მორიელის ტატუთი ცალკე გვერდს ამშვენებდა. მის დანახვაზე მაშინვე გული შეეკუმშა და სუნთქვა შეეკრა: -ჯანდაბა!- აღმოხდა გამწარებულ გოგონას და იქვე ჩაიკეცა,- ჯანდაბა!-გადმოსჩქეფეს ცხელმა ცრემლებმაც,- კიდევ რამდენი სამხილი გინდა მელანი, რომ დარწმუნდე, მკვლელების ოჯახში ხარ და ბიჭი, რომელიც გიყვარს და პირველი ღამე მასთან გაატარე, შენი დის და დედის მკვლელის შვილია?! ჯანდაბა!-სიმწრით იკბინა თითზე და ხმამოგუდული ტიროდა, რომ რატი არ გაეღვიძებინა. *** დილა იყო, როდესაც მელანი სახლში დაბრუნდა და საძინებელში შეიკეტა. რატის მაინც არაფერში გამოუტყდა, ბოლომდე კბილებით ეჭირა მანოსთვის მიცემული სიტყვა და მისი გუნების ცვალებადობის ამბავი თავის ტკივილით და გამოუძინებლობით ახსნა. ახლა ნამდვილად აღარ იცოდა როგორ გაეგრძელებინა გზა სიყვარულისა, რომელიც შურისძიების წყურვილში გადასდიოდა და შხამავდა. გული კვლავ გონებას ებრძოდა, გონება კი ისევ თავის პოზიციებს იმყარებდა... თავის ფიქრებში იყო, როდესაც კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა. დასიებული და დაწითლებული თვალები მოიწმინდა და ოთახიდან გავიდა. -იყავი, მე გავაღებ,- ხელით ანიშნა ქალბატონმა მერიმ შვილიშვილს. -ვაიმე, მანო, აქ რა ქარმა გადმოგაგდო?- სიხარულით შეჰკივლა ბებიამ შვილიშვილს. -არ მელოდით?- ჩემოდანი შეაგორა ქალმა და საძინებლის კართან დაყუდებულ დას შეხედა. -მანო,- იყვირა მელანომაც და დას გადაეხვია. მონატრების ცრემლები წუხანდელი ღამისგან მიღებულ ტრავმისას შეურია და გულსაკლავად ატირდა. მელანის გულჩვილობის ამბავი ძალიან კარგად იცოდა მანომ, მაგრამ გულმა რეჩხი უყო, რომ გოგონა სულიერად იყო გატეხილი და რაღაც უჭირდა, უფრო მეტი, ვიდრე დის მონატრება წარმოადგენდა: -რამ აგატირა, ტკბილო?- ქალი მისი ხასიათის წახდენას ვერასოდეს უძლებდა და ამჯერადაც იგივე რეაქცია ჰქონდა - ისე მოიღუშა, თითქოს ავდარმა გადაუარა. -შენი დანახვა გამიხარდა,- ამოისლუკუნა მელანიმ და ძლიერად მოეხვია. სწორედ ისე, როგორც ბავშვობაში თამაშის დროს ძირს დაეცემოდა, რაღაცას იტკენდა და მერე მანოსთან გარბოდა ხოლმე ტკივილების ჩასაცხრობად და ნუგეშის მისაღებად. -მანო შენთან არის, საყვარელო. ყველაფერი მალე დასრულდება და კარგად ვიქნებით. არ ინერვიულო, კარგი? შემპირდი, რომ ასე იქნება,- თბილად გაუღიმა ქალმა და ცრემლები საკუთარი ხელით მოსწმინდა,- რა ლამაზი ხარ, ყოველ დღე უფრო მეტად მშვენდები,- კვლავ განაგრძობდა მის დამშვიდებას და ცუდ განწყობაზე წამლად ედებოდა. -კარგი რა, ისე მეფერები, თავი ჩერჩეტი პატარა ბავშვი მგონია,- სიცილი წასკდა მელანის და ცრემლებისგან აბრჭყვიალებული თვალებით დაუწყო ყურება. -ახლა მოფერებაც დამიშალე,-შუბლზე აკოცა გოგონას და თბილად გაუღიმა. მანოსთან სიახლოვით გული რომ იჯერა, დროებით სიმშვიდე დაიბრუნა და თავი გაცილებით უკეთესად იგრძნო. ალესილი ცელივით მკვეთავი ტკივილი უფროსმა დამ და მისმა სიყვარულმა უკუაგდო, მაგრამ სადღაც იქვე, სიტკბოებაში დაკიდებულ საქანელაზე კვლავ ირწეოდა მწარე ნაღველი და შესაბამის დროს უცდიდა, რომ დროებით დახშულ იარებს ზედ დასდებოდა და მოეწამლა. --- რატი ავაზნელის ცხოვრებაში საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო- გამხდარიყო ნამდვილი და საბოლოოდ დაებრუნებინა სახე, რომელიც ბავშვობაში წაართვეს. კარგად აცნობიერებდა იმასაც, რომ ეტაპი, რომელზეც გადადიოდა, საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, გაეწმინდა ძველი სახელი და ყველასთვის განსხვავებული საკუთარი პორტრეტი წარედგინა. პირველ რიგში, თავის სიმშვიდეზე უნდა ეზრუნა, რომ შემდეგ უფრო პრიორიტეტული საკითხები დაესახა მიზნად და შესაძლებლობებზე დაყრდნობილი ამოცანებისთვის ფრთები შეესხა. სიმშვიდის გარანტად მხოლოდ მელანის გვერდით ყოფნას მიიჩნევდა, მაგრამ ამას დამოუკიდებლობა და ფინანსური უზრუნველყოფაც სჭირდებოდა, რომელიც სამწუხაროდ არ გააჩნდა. დიდხანს ბჭობდა თავისთვის, თითოეულ დეტალს აანალიზებდა, ბევრი რაღაცის გადაფასებაც მოუხდა და იმ ზღვრამდე მივიდა, რომ მიუხედავად ბევრი ხელის შემშლელი გარემოებისა, მელანი ყოველ მიზეზ გარეშე საქართველოში უნდა დაეტოვებინა. ძალიან ჩამოყალიბებული იყო, ზუსტად იცოდა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, შესაძლოა ვიღაცისთვის ძალიან სულელური, მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ნაპირზე გამორიყული თევზისთვის წყალში დაბრუნება. კაბინეტში მომუშავე მამას წინ ჩამოუდგა და სთხოვა, რამდენიმე წუთი მისთვის სალაპარაკოდ გამოეყო. ტიტე გაკვირვებული შეჰყურებდა შვილს, ადრე სასაუბროდ ძირითადად ყოველთვის თავად უწევდა ინიციატორის როლში ყოფნა. ახლა კი მის ნაცვლად ამას რატი აკეთებდა. ბიჭი მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და შეეცადა, მამასთან ძალიან ახლო, მეგობრული და გულწრფელი დიალოგი გაემართა: -რასაც ახლა გეტყვი, შეიძლება არასერიოზულად მიიღო, მაგრამ ძალიან გთხოვ, შემოდი ჩემს მდგომარეობაში. -მშვიდობაა?- სახე შეეცვალა ტიტეს, ეგონა რაღაც საშინელი ამბის გასაგებად ამზადებდა. -ერთი გოგო შემიყვარდა. მამაკაცს გულზე მოეშვა და მკრთალად გაეღიმა: -შენ რა გითხარი, სანამ ამას მეტყოდი, ლამის სიცოცხლე გავათავე. მერე მაგას რა სჯობს? -ეს დროებითი გატაცება არ არის. ცოლად მინდა, მოვიყვანო და მაინტერესებს, შემიძლია, შენი იმედი მქონდეს? ტიტე გაჩუმდა, უნდოდა, შვილის სახეზე რაღაც წაეკითხა. თავადაც არ იცოდა რას ეძებდა, მაგრამ რაც იპოვა, მიხვდა, რომ რატისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო. -კარგად დაფიქრდი? -შენ წარმოიდგინე, ძალიან კარგად. -შენს ასაკში შეიძლება გემოვნება სხვა გქონდეს, მერე რაღაც ფაქტორების გამო, ისევ შეგეცვალოს, მერე ისევ და რამდენიმე წლის შემდეგ დღევანდელი არჩევანი სასაცილოდ მოგეჩვენოს. ქორწილი და ვიღაცისთვის ცხოვრების დაკავშირება სათამაშო ამბავი არ არის, შვილო და ძალიან გთხოვ, ამ თემას ასე ნუ აიგდებ. ერთმა დაშვებულმა შეცდომამ და არასწორად შერჩეულმა ცხოვრების თანამგზავრმა პირად უბედურებამდე შეიძლება, მიგიყვანოს. სამწუხაროდ, ასეთი შეცდომები ისე ღრმად აჩნდება ჩვენს სულს და ცხოვრებას, წარუშლელ კვალს გვიტოვებს და მერე მათ აღარაფერი ასწორებთ. -მამა, არ გინდა რა ეს „მაინც მამა ვარ და რაღაც უნდა ვთქვა ბაზარი“- ჩაეცინა ბიჭს. -ის მაინც მითხარი, ვისზე ვსაუბრობთ? -შენც იცნობ. აქ რამდენჯერმე იყო, წიგნებიც ათხოვე. -აჰ, უცხო აქცენტით რომ საუბრობდა? -კი, ეგ არის. -კარგი გოგო ჩანს, მაგრამ ხომ გეუბნები, არ აჩქარდე. -არ ავჩქარდებოდი, თუ მისი დაკარგვის საფრთხე არ იქნებოდა. ის აქ დროებით ცხოვრობს, დეკემბრის ბოლოს ამერიკაში ბრუნდება. -მერე რა პრობლემაა? ხან შენ ჩახვალ იქ, ხან ის ჩამოვა. ისწავლეთ, ფეხზე დადექით და მერეც თუ გენდომებათ ერთმანეთი, შეუღლდით. ვინ დაგიშლით? -ერთ წელიწადში ერთხელ და ორჯერ შეხვედრა დიდი ვერაფერი შვება და ხეირია. დრო და მანძილი ურთიერთობებს ღუპავს. რას გიხსნი? შენც კარგად იცი, რომ ასეა. -მოკლედ, არ იშლი შენსას,-თავს აქნევდა მამაკაცი. -ხარ ჩემს გვერდით, თუ არა? -დავფიქრდეთ, ავწონ-დავწონოთ. -შენ რაზე უნდა დაფიქრდე? ამ საკითხში ვინც რამეზე უნდა დაფიქრებულიყო, ეს მე ვარ. -განა ასე იოლია? ქორწილის ამბებს და მომზადებას ვგულისხმობ. -უარზე ხარ? -არა, საიდან მოიტანე? -მაშინ მითხარი საბოლოო პასუხი, რატომ მაწვალებ? -იყოს ისე, როგორც გინდა. -ჯიგარი ხარ!- ბიჭს სახეზე ღიმილი აუთამაშდა და მხარზე ხელი რამდენჯერმე დაჰკრა მამამისს. -მოიცა, მე რომ შემახუჭუჭე, იმ გოგოს მშობლებს შეუთანხმდი? -იმ გოგოს მშობლები ამერიკაში ცხოვრობენ. აქ ბებიასთან არის. -და ისინი რას ამბობენ? -ჯერ მელანომაც არ იცის, რომ ხელის თხოვნას ვაპირებ. დაველაპარაკები და ის თავის მშობლებთან შეათანხმებს. -მაშინ წინ დიდი ვნებათაღელვა გელოდება,- სავარძლიდან წამოდგა მამაკაცი და შვილს გაუცინა. -ჰო, ასეა,-რატიმ მამისგან სითბო და მხარდაჭერა რომ იგრძნო, ძალიან ესიამოვნა და თავადაც ალალად შესცინა. *** -გეფიცები, არცერთი არ ხართ ნორმალური. კარგი, ის პირველკურსელი სტუდენტია, ახალგაზრდა და მის ასაკში ვნებებს აყოლა ბუნებრივიც არის და ამიტომ არ მიკვირს, მაგრამ შენ რაღამ გადაგრია?- ცხარობდა თეკო. -მოგიკაკუნეს ახალმა აზრებმა და გადავდივართ მუდმივი კამათის შემდეგ სერიაში? -რა შუაში იყო ახლა ეგ? ყველაფერი უკუღმა გესმის. - ვერ ამჩნევ, რომ ბოლო დროს რატი სხვანაირი გახდა? -„და სიყვარულო ძალსა შენსა?“ ნეტა აქამდე სად იყო ის გოგო? იქნებ კიდევ უფრო ჩაეშაქრა შენი ბუნტისთავი ვაჟკაცი?- თავაზიანობით შენიღბული დაცინვა გამოხატა ქალმა. -თუკი ეს ჩემი შვილისთვის ამ ეტაპზე მისი უკეთესობისკენ შეცვლის ერთადერთი გზაა, მზად ვარ, როგორც მშობელი გვერდში დავუდგე და ნება იბოძე, პატივი სცე ჩვენს გადაწყვეტილებას. -როგორც მიბრძანებთ. მე ხომ აქ არაფრის უფლება მაქვს. -თეკო, არ გამაბრაზო! მორჩი შხამის ფრქვევას და თუ თავს ოჯახის წევრად თვლი, ორგანულად მიიღე და გაითავისე რაც აქ ხდება. -ჰო, აბა, რა. იქნებ ის გოგო უკვე ორსულადაც არის და სამშობიაროშიც ერთად მოგვიწიოს მისვლამ. რა სჯობია ორი ავაზნელის ერთად დაბადებას? სამარცხვინო ხალხი ვართ. მამაკაცს მოთმინების ფიალა აევსო, გამწყრალი წამოუხტა და ხმას აუწია: -სიტყვები აკონტროლე! ის, რომ ორსულად ხარ, არ გაძლევს უფლებას, გათავხედდე და უკადრებელი იკადრო. ძალიან არასწორად მსჯელობ და ჩვენს ყოფას დღითი-დღე აუტანელს ხდი. უკვე ვიხრჩობი შენი საქციელით. საუბრის დროს ზღვარი დაიცავი და ნუ გადმოაბიჯებ, თორემ არ მოგიტანს ეს კარგს. ისევ შენთვის ვამბობ!- გამოსაფხიზლებლად უთხრა და მარტო დატოვა. --- ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც რესტორნიდან მეგობრებთან ერთად გამოსული ტიტე ავაზნელი ავტოსადგომისკენ წავიდა. ვიდრე თავის მანქანას მიუახლოვდებოდა, ქალის სილუეტი დაინახა. ქარი თავზე მოხვეულ ძვირფას თავშალს ხდიდა და გრძელ, სწორ თმას ბინდში ფრანივით უფრიალებდა. თეთრი კაბა ეცვა, წარამარა ჰაერში ატაცებულ თმას ისწორებდა და მამაკაცს უღიმოდა. -შეუძლებელია! თვალთახედვა მატყუებს,- წარმოთქვა ელდანაცემმა, გამოცხადება ალკოჰოლს დააბრალა და თვალები მოიფშვნიტა. ხელმეორედ რომ თვალებიდან გამოიხედა, ქალი სადღაც გამქრალიყო. აღარსად ჩანდა... ტიტეს ცივი ოფლი ასხამდა, მანქანის კაპოტზე ჩამოჯდა და ნანახის შემდეგ თავს გონზე მოსვლა აცადა. ამღვრეული აზრები კვლავ დამძიმებულ სულს ერეოდნენ და ტყვიასავით უნგრევდნენ გულის ფიცარს. რამდენიმე წუთში ყველაფერი დალაგდა. წარსული წარსულს დაემსგავსა და აწმყოს მშვიდად გაგრძელების საშუალება მისცა. ტიტემ ამოიგმინა, შიგნით დაგროვილი ბოღმა იმ საშინელ გმინვას ამოატანა და სასწრაფოდ გაეცალა რესტორნის ტერიტორიას. --- რატიმ მელანისთვის ხელის თხოვნის ცერემონიალი თავად დაგეგმა და სანდროსთან და თემოსთან ერთად თითქმის მთელი დღე მოუნდა სამზადისს. გეგმა ასეთი იყო: რადგან მელანი უკვე დიდი ხანი იყო, ეხვეწებოდა სადმე, პიკნიკზე მეგობრებთან ერთად წასულიყვნენ, მისი სურვილი გაითვალისწინა და გადაწყვიტა, საბადურის ტყეში, უახლოესი მეგობრების წრეში ხელი ეთხოვა. სანდრო და თემო მთელი დღე დაჰყვებოდნენ მაღაზიიდან მაღაზიაში, რომ ბუშტები და ყველა საჭირო აქსესუარი შეეძინათ. მაგიდა განსხვავებულად გააფორმეს და ყველაფერი რომ მზად ჰქონდათ, რატი და რამდენიმე მეგობარი საბადურის ტყეში დარჩა, ხოლო სანდრო და თემო მელანის მოსაყვანად წავიდნენ. გოგონას სახლში მიაკითხეს, მიზეზად ის მოიდეს, რომ რატი ერთ ადგილას სასწრაფო საქმეზე ელოდებოდა და საბადურის ტყისკენ წაიყვანეს. საპიკნიკო ადგილს რომ მიუახლოვდნენ, თვალებზე ხილბანდი ააკრეს და ბუშტებით, გულებით და ნაირფეროვანი წვრილმანებით მოკაზმულ მაგიდამდე მიაცილეს. მელანი მთავარი სანახაობისგან ზურგით დააყენეს, მერე სახვევის მოხსნაში დაეხმარნენ და კონვერტი გადასცეს. -შეგიძლია, კონვერტი გახსნა, წერილი ამოიღო და წაიკითხო,- ღიმილით უთხრა თემომ და გვერდზე გაიწია. გოგონა უცნაურად ღელავდა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა და ავტომატურად აკეთებდა, რასაც ეუბნებოდნენ. ბარათი გახსნა და ხელწერა იცნო, რატის მიერ იყო დაწერილი: „ მელანო, მე არ შემიძლია სხვებივით სიტყვები მოგიჩუქურთმო და მაღალფარდოვანი სიტყვებით დავიკვეხნო, მაგრამ რასაც ამ ბარათში ამოიკითხავ, მინდა, იცოდე, რომ ყველა სიტყვა გულიდან მოდის. დიდი ხანი არც არის, რაც სიყვარულში გამოგიტყდი, მაგრამ მეჩვენება, რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ და ზუსტად ვიცი, ის ხარ, ვინც მავსებს. შენს გარეშე ნახევარი დავდივარ და უშენოდ გატარებული ყოველი წუთი მენანება. ის ადამიანი ხარ, ვინც მჭირდება და მუდამ გამაბედნიერებს. არ მახსოვს ჩემს გულსა და გონებაში როდის შემოიჭერი, როდის დაეპატრონე ორივე მათგანს, მაგრამ ეს ამბავი არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით. რაც დაგიახლოვდი, მიუხედავად ჩემი ბევრი სისუსტისა, შენ ყოველთვის მაგრძნობინებ, რომ ძლიერი ვარ. მიუხედავად მილიონი ნაკლისა, მაინც ყოველთვის მაგრძნობინებ, რომ საუკეთესო და უნაკლო ვარ. მიუხედავად ბევრი შეცდომისა, მაინც მაგრძნობინებ, რომ შეუცდომელი ვარ. მიუხედავად რთული ბუნებისა, მიძებნი განსაკუთრებულ გზას, ჩემამდე მოხვიდე და გიყვარდე ისეთი, როგორიც ვარ. მინდა გითხრა, შენს გარეშე მეტი აღარ შემიძლია და გთავაზობ კიდევ უფრო დავახლოვდეთ ერთმანეთთან, რომ სანამ ცოცხალი ვარ და გული მიფეთქავს, აღარასოდეს მომენატრო. გახდი ჩემი მეუღლე! ყველანაირად შევეცდები, მეც იგივე გაგრძნობინო, რასაც შენ ყოველ დღე სჩადიხარ!“ -ვაიმე, -აღმოხდა ემოციებისგან აკანკალებულ გოგონას, წერილი ხელიდან გაუვარდა და სახეზე ხელები აიფარა. ყველა გრძნობა ერთიანად მოაწვა და მთლიანად აირია. უკნიდან რამდენიმე მეგობრის ყიჟინა ატყდა და ამან კიდევ უფრო დააბნია. -უკან მიიხედე, მელანო,- ეუბნებოდა სახეგაბრწყინებული სანდრო. გოგონამ მიიხედა და ცალ მუხლზე დამდგარი რატი დაინახა, რომელსაც ხელში პატარა ყუთში მოთავსებული ბეჭედი ეკავა. სახემოღიმარი სატრფოს დანახვამ კიდევ მეტად მოცელა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. -გამომყვები ცოლად?- არ დააყოვნა ავაზნელის ხმამ. მელანი იდგა და ხმას ვერ იღებდა. ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ იმას არა, რომ რატი ასე მოკლე ხანში ხელს სთხოვდა. ყველა გოგონას შესცქეროდა და მის პასუხს ელოდა, რომ უფრო მეტი ხმაური აეტეხა. ბედნიერების, სიხარულის ხმაური... მაგრამ პასუხი საეჭვოდ აგვიანებდა. -მელანო,- კითხვის ნიშნებით სავსე სახით შესცქეროდა მის წინ ჩამუხლული რატი და გულის ფანცქალით ელოდებოდა მის სიტყვას. აფორიაქებული სული და აზრები სადღაც შორს იტაცებდნენ, იქით, რომელიც მრავალი წლის წინ გორიჯვრის ტყეში მოხდა. ყურებში მუხლებზე დავარდნილი საცოდავი სახით მომზირალი ნინოს ხმა ჩაესმოდა, რომელიც დანდობას ითხოვდა, სიცოცხლეს ითხოვდა... აგერ ვიღაც მამაკაცმა ხელი სასხლეტს გამოჰკრა და ის შემზარავი ხმაც გაისმა. ტყვიამ სიცოცხლის მათხოვარი თეთრ თოვლზე სისხლად გადაჰფინა და უსულოდ აქცია. -მელანო,-გულის სწორმა კვლავ თავი შეახსენა სახეშეშლილს. გოგონამ რატის თვალებში ჩახედა და სხვენში შენახული ნახატებიდან მისი პატარაობის დროინდელი დახატული მზეები გაიხსენა. ის მზეები, რომლებიც დაბნელებას არ ნებდებოდნენ. ის სითბო და ალერსი გაიხსენა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მთელ სხეულს უწვავდნენ, ის გაორმაგებული გულის ცემა გაიხსენა, რომელიც იმ წამებში მხოლოდ მას ეკუთვნოდა და დაბალ ხმაზე აღმოხდა: -კი. იმ მომენტში ისევ სიცოცხლე ყოჩაღობდა, ისევ სიყვარული სწონიდა სასტიკ წარსულს და მხოლოდ მელანომ იცოდა ეს „კი“ რის ფასად უღირდა და რამდენად საშინელი სათქმელი იყო. ან იქ მყოფებში სხვა როგორ მიხვდებოდა?.. სიხარულის ეიფორიაში ჩავარდნილი მეგობრები კივილ-წივილით უკრავდნენ ტაშს. ავაზნელი წამოდგა და ბეჭედი თითზე გაუკეთა. იყო მილოცვები, მხიარულება, კოცნები, ჩახუტებები და ბედნიერი პიკნიკი. *** საღამო ხანი იყო, როდესაც დაიშალნენ. რატიმ და მელანიმ რამდენიმე მეგობარი სახლებში ჩამოარიგეს და მარტო რომ დარჩნენ, ბიჭმა მანქანა გააჩერა და გოგონას მიუბრუნდა: -მელანო, რაღაც უნდა გკითხო და გთხოვ არ გეწყინოს. -გისმენ, რა უნდა მკითხო?- იცოდა, რასაც ჰკითხავდა, მაგრამ თავი მოაჩვენა, რომ ვერ მიუხვდა. -როცა ხელი გთხოვე, პასუხზე რატომ ყოყმანობდი? არის რამე, რაშიც ეჭვი გეპარება? -არა, რაში უნდა მეპარებოდეს ეჭვი? -ჩვენს სიყვარულში. -არა. -აბა, რა მოხდა? რატომ ვერ ამბობდი ვერაფერს? -მოულოდნელი იყო და ცოტა დავიბენი. -ვითომ? -ჰო,- გაუღიმა და ნაღველი რომ დაემალა, თვალები დახარა და გულზე მიეკრო,- რომ იცოდე ეს ხმა როგორ მიყვარს,- გულისცემაზე მიანიშნა და გაიყურსა. ბიჭმა სახე ააწევინა და წყლიან თვალებში ჩახედა: -თუ რამე გაწუხებს, არაფერი დამიმალო. -არა,-ამოილუღლუღა და ისევ მიეკრო. -იცი როგორ მიყვარხარ? -არ ვიცი. -არ იცი? -არა,- ჩაეცინა გოგონას. -უზომოდ,-კვლავ ააწევინა სახე და მის ტუჩებს დაეწაფა. --- სამსახურში მიმავალ, შუქნიშანზე მანქანით გაჩერებულ ტიტეს კვლავ იგივე ქალი გამოეცხადა. უამრავ ყოველდღიური პრობლემებით შეწუხებულ ხალხს უწყინარი სახით გაჰრეოდა და ძალიან ნაზად მიარხევდა ლამაზ და მოხდენილ სხეულს. წამით შედგა, შეხედა და გაუღიმა. ღიმილის დროს ლოყა ჩაეჩვრიტა. -ახლა გავგიჟდები,- მიაშტერდა ქალს და კვალი რომ არ დაეკარგა, თვალთახედვით გაჰყვა ქუჩას, საითკენაც იგი გადადიოდა. მერე მანქანა პირველივე შესაძლებლობა სადაც მიეცა, იქ გააჩერა და ქალს დაედევნა. დიდხანს ეძება და ხალხში არეული ისევ შენიშნა. ლურჯ მოსაცმელზე დაყრილი ხშირი, სწორი, წაბლისფერი თმა, პატარა, ლამაზი სახის ნაკვთები და მსუბუქი სიარული ყველასგან გამოარჩევდა და დიდი ხნის წინ დაკარგულ სატრფოს ახსენებდა. -როგორ ჰგავს ნინოს, -გუნებაში ფიქრობდა და მიშტერებით მისდევდა. ქალმა როგორც კი მასზე დადევნებული მამაკაცი შენიშნა, მაშინვე ფეხს აუჩქარა და სავაჭრო ცენტრში შეიჭრა. უამრავ მაღაზიას შორის ძნელი იყო, გამოგეცნო შესასვლელად რომელი მათგანი აირჩია. აქეთ-იქით დადიოდა და ყველა მაღაზიაში იხედებოდა, მაგრამ ქალი არაჩვეულებრივად ეთამაშებოდა -დროდადრო დაენახვებოდა და ისევ ქრებოდა. თითქმის ნახევარი საათი სდია და ბოლოს რომ მობეზრდა, ხელი ჩაიქნია: -მეც სულელი ვარ, ვის ვეძებ? იმას, რომელიც ცოცხალი აღარ მყავს? აზრზე მოდი, ტიტე, -საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები, ხელი ჩაიქნია და სავაჭრო ცენტრიდან გავიდა. *** -უფ!-კმაყოფილი სახით თქვა სახლში დაბრუნებულმა მანომ,- მგონი ვაჟბატონმა ტიტემ ჩემი არსებობის შესახებ არ იცის. -რა იყო, კიდევ გააგიჟე?- სერიოზული სახით ჰკითხა მელანიმ. -შენ როგორ ფიქრობ, შემებრალებოდა? -როგორ დავიჯერო ნინოს ნათქვამი არ ჰქონდა, რომ ტყუპის ცალი და ჰყავდა? ჩემამდე არ დადის. -რომც ჰქონოდა, რა? ჩემი გარეგნობა მაინც აკეთებს თავის საქმეს- ცოდვებს ახსენებს, ცოდვებს! -მე არ მომწონს ეგ თამაში. მაგას მირჩევნია, ისევ სამხილები ვეძებოთ. -ნაპოვნი სამხილები არაა საკმარისი, რომ მკვლელობა დავამტკიცოთ. ამიტომ იძულებული ვარ, მე დავსაჯო ჩემი კანონებით და ნელ-ნელა ფსიქიკა მოვუსპო. -არაა ეს სწორი საქციელი, მანო. -გეხვეწები, მელანი რა. გაჩერდი, გთხოვ. -რას მოგცემს ტიტეს ჭკუიდან გადაყვანა? -მრავალწლიანი სულიერი ტანჯვის შემდეგ მიღებულ შვებას. -მე კანონიერი გზით, საკუთარი დანაშაულისთვის ციხეში წასული ტიტეს დანახვა უფრო მომცემს შვებას. რასაც ახლა აკეთებ, არაფრით განსხვავდები ნინოს მკვლელისგან. -ოპა! კენედის მკვლელობაც შემთხვევით ჩემი ჩადენილი ხომ არ გახლავთ, ქალბატონო მოსამართლევ? - ჩემთვის ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი მოსიარულე გვამია, რომელმაც სიცოცხლე მაშინ დაასრულა, როდესაც სულიერი აშლილობა დაეწყო. არაა აუცილებელი ვიღაცას სიცოცხლე დანის ყელში გამოსმით, ტყვიით ან სხვა გზით წაართვა, ადამიანის განგებ გაგიჟებაც იგივე დანაშაულია, რაც კაცის მკვლელობა. -სად არის სამხილები? აბა, სამხილები?- ვეცადეთ, მოგვეპოვებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. -რაც გვაქვს, იმითი რომ მივადგეთ პოლიციას? -არაა საკმარისი. ვესაუბრე უკვე კომპეტენტურ პიროვნებას. -არც ესაა იდეალური გამოსავალი, მანო. დამიჯერე რა. კარგად იცი, უსამართლობას როგორ ვერ ვიტან. ქალმა თვალები დახუჭა, საფეთქლებთან თითებით დაიზილა და მობეზრებული სახით თქვა: -რაც შეიძლება, დროზე მინდა დასრულდეს ყველაფერი. აღარ მინდა, შურისძიების წყურვილი ხახადაღებული მხეცივით დამდევდეს და ხან ერთი მხრიდან გამომკრას ბასრი კბილები, ხან მეორე მხრიდან. დღითი-დღე ვიფლითები. -თავად მიეცი საშუალება მაგ მხეცს, შენ უბეში გამოზრდილიყო, მანო. დაგიმონა. -და შენ არ დაგიმონა შურისძიების სურვილმა? -ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა- მე სიმართლისთვის ვიბრძვი, შენ კი ადამიანის განადგურებისთვის,- ამოიხვნეშა დადარდიანებულმა მელანიმ. ქალი შეფიქრიანდა. თითებით უნებურად ქვედა ტუჩის წვალება დაიწყო და თვალები იატაკს გაუშტერა. -არის კიდევ ერთი, რაზეც მინდა, გელაპარაკო და რაც ჩქარა, მით უკეთესი,- გოგონამ თავის და აზრების ლაბირინთს მოსწყვიტა. -რა მოხდა? -პირდაპირ გეტყვი, რატი ავაზნელმა ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდი. უმცროს ავაზნელს რომ მელანი უყვარდა, ამის საქმის კურსში იყო, მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა მათი ურთიერთობა, ყველაზე ალოგიკურ ფიქრებშიც არ დაუშვებდა. -რა მითხარი? -ადგილზე გაშეშდა მანო და იგრძნო, როგორ გაიყინა შიგნიდან. -რაც გაიგონე. -ორი ვარიანტია- ან გაგიჟდი, ან უნიჭოდ ხუმრობ. -არც ერთი და არც მეორე. -აბა, მაშინ რა ჭირი გეტაკა?- გაანჩხლდა მანო. -შემიყვარდა, მანო. რატი ავაზნელი ძალიან შემიყვარდა. -ახლა მოვკვდები. რით დავიმსახურე, ასე სასტიკად რომ მისწორდები, ღმერთო? -თავზარდაცემულმა ქალმა ხელები მაღლა აღმართა. -ასეც ვიცოდი,- აღმოხდა გოგონას,- საინტერესოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდება შენი ისტერიკა? ქალს სახე კიდევ უფრო შეეშალა და თვალები დაუბრიალა: -შენ არ იყავი, იმ ბიჭზე ათას სისაძაგლეს რომ ამბობდი? -კი, მე ვიყავი, მაგრამ შემდეგ სულ სხვა კუთხით გავიცანი და მივხვდი, რომ ადამიანის შეფასებისას თავდაპირველად შექმნილ შთაბეჭდილებას ყოველთვის არ უნდა ვენდოთ. -ვხედავ, კარგად ჰყოლიხარ დამუშავებული. -ჰო, ეგრეა. როგორც ჩანს, ავაზნელები რაღაც საოცარ მიზიდულობას ქმნიან ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. -არ გინდა ეს სარკაზმი რა. ისედაც სუნთქვა ისე შემიკარი, თავი ჭლექით დაავადებული მგონია! აუ, ეს რა იდიოტობა გააკეთე, მელანი. არადა, კაცი შემოგხედავს, დაგელაპარაკება და ჭკვიანი გოგოს იმიჯს ქმნი,- აგრესიას აგრესიაზე ავლენდა მანო. -არ გინდა ეს შეურაცხყოფა და დამცირება,- თავი გააქნია გოგონამ. -იმ გზით, რომლითაც თავიდან მივდიოდით, რატი ავაზნელი ბოლოში არ ჩანდა. იქ მისი ადგილი არ იყო! მხოლოდ ჩვენ ორნი ვიდექით გამარჯვების ადგილზე. მკვლელების და მისი ოჯახის წევრების ადგილი ჩვენს გვერდით არ არის და შენ უარს იტყვი მის ცოლობაზე. -ამ დღეებში აქ მოვლენ და ბებიას დაელაპარაკებიან. ასე, რომ ჩვენი ქორწინება შედგება! მალე სამზადისს ვიწყებთ. -რამდენს ბედავ?!- ყვირილით წამოუხტა მანო. -გამაგებინე, რატი რა შუაშია? რატომ უნდა აგოს მამის ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი? -ამ ბოლო დროს ირაციონალური აზროვნება გიპყრობს. შენ და სამყაროს რაობის და კანონზომიერების შემეცნება ძალიან დაბალ ინტელექტუალურ დონეზე დახვედით. -დიდად გმადლობთ, ქალბატონო მანო. მე ამას არასოდეს გაკადრებდით. მარტო თქვენ ხართ რაციონალური, მიუკერძოებელი, წესრიგიანი და მაღალზნეობრივიც. მე თქვენნაირთან რა მესაქმება? ვერ მოგწვდებით,- დათრგუნული მელანი ადგილიდან წამოდგა და სახლიდან გაიქცა. დივანზე მისვენებულმა, წნევით შეწუხებულმა და თვალებმილულულმა ქალბატონმა მერიმ სამზარეულოდან შურდულივით გამოვარდნილი მელანი რომ დაინახა, თავისთვის ჩაილაპარაკა: -რა დაემართა ამ გოგოს? -თავი დაანებე, წავიდეს!-შეჰყვირა ნერვებს აყოლილმა მანომ. -თქვენ მე გადამიყოლებთ!-აღმოხდა ხანდაზმულს და ხელის ფათურით იქვე მიგდებულ კაშნეს დაუწყო ძებნა, რომ ატკივებული თავი მჭიდროდ შეეხვია. *** მარტო დახეტიალობდა და ამაში იღებდა სიამოვნებას. ზოგჯერ ძალიან უყვარდა საკუთარ თავთან დარჩენა და უხილავ მესთან ეგზისტენციალურ საკითხებზე საუბარი. ხშირად იმდენად იჭრებოდა ფილოსოფიაში, ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები ერთმანეთში ეხლართებოდნენ და ბოლოს აჯანყებული შეგონებების ბურუსიდან სადღაც ნეიტრალურ ადგილას გაინაპირებდა ხოლმე და ზემოდან დახედავდა არსებულ მდგომარეობაში მოქცეულ თავს. მისი ბუნებიდან გამომდინარე, არასოდეს უყვარდა უკიდურესობაში გადავარდნა. ერთ აზრს მეორესთან დააზავებდა, მეორეს მესამესთან, მესამეს მეოთხეს აუმხედრებდა და ასე, ბოლოს საკუთარი რეფლექსიებით იქმნიდა აზრს სამყაროში მიმდინარე ფაქტორებზე, რაღაცის სისწორეზე, რაღაცის არამართებულებაზე... აი, ახლაც, ზუსტად იცოდა, რომ ის „კი“ რომელიც საბადურის ტყეში ტანჯვის ფასად წარმოთქვა, არა მხოლოდ რატი, არამედ თავადაც იმსახურებდა და სამყაროში მომხდარი ყველაზე დიდი უსამართლობა იქნებოდა, მისი უარით ორივე დასჯილიყვნენ. ქუჩაში უამრავი ადამიანის სილუეტი იხატებოდა და იშლებოდა. მელანი კვლავ ნაცრისფერ ტროტუარს მიუყვებოდა და უცხო ქალაქში დაკარგულივით აქეთ-იქით აცეცებდა არეულ თვალებს. მისდა უნებურად, პარკში შევიდა, შემოდგომის ხეების სურნელი ღრმად შეისრუტა და ყვითელ-წითელი ფოთლებისგან მოქსოვილ ხალიჩაზე განაგრძო სიარული. უკვდავი მეგობრები დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი სადღაც ხის ტოტებზე ჩამომსხდარიყვნენ და სეზონივით სავსე, მაგრამ სევდიან მუსიკას ქმნიდნენ... მელოდიებით შთაგონებული, სუსტად მონავარდე გრილი ნიავი დროდადრო რამდენიმე ცალ ფოთოლს თვალს დაადგამდა, მიაკითხავდა, სხვადასხვა მუსიკაზე ააცეკვებდა და ისევ ხალიჩაზე გაჩენილ ცარიელ ადგილებს უბრუნებდა. ლამაზი იყო ბუნების ფუნჯებით შესრულებული ხალიჩა ეფემერული ხანგრძლივობით... სეირნობამ რომ დაქანცა, ანას დაურეკა. სთხოვა, შეხვედროდა და დალაპარაკებოდა. მეგობარმა შეატყო, რაღაც უჭირდა და სადაც დათქვეს, იმ კაფესთან მალევე გამოჩნდა. მელანო მომავლის შიშს იმდენად აჰყოლოდა, სიტყვებს აცახცახებული უყრიდა თავს: -ანა, ვიცი, ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება შენთვის არც ისე სასიამოვნო მოსასმენი იყოს, მაგრამ... -მელანო, შეუგნებელი ადამიანის რამე მეტყობა? რადგან რატის სიყვარულში დარწმუნებული ხარ და ერთმანეთთან ყოფნა ბედნიერებას განიჭებთ, ბოროტი ჯადოქარი არ ვარ, ამ კავშირის დაშლის იდეით ვიყო შეპყრობილი. -საბადურის ტყეში წესიერად ვერც გელაპარაკე, არც დრო იყო, მეც დაბნეული ვიყავი. -არაუშავს, მესმის,- არომატული ყავის სურნელი ხარბად შეისუნთქა და ფინჯანში არსებულ შავ სითხეს ყლუპი მოაკლო. -ისე გემრიელად სვამ, მეც მომანდომე,- ოდნავ გაეღიმა, აკანკალებული თითები ფინჯანს მოჰხვია და ძლივს მოაბა თავი, რომ ტუჩებთან მიეტანა. -რაღაც მოხდა?- ანას უცნაურად მოეჩვენა მეგობრის დაბნეულობა და ქცევები. მელანი დიდხანს ფიქრობდა გაემჟღავნებინა თუ არა საიდუმლო, მაგრამ კვლავ დისთვის მიცემული პირობა გაახსენდა. სიტყვის გატეხვა კი მისთვის არანაირ ადამიანურ ღირებულებებში არ ჯდებოდა. ბოლოს თავი შეიკავა და სიმართლის ის ნაწილი გაანდო, რომელიც ახალ სადარდებლად გახდომოდა: -ოჯახი ჩემი არჩევანის წინააღმდეგია. რატი ავაზნელი სასიძოდ არ მოსწონთ. -რატომ? -არ უნდათ და მორჩა. -და რას აპირებ? -ვიბრძოლებ ჩემი სიყვარულისთვის. შენ რას გააკეთებდი? -ალბათ, მეც იგივეს. -ცოტაც და შევიშლები. ასეთი კარმული რატომ გავჩნდი?- ლოყები ხელის გულებში მოიქცია და უაზროდ დახედა ჯერ კიდევ ცხელ ყავას, რომლისგანაც მომდინარე ორთქლი მის სახემდე აღწევდა და დასალევად იწვევდა. -ადრე თუ მალე შენს არჩევანს შეეგუებიან. -შენ არაფერი იცი. ასე იოლად ეს ამბავი არ დამთავრდება. -ოჰ, ნუ აზვიადებ. ამაზე უარესი ისტორიებიც მსმენია. აი, ნახავ, ყველაფერი კარგად დასრულდება. -ვითომ?-ეჭვის თვალით გახედა მელანიმ. -რა თქმა უნდა. -იქნები ჩემი მეჯვარე?-პირდაპირ გადავიდა შემდეგ საკითხზე. -რა?- ანა ასეთ შეთავაზებას არ ელოდებოდა და უცაბედი შოკი მიიღო. -ხომ იცი, რომ ყველაზე ახლო მეგობრად შენ გთვლი? -არც კი ვიცი, რა გიპასუხო. -ძნელ რამეს გთხოვ? -არა, ალბათ, არა. -მაშინ პასუხი სტუდიაში, მის,- გაუღიმა მელანიმ. ანამ ცოტა ხანს კიდევ იყოყმანა, ბოლოს ხელი ჩაიქნია და ხათრი არ გაუტეხა: -ჯანდაბა შენს თავს! ვიქნები შენი მეჯვარე. -ვიცოდი რა, ვიცოდი, რომ დამთანხმდებოდი. დღეს ერთი რაღაც მაინც გავიგე კარგი. უფ, მადლობა, ღმერთო და მადლობა, ანა. ძალიან მიყვარხარ,- გადაეხვია მელანი. -მეც მიყვარხარ, - იქვე მოჰყვა მეგობრის პასუხიც. --- ღამის თორმეტი საათი. შეხვედრის ადგილი მკაცრად გასაიდუმლოებული. ისევ სახლი, რომელიც იქ მყოფთაგან არავის ეკუთვნოდა და კვლავ ერთი დღით ნაქირავებ ადგილს წარმოადგენდა. სალაპარაკო მაგიდასთან საზოგადოების თვალში საკმაოდ პატივსაცემი პირები დამსხდარიყვნენ. ტიტე ავაზნელი უკანასკნელი იყო, რომელიც აღნიშნულ პირებს შეუერთდა. მშვიდად შეაბიჯა ოთახში, წამიერად შეჩერდა, მაგიდასთან მსხდომებს გადახედა, რამდენიმე მათგანი მაშინვე ამოიცნო და გულში ჩაეცინა. დინჯად მიუახლოვდა მისთვის გამოყოფილ თავისუფალ სკამს, ყველას მიესალმა და ადგილი დაიკავა. როგორც ჩანს, წინასწარ იცოდნენ ტიტეს შესახებ, მისი იქ მისვლა არცერთს გაჰკვირვებია. სერიოზული სახეებით მსხდომებმა წყნარად წამოიწყეს ნარკოტიკის და უკანონო იარაღის შემოტანის მორიგი ფანდების შესახებ საუბარი. უსმენდა ავაზნელი როგორ მსჯელობდნენ როდის, სად და რა გზით უნდა შემოსულიყვნენ სიკვდილის მანქანები, რა ხერხებით და რომელ ობიექტებზე უნდა გადანაწილებულიყვნენ ეშმაკის მიერ მოგონილი მკვლელი იარაღები, ფხვნილი და რომ წარმოიდგენდა ეს პატივსაცემი და ხალხის სიყვარულით განებივრებული ბიძიები როგორ უთხრიდნენ საფლავებს ღმერთის მიერ მოგონილ სიცოცხლეს, გული ერეოდა, სუნთქვა ეკვროდა და საკუთარი თავის რცხვენოდა. რას აღარ დასთმობდა, რომ ახლა მათ გვერდით არ ყოფილიყო, მათი ამაზრზენი ხმები არ გაეგონა და არ მოესმინა, როგორ უნდა შემოპარულიყვნენ სამშენებლო მასალასთან, პროდუქტებთან და ჰუმანიტარული დახმარების საქონელთან ერთად მომაკვდინებელი ძალები. ბოლოს, თავადაც დადო პირობა, მიეღო დროებითი და იძულებითი მონაწილეობა სიბინძურით სავსე ხალხის წამოწყებებში, რომ ხელს შეუწყობდა ბნელი გზებით ფულის კეთებას, რომელზე ფიქრში დღე და ღამე ათენებდნენ, ხარბობდნენ, ვეღარ ძღებოდნენ ვერც ისინი და ვეღარც მათთან დაკავშირებული რგოლები. თავს ყულფში გაყოფილი სუსტი ადამიანივით გრძნობდა, რომელსაც წამიც და ის სკამიც გამოეცლებოდა, რომელიც ერთი ნაბიჯით აშორებდა შავ, კუპრივით ცხელ და სულის მწველ მორევს. *** შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში ცოტნე ავალიანს მიაკითხა და ყველა ინფორმაცია მიაწოდა. დილის პირი იყო, როდესაც სახლში მივიდა. საძინებელში არც კი შეუხედავს, ბარს მიაკითხა, ვისკით სავსე ბოთლს წამოავლო ხელი და კაბინეტში შეიტანა. სისხლში ჩაღვრილმა ალკოჰოლმა კიდევ მეტად აუდუღა ძარღვები და ტვინის უჯრედებს მისწვდა. მერე ნელ-ნელა გაითიშა, სხეული მოწყვეტით გადახარა მაგიდაზე, დარდები დროებით სადღაც გაამგზავრა და წაქცეული ბოთლის და ჭიქის წინ ღრმად ჩაეძინა. --- ვიდრე რატი, ტიტე და თეკო მელანის სახლში ბებიის გასაცნობად და ქორწილის თემაზე დასალაპარაკებლად უკვე გზაში იყვნენ და მათკენ მიემართებოდნენ, მანომ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა და ბინის კარი გაიხურა. -ბებია, ძალიან გთხოვ, შენ მაინც მოიქეცი წესიერად და იმ ხალხს ჩვენზე შთაბეჭდილებას ნუ დაუკარგავ. -ვაიმე მელანო, წესიერად მოვიქცე კი არა, ღერა-ღერა მინდა ეგ თმები დაგაცალო და ის გულისამრევი ხალხიც აქედან პანჩურით გავაგდო, მაგრამ ვინ გყავს ამის ჩამდენი? ყველა გიფრთხილდებით და აი, სადამდე მიგვიყვანა ჩვენმა შენდამი ლოიალურმა დამოკიდებულებამ. ახლა იმაზეც უნდა ვიფიქრო, თურმე იმ გარეწარ ავაზნელებს შთაბეჭდილება არ დავუკარგო. მომწყდნენ აქედან! -შენ რაღა დაგემართა, რა ყველამ პირი შეკარით? -მელანო, ისედაც ლამის არის ეს გული გასკდეს, კიდევ ნუღარ მეკითხები რატომ ვარ ამ დღეში,-ცოფებს ჰყრიდა ქალი. -გეხვეწები უარი არ უთხრა, თორემ ხმას აღარ გაგცემ. -დიდი ამბავი, თუ აღარ დამელაპარაკები. სამაგიეროდ, ჩემი შვილიშვილის მკვლელის ოჯახში მეორე შვილიშვილს არ შევუშვებ. -არ ქნა ეგ, ბებია. ნუ შემარცხვენ. -ვისი გრცხვენია, გოგო? იმ ამაზრზენი ოჯახის? დასანახად ვერ ვიტან. რა ნამუსით უნდა შემოვიდეს ის ვაჟბატონი ჩვენს ოჯახში? -კიდევ კარგი არ იცის, რომ ნინოს ბებია ხარ. -რა მნიშვნელობა აქვს? როცა იქნება, ხომ გაიგებს? -უფ!- ამოიქშინა გოგონამ, იატაკზე დაჯდა და ჟურნალების მაგიდას მიეყუდა. ცოტა ხანს დადუმდა და კვლავ გააგრძელა:- იცოდე, რატის მაინც გავყვები. -ნუ დაგვასხამ თავზე ლაფს, მელანო. დაფიქრდი, შვილო. რატომ ჯიუტობ? არ ვამტყუვნებ მანოს, რომ სახლიდან წავიდა და ამ სიტუაციას გაეცალა. იცი ახლა რა ხდება მის გულში? ნუ გამოგვჭრი საკუთარი ხელით ყელს. შენ ხომ გონიერი გოგო ხარ? -კარგი, ვთქვათ, მამა მკვლელია, მაგრამ შვილმა რა დააშავა? როცა ნინო მოკლეს, რატი დაბადებულიც არ იყო. ამ ამბის გამო ჩვენ რატომ უნდა გავიჭყ*ლიტოთ? -არ ხარ მართალი და შენც კარგად იცი, რომ ასეა. -მიყვარს, ბებია. როგორ არ გესმის? -რას დაგიჩემებია ეს „მიყვარს“? ბიჭები დაილია, კაცო? რაღა მაინცდამაინც ავაზნელების ბიჭს მიახტი? -შენ როგორ შეგიყვარდა პაპაჩემი? ჩაიფიქრე, ამ ბიჭს შევიყვარებ და ცოლად გავყვებიო? ჰოპ და მერე შეგიყვარდა? არ არის ასე, რა. -ერთი რამე დაიმახსოვრე! არც მე და არც მანო თოკებით არ დაგაბამთ. თუ გინდა, გაჰყევი, მაგრამ ვერც მე და ვერც შენს დას იმ ოჯახში ფეხშემოდგმულს ვერ გვნახავ. ცხარე საუბარში იყვნენ, როდესაც კარზე ზარი გაისმა. მელანის გულმა გაორმაგებული სიხშირით დაიწყო ცემა და სტუმრების მისაღებად ჰოლისკენ წავიდა. ქალბატონი მერი ჯერ ცხვირაბზუებული ჩამოჯდა, მერე მოღიმარი სახით შესული ტიტე ავაზნელი რომ დაინახა, მგლოვიარის სახე მიიღო. თეკო ჩვეული სიკეკლუცით, ძალიან თავისუფლად მიუახლოვდა მოხუცს, თბილად მოიკითხა და სავარძელზე ჩამოჯდა. ტიტემ ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა, მაგრამ ქალმა მზერა აარიდა. მამაკაცს ღიმილი სახეზე შეეყინა და გაწვდილი ხელი ცივად წაიღო უკან. რატის არ ესიამოვნა ხანდაზმულის საქციელი და შუბლშეკრულმა შეხედა მელანის. გოგონას ალისფერი დასდებოდა სახეზე, ღმერთს ევედრებოდა, რომ ბებიამისს რამე ზედმეტი არ წამოსცდენოდა, დანარჩენს კი მოგვიანებისთ მის ცუდ ხასიათს, ავად ყოფნას, ან რამე სხვას დააბრალებდა. -ალბათ მელანისგან საქმის კურსში ხართ, რატომ მოვედით,-საუბარი წამოიწყო უხერხულად მყოფმა ტიტემ. ხანდაზმულმა ტუჩები დაპრუწა. -ბებია,- ვედრების თვალებით შეხედა შვილიშვილმა. -დიახ, მითხრა მელანომ,-ქალბატონმა მერიმ უკმეხად უპასუხა მამაკაცს. -ჩვენ მშობლების გაცნობაც გვინდოდა. ისე არ გვინდა გამოვიდეს, რომ ქორწილთან დაკავშირებულ საკითხებში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიხდეს. -მათ ახლა ვერ დავურეკავთ, ცხრა საათიანი დროის სხვაობის გამო, შესაბამისი დრო არ არის და სძინავთ,- კვლავ გულგრილად საუბრობდა ქალი. -კი, მაგრამ არ გააფრთხილე შენი მშობლები? ბოლო-ბოლო ისეთ დროს მოვიდოდით, როცა არ ეძინებოდათ,- საყვედურით შეხედა რატიმ. -აამ, საქმე იმაში გახლავთ, რომ დედ-მამა თანახმა არიან. მამას გუშინ ველაპარაკე და მითხრა, ორგანიზატორული კუთხით ვერა, მაგრამ ფინანსური კუთხით გვერდში დაგვიდგება და ქორწილსაც დაესწრება. რაც შეეხება დედას, სამსახურიდან თუ გამოუშვებენ, ისიც აუცილებლად ჩამოვა. -არა, ფინანსური მხარე პრობლემა არ არის. მე სხვა რაღაც ვიგულისხმე,- გაუღიმა ტიტემ და მელანის მშობლების მიერ შვილის გათხოვების საკითხთან მიმართებულ უცნაურ დამოკიდებულებაზე დაფიქრდა. ქალბატონმა მერიმ შვილიშვილს გახედა და დედასთან დაკავშირებით წარმოთქმულ ტყუილზე გაწიწმატდა: -მელანო, იქნებ მაცალო და უფროსები გვალაპარაკო? -დიახ, რა თქმა უნდა,- თვალები დახარა გოგონამ, რატის გვერდით მიუჯდა და აღელვებულმა ხელი მოჰკიდა. მოხუცმა თეკოს და ტიტეს ქედმაღლურად გადახედა, მერე წარბი აწია და წამოიწყო: -რასაც ახლა აქ ვიტყვით და მოვილაპარაკებთ, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი ეცოდინებათ ჩემი შვილიშვილის მშობლებს და თუ რამეზე კითხვა, ან პრეტენზია ექნებათ, ამასაც გაგაგებინებთ. -კეთილი, მაშინ დავიწყოთ,- თქვა ტიტემ და ჯერ ახალგაზრდებს გახედა, მერე ქორწილის თარიღის დასანიშნად და სხვა დანარჩენ საკითხებზე სალაპარაკოდ მოემზადა. ქალბატონი მერი ზიზღით უსმენდა მის წინ მჯდომ მამაკაცს და რაზეც ლაპარაკობდა, ყველაზე ნაკლებად იქ მყოფებში მას აინტერესებდა. -ნერვიულობ?- ჩუმად გადაულაპარაკა რატიმ საცოლეს. -საიდან დაასკვენი? -ხელის გულები გაგიოფლიანდა,- ხელი მოუჭირა სერიოზული სახით მომზირალმა. -ჰო, ცოტა ემოციების ქვეშ ვარ. -არ გეწყინოს, მაგრამ ისეთი ავი ბებია გყოლია, მეც კი ვინერვიულებდი. მეთქი ცოტაც და აქედან გაგვყრიდა. -ჩუმად, არ გაგიგოს,- იდაყვი მიჰკრა ბიჭს და ჩაეცინა,- ვაი, არ დამავიწყდეს, საჩუქარი უნდა მოგცე. -რა საჩუქარი? -დღეს ხომ იუბილარი ხარ? -ხომ იცი, რომ ჩემი დაბადების დღის აღნიშვნას ვერ ვიტან. -არ აღვნიშნავთ, უბრალოდ საჩუქარს მოგცემ. ჩათვალე, რომ ჩვეულებრივი დღეა და მეც მომინდა და რაღაც გაჩუქე,- ჩუმად წამოდგა, ოთახში შევიდა და სასაჩუქრე პარკში ჩადებული მამაკაცის სუნამო გამოუტანა. ქალბატონ მერის მელანის საქციელი არ გამორჩენია და ბედნიერი სახით მჯდომ წყვილს არწივივით გაგულისებულმა გახედა. სტუმრებს არასახარბიელო მასპინძლის წყალობით, არც ისე დიდ ხანს გაუგრძელდათ იქ ყოფნა. საუბრის დროს ყველა ძირითად საკითხს შეეხნენ, შეთანხმდნენ, რომ ერთი კვირის თავზე უკვე ქორწილის სამზადისს დაიწყებდნენ და მალევე დატოვეს იქაურობა. -რაც ახლა შენ მე გადამატანინე, მტერს არ ვუსურვებ, მელანო,- აღმოხდა ავაზნელების წასვლის შემდეგ გაწბილებულ მოხუცს და თავის ოთახში შეიკეტა. --- -ყველაზე ძლიერი რაც მოგეპოვებათ, დამისხით,- სტაჟიანი ალკოჰოლიკივით ჩამოჯდა სახეალეწილი მანო ბარის დახლთან და შენობაში აგუგუნებულ როკს კისერს აყოლებდა. ბარმენმა ყველაზე დიდი გრადუსის მქონე სასმლის ბოთლებს გადახედა და ბოლოს „ბურბონით“ შეუვსო ჭიქა. -მადლობა,- სასწრაფოდ მოიყუდა ქალმა, უმალ გამოცალა და ჭიქა წინ ხელით გაუცურა,- კიდევ დამისხით. ბარმენი კლიენტის სურვილს დაემორჩილა და კვლავ შეუვსო. -წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, აქვე რომ ჩამოვჯდე?- მანოს ორმოც წლამდე გარეგნობის მამაკაცი დაადგა და ხელში აღებული ჭიქა ჰაერში გააშეშებინა. -თქვენ წარმოიდგინეთ, არა,- ჭიქა კვლავ ტუჩებისკენ წაიღო, მეორეც გამოცალა და უსიამოვნოდ დაიღმიჭა. -ვიცეკვოთ? ქალმა მამაკაცი შეათვალიერა, მისით მოიხიბლა, ეშმაკურად გაუღიმა და თავი დაუკრა: -ერთსაც დავლევ და აუცილებლად გეცეკვებით,- მერე კვლავ ბარმენს შეუბრუნდა და მესამედ მოსთხოვა ჭიქის შევსება. -ცოტა ზედმეტს ხომ არ სვამთ?-უხერხულად შეაპარა ქალს მამაკაცმა. -თქვენი სახელი?- ცალი თვალი მოჭუტა ქალმა. -კახა. -ჩემო ძვირფასო, კახა, აქ ჭკუის დასარიგებლად მოხვედით, თუ ჩემს შესაბმელად?-მესამე ჭიქაც გამოცალა და პასუხს ინტერესით დაელოდა. მამაკაცს ჩაეცინა: -ვაღიარებ, ლამაზი ქალი ხართ და თანაც შარმიანი. -ჰო? მიყვარს სიმართლის მთქმელი ხალხი,- ენა აერია მანოს. -თქვენი სახელი არ მიკითხავს. -ჰოდა, მკითხე,- შემღვრეული თვალებით და გამომწვევი მანერებით იზიდავდა მამაკაცს. -რა გქვიათ? -მანო. - იცი, რომ ძალიან მაცდური ქალი ხართ? -კაი ერთი. -ვიცეკვოთ?- სახე ახლოს მიუტანა ქალს. -ხომ გითხარით, გეცეკვებით-მეთქი? - გაუღიმა და საცეკვაოდ გაჰყვა ახლადგაცნობილს. -ამ ბარის ხშირი სტუმარი ვარ, მაგრამ აქ არასოდეს მომიკრავს თქვენთვის თვალი. -მართლა? ეს როგორ მოგივიდათ? წლებია აქ დავდივარ, - ხუმრობის ხასიათზე დადგა ქალი და შეცხადებული სახე მიიღო. -მატყუებთ. -ვთქვათ და გატყუებთ, მერე? -მერე ის, რომ თქვენი ტყუილიც მესექსუალურება. ქალმა თავი ვეღარ შეიკავა და მამაკაცის მხარზე აკისკისდა: -მოდი, დავამთავროთ ეს ფლირტი და მე ჩემს თავს მივხედავ, თქვენ თქვენსას მოუარეთ. -კარგი ახლა, რა გითხარით ისეთი, რომ გამირბიხართ?- სახე შეეცვალა მამაკაცს. -ისეთი არაფერი, მაგრამ აქ სულ სხვა რაღაცისთვის მოვედი და დიდად მადლიერი დაგრჩებით, თუ მარტო დამტოვებთ. -რამე გიჭირთ? სხვათაშორის კარგი მსმენელი ვარ. -მაპატიეთ, პირველივე შემხვედრს არც გულს ვუშლი და მითუმეტეს, არც ფეხებს. სხვაგან მოხვდით. ისე, თქვენთან რამდენიმე წუთით წაცეკვება კარგი იყო, -თვალი ჩაუკრა და კვლავ ბარისკენ გადაინაცვლა. მუსიკა კვლავ მაღალ ხმაზე გუგუნებდა, მაგრამ ძლივს სწვდებოდა ალკოჰოლით გაბრუებულ მანოს. საკუთარ დარდებთან დარჩენილმა კიდევ რამდენიმე ჭიქა დაამატა და მოკლე ხანში ისე გამოთვრა, სხეული სახლამდე ძლივს მიიტანა: -აი, მეც მოვედი,- ხელები გაშალა და ბებიას და დას არეული თვალებით გადახედა. -რას ჰგავხარ, მანო? რა უბედურებაა ეს, რა არის?- გულშემოყრილი წამოდგა ქალბატონი მერი. -აბა, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? მითხოვდები, დაო?- სავარძელში გაიშოტა და მელანის მიაშტერდა. -ასეთ დღეში პირველად გხედავ, ასე მგონია, სხვას ვუყურებ,- გაოგნებული სახით წარმოთქვა გოგონამ. -როგორ ჩაიარა და ისეა გაჯიუტებული, მამა ღმერთი რომ ჩამოვიდეს, მაინც ვერ გადაათქმევინებს იმ ბიჭის ცოლობას, - უპასუხა გაბრაზებულმა მოხუცმა. -როგორ გული მწყდება, რომ მთელი ამაგი წყალში ჩამიყარე,- სევდით შეხედა მელანის და გააგრძელა,- ამას თავი დაანებე, როგორმე ავიტან, მაგრამ იცი რას ვერ ვინელებ? შენი დის და დედის საფლავს რომ ფეხებით შედექი და ზედ დააფურთხე. ჰო, სწორედ ამას ნიშნავდა ის საქციელი, რაც დღეს ჩაიდინე. მებრალება ნინოს და დედაჩემის წარწყმედილი საფლავები,- ცრემლები წამოუვიდა და მხრებჩამოყრილი გაუყვა საძინებლის გზას. ქალბატონმა მერიმ თანაგრძნობით გახედა უფროს შვილიშვილს და მელანის მიუბრუნდა: -ნამუსი არ შეგაწუხებს, ყოველ დღე შენი სისხლის და ხორცის მკვლელთან ერთ მაგიდასთან იჯდე და პური ერთად გაიტეხოთ? ტფუი, მართლა! უთავმოყვარეო გოგო ყოფილხარ!- თქვა გაკაპასებულმა და მანაც ზურგი შეაქცია. დის სიტყვებზე დაფიქრებული მელანი სააბაზანო ოთახში შევარდა, იქ ჩაიკეტა და კარებთან ატუზული აქვითინდა. --- ცოტნე ავალიანის ფარულ გამოძიებაში ახალი დეტალები გამოიკვეთა. ნარკობიზნესში და იარაღის უკანონო ვაჭრობაში ჩართული საქმის პარტნიორების მუშაობის სქემაც ზუსტად იგივე იყო, რასაც ნოდარ ავაზნელი მიმართავდა- სხვადასხვა, გაურკვეველი პირების სახელზე და გვარზე დარეგისტრირებული ორგანიზაციები, მცირე ბიზნეს-საწარმოები და შემდგომში საბერძნეთში გახსნილ ანგარიშებზე გადარიცხული დიდძალი თანხები. ერთი რაღაც ბადებდა ეჭვს, აბსოლუტურად ყველა ერთსა და იმავე, სამი პიროვნების სახელსა და გვარზე გახსილ ანგარიშებზე რიცხავდა ფულს. ახლა ის იყო დასადგენი, ვინ იყვნენ ბერძნული გვარ-სახელებით დაფიქსირებული პირები, რომლებიც ქართული მხრიდან სტაბილურად იღებდნენ მრავალნულიანი ციფრების ოდენობის ფულს. შესაბამისი კავშირების წყალობით, იმედს იტოვებდა, რომ ამ თავსატეხსაც მალე ამოხსნიდა, არჩევნების წინ არაჩვეულებრივ სანახაობას მოუწყობდა ქართულ საზოგადოებას და მათ მიერ არჩეულ მთავრობასაც საძირკველს მოუშლიდა. პირადად ტიტე ავაზნელს კი ისევ სიტყვას აძლევდა, რომ სულ მალე, მამის ბიზნეს-სქემით ნარკოტიკის შემოტანას და შემდგომ გასასაღებლად სხვებზე გადანაწილებას ყოველგვარი საფრთხის გარეშე აარიდებდა. --- ქორწილის სამზადისი უკვე დაწყებული იყო. ბოლო დეტალებიღა რჩებოდა და რატი და მელანო საბოლოოდ დაუკავშირებდნენ ერთმანეთს საკუთარ ბედ-იღბალს. ლექციების შემდეგ დაპირებისამებრ გოგონამ რატის უნივერსიტეტთან მიაკითხა და მანქანასთან უცდიდა. -ვაჰ, რა საკაიფოდ გამოიყურები,-შენობიდან გამოსულმა ბიჭმა ვნებიანად შეათვალიერა საცოლე. -ვიცი მე შენი „ რა საკაიფოდ გამოიყურები“ ბოლოს რითიც მთავრდება. -ძალიან მინდიხარ! -ძალიან გთხოვთ, ბატონო რატი დაიცხრეთ ვნებები და მუდამ სექსუალურად დაუოკებელის შთაბეჭდილებას ნუ ტოვებთ,- ჩაეცინა მელანის. ბიჭმა წელზე მოჰხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა: -ქუჩაში სექსი დაშვებული რომ იყოს, აქვე დავიოკებდი აშლილ ვნებებს. -მოგხვდება,- ხელით განაგდო მასზე ჩაბღაუჭებული საქმრო. -დავიჯერო არ გინდა? -სად ქუჩაში? მაწანწალა ძაღლებივით, არა? -ნწ! აღვირახსნილი წყვილივით,-ახარხარდა რატი. -რა გეშველება, აჰ? - მხოლოდ ერთი კოცნა და თავს დაგანებებ. -ვაიმე რა აუტანელი ხარ,-მაჯებით მიაწვა გოგონა. -მხოლოდ ერთხელ და მერე სადაც გინდა, წავიდეთ,- კვლავ თავისკენ მიიზიდა ბიჭმა და ტუჩებზე დააცხრა. რამდენიმე საათში რატიმ და მელანომ დარჩენილი საქმეებიც მოაგვარეს და ახლა მხოლოდ ერთი რჩებოდა- მშვიდად დალოდებოდნენ ქორწილამდე დარჩენილი დღეების გასვლას. --- მელანი თავის ოთახში იჯდა, ლეპტოპი მუხლებზე დაედო და მასში თავჩარგული უნივერსიტეტიდან მოსულ დავალებას ონლაინ რეჟიმში ასრულებდა, როდესაც მანომ კარი შეუღო და წინ ჩამოუჯდა. -რა გინდა? თუ ისევ სასაყვედუროდ შემოხვედი, ძალიან გთხოვ, დაამთავრე, საკმარისია!- ახედა გოგონამ და კვლავ კლავიატურის წკაპუნს მოჰყვა. მანომ სერიოზული სახით შეხედა, კიდევ ერთხელ დაფიქრდა, როგორ მიეწოდებინა გონებაში ახლად მოსული აზრი, მერე უძილობისგან დაღლილი თვალები მოიფშვნიტა და დაიწყო: -პარადოქსულია, რომ ნინოს ქორწილიც და შენიც ნოემბრის თვეს დაემთხვა. ამ დროს იგი უკვე გატაცებული ჰყავდა ტიტე ავაზნელს და კაცმა არ იცის სად იყო გამოკეტილი, რა პირობებში ამყოფებდა და როგორ ტანჯავდა. -მე კი უნამუსოდ, ისე, რომ დის და დედის ხსოვნას პატივს არ ვცემ, როგორც უღირსი და და შვილი სამ დღეში ავაზნელების ოჯახში რძლად შევდივარ. ამის თქმა გინდა, არა? ხომ ხედავ, უკვე ზეპირად ვიცი რომელ წინადადებას რას მოაყოლებ,- ვეღარ მოითმინა მელანიმ და ხმას აუწია. -წესიერად მელაპარაკე! სულ ცოტა პატივისცემას მაინც ვიმსახურებ შენგან,- არც მანომ დაიხია უკან და ტონი გაიმკაცრა. -რა გინდა, მანო? -შენთან შეთავაზება მაქვს. ხომ ხარ სამართლიანი? -მერე? -თავადვე აირჩიე, ან ქმრის მამას გაგიგიჟებ, ან ... -კიდევ ერთხელ დაფიქრდა როგორ მიეწოდებინა რთულად დასაყოლიებელი წინადადება. -ან რა?- ინტერესით მიაშტერდა გოგონა. -ან რატის ცოლად არ გაჰყვები და ქორწილის დღეს ტიტე გაიგებს, ვისი დაც ხარ. -სად ნახე აქ სამართალი, რომ აგყვე? -ტიტემ და რატიმ რომ უნდა გაიგოს ვისი დაც ხარ, ეს უსამართლობა არ არის და თუ შეიძლება, დამამთავრებინე! სწორედ მაშინ, როდესაც გკითხავენ, თანახმა ხარ თუ არა, რატი ავაზნელს ცოლად გაჰყვე, თქვენს მახლობლად მდგომ ტიტეს მიუბრუნდები და ეტყვი, რომ ოჯახი, რომელმაც შენი დის, ნინო თადეშვილის და დედის, მაია ხარატიშვილის სიცოცხლე შეიწირა, ვერასოდეს გახდება შენთვის ახლობელი. -შენ ხვდები ამით მე და რატის რამხელა ფსიქოლოგიურ ტრავმას მოგვაყენებ? -მაცალე!- ხელი ასწია ქალმა და გააგრძელა:- იმის შემდეგ, რაც ქორწილში მოხდება, გამწარებული შვილის დანახვის, მისდა სამარცხვინოდ ალაპარაკებული მედია საშუალებების და ჩვენს მიერ გავრცელებული ფოტო- ვიდეო მასალისგან მიღებულ ფსიქოლოგიური წნეხის შემდეგ ბატონ ტიტე ავაზნელს თავადვე მოუნდება, ნინოს მკვლელობა აღიაროს, ან თუ მისი მოკლული არ არის, ყველაფერი გააკეთოს, რომ სახლში რა მასალასაც ინახავს, ყველაფერს ფარდა ახადოს და რაც არ უნდა მწარე იყოს, სიმართლე სააშკარაოზე გამოიტანოს. -რა საჭიროა ქორწილის ჩაშლა და ეს დიდი სირცხვილი, თუკი ისეც შეგვიძლია მივიდეთ და დაველაპარაკოთ? -თავისი ნებით რომ სდომებოდა, ამღიარებელი აქამდე აღიარებდა და იძულებული რომ გახდება საზოგადოებას თავისი უდანაშაულობა დაუმტკიცოს, თუ რა თქმა უნდა, უდანაშაულოა, ყველაფერს გააკეთებს, ეს მკვლელობა გაიხსნას. -არა, რატი არ იმსახურებს ჩემგან ასე სასტიკად მოქცევას. -მაშინ მე და შენ ამ უსამართლობისგან მიღებული დიდი ტკივილით სიცოცხლის ბოლომდე მოგვიწევს ცხოვრება და განადგურება. რატის თუ უყვარხარ, ყველაფერი რომ გაირკვევა და დამთავრდება, გაპატიებს. -არ მაპატიებს. რას იგონებ ახლა? ჩვენი დაშორების ახალ ხერხს? -არა, სხვათაშორის. კარგად დაფიქრდი და თუ მართლა ნინოს მკვლელობის გახსნა გინდა და სიმართლის ზეიმი, მაშინ იცი რაც უნდა გააკეთო. -რატი წინასწარ რომ გავაფრთხილო, ეს ყველაფერი თამაშია-თქო და მიზეზიც ავუხსნა ასე რატომ მოვიქცევი?-სიმწრისგან ტუჩებს იჭამდა მელანი. -არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, იმის უფლებას არ მოგცემს, რომ მამამისი ასე შეარცხვინო, მერე მეორე-შეიძლება შემუშავებული გეგმა სულ სხვანაირად შებრუნდეს და წყალში ჩაიყაროს. მკვლელი ავაზნელების სახლშია. ამაში დარწმუნებული ვარ და თუ ერთ-ერთ წევრს მაინც ეცოდინება ჩვენი განზრახვა, რა გარანტია გაქვს, რომ არ გაგვთქვამს? შენთვის თუ ტიტე ჩვენი ოჯახის უბედურების საწყისია, მისთვის მშობელია. -რატიმ რომ გაიგოს აქ რისთვის ჩამოვედი, მის სახლში რატომ დავდიოდი და ჩუმად რას ვაკეთებდი, არ მოეწონება,- შეშფოთებული განაგრძობდა მსჯელობას. -გამარჯობა შენი. ამაზე ახლა კი არა, მანამდე უნდა გეფიქრა მასთან ერთად სასიყვარულო ამბებს რომ აჩაღებდი. სადამდე დამალავდი? ადრე თუ მალე აუცილებლად გაიგებდნენ და დიდი კამათი მაინც არ აგცდებოდა. -ეგეც მართალია და ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, ჭკუიდან გადავდივარ. -ვხედავ, ძალიან გიყვარს და მესმის, არ გინდა, გული ატკინო, მაგრამ შენი დის მკვლელობის გახსნა მგონი ისევ ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც ადრე. ხომ არ ვცდები? -არ ცდები, მანო, მაგრამ... რატის დავკარგავ. -თუ ეს ნამდვილი სიყვარულია და თქვენც ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი, ძალიან ბევრჯერ იჩხუბებთ და საბოლოოდ შერიგდებით. ოღონდ, პირობა უნდა დადო, რომ მასთან იქამდე არ დაბრუნდები, ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა. -რატომ? -იმიტომ, რომ ეს ტიტეს მოადუნებს. -გეხვეწები მარტო დამტოვე. ვიფიქრებ და გეტყვი საბოლოო სიტყვას. -კარგი, მე გავდივარ და გელოდები,- ხელები ასწია მანომ,- იმედი მაქვს, ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებ. საკუთარ თავთან დარჩენილმა მელანიმ მანოს სიტყვებს სხვანაირად შეხედა და განსხვავებული კუთხით დაუწყო შეფასება. ერთის მხრივ რატი, მეორეს მხრივ ნინო და დედა... -ცოტაც და ტვინში სისხლი ჩამექცევა,-ხმამაღლა წარმოთქვა გოგონამ და საწოლზე პირქვე დაემხო. რამდენიმე საათში ნირწამხდარი გავიდა მანოსთან. ერთ ადგილზე გაჩერდა და უძრავად იდგა. მისი წაშლილი სახე ძნელი მისახვედრი არ იყო, როგორ შინაგან მდგომარეობაზეც მეტყველებდა. დას თვალები გაუსწორა და ათრთოლებული ტუჩებით წარმოთქვა: -გამარჯვება არ არსებობს საზღაურის გარეშე და მე მზად ვარ მსხვერპლი გავიღო. განა ცხოვრება ტანჯვა არ არის? მე თუ სიყვარულში დავმარცხდები, სამაგიეროდ ორივე განვთავისუფლდებით მხრებზე დადებული მრავალწლიანი ლოდისგან, რომელიც უკვე ისე მამძიმებს, პიროვნულ თვისებებს მიპრესავს. ადამიანისთვის თავისუფლება კი უპირველესია. მე ხელს ვაწერ ყველაზე საშინელ და ამავდროულად შვებისმომგვრელ განჩინებას,- რამდენიმესაათიანი აზრთა ღრიანცელისგან და ბრძოლის ველისგან გამორიყული სიტყვები წარმოთქვა და ცოცხალმკვდარი მიესვენა სავარძელზე. --- რატი ავაზნელი ქორწილის წინა დღეს დედის საფლავზე ავიდა. მარმარილოს ქვასთან ჩამოჯდა და მის სახელსა და გვარს მიაშტერდა. დიდხანს იჯდა მოღუშული გაუნძრევლად, სიტყვა არ დასცდენია. როგორ უნდოდა, დედას დალაპარაკებოდა, მაგრამ მეორე მხრიდანაც მდუმარება ისმოდა. მოგონებებმა ის საბედისწერო დღე გაახსენეს, როდესაც ადიდებულ მდინარეში მელანის დასახსნელად გადაეშვა. ხელმეორედ შეიგრძნო სიკვდილთან სიახლოვე და გააჟრჟოლა. გაყინულ ქვას თითები ფრთხილად ააყოლა და შუბლი მიადო. თვალდახუჭულმა დედის სახე აღიდგინა და დაბალი ხმით დაიწყო: - ვიცი, იმ დღეს შენ გადამარჩინე. დაგინახე და გიგრძენი, დედა. შენი ძალაც ვიგრძენი... ვაღიარებ, წყლიდან გამოსვლაში შენ დამეხმარე და მერე შენვე მიმიყვანე მელანოსთან, რომ ისიც მეხსნა სიკვდილისგან. შენი დამსახურებაა, რომ იმ დღეს ჩაკეტილი რატის შინაგანი სამყარო გაირღვა და მის ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელმაც ცხოვრების ხალისი დამიბრუნა. ხვალ ოფიციალურად შეუღლების დღე გვაქვს. გამიხარდებოდა, ჩვენს გვერდით ყოფილიყავი და ხვალინდელი დღის სიხარული შენც გაგეზიარებინა, მაგრამ მესმის, ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვისურვებდით. ჰო, სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა და თუ ჩემი ხმა გესმის, მინდა ისიც იცოდე, რომ მენატრები და ისევ ისე მიყვარხარ, როგორც მაშინ, როცა წახვედი... დედასთან საუბარი დაამთავრა თუ არა, ცივ ქვას თითები შემოაცალა, ფეხზე წამოდგა, ერთხელ კიდევ სინანულით დახედა საფლავს და სევდიანი თვალებით გაეცალა. --- „და როდესაც ადამიანები ადამიანობას ისწავლიან, გააცნობიერებენ, რომ დედამიწის დროებითი სტუმრები არიან და ეს პლანეტა კი ღვთის მიერ ბოძებული თავშესაფარი და ერთი დიდი ოჯახია, რომელსაც საკუთარი ჭერივით მოვლა-პატრონობა, ოჯახის წევრების სიყვარული და გაფრთხილება სჭირდება, მაშინ გამეფდება ნათელი ამ ბინდად ქცეულ და ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე. სწორედ მაშინ დაგვადგება საშველი, რომ ბოღმა, შური, გულის ტკენა, სამაგიეროს გადახდა, ვიღაცის მოშთობა, განადგურება და კიდევ რამდენი ოხერი ჩამოვთვალო, რომლებიც ჩვენდა საცდუნებლად ეშმაკის ფერხთით გაშლილან და გვმართავენ, დავივიწყოთ და სულებიც გადავირჩინოთ. სწორედ მაშინ მოაღწევენ უფლის მიერ გამოძერწილ შვილებთან ხმა სი*რინოზისანი, მოფრინდებიან თავისუფლების სიმბოლოდ შერაცხულნი ჩიტნი სამოთხისანი, გაიხარებენ ყვავილნი უჭკნობელნი და სახეს გაგვითბობენ სხივები ზეცისანი. ჩამოვა ღმერთიც, ჩამოჰყვებიან ანგელოზებიც და ჩვენთან ერთად ხილულად, შიშის გარეშე დაიწყებენ სიარულს, რადგან ეცოდინებათ, ვიღაც არ გაიმეტებს და სასიკვდილოდ არ დაჭრის, მახვილს არ ჩასცემს და სიკეთეს არ შეავიწროვებს...“- დადიოდა სცენაზე თეთრწვერა მოხუცი მურადი და გარსშემორტყმულ ხალხს მორიგი სიბრძნით მოძღვრავდა. -მელანო, გაიღვიძე!- ქალბატონი მერი სიზმარში მყოფ გოგონას თავზე ადგა და „Opened World“-ის თეატრალური წრის მიერ დადგმული სპექტაკლის ფრაგმენტს რეალური სამყაროდან უშლიდა. ნატალია ახალკაცს ოჯახის წევრები საშკა დემეტრაძეს აშორებდნენ. ისევ უძაგებდნენ, კვლავ ულანძღავდნენ, მისთვის ვერ იმეტებდნენ... იგი ოკეანის ღელვას გადარჩენილ, ნაფოტზე მწოლიარე სიკვდილთან მებრძოლ გოგონას ჰგავდა, რომელიც ხელებით თავის გულის სწორს ჩასჭიდებოდა და ფსკერზე დასაძირად ვერ იმეტებდა. „რა ამოუცნობია ადამიანი. მის წინ დადებულ ულუფებში მაინცდამაინც ის თეფში უნდა მიიტაცოს, სადაც ლამაზად გაფორმებულ ინგრედიენტებში მაწყინარი გემო იმალება. საკუთარი თავის სიყვარული დაუკარგავთ და მე როგორ მოვთხოვო, რომ სხვები შეიყვარონ?! რაღაცის ინტერესს რაღაცას სწირავენ და კმაყოფილნი ეძლევიან განცხრომას. გესმით, ხალხნო? ღმერთო, იქ სადაც შენს შვილს ჯვარზე გიკრავენ, ვის რა უნდა მოვკითხო? რომელ საამურ წუთებს უნდა ვეძებდე, როცა ერთ ყბედ ბერიკაცად აღმიქვამენ და მაინც მწარე ფქვილით მოზელილი ცომისგან გამომცხვარი პურით იკვებებიან? აქციეს ხორცი შენი სიმწარედ, სისხლი შენი სანახაობად და გასართობად და მე კი ერთ მორატრატე ბერიკაცად მნათლავენ. დამცინიან ეს უღმერთონი!..“- ყურებში ჩაესმოდა მურადის დაჩიავებული ხმით წარმოთქმული ბგერები და ხელჯოხის ხმა, რომელიც იატაკზე პატრონის მიერ გახელების ნიშნად კაკუნისგან გამოიცემოდა. ზმანება, რომელშიც მბჟუტავი პროექტორებით განათებული სცენა, მასზე მოარული, სიტყვაუხვი მურადი ჩანდა, მელანის გულსა და გონებაში კიდევ უფრო მძაფრად აღწევდა და გრძნობებს უზანზარებდა. -მელანო, გაიღვიძე! არ გესმის? რა ძილქუში დაგაწვა?- მოხუცი ისევ ცდილობდა, შვილიშვილი იმიერ სამყაროსთვის მოეწყვიტა და აჯანჯღარებდა. გოგონა გულგახეთქილი წამოვარდა საწოლიდან და აზრზე მოუსვლელად იკითხა, სად ვარო. მერე გონს მოვიდა, დამშვიდდა და შხაპის გადასავლებად სააბაზანოს მიაკითხა. სიზმარში ნანახი კადრები ძალით ჩამოირეცხა, მაგრამ წყალს ვერ ატანდა იმ ადამიანის სახეს, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს ერჩივნა და რამდენიმე საათში ყველაზე სასტიკი ჯალათივით, ცივი სახით და გონებით კვლავ მრავალწლიანი სიმარტოვისთვის უნდა გადაეცა. სააბაზანოდან გამოსულს სილამაზის სალონიდან მოსული თანამშრომლები დახვდნენ. ჯალათურ სახეს ფერუმარილით უგლისავდნენ და ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის პატარძალს ამსგავსებდნენ. -ძალიან გთხოვთ, დროულად დაამთავრეთ,-გოგონას სული ეხუთებოდა იმ ნიღბის ქვეშ, რომელიც დროებით გარემო ფაქტორებისგან ითხოვა. -სულ ერთი წუთით მაცალე,- ტუჩის კონტურს უსწორებდა ვიზაჟისტი. -ჩემო გოგო, ძალიან ხომ არ დამაგვიანდა?- ოთახში ფერდების ნაზი მიხვრა-მოხვრით შევიდა ახალგაზრდა სტილისტი სტიოპა. -მპუა! მპუა!-კოცნის იმიტაცია გააკეთა და ხელსაწყოებით დატვირთული ყუთი გახსნა. ცალი ფეხი მოხარა, ტუჩები წინ გამოწია, ხელის თითები ლოყებთან მიიბჯინა და რომლით დაეწყო ისე ჩაფიქრდა, თითქოს საექსპერიმენტო ლაბორატორიაში იყო და დიდი სამეცნიერო კვლევის გეგმებს აწყობდა. მელანიმ სტილისტს ბოდიში მოუხადა და აივანზე გაიჭრა. ჰაერი სჭირდებოდა, ოთახში დაბუდებული ნაცრისფერი ბინდი უკვე ისე მოსდებოდა, ყელში მარყუჟივით უჭერდა და ჯერ სუნთქვას უკრავდა, მერე მხედველობასაც უბინდავდა. თავი რომ მოისულიერა, თმის სარჭების თვალიერებით გართულ სტიოპას დაუბრუნდა და სკამზე დაენარცხა: -კაბა უნდა ვნახო, ისე „პრიჩოსკას“ ვერ შეგირჩევ, „ძეტკა“, - მომთხოვნი იყო სტილისტი. -კარადა გამოაღე და იქ ნახავ,- უღიმღამოდ უპასუხა გოგონამ. სტიოპამ წინა დღით სალონიდან გამოტანილი სპილოს ძვლის ფერი კაბა შეათვალიერა და თვალები გაუნათდა: -სუპერ დუპერ! -დროზე დაიწყე რა. გაშეშებული ჯდომის ნერვი აღარ მაქვს. -ვაიმე რა იდიოტკასავით იქცევი, ქალო? ყოველ დღე შენი ქორწილი ხომ არ არის?- უცნაურ სიცილს მოჰყვა სტიოპა. გოგონამ თავი გაიქნია, ნერვიც არ ჰქონდა, ურთიერთობაში გათავხედებული სტილისტის ზღვარგადასულობას შებრძოლებოდა და თმენით გააგრძელა: -რამდენ ხანს გასტანს თმის ვარცხნილობაზე მუშაობა? -გააჩნია შენ რა გინდა. კატალოგიც მაქვს და შეგიძლია ამოარჩიო. - რამე მარტივი ვარცხნილობა შემირჩიე, ისეთი ბევრი წვალება რომ არ დასჭირდეს. -უიმე, რა რუდიმენტული ხარ!- სახე დამანჭა და კისერი შეათამაშა ახალგაზრდა მამაკაცმა. -არ მაქვს თავი უწუ-პუწუ, ჩახვეული და ჩაკუწუწებული ნასკვები გამოვხსნა! არ შემიძლია, შუასაუკუნოვანი წარჩინებულებივით მაქმანები და არშიები ჩავიწნა თმაში და რა გავაკეთო? -ეგ შენ კი არა, შენმა ქმარმა უნდა დაგიშალოს, მაგრამ რა იცით თქვენ ნამდვილი რომანტიკა და პირში გაჩრილ ვარდიანი პრინცების ისტორიები? -ნუღარ მაწვალებ, დაიწყე!-შეუღრინა პატარძალმა. -უიმე!- ქოქოლა მიაყარა სტიოპამ,- მერე რომ იტყვიან, ტიტე ავაზნელის რძალი მათხოჯების დედოფალს ჰგავდაო, მე არაფერი დამაბრალო, გენაცვალე! -არ დაგაბრალებ,-მინავლებული თვალები გადაატრიალა გოგონამ. -Ok, darling!-სავარცხელს დასწვდა და გულმოდგინედ შეუდგა საქმიანობას. სულ ცოტა ხანში მელანი ნამდვილ დედოფალს ჰგავდა, რომელიც მაქსიმალური სისადავით უსვამდა ხაზს გარეგნულ დახვეწილობას. ახლა მხოლოდ ისღა რჩებოდა, ტანზე შემოტმასნულ უჩინარ ძაძებზე ხელით ნამუშევარი ძვირფასი კაბა მოერგო და ყალბი ღიმილით დახვედროდა რატის და მასთან ერთად მოსულ სტუმრებს. -ოქროს ხელები მაქვს,-კმაყოფილი უღიმოდა პატარძალს. -დიდი მადლობა, სტიოპა. ახლა ბოდიში, სხვა საქმეებს უნდა მივხედო,- აგრძნობინა, რომ თავი მოაბეზრა და უნდა წასულიყო. სტილისტის წასვლისთანავე კაბა ჩაიცვა, სარკეში ჩაიხედა და საკუთარ თავს ზიზღით უთხრა: -ვინც არ უნდა იყო და რანაირად ლამაზადაც არ უნდა გამოიყურებოდე, გული მერევა შენზე! -მერე მისაღებ ოთახში გავიდა და მაკიაჟი ან ვარცხნილობა რომ არ გაეფუჭებინა, გაშეშებული ჩამოჯდა სკამზე. -ისეთი სახე გაქვს, თითქოს კარს აღსასრულის დღე მოგვადგა,- კომენტარი გააკეთა ბებიამისმა. -კიდევ კარგი, მამას დროულად გავაგებინე და არ ჩამოდის. -ვიცი, რთული დღე გაქვს, სამაგიეროდ, სწორად იქცევი. -ვერავინ იტყვის ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის რა არის სწორი და რა- არასწორი. ყველას თავის განსჯის და შეფასების საზომი აქვს, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი, ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე, ერთხელ და სამუდამოდ ხანგრძლივად ნათრევ ტვირთს მომხსნის და მოხრილობისგან გაჩენილ კუზს მომაშორებს. მხოლოდ ეს მამშვიდებს, მეტი არაფერი,- თავი ჩაღუნა მელანიმ. ამასობაში ტელეფონზე მანოს ზარი გაისმა, შეატყობინა, რომ ჟურნალისტები უკვე მობილიზებულნი იყვნენ. ასევე საქმის კურსში ჩააყენა, რომ მანქანაც დაექირავებინა და ზუსტად იმ შენობის წინ დაელოდებოდა, სადაც ხელის მოწერის ცერემონიალი უნდა შემდგარიყო. ახლა უკვე ყველაფერი მზად იყო, წარმოთქმული სიტყვის შემდეგ ქორწილიდან რატისგან გამოქცეულ მელანის მანო რამდენიმე დღით ხალხის რისხვას გაარიდებდა, რომელსაც ალბათ, არავისგან, ან იქნებ მაინც ვინმესგან იმსახურებდა?.. *** რატი ავაზნელი მაყართან ერთად სახეგაბრწყინებული შევიდა პატარძლის ბინაში და მელანი რომ დაინახა, გვერდით ამოუდგა, ცხვირის წვერზე ცერა თითი გაისვა და ეშმაკურად ჩაეცინა: - საკაიფოდ გამოიყურები. ყოველ ამ სიტყვების გაგონებაზე მელანის სასაცილო რეაქცია ჰქონდა და რატისაც მუდამ ახალისებდა, მაგრამ ამჯერად არაფერი უთქვამს, მხოლოდ მკრთალი ღიმილით შემოიფარგლა. ქალბატონი მერი კვლავ სერიოზული სახით იდგა. ღელავდა, რადგან არ იცოდა, რას იზამდა ბოლო წუთს თავის შვილიშვილი. იქნებ ყველაფერი მაინც სიყვარულს გადაეწონა და შემუშავებული გეგმა სადღაც, ჰაერში გაბნეულიყო?.. ამაზე ფიქრი მოსვენებას უკარგავდა და შფოთვა წვეთ-წვეთობით ემატებოდა. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ხელის მოსაწერად ქორწინების სახლში გაეშურნენ. სანდროს მიერ მანქანაში წამოწყებულ ხუმრობებს მხოლოდ რატი და ანა აჰყვნენ. მელანი საეჭვოდ დუმდა. -კარგად ხარ? თითქოს უხასიათოდ გამოიყურები, - ეჭვით შეხედა მეფემ დედოფალს. -არაფერია, გამივლის. მშობლები რომ ვერ ჩამოვიდნენ, ცოტა იმაზე გავნერვიულდი,- თავი იმართლა გოგონამ. -კარგი, რა. ამის გამო, დღევანდელ დღეს ნუ ჩაიშხამებ,- თბილად მოესიყვარულა ბედნიერი სახით მყოფი ბიჭი. მალე ქორწინების სახლსაც მიადგნენ. მელანიმ მანქანიდან გადმოსვლისთანავე შენიშნა დის მანქანა, მაგრამ მისკენ ფოკუსირება დიდხანს არ გაუკეთებია. რატის ხელი ჩაჰკიდა და შენობაში შეჰყვა. საგანგებოდ გამოწყობილი ტიტე ავაზნელი თეკოს გვერდით იდგა და შვილის ბედნიერებით ბედნიერობდა. გარეთ სკანდალის მომლოდინე ჟურნალისტები გამოჩნდნენ და საზოგადოებისთვის ახალი ამბის მისაწოდებლად კბილებს ილესავდნენ. მეფე-დედოფალი ხელის მოწერის ცერემონიალისთვის ემზადებოდა. ულამაზესი იყო იქაურობა. სპეციალურად გამოწყობილი იუსტიციის სამსახურის თანამშრომელი მათ წინაშე ღიმილით წარსდგა და დაიწყო: -მოგესალმებით. ვიზიარებ თქვენს სიხარულს, მინდა გისურვოთ ბედნიერი თანაცხოვრება, მუდამ გულში გქონდეთ სითბო და ერთად ყოფნის ყოველი დღე გიხაროდეთ. ახლა მინდა გკითხოთ, მზად ხართ თუ არა, დავიწყოთ ოფიციალური ცერემონიალი? -დიახ,- თავი დაუკრა რატიმ და მელანის გახედა. -კეთილი. მაშინ დავიწყოთ. დღეს ქორწინდებიან საქართველოს მოქალაქე, რატი ავაზნელი და აშშ-ს მოქალაქე, მელანი ვუდი. მე როგორც საქართველოს იუსტიციის თანამშრომელი, ვალდებული ვარ აგიხსნათ, რომ ქორწინება არის ერთგულება და ურთიერთპატივისცემა, რომელიც გაერთიანებულია სიყვარულით. იგი არის რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი და არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს არცერთი მხრიდან დომინანტურ უფლებებს. მე მჯერა, რომ აუცილებლად გაინაწილებთ ერთმანეთის გაჭირვებასაც და სიხარულსაც. ახლა კი მინდა, მას შემდეგ რაც მოგახსენეთ, გადავამოწმოთ, არის თუ არა ეს ქორწინება ნებაყოფლობითი და კითხვით მივმართო რატი ავაზნელს: -ხართ თუ არა თანახმა, ცხოვრების თანამგზავრად აირჩიოთ, უერთგულოთ, გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ მომავალ მეუღლეს ჭირსა და ლხინში, სიხარულსა და მწუხარებაში, სიმდიდრესა და სიღარიბეში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ? -დიახ,- არ დააყოვნა პასუხმა. სანამ ოფიციალური წარმომადგენელი მელანისკენ გადაიტანდა ყურადღებას, გოგონას შიგნიდან ყველაფერი გაეყინა და კანკალი აუტყდა. ის საზარელი მომენტიც დადგა, ქალმა ღიმილნარევი სახით შეხედა და იგივე სიტყვებით მიმართა, რაც რამდენიმე წამის წინ რატის მოახსენა. ახლა მის „კის“ და „არას“ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. წამები აშორებდა საყვარელი ადამიანის მეუღლეობას. პატარძალი თავდახრილი დუმდა. მისმა პაუზამ დარბაზში გაურკვეველი ჩოჩქოლი გამოიწვია. ქალბატონი მერი ცხვირაწეული იდგა და მელანის პასუხს ფარული მღელვარებით ელოდებოდა. -„რაღას ელოდება?“-თავი ვეღარ მოთოკა ვიღაცამ და საყვედურნარევი ტონით იკითხა. პატარძალმა სახეზე შეპარული წვა იგრძნო და მთლიანად წამოახურა. -„დაასრულე მელანი, თავს ნუღარ იწვალებ!“-ეუბნებოდა შინაგანი ხმა. -მელანო,- რატი გაოცებული უყურებდა უხმოდ მდგომ გულის სწორს. პატარძალი თითქოს ნაწილებად დაიშალა, ძალა გამოეცალა და კიდურები მოუდამბლავდა. ლამაზად შეკრული თაიგული უნებურად დაუშვა და ხელიდან გაუვარდა. რატი ძირს დაიხარა, აიღო და ხელში მიაწოდა, მაგრამ მელანიმ თავი გაიქნია და აღარ გამოართვა. გაოგნებულ ტიტე ავაზნელს შეუბრუნდა და ბრაზმორეულმა ხმა აიმაღლა: -უარს ვამბობ შენი შვილის ცოლობაზე, რადგან პიროვნება, რომელიც ახლა შენ გელაპარაკება, ნინო თადეშვილის დაა და ის არასოდეს შევა იმ ოჯახში, სადაც დის და დედის მკვლელი ცხოვრობს. -მელანო, რას ამბობ?- შეუბღვირა რატიმ. -ჰაააჰ!- თეკომ თვალები დაჭყიტა და პირზე ხელი აიფარა. ტიტესთვის იმდენად მძიმე და დამამაცირებელი აღმოჩნდა პატარძლის მიერ ნათქვამი სიტყვები, რამდენჯერმე შეტორტმანდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო. ბრალი დასდეს უმძიმეს დანაშაულში, რომელიც მის ერთადერთ, გულწრფელ სიყვარულს უკავშირდებოდა და ეს იყო ყველაზე დიდი საშინელება და არა ის, რომ ვიღაცას ის მკვლელი ეგონა. პატარძალმა ბოდიში მოიხადა და რატისთვის არც შეუხედავს, ისე გავარდა შენობიდან. -მელანო, მოიცადე!- უკან დაედევნა რატი. -უკან არ მიიხედო. არ გაბედო და ეს არ გააკეთო!- საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ადუღებული გოგონა და იმ წამს ყველაზე ნაკლებად უნდოდა, რატის სახე დაენახა. ამასობაში ბიჭი წამოეწია და მკლავში სტაცა ხელი: -არ ვიცი რა მოხდა და რაზე გაქვს გული ნატკენი. ამას გავარკვევ, მაგრამ არ მაქციო ზურგი, გთხოვ. მელანიმ ხელი აუკრა და გააშვებინა, შემდეგ სირბილით გაემართა მანქანისკენ, სადაც მანო უცდიდა. ქალი ყველას დასანახად გარეთ დამდგარიყო და სიტუაციისგან მიღებულ სიამოვნების ზენიტში იმყოფებოდა. ტიტე ავაზნელმა როგორც კი მანოს მოჰკრა თვალი, კიდევ უფრო დიდი შოკი მიიღო. ქალი კვლავ უღიმოდა, სწორედ ისე ეჩვრიტებოდა ლოყა, როგორც ნინო თადეშვილს. -გავგიჟდები!- წამოიყვირა და მანოს მანქანისკენ დაიძრა. -ეს გინდოდა, არა? თავი მოგვჭრა ამ გოგომ. ხომ გეუბნებოდი, რომ ამათ არც ქორწინების აზრი გაეგებათ და არც სიყვარულის იციან რამე-მეთქი? ამ ასაკში თავში უქრით და აი, შედეგიც,- შერცხვენილი თეკო ტიტეს ჩუმად ებურტყუნებოდა და მალიმალ გადახედავდა ხოლმე სტუმრებს. -შენი ხმა არ გავიგო!- ხელი ასწია თავზარდაცემულმა მამაკაცმა. თეკომ მის მზერას გააყოლა თვალი და მანქანასთან მდგომი მანო რომ დაინახა, ნინო თადეშვილს მიამსგავსა და ლამის გულყრა დაემართა: -ეს ვინ არის? -ნამდვილი ყოფილხარ და არ მეჩვენებოდი,- კბილებში გამოსცრა ტიტემ და ფეხს აუჩქარა. ქალბატონი მერი კმაყოფილი სახით უყურებდა თავმოყვარეობაშელახულ ტიტეს, მერე დაბნეულობისგან არეულ ხალხს შეერია და სადღაც გაუჩინარდა. მელანიმ მანქანის კარი გახსნა, მანოს შესძახა, წავედითო და ჩასაჯდომად კაბის კალთები აიკეცა. -„ბატონო, ტიტე, კონკრეტულად რაში გდებთ ბრალს მელანი ვუდი და რატომ ჩაშალა ქორწილი?“; -„ბატონო ტიტე, რა კომენტარს გააკეთებდით მომხდართან დაკავშირებით?“ - მიკროფონებით ჩასაფრებული ჟურნალისტები კითხვებით მისდევდნენ ავაზნელს. მანომ მანქანა დაძრა და წამის მეასედში გაქრა ადგილიდან. რატიმ წყლიანი თვალები გააყოლა მანქანას და რომ აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა, გამწარებულმა კეფაზე შემოიჭდო ხელები. -ჩშშ! არ გინდა! - დაბნეული და თავადაც გულგახეთქილი თემო დასაწყნარებლად მივარდა მეგობარს და გადაეხვია. -უფ!- ვეღარ სუნთქავდა საცოლისგან მიტოვებული ბიჭი და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ აღრიალებულიყო. მასთან სანუგეშოდ მისული ხალხის სიახლოვე რომ იგრძნო, ცრემლჩამდგარი თვალების დასამალად თემოს მხრებზე თავი დაადო და თავჩარგული გმინავდა. სანდრო თავის მანქანას ეცა და შეეცადა, მანოს კვალს ადევნებოდა. -ამას უყურე რა იდიოტივით ატარებს. თავს დავდებ, საქართველოში მძღოლების ოთხმოცმა პროცენტმა მანქანის ტარება არ იცის,- ნერვები ეშლებოდა მანოს. მელანიმ თავი გადასწია და თვალები დახუჭა. ვეღარაფერს გრძნობდა. დაცარიელებული იყო... -შენ რკინის ფარდის ქვეშ მოყოლილო, სად მიხტები, ვერ ხარ? შენი დედაც!- გაბრაზებას უმატა ქალმა. გოგონა ვერც მძღოლებს ხედავდა, აღარც თავის დის სიტყვები ესმოდა და საერთოდაც არ იყო ამ ქვეყანაზე... -მელანი, ვიცი, უძნელესი რამ გააკეთე, საყვარელო და ვაღიარებ, ძლიერი გოგო ხარ, მაგრამ ძლიერებმა ისიც იციან საკუთარ იარებს როგორ მიხედონ. ძალიან გთხოვ, გონს მოდი და ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მოემზადე. მელანი პასუხს არ სცემდა, მხოლოდ ღრმად სუნთქავდა და დახშულ ფილტვებს წარამარა ჰაერს აწვდიდა, რომ არ გაგუდულიყო. -ნუ გეშინია, ჩავალთ ბაკურიანში და აზრზე მოსასვლელად რამდენიმე დღე გექნება. ყველასგან შორს იქნები, იქ არავინ მოგწვდება და ეს დადებითად იმოქმედებს. -შენ წახვალ? -კი, დაგტოვებ და წავალ. შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე. ახლა ჩემი დროა. ამიერიდან ტიტე ავაზნელთან უშუალოდ მე მექნება საქმე და ნინოს გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხები კონკრეტულად ჩემკენ გადმოინაცვლებს. გოგონამ სახეზე ხელები აიფარა და უსამართლოდ დაჩაგრული რატის სახე რომ წარმოიდგინა, ლამის ცრემლებმა დაახრჩო. --- -რატომ დაგდო მელანომ თავისი დის და დედის მკვლელობაში ბრალი? რას მალავ?- განადგურებული სახით მიადგა სახლში დაბრუნებული რატი მამამისს. -კაბინეტში შემოდი, ყველაფერს აგიხსნი,- უპასუხა ტიტემ და ოთახის კარი შეაღო. თეკოსაც უნდოდა, მამა-შვილის საუბარს დასწრებოდა, მაგრამ რატიმ ისეთი თვალებით შეხედა, მიხვდა, აზრი არ ჰქონდა იქ შესვლას და უკან დახევა ამჯობინა. -შენთვის ღელვა და ნერვიულობა არ შეიძლება. ოთახში შედი და დაისვენე, ისედაც საკმარისი სტრესი მიიღე,- ტიტე შეეცადა, სიტუაცია განემუხტა და ნაწყენი ქალი მშვიდად გაესტუმრებინა ოთახიდან. თეკომ ულაპარაკოდ დატოვა ორივე, თუმცა კართან დადგა და გარედან მიაყურადა. ტიტემ საფულიდან ნინოს სურათი ამოიღო, მერე სეიფის კარი გამოაღო, მისი ხელით დაწერილი წერილები და სამკაული გამოალაგა, წინ გაამწკრივა და საუბარი დაიწყო: -იყო გოგონა, ნინო თადეშვილი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. სწორედ ისე, როგორც შენ მელანო შეიყვარე და ცოლად მოყვანა გადაწყვიტე. ნინო თავიდან არ მიკარებდა, თითქოს არ მენდობოდა. ერთ დღეს, როცა ყველა იმედი გადაწურული მქონდა, გამომიტყდა, რომ მასაც ვუყვარდი. მერე რაღაცაზე ამიშარდა, ვიჩხუბეთ და ხანგრძლივი პერიოდით დავშორდით. სწორედ მაშინ გავიცანი დედაშენი. არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა, ერთმანეთსაც კარგად ვეწყობოდით და ურთიერთობა იქამდე მივიდა, რომ ჩვენი ნიშნობაც შედგა. სწორედ მაშინ, როდესაც ძველი სიყვარულისგან მიღებული ჭრილობები შეუხორცებელი დამრჩენოდა და აღარც ნინოსთან შერიგების იმედი მქონდა, თადეშვილს შეეშინდა, რომ ლიკა ხავთასთან ნიშნობით საბოლოოდ დამკარგავდა და პატიება მთხოვა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შევრიგდით და მზად ვიყავი, დედაშენთან კავშირი გამეწყვიტა, რადგან ვაცნობიერებდი, მიუხედავად იმისა, ლიკასთან თავს კარგად ვგრძნობდი, ჩვენი ურთიერთობა მაინც მეგობრობაზე და ურთიერთპატივისცემაზე უფრო იყო აწყობილი, ვიდრე ნამდვილ სიყვარულზე. იმ ზაფხულს ნინო რაჭაში, მეგობრის სოფელში ისვენებდა. იქიდან კი აი ეს წერილი გამომიგზავნა,- ის ფურცელი გაუწოდა, სადაც ნინო ატყობინებდა, რომ აღარ უყვარდა და მასთან დაშორება უნდოდა. რატიმ მამამისს წერილი გამოართვა და გაეცნო. შემდეგ უხმოდ დადო და მეორეს გახედა. -ეს ჩემს დაბადების დღეზე გამომიგზავნა. შეგიძლია, ამასაც გაეცნო,- ღრმად ამოისუნთქა, მეორე წერილიც გაუწოდა და ხელი შუბლზე მიიბჯინა. ბიჭმა ისიც სწრაფად გადაიკითხა და გაუწოდა: -სამ აპრილს დაწერილი წერილი შინაარსობლივად რადიკალურად განსხვავდება მეორისგან. აქ რაღაც მეუცნაურება,- ნიკაპი მოისრისა ჩაფიქრებულმა რატიმ. -ნინოს ვუყვარდი. ამაში დღემდე ისე ვარ დარწმუნებული, როგორც ორჯერ ორი -ოთხი. დღემდე ვერ ამომიხსნია, რატომ გაჰყვა ცოლად ვიღაც გიორგის და ამ წერილით ჩემს მოშორებას რატომ ცდილობდა. -ყველაფერი მომიყევი, მერე რა მოხდა? -ქორწილიდან გავიტაცე და სოფელ სკრამდე არმისულ მიტოვებულ შენობაში გამოვკეტე. დრო მივეცი, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა. ის მაინც ჯიუტობდა და არ მიბრუნდებოდა. ერთ დღეს, როდესაც მისაკითხად მივედი, შენობას ცეცხლი ეკიდა. ძირითადი ნაწილი ნაცარტუტად ქცეულიყო. იქ ელექტროენერგია არ იყო, ნინოს სანთლით ვამარაგებდი ხოლმე და ვიფიქრე, უბედური შემთხვევა მოხდა და ხანძარი სანთლისგან გაჩნდა-თქო. ნინო ვერსად ვნახე და მეგონა, ისიც იქ ჩაიფერფლა,- შესვენებებით ჰყვებოდა ტიტე. ეტყობოდა, რომ მტკივნეული იყო მისთვის იმ მომენტების გახსენება და თავს ძალას ატანდა, შვილისთვის ყველაფერი დაწვრილებით აეხსნა,- მერე რამდენიმე კილომეტრში, გორიჯვრის ტყეში მახლობელ სოფელში მაცხოვრებელმა მის გვამს მიაგნო და ასე გავეხვიე შარში. მას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს თავში, ასე იყო გარდაცვლილი. -და მელანო რატომ თვლის, რომ შენ მოკალი? -პოლიციაში გამოვცხადდი და ვაღიარე ჩემი დანაშაული. რა თქმა უნდა, მკვლელობას ვუარყოფდი, მაგრამ გატაცებას ვადასტურებდი და ტელევიზიებში სწრაფად გავრცელდა ეს ამბავი. მერე პაპაშენმა ვიღაცები ჩარია და ციხისგან მიხსნა, ხოლო დანაშაული დღემდე გამოუძიებლად რჩება. -ესე იგი, ნინოს მკვლელობას უარყოფ. -თავისთავად ცხადია, ის მე არ მომიკლავს. ისიც არ ვიცი, ვის და რატომ შეიძლებოდა, ასე გაემეტებინა. -არის რამე, რაც შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს? რატომ არის ასე ღრმად დარწმუნებული მელანო, რომ მკვლელი შენ ხარ და კიდევ დედამისი რა შუაშია? -დედა რა შუაშია, ეს უკვე მას უნდა ჰკითხო, მაგრამ ნინოს მკვლელობის მონაწილეობაში ჩემს მიმართ იმ ქალბატონს ეჭვები მაშინ გაუჩნდა, როდესაც სამსახურში მომაკითხა, ვიდეო კამერით ამოღებული მასალა მომთხოვა და ჩემი უდანაშაულობა ვერ დავამტკიცე. -ვერ მიგიხვდი,- წარბები შეკრა რატიმ. -ვიღაცამ კადრები წაშალა, რომელიც ნინოს რომ ჰკლავდნენ, იმ პერიოდში ჩემს სამსახურში ყოფნას ადასტურებდა. -ანუ, სიმართლეს ვერ ამტკიცებდი. -ვერა. -ყველაფერი გასაგებია. რატიმ ნინოს წერილები ერთმანეთის გვერდით გაშალა, დიდხანს უყურა და ტიტეს საჩვენებელი თითით ანიშნა, რომ მიახლოვებოდა. -რა ხდება?- ახლოს მივიდა შვილთან და ფურცლებს დახედა. -აგვისტოს რიცხვით დათარიღებულ წერილს დააკვირდი და ხაზებზე განლაგებულ თითოეული სიტყვის პირველ ასოს ვერტიკალურად ჩამოჰყევი. მამაკაცმა წერილი ხელში აიღო და ნინოს ფარული მინიშნება წაიკითხა. წერილი ისე იყო შედგენილი, თითო-თითოდ შეკოწიწებული ასოებით ვერტიკალურად წაკითხვისას სიტყვა „მემუქრებიან“ იწყობოდა. ტიტემ წერილი მაგიდაზე დადო და ხელის მტევნებით კიდეს დაეყრდნო. მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა და მეტყველების უნარწართმეული სავარძელში არეული სახით ჩაეხეთქა. რატის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, სანდრო ურეკავდა. ბიჭი ოთახიდან გავიდა და მეგობარს უპასუხა. -რამდენიმე წუთის წინ ვიღაც ქალი და მელანი ბაკურიანში ჩავიდნენ. ეს ქალი უკან გაბრუნდა და შენი ცოლი, საცოლე, მოკლედ მელანო აქ არის. -მისამართი მომწერე, სახლიდან გამოვდივარ,-რატიმ გასაღებს დაუწყო ძებნა. სანდრომ ყველაფერი მისწერა, ერთხელ კიდევ შეხედა მელანის აივანს და სასტუმრო კომპლექსის ტერიტორია დატოვა. *** მამა-შვილის საუბრის შემდეგ თეკომ ტიტეს კაბინეტში შეაკითხა: -რა მოილაპარაკეთ? -რა უნდა მოგველაპარაკებინა? -აბა, რაზე ისაუბრეთ? -ავუხსენი, რატომ ჰგონია ნინო თადეშვილის ოჯახს, რომ ჩემი მოკლულია. -და რას აპირებ? -ჯერ იმას გავარკვევ ის ქალი ვინ არის, ვინც მელანის ქორწილიდან გაქცევაში დაეხმარა და მერე ნებისმიერი გზით საკუთარ უდანაშაულობას დავამტკიცებ. ჩემს გამო, რატიმ პასუხი არ უნდა აგოს. -გაგიჟდი? -რატომ? -შენ როგორ უნდა დაადგინო ვინ და რატომ მოკლა ნინო თადეშვილი? რომელი გაწაფული გამომძიებელი მყავხარ? -ერთხელ და სამუდამოდ დავადგენ და მკვლელის სახელსაც მოვიშორებ. უკვე მომბეზრდა! -ვინ იცის, ისეთი ხალხის მოკლულია, ამ ჩხირკედელაობით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. -სულ ყ@ეზე მკ*იდია! თავით შევასკდები ყველაფერს და რატის გამო, უკან არაფერზე დავიხევ! - იღრიალა გააფთრებულმა მამაკაცმა. -სიცოცხლეც გკიდია? -ჰო, დიდი ხანია . -ჩემზე არ ფიქრობ? -თეკო, ძალიან ცუდად ვარ და გთხოვ, აქედან გამეცალე, თორემ ან უკადრებელს გაკადრებ და მაგრად გაწყენინებ, ან დავლეწავ აქაურობას. შეშინებული ქალი რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მიხვდა, იქ დარჩენას და მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, კარი ჩუმად გაიხურა და შეძრული სახით იქვე ჩაიკეცა. --- ბაკურიანში მთებიდან ნისლი ჩამოწოლილიყო და ამინდი თოვისთვის ემზადებოდა. მელანისთან მიმავალი რატი ბუნებისგან შექმნილ დაბრკოლებას არ უშინდებოდა და გზას მედგრად მიიკვლევდა. სანდროს მითითებულ სასტუმრო კომპლექსს მიუახლოვდა და მეორე სართულის აივანს ახედა. მუქი ფარდებიდან მომდინარე სინათლე სუსტად, მაგრამ მაინც აღწევდა გარეთ. ეტყობოდა, რომ იქ ვიღაც იყო. მელანიმ შეშუპებულ და დარდისგან გამორეცხილ თვალებს სარკეში ჩახედა, საკუთარი თავი შეეცოდა და სასწრაფოდ მოშორდა უბედურად მომზირალ მეორე მეს. მერე უაზროდ დაუწყო კაბის ელვაშესაკრავს წვალება, რომ მისგან გათავისუფლებულიყო. სწორედ იმ დროს, აივანზე ხმა გაიგონა და ფარდა გაწია. -შენ?- რატის დანახვაზე ნერვიულობის მეორე ტალღამ აიტანა. -კარები გააღე!-მკაცრად უთხრა ბიჭმა, ეტყობოდა, არსად წამსვლელი არ იყო, ვიდრე არ დაელაპარაკებოდა. მელანი მის სიტყვას დაემორჩილა და ოთახში შეუშვა. ბიჭი შეჭმუხნული სახით მიუახლოვდა: -რას ჰგავდა დღევანდელი შენი საქციელი? ამიხსენი ასე რატომ მოიქეცი? -მე ნურაფერს მკითხავ, ყველაფერი მამაშენთან შეგიძლია, გაარკვიო. -რას ჰქვია, არ გკითხო? ამდენი ხალხის წინ ამიგდე და კიდევ ჩმორივით ჩავყლაპო? გაიხსენე ვის ელაპარაკები,- ბრდღვინავდა რატი. -ვის ველაპარაკები? -ადამიანს, რომელსაც რამდენიმე საათის წინ უსინდისოდ მოექეცი. -ეს ადამიანი, რომელსაც შენ უსინდისოს უწოდებ, მამაშენმა შექმნა და ბოდიში თუ გამოგიყენე შენს ოჯახში მოსახვედრად, ბოდიში, თუ გული გატკინე და ამ განსაცდელისთვის გაგიმეტე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერზე მამაშენს მოკითხე პასუხი. სწორედ შენსავით უდანაშაულო იყო ჩემი დაც, რომელსაც პირველივე ღამეს დაუნგრია ოჯახი და მერე მოკლა. შენ ყველაზე კარგი იარაღი ხარ, რომ მამაშენი სარკეში ჩავახედო, რეალური სახე დავანახო და ისე გავამწარო, როგორც დედაჩემი გაამწარა იმ დღეს, როდესაც ჩემი დის უსულო სხეული სახლში მოუსვენეს. შენ ნინოსგან განსხვავებით ცოცხალი ხარ, ტიტეზე სასტიკი ვერ გამოვდექი, მაგრამ იმედი მაქვს, ორივე დაიტანჯებით. სწორედ ისე, როგორც ნინო, დედაჩემი, მანო და მე ვიტანჯებოდით. -ცდები, მე ცოცხალი აღარ ვარ, მომკალი. სწორედ იმ დროს მომკალი, როცა ქორწილიდან გაიქეცი და მარტო დამტოვე. -მამაშენს მარტო ჩემი და არ მოუკლავს. მან ჩემი ბიოლოგიური დედაც მოკლა. იცი რას ნიშნავს დაიბადო და დედა არ გყავდეს? იცი რას ნიშნავს დედას დას უწოდებდე, რომელმაც პირადი ცხოვრება გვერდზე გადადო და მე დამითმო? იცი რას ნიშნავს, როდესაც სკოლაში დედის ნაცვლად და გაცილებს, შენ სხვა ბავშვებს უყურებ და ცდილობ, წარმოიდგინო რას ნიშნავს და როგორია ნამდვილი დედა? იცი რას ნიშნავს, როცა გინდა, დედა გაახარო სკოლაში მიღწეული წარმატებით და მის ნაცვლად დას უწოდებ სერტიფიკატს, რომელიც ტაშის ქუხილით დირექტორმა ყველას თანდასწრებით გადმოგცა? იცი რას ნიშნავს, როდესაც წარმოდგენებით იქმნი დედის სითბოს და ყველაფერს დათმობ, თუნდაც ერთი წუთით მის კალთას შეაფარო თავი? არ იცი, რადგან დედას იცნობდი, მე კი ტიტე ავაზნელმა იგი უნინოობით, უსამართლოდ წარმართული გამოძიებით და ნერვიულობისგან გაჩენილი დაავადებებით მომიკლა. -იცი რას ნიშნავს, როდესაც დედაშენი შენს დაბადების დღეზე იკლავს თავს? იცი, რას ნიშნავს, როდესაც მის გასახარებლად ნახატით ხელში ოთახში შედიხარ და უსულოდ მყოფი დედა გხვდება? იცი რას ნიშნავს, როდესაც გული პატარაობიდანვე გიკვდება და ურჩხულს ემსგავსები? იცი რას ნიშნავს, როდესაც იმ სითბოს და მზრუნველობას ჰკარგავ, რომელსაც ყველა დაბრკოლების დროს ფარივით იყენებდი? იცი რას ნიშნავს, როცა თავს დაუცველად გრძნობ? იცი რას ნიშნავს, როცა ხედავ, ერთ დღესაც დედის ადგილს ვიღაც გადაპრანჭული დეიდა იკავებს და მამასაც გართმევენ? იცი რას ნიშნავს, როცა ის ბოროტი დეიდა ყველაფერს აკეთებს, რომ თავი კიდევ უფრო ობლად იგრძნო? არ იცი და მინდა გითხრა, რომ ტკივილები არც მე მაკლია ცხოვრებაში და საკმაოდ ბლომად მაქვს. -შენი ტკივილები ჩემებთან რა მოსატანია? -ის თუ იცი, როცა სიტყვა „მიყვარხარ“ პირველად მითხარი, იმ ბიჭის სახე დამიბრუნე, რომელსაც ბავშვობა ადრეულ ასაკში შეუწყვიტეს და ყველაფერი კარგი ჩაუკლეს? შენ მე სიცოცხლე ფენიქსივით აღმიდგინე და ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისი არსებობაც ღმერთად ვიწამე. -ერთხელ მეც შემიყვარდება ვიღაც, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს შენ არ იქნები. მაპატიე, ასე გამოვიდა, არ მიყვარხარ! არც არასოდეს მიყვარდი. ჩემი ერთადერთი სურვილი შურისძიება იყო, მეტი არაფერი. ეს შენ არ ხარ, ვისთვისაც ჩემი გული სიცოცხლეს კიდეც გააგრძელებს და თუ საჭირო გახდა, კიდეც გაჩერდება. ჩვენ ერთად მომავალი არ გვაქვს. -გეყოფა! მეტს ნუღარაფერს იტყვი. -მაშინ წადი! -მე წავალ, მაგრამ იცოდე, შენც მკვლელი ხარ, რომელმაც დღეს ადამიანი მოკლა და ისეთ გზაზე მოსასროლად გაიმეტა, რომელსაც არც თავი, არც გაგრძელება და არც ბოლო აღარ უჩანს. -წადი-მეთქი, წადი! ნუღარ იწვალებ შენს თავს, - მელანიმ ბიჭს ხელი ჰკრა და კარი მიუხურა. *** გოგონამ ხელი გაუშვა თავის სატრფოს, ვერ გაუფრთხილდა და საბოლოოდ, ოკეანის ფსკერზე დასაძირად გაიმეტა... *** გარეთ დარჩენილ რატის არსად წასვლის თავი აღარ ჰქონდა. მელანის მიერ ნათქვამი სიტყვები გონებიდან არ გამოსდიოდა. აივანზე ფილებით დაგებულ ცივ ძირზე დაჯდა და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა ასე სასტიკად რა დამსახურებისთვის მოექცა. -გრცხვენოდეს, მელანო თითოეული იმ სიტყვისთვის, რასაც მეუბნებოდი, მწერდი და მერე თურმე ქარს ატანდი! რატომ არის, რომ ქალები, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდებიან, ყველაზე საზარელ არსებებს ემსგავსებიან? - ამოიოხრა და მუხლებზე დადებულ მკლავებში ჩარგო თავი,- რამდენიმე საათმა ისე განვლო, მელანის აზრადაც არ მოსვლია, რომ რატი ავაზნელი კვლავ აივანზე იყო. ფარდა გადაწია და არემარეს მოავლო თვალი. გათოვებულიყო. ფიფქებს მიწა თეთრი საბანივით გადაეფარა. ძილის წინ აივანზე გასვლა მოინდომა და როდესაც უსიცოცხლოდ მყოფი რატი დაინახა, ჩაძინებული ეგონა და ოთახში პლედისთვის შევარდა. გამოიტანა და მოხვევა დაუწყო, შეეშინდა, ყინვას მისთვის სუსტად მფეთქავი სასიცოცხლო ნიშანწყალი არ წაერთმია. ბიჭმა თვალები გაახილა, ხელი აუკრა და ზიზღით ახედა. შემდეგ ძალა მოიკრიბა, წამოდგა და აივნიდან გადახტა: -რას აკეთებ?- თვალები დახუჭა მელანიმ, ეგონა, რაღაცას დაიშავებდა. ავაზნელი ფეხზე დადგა, შარვალი თოვლისგან ჩამოიფერთხა და ფრთამოტეხილი ფრინველივით გაეცალა იქაურობას. ბიჭის ფეხსაცმელი სპეტაკ, შეუბღალავ თოვლს ღრმა ნაკვალევებს ამჩნევდა. - წავიდა. ჩემმა რატიმ ამ ნაკვალევებით დამტოვა... -ამოილუღლუღა მელანიმ და იმ ადგილას მიიყუჟა, სადაც რამდენიმე წუთის წინ ავაზნელი იჯდა. --- რატის მიერ აღმოჩენილი წერილის შიფრი ტიტე ავაზნელს საკუთარი თავის მიმართ ბრაზს უძლიერებდა. -ესე იგი, ვიღაც გარეწარი ნინოს ემუქრებოდა. სავარაუდოდ ეს წერილიც ძალით დააწერინეს, მაგრამ მაინც მოახერხა, ჩემთვის მინიშნება მოეცა. შველას მთხოვდა, მე კი?.. ვერაფერს მივხვდი და რაში აღარ ვადანაშაულებდი. მოულოდნელად გაჩენილმა აზრმა მოქმედებაზე გადაიყვანა, სახლიდან გავიდა და პირდაპირ მელანის ბებიის ბინის მისამართისკენ გაეშურა. *** -ამას ვის ვხედავ? ასეთი მძიმე დღის შემდეგ ტიტე ავაზნელმა პატივი დაგვდო და გვესტუმრა,- მანომ კარების გაღებისთანავე მიახალა სიტყვები სტუმარს,- ვინ მოიფიქრებდა, აჰ? -შეგიძლია, შენი ცინიკური დამოკიდებულება როგორმე გვერდზე გადადო და იმაზე გამცე პასუხები, რაზეც მოვედი?- ნებართვა არც უკითხავს, ისე შეიჭრა ბინაში. -ზუსტად ისეთი თავხედი ხარ, როგორიც მეგონე. -შენ რა გეგონა, არ მაინტერესებს. კითხვა ნომერი პირველი:- ნინოს და ხარ? -ეგრევე საქმეზე გადავდივართ? -ჰო, აბა, ყავის მოდუღებას და ჩემთან ერთად ტკბილ ბაასს აპირებდი? -მდაა! ერთობ სასიამოვნოა საქმიანი ავაზნელის ყურება. რაო? შეგაწუხათ წარსულმა, ბატონო ტიტე? საიდან შეგაწუხათ? აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, სამხრეთიდან, თუ... -იქნებ გეყოს მასხარაობა და სერიოზულად მიუდგე საკითხს, რაზეც მოვედი?- თვალები დააწვრილა მამაკაცმა. ქალს მსახიობივით შეეცვალა სახე, მაგიდასთან მიბჯენილი სკამი გამოსწია, საპირისპირო მიმართულებით დაუჯდა და თვალი თვალში გაუყარა: -სხვათაშორის, დედუქციის კარგი უნარი გქონია. სწორად აღნიშნე, მელანის მსგავსად, მეც ნინოს და გახლავარ. ძნელი მისახვედრი არ არის, მისი ტყუპის ცალი ვარ. -ყველაფერი გასაგებია. შურისძიების გეგმა დებმა ერთად შეიმუშავეთ და ჩემს გამო რატი გაწირეთ. -რატი ყველაზე კარგი იარაღი იყო, შენს ოჯახში შემოსაღწევად და იმ მასალის მოსაპოვებლად, რაც ხელში მაქვს. ერთადერთი საკითხი, რომელიც მაღონებს, ის არის, რომ ამ ფარული გამოძიების დროს ჩემს დას შენი შვილი შეუყვარდა. -მელანის როგორც შეუყვარდა და რამდენად მყარია მისი სიყვარული, ეს დღეს კარგად დაამტკიცა. მაგარი სიყვარული სცოდნიათ დებს. ნინოც ასე იყო, ერთი ხელის მოსმით შეეძლო სიყვარულის განადგურება. ახლა მასალაზე მითხარი. რა მოიპოვეთ? - შუბლი შეკრა მამაკაცმა. -არ გაბედო და არცერთზე არაფერი მითხრა! შენ არ გაქვს მორალური უფლება, რომელიმე რამეში დაადანაშაულო. -მესმის შენი ტკივილი და პირადი ტრაგედია, მაგრამ იცოდე, მე ნინოსთან ყველაფერში ცამდე მართალი ადამიანი ვიყავი. დარწმუნებული ვარ, არც რატის უკადრებია შენი დისთვის ისეთი, რომ მელანის ასე დაესაჯა. -თქვა და ახსნა ჩემმა დამ ასე რატომ მოიქცა,- ხმა აიმაღლა მანომ. -ძალიან გთხოვ, ემოციები აკონტროლე. ყვირილი და ღრიალი ისეთი ვიცი, ლომს შეშურდება. -აბა, როგორ გინდა, რომ გელაპარაკო? თავადაც კარგად იცი, რომ ვერ გიტან. -მიტან თუ ვერა, დიდად არ მანაღვლებს. მე ის უფრო მადარდებს, ცილს რომ მწამებ და იმაში მდებ ბრალს, რაც არ ჩამიდენია. ყველაზე მეტად ის არის საწყენი, იმ ადამიანის მკვლელობას მტენი, რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა. - მაშინ რატომ ვერ ამტკიცებ, რომ ეს მკვლელობა შენი ჩადენილი არ არის? ნინოს დაკრძალვის შემდეგ ხომ მოვიდა დედაჩემი შენთან და ხომ გქონდა შანსი, მისი კითხვებისთვის პასუხი გაგეცა? რატომ აღმოჩნდა ჩემი დის მკვლელობის დღეს ვიდეო ჩანაწერები წაშლილი? არ მითხრა, რომ წარმოდგენა არ გაქვს რა მოხდა, მაინც არ დაგიჯერებ. ასეთი ტყუილებისთვის საკმაოდ დიდი ვარ, რომ წამოვეგო. -სამწუხაროდ, დღემდე არ მაქვს ამაზე პასუხი. არ ვიცი ვინ და რატომ წაშალა და მზად ვარ, ნებისმიერი გზით დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. შენ რა მასალაზე საუბრობდი? რა მოიპოვე? მანო ფეხზე წამოდგა, თავის ლეპტოპი მიუტანა და მის სახლში აღმოჩენილი ფოტო და ვიდეო მასალა გააცნო. -ეს წერილები თქვენთან როგორ აღმოჩნდა?- წარბი ასწია ტიტემ. -როდესაც ფარული FBI-ის აგენტები შემოგესევიან, ძნელია, იოლად გადაურჩე,- კვლავ ირონიის ხასიათზე დადგა მანო. -გამოდის, რომ ჩემი სახლი მთლიანად შეგისწავლიათ,-თავი გააქნია მამაკაცმა. -ამ სურათებზე რას იტყვი?- ის კადრები აჩვენა, სადაც ნათლად ჩანდა, როგორ იტაცებდა ტიტე ავაზნელი ნინო თადეშვილს ქორწილიდან. -მოიცა, ეს სურათები საიდან?- გაკვირვებულმა შეხედა მანოს. -ვითომ არ იცის,-ცალყბად ჩაეცინა ქალს და კიდევ მეტი ეფექტისთვის ვიდეოჩანაწერი გაუხსნა, სადაც ნინოს მკვლელობა იყო დაფიქსირებული. მამაკაცმა მძიმე კადრების ნახვას ვერ გაუძლო, თვალები დახარა და გატეხილი ხმით მიუგო: -შეუძლებელია, ეს ჩემს სახლში აღმოგეჩინათ. რასაც ახლა ვუყურებ, მერწმუნე, თვალი არასოდეს მომიკრავს. -დაგიკონკრეტო? შენს თაროზე წიგნის ფორმის სეიფი რომ გაქვს, იქ ინახებოდა. -რომელი წიგნის ფორმის სეიფზე მელაპარაკები?- შეიცხადა ტიტემ. -არ გინდა ეს ზღაპრები, რა. -მართალია, გავიტაცე, მაგრამ შენი და არ მომიკლავს! ვთქვი უკვე და მეტჯერ ნუღარ გამამეორებინებ! - აჯაგრულობით მე ვერ შემაშინებ. ასე, რომ ნერვები დაიწყნარე და ისე გააგრძელე ჩემთან დიალოგი. ვინ არის ეს ნაბიჭ*ვარი მორიელის ტატუიანი მამაკაცი, ვინც ჩემს დას ესროლა? ვის და რატომ შეუკვეთე მისი მკვლელობა? ტიტე ბოღმისგან იბერებოდა. უკვე ისე გამოეყვანა მანოს წყობიდან, მისი გაბრდღვა არ დაენანებოდა. მერე თავი ხელში აიყვანა და კადრს მიუბრუნდა. მოულოდნელად ელდანაცემივით წამოვარდა: -თითქოს ბუნდოვნად, მაგრამ მაინც საიდანღაციდან მახსოვს ეს ტატუ,- დაღვრემილობისგან და ფიქრისგან შუბლზე გაჩენილი ხაზები გამოეკვეთა ტიტეს. -მე არსად მეჩქარება. დაჯექი და კარგად გაიხსენე,- მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა მანომ და სკამის საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო. ტიტე ჩამოჯდა და საკუთარ აზრებში ცურვა დაიწყო. ოთახში სამარისებული სიჩუმე იდგა. რამდენიმე წუთში ქალს ახედა და მიმართა: -წიგნის ფორმის სეიფს სად მიაგენით? -შენი კაბინეტის წიგნების სულ ბოლო თაროზე. გარედან რომ შეხედავ, უწყინარი ლექსიკონის ფუნქციას ასრულებს. -შენ და შენს დას ჩემზე უკეთესად გცოდნიათ ჩემი სახლი და ნივთები,- სიმწრისგან ჩაეცინა ტიტეს,- მე ამ ფოტო და ვიდეო მასალის წარმომავლობას გავარკვევ, მაგრამ არის რაღაც, რაშიც შენი დახმარება მჭირდება. -გისმენ,-ინტერესით მიაჩერდა მანო. -გიორგის და ნინოს იმ მეგობრის საკონტაქტო ინფორმაცია მინდა, ვისთანაც რაჭაში ისვენებდა. -რატომ? -დისკო-ბარში უნდა დავპატიჟო,- მწარედ ჩაეცინა მამაკაცს. -შენთან თანამშრომლობაზე ისე არ წამოვალ, თუ ამ გამოძიების უშუალო თანამონაწილეს არ გამხდი. -არ გირჩევ. -სხვათაშორის, სათვალავი ამერია რამდენი წელია, რაც მე ვწყვეტ რა გავაკეთო და რა -არა. -რადგან გულადი ქალის როლის თამაში მომინდომე, იყოს ისე, როგორ შენ გინდა, მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრე. ჩვენ არ ვიცით ვინ არის რეალური მკვლელი და ვის ვასკდებით რქებით. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. -ვგავარ ისეთ ადამიანს, რომელიც რაიმეზე უკან იხავს? -კარგი პასუხია,-თავი დაუკრა ტიტემ და ფეხზე წამოდგა,- მოკლედ ვისზეც გითხარი, ამ დღეებში იმ პირების საკონტაქტო ინფორმაციას ველოდები. დანარჩენზე მერე დავილაპარაკებთ. -მოსულა,- მანომ კისერი ცალ მხარეზე გადახარა, ხელში მოქცეული ტელეფონი აათამაშა და გამჭოლი მზერით ახედა. *** სახლში დაბრუნებული ტიტე მაშინვე წიგნების თაროს მიადგა და წიგნის ფორმის მსგავსი სეიფის ძებნა დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერსად იპოვა. -რას ეძებ?- ოთახში შევიდა თეკო. -ერთ-ერთ წიგნს და ვეღარ ვპოულობ. -რა წიგნია? იქნებ მე ვიცოდე სად დევს,-დახმარების სურვილი გამოთქვა ქალმა. -არ მინდა, შეგაწუხო. დაივიწყე. ალბათ, გადაღლილი გონებით სადღაც დავდებდი და აღარ მახსოვს,- სიმართლე არ გაუმხილა მამაკაცმა. -რა შეწუხებაა? -დაივიწყე, წაკითხვის სურვილმა გადამიარა,-შუქი გამორთო მამაკაცმა და თეკო ოთახიდან გაიყვანა. ტიტეს უცნაურმა ქცევამ ქალს უამრავი აზრი გაუჩინა, თუმცა აღარაფერზე გაუმახვილებია ყურადღება. --- სახლში გვიან დაბრუნებული რატი საძინებელში შევიდა და საწოლზე ღონემიხდილი დაწვა. გონებაში აღდგენილი უგზოუკვლოდ მოარული ხალხის სახეები, გადატანილი ამბები და მელანის სიტყვები სულს უცოტავებდნენ. მაინც ვერაფერი გაეგო, რა ბრალი მიუძღოდა და ასე რატომ გაუსწორდნენ. ვეღარც ნაომარ ტვინს თიშავდა, ძილსაც დავიწყებოდა... იგივე დღეში იყო მელანიც. სასტუმრო კომპლექსის პატარა ოთახში გაუჩერებლივ დადიოდა და მოსვენება ვერ ეპოვა. ბოლოს დაქანცული უენერგიოდ საწოლთან ჩაიკეცა და თავი მის კიდეზე ჩამოდო. ახლა არცერთ მათგანს შერჩენოდა სიცოცხლის გაგრძელების სურვილი. მხოლოდ ღმერთს ებარებოდნენ... *** შუადღე ხდებოდა, როდესაც მელანიმ ბებიამისის ბინის კარი შეაღო. -შენ აქ რა გინდა?- განცვიფრებული სახით მივარდა მანო. -ვის ან რატომ დავემალო? -როგორ არ გესმის? მე იქ დასამალად კი არ ჩაგიყვანე, არამედ არეულობას გაგარიდე, ისევ შენივე სიმშვიდისთვის. -აზრი არ ჰქონდა, მითუმეტეს, არ ვიცი საიდან, მაგრამ რატიმ ჩემი ადგილსამყოფელი გაიგო, ჩამომაკითხა და ვილაპარაკეთ. -მერე? -რა მერე? ვუთხარი, რომ არ მიყვარს, არც არასოდეს მიყვარდა და რაც გავაკეთე, ყველაფერი შურისძიების წყურვილის სახელით იყო. -ნორმალური ხარ? -მოიცა, აბა, რა უნდა მეთქვა? -სიმართლე რატომ დაუმალე? გეთქვა ისე, როგორც იყო. -შენ ისე ჭრი და კერავ, როგორც გაწყობს. რა მეთქვა? იცი რატი, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ მამაშენმა რომ ჩემი და მოკლა, დავფიქრდი და არ გამოვა ჩვენი სიყვარულის და შეუღლების ამბავი-თქო? -თუნდაც! ტყუილი მაინც არ გამოგივიდოდა. -აბსურდულ რაღაცას ჩმახავ, მანო. -იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეგ არ შეგეშლებოდა, არც ჩავთვალე საჭიროდ, მაგაზე დაგლაპარაკებოდი. ახლა კიდევ უფრო დიდი ნაპრალი გააჩინე შენი და რატის ურთიერთობაში. სიმართლე რომ გაირკვევა და როგორც თავად იძახის, თუ ტიტე ამ საქმეში მართლა უდანაშაულოა, შენ რატისთან შერიგების შანსი მინიმუმამდე გაქვს დასული. მე რომ რატი ვყოფილიყავი და ეგრე დამლაპარაკებოდნენ, გეფიცები არ ვაპატიებდი. -ვიცი, რომ დავკარგე. -მაგას ვამბობ მეც. რა საჭირო იყო საშინელებას კიდევ ერთი საშინელება რომ დაამატე? -რატის კარგად ვიცნობ, მაინც არ მაპატიებდა. -თუ უყვარხარ, გაპატიებდა. -ძალიან გთხოვ, ჩემი და რატის ურთიერთობაში ნუ ჩაერევი. -რომც მინდოდეს, რაღა დამიტოვე ჩასარევი? მე სულელი გუშინ ტიტეს ვუხსნიდი, მელანის შენი შვილი უყვარს-თქო. თავიდან რომ გავიგე, კარგად იცი როგორი რეაქციაც მქონდა და რამდენად არ მინდოდა, რატი შენს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ სიყვარული ისეთი რამეა, ვერავის აუკრძალავ. -რას მეუბნები ახლა, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ ერთად არ იყოთ და მხოლოდ პლატონურად ეტრფოდეთ ერთმანეთსო? -აუ, ზოგჯერ რა პატარა ხარ, მელანო და რამდენი რაღაცის დაღეჭვა მიხდება შენთვის. -არაფრის დაღეჭვა არ არის საჭირო. რა გადაწყვეტილებებსაც ვიღებ, ყველას ჩემი ჰქვია და მოგწონს შენ თუ არა, არ მაინტერესებს. მე მე ვარ, შენ-შენ და ვერასოდეს გახდება მელანი მანო. -კი ბატონო, ნუ დამიჯერებ და ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია, მაგრამ მე შენს ადგილას რატის ჩემი გრძნობების შესახებ არ მოვატყუებდი. -მაინც არ დაიჯერებდა. -დაიჯერებდა, თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ სიმართლეს არ დავუმალავდი. -ტიტეს აქ რა უნდოდა? -ჩემი გაცნობა ნებავდა. ისევე როგორც წარსულში, ახლაც იგივეს იმეორებდა, რომ ნინო მას არ მოუკლავს. ბოლოს იმაზე დავზავდით, გავერთიანებულიყავით და საერთო ძალებით გამოგვეძია დანაშაული. -ახლა კარგად მომისმინე, ხომ გინდოდა, რომ ეს საქმე სწორედ ასე წასულიყო, როგორც მიდის. ძალიან კარგი. მეც ზუსტად ასე მინდოდა და ვხედავ, ჩემმა გადადგმულმა ნაბიჯმა გაამართლა, მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრე, ჩემზე და რატიზე აღარაფერი მითხრა და არც ტიტე ავაზნელთან ილაპარაკო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე და შენ მაგრად ვიჩხუბებთ. -ნება შენია. კი ბატონო, მე გავჩუმდები. დაუშვი შეცდომებიც და ნუ მოისმენ ჩემს რჩევებს. -სამაგიეროდ, იმ შეცდომით მიღებულ გადაწყვეტილებას მელანის მიერ მიღებული ერქმევა და თუ რამე არასწორად წავა, რაღაცას ვისწავლი მაგით. -ბოდიში, დამავიწყდა, რომ დამოუკიდებელი გოგო ხარ. -მიპატიებია,- უკმეხად უპასუხა და მარტო დატოვა. --- წვალებით ჩაძინებული რატი კელის ზარმა გააღვიძა. ქორწილში მომხდარით აღშფოთებული გოგონა მესენჯერით ურეკავდა თავის მამიდაშვილს, რომ მოეკითხა. რთული იყო უმცროსი ავაზნელის მდგომარეობაში, ვინმესთვის სალაპარაკო დრო დაეთმო, მაგრამ ბიძაშვილს იმდენად აღმერთებდა, არ აწყენინა და უპასუხა. კელიმ სახეწაშლილ რატის რომ შეხედა, აღარ უკითხავს როგორ იყო, ისედაც ყველაფერი ცხადი იყო: -მშობლებმა და ბებიამ მითხრეს, რომ მელანი ძალიან ცუდად მოგექცა. ვწუხვარ. სიმართლე გითხრა, ასეთი გოგო არ ჩანდა. -ჰო, ადამიანები ჭრელები არიან. მეც შენნაირად ვფიქრობდი, მაგრამ... -რას ამბობს? დაელაპარაკე? -მიზეზი არის შურისძიება. ტიტეს აბრალებს, რომ და და დედა მოუკლა. -წარმომიდგენია, ამას რომ მამაშენს ეტყოდა, შენ რა გადაიტანე. -ამაზე უარესი მოსასმენი ის იყო, როცა გამომიცხადა, რომ არ ვუყვარვარ. იმ მომენტში გადამეკეტა ყველაზე მეტად. -ვაა, გამოდის, რომ გიყენებდა. -საშინელი გრძნობაა, როცა ამას გეუბნებიან,-ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა. -მესმის. -რატი, ერთი წუთით შენთან საქმე მაქვს,- კელისთან საუბარი შეაწყვეტინა კართან მყოფმა მამამისმა. -რა მოხდა?- ბიძაშვილს დროებით დაემშვიდობა და მამამისი ოთახში შეუშვა. ტიტემ ყველაფერი უამბო მელანის მიერ მათ სახლში მოპოვებულ მასალებზე და ჰკითხა, ლექსიკონის მსგავსი სეიფის არსებობის შესახებ რამე ხომ არ იცოდა: -არ მინდა, თეკო გავანერვიულო. ისედაც არ მოსწონს ჩემი ჩართულობა ამ გამოძიებაში და ხომ გესმის? ამიტომ გეკითხები შენ, ვინმესთვის რამე ხომ არ შეგინიშნავს, რომ გარეშე პირი კაბინეტში დაუკითხავად შესულიყოს? -მე არავინ შემიმჩნევია. -ვაა, რა საინტერესოა,- შეფიქრიანებულმა მამაკაცმა წვერზე დაისვა თითები. -თუ რამე გამახსენდება, გეტყვი. -კარგი, არაფერი გამომაპარო. -და ამ გამოძიებაში რატომ ჩაერთე? რაში გაინტერესებს მანო და მელანო რას ფიქრობენ შენზე, თუ მათი დის სიკვდილში ბრალი არ მიგიძღვის? -ასე არ არის, შვილო. ვერ უყურებ? მთელი პრესა და სატელევიზიო არხები ენას იქავებენ. პირველ რიგში ჩემს თავზე ლაფის დასხმას არავის შევარჩენ და მერე არ მინდა ჩემს გამო თქვენი სიყვარული ასე დაზარალდეს. -ჩემსა და მელანოს შორის სიყვარული აღარ არის. ყველაფერი დასრულებულია! შეგიძლია მაგ თემაზე არ ინერვიულო. იმ გოგოს არ ვუყვარვარ. -მანო გუშინ სხვას მეუბნებოდა,- ეჭვის თვალით შეხედა შვილს მამამისმა. -ვინ ჩემი ფეხებია მანო? -მელანოს და, ხომ გითხარი? ბიჭმა ამოიხვნეშა: -არც ის მოღალატე და მატყუარა მელანო მაინტერესებს და მითუმეტეს, არც მანო რას იტყვის. მორჩა! დასრულდა ყველაფერი და განსახილველიც აღარაფერია. -მესმის, ახლა საშინელ წუთებს გადიხარ. -როგორმე მივხედავ ჩემს თავს. არც მელანოთი იწყება სამყარო და არც მისით მთავრდება. ტიტე ავაზნელი გაღიზიანებულ შვილთან სასაუბროდ დიდხანს არ გაჩერებულა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ დასვენება და ძალების მოკრება ესაჭიროებოდა. --- ტიტეს ახალი წამოწყებით შეცბუნებული თეკო დამფრთხალი თაგვივით აწყდებოდა სახლის კედლებს და აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. არ ესწავლებოდა მისი გამტანი ხასიათის ამბავი, რომ ვერაფერში დაარწმუნებდა და უკვე ხელს იქნევდა, აქამდე წამებითა და დაგვით მოთრეული ოჯახი შეენარჩუნებინა. -ფაქტები უნდა მოვსპო, ან ისეთ ადგილას გადავმალო, სადაც ვერავინ მიაგნებს, -წაიბუტბუტა, საძინებელში შევიდა და მალე ლექსიკონით ხელში გამობრუნდა. წიგნის მსგავსი სეიფი სხვა რაღაცებთან ერთად მანქანის სანივთე უჯრაში შეინახა და გადარეულივით მოწყდა ავტოფარეხს. -რაც ეს იდიოტი მელანო და შემდეგ ნინოს ტყუპის ცალი გამოჩნდნენ, ცხოვრება თავდაყირა დამიყენეს. ადამიანი არ ვიყო, თუ რომელიმეს ეს შევარჩინო! ყველაფერზე პასუხს აგებენ!-ცეცხლს ჰყრიდა ქალი და მანქანას ისე მართავდა, კაცი იფიქრებდა, შიგნით ალქაჯი ზისო. აშინებდა ხვალინდელი დღე, რომელიც ნინო თადეშვილის მკვლელობის შესახებ წამოწყებული გამოძიებით პირველ რიგში თავად, ხოლო შემდეგ კიდევ რამდენიმეს უქმნიდა საფრთხეს და ამ ფაქტს კიდევ მეტად გამოჰყავდა მდგომარეობიდან. --- ტიტემ და მანომ გიორგი ვაჩაძეს სამსახურში წინასწარ დათქმულ დროს მიაკითხეს. ვაჩაძეს მათი ვიზიტის მიზეზი ცოტა უცნაურად ეჩვენებოდა და აღარც იმის სწამდა, რომ ამდენი ხნის გასვლის შემდეგ მისი მეუღლის მკვლელობის გამოძიება წარმატებით დასრულდებოდა. ტიტე ავაზნელის დანახვა არ გაჰხარებია, მაგრამ მანოს ხათრით და პატივისცემით არსებულ ვითარებას გაგებით მოეკიდა და მზად იყო, მათი კითხვებისთვის ეპასუხა. საუბრის დროს ვაჩაძემ აღნიშნა, ნინოს უეცარი შემობრუნება მის მიერ უპასუხო სიყვარულზე თავად მისთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ მოგვიანებით ეს ქალურ ჭირვეულობას მიაწერა. -საეჭვო არაფერი შეგიმჩნევია? მაგალითად ვინმე ხომ არ აკითხავდა რაჭაში?- დამატებით კითხვებს აძლევდა მანო. გიორგი ღრმად ჩაჰყვა მოგონებებს, მაგრამ ხელმოსაჭიდს ვერაფერს მიაგნო. მათი ერთობლივი გამოძიების პირველი დღე კრახით დასრულდა, მაგრამ არცერთი არ ყრიდა ფარ-ხმალს, ორივე ოპტიმისტური შემართებით იყო. მამაკაცი მანოს ემშვიდობებოდა, როცა მის ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი შევიდა -ატყობინებდნენ, რომ მისი მეუღლე თეა სიხარულიძე ავტოავარიაში მოჰყვა და სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. *** ტიტე ავაზნელი გულგახეთქილი შევარდა საავადმყოფოში. თეკოს ექიმის სახელი და გვარი დაადგინა და მაშინვე მის კაბინეტში შეაჭრა. აღელვებული მამაკაცის დანახვაზე ექიმმა მშვიდი ტონით წამოიწყო საუბარი: -დამშვიდდით, სანერვიულო არაფერია. საბედნიეროდ, თქვენს მეუღლეს მხოლოდ დაჟეჟილობა და სხვა მსუბუქი დაშავებები აქვს მიღებული. -ბავშვი როგორ არის? მის სიცოცხლეს საფრთხე ხომ არ ემუქრება?- რომ დარწმუნდა, თეკო კარგად იყო, ყურადღება მომავალ შვილზე გადაიტანა. ექიმმა გაკვირვებული სახით შეხედა: -რომელი ბავშვის? რამდენადაც მახსოვს, ჩვენთან მხოლოდ თქვენი მეუღლე მოიყვანეს. მასთან ერთად მეორე პაციენტი არ ყოფილა. -ორსულად არის. ექიმი გაოგნებული სახით შეჰყურებდა და თავს აქნევდა: -მან ყველა სათანადო სამედიცინო შემოწმება გაიარა და ექოსკოპიას მსგავსიც არაფერი უჩვენებია. რაღაც გეშლებათ, გაურკვევლობა უნდა იყოს, თქვენი მეუღლე ორსულად არ არის. გაგულისებულმა ტიტემ თეკოს პალატის ნომერი გაარკვია და ქალს შეურაცხადის სახით შეუვარდა: -რაში დაგჭირდა ჩემი მოტყუება, რომ შვილს ველოდებოდით? თითქოს მაკლდა პრობლემები და სირცხვილი. ახლა ისიც მემატება, რომ ტიტე ავაზნელს მეუღლე ორსულობას ატყუებს და თვითონ ბაიბურში არ არის,- თავს კონტროლს ვეღარ უწევდა, ისე ღრიალებდა. ამ სიტყვების გაგონებაზე ქალს პირკატა ეცა: -ამას თავის ახსნა აქვს. მინდოდა, ჩვენს შორის გაციებული ურთიერთობა რაღაც გზით დამეთბო. -ეს ტყუილი ასე უბრალოდ არ შეგრჩება! ჩათვალე, რომ სამუდამოდ დამკარგე. მინდოდა, უფრო ცივილურ ფორმებში დაგლაპარაკებოდი და ამ ურთიერთობისთვის წერტილი ისე დამესვა, მაგრამ შენი ორსულობის ამბავი მაკავებდა. აი, ახლა კი მინდა, ისე მოგექცე, როგორც იმსახურებ! -რატომ აღარ გიყვარვარ? დავიღალე ამდენი მათხოვრობით, რომ სიყვარული მაჩუქო. -შეიგნე ბოლოს და ბოლოს, იმ ერთად ყოფნის დროს, რომელსაც ფანტომური ტკივილით მისტირიხარ, მხოლოდ ვნება გვიქაჩავდა და მეტი არაფერი. -ამას შენგან არ ვიმსახურებ. -არც მე ვიმსახურებ ის ქალი ავიტანო, რომელიც დიდი ხანია, ჩემთვის უცხოა. დღესვე გამოვატან შენს ძონძებს ვინმეს, სახლში დაბრუნებული აღარ გნახო! -ზიზღით გამოსცრა და პალატის კარი გაიჯახუნა. --- მელანოს საქციელით შეძრული ანა მეგობარს სახლში ეწვია. საძინებელში მყოფი მელანი ნახევარრკალივით მოხრილიყო და კედლის ერთ წერტილს მიშტერებოდა. -როგორ ხარ?- გოგონა საწოლზე ჩამოჯდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფ მეგობარს თანაგრძნობით შეხედა. -მელანო აღარ არის, მოკვდა,- ამოიხავლა და თვალები დახუჭა. -ეს რატომ გააკეთე? -ახლა ამაზე საუბრის და ახსნის ნერვი არ მაქვს, ანა, მაგრამ მერწმუნე, რაც გავაკეთე, ასე უნდა მომხდარიყო. სხვანაირად არ შეიძლებოდა. დიდ ჩიხში ვიყავი მიმწყვდეული. -მართალია, რომ ტიტე ავაზნელმა და და დედა მოგიკლა? -შენ გგონია, ამის საფუძველი რომ არ მქონოდა, რატის ასე ვატკენდი გულს და მამამისზე ასეთ სიბინძურეს ვიტყოდი ? -რატი გიყვარს? -უზომოდ და ძალიან მენატრება,- ყელს მობჯენილი ნერწყვი ძლივს გადააგორა და ცრემლები წამოუვიდა. -მაშინ ასე რატომ მოექეცი? დავიჯერო, სხვა გამოსავალი არ იყო? -არა. -წარმოდგენაც არ მინდა, რას განიცდის, საშინელ დღეში იქნება. -და მე? მე რას განვიცდი ვინმეს აინტერესებს? -ასე რომ არ იყოს, აქ მოვიდოდი? -არა, შენ არ გეხება. ისე, ზოგადად ვამბობ. მელანოს ალბათ ყველაზე უდიერ და ნაგავ არსებად მიიჩნევენ, რომელმაც არც სიყვარულის მოფრთხილება იცის, არც საყვარელი ადამიანის ოჯახს სცემს პატივს და ნეტა საერთოდ ვის დაჰკარგვია? ჯანდაბამდე გზაც ჰქონია. -ქორწილის შემდეგ რატის ელაპარაკე, თუ არ დაგკავშირებია? -ველაპარაკე და ჩვენს ურთიერთობას საბოლოო წერტილიც დავუსვი. -ეს როგორ? -ზუსტად ისე, როგორც გითხარი. იცის, რომ არ მიყვარს. ანას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა: -ხვდები მაინც რა გააკეთე? -კი. -მერე? -რა მერე, ანა? ამ ეტაპზე ასე სჯობს იცოდეს, რომ შურისძიების ობიექტად ვიყენებდი და ვატყუებდი. -არ გეწყინოს, მაგრამ არ გეთანხმები. -საბაბი? -ერთი წუთით წარმოიდგინე რატის ადგილას თავი. პირველი- მამა შეურცხვინე; მეორე- თავადაც ზედ გადაუარე და ქორწილიდან გაექეცი; მესამე- თავს გრძნობს გამოყენებულად, დამცირებულად და მოტყუებულად; სიყვარულით ხომ გიყვარს? ეს რატომ უარყავი? ამით ხომ კიდევ მეტად ატკინე გული? -შენც რა მანოსავით მსაყვედურობ? -სასაყვედუროა და იმიტომ! გეთქვა და აგეხსნა, რომ მიუხედავად იმისა, ძალიან გიყვარს, სანამ სიმართლე არ გაირკვევა და შენს თვალში მამამისი შენი დის მკვლელია, მისი ცოლი ვერ გახდებოდი და მორჩა! იქნებ გაეგო კიდეც შენთვის და სხვანაირად დაგდგომოდა გვერდში? მელანი საწოლიდან წამოდგა, თავბრუ დაეხვა და წაბარბაცდა. ანამ ხელი მიაშველა, რომ არ დაცემულიყო: - არაფერს ჭამ? ამ რამდენიმე დღეში ძალიან გახდი. -რა ჭამა, ანა? პირის გაღება და ლუკმის გაღეჭვა მეზარება. -აბა, ასე ოცდაოთხსაათიანი წოლით მუხლები აგტკივდება. წამოდგომის დროს თავბრუც იმიტომ გეხვევა. ადექი და გაიარ-გამოიარე ხოლმე, გაისეირნე, სუფთა ჰაერი ჩაყლაპე. -ეგ რომ შემეძლოს... -არ გინდა ეს დეპრესია, რა. ჩემი რჩევაა, საქმეზე გადახვიდე. ასე წოლით არაფერი არ მოგვარდება. -აბა, შემომხედე. რატიმ რომც მაპატიოს, როგორ ფიქრობ, დამრჩა რამე გრძნობის მაგვარი, რაც კვლავ შემაძლებინებს მისთვის ისეთი ვიყო, როგორიც ვუყვარდი? რადგან თვალები მიხელია და ვსუნთქავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოცხალი ვარ. ჩემში ყველა გრძნობა ვერტერის ეფექტით ერთმანეთს მიჰყვა და დაიღუპა. მოსიარულე კოლოფი, ყუთი, სხეული, რაც გინდა ის დამარქვი. აი, ეგ ვარ. -რადგან რატი ისევ გიყვარს და გენატრება, ესე იგი, შენში ყველა გრძნობა არ ჩამკვდარა. მე ჩემი უკვე გითხარი და თუ დაფიქრდები და რაღაცას გამოასწორებ, გამიხარდება, თუ არა, მაშინ გატყობ, საკუთარ თავისადმი ასეთი დამოკიდებულებით კიდევ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდები. -შეიძლება ვიფიქრო კიდეც შენ წინადადებაზე, მაგრამ ახლა უნდა დამტოვო. არ ვარ კარგად,- სუსტად მყოფმა ფეხზე დგომას ვეღარ გაუძლო და კვლავ საწოლზე წამოწვა. ანამ ცოტა ხნით კიდევ უყურა მეგობარს, მერე თავი გააქნია და ოთახიდან გავიდა. *** მარტოდ დარჩენილმა მელანიმ თვალები დახუჭა და საბანი წაიფარა. სიბნელეში ყოფნა ესიამოვნა, თითქოს შექმნილი რეალობა შინაგან რეალობას უტოლდებოდა. გონებამ მასსა და რატის შორის ბაკურიანში შემდგარი დიალოგი შეახსენა და გულის სწორის წყვეტილი ხმა აქეთ-იქიდან უხეთქავდა ყურის ბარაბნებს. ცოტა ხანში ჰაერი არ ეყო და სწრაფად გადაიხადა. გრძნობდა, სული როგორ ეხაპებოდა და ერთმეოდა. -ვატყობ, ტყუილის ფასად მოპოვებული შვება და თავისუფლება მე თვითონვე მანადგურებს,- საკუთარი ხმა ყრუდ სწვდებოდა და ბოდვასავით ჩაესმოდა. არეულმა და გადაღლილმა გონებამ როგორც იქნა დროებით სამშვიდობოს გაიყვანა და ახლა იმ ეტაპამდე მივიდა, სადაც გონებისა და გულის წარმართულ ომში დაშვებული შეცდომებისა და სწორი გადაწყვეტილებების აღიარება უნდა მოეხდინა. თავს ისე გრძნობდა, როგორც გამომძიებლის ოთახში დაკითხვაზე მყოფი ეჭვმიტანილი. ყველა კითხვას არგუმენტირებული პასუხი გასცა, გარდა ერთისა. ეს ერთი კი სწორედ ის კითხვა იყო, სადაც რატისთვის ნათქვამი ტყუილის მოტივი ძირფესვიანად უნდა დაემტკიცებინა. აი, ამაში უდანაშაულობას კი ვერაფრით ამტკიცებდა. -შეცდომა დავუშვი და ვალდებული ვარ, ვაღიარო და გამოვასწორო,- საკუთარმა ხმამ ისე შეაზანზარა, ლამის საწოლიდან გადმოაგდო. საათს დახედა, თავს ძალა დაატანა, რომ თავი წესრიგში მოეყვანა, მერე ღრმად ჩაისუნთქა და რატისთან შესახვედრად უნივერსიტეტისკენ აიღო გეზი. *** ერთ საათზე მეტ ხანს იდგა საყვარელი მამაკაცის მანქანასთან და ელოდებოდა. დეკემბრის სუსხს ცხვირი და ლოყები ოდნავ შეეწითლებინა მისთვის, ხელებისთვისაც წაერთმია სითბო, მაგრამ არც გაყინული სახე და არც ხელები ოდნავადაც არ აღელვებდა, ან რა მოსატანი იყო იმ დიდ ამბავთან, რის გაკეთებასაც რუდუნებით გეგმევდა. ჰორიზონტზე მისი გულის სწორიც გამოჩნდა. ბიჭს სიცივისგან თავდასაცავად ცხვირი დუტის ქურთუკში ჩაერგო, ხოლო ხელები ჯიბეში ჩაელაგებინა. მელანის მის დანახვაზე გული პატარა ბავშვივით აუფრთხიალდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ. როგორც კი რატიმ მელანოს თვალი მოჰკრა, ელდა ეცა. ჯერ ნაბიჯები შეანელა, შემდეგ ბრაზმა შთანთქა და ბეღურასავით მობუზულ გოგონას ქორივით ეკვეთა: -აქ რას აკეთებ? ვინ დაგიბარა? -შენთან სალაპარაკოდ მოვედი. -შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, დავამთავრე ყველაფერი! -სიმართლე უნდა იცოდე,- ხელი მოჰკიდა, რომ მანქანაში ჩასაჯდომად მომზადებული ბიჭი შეეჩერებინა. -ხელი!- ისეთი ხმით დაუყვირა, შეშინებულმა მელანიმ მაშინვე გაუშვა. -ვერ ვიტან ამ ბინძურ ხელებს და აღარ გაბედო, დამაკარო! -მესმის შენი რეაქციის მიზეზი, მაგრამ მომისმინე, გთხოვ,- შეევედრა გოგონა, მაგრამ რატი ზედაც არ უყურებდა. -გვერდზე გადადი, მანქანა უნდა დავძრა,- უხეშად მიმართა. -არ წავალ! -არ წახვალ?! -არა! -თავს ნუ მაბეზრებ და შენი ადგილი მოძებნე! რატის თითოეული სიტყვა მელანის გულში სადგისივით ეყრებოდა, მაგრამ სიყვარულის გულისთვის მაინც არ იხევდა უკან: -მოგიწევს, მომისმინო, თუ არა, მაშინ გადამიარე! რატიმ ჩართული ძრავა გამორთო, მანქანიდან გადავიდა და ცივი მზერით შეხედა: -როგორი გაბედული ადამიანი გამოგყავს თავი, მაგრამ იმას მაინც ვერ დამალავ, რომ მეძავის ხასიათის ადამიანი ხარ. მელანის რატის სიტყვებზე გული ორად გაეპო, თავი ვეღარ შეიკავა, საკუთარმა სისუსტემ სძლია და შეაბარბაცა. მერე თავს მოერია, მის წინ მდგომ ბიჭს შეხედა და ძლივს აღმოხდა: -ამას რატომ ამბობ? იმიტომ, რომ გული ამომგლიჯო? დამიჯერე, შენზე მეტად ახლა მე ვწუხვარ, რადგან რაც მოხდა, თავს ვერ ვპატიობ და ეს კიდევ უფრო მტკივნეულია, ვიდრე ის, რა ტკივილიც შენ მოგაყენე. -დიდი ტყუილი! შენი სიტყვების ერთი პროცენტისაც არ მჯერა. -მერწმუნე... რატიმ სიტყვა არ დაასრულებინა: -შურისძიებამ ისე დაგაბრმავა, ჩემი სიყვარული დაიბრალე და რაღაც ინფორმაციის მოპოვების გულისთვის მზად იყავი, იმ ადამიანს დასწოლოდი, ვინც არ გიყვარდა. ასეთი რა ღირებული მოიპოვე ჩემს სახლში, რომ სხეული გაყიდე და „მიმცემაძედ“ იქეცი? როგორ მეზიზღება შენნაირი მდაბიო სულის ადამიანები და პირველ რიგში ეს გული მეზიზღება, რომელსაც უყვარდი,- გულზე თითი მიიდო და საჭეს დაუბრუნდა. -რატი!- მწარედ გადაყლაპა ბიჭისგან წარმოთქმული სიტყვები და მისგან დამცირებულმა მანქანის მიხურულ კარებს თითები საცოდავად შეახო. რატი არ უსმენდა, აღარც უნდოდა, მოესმინა. მანქანა უკან დახია და სწრაფად მოწყდა ავტოსადგომს. დიდხანს იდგა ერთ ადგილზე გახევებული გოგონა და ცხარე ცრემლები ჩამოსდიოდა. ახლა თავს კიდევ უფრო საშინელ ადამიანად გრძნობდა, ვიდრე რატისთან შეხვედრამდე. --- საავადმყოფოს პალატაში მარტოდ დარჩენილი თეკო საკუთარ ბედს გლოვობდა. არ იცოდა შექმნილი ვითარება სადამდე მიიყვანდა და ცარიელი მომავლის შიშით შეპყრობილი სრულ გაურკვევლობაში ჩავარდნილიყო. ტიტეს რომ მისდამი ინტერესი დიდი ხნის წინ გაჰქრობოდა, ეს ახალი ამბავი არ იყო მისთვის, მაგრამ რაც მის ცხოვრებაში მელანი და მანო წარსულის აჩრდილებივით გამოჩნდნენ და ნინო თადეშვილის სახელმა არაერთხელ გაიჟღერა, ამ ფაქტმა საგრძნობლად შეურყია ტიტესთან დამაკავშირებელი გზები და სწორედ ამას ვერ ეგუებოდა. -როგორც კი აქედან გამოვალ, კარგი დღე არ დაგადგებათ, ქალბატონებო! ვიდრე ტიტე სიმართლეს დაადგენს, ორივე ჩაძაღლდებით!- განუწყვეტლივ იმეორებდა და თავს იმით იმშვიდებდა, რომ მისი ჩარევით შეწყვეტილი გამოძიება ადრე თუ მალე საყვარელ მამაკაცთან ისევ ძველებურად დააახლოვებდა. --- უნივერსიტეტიდან წამოსულ რატის მასთან მისული, ატირებული და შეუძლოდ მყოფი მელანის სახე გონებიდან არ გამოსდიოდა. ფიქრებით იქ დარჩა, სადაც საყვარელ ადამიანს წუთების წინ სასტიკი სიტყვებით გული დაუკოდა და ზურგი აქცია. მანქანის მართვას ვეღარ აგრძელებდა. ავტომობილი გააჩერა და თავი საჭეზე ჩამოდო. რამდენიმე ხანი იწვალა, მაგრამ ბაკურიანში მისგან წარმოთქმული სიტყვები რომ ამოუტივტივდა, შლეგიანივით დაფრთხა და თავი გააქნია: -არა! ტყუილად იდანაშაულებ თავს! ისევ გატყუებს და შენც ტყუვდები! კმარა! თავს ნუღარ იტანჯავ!- საკუთარ მეს შეუძახა და გზა განაგრძო. მანქანა საოცარი სისწრაფით მიაპობდა სავალ გზას. რატი ავაზნელს მოწოლილი სიბრაზე კვლავ ყველა გრძნობას უნახშირებდა, ისევ იქით მიექაჩებოდა, სადაც საზარელი ყინვა და სიცივე სუფევდა... *** რატის საქციელმა მელანი ხერხემალში გადატეხა. მასთან ახლოს ყოფნის უკანასკნელი ნაპერწკალიც ჩაუქრო და ყველა იმედი ბაბუაწვერას ყვავილივით შემოაცალა. სახლში ვაი-ვაგლახით დაბრუნებულმა ოთახის ფარდები გადასწია, იქაურობა ჩააბნელა და საწოლზე დაემხო. ახლა ის სამყაროს საბოლოოდ ეთიშებოდა და სადღაც არარეალურ სამყოფელში გადადიოდა, სადაც ყველასგან და ყველაფრისგან შორს იყო, მაგრამ სად იყო ძველი მელანი? რომელ სივრცეს ეკუთვნოდა? სად გაქრა? ამაზე პასუხის გაცემას ალბათ ვეღარავინ შეძლებდა. ის მიდიოდა, არავის უყურებდა, სადღაც დასაკარგად მიიწევდა... --- ზაზა დავითური ეზოში იდგა და სიგარეტს აბოლებდა, როდესაც რკინის დიდ ჭიშკართან სტუმარი გამოჩნდა: -მობრძანდით,- თავი დაუკრა ტიტე ავაზნელს და სახლისკენ წარუძღვა. -ბატონი ბორისიც აქ არის?- ინტერესით შეხედა მამაკაცმა მოხუც გამომძიებელს. -ბორიამ ვერ მოახერხა მოსვლა, მაგრამ რაც შენ გაინტერესებს, შევეცდები მაქსიმალურად დაგეხმარო. შედი!- ხელით ანიშნა ღია კარისკენ. სახლი ბუხრის ოთახით იწყებოდა. მოხუცმა გამომძიებელმა დოქში ჩასხმული წითელი ღვინო ჭიქებში ჩამოასხა, ერთი სტუმარს გაუწოდა, შემდეგ ბამბუკის სარწეველა სკამი ახლად აგიზგიზებულ ცეცხლთან მიიდგა, კომფორტულად მოთავსდა, სერიოზული სახით ახედა სტუმარს და ღვინის დასალევად ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. ტიტემ მეორე სარწეველა სკამს მოჰკრა თვალი, დავითურთან ახლოს მიაჩოჩა, ბუხრის მეორე გვერდით ჩამოჯდა და უხერხულად დაიწყო: -მადლობა, რომ შეხვედრაზე დამთანხმდით. ყოფილ გამომძიებელს არაფერი უთქვამს, ელოდებოდა, საქმეზე როდის გადავიდოდა. ტიტემ კოსტუმის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ჩანაწერებისთვის განკუთვნილ პროგრამაში შევიდა და დავითურს იმედიანი თვალებით შეხედა: -მიუხედავად იმისა, რომ ოცი წლის წინანდელი საქმის შესახებ უნდა გესაუბროთ და დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ შეიძლება თქვენც აღარ გახსოვდეთ, მაინც მგონია, ეს შეხვედრა რაღაცით წამადგება. -რატომ გგონია, რომ ბებერ გამომძიებელს ჭკუა აღარ უჭრის? შენ წარმოიდგინე, ნინო თადეშვილის მკვლელობის ისეთი დეტალებიც კი მახსოვს, რასაც ოცნებებშიც ვერ წარმოიდგენ,- ფეხი ფეხზე გადაიდო მოხუცმა და თვალებმოჭუტულმა დაუწყო ყურება. -მართლა? საინტერესოა. - საბედნიეროდ ასეთი საქმეები, გინდა თუ არა, თავს ძალით გამახსოვრებინებენ,-ეშმაკური ღიმილით მიუგო და თვალები კვლავ ღვინით სავსე ჭიქისკენ გააპარა. -კეთილი,-ჩაახველა ავაზნელმა და საქმეზე გადავიდა,- მინდა, ყველაფერი მიამბოთ, რაც თქვენ და ბატონმა ბორისმა მაშინ დაადგინეთ. -ერთი რაღაც მაინტერესებს, რატომ მოგინდა ამდენი ხნის მერე სიმართლე შეიტყო. რამე შეიცვალა? -ჰმ! სამწუხაროდ წარსული ხშირად გვახსენებს თავს და ზოგჯერ გვიბიძგებს, რაღაცებისგან გაგვასუფთავოს. -აქამდე არ გაწუხებდა, რომ ნინო თადეშვილის მკვლელობას ხალხი შენ სახელს აწერდა? -სწორი კითხვაა და შენიშვნაც, მაგრამ როცა იცი, რომ უდანაშაულო ხარ, ალბათ, ეს საკითხი ნაკლებად გაწუხებს. -ამიტომ გეკითხები, რამე შეიცვალა? -შეიცვალა. გარდა იმისა, რომ ჩემს გამო, შვილს ცხოვრება უნადგურდება და მინდა, დავეხმარო, დადგა დრო, ერთხელ და სამუდამოდ, ნინოს ნამდვილი მკვლელის ვინაობაც შევიტყო და დანგრეული ცხოვრებისთვის პასუხი ვაგებინო. -ცოტა გვიან ხომ არ მოგივიდა ამაზე ფიქრი? -ბატონო ზაზა, მოდი, ასე ვთქვათ, საამისოდ სიტუაცია ახლა მომწიფდა. -ცხელ კვალზე რომ გამოძიება უფრო იოლად იხსნება, მაგაზე საუბარს არ დავიწყებ, გაგონილი გექნება. - როგორც შევძლებ, ისე გამოვიძიებ. -მომწონს შენი შემართება,-თავი დაუქნია დავითურმა და ჭიქაში დარჩენილი ღვინო გამოცალა, მერე სტუმარს მიუბრუნდა და დაიწყო:-იმ ღამეს, სანამ შენ გაგათავისუფლებდით, ორი ზარი შევიდა პროკურატურაში. აქედან ერთი უშუალოდ შენს გათავისუფლებას ეხებოდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით განხორციელებული ზარი საქმის სასწრაფოდ დახურვას ეხებოდა. -რატომ? ვის ინტერესებში შედიოდა? -ეგ არც მე ვიცი,- მხრები აიჩეჩა ყოფილმა გამომძიებელმა,- მაგრამ თავიდანვე ვხვდებოდი, ამ მკვლელობაში ისეთი ხალხი იყო გარეული, თავიანთი გავლენების წყალობით, ამნაირ მკვლელობას კიდევ ხუთს რომ შეიწერდნენ. -თქვენ რა მასალა გეჭირათ ხელში? -საქმე უკვე შეჩერებული იყო, როდესაც ექსპერტიზის პასუხები მოვიდა. ნინო თადეშვილის ფრჩხილში ნაქსოვი ტანსაცმლის ყვითელი ძაფი და ტანსაცმელზე რამდენიმე ადგილას ცხოველის ბეწვი იყო დაფიქსირებული. ძაფით ახლა ვეღარაფერს მივხვდებით, სავარაუდოდ მკვლელს ეკუთვნოდა, რადგან მოკლულს მსგავსი ტიპის სამოსი არ ეცვა, მაგრამ ცხოველის ბეწვი გერმანული ნაგაზის იყო. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია და ყურადღება მიაქციე! -გაფრთხილების ნიშნად თითი ასწია დავითურმა,- აბა, გაიხსენე, მაშინდელ ნაცნობებში, რომლებიც დღემდე საეჭვო პირებად მიგაჩნია, ან გმტრობდნენ, ან რა ვიცი, ვინმეს ასეთი ჯიშის ძაღლი ხომ არ ჰყავდა? ავაზნელი ღრმად ჩაფიქრდა, მაგრამ ვერავის იხსენებდა. ბოლოს, ღრმად ამოისუნთქა და მოხუც გამომძიებელს შეხედა: -კიდევ რამე ხომ არ გახსენდებათ? -არის კიდევ ერთი. სოფელ სკრასთან მდებარე შენობასთან ფეხსაცმლის ლანჩების აღმოჩენილ ნაკვალევებში საეჭვო ფაქტს მივაგენით, ერთ-ერთი სავარაუდოდ კოჭლ მამაკაცს ეკუთვნოდა, ან იმ პერიოდში ფეხი ჰქონდა დაშავებული. ის მამაკაცი გორიჯვრის ტყეში არ წასულა, რადგან იგივე ნაკვალევები იქ ვეღარ შევნიშნეთ. -საიდან მიხვდით, რომ ერთ-ერთი კოჭლი იყო? -ფიზიკის მარტივი კანონია. წონა, ძალა- ალბათ, გსმენია ასეთ რაღაცებზე, F= MA-ს, -ჩაეცინა დავითურს,- როგორც წესი, დაშავებული ფეხი განსხვავებულად და ოდნავ სუსტად ამჩნევს თოვლზე და ტალახზე თავის ნაკვალევს. -ვაჰ! ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო?- ტვინს იჭყლ*ეტდა ავაზნელი და ვერაფრით მისულიყო სასურველ კანდიდატამდე. -მოკლედ, მე ვფიქრობ, კარგი მინიშნებები მოგეცი. მეტი ისეთი არაფერი მახსენდება, რომ მოსაყოლად ღირდეს. ახლა დანარჩენი შენზეა, - დავითური სკამიდან წამოიწია და თითები ერთმანეთში ახლართა. -უდავოდ გამოსადეგი მინიშნებებია, გეთანხმებით!- დაუდასტურა ავაზნელმა, უკანასკნელი ჩანაწერი გააკეთა და წასასვლელად მოემზადა. -თუ რამე გამახსენდება, შეგატყობინებ, მაგრამ მეეჭვება, რამე გამომრჩენოდა,-სტუმრის გასაცილებლად წამოდგა დავითური. ავაზნელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და ეზოში გავიდა. -დამნაშავის ვინაობას რომ გაიგებ, პირველი ხომ იცი ვისთან უნდა დარეკო?- გაეღიმა მოხუც გამომძიებელს. -აუცილებლად შეგატყობინებთ,-ღიმილითვე მიუბრუნდა ჭიშკართან მყოფი ტიტე. -ისეთი არაფერი, პროფესიული ჩვევაა,-თავი იმართლა მასპინძელმა. სტუმრის წასვლას აღარ დალოდებია, სახლის კარი მიიხურა და ბუხარს მიუბრუნდა. --- ვიდრე ტიტე ავაზნელი ზაზა დავითურთან იყო და საქმისთვის გამოსადეგ არც თუ ისე უმნიშვნელო ინფორმაციას აგროვებდა, ამასობაში მანოს ნინოს რაჭველი მეგობრის, ნატალია შავლაძის კოორდინატები შეეტყო და გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და ფიზიკურად მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდებოდა, სკაიპით დაუკავშირდა და გაესაუბრა: -ვიცი, ძალიან რთულია, გაიძულო, ოცი წლის წინანდელი ამბების შესახებ მიამბო, მაგრამ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, მაინც გთხოვ, იქნებ გაიხსენო, იმ ზაფხულს, როდესაც ჩემი და შენთან ისვენებდა, მისთვის საეჭვო ხომ არაფერი შეგინიშნავს? -არ ვიცი საეჭვოს რას გულისხმობ, მაგრამ სამი კვირის განმავლობაში ორჯერ მანქანით მოაკითხეს. მას შემდეგ ნინოს ვეღარ ვცნობდი, გულჩათხრობილი გახდა, სულ რაღაც ცუდის მოლოდინში იყო, ყველაფერი აშინებდა, მაგრამ არ ტყდებოდა. როცა შევეკითხებოდი რამე ხომ არ სჭირდა და დახმარება ხომ არ უნდოდა, მეუბნებოდა, კარგად ვარ და რაღაც გეჩვენებაო. -ვინ მოაკითხა? -ერთმა შუახნის კაცმა. -ნინომ რა თქვა, ვინ არისო? -ჩემი ნათესავიაო. მერე წერილიც დაუწერა და გაატანა. -ნათესავიო? შეგიძლია, ამიღწერო? -კი, როგორ არა. საშუალო სიმაღლის, ცოტა ჩასუქებული, სათვალიანი, წითური და მელოტი იყო, ოდნავ კოჭლობდა კიდეც. მანომ კალამი მოიმარჯვა, აღწერილობა ფურცელზე ჩაინიშნა და ფიქრებით ნათესავებს ჩამოუარა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ვერავინ გაიხსენა: - რომელი მანქანით იყო? -„მერსედესის“ მარკის შავი ავტომობილი ჰყავდა. ზუსტი მოდელი არ მახსოვს. -ორივეჯერ ერთი და იგივე მანქანით მოვიდა? -დიახ. -და ნინომ რა წერილი დაუწერა? -არ ვიცი, აზრზე არ ვარ. -რაც იმ კაცმა წერილი წაიღო, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა? -არა. -ნინოს და გიორგის გაცნობა როგორ მოხდა? -საღამოობით სოფლის ბირჟაზე ვიკრიბებოდით. გიორგიც იქ იყო ხოლმე და ერთმანეთი იქ გაიცნეს. -ნინოს შენთვის ტიტე ავაზნელზე რამე ხომ არ ჰქონდა მოყოლილი? -მათი ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ეს სახელი და გვარი მაშინ გავიგე, როდესაც ნინო მოკლეს. -ანუ ბუნებრივად მოგეჩვენა ნინოს და გიორგის დაახლოვება. -დიახ. -როგორი ურთიერთობა ჰქონდათ? -ძალიან კარგი. -გასაგებია,- ამწვარი თვალები მოისრისა მანომ. -რა ხდება? ამ ყველაფრით ამდენი ხნის შემდეგ რატომ დაინტერესდით?- ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა ნატალიამ. -დიდი ალბათობაა, რომ დანაშაული გაიხსნას,- უხალისოდ უპასუხა მანომ და ჩანაწერების ფურცელი შუაზე გადაკეცა. -თუ რამე გაინტერესებთ, კიდევ მკითხეთ, მზად ვარ, გიპასუხოთ. -ვიდრე ნინო შენთან დასასვენებლად გადაწყვიტავდა წამოსვლას, მანამდეც რამე ხომ არ შეგიმჩნევია მისთვის საეჭვო? -არაფერი. ხომ გეუბნები, ხასიათი მას შემდეგ შეეცვალა და წაუხდა, რაც ის კაცი ორჯერ გვეწვია და დაელაპარაკა. -ესე იგი, მეტი არაფერი გახსენდება? -არა,- დარწმუნებით საუბრობდა შავლაძე. -კარგი, მაშინ მეტს აღარ შეგაწუხებ და დაგემშვიდობები, მაგრამ თუ რამე კითხვა კიდევ გამიჩნდება, იმედი მაქვს, არ დამაღალატებ და კავშირზე გამოხვალ. -რა თქმა უნდა, -დაპირდა ნატალია და ეკრანიდან გაქრა. მანომ დაკეცილი ფურცელი გაშალა, ცდილობდა, შავლაძის მიერ აღწერილი მამაკაცის პორტრეტი გონებაში შეექმნა და რომელიმე ნათესავისთვის მიესადაგებინა, მაგრამ მსგავსი აღწერილობისას კვლავ ვერავის იხსენებდა და ძალიან ცხარობდა. --- ხალიჩაზე იჯდა, ფეხებშუა კომპიუტერიდან თაბახის ფურცლებზე ახლად ამობეჭდილი ჰუგო სიმბერგას „დაჭრილი ანგელოზი“ და ედვარდ მუნკის „კივილი“ ედო და ხან ერთს დასცქეროდა, ხან მეორეს. -მელანო, სადილის დროა. გამოდი, ბებიკო ცოტა ხანს, იმდენი კარგი რამე მოვამზადე, არ შეიძლება იქიდან ერთი მაინც არ გესიამოვნოს. გოგონამ ორივე სურათი ხელში აიღო, საწოლს მიეყრდნო, ფეხები მოკეცა და მათზე დაკვირვება განაგრძო. -რას მიშტერებიხარ, გოგო? არ გესმის, რას გელაპარაკები?- ახლოს მივიდა ქალბატონი მერი და სურათებს დახედა. -გენიალური ადამიანები იხოცებიან, მაგრამ უბრალო მოკვდავთათვის ტოვებენ უკვდავ სიტყვას, მელოდიას, ნახატს და თავიანთი ქმნილით იქიდანაც გველაპარაკებიან. აი, ამ ნამუშევარს შეხედე, სადაც დაჭრილ ანგელოზს მწუხარე ბავშვები სადღაც მიაცილებენ. ნეტა სად მიჰყავთ? ვინ არიან ისინი? რამდენად გულწრფელები არიან? იქნებ თავად სატანაა ბავშვების სხეულებში ჩასახლებული და მოჩვენებითი სინანულით შემოგვყურებს და დაგვცინის? ოჰ, რომ იცოდე როგორ თანავუგრძნობ თვალებახვეულ ანგელოზს... ფრთებიდან ჩამოწანწკარებული სისხლით იღებება ბოროტებით გამოკვებილი მიწა და როგორც გემრიელი დესერტი ეშმაკის კერძისთვის, ისე იწოვება შავ ნიადაგში. ვინ იცის რას განიცდის, როგორ სტკივა დედამიწაზე გამეფებული უსამართლობა... ესეც შენი დამპალი ცხოვრება, რომელიც ერთ ტილოში მოუთავსებია ამ გენიოს ადამიანს. არ მოგწონს არა? შეხედე, ნახე რა უსამართლოა ცხოვრება წმინდა სულის ადამიანებთან. ნახე როგორ ამარცხებს ამდენი შავი სიწმინდეს და სისპეტაკეს, როგორ უდიერად ექცევა. -ყველას თავის აღქმის უნარი აქვს, ჩემო გოგო. შესაძლოა, რასაც ახლა მელაპარაკები, მხატვარს მსგავსიც კი არაფერი გაუვლია გულში,- მოხუცი შეეცადა, შვილიშვილის პესიმისტური განწყობა უკუეგდო და ზოგადი სიტყვით შემოიფარგლა. გოგონამ „დაჭრილი ანგელოზი“ გვერდზე გადადო და „კივილს“ მიაჩერდა. უყურებდა შეშლილი სახით მყოფ, ყურებზე ხელებაფარებულ ადამიანს, მის უკან მშვიდი სახეებით მოსიარულეებს, მხატვრის პალიტრიდან გადმოტანილ სისხლისფერს, ცეცხლისფერს, ლურჯს, შავს და გრძნობდა სამყაროდან მომავალ უსასრულო კივილს: -სამყარო კივის, ბუნება შფოთავს, ვეღარ ეგუება მშვიდი სახით მოსიარულე ბოროტებას... ვეღარც მოჩვენებითი თანაგრძნობით მოარულ ადამიანებს იტანს... რა საშინელი კივილი სცოდნია, როცა სტკივა... გამაყრუებელი ხმა ჰქონია... არ გესმის?.. მე კი... -დაანებე თავი ამ უცხოპლანეტელივით ყოფას და დაუბრუნდი ნორმალური ცხოვრების რიტმს! გეყოფა!- ხანდაზმულმა ხელიდან წაართვა სურათი, მუჭაში მოიქცია და წამებში დაჭმუჭნა. -ამ ფურცელს რას ერჩი?- სერიოზული სახით ახედა მელანიმ ბებიას. -არც არაფერს, უბრალოდ მინდა, წესიერად იკვებო, წესიერად გეძინოს, წესიერად იცხოვრო. განა ბევრს ვითხოვ? რა გახდა ბოლოს და ბოლოს ის ლაწირაკი რატი ავაზნელი, რომ მის გამო ასე გარეკე? მოდი გონზე, თორემ ვიდრე რამეს დაიმართებ, მე გაგასწრებ! -ყვიროდა ქალი და ნირშეცვლილ შვილიშვილს უცნობივით დასცქეროდა. -რა ხდება, რა ამბავი გაგიმართავთ?- გვერდით ოთახიდან შემოვარდა მანო. -მე ამ ბავშვს ასეთს ვეღარ ვუყურებ! ან მოარჯულე, ან წაიყვანე აქედან თავის ქვეყანაში! -რა სჭირს? რამე გაკადრა?- აღშფოთდა მანო. -რამე უნდა მაკადროს, რომ ყურადღება მიაქციო? ვიდრე შენ ნინოს მკვლელობის ახალი დეტალების ძიებით ხარ დაკავებული, ეს მთელი დღეების განმავლობაში ამ ოთახშია გამოკეტილი, ჩიტივით ჭამს. ჭამაც არ ჰქვია ამას, უფრო იკიკნება. რაღაც იტალიურ სიმღერას უსმენს, უცნაურად მეტყველებს... მეტი რაღა გინდა? მაინცდამაინც თვითმკვლელობა უნდა ჩაიდინოს? -ჩშ! ეგ მეორედ აღარ გაიმეორო! მითუმეტეს, მის წინ! გადი ოთახიდან და მარტო დაგვტოვე,-შეაჩერა მოხუცი და სასოწარკვეთილებაში გადავარდნილ დას დახედა. ქალბატონმა მერიმ ამოიხვნეშა და კარი გაიხურა. მანო თავდახრილ დას გვერდით მიუჯდა და სინანულით აღმოხდა: -არ მეგონა, თუ ასეთი უსუსური იყავი. შენგან უფრო მეტს ველოდი. ხალხი შეყვარებულს კი არა, შვილებს, მშობლებს, დედმამიშვილებს ჰკარგავენ და მაინც აგრძელებენ თავიანთი ტკივილით ცხოვრებას. -რატომ ადარებ რომელიმე ადამიანის სიყვარულს ერთმანეთს? სიყვარული სიყვარულია და დანაკლისს ვერავინ შეგვიცვლის, ან რა შუაშია ცოცხალი ადამიანის ჩვენგან წასვლა გარდაცვლილ ადამიანებთან? -მე იმას ვამბობ, რომ ადამიანი სიკვდილსაც ეგუება, უფრო სწორად წასული ადამიანის გარეშე ცხოვრებას სწავლობს-მეთქი და შენ შეყვარებულის წასვლა ვერ მოგინელებია, მითუმეტეს, იცი, რომ ცოცხალია და არაფერი უჭირს. -და რა იცი, რომ არაფერი უჭირს? -დარწმუნებული ვარ, შენსავით ცოცხლად თავს არ იმარხავს. კარგი, ვთქვათ, ფეხი წამოვკარით რაღაცას და დავეცით. ასე ვიჯდეთ და აღარ წამოვდგეთ? რას ჰგავს შენი საქციელი, მელანო? -ხომ შეიძლება, რომ ჩემს აზრებთან მარტო დამტოვოთ? ჩათვალეთ, რომ მელანი დროებით გაქრა, აღარ არსებობს. საკუთარ თავთან დარჩენა მინდა. იქნებ როგორ მჭირდება? რატომ არ გესმით? -საკუთარ თავთან მარტო ყოფნის პერიოდი ძალიან გაგიგრძელდა! -მერე რა? იქნებ ორი ამდენი კიდევ მჭირდება? -ბევრია!-თავი გააქნია მანომ,- ძალები უნდა გამონახო და აქეთ მხარეს უნდა დაბრუნდე. გეყოფა იქით ხეტიალი, სადაც არაფრისმომცემი სივრცეებია. -ცდები! არაფრისმომცემი სივრცეები აქეთ ბევრად მეტია, ვიდრე ჭეშმარიტების მხარეს. -მიპასუხე, რომელია ჭეშმარიტება? არარეალური, წარმოსახვითი და ილუზიური ფენები? -მე იქ ყოფნა უფრო მამშვიდებს და ბევრ რამეზე ვპოულობ პასუხებს. -იმ ფენებში ღრმად ყოფნას ამაოებამდე მიჰყავხარ და რაც არ უნდა ქექო, ფსკერზე სიკვდილია. -და დედამიწაზეც ასე არ არის? ყველაფერი ხომ მაინც სიკვდილით მთავრდება? -არსებობს რაღაცები, ვიღაცები, რის და ვის გამოც სიცოცხლე ღირს და ბრძოლასაც ყოველთვის აქვს აზრი. -მაგალითად? ერთი მიზეზი მაინც დაასახელე, რის გამოც ამ ხრწნად მხარეს მობრუნება ღირს. -საყვარელი ადამიანები. -როცა სურვილი არ გაქვს, რეალურ სამყაროში დაბრუნდე, ყველას და ყველაფერს ეკარგება აზრი. -ამის დედაც! გადმოდი აქეთ! მცდარ ლიანდაგზე დგახარ! -რატომ? -იმიტომ, რომ იქით არაფერი გელოდება, აქეთ კი ცხოვრება რაღაცას კიდევ მოგცემს. -იქნებ სათანადოდ თვალს და სულს ვერ ატყუებს მისგან სამადლოდ გადმოგდებული ლუკმები? -მაშინ ჩავძვრეთ ყველანი კასრებში, დავიმალოთ ოთახებში, ამოვეფაროთ ღობეებს და მხდალი ადამიანებივით გავექცეთ ყველა დაბრკოლებას. ლაჩარი ხარ, მელანო. ყველაზე ლაჩარი ადამიანი, ვინც კი შემხვედრია! -დამარქვი ეგრე, თუ დაგამშვიდებს. -ვერასოდეს ვიტანდი შენნაირ ადამიანებს. მე არ გეუბნები, რომ გინდა თუ არა, გამოუსწორებელი ოპტიმისტი იყავი-თქო, მეტისმეტი არაფერი ვარგა, არც შენი პესიმიზმი. მხოლოდ იმას გთხოვ, რომ რეალობის შეგრძნებას არ მოწყდე, მეტს არაფერს. გოგონას აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ხელის მიმართულებით აგრძნობინებდა, რომ მანოს ოთახიდან გასვლისკენ უბიძგებდა. ქალი არ შეეწინააღმდეგა, მის სურვილს დაემორჩილა. მანოს ოთახიდან გასვლისთანავე მელანიმ ტანი საწოლამდე ძლივს აითრია და პირქვე გაიშოტა. რამდენიმე წუთში კვლავ დაიწყო სხვაგან მოგზაურობა, სადაც არავინ არაფერს საყვედურობდა, არავინ არავის სჭამდა, არავინ არავის სტკენდა, არავის არავინ სძულდა... --- ცოტნე ავალიანმა სანდო კავშირების წყალობით იმდენი მოახერხა, აბსოლუტურად ყველა მის ხელთ არსებული შავბნელი საქმეების დამამტკიცებელი დოკუმენტი საბერძნეთის ისეთ მხარეს გადასცა, რომლის პირდაპირ ინტერესებში შედიოდა მსგავსი საქმის სააშკარაოზე გამოტანა და დამნაშავის საკადრისად დასჯა. აღმოჩნდა, რომ ბერძნული გვარ-სახელების უკან მხოლოდ ერთი პიროვნება იმალებოდა, რომლის მხილება და მუშაობის სქემის გაშიფვრა არაერთ ადამიანს დააზარალებდა. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე იყო საჭირო, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოებათ, რომ ამ ბიზნესის განმკარგავი ერთ-ერთი დიდი თევზი ხელში ჩაეგდოთ და საერთაშორისო ასპარეზზე ქულები ჩაეწერათ. ახლა მხოლოდ ყველაფერი დროის ამბავი იყო, შესაბამის მომენტს ელოდებოდნენ, რომ საათივით აწყობილ კლანს მოულოდნელად ატეხილი სეტყვასავით დასცემოდნენ და გაენადგურებინათ. --- ახალი ინფორმაციით დახუნძლული ტიტე ავაზნელი ქალბატონი მერის ბინის კარს მიადგა: -გამომძიებელს ვესაუბრე და ახალი ფაქტები გვაქვს,- პირდაპირ მიახალა მანოს მამაკაცმა. -მინდა, გითხრა, არც მე მაქვს ურიგო ამბები შენთვის,-კმაყოფილი სახით მიაგება სიტყვები ქალმაც. -მაშინ დავიწყოთ, ნუღარ ვაყოვნებთ,- ჩქარობდა ავაზნელი. მელანის საძინებელი მისაღებ ოთახთან ძალიან ახლოს იყო და ფაქტობრივად ყველაფერი ესმოდა, რაზედაც და და რატის მამა საუბრობდნენ. თითქოს მოსწონდა, საქმე წინ რომ მიდიოდა და წესით შვებაც უნდა ეგრძნო, მაგრამ თვალებიდან კარგად მიჩქმალული უნდობლობა გამოსჭვიოდა. ფეხზე წამოდგა, მივიწყებულ ტელეფონს დასწვდა, სურათების გალერეაში შევიდა და უაზროდ მოჰყვა თვალიერებას. არცერთი მათგანი არანაირ ემოციას აღარ იწვევდა. კოჯრის აგარაკზე ფოტოალბომში ნაპოვნი მორიელის ტატუიანი მამაკაცის სურათი მოძებნა, კედელს ბარბაცით გაუყვა და გაჩახჩახებულ ოთახში გავიდა. სიბნელიდან გასულს შუქმა შეაწუხა და სახე უსიამოვნოდ დამანჭა. -მელანო?- გაკვირვებული წამოდგა მანო, არაფრით მოელოდა დის იქ გამოჩენას. გოგონა მაგიდასთან მივიდა, ტიტეს ტელეფონი წინ დაუდო და უთხრა: -იქნებ გეყოს ფარისევლობა და აღიარო, რომ იცი ვინც მოკლა ჩვენი და და შენ უბრალოდ კვალს გვირევ? ტიტემ მამაკაცის სურათს დახედა და ადგილიდან ტყვიანაკრავივით წამოვარდა. მანომ მელანის ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ მამაკაცს რომ დახედა, მაშინვე გულს შემოეყარა და წამოიყვირა: -ეს რას ნიშნავს?! -ეს სურათი სად ნახე?- ავაზნელი ფერდაკარგული მივარდა მელანოს. -კოჯრის აგარაკში, ფოტოალბომის ერთ-ერთ გვერდს ამშვენებდა,- უემოციო სახით უპასუხა გოგონამ. -ჯანდაბა! როგორ ვერ მივხვდი?!- შუბლზე შემოიკრა ხელი მამაკაცმა და გასასვლელ კარს ეძგერა. -სად მიდიხარ?-უკან დაედევნა სიბრაზისგან აჭარხლებული მანო, მაგრამ ავაზნელი ისეთი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა, ვეღარავინ შეაჩერებდა. -ამ სურათის შესახებ რატომ არაფერი ვიცოდი?!- დას შეუბრუნდა მანო. -აგერ ხომ ვთქვი?- ხელები გაუშალა გოგონამ და ცხვირწინ მიუკეტა საძინებლის კარი. -რა ხდება? ვეღარ გავიგე ვინ ცრუობს და ვინ მართალს ამბობს? ამის დედაც!- ქალმა მაგიდაზე დადებული ლარნაკი ხელში აიღო და კედელს მთელი ძალით შეალეწა. -დედა, რათა ვარ თბილი თქვენს ხელში?-სამზარეულოს კარი გამოაღო ხმაურისგან შეწუხებულმა ქალბატონმა მერიმ. მანო სასწრაფოდ აივანზე გაიჭრა, უნდოდა, ავაზნელი შეეჩერებინა და როგორც კი სადარბაზოდან ეზოში გასული დაინახა, დაუძახა, მაგრამ მამაკაცი არ უსმენდა, მანქანისკენ მიიჩქაროდა. --- რატი ავაზნელი უნივერსიტეტში დაწყებული საგამოცდო პერიოდის გამო, წიგნებში იყო თავჩარგული და დღეს და ღამეს ასწორებდა, რომ ურთულესი გამოცდები ჩაებარებინა. აი, ახლაც, მორიგი გამოცდისთვის ემზადებოდა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა და ყურადღება გარეთ მყოფ სტუმარზე გადაიტანა. ზღურბლთან სიცივისგან მობუზული თეკო სიხარულიძე იდგა. მის დანახვაზე ზიზღით გამოსცრა: -იმის შემდეგ, რაც იკადრე, აქ ფეხის მოდგმას როგორღა ბედავ? -მამაშენმა უკვე მოასწრო და კარის საკეტი გამოცვალა? რას ვიფიქრებდი, ამ სახლთან სტუმრის სტატუსით თუ ჩამოვდგებოდი, -ცალყბად ჩაეცინა ქალს, ხელში შერჩენილი ძველი გასაღები სადღაც მოისროლა, რატის იდაყვი გაჰკრა, გამატარეო და შინ ძალით შეიჭრა. - იქ, სადაც არც გეძახიან და არც გელოდებიან, რატომ ნაგლობ და მაინც მიდიხარ?! თეკომ პალტო გაიხადა, სამეულის ტახტზე მიაგდო და საძინებლისკენ წავიდა: -ჩემი ნივთების წასაღებად მოვედი, რაღაცები მაკლია, ყველაფერი არ მოუტანიათ. -თუ რამე დაგხვდა...- მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა რატიმ და თავზე დაადგა. -რას მიყურებ? გაინტერესებს როგორი ტიპის ქვედა საცვლებს ვანიჭებ უპირატესობას?-კომოდის უჯრა გამოაღო თეკომ. -მე?- ჩაეცინა ბიჭს,- ზოგჯერ ისეთ შუტკებს აძრობ, კომედი შოუს ცნობილი წამყვანები ტირილს იწყებენ ხოლმე. ისე, შენს მასტერკლასებზე ხომ არ ჩავეწერო? ღირს დაფიქრებად. -მორჩი ღლიცინს, თორემ უკვე ყელში მასხამს. -შეიგნე, შენი აქ დანახვა არავის უხარია და არც გენდობიან. ვიმედოვნებ, ამის შეხსენება მეტჯერ არ დაგჭირდება. -სად არის ჩემი ნივთები?- ქალმა ცარიელი უჯრები რომ დაინახა, ელდა ეცა. -ეჭვი მქონდა, რომ ვერაფერს ნახავდი,- რატიმ კმაყოფილი სახე მიიღო, თავი მაღლა ასწია და სტვენა დაიწყო. გამწარებული თეკო ბიჭს მივარდა და კითხვა გაუმეორა. -ტიტემ ყველაფერი გადაყარა,-არ დააყოვნა პასუხმა. -რატომ? -რა ვიცი,- მხრები აიჩეჩა ბიჭმა,- ალბათ, ეგონა, ისე არ გამათხოვრდებოდი, რომ ნახმარი საცვლები და დეზოდორანტები მოგეკითხა,- ცხვირის წვერზე ცერა თითი გაისვა და სახეზე ცინიკური ღიმილი აუთამაშდა. -რა ახვარი ბავშვიც იყავი, ისევ ის დარჩი! არამი იყოს, რაც შენი გულისთვის ტიტესთვის სიტყვები შემიწევია. -აუ, მიდი რა, გაიარე. შენ არასოდეს გევასებოდი და ყოველთვის თვალთმაქცობდი. ჩემთან მაინც არ გჭირდება თავის მოკატუნება. ქალმა კარადების კარებიც გამოაღო და თავისი რომ ვერაფერი იპოვა, იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა: -რა იოლად შეუძლია ადამიანს წარსულის ნაშთად გაქციოს. მერე კარები ნელა მიხურა, ოთახიდან გავიდა და მისაღებ ოთახში დატოვებულ პალტოს დასწვდა. -მოიცა, სად მიდიხარ? ბარემ აბაზანაშიც შეგეხედა, იქნებ შენს ნახმარ კბილის ჯაგრისს მოჰკრა თვალი?- მიაძახა რატიმ. გაავებულმა ქალმა თავი გააქნია, არაფერი უპასუხა და გასროლილი ისარივით გავარდა გარეთ. კარგ ხასიათზე მოსული რატი ტახტზე ჩამოჯდა, მკლავები და ფეხები გაშალა და აქა-იქ მიყრილ საზურგე ბალიშებზე კომფორტულად გადაწვა. უეცრად, თვალი იატაკზე დაგდებულმა, თეთრმა, დალუქულმა კონვერტმა მოსჭრა. დაბლა დაიხარა, ხელში აიღო და შეათვალიერა: -უცნაურია, არც გამომგზავნის სახელი და გვარი აწერია, არც ადრესატის. ცოტა ხანი კიდევ უყურა, მერე ცნობისმოყვარეობამ სძლია და კონვერტი გახსნა. წერილი ნაბეჭდი სახის იყო და იგი მელანის და მანოსთვის იყო განკუთვნილი: „მოგესალმებით და მოგიკითხავთ მანო და მელანო, ალბათ, გაგიკვირდათ, რატომ არ აწერია კონვერტს გამომგზავნის სახელი და გვარი, მაგრამ ამას ჩემივე უსაფრთხოების მიზნით ვაკეთებ, რადგან არავინ არასოდეს და არაფრისგან ვართ დაზღვეული. მე თქვენი კეთილისმსურველი გახლავართ, რომელმაც ნინო თადეშვილის მკვლელობის დეტალების შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იცის. ვინ და რატომ დაგეგმა და რაში აწყობდა თქვენი დის სიკვდილი, ეს ძალიან დიდი ამბავია და თუ გაინტერესებთ სიმართლე შეიტყოთ, მაშინ ჩაჰყევით წერილის ქვეშ წვრილი შრიფტით დაწერილ და გამუქებულ მისამართს, თარიღს და დროს. გელოდებით სასაუბროდ, ოღონდ ერთი რამ გაითვალისწინეთ, თუ დავინახე, თქვენს გარდა, იქ ვინმე სხვაც მოგყვათ, ტყუილად დაელოდებით ჩემს გამოჩენას, უკან გავბრუნდები და ამ საიდუმლოს თავის ფაქტებიანად საფლავში წავიღებ.“ რატიმ სასწრაფოდ ჩაიკითხა წერილის შინაარსი და ბოლოში მიწერილი საეჭვო ადგილმდებარეობის მისამართი ინტერნეტში მოიძია. წერილში დაფიქსირებული შეხვედრის ადგილი აფრიკის დასახლებაში, სადღაც ბარაკებისკენ მიუთითებდა. -უეჭველი იმ ძუკნას დაუვარდებოდა. რაღაც სერიოზული დაგეგმა, არ მომწონს ეს ამბავი,- აღელდა რატი, წერილი კონვერტში ჩააბრუნა, მობილურ ტელეფონს მივარდა და მამამისს დაურეკა, რომ საქმის კურსში ჩაეყენებინა, მაგრამ საჭესთან მყოფი ტიტეს გონება გამოძიების ახალ დეტალზე ფიქრით იმდენად იყო ჩაციკლული, არ პასუხობდა. *** ავაზნელების სახლიდან წამოსული თეკო იმაზე ფიქრობდა, მანოსთვის და მელანოსთვის მომზადებული წერილი მათთვის გადასაცემად ვისთვის გაეტანებინა, როდესაც შუა გზაში აღმოაჩინა, რომ პალტოს ჯიბეში შენახული წერილი სადღაც გამქრალიყო: -ამის დრო იყო ახლა? უიღბლობის მაგნიტი ვარ!- ნერვები მოეშალა ქალს და იდენტური წერილის მოსამზადებლად სახლში დაბრუნდა. როგორც კი ახალი დაბეჭდა, გარეგნობა შეძლებისდაგვარად შეიცვალა, მელანის და მანოს საცხოვრებელი კორპუსისკენ წავიდა, ეზოში პატარა ბიჭი გააჩერა, სართული და ბინის ნომერი უთხრა, იქ მობინადრეებისთვის კონვერტის მიტანა დაავალა, სანაცვლოდ ჯიბეში ფული ჩაუკუჭა და თავად დაუყოვნებლივ მიიმალა. *** მანომ მეზობლის ბავშვს კონვერტი გამოართვა და იმ პიროვნების ვინაობით დაინტერესდა, ვინც გამოგზავნა, მაგრამ ბიჭმა ქვედა ტუჩი გადმოაგდო და არ ვიციო, ამ ჟესტით ანიშნა. ქალმა მადლობა გადაუხადა, დაემშვიდობა, დალუქული კონვერტი გახსნა, წერილი ხელად გადაიკითხა და მაშინვე წარმოთქვა: -სიურპრიზებით სავსე ცხოვრება მაქვს. -რამე მოხდა?- გაკვირვებული მიაჩერდა იქვე მჯდომი მელანი. -არა, არაფერი,-თავი გაიქნია უეცარი სიახლით გაბრუებულმა ქალმა და წერილი უკან წაიღო. -რას მალავ? კარგად გიცნობ, მანო. სახეზე გაწერია, რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი შეიტყვე. -საიდან იგონებ? მელანი წამოდგა, დას მივარდა, ხელიდან წერილი წაჰგლიჯა და სააბაზანოში შეიკეტა. -რას აკეთებ? გააღე ახლავე კარი!- ბრახუნი აუტეხა მანომ. გოგონამ წერილი გადაიკითხა, დაკეცა, ოთახიდან გავიდა და ხელში გაუწოდა: -კარგად ვხვდები ჩემი მოტეხვა რატომაც გინდოდა. არ მაინტერესებს, რადგან მეც მიხმობენ, მოვდივარ! -ჩვენ არ ვიცით ეს ვინ არის, ამიტომ კრინტიც კი არ დაძრა იქ წამოსვლაზე, გასაგებია?!- ხმას აუწია მანომ. -როგორც შენ იტყვი. ხომ გინდოდა, ამ ცხოვრებაში დავბრუნებულიყავი? ჰოდა, Hello, აქ ვარ!- ხელი დაუქნია გოგონამ. -არაჩვეულებრივად იცი როგორ შემოაბრუნო შენკენ ბორბლები. -როცა მინდა კი, როცა არ მინდა, მაშინ ბოდიში. -მელანო, გეხვეწები, არ გინდა მაგარი გოგოს როლის თამაში. მე ვთქვი, რომ ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებდი, აღარაფერში გაგრევდი და კიდეც ბოლომდე შევასრულებ მოცემულ სიტყვას. -მანო, ეს წერილი ორივეს გვეხება. ადრესატები ჩვენ ვართ და რადგან მას იქ ჩემი ნახვაც სურს, უკან არ დავიხევ, აუცილებლად წამოვალ. - ოჰ, რა ჯიუტი ხარ! არა-მეთქი! ვთქვი უკვე! -მეც ვთქვი ჩემი სიტყვა და განხილვას აღარ დაექვემდებარებება! -დაექვემდებარება!- სიტყვა გაუსწორა ოთახში ახლად შემოსწრებულმა ქალბატონმა მერიმ. -It’s ok, whatever!- როცა ბრაზდებოდა, ყოველთვის თავის ენაზე იწყებდა საუბარს. -უფ, მელანო, უფ! - ცოფებს ჰყრიდა მანო. -არანაირი უფ! შენ რომც არ წამიყვანო, მე თვითონ მოვალ! -რა გჭირთ, თქვენ კიდევ? რით ვეღარ დაშოშმინდით?- ხან ერთს შეხედავდა მოხუცი, ხან მეორეს. დები ცალკე ოთახში შეიკეტნენ და ახლა იქ გააგრძელეს კინკლაობა, მაგრამ მელანი თუ რამეს აიჩემებდა, ურთულესი იყო, გადაგეთქმევინებინა და როგორც მოსალოდნელი იყო, საბოლოოდ მანო დამარცხდა. --- ტიტე ავაზნელმა კოჯორში ასასვლელი გზა ელვის სისწრაფით დაფარა. აგარაკში შესვლისთანავე ფოტოალბომების შესანახ ადგილს მიადგა, ყველა ერთად გადმოიღო და თვალიერებას შეჰყვა. მალე მელანის ნათქვამში დარწმუნდა, თეკოს ალბომში იმ პიროვნების სურათი აღმოაჩინა, რომელიც სულ რაღაც ერთი საათის წინ საკუთარი თვალებით ნახა. -შეუძლებელია! გამოდის, რომ თეკო ნინოს მკვლელს კარგად იცნობს, სხვა შემთხვევაში მის სურათს რატომ შეინახავდა?- ალბომი ჟურნალების მაგიდასთან მიიტანა, გადაშლილი სახით დადო, ფურცელი და კალამი აიღო და არსებული ინფორმაცია გონებაში ხმამაღალი ფიქრებით და დასკვნებით შეაჯერა:- ესე იგი, ნინოს ვიღაც შუახნის კაცი ემუქრებოდა. როგორც მანო ამბობს, ეს კაცი საშუალო სიმაღლის, წითური, ოდნავ ჩასუქებული, მელოტი და კოჭლი იყო. ასევე ატარებდა სათვალეს. ვაჰ, ნეტა ვინ უნდა ყოფილიყო? ამ ტიპმა დააწერინა ნინოს ის საშინელი წერილიც. როგორმე უნდა გავიხსენო ვინ გადმომცა წერილი, რომელიც ამ გნიდამ რაჭიდან ჩამოიტანა, -გონება დაძაბა მამაკაცმა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა. კვლავ ალბომში ჩადებულ სურათს მიუბრუნდა და ახალგაზრდა პიროვნებას სახეზე დააკვირდა. საკმაოდ თვალში საცემი და დასამახსოვრებელი გარეგნობა ჰქონდა- ათლეტური აღნაგობა, ქერა თმა, მწვანე, მღვრიე თვალები, რკალისებრი, მეჩხერი წარბები, სწორი ცხვირი, განიერი ყვრიმალები, თხელი ტუჩები და გამოყვანილი ნიკაპი. მეხსიერების დაფიდან წამოსული ბუნდოვანი ფრაგმენტი თანდათან აღწევდა ტიტეს აქტიური ფაზის საინფორმაციო ბადეში და ცოცხალ კადრებად იღვიძებდა. ბევრი წვალების შემდეგ გონება გაუნათდა და სწრაფად აღიდგინა საღამოს სურათი, როდესაც სამსახურიდან დაბრუნებულმა მათ სახლთან ახლოს მდებარე ქუჩის კუთხეში მსგავსი გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცთან მოსაუბრე თეკო შენიშნა: -კი, ეგ არის! - სიტყვა წამოისროლა ავაზნელმა,- მაშინ თეკომ მასზე მითხრა, ჩემი ბავშვობისდროინდელი მეგობარიაო. ასე როგორ ეძვირფასებოდა, რომ მის ფოტოს ალბომში ცალკე გვერდი დაუთმო? რაღაც საეჭვოდ მეჩვენება, მისი ნათქვამი სინამდვილეს შეესაბამებოდეს! -მერე თითზე გამოსახულ მორიელის ტატუს დააკვირდა და შესადარებლად ნინოს მკვლელობის ამსახველი ვიდეო ჩართო, სადაც მკაფიოდ ჩანდა მკვლელის ცერა თითზე შავად მოხატული მორიელი, - მარჯვენა ხელი, ცერა თითი, ტატუს ზომა და ფორმა- ყველაფერი ემთხვევა. ამ ახვარმა მოკლა, ორი აზრი არ არსებობს. საინტერესოა, რა იყო მოტივი? როდესაც ნინო მოკლეს, თეკოს წესიერად არც ვიცნობდი. მაშინ საუკეთესო ახალგაზრდა ბუღალტრად ითვლებოდა და მამაჩემის და ჩემ კომპანიებში ნახევარ განაკვეთებზე მუშაობდა. თუ ის ამ მკვლელობასთან კავშირშია, იმ უსახელო წერილს არ გაუჭირდებოდა კომპანიაში შემოღწევა. გავყვეთ ფაქტებს. იმ პერიოდში თეკო ჩემს მდივანთან მეგობრობდა. ბუნებრივია, არ გაუძნელდებოდა გაეგო, რომ ნინო მიყვარდა. მდივანს ნინოს სახელზე ჩემივე დავალებით ყვავილები და საჩუქრები ბევრჯერ გაუგზავნია, ამიტომ თეკო თუ მოისურვებდა, მისი მისამართის დადგენაც არ გაუჭირდებოდა და რადგან იცოდა, რომ ნინო მიყვარდა, მითვალთვალებდა და ქორწილიდან გატაცების დღეს გადაღებული სურათებიც ამას მოწმობს. რად უნდოდა თეკოს ის სურათები, რომლებიც ნინოს გატაცებაში ჩემს ბრალს ადასტურებდნენ? არაა გამორიცხული, იმ დღეს, როდესაც ნინო გავიტაცე, უკან გამომყვა და ასე გაიგო სადაც გამოვკეტე. უეჭველი ეგრე იქნებოდა. ვითომ სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერებიც მის მიერ არის გამქრალი?-არ ასვენებდნენ პასუხგაუცემელი ფიქრები,- მანო ამბობს, რომ ნინოს მკვლელობის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერი მელანომ წიგნის ფორმის სეიფში აღმოაჩინა. ოჯახში ასეთი სეიფის არსებობის აზრზე არ ვიყავი, რატი საერთოდ გამორიცხულია, იმ სეიფთან რაიმე სახის კავშირი ჰქონოდა. გამოდის, რომ ყველა ვარიანტში თეკოს საკუთრება იყო. მდა!.. სასწრაფოდ ეს საზიზღარი ქალი უნდა ვნახო! აქ რაღაც რიგზე ვერ არის და ხანგრძლივი საუბარი მოუწევს ჩემთან,-ნერვებს ძლივს იოკებდა ავაზნელი. უკვე კარს კეტავდა და თეკოს მოსაძებნად აპირებდა წასვლას, როდესაც მობილურ ტელეფონზე დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა: -ბატონო ტიტე, როგორ ბრძანდებით? -მოწიწებით მიესალმა მამაკაცი. -არამიშავს, ზურა. შენ როგორ ხარ?- დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდა, რომ აღელვება დაემალა. -მეც არამიშავს. მითხრეს, რომ მეძებდით და ამიტომ გირეკავთ. -სად ხარ? თავად მოგაკითხავ. -რაიონში გახლავართ, იქ გადავედი საცხოვრებლად. -რა საქმეზეც მინდა, დაგელაპარაკო, სატელეფონო საუბარი არ არის. უმჯობესია, მისამართი მომწერო და პირადად შევხვდეთ ერთმანეთს. -არ არის პრობლემა, ახლავე გამოგიგზავნით,- შეპირდა მამაკაცი, ტელეფონი გაუთიშა და მისამართი მისწერა. ამასობაში, ტიტემ თეკოს ადრინდელი მისამართისკენ აიღო გეზი, მაგრამ ქალი იქ არ დაუხვდა. მეზობლებში გაარკვია, რომ ბინა დიდი ხნის წინ გაიყიდა და ამჟამად ახალი მეპატრონის ხელში უცხოელები ქირაობდნენ. მის მშობლებსაც მიაკითხა, მაგრამ შვილის სამყოფელის შესახებ არც ისინი იყვნენ საქმის კურსში. -დედას შევე@ი! სადაც არ უნდა იყო, მიწიდან ამოგთხრი! - უფრო მეტად გაღიზიანებული ჩაჯდა მანქანაში და ყოფილი თანამშრომლის სახლის გზას დაადგა. ტიტეს გონება კითხვის ნიშნებისგან შემდგარ ორომტრიალს მოეცვა, რომელშიც ერთმანეთზე მოიერიშე უამრავი წვრილი დეტალი ბრუნავდა და კიდევ უფრო ქაოსურად აბურდულ წრეებში გადაჰყავდა. -დავამთავრებ! ამ ყველაფერს მალე დავამთავრებ!- კახეთის გზატკეცილზე მიმავალი ბოლო ხმაზე ღრიალებდა და საჭეს ხელის გულებს თავშეუკავებლად ურტყამდა. *** ყოფილი თანამშრომელი სიხარულით მიეგება ტიტეს და სახლში შეიპატიჟა, მაგრამ ავაზნელმა იუარა და მანქანაში არჩია მასთან საუბარი: -ზურა, რაზეც ახლა ვილაპარაკებთ, კაცურ სიტყვას გაძლევ, ჩვენში დარჩება და არსად გავა. ასევე მინდა, იგივეს შემპირდე. -რაზეა ლაპარაკი? არც არის საჭირო ამის ხსენება,- ეხამუშა მამაკაცს. -ალბათ გახსოვს, როდესაც ნინო თადეშვილის გახმაურებული მკვლელობა მბრალდებოდა. იმ ხანებში ხალხში უამრავი მითქმა-მოთქმა ატყდა. -როგორ არ მახსოვს? ისიც მახსოვს, რომ ბრალი არ დაგიმტკიცდათ და გაგათავისუფლეს,-უნდოდა, ყოფილი უფროსისთვის გული მოეგო. -კარგი, დავანებოთ მაგას თავი. ვიცი, ცოტა რთულ რაღაცას ვითხოვ შენგან, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. შეგიძლია, გაიხსენო, იმ დღეებში თეკო სიხარულიძისთვის რამე საეჭვო ქმედებები ხომ არ შეგიმჩნევია? -რა უნდა შემემჩნია? -მაგალითად, უცნაურად ხომ არ იქცეოდა? ვინმე უცხო ხომ არ აკითხავდა, ვინც სამსახურთან კავშირში არ იყო? მამაკაცი გაჩუმდა და ფიქრებში წავიდა. ცოტა ხანში მოგონებების მორევიდან გამოვიდა, მხრები სუსტად აიჩეჩა და დარწმუნებით უპასუხა: -არაფერი შემინიშნავს, ჩვეულებრივად იქცეოდა. ავაზნელმა მორიელის ტატუიანი ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო აჩვენა: -არც ეს ტიპი გეცნობა? ზურამ ფოტო გამოართვა, კარგად დააკვირდა და რამდენიმე წამში სახის მიმიკები შეეცვალა: -ამ პიროვნებამ ერთი ორჯერ მოაკითხა სამსახურში. საიდან დამამახსოვრდა იცი?- ოდნავ გაეღიმა ყოფილ თანამშრომელს,- ჩემი ძაღლების მიმართ სიყვარული ყველამ იცის. ჰოდა, ისეთი ლამაზი გერმანული ნაგაზი ჰყავდა მანქანაში, ლამის გავგიჟდი. კიდეც გამოველაპარაკე და მითხრა, კინოლოგი ვარო. -კინოლოგი? -ჰო, რავი, ასე მითხრა. -მეორეჯერ რომ მოაკითხა, მაშინაც იგივე ძაღლი ჰყავდა? -კი, უკანა სიდენიაზე უჯდა. მითხრა, ჩემი არ არის, პატრონმა გასაწვრთნელად მომაბარაო. -შემთხვევით ყური ხომ არ მოგიკრავს, რაზე საუბრობდნენ? -აბა, რა ვიცი? რაღა მახსოვს?- გაეცინა მამაკაცს,- ისე მეორეჯერ რომ მოვიდა, რაღაც ჩანაწერი გადასცა და ასე უთხრა, შენი თვალით დარწმუნდები, რომ გზა ხსნილი გაქვსო. -და თეკომ რა უთხრა? -არაფერი, დიდხანს არ გაუჩერდა სალაპარაკოდ, გამოართვა და სამსახურს დაუბრუნდა. -ესე იგი, ზუსტად გახსოვს, რომ ეს პიროვნება იყო? -კი, წყალი არ გაუვა. -იცი რამდენი ხანია შენ და შენს მაშინდელ მეწყვილეს, გია ღვინიაშვილს გეძებთ? მიხარია, რომ შენ მაინც გნახე. -სამწუხაროდ არც მე ვიცი იმის ალი-კვალი. -ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, შენ უკვე დამეხმარე, - ამოიქშინა ავაზნელმა, -რაც მითხარი, იმაზედაც მადლობელი ვარ. -შემოდით რა, ასე როგორ გაგიშვათ?- თავის სახლს გახედა ზურამ. -ძალიან რომ არ მეჩქარებოდეს, შემოვიდოდი, -გაუღიმა ტიტემ და მანქანა დაქოქა. -მაშინ დაგემშვიდობებით და რა ვიცი, მიხარია, თუ რამეში გამოგადექით,- კვლავ მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და მანქანიდან გადავიდა. ავაზნელი დაემშვიდობა და სოფლის ვიწრო, უსწორმასწორო გზას ნელი სვლით გაუყვა. *** გზააბნეულმა ტიტემ თავს შეატყო, ყველასგან და ყველაფრისგან დროებითი გადამალვა სჭირდებოდა, რომ მიღებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ გაეშალაშინებინა. მობილური ტელეფონი გამორთო და ერთი დღით კახეთის კეთილმოწყობილ სასტუმროში დარჩა. ზამთრისგან შექმნილ ბუნებას ჭიქა ყავის თანხლებით ოთახიდან გაჰყურებდა და ფიქრები კვლავ ახლად გარკვეული ფაქტებისკენ გაურბოდნენ. ზურას ნათქვამი გამომძიებელ დავითურის სიტყვებთან დააკავშირა და დაასკვნა, რომ გორიჯვრის ტყეში მოსაკლავად წაყვანილი ნინო თადეშვილი იმ ღამეს სწორედ ტატუიანი პიროვნების მანქანაში იჯდა: -ნინო გორიჯვრის ტყეში სწორედ ამ ტატუიანი ტიპის მანქანით არის აყვანილი. ცხოველის ბეწვის მის ტანსაცმელზე არსებობაც ამას ადასტურებს. რაც შეეხება მის კინოლოგობას, ეს უბრალოდ ზურასთვის ნათქვამი ტყუილი მგონია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ტიპი რომ ამ საქმით ყოფილიყო დაკავებული, მის მანქანაში ალბათობის პრინციპით არა ერთის, არამედ რამდენიმე ცხოველის ბეწვი მაინც უნდა ყოფილიყო. ნინოს სამოსს კი მხოლოდ გერმანული ნაგაზის ბეწვი აჰყვა. რჩება ერთი რამ, სამსახურში მეორედ ნინოს მოკვლის შემდეგ მიაკითხა, რომ სწორედ ის ვიდეოჩანაწერი გადაეცა, რომელიც საქმის სისრულეში მოყვანას ადასტურებდა. ჯანდაბა! ამდენი ფაქტები ჭკუიდან გადამიყვანს! -შუბლი მოისრისა გონებადაღლილმა და ცოტა ხნით საწოლზე წამოწვა, რომ დაესვენა. *** რატი და მანო უკვე მეორე დღე იყო, ტიტეს ურეკავდნენ და ვერაფრით უკავშირდებოდნენ. ამასობაში, საიდუმლოდ დაწერილ წერილში მითითებული შეხვედრის დრო ახლოვდებოდა და გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. სხვა გამოსავალი არ იყო, სამივე აფრიკის დასახლებაში უნდა წასულიყო. რატი დანიშნულ ადგილას ორი საათით ადრე მივიდა და აღნიშნულ მისამართზე შავი კარკასის მსგავსი შენობა დაუხვდა. ნანგრევების უკან საგულდაგულოდ დაიმალა და მოთმინებით დაუწყო ლოდინი ყოფილი დედინაცვლის მელანის და მანოსთან შეხვედრას. ცოტა ხანში შავ სამოსში ჩაცმული თეკოც გამოჩნდა. იქაურობას ნაუცბადევად გადახედა და როცა დარწმუნდა, მარტო იყო, კიბეებით მეორე სართულს აუყვა. რატიმ პირველ სართულზე ყოფნა ამჯობინა. გათვალა, თეკო სავარაუდოდ ზედა სართულებიდან დაზვერავდა სიტუაციას და მისთვის უსაფრთხო გარემოს რომ დაინახავდა, მხოლოდ მაშინ გამოეცხადებოდა ახლადმისულებს. შეხვედრამდე უკვე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც სამალავიდან მომზირალმა ავაზნელმა შენობაში შესული მელანი შენიშნა. -ეს ხომ ყველაფერში პირველი უნდა წაერჭოს ცხვირით!- გონებაში გაიფიქრა და ნერვები მოეშალა მის უაზრო სითამამეზე. -დამიცადე მაინც! სად გარბიხარ?- სიბრაზისგან თვალები დაუჭყიტა უკან დადევნებულმა მანომ. გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა და ხელები გაშალა: -არავინ არის. -დაველოდოთ,- შესუნთქული მტვრისგან ცემინება აუტყდა მანოს. უეცრად, ზედა სართულის კიბეებიდან ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნი მოესმათ. ხმა ნელა და ძალიან დინჯად აღწევდა პირველ სართულზე მყოფებისკენ. ისეთი შეგრძნება დაეუფლათ, თითქოს საშინელებათა ფილმებიდან ერთ-ერთი პერსონაჟი ცოცხლდებოდა და ეკალ-ბარდიანი და ქარტეხილიანი გამოსავლელებით რეალური სამყაროსკენ მოიწევდა. ყველა გაიყურსა, სიჩუმეში კი ქალის ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნი უფრო მეტად ძლიერდებოდა: -პუნქტუალური დები ყოფილხართ,- გაეცინა მოულოდნელად გამოჩენილ თეკოს. -შენ?- გაოცება ვერ დამალა მელანიმ. -რა იყო? გაგიკვირდა?- გაეღიმა ქალს და მზის სათვალე მოიხსნა. თეკო სერიოზული სახით იდგა, წარბსაც არ იხრიდა. ტუჩის კუთხესთან ფარული და ცბიერი ღიმილი გამოუკრთოდა. საშინელი აურა მოდიოდა მისგან. ქალის მედიდური მზერა ირგვლივ ყველაფერს თრთვილს ადებდა. თავად კი სიკვდილის ქალღმერთს ამსგავსებდა: -ჩემი სურვილი გაითვალისწინეთ და უკან დაიხიეთ!- მკაცრად წარმოთქვა შავოსანმა. -ჩვენგან დასაცავი რა გჭირს?- სერიოზული სახით ჰკითხა მანომ. -არც არაფერი, უბრალოდ ჩემივე სიმშვიდისთვის ასე აჯობებს. მელანიმ და მანომ თეკოს სურვილი გაითვალისწინეს და უკან დაიხიეს. -მომწონს, როცა მემორჩილებიან,- ბოროტულად ჩაეცინა თეკოს,- ახლა, დროა გაიგოთ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ. დეტალური საუბრისთვის მოემზადა ქალი. რატი მიხვდა, რომ თეკო მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, სასწრაფოდ ტელეფონი ამოიღო და ვიდეოს ჩაწერა დაიწყო. -იქამდე, ვიდრე მამა-შვილი ავაზნელები თავიანთ დაარსებულ კომპანიებში ბუღალტრად მიმიღებდნენ, საკმაოდ ბევრი ვისწავლე და ვიშრომე. სწორედ ჩემი ცოდნის დამსახურებით მოვახერხე, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდამ მაღალანაზღაურებადი სამსახური ვიშოვე. საწუწუნო არაფერი მქონდა, ჩემს უმუშევარ მშობლებსაც ვარჩენდი და თავიც გამქონდა. სწორედ იმ პერიოდში ტიტე ავაზნელი ჩამივარდა გულში და მიუხედავად იმისა, ყურადღებას არ მაქცევდა, მიზნად დავისახე, რომ ერთ დღეს, აუცილებლად მოვინადირებდი მის გულს, მეუღლის სტატუსსაც მოვიპოვებდი და საზოგადოებაშიც პატივსაცემი ფიგურა გავხდებოდი. ბავშვობიდან ასეთი მიზანდასახული ვიყავი, რაც მინდოდა, ქვას გავხეთქავდი და ჩაფიქრებულს ბოლომდე მივიყვანდი. -ამ ყველაფერს ჩვენ რატომ გვიყვები?- გააჩერა მანომ. - მივალ იმ მომენტამდეც, რასაც გულის ძგერით ელოდებით,- მშვიდად უპასუხა თეკომ და გააგრძელა:- ერთ დღეს მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საოპერაციო შეიქმნა. საჭირო იყო მისი საზღვარგარეთ მკურნალობა, რისი საშუალებაც მე არ მქონდა და რადგან ვიცოდი, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ნახევარძმა, რომლის არსებობასაც სათანადო მიზეზების გამო ყველას ვუმალავ, არც თუ ისე ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში იყო, დახმარებისთვის მივმართე. სხვათაშორის, ცოდვას ვერ ვიტყვი, ჩამოვიდა და როგორც შეეძლო, გვერდში დამიდგა, მაგრამ თანხა კოლოსარულ რიცხვს უთანაბრდებოდა, ამიტომ კვლავ გადაუჭრელ პრობლემაში ვრჩებოდით. სწორედ იმ დროს, ჩემმა ძმამ პირობა წამომიყენა, თუკი ნოდარ ავაზნელს ყველაფერს ისე მოვუწყობდი, მის კომპანიას საზღვარგარეთის ერთ-ერთ მსხვილ მაფიასთან ეთანამშრომლა, რომელსაც ვინმე კრაზანა მართავდა, მამის ოპერაციისთვის ფინანსური სახსრები გაგვიჩნდებოდა. ამ ყველაფერში ნოდარის ჩასათრევად საჭირო იყო, მის კომპანიაში წარმოებული საბუღალტრო მახინაციები, რომლებითაც სახელმწიფო ხაზინას ზარალი ადგებოდა, ერთი პიროვნებისთვის გადამეცა, დანარჩენს თავად მიხედავდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი ძმა იმ დიდი კავშირის პატარა წევრი იყო, რომელსაც შავ ბიზნესში ზედმეტი ხალხის მოსაშორებლად იყენებდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს დიდი საიდუმლო თავადვე გამანდო და მითხრა, თუ ვინმე შემაწუხებდა, ყოველთვის მქონოდა მისი გვერდში დგომის იმედი. მაშინ რა ვიცოდი, რომ მეც მასსავით ცივი სისხლი მიყიოდა ძარღვებში. აი, ასე, ჩემდა უნებურად გავხდი იმ დიდი მაფიის სამუშაო სქემის ხელშემწყობი და ნოდარ ავაზნელი ქვეყანაში ნარკოტიკის და უკანონო იარაღის გადმომზიდი ბიზნესმენების კლანის საპატიო წევრად ვაქციე, ხოლო მამაჩემი სიკვდილს გადავარჩინე. გადასაჭრელი მრჩებოდა მხოლოდ ერთი დიდი პრობლემა -თქვენი და როგორმე ტიტესთვის ჩამომეშორებინა, მაგრამ მინდა გითხრათ, ერთმანეთზე ისე იყვნენ შეყვარებულები, საკმაოდ რთულ და ფაქტობრივად მიუღწეველ რაღაცას ვეპოტინებოდი. სწორედ იმ დროს გამიმართლა, მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა და დაშორდნენ. მაშინ, როცა კენტად დარჩენილ და სასოწარკვეთას მიცემული ტიტეს დასამშვიდებლად ვემზადებოდი, საიდანღაციდან ლიკა ხავთასი გამოტყვრა და ყველა გეგმა ჩამიფუშა,- სახეზე მოზღვავებული სიბრაზე გამოესახა თეკოს, თუმცა თავი კარგად ეჭირა და აგრძელებდა:- გემოვნებიანი და მოვლილი ქალი იყო. არ დავმალავ, თქვენს დასაც კი სჯობდა. პლუს ამას ხალასი და თბილი ხასიათიც დავუმატოთ და მამაკაცის შებმას რა უნდა? ჰოპ და ხელში გყავს,- თითები გაატკაცუნა ქალმა, -როდესაც გავიგე, რომ მათი ნიშნობა შედგა, ეს ამბავი გულზე მომხვდა და ყველა მანქანიერ გზას მივმართავდი, რომ ქორწილამდე არ მისულიყვნენ. -თუ ტიტეს არ აინტერესებდი, რა აზრი ჰქონდა შენს მცდელობებს?- კითხვით მიმართა მელანიმ. -მაცლიდა ან შენი და, ან მეორე ქალბატონი, უფრო მეტად დავახლოვებოდი და თავი გამეცნო? ქალაქის სასურველი სასიძო იყო და რა გასაკვირია, რომ გოგოები მოსვენებას არ აძლევდნენ? -ჩემს დას კარგად ვიცნობდი, იმიტომ რომ ცნობილი ოჯახის შვილს, ტიტე ავაზნელს მოსწონდა, ამის გამო ფეხქვეშ არ გაედებოდა,- სიტყვა წარმოთქვა მანომ. -მოკეტე და მალაპარაკე!- დაიყვირა თეკომ. -ეს არანორმალურია, ტიპური ფსიქოპათის შთაბეჭდილებას ტოვებს,- მანომ თავის დას გადაულაპარაკა და ინსტიქტურად გადაეფარა. თეკომ ჩამოშლილი თმები ნერვიულად აიწია და საუბარი განაგრძო: - მაშინ როცა, ლიკა ხავთასის მოშორებაზე ფიქრით თავს ვიჭედავდი, ვაჟბატონი ტიტე კვლავ თქვენს დას შეურიგდა. ეს რომ გავიგე, მივხვდი, რაღაც სერიოზული ნაბიჯები უნდა გადამედგა, ამიტომ ერთი კაცი დავიქირავე და ისე დაამუშავა, მის დანახვაზე შიშის ძრწოლა უტყდებოდა. -დაემუქრა?-თვალები გაუფართოვდა მელანის. -არა, ბიჭო, თავზე ხელს გადაუსვამდა. ერთი სიტყვით, ისე შეაშინა, ტიტეს სახელის ხსენებაზე საკუთარი საფლავის ქვას ხედავდა და ჩემს დაქირავებულ კაცს დაპირდა, ავაზნელს ყველა გზით დაარწმუნებდა, რომ აღარ უყვარდა და ჩამოშორდებოდა, მაგრამ მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი რამ, სიყვარულისგან დაბრმავებულმა ტიტემ ნინო თადეშვილი მათი ურთიერთობის გაწყვეტიდან რამდენიმე ხანში ქორწილიდან გაიტაცა. ჩემს მიერ დაქირავებულმა პიროვნებამ, რომელიც ავაზნელის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა, ამის დამამტკიცებელი ფაქტიც მოიპოვა და იმ ღამესვე დამიდგინა, სად წაიყვანა შენი და. ცოტა ხანი ვაცალე და რომ მივხვდი, ის დამპალი გოგო ასე იოლად ტიტეს გულიდან არ ამოირეცხებოდა, უკიდურეს სასჯელს მივმართე, მისი მოკვლის თხოვნით ჩემს ნახევარძმას, კრაზანას გუნდში მორიელის სახელით ცნობილ ლეო სიხარულიძეს მივმართე. მანაც დიდი სიამოვნებით შემისრულა სათხოვარი, მეწყვილე დაიხმარა და მეტი სიამოვნებისთვის მისი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრებიც კი ჩამახუტა. მანომ და მელანომ გაოგნებისგან ერთმანეთს გადახედეს და პირზე ხელი აიფარეს. -გაინტერესებთ როგორ მოკვდა თქვენი და? შემიძლია, გაყურებინოთ კიდეც,- გადაიხარხარა თეკომ და კადრების საჩვენებლად მობილური ტელეფონი მოიმარჯვა. -გამოდის, რომ წიგნის მსგავსი სეიფი ამ ნაძირალა ქალის ყოფილა,-წაიბუტბუტა სულით ხორცამდე შეძრულმა გოგონამ, თუმცა თეკოს არაფერი გაუგია. რატიმ დროებით ვიდეოგადაღება შეწყვიტა და მამამისს მობილურ ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც მოკლედ აცნობდა ვითარებას, ადგილსამყოფელს და სასწრაფოდ პოლიციის გამოძახებას სთხოვდა. მის ბედად ტიტეს ტელეფონი უკვე ჩაერთო და დედაქალაქს უახლოვდებოდა, როდესაც ეკრანზე შვილის წერილი გამოისახა. მანქანა გვერდზე გადააყენა, შინაარსს გაეცნო და თავზარდაცემულმა დაუყოვნებლივ პოლიციაში დარეკა. -არ არის საჭირო!- ხმა აიმაღლა გაცხარებულმა მანომ. -არ გინდათ? როგორც გადაწყვეტთ,- მხრები აიჩეჩა თეკომ და მობილური ტელეფონი ჩანთაში დააბრუნა. -ძალიან საშიში ქალი ყოფილხარ. მიკვირს ტიტემ როგორ ვერ ამოგიცნო,-თავს აქნევდა გამწარებული მანო. -საშიშიც და ჭკვიანიც. ხუმრობა ხომ არ არის, ორი ადამიანი გზიდან ისე ჩამოიცილო, ციხეს გადარჩე და საწადელიც აისრულო -საყვარელი მამაკაცის გვერდით აღმოჩნდე? -მეორე ადამიანში ვის გულისხმობ? ლიკა ხავთასიც შენ მოკალი?- დაბალ ხმაზე იკითხა შეცბუნებულმა მელანიმ. -თუ გაინტერესებთ, მაგასაც გაიგებთ. ნახეთ, დღეს როგორი ენაწყ*ლიანი ვარ? მზად ვარ, ბოლომდე დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა,- თვალები შეშლილივით დაუჭყიტა და განაგრძო:- ტიტეს რომ მამამისი ციხიდან დაიხსნიდა, ეს ძალიან კარგად ვიცოდი, ამიტომ თავზე უნდა მეზრუნა, ნოდარ ავაზნელი რომ ჩემს ჭკუაზე მემართა და ნინოს მკვლელობის საქმე ჩამეფარცხა, ტიტეს ამ საქმეში უდანაშაულობის სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული ჩანაწერები მოვსპე. ამას დამატებული ქორწილიდან გატაცების კადრები, კიდევ კომპანიის ფინანსური მახინაციები და მეტი რაღა გინდა, რომ ადამიანი ყურებით დაიჭირო? აი, ასე, ნოდარ ავაზნელმა გოგი ხავთასის გავლენიანი წრის მეშვეობით შენი დის საქმის გამოძიება შეაჩერა. -ეს ვინ ყოფილა?! იმაზე დიდი სატანა აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა,- ფიქრობდა ნერვებს აყოლილი რატი და ხელები იმ დონეზე აუკანკალდა, ტელეფონს თითებში ძლივს იმაგრებდა. -ახლა დანარჩენზე მოგახსენებთ. სიყვარულისგან გულმოკლული ტიტეს დარდების გაქარვება ქალბატონმა ლიკა ხავთასმა ითავა, გვერდში დაუდგა და საბოლოოდ მაინც მოახერხა, რომ საყვარელ ადამიანს ცოლად გაჰყოლოდა. მესმის, ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა და სულისთვის როგორმე უნდა ემკურნალა. ასე ვთქვათ, ამ ქალის სიყვარულმა იმ პერიოდში ჩვენი ტიტე გადაარჩინა. მე კი დროებით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რადგან კრაზანას აწყობდა, რომ ნოდარ ავაზნელი და პოლიტიკოსი გოგი ხავთასი დამოყვრების გზით მჭიდროდ დაახლოებულიყვნენ ერთმანეთთან და სხვებთან ერთად მისი ბიზნესის აღორძინებაში გარკვეული წვლილი შეეტანათ. აი, რამ შემაჩერა, რომ იმ დროს ლიკაც ნინოს გზას არ გავუყენე. მასთან სახიფათო თამაშის წამოწყებისგან თავი შევიკავე. ლეომაც ასე მირჩია. მხოლოდ ღმერთმა იცის, რად მიჯდებოდა თითოეული იმ დღის ატანა, როდესაც მკაცრი იმიჯის მქონე, სახემოღიმარ, მუდამ თვითკმაყოფილ და საზოგადოებაში სახელმოხვეჭილ ლიკა ხავთასს საყვარელი მამაკაცის გვერდით ვხედავდი, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი დროც დადგებოდა და მალე კისერს მოვუგრეხდი მეორე მეტოქესაც, თანაც ისე, რომ მისივე სიკვდილი თავადვე იმ თავმომწონე და ცხვირაწეულ ქალბატონს დაბრალდებოდა. -ფუ, მოგიტ@ან!..- კბილებს ახრჭიალებდა რატი და ბოღმა ახრჩობდა რომ თავის შეკავება უხდებოდა, არ გასულიყო და იქვე არ დაეხრჩო. -ამიტომ გადავწყვიტე, ოლიმპიური სიმშვიდე გამომეჩინა, წყვილისთვის წყნარი ცხოვრება ცოტა კიდევ მედროვებინა და მოქმედების ტაქტიკა შემეცვალა -ტიტეს და ლიკას ისე უნდა დავახლოვებოდი, მათი ოჯახის სასურველი სტუმარი გავმხდარიყავი. იმ ღამეს, როდესაც შვილის დაბადების დღეს ზეიმობდნენ, ლიკა ხავთასს მთელი საღამოს განმავლობაში ალკოჰოლში ეთილენის გლიკოლს ვურევდი. ალბათ, ამ ქიმიური სითხის შესახებ გსმენიათ. უსუნოა, უფერო და ოდნავ მოტკბო გემოს შეიცავს. მისი გარკვეული დოზით მიღება ჯერ ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს, შემდეგ გულს, მერე კი თირკმელებს და დადაამ! აღარ არის ადამიანი!- თეატრალურად დაკვანწა ხელის მტევნები. ის იდიოტკა კი ვერაფერს ხვდებოდა, როგორი ხელგაშლილი მირბოდა იმ ღამეს სიკვდილთან. -ღმერთო ჩემო, რეებს ამბობს ეს ქალი?- ძრწოლამ აიტანა მელანი. რატის თვალები ჩაუსისხლიანდა, სიმწრისგან მუშტს კრავდა და გრძნობდა, ძარღვებში სისხლი როგორ უჩქეფდა. მისი გონება თეკოს წამების ყველაზე საშინელმა ვერსიებმა მოიცვეს. მანო სპეციალობით ქიმიკოსი იყო და ნამდვილად არ ესწავლებოდა რაზე საუბრობდა თეკო. მათ წინაშე ჩამოყალიბებული კრიმინალი იდგა და გული უგრძნობდა, სულ მალე მათი სიცოცხლეც სასწორზე დაიდებოდა. ამას მოწმობდა წამდაუწუმ ჩანთაში ჩადებული თეკოს ხელი, რომელიც იქიდან რაღაცის ამოსაღებად ემზადებოდა. -ძლიერი თავის ტკივილი რომ იგრძნო და ჩემთან დაიწუწუნა, მეტი ეფექტისთვის ტკივილგამაყუჩებელი აბები მივართვი, ოღონდ ერთი ცვლილებით, ეს მან იცოდა, რომ მიცემული აბები ტკივილს აყუჩებდნენ, სინამდვილეში კი ანტიდეპრესანტები მივუძღვენი და დოზაც გამოვუთვალე, რამდენი უნდა მიეღო. აი, ასე, ყოველგვარი სისხლის და კივილ-წივილის გარეშე ღირსეულად ჩავაბარე სიკვდილს. დანარჩენი ამბები როგორც წარიმართა, მემგონი საინტერესო აღარ უნდა იყოს თქვენთვის. ისედაც იმაზე ბევრი ვილაპარაკე, ვიდრე თქვენ გაწყობდათ. რატი უკვე ადამიანს აღარ ჰგავდა. თეკოს მზაკვრული საქციელის წყალობით, ამდენი ხნის განმავლობაში დედის სიკვდილთან დაკავშირებით მცდარი აზრი გააჩნდა და სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, რომ თვითმკვლელობას არ ჰპატიობდა. სწორედ იმ დროს თეკომ ჩანთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და შლეგიანივით ხან მელანის იღებდა მიზანში, ხან მანოს: -მგონი საკმარისად მიგახვედრეთ როგორი კატეგორიის ადამიანს შეასკდით. რას ფიქრობთ, თეკო სიხარულიძემ, რომელმაც ტიტე ავაზნელის ხელში ჩასაგდებად ამდენი ომი გამოიარა, იმას დაუშვებს, რომ ამ კაცმა ოდესმე სიმართლე გაიგოს ვინ მოუკლა მისი ერთადერთი და განუმეორებელი ნინო თადეშვილი? ნწ, რა თქმა უნდა, არა! ჰოდა, ის დროა, ერთმანეთში გაითვალოთ და აირჩიოთ პირველი რომელი გაასხამს ტვინს. -ამას არ დავუშვებ!- ვიდეოჩაწერა დაასრულა რატიმ და სამალავიდან ყვირილით გავარდა:- დააგდე იარაღი! თეკო რატის დანახვაზე მეხდაცემულივით გაშეშდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს: -ახლა მივხვდი, სად დავკარგე წერილის პირველი პირი. შენ იპოვე არა, ნაბიჭ*ვარო? ჰო, ასეა,- თავს აქნევდა თეკო,- სხვანაირად აქ ვერ გაჩნდებოდი. -დააგდე იარაღი-მეთქი! -ხმას აუწია ბიჭმა. მანო და მელანი გაოცებული სახეებით იყურებოდნენ. იმ მომენტში რატის იქ გამოჩენას ყველაზე ნაკლებად ელოდებოდნენ. თეკო მელანის მიეჭრა, იარაღი საფეთქელთან მიაბჯინა და მისკენ საშველად წასულ მანოს უკივლა: -ნაბიჯის ჩემკენ გადმოდგმა და გასროლა ერთი იქნება! ათრთოლებულმა ქალმა მეტყველების უნარი დაკარგა და ადგილზე გაიყინა. -არ ისროლო! შეეშვი მელანოს!-აგრძელებდა რატი. -ოი! რაო, რომეო? შენს სატრფოს უჭირს და საშველად გამოიქეცი? იმის მიუხედავად, როგორც ქორწილში მოგექცა, კიდევ გიყვარს?- დამცინავად გახედა ქალმა,- აი, მეც ასე მიყვარს მამაშენი და მზად ვარ, ჩემი სიყვარულის შესანარჩუნებლად ბოლომდე ვიბრძოლო. ახლა ხომ გესმის ჩემი? -თეკო, კიდევ ერთხელ გიმეორებ, დააგდე იარაღი!- ბიჭი დაჟინებით და უშიშრად ითხოვდა ქალისგან იგივეს. -ვწუხვარ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ძალიან ხმაურობდნენ და დავრწმუნდი, რომ სიკვდილის გარდა, აღარაფერი გააჩუმებდათ. შენი მელანო დღეს ზეცას გაემგზავრება,- საწყალი სახე მიიღო თეკომ. -შენ ამას არ გააკეთებ! -რატომ გგონია, რომ არ გავაკეთებ? ჭკუა დამიშლის? -თუ მაინცდამაინც მსხვერპლს და სისხლს ეძებ, მე მესროლე. თუ ეს დაგამშვიდებს, მიდი, რაღას უცდი? -არცერთს არ ესვრი! თუ აქ ვინმე სიკვდილს იმსახურებს, პირველ რიგში მე ვარ ასეთი. მელანოს არასოდეს უნდოდა ნინოს მკვლელობის გამოძიებაში მონაწილეობა მიეღო. ეს მე დავაძალე და ვაიძულე, რომ ასე მოქცეულიყო. მე ვიყავი ინიციატორი, ჩემი დის მკვლელი საკადრისად დასჯილიყო. ამ ბავშვებს შეეშვი და აგერ ვარ, დიდებმა ვილაპარაკოთ,- თამამად გადაუდგა რატის მანო. მელანი მიხვდა, მანო რატომაც იტყუებოდა, მაგრამ თეკო იმდენად იყო გაკაპასებული, კარგად იცოდა, რომ ეს მცდელობა წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავდა. შექმნილი ვითარება აჯერებდა, იმ შენობიდან არცერთი მათგანის ცოცხლად გასვლის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა. -არა! ჯერ შენი ლეკვივით გამოწვრთნილი და მოკვდება, რომ კარგად გამწარდე და ჩემი სიმშვიდის დარღვევისთვის თავ-ბედი იწყევლო, მერე შენც ჩაძაღლდები! რატიმ ვეღარ მოითმინა, ვიდრე თეკო მანოს ელაპარაკებოდა, დრო იხელთა და იარაღის წასართმევად მივარდა, მაგრამ ქალმა მოასწრო, სასხლეტს ხელი გამოჰკრა და ტყვიაც გავარდა. -აააჰ!- კივილი ატეხა მანომ და მუხლებში ჩაიკეცა. -აკი ვთქვი, არავინ მომეკაროს-მეთქი! ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო, რომ ერთ ადგილას მძორებივით ეყაროთ და იგივე არცერთმა აღარ გაბედოთ! -გამძვინვარებულმა თეკომ თვალები დაუბრიალა რატის. -რატი, გამოდი აქეთ, -დაბალ ხმაზე უთხრა მანომ და ყელთან მობჯენილი ნერწვი გადაყლაპა. მელანი მთელი სხეულით ცახცახებდა და როდესაც პისტოლეტის ლულის მიწოლას გრძნობდა, მალიმალ ხუჭავდა თვალებს. არ იცოდა, რა დროს გავარდებოდა სიკვდილის იარაღიდან საბედისწერო ტყვია და თავის ქალას გაუნგრევდა. ლოდინის რეჟიმი იმდენად საშინელი იყო, ვიდრე ეს მომენტი დადგებოდა, ლამის გული გაუჩერდა. ხელებჩაბღაუჭებული თეკოს სიტყვები რომ ესმოდა, სუნთქვისაც კი ეშინოდა და ნახევრადდახუთული იზოგავდა ჟანგბადს. ძლივს წარმოთქვა, არავის ესროლოო, მაგრამ სხვის სიკვდილს მოწყურებული ქალი ყურად არ იღებდა, რას ეუბნებოდა. -მინდა, გიყუროთ როგორ იფსამთ შიშისგან,- ისტერიული სიცილი აუვარდა თეკოს,-ასეთი სიამოვნების მიღება ყოველ დღე კი არ შემიძლია. -არ დავიღლები და ისევ ვიტყვი, მე ვარ შენი უბედურების თავი, ამიტომ ესენი არაფერ შუაში არიან. მოდი, გავუშვათ და ჩვენ დავრჩეთ პირისპირ,- ფეხზე წამოდგა მანო. -არა! ამათი გაშვება კარგს არაფერს მომიტანს, ყველაფერი იციან. -ჰო, იციან, მაგრამ ვერაფერს დაგიმტკიცებენ. ფაქტები არ აქვთ. გამოძიებისთვის კი მთავარი სამხილებია. -არა! მაინც დიდი რისკია. ტიტეს მოუყვებიან და სამუდამოდ დამაკარგვინებენ. -მას აუცილებლად დაიბრუნებ. შენ ისეთი ჭკვიანი და ლამაზი ქალი ხარ, მოახერხებ და გულს მოულბობ. -მე შენ სულელი ხომ არ გგონივარ? აბა, კარგად შემომხედე! -საიდან მოიტანე? ახლა არ გითხარი, რომ ჭკვიანი ქალი ხარ-მეთქი? სწორედ იმ დროს პოლიციის მანქანების სირენის ხმა გაისმა. რატიმ ცოტა შვება იგრძნო, თუმცა დაძაბულობა კვლავ არ სცილდებოდა და უკვე ისე უჭიმავდა სხეულს, ლამის წელში გაეწყვიტა. მანო ადამიანს აღარ ჰგავდა. თავის თავს არ სჩიოდა, მხოლოდ მელანის და რატის გადარჩენაზე ფიქრობდა. -შენ ჩამიშვი არა, ნაძირალა?!- გაცეცხლებულმა თეკომ არაადამიანური ხმით დაუღრიალა რატის. -დაყარე იარაღი და დაგვნებდი!- გაისმა გამომძიებლის ხმა, რომელიც რამდენიმე თანამშრომელთან ერთად შენობაში შეღწევას ლამობდა. თეკოს ფეხებიდან ძალა გამოეცალა და გონება მრავალწერტილებად დაეშალა. სხეულმა მგრძნობელობა დაკარგა და შიგნით ყველაფერი გაუცივდა. აზრებს ვეღარ აბამდა ერთმანეთს, მხოლოდ იმას აცნობიერებდა, რომ ჩიხში იყო მომწყვდეული და რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყველაფერი მის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაც, მათ მიმართ გასროლაც და მელანის, მანოს და რატის მკვლელობაც. ორჭოფობის შემდეგ იარაღი ძირს დააგდო, მელანის ხელი გაუშვა და პოლიციელებს ცარიელი ხელები აუწია. ორმა კაცმა იმწამსვე დაადო ხელბორკილები და შენობიდან გაიყვანა. რატიმ გადარჩენილი მელანი რომ დაინახა, ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა. ვიდრე ძალოვნები დაკავებულს თავის უფლებებში არკვევდნენ, პოლიციათა რიგებში შორიდან ტიტე ავაზნელიც გამოჩნდა და სამივეს რომ ცოცხალს და უვნებელს მოჰკრა თვალი, შედარებით დაწყნარდა. გამომძიებელმა, ზვიად პატაშურმა საქმის პირველადი მოკვლევა მაშინვე დაიწყო და სამივე მათგანს დასაკითხად მიადგა. მძიმე ემოციური დატვირთვის მიუხედავად, მანომ ყველაფერი მოახსენა როგორ აღმოჩნდნენ აღნიშნულ ადგილას და შემდეგ რა მოხდა. მიუხედავად იმისა, მისთვის უკიდურესად რთული იყო, ძალიან არეულად, მაგრამ მაინც უამბო როგორ დაგეგმა თეკო სიხარულიძემ ძმასთან ერთად ნინოს მკვლელობა და რა მოტივი ამოძრავებდა ამ საშინელების ჩასადენად. გაფითრებული სახით მყოფმა მელანიმ ზუსტად იგივე მოახსენა გამომძიებელს, რაც მისმა დამ. რატომღაც დებმა ლიკა ხავთასის და სხვა დანარჩენი ამბების შესახებ სიტყვა არ დაძრეს. რაც მათ არ ეხებოდათ, ზედმეტი საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებდნენ და ამჯერადაც ასე ამჯობინეს. -თქვენ როგორ მოხვდით ამ ადგილას?- სერიოზული სახით შეხედა პოლიციელმა რატი ავაზნელს. -ეს ქალბატონი ჩემი ყოფილი დედინაცვალია. მამაჩემი ცოტა ხნის წინ გაშორდა. გუშინ მარტო მყოფს სახლში მომადგა და თავის ნივთებს ეძებდა. როდესაც ვერაფერი ნახა, გაბრაზდა და წავიდა. სწორედ მაშინ, როდესაც კარი გაიხურა, იატაკზე უსახელო კონვერტი დავინახე. გავხსენი და ვნახე, რომ შიგნით მოთავსებული წერილი მელანოს და მანოს ეკუთვნოდა. მივხვდი, მაგის შედგენილი იყო. მერე მამაჩემს ვურეკავდი, რომ ნაპოვნის შესახებ მეთქვა, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, მე წამოვსულიყავი, რომ გამეგო რა ხდებოდა. დანიშნულ დროზე ბევრად ადრე მოვედი, ნანგრევებს ამოვეფარე და დაველოდე, როდის გამოჩნდებოდა. -ესე იგი, მისი ქმედება საეჭვოდ მიიჩნიეთ და აქ იმიტომ მოხვედით,- სიტყვაში ჩაერთო გამომძიებელი. -დიახ. -რატომ? -თეკოს არ მოსწონდა, როდესაც მამაჩემი ნინო თადეშვილის მკვლელობის გამოძიების დეტალებით დაინტერესდა. უცებ, მისი წერილიდან იმას ვგებულობთ, თურმე მკვლელის ვინაობაც იცოდა და მკვლელობის მოტივიც. ჩავთვალე, რაღაც ჩაიფიქრა, ოღონდ ვერ ვხვდებოდი რა და ამიტომ მოვედი, რომ გამეგო რის გაკეთებას აპირებდა. -საინტერესოა, მანოსთვის და მელანოსთვის განკუთვნილი წერილი რატომ გაჩნდა თქვენთან,- ჩაფიქრდა გამომძიებელი. -როგორც ჩანს, წერილი შემთხვევით დაუვარდა. რამდენიმე წუთის წინ საუბარში აღნიშნა კიდეც, რომ პირველი პირი სადღაც დაკარგა. ასე, რომ განგებ არ დაუტოვია ჩემთან. წესით არ აწყობდა მასში არსებული შინაარსი ან მე ან მამაჩემს სცოდნოდა. -რატომ არ აწყობდა? -იმიტომ, რომ დების დახოცვას აპირებდა და არა ჩვენსას. -ასე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით,- გაეღიმა გამომძიებელს. -რაზე ელაპარაკებოდა მანოს და მელანოს? -აღიარა, რომ და მოუკლა. -როგორ მოუკლა? -თავის ძმაზე ელაპარაკებოდა, ისიც მეხმარებოდაო. კარგად არ მახსოვს, ცოტა არეული ვარ. -მეტს ვერაფერს მეტყვით? -ჯერ-ჯერობით სხვა არაფერი მახსენდება, თან მათგან შორს ვიყავი და სიტყვებს კარგად ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან,- სიმართლე დამალა რატიმ. -კარგი, შეიძლება კვლავ მომიხდეს თქვენთან გასაუბრება და ყველაფრისთვის მზად იყავით,-გააფრთხილა გამომძიებელმა და საქმის დანარჩენ სამუშაოებზე გადაერთო. რეტდასხმული რატი ქვაზე ჩამოჯდა და თავდახრილი გონზე მოსვლას ცდილობდა, როდესაც მელანის მიახლოვება იგრძნო. გოგონა მშფოთვარედ იფშვნეტდა ხელებს, ფიქრობდა როგორ მისდგომოდა და საიდან დაეწყო მასთან საუბარი: -მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ უკვე მეორედ გადამარჩინე სიკვდილს. ბიჭი მხოლოდ მის ჩრდილს უყურებდა, თვალი არ გაუსწორებია. სახეზე ჩვეული სიმკაცრე და სერიოზულობა ემჩნია: -ვინც არ უნდა ყოფილიყო შენს ადგილას, ნებისმიერ ადამიანს დავეხმარებოდი. -არ მჯერა, რომ გეზიზღები. ამაში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, როდესაც თეკოს წინ გადაუდექი, უთხარი, ჩემთვის თავი დაენებებინა და შენთვის ესროლა. -ეს იმიტომ ვთქვი, რომ პოლიცია მყავდა გამოძახებული და სანამ მოვიდოდა, დრო რაღაცით უნდა გამეწელა. ვიცოდი, არ მესროდა. -მატყუებ! საიდან იცოდი, ის გიჟი რას იზამდა? -თეკო ტიტეს შვილს არ მოკლავდა. მამაჩემი მართლა ავადმყოფურად უყვარს და ამას არ გაუკეთებდა. ასე, რომ ფანტაზიებში სეირნობას და ყბედობას მორჩი და გამეცალე, სახლში უნდა წავიდე, დასვენება მჭირდება. მელანის რატის სიტყვებზე გულში რაღაც ჩასწყდა და ნერვიული ტონით უთხრა: -ერთხელ მაინც გამხადე ღირსი შენი შემოხედვის. ბიჭი სალაპარაკოდ აღარ გაუჩერდა, ცივი სახით გაშორდა და მამამისის მანქანაში ჩაჯდა. -მელანო, მოდი ჩემთან,- მანომ მარტო მდგომ დას დაუძახა. გოგონა მისკენ წავიდა და სანუგეშებლად გულზე მიეკრო. ტიტემ დებს სახლამდე მიცილება შესთავაზა, მაგრამ მანომ მადლობა გადაუხადა და იუარა, უთხრა, რომ გამოძახებული ტაქსი წუთი წუთზე მათთან გაჩნდებოდა. როდესაც მარტო დარჩნენ, მელანი კიდევ უფრო მიეკრო დას და დაბეჩავებული სახით წარმოთქვა: -მანო, შენ არ იცი რატი როგორი კარგია. მეტი აღარ შემიძლია, ვეღარ ვუძლებ მის დაკარგვას. -ჩშ!- ქალი თავზე კოცნით აწყნარებდა. ეტყობოდა, რომ გულწრფელად თანაუგრძნობდა. -ტიტეც უდანაშაულო ყოფილა. ნეტა იცოდე, როგორ მძულს საკუთარი თავი იმისთვის, რაც გავაკეთე. -დაწყნარდი, პატარავ. ახლა ამის დრო არ არის, სახლში ვილაპარაკოთ. -როგორ ფიქრობ, შემირიგდება?- მიბნედილი თვალებით ახედა გოგონამ. -შეუგნებელი ბიჭი არ ჩანს. დაილაპარაკებთ და გაგიგებს. -არ უნდა ჩემთან ლაპარაკი, მიშორებს. -წამომყევი, ტაქსი გვიცდის, საყვარელო,- მანომ გოგონას ხელი ჩასჭიდა და მძღოლს ხელით ანიშნა, რომ მისკენ მიდიოდნენ. --- -გამაგებინე, აქ როგორ აღმოჩნდი? ვინმე ამიხსნის, რა ამბები ხდება ჩემს ზურგს უკან?- ვერაფერი გაეგო ტიტეს. -გირეკავდი, რომ მეთქვა, რასაც თეკო აპირებდა, მაგრამ არ მიპასუხე და საერთოდ, მერე ტელეფონიც გათიშე,- საყვედურითვე უპასუხა რატიმ. -საიდან გაიგე, რას აპირებდა თეკო? -გუშინ ჩვენთან იყო და ოთახი გადაატრიალა, რაღაცას ეძებდა. -რას ეძებდა? -მე რა ვიცი? ვერაფერს მიაგნო და სახლიდან მალევე გავარდა. ცოტა ხანში დავინახე, იატაკზე უსახელო კონვერტი ეგდო და გავხსენი. მანოს და მელანოს ანონიმურად სწერდა, რომ ნინოს მკვლელობის შესახებ სიმართლე იცოდა და სალაპარაკოდ იმ ადგილას იბარებდა, საიდანაც ახლა მოვდივართ. მისი ქმედება საეჭვოდ ჩავთვალე და რადგან შენ ვერ დაგიკავშირდი, მარტო წავედი. -როგორ გარისკე? -შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას? ტიტეს არაფერი უპასუხია. აღარც რატის ჰქონდა საუბრის თავი და გაჩუმდა. გაურკვევლობისგან შეწუხებულმა ტიტემ მანქანა ავტოფარეხში შეიყვანა და უხმოდ აუყვა სახლის კიბეებს. -მე ჩემს ოთახში შევალ,- ჩაილაპარაკა რატიმ და მამამისისგან თავის დახსნას შეეცადა. -მოიცადე! ჯერ არ დაგვიმთავრებია საუბარი, -შეაჩერა ტიტემ. ღონემიხდილმა რატიმ ისეთი სახით შეხედა, მიახვედრა, რომ საუბრის თავი არ ჰქონდა. -ძალა მოიკრიბე და სრულყოფილად გამაგებინე, რაზე ელაპარაკა და რატომ ჰკლავდა მანოს და მელანოს? -საძინებელში შემომყევი!-მიუგო ბიჭმა და ოთახის კარი გამოაღო. ტიტე შვილს შეჰყვა და მოუთმენელი სიმშვიდით ელოდებოდა, რატისგან დაწვრილებით შეეტყო შენობაში მომხდარის შესახებ. ბიჭი საწოლზე ჩამოჯდა, ოდნავ წელში მოიხარა, გაშლილ ფეხებზე მკლავები ჩამოიდო და ამოიხვნეშა. -რატი დაიწყე, თორემ უკვე ტვინი მეღრძო ამდენი ფიქრით. რა ყველა ჩემს ნერვებზე თამაშობთ, ტო? - კედელს მიარტყა მუშტი ტიტემ. ბიჭმა მობილური ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო, ვიდეოჩანაწერი ჩაურთო და მამამისს გადასცა, თავად კი საწოლზე წამოწვა და ამობრუნებული ხელი დახუჭულ თვალებზე გადაიფარა. მამაკაცი გაშტერებული უსმენდა თეკოს აღსარებას და ყურებს არ უჯერებდა. ხანდახან თავს ვერ იოკებდა და ბილწი სიტყვებით ამკობდა. -ვიდეოს მეორე ნაწილიც ნახე,- დაბალი ხმით წაილუღლუღა რატიმ,- რას აღარ დასთმობდა, რომ დროებით სმენა დაჰქვეითებოდა და აღარ გაეგონა, როგორ მოუკლეს დედამისი, მაგრამ ტიტეს ეს უნდა სცოდნოდა, ამის უფლება ჰქონდა და იძულებული გახდა, მასთან ერთად კიდევ ერთხელ გაეგონა თეკოს ხავერდოვანი ხმით ნათქვამი შხამიანი სიტყვები, რომლებიც ყურებიდან გონებაში აღწევდნენ და მთელ ნერვულ სისტემას ნაკუწებად უშლიდნენ. ვიდეოჩანაწერის დასრულებისთანავე მამაკაცს მობილური ტელეფონი ხელიდან ჩაუსრიალდა და თვალებზე მომდგარი ცრემლი მთელი ძალით შეაკავა, რომ არ წამოსვლოდა. -ეს არაადამიანი!- შუბლზე ხელს ირტყამდა გამწარებული ტიტე და განუწყვეტლივ გმინავდა. მერე მიყუჩდა, ხმა აღარ ამოუღია, მძიმედ ჩამოჯდა რატის საწოლთან და თავი ჩაქინდრა. ორი ავაზნელი განადგურებულ ხორცებაგლეჯილ ადამიანს ჰგავდა, რომელსაც შეუბრალებლად, არაფრის გულისთვის და ყოველგვარი სამართლის გარეშე უსწორდებოდნენ და სადაც იყო, სულსაც მალე ამოართმევდნენ. ორივე შველას ითხოვდა, მაგრამ იმ წამს არავინ იყო მათთან ისეთი, რომელიც სისხლმდინარ იარებს ოდნავ მაინც დაუამებდა და უპატრონებდა. ახლა მამა-შვილი ისე ჰგავდა ერთმანეთს, როგორც არასდროს -ორთავე ეული, დაჩაგრული, შეურაცხყოფილი და ცხოვრებისგან დაწიხლული ესვენა ერთ ადგილას. ჰო, ესვენა, რადგან მათ ყოფას არანაირი სიცოცხლის ნიშა არ ეტყობოდა. --- ხელებზე ბორკილებდადებული თეკო სიხარულიძე უაზრო თვალებით მისჩერებოდა ჩაკეტილ რკინის რგოლებს და ვერ დაეჯერებინა, რომ სულ მალე მსაჯულების წინაშე დამნაშავის რანგში წარსდგებოდა. ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა, რა იყო თავისუფლება, რომელიც ადამიანური სრულყოფილებისთვის ცხოვრებისგან ნაჩუქარ ყველაზე დიდ სიამტკბილობას უტოლდებოდა და რამდენად საშინელება იყო, როდესაც თავისუფალი ადამიანებისგანვე მოგონილ, დედამიწაზე დაარსებულ ამაზრზენ შენობაში პირველი ნაბიჯის შედგმისთანავე სულიდან გახევდნენ. პატარა ოთახში შეიყვანეს, პირადი ნივთები ჩამოართვეს, მის წინ დალუქეს და ხელი მოაწერინეს. -„აქეთ წამოდი!“; „მარჯვნივ შეუხვიე!“; „აქ დადექი და არ გაინძრე!“; „პირდაპირ იარე!“; „ჩამოჯექი!“; „მოიხსენი!“; „გაიხადე!; „ჩაიცვი!..“- ყველა თავის წესით, მარიონეტივით ათამაშებდა და სულ არ აინტერესებდათ მას რა უნდოდა, ან რა აწუხებდა. სხვების სიტყვებს აყოლილმა ცირკის გაწვრთნილი ცხოველივით რომ იგრძნო თავი, სწორედ მაშინ შეამჩნია, რომ საკუთარ მეს აღარ ეკუთვნოდა და შინაგანი პროტესტის გრძნობა იპყრობდა. მოზღვავებული სიბრაზე ხრავდა და შიგნით წარმოქმნილი ქარბორბალასავით უტრიალებდა გულ-მუცელს. იცოდა, რომ ძნელბედობის ჟამს თავის ძმა არ მიატოვებდა, აუცილებლად გამონახავდა გამოსავალს და ადვოკატსაც დაუქირავებდა. ახლა საჭირო იყო, ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, არ გატეხილიყო და მედგრად გამკლავებოდა დროებითი სამყოფელის წესებს და თანამშრომლებს. --- -ახლა რა იქნება, მანო? იმ საძაგელ ქალს ციხეში ჩასვამენ?- მელანის დის კალთაში თავი ჩაედო და დაბალი ხმით და ჯერ კიდევ დაზაფრული სახით ესაუბრებოდა. -ყველაფერს ვიღონებ, რომ ასე მოხდეს. რაც მე და ტიტემ ერთობლივი ძალებით მოვიპოვეთ, ხვალ ყველა სამხილს მივაწვდი გამომძიებელს და საქმე ხელმეორედ მიეცემა ძიებაში,-მანო დივანზე გაწოლილ გოგონას გრძელ თმაზე ეალერსებოდა და კმაყოფილებისგან მოგვრილ ღიმილს იხდენდა. -იმ სურათებსაც მისცემ, სადაც ჩანს, რომ ტიტემ ნინო გაიტაცა? -არა. ტიტე ავაზნელის ადგილი ციხეში არ არის. მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის ჩვენი დის სიკვდილში. ის ნინოს მსგავსად თავის სიყვარულის უბრალო მსხვერპლია, რომელიც საყვარელი ადამიანის შესანარჩუნებლად იბრძოდა. პოლიციამ ის სურათები რომც ნახოს, პირადად მე ვიზრუნებ, დავარწმუნო, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი ფანდი იყო, რომელიც ხალხის გასაცურებლად შედგა და სინამდვილეში ნინოს ემუქრებოდნენ, რომ ტიტეს დაშორებოდა და გიორგისთან ქორწინებით დაერწმუნებინა, რომ აღარ უყვარდა. -საქმეშიც ასე არ უწერია, რომ ნინო თავის ნებით გაჰყვა? -კი და დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ნინო გატაცების დროს ეწინააღმდეგებოდა, გულის სიღრმეში მაინც ბედნიერი იყო, რომ ტიტე მათი სიყვარულის გადასარჩენად თავს არ ზოგავდა. -გამოდის, რომ ნინოს ნებაც ყოფილა ტიტესთან ერთად გაქცევა, ოღონდ შეშინებული ჰყავდათ იმ გარეწრებს და ამას არ აღიარებდა. -ჰო, ასეა. თუ ამ კონკრეტულ მონაკვეთს სხვა კუთხით მივუდგებით, მაშინდელ გამომძიებლებს საქმეში ტყუილი არ ჩაუწერიათ,- მანოს კმაყოფილ ღიმილს უმალ სევდა გაუჩნდა და მოიწყინა. აღარც მელანიმ შეაღონა დიდხანს, მიუხედავად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად მალავდა, მის მსგავსად მანოს მდგომარეობასაც ეტყობოდა მძიმე დღისგან მიღებული დარტყმის შედეგი და დასვენება აცალა. --- შვილის საწოლთან მჯდომარე ტიტემ როგორც იქნა, უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და საუბარი გააგრძელა: -ამ ვიდეოს შესახებ გამომძიებელმა იცის? -ასე რომ ყოფილიყო, ეს ტელეფონი აქ გვექნებოდა?- საწოლიდან წამოიწია და ტუმბოზე დადგმული წყლ*ით სავსე ჭიქა ერთბაშად გამოცალა რატიმ. -აუცილებლად უნდა ნახოს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ არის, ფაქტობრივად აღიარებაა. -ჰო, რომელიც პაპაჩემის შავბნელ საქმეებს ააშკარავებს და კაცმა არ იცის, რა შარში გაგვხვევს. -პაპაშენი უკვე წარსულის ნაწილია და მას აღარავინ არაფერს მოკითხავს, თეკომ კი ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს. -აქ შენი დანაშაულიც იკვეთება. -რა დანაშაული? -აღარ გახსოვს? ჩართე და ნახე, სადაც ის ქალბატონი იძახის, ტიტემ რომ ქორწილიდან ნინო თადეშვილი გაიტაცა, იმის დამამტკიცებელი მასალა ხელში მქონდა და იმით ვაშანტაჟებდი ნოდარსო. -ფეხებზე მკი*დია! არც მაშინ მეშინოდა ჩემს დანაშაულზე პასუხისგების და არც ახლა. ის ქალი ორი ადამიანის მკვლელობისთვის უნდა გასამართლდეს. -ჯერ ერთი, შენ თუ არ განაღვლებს უაზრო რაღაცისთვის ციხეში ჯდომა, მე მანაღვლებს, მერე მეორე- დედაჩემის მკვლელობა ასეთი იოლი დასამტკიცებელი არ არის. ასე მეც ვიტყვი, რომ ვიღაც მოვკალი, მაგრამ სამხილები თუ არ ექნებათ, ჩემს სიტყვებზე ციხეში არავინ გამიშვებს. წლებია გასული და მეეჭვება, რამე დაამტკიცონ. -შენ რა იცი? რომელი ექსპერტი და გამომძიებელი მყავხარ, რომ ასე დარწმუნებით მელაპარაკები? საუბრის დროს ტიტეს რაღაც გაახსენდა და შეფერხდა. -რა მოხდა?- ცვლილება შეატყო რატიმ მამამისს და გვერდით მიუჯდა. -ახლა არ მაწყობს, რომ პოლიციამ კრაზანას მაფიის შესახებ ზედმეტი შეიტყოს. მოდი, დავიცადოთ, ერთი საქმე მაქვს დასასრულებელი და ეგ რომ მორჩება, მაგ ვიდეოზე მერე ვილაპარაკოთ. -რა საქმე გაქვს დასასრულებელი? -ეგ შენ არ გეხება. რაც ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესი. რატიმ კისერზე ხელები შემოიწყო და მძიმედ ამოიქშინა: -ყველა რაღაცაშია გასვრილი და ჩასვრილი. ვერ გამიგია, ასე როგორ გათამაშებდათ ეს ქალი თავის ჭკუაზე შენ და პაპაჩემს? ტიტე ფეხზე წამოდგა, შვილს შეუბრუნდა და მახვილგონივრულად მიუგო: - თეკოს ორმაგი სახე ჰქონდა- ერთი ჭკვიანი, ლამაზი და მზრუნველი ქალის, მეორე- პირსისხლიანი და დაუნდობელი ადამიანის. სამწუხაროა, რომ მე მხოლოდ პირველ მათგანს ვიცნობდი. ისე კი, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და სიტუაციას მესამე ადამიანის თვალით შევხედოთ, უპირობოდ გონიერია, ოღონდ ჭკუას თავისთვის სასარგებლოდ, ხოლო სხვისთვის დამღუპველად იყენებს. კიდევ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჭკვიანი ბოროტია,- ეს თქვა, თავი ჩაღუნა და თავის ბედზე ჩაფიქრებულმა კარი გაიხურა. --- გამომძიებლის ოთახში რომ შეიყვანეს, თეკო სიხარულიძემ ქედმაღალი ღიმილი აიკრა და დასაკითხად მომზადებულ მამაკაცს უტიფრად გაუსწორა ჭაობისფერი, ნუშისებრი ფორმის თვალები. -თქვენ გაუგზავნეთ ეს წერილი მანო თადეშვილს და მელანი ვუდს? -ზვიად პატაშურმა წერილი გახსნა და თვალწინ გაუშალა წინ მჯდომ ქალს. -ეგრე გამოდის. -რას ნიშნავს ეგრე გამოდის? ან კი, ან არა!- ხმა აიმაღლა გამომძიებელმა. -კი. -რატომ? -მათთან საუბარი მინდოდა. -აქ წერია, რომ ნინო თადეშვილის მკვლელობის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდით. მოყევით, გისმენთ! -სინამდვილეში არაფერი ვიცი. -მაშინ რატომ დაიბარეთ? -მათი ნახვა მინდოდა. -რატომ? -ისე,- ორაზროვან და არაფრისმომცემ პასუხებს აგრძელებდა სიხარულიძე. -დროა, სიმართლით ალაპარაკდეთ!-გამომძიებელმა ნინო თადეშვილის მკვლელობის ვიდეო გაუხსნა და მორიელის ტატუიან მამაკაცზე ჰკითხა, ვინ იყო. -მე საიდან უნდა ვიცოდე?- კვლავ არ ტყდებოდა ქალი. -რა უნდოდა ამ ვიდეოს თქვენს ტელეფონში? -გადმომცეს. -ვინ გადმოგცათ? -არ ვიცნობ, ქუჩაში გამაჩერეს და ჩანაწერი გადმომცეს. -გაიხსენეთ, ვინ გადმოგცათ. -უცნობმა. -აღწერეთ. -არ მახსოვს, მომაჩეჩა და გაიქცა. მამაკაცს მის პრიმიტიულ პასუხებზე სიმწრისგან ჩაეცინა. -ცოტაც მაცალე და მალე იჯდები ჩა@მულივით, -გაიფიქრა და დაკითხვა გააგრძელა:-ეს ტიპი ვინ არის?- ქალს თავის ძმის ფოტო აჩვენა პატაშურმა. -არ ვიცი. -მაშინ რა უნდოდა თქვენს ფოტოალბომში? -ეგეც არ ვიცი. -შემომხედეთ კარგად! ქალმა ცინიკური ღიმილით შეხედა. -მეტყობა რამე, რომ აქ გასართობად შემოგიყვანეთ? წინასწარ გაფრთხილებთ, სუსტი ნერვები მაქვს და დიდხანს ვეღარ გაგიძლებთ! თეკოს არაფერი უთქვამს, ფეხი ფეხზე გადაიდო და სკამის საზურგეს მიეყრდნო. მამაშენი ამბობს, რომ ეს ტიპი თქვენი ნახევარძმაა. -მართლა? წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ძმა მყავდა. -მორჩი ასეთ საუბარს! კარგად ვიცი, რომ იცი, ვინც არის. -დამიმტკიცე. -აუცილებლად დაგიმტკიცებ და მერე პასუხსაც მოგთხოვ ტყუილისთვის. -კარგი, ასე იყოს. მამაკაცს თეკოს სითამამე თანდათან აგიჟებდა: -ქალბატონი მანო თადეშვილი ამბობს, რომ შენობაში თქვენ ახსენეთ, ნინო თადეშვილის მკვლელობა თქვენ და თქვენმა ნახევარძმამ, ვინმე კრაზანას გუნდის წევრის, მორიელის სახელწოდებით ცნობილმა ლეო სიხარულიძემ დაგეგმეთ. ვინ არის კრაზანა? -კრაზანა არის ნესტრიანი სიფრიფანაფრთიანი მწერების ოჯახის წარმომადგენელი. მუცელზე გასდევს შავი და ყვითელი ზოლები. კბენის დროს ადამიანის ორგანიზმს გადასცემს თავის შხამს, რის შემდეგაც კანზე ვიზუალურად ვლინდება სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქცია. შმიდტის ტკივილის დონის ოთხბალიან სისტემას თუ დავუჯერებთ, მისი ნაკბენის სიმძაფრე საშუალოდ 2,5-ის ტოლია. ტიპი-ფეხსახსრიანები, კლასი -მწერები, ხოლო ოჯახი-კრაზანისებრნი. -დაასრულე? -დიახ. -გპირდები, მეორედ რომ ამ ოთახში შემოგიყვანენ, ისე აჭიკჭიკდები, საკუთარი თავის თავად გაგიკვირდება,- ფარულ მუქარაზე გადავიდა პატაშური და თავაზიანი საუბრის ტონი სადღაც მოუსავლეთში გაუშვა. -ხალხს მდიდარი ფანტაზიის უნარი აქვს,-ჩაილაპარაკა ქალმა. -ესე იგი უარყოფთ, რომ ნინო თადეშვილი თქვენი და ლეო სიხარულიძის მოკლულია? -ისევ ზრდილობიანი მიმართვის ფორმას დაუბრუნდა მამაკაცი. -აჰამ!-თავი დაუქნია ქალმა. -კარგი, ახლა ის მითხარით, რატომ დაუმიზნეთ იარაღი შენობაში მყოფებს? -მათი მოკვლა არც მიფიქრია, უბრალოდ შეშინება მინდოდა. -მიზეზი? ქალმა იფიქრა, შესაძლო იყო, იქ წარმოთქმული ოდნავ გადაბრუნებული სიტყვაც კი მის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინათ და პირში წყალი დაიგუბა. ახლა თავისი ძმისგან გამოგზავნილი ადვოკატის და მისი ნაცნობების გავლენიანი წრეების მოქმედების დრო დამდგარიყო და ასპარეზი მათთვის უნდა დაეთმო. -მიზეზი-მეთქი!- გაუმეორა გამომძიებელმა. -სანამ ჩემს ადვოკატს არ შევხვდები, არაფრის თქმას აღარ ვაპირებ!- სახე დაისერიოზულა ქალმა და აზრებით საკმაოდ შორს, სულის მხუთავი პოლიციელებისგან თავის დაღწევის იმედების ტალღებზე დაიწყო ლივლივი. --- შუაღამე იყო. წვიმისგან ახლადდანამული ქუჩის სურნელი ჩაძინებული მელანის ოთახში სარკმლიდან აღწევდა და იქაურობას ქალაქის ყურად მოკრული ამბებით ავსებდა. გოგონასთან სიყვარულის ძველი ამბავი მოეტანა და ჩურჩულით უყვებოდა ზღაპარივით საამოდ მოსასმენ სიტყვებს. მოულოდნელად, მელანის ქვეცნობიერმა ჯადოსნური ასოებით აკინძული წინადადებები ცხადად აქცია და იგრძნო, როგორ მიუახლოვდა თავის გულის სწორი. ნეტარებით შეისუნთქა ბიჭის კანისგან მომავალი სურნელი და გაინაბა. უცაბედად, მისი ტუჩები იგრძნო და სხეულში ენით აუწერელი სითბო ჩაეღვარა. ბიჭის ბაგეები ჯერ სახის თითოეულ ნაკვთს სათუთად ეფერებოდნენ, შემდეგ ყელზე გადადიოდნენ, ლავიწის ძვლის მიდამოებს მიუყვებოდნენ და იქიდან უფრო ღრმად ჩადიოდნენ სხეულის ქვედა ნაწილებისკენ. მკერდის კერტებთან მისი თითოეული შეხება გონებას უბინდავდა და ჭკუას აკარგვინებდა. ტანზე ჭიანჭველებივით დახვეული სიამოვნება თანდათან უმძაფრდებოდა და ის იყო, პრელუდიაში თავადაც უნდა აჰყოლოდა, როდესაც ეროტიკულმა სიზმარმა ტვინის უჯრედები გამოუფხიზლა და უმალ რეალობაში გადაიყვანა. თვალები გაახილა და აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო. სიზმარში განცდილი სიამოვნებისგან სხეული დაჰბუჟებოდა და კვლავ უნდოდა, შეგრძნება გაჰხანგრძლივებოდა, მაგრამ განცხრომა თანდათან ნელდებოდა და უკვალოდ უჩინარდებოდა. სიფრიფანა ტანს მკლავები ნაზად შემოჰხვია, რატის სახე წარმოიდგინა და ძილბურანიდან ახლადგამოსულმა საბრალოდ ამოთქვა: -უშენობით ვიშანთები. მერე გვერდზე გადაბრუნდა, გამშრალი ტუჩები გაისველა და ტკივილებისგან შეწუხებული სნეულივით აკრუსუნდა. *** მეორე დღეს მელანიმ თემოს დაურეკა და შეევედრა, ისე მოეწყო რატისთან მისი შეხვედრის ამბავი, წინასწარ ვერაფერს მიმხვდარიყო. ყოყმანის შემდეგ ბიჭი დათანხმდა და უთხრა, რომ საღამოს რატის საყვარელ საბილიარდო კლუბში შეიკრიბებოდნენ. სამივე მეგობარი ბილიარდის თამაშს გულს აყოლებდა, როდესაც კლუბში მელანი გამოჩნდა. საყვარელ ადამიანს ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა და გაჩერდა. რატიმ ვიღაცის მწველი მზერა იგრძნო, გახედა და განცვიფრებულს კიი ხელში გაუჩერდა. -ამას აქ ვინ დაუძახა?- თემოს და სანდროს შუბლშეკრულმა ახედა და წელში გაიმართა. ბიჭებმა არაფერი უთხრეს. უხერხულობა ისევ მელანიმ გაფანტა: -მინდა, პატიება გთხოვო. აქ ამისთვის მოვედი. -ჩვენ ცოტა ხნით ლუდის მოსატანად გავალთ და მალე მოვალთ,- თქვა სანდრომ. -არსად არ წახვალთ! მელანო უკვე მიდის,-მეგობრები შეაჩერა რატიმ, -ხომ ასეა?- მკაცრად შეხედა მხრებში აწურულ გოგონას. -ასე რატომ მექცევი?- ენის ბორძიკით ჰკითხა მელანიმ. -იმიტომ, რომ უნამუსო, გარეწარი და ცრუპენტელა ადამიანების ადგილი ჩემს გვერდით არ არის! -მადლობა, რომ მუდამ მახსენებ, ვინც ვარ. -ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ!- ცივად დასძინა ბიჭმა. გოგონა მიხვდა, იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა და ბიჭების წინ რომ არ ატირებულიყო, სწრაფად მოშორდა საბილიარდო მაგიდას და გასასვლელისკენ გაიქცა. გარეთ როგორც კი გავიდა, კარს აეკრა და აქვითინდა. კლუბში დარჩენილ ავაზნელს ხასიათი წაუხდა, კიი ხელიდან გააგდო და ბიჭების წინ სიბრაზე ამოხეთქა: -რომელმა თქვენგანმა უთხრა, რომ აქ ვიყავი? -მე ვუთხარი,- პატიოსნად აღიარა თემომ. -რატომ? რის მიღწევას ცდილობ? -არაფერი, უბრალოდ დალაპარაკება უნდოდა და დავეხმარე. რა გაგიხდა შენ კიდევ, ცოტა ხნით ჩამოუდგე და მოუსმინო? იქნებ რა უნდა, გითხრას? -ნურავინ ნუ ჩაერევა ჩემს პირად ცხოვრებაში! გასაგებია, თუ კიდევ გავიმეორო?! -არ იქცევი სწორად. -გასაგებია, თუ კიდევ გავიმეორო-მეთქი?!- ყელზე ძარღვები დაებერა რატის. -გასაგებია,- ჩაიბურტყუნა თემომ. -წავიდეთ,- ქურთუკი შემოიცვა რატიმ და კარის სახელურს ველურივით დაეტაკა. კართან აყუდებული მელანი უცბად წაბორძიკდა, შემდეგ წონასწორობა შეინარჩუნა და გვერდით გაიწია. რატის ზედ არ შეუხედავს მისთვის. სანდრომ ატირებული რომ დაინახა, შეეცოდა, უნდოდა, მასთან დარჩენილიყო, მაგრამ მეგობრის მიერ წუთის წინ ნათქვამი სიტყვები გაახსენდა, თავი გააქნია და მანქანისკენ მიმავალს უკან გაჰყვა. -სახლში წადი, მელანო. აქ ნუღარ გაჩერდები,- მხარზე დაადო ხელი თემომ და მოღუშული იერით გაეცალა. -თუ კიდევ ერთხელ დავინახავ, რომ ვინმე მელანის და ჩემ ურთიერთობაში ერევა, ახლავე იცოდეთ, რომ დამკარგავთ! -არ ხარ მართალი, რა!- ამოასხა სანდროს და უყვირა. -რა? -რაც გაიგე! -შენ აზრზე ხარ რა გააკეთა, თუ სკლეროზი დაგეწყო და ვეღარ იხსენებ? რომელიმე თქვენგანს საყვარელი ადამიანი რომ ასე მოგქცეოდათ, გულწრფელად თქვით, აპატიებდით? ბიჭები გაჩუმდნენ. -თქვენ გეკითხებით, რომ გაყურსულხართ. აპატიებდით? ისევ ენდობოდით? კიდევ გენდომებოდათ, მოღალატე ადამიანის გვერდით დარჩენილიყავით? გული მიგივიდოდათ მასზე, აჰ?! -ვიცი, რთულია, მაგრამ შენ რომ ასე ლაპარაკობ, იქნებ იმასაც მოუსმინო? ეგებ ისიც მართალი იყოს?- მიუხედავად იმისა, რატი ავაზნელი სახეალეწილი ბრდღვინავდა, მაინც შეჰბედა თემომ. -აი, ახლა გადაგაგდებ ამ მანქანიდან! რაში უნდა იყოს, ბიჭო მართალი? იმაში, რომ თავიდანვე იტყუებოდა და რატი ავაზნელი შესაწირი ბატკანივით თავის ინტერესებს შესტყორცნა? თავზე არასოდეს არავის გადავავლევინებ და ეგ იცოდეს ყველამ! -მელანის უყვარხარ,-მაინც აგრძელებდა თემო. -მორჩა! დავამთავრე ჩემი სიტყვა! ნახუ*ი, ეგეთი სიყვარული!- მანქანა დაქოქა და იქაურობას გახელებულივით მოსწყდა. *** კართან მდგომმა მელანიმ ტირილისგან გული რომ მოიოხა, ცრემლები მოიწმინდა და გულდამძიმებული გაუყვა ნაცრისფერი ქალაქის ქუჩებს. ავტობუსის გაჩერებაზე ჩამოდგა და სასურველი ნომრის მოსვლას ყოველ წუთს ელექტრონულ დაფაზე ამოწმებდა. ხუთ წუთში ხალხით გაჭედილი ავტობუსიც გამოჩნდა. ძლივს შეეჭეჭყა, ხელის მოსაკიდებელი მოძებნა, ჩაეჭიდა და მოწყენილი სახით დაუწყო საღამოს განათებულ ქუჩებს თვალიერება: - საკმარისია, რამდენიც იტირე! დროა, ჯეროვნად შეაფასო არსებული სიტუაცია, შეეგუო იმ აზრს, რომ რატი არასოდეს გაპატიებს და მოემზადო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად!- თითქოს მასში მცხოვრები მეორე მე ალაპარაკდა და უსუსურ მდგომარეობაში მყოფ მელანის გამოფხიზლება დაუწყო. გოგონამ იცოდა, ამ დაბრკოლების გადალახვა მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ რადგან დაკარგული ადამიანის მობრუნების შანსს ვეღარ ხედავდა, მზად იყო, ღირსეულად შეხვედროდა საკუთარი შეცდომით გამოწვეულ მარცხს და ცხოვრების ოღრო-ჩოღროდ დახაზულ და რთულად სავალ ბილიკებს კვლავინდებურად წინ გაჰყოლოდა. პრინციპში, თავიდანვე გააზრებული ჰქონდა, რომ ქორწილში ჩადენილი საქციელი ძვირად დაუჯდებოდა, მაგრამ სადღაც მაინც ჰქონდა სასწაულის იმედი და სჯეროდა, მისი ცხოვრების უსწორმასწოროდ წამოზრდილ ბოლოებს ღმერთი სათანადოდ შეუსწორებდა. რატისთან გამართულმა ბოლო საუბარმა კი ყველაფერში საპირისპიროდ დაარწმუნა და საბოლოოდ იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც ჩაუქრო. სახლში მისულს მანომ ახარა, ტიტეს და მას გამომძიებლისთვის დანარჩენი მასალა მიეწოდებინათ, რისი გადაცემაც წინა დღეს ვერ მოახერხეს. ასევე აცნობა, რომ მოწმეებიც მზად იყვნენ, გამოძიებასთან ეთანამშრომლათ და სულ მალე, თეკო აუცილებლად აგებდა პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის. -მანო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავტოვო საქართველო,- მტკიცედ უთხრა მელანიმ. -მოიცა, მე რაზე გელაპარაკები და შენ?..- დაიბნა ქალი. - აქ დარჩენის აზრს ვეღარ ვხედავ. -ჩემო კარგო, არა მგონია, გამომძიებელმა ქვეყნიდან გასვლის უფლება მოგცეს. -რატომ? -იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოწმე ხარ, მსხვერპლი, დაზარალებული და ამ ეტაპზე შენი აქ ყოფნა საჭიროა. -რამდენი ხანი შეიძლება, გაგრძელდეს ჩემი დარჩენის აუცილებლობა? -არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვე, გამოძიების მსვლელობას გააჩნია, მაგრამ დიდ ხანს არ გასტანს. -ჰკითხე გამომძიებელს. ჩემგან რაც საჭიროა, ყველაფერს ვიტყვი, გავაკეთებ და მერე ჩემს ქვეყანას დავუბრუნდები. -რამე მოხდა? ასე უცებ წასვლა რატომ გადაწყვიტე? -არაფერი მომხდარა, უბრალოდ რისთვისაც აქ ჩამოვედი, ვხედავ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მინდოდა და ახლა დაბრუნების დროა. -მდა!.. -ჩაილაპარაკა მანომ,- კიდევ რატის შეხვდი, არა? -ძალიან გთხოვ, თუ გიყვარვარ, ეგ სახელი აღარასოდეს ახსენო. -რატომ? იჩხუბეთ? -არა. -აბა? -ეს სახელი წარსულს მახსენებს და მტკივნეულია. -გასაგებია, არ შეგირიგდა!- დაასკვნა მანომ. გოგონა კედელს ცალი მხარით მიეყრდნო და გააგრძელა: -მიუხედავად იმისა, ყველაფერი ასე დასრულდა, რატისთან ურთიერთობას არასოდეს ვინანებ და იცი რატომ? -საიდან უნდა ვიცოდე? -რამდენი ხანიც არ უნდა გრძელდებოდნენ, ადამიანებთან გაბმული კავშირები რაღაცას გვიტოვებენ, რომლებშიც ყოველთვის შეიძლება, დაინახო კარგი. მაგალითად, რატისთან ურთიერთობით გავიგე რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული, საყვარელი ადამიანის შენარჩუნების საიდუმლო, ასევე გარდაცვლილ დედაზე გაბრაზებულ შვილს მისკენ გული მივუბრუნე და ეს დღემდე სიამოვნებას მგვრის. შევიტყვე ვინ და რატომ მოკლა ჩემი და. ასე, რომ რაც იყო, იყო. აღარ დავეძებ! -გასროლილი ქვა უკან აღარასოდეს ბრუნდება, რომ არასწორად აღებული მიზანი და გავლილი ტრაექტორია გამოვასწოროთ. სამაგიეროდ, გვრჩება გაკვეთილი და მომავალში მისგან მიღებული ცოდნა ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. -ასეა!-დაეთანხმა მელანი, ფანჯარა გამოაღო და გარედან შემოსულ გრილ ჰაერს გახურებული ლოყები გასანელებლად შეუშვირა. გოგონამ დედაქალაქის ღამის ცხოვრებას ცოტა ხნით მიადევნა თვალი და რომ მოიბეზრა, ფარდა გადასწია, სავარძელში ჩაეშვა და გონებას ახალი გადატრიალების გეგმა დაუსახა მიზნად. --- მეგობრებს რომ დაემშვიდობა და საკუთარი თავი დაიმარტოხელა, რატის მელანისთან შეხვედრის სურათი წარმოუდგა და ურვას მიეცა. ხვდებოდა, როგორ უჭირდა უმისობა, რამდენად ნახევრად გრძნობდა თავს მისი შეხების, ღიმილის, სითბოს და მასთან გატარებული დღეების გარეშე, მაგრამ მოძალებულ სურვილებს წარამარა ომს უცხადებდა და უმოწყალოდ კაფავდა. არ იცოდა მძიმე დარდი სადამდე გაუმწარებდა სიცოცხლეს, მაგრამ მის გონებაში პრიორიტეტებად დალაგებული ხასიათის შტრიხებიდან ჯერ კიდევ თავმოყვარეობა ლიდერობდა და როგორც ეტყობოდა, კიდევ დიდხანს არ დასთმობდა თავის პოზიციას. --- აბდაუბდად დაწყობილი წიგნებით, საბუთებით და ნივთებით სავსე ოთახს წითლად გაღვივებული თამბაქოს კვამლით გაბრუებული, დიდი საიდუმლოს მფლობელი ცოტნე ავალიანი იდუმალებაში ჩაძირულის ელფერს ჰმატებდა. ტიტე ავაზნელს სულ რამდენიმე წუთით შეხვდა, რომ არსებული ვითარება გაეცნო და მალევე დაშლილიყვნენ: -როგორც იქნა, გავიგეთ ვინ არის კრაზანა, ცოტაც მოითმინე და გარჯით ნაშენები ბიზნესი ნაცარტუტად გადაიქცევა. -რა გაარკვიეთ? ვინ არის?- ყურთასმენა დაძაბა ტიტემ. -პიროვნება, მეტსახელად „კრაზანა“ ეგრეთწოდებულ შავ სამყაროში კანონიერი ქურდის სახელით ცნობილი მურთაზ ხუდოევია, რომელიც საბერძნეთის ერთ ღარიბულ დასახლებაში უსახურ სახლში ცხოვრობს და სხვადასხვა სახელებით და გვარებით გაკეთებული პირადობის მოწმობებით და პასპორტებით სხვისი თვალის ასახვევად არაჩვეულებრივად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. -კაი, ტო,- თვალები გაუფართოვდა ავაზნელს. -აი, იმ ქვეყნების სია, სადაც მისი ძალაუფლება ვრცელდება,- წინ დაუდო ფურცელი ავალიანმა და ანთებული სიგარეტის ღერს მიუბრუნდა. -უტყუარი და უახლესი ინფორმაციაა? -შეგიძლია, მშვიდად იყო. ისეთ კავშირზე ვარ, ამბები ელვის სისწრაფით აღწევენ ჩემამდე. აქამდეც მინდოდა, მეთქვა, მაგრამ შენთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. -ახლა რა იქნება? -საბერძნეთის პოლიცია შესაფერის დროს ელოდება, რომ აიყვანონ. უახლოეს პერიოდში ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა. ასე, რომ გემი მალე დაიწყებს დაძირვას და არა მარტო ქართული მხარე, ყველა ერთად აფართხალდება დასახრჩობად განწირული ვირთხებივით. -კარგია! -ერთი რამე გაითვალისწინე! კრაზანას დაკავებას მასთან დაკავშირებულ რიგებში უამრავი დაპირისპირება და ჩოჩქოლი მოჰყვება. ეგენი არ გაჩერდებიან და მტრის ძიებას დაიწყებენ. ასე, რომ სიტყვა არსად არ უნდა გავიდეს. შესაძლოა, ყველაზე მეტად ვისაც ვენდობით, ალესილი დანა ზურგში ჩასარტყმელად სწორედ იმ მხრიდან წამოვიდეს. -შეგეძლო არც გეთქვა,-ცალყბად ჩაეცინა ტიტეს. -მოკლედ ასე, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,- ავალიანმა კმაყოფილი სახით ჩასრისა სიგარეტის ღერი საფერფლეში. -დაველოდოთ,- თავი დაუკრა ავაზნელმა და დასამშვიდობებლად გამზადებული ხელი გაუწოდა. აღარც ცოტნეს დაუძალებია ტიტესთვის მასთან სასაუბროდ დარჩენა, მთავრობის წინააღმდეგ აგრესიულად მებრძოლი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუდამ ვიღაცების დაკვირვების ქვეშ იყო და ძალიან ფრთხილობდა, სამალავი ადგილები და წამოწყებული საქმეები დროზე ადრე არ გამსკდარიყო. ავაზნელს ხელი ჩამოართვა და მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში შეხვედრის ადგილი თავადაც მალე დატოვა. --- ზვიად პატაშურის სამუშაო ოთახში დღის შუქზე ატეხილი ქალაქის გნიასი შეუჩერებელ ნაკადებად აღწევდა, მაგრამ მის ფიქრებს ვერც ტრანსპორტის აუტანელი ხმა და ვერც ტროტუარზე მოსიარულე ხალხის საუბრები არღვევდნენ. მამაკაცი არსებულ ფაქტებს ერთმანეთთან აჯერებდა და თავისებური დასკვნები გამოჰქონდა. ხანდახან ისე გაშტერდებოდა, კაცი იფიქრებდა, ცოცხალი კადრი გააშეშესო, მერე ისევ საქმეს უბრუნდებოდა, დოკუმენტებს, ფოტო და ვიდეო მასალას შეჰყურებდა, ჩანიშვნებს და მონახაზებს აკეთებდა და ხანდახან ხმამაღალ ფიქრებს ტუჩის ცმაცუნით, ჩუმად გადმოსცემდა. თეკო სიხარულიძეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის რომ გაასამართლებდნენ, ეს თავიდანვე გარკვეული ამბავი იყო, მაგრამ ამას ემატებოდა მშობლების, მანოს, მელანის, რატის, ტიტეს, მოძებნილ მოწმეთა ჩვენებები და მოპოვებული მასალები, რაც მის და მისი ნახევარძმის ნინო თადეშვილის მკვლელობასთან კავშირისკენ მიუთითებდნენ და საჭირო იყო ამის დამტკიცება. სწორედ ამ საკითხზე მუშაობით იმტვრევდა თავს გამოცდილი გამომძიებელი, რომ დიდ გონორზე მოსაუბრე ეჭვმიტანილისთვის რქები საბოლოოდ წაემტვრია. *** თეკოს დღითი დღე ზიზღს ჰმატებდა პოლიციელების გარემოცვა და კედლები, რომლებშიც დროებითი ბინა დაედო. თხელი ღრუბელით გატენილი ქვეშსაგები ყოველი დაწოლისას იპრესებოდა და მთელი ძალით აწვებოდა რკინის საწოლს. გვერდებატკიებულს არც წესიერი ძილი ჰქონდა და არც კვება, რომელსაც მუდამ დიდ ყურადღებას უთმობდა საკუთარი ჯანმრთელობისთვის. უხარისხო პლასტმასის ჭიქაში ჩასხმულ წყალს გემოც საშინელი ჰქონდა და გულს ურევდა, ხოლო იაფფასიან საკვებს მხოლოდ რამდენიმე ლუკმას აკლებდა, რომ შიმშილით სული არ გამძვრალიყო. უყურებდა მასთან ერთად მყოფ დამნაშავეებს და თავის თავს რომ ადარებდა, მისი პატივმოყვარეობა კვლავ ზენიტს აღწევდა. ახლა ის ფეხებზე თოკგამობმულ არწივს უფრო წააგავდა, რომელიც ფრთებს მაღლა გასაფრენად სწევდა, მაგრამ მისი ბედის განმკარგავი და სეირის მაყურებელი ხალხის გამო, ადგილიდან ვერ იძვროდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლეო სიხარულიძემ გასაჭირში ჩავარდნილი და არ მიატოვა და ქალაქში საუკეთესოდ წოდებული ადვოკატი დაუქირავა. გამოცდილმა და გაქნილმა მამაკაცმა თეკოს საქმის გაცნობისთანავე ნიკაპის სრესვით და თავის ქნევით აღნიშნა, რომ დიდ ხათაბალაში იყო გახვეული და ნაკლებად ჰქონოდათ იმედი, რამე სასიკეთო ძვრები მოეხდინა, თუმცა დაპირდა, ყველაფერს იღონებდა, მაქსიმალური სიმსუბუქით გამოეძვრინა. --- ნატალია შავლაძის აღწერის მიხედვით შექმნილი პიროვნების ფოტორობოტი მონაცემთა ბაზაში არსებულ დამნაშავეებს შეადარეს და საეჭვო პიროვნებასაც მიაგნეს. წითური მამაკაცი ყაჩაღობისთვის და მკვლელობისთვის ნასმართლევი, ვინმე ზაურ ჭანტურია აღმოჩნდა, რომელსაც ციხეში ყოფნის პერიოდში თანამოსაკნეებთან მომხდარი ჩხუბის დროს ფეხი მოეტეხა და მიყენებული ტრავმისგან სამუდამოდ დაკოჭლებულიყო. -რა სახის ურთიერთობა გქონდათ გარდაცვლილ ნინო თადეშვილთან?- მაგიდაზე ხელებდაწყობილი გამომძიებელი მჭრელი მზერით უყურებდა ეჭვმიტანილს. -არანაირი ურთიერთობა არ მქონია,-იუარა მამაკაცმა. -ცრუობთ! არის თუ არა ეს მანქანა, რომელიც 1998 წელს თქვენ გეკუთვნოდათ?-„მერსედესის“ მარკის მანქანის სურათი დაუდო პატაშურმა. -დიახ,- ხმა გაუტყდა დაკითხვაზე მყოფს. -არსებობენ მოწმეები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სწორედ ამ მანქანით სოფელ ნიკორწმინდაში ნინო თადეშვილს მიაკითხეთ და შემიძლია, დაგაპირისპიროთ კიდეც. ასეთი იცი რამდენია? სულ ზედმიწევნით ახსოვთ, კითხვა-კითხვით სად გააჩერეთ მანქანა, რომ შავლაძეების სახლისთვის მიგეგნოთ, რა გეცვათ და ხელზე როგორი სამაჯური გეკეთათ. ასე, რომ თუ არ გინდა, დანაშაული კიდევ მეტად დაიმძიმოთ, დროა, გამოტყდეთ. კაცს გამომძიებლის სიტყვებმა სახეზე ფერი დაუკარგა და გატეხილი ხმით დაადასტურა, რომ ნამდვილად მიაკითხა გარდაცვლილს ნიკორწმინდაში. -მიზეზი? -საქმე მქონდა. -რა საქმე გქონდათ? მამაკაცი დაიბნა და მთელ ტანზე ალმური აუვიდა. -კითხვა გავიმეორო?- თვალები დააწვრილა პატაშურმა. -ვთხოვე, რომ ტიტე ავაზნელს არ გაჰკარებოდა. მისთვის ასე აჯობებდა. -სთხოვეთ, თუ დაემუქრეთ? -ვთხოვე. -რა ინტერესი გქონდათ, რომ ტიტეს და ნინო თადეშვილის ურთიერთობაში ჩარეულიყავით? მამაკაცი გაჩუმდა. -პასუხს ველოდები! -დამიქირავეს. -ვინ? -თეა სიხარულიძემ. -ეგ ვინ არის? -ტიტეს კომპანიაში მომუშავე ბუღალტერი იყო. -რამდენი გადაგიხადა? -აღარ მახსოვს, მგონი ხუთი ათასი დოლარი. -რა სახის წერილი გაგატანათ ნინო თადეშვილმა ნიკორწმინდიდან და ვის ეკუთვნოდა იგი? -წერილი ტიტე ავაზნელის სახელზე იყო დაწერილი. -რა ეწერა შიგნით? -ეწერა, რომ სხვა შეუყვარდა და მისთვის თავი დაენებებინა. -ვინ დააწერინა? -თავად დაწერა. -ეგ ვიცი. ვინ აიძულა, რომ ეს წერილი დაეწერა? -თავისი ნებით დაწერა. -თავისი ნებით როგორ დაწერდა მსგავსი შინაარსის წერილს, როცა ავაზნელი უყვარდა. თქვენ აიძულეთ, არა? რა უთხარით ასეთი, რომ ასე მოიქცა? -არა, ასე არ იყო. მე არაფერი მითქვამს. -მაშინ რატომ მიანიშნებს წერილში ნინო თადეშვილი ტიტე ავაზნელს რომ ემუქრებოდით?- წერილი დაუდო და ვერტიკალურად აწყობილი სიტყვა შემოუხაზა. -არ ვიცი, შეიძლება ეს დამთხვევაა. გამომძიებელს მკრთალად ჩაეცინა და ზრდილობიანი მიმართვის ფორმებს შეეშვა: -ვის გადაეცი წერილი? -თეა სიხარულიძეს. -რა მოხდა შემდეგ? -არაფერი, გამომართვა და წავიდა. -ეგ არ მიგულისხმია. იცოდე, ყველაფერი ვიცი, გირჩევნია, შენი პირით აღიარო, თორემ თუ ნერვები მომეშალა, არც ისე გადგას კარგი დღე და უფრო მაგრად გაგაფუჭებ! - პატაშური მიხვდა, წესიერი ლაპარაკით ფონს ვერ გავიდოდა და მიდგომა უნდა შეეცვალა. -მე ნინო არ მომიკლავს. სხვებმა წაიყვანეს და მოკლეს. მეტი არაფერი ვიცი,- გააგრძელა შეშინებულმა მამაკაცმა. -საიდან წაიყვანეს? -გორის რაიონში რაღაც ძველი შენობა იყო. იქ მალავდა ავაზნელი თადეშვილს. -შენ იქ რა გინდოდა, თუ მის მკვლელობაში მონაწილეობას არ იღებდი? -ის ადგილი მხოლოდ მე ვიცოდი, სადაც ის ქალი იყო, მკვლელებს ვაჩვენე. -საიდან იცოდი? -თეა სიხარულიძემ დამავალა, რომ ტიტესთვის მეთვალთვალა. გარდა იმისა, რომ ჩემი საქმე იყო, მისთვის ნინო თადეშვილი ჩამომეცილებინა, ავაზნელის თითოეული ნაბიჯის შესახებაც უნდა მცოდნოდა. -მდა! საკმაოდ საინტერესო პიროვნება ყოფილხართ, ბატონო ზაურ,- კმაყოფილებით ჩაილაპარაკა პატაშურმა, -ახლა ისიც მითხარი, ვინ იყვნენ მკვლელები. -ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთმანეთში საუბრისას ყური მოვკარი, რომ ერთ-ერთმა მეორეს ლეოთი მიმართა. -შეგიძლია, დამიხასიათო როგორ გამოიყურებოდნენ? მამაკაცმა ორივე მათგანის გარეგნული მონაცემები მოახსენა, რომელთაგან ერთ-ერთის აღწერილობა ძალიან ჰგავდა თეკო სიხარულიძის ალბომში ნაპოვნ ფოტოზე ნახევარძმის გამოსახულებას. ცალსახა იყო, ნინო თადეშვილი კონკრეტულად ლეო სიხარულიძის გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ახლა საჭირო იყო ლეო სიხარულიძის და მისი დამხმარის ხელში ჩაგდება და ამის შემდეგ, ყველაფერს თავის სახელი დაერქმეოდა. *** ზაურ ჭანტურიასთან შეხვედრის შემდეგ ზვიად პატაშურმა თეკო სიხარულიძის ნახვა მოითხოვა. ქალი ისეთ ხასიათზე აღარ იყო, როგორც პირველ ხანებში, რადგან მანამდე ადვოკატმა შესანიშნავად გაარკვია დანაშაულის სიმძიმეში, გააცნო ფაქტებიც, რაც გამომძიებელთან საუბრისას მოიპოვა და წინასწარ იცოდა, რომ ციხიდან დახსნის შანსი არ ჰქონდა. მხრებჩამოყრილმა ყველაფერი ზუსტად ისე მოუყვა, როგორც თავად ზაურ ჭანტურიამ. კედელთან მიმწყვდეულს იმის აღიარებაც მოუხდა, რომ მამაკაცმა, რომელმაც ვიდეო ჩანაწერში ნინო თადეშვილის მოსაკლავად იარაღის სასხლეტს გამოჰკრა ხელი, მისი ძმა, ლეო სიხარულიძე იყო. -პარადოქსულია, როცა თავდაპირველად თვალებში გიყურებენ და ურცხვად გატყუებენ, ხოლო შემდეგ, როცა საგანძურივით თანდათან უშლი ამდენი მოწმის და ფაქტის კასკადებს, უცებ პატარავდებიან,- აღნიშნა გამომძიებელმა. თეკომ თვალები დახარა და დადუმება ამჯობინა. -იცი რა მაინტერესებს, ქალბატონო თეა?- თავხედობის ხასიათზე მოვიდა მამაკაცი. -გისმენთ. -ოდესმე სხვისი ტუალეტი თუ გაგიხეხავთ? -არა. -არც სხვისი იატაკი მოგიხვეტავთ და მოგიწმენდიათ? -რატომ მეკითხებით? -სამწუხაროა, მაგრამ თქვენს მოვლილ ხელებს ციხეში აუცილებლად მოუწევთ საკნის დალაგება. ჰო, კიდევ სასჯელს რომ მოიხდით, რაღაც მეეჭვება ახლანდელი სილამაზე და სიტურფე კვლავ შერჩენილი გქონდეთ. საკნის კედლები ერთი ორად აბერებს მსჯავრდებულებს,-ბოროტულად ჩაეღიმა, ხელში აღებული, არეული ფურცლები ერთიანად შეაგროვა, გასასწორებლად ბოლოებით რამდენჯერმე დაჰკრა მაგიდას და თანამშრომელს დაუძახა, რომ ოთახიდან გაეყვანა. ქალს არაფერი უთქვამს, თუმცა სიბრაზე ყელში ბურთივით გაეჩხირა. სულით დაცემულ თეკოს რომ შეხედა, ზვიად პატაშურმა კალამი ხელში აათამაშა და ჩაილაპარაკა: -გეგონა, მაჯობებდი, ქალბატონო თეა? ვაი, ვაი, ვაი! *** -როდემდე უნდა ვიყო ასე უპატრონოდ დარჩენილი ამ ბინძურ კედლებში? რაღაც გააკეთე, რომ აქედან გამიყვანო! რისთვის გიხდიან ამდენ ფულს, მარტო ამ უაზრო ქაღალდების წინ და უკან თრევაში?! -ნერვები ეწიწკნებოდა თეკოს, როდესაც საქაღალდით ხელში მჯდომ ადვოკატს უყურებდა. -ან სიტყვებს შეარჩევთ და ისე მელაპარაკებით, ან კეთილი ინებოს შენმა ოჯახმა და სხვა ადვოკატს მიმართოს დასახმარებლად! მესმის, რომ აქ ყოფნა უკიდურესად მძიმეა, მაგრამ დამოკიდებულება, რომელიც ჩემს კლიენტთან კომფორტში არ მამყოფებს, სამუშაო ატმოსფეროს მიფუჭებს და ყოველთვის მირჩევნია, ასეთი ადამიანებისგან თავი შორს დავიჭირო! - ხმას აუწია გაღიზიანებულმა მამაკაცმა. -მაპატიეთ! - აღმოხდა თეკოს და მძიმედ დაიწყო სუნთქვა. -აკი გაგაფრთხილე, შენი აქედან გამოსვლა იოლი არ იქნება-მეთქი? მე ადვოკატი ვარ და არა კიო! ერთადერთი რაც შემიძლია, გავაკეთო, ის არის, მოსამართლემ ციხეში ყოფნის ყველაზე ნაკლები ხანგრძლივობა მოგისაჯოს. - ვინ არის ჩემი მოსამართლე? -ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. -რატომ? -ყველაფერს თავის წესები აქვს, უნდა დაველოდოთ. -დავიღალე ამდენი ზეწოლით და დამცირებით. იმ ძაღლი გამომძიებლის სიფათს რომ ვუყურებ, ისე მძულს, ლამის მივვარდე და ყელი კბილებით გამოვაჭამო. -იმედი მაქვს, მოსამართლე ლოიალური შეგვხვდება და დავარწმუნებ, სასჯელი მინიმუმამდე დაიყვანოს. რაც შეეხება გამომძიებელს, ამ ეტაპზე თქვენი შეხვედრები დასრულებულია. პროკურატურა ბრალს გიყენებს ნინო თადეშვილის სიკვდილის ორგანიზებაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, რაც ითვალისწინებს თექვსმეტი წლიდან უვადო პატიმრობამდე თავისუფლების აღკვეთას. -და შენ მაქსიმალურად სადამდე შეგიძლია, დასწიო? -წინასწარ ვერაფერს გეტყვი. სასამართლომდე კარგად უნდა მოვემზადო. ვნახავ რის გაკეთება შემიძლია. -ჩემ ძმას რა ეშველება. -შენი ძმა ძებნაზე დასვეს. -უფ!..- ამოიოხრა ქალმა და მოღუშულ სახეზე ხელები აიფარა. --- გამომძიებელთან საუბრის შემდეგ მანომ გაარკვია, რომ მათი საქართველოში ყოფნა აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა. ბილეთები შეიძინა და მელანოსთან ერთად ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადებოდა. წასვლის დღეს გადაწყვიტა, ტიტეს შეხვედროდა და დამშვიდობებოდა: -ამ მოკლე ხანში იმდენი რამე მოხდა, წესიერად ვერც კი მოვასწარით ერთმანეთის გაცნობა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ზოგადი წარმოდგენა დამრჩენოდა შენზე. ყოველგვარი პირფერობის და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვი, კარგი ადამიანი ხარ. დარწმუნებული ვარ, დღეს ჩემი და ცოცხალი რომ ყოფილიყო, ერთი ბედნიერი და მშვიდი ოჯახი გექნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა და შენი ცხოვრებაც მთლიანად სხვა რელსზე მოექცა. სხვის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მჩვევია, ამიტომ ბოდიშს გიხდი, თუ ზედმეტი მომდის, მაგრამ ამის არ აღნიშვნა არ შემეძლო. ვიდრე საქართველოს დავტოვებ, მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რაც ჩემი დის გამოძიების გახსნისთვის გააკეთე და ასევე ვაცნობიერებ ჩემს შეცდომას და პატიებას ვითხოვ იმისთვის, რომ ბრალს გდებდი მის სიკვდილში. ტიტეს თავის პირად ცხოვრებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, არასოდეს არჩევდა წარსულს ვინმესთან და მითუმეტეს, არც უიღბლოდ წარმართულ აწმყოზე წუწუნებდა: -მიდიხარ? -ჰო? -როდის? -ამაღამ. -მელანო? -ისიც მოდის,- სინანულით მიუგო. -მდა!.. გამოდის, რომ რატი და შენი და საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს. გამოგიტყდები და გული დამწყდა. -ასე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. არავინ იცის, იქნებ მომავალში კვლავ გადაიკვეთოს მათი გზები. -ჰო, იქნებ!..-თავი დაუქნია ჩაფიქრებულმა მამაკაცმა. -კარგი, სულ ეს იყო რაც მინდოდა, მეთქვა. წარმატებებს გისურვებ, ყოველთვის გამიხარდება შენი წინსვლა და ბედნიერება. -მადლობა. -აღარ მოგაცდენ, მელანოსთან უნდა გავიქცე, მაღალი სიცხე აქვს. მინდა, გაფრენის წინ მივხედო და ცოტა გამოვაკეთო. -რამე სერიოზულია? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? -არა, არაფერია. ალბათ, განიცდის,- ხელი ჩამოართვა ქალმა და მისკენ მიმავალი ტაქსი გააჩერა. *** ფრენის რეისი ღამის 11:30 სთ-ზე იყო დანიშნული და აეროპორტში გაფრენამდე სულ რაღაც რამდენიმე საათი რჩებოდა. ვიდრე მანო ჩემოდნებს ალაგებდა სიცხიანი გოგონა „ფლამენკოს“ წითელ კაბაში გამოეწყო. -ვაუ! ეს როგორ გავიგო?- დოინჯი შემოირტყა მანომ. -ჩემი კლასელის დაბადების დღეზე მივდივარ. -გაგიჟდი? -საიდან მოიტანე?- მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა მელანი. -იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ავად ხარ, ასე მარტო, კაბარეს მოცეკვავესავით საით გაგიწევია? -ანა და მისი ძმა გამომივლის და ისინი წამიყვანენ. მარტო სიარულს არ ვაპირებ, მალე დავბრუნდები. -წასვლამდე სამი საათი რჩება მელანო,- მაჯა დაანახა მანომ და საათის ზედაპირს თითი დაარტყა. -ვიცი. -თუ იცი, მაშინ გამოიცვალე და სახლში დაეტიე. -იქ რატიც მივა. ნუ დამიშლი, მანო, უკანასკნელად მინდა, ვნახო. -ვერ მოასწრებ! -თუ ვერ მოვასწებ, წაიღე ჩემი ჩემოდანი და რესტორნიდანვე აეროპორტში წამოვალ. -სულ გააფრინა ამ გოგომ,- ბებიამისს გახედა მანომ. -მე თავი დამანებე, ნუ მიყურებ შენი ჭირიმე!- ხელები გაასავსავა მოხუცმა,-მეყო, რაც თქვენზე ვინერვიულე, კისერიც გიტეხიათ. მელანიმ მაკიაჟი წითელი ტუჩსაცხის წასმით დაასრულა, თმაზე ყვავილის ფორმის სამაგრი გაიკეთა და გაიქცა. -You are killing me, honey!-აღმოხდა მანოს და მაგიდაზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი, თუმცა გოგონას არც მისი სიტყვები გაუგია და არც მაგიდაზე ატყაპუნებული ხელი დაუნახავს, უკვე სადარბაზოს კიბეეზე ჩარბოდა. *** რესტორანში რომ შევიდა, რატის დაუწყო ძებნა. წინ იუბილარი შეხვდა და მაგიდასთან მიიპატიჟა. ავაზნელს რამდენიმე გამომწვევად ჩაცმული, აკისკისებული გოგონა ეხვია თავს და ეარშიყებოდნენ. მათი დანახვისთანავე უცებ შედგა, გული შეეკუმშა, მერე თვალი მოარიდა და ანასთან ერთად ერთ-ერთ მაგიდასთან დაჯდა. საუბარში გართულმა რატიმ მელანი გვიან შეამჩნია, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, კვლავ აგრძელებდა უცხო გოგოებთან ბაასს. -მელანო, როგორ ხარ?- თემო და სანდრო მოსაკითხად მივიდნენ და გადაკოცნეს. -თუ არ ჩავთვლით, რომ აქ 38.5 სიცხით მოვედი, სხვა მხრივ კარგად ვარ. მარიამს შევპირდი, რომ ცოტა ხნით შემოვივლიდი, მალევე უნდა წავიდე, ამაღამ მივემგზავრები. -სად? -ამერიკაში ვბრუნდები, ასე გადავწყვიტე. -მართლა?-შეცბა თემო. -ჰო, რა მოხდა? -ა..არა, არა...ფერი!-ენა აებნა ბიჭს და რატის გახედა. -აღარ ჩამოხვალ?- ჰკითხა სანდრომ. -არა მგონია,- ნაღვლიანი თვალებით გაუღიმა გოგონამ. -კარგი, აღარ შეგაწუხებთ, გაერთე. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ!- უთხრა ბიჭმა და თემოს ანიშნა, რომ გვერდზე გაჰყოლოდა. -რატის არ ვუთხრათ?- წინადადება წამოაყენა თემომ. -რა აზრი აქვს? შეიცვლება რამე?- გულდაწყვეტილი იდგა სანდრო. -მაინც ვეტყვი,-თემომ რატისკენ აიღო გეზი. -დაანებე, რა თავი. კიდევ გინდა, გააფსიხო? გვითხრა გასაგებად, რომ მელანიზე აღარ ველაპარაკოთ. -იქნებ შეაჩეროს. -რა უნდა შეაჩეროს? გჯერა ახლა მაგის, რომ წამოდგება და გაეკიდება? ვითომ არ იცნობდე. თემო შეჩერდა, სანდროს შეუტრიალდა და სევდანარევი ტონით უთხრა: -აუ, მაგარი გამიტყდა. -მეც. -რა სჭირს ხოლმე ამ ჩვენს ძმაკაცსაც, ტო? თუ გაჯიქდა, ვერასოდეს ვერაფერს შეასმენ! -ჰო!-მოკლე პასუხებს სცემდა სანდრო. ბიჭებს დიალოგი იუბილარის სიტყვამ გააწყვეტინა: -ძვირფასო მეგობრებო, ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის და ჩემი დაფასებისთვის. გაცნობებთ, რომ დარბაზში გვყავს მეგობარი, რომელმაც საღამოს გასალამაზებლად მეტად ორიგინალური საჩუქარი გამიკეთა. თუ რა ჩაიფიქრა მან სპეციალურად ამ დღისთვის, ამას მოკლე ხანში შეიტყობთ. გთხოვთ, მელანო,- სცენისკენ მოუხმო მეგობარს, მაგრამ გოგონამ ანიშნა, რომ იქ ასვლა საჭირო არ იყო და დარბაზშივე იცეკვებდა. მერე ფეხზე წამოდგა, იმ მაგიდისკენ მივიდა, სადაც რატი იჯდა, თვალი თვალში გაუსწორა და „ფლამენკოს“ ცეკვისთვის მოემზადა. ავაზნელმა მზერა აარიდა და კვლავ გვერდით მჯდომს გაუბა საუბარი. დარბაზში ჩამობნელდა და მუსიკა ჯადოსავით გაიფრქვა ჰაერში. შეუძლოდ მყოფი მელანი ხელების და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობებით მელოდიას აჰყვა და თავს ძალას ატანდა, რომ შეუდარებლად ეცეკვა. ანდალუსიური ჰანგები ძლიერდებოდნენ, აღფრთოვანებულ სტუმრებამდე აღწევდნენ და უკლებლივ ყველას ეფინებოდნენ. იყო ტაში, შეძახილები, თითების ტკაცუნი და სანახაობაც უფრო მეტ ეშხში შედიოდა. გოგონა სევდისფერი თვალებით შესცქეროდა თავის გულის სწორს, რომელიც კიდევ ერთხელ უგულველყოფდა. შინაგან ბრაზს გამოკვეთილი ცეკვის ილეთებით ავლენდა და მეტად სექსუალურ მოძრაობებს ურთავდა. -ჯანდაბა! ყოველთვის იცი როგორ გამაგიჟო!-ფიქრობდა ავაზნელი და მალიმალ თვალი მისკენ გაურბოდა. მელანი დაუღალავად ცეკვავდა, ფეხსაცმლის ქუსლებს რიტმულად ურტყამდა იატაკს, გრძელ, თავისუფალ კაბას გამომწვევად აფრიალებდა და ანდამატივით იზიდავდა გარშემო მყოფებს. ეს იყო გრძნობების აფეთქება და უკანასკნელი სიტყვაც, რომელსაც ავაზნელს ეუბნებოდა... ცეკვამ დიდებულად ჩაიარა და ოვაციებმაც არ დააყოვნეს. მელანიმ ყველას თავი დაუკრა, ხელის მტევანი სუსტად შეარხია და რატისკენ აღარც გაუხედავს, თავის მაგიდისკენ წავიდა. -მელანო, მანომ დარეკა და მითხრა, რომ უკვე აეროპორტისკენ მიდის,- ადგილზე დაბრუნებულს ანამ მაშინვე მიახალა. -კარგი, იუბილარს დავემშვიდობები და გავიდეთ,-მიუგო გოგონამ და მარიამთან მივიდა. რამდენიმე წუთში ავაზნელმა მელანი მოისაკლისა. მისი და ანას ადგილი საკმაოდ დიდხანს მოეჩვენა ცარიელი და ინსტინქტურად მათ საძებნელად წამოდგა, თან ცდილობდა, აღმა-დაღმა უაზროდ სიარული ბუნებრივად გამოსვლოდა. დარბაზში, რომ თვალი ვერ მოჰკრა, გარეთ გავიდა. მოულოდნელად, თემოს ხელმა შეაჩერა: -ტყუილად ეძებ. მას ვეღარ ნახავ. -ვის ვეღარ ვნახავ? -მელანოს. სულ ცოტა ხნის წინ ანამ და თავის ძმამ აეროპორტში წაიყვანეს. -ვინ წაიყვანეს?! აეროპორტში რა უნდა?-კითხვას კითხვა მოაყოლა ბიჭმა. -ამაღამ ამერიკაში ბრუნდება. რატის სახე შეეცვალა და შიგნიდან ყველაფერმა წვა დაუწყო. ვერ წარმოიდგენდა, რომ გოგონას, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე მის წინ ასე ლამაზად ცეკვავდა, მალე ვეღარ ნახავდა. -ის შენთვის მოვიდა, რატი და სიცხიანი ცეკვავდა. შენ კი ვერც ხვდებოდი, რომ გემშვიდობებოდა. ავაზნელს ტაომ დააყარა და არსებული სიმარტოვე კიდევ უფრო მეტი ტკივილით შეიგრძნო. გაჩუმებული იდგა და არ იძროდა. ვეღარ გაეგო რა გაეკეთებინა, მხოლოდ ის თქვა, სახლში წასვლა მინდაო და დარბაზში აღარც შეუხედავს, ყველასგან დაუმშვიდობებლად გაეცალა იქაურობას. *** თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი მგზავრებით აჭრელებულიყო. ადმინისტრაციას მელანის და მანოს რეისზე რეგისტრაცია ახალი გამოცხადებული ჰქონდა. შენობაში ახლადშესულმა გოგონამ მგზავრთა რიგებში ჩამდგარ დას თვალი მოჰკრა და გვერდით ამოუდგა: -სად იყავი, აქამდე? ასე უნდა მანერვიულო? ოდესმე შეწყვიტავ ჩემი სისხლის გაშრობას? -არაფერი თქვა, მანო. გაჩუმდი!- დაბალ ხმაზე შეუტრიალდა გოგონა და ჩანთიდან პასპორტი და ბილეთი ამოიღო. -ნახე? -ვნახე. -მერე? -არაფერი... კვლავ არაფერი...- ჩაილაპარაკა და რეგისტრატორს პასპორტი გაუწოდა. ვიდრე დები ესკალატორზე ავიდოდნენ, მელანი ანასთან და გიოსთან მივიდა და ცოტა ხნით ჩამოუდგა სალაპარაკოდ. -ბედნიერი მგზავრობა, მეგობარო, ძალიან მომენატრები, - ანას თვალები აუწყლიანდა და გადაეხვია. მელანიმ ღრმად ამოისუნთქა და თითქოს თავის სიტყვებს გული ამოატანა: -როგორ შეგიძლია, ბედნიერი მგზავრობა მისურვო, როცა იცი, რომ ეს ყველაზე საშინელი მგზავრობა იქნება ჩემთვის? -ასე, ნუ ამბობ. მჯერა, იქ უკეთესი ცხოვრება გელოდება- ახალ ქალაქში ახალი ადამიანებით. - ნიუ-იორკში ცხოვრება ზოგჯერ ამერიკელებისთვისაც მიუღწეველი ოცნებაა. ამ მხრივ გამიმართლა, მაგრამ... -არანაირი მაგრამ, ყველაფერი კარგად იქნება! -ჰო, დამარხული იმედების ქალაქში დარჩენას და მოჩვენებასავით საფლავებს შორის ხეტიალს აშკარად ასე სჯობს! ამასობაში რეისზე ჩასხდომა გამოცხადდა და გოგონამ ესკალატორს ახედა. -მელანო, კარგად,- გიო მის გადასაკოცნად გადაიხარა. -კარგად, გიო,- ისიც დაემშვიდობა და მოძრავ კიბეებზე შედგა. ბიჭმა დანანებით მიადევნა თვალი ზევით მიმავალ მელანის და გულის ნადებთან ერთად მთელი ოცნებები მზერას გაატანა. --- ერთი კვირის თავზე საბერძნეთის პოლიციამ კრაზანა დააკავა. წაყენებული ბრალი საკმაოდ სერიოზულ დანაშაულთა ნუსხას ითვალისწინებდა. მისგან მომდინარე ბმებში მაშინვე უთანხმოება წარმოიქმნა და ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება. სხვადასხვა ქვეყნების შავი ბიზნესით გამაძღარი მთავრობის წევრები ერთბაშად აწრიალდნენ და კრაზანას მიერ მიცემული დავალების თანახმად, მოღალატის ძებნა დაიწყეს. როგორც კი ამ ამბავმა თეკო სიხარულიძემდე მიაღწია, თავზარდაცემულივით შემოიკრა თავზე ხელები და მოთქმა დაიწყო: -მაინც არ დამიჯერე, არა? მე აქედანაც როგორ გიფრთხილდები, შენზე ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ დამიძრავს და შენ? როგორ ექცევი შენს თავს? ეს რა გააკეთე? ჯანდაბა! ნუთუ არ გესმის, რომ საკუთარი ხელით გაითხარე საფლავი?! სიკვდილს ეძებ, ტიტე ავაზნელო რა ხანია და აჰა, მალე მოგაკითხავს! ვიცი, მოიბეზრე სიცოცხლე! ეს გინდოდა! ამას ეძებდი და მალე მიიღებ! ტირილით შეწუხებულ მოსაკნეებს რომ გადახედა და სახეებზე ზიზღი ამოიკითხა, სიტყვები პირზე შეაშრა. მათთან უთანხმოების ასარიდებლად კედლისკენ გადაბრუნდა, საცოდავად მოიკუნტა და აცახცახებულმა გაცრეცილი გადასაფარებელი წაიფარა. --- მანომ სამსახური კონექტიკუტის შტატში იშოვა და საცხოვრებლად იქ გადავიდა, ხოლო მელანიმ უნივერსიტეტიდან შეძენილ რამდენიმე მეგობართან ერთად ბინა იქირავა და ნელ-ნელა უწყობდა ფეხს ნიუ-იორკულ ცხოვრებას. მიზნად დაისახა, საუკეთესო სტუდენტთა სიაში მოხვედრილიყო და წარსულის ფიქრებს რომ აღარ შეეწუხებინა, წიგნებში ჩაიკარგა. ერთ საღამოს, მანჰეტენის ქუჩებში ხეტიალისას შემთხვევით ქართულ რესტორანს წააწყდა და ნოსტალგიამორეულმა შესვლა გადაწყვიტა. წინ მოღიმარი სახით თეთრპერანგიანი, შინდისფერჟილეტიანი და შავშარვლიანი მიმტანი მიეგება, მაგიდამდე მიაცილა და მენიუ დაუტოვა. გოგონამ ინტერიერს შეხედა და იქაურობით მოიხიბლა. საქართველოს კუთხეების სურათებით და ნივთებით მორთული კედლები დიდხანს ათვალიერა და წარმოსახვაში პატარა და მდიდარი კულტურის ქვეყანა გააცოცხლა. პიანინოსთან მუსიკოსი იჯდა, თითები კლავიშებზე განეთავსებინა და ეტყობოდა, რომ თითოეულ ქართულ ნოტს ისიც სადღაც შორს, ოკეანის მიღმა გადაჰყავდა. თავს საღამოს კაბაში გამოწყობილი, შუახნის ასაკის მოვლილი ქალბატონი ადგა და მაესტროსთან ერთად შუაგულ მანჰეტენზე „თბილისოს“ ჰანგებში ჩაფერფლილიყო. -ვაშლის შტრუდელი და ყავა „ამერიკანო“ მომიტანეთ თუ შეიძლება, -მელანიმ მაგიდასთან დაბრუნებულ მიმტანს შეკვეთა მისცა და ის იყო, ტუალეტისკენ წასვლა დააპირა, როდესაც უკნიდან ვიღაცამ სახელით მიმართა და შეაყოვნა. -კელი? -გაკვირვება გამოხატა გოგონამ. -როგორ ხარ? -კარგად, თავად?- ცოტა დაიბნა, ნამდვილად არ მოელოდა, რომ იქ რატის ბიძაშვილს გადაეყრებოდა. -არამიშავს. მიხარია, რომ შეგხვდი. რა ხანია, შენთან ლაპარაკი მსურს. -მართლა? რასთან დაკავშირებით? -ახლა მეგობრებთან ერთად ვარ, გავცვალოთ ნომრები და ამ დღეებში აუცილებლად დაგიკავშირდები. -კი ბატონო,- მხრები აიჩეჩა მელანიმ და თავის ნომერი უკარნახა. მაგიდასთას მისულს საყვარელი დესერტი და ყავა დახვდა. კლასიკური მუსიკის ფონზე ჰაეროვნად მდნარი ნამცხვარი სიამოვნებით დააგემოვნა და რესტორანი დატოვა. --- რატი ავაზნელისთვის მელანის წასვლა წყალში მძიმე საგნის ჩაგდებას ჰგავდა, რომელიც დგაფუნით დაეცა გულის ფსკერზე და ბასრად გაუგლიჯა ძირი. რაც დრო გადიოდა, მოგონებებში უფრო და უფრო იძირებოდა და გამუდმებით ეჩვენებოდნენ ცისფერი თვალები. ირგვლივ ყველაფერი ისე გადაციებულიყო, როგორც მისი მარტოდ დარჩენილი სული. გრძნობები სხვას გაჰყვიროდნენ, გონება სხვას ღრიალებდა და კვლავ არ ჩანდა მათ შორის გამარჯვებული. გადიოდნენ დღეები და ვეღარაფერს უდებდა გულს, დაკარგული მეორე ცალის გარეშე ცხოვრება უაღრესად ერთულებოდა. ბოლო დროს ამერიკის სასწავლო პროგრამების და პროექტების გაცნობას მოუხშირა, ერთ-ერთი საზაფხულო პროგრამა აარჩია და სააპლიკაციო ფორმა შეავსო. რამდენიმე კვირაში უნივერსიტეტიდან დასტური მიიღო და ახალი ამბით მიადგა მამამისს. -მუდამ სკანდინავიური და ბრიტანული სასწავლო მიღწევებით და ცხოვრების დონით ინტერესდებოდი. ასე მალე რა შეიცვალა, რომ თვალი ამ ქვეყანას დაადგი?- სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა ტიტეს. -არც ამერიკას დაეწუნება რამე, მითუმეტეს, ეკონომიკის და ფინანსების სფეროებში, თან კელიც იქ არის, ძალიან მომენატრა და ვფიქრობ, შესანიშნავ არდადეგებს მოვიწყობ. -რომელ ქალაქში აპირებ წასვლას? -ნიუ-იორკში. -ჰმ, ესე იგი, ნიუ-იორკში. რატომ მაინცდამაინც ამ ქალაქში?- კირკიტს არ ეშვებოდა ტიტე. -რომელი ქალაქიდანაც მივიღე დასტური, ეს იყო და ისე არც სხვაზე ვიტყოდი უარს, - ხელები გაშალა რატიმ. -კარგი, რადგან ასე გარჯილხარ და ახალი ინტერესიც გაგჩენია, მზად ვარ, ხელი შეგიწყო და დაგაფინანსო. როდის იწყება პროგრამა? - მაისის ბოლოს და დაფინანსება არ არის საჭირო, ამაზეც ვიზრუნე. -ეგ როგორ? -მთავარია მოინდომო, ინტერნეტში კარგად იძრომიალო და იმ ორგანიზაციის საიტზე მოხვდე, რომლებიც მზად არიან სტუდენტების დასახმარებლად. -გასაგებია. აბა, მაშინ გილოცავ, მიხედე საქმეს და მეც შენთან ვარ,- მხარზე ხელი დაარტყა მამამ და სამსახურში წასასვლელად მოემზადა. --- კრაზანას დაკავების შემდეგ ცოტნე ავალიანი უწინდელზე მეტად გააქტიურდა და საზოგადოებას პოლიტიკურ სანახაობებს არ აკლებდა. ერთ-ერთი მათგანი ქალაქის მერის, თამარ გორდაძის გარშემო ატეხილი სკანდალი იყო, რომელიც ნარკობიზნესთან მის ფარულ კავშირებზე მიუთითებდა. ამასობაში, კრაზანას იმპერიის წევრები მონადირე ძაღლებივით დაეძებდნენ მათ შემვიწროებლებს და ანგარიშის გასასწორებლად ემზადებოდნენ. *** არსებული მდგომარეობა ლეო სიხარულიძეს დიდ ხათაბალაში ჰხვევდა. მასზე გამოცხადებული ძებნის გამო, ვეღარც საქართველოში ჩასვლას ახერხებდა და ვეღარც ოჯახის წევრებს და ადვოკატს უკავშირდებოდა, რომ თეკოს შესახებ ამბები შეეტყო. კრაზანას კლანის ნგრევამ მის ფინანსურ მდგომარეობასაც დაამჩნია კვალი და ყველანაირად ხელ-ფეხი შეუკრა. სწორედ იმ დღეებში თეკო სიხარულიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ადვოკატის მუშაობამ გაამართლა და მოსამართლემ თექვსმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლის განაჩენის წაკითხვის შემდეგ, ვიდრე პატიმარს სასამართლო დარბაზიდან გაიყვანდნენ, ტიტეს და რატის უკანასკნელად შეავლო თვალი, მერე ბადრაგის ბრძანებას დაემორჩილა და მასთან ერთად თვალს მიეფარა. ტიტე შვილს სერიოზული სახით შეუტრიალდა: -ამ დღეებში შენს მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩემს ნაცნობს დაველაპარაკები და გავიგებ, ღირს თუ არა, ლიკას მკვლელობის შესახებ გამომძიებელს შევატყობნოთ. თუ პატარა შანსი მაინც არსებობს, რომ მისი მკვლელობაც დაუმტკიცდეს, პასუხი უნდა მოეკითხოს! რატიმ თავი დაუქნია. -ჰო, კიდევ ერთი. მე თუ რამემ ხელი შემიშალა და ეს საქმე მოუგვარებელი დამრჩა, შემპირდი, რომ ჩემს გასაკეთებელს შენ გააკეთებ. ბიჭს არ მოეწონა მამამისის სიტყვები და ეჭვით შეხედა: -რა უცნაურად მელაპარაკები? -ზოგადად ვამბობ. მპირდები? შვილმა კიდევ ერთხელ დაუქნია თავი და მასთან ერთად დარბაზიდან გამსვლელებს შეერია. --- ტურისტული სეზონი ახალი დაწყებული იყო, როდესაც რატი ავაზნელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. მთელი დღის ნახეტიალები თაიმ სქვერის წითელსაფეხურებიან კიბეებზე ჩამომჯდარიყო და მის გარშემო მრავალფერად აჭრელებულ, უზარმაზარ აბრებს უყურებდა, სადაც ცნობილი ბრენდების მაღაზიების, მიუზიკლების, ფილმების და უამრავი სახეობის რეკლამები რიგ-რიგობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. დისნეის მულტფილმების ცნობილი პერსონაჟების კოსტუმებში გადაცმული მსახიობები ქუჩაში გამვლელებს სურათების გადასაღებად იწვევდნენ და მათ გასაცინებლად ყველა ძალას მიმართავდნენ, რომ რაც შეიძლებოდა მხიარული კადრები გამოსვლოდათ. ყველაზე მოთხოვნადი მაინც თავისუფლების ქანდაკებას დამსგავსებული მსახიობი იყო, რომელიც ორჩოფეხებზე აღმართულიყო, ცალ ხელში ჩირაღდანი ეჭირა და მეორეთი ქვეყნის დროშას აფრიალებდა. ეცნობოდა უძლიერესი სახელმწიფოს ერთ-ერთ მეგაპოლისს და თანდათან სხვებივით იხიბლებოდა. დაღლილობამ რომ გადაუარა, ავტოსადგურისკენ გაემართა, ფილადელფიაში გასამგზავრებელი ბილეთი იყიდა და ბიძაშვილთან შესახვედრად მოემზადა. გვიანი ღამე იყო, როდესაც კელის საცხოვრებელს მიადგა. -გეფიცები, თუ მჯეროდეს!-გოგონა მამიდაშვილს კივილით მივარდა და გადაეხვია. -მიმასპინძლებ?-გაუღიმა ბიჭმა. -ჰეჰ, რას ჰქვია, არ გიმასპინძლებ? Welcome!- სადარბაზოში აჟიტირებული შეუძღვა. ბინას წითლად შეღებილი ხის კარი ჰქონდა, შესასვლელი საერთო ოთახში გადიოდა, საიდანაც სამზარეულოც კარგად მოჩანდა და ორი საძინებელიც. -ეს საძინებელი ეგრეთწოდებულ „რუმმეითის“ არის, ეს კი პერსონალურად ჩემია, -კარი გამოუღო, რომ თავისი ოთახი ეჩვენებინა, -შენთვის გასაბერი ლეიბიც კი შევიძინე. ასე, რომ როცა გაგიხარდება, შეგიძლია, დარჩე. -ვაჰ, რა საკაიფო ოთახია,- თვალი შეავლო რატიმ და ცერა თითი აუწია. -წავა რა, უკეთესიც შეიძლებოდა. აბა, რას შეჭამ? -ჯერ რა გაქვს? ის მითხარი. -რაც ყველაზე კარგად გამომდის -მაკარონი ყველით. -სტუდენტური მენიუა,-ჩაეცინა ბიჭს,- მოიტა, გამოუშვი. კელიმ სუფრა გააწყო და გახარებული მიუჯდა მამიდაშვილს. -რას მიყურებ?- შესცინა რატიმ. -თვალებს არ ვუჯერებ, რომ აქ ხარ. -იპწკინე. -დამცინის კიდეც. შენ რომ გიჩქმიტო?- მკლავში სწვდა და თითები რამდენიმე ადგილას მოუჭირა. -კარგი, ნუ დამალურჯე და თუ შემარგებ შენს ღარიბულ მენიუს, კარგს იზამ,- ხელი გააშვებინა გოგონას. -ნახე, კიდევ დამცინის ეს დამპალი. -ღარიბი კელი,- ხუმრობას არ იშლიდა რატი. -ჰო, იცინე და ცოტა ხანში შენც რომ დაიწყებ ცენტების თვლას, მერე მე ვიტყვი ღარიბი რატი-თქო. ისე რა ამის პასუხია და როგორ მოგეწონა ნიუ-იორკი? -ლამაზი ქალაქია, უამრავი სანახაობებით. -ბრუკლინის ხიდის ნახვა მოასწარი? -არა. -არც მე მაქვს ნანახი. ერთი დღე დავთქვათ, ჩამოვალ და წავიდეთ. -კი ბატონო, რა პრობლემაა? -მე ფილადელფიას გაგაცნობ. ისტორიული ქალაქია, ნიუ-იორკთან შედარებით, აქ კიდევ სხვა სამყაროა. საერთოდ, ამ ქვეყანას ყველა შტატი განსხვავებული აქვს. თითქოს ხალხიც კი რაღაცით გამოირჩევიან. -კანონებიც სხვა აქვთ, არა? პატარ-პატარა სახელმწიფოებივით არიან. -ზუსტად! ჩაი თუ ყავა? -ჩაი. კელიმ მამიდაშვილს ჩაი დაუსხა და ფინჯანით მიართვა. მერე იდაყვზე სახე ჩამოიდო და საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა: -სიმართლე გითხრა, როცა გავიგე, რომ აქ ჩამოდიოდი, სხვა რაღაც გავიფიქრე. -რა? -რა და... ზუსტად იმ ქალაქში, სადაც მელანი ცხოვრობს... არ შეიძლება, რომ ეს დამთხვევა იყოს. -კელი, რამდენიმე უნივერსიტეტის აპლიკაცია შევავსე და რომელმაც გამომიგზავნა მოწვევა, იქით წამოვედი. რა საჭიროა, ამას კუდი გამოაბა? -მე შევხვდი მელანოს და ჩვენ გვქონდა საუბარი. -რასთან დაკავშირებით? -რაც მოხდა, იმასთან დაკავშირებით და მინდა, გითხრა, ძალიან ნანობს თავის საქციელს. დღემდე უყვარხარ და განიცდის, რომ არ პატიობ. მაშინ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და არავინ იცის, ჩვენც რომ მის ადგილას ვყოფილიყავით, რას გავაკეთებდით. -ჩემსა და მელანოს შორის ყველაფერი დასრულდა. -ახლა რომელს უფრო ატყუებ მაგ სიტყვებით, მე თუ შენს თავს? თუ მკითხავ, შენც და ისიც გარემოებების მსხვერპლნი ხართ. დროა, სიამაყე დაივიწყო და სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, თქვენს სიყვარულს რამე უშველო. -ძალიან გთხოვ, ჩავლილ თემას ნუღარ უბრუნდები. -ვხედავ, შენც გიყვარს და იტანჯები. მესმის შენი გულის ტკენა რამ გამოიწვია და რატომ არ პატიობ, მაგრამ საკმარისად დასაჯე ისიც და შენი თავიც. როგორ არ გესმის, რომ ამით ორივე ნადგურდებით? სიყვარულთან სიამაყის ადგილი არ არის! -სიამაყის ადგილი არ არის? არის კელი! მივედი, ვუთხარი, რომ აეხსნა რა სწყინდა ჩემი ოჯახისგან. მზად ვიყავი, გვერდში დავდგომოდი და ერთად გადაგვეჭრა ყველა პრობლემა. მან კი საშინელებები მაკადრა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ არაფრის გამო. ასე იოლად თუ შეუძლია სიყვარულის გაწირვა, მითხარი, როგორღა უნდა ვენდო? ამიხსენი, რანაირად უნდა მიმიბრუნდეს გული და ისევ ისე ვიყო მასთან, თითქოს არაფერი მომხდარა? -ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი. შენი გული კიდევ ვინმესთვის სწორედ ისე გააგრძელებს არსებობას, როგორც ამას თავის დროზე მელანოსთვის აკეთებდა? -არა! -ჰოდა, პასუხიც ეგ არის, როგორ უნდა მოიქცე. - ჩვენს შორის მეტი აღარაფერი მოხდება! -შენ აქ მისთვის ჩამოხვედი და ისიც კი გამშვიდებს, რომ ერთ კონტინენტზე ხართ, ერთ ქვეყანაში და ერთ ქალაქში. -დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო,- ხასიათი შეეცვალა რატის და საძინებელში შევიდა. --- კრაზანას ხალხში სიმართლემ გაჟონა და საბოლოოდ დადგინდა, ვინ გამოაცალა საყრდენი კედელი უზარმაზარ მაფიას. ტიტე ავაზნელს და ცოტნე ავალიანს ძნელბედობის ჟამი დაუდგათ. სასტიკი თამაშის წესებით მოთამაშე ადამიანებს სისხლი სწყუროდათ და განაჩენის აღსრულების მოლოდინში, მოშიებული ძაღლის ლეკვებივით წკავწკავებდნენ. მურთაზ ხუდოევი ბინძური გზებით და კავშირებით კვლავ თავისუფლების ჰაერს სუნთქავდა. ისევ იწყებდა ბოროტება აღზევებას. ისევ ეპარებოდა ნათელს შავი ლაქები და მის გადასაფარად ემზადებოდა: -ზოგჯერ რა პატარები არიან ადამიანები. ჩუმ-ჩუმად დაძვრებიან, რაღაცას ფორიაქობენ, ორმოში გაგდებენ, ქვების გორებს აგროვებენ, რომ შენს ჩასაქოლად არ შემოაკლდეთ და უცებ აღმოჩნდება, რომ ქვები კენჭებად ექცათ და შენ ძლევამოსილი ბატონის მონიჭებული ძალებით ანგელოზად წოდებულ ღვთის შვილებს ადგილს უცვლი. მოგვიანებით თამაშის წესებს შენ ცვლი, ამ კენჭებს კვლავ ქვებად აქცევ და მათივე ხელებით დაგროვებულ სიკვდილის იარაღებს უკან უბრუნებ. ისინი კი თავისნაირად მოაზროვნეებში კარგ ადამიანებად ირაცხებიან და გმირების სახელებით მიდიან. ჰოდა, საზოგადოების თვალში სიმართლისთვის და მათი კეთილდღეობისთვის მებრძოლნო, მოემზადეთ, თქვენი სიცოცხლის წუთები დათვლილია! -სავარძელში მშვიდად მჯდომ კრაზანას ულვაშებში ბოროტულად ჩაეცინა და უფრო მეტი ეფექტისთვის მაგიდაზე მდგომი ქვიშის საათი ამოაბრუნა. სიკვდილის ზონის მობინადრენი ძველ და მძიმე კარს ჭრიალით აღებდნენ. ვიღაცები კიოდნენ, ვიღაცები კბილებს ახრჭიალებდნენ, ვიღაცები კი ვიღაცების სიცოცხლეებს საცერში ცრიდნენ... --- რატი ავაზნელი ბრუკლინის ხიდის დასაწყისში იდგა და ბიძაშვილის მოლოდინში ჰადსონის მდინარეს გადაჰყურებდა. წყ*ლის ტაქსები და საკრუიზო გემები ნელა მიემართებოდნენ ქალაქის სხვადასხვა ხედების და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ხიდის ქვეშ ხასხასა ბალახით გაშენებულ პარკში ნიუ-იორკელები და ტურისტები საპიკნიკოდ წამოკოტრიალებულიყვნენ. ზოგი უბრალოდ ისვენებდა, ზოგიც სასურათედ პოზიორობდა. კარგი ამინდის გამო, ხიდზე მოსიარულე დამთვალიერებელთა რიცხვი იმდენად სჭარბობდა, ველობილიკებზე გადადიოდნენ. სადღაც შორს ჩასაფრებული კელი მღელვარებას ვერ მალავდა და წამდაუწუმ დროს ამოწმებდა. მასთან შესახვედრად დაბარებული მელანი რომ დაინახა, ჯერ შვებით ამოისუნთქა, მერე უფრო მეტად ანერვიულდა, არ იცოდა მისი ოინი როგორ გაამართლებდა. -რატი?- ველოსიპედზე მჯდომმა მელანიმ გაოგნებული სახით ტორმუზს ხელი ჩაავლო და ზედ ფეხებთან, შხუილით გაუჩერა. მერე გადმოვიდა, ველოსიპედი რკინის მოაჯირს მიაყუდა, თვალები რამდენჯერმე დახუჭა და ისევ გაახილა, რომ დარწმუნებულიყო, თვალთახედვა არ ატყუებდა. -შენ?- ბიჭს სახე შეეცვალა, მაშინვე მიხვდა, რომ კელის მოწყობილი ამბავი იყო და ბრაზი მოაწვა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვერაფერს იზამდა. -როგორ ხარ?- ენა დაება მელანის და ორი სიტყვის თქმა ძლივს მოახერხა. -კარგად. შენ როგორ ხარ? -მ...ეც არამიშავს,- ნერწყვი გადაყლაპა გოგონამ და თვალები ძლივს გაუსწორა. რატის მუქ, სარკისებურ თვალებში კვლავ ძველი სიბრაზე და წყენა გამოსჭვიოდა. მელანის მისმა მკაცრმა თვალებმა სხეული აუთრთოლა და ცალი ხელი მოაჯირს ჩაავლო, რომ თავი დაცემისგან ეხსნა. ბიჭი მზერით სახიდან გოგონას მოღეღილ მკერდს ჩაუყვა და დაბადების დღეზე ნაჩუქარი კირჩხიბის კულონი შეამჩნია. მელანის ეს არ გამოჰპარვია, სახეაწითლებულმა ცალი ხელი ოქროსფრად მოელვარე კირჩხიბზე წაავლო და თითებით ძეწკვის წვალება დაიწყო. უხერხულობაში ჩავარდნილს თვალი ავაზნელის მაჯისკენ გაექცა და უცებ ახალ წელს ნაჩუქარი საათი შენიშნა, რომელიც ერთ დროს საკლასო ოთახში მის თვალ წინ ნაგავში ჩაუძახა. ამ ფაქტმა გული აუჩქარა და მორიდებით ისევ თვალებში ჩახედა. იქ კი კვლავინდებური სიცივე დახვდა, საზარელმა ყინვამ შეაშინა და სასწრაფოდ თავი დახარა. -სეირნობ? -დიახ. -არასოდეს გითქვამს, რომ ველოსიპედის ტარება იცოდი. -ჰო. -აქ როგორ აღმოჩნდი? -მე... მე... ჩემთან მეგობარი... ბოდიში, წინადადება ამერია,- აღარ იცოდა რას ლაპარაკობდა. გონება გადაუბრუნდა და მეტყველების უნარი სავსებით წაერთვა. -კარგად ხარ?- წარბი შეხარა რატიმ. -დიახ! უფროსწორად, მალე კარგად ვიქნები,- ველოსიპედის სათავსოში ჩაიხედა და პლასტმასის პატარა წყლის ბოთლი ამოიღო. თავსახურს აკანკალებული ხელებით დაუწყო გახსნა და რომ ვერაფერი მოუხერხა, უკან უნდა ჩაებრუნებინა. ბიჭმა გამოართვა, ბოთლს თავსახური მოხსნა და მიაწოდა. -მადლობა, -ძლივს მიიტანა ტუჩებთან, ერთი ყლუპი დალია და ისევ წვალება დაუწყო, რომ დაეფარებინა. რატის ბრინჯივით დაბნეული გულის სწორის ქცევებზე გულში ეცინებოდა, თუმცა გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. მელანიმ როგორც იქნა, იმ წამს ყველაზე რთულად შესასრულებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვა და შვებით შეინახა წყლის ბოთლი სათავსოში. მერე თავის თავზე გაბრაზებული, რადგან ქცევებს ვერ აკონტროლებდა, ბიჭს მიუბრუნდა: -აქ რატომ ჩამოხვედი? -ბატონო?-წარბი აუწია ავაზნელმა. -კელის სანახავად ჩამოხვედი?- წყრომა დაიოკა და კითხვა სხვა მხარეს შეატრიალა. -მის სანახავადაც და კიდევ ერთი მიზეზის გამო. -რა მიზეზის?-ეგონა, რომ ახლა მაინც მოისმენდა სასურველ სიტყვებს. -სამთვიანი სასწავლო კურსით ჩამოვედი. -მარტო ამის გამო? მხოლოდ ეს არის მიზეზი? რატიმ პასუხი არ გასცა. -ჰო, როგორ ვერ მივხვდი. ისევ ზედმეტად მეოცნებე ვარ,- თავი სუსტად დააქნია და თვალებდახრილმა ამოიჩურჩულა, კარგად იყავიო. მერე ველოსიპედს მოჰკიდა ხელი და ისე, რომ მის გამოსამშვიდობებელ სიტყვას აღარც დალოდებია, ზურგი შეაქცია. -მელანო, მოიცადე, არსად წახვიდე!- ზარის რეკვასავით გაისმა ავაზნელის ხმა და ყურები დაუგუბა. -ალბათ, მომესმა. ამას არ იტყოდა! მე არ მეტყოდა!- თავს უწყრებოდა გოგონა და ველოსიპედზე დაჯდომას ლამობდა, როდესაც კვლავ მოესმა თავის სახელი. უკან მიიხედა და მასთან ზედმეტად ახლოს მდგომი რატი დაინახა: -მითხარი, შენთან როგორ დავრჩე, როცა რამდენჯერაც არ უნდა ვეცადო, კეთროვანივით მიშორებ? - აკანკალებულმა ხელის მტევნები ასწია და უკანვე დაუშვა,-შენი ხელის დაკარების უფლებაც არ მაქვს, ესეც ამიკრძალე,- ცრემლები ვერ შეაკავა, ცისფერი სივრცეებიდან წამოსულმა მლაშე სითხემ სწრაფად დაუსველა ღაწვები. რატის მისმა ქცევებმა, სიტყვებმა და ცრემლებმა მთელი შინაგანი სამყარო ყირამალა დაუყენეს. მიხვდა, რომ საკმარისი იყო, რასაც აკეთებდა და გაუსაძლისი თვითგვემა ორივესთვის უნდა შეეჩერებინა. სიამაყე უკან გასწია და მტკიცედ წარმოთქვა: -გაძლევ უფლებას, რომ მომიახლოვდე. -რა?- გაკვირვებული სახით ჰკითხა მელანიმ. -გაძლევ მეორე შანსს, რომ შენი ერთგულება და სიყვარული დამიმტკიცო. -არ მჯერა, მატყუებ. ასეა, ხომ? -არ გატყუებ,-თავი გააქნია ბიჭმა. -მაშინ რამე ნიშანი მომეცი, მასწავლე როგორ მოგიახლოვდე? ყველა გზა დამიკეტე, ყველა ხიდი ჩაამტვრიე, ვერანაირად გიახლოვდები. რატიმ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, მხარზე ხელი დაადო, შემდეგ ფრთხილად ჩაუყვა მის მკლავს, თხელ თითებზე ხელი ჩასჭიდა და გულთან მიიკრო. მელანიმ საყვარელი ადამიანის მონატრებული კანის სურნელი და სხეულის სითბო იგრძნო და კიდევ უფრო ატირდა. რატიმ აღელვებული მელანის მდგომარეობა მთელი სხეულით შეიგრძნო და მის დასწყნარებლად თმაზე ხელი დაუსვა. იდგნენ ერთმანეთთან ჩახუტებულები და ვეღარ სცილდებოდნენ. დაკარგულ და ხელმეორედ ნაპოვნ ბედნიერებას სხვა სისათუთით უფრთხილდებოდნენ. -ძალიან გაგიფრთხილდები, ძალიან, ძალიან!- ჩურჩულებდა გოგონა და ბიჭის აჩქარებულ გულისცემას ყურს სულგანაბული უგდებდა. *** კელიმ სატრფოსთან ჩახუტებული ბიძაშვილი რომ დაინახა, კმაყოფილებით გაიღიმა, სამალავიდან გამოვიდა და ახლომდებარე მეტროსადგურის ტერიტორიაზე ხალხის ტალღაში გაუჩინარდა. --- “Opened World”-ის თეატრალური წრე სხვა მონაწილეებისგან დაკომპლექტებული მოსწავლეებით კვლავ საშკა დემეტრაძის და ნატალია ახალკაცის სიყვარულის ამბავს აცნობდა მაყურებელს. მოხუცი მურადი ისევ ფანჯრიდან გადმომდგარიყო და მეზობელთან მასლაათობდა: „მიტევება ყველას არ შეუძლია, ჩემო მედიკო. ეს დიდი ადამიანების საქმეა. მხოლოდ ისინი ხვდებიან, რომ პატივმოყვარეობა ადამიანურ ურთიერთობებში დიდ ბზარს აჩენს, სიყვარულს აქრობს და სულს წყმედს. დროა, კაცობრიობამ გააცნობიეროს, რომ სხვისგან მიყენებული ჭრილობებისგან მიღებული ტკივილები შეწყალების გარეშე ვერ მორჩება. სჯობს მათში შედინებული წყენა, სანამ თივის ზვინივით არ დახვავებულა და ბოღმად და ბრაზად არ გადაქცეულა, დროულად მოიშორონ და საკუთარი სულის ექიმებად ყოფნა ისწავლონ, თორემ წალეკა ქვეყნიერება სიბოროტემ და მიგვატოვა ღმერთმა!..“- ხელი ჩაიქნია და დარაბები დახურა ბერიკაცმა. დარბაზში ტაშმა იქუხა. სანდრო და თემო კმაყოფილები უყურებდნენ ახალ მსახიობებს. -კარგად ასრულებენ, არა?- სანდრომ მეგობარს მხიარულად გადაულაპარაკა. -კი, მურადის როლის შემსრულებელმა დამშოკა. რასაც ჰქვია, მსახიობად არის დაბადებული, მაგრამ საშკას და ნატალიას როლი რაც მართალია, მართალია, რატის და მელანოს უფრო მეტად უხდებათ, ვიდრე ამ ახლებს. -ეგ კი,- გაეცინა სანდროს და ტაში გააძლიერა. *** იმ ღამეს ჯერ ცოტნე ავალიანს, ხოლო შემდეგ ტიტე ავაზნელს ქუჩაში თავს მუხანათურად დაესხნენ და მოკლეს. კიდევ ერთხელ გამოუტანა უსამართლობამ სამართლიანობას მახინჯი განაჩენი... *** მუხა წაიქცა და გლოვისათვის განწირულს ლაწა-ლუწით შემოემტვრა მსხვილად გამოტანილი ტოტები. მიწაში გადგმულ, მის დიდ და ღრმა ფესვებზე ამოხეთქილი, ბოროტ ძალებს გადარჩენილი უჩინარი ნერგი კი კვლავ აგრძელებდა სიცოცხლეს და მზისკენ მიმავალი ბილიკების გამოჩენას ელოდებოდა. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.