მთავარი კითხვა (XXI-XXXIII თავი)XXI “What's the buzz? Tell me what's a-happening” Andrew Lloyd Webber - Jesus Christ Superstar - ელიას, გამარჯობა. რა დროს ვიყო იერუსალიმში? - მესამე დღეს, დილის 10 საათისთვის დავურეკე ელიასს. - როცა მოგესურვება. მუსა სახლშია და გველოდება. - მაშინ აქ ჯერ რაღაც საქმეები მაქვს და დაახლოებით სამი საათისთვის მანდ ვიქნები, - ისევ ვაგრძელებდი თამაშს. არ მინდოდა ვინმეს შეემჩნია, რამდენად ვიყავი დაინტერესებული, რაც შეიძლება მალე ჩამეგდო ხელში პერგამენტები. მუსასთან პირველი სტუმრობისა და იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ, დრო ნელა მიიზლაზნებოდა. ნერვები რომ დამემშვიდებინა და დრო გამეყვანა, პირველ საღამოს, ანასთან ერთად ცოტა ღვინო დავლიე. მისი მოსაზრებით, მშვენიერი რომანტიული საღამო გამოვიდა. გამიხარდა, ჩემი დაძაბულობა რომ ვერ შეამჩნია. მომდევნო დღეს, ყველა საქმე გადავდე და მთელი დღე ზღვაზე გავატარე. იმედი მქონდა, რომ ზღვის პეიზაჟი დამამშვიდებლად იმოქმედებდა. მანამდე, ბანკში შევიარე და მუსასთვის გადასაცემი თანხა გამოვიტანე. ელიასთან სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, არ ვიცოდი დრო როგორ გამეყვანა. მეორე ფინჯანი ყავა დავლიე, კიდევ ერთხელ გადავთვალე თანხა, ცოტა ხნით, ვერანდაზე ჩამოვჯექი, მაგრამ მალე მომწყინდა და ისევ სახლში შევბრუნდი. გადავწყვიტე შხაპის მიღება და გაპარსვა. შხაპის მერე ვერანდაზე მორიგი ფინჯანი ყავა დავლიე... ამ უაზრო წრიალში, როგორც იქნა იერუსალიმში გამგზავრების დრო დადგა. როდესაც ელიასს მის სახლთან შევხვდი, სამ საათს უკვე კარგად იყო გადაცილებული. ნაცნობ კიბეებს ავუყევით. კარი იგივე პატარა ბიჭმა გაგვიღო. მუსაც ისევ თავის ადგილზე იჯდა და ყალიონს აბოლებდა. მის გვერდით, ოთხი შეყვითლებული გრაგნილი შევნიშნე. მისალმების შემდეგ, პირდაპირ საქმეზე გადასვლა გადავწყვიტე და ჯიბიდან დასტა ამოვიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფულის ვიზუალიზაცია პროცესს დააჩქარებდა. მართლაც, მუსამ გადათვალა და როდესაც დარწმუნდა, რომ თანხა სრულად იყო, გაღიმებულმა გრაგნილები ჩემს წინ მაგიდაზე დაალაგა. ათ წუთში უკვე მანქანაში ვიჯექი და გახარებული თელ-ავივისკენ მივქროდი. პლედში გახვეული გრაგნილები საბარგულში მედო. ზედმეტი შემოწმება თავიდან რომ ამეცილებინა, გადავწყვიტე უკან პირველი ტრასით დავბრუნებულიყავი. მეჩვენებოდა, თითქოს ეს გზა ე.წ. “მოდიინის” ტრასასთან შედარებით, როგორც მე მას ვუწოდებდი, უფრო გრძელი იყო. თუმცა, როგორც მოგვიანებით, GPS ნავიგატორზე შემოწმების შედეგად დავრწმუნდი, სხვაობა სულ რამდენიმე ასეულ მეტრს შეადგენდა. მანქანა გარაჟში დავაყენე. გრაგნილები საბარგულიდან ამოვიღე და სახლში შევედი. ბოლო ორი დღის განმავლობაში მოვასწარი იმის გადაწყვეტა, თუ სად შევისწავლიდი ჩანაწერებს. ამისთვის იდეალურად ზედგამოჭრილი იყო მესამე დონეზე განთავსებული ბოლო, ყველაზე შორეული საძინებელი ოთახი. ჯერ ერთი, ჩემს გარდა იქ არავინ შედიოდა და მეორეც, ოთახის კუთხეში მოზრდილი საწერი მაგიდა იდგა. მშვენიერი პირობები იყო შექმნილი, რათა განმარტოვებით მემუშავა. გრაგნილები წინასწარ გამზადებულ მაგიდაზე დავალაგე და ჩემს საძინებელში დავბრუნდი ტანსაცმლის გამოსაცვლელად. გზად, სამზარეულოში შევიარე და წყალი დავლიე. როდესაც დავრწმუნდი, რომ უკვე ბოლომდე მზად ვიყავი სამუშაოდ, იმპროვიზირებულ კაბინეტისკენ გავემართე. * * * “იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ, ასული იერუსალჱმისაჲ. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშჳდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა.” (ზაქ. 9:9) იმპერატორ ტიბერიუსის მიერ განხორციელებული რეფორმებით გამოწვეულმა რომაელი დიდგვაროვნების უკმაყოფილებამ, ბოლო პერიოდში სახიფათო ზღვარს მიაღწია. ძნელია, დროსტარებასა და ფუფუნებაში ჩაფლული ხალხი ასე უცბად შეაგუო გასართობი დაწესებულებების დახურვას და მიაჩვიო მომჭირნედ ცხოვრებას. მეტიც, რეფორმების შედეგად, რომლის მიზანიც რომის გაღატაკებისგან გადარჩენა იყო, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა; გაიზარდა ფასები, აყვავდა უკანონო აღებ-მიცემობა. იუდეის პრეფექტს, პილატე პონტოელს კარგად ესმოდა, თუ რა შედეგი შეეძლო მოეტანა მოვლენების ამგვარ განვითარებას და სრულიად არ გაჰკვირვებია, როდესაც თავისი ძველი მეგობრისგან, პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტისგან, ლუციუს ელიუს სეანისგან ტიბერიუსის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის თაობაზე საიდუმლო შეტყობინება მიიღო. პილატე დათანხმდა ამ სახიფათო წამოწყებაში მონაწილეობას, რომლის წარმატებით დასრულებაც, დიდ მომავალს უქადდა. მაგრამ იყო ერთი დაუძლეველი პრობლემა - მას არ გააჩნდა ფინანსური რესურსები, რის გარეშეც შეუძლებელი იყო რომაული ლეგიონების შეთქმულების მხარდასაჭერად მობილიზება. მან იცოდა, სად ინახებოდა სათანადო სიმდიდრე, თუმცა, მასზე ხელი არ მიუწვდებოდა - იერუსალიმის ტაძრის საგანძური დღითიდღე იზრდებოდა. ახლაც, ფესახის დღესასწაულის დღეებში, თითოეული იუდეველი ვალდებული იყო გაეღო გარკვეული თანხა, რომელიც ტაძრის ხაზინაში დაილექებოდა. პრეფექტმა ისიც იცოდა, რომ ეს თანხა, ჯერ კიდევ ხაზინაში მოხვედრამდე იძლეოდა უდიდეს შემოსავალს. სინედრონის ანგარიშიანი წევრები მოხერხებულად სარგებლობდნენ რომსა და იუდეაში ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა გაცვლითი კურსით. ფარისევლები, უახლოეს პერიოდში ოქროთი დატვირთავდნენ გემებს და რომისკენ გაემართებოდნენ, სადაც ოქროს ყოველ უნციაში, აპენინების მთებში მოპოვებულ 12 უნცია ვერცხლს მიიღებდნენ. უკან დაბრუნებულები, ამ ვერცხლს სიკლებად გადაადნობდნენ და უკვე დაახლოებით 4 უნცია ვერცხლში 1 უნცია ოქროს აიღებდნენ. რომში ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რამხელა მოგებას მოუტანდა იუდეველ ღვთისმსახურებს, როდესაც გამონაკლისის სახით, მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური მიზნებისთვის, საკუთარი ვერცხლის მონეტის მოჭრის ნება დართეს. შედეგად, ტაძრის შესავლელთან მოწყობილი იყო გადასახურდავებელი მაგიდები, სადაც დღესასწაულებზე, ტაძარში შესვლის წინ, ყოველი იუდეველი ცვლიდა ოქროს მონეტებს ვერცხლის სიკლზე, რომელსაც მერე ღმერთს სწირავდა. გასაგებია, რომ ყველა ამგვარი მაგიდა ღვთისმსახურების ხელში იყო და არავის სხვას არ ჰქონდა ამ მეტად მომგებიან აღებ-მიცემობაში ჩართვის უფლება. არადა, მის წინაშე არსებული ყველა პრობლემა უმალ გადაწყდებოდა, როგორმე ამ უზარმაზარ ფინანსურ რესურზე წვდომის საშუალება რომ გასჩენოდა. ამ ფიქრებში იყო პილატე, როდესაც ქალაქიდან ხმაური შემოესმა. წამოდგა, იისფერკანტიანი ტოგა გაისწორა და ღია ტერასაზე გავიდა. ხალხის გუგუნის ხმა აქ უფრო მკვეთრად აღწევდა. კეისარასთან შედარებით უფრო ზომიერი ჰავის მიუხედავად, არ უყვარდა პილატეს იერუსალიმში ყოფნა. აქ სრულად იგრძნობოდა ადგილობრივი ყოფა, რომელიც მას, რომაელ დიდგვაროვანს, ველურად ეჩვენებოდა. განსაკუთრებით არ უყვარდა ფესახის პერიოდი, როდესაც ქალაქში ათასი ჯურის ხალხი ირეოდა და მუდმივად შფოთის საფრთხე იყო. ასევე აღიზიანებდა ის გარემოება, რომ იძულებული იყო ადგილობრივთა ტრადიციებისთვის პატივი მიეგო და მათი ყველაზე მთავარი დღესასწაულის პერიოდში, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იერუსალიმში ფუჭად დაეკარგა დრო. მან კლეტუსს, მსტოვართა მეთაურს უხმო. თავად, კი ისევ დარბაზში შებრუნდა და ტახტზე ჩამოჯდა. ცოტა ხანში კლეტუსიც გამოჩნდა და კატისებრი რბილი ნაბიჯებით პილატეს მიუახლოვდა. კლეტუსი, პილატე პონტოელის იუდეის პრეფექტად დანიშვნის შემდეგ მუდმივად მის სამსახურში იყო და საიმედო დასაყრდენის რეპუტაცია გამოიმუშავა. იგი ყოველთვის ზედმიწევნით და დეტალებში ფლობდა იუდეაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა, მისი მოზომილი და კარგად გათვლილი რჩევები დიდწილად აწონასწორებდა პილატეს სიფიცხეს. თუ დავუმატებთ კლეტუსის სიახლოვეს პილატეს ცოლთან, პროკულასთან, ნათელი ხდება, თუ რამხელა იყო პროვინციის მართვის პროცესში ამ ადამიანის როლი. ყოველივე ამის გამო, მტრებიც საკმაოდ შეიძინა. სწორედ მათი მეშვეობით, პილატემ კარგად იცოდა მისი სისუსტე - კლეტუსი გულგრილი იყო ქალთა სქესის მიმართ და უპირატესობას, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ლეგიონერების მკლავებს ანიჭებდა. - რა ხმაურია ქალაქში? - პილატემ კლეტუსს ახედა და ტახტის კიდეზე, შუა და საჩვენებელი თითებით ნერვიული კაკუნი განაგრძო. - არაფერი განსაკუთრებული. როგორც მოგეხსენებათ, ფესახის დღესასწაულის დღეებში, ყველა ჯურის მოქადაგე, თუ წინასწარმეტყველი იერუსალიმში იყრის თავს. ამჯერადაც, ერთ-ერთი მათგანი ქალაქში შემოვიდა. ხალხის მღელვარება და დიდი ინტერესი ერთმა გარემოებამ გამოიწვია - იუდეველთა რწმენის თანახმად, მესია, რომელიც იხსნის ხალხს, იერუსალიმში ახალგაზრდა ვირზე შემჯდარი უნდა შემოვიდეს. სწორედ ამ ხერხით ისარგებლა ამ უკანასკნელმა და ეს ბრბოს აღტყინების საფუძველი გახდა. ზოგი მას ლანძღავს და თვითმარქვიას უწოდებს, უფრო დიდი ნაწილი, კი აღფრთოვანებითა და ოვაციებით შეხვდა. ქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - მშვიდი მონოტონური ხმით მიუგო კლეტუსმა და ეს სიმშვიდე პილატესაც გადაედო. - განაგრძეთ მასზე დაკვირვება. თუ არეულობის რაიმე საფრთხე წარმოიშვა, დაუყოვნებლივ მაცნობე, - პილატემ დაასრულა კლეტუსსთან საუბარი და სადილზე ჩაფიქრდა. კლეტუსი ისეთივე რბილი, უხმაურო ნაბიჯებით გავიდა, როგორითაც ცოტა ხნის წინ დარბაზში აღმოჩნდა. იუდეის პრეფექტმა, მეუღლესთან ერთად ყუათიანად ისადილა, შემდეგ ცოტა წაუძინა და უკვე მოსაღამოვებული იყო, როდესაც დარბაზში დაბრუნდა, სადაც მისი ამალა შეკრებილიყო და რაღაცაზე ბჭობა მიმდინარეობდა. აქ იყო კლეტუსიც, რომელის მზერაც შესვლისთანავე დაიჭირა. მიხვდა, რომ მას რაღაც ახალი ინფორმაცია ჰქონდა და თავის მოძრაობით აივნისკენ მიუთითა. - არის რაიმე ახალი? - როგორც კი განმარტოვდნენ პილატე კლეტუსს მიუბრუნდა. - არც თუ ისე მარტივად ყოფილა საქმე, როგორც დღისით ჩანდა. დღეს, ქალაქში შემოსული მოქადაგე, რომელსაც იეშუს ეძახიან, პოპულარობით სარგებლობს ხალხში, - ჩვეული მშვიდი ხმით დაიწყო კლეტუსმა. - გაქვს მასზე ინფორმაცია? - შეაწყვეტინა პილატემ. - დიახ. იეშუ გალილეადანაა. მისი მოწინააღმდეგეები ავრცელებენ ხმებს, რომ იგი რომაელი ჯარისკაცის, ტიბერიუს იულიუს აბდეს პანტერას შვილია და დაცინვით, იეშუ ბენ პანტერას უწოდებენ8. მისი დედა, როდესაც დაქორწინდა, უკვე ფეხმძიმედ ყოფილა და ეს გახდა ამ მითქმა-მოთქმის საფუძველი. თანაც, როგორც მტრები იძახიან, მშობლიურ მხარეში სირცხვილისგან თავის დახსნის მიზნით, ეს ახალგაზრდა გოგო, თავის ასაკოვან ქმართან ერთად, ბეითლეხემში წამოსულა და იქ უმშობიარია. შემდეგ, გარკვეული პერიოდი ეგვიპტის მიწაზე გაუტარებიათ9. - ანუ ეს იეშუ რომის მოქალაქის შვილია? - ეს დაამახსოვრდა პილატეს ყველაზე მეტად და გარკვეული სიმპათია იგრძნო ამ მისთვის უცნობი პიროვნებისადმი. - დადის ასეთი ხმები… მაგრამ ეს არ არის მთავარი, - კლეტუსმა სცადა პილატეს ყურადღების უფრო მნიშვნელოვან საკითხზე გადატანა, - იეშუს საკმაოდ მრავალფეროვანი, მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული მხარდამჭერთა გუნდი ჰყავს, როგორც იუდეაში, ასევე გალილეაში, მათ შორის, სინედრონის წევრები, ხოლო უახლოეს წრეში, როგორც თავად უწოდებენ თავს, მოწაფეებში, მრავლად არიან ქანაიმის10 მიმდინარეობის წარმომადგენლები. იეშუ არ არის უბრალო წინასწარმეტყველი. იმის გარდა, რომ თავს მესიას უწოდებს, მომხრეები მას ასევე ღვთის ძედ მიიჩნევენ, რომელიც იუდეველთა მეფედ არის მოვლენილი და რომელმაც ღვთის მიწიერი სამეფო უნდა დაამკვიდროს. სწორედ ამის გამო, იგი გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს და მისი მხარდამჭერების სიმრავლის გათვალისწინებით, შეიძლება პრობლემები შექმნას. - როგორმე უნდა მოვახდინოთ მისი გაუვნებელყოფა. რას ფიქრობ, რომ დავაკავოთ და რომის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მიზეზით სიკვდილით დავსაჯოთ? - კლეტუსის ბოლო სიტყვებზე პილატე დაიძაბა და უმალ გადამჭრელი ზომების მიღებაზე დაფიქრდა. - გავკადნიერდები და ჩემი რჩევაა, ჯერ-ჯერობით თავი შევიკავოთ მსგავსი მკვეთრი ზომების მიღებისგან, - კლეტუსს თვალები უბრწყინავდა. ეტყობოდა, რომ გეგმა უკვე მზად ჰქონდა. - გისმენ, - პილატე ამას მიხვდა. - იეშუ, რომზე დიდ საფრთხეს, ადგილობრივ სასულიერო პირებს უქმნის. ჯერ ერთი, მისი ქადაგება, იმ ჩამოყალიბებულ ხედვებს ამსხვრევს, რომელზეც სინედრონის ძალაუფლება და სიმდიდრე დგას. მეორეც, თუ ვინმეს წინააღმდეგ დაიწყება მის მიერ მართული აჯანყება, ეს პირველ რიგში კაიაფაა. მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის ღია კონფლიქტი უკვე დაიწყო. ქალაქში შემოსვლის შემდეგ, იეშუმ და მისმა მხარდამჭერებმა ტაძრის ტერიტორია დაიკავეს და მთლიანად აკონტროლებენ. ტაძრის ეზოში დაარბიეს გადასახურდავებელი მაგიდები და გამოყარეს ყველა მოვაჭრე. ამ დროს, იქ ჩვენი ლეგიონერების დამატებითი მობილიზება და მისი დაკავება, უფრო დიდ მღელვარებას და შფოთს გამოიწვევს. ამდენად, უმჯობესია ჯერ გავაგრძელოთ დაკვირვება. ჩვენთვის არ უნდა იყოს ურიგო, მათ შორის მომრიგებლის როლში ყოფნა. თანაც, თუ მათი ბრძოლა კაიაფას გამარჯვებით დასრულდება, პირველი ის მოგთხოვთ იეშუს სიკვდილით დასჯას. აქ უკვე შესაძლებელი იქნება ვაჭრობა და სარგებლის ნახვა, - კლეტუსის გაცისკროვნებული სახე იმაზე მეტყველებდა, რომ უზომოდ კმაყოფილი იყო საკუთარი ჩანაფიქრით. - ეგ ყველაფერი კარგი, - პილატეს ჭკუაში დაუჯდა გეგმა, - მაგრამ ერთი რამ არ გაგითვალისწინებია: როგორ მოვიქცეთ, თუ აჯანყებული წინასწარმეტყველი გაიმარჯვებს? - მაგასაც მოგახსენებთ. თუ იეშუ გაიმარჯვებს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ხომ არ თვლით მიზანშეწონილად, მოვაწყო მასთან შეხვედრა და მოუსმინოთ მის გეგმებს? - კლეტუსი დაიძაბა, ვინიდან არ იყო დარწმუნებული, რომ პილატე მიიღებდა მის წინადადებას. - თვითმარქვია გალილეელ წინასწარმეტყველს შევხვდე? - არ დააყოვნა პილატეს საპასუხო რეაქციამ, - თუნდაც რომაელის შვილი იყოს, - გაახსენდა კლეტუსის ნათქვამი, - თანაც, ეს თუ კაიაფამ გაიგო, პრობლემები არ აგვცდება. - შეხვედრის მოწყობას ისე, რომ ვერავინ გაიგოს, მე მოვაგვარებ, - პილატესგან უფრო მკვეთრ რეაქციას ელოდა და ამან სიმხნევე შემატა, - იეშუ, კაიაფასთვის არის თვითმარქვია წინასწარმეტყველი. ჩვენთვის, კი იგი რეფორმატორი რელიგიური მოღვაწეა, რომელმაც შეიძლება სარგებელი მოგვიტანოს. პილატე ჩაფიქრდა. მისი მოსაზრებით, გაიძვერა კლეტუსის ჩახლართული გეგმა ჭკვიანური, მაგრამ სარისკო იყო. თუმცა, ყველაფრის სწორად წარმართვის შემთხვევაში, მრავალმხრივი სარგებლის ნახვა შეიძლებოდა. გასაგებია, რომ კაიაფა დახმარებისთვის მას აუცილებლად მიმართავდა და დათანხმების შემთხვევაში, მზად იქნებოდა მნიშვნელოვანი თანხის გასაღებად. იეშუსთან შეხვედრაც არ უნდა ყოფილიყო ურიგო იდეა. აქ უფრო შორსმიმავალი გეგმების დალაგება შეიძლებოდა. საერთო ენის გამონახვის შემთხვევაში, მას გაუჩნდებოდა როგორც სინედრონის, ასევე იუდეველთა ყველაზე ექსტრემისტული ნაწილის მეტ-ნაკლები კონტროლის საშუალება. - ნებას გრთავ, მოიყვანო ჩემთან. ოღონდ არავინ არ უნდა იცოდეს ამ შეხვედრის შესახებ, - მცირედი ფიქრის შემდეგ დათანხმდა კლეტუსის წინადადებას. კლეტუსმა თავი დახარა და უსიტყვოდ დატოვა აივანი. ჩაფიქრებული პილატე, კიდევ რამდენიმე წუთს გაჰყურებდა სიბნელეს და მხოლოდ შემდეგ შებრუნდა დარბაზში, სადაც კლეტუსი უკვე აღარ იყო. 8 აღნიშნულ მოსაზრებას ამტკიცებს ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ცელსუსი. თემა, ასევე ნახსენებია ებრაულ თალმუდშიც. თუმცა, აშკარა მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ეს თეორია სამეცნიერო წრეების მიერ სერიოზულად არ განიხილება. 9 იესოს ბეთლემში დაბადება, ასევე შემდგომ, ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გაქცევა, მკვლევართა გარკვეული ნაწილის მიერ სკეპტიკურად აღიქმება. მათი მოსაზრებით, ამ ორი მომენტის დამატება საჭირო გახდა, რათა დამტკიცებულიყო, რომ იესო იყო მესია - დაიბადა იგივე ქალაქში, რომელშიც დაიბადა დავით მეფე; ეგვიპტიდან დაბრუნდა, როგორც მოსე. მათი მოსაზრება შემდეგ არგუმენტაციას ეფუძნება: ე.წ. “მოსახლეობის აღწერა”, მართლაც მოხდა, ოღონდ ჩ.წ. 6 წელს, როდესაც იესო უკვე დაბადებული იყო და მოიცავდა იუდეას, სამარიას და იდუმეას და არანაირად გალილეას. ამასთანავე, არ არსებობს არანაირი ისტორიული მტკიცებულება, რომ ძველ რომში, აღწერის ჩატარება, ოდესმე, დაბადების ადგილის მიხედვით მომხდარიყო. ასევე არანაირი, არც რომაული, არც ებრაული და არც ქრისტიანული წყაროებით არ დასტურდება იროდის მიერ ბეთლემსა და მის შემოგარენში ახალშობილთა მოკვლის შესახებ ბრძანების გაცემის ფაქტი, რაც ლუკას სახარებაში, ეგვიპტეში გაქცევის მიზეზად არის მოყვანილი. 10 ქანაიმ - მრავლობითი ფორმა სიტყვისა “ქანაი” (ივრითი), რომელიც შემდგომში ბერძნულად ითარგმნა, როგორც” ზილოტი” (თავგამოდებული მხარდამჭერი, ქომაგი, მოშურნე). ე.წ. “მეოთხე სექტის” წარმომადგენლები. გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ფანატიზმითა და სისასტიკით. იბრძოდნენ იუდეის რომაული ოკუპაციის წინააღმდეგ. იესოს მოწაფეებიდან ზილოტი დანამდვილებით იყო სიმონი. მარკოზის სახარების ძველ ვერსიებში, იუდა იაკობისი მოხსენიებულია, როგორც იუდა ზილოტი. არსებობს მოსაზრება, რომ ასევე ზილოტები იყვნენ პეტრე, ანდრია, იოანე და იაკობი. ზილოტებს გამოყოფილი ჯგუფი იყო სიკარიები. ერთ-ერთი ვერსიით, იუდა ისკარიოტელის სახელის სწორი ფორმაა იუდა სიკარი, იუდა სიკარიოტი. XXII “Ever and ever, forever and ever you'll be the one That shines in me like the morning sun.” Demis Roussos - Forever and Ever მთელი მომდევნო კვირა პირველი გრაგნილის გაშიფვრას მოვანდომე. როგორც გაირკვა, ტექსტი ეკუთვნოდა იესოს ერთ-ერთ უცნობ მოწაფეს, შიმშონს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ანდრიასთან ერთად, პირველი იყო, ვინც იესოს შეურთდა.11 სხვა, უმეტესობა მოწაფეებისგან განსხვავებით, შიმშონი ფრიად განათლებული ადამიანი იყო და სწორედ ეს გახდა იესოსთან მისი განსაკუთრებული სიახლოვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, ხოლო იესოსთან მისი ეს სიახლოვე, თავის მხრივ, გახდა სხვა მოწაფეების მხრიდან მისი მოძულებისა და შემდგომი მოკვეთის საფუძველი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ოთხივე კანონიკური სახარება, დაიწერა ბერძნულ ენაზე და თანაც იესოს ჯვარცმიდან საკმაოდ მოგვიანებით12, ცხადი ხდებოდა, რომ ჩემს ხელთ არსებული აღმოჩენის მნიშვნელობის გადაფასება რთული იყო. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შეიძლებოდა თქმა, რომ ბოლო ოცი საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე ვმუშაობდი; დოკუმენტზე, რომლის ავტორი პირადად იცნობდა იესოს და მასთან ერთად ჰქონდა გატარებული მისი სიცოცხლის ბოლო წლები. ისე გამიტაცა ტექსტზე მუშაობამ, რომ ძირითადი საქმისთვის და მითუმეტეს პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის აღარ მრჩებოდა, რამაც ანას გულისწყრომა გამოიწვია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დასვენების დღეები მხოლოდ მასთან ერთად გამეტარებინა და ამენაზღაურებინა ერთკვირიანი პაუზა. პარასკევს საღამოს, სამსახურის მერე შევუარე და ჰერცლიაში, ჩემთან განვმარტოვდით. მთელი კვირის განმავლობაში დაგროვილ “სათქმელს” გვიან ღამემდე ვუზიარებდით ერთმანეთს. დილით ადრიანად გავიღვიძე. ისეთი სასიამოვნო დილა იყო, ზღვის ხედით ტკბობა მომინდა და ანას სანაპიროზე რესტორანში საუზმე შევთავაზე, რასაც დიდი სიამოვნებით დამთანხმდა. ჰერცლიაში, რესტორნის ღია ტერასაზე მარტო ჩვენ ვიჯექით. ეს ადგილი განსაკუთრებით შემიყვარდა - შემაღლებული ადგილიდან საუცხოო ხედი იშლებოდა ხმელთაშუა ზღვაზე. ჯერ დილის ცხრა საათი იყო და მხოლოდ ყავა შევუკვეთეთ. ანა ზურგით ზღვისკენ მოხერხებულად მიწვა სავარძელზე და სექტემბრის ბოლო დღის დილის მზის სხივებს თვალდახუჭული მიეფიცხა. მე, ჩემის მხრივ, ზღვის ხედით ტკბობა განვაგრძე. კაფეს დარბაზიდან მოღწეული მოგუდული მუსიკის ხმა სასიამოვნოდ ხვდებოდა ყურს და კიდევ უფრო ამძაფრებდა შეგრძნებებს. უცბად დემის რუსოსის ხმა და სიმღერა “Forever and Ever” გაისმა. ამ მელოდიაზე ბავშვობა გამახსენდა. ბანალური ნათქვამია, მაგრამ ჩემი უდარდელი ბავშვობა. თვალწინ დამიდგა თბილისის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ავტობუსის გაჩერება, იქვე მიწისქვეშა გადასასვლელი, სტუდენტები, დღეისათვის უკვე ძველმოდური ვარცხნილობებითა და ჩაცმულობით, რომლებიც ადრეული შემოდგომის განსაკუთრებული ოქროსფერი შუქით განათებულ ქუჩაში ენერგიულად გადაადგილდებოდნენ. გამახსენდა ქუჩის ავტომატის ხუთკაპიკიანი გაზიანი სასმელის გემო და სურნელი, ცალთვალა მზესუმზირას გამყიდველი დარჩოს მიერ ნავთის “კერასინკა”-ზე მოხალული მზესუმზირას არომატი... და რაც მთავარია, გამახსენდა ჩემი მშობლების, ნათესავებისა და ახლობლების გაღიმებული სახეები. ისინი ჩემთვის მაშინ უბრალოდ “დიდები” იყვნენ; მათ ხომ, ჩემი აზრით, ყველაფერი იცოდნენ და მეგონა რომ არ იცვლებოდნენ - ასეთები იყვნენ და ასეთებად დარჩებოდნენ მუდამ. კიდევ უამრავი რამ გამახსენდა და ეს სურათები კომპიუტერის მონიტორზე ჩართული სლაიდშოუსავით თვალწინ დატრიალდა. ამ თბილმა მოგონებებმა და იმის აღქმამ, რომ ეს ყველაფერი უკვე წარსული იყო და აღარასოდეს განმეორდებოდა, ისეთი ემოციური გავლენა იქონია ჩემზე, რომ თვალზე ცრემლიც მომადგა. ეს ნოსტალგიური წიაღსვლა ანას ხმამ შემაწყვეტინა. - ხომ კარგად ხარ? - მის ხმაში მზრუნველი შეშფოთება იგრძნობოდა. ჩემი სახის გამომეტყველება და ცრემლი მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. - კი, უბრალოდ ემოციები მომაწვა. ვიგრძენი როგორი ბედნიერი ვარ შენს გვერდით, - გადავწყვიტე არ დამეწყო ჩემი ემოციების რეალური მიზეზის ახსნა და ლამაზი ტყუილით ვცადე ფონს გასვლა. თუმცა, რომ დავფიქრდი, არც თუ ისეთი დიდი ტყუილი გამოვიდა - რომ არა ანას არსებობა ჩემს ცხოვრებაში და მისი ამ წუთას გვერდით ყოფნა, არა მგონია მხოლოდ მუსიკას, ზღვის ხედსა და მოგონებებს ასე ემოქმედა ჩემზე. ანას ჩემს პასუხზე გაეღიმა. არც უცდია დამალვა, რომ ძალიან ესიამოვნა, ოღონდ საკუთარი კომფორტი ვერ დათმო და ადგილიდან ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. შემდეგ ისევ მზისკენ შეატრიალა სახე და თვალები დახუჭა. საკუთარ მოგონენებთან განმარტოება დასრულდა. ეტყობა რაღაც რომანტიული რეტრო მუსიკის კრებული იყო ჩართული - უკვე ABBA-ს "Lay All Your Love on Me"-ს ხმა აღწევდა ჩვენამდე. გარშემო მიმოვიხედე. ვერანდაზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წამოვდექი და ანას უკნიდან მივუახლოვდი, ხელი ბლუზში ჩავაცურე და ხელის გულით მისი ძუძუს თავის ფერება დავიწყე, თან კისერზე ნაზად ვაკოცე. ანა არც განძრეულა. მხოლოდ კრუსუნის მსგავსი ჩუმი ხმა აღმოხდა. - ხომ არ თვლი, რომ დროა ყავის სმა დავამთავროთ და ჩემთან განვმარტოვდეთ? - ყურში ჩავჩურჩულე. - გაუმაძღარი კურო ხარ…. მაგრამ ვინ ვარ მე, რომ შეგეწინააღმდეგო? - ვნებიანი, მიბნედილი თვალებით ამომხედა და თავი გასასვლელისკენ გაიქნია. ყავის ფული უკვე დარბაზში დავუტოვე ოფიციანტს. ხურდას არც დავლოდებივართ, ისე გავედით გარეთ და შესასვლელთან მდგარ მანქანაში სწრაფად ჩავჯექით. * * * “და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა.” (ლუკა 19:45) კლეტუსის თავისი მსტოვრები იუდეის ყველა კუთხეში ჰყავდა და სწორედ მათი მეშვეობით ახერხებდა მუდმივად ინფორმირებული ყოფილიყო იმპერიის ამ განაპირა პროვინციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაკვირვებას იწვევდა მხოლოდ ერთი გარემოება - თუ როგორ ახერხებდა მარტო, ჯაშუშთა ამხელა ქსელის მართვასა და კონტროლს. სწორედ ერთ-ერთ მისი მსტოვარი იყო იეშუს მხარდამჭერთა ვიწრო წრიდან და მისგან მიიღო ყველა ის ინფორმაცია, რომელიც პილატე პონტოელს გაუზიარა. მისივე მეშვეობით დაიგეგმა იეშუს საიდუმლო შეხვედრა პილატესთან. უკვე გვიანი საღამო იყო, როდესაც იეშუმ თავის მომხრეებს ამცნო, რომ ღამის გასათევად ბეთანიაში წავიდოდა და მოწაფეებს დილით იქ შეკრებისკენ მოუწოდა. თავად კი, მის ერთ-ერთ მოწაფესთან, შიმშონთან და კიდევ ორ პირთან ერთად დატოვა ტაძრის ტერიტორია. კლეტუსი, მათ ანტონიის კოშკის მცირე ჭიშკართან, კიბეებზე დახვდა და შიგნით შეუძღვა. თანმხლები ორი პირი, ჭიშკრის შიგნით, კოშკის შიდა ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო იეშუ, შიმშონი და კლეტუსი დერეფანს გაუყვნენ. ცოტა ხანში, მომცრო დარბაზში აღმოჩნდნენ, სადაც მათ სავარძელში მჯდომი პილატე დახვდათ. - ხშირად არ მიწევს, მესია მივიღო სტუმრად, - სავარძლიდან წამოდგა და ქედმაღლური ღიმილით გადახედა იეშუს. ორ სტუმარს შორის მისი გარჩევა არ გასჭირვებია. დარბაზში შემოსვლის შემდეგ, შიმშონი და კლეტუსი შესასვლელთან გაჩერდნენ და მხოლოდ იეშუმ გადადგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი წინ, - ქალაქში შფოთისა და აურზაურის ატეხვა დაუსჯელი რომ არ დარჩებოდა, ამას მგონი უნდა ხვდებოდე. არამგონია, იმის იმედად იყო, რომ მხარდამჭერები დაგიცავენ. მაშ, რა იყო ასეთი თავხედური საქციელის მიზანი? - მიუახლოვდა და ჩირაღდნის მოციმციმე, მკრთალ შუქზე თვალებში ჩახედა იეშუს, რომლის სიმშვიდემ მასზე დამთრგუნველად იმოქმედა. მიჩვეული იყო, რომ მის დანახვაზე ადგილობრივები შიშით კრთოდნენ. - მიზანი სწორედ ეს შეხვედრა იყო, - აუღელვებლი ხმით მიუგო იეშუმ და როდესაც პილატეს გაკვირვებული გამოხედვა დაიჭირა, განაგრძო, - ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი მხარდამჭერების მოქმედება ინტერესს გამოიწვევდა. ჩვენ არ ვიბრძვით რომის წინააღმდეგ. უკვე არაერთხელ მითქვამს: კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა. ჩვენი მიზანია წინაპართა რწმენის პატივისცემა და სინედრონში გამეფებული აღვირახსნილობის ალაგმვა. კაიაფას სახით, ჩვენ საერთო მტერი გვყავს და მის წინააღმდეგ შეთანხმებული მოქმედება, ორივე მხარისთვის სასარგებლო უნდა იყოს. პილატემ იგრძნო, რომ საუბრის სადავეები იეშუმ აიღო ხელში და სცადა ამის გამოსწორება. - და რა შეთანხმებული მოქმედება და საერთო ინტერესი შეიძლება იყოს რომსა და ამბოხებულ მაწანწალას შორის? - ორი ნაბიჯი გადადგა და ამრეზით შეხედა იეშუს. - შეთანხმებული მოქმედებისთვის საჭირო საერთო ინტერესი საკმარისადაა, - შეურაცხყოფა არ შეიმჩნია და კვლავ მშვიდად უპასუხა იეშუმ. პილატე მიხვდა, თუ რაზე იყო დაფუძნებული იეშუს ძალაუფლება და ხალხის მასებზე ზემოქმედების უნარი. ნათელი იყო, რომ იგი არ იყო უბრალოდ მორიგი მოხეტიალე წინასწარმეტყველი, რომლებიც ხშირად ჩნდებოდნენ იუდეაში. იმ დისკომფორტის მიუხედავად, რომელიც მისი თავდაჯერებისა და სიმშვიდისგან იყო გამოწვეული, უკვე თვლიდა, რომ კლეტუსის რჩევა სწორი იყო და ამ შეხვედრას მართლაც შეიძლება მოჰყოლოდა სარგებელი. - გისმენ. რა საერთო ინტერესს გულისხმობ? - მის ხმაში უკვე პატივისცემა შეიმჩნეოდა. - დიდ დროს არ წავიღებ და მოკლედ ვიტყვი: ჩემი მიზანია, წინაპართა რწმენა ისევ ხალხის სამსახურს დაუბრუნდეს. ამისთვის მაქვს გარკვეული გეგმები. იმ შემთხვევაში, თუ მე და ჩემი მხარდამჭერები სინედრონში მოვხვდებით, დროთა განმავლობაში შევძლებთ ხალხისათვის სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას და მათ ხარჯზე გამდიდრებული მღვდელთმთავრების მოთოკვას. რაც შეეხება სიმდიდრეს, მიმაჩნია, რომ ტაძრის ხაზინაში დაგროვებული სახსრები უკეთ შეიძლება გადანაწილდეს. სინედრონში მოხვედრისა და გადასახურდავებელი მაგიდების საქმიანობაზე კონტროლის დაწესების შემდგომ, მზად ვარ შემომავალი სიმდიდრის ნაწილი, იუდეის ასაღორძინებლად და სხვადასხვა სამუშაოების განხორციელების მიზნით, რომის ხელისუფლებას გავუზიარო, - დაასრულა და გამჭოლი მზერა ესროლა პილატეს. როდესაც დარწმუნდა, რომ ნათქვამმა მიზანს უწია, განაგრძო, - არის კიდევ ერთი რამ, რის გამოც შეიძლება რომის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი იყოს ჩემთან კავშირი. ჩემს მოწაფეებსა და მხარდამჭერებში, უდიდესია ქანაიმის მიმდევართა წილი. რომისთვის არ უნდა იყოს ურიგო, ამ დაუმორჩილებელი და მუდმივად აჯანყებისთვის მზად მყოფ ხალხზე კონტროლის დაწესება. - გინდა თქვა, რომ რომის ხელისუფლების წინააღმდეგ ასამხედრებლად მუდმივად მზად მყოფი ხალხის დაშოშმინება შეგიძლია? და თუ ეს მართლაც ასეა, რა მიზნით გააკეთებ ამას? - შეაწყვეტინა პილატემ. - სწორედ ქანაიმის მიმდევრების მიერ ვარ აღიარებული მესიად, ღვთის ძედ13 და ღვთის მიწიერი სამეფოს მეფედ. მათი რწმენის თანახმად, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი უნდა იყოს იუდეველთა მხსნელი და მომავალი მეფე. უკვე გამოარკვიეს, რომ იგი ჩემი წინაპარია14, - იეშუს სახეზე შეუმჩნეველი ღიმილი გაუკრთა, - რატომ მსურს მათი დამშვიდება? ამაზე ერთ იგავს მოვიშველიებ: იყო ერთი კაცი, რომელმაც თავისი სახლი კლდეზე ააშენა. ვერც წვიმამ, ვერც ქარმა და ვერც მდინარემ, ამ სახლს ვერაფერი დააკლო. იყო მეორე კაცი, რომელმაც სახლში ქვიშაზე ააშენა. ეს სახლი ქარმა და წვიმამ ადვილად გაანადგურა15 - დღეს, რომის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა, ქვიშაზე სახლის აშენებას ჰგავს. სუსტია დღეს იუდეა, ვინაიდან ხალხი ქვიშის მარცვლებივით გათითოკაცებულია. მათი რწმენაც შერყეულია. სწორედ ამიტომ, აჯანყება დამღუპველი იქნება, - დაასრულა და პასუხის მოლოდინში პილატეს თვალი თვალში გაუყარა. პილატემ მის მომნუსხველ მზერას თვალი აარიდა და ჩაფიქრებულმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შემდეგ მკვეთად მობრუნდა და კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა, - როგორ აპირებ სინედრონში მოხვედრას? არ უნდა იყოს ეს ადვილი. - თანახმა ვარ. რთულად მისაღწევი მიზანია, მაგრამ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი მოქმედება. მღვდელთმთავრები დაინახავენ ჩვენს სიძლიერეს და თავად წამოვლენ მოლაპარაკებებზე. რა თქმა უნდა, თუ რომის ხელისუფლება არ ჩაერევა. იუდეველთა დიდი ნაწილი მხარს გვიჭერს და ეს მხარდაჭერა აიძულებს ჩვენს მოწინააღდეგეებს, ბევრი რამ დათმონ. - გასაგებია, - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა პილატემ და ჩაფიქრებულმა განაგრძო ბოლთის ცემა, - წარმართთა რწმენის თაობაზე შიდა კამათში ჩარევა არ არის რომის საქმე. იგივეს ვეტყვი კაიაფას, თუ დახმარებისთვის მოგვმართავს. მთავარია, არეულობა, სისხლისღვრა და შედეგად, რომის წინააღმდეგ აჯანყება არ დაიწყოს. მანამდე თავისუფალი ხარ. იეშუს სახეზე თავშეკავებული კმაყოფილება გამოისახა. თავი დახარა, მიტრიალდა და შიმშონთან ერთად დარბაზი დატოვა. მათ უკან კლეტუსიც მიჰყვა და კოშკის ჭიშკრამდე მიაცილა. ორიოდ წუთში, იეშუ და მისი თანმხლები პირები ღამის სიბნელეში გაუჩინარდნენ. 11 იოანეს სახარების თანახმად (1:35-40), იოანე ნათლისმცემლის ორი მოწაფე, ანდრია და კიდევ ერთი, რომლის სახელიც არ არის ნახსენები, იოანე ნათლისმცემლის მიერ იესოს ნათლობის შემდეგ, პირველები გაჰყვნენ მას. 12 მეცნიერებს შორის არ არის მიღწეული კონსენსუსი, ახალი აღთქმის შექმნის თარიღთან დაკავშირებით. უმეტესობა თანხმდება, რომ ოთხივე სახარება დაწერილია ჩ.წ. 70 წლის შემდგომ. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ისინი შექმნილია კიდევ უფრო გვიან, მეორე საუკუნის შუა წლებში. არაკანონიკური წყაროების, მათ შორის “თომას სახარების” ჩვენამდე მოღწეული ვერსია შექმნილია არაუადრეს ჩ.წ. 140 წლისა. 13 გამოთქმა “ღვთის შვილი” იუდაიზმისთვის არ იყო უცხო. ღმერთი დავით მეფეს უწოდებს თავის შვილს: “უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ” (ფსალმ. 2:7). ნებისმიერ შემთხვევაში, “ღვთის ძე” - არის წოდება და არა ფიზიკური კუთვნილება. პავლეს მიერ იესოს, როგორც ღვთის ძედ პირდაპირი მნიშვნელობით წარმოდგენას, მეორე ტაძრის ეპოქის იუდაიზმში პრეცედენტი არ გააჩნია. 14 იესოს დავით მეფისგან წარმომავლობის ლეგენდა, რომელიც იოსებზე გადის, მნიშვნელოვანი განსხვავებებით, მოცემულია ლუკასა და მათეს სახარებებში. რეფორმაციის ეპოქაში, გაჩნდა მოსაზრება, რომ დავითისგან წარმომავლობა მარიამზე გადის. ამ ვერსიას არ ეთანხმებიან მართლმადიდებლური, კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესიები. 15 მათე (7:24-27), ლუკა (6:47-49) XXIII “While you live, shine Have no grief at all Life exists only for a short while And time demands his due” Song of Seikilos პაუზის შედეგად, რომელიც გრაგნილებზე მუშაობამ გამოიწვია, ძირითადი საქმეები დაგროვდა და გარკვეული პერიოდი, მთლიანად ექსპედიციის ამბებზე გადართვა მომიხდა. შედეგად, თითქმის ყოველდღიურად იერუსალიმში მგზავრობა მიწევდა. ამ გაწამაწიის დამსახურება იყო, რომ საგრძნობლად გადავიღალე და ჩემი დაბადების დღეც, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე, მოკრძალებულად, მხოლოდ მე და ანამ ავღნიშნეთ. იერუსალიმში გატარებული ერთ-ერთი ასეთი დღე გასრულდა და მოსაღამოვებულზე, სასტუმრო “King David”-ის ვერანდაზე, სავახშმოდ შევიკრიბეთ. ჩემს და ოფისის ოთხეულს გარდა, ვახშამს კიდევ ერთი ადგილობრივი ექსტრავაგანტული, გაურკვეველი პროფესიის პირი - ბიზნესმენის, მეცნიერის და რელიგიური მოღვაწის ნაზავი, იციკ ბენ დავიდი ესწრებოდა. ჩემთვის უცნობი იყო მასთან კომუნიკაციისა და ვახშამზე მოწვევის აუცილებლობა. ამას განსაკუთრებით არც ჩავღრმავებივარ -”ნაკლები იცი, უკეთ გძინავს” პრინციპი ჩემთვის სრულებით მისაღები იყო. - სასიამოვნოდ აგრილდა, - მაგიდის გარშემო დასხდომის შემდგომ ჩამოწოლილი სიჩუმე, მაიკლმა დაარღვია. - აგრილდა კი არა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ცივა, - ხელისგულები ერთმანეთზე ენერგიულად გაუსვა ფელიპემ. - მეტი სითბო რაღა გინდა, უკვე ოქტომბერია, - პოლმა არ გაუშვა ფელიპესთან შეკამათების შანსი. - თელ-ავივში ჯერ კიდევ ცხელა, - მეც ჩავერთე საუბარში. - გრილა თუ ცივა, ამაზე მსჯელობა, უმჯობესია, ას-ასი გრამი ვისკის მერე განვაგრძოთ. რას იტყვით? - გამიკვირდა, პოლს რომ არ უპასუხა ფელიპემ და პირდაპირ დალევა შემოგვთავაზა. - ვუერთდები ფელიპეს ინიციატივას, - მაიკლმა გადმოგვხედა და ყველასგან უსიტყვო თანხმობის შემდეგ, ოფიციანტს ვისკი შეუკვეთა. - მგონი გვეღირსა ნანატრი მშვიდობა. გავრცელებული ინფორმაცით, პირველ ოქტომბერს, ისრაელის სამხედრო ქვედანაყოფებმა დატოვეს ლიბანის ტერიტორია. იმედია, მოგვეცემა მუშაობის სიმშვიდეში გაგრძელების შესაძლებლობა, - პოლი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. - ვერ გავიზიარებ თქვენს განწყობას. შესაძლოა ლიბანთან კონფლიქტი გარკვეული დროით დასრულდა, მაგრამ რა ვუყოთ პალესტინის დილემას? იმ ქალაქის მოსახლეობის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მესამედზე მეტი, არაბია. არაბული დასახლებებითვეა გარშემორტყმული ჩვენი წმინდა ქალაქი - რამალა, ბეითლეხემი, ბეით ჯალა და ა.შ. - საუბარში პირველად ჩაერთო იციკი. - ეს პრობლემაც მოგვარებადია. მთავარია ორივე მხარის მზადყოფნა, - იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ფელიპემ პოლის მხარე დაიჭირა. - რომელ მზადყოფნაზე საუბრობთ? - გაეღიმა იციკს, - პალესტინის, როგორც სახელმწიფოს არსებობა ჩვენთვის მიუღებელია. ამ ეტაპზე, არ შევეხები ტერიტორიებთან დაკავშირებით პალესტინელების აბსურდულ მოთხოვნებსა და პრეტენზიებს. მე ჩემი, როგორც ებრაელის პოზიციას დავაფიქსირებ. ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი მხოლოდ ერთი გზით შეიძლება მოგვარდეს. კერძოდ: მსოფლიოში ოცზე მეტი არაბული სახელმწიფოა, რომელთა საერთო ტერიტორიაც 13 მლნ. კვადრატულ კილომეტრს აჭარბებს. ისრაელისა და პალესტინის ტერიტორია ერთად, კი 30 ათას კვადრატულ კილომეტრსაც არ აღწევს. თანაც ისრაელი მსოფლიოში ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა. არ იქნება ლოგიკური, პალესტინის მოსახლეობა არაბულმა ქვეყნებმა თავისთან რომ მიიღონ და ეს ტერიტორია მთლიანად ებრაული სახელმწიფოს საკუთრება გახდეს? - საინტერესო იდეაა, - დაუფარავი სარკაზმი იგრძნობოდა ფელიპეს ხმასა და გამომეტყველებაში. - მეც ასე ვფიქრობ, - იციკმა ფელიპეს სარკაზმი ვერ იგრძნო და უფრო გულანთებულმა განაგრძო, - თუ დავფიქრდებით, მსოფლიოში კიდევ არაერთი კონფლიქტის მოგვარება შეიძლება მსგავსი გზით: არ არის მოქიშპე მოსახლეობა, არ არის პრობლემაც, - კმაყოფილმა გაშალა ხელები. - სადმე გადასახლებას, ხომ არ აჯობებს პრობლემა ბოლომდე მოგვარდეს და საერთოდ უტილიზაცია გაუკეთდეს ამ მოსახლეობას? - ფელიპე აშკარა პროვოკაციაზე გადავიდა. - მაგაზეც მიფიქრია, - იციკმა ვერც ამ ჯერზე იგრძნო ფელიპეს სარკაზმი და მასში სულიერი მეგობარი დაინახა, - მე უფრო გლობალურად ვუყურებ ამ თემას. მსოფლიოს მოსახლეობა მალე 8 მილიარდს მიაღწევს. მათგან მხოლოდ მცირე ნაწილს მოაქვს რაიმე სარგებელი. დანარჩენი უსარგებლო მუქთახორაა. ჩემი ნება რომ იყოს, გადავარჩევდი მსოფლიოს მოსახლეობიდან ყველაზე ლამაზ, ჭკვიან და ჯანმრთელ ნაწილს და ჩავუყრიდი საფუძველს ახალ, ბედნიერ ცივილიზაციას. დანარჩენს, კი ბოდიშს მოვუხდიდი, - დაასრულა და მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა. - კი მაგრამ, ამ ლამაზ, ჭკვიან და ჯანმრთელ ნაწილში ებრაელთა დიდი ნაწილი რომ ვერ მოხვდება? - ფელიპე აშკარა დაცინვაზე გადავიდა. - ეს გადარჩევა ებრაელებს არ შეეხება. ებრაელები ღვთის მიერ რჩეული ხალხია და ყოველი მათგანი იმსახურებს ახალ, მიწიერ სამოთხეში ცხოვრებას, - იციკი ისე შევიდა როლში, ვერც კი გრძნობდა, რომ აშკარა დაცინვის ობიექტი გახდა. - თუ შეიძლება კიდევ ერთი შეკითხვა, - ფელიპემ ყალბი პატივისცემა გაითამაშა. - გისმენთ. მზად ვარ გიპასუხოთ, -იციკმა პატივისცემა შეიფერა და გაიბღინძა. - შეგიძლიათ განმიმარტოთ, რა განსხვავებაა თქვენი და ადოლფ ჰიტლერის მოსაზრებებს შორის? თვლით თუ არა მას თქვენს სულიერ მამად? ფელიპეს ამ ბოლო ფრაზაზე მე და პეტროსმა თავი ვეღარ შევიკავეთ და გულიანად გადავიხარხარეთ. მხოლოდ მაიკლი და პოლი ისხდნენ დაძაბული გამომეტყველებით. თავად იციკს, სახეზე უზომო დაბნეულობა გამოეხატა. მიხვდა, რომ ფელიპესთან მისი საუბრის სერიოზულობა ფიქცია იყო. - ავადმყოფი, ბრიყვი და გარეწარი ხარ, იციკ! თუ ვინმესგან უნდა გათავისუფლდეს მსოფლიო, ეს შენნაირებია, - ფელიპე სკამიდან წამოიწია და ყვირილზე გადავიდა, - გაეთრიე აქედან! ვერანდაზე, სხვა მაგიდებთან მჯდომი ხალხი ჩვენსკენ შემოტრიალდა. იციკი ნერვიულად წამოდგა და მაიკლს გადახედა. მისგან მხარდაჭერა რომ ვერ იგრძნო, მყისიერად მიტრიალდა და ვერანდიდან გავიდა. - ვინ იყო ეს არანორმალური? - კი გადავწყვიტე, დიდად არ ჩავღრმავებოდი იციკის პიროვნებას, მაგრამ ბოლოს მაინც დამაინტერესა, თუ საიდან მოხვდა ასეთი ეგზემპლიარი ჩვენთან. - მე მაპატიეთ, - როგორც იქნა მაიკლმა ხმა ამოიღო, - არ მეგონა, თუ ასეთი ექსტრემისტი აღმოჩნდებოდა. ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი. საიმედო ხალხმა მითხრა, რომ საჭირო კონტაქტები აქვს ადგილობრივ რელიგიურ წრეებში და ვიფიქრე, ღირდა დაახლოვება. ახლა შეიძლება რაღაცეები გაგვიფუჭოს და სადმე ფეხი დაგვიდოს, მაგრამ შევეცი მასეთ გარეწართან რაიმე სახის ურთიერთობას, - მაიკლის მხრიდან პირველად გავიგე უწმაწური სიტყვა. - მეც ბოდიშს ვიხდი, თუ ცოტა ავღელდი, - ფელიპე ნელ-ნელა მშვიდდებოდა. - ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც შენს აღელვებას სრულიად ვიზიარებ და არ ვთვლი, რომ გადაამლაშე. პირიქით, - გაეცინა მაიკლს, - ვისკის დავლევთ, თუ არა ბოლოს და ბოლოს? - ვისკი სულ გადამავიწყდა, - გაეღიმა ფელიპესაც, - გაგვიმარჯოს, - ჭიქა ხელში აიღო და ერთი მოსმით გამოცალა. ჩვენც მას მივბაძეთ, ოღონდ ბოლომდე არ დაგვილევია. - საჭმელს არ შევუკვეთავთ? - დაინტერესდა პოლი. - სულიერი საკვები არ გეყო? ხომ მოისმინე, რამდენი საინტერესო იდეა დაგვიტოვა განსახილველად ამ გულანთებულმა მორწმუნე ადამიანმა. შენ რომელ ვარიანტს ამჯობინებ, მოსახლეობის რელოკაციას რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, თუ განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების უტილიზაციას? - ფელიპეს ეტყობოდა, რომ მოეწონა სიტყვა “უტილიზაცია”. - გინდა მითხრა, რომ ყველა მორწმუნე ასეთი ექსტრემისტია? - გაცხარდა პოლი. - ყველა რა თქმა უნდა არა, მაგრამ ტენდენცია შეინიშნება. რამდენი ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციაა შექმნილი იციკისნაირი არანორმალურების მიერ? მუსულმან ჯიჰადისტებზე არ შევჩერდები, ყველასთვის ცნობილია მათ შესახებ. არც ქრისტიან ჯვაროსნებზე და ინკვიზიციაზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბოლო სამოცი წლის განმავლობაში ათზე მეტი ებრაული ტერორისტული ორგანიზაცია შეიქმნა ამ მიწაზე, რომლებიც თავისიანების მკვლელობასაც არ ერიდებიან. ზოგიერთი მათგანის აზრით, სეკულარულ ებრაულ სახელმწიფოს არ აქვს არსებობის უფლება. ამავდროულად, ყველა არაბი უნდა განადგურდეს, თუ უარს იტყვიან დატოვონ აქაურობა. არ გამიკვირდება, თუ იციკი ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის წევრია. ბევრ ლიბერალური რელიგიური ხედვების ებრაელს ვიცნობ და სწორედ მათ მივიჩნევ ამ ერის ყველაზე ღირსეულ წევრებად. სწორედ ისინი წარმოადგენენ ამ სახელმწიფოს ეკონომიკური, სამეცნიერო, სამხედრო და კულტურული სიძლიერის საფუძველს. გარდა ამისა, თუ არ დაგეზარება, მიპასუხე, სად ამჯობინებდი ცხოვრებას, მორწმუნეებით დასახლებულ ბნეი-ბრაკში, თუ სეკულარულ თელ-ავივში? - მაშინ მეც დაგისვამ საპასუხო შეკითხვას: გადარჩებოდა თუ არა ებრაელი ერი და იქნებოდა თუ არა დღეს ისრაელის სახელმწიფო, რომ არა იუდაიზმი და ის გამაერთიანებელი ძალა, რომელიც მას გააჩნია? - შემდეგ თავადავე უპასუხა, - რა თქმა უნდა, არა. მაგალითისთვის არაერთი გამქრალი ცივილიზაცია შეიძლება მოვიყვანოთ, რომელთაც არ გააჩნდათ მსგავსი ძლიერი რელიგიური საყრდენი, - პოლმა ოსტატურად აარიდა თავი წამგებიან შეკითხვაზე პასუხის გაცემას. - მესმის, რისი თქმაც სურს ფელიპეს. მე ცოტა განვმარტავდი, - გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი ამ კამათში, - ქვეყნის, საზოგადოების რელიგიურობა და განვითარების დონე პირდაპირ კავშირშია. უფრო გასაგებად, უკუკავშირში. რაც უფრო ნაკლებად რელიგიურია საზოგადოება, მით უფრო განვითარებულია ქვეყანა და პირიქით. - ამერიკაზე რას იტყვი? მგონი საკმარისად განვითარებული ქვეყანაა. ამასთანავე, ამ ქვეყნის საზოგადოება საკმაოდ რელიგიურია, - შემაწყვეტინა პოლმა. - ამერიკა, ერთი შეხედვით, თითქოს გამონაკლისია ამ შემთხვევიდან. მართლაც, მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ქვეყანაა და თანაც საკმაოდ რელიგიური. ეს ერთი შეხედვით სჩანს გამონაკლისად, მაგრამ თუ დავუკვირდებით, აქაც კანონზომიერებას შევამჩნევთ. ყველა დიდი ქალაქი, წამყვანი შტატი, რომლებიც წარმოადგენენ აშშ-ს პირველობის ქვაკუთხედს, გაცილებით სეკულარულია, ვიდრე მორწმუნე, ე.წ. “ბიბლიური სარტყელის” შტატები. როგორც უკვე ფელიპემ აღნიშნა, მსგავსი ვითარებაა აქაც, - დავასრულე და ფელიპეს კმაყოფილი მზერა დავიჭირე. - შევეშვათ თანამედროვე მსოფლიოს და ცოტა ხნით ისტორიის გაკვეთილებს გადავხედოთ, - დისკუსიაში მაიკლიც ჩაება, - ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქრისტიანობის მაგალითზე განვიხილოთ. რა მოხდა ხმელთაშუაზღვისპირეთსა და თანდათანობით, მთლიანად ევროპაში ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ? დაახლოებით პირველი ათი საუკუნის განმავლობაში, კარგი არაფერი. განადგურდა და დავიწყებას მიეცა ანტიკური კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება. - ძალიან ტენდენციური მიდგომაა. მგონი არ უნდა იყოს სადაო, რომ ქრისტიანობამ შეიტანა განათლება და ცივილიზაცია ბევრ ქვეყანაში. ბიბლიის ადგილობრივ ენებზე თარგმნამ ხელი შეუწყო არაერთი დამწერლობის შექმნას, წერა-კითხვის სწავლებას. სწორედ მონასტრები იქცნენ განათლების გავრცელების ცენტრებად, - შეაწყვეტინა პოლმა. - შენი მიდგომა გაცილებით უფრო ტენდენციურია, - არ დაიბნა მაიკლი, - თუ ყველა ერუდირებულ პიროვნებას, ცოდნის მიღების ინსტიტუტს გაანადგურებ, შესაძლოა სამი კლასის განათლების მქონე ადამიანი იქცეს ყველაზე კომპეტენტურ პირად და ცოდნის გამავრცელებლად. შეგიძლია დამისახელო პლატონისა და არისტოტელეს დონის მოაზროვნე, რომელიც ქრისტიანობის წიაღში, რენესანსის ეპოქის დადგომამდე იშვა? და რა მოვლენაა რენესანსი? რა აღორძინდა ამ დროს? სწორედ ის, რაც ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ, ათი საუკუნის განმავლობაში ულმობლად ნადგურდებოდა. განა ამ პერიოდში, ქრისტიანული ცივილიზაციის პირობებში შეიქმნა რაიმე უფრო ადამიანური, ვიდრე სეიკილოსის სიმღერა, რომელიც მან თვისი გარდაცვლილი მეუღლისადმი სიყვარულს მიუძღვნა?16 დიახ, თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის წამყვანი ძალა ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული საზოგადოებაა, მაგრამ ეს საზოგადოება ჩამოყალიბდა სწორედ რელიგიური დოგმებისგან შეძლებისდაგვარად გათავისუფლების შემდეგ, რაც ყველაზე უკეთ, შედარებით ლიბერალური პროტესტანტული მიმდინარეობის პირობებში გახდა შესაძლებელი. თუმცა, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ განვმეორდები: არ არსებობს, არც არასოდეს უარსებია საზოგადოებას, სადაც არ იყო რაიმე სახის რწმენა… უდიდესი ალბათობით, კიდევ დიდი ხანი არც იარსებებს. ჩემი ხედვით, იდეალური საზოგადოება მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც რელიგიური ინსტიტუტები მკვეთრად განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქმედებენ და არ ერევიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში… ანუ არ ცდილობენ მაიძულონ მათი გემოვნების თანახმად ჩავიცვა, ვჭამო, ვიფიქრო და ვიცხოვრო. - ვატყობ, დავრჩით მშიერი. როგორ არ მოგბეზრდათ ამ თემაზე მუდმივად კამათი, - უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა პეტროსმა. - შევუკვეთოთ მართლა რამე, - ჩაიცინა მაიკლმა და ყველამ მენიუ მოვიმარჯვეთ. - შენი არ ვიცი და მე დიდი ინტერესით ვუსმენ ხოლმე ამ დებატებს, - ჩუმად გადავულაპარაკე გვერდით მჯდომ პეტროსს. - ჩემთვისაც საინტერესოა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, - გაეღიმა პეტროსს. * * * “და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა მისგან, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი.” (მათე 21:46) ფესახის დღესასწაული ახლოვდებოდა. პილატე, კლეტუსის მეშვეობით, ქალაქში მიმდინარე მოვლენებზე სრულ სურათს ფლობდა. იეშუ ყოველდღიურად ტაძრის ტერიტორიაზე ქადაგებდა. მღვდელთმთავარი კაიაფა უძლური იყო წინ აღდგომოდა მის ასეთ მოქმედებას. იეშუ არასდროს არ იყო მარტო და მუდმივად თან ახლდა მხარდამჭერთა უზარმაზარი ჯგუფი. პილატე დარწმუნებული იყო, რომ კაიაფა აუცილებლად მიმართავდა მას დახმარებისთვის და ლოდინმაც დიდხანს არ გასტანა - ფესახის დადგომამდე ოთხი დღით ადრე მღვდელთმთავარი მას ეახლა. სადილი ახალი მორჩენილი იყო და პილატე წამოწოლილი ნებივრობდა. უდროოდ ეჩვენა ასეთ დროს სერიოზული საუბრის დაწყება, მაგრამ სხვა გზა არ იყო და ტახტიდან წამოდგომა მოუწია. დარბაზში შემოსულმა კაიაფამ სცადა შეძლებისდაგვარად უზრუნველი სახე მიეღო და ისე მიუახლოვდა რომის პრეფექტს. - ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი წელს დღესასწაულისთვის. დიდი თანხა უნდა შემოვიდეს ტაძრის ხაზინაში, - პილატემ კაიაფას დაასწრო საუბრის დაწყება. - ხალხი მართლაც ბევრია, ოღონდ ყველაფერი არც ისე მშვიდადაა, როგორც ჩვენ ვისურვებდით, - კაიაფამ ხაზინაში შესულ თანხაზე საუბარს თავი აარიდა. - მე რა ცნობებსაც ვიღებ, ქალაქში არაფერი მოასწავებს არეულობას. როგორც ვიცი, ტაძარში გაქვთ უთანხმოება. ახალი წინასწარმეტყველი, რომელსაც მომხრეები ასევე მესიადაც მოიხსენიებენ, ბევრ საინტერესო რამეს ჰპირდება ხალხს. ხალხიც აღფრთოვანებით უსმენს მას, - არ დაინდო პილატემ კაიაფა. - ის მხოლოდ ერთი შეხედვით სჩანს უსაფრთხო წინასწარმეტყველად. მესიის გარდა, იგი თავს ასევე იუდეის მეფეს უწოდებს და ძირს უთხრის რომის ხელისუფლებას. დღეს, ეს თვითმარქვია მხოლოდ ტაძრის ტერიტორიაზე ქმნის შფოთსა და არეულობას. ხვალ, მან და მისმა მომხრეებმა შეიძლება უკვე მთლიანად ქალაქში გადმოინაცვლონ. შემდეგ, კი ერთი ნაბიჯია აჯანყებამდე, - კაიაფას სულ უფრო უჭირდა მღელვარების დაფარვა. - სასიამოვნოა, როდესაც იუდეველთა მღვდელთმთავარი რომის წინააღმდეგ აჯანყების წინააღმდეგ გამოდის. იმედია, ამას სინედრონი და მთლიანად იუდეის საზოგადოება ეთანხმება. ასე რომ, შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს, - პილატემ თავი ვერ შეიკავა და გაეღიმა. - ჩვენ რა თქმა უნდა მშვიდობა გვინდა და ნებისმიერი სახის არეულობას წინ აღვუდგებით, მათ შორის წმინდათა წმინდა ტაძარის ტერიტორიაზე. იმედი გვაქვს, რომ რომის ხელისუფლება ამ დროს ჩვენს გვერდით იდგება, - კაიაფა უკვე მხარდაჭერის პირდაპირ მოწოდებაზე გადავიდა. - რომის ხელისუფლება ყოველთვის თქვენს გვერდით იდგა, მათ შორის, როდესაც ვერცხლის სიკლის მოჭრის უფლება მოგცათ. რაც შეეხება ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს, ვერ ვხედავ ჩვენი გააქტიურების მიზეზს. მეტიც, უკმაყოფილების საფუძველი გახდება და ხალხი იტყვის, რომ რომი იუდეის სასულიერო ცხოვრებაში ერევა. - პირდაპირი გააქტიურება არც არის საჭირო, - უკან დაიხია კაიაფამ, - საკმარისია ვიცოდეთ, რომ რომი სწორად მიიღებს ჩვენს მოქმედებას და გაგებით მოეკიდება შფოთისთავის წინააღმდეგ განხორციელებულ გადამჭრელ ზომებს. ჩვენ შეგვწევს ძალა სათანადო პასუხი გავცეთ თვითმარქვია მესიას. თავის მხრივ, სინედრონი გულუხვად დააფასებს თქვენს ამგვარ მხარდაჭერას. - ტაძრის ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფა სინედრონის საქმეა და ჩვენ ეს გვესმის. ამ მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მისაღებია, მით უმეტეს, თუ ეს სათანადოდ იქნება დაფასებული. მხოლოდ ერთი გამონაკლისი: ტაძრის გარეთ სისხლი არ უნდა დაიღვაროს. ქალაქში სისხლისღვრის შემთხვევაში, რომი იძულებული იქნება ჩაერიოს და იმ მხარის დასჯაზე იზრუნოს, ვინც კანონს დაარღვევს, - პილატეს გამომეტყველება გაუმკაცრდა და კაიაფას თვალებში შეხედა. - ყველაფერი ნათელია. მაშინ შევუდგებით ტაძარში წესრიგის დამყარებას, - კაიაფა ბოლომდე კმაყოფილი არ იყო საუბრის შედეგით, მაგრამ სრულ გაურკვევლობას, მაინც ამგვარი შეთანხმება სჯობდა და ჩაფიქრებული გზას გაუდგა. - ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით მიდის, - პილატესთან დარბაზში კლეტუსი ჩვეული ჩუმი ნაბიჯებით შევიდა, - ისე, რომ არავის არაფერს კონკრეტულს არ დავპირებივართ, ორივე მხარე მაინც ჩვენი მადლიერია. ვინც არ უნდა დარჩეს გამარჯვებული, ყველა შემთხვევაში დიდი სარგებელია მოსალოდნელი, - ცბიერი ღიმილით დაამატა. - ჯერ-ჯერობით ყველაფერი აქეთკენ მიდის, - ჩაფიქრებული პილატე, ისე, რომ კლეტუსისკენ არც გაუხედავს, ტახტს დაუბრუნდა. 16 სეიკილოსის სიმღერა (სეიკილოსის ეპიტაფია) - მუსიკალური ნაწარმოების ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი ჩანაწერი. აღმოჩენილია თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე და ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნით თარიღდება. XXIV “If you want it you got it You just got to believe Believe in yourself” Lenny Kravitz - Believe პეტროსმა, ჩვენი ნაცნობობის პირველ დღეებში მოცემული დაპირება გაიხსენა და შაბათ დღეს მკვდარ ზღვაზე წასვლა დაიგეგმა. ისრაელში ყოფნისას, განსაკუთრებით შემიყვარდა პარასკევი. დილიდანვე იგრძნობა საქმისადმი ნაკლებად სერიოზული დამოკიდებულება და სამუშაო კვირის დასასრულის მოახლოვება. შუა დღის შემდგომ, იწყება საღამოს გართობისათვის მზადება. ერთ-ერთ პარასკევს, ღამის 12 საათზე, მაზოხისტური სიამოვნება ვიგრძენი, როდესაც აიალონიდან თელ-ავივისკენ ავუხვიე და ნახევარ საათიან საცობში გავიჭედე - ყველა გასართობად მიემართებოდა. პარასკევისადმი ჩემი ამგვარი დამოკიდებულება უმეტესწილად, მაინც განპირობებული იყო იმით, რომ დასვენების დღეებს მთლიანად ანასთან ერთად ვატარებდი და სამუშაო დღეების მსგავსად, არ მიწევდა იმაზე ფიქრი, რომ მეორე დღეს ადრე ვიქნებოდით ასადგომი და შეძლებისდაგვარად დროზე უნდა დაგვეძინა. შესაბამისად, არც დილით გვიწევდა ადრიანად ადგომა და სხვადასხვა მიმართულებით გაფანტვა. ამ პარასკევსაც, ანა დროულად გავიტაცე ჰერცლიაში და ვერანდაზე, რომანტიული ვახშამი მოვაწყვე. უკვე კარგად იყო მოსაღამოვებული, როდესაც მაგიდას მივუჯექით. ყველაფერი წინასწარ მქონდა გათვლილი - სანთელი, რომელიც მაგიდის შუაში იდგა, ჩემს მიერ მომზადებული კერძები, ასევე ადგილობრივი წითელი ღვინო. ისრაელში მოხვედრამდე, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი კარგი ღვინო ისხმებოდა ამ ქვეყანაში. მიზანი მიღწეული იყო - ანას თვალებში კმაყოფილება ამოვიკითხე. ერთი შეხედვით, არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. დიდი დონ ჟუანობა არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ ლამაზი თაიგული და რომანტიული ვახშამი, მით უმეტეს, თუ ის შენს მიერვე მომზადებული კერძებისგან შედგება, ნებისმიერი მანდილოსნის გულს ალღობს. მაგიდაზე ანთებულ სანთელს, კი საერთოდ საკონტროლო გასროლის ფუნქცია გააჩნია, რომელსაც ყველაზე მედგარი და შეუვალი ინდივიდების “გაუვნებელყოფის” უნარი შესწევს… მაგრამ ანა არ იყო “ნებისმიერი” მანდილოსანი და რთული იყო წინასწარ განსაზღვრა, თუ რა რეაქცია ექნებოდა ამ ყველაფერზე. არ იყო გამორიცხული, ჩემი მცდელობა ბანალურ ქმედებად აღექვა და დაცინვის ობიექტი გავმხდარიყავი. სწორედ ამიტომაც, გამიხარდა, რომ მიზანში მოვარტყი. - დიდი მადლობა, ასეთი მშვენიერი საღამოსთვის. ახალს ვერაფერს გეტყვი, მაგრამ მაინც… შენ გვერდით თავს ისე ვგრძნობ, როგორც არასოდეს მიგვრძნია. უკვე საკმაო დრო გავიდა და თუ გახსოვს, ჩემთან მითხარი ერთხელ, შენი ასე ვთქვათ, ეჭვების შესახებ და მერე მეც გამოვთქვი ანალოგიური ეჭვი. მზად ვარ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი ეჭვი აღარ მაქვს. მთელი გულით მიყვარხარ. გაგიმარჯოს! - ღვინის ჩამოსხმა არ მქონდა დასრულებული ბოლომდე, როდესაც ანამ ბოკალი ხელში აიღო და ჩემი სადღეგრძელო წარმოთქვა, თანაც ბოლოს ისეთი ღიმილი მოაყოლა, ბოთლი სასწრაფოდ მაგიდაზე დავდგი, ხელიდან რომ არ გამვარდნოდა. - დიდი მადლობა, - მეც გავუღიმე, - რთულ მდგომარეობაში ჩამაგდე. ეხლა მეც იგივე რომ გითხრა, საპასუხო რევერანსი გამომივა. იმედია, სიტყვების გარეშეც ხვდები, რას წარმოადგენ ჩემს ცხოვრებაში… ხვდები კი არა, დარწმუნებული რომ არ იყო, არ იტყოდი იმას, რაც თქვი, - თვალი ჩავუკარი და ღვინო მოვსვი. - შენს რომანტიულობას და მჭერმეტყველების უნარს თუ გავითვალისწინებთ, რაღაც მოკლედ გამოგივიდა, - ხუმრობით კი მითხრა, მაგრამ ვიგრძენი, რომ მართლა დარჩა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. - მესმის რასაც გულისხმობ. ვცდი განვმარტო… ჯერ ერთი, შენმა აღიარებამ მეტყველების უნარი წამართვა და იმითაც ვამაყობ, რისი თქმაც შევძელი და მეორე… რთულია ორ ფრაზაში მოუყარო თავი ყველაფერ იმას, რასაც ვგრძნობ და რაც მინდა, შენც რომ იგრძნო. უბრალოდ რომ გითხრა მიყვარხარ მეთქი, ალბათ ჩემი გრძნობების მეათედს ვერ გადმოვცემ. კიდევ მეათედს დავამატებ, თუ გეტყვი, რომ უშენოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. კიდევ ერთი მეათედი იქნება, თუ გეტყვი, რომ შენს გვერდით თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ და ა.შ. მაგრამ ყველა მეათედიც რომ დავაჯამოთ, მაინც ვერ მივიღებთ სრულ სურათს. - ყველაფერი გასაგებია, - სიცილით შემაწყვეტინა ანამ, - შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე შენ გგონია… მაგრამ მე მაინც გაგიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ არ დაგავიწყდეს: ძალიან მიყვარხარ. - თუ მასე წავიდა საქმე, მეც ძალიან მიყვარხარ და ნუ დავიწყებთ ეხლა ჩხუბს, ვინ ვის უფრო უყვარს, - მეც გამეცინა. ვახშმის დასასრულს ვიგრძენით, რომ საკმაოდ აგრილდა და სახლში შევედით. ღვინისა და ურთიერთაღიარებების წყალობით, საკმაოდ ამაღლებულ განწყობასა და ცელქობის ხასიათზე ვიყავი. - აბა, დარჩა რომელიმე ოთახი, რომელიც არ აგვითვისებია ჯერ? - გამომცდელად შევხედე ანას. - მგონი სამრეცხაო და საძინებელი ბოლო სართულზე, - ღიმილით მიპასუხა, - სამრეცხაო დიდად არ მიზიდავს და ის საძინებელი ხომ არ დაგვეტესტა? - სამრეცხაო არც მე მიზიდავს. იმ საძინებელში კიდევ, ერთხელ შევიხედე და იმდენი მტვერი და ათასგვარი ხარახურაა, ისევ უმჯობესია ჩვენი, მთავარი საძინებელი დავაფასოთ, - ცოტა დავიძაბე, ანამ ჩემს იმპროვიზირებულ კაბინეტში შეღწევა რომ განიზრახა. - როგორც იტყვი, ჩემო მბრძანებელო, - პათეტიკურად გამოუვიდა. - როლური თამაშებისკენ გაგიწია გულმა? - გამეცინა. - არამგონია, - ჩაფიქრდა და ისე მიპასუხა, - ვფიქრობ, ეხლა რომ რაიმე ასეთი წამოვიწყოთ, გამეცინება და ყურადღება გამეფანტება. - გეთანხმები. არ არის შესაფერისი სიტუაცია. ისე, სხვა დროისთვის შეიძლება ამ საკითხზე დაფიქრება, - დღეს უკვე მეორედ ჩავუკარი თვალი და საძინებლისკენ დავიძარით. დილით, მზის სხივმა გამაღვიძა, რომელიც უმოწყალოდ მაჭერდა თვალებში. თავიდან ვერ მივხვდი, ეს როგორ მოხდა. გარშემო მიმოვიხედე და ჩემს სახესთან ანას ნატიფი ფეხის ტერფები დავინახე. წამოვიწიე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ საწოლზე დიაგონალურად, საპირისპირო მიმართულებით ვიწექით და მზის სხივი საწოლის ქვედა ნაწილს ანათებდა. იმდენი მართლაც არ დაგვილევია, რომ მეხსიერება ამრეოდა, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, ასე რატომ დავიძინეთ. ვერც ღამის დეტალები გავიხსენე. ერთი, რაც დამამახსოვრდა, ფანტასტიური და დაუვიწყარი ემოციები იყო. ტვინი დავძაბე. არ იყო ახალგაღვიძებულზე სასიამოვნო, მაგრამ მინდოდა მომხდარის აღდგენა - საძინებელში ამოვედით... მხურვალე კოცნა… ტანსაცმელი ეტაპობრივად, ერთმანეთის ფერებასა და კოცნაში გავიხადეთ… საწოლზე გადავინაცვლეთ… აქ უკვე წყდებოდა მოგონებების მწყობრი რიგი და მხოლოდ არეულად ჩნდებოდა თვალწინ ეპიზოდური სურათები - ანას აღგზნებული თვალები, როგორი სიამოვნებით ვეფერები მის მკერდს, როგორ უჭირავს ანას ორივე ხელით ჩემი სახე და გახელებული მკოცნის… ყურში ჩამესმის მისი ვნებიანი კვნესა, მის მიერ წამოსროლილი ფრაზები: “არ გაჩერდე!”, “ო, ღმერთო, რა კარგია!”, “კიდევ, ძალიან გთხოვ!”... სულ ეს იყო, რისი გახსენებაც შევძელი. ჩემს წრიალში ანასაც გაეღვიძა, შემომხედა და ისე გამიღიმა, ყველანაირი პრელუდიის გარეშე აღვიგზენი. - დილა მშვიდობისა. გამოიძინე? - თავის ბალიშიდან აუწევლად გამომელაპარაკა. - დილა მშვიდობისა. მგონი გამოვიძინე. შენ? - მეც. - ხომ გახსოვს, მკვდარ ზღვაზე რომ უნდა წავიდეთ? პეტროსი და დანიელა გველოდებიან, - ერთი სული მქონდა ანასგან გამეგო ღამის დეტალები, მაგრამ ეს საუბარი ცოტა გადავავადე და ლოგინიდან წამოვდექი. - ასეთ ფორმაში სად აპირებ წასვლას? - სიცილით მომაძახა. ანა ისევ გაუნძრევლად იწვა, მაგრამ არ გასჭირვებია ჩემი აღგზნების შემჩნევა. - მერე რაღას უცდი? უცბად ჩამაყენე საჭირო ფორმაში და დავიძრათ ნელ-ნელა, - მეც გამეცინა და თავი სააბაზანოსკენ გავიქნიე. - გინდა მომკლა? თუმცა, ვხვდები, წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, - უცბად წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. ახალი არაფერი დამინახავს, მაგრამ მზის ერთადერთი დიაგონალური სხივის შუქზე განათებულმა ანას სხეულმა კიდევ უფრო აღმაგზნო. რაღაცნაირი სითბო ჩამეღვარა გულში - გავიაზრე, რომ ეს უმშვენიერესი არსება ჩემი იყო. სიტყვა “ჩემი”, ამ შემთხვევაში არ განსაზღვრავდა საკუთრებას და უფრო მასთან ერთობის აღმნიშვნელი იყო. “სააბაზანო პროცედურებიდან” გამომდინარე, დანიელასთან და პეტროსთან გავლა დავაგვიანეთ და ისევ მოგვიწია ამის გამო მობოდიშება, ისევ მოვისმინეთ დანიელას ორაზროვანი ხუმრობები, ისევ მომიხდა მისთვის საპასუხო ორაზროვანი ხუმრობების დაბრუნება… ამ ხუმრობა-ხუმრობაში, აეროპორტს ჩავუარეთ და იერუსალიმისკენ მიმავალ აღმართს შევუყევით. ნელ-ნელა ყველა მიჩუმდა და საკუთარ ფიქრებთან განვმარტოვდი. პეტროსს და დანიელას უკანა სავარძელზე ეძინათ. ანა ფხიზლობდა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა გზას. იერუსალიმთან მიახლოებისას, ყურადღება მოვიკრიბე. როგორც ვიცოდი, მკვდარ ზღვაზე მოსახვედრად, სადღაც აქ, მარცხნივ უნდა გადამეხვია. პეტროსმა კი იცოდა ზუსტად გზა, მაგრამ უკანა ხედვის სარკეში, დანიელასთან ჩახუტებული, მძინარე აღმოვაჩინე და გადავწყვიტე მათთვის მყუდროება არ დამერღვია. ცოტა ხანში ეს ვინანე. გადასახვევი რომ გამომეპარა, მალე გახდა ცხადი, როდესაც მივხვდი, რომ იერუსალიმის მორწმუნეთა მიერ დასახლებულ უბანში მოვხვდი. შაბათ დილის გათვალისწინებით, არც ავტობანზე იყო მანქანების სიმრავლე, მაგრამ აქ საერთოდ არ იყო მოძრაობა. ფართო, ავტომობილებისგან თავისუფალ ქუჩაზე, მარტო ჩვენ აღმოვჩნდით. სავალ ნაწილზე, ისევე როგორც ტროტუარზე, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი მორწმუნეთა ჯგუფები უტყვად, ნელი სვლით მიაბიჯებდნენ. ამ სურათის დანახვაზე ანა შეიშმუშნა და რაღაც წაილუღლუღა. უკან მჯდომებსაც გამოეღვიძათ. ყველანი დავიძაბეთ. გამახსენდა ვიღაცის მონათხრობი, რომ შაბათ დღეს, მორწმუნეთა უბანში ტრანსპორტით მოხვედრა სახიფათოა და რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მანქანისთვის ქვებიც კი დაუშენიათ. ამ ამბის გახსენებამ კიდევ უფრო დამძაბა. სიტუაციას ამძაფრებდა მორწმუნეთა დამნამუსებელი მზერა, როდესაც გვერდით ჩავუვლიდით და ოდნავ გაწევა უხდებოდათ. დიდად არ ვიყავი ხელოვნების ხასიათზე, მაგრამ ჩვენს გარშემო არსებულმა სურათმა ფელინის ერთ-ერთი ფილმიდან სცენა გამახსენა. ისე ნელა მივდიოდი წინ, თითქოს მინდოდა უხილავი გავმხდარიყავი. ამავდროულად, ერთი სული მქონდა, აქედან როდის გავაღწევდით და ოთხივემ შვებით ამოვისუნთქეთ, როდესაც მარცნივ, მომცრო ქუჩაზე ჩავუხვიე და ცოტა ხანში მთავარ გზაზე დავბრუნდით. - გადავრჩით მგონი, - ნერვიულად ჩაიცინა პეტროსმა, - იქ როგორ აღმოვჩნდით? - შენი გაღვიძება არ მინდოდა და გადასახვევი გამომეპარა, - მეც ნერვიულად გავიცინე. მკვდარ ზღვაზე, ეინ-გედის სპა ცენტრამდე თავგადასავლების გარეშე მივაღწიეთ. საინტერესო ადგილი აღმოჩნდა. თავად შენობაში გასახდელი, მომცრო კაფე და ცხელი თერმული წ....ბის აუზები იყო. გარეთ, ეზოში ღია აუზიდან, მომხიბლავი პეიზაჟი იშლებოდა. თავად კომპლექსი, მკვდარი ზღვიდან მოშორებით იყო განთავსებული და პლიაჟამდე, სპეციალური ტრანსპორტით ხდებოდა გადაყვანა. პლიაჟამდე მალე მივედით. გამახხენდა პეტროსის ნათქვამი. მართლაც, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს სხვა პლანეტაზე ვიყავი. უკაცრიელი გარემო, გარშემო მოწითალო-მოყავისფრო ფერის შიშველი კლდეები და წყალი, რომელშიც არ ვიძირებოდი. ამას თუ დავამატებდით იმის აღქმას, რომ მსოფლიო ოკეანის დონიდან -430 მეტრზე, ხმელეთზე დავაბიჯებდი, შეგრძნება კიდევ უფრო უჩვეულო გახდა. - მომწონს აქაურობა. დამამშვიდებლად მოქმედებს, - ზღვიდან მობრუნებულებმა, ღია აუზთან ოთხი თავისუფალი შეზლონგი დავიკავეთ და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. - კარგია, აქაურობა მაინც თუ გამშვიდებს. უკვე ვიცი, სად უნდა წამოგიყვანო, ძალიან თუ შემაწუხებ შენი ტემპერამენტით, - ჩუმად გადმომილაპარაკა ანამ. - ეგ სიმშვიდე არ მიგულისხმია. შენი გვერდით ყოფნა, კარგი გაგებით, მუდმივად მაღელვებს. თანაც ისე ნუ დახატავ სურათს, თითქოს ჩემს ტემპერამენტს ხათრის გულისთვის უძლებ, - ნიშნისმოგებით ვუპასუხე. საპასუხოდ, ანამ გამიღიმა და მზეს მიეფიცხა. თვალი ვერ მოვწყვიტე მის იდეალურ სხეულს და მივხვდი, რომ ზღვის დონიდან -430 მეტრზე იგი ისევე მაღელვებდა, როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას. ჩემი მზერა დანიელამ დაიჭირა და დემონსტრაციულად ჩაიღიმა. დაახლოებით დღის სამი საათი იქნებოდა, როდესაც შიმშილმა შეგვაწუხა და აღმოვაჩინეთ, რომ ადგილობრივ კაფეში საინტერესო არაფერი იყო. ამ ჯერზეც პეტროსის კრეატიულობამ გვიხსნა და იერუსალიმთან, არაბულ დასახლება აბუ გოშში, ერთ რესტორანში წასვლა შემოგვთავაზა, სადაც, მისი სიტყვებით, საუცხოო მწვადი, სალათები და ფალაფელი გველოდა. სწრაფ ტემპში გავემზადეთ და ერთ საათში ადგილზე ვიყავით. როგორც პეტროსმა აგვიხსნა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი იერუსალიმის შემოგარენში. მოკლედ რომ ვთქვა, ტიპიური არაბული რესტორანი იყო, რომლის მსგავსიც უკვე რამდენიმე ვიცოდი იაფოში. თუმცა, სამართლიანობისთვის ვაღიარებ, რომ ყველაფერი მართლაც უგემრიელესი იყო. - იერუსალიმში რჩები, თუ თელ-ავივში მოდიხარ? - ყუათიანი საკვებისგან მოთენთილი ხმით ვკითხე პეტროსს. - ერთი იდეა მაქვს და იმედია, დანიელა დამეთანხმება, - აუციმციმდა თვალები. - რა იდეა? - ეჭვნარევი ინტერესით იკითხა დანიელამ. - სულ მე დავდივარ შენთან სტუმრად თელ-ავივში. რას იტყვი, ამ ჯერზე, ჩემთან რომ დაგიტოვო იერუსალიმში? მგონი არც ხარ ჯერ ნამყოფი, - პეტროსმა მხოლოდ დანიელას მიმართა. - იმედია, მოემზადე და რაიმე უსიამოვნო სიურპრიზი არ დამხვდება შენთან; მაგალითად, სხვა მანდილოსნის ხალათი ან სხვა მტკიცებულება, რომ იერუსალიმში ჩემს გარეშეც არ იწყენ, - დანიელამ სერიოზული სახე მიიღო. - შეგიძლია არ ინერვიულო, - გაეცინა პეტროსს. რესტორნიდან გამოვედით და უკან, იერუსალიმში მიბრუნება მოგვიწია, სადაც პეტროსი და დანიელა დავტოვეთ, ხოლო მე და ანა თელ-ავივისკენ გავემგზავრეთ. - იქნებ ერთხელ ჩვენც მოვაწყოთ ტური იერუსალიმში? გულახდილად რომ გითხრა, ათი წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ძველი ქალაქის კედლები მხოლოდ შორიდან მაქვს ნანახი. შიგნით არც ვყოფილვარ, - დაიმორცხვა ანამ. - მაგაზე გაწყენინებ? სახალისოა იმის გააზრება, რომ ისრაელში, უკვე რაღაც შენზე უკეთ ვიცი, - გამეღიმა, - მაგრამ, დიდი იმედი ნუ გექნება, რომ რაიმე ისეთს ნახავ, რაც შეგიცვლის წარმოდგენებს. - არც მაქვს ასეთი იმედი. უბრალოდ მაინტერესებს. - მაშინ მით უფრო არ არის პრობლემა. პირადად მე, მქონდა მოლოდინი, რომ სამი რელიგიის ცენტრში მოხვედრა რაღაც დასკვნებამდე მიმიყვანდა. ერთადერთი რა დასკვნაც გამოვიტანე, არის ის, რომ დღეისათვის, ყველაფერი მეტად სარფიან ტურისტულ ატრაქციონად იქცა. - სწორედ ტურისტული თვალსაზრისით მინდა ძველი ქალაქის დათვალიერება, - ახლა უკვე ანამ გამიღიმა. - ძალიან კარგი. სიამოვნებით გაგიწევ გიდობას. თანაც, როგორც გავიგე, იერუსალიმში მშვენიერი ქართული რესტორანია და გაზიარებ ქართულ სამზარეულოს. შორს რომ არ გადავდოთ, შემდეგ კვირაზე რას იტყვი? - მოვილაპარაკეთ! - ანა კმაყოფილი იყო. ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა. - მხოლოდ ლოყაზე კოცნა არ ეყოფა ამ საქმეს, - დავიფასე თავი. - ფული გადაგიხადო ექსკურსიაში, თუ ბენზინი ჩაგისხა? ყველაფერ დანარჩენს იერუსალიმში ექსკურსიის გარეშეც იღებ, - ანამ ქედმაღლურად გადმომხედა. - ჭკუა ვერ ვისწავლე. შენ ხომ სიტყვაში ვერ მოგიგებს კაცი, - სიცილით დავამატე. - ისევ იერუსალიმის თემას დავუბრუნდები, - დასერიოზულდა ანა, - ახალს ალბათ არაფერს ვიტყვი, მაგრამ რწმენა ინდივიდუალურია. ვისაც სჯერა, ხედავს იმას, რისიც სჯერა და რაც უნდა, რომ დაინახოს. შენ არ გჯერა და ამიტომაც მხოლოდ “ტურისტულ ატრაქციონად” აღიქვი ყველაფერი. - და რისი სჯერა და რა უნდა დაინახოს იერუსალიმში? ჯერ ერთი, ყველა წმინდა ადგილი პირობითია. რეალურად, არავინ არ იცის, სად რა ხდებოდა ზუსტად და საერთოდ, ხდებოდა თუ არა. ძირითადი ადგილები, იესოს ეპოქიდან დაახლოებით სამასი წლის შემდეგ, თუ შეიძლება ასე ითქვს, “მონიშნა” იმპერატორ კონსტანტინეს დედამ, დედოფალმა ელენემ. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ამის გაგება, მაგრამ მთავარი, აღიარებული გოლგოთას გარდა, თურმე, არის ალტერნატიული ლოკაციებიც. ერთი ძველი ქალაქის ფარგლებშია, მეორე ქალაქის კედლების გარეთ. რაც შეეხება რწმენას, საკმაოდ ირაციონალური რამეა. არც ერთ პოლიტიკოსს არ გაუვა დაპირებების ასეთი შეუსრულებლობა. აგიხსნი რას ვგულისხმობ: მოკლედ რომ ვთქვათ, 2 ათასი წლის წინ იყო პიროვნება, რომელიც თავის მომხრეებს დაპირდა ოქროს ტახტებს, ეუბნებოდა, რომ მიიღებდნენ ასჯერ უკეთეს სახლებს, ეყოლებოდათ ასჯერ მეტი ცხვარი და ა.შ. ის ასევე ამბობდა, რომ მტრებს გაანადგურებდა ზეციური ცეცხლით. ამ მუქარის მიუხედავად, იგი ჯვარს აცვეს. ამის შემდგომ, უკვე მისი მოწაფეები ამტკიცებდნენ, რომ იგი მალე დაბრუნდებოდა და მაშინ გაანადგურებდა მტრებს. ხალხსაც მაშინ აუსრულებდა დანაპირებს. ეს ყველაფერი მოხდა 2 ათასი წლის წინ, ის ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. კაცობრიობას, კი დღემდე მაინც სჯერა ამ ყველაფრის. - იქნებ შენ გესმის ყველაფერი პირდაპირ და სხვა რამ იყო ნაგულისხმევი მის სიტყვებში? - შემაწყვეტინა ანამ. - მაგ ლოგიკას დაადგნენ მას შემდეგ, რაც არადა არ ასრულდა დანაპირები. მოგვიანებით დაიწერა, რომ ღმერთისთვის ერთი დღე ათას წელს უდრის, ამიტომ, ზუსტად არ ვიცით, ის როდის დაბრუნდება და ა.შ. რეალურად, თუ გადავშლით ახალ აღთქმას, იქ პირდაპირ წერია, რომ იესო სადაცაა უნდა დაბრუნდეს. ყველანი, პავლე მოციქულის ჩათვლით, იესოს სიტყვებს პირდაპირ განმარტავდნენ. სწორედ პავლე ამბობს, რომ ვინც მანამდე გარდაიცვალა, პირველები აღდგებიან, ხოლო შემდგომ, ცოცხლად მყოფებიც ატაცებული იქნებიან ღრუბლებს ზემოთ და შეეგებებიან უფალს17. დავუშვათ, პავლემ არასწორად გაიგო ყველაფერი, მაგრამ თავად იესოც რომ პრაქტიკულად იგივეს ამბობს? მარკოზის სახარებაში იგი პირდაპირ მიმართავს ხალხს, რომ არიან იქ მყოფნი, რომლებიც მოესწრებიან ღვთის სამეფოს დადგომას18. მოკლედ, ყველაფერი იმაზე გაცილებით მარტივადაა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო, თუ არ იცნობ დეტალებს. ჩემი დაკვირვებით, მორწმუნეთა უმეტეს ნაწილს, არათუ გააზრებული, ერთხელაც არ აქვთ თავიდან ბოლომდე წაკითხული ბიბლია. - შენ? გაქვს წაკითხული ბიბლია თავიდან ბოლომდე? - გამომცდელად შემომხედა ანამ. - არაერთხელ, თანაც რამდენიმე ენაზე, - გამეღიმა, - ზოგადად, რელიგიის თემამ ძალიან ადრე, სტუდენტობისას გამიტაცა. მახსოვს, ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც ლექციის ბოლოს, ფილოსოფიის ლექტორმა დავალება მოგვცა, შემდეგი ლექციისთვის მოგვეფიქრებინა ჩვენი პასუხი კითხვაზე, თუ რა არის მთავარი, რაშია ცხოვრების აზრი. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ უშედეგოდ. მომდევნო ლექციაზე მან გაიმეორა კითხვა და მოისმინა ჩემი თანაკურსელების უკბილო ვერსიები. შემდეგ გაეღიმა და გაგვიმხილა, რომ სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაა ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტური ამოცანა, რომ უკვე რამდენიმე ათასი წელია ფილოსოფოსები ცდილობენ ამას. მისმა პასუხმა არ დამაკმაყოფილა. გავიფიქრე, თუ ფილოსოფოსებმა ვერ შესძლეს, მე აუცილებლად ამოვხსნიდი ამ ამოცანას და ახალგაზრდული მაქსიმალიზმით შევუდექი საქმეს. პირველ რიგში, განვსაზღვრე, რომ თუ არსებობს ცხოვრების აზრი, ის უნდა ყოფილიყო უნივერსალური, ყველასთვის საერთო და მათემატიკური ფორმულასავით ზუსტი. ძიება, ლოგიკურად, რელიგიიდან დავიწყე. გულდასმით წავიკითხე ბიბლია, მოვიძიე თეოლოგიური წიგნები, წავიკითხე ყურანი, რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი მუჰამედის ცხოვრებაზე. შემდეგი ეტაპი აღმოსავლური რელიგიები იყო - ბუდიზმი, დაოიზმი… მოკლედ, ჩემი კვლევა უშედეგოდ დასრულდა. ვერ ვიპოვე რელიგიაში ცხოვრების აზრი, მაგრამ ამ ძიებაში სხვა იდეის კრისტალიზაცია მოხდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ როგორც ჩემამდე უკვე ითქვა, “რელიგია არის ხალხის ოპიუმი”. სანამ დავიწყებდი რელიგიური ლიტერატურის კითხვასა და გააზრებას, არც ვუფიქრდებოდი, ჩემი რწმენის სიღრმეს… ანუ ვიყავი დაახლოებით ისეთ პოზიციაზე, როგორზეც ეხლა შენ ხარ… თითქოს რაღაცის მჯეროდა, მაგრამ რისი, ზუსტად ვერ ვიტყოდი... ყველა ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ვიყავი ათეისტი და რომ ვერ ვხედავდი ზებუნებრივი ძალების არსებობის ვერანაირ ლოგიკურ მტკიცებულებას. კიდევ უფრო გასაგებად ვიტყვი: მთლიანი სურათის დანახვის შედეგად, გამიჩნდა მყარი შეგრძნება, რომ ყველა რელიგია წარმოადგენს ხალხის “დაბოლების” და მათი მანიპულირების საშუალებას. - ცხოვრების აზრზე რას იტყვი, მიაგენი? - შევატყვე, რომ ანა გულისყურით უსმენდა ყოველ ჩემს სიტყვას. - რელიგიის შესწავლის შემდეგ, რაც მასალის მოცულობის გათვალისწინებით, რამდენიმე წელი გრძელდებოდა, შევეშვი ამ თემაზე ინტენსიურ მუშაობას. მივხვდი, რომ ჩიხში მოვექეცი და რომ არ ვიყავი ფილოსოფიის მამებზე ჭკვიანი, - ორივეს გაგვეღიმა, - არა, ფიქრს ვაგრძელებდი, ოღონდ არა ისე აქტიურად. რაღაც მომენტში, დეპრესიის შემოტევაც მქონდა. თავს ვუსვამდი შეკითხვას: ღირს, კი ცხოვრება, თუ მას არანაირი აზრი არ აქვს? საბოლოოდ, საკუთარ თავს მოვურიგდი, რომ ღირს. გადავწყვიტე, ამ საკითხზე კიდევ მეფიქრა და თუ ვიპოვიდი პასუხს, ძალიან კარგი, თუ ვერა, შევუერთდებოდი დამარცხებულ ფილოსოფოსთა არმიას. მანამდე, ვიცხოვრებდი საკუთარი სიამოვნებისთვის, დავიცავდი იმ მორალურ პრინციპებს, რომლებიც ჩემთვის მისაღებად მიმაჩნდა და შევეცდებოდი, ვყოფილიყავი ბედნიერი. გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა - დღეს ბედნიერი ვარ. საუბარი აქ დასრულდა და გზის დარჩენილი მონაკვეთი, ორივემ საკუთარ ფიქრებთან განმარტოვებით გავატარეთ. * * * “და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ” (ლუკა 22:1). პილატე მოუსვენრობამ შეიპყრო - თუ დაპირისპირება დროში გაიწელებოდა, აქტიური ქმედების დაწყება მოუწევდა, რაც არსებულ ვითარებაში დიდად არ ხიბლავდა. მიუჩვეველი იყო ამგვარ ინტრიგებს და წამოჭრილი პრობლემის გადაჭრას, მყისიერი, ძალისმიერი გზით ანიჭებდა უპირატესობას. ლოდინი აღიზიანებდა და გაუხარდა, როდესაც მასთან მისული კლეტუსის სახეზე ემოციები დაინახა. - ქალაქში ვითარება მკვეთრად შეიცვალა, - არც კლეტუსს გასჭირვებია პილატეს განცდების გამოცნობა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა, - აქ შემდგარი შეხვედრის შემდეგ, კაიაფა გააქტიურდა და წარმატებასაც მიაღწია. იეშუს გავლენიანი მხარდამჭერების ნაწილი მოისყიდა, ნაწილი დააშინა. უბრალო ხალხიც დაიღალა გაურკვევლობითა და ლოდინით. შედეგად, იეშუ მხოლოდ მოწაფეებისა და რამდენიმე ათეული ერთგული ადამიანის იმედად დარჩა. უკვე გარდაუვალი სჩანს, რომ მას და მისი მომხრეების შეთხელებულ რიგებს, დღის ბოლომდე ან შეიპყრობენ ან ისე მოაწყობენ, რომ ტაძრის კედელზე ფეხი დაუცდეთ, გადმოვარდნენ და სასიკვდილოდ დაიმტვრნენ. ამას კარგად ხვდება იეშუ და თავისი მოწაფის პირით, რომელიც აქ ახლდა, მეტად სარისკო გეგმა შემოგვთავაზა. დრო აღარ ითმენს და დღის განმავლობაში პასუხს ელოდება. კლეტუსმა, პილატეს დაწვრილებით გააცნო იეშუს მიერ შემოთვლილი წინადადება. პილატე ჩაფიქრდა. კიდევ ერთხელ იგრძნო სიმპათია ამ თავზეხელაღებული ადამიანის მიმართ, რომელმაც ამგვარ რთულ ვითარებაში, ასეთი ჩახლართული გეგმა შეიმუშავა. - შენ რას იტყვი, ღირს დათანხმება? - დაინტერესდა კლეტუსის მოსაზრებით. - მე აუცილებლად დავთანხმდებოდი, - ისე მყისიერად დაიწყო კლეტუსმა პასუხი, ნათელი გახდა, რომ უკვე ნაფიქრი ჰქონდა ამაზე, - ჯერ ერთი, თავდაპირველი მიზნები უცვლელი დარჩება. უფრო მეტიც, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ორივე მხარე კიდეფ უფრო მადლობელი იქნება ჩვენი. თუ არაფერი გამოვა, სინედრონი მაინც დაგვრჩება კმაყოფილი… მეორე, თუ უარს შევუთვლით, ისეთ გამოუვალ მდგომარეობაშია, შესაძლოა უკონტროლო გახდეს. ასეც რომ არ მოხდეს, ქანაიმის მიმდევრებზე ზეგავლენის მოპოვების შანსი სამუდამოდ დაიკარგება. - ალბათ მართალი ხარ. შეუთვალე თანხმობა, - პილატეს არც უცდია იმის დაფარვა, რომ გადაწყვეტილება რეალურად კლეტუსმა მიიღო. 17 “შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.” (1 თეს. 4:17) 18 “და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.” (მარკ. 9:1) მარკოზის სახარების ყველა ქართულ თარგმანში გამოიყენება ფრაზა “ღვთის სასუფეველი”, მაშინ, როდესაც ინგლისურ თარგმანში არის “kingdom of God”, ხოლო რუსულში “Царство Божие”. ორიგინალურ, ბერძნულ ტექსტშიც გამოიყენება სიტყვა “βασιλείαν” (სამეფო, სამეფო ძალაუფლება). XXV “Baby baby I was born to boogie, Baby baby l was born to boogie, Spend some time with you, I wanna do all I wanna do.” T-Rex - Born to Boogie ნოემბერში კიდევ უფრო აგრილდა. ეს მზის ჩასვლის შემდეგ იყო შესამჩნევი, თორემ დღისით, ზღვაში ბანაობაც კი შეიძლებოდა. ანა სამსახურიდან ბარსელონაში ორი კვირით რაღაც სემინარზე გაუშვეს და ამ პერიოდში განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენი, თუ რამდენად დიდი ადგილი დაიკავა მან ჩემს ცხოვრებაში. ამ ჩემთვის უჩვეულო სიმარტოვის განცდის გადალახვის მიზნით, დღის წესრიგი შევიმუშავე - დილით ვმუშაობდი, შემდეგ ზღვაზე გავდიოდი და შემოდგომის ძუნწ მზეს ვეფიცხებოდი, საღამოობით, კი ბარებს ვსტუმრობდი. არ ვიცი, ანას მონატრების გადაფარვა მინდოდა ამგვარად, თუ მიზეზი სხვა რამე იყო, მისი გამგზავრებიდან პირველი პარასკევის საღამოს დასრულება ჩემთვის უკვე ღირშესანიშნავ კლუბში Whisky A GoGo გადავწყვიტე. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ღამის კლუბში მარტო მივედი და ეს ცოტა უჩვეული შეგრძნებას მიჩენდა. თუმცა, გადავწყვიტე ამაზე არ ჩავციკლულიყავი და მოგონებებში გადავეშვი. იმ ადგილისგან ოდნავ მოშორებით, სადაც მე და ანა პირველ დღეს ვიჯექით, თავისუფალი ადგილი დავიკავე და ლუდი შევუკვეთე. ლუდის წრუპვაში, გონებაში აღვიდგინე ის საღამო. ჯერ გასასვლელს შევხედე და წარმოვიდგინე, როგორ შემოვედით დარბაზში. შემდეგ ის “ჩვენი” ორი სავარძელი შევათვალიერე, სადაც უკვე სხვა წყვილი იჯდა და მხიარულად საუბრობდა. ისევ გავიხედე გასასვლელისკენ და უკვე სხვა რაკურსით “დავინახე”, როგორ გვემშვიდობებიან პეტროსი და დანიელა. ანას მონატრებისგან სევდაც გამიმძაფრდა და ამავდროულად, ვიგრძენი უდიდესი ბედნიერება, რომ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელიც ასეთ ემოციებს აღმიძრავდა. ეს ფიქრთა ჭიდილი ფიზიოლოგიურმა მოთხოვნილებამ შემაწყვეტინა. ლუდი ბოლომდე მოვსვი და საპირფარეშოში შევლის შემდგომ, სახლში წასვლა გადავწყვიტე. უკან, დარბაზში გამოსვლისას უცნობმა გოგონამ შემაჩერა და ივრითზე რაღაც მითხრა. - უკაცრავად, ივრითზე არ ვლაპარაკობ, - მორიდებული ღიმილით, ინგლისურად ვუპასუხე. - მე მაპატიეთ, - მასაც გაეღიმა, - ჩემს მეგობარს უნდა თქვენი გაცნობა, წინააღმდეგი თუ არ იქნებით, - და ორ ნაბიჯში მდგომი, შვლის ნუკრის თვალება გოგოსკენ მიმითითა. - რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? ლუკა, - ხელი ჯერ აქამდე უტყვად მდგომ ჩემი გაცნობის მსურველს გავუწოდე, შემდეგ მასზე აქტიურად მზრუნველ მეგობარს. - მირიამ, მირი, - მორცხვად შემომანათა შვლის ნუკრის თვალები. - ლილიტ, - თავი გამაცნო მეგობარმაც, - ბართან შეგამჩნიეთ. მარტო და მოწყენილი იჯექით. მირი თვალს ვერ გაშორებდათ. ასეთ სიმპათიურ მამაკაცს სიამოვნებით გავიცნობდიო, მაგრამ თავად მოერიდა მოსვლა. მეც, ჩემს თავზე ავიღე თქვენი გაცნობის ინიციატივა. რისთვის ვართ მეგობრები, თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ? - ჩაიცინა და დაამატა, - თუ საიდუმლო არ არის, რა არის თქვენი მოწყენილობის მიზეზი? - არანაირი საიდუმლო… ჩემს მოწყენილობას ბანალური მიზეზი აქვს - მეგობარ გოგოსთან განშორება, - გულში გამეცინა, იმდენად ორაზროვანი პასუხი გამომივიდა. პრინციპში, ტყუილი არ მითქვამს. თუმცა, ამ კონტექსტში, სიტყვამ “განშორება”, სულ სხვა შინაარსი შეიძინა. - საბრალო! - ლილიტმა თანაგრძნობით გადმომხედა. - გოგოებო, ერთი წინადადება მაქვს: ამ ხმაურში ყოფნას, ხომ არ აჯობებს სადმე უფრო წყნარ ადგილას გადავინაცვლოთ და იქ ვისაუბროთ? მაგალითად, ჩემთან… ჰერცლიაში, ვილაში ცხოვრობ. სასმელიც მაქვს, სასიამოვნო მუსიკაც და მანქანაც აქვე მიყენია, - ზედმეტი შესავლის გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადავედი. ლილიტი მირისკენ შეტრიალდა და რაღაც ივრითზე გადაულაპარაკა. - რატომაც არა? - ხანმოკლე საუბრის შემდეგ, ისევ ლილიტმა მიპასუხა. ეტყობა, ჰერცლიაში ვილამ და ჩემმა უცხოელობამ კიდევ უფრო გაუმძაფრა გოგოებს ჩემდამი ინტერესი. - მაშინ გავიდეთ. ოღონდ წინასწარ გიხდით ბოდიშს ვილაში არეულობისთვის. სტუმრებს არ ველოდი, - ღიმილით დავამატე. საკონტროლო ფრაზა იყო, კლუბში გოგოებზე მონადირე მაჩოს იმიჯი რომ არ დამეტოვებინა. საპასუხო ღიმილი ორივესგან მივიღე და გასასვლელისკენ დავიძარით. მანქანაში, გვერდით მირი მომიჯდა, ხოლო ლილიტი უკანა სავარძელზე, შუაში განთავსდა და წინ გადმოხრილი აგრძელებდა საუბარს. როგორც გზაში გავარკვიე, მირი და ლილიტი სამსახურში დამეგობრდნენ. რომელიღაც საექსპორტო კომპანიაში მუშაობდნენ. ლილიტის სიტყვებით, მოცემულ ეტაპზე არცერთ მათგანს შეყვარებული არ ჰყავდა და ამიტომაც, პარასკევს საღამოს ერთად გადაწყვიტეს გასართობად გამოსვლა. მანქანა გარაჟში დავაყენე და სტუმრები პირველ სართულზე განთავსებულ მომცრო ოთახში შევიპატიჟე, სადაც მოზრდილი ტყავის კუთხის დივანი, ასევე მოზრდილი ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი და ბარი იყო განთავსებული. გოგოები დივანზე დასხდნენ, მე მუსიკალურ ცენტრზე, ჩემს მიერ, სპეციალურად რომანტიული გარემოს შესაქმნელად შედგენილი წყნარი მუსიკის ნაკრები დაბალ ხმაზე ჩავრთე. - რას დალევთ? არჩევანი ფართოა, არ მოგერიდოთ. თუმცა, მე გირჩევდით ერთ სასმელს, რომელიც ცოტა ხნის წინ პირველად ვნახე და გავსინჯე - არაყი “ვან გოგი”, აკაისა და მოცვის არომატით. არაყის ხსენებამ არ დაგაბნიოთ. ისეთი გემრიელია, ბევრ ლიქიორზე ვერ იტყვი ამას. თანაც, გრადუსი აქვს ჩვეულებრივ არაყზე დაბალი და ეს უფრო სასიამოვნო დასალევს ხდის… და კიდევ, ერთი თხოვნა, არ მკითხოთ, აკაი რა არის. მეც დავინტერესდი და დიდი კვლევის შედეგად დავადგინე, რომ რაღაც, ჩემთვის უცნობი, მომჟაო გემოს, ტროპიკული კენკრაა, - ვსაუბრობდი, თან ნორმალურ განათებაზე გოგოებს ვაკვირდებოდი. მირის სიმორცხვის და მწირსიტყვიანობის გამო, ძირითადად ლილიტთან მიწევდა საუბარი. ამიტომაც, მხოლოდ ახლა შევძელი მირის ნორმალურად შეთვალიერება. ერთადერთი, რაც გაცნობისთანავე შევამჩნიე, ეს მისი წყლიანი, მუქი ფერის თვალები იყო. ალბათ ამ თვალების ბრალი იყო, რომ შეუმჩნეველი დამრჩა დიდი ზომისა და მიმზიდველი ფორმის მკერდი, რომელსაც კარგად შერჩეული დეკოლტე მადისაღმძვრელად უსვამდა ხაზს. ლილიტი მსგავსი ფორმებით ვერ დაიტრაბახებდა. თუმცა, მასაც მიმზიდველი, ოღონდ შედარებით უფრო თხელი აღნაგობა ჰქონდა. ვიღაცას შეიძლება ნაკლად ჩაეთვალა, მაგრამ ოდნავ კეხიანი ცხვირი, ჩემს თვალში სექსუალურობას მატებდა. - ისეთი რეკლამა გაუკეთე ამ სასმელს, რომ არ გავსინჯო, თავს ვერ ვაპატიებ, - ისევ მხოლოდ ლილიტმა გამცა პასუხი. - შენ რას იტყვი? - პირდაპირ მირის მივმართე, - ინგლისურად ვერ საუბრობ კარგად, თუ რატომ ხარ ასე ჩუმად? - ცოტა უტაქტო შეკითხვა გამომივიდა და ამის გადასაფარად, გულითადი ღიმილი დავაყოლე. - ინგლისური ჩემზე უკეთ იცის. უბრალოდ, ჯერ კიდევ მორცხვობს. შენ ის არ იცი, როგორ ერიდებოდა, შენთან გასაცნობად მოსვლა რომ გადავწყვიტე, - ისევ და ისევ ლილიტმა გადაწყვიტა ეპასუხა. - ლილიტ! - გამკიცხავი მზერით, თუმცა ღიმილით შეხედა მირიმ, შემდეგ მე მომიბრუნდა, - მეც შემოთავაზებულ სასმელს დავლევ. - ძალიან კარგი. მაშინ ერთი თხოვნა მაქვს: ხილის დაჭრაში ხომ არ დამეხმარებოდით? - რა თქმა უნდა, - ლილიტმა არ დათმო ჩემთან მთავარი მოსაუბრის სტატუსი და ფეხზე წამოდგა. მას მირიმაც მიბაძა და სამზარეულოში გავედით. მარწყვის გარეცხვას, ორიოდ ბანანისა და ვაშლის დაჭრას დიდი დრო არ წაუღია და მალე უკან მივბრუნდით. - გოგოებო, თქვენ გაგიმარჯოთ. რომ არა თქვენ, ეხლა აქ, მარტო და ისევ მოწყენილი ვიჯდებოდი. თქვენ რომ შეგხვდით, უკვე სახლში წამოსვლას ვაპირებდი, - დავასრულე და ბოლომდე გადავკარი. ნამდვილად არ გადამიჭარბებია. სასიამოვნო დასალევი იყო. გოგოებმაც მომბაძეს და უსიტყვოდ, ბოლომდე დალიეს სასმელი. - ვაუ! - როგორც იქნა, ლილიტს მირიმ დაასწრო, - მართლაც მაგარი რაღაცაა. პირველი სასმისის შემდეგ, ყველას მარწყვისკენ გაგვიწია გულმა და თითქმის ერთდროულად წამოვიწიეთ დივანის წინ, დაბალ მაგიდაზე მდგარი დაფიდან მის ასაღებად. ამ დროს, კიდევ უფრო უკეთ შევათვალიერე მირის მკერდი, რომელიც ჩემგან მარცხნივ იჯდა. ლილიტმა, რომელიც მარჯვნივ, დივანის ფორმის გათვალისწინებით, გვერდულად იჯდა, ჩემი მზერა დაიჭირა და დემონსტრაციულად ჩაიცინა. ცოტა უხერხულობა ვიგრძენი. ეს ყველაფერი მირისთვის შეუჩნეველი დარჩა, ისე იყო მარწყვით გატაცებული. - თითოც დავლიოთ, - პასუხისთვის არ დამიცდია, ისე ჩამოვასხი, - კარგ განწყობას გაუმარჯოს. - გაუმარჯოს, - ენთუზიაზმით აიტაცეს ჩემი ნათქვამი. რამდენიმე სასმისის შემდეგ, მიღებული გრადუსის შესაბამისად, საუბარი კიდევ უფრო მხიარული გახდა. გოგოებს, განსაკუთრებით, კი ლილიტს, შეეტყო, რომ ალკოჰოლმა გაჭრა. მირიც მოშინაურდა და მხოლოდ ლილიტთან არ მიწევდა საუბარი. - დიდი ბოდიშის მოხდით, ხომ ვერ მიმასწავლი, სად არის ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ოთახი? - პათეტიკურად მკითხა მირიმ. - ოთახიდან რომ გახვალ, მარჯვნივ პირველივე კარები, - არ დავიბენი. - ორიოდ წუთით დაგტოვებთ, - წამოდგა და მე და ლილიტს მის გასატარებლად წამოდგომა მოგვიწია. უკან დავჯექი თუ არა, ვითომ შემთხვევით, თუ მართლაც შემთხვევით, ლილიტმა წონასწორობა დაკარგა და ჩემს კალთაში ჩაენარცხა, რასაც მხიარული ჩაკისკისება მოჰყვა. ერთი შეხედვით, წამოდგომის მიზნით, ხელით დასაყრდენს ეძებდა და ცოტა გამიკვირდა, როდესაც ფეხებს შორის ხელი გადამისვა და გამომცდელად ამომხედა. - შენ არ მითხარი, მირის მოეწონეო და რას გავს ეხლა შენი საქციელი? - გათამაშებული გამკიცხავი სახე მივიღე. - ნუ ატრაკებ. ვითომ არ იცოდი, ორივე რომ წამოგვიყვანე, რა იქნებოდა. თანაც არ მითქვამს, რომ მე არ მომეწონე. იმედია, გეყოფა ძალები, - და ისევ გადაიკისკისა. - მე რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ შენს ენთუზიაზმს, მაგრამ მირი რას ფიქრობს? - მირი რას ფიქრობს არ ვიცი, მაგრამ ისე მოეწონე კლუბში და ეხლაც ისეთი თვალებით გიყურებდა… თანაც, ვიცი, უკვე დიდი ხანია სექსი არ ჰქონია, - ჩაფიქრდა, - მგონი ვიბრატორიც გაუფუჭდა, - ბოლო ფრაზას ხმამაღალი გადახარხარება მოჰყვა. შემდეგ უცბად დასერიოზულდა, - ცოტა დაიმორცხვებს, მაგრამ არამგონია, გაჭედოს. მეტი ლაპარაკი აღარ დავაცადე, ჩემსკენ შემოვატრიალე, ცალი ხელი თეძოზე, ცალი მხარზე მოვხვიე და ვნებიანად ვაკოცე. არცერთს არ გაგვიგია, ოთახის კარები როგორ გაიღო. - მე ტაქსის გამოვიძახებ, - მირის ხმაში იმედგაცრუება იგრძნობოდა, - ვატყობ, აქ ზედმეტი ვარ. - რას ამბობ ძვირფასო? როგორ გაიფიქრე, რომ კაცს გახევ? - ლილიტი ჩემი კალთიდან დივანზე გადაჩოჩდა, შემდეგ წამოდგა და მირისთან მივიდა. მათ შორის საუბარი ივრითზე გაგრძელდა. მე დაძაბული ვუსმენდი და ინტონაციებით ვცდილობდი გამერკვია, რა შედეგისკენ მივდიოდით. მირის ხმის ამაღლებული ნოტები, საღამოს ნაადრევი დასრულების წინაპირობად მომეჩვენა. უკვე იმაზე ვფიქრობდი, ლილიტი მაინც დამეტოვებინა და რომ მეგობართან სოლიდარობის ნიშნად, მასაც არ გადაეწყვიტა წასვლა, როდესაც საუბარი მირისა და ლილიტის მხურვალე კოცნით დასრულდა. - მგონი, უკვე მე ვარ ზედმეტი, - ჩავახველე და ჩემი არსებობა შევახსენე. - ნუ ატრაკებ მეთქი, გითხარი უკვე, - კოცნა შეწყვიტა და გაბრწყინებული თვალებით შემომხედა ლილიტმა, - მოდი ჩვენთან. წამოვდექი, გოგოებთან მივედი, ორივეს ხელი მოვხვიე და ლილიტს ვაკოცე. კოცნა ხანმოკლე აღმოჩნა. ლილიტმა მირისკენ მიმატრიალა და ეხლა უკვე მას ვაკოცე. თავად დიახარა და შარვალზე ღილების შეხსნა დამიწყო. სასიამოვნო მოლოდინში, მირის კოცნა განვაგრძე და ხელით მისი მკერდის სიმკვრივის შემოწმება გადავწყვიტე. ლოდინმა დიდხან არ გასტანა და ლილიტის ტუჩები ასოს თავზე ვიგრძენი. - აქ შუქი სად ქვრება? - შემაწყვეტინა კოცნა მირიმ. - საძინებელში ხომ არ ავიდეთ? - საპასუხო კითხვა დავსვი. - კარგი იდეაა, - ქვემოდან ამოგვხედა ლილიტმა. ცოტა ხანში, საძინებელში ვიყავით. ერთი ხელის მოსმით, საბანი იატაკზე გადავისროლე და გახდა დავიწყე. გახდა გოგოებმა დამასწრეს და საწოლზე წამოწოლილები ვნებიანი თვალებით მელოდნენ. მეც მალე შევუერთდი და მათ შორის შევწექი. ცოტა დავიბენი, ვერ გადავწყვიტე რითი დამეწყო. ჯერ ლილიტს შევხედე, მერე მირის და მისი კოცნა განვაგრძე. ლილიტმაც ქვემოთ დაწყებული საქმე გააგრძელა და მისმა ტუჩებმა ისევ აითვისა ჩემი ასო. რაღაც მომენტში, მხოლოდ ხელით განაგრძო ფერება. მირის შევატყვე, რომ აღგზნება უფრო და უფრო ემატებოდა. გადავწყვიტე მკერდზე მეკოცნა და მხოლოდ ამ დროს მივხვდი, მირის განსაკუთრებული აღგზნების მიზეზს - ლილიტის თავი მირის ფეხებს შორის აღმოვაჩინე. ლილიტმა ჩემი მზერა დაიჭირა და რაღაც მანიშნა, რაც არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე, მაგრამ წამოვდექი, საწოლის გვერდზე მდგარი ტუმბოდან პრეზერვატივი ამოვიღე და ლილიტს უკნიდან მივადექი. გამიმართლა, რომ ლილიტმა ორგაზმს საკმაოდ მალე მიაღწია, თორემ ორივეს ვნებიანი კვნესისა და ჩემს წინ გადაშლილი სურათის ფონზე, დიდ ხანს ვერ გავძლებდი. ორგაზმის შემდგომ, ლილიტმა უფრო აქტიურად განაგრძო მირის ფერება და საქმეში თითებიც ჩართო. მე ისევ საწოლზე გადავინაცვლე და ჩემის მხრივ, მირის მკერდის კოცნა და ენით ფერება განვაგრძე. ასეთი ორმაგი “შეტევის” ფონზე, მალე მანაც ერთი ენერგიულად ამოიკვნესა და სხეული კონვულსიებმა მოიცვა. წუთიც არ იქნებოდა გასული, როდესაც მირიმ თვალებში შემომხედა - ! - თხოვნა იყო, თუ ბრძანება, ძნელი გასარჩევი იყო. ამაზე არც დავფიქრებულვარ. წამოვიწიე და ზემოდან შევედი. ლილიტი გვერდით, იმ ადგილზე, სადაც ცოტა ხნის წინ მე ვიყავი, მიწვა, ფეხები გადაშალა და დემონსტრაციულად, ჩემს დასანახად, შუა თითით ს ფერება დაიწყო. თან ჩვენ გვიყურებდა. იგრძნობოდა, რომ დანახული აღაგზნებდა და მალევე მინაბა თვალები. ცალი ხელით მის მკერდს გადავწვდი და ორ თითს შორის ძუძუს თავის ნაზად სრესა დავიწყე. შემდეგ ხელი ქვემოთ დავუშვი და შუა თითი ფეხებს შორის ღრმად შევუცურე. ამ ჯერზე, უკვე მე მივაღწიე ყველაზე ადრე კულმინაციას, თუმცა მოძრაობა განვაგრძე. მალე ლილიტიც შემომიერთდა და სულ ბოლოს მირის ორგაზმის ჯერიც დადგა. - გთხოვ, ცოტა ხანი გაჩერდი! - ეს უკვე ნამდვილად თხოვნა იყო. - როგორც იტყვი, - დავემორჩილე მირის თხოვნას. აღმოვაჩინე, რომ თავიდან აღვიგზენი. - ცოტა ხნით დაგტოვებთ. სააბაზანოში გავალ, - წამოვიწიე საწოლიდან. - მალე დაბრუნდი, - მომაძახა ლილიტმა. - უკეთეს ადგილას სად წავალ? - ვცადე გახუმრება. სააბაზანოდან მართლაც მალე დავბრუნდი. ლილიტი და მირი რაღაცაზე საუბრობდნენ. - მოდი აქ, - მირიმ ღიმილით თავისთან მიხმო, - მგონი, დროა ჩვენც გასიამოვნოთ. - არც აქამდე ვიტანჯებოდი, მაგრამ მზად ვარ მივიღო სიამოვნების მორიგი დოზა, - ისევ მათ შორის მოვთავსდი და ორივეს ხელი მოვხვიე. მირიმ თავი გაითავისუფლა და ჩემს ასოს ენერგიულად დაეწაფა. ამ დროს, ლილიტმა ენით ჩემი მკერდის თავის ფერება დაიწყო. შემდეგ შუა თითი ენით დაისველა და მეორე მკერდის თავს გადაწვდა. უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი და შესაბამისად, მეორე ორგაზმი, პირველზე გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ნასიამოვნები და ძალაგამოცლილი ზურგზე ვიწექი და ჭერს ვუყურებდი. - ეხლა ჩემი ჯერია სააბაზანოში გასვლის, - წამოდგა და გამიღიმა მირიმ. - პირსახოცი აქ, კარადაშია, - ხელი საძინებლის კუთხისკენ გავიშვირე. - მეც წამოვალ, - ლილიტმაც წამოიწია. - სააბაზანოში უჩემოდ არაფერი დაიწყოთ. აქ გელოდებით. - შენ კიდევ გაქვს რაიმეს თავი? - შუა გზიდან შემოტრიალდა ლილიტი. - დროზე დაბრუნდით და ნახავთ, - გამეღიმა. დილით გოგოებთან ჩახუტებულს გამეღვიძა. ორივეს ტკბილად ეძინა. დილის შუქზე, მირის მკერდი უფრო შთამბეჭდავი ჩანდა და ისევ მომინდა მათი მოფერება. თუმცა, ნაბახუსევზე, წყურვილის გრძნობამ იმძლავრა. თავი გავითავისუფლე, წამოვდექი, ხალათი მოვიცვი და წყლის დასალევად სამზარეულოში ჩავედი. უკან მობრუნებულს გოგოები ისევ მძინარე დამხვდნენ. გადავწყვიტე, ყავა დამელია და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი. დილის სიჩუმე, ყავა და სიგარეტი. ფანტასტიურ განწყობაზე ვიყავი. ბოლო, დაახლოებით თორმეტი საათის განმავლობაში, სწორად ეხლა გამახსენდა პირველად ანა და ცოტა ხასიათი გამიფუჭდა. გასაგებია, რომ მას ვუღალატე, თანაც ერთდროულად ორთან. ვიცოდი, რომ არ იყო სწორი საქციელი და რომ სინდისს უნდა შევეწუხებინე, მაგრამ ეს ასე არ იყო. უფრო ზუსტად, სინდისი კი მაწუხებდა, მაგრამ არა ჩადენილის გამო, არამედ უფრო იმიტომ, რომ ჩადენილის გამო არ ვგრძნობდი დანაშაულს. იქნებ მორალურად მახინჯი ადამიანი ვარ? მორწმუნე რომ ვყოფილიყავი, იქნებ ღვთის შიში შემაჩერებდა? მსგავსმა ფიქრებმა გამიელვა თავში. თუმცა, იმწუთასვე გამახსენდა კათოლიკური ეკლესიის წიაღში, პედოფილიის მასიურ შემთხვევებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი. თუ სასულიერო პირებს არ აჩერებს ღვთის შიში და მსგავს უმსგავსობას ჩადიან, ალბათ, მამაკაცების უმრავლესობის აუხდენელ ოცნებაზე ხელს ვერც მე ამაღებინებდა. - დილა მშვიდობისა, - ჩემს გუშინდელ პერანგ მოცმული მირი დამადგა თავზე. მისმა ჯანმრთელმა თეძოებმა და პერანგის ქვეშ დამალულმა მკერდმა დამავიწყა, რაზე ვფიქრობდი. - კარგად გეძინა? - პასუხისთვის არ დამიცდია, კიდევ ერთი შეკითხვა დავუსვი, - ყავას დალევ? - ძილით კარგად მეძინა. ზოგადად, კარგი სექსის შემდეგ, კარგადაც მძინავს, - სადღა იყო გუშინდელი მორცხვი გოგო, ხმას რომ ვერ ამოაღებინებდი, - რაც შეეხება ყავას, დიდი სიამოვნებით დავლევდი, მაგრამ მეჩქარება. ხაიფაში უნდა ვიყო შუა დღისთვის. აუცილებელი საქმე მაქვს. ლილიტიც ზევით იცმევს უკვე. შენთვის ამის სათქმელად ჩამოვედი. - რა გაეწყობა. მაშინ ჩავიცმევ და გაგიყვანთ, სადაც მეტყვით. ისე, დილით, კიდევ მქონდა გართობის იმედი, - არ დამიფარავს იმედგაცრუება. - ნუ შეწუხდები. ტაქსი უკვე გამოვიძახეთ, - გამიღიმა მირიმ, - კიდევ... რამ გაგამხეცა. ვიაგრას იღებ? - ორ ასეთ სექსუალურ გოგოსთან, არამგონია, ვინმეს დაჭირდეს ვიაგრა. ტაქსი სად გამოიძახეთ, მისამართი ხომ არ იცით? - საძინებლის ფანჯრიდან, მოპირდაპირე სახლის კედელზე დაინახა ლილიტმა მისამართი, - გაეცინა მირის. ორივე ზემოთ, საძინებელში ავბრუნდით, სადაც ლილიტი უკვე ჩაცმული დაგვხვდა და სარკესთან თმებს ისწორებდა. - დილა მშვიდობისა, - ღიმილით მომესალმა, - დაგვათრე გუშინ და ისარგებლე ამით, არა? - ნაკლებად დამაჯერებელი იყო მისი ტონი. - ნუ ატრაკებ. აქ წამოსვლას რომ დამთანხმდით, კარგად იცოდი, ყველაფერი რითი დასრულდებოდა, - გუშინდელი საღამოს ვალი დავუბრუნე. სამივეს გაგვეცინა. - თქვენ ქვემოთ ჩადით. მეც უნდა ჩავიცვა, - მირის ამ დამორცხვებაზე მე და ლილიტს გაგვეღიმა და უსიტყვოდ გავედით საძინებლიდან. პირველ სართულზე პატარა ოთახში, არეული მაგიდა დაგვხვდა. დაჭრილ ბანანსა და ვაშლს უკვე მოესწრო ფერის შეცვლა. დივანზე ჩამოვჯექით და ლილიტი ისევ მარწყვს გადაწვდა. - თქვენი არ ვიცი და მე საღამოთი ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, - დავარღვიე სიჩუმე. - გეთანხმები. მშვენიერი საღამო გამოვიდა, - დამეთანხმა ლილიტი, - ისე, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: სტუდენტობის დროინდელი თავგადასავლების შემდგომ, პირველად მომიწია გოგოს ფერება. არ მოვიტყუები და მომეწონა. - მაშინ რას იტყვი, როცა მოგესურვებათ, კიდევ რომ გავიმეოროთ? - რატომაც არა, - დიდი ხანი არც უფიქრია, ისე მიპასუხა, - ცოტა დატვირთული სამუშაო კვირა გვაქვს და მომდევნო პარასკევს შეიძლება შეხვედრა. მირისაც ვკითხავ. - რას მკითხავ? - ისევ ვერ გავიგეთ, როგორ წამოგვადგა წასასვლელად გამზადებული მირი თავზე. - ლუკას აქვს სურვილი, კიდევ შევხვდეთ. რას იტყვი? - ლილიტმა გამომცდელად შეხედა. - შენ თვითონ რას ფიქრობ? - შეუბრუნა მირიმ შეკითხვა. - მე უკვე ვუთხარი ლუკას, რომ დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი. - მაშინ ჩათვალეთ, რომ ჩემი თანხმობაც მიღებულია. უკვე გვიანია უკარება გოგოს როლის თამაში, - უხერხულობისგან გაეღიმა მირის, - მართლა, ტაქსი მოვიდა უკვე. გოგოები კარებამდე მივაცილე, დავემშვიდობე და სახლში შევბრუნდი. მაგიდიდან ხილი და ჭიქები სამზარეულოში გავიტანე. შემდეგ მაღლა ავედი, შხაპი გადავივლე და საწოლზე მივწექი. ტკბილად ჩამეძინა. * * * “ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი.“ (იოანე 18:12) სულ უფრო სახიფათო ხდებოდა ტაძრის ტერიტორიაზე დარჩენა. იეშუს მზად ჰქონდა სათადარიგო გეგმა. თავისი მოწაფეები შიმონ ბარ-იონა და იოჰანან ბენ-ზავედი19 დროებითი თავშეყრის ადგილის გასარკვევად გაგზავნა. საიდუმლოება და უსაფრთხოების ზომები სრულად იყო დაცული - ყველა მისი თანმხლები პირისთვის უცნობი იყო, სად შეიკრიბებოდნენ საღამოს. შიმონ ბარ-იონა და იოჰანან ბენ-ზავედი, ქალაქის შესასვლელთან, წყლის დოქით ხელში კაცს უნდა გაჰყოლოდნენ და რომელ სახლშიც შევიდოდა, იმ სახლის პატრონისთვის, წინასწარ შეთანხმებული სიტყვები უნდა ეთქვათ. ის, კი თავის მხრივ, საიდუმლო თავშეყრის ადგილს აჩვენებდა. ტაძრის ნაჩაქრევად დატოვების გამო, მწირი იყო სადღესასწაულო სუფრა. საპასექო ბატკნის ხორცის ნაცვლად, მხოლოდ ღვინო და პური წარმოადგენდა შეკრებილთა ვახშამს. უკვე მოსაღამოებული იყო, როდესაც ანტონიის კოშკიდან, უკან დაბრუნებულმა შიმშონმა, პილატეს თანხმობის ნიშნად, იეშუს თავი დაუქნია. მანაც, იეჰუდა ბენ-სიმონს, ღვინოში ჩაწობილი პური გადააწოდა და დაძაბული სახით, ჩუმად გადაულაპარაკა - გააკეთე, რაც გასაკეთებელია. იეჰუდა ბენ-სიმონმა მყისიერად დატოვა დარბაზი. იეჰუდას წასვლის შემდგომ, ცოტა ხანში, იეშუმ მოწაფეებს გედსემანიის ბაღში წასვლისკენ მოუწოდა. არავინ, შიმშონისა და იეჰუდას გარდა, არაფერი იცოდა, თუ რა უნდა მომხდარიყო. თუმცა, ყველა კარგად გრძნობდა, რამხელა საფრთხის წინაშე იყვნენ და იეშუს უსაზღვრო ავტორიტეტის გათვალისწინებით, მის ყოველ ნათქვამს უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. იეშუ, მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გადასცდა და გედსემანიის ბაღში შევიდა. ბაღში შესვლისთანავე, მან თანმხლებთა ჯგუფი შეაჩერა და უთხრა, იქ დალოდებოდნენ. თავად, მოწაფეთაგან ყველაზე საიმედო მებრძოლები, შიმონ ბარ-იონა, ძმები, იაკობ ბენ-ზავედი და იოჰანან ბენ-ზავედი20 იახლა და ბაღში უფრო ღრმად შევიდა. შემდეგ მათაც გასცდა და განმარტოვდა. გაუსაძლისი იყო მოლოდინი და ნერვიულობა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. უკან მობრუნებულ იეშუს ყველა მოწაფე ჩაძინებული დახვდა. ჯერ კიდევ მათი გაღვიძება არ დაესრულებინა, როდესაც ქვემოდან ხმაური შემოესმა და ჩირაღდნების სინათლეს მოჰკრა თვალი. ცოტა ხანში, მან ტაძრის დაცვის წევრთაგან შემდგარი საკმაოდ მრავალრიცხოვანი რაზმი დაინახა, რომელსაც იეჰუდა მოუძღვოდა წინ. - ვის ეძებთ? - გადადგა იეშუმ წინ ნაბიჯი. - იეშუ ნაზარეველს, - უპასუხა რაზმის მეთაურმა. - მე ვარ იეშუ. მზად ვარ დაგემორჩილოთ, - მტკიცე იყო მისი ხმა. ამ დროს, იეჰუდა მიუხალოვდა მას, ეამბორა და ყურში ჩასჩურჩულა: “ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხარი. გამაგრდი!” შემდეგ ისევ უკან, მის მიერ მოყვანილ ხალხთან მიბრუნდა. რამდენიმე რაზმის წევრი, მეთაურის მითითებით ჯგუფს გამოეყო და შესაპყრობად იეშუს მივარდა. ამის შემხედვარე შიმონ ბარ-იონამ ხმალი იშიშვლა და ერთ-ერთ მოსულთაგანს ყური ჩამოათალა. იეშუმ, შიმონი იმ წუთასვე შეაჩერა და ყველას დამორჩილებისკენ მოუწოდა. შედეგად, მისი შეპყრობა აღარ გასჭირვებიათ და ხელებშეკრული ქალაქისკენ წაიყვანეს. შიმშონი იეჰუდასთან მივიდა, რაღაც გადაულაპარაკა და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. შეშინებულ მოწაფეთა უმრავლესობაც, ასევე სიბნელეში გაიფანტა. მხოლოდ შიმონ ბარ-იონა გაჰყვა შორიახლო ჯგუფს, ოღონდ ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო. 19 პეტრე და იოანე 20 პეტრე, ასევე იწოდებოდა, როგორც შიმონ კაიფა (კლდე, ქვის კედელი), ხოლო იაკობის და იოანეს ზედმეტსახელი ახალ აღთქმაში, ბერძნულად მოცემულია, როგორც “ვოანერგეს” (შურისმაძიებელი). XXVI “Imagine there's no countries It isn't hard to do Nothing to kill or die for And no religion, too” John Lennon - Imagine მომდევნო კვირის განმავლობაში, საქმეების გამო რამდენჯერმე მომიწია იერუსალიმში ასვლა. ეს მახარებდა კიდეც, ვინაიდან დრო ასე უფრო მალე გადიოდა. მოუთმენლად ველოდი პარასკევის დადგომას, როდესაც მირის და ლილიტს კიდევ ერთხელ უნდა შევხვედროდი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, უდროოდ მეჩვენა ფელიპეს ჩემთან ერთად თელ-ავივიში წამოსვლისა და რაღაც საკითხზე ერთობლივად წამუშავების შესახებ მაიკლისგან ოთხშაბათს მიღებული დავალება. ამასთანავე, საქმიანი ვახშამი უნდა გაგვემართა ერთ-ერთ პარტნიორთან. წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, ექსპედიციის რომელიმე წევრს, თელ-ავივში თუ მოუწევდა დარჩენა, ღამის გასათევად ვილაში უნდა მიმეღო. ამდენად, თუ ჩემი და ფელიპეს ერთობლივი მუშაობა ერთ დღეზე მეტს გასტანდა, გოგოებთან შეხვედრის გაურკვეველი ვადით გადატანა მომიწევდა. მსგავსი პერსპექტივა დიდად არ მხიბლავდა და ხუთშაბათს, ისეთ ტემპში ვიმუშავეთ, რომ საკუთარი თავიც კი გავაოცე. ფელიპესაც არაქათი გამოვაცალე და საქმიან ვახშამზე, უჩვეულოდ წყნარი იყო. ვახშმიდან ვილაში, საღამოს ცხრა საათისთვის დავბრუნდით და ფელიპეს, ვერანდაზე კონიაკის დალევა შევთავაზე, რასაც დიდი სიამოვნებით დამთანხმდა. მიხაროდა, რომ ყველაფერი მოვასწარით და პარასკევს დილიდანვე იერუსალიმში ავიდოდით. შესაბამისად, საღამოს თავისუფალი ვიქნებოდი და ვილაც სრულად ჩემს განკარგულებაში იქნებოდა. ჩემი საყვარელი კონიაკის, Courvoisier XO-ს ბოთლი გავხსენი, ჩამოვასხი და ჩვენს შორის მდგარ მაგიდაზე დავდგი. მთელი დღე მუშაობის შემდგომ, სასიამოვნო იყო სუფთა ჰაერზე, კომფორტულ სავარძელში ჯდომა და კონიაკის სმა. საღამოობით უკვე საკმაოდ გრილოდა და პლედების გადაფარება მოგვიწია. - ვერაფერს იტყვი, მშვენივრად მოწყობილხარ, - მოსვა კონიაკი და გადმომხედა. ფელიპეს, თვალები ეშმაკურად უციმციმებდა, რითაც მივხვდი, რომ ამ ფრაზაში იმაზე მეტი ჩადო, ვიდრე თავიდან გავიფიქრე. - არ მაქვს უკმაყოფილების საბაბი, - ჩამეცინა საპასუხოდ, - ამხელა ვილა ჩემს განკარგულებაში… - ალბათ, გოგოები, მარტო იმის გაგონებაზე, რომ ჰერცლიაში ვილაში ცხოვრობ, ბუზებივით გეხვევიან, - არ მაცალა დასრულება. - არც უმაგისობაა, - შევიფერე ნათქვამი და ორაზროვნად ჩავიღიმე. - იმედია, გუშინ და დღეს ხელი არ შეგიშალე. - პირიქით. მეგობარი გოგო ორი კვირით მივლინებაშია და საღამოობით, ამხელა ვილაში მარტო ყოფნა ცოტა დამთრგუნველად მოქმედებს. თქვენსკენ რა ხდება, გრძელდება პოლთან პაექრობა? - შევცვალე საუბრის თემა. - რას ამბობ? პოლი რომ არ მყავდეს, მოწყენილობა მომკლავდა. ძნელია, ჩემს ასაკში ოჯახისგან მოშორებით ყოფნა. პოლთან დისკუსიაა, რაც საღამოობით მართობს. - ერთ შეკითხვას დაგისვამთ: დავუშვათ, კვლევისას ისეთი რაიმე აღმოვაჩინეთ, რომელიც რელიგიის შესახებ არსებულ წარმოდგენებს თავდაყირა დააყენებს, როგორ მოიქცეოდით? - მკვეთრად გამომივიდა თემის შეცვლა. - რას გულისხმობ? - კიდევ ერთხელ მოსვა კონიაკი და ინტერესით გადმომხედა. - ეხლავე აგიხსნით. რელიგიაში არსებობს ჩამოყალიბებული მოსაზრებები, რომლებიც უკვე დოგმად იქცა და მათ გარეშე წარმოუდგენელია ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობის იმ სახით არსებობა, როგორითაც მსოფლიო მათ იცნობს. დავუშვათ, გათხრებისას აღმოვაჩინეთ არტეფაქტი, რომელიც გააქარწ....ბს რომელიმე მათგანს, ან სულაც დიდ ნაწილს. შედეგად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ამ კონკრეტული რელიგიის უტყუარობა. ღირს, მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება? - ისე ფრთხილად და ზოგადად მივუდექი ჩემთვის საინტერესო შეკითხვის დასმას, თითქოს არსებობდა იმის რაიმე შანსი, რომ ფელიპე მიმხვდარიყო, თუ რას ვინახავდი ერთი სართულით მაღლა ოთახში, რომელსაც ყოველი შემთხვევისთვის, სტუმრიანობის დროს გასაღებით ვკეტავდი ხოლმე. - საინტერესო შეკითხვაა, - ფელიპემ ისევ მოსვა კონიაკი და ჩაფიქრდა, - პოლს თუ დაეჯერება, ექსტრემისტ ათეისტად მიმიჩნევს და იმედს არ გავუწბილებდი. რა თქმა უნდა, ყველაზე მაღალი სამრეკლოდან გავაგონებდი მსოფლიოს სიმართლეს. განა ამაზე კეთილშობილური საქმე შეიძლება იყოს რამე? ჯონ ლენონიც მაგაზე არ ოცნებობდა, როდესაც თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერაში იდეალური სამყაროს წარმოდგენას გვთხოვს? მასაც, ჩემს მსგავსად, იდეალური სამყარო რელიგიის გარეშე წარმოედგინა. მართლა, გამახსენდა ერთი ჩემი მეგობრის ნათქვამი, რომელმაც ჯონ ლენონის იდეა კიდევ უფრო განავრცო. ერთხელ მითხრა, წარმოიდგინე, მსოფლიო როგორ გალამაზდებოდა, ერთ დღეს, ყველა სასულიერო პირს გაბანჯგვლული წვერები რომ ჩამოპარსონო, - ფელიპემ ჩაიცინა, შემდეგ შემომხედა და კითხვა დამიბრუნა, - ისე, თუ დაფიქრებულხარ, რატომ არის, რომ როგორც მინიმუმ, ე.წ. აბრაამული რელიგიების ღვთისმსახურთა უმეტესობა წვეროსნები არიან? - ამაზე აქამდე არ მიფიქრია. ხმამაღლა ვიმსჯელებ… იქნებ იმიტომ, რომ წვერი მათ ხალხის თვალში სერიზულობას და საკრალურობას მატებს? ან იქნებ იმიტომ, რომ ძველ დროში ყველა წვერებით დადიოდა და რელიგიურმა მიმდინარეობებმა, როგორც ყველაზე კონსერვატულმა ინსტიტუტებმა, არ მოინდომეს დროის ფეხის აყოლა და ახალ მოდაზე გადასვლა? თუმცა, თუ დავფიქრდებით, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი ამ მხრივ გამონაკლისია. - საინტერესოდ მსჯელობ, - შემაქო ფელიპემ. - მე სხვა რამ დამაინტერესა კიდევ, - ეხლა ჩემი ჯერი იყო შემეწყვეტინებინა ფელიპისთვის, - ჯონ ლენონი ახსენეთ და იმ სიმღერაში ის ასევე გვთავაზობს, წარმოვიდგინოთ მსოფლიო სახელმწიფოების გარეშე. ანუ პატრიოტიზმიც ბოროტებაა? - ისეთ თემას შეეხე, შეიძლება მთელი ღამე არ გვეყოს ამაზე სასაუბროდ, - ფელიპეს თვალებში ნაპერწკალი დავინახე, - ალბათ არ გეცოდინება, რომ ჩემი პირველი სადისერტაციო ნაშრომი, სწორედ მე-18-19 საუკუნეების ევროპაში პატრიოტიზმის ასპექტებს შეეხებოდა. - ნამდვილად არ ვიცოდი და უფრო დავინტერესდი. თანაც, გვეჩქარება სადმე? - შევუნთე ცეცხლი. - კარგი, მაშინ შევეცდები შენს შეკითხვაზე შეძლებისდაგვარად მოკლედ გავცე პასუხი. პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, რას ვგულისხმობთ პატრიოტიზმში. პატრიოტიზმის ის აღქმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნეში, როდესაც დაიწყო ნაციონალური სახელმწიფოების შექმნა. ყველა ის ისტორიები, რომლებიც შუა საუკუნეების პატრიოტიზმს შეეხება, თანამედროვე ხედვით არის განმარტებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. არც ასწლიანი ომი იყო პატრიოტი ინგლისელების ომი, ასევე პატრიოტ ფრანგებთან და არც იტალიური ომები იყო იტალიელი პატრიოტების ბრძოლა ფრანგი და ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ იმ შინაარსით, როგორც ეხლა გვესმის. არ ვიცი კარგად საქართველოს ისტორია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი “პატრიოტული” სულისკვეთების ომები თქვენს ისტორიაშიც მრავლად იქნებოდა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პატრიოტიზმის რაღაც ჩანასახები ანტიკურ ეპოქაში უკვე გვხვდებოდა. თუმცა, ეს არ იყო პატრიოტიზმი ქვეყნის მიმართ და უფრო ქალაქი-სახელმწიფოს მიმართ ერთგულებას მოიცავდა. თავად სიტყვაც, იმ დროიდან მომდინარეობს. დღევანდელ პატრიოტიზმს რაც შეეხება, რას გულისხმობს იგი? მიღებული განმარტების თანახმად, ეს არის მორალური და პოლიტიკური პრინციპი, სოციალური განცდა, რომლის გამოხატულებაცაა სამშობლოს სიყვარული და მისი გულისთვის საკუთარი ინტერესების მსხვერპლშეწირვისთვის მზადყოფნა. პატრიოტიზმი ითვალისწინებს საკუთარი ქვეყნის მიღწევებითა და კულტურით სიამაყის განცდას, ასევე სურვილს, შენარჩუნებული იქნას მისი ხასიათი და კულტურული თავისებურებები. გარდა ამისა, პატრიოტიზმი ითვალისწინებს ინდივიდის, როგორც საკუთარი ხალხის ნაწილის თვითიდენტიფიკაციასა და საკუთარი ქვეყნის/ხალხის ინტერესების დაცვის სურვილს. ხომ არ გეჩვენება, რომ არის რაღაც საერთო რელიგიასთან? - ჩემს პასუხს არ დალოდებია, ისე განაგრძო, - მოკლედ, პატრიოტად არავინ იბადება და ეს მოგვიანებით შეძენილი გრძნობაა. რისი თქმა მინდა... სუფთა სისხლის ესპანელი ჩვილი, თუ გერმანიაში იქნება გაშვილებული და გერმანელი მშობლების მიერ, გერმანულ საზოგადოებაში გაიზრდება, ის არცერთ ეთნიკურ გერმანელზე ნაკლები პატრიოტი არ იქნება. ანუ, მოკლედ, პატრიოტიზმი ჩვეულებრივი იდეოლოგიაა… ისეთივე, როგორც, ვთქვათ რელიგია. ახლა უკვე შეიძლება დავიწყოთ იმაზე მსჯელობა, პატრიოტიზმი ბოროტებაა, თუ სიკეთე. ალბათ ჩემი მსჯელობიდან უკვე მიხვდებოდი, რომ პატრიოტიზმს, უფრო ნაკლები სიძლიერით, ვიდრე რელიგიას, მაგრამ მთლიანობაში მაინც უარყოფითად აღვიქვამ. მინდა სწორად გამიგო… მეც კონკრეტულ საზოგადოებაში გავიზარდე და ჩემი დღევანდელი შეხედულებების მიუხედავად, უკვე შეიძლება ითქვას, ქვეცნობიერ დონეზე მაქვს გამჯდარი ჩემი ქვეყნის სიყვარული. სხვათა შორის, სწორედ ეს არგუმენტია, რომლის გამოც პოლს სერიოზულად არ ვკიცხავ და ღირსეულ მოაზროვნედ ვთვლი. მის ღრმა რელიგიურობას სწორედ აღზრდისა და გარემოს ზეგავლენის შედეგად მივიჩნევ. პატრიოტიზმს, აქვს თავისი დადებითი მომენტები, მაგრამ ჩემს დისერტაციაში მქონდა ცნობილი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის ციტატა, რომელსაც სრულად ვეთანხმები. დიდი დრო გავიდა და ეხლა ამ ციტატას ზუსტად ვერ გავიხსენებ, მაგრამ შევეცდები შინაარსი გადმოვცე. იგი მიიჩნევდა, რომ პატრიოტიზმი არის უხეში, მავნე, სამარცხვინო, ბოროტი და ამორალური გრძნობა. მისი განმარტებით, მიიჩნევა, რომ თუ პატრიოტიზმი დაპყრობითი არ არის, ის დადებითი მოვლენაა. მაგრამ თუ პატრიოტიზი დაპყრობითი არაა, მაშინ ის ითვალისწინებს უკვე დაპყრობილის შენარჩუნებას, ვინაიდან არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც არ ეფუძნება რაღაცისა და ვიღაცის დაპყრობას. შესაბამისად, უკვე დაპყრობილის შენარჩუნება შეუძლებელია იგივე მეთოდების გამოყენების გარეშე, რომლითაც იქნა მოპოვებული, ანუ ძალადობისა და მკვლელობების გარეშე. ტოლსტოის აზრით, არსებობს პატრიოტიზმის მესამე სახე, რომელსაც “შემგროვებლურს” უწოდებს. ეს არის დაპყრობილი, ჩაგრული ხალხის პატრიოტიზმი, რომელიც პირველ ორზე უფრო სასტიკია და მოითხოვს გაცილებით მეტ ძალადობას. იგი ასევე მიიჩნევდა, რომ პატრიოტიზმს შეიძლება ჰქონოდა დადებითი და გამაერთიანებელი ფუნქცია, მსოფლიოში მხოლოდ ერთი პატრიოტიზმი რომ ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან ყველა ქვეყანასა და ხალხს საკუთარი პატრიოტიზმი აქვს და ყველა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, იგი უკვე კი არ აერთიანებს, არამედ ყოფს, ანაწილებს და კონფლიქტების წარმოშობის წინაპირობას წარმოადგენს, - ფელიპემ დაასრულა და ჩემს სახის გამომეტყველებით შეეცადა გაერკვია, მივხვდი თუ არა მის ნათქვამს. - საინტერესოა… - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და კონიაკი მოვსვი. ამ თემაზე ასეთ ჭრილში არასდროს მიფიქრია და მიღებულ ინფორმაციას გადახარშვა სჭირდებოდა. - მე ისევ შენს პირველ შეკითხვას დავუბრუნდები, - დაარღვია ჩამოწოლილი სიჩუმე ფელიპემ, - ძნელად წარმომიდგენია, რა შეიძლება ისეთი აღმოვაჩინოთ, რომ რელიგიაში ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ეკლესიის ისტერიული წინააღმდეგობის მიუხედავად, ხომ დამტკიცდა რომ დედამიწა მრგვალია? ხომ დამტკიცდა, რომ დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი? კიდევ რამდენი სამეცნიერო აღმოჩენა გაკეთდა, რომელთა ლოგიკური და თანმიმდევრული გააზრების შემდგომ, ჩვენთვის ცნობილი რელიგიებისგან აღარაფერი უნდა დარჩენილიყო. განა ამის გამო რაიმე შეიცვალა? ასე რომ, რაც არ უნდა აღმოვაჩინოთ, გამოჩნდებიან სასულიერო ავტორიტეტები, რომლებიც ბუნდოვანი ფრაზებითა და ყურმოთრეული ალეგორიებით მრევლს განუმარტავენ, რომ ეს ყველაფერი, იდეალურად ჯდება მათ მიერ დახატულ სურათში. - ანუ, მიგაჩნიათ, რომ ვერანაირი აღმოჩენა ვერ შეარყევს რელიგიას? - ალბათ რაიმე ძალზე მნიშვნელოვანმა აღმოჩენამ შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენოს რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, მაგრამ სურათი კარდინალურად არ შეიცვლება. საერთოდაც რომ ჩამოიშალოს რომელიმე რელიგია, მის ადგილს უმალ სხვა დაიკავებს… სულაც ახალი რელიგია გაჩნდება. რამდენიმე თვის წინ, პოლთან მომივიდა კამათი ქრისტიანობის, როგორც დამოუკიდებელი რელიგიის ჩამოყალიბებაში, პავლეს როლის შესახებ21. რომ გითხრა, ქრისტიანობაში, დღეს მიჩნეული უდაო, მათ შორის საკვანძო საკითხებში, ჭეშმარიტებებიდან, რამდენი რამ არის პავლეს ინტერპრეტაციის შედეგი, არ დამიჯერებ. თუ დაგაინტერესებს, თავად შეგიძლია ამაზე ლიტერატურას გაეცნო. პავლე არც მოციქულებთან კონფლიქტში შესვლას ერიდებოდა. უფრო მეტიც, მათზე მაღლა აყენებდა თავს22. და ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც თვალით არ უნახავს იესო! - გადავწყვიტე, არ შემეწყვეტინებინა და მეთქა, რომ პავლეს ისტორია კარგად ვიცოდი, - რას მოვაყოლე ეს ყველაფერი… ამ კამათისას, ერთი ფრაზა მომივიდა თავში და ძალიან მომეწონა. ეხლაც გავიმეორებ: “როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი გიჟდება, ფსიქიატრიული საავადმყოფო იღებს ახალ პაციენტს, ხოლო როდესაც ქარიზმატული ორატორი გიჟდება, ხალხი იღებს ახალ რელიგიას”. ხალხისგან არის შეკვეთა და ქარიზმატული ორატორი აუცილებლად გამოჩნდება. - გასაგებია… - ჩემთვის ჩავილაპარაკე. კონიაკმა სისხლძარღვების გაფართოების ნაცვლად, მომთენთა. დღის განმავლობაში დაღლილობამაც თავის გაიტანა და ძილი მომერია. ჩემი წვალება ფელიპემაც შენიშნა. ეტყობოდა, რომ არც თვითონ იყო დაძინების საწინააღმდეგო და ჩვენი საუბარი აქ დასრულდა. * * * “და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა”. (მათე 27:2) აქამდე არნახული და დაუჯერებელი ამბავი მოხდა - იმის მიუხედავად, რომ მოსეს ხუთწიგნეული ღამით სასამართლოს გამართვას კრძალავდა, პასექის წინა ღამით, სინედრონი სასწაფოდ შეიკრიბა, თანაც არა ტაძარში, არამედ მღვდელთმთავრის სასახლეში. კაიაფას არ სურდა გარისკვა და იეშუს სასამართლოს გადადება, ვინაიდან ძნელი იყო იმის წარმოდგენა, თუ რა ვითარება იქნებოდა დღესასწაულის შემდგომ. იეშუს წინააღმდეგ წაყენებული იქნა ჯადოქრობის, ხალხის ცდუნებისა და ღვთის გმობის ბრალდებები, რაც იუდეველთა კანონებით მკაცრად ისჯებოდა და საკმარისი იყო სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად. სხვა დროს ასეც მოიქცეოდა. თუმცა, ამ შემთხვევაში იყო გარემოებები, რომლებიც განსხვავებული ზომების მიღებას მოითხოვდა. ჯერ ერთი, განაჩენის აღსრულება დღესასწაულის დასრულებამდე უნდა გადადებულიყო. დრო კი არ ითმენდა. კაიაფა არ იყო დარწმუნებული, რას მოიმოქმედებდნენ იეშუს მხარდამჭერები, ან სინედრონის რამდენი წევრი ვერ გაუძლებდა ზეწოლას და შეიცვლიდა მოსაზრებას... და მეორე, პილატეს წაყენებული პირობა, რომელიც მას პირდაპირ უკრძალავდა სისხლისღვრას. დილით, სინედრონის მეორე, ხანმოკლე შეხვედრის შემდგომ, იეშუ რომაელთა სამსჯავროს გადასცეს. პილატე უკვე ფლობდა იეშუს შეპყრობის თაობაზე ინფორმაციას და სრულებით არ გაჰკვირვებია, როდესაც იგი მასთან მიიყვანეს. თუმცა, სანამ არ იქნებოდა შესრულებული მისი მხარდაჭერის “გულუხვად დაფასების” შესახებ კაიაფას მიერ მიცემული პირობა, იგი არ ჩქარობდა მღვდელთმთავრების სურვილის აღსრულებასა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღებას. თავდაპირველად, იეშუს ხანმოკლე დაკითხვის შემდგომ, პილატემ განაცხადა, რომ არ დამტკიცდა მისი დანაშაული და იგი გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო.. კაიაფა მიხვდა, თუ საით მიჰყავდა პილატეს ყველაფერი. ძვირი ჯდებოდა პრობლემის მოგვარება, მაგრამ სხვა გზა არ იყო - ოცდაათი ტალანტი ოქრო იძლეოდა იმის გარანტიას, რომ მიღებული იქნებოდა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად და საბოლოოდ დახურავდა იეშუს თემას. ანტონიის კოშკში, კაიაფას მსახურთა მიერ სასწრაფოდ მიზიდული აურაცხელი ოქრო საკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა, რათა იეშუს მიერ, რომის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობაში ბრალდება დამტკიცებულიყო და გამოტანილი იქნა სასიკვდილო განაჩენი. ამის მიუხედავად, კლეტუსის რჩევით, პილატემ კიდევ ერთხელ სცადა იეშუს გადარჩენა და გარეთ შეკრებილ ხალხს, სადღესასწაულოდ, მსჯავრდებულთაგან ერთ-ერთის შეწყალება შესთავაზა. იმედი ჰქონდა, რომ ხალხის თვალში, სიკვდილმისჯილ ავაზაკებთან შედარებით, იეშუს უპირატესობა ექნებოდა. არც ეს მოლოდინი გამართლდა - ხალხმა სხვა სიკვდილმისჯილის, ბარაბას გათავისუფლება არჩია. დადგა იეშუს გადარჩენის ყველაზე სარისკო, მაგრამ ერთადერთი დარჩენილი გზის დრო. 21 ბევრი მკვლევარის მიერ მიიჩნევა, რომ ქრისტიანობამ ის კოსმოპოლიტური სახე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, სწორედ პავლეს ქადაგების შედეგია. არსებობს მოსაზრება, რომ ქრისტეს პირველ მიმდევართა, მათ შორის მოციქულთა აუდიტორია, არ იყო არაებრაელი კონტიგენტი, რასაც თავად პავლე ადასტურებს: “ ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა; გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის… ” (გალატ. 1:15-17). გარდა ამისა, სწორედ პავლემ დააყენა ეჭვქვეშ და უარყო, ქრისტიანების მიერ მოსეს კანონების შესრულების აუცილებლობა. (2 კორინთ. 3) 22 “რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ; ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა; მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის.” (2 კორინთ. 11: 5,22,23) XXVII “I'm on my time with everyone I have very bad posture” Nirvana - Pennyroyal Tea პარასკევს საღამოს, მირის და ლილიტს შევხვდი და ყველანარი შესავლის გარეშე, ჩემთან წავედით. გოგოები წინასწარ მომზადებულიყვნენ და თან ერთი ბოთლი წითელი ღვინო წამოეღოთ. მირის თხოვნა იყო, რომ ამ ერთი ბოთლით შემოვფარგლულიყავით, ვინაიდან, მისი სიტყვებით, ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, შეგრძნებები სიმძაფრეს კარგავდა. მეც საწინააღმდეგო არაფერი მქონდა და თითო ბოკალიც არ გვქონდა დალეული, როდესაც საძინებელში ავედით. აბსოლუტური სიფხიზლის მიუხედავად, გოგოები უფრო გახსნილი მომეჩვენენ, ვიდრე გასულ კვირას იყვნენ. საღამოც უფრო გრძელი გამოვიდა და არაქათგამოცლილებს გვიან ღამით ჩაგვეძინა. დილით არავის არსად აღარ ეჩქარებოდა, ამდენად, წინა ჯერზე აუხდენელი სურვილი ავისრულე და დილითაც განვაახლეთ ჩვენი “სამაია”. დღის შუქზე ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. ვერ ვიტყვი, რომ ნაკლებად ვისიამოვნე, ვიდრე ღამით, მაგრამ მირისაც და ლილიტსაც ნაკლოვანებები აღმოვუჩინე, რომელთაც ღამით ვერ ვამჩნევდი. მაგალითისთვის, თვალში მომხვდა მირის ჭორფლიანი მხრები, ლილიტის არაესთეტიური სახის გამომეტყველება ორგაზმისას, როდესაც თვალები ისე უტრიალდებოდა, რომ მხოლოდ თეთრი გარსი უჩანდა და რთული გასარჩევი ხდებოდა, ორგაზმს განიცდიდა, თუ ეპილეპტიკური შეტევა ჰქონდა. მივხვდი, რომ უბრალოდ ვმიზეზობდი. ამ ორ შეხვედრაში სრულად ამოვწურე ის ინტერესი და სექსუალური ლტოლვა, რომელიც მირის და ლილიტის მიმართ გამიჩნდა და მათთან კიდევ შეხვედრის არანაირი სურვილი აღარ მქონდა. უფრო მეტიც, შუადღის მსუბუქი ლანჩის შემდგომ, როდესაც უკან ავბრუნდით, გოგებთან სექსის დროს, ანა წარმომიდგა თვალწინ და ამან შემმატა ძალები, თორემ ერექციის გაქრობაც კი არ იყო გამორიცხული. უკვე მოსაღამოვებული იყო, როდესაც გოგოები ტაქსით გავისტუმრე და უკან შევბრუნდი. არ ვიცი, მიხვდნენ ჩემს განწყობას, თუ თავადაც მობეზრდათ მსგავსი სექსუალური სამკუთხედი, შემდგომ შეხვედრაზე სიტყვა არავის დაგვცდენია. მუსიკა ჩავრთე და დივანზე მივწექი. თითქმის ოცდაოთხსაათიანი სექსუალური მარათონის შემდგომ, სასიამოვნო დაღლილობას ვგრძნობდი. სიგარეტს მოვუკიდე, ღრმა ნაფაზი დავარტყი და ისევ ანა გამახსენდა. მიხაროდა, რომ ორ დღეში ბრუნდებოდა. რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, მირისთან და ლილიტთან გატარებულმა ორმა ღამემ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ანა უზომოდ მიყვარდა. როდესაც იგი ჩემს გვერდით იყო, რაც არ უნდა გვეკეთებინა, ბედნიერების შეგრძნება არ მშორდებოდა. მიყვარდა მისი ყურება, მისი მიმიკის, ემოციების დაჭერა. გამახსენდა, ერთხელ, თითქმის თხუთმეტი წუთი როგორ ვუყურებდი თვალმოუშორებლად, როდესაც ის წამოწოლილი, შეჭმუხნული წარბებით რაღაც წიგნს კითხულობდა. ანასთან სექსი ცალკე თემას წარმოადგენდა. ეს არ იყო მხოლოდ ვნება. მისი ფერებისას, ფიზიკურზე გაცილებით დიდ სიამოვნებას, ის ემოციური განცდა მანიჭებდა, რომელსაც ყოველ ჯერზე ვგრძნობდი. ვერც კი წარმომედგინა, რომ ეს შეიძლება ოდესმე მომბეზრებოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა. - ლუკა გამარჯობა, - ყურმილში პეტროსის ენერგიული ხმა გაისმა, - მე და დანიელა ჰერცლიაში, იტალიურ რესტორანში ვართ და შენ გაგიხსენეთ. დანიელამ, მოწყენილი იქნება ანას გარეშე და ხომ არ შემოგვიერთდებაო. - მოგესალმებით შენ და დანიელას. დიდი მადლობა, რომ გახსოვართ, - მესიამოვნა ყურადღება, - მართლაც, მარტო ვზივარ ამხელა ვილაში და ცოტა მოვიწყინე კიდევაც. თანაც, მომშიებია და სიამოვნებით დავთანხმდები თქვენს შემოთავაზებაზე, - ვიგრძენი, რომ მომშიებოდა და არც გარემოს გამოცვლის წინააღმდეგი ვიყავი. - მაშინ გელოდებით, - პეტროსმა დააზუსტა, თუ რომელ რესტორანში იყვნენ. მძიმედ წამოვდექი დივანიდან, თუმცა, მაინც უცბად გავემზადე და ოც წუთში უკვე მათთან ვიყავი. - აბა, რა ხდება შენსკენ ახალი? - ჯერ წესიერად დამჯდარიც არ ვიყავი, დანიელამ შეკითხვით მომმართა. - არც არაფერი განსაკუთრებული. სამსახური და მერე საღამოობით, ვილაში მოჩვენებებთან ბრძოლა. ხუმრობის გარეშე… იცით ქარიან ამინდში როგორ ჭრიალებს და უსიამოვნო ხმებს გამოსცემს სახურავი და ბოლო სართულზე მინის ვიტრაჟები? - მოვისაწ.... თავი. - ცოტაც მოითმინე და ორ დღეში აღარ იქნები მარტო, - გამიღიმა დანიელამ. - ეგ მახარებს. მოუთმენლად ველოდები ანას დაბრუნებას. რომ ჩამოვა, ისე ჩავეხუტები, მეშინია ხელში არ შემომაღრჩვეს, - გამეცინა. - ანუ მთელს საღამოებს მარტო ატარებ? - გამომცდელად შემომხედა დანიელამ და მხოლოდ ეხლა მივხვდი მისი მზრუნველობის მთავარ მიზეზს - მამოწმებდა, ხომ არ “ვცუღლუტობდი” მისი მეგობრის არყოფნისას. - რას ამბობ? სულ მარტო რა გამაძლებინებს? ერთი საათიც არ გასულა, რაც სახლიდან ორი მომხიბლავი გოგო გავისტუმრე, - გადავწვიტე გავრთობილიყავი და ბლეფის ჩემი საყვარელი მეთოდი გამოვიყენე. სიმართლე ყველაზე დაუჯერებლად მაშინ ჟღერს, როდესაც მას შენგან არ მოელიან. ჩემს “ხუმრობაზე” ორივეს გაეცინა. - შენ მენიუს გადახედე. ჩვენი შეკვეთა უკვე მალე იქნება, - დანიელას არ მოეწონა საუბრის თემა, - მე ეხლავე დავბრუნდები, - წამოდგა და საპირფარეშოში გავიდა. - დამიჯერებ, რომ ორ გოგოზე არ მიხუმრია? გასულ კვირას შემთხვევით გავიცანი და უკვე მეორეჯერ შევხვდი, - როგორც კი დანიელა თვალს მოეფარა, პეტროსს მივუბრუნდი. არავისთვის არ ვაპირებდი ჩემი ამ თავგადასავლის გამხელას, მაგრამ ვერ მოვითმინე. მსგავსი ამბით მეგობრებთან წატრაბახება, ხომ მამაკაცისთვის, მომხდარისგან სრულფასოვანი სიამოვნების მიღების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, - გუშინ საღამოს შევიკრიბეთ და ფანტასტიური დრო გავატარეთ. მართლაც ერთი საათია, რაც დავშორდით. მგელივით მშია. - იღბლიანი არამზადა ხარ, - პეტროსის ხმაში დაუფარავი შური იგრძნობოდა, - მოყევი, სად და როგორ გაიცანი. მაგრები არიან? - გასულ პარასკევს, Whisky A GoGo-ში მარტომ შევიარე. უკვე სახლში წასვლას ვაპირებდი და გზად საპირფარეშოში შევედი. გამოსვლისას, თავისით მოვიდნენ და გამეცვნენ. ერთი შავგვრემანი, შთამბეჭდავი ფორმებით და დიდი, მუქი თვალებით. მეორე, ღია ფერის და თხელი. მოკლედ, ღირსეული ეგზემპლიარები... გაცნობისთანავე სახლში მივიწვიე და დამთანხმდნენ. მაგარი დრო გავატარეთ. თან რა იყო იცი ყველაზე საკაიფო? სექსი არ იყო ორი ერთზე. ყველა ერთმანეთის სიამოვნებაზე ვზრუნავდით. გუშინ მეორედ შევხვდით და დღევანდელ საღამომდე ერთად ვერთობოდით, - გაბრწყინებული თვალებით დავასრულე და შვება ვიგრძენი. - რა უნდა ვთქვა? მშურს. ისეთი დრო გიტარებია, მოდელებით დახუნძლულ იახტაზე შეიძლება აღარც წამომყვე, - გაეცინა პეტროსს, - და ანა? - უცბად დასერიოზულდა. - ეს თავგადასავალი უკვე დასრულდა. მათთან შეხვედრას მეტი აღარ ვაპირებ. ანას კიდევ მოუთმენლად ველი. ანა სხვაა. - ყველაფერი გასაგებია, - ვიგრძენი, რომ პეტროსი ზედმეტი განმარტების გარეშე მართლა მიხვდა, რას ვგულიხმობდი. - რაზე ლაპარაკობდით? შეუკვეთე უკვე? - თავზე დანიელა წამოგვადგა. - სამსახურის საკითხებს განვიხილავდით. შესაკვეთად კი ვარ მზად, მაგრამ ოფიციანტი არ სჩანს, - პასუხი ჩემს თავზე ავიღე და მენიუში პირველად ჩავიხედე. დანიელამ შორიახლო მდგარ ოფიციანტს უხმო და ნაჩქარევად მომიწია სპაგეტის შეკვეთა. - ანა საღამოს რეისით ჩამოდის. სამსახური უკვე დასრულებული მექნება და სახლში ვიქნები. წინააღდეგი ხომ არ იქნები, აეროპორტში რომ გამოგყვე მის დასახვედრად? - შეკვეთის დასრულებას დანიელას თხოვნა მოჰყვა. - რა თქმა უნდა არ ვარ წინააღმდეგი. აეროპორტამდე დაგირეკავ და სახლთან გამოგივლი, - ერთი სული მქონდა, აეროპორტიდან როგორ გავიტაცებდი ანას და განვმარტოვდებოდით, მაგრამ დანიელასთან დათანხმება მომიწია. * * * “ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ.” (მათე 27:24) - რას ფიქრობ, როგორ სჯობს მოვიქცეთ? ხომ არ სთვლი, რომ იეშუმ თავისი საქმე უკვე გააკეთა და აღარ ღირს მასზე დროის დაკარგვა? - დარბაზში შებრუნებულმა პილატემ კლეტუსს მიმართა. - ჩანაფიქრის ერთი ნაწილი წარმატებით დასრულდა და კაიაფა მართლაც გულუხვი აღმოჩნდა, - ჩაიქირქილა კლეტუსმა, - ერთი შეხედვით, უკვე დიდად არ უნდა გვაღელვებდეს იეშუს ბედი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ცოცხალი, იგი შეიძლება უფრო გამოსადეგი იყოს ჩვენთვის, ვიდრე მკვდარი. ერთხელ უკვე მოხერხდა მისი მეშვეობით სარგებლის ნახვა. მომავალშიც შეიძლება გამოყენებული იქნას მღვდელთმთავრების წინააღმდეგ. ამდენად, უმჯობესია გეგმას მივყვეთ. - მაშინ, საქმის ბოლომდე მიყვანაზე სრული პასუხისმგებლობა შენ გეკისრება, - პილატე უკმაყოფილოდ დაეთანხმა კლეტუსს. მიიჩნევდა, რომ ოცდაათი ტალანტი ოქრო საკმარის შედეგს წარმოადგენდა, რათა ყველაფერი დასრულებულიყო. - ისეა გათვლილი დეტალები, კვლავაც წაუგებელი ვითარებაა. თუ გაძლო იეშუმ, ხომ კარგი და თუ ვერა, აღსრულდება კაიაფას სურვილი, - კლეტუსი ცოტა დაიძაბა, როდესაც მასზე გადავიდა პასუხისმგებლობა და ჩაფიქრებულმა დატოვა დარბაზი. ბრბოს ყიჟინა, რომელიც იეშუს ჯვარცმისთვის მზადებით იყო გამოწვეული, მარტო დარჩენილ პილატემდე აღწევდა და მას მოუსვენრობის შეგრძნებას უჩენდა. XXVIII “I keep movin' on But I never found out why I keep pushing so hard the dream, I keep tryin' to make it right” Janis Joplin - Kozmic Blues საინფორმაცი დაფაზე დაიწერა, რომ ბარსელონადან რეისი ჩამოფრინდა და კიდევ უფრო მოუთმენლად დავიწყე მოსაცდელ დარბაზში ბოლთის ცემა. - დამშვიდდი. კიდევ რამდენიმე წუთი და იხილავ შენს ძვირფას ანას, - შეამჩნია ჩემი მოუთმენლობა დანიელამ. საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე. მართლაც, დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც ავტომატური კარი გაიღო და სხვა მგზავრებთან ერთად ანაც გამოჩნდა. ულამაზესად მეჩვენა მუქი ლურჯი ფერის ვიწრო ჯინსის შარვალში, თეთრ სპორტულ ფეხსაცმელსა და მოკლე, ცისფერ ქურთუკში. გორგოლაჭებიან ჩანთას მოაგორებდა. ამავდროულად, დამხვედრებში თვალებით მეძებდა. ვეღარ მოვითმინე და წინ რამდენიმე ჩქარი ნაბიჯი გადავდგი. ჩემი მკვეთრი მოძრაობა პერიფერიული მხედველობით დააფიქსირა, მოტრიალდა და დანახვისთანავე სახეზე ისეთი ღიმილი გამოეხატა, ბედნიერებისგან კინაღამ ცრემლი წამსკდა. ჩვენი გადახვევა და კოცნა, ნებისმიერ რომანტიულ ფილმს დაამშვენებდა. - მეც აქ ვარ, - დამხვედრებს გამოეყო დანიელა. არ მეთმობოდა, მაგრამ ანას დანიელასთან მიშვება მომიწია. - რა ხდებოდა აქ უჩემოდ? - მანქანისკენ დავიძარით თუ არა, შემეკითხა ანა. - არც არაფერი საინტერესო. სრული მოწყენილობა. ერთხელ დანიელამ და პეტროსმა გამიმხიარულეს საღამო და რესტორანში მიმიწვიეს. შენ როგორ იმგზავრე, საინტერესო სემინარი იყო? - აქეთ დავაყარე შეკითხვები. - ვიმგზავრე ნორმალურად. სემინარი ძალიან საინტერესო იყო და კიდევ უფრო საინტერესო იყო ქალაქი. პირველად ვიყავი ბარსელონაში და შემიყვარდა ეს ქალაქი. ერთადერთი, რაც ყველაფერს მიშხამებდა, უშენობა იყო. ძალიან მომენატრე, - შემომხედა და ისევ ამაფორიაქა მისმა ღიმილმა. - მეც ძალიან მომენატრე. იცოდე, კიდევ თუ მოგიწევს მსგავს ღონისძიებაზე წასვლა, მეც აუცილებლად შენთან ერთად წამოვალ. არანაირი სურვილი აღარ მაქვს უშენოდ დავრჩე აქ, - ისე, რომ სვლა არ შეგვიჩერებია, ხელი მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე. - მოვილაპარაკეთ! მერე რომ არ გადათქვა, დანიელაა მოწმე, - გახარებულმა გადაიკისკისა. - ყველაფერი დაფიქსირებულია, - დანიელამაც გაიცინა. - შენსკენ რა ხდება საინტერესო? - ანამ ეხლა უკვე დანიელას მიმართა. - იგივე, რაც შენს წასვლამდე. რატომ გგონია, რომ ორი კვირა არყოფნისას რაიმე შეიცვლებოდა? - ცოტა იმედგაცრუება იგრძნობოდა დანიელას ხმაში, - მთელი კვირა სამსახური და თუ გამიმართლებს, დასვენების დღეებში პეტროსი მესტუმრება ხოლმე. დარწმუნებული ვიყავი, რომ უახლოესი მეგობრის ბედნიერება უხაროდა, მაგრამ მაინც გარკვეული შური იგრძნო, როდესაც ჩვენი გრძნობებით სავსე შეხვედრა ნახა. პეტროსთან მისი ურთიერთობა, პეტროსის ხასიათის გათვალისწინებით, მოკლებული იყო მსგავს აღმაფრენებს. - ეს შენ, - მანქანა გავაღე თუ არა, ულამაზესი თაიგული გადმოვიღე, - ცოტა მეხამუშა ამ თაიგულით მოსაცდელ დარბაზში დგომა და მანქანაში დავტოვე. - რა ლამაზია! დიდი მადლობა, - თაიგულის საპასუხოდ მხურვალე კოცნა მივიღე. - ასწავლე შენს მეგობარს, როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ჯენტლმენი, - ვეღარ მოითმინა და გაგვიზიარა თავისი გულისტკივილი დანიელამ, - ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მისგან მხოლოდ ერთხელ მივიღე ყვავილი, ისიც ჩემს დაბადების დღეზე და ისიც მგონი სუპერმარკეტში ნაყიდი. - ყველას ერთნაირად არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა. პეტროსიც თავისებურად გამოხატავს თავის გრძნობებს, - მანქანაში ჩავჯექით და ვცადე, მისი გამოსარჩლება. - მოკლედ, მიხარია, რომ კარგად იმგზავრე და კმაყოფილი ხარ, - გაუღიმა ანას, - მე ცოტა გზას კი გაგიმრუდებთ, მაგრამ სახლთან ჩამომსვით. ერთმანეთთან ბევრი გექნებათ სალაპარაკო. ხელს არ შეგიშლით, - იგრძნობოდა, რომ მართლაც გულითადად უხაროდა ჩვენი ბედნიერება. - როგორც იტყვი. ისე, თუ გინდა, წამოდი ჩვენთან, ჩაი დავლიოთ ერთად და მერე გამოგიყვან სახლში, - ზრდილობისთვის დავამატე. - მართლა, წამოდი, - უკვე ანაც ჩაერთო, - მე მაინც გამოსასვლელი ვიქნები სახლში. ხვალისთვის ტანსაცმელი უნდა წამოვიღო და შენც მაგ დროს დაგტოვებდით. - მართლა არ შეგიშლით ხელს? - თითქმის დათანხმდა შეთავაზებას. - რა თქმა უნდა, არა, - მომიწია ანას აყოლა. - ოკ, მაშინ გამოგყვებით. ცოტას დაგელაპარაკები, - გახალისდა დანიელა. პეტროსის რომანტიზმის თაობაზე დანიელას მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი, როდესაც სახლში მისულებს, ანასთვის ჩემს მიერ გაკეთებული მორიგი სიურპრიზი დაგვხვდა - სასტურმო ოთახის გასწვრივ გადაჭიმული ბანერი, წარწერით “ანა, კეთილი იყოს შენი დაბრუნება!”, რომელიც გაფორმებული იყო ნაირფერი ბუშტებით. ჩემი უხერხულობა ანამაც იგრძნო და ნანახის გამო გამოწვეული სიხარული მოთოკა. მხოლოდ ყურში ჩამჩურჩულა ჩუმად: “საუკეთესო ხარ! ყველაფრისთვის მადლობას მოგვიანებით გადაგიხდი”. სამზარეულოში ჩაის მომზადება ჩემს თავზე ავიღე და გოგოებს მარტო საუბრის საშუალება მივეცი. უკვე გვიანი ღამე იყო, როდესაც ჯერ დანიელა დავტოვეთ სახლში, შემდეგ ანასთან შევიარეთ და უკან მოვბრუნდით. - დაღლილი იქნები, - მზრუნველად გადავულაპარაკე ანას სახლში შესვლისას. - კი, დავიღალე. თანაც მგონი რაღაცამ მაწყინა. გულისრევის შეგრძნება მაქვს გუშინდლიდან მოყოლებული. მაგრამ ისე რა დამღლის, ორი კვირის უნახავზე უბრალოდ დავწვე და დავიძინო, - სიყვარულით სავსე თვალები შემომანათა, - უცბად შხაპს მივიღებ და დაგიბრუნდები. - იქნებ ერთად? - რა თქმა უნდა... ოღონდ ეხლა არა, სხვა დროს, - გაეცინა ანას. - კარგი, მაშინ ლოგინში დაგელოდები. მანამდე წყალს დავლევ, - ვაკოცე და სამზარეულოსკენ გადავუხვიე. საძინებელში ასულს, სააბაზანოდან წყლის ხმა შემომესმა. წარმოვიდგინე შხაპის ქვეშ მდგარი ანა, მისი საოცნებო სხეული და იმ წამსვე აღვიგზენი. ტანსაცმელი გავიხადე და ლოგინში შევწექი. ცოტა ხანში წყლის ხმა შეწყდა. ყოველ წამს ველოდი ანას გამოსვლას, მაგრამ არა და არ ჩანდა. როგორც იქნა დაადგა საშველი - სააბაზანოს კარი გაიღო და თეთრპირსახოც შემოხევეული ანას სილუეტი, სააბაზანოდან გამოსული სინათლის შუქზე დავინახე. - ხომ არ ჩაგეძინა? - მეორე პირსახოცით თმების გაშრობას განაგრძობდა. - დამცინი? ზოგი მწოლიარე და ზოგიც მდგომიარე გელოდებით აქ. - მორჩა, მოვდივარ, - სიცილით მიპასუხა. ანას უზრუნველად ჩაეძინა ჩემს მკლავზე. მე კიდევ ფიქრს განვაგრძობდი... რაც გასული ორი კვირის განმავლობაში ხდებოდა ჩემს თავს, იყო უბრალოდ ველური, ფიზიკური სექსი, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა გრძნობებთან, ხოლო ცოტა ხნის წინ რაც მოხდა, ეს იყო “სიყვარულით დაკავება”. ინგლისურიდან უკეთესი თარგმანი ვერ მოვუძებნე ფრაზას “making love”. იმდენად დიდი იყო განსხვავება ამ ორ შეგრძნებას შორის, რომ თავს გულუბრყვილო პირობა მივეცი, ამიერიდან მხოლოდ სიყვარულით დავკავებულიყავი და უემოციო, ფიზიკური სექსი წარსულში დამეტოვებინა. * * * “და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.” (მათე 27:37) მხრებზე ძელშედგმული იეშუ, კიდევ ორ სიკვდილმისჯილთან ერთად, ქალაქგარეთ, გოლგოთის მთისკენ წაიყვანეს. გზად, რომაელმა ჯარისკაცებმა, რომელთაც სპეციალური მითითება ჰქონდათ კლეტუსისგან მიღებული, შემთხვევით გამვლელს, სახელად სიმონს, აჰკიდეს იეშუს ძელი და მას მიატანინეს გოლგოთამდე. ადგილზე, ტანჯვის შემსუბუქებისა და წყურვილის მოკვლის მიზნით, მათვე მიაწოდეს მას დასალევად პოსკა23. ძელები, რომელზეც ხელები ჰქონდათ მიბმული სიკვდილმისჯილებს, გოლგოთაზე წინასწარ გამზადებულ შვეულ ძელებზე მიაჭედეს და აღმართეს24. იეშუს ჯვარზე იმ დანაშაულის აღმნიშვნელი დაფაც მიაკრეს, რომელის გამოც რომის ხელისუფლებამ მას სიკვდილი მიუსაჯა. “იუდეველთა მეფე” - იუწყებოდა დაფა, ხოლო იუდეველთა მეფობაზე პრეტენზია, რომის ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავდა და ასეთი მკაცრი განაჩენის გამოსატანად, საკმარისზე მეტ საფუძველს წარმოადგენდა. სეირის საყურებლად შეკრებილი ბრბო ყიჟინას სცემდა: “თავი დაიხსენი ჯვრიდან, ჩამოდი და ვიწამებთ!” მათი მოსაზრებითა და იუდეველთა რწმენის თანახმად, თუ იეშუ მართლაც დავით მეფის შთამომავალი, იუდეის მეფე და მესია იყო, მის დასახმარებლად ანგელოზთა ლეგიონები უნდა გამოჩენილიყვნენ. თავად მასაც, ერთი მზერით უნდა განეგმირა რომაელი ჯარისკაცები. მათ იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც უყურებდნენ, თუ როგორ იტანჯებოდა იგი ჯვარზე გაკრული. “თავის თავი ვერ უხსნია და ისრაელი როგორ უნდა იხსნას?” - გაწბილებულები ეუბნებოდნენ ერთმანეთს. მოწაფეთა უმეტესობა, შეშინებული გაიქცა ქალაქიდან. მხოლოდ შიმშონი შერეოდა ბრბოს და აღელვებული ადევნებდა თვალყურს ჯვარცმის პროცესს. დიდი იყო რისკი, რომ ყველაფერი იეშუს სიკვდილით დამთავრებულიყო. შიმშონმა, ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ იეჰუდამ, რომელმაც არ იცოდა სათადარიგო გეგმის შესახებ, ვერ გაუძლო ზეწოლას და პილატეს მიერ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ თავი ჩამოიღრჩო. დრო მღვდელთმთავრებს ხელს არ უწყობდა - უკვე დღის მეორე ნახევარი დაიწყო და მალე შაბათი დადგებოდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო, სიკვდილით დასჯის პროცედურის, რაც შეიძლება მალე დასრულება. დანარჩენ ორ მსჯავრდებულს, სიკვდილის დაჩქარების მიზნით, რომაელმა ჯარისკაცებმა ფეხებზე არტერიები გადაუჭრეს, ხოლო იეშუ, უკვე მკვდრად ჩათვალეს, რის დასტურადაც, შუბის წვერით ფერდში მიყენებული ჭრილობიდან სისხლდენა იქნა მიჩნეული. იეშუს სხეული, პილატეს ნებართვით, გადაეცა მის ერთ-ერთ მოწაფეს, იოსებ არიმათიელს, რომელმაც მეორე მოწაფესთან, ნიკოდიმთან ერთად, სხეული ჯვრიდან ჩამოხსნა, სმირნისა და ალოეს ნაზავით დაამუშავა და იქვე, აკლდამაში დაასვენა. მღვდელთმთავართა თხოვნით, იმისათვის, რომ მომხრეებს სხეული არ გაეტაცებინათ და შემდეგ არ ეთქვათ, აღდგაო, პილატეს ბრძანებით, აკლდამასთან ორი რომაელი ჯარისკაცი დააყენეს. 23 (ლათ. posca) რომაული და ძველბერძნული უალკოჰოლო სასმელი, რომელიც ძმრისა და წყლისაგან მზადდებოდა და რომელსაც მოიხმარდნენ რომაელი ლეგიონერები. სავარაუდოდ, სწორედ ამ სასმელზეა საუბარი ახალ აღთქმაში (“და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული” (მათე 27:34)). 24 ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ჯვარზე გაკვრის გზით სიკვდილით დასჯისას, რომაელების მიერ ყოველთვის არ ხდებოდა ხელისგულების ლურსმნით მიჭედება, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, სიკვდილმისჯილი უფრო დიდხანს იტანჯებოდა. XXIX “Purple Haze all in my brain, lately things don't seem the same, actin' funny but I don't know why 'scuse me while I kiss the sky.” Jimi Hendrix - Purple Haze ანა დილას თავს შეუძლოდ გრძნობდა და სამსახურში არ წავიდა. მეც გადავდე საქმეები და მისი მოვლით დავკავდი. წინასწარ ნაყიდი მისი საყვარელი კრუასანი ღუმელში შევათბე, ჩაიც გავუმზადე და პირდაპირ საწოლში მივართვი. ანამ ჩაი მოსვა, კრუასანსაც მოატეხა ყუა, მაგრამ გულისრევის შეგრძნებამ მეტის ჭამის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით ქვემოთ გადავინაცვლეთ და დივანზე წამოწოლილებმა სერიალის “დაკარგულები” ყურება განვაგრძეთ. პირველი სეზონის DVD დისკი ხელში შემთხვევით ჩამივარდა და ერთ-ერთ მოსაწყენ საღამოს ჩავრთე. ისე ჩამითრია, ანასთან ერთად თავიდან დავიწყე ყურება. ანას არყოფნისას, მეორე სეზონის დისკიც ვიშოვე და დადგა შესაფერისი დრო, როდესაც შეგვეძლო დაუსახლებელ კუნძულზე მყოფებთან ერთად ჩვენც დავკარგულიყავით. რამდენიმე მცირე შესვენებას თუ არ ჩავთვლით, მთელი დღე სერიალის ყურებაში გავიდა. უკვე მოსაღამოვდა, როდესაც შიმშილმა შემაწუხა. ანამ კვლავ უარი განაცხადა ჭამაზე და მარტოს მომიწია სამზარეულოში ბუტერბროდების ხელდახელ მომზადება და ჭამა. - უკეთესობას არ გრძნობ? - ანას ვკითხე და ბუტერბროდს ბარაქიანი ლუკმა მოვაკბიჩე. - არა. მაინდამაინც ცუდად არ ვარ. გულისრევის ყრუ შეგრძნება მაქვს და საჭმლის სუნიც კი მაღიზიანებს. რომ იცოდე, როგორ არ მსიამოვნებს შენი ბუტერბროდიდან ყველის სუნი… - უკაცრავად…. თუ მასეა საქმე, სხვა ოთახში შევჭამ და მერე დავბრუნდები, - მოვკიდე თეფშს ხელი და სასადილოში გავედი. ცოტა ხანში, დანაყრებული უკან მივბრუნდი. - იცი რას ვფიქრობდი ეხლა, სანამ ვჭამდი? ექიმი ხომ არ გამოვიძახოთ? - შევთავაზე ანას, - რა ჭამე ასეთი ბარსელონაში? - ჯანდაბა! თითქოს არაფერი ისეთი არ მიჭამია… ექიმის გამოძახება არ არის საჭირო. თუ დილისთვის უკეთესობა არ ვიგრძენი, მაშინ იქნებ კლინიკაში გამიყვანო და დამტოვო. ბოლოს და ბოლოს გამოვიყენებ ჩემს დაზღვევის ოქროს ბარათს - ღიმილით დაამატა. - მაშინ ხომ არ დაიძინებდი? - ეგ შეიძლება. ცოტა დავიღალე სერიალის ამდენი ყურებით, - დაამთქნარა და წამოდგა. პლედი დივანზე მიაფინა და საძინებლისკენ დაიძრა. - არ დამემშვიდობები და არ მაკოცებ ძილის წინ? - დავაწიე გზაში. - ყველის სუნი! - არც მოტრიალებულა ისე მომაძახა. მე ჯერ არ მეძინებოდა. ჩემს იმპროვიზირებულ კაბინეტ-ლაბორატორიაში ავედი და წამუშავება ვცადე, მაგრამ გული ვერ დავუდე. ისევ დაბლა დავბრუნდი და კომპიუტერთან გავატარე დარჩენილი საღამო. დილით ყველაფერი ანას წინასწარი პროგნოზის თანახმად განვითარდა - არანაირი უკეთესობა და მისი კლინიკაში გაყვანა მომიწია. ჩემი დაჟინების მიუხედავად, ანამ არ ისურვა, რომ მასთან დავრჩენილიყავი და მეც საქმეებზე წავედი. მოვილაპარაკეთ, რომ კლინიკიდან თავისთან სახლში მივიდოდა და მოგვიანებით იქ შევუვლიდი. უკვე სადილობის დრო იყო გასული, როდესაც გავთავისუფლდი და ანას დავურეკე. უკვე სახლში მელოდა. დამამშვიდა, არაფერი სერიოზული არ მჭირსო. თხუთმეტ წუთში მანქანა მის სახლთან გავაჩერე და კიდევ ერთხელ დავურეკე. - უკვე ქვევით ვარ. ჩამოხვალ, თუ პოლიციას დავუძახო? - ვცადე გახუმრება. - იქნებ ცოტა ხნით ამოხვიდე? საქმე მაქვს, - ანას სერიოზულმა ხმამ დამაფრთხო. ჩემი ხუმრობაც კომენტარის გარეშე დატოვა. - ოკ. როგორც იტყვი. მოვდივარ. ანა ღია კარებთან დამხვდა. - შემოდი, - შემიშვა და თვითონ კარები მიხურა. მისაღებში შევედი და მოვტრიალდი. ვცადე მისი სახის გამომეტყველებით მივმხვდარიყავი, რაში იყო საქმე, მაგრამ უშედეგოდ. - დაჯექი, რაღაც უნდა გითხრა, - კარგად ნაცნობი დივანისკენ მიმითითა. - ოკ. ხომ მშვიდობაა? - ჩამოვჯექი და დაძაბულმა ავხედე. - გააჩნია, - თვითონ დივანთან მდგარ მაგიდაზე ჩემს წინ ჩამოჯდა, თვალებში ჩამხედა და პაუზის შემდგომ განაგძო, - კლინიკაში ანალიზები ამიღეს. მოწამლული არ ვარ, ტოქსიკოზია. მოკლედ, ფეხმძიმედ ვარ. იმედია, არ მკითხავ, ვისგან, - გახუმრება უადგილო გამოვიდა და ვერც მისმა დაძაბულმა ღიმილმა გამოასწორა ეს. - ოჰო! - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე პირველ ჯერზე, - ანუ გინდა თქვა, რომ მამა გავხდები? - ჩემი დამაზუტებული შეკითხვა ისეთივე უადგილო იყო, როგორც ანას ხუმრობა, მაგრამ გაგონილის შედეგად მიღებული შოკის გამო, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და პაუზაც არ მინდოდა, რომ გაჭიმულიყო. - ვიცი, მოულოდნელი სიახლეა, მაგრამ უკვე დიდ ბიჭი ხარ და უნდა იცოდე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუცველ სექსს, - ისევ უადგილოდ მეჩვენა მისი ხუმრობა, მაგრამ უხერხულ სიჩუმეს ისევ ეს სჯობდა. - მაგარია! ძალიან გამიხარდა, - გადავლახე შოკის პირველი ტალღა და მივხვდი, რისი გაგონება ესიამოვნებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, მართლა გამიხარდა, თუ არა. ფრაზა დავასრულე თუ არა, ანა მკვეთრად გადმოიწია ჩემსკენ, ჩამეხუტა და აქვითინდა. - მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ… ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი ხარ… - ძლივს ამოილუღლუღა წყვეტილი ფრაზები. დავრწმუნდი, რამხელა შვება იყო მისთვის ჩემი სიტყვები. ერთბაშად მოეხსნა ის დაძაბულობა, რომელსაც ჩემი რეაქციის ლოდინისას გრძნობდა. - მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ და ჩვენი შვილიც ძალიან მეყვარება, - გვერდით მოვისვი, ჩავეხუტე და ყურში ჩავჩურჩულე. უკვე იოტისოდენა ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ ახალმა ამბავმა გამახარა. მეტიც, ვიგრძენი, რომ კიდევ უფრო ბედნიერი გავხდი. მე და ანას შვილი გვეყოლებოდა! * * * “და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას.” (მარკ. 16:1) შაბათი ახალი გათენებული იყო, როდესაც კლეტუსი ჩვეული უხმაურო ნაბიჯებით პილატესთან შევიდა. - დღეს, ადრიანი დილით, იეშუ საიმედო ადგილას იქნა გადაყვანილი, - კმაყოფილი სახით მოახსენა პილატეს. - როგორ არის? - გაიზმორა პილატე და დაამთქნარა. ეტყობოდა, რომ ვერ მოახერხა ღამით კარგად გამოძინება. - დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით უკეთ, ვიდრე ოდესმე ნებისმიერ ჯვარცმულს უგრძვნია თავი, - გაეცინა კლეტუსს, - ჭრილობები ჯერ სიარულში ხელს უშლის, მაგრამ ორიოდ დღეში სრულიად ჯანმრთელად იქნება. - გასაგებია, - პილატესაც გაეცინა, - თვალყური ადევნე. ჯერ-ჯერობით, არ არის საჭირო, ვინმემ გაიგოს, რომ ცოცხალია, მათ შორის, სანამ იერუსალიმშია, არც მისმა მოწაფეებმა. თუ ჩვენ გვყავს მათ შორის ხალხი, კაიაფასაც ეყოლება ვინმე. კლეტუსმა დარბაზი კიდევ უფრო კმაყოფილმა დატოვა. კვირა დილა თენდებოდა, როდესაც მარიამ მაგდალინელი და იეშუს თანხმლები რამდენიმე ქალი აკლდამასთან მივიდნენ, მაგრამ აკლდამა ცარიელი დახვდათ. ცოტა ხანში, მათ შეურთდნენ ქალაქში დაბრუნებული შიმონ ბარ-იონა და იოჰანან ბენ-ზავედი. მცირე ბჭობის შედეგად, გადაწყდა, რომ წასულიყვნენ და დანარჩენი მოწაფეებისთვის ეცნობებინათ არსებული ვითარება. იეშუ, ქალაქგარეთ, საიდუმლო სახლში, ძალებს იკრებდა. მისი დავალებით, შიმშონი გზაში დაეწია აკლდამიდან წამოსულ მოწაფეებს და დანაბარები გადასცა. კერძოდ, იეშუ მოწაფეებს მოუწოდებდა, იუდეას გარიდებოდნენ და გალილეაში დალოდებოდნენ მას. არავინ უჯერებდა შიმშონს, რომ იეშუ არ მომკვდარა და ცოცხალია. განსაკუთრებით იმედგაცრუებული და ნაწყენი შიმონ ბარ-იონა სჩანდა, რომელიც მანამდე მიიჩნევდა, რომ მოწაფეთა შორის ყველაზე ახლოს იეშუსთან, სწორედ ის იყო. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა - ჩახლართული და სარისკო გეგმის განხორციელებაში მას ისეთივე რიგითი როლი ერგო, როგორც დანარჩენებს. ვერ ხვდებოდა, თუ რატომ ენდო იეშუ უფრო მეტად, მოწაფეთა შორის ორად ორ არაგალილეელს - შიმშონსა და იეჰუდას და ცოტა გაუხარდა კიდეც, როდესაც გაიგო, რომ იეჰუდამ თავი მოიკლა. მოსაშორებელი მხოლოდ შიმშონი რჩებოდა. ცოცხალი მას აღარც იეშუ სჭირდებოდა. მისი სიკვდილისა და შემდგომ, აღდგომის ისტორია შიმონს განუსაზღვრელ შესაძლებლობებს უქმნიდა. დანარჩენი მოწაფეებისთვისაც არ გაუჭირდებოდა დამტკიცება, რომ სწორედ თავად იყო პირველთა შორის უპირველესი. რა თქმა უნდა, მოუწევდა იეშუს ძმასთან, იაკობთან მორიგება, მაგრამ ეს არ იყო რთული. მან კარგად იცოდა, იეშუსა და მისი და-ძმების რთული ურთიერთობების შესახებ, თუ როგორ აღიზიანებდა იაკობს, იეშუს ქედმაღლური დამოკიდებულება. თავის მხრივ, იეშუ სხეულის გაუჩინარებამ, იუდეველ მღვდელთმთავრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოუწია პილატეს აღიარება, რომ აკლდამის მცველ ჯარისკაცებს ღამით ჩასძინებოდათ და სწორედ მაშინ გამქრალიყო სხეული. XXX “Magic moments, when two hearts are carin' Magic moments, mem'ries we've been sharing” Perry Como - Magic Moments დეკემბერმა მოულოდნელად მალე ჩაიარა. მე და ანამ გადავწყვიტეთ (სიმართლე რომ ვთქვათ, ეს უფრო ანამ გადაწყვიტა), რომ მომავალი ბავშვის თაობაზე, ჯერ არავისთვის გვეთქვა, თვით დანიელასთვისაც კი. ამდენად, ერთი შეხედვით, არაფერი შეცვლილა. თელ-ავივში, მთელი თვე, ფანტასტიური ამინდი იდგა. ზაფხულიდან მოყოლებული, ამინდის მკვეთრი ცვლილება არ ყოფილა და ყოველდღიურად, შეუმჩნევლად იწევდა ჰაერის ტემპერატურა დაბლა. უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი ამგვარი შემოდგომისა და ზამთრის დასაწყისისგან. ერთ-ერთ ასეთ დღეს, საღამოს პირას, მანქანით ვმოძრაობდი ქალაქში. ანასთვის უნდა შემევლო ისრაელის მრეწველთა ასოციაციაში, სადაც საქმიან შეხვედრაზე იყო და შემდეგ, ჩემთან უნდა წავსულიყავით. ქალაქში, პორტის მხრიდან შევედი და ჰა-იარკონის ქუჩას გავუყევი. სასტუმრო “შერატონ”-თან, შემაღლებული ადგილიდან, თვალწინ საუცხოო ხედი გადამეშალა - ჩამავალი მზის მომაჯადოვებელი სინათლე, ლივლივა, ლაჟვარდოვანი ზღვა, პლიაჟზე ფრენბურთის მოთამაშე ახალგაზრდები… ყველაფერი ამის დანახვაზე, ენით აუწერელი, განსაკუთრებული სიმშვიდის განცდა დამეუფლა, ისეთი, როგორიც არასდროს მქონია. ერთ გაელვებაში გავიაზრე, რომ ყველაფერი, რაც მსურდა, რასაც შეიძლება ბედნიერება მოენიჭებინა, უკვე მქონდა. ზღვაში, ბოლოს კვირას, 17 დეკემბერს ვიბანავე. წყალი უკვე საკმაოდ გრილი იყო, მაგრამ იმაზე მეტად არა, ვიდრე ივნისის დასაწყისში შავ ზღვაზე არის ხოლმე. კარგად მახსოვს, 21 დეკემბრიდან ისე უცბად აირია ამინდი, აცივდა და გაწვიმდა, რომ არც კი მჯეროდა, თუ რამდენიმე დღის წინ ზღვაში ვბანაობდი. დადგა ისრაელური ზამთარი. მაშინ უკვე მივხვდი, თუ რა საჭირო იყო ჩემს ვილაში ბუხარი. საღამოობით, როდესაც ქარი წამოუბერავდა და თავსხმა წვიმა დაასხამდა, სახლში საკმაოდ ციოდა. მეც, ახალი რიტუალი მოვიფიქრე - ბუხარში ცეცხლს გავაჩაღებდი, სავარძლებს ახლოს მივაჩოჩებდი და ცეცხლის ტკაცუნისა და მუსიკალურ ცენტრზე ჩართული წყნარი მუსიკის ფონზე, მე და ანა წიგნებს ვკითხულობდით ხოლმე. ორივეს მოგვწონდა ეს რიტუალი. ხანდახან რამდენიმე საათი ვმჯდარვართ ასე უტყვად. როგორც ანამ ამიხსნა, რაშიც მოგვიანებით ჩემითაც დავრწმუნდი, ისრაელში ახალი წელი არ აღინიშნებოდა. უფრო მეტიც, 1 იანვარი, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ამდენად, მისი მოახლოვება რომ გვეგრძნო, მისაღებში ნაძვის ხეც დავდგით. შეგრძნების გასაღრმავებლად, მეტ მონროს, ენდი ვილიამსისა და პერი კომოს სიმღერების ნაკრები ჩავწერე დისკზე და საღამოობით ვუსმენდით ხოლმე. ოთახის კუთხეში მოციმციმე ნაძვის ხე, ბუხარი და საშობაო მუსიკა… მთლიანად ისრაელის რა ვთქვა და ჩემთან, ვილაში, განწყობა ზედგამოჭრილი იყო. ანასვე წინადადებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პეტროსსთან და დანიელასთან ერთად შევხვედროდით ახალ წელს. ქალაქ რამათ-განში, სასტუმრო “შერატონ”-ში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, ოთხი ადგილი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დავჯავშნეთ. 31 დეკემბრის საღამოს, ყველანი დანიელასთან სახლში შევიკრიბეთ და საზეიმოდ გამოწყობილები, ერთად წავედით სასტუმროში. ჩვენი მოლოდინი გამართლდა - როგორც დაანონსებული იყო, ყველაფერი მართლაც უმაღლეს დონეზე იყო. თავდაპირველად, სტუმრების შეკრება სასტუმროს ერთ-ერთ დარბაზში, სხვადასხვა სასმელების ფონზე მოხდა. მოგვიანებით, საზეიმოდ გაწყობილ მთავარ დარბაზში გადავინაცვლეთ და ჩვენს მაგიდასთან ადგილი დავიკავეთ. კარგად გათვლილი პროგრამა, ბრაზილიელი მოცეკვავე გოგონების შოუ, საუცხოო სუფრა და ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი, კარგი დროსტარების წინაპირობა აღმოჩნდა. ანას უარმა, თუნდაც ერთი ჭიქა სასმელი დაელია, დანიელას უზომო განცვიფრება გამოიწვია და იძულებული გავხდით, გაგვემხილა საიდუმლო. ამაზე უკეთეს დროს ვერც შევარჩევდით. ჩვენი მცირერიცხოვანი კომპანიისთვის, საღამო ორმაგად საზეიმო გამოვიდა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც დავიშალეთ. 1 იანვარს, შუა დღეს გადასცდა, როდესაც ტელეფონის ზარმა გაგვაღვიძა. პეტროსი იყო - მისი სიტყვებით, ერთ მეტად საინტერესო ადგილას გვეპატიჟებოდა. დაახლოებით ერთ საათში მანქანით გამოგვიარეს და ჩრდილოეთის მიმართულებით, ქალაქ ზიხრონ-იაკოვში გავემგზავრეთ. პეტროსმა არც ამ ჯერზე დაგვაღალატა. ზიხრონ-იაკოვი, მთაზე შეფენილი პატარა და კოხტა დასახლება აღმოჩნდა, ტიპიური ისრაელური ქალაქებისგან სრულიად განსხვავებული არქიტექტურით. თითქმის უკაცრიელ მთავარ ქუჩაზე სეირნობისას, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ევროპულ ქალაქში დავაბიჯებდი. მოღრუბლული ამინდი იყო. საკმაოდაც ციოდა. ბევრი არ გვიფიქრია და პირველივე რესტორანში, რომელიც შევამჩნიეთ, შევედით. აქაც გაგვიმართლა. მყუდრო, ცარიელ დარბაზში, ღუმელის პირას მაგიდა დავიკავეთ და საჭმელი შევუკვეთეთ. - ანა, ხომ არ დაიღალე? - სათვალავი ამერია, ბოლო თორმეტი საათის განმავლობაში, უკვე მერამდენედ გადაწყვიტა დანიელამ მზრუნველობის გამოჩენა. - რას უნდა დავეღალე? ნახევარი საათიც არ გვისეირნია. ფეხმძიმედ ვარ, კი არ დავინვალიდებულვარ, - ანას გაეცინა და ღუმელს მიეფიცხა. - კარგად გათბი. შენთვის არ შეიძლება ეხლა გაცივება, - განაგრძობდა მზრუნველობას დანიელა. - ნუ შემაწუხე! უკვე ვნანობ, რომ გითხარი, - ანამ მკაცრად შეხედა დანიელას. - დანიელა, პირობას გაძლევ, რომ შენს მეგობარს სათანადო ყურადღებას მივაქცევ. არაფერი მოაკლდება, - გამოვესარჩლე ანას. - ეჭვიც არ მეპარება, - ჩვენს შეტევას აღარ შეეწინააღმდეგა დანიელა. - მე ცოტა ხნით დაგტოვებთ. სანამ შეკვეთას გაამზადებენ, გარეთ გავალ სიგარეტის მოსაწევად, - წამოვდექი. ქურთუკის ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და გასასვლელისკენ დავიძარი. - არ გაცივდე. მოიცვი ქურთუკი, - გზაში დამეწია ანას ხმა. - უკვე გაგიჩნდა დედობრივი მზრუნველობის გამოჩენის სურვილი? - სიცილით მოვტრიალდი, - შენ რომ არ ინერვიულო, ქურთუკს ჩავიცვამ. - მეც გამოვალ შენთან ერთად სუფთა ჰაერზე, - წამოიწია პეტროსი და დანიელასგან ანალოგიური შენიშვნა რომ არ მიეღო, ქურთუკი მაშინვე ჩამოხსნა საკიდიდან. - მაგარი ადგილია. არ ველოდი ასეთ განსხვავებულ გარემოს ისრაელში. თანაც როგორი სიმშვიდეა. გუშინდელი ღამის მერე ზუსტად ის არის, რაც მჭირდებოდა, - სიგარეტს მოვუკიდე, ნაფაზი დავარტყი და პეტროსს გადავულაპარაკე. - ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა, - ნასიამოვნებს გაეღიმა, - ბავშვს როდისთვის ელოდებით? - უცბად შეცვალა თემა. - თუ ექიმებს ვენდობით, სექტემბრის პირველ ნახევარში მამა გავხდები, - უჩვეულო იყო ჩემთვის ამ აპლუაში თავის აღქმა. - გატყობ, რომ გახარებული ხარ, - გამომცდელად შემომხედა. - თავიდან შოკი იყო. მერე რომ დავფიქრდი, მეტი რა უნდა უნდოდეს მამაკაცს საყვარელი გოგოსგან? თანაც პატარა აღარ ვარ და ნაადრევი იყოო ვერ ვიტყვი. - მაშინ კიდევ ერთხელ გილოცავ. გუშინდელ ჟრიამულში ისე გულითადად არ გამოვიდა მოლოცვა, - გაეღიმა პეტროსს. - მეც კიდევ ერთხელ გეტყვი მადლობას, - საპასუხოდ გავუღიმე, - ისე, როდესაც პირველ ღამეს კლუბში მიგვატოვეთ, ვინ იფიქრებდა, რომ სულ რამდენიმე თვეში ასეთი საუბარი გვექნებოდა? - ორივეს გაგვეცინა, - რომ იცოდე, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მამა ვხდები, ყველაფერს სხვანაირი თვალით დავუწყე ყურება. არ ვიტყვი, მსოფლმხედველობა შემეცვალა მეთქი, მაგრამ უფრო ფრთხილი და დინჯი გავხდი. ბავშვის დაბადების მერე, ალბათ, კიდევ უფრო შევიცვლები, - სიგარეტი საფერფლეზე ჩავაქრე და უკან შევბრუნდით. - დანიელა, როგორ არის ანა, რამეს ხომ არ შეუწუხებია? - მაგიდასთან მიჯდომისთანავე გავიხუმრე. - ყველა მამაკაცი ასეთი ეგოისტია. შენ არ იცი, რა რთულია ქალისთვის ამ პერიოდის გავლა, - გაბრაზებულმა შემომხედა დანიელამ. - კარგი, გავჩუმდები. შენს გამოცდილებას ვენდობი. თუმცა, როგორც ვიცი, პირველ ბავშვზე ფეხმძიმობისას გაგიჭირდა, თორემ დანარჩენები უფრო მარტივად გააჩინე, - ჩემს ამ ხუმრობაზე, დანიელასაც გაეცინა. - დარწმუნებული ვარ, კარგი მშობლები იქნებით. ნებისმიერ, შემთხვევაში დანიელა დეიდა გვერდით იქნება და არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას, - შემრიგებლური ტონით დაგვემუქრა. - აუცილებლად გვექნება შენი იმედი, - ამჯერად უკვე ანამ უპასუხა. გემრიელი სადილის შემდგომ, უკვე შებინდებული იყო, როდესაც უკან დავბრუნდით. - მომავალ ახალ წელს, უკვე სამნი შევხვდებით, - საწოლში დავწექით და ყურში ჩავჩურჩულე ანას. - აჰა... მჯერა, დანიელა მართალი იყო და კარგი მშობლები ვიქნებით, - ანას ხმაში ვიგრძენი, რომ უკვე წარმოიდგინა მომავალი ახალი წელი. - დარწმუნებული ვარ. ძილი ნებისა, ძვირფასო, - უფრო ძლიერად მოვეხვიე და ვაკოცე. * * * “სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?” (იოანე 21:16) პილატესთან შეთანხმებით, კლეტუსმა გადაწყვიტა, რომ იეშუ იერუსალიმისთვის გაერიდებინა და გალილეაში გაეშვა. რომაელი ჯარისკაცების თანხლებით მისი გამოჩენა არ შეიძლებოდა, ვინაიდან ყურადღებას მიიპყრობდა. მარტო მგზავრობაც სახიფათო იყო. სწორედ ამიტომ, თავად შეარჩია საიმედო ხალხი იეშუს გარემოცვიდან, რომელთაც იგი გააყოლა. იეშუს მოწოდების მიუხედავად, მოწაფეები არ ჩქარობდნენ მისი თხოვნის შესრულებასა და მასთან გალილეაში წასვლას. მას კიდევ ერთხელ მოუწია შიმშონის გაგზავნა, რომელმაც მოწაფეები იერუსალიმში, საიდუმლო სახლში ნახა. შიმონ ბარ-იონას უკვე მოესწრო მოწაფეთა უმეტესი ნაწილის თავის მხარეს გადაბირება. შიმშონმა, მტრული დამოკიდებულება მათგან, სახლში შესვლისთანავე იგრძნო. მას რვა დღის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოუწია მოწაფეებთან მისვლა. ამ ჯერზე, საუბარი უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა. მიხვდა შიმშონი, რომ იეშუ კარგავდა თავის მოწაფეებზე გავლენას. დრო გადიოდა. იეშუ, გალილეის ზღვის პირას, ერთ-ერთ პატარა სოფელში, სადაც არავინ იცნობდა, იყო გამოკეტილი. ერთ დღესაც, მასთან დარჩენილი მცირერიცხოვანი მომხრეების მეშვეობით შეიტყო, რომ შიმონ ბარ-იონა, კიდევ რამდენიმე მოწაფესთან ერთად, გალილეის ზღვაში სათევზაოდ იყო გასული. დილაადრიან, თევზაობიდან დაბრუნებულებს, იგი მათ ნაპირზე დახვდა. იეშუს ცეცხლი გაეჩაღებინა და ყველანი სასაუზმოდ დასხდნენ. მოწაფეები გრძნობდენ მის გაწბილებას და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ყველა შიმონ ბარ-იონას შეჰყურებდა. პირველივე შესაძლებლობისთანავე, წამოიშალნენ და ცეცხლის პირას მხოლოდ იეშუ და შიმონი დარჩნენ. - რატომ მიმატოვეთ? აღარ ხართ ჩემთან ერთად? - იეშუს ტონი მშვიდი და მტკიცე იყო. - ყველანი შენს მიერ დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ, - აღელვებულმა უპასუხა შიმონმა. - ჩემთან აღარ ხართ? - გაუმეორა შეკითხვა იეშუმ. - ჩვენ შენს საქმეს ვაგრძელებთ, - ისევ აარიდა პირდაპირ პასუხს თავი შიმონმა. - ესე იგი ჩემთან აღარ ხართ? - ხმას აუწია იეშუმ. - შენს დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ, - იგივე სიტყვებით უპასუხა შიმონმა, მხნეობა მოიკრიბა და განაგრძო, - ახლა შენი ცოცხლად გამოჩენა, ყველაფერს გააფუჭებს. შევძელით ხალხის დარწმუნება, რომ მკვდრეთით აღსდექი, რომ დადგება დრო, როდესაც ზეციდან, ანგელოზთა ლეგიონებთან ერთად დაბრუნდები და ყველას საკადრისს მიაგებ, - მცირე პაუზის მერე დაამატა, - პილატესთანაც ლაგდება ურთიერთობა. - ერთი თხოვნა შემისრულე, - იეშუს ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა. მიხვდა, რომ ყველამ მიატოვა, - შეკრიბე მოწაფეები, რათა დავემშვიდობო მათ. მერე ხელს აღარ შეგიშლით ჩემს მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებაში, - თქვა და მწარედ ჩაეღიმა. იეშუს თხოვნის თანახმად, შიმონ ბარ-იონამ შეკრიბა დარჩენილი კიდევ ათი მოწააფე და შეთანხმებულ ადგილას, შეხვედრაზე მიიყვანა. უკვე მოსაღამოვებული იყო, როდესაც იეშუ მოვიდა. მისი გამოჩენისთანავე ყველა გაჩუმდა და მას მიაცქერდა. - მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ ყველა ქმნილებას. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე,25 - დაასრულა, მიტრიალდა და სიბნელეში გაუჩინარდა. უცნობია, თუ საით გასწია მან. თუმცა, ინდოეთში, ქაშმირის პროვინციაში, ადგილობრივები დღემდე ყვებიან ძველ ისტორიას, რომლის თანახმად, ბუდისტი ბერი, სახელად ისა, ღრმა მოხუცებულობამდე ცხოვრობდა მათ სოფელში და 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხვა მოწაფეთა მიერ მოძულებული შიმშონი, მკვდარი ზღვის პირას, ერთ-ერთ გამოქვაბულში განმარტოვდა. იეშუს მოწაფეებს იგი კიდევ ერთხელ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გაახსენდათ, როდესაც შიმონ ბარ-იონამ, რომელსაც უკვე პეტრეს უწოდებდნენ, მათ ამცნო, რომ შიმშონს ფეხი დაცდენოდა და ღრმა ხევში გადაჩეხილიყო. პილატე პონტოელი კიდევ რამდენიმე წელი იყო იუდეის პრეფექტი. გაიუს კალიგულას იმპერატორად გახდომის შემდეგ, იგი გაიწვიეს და ცხოვრების დარჩენილი წლები, გალების მხარეში, კაიაფასგან მიღებული ოქროს მეშვეობით, უზრუნველად გაატარა. თავად კაიაფას მღვდელთმთავრობის ეპოქაც, თითქმის პილატეს მმართველობასთან ერთდროულად დასრულდა. იაკობმა და პეტრემ, იერუსალიმში, საფუძველი ჩაუყარეს იუდაიზმის ახალ მიმდინარეობას, რომელიც იეშუს სწავლებას დაეფუძნა და შემდგომი საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო რელიგიად იქცა. 25 მათე 28:18-20, მარკ. 16:15,16 XXXI “Our hopes and expectations Black holes and revelations” Muse - Starlight წვიმიანი დღეები ერთმანეთს მიეწყო. ეს მე არ მომწონდა, თორემ მთელი ისრაელი გულმოდგინედ ითვლიდა, კინერეთის ტბაში წყლის დონემ რამდენი მილიმეტრით აიწია. ცოტა კი ვაჭარბებ, როდესაც ვამბობ, რომ ასეთი ამინდი არ მომწონდა. ზოგადად არ მიყვარს სიცივე, თორემ ისეთი გრძელი ცხელი ზაფხული და თბილი შემოდგომა გამოვიდა, ცოტა მსიამოვნებდა კიდეც გრძელსახელოებიანი ტანსაცმლის ჩაცმა. ცალკე საუბრის თემაა, წვიმაში მანქანით მგზავრობა. მელანქოლია ნარევი სიმყუდროვის შეგრძნება მიჩნდებოდა, როდესაც საქარე მინის რეზინის საწმენდები მონოტონური მოძრაობით ასუფთავებდა წვიმის წვეთებისგან მინას, გარშემო, მოქუფრული, სევდიანი ამინდი, მე კიდევ, სასიამოვნო მუსიკის ფონზე, დანიშნულების პუნქტისკენ მივემგზავრებოდი. იანვრის შუა რიცხვებში, ერთ-ერთ ასეთ დღეს, დილით გავიღვიძე და ნაჩქარევად ყავა დავლიე. ამინდს არ უხდებოდა აჩქარება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. იერუსალიმში ერთ საათში უნდა ვყოფილიყავი. ანა, რამდენიმე დღით მშობლებთან გაემგზავრა, რომლებიც ხაიფაში ცხოვრობდნენ. მოვილაპარაკეთ, რომ როდესაც დაბრუნდებოდა, ჩემთან გადმოვიდოდა. დაგვღალა ორ სახლს შორის ყოველდღიურმა სირბილმა. უკანა სვლით გარაჟიდან გამოვედი და იმ წუთასვე მინის საწმენდების საქმეში ჩართვა მომიხდა. თვალწინ, სანამ მანქანას მოვატრიალებდი, გარაჟის მექანიკური კარი დაიხურა და იერუსალიმის გზას დავადექი. მუსიკალურ საკრავში ჯგუფ Muse-ს ბოლო ალბომი, “Black Holes and Revelations” მქონდა ჩართული. მეჩვენებოდა, რომ ამ ალბომში თავმოყრილი კომპოზიციები განსაკუთრებით კარგად შეესაბამებოდა ჩემს განწყობას. “Far away This ship has taken me far away Far away from the memories Of the people who care if I live or die...” დაიწყო ახალი კომპოზიცია და უკვე ტრასაზე ვიყავი გასული. გასული კვირის ბოლოს, მოვრჩი ტექსტის გაშიფრვას. მანამდე, ვერ ვახერხებდი ჩანაწერების სიძველეზე რაიმე კონკრეტულის თქმას, მაგრამ დასრულების შემდეგ, გარკვეული დასკვნები გამოვიტანე. კერძოდ, ოთხივე კანონიკური სახარებისგან განსხვავებით, არსად ნახსენები არ იყო ტაძრის დანგრევის შესახებ აპოკალიპტიკური მოსაზრება. ავტორს თავშიც არ მოსდიოდა, რომ ტაძარს შეიძლება რამე დამუქრებოდა. უფრო მეტიც, იგი საკმაოდ პოზიტიურად იყო განწყობილი რომის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და მიიჩნევდა, რომ იუდეველთა მიერ სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რომის იმპერიის ფარგლებშიც შეიძლებოდა ქვეყნის განვითარების მიღწევა. ლოგიკურია, რომ მსგავსი მოსაზრება არ დაიწერებოდა ჩ.წ. 66 წელს დაწყებული წარუმატებელი აჯანყების შემდგომ, რომელსაც რომაელების მიერ ტაძრის დანგრევა და ებრაელთა ამ მიწიდან განდევნა მოჰყვა. შესაბამისად, გრაგნილები შექმნილი უნდა ყოფილიყო ჩ.წ. 30-66 წლების პერიოდში. გამზადებული, ამობეჭდილი თარგმანი, გრაგნილებთან ერთად, სახლში, მაგიდაზე მელაგა. მოქმედების დრო დადგა. სწორედ დღეს ვაპირებდი კიდევ ერთხელ გავსაუბრებოდი მაიკლს და კომპანიას და ამის შემდეგ მივიღებდი საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ როგორი სახით გამომემზეურებინა ჩემი აღმოჩენა. “Destroy this City of Delusion, Break these walls down.”26 - მანქანის დინამიკებიდან მამხნევებდა მეთიუ ბელამის ხმა. ბევრჯერ წარმოვიდგინე სხვადასხვა სამეცნიერო ჯილდოს გადაცემის ცერემონიებზე ჩემი თავი ლაურეატის რანგში. ხანდახან, ფიქრებში, სამადლობელო სიტყვისთვის იდეებსაც ვამუშავებდი. მოკლედ, განდიდების მანიამ შემიპყრო. ამას ნათლად ვხედავდი, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებდი, რომ ჩემდაუნებურად და სრულიად შემთხვევით, უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენა გავაკეთე. მეცინებოდა, როდესაც მახსენდებოდა ხოლმე, რომ ეს აღმოჩენა მხოლოდ და მხოლოდ შევიძინე და ისიც, სულ რაღაც 4000 დოლარად. დარწმუნებული ვიყავი, რომ უსამართლო იქნებოდა, თუ მთელი ლავრები მე შემხვდებოდა, ვინაიდან ჩვენი ექსპედიციის გარეშე, ვერც ისრაელში მოვხვდებოდი და ვერც გრაგნილები ჩამივარდებოდა ხელში. გარდა ამისა, მათი წყალობით, ყველა პირობა მქონდა შექმნილი, აუჩქარებლად და კომფორტულ გარემოში მემუშავა ტექსტის გაშიფრვაზე. მოკლედ, გადასაწყვეტი იყო მხოლოდ ის, თუ როგორ შევფუთავდი გრაგნილების აღმოჩენის ლეგენდას. სიმართლის თქმა არანაირად არ გამოდიოდა. ჯერ ერთი, ელიასს ჩავაყენებდი მეტად უხერხულ მდგომარეობაში და მეორეს მხრივ, არც თავად გამოვჩნდებოდი კარგად - ყველასგან დაუკითხავად და შეუთანხმებლად, საკუთარი სახსრებით, გაურკვეველ ვითარებაში, შევიძინე ამხელა ღირებულების მქონე დოკუმენტი და თვეების განმავლობაში არ ვამხელდი მათ არსებობას. აღიარების მოლოდინის მიუხედავად, რაღაც შიგნიდან მღრღნიდა და არ მაძლევდა ტრიუმფალურ მომავალზე ფიქრით ბოლომდე ტკბობის საშუალებას. ვცდილობდი წარმომედგინა, რა მოყვებოდა ჩემს მიერ აღმოჩენილი ფაქტების საქვეყნოდ გამჟღავნებას. მიღწეული იქნებოდა ყველა ქრისტიანული მიმდინარეობის არნახული ერთიანობა და ეშმაკის მოციქულად, კაცობრიობის უპირველეს მტრად ერთობლივად გამომაცხადებდნენ. ამისთვის არ ექნებოდა მნიშვნელობა იმას, რომ მე მხოლოდ ვთარგმნე და გამოვაქვეყნე არსებული ისტორიული დოკუმენტი. არც გალილეო გალილეის მოუხდენია გავლენა მზის სისტემის ფორმირებაზე, მაგრამ მის მიერ უტყური ფაქტების შემჩნევა და გაჟღერება, კათოლიკური ეკლესიის მხრიდან მისი დევნისთვის საკმარისი არგუმენტი გამოდგა. სიმართლე რომ ითქვას, უკვე 21-ე საუკუნე იდგა და ეკლესიის მხრიდან აგრესია, რომელიც ნაკლებად სავარაუდო იყო ჩემს სიცოცხლესა და თავისუფლებას პირდაპირ დამუქრებოდა, დიდად არ მაღელვებდა. უფრო მეტად მაფიქრებდა უბრალო ხალხი, რომელთა ცხოვრებაშიც, იესოს ღვთაებრივი ისტორია უდაო ჭეშმარიტებას, ერთადერთ შვების წყაროსა და ნათელ წერტილს წარმოადგენდა. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ოფისს მივუახლოვდი. მანქანა ქუჩაში გავაჩერე და შიგნით შევედი. პირველ სართულზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მხოლოდ მეორე სართულზე, “ჩვენს” ოთახში შევამჩნიე შუქი და იქეთ გავემართე. თუ არ ჩავთვლით ფანჯარაში ზამთრის პეიზაჟს, ამ ოთახში პირველი შესვლის შემდგომ არაფერი შეცვლილიყო - ფელიპე, პოლი და პეტროსი თავიანთ მაგიდებთან ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. ყველასთან სათითაოდ მისალმების შემდეგ, მაიკლთან, კაბინეტში შევიარეთ და პირველ სართულზე, შეხვედრების ოთახში ჩავედით. ახალი წელი უკვე დაიწყო და ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვესრულებინა გასული წლის შედეგების შეჯამება და მიმდინარე წლის სამუშაოების დაგეგმვა. ეს შეხვედრა, ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არაერთხელ გადაიდო. ჯერ ფელიპეს მოუწია ერთი კვირით სახლში გამგზავრება. შემდგომ, საშობაო არდადეგებით მაიკლმაც ისარგებლა და როგორც იქნა, მოხერხდა ყველას შეკრება. ჩვენმა თათბირმა თითქმის სამი საათი გასტანა და დასასრულს, დაღლილები წამოვიშალეთ. საქმეზე საუბარი სამზარეულოში განვაგრძეთ, სადაც ყავის მოსამზადებლად გავედით. ფელიპე შეხვედრაზე აგვიანებდა და მალევე დაგვტოვა. მაიკლის წინადადება, სასადილოდ ერთად გასვლის თაობაზე, ყველას მიერ ერთხმად იქნა მოწონებული. - დღევანდელი ნაყოფიერი შეხვედრის შემდგომ, ყველამ დავიმსახურეთ გემრიელი სადილი. გასული წლის შედეგები შევაჯამეთ და მომავალიც დავგეგმეთ, - მყუდრო რესტორანში ადგილები დავიკავეთ და საზეიმო ხმით განაცხადა მაიკლმა. გახარებული იყო, რომ მისი საქმიანობის ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ნაწილი დაასრულა და წლის ბოლომდე შეეძლო ამაზე აღარ ეფიქრა. - როდესაც ბიუჯეტსაც დაგვიმტკიცებენ, მე მაშინ კიდევ უფრო გავიხარებ, - ბოლომდე არ გაიზიარა მაიკლის ოპტიმიზმი მენახემმა. - მაგის გარანტიას მე გაძლევ, - გადაიხარხარა მაიკლმა, - ბიუჯეტზე გამახსენდა, ცოტა კი დაგვიანდა, მაგრამ როგორც ირკვევა, გასული წლის დაფინანსება ისე ეკონომიურად აგვითვისებია, რომ არც თუ ისე მცირე მოცულობის ბონუსების დარიგების საშუალებას იძლევა, - მისმა ბოლო ფრაზამ, მაგიდის გარშემო მჯდომთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. - უკაცრავად, მაგრამ ალბათ ყველას შეკითხვას გავაჟღერებ: არც თუ ისე მცირე რამდენია? - ვეღარ მოითმინა პეტროსმა. - ზუსტად ვერ გეტყვით, მენახემი დაიანგარიშებს, მაგრამ თითოეულს, დაახლოებით ორი თვის ხელფასი გამოუვა, - მაიკლს აშკარად სიამოვნებდა ჩვენი გახარებული სახეების დანახვა. - ფელიპეს როგორ გაუხარდება. გუშინ მელაპარაკა, მეუღლისთვის მანქანის ყიდვა უნდა და კრედიტის აღებას აპირებდა, - მაიკლის ნათქვამზე მოწონების შეძახილი, აქამდე ჩუმად მჯდომ პოლსაც კი აღმოხდა. ნელ-ნელა ყველა მენიუს დაუბრუნდა და მალე შეკვეთაც გავაკეთეთ. - სანამ შეკვეთას მოიტანენ, ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ ყველას. რა თქმა უნდა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. ფელიპე აქ არ არის და ვიღაცამ ხომ უნდა წამოწიოს რელიგიური თემა? - ღიმილით დავამატე. - რელიგიურ თემაზე საუბრის დაწყებას ფელიპეს გარეშე აპირებ? როდესაც გაიგებს, გული დაწყდება, აქ რომ არ იყო და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება არ მიეცა, - გაიხუმრა პეტროსმა. - არ დაწყდება. ამ თემაზე მასთან უკვე ნასაუბრები მაქვს და ვიცი მისი პოზიცია, - გამეცინა. - აბა გისმენთ, - დაინტერესდა მაიკლი. - მოკლედ, წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური ვითარება: გათხრებისას, აღმოვაჩინეთ ისეთი ჩანაწერები, რომელიც სრულიად შეცვლიდა ბოლო ოცი საუკუნის განმავლობაში იესოზე ჩამოყალიბებულ მოსაზრებას. გაირკვეოდა, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო და რომ მისი ღვთაებრივი ბუნება მხოლოდ მიმდევართა მიერ შეთხზული ლეგენდაა. როგორ მოიქცეოდით და რას ფიქრობთ, რა შედეგებს მოიტანდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება? იესო მაგალითისთვის მოვიყვანე. თუ ვინმეს უფრო გაგიადვილდებათ სიტუაციის წარმოდგენა, შეგიძლიათ სხვა რელიგიის ღვთაებაზე იფიქროთ, - ისეთი პირდაპირი ტექსტი გამომივიდა, ბოლოს კვალის ასარევად დავამატე. - როგორ მოვიქცეოდი? ძალიან გავიხარებდი. გაცილებით დიდი მოცულობის ბონუსის სახით, შედეგსაც მეტად სასიამოვნოს მოიტანდა, - შეკითხვაზე ხუმრობით პასუხი გადაწყვიტა პეტროსმა. - ერთი შეხედვით, ყველაფერი მართლაც მასე ჩანს, მაგრამ არის ყველაფერი ასე მარტივად? - დავუზუსტე შეკითხვა. - მესმის, რასაც გულისხმობ. ასეთი სენსაციური ინფორმაციის ფლობას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, - ჩაფიქრდა პოლი, - დავუშვათ, გაირკვა, რომ ბუდა ჩვეულებრივი ადამიანი იყო და არც სიკვდილის მერე შეცვლილა რამე, - ალბათ მკრეხელობად მოეჩვენა იესოზე მსგავსი სიტუაციის მოდელირება, - ასობით მილიონ ადამიანს მოუწევდა საკუთარი შეხედულების კორექტირება. შეძლებდნენ კი, იმის მიღებას და გააზრებას, რომ მათი კულტურა, ცივილიზაცია და მსოფლმხედველობა ცრუ ინფორმაციაზეა აგებული? აპოკალიპტიკური სურათის დახატვა არ მინდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს სიახლე ბევრის ცხოვრებას დაანგრევდა. ბევრი დაკარგავდა ცხოვრების აზრს და გაიზრდებოდა ჩადენილი დანაშაულის, თვითმკვლელობების რიცხვი. რთული წარმოსადგენია, რა მოუვიდოდა იმ საზოგადოებებს, რომელთა არსებობასაც, მორალურ-ფილოსოფიური საყრდენი, უმთავრესი ქვაკუთხედი გამოეცლებოდა. ამავდროულად, როგორც მეცნიერი, ვალდებული ვიქნებოდი ეს ინფორმაცია საჯარო გამეხადა. რთული დილემაა. - პოლ, არც ეგრე რთულად უნდა იყოს საქმე, როგორც შენ გგონია, - განხილვაში მაიკლიც ჩაერთო, - ვიჯექი ეხლა და ვიხსენებდი, თუ მომხდარა უკვე მსგავსი რამ და ვერაფერი გავიხსენე. ყოველ შემთხვევაში, რელიგიის ისტორიიდან. კი, ჩნდებოდა ახალი რელიგიები და ამის საფუძველზე ქრებოდნენ ძველი, უფრო პრიმიტიულები, მაგრამ რომელიმე რელიგიის მყისიერი დევალვაცია აქ ნახსენები მიზეზის გამო, მგონი არ მომხდარა. რელიგია ხომ ცოცხალი თევზივითაა - საიდანაც არ უნდა მოავლო ხელი, საბოლოო ჯამში მაინც გაგისხლტება და ცოტა ხანში, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ცურვას. ვფიქრობდი და უცებ თავში მომივიდა პარალელი იდეოლოგიებთან, რომლებიც დაინგრა. მაგალითისთვის, ნაციზმი, კომუნიზმი… ყოველი მათგანისთვის, ამა თუ იმ მიზეზით, დადგა დღე, როდესაც ნათელი გახდა, რომ ის იდეები, რომლისაც ხალხს სჯეროდა, იყო არასწორი და დანაშაულებრივიც კი, ხოლო ის ლიდერები, რომელთაც ეთაყვანებოდნენ, სისხლიანი ჯალათები აღმოჩნდნენ. რა შეიცვალა… ხალხის დიდი ნაწილისთვის, მართლაც იყო შოკი. ბევრმა ეს მდგომარეობა მალე დასძლია და უფრო ბედნიერი გახდა. ნაწილი უბრალოდ დაიკარგა და ნაწილმა, განსაკუთრებით უფროსმა თაობამ, უარი განაცხადა მიეღო ახალი რეალობა და მითიურ წარსულთან ერთად განაგრძო ცხოვრება. გარდა ამისა, ერთ საინტერესო ფენომენზე მინდა გავამახვილო ყურადღება - წლები გადის და თითქოს უარყოფილ იდეოლოგიებს, რომელთა სიმცდარე და უვარგისობა ცხადზე უცხადესად არის დამტკიცებული, უჩნდება ახალი მიმდევრები. ჩვენთვის, მეცნიერებისთვის, ლოგიკური აზროვნება, მოვლენების ერთმანეთთან ლოგიკური ჯაჭვით დაკავშირება, ყოველდღიური რუტინაა. არც კი ვუფიქრდებით, რომ ხალხის დიდი ნაწილი ლოგიკურ აზროვნებაში მოიკოჭლებს. ამდენად, ბევრს, რაც არ უნდა დაუმტკიცო, უტყუარი ფაქტები დაულაგო წინ, მაინც თავის აზრზე დარჩება. - უკაცრავად, ჩაგეჭრები და შენი მოსაზრების დამადასტურებელ მაგალითს მოვიყვან, - შევაწყვეტინე მაიკლს, - თუ რეჟიმებზეა საუბარი, აქ მჯდომთაგან, ამ მხრივ ყველაზე დიდი გამოცდილება მე მაქვს. საბჭოთა კავშირში დავიბადე და ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში გავატარე. თითქოს, დღეს, ყველასთვის ნათელია, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია იყო, რომ ლენინი და სტალინი სისხლიანი ტირანები იყვნენ, მაგრამ საქართველოში დღესაც მრავლად არიან სტალინისტები. ვერანაირი ლოგიკა და დამტკიცებული ფაქტები, მილიონობით მსხვერპლი, ვერ აიძულებს მათ შეხედულების შეცვლას. უფრო მეტსაც ვიტყვი. რუსეთში, დღემდე დედაქალაქის ცენტრში, მავზოლეუმში უწევთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დამნაშავე და ბოლო პერიოდში, სახელმწიფო დონეზეც კი დაიწყეს საბჭოთა პერიოდის იდეალიზაცია, - დავასრულე და ისევ მაიკლს გადავეცი სიტყვა. - დიდი მადლობა. კარგი მაგალითია. დავასრულებ ჩემს მოსაზრებას. გამახსენდა პრინსტონის უნივერსიტეტის რელიგიის პროფესორის, ჯონ გეიჯერის გამონათქვამი, რომლის თანახმადაც, მსგავს ვითარებაში, არ არის აუცილებელი რელიგიური მიმდინარეობის ჩამოშლა. პირიქით, სტრესისა და ეჭვების გაჩენამ, შეიძლება გამოიწვიოს აქტიური მისიონერული მოღვაწეობის დაწყება27. ეს მოსაზრება ეფუძნება სოციალური ფსიქოლოგის ლეონ ფესტინგერის ცნობილ ნაშრომს “კოგნიტიური დისონანსის თეორია”, სადაც აღნიშნულია, რომ კოგნიტიური დისონანსის არსებობა იწვევს დისონანსის ლიკვიდაციის ან შემცირებისკენ მიმართულ უკუქმედებას. ამდენად, არამგონია, რომ როგორც პოლმა თქვა, ბუდას მითის დანგრევამ კატასტროფა გამოიწვიოს. რა თქმა უნდა იქნება რყევები, იქნება სირთულეები და ცვლილებები, მაგრამ ვთვლი, რომ ისეთი აპოკალიფსი და ცივილიზაციის განადგურება, როგორც აიზეკ აზიმოვს აქვს აღწერილი თავის მოთხრობაში “და დადგება ღამე”28, ალბათ არ გველოდება. რაც შეეხება მეცნიერის ვალდებულების მორალურ ასპექტს - მეცნიერი ვალდებულია თავისი შრომა კაცობრიობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მიმართოს. ამდენად, თუ რაიმე აღმოჩენა აშკარად მავნებელი იქნება საზოგადოებისთვის და მეცნიერი წინასწარ იქნება ამაში დარწმუნებული, მისი მორალური ვალდებულებაა, შეეცადოს, მსგავსი აღმოჩენა არ ჩავარდეს ისეთ ხელში, რომელიც მას ბოროტად გამოიყენებს, - დაასრულა მაიკლმა და მაგიდასთან სიჩუმე ჩამოწვა. - ფელიპე რა აზრის იყო? - დაარღვია სიჩუმე პეტროსმა. - თითქმის იგივე მოსაზრება ჰქონდა, რაც მაიკლს. ერთი განსხვავებით - ეჭვი არ ეპარება, რომ როგორც თვითონ თქვა და თემის გათვალისწინებით ცინიკურად მომეჩვენა, ყველაზე მაღალი სამრეკლოდან ამცნობს კაცობრიობას აღმოჩენის შესახებ. ყველას გაეცინა. თელ-ავივისკენ უკანა გზაზე ჩვენს მსჯელობაზე ვფიქრობდი. ფიქრი მხოლოდ ანასთან ხანმოკლე სატელეფონო საუბრის დროს შევწყვიტე. გამიხარდა, რომ ზეგ დილით დაბრუნდებოდა და ისევ ერთად ვიქნებოდით. მის გარეშე სამი დღეც კი დიდ დროდ მეჩვენებოდა. შებინდება ადრე დაიწყო და წვიმიანი ამინდის გათვალისწინებით, მეტი ყურადღებით მიწევდა ავტომანქანის მართვა, რამაც ცოტა გადამღალა. ისედაც, დაკვირვებული ვიყავი, რომ იერუსალიმში ყოველი მგზავრობის შემდეგ არაადეკვატურად ვიღლებოდი. არც მანძილი იყო ისე დიდი არც გზა იყო ისეთი რთული, რომ ამგვარად ემოქმედა. ერთადერთ შესაძლო ახსნად აკლიმატიზაცია მომდიოდა თავში. სიახლოვის მიუხედავად, იერუსალიმსა და თელ-ავიში განსხვავებული კლიმატი იყო - ტენიანობასა და ჰაერის ტემპერატურაში სხვაობა, თელ-ავივი თუ ზღვის დონეზე იყო, იერუსალიმი 750 მეტრზე ზღვის დონიდან და ა.შ. დაღლილობის მიუხედავად, ფიქრი არ შემიწყვეტია. პრინციპში, არაფერი ჩემთვის ახალი არ უთქვამთ. ერთადერთი რაც საინტერესოდ მეჩვენა, აიზეკ აზიმოვის მოთხრობის “და დადგება ღამე” ხსენება იყო. ამ მოთხრობის ვრცელი ვერსია დიდი ხნის წინ მქონდა წაკითხული და როგორც მახსოვდა, სიბნელის დადგომას, მათთვის სრულიად უჩვეულო გარემოს შექმნას, ხალხი ჭკუიდან გადაჰყავდა. იმ დონის ქაოსი იქმნებოდა, რომ ცივილიზაციის სრულად განადგურებას იწვევდა. მანქანა გარაჟში დავაყენე, ტანსაცმელი გამოვიცვალე, ბოლო ძალები ბუხრის დანთებას მივახარჯე და დაღლილი სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი. ოთახის მეორე ნახევარში მდგარ მაგიდას გადავხედე. ამობეჭდილი ფურცლები და გრაგნილები მოსვენების საშუალებას არ მაძლევდნენ. ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ვცადე და ცეცხლის ალში სხვადასხვა ფიგურების გარჩევა დავიწყე. ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამეძინა. 26 “გაანადგურე ილუზიების ქალაქი, დაანგრიე ეს კედლები”. 27 “გარკვეულ პირობებში, რელიგიურმა საზოგადოებამ, რომლის ფუნდამენტური რწმენა უარყოფილი იქნება რეალურ სამყაროში განვითარებული მოვლენების შედეგად, არ არის აუცილებელი კოლაფსი განიცადოს ან დაიშალოს. ამის ნაცვლად, მას შეუძლია დაიწყოს აქტიური მისიონერული მოღვაწეობა, რაც კოგნიტიური დისონანსის გრძნობაზე, ანუ მნიშვნელოვანი რწმენის უარყოფით გამოწვეულ სტრესულ მდგომარეობასა და ეჭვებზე საპასუხო რექციას წარმოადგენს.” (John Gager, Kingdom and Community: The Social World of the Early Christians) 28 “და დადგება ღამე” (ინგლ. Nightfall) - აიზეკ აზიმოვის მოთხობა. მოთხრობაში აღწერილია პლანეტის ცხოვრება, რომელსაც ექვსი მზე ანათებს და რომელზეც ღამე მხოლოდ 2049 წელიწადში ერთხელ დგება, რაც ყოველ ჯერზე ცივილიზაციის განადგურებას იწვევს. XXXII “Remember when you were young, you shone like the sun.” Pink Floyd - Shine On You Crazy Diamond შუა ღამით, უჩვეულო სიზმარმა გამაღვიძა - აღორძინების ეპოქის ფერმწერთა ტილოების ერთ-ერთი პერსონაჟი ვიყავი. ნახევრად შიშველი, თეთრ, ჰაეროვან ნაჭერ მოხვეული, რომელიც მხოლოდ გენიტალიებს მიფარავდა, ღრუბელზე ვიჯექი და ზემოდან დავყურებდი დედამიწას. სრული სიჩუმე, სიმსუბუქისა და სიმშვიდის ენით აუწერელი შეგრძნება... ჩემს მიერ ნახსენებ ტილოებზე გამოსახული სხვადასხვა პერსონაჟი გარშემო უხმოდ ირეოდა - ზოგი დაფრინავდა, ზოგი ზღუბლებზე დააბიჯებდა და ზოგიც ჩემსავით ჩამომჯდარიყო. დავყურებდი ქალაქებსა და დასახლებებს, მათ ყოფას და ვხვდებოდი, რამდენად უმნიშვნელო იყო რაც იქ ხდებოდა. ამ ყველაფრის დაახლოებით ისეთი აღქმა მქონდა, როგორიც მიწაზე მოფუთფუთე, საქმიანი ჭიანჭველების ყურებისას გიჩნდება. აღმოვაჩინე, რომ თურმე ლევიტაციის უნარი მქონია; საკმარისი იყო შინაგანი მობილიზება და ჰაერში ვლივლივებდი. მესიამოვნა. გამიჩნდა იმის შიშის შეგრძნებაც, რომ თუ ამ უნარს დავკარგავდი, ან საკმარისად ვერ შევძლებდი შინაგან მობილიზაციას, ძირს დავენარცხებოდი. ჰაერში ლივლივისას მივხვდი, რა იყო ჩემი ასეთი სიმშვიდის, სიმსუბუქისა და კაცობრიობის ყოფითი პრობლემებისადმი გულგრილი დამოკიდებულების მიზეზი - თურმე მიმიგნია ჩემი ცხოვრების ძირითად შეკითხვაზე პასუხი და ვიცოდი, რა არის მთავარი. კი, ვიცოდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი გახსენებას. უცბად, მკვეთრად მოიკლო სინათლემ და ნიავმა წამოუბერა. ყველა გარშემო მყოფი სადღაც გაქრა. შემამცივნა და ვცადე მოფარებული თეთრი ნაჭერი მთლიანად სხეულზე შემომეხვია. ამ დროს გამეღვიძა. იმის გასააზრებლად, თუ სად ვიყავი, რამდენიმე წამი დამჭირდა. ბუხარში ცეცხლი ჩამქრალიყო და ოთახში საკმაოდ ციოდა. მე კი თურმე ძილში ვცდილობდი პლედი, რომელიც გადაფარებული მქონდა, გამესწორებინა. სხვა გზა არ იყო - წამოვდექი და საძინებელში ავედი. ლოგინში შევწექი, მაგრამ ვეღარ ვიძინებდი. “რა არის მთავარი?” ყურში ჩამესმოდა საკუთარი ხმა. ვცდილობდი გახსენებას. გაღვიძებულზეც მქონდა შეგრძნება, რომ ამ შეკითხვაზე მართლა ვიცოდი პასუხი, ოღონდაც უნდა დამეძაბა გონება და აუცილებლად გავიხსენებდი. თანაც ისე უნდა გამეხსენებინა, რომ აღარასოდეს დამვიწყებოდა. “რა არის მთავარი?” “გავიხსენებ…. აუცილებლად გავიხსენებ…” “რა არის მთავარი?” “ცოტაც და აუცილებლად გავიხსენებ...” ისევ ჩამეძინა. XXXIII "Emancipate yourselves from mental slavery; None but ourselves can free our minds." Bob Marley - Redemption Song დილით დაღლილს გამეღვიძა. ცოტა თავიც მტკიოდა. ამ მდგომარეობის უებარი და მრავალგზის ნაცადი წამალი ყავის სახით, ქვემოთ, სამზარეულოში მელოდა, მაგრამ ადგომა მეზარებოდა. ცოტა ხანი ლოგინში ვიწრიალე. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ლოგინში წოლაზე უფრო მეტ კომფორტს ყავის დალევა მომიტანდა და ხალათმოსხმული სამზარეულოში ჩავედი. საათს შევხედე. დილის 10 საათი ხდებოდა. სამუშაო დღე კი იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ მქონდა დაგეგმილი და გადავწყვიტე, სახლში დავრჩენილიყავი. ამ გადაწყვეტილებას ამინდიც ხელს უწყობდა - არ წვიმდა, მაგრამ ღრუბლების სქელ ფენას გამოღწეული მზის სხივები, ამინდის შესაბამის თეთრ, სევდიან სინათლედ იღვრებოდა სამზარეულოში. ფინჯანი ავიღე და მისაღებში გავედი. შემდეგ ბუხარიც დავანთე. სიმყუდროვის შეგრძნებას რაღაც აკლდა. მივხვდი, რომ დისკომფორტის განცდას, გაუსაძლისი სიჩუმე მიქმნიდა. მომიწია მუსიკალურ ცენტრზე წყნარი მუსიკის კრებულის ჩართვა და უკვე მარტო აღარ ვიყავი. სავარძელში ჩავჯექი და ბუხარს მივეფიცხე. მაცოცხლებელ ყავას, სიგარეტიც შევაშველე. სიზმარი გამახსენდა. დღისით უცნაურად მეჩვენა ჩემი ღამის განცდები. უკვე აღარ ვიყავი დარწმუნებული, თუ რას ნიშნავდა ყოველივე და მითუმეტეს, რაზე უნდა ეპასუხა კითხვას “რა არის მთავარი?”. ყავის სმას მალე მოვრჩი და ანას დავურეკე. გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება. ჩემზეც დამამშვიდებლად იმოქმედა მისმა მხიარულმა და დადებითი ენერგეტიკით დამუხტულმა ტონმა. - ანა, ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა, თუ გცალია, - თავდაპირველ მისალმებასა და ერთმანეთის მოკითხვას როგორც კი მოვრჩით ჩემი ღამის ფიქრებს დავუბრუნდი. - აბა გისმენ, - ანას ხმა ცოტა დაეძაბა. - უცნაური შეკითხვაა. შეგიძლია დაუფიქრებლად მიპასუხო? - გისმენ, ნუ დამტანჯე. - რა არის მთავარი? - ჩვენს ბუღალტერს თუ დავუჯერებთ, მთავარია ბალანსის შედგენისას, ბოლოს ნული მიიღო, - გადაიხარხარა ანამ, - რაღაც სერიოზულ კითხვას ველოდი. - და რა აზრი აქვს საერთოდ რამის კეთებას, თუ მთავარია, ბოლოს ნული, ანუ არაფერი მიიღო? - ანას ხუმრობით გაცემულ პასუხში მაინც დავიჭირე რაღაც ჩემთვის საინტერესო. - ვატყობ, შენი მარტო დატოვება არ შეიძლება; უცნაურმა ფიქრებმა შეგაწუხა. ისე, თუ სერიოზულად მივუდგებით, რატომ არ აქვს აზრი რაიმეს კეთებას? საბოლოოდ ნულის მიღება ხომ იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე და შედეგად, შენს გარშემო არსებული წონასწორობა არ დაგირღვევია? - ბუღალტერთან დაკავშირებული შენი ხუმრობის მერე, თემის ასეთ სერიოზულ განვრცობას არ ველოდი, - უკვე მე გამეცინა, - ყოჩაღ! საინტერესო მოსაზრებაა. - მოხარული ვარ, თუ შენი მოლოდინი გავამართლე, - შეეტყო, რომ ესიამოვნა ჩემი შექება, მაგრამ მაინც სარკაზმი გაურია პასუხში, - ეხლა გავდივართ და საღამოს დაგირეკავ ოკ? გკოცნი და მენატრები. - მეც გკოცნი და მეც მენატრები. დროზე დაბრუნდი. მართლა, ხომ არ გინდა ჩამოგაკითხო და მე წამოგიყვანო? - უცბად გამიჩნდა იდეა. - თუ გცალია, ფანტასტიური იქნებოდა, - ანას ხმაში დაუფარავი სიხარული იგრძნობოდა, - დეტალებზე საღამოს დავილაპარაკოთ. ნახვამდის. - ნახვამდის. ტელეფონი გვერდზე გადავდე და შხაპის მისაღებად ისევ ზემოთ ავედი. ფიქრს შხაპის დროსაც ვაგრძლებდი. და მართლაც, რა არის მთავარი? მოცემულ ეტაპზე, ჩემთვის მთავარი იყო საკუთარ მომავალზე მეფიქრა. მომავალზე, რომელიც მალე კარდინალურად შეიცვლებოდა - ცოტა ხანში მამა გავხდებოდი. გამიჩნდებოდა ახალი ვალდებულებები, ახალი პასუხისმგებლობა იმ ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობი ადამიანის მიმართ და ეს განცდა გაგრძელდებოდა ცხოვრების ბოლომდე. “Things will never be the same again...” საიდანღაციდან გამახსენდა და წავიღიღინე Melanie C-ს სიმღერიდან ფრაზა. Spice Girls-ის ფანი არასდროს ვყოფილვარ და გამეღიმა ჩემი მეხსიერების ამ ხუმრობაზე. ეს კარგი ნიშანი იყო - მხოლოდ პოზიტიურ განწყობაზე ყოფნისას შემეძლო თითქმის ნებისმიერ ფრაზაზე, ნებისმიერ სიტუაციაზე, სიმღერიდან შესატყვისი ფრაზის გახსენება. მუსიკალური წიაღსვლა დავასრულე და ჩემს ფიქრებს დავუბრუნდი. და რა უნდა გამეკეთებინა, რომ ჩემს მომავალ შვილთან, ასევე საყვარელ ადამიანთან, ანასთან დაკავშირებით გაჩენილი ახალი პასუხისმგებლობა გამემართლებინა? თავში მარტივი პასუხი მომივიდა: მათთვის სტაბილური გარემო უნდა შემექმნა. გარემო, რომელშიც ერთად ვიქნებოდით ბედნიერი. თვალწინ, ისევ და ისევ ბანალური სურათები წარმომიდგა, ისეთი, მაიონეზის ან ორცხობილას სატელევიზიო რეკლამაში რომ არის ხოლმე: მზიანი დღე, მინდორი. მე და ანა ბალახზე დაფენილ პლედზე ვსხედვართ და გაღიმებული, ბედნიერი სახით ვუყურებთ, ჩვენი შვილი როგორ დარბის და ხალისობს ჩვენს გარშემო. მეორე სურათი: მე და ანა ხალიჩაზე ვსხედვართ (ეტყობა, ჩემს წარმოდგენაში სკამი ან სავარძელი, ბედნიერების შეგრძნებასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა) და ბედნიერი სახით ვუყურებთ, ჩვენი შვილი როგორ იღებს ლამაზად გაწყობილი ნაძვის ხის ძირას დადებულ, მისთვის განკუთვნილ საჩუქარს, შემდეგ მოუთმენლად ხსნის შეფუთვას და საჩუქრით გახარებული გვეხვევა ორივეს. შხაპის მიღება დავასრულე და ისევ ბუხართან, სავარძელში დავბრუნდი. ცეცხლს შეშა შევუკეთე და მოხერხებულად მოვთავსდი. დაღლილობამ და თავის ტკივილმა ბოლომდე გამიარა. მაგიდაზე დალაგებული გრაგნილებისა და ამობეჭდილი ფურცლებისკენ გავიხედე. წამოვდექი, ავიღე და ისევ სავარძელს დავუბრუნდი. თვალი გადავავლე თარგმანს, ხაოიან ტყავის პერგამენტს ხელი გადავუსვი. გამახსენდა ყველაფერი, რაც მათი გაშიფრვის პროცესში მოხდა. გამახსენდა ყველაფერი, რაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შემემთხვა და როგორც იქნა! გამახსენდა, რა არის მთავარი! ფურცლები უცბად აალდა და ჩაიფერფლა. ძველი ტყავის გრაგნილები, კი უფრო დიდ ხანს იწვოდა. სიგარეტს მოვუკიდე და თვალები დავხუჭე. ქუჩაში ძლიერად გაწვიმდა და სახლის სახურავზე წვიმის წვეთების კაკუნის ექო მთელს მისაღებში ისმოდა. წვიმის წვეთების ხმას ვერც მუსიკალური ცენტრიდან მომავალი მუსიკა ახშობდა: “Emancipate yourselves from mental slavery None but ourselves can free our minds Have no fear for atomic energy 'Cause none of them can stop the time How long shall they kill our prophets While we stand aside and look? Some say it's just a part of it We've got to fulfill the Book Won't you help to sing These songs of freedom? 'Cause all I ever had Redemption songs All I ever had Redemption songs These songs of freedom Songs of freedom…”29 29 Bob Marley - Redemption Song |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.