სუსტი ძლიერი (მეხუთე ნაწილი)
ტელეფონი რომ გაითიშა, უცებ დიდი სევდა შემომაწვა, ზუსტად ისეთი ჩემი ბიძაშვილის, ლერი მახვშიანის გარდაცვალების დროს რომ ვიგრძენი. ისიც კეკეს მეძახდა ბავშვობაში. ავტო საგზაო შემთხვევას შეეწირა, ნასვამი მეგობრის წყალობით, სულ რამდენიმე წლის უკან, დღემდე ვერ მომინელებია მისი არყოფნა. ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ბავშვობიდან. მას შემდეგ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს მაქსიმალური სიმკაცრით ვექცევი. ჭკუა ვერ ისწავლეს ქართველებმა, ჯერ იმას ძლივს მივახვედრეთ ჯარიმების საშუალებით, რომ ღვედი მხოლოდ სკამის საზურგის დასამაგრებლად არ იყო გამოგონილი და არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა რომ ნაადრევი სიკვდილის მოპატიჟების ტოლფასია, ეგ ხომ ვერა და ვერ შევაგნებინეთ ვერც კანონის ძალით და ვერც ათასგვარი სოციალური რეკლამებით. არადა რა ბიჭი გვყავდა, ვაჟკაცი, ბუმბერაზი გარეგნობის, ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ძალიან გვამსგავსებდნენ ბავშვობიდან, ბევრს ჩემი ტყუპისცალიც ეგონა. ლილეს მობეზრებული ჰქონდა ჩვენი მფარველობა. მე თუ არ მეცალა ლერი უფრთხობდა თაყვანისმცემლებს თავისი მუშტით და მას თუ არ ეცალა მე დავსდევდი ყაზბეგური ნაგაზივით. ახლა ვიგრძენი როგორ მაკლია. ძალიან მომინდა ვინმესთვის გული გადამეშალა, მომეთხრო ჩემი ბოლო პერიოდის თავგადასავალი, ფიქრები და ვინატრე ცოცხალი ყოფილიყო. მაინც რა ეგოისტები ვართ ადამიანები, ყველა ჩვენთვის გვინდა, წასულიც და აქ დარჩენილიც. მაგრამ ეს ეგოიზმია ალბათ სიყვარულიც, თორემ სხვა რა არის. როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, რაც არ გჭირდება? ადამიანს ჰაერივით სჭირდება მეგობარი, და, ძმა, მშობელი, რადგან ეულს არ შეუძლია ტვირთოს სიმძიმის ჯვარი, თუნდაც ბედნიერების შეგრძნებაც არ შეუძლია გაუზიარებლად განიცადოს. იმიტომ არის უდიდესი სასჯელი პატიმრებისთვის ერთკაციანი ეგრეთწოდებული „სამარტოო“ საკანი. ადამიანი თავის თავთან რჩება პირისპირ, როგორც სარკეში აღბეჭდილ ანარეკლთან. ისე არაფერი უჭირს ადამიანს, როგორც საკუთარ ფიქრებში და ქმედებებში პირისპირ დარჩენა. სხვისი მარტივად განმკითხველი, საკუთარ თავს ვერ სთხოვს იგივეს, რადგან ვინც რაც არ უნდა თქვას, სხვისი ტკივილი ისე არასდროს გეტკინება, როგორც შენი და სხვისი ბედნიერებაც ისე არასდროს გაგაბედნიერებს ვით საკუთარი. და დნება, ცვდება ადამიანი მარტო, რადგან არავინ ჰყავს შემფასებელი, დამფასებელი, განმკითხველი თუ მომკითხველი და რაც მთავარია შემყვარებელი თუ შემმძულველიც კი. მხოლოდ განდეგილებს ძალუძთ ჭკუისშეუმცდარად განმარტოებაში მყოფობა, მაგრამ ისინიც კი ღმერთთან არიან და მასთან საუბარში ატარებენ სიცოცხლეს. კარზე კაკუნის ხმამ შემაფხიზლა. უღიმღამოდ წამოვდექი, კარი გავაღე და დაჩიმაც შემოალაჯა. -ლუდებით დატვირთული ქაღალდის პარკი ხელში მომაჩეჩა და გიჟივით შევარდა მისაღებში. -ბიჭო უეფას ლიგას არ უყურებ, სერბეთი-საქართველოა, შესვენებაზე გამოვვარდი. -რა დროის ეგაა, წუხელ არ იყო, შე კაცო?-სანამ რამეს მიპასუხებდა ტელევიზორი ჩართო და მიუცუცქდა. ჯერ მეორე ტაიმი არ დაწყებულიყო და შვებით ამოისუნქა. -გამეორებაა, წუხელ სად ვუყურებდი-სავარძელში გემრიელად მოკალათდა. -და მერე გადახვევის ფუნქცია აღარ გახსოვს, ვაი შენს პატრონს. -გადავიხარხარე. -ნუ როხროხებ შენი ჭირიმე, მე საკაბელო მაქვს, ვერ ვახვევ. გამიხსენი ლუდი და სანამ დაიწყება დაყაჭე რა ხდებოდა გუშინ?-გამომცდელი თვალებით გამომხედა, თანაც სახეზე ორაზროვანი ღიმილი დასთამაშებდა. -შენც ახლა ჩვენების გამარჯვებას არ უყურებდე რა, არ გამოგრჩეს, რამდენია პირველი ტაიმის შედეგი? -ერთით ნოლია და ნუ მკითხავ თუ კაცი ხარ ვინ იგებს, ისედაც გაცოფებული ვარ. შენ ნუ გადაგაქვს თემა, რა ხდებოდა მეთქი?- დამიბრიალა თვალები. -არაფერი, აქ ჩაეძინა, დილით ადგა და წავიდა-ისე მოკლედ მოვუყევი, მე თვითონ შემრცხვა ასე მცირედი სათქმელი რომ მქონდა და გამეცინა. -ბარემ, წავიდა გეთქვა და მორჩებოდი, რამხელა რამე მოყევი შე კაცო, რა საჭირო იყო. რომ წავიდოდა ვერ მივხვდებოდი ჩემით თუ ბრმა ვარ? ვაპირებდი ისევ არაფერი მეპასუხა, მაგრამ ისევ თვითონ დამასწრო: -ხო კაი, დაიწყო ფეხბურთი, არ გინდა და ნუ მოყვები, უჟმური სვანი ხარ რა. - შენ ხომ ხარ ჟმურიანი რაჭველი-გამეცინა გულიანად, მაგრამ აღარაფერი უპასუხია, თავიან-ფეხებიანად გადაეშვა ფეხბურთის მატჩში. ისეთი გულიანი გულშემატკივრობა იცოდა, როგორიც თავად იყო,გულწრფელი, ერთგული და პატიოსანი. მაგრამ მაზოხისტიცაა მემგონი ეგ უპატრონო, აბა ამდენი წელი ჩვენს ნაკრებს გულშემატკივრობდე და წაგების მეტს არაფერს იღებდე, მარტო ერთგულების და პატრიოტიზმის წყალობით ვერ იზამდა მაგას. იტალიასთან ფრემ წინა თამაშზე ისე გაახარა, თვის ბოლოს ხელფასის აღარმქონემ ონლაინ სესხი გააკეთა და კანჭის საჭმელად დაგვპატიჟა ბიჭები. ეგ გავუგეთ და მას შემდეგ დაჩის ჩვენი ბიჭები „ კანჭს სესხად“ ეძახდნენ კარგა ხანს. მე კი გავლანძღე ერთი გალანძღვა, ჩემთვის მაინც ეთქვა, ფული თუ აღარ ჰქონდა. რა გადამაყლაპებდა კანჭის 100 ლარიან ნაჭერს, რომ მცოდნოდა მისი ფასი და მოპოვების გზა. ასეთი დაბდურა და გულუბრყვილოა. ხვალინდელ დღეზე ხომ საერთოდ არ ფიქრობს, დღევანდელით ცხოვრობს. მისი საყვარელი ფრაზაა „ იცხოვრე დღეს, ვაიდა „ხვალ“ აღარ იყოს“ და ცხოვრობს კიდევაც დღეს, მომავლის უგულვებელმყოფელი. ცოლ-შვილი მაგას არ აწუხებს და მშობლები, მაგრამ მთელ ხელფასს მეგობებს, გართობას და გაჭირვებულებს ახარჯავს. თამაში დასრულდა 3 ით 0 ანგარიშით , დაჩის პირი-სახე ჩამოსტიროდა, მაგრამ იხტიბარს ხომ არ გაიტეხდა და სანამ რამეს ვეტყოდი ხელადვე მსაჯებს დააბრალა ჩვენი წაგება. -ძმაო, საღამოს ჩემთან სახლში ხარ დაპატიჟებული.-გამახსენდა ლილეს თხოვნა და ვუთხარი. -ისედაც აქ არ ვარ?-გაკვირვებულმა მიპასუხა და თან ისეთი სახე მიიღო, თითქოს მე ვერ ვიყავი ნორმალური. -მამაჩემთან სახლში. გამიკვირდებოდა პირველ ჯერზე რომ მიმხვდარიყავი,-ვუპასუხე და გამეცინა მის გამომეტყველებაზე. -რა ხდება, ვინმეს დაბადების დღეა?-სახე გაუბრწყინდა უცებ. -ლილეს მოჰყავს კურსელები თავისთან, კიდევ ვიღაცას მტენიან და შენც დაგპატიჟა. -რატომ, მეც უნდა შემტენონ? -შენ სანამ რამეს გაგაგებინებენ, კი დათხოვდებიან ყველანი-მუშტი მომიღერა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. სიტყვა დასრულებული არ მქონდა, რომ ზაზაევიჩმა დამირეკა და სამსახურში გამოგვიძახა. ესეც ჩვენი დასვენების დღე, გავიფიქრე და დაჩის ვუთხარი სახლში წასულიყო და ფორმა ჩაეცვა. უკვე სამსახურთან ძალიან ახლოს ვიყავით, რომ ზაზაევიჩმა დარეკა და ერთ-ერთ მისამართზე გაგვიშვა, ყველა ეკიპაჟი დაკავებულია და გვთხოვა მიგვეხედა. ოჯახური კონფლიქტი უნდა ყოფილიყო, მეზობელი მის გვერდით მდებარე სახლიდან საგნების მტვრევის ხმას უჩიოდა. სწრაფად მივედით ადგილზე, აღმოვჩნდით ერთ-ერთი ძვირადღირებული თბილისური უბნის საკმაოდ ლამაზად ნაშენებ ახალ საცხოვრებელ კორპუსში. კარზე დიდ ხანს მოგვიწია კაკუნი, შიგნიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა. ბოლოს და ბოლოს საკეტის გადატრიალების ხმაც გავიგე და კარი გაიღო. ზღურბლს იქით ახალგაზრდა, ოცდახუთ წლამდე ლამაზი გოგონა იდგა. დაბნეული და შეშინებული მეჩვენა. ჩვენი წოდებები ვუთხარით, გავეცანით და შეგვიშვა. სახლში ჩვენს გარდა არავის ხმა არ ისმოდა, ეს გოგონა კი ლანდივით უხმოდ იდგა და გვიყურებდა. პირადობის მოწმობა გამოვართვით. -მოქალაქე კაროშვილო, შემოვიდა განცხადება, რომ რამდენიმე საათია ჩხუბის და საგნების მტვრევის ხმა გადიოდა თქვენი სახლიდან და რაშია საქმე რომ გვითხრათ. სახლში სხვა ვინ არის კიდევ?- სანამ კითხვებს ვუსვამდი, ვამჩნევდი როგორ იხრებოდა წელში და თანდათან პატარავდებოდა. ოთახში ბნელი ფარდები იყო ჩამოშვებული, მზის სხივიც კი ვერ აღწევდა შიგნით, მხოლოდ ჭაღის მკრთალი შუქი თუ ანათებდა ოდნავ. ქალის სახეს ვაკვირდებოდი, აშკარა ძალადობის კვალი არსად აღენიშნებოდა -არა, არავინაა-სწრაფად და დაბნეულად მიპასუხა- მხოლოდ მე ვარ. ლარნაკი გამიტყდა და ეს იყო, არანაირი ჩხუბი-ბოლო სიტყვა თითქმის ჩურჩულით დაასრულა. მე და დაჩიმ ერთდროულად გადავხედეთ ერთმანეთს. -მოქალაქევ, აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ. ნურავისი ნუ შეგეშნდებათ და ხელსაც ნუ დააფარებთ. ჩვენ დაგიცავთ. არაფერი აღარ გემუქრებათ-სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო დაჩიმ, რომ გვერდით ოთახიდან რაღაც მსუბუქი საგნის დაცემის ხმა გავიგეთ. უმალ გავცვივდით. გოგონა გამოგვედევნა ყვირილით,- არავინ არ არის, სად მიდიხართო. ოთახის კარი შევაღეთ და ნამდვილად არ გამკვირვებია იქ ახალგზარდა მამაკაცი რომ დაგვხვდა შეშფოთებული სახით. გოგონა უცებვე მის უკან დადგა დარცხვენილი და აშკარად გავიგე ჩუმად როგორ უჩურჩულა „მე არაფერი არ მითქვამსო“ და მკლავზე ჩამოეკიდა. ბიჭმა უხეშად მოიშორა და მოგვესალმა. -მოქალაქე კაროშვილო, რატომ დაგჭირდათ პოლიციის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანა?-ვკითხე და მის გადაფითრებულ სახის დანახვაზე უკვე ვხვდებოდი რატომაც დასჭირდებოდა. -თქვენი საბუთები თუ შეიძლება- დაჩიმ მიმართა ახალგაზრდა მამაკაცს, თან თვალს არ აშორებდა წამითაც კი. ბიჭმა იგრძნო მისი მტრული მზერის სიმწვავე და ცდილობდა პირდაპირ აღარ შეეხედა მისთვის. ოთხში მიმოვიხედე, საკმაოდ ძვირფასი ავეჯი იდგა საწოლზე უსწორმასწოროდ ეყარა ქალის ტანისამოსის ნაფლეთები. შევნიშნე მამაკაცს მაისური უკუღმა ეცვა, აშკარა იყო, რომ სიჩქარეში ვერ შეამჩია. გოგონა ცალი ხელით ბიჭს ეყრდნობოდა, ამჯერად მამაკაცს აღარ მოუშორებია, ხოლო ცალით კი მეორე ხელის ერთ ნაწილს იფარავდა. გრძელი კაბა ეცვა და ყელზე თხელი შარფი ჰქონდა შემოხვეული. სიცივის გამო აშკარად არ იქნებოდა, გარეთ მინიმუმ 35 გრადუსი სიცხე იყო, არც გაციებულისა ეტყობოდა რამე. -ბატონო დავით, ვინ ბრძანდებით მოქალაქე კაროშვილის?-ვკითხე მშვიდად მათ გარემოს შეთვალიერებას რომ მოვრჩი. -ცოლია ჩემი-მიპასუხა და თავი თამამად ასწია, თითქოს ეს პასუხი მის ყველა ქმედებას გაამართლებდა. -გასაგებია. მეზობლებისგან დაფიქსირდა ზარი, ამ ბინიდან ხმაურის და საგნების მტვრევის ხმა გადიოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. -ვალაგებდი სახლს და გამიტყდა რაღაც ნივთები, რა ყველაფერზე რეკავენ ეს ჭორიკნები.-ცოლმა გვიპასუხა თითქოს გაბრაზებული, მაგრამ ანარვიულებლი ხმით, თან შიგადაშიგ ქმრისკენ აპარებდა მზერას, სავარაუდოდ აინტერესებდა რამდენად დამაჯერებელი იყო მის თვალში. -გასაგებია, დალაგება კანონდარღვევა არ არის, არც საგნების მტვრევა დალაგების დროს.-უცებ გავჩერდი, დაჩიმ გამომხედა. მათგან ზურგით შევტრიალდი და გვერდითა ოთახისკენ გავიხედე ნახევრად ღია კარებში, აქედანვე მოჩანდა მიმოფანტული ნივთები იატაკზე. უცებ ისევ მათკენ შვტრიალდი, ცოლისკენ სწრაფად ერთი ნაბიჯი გადავდგი, ისე, რომ ხელის გაწვდენის სიშორეზე დავუახლოვდი და ვკითხე:-ხელზე რა გჭირთ?-თანაც თვალს არ ვაშორებდი. საშინლად შეცბა, უცებ ხელი გაუშვა იმ ადგილს, რომელსაც იფარდებდა მეორე ხელის მტევანზე და ქმარს შეშინებული სახით შეხედა. ოდნავ ჰქონდა გაწითლებული, ექსპერტიზის გარეშე იმის მტკიცება, რომ ძალადობის კვალი იყო არანაირად არ გამოდიოდა.გეგმა „ბ“ ზე უნდა გადავსულიყავით, გოგონა კონსულტაციისთვის სპეციალისტებთან გადაგვეყვანა, შესაძლებელი იყო ქმრის შიშით აქ სიმართლე არ ეღიარებინა. როგორ არ მივუდექით, მაგრამ გარეთ გამოსვლაზეც კი ვერ დავიყილიეთ. -რას გადაეკიდეთ, რატომ უნდა გამოგყვეთ ჩემი ცოლი?-გათამამდა მამრი, დაუსჯელობის სინდრომი დათვურ სამსახურს უწევდა როგორც სჩანს აქამდე. -თქვენ არავინ გეკითხებათ, ქალბატონ ნინოს ვესაუბრები-შეუღრინა დაჩიმ. -არსად არ წამოვალ, გასაგებად ვთქვი,- ძლივს გასაგონად ამოთქვა გოგონამ. მეც და დაჩისაც ხელები გვექავებოდა, აშკარად ვგრძნობდით ამ ამბის ცუდ დასასრულს და იმასაც, რომ სავარაუდო მსხვერპლს როგორც ძირითად შემთხვევებში ხდება ხოლმე, წამოსვლაზე ვერ დავიყოლიებდით, ძალადობის ნიშნებიც არ იყო სახეზე და ისღა დაგვრჩენოდა ან სასამართლოსთის მიგვემართა პროტოკოლის მიხედვით, ან აქვე მიგვენაყა ეს არაკაცი მოძალადე. მეორე ვარიანტი რაღა თქმა უნდა შეუძლებელი იყო, ამიტომ წამოვედით და პირველის აღსრულებას შევუდექით. მთლიანად დაცლილთ ემოციებისგან, დანა პირს არ გვიხსნიდა არცერთს. მოსამართლე კი გასცემდა საჭირო ნებართვას, რომ თუ ნებით არა ძალით მაინც გასაუბრებოდნენ სპეციალისტები და გამოერკვიათ რეალობა, მაგრამ ამ ეტაპზე ხომ იმ ურჩხულის ხელში ვტოვებდით უმწეო ქალს და ორივეს გვანადგურებდა ამის გაცნობიერება. პირდაპირ განყოფილებაშ მივედით, დოკუმენტები გადავეცით, ზაზაევიჩს მოვახსენეთ და თან ვთხოვეთ მაქსიმალურად დაეჩქარებინებინა პროცედურები, რომ რამე უარეს უბედურებას არ გადაყროდა ის საცოდავი მსხვერპლი. მამაჩემი ბავშვობიდან მეუბნებოდა, ძალა ერთადერთი მაშინ არის კარგი, როდესაც გვინდა, რომ საყვარელი ადამიანები დავიცვათო, სხვა შემთხვევაში არაფერში გვჭირდებაო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მართალი იყო, ამანაც მიბიძგა ჩემი პროფესიისკენ, სუსტის დაცვა ძლიერისგან ხომ ჩვენი პირდაპირი დანიშნულება მეგონა, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენ შემთხვევას ვაწყდები ამ სასტიკი და დაუნდობელი ძალმომრეობის, რომ მგონია ნორმად იქცა ძლიერის მიერ სუსტის ჩაგვრა, დაცინვა და აბუჩად აგდება ყველა საზოგადოებაში, მთავარია გამარჯვებული გამოხვიდე ნებისმიერი სიტუაციიდან. დაჩიც ამგვარ ფიქრებში იყო სავარაუდოდ, რომ მოულოდნელად მკითხა: - ხანდახან ვეღარ გამიგია ადამიანებსა და მტაცებელ ცხოველებს შორის რა განსხვავებააო. -რომელი მამრი მტაცებელი გაგიგია, თუ კაცი ხარ, თავის მდედრს რომ კბენდეს? აი ეს განსხვავებაა თუ გაინტერესებს. -მართალი ხარ, ძმაო-თქვა და ამოიოხრა. **** მოსაღამოვდა. ჩემი დის მეგობრებთან სალაღობოდ განწყობილი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ პირობა პირობაა, „კაცი ძვირფასი ტანსაცმლით კი არა, სიტყვის შესრულებით იცნობა“, ესეც დევეთ მახვშიანის სიტყვებია და მეც სხვა რა გზა მაქვს, ცეცხლი რომ მეკიდებოდეს, ყინულს გადავივლებდი და პირობას ვასრულებდი. დაჩი ისეთი გამოპრანჭული დამხვდა სადარბაზოსთან კინაღამ ვერ ვიცანი. შავი პერანგი ეცვა მკლავებზე კოხტად აკეცილი და შავი შარვალი. პერანგი ისე ჰქონდა სხეულზე მომდგარი, რომ ყველა კუნთი დათვლას შეძლებდით. ზურგით იდგა ჩემსკენ, მივუახლოვდი სიცილით, და მხარზე ხელი დავკარი, უცებ ისე შემომიტრიალდა მეგონა წიხლს მითავაზებდა. -რამ შეგაშინა ბიჭო, რამეს ხომ არ მაიმუნობდი?-გავეხუმრე, მან კი ჩემს დანახვაზე შეჭმუხნული წარბები გაშალა და მსუბუქად ხელი მკრა მხარზე. -რას მეპარები აბა, მე რა ვიცოდი ვინ იქნებოდა, გადარჩი რომ არ მოგიგდე მხარზე.-მე კიდევ უფრო გამეცინა მის შენიშვნაზე. -რა არის შე კაცო, მეჯვარედ კი არ მიმყავხარ დღეს ასე რომ გამოწკეპილხარ. -ხო შენ კიდევ შეგეძლო ჯინსით არ მოსულიყავი, დედაშენის ამბავი არ იცი?-მიპასუხა და თან სადარბაზოშიც შევედით. -თუ ვინმეს უნდა მოვეწონო, ჯინსებშიც და შორტებშიც მოვეწონები. ეგ მადარდე ახლა.-ვუპასუხე და ზარსაც მივაჭირე ხელი. -შენ ისე მოგნუსხა იმ გოგომ აღარავინ გაინტერესებს მგონია-მაინც წამკბინა სახლში შესვლამდე. კარი ჩემმა ცქრიალა ლილემ გამიღო. ლამაზ ცისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, ისედაც ნაზი და კოხტა ახლა სულ მთლად თოჯინასავით ჩანდა. -კეკე, როგორ მომენატრე-ჩამომეკიდა ლილე ყელზე და ხელადვე ჩემს უკან მდგარ დაჩის გახედა- ვაა შენც მოსულხარ, ყოჩაღ!-მასაც მიესალმა. -რა ნამეტანი მოგინდომებია, რა გადაპრანჭული ხარ- წარბის აწევით ვუთხარი, თან გამეღიმა. დაჩი კი დარცხვენილი დათვის ბელივით იდგა და უაზროდ იღიმოდა. -მე სულ ლამაზი ვარ, წამოდით-ჩამკიდა ხელი და გამაქანა მისაღები ოთახისკენ ჩემმა „თავმდაბალმა“ პატარა დაიკომ. რა დაინახა ჩემმა თვალებმა, ათამდე გამოწყობილი, სპეციალურად დავარცხნილი და ფერუმარილმოსილი გოგონა დამხვდა დედაჩემის გაშლილ გულუხვ სუფრასთან. ჩვენს დანახვაზე წამოდგნენ და სათითაოდ გაგვაცნო ლილემ. -ეს მაკაა, ეს ნინო, ეს ლანა, ეს სოფი -ასე ჩამოთვალა სათითაოდ ყველას სახელი, რომელთა დამახსოვრებასაც ნამდვილად არ ვაპირებდი. ყველასთან მივედით მე და დაჩი და ხელი ჩამოვართვით. ლილეს სანაქებოდ შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური შეხედულების მიხედვით კარგად შეურჩევია გოგონები, ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ ნამდვილად, ვერაფერს იტყოდი. ზოგი ქერა, ზოგი შავთმიანი, ზოგი მაღალი, ზოგიც დაბალი, მაგრამ ყველა საკმაოდ ლამაზები. მე სუფრის თავში დამსვა ჩემმა ჩემი დაქორწინების მონდომებულმა დაიკომ, თვითონაც ჩემს გვერდით მოკალათდა და მის გვერდით კი შავგვრემანი, მწვანეთვალება მაღალი ლამაზმანი, მგონი მაკა ჰქვიაო მასზე მითხრა, ის დასვა. ჩემს პოლიციურ თვალს არც ის გამოპარვია შიგადაშიგ თვალს როგორ აპარებდა ჩემსკენ. დაჩი სუფრის ბოლოში გაბადრული სახით ესაუბრებოდა მის გვერდით მსხდომთ, ამისთანა შანსს არ დატოვებდა გამოუყენებელს, ამდენი ლამაზი გოგონა ერთად დიდი ხანია არ უნახავს ალბათ. ის ის იყო, ღვინის ჩამოსხმა დავიწყე ჭიქებში, დედაჩემიც შემოვიდა ახლადგამომცხვარი ჭიშდვარებით ხელში. ყურში ჩამჩურჩულა, რას ჰგავხარ, რამე წესიერი ვერ ჩაიცვიო, მერე ხმამაღლა გადაიკისკისა, კარგად გაერთეთო მოგვაძახა, თვალი ჩამიკრა, ჯერ დაჩი გადაკოცნა, შემდეგ მე ჩამეხუტა და ისევ სამზარეულოში გაბრუნდა ნარნარით. -მიდი ახლა, ჰე, გვითამადე.- შემომძახა ცქრიალა ლილემ და მეც სხვა რა გზა მქონდა, წამოვდექი ფეხზე. ვიგრძენი ოცი ჩემსკენ მომართული თვალის გამალებული ფახული და გამეღიმა, თავი ძლივს შევიკავე რომ არ გადამეხარხარებინა. დაჩიც კი მე მომაშტერდა. -მეგობრებო, -დავიწყე სადღეგრძელო- ასე გიწოდებთ, რადგან ჩემი ლილეს მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან. ჩვენთვის დიდი პატივია გისტუმროთ ამ ოჯახში. იმედია ჩვენი მასპინძლობით უკმაყოფილონი არ წახვალთ და ჩვენც თქვენი კმაყოფილებით გაგვახარებთ. დევეთ მახვშიანის ოჯახში სტუმარი ღვთისაა, პრინციპში ისევე, როგორც სხვა ყველა ქართულ ოჯახებში, და ამიტომ ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში და ოჯახში. მე ბევრს აღარ გავაჯანჯლებ, სავარაუდოდ არც თქვენ გენდომებათ ტრადიციული ქართული სუფრის წესებით გაგრძელება, ამიტომ არც თამადობას დავიჩემებ. ყველამ ის ვთქვათ რაც გულში გვაქვს და რამდენიც გვსურს იმდენი დავლიოთ. თუ მეთანხმებით, ავწიოთ ჭიქები. რაღა თქმა უნდა ყველას გაუხარდა თავისუფალი სუფრის წესების დანერგვა და ჭიქების ჭახა-ჭუხით დაადასტრურეს კმაყოფილება. დაჩიმ საჩვენებელი და ცერა თითი შეკრა და კარგი იყოო მიჩვენა, თან ბედნიერი სახით ჭიქებს აჭახუნებდა მარჯვნივ-მარცხნივ. ლილემ ყურები დამიყრუა მაკაზე საუბრით, ქების და დიდების კორიანტელში გაახვია. მწვანეთვალებაც უკვე თამამად მიყურებდა თვალებში შიგადაშიგ, აშკარად შეიფერა მის მიმართ გამოთქმული ქათინაურები. ლამაზი კი იყო, მაგრამ ისეთი ცივი გამოხედვა ჰქონდა, ყინულს რომ სახეზე მოგადებენ და ჟრუანტელს მოგგვრის იმგვარი. ქეიფი მიდიოდა სერიოზული, დედაჩემს მოჰქონდა და მოჰქონდა ცხელი თუ ცივი კერძები. თან შიგადაშიგ მახსენებდა კარგად დააკვირდი ყველა გოგოსო. დასასრული არ უჩანდა სიცილ-კისკისს და სმა-ჭამას. მიუხედავად იმისა, რომ ლილეს დრო არ დაუკარგავს და მაკა ჩემს გვერდით გადმოესვა, უკვე ვგრძნობდი როგორ მბეზრდებოდა ყოველივე. -ლილე სულ მიყვებოდა შენზე, ხომ არაუშავს შენობით რომ მოგმართავ-უცებ მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა. არ მომეწონა მისი სითამამე, განზე გახედვის სურვილმა მომრია ხელი, მაგრამ უტაქტობა გამომივიდოდა და ლილეს რა გადაურჩებოდა მერე. სხვა რა გზა იყო, ავყევი საუბარში. -რა თქმა უნდა შენობით, რა საკითხავია.-უღიმღამოდ ვუპასუხე და ჭიქაც შევუვსე დალოცვილი სითხით. -პოლიციელი ხარ, არა? -დიახ, გახლავარ. -უბრალო პოლიციელი თუ?- თვალს არ მაშორებდა. -ბრალიანი რომელია?-ვეღარ შევიკავე თავი და უხეშად დავუბრუნე კითხვა. -კაი ნუ კი გეწყინება, ანუ უბრალო პოლიციელია ჩვეულებრივი პატრული რა და შენ რაღაც თანამდებობა ხომ გაქვს ვიცი.-ღიმილით მიპასუხა და არც კი უგრძვნია კითხვის შინაარსის გამო უხერხულობა და გამომწვევი სახით მიყურებდა. -თუ შენი რანჟირება ამგვარია, უბრალო გამოვდივარ.-ვუპასუხე. ცოტა არ იყოს შეცბა ჩემი პასუხით, არ მოელოდა ამგვარ განვითარებას. აწი რაღა უნდა ეთქვა მისკენ თუნდაც ინტერესის გამო გამეხედა, ალბათ არაფერი. თურმე რა მარტივად აფასებს ზოგიერთი ადამიანის შრომას, გავიფიქრე ჩემთვის- „უბრალო“ და „ბრალიანი“. გავიმეორე გონებაში რამდენიმეჯერ. ის ვინც მთელი ცხოვრება შეიძლება ფრონტის წინა ხაზზე გაატაროს, ან ის ვინც შეიძლება ცხოვრება ცოდნის გადაცემას მიუძღვნას ან თუნდაც ის, ვინც შეიძლება ქირურგიულ მაგიდასთან საათობით იდგეს და ოფლის მოსაწმენდი დროც კი არ ჰქონდეს, ან თუნდაც ის, ვისაც დილა ოთხ საათზე ეწყება და მზის პირველი სხივის გამოჩენას ასწრებს, რომ ქალაქი დასუფთავებული დაახვედროს მოქალაქეებს ეწოდება „უბრალო“, ხოლო საკმარისია კაბინეტის კართან შენი სახელი იყოს ამოტვიფრული, რომ „ბრალიანი“ გეწოდოს. რა სამწუხაროა, რომ ასეთი რანჟირება დამკვიდრდა უმეტესთა გონებაში და რა საუბედუროა, რომ „უბრალო-ბრალიანობა“ არა ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა სიმძიმით განისაზღვრება, არამედ კაბინეტ-უკაბინეტობის არსებობით მხოლოდ. -ლილე, აბა მაიორიაო არ მითხარი?-ლილეს გახედა, სახეზე ეტყობოდა, ისე დაიბნა რა ეთქვა აღარ იცოდა. ლილე მეორე მეგობართან იყო საუბარში ჩართული და კითხვა ვერც გაიგო. ისევ მე უნდა გამომესწორებინა ვითარება, რაც არ უნდა ყოფილიყო სტუმარი იყო და არ იქნებოდა სწორი მასთან უხერხული საუბრის გაგრძელება. -მაიორი ვარ კი, უბრალოდ ეს წოდებაა და არა თანამდებობა. კარგი სხვა თემაზე გადავიდეთ, შენ რას საქმიანობ ის მითხარი.- სახეზე ისეთი ალეწილი ჩანდა შემეცოდა და გული მომილბა. -მე მამაჩემის ბიზნესში ვარ დასაქმებული.-თავი აღარ აუწევია ისე მიპასუხა. -უფრო კონკრეტულად?-ისე ვეკითხებოდი თითქოს ძალიან მაინტერესებდა, არადა ერთი სული მქონდა აქედან მალე წავსულიყავი. დაჩი კი იყო გაბადრული და გაცხარებულ საუბარში ჩართული. -მისი ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი ვარ.-მიპასუხა თამამად. -რამდენი საინტერესო სიტყვაა, „მარკეტინგი“, „ჰოლდინგი“, ანუ „უბრალო“ არ უნდა იყო, ძალიან კარგი. -ვუთხარი გულგრილად და მერამდენე ჭიქა გადავკარი აღარ მახსოვს. -მე ეგ არ მიგულისხმია-მიპასუხა და გვერდზე გაიხედა. ლილემ თითქოს იგრძნო ოდნავ დაძაბული ატმოსფერო ჩვენს შორის, ადგა მუსიკა ჩართო და ყველა ვცეკვავთო გამოაცხადა, თუმცა ისეთი კლასიკური მუსიკა იყო მაქსიმუმ ვალსს თუ იცეკვებდა კაცი. გუმანით ვგრძნობდი ამას რაც მოყვებოდა და აჰა, არც დააყოვნა. მომვარდა ლილე და მაკა აცეკვეო მიბრძანა, თვითონ კი დაჩი გამოიცეკვა. უარი ნამდვილად არ გამოვიდოდა, ეს გოგო მართლა იფიქრებდა, რომ ჩემი დაბალი თანამდებობის კომპლექსი მაქვს და არა მისი აზროვნების მიმართ მიუღებლობა და გამოვიწვიე. უცებ გათამამდა, მხარზე ჩამომეყრდნო და თვალს არ მაშორებდა. მეც სხვა რა გზა მქონდა, წელზე ხელი შემოვხვიე და მუსიკის ჰანგებს მივენდე. ვცეკვავდით, სულ უფრო და უფრო ახლოს მოიწევდა, მე კი ვცდილობდი დისტანცია დამეცვა, ისიც ლილეს პატივისცემით, თორემ კი ვიცოდი რასაც ვიზამდი. ვგრძნობდი მის გავარვარებულ ხელს ჩემს კისერზე, გამალებულ სუნთავს სახესთან. შემდეგ მეორე ხელიც შემომალტო. მე კი გულგრილად ვეცეკვებოდი და მხოლოდ იმას ვფიქრობდი რა მიზეზი მომეფიქრებინა ჩემი წუხანდელი ღამის სიზმარივით ტკბილ შავთვალება ჩრდილელთან დასაკავშირებლად. მუსიკა როგორც იქნა დასრულდა და შვებით ამოვისუნთქე, გეგონება მარკეტის რიგში ვიყავი და როგორც იქნა სალარომდე მივაღწიე. მაკას ტელეფონმა დარეკა და მანაც გამოაცხადა უნდა წავიდეო. ლილე გადამეკიდა გინდა თუ არა გააცილეო. ერთი კი შევხედე გაავებულმა, მაგრამ არაფერი მასზე არ გაჭრიდა ვიცოდი და ხმის ამოუღებლად წამოვდექი. დაჩის გავძახე მალე მოვალ თქო და გავედით. ისეთი სახით ვიჯექი საჭესთან, ვინ არ შემატყობდა უკმაყოფილებას. -მგონი დრო არ გაქვს და ჩემით წავალ-მომიტრიალდა და მწვანე თვალები მომანათა. მეც უხერხულობა ვიგრძენი და ვიუარე. -არა რას ამბობ, პირიქით. -წეღან მგონი გაწყენინე, ბოდიში.-არ ველოდი საუბრის ასეთ მსვლელობას. -არა, როგორ გეკადრება, რისი ბოდიში, რა წყენა. პირიქით, უკაცრავად, თუ თავი ასე გაგრძნობინე.-ვუთხარი და გადმოვხედე. თვალები ისე უელავდა, ორი ციცინათელა გეგონებოდა კაცს. -მომწონს პირდაპირი მამაკაცები, მაგრამ სიმპათიური პირდაპირი მამაკაცები კიდევ უფრო.-გამეცინა შეფასებაზე. -რატომ იცინი?-გაკვირვებული შემეკითხა და წარბებს ქვეშ უკმაყოფილებისგან ნაოჭი გამოებერა. -ბევრს იცნობ ალბათ ასეთს და ყველა მოგწონს?-არც ვაციე და არც ვაცხელე, პირდაპირ მივახალე. -ჯერ-ჯერობით მხოლოდ შენ! ყველა დანარჩენი ვინც ვიცი ან მხოლოდ პირდაპირია, ან ორპირი ან მხოლოდ სიმპათიური ყველანაირი ემოციისგან დაცლილი.-არც თვითონ დააყოვნა პასუხი. -ანუ მე მოგწონვარ?-ისევ გამეცინა. -შენ არა?-დამიბრუნა კითხვა და ისეთი სახით შემომხედა, ცოტა არ იყოს დავიბენი. -შენ ვის არ მოეწონები, მაგრამ... -მაგრამ შენ არ მოგწონვარ-ამოიოხრა და ფანჯრიდან გარეთ გაიხედა.-არაუშავს, ყველაფერი წინ არის. მე აღარაფერი მიპასუხია, ან რა უნდა მეთქვა, სხვა რომ მომწონდა თუ ერთი სული რომ მქონდა როდის დავტოვებდი სახლში, რომ ნინოს ასავალდასავალი გამეგო. რა საინტერესოა ცხოვრება, სამი ათეული წელი ისე შემისრულდა, ამდენი თავგადასავალი ქალებთან სულ არ მქონია ერთად აღებული, ახლა კი ერთბაშად რამდენიმე ცდილობდა გულის კარის შეღებას და მე კიდევ ისღა დამრჩენოდა ერთისთვის მყარად ჩამეკეტა და მეორესთვის კი ფართოდ გამეღო. მივედით უშველებელი სასახლის კართან. დიდი სიმდიდრის პატრონები არიან როგორც ჩანდა. გალავანი იყო იმხელა, სამსართულიანი სასახლის კენწეროც კი არ მოჩანდა. გავაჩერე მანქანა, გადავედი და კარი გავუღე. სახეზე ეტყობოდა მზრუნველობით გამოწვეული სიამოვნება. -ნახვამდის, იმედია მალე გნახავ-ნაზად მიჩურჩულა ყუთან და ლოყაზე ცხელი კოცნა დამიტოვა. ცოტა არ იყოს გამაღიზიანა მისმა სითამამემ, კარგად თქო მივაძახე, ჭიშკრამდე მივაცილე, მოვბრუნდი მანქანაში ჩავჯექი და ის ის იყო უნდა დამექოქა ძრავი, რომ ჩემს წინ ბიზნეს კლასის მაქანა გაჩერდა. მძღოლი გადმოვიდა და უკან მჯდომ მამაკაცს გამოუღო კარი. ძალაუნებურად გავჩერდი, დაველოდე სანამ გადმოვიდოდა და მერე დავძრავდი. გადმოვიდა მგზავრი და ელდა მეცა. კლუბის მეპატრონე იყო, ორი დღის უკან ნინოს პატარა დის გამო რომ ლამის სულ დავანგრიეთ, იმ კლუბის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.