მოწამლული და დამკვირვებელი
-რატომ არ შეგიძლია მოთმენა? დამშვიდდი. -ნახვა მინდა, გესმის? ნახვა მინდა! თუ გინდა, რომ დავმშვიდდე, აუცილებლად უნდა მანახო. ერთი წამით მაინც რომ შევავლო თვალი, საკმარისი იქნება. თითებს კრუნჩხავდა, თითქოს სხეულის შიგნით რაღაც მოსვენებას არ აძლევდა; თითქოს ძარღვებში სისხლი კი არა ცნობისმოყვარეობის შხამი უჩქეფდა. მისი “მოწამლული” სხეული არაადეკვატურად იგრიხებოდა. და მას მხოლოდ ის უნდოდა, რომ ენახა, რა ხდებოდა მხატვრის ტილოებზე. ქალს, რომელიც კრუნჩხვებში ჩავარდნილ ნაცნობს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, მომცრო თავი, გამკრთალებული სახე, თითქმის წრიული ფორმის თვალების ბუდე, გრძელი წამწამები, მსხვილი და ხშირი წარბები, ვიწრო და გრძელი ცხვირი, მსუნაგი და რბილი ტუჩები ჰქონდა. მისი თვალებიდან წყვდიადი გამოსჭვიოდა. ჩამქრალი ყავისფერი თვალები ჰქონდა. მისი თმები მუქი, წყვდიადისფერი შავი მელანინით გაჟღენთილიყო. -არ შემიძლია. მუშაობა ჯერ არ დამისრულებია. ხომ იცი, პრინციპული ადამიანი ვარ. რა ვქნა, პერფექციონისტული ჩვევა მაქვს, ვიდრე მასქიმალურად არ დავხვეწ ჩემ ნამუშევრებს, იქამდე უცხო თვალს არ გავაკარებ! -მე უცხო ვარ? -არა, მაგ კონტექსტით არ მითქვამს. -ხოდა, მანახე რა გაქვს დახატული. მე ხომ უცხო არა ვარ? იგივე ჩამქრალი თვალები. კიდევ უფრო მეტად მკრთალი სახე. შეკავებული სუნთქვა. იდგა და გაშტერებით მისჩერებოდა ცნობისმოყვარეობით მოწამლულს. როგორც ჩანს ფიქრობდა. თვალები დაბლა დახარა. ხელი ნაცნობის მხარზე მიაყრდნო. -ვიცი, უსამართლოდ ვიქცევი. არ უნდა მომეყოლა შენთვის. როცა მუშაობას დავასრულებდი, მაშინ… -თვალს დავხუჭავ ამ უსამართლობაზე, თუკი რამდენიმე წამით მაინც შემავლებინებ თვალს. და კაცის სახეზე ღიმილი გამოისახა. აი ის ღიმილი, მთელ თავის იმედს რომ აქსოვენ ხოლმე ადამიანები, როცა ფიქრობენ, მიზანთან ახლოს ვართო. შინაგანი რწმენის აფიშირებამ შედეგი გამოიღო — ქალის თვალებში სინათლის მცირე ნაპერწკალმა გაიელვა და დიდიხნით დაგუბებული ბნელი შთანთქა. თუმცა გაღიმებული კაცის კბილების სიკაშკაშე კიაფობდა მის თვალებში. ცნობისმოყვარემ ეს შეამჩნია და მყისვე გადაწყვიტა, რომ უნდა დაეცადა. -კიბატონო, მოვითმენ! მორჩა, აღარ შეგაწუხებ. -არ გეწყინოს. იმედგაცრუებული და განაწყენებული კაცი თავის გზას გაუყვა. ბოლო წამამდე ეგონა, რომ მხატვარს დაითანხმებდა. ძალიან უჭირდა იმედგაცრუებას გამკლავებოდა. უკან არ მიუხედავს. წყენა ბოლომდე უნდა შეისრუტოს, მთელი სხეული უნდა უბოძოს ამ მტკივნეულ და მწვალებელ გრძნობას. ბოლომდე გმირი უნდა იყოს, მოწამის ხატს უნდა დაემსგავსოს, დრამის ფერებში შეღებოს ყოველივე. მას შემდეგ, რაც მხატვარი თავისი ნახატების შესახებ მოუყვა, ერთი დღე არ გასულა, რომ ამაზე არ ეფიქრა. მონაყოლმა ძლიერი შთაბეჭდილებები დაუტოვა. ღამ-ღამობით წარმოიდგენდა, რას ხატავდა მხატვარი. ზოგჯერ თვითონაც შესანიშნავ ილუსტრაციებს აგებდა საკუთარ წარმოსახვაში, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად უძლიერებდა იმის რწმენას, რომ მხატვარი ნამდვილ შედევრებს ქმნის. მისთვის უსაზღვრო და უკიდეგანოა მხატვრის ნიჭი. მიდის ცნობისმოყვარეობითა და წყენით შეზავებული კაცი. მხატვარი მშვიდად ადევნებს თვალს. აკვირდება. იცის, რამხელა სევდას დაატარებს ეს კაცი, რამხელა სიმძიმეს გრძნობს, როგორი მტკივნეული ბრძოლა გაუმართავს საკუთარ თავთან, რომ ოდნავი სიმსუბუქე მაინც იგრძნოს. და კიდევ უფრო ამძიმებს ცნობისმოყვარეობით, იმედგაცრუებითა და წყენით. პირველ დანახვისთანავე დაინტერესდა, მერე აკვირდებოდა, ნელ-ნელა შეისწავლა კიდეც. ამ კაცში ისეთი რამ იყო, რაც მხატვარს ძლიერ იზიდავდა. თითქოს ყრუ ხმით ეჩურჩულებოდა, რომ სულის ყველაზე ღრმა ფენებამდე უნდა გამოეკვლია. მხატვარიც კიდევ უფრო ყრუდ, უხმოდ და შეუმჩნევლად დაეხეტებოდა მის შინაგან სამყაროში, ისე რომ, კაცი ვერ გრძნობდა, როგორ დადიოდა მხატვარი მისი სულის იატაკზე, როგორ აფათურებდა ხელებს სულის კედლებზე. კაცი უჩუმრისპირად, უხმაუროდ, ნელა და უმტკივნეულოდ შიშვლდებოდა, ნიღაბს იხსნიდა და გაუცნობიერებლად ჯდებოდა მხატვრის მიერ მითითებულ სკამზე, რომელიც ტილოს წინ იდგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.