ფერების შემგროვებელი ^სრულად^
ფერების შემგროვებელი დღეს, როგორც აპრილს შეეფერება ისეთი მზიანი დღეა. თბილა მიუხედავად იმისა, რომ ათაში ერთხელ გრილი სიო უბერავს. ახლა 13:30 წთ-ია და როგორც ყოველთვის ყავის მუყაოს ჭიქით ხელში, სკვერში ვზივარ. სიმართლე გითხრათ გამწვანებით და სილამაზით ეს სკვერი ვერ დაიკვეხნის და არც ბავშვები დარბიან უხვად, თუმცა შესვენებაზე თანამშრომლებისგან თავის დასაღწევად გამოდგება. აქაურობა მგონი ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემს ცხოვრებას სკვერს იქეთ ვტოვებ და სხვების ცხოვრებაში დაუკითხავად ვძვრები, ახლაც დროს არ ვკარგავ და ხალხზე დაკვირვებას წარბაწეული ვიწყებ. ორი წელია, რაც არქივში დილიდან დაღამებამდე ვმუშაობ, ბუნებისგან ბოძებულ დღის სინათლეს მხოლოდ შენობის უკან მდებარე ამ სკვერში ყავით ხელში თუ ვეზიარები ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, მთავარია ყოველთვის მოიძებნება აქ ჩემთვის ერთი ადგილი. რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ ამ სკვერს ჩემსავით მუდმივი სტუმრები ჰყავს, მართალია მათი სახელები არ ვიცი, მაგრამ თითოეულის მიხვრა/მოხვრას და გამომეტყველებას ზედმიწევნით ვიმახსოვრებ გონებაში, ამიტომაც ზუსტად ვიცი ვინ რომელ დღეს, რომელ საათზე და რითვის მოდის აქ. განსაკუთრებით ერთი გოგო იქცევს ჩემს ყუადღებას, როდესაც მას ვაკვირდები დანარჩენები ფონურ გამღიზიანებლად იქცევიან ჩემი თვალისთვის და ყურადღებას მათ საერთოდ ვეღარ ვაქცევ. როგორც დედაჩემი იტყოდა მას ,,უცხო“ სტილი აქვს, ამას ამბობს იმ ხალხზე რომლებიც მასის ერთფეროვნებისგან თვალშისაცემად გამოიკვეთებიან ხოლმე და ეს ,,უცხო“ გოგო ,,კაი ტიპშაა“- დეიდაჩემისეული რეპლიკაც მას ზედმიწევნით უხდება. ზამთარ ზაფხულ მუხლს ქვემოთ კარგად ჩაცილებულ კაბებს ატარებს, სქელსა თუ თხელს, სეზონის შესაფერისად. კიდევ ფერადი კოლგოტები მოსწონს ძალიან და ყოველ მის კაბას გემოვნებიანად უხამებს ფერებს. არასოდეს დამინახავს დუტის ქურთუკსა და შარვალში გამოწყობილი. ზამთარში მუდამ სხვადასხვა ფერის პალტო ან საწვიმარი აცვია, გაზაფხულსა და ზაფხულში ფარფატა ჭრელი ზედებითა და კაბებით დადის. კოლგოტების კოლექციასთან ერთად ვატყობ ბერეტების ფერადი კოლექციაც უნდა ჰქონდეს. ფერბის შემგროვებელიც კი შევარქვი, რადგან ყოველ მოსვლაზე სხვადასხვა ფერია. სიმართლე გითხრათ აქ დღეგამოშვებით დადის და დღესაც არ არღვევს ტრადიციას, შორიდანვე ვამჩნევ ჩითის კაბაში გამოწყობილს. ისე დადის გეგონება მიწაზე ფეხს არ აბიჯებს, ვისაც ქართულ ცეკვებთან და განსაკუთრებით დაისთან შეხება გქონიათ მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ ფეხის მიწაზე არ დადგმაში. ერთი სიტყვით ეს გოგო კი არ მოდის, მონარნარებს. დღეს კოლგოტის ჩაცმისათვის ზედმეტად ცხელი დღე, ამიტომ მუქი ყავისფერი შუზები შიშველ ფეხზე ჩაუცვამს, მდოგვისფერი წითელყვავილიანი კაბა კი სიარულისას არც კი ირხევა, ცალ მხარზე წვრილზორტიანი ყავისფერი ჩანთა გადაუკიდებია და მარჯვენა საჩვენებელი თითით პერიოდულად ჩანთის ტარს აწვალებს. მოკლე ხუჭუჭა ჩალისფერი თმები სახეზე უწესრიგოდ აყრია და თვალები ძლივსღა უჩანს. ვერასოდეს ვახერხებ მისი თვალის ფერის გარჩევას, სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე მქონდა შანსი ახლოდან დავკვირვებოდი მაგრამ, რატომღაც ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევ ახლოდან შევხედო, მირჩევნია შორიდან დავაკვირდე მის ყოველ მოძრაობას და ნაკვთებს. სკვერის შუა გულამდე მოდის, მერე წამით ჩერდება, ძალიან ნელა ქუსლზე ტრიალდება და თვალს ირგვლიმყოფთ გვავლებს. მზერას ჩემს უკან, იასამნის ხესთან აჩერებს, მაშინვე აქეთკენ მოდის. ჩემსავით მყუდრო ადგილს არჩევს ამ სკვერში. იასამნის ხესთან პატარა სკამია ხის ტოტებში ჩამალული. როდესაც ადგილი თავისუფალი ხვდება, ყოველთვის სწრაფი ნაბიჯით მიიწევს ხოლმე საყვარელი ადგილისაკენ, თითქოს ეშინია ვინმემ არ დაასწროს იქ დაჯდომა. პირველად ყოველთვის ჩანთას იხსნის, ორად კეცავს ჩანთის სახელურს და სკამზე ნაზად დებს, მერე ტრიალდება კაბის კალთებს მუჭში იქცევს, ოდნავ მაღლა წევს და ჯდება, ყოველთვის მარცხენა ფეხს გადაიდებს მარჯვენაზე, თითებს ერთმანეთში ხლართავს და მუხლს თავისკენ ექაჩება, ცოტახანი ასე ზის. ხალხს აკვირდება, რამდენჯერმე ჩვენი თვალებიც აწყდებიან ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ მშვენივრად ხვდება განსაკუთრებით მას რომ ვაკვირდები, თუმცა არასოდეს არ აპროტესტებს ამას. მალე ჩანთას ხსნის, პატარა ბლოკნოტს იღებს და სწრაფად ფურცლავს, რაღაცას მონდომებით ეძებს, თუმცა ფურცლებშორის ვერაფერს პოულობს, ამიტომ ყავისფერ ჩანთას უბრუნდება, საკეტს სწრაფად ხსნის და ახლა მის ჩხრეკას იწყებს, თუმცა გაბრაზებული გვედით აგდებს მას და ფეხზე დგება, მარცხენა ხელს თმებში იცურებს და აქეთ იქეთ სიარულს იწყებს. ეს ყველაფერი წამებში ხდება, უცებ თავს ჩემკენ აბრუნებს და დამფრთხალი მიყურებს, შეშინებულ ძაღლს ჰგავს. თვალს ვერ ვაშორებ მის გარდასახვას, არ მაინტერესებს რომ გამომიჭირა და ასეთ მდგომარეობაში ვნახე, უბრალოდ არ შემიძლია თავი გვერდით გავატრიალო თითქოს იქ არ იყოს ისე. თვალი მიშტერდება, ზუსტად ვიცი როგორი უემოციო სახე და არაფრის მთქმელი თვალები მაქვს ახლა, მაგრამ ყველა კუნთი ფუნქციონირებას წყვეტს და ერთ ადგილას ვხევდები, მის სახეზე ღიმილს ვამჩნევ, რომლის აზრსაც ვერ ვწვდები. ტრიალდება და ბლოკნოტს ჩანთაში აბრუნებს, პარკიდან ისე გარბის, როგორც ყველა, ვისაც საფრთხე ფეხდაფეხ მიჰყვება. მე კი შესვენება მეწურება. ზანტად ვდგები სკამიდან, დაცლილ ყავის ჭიქას ნაგავში ვაგდებ. მოკლე, მოტმასნილ კაბას გაჭირვებით ვისწორებ და დინჯი ნაბიჯებით მივუყვები მტვრიან ასფალტს სამსახურამდე. ********* 13:30 წთ. გუშინდელი დღისგან განხვავებით დღეს საშინელი თავსხმა წვიმაა, რის გამოც დილით იძულებული გავხდი ერთი კვირის წინ კარგად დაკეცილი და საგულდაგულოდ შენახული ლაბადა გამომემზეურებინა, რათა ჩავთბილულიყავი. შენობის მძიმე, რკინის კარს ხმაურით ვხურავ და ჯიხურს, სადაც ყავას ვყიდულობ თვალებმოჭუტული ვუყურებ. სიმართლე გითხრათ ისეთ ხასიათზე ვარ ქოლგის გახსნაც კი მეზარება, ამიტომ ფეხებზე ვიკიდებ სულ მთლად რომ ვიწუწები და ხელში ქოლგა ჩაბღაუჭებული ყავის ჯიხურისკენ მივდივარ. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, თუ კი რაიმეზე ვფიქრობ, მერე კი ეს ფიქრები ძალიან ღრმად მიტოპავენ და ჩემს ცნობიერსაც თან წაიყოლებენ ხოლმე, მაშინ ირგვლივ ყველაფრის არსებობა მავიწყდება. ახლაც ასე მოხდა, ფეხსაცმილის კაკუნით ლამის გადავირბინე გზაზე, თუმცა ამ ქვეყანაზე მანქანის დამუხრუჭების ხმამ და შემდგომ უკვე გამბულმა სიგნალმა დამაბრუნა. ფეხები ისე მიკანკალებდა მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი, არ მახსოვს ქოლგა ხელიდან როდის გამივარდა. სწრაფად ავიღე და მძღოლს მოვუბრუნდი რომელიც მანქანიდან გადმოსულიყო, შეშინებულ-ბრაზმორეული სახით მიყურებდა. შემდეგ რამდენიმე წუთი მტუქსავდა, რომ ლამის დიდ ცოდვაში ჩავაგდე და მკვლელი გავხადე, მე კი ლაპარაკის თავიც არ მქონდა და ხმას არ ვიღებდი, მანამ სანამ ყელში არ ამომივიდა მისი თავდასხმა და ეგოისტური გამოსვლები. ერთხელაც არ უკითხავს რამე ხომ არ დავიშავე ან როგორ ვგრძნობდი თავს. მის ყვირილს უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი და მივიწევდი გაოცებული ყავის გამყიდველისაკენ. ქალი სულ მთლიანად გაფითრებული იყო და პირღია მომჩერებოდა. ყოველდღიურ, სტაჟიან თავაზიან კლიენტს, რომელსაც თავაზიანობის კვალი არსად აჩნდა. სევდიანი მზერა მტყორცნა და უხმოდ გატრიალდა ყავის მოსამზადებლად, აღარც უკითხავს როგორი მინდოდა. მე კი სიცივესთან ერთად ემოციური შოკი მიღებდა ბოლოს და კუნთების ცახცახს ვერაფრით ვწყვეტდი, თუმცა ცხელი ყავა ყველაფრის მკურნალი შეიძლება იყოს, თუკი ამას დაიჯერებ, მე კი ყავის ზებუნებრივი შესაძლებლობების მწამდა. როგორც ყოველ წვიმიან დღეს, სკვერში ქოლგით ხელში წინ და უკან ჩემს გარდა არც არავინ დადიოდა. გამვლელებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ ხან საით და ხან საით. რამდენჯერმე იასამნის ხეს ჩავუარე, მსხვილ წვიმის წვეთებს ხარბად რომ იტოვებდა გაშლილ ყვავილის გულებში. მასში ჩამალულ ხის დაფხაჭნილ სკამსაც გავხედე და ცოტახანი მასზე დანით ამოტვიფრულ სახელების კითხვა განვაგრძე, არც თუ ისე გასართობი იყო. ზოგჯერ უმისამართოდ დავდივარ, მგონია დავიკარგები და გავექცევი ჩემს ცხოვრებას, რომელიც შინ ფანჯარასთან მჯდომი მელოდება, ყაისნაღით ხელში და ჩემს მომავალს ქსოვს. მივყვები უცნობ-ნაცნობ ქუჩებს, რომლებიც სად ან ვისთან მიმიყვანს არ ვიცი, თუმცა მთავარია მოვშორდე იმას რაც ცდილობს მთლიანად მშთანთქას და გამაქროს. უნამუსოდ გავურბივარ უცნობებს, ნაცნობებს, ნათესავებსა თუ ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი. გავურბივარ იქ სადაც მგონია რომ ვერ მომაგნებენ, თუმცა ყოველთვის ახერხებენ ჩემს პოვნას და გულთბილად მიკრავენ გულში გზააბნეულს. აქაურობაც ერთგვარი სამალავი გახდა ჩემთვის. დარსა თუ ავდარში. იმდენად მძულს და ენერგიას მართმევს თანამშრომლების ვერ ჩამოყალიბებული ნიღბები, რომ მათთან გაჩერებას წვიმაში დგომა, ჭუჭყიანი ბუნებით ტკბობა და სრულიად უცხო ხალხის კანში შეძრომა მირჩევნია, ჩემი უემოციო, უმიმიკო სახით. თვალს მაჯაზე დამაგრებული საათისკენ ვაპარებ და სწრაფად ვაგდებ მუყაოს ჭიქას აყროლებულ სანაგვეში. როგორც ყველა წვიმიან დღეს ახლაც 5 წთ ვაგვიანებ სამუშაო ადგილზე. უკანა გზაზე მეტად დაკვირვებით ვამოწმებ ქუჩას და ისე გადავდვარ შენობის მხარეს. რკინის კარს მთელი ძალით ვექაჩები, ქოლგას ვხურავ და სახეს ჭუჭყიანი წვიმის წვეთებს ვუშვერ, ხვალ აუცილებლად გამოვა მზე. ***** ყოველი დღე წესით უნდა იყოს ჩემი შანსი, იმისა რომ რაღაც ახალს, საკუთარი თავისთვისაც გასაოცარს გავაკეთებ, თუმცა წინა ღამით ორსაათიანი ფიქრის დროს დალაგებული აზრები დილით სადღაც უსასრულობაში იფანტებიან. მერე კი დღეს დაზეპირებული ქცევებით ვიწყებ. საწოლიდან ვდგები, თავს ვიწესრიგებ და ნახევარი საათი დავრბივარ სარკესა და გარდერობს შორის, ისე რომ სადმე ფეხი არ ამიცურდეს. თუ ბედი გამიღიმებს ვსაუზმობ, მერე გაჩერებისკენ დაღმართზე ჩავრბივარ და ვცდილობ ავტობუსს მივუსწრო. უფრო მონდომებული, რომ ვიყო არ შემეშინდებოდა და ფეხითაც ვივილიდი ქუსლებზე შემდგარი, თუმცა დილის ძილს ვერაფრით ვერ ვთმობ, მით უფრო მაშინ, როდესაც ათას რამეზე ფიქრს ძილს ვატეხინებ. ფიქრებით გატენილი თავით ავტობუსს ველი, მეზიზღება ყვითელი ავტობუსით მგზავრობა და ხალხი, რომლებიც ამ პატარა ყუთში დილას, საღამოსა თუ შუა დღეზე შემოძრომას და ცალფეხზე დგომას ლამობს. **** 13:30 - ისევ შესვენებაზე ვარ, დღეს მზე ისეთი მცხუნვარებით გამოირჩევა გეგონება გუშინ თავსხმა წვიმა არ ყოფილიყო. ისევ იასამნის ხესთან ახლოს ვზივარ და ჩემს წინ მოკალათებულ ბებია - შვილიშვილს (რატომ გადავწყვიტე მათი ასე დანათესავება არ ვიცი) შევყურებ. ორივე უცნაურად დუმს. ბიჭუნას ფეხები სკამზე აქვს აკეცილი და ეხვევა, მარჯვენა ლოყას მუხლებს ადებს და გასუსული იყურება პარკის სიღრმისკენ. ქალი გულხელდაკრეფილი, ფერდაკარგული ზის, ბავშვს ზედაც არ უყურებს და დროდადრო ცრემლებს იწმენდს. მალე მობილური ურეკავს, გარკვევით არ მესმის რას ლაპარაკობს, მაგრამ ცრემლები უფრო აწვება, ტელეფონზე მოსაუბრეს რაღაცაზე თანხმდება და მობილურს თიშავს. ცრემლებს იმშრალებს, რამდენიმე წამი ასე ზის და ბიჭუნას თავზე კოცნის, დგება და ხელს უწვდის. ბიჭუნა თითქოს ყოყმანობს მისთვის ხელის ჩაჭიდებას, თუმცა მალევე მძლავრად ავლებს თითებს მის მტევანს და უღიმის. ნელა მიაბიჯებენ ფილებზე, ხელიხელჩაკიდებულები და ღმერთმა უწყის რა ხდება მათ თავს. მათ გვერდით ფერების შემგროვებელი ჩნდება, ისევ ისე მონარნარებს, როგორც ყოველთვის. დღეს წითელი კაბა აცვია, წელზე წვრილი ქამრით, შავი ჩანთის წვრილ ზორტს როგორც სჩვევია ისე აწვალებს ცერა თითით. პარკის შუა გულში ჩერდება, იასამნის ხის ქვეშ მდგომ სკამს თვალებით ამოწმებს და მზერაჩამქვრალი გვერდს მივლის. დღეს რომელიღაც წყვილი ასწრებს და მის საყვარელ ადგილს იკავებს. ორივენი ბედნიერებით შესციცინებენ ერთმანეთს და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ვიღაცას მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცნობიერებლად წაართვეს. ფერების შემგროვებელი დღეს იმაზე სევდიანი მეჩვენება, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩემს წინაშე. სკვერის შუა გულში, მზისგან კარგად გამთბარ სკამზე ჯდება, ფეხებს იკეცავს და ჩანთიდან არც თუ ისე მომცრო, ჩემთვის კარგად ნაცნობ ბლოკნოტს გაჭირვებით აძვრენს. ისევ სწრაფად ფურცლავს ფურცლებს და მგონი კითხვას იწყებს. დროდადრო თავს სწევს, ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებს და კულულებს მარჯვენა ყურზე იწევს, მობილურის ზარი თითქოს აფხიზლებს. მისი შენელებული მოქმედებები სწრაფდება და ტელეფონს იღებს თუ არა ფეხზე დგება. ბლოკნოტი კალთიდან სკამზე ცურდება, ის კი ჩანთას სწრაფად ავლებს ხელს და სკვერიდან თითქმის გარბის. საერთოდ ვერ ვიგებ მისი ხმის ინტონაციას და ვერც იმას ვამჩნევ, სიხარულისგან აფორიაქდა ასე თუ შიშისაგან დაზაფრული გაიქცა. ერთადერთი, რაც მაწუხებს და ოდნავ მახარებს, სკამზე დარჩენილი ბლოკნოტია, რომელიც თავისკენ მიზიდავს. მძაფრი სურვილი მიძვრება სხეულში, რაც სწრაფად მაგდებს ფეხზე, ხალხს თვალს ვავლებ, თითქოს არ მინდა ვინმემ ფაქტზე წამასწროს და დაინახოს, რასაც ვაპირებ. მალევე ვუახლოვდები სკამს და ბლოკნოტს სწრაფად ვავლებ ხელს, ვიღებ, ზედ არც კი ვუყურებ რატომღაც მეშინია კიდეც მისი ამ ადგილას გადაშლის. მერე კი მაგრად ვიკრავ გულზე და სამსახურისკენ თავაწეული, მტკიცე ნაბიჯებით მივდივარ. არ ვიცი რა ინფორმაციას ინახავს ეს ფურცლები ან რამდენად ღირებულია პატრონისთვის, მაგრამ ზუსტად ვიცი ვერ შევაკავებ სურვილს, რომელმაც ჩემი სულის ღღრნა უკვე დაიწყო და ერთი სული აქვს როდის შეეხება ფურცლებს, რომლებიც რაღაც ისეთს აჩვენებენ რაც ნამდვილად არ იქნება მისი საქმე. თუმცა ცნობისმოყვარეობა ხომ სრულიად მოიცავს ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც კი გადაწყვეტს მის სამსახურში ჩადგომას. მოიცავს სრულად და თავის სურვილებს ყოველგვარი რიდისა და კრძალვის გარეშე წამში დაიკმაყოფილებს, თავს კი უსაზღვრო ინტერესით გაიმართლებს თუ კი დასჭირდება. ვიცოდი ფერების შემგროვებელს მხოლოდ ასე თუ დავუკავშირდებოდი და დანარჩენი ფაქტორები აზრს კარგავდნენ. ჩემმა მოთმინების უნარმა გამაოცა. სამსახურში ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს ცხოვრების ნაწილს ვზიარებულიყავი და ბლოკნოტისთვის ხელი არ მიხლია. თუმცა ნამდვილად არ ვიცი საბუთები როგორ მოვაწესრიგე, ყურადღება სულ მეფანტებოდა და გულაჩქარებული გადავხედავდი ხოლმე მაგიდის კუთხეში დადებულ ბლოკნოტს. ****** სახლში მისულს ტანზე არც კი გამომიცვლია. ჭიქა ღვინით ხელში, ფეხმორთხმით ჩავჯექი სავაძელში და ათრთოლებული თითები შევახე ყდას. პირველ გვერდიდან ფერების შემგროვებელი მიმზერდა, უფრო ლაღი და ბავშვური იყო ვიდრე დღეს, რა თქმა უნდა მასინაც ჭრელ ფერებში გამოწყობილი. მეორე გვერდზე ისევ თავად იყო, თუმცა ნახევარი ტანით მასზე მიყრდნობილი ბიჭის პროფილიც ჩანდა, რომელიც მასთან შედარებით ზედმეტად უფერულად გამოიყურებოდა, თუმცა მისი თვალები, ზედმეტად ფერადი და ანციც კი მეჩვენა, რაც ჯაბნიდა კიდეც მის ცოტაოდენ ფერმკრთალებას. თითქმის ბლოკნოტის ნახევარი მათ ფოტოებს ეკავა და ზედმეტად ბევრი სიხარული სცვიოდა ფურცლებს, მანამ სანამ ბოლო ფოტომდე არ მივაღწიე, რომელიც მხოლოდ ფერების შემგროვებელს ეკუთნოდა. თარიღის მიხედვით ექვსი წლის წინ გადაეღო ოდნავ მოპუტკუნებულს, მარჯვენა ხელი კი ოდნავ გამობზეკილ მუცელზე ედო, სევდა ჩასდგომოდა თვალებში და ფოტოგრაფს მკრთალი ღიმითილ უმზერდა. შემდეგ კი ქრებოდა ყველა ფოტო და იწყებოდა ისტორიის თხრობა, ლურჯი კალმით, რომელიც მე ახლა არუნდა წამეკითხა. ვიგრძენი, რომ ის ტკივილი რომელიც ამ ფურცლებზე ცხოვრებას სწავლობდა, მე არ უნდა გადმომეტანა აწმყოში მარტოს, მე არ უნდა შემეხედა მისთვის, მხოლოდ ჩემი თვალებით და უნდა დამეცადა მისთვის ვინსაც ჰქონდა უფლება ჩემთვის გაენდო თავისი ცხოვრება, რადგან მჯეროდა, რომ შემთხვევთ არასოდეს ხდება რამე და თუ ეს ბლოკნოტი ახლა ჩემს ხელებში აღმოჩნდა, მაშინ მეც მქონია რაღაც როლი ფერების შემგროვებლის არც თუ ისე ფერად ცხოვრებაში. ****** 13:30 - ჩვევას არ ვუღალატე და ყავით ხელში გადავედი სკვერში. იასამნის ხის ქვეშ რომ დავინახე ცოტა გამიკვირდა. დღეს მის მოსვლას არ ველოდი, როგორც ჩანს მან უღალატა თავის ჩვევებს. ჩემზე ადრე მოვიდა დასვენების დღე რომ ჰქონდა არაფრად ჩააგდო. ამჯერად ყავისფერი კაბა ეცვა, შავი წინწკლებით. ფეხი ფეხზე გადაედო, მარცხენა ხელში პასტა ეჭირა და ათამაშებდა, წამითაც არ აშორებდა თვალს ბავშვებს, რომლებიც დღეს მრავლად იყვენენ სკვერში. პირდაპირ მისკენ წავედი და გვერდით დავჯექი. არც მივსალმებივარ და არც მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი დამიწყია. - არ მეგონა დღესაც თუ გნახავდი, თორემ შენს ბლოკნოტს აუცილებლად წამოვიღებდი - ჰოო, დღეს უჩვეულო დღეა... ვიცოდი შენ რომ აიღებდი - მერე არ შეგეშინდა, სრულიად უცხო ადამიანი რომ შეიფარებდა შენი ცხოვრების ნაწილს? - ნუთუ შენი უნდა მეშინოდეს? - რაღაც არამგონია. სამყარო თავზე მეტად არ დამენგრეოდა თუ წაიკითხავდი - სიმართლე გითხრა, ვერ შევძელი მისი წაკითხვა. თუმცა ფოტოები ვნახე... - ნახე და წარმოდგენაც შეგექმნა იმაზე თუ რა შეიძლება ეწეროს ხო? სიმართლე გითხრა გამიკვირდა რომ არ წაიკითხე. რა მოხდა მზამზარეული ინფორმაციის დანახვამ დაგაფრთხო და უკან დაგხია? ზედმეტად ირონიულიც კი იყო მისი ხმა. - არ ვიცი, შეიძლება ასეც არის. უბრალოდ ვიფიქრე რომ ყველაფერს შენ მომიყვებოდი. - საინტერესოა, და რამ გაფიქრებინა ეს? - არ ვიცი. შეიძლება იმან, რომ ყველაფერ იმას რაც შენ გაწუხებს მარტო ფურცლები ვერ დაიტევენ და ვინმეს უნდა მოუყვე, რათა განთავისუფლდე. - განვთავისუფლდე? წარსულისგან ვერასოდეს განთავისუფლდები, ვერც დაივიწყებ და ვერც გააქრობ რეალობიდან, მე კი აქედან არც ერთი არ მსურს. - განთავისუფლება არ ნიშნავს დავიწყებას, უბრალოდ უნდა მიიღო ის, რაც არის და მასთან ერთად უნდა ისწავლო ცხოვრება. ხანდახან ჩემი თავი თავად მაოცებდა. ამჟამადაც მას ვაძევდი იმ რჩევას რომელიც ვერასოდეს გავითვალისწინე საკუთარი ცხოვრების მისაღებად. -მაპატიე ახლა უნდა წავიდე. ჩემი შესვენების დრო ამოიწურა. - დროებით... თავს უცნაურად ვგრზნობდი, რადგან პირველად დავარღვიეთ ამდენხნიანი ტრადიცია და ისე მხდა რომ მე დავტოვე სკვერში და წამოვედი. მე გამოვეცალე ყველას და ყველაფერს, მის ნაცვლად. შესვენებასთან ერთად ჩვენი საუბრის ლიმიტიც ამოწურულიყო. ზუსტად ვიცოდი დღეს ამაზე მეტ ხანს არ უნდა მესაუბრა მასთან, უნდა გამომეზოგა და ნელ-ნელა უნდა მიმეღო ინფორმაცია. ***** მეორე დღეს ამინდი ისევ აირია, ცა მთლიანად გაშავდა და მსხვილი წვეთები დაუშვა ძირს. ამაჟამად ქოლგის გაშლა არ დამზარებია და გზაზეც ფრთხილად გადავედი. ნამდვილად არ მაწყობდა მანქანას გავეტანე ჯერ ხომ ამბები მქონდა გასაგები. ბლოკნოტს მთელი ძალით ვიხუტებდი გულზე, მეშინოდა წვიმის წვეთები არ დასცემოდა და გაეფუჭებინა მისი ფურცლები. იმდენად ვჩქარობდი ყავის ყიდვა გადამავიწყდა კიდეც და ხასიათ არეული, ჩქარი ნაბიჯებით წავედი, ყვითელ ქოლგიანი ფერადი გოგოსკენ, იასამნის ხესთან რომ იდგა და ხან მარჯვენა, ხან კიდე მარცხენა ფეხს ეყრდნობოდა. - შენი ბლოკნოტი მოგიტანე - მადლობა და შეხვედრამდე. - მოიცა, არაფერს მომიყვები? - არ მინდა ვინმეს ამ ყველაფრზე ვესაუბრო თანაც უცხოს - ხანდახან იმაზე დიდი ძალა აქვს უცხოსთან გულახდილობას, რომ ვერც კი წარმოიდგენ, გულწრფელად გამეცინა და დაჟინებით დავაკვირდი მის შეწუხებულ სახეს. - შიძლება, მაგრამ ამ ამინდში გულის გადაშლის ყოველგვარი სურვილი მიკვდება - ანუ ოდესმე მომიყვები? - არ ვიცი ასე რამ დაგაინტერესა, მაგრამ ალბათ მოგიყვები. ოდესმე, როცა გამოიდარებს… **** ჩვენი დიალოგიდან თითქმის ორი თვე იწურებოდა, მას შემდეგ ბევრჯერ გამოიდარა და ბევრჯერ აირია ამინდი თუმცა ერთხელაც არ გამოჩენილა ფერების სემგროვებელი. მე კი ჩემი რუტინული ცხოვრებისთვის წამითაც არ მიღალატია. დღეს უჩვეულო ხალხმრავლობა იყო სკვერში, განსაკუთრებით კი ბევრი ბავში თამაშობდა სათამშო მოედანზე, ყველაზე მეტად მათი მოსმენით ვერთობოდი ხოლმე. ჩემი დაკვირვების ობიექტები კი ნელ-ნელა იცვლებოდნენ, თითქოს მხოლოდ მე ვეკვროდი ამ ადგილს დანარჩენები კი მიდიოდნენ, მიდიოდნენ ისე როგორც ფერების შემგროვებელი წავიდა ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ. დღეგამოშვებით ველი მას, მაგრამ ის ყველა ტრადიციას ღალატობს და ვეღარ ვხედავ მის სიფერადეს. მე კი ასეთ დროს მგონია, რომ დიდი სისულელეა სხვინს კანში ძვრებოდე და სრულიად განსხვავებულ ისტორიებში იქექებოდე, მაშინ როდესაც შენი ცხოვრება არც თუ ისე პროგრესულია. წესით მეტი სადარდებელი უნდა მქონდეს, ვოდრე სხვისი არეული ცხოვრებაა, უნდა ვცდილობდე საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე ფიქრს, თუმცა ეს ნაკლებად გამომდის, ცნობისმოყვარეობა იმდენად მიპყრობს, რომ მთელი გულით მინდა ყველაფერი ვიცოდე, სხვაზე ოღომდ კი ჩემს თაზე ფიქრს გავექცე. ახლაც ჩემს ფიქრებში ისე გავერთე და წინ სასაცილოთ მიმავალ გოგონას ისე გავუშტერე მზერა რომ ჩემი მოლოდინის ობიექტიც კი თავიდან ამომივარდა. -როდესაც პირველად მას შევხვდი ზუსტად ვიცოდი თავიდან ვერასოდეს მოვიშორებდი. -აქ საიდან გაჩნდი? მოულოდნელად დაჯდა ჩემს გვერდით. ისევ ჭრელ კაბაში იყო გამოწყობილი, თმები ალაგ-ალაგ ეყარა სახეზე და სადღაც შორს იყურებოდა. -მომინდა ვინმეს გავუზიარო ჩემი მოგონებები, თანაც არც თუ ისე ცუდი ამინდია…. - იცი, ყოველი შეხვდერისას იმაზე მეტ ემოციას ვუზიარებდით ერთმანეთს ვიდრე წარმოსადგენი იყო. არც-ერთს არ მოგვიქცევია ერთმანეთი რაღაც ჩარჩოებში, ჩემთვის უახლოესი მეგობარი და სასურველი მეორე ნახევარი იყო. ხანდახან მეგონა, რომ ყველაფერს გადაჭარბებულად აღვიქავდი, მაგრამ დღესაც ვერ ვაძლევ თავს უფლებას სხვაგვარად ვიფიქრო, ყველაფრის მიუხედავად... მაშინ ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები, თუმცა ამას ახლა ვხვდები... დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჯერ ნიშნობა უნდა გვქონოდა და ქორწილს ჩემს დაბადების დღეზე ვგეგმავდით, როდესაც 18 წელი შემისრულდებოდა, მანდამდე კი ერთი წელი გვქონდა წინ. რომელიც წესით ბედნიერებით და გამოცდილებებით სავსე უნდა ყოფილიყო. ღმერთო ახლა ძალიან მარტივად ვყვები... სიხარულის და ეიფორიის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებას მაშინ ბევრი სირთულე სდევდა თან და ისეთი ბედნირება ვერ შევიგრძენით როგორიც გვინოდა. ჩემს დასანიშნად, რომ მოვიდა, ჩემმა მშობლებმა არაფრად ჩააგდეს. მათ სერიოზულად არ მიაჩნდათ ჩვენი სიყვარული, კარგად იცოდნენ შეყვარებულები, რომ ვიყავით, თუმცა მას ჩემს მორიგ ბავშვურ გატაცებად ასაღებდნენ. ალბათ იმის გამო, რომ მის გაცნობამდე ძალიან ბევრი ბიჭი მომწონდა... უბრალოდ მომწონდნენ და სხვა არაფერი. ჩემი მშობლებისთვის სიყვარულს საუკუნეების მომცველი სტაჟი სჭირდებოდა და არ შეიძლებოდა ასე მალე ამხელა პასუხისმგებლობა მოგვეკიდებინა ზურგზე და წელში მოხრილებს გვევლო. პრინციპში ამაში ახლა ნამდვილად ვეთანხმები მათ. თუმცა მასთან ერთად ყველანაირი პასუხისმგებლობის ზიდვა გაიოლებული იყო. რადგან, ზედმეტად ჩვეულებრივიც კი იყო და თითქოს უხმოდ იტანდა ჩვენი მისამართით ნათქვამ ყველა უსამართლო რეპლიკას, ჩვენს გრძნობებში შეპარულ უსაფუძვლო ეჭვებს, ჩემს ცრემლიან თვალებს და ყველანაირ შეურაცხყოფას, მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლებმა ყოველთვის იციან როდის, ვინ და როგორ უნდა უყვარდეს შვილს. იგი კიდევ დიდხანს აიტანდა ამ ყველაფერს, თუმცა ამის საშუალება მე აღარ მივეცი. სახლიდან გამოვიქეცი და მასთან გადავედი საცხოვრებლად. მგონი ზედმეტად ეგოისტურადაც კი მოვიქეცი. თუმცა მაშინ ეს არ მადარდებდა, მთავარი მის გვერდით ყოფნა იყო, სხვა არაფერი. მართალია დავკარგე ერთი ოჯახი, თუმცა მასთან ერთად ახალს ვქმნიდი. უფრო მყარს, სიყვარულით, ვნებით და იმედით სავსეს, აი ეს იყო მნიშვნელვანი და ღირებული ჩემთვის, სხვა დანარჩენს კი არა. მაშინ მისი სახლის ზღურბლთან რომ დამინახა ძალიან გაუკვირდა. სიმართლე გითხრა მისაყვედურა კიდეც, მშობლებს გული ატკინე და ამას მარტო შენ ინანებ, ისინი კი ვერასოდეს მიხვდებიან რა ჩაიდინესო. მაგრამ მაშინ არც-ერთმა არ ვიცოდით რისი ჩადენა შეეძლო გაბოროტებულ მშობელს, თუმცა დღემდე არ ვიცი რა იყო ამხელა ბოროტების და ზიზღის გამჩენი. დანარჩენი რვა თვე, სამოთხეში ცხოვრებას ჰგავდა. ვიყავით მხოლოდ მე და ის, უკიდეგანოდ გაეგოისტებულნი. არ გვადარდებდა არც ერთი პრობლემა, ყველაფერი ისეთი ნათელი და ფერადი ჩანდა რომ ხანდახან თვალებიც მტკივდებოდა. ალბათ უნდა ამტკიებოდა კიდეც, უნდა შემშინებოდა და ასეთი ბედნიერების უფლება არ უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის... ჩვენი ცხოვრება ნაწილობრივი რუტინითაც გრძელდებოდა, ორივე ვაკეთებდით ჩვენს საქმეს, რაც იმ დროს გვევალებოდა. მე ჯერ სკოლა უნდა დამემთავრებინა და ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება დამეწყო ის კი უნივერსიტეტს ამთავრებდა, თან მუშაობდა, ჩვენს პატარა ოჯახზე ზრუნავდა და ყველა ფინანსურ პრობლემას გაჭირვებით აგვარებდა. ერთ საშინელ საღამოს ისეთი აუტანელი სიცხე იყო, რომ სუნთქვა მიჭირდა, მაგრამ დაწყებული საქმის დასრულება მინდოდა და გვიანომამდე შემოვრჩი სამეცადინოდ. ბოლოს მახსოსვ ფეხზე წამოვდექი და საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი. გონს მოსულს კი სასწრაფოს ექიმი მედგა თავს. ვერასოდეს გავქრობ ჩემი მეხსიერებიდან ანდროს შეშინებულ სახეს, რომელიც იმდენად უსუსური და შეშინებული იყო, რომ ვუყურებდი ტანში მცრიდა. თუმცა ეს შეგრძნებები სრულიად ამოტრიალდა და გაქრა, როდესაც ექიმის ვარაუდი მოვისმინეთ ჩემი ორსულობის შესახებ. პუტკუნა ქალბატონმა ბედნიერი სახით დასვენება და დილით სისხლის ანალიზის გაკეთება მირჩია, შემდეგ კი კარი ხმაურით გაიკეტა. ჩვენ კი ფიქრების გროვა დაგვაყარა თავზე, რომლიდანაც ვერ გამოვაღწიეთ და დავიკარგეთ კიდეც. სიმართლე გითხრა, მაშინ პირველად განვიცადე ნამდვილი შიში. ღრმერთო საშინლად შემეშინდა და ეს ემოცია იმდენად გამიჯდა ძვალ-რბილში რომ სხვა ემოციები სრულიად გაყინა. ზედმეტად პრაქტიკული აზროვნება ჩამერთო, ყველანაირი ემოცია დაშრა ჩემთვის და გავქვავდი. არც მე და არც ანდრო არ ვიყავით ახლა ბავშვისთვის მზად. ანდრომაც მშვენივრად იცოდა ეს, მაგრამ საკუთარ უსუსურ მხარეს აჯობა და სიხარულგამკრთალი თვალებით მიყურებდა, ჩემს ხელის მტევნებს ებღაუჭებოდა და მთელი გულით უნდოდა ის ენერგია მიეღო რაც შვილჩასახულ ქალს აქვს ხოლმე. მაგრამ ჩემგარ ვერანაირ ენერგიას და ვერანაირ ემოციას ვერ იღებდა იმ წამს. სიხარულის სხივი მალევე გაუქრა და იმედგცრუებამ ჩანაცვლა იგი. თუმცა ჩემთვის ხელი არ გაუშვია, პირიქით გულში ჩამიკრა და ცდილობდა ჩემს დარწმუნებს, რომ ყველაფრს შევძლებდით. ვიქნებოდით ნორმალურთან მიახლოებული მშობლები და ბავშვს ვასწავლიდით ძალიან ბევრ მაგარ რაღაცას. უბრალოდ მთხოვდა არ მეკრა მისთვის ხელი, არ შემეძულებინა, არ შევხვედროდი მის არსებობას გულცივად და მეგრძნო ის, რასაც ახალი სიცოცხლის შექმნისას გრძნობენ. მე კი გაშეშებული ვეყრდნობოდი მას, არ ვიცოდი ეს როგორ უნდა მეგრძნო, არც კი მეგონა ჩემს იმდროინდელ გრძნობებს რაიმე მნიშვნელობა თუ ჰქონდა. მერე, როდესაც მისი გულისცემა მოვისმინე ძალიან ვინანე, ასეთი საშინელი რომ ვიყავი და დედა უნდა მრქმევოდა. მაგრამ ძალიან გვიანი იყო სინანულისთვის. მე ის თავის დროზე უპირობოდ არ მივიღე და ყოველი ჩემი მცდელობა გავმხდარიყავი ბედნიერი დედა ისეთი ხელოვნური მეჩვენებოდა, რომ საკუთრ თავზე მერეოდა გული. ************ თხრობსას ცრემლები დაუკითხავად ცვიოდნენ ფერად გოგონასსახეზე რომელის ცხოვრებაც არც ისე ფერადი აღმოაჩნდა და მე იმდენად მონუსხული ვისმენდი მისი ამბის თხრობას, რომ ყველაფერი დამავიწყდა, ან ყველაფერი დავივიწყე იმ წუთებში. სუნთქვაც კი. - თუ გინდა ყველაფერს ახლა ნუ მოყვები, ამოვილუღლუღე ემოციებით სავსემ - არა, რახან დავიწყე დავამთავრებ კიდეც და მერე... მერე არ ვიცი რას ვიგრძნობ. - კარგი, რა მოხდა შემდეგ? - შემდეგ? შემდეგ მივეჩვიე, პირველ რიგში იმას, რომ მე მქონდა ქალის როლი, რომელიც ძალიან მაგრად უნდა მეთამაშა, მერე კი შევიძინე დედის როლიც, რომელსაც თავისი სიყვარულის ნაყოფი სიგიჟმდე უნდა ჰყვარებოდა. მიყვარდა კიდეც, მე ის არ მძულდა, უბრალოდ ამას ვერ შევძლებდი. მისი არსებობისთანავე შემიყვარდა, მაგრამ ჩემმა შიშმა სიყვარულის გარდა ყველაფერი დამანახა. მე მეშინოდა, რომ ვიქნებდი გამოუცდელი და ცუდი დედა, თუმცა ამ შიშს ანდროსთან ერთად ვერეოდი. რამდენიმე თვე ისე გავიდა რომ თავდაპირველი ბედნიერების ჩრდილი მოგვყვებოდა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით. ჩემს დაბადების დღეზე ხელი მოვაწერეთ, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდით და მომავალს ვგეგმავდით, როდესაც ჩემი მშობლები მოვიდნენ. ზედმეტად დიდი დოზით გამოხატავდნენ სიხარულს, თუმცა მე დავიჯერე რომ ჩემი ბედნიერება უხაროდათ. რატომღაც ფიქრი დავიწყე როგორც დედამ და არა როგორც შვილმა. მეგონა რომ როგორც მე ვცდილობდი ჩემს არდაბადებულ შვილთან დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, ისე ცდილობდა დედაჩემიც ჩემი სიხარულის გაზიარებას. შეიძლება თავიდან ასეც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივე მათგანში წესების დამცველმა ოფირებმა უფრო გაიღვიძეს ვიდრე მოსიყვარულე მშობლებმა. შენ გგონია ამ ისტორიის ყველაზე ემოციური და საშინელი ნაწილი უკვე მოისმინე? სულაც არა. ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც შეიძლება ადამიანს თავს დაატყდეს საშინელი იმედგაცრუებაა. სინამდვილეში მე ჩემი ანდროს ერთი სახის გაცნობა დამვიწყებია, ან შეიძლება ვერც კი შევამჩნიე, ან სულაც თავი დავიბრმავე გამიზნულად და ჩემ აღქმულ ბედნიერებას მოვეჭიდე მთელი ძალებით. მოკლე არ ვიცირა მოხდა. მაგრამ ანდროსთვის არასდროს შემიხედავს ეჭვის თვალით, ყოველთვის ჩემს თავზე მეტად ვენდობოდი და სწორედ აქ დავუშვი ალბათ შეცდომა, პირველ რიგში საკუთარ თავს არ უნდა ენდო არა თუ სხვას, არ აქვს მნიშვნელობა მას საკუთარ თავზე წინ აყენებ თუ არა. ღმერთო, როგორი საზიზღარი გემო ჰქონდა იმედგაცრუებას. როგორი საშინელება ყოფილა იმის გაცნობიერება, რომ ყოველ დღეს აღამებდი და ათენებდი ადამიანთან, რომელსაც სინამდვილეში არაერთი საიდუმლო ჰქონია, შენ კი სულელს წარმოდგენაც არ გქონდა ამაზე. არადა დიდი ხანი მეგონა საკუთარი თავი ისეთი უსუსური და მშიშარა, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა ანდროს მხრებს უკან ამოფარება. თავად ის კი, თურმე ძალას ნარკოტიკში ჰპოულობდა. საბოლოოდ კი იმხელა ენერგია მიიღო, რომ ამან შეიწირა კიდეც. ის დღე, როდესაც ანდრო ვიპოვე აბაზანის იატაკზე ჩაკეცილი, ერთ-ერთი იყო იმ საშინელი დღეებიდან, რომლებიც გადამიატანია. იმ დღეს მე დავკარგე ადამიანი, რომელიც მთელი გულით მიყვარდა, მეამაყებოდა და რომელსაც მთელი ჩემი არსებით ვენდობოდი. მე დავკარგე ჩემი საყრდენი, ჩემი ერთადერთი იმედი და შევეჯახე ძალიან მწარე რეალობას, სადაც მე ისევ ისე თუ არა მეტად მიყვარს, მენატრება და ამავე დროს მძულს კიდეც, იმის გამო რაც მის სიკვდილს მოჰყვა და უსაზღვრო სიყვარულთან ერთად სიძულვილი იმდენად რთული და მძიმეა, რომ ამის ტარება აღარ შემიძლია. უბრალოს დავიღალე, ძალები აღარ შემრჩა…. მაშინ არ ვიცოდი მასთან ერთად ნაწილობრივ ჩემს თავსაც თუ დავმარხავდი. მერე კი, მეორე საშინელება თავს დასაფლავების დღეს დამატყდა. ანდროსავით ჩვეულებრივ დღეს დავკრძალეთ იგი. არც შავი ღრუბელი ფარავდა ცას და არც წვიმასა და ჭექა-ქუხილს შეუძრავს ქვეყნიერება მისი სიკვდილის გამო. მაშინ, როდესაც ცრემლები ისედაც მახრჩობდნენ და ამოსუნთვის საშუალებას არ მაძლევდნენ მუცლის ტკივილიც დამეწყო. დამეწყო და ვერც დედის მხარდაჭერამ და ვერც მისმა სითბომ ვერ მიშველა, ტკივილი ვერ გამიყუჩა და საავადმყოფოში სასწრაფოდ წამიყვანეს. თუ კი ტკივილთან ხშირი კავშირი გაქვს მისი სიმძაფრე იზრდება უსაზღვროდ, და ყოველი შემდეგი ტკივილი გადაფარავს წინამორბედს, მოიცავს შენს სულს და ხორცს, გამოგჭამს შიგნიდან და ამის მიუხედავად, მაინც დატოვებს რამდეინიმე ლუკმას მომდევნო მასზე ძლიერი ტკივილის გამოსაკვებად. ოდნავ გონება შერჩენილი გაჭირვებით ვახერხებდი ყველაფერი სტრესისთვის, უძილობისთვის და შესაბამისად გადღლილობისთვის დამებრალებინა. მეგონა რომ წოლით რეჟიმს დამინიშნავდნენ და შემდეგ ჩვეულებრივ გავაგრძელებდი ცხოვრებას, მაშინვე მავიწყბოდა რომ ჩემი თავის და ჩემი პატარას პატრონი ამიერიდან მხოლოდ მე ვიყავი, თუმცა ისეთ მარტივ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდი როგორსაც მოველოდი. უნდა გამეჩინა ბავშვი, რომელიც ჯერ მხოლოდ ექვსი თვის იყო, ძალიან პატარა და უსუსური. უნდა გამეჩინა ჩემი პატარა და დარწმუნებით ვერავინ ვერ მეუბნებოდა რომ გადარჩებოდა. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა, რა გამეკეთებინა, ვისთვის ან როგორ მეთხოვა დახმარება. აქ ხომ მე და ჩემი პატარა ვიყავით მოქმედი გმირები, რომლებსაც საბრძოლველი ძალა თითქმის გამოგვლეოდა. ყოველთვის, როდესაც მეგონა რომ ყველაზე ღრმა შიში მოვათვინიერე და მისი ყველა შეფერილობა გავიცანი, აღმოჩნებოდა, რომ თვალზე მოხვეული სახვევებიდან მხოლოდ ერთი სახვევი მძვრებოდა, დანარჩენები კი ურცხვად აგრძელებდა ჩემთვის თვალის ახვევას. ანესთეზიიდან შვილის ნახვის მძაფრმა სურვილმა გამომიყვანა, ერთი სული მქონდა შევხებოდი ჩემს ერთადერთ შემორჩენილ იმედს, რომელიც ჩემი და ანდრუშას ნაწილი იყო. ჩვენი გაგრძელება და მაინც ორივესაგან განსხვავებული. ერთი სული მქონდა შემეგრძნო მისი სურნელი და ტუჩები მიმეკრო მისი ვარდიფერი კანისთვის. თუმცა ყურადღებიანი ექთნის ნაცვლად დედაჩემის სახეს გადავეყარე, რომელიც თვალცრემლიანი მიკოცნიდა სახეს და ათასგვარ თბილ სიტყვას მეჩურჩულებოდა. მე კი ერთი სული მქონდა როდის მომაშორებდა ხელებს, როდის შეწყვეტდა ქვითინს და გაჩუმდებოდა, რადგან მე ვერაფერი ვიგრძენი მისგან, გარდა მისი ცრემლებისა, რომლებიც ჩემს თმებზე მოურიდებლად ცვიოდნენ. ეს მომენტი მძაფრად მახსენდებდა ჩემს პირვანდელ რეაქციას ბავშვის არსებობის გაგებისას რომ მქონდა. ნეტა თუ იგძნო თქო ჩემმა პატარამ ჩემი ემოციები. ფიქრების ბილიკებს ვეღარ გავყევი, რამდენიმე სიტყვით შემაჯახა დედაჩემმა რეალობას და მე არ ვიცოდი რას დასტიროდა იგი. გაუბედურებულ შვილს, თუ გარდაცვლილ შვილიშვილს. ჰო, დედაჩემმა ქვითინით მამცნო შენი შვილი იმდენად უსუსური და ჩამოუყალიბებელი იყო ვერ გაუძლო ამ ქვეყნად მოვლინებას და გარდაიცვალაო. თან უსირცხვილოდ მამშვიდებდა, არ ინერვიულო დედიკო შვილები კიდევ გეყოლებაო. ასეთ დროს ადამიანი რითი უნდა დაამშვიდო, ან საერთოდ როგორ უნდა გაბედო და ეცადო მის დამშვიდებას? სისულელეა, ყველაზე დიდი სისულელე შვილმკვდარი დედის სიტყვებით ნუგეში. ღმერთმა იცის, როგორ არ მინდოდა დედაჩემის მოსმენა, ამ სიტყვების მოსმენა კი განსაკუთრებით. მე სხვა შვილი არასოდეს მეყოლებოდა, მე ვერ ჩავანაცვლებდი ანდრუშას ვინმე სხვა კაცით, მე ვერ გავბედავდი მსგავსი აზრის გავლებასაც კი... ვეღარც ვუსმენდი მის სულელურ მოსაზრებებს, თითქოს ყურებს ავუკძალე მისი ხმის გაგონება. მხოლოდ ბავშვთან ვიყავი ფიქრებით, მისი ნახვა მინდოდა, მხოლოდ ის მიდოდა და მეტი არავინ, არც ის ვიცოდი გოგო იყო თუ ბიჭი. არც ის ვიცოდი, რამდენი კილო დაიბადა, საერთოდ ცოცხალი გავაჩინე, თუ მკვდარი. არაფერი არ ვიცოდი და ეს კიდევ უფრო მეტად მაგდებდა ცეცხლის ალში, რომელიც მწვავდა და მდაგავდა. არ ვიცი რამდენჯერ უნდა მოვეკალი ამ ბავშვს, რამდენი იარა უნდა დაეტოვებინა ჩემს სხეულზე და სულზე, რომ საბოლოოდ მოეღო ჩემი ტანჯვისთვის ბოლო, მაგრამ ყველაზე დიდ სიურპრიზს ღმერთთან ერთად მიმზადებდა თურმე. ******** თუ კი გატყდი და წამში რაღაც აზრი აგეკვიატა, შენ კი ამ აზრს საშუალება მიეცი, რომ მთლიანად გშთანთქას, მაშინ ჩათვალე რომ ღრმა ჭაობში ორივე ფეხით ხარ ჩაფლული და რაც უფრო ეცდები გაექცე მას მით უფრო ჩაგითრევს სიღრმისკენ, სუნთქვას შეგიკრავს და მალე მთლიანად მოგინელებს. როგორც კი დედაჩემის სიტყვებს უფლება მივეცი ჩემში შემოსულიყვნენ, მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ ეს ჩემი სასჯელი იყო და დავისაჯე ჩემი ეგოისტობისთვის. მე ჯერ ხომ მხოლოდ ანდრო მინდოდა მყოლოდა გვერდით, მინდოდა მხოლოდ ჩემთან ყოფილიყო, ჩემთვის გაეღიმა, მე მომფერებოდა, მე ვყვარებოდი და გავეღმერთებინე. ამ დროს კი, დავივივწყე რა უნდოდა ანდროს ჩემ გარდა. არასდროს მიკითხავს მისთვის რა სურდა რეალურად. ყოველთვის ჩემი სურვილები ეხვეოდნენ გარსს, ის კი არასოდეს მიდიოდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მაშინაც, როცა სახლიდან წამოვედი და გამოვუცხადე დღეიდან უკვე შენთან ვიცხოვრებთქო, სიხარულის მიუხედავად მას მე არჩევანის უფლება მოვუსპე. მერე კი ჩემი ორსულობით მოულოდნელი სიხარულით მოვწამლე, იმ სიხარულით რომელიც ნამდვილად ანცად დახტოდა მის თვალებში, მერე კი ამასაც მოვუღე ბოლო, თუმცა სამაგიერო მანაც და ჩვენმა შვილმაც მწარედ გადამიხადა. ახლა კი ბევრ რამეს ვნანობ, ვიცი გვიანია და არასწორიცაა, მაგრამ ჩემს უემოციო თავს ვნანობ… სინანულს ლიმონზე მჟავე გემო აქვს, რომელსაც ვერაფრით ვერ გაანეიტრალებ. გგონია დრომ მიშველა? დრომ გამაფერადა?სულაც არა, უბრალოდ დღეების მიმოცვლასთან ერთად ჩემს ტრაგედიას ფერი შეეცვალა და დავაბიჯებდი ქუჩებში ისე თითქოს ჩემს ზურგს უკან ამოფარებული ტკივილი სრულად დამალული მყოლოდა. გამითენდა დღეები, რომლებიც საერთოდ არ დამიგეგმავს. ჩემი წარმოსახვითი მომავალი ერთ წელში განადგურდა. ჩემი ოცნებები, საპნის ბუშტივით გაქრა და დავრჩი რეალობაში, რომელსაც დიდი ხანი ვუარყოფდი. ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, რომ ქმართან ერთად შვილიც დავკარგე. რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, ანდროს გარეშე ცხოვრებას ვეჩვეოდი, შეიძლება ამაში მის მიმართ გაჩენილი საშინელი ბრაზი მეხმარებოდა. მაგრამ ვერაფრით ვიჯერებდი ბავშვის დაკარგვას. ირგვლივმყოფთაგან მესმოდა, რომ მკვდრები ყველაზე საცოდავები არიან, მიწაზე დარჩენილებს კი ყოველთვის გვეშველება და გამოჩნდება იმედი, რომელიც სიცოცხლის გაგრძელების განმაპირობებელი სტიმული იქნება. მე კი მძულდა მათი მონაჩმახი. სულაც არ იყვნენ მკვდრები ცოდონი, შესაძლოა ყველაზე ბედნიერად ეცხოვრათ იქ, საიდანაც არავინ არასდროს მობრუნებულა, სადაც ღმერთმა უწყის ცეცხლის ალები დაკრთიან თუ ია-ვარდი ჰყვავის. მე კი აქ მწვავდა ჯოჯოხეთის ცეცხლი, ისე რომ ალი არ მეკიდებოდა. ზუსტად ვიცოდი თავს ბედნიერად ვერასოდეს ვიგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ვსუნთქავდი, ვარსებობდი და ჩვეულებრივად ვუყოლებდი ცხოვრებას ფეხს. ეს ყველაფერი კი ნებრისმიერ კარგად დაპროგრამებულ რობოტს შეეძლო, არათუ მე. ერთ დღეს კი მამამ დამირეკა და დედაჩემის ავადმყოფობის შესახებ შემატყობინა და მთხოვდა მივსულიყავი მათთან, არც ისე ხშირად მივდიოდი მშობლიურ სახლში და ძირითად დროს ჩემი და ანდროს ბინაში ვატარებდი, რაღაცნაირი ბრაზი მიბყრობდა და ვერ ვგუობდი მშობლებთან ერთად ერთ ოთახში ყოფნას და მათ ხელოვნურ თანაგრძნობას, რადგან ზუსტად ვგრძნობდი, რომ ჩემი საერთოდ არ ესმოდა. არც ისე სტკიოდათ ის ტკივილი რომელიც შინაგანად მჭამდა, ამიტომაც ვარიდებდი მათთან სტუმრობას თავს და თუ კი ვხვდებოდით სადმე, ვირგებდი ახალ ნიღაბს, რომელსაც არც თუ ისე ბევრი ღარი ჰქონდა სახეზე. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მივდიოდი დედასთან, რომელიც ყოველ დღე ელოდა სიკვდილს, რომელსაც არავინ იცის რეალურად როგორი ფორმა და სახე აქვს. წესით დარდი, სინანული და ტკივილი უნდა მეგრძნო, იმ წუთებში კი სინანულის ზედმეტად პატარა დოზით და მოვალეობის მოხდის დიდი სურვილით ვსულდგმულობდი. სიმართლე ვთქვა სანამ 15 წლის გავხდებოდი ჩვეულებრივი დედა იყო, ავტორიტარული აღზრდის სტილით, მერე კრიზისული პერიოდი ორივეს დაგვიდგა, მეც შევიცვალე და ჩვენს შორის იმხელა უფსკრული გაჩნდა, რომ მასში ჩავარდნის შიშით არცერთი არ ვიწყებდით მყარი ხიდის აგებას. მშობლიურ სახლში შესვლა ძალიან გამიჭირდა, თვალწინ გაცოცხლებული მოგონებები სულაც არ ყოფილა სიხარულის მომცველი და სასიამოვნო. ოთახში შესულს დედა ძალიან დაუძლურებული მეჩვენა. მამა ხელის კანკალით აჭმევდა საჭმელს. რაღაცნაირი, ჩემთვის გაუგებარი სიყვარული აკავშირებდა ამ ორს. მახსოვს ფეხაკრეფით შევიპარე ოთახში და მათ პირდაპირ - სავარძელზე ჩამოვჯექი. დედამ როდესაც დამინახა გაოცდა, თვალები გაუნათდა და გამიღიმა, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად, მერე ამოუცნობმა სევდამ მოიცვა მისი თაფლისფერი თვალები და მამას ჩემთან მარტო დატოვება სთხოვა. დედაჩემსაც როგორც დედების ურავლესობას, მიაჩნდა რომ ყოველთვის ზედმიწევნით იცოდა რა მჭირდებოდა და რა იყო ჩემთვის ყველაზე კარგი. მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეჯერა, რომ ძალიან დიდი სიკეთე გამიკეთა. სურდა ნაკლები ტვირთი მეზიდა, გამეგრძელებინა ცხოვრება ისე, როგორც მის შვილს ,,შეეფერებოდა“ ანუ ჩემს ასაკში არ უნდა მყოლა ქმარ-შვილი, მთელი ჩემი რესურსი სწავლასა და მეგობრებთან ერთად გართობაში უნდა ჩამედო და რაც მთავარია დედასთან მიჯაჭვულობა არ უნდა გამეწყვიტა. თითქოს დედაჩემმა ჩემი დაბადებისას უარი თქვა ჩემთვის ჭიპლარი გადაეჭრათ და მისგან გავეთავისუფლებინე. თითქოს ისევ მის ნაწილად აღმიქვამდა და ვერც კი უშვებდა იმ ფაქტს, რომ მისგან დამოუკიდებლად ბედნიერად ცხოვრება შემეძლო. ************* ვგრძნობდი, საშინლად უჭირდა თხრობის გაგრძელება, კისერზე ძარღვები დაჰბერვოდა, შუბლი დანამვოდა და ღრმად სუნთქავდა. თუმცა წამიერი დუმილის შემდეგ კვლავ განაგრძო ლაპარაკი... -მაშინ როდესაც ექიმები ჩემი და ჩემი შვილის გადარჩენას ცდილობდნენ დედაჩემი თურმე გეგმას სახავდა, თუ როგორ წაერთმია ჩემთვის ერთადერთი იმედი და დავეტოვებინე მარტო, მხლოდ მისი კალთის ქვეშ ამოფარებული უსუსური არსება. მედ პერსონალის დათანხმებ არ გასჭირვებია, ხომ იცი ადამიანის სიხარბის გამოყენება ყოველთვის და ყველგან შეიძლება. სავარაუდოდ არც დედას გაუჭირდებოდა საჭირო ხალხის მოსყიდვა და ასეც მოხდა. სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს აბავდა ისე მიყვებოდა აღსარებას. იმ დღის გახსენებისას ახლაც გული მიჩქარდება და სუნთქვა მიჭირს, არც კი ვიცი განცდილი გრძნობები რას შევადარო, რომ მარტივად შეძლო ჩემი გაგება. თუმცა არ ვიცი რატომ ვითხოვ შენგან თანაგანცდის ასეთ მაღალ დონეს. ჩემი პატარა მართლაც ძალიან პატარა და უსუსრი დაბადებულა, ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობდნენ, თუმცა არსებობდა შანსი, რომ გადარჩენილიყო და სიცოცხლე გაეგრძელებინა. მან კი სიცოცხლე არჩია, თუმცა დედაჩემმა შვილიშვილი ორივე შემთხვევაში მკვდრად გამოაცხადა. იმ საღამოს რამდენჯერაც ჩემი შვილის ცხედრის ნახვა ვითხოვე, იმდენჯერვე უარი მითხრეს . ბოლოს კი დამამშვიდებელით გამთიშეს, მხოლოდ დილით მოვედი გონზე, ჩემი დაჟინბული მოთხოვნით გოგონას ცხედარიც მაჩვენეს. როგორც აღმოჩნდა ჩემი მშობიარობის პერიოდში ავარიაში მოყოლილი ორსული გოგონა შემოყვანეს, მრავლობითი მოტეხილობებით, გოგონას ორგანიზმა მძიმე დაზიანებებს ვერ გაუძლო და საკეისრო კვეთისას დაიღუპა. სამწუხაროდ ექიმებმა ვერც მისი შვილი ვერ გადაარჩინეს. დედაჩემის დავალებით კი ჩემი მომაკვდავი შვილი გარდაცვლილ ბავშვში გაცვალეს. მე კი სხვისი შვილი დამატირებინეს. ერთი პერიოდი მთელი გულით მინდოდა დედაჩემის საქციელისთვის რამე გამართლება მომეძებნა, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს მივაგენი. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ნელ-ნელა შევეგუე იმ აზრს, რომ ჩემთვის ორი უძვირფასესი ადამიანი დავკარგე და ყოველ შაბათს მათ საფლავებზე მიმქონდა ყვავილები, ჩემს დარდს მათ ვუზიარებდი. უშედეგოდ ვთხოვი კითხვებზე პასუხი გაეცათ. ვერანაირად ვერ მივმხვდარიყავი რა აზრი ჰქონდა ჩემს ცხოვრებას. ძალიან ბევრჯერ მინატრია სიკვდილი, ბევრჯერ გადავსულვარ გზაზე ბრმად იმისი იმედით, რომ ვინმე თავზეხელაღებული ჩემს უაზროდ გაწელილ ცხოვრებას ბოლოს მოუღებდა, მაგრამ თვალებდახუჭული, აკანკალებული კიდურებით აღმოვჩნდებოდი ხოლმე გზის მეორე მხარეს ცოცხალი და უვნებელი. ხანახან ისეც ხდება, რომ რაც გულით გწადია უბრალოდ არ ხდება და მორჩა, უნდა შეგუო დამარცხებას. მერე კი, ფიტულად გადაქცეულს მომაკვდავი, დედადწოდებული ქალი მიყვება სინანულით და ცრემლების უწყვეტი ჯაჭვით თუ როგორ გამანადგურა, მაგრამ მაინც თვლის რომ მაშინ თავისი საქციელი სწორად მიაჩნდა და შვილს ჩემ სასიკეთოდ დამაშორა. ფარისევლური ცრემლებით კი უნდოდა გული უნდოდა გაელღვო ჩემთვის, ის გული რომელიც თავისი ხელით ამომაცალა. არ ვიცი რა ერქვა იამას რაც მე იმ წამს განვიცადე, ალბათი მაშინ მივხვდი რომ მე როგორც შვილი დიდი ხნის მკვდარი ვიყავი, თუ კი აქამდე ეჭვი მქონდა, ახლა დარწმუნებული ვიყავი რომ მე არავის შვილი ვიყავი. საერთოდ არავის… იმის გაცნობიერებას, რომ სამი წელი სიცრუეში ცხოვრობდი სჯობს ცხოვრების ბოლომდე მოშინაურებული სატანჯველი გკლავდეს. რამდენიმე დღეში დედადწოდებულმა ქალმა ყველასთვის შეწყვიტა ფიზიკური არსებობა. არც დასაფლავებაზე არ ვყოფილვარ და არც მამაჩემი მინახავს მას მერე. ვერიდები ხოლმე იმის გახსენებას რომ ოდესღაც ადამიანები მყავდა გვერდით, რომელთაც მშობლებს ვეძახდი. რომლებმაც გაბედნიერების ნაცვლად ყველაზე წმინდა რამ წამართვეს. სიმართლით გაგიჟებულს, კიდევ შემრჩენოდა ძალა ინფორმაციის მოსაძიებლად. საბედნიეროდ საავადმყოფოს არქივში იმ დღეს რეგისტრირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ერთი ავარიისას დაშავებული ორსული ქალი იყო. მონაცემების წაკითხვისას თვალთ მიბნელდებოდა, ერთი სული მქონდა როდის მივაგნებდი ჩემს გოგონას. ერთი წამითაც არ მიფიქრია იმ ხალხზე რომლებთანაც ის იზრდებოდა ამ სამი წლის განმავლობაში. სწორედ ამ დაუფიქრებლობამ შემაჯახა კიდევ ერთხელ რეალობას და ძლიერად შემომცხო ხელი. დილით მზე კარგად ამოსულიც არ იყო, ბაღის შესასვლელთან კიბეებზე რომ ჩამოვჯექი, ალბათ დაღლილობისგან ჩამეძინებოდა კიდეც გოგონას კისკისი რომ არ გამეგო. ახალგაზრდა მამაკაცს ჩემი პატარა გულში ჩაეკრა და ყელში კოცნიდა, ის კი ისე ლაღად იცინოდა ,,გაჩერდი მამიკოს” ძახილით, რომ მერამდენედ მოვკდი აღარ ვიცი. ჩემი და ანდრუშას შვილი, რომელიც ჩემი ასლი იყო სხვა კაცს მამას ეძახდა და ბედნიერი იყო. მე კი როგორც ბოროტი ჯადოქარი მისი ბედნიერების განადგურება მწადდა. გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე, არ მინდოდა თვალებში ჩამეხედა მათთვის, თუმცა ბედმა აქაც დამცინა. თავბრუ დამეხვა და მუხლები მომეკვეთა, მამაკაცმა მაშინვე შემნიშნა და ბავშვთან ერთად ჩემს დასახმარებლად გამოეშურა. მის კითხვას თავს როგორ ვგრძნობდი პასუხ ვერ ვცემდი, ჩემდაუნებურად მცვიოდა ცრემლები, ალბათ შეშლილს ვგავდი, ახლოდან ვსწავლობდი ჩემი შვილის ნაკვთებს იმდენად მოვინუსხე მისი ყურებით რომ კოპები შეკრა. საოცრად ვგავდით ერთმანეთს, საოცრად… გაცებული მამაკაცი კი მე მაკვირდებოდა, რამდენიმე წამით მზერა გავუსწორე, თოთქოს გაოცება, შიში, და ბრაზი მონაცვლეობდა მის სახეზე. ძალები მოვიკრიბე და ერთადერთი წამოსვლამდე რაც შევძელი ბავშვისთვის სახელი კითხვაღა იყო. ჩემს გოგონას თაია ერქვა როგორც ,,დედობილს”. სწრაფად და უმისამართოდ გამოვეცალე ჩემს თაიას და მის მამობილს. გული მისკდებოდა იმის გაფიქრებისას რომ ჩემი მიზეზით მის ბედნიერ ცხოვრებას დავასრულებდი. არც იმ კაცთან ვიქნებოდი მართლალი, ვინც ჩემი გოგო ღვიძლი შვილივით შეიყვარა და გაზარდა. არ მქონდა იმის უფლება ერთ დღეს თავზე დავდგომოდი და გამომეცხადებინა დედაჩემის წყალობით ჩემს შვილს ზრდი და შენი ცოცხალი აღარ არის თქო. ჩემზე უკეთ ვინ იცის როგორი მწარეა სიცრუედან რეალობაში გადანაცვლება? ვერცერთს მოვექცეოდი ასე უგულოდ, მხოლოდ იმიტომ რომ მე დანაკლისი შემევსო. ამ ორი წლის განმავლობაში კი რთულად, მაგრამ მაინც ცხოვრებას ავუწყვე ფეხი. თაიას სიახლოვეს ყოფნა ძალას მაძლევს, თუმცა ასევე იარებს მიტოვებს, მაშინ, როდესაც სიგიჟემდე მინდა რომ ჩავეხუტო, მე კი უფლება არ მაქვს შევეხო და ათასობით თბილი სიტყვა ვუთხრა, რომელის თქმის შანსიც წარსულში წამართვეს. ახლაც ძალიან მინდა მისი გაბუშტული ლოყები კოცნიგან ავაწითლო და მაგრად მოვხვიო მკლავები, მაგრამ აი იმ ქალს რა ვუყო, წითელსარაფნიან, ქერა გოგონას რომ მოუძღვება წინ? როგორ წავართვა ეს ანგელოზი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გამოჩენით ფრთებს მოვტეხავ? — ღმერთო როგორ გგავს…. აი თურმე აქ რატომ მოდიოდი ყოველ დღე ამ წლების განმავლობაში. არ ვიცი რა უნდა გითხრა, მოსმენილისგან შოკში ვარ. თუმცა არც ის იქნება მართებული მისი ცქერით შორიდან რომ კვდებოდე. — ძალიან მეშინია... მის სიძულვილს ვეღარ ავიტან და საბოლოოდ გავნადგურდები. — ნუ გავიწყდება რომ შენ დიდი ხანია ნადგურდები, ეს ორი წელი კი განსაკუთრებით… უნდა ცადო, თორემ მთელი ცხოვრება ის აზრი არ მოგასვენებს, რომ შანსი გქონდა შვილის გვერდით ყოფილიყავი და არ გამოიყენე. არ გიფიქრია იმაზე რომ დედა მასაც ისე ძალიან სჭირდება როგორ შენ შვილი? - შეიძლება ახლა ვერ გაიგოს, გაბრაზდეს და იტიროს, ძალიან პატარაა, მაგრამ აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც შენს ტკივილს გაიზიარებს და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემს. ჩემი შესვენება კარგა ხნის დასრულებული იყო. ჩვენ ისევ სკვერში ვისხედით, მზის ისედაც მისუსტებულ სხივებს მტვრის ღრუბლები ხვევდნენ ხელს და ნელ-ნელა ძალას ართმევდა… ჩვენ კი იმ ნაცრისფერ კორპუსს შევცქეროდით, სადაც ბებია და შვილიშვილი გაუჩინარდნენ. ნეტავ როგორი იქნებოდა ცხოვრება იმ შემთხვევაში თუ კი სხვის ნაცვლდ გადაწყვეტილებების მიღებას შევწყვეტდით და უაზრო პრინციპებს დავივიწყებდით? ალბათ ზემდეტად მარტივი და უაზროდ გამარტივებული ცხოვრბებაც მოგვაყენებდა ჭრილობებს, დაგვიტოვებდა უკმაყოფილების შეგრძნებას და ეს მოგვიღებდა ბოლოს. ფერების შემგროვებელი, ლამაზ კაფსულას ჰგავდა, სადაც უსამართლობისგან დაჩაგრული და მიტოვებული ქალი გამოეკეტათ. მომდევნო დღეს სამსახურში მისულს, უფროსისგან გაფრთხილება მხვდა წილად. გეგონება ისეთი საქმე მევალა რომლის შეუსრულებლობაც აპოკალიფს გამოიწვევდა. სიმართლე ვთქვა არც ხელფასი იყო გასაგიჟებლად დიდი და არც ჩემი პასუხისმგებლობა. ასე, რომ გაფრთხილება გაფრთხილებადვე დარჩა. შესვენების დროს უჩვეულო ფორიაქით ველოდი. ვიცოდი გუშინდელი გულის გადაშლა ნამდვილად არ მოასწავებდა ჩვენს დამეგობრებას, მაგრამ მოვლენების განვითარებას ვერ ჩამოვრჩებოდი. ვგრძნობდი, რომ ფერადი გოგონა შვილისკენ ნაბიჯს გადაგავდა და მინდოდა ამას მასთან ერთად ყოველ დღე დავლოდებოდი. უკიდურეს შემთხვევაში გავხდებოდი ისეთივე არამკითხე, როგორიც მოსახლეობის 90% ია და ასე დავეხმარებოდი დედას შვილის დაბრუნებაში. თუმცა ვერ ვხვდებოდი მე რა ხეირი მერგებოდა ამ საქმიდან? საერთოდ რატომ მაინტერესებდა ასე ძალიან იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც რეალურად არც კი ვიცნობდი? ვეღარ ვიხსენებ ბოლოს ასეთი მგრძნობიარე როდის ვიყავი. ამ გოგონამ დანახვისთანავე მიიპყრო ჩემი ყურადღება, მომნუსხა და თავისი ტრაგიკული ცხოვრების ისტორიით კიდევ უფრო გააღვივა ჩემში ინტერესი, თანაგანცდის უნართან ერთად. წინა დღით თავდატეხილ ემოციებს ჯერ კიდევ არ გაევლოთ ჩემთვის. შიგადაშიგ თვალი უაზროდ მიშტერდებოდა და ვფიქრობდი, ჩემს თავშვი იყო კი იმ დოზის სიმამაცე რამდენსაც ამ გოგოში მოეყარა თავი? მე მის ადგილას სიმართლის გაგების წუთებშივე მთელს სამყროზე შურის ძიება მომინდებოდა. ის კი ორი წელი დარდს გულში იკლავდა, ახლაც იაამნის ხის ქვეშ იჯდა, ახალი ბლოკნოტით ხელში და რაღაცას წერდა, შიგადაშიგ გამომხედავდა და გამიღიმებდა ხოლმე, რა თქმა უნდა სევდიანად, თვალების ბრჭყვიალით და ყურზე გადაწეული კულულებით. ხო ახლა რატომღაც აღარ გავურბოდი მის თვალებს და თამამად ვუსწორებდი მზერას. მისი სულის შესახებ ისედაც იმაზე მეტი ვიცოდი ვიდრე მის თვალებში შორიდან ამოკითხვას შევძლებდი. შორიდანვე დავლანდე ქერა კულულებიანი თაია, მწვანე, ყვითელ ყვავილებანი სარაფანით. ცალ ხელში ვარდისფერი ბამბის ნაყინი ეჭირა ცალი კი მამაკაცისთვის ჩაეკიდა, რომელიც ურცხვად დასცინოდა გოგონას ტკბილად მოთხუპნული პირის გამო. მზერა სწრაფად გადავიტანე ფერების შემგროვებლისკენ, რომელიც ჩემსავით აკვირდებოდა მათ, შემდეგ თითქოს ბლოკნოტში ჩანაწერს ბოლო სიტყვა მიამატა და ფურცელიც სასწრაფოდ ამოხია. გული ისე ამიჩქარდა მეგონა გამისკდებოდა ან კიდევ დაღლილი ძგერას შეწყვეტდა. როგორც იცოდა ისე, ნარნარით, თავაწეული და წელში გამართული დაიძრა მამაკაცის მიმართულებით, როგორ კი მიუახლოვდა მათ წინ გაჩერდა და ოდნავ გაუღიმა. გაკვირვებულ კაცს მხოლოდ წერილი მიაწოდა აკანკალებული ხელით, გოგონას ცხვირზე ხელი დაჰკრა და გაჩერებისკენ ასევე სწრაფად გაემართა, არც თუ ისე მყარი მიყო მისი ნაბიჯები, არც წელში გამართულა. მობუზულ ჩიტს ჰგავდა, რომელიც გამწარებული ეძებს თბილ თავშესაფარს. მამაკაცი თითქოს გამოერკვა, შუბლშეკრული დაედევნა ფერად გოგონას, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ღმერთმა უწყის საით გაჰყვა იგი ყვითელ ავტობუსს. ფარხმალ დაყრილი და გაოცებული კაცი ბავშვთან ერთად სკამზე ჩამოჯდა. აქამდე ხელში ჩაკუჭულ წერილს დახედა და მის გასწორებას შეუდგა. ერთხანს თვალებგაფართოებული უყურებდა, თითქოს ჰაერი დააკლდა, უხეშად მოისვა ყელზე ხელი, ცალი ხელი გოგონას მტევნისკენ გააცოცა და მაგრად ჩასჭიდა. მზერა გოგონაზე გადავიტანე და გავშეშდი, ისე დაჟინებით მაკვირდებოდა თაია, რომ ტანში გამაცია. არ ვიცი რატომ მაგრამ ამ პატარა ბავშვის შემრცხვა.. მერე კი მობილურზე გამბმულმა ზარმა მეორე რეალობაში გადამისროლა და ფეხზე გიჟივით წამოვდექი. ჩემი უფროსი მირეკავდა… ხო ისევ გადავაცილე ჩემი შესვენების დროს. ალბათ ტრადიციულად უნდა დამმუქრებოდა. უეჭველად ვიცოდი ამ ყველაფრის მოსმენასთან ერთად განცხადების დაწერაც, რომ მომიწევდა სამსახურიდან წასვლის თაობაზე, მაგრამ დღეს ამისთვის შესაფერისი დღე არ იყო. კიდევ დიდხანს მოუწევდათ ჩემი სიფათის ყურება დაობებული ქაღალდების ბუდეში. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ჩემი მოკლე კაბის სწორებით გადავკვეთე ქუჩა. მეზიზღებოდა რკინის კართან ჯაჯგური და ისე სწრაფად ავუარე შენობიდან გამოსულ სიმპატიურ მამაკაცს გვერდი, რომ ლამის ფეხი გადამიბრუნდა. ზუსტად ვიცი მთელი კვირა კარგი დარი იქნება, თუმცა იმასაც კარგად ვხვდები, რომ ფერების შემგროვებელს აღარ უნდა ველოდო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.