აგრაფინა ჯაფარიძის წერილი შვილს
„უტაქტოდ კი გამომივიდა, თქვენდა უკითხავად ვთხოვე თქვენი ხელი თქვენს მეუღლეს (ტავტოლოგიისათვის ბოდიშს ვიხდი)... სიმართლე გითხრათ, მერჩივნა მამა გყოლოდათ, მაგრამ თქვენ მშობლები აღარ გყავთ, მეტიც - ერთი შვილის დედა და ოთხი ბავშვის დედინაცვალი ბრძანდებით... ეს რომ მანამდე მცოდნოდა, სანამ დაგინახავდით, პრობლემაც არ გაჩნდებოდა... მაგრამ ვინ იცის, დღეს რომ პრობლემას ვუწოდებ ამ გულწრფელ გრძნობას, იქნებ სულ მალე ჩემი ბედნიერების წყაროდ გადაიქცეს... თქვენი მეუღლე დავიყოლიე - ყველა ვალის გადახდის სანაცვლოდ, თანახმაა, ცოლი სამუდამოდ დამითმოს, მაგრამ არჩევანი მაინც თქვენზეა. მზად ვარ ყველა სურვილი შეგისრულოთ, ოღონდაც ჩემი გახდეთ!“ - ასე მთავრდებოდა პრინცის წერილი, თუ არ ჩავთვლით მის ხელმოწერასა და თხოვნას პასუხის გაცემის თაობაზე... ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დედაჩემის წინააღმდეგობის მიუხედავად, მე, 1877 წლის ზაფხულში ყველაზე სიმპათიურ, გალანტურსა და ენაწყლიან მამაკაცს, ტარიელ დადიანს გავყევი ცოლად. დედაც მეორედ იყო გათხოვილი. მამის სიცოცხლეში რაჭაში ვცხოვრობდით, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ქუთაისში გადმოვსახლდით, სადაც დედაჩემი მდიდარ აზნაურზე დაქორწინდა. ორი ქორწინების მიუხედავად, დედაჩემს სიყვარულის არაფერი ესმოდა. ადამიანების ნაწილი ხომ სტატუსისა და მატერიალური უზრუნველყოფისთვის იწერს ჯვარს, თითქოს, ეს ასე უნდა იყოს და ქორწინებას არავითარი საერთო არ აქვს სიყვარულთან... ძნელია ასე იფიქრო, როცა შენი სამაგიდო წიგნი „ვეფხისტყაოსანია“. ეს წიგნი ბებომ მაჩუქა და ყველასგან განსხვავებით, მისი დაზეპირება კი არა, სიღრმეებში ჩასვლა დამავალა. ღმერთის სიყვარულთან ერთად, ამ წიგნში თავმოყრილია ის ადამიანური გრძნობები, რომლებიც შუა საუკუნეებში „პრობლემა“ იყო, რადგან ოჯახებს ანგრევდა და ადამიანებს თავზეხელაღებულებს ხდიდა. მას შემდეგ, რაც რუსთაველმა გვასწავლა, რომ მამაკაცსა და ქალს შორის გაჩენილ დიდ გრძნობას დიდი ბედნიერების მოტანაც შეუძლია, რთულია არ მოგინდეს, მიბაძო მის პერსონაჟებს... ჰოდა, მეც მივბაძე და 21 წლის ასაკში, ქვრივი, ჩემზე ბევრად უფროსი და 4 შვილის მამა ტარიელ დადიანი უგონოდ შევიყვარე. ამას ისიც ემატებოდა, რომ ენერგიულ და სიცოცხლით სავსე ტარიელს ყველა ცხოვრებისეული სიამოვნება ზედმეტად ხიბლავდა, რის გამოც ვალებში იყო ჩავარდნილი. ახლაც არ ვიცი, შევუყვარდი, თუ მდიდარი მამინაცვლის გამო დაქორწინდა ჩემზე, მაგრამ დამერწმუნე, მასავით არავის შეუძლია სიყვარული აუხსნას ქალს და ანებივროს ის. აქამდე მეგონა, ქალის „ხელის გულზე ტარება“ მხოლოდ ბევრი ფულის წყალობით იყო შესაძლებელი. შენ რომ ტარიელ დადიანს კარგად იცნობდე, მიხვდებოდი, რომ ეს სიტყვითა და საქციელითაც მარტივი გასაკეთებელია. ჩვენ ხუთი მშვენიერი წელი გავატარეთ ერთად. ბავშვის შეძენამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს ოჯახის წევრები, დედაჩემიც შემირიგდა. საქართველოში, როცა დედა ხდები, უცნაურად სხვანაირ კეთილგანწყობას გრძნობ ყველა ადამიანის მხრიდან... ოჯახს რომ უკეთესი შემოსავალი ჰქონოდა, ტარიელმა განსაკუთრებული ჯიშის პირუტყვი ჩამოაყვანინა ჩვენს მოურავს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა მისი ვნება აზარტული თამაშებისადმი. ბანქოს თამაშის დროს ტარიელს ვერ ვცნობდი, შეპყრობილს ჰგავდა, მოგების სურვილით ჰქონდა ყველა კუნთი გაჯერებული... ვერ დაელაპარაკებოდი, ვერ გამოახედებდი, არავის ადგილი არ რჩებოდა მასში იმ წუთებში, თუმცა რაღა წუთებში - საათები, დღეები და ბოლოს, კვირები აღარ მოდიოდა სახლში და როცა მოდიოდა, მხოლოდ მაშინ გრძნობდა და ამბობდა, რომ ავად იყო. „მიშველე, ჩემო აგრაფინა!“ - აღმოხდებოდა, მერე ჩემს კალთაში ჩარგავდა თავს და ქვითინებდა ეს დევივით კაცი. იმ დასკვნამდე მივედით, რომ გამოსავალი სოფლის მამულში წასვლა იყო, ქალაქიდან შორს, სადაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი მოკიდებული აზარტულ თამაშებს, მაგრამ სოფლის სახლს შეკეთება სჭირდებოდა, რისთვისაც ფული სასწრაფოდ უნდა გვეშოვა. „ფულის წყაროს“ გამოჩენამაც არ დააგვიანა - პრინცი ოლდენბურგი გამოჩნდა თბილისის ქუჩებში, ასევე აზარტული და თავმომწონე... ჩვენი გზები მაშინ გადაიკვეთა, როცა პრინცმა იკითხა, თუ ვინ იყო ქალაქში ყველაზე ლამაზი ქალი და ყველაზე სიმპათიური მამაკაცი. რამდენიმე ადამიანმა ჩვენ დაგვასახელა, სავარაუდოდ - ინსტინქტურად, რადგან იმ პერიოდში ერთმა უცხოელმა მხატვარმა ჩემი და ტარიელის სახეები გამოიყენა „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების ხატვისას. რამდენჯერმე წვეულებაზეც ვნახეთ, მაგრამ მთავარი ამბავი უჩემოდ მოხდა... ერთ დღესაც, ოლდენბურგის პრინცმა კონსტანტინემ კაცები მოისყიდა და ტარიელი დაათრობინა. მერე, ამავე მამაკაცების დახმარებით მანამდე არ დაანება თავი, სანამ დიდი ფული არ წააგებინა და ყველა ვალის სანაცვლოდ ჩემი თავი მოსთხოვა... ტარიელს ხანჯალი უშიშვლია, მაგრამ ირგვლივ მსხდომებმა გააკავეს და პრინცის მოკვლის მუქარისთვის დააპატიმრეს. ასეთი უსუსური და ჩამოღვენთილი ტარიელი მე არ მინახავს, იჯდა ციხეში და იმ თვალებით მიყურებდა, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ გამოსავალი არ არსებობს, რომ პრინცი მაინც მიაღწევს საწადელს, რაც და როგორც არ უნდა მოხდეს. იმ წუთს ორივე ვფიქრობდით, რომ გავლენა და ფული ერთად - ყველაფერია, თუ ამასთანავე მისმა მფლობელმა შუბლის ძარღვიც გაიწყვიტა. „რა დროს სიყვარული, რომანტიკა და პრინციპულობაა, როცა გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას?!“ - გავიფიქრე და ტარიელს შევთავაზე, მიეცა პრინცისათვის ჩემი თავი მილიონ მანეთად. ამ ფულით სოფლის სახლის შეკეთებას და ბავშვისათვის ბედნიერი მომავლის შექმნას შეძლებდა. ჩემი გადაწყვეტილება იყო ურყევი და რას აღარ ვიგონებდი, რომ ისიც დამერწმუნებინა ამაში, ვუთხარი, რომ შვილების სწავლის ფულს ვერ ვიხდით, ტანსაცმელს ვერ ვყიდულობთ, ნორმალურად ვერ ვკვებავთ... მოკლედ, არჩევანის წინაშე დავაყენე - ან მე, ან ბავშვები, თუმცა ამ დაჟინებული თხოვნის ქვეტექსტში მისი გადარჩენაც იგულისხმებოდა, რომელიც სოფელში დაბრუნებასა და აზარტული ჟინის მეურნეობის გაძღოლაში ჩაკვლას გულისხმობდა. მერე არ ვიცი, რა მოხდა. ტარიელი ციხიდან გამოვიდა და პირდაპირ სოფელში წავიდა, მე კი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამეცა პრინცის წერილისთვის პასუხი. აი, რა დავწერე: „თქვენ თავხედი ხართ, პრინცო, ისეთი თავხედი, რომ არავის აზრსა და სურვილს არ ითვალისწინებთ. გარდა იმისა, რომ მთელ თბილისს შოკში აგდებთ, შეურაცხყოფას აყენებთ საკუთარ მშობლებსაც, რადგან ჩემი შერთვით ავტომატურად კარგავთ ჰერცოგის სტატუსს. იმედია, გაქვთ ისეთი თვისებები, რომელთა გამო არასოდეს აღარ მომიწევს თქვენთვის მსგავსი შეურაცხყოფის მოყენება ჩვენი თანაცხოვრების განმავლობაში. თქვენი აგრაფინა ჯაფარიძე“ ამ წერილით ყველაფერი იყო ნათქვამი. მერე იყო ქორწილი, რასაც მოჰყვა ჭორისა და ქილიკის ტალღა, რამაც ჩვენ თბილისიდან ქუთაისში გადაგვისროლა... რაც მთავარია, ალბათ ჩემი და საქართველოს სიყვარულის გამო პრინცი არასდროს მოქცეულა ისე, რომ კიდევ დამჭირვებოდა შეურაცხყოფის მიყენება. მე მის ხელში გრაფინია ზარნიკაუდ გადავიქეცი, წვეულებებისა და ქველმოქმედების დედოფლად, მაგრამ არასოდეს ვაპატიე ის, რომ მან საყვარელ ადამიანებს დამაშორა. როცა კი გამახსენდებოდა ფრაზა: „დედა, მიდიხარ?“, ბოლო ხმაზე ვხაოდი და მუშტებს ვურტყამდი კედელს. კონსტანტინემ იცოდა, რომ ეს მის მიმართ სიძულვილის გამოხატვის წუთები იყო. ჩემი ხუთი ბავშვის მონატრების შესავსებად, მე მერე ხუთი შვილი გავაჩინე, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ ეს თავის მოტყუებაა და ერთი მეორეს არ ცვლის. მაპატიე, მილი! არ არსებობს თავის მართლება და მიზეზი, რის გამოც მიტოვებულ შვილს დედა თვალს გაუსწორებს, მაგრამ ტარიელისთვის იმ მომენტში მისი ნაბოლარა, საყვარელი ქალიშვილიც რომ წამერთმია ღირსებასთან ერთად, უკვე ზედმეტზე ზედმეტი იქნებოდა. როგორ გავბედავდი, მაგრამ ამ წერილის დაწერა შენმა საქციელმა მაიძულა. ხმები მომდის, რომ თავადაზნაურობას განუდექი და ბოლშევიკი გახდი; რომ ამართლებ დიდგვაროვანთა სახლების ძარცვასა და მათი ქონების მითვისებას; რომ საზღვარგარეთ გახიზნულ შენს და-ძმას აუგად მოიხსენიებ; რომ არ ხარ წინააღმდეგი, ვინც ბოლშევიკებს შეეკამათება, ადგილზევე ჩაცხრილონ... ვერ ვიჯერებ და თუ მართლა ასეა, მხოლოდ ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ სამყაროს ასეთი აღქმა ჩამოგიყალიბდა. არ გადანაშაულებ, გწერ იმიტომ, რომ იცოდე, მამაშენი ერთი უვარგისი ყომარბაზი არ ყოფილა, რომელმაც ცოლი მილიონ მანეთად გაყიდა და არც დედაშენი გაჰკიდებია პრინცს სიხარულით. ჩვენ ყველანი გარემოებების მსხვერპლი ვართ და ჩვენი კულტურა, აღზრდა, გვარიშვილობა გვავალდებულებს, მშვიდად გადავიტანოთ ტრაგედიები და ღირსეულად განვაგრძოთ ცხოვრება. შენც მხოლოდ ღირსეულად ცხოვრებას გთხოვ. არ დაგავიწყდეს, რომ შენ დადიანებისა და ჯაფარიძეების შთამომავალი ხარ და უფრო მეტად მოგეთხოვება დაფიქრება ყველა წვრილმანზე, ვიდრე ნებისმიერ ბოლშევიკს. დიდი ხანია მინდა გითხრა და რადგან ამის საშუალება მრავალი წელია არ მომეცა, გწერ სიტყვას, რომელიც ბანალურია, მაგრამ ყველაფერს იტევს თავის თავში - მიყვარხარ! დედაშენი.“ ამბობენ, რომ აგრაფინა ჯაფარიძე ბოლშევიკებმა დახვრიტეს საკუთარ სახლში, თბილისში, მაშინდელი ბაღის ქუჩაზე, პრინცის მიერ მოწყობილ სასახლეში. ბროლივით მბზინავი იატაკი აყარეს, ავეჯი დალეწეს და რისი წაღებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი წაიღეს. ღამღამობით ადამიანები დღესაც ხედავენ ქალის მოჩვენებას, რომელიც სასახლის ოთახებში დადის და შვილებს ეძებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.