შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინერგია დედამიწაზედ (სრულად)

2-07-2020, 16:56
ავტორი K. I.
ნანახია 3 492

სინერგია დედამიწაზედ
ადრეული გაზაფხულის დილაა. დამძიმებულ ქუთუთოებს ძლივს ვახელ და აწკრიალებულ მობილურ ტელეფონს ჩართულ მაღვიძარას ვუთიშავ. თავს ძალას ვატან და ჯერ კიდევ ძილში მყოფ სხეულს გამოფხიზლებას ვაიძულებ. როგორ მინდა, ცოტა ხანს კიდევ შევიქციო ძილი, მაგრამ ვიცი, დოინჯშემორტყმული დედაჩემი წუთი-წუთზე კარზე მომიკაკუნებს და სკოლაში გაგვიანდებას ძახილით იქამდე არ მომასვენებს, სანამ საწოლიდან წამომდგარს არ დამინახავს. თვალებს ვიფშვნეტ, ტანსაცმელს სწრაფად ვიცვამ და ხელ-პირის დასაბანად აბაზანისკენ მივეშურები. შემთხვევით მამაჩემს ვეჩეხები. ხელში ვაზის სასხლავი მაკრატელი უჭირავს და მათვალიერებს. ამ მზერას კარგად ვცნობ. ვხვდები, რაღაცის თქმას აპირებს და სათანადო სიტყვებს თავს უყრის.
-ერთ-ერთი ღვინის კომპანიის ახლომდებარე ვენახში რამდენიმედღიანი სამუშაოა. მარტო მე ვერაფერს გავხდები, შენი დახმარება დამჭირდება, -როგორც იქნა, აბაზანიდან გამოსულს სათქმელს გზაში მაწევს.
-წამოგყვები. მუშაობას როდიდან იწყებ?- ხათრს ვერ ვუტეხ, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემებმა შეაწუხეს და ჩემი მხრიდან ურიგო საქციელი იქნება, უარით გავისტუმრო.
-ამ დილიდან. როცა სკოლიდან დაბრუნდები, მანქანით მოგაკითხავ და წაგიყვან,- მეუბნება და სიტყვაძუნწივით ზურგს მაქცევს, ვენახისკენ მიიჩქარის.

***
დედაჩემი ჩვენი სოფლის, იყალთოს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობს. სწავლის დღეებში თითქმის სულ ერთად გვიწევს სახლის დატოვება.
დღესაც ასე ხდება, ჭიშკარს ვკეტავთ და შარა გზას მივუყვებით. შემეცნებითი სახის გაკვეთილი დაუგეგმავს და საჭირო მასალებით დახუნძლულები მისი სამსახურისკენ მივემართებით. ვიცი, აღსაზრდელებს ძალიან უყვართ. რასაც ეს პროფესია მოითხოვს, ყველა უნარი და თვისება აქვს. ნამდვილი მასწავლებელია და ადვილად იპყრობს ბავშვების გულებს. პატარა რომ ვიყავი, რამდენიმეზე ეგოისტურადაც მიეჭვიანია. ვერ ვიტანდი მის სიყვარულში რომ მეცილებოდნენ.
სანამ სკოლის გზისკენ გადავუხვევ, ბაგა-ბაღის შენობასთან ჩერდება, საგანგებოდ შეფუთულ ნივთებს მართმევს, წარბის აწევით მიყურებს, ჭკუით იყავი, არ შემარცხვინოო - მაფრთხილებს და მშორდება.

***
პირველი გაკვეთილი ბიოლოგიით იწყება. რუსუდან მასწავლებელი კლასის ჟურნალით ხელში ზუსტად ცხრა საათზე შემოდის, არასოდეს აგვიანებს. თვრამეტკაციან შემადგენლობას თვალს გვავლებს და გვესალმება. ცხვირზე სათვალე დაუკოსებია, შუბლზე ჩამოფხატულ, გახუნებულ ბერეტს ისწორებს და მისთვის გამწესებულ ადგილს იკავებს. გაკვეთილს სიის ამოკითხვით იწყებს. დასრულებისთანავე კალამს გვერდზე დებს და ხელებს ერთმანეთზე აჭდობს:
-ვიდრე ახალი მასალის ახსნაზე გადავალ, პირველ რიგში მეტად მნიშვნელოვან საკითხს უნდა შევეხო.
ყველა ერთბაშად შევცქერით, ზოგიერთი პედაგოგისგან განსხვავებით, ისეთი საინტერესო საუბარი იცის, ხანდახან ორმოცდახუთი წუთის გასვლას ვერც კი ვამჩნევთ. ფურცელზე ამობეჭდილ ტექსტს დაჰყურებს და აგრძელებს:
-კლიმატის ცვლილების, გლობალურ დათბობასა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. მიმდინარე სემესტრში რამდენიმე საათიც დავუთმეთ, ამიტომ ხელმეორედ მასზე საუბრისგან თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. დაგყოფთ სამკაციან ჯგუფებად. თითოეულს დაგევალებათ ამ პრობლემის შეჩერებასთან დაკავშირებული თქვენეული ვერსიების ჩამოყალიბება და განვრცობა. გაითვალისწინეთ, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ჩვენი მხარის გარემოს დაცვაზე. მოგეცემათ სამი კვირის ვადა. მოიფიქრეთ ორიგინალური იდეები, ჩამოაყალიბეთ წერილობითი სახით, ამასთანავე, PowerPoint-ის პროგრამაში დაამუშავეთ და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეთ. ეს ჩაგეთვლებათ სკოლის მასალით გათვალისწინებულ დავალებად და ამავდროულად საუკეთესო ნაშრომი გადაეგზავნება მსგავსი საკითხებით დაინტერესებულ ერთ-ერთ დაწესებულებას, რომელიც მოწადინებულია, კონკურსის ფარგლებში ორიგინალურად მოაზროვნე ახალგაზრდები აღმოაჩინოს, დააჯილდოვოს და შეძლებისდაგვარად მათ იდეებს ფრთები შეასხას. აუცილებელი პირობაა, კარგად გქონდეთ გაცნობიერებული აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თანამედროვე სამყაროს საფრთხეები და მზად იყოთ, თუნდაც პატარა პროექტის შექმნით, წვლილი შეიტანოთ დედამიწის მოვლა-პატრონობაში.
-კონკურსს რა ჰქვია?-კითხულობს თანაკლასელი გოგონა და სახელწოდების ჩასაწერად კალამს იმარჯვებს.
-„დაიცავი გარემო“,- მასწავლებელი ადგილიდან დგება, დაფასთან მიდის და მეტი გამჭვირვალობისთვის ცარცით წერს როგორც კონკურსის სახელწოდებას, ასევე ორგანიზატორი დაწესებულების სახელს და ვებგვერდის მისამართს.
-ჯილდო რა იქნება?- ცნობისმოყვარეობა მძალავს, თავს ვერაფრით ვიკავებ.
-გამარჯვებული პროექტის მონაწილენი ფულადი სახის პრემიით დაჯილდოვდებიან,-უმალ მპასუხობს და სხვის მიერ დასასმელი შეკითხვის მოსასმენად ემზადება.
საკუთარ ფიქრებთან მარტო ვრჩები. მიყვარს, როდესაც ჩემში შემოქმედებითი უნარები იღვიძებენ. აზრებს ვუხმობ, ჯერ არაფერი მაფიქრდება, თუმცა ვიცი, პროექტის გარშემო ტრიალი მთელი დღე გამტანჯავს.
მასწავლებელი კლასის ჯგუფებად დაყოფას იწყებს. ჩემი ჯგუფის ლიდერად რატომღაც მე მასახელებს. ახლა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
-შენს იმედად ვართ, იდეების გენერატორო,- ჩურჩულებენ უკან მჯდომი თანაგუნდელები ირაკლი და ელენე. ცდილობენ, შეუმჩნევლად იმოქმედონ. არ სურთ მასწავლებლის ყურადღება და მრისხანე მზერა დაიმსახურონ .
-ჰო, თქვენ იზარმაცეთ და სანდრო მარტოც გაიტანს ლელოს, - კისერს მათკენ ვაბრუნებ და მკვირცხლად ვპასუხობ.
არაფერს ამბობენ, ჩუმად ეცინებათ საყვედურნარევ ხუმრობაზე.

***
გაკვეთილების შემდეგ დაპირებისამებრ, სახლში მისულს მამაჩემი მაკითხავს. ვენახში სამუშაოდ მომზადებული სათანადოდ ვიმოსები და ღვინის კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში მივდივართ. გზაში დადუმებული ვარ, უფრო სწორად, ვცდილობ, ნაკლები ვილაპარაკო. ფიქრები კვლავ რუსუდან მასწავლებლის მოცემული დავალებისკენ გარბიან. აზრების გროვიდან ვენახთან მისვლას გამოვყავარ.
-სასწაული ვენახია. აი, აქ ექვსამდე ევროპული ჯიშის ვაზი ხარობს: კაბერნე, პინო, მუსკატი, შარდონე, სოვინიონი და მერლო. უშუალოდ ქართული ჯიშის ვაზები იქით აქვთ გაშენებული და საკმაოდ დიდი ჰექტრები უკავიათ, -ხელით მაჩვენებს ჩემგან მარცხნივ მდებარე ვენახს და მანქანიდან გადადის.
სასხლავ მაკრატელს ხელში ვიღებ და მამას უკან მივყვები. მიუხედავად იმისა, რომ მზე აჭერს, მარტის დასაწყისს მაინც გადმოჰყოლია ზამთრის სუსხი. სიცივე ძვალსა და რბილში ატანს, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ, მუშაობაში გადამავიწყდება კიდეც. ამ საქმის დასრულება შუა რიცხვებამდე თუ არ მოესწრო, ვაზში წვენის მოძრაობა დაიწყება. გამოღვიძებული მცენარისთვის კი ხელის მოკიდება არც თუ ისე სასურველია. მამამ გასხვლა წინა წელს მასწავლა, წესით არ უნდა გამიჭირდეს. მთავარია, მსხმოიარობის გასაზრდელად მნიშვნელოვანი გარემოებები გავითვალისწინო - თვალით განვსაზღვრო ვაზის სიმძლავრე და წინა გასხვლით რამდენად იყო დაცული თანასწორობა მოსავლიანობასა და ზრდას შორის. საკმაოდ იოლია, თუ კარგად დავაკვირდები სანაყოფე რქაზე არსებული რქების სიმძლავრეს. წინასწარ ვიცი, მუშაობის დროს ზედამხედველობას მაინც გამიწევს და გარკვეულ მითითებებსაც მომცემს. უხარია, როდესაც მევენახეობის მიმართ ინტერესს ვიჩენ.
-ოჰოჰოჰ, შეხედე რამდენი წალამია,- დილანდელი ნამუშევრით მიღებულ და შეგროვებულ ნარჩენებზე მიმანიშნებს.
-კარგი წვა აქვს, არა?- ვეკითხები.
-აბა, რა. იდეალური საშუალებაა მაყალზე ცეცხლის გასაჩაღებლად. მალე იწვება და ერთნაირ ტემპერატურას ინარჩუნებს წვის დროს.
კვლავ ჩემს ფიქრებში მივდივარ. ნეტავ, რამდენად წაადგება ვაზისგან მიღებული და გადამუშავებული ბიომასა აქაურ მაცხოვრებლებს ზამთარში გასათბობად?- საკუთარ თავს ვეკითხები და მახსენდება შეშის ღუმელები, რომლებსაც ყოველწლიურად ხე-ტყეების გაჩანაგების ხარჯზე ვარვარი გაუდით. თან, მუხლჩახრილი ვშრომობ. აზრები საქმეს ენაცვლებიან, საქმეს კი - აზრები.

***
საკმაოდ დამღლელი დღის ბოლოს ვვახშმობთ და ვცდილობ, ფოკუსირება სკოლაში მოცემულ დავალებებზე მოვახდინო. პირველად ინტერნეტში შევდივარ და წალმის ეფექტიანობას ვეცნობი. მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ვრწმუნდები, რომ მშვენიერი მასალაა ბიოსაწვავის მისაღებად. თუკი საწარმო შეიქმნება და კახეთის სოფლების ვენახებიდან შეგროვებული წალმის საწვავად გადაქცევა დაიწყება, მაშინ რეგიონში არსებულ სკოლებში, ბაგა-ბაღებსა და სხვა მუნიციპალურ დაწესებულებებში შესაძლოა ენერგოეფექტური ღონისძიებები განხორციელდეს, რომლებიც შემდგომში თავიდან აგვარიდებენ გაზის მოხმარებას, ტყის განადგურებასა და შეშის არაეკონომიურ ხარჯვას. რამდენ ბუნებრივ კატასტროფას ავცდებით მეწყერების, ზვავებისა და მდინარეების ეროზიის სახით, რომ არაფერი ვთქვათ ჟანგბადის წარმოქმნის ხელშეწყობაზე, ტყის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.
კონკრეტულ თემას მივაგენი და თავსატეხი ამოვხსენი. მოძიებულ ინფორმაციას პროექტის გეგმის ფორმირებას ვაძლევ და თანაგუნდელების, ელენეს და ირაკლის ძლიერ მხარეებზე ვიწყებ მსჯელობას. უკვე განვსაზღვრე, ელენეს პროექტის წერილობით მხარეს მივანდობ და პრეზენტაციისთვის მოკლე და მომნუსხველ ტექსტსაც შევადგენინებ - წერა უდავოდ კარგად გამოსდის, ხოლო ინფორმატიკით ზედმეტად გატაცებულ ირაკლის PowerPoint-ის პროგრამაში გვერდების აწყობას და გაფორმებას ვთხოვ. ხვალ ორივეს ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენებ, დაწვრილებით ვისაუბრებთ და მოვალეობებსაც გავინაწილებთ.
ბიოლოგიის დავალებიდან დანარჩენ საგნებზე გადავდივარ და დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის ყველაფერს ვასრულებ. ისე ვარ გათანგული, საწოლამდე მისვლაც მეზარება. ძილი მერევა და საბოლოოდ სამეცადინო მაგიდასთან მამარცხებს.

***
სამი კვირის თავზე ელენესთან და ირაკლისთან ერთად შექმნილი პროექტის პრეზენტაცია წარმატებით სრულდება. ჩემი გუნდის ნამუშევარი უპირობო გამარჯვებულია. რუსუდან მასწავლებელი უმაღლეს შეფასებას გვიწერს და გვპირდება, აუცილებლად გააგზავნის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. თავადაც ჩვენსავით თვლის, რომ მსგავსი სახის იდეა არა მხოლოდ გარემოს, არამედ სახელმწიფოს ბიუჯეტსაც მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს, ამიტომ მრავალმხრივ სარგებლიან პროექტს უწოდებს. რა თქმა უნდა, მისი ეპითეტები სიამოვნებას გვგვრის და გამარჯვების იმედს გვისახავს. ახლა ყველაფერი კომპეტენტური ჟიურის გადასაწყვეტია. ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ შედეგებს.
***
მალე სკოლაში სასიხარულო ამბავი მოდის, ჩვენი პროექტი გამარჯვებულია. უნდა ვაღიარო, ჩინებული გრძნობაა, როდესაც ვიღაც შრომას გიფასებს და შედეგიც არ აყოვნებს. რუსუდან მასწავლებელთან ერთად სკოლის დირექტორიც აღფრთოვანებულია და მიღწეულ წარმატებას გაბრწყინებული სახით პირადად გვილოცავს. პატარა კონტიგენტში ახალი ამბავი ელვის სისწრაფით ვრცელდება - ერთი სიტყვით, დღის თემად გვაქციეს.

***
რამდენიმე თვის შემდეგ კონკურს „დაიცავი გარემოს“ სულის ჩამდგმელები იყალთოს ბაგა-ბაღის შენობის ეზოში საზეიმოდ გვაჯილდოვებენ. აქვე თავი მოუყრიათ თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და ადგილობრივი ტელევიზიების ჟურნალისტებს. ჩვენი იდეის განხორციელება თავდაპირველად სწორედ ამ დაწესებულებიდან აიღებს სათავეს. დამსახურებული ჯილდოს საზეიმო ვითარებაში გადმოცემის მერე პირველადი სამუშაოების დათვალიერება იგეგმება. ჟურნალისტები სამივე ჩვენგანს რიგრიგობით გვაკითხავენ და კითხვებს გვისვამენ. კამერების წინ თამამად ვდგავართ და მთელი გულმოდგინებით ვპასუხობთ. ირგვლივ მიმობნეულ ბაგა-ბაღის თანამშრომლებში დედაჩემს ვლანდავ. თვალებში ცრემლი ჩასდგომია და სუსტად მიღიმის. ვატყობ, გული სიამაყის გრძნობით აქვს სავსე.
სასწაული რამ არის სინერგია. ყველაფერი რომ ასეთი ერთსულოვნებით და ჯაჭვური რეაქციით მიდიოდეს სამყაროში, ეგებ ერთმანეთის საქმით კმაყოფილ ადამიანებს მეტჯერ შეეგრძნოთ კეთილი საქმის მადლი და ხშირადაც გაეღიმათ.

№1  offline მოდერი guroo

ოოოუუუუფფფ, რამხელა დაგიწერია. წავიკითხავ და დავწერ კომენტარს.

№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

guroo
ოოოუუუუფფფ, რამხელა დაგიწერია. წავიკითხავ და დავწერ კომენტარს.

კი ბატონო, გელოდები! :)))
--------------------
When nothing goes right, go left!

№3  offline მოდერი guroo

არ ვიცოდი რას ნიშნავს სინერგია და დავგუგლე: დდდ
პირველი შემთხვევა არ არის, როცა პროექტზე მუშაობის შესახებ წერ რამეს, ან პატარა ბავშვებთან დიდი ადამიანის შესანიშნავ ურთიერთობაზე.
შენც სანდროსავით ხარ, არა? და კიდევ დედამისსაც ძალიან ჰგავხარ, ალბათ.
რაც შეეხება იდეას, მგონი, დასაწუნი არაფერი აქვს. ზედმეტად კარგიც კია. ადრე თონე გვქონდა და პურს იქ აცხობდა ბებიაჩემი. საწვავად წალამს ვიყენებდით. მთელი წლის მანძილზე გვყოფნიდა და ხშირად მეზობლებსაც ვაძლევდით, რადგან ყველას არ ედგა ყურძენი.
მე ის უფრო მაოცებს, ასეთ რამეებზე რომ გეფიქრება და სანამ გადაჭრის გზას არ მიაგნებ, იქამდე რომ ფიქრობ და ფიქრობ. შენ რა გაქვს შესაშური, იცი? აი, ეს დაჟინებული ფიქრი!

№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

ჰო, ფიქრები და იდეები ყოველთვის უხვად აწვებოდნენ ჩემი გონების კარებს. გამიხარდა, რომ წალმის ეფექტიანობაზე შენც გცოდნია ბებია-ბაბუისგან :))) თონეში გამომცხვარი პურიც მომანდომე :)))
ახლა დავფიქრდი, მანამდე არასოდეს მიფიქრია ამაზე და სწორად აღნიშნე, არაერთი თემა მაქვს ბავშვების და დიდების ურთიერთობაზე და მათ სინერგიზმზე kissing_heart ვფიქრობ, ჩემს შემოქმედებას ჩემი პროფესია და მისი სიყვარული გარკვეულ კვალს ამჩნევს blush
სწორად მიხვდი, სანდროც ვარ და დედამისსაც ვგავარ ❤️
მადლობა, რომ წაიკითხე და შთაბეჭდილებაც გამაცანი.
--------------------
When nothing goes right, go left!

№5  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი

ისევ მოვუბრუნდი ამ ისტორიას და აღმოვაჩინე, რომ კომენტარი შეგიცვლია. არ ვიცოდი, მასწავლებელი თუ იყავი.

№6  offline ახალბედა მწერალი K. I.

დიახ, ინფორმაცია ჩავამატე კომენტარს. რაკი გადავწყვიტე, ფსევდონიმით არ ვიყო საიტზე, წესით დასამალიც არაფერი უნდა იყოს.
--------------------
When nothing goes right, go left!

№7 სტუმარი სტუმარი ნინო

ერთი ამოსუნთვქით წავიკითხე ქეთო..როგორც ყოველთვის მოულოდნელობებით ხარ სავსე..არ ვიცოდი სინწრგია ახლა ვიცი..წალამზე მხოლოდ ის ვიცოდი რო მწვადები გამოდის უგემრიელესი :) მადლობა ქეთო ამ თბილი ისტორიისთვის..განა მარტო ისტორიააა? უბრალოდ იგებ ისეთ რაღაცეებს რაც არ ვიცოდი მე მაგალითად..წარმატებები და გამიხარდა რო გამოჩმდი..ხშირად არ ჩანხარ მაგრამ როცა გამოჩბდები ხოლმე მართლა გამოანათებ...ასე რომ ღირს ლოდინი შენი !უპრეტენზიოდ!!!!

№8  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ნინო
ერთი ამოსუნთვქით წავიკითხე ქეთო..როგორც ყოველთვის მოულოდნელობებით ხარ სავსე..არ ვიცოდი სინწრგია ახლა ვიცი..წალამზე მხოლოდ ის ვიცოდი რო მწვადები გამოდის უგემრიელესი :) მადლობა ქეთო ამ თბილი ისტორიისთვის..განა მარტო ისტორიააა? უბრალოდ იგებ ისეთ რაღაცეებს რაც არ ვიცოდი მე მაგალითად..წარმატებები და გამიხარდა რო გამოჩმდი..ხშირად არ ჩანხარ მაგრამ როცა გამოჩბდები ხოლმე მართლა გამოანათებ...ასე რომ ღირს ლოდინი შენი !უპრეტენზიოდ!!!!

ნინო, მადლობა საყვარელო. ჰო, ხშირად ვერ ვწერ. არ შემიძლია სიჩქარე და კი იცი ეს ამბავი შენ :)) მიხარია, რომ ინფორმაციული იყო შენთვის ეს ნაწარმოები.
❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent