შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარი კითხვა (XI-XX თავი)


31-03-2020, 00:25
ავტორი Sardor
ნანახია 1 211

XI

“I feel so extraordinary
Something's got a hold on me
I get this feeling I'm in motion
A certain sense of liberty”

New Order - True Faith


კვირა, რომელიც ისრაელში პირველი სამუშაო დღეა, ჩემთვის გვიან დაიწყო. უფრო გვიანაც დაიწყებოდა, რომ არა საუზმისთვის განკუთვნილი დრო. ჩემდა გასაკვირად, გემრიელად ვისაუზმე. არსად არ მეჩქარებოდა და რესტორნის ცარიელ დარბაზში ნელი ტემპით შევექცეოდი. საუზმის დასრულების შემდეგ, უკვე ტრადიციად ქცეული რიტუალი შევასრულე და ვერანდაზე ყავასთან ერთად გავაბოლე.
ჩავფიქრდი. რა უნდა მეკეთებინა მთელი დღე? სასტუმროში არც ისე ბევრი გასართობი იყო და მივიღე გადაწყვეტილება, ცენტრში წავსულიყავი და მარტოს, აუჩქარებლად დამეთვალიერებინა ძველი ქალაქი.
ოთახში ავბრუნდი და ცოტა ხანი კიდევ წამოვწექი. უკვე შუა დღე იყო დამდგარი, როდესაც ჰოლში ჩავედი და ადმინისტრატორს ვკითხე, თუ როგორ შეიძლებოდა ცენტრში მოხვედრა. შემოთავაზებულიდან, ყველაზე მეტად ტაქსის გამოძახების ვარიანტი მომეწონა.
ნახევარ საათში, ჩემთვის უკვე ნაცნობ იაფოს ჭიშკართან ტაქსიდან გადმოვედი. ტურისტების რაოდენობა იმაზე ოდნავ შეთხელებული მეჩვენა, ვიდრე ხუთშაბათს იყო.
მოედანზე პატარა მაღაზიასთან მივედი და წყალი ვიყიდე. გამოვედი, ქუჩაში დავდექი, მოვსვი და გარშემო მიმოვიხედე. არ ვიცოდი საიდან დამეწყო და საერთოდ, ბოლომდე გარკვეული არ ვიყავი საკუთარ თავში, რატომ მოვედი აქ. მეორე დუბლი? იმედი მქონდა, რომ მარტო უკეთესად გავერკვეოდი, ვნახავდი ისეთ რამეს, რაც წინა ჯერზე გამომრჩა და რაღაც სიცხადეს შეიტანდა ჩემს ხედვებში?
კიდევ ერთხელ მოვსვი, წყლის ბოთლს თავი დავახურე, მზის სათვალე გავისწორე და ტაძრისკენ მიმავალ გზას დავადექი. “რა საჭიროა გზა, რომელსაც ტაძრისკენ არ მივყავართ” - გამახსენდა ფრაზა და გამეღიმა. აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველაზე საჭირო გზაზე მივსეირნობდი.
სიტუაცია უცვლელი იყო. ისევ მეპატიჟებოდნენ მაღაზიებში, ისევ მთავაზობდნენ “სპეციალურად ჩემთვის დაბალ ფასში” ათასგვარ რაღაცას. უკვე კიბესთან ვიყავი, როდესაც დავფიქრდი - რას წავიღებდი აქედან უკეთესს თბილისში საჩუქრად, თუ არა რელიგიურ ნივთებს? კუთხის მაღაზიაში შევედი და არჩევა დავიწყე. სანთლების შეკვრა თავისთავად… ერთი-ორი ხატიც ავიღე. აქ უკვე ჩემი ფანტაზია ამოიწურა და დაბნეული გავჩერდი.
მაღაზიის მესაკუთრე და ამავდროულად მთავარი გამყიდველი, ინგლისურად ელაპარაკებოდა მყიდველს. შემდეგ რუსულად გამოელაპარაკა შემოსულ რუს სასულიერო პირს, თან რაღაც არაბულად გასძახა მის დამხმარე ბიჭს, იტალელი ტურისტების ჯგუფს იტალიურ ენაზე ევაჭრა.
სანთლების კიდევ რამდენიმე შეკვრა დავამატე და სალაროსთან რიგში ჩავდექი. მეპატრონემ ჩემს წინ მყოფ წყვილს ბერძნულად დაუთვალა გადასახდელი თანხა და ჩემი რიგიც მოვიდა. კალკულატორზე უცბად შეკრიბა ყველაფრის ღირებულება, შემდეგ დემონსტრაციულად ფასდაკლების თანხა გამოაკლო და კალკულატორი ჩემსკენ შემოატრიალა. სანამ ფულს ვიხდიდი, ვერ მოვითმინე და ვკითხე, თუ რამდენ ენას ფლობდა.
- დღისით შვიდს, ღამით რვას, - ჩაფიქრდა, გონებაში გადათვალა და გაღიმებულმა მიპასუხა.
ორივემ გავიცინეთ.
- საიდან ხარ?
- საქართველოდან.
- ო… გამარჟობა, - ქართულადაც სცოდნია რაღაც.
- მეცხრე? - ღიმილით დავაზუსტე.
კვლავ გაგვეცინა. დავემშვიდობე და მაღაზიიდან გამოვედი.
გარეთ ეჭვი შემეპარა, ცოტა ხომ არ ვიჩქარე. უმჯობესი იყო ჯერ ექსკურსია დამემთავრებინა და მერე მევაჭრა. ახლა მომიწევდა პოლიეთილენის პაკეტის მუდმივად თან ტარება. თუმცა, ტაძარში, მაცხოვრის საფლავთან მივხვდი, რომ ალგორითმი სწორად მქონდა გათვლილი. კუვუკლიაში შესასვლელი რიგის გარდა, ტურისტების შედარებით მცირერიცხოვანი რიგი ანთებული სანთლისკენ მიემართებოდა. სანთელთან მიახლოებისას, ჩემს მიერ ნაყიდი სანთლების შეკვრის ანალოგიურ შეკვრას იღებდნენ, უკიდებდნენ და იქვე აქრობდნენ. როგორც გვერდზე მდგომისგან გავიგე, ეს სანთელი ანთებული იყო აღდგომის წინა შაბათს გადმოსული წმინდა ცეცხლით და ამგვარად, ყველა ცდილობდა ეს ცეცხლი სიმბოლურად თან წაეღო. მივხვდი, რომ თუ მინდოდა, რომ ჩემი საჩუქარი შეუფასებელი გამეხადა, მეც იგივე უნდა გამეკეთებინა. მომიწია რიგში ჩადგომა.
ტაძარში ყველა კუთხე მოვიარე. ვიყავი იმ ადგილებშიც, სადაც პირველი ექსკურსიისას არ მოგვიწია მისვლა. გარეთ ერთ საათში გამოვედი და ძველი ქალაქის ქუჩებში განვაგრძე უმიზნო ბოდიალი. ის იყო მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ დავიკარგე, ნაცნობ ადგილზე გავდიოდი. ამ სიარულში მომშივდა.
იაფოს ჭიშკართან ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე რესტორანი შევნიშნე და გადავწყვიტე იქ შესვლა. რესტორანს, სახელად “Nafoura”, მეტად მყუდრო, გრილი, გამწვანებული ეზო აღმოაჩნა. ეზო ძველი ქალაქის კედელსა და იმ შენობას შორის იყო მოქცეული, რომლის პირველ სართულზეც რესტორანი იყო განთავსებული.
არ ვიცი, ძალიან მშიოდა, სასიამოვნო გარემომ იმოქმედა, თუ მართლა გემრიელი საჭმელი იყო, დიდად კმაყოფილი დავრჩი სადილით. მეზარებოდა ადგომა და ისევ ქუჩაში გასვლა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
ამ ჯერზე, სომხური კვარტლისკენ გავუხვიე და ძველი ქალაქის, შეიძლება ასე ვუწოდოთ, მთავარ ქუჩას დავადექი, რომელიც ქალაქის სამხრეთ კედელს მიუყვებოდა. გავიარე სომხური საპატრიარქოს შენობა, გარკვეული მონაკვეთი ორ კედელს შორის მივდიოდი, შემდეგ გზა ისევ გაფართოვდა და ჩემდა გასაოცრად, ძველი ქალაქის ტერიტორიზე პარკინგიც აღმოვაჩინე. ამ ადგილიდან, გზა დაღმა, გოდების კედლისკენ ეშვებოდა. უცბად, დავინახე კიბე, რომლითაც კედელზე ასვლა და მის გაყოლებაზე გავლის საშუალებას იძლეოდა. მეც ვისარგებლე ამ შესაძლებლობით. კედლიდან საუცხოო ხედი იშლებოდა ქალაქზე, კერძოდ კი დაღმა მიმავალ ხეობასა და ხეობის ფერდებზე შეფენილ საცხოვრებელ სახლებზე, რაც რამდენიმე დღის უკან, ზეთისხილის მთიდან შევნიშნე.
მოსაღამოვება დაიწყო და ჩავთვალე, რომ სასტუმროში დაბრუნების დრო დადგა. ამდენი სიარულის შემდეგ, დაღლილობაც ვიგრძენი და იაფოს ჭიშკრამდე მისვლამ, დიდი ძალისხმევა მოითხოვა. იქ, ადვილად გავაჩერე ტაქსი და დაღლილი, სავარძელზე მივესვენე.
გზაში და მერე უკვე სასტუმროს ნომერში, დღის შეჯამებით დავკავდი - ისეთი ახალი რამ, რაც რელიგიისადმი და რწმენისადმი ჩემი დამოკიდებულების რევიზიას გამოიწვევდა, არ მინახავს. პირიქით, წინა ექსკურსიის დროს შექმნილი პირველადი შთაბეჭდილება კიდევ უფრო გამიმყარდა. ერთი რამ, რაც ცხადად შევიგრძენი, იყო ძველი ქალაქის და მთლიანად იერუსალიმის განუმეორებელი ატმოსფერო, რომლის მსგავსიც სხვაგან არსად შემხვედრია.


XII

“This is a weeping song
A song in which to weep
While all the men and women sleep”

Nick Cave & The Bad Seeds - The Weeping Song


დილით ადრიანად გამეღვიძა. გავემზადე და სასაუზმოდ ჩავედი. წინა დღის დაღლილობა კარგმა ძილმა მთლიანად გაანეიტრალა. საუზმე და ვერანდაზე ყავის სმის რიტუალი იმდენად მალე მოვრჩი, რომ პეტროსის სასტუმროს ეზოში მოცდა მომიწია. პეტროსი პუნქტუალურად, დათქმულ დროზე მოვიდა და ოფისისკენ გავემგზავრეთ.
ჩვენი ოფისი, რომელიც სასტუმროდან ახლოს იყო, აღმოჩნდა მომცრო ზომის საცხოვრებელი სახლი, ასევე მომცრო ეზოთი. თავდაპირველად, მეორე სართულზე, მაიკლთან კაბინეტში შევიარეთ, რომელიც არქიტექტორის მიერ, ალბათ საბავშვო საძინებლად იყო დაპროექტებული. ოთახში ძლივს ეტეოდა საწერი მაგიდა და ერთი პატარა კარადა. ამ მჭიდრო გარემოში, მაიკლის ზორბა სხეული ცოტა სასაცილოდ გამოიყურებოდა.
მაიკლთან საუბარი იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პეტროსი მოელოდა და გადაწყვიტა, როგორც თვითონ მითხრა, “ჩვენს” კაბინეტში დამლოდებოდა. აქამდე აზრადაც არ მომსვლია, რომ თურმე ჩემი, თუნდაც სხვებთან საზიარო, კაბინეტი მქონდა.
მაიკლმა დეტალურად, მაგრამ შეძლებისდაგავარად მოკლედ ამიხსნა ჩემი ფუნქციები და მოვალეობები, ასევე უახლოესი დღეების განმავლობაში გასაკეთებელი საქმეები, რაც ჯერჯერობით ძირითადად, უკვე მოგროვებული მასალების გაცნობას ითვალისწინებდა.
მაიკლისგან გამოსულმა, დერეფნის მოპირდაპირე მხარეს, ღია კარებიდან პეტროსის ხმა გავიგონე და იქეთ გავემართე. აქ ალბათ უკვე მთავარი საძინებელი იყო ჩაფიქრებული - პირველისგან შედარებით მოზრდილ ოთახში, ოთხი სამუშაო მაგიდა წრიულად იდგა. კედელთან რამდენიმე კარადაც შევნიშნე.
პეტროსი ერთ-ერთ მაგიდასთან გვერდულად იჯდა. ფეხები ტუმბოზე შემოელაგებინდა, ტენისის ბურთს მოპირდაპირე კედელს ესროდა და იჭერდა. ერთდროულად, კი ასევე მაგიდებთან მჯდომ ორ მამაკაცს ესაუბრებოდა.
ჩემს დანახვაზე ბურთის სროლა შეაჩერა, ფეხები ტუმბოდან ჩამოალაგა და ოთახში მყოფებს ჩემი თავი წარუდგინა. მეც მათთან სათითაოდ მისვლა და ხელის ჩამორთმევა მომიწია.
პირველი გაცნობილი მამაკაცი, ასე, სამოცს მიტანებული, ექსპრესიული, ტანმორჩილი და შემელოტებული ისტორიკოსი ფელიპე მედინა იყო. მეორე, არქეოლოგი, პოლ ადამსი, შეჭაღარავებული თმების მიუხედავად, ფელიპესთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
- სანამ საქმეს შეუდგები, წინადადებით შემოვდივარ, ქვევით ჩავიდეთ და ყავა დავლიოთ, - პეტროსი აშკარად არ იყო სამუშაო განწყობაზე, - მართლა, ეს შენი მაგიდაა, - მიმითითა მეოთხე, თავისუფალი მაგიდისკენ.
- ყავა კარგი იდეაა, - დაეთანხმა ფელიპე, - თანაც ოფისს დაგათვალიერებინებთ, - უკვე მხოლოდ მე მომმართა.
პირველ სართულზე, მისაღები, შეხვედრების ოთახად გამოიყენებოდა. ცენტრში მაგიდა და მასთან მიდგმული სკამები იდგა. კუთხეში მდგარი ქულერის ჩათვლით, ეს იყო მთელი ავეჯი. გვერდით, სამზარეულო, იყო. ალბათ ერთადერთი ოთახი, რომელსაც პირველადი დანიშნულება შეენარჩუნებინა.
სამზარეულოში, ჩვეულებრივი, უნალექო ყავა მოვამზადეთ და გარეთ გავედით. შენობას, გვერდიდან გადახურული ვერანდა ჰქონდა, სადაც პლასტმასის მაგიდა და სკამები იდგა.
- როგორ ეჩვევი აქაურობას? - მაგიდის გარშემო დავჯექით თუ არა, სტანდარტული შეკითხვა დამისვა ფელიპემ.
- მშვენივრად. იმდენი რამის ნახვა მოასწრო ამ დღეების განმავლობაში, ვერც წარმოიდგენთ, - ჩემს მაგივრად უპასუხა პეტროსმა.
- ამ ქვეყანაში საინტერესოს რა დალევს. ყოველ დასახლებულ პუნქტს, მიწის ყოველ მონაკვეთს თავისი ისტორია აქვს. ცალკე თემაა, ქრისტიანული სიწმინდეები. საოცარი შეგრძნება გეუფლება, როდესაც წარმოიდგენ, რომ იმ ადგილებში დადიხარ, სადაც თავის დროზე ღვთისმშობელი, თავად მაცხოვარი, მისი მოციქულები მოღვაწეობდნენ, - განათებული თვალებით განავრცო პოლმა.
- ნუ დაიწყებ ეხლა ისევ შენებურად. მრავალჯერ მითქვამს და ეხლაც გაგიმეორებ: მეცნიერმა ყველანაირი პირადი ემოციების გარეშე უნდა შეისწავლოს ობიექტი, - აღელდა ფელიპე, - როცა ემოციები ერთვება, კარგავ ობიექტურობის შეგრძნებას… და რა ფასი აქვს მეცნიერს, რომელსაც დაკარგული აქვს ობიექტურობის შეგრძნება?
- მათ შორის კამათის მოსმენის საშუალება, კიდევ ბევრჯერ გექნება, - სიცილით მითხრა პეტროსმა, - ალბათ დღე არ გავა მათი ინტელექტუალური პაექრობის გარეშე.
- რა გინდა მითხრა, რომ თუ მორწმუნე ადამიანი ვარ და ჩემთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს ყოველივე იმას, რასაც ვეხებით, მეცნიერად აღარ ვვარგივარ? - პეტროსის რეპლიკა არ შეიმჩნია პოლმა და ფელიპეს უპასუხა.
- მე ეგ არ მითქვამს, მაგრამ დამეთანხმე, რომ გამომძიებელი საქმიდან უნდა მოხსნან, თუ დანაშაულში, რომელსაც ის იძიებს, ეჭვმიტანილი მისი ახლობელია. იგი ვერ შეძლებს ამ საქმის ობიექტურად გამოძიებას. მეტიც, დასაშვებია, ხელი შეუშალოს იმ დეტალების აღმოჩენას, რომლებიც ეჭვმიტანილის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, - არგუმენტებზე გადავიდა ფელიპე.
- ხომ არ გეჩვენება, რომ მკრეხელური შედარებაა? იესოა დანაშაულში ეჭვმიტანილი, თუ მისი მოწაფეები? - გაცხარდა პოლი.
- ზოგიერთი მკვლევარის აზრით, არც უმაგისობაა, - ცეცხლზე ნავთი დაასხა ფელიპემ, - იესოს იერუსალიმში შესვლა, ტაძრის ეზოს დარბევა და ტაძრის რამდენიმე დღით ხელში ჩაგდება, შესაძლებელია, განხილული იქნას, როგორც კანონდარღვევა. მაგრამ შენ ამაში არ დაეთანხმები მათ. უფრო მეტიც, მიუღებლად მიიჩნევ ამ ვერსიის განხილვასაც კი... და ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ, რომ მიკერძოებული ხარ.
- ქრისტიანობის მტრების ბოდვა, როგორ შეიძლება სერიოზულად იქნას განხილული? - პოლი მოთმინებას კარგავდა.
- კარგი. მოდი სხვა მაგალითს მოგიყვან. ყველა ებრაელი დარწმუნებულია, რომ ეს მიწა მათ კანონიერად ეკუთვნით. არ ვკამათობ, რომ შუაგულ უდაბნოში მშვენიერი სახელმწიფო ააშენეს, მაგრამ რა სამართლებრივი საფუძველი აქვს მათ რწმენას? ამ პოზიციის მართებულობის დამამტკიცებელი ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ეს მიწა მათ ღმერთმა უბოძა და ეს უაპელაციო ჭეშმარიტებას წარმოადგენს. გეგულება სასამართლო, რომელიც ამ არგუმენტს სერიოზულად განიხილავს? უფრო მეტიც, არავინ მალავს, რომ ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ეს ადგილი არ იყო უკაცრიელი. მომავალი ებრაული სახელმწიფოს ტერიტორიაზე იყო რამდენიმე სამეფო, მრავალი ქალაქი, რომელთა განადგურებისა და მათი მაცხოვრებლების გენოციდის დირექტივა გასცა თავად ღმერთმა. ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი ძველ აღთქმაში და უფრო ზუსტად მეორე რჯულში: “ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი. პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა.”5 ღმერთის დირექტივის აღსრულების პრაქტიკულად სრული ქრონოლოგია, უკვე იესო ნავეს ძეს მეათე თავშია მოცემული. ხო და რას ვამბობდი… სამართლებრივი არგუმენტების არარსებობის და პირიქით, დოკუმენტირებული გენოციდის არსებობის მიუხედავად, არავის აქ არ ეპარება ეჭვი საკუთარ სიმართლეში. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი რწმენას ეფუძნება და იქ სადაც რწმენაა პირველ ადგილზე, ლოგიკის ადგილი აღარ რჩება, - დაასრულა ემოციური მონოლოგი ფელიპემ.
- თუ გინდა, რომ სამუშაო ვიზა გაგიგრძელონ, ეხლა რაც თქვი, სხვაგან არ ილაპარაკო, - სიცილით დაამატა მაიკლმა, რომელიც ყავის ფინჯნით ხელში კედლის კუთხეზე იყო მიყრდნობილი და ისე გვისმენდა.
- ვიცი, რომ უსიამოვნო სიმართლის გაგონება არავის უყვარს და იმდენი ჭკუა და ტაქტის გრძნობაც მაქვს, მელოტ ადამიანს ქოჩორი არ დავუწუნო, - ცოტა იწყინა მაიკლის ხუმრობა ფელიპემ.
- სხვის ქოჩორს იწუნებს და მერე ჩემი ობიექტურობა არ აკმაყოფილებს, - სიტყვაზე დაიჭირა პოლმა და ფელიპეს მელოტი თავისკენ მიგვითითა.
ყველას გულიანად გაგვეცინა.
ყავის სმა დასრულდა და მაიკლმა ფელიპე რაღაც შეხვედრაზე წაიყვანა, პეტროსიც სადღაც გაძვრა. მე და პოლი უკან, ოთახში ავედით და როგორც იქნა, მომეცა საშუალება მასალების გაცნობა დამეწყო.


5 ციტატები ბიბლიიდან აღებულია ვებ-გვერდზე http://www.orthodoxy.ge

XIII

“Nobody understands,
quite why we're here
We're searchin' for answers
That never appear”

Guns N’ Roses - Dead Horse


დაახლოებით ორი საათი ხდებოდა, როდესაც პეტროსი შემოვიდა ოთახში და ლანჩზე გასვლა შემოგვთავაზა. ოფისიდან გამოვედით თუ არა, მაიკლი და ფელიპეც დაბრუნდნენ. საბოლოოდ, ყველანი ერთად პატარა რესტორანში აღმოვჩნდით. შეკვეთა მალე გავაკეთეთ და საუბარი დილით წამოჭრილ თემას დაუბრუნდა.
ფელიპეს ეტყობოდა, რომ დილის საუბრის შედეგებით უკმაყოფილო იყო და პოლის პროვოცირებას ცდილობდა.
- შეუძლებელია მეცნიერებისა და რელიგიის შეთავსება, ვინაიდან ორივე ერთიდაიგივეს ცდილობს: უპასუხოს უმთავრეს შეკითხვებს. ოღონდ მეთოდოლოგიაა სრულიად განსხვავებული. რელიგიამ გადაწყვიტა, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია და რომ მისი პასუხი არის უდაო ჭეშმარიტება. ეჭვის შეტანა ამ პასუხების სიმართლეში, ისტორიულად, სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. მაშინ, როდესაც მეცნიერების მთავარი იარაღი ეჭვის შეტანა, შეკითხვის დასმა და ამ შეკითხვაზე ლოგიკური პასუხების ძიებაა, თანაც ყველანაირი ფანატიზმის გარეშე. ხოლო რელიგიამ, მას შემდეგ, რაც დაკარგა დარწმუნების ყველაზე საიმედო მეთოდები კოცონზე დაწვის, სარზე დასმის და ყველა სხვა სადისტური ხერხების სახით, დაიწყო სხვა ტიპის არგუმენტების მოძიება და ვითომ მეცნიერული ხერხებით სცადა საკუთარი სიმართლის მტკიცება. თუმცა, როდესაც სასულიერო პირები მეცნიერულ დავაში ლოგიკურ მარცხს განიცდიან, ისევ მეტაფიზიკურ ახსნაზე გადადიან და ამბობენ, რომ რწმენა გულით უნდა. არასად გამქრალა აგრესია, რომელიც ყველა რელიგიის თანმდევი ატრიბუტია. ვერ დამისახელებ თუნდაც ერთ რელიგიას ან რელიგიურ მიმდინარეობას, რომლის სახელითაც სისხლის მდინარეები არ დაღვრილიყოს. რა თქმა უნდა, ეს ხდება მას შემდეგ, რაც ძალაუფლებას მოიპოვებენ, თორემ თავიდან, ყველა კარგად ირგებს ჩაგრულის როლს, - ცოტა არეულად გამოუვიდა, მაგრამ ფელიპე მაინც თავის სტიქიაში იყო.
- რელიგიური ინსტიტუციების აგრესიულობა გასაგები და ადვილად ახსნადია. ამაზე არ შევჩერდები. მე უფრო სხვა კუთხით მინდა შეგახედოთ რელიგიის წარმოქმნის მიზეზებსა და მის გავლენაზე, ჩაერია საუბარში მაიკლი, - კაცობრიობამ, თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი საოცარი რამ მოიგონა; დაწყებული პირველყოფილი ადამიანის პრიმიტული სანადირო იარაღით, დამთავრებული კოსმოსური ხომალდებითა და თანამედროვე კომპიუტერებით. მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო, რაც ადამიანმა შექმნა, არის რწმენა. რწმენა, რომელიც წარმოსახვის უნარის აქტიურ გამოყენებას მოითხოვს. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, თუ როგორ სწამდა პირველყოფილ ადამიანს, მეტყველების უნარის განვითარებამდე… ანუ იმ პერიოდამდე, სანამ მას აბსტრაქტული აზროვნების უნარი გაუჩნდებოდა, სანამ მოუფიქრებდა სახელებს სიყვარულს, შიშს, სიძულვილს, უხილავ ღმერთს… დავუბრუნდები ძირითად აზრს. ჩემთვის უცნობია ისტორიის განმავლობაში აღმოცენებული რომელიმე ცივილიზაცია, თუნდაც ყველაზე გარიყული მცირერიცხოვანი კულტურა, რაღაც ზებუნებრივი, მეტაფიზიკური რწმენის და ამ რწმენაზე დაფუძნებული შეხედულებათა სისტემის შექმნის გარეშე. რაც უფრო განვითარებული იყო ცივილიზაცია, მით უფრო რთული და კომპლექსური იყო ეს სისტემა. შედეგად, ადამიანების უდიდეს უმეტესობას, რაღაც ზებუნებრივის სწამს. თუ დავფიქრდებით, რატომ არის ასე? ყველაზე მარტივი პასუხია ის რომ, ამ რწმენას, სტრესის შემსუბუქების უნივერსალური უნარი გააჩნია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა და ამ ეტაპზე, სხვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან კომპონენტებს არ შევეხო: დამტკიცებულია, რომ მხოლოდ ადამიანია ცოცხალ ორგანიზმებს შორის, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოკვდება. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესის მატარებელია იმის განცდა, რომ ოდესღაც ყველაფერი დასრულდება. ასეთ დროს, შეუფასებელია რელიგიის მნიშვნელობა, იმის რწმენა, რომ არის რაღაც ძალა, რომლის ნებასაც ემორჩილება ყველაფერი და რომელიც უკვდავების მოპოვების შანსს გაძლევს. ამდენად, კითხვას არ იწვევს ის, თუ რატომ მოიგონა ადამიანმა რელიგია. ბიოლოგიურად, უფრო აქტუალური კითხვაა, თუ რა სჭირს იმ უმცირესობას, რომელსაც რწმენა არ გააჩნია, - საინტერესოდ და დამაჯერებლად მომეჩვენა მაიკლის მშვიდი ტონით გამოთქმული მოსაზრება, - გარდა ამისა, ცოტა იუმორთაც თუ შევხედავთ საკითხს, პასკალიც გავიხსენოთ, რომლის თანახმად, უფრო გონივრულია გვწამდეს, ვიდრე არ გვწამდეს, - ღიმილით დაამატა.
- არის შენს სიტყვებში გარკვეული ლოგიკა. თუმცა, სადაოც მრავლადაა. დავიწყებ მსუბუქი თემით, კერძოდ, პასკალის მსჯელობით: მის მოსაზრებას ღირებულება ექნებოდა, სულ ერთი რელიგია რომ იყოს… ანუ, იმის მაღალი ალბათობა, რომ “არასწორი” ღმერთის გწამს, ნიველირებას უკეთებს რწმენის მომგებიანობას. ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, ვერ მოხვდები ერთი რელიგიის სამოთხეში ისე, სხვა რელიგიების ჯოჯოხეთი რომ არ გამოიარო… ამ თემაზე ერთი ხუმრობაც გამახსენდა - შეკითხვა: რამდენად დიდია განსხვავება ათეისტსა და მორწმუნეს შორის? პასუხი: მსოფლიოში 4200 რელიგიური მიმდინარეობაა. მორწმუნეს მიაჩნია, რომ 4199 მცდარია, ათეისტს კიდევ, ყველა 4200. ანუ განსხვავება მხოლოდ ერთ ციფრშია. ეს ხუმრობით... რაც შეეხება ათეისტების ანომალურობას. ჯერ განვსაზღვროთ მისი წარმოშობის მიზეზები. ეს მარტო ჩემი მოსაზრება არ არის და მიიჩნევა, რომ ათეიზმი არის საზოგადოების კლერიკალიზაციაზე, რელიგიურ მიმდინარეობათა მხრიდან საკუთარი კულტის პირობების თავსმოხვევასა და მათი ყველასთვის სავალდებულოდ ქცევაზე თავდაცვითი რეაქცია. ალბათ არ შემედავებით, რომ ყველა რელიგია, ისტორიულად, გამოირჩევა განსხვავებული აზრისადმი ზღვარგადასული შეუმწყნარებლობით. ამ მხრივ, არც გაურკვეველი მიზეზებით, ჰუმანურად შერაცხული ქრისტიანობა განსხვავდება. იოანეს სახარებაში, იესო პირდაპირ ამბობს, რომ ვინც მასში არ დარჩება, ხმელი ლერწამივით ცეცხლში უნდა დაიწვას.6 სხვათა შორის, როგორც წესი, სწორედ ამ მონაკვეთს კითხულობდნენ ინკვიზიციის მსხვერპლთა ცეცხლში დაწვის წინ...
ცეცხლზე გამახსენდა. ქრისტიანობაში, ისევე როგორც სხვა რელიგიებში, მას განსაკუთრებული, სიმბოლიზმით აღსავსე ადგილი უკავია - ჯოჯოხეთში ცეცხლი, რაღაც საკრალური ხდება და ცეცხლი გადმოდის, დასჯაა და ცეცხლით უნდა დაისაჯოს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ცეცხლში დაიწვა არაერთი მიუღებელი წიგნი, თუ ბიბლიოთეკა, ცეცხლითვე ებრძოდნენ ერეტიკოსებს. მოკლედ, ცეცხლია ყველა, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მოვლენის თანმდევი.
და შეკითხვაზე, თუ რა სჭირს ურწმუნოს და რატომ არ სჯერა ზებუნებრივის… ჯერ ერთი, სრულფასოვანი ათეისტი ვერ იქნები, თუ შენი ინტელექტი, განათლება და კრიტიკული აზროვნების უნარი ამის საშუალებას არ გაძლევს; ათეიზმი ხომ მძიმე შრომა და უზარმაზარი ცოდნაა. დამეთანხმეთ, ამგვარი ხალხი რომ უმრავლესობაში იყოს, კაცობრიობის ბედს არაფერი დაემუქრებოდა. მეორეც, გასაგებია, რომ სიკვდილი საკმაოდ უსიამოვნო მოვლენაა და იგი გარდაუვალია, მაგრამ როდესაც ადამიანი საღად უყურებს ყველაფერს, ესმის სამყაროს ლოგიკურობა, მას რაღაც განსაკუთრებულ სიმშვიდის გრძნობა ეუფლება და სიკვდილი დიდად არ აშინებს. ეს კარგია, თუ ცუდი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ასეა, - ახალ უკვე ფელიპეს არგუმენტებმა მომხიბლა.
- ყველაფერზე საღად ყურება, იმის რწმენა, რომ ლოგიკურ აზროვნებას ალტერნატივა არ გააჩნია და საერთოდ, ათეისტის ცხოვრებისეული პრინციპები, თავად ხომ არ არის ერთგვარი რელიგიური მიმდინარეობა? - ჩავერთე საუბარში და მიუხედავად იმისა, რომ ფელიპეს პოზიცია ჩემთვის უფრო მისაღები იყო, ვცადე შეკამათება.
ჩემს ნათქვამზე, მთელი საუბრის განმავლობაში მოულოდნელად ჩუმად მჯდომმა პოლმა მოწონების ნიშნად თავი დამიქნია.
- არანაირად! - კატეგორიულად არ დამეთანხმა ფელიპე და ვინაიდან შეკვეთა უკვე მოტანილი იყო, მოკლედ მიპასუხა, - ათეიზმი ისევე არ წარმოადგენს რელიგიურ მიმდინარეობას, როგორც ჩემი სიმელოტე ვარცხნილობის ნაირსახეობას.
ყველას გაგვეცინა ფელიპეს ხუმრობაზე. თავადაც ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო საკუთარი რეპლიკით და იმით, რომ მის სიმელოტესთან დაკავშირებით პოლის დილანდელ ხუმრობაზე, ასე მოხდენილი პასუხი გამოუვიდა.
ფიზიკური შიმშილის შეგრძნებამ სულიერ შიმშილს აჯობა, კამათი შეწყდა და ყველანი სადილით დავკავდით.


6 იოანეს სახარება (15,6): “უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას.”

XIV

“In a manner of speaking
I don't understand
How love in silence becomes reprimand
But the way that I feel about you
Is beyond words.”

Nouvelle Vague - In a Manner of Speaking


კვირა შედარებით ერთფეროვნად გაილია. მასალებს ვეცნობოდი, რამდენიმეჯერ გათხრებზეც მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ექსპედიცია, ოფისის “ელიტის” გარდა, არაერთი დაქირავებული თანამშრომლისგან შედგებოდა, რომლებიც ძირითადად საველე სამუშაოებით იყვნენ დაკავებული. მოვიტყუები რომ ვთქვა, ყველა კარგად გავიცანი მეთქი, მაგრამ უმეტესობას უკვე სახეზე მაინც ვიცნობდი.
ფელიპესა და პოლთან საუბარი, უფრო ზუსტად კი, მათი პაექრობის მოსმენა, ოფისის გარდა, საღამოობით, სასტუმროშიც გრძელდებოდა ხოლმე. მე და პეტროსს გვეცინებოდა, როდესაც კამათის დროს, ხან მე და ხან მას, მხარდაჭერის მიზნით მოგვმართავდნენ.
მოვასწარი მათი უკეთ გაცნობაც. ფელიპე მედინას მეუღლე და უმცროსი ვაჟი, მადრიდთან ახლოს, ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდენ. უფროს ქალიშვილს უკვე გათხოვება და ბავშის გაჩენაც მოესწრო და ფელიპე საშულებას არ უშვებდა ხელიდან, შვილიშვილის ფოტოსურათები არ ეჩვენებინა.
რაც შეეხება პოლ ადამსს, გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ იგი ბრაზილიელი იყო. მისი სახელის და გვარის ბრაზილიისთვის ეგზოტიკურობის ახსნა იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ბაბუა ოჯახთან ერთად დიდი ბრიტანეთიდან გადასახლებულა მეორე მსოფლიო ომის დროს. პოლი სხვა რამითაც იყო გამორჩეული - როგორც თავად თქვა, წარმოშობით ებრაელი იყო, ოღონდ ქრისტიანი და ძალიან სწყინდა, ადგილობრივები ებრაელად რომ არ აღიქვამდნენ.
კოლეგებთან ურთიერთობის გარდა, კავშირზე ვიყავი ანასთანაც. დაძინების წინ და დილით მოკლე ტექსტური შეტყობინებების ურთიერთგაცვლის გარდა, რამდენჯერმე ტელეფონზეც ვისაუბრეთ. ბოლო საუბრისას გადავწყვიტეთ, რომ კვირის ბოლოს თელ-ავივში ჩავიდოდი და შევხვდებოდით. პეტროსის დაყოლიებაზე დიდი დრო არ დამხარჯვია და პარასკევს დილაადრიან ისევ ერთად დავადექით თელ-ავივის გზას.
ანას და დანიელას დიზენგოფის ქუჩაზე, ღია კაფეში შევხვდით. ვიგრძენი, რომ ცოტა ვღელავდი - უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად შევხვდი ანას და არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ დროის განმავლობაში მისი იდეალიზირება არ მოვახდინე. იგივე საფრთხე იყო მისი მხრიდანაც. სამწუხარო იქნებოდა, თუ აღმოვაჩენდი, რომ ის ორ დღიანი ურთიერთობა მხოლოდ ერთი გაელვება იყო.
მაგიდასთან მჯდომმა ანამ, დანახვისთანავე ისეთი ღიმილით დამასაჩუქრა, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს შიშს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მომენატრე, - მისასალმებელი კოცნისას ყურში ჩამჩურჩულა ანამ.
- როგორც კი დაგინახე, მეც იგივე ვიგრძენი, - უკვე დაჯდომისას გადავულაპარაკე და ვცადე, ღიმილში ჩამექსოვა ყველაფერი ის, რაც ამ მოკლე ფრაზაში არ ჩაეტია.
- აბა, გოგოებო, გაქვთ რაიმე სურვილები, რით შეიძლება დავკავდეთ ამ უიკენდზე? - დავჯექით თუ არა, ენერგიულად დაიწყო გეგმების დაწყობა პეტროსმა.
- წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. მთლიანად თქვენს კრეატიულობას ვენდობით, - ორივეს მაგივრად დანიელამ უპასუხა.
- ძალიან კარგი, - დამაინტრიგებლად ჩაიღიმა პეტროსმა. ეტყობოდა, რომ მსგავს პასუხს ელოდა, - მაშინ მე ეხლა ერთ ზარს გავაკეთებ. მანამდე ჩემთვის ერთი ესპრესო შეუკვეთეთ, - შემდეგ წამოდგა და ქუჩაში გავიდა.
- მაგიტომაც მიყვარს. სულ რაღაც საინტერესო იდეები აქვს, - კმაყოფილი და დაინტრიგებულ იყო დანიელა.
მე და ანას გაგვეღიმა.
ის იყო ყავის შეკვეთა დავასრულეთ, პეტროსი დაგვიბრუნდა.
- ვინ არის ზღვაში იახტით გასეირნების მომხრე? - ამაყი სახით გადმოგვხედა, - ერთი ნაცნობი ქირურგი მყავს, რომელსაც საკუთარი იახტა აქვს. ერთხელ უკვე ვიყავი მასთან და გუშინწინაც დამპატიჟა. ეხლა გადავურეკე და ვკითხე რას აპირებს. თანაც ვუთხარი, რომ მხიარულ კომპანიასთან ერთად ვარ. მოკლედ, დაახლოებით ერთ საათში თელ-ავივის მარინაში უნდა ვიყოთ. გველოდებიან.
- რა მაგარია! - დანიელამ აღტაცება ვერ დაფარა.
- წინდახედულად მოვიქეცით, უკვე საზღვაოდ გამზადებულები რომ ვართ და წინა კვირის მსგავსად არ მოგვიწევს სახლებში შევლა, - არც ანა იყო იახტით გასეირნების წინააღმდეგი.
- აქედან მარინამდე თხუთმეტი წუთი გვეყოფა. ამდენად, ყავის დასალევად საკმარისი დრო გვაქვს, - შეაჯამა ვითარება პეტროსმა, - მართლა, შეუკვეთეთ ჩემთვის ყავა?
- რა თქმა უნდა, ძვირფასო! - დემონსტრაციულად გრძნობით წარმოთქვა დანიელამ.
დათქმულ ადგილას დროზე მივედით. პეტროსის სტუმართმოყვარე ნაცნობმა იახტაზე მიგვიპატიჟა, სადაც ჩვენს გარდა, კიდევ ორი ადამიანი იყო: იახტის მფლობელის მეგობარი, მორიდებული და გულითადი ადამიანი, რომელსაც კაპიტანის თანაშემწის მოვალეობები ებარა და მეორე, როგორც გაგვაცნეს, რუსი ბიზნესმენი - როხროხა, ქედმაღალი, უსიამოვნო ტიპი დიდი ღიპით, რომელზეც სასაცილოდ ესვენა ოქროს მსხვილ და გრძელ ჯაჭვზე ჩამოკიდებული, ეპისკოპოსის საკადრისი, ასევე ოქროს დიდი ჯვარი.
მომცრო ზომის იახტის გემბანზე, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ ორიოდ კვადრატული მეტრის ფართობის ადგილს, უკვე გაშლილი იყო მაგიდა. ორ ბოთლ წითელ ღვინოს, ერთ ბოთლ ვისკისა და შოკოლადს, პეტროსმა კიდევ ერთი ბოთლი ვისკი დაუმატა, რომელიც მისივე სიტყვებით, ყოველი შემთხვევისთვის მანქანაში ჰქონდა გადანახული.
აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთ პიროვნებას ველოდებოდით და მანამდე, დროის გაყვანის მიზნით, დალევა გადაწყდა. დაახლოებით ნახევარ საათში, როდესაც ის პიროვნება შემოგვიერთდა, ღვინის ორივე ბოთლი და ერთი ბოთლი ვისკიც უკვე ათვისებული იყო. გოგოებმა უმნიშვნელოდ მოსვეს და ძირითადი “დარტყმა” ჩვენ, მამაკაცებმა ავიღეთ ჩვენს თავზე.
შედეგად, საკმაოდ შევზარხოშდი. მსგავს მდგომარეობაში იყვნენ დანარჩენებიც, რაზეც მეორე ბოთლი ვისკის დალევის თაობაზე არც თუ ისე გონივრული, ერთობლივი გადაწყვეტილება მეტყველებდა.
ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემდეგ, როგორც იქნა დაადგა საშველი და ზღვაში გავედით. მიღებული ალკოჰოლის მიუხედავად, იახტის პატრონმა და მისმა მეგობარმა საკმაოდ ოსტატური მანევრი ჩაატარეს და ღია ზღვაში აღმოვჩნდით.
ნავსაყუდელში არ იგრძნობოდა, თუმცა, ღია ზღვაში ვიგრძენით, რომ საკმაოდ დიდი ღელვა იყო. ანას გადავულაპარაკე და იახტის ცხვირზე ჩამოვჯექით. სასიამოვნო იყო, როდესაც იახტა მორიგ ტალღაზე გადაივლიდა, დაღმა ეშვებოდა და ჩვენი ფეხები წყალს ეხებოდა, შემდეგ მომდევნო ტალღას აუყვებოდა და ჰაერში აღმოვჩნდებოდით. მოკლედ, ფრენის შეგრძნება მქონდა. საკმარისზე მეტი წინაპირობა იყო, თავი ბედნიერად მეგრძნო - მზე, ზღვა, იახტა და რა თქმა უნდა, ჩემს გვერდით მჯდომი ანა, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, რომ ასევე კმაყოფილი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ შეზარხოშებული თანამგზავრების ჟრიამულისა და შიგადაშიგ დანიელას გადაკისკისების ხმა საიდანღაც შორიდან მოჰქონდა ქარს.
ალკოჰოლისა და საზღვაო საქმის უცოდინრობის გამო, ვერც კი ვხვდებოდი, რამხელა საფრთხის შემცველი იყო ასეთ ღელვაში ამ პატარა იახტით ზღვაში გასვლა და მთვრალი ეკიპაჟით სტიქიასთან ბრძოლა. სწორედ ამგვარი უცოდინრობა მიჩენდა შეგრძნებას, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც საჭიროა და როგორც უნდა ყოფილიყო.
არა, წინასწარ ვიტყვი, რომ მშვიდობიანად დავბრუნდით ნაპირზე და ეს საფრთხეები მხოლოდ მოგვიანებით გავიაზრე. თუმცა, იყო მაინც ერთი ინციდენტი, რომელიც პირადად მე შემემთხვა - ერთ-ერთ მორიგ ტალღაზე გადაფრენის შემდეგ, ვიგრძენი, რომ ზღვის ავადმყოფობამ მიწია და უახლოესი ერთი საათი, ზღვაში გადაკიდებულმა გავატარე. აღსანიშნავია ანას მზრუნველობა, რომელიც ჩემი პროტესტის მიუხედავად, ერთი წამითაც არ მომშორებია.
ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა მთელს ისრაელში, როდესაც უკან დავბრუნდით და მყარ მიწაზე ფეხი დავდგი. იქვე, სანაპიროზე სკამი დავინახე და ანას დახმარებით ჩამოვჯექი. ამდენი რყევის შემდეგ, ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი.
- მოკლედ, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, - მორიდებულად გადავულაპარაკე ანას.
- როგორც ვხვდები, უკვე ტრადიციად მექცა ყოველ შაბათ-კვირას შენზე ზრუნვა, - გაეღიმა ანას, - რეზიუმეშიც ჩავიწერ, რომ დასვენეების დღეებში ქველმოქმედებით ვარ დაკავებული. გამომადგება. გარდა ამისა, როდესაც ბავშვი მეყოლება, უკვე მექნება ერთ დიდ ბავშვზე ზრუნვის გამოცდილება.
უცნობია, კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებდა ანა ჩემს დაცინვას, პეტროსს და დანიელას რომ არ შეეწყვიტინებინათ.
- როგორ გრძნობ თავს? - პეტროსის ხმაში შეშფოთება იგრძნობოდა.
- რა ვიცი. თითქოს უკეთ კი ვარ, მაგრამ თავი მტკივა და ჯერ კიდევ მამღვრევს. ცხოვრებაში მსგავსი არაფერი დამმართვია და მეგონა, არც არასდროს დამემართებოდა, - თავის მართლებასავით გამომივიდა.
- ეგ გასაგებია. რომ გცოდნოდა, რომ ღელვისადმი მგრძნობიარე ხარ, სასმელს მაინც არ დალევდი, - დამეთანხმა დანიელა.
- სასადილოდ არ წავიდეთ? - შეცვალა საუბრის თემა პეტროსმა.
- მე ისეთ მდგომარეობაში ვარ, ვერაფერს შევჭამ, მაგრამ თქვენ მოგშივდებოდათ და ხელს ხომ არ შეგიშლით. წყალს მაინც დავლევ, - უმწეოდ გავიღიმე.
- მოდი, ესე მოვიქცეთ... თქვენ წადით, ისადილეთ, მე კიდევ ავადმყოფს მივხედავ. თანაც მერე სადმე გაგრძელება მოგინდებათ და მე არ ვარ დღეს ხმაურიანი კლუბების ხასიათზე. არამგონია, “პაციენტიც” ისე გამომჯობინდეს საღამომდე, რომ საცეკვაო მოედანზე ცეცხლი დაანთოს, - ანას სიტყვები გულზე მალამოდ მომედო.
- ნამდვილად? წინა კვირასავით რომ არ გამოგვივიდეს, - პეტროსმა ჯერ ანას შეხედა და მერე მე გადმომხედა.
- მე ანას პოზიციას სრულად ვიზიარებ. რა თქმა უნდა, თუ მას დიდ ტვირთად არ დავაწვები, - წინა კვირის მსგავსად ისევ უხერხულობა ვიგრძენი.
- ამ კვირას კიდევ მოგხედავ, - გამიღიმა ანამ.
- და მერე? - მეც ღიმილით ვუპასუხე.
- მერე? მერე ვნახოთ, - ანას ღიმილი უფრო ეშმაკური გაუხდა.
- სადაც გვეტყვით, იქ დაგტოვებთ, - შემოგვთავაზა თავისი მანქანით მომსახურება პეტროსმა.
- სიამოვნებით მივიღებთ შენს წინადადებას. ჩემს სახლთან თუ ჩამოგვსვამ, დიდი მადლობელი დაგრჩებით, - ორივეს მაგივრად ანამ უპასუხა.
სკამიდან მძიმედ წამოვიწიე და ყველა ერთად მანქანისკენ დავიძარით.
მანქანიდან გადმოსულებს, ანას სახლთან ჩვეული მშვიდი გარემო დაგვხვდა.
- შეძლებ ორი ნაბიჯის გავლას? მაკოლეტში მინდა შევიარო, აქვე კუთხეში, - გამომცდელად შემომხედა ანამ.
- გავლის პრობლემა არ მაქვს, ოღონდ ერთი პირობით: თუ ამიხსნი მაკოლეტი რა ჯანდაბაა.
- მინი-მარკეტი, პატარა სასურსათო მაღაზია, - გაეცინა ანას, - ამ სიტყვის სწავლა მოგიწევს, თუ ამ ქვეყანაში დიდი ხნით აპირებ ყოფნას.
მართლაც, ქუჩის კუთხეში პატარა მაღაზია იყო, სადაც სასმელი წყლის ექვსბოთლიანი შეკვრა და სასუსნავები ვიყიდეთ. გასაგებია, რომ ანას არ დავანებე და ნავაჭრი მე წამოვიღე. ახლო მანძილის მიუხედავად, ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, საკმაოდ გამიჭირდა ამ ყველაფრისა და ჩემი საკუთარი ზურგჩანთის მესამე სართულზე ატანა. სახლში შევედით თუ არა, მისაღებ ოთახში დივანზე აქოშინებული დავენარცხე.
- ცოტა დაისვენე და ეჭვი მაქვს, შხაპის მიღება არ გაწყენს. ნურაფრის მოგერიდება. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში… ან თუ გინდა, როგორც სასტუმროს საკუთარ ნომერში, - მცირე პაუზის მერე ღიმილით დაამატა.
- მადლობა შემოთავაზებისთვის. ჩემი თავგადასავლის გათვალისწინებით, შხაპი აუცილებლად მჭირდება, - დავეთანხმე ანას და ჩემი ზურგჩანთიდან ჩუსტები და პირსახოცი ამოვიღე.
- გათვლილი გქონდა ყველაფერი? ისეთი მომზადებული ხარ, - არ გაუშვა კბილის გაკვრის საშუალება.
საპასუხოდ მხოლოდ გავიღიმე. ისეთი ძალაგამოცლილი ვიყავი, პასუხის მოფიქრების თავიც კი არ მქონდა.
აბაზანიდან გამოსულს, მაგიდაზე გამზადებული ჩაი და ორცხობილები დამხვდა. ანას ტანსაცმელი გამოეცვალა და ფეხზეც, ჩემთვის კარგად ნაცნობი ვარდისფერი ჩუსტები ეცვა.
- ვიცი, ჭამის თავი არ გაქვს, მაგრამ ჩაი უნდა დალიო და ორცხობილაც მიაყოლო, თორემ კიდევ უფრო დასუსტდები. თანაც, ცარიელ კუჭზე წამლის დალევა არ შეიძლება, - დამაკვალიანა და მაგიდაზე წამლის შეკვრისკენ მიმითითა, რომელიც მანამდე ვერ შევამჩნიე.
- როგორც იტყვი. ამ ბოლო დროს ძალიან დამჯერი ბიჭი გავხდი, - დივანზე ჩამოვჯექი, ფინჯანი ჩემთან ახლოს მოვწიე და ფრთხილად მოვსვი.
ძალიან მსიამოვნებდა ანას ამგვარი ყურადღებიანი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში, თავში გამიელვა აზრმა, ხომ არ შემიყვარდა მეთქი. თუ ეს ასე იყო, ალბათ ამას ერქვა ერთი ნახვით შეყვარება, ვინაიდან ჯერ-ჯერობით ხანმოკლე ურთიერთობის ყოველი წუთი აძლიერებდა და ამტკიცებდა მასზე შექმნილ პირველად შთაბეჭდილებას. განა რა შეიცვალა პირველი შეხვედრიდან, მისი პირველი ღიმილის, პირველი ნათქვამი სიტყვის, პირველი ხუმრობის შემდგომ? არც არაფერი. ანა მუდმივად, მისდაუნებურად ამტკიცებდა, რომ ის სწორედ ისეთია, როგორიც მე მინდოდა ყოფილიყო. ან იქნებ ყველაფერი პირიქით იყო და ანა კი არ შეესაბამებოდა ჩემს მოლოდინს, არამედ ჩემი მხრიდან მისი აღქმა გახდა სუბიექტური და “ონლაინ” რეჟიმში მომწონდა და აღმაფრთოვანებდა ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, ამბობდა? დავიბენი… საკუთარმა რთულმა და ჩახლართულმა ფიქრებმა ტვინი ამირია. ამ ასაკამდე ისე მოვაღწიე, ჯერ არავინ მყვარებია და ეს სრულებით არ მაწუხებდა. ყოველთვის მერჩივნა, მე ვყოფილიყავი ტრფობის ობიექტი, რაც მშვენიერ, კომფორტულ გარემოს მიქმნიდა. რა თქმა უნდა იმ მომენტამდე, სანამ პარტნიორს არ გაუჩნდებოდა, როგორც მე მიყვარდა ფორმულირება, ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის სურვილი. აი მაშინ, კი მიხდებოდა ქცევის ალგორითმის შეცვლა, რათა საპირისპირო მხარეს თავად გასჩენოდა ყველაფრის დასრულების იდეა და ძირითადად ასეც ხდებოდა. შედეგად, ვიღებდი მეგობრულად განწყობილ ყოფილ პარტნიორს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ თავად მან მიმატოვა.
მაგრამ ანას შემთხვევაში, სულ სხვა მოვლენას ჰქონდა ადგილი. ეს ნამდვილად არ იყო დაუოკებელი სექსუალური ლტოლვა, რომელიც ათას სისულელეს ჩაგადენინებს, სანამ არ მიაღწევ საწადელს. მერე, პირველივე სექსის დასრულებისთანავე ხვდები, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირდა და იწყებ ფიქრს, თუ როგორ დაასრულო ყველაფერი. არა, ანასთან სექსზე ნამდვილად ვოცნებობდი, მაგრამ ეს არ იყო მთავარი - მის გვერდით თავს უზომოდ კომფორტულად ვგრძნობდი, მსიამოვნებდა იმის განცდა, რომ მისი მთელი ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული და რაც მთავარია, მიჩნდებოდა სურვილი, გავმხდარიყავი უკეთესი.
- რაზე ჩაფიქრდი? - გამომიყვანა ფიქრების ლაბირნთიდან ანამ და ლოყაზე მისი კოცნა ვიგრძენი, - ან ძალიან ტემპერამენტიანი მამაკაცი ხარ, ან კიდევ უბრალოდ სიცხემ აგიწია. ლოყაც კი გიხურს, - გადამოწმების მიზნით შუბლზე ხელი დამადო.
- ერთი მეორეს გამორიცხავს? - ეშმაკურად გავხედე.
- არანაირად, მაგრამ სიცხის გაზომვა მაინც საჭიროა, - წამოდგა და ცოტა ხანში საძინებლიდან თერმომეტრით დაბრუნდა.
- იცი, ეხლა რაზე დავფიქრდი?
- რაზე? - თერმომეტრს დახედა, გადმომაწოდა და ისევ გვერდით მომიჯდა.
- გამიჩნდა სერიოზული ეჭვი, ხომ არ შემიყვარდი, - თერმომეტრი იღლიაში ამოვიდე და ჩაფიქრებულმა შევხედე.
- ლუკა! მოდი, არ გვინდა ეს ბანალური სენტიმენტები. იმიტომ გამიჩნდა შენდამი ინტერესი, რომ არ ჰგავხარ ყველას და ნუ გამიფუჭებ შთაბეჭდილებას, - ეტყობოდა, რომ სერიოზულად არ აღიქვა ჩემი სიტყვები.
- რა შუაშია ბანალობა? - აღვშფოთდი, - ჯერ კიდევ გასულ კვირას, პირველივე შეხვედრისას ძალიან მომეწონე და რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი… ეს მაშინაც გითხარი. უკაცრავად პირდაპირობისთვის და ჩემი შენდამი ლტოლვა არ ატარებს მხოლოდ სექსუალურ ხასიათს. არის შენში რაღაც, ან უფრო ზუსტად ყველაფერი, რაც განსხვავებულ განწყობას მიქმნის. ვერ ვხვდები, ჩემი სიტყვები რატომ ტოვებს არასერიოზულობის და ბანალურობის შთაბეჭდილებას. განა ნამდვილი სიყვარული ერთი შეხედვით არ იბადება? სხვა შემთხვევაში, ხომ უბრალოდ მიჩვევასთან გვაქვს საქმე. თანაც, არ მითქვამს, რომ ეს უკვე ასეა. უბრალოდ ეჭვი გამოვთქვი, - ღიმილით დავასრულე მონოლოგი.
- ეხლა უკვე გასაგებია, რას გულისხმობდი. ამ განმარტებამდე, ბანალური დაკერვის შთაბეჭდილება დატოვა შენმა სიტყვებმა, - საპასუხოდ გამიღმა ანამ, - მოდი, არ გინდა ბევრი ფიქრი ამ თემაზე. როგორც იძახი, გსიამოვნებს ჩემი კომპანია. მეც თავს კარგად ვგრძნობ შენთან ერთად. ამ ეტაპზე აქ გავჩერდეთ.
- გეთანხმები. კარგი ეტაპია გასაჩერებლად, - დავეთანხმე, თერმომეტრი ამოვიღე და დავხედე, - მართალი ყოფილხარ. გარდა ტემპერამენტისა, სიცხეც მქონია.
- მაშინ ეს ტაბლეტი დროზე დალიე. თავის ტკივილთან ერთად სიცხესაც დაგიწევს, - ფლაკონიდან ტაბლეტი ამოიღო და წყლიან ჭიქასთან ერთად გადმომაწოდა, - ცოტა წაძინებაც არ გაწყენდა, - ჩემი პასუხისთვის არ დაუცდია, ისე წამოდგა და კიდევ ერთხელ გავიდა საძინებელში, საიდაცაც ამჯერად თხელი პლედითა და ბალიშით დაბრუნდა.
- მადლობა ასეთი მზრუნველობისთვის.
- არაფრის, უცხოები ხომ არ ვართ, - ისეთი ღიმილი მოაყოლა, გული ამიჩქარდა, - წამოწექი დივანზე და დაიძინე. მე კვირისთვის რაღაც მაქვს მოსასწრები და კომპიუტერზე წავიმუშავებ.
თანხმობის და მადლიერების ნიშნად კიდევ ერთხელ გავუღიმე და დივანზე წამოვწექი.
გამაღვიძა ტელეფონის ზარმა; პეტროსი იყო. დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით და გასეირნება შემოგვთავაზა. თვალი მოვკარი ანას, რომელიც საძინებლის კარებში იდგა. ჩემი რეპლიკებიდან მიმხვდარიყო, რაზე იყო საუბარი და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. მეც სისუტე მოვიმიზეზე და პეტროსს უარი ვუთხარი წინადადებაზე.
საუბარი დავასრულე, ტელეფონი მაგიდაზე დავდე და ისევ ანას გავხედე.
- მგონი მოსაღამოვდა. ისე გამოდის, მთელი დღე დაგაკარგვინე.
- არაფერიც არ გამოდის. ისედაც არ ვიყავი დღეს აქტიური გართობის ხასიათზე და ღმერთმა ასეთი საჩუქარი გამომიგზავნა შენი სახით. მოყვასზე მზრუნველობა იქ ჩამეთვლება, - თითი ზევით აიშვირა და გაიღიმა.
- მორწმუნე ხარ? - საპასუხოდ გავუღიმე.
- როგორ გითხრა… დედაჩემი ქრისტიანულად არის მონათლული, მამა საერთოდ შორს იყო რელიგიისგან. მეც მოუნათლავი დავრჩი და ეს დიდად არ მაღელვებს. ამდენად, არც ეკლესიაში დავდივარ და არც სინაგოგაში. თუმცა, მჯერა, რომ არის რაღაც, რაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.
- საინტერესოა, - მრავალმნიშვნელოვნად ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი, - რა გეგმები გაქვს საღამოსთვის? ხელს ხომ არ გიშლი?
- ნუ შემაწუხე შენი ბოდიშებით! - აღშფოთდა ანა, - არანაირი გეგმები არ მაქვს. თუმცა, მაქვს მოსაზრება. ჯერ ეს მითხარი, თავს როგორ გრძნობ.
- აშკარად უკეთ ვარ. სიცხე მგონი არ მაქვს, თავიც აღარ მტკივა. სისუსტეს თუ არ ჩავთვლით, მშვენიერ ფორმაში ვარ. რა თქმა უნდა, შენი მზრუნველობის წყალობით.
- ძალიან კარგი. მაშინ ესეთი წინადადება მაქვს: შევუკვეთოთ რამე საჭმელი და კინოს ვუყუროთ. გადმოწერილი მაქვს კომპიუტერში ერთი ფილმი - “შეჯახება”. წელს “ოსკარი” აიღო. სანდრა ბალოკი თამაშობს. რას იტყვი?
- მომხიბლავი წინადადებაა. სიამოვნებით გავატარებ საღამოს ასეთ მშვენიერ კომპანიაში. სხვათა შორის, მაგ ფილმზე რეცენზია მაქვს წაკითხული და საინტერესო უნდა იყოს.
- მაშინ კიდევ ერთი შეკითხვა: სუში, თუ პიცა? - კმაყოფილი იყო ანა, რომ მისი წინადადება ასეთი აღტაცებით მივიღე.
- შენ თვითონ რა გირჩევნია? - დავუბრუნე კითხვა უკან.
- ჩემთვის სულ ერთია. თანაც დღეს შენ ხარ სტუმარი და რითი გაგიმასპინძლდე, შენ უნდა აარჩიო.
- თუ მასეა საქმე, მე პიცა მირჩევნია. სუშის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, - შევიფერე არჩევანის უფლება.
უკვე კარგად მოსაღამოვებული იყო, როდესაც ვახშამს მოვრჩით. ანამ მაგიდა უცბად მიალაგა და საძინებელში გადავინაცვლეთ. ეტყობოდა, რომ ფილმს მსგავსი ხერხით პირველად არ უყურებდა. იცოდა, რა და როგორ მოეწყო - კომპიუტერის მაგიდა საწოლისკენ გამოაცურა, კომპიუტერთან მიერთებული დინამიკებიც წინ ჩამოაჩოჩა და ისე გამოვიდა, რომ ლოგინზე წამოწოლილს, თითქმის სტერეო ეფექტებით შეიძლებოდა გეყურებინა კომპიუტერის მონიტორზე ჩართული ფილმისთვის.
- წამოწექი, არ მოგერიდოს, ოღონდ შენი ბალიში მოიტანე მისაღებიდან, - დაასრულა კინოთეატრის მონტაჟი ანამ, - ისე, წარმოიდგენდი, რომ ასე მალე და უბრძოლველად გეღირსებოდა ჩემს ლოგინში მოხვედრა? - არ გაუშვა გახუმრების მცდელობა.
- ცოტა დაბნეული ვარ… როცა გოგო თავის საძინებელში გეპატიჟება კინოს საყურებლად, ცოტა სხვა მოლოდინები ჩნდება და ამ შემთხვევაში, ვატყობ, მართლა ფილმის ყურებას ვაპირებთ, - ძალით მივიღე დაბნეული გამომეტყველება და ბალიშის ასაღებად გავედი.
- მგონი მართლა უკეთესად ხარ; ხუმრობის ხასიათზე მოხვედი, - მისაღებიდან დაბრუნებულს ანა უკვე საწოლზე წამომჯდარი დამხვდა.
- უკეთესად ნამდვილად ვარ, ხუმრობის ხასიათზე რა გითხრა… - გამეღიმა. ბალიში საწოლზე დავდე და მეც ანას გვერდზე მოვთავსდი.
ანა წამოიწია, ფილმი ჩართო და გვერდზე მომიწვა. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ჩვენს შორის მანძილი შეუმჩნევლად შემცირდა და ანას უკვე თავი ჩემს მკლავზე ედო.
ფილმი ისე დასრულდა, ხმა არ ამოგვიღია.
- რას იტყვი? - ანა წამოიწია და ვიდეო ფლეიერი გამორთო.
- საინტერესო ფილმია. პრინციპში, ჩემს მოსაზრებებს ეხმაურება: ყველა და ყველაფერი, რაც შენთვის უცხოა, შენგან განსხვავდება, მტრულად აღიქმება. ასევე, დიდია თითოეულ ჩვენგანზე სტერეოტიპების გავლენა. ბევრი რამ არის ჩვენს გარშემო, რის შესახებაც, მრავალი მიზეზის გამო, ვერ გექნება ექსპერტული მოსაზრება. სწორედ ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ უკვე მზა, როგორც წესი, ზედაპირულ და ხშირ შემთხვევებში მცდარ შაბლონებს. შედეგები, როგორც იტყვიან, სახეზეა… შენ რას იტყვი? - მეც წამოვჯექი.
- მე რა უნდა ვთქვა, როდესაც ასეთი ჭკვიანი და მრავალმხრივ ერუდირებული მამაკაცი მიზის წინ? მეც მომეწონა ფილმი, ოღონდ შენგან განსხვავებით, ჯერ არ მაქვს მზად დასკვნა. მიყვარს ასეთი ფილმების მერე ფიქრი… ოღონდ ამ შემთხვევაში, დიდია ალბათობა, მოვექცე შენი მოსაზრებების გავლენის ქვეშ და მოწოდებული შაბლონებით დავკმაყოფილდე, - პირველს თავადვე გაეცინა საკუთარ სარკაზმზე, - ხომ არ დავიძინოთ? ფილმი ნამდვილად არ იყო მოსაწყენი, მაგრამ ერთი-ორჯერ კინაღამ ჩამეძინა. დატვირთული სამუშო კვირა მქონდა და ცოტა გადავიღალე.
- როგორც იტყვი. ამ სასტუმროში შენ ხარ დირექტორი. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს: ამ ჯერზე, თუ შეიძლება აივნის ნაცვლად დივანზე დავიძინებ, - არც მე გავუშვი ხელიდან სარკასტული ხუმრობის შანსი.
- დივანზე? მე უფრო საინტერესო და ცოტა სადისტური იდეა მაქვს… - დაფიქრდა და განაგრძო, - ბოლომდე გულწრფელები რომ ვიყოთ, მაზოხისტურიც: დარჩი აქ და ერთად დავიძინოთ. იმედია დამეთანხმები, რომ დღეს უმჯობესია უბრალოდ დავიძინოთ. შენც არ გქონდა მთლად ადვილი დღე, მეც გადაღლილი ვარ. მოკლედ, დაველოდოთ უკეთეს დროს. რას იტყვი? - დაასრულა და პასუხის მოლოდინში გამიღიმა.
- აშკარა სადო-მაზოხისტური ელემენტებისა და ცდუნების მიუხედავად, სრულად გეთანხმები. თუ ძალიან გამიჭირდა, დივანს მივაგნებ, - ღიმილით დავამატე და უკვე სერიოზული სახით განვაგრძე, - შენი ნებართვით, სააბაზანოთი ვისარგებლებ. როგორც დღეს ივარაუდე, ყველაფერი გათვლილი მაქვს და კბილის ჯაგრისის წამოღებაც არ დამვიწყებია.
- გრთავ ნებას, პირველმა ისარგებლო სააბაზანოთი. მერე მეც შევისეირნებ.
საწოლიდან წამოვდექი და სააბაზანოსკენ გავემართე.
უკან დაბრუნებულს, ოთახში ბოსა ნოვას სასიამოვნო ჰანგები დამხვდა:
“Oh give me the words
Give me the words
That tell me nothing
Ohohohoh give me the words
Give me the words
That tell me everything…”
გოგო, მიბნედილი ხმით ყვებოდა სიყვარულის ისტორიას.
- მაგარია! ვინ არის? - ვერ დავფარე აღფრთოვანება მუსიკით, რომელიც, ჩემი აღქმით, სრულად შეესაბამებოდა ანას საძინებელში შექმნილ ვითარებას.
- ფრანგული პროექტია, Nouvelle Vague. ძველი პანკ და პოსტ-პანკ ჰიტები საინტერესოდ გადაამუშავეს, - ანა თან ჩემთვის ახალ მუსიკას მაცნობდა, თან მოუტრიალებლად კარადაში რაღაცას ეძებდა. როგორც იქნა იპოვა, რასაც ეძებდა, გამიღიმა და სააბაზანოში გავიდა.
წამოვწექი და განვაგრძე მუსიკით ტკბობა. შემდეგი სიმღერა დაიწყო და მასში უკვე ამოვიცანი The Clash-ის “Guns of Brixton”. ნამდვილად არ მეგონა, თუ მოუხეშავი, დემონსტრაციულად “დაუვარცხნელი” პანკი, ასევე ლირიულად შეიძლება აჟღერებულიყო.
ცოტა ხანში, სააბაზანოდან ანა გამოვიდა. იმ მინიმალური მაკიაჟის გარეშე, რომელიც დღისით ჰქონდა, რაღაცნაირად კიდევ უფრო ახლობელი და “ჩემიანი” გახდა.
- ნებივრობ? - მომაძახა და პირსახოცი აივანზე, სავარძლის საზურგეზე გადააფინა.
- ძალიან მომეწონა ეს მუსიკა. სხვა რეალობაში გადავყავარ, - ღიმილით დავუდასტურე.
დასრულებული არ მქონდა ფრაზა, როდესაც ახალი კომპოზიცია დაიწყო. უფრო ენერგიული და წინა კომპოზიციებისგან განსხვავებული. შესავალის შემდეგ, მისამღერის დროც დადგა და როდესაც ვოკალისტმა გოგომ ისტერიულად შემოსძახა “too drunk to fuck”, ორივეს ერთდროულად სიცილი აგვიტყდა.
- ყველაფერი გათვლილი გქონდა? - მაპროვოცირებელი სახით გადავხედე ანას, - დრამატურგიაში უმაღლესი შეფასება!
საპასუხოდ, ანამ მხოლოდ ჩაიღიმა და განაგრძო დასაძინებლად მზადება.
- გამოვრთო, თუ იყოს? - დაასრულა მზადება და ჩემსკენ მოტრიალდა, - ბოლოს თავისით გამოირთვება და ადგომა არ იქნება საჭირო.
- რა თქმა უნდა იყოს. მიყვარს მუსიკის ფონზე დაძინება.
- ოჰო! - ანა სასიამოვნოდ გაკვირვებული ჩანდა, - მეც მიყვარს ასე დაძინება.
შუქი გამორთო და გვერდით მომიწვა.
- ძილი ნებისა, - თვალებში ჩამხედა და მაკოცა.
- ძილი ნებისა, - კოცნა იმაზე ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე ვისურვებდი. თუმცა, ამის მიუხედავად, მყისიერად აღვიგზენი.
რამდენიმე მოძრაობა დაგვჭირდა ორივეს, რომ მოსახერხებელი პოზა მიგვეღო - მე ზურგზე ვიწექი. ანამ თავი გაშლილ მკლავზე დამადო, ცალი ხელი ჩემო მკერდის გასწვრივ გადაატარა და გვერდულად, მთელი სხეულით მომეკრა.
ვგრძნობდი მისი ჯერ კიდევ ბოლომდე გაუშრობელი თმების სურნელს. მსიამოვნებდა მისი მკვრივი მკერდისა და მთელი სხეულის სიმხურვალის შეგრძნება. გამიჩნდა დაუძლეველი სურვილი, კიდევ უფრო მაგრად ჩავხუტებოდი, კოცნით დამეფარა კისერი, ტუჩები, ხელებით მოვფერებოდი, რათა სრულად შემეგრძნო მისი სხეულის სრულყოფილება.
აღგზნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. ვითარებას ართულებდა ის მომენტიც, რომ არ მინდოდა, მას ეს შეემჩნია, რაც არც ისე მარტივი იყო, ვინაიდან ჩემი მდგომარეობის დამადასტურებელ “ნივთმტკიცებასა” და მის ფეხს შორის სულ რამდენიმე სანტიმეტრი იყო. ერთი მოძრაობა და ყველაფერი გამოაშკარავდებოდა.
- არ გძინავს? - თავი არ აუწევია, ისე შემეკითხა.
- არა. შენ? - სულელური საპასუხო შეკითხვა გამომივიდა. ცხადია, რომ მძინარე ადამიანი საუბარს არ დაიწყებდა.
- მესმის, რომ რთულია ასე დაძინება. მეც შენზე არანაკლებად ვგრძნობ ამას, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ასე სჯობს. საქმე მარტო ჩემს დაღლილობასა და შენს ავადმყოფობაში არ არის. მოდი, ყველაფერი ეს განვიხილოთ, როგორც გამოცდა... გახსოვს, დღეს რომ მითხარი შენს ეჭვებზე? - პასუხისთვის არ დაუცდია, ისე განაგრძო, - ვატყობ, მეც მიჩნდება მსგავსი ეჭვები. მოკლედ, ამ ფიქრებში დავიძინოთ. წარმოიდგინე, რამდენი ლამაზი დღე და დასამახსოვრებელი მომენტი გველოდება წინ, თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ჩვენ გვინდა. ერთ დღეს, ეს ღამეც განსაკუთრებულად გაგვახსენდება.
საპასუხოდ თავზე ნაზად ვაკოცე და დაუძლეველი სურვილებიდან ერთ-ერთი ავისრულე - უფრო ძლიერად მოვიზიდე ჩემსკენ და მჭიდროდ მივეკარი. უკვე აღარ მაღელვებდა, შეამჩნევდა თუ არა ჩემს აღგზნებას.
არ ვიცი, ანას როდის ჩაეძინა. მე Modern English-ის სიმღერის “I Melt with You” Nouvelle Vague-ისეულ ვერსიას ვუსმენდი. სიმღერის ტექსტი იდეალურად შეესაბამებოდა ჩვენს მდგომარეობას:
“I'll stop the world and melt with you
You've seen the difference
And it's getting better all the time
There's nothing you and I won't do
I'll stop the world and melt with you…”
ამ სიმღერის ფონზე მეც ჩამეძინა.


XV

“See the stone set in your eyes
See the thorn twist in your side
I wait for you”

U2 - With Or Without You


დილით ადრიანად გამეღვიძა. ჯერ კიდევ თვალის გახელამდე ამაღლებულ განწყობას ვგრძნობდი. გუშინდელი სისუსტე და თავის ტკივილიც სადღაც გამქრალიყო. აღმოჩნდა, რომ ანასაც არ ეძინა უკვე; გვერდით იწვა და მზრუნველი, ამავე დროს მეოცნებე სახით მე მიყურებდა.
- დილა მშვიდობისა, - ბალიშიდან თავი არ აუწევია, ისე გამიღიმა.
- დილა მშვიდობისა, - საპასუხოდ გავუღიმე.
- ყავას დალევ? - სახის გამომეტყველების შეუცვლელად შემოთავაზა.
- დიდი სიამოვნებით.
- ორ წუთში მზად იქნება. შენ იწექი ჯერ, - დაიწყო საწოლიდან წამოდგომა.
დილის მზის შუქი თანაბრად ანათება საძინებელს და მხოლოდ ამ შუქზე შევამჩნიე, რომ ანას მაისური, რომელშიც ეძინა, საკმაოდ გამჭვირვალე იყო და მისი ძუძუს თავების როგორც ფერი, ასევე რელიეფი, მკვეთრად შესამჩნევი იყო თხელი მაისურის ერთფეროვან თეთრ ფონზე. სამზარეულოსკენ მიმავალს თვალი გავაყოლე. მისი იდეალური, ზომიერად გარუჯული ფეხები და მადისამღძვრელი თეძოები ჩემს მიერ უკვე ნახსენები დილის მზის შუქზე ისე გამოიყურებოდა, “ნიუ”-ს სტილის ყველაზე ეროტიულ ფოტოგრაფიას ფორას მისცემდა.
- ანა! - დავუძახე და სწრაფად წამოვიჭერი ფეხზე.
ანამ თავის მოტრიალებაც კი ვერ მოსაწრო, ისე აღმოვჩნდი მის ზურგს უკან. მოვეხვიე და კისერზე გახელებულმა დავუწყე კოცნა. მაისურს ქვემოთ ხელები შევაცურე და ავისრულე ოცნება: ხელის გულებით შევიგრძენი მისი საუცხოო მკერდი. მანაც, წელის არეში იგრძნო, თუ შეიძლება ასე ითქვას, რამდენად მოტივირებული ვიყავი.
თავდაპირველად, ანას წინააღმდეგობა არ გაუწევია და მოქმედების სრული თავისუფლება მომცა. თუმცა, რაღაც მომენტში მისი მოთმინებაც ამოიწურა და სახით ჩემსკენ შემობრუნდა. შემობრუნებისას მოვასწარი მისთვის მაისურის თავს ზემოთ გადატარება და იქვე მდგომი სკამისკენ სროლა. ანამ წამით თვალებში ჩამხედა და იქ რა დაინახა არ ვიცი, მაგრამ მე მის თვალებში, მის სახის გამომეტყველებაში იმდენი გრძნობა, იმხელა ცეცხლი დავინახე, თავბრუ დამეხვა.
ეხლა უკვე მან მომხვია პირველმა ხელები, თავისკენ მიმიზიდა და ჩვენი მკერდები ერთმანეთს მჭიდროდ მიეკრო. ამჯერად, ჩემი ხელები უკვე მის თეძოებზე აღმოჩნდა. როგორც იქნა გვეღირსა ხანგრძლივი, ყველანაირ წინასწარ გათვლილ ეტიკეტს მოკლებული მხურვალე კოცნა.
კოცნა არ შეგვიწყვეტია, ისე, მოკლე ნაბიჯებით საწოლისკენ დავიძარით. მკვეთრი მოძრაობით, ანა საწოლზე დავაწვინე, ბიკინი გავხადე, ჩემი ტრუსებიც მივაყოლე და ზემოდან, მის ფეხებს შორის მუხლებზე დავდექი. შემდეგ დავიხარე და მკერდის კოცნა, ენით ფერება დავიწყე. ნელ-ნელა კოცნით ზემოთ ავუყევი -კისერი, ღაწვები და ბოლოს ისევ ტუჩები. ამ დროს, მისი ხელი ჩემს ფეხებს შორის აღმოჩნდა და ვიგრძენი, როგორ მიმართა ჩემი აღგზნებული ორგანო საჭირო მიმართულებით.
დიდი ხნის ლოდინისა და უზომო აღგზნების გამო, კულმინაციას ძალიან მალე მივაღწიე. თუმცა, იგივე მიზეზების დამსახურებით, არ გავჩერებულვარ და პროცესი განვაგრძე.
შუადღე უკვე დამდგარი იყო, როდესაც ძილბურანიდან გამოვედი. ანაც მთელი სხეულით ჩახუტებიული გვერდით იწვა და ისე თვლემდა.
- არ მინდა გაღვიძება, - იგრძნო, რომ მე უკვე ფხიზლად ვიყავი, - ისე კარგად ვარ…
- თუ არ გინდა, ნუ გაიღვიძებ. ჩემთვის ისეთი კაიფია ასე შენთან ერთად წოლა, რომ ვერც წარმოიდგენ.
- მაგრამ უკვე დროა, - არ დამეთანხმა ანა, წამოიწია და კიდევ ერთხელ თვალებში ჩამხედა.
- ასე ნუ მიყურებ, თორემ კიდევ დიდხანს ვერ ავდგებით, - საცოდავად ამოვიხვნეშე.
- ნუ ღელავ, არ გაწყენინებ, - ირონიულად ჩაიცინა, - ასეთი საოცნებო მამაკაცი აქამდე სად იყავი? ცხოვრების ოცდაოთხი წელი ტყუილად გავატარე? - მეოცნებე სახით დაამატა.
- სად ვიყავი, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ეხლა უკვე აქ ვარ, - გავუღიმე.
მხოლოდ ეხლა გავიგე, რომ ანა 24 წლის იყო. აქამდე ამაზე არც მიფიქრია და არც დავინტერესებულვარ.
- არ მოგშივდა? მე მაგალითად რამეს შევჭამდი, - დაასრულა ფრაზა და მაკოცა.
- შენ შეგჭამდი, მაგრამ როგორც ვხვდები, კიდევ მრავალჯერ დამჭირდები, ოღონდ არა კულინარიული მიზნებისთვის, - ვცადე გახუმრება.
- ამას დამიხედეთ, რა დღეშია! - აღშფოთება გაითამაშა და კიდევ ერთხელ მაკოცა.
ამ კოცნამ საბოლოოდ გამომაფხიზლა და მორიგი აქტის პროვოცირება მოახდინა.
ამ ჯერზე ყველაფერი გაცილებით მშვიდად, თავბრუსხვევის გარეშე, თუმცა ძალიან მგრძნობიარედ დასრულდა. ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ურთიერთობის პირველი, ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი წარმატებით გავიარეთ. ის ფაქტი, რომ ნახევარი დღე ინტიმურ ურთიერთობებში გაილია და ჯერაც დაუძლეველი სურვილი მქონდა, ჩავხუტებოდი, მეკოცნა და გამეგრძელებინა დღე მასთან ერთად ლოგინში, ჩემთვის მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებდა - ეს არ იყო უბრალო სექსუალური ლტოლვა და უფრო დიდ რამეს მოსაწავებდა.
სადღაც დღის ორი საათი იყო, როდესაც ლოგინიდან ავდექით, შხაპი გადავივლეთ და ქალაქში გასასვლელად მოვემზადეთ. ჩემი წინადადება იყო, სადმე ზღვის პირას გვესადილა. ანამაც თავის თავზე აიღო შესაფერისი რესტორნის შერჩევა.
მის მიერ შერჩეული რესტორნის ტერასაზე თითქმის ყველა ადგილი დაკავებული იყო და ძალიან გამიხარდა, კუთხეში თავისუფალი მაგიდა რომ დავინახე. ანას მაგიდისკენ ვანიშნე და სწრაფი ნაბიჯებით მისკენ დავიძარით. გზაში, ნაცნობი ხმა გავიგონე და ხმის მიმართულებით გავიხედე. ჩემდა გასაოცრად, ჩვენი ექსპედიციის წევრი, პოლ ადამსი დავინახე, რომელიც ჩემთვის უცნობ მამაკაცს რაღაცას ხმამაღლა უმტკიცებდა. სანამ მაგიდასთან მივედით, დავჯექით, საუბრის ამ მონაკვეთის შინაარსი მეტ-ნაკლებად გავიგე.
- ბიბლია უდიდესი წიგნია კაცობრიობის ისტორიაში. მასში ყოველი სიტყვა, ყოველი თავი სიბრძნით არის გამსჭვალული. თუნდაც ათი მცნება ავიღოთ. განა ისინი არ განსაზღვრავენ თანამედროვე კაცობრიობის მორალურ სახეს? - პოლი გაცხარებული ამტკიცებდა. უცბად მე დამინახა და დაამატა, - თუმცა, ალბათ ლუკა არ დამეთანხმება.
მისი ეს სიტყვები, უფრო მისალმებას ნიშნავდა და არა ჩემი მოსაზრების გარკვევას, მაგრამ მე მაინც ვერ მოვითმინე. ფელიპეს არყოფნის პირობებში, ვინმეს ხომ უნდა გაეცა პოლისთვის პასუხი?
- მოგესალმებით და რა თქმა უნდა არ დაგეთანხმებით. სად არის უფრო მეტი სადიზმი, ნაციონალიზმი, გენოციდისა და კაცთაკვლისკენ მოწოდება და არა მხოლოდ მოწოდება, ასევე სხვა მრავალი სახის სისხლიანი და სასტიკი ისტორიები, თუ არა ძველ აღთქმაში?
- მე ძველ აღთქმას არ ვგულისხმობდი. მე იესოს კაცთმოყვარეობაზე მქონდა საუბარი, - შემეწინააღმდეგა პოლი.
- ახალი აღთქმა? ჯერ ერთი, ეს იგივეა, სერიალის შინაარსის მოყოლა მეასე სერიიდან რომ დაიწყო. თუ გინდა გაიგო, რა ხდება სერიალში, პირველი ასი სერიის შინაარს ვერ გაექცევი. მათგან გამომდინარეობს შემდგომი სიუჟეტი…. მეორე, ათი მცნება ახსენეთ და განა ისინი ძველი აღთქმიდან არ არის? და მესამე, შეიძლება სადაო რამ ვთქვა, მაგრამ ახალი აღთქმისა და ქრისტიანობის კოსმოპოლიტური, კაცთმოყვარე, ჰუმანური ხასიათი, უფრო პავლეს რეფორმატორული ხედვების შედეგია, ვიდრე პირველი ქრისტიანების მეინსტრიმის პოზიცია.
- და რა ვუყოთ მორალურ პრინციპებს, რომელთაც ქრისტიანობა გვთავაზობს? მათზე მაინც ხომ ვერ იტყვი, რომ აზრი არ აქვს? - ჩათვალა, რომ შეუვალი არგუმენტი წარმოადგინა.
- მორალურ პრინციპებზე მეკითხებით? მაგაზე ბევრი მიფიქრია: ჯერ იყო მორალი და მერე მოხვდა რელიგიაში, თუ ჯერ რელიგიამ განსაზღვრა იგი და მერე იქცა საზოგადოების ქცევის წესად. მარტივ დასკვნამდე მივედი. მორალის მთელი ფილოსოფია ერთ მოკლე ფრაზაში ეტევა: ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ. სულ ეს არის. გარდა ამისა, კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი ქრისტიანობის წარმოქმნამდე დიდი ხნით ადრე იყო უკვე ცნობილი. თუნდაც ბუდიზმი გამოდგება მაგალითად, - შევატყვე, რომ ზედმეტად გავცხარდი.
- ეგ მართალია. გილგამეშის ეპოსიც კარგი მაგალითია, - დამეთანხმა აქამდე ჩუმად მჯდომი პოლის თანმხლები მამაკაცი.
- კარგი, სხვა დროს გავაგრძელოთ ამ თემაზე კამათი, - მოერიდა საუბრის კიდევ უფრო გამწვავებას პოლი და დროებითი ზავის ნიშნად, ღიმილით დააყოლა - ჩვენ უკვე გავდიოდით.
მართლაც, აღმოჩნდა, რომ ანგარიშსწორება უკვე დაესრულებინათ და ოფიციანტის მოტანილ ხურდას საფულეში დებდა.
- კარგად ბრძანდებოდეთ მისტერ ადამს.. ხომ იცით, როგორ მიყვარს თქვენთან სხვადასხვა თემებზე საუბარი. ბევრ ახალ და საინტერესო რამეს ვიგებ ხოლმე, - ცოტა წავემლიქვნელე.
- კარგად ლუკა. მეც მიყვარს შენთან საუბარი. ღიად, ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე აზროვნებ, - საპასუხო კომლიმენტი დამიბრუნა პოლმა. შემდეგ თავი დაგვიქნია და თანმხლებ მამაკაცთან ერთად გავიდა კაფედან.
- რას ერჩოდი, ასე უმოწყალოდ რატომ ეკვეთე? - ხმა ამოიღო ანამ, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა და სეირს ინტერესით უყურებდა.
- არ მიყვარს, როდესაც უსაფუძვლოდ, მაღალფარდოვანი და უაპელაციო ტონით საუბრობენ. თანაც არ მითხრა, რომ არ იხალისე.
- არა, მე კი კარგად ვიხალისე. ყოჩაღ, თუ დღევანდელი დილის მერე ამდენი ენერგია შეგრჩა, - გადაიკისკისა ანამ.
ამ თემაზე საუბარი დასრულდა და შეკვეთა გავაკეთეთ. თუმცა, მე კიდევ გარკვეული პერიოდი ვაგრძელებდი ჩემს ფიქრებში კამათს. მომყავდა ჩემი პოზიციის სისწორის დამადასტურებელი სხვადასხვა არგუმენტები, შემქონდა ეჭვი უკვე გამოთქმულში….
ვერ ვხვდები, რატომ იღებენ ადამიანები, მათ შორის საკმაოდ ჭკვიანებიც, უდაო ჭეშმარიტებად მათთვის თავსმოხვეულ, მზა დოქტრინებს და არ ებადებათ ლოგიკური შეკითხვები. განა რა არის თავისუფლება, თუ არა შეუზღუდავი აზროვნების უნარი და იმ შეკითხვებზე პასუხის ძიება, რომლებიც ცხოვრების გზაზე წამოიჭრება?
ფიქრი ოფიციანტმა შემაწყვეტინა, რომელმაც ჩვენი შეკვეთა მოიტანა.
- ბეტე ავონ, - დავასწარი ანას.
- ბეტე ავონ. ვხედავ, უკვე დაგიმახსოვრებია, - ღიმილით მიპასუხა და სალათის უზარმაზარ პორციას საკმაზი მოასხა.
მეც ჩემს შემწვარ ქათმის ფილესა და გრილზე მოთუშულ ბოსტნეულს მივუბრუნდი. შიმშილის გრძნობის მიუხედავად, ჩემი პორციაც ზედმეტად დიდად მომეჩვენა.
ჩვენი სადილობა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც პეტროსმა დარეკა. დაინტერესდა სად ვიყავით და რას ვაკეთებდით. როდესაც გაიგო, რომ ვსადილობდით, დანიელასთან მოკლე კონსულტაციის შემდეგ, ჩვენთან შემოერთება გადაწყვიტა. მომიწია ყურმილის ანასთვის გადაწოდება, რათა აეხსნა, თუ ზუტად სად ვიყავით.
პეტროსისა და დანიელას მოსვლისას, სადილობა უკვე დასრულებული გვქონდა.
- აბა, როგორ ხართ, როგორ გაატარეთ გუშინდელი დღე? - დანიელა ჯერ დამჯდარიც არ იყო, უკვე ჩვენი გამოკითხვა დაიწყო.
- ძალიან კარგად. პიცა შევუკვეთეთ სახლში და მერე ფილმს ვუყურეთ. კარგად დავისვენეთ, - მოკლედ უპასუხა ანამ და მე გადმომხედა.
მივხვდი, რომ მეტის თქმა ამ ეტაპზე საჭირო არ იყო და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავაქნიე.
- შენ როგორ გრძნობ თავს? - ახლა პეტროსმა გადმომხედა.
- უკეთესად ყოფნა, წარმოუდგენელია. განსაკუთრებით უგემრიელესი ქათმის ფილეს შემდეგ, - ჩემს სახეზე დაუფარავი კმაყოფილება გამოიხატა.
- ქათმის ფილეზე გამახსენდა: არ შევუკვეთოთ რამე? - პეტროსის ეს სიტყვები უკვე დანიელასკენ იყო მიმართული.
- გემრიელი სამზარეულო აქვთ აქ. რეკომენდაციას ვუწევ! სანამ თქვენ ისადილებთ, მე ყავას შევუკვეთავ. იმედია, მეღირსება დღეს ყავის დალევა, - ანას გავხედე და გამეცინა.
- თავხედი ხარ! - სიცილითვე მიპასუხა ანამ, - შენს თავს დააბრალე, თუ პირველ ფინჯან ყავას მხოლოდ დღის ოთხ საათზე სვამ.
- რა ხდება აქ? რას მიმალავთ? - დანიელას მოთმინება უსაზღვრო ნამდვილად არ იყო.
- რა უნდა დავმალოთ? უბრალოდ ლუკას დილით ყავის დასალევად ადგომა დაეზარა და ეხლა ამაში ჩემი დადანაშაულება უნდა, - სერიოზული გამომეტყველებით სცადა ანამ პასუხის გაცემა, თუმცა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და ახარხარდა. მეც თავი ვერ შევიკავე და ავყევი.
- დანიელა, რა შევუკვეთოთ? - პეტროსმა საუბრის თემა ისევ კულინარიულ მიმართულებაზე გადაიყვანა და მერე მე შემომხედა. მის გამოხედვაში შევამჩნიე, რომ ყველაფერს მიხვდა.
დანიელა არ იყო საუბრის ამ ნაწილის ასე მალე დამთავრების მომხრე, მაგრამ იძულებული გახდა პეტროსს დათანხმებოდა და მენიუს მიუბრუნდა.
ცოტა ხანში, მათი შეკვეთა და ჩემი ყავა მოიტანეს.
- მართლა, ერთი საათის წინ აქ პოლი იყო. შეხვედრას, ჩვეული მცირე კამათის გარეშე არ ჩაუვლია, - პეტროსს გადავულაპარაკე და ყავა მოვსვი.
- რას აკეთებს თელ-ავივში? როგორც წესი, იერუსალიმიდან ვერ გამოიტყუებ, - პეტროსს სახეზე გაოცება გამოეხატა.
- მგონი შეხვედრა ჰქონდა. ვიღაც უცნობ მამაკაცთან ერთად იყო.
- პოლის აშკარა ჰეტეროსექსუალობისა და მეუღლისადმი ერთგულების გათვალისწინებით, ეს, ჩვენს მსგავსად, რომანტიული შეხვედრა არ იქნებოდა.
პეტროსის ამ ხუმრობაზე ყველას გაგვეცინა.
- მართლა, ზღვაზე არ გავიდეთ? კარგი ამინდია, - პეტროსს არ ასვენებდა, რომ სადილის შემდეგ, დღე დაუგეგმავი იყო.
- მე მომხრე ვარ. ოღონდ ერთი პირობით: არანაირი იახტა და წყალქვეშა ნავი! - წამოვაყენე ჩემი პირობები, - ისე, გუშინდელ შემთხვევას ერთი დადებითი მხარეც ჰქონდა: ჩემი ოცნებების სიიდან ერთი პუნქტი ამოვარდა. არანაირად აღარ მინდა საკუთარი იახტა. ასე რომ, ჩემი ყველა ოცნების ასრულების მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადავდგი, - შემდეგ, ჩუმად მხოლოდ ანას გაავულაპარაკე, - ჩვენს შორის ვიტყვი... არა ერთი, არამედ ორი.
ანას სიამოვნებისგან გაეღიმა და სხვებისგან დაუნახავად ხელზე ხელი ნაზად გადამისვა.
- ეგ გასაგებია. მამაკაცის ყურადღებას მოწყურებული, სექსუალურ ბიკინებში გამოწყობილი სუპერმოდელებით სავსე ულტრათანამედროვე იახტაც რომ გველოდეს, შენ მაგას არ შემოგთავაზებდი, - პეტროსმა, მისი წარმოდგენაში იდეალური სურათი დახატა.
- მასეთ იახტაზე თუ დაგვიძახეს, მაინც ნუ დამიმალავ. იქნებ კიდევ ერთხელ გავრისკო, - ვიხუმრე და იმ წამსვე ვინანე.
ანას სახეზე ნასიამოვნები ღიმილი დაძაბულმა გამომეტყველებამ შეცვალა. დანიელაც დაიძაბა და სწორედ მან ვერ შეიკავა პირველმა თავი:
- ესე იგი, ბიკინებში გამოწყობილ სუპერმოდელებს ელოდები და სანამ გამოჩნდებიან, ჩემით კმაყოფილდები, არა? - გაბრაზებულმა პეტროსს შეუღრინა.
პეტროსი დაიბნა და ცოტა გრძელი პაუზა გამოუვიდა.
- გოგოებო, ნუ ბრაზდებით. თქვენი წყენინება არც პეტროსს უნდოდა და არც მე, - საკუთარი თავზე ავიღე მობოდიშება, - მაგარი იახტა და სუპერმოდელები, ეს უბრალოდ შაბლონია, რომელზეც, ჩამოყალიბებული წარმოდგენებით, ყველა მამაკაცი ოცნებობს. პეტროსმა ეს სტერეოტიპი გაათამაშა და მეც თამაშში ავყევი. თანხმა ვარ, ვაღიარო, რომ თქვენი თანდასწრებით ამის გაკეთება არ იყო ლამაზი.
- ერთი შენნაირი შუამავალი და ახლო აღმოსავლეთის ყველა კონფლიქტი მოგვარდება, - შევატყვე, რომ ანამ ჩემი მობოდიშება მიიღო, - მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გარანტირებული გექნება, - ჩაფიქრებული სახე ძალით მიიღო და დაამატა, - თუმცა, ეხლა იქაჩები სუპერმოდელებით სავსე იახტისკენ და ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, საერთოდ აღარ გამოიხედავ ჩემსკენ, - მაინც არ მომცა ბოლომდე მოშვების საშუალება.
დანიელას გარდა ყველას გაგვეღიმა.
პლიაჟზე იქვე, ქუჩის გადაღმა გადავედით. აღმოჩნდა, რომ აშშ-ს საელჩოსთან ვყოფილვართ. ეს ანამ უკვე ზღვაში ამიხსნა. “ისროტელ”-ის საინტერესო მრგვალი ფორმის შენობის წინ მდგარი არაფრით გამორჩეული ოთხკუთხედი შენობა, სწორედ საელჩო აღმოჩნდა. თუმცა, კარგად დაკვირვების შემდეგ, ზღვიდანაც შევამჩნიე შენობის კედლის წინ, ბეტონის ბლოკებისა და ლითონის მასიური დამცავი წინაღობა. ანასვე განმარტებით, საელჩოს გვერდზე იყო კარგი პაბი “Mike’s Place”, სადაც ცოცხალ მუსიკას უკრავენ ხოლმე.
გაბრაზებული დანიელა შეზლონგზე უტყვად იწვა. პეტროსმაც ვერ გაბედა მისი მარტო დატოვება და გვერდით შეზლონგზე განთავსდა. ზღვაში მარტო მე და ანა ვიყავით შესული. უკვე მოსაღამოვებას აპირებდა. შესაბამისად, ზღვაზე ჩემთვის ჯადოსნური დრო დგებოდა. მზეს მხურვალება ნელ-ნელა მოაკლდა და დროის მოკლე მონაკვეთი ცაზე ერთადერთ ღრუბლის ნაგლეჯს მოეფარა. წყლის ზედაპირი რაღაცნაირი, დამამშვდებელი თეთრი ნათებით ალივლივდა. ორიოდ მეტრში მდგომი ანასკენ გავცურე და ხელები მოვხვიე. რაიმე განსაკუთრებულის თქმა მომინდა, მაგრამ უცბად ვერაფერი მოვიფიქრე და გაურკვეველი ბგერები აღმომხდა.
- გეთანხმები, - გაეცინა ანას.
- რაში მეთანხმები? - ვერ მივხდი, დამცინოდა თუ მართლა რაიმე გაარჩია ჩემს მიერ გამოცემულ ბგერებში.
- ვიხუმრე, - გამიღიმა, თავი ჩემი ხელებისგან გაითავისუფლა და წყალში ჩაყვინთა. უცბადვე ამოყვინთა, სველი თმები ხელებით უკან გადაიწია და დაამატა, - ხუმრობა ერთია, მაგრამ მართლა გეთანხმები, რომ ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოსცემ. გგონია, ვერ ვატყობ როგორ მიყურებ? და რომ იცოდე, ეს როგორ მსიამოვნებს… - დაასრულა ფრაზა და ხელის გული, პატარა ბავშვივით გაუსვა ზღვის ზედაპირზე და წყალი სახეში შემომასხა.
მოულოდნელობისგან თვალების დახუჭვა ვერ მოვასწარი და უხერხულად ავფრუტუნდი.
- როდის აპირებთ იერუსალიმში დაბრუნებას?- უცბად დასერიოზულდა.
- მოგბეზრდი უკვე? - ვცადე გახუმრება, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ხუმრობა უადგილო იყო და რეაქციისთვის არ დამიცდია, ისე განვაგრძე, - წესით, საღამოს უნდა დავბრუნდეთ. თანაც, შეხედე, - თავი ნაპირისკენ გავაქნიე, - არამგონია, ნაპირზე მყოფ წყვილს კიდევ დიდხანს უნდოდეს ერთად ყოფნა.
- მისმინე… ხვალ ხომ არ გაქვთ სამუშაო დღე? - შევატყვე, რაღაც მოეფიქრებინა.
- არა.
- მე რომ დანიელას დამშვიდება ჩემს თავზე ავიღო, მან კიდევ თავის მხრივ, “დამნაშავე” პეტროსი დაიყოლიოს, დარჩები ხვალამდე?
- უდიდესი სიამოვნებით, მაგრამ ხვალ დილით შენ ხომ სამსახურში უნდა წახვიდე?
- ჯერ ერთი, ხვალ დილამდე მთელი საღამო და მერე მთელი ღამეა. მეორე... ვინ თქვა, რომ ავადმყოფობის უფლება არ მაქვს? თუ დარჩები, დილით სამსახურში დავრეკავ და დასვენების დღეს ავიღებ, - შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
- ასეთ წინადადებაზე ვერც კი ვიოცნებებდი! - არც კი მიცდია აღფრთოვანების დაფარვა, - ავიდეთ უკვე? შენს გეგმაზე წავიმუშაოთ.
- ავიდეთ, ოღონდ შენ რა უნდა წაიმუშაო? მე უნდა დაველაპარაკო დანიელას. მომინდომა აქ თიმ ბილდიგნი და ერთობლივი მუშაობა, - ანასაც შეეტყო, რომ გაუხარდა ჩემი რეაქცია.
- არც ეგრეა საქმე. მე პეტროსს შევამზადებ, სანამ შენ დანიელას დაელაპარაკები, - ეხლა ჩემი ჯერი დადგა თვალის ჩაკვრის.
ნაპირზე გასულებს, უცვლელი სურათი დაგვხდა - დანიელა და პეტროსი უტყვად იწვნენ თავიანთ შეზლონგებზე.
- დანიელა, წამომყევი, კაფეში წყალს ავიღებ. შენ თუ კარგად მოიქცევი, ნაყინს გიყიდი, - მივუახლოვდით თუ არა, ანამ გეგმის განხორციელება დაიწყო.
- თქვენ აქ იყავით, მე წავალ. წყალსაც ვიყიდი და ნაყინსაც, - უცბად გააქტიურდა პეტროსი.
- ერთად წავიდეთ, - პირსახოცი ავიღე და ჩუსტებში ფეხი გავუყარე.
- ხომ გახსოვს, დანიელას რომელი ნაყინი უყვარს? - გამომცდელად შეხედა პეტროსს ანამ.
- რა თქმა უნდა, - პეტროსმა ანას კი უპასუხა, მაგრამ თვალი დანიელასთვის არ მოუშორებია.
- მარწყვის არ გინდა, შოკოლადის წამოიღე, - როგორც იქნა დანიელამაც პატივი დაგვდო და ამოიღო ხმა.
- ნაყინი და წყალი უბრალოდ მიზეზია, - გავცდით თუ არა შეზლონგებს, პეტროსს გადავულაპარაკე, - მოკლედ, ანას უნდა დანიელა დაიყოლიოს, რომ მან თავის მხრივ, შენ გთხოვოს დღეს დარჩენა.
- ანუ, დანიელა მე უნდა მეხვეწოს, რომ დავრჩე? - თვალები გაუნათდა პეტროსს, - განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ეს შეუძლებლად მეჩვენება, მაგრამ ანას იმედი მაქვს. თუ დაიყოლია, უცბად არ დავეთანხმები, ცოტა თავს დავიფასებ - ჩაიხითხითა და გადმომხედა, - თქვენს ფრონტზე, ვატყობ, ყველაფერი სრულ წესრიგშია.
- ნამდვილად. სრულ წესრიგშია და უფრო მეტიც. სიმართლე რომ ვთქვა, ანაზე არანაკლებად მინდა დღეს დარჩენა.
- რა პრობლემაა, მაგაზე გაწყენინებ? იერუსალიმში რა დაგვრჩენია? პოლის და ფელიპეს კამათის მოსმენას ორშაბათსაც მოვასწრებთ, - იმის გაგებამ, რომ დანიელასთან მისი დაძაბული ურთიერთობების დალაგება სხვამ ითავა, პეტროსს ხასიათი გამოუკეთა.
წყალი და ნაყინი უცბად ვიყიდეთ და შეზლონგებისკენ გავიხედეთ. დანიელა წამომჯდარიყო და ანასკენ გადახრილი ყურადღებით უსმენდა.
- მგონი არ ღირს ჯერ დაბრუნება, - პეტროსი ღელავდა.
- გეთანხმები. თითო ლუდი ხომ არ დაგველია? - შევთავაზე.
გამყიდველს ვთხოვეთ და ნაყინი დროებით მაცივარში დავაბრუნებინეთ, ჩვენ კი რბილ სავარძლებში ჩავჯექით და ცივი ლუდის სმა დავიწყეთ, თან ზღვის პირას მიმდინარე საუბარს ვაკვირდებოდით, რომელიც მოსალოდნელზე მალე დასრულდა და კაფეს მიმართულებით გოგოების მზერა დავიჭირეთ.
- ეხლა უკვე დროა, - დაასკვნა პეტროსმა.
ანას წყალი, დანიელას ნაყინი, ჩვენი ნახევრად სავსე ლუდის ჭიქები ავიღეთ და გოგოებისკენ დავიძარით.
- სად იყავით აქამდე? წყლის ასაღებად წყაროზე ხომ არ წახვედით? - ანამ “გვისაყვედურა” და კმაყოფილი სახით შემომხედა.
მივხვდი, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
- ჩვენთვის ლუდი ავიღეთ და ამან ცოტა შეგვაფერხა, - გავუღიმე საპასუხოდ და ვაგრძნობინე, რომ ყველაფერს მივხვდი.
- ნაყინი ცოტა გამდნარა, მაგრამ არაუშავს, - დანიელას უკმაყოფილება არადამაჯერებელი იყო, - საღამოს ჰერცლიაში ხომ არ წავიდეთ?
- ჰერცლიაში? იქ ერთი საათით ხომ არ წავალთ და ისე, ძალიან დაგვაგვიანდება იერუსალიმში. არ მიყვარს გვიან ღამით მანქანით სიარული, - პეტროსი თავს იფასებდა.
- მერე დარჩით ეს ღამეც. არამგონია, ხვალამდე უთქვენოდ მოასწრონ იქაურობის გადათხრა და ყველა არქეოლოგიური აღმოჩენის გაკეთება, - დანიელას რეპლიკა თხოვნას ნაკლებად ჰგავდა.
- შენ რას იტყვი? - პეტროსი აღარ შევიდა დანიელასთან პოლემიკაში, თან არც პირდაპირ დაეთანხმა და გადაწყვეტილების მიღება ვითომ მე მომანდო.
- მე დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი, - ჩემის მხრივ, არ ავყევი თამაშს.
- თუ შენ გინდა, მაშინ დავრჩეთ, - მაინც თავისაზე იდგა პეტროსი.
- დიდი სიამოვნებით, არა? - ჯერ ჩემთან საუბარი დაასრულა და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა დანიელამ, შემდეგ სერიოზული სახით პეტროსს მიუბრუნდა, - ლუკა დიდი სიამოვნებით რჩება და შენ მხოლოდ მისი ხათრით, ხომ?
- მე ეგ არ მითქვამს. მეც სიამოვნებით დავრჩები, შენ თუ გამიღიმებ, - საბოლოოდ დანებდა პეტროსი და მათი პაექრობა დანიელას გამარჯვებით დამთავრდა.
- გაგიღიმებ და მეტიც, თუ იახტაზე მოდელებს არ მომინდომებ, - დანიელას ხმა დაუთბა.
- კარგი, ხო… ნუ გადამაყოლებ ერთ უადგილო ხუმრობას, - პეტროსმა თეთრი დროშა ააფრიალა.
- მაშინ ასე მოვიქცეთ: ეხლა სახლებში დავიშალოთ, შხაპი გადავივლოთ, მოვემზადოთ და ჰერცლიისკენ დავიძრათ. მგონი, ყველაფერ ამაზე ორი საათი გვეყოფა, - დაალაგა გეგმები დანიელამ.
ანას გადავხედე. მთელს ამ დიალოგს ჩუმად ადევნებდა თვალს და მხოლოდ იღიმებოდა. ართობდა მთელი ეს სპექტაკლი, რომლის რეჟისორიცა და სცენარის ავტორიც თავად იყო.
- რა უთხარი ასეთი ჯადოსნური დანიელას, ასე უცბად რომ შეეცვალა ხასიათი? - მანქანიდან გადმოვედით თუ არა შევეკითხე ანას.
- ყველაზე ჯადოსნური, რაც შეიძლებოდა მეთქვა: სიმართლე, - შემომხედა, გამიღიმა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ვეღარ ვთვლიდი მერამდენედ, თავი ბედნიერად ვიგრძენი. ოღონდ ამ ჯერზე ეს ბედნიერების განცდა სხვანაირი, გაცილებით სრულყოფილი იყო.


XVI

“How can I be lost
If I've got nowhere to go?”

Metallica - Unforgiven III


მე და ანამ შხაპის მიღება ერთად გადავწყვიტეთ და გასაგებია, რომ როდესაც პეტროსმა და დანიელამ გამოგვიარეს, ჩვენ ჯერ კიდევ მზად არ ვიყავით. ნაჩქარევად ჩავიცვით და გავემზადეთ, მაგრამ მაინც საკმაოდ დავაგვიანეთ.
- უკაცარავად დაგვიანებისთვის. ვერ შევამჩნიეთ, დრო როგორ გავიდა, - მობოდიშება თავის თავზე ანამ აიღო.
- არაუშავს. თავიდან ყოველთვის დრო შეუმჩნევლად გარბის, - დანიელამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მიხვდა, თუ რატომ დავაგვიანეთ.
- თქვენი არ ვიცი და მე ისევ მომშივდა, - პეტროსის დღის თემა კვება იყო.
- გემრიელ საჭმელზე არც მე ვიტყოდი უარს, - მეც ჩავერთე საუბარში.
- შენ კი გჭირდება ძალების მოკრება, - არ იშლიდა თავისას დანიელა.
- ჰერცლიის მარინაში მივიდეთ. იქ ერთი კარგი ადგილი ვიცი, გემრიელ საჭმელს აკეთებენ, - პეტროსი კვლავ კულინარიულ თემას დაუბრუნდა.
- როგორც უკვე შევატყვე, გემრიელი სამზარეულოს პრობლემა, ამ ქვეყანაში არ დგას. სადაც არ მოვასწარი ყოფნა, თითქმის ყველგან მშვენიერი სამზარეულო იყო, - განვავრცე.
- შენ ჯერ მგონი, ანას გაკეთებული საჭმელი არ გიგემია. რასაც ხელს მოკიდებს, ფანტასტიურად გამოსდის, - ვერ ეშვებოდა ჩემი და ანას თემას დანიელა.
- ოჰო! არ ვიცოდი, - გავიკვირვე და გვერდზე მჯდომ ანას გადავხედე.
- დანიელაა, - დამიზუსტა ანამ, - როგორც წესი, უყვარს გაბუქება.
- იმედია, მალე დადგება დრო, როდესაც თვითონ შევაფასებ, რამდენად მართალი იყო დანიელა, - ხელი მოვხვიე ანას და ლოყაზე ვაკოცე. ანაც ჩამეხუტა.
მანქანაში კონდიციონერისგან საკმაოდ გრილოდა და მთავარ მიზეზს თუ გვერდზე გადავდებთ, ანას ჩახუტება წმინდა პრაგმატული მიზნითაც მესიამოვნა.
ჰერცლია მარინაში მალე მივედით და მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერეთ. შესასვლელში ჩვეული შემოწმება გავიარეთ და საკმაოდ საინტერესო ადგილას აღმოვჩნდით. ჩვენს მარცხნივ, გაყოლებაზე განათებული რესტორნები მოჩანდა, ხოლო პირდაპირ, იახტები გრძელ რიგებად იყო ჩამწკრივებული. იახტების დანახვამ ცუდი მოგონებები გამიღვიძა და მარჯვნივ გავიხედე. აქაც, თანამედროვე შენობების კომპლექსის პირველი სართული რესტორნებს ეკავა.
პეტროსი წინ გაგვიძღვა და მალე მარჯვნივ შევუხვიეთ. ღია, შემოფარგლული ტერასა მაგიდებით იყო სავსე. შესავლელთან, პეტროსის საუბარი ადმინისტრატორ გოგონასთან უცბად დასრულდა. პეტროსი მოგვიტრიალდა:
- ცუდი ამბავი. ტერასაზე თავისუფალი მაგიდა არ არის, მხოლოდ დარბაზში. შევიდეთ, თუ სხვაგან ვცადოთ ბედი?
- მგონი, ძებნას აზრი არ აქვს. ამ დროს, ტერასაზე ადგილები ყველგან დაკავებული იქნება, - ანას სიტყვები გადამწყვეტი აღმოჩნდა და ადმინისტრატორის თანხლებით დარბაზში შევედით.
რესტორნის დარბაზმა უფრო პაბის შთაბეჭდილება დატოვა და ამის ფონზე, კიდევ უფრო დიდი გაოცება ვიგრძენი, როდესაც ცოტა ხანში ძველებური ბრიტანული ბიბლიოთეკის მსგავს სივრცეში აღმოვჩნდით. ბუხრის პირას, რომელშიც რა თქმა უნდა ცეცხლი არ ენთო, დაბალი მაგიდის გარშემო სავარძლებში მოვთავსდით.
გრილ, მყუდრო გარემოში ვახშამი ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა. პეტროსის არჩევანმა სრულად გაამართლა - გარემოსთან ერთად, სამზარეულოც მშვენიერი იყო.
ორიოდ საათში, გარეთ გამოვედით და ზღვის პირას გავისეირნეთ. რესტორნის გრილი დარბაზის მერე, ჰაერი უსიამოვნოდ ჩახუთული მეჩვენა.
- თელ-ავივში ხომ არ დავბრუნდეთ? ლამაზი ადგილი კი არის, მაგრამ ისე ცხელა, სეირნობას აზრი ეკარგება, - გამოვთქვი მოსაზრება.
- შენ ალბათ უფრო გივატაიმში დაბრუნება გაინტერესებს, - დანიელა მთელი საღამოს განმავლობაში არ ეშვებოდა ჩემი და ანას ახლადდაწყებული რომანის თემას, - თანაც, რამდენი იახტაა და არც ერთზე არ ჩანან მიმზიდველი მოდელები. ალბათ, პეტროსმაც მოიწყინა ამის გამო, - პეტროსსაც გადაწვდა.
პეტროსმა საპასუხოდ მხოლოდ თავი გადააქნია.
- მეც უკან დაბრუნების მომხრე ვარ, - მხარი დამიჭირა ანამ, - რა თქმა უნდა, თქვენ თუ სხვა გეგმები არ გაქვთ.
- როგორც იტყვით. ესე იგი, დღეს ვიშლებით, - შეაჯამა პეტროსმა და მანქანისკენ დავიძარით.
- სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, - გაჩერდა თუ არა ანას სახლთან მანქანა, დაგვემშვიდობა დანიელა.
მანქანის კარი გამოვაღე, გადმოვედი, ანასაც მივეხმარე და დასამშვიდობებლად დავიხარე.
- თქვენც სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. იმედია, პეტროსს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებ, რომ არც ერთ მოდელზე ნაკლები არ ხარ, - არ დავრჩი დანიელას ვალში.
ანასთან, როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობდი უკვე თავს. მოვასწარი ამ პატარა ბინასთან შეჩვევა. შევედით თუ არა, მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე, ჭიქაში დავისხი და ერთი ყლუპი მოვსვი.
- უკვე ისე მოვშინაურდი შენთან, სტუმრის სტატუსს ნელ-ნელა ვკარგავ მგონი, - გავუღიმე ანას, - ამდენად, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, შხაპის პირველად მიღების უფლებას გითმობ.
- დიდი მადლობა, სერ. დავთანხმდები თქვენს შემოთავაზებას,- ლოყაზე მაკოცა და სააბაზანოსკენ დაიძრა.
წყლის ჭიქა ავიღე, აივანზე გავედი, სავარძელში მოვთავსდი და გავაბოლე. აივანზე შედარებით სიგრილე იყო, მაგრამ მხოლოდ შედარებით; მაინც საკმაოდ ცხელოდა.
ისეთ განწყობაზე ვიყავი, უკეთესს ვერც ვინატრებდი. გამახსენდა ის მოსაწყენი დღე, როდესაც თამარის ერთმა ზარმა ამდენი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. რა იყო ეს? უბრალო შემთხვევითობა, თუ რაღაც ლოგიკური მოვლენების ერთიანობა, რის შედეგადაც, საბოლოოდ აღმოვჩნდი იქ, სადაც ვიყავი. დამაინტერესა, სად შეიძლება მივეყვანე ამ შემთხვევითობებისა თუ ლოგიკური მოვლენების შემდგომ განვითარებას. დავიძაბე. იქნებ და არც ისეთი უღრუბლო მომავალი მელოდა, როგორც ამ წუთას წაარმოვიდგენდი. გადავწყვიტე, ამაზე არ მეფიქრა. რა აზრი ჰქონდა გაურკვეველ მომავალზე ფიქრს და ამით ხასიათის გაფუჭებას? მთავარია, რომ ახლა იქ ვიყავი, სადაც მინდოდა და ისე ვიყავი, როგორც მინდოდა. სჯობდა მომენტით ბოლომდე დავტკბარიყავი. მომავალში, ეს ყველაფერი, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად გამახსენდებოდა.
- სააბაზანო თავისუფალია, - ანამ საძინებლიდან გამომძახა.
ოთახში შევედი. ანა სარკესთან იდგა და პირსახოცით თმებს იშრობდა.
- მგონი რაც გიცნობ, ჯერ არ მითქვამს, რა ლამაზი ხარ, - თვალი ვერ მოვაშორე ანას.
- მადლობა, რომ საქმის კურსში ჩამაყენე. მეცოდინება, რომ ჩემზე ასეთი კარგი წარმოდგენისა ხარ, - უკვე მივეჩვიე ანას სარკაზმს.
სააბაზანოდან გამოსულს, საძინებელი რომანტიულად გაწყობილი დამხვდა. პრაქტიკულად, ოთახში არსებულ ყველა ჰორიზონტალურ ზედაპირზე ანთებული სანთელი იდგა. კომპიუტერის მაგიდაზე, სურნელოვანი ჯოხი ბოლავდა და სასიამოვნო არომატს აყენებდა. ყველაფერს დაბალ ხმაზე ჩართული წყნარი მუსიკა აგვირგვინებდა.
- ვინმე მოკვდა, თუ ეს ამდენი სანთელი რას უკავშირდება? - ვცადე გახუმრება.
- არავინაც არ მომკვდარა. ვუდუს კულტის მიმდევარი ვარ და შენი მოჯადოება გადავწყვიტე, - ანა უკვე საწოლში იწვა და იქიდან მიპასუხა.
წელზე შემოხვეული პირსახოცი მოვიხსენი და მეც ლოგინში შევწექი.
- ახლა უკვე ვხვდები, რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში. მოჯადოებული ვყოფილვარ, - ხელი მოვხვიე ანას და ვნებიანად ვაკოცე. კოცნის შემდგომ, ხუმრობის თავი არც ერთს აღარ გვქონდა და ყველაფერი ლოგიკურად გაგრძელდა.
დილით, ყავის სურნელმა გამაღვიძა. თავზე ანა მადგა და მოსიყვარულე თავალებით დამყურებდა. ხელში ყავით სავსე ფინჯანი ეჭირა, რომელიც, როგორც მივხვდი, სანამ მეძინა, სახესთან ახლოს მოიტანა და სწორედ ამიტომ ვიგრძენი მძაფრად არომატი.
- დილა მშვიდობისა. ყავა წინასწარ მოგიმზადე, მერე რომ არ დამადანაშაულო, რომ არ გაძლევ დალევის საშუალებას, - გამიღიმა, ფინჯანი მომაწოდა და საწოლზე ჩამოჯდა.
- დილა მშვიდობისა. მხიბლავს შენი წინდახედულობა, - წამოვჯექი და ყავა მოვსვი, - შენთვის არ გაიმზადე?
- მე უკვე დავლიე. დილიდან ისეთ ენერგიაზე და კარგ ხასიათზე ვარ, არ დამეზარა ადრე ადგომა, - ანას სახეზე ეწერა, რომ ოდნავაც არ აჭარბებდა, - სამსახურში დავრეკე და დღეს მთლიანად შენს განკარგულებაში ვარ.
- მშვენიერი. დღის ასე დაწყებას ვერც ვინატრებდი, - კიდევ ერთხელ მოვსვი ყავა და უკვე წამოვდექი, - აივანზე გავალ. ყავა სიგარეტის გარეშე იგივეა, რაც… - ოდნავ დავყოვნდი და ჩავფიქრდი, - რაც მე შენს გარეშე, - ანას გავუღიმე, ვაკოცე და აივნისკენ წავედი.
- მე ყავა ვარ, თუ სიგარეტი? - გაეცინა ანას და უკან გამომყვა.
- შენ ჩემი ოცნება ხარ, რომელიც ამიხდა, - გადაჭარბებული პათეტიკის მიუხედავად, ფრაზა დამაჯერებლად ჟღერდა.
- ვატყობ, გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ, - ნასიამოვნებს გაეღიმა. შემდეგ მოპირდაპირე სავარძელში ისე ჩაჯდა, ჩემთვის მზერა არ მოუშორებია.
- სამ დღეში, თბილისში უნდა დავბრუნდე, - გამომეტყველება დამისერიოზულდა, - იქ ალბათ დაახლოებით ორი კვირა დავრჩები, რაღაც საბუთებს გავამზადებ და მერე უკან დავბრუნდები.
- ანუ მინიმუმ ორი კვირა ვერ გნახავ? - სახის გამომეტყველება ანასაც შეეცვალა.
- სამწუხაროდ, ეგრე გამოდის. მოდი, ყველაფერს ისე შევხედოთ, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ღამის წინ რომ მითხარი: ეს იყოს კიდევ ერთი გამოცდა.
- მე შენთან დაკავშირებით გამოცდები აღარ მჭირდება, მაგრამ რა გაეწყობა, იყოს ორი კვირა, - ახალმა ამბავმა აშკარად არ გაახარა, - ოღონდ არც ერთი დღით მეტი.
- მოვილაპარაკეთ, - გავუღიმე და სიგარეტი საფერფლეზე ჩავაქრე, - გამოფხიზლების ბოლო სტადიასაც გავივლი, შხაპს გადავივლებ. ოკ?
- ოღონდ იქ დიდ ხანს არ დარჩე. გახსოვდეს, რომ აქ მე გელოდები, - საპასუხოდ გამიღიმა.
- ორ წუთში აქ ვარ, - სრაფად წამოვდექი და სააბაზანოში გავედი.
ანა მისაღებში, დივანზე ჩამომჯდარი დამხვდა. კონდიციონერს ოთახი სასიამოვნოდ გაეგრილებინა. ბოლომდე დახურული ჟალუზის დამსახურებით, პრაქტიკულად სრული სიბნელე იყო.
- იცი რა გავიფიქრე ეხლა? - გვერდზე მივუჯექი ანას და ხელი მოვხვიე, - შენი სახლი ჩვენი ციხესიმაგრეა, სადაც მხოლოდ მე და შენ ვართ. გარეთ კიდევ დანარჩენი სამყაროა და ამ წუთას სრულებით არ მაღელვებს რა ხდება იქ. სურვილი მიჩნდება, დიდი კედლები აღვმართო სახლის გარშემო, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ სიმყუდროვის დარღვევა.
- შენი ზღვარსგადასული რომანტიზმი ჩემზე აფროდიზიაკივით მოქმედებს.
ანას საპასუხო რეპლიკა საკმარისი აღმოჩნდა, რომ აქტიურ ქმედებაზე გადავსულიყავი.

- ციხესიმაგრეში შენთან ერთად ყოფნა კარგია, მაგრამ საჭმელად ხომ არ გავიდეთ? - ჩამესმა ყურში ანას ხმა.
დივანზე ჩახუტებულებს ჩაგვძინებია.
- რომელი საათია? - თვალი გავახილე და ვცადე, კედელზე ჩამოკიდებულ საათზე გამერჩია დრო.
- უკვე სამი ხდება. არ მოგშივდა?
- არ ვიტყოდი უარს მსუბუქ ლანჩზე.
- მაშინ აქვე, შენთვის უკვე ნაცნობ კაფეში ჩავიდეთ. შორს წასვლა არ მინდა, - ანას უკვე მოესწრო ყველაფრის დაგეგმვა.
- მშვენიერი იდეაა. ანუ ვდგებით?
- ვდგებით, - დამეთანხმა ანა და უფრო მაგრად ჩამეხუტა.
- თუ ასე ჩამეხუტები, ჩვენს გარდა, ოთახში ყველაფერი ადგება.
ანას ჩემს ორაზროვან, სკაბრეზულ ხუმრობაზე გაეცინა, ხელი გამიშვა და წამოდგა.
სადილიდან მალე მოვბრუნდით და უკვე საწოლზე მივწექით.
- ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სიყვარული ავადმყოფობაა, რომელსაც წოლითი რეჟიმი უხდება. როცა ვდგები, შეუჩვევლობისგან უკვე თავბრუ მეხვევა, - ჩემმა ხუმრობამ ანა გაახალისა, - ყველაფერი შენი ბრალია. ისეთი კარგი ხარ, რომ მუდმივად მაქვს სურვილი გეფერო, კოცნით დავფარო შენი იდეალური სხეული და დავტკბე შენი ნასიამოვნები სახის ყურებით.
- გაიხადე! - ანას ხმა ისეთი უაპელაციო იყო, დაუფიქრებლად წამოვდექი და გახდა დავიწყე.
ანამ გახდა დამასწრო და ფეხზე დამდგარი მელოდა, სანამ მეც დავასრულებდი. თვალს ვერ ვწყვეტდი მის იდეალურ სხეულს და ამის გამო პროცესი ცოტა გამიგრძელდა.
- ზურგზე დაწექი და არ გაბედო თვალების დახუჭვა, - მისი ხმის ტონი კვლავაც უაპელაციო იყო.
ზურგზე დავწექი, ანა ფეხებს შორის მუხლებზე დადგა, სახისკენ გადმოიხარა, თვალი თვალში გამიყარა და ხელით ჩემი აღგზნებული ს ფერება დაიწყო. მისი ხელის ნელი, მაგრამ ენერგიული მოძრაობა, მისი თვალების გამომეტყველება, ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებდა. ცოტა ხანში ანა წინ წამოიწია, ზემოდან მოექცა და ჩვენი თვალების უწყვეტი კონტაქტის ფონზე, ახლა თეძოებით განაგრძო ნელი, აქცენტირებული მოძრაობები. სუნთქვა ნელ-ნელა გაუხშირდა, შიგადაშიგ კვნესაც აღმოხდებოდა ხოლმე, მოძრაობის ტემპიც თანდათან უფრო აჩქარდა… ერთი გრძელი, ხმამაღალი კვნესა, რომლის დროსაც თვალები მაინც დაეხუჭა და მკვეთრი მოძრაობით ზემოდან დამემხო. ორგაზმს ერთდროულად მივაღწიეთ. გარკვეული პერიოდი კიდევ ვიწექით ასე, სანამ სხეულის კანკალი საბოლოოდ არ შეუჩერდა.
- პეპელას ეფექტის შესახებ გაგიგია რამე? - ამოვიღე ხმა.
- კი, მერე?
- თემაში საერთოდ არაა, მაგრამ შენი იდეალური წონის მიუხედავად, თუ კიდევ დიდხანს იწვები ასე, რაღაც მომენტში გამსრისავ.
ანა სიცილით გვერდზე გადაგორდა.
- მეგონა, შენს სტილში, რაღაც ღრმას და რომანტიულს იტყოდი. მოულოდნელი იყო, - აგრძელებდა სიცილს.
- მიზანი ამართლებს საშუალებას. რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, ფაქტია, რომ უკვე თავისუფლადაც ვსუნთქავ და შენც გაგამხიარულე. შედეგად, ერთი ანდაზაც გავაბათილე: ორი კურდღელი ერთდროულად დავიჭირე.
- რა ყოჩაღი ხარ! - სიცილს კვლავაც აგრძელებდა.
უცბად, მისაღებში ანას ტელეფონი ახმაურდა. ანა ლოგინიდან წამოდგა და ტელეფონის ასაღებად გავიდა. ხანმოკლე საუბარი, მალე დაასრულა და საძინებელში დაბრუნდა.
- დანიელა იყო. აინტერესებდა, ცოცხლები თუ ვართ და კიდევ, შემოგვთავაზა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის სადმე ერთად ყურება. დღეს ყოფილა.
- უი… აღარც მახსოვდა! ეს კარგის ნიშანია. დაკვირვებული ვარ, როდესაც ძალიან სასიამოვნო დროს ვატარებ, ფეხბურთი საერთოდ მავიწყდება. რა უპასუხე?
- ვუპასუხე, რომ შეგეკითხებოდი და გადავურეკავდი.
- თუ არჩევანი ჩემზეა, ფინალის ყურება ნამდვილად მინდა. შენ თუ გასვლა გეზარება, შენთან მაინც ვუყუროთ.
- არა, გავიდეთ. იმედია, შენს მიერ აგებული ციხესიმაგრის კედლებს გასასვლელი დაუტოვე. შენთან განმარტოვებით ყოფნას რა სჯობს, მაგრამ ხანდახან სოციალიზაციაც საჭიროა, თორემ დავაკვდებით ერთმანეთს. გარდა ამისა, ფეხბურთის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ოთხ წელიწადში ერთხელ ყურება შეიძლება, - დაასრულა და დანიელასთან დარეკა.
- ჩემმა პრინცმა ფეხბურთის ყურება ისურვა. როდის გამოგვივლით? - პასუხიც მოკლე იყო და ანამ ტელეფონი კომპიუტერის მაგიდაზე დადო, - შვიდი საათისთვის გამოგვივლიან. მანამდე გამზადებას მოვასწრებთ. მე შხაპის მისაღებად გავალ, - პასუხისთვის არ დაუცდია, ისე დაიძრა სააბაზანოსკენ.
ჩემი პირსახოცი სკამზე შევნიშნე. წამოვდექი, წელზე შემოვიხვიე და მოსაწევად აივანზე გავედი. ვიგრენი, რომ როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად გადავიღალე. ხალხმრავალ კომპანიაში ფეხბურთის ყურება სწორედ ის იყო, რაც ეხლა მჭირდებოდა.

ზუსტად იმ პლიაჟზე, სადაც წინა დღით ვიყავით გასული, უზარმაზარი თეთრი ეკრანი იყო გაჭიმული და მასზე პროექტორით სატელევიზიო გადაცემის ტრანსლირება ხდებოდა. ეკრანის წინ, პლიაჟის საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთი პლასტმასის დაბალი მაგიდებითა და სკამებით იყო დახუნძლული.
წინდახედული ნაბიჯი იყო, მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მისვლა. ერთ-ერთი ბოლო თავისუფალი მაგიდა დავიკავეთ და რიგებს შორის მორბენალ ოფიციანტთან შეკვეთა გავაკეთეთ.
- ვის გულშემატკივრობთ? - დავსვი ლოგიკური შეკითხვა.
- და ვინ თამაშობს? - დანიელას საპასუხო შეკითხვამ რატომღაც არ გამაკვირვა.
- იტალია და საფრანგეთი, - გაეცინა პეტროსს, - მე საფრანგეთისკენ ვარ.
- მაშინ მეც საფრანგეთისკენ ვიქნები, - უცბად მიიღო გადაწყვეტილება დანიელამ.
- შენ? - მივუბრუნდი ანას.
- ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. შენ ვისკენაც იქნები, მეც იმათ მხარეს დავიჭერ.
- გამოდის, ორ გუნდად ვიყოფით. მე, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან იტალიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ. ასეთ შემთხვევაში, წინადადებით შემოვდივარ, დამატებითი ინტერესი მივცეთ მატჩს. წაგებულმა წყვილმა, მოგებული დაპატიჟოს რომელიმე კარგ რესტორანში. რა თქმა უნდა, ჩემი თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, - გამოვედი ინიციატივით.
ჩემი წინადადება დიდი ენთუზიაზმით იქნა მიღებული.
- დაბრუნებაზე გამახსენდა. ალბათ უმჯობესი იქნება, თამაშის დამთავრების შემდეგ გოგოები სახლებში ჩამოვარიგოთ და იერუსალიმის გზას დავადგეთ. მესამე დღეა აქეთ ვართ და მეშინია, მაიკლმა ჩვენზე ძებნა არ გამოაცხადოს, - პეტროსს გაახსენდა, რომ იერუსალიმში უნდა დავბრუნებულიყავით.
- გეთანხმები. მატჩი სადღაც თერთმეტი საათისთვის დამთავრდება და იდეალურ შემთხვევაში, უკვე თორმეტზე ადგილზე ვიქნებით. დილამდე გამოძინებასაც მოვასწრებთ, - დავეთანხმე პეტროსს.
მატჩის მონაწილე ქვეყნების ეროვნული ჰიმნები გაისმა და თამაში დაიწყო.
საუცხოო გარემო იყო შემქნილი ფეხბურთის საყურებლად. უზარმაზარი ეკრანი, რომლის უკან ზღვა მოსჩანდა, ცივი ლუდი და გემრიელი ტოსტი. ჩვენთან ერთად, ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს თამაშს და მათი შეძახილები დამატებით ეშხს სძენდა ყველაფერს.
ჩვენგან მარცხნივ, ფრანგულენოვანი ბანაკი იყო შეკრული, რომელიც რამდენიმე მოსაზღვრე მაგიდას აერთიანებდა. გასაგებია, რომ ეს ფრთა საფრანგეთის ნაკრებს გულშემატკივრობდა და მათი მხრიდან პერიოდულად გაისმოდა შეძახილები “Allez Zizou!”, რომელიც საფრანგეთის ნაკრების უმთავრეს ვარსკვლავის, ზინედინ ზიდანისკენ იყო მიმართული, რომელმაც მატჩის დასაწყისშივე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა.
გოლის შემდგომ, ეს შეძახილები უფრო გახშირდა და გადავწყვიტე, ცოტა დამებალანსებინა გარემო.
- Forza Italia! - ჩემი ხმამაღალი შეძახილი მოულოდნელი აღმოჩნდა.
“Forza Italia!”, მარჯვენა ფლანგიდან ამყვა რამდენიმე მაგიდა. არ ვიცი, რამდენად იყო ჩვენი შეძახილების დამსახურება, მაგრამ იტალიის ნაკრებმა ანგარიში მალევე გაათანაბრა.
ორი ფრთის ამგვარ პაექრობის ფონზე, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო საყაიმო ანგარიშით მიილია და მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოახერხა იტალიის ნაკრებმა მოგება. ჩვენმა ფრთამ გამარჯვების ყიჟინა დასცა და ნელ-ნელა დაშლა დავიწყეთ.
ღამის პირველ საათს გადაცილებული იყო, როდესაც სასტუმროში, ჩემს ნომერში შევედი. საწოლში დავწექი და თვალწინ ანასთან დამშვიდობების სცენა დამიდგა, მისი მცდელობა, დაეფარა მღელვარება და ხუმრობით ნათქვამი: “აბა, ნუ დაიკარგები. ვიყოთ კავშირზე”, მისი სევდანარევი ღიმილი და გამოსამშვიდობებელი კოცნა, რომელშიც ჩაატია ყველაფერი ის, რასაც ფიქრობდა და გრძნობდა.
ამ სამიამოვნო მოგონებებში ჩამეძინა.


XVII

“I'm not a coward
Oh no, I'll be strong
One chance in a lifetime
Yes I will take it, it can't go wrong”

ABBA - I Wonder (Departure)


თბილისი გაუცხოებული დამხვდა. ვიგრძენი, რომ ამ ეტაპზე, ისრაელში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ამდენად, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ უკან რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი. ჩემზე ვერც ისრაელსა და ლიბანს შორის სამხედრო დაპირისპირებაზე ინფორმაციამ იმოქმედა, რომელიც ზუსტად ჩემი თბილისში გაფრენის დღეს დაიწყო. ყოველდღიურად ვეცნობოდი მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალ ამბებს. შორიდან ისე მოსჩანდა, თითქოს მთელი ქვეყანა საომარი მოქმედებების ალში იყო გახვეული. ანაც მწერდა ხოლმე, რა და როგორ იყო. მარწმუნებდა, რომ თელ-ავივში დიდად არაფერი შეცვლილა და არც საფრთხე იგრძნობოდა. ეშინოდა, ყველაფერი ამის გამო, გამგზავრება არ გადამედო.
თბილისში ყოფნისას, სალომეს არც შევხმიანებივარ და ცოტა სინდისი მაწუხებდა, ასე უცერემონიოდ რომ ვასრულებდი მასთან ურთიერთობას. ჩემი აზრით, ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდა. არა, რამდენიმეჯერ კი გადავწყვიტე დარეკვა, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც მაკავებდა.
საბოლოოდ, ორი კვირის ნაცვლად, ათ დღეში, უკვე მეორედ ჩავფრინდი ბენ-გურიონის აეროპორტში. გასასვლელში, ისევ ელიასის ფიზიონომიას ველოდებოდი და უზომოდ გამიკვირდა, როდესაც ჩვეული შემადგენლობა დავინახე - ანა, პეტროსი და დანიელა ოვალური ჯებირის მეორე მხარეს იდგნენ და მელოდნენ.
ამ ჯერზე, გაცილებით დიდი ბარგით ვიყავი და ურიკას მძიმედ მივაგორებდი. თუმცა, ანას დანახვაზე ნაბიჯს ავუჩქარე.
- ძალიან მომენატრე, - მოკლე იყო მისი მისალმება.
- მეც ძალიან მომენატრე. იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე წარმოვიდგენდი, - ვუპასუხე, ხელი მოვხვიე და ვაკოცე.
- როგორ იმგზავრე? - დანიელას ხმამ კოცნა შეგვაწყვეტინა.
- ძალიან კარგად. უფრო დიდი ხანი კი გაგრძელდა ფრენა, ვიდრე წინა ჯერზე.
- ჩრდილოეთში მიმდინარე ამბების გამო, თვითმფრინავები დაჯდომისას შედარებით დიდ წრეს აკეთებენ და ალბათ ამიტომ, - პეტროსმა ხელი გამომიწოდა და მასაც მივესალმე.
- რა ხდება შტაბში? ფელიპე და პოლი საერთო აზრამდე ხომ არ მისულან? - უკვე მხოლოდ პეტროსს მივმართე.
- არც იოცნებო, - გაეცინა პეტროსს.
- კი მაგრამ, ასეთ დროს სამსახურში რატომ არ ხართ? - ყველას კი ვკითხე, მაგრამ ანას გადავხედე.
- მე ხელმძღვანელობა გავაფრთხილე და ლანჩის მერე აღარ დავბრუნებულვარ. დანიელა, იდეაში, საქმიან შეხვედრაზეა. პეტროსმა, კი მოახერხა და ამ წუთას, მისი სამსახური, შენი დახვედრაა, - ანას სახე დაუფარავ კმაყოფილებას ასხივებდა.
- გავიდეთ უკვე, თუ ჩემს გარდა კიდევ ვინმეს ხვდებით? - მეც ამაღლებულ განწყობაზე დავდექი.
ჩემს სიტყვებზე პეტროსმა ბარგით დატვირთული ურიკის გაგორება ითავა და ყველანი აეროპორტის ავტოსადგომისკენ დავიძარით.
- მართლა, შენთვის ორი ახალი ამბავი მაქვს. იმედია, ორივე სასიამოვნო, - მანქანაში ჩაჯდომისთანავე მახარა პეტროსმა, - მაიკლმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე, იერუსალიმზე მეტად, თელ-ავივში გვჭირდები. აქ მოგიწევს “ერეც ისრაელ”-ის მუზეუმში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობა. ამაზე ხვალ თავად მაიკლი დაგელაპარაკება დეტალურად. შენი თელ-ავივში გადმობარგების მოსაზრება მას მერე გახდა რეალური, რაც ჰერცლიაში, სრულიად უფასოდ ჩაგვივარდა ხელში ვილა. საომარი მოქმედებების და კიდევ რაღაც მიზეზების გამო, მაიკლის ერთი ნაცნობი სასწრაფოდ სამშობლოში გაიხმეს. მას კიდევ, ერთი წლის ქირა წინასწარ ჰქონდა გადახდილი. თანხის დაბრუნების შანსი არ იყო და მაიკლს შესთავაზა. ოფისში გამართული ხანმოკლე კონსულტაციების შედეგად, ამ ვილაში შენი შესახლება გადაწყდა. მხოლოდ კომუნალურების გადახდა მოგიწევს. გარდა ამისა, თუ ექსპედიციის რომელიმე წევრს თელ-ავივში ღამის გათევა დასჭირდება, უნდა მიიღო. ასევე, შესაძლებელია, მისაღები ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის იყოს გამოყენებული. დღეს ვიყავი და ვნახე ყველაფერი. გარწმუნებ, ვილაში ფართობი საჭიროზე მეტია. - ბოლო წინადადება სიცილით დაამატა, - ეს ერთი... კიდევ... გახსოვს, ჩვენს ოფისთან მუქი ლურჯი “მაზდა 3” რომ იდგა? ხანდახან ფელიპე მოდიოდა ხოლმე სასტუმროში ამ მანქანით. მოკლედ, იმის გათვალისწინებით, რომ იერუსალიმში მოგიწევს ხოლმე ჩვენთან ამოსვლა რეგულარულად, ასევე ადგილზე გადაადგილების პრობლემა რომ არ შეგექმნას, ამ მანქანასაც შენ გითმობენ. მენახემს დაელაპარაკე, რომ საწვავის ბარათი მოგცეს და გარკვეული, ლიმიტირებული რაოდენობის ბენზინიც უფასოდ გექნება. რას იტყვი?
- მეხუმრები, თუ რა ხდება? - ვერ დავიჯერე პეტროსის ნათქვამი.
- სულ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე, შურით ვსკდები, - უკანა ხედის სარკეში გაღიმებულმა გამომხედა.
- ლაპარაკის უნარი დავკარგე, ისეთი მოულოდნელი იყო, რაც მითხარი. არ მჯერა, რომ ასე იდეალურად აეწყო ყველაფერი, - ამის თქმაღა მოვახერხე.
- ეხლა შენს ახალ სახლში მივდივართ. ბარემ დაგაბინავებ. მეც დღეს აქეთ ვრჩები. რა თქმა უნდა, მაიკლმა დანიელას შესახებ არაფერი იცის და მისი აზრით, ვილაში ვათევ ღამეს. ხვალ კიდევ, ერთად ავალთ იერუსალიმში.
- ისეთი ამბავი დამახვედრე, იახტისა და მოდელების ვარიანტს ერთი თავით სჯობს, - გამახსენდა ორიოდ კვირის წინადელი საუბარი და გამეცინა.
დანიელამ ისეთი სახით გადმომხედა, სიცილი მყისიერად შევწყვიტე.
- მივიდეთ, ადგილზე ვნახოთ ყველაფერი და მერე ალბათ, ერთი შოპინგის მოწყობა დაგჭირდება. სახლში ავეჯი, ჭურჭელი და აუცილებელი ტექნიკა კი არის, მაგრამ როგორც მინიმუმ, თეთრეული იქნება საყიდელი, - პეტროსმა თემა შეცვალა და დანიელას უკმაყოფილო მზერისგან მიხსნა.
გვერდზე ანას გადავხედე, რომელიც უზომოდ გახარებული სჩანდა. აღმოჩნდა, რომ პეტროსს გოგოებისთვის წინასწარ არ უთქვამს არაფერი და ჩემი ჰერცლიაში დაბინავების ამბავი მისთვისაც სიახლე იყო.
- თუ პიკის საათი არ არის, ჰერცლიიდან ჩემს სახლამდე, 15 წუთში შეიძლება მოსვლა, - გადმომილაპარაკა გაბრწყინებული სახით.
- მერე ეს არ გაშინებს? ვეღარ მომიშორებ თავიდან.
- თავიდან მოშორება თუ მომინდა, მთლად გვერდით ბინაში რომ დასახლდე, ეს ვერ გიშველის, - ხმის ტონში თავდაჯერებული ნოტები გაურია, - ამ ეტაპზე კიდევ, რაც უფრო ხშირად იქნები ჩემს გვერდით, მით უფრო კარგი, - ისევ დაუთბა ხმა.
დანიელამ რაღაცის მოყოლა დაიწყო. თემამ დიდად არ დამაინტერესა და მანქანიდან გარშემო დავიწყე ყურება. წინა ჩამოსვლისგან განსხვავებით, ყველაფერი ნაცნობი და რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, მშობლიური მეჩვენებოდა. დანიელას ხმის ფონზე, უკან ჩამოვიტოვეთ თელ-ავივი და “აზრიელის სამება”, როგორც ამ სამ შენობას ხუმრობით ვუწოდე, ჩავუარეთ რამათ-ავივის ახალ კვარტალს. ცოტა ხანში ჰერცლიაში შევედით, ერთ-ერთ ქუჩაზე ჩავუხვიეთ და მყუდრო უბანში აღმოვჩნდით. რამდენიმე მოსახვევის შემდეგ პეტროსმა მანქანა შეაჩერა და მწვანეში ჩაფლული, თეთრი, გარედან არაფრით გამორჩეული სახლისკენ გაიშვირა ხელი, რომლის ეზოსაც, ასევე თეთრი, დაბალი ღობე ჰქონდა შემორტყმული.
- ეს არის შენი სამომავლო სამყოფელი. იმედია, სტუმრებს მიიღებ ხოლმე, - პასუხისთვის არც დაუცდია, ისე დააჭირა პულტზე ღილაკს თითი და სახლის პირველ სართულზე, გარაჟის ყავისფერი კარი გააღო.
მანქანიდან გადმოვედით. პეტროსის წინამძღოლობით, გარაჟის მარცხენა კედელში დატანებულ კარებში შევედით და რამდენიმე საფეხურის შემდგომ, სახლის ცენტრალურ შესასვლელთან აღმოვჩნდით.
პეტროსი მართალი გამოდგა - ვილა საკმაოდ დიდი იყო. მთელი პირველი სართული უზარმაზარ მისაღებს, სამზარეულოს, სამრეცხაოს და კიდევ ერთ ოთახს ეკავა, რომელშიც კუთხის ტყავის დივანი, დაბალი მაგიდა, ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ სავარაუდოდ, ამ ოთახში გავატარებდი უმეტეს დროს. მისაღებში დიდი სასადილო მაგიდა იდგა. კუთხეში ბუხარი შევნიშნე. გამეღიმა. ვერ წარმომედგინა, ასეთ კლიმატურ პირობებში ბუხარს რა ფუნქცია შეიძლება ჰქონოდა. სამზარეულოს გვერდით, კიბე ზემო ორი დონისკენ მიემართებოდა, სადაც ოთხი საძინებელი დავთვალეთ. ასევე დიდი სივრცე იყო -1 დონეზე. ეს ადგილი, ავტონომიური სააბაზანოთი და მომცრო სამზარეულოთი, აშკარად მომსახურე პერსონალზე იყო გათვლილი. კარები აქედან პირდაპირ ეზოში გადიოდა. ეზოში რამაც ყურადღება მიიპყრო, იყო მსხმოიარე ლიმონის ხე. სახლს, ეზოს მხრიდან საკმაოდ მოზრდილი ვერანდა ჰქონდა, რომელზე მოხვედრა შეიძლებოდა როგორც ოთახიდან, ასევე მისაღებიდანაც.
სულ ეს იყო. რაც შეეხება რემონტს, ისრაელისთვის ჩვეული, მინიმალისტური სტილით გამოირჩეოდა - თეთრ ფერში შეღებილი კედლები და ძირს დაგებული კერამიკული ფილები.
დონეები ვახსენე და მოვერიდე ტერმინ სართულის გამოყენებას, ვინაიდან სახლი საინტერესოდ იყო დაპროექტებული - მისაღებში ჭერი სახურავამდე წვდებოდა, ხოლო საძინებლებში, ორი, სხვადასხვა დონეზე განლაგებული, შეიძლება ასე ვთქვათ, შიდა აივნებიდან ხვდებოდი.
პატარა ბავშვებივით დავრბოდით და ვსწავლობდით სახლის ყოველ კუთხეს. საინტერესო იყო, თუ სად მომიწევდა უახლოესი თვეების გატარება.
- ასეთ უზარმაზარ სახლში, მარტო რომ დამტოვო, ღამით ნამდვილად შემეშინდებოდა, - გამოთქვა თავისი მოსაზრება დანიელამ.
- არის შენს ნათქვამში სიმართლის მარცვალი. ამიტომ, იმედია, რომ ანა ასე არ მომექცევა, - ღიმილით გადავხედე ანას.
- შექმენი აქ სასიამოვნო გარემო და არ მოგექცევი ასე, - ასევე ღიმილით მიპასუხა ანამ და მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გაგვაცნო, - სახლში, საჭირო ავეჯი და ტექნიკა მართლაც არის. სამზარეულოს კარადებში, იმდენი ჭურჭელია, რამდენიმე ოჯახს ეყოფა. საყიდელია თეთრეული, პირსახოცები და სარეცხი საშუალებები. წინადადებით შემოვდივარ, ცოტა დავისვენოთ და ჰერცლიის სავაჭრო ცენტრში გავიდეთ.
- თქვენი არ ვიცი და მე დასვენება არ მჭირდება, - შევშინდი, რომ დასვენების შემდეგ, დაეზარებოდათ სავაჭრო ცენტრში წასვლა და მერე მარტო მომიწევდა ამ ყველაფრის ყიდვა.
- მაშინ გავიდეთ, - პეტროსიც არ იყო წინააღმდეგი.
უკვე მოსაღამოვებული იყო, როდესაც ნავაჭრით დავბრუნდით.
სახელდახელოდ ვახშამი გავამზადეთ, რომელიც დაჭრილი ძეხვის, ყველის, ჰუმუსისა და სხვადასხვა მწნილეულობისგან შედგებოდა. ამას დამატებული ერთი ბოთლი ღვინო და ვერანდაზე სუფრა გაიშალა.
- შენს ჩამოსვლას გაუმარჯოს, - პეტროსმა ღვინო ჩამოასხა და სადღეგრძელოს თქმა ითავა, - ამ ჯერზე, უკვე ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი ხარ და გისურვებ წარმატებას, როგორც საქმიან, ასევე პირად ფრონტზე, - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ანას გადახედა და ჩაიღიმა.
- გაგიმარჯოს! - ანამაც გადაწყვიტა სადღეგრძელოს თქმა, - კარგი ბიჭი ხარ და იმედია, ასეთად დარჩები. წარმატებები! -მოკლედ დაასრულა და ჭიქა მომიჭახუნა.
დანიელა მხოლოდ ჭიქის აწევით შემოიფარგლა.
- დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. საქმე საქმედ და მოხარული ვარ, რომ ისეთ ბრწყინვალე ხალხთან მიწევს ურთიერთობა, როგორც თქვენ ხართ. იმედია, ჩვენი მეგობრობა ასეთივე ინტენსივობით გაგრძელდება, - დავასრულე და ღვინო მოვსვი.
- არ მეგონა, თუ მეგობრად მთვლიდი, - ანამ გაკვირვება გაითამაშა.
- კარგად ხვდები, რაც ვიგულისხმე, - გავუღიმე და ხელზე ვაკოცე, - ეხლა შევამჩნიე... კუთხეში მაყალს ხედავთ? მწვადის შეწვაც შეგვძლებია. წინადადება მაქვს, ამ კვირის ბოლოს შევიკრიბოთ და მწვადი შევწვათ.
ჩემი წინადადება ერთსულოვნად იქნა მიღებული.
უკვე გვარიანი მოსაღამოვებული იყო, როდესაც ვახშამი დასრულდა. თუმცა, კიდევ კარგა ხანს ვიჯექით ვერანდაზე. საღამოს გრილი ნიავის ფონზე საუბარი სასიამოვნოდ მიდიოდა.
- ოკ. მგონი დროა დღეს მოვრჩეთ. ნამგზავრი ხარ, დასვენება გჭირდება. თანაც ხვალ დილას იერუსალიმის გზას უნდა დავადგეთ, - პეტროსმა გადაწყვიტა, რომ უკვე დასრულების დრო იყო.
მაგიდა უცბად მივალაგეთ და დამშვიდობების დრო დადგა.
- შენ ხომ რჩები? - ყოველი შემთხვევისთვის ვკითხე ანას.
- შენ როგორ გინდა? - შეკითხვითვე მიპასუხა.
- ესე იგი რჩები, - გამოვიტანე ვერდიქტი.
გარაჟის კარის დახურვა და ჩვენი ვნებიანი კოცნა თითქმის ერთდროულად მოხდა. საბოლოოდ, მე და ანა კაბინეტში, დივანზე აღმოვჩნდით და იქ გაგრძელდა ყველაფერი.
უკვე დიდი ხნის დაღამებული იყო, როდესაც საძინებელში ავედით.
- ახლა კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობ, როგორ მომნატრებიხარ ამ დღეების განმავლობაში, - საწოლში დაწოლისთანავე გამოვუტყდი ანას.
- ძალიან კარგი! ფანტასტიური შეგრძნებაა, როდესაც საყვარელი ადამიანი იგივეს განიცდის, რასაც შენ, - მაკოცა და მთელი სხეულით ჩამეხუტა, - ძილი ნებისა.
- ძილი ნებისა, - საპასუხოდ ვაკოცე და დავფიქრდი. მეორე ჯერზე ჩამოსვლა განსხვავებული იყო. უკვე დაახლოებით ვიცოდი რა და ვინ მელოდა, რა უნდა მეკეთებინა და რაც მთავარია, ვიცოდი, რომ ანა აქ იყო და ისიც მელოდა. თითქოს ეს ყველაფერი ცნობილი იყო, მაგრამ დასაწყისმა მაინც მოლოდინს გადააჭარბა - “საკუთარი” ვილა ზღვისპირა ქალაქში, “საკუთარი” მანქანა, რომელსაც ხვალ გადმომცემდნენ, სტაბილური, არც თუ ისე ურიგო შემოსავალი, სრული ავტონომია სამსახურში… მოკლედ, ამ ეტაპზე, უკეთესს ვერც ვინატრებდი.


XVIII

“Rows of houses, all bearing down on me
I can feel their blue hands touching me”

Radiohead - Street Spirit


დილით პეტროსის ზარმა გამაღვიძა. მოვილაპარაკეთ, რომ ერთ საათში გამომივლიდა.
უხლოესი ნახევარი საათი, მე და ანამ საშხაპეში გავატარეთ, რომელიც ჩვენს მიერ დაკავებულ მთავარ საძინებელს საკუთარი ჰქონდა. შესაბამისად, მომზადება და ყავის დალევა აჩქარებულ რეჟიმში მოგვიწია.
პეტროსი, როგორც ყოველთვის, პუნქტუალურად, დათქმულ დროზე მოვიდა. ანა გზად სახლში დავტოვეთ და იერუსალიმისკენ მიმავალ აღმართს შევუყევით.
ოფისი ისეთივე დამხვდა, როგორიც დავტოვე - სრული სიმშვიდე როგორც გარეთ, ისევე შიგნით. ქუჩაზე ჩემთვის განკუთვნილი მანქანა შევამჩნიე და უკვე სხვა თვალით შევხედე. საოცნებო მანქანა არ იყო, მაგრამ ჩემს მიმდინარე მოთხოვნილებებს სრულად აკმაყოფილებდა.
კაბინეტში ფელიპე და პოლი იჯდნენ და რაღაც დოკუმენტებს ჩაჰკირკიტებდნენ. ჩემს დანახვაზე, ორივე წამოდგა და გულითადად მომესალმა.
- დაგვაკლდები აქ, მაგრამ იმედია, ხშირად გვეწვევი ხოლმე, - პოლის ხმაში გულწრფელი სინანული იგრძნობოდა.
- გვეწვევა, აბა რას იზამს? - დაუდასტურა ფელიპემ და დამაჯერებლობისთვის მხარზე ხელი დამადო.
- თქვენ როგორ ხართ? ხომ არ მიგიგნიათ ჭეშმარიტებისთვის? - რიხიანად მივმართე ორივეს.
პასუხად ფელიპემ მხრები აიჩეჩა და გაშლილი ხელებით პოლისკენ მიმითითა, პოლს კი უბრალოდ გაეღიმა.
- მაიკლი აქ არის? - შევცვალე თემა.
- კი, აქ უნდა იყოს. ცოტა ხნის წინ ველაპარაკე, - პოლმა დაასწრო ყველას.
მაიკლი თავის მინიატურულ კაბინეტში დამხვდა, სადაც უახლოესი ერთი საათი საქმეებზე საუბარში გავატარეთ. მაიკლმა დეტალურად ამიღწერა თელ-ავივში ჩემს მიერ ჩასატარებელი სამუშაოები, ასევე გადმომცა ყველა საჭირო კონტაქტები. ბოლოსკენ დაინტერესდა, თუ როგორ მოვეწყვე ვილაში. სანამ ვპასუხობდი, უჯრიდან მანქანის გასაღები ამოიღო და გადმომცა.
- ლანჩზე მე, შენ, ფელიპე და პეტროსი ერთად გავიდეთ. ერთ აქაურ ადვოკატთან ვართ მიწვეული. საჭირო ადამიანია, კარგი კავშირები აქვს და გამოგვადგება, - ღიმილით დაამატა და წამოდგა.
საერთო კაბინეტში ერთად შევუარეთ ფელიპეს და პეტროსს.
მაიკლის ნაცნობი ადვოკატის, ზაქარია ატიკის (ის ჩვენი მძღოლის, ელიასის ბიძაშვილი აღმოჩნდა) სახლი იერუსალიმის არაბულ ნაწილში იყო. შორიდან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ უბანში ასეთი კომფორტული გარემოს შექმნა იყო შესაძლებელი - სახლში მასიური კარების გავლით შევედით და უმალ გემოვნებით გაწყობილ მისაღებში მოვხვდით, რომელიც თავის მხრივ, მინის გასაწევი კარების მეშვეობით გამწვანებულ, მყუდრო ეზოს უკავშირდებოდა. ეზოს გარს მაღალი კედლები ერტყა და სრულად განმარტოებულ გარემოს უზრუნველყოფდა. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ზაქარია საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო.
მისაღებში მასპინძელთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი დაგვხვდა - ახალგაზრდა სასულიერი პირი, მამა ლაზარუსი, რომელიც საბერძნეთიდან სტუმრად იყო ჩამოსული.
გაცნობის შემდეგ, მასპინძლის მეუღლემ, სანდომიანმა, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონმა ლიმონათი შემოგვთავაზა. ლიმონისა და პიტნისგან დამზადებული ცივი სასმელი მშვენიერი დასალევი აღმოჩნდა.
სანამ მისაღებში მაგიდა გაეწყობოდა, ლიმონათის ჭიქებით, ეზოში, ფანჩატურში გადავედით და იქ ჩამოვჯექით. მაიკლი დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობა იყო იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოში.
- საკმაოდ რთული ვითარებაა. საპატრიარქო ორ ბანაკადაა გაყოფილი. ყოფილი პატრიარქი ირინეოსი და მისი მხარდამჭერების ბანაკი, უკანონოდ მიიჩნევენ მისი გადაყენების შესახებ სინოდის მიღებულ გადაწყვეტილებას და არ ემორჩილებიან მას. ასევე არ აღიარებენ ახლადარჩეული პატრიარქის თეოფილოსის უფლებამოსილებას. როგორც ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია, ირინეოსის წინააღმდეგ წამოყენებული იქნა იერუსალიმის ძველ ქალაქში, ეკლესიის კუთვნილი უძრავი ქონების ისრაელური კომპანიებისთვის გადაცემის ბრალდება, რასაც ირინეოსი და მისი მხარდამჭერები არ მიიჩნევენ მართებულად. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, მსგავსი პროცედურის განხორციელება მოითხოვს საპატრიარქოს, ასე ვთქვათ, იურისიდიქციაში მყოფი ტერიტორიების ხელისუფალთა მიერ დამტკიცებას. დღევანდელი ვითარებით, ესენია ისრაელი, იორდანია და პალესტინა. იორდანიამ და პალესტინამ სცნეს ახალი პატრიარქი, ხოლო ისრაელი კვლავ ირინეოსს მიიჩნევს კანონიერად, - შეძლებისდაგვარად მოკლედ ჩამოაყალიბა საპატრიარქოში შექმნილი ვითარება ზაქარიასმა.
- ეს ყველაფერი უკვე პოლიტიკაა და არა რელიგია. მსგავსი კონფლიქტები უარყოფითად მოქმედებს ხალხზე და სასულიერო პირების მიმართ ნდობაზე, შედეგად, მათ რწმენაზე, - სინანული გამოთქვა მაიკლმა.
- მეჩვენება, რომ ხშირად ერთმანეთში ვურევთ რელიგიასა და რწმენას, რაც ტრადიციულად, ასეც იყო, მაგრამ თუ დავფიქრდებით, საერთოდ განსხავებული მოვლენებია. ვცადოთ გვერდიდან შევხედოთ ამ ამბავს: როდესაც ადამიანს სწამს, იგი აღიარებს, რომ სამყარო შექმნილია ვიღაც ან რაღაც ზებუნებრივის მიერ. თავის მხრივ, რელიგია შეიძლება განხილული იქნას როგორც ეკლესიის მიერ თავსმოხვეული უსასრულო წესების კრებული, რომელსაც ღმერთთან და მითუმეტეს სულიერებასთან არაფერი საერთო აღარ აქვს. ღმერთისთვის, თუ დავუშვებთ მის არსებობას, სულერთი იქნება, ეკლესიაში ვილოცებ, თუ მატარებლის ვაგონში ან საერთოდ თუ ვილოცებ. მეტიც, ღმერთისთვის აბსოლუტურად სულერთი უნდა იყოს, მე მჯერა მისი, თუ არა. მაგალითისთვის, დედამიწის მზის გარშემო ბრუნვა ავიღოთ. მიუხედავად იმისა, გჯერა, თუ არა, ამით დედამიწის ბრუნვის სიჩქარე ოდნავადაც არ შენელდება. და ბოლოს, მორალის რელიგიური ექსკლუზიურობის შესახებ: მე არ ვარ მორწმუნე, მაგრამ არ ვგეგმავ ვინმე მოვკლა ან რაიმე მოვიპარო. ამავდროულად, არსებობენ რელიგიური ადამიანები, რომლებიც იცავენ თავიანთ, უკაცრავად და ხშირ შემთხვევაში აბსურდულ რელიგიურ რიტუალებს და მერე ძალადობენ ქალებზე, მეტსაც ვიტყვი, პატარა ბავშვებზე. ვინ უფრო მორალურია, მე თუ ისინი? - ფელიპემ არ გაუშვა შანსი, თავისი მოსაზრება გამოეთქვა.
- ფელიპე, შენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ არ ითვალისწინებ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს: რატომ გაჩნდა რელიგია და რა არის მისი ფუნქცია, - პასუხის გაცემა მაიკლმა ითავა, - თავდაპირველად, როდესაც ადამიანებს არ შეეძლოთ ბუნების მოვლენების არსში ჩაწვდომა, იგონებდნენ ზებუნებრივ ახსნას და ამგვარად გაჩნდნენ ღმერთები, რომლებიც თავისი ნების თანახმად აკონტროლებდნენ ყველაფერს.
ბოლო რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ღმერთებს გაუჩნდათ კიდევ ერთი, არანაკლები მნიშვნელობის ფუნქცია - ისინი გახდნენ მსაჯულები, რომლებიც დამნაშავეების წინააღმდეგ იყენებდნენ სადამსჯელო ზომებს და შესაბამისად, მხარს უჭერდნენ საზოგადოებაში გარკვეული ეთიკურ ნორმების დაცვას.
დიდი ხანი მიმდინარეობდა მსჯელობა იმაზე, თუ რა გაჩნდა პირველად - ყველაფრის დამნახავი, მკაცრი ღმერთების რწმენა, თუ ერთ სივრცეში მცხოვრები, რთული სოციალური სტრუქტურის მქონე ადამიანთა ჯგუფები. საბოლოოდ მეცნიერება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ “მორალიზატორი” ღმერთები გაჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და გაჩნდა რაღაც გამაერთიანებელი ძალის მოთხოვნილება. და რა თქმა უნდა, ეს ძალა იყო ზებუნებრივი, რომელსაც ბუნების გარდა, ხალხის კონტროლიც “დაევალა”. შედეგად, შესაძლებელი გახდა დაქსაქსული, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული ძველი კულტურების გაერთიანება და საერთო კეთილდღეობისთვის მათი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
პირველი ჩვენთვის ცნობილი რელიგია, რომელშიც ღმერთები არა მხოლოდ ბუნების ძალებს განასახიერებდნენ, არამედ მორალური პრინციპების დაცვაც დაევალათ, იყო ძველი ეგვიპტელების რწმენა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2800 წელს, მეორე დინასტიის ეპოქაში, გაჩნდა მსოფლიო წესრიგის ქალღმერთი მაატი, რომელსაც წესრიგის, სიმართლისა და სამართლიანობის დაცვა ევალებოდა. “მაატის კოდექსმა” საფუძველი ჩაუყარა ძველი ეგვიპტელების წარმოდგენებს ეთიკაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ ვითარებაში.
შემდგომში, ზებუნებრივი ძალების მსგავსი ტრანსფორმაცია და მათთვის მორალური პრინციპების დამცველის ფუნქციის მინიჭება ასევე მოხდა მესოპოტამიაში, ანატოლიაში და ჩინეთში, ხოლო ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში, დაიწყო ისეთი რელიგიების განვითარება, როგორიცაა ბუდიზმი და ზოროასტრიზმი, რომლებიც უკვე რამდენიმე სახელმწიფოს აერთიანებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაერთიანება ხდებოდა, მათ შორის, ერთიანი მორალური კოდექსითაც.
- რელიგიის წარმოშობის მიზეზების ახსნა ვერანაირად ვერ ამართლებს რელიგიის ბოროტებისადმი მისწრაფებას. მეტიც, არ არსებობს უფრო დიდი ბოროტება, ვიდრე თავად რელიგიაა. ტერორისტების უმრავლესობა, ტერორისტული აქტის განხორციელებისას, საკუთარი ღმერთის სახელს ახსენებს. აბა დაფიქრდით თუ ასე არ არის. ყველა სახის ძალადობა, ასე თუ ისე, დაკავშირებულია ღმერთთან. ვინ მოსთვლის, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში რამდენი ომი და სისხლიანი გარჩევა მოხდა ღმერთის სახელით. სწორედ რელიგიაა ყველაზე მოსახერხებელი ფორმა, გამართლდეს ადამიანების, მათ შორის მთელი ხალხების განადგურება და ყოველივე ამის მერე, აქვს კი მნიშვნელობა იმის კვლელვას, თუ რა ედო რელიგიის წარმოშობას საფუძვლად? - ფელიპე კიდევ უფრო გაცხარდა. ლიმონათი მოსვა, ჭიქა მაგიდაზე დადგა და დაამატა, - მხოლოდ რელიგიური დოგმებისგან თავისუფალ მეცნიერებას შეუძლია გასცეს ადექვატური პასუხი ყველა შეკითხვას. მხოლოდ რელიგიური დოგმებისგან თავისუფალ, ინტელექტუალურად განვითარებულ ხალხს შეუძლია ააშენოს სრულფასოვანი საზოგადოება და ნათელი მომავალი.
- ნება მიბოძეთ ჩავერთო თქვენს საუბარში, - მამა ლაზარუსის ხმის ტონი და სახის გამომეტყველება, ფელიპესთან შედარებით, გაცილებით მშვიდი იყო, - გარდაუვალი ჩანს, რომ სამყაროს შესწავლამ, რითაც არის დაკავებული მეცნიერება, არ მიგვიყვანოს შემოქმედთან. მეორეს მხრივ, ვინაიდან იგი არამატერიალურია და არ იმყოფება საკუთარი ქმნილების - დროის, სივრცისა და მატერიის ფარგლებში, მიუწვდომელი ხდება ჩვეულებრივი ხერხებით. იგი ცხადია ინტუიტიურად და დამტკიცებადი ლოგიკურად, მაგრამ მიუწვდომელი ფაქტობრივად.
სწორედ მონოთეისტური რელიგიები და უპირველეს ყოვლისა ქრისტიანობა, გვასწავლიან შემოქმედის მიერ დაწესებულ კანონებსა და წესებს, რომლებიც სწორად იყო გაგებული და გადამუშავებული სხვადასხვა კულტურებში. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ შემოქმედის მიზანია, მოგვაქციოს მისდამი შეუმჩნეველ დამოკიდებულებაში, მაგრამ მისი კანონებისადმი მორჩილებაში; არ მოგვახვიოს თავს საკუთარი მე და ამავდროულად, არ დაუშვას ანარქია; დაგვეხმაროს პიროვნული ფორმირების პროცესში; გვიბიძგოს, ობიექტურ გარემოში ჩამოვყალიბდეთ და გამოვავლინოთ საკუთარი თავი ჩვენივე არსობისა და თავისუფალი ნების შესაბამისად და მისი დახმარებით შევქმნათ მომავალი თაობებისთვის უკეთესი პირობები. სწორედ ამიტომ, რელიგია იმსახურებს ყურადღებასა და პატივისცემას, ათეიზმი, კი სინანულსა და შეშფოთებას. მე-20 საუკუნის ყველაზე საზარელი დანაშაულები შესაძლებელი გახდა მასობრივი ათეიზმისა და დაუსჯელობის პირობებში. ამ დანაშაულებმა გადაფარეს ისტორიის განმავლობაში ჩადენილი ყველა სხვა დანაშაულები და მომავალი თაობებისთვის წარმოადგენენ მაგალითს, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს თავისუფალმა, მაგრამ უღმერთო ყოფამ, - მამა ლაზარუსი ხმის ტონს თანდათან უმატებდა, - რაც უფრო მალე შემცირდება ათეისტების რაოდენობა სტატისტიკურ ცდომილებამდე, მით უკეთესი. თუ მე-20 საუკუნეში აბობოქრებული ათეიზმის ტალღა არ იქნა დაძლეული სწავლებით, განათლების სისტემის რეფორმირებითა და სოციალური პროგრამებით, შექმნილი ჩიხიდან გამოსვლა ძალიან გართულდება. ათეიზმი არამხოლოდ მცდარია, არამედ წარმოადგენს ცნობიერების გაუკუღმართებულ ფორმას, რომელიც იწვევს დემორალიზაციასა და განსაკუთრებით რთული დასაძლევია. ბოღმამ, სიამაყემ ან სიზარმაცემ, შესაძლებელია, ადამიანი მთელი ცხოვრება ამყოფოს ათეიზმის მდგომარეობაში და ის ვერასოდეს გაიხსნება ისეთად, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, - ამ მომენტში, თითქოს შვება იგრძნოო და თავდაპირველი, მშვიდი ტონით დაასრულა, - გასაგებია, რომ თანამედროვე განათლებული ადამიანისთვის რთულია ირწმუნოს. განსაკუთრებით ათასწლოვანი რელიგიური ტრადიციების შემხედვარე, რომელთაც არ განუცდიათ სამეცნიერო ადაპტაცია. ამავდროულად, სახიფათოა ათეიზმის დისკრიმინაცია. როგორც უკვე ვთქვი, საჭიროა დახმარება და სწავლება, რაც სრულიად შესაძლებელია თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის საფუძველზე.
ყველამ ფელიპეს გახედა, ვინაიდან მის პასუხს მოელოდნენ, რამაც იგი ცოტა დააბნია და გრძელი პაუზა გამოუვიდა. თუმცა ერთი ჩაისუნთქა და დაიწყო.
- ნება მიბოძეთ, კატეგორიულად არ დაგეთანხმოთ თქვენს მიერ გამოთქმულ არცერთ მოსაზრებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, შემოქმედი, როგორც თქვენ მას უწოდებთ, მიუწვდომელია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - იგი არ არსებობს. უფრო დეტალურად: ვერ ვხვდები, რა იგულისხმეთ ჩვეულებრივი ხერხებით მიუწვდომლობაში. რომელი ხერხებია ჩვეულებრივი და რომელი არაჩვეულებრივი? მიიჩნევა, რომ მეცნიერებაში ყველა ხერხი მისაღები და “ჩვეულებრივია”, რომელთა მეშვეობითაც რაიმეს დამტკიცება არის შესაძლებელი. ამასთანავე, ღიმილის მომგვრელია ფორმულირება “ინტუიტიურად ცხადი”, ვინაიდან ერთი გამორიცხავს მეორეს. ანუ, სადაც მხოლოდ ინტუიციაა, იქ სიცხადე სწორედაც რომ ვერ იქნება და პირიქით, თუ რაიმე ცხადია, იგი დამტკიცებადია ფაქტოლოგიური ან მეცნიერული გზით. ცალკე საუბრის თემაა შემოქმედის ლოგიკურად დამტკიცებადობა, რაც სავარაუდოდ, გულისხმობს იმას, რომ ვინაიდან სამყარო არსებობს, ესე იგი ის ვიღაცის შექმნილია. ამგვარი ლოგიკით, თავად შემოქმედიც ვიღაცის მიერ უნდა იყოს შექმნილი და ასე დაუსრულებლად.
რაც შეეხება მონოთეისტური რელიგიების შემოთავაზებულ მორალს, ანუ როგორც თქვენ მას უწოდებთ, კანონებსა და წესებს, ჯერ ერთი, სხვადასხვა რელიგია სრულად განსხვავებულ წესებს გვთავაზობს და მეორე, რაც საერთო აქვთ, შეიძლება დაყვანილი იქნას მარტივ პრინციპებამდე, რომლებიც საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. შედეგად, საზოგადოებაში თანაარსებობისთვის ეს აუცილებელი პირობები აყვანილი იქნა რელიგიურ დონეზე და ლამაზად შეიფუთა სხვადასხვა მიმდინარეობის მიერ.
შემდგომში რაც თქვით, საერთოდ დემაგოგია და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული მოსაზრებებია. არ არსებობს არანაირი შეუმჩნეველი დამოკიდებულება და ყველა რელიგია, სწორედაც რომ აბსოლუტურ დიქტატურასა და საკუთარი თავის თავსმოხვევას ითვალისწინებს. ნებისმიერი განსხვავებული აზრი, რელიგიური დოგმების ნებისმიერი განსხვავებული განმარტებაც კი მანიაკალური აგრესიის მიზეზი ხდება. იმედია, ხვდებით რასაც ვგულისხმობ და მაგალითების მოყვანას არ მომთხოვთ.
საკუთარი თავის გამოვლენასა და თავისუფალი ნების პირობებზე საუბრისას, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ დაგვცინოდით; ერთადერთი, რასაც ნებისმიერ რელიგიას ვერ დავაბრალებთ, ეს თავისუფალი ნების პირობების შექმნა და პიროვნების განვითარებაზე ზრუნვაა.
ასევე წინააღმდეგობრივია თქვენი მომდევნო გამონათქვამებიც. ერთის მხრივ, ამბობთ, რომ ათეიზმთან ბრძოლას აპირებთ სწავლებით და განათლების სისტემის რეფორმირებით და მეორეს მხრივ ადასტურებთ, რომ სწორედ განათლებული ადამიანისთვისაა რთული ირწმუნოს; ერთის მხრივ, მოგვიწოდებთ, ათეისტების რაოდენობა დაყვანილი იქნას სტატისტიკურ ცდომილებამდე და ამავდროულად, მიუღებლად მიიჩნევთ მათ დისკრიმინაციას. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეშმაკობთ და წინასწარ იმართლებთ თავს მორიგი ჯვაროსნული ლაშქრობის წინ: “ჩვენ კი ვიყავით მშვიდობიანად განწყობილი, მაგრამ მათ არ შეისმინეს ღვთის სიტყვა და ა.შ.”. ვისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის მეთოდები, რომლებიც რელიგიური მიმდინარეობების მხრიდან განსხვავებულ აზრთან და მით უმეტეს ათეიზმთან, ბრძოლაში გამოიყენებოდა და გამოიყენება?
გარდა ამისა, უსამართლოა, მე-20 საუკუნეში მომხდარ საზარელი დანაშაულების ათეიზმისთვის დაბრალება. განა სასულიერო სემინარიაში ნასწავლი სტალინი, მორწმუნე კათოლიკე დედის მიერ აღზრდილი ჰიტლერი, რომელიც მის მიერ ჩამოყალიბებულ ნაცისტურ მოძრაობას მკაცრად ქრისტიანულად მიიჩნევდა, არ წარმოადგენენ ნათელ მაგალითს, რომ მათი მსოფლმხედველობა ქრისტიანული კულტურის ტრადიციებს ეფუძნებოდა?
ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მიერ შექმნილ სისტემებში ბევრი რამ პირდაპირ არის გადატანილი რელიგიიდან: ჩამოყალიბებული ინსტიტუტები, იერარქია, განსხვავებული აზრისადმი შეუმწყნარებლობა, ილუზორული, პარალელური რეალობის შექმნა, ნათელი მომავლის დაპირება და ა.შ. საბჭოთა კავშირში ხალხის მტრების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ომი სხვა რა იყო, თუ არა ადრეული ქრისტრიანობის ეპოქაში ერეტიკოსებთან ბრძოლა. ხალხის მტრების, ისევე როგორც ერეტიკოსების ერთადერთი დანაშაული, ხომ ხშირად, მხოლოდ მთავარი იდეის “არასწორად” გაგება იყო. რაც მთავარია, მათი ბრძოლა რელიგიური ინსტიტუტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში, განპირობებული იყო არა ათეისტური ხედვებით, არამედ მასებზე მონოპოლიის მოსაპოვებლად კონკურენტი ინსტიტუტების განადგურების სურვილით. ცნობილმა პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა ერიკ ფოგელინგმა ტყუილად არ უწოდა მსგავს ტოტალიტარულ იდეოლოგიებს პოლიტიკური რელიგიები, - დაასრულა ფელიპემ და მისი თამამი და პროვოკაციული პასუხი ისე მომეწონა, სურვილი გამიჩნა აპლოდისმენტებით დამეჯილდოვებინა.
- ზაქარია, ბავშვები როგორ არიან? - მაიკლმა იგრძნო, რომ საუბარმა მეტად დაძაბული სახე მიიღო და თემა შეცვალა, - როგორც მახსოვს, ბიჭი ლონდონში სწავლობს იურისპრუდენციას.
- მადლობა, მაიკლ. გოგოც ლონდონში სწავლობს, კერძო სკოლაში. ამ წუთას ბედნიერი მამა ვარ, ვინაიდან ორივენი ჩემთან არიან არდადეგებზე. ეხლა თავიანთ ოთახებში ისვენებენ და მალე ჩამოვლენ, - ზაქარიას ხმაში სიამაყე ვიგრძენი.
ცოტა ხანში, სასტუმრო ოთახში გაწყობილ მაგიდასთან გადავინაცვლეთ.
- მარტა, თუ არ შეწუხდები, ბავშვებს დაუძახე. სტუმრებს მინდა გავაცნო, - მაგიდასთან დასხდომისას, ზაქარიამ ცოლს გასძახა.
ცოტა ხანში, დედასთან ერთად, მორიდებული სახით, კიბეებზე დაეშვა ახალგაზრდა, შავგვრემანი, ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა.
- გოგოს ჩასძინებია, - მარტამ ზაქარიას გადაულაპარაკა და მაგიდას მოუჯდა.
- გაიცანით, ეს არის ჩემი უფროსი და ერთადერთი ვაჟი, ბუტრუსი. მამაჩემის სახელი დავარქვი, - ზაქარიამ დაუფარავი სიამაყით წარმოგვიდგინა თავისი შვილი.
ბუტრუსმა, გაღიმებული სახით, სათითაოდ ჩამოგვართვა ყველას ხელი. მის ქცევაში, მიმიკაში, როგორც სტუმრების მიმართ პატივისცემა, ასევე კარგი აღზრდაც იგრძნობოდა. ნათელი იყო, შვილების აღზრდისას, მშობლებს მატერიალური უზრუნველყოფის გარდა, არც პირადი მონაწილეობა დაზარებიათ.
ბუტრუსი დაგვემშვიდობა და ისევ თავისთან გაემართა.
- ბავშვებმა ივრითი საერთოდ არ იციან, - ზაქარიამ რატომღაც ხაზი გაუსვა ამას.
- რატომ? - გამიკვირდა და როგორც იქნა, მეც ამოვიღე ხმა.
- მე მათ მომავალს ამ ქვეყანაში ვერ ვხედავ, - სევდანარევი ღიმილით მიპასუხა ზაქარიამ, - არაბი ისრაელში თავს ბოლომდე კომფორტულად ვერასდროს იგრძნობს. არ მინდა, რომ მათაც იგივე გზის გავლა მოუხდეთ, რაც მე და ჩემმა მეუღლემ გავიარეთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რის ხარჯზე მივაღწიე ყველაფერ ამას, - ხელებით დიდი ვერტიკალური წრე შემოხაზა, - ბაბუაჩემი შეძლებული ადამიანი იყო. დღევანდელ ჩრდილოეთ ისრაელში რამდენიმე სოფელს ფლობდა. ებრაელების მოსვლის მერე, ყველაფერი დავკარგეთ და მთელი ნათესაობა დაიფანტა. ჩვენ აქეთ გადმოვსახლდით, - ეს ისტორია, ელიასმა ჩემი ჩამოსვლის პირველ დღეს მომიყვა და კარგად დამამახსოვრდა, - მე პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ და მაინც კარგად მახსოვს ყველაფერი, - აგრძელებდა ზაქარია, - გაჭირვება, დამცირება. ვერც ბაბუამ, ვერც მამამ, დიდ ხანს ვერ გაძლეს და მომიწია ყველაფრის თავიდან დაწყება. ხანდახან ისე მომინდება, ბაბუამ და მამამ ნახონ, რას მივაღწიე… - დაასრულა ჩაფიქრებული გამომეტყველებით.
დღის სამ საათს გადაცილებული იყო, როდესაც ზაქარიას და მის მეუღლეს დავემშვიდობეთ, მადლობა გადავუხადეთ მასპინძლობისთვის და ოფისისკენ გავემგზავრეთ.
- შენ ექსტრემიზმის მუხლით დაგაკავებენ, - დავიძარით თუ არა, სიცილით უთხრა მაიკლმა ფელიპეს, - მაინტერესებს, რა იყო შენი მიზანი, ასე უმოწყალოდ რომ ეკვეთე მამა ლაზარუსს. გინდოდა იქვე გაეხადა ანაფორა და ეღიარებინა, რომ ღმერთი არ არსებობს და რომ ყველა სასულიერი პირი გულუბრყვილო ხალხის ხარჯზე მცხოვრები მუქთახორაა?
- უარს არ ვიტყოდი, - ჩაიხითხითა ფელიპემ, - თუ უფრო სერიოზულად, არაფერი ისე არ მაცოფებს, როგორც სასულიერო პირები, რომლებიც წყნარი ხმითა და ბრძნული გამომეტყველებით იწყებენ დემაგოგიური, არაფრისმთქმელი და ამბიციური განცხადებებით ჭკუის სწავლებას.
- მესმის შენი, მაგრამ ზაქარიაზეც უნდა გეფიქრა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, - მაიკლიც დასერიოზულდა.
- ზაქარიას სხვა დროს ბოდიშს მოვუხდი, - დაეთანხმა ფელიპე.
ოფისში მენახემს შევუარე, რომელიც თავის პატარა, საქაღალდეებით სავსე ოთახში იჯდა. საწვავის ბარათი გამოვართვი და გავარკვიე ლიმიტთან დაკავშირებული, ასევე სხვა მატერიალური და საორგანიზაციო დეტალები.


XIX

“I won't spend my life
Waiting for an angel to descend
Searching for a rainbow with an end
Now that I've found you I'll call off the search”

Katie Melua - Call Off The Search


ოთხი საათი ხდებოდა, როდესაც ყველას დავემშვიდობე და თელ-ავივისკენ უკვე ჩემი მანქანით, მარტო დავიძარი. მაიკლის რჩევა იყო, რომ სამუშაო დღის დასრულებამდე წავსულიყავი, რათა თავიდან ამერიდებინა საცობები.
ცოტა ვღელავდი. უცხო ქვეყანაში პირველად ვიჯექი საჭესთან და იმის გარდა, რომ გზები არ ვიცოდი ჯერ კარგად, არც მოძრაობის ადგილობრივ თავისებურებებთან, რომელიც ალბათ ყველა ქვეყანას თავისი აქვს, ვიყავი შეჩვეული. ძირითადი მარშრუტი პეტროსმა ამიხსნა. ასევე, თელ-ავივიში წინა ორი მგზავრობიდანაც მახსოვდა გზის გარკვეული მონაკვეთები.
შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ტრასაზე გავედი და ლურჯ ფირნიშზე, სამ ენაზე, მათ შორის ინგლისურად, დაწერილი “Tel Aviv-Yaffo”, ასევე ქალაქამდე მანძილი ამოვიკითხე. გზის დარჩენილი მონაკვეთი უპრობლემოდ გავიარე, მხოლოდ ჰერცლიის გადასახვევთან დავიძაბე კიდევ ერთხელ, მაგრამ ინტუიციამ არ მიმტყუნა და სახლთან უშეცდომოდ მივედი.
მანქანა გარაჟში დავაყენე და სახლში შევედი. გამახსენდა დანიელას სიტყვები, აქ მარტო დარჩენის შესახებ და მივხვდი, რომ მის სიტყვებში იყო სიმართლის მარცვალი. დიდი, ცარიელი სახლი, სრული სიჩუმე… დისკომფორტის შეგრძნება გამიჩნდა. ოთახში შევედი და მუსიკა ჩავრთე. ასე უკვე გაჩნდა ილუზია, რომ მთლად მარტო არ ვიყავი. სამზარეულოში, მაცივრიდან წყლის ბოთლი ავიღე და დივანზე მოვკალათდი.
გადავწყვიტე, ანასთვის მიმეწერა: “საღამო მშვიდობისა, ძვირფასო. მე უკვე სახლში ვარ. ;) შენ რას შვები?”
პასუხმა არ დააყოვნა: “საღამო მშვიდობისა. მე ჯერ სამსახურში ვარ, მაგრამ მალე ვამთავრებ. ფაზენდაზე ხომ მშვიდობაა? )))”
მე: “მშვიდობაა. თუ არ გჯერა, შეგიძლია შეამოწმო. რას იტყვი? ;)”
ანა: “აუცილებლად გადავამოწმებ, ხომ არ მატყუებ. მისამართი რომ მოგწერო, სად გამომიარო, მოაგნებ შენით? :)”
მე: “შენ მომწერე და თუ ვერ მოვაგნებ, მიხვდები ამას ))) მანქანაში დეტალური რუკა ვნახე და გიპოვი.”
ანა: “მაშინ, ერთ საათში გელოდები. :-*”
ანამ კიდევ ერთი შეტყობინება მოაყოლა, სადაც მისამართი ეწერა. მეც იმ წუთასვე გარაჟში ჩავედი და რუკაზე ვიპოვე. როგორც მივხვდი, ანას სამსახური მის სახლიდან საკმაოდ ახლოს იყო.
დათქმულ დროს მითითებულ მისამართზე ვიყავი, რაც უმალ ვაცნობე: “მანქანა ადგილზეა. კაფე “არომა”-ს წინ ვარ.”
ცოტა ხანში დავინახე ანა, რომელიც გარშემო იყურებოდა და მეძებდა. მანქანიდან გადმოვედი და ხელი დავუქნიე. სანამ მანქანამდე მოვიდოდა, კარგად შევათვალიერე. პირველად ვხედავდი სამუშაო, შედარებით მკაცრ ჩაცმულობაში - შავი ვიწრო ქვედაკაბა, თეთრი სადა პერანგი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. მოსაწყენი და ადვილადპროგნოზირებადი გახდა ანაზე ჩემი რეაქცია, მაგრამ მართლაც უზადოდ გამოიყურებოდა.
მანქანის კარი გავუღე და სანამ ჩაჯდებოდა, კოცნა მოვასწარი.
- მოდელივით გამოიყურები. საოფისე საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რეკლამას დაამშვენებდი, - სანამ დავიძრებოდით, კომპლიმენტით დავასაჩუქრე.
- მადლობა, - ესიამოვნა ჩემი სიტყვები, - ისე, რომ იცოდე, გარკვეული სამოდელო გამოცდილება მაქვს. სტუდენტობის პერიოდში ვერთობოდი. რამდენიმე ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა და ერთ-ერთი ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინაზეც იყო ჩემი სურათი. მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, ჩემს ძირითად პროფესიას, არქიტექტურას გავყოლოდი.
- რა შემიძლია ვთქვა? სამოდელო ბიზნესმა, შენი სახით დიდი სიმდიდრე დაკარგა, - მორიგი კომპლიმენტი არ დავიშურე.
- ჩემთან, სახლში შევიაროთ, ოკ? სულ ორი წუთით. რაღაცეებს ავიღებ, ხვალ პირდაპირ სამსახურში რომ წამოვიდე და დრო არ დავკარგო, - ეტყობოდა, რომ უკვე ყველაფერი გათვლილი ჰქონდა.
- როგორც იტყვი. მე და ჩემი რაში სრულად შენს განკარგულებაში ვართ.
ანას სახლთან, გადატვრითული გზების მიუხედავად, ხუთ წუთში მივედით. გადავწყვიტე, მანქანაში დავლოდებოდი. ანა მართლაც მალე დაბრუნდა და გზა განვაგრძეთ.
- რას იტყვი, ხომ არ გვევახშმა? - წამოვაყენე იდეა.
- დიდი სიამოვნებით. როგორც წესი, საღამოობით ბევრს არ ვჭამ, მაგრამ მსუბუქ ვახშამზე უარს არ ვიტყოდი, - დამეთანხმა ანა, - ჰერცლიაში გავიდეთ სადმე, თორემ, ეხლა რომ თელ-ავივში შევიდეთ, გავიჭედებით და ბევრ დროს დავკარგავთ, - ყველაფერთან ერთად, მისი პრაგმატულობაც მხიბლავდა.
მდორე, დატვრითული მოძრაობის მიუხედავად, ჰერცლიაში მალე მივედით და ზღვის პირას, ერთ-ერთ რესტორანთან გავჩერდით. საინტერესო ადგილი აღმოჩნდა - შემაღლებულ ადგილზე იყო და შესაბამისად, ღია ვერანდა ზღვას ზემოდან გადაჰყურებდა.
ადგილობრივი პარამეტრებით, ჯერ კიდევ ადრე იყო და ვერანდაზე თავისუფალი მაგიდის მოძებნა არ გაგვჭირვებია.
სანამ მენიუს ვსწავლობდით, გამახსენდა ჩემი ერთ-ერთი ადრინდელი ოცნება, ცხოვრების რაღაც მონაკვეთი ზღვისპირა ქალაქში მეცხოვრა. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რომ ეს ოცნება ამიხდა.
- ანა, იცი, რომ დიდი ხანი ვოცნებობდი ზღვისპირა ქალაქში ცხოვრებას? - გავუზიარე ჩემი ფიქრები და ზღვას გადავხედე, - იცი, რამხელა სიამოვნებაა, როდესაც ოცნებები ერთი მეორის მიყოლებით გისრულდება? გიჩნდება ბედნიერების შეგრძნება და ასეთი ბედნიერი ადამიანის გვერდით ყველა ბედნიერი იქნება. ეს ისე, შენს გასაგონად, - ღიმილით დავამატე.
- უფრო ახლოს მოვწიო სკამი? - გაეცინა ანას, - ნუ ღელავ, არც მე ვუჩივი დეპრესიას. საკმაოდ ამაღლებული განწყობა მაქვს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შენ გამოჩნდი ჰორიზონტზე.
მისმა პასუხმა სრულად დამაკმაყოფილა და ისევ მენიუს მივუბრუნდი.

- იცი, დანიელა მართალი ყოფილა. ამხელა სახლში მარტო დარჩენა არ არის დიდად სასიამოვნო, - სახლში შევედით თუ არა, ანას გადავულაპარაკე.
- მარტო დარჩენის შეგეშინდა და იმიტომ დამიძახე? მე მეგონა, მოგენატრე, - წყენა გაითამაშა ანამ.
- როგორ მომენატრე, მაგას სიტყვებზე უკეთ საქმით დაგიმტკიცებ, - ხელი მოვხვიე და ვაკოცე, თან მისი პერანგის ღილების გახსნა დავიწყე.
- შხაპის მიღებას დამაცდი? - გამაჩერა ანამ.
- შხაპი არც მე მაწყენდა. ნახევარი ისრაელი მოვიარე დღეს. ერთად შევიდეთ?
- რაც შენ გაგიცანი, მარტო შხაპის მიღება მომენატრა, - გაეცინა ანას, - მოდი, ამ ჯერზე რიგრიგობით შევიდეთ.
- რატომ რიგრიგობით? დრო რაზე ვკარგოთ ტყუილად, როდესაც სახლში ოთხი სააბაზანო გვაქვს? ხომ არ გავიწყდება, რომ შეძლებული პლანტატორის ფაზენდაზე იმყოფები? - ფრაზა ქედმაღლური ღიმილით გავაფორმე, - შხაპის მერე ლიმნიანი ჩაი შემიძლია შემგთავაზო. ლიმონი, რა თქმა უნდა, ჩემი პლანტაციიდანაა.
- ვაუ! მაგარია... მაგრამ ვატყობ, ცოტა თავში აგივარდა. ჩვენთან, უბრალო მოკვდავებთან მიწაზე დაბრუნება არ გაწყენდა, - ისევ გაეღიმა.
- ისე მხიბლავს შენი სარკაზმი, შეპასუხების სურვილი მიქრება, - სიტყვიერ პაექრობაში მარცხი ვაღიარე, - რადგან ცალცალკე ვიღებთ შხაპს, ერთი თხოვნა მაინც შემისრულე: თუ წინააღმდეგი არ იქნები, დავასრულებ დაწყებულ საქმეს და მე გაგხდი.
- ასეთ თხოვნაზე უარს როგორ გეტყვი, - არც კი უცდია დაეფარა, რომ ჩემი იდეა მოეწონა.
მეც მეტი რა მინდოდა. პერანგის ღილების აუჩქარებლად გახსნა განვაგრძე. პერანგის გახდის შემდეგ, ქვედაკაბის ელვა-შესაკრავსაც უცბად მივაგენი. შედეგად, ანა ჩემს წინ შავი, ელეგანტური თეთრეულის ორეულსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში იდგა. სურათი იმდენად სექსუალურად ამაღელვებელი იყო, რომ ხელები ამიკანკალდა. ჩემი მდგომარეობა რომ არ შეემჩნია, უკნიდან მივედი და ისე გავუხსენი ბიუზჰალტერი. ყველაფერს იქვე, სკამზე ვალაგებდი. დავიხარე და ბიკინი ორი ხელით ჩავწიე ქვევით. ანა უსიტყვოდ მომყვებოდა. ამ მომენტშიც ფეხები რიგრიგობით ასწია და ბიკინიც სკამზე აღმოჩნდა. წამოვდექი. ისევ შევხედე. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩემი მზერა ანას თვალებზე შეჩერდა, სადაც. ერთდროულად შეცბუნება, სიმორცხვე, უხერხულობა და სექსუალური ჟინი იკითხებოდა.
აქ უკვე ჩემი მოთმინების ფიალაც აივსო...
საღი აზროვნების უნარი მხოლოდ ორგაზმის შემდეგ დამიბრუნდა. აღმოვაჩინე, რომ ანა მისაღებში, მაგიდაზე ჩემს წინ ზურგზე იწვა, მე კი, მისი ფეხები მხრებზე მქონდა შემოლაგებული.
- ბოლო-ბოლო, გამიშვებ შხაპის მისაღებად? - ქვემოდან ამომხედა ანამ.
ორივეს სიცილი აგვიტყდა.
- ჯერ ვერა... ბოლომდე არ დამიმთავრებია გახდა... ფეხსაცმელი დამრჩა... - სიცილისას ნაწილ-ნაწილ ძლივს ამოვილუღლუღე და ჩემი სახის გასწვრივ, ჯერ მარცხნივ და მერე მარჯვნივ ანას ფეხსაცმელს გადავხედე.
ამან ჩვენი სიცილის მორიგი ტალღა გამოიწვია.


XX

“Blackbird singing in the dead of night
Take these broken wings and learn to fly
All your life
You were only waiting for this moment to arise”

The Beatles - Blackbird


ზაფხული სტაბილურობის შეგრძნებით გასრულდა - სამსახურის საქმეები თელ-ავივში, კვირაში რამდენჯერმე ვიზიტი იერუსალიმში, დანარჩენი თავისუფალი დრო, ანასთან ერთად. პეტროსი კვირის ბოლოს ჩამოდიოდა ხოლმე და ჩვეული შემადგენლობით ვერთობოდით. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურ რუტინაში ჩავერთე. ეს რუტინა არ იყო მოსაწყენი. პირიქით, სიამოვნებას მანიჭებდა ჩემი ახლანდელი ცხოვრება.
სექტემბერი ისრაელში განსაკუთრებით მომეწონა. ისე აღარ ცხელოდა, როგორც ზაფხულში. თუმცა, ერთი რამ, რაც მაღიზიანებდა იყო ის, რომ გაცილებით ადრე ღამდებოდა და ზღვაზე გასვლას მხოლოდ შაბათ-კვირას ვახერხებდი.
ებრაული კალენდრით ახალი წლის დადგომამდე დაახლოებით ერთი კვირა იყო დარჩენილი, როდესაც მორიგი საქმიანი ვიზიტით იერუსალიმს ვეწვიე. მანქანა ოფისთან გავაჩერე და შიგნით შევედი. ჯერ ფელიპეს, პოლსა და პეტროსს მივესალმე. შემდეგ, მაიკლის კაბინეტში შევედი და მიმდინარე საქმეები გავიარეთ.
გარეთ გამოსული, ელიასს შევეჩეხე, რომელიც ნერვიულად დადიოდა დერეფანში წინ და უკან.
- ლუკა გამარჯობა, - დამინახა თუ არა, გაჩერდა.
- გამარჯობა ელიას. ხომ მშვიდობაა? - ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა.
- კი. შენთან მინდოდა დალაპარაკება. გცალია ცოტა ხანი?
- კარგი ხალხისთვის მე სულ მცალია, - ღიმილით დავეთანხმე.
- მაშინ ცოტა ხნით ეზოში გავიდეთ, - აშკარად არ იყო ხუმრობის ხასიათზე.
- გავიდეთ.
- რისი თქმა მინდოდა, - ეზოში, სკამზე ჩამოჯდომის მერე პაუზა გაუგრძელდა, - მოკლედ, ჩემი მეზობელია ერთი, მუსა ჰქვია, პატივცემული ადამიანია, - ხაზი გაუსვა ბოლო ფრაზას, - მისმა დისშვილმა, მკვდარი ზღვის სიახლოვეს, ერთ-ერთ გამოქვაბულში თიხის ჭურჭელი იპოვა. ეგონა განძი იყო და როდესაც გახსნა, შიგნით რაღაც ტყავის გრაგნილი აღმოჩნდა. რა წერია ამ გრაგნილზე, ვერ ხვდებიან. დამწერლობა ივრითს კი ჰგავს, მაგრამ ივრითი არ არის. მუსას გაახსენდა, რომ მე საერთაშორისო არქეოლოგიურ ექსპედიციასთან კავშირი მაქვს და დამელაპარაკა. ადგილობრივ მეცნიერებს ვერაფერს ეუბნება, ყველაფერს ისე ჩამოგვართმევენ და კიდევ, დამატებით პრობლემები შეგვექმნებაო. მთხოვა, იქნებ გავურკვიო, რამდენად ძვირფასი შეიძლება იყოს ნაპოვნი. მე კიდევ, შენ გამახსენდი. შენ ხომ ამ ძველი ენების სპეციალისტი ხარ. ჩვენებს, სხვებს არ ვუთხარი. ზედმეტი ხმაური არ მინდოდა. ინფორმაციამ ჩემგან რომ გაჟონოს, შევრცხვები მეზობლებში. შეგიძლია, ნახო რა არის, რა ენაზე და აქვს თუ არა ღირებულება? მუსა შემპირდა, თუ რაიმე გამოდნა, პატივისცემა იქნებაო, - დაასრულა და ეშმაკურად გამიღიმა. გასაგები გახდა, რომ მას სწორედ ეს ბოლო ნაწილი აინტერესებდა.
დავფიქრდი. გამახსენდა ყუმრანში აღმოჩენილი ხელნაწერები. იქაც თიხის ჭურჭელში ინახებიდა თხისა და ცხვრის ტყავისგან დამზადებულ პერგამენტებზე გაკეთებული ჩანაწერები. იქნებ ეს აღმოჩენა ყუმრანის საგანძურის ნაწილი იყო?
ძლიერი აღელვება ვიგრძენი. მომინდა, რაც შეიძლება მალე მენახა პერგამენტი.
- როდის შეიძლება ნახვა? - ფიქრი ჯერ კიდევ დასრულებული არ მქონდა, ისე დავსვი შეკითხვა.
- როდესაც მოიცლი. მუსა თავისთან ინახავს თიხის ჭურჭელს. დავურეკავ და შევუთანხმებ, - გაუხარდა ჩემი პასუხი.
- მაშინ ეხლა შევალ და დავემშვიდობები ყველას. შენ კიდევ, დაურეკე მეზობელს და ქუჩის კუთხეში დამელოდე, - კიდევ უფრო მეტი აღელვება ვიგრძენი.
ელიასმა უსიტყვოდ დამიქნია თავი და წამოდგა.
ცოტა ხანში ქუჩის კუთხეში ვიყავი. გამეცინა ელიასის კონსპირაციაზე - ავტობუსის გაჩერებაზე ისე იდგა, თითქოს ავტობუსს უცდიდა. ჩემს დანახვაზე გარშემო დინჯად მიმოიხედა, დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამიჯდა მანქანაში.
- ეხლა ჩემი ჯერია მანქანით გატარო, - ვცადე ხუმრობა, - საით მივდივართ?
- ჯერ პირდაპირ იარე. სად უნდა გადავუხვიოთ, გეტყვი, - ელიასი ბოლომდე იყო შესული როლში და ხუმრობა ვერ შეამჩნია.
ცოტა ხანში, სადღაც გაქრა ისრაელური წესრიგი და ღრმა არაბულ კვარტალში აღმოვჩნდით. ვიწრო, დამსკდარ ასფალტის საფარიანი გზის ორივე მხარეს, უფორმო ორ-სამ სართულიანი სახლები ერთმანეთზე იყო შეხუნძლული.
- ეს ჩემი სახლია, - ერთ-ერთი ასეთივე უფორმო სახლისკენ ხელი ელიასმა სიამაყით გაშვირა.
გავჩერდით და მანქანიდან გადმოვედით.
კიდევ უფრო ავღელდი, ოღონდაც ამ ჯერზე უკვე სხვა მიზეზითაც - რომ არა ელიასი, ამ კვარტალში მარტო არ შემოვიდოდი.
პროდუქტების პატარა მაღაზიასა და გარაჟს შორის, რომელიც ავტოსახელოსნოს ფუნქციას ასრულებდა, კიბეებს ავუყევით და ეზოში შესასვლელ მწვანე რკინის კარებს მივადექით. ილიასმა დააკაკუნა. კარი პატარა ბიჭმა გაგვიღო. შევედით და მარცხნივ შევუხვიეთ. გარშემო მიმოვიხედე. ეზო ხმამაღალი ნათქვამი გამომსვლია. ეს უფრო ჩემს მიერ ნახსენები ავტოსახელოსნოს სახურავზე მოწყობილი ვერანდა იყო. ვერანდის შორეულ კუთხეში დასაჯდომი ადგილი იყო მოწყობილი, სადაც მოხუცი მამაკაცი იჯდა და ყალიონს ეწეოდა. ჩვენც მისკენ გავემართეთ.
- მარჰაბა, აბუ ისმაილ, - მიესალმა ილიასი.
- მარჰაბტაინ, ილიას, - უპასუხა მამაკაცმა.
მათ შორის საუბარი არაბულად გაგრძელდა. როგორც მე მივხვდი, ილიასმა ჩემი თავი წარუდგინა. აბუ ისმაილმა, იგივე მუსამ რაღაც უპასუხა და გამომცდელი სახით ამომხედა.
მეც კარგად დავაკვირდი მას. იგი სამოცდაათ წელს მიღწეული იქნებოდა. საკმაოდ ღია ფერის დანაოჭებული სახის კანი, თხელი, ჭაღარა ულვაშები და ცოცხალი ცისფერი თვალები… რომ არა არაბული ტრადიციული ტანსაცმელი, ძნელი იქნებოდა მასში ადგილობრივი მკვიდრის ამოცნობა.
- Please, - მომმართა და ტახტისკენ მიმითითა.
როგორც მისი გამოთქმიდან მივხვდი, ეს იყო მაქსიმუმ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სიტყვათაგანი, რომელიც მან ინგლისურად იცოდა.
მე და ელიასი ტახტზე ჩამოვჯექით.
მუსამ რაღაცა ხმამაღლა გასძახა ბიჭს, რომელმაც კარი გაგვიღო და ისიც მალე, ვერცხლისფერ სინზე, ჩაის ჭიქებითა და მომცრო ჩაიდნით დაბრუნდა. ეს ყველაფერი ჩვენს წინ დაბალ მაგიდაზე დადგა და უკან, სახლში შებრუნდა.
აქ დასრულდა რამდენიმე წუთიანი უხერხული სიჩუმე და მუსამ ლაპარაკი დაიწყო. ელიასმა თარჯიმნის ფუნქცია თავის თავზე აიღო.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემთან სახლში. დიდი პატივია, ასეთი სახელოვანი მეცნიერის სტუმრობა, - ელიასი ცდილობდა სიტყვასიტყვით ეთარგმნა მუსას ნათქვამი.
გამეღიმა ამ რევერანსზე. მივხვდი, რომ მუსამ ძალიან შორიდან დაიწყო მოვლა.
- ჩემთვისაც დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა. როგორ ელიასმა ამიხსნა, დიდად პატივცემული პიროვნება ბრძანდებით, - დავუბრუნე საპასუხო რევერანსი.
მუსამ ნასიამოვნებმა ჩაიღიმა და ჩაი დაგვისხა.
ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მე დავარღვიე. გადავწყვიტე ცოტა შემემოკლებინა დიალოგი.
- ელიასმა მითხრა, რომ თქვენმა დისშვილმა რაღაც ჩანაწერები იპოვა. თუ მაჩვენებთ, შეიძლება გავარკვიო მათი მნიშვნელობა.
მუსამ ისევ შემომხედა გამომცდელი მზერით. თვალებზე შევატყვე, რომ დიდი ალბათობით, ყალიონის გარდა სხვა რამეც ჰქონდა მოწეული. შემდეგ წამოდგა და სახლში შევიდა. უკან, ხელში თიხის მოგრძო ფორმის ჭურჭლით დაბრუნდა, რომელიც ფეხებთან დამიდგა და თავის ადგილზე დაჯდა.
თიხის ჭურჭელი ჯერ გარედან შევათვალიერე. მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე, რომ მღელვარება დამეფარა - ძალიან დიდი იყო მსგავსება ჩემს მიერ სურათებზე ნანახ ყუმრანში ნაპოვნ ჭურჭელთან. თავსახური მოვხადე და პერგამენტი ამოვიღე. პერგამენტი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ტყავს დროთა განმავლობაში დრეკადობა დაეკარგა და გრაგნილი რთულად იშლებოდა. ამიტომ, მაგიდაზე დავდე და ოდნავ გადავწიე პირი. ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ ფასეულ არქეოლოგიურ აღმოჩენასთან მქონდა საქმე და შემეშინდა, არ დამეზიანებინა.
ძალიან გამიხარდა, როდესაც ტექსტს დავხედე და ჩემთვის კარგად ნაცნობი არამეული დამწერლობა დავინახე. უკვე დარწმუნებით შემეძლო მეთქვა, რომ ეს პერგამენტი ყუმრანის ხელნაწერების ნაწილი თუ არ იყო, როგორც მინიმუმ, დაახლოებით იმავე ეპოქას ეკუთვნოდა.
ვცადე ტექსტის გარჩევა:
“თვალი, რომელიც ყველაფერს დაინახავს, დაბრმავდება. ყური, რომელიც სიმართლეს გაიგებს დაყრუვდება. ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას მიაგნებს, ყველას მიერ გაიწირება. ისმინე ხმა განწირული ადამიანისა.
მოვიდა იმ დღეს იოხანან ჰამატბილი ნაჰარ ჰაიარდენის პირას
და მოდიოდა ხალხი მასთან
და ნათელს სცემდა მათ და ცოდვებს მიუტევებდა იოხანან ჰამატბილი
და მოვიდა ნაზარეველი ერთი, სახელად იეშუ...”7
აქ გავჩერდი. თვალებს არ ვუჯერებდი. ეს არ იყო უბრალოდ ძველი ტექსტი. ეს იყო ჩანაწერი, რომელშიც მინიმუმ ერთხელ, იესო იყო ნახსენები. თუ გავითვალისწინებთ მის შესახებ ისტორიული წყაროების სიმწირეს, უდაოდ უდიდესი აღმოჩენის წინაშე ვიდექი.
თავი ავწიე და დავინახე ჩემსკენ მომართული ორი წყვილი თვალი. უკვე მერამდენედ, ვცადე მღელვარების დაფარვა.
- ტექსტი არამეულ ენაზეა. ქრისტიანული ჩანაწერებია. ერთადერთი, ვისაც შეიძლება დააინტერესოს, თეოლოგიური სამეცნიერო წრეებია, - ვცადე მაქსიმალურად ინდიფერენტული ტონი მქონოდა, - მისი მატერიალური ღირებულება უმნიშვნელოა. ტექსტის გარჩევის შემდეგ, დიდი ალბათობით რომელიმე ინსტიტუტის სარდაფში მოხვედრა ელის.
მუსას და უფრო მეტად ელიასის სახეზე იმედგაცრუება გამოისახა.
- კოლექციონერები არ იყიდიან? - თავისი ინიციატივით შემეკითხა ელიასი და მუსასთან უპატივცემულობა რომ არ გამოსვლოდა, იმ წუთასვე უთარგმნა ნათქვამი.
- გამორიცხულია. რაში გამოადგება ასეთი ჩანაწერი კოლექციონერებს? თიხის ჭურჭელიც კი არ არის რაიმეთი გამორჩეული, რომ როგორც ძველი ნაკეთობა გაიყიდოს, - შევატყვე, ბლეფი კარგად გამომდიოდა და დამაჯერებლობა რომ არ დაეკარგა ჩემს სიტყვებს, გადავწყვიტე არ გადამემლაშებინა, - სიმართლე რომ ვთქვა, მე ტექსტმა დამაინტერესა.
ელიასმა ჩემი ნათქვამი მუსას უთარგმნა და მათ შორის მცირე დიალოგი წარიმართა, რომლის შინაარსი ჩემთვის უცნობი დარჩა.
- მასპინძელს აინტერესებს, ჩვენი ჯგუფი ხომ არ დაინტერესდებოდა ამ ჩანაწერის შეძენით, - მომიბრუნდა ელიასი.
- დიდი სიამოვნებით, მაგრამ ხომ გესმის, რომ მაიკლს მოუწევს იმის ახსნა, თუ საიდან მოხვდა ეს ყველაფერი მის ხელში?
პასუხის მიღების მერე, მუსა ჩაფიქრდა და ყალიონის მოწევა განაგრძო. ყალიონიდან მომავალი ბუყბუყის ხმა ნერვებს მიშლიდა და დაძაბულობას კიდევ უფრო მიმძაფრებდა. თავის ხელში აყვანის მიზნით, სიგარეტი ამოვიღე, მოვუკიდე და აუჩქარებლად დავარტყი ნაფაზი. ელიასმაც მომბაძა.
- მარტო ეს ერთი ჭურჭელი იყო? მსგავს შემთხვევებში, უფრო მეტს პოულობენ ხოლმე, - ისევ გამახსენდა ყუმრანის შემთხვევა.
სანამ ელიასი თარგმნიდა, საშუალება მქონდა დავკვირვებოდი მუსას რეაქციას. იგი ჯერ დაიძაბა, შემდეგ მე შემომხედა. თვალები ისევ ეშმაკურად აუბრჭყვიალდა.
- კიდევ სამი ქოთანია, - პასუხმა დიდად არ გამაკვირვა.
- ცოტაა, - რატომღაც დავუწუნე ნაპოვნი საგანძურის რაოდენობა და დამაჯერებლობისთვის განვმარტე - ოთხ ქოთანში დიდად მნიშვნელოვანი ჩანაწერები ვერ ჩაეტეოდა, - ისევ აუჩქარებლად დავარტყი ნაფაზი, - თუ თანახმა იქნებით, მე შევიძენდი გარკვეულ საფასურად ამ ყველაფერს. იქნებ რაიმე ისეთი აღმოჩნდეს ჩანაწერებში, რაც ჩვენს ექსპედიციას გამოადგება. ამ შემთხვევაში, მცირე პრემია გარანტირებული მექნება. თუ არა, იმით მაინც დავიმშვიდებ თავს, რომ გადახდილი თანხა, კეთილ საქმეს მოხმარდება. მზად ვარ გავრისკო. რაც მთავარია, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ დარჩება, სად მოვიპოვე. ვიტყვი, რომ გათხრებზე შემთხვევით აღმოვაჩინე.
მუსას სახეზე შეეტყო, რომ ჩემი ნათქვამი ჭკუაში ჩაუჯდა. ამავდროულად, ეჭვობდა, სპეციალურად ხომ არ ვაკნინებდი აღმოჩენილის მნიშვნელობას.
ისევ ააბუყბუყა ყალიონი.
- რამდენს გადაიხდი? - მოკლედ მომიჭრა.
- თითოეულ ქოთანში 500 დოლარს გადავიხდი. ექსპედიციას რომ შეეძლოს ყიდვა, ცოტა მეტსაც გადაიხდიდა, მაგრამ მე ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ მარტომ გადავიხადო უფრო დიდი თანხა - ვთქვი და ვინანე, რომ პირველმა მე გავაჟღერე ფასი. თუ იმაზე ბევრად ნაკლები ვთქვი, რასაც მუსა ელოდა, შესაძლოა ვაჭრობა აქ დამთავრებულიყო. თუ მეტი, კიდევ უფრო დაეჭვდებოდა, ხომ არ ვცდილობ მის მოტყუებას და საგანძურის იაფად ხელში ჩაგდებას.
მუსა ისევ ჩაფიქრდა. ისევ გაისმა ჭკუიდან გადამყვანი ბუყბუყის ხმა.
- 2000 დოლარი თითოეულ ქოთანში და შევთანხმდით, - სანამ ელიასი თარგმნიდა, უკვე მუსა აკვირდებოდა ჩემს რეაქციას.
- 8000 დოლარი? ამდენი რომც ღირდეს, ვერ გავწვდებოდი, - გულში გამიხარდა, ვაჭრობაში რომ შემომყვა, - მაქსიმუმ, შემიძლია ოთხივეში 3000 დოლარი გადავიხადო.
ისევ აბუყბუყდა ყალიონი. მგონი მუსა მიხვდა, რომ ეს კალაპოტიდან მაგდებდა.
- 5000 და ქოთნები ჩემთან დარჩება, - ელიასი თარგმნიდა და ერთადერთი იყო ჩვენს შორის, ვინც არ მალავდა მღელვარებას.
ბოლო ორი ნაფაზი დავარტყი, სიგარეტი საფერფლეზე ჩავაქრე და პერგამენტს კიდევ ერთხელ დავხედე. მგონი პაუზა საკმარისი გამომივიდა.
- თუ დათანხმდებით, ჩემი ბოლო ფასია 4000 დოლარი და ქოთნები დარჩეს თქვენთან. მეტის გადახდის საშუალება ნამდვილად არ მაქვს.
- შევთანხმდით, - მუსა ჩემთვის მოულოდნელად უცბად დათანხმდა შეთავაზებას.
ეს ზუსტად ის შემთხვევა იყო, როდესაც იძახიან, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდაო.
- ძალიან კარგი. მაშინ, ზეგ ისევ მიწევს იერუსალიმში ამოსვლა და თანხას წამოვიღებ, - მზად ვიყავი, დღესვე დავბრუნებულიყავი, მაგრამ არ მინდოდა მუსა დამეფრთხო ჩემი ენთუზიაზმით.
- I like to make business with you, - ბოლომდე დახარჯა ინგლისურის მარაგი მუსამ და გულითადად გაიღიმა.
საპასუხოდ მეც გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი. ელიასიც მომყვა.
- დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და ზეგამდე. ელიასი დაგიკავშირდებათ, - დავემშვიდობე მუსას.
მუსა წამოდგა და ჭიშკრამდე მიგვაცილა.
- ეს რა მიქენი ელიას? დიდი იმედია, ამხელა თანხას ტყუილად არ ვყრი და ჩანაწერებში რაიმე საინტერესო იქნება, - ქუჩაზე ჩავედით თუ არა მოვუბრუნდი ელიასს.
- იმედია, - გამიღიმა საპასუხოდ. ალბათ უკვე იანგარიშა, ჩემი გადახდილი თანხიდან რამდენი ერგებოდა მას, - აქედან შენით გააგნებ? მე სახლში დავრჩებოდი. ამ ქუჩას თუ გაუყვები და დაბლა, გზაჯვარედინზე მარცხნივ გაუხვევ, ცენტრალურ ქუჩაზე გახვალ.
- პრობლემა არ არის. გავაგნებ გზას. კარგად იყავი და ზეგ დილით დაგირეკავ, ერთად მოვიდეთ.
ელიასს დავემშვიდობე და თელ-ავივისკენ დავიძარი. უზომო კმაყოფილება ვიგრძენი ვაჭრობის შედეგით. წარმოდგენაც კი მიჭირდა, თუ რამხელა აღმოჩენის წინაშე შეიძლება ვყოფილიყავი.


7 “იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი და ნათელს-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა.” (მარკ. 4, 5, 9)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent