ქალი შავებში (სრულად)
ბარში, ქერათმიანი გოგონა უკვე მეხუთე ჭიქას შეექცეოდა. ბარმენიც უსხამდა იქამდე, სანამ მიხვდა, რომ ხასიათი უკონტროლოდ ეცვლებოდა და მეექვსე, მეშვიდე და მერვე ჭიქა უალკოჰოლო კოქტეილით შეუვსო. გულის სიღრმეში, ეშინოდა. ეშინოდა მთვრალი და ლამაზი ქალების, რომლებსაც, ფხიზელი და გაუმაძღარი მამაკაცები ისე შესცქეროდნენ, როგორც ადვილად მოსანადირებელ ფრინველს. ქალი, ხორბლისფერთმიანი კაცისკენ აპარებდა მზერას. ის კაცი, სადღაც, მოშორებით იჯდა და ისეთი გონებაწართმეული იყო, მასთან კონტაქტიც აღარ ღირდა. - სულ აქ დადის? - ჰკითხა ქალმა ბარმენს. - ხშირად. - ეჰ - ამოიოხრა ქალმა. - თქვენც სულ აქ დადიხართ - მიუგო ბარმენმა. - შენ ივა გქვია ხო? მგონი, მახსოვხარ. მე ანაბელს მეძახიან და რახან მეძახიან, ალბათ ეგრეც მქვია. - დიახ - გაეცინა ივას. - იმ მშვენიერი ბიჭის ისტორია იცი? ადრე, ერთმანეთს ვხვდებოდით. მერე მიმატოვა. და მე გამეხარდა, რომ მიმატოვა, რადგან ხუდჯერ დამეღუპა ქმარი და როცა ყველაზე ძლიერად შემიყვარდა კაცი, სულისშემძვრელი შფოთვები დამეწყო. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, თუ არ დავშორდებოდით, ისიც დაიღუპებოდა. - ტრაგიკული ისტორიაა. - ეგ ჩემი ისტორიაა. მე მაგ ბიჭის ისტორია გკითხე თუ იცი-თქო. - მხოლოდ მაშინ ვიცი რამე, როცა მიყვებიან. - გამოუტყდა ივა. - მარჯიელაზე არაფერი გსმენია? დავიჯერო? - ბიჭმა სამჯერ გააკანტურა თავი და ანაბელი ლაქლაქის ხასიათზე მოვიდა. საუბარი არ უყვარდა, თუმცა ფიქრობდა, რომ სამყაროში, ზოგიერთი ამბავი აუცილებლად უნდა მოეყოლათ. მოეყოლათ ერთხელ, ასჯერ, ათასჯერ და ეარსება ამ ისტორიებს იქამდე, სანამ ადამიანები იარსებებდნენ. და როცა ანაბელმა თხრობა დაიწყო, ივა მიხვდა, ასეთს ალბათ ვერაფერს მოისმენდა სხვაგან. ანაბელმა უთხრა, რომ ასე იჯდა ხოლმე ვიღაც მარჯიელა მაგიდასთან და იმაზე ფიქრობდა, რა იქნებოდა თუ გალოთდებოდა. აი თვითონ სიმთვრალე მოსწონდა, მაგრამ ალკოჰოლის გემო არა. ეგ არაფერიო, ფიქრობდა მარჯიელა. ათასგვარი კოქტეილი არსებობდა და არყის დალევის მერე ჯღანვა არ მოუწევდა. დალევდა ფორთოხლის, ანანასის, ენერგეტიკული სასმელის არომატიანს და მერე რეტიანივით ხან ერთ კედელს მიეჯახებოდა, ხან მეორეს. თვითონ ის აზრი, რომ ალკოჰოლი ან ნარკოტიკი რამეს გავიწყებს, დიდად არ მოსდიოდა თვალში, არც იზიარებდა. უნდოდა, მაგარი შენძ**ულივით ებარბაცა და მერე ყველას თითი გაეშვირა მისკენ, თან ეთქვათ, ნახე, ლოთი ელლა მოდისო. ლამაზად ჟღერდა, „ლოთი ელლა“ მწერალი, მეზღვაური, ჟურნალისტი ან რამე ეგეთი მაიმუნობა შეეძლო ყოფილიყო. მაგრამ არა, ამას ლოთობა ხიბლავდა. თან მდიდარ დაცენტრილ ოჯახში თუ დაიბადები და ასევე მდიდარ დაცენტრილებს გაჰყვები ცოლად, მერე რაღაცა პროტესტი მაინც გიჩნდება. აღარ გინდა, ხელით საჩვენებელი, მისაბაძი მაგალითი იყო. ხელით საჩვენებელი გიჟი მარჯიელა უნდოდა ყოფილიყო და უბნის ბავშვებისთვის ქვები დაეშინა. კატები დიდად არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ რამდენიმე ავი ზნის მატარებელ ცხოველს მაინც იყიდდა - ზემოთხსენებულ ბავშვებს რომ ამრეზით შეხედავდნენ და ღრენით გაეკიდებოდნენ. არადა, კატები მემგონი არ იღრინებიანო, შეშფოთდა. მაგრამ მაინც ღრენია კატებს იყოლიებდა და პატარებს კი არა, უფროსებსაც მაგრად დააშინებდა. მერე ეგ უფროსები შარს მოსდებდნენ, უჩივლებდნენ, მაგრამ ამას მაინც გავლენიანი ერქმეოდა და ფეხებსაც ვერ მოსჭამდნენ. მოკლედ, როცა ბარში იჯდა ანგელოზივით ქალი და გალოთებაზე ოცნებობდა, დიდი ალბათობით, ვიღაცეები ძალიან მშიერი თვალებით შესცქეროდნენ. აი, მაგ მარჯიელასაც ეგრე შესცქეროდნენ. ზოგმა იცოდა, ვინც იყო. სამყაროში ხო არაფერი საძაგლობა არ იმალება? კარგს კიდე დამალავ, მაგრამ საძაგლობას - ვერანაირად. იქვე, მიმტანი კაი უყურებდა. თან ჩვეულებრივად კი არ უყურებდა, კარგა ხანს მიშტერებოდა. ბარმენს ჰკითხა, ეს ქალი ხომ არ იცი, ვინ არის, ყოველ დღე აქ რომ დადისო და ბარმენსაც გაეცინა. ყველამ იცის მაგისი ვინაობაო. ბიჭი მაინც ვერ მიხვდა, ვინ იყო ქალი შავებში. უბრალოდ შავები კი არ ეცვა, როგორც უმრავლესობას სჩვევია, თითქმის ნახევარ სახეს უფარავდა რაღაცნაირი, ბადიანი ხილიბანდი. „უეჭველი ვიღაცას გლოვობს“ - გაიფიქრა კაიმ. გეგონება, განა ჩვეულებრივად გლოვობდა, თითქოს ყველასთვის უნდოდა დაენახებინა გლოვა. - რა მოგართვათ? - ჰკითხა კაიმ ქალს და რამდენადაც ეცადა, მტკიცე ყოფილიყო მისი ხმა, იმდენად, ენა აუკანკალდა. ეგრეა ზოგადად. ლამაზი და საშიში ქალები, თავბრუს ახვევენ პატარა ბიჭებს, მაგრამ თან ისეთი საშიშები ჩანან, ბოლომდე, ვერაფერს გაუბედავ. - რამე ისეთი, საკუთარი წარმომავლობა და მისამართი რომ დამავიწყოს. ოღონდ კარგი გემო ჰქონდეს და მთლად მისამართი ნუ დამავიწყდება. ღამით ქუჩაში თუ გამეღვიძა და თან ძაღლებმა ამილოკეს სახე, მაგრად შემეშინდება. - ჰევენი - თავის სიტყვას, მეტი დამაჯერებლობისთვის, თავიც დაუკრა კაიმ. - და ჰევენი ჰელში მომახვედრებს? - ან ჰევენში. ხასიათს გააჩნია. - ჰელში ისედაც ვარ. მომიტანე ჰევენი - რაღაცნაირად, იფიქრა, გავუღიმებო მარჯიელამ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მაგის მსგავსი არაფერი გამოსვლია. სადღაც, მოშორებით ვიღაცა კაცი იჯდა. ზუსტად ის კაცი, ახლა მე, ანაბელს რომ მიზის მოშორებით. დიდი ხნის ნაცნობივით შეჰყურებდა, თან სიმართლე ითქვას და, მარჯიელასთვის უფრო ახლობელი იყო, ამავე დროს, ძალიან შორეული გეგონებოდალ. მტერი ან მოყვარე. ასეთებისთვის, პანღურის ამოკვრა უნდებოდა მარჯიელას, თუმცა მაღალ ქუსლებზე ეცვა და შეეცოდა, ნამეტანი ეტკინება საჯდომიო. თვალებში ნორმალურად ვეღარ იხედებოდა, მაგრამ იმ კაცს ღია ხორბლისფერი თმა ჰქონდა, მაგას წყალი არ გაუვიდოდა. დაბალზე შეეჭრა თმა, თორემ კულულებსაც დაუნახავდა. კაცსაც უნდოდა ღიმილი. ვერც ის იღიმოდა. მარტო თავისი კი არა, მარჯიელას ღიმილიც უნდოდა. მარჯიელასაც უნდოდა თავისი და იმ კაცის ღიმილი, ერთად. ეგ რაღაც კოლექტიურ დაავადებას ჰგავდა. თითქოს ყველას სურდა ემოციის გამომჟღავნება, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არაფერი გამოსდიოდათ. ალბათ გენეტიკაცაა დამნაშავე. აბა, მართლა დაავადება ხო არ იქნება, როცა ღიმილი გინდა და ვერ შვრები? მარჯიელამ იფიქრა, ახლა რაღაცა მაგარ დასალევს გამომიგზავნის მეზობელი მაგიდიდან და იძულებული ვიქნები, თავზე გადავალეწოვო. განა გადალეწვის ღირსი იყო? უბრალოდ, უნდოდა, ერთხელ მაინც მიემსხვრია ვიღაცის გოგრისთვის წყეული ბოთლი და მერე არხეინად გაეგრძელებინა სმა. ვითომც არაფერი. მაგრად კი დათვრა. არც სიმთვრალე ჰქონდა კარგი და არც სიფხიზლე შენც არ მომიკვდე, ერთნაირი ავი იყო ორივე დროს. ზოგჯერ ფიქრობდა, ლამაზი რომ არ ვიყო, რა მეშველებოდაო და მერე ხვდებოდა, რომ ვერც სილამაზემ უშველა რამე. ნეტა სახე ერთი მაგრად ამოეკაწრა, რადგან თავისი შედგენილი დიაგრამის მიხვედით, მახინჯები უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს იმ თავიანთ მახინჯ ნაჭუჭში, ვიდრე ლამაზები. მერე ვიღაცა უჯიშოს შეიყვარებდა. ჯიშიანების ტრფობამ კარგი ვერაფერი უყო, აგერ მეორედ იმოსებოდა უკვე ჭირისუფალივით და ეჯავრებოდა. კიდე მოუტანეს სასმელი. თავის ქალის ფორმის ჭიქით. - ეს ჩემს პირველ ქმარს ჰგავს - მოეწონა მარჯიელას. - შესაძლოა, მეორესაც. მაგრამ მეორე ქმარი რომ ახსენდა ქალმა, არ მოეწონა. რადგან იმისი ხსენება, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს და გძულს ერთდროულად, ძალიან მტკივნეულია. - თავის ქალით ხვდებით? - ჰკითხა კაიმ სიცილით. ქალი რომ ვერ აიყოლა ხუმრობაში, მერე დასერიოზულდა. არადა, მართლა მშვენიერი ტიპი ჩანდა ეს მიმტანი. მარჯიელას აზრით, ყველა მიმტანი მხიარული და საყვარელი იყო. ყოველი შემთხვევისთვის, ასე გამოიყურებოდნენ. - იცხოვრებ ვიღაცასთან და უნახავად შეისწავლი თავის ქალასაც და ძვლის ტვინსაც - შესჩივლა ქალმა. არადა, ძაან დამრიგებლურად გამოუვიდა. ბირჟავიკი უბნის კაცი რომ ბავშვებს შემოისხამს და ცხოვრებას ასწავლის, ეგრე. - აქ ხო ეწევიან? - დიახ. ჯერ ეწევიან. - ცოტახანში ვეღარ? - ათ დღეში, კანონი შემოვა ძალაში და მხოლოდ ვერანდაზე. - ათი დღე შიგნით დავიხეთქავ ფილტვებს და მერე გარეთ გავალ - თვალებმოჭუტულმა, ძლივს მიაგნო სიგარეტს. - ტაქსს ხომ არ გამოვუძახო ქალბატონო? - კაი შეშფოთებული ჩანდა. თან შიშობდა, არ გაბრაზდესო, მაგრამ გამჩენი არ ასვენებდა და რომც გაბრაზებულიყო, ღმერთი ხო მაინც ზრუნვაში ჩაუთვლიდა? შენ გგავდა ჩემო ბარმენო. გეშინია, მთვრალმა რამე ფათერაკი არ გადავიკიდო. თან გგონია, ალკოჰოლურ სასმელს, უალკოჰოლსგან ვერ გავარჩევ, მაგრამ უარესი ვეღარაფერი დამემართება. - ტაქსს გამოძახება არ სჭირდება. მძღოლი მელოდება - გაეღიმა მარჯიელას - ასე ზის და მელოდება, სადაც არ უნდა წავიდე. ჩემი ქმრის მძღოლია. მისჯილი აქვს, რომ სამუდამოდ ელოდოს ჯერ ბატონს, მერე იმის ქალბატონს თუ რა ჯანდაბაცა ვარ. თუ ღმერთი გაუწყრა და შთამომავლები ეყოლათ, იმათი ლოდინიც მოუწევს. ჩემს შემთხვევაში, გაუმართლა. ცუდად არ გამიგო, დამპალი კაცია და მაგიტო ვლაპარაკობ ასე უღირსად. მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრე - თითი ჯერ კაისკენ გაიშვირა, მერე მეზობელ მაგიდასთან მჯდომი კაცისკენ - ეს თუ მომეკარა, პოლიციაში დარეკე. მეც დავრეკავდი, უბრალოდ ვერ ვაზროვნებ. აზრზე ხარ? იმ კაცის მოშორება უნდოდა, ახლა მე რომ მიზის მოშორებით. არადა, ყველაზე კეთილია, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს და ალბათ, მაგიტომ ვგევარ მარჯიელას. მაგ კეთილ კაცს ვუფრთხოდით ორივე. ოღონდაც, ჩემი საყვარელი იყო ოდესღაც... მარჯიელასთვის კი გაცილებით ახლობელი, ვიდრე საყვარლები არიან. - გაწუხებთ? - ჰკითხა მიმტანმა ჩვენს ქალბატონს. - კი. ოღონდ არსებობით მაწუხებს. უნებურად. არ უნდა, შემაწუხოს, მაგრამ მაინც ეგრე გამოსდის. მთელი მსოფლიო ეგეთია. თითქოს ხო არაფერი? მაინც მაგრად მიშლიან ნერვებს. შენ ჯერ არ მოგიშლია. არადა, უკვე ნახევარი საათია, გიცნობ. ანგარიში მომიტანე და წავალ. მართლა მეტისმეტი მომდის. - რესტორანის ხარჯზე იყოს - მიუგო კაიმ. თან ეს ადგილი, როგორც იმ კაცის საკუთრებაა, ეგრე, მარჯიელასაც ეკუთვნოდა რაღაცნაირად, უბრალოდ, მიმტანმა არაფერი იცოდა. ისე, ჩვეულებრივად დაპატიჟა, თავის ხარჯზე. მაგრამ ვერ გაუბედა პირდაპირ თქმა და ყველაფერი, რესტორნის ხარჯს შეაწერა. მოგვიანებით, თავად აპირებდა გადახდას. ზოგი, ტვინს წაგიღებს, მე გეპატიჟებიო, იმდენჯერ გაიმეორებს. ზოგი კი თავმდაბლობით ისე გამოირჩევა, რომ სამყარო ერთხელაც არ უფასებს. ქალი წამოდგომას ცდილობდა. კაი დაეხმარა. თან ქაჯურად წელზე ან რამე ეგეთ ადგილას კი არ წაავლო ხელი, აქაო და, მაინც დახმარებაში ჩამეთვლებაო, მაჯაზე მოჰკიდა. - ყოველდღიურ ლოთებს თქვენ უმასპინძლდებით? - მხოლოდ სასურველ სტუმრებს - ბიჭი თბილი ჩანდა. ცოტა ბანალურად კი წამოისროდა ხოლმე სიტყვეს, მაგრამ მაინც თბილი და გულკეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მარჯიელას მოსწონდა გულკეთილები. თავიდან, სოლიდურ კაცებს ანიჭებდა უპირატესობას. მერე, გულკეთილებზე გადავიდა და ვერც მაგან უყო რამე. ასე სველდებოდა ოდესღაც, წარსულში, ვიღაც გულკეთილ და საყვარელ ტიპზე, რომელიც, რაღაცით, ამ მიმტანს ჰგავდა... სამაგიეროდ, სისველე რა იყო, ახლა მხოლოდ ბანაობისას იცოდა. ეგეც ამისი ბედისწერის სასჯელი, რომელსაც უმრავლესობა კარმას ეძახდა და მართლებიც ბრძანდებოდნენ. * * * - ვფიქრობ, სადღაც ნანახი უნდა მყავდეს ეგ მარჯიელა - წარმოთქვა ივამ და მაშინ, როცა ყველა წავიდა ბარიდან (იმ ლოთის ჩათვლით, რომლისკენაც ანაბელმა არაერთხელ გაიშვირა ხელი), მაინც არ დაძრულა ადგილიდან. მარჯიელას ამბის გაგრძელება სურდა. - რატომ არ გეყოლება ნანახი - გაეცინა ანაბელს - ხომ გაგიგონია, ისეთი ტიპები, რომლებიც ბევრს არაფერს აკეთებენ, მაგრამ მაინც სახელგანთქმულები არიან? ეგეთი იყო ეს ქალიც. ცუდად არ ვამბობ. ზოგიერთს, სისხლში აქვს გამორჩეულობა. თან ისე გამოგარჩევენ, შენ არავინ არაფერს გკითხავს. - ბარიდან, სახლში წავიდა? - ჰო, თუმცა სახლში გვიან მივიდა. არც არავინ ნერვიულობდა და საერთოდ თუ არ მივიდოდა, ხო მთლად უკეთესი, მაგრამ შუაღამისას, მაინც ბრახა-ბრუხით დადიოდა. ეგება, მაგრად შეეწუხებინა თავისი თანამაცხოვრებლები. ერთი პერიოდი, ძალიან მოსწონდა ეს სახლი. სულ ცარიელი და ამავე დროს, სავსე იყო. ყოველი კუთხე-კუნჭული თავისი მოწყობილი და დამუშავებული ჰქონდა (სინამდვილეში, არქიტექტორის, მაგრამ მაინც თავისი გემოვნებით). მერე, მეორე ქმარი სადღაც ჯანდაბაში გაუჩინარდა და ქმრის დიან-დედიანად, ყველა სასწრაფოდ ჩაუსახლდა და აქეთ-იქით იწყეს თვალების ცეცება. გეგონება, მარჯიელა სხვენში მალავდა მეუღლის ცხედარს. ალბათ რომ დაემალა, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა. ციხეში წავიდოდა, ახალ ხალხს გაიცნობდა, ძველებს მოსწყდებოდა, ტატუებს გაიკეთებდა, ცემა-ტყეპას ისწავლიდა და იცხოვრება უფრო კარგად. მაგრამ ყველას მაგისი ციხეში გაშვება რომ სურდა, ჯინაზე, ფეხს არ მოიცვლიდა არსად! ძალიან ჯინიანი იყო. სანამ მხრებზე თავს გრძნობდა, საძინებელში ფანჯარა გააღო და სიგარეტს გაუკიდა. ზოგჯერ, წარმოიდგენდა, თითქოს მეზობელი კორპუსიდან ვიღაც უყურებდა. ცუდად კი არა, კაი ყურებით უყურებდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქალი იქნებოდა, კაცი თუ ბავშვი. მერე მეზობელი გაუცინებდა. მარჯიელა გადაჩვეული იყო სიხარულს, მაგრამ ძალიან ეცდებოდა და თავადაც შეაგებებდა სიცილს. თან როგორ ორად ეყოფოდა სურვილები? ხან კატებიანი გიჟქალობა უნდოდა, ხანაც ყველასთვის სასიამოვნო მეზობლად ყოფნა. ცხოვრებაც ეგრე მაქ ორად გახლეჩილიო, ამოიოხრა და სიგარეტის კვამლი ამოაყოლა ჰაერს. მერე მიხვდა, გახლეჩილი რომ ჰქონოდა, რაღა უჭირდა, საერთოდ არანაირი ცხოვრება არ შერჩენოდა. მარტოობას არ გრძნობდა. მარტოობას ვეღარც აღიქვამდა. უბრალოდ, ვიღაც ისეთის დანახვა სურდა, ვისთვისაც უცნობი იყო. აი, ხომ შეიძლებოდა, ჩვეულებრივი სასიამოვნო ქალბატონი რქმეოდა მოპირდაპირე ფანრჯიდან? მაგრამ გარშემო კორპუსები არ იდგა. და ვერც სასიამოვნო ქალი იქნებოდა ვერასოდეს. თავისი სულისშემძვრელი რეპუტაციისთვის, აქამდე, საკმარისზე მეტად ეზრუნა. ოთახის კარზე მიუკაკუნეს. „ალბათ გველია ან გველის წიწილი“ - ივარაუდა და შემოდითო, გასძახა. გველი შემოვიდა. კი არ შემოვიდა, მუცლით შემოსრიალდა, დაისისნა, თვალი-თვალში გაუყარა და წავიდა. მარჯიელას გაეცინა. ზოგჯერ, ასეთი სუსტი სცენებით ცდილობდნენ მის აფორიაქებას. ან მართლა რამის თქმა ჰქონდა მიზნად დასახული და მერე გამბედაობა აღარ ჰყოფნიდა. ეგ სულ ეგრეა. რაღაც მაგარის გაკეთებას ჩაიფიქრებ და თუ თავადაც მაგარი არ ხარ, ჩაისვრი. თუმცა მარჯიელას რომ კარადა გამოეღო და თავისი უზარმაზარი ავტომატი მოეგდო მხარზე, სულ ფართხა-ფურთხით გაიქცეოდა. მერე ამის სიკვდილშიც დაადანაშაულებდნენ და მოკლედ, ქალაქში ვინც ფეხს გაფშეკდა, ყველას მარჯიელას შეაწერდნენ. ისე, თვითონ გველს, როგორც არსებას, რას ერჩოდა? ესენი იყვნენ ამოსაწყვეტები. რაღაცეები მაინც არ იცვლებოდა. ეს ბებრუხანა ჭირში, ლხინში, შინ, გარეთ, მთაში, ცაში, ბარში, ტბაში, დაბაში მაინც იგივე კახპად რჩებოდა. თან არ იმჩნევდა. მაგრამ მარჯიელამ მუდამ იცოდა, ვინ იყო კახპა და ვინ არა. * * * თეთრეულიც შავი ჰქონდა და საღამურიც. ასეთი ქცევით, საკუთარ თავს დასცინოდა. ერთხელ, საკუთარ თავს წერილი მისწერა. - დასანანია - აღმოხდა ივას - ესეიგი, არავინ ჰყავდა, ვისაც დარდს გაუზიარებდა. - ჰყავდა, თუმცა ეგ ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება. - და რა ეწერა წერილში? - დაახლოებით, ასე იწყებოდა: „მარჯიელაა... ჩემო მარჯიელა... ჩემო საყვარელო, ამ წერილს საკუთარი თავი გწერს, რადგან სხვა ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ რომ იცოდე. და მშვენივრადაც იცი. თუ არ იცი, გრძნობით მაინც ხომ გრძნობ? შენ გაგეღვიძა. სამუდამოდ გაგეღვიძა. ცოტამ თუ იცის, რომ გამოღვიძება ძილზე უარესია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი სული გაქვს, საბოლოოდ ამოგხდეს სული. ვეღარასოდეს დაიძინებ. მე არა ვარ შენი ნუგეში და რომ მკითხო, ნუგეში არც არავის სჭირდება. პირიქით, რაც უფრო უარესს ვეტყვით ერთმანეთს, მით უფრო კარგად ვიქნებით. შენ ვეღარ დაიძინებ. და თუ ერთხელ ბედმა გაგიღიმა, თუ სამუდამოდ დახუჭე თვალი, მერე დიდი ან ცოტა ხნის შემდეგ, ეგება შენი უბედური ქმრის ცხედარიც იპოვნონ, რომელსაც ახლა თევზები ჭამენ. მოგიწვენენ გვერდით, კარგად დაგაკვირდება და იტყვის, უი, ამასაც ჩაეძინაო. ამის მერე, შენზე ვეღარ გაბრაზდება, რადგან მძინარე ადამიანებზე ბრაზს აზრი არ აქვს. მერე შენც უნდა შეწყვიტო მისი ზიზღი. არც მკვდრების შეძულებას აქვს აზრი. საბოლოოდ, მძინარე ადამიანებს შორის მაინც ხომ დასრულდება ომი? მერე ერთმანეთის ჩამქვრალ თვალებს შეხედავთ და იტყვით: მორჩა, წავაგეთ, ომი წავაგეთ. იქნებ, ისიც გეპატიებინათ, რომ სიყვარულის მაგივრად, კუბოს ფიცრამდე ზიზღის ფიცი მიეცით ერთმანეთს? იქნებ, მართლა დასრულდეს ომი თუ დაიძინებ! ჩემო მარჯიელა, ჩემო საყვარელო მარჯიელა... სიმართლე ითქვას და, შენ მაგ კაცის ზიზღი არ შეგძლებია!“ მეტი აღარ დაუწერია. პირიქით, იფიქრა, ძალიან ბევრი მომივიდაო. თვალი როცა შეავლო, არაფერიც არ გამოსვლოდა ბევრი. თავიდან ასე ყველას ყველაფერი ეჩვენება: ბევრი სიყვარული, ბევრი იმედი, ბევრი კარგად ყოფნა. ბოლოს გაყვითლებული და გამხმარი გვერდის ნახევარი შეგრჩება ხელში, ისიც საშინელი კალიგრაფიით. ადრე ალბათ ვიღაცამ წყალი გადაასხა და თავისით გაშრა. გაფშეკილი ფურცლები ჰქონდა დღიურს, რომელიც თავდაპირველად ლამაზად იყო ჩაფიქრებული. დღიურს ჰგავდა ყველაფერი. ყველაფერი ლამაზად იყო ადრე ჩაფიქრებული. მარჯიელას გარდა. მარჯიელა არც არასდროს დამახინჯდებოდა, დაბერებას არ აპირებდა. ფიქრობდა, ახალგაზრობაშივე ამომხდება სულიო. აი, შინაგან სიბერეზე ედარდა. მარჯიელა ადრე მრავალჯერ დაიბარეს დაკითხვაზე. ხომ იცი, როცა ლამაზი ხარ და ქმარი გეკარგება, ეგრევე, შენ ხარ მთავარი ეჭვმიტანილი. გამოცდილი მაქვს. ხუთჯერ დავქვრივდი და ხუთჯერვე ეჭვით შემომხედეს, თუმცა მარჯიელას შემთხვევა სხვაგვარი იყო. ოდესმე, მისი მეორე ქმრის მსგავსი კაცი რომ დამკარგვოდა, თავს აღარასოდეს ვიცოცხლებდი და ვინ იცის, მარჯიელაც აღარ აპირებდა სიცოცხლეს ალბათ. უბრალოდ, სიკვდილი თავისით არ მოდის. კი ძალიან რთულია. თუმცა მარჯიელა, მაინც გეგმავდა ოდესმე... ერთი სიტყვით, დაკითხვაზე რომ დაიბარეს მეათასედ და ისევ იგივეს მოჰყვა, ამისგან სარგებელი არაფერიაო, ალბათ მეათასედვე იფიქრეს. უნდოდა ეთქვა, ჩემი ქმარი „ტყლუმპ“ და გადავარდაო, მაგრამ ისედაც ცოტა არ იყოს, დაცურებულად თვლიდნენ და ახლა მთლად გაუმართლდებოდათ იმედები. ეტყობა, მაქამდე გველებმა რაღაცეები უსისინეს, თორემ ისე რატომ შეხედავდნენ ამის ფსიქიკას ეჭვისთვალით? გარედან არაფერი ეტყობოდა. მარჯიელას უცებ ყველაფრის მოყოლა მოუნდა. იმისი კი არა, რაც მოხდა, სულ სხვა რამეების. აი, რომ ეკითხათ, რას აპირებ მომავალშიო, მაგრად დაიქოქებოდა: - ცხედარს რომ იპოვნიან, მე იმ ცხედარს ზედაც არ შევხედავ და გამარჯვებული სახით დავდგები დახურული სასახლის წინ. ან გამარჯვებული სახით შევწვები საწოლში. საწოლი ცივი იქნება და გამახსენდება, რომ ეგ უღმერთო მითბობდა ოდესღაც. მეც ვუთბობდი. დილაობით, ხელს გადმოჰყოფდა და თეძოზე მადებდა. გეგონება, ამოწმებდა, მართლა იქ ვიყავი თუ ესიზმრებოდა. გასაქცევი არსად მქონდა და არც გაქცევაზე ფიქრი დამჭირვებია, რადგან საწოლი თბილი იყო. მერე, კვლავინდებურად დათბობის მიზნით, ამოვიყვანდი ის წყეულ გვამს და გვერდით მივიწვენდი. როგორ ფიქრობთ ქალბატონო, გვამი ვერანაირად ვერ გაათბობს საწოლს? გამომძიებელი დაფრთხებოდა. ან საგიჟეტში დარეკავდა, მომაშორეთო, მაგრამ მანამდე, ხომ გასცემდა პასუხს? - ვერა, ცხედარი ვერ გაათბობს, რადგან მკვდარია - აბა სხვა რანაირად უნდა აეხსნა? - ეგ ისეთი მკვდარია, ნებისმიერ დროს რომ შეუძლია გააღოს პირი და მიკბინოს. - გაეცინებოდა მარჯიელას და გაახსენდებოდა, რომ ერთხელ ზედმეტი სიყვარულისგან, თვითონ უკბინა ქმარს. მერე ეგ ნაკბილარი კარგა ხანს ჰქონდა დალურჯებული. გაივლიდა, გამოივლიდა და ისევ ცოლთან მიდიოდა, ხელს ანახებდა: - ნახე, რა მიყავი. ადამიანი ხარ შენ თუ ანაკონდა? და მარჯიელა ხარხარებდა, ანაკონდა ვარო. მაშინ რა იცოდა, ანაკონდებთან ერთად თუ მოუწევდა ცხოვრება. აი, ნამდვილ ანაკონდებთან. საბედნიეროდ, ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ეჭვს გამოიწვევდა. წავიდა ბარში და დაჯდა ისევ იქ. მეზობელ მაგიდასთანაც, ისევ იჯდა ვიღაცა და მარჯიელას უყურებდა. ზუსტად ის ლოთი და სიმპათიური ტიპი, ჩვენ რომ გვეჯდა ნახევარი საათის წინ. - რატომ მიყურებ? - უნდოდა ეკითხა ამ ჩვენს მარჯიელას, მაგრამ არ ჰკითხა. - მომენატრე და იმიტომ - კაცს უნდოდა ეპასუხა, მაგრამ არ უპასუხია. - თუ გენატრები, გადამარჩინე! - უნდოდა მარჯიელას, მაგრამ არ თქვა. - შენი გადარჩენა შეუძლებელია, განწირული ხარ! - უნდოდა კაცს, მაგრამ არ თქვა. - ისევ უღმერთოდ ვგევართ ერთმანეთს. - ისევ უღმერთოდ ვგევართ ერთმანეთს - ჩაეხვიათ ორივეს. ასე უღმერთოდ იმეორებდნენ, მაგრამ არასდროს ხმამაღლა. მარჯიელას ტირილი მოუნდა. მოუნდა, ზღვაში გადამხტარიყო და ამისი სხეულიც თევზებს შეეჭამათ. მერე გადაეშვებოდა ეს კაცი ზღვაში და დაუწყებდა ძებნას მარჯიელას ცხედარს. - მარ, მარ, მარ... სად ხარ? - იყვირებდა წყალში. არსაიდან ხმა, არსით ძახილი იქნებოდა. და ინანებდა ეს კაცი ძალიან ბევრჯერ რომ უნდოდა თქმა, თუმცა არა თქვა და ძალიან ბევრჯერ რომ უნდოდა გაკეთება, თუმცა არ გაუკეთებია. ვეღარ თვრებოდა. ეგეც შენი სილოთე. მაინცდამაინც, არაყს თუ არ გადაკრავ, სიფხიზლეს თავს ვერ დააღწევ. წამოდგა და საპირფარეშოში გავიდა. წყალი მოუშვა, ხელები დაიბანა. სულ იმის შიში ჰქონდა, არ გაოფლიანებულიყო. არადა, ხელები არასდროს უოფლიანდებოდა. წელში რომ გასწორდა, თავბრუ დაეხვა და საკუთარ ყელსაბამს დაეყრდნო ხელით. რა სისულელეა, სამკაულზე დაყრდნობა? ხო უეჭველი გაწყდება? ეგრეც მოხდა. გიშრის რგოლები აქეთ-იქით დაიფანტა. მუხლიჩოქა დადგა და თვლებს დაუწყო ძებნა. დიდი არაფერი, უბრალო გიშერი იყო. - ეს ერთი: ჩვენი პირველი შეხვედრა - ორთითშუა მოქცეულ შავ ბურთულებს დაუწყო ლაპარაკი. - ეს მეორე: ჩვენი მეორე შეხვედრა. მესამე, ჩვენი მესამე შეხვედრა. და იმეორა იქამდე, სანამ სულ არ მოაგროვა. შეხვედრები გაუთავდა. არადა, ბევრი იყო, ახსოვდა... საპირფარეშოში კაი შემოვიდა და პირდაღებული მიაჩერდა მარჯიელას, საკუთარ თავს რომ ეჩურჩულებოდა. - ცუდად ხართ? - შეცბა ბიჭი. - არა, შეხვედრები დაიფანტა - მიუგო ქალმა. - ეს მამაკაცების საპირფარეშოა - წამოდგომაში დაეხმარა. მერე თვითონაც მოათვალიერა, სადმე ხომ არ იყო დარჩენილი თვლები - დამლაგებელიც თუ იპოვნის რამეს, შეგინახავთ. - კაცებისაში შემოვედი? - გაეცინა მარჯიელას - ზოგჯერ, მიჯობს, კაცად დავბადებულიყავი. წარმოიდგინე, ახლა მე ვიქნებოდი წყალში და ჩემს ცოლს ედარდა მერე. თან მაგრად გაეცინა. ვახ, რა ლამაზი სიცილი აქვსო, გაიფიქრა კაიმ. სულ ხომ არასოდეს ეცინებოდა ამ ქალს, მაგრამ ეტყობა, იშვიათად თუ იცინი, სიცილიც ისეთი უნდა გქონდეს, რომ ლოდინად ღირდეს. - არაფერია, გარეთ გავიდეთ. - ადრე, კლუბი მქონდა - სულ მოულოდნელად წარმოთქვა. ანუ, ზოგჯერ როცა იმედი არ გაქვს, რომ ვიღაცა დიალოგს გაგიბამს, მაგრამ ძალიან გინდა გაგიბას, ეგრე მოხდა. კაი ხომ ფიქრობდა, მე ვინ ჩემი ფეხები ვარ, რამე სალაპარაკო თემა გამოვძებნოთო და თურმე არ ყოფილა ურიგო ტიპი. - რა კლუბი? - გეცოდინება, სახელი აღარ მახსოვს ან თუ სახელს ვიტყვი, მომენატრება. ეგ სულ ეგრეა. თუ არ ახსენებ, ყველაფერი გაცილებით მარტივია. ხო და, დავდიოდი ჩემივე კლუბში და მაგრად ვცეკვავდი. არავის არასოდეს ვეცეკვებოდი. უკარება და რამე ეგეთი კი არ ვიყავი, უბრალოდ, არ მომწონდა. რაღაც ისეთი სიამოვნება არსებობს, რაც მარტომ უნდა განიცადო საკუთარ თავთან. როცა გავთხოვდი, ჩემი ქმარი სულ იმაზე იცინოდა, კლუბური მუსიკით ამხადე ტვინიო. არადა, მოსწონდა თვითონაც. მაგარი მთვრალი იყო მარჯიელა და მაგნაირ სისულელეებს ბოდავდა. უბრალოდ, მარტო თვითონ ვერ ამჩნევდა ამ თავის სიმთვრალეს. - აღარაა თქვენი? - ჰკითხა ჩვენმა საყვარელმა მიმტანმა. - არ ვიცი - მხრები აიჩეჩა - მერე ყველაფერი შეიცვალა და აღარ მივსულვარ. მიმესვლებოდა, თუმცა არ მივედი. მემგონი, ახლა აღარ მიმესვლება. ხალხი ფიქრობს, რომ თუ მგლოვიარე ხარ, არ უნდა გაერთო. არადა, მგლოვიარეები უფრო მაგრად ერთობიან. მარჯიელა თავს ვეღარ აკონტროლებდა. ვეღარც სიტყვებს, მაგრამ კაი მაგის თქმას ვერ უბედავდა. ეცოდებოდა რაღაცნაირად. ეტყობოდა, კონტროლის დაკარგვა არც სასმელის ბრალი იყო და არც შიზოფრენიის. ცოტა უფრო რთულ რამეებთან ჰქონდა საქმე. ცოტა ხნის წინ, ვიღაცას ერთი ხელის მოსმით ამოემაჭამა მისთვის სული და ახლა მარჯიელა უსულობას განიცდიდა. - მოდი, ვერანდაზე გავიდეთ - ნელა წამოაყენა. თითქოს, დაშავებული იყო. კაი ხვდებოდა, მარჯიელა მართლა დაშავებულია და მოფრთხილება უნდაო, უბრალოდ, ჭრილობა არ უჩანდა. თან ეს დამპალი უხილავი ჭრილობა გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე ხილული. ქალმა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქვა. მერე სიგარეტს დაუწყო ძებნა და კაის შეხედა. - აა, ახლავე, მე მაქვს - ბიჭი დაიბნა, ხელებით ჯიბეები მოისრისა და ნაპოვნი სიგარეტის კოლოფი გაუწოდა. - ის კიდევ იქ ზის? - რომელი? ააა, წინაზე ვინც იჯდა? დიახ. - არ ვიცი, ვერ შევამჩნიე და ეგეთ სისულელეებს აზრი არ ჰქონდა. ყველამ კარგად იცოდა, ადამიანი როგორი ცნობისმოყვარე ვინმეა და ამ ცნობისმოყვარეობას, ყოველ ხელსაყრელ მომენტში იკმაყოფილებს. ამიტომ, როგორც ჩვენ შევამჩნიეთ ის ტიპი, კაისაც ეგრე შეემჩნია. - იცი რას გეტყვი? არ გეგონოს, რჩევა-დარიგება და ეს ფილოსოფიური ყ*ლეობები ჩემი გატაცება იყოს, უბრალოდ, ზოგჯერ მაინც გამიტაცებს ხოლმე. მოიცა, რას გეუბნებოდი? - წარბები შეჭმუხნა და სიგარეტის კვამლი ისეთი ჩაფიქრებული სახით ჩაისუნთქა, გეგონება, მაგარი სიბრძნე უნდა მოეჩმახა და ენის წვერიდან გაუქრა. - რაღაცა უნდა გეთქვათ. - შეახსენა კაიმ. - ააა, ჰოო. მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებ. - ტელეფონი აუწკრიალდა ქალს. ისე გაუკვირდა, თითქოს არავინ არასდროს ურეკავდა. ეტყობა, ეგრეც იყო. ჯერ დიახო, თუ გისმენთო თუ რაღაცა ეგრე თქვა. მისალმებაც არ გამოსდიოდა ცივილური. მერე როგორც იყო მიყუდებული კედელზე, ეგრე ჩაასრიალა ზურგი და იატაკზე დაჯდა. ტელეფონი გაუვარდაო რომ ვთქვა, არასწორი იქნებოდა. თავისით გაუშვა ხელი. კაის შეხედა. კაი იქამდე არ აპირებდა რამის თქმას, სანამ თვითონ ქალი არ ამოიდგამდა ენას. - ჩემი ქმრის გვამის ამოსაცნობად მიბარებენ - გაეღიმა მარჯიელას. კაის შეეშინდა. ასეთი ავადმყოფური ღიმილი ჯერ არასდროს ენახა აქამდე. ქალის თვალებს ფერი შეეცვალათ. ვიღაცა პოეტი იტყოდა, ბურუსი გადაეკრა ან სინათლე ჩაუქრაო, მაგრამ არა! პირიქით, ისე ძლიერად გიზგიზებდნენ მის თვალებში დანთებული სიძულვილის ნაპერწკლები რომ ნებისმიერ მაყურებელს გული შეუღონდებოდა. თვალის მიმდებარე ტერიტორია გაულურჯდა, კანი გადაუსხვაფერდა და ისეთივე გადაგვარებულ სხეულს დაემსგავსა, როგორიც ის უბედური წყალში გახრწნილი გვამიი იქნებოდა ალბათ. მხოლოდ თვალები ჰქონდა ჯოჯოხეთურად ცოცხალი. მხოლოდ თვალები ენთო. - შეგიძლია, მანქანამდე მიმიყვანო? მგონი, წამოდგომას ვერ ვახერხებ. - სთოხვა მიმტანს. რა თქმა უნდაო, თავი დაუქნია და მიხვდა, ამის მერე, ჩვეულებრივი მიმტანი აღარ იყო. ვეღარც ჩვეულებრივი ადამიანი იქნებოდა. * * * - ეს ქალი იცი? - ჰკითხა მოგვიანებით კაიმ ბარმენს. ცისფერთვალებას და სიმპათიურს, რომელიც ძალიან მოხერხებულად იქნევდა შეიკერს აქეთ-იქით. აი, დაახლოებით, შენნაირს. ამ ბარმენს, ნებისმიერ შეკითხვაზე, ჯერ ლოყები ეჩხვლიტებოდა, მერე იცინოდა. თან შეეძლო, ყურადღება ერთდროულად ორ რამეზე ჰქონოდა გამახვილებული: კოქტეილი და საუბარი. აზრიც არ გაუწყდებოდა, არც კოქტეილი გაუწყდებოდა. - მარტო შენ არ იცი, ვინცაა - უპასუხა ბარმენმა. - ვინაა? - ცნობილია. რის გამო არიან ხოლმე ცნობილები? რავიცი აბა. ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ყველა ცნობილი, ერთად აღებული. ცუდი ქალი არაა. მე მომწონს. ზოგჯერ, ეზიზღებათ, მაგრამ ხო იცი, ვინც ეზიზღებათ, ის უნდა მოიწონო ყველაზე მეტად. სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. - ქვრივია? - ორგზის. - რა დაემართათ? - პირველს არ ვიცი, მაგრამ მეორეს ამბავზე, შენც გექნება ყური მოკრული. მწერალია, სულ თავის ცოლს უძღვნიდა რაღაცეებს. ზღვაში გადავარდა. ერთად იყვნენ გასულები გემით, მარჯიელა კაიუტაში იჯდა, იმ კაცმა „ტყლუმპო“ და გადავარდა. - ცურვა არ იცოდა? - გაეცინა კაის. ბარმენმა მხრები აიჩეჩა. - ყველას ეს ჰგონია დამნაშავე. ამბობენ, გადააგდოო, მაგრამ რას გაიგებ. * * * - მართლა გადააგდო მარჯიელამ თავისი ქმარი? - ჰკითხა ივამ ანაბელს. - ეგ მხოლოდ მარჯიელამ და ქმარმა იციან. - ის კაცი ვინღა იყო? - რომელი? - მთვრალი და თან სიმპათიური. ყველას არ შეუძლია, ერთდროულად, ლოთიც იყოს და ლამაზადაც გამოიყურებოდეს. ან რა კავშირი ჰქონდა მარჯიელასთან ჩვენს ბარში მჯდომს? - მართლა გინდა გაგება? - თვალები მოჭუტა ანაბელმა. - ძალიან. მზად ვარ, მთელი ღამე, აქ ვიჯდე და უფასოდ გიკეთო ალკოჰოლი. - მაშინ, ერთი იაგერ ბომბი ჩამოასხი. მე თხრობას გავაგრძელებ და ნუ გეცინება! იაფფასიანი კოქტეილები კუბოს ფიცრამდე მეყვარება! - კარგი. - მარჯიელას კარგად არ ახსოვს, როგორ ამოჰყო თავი საავადმყოფოში. მძღოლს რომ ერთხელ შესჩივლა, ცუდად ვარო, ეგ ახსოვს მხოლოდ. თან ისე შესჩივლა, საკუთარი ხმისა შეეშინდა. უმწეობა იგრძნო. ვერ იტანდა, უმწეოდ ყოფნას. გადასხმას უკეთებდნენ ეტყობა. კარგად გამხიარულდა. ისეთი რა უნდა გადმომისხან რომ ფეხზე დავდგეო და მერე, მოულოდნელად, გული მერევას თქმა ძლივს მოასწრო. რაღაცნაირი, ცისფერი პლასტმასის ვედრო მისცეს, სადაც ყველაფერი არწყია. თავისი წარსულიც ამოაყოლა, აწმყოცა და მომავალიც. მერე წყალი თავისი თევზებით, წყალი, ყველა გვამით, რასაც კი ოდესმე წყალში უცურვია. წყალი, ის წყალი, იმ ცხონებულს რომ უსვამს სიკვდილამდე და სიკვდილისას. და წყალი, რომელსაც მარჯიელა დალევდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. - უნდა წავიდე - მხოლოდ მაშინ თქვა, როცა დარწმუნებული იყო, ზუსტად ისეთი გამოფიტული ვარ გარედან, როგორც შიგნიდან და წვეთი აღარაფერი მაქვს ამოსაღებიო. ძალიან ბევრი იჩხუბა. მერე ხელი მოაწერინეს, თუ წახვალ და რამე დაგემართება, ჩვენ არ მოგვკითხო პასუხიო. მორგში გვამის სუნი ტრიალებდა. მარჯიელამ არ იცოდა, ზუსტად როგორი სუნი ჰქონდა გვამს და სიმყრალითაც ნამდვილად არ ყარდა იქაურობა, მაგრამ რადგან ამბობენ რომ მორგებში ცუდი სუნია, ესეიგი, აქაც ცუდი სუნი იქნებოდა. ეგ უთუოა. რასაც ამბობენ, ისეა და მორჩა! ფეხზე კი არ იდგა, დალივლივებდა. გაეცინა თავისთვის. იფიქრა, რა მაგარი იქნება, ახლა მეც რომ მოვკდე და ქრისტოფერის მეზობელ მაცივარში შემდგანო. ორივეს გვერდიგვერდ მოათავსებდნენ, გაჭრიდნენ, გამოსჭრიდნენ, გადასჭრიდნენ და მარჯიელაზე იტყოდნენ, რომ უთუოდ დარდმა ან ხალხის მლიქვნელობამ შეიწირა. წყალი არ გაუვიდოდა მაგ დასკვნას! მერე ყველა ხალხს დაიჭერდნენ, ვინც დაიბადა დედამიწაზე, აწამებდნენ და მარჯიელა ბედნიერად იცხოვრებდა ჯოჯოხეთში. კრისტოფერის ცხედარს უეჭველად, სახე ექნებოდა წაშლილი, სახეზე მართლა ვერ ამოიცნობდა, ვერც ტანსაცმლით მიხვდებოდა. ან ეცმეოდა, ან არა. რომც სცმოდა, მაინც აღარ ახსოვდა მარჯიელას იმ დღის დეტალები. ექსპერტიზას ჩაუტარებდნენ ალბათ და ისე გაიგებდა, რომ სახეწაშლილი, წყალწაღებული და წყალშეჭმული კაცი თავისი ქმარი იყო. არადა, ფიცი ჰქონდა დადებული, მის სხეულს არ შეხედავდა. პრინციპში, სამუდამო ერთგულების და სიყვარულის ფიციც დაედოთ მაქამდე და ახლა ვის რომელი დაერღვია, გარტყმაში არ იყო. რაღაც უცნაურ სამყაროში ჩარჩა. იქ, სადაც მხოლოდ სიზმრებია და არაფერი სხვა. სიზმრები კრისტოფერზე, რომელიც, სავარაუდოდ, მარჯიელამ მოკლა. სიზმრები კრისტოფერის ცხედარზე. სიზმრები სხვებზე. თუმცა არც ერთ სიზმარში არ იყო თავად. საკუთარ ქვეცნობიერსაც კი უერყო მისი არსებობა. იქნებ, არც არსებობდა. - კრისტოფერი აღმოჩნდა გვამი? - იკითხა ივამ. - ეგ უდღეური შენი ქმარი არ არისო, დაასკვნა ექსპერტიზამ. სხვისი ქმარიაო. სხვა უნდა დაემხოს შავებით მოსილი და დაიწიწკნოს თმა ან დაიხოკოს ლოყები წივილ-კივილით. თუ ორივეს ერთად იზამს, ხო მთლად უკეთესი, შენ მაინც წარბსაც არ შეიხრიდი ალბათო. მარჯიელამ ისედაც იცოდა, რომ თავისი ქმარი არ იწვა იქ. დახედა. არც ზიზღი უგრძვნია, არც სიძულვილი და ასე მიხვდა. მხოლოდ სიბრალული დაეუფლა. ზოგჯერ, საერთოდ არაა საჭირო გვამის ნახვა, ისედაც იცი, მანდ ის წევს, ვისაც ელოდი ან არ ელოდი, ვინც გიყვარდა ან გეზიზღებოდა. ეგრეა! უეჭველად იგრძნობს კაცი ნაცნობს. ჰო და მარჯიელამ ვერ იგრძნო კრისტოფერი წყეულ პატარა ქალაქში, ათას დამხვრჩვალ ქმარს ინახავდა წყალი და უფრსკნულისფრად მოსილ მარჯიელას, სარეცელზე ეწვეთებოდა ცოდვის მომცრო წვეთები. ერთ მშვენიერ დღეს, გათავდებოდა ცოდვა, აავსებდა მთელ ოთახს თავისივე ფასით და მარჯიელა ვეღარ შეძლებდა სუნთქვას. წყეული ქალაქი! წყეული ცოდვიანი ქალაქი! ყველაფერი მისი ბრალი იყო. მაშინ, დიდი ხნის წინათ, ფეხი გადმოადგა თუ არა საზღვარზე, ეგრევე იგრძნო დაწყევლილი ქალაქის სურნელი და ვაება ისე შემოეხვია კისერზე, აშკარა იყო, მოკვლას უპირებდა. მერე ვაებამ მარჯიელასთან დაიბინადრა. ნელა, ტანჯული სიკვდილით უნდოდა მოეკლა და ქალი არც კვდებოდა, არც იბადებოდა თავიდან. უბრალოდ არსებობდა. წყეული ქალაქი მარჯიელაში ცხოვრობდა და არც ერთი წუთით არ უცხოვრია მარჯიელას მასში. - მარჯიელას უყვარდა თუ ეზიზღებოდა თავისი ქმარი? - ვერ გაერკვიე ივა. - ზოგჯერ, სიყვარული და დანაშაულის გრძნობა იმდენად სჭამს ადამიანის სულს, რომ მისი სიძულვილისგან გამოცალკევება ძალიან ჭირს. ასე იყო მარჯიელა. - მე მაინც მგონია, სიცოცხლეზე მეტად, ეგ თავისი ქმარი უყვარდა - დაასკვნა ბარმენმა. - ვითომ რატომ? - თქვენი მონაყოლიდან ჩანს, რომ მარჯიელას სიცოცხლე არ უხაროდა. ეგ რომ კრისტოფერის გვამი ყოფილიყო, უეჭველად თავს მოიკლავდა, თუმცა არ აღმოჩნდა. ამიტომ, სიცოცხლე აირჩია ქალმა. სიცოცხლე და ლოდინი იმ კაცისა, რომლისთვისაც სამუდამო სიყვარულის ფიცი მიეცა. - შესაძლოა. მერე ცოტახნით, რაღაცა სკვერში გაისეირნა, ეძინებოდა, მაგრამ სახლში მისვლა არ სურდა. დაღლილი იყო. სახლი აღარ გააჩნდა. თითქოს ვიღაცას ეძებსო. განა არ ეძებდა? მართლა ეძებდა. ალბათ მეგობარს და რომ არ ჰყავდა, ასე დააბიჯებდა, მარტო. - სად ხარ მეგობარო? - ეძახდა მარჯიელა. - სად ხარ მეგობარო? სად დაიკარგე, რატომ წახვედი, ან რატომ არასოდეს მოსულხარ ჩემთან რომ ცხოვრება გაგეადვილებინა? მეგობარიც ხომ მაგიტოა საჭირო. წელში თუ მოიხრები, იღლიაში უნდა ამოგიდოს და ისე გარბენინოს, თითქოს შენი ფეხები საჭირო არცაა. სად იყო მეგობარი? მაგასაც საკუთარ ხასიათს აბრალებდა მარჯიელა. ისეთი მძიმე და აუტანელი იყო, აბა ვის შეეწყობოდა. სახლში უკვე გვიან მივიდა. მართლა ძილის დრო იყო, მაგრამ სადგომზე იმდენი მანქანა ეყენა, უეჭველად მიხვდა, ჩემს სახლიშიაო თავყრილობა. მარჯიელას სახლში კი არა და უბრალოდ სახლი რომ ერქვა, მანდ. გველებს შეეძლოთ ნეტა წვეულების მოწყობა? ეგება, ნაადრევ პანაშვიდს აწყობდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მარჯიელა დაღლილი და უსუსური ყოფილიყო, ყველანაირად მოუმზადებელი. მერე ხალხი შეხედავდა და მიხვდებოდნენ, რომ არც ისეთი ლამაზი იყო ზოგჯერ. მარჯიელას ეგ არ უნდოდა. არ აწყობდა. აი, ზოგჯერ ხომ სახეზე მჟავის შესხმა ჩაეფიქრა დამახინჯების მიზნით, ზოგჯერ კი სილამაზის გარდა არაფერი რომ არ გააჩნდა, ცოტა მაგასაც აფასებდა. თუ ადამიანი იტყვის რომ იგი სინათლეა, მართლა სინათლე გახდება. ჰოდა, ამის იმედით შეპყრობილმა მარჯიელამ შეაჭრა საკუთარ სახლში, რომელსაც არც ისე ძალიან ეთქმოდა საკუთარი და თავი დაირწმუნა, სინათლე ვარო. მართლა სხივი იყო. მნიშვნელობა არ აქვს, ცეცხლის ასხივებდა, ლაჟვარდს თუ მწუხრს. მთავარი ისაა, რომ ყველას თვალი მოეჭრა მისი ნათებით. და ყველა ამბობდა: საბრალო კრისტოფერი კი არა და, საბრალო ყველა, ვინც კრისტოფერი არ იყო. ზოგჯერ, სჯობს მოასწრო და მოკვდე, ვიდრე დიდხანს იცოცხლო და ვერასოდეს მოესწრო. ხოდა, კრისტოფერის აღსასრული რაც უნდა სულისშემძვრელი ყოფილიყო, ერთხელ მაინც ხომ შეეხო თავის ცოლს? საბედისწერო შეხება ალბათ ყველაზე ტკბილია. მარჯიელაც ნაზად ისვამდა ხელს საკუთარ თმაზე, ყელზე, წელზე და ებადებოდა ყველას განცდა, რომ ვერასდროს ვერავინ შეეხებოდა მას ასე სათუთად. შურდათ, ბოროტდებოდნენ და უფრო ზიზღდებოდათ ქალი თვალუწვდენელი სილამაზის გამო, როგორც აქამდე ასჯერ მაინც შეზიზღებოდათ. უყვარდათ მარჯიელა. ეზიზღებოდათ მარჯიელა. აღმერთებდნენ მარჯიელას. ბრალს დებდნენ მარჯიელას. ვერც ერთს ხმამაღლა ვერასდროს უთქვამს თავისი განცდა და ვერც იტყოდნენ, რადგან სიმხდალე შესეოდა მათ სულებს ან სხეულებს ჭიანჭველებივით. რა იცი, ზოგს მხოლოდ სხეული ებადა და არა სული! კრისტოფერს იცნობდნენ და რადგან ყველა იცნობდა კრისტოფერს, არ ადარდებდათ, სად ეგდო, რომელი დინება მიათრევდა მის უსუსურ გვამს ან რა დამართნოდა, სანამ წყალი წაიღებდა. მხოლოდ ის აინტერესებდათ, რას უწერდა თავის ცოლს. ამიტომ ყველამ ერთად სთხოვა მარჯიელას (მოთხოვნას უფრო ჰგავდა), წაეკითხა ერთი სიტყვა მაინც, ქმრის მიერ მისთვის მიძღვნილი. გველები თავისთვის ასისინდნენ. აქ იმდენი გველი იყო ორის გარდა, ნეტა ვინ მოთვლიდა. და მარჯიელამ, როგორც ყველაზე მტკივნეული წარსულის ძახილი, კრისტოფერის ჩანაწერები ხელში დაიჭირა. ცოდვიანი ჰქონდა ხელები. არ იმსახურებდა თითქოს მათ კითხვას, ან მიძღვნას, ან არსებობას, მაგრამ მაინც მისთვის იყო განკუთვნილი თითოეული სიტყვა და წამი, რომლითაც უყვარდა ქმარს ან სძულდა: „სურნელს შემზარავს, გამოვატან ჩემი გულის თქმას და ეს სურნელი მოსპობს თუ რამე წმინდაა შენში. * * * არ მსურხარ ნაზი, არც უბიწო და არც უსევდო. დაე, წყვდიადმა, უღმერთობამ დაიდოს ბინა... * * * აივსე წყლით ფილტვები და გახდი ჩემი ხმა, სიკვდილს გავეშვი და სიცოცხლე ჩამქრალი ვნახე. * * * შენია ყველა ამოსუნთქვა... რაც მაბადია ან რაც არასდროს არ მებადა, ისიც შენია“. ყველას შეეცოდა ქრისტოფერი. „აფსუს, რაღაცას გრძნობდა უბედური წინასწარო“ - გაიფიქრეს და მარჯიელა მხოლოდ იმას მიხვდა, რომ ქმარი მისი, იყო ეგოისტი, რადგან წინასწარ ხვდებოდა მართლა... და თუ წინასწარ ხვდებოდა, თავი უნდა გადაერჩინა, როგორც დანარჩენი ადამიანები იზამდნენ. ძალიან მობეზრდა ყველა. აქამდეც ხომ მობეზრებული ჰყავდა, მაგრამ ახლა საკუთარი თავიც ეცოდებოდა მათ ხელში. - ლამაზი სიტყვებია. თუ ლექსი ან ჩანახატი. ვერ ვერკვევი ეგეთ რამეებში - მიუგო ვიღაცამ. მარჯიელამ იფიქრა, ახლა მოვტრიალდები და როგორც ხდება, გავოგნდებიო. სცენარის მიხედვით ხომ ასე იყო ყველაფერი? უკნიდან ნაცნობი ხმა გესმოდა, რადგან მერე გაოცებისგან თმა დაგდგომოდა ყალყზე. არაფერი მსგავსი არ მოსვლია. უბრალოდ, გაეღიმა კაის დანახვაზე. ლანგრით ხელში იდგა და სასმელს არიგებდა. - შენ აქ საიდან? - თქვენმა ოჯახმა დამიქირავა. - არ მყავს ოჯახი. თუმცა შენი ნახვა გამეხარდა. - ქალბატონო მარჯიელა - ღრმად ჩაისუთქა კაიმ. გეგონება, რის თქმასაც აპირებდა, იმას აწონ-დაწონვა და გააზრება სჭირდებაო - თუ სადმე წასვლა დაგჭირდებათ, მე სხვენი მაქვს. - სხვენში მეპატიჯები? - სასაცილოდ არ ეყო ქალს. - იქ ვერავინ მოგაგნებთ. - ვინმე მეძებს? - გამხიარულდა. კაიმ მხრები აიჩეჩა. მერე ჯიბიდან თავისი სავიზიტო ბარათი ამოიღო. ცოტათი დაკუჭულს, ეტყობოდა, ერთი არსებობდა და ისიც მარჯიელასთვის განკუთვნილი. - ცუდად არ გამიგოთ. - კარგად ისედაც იშვიათად მესმის, თუმცა გმადლობ. ვიღაც უცნობი ბიჭის სხვენის იმედი რომ გაქვს, ეგეც არაა ურიგო. მერე ყველა წავიდა. კაიც წავიდა. დარჩნენ მარჯიელა და გველები. თან ისევე თვლიდა მათ გველებად, როგორც ისინი მარჯიელას თვლიდნენ. თავის ოთახში შეიკეტა ქალი. ისევ გულის რევის შეგრძნება დაუფლებოდა. იმ დღეს, არაფერი ეჭამა. ზოგჯერ, ავიწყდებოდა, რომ საკვებიც სჭირდებოდა. ისევ ქმარი რომ ჰყოლოდა, იფიქრებდა, ფეხმძიმედ ვარო. ბევრი არაფერი იცოდა ფეხმძიმობაზე, მხოლოდ გულისრევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ფლობდა. მერე დაფიქრდებოდა, მიხარია თუ არა ორსულობაო, მაგრამ მაინც შეივლიდა საბავშვო მაღაზიაში და ლამაზ სარწეველა საწოლებს დაათვალიერებდა. გადაწყვედდა, რომ უხაროდა. წარმოიდგენდა, პატარა შვილს, პუტკუნა ხელებით და კრისტოფერის თვალებით. გაიხარებდა. მაგრამ კრისტოფერი თუ დაბრუნდებოდა, თუ კრისტოფერი მარჯიელაზე გულმოსული დაბრუნდება უკან, მაშინ, ქალი უეჭველად თავის მოკვლის მრავალ გზას მონახავდა. - რანაირ გზებს? - ჰკითხა ივამ ანაბელს. - მაგალითად: სუიციდის გზა მარჯიელა ფიქრობდა, როგორ უსიტყვოდ ჩაალაგებდა ბარგს, წავიდოდა თავის ძველ სახლში, სადაც ყველაფერს წარსულისა და ბავშვობის მოგონებების სურნელი ექნებოდა. მარჯიელას ლამაზი წარსული ჰქონდა კრისტოფერის გაცნობამდე, თუმცა კაცის გარეშე, დაე, წყეული ყოფილიყო ყველაფერი კარგი და უდარდელი. მივიდოდა. გაცრეცილ ღამის პერანგს ჩაიცმევდა, თმას გაიშლიდა. თხელ მკლავებსა და მუჭისოდენა მაჯებს შიშისგან აიკანკალებდა და ჩამოკიდებდა ბაწარს ჭაღზე, რადგან ჭაღი არ ჩამოუწყდებოდა. მარჯიელა ბუმბულივით მსუბუქი და მშვენიერი იყო, მაგდენს თავადაც ხვდებოდა. ყოველთვის გულდასაწყვეტია, მშვენიერი, სასიკვდილოდ განწირული ადამიანი. ისინი, ლეგენდებად იქცევიან. განსაკუთრებით, სიკვდილის შემდეგ. ლეგენდად იქცეოდა ამბები, ქალის წითურ ნაწნავებსა და ნაწნავში ჩაბნეულ თეთრ გვირილებზე, რომლებიც დასაჭკნობად განწირული, ამრეზით უცქერდნენ ყველა გამვლელს და გლოვობდნენ წინასწარ, რადგან მხოლოდ ეს ნაწნავი შეინარჩუნებდა სამუდამო ფერს. ქალის სხეული კი გაშავდებოდა, გაყვითლდებოდა, გალურჯდებოდა და მიებარებოდა მიწას, როგორც მაგალითი იმისა, რომ სილამაზე წარმავალია. მერე შეუყვარდებოდათ მათაც, ვისაც სძულდა. ან თავს მოიკატუნებდნენ, თითქოს შეუყვარდათ, რადგან გარდაცვლილის სიძულვილი შერცხვებოდათ და დამალავდნენ. მარჯიელა ავიდოდა სკამზე. დანანებით მოეფერებოდა თავის მუცელს და კაკლისოდენა ბავშვს, რომელსაც საკუთარმა დედამ არ აცადა, სამყაროსთვის წამით მაინც შეევლო თვალი. მარჯიელა თოკზე ჩამოეკონწიალებოდა გადატეხილი კისრით და სხეულში ჩამკვდარი პატარა ბავშვით. მერე ნახავდა მის ცხედარს ძმა მარჯიელასი. და ალბათ კრისტოფერიც. ბევრს, ბევრს აკოცებდნენ გაცრეცილ ლოყებსა და ჩაქცეულ კაპილარებზე. მერე ყველა აპატიებდა. მერე ყველა შეიცოდებდა. განსაკუთრებით კრისტოფერი. და თუ არასდროს დაბრუნდებოდა იგი, ალბათ, სიკვდილი მაშინაც გარდაუვალი იქნებოდა ქალისთვის. - მარჯიელას ძმა ჰყავდა? - ჰო. ჯოსეფი ერქვა და თითქმის, იგივე ადამიანი იყო, ვინც ბარში, გამუდმებით უცქერდა. - აქ რომ ლოთი დადის, ეგეც მარჯიელას ძმაა? - უკვირდა ივას, რომ ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდებოდა უცნაურად. წამით, იფიქრა, მარჯიელა ხომ არ შემიყვარდაო და მერე, ისიც წარმოიდგინა, მშვენიერი, წითური ქალბატონი როგორ გააღებდა კარს, შემოვიდოდა ბარში, ჩამოუჯდებოდა და შეუკვეთავდა რამე მაგარს. ივა უეჭველად დაპატიჟებდა. დაპატიჟებდა და თან გაიგონებდა, ნამთვრალევი ქალის ნაკვალევს, როგორ უმღეროდა მთვარე იავნანას. თან მთვარე ხშირად კი არ მღერის. მხოლოდ მარჯიელასთვის ამღერდებოდა. - დიახ. ჯოსეფი ჰქვია. - და რატომ არ მიდიოდა მარჯიელასთან? მას ხომ ასე ძალიან სჭირდებოდა მეგობარი ან ოჯახის წევრი? - ნაჩხუბრები იყვნენ. გაბუტულები თუ როგორც ხდება ხოლმე. ოჯახი მისი გათხოვების წინააღმდეგი იყო, განსაკუთრებით ძმა. უფრო სწორად, კრისტოფერზე არ უნდოდა, მიეთხოვებინათ და მერე, ცოტათი, გაებუტნენ. უცნაურია ხო? გგონია, თანამედროვე, მოაზროვნე ადამიანი ხარ და უცებ, ისეთ სისულელეზე გაჭედავ, ვერავის რომ ვერ წარმოუდგენია. მერე მარჯიელა დაჯდა და დაფიქრდა. გადაწყვიტა, რომ კრისტოფერის ეშინოდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო. როგორც არ უნდა ეტივტივა ფსკერზე და რანაირი გახრწნილიც არ უნდა ყოფილიყო, ეშინოდა. უფრო მეტად, იმ სიყვარულის ეშინოდა, რა სიყვარულითაც, გარდაცვლილები უყვართ. ერთ მშვენიერ დღეს, კლუბში მისვლა გადაწყვიტა. აი იმ კლუბში, თავისი რომ ერქვა ადრე, ახლა კი თვითონაც არ იცოდა, რამე თუ გააჩნდა საკუთარი, თავისი თავის ჩათვლით. არაფერი განსაკუთრებული არ სცმია. კლუბში მარტო საცეკვაოდ დადიოდა. სულ არ ანაღვლებდა, კლუბური სტილი. ბართან მივიდა. რაღაცა ქალური საწრუპავი შუეკვეთა და თავის გვერდით მჯდარ კაცს მიაპყრო მზერა. - შენ სულ კუდში უნდა მსდიო? - ჰკითხა, როგორც იქნა და იმ წამსვე აფორიაქდა. ახლა, მის ხმას გაიგონებდა. ნეტავ, მზად თუ იყო ამისათვის? ნეტავ, შეეძლო, ჯოსეფთან ძველებური საუბარი? - კი - მოკლედ და კონკრეტულად მოუჭრა კაცმა. - დაგპატიჟო? - მოჭუტული თვალით ისე გვერდულად შეხედა, თითქოს ეპატიჟებოდა, მაგრამ მაინც ბევრ სმაში სდებდა ბრალს. - როგორც გინდა. ეს მაინც არ მეყოფა - თავის ჭიქაზე ანიშნა. - შენზე ამბობენ, ქმარი მოკლაო. - მეფე მოკვდა, დრეგრძელი იყოს დედოფალი! - ხმამაღლა წარმოთქვა მარჯიელამ და ერთი ამოსუნთქვით გადაუძახა სასმელს. - მეფე მოკლეს, დღეგრძელი იყოს დედოფალი - შეუსწორა კაცმა. - დედოფალი თუ მქვია, არც ისეთი გრძელი დღე მექნება დარჩენილი. - ჰო, ალბათ მალე ღვიძლი დაგეშლება. ლოთდები მარჯიელა! - მოულოდნელად გამკაცრდა კაცის ტონი. - არ გკიდია ჯოსეფ? - არ . - რატომ? - შენი სიკვდილის მეშინია მარჯიელა. მეშინია, რომ ხელი გაქვს ჩაქნეული ცხოვრებაზე. მეშინია, რომ... - ღრმად ჩაისუნთქა. არ სურდა, ქალისთვის თავისი სისსუსტე დაენახებინა. თვალებზე ცრემლმომდგარი კაცი შეჰყურებდა საკუთარ დას, რომელიც აქამდე სიმტკიცისა და სიძლიერის სიმბოლო გამხდარიყო მისთვის. ჯოსეფი ნანობდა, რადგან მარჯიელა აღარც მტკიცე იყო და აღარც ძლიერი. ნანობდა, რომ მიატოვა. ნანობდა, რომ მარჯიელა მარტოდ გრძნობდა თავს. - როგორც იქნა, მიხვდი, რომ სიკვდილი მინდა ჰო? სიკვდილი, გალოთება და ციხე. - მაშინ შენი ფეხით რატომ არ ჩაჰბარდები? - მსურს, პოლიციამ მომაკითხოს და წყნარად, თუმცა მთელი სიმკაცრით წარმოთქვას: მარჯიელა სავინი, დაპატიმრებული ხართ კრისტოფერ სავინის მკვლელობის გამო. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება... მერე როგორაა? - ჯვარი გწერია! - ჯვარი მხოლოდ კრიტოფერზე მეწერა და ეგეც აღარაა. ხომ ხედავ, რანაირი ბედი მაქვს. - ბევრს ლაპარაკობ მარჯიელა, უკვე დათვერი, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, ბარგი ჩალაგებული გქონდეს - მოულოდნელად მიუგო კაცმა. - ნებისმიერ დროს იყავი მზად გაქცევისთვის. - გგონია, მართლა დამიჭერენ? - უკვე კარგა ხანია, შენი ჩასმა უნდათ, უბრალოდ, საკმარისი მტკიცებულება არ გააჩნიათ. ადრე თუ გვიან, იპოვნიან რამე ხელმოსაჭიდს. - მერე ისევ დაფიქრდა ჯოსეფი. მარჯიელას გაფითრებულ სხეულს შეხედა და კითხვა გაუჩნდა: სულ ასეთი იყო თუ ბოლო დროს დაეკარგა ფერი? თან იმასაც ხვდებოდა, რომ ამ ქალს ფეხებზე ეკიდა, დაიჭერდნენ თუ არა. შეიძლება, ციხეში წასვლაც ერჩივნა ასეთ ცხოვრებას. - მართლა შენ მოჰკალი? - ჰკითხა კაცმა ხმადაბლა. - აღარ მახსოვს ჯოსეფ... - შეიძლება, გვისმენდნენ. - შენ დაიწყე ამ ყველაფერზე ლაპარაკი. - ვიცი. დაუფიქრებლად ვთქვი. - ბოლოს რომ დამელაპარაკე, მითხარი, ფეხებზე ო. ახლა, რა მოხდა? ფეხებიდან ჩამომხსენი? - ჰკითხა მარჯიელამ და გაშლილი თითები ერთმანეთის მოყოლებით შემოხვია შუშის ჭიქას. - გაბრაზებული ვიყავი მარჯიელა. ვნანობ, რაც გითხარი. შენ ჩემთვის, ყოველთვის ყველაფერზე მეტი ხარ. - მაშინაც თუ მკვლელი გამოვდექი? - ნეტავ შემძლებოდა, შენს მაგივრად, მე მრქმეოდა მკვლელი. - მაგრამ მაინც მარტოობისთვის გამიმეტე. - მაპატიე მარჯიელა - ნელა გადახარა თავი ქალისკენ და ცხვირი მიადო მის თმას - ძალიან გთხოვ, მაპატიე. - ჯერ არავის მოუხდია ჩემთვის ბოდიში. მაგრამ ბოდიში კი უთხოვიათ რომ მომეხადა. - მე შენი ძმა ვარ. დაგიჩოქებ, ოღონდაც შემინდო. ფეხებზე , მკვლელი ხარ თუ ბოროტმოქმედი, ფეხებზე , ანტაგონისტი ხარ თუ პროტაგონისტი, ფეხებზე , რამდენჯერ მოკალი ან თუ მოკალი, საერთოდ. მხოლოდ ის მანაღვლებს, რომ თანამზრახველობა ვერ გაგიწიე. არ მინდოდა, შენი მარტო დატოვება მარჯიელა. ცხოვრების ბოლომდე ვინანებ მაგას! - გეყოფა რაა.... - ხმის აწევა სურდა ქალს, მაგრამ თითქმის იჩურჩულა. ზოგჯერ, დაყვირებაზე უარესი იმისი წარმოთქმაა, რასაც თითქმის ვერ გაიგონებენ. - კიდევ ერთი ასეთი მინდა - მიუგო ბარმენს - მაინც ეს წყალწაღებული იხდის. მიანიშნა თავის ძმაზე, ჯოსეფზე და მერე გაახსენდა, რომ წყალწაღებული მარტო ქმარი ჰყავდა, - მიხარია, თქვენი დაბრუნება, ქალბატონო სავინი - გაუღიმა ბარმენმა. ამან საიდანღა იცოდა, ქმრის გვარზე რომ გადასულიყო? ან რა იდიოტობაა ეს გვარის გადაკეთება? მარჯიელამ თავის დროზე, გადაწყვიტა, კრისტოფერის გვარი თავისი გაეხადა. ახლა ნანობდა. ნანობდა, რადგან სისხლს ვერაფერი შეუცვლიდა. თავისი ბიოლოგიური ოჯახის ღალატს ჰგავდა ეს ყველაფერი. სისხლის გაყიდვა მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, თუ კაენი გქვია. მარჯიელა კაენი არ იყო. მარჯიელა ძმის კი არა, ქმრის მკვლელად ითვლებოდა. ჰოდა, ამ ქმარმა ისევ შეახსენა თავი გონებაში და ისე მოენატრა, იფიქრა, აქვე გავფშეკ ფეხებსო. - არ დავბრუნებულვარ, უფრო მეტად წავედი - პირდაპირ მიახალა ბარმენს და მერე თავის ძმას შეხედა - გაგიჭაღარავდა თმა მზეჭაბუკო! - ეგეც შენი ბრალია - გაეცინა ჯოზეფს. - იქნებ, ყველაფერი ჩემი ბრალია? - მარჯიელა, ზოგჯერ, იმნდენად ძვირფასია ადამიანი სამყაროსთვის, რომ მნიშვნელობა არ აქვს მის ცოდვებს. - კრისტოფერი ჩემზე მნიშვნელოვანი იყო სამყაროსთვის და ახლა ვისჯები, რადგან ალბათ მოვკალი. - თავადაც არ იცი, მოკალი თუ გააცოცხლე. - მე მხოლოდ მკვლელობის ნიჭი მერგო. - საბრალო კაცები მარჯიელა. ცოცხალს რა უჭირს, მაგრამ გრდაცვლილ ქმარს, ვერასოდეს გაუწევენ კონკურენციას. - კაცის დანახვა არ მინდა ჯოსეფ! - ეგ ალბათ იმის ბრალია, რომ გულში სიყვარულის და სიძულვილის ცეცხლი, ერთად გინთია. - ის მკვდარია... - ამას ასე ამბობ, თუმცა მაგისი მნიშვნელობა არ გაგიცნობიერებია. შენ ვერ იაზრებ, რომ კრისტოფერი აღარაა. და რომც გაიაზრო, მკვდრის სიყვარული ერთადერთი ღირსებაა, რაც შეგრჩენია. - შემეშვი რა, მე აქ საცეკვაოდ მოვედი. - ჰო, რა თქმა უნდა - გაეღიმა ჯოსეფს. Boy Harsher-ის pain ისმოდა ირგვლივ. მარჯიელას უყვარდა. ადრე, ამ სიმღერის ფონზე, ხშირად ეცეკვა. თან ვერც უკანალს გააქნევ და ვერც ხელ-ფეხს. უბრალოდ თვალები უნდა დახუჭო, იდგე და ნელა ამოძრაო სხეული. მელოდიამ ფიქრები გაუქცია. დარბოდნენ ფიქრები და მერე მაინც ერთ წერტილში გროვდებოდნენ. I am gonna follow you tonight All the way, all the way home I am gonna find you in the night All the way, all the way home You see me you see a stranger I see you I see danger Pain, always pain Pain, always pain მარჯიელას გაახსენდა, რომ ოდესღაც, მხოლოდ ტკივილი კი არა, შვებაც მოჰქონდა ადამიანებისთვის. ერთხელ კრისტოფერს ესროლეს. ქუჩაში მიდიოდნენ და წყვია ზუსრად კრისტოფერისკენ გამოფრინდა. იმ დღეს, ქალი გადაეფარა... მარჯიელას, წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ისროლა ან რა მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ ის გააცნობიერა, რომ უეჭველად უნდა გადაფარებოდა კაცს. ზუსტად იმ სხეულით გადაარჩინა, რომლითაც ხელი ჰკრა მოგვიანებით. არასოდეს უნანია ტყვიის სიმწარე. ბევრ რამეს შეცვლიდა წარსულში, თუმცა ტყვიას რომ მკერდი შეაშველა, მაგას არასოდეს. ზოგჯერ, უნდა შეეწიროვო, ფიქრობდა მარჯიელა, ზოგჯერ კი გაწირვაც უწევდა. ცეკვავდა... წყალში ჩაძირულ თავის ქმარს ეცეკვებოდა და რაღაც მომენტში, ახსნედებოდა ჯოსეფის ნათქვამი. ნეტა მართლა თუ ჰქონდა ბოლომდე გააზრებული ქმრის გარდაცვალება? ფაქტი არ არსებობდა, მაგრამ უფაქტოდაც არის ხოლმე ყველაფერი თვალნათელი. ორი თვე, წყალში ნაყურყუტები კაცი ხომ ვერ გადარჩებოდა? რაღაც მომენტში, წყალში ნაყურყუტებიო, ისევ გაიფიქრა და მერე მაღლა აიხედა. ლურჯი განათება ხან შავდებოდა, ხან წითლად ბრწყინავდა. კრისტოფერის სხეული მოელანდა ჭერში გამოკიდებული. გეგონება, კისერზე ბუშტი ეკეთა და ეს ბუშტი დააქანავებდა მის ტანს. მარჯიელამ ინანა. ცეკვაც ინანა და ისიც, რომ მხოლოდ საბედისწერო სიყვარული იცოდა. ალბათ ტოქსიკურს კი არა, ცივსისხლიანს დაარქმევდნენ, ვინმეს თუ მოუყვებოდა თავიანთ ამბავს. ნეტავ, კრისტოფერისთვის ვინ იყო მარჯიელა? უცნაურია, რომ ადამიანები ისე მიდიოდნენ, ათასი პასუხგაუცემელი კითხვა რჩებოდა. მაგალითად: გიყვარდი კრისტოფერ? შენ თუ შეგეძლო ჩემი მოკვლა? მოგენატრებოდი? ინანებდი? მიგლოვებდი? მარჯიელას ამაზე მეტად, ერთი რამე აწუხებდა: არსებობდა სამყაროში ვინმე ისეთი, ვისაც მისი მსგავსი სიყვარული და სიძულვილი შეეძლო ერთად? მკლავში ჯოსეფმა ხელი მაგრად ჩაავლო და ხალხისგან გამოაცალკევა. მერე ბარის სკამზე ობლად დარჩენილ ჩანთასაც მოჰკიდა ხელი, გარეთ გაიყვანა. - რა ხდება? - ვერ მიმხვდარიყო ქალი. მარჯიელას ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო. ერთი-ორი ნაფასი დაარტყა და მერე ქალს გასჩარა ტუჩებში. - მოსწიე. ნელ-ნელა გეტყვი. - ამოღეღე ბოლოს და ბოლოს! - სადმე უნდა დაიმალო მარ. - ანუ? - კომისარიატიდან დაგირეკეს. მე ვუპასუხე. კრისტოფერი დაბრუნდა. მარჯიელამ, მოულოდნელად, სახეში სილა გააწნა. წარმოდგენა არ ჰქონდა, ამას რატომ აკეთებდა. მერე მთელი ძალით, საკუთარ თავს შემოარტყა ლოყაზე გაშლილი ხელი. - პირველ რიგში, უნდა დაგესვი იდიოტო! უნდა დაგესვი - მთელი სული ამოაყოლა თავის სიტყვებს და ცივ ასფალტზე ჩამოჯდა. - უნდა გაიქცე მარჯიელა! - ვერ წყნარდებოდა ჯოსეფი. - კრისტოფერი ცოცხალია - თქვა მარჯიელამ. მერე საკუთარ ძმას შეხედა. კაცი შეშინდა, რადგან მარჯიელას თვალებში სიგიჟის ნაპერკლები ერთი-მეორეს მიყოლებით ფეთქდებოდნენ. ზოგჯერ, თვალისმომჭრელად ლამაზი შეიძლება იყოს ქალი, ზოგჯერ კი თვალისმომჭრელადვე შეურაცხადი. ჰოდა, მარჯიელამ, გაგიჟება ამჯობინა. ხმამაღლა მოჰყვა სიცილს. ქალი ხარხარებდა. ისე ხარხარებდა, შუაღამისას მანქანას რომ გამოევლო, ამ ხმის გამგონი, შიშისგან შეასკდებოდა რომელიმე ბოძს. „უეჭველი გაგიჟდა“ - იფიქრა ჯოსეფმა, მაგრამ რა იცოდა, უკვე კაი ხნის გაგიჯებული თუ იყო ქალი. - ქმარი დაუბრუნდა? - გაოგნდა ივა. - ალბათ. - მერე, გაიქცა მარჯიელა? - არა. არ გაქცეულა, რადგან გაქცევა მხდალთა ხვედრია. მხდალი არ იყო, თუმცა უფრო გამბედავი რომ ყოფილიყო, ადგებოდა და ყველაფერს მოყვებოდა, რაც გამოიარა, ან რაც იმ უბედურ ქმარს გამოატარა. განყოფილებაში იდგა. გულზე ხელები დაეკრიფა და შეშლილი სახით ელოდა იმის დანახვას, ვისი არსებობისაც აღარ სჯეროდა. არ სჯეროდა, სანამ თავისი თვალით არ დაინახა. კრისტოფერი იდგა. ზომაზე გამხდარი. წვერებიანი და ისეთი დაბნეული, არასოდეს რომ სჩვეოდა. შეხედა მარჯიელას. მასსავით თავგზააბნეულს. თხელი მხრები უძლურად ჩამოეყარა ქალს და სასოწარკვეთილი თვალებიდან გაუგონარ სინათლეს აფრქვევდა. წითურ თმაში გახუნებული მზე დაეტყვევებინა. ვერ მიმხვდარიყო, ცხოვრების ბრძოლას შეჰყურებდა თუ ყველა ტკივილის წამალს. მიუახლოვდა კრისტოფერი ქალს, რომელზეც უთხრეს, ცოლია შენიო. ჩამოღლილ მკლავებზე ხელი შეახო. შეცბა მარჯიელა. შეცბა კრისტოფერიც, თუმცა მაინც იგრძნო, თავისად ქცეულ სულსა და სხეულს ეხებოდა. მარჯიელამ გაჭირვებით გაუღიმა. ზამთარგამოვლილ კაცის გულს გაზაფხულის მსუბუქი ჰაერი და ნაზი სითბო შეაპარა ქალის ღიმილმა. ერთმანეთისთვის თითქმის არაფერი უთქვამთ. ერთხელ დასცდა მხოლოდ და კითხვა გაუბედა: - ჩემი ცოლი ხარ? - ჰო - მოისმინა პასუხი და სურდა, გადახვეოდა, თუმცა იგრძნო, უფლედაკარგულმა ქმარმა, რომ ცოლისთვის წარსულის პატარა ჩრდილად ქცეულიყო... და შერცხვა შეხება მისი. უცნაურია. კრისტოფერს აღარაფერი ახსოვდა წარსულიდან, თუმცა მაინც ჰქონდა სურვილი, მარჯიელას რბილ თმაში აეთამაშებინა საკუთარი თითები. მარჯიელას ახსოვდა თავისი ქმარი. თუმცა, მაინც პირიქით ჩანდა ყველაფერი, რადგან ქალი ცივი გამხდარიყო და დროდადრო, მხოლოდ ნაძალადევ ღიმილს სჩუქნიდა კაცს, რომელსაც სამუდამო პარტნიორი ერქვა მისი. სახლში დაბრუნდნენ. კრისტოფერმა, მოინდომა, რომ მარტოს ეცხოვრა თავის ცოლთან ერთად. დედასა და დას დაჟინებით სთხოვა, თავის ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. სანერვიულო აღარაფერი იყო. რადგან ეზიზღებოდა, როცა მასზე თავგამოდებით ზრუნავდნენ. ირწმუნებოდა, ყველაფრის გახსენებაში, მხოლოდ სიმშვიდე დამეხმარეობაო. სინამდვილეში, შეიძლება, არც სურდა გახსენება. ალბათ სიმართლის ეშინოდა. და მიუხედავად იმისა, რომ კრისტოფერი არასდროს არაფერს გაურბოდა, ცხოვრებაში პირველად, სიმართლისათვის თვალის არიდება მოენდომებინა. ღამე ყველაზე მეტად სიბნელითმოცული გამხდარიყო, თუმცა ამ სიბნელეში, კაცი გასაოცარ სიმშვიდეს ჰპოვებდა. ახსენდებოდა ყველა დეტალი, მაგრამ მაინც ხსოვნის მიღმა რჩებოდა ისინი. ალბათ, კი არ ახსოვდა, უფრო მეტად, გრძნობდა კიდეც. მარჯიელა ჩუმი იყო. დამნაშავესავით ჩუმი. კრისტოფერს კი გონებამახვილობა ახასიათებდა მუდამ. მაშინაც კი, თუ ამნეზიის სახელით შემოსილი რაღაც უაზრო მარწუხები შემოხვეოდა გონებაზე დ გასაქანს არ აძლევდა. ზოგჯერ ეგონა, რომ მოგონებების გაქრობა, მისი მხსნელი იყო და არა დამღუპველი. თავიანთ ოთახში, საძინებელში, ყველაფერს წარსულის ნაზი სურნელი ასდიოდა. გარდერობში, უცვლელად ეკიდა თავისი ტანსაცმელი, მეუღლის სამოსის გვერდით დაჩრდილული, თუმცა მაინც ეტყობოდა, ვიღაცას სათუთად შეენახა. - ლოგინზე, თეთრეულს გამოვცლი - ჩუმად წარმოთქვა მისმა მეუღლემ - შენ აქ დაიძინე, მე სტუმრების ოთახში გადავალ. - რა საჭიროა გამოცვლა? ან შენი წასვლა? - ვერ მოითმინა კრისტოფერმა. ქალის აბნეულ მზერაში დიდი ნაღველი შფოთავდა და ვერ მოეძებნა სიტყვები მის ბაგეებს, თავისივე საქციელის ასახსნელად. ქალმა მდუმარედ მხრები აიჩეჩა. სურდა, ენა ამოედგა. - წვერში როგორი სხვანაირი ხარ - მხოლოდ ეს წამოცდა. - ვიფიქრე, ხვალ გავიპასავ-მეთქი. თუ გინდა, დღესვე... - მაგიტომ არ მითქვამს - გააწყვეტინა - შენ ხომ არ გახსოვარ? უცხო ქალის გვერდით ძილი რაში გჭირდება? - შენი სურნელი მახსოვს - საწოლი აშალა კრისტოფერმა და ბალიშს უყნოსა - მომწონს, რომ ყველაფერი ამითაა გაჟღენთილი. უცნაურია არა? მე არ მახსოვხარ და შენთან მინდა, შენ კი, ყველა მოგონება ადგილზე გაქვს, თუმცა, გამირბი. - ეს გეცვა ხოლმე, გარეცხვილია. დედაშენი, ყველაფერს რეცხავდა - საღამური გამოიღო კაცისთვის ცოლმა და მერე თავის აბრეშუმის პერანგებს შეხედა. ვერ გაერკვია, აქვე გაეხადა თუ მოშორებით. თვალს მოფარებულიყო თუ არა. მარჯიელას არეულ სუნთქვას დანებდა კაცი. - კარგი, სტუმრების ოთახში დაიძინე. ან მე დავიძინებ, მნიშვნელობა არ აქვს - წარმოთქვა და მხრებიდან სიმძიმე ჩამოხსნა თავის მეუღლეს. მერე გამოიცვალა. ოთახში გამეფებული უხერხულობა მხოლოდ მარჯიელას სულს ღრღნიდა. კრისტოფერი საწოლში დაწვა და საბანი გადაიფარა. მერე უსიამოვნო სახით წამოდგა, ფანჯარა გააღო. ისევ დაწვა. მარჯიელას გაეღიმა. თავის ქმარს კვლავაც ცივი ჰაერი უყვარდა. ქალმა ტანზე გაიხადა, ზურგი აქცია კრისტოფერს, აბრეშუმის პერანგი აბრეშუმის კანზე ჩამოისრიალა და უსიტყვოდ მიუწვა გვერდით მეუღლეს. კრისტოფერს გაეღიმა. მხოლოდ ზურგს მოჰკრა თვალი, თუმცა ეგეც საკმარისი აღმოჩნა, რომ თავიდან შეჰყვარებოდა ან ის სიყვარული გაეხსენებინა, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა. ზოგჯერ, არსებობს ისეთი გრძნობა, რომლის გამოც, სიკვდილი საამაყოა. - როგორ გადარჩი? - ჰკითხა მარჯიელამ მოულოდნელად. - მე ის უფრო მადარდებს, როგორ მოვკვდი - ქალისკენ გადაბრუნდა კრისტოფერი - ძალიან შეცვლილი ვარ? - ცოტათი გახდი, წვერიც გაქვს. სხვა ყველაფერი რიგზეა. ქუჩაში რომ შემხვედროდი, ნამდვილად გიცნობდი. მოულოდნელად, კრისტოფერის სურნელი იგრძნო ქალმა. აი, სურნელიც იგივე დარჩენოდა - უსაზღვრო, ყოვლისმომცველი. მთელი ეს დრო, მარჯიელას ეგონა, რომ დავიწყებოდა ეს სურნელი, რადგან ვეღარ გრძნობდა. იმ წამს, თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა და საკუთარ თავს უმტკიცებდა, სიხარულის კი არა, სევდის ცრემლიაო. თუმცა გულის სიღრმეში, კარგად იცოდა, რომ კრისტოფერის არომატის გარეშე დარჩენილი მისი ფილტვები, იმაზე გათიშული იყო, ვიდრე წყალში ჩაძირული კაცის. კრისტოფერს არაფერი უკითხავს. ცერა თითით შეუშრო დანამული, ათრთოლებული ღაწვები და თმაზე აკოცა. მარჯიელას სხეულს ჟრუანტელი შეესია - ფეხის თითებზე ააცოცდა, მუხლები აუცახცახა, მუცელი აუძგერა, მკერდზე მოედო და უხეში ბაგეებით დაუკოცნა აჩქარებული გული. თვალები დაახუჭინა. ჟრუანტელმა არ დაინდო. თმის ყველა ღერი სათითაოდ მოიარა, თვალებზე მოეფერა, ლოყები დაუკორტნა, ყურთან ფეხაკრეფით მიირბინა და ცხადად, ძალიან ხმადაბლა გაუშიშვლა სიმართლე: - შენს ქმარს ეკუთვნი! - ჩასჩურჩულა ჟრუანტელმა. - გძინავს? - ჰკითხა მოგვიანებით მარჯიელამ კრისტოფერს. - არც ისე. - ფსიქოლოგი ხომ არ დაგჭირდება? - არ ვიცი. ცოტახანს, შევხედოთ. მე ხომ ტყვეობაში არ ვყოფილვარ? უბრალოდ, ცოტახანს, სავადმყოფოში ვიწექი გათიშული. მერე გონს მოვედი და ვეცადე, ჩემი ქალაქი გამეხსენებინა. ერთი სიტყვით, ძალიან ტრავმირებულიც არ ვარ. თუმცა დავაკვირდეთ, კარგი? - კარგი. - შენ თვლი, რომ მჭირდება? - უბრალოდ გკითხე - სინამდვილეში, მარჯიელას ფსიქოლოგის თემა საერთოდ არ აინტერესებდა. დროდადრო, სურდა დარწმუნებულიყო, რომ მის გვერდით მწოლი კაცი არა თავისი წარმოსახვა, არამედ, რეალურად დაბრუნებული ქმარი იყო. - სად გავიცანით ერთმანეთი? - ჰკითხა თავის ცოლს და მოკეცილი იდაყვი თავქვეშ ამოიდო. - ფუნთუშების მაღაზიაში. - უცნაურია - გაეცინა კაცს. მარჯიელას გაუკვირდა, რადგან კრისტოფერს ისევ ისეთი ლამაზი და თეთრი კბილები ჰქონდა. ცოტა არ იყოს, დაეჭვდა კიდეც. შვებულებაში ჰყავდა კაცი გაგზავნილი თუ სიკვდილს ებრძვოდა? - დახლს დიდხანს ვათვალიერებდი. მერე შენ მოხვედი და მკითხე, ვაშლი თუ გიყვართო. კი-მეთქი. ვაშლისა და დარიჩინის ფუნთუშა მირჩიე. - სულ ეგ იყო? - ჰო, თუმცა მეორე დღეს, მე და შენ კვლავ ფუნთუშის რიგში აღმოვჩნდით. წინ ვიდექი. მომესალმე, მკითხე, თუ შემიძლია რომ ალუბლის მილკშეიკზე დაგპატიჟოვო. უარი გითხარი. შენ სხვებივით არ გაგიპროტესტებია, ჩემი „არა“ ისე მიიღე, როგორც სერიოზულმა, ჩამოყალიბებულმა კაცმა, რომელიც ქალის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მესამე შეხვედრისას, თავად დაგპატიჟე. - ასე ხშირად რანაირად ვხვდებოდით ერთმანეთს? თან შემხვდევით. - მგონია, რომ მითვალთვალებდი, თუმცა ცოლქმრობის პერიოდშიც ვერ გამოგტეხე. - როცა გამახსენდება, აუცილებლად გამოგიტყდები, ოღონდ, თუ მოთვალთვალე გამოვდექი, არ გაიქცე. - არ გავიქცევი. კრისტოფერი მარჯიელას ხელს თითებით მოეფერა. ჩასჭიდა. შემდეგ ჩაეძინათ. და ერთმანეთი დაესიზმრათ. სიზმარში, ბედნიერები იყვნენ. * * * დაკითხვაზე მისვლა კვლავ მოუწიათ. კრისტოფერმა მაშინ რაღაც ისეთი თქვა, რამაც მარჯიელას მთელი ცხოვრების საფიქრალი გაუჩინა, რაც, ისედაც არ აკლდა. - ჩემი ცოლი კაიუტაში იყო, მემგონი, ეძინა. ბუნდოვანი კადრებივით ამომიტივტივდა თავში. ექიმმა მითხრა, ყველაფერს, თანმიმდევრობით ან არეულად გაიხსენებ, შემდეგ კი მოგონებებს ერთმანეთთად დააკავშირებ და წრე შეიკვრებაო. ზღვა ცოტათი შფოთავდა და კიდევ ერთი ტალღით რომ დააპირა ჩვენთვის სეირი ეჩვენებინა, ძირს დავვარდი, თავი დავარტყი. წამოდგომა ვცადე და გაჭირვებით დავდექი ფეხზე, თუმცა წონასწორობა ვერ შევიკავე, ეგრევე წყალში გადავვარდი. მარჯიელა გადაფითრდა. მთელი ეს დრო, ზუსტად იმავეს უმტკიცებდა გამომძიებლებს, თუმცა ისინი, ირონიული ღიმილით უქნევდნენ თავს და მხოლოდ იმიტომ აქნევდნენ იმ უტვინო თავებს, რომ მტკიცებულება არ ჰქონდათ. იძულებული იყვნენ, მარჯიელას თანდასწრებით, თავი მოეკატუნებინათ, თითქოს ყველაფერი დაიჯერეს. ახლა კრისტოფერი აყრიდა თვალში ნაცარს, მაგრამ დაზარალებულის მხრიდან, ცრუ ჩვენებას ვერ კი წარმოიდგენდნენ. ამიტომ, დამნაშავის თვალებით უცქერდნენ ყოველ ეჭვმიტანილს, რომელსაც ზურგს უკან, ყველა წითურ დემონს, შავ ქვრივსა და ქმრბის მკვლელს ეძახდა. ქალის თვალებში გამარჯვებული, თუმცა დაბნეული ეშმაკები კიაფობდნენ. რატომ იცრუა კრისტოფერმა? პასუხი თავად კაცსაც არ ჰქონდა. ერთი რამ ცხადზე ცხადი იყო. გონებაწართმეული კრისტოფერი, გაუჩინარების პირველივე დღიდან გრძნობდა, რომ სევდას აეტანა ვიღაცა, შორს. ჩაესმოდა მისი ჩუმი ძახილი. ქარი იხმობდა. ცეცხლისფერი ქარი იხმობდა და ეს ქარები ცდილობდნენ,დაეფშვნათ სიყვარულის ყველა იმედი. თუმცა კაცს არ სწამდა სიყვარულის დასასრულის. არ სწამდა, რომ ამოსუნთქვის გარეშე დარჩენილი, წყლით სავსე ფილტვებით ვეღარ მიიკვლევდა გზას ნაპირამდე. ნეტავ სად არის ჩემი ნაპირიო, ეკითხებოდა საკუთარ თავს და ისიც პასუხობდა, რომ იქაა სამუდამო ნავსაყუდელი, სადაც ელიან. შეიძლება, არ უნდათ მოლოდინის აღიარება, მაგრამ მაინც, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ელოდნენ კრისტოფერს. ერთგულების ფიცს ვიღაცისთვის ინახავდა. წყალში უიმედობას მიცემული და აღსასრულისთვის განწირულიც ინახავდა თავის პირობას. ღირდა უამოსუნთქვოდ დარჩენილი სხეულისა და გამუდმებული სიკვდილთან ბრძოლის განცდა. ნამდვილად უღირდა, რადგან ცხოვრებას მისთვის მოულოდნელი სიურპრიზი გაეკეთებინა. ახლა ხელახლა იბადებოდა. ხელახლა იბადებოდა მასში სიყვარულიც. - მართლა გაგახსენდა? - ჰკითხა მარჯიელამ, როცა ჰაერზე გამოვიდნენ. კრისტოფერი ყოველი ამოსუნთქვისას, ისე ხარბად ისუნთქავდა ამ ჰაერს, თითქოს უკანასკნელი ყოფილიყო. - არა. - რატომ იცრუე? - უბრალოდ, მინდა, ყველაფერი დასრულდეს. შენ არ დაიღალე? - კი. - მაშინ, ვაშლიანი ფუნთუშები ვიყიდოთ. - კარგი - გაეღიმა მარჯიელას. კრისტოფერი შეჩერდა. ქალი ისე შეათვალიერა, გეგონება, პირველად ხედავდა. - იმ საფუნთუშეს ვერანდა აქვს? - ჰო. გაგახსენდა? - მგონი. ყავისფერი ხეივანია, ჩრდილი. გრძელი, ბორდოსფერი კაბა გაცვია ღრმა ჭრილით. ფეხი-ფეხზე გაქვს გადადებული და თითქმის თეძომდე გიჩანს ატმისფერი კანი, გრძელ სიგარეტს ეწევი, სამ ჭიქა ღვინოს ვსვამთ. - ეგ ჩვენი მეორე პაემანი იყო - გაოგნდა მარჯიელა - ჯერ კიდევ, მორიდებული ვიყავი, ამიტომ მხოლოდ სამ ჭიქას დავჯერდი. - ბევრს სვამ? - თვალები მოჭუტა კრისტოფერმა. - არც ისე - რაღაცნაირად, მოერიდა, გამოტყდომოდა, რომ თითქმის ლოთი იყო. - ზურგიც ამოჭრილი გქონდა და ცალ მხარეს გადმოგდებულ გრძელ, წითელ ნაწნავს აწვალებდი ხელით. მაგ ნაწნავისაც მშურდა და იმ ხელებისაც, რომლითაც თმას ათამაშებდი. გონებაში, წარმოვიდგენდი, როგორი რბილი იქნებოდა შენი კულულები. თან მეგონა, მეპრანჭებოდი, რადგან ლოყები ოდნავ შეგფაკვლოდა და მერე ჩემი ლექსების წაკითხვა მოისურვე. არადა, პოეზიის მოყვარულს არ ჰგავდი. ვფიქრობ, საერთოდ არ გადარდებდა პოეზია, თუმცა ძალიან მიხაროდა, ჩემი ლექსებით რომ დაინტერესდი. - ნელ-ნელა ყველაფერს იხსენებ! - აღტაცებით წარმოთქვა ქალმა და შემდეგ, როგორც მწარე სიმართლისა და მომავლის შიშის გააზრებისას ხდება, წამსვე ჩაუქრა აღტკინებული მზერა. კაცს ყველაფერი გაახსენდებოდა. მერე შეიძულებდნენ ერთმანეთს. მერე მოკლავდნენ ერთმანეთს და ისევ დასრულდებოდა ომი. კრისტოფერი ბედნიერი იყო იმ წამს. თითქოს, ზღვაში წვეთი გაახსენდა, თუმცა ზღვაში წვეთი ვერ იქნებოდა იმ გრძნობის ჩანასახი, რომელმაც მთელი ცხოვრება აურ-დაურია. ნეტავ, წინასწარ რომ სცოდნოდა ყველაფერი, ისევ იგივე ნაბიჯს გადადგამდა? ისევ მოიყვანდა ქალს, რომელსაც ყოველი ქმრის დამარხვისას შავები ემოსა? აი კრისტოფერი პასუხი: ზღვა ძველებურად უყვარდა. შეუძლებელია გიყვარდეს ის, რამაც ცხოვრება მოგიწამლა... შეუძლებელია, გიყვარდეს შხამი. მხოლოდ სულელი თუ დალევს საწამლავს ყოველი გაცოცხლების შემდეგ. იცოდა, სიცოცხლეში მრავალი მსხვერპლის გაღება მოუწევდა, თუმცა არავინ იცის ამ მსხვერპლის მნიშვნელობა, სანამ გაღების ჟამი არ დგება. რაღა უნდა მოეთხოვა სამყაროს სიყვარულის სანაცვლოდ? რაც უფრო საშიში და შეუძლებელი იყო მათი ერთად ყოფნა, მით უფრო შეუძლებელი ხდებოდა შორს გაქცევა. კაცი ხვდებოდა, თავიანთი ამბის მიღმა, თავის სისხლში ამოგანგლული მარჯიელას ხელები იმალებოდნენ. ქალისთვის, ყოველი მზერის შევლებისას, ჯანდაბაში უშვებდა თეორიებს მკვლელებსა და ამ მკვლელის მიერ სასჯელის მოხდაზე. - თუ ყველას სიკვდილი უწერია, დაე, ამისმა ხელებმა ამომღაფონ სული - ფიქრობდა კრისტოფერი. - ახლაც ბორდოსფერი, ხავერდის კაბა გაცვია - მიუგო ცოლს. - ეს სხვა კაბაა. - ლამაზია. კარგია, რომ შავი გაიხადე. - ქვრივი აღარ ვარ, უხერხული იქნებოდა. ჩვენი პაემნების დროსაც აღარ მეცვა შავი. კრისტოფერს გაეხარდა. მერე აღარ გახარებია, რადგან ვერ მიხვდა, მხოლოდ უხერხულობის გამო გაიხადა ქალმა შავები და გულის სიღრმეში, ისევ ქვრივად თვლიდა თავს? კაფეში ჩამოჯდნენ ცოტახნით. მარჯიელა ბრწყინავდა. ყოველთვის ბრწყინავდა: მოწყენილი, გაბრაზებული, დაღლილი, ბედნიერი. კრისტოფერი კი ისე უმზერდა, თითქოს არასოდეს წასულიყო მისგან, თითქოს ზღვის უზარმაზარი ტალღა და სიკვდილის ათასი ანგელოზი არ ჩასდგომოდათ შუაში. სამყარო იგივენაირი დარჩენილიყო კრისტოფერის გაუჩინარების შემდეგ, მხოლოდ მარჯიელას ქცევებს ეცვალა ფერი. კრისტოფერი ამასაც თავისებურად უყურებდა. ფიქრობდა, რომ ქალის გრძნობები კი არა, ქცევა შეცვლილიყო. ფუნთუშებს დაბრაწული ცომისა და დარიჩინის ნაზი არომატი ასდიოდა. უხერხულობა ჩამოშლილიყო ყელზე გიშრის სამკაული დაბნეოდა ცეცხლისფერ დემონს. ზუსტად ის სამკაული, ერთხელ რომ დაეფანტა და მერე, თავისი თხელი თითებით შეაკოწიწა. ფაიფურის თეთრ ლავიწებს ღამისებურ ელვარებას სძენდა. - რა გაწყენინე? - ჰკითხა მოულოდნელად თავის ცოლს - რა ცოდვა მიმიძღვის შენ წინაშე ასეთი, რომ მკვდრეთით აღდგომამაც ვერ მოგიბრუნა გული? მარჯიელამ ჭამა შეწყვიტა. თაფლისფერი თვალები გაუფართოვდა. აღელვებულმა ცეცხლმა იწყო მასში გიზგიზი. ეგ ცეცხლი, ცოტა სხვაგვარი ჩანდა. არ წვავდა, არც ბრაზის ნაპერწკლებს ყრიდა. იდგა და გიზგიზებდა თავისთვის, მარტო, დაბნეული. გულგატეხილი. და ქალი ვეღარ ხვდებოდა, რანაირად გადაეყლაპა ლუკმა. - არ ვარ ნაწყენი. - იტყუები! შეიძლება იფიქრო, რომ გავაფრინე, თუმცა მართლა კარგად გიცნობ. ჰო, რაღაცეები მეხსიერებიდან წამეშალა, მაგრამ გული იმდენ გრძნობასა და მოგონებას იტევს, ფერადი კადრების დამახსოვრება მაგას ვერც შეედრება. თითქოს ბრმა ვარ და სურნელით, მოძრაობით, სუნთქვით გცნობ. ეს სულ ასე იყო. სავაადმყოფოს თეთრ ზეწარზე უგონოდ მიჭედილი გგრძნობდი მარჯიელა. არ მახსოვდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ სადღაც, ვიღაცა ჩემს ლოდის ებრძოდა. თითქოს, ჩემი არსებობის აღარ გჯეროდა ან გჯეროდა, თუმცა მაგ რწმენას დიდ წინააღმდეგობას უწევდი. ალბათ, გერჩინა მკვდარი ვყოფილიყავი, რადგან მხოლოდ ასე ჩამოგხსნიდი მხრებიდან ლოდინის სიმძიმეს და სიყვარულს. მაინტერესებს, რა დავაშავე ისეთი, რომ ვნებააშლილი, უზომოდ ბედნიერი, სიხარულის ცრემლებით არ გადამეხვიე, როცა დავბრუნდი. - ემოციებს ვერ გამოვხატავ კრისტოფერ და ამავე დროს, შეუძლებელია იმისი სიახლოვე იგრძნო, ვინც აღარ გახსოვს. ზღაპრებს ნუ ყვები. - რატომ? მე მწამს ჭეშმარიტი სიყვარულის და ცოლქმრული ფიცის. მჯერა, რომ რაღაც სხვა ვართ - არაჩვეულებრივები, განსხვავებულებით, თავისებურები. შეგვიძლია, ის ავიტანოთ, შევიგრძნოთ და განვიცადოთ, რისი ძალაც სხვას არავის შესწევს. მაშინაც თუ შორს ვართ ერთმანეთისგან. - და რა იცი, რომ ჭეშმარიტი სიყვარული გვაკავშირებდა? - ჰკითხა მარჯიელამ და უეცრად, ქალის თვალებში აგიზგიზებული უცოდველი ცეცხლი წყალი გახდა, რომლის სიღრმეში ჩაძირვაც, კვლავ დაემუქრა კრისოფერს. ამბობენ, რომ დიდხანს თუ იტივტივებ, ბოლოს, შენც წყალი გახდებიო. ჰოდა, წყლად იქცეოდა მალე კაცი და ქალის მზერისგან შერჩენილი ნატყვიარი გაეფანტებოდა, გულში ჩაესობოდა. გასკდებოდა ეგ გული, მოედებოდა ქალაქის ყველა ქუჩას და ჰაერში ქარიშხალს დაატრიალებდა. მერე იტყოდნენ გამვლელები, სიტყვებით დაკოდილი კაცი თურმე ქარიშხლად ქცეულა და სევდიანად ასკდება ახლა ხეებს და ფანჯრებს. თან თავისი ცოლის სახელს ბუტბუტებს ყველა შენობას შესახებული. - თქვენ კრისტოფერი ხართ? - გამოაფხიზლა შეშლილი წყვილი ახალგაზრდა გოგონამ, რომელსაც გულზე კაცის წიგნი მიეხუტებინა და გასაოცარი სილაღით შესქცეროდა საყვარელ მწერალს. - დიახ. - შეგიძლიათ, ხელი მომიწეროთ? - რა თქმა უნდა - გაუღიმა კრისტოფერმა, კალამი ითხოვა გოგონასგან და დაწერა თავისი სახელი. მერე შეხედა. ლამაზი კალიგრაფია ჰქონია თურმე, აღარ ახსოვდა უბრალოდ. ამოისუნთქა. კიდევ კარგი, ასოები არ ჰქონდა დავიწყებული, თორემ ძალიან შერცხვებოდა. - ძალიან მიხარია, რომ კარგად ხართ და გადარჩით - ბედნიერი ქალბატონი კრისტოფერს გამოემშვიდობა და თვალს მოეფარა. ყველა ბედნიერი იყო მისი დაბრუნებით. მხოლოდ ის, ვისაც ყველაზე დიდი სიხარული მოეთხოვებოდა, უბედური ჩანდა. წამოდგა კრისტოფერი. არაფერი უთქვამს ქალისთვის და წავიდა. მარჯიელა ვერ ინძრეოდა. ძალა გამოლეოდა. უნდოდა, მოეყოლა რომ იმ წამიდან, როცა ქმარი გაუჩინარდა, გათენებას და დაღამებას აზრი წაერთვა. ნისლში გახვეულ მის თხელ თითებს შებინდებისას, მკვდართა ფერი გადაჰკვროდა, იმ წამიდან, როცა ქმარი გაუჩინარდა. იმ წამიდან, როცა ქმარი გაუჩინარდა, ისმენდა ყოველ ხმადაბალ ჩურჩულს ჭორიკანა მეზობლისას და ამ ჩურჩულში, საკუთარ თავს სდებდა ბრალს უპატიებელ ცოდვის გამო. დაპატარავდა, ნემსის ყულფში გაეტია, თმა ჩაუქვრა და სევდის ქარმა აუთამაშა კულულები, ზიზღმა მოიცვა, იმ წამიდან, როცა ქმარი გაუჩინარდა. იმ წამიდან, როცა ქმარი გაუჩინარდა, მზე გახდა ცივი, ზამთარზე ცივი. ზამთარმა კი ჯერ თვალები გაუყინა, მერე შუბლი, მერე სმენა... გული ვეღარ. გასხვისებული ჰქონდა მანამდე თავის ქმრისთვის. ხელისგულზე ბედნიერების ყველა ხაზი დაუწყდა და გადაეწვა, ნისლი სხეულში ჩაიმარხა, იმ წამიდან, როცა ქმარი გაუჩინარდა. და იმ წამიდან, როცა ქმარი გაუჩინარდა, სუნთქვაარეულ დღეებს შორის, ვეღარ არჩევდა ვერც შაბათსა და ვერც ორშაბათს. მიტოვებული ქვრივის მკერდი ჩუმად ძაძებს მიაბარა და ბაგეები, ურცხვად ჩაახრჩო ღვინის შხამში, რადგანაც ქმარი გაუჩინარდა და აღარ ჩანდა. ახლა ხვდებოდა, რატომაც არ ახსოვდა ქმარს. ეგ მარჯიელას სასჯელი იყო და არა კრისტოფერის. ერჩივნა, შესძულებოდა, ჭირივით შეზიზღებოდა, ვიდრე დავიწყებოდა ყველა წამი, ერთად გატარებული. აი მისი რისხვაც. ვინ თქვა, ცოდვილებს რისხვის აცილება შეუძლიათო? მარჯიელა არასოდეს აღიარებდა, რომ, როცა ბრაზით შეპყრობილმა კრისტოფერმა კაფეში მიატოვა, შეიშნებულ ქალს ათი კვარტალი გაევლო ფეხით მის ძიებაში. რაღაცეები, მაინც უცვლელი რჩებოდა მის ცხოვრებაში - ეძებდა და ვერ პოულობდა. ამავდროულად, უწინ თუ ამ ძიების აღიარება საკუთარ თავთანაც უჭირდა, ახლა ძალზე ცხადი გამხდარიყო ყველაფერი. მარჯიელას ეშინოდა. სახლში მისულმა, ღვინის ბოთლს დასტაცა ხელი და იქამდე სვა, სანამ გულისრევამდე მისული, უნიტაზს არ ჩამოეყრდნო. სული სტკიოდა ქალს, რადგან ამ სულში, ვერ აეყვავებინა ბედნიერება. ყოველ დღე, ყოველი ამოსუნთქვისას, მომაკვდინებელი ტკივილით სჭამდა დანაშაულის გრძნობდა და ნანობდა, იმ სიხარულს, რომლის განცდის შანსიც მრავალჯერ ჰქონია, თუმცა ვერ შეერგო. საპირფარეშოდან ბარბაცით გამოვიდა. თავისი ქმარი უმზერდა დაბნეული, გაოგნებული თვალებით. -მართლა მოხვედი? - ჰკითხა ქალმა. კრისტოფერი ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა - ჩემი წარმოსახვა ხარ თუ მართლა მოხვედი? - მოვედი - წელზე ფაქიზად შემოხვია ხელი, მუხლებში მკლავი ამოსდო და ისე აიტაცა ხელში, როგორც ბუმბულის წონის. კრისტოფერისთვის, მართლა ბუმბული იყო მარჯიელა - დატანჯული, დამნაშავე, ცოდვიანი, მაგრამ ისეთი თეთრი და წმინდა, რომ თუ ყველა ცოდვას ჩამორეცხავდა, მაშინ ვეღარ იარსებებდა მისი სიმსუბუქე. გასაგებია თუ კი ამძიმებს ადამიანს ცუდი საქმე, მაგრამ შემსუბუქების დანახვა, მხოლოდ მარჯიელას მეუღლეს შეეძლო. ქალმა მკერდზე თავი დაადო. წამით მაინც, სურდა, დაევიწყებინა ყველაფერი და მისი სურნელით აევსო ნესტოები. - ჩემი კაბის კალთებს მარტო შენი კვალი ემჩნევა - წამოროშა მან და მხოლოდ თავად ეგონა, რომ წამოროშა. სასიხარულოა, ერთ გაუაზრებელ წინადადებას, რომელიც ქვეცნობიერიდან გვისხლტება, როგორ ძალუძს, ბედნიერების მინიჭება სხვისთვის. ჩუმი ამბორი შეიგრძნო თმაზე, ღიმილმოგვრილი ქმრის... - ამდენს არა ვსვამ ჩვეულებრივ - თავი იმართლა ქალმა და საკუთარი საქციელისგან იმაზე მძაფრად მოეკიდა სირცხვილი, ვიდრე სიმთვრალე. - გიხდება თრობა - ჩასჩურჩულა ყურში კაცმა. საწოლზე ფაქიზად დააწვინა და ფეხსაცმელი გახადა. - ცუდად ხომ არ ხარ? - არა. შენც აქ დაწვები? - არ გინდა? - მინდა! კოშმარებს აფრთხობ. - ძლივს ამოძრავებდა ტუჩებს სიტყვების სათქმელად. კრისტოფერი გვერდზე მიუწვა და საბანი გადააფარა. არ სურდა, მისი უმწეობით ესარგებლა, მაგრამ მაინც ხელი წაუცდა და ცოლის წითელ კულულებს ეთამაშა ჩაძინებამდე. ქალის თმაში თითებგაყრილმა ნახა სიზმარი, გეგონება, გემზე იყვნენ, ჩხუბებოდნენ. მარჯიელა საკუთარ თავს არ ჰგავდა და კრისტოფერს სულაც არ უკვირდა, რადგან ქალის ნამდვილი სახე, არც ჰქონდა ბოლომდე შესწავლილი. მარჯიელა არასდროს ჰგავდა საკუთარ თავს. საკუთარი თავიც არ ჰგავდა ხოლმე მარჯიელას. და ალბათ ამიტომ უყვარდა კრისტოფერს. მერე კრისტოფერი დაეცა, თავი რაღაცას დაარტყა. გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, თუმცა ვერ შეიკავა წონასწორობა და ზღვაში გადაეშვა. - ანუ მარჯიელამ ჰკრა ხელი? - ბოლომდე მოსმენას შეძლებ? - კითხვა შეუბრუნა ანაბელმა. - რა თქმა უნდა! - უკვე, თენდებოდა. ანაბელს და ივას არ ეძინებოდათ. პირიქით, ეტყობოდა, ქალი თხრობის ხასიათზე იყო. ივა კი მოსმენის. ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, რომ მისი პროფესიის გადამკიდე, იძულებით, ნაძალადევი ღიმილით კი არ ისმენდა შეზარხოშებული „მომხმარებლის“ ლაყბობას, არამედ პირიქით, ნებისმიერ რამეს გასცემდა, ოღონდაც ბოლომდე გაეგო მარჯიელას ისტორია. - კრისტოფერი იმ ღამით, ლექსს წერდა: „გიახლოვდება ტალღა კრისტოფერ, და როგორც სასიკვდილო ნაღმი, კვალს გამჩნევს სხეულის ყველა უჯრედზე... ნუთუ გინდა გადარჩე მისთვის, ვინც გაგწირა და გაგიმეტა, ნუთუ, საკუთარ სიკვდილსაც აპატიებდი? - ვაპატიებდი“ - გაისმა პასუხი ჩაბნელებული საძინებლიდან. კრისტოფერი ფარდის მიღმა შემოჭრილი მზის რამდენიმე სხივით საზრდოობდა და ლექსს წერდა. ამას გარდა, ოთახში, კიდევ ერთი მზე ჰყავდა ქალის თმიდან გადმოღვენთილი, რომელიც კაცის სულს ამჩნევდა თავის კვალს. მძნარე მარჯიელას სუნთქვა გაბატონებულიყო ოთახში, როგორც სამახსოვრო საჩუქარი ან როგორც სასჯელი ცხოვრების, რათა მის სურნელს არასოდეს მიეცა კრისტოფერითვის მოდუნების საშუალება. გარდერობში, ქალის საღამურები ეკიდა. და მიუხედავად იმისა, რომ ათასი სამოსი იყო მათ გარდა, კრისტოფერს სურდა, მაინც ამ საღამურებისთვის მიეძღვნა ლექსები. იქამდე, სანამ არ მოკვდებოდა. აფრქვევდა არომატს ხავერდის პრიალა ნაჭერი და კაცს შეეძლო ზუსტად წარმოედგინა, როგორი იყო იგი თავისი პატრონის სხეულზე: ატმისფერ კანზე მსუბუქად მომდგარი, წითური ეშხი იფანტებოდა ამოჭრილ ზურგზე. ახლადაყვავებული ხეხილის საოცარი ნიავი მოჰქონდა მოძრაობისას. მკერდის კერტები ვერ დაეფარა თხელ მატერიას. საცდუნებელად დაბადებულ არაამქვეყნიერ არსებას ჰგავდა, რომელსაც სიმბოლურად ისე ერქვა ადამიანი, როგორც სამოთხესა და ჯოჯოხეთს თავიანთი სახელები. ფეხის წვერებზე შემდგარი და მოცეკვავე ქალი წარმოიდგინა ოთახში რომ დაფარფატებდა თავისი მომწმავლელი მშვენიერებით. ცეკვავდა თავისთვის... ცეკვავდა თავისთვის, მაგრამ კრისტოფერის საცდუნებლად, რათა მთელი თავისი ცხოვრება ხელისგულში მოექცია კაცს და უთქმელად გადაელოცა მარჯიელასთვის. კრისტოფერს თავი ასტკივდა. ზღვის მოგონება ჯიუტად ცდილობდა წარსულის დილეგიდან გამოვარდნას და კრისტოფერის გონებაში თავისი განსაკუთრბეული ადგილის დაბრუნებას... -ვიცი, რომ მისი ბრალია ყველაფერი! ვიცი, გეყოს, არ მინდა, ამის გახსენება - უბრძანა საკუთარ გონებას და ამ გონებამაც, როგორც პატრონისგან დატუქსულმა ლეკვმა, წკმუტუნი იწყო. შეშინებული, შელახული და დატუქსული ამოეფარა ქალის მშვენიერებას. ეგ მშვენიერება იყო დამღუპველი. მარჯიელამ გაჭირვებით ასწია თავი. ტკივილისგან, იჯღანებოდა, თმა აბურდვოდა და გაგანია ნაბახუსევის ჟამს, ისეთი სანახავი იყო, კრისტოფერმა ეგრევე კალამს წაავლო ხელი. - უნდა ჩაიწერო, როგორი საზიზღარი ვარ? - არა. ლექსის ერთ-ორ ფრაზას ჩავინიშნავ და მერე ლიმონის სასმელს გაგიკეთებ, ეგეთ დროს, შველის. - ადრეც მიკეთებდი ხოლმე. ძალიან მიყვარდა. თუმცა უწინ, ამდენს არ ვსვამდი, არ იფიქრო, რომ ლოთი ვარ. - რატომ გეშინია, თითქოს ეგრე ვიფიქრებ? ან თუ ვიფიქრებ, რა მოხდება? - რა ვიცი. ზოგადად, ხალხს არ უყვარს, როცა მათი მეუღლე ლოთია. წარმოიდგინე ჟურნალი, რომლის პირველივე გვერდზე სტატიაა შემდეგი სათაურით: „მწერალი და მისი ლოთი ცოლი“. მოგწონს? - საინტერესოდ ჟღერს. მარჯიელამ თავის სხეულს მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება. შიშველი იყო. - ტანსაცმელი გამხადე? - არა. მხოლოდ ფეხსაცმელი. დანარჩენი, შენი ნამოქმედარია, თუმცა, ხელი არ შემიშლია. პირიქით, დიდი სიამოვნებით გიყურე. - მძინარე შიშველ ქალს უყურებდი? - მძინარე შიშველ ცოლს ვუყურებდი. - შეუსწორად კრისტოფერმა. - კარგი. ეგ ფაქტი მანიაკად არ გაქცევს. - გმადლობ, რომ დამამშვიდე. - გუშინ სად წახვედი? მართალია, არ გახსოვარ, თუმცა ერთი რამე ალბათ უნდა იცოდე ჩემზე: არ მიყვარს, როცა შუა კაფეში მტოვებენ და სასოწარკვეთილები გარბიან, როგორ ემოციურ კრიზისსაც არ უნდა განიცდიდდნენ. მითუმეტეს, თუ ეს გაქცეული ქმარია. - მარჯიელამ მოულოდნელად, თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. და უცნაურია, რომ ამ ნამდვილ სახესაც, მხოლოდ კრისტოფერი ადარდებდა. - გაქცეული ქმარი, ჩაძირული ქმარი, დაკარგული ქმარი - გაეცინა კრისტოფერს - არ გაგიმართლა ქმარში. სხვათაშორის, მეც არ მიყვარს, როცა ახლო ადამიანები ისე მექცევიან, თითქოს ფეხებზე ვკიდივარ. მითუმეტეს, თუ ეს ახლო ადამიანი, ცოლია. მარჯიელ ადგა. ხავერდის ხალათი შემოცვა ტანზე კრისტოფერთან ახლოს მივიდა და იფიქრა, დათმობის დრო აღარ არისო. პირიქით, მაქსიმალურად მტაცებელი ცხოველივით უნდა ემოქმედა. თუ საკუთარ რეალურ სახეს დამალავდა, მაშინ რა გამოვიდოდა? ადამიანები, დიდხანს ვერ უძლებენ ნიღბის მიღმა ცხოვრებას და ადრე თუ გვიან, მაინც ამჟღავნებენ რეალურ სახეს. ამიტომ, სჯობდა, ადრევე, თავისი ნებით გაენდო ქმრისთვის, როგორი ველური ბუნებაც ჰქონდა. - მაფრთხილებდნენ, მწერალს არ გაჰყვე ცოლადო! - რატომ არ დაუჯერე? - ბიზნესმენი თაყვანისმცემლები ყელში მყავდნენ. - შიშველი უფრო მეტ შთაგონებას აღძრავდი ჩემში. - რა თქმა უნდა. მაინც ყველა დანარჩენ კაცს ჰგევხარ საბოლოოდ. - და რა თქვეს იმ ბიზნესმენმა თაყვანისმცემლებმა, როცა ეგონათ, რომ მესამედ დაქვრივდი? - შეეშინდათ, მეოთხედ არ დავქრივებულიყავი და მხოლოდ ჩემი შიშველი ტანის დანახვას ცდილობდნენ. შენსასვით. ნელ-ნელა, ზღვარს ხსნი შენსა და მათ შორის. - ნაბახუსევი, ყოველთვის ასეთი უხასიათო ხარ? - გაეცინა კაცს. სწორედ ეს უყვარდა კრისტოფერში. ვერ გააბრაზებდი. - უარესიც ვყოფილვარ. - ამბობენ, მწერლის ცოლობა ძნელიაო. - ერთი პიჯაკი გქონდა ამოჩემებული - წარმოთქვა და გაეღიმა. ძნელი აღმოჩნდა, ცხოველივით მოქცევა მაშინ, როცა მსხვერპლის მიმართ, ყველა გრძნობა ერთიანად გიჩქეფს ვენებში - ძალიან ძველი, გახუნებული. სასეირნოდ, იმითი დადიოდი ხოლმე. მსურდა, შენთვის პირადი სივრცე მომეცა, მაგრამ თან ძალიან ეგოისტურად არ მეთმობოდი. ამ ქუჩების, სახლების, აივანზე გამოფენილი ხალხის და შენობების კედლებისაც მშურდა, რომელთა შორისაც დადიოდი. შენ საფიქრად ცოტა დრო მარტოს გჭირდებოდა და ზუსტად იმ პიჯაკში გამოწყობილი, ალბათ საკუთარ წარსულს ხვდებოდი, წარსულთან საუბრობდი. იმ მოგონებებთან, სადაც მე არ ვიყავი. ამაზეც გული მწყდებოდა. მეშინოდა იმ მოგონებების, სადაც მე არ ვიყავი. მერე მოდიოდი სახლში, ამ პიჯაკს იხდიდი და მეხუტებოდი მთელი ძალით, ჩემს თმას ყნოსავდი გაგიჟებული, კანზე თითებით მეფერებოდი. საღამოობით, საწერად ვერანდაზე გადიოდი, მე კი წინ გიჯდებოდი - სიგარეტს ვეწეოდი, ღვინოს ვსვამდი და გეპრანჭებოდი. შენ სწორედ ამ დროს, გამალებით ატრიალებდი ხელში კალამს და ისე სწრაფად დაანავარდებდი, თითქოს ვიღაცა მოგსდევდა. - ჩემი მუზა იყავი - გაეცინა კრისტოფერს. - არც ისე რთული დასაჯერებელია. - სადაა ის გახუნებული პიჯაკი? - ჩემს კაბებთან ერთად ჰკიდია. - ცოტა შეწითლდა ქალი, როცა ამას ამბობდა და ამასთან ერთად, ისიც იგულისხმა, რომ ყოველ დღე, კაცის სურნელით გაჟღენთილ სამოსს ეფერებოდა, როგორც იდუმალ საყვარელს. - მარჯიელა, ყოველი შემთხვევისთვის, ბარგი ჩალაგებული გქონდეს, კარგი? - აფრთხილებდა ჯოსეფი თავის დას. მარჯიელა სააბაზანოში შეკეტილიყო და ონკანი მოეშვა. - არ იცი, როდის გაახსენდება სიმართლე. - მან უკვე იცრუა პოლიციასთან. - თუ დეტალურად გაიგო, როგორ საყვარლად ჰკარი ხელი, მერე შესაძლოა, შენი გისოსებში გამომწყვდევა მოუნდეს, რაშიც ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ. - მოგვიანებით, შეგიძლია, ვახშამზე გვეწვიო? - უკვე ოჯახურ საღამოებს აწყობთ? მე რას გეუბნები და შენ რაზე მელაპარაკები? - შენი ნახვა უნდა. - ამ დღეებში, გამოგივლით, მაგრამ რა აზრი აქვს ამხელა ფარსს? მერე მარჯიელამ ონკანი დაკეტა. თავის ოთახში შევიდა. კრისტოფერი იდგა და იღიმოდა. ოღონდ, ახლა ნამდვილი კრისტოფერი უღიმოდა მთელი თავისი მოგონებებითა და სიცხადით. - წვერი გაიპარზე? - ხელი აუკანკალდა ქალს. ხელი ევედრებოდა, ერთხელ მაინც მომეცი ნება მისი სახის კანს, მის ყბებსა და ლოყებს შევეხოო. მაგრამ მარჯიელამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. - უკეთესია? - ჰო, უკეთესია. - ჩვენი ქორწილის ვიდეო ხომ არ გაქვს შენახული? - კი. - მოდი, ვუყუროთ, თუ სხვა საქმე არ გაქვს. ტუმბოზე, ძველი ჟურნალები იდო და იქ წავიკითხე, ძველი სტატია ჩვენზე: „ცნობილი მწერალი და წლის ბიზნესვუმენი დაქორწინდნენ“. ვერც კი აღვიქვამ, რანაირად გავხდი ცნობილი. ან რატომ გამომყევი. - ჰო, ეგ კითხვა მეც მიჩნდებოდა პერიოდულად. - გული მოუკლა კრისტოფერს და მიუხედავად იმისა, რომ მის სიკვდილს, უკვე თავისი ერჩია, მაინც იგესლებოდა. გველივით. თითქოს, თავს იცავდა. თუმცა გულის სიღრმეში, თავბედს იწყევლიდა, რომ ზოგჯერ, ეშმაკები შეუჩნდებოდნენ და ენით დაკოდილს ამსგავსებდა თავის ქმარს. მეუღლსთან ერთად, ტახტზე მოკალათდა. ქორწილის ჩანაწერი ჩართო. კრისტოფერს მარჯიელას ქცევა აკვირვებდა. აკვირვებდა, რომ გვერდზე დაუჯდა, თუმცა მაინც მოშორებით, აკვირვებდა, რომ კაცის სიახლოვეს უფრთხოდა. რაღაცეები ცხადზე ცხადი იყო. ქალს სინდისი სჭამდა. ეკრანზე გამოსახული ორი ადამიანი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა. ახლა, დღევანდელ დღესაც უკვირდა კრისტოფერს, როგორ შეიძლებოდა იმ თეთრ კაბაზე მსუბუქად დაბნეული წითელი ვარდები დავიწყებოდა? ვარდები აქეთ-იქით დააფრიალებდნენ თავიანთ ეკლებს და ერთ სულსაც არ უშვებდნენ ახლოს. კრისტოფერს ყველა მათგანი სათითაოდ შერჭობოდა მარჯიელას გაცნობის დღეს და მიუხედავად იმისა, რომ ქალის დანახვისას, სულ უფრო მეტად სტკივდეობდა ნაჩხვლეტები, გაქცევა არასოდეს დაუპირებია. სურნელი იზიდავდა იმ ვარდების, ქალის თმის კულულებად რომ ქცეულიყვნენ. მოგიზგიზე ცეცხლში თეთრი გვირილები ჩაებნია და თავისი სიმხურვალით სწვავდა. საქორწინო ფიცი წარმოთქვეს. ბეჭდები გაცვალეს. ერთმანეთის ბაგეებს ვნებით დააცხრნენ. კრისტოფერი მარჯიელასთან მიიწია, ნაზად გადაუწია თმა ყურზე და მოურიდებლად აკოცა ბიბილოსთან. ქალი შეკრთა. თუმცა, არ განძრეულა. კრისტოფერის ტუჩები ნიკაპზე გადააცოცდნენ და ბაგეებისკენ აუყვნენ გზას. - რას აკეთებ? - ამოიჩურჩულა მარჯიელამ. მამაკაცი დაეხსნა. თავი დამნაშავედ იგრძნო, მაგრამ ვერ მიხვდა, რატომ არ შეიძლებოდა შეხებოდა მას, ვინც ჩანაწერზე ეკრანზე, სამარადისო სიყვარული შეჰფიცა? - მაპატიე - მოუბოდიშა კრისტოფერმა, თუმცა საკუთარი სიტყვებიც არ მოხვდა ყურში კარგად. მარჯიელას უკრისტოფერო ჰაერი ცივად შეეჯახა ღაწვებზე და სირცხვილისგან, ლოყები აუგიზგიზა. - არაუშავს - გაუღიმა მარჯიელამ. მერე კრისტოფერი ძალიან მტკივნეულმა ეჭვმა მოიცვა. ისეთმა მტკივნეულმა, რომ ერჩივნა, მარჯიელას გადაგდებული ყოფილიყო გემიდან, ვიდრე ის, სხვა ეჭვი გამართლებულიყო. იქნებ, ქალს გარდაცვლილი ქმარი ენატრებოდა და არა, გაუჩნარებული? იქნებ, სხვა კაცის მონატრება სწვავდა? - შენი პირველი ქმრის სურათები შენახული გაქვს? - აქ არ მაქვს - გაოგნდა ქალი. - რად გინდა? - ხომ უნდა ვიცოდე. - რატომ? - გაუაზრებელმა პანიკამ მოიცვა. - თუ მაინცდამაინც გაინტერესებს... მოიცადე, ინტერნეტში ვნახავ. - ტელეფონი ამოიღო. იგუგლებიან კიდეცო, გაიფიქრა კრისტოფერმა და გარდაცვლილი ადამიანის მეორედ მოკვლა მოუნდა. - აი, ესაა - სურათი ანახა. - სხვა სურათებიცაა? - არა, არ ნახო! - უი, აქ კოცნით ერთმანეთს? - ტელეფონი გამოსტაცა და სურათების საძიებო ველში, ყველას ჩამოუყვა - რა ლამაზები ხართ. - ჯანდაბა! შეწყვიტე! - რატომ? მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს? ნახე, ევროპელი მილიონერი ყოფილა. - კრისტოფერ, არ არის სასაცილო! - ფეხებზე გადააბობღდა ქალი და სულ ტყუილად ცდილობდა, ხელიდან გამოეგლიჯა მობილური. - ცოტა, არაადეკვატური რეაქცია გაქვს - გაეცინა კრისტოფერს - ვაა, ნახე, როგორი ყოფილა. დადუმდა. უკან დაუბრუნდა ტელეფონი. - რა მოხდა? - არაფერი! - კრისტოფერ, რა დაგემართა? - თითქოს, განსაკუთრებული, არაფერი სჭირდა, მაგრამ მარჯიელა მუდამ გაიგონებდა კრისტოფერის ნამსხვრევებად ქცეული გულის ხმას. გრძნობდა, როცა სტკიოდა ან როცა ბედნიერი იყო. - ამის მერე მე რატო გამომყევი? - ჰკითხა გულწრფელად. - ღმერთო, რა სულელი ხარ - თითქმის დაიკივლა ქალმა და თავის დაზაფრულ ქმარს ტუჩებში ეძგერა. ისე კოცნიდა, ისე სუნთქავდა მის ჰაერს, როგორც ცოცხლად დამარხული. აქამდე, სხვისთვის ნათქვამი ყველა სიტყვისა რცხვენოდა მარჯიელას, სხვაზე დახარჯული, იმ ცხონებულზე დახარჯული ვნების და კოცნის რცხვენოდა, რადგან ვერც ერთი მათგანი შეედრებოდა კრისტოფერის სუნთქვას და სურნელს. თავის მხრები ვერ იტევდა მამაკაცის ალერსს, სურდა, მთლიანად შთაეთანქა. ყოველდღიურ ომს დანებდა ქალი, დანებდა და თავისი ქმრის გამარჯვება აღიარა, თავის სხეულზე შემოხვეული მისი მკლავები აღიარა. ღამეს ნისლები გადაეფარა ზამთრის საბურველად და ამ ნისლებში, ორის ალერსი, ვერნათქვამ სიტყვებად, ვერნათქვამ სიყვარულად ისე აძგერებულიყო, როგორც ერთმანეთს არიდებული ორი გრძნობის მზერა. ტანსაცმელი შემოეძარცვათ ერთმანეთისთვის. ხმამაღალი ოხვრა გამეფებულიყო და სახლის კედლები ვერ იტევდა გალიიდან გამოქცეულ ვნებას. მარჯიელა ქალღმერთს ჰგავდა. შიშველი ქალღმერთი მამაკაცის სხეულზე ისე მოქნილად დანავარდობდა, როგორც აბობოქრებული ზღვის ტალღები და სიამოვნებისგან ხან ერთ ნაპირს მიაცხრებოდა, ხან მეორეს. დამორჩილებულ, მორჯულებულ ქალღმერთს, საბოლოოდ, ეღიარებინა თავისი მეუღლის უღელქვეშ არსებობა და ეს უღელი არ ამძიმებდა. პირიქით, თავისუფლებას ანიჭებდა სულსა და სუნთქვას. კვნესისგან, ერთმანეთის სახელს ბოდავდა ორი სიამოვნებისგან მთვრალი ადამიანი. ადამიანებისგან, მხოლოდ ის ასხვავებდათ, რომ გონება გულს დაკავშირებოდა, გული კი სულის მხსნელი გახმარიყო. ღვივდებოდა სიამოვნების მწვერვალი და აქამდე ვერნათქვამი ყველა გრძნობა პირიდან და სხეულიდან ეღვრებოდათ კვნესად, ოხვრად, კივილად. ერთმანეთის ხელებს მაგრად ებღაუჭებოდნენ. კრისტოფერი ახლა ზუსტად ხვდებოდა, რატომაც გადარჩა. გადარჩა რომ თავისი ცოლის მკერდი გაშლილ ხელებში მჭიდროდ მოექცია და ბაგეებით შეეგრძნო მათი გემო. ცრემლები ჩამოუგორდა ქალს თვალებიდან. უკვე მეორედ. ახლა ზუსტად იცოდა, სიამოვნების ზღვა სდიოდა წამწამებიდან და ამ წამწამებს, გამალებით უშრობდა თავის ქმარი. მარჯიელამ ყველაფერი აპატია - დაკაგვა, გაუჩნარება... და კრისტოფერმაც აპატიე, ოღონდ რა? ჯერ არ იცოდა. ღამე მათ გამო გაიწელა, მაგრამ ძალიან მოკლე ეჩვენებოდათ.წამით, ვნება ცხრებოდა, თუმცა შემდეგ, მაინც ვნებააშლილნი ეხეთქმებოდნენ სახლის ყველა კედელს, ყველა მაგიდას და თავიანთ საწოლს, რომელიც ყველა ცოდვის მესაიდუმლე გამხარიყო. გათენებისას, ცოლის მკლავებით სავსე კაცმა გაიღვიძა და ღმერთს მადლობა მოუხადა მისი წითური თმის სურნელისთვის. სრიალა ზურგზე, ხელი ღიმილით ჩაუცურა. მძინარე მარჯიელას თმა და სახე შეუმჩნევლად დაუკოცნა. ნეტა, სიგარეტს თუ ვეწევიო, ჰკითხა საკუთარ თავს. მარჯიელას გაეღვიძა. ბედნიერებისგან გაეღვიძა. ალბათ, სურდა, გაერკვია, ტკბილი სიზმარი იყო, რაც გამოსცადა თუ რეალობა. კრისტოფერის მკერდმა დაამშვიდა. ღვინისფერი ბაგეები ნაზად შეახო კაცს ყელზე და ნელი კოცნებით აავსო იქაურობა. - სიგარეტს ვეწევი? - ჰკითხა კრისტოფერმა. - იშვიათად. უჯრაში გვაქვს. - გვაქვს - წარმოთქვა და გაეღიმა - გინდა, მზის ამოსვლას ვუყუროთ? - ვუყუროთ - მარჯიელა წამოდგა, სიგარეტი უჯრიდან ამოიღო და ვერანდაზე გავიდა ქმართან ერთად.ერთ სკამზე დასხდნენ. ქმრის კალთას შეაფარა თავი და ერთმანეთის შიშველ სხეულებს კვლავ აეკვრნენ. კრისტოფერის ბაგეებიდან გამონთავისუფლებული ნაცრისფერი კვამლი ორად ჰყოფდა აისს. ეზიზღებოდა სიგარეტის არომატი, თუმცა მოსწონდა მისი სურნელი, რომელიც რაღაც შორეულსა და მოუდნოელად, ხელმისაწვდომს ახსენებდა. - ისუნთქე! - წარმოთქვა ხმამაღლა... -„ისუნთქე... აღსდგეს იქნება სისხლი ძარღვებში და ვიღაც სხვამ კი იგლოვოს შენი მეორედმოსვლა. ცეცსლისფერ თმაში შერჩენია შენი თითები, გრძელია ღამე, ვეღარ ებრძვის საყვარლის ხსოვნას“. გეგონება, სკოლის მოსწავლე ყოფილიყო და მასწავლებელს აბარებდა, ისე ერთი ამოსუნთქვით წარმოთქვა ის, რაც დემონური ეშხით სავსესა და მომწავლელ სიტკბოებას ეძღვნებოდა. ზოგჯერ, ესიზმრებოდა, თითქოს კვლავ იძირებოდა წყალში. წყალი წყვდიადისფერი გამხდარიყო. სულიერი შვება და თვალუწვდენელი მშვენიერება მოაქვს ადამიანისთვის ტალღებით ტკბობას, მაგრამ როცა მის წიაღში, განწირული იძირები, მაშინ სიკვდილის სურნელი ასდის მშვენიერებასაც. ეგებ, მარჯიელაც ისეთი მშვენიერება იყო, სიკვდილი რომ მოჰქონდა? ნეტავ მართლა თუ შერჩენოდა საყვარლის თითების ნაკვალევი მბზინვარე თმაში და ყოველთვის, როცა ამ თმას გაისწორებდა, ახსენდებოდა ის, ვინც უყვარდა ან ვინც სძულდა. - კიდევ გაიმეორე - სთხოვა ცოლმა. - „ისუნთქე... აღსდგეს იქნება სისხლი ძარღვებში და ვიღაც სხვამ კი იგლოვოს შენი მეორედმოსვლა. ცეცსლისფერ თმაში შერჩენია შენი თითები, გრძელია ღამე, ვეღარ ებრძვის საყვარლის ხსოვნას.“ მერე თმაში თავისი თითები შეუცურა ცეცხლისფერ დემონს, რომელიც, მოულოდნელად, ანგელოზად ქცეულიყო და იქამდე უკოცნა სახე, სანამ დილის სუსხმა არ დაუჭამა ორივეს კანი. - თმაში მაქვს შენი ხსოვნა? - თუ არ გაქვს, დაგამჩნევ. ქალს გაეცინა. მის გაპარსულ, სრიალა ლოყებს შეეხო თითებით და თვალები დახუჭა. ერთდროულად, კრისტოფერის ჰაერსაც გრძნობდა და კანსაც. - ფეხებზე - წარმოთქვა კაცმა მოულოდნელად - ჩემი მოკვლა თუ სცადე, ფეხებზე . - ეგ სიყვარული არ არის. გამოდის, გიჟი ყოფილხარ. - გიჟიც ვარ. სხვაგვარად, შეუძლებელია, საკუთარი მკვლელი გიყვარდეს და მასთან ცხოვრება მოისურვო. - დარწმუნებით ამბობ, რომ მკვლელი ვარ? - დარწმუნებით მხოლოდ იმას ვამბობ, რომ თუ ჩემთან არ იქნები, მერე მართლა მოვკვდები და მკვლელი გერქმევა - გაეცინა კრისტოფერს. სახლში შევიდნენ. ერთ ზეწარზე დაიდეს ბინა, ერთი ბალიში ამოიდეს თავქვეშ და ერთი საბნით შეიმოსეს ათრთოლებული სხეულები. - ანუ კრისტოფერმა ყველაფერი აპატია? - შენ არ აპატიებდი? - ჰკითხა ანაბელმა ივას. - ვაპატიებდი. ვფიქრობ, შემთხვევით მოუვიდა მარჯიელას და ამის გამო, თავადაც საკმარისად იტანჯა, ინანია. - შესაძლოა - მხრები აიჩეჩა ანაბელმა. - მაგრამ მაშველებისთვის მაინც დაერეკა, როცა გადავარდა. - დაურეკა. კრისტოფერის ზღვაში ჩავარდნისას, მარჯიელაც თავით გადაეშვა... ვერ იპოვნა ქმრის სხეული. მერე მაშველები გამოიძახა. - ასე, ჩვეულებრივად დამთავრდა ყველაფერი? ერთად დარჩნენ? - დასასრული ჯერ კიდევ, წინაა. კრისტოფერის დაბრუნების მერე, ყველა ჟურნალი ერთი და იმავე შინაარსის, სხვადასხვა სათაურს მოეცვა „ქმრების მკვლელს მხოლოდ მწერალი გადაურჩა თავისი პომპეზური დაბრუნებით - ზღვაში დაკარგული კრისტოფერი, ცოცხალი დაბრუნდა“. მარჯიელამ ყველა მათგანი წაიკითხა. მრისხანებისგან, თვალებში ისევ ურჩხულები აუცეკვდნენ. ქალის თვალები ყველაზე დაბურულ, მცატებელი ცხოველებით სავსე უღრან ტყეს ჰგავდა. ამ ტყის შუაგულში, ზოგჯერ უცნაური არსებები პატარა კოცონს ანთებდნენ და მის გარშემო ცეკვავდნენ. მოკვდავთათვის, კოცონის ხილვა მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, როცა მარჯიელა ბრაზდებოდა. კრისტოფერმა იფიქრა, რომ ასეთი ბრაზი ღმერთს, დემონს და ამ ქალს ამშვენებდა მხოლოდ. ან როგორ შეიძლებოდა ყველაფერ საშიშს სულისშემძვრელი მშვენიერებაც დართვოდა თან. - მოდი, დავწვათ - იცინოდა კრისტოფერი. - არც ისე სასაცილოა! - ბრაზობდა მარჯიელა, თუმცა, გაბრაზებული დემონები ქმარს ისე მოერჯულებინა, რომ ბოლომდე , მაინც ვერ იპყრობდა მრისხანება. კაცმა ხელში კალამი აიღო და დაწერა: - „ისუნთქე ისევ, ეგებ ცივ ნიავმა შეცვალოს წყალი, რომელშიც იძირება შენი სხეული არდაბადებულ იმედის კვალს ებღაუჭება, ვიღაცა მკვლელი, ანდა ვიღაც ღამის დემონი“. - დაწერა და მერე ხმამაღლა წარმოთქვა. - მკვლელი და ღამის დემონი ვარ? - ღამის დემონი. - მომწონს - წითელი ბაგეებით დაუტკბო კაცს ტუჩები. მწვანე კაბა მხრებიდან ჩამოიცურა და იატაკზე დააგდო. მუხლებზე გადააჯდა ქმარს, პერანგისღილები შეუხსნა, მწყურვალებით შეწუხებული დაეწაფა კისერზე. - დილის დემონობაც დაგამშვენებს. კრუასანით აღარ ვისაუზმებდი, შენს სხეულს დავჯერდებოდი. - მაგიდაზე გადასვა თავისი ცოლი და ფაიფურივით ტეთრი თეძოები დაუკოცნა. მარჯიელა და კრისტოფერი ბედნიერები იყვნენ. თავიანთ ნაჭუჭში გამოკეტილებს, მთელი სამყარო ფეხებზე ეკიდათ. კრისტოფერი ძალიან ბევრს წერდა: „ნეტავ, ცოდვაში თუ ჩამეთვლება, რამდენჯერმე, ჩემი ხელით რომ გამოვღადრე ყელი სიზმრებში. რატომ ემთხვევა მტერი და მოყვარე ერთმანეთს ან რატომ სძლევს ხოლმე სიძულვილი მისი, ყველა სიყვარულს, რაც კი ოდესმე განმიცდია? ისევ მის მიმართ განმიცდია ერთიც, მეორეც და... მაინც ფილტვებია სავსე უიმედობის წყლით ან საწამლავით. არა ღირს ახლა ტკივილის გახსენება. არც სიყვარული ღირდა მისი და არც სიცოცხლეს აქვს აზრი უიმისოდ. ზროგჯერ გინდა, მოყვარე ახლოს გყავდეს და მტერი უფრო ახლოს. ზოგჯერ საერთოდ ფეხებზე იკიდებ მოყვარეს, მტერს ეძებ. მტერს ეძებ დილაობით, საწოლის მეორე მხარეს, რომელიც ცივია. მტერს ეძებ საუზმისას, მტერს ეძებ ქუჩაში მოსეირნე, მტერს ეძებ წვიმაში და მტერს ეძებ ქარში. კაცმა რომ თქვას, მტრის ძიება უფრო საინტერესოა, მაგრამ სადაა?“ - უკითხავდა კაცი. და მარჯიელა ზოგჯერ ბრაზობდა, რატომ წერ ჩემზე, როგორც მტერზეო. კრისტოფერს ეცინებოდა. მუზა მუზაა. ზოგჯერ, მტერზე სურდა ეწერა, მაგრამ მარჯიელა ისეთი შთაგონება იყო, სულ რომ არაფერი ესაქმებოდა, მაშინაც ცხვირს ჰყოფნა ქმრის ჩანაწერებში და საკუთარ კვალს ამჩნევდა იაუქრობას. „იძირება კაცი, რომელიც მიყვარს და მე ვერ ვხვდები, კოშმარში ვარ თუ მოკვდი“ - ღიღინებდა ქალი თავისთვის. - შენც მწერლობას მიჰყავდი ხელი? - ერთობოდა კრისტოფერი. მერე მარჯიელა პასუხობდა: - „თუ არ მოვკვდი, მაშინ მსურს, სამუდამოდ დავხუჭო თვალი, რადგან ცოცხლებთან ვეღარ გნახავ და მკვდარს ხომ მაინც გამიმართლებს? - ბედნიერი კაცი ყოფილა კრისტოფერი. ერთდროულად, სიცოცხლეც ერგო და სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი რამე - სიყვარული - გაეღიმა ივას. - ჰო. მოიკალათებდა კრისტოფერი თავის ცოლს კალთაში და ამბობდა: „ჩამოთოვს ერთხელ, როგორც არასდროს. შენს თმებს დანამავს თეთრი იარა, ნეტავ სად მალავ ნაწვიმარ თვალებს? ცრემლს თუ იყენებ, როგორც იარაღს? მომიშორებ და კვლავ დავბრუნდები, დამხვრჩვალ აჩრდილად გავაპობ სიზმარს. მომკალი! უიმედობას შველოდეს იქნებ შენი უსიტყვო ხელების რისხვა. გკითხავენ მერე: - ქმარი სად გყავს? და უპასხებ: - წყალმა შეჭამა.“ ერთხელაც, მარჯიელამ კრისტოფერს დაუძახა: - საყვარელო, სად ხარ? - და კრისტოფერი არ იყო სახლში. არც აბაზანაში, არც სამზარეულოში.... - აბა, სად იყო? - გაოგნდა ივა. - არ ვიცი. - როგორ თუ არ იცი? წავიდა? - არა, არსად წასულა, მაგრამ იქნებ, არც დარჩა ან არც უარსებია. - რას ლაპარაკობ? - თვალები გაუფართოვდა ბიჭს - კრისტოფერი, მარჯიელას წარმოსახვა იყო? - არა! ან კი. ყველაფერს მვერ მოვყვები. ზოგჯერ, მსმენელმა ან მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი დასასრული უნდა. დიდხანს და ბედნიერად იცხოვრეს? ან იმდენად ენატრებოდა თავისი ქმარი საბრალო მარჯიელას, რომ მისი დაბრუნების ამბავი შეთხზა გონებაში. - რა სისულელეა! კრისტოფერი დაუბრუნდა თავის ცოლს - გული საგულედან ამოუვარდა ივას. - იქნებ, მარჯიელა და კრისტოფერი ზღვაში გასვლისას, შტორმმა იმსხვერპლა და ეს ყველაფერი გამოვიგონე? - ცალი წარბი ეშმაკურად აზიდა ანაბელმა. - რას ლაპარაკობ? შეუძლებელია. მაგრამ თუ ჯოსეფი ის კაცია, რომელიც აქ ზის და საათობით სვამს ხოლმე... დარდისგან გალოთდა? - არ ვიცი - მხრები აიჩეჩა ქალმა - რა გარანტია გაქვს, რომ მართლა ჯოსეფია? შენ ხომ ჩემი მონაყოლიდან იცი ყველაფერი. ეგებ, გატყუებ და ჯოსეფს არც იმ ამბავში უარსებია და არც ამ ბარში? საერთოდ, შეიძლება, კრისტოფერის ახალი რომანი მოგიყევი, რომელიც, როგორც ყოველთვის, მეუღლეს მიუძღვნა და ახლა, პატარა, წითური, ჭორფლებიანი გოგონა ყავთ. - ეს რატომ გააკეთე? მთელი ღამე, შენს საუბარს ვისმენდი და საბოლოოდ, პირშიჩალაგამოვლებული დამტოვე. რა ბედი ეწიათ მარჯიელასა და კრისტოფერს? ბიჭი გაბრაზდა. სულში დიდი სიცარიელე იგრძნო. გეგონება, რაღაც საოცრად ძვირფასი და ახლობელი წაართვეს, თითქოს, დიდი იმედი ამოგლიჯეს გულიდან. ივა არასოდეს კითხულობდა წიგნებს. და რომ წაეკითხა, ამ მდგომარეობას, უკანასკნელი გვერდისგან მოგვრილ სევდას შეადარებდა, სადაც, საყვარელი პერსონაჟი იღუპება... მოულოდნელად. - ზოგჯერ, ბარს უნდა გასცდე, ადამიანები გაიცნო, ჟურნალები იკითხო, ტელევიზორს უყურო, ახალ ამბებს ადევნო ყური და იმათ უსმინო, ვისაც ცხოვრებაში, საინტერესო ისტორია აქვს მოსათხრობი. წარმოგიდგენია? ყველა ვერ დაგაინტერესებს, მაგრამ მაინც უნდა ისმინო, რადგან ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამბავს, შესაძლოა, ვიღაცა ჩემი მსგავსი, სრულიად უცნობი და უგონოდ მთვრალი ინახავდეს. - ანუ, არაფერს მეტყვი? - არა... უნდა გადაწყვიტო, შეთხზა ან იპოვნო ის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდება - წარმოთქვა ქალმა. „I’m drowning under the sea, Full of bluest darkness… There’s no hope, no love, My veins feel so bloodless. And the only thing, I want to know: Where the hell is my girl?“ ეს რომანი და ყველა დანარჩენი რომანი, რომელიც ოდესმე დამიწერია ან მომავალში დავწერ, ეძღვნება იმას, ვინც მენატრება, სულ მენატრება. ვისაც გამუდმებით ვეძებ. ვიცი, ვერასოდეს ვიპოვნი, მაგრამ ზოგჯერ, უიმედო ძებნასაც აქვს აზრი. ფანტაზიებსაც აზრი აქვთ. როცა საბოლოოდ, ერთმანეთს შევხვდებით, მოვუყვები, როგორი ძნელი იყო სამყარო მისი არსებობის გარეშე. და არასოდეს განელებულა ტკივილი ან მონატრება. დრო არაფერსაც არ კურნავს თურმე და ვერც ვერაფერს გვაჩვევს. ზგჯერ, სიკვდილსაც ვერ ეჩვევა ადამიანი. თავისას კიდევ რა უჭირს, მაგრამ სხვისი სიკვდილია ძნელი. P.S. ამ ბოლოს ტექსტს რომანთან კავშირი არ აქვს, უბრალოდ, ავტორს დაუცურდა მაგრად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.