ნადირობა I-თავი
ნადირობა მსხვილი მუხის ძირას იჯდა ნათანიელი, წარსულის დღეებზე ფიქრობდა და თან ხის ამობურცულ ქერქს ზურგით ეყუდებოდა. რატომღაც იმ დროზე ფიქრობდა, როდესაც სიცოცხლე უყვარდა. უყვარდა ისე ძლიერად, რომ ჭიანჭველასაც კი ვერ დაადგამდა ფეხს. ეს ძალიან ადრე იყო, ბავშვობაში. ახლა კი აქ არის, ფერადყვავილას ველებისა და ველურთა ტყეების საზღვარზე, ტყის ყველაზე მაღალ, დიდებულ ბინადარს აყრდნობს ზურგს. ქარქაშ ჩაცმული ყინული მუხლებზე უდევს და ფიფქებით მოხატულ ვადას ეფერება. ეს ხმალი მამისგან დარჩა, მაგრამ მაშინ ჯერ სახელი არავის შეერქმია. ყინული სწორედ ნათანიელმა შეარქვა. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ სიცოცხლეზე შეყვარებული ბავშვი იყო. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ნებისმიერ სიცივეს დაამარცხებდა სითბო და ნებისმიერ ყინულს გაალღობდა მზის სხივები მან ეს საჩუქარი მიიღო. იმ დღიდან შეიცვალა ნათანიელის ცხოვრება. კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. ,,მამა დაბრუნდა“ - იყვირა პატარა ბიჭმა და კართან მიირბინა, მაგრამ ზღრუბლზე მამა არ ყოფილა, სისხლით მოსვრილი კაპიტანი იდგა, ხელში მამამისის ხმალი ეჭირა, უქარქაშო ფოლადი. ქარქაში მამამისის სხეულთან ერთად ბრძოლის ველზე დაკარგულიყო. მაშინ კაპიტანს მისთვის არაფერი უთქვამს. დედა უმალ მიხვდა, მან კაპიტნის თვალებში ამოიკითხა ყველაფერი და ძირს ჩავარდა მდუღარე ქვითინით. კაპიტანმა ბავშვს ხმალი გაუწოდა. ბავშვი ფოლადს შეეხო. ვერაფერს გრნობდა პატარა ბიჭი. არც ცრემლი მოსდიოდა თვალებიდან და არც მამა ენატრებოდა. ის ამის გასაგებად ძალიან პატარა იყო. მხოლოდ სიცივეს გრძნობდა, გამყინავ სიცივეს, სიკვდილის მზგავსს, რომელსაც უქარქაშო ფოლადი გამოსცემდა. ახლა კი ის აქ იყო მუხის ხის ძირას სახელგანთქმულ ოთხეშვას ელოდებოდა. *** ტახებს რკო უყვართ. მაგრამ სახელგანთქმული ოთხეშვა უბრალო ტახი არ ყოფილა. ის იყო ნახევარი ტონა ხორცით ასხმული შიში. განიერი ხახიდან გამოშვერილი ოთხი ეშვით. აკანკალებული ხმით ყვებოდნენ სოფლის მაცხოვრებლები მის შესახებ. ყვებოდნენ, რომ ის ველურთა ტყეებიდან გამოდიოდა, ფერადყვავილას ველებს ეშვებით ხნავდა სოფლამდე და გზად ყველაფერს მტვრის ნაწილაკებათ მიმოფანტავდა. ყვებოდნენ, როგორ ზანზარებდა მიწა მისი მოახლოვებისას. თბილმიწეთის ყველაზე სახელგანთქმული მონადირეებიც კი ვერ ბედავდნენ მასთან შეჭიდებას. ,, ველურთა ტყეების მეფე“ ასე შეარქვა ხალხმა ოთხეშვა დემონს. ის იყო ადამიანთა გულების ბატონპატრონი. ადამიანთა შიშისა და ძრწოლის მეუფე. *** მზემ დასავლეთით იწყო გაცურვა. იქ სადაც თავთეთრი მთები ელოდნენ, მათ მიღმა უნდა ჩამალულიყო. ბინდდებოდა. ოთხეშვას სტუმრობის დრო მოიწევდა საყვარელ მუხასთან. ხესთან რომელიც მთელს ველურთა ტყეებში ყველაზე დიდ ნაყოფს ისხამდა. ფერადყვავილას ველზე ჯერ კიდევ იდგა დღის სინათლე, მაგრამ მჭიდროდ გადახლართულ ხეების ქვეშ უკვე ბნელი ნისლი დაწოლილიყო. ამ სიბნელეში არაფერი ჩანდა, მხოლოდ სილუეტებს თუ დალანდავდა კაცი ვეება ხეებისას. უცებ ამ ბნელში ნათანიელის თვალებმა ვარსკვლავის ნატეხებივით გამოანათა. მწვანე, ხასხასა მდელოზე უფრო მწვანე ნათება იყო. ნათანიელი ყველაფერს გარკვევით ხედავდა. ისე ნათლად არა, როგორც მზის შუქზე. მაგრამ მისი ღამის მხედველობა ოდნავ ჩაშავებული, მწვანე სილუეტებისაგან იხატებოდა. სწორედ ეს ნიჭი ეხმარებოდა ნათანიელს, ყოფილიყო საუკეთესო ღამის მონადირე, მთელს თბილმიწეთზე. ღამეში აწვდილ ტოტებიდან ჩიტუნების ღამის ჟრიამული ჩამოისმა. ტოტიდან ტოტებზე იწყეს გადაფრენ-გადმოფრენა და ძილის წინ სიმღერა. იქვე შორიახლოს ფერადყვავილას ველებზე, ველის ფერად-ფერადად მანათობელა თაგვებმა დაიწყეს ფუსფუსი და ისეთი სანახავი იყო, თითქოს ათასფრად მოხატული-მოციმციმე ბურთები მთელს ველზე დაგორავენ და ერთმანეთში ირევიანო. მათი მოძრაობა კი ფრინველებისთვის უფრო შესამჩნევი გახდა. თითქოს აქ მოიყარეს თავი მთელი თბილმიწეთის მტაცებელ ფრინველებმა. კივილით დაიწყეს ცის სიბნელიდან დაშვება და ფერადად განათებული მღრღნელების ცაში გატაცება. თან და თან ცის ბნელ კუნჭულებმაც ფერად-ფერადად ციმციმი დაიწყეს. გატაცებული თაგუნიები იბრძოდნენ, მტაცებლის თვალის დასაბრმავებლად უფრო და უფრო უმატებდნენ ციმციმს მაგრამ ამაოდ, მათი ფერადი ციმციმი მალევე უჩინარდებოდა ყველაფრის მგმობ სიბნელეში. ამ დროს ტოტებზე მოფრთხიალე ჩიტებმაც შეწყვიტეს სიმღერა და მიჩუმდნენ. აქაიქღა თუ მოისმოდა წამიერი გაფაჩუნება. ფერადყვავილას ველზე დიდი ნადირობა იყო გამართული, დიდი ჟრიამული. ველურთა ტყეები კი ხმას არ იღებდა, კრინტს არ ძრავდა, დუმდა, ავის მომასწავებელი სიჩუმე იბუდებდა ყველა ქვის ქვეშ თუ ხის ფუღუროში. *** ჰაერი სიმყრალით გაიჟღინთა. თითქოს ათასი გახრწნილი გვამი დაბორიალობდა ველურთა ტყეებში. მიწა აზანზარდა. მეხის გავარდნასავით გაისმა დინჯი ნაბიჯების ხმა. ტახის ხახიდან ამოსული ორთქლი მყრალ ნისლად მოედო არემარეს. ნათანიელი კი ადგილიდან არ იძვროდა, იჯდა მუხის ხეზე ზურგმიყრდნობილი და მსხვერპლს ელოდებოდა. თუმცა თავადაც კი არ იცოდა ვინ იყო მსხვერპლი. იქნებ ტახი სულაც არა... დახლეჩილ ხეებს შორის გაჩენილ ბნელ ბილიკზე ორი წითელი თვალი გამოჩნდა. ნათანიელი მწვანე სილუეტად ხედავდა სამი მეტრის სიმაღლის, ერთ ტონიან არსებას, რომელსაც აჯაგრულ ბალნიდან მწვანე ოხშივარი ასდიოდა. ურჩხული გაჩერდა. ჰაერი დაყნოსა. უცხო რამ იგრძნო, სურნელი, რომელსაც მშვიდი სხეული გამოყოფდა. _შიში ყარს. _ დაიგრგვინა ურჩხულმა. _ მაგრამ შენ არა. მისი ხახიდან ამოსულ ბგერებს ხმელი ფოთლები გაჰყვნენ. ნათანიელი ფეხზე წამოდგა. ტახის ნაბიჯები შენელდა. მისი თვალებიდან ლავასავით იღვრებოდა მდუღარე ცრემლი. თვალებიდან, რომლებიც ნათანიელს ტოლ-სწორ მეტოქეთ ზომავდნენ. _ჩემს მოსაკლავად მოხვედი? _ ისევ დაიგრგვინა ტახმა. ხახიდან გამოვარდნილი ორთქლი ნათანიელს გარს შემოეკრა. _შემიძლია გაგიშვა. _ დინჯად წარმოსთქვა ნათანიელმა. _გრრრრ _ გადაიხარხარა ტახმა. _ გამიშვა? _ შემიძლია. _ უპასუხა ნათანიელმა. _ თუ აღარასოდეს დატოვებ ველურთა ტყეებს და აღარასოდეს ესტუმრები სოფელებს ავი ძრახვებით. ირგვლივ ყველაფერი სიჩუმის ნეტარებაში ჩაძირულიყო. თითქოს ათასობით თვალი უმზერდა მეტოქეებს და ათასობით ყური ისმენდა მათ საუბარს. _ გრრრრრრ. _ სიჩუმე გაკვეთა ტახის ხმამ. _ შენ შეგიძლია გამიშვა. მე კი არ შემიძლია მათი პატიება. _ მაშინ შენი სისხლით მოიკლავენ წყურვილს ბებერი მუხის ფესვები. _ ხმა აიმაღლა ნათანიელმა. _ მაშინ შენს გახრწნილ სხეულზე აღმოცენდებიან ყვავილები და გაიხარებს სიცოცხლე. _ გრრრრრრრ. მაშ სადაც შენს გმირობას ღვინით შემთვრალი ხოტბას შეასხავ, იქ ჩემი ძლეული ძალისაცა სთქვი. ნათანიელმა დასტურის ნიშნად თავი დაუკრა და ხმალი იშიშვლა. ყინულის ელვა წვრილად გაიწელა და როგორც ცელი ბალახებში ისე გასრიალდა ხეების მიღმა. *** მზის ამოსვლამდე იბრძოდნენ მონადირე და ვეება ტახი. მაგრამ ვერც ტახს მიწვდა ყინულის წვერი და ვერც მონადირეს ოთხი ეშვიდან რომელიმე. სუნთქვა უფრო და უფრო უხშირდებოდათ. ორივენი გრძნობდნენ, როგორ ტოვებდა მათ სხეულებს ძალა, რომლითაც ბრძოლის დაწყებამდე დაიკვეხნიდნენ. მათ ირგვლივ მიწა უფრო ჩაღრმავებულიყო, რამდენიმე ასწლოვანი ხეც დაცემულიყო ბრძოლის შუაგულში მოყოლილი. ეს ვეება მუხაც კი გადახრილიყო და რამდენიმე ფესვიღა თუ იკავებდა საბოლოო წაქცევამდე. ტახის დორბლს მოხნული მიწა აეტალახებინა. ნათანიელის სწრაფ ნაბიჯებს კი ისე დაეტკეპნა კაცს კლდის პირი ეგონებოდა. ტახი წინა მუხლებზე დაეცა. _გრრრრრრრრ. _ ამოიღმუვლა. ღრმად სუნთქავდა, კლდესავით მაგარ მიწაზე უშვებდა თბილ ორთქლს, ორთქლი კი მის გარშემო იფანტებოდა. იქვე შორიახლოს ნათანიელიც დაეცა ცალ მუხლზე. ყინულს ხელით იმარჯვებდა თორემ მიწაზე უსათუოდ განერთხმებოდა. _მგონი საკმარისად ვიომეთ მონადირევ. _ შეღმუვლა ტახმა. _ის რა ბრძოლაა თუ ერთ-ერთის სისხლი არ დაიღვრება ბრძოლის ადგილზე? _ თითქოს თავის თავს გაუჯავრდა ნათანიელი. _ მათ შორის ვინც კი აქ ჩემს მოსაკლავად მოსულა შენ მონადირევ ყველაზე მამაცი ხარ. _ შეამკო ურჩხულმა. _ ბევრი მონადირის სისხლით მოუკლავს წყურვილი ამ ბებერ მუხას? _ ჰკითხა ნათანიელმა. _ ძალიან ბევრი უნახავს ამ მუხას მონადირევ, ძალიან ბევრი. _ სუსტი ხრინწიანი ხმით ამოიხავლა ტახმა. _ შენ კი ყოველთვის ბრუნდები იქ, სადაც იცი ვიღაც გელოდება, რომ მოგკლას. _ ძალა მოკრეფილი ნათანიელი ფეხზე წამოდგა. _ რატომ? რატომ ბრუნდები ყოველთვის აქ? ურჩხულმაც შეიმაგრა თავი დაცემისგან და ძლივს ძლივობით ისიც ადგა. _მაშ სანამ რომელიმე აქ სისხლს დავღვრიდეთ ჩემი მოისმინე. _ თქვა ტახმა. _ როგორც მებრძოლი-მებრძოლს ჩემი ამბის სმენას გავალებ. ნათანიელმა ყინული ქარქაშში ჩააგო. _მოვისმენ შენს ამბავს მერე კი მოგკლავ. _ თქვა და მიწიდან ამოშვერილ მუხის ფესვს ზურგით აეყუდა. ტახმა დილის ჰაერი ხარბად დაყნოსა. შემდეგ თბილ ორთქლად მოავლინა სამყაროს და თავისი ამბის თხრობა დაიწყო. _ ერთ დროს, ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ მე ადამიანი, კაცი ვიყავი. გრრრრრრ. _ ამოიოხრა. _ კაცი ვიყავი მონადირევ. ოჯახი მყავდა. დღესა და ღამეს ვასწორებდი პატიოსან შრომაში, რომ ჩემს საყვარელ ცოლს და ნანატრ ვაჟს არ მოშივნოდათ, არ მოსწყურვოდათ, არ შეცივნოდათ. იმ სოფელში ვცხოვრობდით, ტყეების მიღმა ყველაზე ახლოს, რომ არის ცივი უდაბნოს საზღვართან. კაცობაში დაარი მერქვა, ჩემს ცოლს ელია, ვაჟს კი ელარი. ახლა ვიტანჯები, ჯავრი მახრჩობს მათ სახეებს, რომ ვეღარ ვიხსენებ. შეძლებული გლეხი ვიყავი. ჯაფა არ მეზარებოდა და კარგადაც ვირჯებოდი დღე იყო თუ ღამის წყვდიადი. მოსვენება არა მქონია. სოფლად სხვებს თუ ლუკმა პური არა ჰქონდათ, ჩემს კერას დაბრაწული ხორცის სურნელება ასდიოდა. არ იფიქრო მონადირევ, რომ სხვებს არ ვხედავდი. ვისზეც კი ხელი მიმიწვდებოდა გვერდში ვედექი, ლუკმასაც ვუტეხდი და მხარსაც ვუდგამდი. დრო გადიოდა, დრო რომელსაც შრომაში ვატარებდი და ქონებაც თავისთავად იხვეჭებოდა. ხმები გავარდა მონადირევ თბილმიწეთის სხვა მხარეებშიც, რომლებიც ყვებოდნენ გლეხზე, რომელიც ბატონს უტოლდებოდა თავისი ქონებით. განა სხვებს არ შეეძლოთ შრომა? განა სხვებს არ შეეძლოთ იმაზე მეტის მოხვეჭა ვიდრე მე მოვიხვეჭე. მაგრამ ზოგჯერ კაცს შრომაც კი აბრმავებს და თავის სიბრმავით, მეზობლის ოქროს ბწყინვალების მეტს ვერას იხედება. ამ დროს კი შური იღვიძებს, ნაპერწკალი ინთება და ნელ-ნელა ღვივდება. აღარავის ვუნდოდი სოფელში. ხალხს შური ახრჩობდა ყოველი ჩემი ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისას. მაგრამ მათ რა შეეძლოთ, ტანად დიდი ზომის კაცი ვიყავი, ჯანი კი შენზე ნაკლები არამქონია მონადირევ. თუ კაცს პირისპირ ვერ ებმები, თუ არ გაქვს საკმარი სიმამაცე, მაშინ უფრორე ბოროტდები ადამიანი და ცდილობ ზურგს უკან მოუთხარო ორმო, რომელშიც ისე გადაჩეხავ შენი სინდისი არც შეირხევა. ჩვენი ლორდი ცუდი ზრახვების კაცი არა ყოფილა, მაგრამ განა გველს არ შეუძლია ყველაზე წმინდა წყლის მოშხამვაც კი?! ჩემი ცოლის მშვენებით, ჩემი ვაჟის ყოყლოჩინობით და ჩემი სიმდიდრით დაბრმავებული კაცები და ქალები გველებად გადაიქცნენ და ბევრი შხამი უწიეს ლორდის სასმისში. ეუბნებოდნენ, გლეხს ლორდზე მეტი არ უნდა ჰქონდეს, თორე განა ჩვენ არ გვძალუძს სიმდიდრის მოხვეჭაო. ერთი უშვილძირო ლორდი იყო და ალბათ ამანაც ჩაურია მის სასმისში შხამი. მოვიდა და იმაზე მეტი ჯამაგირი დამადო ვიდრემ ათი სოფელი ერთად გადაიხდიდა. მითხარი რა უნდა მექნა მონადირევ? თავი დავხარე და ჯამაგირის გადახდა დავიწყე. კაცს თავისი შრომით მოპოვებულის დაცვა უნდა შეეძლოს, თორემ რა კაცია. მაგრამ გაიგე მონადირევ, რომ ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩემი საყვარელი ცოლი და ჩემი მშვენიერი ვაჟი იყვნენ. მათ კი მხოლოდ იმით დავიცავდი, თუ ჩემს ქონებას ბოლო გროშამდე ჩავაბარებდი იმ მოშხამულ ლორდს. რადგან შენც ხომ იცი, ჩვენს დროში ყველა ქონებაზე უფრო ბასრი პირი გვარიშვილობას აქვს. დრო მოვიდა და ქონებით იმაზე უფრო ღატაკი დავრჩი ვიდრემ ყველაზე ზარმაცი გლეხი მთელს თბილმიწეთზე. შრომას არც მაშინ არ ვთაკილობდი, უფრო და უფრო მეტად ვშრომობდი, მაგრამ რაც მეტს ვირჯებოდი, მით უფრო სქელდებოდა ლორდის ჯიბეები. ალბათ ჩემი ცოდვა ის იყო, რომ დავიღალე. დავიღალე და დავისაჯე კიდეც. ერთ დღეს გავჩერდი, ოფლი შევიწმინდე და სახლში დავბრუნდი. ყველას განვუცხადე აღარ ვიშრომებ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩემი ოფლი მხოლოდ ქარს მიაქვს და ჩემს მიწას არ ანოყიერებს მეთქი. თუ კაცს გველი ხელზე დაკბენს, მას შეუძლია შხამი ამოსწოვოს და გადაიფურთხოს, ასე განიწმინდება. მაგრამ როდესაც გონებაა მოშხამული, რა ძალას შეუძლია შხამის შეჩერება. თანაც თუ ეს შხამი ყოველ წუთს ან ყოველ წამს წვეთ წვეთობით გონებისკენ მიედინება. ტყუილად ვიფიქრე, რომ თუ შრომას თავს გავანებებდი და აღარ მექნებოდა ის რასაც ლორდი ჩემგან ითხოვდა, მე და ჩემს ოჯახს შეგვეშვებოდა. ტყუილად მეგონა. მე ხომ ოქროსა და ბრილიანტებზე უფრო ძვირფასიც გამაჩნდა, ორი სული, რომელნიც ჩემს სულს ამდიდრებდნენ. როდესაც ლორდს ჯამაგირი ვეღარ გადავუხადე, მაშინ მან ჩემი ვაჟი მომთხოვა, ჩემთან მოჯამაგირედ გამოუშვიო. ამას დავთანხმდი, ვიფიქრე, წამოიზრდება ჯაფა ისედაც მოუწევს და აგერ ლორდის კარზე იმსახუროს მეთქი. თურმე ვცდებოდი. ლორდი ამით არ დაკმაყოფილდა. მან ის მომთხოვა, რაც არ ფასობდა ჩემთვის, რადგან არ არსებობდა სიმდიდრე რაშიც მას გავცვლიდი. ჩემი ცოლი. მომთხოვა ჩემს კარზე მოსამსახურეთ გამოგზავნეო. მე არ ვუნდოდი მოჯამაგირეთ, ჩემი ჯანი და ღონე არ სჭირდებოდა, მხოლოდ ჩემი შვილი და ცოლი უნდოდა ჩემს მოსაშხამად. უარი ვუთხარი. შვილი დედასთან დააბრუნე და შენთან მე წამოვალ მოჯამაგირედ მეთქი. ამან განარისხა. თუმცაღა გასანრისხებელი აბა რა ვუთხარი. ყველაფერზე ისედაც ხომ თავი მქონდა მის წინ დახრილი. მკვლელები მომიგზავნა, ჩემი შვილის დაფლეთილი სხეული მომიგდო და ჩემი სიცოცხლეც მოითხოვა. იქნებ არ უნდა გავჩერებულიყავი მონადირევ, იქნებ ოფლი არ უნდა შემეწმინდა? იქნებ უნდა მეშრომა მუდამ თავ ჩახრილს. ? მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ ამას არ ჰქონდა აზრი, რადგან ის შხამი, რომელიც ხარბად მიიღო მილორდმა არასდიდებით არ მისცემდა მოსვენებას. მაშ იქნებ უნდა მებრძოლა მონადირევ, ჩემი სიმდიდრისთვის, ჩემი ოჯახისთვის უნდა მებრძოლა იქნებ? და ამ ბრძოლაში მოვმკვდარიყავი. არა მე სიკვდილის არ შემშინებია, მხოლოდ მათ გამო მეშინოდა, ჩემი ოჯახის გამო. ბოლოს კი ასე თავდახრილმა, ხმის ამოუღებლად ჩემი ხელით ორივე მივგვარე სიკვდილს. ცოლს ჩემს თვალწინ ახადეს ნამუსი ჩემი შვილის დაფლეთილი სხეული კი ეზოში ეგდო. ვყვიროდი, ვღრიალებდი, ძალ ღონეს ვიკრებდი, ვბრძოლობდი, არ ვეგუებოდი, მაგრამ ჩემი ბრძოლა უკვე დაგვიანებული იყო. ოთხი შუბი ჩამთხარეს მუცელში და ასე მიმაგდეს ამ ტყეებში სიკვდილისათვის, რომ გარეულ ტახებს მთლად გაექროთ ჩემი სხეული. ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ კაცი ვიყავი მონადირევ. ადამიანი. ასე ვიცხოვრე და ასე მოვკვდი. მაგრამ რაღაც ჯადოქრობამ უკან დამაბრუნა, სხვა სხეულით, სხვა ბოროტებით და გამუდმებული დაუკმაყოფილებელი წყურვილით, შურისძიების მომაკვდინებელი წყურვილით. მას შემდეგ ვაწიოკებ სოფლებს, რომ საბოლოოდ ლორდთან მივიდე და მისი სხეულიდან ჩემი ეშვებით შხამი გამოვხვრიპო. *** _ჩვენი სახელგანთქმული მონადირეც დაბრუნებულა. _ ამოისისინა მოხუცმა ლორდმა. _აქეთ დაჯექი ნათანიელ. დიდ დარბაზს ექვსი კარი ჰქონდა, ექვსივე კართან შუბებზე დაყუდებული მცველები იდგნენ. ძირს მარმარილო დაეგოთ და ზედ კი დარაბებიდან შემოსული ჩამავალი მზის ყვითელი შუქი ირეკლებოდა. როგორც ჩანდა მდიდარი ლორდი უნდა ყოფილიყო. _ მადლობა მილორდ. _ თავი დაუკრა ნათანიელმა. სახეც არ შეებანა ბრძოლის შემდეგ, პირდაპირ ლორდთან მოსულიყო. _ იმას ავიღებ რაც მეკუთვნის და წავალ. _ ასე რატომ ჩქარობ ჩემო ბიჭო. _ მამობრივი მზრუნველობით გადმოხედა ლორდმა. ის დარბაზის შუაგულში შემაღლებულ ადგილას ჩამოსხმულ ვერცხლის სავარძელში წამოსკუპულიყო. _ შენ ის საზარელი არსება მოგვაშორე. _ უთხრა ლორდმა. _ დარჩი რამდენიმე ხანს. არაფერი არ მოგაკლდება. ნათანიელი დარჩენას არ აპირებდა. _ ხო მართლა. _ განაგრძო ლორდმა. მისი ხრინწიანი ხმაც კი დიდ დარბაზში ექოს გამოსცემდა. _ როგორ მოკალი ის მახინჯი ცოტა რამ შემატყობინე. _ დიდხანს ვერკინებოდით მილორდ. _ უთხრა ნათანიელმა. _ საბოლოოდ კი ყელი გამოვჭერი. _ჰაჰაჰაჰა. _ ნეტარებისგან ტახზე შეცახცახდა ლორდი. _ მისი სიმყრალე აქაც კი მცემს. _ მომიტევეთ მილორდ. მისი სიმყრალის ჩამოშორება ვერ მოვასწარი. _ აბა ეგ რა მოსატანია ჩემო ბიჭო. _ ხელი გაიქნია მოხუცმა ლორდმა. _ შენთან ვალშია ეს ქალაქი. _ მომიტევეთ მილორდ. _ მორჩილად დაუკრა თავი ნათანიელმა. _ იმის მეტი არაფერი მინდა ვიდრე მეკუთვნის. _ ჰაჰაჰა. _ ჩაიხითხითა ლორდმა. _ რათქმაუნდა. რათქმაუნდა. _ ჩაილაპარაკა და იქვე მდგომ მოსამსახურეს ხელის სუსტი მოძრაობით ანიშნა. ნათანიელმა გასამრჯელო ხელით შეათამაშა, ლორდს გაუღიმა და ქისა ქამარზე ჩამოიკიდა. _ თქვენის ნებართვით მილორდ. _ ისევ დაუკრა თავი. _ რადგან არ რჩები შეგიძლია წახვიდე. _ წარბები ზევით აწია ლორდმა. კართან მისული ჯონათანი უცებ ტახტრევნისაკენ მოტრიალდა. _ ხო მართლა მილორდ. თქვენთვის ამბავი მინდოდა მომეყოლა. რომელიც ოთხეშვამ მიამბო. ლორდს სახეზე ჯერ გაკვირვებამ შემდეგ კი ბრაზმა გადაურბინა. _ იმ ურჩხულმა მოგიყვა? _ ხმა აიმაღლა. _ დიახ მილორდ. _ სამაგალითო სიმშვიდით უპასუხა ნათანიელმა. _ ჰაჰაჰა. _ წამიერად გამხიარულდა ლორდი. _ რაო რა მოგიყვა მონადირევ? ნათანიელი ერთ ხანს დაფიქრდა, თითქოს რაღაცის თქმა მართლაც სურსო, მაგრამ გადაიფიქრა და მხოლოდ ესღა თქვა. _ თუმცა ჩემზე უკეთ თავად მოგიყვებათ. _ და დარბაზიდან გავიდა. გაკვირვებული კარის მცველები და რამდენიმე მოსამსახურე ერთხანს მათზე მეტად გაკვირვებულ ლორდს მისჩერებოდნენ. ვერ ამოეხსნათ რას ნიშნავდა ნათანიელის ბოლო სიტყვები. თუმცა ყველაფერს მალევე მიხვდნენ, მაშინ როდესაც მარმარილოში გაწყობილი დიდი დარბაზი, საზარელი ოთხეშვას გრგვინვამ შეაზანზარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.