შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოიოტის ეფექტი


23-04-2020, 01:39
ავტორი omexi
ნანახია 1 193

(სათაური პირობითია)
ნაწარმოები ახლა დავიწყე, გთხოვთ შეაფასოთ მკითხველო, რამდენად ღირს გაგრძელება.
მადლობა.

1.
ექვსი არმიული Hummer-ისგან შემდგარი ჯავშანმანქანების კოლონა, ქალაქ ელ-კუთის შემოგარენში ყოველდღიურ რეიდს ასრულებს, მათი მძლავრი ძრავის ღმუილი ქალაქიდან მოტანილი შიიტი მუეძინის ლოცვის ხმას ახშობს.
ვასიტის პროვინციისა და მთლიანად ირან-ერაყის დამაკავშირებელი ანკლავის უსაფრთხოებას, ამერიკული სარდლობის დავალებით, საქართველოს სახმელეთო ძალების პირველი ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს.
მათე არაბული ჯავშანტრანსპორტიორის ლიუკთან მოწყობილ სპეციალურ სადგომში ტყვიამფრქვევთან დგას, მძიმე ჩაფხუტი ნახევარ სახეს უფარავს და აცახცახებულ მირაჟს მიღმა თვალებმოჭუტული გასცქერის ქალაქის დაპერტყნილ სილუეტს.
თერმომეტრი 55 გრადუსს აჩვენებს, ოფლი სახეზე ღვარად ჩამოსდის, საბურავებიდან წამოშლილი ნაცრისფერი მტვერი კი ჯავშანმანქანის კამუფლაჟს ზანტად ეფინება.
ტრანსპორტიორი მდინარე ტიგროსის მარცხენა სანაპიროს მიუყვება, მალე ქალაქში შევლენ, კოლონა სწრაფად მიჰქრის ოღრო-ჩოღრო, ნაასფალტარ გზაზე, ნანგრევებად ქცეული შენობები ამომავალი მზის სისხლისფერ შუქზე მრისხანედ გამოიყურებიან.
- წინ ჩასაფრებაა! - ხმამაღლა ყვირის პირველ ჯავშანმანქანაში მჯდომი ჯარისკაცი.
- სრული საბრძოლო მზადყოფნა, - სარეიდო ოცეულის მეთაური პორტატული რადიოგადამცემით ბრძანებას იძლევა.
მოულოდნელად წინ მიმავალი Hummer-ი თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, ე.წ. აიდზე (IED) ფეთქდება, გვერდზე ტრიალდება და გზას ხერგავს, კოლონა სვლას ანელებს, ისმის მუხრუჭების ხმა.
ჯავშანმანქანა აფეთქებული Hummer-ის ალმოდებულ ნამსხვრევებს, გვერდს უვლის და მსხვილკალიბრიანი ტყვიებიდან ნაყვავილარივით დაღარული შენობის კედელს ეჯახება.
მიტოვებული შენობის სახურავზე ჩასაფრებული, ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული ერაყელი მოიერიშეები შეტევაზე გადმოდიან, ჭურვების წვიმა მოულოდნელად ატყდებათ თავს, იარაღს ჩაბღაუჭებული არაბული საპასუხო ცეცხლს ხსნის, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი ადვილად ანგრევს გარუჯულ კედლებს, მაგრამ იქვე აფეთქებული ჭურვი მანქანას ატრიალებს.
მკერდში მძლავრ ტკივილს გრძნობს, მძიმე ჩაფხუტი თავიდან ძვრება, აფეთქების ცეცხლი სახეს უხრუკავს, პირი სისხლით ევსება და თვალთ უბნელდება.

**********

მათე არაბულს ცივ ოფლში გახვითქულს ეღვიძება, ნაჭრილობევი ფეხი საშინლად სტკივა, დაბნეული ათვალიერებს ჩაბნელებულ ოთახს, რომელსაც ტელევიზორის მკრთალი ციმ-ციმი ანათებს.
დივანზე წევს, ალბათ ტელევიზორის ყურებაში ჩაეძინა.
ჯანდაბა, უკვე შვიდი წელია რაც არმიას მიღებული ჭრილობის გამო თავი გაანება, მაგრამ ეს სურათი თვალებიდან არ ამოსდის, ყოველ ღამ ეზმანება ერაყელი მოიერიშეების თავდასხმა.
წვივს ზანტად იზელს, საოცრად სტკივა ძველი ჭრილობა, გრძელ, წითელ ნაიარევს თითს აყოლებს და ფეხზე დგება.
ამინდის შეცვლისას ასე ემართება ხოლმე.
მათემ ნამძნარევი თვალები მოისრისა, ჩაბნელებულ ფანჯარას გახედა, ალბათ იწვიმებს, ფართე ბეჭები ტკაცუნით გადაშალა, დივანს მოშორდა და აივანზე კოჭლობით გავიდა.
ნოემბრისთვის დამახასიათებელი, მოღრუბლული საღამოა, თუმცა ჯერ არ წვიმს.
ცივმა სიომ წამით შვება მოჰგვარა, მთელი სხეულით შეიგრძენო კარს მომდგარი ზამთრის სუსხი, შეაძაგძაგა, მაგრამ ოთახში არ შესულა, პირიქით ცივ სიოს გახურებული სახე მიუშვირა და სიბნელეს თვალი მოავლო, სწორედ ესაა მაღალი სართულის დადებითი მხარე, აქ მუდამ ჰქრის სიო.
მეათე სართულზე ცხოვრობს, მთელი თბილისი ხელისგულივით არ ჩანს, მაგრამ ხედს არაუშავს.
თვალი მოავლო განათებულ ქუჩებს, სადაც შეუჩერებელ ნაკადად მოძრაობენ ავტომობილები, მიუხედავად იმისა, რომ მაღალ სართულზეა, მის ყურთასმენამდე დაუბრკოლებლად აღწევს: - ძრავების თუხთუხი, საბურავების შრიალი და ხმოვანი სიგნალების ხმა.
მუდამ უყვარდა წყნარ გარემოში ყოფნა, მაგრამ როცა მილიონიან ქალაქში ცხოვრობ აბსურდია წყნარ გარემოზე ფიქრი.
უკვე ხუთი წელია ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანია “art desing developer”-ში - არქიტექტორ-დიზაინერად მუშაობს, რომელიც უმეტესად კერძო პროექტების შესრულებაზეა ორიენტირებული და ელიტურ ორსართულიან კოტეჯებს აშენებს ქალაქგარე აგარაკებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამშენებლო ბიზნესი ჰყვავის, ფირმებს შორის კი წარმოუდგენელი კონკურენციაა, მისი კომპანია რაღაც სასწაულით ახერხებს არსებობას, შეკვეთები ბლომად აქვთ, ანაზღაურებაც სოლიდურია.
ზლაზვნით დაბრუნდა ოთახში, ტელევიზორი გამორთო და “ლეპტოპს” მიუჯდა, ჯერ ელექტრონული ფოსტა შეამოწმა, მოსულ წერილებს თვალი ზერელედ გადაავლო, უმეტესობა ტოტალიზატორების, ონლაინ მაღაზიებისა და კაზინოების რეკლამა იყო, ყველა მონიშნა და დაუფიქრებლად წაშალა.
შემდეგ სოციალური ქსელისთვისაც მოიცალა და facebook-ის გვერდი გახსნა, დღევანდელი თანამედროვე რეალობა მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ ქსელებთან, რა თქმა უნდა გამონაკლისს არც ის წარმოადგენს, მართალია სოლიდურ ასაკშია, ოცდაათს გადააბიჯა, მაგრამ მისი სოციალური მდგომარეობა (დაუოჯახებელი გახლდათ) აიძულებდა სისტემატურად მიედევნებინა თვალი სუსტი სქესის face-მეგობრებისთვის.
ახლაც ყურადღებით გადაავლო თვალი აციმციმებულ მონიტორს, სანამ მეგობრების სტატუსებს და გაზიარებულ ვებ-გვერდებს გაეცნობოდა, ჯერ youtube-ში ბრიტანული ვირტუალური ჯგუფი gorillaz-ი მოძებნა და ცნობილი “სინგლი” “clint eastwood”-ი ჩართო.
მელომანი ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა თავს გემოვნებიან მსმენელად თვლიდა, რიტმის შეგრძნება ჰქონდა, მუსიკასაც ხარისხიანს არჩევდა, სისტემატურად ადევნებდა თვალს მუსიკალურ სიახლეებს და მისი ავტოსთვის გამუდმებით ანახლებდა MP3 კოლექციას.
გამორჩეული ჯგუფი ან შემსრულებელი არ ჰყავდა, ახლა რატომღაც რეტროს მოსმენა მოუნდა, ცოტა ხანი gorillaz-ით ტკბებოდა, მერე youtube-ს ფანჯარა ჩაკეცა და კვლავ facebook-ის გვერდს მიუბრუნდა.
სტატუსები ზერელედ გადაიკითხა, ფოტოები გადაათვალიერა, თანამშრომლებთან ერთად კორპორატიულ წვეულებაზე გადაღებული სურათი, სადაც უშველებელი ყანწით წინა პლანზე იყო გამოჭიმული, დააკომენტარა და ის იყო “ლეპტოპი” გვერდზე გააცოცა, რათა მხოლოდ ბრიტანული ჯგუფის მელოდიით დამტკბარიყო, რომ ვებ-გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში შეტყობინების სიმბოლო აციმციმდა.
კურსორი სიმბოლოს დააწკაპა და შეტყობინება გახსნა.
“გატყობ მაქსიმლურად იყენებ შაბათს”
მისი არმიელი მეგობარი გეგა ლესელიძე წერდა, უფრო სწორად მისი “ბოსი”, “art desing developer”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ხუთი წლის წინ, როცა გეგა ლესელიძემ და მისმა კომპანიონმა ჯანო ანთაურმა დეველოპერული ფირმა “art desing developer”-ი დააარსეს, მათე საბრძლო ტრამვას იშუშებდა, როგორც კი ფეხზე დადგომა მოახერხა, გეგამ მაშინვე შესთავაზა მასთან მუშაობა.
განათლებაც უწყობდა ხელს, სანამ არმიას შეუერთდებოდა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარჩინებით გაიარა არქიტექტორ-დიზაინერის სრული კურსი.
ასე რომ “art desing developer”-ის გაფართოვებაში ნაწილბრივ მასაც მიუძღვის წვლილი, მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში ძალ-ღონე არ დაუშურებია, რათა კომპანია უკეთესობისკენ განვითარებულიყო.
ბათუმშიც გახსენეს ფილიალი, პერსონალი დაიქირავეს და აქტიურად შეუდგნენ ქალაქგარე რაიონების ათვისებას.
“რა დაგემართა, ტელეფონზე, რომ არ მპასუხობ?” - მონიტორზე ცისფრად აციმციმდა შეტყობინება.
მათემ საწერი მაგიდა მოათვალიერა, არც კი ახსოვდა სად მიაგდო ტელეფონი, ალბათ საძინებელში დარჩა, კლავიატურას ხელები დააწყო და პასუხი მიწერა.
“არასამუშაო დღეს მაინც მომასვენე შე კაი კაცო”
ტექსტის ქვემოთ გაღიმებული “სმაილი” გაუგზავნა.
“კარგი ამბავი უნდა გითხრა მათე”
ქვეცნობიერად გრძნობდა რასაც ეტყოდა, რადგან ამ თემაზე გეგამ მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, როცა მასსა და ჯანო ანთაურს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
ყველაფრის მიზეზი კი კომპანიის პოლიტიკა გახლდათ.
გეგა კომპანიის განვითარების განსხვავებულ რაკურს ანიჭებდა უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რომ “art desing developer”-ი მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ფირმებს შორის კონკურენტუნარიანი იყო, მას მაინც პატარა კომპანია ეთქმოდა, აქედან გამომდინარე ბიუჯეტიც შედარებით მწირი გააჩნდა.
გეგა ჯიუტად ცდილობდა “art desing developer”-ს წამყვან ზეგიგანტ დეველოპერებს შორის დაეჭირა ღირსეული ადგილი და პატარა ქალაქგარე კოტეჯების ნაცვლად, თანამედროვე ცათამბჯენები ეშენებინა, ამისათვის კი რადიკალურად უნდა შეეცვალა ორიენტირი, რაც დიდ “ბიზნესში” გასვლის საშუალებას მისცემდა.
ამიტომ გამუდმებით დაეძებდა უცხოელ მოკავშირეებს.
ჯანო ანთაური კომპანიონის ამბიციებს არ ეთანხმებოდა, რა თქმა უნდა ისიც ზრუნავდა “art desing developer”-ის განვითარებისთვის, მაგრამ მისი გეგმა უფრო მარტივი იყო, სურდა კომანიას არჩეული გეზი შეენარჩუნებინა და მცირე სამშენებლო პროექტებით გასულიყო ფონს.
კომპანიის დამაარსებლებს შორის გაჩენილმა აზრთა სხვადასხვაობამ რამდენჯერმე მიაღწია პიკს, მათე არაერთხელ შესწრებია მათ სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც თავისთავად ოფისში შექმნილ ატმოსფეროზეც ახდენდა უარყოფით ზეგავლენას.
რაც დრო გადიოდა, თანამშრომლებიც დაძაბული უმზერდნენ ერთმანეთს.
მათემ ამოიოხრა და კლავიატურაზე სწრაფად აკრიბა.
“აბა გამახარე”
კვლავ გაღიმებული “სმაილი”.
“დღეს ჯანომ, ალიანსის დაშლის წინადადებით მომმართა, ზეგ დილით თათბირს ჩავატარებთ, იქ გვეტყვის ყველაფერს, მერე კი სავარაუდოდ ნოტარიულად დავამტკიცებთ ალიანსის დაშლას, ის კი კომპანიის ანგარიშიდან საკუთარ წილს გაიტანს”.
მათე გაოცებული მისჩერებოდა მონიტორზე ჩამოწერილ ასოთნშნებს.
“ამას ეძახი კარგ ამბავს?”
უშველებელი კითხვის ნიშანი გაუგზავნა.
“სამაგიეროდ შენ გახდები “art desing developer”-ის თანამფლობელი.”
ჯანო ანთაურთან დაპირისპირების შემდეგ გეგა ხშირად ესაუბრებოდა თანამფლობელობაზე, თუ რამდენ კარგ საქმეს გააკეთებდნენ ერთად, ბოლოს და ბოლოს მარტო მეგობრები როდი იყვნენ, არამედ “იარაღის ძმებიც” მთელი ოთხი წელი მხარდამხარ იბრძოდნენ, ამიტომ უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.
ასეც იცოდა, რომ კვლავ ამ თემაზე წამოიწყებდა საუბარს, თანამფლობელობის დოკუმენტაციაც მზად ჰქონდათ, გეგამ ჯანოსგან უჩუმრად ნახევარი წლის წინ შეაგროვა.
“გადასარევი სიახლეა, ჩაძირულ გემზე მთავაზობ დარჩენას” - გაბრაზებული “სმაილი” გაუგზავნა, - “როგორც გატყობ კარგი სიახლის გაუკუღმართებული აღქმა გაქვს”
“დამიჯერე მეგობარო, გამოვაღწევთ ამ კრიზისიდან”
“კრიზისი უფრო გაღვივდება!” - მათემ სიტყვის ბოლოს ძახილის ნიშანი დასვა, - “ალიანსის დაშლის შემდეგ კი ფირმაც შეწყვეტს არსებობას”
“რა სისულელეა”
“სულაც არ არი სისულელე, როცა ჯანო თავის წილს გაიტანს, როცა საკმარისი ფინანსები არ გვექნება, შეკვეთებს ვერ მივიღებთ და ხელფასებს ვერ გავცემთ, მაშინ მიაღწევს კრიზისი პიკს”
“რატომ უდგები ცხოვრებას პესიმისტურად?”
მათემ მაგიდაზე თითები ნერვულად აათამაშა, ნამდვილად არ სურდა სამსახურის დაკარგვა.
“რას ხედავ აბა ოპტიმისტურს?” - წინადადების ბოლოს გაბრაზებული “სმაილი” მიახატა, - “ჯანომ კომპანიონის უფლებები რომ გამოიყენოს და თავად ფირმაზე განაცხადოს პრეტენზია, მერე რას აპირებ?”
“ჯერ ერთი ფირმის შექმნის იდეა, დასახელებიანად მე მეკუთვნის, ასე რომ აქ საშიშროება არ გვემუქრება და მეორეც, როგორც გავიგე ჯანო პოლიტიკაში აპირებს წასვლას”
ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო, მათემ გონება დაძაბა, წამით თვალწინ წარმოუდგა ჯანო ანთაურის უღიმღამო გარეგნობა: - სამოცს მიტანებული, ოდნავ ჩასუქებული ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომელსაც წვრილი ნაოჭებით გარშემორტყმული ჭრელი თვალები და მოზრდილი კეხიანი ცხვირი აქვს.
“ეგ საიდან გაიგე?”
“ხომ იცი მსგავსი რაღაცეები მეხერხება”
გეგამ მუქი სათვალითა და რუხი ლაბადით დამშვენებული მოზრდილი “სმაილი” გამოუგზავნა.
მათე ღიმილით მისჩერებოდა მონიტორს, გეგას ბევრი საჭირო მეგობარი ჰყავდა, რომელთანაც იმიტომ მეგობრობდა, რომ მათ მეგობრობაში პერსპექტივას ხედავდა, უბრალოდ ეგეთი ტიპი იყო, ცდილობდა მაქსიმალურად გამოეყენებინა მათი შესაძლებლობები, მხოლოდ მათე არაბული გახლდათ უპერსექტივო.
ოთხი წელი ერთად იმსახურეს, გეგას სპეციალობა დაზვერვა იყო, ერაყის მისიის დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან კავშირს ინარჩუნებდა და კონფლიქტისათვის საჭირო ინფორმაციას მოიპოვებდა.
როცა მის სამუშაო კონტრაქტს ვადა გაუვიდა და საქართველოში დაბრუნდა, მათეს ეგონა, რომ საქმიანობას კვლავ თავისი სპეციალობით გააგრძელებდა, უშიშროებაში იმუშავებდა, მაგრამ რატომღაც სამშენებლო კომპანია ჩამოაყალიბა.
ვერც გაამტყუნებდა კაცი, ახლა საქართველოში მშენებლობები ასტრონომიული სისწრაფით მატულობს, იზრდება ქალაქები, მრავლდება მოსახლეობა და თავისთავად დეველოპერული კომპანია ფულის კეთების საუკეთესო საშუალებაა.
“დაგეძინა?”
სმს-მა ფიქრი შეაწყვეტინა, კლავიატურას მიუბრუნდა და სწრაფად აკრიბა.
“სმაილიკიც” შენი პროფესიისთვის შესაფერი გამოგიძებნია”
“ეჰ ძმაო უკვე აღარ ვარ დაზვერვის ოფიცერი”
“არ შეგშვენის თავდამბლობა”
“ვბერდებით”
გეგამ მოწყენილი “სმაილი” გამოუგზავნა.
“შევეშვათ სენტიმენტალიზმს”, - მათემ წინადადების თავში ცერით ზემოთ აშვერილი “სმაილი” ჩასვა, - “რადგანაც ჯანო ალიანსს ტოვებს, ესე იგი ჩვენი ფირმაც შეიცვლის მიმართულებას?”
“რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი მისიაა, დიდ “ბიზნესში” დავიმკვიდროთ ადგილი”.
“მაგრამ როგორ? ბობოლა კომპანიები თავს სვავებივით დაგვტრიალებენ, ყველგან მონოპოლიაა, ერთი წაფორხილება და ჩვენგან სველი ადგილიც არ დარჩება, კონკურენციას ვერ გავუძლებთ, ვერც რამე ინოვაციას შემოვიტანთ ამ სფეროში, ასე რომ გაკოტრება არ აგვცდება.”
“ყველაფერი კარგად იქნება, “ბრატუხა.”
გეგას მესიჯი რამდენჯერმე გადაიკითხა, კარგად იცოდა მისი ხასიათი, ჩვევები, როცა ჟარგონით საუბრობდა, ესე იგი მოულოდნელ კოზირს მალავდა სახელოში.
რამდენიმე წამი იფიქრა და დაინტერესებულმა მიწერა.
“კიდევ მოხდა რამე?”
“გუშინ ღამით ერთ-ერთი ბრიტანული კორპორაციის “British land company”-ის წარმომადგენელმა, ჩემს შეტყობინებას უპასუხა, ჩვენი საქმიანობით დაინტერესდა და თანამშრომლობაზე ინტერესი გამოხატა.”
ამჯერად გეგამ “სმაილების” მთელი არმია გამოუგზავნა: - ღიმილი, სიხარული, აღფრთოვანება, ცეკვა.
მათე გასაკვირს ვერაფერს ხედავდა, გეგა მთელი წელი ცდილობდა საზღვრებს გარეთ მოეძებნა თანამოაზრე კომპანიები, რომლებიც “art desing developer”-თან ალიანსის შექმნას დათანხმდებოდნენ, უმეტესად დიდ დეველოპერული ჰოლდინგების სათავო ოფისზე ცდილობდა გასვლას, განაცხადს-განაცხადზე აგზავნიდა, სადაც დაწვრილებით განიხილავდა სამომავლო ალიანსის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს, მაგრამ მსხვილი კორპორაციები, ისეთ პატარა კომპანიას, როგორიც “art desing developer”-ი იყო ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ.
“მაგარია”
ლაკონურად მიწერა, გულის სიღრმეში ამ ამბით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ რატომღაც მეტი არაფერი მიუწერია, მართალია კომპანიის სამომავლო მდგომარეობაზე ისიც ისე ნერვიულობდა, როგორც გეგა, თუმცა “ბოსივით” ემოციების გამომზეურება არ შეეძლო.
მის პასიურობას გეგა სიგიჟემდე მიჰყავდა.
ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ გეგა აქტიური ადამიანი გახლდათ, ლიდერობის ნიჭი ჰქონდა, ყველაფერში ინიციატივას იჩენდა, ის კი უბრალოდ მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას, შეიძლება ყველაფერში დამნაშავე მიღებული ტრავმა იყო, ლამის ორი წელი საწოლს მიჯაჭვული ებრძოდა ომიდან დატოვებულ იარას, როგორც ფიზიკურს, ასევე სულიერს, ალბათ მაშინ ავადმყოფობას მიახარჯა მთელი მუხტი.
სამხედრო სამსახურის შემდეგ, როცა გეგამ დეველოპერულ კომპანიაში არქიტექტორის ვაკანსია შესთავაზა, ის მათეში პოტენციალს ხედავდა, რომელიც უბრალოდ დროებით ჩაახშო საბრძოლო ტრავმამ, არც შემცდარა, მათემ ადვილად გაიხსენა ლამის მივიწყებული პროფესია და ოსტატურად მოერგო გუნდს.
მონიტორზე კვლავ აციმციმდა შეტყობინება.
“რაღაც ემოციებს არ გამოხატავ, ფუჟერიანი “სმაილიკი” მაინც გამოგეგზავნა?” - წერდა გეგა.
კლავიატურაზე თითები აათამაშა და პასუხი მიწერა.
“ხომ იცი ემოციების გამომჟღავნება დიდად არ მეხერხება”
რამდენიმე წუთით, გარინდებულ მონიტორს მისჩერებოდა, გეგაც დუმდა, პასუხი არ მოუწერია, შემდეგ საძინებლიდან The animals-ის “House of rising sun” გაისმა.
მათეს ტელეფონი რეკავდა.
ოთახიდან გავიდა, ლოგინზე მიგდებულ სმარტფონს დაწვდა, განათებულ ეკრანზე ახალგაზრდა შემელოტებული მამაკაცის სურათი გამოსახულიყო, ქვემოთ კი დიდი ასოებით ეწერა - “გეგა”.
სენსორულ მონიტორს თითი გადაუსვა და ტელეფონი ყურზე მიიდო.
- გისმენ, - მელანქოლიური ხმით ჩასძახა.
- რა გჭირს ბიჭო, - გეგას ხმა ზარივით ჩაესმა, - რა დაგემართა? ისევ შემოგიტია დეპრესიამ? ხომ იცი შვილივით ვუფრთხილდები კომპანიას, ჯანოს წასვლის შემდეგ კი მისი მართვა ჩვენ დაგვაწვება კისერზე, ამიტომ შენი დიდი იმედი მაქვს.
- ძალიან კარგად იცი, რომ კომპანიაზე მეც შენსავით ვნერვიულობ, მის გადარჩენისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თუმცა რატომღაც მგონია ბრიტანულ ჰოლდინგთან არაფერი გამოგვივა.
- კარგი რა თუ ძმა ხარ, ყველაფერს კრიტიკული თვალით ნუ უმზერ.
მათეს მეგობრის ხმის ტემბრი არ მოეწონა, აშკარად გაწბილებული იყო.
- კრიტიკულად კი არა ობიეტურად ვუმზერ.
- ჯერ ბოლომდე მომისმინე და მერე გააკეთე დასკვნა.
- გისმენ, - მათემ თვალები აატრიალა და საძინებლიდან მისაღებში გავიდა.
- “British land company”-ი დეველოპერული ფირმა არ არი, - გეგამ საზეიმო ტონით წარმოსთქვა, - საერთაშორისო კორპორაციაა, რომელიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული.
მათე ამას ნამდვილად არ ელოდა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა? ესე იგი შეიძლება რამე სერიოზული შეკვეთა მისცენ? “art desing developer”-მა ამ ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ ოცდახუთამდე ობიექტი ააშენეს, დამკვეთები უმეტესად ადგილობრივი კომპანიები ან შეძლებული ფიზიკური პირები იყვნენ, უცხოეთში რეგისტრირებულ კორპორაციებთან არასდროს ჰქონიათ ურთიერთობა.
ეს სასიამოვნო სიახლე გახლდათ.
- ესე იგი, - გაუბედავად ჩაიბურტყუნა.
- “კაროჩე” სიტუაცია ასეთია, - სიტყვის გაგრძელება არ დაანება მათემ, - კომპანიონებს დავეძებდით და მოულოდნელად კლიენტებზე გავედით, “British land company”-ს წარმომადგენელი ჩვენი პროექტებით დაინტერესდა.
მათემ გაურკვევლად მოისრისა კეფა.
- საქართველოში ჩვენს გარდა ბევრად ძლიერი დეველოპერული ფირმები არსებობენ, - ჭმუნვით ჩაილაპარაკა, - რატომ შეაჩერებს “British land company”-ს წარმომადგენელი ჩვენზე ყურადღებას? რით დავაინტერესებთ? ცარიელი ჯიბეებით? - სულმოუთქმელად ჩაარაკრაკა გულის ნადები.
წამით გეგას ხმა მიწყდა, შემდეგ ხმადაბალი ჩახველება მოესმა, რომელსაც მეგობრის დამაჯერებელი სიტყვები მოჰყვა.
- სწორედ ამაშია საქმე, უნდა დავაინტერესოთ, თუნდაც ბაბილონის გოდოლის აგება შევთავაზოთ, მთავარია ხელიდან არ გაგვექცნენ.
გეგა კვლავ თავის ამპლუაში გახლდათ, მუდამ ახერხებდა პრობლემებთან გამკლავებას, ახლა მის ხმაში საერთოდ არ იგრძნობოდა წეღანდელი გაწბილება, პირიქით თავდაჯერებული იყო, მათეს მასში სწორედ ეს მოსწონდა - მიზანსწრაფულობა და ოპტიმიზმი.
- “British land company” მსოფლიოის წამყვან ფირმებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაში, - გეგა ისე ლაპარაკობდა, თითქოსდა მოხსენებას კითხულობსო, - გუშინ ღამით ზერელედ გადავავლე თვალი მათ საიტს, მერე თუ გინდა “ლინკსაც” გამოგიგზავნი, - წამით დადუმდა, ეტყობოდა გონებას იკრებდა, სიტყვებს არჩევდა, - ვფიქრობ ასე თუ ისე გავერკვიე მათ საქმიანობაში, უმეტესად სასტუმრეობის, მსხვილი სავაჭრო ცენტრების და სპორტული კომპლექსების ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებული.
- მსხვილი კომპანიაა? - მათემ თვალებმოჭუტულმა იკითხა, - არასდროს მსმენია.
- უმეტესად ტროპიკულ სარტყელში საქმიანობენ, ტურისტულ ზონებს ეტანებიან, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა მითხრა შარშან კაიმანის კუნძულებზე რამდენიმე სასტუმრო ააშენეს და მერე სარფიანად გაყიდეს.
- მაგრამ ჩვენ რითი მივიქციეთ ყურადღება?
- გუშინ მთელი ღამე “ვჩათაობდით”, - გეგამ მეგობრის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა, - წარმომადგენლის თქმით კორპორაციას სურს კავკასიაში მოსინჯოს ძალები და რადგანაც შეთავაზებებს შორის ერთადერთი კავკასიური ფირმა “art desing developer”-ი იყო, არჩევანიც ჩვენზე გააკეთეს.
- ესე იგი უბრალოდ გაგვიმართლა?
- რაც გინდა ის დაარქვი, - გეგამ ჩაიქირქილა, - ჩვენთან კონტრაქტი, რომ გააფორმონ იცი რას ნიშნავს ეს? - წუთით პაუზა გააკეთა და გამოკვეთილად დაუმატა, - კრიზისიდან გამოვალთ, კონკურენტუნრიანნი გავხდებით, დიდ “ბიზნესში” შევძლებთ გასვლას, ყოველთვიურად სპონსორის ძებნა არ მოგვიწევს, შეკვეთები თავზესაყრელად გვექნება, მუშა ხელს ხელფასს მოვუმატებთ და...
- კარგი, კარგი, - შეაწყვეტინა მეგობარს, - ტვინი ნუ გაბურღე, გატყობ შენც ჩვენი მთავრობასავით დაიწყე ლაპარაკი, მაღალი ხელფასი, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, უზრუნველი ცხოვრება და ბლა, ბლა, ბლა.
- შენი გამოსწორება არ იქნება, - გეგამ ხმამაღლა ამოიოხრა, - მოკლედ “British land company”-ს წარმომაგენელი სტენლი ოსბორნი თვის ბოლოს თბილისში იქნება, სხვათა შორის მას შენი პროექტი მოეწონა, მისი თვითღირებულება კი ორმოცი მილიონია, რაც არ უნდა დაგვიჯდეს კონტრაქტი უნდა გაგვიფორმონ.
ამას ნამდვილად არ ელოდა.
გეგა უცხოელ კორპორაციებთან გაგზავნილ განაცხადებს შესრულებული სამუშაობის ანალიზს და სამომავლო პროექტებსაც ურთავდა, მათ შორის მათეს მიერ დაგეგმილი სასტუმრო კომპლექსის პროექტიც იყო.
საკუთარ პროექტს თავიდანვე არაპერსპექტიულად მიიჩნევდა, მიზეზი თვითღირებულება გახლდათ, ორმოცი მილიონი დოლარი ასტრონომიული თანხაა, სულაც არაა ადვილი ასეთი კოლოსალური ფინანსების მოძიება, არადა ბრიტანულმა კორპორაციამ რატომღაც მისი პროექტი მოიწონა.
- ვა!
- ხო მეტი არაფერი გაქვს სათქმელი, - გამოაჯავრა გეგამ, - ხედავ რამხელა პერსპექტივა გვეშლება წინ? თუ ბრიტანული კომპანია ამ პროექტს დაგვიკვეთავს, “art desing developer”-ი სულ სხვა სტატუსს შეიძენს, უმსხვილეს ფირმებს შორის დავიჭერთ ადგილს და შეიძლება სამთავრობო პროექტებსაც გამოვკრათ ხელი, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
- დარწმუნებული ხარ, რომ სასტუმრო კომპლექსის “village of future”-ს პროექტი მოეწონათ?
- რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ.
- მაგრამ ის ისეთი ფუტურისტულია...
მეგობრის ხმამაღალმა სიცილმა სიტყვა გააწყვეტინა, გეგამ რამდენიმე წამში სული მოითქვა, ხმადაბლა ჩაახველა და ხითხითით უთხრა.
- “იასნია” შენი პროექტის კრეატიულობამ მოხიბლა სტენლი ოსბორნი, მაგრამ მთავარი როლი “მომავლის სოფელის” ადგილმდებარეობამ ითამაშა, დაბა “დიდი მიტარბი” სადაც სასტუმრო კომპლექსის აშენებას ვგეგმავთ სარეკრეაციო და ტურისტულ ზონაში მდებარეობს, ტურიზმი კი ბრიტანულ კორპორაციას ყველაზე მეტად აინტერესებს.
მათემ მეგობრის სიტყვებზე თავი უკმაყოფილოდ გადაიქნია, არ მოწონდა, როცა მის პროექტს ასე მოიხსენიებდა.
- რამდენჯერ გითხარი “მომავლის სოფელი” კი არა “village of future”, - ბრაზიანად შეუსწორა.
- გეხუმრე “ბრატ”, - გეგამ ჩაიფხუკუნა, - მოკლედ როცა თბილისში იქნებიან, შევხვდეთ და “შევახუჭუჭოთ”, შენ პროექტზე ისაუბრებ, მე კი ჩემს მომხიბვლელობას ავამოქმედებ.
- ვინ უნდა მოხიბლო სტენლი ოსბორნი? - მათემ გადაიხარხარა, - რომელი “ნაშა” შენ ხარ.
- ხო იღადავე, იღადავე, - გეგამ აგდებული ტონით უპასუხა, ცოტა ხანი დუმდა, მერე ინტერესით ჰკითხა, - საღამოს რა გეგმები გაქვს?
- ისეთი, როგორიც შაბათს შეეფერება, დივანზე წამოვწვები და შუაღამემდე რამე “ბოევიკს” ვუყურებ.
- ხომ გითხარი ვბერდებით მეთქი.
მათემ ჩაიცინა.
- აბა რა ვქნათ?
- მოდი სადმე ჩამოვჯდეთ, თითო კათხა ლუდი დავლიოთ, თან ჩვენს მომავალ ალიანსზე ვისაუბროთ.
- თუ ძმა ხარ ამ შაბათს მაინც ნუ დავუთმობთ სამსახურს.
- მაშინ კლუბში გავიდეთ.
- კლუბში საუბრის საშუალება ნაკლებად მოგვეცემა, - კმაყოფილმა აღნიშნა მათემ.
- კლუბში ვინ საუბრობს თუ ძმა ხარ, - გეგამ დამცინავად უთხრა, - ჩემს გოგოს დავურეკავ, დაქალსაც წამოიყვანს და კარგად გავერთობით.
- რომელ გოგოს, - გამოაჯავრა მეგობარი, - იმდენი გყავს სათვალავი ამერია.
- ვიკის.
- გასაგებია, გამომივლი თუ ჩემი მანქანით წამოვიდე? - ჰკითხა.
- შენით წამოდი, - უპასუხა გეგამ, - კლუბში დაგვხვდები.
- აბა ჰე, - მოკლედ მიუგო, ტელეფონი გათიშა და ჟურნალის მაგიდაზე მიაგდო.
ორიოდე წამი ჩაფიქრებული იდგა, მოსმენილ ინფორმაციას აანალიზებდა, კომპანიის თანამფლობელობა, თუნდაც ისეთი პატარასი, როგორიც “art desing developer”-ა საპასუხისმგებლოდ მიაჩნდა, სამომავლოდ კომპანიის ბიუჯეტში ფინანსური წილის შეტანა მოუწევს, მართალია გეგას ფინანსურ მხარეზე ჯერ სიტყვაც არ დასცდენია, მაგრამ ამ ვალდებულებას, რომ ვერ გაექცეოდა ეს იცოდა.
პირად ანგარიშზე მცირე დანაზოგი ჰქონდა, მოგვიანებით სესხსაც აიღებს და საწილო თანხას შეიტანს, ბეჭები გაატკაცუნა, გემოვნებით გაწყობილ ოთახს თვალი მოავლო: - ახალთახალი რემონტი, ძვირადღირებული ავეჯი და თანამედროვე ტექნიკა, კონტრასტულად ეხამებოდა ერთმანეთს.
ყველაფერს მიზანდასახულობისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მიაღწია: - ბინა ქალაქის ცენტრში, ავტოსალონიდან გამოყვანილი ახალი ავტომობილი, წყნარი, მაღალანაზღაურებადი სამსახური, სხვა რა უნდა ინატროს ახალგაზრდა კაცმა? ერთი ეგაა გულისწორი ვერ იპოვა, საბრძოლო ტრავმამ მიუხედავად მისი ძალისხმევისა გარკვეული კომპლექსი დაუტოვა, ცდილობს იშვიათად შევიდეს უცხოებთან კონტაქტში, ერთი შეხედვით გულჩათრობილი ადამიანის ილუზიას ტოვებს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა კომუნიკაბელურია და მეგობრული, უბრალოდ არ სურს მისი ფიზიკური ნაკლი სხვამ შეამჩნიოს.
ნაჭრილობევ წვივზე ხელი მოისვა, ოდნავ ტეხდა ძველი იარა, ამ ხნის განმავლობაში უკვე მიეჩვია მუდმივ ტკივილს.
მშობლები ადრე გარდაეცვალა, ხუთი წლისაც არ იქნებოდა ავტოავარიაში, რომ დაიღუპნენ, ბებია ზრდიდა, მისი ყოველთვის მადლიერი იყო, რადგან პრობლემებთან გამკლავება ასწავლა და რასაც მიაღწია ბებიას დამსახურება გახლდათ.
ყოველ კვირას დადიოდა ბებიას საფლავზე, მის მშობლებს საფლავი არ ეღირსათ, ამიტომ გამზრდელი ბებიის საფლავის მონახულებით, მშობლების ხსოვნასაც მიაგებდა პატივს.
შუბლი მოისრისა არ უყვარდა, როცა მშობლების სიკვდილზე ფიქრობდა, ახლა შეეცადა დეპრესიული აზრები თავიდან მოეშორებინა და მომავალზე ეფიქრა.
ესე იგი უკვე თავად გახდება “ბოსი”? რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანს, მასაც ჰქონდა წინსვლის ამბიცია, თუმცა გული რატომღაც ცუდს უგრძნობდა.
გონება დაძაბა, სადღაც წაუკითხავს: - “რაც უფრო ზემოთ ადიხარ, მით უფრო მტკივნეულია ვარდნა”.
“ლეპტოპს” მიუბრუნდა ჯერ გამორთვა უნდოდა, მერე გადაიფიქრა, alan walker-ის “faded” ჩართო და თანამედროვე მუსიკის ფონზე ერთიორად ჩაუფიქრდა წარმოქმნილ სიტუაციას.
არმიის შემდეგ ყველაფერს ზედმეტად ეჭვის თვალით უმზერდა, ხელი ჩაიქნია, სჯობს გაერთოს, ქალაქის ქუჩებში გაიაროს.
კვლავ აივანზე გავიდა, საღამოს რვა საათი სრულდებოდა, ქალაქი ღამის ცხოვრებას იწყებდა, სწორედ ასეთ დროს გამოცოცხლდებოდნენ ხოლმე ახალგაზრდები, ღამის კლუბებს, რესტორნებსა და კაფე-ბარებს მოედებოდნენ.
ის და გეგა ზოგჯერ ერთ დახურულ ღამის კლუბს სტუმრობდნენ, რომელიც ზანდუკელისა და ბელინსკის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, კლუბს “Red life” ჰქვია, “წითელი კაფეს” სარდაფშია განთავსებული, ჩვეულებრივი კლიენტი ვერც მიხვდება, რომ დახლს მიღმა მოთავსებული კარით, ხმაურიან და ხალხმრავალ კლუბში შეიძლებოდა მოხვედრა.
კლუბის წევრები სპეციალური სავიზიტო ბარათებით სარგებლობდნენ, გეგამ მისი აუარება ნაცნობის დახმარებით მოახერხა კლუბის წევრები გამხდარიყვნენ, როცა თავისუფალ დროს გამონახავდნენ მაშინათვე მიაშურებდნენ ნაცნობ კლუბს.
ახლაც იქ აპირებდნენ წასვლას.
ნელი ნაბიჯით შევიდა სააბაზანოში, ჯერ თბილი წყალი გადაივლო, მერე დიდი, ხაოიანი პირსახოცი თეძოებზე მოიფარა, დაორთქლილი სარკე გაწმინდა და წვერის პარსვას შეუდგა.
სარკიდან არეკლილ საკუთარ ორეულს თვალი შეავლო, ყოველთვის მოსწონდა მისი გარეგნობა, შეიძლება ვინმეს ტრაბახად ჩაეთვალა, მაგრამ მიმზიდველი ფიგურა ჰქონდა, რაც ოთხწლიანი არმიული ცხოვრების დამსახურება იყო.
ოთხი წელი დაჰყო ერაყის სამშვიდობო მისიაში, ჩვეულებრივი კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცი იყო, უფროსი ლეიტენანტის ჩინით დაბრუნდა უკან, მოვლენები სხვაგვარად, რომ განვითარებულიყო ალბათ სამხედრო სამსახურს არ მიატოვებდა, მაგრამ ვასიტის პროვინციის ქალაქ ელ-კუთში მორიგი რეიდის დროს მიყენებულმა ჭრილობამ იძულებული გახადა არმიელის ცხოვრებას გამომშვიდობებოდა.
ჯავშანტრანსპორტიორი რომელშიც მათე იჯდა ყველაზე მეტად დაზიანდა, პროფესიონალმა ქირურგებმა ათსაათიანი ოპერაციის შემდეგ ნაღმიდან დაფლეთილი ფეხი ძლივს შეუნარჩუნეს, მძიმე ტრამვამ ორი წელი აქტიურ ცხოვრებას ჩამოაშორა.
რეაბილიტაციას ლამის ნახევარი წელი მოანდომა, თუმცა ფეხზე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დადგა, ახალშობილივით თავიდან სწავლობდა სიარულს.
გამოჯამრთელდა, მაგრამ მიყენებული ჭრილობები პერიოდულად ახსენებდნენ თავს, უფრო ხშირად ამინდის ცვლილებისას ტეხდა ნაოპერაციევი ფეხი, სიარული უჭირდა, როგორც ყველა ჯარისკაცს მასაც პოსტრავმული დეპრესია დაეწყო, საკუთარ თავში ჩაიკეტა და ყველა ნაცნობთან გაწყვიტა ურთიერთობა.
სწორედ მაშინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში არმიის მეგობარი გეგა ლესელიძე და საკუთარ დეველოპერულ კომპანიაში დასაქმება შესთავაზა, მართალია მათეს ვეტერანის პენსია ჰქონდა, მაგრამ დამატებითი შემოსავალი ნამდვილად არ აწყენდა, ამიტომ არც დაფიქრებულა ისე მიიღო მეგობრის შემოთავაზება და სულ მოკლე ხანში არქიტექტორ-დიზაინერის პოზიცია მოირგო.
ყოველდღიურმა სამსახურმა ტონუსში ჩააყენა, პოსტრამვულ სტრესს სძლია, არც ნაოპერაციები ფეხი ტკიოდა ხშირად და არც სახეზე დარჩენილ ნაიარევს აქცევდა ყურადღებას, აქტიურ ფიზიკურ მომზადებაზე გადაერთო, სპორტდარბაზში სიარულს მოუხშირა, სისტემატურმა ვარჯიშმა კი შედეგი გამოიღო, ახლა ნამდვილად იდეალურ ფორმაში იყო.
დაკვირვებით შეათვალიერა საკუთარი თავი, ჯერ ბიცეფსები დაჭიმა, ამოწეულ მკერდს დააკვირდა, ხორბლისფერი კანი მიმზიდველ ათლეტს ამსგავსებდა, მოდურად შეკრეჭილი წაბლისფერი თმა, საფეთქლებთან შევერცხლოდა, სახეზე დაჩნეული ძველი ნაიარევი კი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლოყას, ვაჟკაცურ იერს მატებდა მის გარეგნობას.
რამდენიმე წუთში გარდერობთან გადაინაცვლა, დაფიქრებული იკვნეტდა ტუჩს - კლუბისთვის შესაფერ კოსტიუმს არჩევდა, კლასიკას ყოველთვის თავისუფალ სტილს ამჯობინებდა, ამიტომ გარდერობი სიმდიდრით ვერ დაიკვეხნიდა, წამყვანი ადგილი იაფფასიან ჯინსებს, მაისურებს, სვიტერებსა და კეტასებს ეჭირა.
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა “Ralph Lauren”-ის ჯინსი, “Polo”-ს სვიტერი და “Burberry”-ს პიჯაკი ჩაეცვა, თხუთმეტ წუთში მზად იყო, სარკეში საკუთარ თავს ათვალიერებდა, მართლაც ელეგანტურად გამოიყურებოდა, მოკლედ შეკრეჭილი თმა ხელით შეისწორა, ანარეკლს თვალი ჩაუკრა და სახლიდან გავიდა.
მიწისქვეშა ავტოსადგომზე 2016 წლის Land rover discovery დგას, სანამ მათე ავტომანქანას მიუახლოვდებოდა შორიდან ტკბებოდა მისი აგრესიული დიზაინით, ძალიან უყვარს “როვერი”, უფრთხილდება, უვლის, თუმცა გასაკვირიც არაფერია, ერთი წლის წინ ასტრონომიული თანხა გადაიხადა მასში.
როგორც კი ავტოს მიუახლოვდა, მგრძნობიარე სენსორებმა ცოცხალი არსებასავით შეიგრძნო პიჯაკის ჯიბეში ჩადებული დისტანციური პულტი, ქსენონის შუქფარები აციმციმდა და მელოდიური მუსიკით გაიღო ცენტრალური საკეტი.
კარი გამოაღო, კაბინაში მოკალათდა, წამით ტყავის სალონის სასიამოვნო სურნელი შეისუნთქა, შემდეგ უსაფრთხოების ღვედი გადაიჭიმა, სასტარტო ღილაკს თითი რბილად დააჭირა და ჩუმად ათუხთუხებულ ძრავს ყური დაუგდო.
მანქანა უკუსვლით გამოიყვანა სადგომიდან, ცოტა ხანი შეუჩერებელ ნაკადად მქროლავ ავტომობილებს ადევნებდა თვალს, შემდეგ მარჯვენა ციმციმა ნათურა ჩართო, ქუჩაში გავიდა და ავტომობილების გაუთავებელ ნაკადს შეუერთდა.
ლამაზია ღამის თბილისი, მილიონ ფერთა გამას ქმნის: - სიმეტრიულად ჩამწკრივებული ლამპიონები, ფოსფორისებული შუქით განათებული უძველესი შენობების ფასადები, მწვანედ აბჟღრიალებული ქვაფენილები თუ მყვირალა რეკლამებით აჭრელებული “სვეტსკი” ბუტიკები, ყველაფერი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის და მხატვარ-იმპრესიონისტის ტილოს ემსგავსება.
მიუხედავად ნოემბრისათვის დამახასიათებელი სუსხისა, ქუჩებში ხალხის ტევა არაა, ზოგი სეირნობს, ზოგი სადღაც მიიჩქარის, ზოგი კი უბრალოდ დგას.
დავით აღმაშენებლის გამზირი გამოიარა, მშრალი ხიდი გადმოკვეთა.
ნელ-ნელა იცლებოდა მოვაჭრეებით გავსებული ხიდი, სამუშაო ადგილს ალაგებენ, მთელი დღის ნაშრომ-ნაამაგარს გულდაგულ ითვლიან და შინისკენ მიიჩქარიან, სინანულით გააყოლა თვალი დაბეჩავებულ ხალხს, რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე ქუჩაში დგანან, სახლიდან ოჯახური რელიქვიები გამოაქვთ და ჩალის ფასად ჰყიდიან.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შეუყევა, საჭეს ერთი ხელით მართავს, მეორე ოდნავ ჩამოწეულ ფანჯარაზე აქვს ჩამოდებული და ცდილობს არაფერზე იფიქროს.
მაინც ვერ ახერხებს, გონებით ისევ დღევანდელ ამბავს უბრუნდება.
როგორ უნდა “შეახუჭუჭონ” უცხოელი სტუმრები? ინგლისურ ენას შესანიშნავად ფლობს, თუმცა მაინც რთული იქნება ტექნიკური ტერმინებით საუბარი, საერთოდ გაუგებენ კი ერთმანეთს? ხომ არ აჯობებს ჯერ ქართული სტუმართ-მოყვარეობით მოხიბლონ?
მათემ შუბლი მოისრისა.
- “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო” სწორედ რომ ჩვენზეა ნათქვამი, - ირონიულად ჩაილაპარაკა და საჭე მარჯვნივ მოატრიალა.
სამხედრო სამსახურის დროს, ოთხი წელი უცხოელების გვერდიგვერდ ცხოვრობდა, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა: ევროპელებთან, აზიელებთან, ლათინო-ამერიკელებთან, ყველა მათგანთან მეგობრობა აკავშირებს, ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულნი იყვნენ, რაც თავისთავად რასობრივი ბარიერის გადალახვაში ეხმარებოდათ.
ეს გამოცდილება რა თქმა უნდა ბრიტანელებთან ურთიერთობაშიც გამოადგება.
- უნდა “შევახუჭუჭოთ”, - თავდაჯერებით ჩაიბურტყუნა.
“ჯანდაბა ქალი მაინც ყოფილიყო” - თავისთვის გაიფიქრა, შემდეგ გუნებაში ჩაეცინა და აქსელატორს ფეხი დააჭირა.
მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა, გვერდით სავარძელზე მიგდებულ სმარტფონს გადახედა, გეგა რეკავდა, ალბათ სულმოუთქმელი ელის მის მისვლას, საჭეზე მოთავსებულ ყურმილის ფორმის სენსორულ ღილაკს თითი ფრთხილად შეახო.
ტელეფონის ზარი მიწყდა, სამაგიეროდ მანქანის სალონი დინამიკებიდან გამოღწეულმა გეგას ხმამ აავსო.
- სად ხარ აქამდე ტო?
როცა ნერვიულობს ყოველთვის “ტოს” ამატებს ხოლმე, ახლაც აღელვების ნოტები შეჰპარვოდა ხმაში.
- მოვდივარ, თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები, - მშვიდად უპასუხა.
- გადამრევ მათე, - გეგას ხმა წუთით მიწყდა, - ბებიაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ შენზე უკეთესი მძღოლი იქნებოდა.
- წადი შენი...
- კარგი, კარგი მორჩი ლანძღვას, - გეგამ სიტყვა ხითხითით გააწყვეტინა, - მოკლედ გელოდები, “წითელ კაფეში” ვზივარ.
- თხუთმეტ წუთში მანდ ვარ, - დააიმედა მეგობარი, შემდეგ სენსორულ ღილაკს თითი შეახო და ტელეფონი გათიშა.
ანგარიშში არ შემცდარა.
თხუთმეტ წუთში უკვე ზანდუკელის ქუჩაზე იყო, როცა ღამის ცხოვრებით აჟრიამულებულ უბანს შეავლო თვალი, საკუთარ თავზე ბრაზი მოუვიდა, ნეტა რას იჭ....ტს უაზროდ გონებას? გეგამ უთხრა უცხოელები თვის ბოლოს ჩამოვლენო, წინ კიდევ ოცდახუთი დღეა, მერე ისიც საკითხავია ჩამოვლენ თუ არა.
მოკლედ ყველაფერს აჯობებს სისულეებს შეეშვას და უბრალოდ გაერთოს.
ნელი სვლით ჩაუარა “წითელ კაფეს”, იქვე მოწყობილ მოხერხებულ ავტოსადგომზე გეგას BMW X6 მოჰკრა თვალი, მკვეთრად შეაჩერა, თავისუფალ სადგომამდე უკუსვლით მიაგორა და მეგობრის ავტოს ამოუყენა გვერდით.

**********

მუეძინი - (არაბ: مؤذن‎) ისლამურ რელიგიაში, მეჩეთის მომსახურე, რომელიც მუსლიმანებს აუცილებელ ლოცვაზე (ნამაზზე) მოუწოდებს.
IED - თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც ერაყელი მოიერიშეები ნაღმავდნენ კოალიციის სამხედრო ესკორტის სავალ გზებს, დასახლებულ პუნქტებს, სკოლებს, რესტორნებს, ხალხმრავალ ბაზრობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებს.



№1  offline წევრი ვიპნი

რა მაგარია რომ დაბრუნდი,სრულიად განსხვავებულია წინა მოთხრობისგან,მართალია ის ბნელ 90-იანებს ეხებოდა მაგრამ მაინც, კიდევ ერთხელ გამაკვირვე.წარმატებები ❣️

 


№2  offline წევრი omexi

ვიპნი
რა მაგარია რომ დაბრუნდი,სრულიად განსხვავებულია წინა მოთხრობისგან,მართალია ის ბნელ 90-იანებს ეხებოდა მაგრამ მაინც, კიდევ ერთხელ გამაკვირვე.წარმატებები ❣️

მადლობა, რომ წაიკითხეთ. ახლა ვეცდები თანამედრივე რეალობას მოვარგო ნაწარმოები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent