აკრძალული ფორთოხალი 1
ცხოვრებაში ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია. ამ ძალიან ბვერიდან კი, რომლის ზუსტი რაოდენობაც უცნობია, ორი დაბადების დროს დავუშვი. პირველი - დავიბადე იქ, სადაც ჩემი ადგილი არ იყო და მეორე, ფეხებშუა ზედმეტი სხეულის ნაწილი არ გამაჩნდა. ესეიგი დავიბადე მე, ქალი. ჩემს დაბადებას ოჯახი ჩუმად ზეიმობდა, თითქოს რცხვენოდათ, რომ ბიჭი არ ვიყავი. საშუალება და ძალა, რომ ჰქონოდათ ისევ უკან შემტენიდნენ და ორი თვის ახალჩანასახს მომკლავდნენ კიდეც. ჩემი დაბადების დღისთვის წამოღებულმა თოფმა ჰაერში ვერ გაისროლა სიტყვებით „ბიჭია, ბიჭი“. არც უსიტყვოდ გაუსროლიათ რამე. მხოლოდ დედაჩემს დააბრალეს ჩემი სქესი და მამაჩემს ამით ნამუსი გამოურეცხეს. დავიბადე მე, ზედმეტად გოგო და არცერთი ბიჭური თვისებით. არ მიყვარდა მანქანები, რომლებსაც ჩემი ოჯახის წევრები მაინც მჩუქნიდნენ, თითქოს მათ წარმოსახვაში ბიჭად აღვიქმებოდი. მომწონდა ვარდისფერი და წითელი კაბები და არა ლურჯი სვიტერი, რომელსაც დედაჩემი ყოველ დღე ტირილ-ტირილით მაცმევდა. - ალბათ ღმერთი ასე მსჯის, შვილო. რა იქნებოდა ბიჭი ყოფილიყავი, რა მოხდებოდა? მიდი ჩაიცვი, ჩაიცვი. ვერ იტანს მამაშენი კაბა რომ გაცვია და შენც მოგხვდება და მეც მისაყვედურებს. არ გეცოდები, შვილო? ყოველ დილით შემომტირებდა და მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რატომ არ მოსწონდათ ჩემი სქესი, უფრო სწორად რატომ უნდოდათ რაღაც „კუტუ“ მქონოდა. ვერც იმას ვიგებდი რატომ მეძახდა მეზობლის კაცი მამიკოს ვაჟკაცს და რატომ ეკითხებოდნენ მამაჩემს შენი ბიჭი როგორი არისო და ცინიკურად მე გამომხედავდნენ. - არ იდარდო, რამაზ, მეორე აუცილებლად ბიჭი იქნება, აუცილებლად! - ყველა ასე ამხნევებდა მამაჩემს და ისიც ღიმილით ყველას პასუხობდა. - არ იქნება და ამას გავზრდი ვაჟკაცივით, მაგრამ გვარის გამგრძელებელი მაინც იქნება. ღმერთი ასე როგორ გამწირავს?! ასე ვიზრდებოდი ნელ-ნელა. ძალით შეტენილ მანქანა სათამაშოებით, ძალით ჩაცმული ბიჭის ტანსაცმლით და ძალით შეკრეჭილი თმებით. - ერთხელაც მიხვდები, რომ ეს შენი ცხოვრება არაა - ყოველ ღამით დედაჩემი ამ სიტყვებით მემშვიდებოდა, თითქოს ხედავდა ჩემს ბედსა და ცხოვრებას. იქნებ ეს ქალური სოლიდარობა იყო და ის ზუსტად ხვდებოდა რა მელოდა ცხოვრებაში. იქნებ მანაც ზუსტად ის განიცადა, რაც მე მელოდა წინ, თუმცა ამის შესახებ არასოდეს მოუყოლია და არც მე ჩავძიებივარ დიდად. იქნებ იმის ეშინოდა, რასაც ბებიაჩემი, ანუ დედაჩემის დედამთილი უკეთებდა მას. ეს არ იყო ქალური სოლიდარობა, ეს არ იყო სიყვარულით, პატივისცემით სავსე ურთიერთობა. ეს იყო ძალადობა და დამცირება, არაფერი სხვა. პრობლემები სკოლაშიც არ შეწყვეტილა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ყველასთვის თანაბარი იყო, მაინც გამოურევდნენ მასწავლებლები ფრაზებს : გოგო ხარ, სხვარგვარი საქციელი შეგფერის; რა გჭირს, ბიჭივით რატომ იქცევი და კიდევ უამრავი სხვა. მეშვიდე-მერვე კლასში აღმოვაჩინე, რომ ქართულის, ისტორიის თუ თუმდაც გეოგრაფიის სწავლას მათემატიკას ვამჯობინებდი. მომწონდა ანგარიში, მიმატება-გამოკლება, ყველა მათემატიკური ოპერაცია. კლასში ყველას ვჯობნიდი. ყველა კლასელზე უკეთ ვსწავლობდი და ვანგარიშობდი. მასწავლებელი კი ჩემს ნიჭს, ჩემს შესაძლებლობებს არაფრად აგდებდა და მაინც დაბალ ქულას მიწერდა. თუმცა რატომ? იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ, რატომ? მათემატიკა ქალის საქმე არ არის! ერთხელ დედაჩემიც დაიბარეს ამის გამო და საყვედურიც მიიღო. -ცდილობს ყველა ბიჭს გადაასწროს. მათემატიკა რომელ ქალს უხდება, ქალბატონო ნელი?! რამით განსაკუთრებულია თქვენი ქალიშვილი? ნუთუ განტოლებები ურჩევნია გალაკტიონის მშვენიერ ლექსს? -როგორ, პატივცემულო მაია, დღეს მან ლექსი არ მოგიყვათ? - გაბრაზებული და ამავე დროს შერცხვენილი თვალებით გამომხედა მან. -კი, მოყვა, მაგრამ ჩვეულებრივ. თითქოს გულთან არ გაუვლია. არც უგრძვნია, შიგნიდან არ წამოიღო გრძნობა, მხოლოდ მოყვა, გაზეპირებით, დასწავლილი ფრაზებით. მე მეტს მოველოდი მისგან, გაცილებით მეტს. ის ხომ თქვენი ოჯახის შვილია, სასახელო ბებიის და ბაბუის შვილიშვილი. როგორ შეიძლება ასე, როგორ? - ტანმორჩილი იყო ჩემი მასწავლებელი, დედაჩემის ფონზე კიდევ უფრო პატარა ჩანდა. ის ყოველთვის ნერვულად ექაჩებოდა ქვემოთ პიჯაკს და გულზე დაკიდებულ სათვალეს აწვალებდა. - გასაგებია, პატივცემულო. რა შემიძლია გავაკეთო? - იკითხა დედაჩემმა, რომელსაც აშკარად არ მოეწონა ოჯახზე ხასგასმა და ამ ოჯახში მისი ადგილის არაფრად ჩაგდება. -მეტი დრო დაუთმეთ ქალურ საკითხებს. მესმის ბიჭი არ გყავთ, მაგრამ ეს ხომ ბიჭი არ არის, გოგოა და დროა ისე მოექცეთ, როგორც გოგოს. ასწავლოთ ლექსები, ქარგვა, ქსოვა, კითხვა, წაიკითხეთ ბიბლია და ვეფხისტყაოსანი. იყავით მასთან ერთად ყველა სიტუაციაში და გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება. თქვენი დედამთილი, შესანიშნავი ქალბატონი ხომ უდიდესი წარსულის ქალბატონია, მას რაც გამოუვლია ცხოვრებაში ნუთუ ესე უნდა დაიკარგოს - შემდეგ მე მომიტრიალდა და მკითხა - იცი ბებიაშენი რა იდებული ქალი იყო? - მე თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე. პასუხმა სახეზე წამოაწითლა ჩემი ბასწავლებელი და კვლავ პიჯაკს დაექაჩა - ხედავ, ქალბატონო ნელი? ბავშვმა საკუთარი ბებიის წარსული არ იცის. ეს თამარ მეფის ისტორიით დაინტერესდება? ერთხელაც, როდესაც უკვე ჩემი სიტყვა ერთი გროშის ფასი მაინც გახდა და რაც მთავარია საკუთარი აზრი ჩამომიყალიბდა, ვიკითხე: - რას ელით ჩემგან? რა დავაშავე თუ გოგოდ დავიბადე? ნუთუ ეს დანაშაულია, ნუთუ ქალის გარეშე შეძლებდა სამყარო განვითარებას, ნუთუ შეძლებდა ასე მომექცეთ იმის გამო, რომ გოგო ვარ. თუ ასე გძულვართ, დაე გააჩინეთ მეორე შვილი და მე შემეშვით. მაცადეთ ცხოვრება, მაცადეთ! ჩემი გამოსვლა მხოლოდ დედაჩემს მოხვდა გულზე ეკალივით. დანარჩენებმა კი ისე განაგრძეს ჭამა, თითქოს არაფერი მითქვამს. მხოლოდ დედაჩემს აუკანკალდა ხელები და ლუკმა ყელში გაეჩხირა. - რას ამბობენ, სკოლაში როგორ სწავლობს ქალბატონიო? - ჩემკენ მომართული დედის გაყინული თვალები კითხვამ გამოაფხიზლა და მაგიდის თავში მჯდომი ჭაღარათმიანი, მკაცრგამომეტყველებიანი, ვიცი, ცისფერთვალება კაცისკენ გადაინაცვლა. ბაბუჩემი თითქოსდა ჩვეულებრივი კაცი იყო. მუდამ მკაცრი. მისი სიტყვა, რომ ყველაფერს წყვეტდა ოჯახში. მამაჩემიც ვერ მოიყვანდა ცოლად დედაჩემს, თუკი ბაბუაჩემის მიერ ჩამოწერილ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც ვერ შეასრულებდა. მე რომ დავიბადე, მაშინ ის უკვე საკმაოდ მოხუცი იყო, თუმცა მხოლოდ ჩვიდმეტი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი ამ ამბავმა ძლიერ დამაღონათქო, რადგან ხშირად მიოცნებია კიდეც მის გაქრობაზე. სიკვდილზე ფიქრს ვერ ვბედავდი, მეშინოდა მართლა, რომ მომკვდარიყო საკუთარი თავი არ დამედანაშაულებინა ამაში და პასუხისმგებლობას ვირიდებდი თავიდან. თუმცა მისი ქვეყნიდან, ან თუნდაც ქალაქიდან წასვლაზე ბევრჯერ მიოცნებია. ამ ამბამდეც მივალთ, მანამდე კი ძველ სცენას დავუბრუნდეთ. ოთახს, რომელიც ყველაზე დიდი იყო ჩვენს ორსართულიან სახლში. ოთახის შუაში იდგა მაგიდა, რომლის თავშიც აუცილებლად იჯდა ბაბუაჩემი. -ყველაფერი კარგად მიდის - მოიტყუა დედაჩემმა, რომელიც დაღლილი იყო კამათისგან, დაღლილი იყო ჩვენს ოჯახში გამეფებული პატრიარქატისგან, დაღლილი ყოველდღიურობიდან და ასე, მცირე ტყუილით, რომელიც შეიძლება მისთვის საბედისწეროც კი ყოფილიყო მაინც გარისკა. გოგოობა ძალიან მომწონდა. არასოდეს მინატრია სხვა სქესის ვყოფილიყავი, მიუხედავად ჩემს ოჯახში არსებული სიტუაციისა. მინდოდა ყოველდღე ჩამეცვა დიდი, ფრიალა კაბები და თავი პრინცესასავით მეგრძნო. მინდოდა ყოველ დღე გამეშალა ჩემი წარმოსახვითი თმა და ბიჭებისკენ კეკლუცად ჩამევლო. კიდევ ბევრი რამ მინდოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ფიქრებში, ძილისწინ ოცნებებში და ჩემს ვარდისფერყდიან დღიურში შეიძლებოდა. პროტესტის დიდი ტალღა, რომელიც მუცლიდან მოდიოდა ვერსად, ვერცერთ მხარეს ვუშვებდი და ისევ ჩემში ვიგროვები. ვიგროვებში შიგნით, ძალიან ღრმად თან მეშინოდა ერთ დღესაც შუაზე არ გავეხლიჩე. მეშინოდა საკუთარი თავი არ დამეკარგა, ის თავი, რომელიც სარკის წინ მხოლოდ ჩემთვის იღიმოდა, რადგან ღიმილის სხვა მიზეზები არ გამაჩნდა. ჩვეულებრივი ცხოვრება მინდოდა. ჩვეულებრივი მშობლებით, ჩვეულებრივი მეგობრებით, ექვსი საათის შემდეგ სახლში დაბრუნებთ, პიკნიკებით, ექსკურსიებით. ყველაფერი ჩვეულებრივი, მაგრამ გულწრფელი. ჩემთან კი ჩვეულებრივი ცხოვრების არცერთი წამი არ მახსენდება. მეტირებოდა, ყოველ ღამით ტირილი მინდებოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი. მეშინოდა, ვაითუ ვინმეს ჩემი ტირილით გაეღვიძა. მინდოდა ზეწარში გახვეულს დამეძინა. მინდოდა საცვლების გარეშე თუნდაც ერთი ღამე გამეტარებინა. მინდოდა მეცხოვრა ადამიანივით, რომელიც საკუთარ სურვილებს განმახორციელებინებდა. -ერთ დღესაც შენს თავს იპოვი - დედაჩემის ეს სიტყვები დიდი ხნის განმავლობაში ნერვულ სისტემას ჩაქუჩით უკაკუნებდა, ახლა კი ვხვდები რისკენ მიბიძგებდა ის და ცოტა გვიან, თუმცა მაინც შევძელი მისი სიტყვების ამოხსნა და განხორციელება. ასეთი იყო ჩემი ყოველდღიურობა. ფიზიკური ძალადობისგან ცარიელი, თუცა ფსიქოლოგიური ძალადობით სავსე. ბევრს გეცნოთ ეს სიტუაცია? ბევრმა ამოიცანით თქვენი თავი? არა! არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენც ასე გექცევათ ცხოვრება, გოგონებო! მაშ, შემდეგზე რა ვთქვა?! შემდეგი ამბები როგორ მიგიყვეთ, როგორ გაგიზიაროთ თუ როგორ გადამთელა ცხოვრების ქარავანმა. მაგრამ მე მოვიკრებ ძალას დავწერო ის, რაც ცხოვრებამ მასწავლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.