შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწვდომელი (სრულად)


7-10-2020, 20:57
ავტორი აირ ისი
ნანახია 38 012

რაც რთულია, სწორედ ისაა მიმზიდველი . . . .

"მოდის ჟურნალების ვარსკვლავი, ცნობილი ქართველი მოდელი –ანასტასია მარგიანი მორიგ სკანდალში გაეხვა. თბილისის ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას, მან უამრავი ადამიანის თვალწინ, ფიზიკური თავდასხმა მოაწყო ამ დაწესებულების მომსახურე პერსონალის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, ვისაც, მისგან მხოლოდ და მხოლოდ ავტოგრაფის გამორთმევა სურდა. მოდელისთვის ეს უკვე მესამე სკანდალია ამ თვის განმავლობაში. საინტერესოა, როგორ განვითარდება მისი მომავალი კარიერა და გააგრძელებს თუ არა ამ ინციდენტის შემდეგ ანასტასია მარგიანთან თანამშრომლობას კომპანია Cuento De Invierno-ს (ესპ:-ზამთრის ზღაპარი) გადამღები ჯგუფი, რომელსაც მასთან ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული?"
საქართველოში, ყველაზე ცნობილი ჟურნალის, "პრიმავერას" პირველი გვერდი, სწორედ ამ განაცხადით იყო დამშვენებული. მომხდარის კადრები, Youtube-შიც მოიპოვებოდა, ნახევარი ინტერნეტ-სივრცე სწორედ ამაზე საუბრობდა და ანასტასიას საქციელი, როგორც ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, საყოველთაო განხილვის საგანი გამხდარიყო.
ზოგს სახუმარო თემად ექცია ყოველივე ეს, ზოგიც, ნეგატიურად გახლდათ განწყობილი მოდის ვარსკვლავის მიმართ, ზოგიც კი, საკმაოდ ნეიტრალურად. თუმცა ფაქტი მაინც ერთი გახლდათ –ამ ამბავს ყველაზე მეტად ის ადამიანი განიცდიდა, ვინც ახლა, სტატიის შინაარს უკვე მეათასედ მაინც კითხულობდა და ისედაც აღელვებულს, ლამის ჭკუიდან შლიდა თავის წინ მჯდომი გოგონას მშვიდი, უდარდელი გამომეტყველება. აცოფებდა ის გარემოება, რომ თავად ნერვიულობისგან ჭკუაზე აღარ იყო, ხოლო ამ სკანდალის მთავარი გმირი, ტელევიზორის მოზრდილ ეკრანზე რაღაცას დაკვირვებით მიშტერებოდა და ჩუპა-ჩუპსის ფერად, მრგვალ კანფეტს შთაგონებული სახით ლოკავდა.
-არა, არა, ეს ყველაფერი საბოლოოდ გამომიყვანს წყობილებიდან! შენ ხვდები მაინც რას ნიშნავს ეს, ანასტასია?! -როდესაც მიხვდა, რომ მიმდინარე მოვლენები, გოგონას ნერვულ სისტემაზე მცირედ გავლენასაც არ ახდენდა, გადაწყვიტა ხმის ტემბრისთვის საგრძნობლად აეწია და მკაცრი გამომეტყველებაც მოეშველიებინა - წინა ორ შემთხვევაში, როდესაც ჯაზ-კლუბში იჩხუბე, ჟურნალისტებისთვის ექსკლუზიური ინტერვიუს მიცემა მომიწია საკუთარ პირად ცხოვრებაზე, იმის სანაცვლოდ, რომ შენზე ცუდი არაფერი დაეწერათ. მერე, ორი დღით ქალაქიდან გავედი, გენდე, მეგონა პირობას შეასრულებდი და მორიგ სიგიჟეს აღარ ჩაიდენდი, მაგრამ ვბრუნდები და ჟურნალის გარეკანი ამ გენიალური ამბით მხვდება აჭრელებული!
-ჰოო?
-ანასტასია!
-ანასტასია დროებით მომსახურების ზონიდანაა გასული. თუ შეიძლება, სხვა დროს გადაურეკეთ
-შენ რა, დამცინი კიდეც?
-ვინ, მე? არავითარ შემთხვევაში!
-ანასტასია-მეთქი!
-კარგი რა ერეკლე, რატომ აბუქებ? -ნაწილობრივ, გოგონასაც გადაედო თანამოსაუბრის უსიამოვნო განწყობილება, სახეზე სიტუაციისთვის შესაფერისი ღრუბლიანი გამომეტყველება გაუჩნდა, თან წარბებიც თავისდაუნებურად შეჭმუხნა -ჯანდაბაშიც წასულა ეგ ჟურნალიც და მისი უტვინო რედაქტორიც! ნერვულ დაბოლოებებსაც კი არ შევიტოკებ ამ ყველაფრის გამო!
-რას ნიშნავს ნერვულ დაბოლოებებსაც კი არ შეიტოკებ?! -საბოლოოდ იფეთქა ბიჭმა და ფეხზე ბრაზისგან აალებული თვალებით წამოხტა -მგონი ჯერ კიდევ ვერ აანალიზებ, თუ რამდენად რთულია შენი სიტუაცია. ფოტოინდუსტრიაში მცირედ დეტალებსაც კი აქცევენ ყურადღებას. კომპანიის გადამღებმა ჯგუფმა რომ კონტრაქტი შეგიწყვიტოს, ამაზე მთელი ქვეყანა გაიგებს და არც ერთ ჟურნალში აღარ შემოგთავაზებენ სამსახურს. აცნობიერებ მაინც, რომ ეს შენი კარიერის დასასრული იქნება და ბრენდულ ჩანთებსაც სამუდამოდ დაემშვიდობები?
-მერე რა? ვინმე მდიდარ ბიზნესმენს მოვძებნი, შევაბამ და ცოლადაც გავყვები. მონაცემები ნამდვილად მაქვს, რომ ნებისმიერი კაცი ჭკუიდან გადავიყვანო-კეკლუცად ჩაიცინა და თავის გვერდით მჯდომ ერეკლეს, მუხლებზე ფეხები გამომწვევად შემოაწყო -არ მეთანხმები პატარავ?
-გეყოფა სისულელეები! სხვათა შორის, მხოლოდ შენი მენეჯერი რომ ვიყო, უკვე დიდი ხნის წასული ვიქნებოდი სამსახურიდან. ანასტასია მარგიანის ატანა ყველაზე რთული საქმეა, რასაც კი აქამდე ცხოვრებაში შევჭიდებივარ
-ჰოდა, სწორედ ამიტომ მიყვარხარ ერეკლე. მართალია უსიამოვნოდ მკაცრი ადამიანი ხარ, მაგრამ პლუსებიც გაქვს და ამას ვერ დაგიკარგავ -ტელევიზორის ეკრანი პულტით ჩააბნელა ანასტასიამ, დივანზე მოხერხებულად გადაწვა, მრგვალი, ჯოხიანი კანფეტი კი ბიჭს შეაჩეჩა ხელში -ხომ არ იცი სანდრო სად არის? უკვე ორი საათია მასთან დაკავშირებას ვცდილობ და ვერ ვურეკავ
-შენი ძმაა, მე საიდან უნდა ვიცოდე სად არის?
-ჩემი ადგილსამყოფელი მაშინაც კი იცი, როდესაც თავად არ მაქვს წარმოდგენა ამის შესახებ. მეგონა, სანდროზეც შეძლებდი რამის თქმას, მისტერ ყოვლისშემძლევ
-რომ იცოდე, შენი ყოველი ნაბიჯის ცოდნა ჩემი მოვალეობაა და ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით ვეკიდები -თვალების ტრიალით შეხვდა ერეკლე, მოდელის მწარე რეპლიკას, ნაწნავის დაბოლოებიდან სარჭი მოხსნა და გოგონას გრძელი თმით დაიწყო თამაში -სხვათა შორის, რასაც შენ აკეთებ ნაწილობრივ დანაშაულიცაა. კიდევ კარგი იმ ოფიციანტმა კანონის დარღვევისთვის არ გიჩივლა
-ჰო არა? მისნაირი გაიძვერა კანონზე ნამდვილად არ უნდა ლაპარაკობდეს, კანონიერი შვილებიც კი არ ჰყავს!
-ანუ, მას იცნობ? -ინტერესი ჩაუდგა თვალებში ერეკლეს -რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და ამიტომაც არ გეშინია, არა? სწრაფად მითხარი, თორემ წყობიდან გამოსული რაღაცას დავლეწავ და ყველაფერი შენს სინდისზე იქნება!
-სხვათა შორის, ჩემს სინდისს ისედაც ბევრი რამ ამძიმებს და კიდევ ერთის ზიდვა ნამდვილად არ გაუჭირდება -მიუგო თუ არა, ბიჭის თითების შეხებაც იგრძნო თავის კანზე და სიამოვნებისგან თვალები მიენაბა -ცდილობ დამაძინო, არა?
-მძინარე უფრო ადვილად ასატანი ხარ... ბოლო-ბოლო იტყვი რა გაქვს ჩაფიქრებული?
-ვაფასებ შენს მცდელობას, მაგრამ პასუხი ამჯერადაც უცვლელია -კვლავ მტკიცე უარზე იდგა ანასტასია -მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი, ყველაფერი კარგად დასრულდება და არც მე მექნება ბრენდული ჩანთების ნაკლებობა. დანარჩენი უბრალოდ დაივიწყე. ზუსტად ერთ კვირაში, მაგ ჟურნალში დაბეჭდილი სულელური სტატია აღარავის ემახსოვრება -დაამთქნარა და თვალებიც დახუჭა -ჰო მართლა, რამდენიმე დღეში გადაღებებს ვამთავრებ და სადმე გასართობად წავიდეთ. ცოტა თუ არ დავლიე და ამ სამყაროს არ გამოვეთიშე, თავი უკვე კარიერისტი თოჯინა მგონია
-ჩემი იმედი არ გქონდეს. დარწმუნებული ვარ ჭკუიდან შეიშლები იქაც რამე სკანდალს მოაწყობ!
-მე სკანდალების გარეშე, უბრალოდ მე არ ვარ, ხომ იცი, არა?
-ერთხელაც იქნება ჩემს მოთმინებას ბოლოს მოუღებ -ღრმად ამოიხვნეშა ერეკლემ, ანასტასიას თავი მუხლებზე უფრო მოხერხებულად დაიდო, იქვე მიგდებული პლედი სხეულზე გადააფარა და კვლავ მის თმებზე თამაში განაგრძო, სანამ გოგონამ, ღრმა ძილისგან მოგვრილი მშვიდი სუნთქვა არ ამოუშვა . . .





8 8 8 8

საღამო ხანი იდგა.
ანასტასია სპეციალურად გადაღებისთვის გამოყოფილ ოთახში, ფოტოგრაფთან ერთი-ერთში დარჩენილიყო და კამერის ჩხაკუნის ფონზე, ორ წამში ერთხელ იცვლიდა ფოტოსესიისთვის შესაფერის პოზებს.
ახლა რომ გეკითხათ, ვერც კი გაიხსენებდა, თუ როდის იყო მისი პირველი გადაღება და რამდენად დიდი ნერვიულობა გადაიტანა ყოველივე ამის წინ. გოგონას ეკონომიკური მდგომარეობა, საცხოვრებელი და უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხა, ნათლად მეტყველებდნენ იმაზე, რომ ამ უკანასკნელს ყველაფერი ჰქონდა, რაზეც კი ადამიანს შეეძლო ეოცნება. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ანასტასია მარგიანის ცხოვრება თორმეტი წლის ასაკის გადალახვის შემდეგ, ერთი წამითაც კი აღარ ყოფილა მარტივი.
ბავშვობის პერიოდი, რაც ადამიანთა დიდი ნაწილისთვის, ძირითადად ღიმილით გასახსენებელია ხოლმე, მისთვის იმ კონკრეტულ ნაწილში დასამარდა, როდესაც გოგონას მამამ, სხვა ქალის გამო ოჯახი მიატოვა და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ მეუღლესა და შვილების დედას –ეკატერინეს აჰკიდა ზურგზე.
ანასტასიას უფროსი ძმა –სანდრო, როგორც ერთადერთი მამაკაცი ოჯახში, ყველაფერს აკეთებდა, რათა თავის უმცროს დებზე –ანასტასიასა და ლარაზე შესაფერისად ეზრუნა და მათთვის არაფერი მოეკლო. ამის გამო, სამ ადგილას ერთობლივადაც კი უხდებოდა მუშაობა და თავს არ ზოგავდა, თუმცა მხოლოდ ეს არ აკმარათ ბედისწერამ. მეორე დიდი დარტყმა უმამოდ დარჩენილი ბავშვებისთვის, მზრუნველი დედის დაკარგვა გახლდათ. ლარა მაშინ მხოლოდ ორი წლის იყო, თუმცა ანასტასიასა და სანდროს გუშინდელივით ახსოვდათ ის დღე, როდესაც ქალბატონმა ეკატერინემ, სამსახურში წასვლის წინ შვილებს წარმატებული დღე უსურვა, ლოყაზე სათითაოდ აკოცა და საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის წყალობით უკან აღარც დაბრუნებულა.
მას შემდეგ ძირფესვიანად შეიცვალა გოგონას ცხოვრება. ლარა სულ პატარა იყო, როდესაც უფროს და-ძმას მისი მოვლა-პატრონობა ყველა ასპექტით დააწვათ მხრებზე. ამას შეეძლო ანასტასიას მომავალი რიგითი წარუმატებელი ადამიანის ყოფად გადაექცია, რაც მხოლოდ არსებობისთვის ბრძოლაზე იქნებოდა დაფუძნებული, თუმცა სინამდვილეში სრულიად პირიქით მოხდა. სანდროს დაჟინებული თხოვნით, მიუხედავად ოჯახური ტრაგედიისა, ანასტასიამ მაინც არ თქვა უარი თავის ოცნებაზე და სკოლის დასრულების შემდეგ, სამოდელო აკადემიაში დაიწყო გაკვეთილებზე დასწრება. სწავლის პარალელურად, მუშაობდა კიდეც, ძმაც მუდამ მხარში ედგა და რამდენიმე წლის შემდეგ, თავისი გამორჩეული ფიზიკური მონაცემებისა და ნიჭის წყალობით, პირველ მოდის ჟურნალშიც მიიღო სანატრელი სამსახური.
ანასტასიას ფოტოებს, სადაც ქალის საზაფხულო ტანსაცმლის კოლექციას უკეთებდა რეკლამას, მართლაც რომ სასურველი წარმატება ხვდა წილად და პირველი საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაც მიიღო თავისი პროფესიის წყალობით.
ამ უეცარმა წარმატებამ, გოგონას მეტი მოტივაცია შესძინა, რათა ორმაგად უფრო ბევრი ეშრომა. ასეც მოიქცა, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დაიხვეწა და საბოლოოდ, ნამდვილად შეძლო იმ ოცნების ახდენა, რასაც ბავშვობაში მხოლოდ ძილის წინ თუ გააცოცხლებდა ხოლმე საკუთარ ფანტაზიებში.
ყოველივე ამის შემდეგ, მოდელის ცხოვრება თანდათანობით წინ მიიწევდა. სამსახური და სტაბილური შემოსავალი საშუალებას აძლევდა საკუთარ სურვილებთან ერთად, თავისი და-ძმის ნატვრებიც უპრობლემოდ აესრულებინა, თუმცა სანდროს, როგორც ოჯახის მამრობითი სქესის ერთადერთ წარმომადგენელს, თავისი დის ხარჯზე ცხოვრება სასაცილოდ არ ჰყოფნიდა და საკუთარი მცირე, თუმცა დამაკმაყოფილებლად შემოსავლიანი ბიზნესით გაჰქონდა თავი.
სამაგიეროდ, ლარას თითოეული ოცნების ასრულება იქცა ანასტასიას ცხოვრების წესად. უმცროსი მარგიანი ჯერ მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო, თუმცა ზღაპრული პრინცესასავით ყველაფერი საუკეთესო ჰქონდა ¬–ტანისამოსით დაწყებული, თავის მოვლის საშუალებებით დამთავრებული. იგი, როგორც ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წარმომადგენელი, ანასტასიასაც და სანდროსაც სიგიჟემდე უყვარდათ და, ვინაიდან, სანდრო ცალკე ბინაში ცხოვრობდა, გამუდმებით იმ თემაზე ჰქონდათ კამათი, თუ ვისთან უფრო მეტ დროს გაატარებდა პატარა ლარა.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გოგონას ორივე მათგანის სახლში ჰქონდა საკუთარი საძინებელი და არც ოჯახის უფროსი წევრების მხრიდან განიცდიდა ყურადღების ნაკლებობას. ყოველთვის ეღიმებოდა, როდესაც ანასტასია და სანდრო იმაზე იწყებდნენ კინკლაობას, თუ ვისთან გაატარებდა მათი უმცროსი და „უიკენდის“ დღეებს და მსგავსი სიტუაცია, მუდამ ეგოისტურ კმაყოფილებას აგრძნობინებდა ხოლმე.
აი, ასე ცხოვრობდნენ მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი მარგიანები. ანასტასია მუდამ ფოტოსესიებსა და დეფილეებში იყო ჩართული, სანდრო თავისი ბიზნესის გაფართოებაზე ზრუნავდა, ხოლო ლარა, მთელ თავის დროს სწავლას უთმობდა და ამის გამო, კლასში საუკეთესო მოსწავლედაც კი ითვლებოდა, საუკეთესოთა შორის.
სამივენი იმოდენა ამბიციურობით გამოირჩეოდნენ, რომ სურდათ თავიანთ საქმეში საუკეთესონი ყოფილიყვნენ და ამის მისაღწევად, არც მუხლჩაუხრელ შრომას ზარდებოდნენ. განსაკუთრებით ანასტასია, ვისთვისაც ზოგჯერ აუტანლად დამღლელი ხდებოდა საათების განმავლობაში კამერის წინ პოზირება და ფოტოგრაფის თითოეული მითითების შესრულება. მართალია, უკვე შეჩვეული გახლდათ მსგავს გრაფიკს, თუმცა დეფილეს მოახლოების პერიოდში, გადაღებები მთელი კვირის განმავლობაში ერთმანეთს ეწყობოდა ხოლმე და ახლაც, როცა ზუსტად ეს პერიოდი ედგა, ფოტოსესიის ოთახში მყოფი, უკვე იმ მდგომარეობამდე მისულიყო, რომ კამერის ჩხაკუნის ხმაზე გულის რევის შეგრძნებაც კი უჩნდებოდა. მხოლოდ ერთი რამ ანუგეშებდა იმ წამებში –ორ დღეში გადაღებები სრულდებოდა და დეფილემდე შეეძლო თავისუფლად ეკეთებინა ის, რისი კეთებაც მთელი კვირის განმავლობაში ენატრებოდა.
რაც შეეხება იმ საღამოს, გოგონას უკვე ყველაფერი ზედმიწევნით ჰქონდა დაგეგმილი. დილით ლარას ელაპარაკა და მიუხედავად იმისა, რომ გოგონა იმ ღამით სანდროსთან აპირებდა დარჩენას, სთხოვა ფრენბურთის გაკვეთილიდან პირდაპირ მასთან წასულიყო, სახლში. აპირებდა უმცროსი დისთვის რამე გემრიელი მოემზადებინა და როგორც მუდამ აკეთებდნენ ხოლმე, ახლაც რომელიმე კარგი ფილმი აერჩიათ საღამოს გასალამაზებლად. ამ მხრივ, ანასტასიასა და ლარას გემოვნება ასი პროცენტით ემთხვეოდა. ჟანრობრივად ორივეს დრამები იზიდავდათ, თუმცა რიგ შემთხვევებში კომედიას ანიჭებდნენ უპირატესობას. ფაქტი ერთი იყო –დებს ფილმის შერჩევისას ერთმანეთში კამათი არასდროს მოსვლიათ, რაც ყოვლად გამორიცხული იყო, მათ კამპანიაში სანდროს ჩართვის შემთხვევაში, ვისი არჩეული ეკრანიზაციებიც, გოგონებისთვის სრულიად უინტერესო გახლდათ, ისევე როგორც სანდროსთვის მათი რჩეული ფილმები.
გადაღება უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. მხოლოდ ერთ საღამოს კაბაში პოზიორობაღა ჰქონდა დარჩენილი, როდესაც, საკმაოდ გადაღლილმა, ფოტოგრაფს ათწუთიანი პაუზის აღება სთხოვა, მხრებზე ჩამოშლილი თმა ცხენის კუდად აიწია და იმ მოსასვენებელი ოთახისკენ გაეშურა, სადაც პოდიუმზე გასვლის წინ, "დასაკეცი ყუთის" შემადგენლობა მაკიაჟს უკეთებდა ხოლმე.
"დასაკეცი ყუთი" ანასტასიას მოფიქრებული ტერმინი გახლდათ. ბავშვობაში გოგონას ერთი უზარმაზარი ზარდახშა ჰქონდა, უამრავი განყოფილებით, რაშიც ცალ-ცალკე სათავსოებში იყო თავმოყრილი თვალის შესაღები ჩრდილები, ტუჩსაცხები, ლაინერები და ასე შემდეგ. სწორედ აქედან გაუჩნდა იდეა, რომ ის ადამიანებიც, ვისაც მისთვის საპოდიუმო მაკიაჟის გაკეთება ევალებოდათ, დასაკეცი ყუთის წევრებად მოეხსენიებინა.
მოსასვენებელ ოთახში, იმ წამს მის გარდა არავინ იყო. სააგენტოს მეპატრონე, მეტად ამაყი და ქედმაღალი პიროვნება –ქალბატონი ელენა, შვებულების ბოლო დღეებს ატარებდა იტალიაში, თავის მეუღლესთან ერთად, ხოლო ვიზაჟისტები, სავარაუდოდ ლანჩზე იყვნენ გასულები და იქაურობა სრულ სიწყნარეს მოეცვა.
ანასტასიას შიგნით შესვლის თანავე მოუვიდა აზრად ამ მყუდროებით ესარგებლა და საკუთარ ტელეფონს დაწვდა, საჭირო ადგილას დასარეკად. პარალელურად, სარკის წინ დადგა, ზარი ხმამაღალ კავშირზე დააყენა და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა, რათა რაიმე გარეგნული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი ადგილზევე გამოესწორებინა.
საბედნიეროდ, ასეთი ვერაფერი აღმოაჩინა, ამიტომ სარკეს მაშინვე მოშორდა და როგორც კი ყურმილში სასურველი პიროვნების მიერ ნათქვამი "გისმენთ" გაიგონა, მაშინვე საქმეზე გადავიდა:
-დაახლოებით როდის იქნება მზად?
-სულ ცოტა დარჩა, ქალბატონო ანასტასია. ხვალისთვის მცირედ დეტალებს მოვაგვარებთ ავეჯთან და დეკორაციებთან დაკავშირებით, ზეგისთვის კი შეძლებთ თქვენს ახალ სახლში გადმობარგდეთ
-ზეგისთვის? -კმაყოფილების ღიმილი გამოესახა სახეზე ამ სიტყვების მოსმენისას -მშვენიერი ნამუშევარია ქეთა, შექებას ნამდვილად იმსახურებ
-სიტყვიერ შექებას, ფინანსური შექება მირჩევნია, ქალბატონო ანასტასია
-მომწონს ეს პირდაპირობა. ზუსტად ამიტომ ვთანამშრომლობ მხოლოდ შენთან და სხვა არავისთან
-მე კი თქვენს ერთგულებას ვაფასებ . . . მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, ქალბატონო ანასტასია
-შენც ასევე, ქეთა -ტელეფონი კვლავ საწყის ადგილას დააბრუნა და ამჯერად უკვე შემართებით დატოვა მოსასვენებელი ოთახი, შეჩერებული ფოტოსესიის გასაგრძელებლად.
იმდენად კარგ ხასიათზე დააყენა ამ სატელეფონო საუბარმა, წინანდელი დაღლილობა სრულიად გადაავიწყდა. კამერის წინ, უკვე ენერგიულად პოზირებდა და გადაღებასაც იმაზე სწრაფად მორჩა, ვიდრე თავად წარმოედგინა.
სააგენტოდან გამოსვლისას, როდესაც პარკინგზე დაყენებულ მანქანაში ჯდებოდა, ლარას შეტყობინება მიიღო. უმცროსი და სწერდა, რომ უკვე მასთან იყო, სახლში და აინტერესებდა როდის დაბრუნდებოდა.
- "ათ წუთში შინ ვიქნები, რამე წამოგიღო?" -შეტყობინების წერის პარალელურად, საჭესაც მიუჯდა და მანქანა დაქოქა. რამდენიმე წამში საპასუხო ტექსტიც მიიღო:
-"არაფერი მინდა. შესვენების დროს სანდრომ წამიყვანა მაკდონალდსში და იმდენი ბურგერი ვჭამე, რომ ამოსუნთქვაც კი მიჭირს"
აღარაფერი მიუწერია, ანასტასიას. უკვე მანქანებით სავსე გზაზე იყო გასული და მობილურიც გვერდითა სავარძელზე გადაედო. ამ უკანასკნელის საჭესთან გამოყენების გამო, რამდენჯერმე ჰყავდა დაჯარიმებული საგზაო პოლიციას და აღარ სურდა კიდევ ერთხელ განმეორებულიყო მსგავსი შემთხვევა.
საბედნიეროდ, გზაზე საცობები არ შექმნილა და სახლშიც სწორედ დათქმულ დროს მივიდა. ლარა, როგორც ყოველთვის, ახლაც დივანზე მოკალათებული ამზადებდა გაკვეთილებს, თან ცალ ნიჟარაში ყურსასმენი ჰქონდა გარჭობილი და მუსიკას ტუჩებს გაუცნობიერებლად აყოლებდა. ანასტასიას მოსვლა მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც გოგონა მის გვერდით ჩამოჯდა, მხარზე ხელი გადახვია და ლოყაზე აკოცა:
-აბა რას შვრები, მეცადინეობ?
-ვერც კი გავიგე ისე შემოხვედი. დღეს რა ლამაზი ხარ დაიკო!
-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შენგან კონპლიმენტები ბრილიანტზე ძვირად ფასობს, ესე იგი მართლა კარგად გამოვიყურები
-დეფილე როდისაა დანიშნული? -სასაუბრო თემა შეცვალა ლარამ
-დაახლოებით ორ კვირაში. იმ ღამით ჯობია სანდროსთან დარჩე. ჩვენების შემდეგ წვეულება იმართება, კლუბში და გვიანობამდე მომიწევს ყოფნა
-წვეულება? -გადაშლილი წიგნი მაშინვე გვერდზე მიაგდო, ყურსასმენიც მის გზას გაუყენა და ანასტასიას კისერზე ჩამოეკიდა -ანუკი, ანუშკა, ანკა, მეც წამიყვანე რა, გთხოვ!
-არავითარ შემთხვევაში! სახლში დარჩები და იმეცადინებ. სემესტრის ბოლოს რომ გამოცდები გაქვს, ხომ არ დაგავიწყდა?
ლარას სახე მაშინვე ღრუბლიან ცას დაემსგავსა. უფროსი დის კატეგორიული ტონი, იმაზე მეტყველებდა, რომ შეპასუხებას აზრი აღარ ჰქონდა. კარგად იცნობდა ანასტასიას ხასიათს –ისეთი პრინციპული გახლდათ, ერთხელ ნათქვამს არაფრით გადავიდოდა ხოლმე და სწორედ ამიტომ არჩია წინააღმდეგობის გარეშე დამორჩილებოდა.
-კარგი, კარგი, უბრალოდ, იმ წვეულებაზე ბევრი შენნაირი მოდელი იქნება და მათი გაცნობა მინდოდა
-სხვა დროს გაიცნობ -უკვე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იხდიდა ამის თქმისას -ახლა წიგნი აიღე და მეცადინეობა განაგრძე. მე წავალ, შხაპს მივიღებ . . . ჰო მართლა, ახალ სახლში ზეგ გადავალ. შენი ოთახი უკვე მოწყობილია
-ასწორებს!
-ლარა, ჟარგონულ ტერმინებს ნუ იყენებ! ათასჯერ გაგაფრთხილე!
-ბოდიში ანუკი -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა სააბაზანოსკენ წასულ უფროს დას და კვლავ დროებით მივიწყებულ წიგნს დასწვდა.
ანასტასიასა და ლარას ერთობლივმა საღამომ, როგორც ყოველთვის, მხიარულ ვითარებაში ჩაიარა. ვახშამი ახლაც საერთო ძალებით მოამზადეს, არეული სამზარეულოც მიალაგეს და გადაწყვიტეს, დარჩენილი დღე მთლიანად რომანტიკული კომედიების ყურებისთვის დაეთმოთ.
ანასტასიას სახლში, კინოთეატრისთვის სპეციალური ოთახი იყო გამოყოფილი. სასუსნავების მომარაგების შემდეგ, დებმა სწორედ ამ ოთახს მიაშურეს, კედელზე მიმაგრებული უზარმაზარი ტელევიზორი ჩართეს და ფერად პუფებში მოკალათებულებმა, კინო-მარათონი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადეს.



8 8 8 8

ერეკლე დივანზე გაუნძრევლად იჯდა, ცალ ხელში ვისკით სავსე ჭიქა ეჭირა, მეორეში თავისი მობილური და ეკრანზე გამოსახულ ფოტოს თვალმოუშორებლად უყურებდა.
თითქოს გუშინდელივით ახსოვდა ის ბედნიერი დღე, როდესაც ეს სურათი იყო გადაღებული. შესცქეროდა მის კისერზე ხელგადახვეულ გოგოს, კამერას რომ ბედნიერი სახით უღიმოდა და გულზე თითქოს უხილავი მარწუხი უჭერდა.
სრულიად მარტო იყო ერეკლე უზარმაზარ სახლში. ირგვლივ, დამთრგუნველი სიჩუმე მეფობდა. არც ბიჭი იღებდა ხმას, თუმცა ვისთან უნდა ელაპარაკა? გარშემო მხოლოდ უსულო საგნები ეხვია გარს, ხოლო ის, ვინც მის სახლს მუდამ ახალისებდა ხოლმე, ახლა უკვე გვერდით აღარ ჰყავდა.
ვისკის ჭიქას როგორც იქნა მოწყდა და ფანჯარასთან გადაინაცვლა ერეკლემ. თოვლის ფაფუკი საბანი გადაფარებოდა მიწასა თუ სახლების სახურავებს. გამჭვირვალე მინას ანცად აწყდებოდნენ თეთრი ფანტელები, ისე, თითქოს რამე კონკრეტულ ცეკვას ასრულებენო.
ფიქრები ზვავივით ადიდებულიყო ბიჭის გონებაში. ჯერაც ის ღამე უტრიალებდა გონებაში, როდესაც ვერონიკას პირველად შეხვდა.
მაშინ, ჯერ კიდევ ოთხი წლით ახალგაზრდა გახლდათ. ტყის აგარაკში გამართული წვეულებიდან, რომელზეც მეგობრებმა დაპატიჟეს, სახლში დაბრუნებას აპირებდა, როცა მისმა საყვარელმა მანქანამ შუა გზაში მეტად უცნაური ხმები ამოუშვა და საბოლოოდ, უძრავადაც გაჩერდა.
რთულ სიტუაციაში ჩავარდა ერეკლე. მანქანის ხელობისა არაფერი გაეგებოდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ საშინლად ბნელი, ნისლიანი ღამე იყო და ავტომობილიც სადღაც შუა გული ტყის გზაზე გაჭედილიყო, თანაც ღამის ორ საათზე. მობილურიც დამჯდარი ჰქონდა, რათა ვინმესთან დარეკვა და დახმარების თხოვნა შესძლებოდა. ასეთ დროს და ამგვარ სიტუაციაში, ისიც ისევე მოიქცა, როგორც ნებისმიერი სხვა მოიქცეოდა– სალონიდან გადმოვიდა და განიზრახა გზაზე გამვლელი რომელიმე მანქანა გაეჩერებინა. რამდენიმე ავტომობილს ფაქტობრივად წინაც გადაუხტა, თუმცა მეათე წარუმატებელ მცდელობაზე, ამ გეგმის გამართლების ყოველგვარი იმედი გადაეწურა. ღამის სანათის პოვნაც ვერ შეძლო, რათა მიუხედავად ხელოსნობის საკითხში გამოუცდელობისა, გაფუჭებული ავტომობილის შეკეთება თვითონ ეცადა. ეცინებოდა კიდეც საკუთარ თავზე. პირველად იყო მსგავს გამოუვალ სიტუაციაში და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა მოემოქმედა.
ტყე მოათვალიერა . . . .
ორი კილომეტრის სიახლოვეზე დასახლებული პუნქტიც კი არ ჩანდა, თუმცა რაღაცამ მაინც ჩაუნერგა იმედი. დაახლოებით ორმოც მეტრში, სულ პაწაწინა, ციცინათელას განათების მსგავსი შუქი კიაფობდა. სახლი ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან შენობის სილუეტსაც ვერ ხედავდა, მაგრამ არც ის იცოდა, რა დახვდებოდა ტყის სიღრმეში. იმ წამს, სხვა გამოსავალი ნამდვილად არ ჩანდა –უნდა წასულიყო და თავად გაერკვია. იმედს იტოვებდა, რომ იქ რაღაც ისეთს აღმოაჩენდა, რაც ამ სიტუაციიდან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა, ამიტომ, ზედმეტი ფიქრის გარეშე გაეშურა სინათლის წყაროსკენ.
მიდიოდა და ფეხქვეშ გამხმარი ტოტების გატეხვის შედეგად გამოწვეული ტკაცუნი ესმოდა. თანდათანობით, უკეთესად იკვეთებოდა ის, რისკენაც ბიჭი მიიწევდა. ციცინათელას მაგვარ შუქს, თურმე პატარა კოცონი აფრქვევდა. მის წინ ლურჯი ფერის კარავი იყო გაშლილი, ხოლო იქვე ახლომახლოს, მაღალ სადგამზე, ვიღაცას კამერა დაემონტაჟებინა, რომლის ობიექტივშიც ნათლად იკვეთებოდა კარავი და ცეცხლი.
აშკარად გაკვირვებული დარჩა ერეკლე ამ ყველაფრის ხილვით. ვერ მიხვდა რა საჭირო იყო იმ ადგილას ვიდეო-კამერა, მით უმეტეს მაშინ, როცა კარავიც ცარიელი იყო და მისი შემოგარენი ტერიტორიაც.
იმედები გაუცრუვდა.
ეგონა იმ ადგილას რამე ხელჩასაჭიდს იპოვნიდა, თუმცა ასე როდი მოხდა? მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა –მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში ძილს ვერ იტანდა, ეს კარავი ღამის გასათევ საშუალებად უნდა გამოეყენებინა. იმედს იტოვებდა, დილით უფრო კარგად შეძლებდა შექმნილი მდგომარეობიდან თავის დახსნის საშუალებების მოფიქრებას და ის-ის იყო, კარვისკენ გადადგა პირველი ნაბიჯი, რომ ზურგს უკნიდან, რაღაცის ჩხაკუნის ხმამ მიიქცია მისი ყურადღება.
შეეშინდა?
არა, ეს უფრო გაკვირვებას ჰგავდა, რადგან არ ელოდა იმ ადგილას სულიერი არსების გამოჩენას. მისი ქვეცნობიერი, უკვე ტყის რომელიმე ცხოველის დანახვისთვის ემზადებოდა, როდესაც ყურში ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები ჩაესმა :
-ახლავე მოტრიალდი!
ხმა აშკარად ქალის იყო. უფრო სწორად, ახალგაზრდა გოგონასი. ეს უკანასკნელი იმდენად მკაცრად ჟღერდა, ერეკლეს მაშინვე გაუჩნდა სურვილი უცნობი პიროვნების სახე ეხილა და ასეც მოიქცა.
დაახლოებით ცხრამეტი-ოცი წლის, სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ადამიანი იდგა მის წინ. ტანზე დიდი, კაპიუშონიანი მოსაცმელი ჰქონდა მოცმული, ხოლო თავზე, New-York-ის წარწერიანი, მუქი ლურჯი ქუდი ეხურა და მრისხანე მზერის თანხლებით, ერეკლეს იარაღს უმიზნებდა.
-ვინ ხარ და აქ რას აკეთებ?! -სანამ ბიჭი უცნობის თვალიერებაში იყო გართული, ამ უკანასკნელის ხმამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა -იტყვი, თუ გინდა ამ იარაღის პირველ მსხვერპლად გაქციო?
ერეკლემ გააცნობიერა, რომ უკვე დრო იყო ხმა ამოეღო და გააკეთა კიდეც ეს:
-დამშვიდდი, უბრალოდ მანქანა გამიფუჭდა და დახმარების სათხოვნელად მოვედი. ასეთი თბილი დახვედრა აუცილებელი არ იყო
-გეყოფა ლაყბობა, ახლა სიმართლე თქვი!
-სრულ სიმართლეს გეუბნები. არც მანიაკს ვგავარ და მგონი აღარც საიმისო მიზეზი გაქვს, რომ ეგ იარაღი ჩემკენ გქონდეს მოშვერილი -ცალი წარბი აზიდა ერეკლემ ამის თქმისას
-რა სჭირს შენს მანქანას? ან, ასე გვიან ღამით ამ გზებზე რას აკეთებ?
-მეც მაქვს ერთი კითხვა, რატომაა ჩართული კამერა? შენ რა, დოკუმენტურ ფილმს იღებ?
გოგონა მშვიდად, თანაბრად სუნთქავდა და მიუხედავად ერეკლეს ახსნა-განმარტებისა, იარაღის ლულას ძირს მაინც არ სწევდა.
-კითხვა პირველად მე დავსვი, ამიტომ ჯერ შენგან ველოდები პასუხს!
-გეტყობა ჯიუტი ვინმე ხარ -გაეცინა და გადაწყვიტა გოგონას ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა -მოკლედ, მეგობრის აგარაკიდან მოვდიოდი. აქედან დაახლოებით ოთხ კილომეტრშია. შემდეგ, ძრავას რაღაც პრობლემები შეექმნა და შუა ტყეში დამტოვა ადამიანთან, ვინც აპირებს თავისი იარაღის პირველ მსხვერპლად მაქციოს. მორჩა, ისტორიის დასასრული!
-პრინციბში, თუ კარგად დაგაკვირდები, მანიაკს ნამდვილად არ ჰგავხარ . . . -მერე ღრმად ამოისუნთქა და ჰკითხა :-კარგი, ახლა რას აპირებ? არა მგონია ღამის ორ საათზე ვინმემ მანქანა გაგიჩეროს და სახლამდე მიყვანა შემოგთავაზოს
-გეგმის გარეშე ვარ. ვფიქრობ მანქანაში მომიწევს ძილი -კოცონის წინ ჩამოჯდა და მას თითები მიუშვირა. ზუსტად ამ დროს ისიც დაინახა, თუ როგორ დასწია იარაღი გოგონამ ძირს. მისი ნდობის მოპოვება ცოტა ნაადრევიც კი მოეჩვენა, თუმცა გულის სიღრმეში მაინც ესიამოვნა.
-გაფრთხილებ, რომ ხვალ დილით სახსრების ტკივილი შეგაწუხებს, თანაც ძალიან
-ნუ ღელავ, სალონში რბილი სავარძლები მაქვს, ამიტომ ეგ საფრთხე არ მემუქრება -მერე დაფიქრდა და თავზე წამომდგარ უცნობს კითხვით სავსე მზერით ახედა -შენ რას აკეთებ აქ? არ მითხრა, რომ ტყეში ცხოვრობ და ბალუს და ბაგირას გაზრდილი ხარ
გოგონას გაეცინა. სანამ პასუხს გასცემდა, ერეკლეს გვერდით იოგას პოზაში ჩამოჯდა, იქვე მიგდებული ხის ტოტი აიღო და მისი საშუალებით კოცონში გაბნეულ ნაკვერჩხლებს დაუწყო თამაში.
-არა, აქ ნამდვილად არ ვცხოვრობ -თქვა ბოლოს -უბრალოდ, ერთ თამაშში ვარ ჩაბმული, სახელად "რისკის ფორთოხალი" და . . .
-რისკის ფორთოხალი? -სიცილით გააწყვეტინა ბიჭმა -ეს რამე ახალი თამაშია?
-მთელი სამეგობრო ვართ ჩაბმული. უფრო კონკრეტულად ათკაციანი ჯგუფი -მიუგო და შემდეგ ახსნაზეც გადავიდა :-მოკლედ, თითოეულ ჩვენგანს თავისი დავალება ექნება ოთხი კვირის განმავლობაში. ისეთი, რომელიც გარკვეულ რისკს შეიცავს. ყოველ შესრულებულ დავალებაზე, ერთ ფორთოხალს ვიღებთ ქულის ნიშნად. უფლება გვაქვს უარიც ვთქვათ დავალებაზე, იმ შემთხვევაში, თუ მისი შესრულება არ გამოგვდის. საბოლოოდ კი, გამარჯვებული ის იქნება, ვინც ყველაზე მეტ ფორთოხალს, ანუ, ჩვენს შემთხვევაში –ქულას შეაგროვებს
-ამიტომ ხარ აქ? -თითქოს გონება გაეხსნა ბიჭს -შენი დავალება ტყეში ღამის გათევაა?
-გამოიცანი . . . კამერაც სწორედ ამიტომ მაქვს ჩართული. დამამტკიცებელი საბუთი უნდა მქონდეს, რომ ეს მართლა გავაკეთე
-ვერაფერს იტყვი, მაგარია -თქვა ერეკლემ ისე ხმადაბლა, რომ მხოლოდ მასთან ახლოს მჯდომ გოგონას შეეძლო გაგონება
-ასე ჩუმად რატომ ლაპარაკობ?
-ვცდილობ მტაცებელი ცხოველები არ მოვიზიდო
-შენი აზრით, კოცონი რისთვის მინთია, ან იარაღი რისთვის მაქვს წამოღებული?
-დავიჯერო ასე კარგად ისვრი? -ირიბად გახედა მას ერეკლემ და ცეცხლთან ახლოს ჯდომისგან დასიცხულმა, მოსაცმელი გაიხადა
-როგორც იტყვიან, ათიანში ვარტყამ!
-კიდევ კარგი ჩემზე არ გამოსცადე შენი უსაზღვრო ნიჭი
ორივეს გაეცინათ, მერე კი ისევ დუმილი ჩამოწვა.
ამ დროის მანძილზე, ერეკლე, უცნობის ცეცხლით განათებულ სახეს აკვირდებოდა. პატარა, ლამაზი მოყვანილობის ცხვირი ჰქონდა გოგონას, რომელიც პროფილშიც კი იდეალურად იმზირებოდა. New-York-ის წარწერიანი ქუდიდან გადმოშვებული ქვიშისფერი თმა, ცხენის კუდად შეეკრა და დახეული ჯინსის გაცრეცილ ძაფებს მარცხენა ხელით აწვალებდა. ერეკლეს მისდამი მიმართული მზერა რომ იგრძნო, თავადაც გამოხედა. ახლა უკვე გოგონას თვალის ფერის გარჩევაც შეძლო ბიჭმა –დიდრონი, ნაცრისფერი გუგები ჰქონდა, რაც ოდნავ ცისფერშიც გადასდიოდა და საერთო ჯამში, სასიამოვნო ნაზავს ქმნიდა
-ასე რატომ მიყურებ? იქნებ ნაადრევად დავუშვი იარაღი და ეს არ უნდა გამეკეთებინა?
-დამშვიდდი, ნუ ხარ ეგეთი დაძაბული -მისმა სიტყვებმა ღიმილი მოჰგვარა ბიჭის სახეს -უბრალოდ ერთმანეთს სახელებით არ გავცნობივართ და სწორედ ამაზე ვფიქრობდი, როდესაც გიყურებდი
-ჰოო? ეს ნამდვილად გამომრჩა . . . მაშინ, მოდი პირველი ვიქნები და სახელს გკითხავ
-კი ბატონო, იყოს ასე -თავი დაუქნია, მერე კი დასძინა :-მოკლედ, მე ერეკლე მქვია და შენდა საბედნიეროდ მანიაკი არ აღმოვჩნდი
-აი, მე კი ვერონიკა ვარ, თუმცა ყველა რონის მეძახის -ჩამოსართმევად გაუწოდა ხელი გოგონამ და როგორც კი ერეკლემ თავისი მარჯვენა შეაგება, დაამატა :-სასიამოვნოა შენი გაცნობა . . .

მოგონება გაქრა. კვლავ ტკივილმა დაისადგურა, რომელიც ერეკლეს გულში, უდაბური ტყის ხეებივით იყო დატოტილი. ზოგჯერ გამოსდიოდა, მაგრამ ყოველთვის არ შეეძლო თავი მოეკატუნებინა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ჰქონდა პერიოდები, როცა სურდა გვერდით ჰყოლოდა ვინმე, ვისთანაც საძულველ ნიღაბს ჩამოიხსნიდა და თავის შინაგან გრძნობებს სააშკარაოზე გამოიტანდა.
ვისკის ჭიქა ბოლომდე რომ გამოცალა, სასმისი რაფაზე შემოდო და ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა. ბამბისფერი ფიფქები უწინდელივით ცვიოდნენ ნაცრისფერი ციდან და ამჯერად, მათი ზომაც თანდათანობით მატულობდა.
ერეკლემ უკვე იცოდა, თუ ვისთან უნდა დაერეკა ასეთ დროს და ამგვარ სიტუაციაში. უბრალოდ, ეს ახლა ისე სჭირდებოდა, როგორც თევზს წყალი, ამიტომ ზარის გაშვების ღილაკს უმალ დააწვა და ტელეფონი ხმამაღალ კავშირზე ჩართო. დიდხანს ლოდინი ნამდვილად არ დასჭირვებია. მალევე გაიგო ყურმილში სასურველი ადამიანის ხმა და ფანჯრის რაფაზე ცალი ფეხით ჩამოჯდა.
-მაპატიე ასეთ დროს რომ ვრეკავ, ანასტასია . . .
-არა უშავს, ერკე, გისმენ
თითქოს შეაგულიანა მეგობრის თბილმა ტონმა, ღრმად ამოისუნთქა და გამჭვირვალე მინიდან გადაშლილ ჰორიზონტს მზერა გაუსწორა
-დალევა მინდა . . . წამოხვალ ჩემთან ერთად?
-ღამის ოთხ საათზე?
-მჭირდები . . . ხომ გამომყვები?
-რთულ დროს ყოველთვის შენთან ერთად ყოფნა მაქვს მოსჯილი. ამჯერადაც ასე იქნება
-და რომ მყავდეს, მერწმუნე შენზე მეტად არ მეყვარებოდა
-მეც მიყვარხარ, ერკე . . . ისევ იმ ადგილას?
-ისევ იმ ადგილას . . .




* * * *

დარბაზში შესასვლელ კართან რომ გაჩერდა, ერეკლე უკვე ბარის დახლთან იჯდა და კიდევ ერთ ჭიქა სასმელს უკვეთავდა.
უკვე დიდი ხანი იყო, ანასტასიას იგი ასეთი დაღონებული არ ენახა. მეგობარს კარგად იცნობდა და ისიც იცოდა, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ ამოაფრქვევდა თავის შინაგან გრძნობებს. რადგანაც შუა ღამით შეხვედრა სთხოვა, ესე იგი, ახლა სწორედ ასეთი სიტუაცია იყო და ანასტასიას, ეს ყველაფერი საშინლად აწუხებდა.
დარბაზში ვიღაცამ იმდენად ხმამაღლა გაიცინა, რომ ლამის მუსიკის ჟღერადობაც კი გადაფარა. ამის შემდეგ, აღარც გოგონა გაჩერებულა დიდხანს შესასვლელში, შიგნით თამამად შეაბიჯა და მეგობრის გვერდით მხიარული გამომეტყველებით მოკალათდა.
-აბა რას ვშვრებით, ბოლომდე ვსვამთ?
მოულოდნელად გამოჩენილი მეგობრის დანახვაზე, ბიჭს სასმელი ლამის კისერში გადასცდა და გადაბმული ხველა აუტყდა.
-ასე მალე არ გელოდი -უთხრა, როდესაც გოგონამ ზურგზე ხელი დაარტყა და საბოლოოდ ამოსუნთქვა შეძლო -გაოცებულიც კი ვარ
-რაღა დაგიმალო და მე უფრო გაოცებული ვარ. მთელი ჩემი არსებობის მანძილზე, პირველად მოხდა, რომ მოსამზადებლად ასე ცოტა დრო მეყო
ერეკლემ დაკვირვებით აათვალიერა ანასტასია, მერე კი, გამამხნევებელი ღიმილით დააჯილდოვა.
-საერთოდ არ გეტყობა. არაჩვეულებრივად გამოიყურები როგორც ყოველთვის -ამის თქმისას, ბარმენს მიუტრიალდა და ხელით ანიშნა მისი სტუმრისთვისაც იგივე სასმელი დაესხა, რაც თავად შეუკვეთა.
რამდენიმე წამში, გოგონას ირლანდიური ვისკით ნახევრად შევსებული სასმისი ედგა წინ და მის ზედაპირზე, საჩვენებელ თითს წრიულად დაატარებდა.
-კარგი, ჩემს მოსვლამდე რამდენ ჭიქაზე ახვედი?
-წარმოდგენა არ მაქვს. შეგნებულად არ დავითვალე -მიუგო სიცილით ერეკლემ, თუმცა სახე წამებში მოეღუშა და შუბლზე ხელი ნერვიულად გაისვა -უკვე აუტანელია . . . ყველაფერს ვაკეთებ, რომ ასე არ იყოს, მაგრამ მაინც აუტანელი . . . ჯანდაბა, ეს . . .
-გეყოფა! -მაჯაზე ხელის მოჭერით გააჩუმა ანასტასიამ, იგი -თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი და ისე ნუ იქცევი, თითქოს რონი უკვე საბოლოოდ გყავდეს დაკარგული
-შენც ხომ იცი რა ჯიუტია? არაფრის გაგონება არ სურს. ვერ ხვდება, რომ მისგან შორს ყოფნა უფრო მირთულებს ცხოვრებას, ვიდრე თავად მასთან -თვალებში ნაპერწკლები ჩასდგომოდა, ბრაზისგან ყბები ერთიანად ჰქონდა დაჭიმული და ჭიქას ხელს ისე გამეტებით უჭერდა, სადაც იყო შიგ შეატყდებოდა -იცი რა მიკვირს ანასტასია? მის მდგომარეობაში მე რომ აღმოვჩენილიყავი, ნუთუ თავად გვერდში არ დამიდგებოდა და ჩემთან ყოფნა არ მოუნდებოდა?
-რა თქმა უნდა, მოუნდებოდა -დარწმუნებით მიუგო გოგონამ, თან დასძინა: -ხომ იცი, რონი შენზე გიჟდება. ასეთ მდგომარეობაშიც კი მთელი გულით ეყვარებოდი
-ვიცი, ანასტასია, ვიცი და სწორედ ამიტომ არ მესმის, რატომ არ მაძლევს საშუალებას მეც მის გვერდით ვიყო? -სასმელი ბოლომდე გამოცალა და კვლავ მორიგი დოზა შეუკვეთა -ნუთუ ამდენად ეპარება ეჭვი მისდამი ჩემს გრძნობებში, რომ ფიქრობს ვერ გავუძლებ?
ანასტასიამ, დასმულ შეკითხვას პასუხი ვეღარ გასცა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა. გრძნობდა მეგობრის ტკივილს, დარდს, იმ მონატრებას, რომელიც ერეკლეს მთელ შიგნეულობას უწვავდა, თუმცა არაფერი შეეძლო. იგი, ამ თამაშში, მხოლოდ და მხოლოდ პაიკი იყო. უბრალო პაიკი და მეტი არაფერი.
ბარში ძველი მუსიკა, ახალმა, წინანდელზე უფრო ენერგიულმა შეცვალა. დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით და ხმაურიც მატულობდა. იქ შეკრებილთა დიდ ნაწილს, ძირითადად, ოც წლამდე ახალგაზრდები შეადგენდნენ, რომლებიც სასმელს აქტიურად ეძალებოდნენ და დროს ზედმეტად მხიარულად ატარებდნენ.
-იქნებ, კიდევ სცადო მასთან საუბარი? -სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ბოლოს ეს რჩევა მისცა, მაგრამ ერეკლეს ნაკლებად იმედიანი გამომეტყველებით თუ იმსჯელებდა, აზრი არაფერს ჰქონდა.
-უშედეგოა -ამოთქვა მან იმედგაცრუებით -ჩემი სახის დანახვაც კი არ უნდა. ოჯახის წევრებიც გაფრთხილებული ჰყავს, რომ თუ მის ოთახში შემიშვებენ, პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში, საკუთარ თავს რაღაცას დაუშავებს
-რაღაც მხრივ მისიც მესმის, თუმცა ეს უკვე მეტისმეტია -დათრგუნული ჩანდა ანასტასია, თან ცდილობდა მეგობრის მსგავსად ყოველგვარი ნეგატივი სასმელისთვის გაეყოლებინა
კიდევ დიდი ხნის განმავლობაში სვამდნენ და საუბრობდნენ, ხმამაღალი მუსიკის ფონზე. ერეკლე მანამ არ გაჩერებულა, სანამ ჭიქის ხელში აღების ძალ-ღონე შერჩა, თუმცა როდესაც სრული მოთენთილობა იგრძნო და პირთან მიტანილი სასმისი ხელიდან გაუვარდა, მასზე შედარებით ფხიზელმა ანასტასიამ, გადაწყვიტა, რომ იმ დღისთვის დალევა საკმარისი იყო.
დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გოგონამ მაინც მოახერხა მეგობრის დათანხმება ბარიდან წასულიყვნენ. მის გარეთ გაყვანაში ანასტასიას ბარმენი მიეხმარა, ვისი საშუალებითაც ნახევრად გათიშული ერეკლე, პარკინგზე მდგომ პირველივე ტაქსიში „შედეს“.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე დილის შვიდი საათი სრულდებოდა, ანასტასიამ მეგობრის მარტო დატოვება მაინც ცუდ იდეად ჩათვალა და გადაწყვიტა, მძღოლისთვის მხოლოდ საკუთარი მისამართი ეკარნახა.
მთელი გზა გაუნძრევლად ეძინა ერეკლეს. თავი ანასტასიას კალთაში ჰქონდა ჩადებული და მის სუნამოს შერეული ალკოჰოლის არომატი, ერთად მართლაც რომ სასიამოვნო ნაზავს ქმნიდა სალონში.
ბარი, ანასტასიას სახლიდან არც ისე შორს მდებარეობდა, ამიტომ, ათ წუთში უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ. გოგონამ მძღოლს დამატებითი თანხა გადაუხადა იმისთვის, რომ გათიშული ერეკლეს ლიფტამდე მიყვანაში დახმარებოდა. ცალ მხარეს, რა თქმა უნდა, თვითონ ამოუდგა, მეორე მხარეს მძღოლი ამოუყენა და როგორც იქნა, სადარბაზომდეც მიაღწიეს.
ანასტასია მხოლოდ იმას ნატრულობდა, ბიჭს პირდაპირ ლიფტში არ არეოდა გული და ამის გამო, პირზე ხელსაც კი აფარებდა.
-ესეც ასე ერკე, ცოტაც და ავალთ . . . ხომ არ აღებინებ, არა? გთხოვ მითხარი, რომ ამას არ აპირებ
ბიჭი მთელი ტანით კედელს იყო აკრული და თვალებიც ნახევრად ჰქონდა ღია, თუმცა ანასტასიას შეკითხვას პასუხი მაინც გასცა:
-რა ღებინება? თავს მშვენივრად ვგრძნობ. მოიცა, ახლა ცალ ფეხზე დავტრიალდები და . . .
-გეყოფა, რა ცალ ფეხზე? -გოგონას სიცილი აუტყდა. სწორედ ამ დროს, ლიფტის კარიც გაიღო და იქედან ორივენი ბანცალით გამოვიდნენ. მართალია, ანასტასიას საღად აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შერჩენოდა, თუმცა ფეხები მასაც ისევე ერეოდა, როგორც ერეკლეს და ეს ორივესთვის სასაცილო თემად გადაქცეულიყო.
ანასტასიამ რომ ბოლოს და ბოლოს ჩანთაში გასაღები იპოვა და მისი საკეტში მორგება დააპირა, ცალი ხელით დაჭერილი ერეკლე, სწორედ ამ დროს ჩაუცურდა ძირს და იატაკზე მოადინა ზღართანი.
-ერეკლე კარგი რა, მეხუმრები? ერკე, ადექი! -მაჯაში დაქაჩა მეგობარს, თუმცა ძვრა რომ ვერ უყო, ძალა გამოეცალა და თავადაც მის გვერდით წაიქცა
-თავზე ნუ დამჩხავი ანასტასია, მოდი დავიძინოთ, ნახე რამხელა სივრცეა -ისე გაშალა ხელები ბიჭმა, თითქოს ზაფხულის ზღვის მოლივლივე წყალზე გაწოლილი ცურავდა.
-გაგიჟდი ხომ? ჯანდაბა, ამდენი არ უნდა დაგველია. აქამდე კიდევ არა მიშავდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ბრუნავს
-ანუშკი . . .
-ჰო -თავი ერეკლეს მუცელს ჩამოადო და ღრმად ამოისუნთქა გოგონამ
-შენი სახლიდან ნაბიჯების ხმა გამოდის
-ნაბიჯების? -გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ამის მოსმენაზე. მართალია, ლარა იმ ღამით მასთან იყო დარჩენილი, თუმცა თავის უმცროს დას კარგად იცნობდა და ხვდებოდა, რომ იგი ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ფხიზელი -დარწმუნებული ხარ, რომ ხმა ნამდვილად გაიგე?
ერეკლე დადუმდა. იგრძნო, რომ მოთენთილობის შეგრძნება ნელ-ნელა იდგამდა ფესვებს მის ორგანიზმში და ამას უკვე ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა. სადარბაზოს განათების გარდა, თვალებში რომ კიდევ ერთმა შუქმა შეუჭყიტინა, მიხვდა რაღაც რიგზე ვერ იყო და ცალი თვალი შეძლებისდაგვარად გაახილა. მიუხედავად დაბინდული მხედველობისა, მაინც მოახერხა იმის გარჩევა, რომ ის და ანასტასია, ამჯერად უკვე გაღებული კარის წინ იწვნენ, თავზე კი მაღალი სილუეტი წამოდგომოდათ, ვინც ჯერ ერეკლეს დახედავდა, შემდეგ ანასტასიას და ტუჩებზე მოწოლილი ღიმილის შეკავებას ძლივს ახერხებდა.
-აი ანუშკი, ხომ გეუბნებოდი? შეხედე -თითი აიშვირა სილუეტისკენ ბიჭმა -მგონი, სანდროს ჰგავს, შენს ძმას
-ერკე, მოკეტე რა! სანდრომ რომ ამ მდგომარეობაში მნახოს, მერე მთელი ერთი წელი დაცინვის ობიექტად მაქცევს -ჯიუტად არ სურდა თვალების გახელა გოგონას -ასე მეორედ აღარ იხუმრო
-არ ვხუმრობ, მგონი მართლა ის არის, ადექი! -თავი ძალით წამოაწევინა ერეკლემ, ზემოთ აახედა და მარჯვენა თვალი, ქუთუთოს ძალდატანებით აწევის მეშვეობით გაუხილა -ხედავ?
-ვაუუ! აი ეს მესმის, მართლა ჩემი ძამიკო ყოფილა -აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა პირიდან -მაგრამ აქ, ამ დროს რა უნდა ერკე?
-ასე სად გაილეშეთ ხალხო? რას გავხართ?
-ჩუმად! -ანასტასია, კედელზე დაყრდნობით წამოიმართა ფეხზე, თან მეგობარიც წამოაყენა -მე და ერეკლეს დღეს ვისკის წვეულება გვქონდა. გალეშილი შენ თვითონ ხარ, ძამიკო!
-ლარა მარტო რომ დატოვე, შეეშინდა და მე დამირეკა -ამ სიტყვების პარალელურად, სანდრომ ორთავე სახლში შეტენა, დიდი გაჭირვებით და კარის საკეტიც გადაატრიალა -ახლა ისევ სძინავს და ეცადეთ არ იხმაუროთ
მოსასვენებლად მისაღებში მდგომი დივანი აირჩიეს, ანასტასიამაც და ერეკლემაც, თან საპირისპირო მხარეს გაწვნენ. ლაპარაკის თავი არც ერთს აღარ ჰქონდა, თუმცა ანასტასიას მაინც არ ასვნებდა ერთი კითხვა და მალევე გააჟღერა კიდეც:
-ლარამ ასე ადრე რატომ გამოიღვიძა? რამე ხომ არ სჭირს?
-იმიტომ გამოიღვიძა, რომ შენმა გადარეულმა მეგობარმა ღამის ოთხ საათზე დაურეკა და იმ გეოგრაფიის პრეზენტაციაში მიღებული ქულის შესახებ ჰკითხა, რომლის მომზადებაშიც თავად ეხმარებოდა -სიცილით გადააქნია თავი სანდრომ ამის თქმისას.
-ერკე, მართლა დაურეკე?
-აუ, ანასტასია, ცოტა გაიწიე რა, მავიწროვებ -ბავშვივით აბუზღუნდა ბიჭი -ჰო, დავურეკე. თურმე უმაღლესი ქულა მიუღია. ჭკვიანი გოგოა ჩვენი ლარა
-შხაპის მიღება არ გინდათ თქვენ ორს? ალკოჰოლის სუნად ყარხართ
-ტერმინები შეარჩიე, სან -თავის წამოწევა მთელს ძალისხმევად დაუჯდა ანასტასიას, მერე კი კვლავ ბალიშს მიესვენა და ერეკლეს მუცელს ფეხები მოხერხებულად შემოაწყო -ახლა სინათლე ჩაგვიქრე, გვეძინება
-სანამ მოხვიდოდით, მინერალური ამოვიტანე თქვენთვის -თქვა და მაშინვე შუქის ჩამრთველისკენ გაემართა სანდრო -დილით თავის ტკივილი რომ შეგაწუხებთ, აუცილებლად გამოგადგებათ . . . ჰო, და კიდევ –ნამდვილი არანორმალურები ხართ!








* * *

თითქმის თორმეტი საათი იყო, როდესაც ანასტასია საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა და თვალის უპეების ერთმანეთისგან განცალკევებაც კი ძლივს შეძლო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, პერიოდულად თავში ვიღაც უზარმაზარ ჩაქუჩს ურტყამდა. ყელი ერთიანად გამოშრობოდა, მთელი სხეული სტკიოდა და ოდნავი გულის რევაც აწუხებდა. საათის წიკწიკიც კი ნერვებს უშლიდა მოცემულ მომენტში. ახსოვდა, რომ იმ დღეს გადაღებები ჰქონდა, თუმცა თავს ისე ცუდად გრძნობდა, გადაწყვიტა ცხოვრებაში ერთხელ ყველაფერი ფეხებზე დაეკიდებინა და დივანზე, თავის მოპირდაპირე მხარეს მწოლიარე ერეკლეს, გასაღვიძებლად ფეხი მიარტყა.
-ერკე, მოფხიზლდი, გათენდა!
-მმმმმმ . . .
-ნუ ზმუი, ადექი და ყავი მომიდუღე, თავი მისკდება -მერე, ბალიშიდან ოდნავ წამოიწია და გარშემო დაბინდული მზერით მიმოიხედა -ლარა სად არის?
-აქ ვარ დაიკო -ხმა სამზარეულოდან მოესმა და ოდნავ დამშვიდდა -ყავას მე გაგიკეთებთ, შეგიძლიათ იწვეთ
-დღეს სკოლაში არ წახვედი?
-არა, მერე თქვენ ვინ მოგხედავდათ? სანდროს დღეს ბევრი საქმე აქვს და შემოვლას ვერ შეძლებს
ანასტასია კვლავ ბალიშს მიესვენა. ცოტა ხნით თავის წამოწევაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ტკივილი გაორმაგებოდა. ამას, ერეკლეს მასთან ერთად წოლაც ემატებოდა, რის გამოც, დივანზე ბოლომდე ვერ იშლებოდა და დამატებითი დისკომფორტი ექმნებოდა.
სანამ ლარა ყავის მოდუღებას მორჩა, თითქოს საუკუნემ განვლო ანასტასიასთვის. ამასობაში ერეკლემაც დაიწყო მოფხიზლება და მეგობრის მსგავსად, მანაც შუბლზე მიიჭირა თითები.
-ჯანდაბა, მგონი გასულ ღამით ვიღაცამ თავში ბეისბოლის ბიტა მირტყა
-მეც ზუსტად იგივე შეგრძნება მაქვს -ციებიანივით ეცა იმ წამს მოტანილ ყავის ფინჯანს ანასტასია და ცხელი ოხშივარი ღრმად შეისუნთქა
-ისეთი მთვრალები იყავით, ოთახშიც კი შემომივარდით და ბრეიდ-დანსს ცეკვავდით. ვიდეოც მაქვს გადაღებული
-ეს ბავშვი უკვე მაღიზიანებს -დივანზე, მათ გვერდით ჩამომჯდარ ლარას უყურებდა ერეკლე. გოგონას ბაგეებზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა და ტელეფონს ხელში ატრიალებდა.
-არც იფიქროთ, ვიდეოს არ წავშლი. ერეკლიუს, მიდი, ყავა დალიე, თორემ აკლდამიდან წამომდგარ ფარაონს ჰგავხარ
-სარკეში სპეციალურად არ ჩამიხედავს და თუ შეიძლება, ნურც შენ გააკეთებ ჩემს ვიზუალურ მხარეზე კომენტარს, პატარა ქალბატონო -თავისი ფინჯნის აღების პარალელურად, ანასტასიას გახედა ბიჭმა -შენ, დღეს გადაღებები არ გაქვს? ისევ აქ რატომ მიზიხარ?
-როგორ ფიქრობ, ვგავარ იმას, ვისაც ახლა ფოტოსესიის თავი აქვს? ზარებით ტელეფონი რომც ამიფეთქონ, დღეს სახლიდან ფეხის გამდგმელი არ ვარ!
-მოიცა და აბა ქალის თეთრეულის ახალი კოლექციით ვინ უნდა იპოზიოროს, მე? -ყავის ჭიქა ხელიდან გამოგლიჯა ერეკლემ გოგონას და მაჯაზე ხელის ჩავლებით დივნიდან წამოაყენა -ათ წუთში მზად იყავი, თორემ შემომაკვდები! შენს გამო ელენას საყვედურების ატანას ნამდვილად არ ვაპირებ. ისედაც ბეწვზე კიდია შენი მის კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი, იმ სკანდალების გამო რაშიც თავად გაეხვიე. ძალიან გთხოვ, ცეცხლზე ნავთს ნუღარ ასხამ!
-არაფერიც -თავდაჯერებულად გაისმა ანასტასიას ხმა, რასაც იდუმალი ჩაცინებაც მოჰყვა -ელენას წინააღმდეგ ისეთ კომპრომატებს ვფლობ, არა მგონია ჩემთან დაპირისპირება მოუნდეს. იმ ჭორიკანა ჟურნალის რედაქტორთან კი, ვინც სულელური სტატია მომიძღვნა, დღესვე მოვაგვარებ საქმეს და ამით ზღაპარიც კეთილად დასრულდება. ჭირი-იქა, ლხინი-აქა, ფატო-იქა, ფქვილი-აქა!
-ელენაზე ასეთს რა ინფორმაციას ფლობ? -აშკარად გაკვირვებული ჩანდა ერეკლე მეგობრის ასეთი თავდაჯერებულობით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სააგენტოს მფლობელს საკმაოდ კარგად იცნობდა და მისი მკაცრი ბუნების შესახებაც ფლობდა ამომწურავ ინფორმაციას.
ამაყი, შემტევი და ძლიერი პიროვნება გახლდათ კომპანია-„Cuento De Invierno“-ს დამფუძნებელი-ელენა ბალანჩინი. იგი, ისეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდა, ვინებიც, მცირედი შეცდომის გამოც კი სასტიკნი და დაუნდობელნი ხდებოდნენ ხოლმე, სხვების მიმართ და მეორე შანსის მიცემაზე ლაპარაკიც კი აღარ სურდათ. სწორედ ამიტომ იყო ერეკლე გაკვირვებული. ჯერაც ვერ მიმხვდარიყო, თუ რატომ აგრძელებდა მისი კომპანია ანასტასიასთან თანამშრომლობას, თანაც მაშინ, როცა გოგონა სერიოზულ სკანდალებში იყო გახვეული და მისი თითოეული ნაბიჯი, ინტერნეტ-სივრცეში მუდმივი განხილვის საგანი გამხდარიყო.
-მთავარია, ჭკვიანურად იმოქმედო და ინფორმაციის მოპოვებას ყველა ადამიანზე შეძლებ -ანასტასიას ცბიერმა ჩაცინებამ გამოარკვია ფიქრებიდან, ერეკლე. ლარა, მათ საუბარს უკვე აღარ უსმენდა, კედელზე მიმაგრებული პლაზმური ტელევიზორის ჩართვა მოესწრო და ეკრანზე გამოსახულ Victoria Secret-ის მოდელებს, პოპ-კორნის დიდ ჯამთან ერთად ადევნებდა თვალყურს.
-გადაღებებზე მაინც უნდა წახვიდე ანასტასია. არა უშავს, თავის ტკივილის წამალს და რამე ენერგეტიკულს გიყიდი, მალე რომ გამოხვიდე მდგომარეობიდან
ამ დროს, საუბარში დროებით გაჩუმებული ლარაც ჩაერთო:
-გუშინ, სანდრომ მინერალურიც ამოგიტანათ, მეორე დილისთვის დასჭირდებათო, მოგიტანოთ?
-ვგიჟდები ჩემს ძამიკოზე! -ანასტასიამ მკლავები ბედნიერების ღიმილით გაშალა, თუმცა ხმამაღლა წამოყვირების გამო, კვლავ თავის ტკივილმა შემოუტია და შუბლზე გაშლილი ხელის გული შეწუხებული სახით მიიდო -მიდი, ლარა, მოგვიტანე მინერალური. ეჭვი მაქვს, ამ ვაჟბატონის გამო გადაღებებზე წასვლა მაინც არ ამცდება.



* * *

ფოტოსესიაზე ტაქსით წავიდა, რადგან თავისი მანქანა იმ ბარის პარკინგზე ჰყავდა დატოვებული, ერეკლეს მსგავსად, რომელშიც წინა ღამით სვამდნენ.
ბიჭმა მართლაც შეასრულა პირობა და ანასტასიას, გზაში ყველა ის საშუალება უყიდა, რაც ნაბახუსევიდან სწრაფად გამოსვლაში დაეხმარებოდა. თვითონაც საშინლად გრძნობდა თავს, თუმცა მიუხედავად ამისა, მეგობრის გადაღებებს მაინც დაესწრო და გარკვეულ მითითებებსაც იძლეოდა მისი მსვლელობისას.
დილანდელთან შედარებით ანასტასიაც მხნედ გამოიყურებოდა და სამუშაო პროცესიც გეგმაზომიერად მიმდინარეობდა, როდესაც მოუდლონელად ერეკლემ, ჯერ ფრანგული სუნამოს მძაფრი სურნელი იგრძნო, შემდეგ ვიღაცის გვერდით ამოდგომა, მერე კი ისე, რომ გახედვაც ვერ მოასწრო, ნაცნობი ხმაც მოესმა:
-ძალიან მიმზიდველია, არა? კაცი რომ ვიყო, მეც მომინდებოდა ასეთი ქალი
ერეკლეს ჩაეცინა. თავად ელენა ბალანჩინი იდგა მის გვერდით და ისე ესაუბრებოდა, როგორც ძველ და კარგ მეგობარს.
-ანასტასიას პარამეტრებისა და ვიზუალის შეფასება ჩემი საქმე არაა, ქალბატონო ელენა -მიუგო მან -ჩვენ, მხოლოდ საერთო საქმე და ახლო მეგობრობა გვაკავშირებს
-ვითომ?
-ეჭვი რატომ გეპარებათ?
-არ ვიცი . . . რთულია ასეთი ქალი გვერდით გყავდეს და მისდამი ლტოლვას არ გრძნობდე -ისე უყურებდა, თითქოს გამოცდაზე გასული სტუდენტის ჩაჭრას ცდილობსო. ეს მზერა, არც ერეკლეს გამოპარვია. კარგად უწყოდა, რომ ელენა მუდამ მსგავსი შემოვლითი გზებით უახლოვდებოდა მთავარ სათქმელს და გადაწყვიტა პროცესი დაეჩქარებინა :
-იქნებ, პირდაპირ მითხრათ რის თქმას ცდილობთ? ასე თქვენს დროსაც დაზოგავთ და ჩემსასაც
-როგორც ფრანკლინი იტყოდა, დრო ფულია, არა?
-ნამდვილად -ღიმილით დაემოწმა ბიჭი და კვლავ ანასტასიას გახედა. ეს უკანასკნელი, კამერის წინ ისე პოზირებდა, თითქოს თავისგან ორიოდე ნაბიჯით დაშორებულ მოსაუბრეებს ვერც კი ხედავდა. მხოლოდ ერეკლემ იცოდა, როგორ აინტერესებდა მას იმ დიალოგის შინაარსი, რაც ელენასთან ჰქონდა გაბმული.
-ანუ, ამბობ, რომ ანასტასია მარგიანი, შენთვის როგორც ქალი უინტერესოა? -ელენას მხრიდან კვლავ პირვანდელ თემაზე დაბრუნებამ, ერეკლეს სახეს ირიბი ღიმილი მოჰგვარა, თუმცა სცადა ეს არ შეემჩნია.
-დიახ, ზუსტად ასეა, თუმცა იმას ვერ ვხვდები, რატომ გაინტერესებთ ჩვენი პირადი ცხოვრება და რატომ მისვამთ ისეთ კითხვებს, რასაც მხოლოდ ახლობელ ადამიანს დაუსვამდნენ? -ინტერესიანი მზერით ზვერავდა ქალს -შეიძლება უხეშად გამომდის, მაგრამ როგორც მახსოვს, მე და თქვენ მაინცდამაინც არ ვმეგობრობთ
ელენამ თავი ამაყად ასწია და გაეცინა. ერეკლეს მხრიდან ასეთ ზრდილობის ფარგლებში შეფუთულ უხეშობას არ ელოდა, თუმცა მაინც არ დაბნეულა.
-ჰო, შესაძლოა არ ვმეგობრობთ, მაგრამ თუ ერთ საქმეში დამეხმარები, დამიჯერე წაგებულს არ დაგტოვებ -გამომცდელი მზერა მოაყოლა ამ სიტყვებს ქალმა -ჯერ არ ყოფილა ადამიანი, ვისაც ჩემთან თანამშრომლობა უნანია
-რა თავმომწონედ ჟღერს, ქალბატონო ელენა
-შეიძლება, ჩემო კარგო . . . აბა, რას იტყვი, მოისმენ ჩემს შემოთავაზებას, თუ არა?
-კი ბატონო, ბრძანეთ -მისკენ შეტრიალდა, გულზე ხელები დაიკრიფა და სმენად იქცა.
-აქ არა, ერეკლე, ჩემს კაბინეტში გავიდეთ -კამერის წინ მდგომ ანასტასიას შესცქეროდა ამის თქმისას, ქალი -მანამდე შენი მეგობარიც დაამთავრებს თავის საქმეს და ორივენი ერთად წახვალთ -სიტყვა „მეგობარი“ განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა ელენამ და თავისი კაბინეტისკენ მიმავალ გზას ისე დაადგა, ბიჭის პასუხს არც დალოდებია.
ერეკლე ერთხანს უძრავად იდგა და კვლავ ფოტოსესიის მსვლელობას აკვირდებოდა. მერე, როგორც კი ანასტასიამ ერთი წამით მოიხედა მისკენ, ხელით ანიშნა ცოტა ხნით გავალო და თავადაც კაბინეტისკენ წასულ ელენას მიჰყვა უკან.
ქალბატონი ბალანჩინის სამყოფელი, სწორედ ისეთი გახლდათ, როგორიც მის ხასიათს შეეფერებოდა. კედლები მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი, დოკუმენტებისთვის განკუთვნილი თაროები, შედარებით ღია ფერისა აერჩია და ავეჯიც მხოლოდ ის იდგა, რაც განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენდა. არანაირი დეკორაცია, არანაირი გაფორმება. მხოლოდ ისეთი ნივთები მოგხვდებოდათ თვალში, რომლებიც ელენას სამუშაო პროცესში დასჭირდებოდა.
-დაჯექი, საყვარელო, რამეს ხომ არ დალევ? -თბილად მიმართა მას ელენამ, როგორც კი ბიჭი სავარძელში ჩაესვენა. ერეკლეს, ამ ღიმილის სიყალბის ამოცნობა ნამდვილად არ გასჭირვებია, თუმცა იმდენად აინტერესებდა ამჯერად რა სახის ინტრიგების გაბმას აპირებდა ქალი, რომ საპასუხო ღიმილი მსწრაფლ შეაგება და მაგიდას მარცხენა მკლავით დაეყრდნო.
-არა, გმადლობთ, არაფერი მინდა. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ანასტასია მალე მორჩება ფოტოსესიას
-კი ბატონო, როგორც გინდა -ფეხი, ფეხზე გამომწვევად გადაიდო ქალმა, უჯრიდან სიგარეტი ამოაძვრინა, თითებს შორის მოიქცია და ტუჩებთან ახლოს მიიტანა -შენც ხომ არ გინდა?
-არ ვეწევი
-კარგია, ანუ ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობ -საზურგეს მოხერხებულად იყო მიყრდნობილი და ისე ესაუბრებოდა -მეც ვცადე თავის დანებება, თუმცა არაფერი გამომივიდა
-ვწუხვარ . . . ახლა კი, გისმენთ -მაგიდას ხელებით დაეყრდნო ერეკლე და თვალი, თვალში გაუყარა, რითაც მიანიშნა, რომ უკვე მთავარ სათქმელზე გადასვლის დრო მოსულიყო. ამ ჟესტის შემდეგ, აღარც ელენას დაუგვიანია დიდხანს, პირიდან ბოლი მოხდენილად გამოუშვა, მედიდური მზერა მოიშველია და კვლავ თავისი რბილი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-მოკლედ, დიდხანს აღარ გალოდინებ -თქვა მან -ვიცი, რომ ანასტასიას მენეჯერი ხარ და მასზე გარკვეული გავლენა ნამდვილად გაგაჩნია, ასე არაა?
-მხოლოდ იმ სფეროში, რაც სამსახურს ეხება. სხვა მხრივ, იგი სრულიად თავისუფალია
-მეც სწორედ ეს მჭირდება -კაბინეტში ელენას კმაყოფილი ტონი გაისმა -თემა სწორედ სამსახურეობრივ საქმეზე ზეგავლენის მოხდენას ეხება
-უფრო კონკრეტულად?
-მოკლედ, ძვირფასო, აღარ გავწელავ და პირდაპირ გეტყვი -ანასტასია უნდა დაარწმუნო, ჩემს კომპანიასთან დადებული კონტრაქტი გააუქმოს და მე გპირდები, ამის გამო არანაირ ჯარიმას არ გადაიხდით
ქალის ნათქვამი ისეთი მოულოდნელი და გასაკვირი იყო, ერეკლემ გარკვეული დროით ხმის ამოღებაც ვერ შეძლო. ბიჭის გულში ათასი კითხვა იყო დაგროვებული.
„რატომ არ არღვევდა კონტრაქტს თავად ელენა, თუ ანასტასიასთან თანამშრომლობა აღარ სურდა?“
„ნუთუ მართლა ასეთ სერიოზულ ინფორმაციას ფლობდა გოგონა, ელენას წინააღმდეგ, რომ ეს უკანასკნელი მის პირდაპირ გაგდებას ვერ ბედავდა?“
„რა ჰქონდა ელენას დაშავებული ისეთი, რისი გახმაურებისაც ასე ძალიან ეშინოდა და ანასტასიას ჩამოცილებას შემოვლითი გზებით ცდილობდა?“ ან „იყო თუ არა ანასტასიას მოშორების სურვილის მიზეზი, მხოლოდ ის სკანდალური სტატია, რაც ჟურნალის პირველ გვერდზე დაიბეჭდა, რამდენიმე დღის წინ?’“
-როგორც ვხედავ, ერთი სული გაქვთ ანასტასიას თქვენი თვალთახედვის არეალიდან გააქროთ -თქვა ბოლოს, თან ქალის რეაქციებს დააკვირდა -შეიძლება გავიგო რა არის ამის მიზეზი?
-რა თქმა უნდა, შეიძლება -თავდაჯერებული ღიმილი აიკრა სახეზე ელენამ და განაგრძო -შენი მეგობარი უკვე ინტერნეტ-სივრცის დიდი განხილვის საგანია. ხალხის დიდი ნაწილი მის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, ბოლო პერიოდში მომხდარი სკანდალების გამო, მე კი არ მსურს ჩემს კომპანიას ისეთ მოდელებთან ჰქონდეს კავშირი, როგორიც ანასტასია მარგიანია
-ჰოო? -ჩაეცინა ერეკლეს -თუ ასეა, თქვენ თვითონ რატომ არ არღვევთ კონტრაქტს და რატომ არ ათავისუფლებთ? როგორც ვიცი, პირობების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას ჯარიმა არ დაეკისრება. ხელს რა გიშლით? ან რატომ ცდილობთ ჩემს დაყოლიებას, რათა ანასტასია თქვენთან თანამშრომლობის გაწყვეტაზე დავითანხმო?
ელენა თითების მტვრევას მოჰყვა. აშკარა იყო, რომ დაიძაბა, თუმცა ამის გარეგნულად შემჩნევა არ სურდა და კვლავ თავდაჯერებულობის ნიღაბს ისწორებდა სახეზე.
-არ მინდა, რომ როგორც მოდელს, გული დავწყვიტო და პოტენციალი ჩავუკლა -ბოლოს მაინც იპოვა გამოსავალი ქალმა -ჯობს ისე ვქვნათ, როგორც გითხარი და ნაწყენი აღარავინ დარჩება, რას იტყვი?
-ვერაფერს იმის გარდა, რომ უარზე ვარ
-უარზე? -აშკარა უკმაყოფილება შეეპარა ელენას ტონს -მე ხომ გითხარი, რომ ამაში დახმარების სანაცვლოდ არც შენ დაგტოვებდი ხელცარიელს?
-თანხას მთავაზობთ? სწორად გავიგე?
-შენ უბრალოდ ციფრები დაასახელე და ფული საქმის დასრულების თანავე დაჯდება შენს პირად ანგარიშზე
ერეკლე თითქმის მთელი დიალოგის განმავლობაში სერიოზულ გამომეტყველებას ინარჩუნებდა, თუმცა ქალის ბოლო სიტყვებზე თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გაეცინა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ელენა ეუბნებოდა ამ ყველაფერს –თავად ის ქალი, ვისაც არასდროს არაფრის ეშინოდა და ელიტურ საზოგადოებაშიც მუდამ ცხვირაწეული დააბიჯებდა.
-თქვენ რა, დამცინით, ქალბატონო ელენა? -ჯერ კიდევ ვერ წყვეტდა სიცილს ერეკლე -ყველანაირ დიალოგს წარმოვიდგენდი თქვენსა და ჩემ შორის, მაგრამ ასეთს ნამდვილად ვერა
-სერიოზულად მოეკიდე იმას, რასაც გეუბნები. მე საერთოდ არ მეცინება!
-ალბათ, იმიტომ არ გეცინებათ, რომ თქვენზე ვიღაც ისეთ ინფორმაციას ფლობს, რისი გახმაურებაც არ გაწყობთ და ეს ვიღაც, სწორედ ანასტასიაა
-ჩემთან ასე ლაპარაკს როგორ ბედავ?! -თუ აქამდე მშვიდად საუბრობდა, ახლა ხმას საგრძნობლად აუწია ქალმა და თვალებიც ბრაზით დააკვესა, მაგრამ ერეკლეს წარბიც კი არ შეუხრია მის ამგვარ რეაქციაზე.
-გაინტერესებთ როგორ ვბედავ თქვენთან ასე ლაპარაკს? -ირონიულად ჩაეკითხა ბიჭი -ზუსტად ისევე, როგორც თქვენ გამიბედეთ და ქრთამი შემომთავაზეთ . . . მე, მეგობრებს ფულის სანაცვლოდ არ ვყიდი, ქალბატონო ელენა, არასწორი ადამიანი აგირჩევიათ
-მის გაყიდვას არც არავინ გთხოვს, მე სულ სხვა რამ გითხარი
-დიდ განსხვავებას ნამდვილად ვერ ვხედავ -ფეხზე წამოდგა ბიჭი, მაგიდას მოუარა, ელენას სავარძლის საზურგეს ხელის გულებით ისე მიეყრდნო, რომ ქალი შუაში მოიქცია და სახე, სახესთან ზედმეტად ახლოს მიუტანა -გაფრთხილებთ, ქალბატონო ელენა, რა ინტრიგებსაც არ უნდა ხლართავდეთ, თუ ანასტასიას ამის გამო პრობლემა შეექმნება და თვალიდან ერთი ცრემლი მაინც ჩამოუვარდება, გაგანადგურებთ!
-ეს რა, მუქარაა?
-თქვენი გადასაწყვეტია როგორ გაიგებთ -მიუხედავად კატეგორიული ტონისა, მაინც მშვიდად ესაუბრებოდა ერეკლე - ახლა კი, თუ ნებას დამრთავთ, მე წავალ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ, ქალბატონო ელენა . . .
აღარ დაუცდია ქალის პასუხისთვის. აღარც მისი სახის მიმიკისთვის შეუხედავს. კაბინეტი თავდაჯერებული ნაბიჯებით დატოვა და როგორც კი ზურგს უკან კარი გამოიხურა, გრძელ, ჭერში ერთმანეთის მიყოლებით ჩამონტაჟებული, ვერცხლისფერი ნათურებით განათებულ დერეფანში აღმოჩნდა. იქვე, რამდენიმე მოდელიც შენიშნა. სავარაუდოდ, ფოტოსესიაზე მიიჩქაროდნენ, რადგან გზაში თითოეული მათგანი მაკიაჟისა და ტანსაცმლის სწორებით იყო გართული. ერთ-ერთმა ქერა, მაღალმა გოგომ, ერეკლეს თვალიც კი ჩაუკრა, თუმცა ბიჭს მცირედი რეაგირებაც არ მოუხდენია ისე გაიარა დარჩენილი გზა, კვლავ გადასაღებ ოთახში აღმოჩნდა და ანასტასიასაც მოჰკრა თვალი. გოგონა სარკის წინ იდგა, სადაც, მიცერალური სითხით, მაკიაჟის უკანასკნელი შტრიხებს იშორებდა სახიდან.
-უკვე მორჩი?
-ჰო, ხუთი წუთის წინ . . . იმ კუდიანს რა უნდოდა? ან, სად წაგიყვანა?
-წამოდი, აქვე ტორტის სახლში დავსხდეთ და მოგიყვები. თან, შენც უნდა გამცე რაღაც კითხვებზე პასუხი
-რა კითხვებზე? -ინტერესით გამოხედა ანასტასიამ, თან, მოკლე კაბაზე ნაცრისფერი პალტო შემოიცვა და ცალ მხარეს, ამავე შეფერილობის ჩანთა გადაიკიდა.
-ამას ადგილზე მისვლისას გაიგებ. თუ მზად ხარ, წავიდეთ
-წავიდეთ -დაემოწმა გოგონაც და სააგენტო ორივემ ერთობლივად დატოვა.
იქვე ახლოს, მართლაც იყო პატარა, მყუდრო ტორტის სახლი. ერეკლემ, ანასტასია კარებში პირველი შეატარა და საბოლოოდ, ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან დაიკავეს ადგილი.
კვირაში ერთი დღე, ანასტასია მუდამ აძლევდა ხოლმე საკუთარ თავს უფლებას ტკბილეულით ესიამოვნა, ამიტომ, ახლაც თამამად შეუკვეთა შოკოლადის ტორტის მოზრდილი ნაჭერი, ცივ ყავასთან ერთად.
ერეკლემ, მისგან განსხვავებით, ჩიზქეიქსა და მოკაჩინოზე შეაჩერა არჩევანი. სალაპარაკო ნამდვილად ბევრი ჰქონდათ, ამიტომ, ჯერ არსად წასვლას არ აპირებდნენ და არც იმაზე ჰქონიათ რეაგირება, რომ მომსახურე პეროსნალი შეკვეთის მოტანას აგვიანებდა.
-აღარ მეტყვი რაზე გელაპარაკა ელენა? რაც შემოვედით, მას შემდეგ თევზივით ჩუმად ხარ და ხმას არ იღებ
ერეკლემ პასუხი არ გასცა, რამაც გოგონას ცნობისმოყვარეობა ერთი ორად გაამძაფრა.
-არ მიპასუხებ?
-ჯერ, შენ უნდა მიპასუხო ერთ რამეზე
-კარგი, მკითხე, ოღონდ ისეთი სახით ნუ მიყურებ, თითქოს პრეზიდენტის პირადი სეიფის გატეხვის გეგმას ვადგენდეთ
-პრობლემა გაცილებით დიდია და მას ელენა ბალანჩინი ჰქვია -თავისი სერიოზული ტონით, ანასტასიაც ჩააფიქრა ბიჭმა -ახლა კი მითხარი, რა იცი მასზე ისეთი, რისი გახმაურებისაც ასე ძალიან ეშინია?
-თვითონ გითხრა, რომ მასზე რაღაც ვიცი? -ინტერესით ჩაეკითხა გოგონა და სკამის საზურგეს მიეყრდნო, რათა იმ წამს მიახლოებული მიმტანისთვის, შეკვეთის სინიდან გადმოლაგებაში ხელი არ შეეშალა.
-არაფერი უთქვამს . . . შენთან და მასთან საუბრის შემდეგ გამოვიტანე ასეთი დასკვნა. ახლა კი, გისმენ -ბოლო სიტყვა, განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა და მოკაჩინოს ჭიქიდან ოდნავ მოსვა.
-ელენას საყვარელი ჰყავს და ეს ადამიანი, მისი ქმრის პირველი ცოლისგან დარჩენილი შვილი, ლექსო თაბაგარია . . . მოკლედ, თავის გერთან წევს
ადვილი შესამჩნევი იყო ის გაოცება, რაც ერეკლეს სახეზე გამოისახა ამ ამბის მოსმენისას. რამდენიმე წამის განმავლობაში სრულიად მდუმარედ იჯდა, შემდეგ თავისი მოკაჩინო მოსვა, სახეზე ოდნავი ღიმილი მოადგა და მხოლოდ ერთი სიტყვა აღმოხდა:
-გამოვშტერდი . . .
-შენ მე უნდა გენახე, როდესაც ერთი თვის წინ, სასტუმროში გამართულ წვეულებაზე, პირდაპირ ვერანდაზე წავასწარი, ცეცხლოვანი კოცნის მომენტში
-ანუ, სწორედ ამიტომ ვერ წყვეტს შენთან თანამშრომლობას და ცდილობს ჩემი საშუალებით დაგარწმუნოს, რათა თავად თქვა ამ კონტრაქტზე უარი?
-ამისთვის დაგიბარა კაბინეტში? -ტორტის ჭამა შეწყვიტა ანასტასიამ და ლოყებზე სიცილისგან მოგვრილი ორმოები გაუჩნდა -მოკლედ, ამ ქალის ფანტაზია საზღვრებს არ ცნობს. ნიზლავს ჩამოვალ, სანაცვლოდ თანხაც შემოგთავაზა
-კარგი ინტუიცია გაქვს -ერეკლესაც გაეცინა, თუმცა შემდეგ სწრაფად დასერიოზულდა და მორიგი კითხვა დასვა : -იმ ქალს შენი ჩამოშორება ასე ძალიან რატომ უნდა? შენზე ისეთი შეფარული ზიზღით საუბრობდა, არა მგონია ეს მხოლოდ იმ ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის გამო ხდებოდეს
-არც ხდება . . .
-ანუ?
-მისი გერი, ლექსო, სააგენტოში ხშირად მოდის ხოლმე. თურმე, მამამისს დაუვალებია, რომ ელენას დახმარებოდა კომპანიის საქმეებში, მან კი თვალი მე დამადგა, იქ სიარულსაც მოუხშირა და ქალბატონმა ბალანჩინმაც ეჭვიანობა დაიწყო
-ესე იგი, ლექსო თაბაგარი შენზე ყლაპავს ნერწყვებს?
-კიდევ დიდხანს მოუწევს ასე გაგრძელება -ზიზღით წარმოთქვა ანასტასიამ, თან ყავა მოწრუპა -ნაძირლები ოდნავადაც არ მიზიდავენ
-ნაძირლები გასაგებია, მაგრამ ბუნებას ის კაციც არ ახსოვს, რომელმაც შენ ოდნავ მაინც მიგიზიდა
-ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარი თავი და დედამიწის გრავიტაცია მიზიდავს, ერკე
-ნეტარებით ველი იმ მომენტს, როდესაც შენც აგირევს გონებას ვინმე არამიწიერი. სხვანაირს შენ ზედაც არ შეხედავ
-თუ ეს მოხდება, ნეტარებით ამოგაცლი მაგ გრძელ ენას -შეჭმუხნილი წარბებით დაემუქრა, პირში ტორტის მოზრდილი ლუკმა ჩაიდო და ნასიამოვნებმა ამოთქვა :
-ტკბილეული ჩემი ცხოვრების სიყვარულია!





8 8 8 8


ახალ სახლთან შეგუებისთვის, ანასტასიას დიდი დრო ნამდვილად არ დასჭირვებია. ყველაფერი ზუსტად ისე იყო მოწყობილი, როგორც გოგონას გემოვნებას შეესაბამებოდა.
საცხოვრებელი კორპუსი, საკმაოდ პრესტიჟულ, დაცულ უბანში იყო აშენებული, რომელსაც ოცდაოთხი საათის განმავლობაში დაცვის სამსახურის თანამშრომლები იცავდნენ და უსაფრთხოების მიზნით, კორპუსის თითოეულ ბინას კოდური საკეტები ჰქონდა დაყენებული.
ახალ სახლში გადასვლის პირველი დღე, და-ძმასთან და ერეკლესთან ერთად აღნიშნა, გოგონამ. ღამითაც ყველანი ერთად დარჩნენ. ლარამ ყველაზე ადრე დაიძინა, რადგან მეორე დილით სკოლაში იყო წასასვლელი, ხოლო სანდრომ, ერეკლემ და ანასტასიამ, მთელი დარჩენილი დრო, მზის ამოსვლამდე, აივანზე გაათენეს, საუბარში. რატომღაც, იმ ღამით ძილი არც ერთ მათგანს არ ეკარებოდათ, ამიტომ, დაახლოებით სამ საათზე სასუსნავებიც მოიმარაგეს და გართობა განაგრძეს.
მთელი ღამის ნათევებს, მხოლოდ დილით შემოუტია საშინელმა დაღლილობის შეგრძნებამ. ამის გამო, ანასტასიამ ყველასთვის ძლიერმოქმედი ყავა მოამზადა, ენერგიით დასამუხტად და დაღლილობის მოსახსნელად.
ლარა სანდროს უნდა წაეყვანა სკოლაში. ერეკლეც საქმეებზე იყო გასასვლელი, ხოლო ანასტასიას, იმის გამო, რომ გადაღებები უკვე დასრულებული იყო, თავისუფალი დღე ჰქონდა და გადაწყვიტა მთელი დრო სახლში ყოფნისთვის მიეძღვნა. მისი სამივეს შურდათ, თუმცა რას იზამდნენ? როდესაც დრო მოვიდა, ყველანი თავთავიანთ საქმეებზე წავიდნენ და სახლში მხოლოდ ანასტასია დარჩა.
ახალი ბინა, ყველაზე მეტად იმიტომ მოსწონდა, რომ მის სართულზე მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დასახლებული, ანასტასიას გარდა. გადმოცემით იცოდა ამ პიროვნების შესახებ. იგი, საკმაოდ ცნობილი პიარ-მენეჯერი გახლდათ ქალაქში, თუმცა პირადად არასდროს უნახავს, არც მანამდე და არც, აქ გადმოსვლის შემდეგ.
სხვა მხრივ, მეზობლებისგან სრულიად თავისუფალი იყო და ბოლო სართულზე ცხოვრების გამო, არც ზედმეტი ხმაური ურღვევდა სიმშვიდეს.
მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩეოდა ანასტასია. ხალხმრავლობაც ისე უყვარდა, როგორც სახლში მარტო ყოფნა. ახლა, როდესაც ამ უზარმაზარ სივრცეში მხოლოდ მისი ფეხის ხმა ისმოდა და სხვა არავინ ჩანდა, გადაწყვიტა სიტუაციით ესარგებლა და პირველი რამდენიმე საათი ძილისთვის დაეთმო.
იმ ღამით, ლარა, უფროს ძმასთან აპირებდა დარჩენას, რადგან მეორე დღეს მათემატიკაში საკმაოდ რთული ტესტირება ჰქონდა და სანდროს, როგორც ამ საგნის გენიოსს, იგი ტესტირებისთვის უნდა მოემზადებინა.
მართალია, ანასტასიას მთელი დღე სახლში მარტო ყოფნა არ სურდა, თუმცა აქაც შეიძლებოდა რამის მოფიქრება. იქნებ, სწორად ახლა იყო დრო ის გეგმა განეხორციელებინა, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში აწყობდა გონებაში?
ამ ფიქრებში, ჩაეძინა კიდეც. რომ გეკითხათ, ვერ გეტყოდათ კონკრეტულად რამდენი ხანი გაატარა გათიშულ მდგომარეობაში, თუმცა როდესაც თვალები გაახილა, ცას უკვე დაბინდების ნიშნები ეტყობოდა.
მაჯის საათს დახედა, ანასტასიამ. ისრები ექვსის ნახევარს უჩვენებდნენ და დაღლილობის შეგრძნებაც საბოლოოდ ჰქონდა მოხსნილი. ჩაძინებამდე დაწყებული ფიქრები, თითქოს მაშინვე შემოეხვივნენ გარს, როგორც კი თვალები მოიფშვნიტა და ბალიშებს ზურგით მიეყრდნო. ნამდვილად არ იყო დარწმუნებული, რა შედეგს მოუტანდა ის, რასაც გეგმავდა, თუმცა ცდად ნამდვილად ღირდა და ასეც მოიქცეოდა.
ანასტასია საწოლიდან წამოდგა და ტუმბოზე შემოდებულ თავის მობილურს დაწვდა. არც გამოტოვებული ზარები ჰქონია და არც, შეტყობინებები, ამიტომ, კონტაქტებში სწრაფად იპოვა სასურველი სახელი, ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო და პარალელურად, გახდა დაიწყო აბაზანაში შესვლის წინ.
ოთახში წყვეტილი ზუმერის ხმა ისმოდა, ანასტასია კი შხაპის მისაღებად ყველა საჭირო ნივთს ალაგებდა კარადიდან. შიდა თეთრეული და ლოსიონები ლოგინზე ლამაზად ეწყო. ახლა უკვე თავის ცისფერ ბამბის პირსახოცს იხვევდა შიშველ სხეულზე, როდესაც ყურმილში სასურველი ხმა გაიგო და სახეზე უსიამოვნო გამომეტყველებამ გადაურბინა.
-ჯანდაბა, ანასტასია მარგიანი მირეკავს? -თითქოს მთელი ოთახი მოიცვა ქალის სიცილნარევმა ტონმა და თითოეული წერტილი ექოს მსგავსად მოიარა -რას მივაწერო ამხელა პატივი?
-გეყოფა ლაყბობა, ლიზა! მოსაკითხად და შენი ამბების გასაგებად ნამდვილად არ გირეკავ
-ეგ მეც კარგად ვიცი, პატარავ -კვლავ ისეთი ხმით ლაპარაკობდა, რომელიც ანასტასიას საშინლად აღიზიანებდა -აბა, გისმენ, რამ შეგაწუხა?
-ჩემთან უნდა მოხვიდე, მარტო ვარ
ყურმილში ხანგრძლივი სიცილი გაისმა, თუმცა ანასტასიას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მოთმინებით ელოდა, თუ როდის მორჩებოდა ლიზა სიცილს, რათა საუბარი გაეგრძელებინათ.
დაახლოებით ათი წამის შემდეგ, როცა ანასტასია უკვე სააბაზანოში იყო შესული და ჩაწნილ თმას იშლიდა, პასუხიც მოესმა:
-შენ რა, ისევ შენი დაქალი გგონივარ, მარგიანო? ხომ არ დაგავიწყდა, რომ დრო, როდესაც სახლში მარტო დარჩენილი მე მირეკავდი, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა?
-მაგას რა დამავიწყებდა, ლიზიკო? -ოლიმპიური სიმშვიდით გაეპასუხა გოგონა -არც მე გირეკავ იმისთვის, რათა პიჟამა-წვეულება გავმართოთ. უბრალოდ, შენთან სერიოზული საქმე მაქვს და ვინაიდან, ახლა სამსახურში არ ხარ და ვერც შენთან სახლში ვისაუბრებთ მარტონი, რადგან დედასთან ერთად ცხოვრობ, გთავაზობ ჩემთან ამოხვიდე

-და, მაინც რა საქმე გაქვს? იმ სტატიაზე ხარ ნაწყენი, რომელიც ჩემს ჟურნალში დაიბეჭდა? -ირონიული ტონი ადვილი შესამჩნევი იყო ამ სიტყვებში

-ამას მაშინ გაიგებ, როდესაც გნახავ . . . ჰო მართლა, შენი საყვარელი მარწყვის კექსები მაქვს. თუ მოხვალ, შეგიძლია ბევრი ჭამო

-ჰმ, თურმე კიდევ ახსოვს

-იმედია, ისევ ისე გიყვარს, როგორც ადრე -თან ესაუბრებოდა, თან სარკეში საკუთარ თავს ათვალიერებდა გოგონა

-ჰო, მიყვარს . . . ისევე, როგორც შენ სხვის კაცებზე ნადირობა

ანასტასიამ კბილები ბრაზით გააღრჭიალა. ნიჟარის ზედაპირს ხელი ისე მოუჭირა, თითქოს იგი მისი თანამოსაუბრის კისერი ყოფილიყო.

-მე შენთვის არავინ წამირთმევია ლიზა! ბოლოს და ბოლოს, გაიგე ეს!

-მისამართი მომწერე, ბევრი დრო არ მაქვს. გავიგებ რისი თქმა გინდა და მაშინვე მივდივარ-სწრაფად მიაყარა მან, მშრალად დაემშვიდობა და ყურმილი ისე დაკიდა, რომ ანასტასიას ხმის ამოღებაც კი აღარ დააცადა

ერთხანს, ნერვებმოშლილი დაჰყურებდა გოგონა აწ უკვე გათიშული ტელეფონის ეკრანს. შემდეგ როგორღაც თავის მოთოკვა შეძლო, მისამართი კლავიატურაზე სწრაფად აკრიბა და შეტყობინების გადაგზავნის თანავე, საშხაპე კაბინაში შევარდა.

ცხელმა წყალმა და საყვარელი შხაპის გელის სურნელმა ცოტათი დაამშვიდა და გუნებაც გამოუკეთა. საძინებელში, თავის საწოლზე, უკვე დატოვებული ჰქონდა ყველა ის ნივთი, რომელიც მოწესრიგებისთვის სჭირდებოდა, ამიტომ, საშხაპე კაბინიდან გამოსული, სწრაფად მოემზადა, ჩაიცვა და სველი თმის მშრალებით გავიდა მისაღებში.

დაპატიჟებული სტუმარი, ანასტასიას ვარაუდით, მალე უნდა მოსულიყო. მაცივარიც გადავსებული ჰქონდა ათასგვარი სასუსნავით, თუმცა აქედან არაფერი გამოუღია, პირდაპირ გაზქურას მიაშურა, წინა დღით გამომცხვარ კექსებს დაწვდა და კარადიდან გამოღებულ ყვავილებიან თეფშზე მის ლამაზად დალაგებას მოჰყვა. ახლაც თვალწინ ედგა ლიზას სიამოვნებით სავსე გამომეტყველება შორეული წარსულიდან, როდესაც ეს უკანასკნელი, ანასტასიას სახლში, მისავე საძინებელში, მარწყვის კექსებს შეექცეოდა ხოლმე. რთული იყო იმ ყველაფრის დავიწყება ანასტასიასთვის. რთული იყო ლიზას შეძულებაც და არც სძულდა. უბრალოდ იყვნენ მის ცხოვრებაში ადამიანები, რომელთა მიმართაც ზიზღს ვერასდროს იგრძნობდა და ლიზაც ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.

სტუმრის დასახვედრად მზადებას რომ მორჩა და მაგიდაზე წვენის ჭიქებიც დაალაგა, დივანზე იოგას პოზაში ჩამოჯდა, თავი საზურგეს ჩამოაყრდნო, თვალები დახუჭა და გონების ძალით წარსულში მოგზაურობა დაიწყო.

თვალწინ დაუდგა ის საშინელი დილა, როდესაც კარზე ძლიერი ბრახუნის ხმამ გამოაღვიძა. სახლში მარტო იყო. დედამისი, სანდრო და ლარა, ქალაქგარეთ იყვნენ გასულები რამდენიმე დღით, თავად კი, სკოლის გამოცდების გამო ვერ მოახერხა მათთან ერთად წასვლა და გადაწყვიტა მთელი დრო მეცადინეობისთვის დაეთმო. მაშინ, მეთერთმეტე კლასში იყო მომავალი მოდელი. წლის ბოლო ახლოვდებოდა და რეპეტიტორების მიერ მიცემულ დავალებებსაც ორმაგი მონდომებით ასრულებდა. სურდა დედაც და სანდროც თავისი წარმატებებით გაეხარებინა, რაც მისი მხრიდან საუკეთესო ქულების აღებაში გამოიხატებოდა.
როგორც ბოლო დროს ხდებოდა, იმ ღამითაც წიგნებით გარშემორტყმულს ჩაეძინა. ათ საათამდე გაღვიძებას არც აპირებდა. მაღვიძარაც სწორედ ამ დროისთვის მომართა მეცადინეობის დაწყების წინ, თუმცა დილა უთენია მოსულმა უეცარმა სტუმარმა, მისი გეგმები შეცვალა და საწოლიდან ნაადრევად წამოდგომა აიძულა.
ნამდვილად არავის ელოდა ასე ადრიან დილით, ანასტასია, თუმცა მიუხედავად ამისა, ზღურბლის მეორე მხარეს ლიზას დანახვას გაოცებული ნამდვილად არ დაუტოვებია. შეჩვეულიც კი იყო მეგობრისგან ასეთ ადრიან ვიზიტებს. მხოლოდ იმ გაბრაზებულმა გამომეტყველებამ გააკვირვა ანასტასია, რომელიც იმ წამს დაინახა მეგობრის სახეზე და ამის მიზეზიც იკითხა:
-რა გჭირს? რამე მოხდა? -კითხვის დასმის პარალელურად, გვერდზე მიიწია გოგონა და მოსული შიგნით შეატარა
ლამის ცოფებს ყრიდა ლიზა იმ მომენტში. ეს, იმითაც გამოიხატა, რომ მისაღებში შესულმა, ზურგჩანთა დივანზე აგრესიულად მიაგდო, კვლავ ანასტასიას მოუტრიალდა და მზერით ლამის გაბურღა.
-ლიზ, ყველაფერი კარგადაა? შემიძლია რამით დაგეხმ…
-ახლავე მოკეტე! -სიტყვები ენის წვერზე დაუტოვა ლიზას ხმამაღალმა ტონმა, რაც მთელ სახლში ექოსავით გაისმა და გოგონას გაკვირვებაც მოახერხა
-აღარ იტყვი რა მოხდა? ისე მიყურებ, თითქოს ჩემი კოცონზე დაწვა გაქვს განზრახული
-კოცონზე დაწვა? ჰო, კარგი იქნებოდა -ამჯერად, ცინიკური გახდა ლიზას მზერა -შენნაირი პიროვნება ამაზე გაცილებით უარესს იმსახურებს!

-რას გულისხმობ? -მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით მიიწია მეგობრისკენ, თუმცა მაინც იგრძნო მუხლების კანკალი. არასდროს ახსოვდა მისდამი ასე აგრესიულად განწყობილი ლიზა. საშინლად სტკენდა გულს ის ზიზღნარევი მზერა, რომელსაც მეგობრის თვალებში ხედავდა და ისიც კი არ იცოდა, რისგან იყო გამოწვეული ეს ყველაფერი

სანამ ანასტასია ამ ფიქრებში იყო გართული, ლიზა დივანზე ჩამოჯდა, სახეზე ხელები ჩამოისვა და გამშრალი ქვედა ტუჩი, ენის წვერით გაისველა.

-ნამდვილი ნაგავი ხარ, ანასტასია! -თქვა მან, რასაც ცინიკური ღიმილიც მოაყოლა ბონუსად. ამ დროს, ლიზას თვალებში უზარმაზარი ტკივილი იკითხებოდა, რის დაფარვასაც მკაცრი, შეუვალი ტონით ცდილობდა

-აღარ იტყვი რას მერჩი? -მისმა საქციელმა ანასტასიაც ბომბივით ააფეთქა -დილის შვიდ საათზე კარებს მინგრევ, მოსისხლე მტერივით მიყვირი, შეურაცხყოფას მაყენებ და ისიც კი არ გინდა მიზეზი მითხრა?!

-გეტყვი, ნამდვილად არ დაგზარდები

-ჰოდა, თქვი!

ლიზამ, თვალიდან უნებურად ჩამოვარდნილი მლაშე წვეთი შეუმჩნევლად მოიწმინდა, დივნიდან წამოხტა და ანასტასიას ცხვირწინ აესვეტა.

-შენზე და დემეტრეზე ყველაფერი ვიცი, ანასტასია -ზიზღის ნაპერწკლები დახტოდნენ ლიზას თვალებში ამის თქმისას -რა მოხდა? ბიჭი ვერ იპოვე სხვის შეყვარებულს რომ არ ჩამოეკიდო კისერზე? ასეთი სულმდაბალი თუ იყავი, აქამდე ეს როგორ ვერ შევნიშნე?

-გეყოფა! შენ არც კი იცი, რა სიტუაცია იყო და ბრალს ტყუილად მდებ!

-სიტუაცია? -მისაღებში ლიზას სარკასტული სიცილი გაისმა -ჩემს შეყვარებულს აკოცე, ამის დამამტკიცებელ ფოტოს ვიღაც სხვა მიგზავნის, ახლა კი, ასე უსირცხვილოდ დგახარ და მეუბნები, რომ შენ არაფერ შუაში ხარ? -თანდათანობით ხმას უწევდა და მისი გამოხედვაც უფრო და უფრო ემსგავსებოდა გამძვინვარებული მტაცებლის მზერას, რომელიც მზადაა მსხვერპლს წამი-წამზე დაესხას თავს

-ყველაფერი სხვანაირად იყო, ნაადრევი დასკვნები ნუ გამოგაქვს, უბრალოდ დაჯექი და მომისმინე, კარგი?

-ჰოო? და რას მომიყვები? აღმიწერ რა სასიამოვნო იყო დემეტრესთან სიახლოვე? თუ ამაზე ბევრად მეტიც გაქვს მოსაყოლი და გინდა დეტალებზე მესაუბრო?

-შენ იცი, რომ ამას საკუთარი ნებით არასდროს გავაკეთებდი, ლიზ -უკვე ბრილიანტისფერი ცრემლები ბრწყინავდნენ ანასტასიას თვალებში -ჩემი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ არ მოგიყევი რა ნაძირალაცაა ის ადამიანი, ვისაც შენ, მთელი ეს დრო შენი ცხოვრების მამაკაცად მოიხსენიებდი

-თუ ის ნაძირალაა, მაშინ შენ ვინ გამოდიხარ? თავი მასზე რამით მეტი გგონია?

-დემეტრე უკვე დიდი ხანია ჩემს შებმას ცდილობს, ლიზა -ამის თქმისას, წამით თვალები დახუჭა და იგრძნო, როგორ ქურდივით შეეპარა კანკალი მთელს სხეულში. მიუხედავად ამისა, გაჩუმებას არ აპირებდა. თუ სიმართლის ტომარას თავი მოხსნა, მას ბოლომდე დააცარიელებდა და უთქმელს აღარაფერს დატოვებდა
-ყველაფერი რვა თვის წინ დაიწყო . . . გახსოვს, ყველანი ერთად კოქტეილის ბარში რომ წავედით? მაშინ, შენ ადრე მოგიწია წასვლა, მამაშენმა გამოგიარა მანქანით. დაახლოებით ერთ საათში ჩვენც დავიშალეთ. დემეტრემ სახლში წაყვანა შემომთავაზა. ისეთი ნასვამი ვიყავი, ტაქსის ლოდინის თავი აღარ მქონდა, ამიტომ დათანხმება მომიწია.
ჩემს სახლამდე გზა ისე გავლიეთ, უცნაური არაფერი მომხდარა, თუმცა როგორც კი მანქანა კორპუსის წინ გააჩერა, მისი ხელის მოხვევა ვიგრძენი წელზე, რომლითაც კალთაში გადამისვა, მერე ტუჩებზე უხეშად დამეძგერა და თითებით კაბის ქვეშაც შემიძვრა. მართალია, საკმაოდ ვიყავი სასმელის ზემოქმედების ქვეშ, თუმცა მაინც არ გამჭირვებია იმის მიხვედრა, ჩემს შებმას რომ ცდილობდა. მეუბნებოდა, უკვე დიდი ხანია შენი სხეულის სურვილი მკლავს და ამაღამ ამ ოცნებას აუცილებლად ავიხდენო. ბევრი აღარ მიფიქრია, თავში რა სალანძღავი სიტყვაც მომივიდა, ის ვუთხარი და მანქანიდან გიჟივით გადმოვხტი. სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა დასასრული. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე წამომეწია, ძალის გამოყენებით კვლავ მანქანაში ჩამაგდო და იქედან სადღაც მიყრუებულ ადგილას წამიყვანა. მთელი გზა ვტიროდი, ვყვიროდი, ვევედრებოდი კიდეც, თუმცა ეს ყველაფერი შედეგს ვერ მაძლევდა. მერე, რაღაც ნემსი შემიყვანა ვენაში. არ ვიცოდი, შიგნით რა იყო, თუმცა წამალმა მაშინვე მომადუნა და მოძრაობის უნარიც წამართვა. მერე, აღარაფერი მახსოვს იმის გარდა, რომ დემეტრეს მანქანაში გამეღვიძა, მასში გადახლართულსა და სრულიად შიშველს. ჩემს კაბას რაც შეეხება, იგი უკანა სავარძელზე, სანახევროდ დახეული ეგდო -ლამის ცრემლები ახრჩობდა ანასტასიას და ლიზას აკანკალებულ სხეულს უყურებდა -გესმის მაინც რას ნიშნავს, როცა ის მამაკაცი გეხება, ვის მიმართაც არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია? დაახლოებით შვიდი თვე მაინც დამჭირდა დეპრესიიდან გამოსასვლელად და მაგ საშინელი ღამის დასავიწყებლად. მეგონა, იმ შემთხვევით ეს კოშმარიც დასრულდებოდა, რადგან დემეტრემ ყველაფერი მიიღო, რაც სურდა, თუმცა პირიქით მოხდა –კუდში დამიწყო დევნა, მეუბნებოდა ერთად უნდა ვიყოთ, ასე მარტივად ვერ შეგელევიო. ის მომენტიც, რაც ფოტოზე ნახე, მისი ინიციატივა იყო და . . .
-გეყოფა! -სათქმელი ლიზას არაადამიანურმა ღრიალმა გააწყვეტინა, გოგონას -მოკეტე! გაჩუმდი! ნამდვილი ნაგავი ხარ და ეს, მხოლოდ ახლა გავაცნობიერე! შენ ამის მერე მეგობარი გქვია? ამ ამბავს ისე მიმალავდი, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ყოფილიყო. ხედავდი, როგორ მიყვარდა ის ნაძირალა, რა ენთუზიაზმით ვლაპარაკობდი მასზე და მაინც წყალი გქონდა პირში ჩაგუბებული!
-ლიზ, მე უბრალოდ შენი რეაქციის მეშინოდა. არ მინდოდა დამეკარგე -სცადა მის აცახცახებულ მხარს შეხებოდა, თუმცა გოგონამ უხეშად ჰკრა ხელი და სახეზე თითები სასოწარკვეთილი ადამიანის მსგავსად ჩამოისვა. იყო კიდეც იმ წამს სასოწარკვეთილი. მეტყველებაც კი უჭირდა აღნიშნულ მომენტში. უყურებდა თავის წინ მდგომ პიროვნებას, რომლის ლოყებზეც ცრემლები ნიაღვარივით მოედინებოდნენ და მის მიმართ, ოდნავ სიბრალულსაც კი არ განიცდიდა.
-მეზიზღები, ანასტასია -ტკივილით აღსავსე ხმით ამოთქვა მან ბოლოს -თითოეულ იმ წამს ვნანობ, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს. გასაოცარიც კია, რა მალე შეიძლება გადაიქცეს ადამიანი საუკეთესო მეგობრიდან, უკანასკნელ არარაობად . . .

ტკივილით აღსავსე წარსულის მოგონება, კარზე გაბმული კაკუნის ხმამ შეაწყვეტინა ანასტასიას. რა თქმა უნდა, იცოდა ვინც იქნებოდა, ამიტომ, მაგიდაზე დაწყობილ ლიზას საყვარელ ტკბილეულს სევდიანი მზერა მოავლო, ფეხზე წამოდგა და კარის გაღების წინ, სახეზე უდარდელობის ნიღაბი მაგრად მიიწება, რათა თავის შინაგანში ჩახედვის უფლება არავისთვის მიეცა.
საკეტის გადატრიალებამ, ოდნავ გაკვირვებულიც დატოვა. თითქოს საერთოდ არ შეეცვალა ლიზა ამ წლებს. ისევ ისეთი ბავშვური, ლაღი გამოხედვა ჰქონდა იმ განსხვავებით, რომ ახლა მის მზერაში ძლიერი ქალებისთვის დამახასიათებელი უდიდესი თავდაჯერებულობა იკითხებოდა. ანასტასია ხშირად ათვალიერებდა ხოლმე ყოფილი საუკეთესო მეგობრის სოციალურ ქსელებს, თუმცა ფოტოში ნახული რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ერთი-ერთში უყურებდა და წამითაც არ აშორებდა გამჭოლ მზერას.
-კიდევ დიდხანს უნდა დამაყენო შუა კარში? -ნაცნობი ხმა რომ მოესმა, მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს ანასტასია, კარი უფრო ფართედ გამოაღო და გვერდზე მიწევით სტუმარი შიგნით შეატარა
საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურებოდა იმ დღეს ლიზა. ტანზე მომდგარ მოკლე, ლურჯ კაბაზე, ამავე ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი მოერგო და წელმდე ამოღებულ ზურგზე, ოდნავ დატალღული თმა ლამაზად ეყარა. მართალია, დიდად შეცვლილი ნამდვილად არ იყო, თუმცა წლების მატებას აშკარად უფრო გაელამაზებინა და მეტად დახვეწილიც გაეხადა.
-იდეალურად გამოიყურები -თავისი ფიქრები მაშინ გაახმაურა ანასტასიამ, როცა სტუმარი დივანში ჩაჯდა და ფეხი, ფეხზე მიმზიდველად გადაიდო
-ნაბახუსევზეც კი იმაზე კარგად გამოვიყურები, ვიდრე შენ პოდიუმზე, საყვარელო -მიუგო, თან მაგიდაზე დალაგებულ მარწყვის კექსებს დააშტერდა და ბევრი არც უფიქრია ისე ჩაკბიჩა ერთ-ერთი მათგანი -იმედია, ჩემს მოწამვლას არ აპირებ, ანუშკი
-როგორც ყოველთვის, ახლაც მორიელივით იკბინები, არადა მეგონა ცივილიზებულად საუბარს შევძლებდით
-ერთ დროს, იმაზე ბევრად უფრო ცივილიზებულად მივუდექი იმას, რაც შენსა და დემეტრეს შორის მოხდა, ვიდრე ამას ნებისმიერი სხვა გააკეთებდა
-აქ, კვლავ ამ თემის წამოსაჭრელად ნამდვილად არ მომიყვანიხარ -თვალების ბრიალით შეხვდა გოგონა ლიზას კომენტარს -მინდოდა, იმ სტატიაზე გაგსაუბრებოდი, რომელიც შენს ჟურნალში დაიბეჭდა და სიმართლეს არ შეესაბამება
-კარგი ერთი . . . მაინც, რომელი ნაწილი იყო რეალობას აცდენილი?
-თავიდან ბოლომდე, ლიზა! მინდა, შენი ჟურნალის ინტერნეტ-გვერდზე, როგორც რედაქტორმა დაწერო, რომ აღნიშნული სტატია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ჟურნალის სახელით ბოდიშიც მომიხადო
ლიზას ირონიული სიცილი მთელს ბინაში გაისმა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ანასტასიას ჭიანჭველად მიიჩნევდა, საკუთარ თავს კი, გოლიათად, ვისაც ნებისმიერ დროს შეეძლო მისი გასრესა.
-ვერ გავიგე რა თქვი, ამ ყურში კარგად არ მესმის, ანუშკი. აბა, ერთხელ კიდევ გამიმეორე -თქვა, როდესაც სიცილს მორჩა, თან გოგონას შეკრულ წარბებს შეავლო თვითკმაყოფილი მზერა
-მშვენივრად გაიგე რაც ვთქვი, ნუ მეთამაშები!
-საყვარელო, ცოტა ტვინი რომ გქონდეს, მიხვდებოდი, რომ რაც ცოტა ხნის წინ ინატრე, იმას ახდენა არ უწერია
-უწერია, ლიზა!
-საუბრის თემას არ ვცვლი, მაგრამ ბოლოს ფსიქიატრთან როდის იყავი?
-ფსიქიატრს ნამდვილად არ ვსაჭიროებ
-შენს ადგილას ასეთი დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი -მიუგო უდარდელად ლიზამ და მოზრდილი ჭიქიდან ხილის წვენი მოსვა -ჰო მართლა, კექსები ძალიან მომეწონა. მაშინვე მივხვდი, რომ შენი გამომცხვარი არ იქნებოდა
ანასტასია გადაქანცული სახით იჯდა ყოფილი საუკეთესო მეგობრის გვერდით. წინა ღამის უძილობის გამო, აბსოლუტურად ყველა კუნთი სტკიოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის დაამთავრებდა ამ საუბარს, რათა ნანატრ სიმშვიდეში დარჩენილს, ფიზიკურად და სულიერად დაესვენა.
-შენ იცი, რომ ის ოფიციანტი, ვისაც თავში ბოთლი ჩავარტყი, ამ ამბავში მსხვერპლი არ იყო-თქვა ანასტასიამ ხმამაღლა -ამ ადამიანის ვინაობაც ნაცნობია შენთვის და ისიც, რომ ოთხი წლის განმავლობაში, უკან მანიაკივით დამდევდა
-ჰო, ვიცი -მიუგო ლიზამ მშვიდად -თუმცა ეს არაფერს ცვლის. ხალხის უმეტესობა მაინც იმას დაიჯერებს, რაც ჩემი ჟურნალის ფურცლებზე წერია და სიმართლის გასარკვევად გამოძიებას არავინ დაიწყებს
ანასტასიას, იმ წამს საშინლად მოუნდა ლიზას თმებში წვდენოდა. იმის შემდეგ, რაც თავისზე და დემეტრეზე უამბო, ყოფილმა მეგობარმა ათასი საზიზღრობა გაუკეთა. ყოველ ნაბიჯზე ცდილობდა დაემცირებინა და მისთვის სიცოცხლე გაემწარებინა, თუმცა ეს უკანასკნელი, საკადრის პასუხს არასდროს სცემდა. ალბათ, გულის სიღრმეში მისდამი იმოდენა დანაშაულს გრძნობდა, რომ ეს სამაგიეროს გადახდის საშუალებას არ აძლევდა.
-შეიძლება ასეა -მიუგო ბოლოს -და მაინც, არ გიფიქრია, რომ რედაქტორი თავის მკითხველს ნამდვილ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს და არა კარგად შელამაზებულ ტყუილს? მე, ასე უფრო სწორი მგონია
-ნამდვილად არ მიკითხავს, რა გგონია შენ სწორი და რა, არა. შეიძლება ძალიან კარგად ვიცი იმ ოფიციანტის ვინაობა, ისიც, რომ თავზე იმ ბოთლს ტყუილად არ გადაამსხვრევდი, მაგრამ მინდა ხალხს ფსიქოპათი მოდელი ეგონო, ვისთან მიახლოვებაც კი საფრთხეს შეუქმნით. ვიტყუები თუ არა, ეს ფეხებზე მ’კიდია!
-ანუ, დარწმუნებული ხარ, რომ რაც გთხოვე, იმას არ გააკეთებ? -უკვე ღიმილიანი სახით ესაუბრებოდა ანასტასია, თან მობილურს ხელში გაუჩერებლად ატრიალებდა
-საინტერესოა ასე რატომ იღიმი? -ბოლოს ვეღარ მოითმინა ლიზამ და მაინც დასვა ის შეკითხვა, რაც იმ წამს თავში უტრიალებდა
-რა მოხდა ღიმილი მეკრძალება?
-არა, უბრალოდ მაინცდამაინც არ გიხდება
-შენ კი თავდაჯერებულობა არ გიხდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საერთოდ არ გაქვს ამის საფუძველი
-ჰოო? და ვითომ რატომ? -წინ გადმოიხარა, იდაყვით მუხლს დაეყრდნო, ხოლო ხელის გულს ნიკაპი ჩამოადო და ისე ახედა უკვე ფეხზე წამომდგარ ანასტასიას, ვინც მობილურში იქექებოდა კმაყოფილებით აღსავსე გამომეტყველებით. ბოლოს, მისი დამცინავი ხმაც მოესმა ლიზას :
-მორჩა შენი თამაშები, ლიზიკო!
-იქნებ, დამდო პატივი და მეც ამიხსნა საქმის ვითარება? -მიუხედავად შინაგანი ღელვისა, მაინც არ სურდა მტკიცე ტონთან გამომშვიდობება გოგონას
-ახლავე, ახლავე, მაგაზე დიდხანს ნამდვილად არ გაწვალებ -ჯერ ანასტასიას ხმა მოესმა გოგონას, შემდეგ კი, უკვე ტელეფონმა ააჟღერა მათი განვლილი დიალოგი :
“შეიძლება, ძალიან კარგად ვიცი იმ ოფიციანტის ვინაობა, ისიც, რომ თავზე იმ ბოთლს ტყუილად არ გადაამსხვრევდი, მაგრამ მინდა ხალხს ფსიქოპათი მოდელი ეგონო, ვისთან მიახლოვებაც კი საფრთხეს შეუქმნით. ვიტყუები თუ არა, ეს ფეხებზე !” -ყურებში აშკარად თავის ხმა ჩაესმოდა ლიზას და მის სახეზეც მრისხანება ისადგურებდა. ახლა უკვე ნათელი იყო, რატომ ჰქონდა საუბრის ბოლოს ანასტასიას ასეთი თავდაჯერებული გამომეტყველება და ჭკუიდან შლიდა ის ფაქტი, რომ ამ ბრძოლაში წაგებულის პოზიციას იკავებდა. ვინ იცის, აღნიშნულ მომენტში როგორ უნდოდა ანასტასიას საკუთარი ხელით მიხრჩობა, ან მისი სიკვდილამდე ცემა, თუმცა ეს სურვილი, მხოლოდ სურვილად რჩებოდა.
-რაო, ლიზ? ენა გადავყლაპეთ? -კვლავ იგივე დამცინავი ხმა ჩაესმა ყურებში. ცხოვრებაში პირველად გეგმა “ბ”-ს გარეშე იყო დარჩენილი, ამიტომ, ჯიუტობის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანდა და ანასტასიას ჩასისხლიანებული თვალებით ახედა
-რა გინდა იმის სანაცვლოდ, რათა ეგ აუდიო-ჩანაწერი ინტერნეტ-სივრცეში არ მოხვდეს?-ჰკითხა მან და არც ის გამარჯვებულის ღიმილი დარჩენია შეუმჩნეველი, რომელიც იმ წამს, ანასტასიას ბაგეებზე გამოისახა
-მე, უკვე გასაგებად გითხარი რაც მინდა, ლიზიკო!
-ჩემი ჟურნალის ინტერნეტ-გვერდზე უნდა დავწერო, რომ ის სტატია, რაც გასულ ნომერში შენზე გამოქვეყნდა, უბრალოდ შეცდომა იყო?
-ჰო, ასეა -დაემოწმა ანასტასია -თუმცა ერთი რაღაც გამოგრჩა
-მაინც, რა? -ბრაზისგან უკვე კბილებს აღრჭიალებდა ლიზა
-შენი აღიარების ბოლოს, როგორც რედაქტორი ბოდიშს მომიხდი რეპუტაციის შელახვისთვის და ამიერიდან, შენს ჟურნალში ჩემზე აღარაფერს დაწერ!
-კი ბატონო, იყოს ასე -ხმამაღლა თქვა და ფეხზეც წამოდგა. დივნიდან რომ ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა, ანასტასია მიხვდა, უკვე წასვლას აპირებდა. არ შეუჩერებია. უბრალოდ იდგა და სწრაფი ნაბიჯებით მიმავალი ყოფილი მეგობრის ზურგს აკვირდებოდა, ლამაზად რომ ეყარა წაბლისფერი, ტალღოვანი თმა.
ზღურბლთან მიახლოვებისას, სახელურთან ხელი შეაყოვნა. გოგონას არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ლიზას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა. არც შემცდარა –რამდენიმე წამის შემდეგ, მან მართლაც მიაბრუნა თავი უკან, თვალებში უტეხად ჩააშტერდა და მტრული ღიმილის თანხლებით ამოთქვა:
-მეზიზღები ანასტასია მარგიანო! მეზიზღები, რადგან შენ, ჩემგან ურჩხული გამოძერწე
მერე იყო კარის გაჯახუნების ხმა და აუტანელი დუმილი, რომელშიც ცრემლნარევი ჩურჩულით გაისმა სრულიად მარტო დარჩენილი ანასტასიას სიტყვები :
-აქამდე როგორ მივედით მე და შენ, ლიზ? აქამდე როგორ მივედით?




* * *

აივანზე იჯდა ანასტასია, თავის თბილ ხალათში გამოწყობილი და ხელებში მოქცეული ჭიქიდან, ცხელ შოკოლადს სვენებსვენებით შეექცეოდა.
ლიზას წასვლის შემდეგ, უკვე რამდენიმე საათი იყო გასული და ცაზეც ნელ-ნელა შავი ფერი იკავებდა დომინანტის სტატუსს.
საშინელ ხასიათზე იყო გოგონა. წესით, უწინდელ პაექრობაში გამარჯვების გამო, კმაყოფილების გრძნობით უნდა ყოფილიყო მოცული, თუმცა მსგავსს ვერაფერს გრძნობდა. გამუდმებით ის სიტყვები უტრიალებდა გონებაში, რაც ლიზამ უთხრა წასვლის წინ.

“მეზიზღები, ანასტასია მარგიანო!”

“მეზიზღები, ანასტასია მარგიანო!”

“მეზიზღები, ანასტასია მარგიანო!” -გამუდმებით ჩაესმოდა ყურებში და გულის არეში ყრუ ტკივილს გრძნობდა. ხვდებოდა, რომ ლიზას წინაშე დამნაშავე იყო, თუმცა არც მის საქციელს ამართლებდა ბოლომდე. მეგობრისთვის სიმართლის მოყოლამ, იმაზე ბევრად უფრო მძიმე დღეები გადაატანინა, ვიდრე დემეტრეს მანქანაში გამოღვიძების შემდეგ ჰქონდა და ამის გამო, ლიზას უკვე მსხვერპლად აღარ მიიჩნევდა. აღარ თვლიდა იმ ადამიანად, ვისთვისაც ცხოვრების ბოლომდე უნდა ეხადა ბოდიშები იმის გამო, რაშიც მისი ბრალეულობა თითქმის არ იკვეთებოდა.
გოგონამ დაღლილობისგან ამოიხვნეშა, ცივი ჰაერი ფილტვებში ღრმად შეუშვა და აივნიდან გადაშლილ ქალაქის ულამაზეს ხედს ღიმილით გახედა. ყველაზე მშვენიერი, ღამით იყო მისთვის თბილისი. მოსწონდა ის შედარებითი სიჩუმე, რაც დროის ამ მონაკვეთში ისადგურებდა ხოლმე. ბუნებით სიწყნარის მოყვარულ ადამიანს, ახლაც საშინლად სიამოვნებდა მდუმარებაში ჯდომა, ამიტომ თვალები დახუჭა, ჭიქიდან ცხელი სითხე კიდევ ერთხელ მოსვა და ის-ის იყო, კვლავ საძინებელში დასაბრუნებლად წამოდგა ფეხზე, რომ გვერდითა აივნიდან კარის გაღების ხმამ, განზრახვაზე დროებით ხელი ააღებინა.
ანასტასია, კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობდა. სახლის ყოფილი მეპატრონისგან იცოდა, რომ მის გვერდითა ბინაში, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიარ-მენეჯერი ცხოვრობდა, თუმცა მისი სახელი და გვარი, რატომღაც არ დამახსოვრებია. რაც აქ გადმოვიდა, ამ ადამიანთან შეხება ერთხელაც არ ჰქონია და არც თვალი მოუკრავს სადმე, თუმცა როდესაც ახლა, აივანზე გამოსული მამაკაცის მაღალ სილუეტს მოჰკრა თვალი, მაშინვე ივარაუდა, რომ იგი სწორედ მის მეზობლად მცხოვრები პიროვნება იყო.
ანასტასიას და უცნობი მეზობლის აივნები, თითქოს ერთ მთლიანობას ქმნიდნენ. მხოლოდ შუაში ჰქონდათ ამოშენებული მარმარილოს დაბალი ტიხარი, რომლის ზედაპირზეც, ლამაზი ქოთნის ყვავილები იყო შემოწყობილი. გოგონამ მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ ერთი აივნიდან მეორეზე გადასვლა ისე თავისუფლად შეიძლებოდა, როგორც ცხვირთან თითის მიტანა და ამან, ცოტა არ იყოს, გააკვირვა კიდეც.
მამაკაცი ტელეფონზე საუბრობდა. მეორე ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა და მოაჯირზე იყო ცალი იდაყვით დაყრდნობილი. ანასტასიას, მისი საუბრიდან ასეთი სიტყვებიც კი მოესმა :
“არ მაინტერესებს, გესმის? მთელი ღამე რომც გაათენო, ამ საქმეს მაინც დაასრულებ! წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევს შენს საახალწლო შვებულებას ხელი დაუქნიო!”
ანასტასიას გაეღიმა და ცხელი შოკოლადის ბოლო ყლუპი მოსვა. სიცივისგან რომ ხალათის კიდეები უფრო მჭიდროდ შემოიხვია და კვლავ აივანზე მდგომ მოწნულ სავარძელში ჩაეშვა, მისი უცნობი მეზობელი სწორედ იმ დროს მორჩა ტელეფონზე საუბარს. მიუხედავად უწინდელი მკაცრი ტონისა, სახეზე მშვიდი გამომეტყველება არ სცილდებოდა და ამავე გამომეტყველებით მიირთმევდა ცხელ კოფეინს, თავისი ჭიქიდან.
ანასტასიას სახეს მხოლოდ წამით მოჰკრა თვალი მამაკაცმა. მეტად აღარც დაინტერესებულა მისით, კვლავ ქალაქის პანორამას გახედა და თავისი ყავის დაგემოვნება განაგრძო. მამაკაცის მსგავსად, არც გოგონას გამოუხატავს მისდამი დიდი ინტერესი. არც გარეგნობაზე დაკვირვებია მაინცდამაინც და არც, სხვა რამეზე. აივანზეც მხოლოდ იმიტომ გაახანგრძლივა დარჩენა, რომ აინტერესებდა კონტაქტური იყო თუ არა, ახლად შეძენილი კარის მეზობელი, მაგრამ თავისდა გასაკვირად, იგი არც მისალმებია. ამის მაგივრად, ნელა, აუღელვებლად დაასრულა თავისი კოფეინის სმა, ღამის ქალაქის ხედზე დაკვირვების პარალელურად, შემდეგ კი, უკან უხმოდ გაბრუნდა და საძინებელი ოთახის ორფრთიან კარში მოჩვენებასავით გაუჩინარდა.
აღარც ანასტასია დარჩენილა დიდი ხნით აივანზე. მხოლოდ რამდენიმე წუთს ისუნთქა გრილი ჰაერი მერე კი, პირდაპირ თავისი საძინებლისკენ აიღო გეზი და შიგნით შესული, ლოგინზე ზურგით დაენარცხა. წინა ღამის უძილობამ თავისი შედეგი გამოიღო. საწოლზე გაწოლილმა გოგონამ, ხალათის გახდაც კი ვერ მოასწრო, რომ უეცრად მოპარულმა ძილმა წაართვა თავი და დილამდე მისი გათიშული გონება წამითაც არ გამოფხიზლებულა.





8 8 8 8
ლარა უფროსი დის სახლის კართან იდგა და ვინ იცის, უკვე მერამდენედ ცდილობდა მასთან დაკავშირებას. გოგონები შეთანხმებულები იყვნენ, რომ გაკვეთილების შემდეგ, ლარას, ანასტასიასთან უნდა შეევლო. ეს უკანასკნელიც წესით სახლში უნდა დახვედროდა, თუმცა კარს არავინ უღებდა და ლარას მიერ განხორციელებული თითოეული ზარიც უპასუხოდ რჩებოდა.
-სად ხარ ანასტასია, სად? -დარეკვის მეათე მცდელობაზე იყო, რომ დაღლილ-დაქანცულმა ზურგჩანთა მოიხსნა და კარის წინ დაფენილ ხალიჩაზე ჩამოჯდა -ხომ მითხრა, ორი საათისთვის უკვე სახლში ვიქნებიო? ან, ეს მობილური რატომ აქვს გამორთული? რამე ხომ არ დაემართა იმ გადარეულს? პრინციპში, რა უნდა მოსვლოდა? ბოლო დროს ისე არეულია, ალბათ, სულ დავავიწყდი და ახლაც რომელიმე სავაჭრო ცენტრს ამდიდრებს
ლარამ ვერც კი შეამჩნია, რომ ხმამაღლა ფიქრობდა. ახლა ერთი ნოყიერი სადილი და ხილის წვენი, დედამიწაზე ყველაფერს ერჩივნა. ამას ისიც ემატებოდა, რომ მომდევნო დღეს ისტორიაში ჰქონდა სადირექტორო წერა, მას კი მომზადებაც არ ჰქონდა დაწყებული. ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა, რომ სადარბაზოშივე დაიწყებდა ხვალინდელი დღისთვის მზადებას, თუმცა რომ დაფიქრდა, ისევ ანასტასიასთვის დაცდა ამჯობინა, ზურგჩანთა მუხლებზე დაიდო, მას თავი ჩამოაყრდნო და თვალები დახუჭა.
არც კი იცოდა, რამდენ ხანს იყო ასეთ მდგომარეობაში. თითქოს დროის აღქმა დაკარგა. ალბათ, ჩაეძინებოდა კიდეც მოულოდნელად ლიფტის კარის გახსნის ხმა რომ არ გაეგო და იქედან სწრაფი ნაბიჯებით გამომავალი მამაკაცი არ დაენახა, ვინც ცალ ხელში მანქანის გასაღებს ატრიალებდა, მეორე ხელით კი, მობილურზე შეტყობინებას წერდა.
ლარა კვლავ ფეხის საწმენდ ხალიჩაზე იჯდა და ამჯერად, ამ ადამიანის ცქერით იყო გართული. ანასტასიას ბინის გვერდითა კარს რომ მიუახლოვდა და სენსორულ ციფერფლატზე კოდის აკრება დაიწყო, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ადამიანი, თავისი დის მეზობელი იყო და არც დაფიქრებულა ისე მიესალმა :
-გამარჯობა, თქვენ აქ ცხოვრობთ?
მამაკაცმა ტელეფონიდან თავი ასწია. როგორც ჩანდა, ბავშვის მხრიდან გამოლაპარაკებას არ ელოდა.
-კი, აქ ვცხოვრობ -მერე გაეღიმა და კარის ჩარჩოს მკლავით მიეყრდნო -შენ რატომ ზიხარ მანდ? დაგსაჯეს და სახლში არ გიშვებენ?
-არა, უბრალოდ, ჩემს დას დავავიწყდი და ველოდები შინ როდის დაბრუნდება
-ამ კორპუსში ყველა კარს კოდური საკეტი აქვს. კოდიც არ იცი?
-არა, არ გამხსენებია მეკითხა -ღრმად ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა -მე, ლარა მქვია
-აარონი -ბავშვის გამოწვდილ ხელს, თავისი შეაგება მამაკაცმა, მერე კი დასძინა -შეგიძლია, დაურეკო და კოდი ჰკითხო. თუ მობილური არ გაქვს, ჩემსას გათხოვებ
-აზრი არ აქვს, მეც ვურეკავდი, მაგრამ ყურმილს არ იღებს. ჰო მართლა, თქვენ ერთმანეთს არ იცნობთ? ანასტასია უკვე რამდენიმე დღეა აქ გადმოვიდა და კარის მეზობლები ხართ
-არა, არ ვიცნობთ -გაეღიმა მამაკაცს -დღევანდელ დროში, მეზობლებს ნაკლებად აქვთ ახლო ურთიერთობა
-მაგაში გეთანხმები, თუმცა მაინც გამიხარდა რომ გაგიცანი. ჩემს დასთან ხშირად ვრჩები ხოლმე, შეგიძლია ერთ დღეს გვესტუმრო კიდეც
-დატვირთული გრაფიკის გამო, მაგას ნამდვილად ვერ დაგპირდები, თუმცა ახლა შემიძლია მე გიმასპინძლო -მისკენ დაიხარა მამაკაცი და ბავშვის ზურგჩანთა აიღო

-რას აკეთებ?

-კარის წინ ჩამომჯდარს ვერ დაგტოვებ. ჩემთან შემოდი და შენს დას იქ დაელოდე -მიუგო, თუმცა ლარას სახეზე ყოყმანი რომ შენიშნა, სიცილით დაამატა -ნუ გეშინია, მანიაკი არ ვარ. უბრალოდ ვისაუბრებთ და დროს მოვკლავთ

-ანუ, არ შეგაწუხებ?

-მარტო ცხოვრება ხანდახან ისე მწყინდება, არა მგონია შემაწუხო. აბა, დამდებთ პატივს მილედი? -თეატრალური ჟესტით გამოაღო ბინის კარი და თავისი მზერით მაშინვე მოიპოვა ლარას ნდობა

-კარგი, კარგი, შემოვალ. მერე, სამეცადინოც მაქვს და თუ ანასტასია კიდევ დიდხანს არ დაბრუნდება, შეიძლება შენთან ვიმეცადინო?

-ჯერ ვისადილოთ და მერე თუ გინდა მეცადინეობაშიც დაგეხმარები

-მაგარი ვინმე ხარ, აარონ -ღიმილით ჩაუარა მას გვერდი, ლარამ და ზღურბლს გადააბიჯა -ნეტავ, ჩემს გამოშტერებულ დას სად აქვს თვალები შენ რომ ვერ შეგნიშნა? -ეს, უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა, თუმცა აარონმა მაინც მოახერხა გაგონება და მისაღებისკენ წასულ სტუმარს, უკან სიცილით მიჰყვა.






* * *




აარონთან ერთად, დრო ისე მხიარულად გადიოდა, რომ ვერც კი აცნობიერებდა ლარა. მამაკაცი მასზე ორჯერ უფროსი იყო, თუმცა ამ უკანასკნელთან საუბრისას, ასაკობრივ სხვაობას ვერც კი გრძნობდა. მამაკაცს უკვე ისე ელაპარაკებოდა, როგორც თანატოლ მეგობარს.

აარონმა რომ სენდვიჩი თავისი ხელით გაუმზადა და წვენთან ერთად მისაღებში გამოუტანა, მაშინ საბოლოოდ მოიგო ლარას გული. გოგონამ თეფში ხელიდან ისე გამოაცალა და თავის საუზმეს იმოდენა ნეტარებით უკბიჩა, რომ მამაკაცი რამდენიმე წამის განმავლობაში გაოცებული სახით უცქერდა.

-ასე ნუ მიყურებ, დღეს არაფერი მიჭამია -პირგამოტენილმა, ძლივს ამოილაპარაკა -წინა ღამით, ჩემს ძმასთან დავრჩი და მისი მომზადებული საჭმლის ჭამას მირჩევნია ვიშიმშილო

-ანუ, ძმასთან ცხოვრობ

-ცხოვრებით, არსად არ ვცხოვრობ. ხან ერთთან ვარ, ხან მეორესთან, თუმცა ანასტასიას დატვირთული გრაფიკის გამო, მაინც სანდროსთან უფრო ხშირად მიწევს ყოფნა

-გეტყობა, სენდვიჩი მოგეწონა

-ჰო, ძალიან გემრიელია -მადიანად ილუკმებოდა და ისე ესაუბრებოდა ლარა -ვგიჟდები ლორზე

-მაგის ხშირად ჭამა არ შეიძლება, ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის

-შენც ჩემი ძმასავით ხარ -თვალები აატრიალა ლარამ -მაკდონალდსშიც კი თვეში ერთხელ მაძლევს წასვლის უფლებას. ყელში ამომივიდა ეს ჯანსაღი კვება

აარონს ბავშვის სიტყვებზე სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.

-რატომ გეცინება?

-არა, არაფერი, უბრალოდ, შენი საუბრით ჩემს უმცროს დას მაგონებ

-ჰოო? -ამჯერად, ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ ჰკითხა, რათა პირგამოტენილს აღარ ელაპარაკა -ახლო ურთიერთობა გაქვს მასთან?

-მქონდა ახლო ურთიერთობა

-და ახლა?

-ახლა, ერთმანეთს იმდენად კარგად ვეღარ ვუგებთ -მაშინვე შეეტყო, რომ სასაუბრო თემის დახურვას ცდილობდა და ამას, თვალებში გამკრთალი სევდის ნაპერწკლებიც მოწმობდნენ. ლარამაც გააცნობიერა ეს და ზედმეტად აღარ ჩასძიებია

სადილი რომ დაასრულა, წვენის ჭიქას გადაწვდა და მოზრდილი ყლუპი მოსვა, თან, პარალელურად, ჩანთიდან სქელი წიგნი ამოიღო და პატარა ჟურნალების მაგიდაზე გადაფურცლა.

-ხვალ ისტორიაში სადირექტორო მაქვს -თქვა ოხვრით -კარგ ნიშანს თუ ვერ მივიღებ, ჩემი და-ძმა საახალწლო არდადეგებზე საფრანგეთში აღარ წამიყვანს

-ასე მკაცრად გზრდიან? -მკლავით ჩამოეყრდნო დივნის საზურგეს მამაკაცი

-რაღაც მხრივ, მართლებიც არიან. ყველაფრით ისინი უზრუნველმყოფენ, ჩემი მოვალეობა მხოლოდ კარგი სწავლაა და ვცდილობ ნებისმიერ რამეში საუკეთესო ვიყო. ეს, თითქმის უკვე სისხლში მაქვს გამჯდარი

-კარგი და რა თემები შედის შენს სადირექტოროში? -ფუმფულა ხალიჩაზე მის გვერდით ჩამოჯდა აარონი, თან სქელ წიგნში ნაბეჭდ სათაურს დააკვირდა და ხმამაღლა წარმოთქვა : “ნაცისტური გერმანია და ადოლფ ჰიტლერი” . . . ჰო, საკმაოდ საინტერესო თემაა

-ნამდვილად -დაეთანხმა გოგონაც -ჰიტლერი გენიოსია

-ბევრი მას ტირანად თვლის. როგორც ჩანს, შენ განსხვავებული აზრი გაქვს

-შეიძლება სასტიკი მმართველი იყო და ნაკლებად ჰუმანურიც, თუმცა სწორედ ამ თვისებების გამო შეძლო გერმანია ფერფლიდან აღედგინა. თან, საოცარი ორატორიც იყო და ადამიანების დარწმუნება იდეალურად გამოსდიოდა

-გეტყობა, ჰიტლერზე ბევრი რამ გაქვს წაკითხული

-მხოლოდ იმ ისტორიული პიროვნებების შესახებ ვიკვლევ ყველაფერს, ვისი პიროვნებაც დამაინტერესებს

-და მაინც, რომელმა დაგაინტერესა? -ლარასთან დიალოგი საკმაოდ ართობდა მამაკაცს და ეს, სახეზეც ნათლად ემჩნეოდა

-იყო რამდენიმე . . . მაგალითად, იულიუს კეისარი, კლეოპატრა, ალექსანდრე მაკედონელი. ეს ბოლო, ჩემი კუმირია -თვალები გაუბრწყინდა ამის თქმისას, ლარას -დროის მანქანა რომ მქონდეს, პირველ რიგში მაკედონელის ეპოქაში ვიმოგზაურებდი

-რით მიიქცია ასე შენი ყურადღება? -უკვე სამზარეულოსკენ წასულმა ჰკითხა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა წვენი თავისთვისაც დაესხა
-უკეთესი მიზეზი რა გინდა? ადამიანმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრო და ყველას შიშის ზარს სცემდა. თანაც, ზედმეტად სამართლიანი იყო თავისი მეომრების მიმართ

-ერთი შემთხვევა გაიხსენე -კვლავ გვერდით მიუჯდა მამაკაცი. რაც უფრო მეტს ესაუბრებოდა ლარას, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ამ ბავშვში იყო რაღაც განსაკუთრებული. ისეთი, რაც მას ყველა სხვა დანარჩენისგან გამოარჩევდა

-კარგი, მოიცადე -ნიკაპზე თითების თამაშს მოჰყვა, ლარა -ჰო, გამახსენდა. მოკლედ, ინდოეთის ლაშქრობის შემდეგ, ალექსანდრეს და მის ჯარისკაცებს უდაბნოს გავლით მოუწიათ გზის გაკვლევა. წყლის მარაგიც დაუმთავრდათ და საშინელ დღეში ჩავარდნენ. ვეზირებმა მხოლოდ მაკედონელისთვის შეძლეს ცოტაოდენი წყლის შოვნა და დიდის ამბითაც მიართვეს, მაგრამ როდესაც ამ უკანასკნელმა თავისი მეომრების სურვილით სავსე მზერას მოჰკრა თვალი, წყალი თავადაც გადაღვარა და პირიც არ დააკარა -დაამთავრა ამბის თხრობა და თავისი კომენტარიც დაურთო :- ჩემი აზრით, ბევრი ასე არ მოიქცეოდა. ადამიანთა უმეტესობას, ძალაუფლება თავში უვარდება და სხვების სურვილებზე უკვე ნაკლებად ფიქრობენ

-ჰო, მაგაში გეთანხმები -უთხრა აარონმა ხმადაბლა -ჭკვიანი ბავშვი ხარ, ლარა

-შენ კი, მაგარი ტიპი ხარ. საერთოდ არ ჰგავხარ უჟმურ ბიძიებს, ვისთანაც დიალოგსაც ვერ გააბამ

-ოპ, ოპ, ჯერ მხოლოდ ოცდარვა წლის ვარ და ბიძიას დაძახება მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეგეძლება

-კარგი, შევთანხმდით -სიცილი წასკდა ლარას -ვიმეგობროთ მე და შენ?

-სიამოვნებით

-მაშინ, ჩაარტყი

აარონმა გოგონას გაშლილ ხელის გულს თავისი მიარტყა და ნიკაპში ხელის ჩავლებით, კვლავ წიგნში ჩაახედა.

-მიდი, გაკვეთილებს მიხედე.მე, ჭურჭელს ნიჟარაში ჩავაწყობ და შემოგიერთდები -თქვა მან, ფეხზე წამოდგა, თეფშებსა და წვენის ჭიქებს დაწვდა, მერე კი ისინი სამზარეულოსკენ წაიღო...

დაახლოებით, ათი წუთი მეცადინეობდნენ. აარონი ჰიტლერის შესახებ ისეთ რაღაცებს უყვებოდა, რაზეც ლარას სახელმძღვანელოში საუბარიც არ იყო. იმდენი რამ დაიმახსოვრა ბავშვმა ამ დროის განმავლობაში, რომ თავადაც გაუკვირდა.

უკვე ზეპირ გამოკითხვაზე იყვნენ გადასულები, ლარას ტელეფონზე რომ ზარის ხმა გაისმა. ეს უკანასკნელი ისე შეხტა, თითქოს ვიღაცას მისთვის ელექტროშოკის ხელსაწყო მიედო. მერე ეკრანს დააშტერდა და გაეცინა.

-აი, ჩემი დაც მირეკავს, ალბათ გავახსენდი -ცალი ფეხი მუხლში მოხარა და მას ნიკაპით ჩამოეყრდნო -გისმენ, ანასტასია!

-სად ხარ? მაპატიე, მაპატიე, საცობში მოვყევი და ტელეფონიც დამიჯდა. ისევ სანდროსთან წახვედი? თუ გინდა, გამოგივლი და წაგიყვან

-არ ვარ სანდროსთან. შენს კარის მეზობელთან შევედი, მოიცა ახლავე გამოვალ -პარალელურად ჩანთის ჩალაგება დაიწყო, ტელეფონი კი, ყურზე მკლავით ჰქონდა მიბჯენილი

-ვინ კარის მეზობელთან? -მღელვარება დაეტყო ხმაში ანასტასიას

-უკვე გამოვდივარ, კარი გამიღე

წიგნების აკრეფა რომ დაამთავრა, აარონმა თავის სტუმარს ჩანთა შეუკრა და მის ზურგზე მოკიდებაშიც დაეხმარა. ლარას უკვე მოესწრო დასთან სატელეფონო კავშირის გაწყვეტა და ახლა, პირდაპირ გასასვლელისკენ მიემართებოდა

-ყველაფრისთვის მადლობას გიხდი, აარონ -ზღურბლთან მიახლოებული, უკან მოტრიალდა და მამაკაცს გაუღიმა -თავისუფალ დროს შენც აუცილებლად უნდა გვეწვიო. ანასტასია იდეალურ კექსებს აცხობს და დაგპატიჟებ

-ანასტასია ახლა ნერვიულობს და ჯობს, დროზე დაენახო -ამ სიტყვების პარალელურად, გასასვლელი კარი გაუღო -აბა, შეხვედრამდე, პატარა ისტორიკოსო
-დროებით, აარონ -მხიარულად დაემშვიდობა და უკვე ზღურბლზე უნდა გადაებიჯებინა, რომ წინ ანასტასია აესვეტა გაბრაზებული სახითა და მაღლა აზიდული ცალი წარბით

-აქ რას აკეთებ, ლარა? -ტონზე შეეტყო, რომ მაქსიმალურად ცდილობდა მკაცრი ტონის დაბალანსებას -რამდენჯერ გითხარი, რომ . . .

-თქვენი და აქ მე შემოვიპატიჟე. სახლში შესვლას ვერ ახერხებდა და შევთავაზე ჩემთან დაგლოდებოდათ

-შენ გაჩუმდი! -მამაკაცის თქვენობითი ტონის მიუხედავად, ანასტასია მაშინვე შენობითზე გადავიდა -აზრი ნამდვილად არ მიკითხავს, მე ჩემს დას ველაპარაკები

-ანასტასია დაწყნარდი, აარონი უბრალოდ დამეხმარა

-სახლში შედი, ლარა. ჩვენ ორნი იქ ვილაპარაკებთ

-მაგრამ . . .

-გააკეთე რასაც გეუბნები! -იმდენად მკაცრი იყო გოგონას ტონი, ლარას მეტი გზა აღარ დარჩა, სწრაფად გამოვიდა მეზობელი ბინიდან, ბოლოჯერ შეხედა ზღურბლთან მდგომ აარონს და სახლის ღია კარში შეაბიჯა. ანასტასიაც თითქოს დამშვიდდა, როდესაც უმცროსი და საიმედოდ დაიგულა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ, ბრაზი ისევ მოაწვა და ამჯერად, აარონი შერჩა ხელში

-ჩემს დასთან რა გინდოდა? -მეტად მკაცრი ტონი ჰქონდა და არც სახეზე ემჩნეოდა კეთილგანწყობის კვალი. მიუხედავად ამისა, აარონი გოგონას კითხვას მაინც ღიმილით შეხვდა და კარის ჩარჩოს ცალი მხრით მიეყრდნო

-უკვე გითხარი, რა როგორ მოხდა -ამჯერად, თავადაც შენობით ტონზე გადავიდა -დასამატებელი არაფერი მაქვს

-მისთვის სრულიად უცხო ხარ და შენს ბინაში შეგყავს, ეს როგორ გავიგო?

-მოიცა, მოიცა, შენ რა პედოფილი ნაბი*ჭვარი გგონივარ, ვინც პატარა გოგონებს სახლში იტყუებს და მათი სისუსტით სარგებლობს?

-წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ, ამიტომ, არც მაგ ვერსიას გამოვრიცხავ -ჯიბრიანად გაეპასუხა ანასტასია, თან გულზე ხელები დაიკრიფა

-მე არ ვიცი შენ რას ფიქრობ და არც შენი თეორიები მაინტერესებს, თუმცა სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ შენი და ორი საათის განმავლობაში ფეხის საწმენდ ხალიჩაზე ჯდომას გადავარჩინე -უწინდელი ღიმილი სახიდან გაქრობოდა და სიტყვებსაც მკაფიოდ და ხაზგასმით ამბობდა -სანამ ადამიანს რაღაც სისულელეს ეტყვი, მანამ დაფიქრდი რამდენად მყარია შენი არგუმენტები. ახლა კი, მაპატიე, ჩემს საქმეებს უნდა დავუბრუნდე -თქვა და ისე მოულოდნელად მიუჯახუნა კარი, რომ ანასტასიამ შიშისგან თვალებიც კი დაახამხამა
მის ცხოვრებაში, პირველად მოხდა ისე, რომ ადამიანმა სიტყვებით დაამუნჯა და მასთან შესაპასუხებელი არგუმენტიც ვერ მოიფიქრა. მეტად გაღიზიანდა ამის გამო. თავს დამნაშავედ ნამდვილად არ გრძნობდა, რადგან უცხო ადამიანებისადმი უნდობლობა მისთვის ბუნებრივი მოვლენა გახლდათ და არც იმ სიტყვებს ნანობდა, რაც ცოტა ხნის წინ აარონს უთხრა. მიუხედავად ამისა, შინაგანად რაღაც აწუხებდა და ყველაზე სამწუხარო სწორედ ის იყო, რომ არ იცოდა, რა.

გონს რომ მოეგო და სახლში შებრუნდა, ლარა დივანზე დახვდა მოკალათებული, გაბრაზებული სახით. ბევრი აღარ უფიქრია, პალტო გაიხადა, ფეხსაცმელიც შემოსასვლელში დატოვა და უმცროს დას გვერდით მიუჯდა.

-ნაწყენი აქ მე უნდა ვიყო და არა, შენ -თქვა მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ, ანასტასიამ. ლარას მსგავსად, ისიც ფეხებმოკეცილი იჯდა დივანზე და თავი საზურგეზე ჰქონდა ჩამოდებული

-აარონი მხოლოდ დამეხმარა, შენ კი ეჩხუბე და შეურაცხყოფა მიაყენე. კართან ვიდექი და ყველაფერი მესმოდა!

-მაგ ადამიანს ასე რატომ იცავ? -გაკვირვებით ჰკითხა ანასტასიამ -რამდენი ხანია რაც იცნობ? ნუთუ ასე მალე მოასწარი მისი შესწავლა?

-ის კარგი ადამიანია და ძალიან მომეწონა. შენს გამო კი მეეჭვება ჩემთან მეგობრობა ისევ მოუნდეს

-და მაინც, რას აკეთებდით მის სახლში?

-რაში გაინტერესებს?

-მითხარი!

-კარგი, ჯერ სენდვიჩი მომიმზადა, მერე კი, ხვალინდელი ტესტისთვის მამეცადინებდა ისტორიაში

-ისტორიაში გამეცადინებდა? -ანასტასიას გაკვირვებისგან თვალები ლამის შუბლზე აუვიდა

-ჰო, ისეთი მაგარი ვინმეა და იმდენად კარგი გადმოცემის უნარი აქვს, მწყინს აარონი რომ არ არის ჩემი ისტორიის მასწავლებელი -გაეცინა, თუმცა მალევე გაახსენდა, რომ უფროს დაზე ნაწყენი იყო და სახე კვლავ მოექუფრა -მე წავალ, ჩემს ოთახში განვაგრძობ მეცადინეობას

-ცოტა ხნით ჩემთან არ დარჩები? დღეს არც კი ჩამხუტებიხარ

-არც ჩაგეხუტები და არც ხმას გაგცემ, მანამ, სანამ აარონს ბოდიშს არ მოუხდი იმ სისულელეებისთვის რაც უთხარი -მერე ჩანთა აიღო, მაგიდაზე დადებული მწვანე ვაშლით სავსე კალათიდან ერთ-ერთს დასწვდა და პირდაპირ თავისი საძინებლისკენ გაეშურა, ისე, რომ ანასტასიასთვის ზედაც აღარ შეუხედავს.


8 8 8 8




4 წლის წინ . . .


ერეკლე სავაჭრო ცენტრში დაიარებოდა და ანასტასიას დაბადების დღისთვის, შესაფერის საჩუქარს ეძებდა, როდესაც თავისგან რამდენიმე ნაბიჯში, ვიღაცის ტელეფონზე საუბარმა მიიქცია მისი ყურადღება და თავი ინსტიქტურად გააბრუნა იმ მხარეს, საიდანაც ეს ხმა მოდიოდა.

მაისურების ერთ-ერთ სექციასთან, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა Sale, გრძელთმიანი გოგონა ჩამომდგარიყო, საკიდებს უკმაყოფილო მზერით ათვალიერებდა და თან, ტელეფონზე საუბარს არ წყვეტდა.

-არ ვიცი, დედა, არ ვიცი -ამოთქვა მან დაღლილი ხმით -ჩემი და იმდენად პრეტენზიულია, არა მგონია სხვისი არჩეული სამოსი მოეწონოს. იქნებ, ანტიკვარიატის მაღაზიაში გამევლო?

ერეკლემ ნამდვილად ვეღარ გაიგონა, თუ რა პასუხი გასცეს გოგონას ყურმილის მეორე მხრიდან, თუმცა მისი ცნობა ნამდვილად არ გასჭირვებია. ეს ხმა, ეს გამოხედვა, ეს ნაკვთები... ნამდვილად ის ადამიანი იყო, ვინც იმ ღამით, შუაგულ ტყეში გაიცნო და ვისთან ერთადაც მთელი ღამე გაათენა, კარავის წინ დანთებულ კოცონთან.
გასაკვირია, თუმცა იმ ღამის შემდეგ, ერეკლეს ეს გოგონა საერთოდ აღარ უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საკმაოდ სასიამოვნო დიალოგი ჰქონდათ და დროც კარგად გაიყვანეს, რატომღაც არც ერთ მათგანს მოსვლია აზრად ეს ურთიერთობა გაეგრძელებინათ. ამის მაგივრად, მეორე დილით, ორივენი თავიანთი გზით წავიდნენ, ისე, რომ ერთმანეთზე სახელების გარდა არაფერი იცოდნენ. ახლა კი, როდესაც უყურებდა და ისევ ნაცნობ სახეს ხედავდა, სასიამოვნოდ გაკვირვებული გახლდათ. თითქოს აქ მოსვლის მიზანი წამსვე გადაავიწყდა, სწრაფად დაფარა თავისსა და გოგონას შორის არსებული მანძილი და მის გვერდით ისე დადგა, თითქოს თვითონაც საკიდზე გამწკრივებული მაისურების თვალიერებით იყო გართული. მალე, გოგონამაც დაასრულა ტელეფონზე საუბარი და ერეკლემ გადაწყვიტა, რომ უკვე ხმის ამოღების დრო იყო :

-დახმარება ხომ არ გჭირდება, რონი? -ისე ბუნებრივად იკითხა მან, თითქოს ამ უკანასკნელს საჩუქრის ასარჩევად ხლებოდა თან. მისკენ სპეციალურად არ იყურებოდა, რადგან სახეზე მომდგარი ღიმილის შეკავებას ცდილობდა

გოგონამ ტანსაცმლის თვალიერება წამსვე შეწყვიტა. ჯერ ირგვლივ მოატარა მზერა, იმის გასარკვევად, ნამდვილად მას ესაუბრებოდნენ თუ ვინმე სხვას, თუმცა როგორც კი ახლომახლო ვერავინ შენიშნა, თანამოსაუბრეს გახედა. ერეკლეც მხოლოდ ამის შემდეგ მიტრიალდა გვერდზე და მზერა თამამად გაუსწორა გოგონას. აშკარა იყო, რონიმაც იცნო, რადგან მზერით ჩატარებული დაკვირვებიდან სამი წამის შემდეგ, სახეზე მოულოდნელობის ღიმილი გამოესახა და ხელში დაჭერილი საკიდი, კვლავ თავის ადგილას დააბრუნა.

-ერეკლე? -იკითხა მან, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ სწორედ იმ ადამიანს ელაპარაკებოდა, ვისაც ფიქრობდა -აქ რას აკეთებ?

-ვცდილობ, მეგობრის დაბადების დღისთვის ავარჩიო შესაფერისი საჩუქარი

-მე კიდევ ჩემი დისთვის, მაგრამ იმდენად პრეტენზიულია, არა მგონია მოეწონოს -შუბლზე ხელი ნერვიულად გაისვა -ისიც არ მინდა, რომ წინასწარ იცოდეს რას ვჩუქნი, თორემ ტანსაცმლის ფოტოებს გავუგზავნიდი და ისე ავარჩევინებდი

ერეკლემ, რონის დამკვირვებლური მზერით გადახედა. საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა გოგონა ლურჯ პერანგსა და მინი ქვედა ბოლოში, რისთვისაც მაღალყელიანი ჩექმა შეეხამებინა. შეიძლებოდა თავსაც იტყუებდა ბიჭი, რომ მისი სხეულის ფორმებისკენ თვალი არ გაურბოდა, თუმცა ერეკლეს აშლილი გრძნობები ნამდვილად ყველაფერს ხდიდნენ ფარდას.

-გინდა, ერთ რჩევას მოგცემ -შესთავაზა ბიჭმა, რათა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა

-მაინც, რას?

-შენს დას უთხარი, თითქოს შენთვის არჩევ სამოსს და რამდენიმე მათგანის ფოტო გადაუგზავნე. ჰკითხე, შენი გემოვნებით რომელია ყველაზე უკეთესი-მეთქი და რასაც აგირჩევს, სწორედ ის უყიდე

-ვერაფერს ვიტყვი, გენიოსი ხარ!

-დიდად გმადლობთ, მისიე ვერონიკა

-მისიე რონი -სიცილით შეუსწორა და მაჯაში ხელი ჩაავლო, გოგონამ -რახან რჩევებში კარგი ხარ, გემოვნებაც იდეალური გექნება. წამოდი, ჩემთვისაც ამარჩევინე კაბა

-ო, არა, ქალებთან ერთად სავაჭრო ცენტრში სიარული ნამდვილი კოშმარია -მიუხედავად იმისა, რომ ვერონიკასთან დროის გატარება სურდა, მაინც შეიცხადა ბიჭმა

-მადლობის ნიშნად, ნაყინს გიყიდი . . . ორ ცალს

-სამი და შევთანხმდით

-შევთანხმდით! Give Me Five!

ერეკლემ, გოგონას გაშლილ ხელის გულს თავისი მიარტყა და ამჯერად უკვე ერთად დაიწყეს სიარული სხვადასხვანაირი ტანსაცმლით გადავსებულ სექციებს შორის . . .
....

თვალებდახუჭული, ნახევრად გათიშული იწვა საწოლზე და ხელში ის კაბა ჰქონდა ჩაბღუჯული, რომლის ყიდვაშიც ვერონიკას დაეხმარა დიდი ხნის წინ. თითქოს ახლაც თვალწინ ედგა მუქ ლურჯ, მოკლე კაბაში გამოწყობილი რონი და გოგონას სწორი, ქვიშისფერი თმა, რომელის ლამაზად ეფინებოდა მისავე ზურგს.
როდესაც მათი ურთიერთობა ღრმა ეტაპზე გადავიდა, გოგონა ხშირად იცვამდა ხოლმე ამ კაბას, ერეკლეს თხოვნით. მათი პირველი ერთად გატარებული საღამოც ამ კაბასთან ასოცირდებოდა.
გუშინდელივით ახსოვდა ბიჭს რონის თითოეული გამოხედვა, მისი გახშირებული სუნთქვა, კისერზე მოხვეული გოგონას ხელები და ორი სხეული, რომელიც ჩაბნელებულ ოთახში, ერთმანეთზე მიხუტებულნი, ნაზად აყოლებდნენ ტანს არარსებულ მელოდიას. ახსოვდა გოგონას ნათქვამი "ჩემი საოცრება ხარ" და მისი ნაზი შეხება, რასაც ერეკლეს თითოეული უჯრედი გამოჰყავდა წყობიდან.
ბიჭმა, ქსოვილი ცხვირთან ახლოს მიიტანა და ხარბად შეისუნთქა. უკვე დიდი ხნის წინ შეეჩვია, რომ მას აღარ ჰქონდა ვერონიკას სურნელი, თუმცა ამას მაინც ყოველ ჯერზე აკეთებდა. ჭკუის დაკარგვამდე ენატრებოდა ერეკლეს, გოგონა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ დასიზმრებია, რომ კვლავ მისი სხეული ჰყავდა მოქცეული მკლავებში, ისევ ამოუცნობი სინაზით უმზერდნენ საყვარელი ქალის თვალები და საშინელ განწყობაზე გაღვიძებია იმის გამო, რომ ეს მხოლოდ ზმანება იყო და მეტი არაფერი.

რონი . . .

რონი . . .

რონი . . .

ყველგან რონი იყო. ჰაერივით აკლდა მისი ჩახუტება, კოცნა, ის, რომ თავისი ბინის კარის გაღების თანავე, გოგონა წელზე მხიარულად შემოახტებოდა ხოლმე და თავისი საყვარელი ღიმილით სულსაც კი უთბობდა.
რამდენიმე წუთი გაატარა ერეკლემ ფიქრსა და უმოქმედობაში. საათმა რომ საღამოს შვიდის შესრულება ამცნო, მხოლოდ მაშინ წამოდგა საწოლიდან, საყვარელი ქალის კაბა კვლავ თავის ადგილას დააბრუნა და სახლიდან ისე გონებაარეული გავიდა, რომ კარის ჩაკეტვაც კი აღარ გახსენებია.
ნორმალურად თავადაც არ იცოდა სად მიდიოდა. ეზოში დაყენებულ თავის მანქანაში რომ ჩაჯდა და ძრავა აამუშავა, უკვე გამოსახულებებიც უორდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გაიყვანა თავისი ოთხბორბლიანი მეგობარი მანქანებით გადავსებულ გზაზე და საჭიროზე მეტი სიჩქარე აკრიბა. ფეხებზე ეკიდა მოძრაობის წესების დარღვევა, ჯარიმები, შუქნიშნები, რომლებთანაც წესით უნდა გაჩერებულიყო.
უბრალოდ მუსიკა ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული, საქარე მინა ჩამოეწია და ზამთრის სუსხიანი ჰაერი, პირდაპირ სახეზე ეცემოდა.
გზაში, მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო. ბოლოს, მანქანა ინსტიქტურად გააჩერა ერთ-ერთ კლუბთან, სალონიდან სწრაფად გადავიდა, გასაღები უკანა ჯიბეში ჩაიდო და პირდაპირ დაწესებულებაში შეაბიჯა.
დარბაზში შესვლა და სასუნთქ რეცეპტორებში ალკოჰოლის სუნის მოხვედრა ერთი იყო. ენერგეტიკულ მუსიკას, რომელიც იქაურობას მთლიანად აყრუებდა, თითოეული წერტილი მოეცვა. ერეკლესაც სწორედ ეს სჭირდებოდა. ხმამაღალი მუსიკა, მისი ფიქრების ხმაურს ჩაახშობდა, სასმლი კი დამატებით შვებას მოჰგვრიდა. ერთი სიტყვით, აქაურობა მისთვის საუკეთესო წამალი უნდა ყოფილიყო, ამიტომ, სწრაფად მიუახლოვდა შავ, პრიალა დახლს და ერთ-ერთ მრგვალ სკამზე დაიკავა ადგილი.
-ერთი ჭიქა ბურბონი დამისხი -თვალებჩახატულ ბიჭს მიმართა მან, ვისაც ცხვირზე მრგვალი საყურე ეკეთა და თმა ორივე მხარეს ჰქონდა ახოტრილი. მხოლოდ შუაში დაეტოვებინა წვრილი ზოლი, ოფოფის ქოჩორის მსგავსად და ისიც, ჭრელა-ჭრულა ფერებში შეეღება
-ნაღდი ფულით გადაიხდით თუ ტერმინალით?
-ნაღდი ფული თან არ მაქვს -მიუგო, თან საფულედან ამოღებული ბარათი გაუწოდა -თუმცა არა, მთლიანი ბოთლი მომეცი და თანხაც შესაბამისი ჩამოაჭერი
-კი ბატონო -თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი ბარმენმა და სულ მალე, ერეკლეს წინ სასმელით სავსე ბოთლი იდგა, მინის ჭიქასთან ერთად
ნელა, აუჩქარებლად სვამდა ბიჭი, თან ცდილობდა მხოლოდ მუსიკასა და სასმელზე კონცენტრირებულიყო. ბოლომდე ეგონა, რომ ამ საღამოს სრულიად მარტო გაატარებდა, თუმცა სიტუაცია ერთი ხელის მოსმით შეიცვალა, როდესაც გვერდით მოკლე, საკმაოდ მოღებულ კაბაში გამოწყობილი, გრძელფეხება ლამაზმანი მიუჯდა, მაცდური ღიმილითა და გამომწვევი მიხვრა-მოხვრით.
ერეკლეს ცქერისას, მის მზერაში აშკარად იკითხებოდა ბინძური სურვილები. ეს, არც ბიჭს დარჩენია შეუმჩნეველი, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდად განაგრძობდა თავისი სასმელის დაგემოვნებას.
კლუბში ამჯერად, წინანდელთან შედარებით უფრო წყნარი მუსიკა აჟღერდა. ერეკლეს გვერდით მჯდომმა ქალმა, პირველად სწორედ მელოდიის შეცვლისას ამოიღო ხმა და ბიჭთან გამოლაპარაკება სცადა :
-მარტო რატომ სვამ? რამე მოხდა?
-ისეთი არაფერი, რაც შენს ინტერესს გამოიწვევს -პასუხის მშრალად გაცემა ამჯობინა, რადგან საერთოდ არ სურდა იმ წუთას ზედმეტი ადამიანები
-სცადე, იქნებ დამაინტერესოს? ისეთი მიმზიდველი ხარ, მთელი შენი დრამების მოსმენაზეც არ ვიტყოდი უარს -ღიმილიანი სახით მოსვა თავისი მარტინი და ჭიქის ზედაპირი ფრთხილად მოიშორა, რათა მელნისფერი ტუჩსაცხი არ გადღაბვნოდა -ხომ არ გვეცეკვა?
-არ ვცეკვავ!
-ვინც მეჯიუტება, ჩემთვის უფრო მიმზიდველია, იცი? -მისკენ მთელი ტანით გადაიხარა, ფეხზე ხელი დაადო და ლოყაზე ტუჩები მიაწება -დადე ეგ ჭიქა და სადმე უფრო წყნარ ადგილას გადავინაცვლოთ, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით
ერეკლემ ჭიქა მართლაც დადო და ირიბად ჩაეცინა. ნელა, აუჩქარებლად გაატრიალა თავი ქალისკენ, მის ლოყას თითები შეახო, სახით თავისკენ ახლოს მიიზიდა და როგორც კი ქალმა გაიფიქრა, აი ახლა მაკოცებსო, ბიჭმა ტუჩებს მიმართულება შეუცვალა და იგი ყურთან მიუტანა, ქალს.
-ვწუხვარ, მაგრამ ისეთ ქალებთან, ვინც საკუთარ სხეულს პირველივე შემხვედრს სთავაზობს, ერთღამიანი ურთიერთობაც კი არ მინდება ხოლმე -უჩურჩულა მან -ვიზიარებ, რომ შენი გრძელი ფეხებით დატყვევებულთა სიაში ვერ ჩამწერე
ქალის პასუხისთვის აღარ დაუცდია. არც მისი სახისთვის შეუხედავს. მიუხედავად ალკოჰოლის დიდი დოზისა ორგანიზმში, მაინც ახსოვდა, რომ სასმელის თანხა წინასწარ ჰქონდა გადახდილი, ამიტომ ბოთლს, რაშიც მხოლოდ ორი ყლუპი თუ იყო ჩარჩენილი ხელი მოჰკიდა და კლუბიდან ისე არეული გავიდა, რომ თავადაც ვერ გააცნობიერა რანაირად აღმოჩნდა ქუჩაში, თანაც, საკუთარი ავტომობილის წინ.
შიგნით ჩაჯდომაზე არც უფიქრია. იქვე, ბორდიულზე ჩამოჯდა, სახე სუსხიან ქარს შეუშვირა და როგორც კი ჰაერში უეცრად გამოჩენილმა თოვლის წვრილმა ფანტელებმა დაიწყეს ფარფატი, შემდეგი სიტყვები აღმოხდა :
-უშენოდ აუტანელია, რონი . . . უბრალოდ ვეღარ ვუძლებ . . . მართლა ვეღარ ვუძლებ!







8 8 8 8


ანასტასიამ, თავისი მეზობლის კარებზე, ზარი რამდენჯერმე დარეკა და ღრმად ჩაისუნთქა. ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ თავისთვის სრულიად უცნობ ადამიანთან მართლა ბოდიშის მოსახდელად მიდიოდა. არასდროს ჰყვარებია ეს პროცესი. მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე გახლდათ, სიტყვა "მაპატიე"-ს თქმა მისთვის დიდ სირთულესთან ასოცირდებოდა, თუმცა ახლა, სხვა გამოსავალს ნამდვილად ვერ ხედავდა. კარგად იცნობდა თავისი უმცროსი დის ხასიათს და ხვდებოდა, რომ მუქარას, რის მიხედვითაც ხმასაც კი აღარ გასცემდა, სანამ აარონს არ მოუბოდიშებდა, მართლა მოიყვანდა სისრულეში.
სწორედ ამიტომ იდგა ახლა სადარბაზოში და საკუთარ თავს ლანძღავდა იმ დაუფიქრებლობისთვის, რომელიც, რამდენიმე საათის წინ გამოიჩინა თავისი მეზობლის წინაშე.
სადარბაზოში დგომასა და ნერვიულად ბოლთის ცემას, ნამდვილად არ წაურთმევია გოგონასთვის დიდი დრო. კარის ზღურბლზე, პირდაპირ ანასტასიას წინ, მალევე გამოჩნდა სასურველი ადამიანი, ვისაც, სახეზე აშკარა გაკვირვება აღებეჭდა მოულოდნელი სტუმრის ვინაობის გაგებისას.
-ცუდ დროს ხომ არ მოვედი? -სანამ მამაკაცი რამეს იტყოდა, გოგონამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო საუბრის წამოწყების ინიციატივა, თან, თავიდან ფეხებამდე აათვალიერა მეზობელი. წელს ზემოთ, შიშველი იყო აარონი, ქვემოთ სპორტული შორტი ამოეცვა და თუ მის პრესზე შერჩენილი ოფლის წვეთების მიხედვით ვიმსჯელებდით, კარის გაღებამდე ვარჯიშით უნდა ყოფილიყო დაკავებული.
-ჰო, ცუდ დროს მოხვედი -მამაკაცის ხმამ დააბრუნა რეალობაში და მისი სხეულის თვალიერებაც წამებში შეწყვიტა -პედოფილთა გამოსასწორებელ შეკრებაზე ვაპირებდი წასვლას და ცოტა არ იყოს, მაგვიანდება
-აქ, სწორედ მაგაზე სალაპარაკოდ მოვედი -აარონის კომენტარმა, ღიმილი მოჰგვარა გოგონას, თუმცა წამებში დასერიოზულდა და ბინაში ისე შეიჭრა, თითქოს იქაურობა მისი საკუთრება ყოფილიყო -მინდოდა, ბოდიში მომეხადა შენთვის იმის გამო, რაც დღეს გითხარი. არასწორი ვიყავი, ასე არ უნდა მელაპარაკა
-მართალია, მე არ შემომიპატიჟებიხარ, მაგრამ კეთილი იყოს შენი ჩემს სახლში მობრძანება
-ნუ მეცინიკოსები, მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი
აარონმა ბინის კარი დახურა და პირდაპირ მისაღებისკენ წამოვიდა, თან მარჯვენა ხელში მოქცეული ბოთლიდან ცივი წყალი მოსვა.
-ბოდიში მიღებულია. ახლა კი, თუ პატივს დამდებ, ჩემს საქმეს გავაგრძელებ -მზერა გაუსწორა, თან, ცალი თვალით კარისკენ ანიშნა, რითაც აგრძნობინა შენი წასვლის დროაო. ამან, ანასტასიას მშვიდ ტონზეც იმოქმედა და აშკარად გაბრაზებულმა მიუგო :
-მისმინე, საერთოდ არ მსიამოვნებდა იმის გაცნობიერება, რომ შენთან უნდა მოვსულიყავი და პატიება მეთხოვა, უბრალოდ, ეს ჩემი უმცროსი დის სურვილი იყო და მის თხოვნას ვერ გადავაბიჯე, გაიგე? -ბოლო სიტყვებზე, აარონს დასაშვებზე მეტად მიუახლოვდა. თვალებიც ბრაზისგან უელავდა იმ წამს -ნამდვილად არ იყო საჭირო ასეთი უხეშობა და სახლიდან გაგდების მცდელობა
-მე, არც გეუხეშები და არც სახლიდან გაგდებ -მიუხედავად გოგონას აღშფოთებისა, ღიმილნარევი ტონით ესაუბრებოდა აარონი -ეტყობა მოდელებს გამუდმებული დიეტებით და ბროკკოლის ჭამით, ნერვები გაქვთ გაფუჭებული. სწორედ ამიტომ ფეთქდებით შეუფერებელ სიტუაციებში ატომური ბომბივით
-როგორ ბედავ ჩემთან ასე ლაპარაკს? საერთოდ იცი ვინ ვარ?!
-არ ვფიქრობ, რომ ვინმე ისეთი ხარ, ვის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდნენ
გოგონას ირონიით ჩაეცინა. არ სიამოვნებდა ამის აღიარება, თუმცა ეჩვენებოდა, რომ აარონთან პოლემიკაში უპირატესობას კარგავდა და ეს, არაფრით არ უნდა დაეშვა.
-იცი რას გეტყვი? -გულზე, ხელები ჰქონდა დაკრეფილი და ისე უყურებდა გოგონა, თავის "მოწინააღმდეგეს" -მგონი, აქ ტყუილად მოვედი. შენნაირ უტაქტო ადამიანს, ბოდიშს კი არ უნდა უხდიდნენ, უფრო მეტად უნდა ამცირებდნენ
-კარგი, თუ ყველაფერი მითხარი და დასამატებელი არაფერი გაქვს, მაშინ ვარჯიშს გავაგრძელებ
-მოიცადე -მკლავში ხელის ჩავლებით გააჩერა გასასვლელისკენ მიმავალი მამაკაცი და როგორც კი ამ უკანასკნელმა მოიხედა, თვალი, თვალში გაუყარა -ლარა თუ გკითხავს, ხომ დაადასტურებ, რომ ბოდიში მართლა მოგიხადე?
-მაგაზე არ ინერვიულო, დავადასტურებ -დივანზე მიგდებული პირსახოცი კისერზე შემოიხვია აარონმა და სანამ მისაღებს დატოვებდა, გოგონას მოაძახა:
-სხვა დროს, ასე გამომწვევად ჩაცმული, უცხო მამაკაცებს სახლში ნუ შეუვარდები. არა მგონია, შენი სხეულის ცდუნებას ყველამ ჩემსავით გაუძლოს . . .
მისაღები დაცარიელდა.
იქ, მხოლოდ ანასტასია დარჩა, ვინც გაშტერებული იდგა და ჯერ კიდევ იმ კარისკენ ჰქონდა მზერა მიმართული, საიდანაც, წამების წინ მამაკაცი გავიდა.
ეზიზღებოდა მომენტები, როდესაც თავად რჩებოდა პოლემიკაში წაგებული. იმ წამს, აშკარად გრძნობდა აარონის უპირატესობას და ეს ფაქტი, საშინლად აღიზიანებდა მის ნერვულ სისტემას.
აქ, პატიების სათხოვნელად მოსვლამდე, შინ სწრაფად დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა აარონთან გამართულმა დიალოგმა, აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა.
ანასტასია მარგიანი ნამდვილად არ აპირებდა ნერვების მოშლა ვინმესთვის ასე მარტივად შეერჩინა, ამიტომ, გასასვლელი კარის მაგივრად, იქითკენ დაიძრა, საითაც მამაკაცი გაემართა და ცოტა ხანში, დიდ, სარკეებიან ოთახშიც ამოყო თავი, სადაც, ტრენაჟორების სიმრავლის გამო, ადამიანს, თავი ფიტნეს კლუბშიც კი ეგონებოდა.
თავად აარონი, ჭერზე ჩამოკიდებულ ტომარას უშენდა მუშტებს, ნიჟარები ყურსასმენებით ჰქონდა დაცობილი, ტელეფონი შორტის უკანა ჯიბეში მოეთავსებინა და ერთიანად თავის სტიქიაში გახლდათ ჩაძირული.
ანასტასიას იქ ყოფნა, მხოლოდ მაშინ გაანალიზა, როდესაც გოგონა ზურგიდან მიუახლოვდა, მარჯვენა ყურსასმენი გამოაძრო და იგი თავად გაიკეთა.
რამდენიმე წამი, გაოცებული უმზერდა მას, აარონი, შემდეგ მეორე ყურსასმენიც მოიხსნა, კისერზე გადაიდო და ღრმად ამოიხვნეშა.
-ახლა რაღა გინდა?
-შენი ინსტრუქტორი უნდა ვიყო. მიდი, ივარჯიშე, მე კი, წამზომს ჩავრთავ ხოლმე და შეძახილებით გაგამხნევებ
-როდესაც ამის საჭიროებას ვიგრძნობ, თავად დაგიძახებ. ახლა თუ შეიძლება დამტოვე
-ჯერ ნუ იფიქრებ ჩემი წასვლის აღსანიშნავი წვეულების გამართვაზე, აქედან ფეხის მოცვლასაც არ ვაპირებ -ამაყად განაცხადა გოგონამ, მამაკაცს ზურგი აქცია და სარბენი ბილიკი ჩართო -თუ ძალიან გაწუხებ, შეგიძლია ძალის გამოყენებით გამაგდო. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ გაბედავ
აარონმა გამომცდელად გახედა გოგონას. ანასტასია იმდენად თავისუფლად იქცეოდა და ისეთი მზერით უყურებდა, რომ მამაკაცს ნამდვილად არ გასჭირვებია მისი ჩანაფიქრის ამოცნობა. შეიძლება ითქვას, წამებში გაშიფრა კიდეც
-აქ ჩემთვის ნერვების მოსაშელად ხარ, არა? -ჰკითხა მან -თუ ასეა, თავს ტყუილად იღლი, რკინის ნებისყოფა მაქვს
-მე, შენს ადგილას ასეთი დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი. ჯობდა, უბრალოდ ჩემი ბოდიში ნორმალურად მიგეღო და ეგ სიმპათიური ცხვირი მაღლა არ აგეწია -სარბენ ბილიკზე მოხდენილად დარბოდა და ისე ელაპარაკებოდა -ახლა, მთელი დარჩენილი დღე ჩემი ატანა მოგიწევს
-ხომ არ ფიქრობ, რომ ზედმეტად უშიშარი ხარ?
-რა მხრივ?
-ჩემს სახლში ხარ, მოკლე შორტებსა და ისეთ მაისურში გამოწყობილი, რომელიც თითქმის არაფერს ფარავს. პლუს ამას, სარბენ ბილიკზე დარბიხარ -ცალი წარბი აზიდა ამის თქმისას -გამოგიტყდები, მე ოდნავადაც არ მაინტერესებ, მაგრამ სხვას, ჩემს ადგილას მხოლოდ ერთი სურვილი დაებადებოდა და უხერხულობა რომ არ შეგიქმნა, აღარ ვიტყვი რა იქნებოდა ეს სურვილი
ანასტასიას ყურადღება არაფრისთვის მიუქცევია გარდა იმ სიტყვებისა, სადაც აარონმა უთხრა ოდნავადაც არ მაინტერესებო. მართალია, ეს ადამიანი მისთვის არავინ იყო, თუმცა მამაკაცების ყურადღებით განებივრებულს, მისმა ამ სიტყვებმა თავმოყვარეობა მაინც შეულახა.
-შენ, ამაზე არ ინერვიულო -საკმაოდ ცივად მიუგო გოგონამ -ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვეღარასდროს ვერავინ შემეხება!
-ვეღარასდროს? ანუ, ეს უკვე მომხდარა -ყურსასმენები და ტელეფონი ძირს დადო, სარბენ ბილიკს მიუახლოვდა და მას ხელით ჩამოეყრდნო
-ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის, კარის მეზობელო . . . ჰო მართლა, ვარჯიშს რომ მორჩები, ცივი წვენი გამომიტანე. მე, მანამდე ტელევიზორს ვუყურებ -უთხრა, ბილიკი სენსორულ ღილაკზე თითის დაჭერით გამორთო და იქედან ჩამოსული, პირდაპირ ოთახიდან გასასველი კარისკენ გაეშურა.
განზრახული ჰქონდა, ტელევიზორში რამე მუსიკალური არხი ეპოვნა და იქაურობა გაეყრუებინა, თუმცა, როდესაც ეკრანი ჩართო და ერთ-ერთ ტელეარხზე ფილმ "ტიტანიკს" გადააწყდა, თავისი უწინდელი გეგმები მაშინვე დაივიწყა, ფეხები დივანზე მოხერხებულად აიკეცა და ისე გაფაციცებით დაიწყო ეკრანიზაციისთვის თვალის დევნება, თითქოს ეს უკანასკნელი, აქამდე არასდროს ჰქონდა ნანახი.
ფილმი, დაახლოებით ნახევრამდე იყო მისული, როდესაც მისაღებში აარონის ნაბიჯების ხმა გაისმა. ამჯერად, თავიდან ბოლომდე შემოსილიყო მამაკაცი. მუქ ლურჯ ჯინსზე, თეთრი ფერის მაისური გადაეცვა და მისი სველი თმით თუ ვიმსჯელებდით, აბაზანიდან სულ ახალი გამოსული უნდა ყოფილიყო.
ანასტასიამ მაშინვე იგრძნო მამაკაცის ტანის გელისა და შამპუნის სასიამოვნო არომატი, როგორც კი აარონი გვერდით მიუჯდა და ტელევიზორის ეკრანს ცოტა ხნით თვალი მოსწყვიტა.
-ჩემი წვენი სად არის?
-საცობშია გაჭედილი
-როდესაც იუმორის გრძნობა არ გაქვს, ხუმრობა უნდა შეწყვიტო
-როდესაც შენს სახლში არ ხარ, მბრძანებლობა და შეკვეთების მიცემა უნდა შეწყვიტო -არც აარონმა დაუდო ტოლი -ეს რა არის? ტიტანიკს უყურებ?
-ჰო
-ბოდიში, მაგრამ დასკვნითი ნაწილი უნდა გამოტოვო. შენთვის ცრემლების მოწმენდის თავი ნამდვილად არ მაქვს
-ფილმების დასასრულზე არასდროს ვტირი, შესაბამისად, არც შენი ნუგეში დამჭირდება -თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი, ფეხზე წამოდგა -წავალ, წვენს მე თვითონ დავისხამ, თორემ როგორც ჩანს, ძალიან უზრდელი მასპინძელი მყავს
-ერთი ჭიქა მაგ უზრდელ მასპინძელსაც წამოუღე
ანასტასიას სურდა დამცინავი გამოხედვით მიეხვედრებინა აარონისთვის, რომ ამას არ გააკეთებდა, თუმცა შემდეგ, თავში ერთი იდეა დაებადა და გეგმები ერთი ხელის მოსმით შეცვალა.
-კარგი, წამოგიღებ . . . ყინული რამდენი ჩავაგდო?
-ყინულის გარეშე წამოიღე, წვენი ისედაც მაცივარში დგას და ცივია -ისე გაეპასუხა, მისკენ არც გაუხედავს, თუმცა უკვე იცოდა, რომ გოგონას რაღაც მზაკვრული ჰქონდა ჩაფიქრებული და მის ანკესზე წამოგებას ნამდვილად არ აპირებდა. აარონს თავისი გეგმა გააჩნდა, რომელსაც ანასტასიას "საომარ სვლას" დაახვედრებდა, დამცველ ფარად
გოგონა რომ წვენის ჭიქებით ხელში დაბრუნდა უკან, ფილმი უკვე იმ მომენტზე იყო, როდესაც, გემი ყინულის მასას შეეჯახა.
აარონი მობილურში შეტყობინებას წერდა, თუმცა თავის გვერდით, ანასტასიას დაჯდომის თანავე, უწინდელი საქმე შეწყვიტა და ცივი წვენით სავსე მაღალ ჭიქას დააკვირდა, რომელიც, დივნის წინ მდგომ პატარა მაგიდაზე იდო
-სწრაფი ხარ
-არაფრის, აარონ
-სახელით პირველად მომმართე, ეს უნდა აღვნიშნოთ -ოდნავ გაეღიმა, ხელში მოქცეული წვენის ჭიქა ააცალა გოგონას და იქედან მოსვა
-რას აკეთებ? შენთვისაც ხომ მოვიტანე?
-ის, რომელიც ჩემთვის მოიტანე, შეგიძლია თავად დალიო. გამოგიტყდები, ძალიან მაინტერესებს შიგნით რა ყრია -გამომცელად უყურებდა და ტუჩის კუთხეში კვლავ ღიმილი დასთამაშებდა -რაო, მოდელო? გეგონა ვერ გაგშიფრავდი? ვაღიარებ, კარგი სვლა იყო, თუმცა მოწინააღმდეგის სიძლიერე ვერ მოზომე
-შენს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს -გაღიზიანებით მიუგო ანასტასიამ, როცა მიხვდა, რომ თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელება არ გამოუვიდოდა
-ახლა ის შემთხვევაა, როდესაც ნატრულობ ნეტავ რევოლვერი მქონდესო, არა?
-შეიძლება . . . დიდი სიამოვნებით დავაჭედებდი შუბლში ერთ თავმოყვარე იდიოტს
-მაინც, რა ყრია მაგ წვენში? -ბალიშებზე მიწვა აარონი და ისე ჰკითხა
-გასინჯე და ნახავ
-აქ, ჩემთვის ნერვების მოსაშლელად დარჩი, თუმცა წყობილებიდან თავად გამოდიხარ, ანნასტასია
-როგორც მახსოვს, ჩემს სახელში მხოლოდ ერთი "ნ"-ა -ეს უთხრა, თუმცა მაინც სხვანაირი ჟრუანტელი მოჰგვარა თავისი სახელის აარონისეულმა ვერსიამ
-ორი "ნ" უფრო ეგზოტიკურად ჟღერს
-ფილმის ყურებაში ხელს ნუ მიშლი, თუ შეიძლება
-ვფიქრობ, ტელევიზორი სახლშიც უნდა გქონდეს
-ჰო, მაგრამ კარის მეზობელთან ნაყურებ ფილმს, მაინც სხვა გემო აქვს -გამომწვევი ღიმილით წარმოთქვა გოგონამ -სხვა დროს, ტკბილეულსაც შემოვიტან, ტკბილად რომ ვისაუბროთ
-არანორმალური ხარ. შენნაირი აქამდე არავინ შემხვედრია
-ჰო, სამყაროში უნიკალური ადამიანებიც არსებობენ -მამაკაცისკენ გადაიხარა ანასტასია, რათა თავისი წვენის ჭიქა გამოერთმია -დამიბრუნე!
-გამორიცხულია
-ჯერ ერთი, როცა სტუმარი გყავს, წამოწოლა უზრდელობად ითვლება
-თუ სტუმარი შენ არ დაგიპატიჟებია და შენს სახლში ძალითაა შემოჭრილი, ყველაფერი შეიძლება -ჭიქაში ჩარჩენილი სითხე ბოლომდე გამოცალა, თვალი ჩაუკრა და ჭურჭელი კვლავ მაგიდაზე დააბრუნა
-შენგან მხოლოდ უხეშობის და დაბალი ინტელექტის სუნი მოდის
-ფილმის ყურება განაგრძე, თორემ ტიტანიკი შენს გარეშე ჩაიძირება
აღარაფერი უპასუხია ანასტასიას. თავი კვლავ ტელევიზორის ეკრანისკენ მიატრიალა და დრამით უხვად გაჯერებული კადრებისთვის დაიწყო თვალყურის დევნება.
თვითონაც უკვირდა, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანის სახლში თავს იმდენად თავისუფლად გრძნობდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობთან იყო სტუმრად.
ყველაზე მეტად, ალბათ, სწორედ ის სიამოვნებდა, რომ სხვა მამაკაცების მსგავსად, აარონიც თვალებით არ ჭამდა და არც, მზერით აშიშვლებდა. ვერანაირ ბინძურ ზრახვას ვერ ხედავდა მის თვალებში გოგონა, რასაც საერთოდ არ იყო ჩვეული. მართალია, ანასტასიას ვიზუალი თავიდან ბოლომდე ისეთი მაცდური გახლდათ, რომ მამრობითი სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ყურადღების ცენტრში მოხვედრას იმსახურებდა, თუმცა გოგონას მაინც გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა, როცა ვინმე ისე უცქერდა, როგორც მტაცებელი, გემრიელ საკბილოს და ეს, მამაკაცებისადმი ზიზღის გრძნობასაც კი უჩენდა.
აღნიშნულმა ფიქრებმა, ანასტასიას გონება იმდენად შორს გაიტაცეს, რომ ეკრანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები გამოტოვა. გოგონას მზერა კვლავ ტელევიზორისკენ იყო მიმართული, თუმცა აზრებით ფილმს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა, როდესაც ტელევიზორში, სროლის ხმა მკაფიოდ გაისმა.
აარონს გახედა, ანასტასიამ.
ამ უკანასკნელს თვალები დაეხუჭა, თუმცა ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ არ ეძინა. უბრალოდ, გონების დასვენებას ცდილობდა და ამაში, ირგვლივ გამეფებული ხმაური ნამდვილად ვერ ეხმარებოდა.
გოგონამ დრო იხელთა და მცირეხნიანი დაკვირვება ჩაატარა მამაკაცის სახის ნაკვთებზე. ზოგადად, ჩვევა ჰქონდა ასეთი, უყვარდა, როდესაც ადამიანების სახის თითოეულ მონაკვეთს აკვირდებოდა და ახლა იდეალური შანსი იყო ეს გაეკეთებინა.
დივნის საზურგეს რომ მოხერხებულად მიეყრდნო, მხოლოდ ამის მერე შეუდგა მამაკაცის შესწავლას.
პირველად, თვალში ცხვირის ფორმა მოხვდა. მართალია, არც კეხი ჰქონდა სადმე და არც, რაიმე ამდაგვარი, თუმცა მიუხედავად ამისა, მანამდე ასეთი მამაკაცური და თან, იდეალური ფორმის ცხვირი არსად ენახა.
წარბები არც ზედმეტად ხშირი ჰქონდა და არც, წვრილი. თითქოს ყველაფერში ზომიერების ფარგლებში ჯდებოდა და ანასტასიამაც, ამჯერად მზერა აარონის ტუჩებზე გადაიტანა. თითებით შეხებაც კი მოუნდა იმდენად მაცდურად გამოიყურებოდნენ მისი ბაგეები და თავის ფიქრებზე, ჩაეცინა კიდეც.
-რა მოხდა, რატომ იცინი?
-არაფერი, უბრალოდ, ერთი რაღაც გავაცნობიერე
-მაინც, რა? -ამჯერად თვალები გაახილა და ისე ჰკითხა მამაკაცმა
-ის, რომ გრძნობების ქონის შემთხვევაში, შენნაირ მამაკაცთან პირადი ურთიერთობაც კი მომინდებოდა -მიუგო და დაინახა, თუ როგორ გაუკრთა ღიმილი აარონს ამის მოსმენისას
-კიდევ კარგი, გრძნობები არ გაგაჩნია, თორემ შენნაირის კუდში დევნას რა აიტანდა?
-რას ნიშნავს ჩემნაირის? -თავადაც ვერ გააცნობიერა ისე მარტივად წამოენთო -მე რა, რამე მჭირს და არ ვიცი?
-შენ არაფერი, უბრალოდ მოდელებთან პირადი ურთიერთობით არ ვკავდები -ანასტასიასგან განსხვავებით, მამაკაცის ტონი საოცრად მშვიდი იყო -იმედია, ძალიან არ გეწყინება
-საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა ხომ არ გაქვს?
-მხოლოდ იმდენი, რამდენის უფლებასაც ჩემი მდგომარეობა მაძლევს. არც ერთი გრამით მეტი და არც, ნაკლები
-რა ლამაზი გულწრფელობა იყო, ეს უნდა აღვნიშნოთ
-შენი წასვლის დრო აღარ მოვიდა?
-რა მოხდა, ასე ძალიან გაწუხებ? -წარბის აწევით გამოხედა ანასტასიამ, თან ღიმილს ძლივს იკავებდა
-უბრალოდ, დილით ფრენა მაქვს და ბარგი უნდა ჩავალაგო
-ჰოო? და გეზი საით გაქვს აღებული?
-რა ცნობისმოყვარე ხარ, ანნასტასია
-არ მიპასუხებ?
-ამერიკაში მივდივარ საქმიან ვიზიტზე. ვფიქრობ, ერთ კვირაზე დიდხანს მომიწევს დარჩენა
ანასტასია ბალიშებს მოხერხებულად იყო მიყრდნობილი და უკვე შინ წასვლაზე ფიქრობდა. მართალია, ბინაში აარონის მყუდროების დარღვევის მიზნით დარჩა, თუმცა იმ ეტაპზე, მამაკაცის მიმართ ბრაზს საერთოდ ვეღარ გრძნობდა და რატომღაც არც, თავისი გეგმის გაგრძელების სურვილი გააჩნდა, ცოტა ხნის წინანდელი დიალოგის შემდეგ. როცა გაახსენდა, რომ სახლში უმცროსი და ელოდა, საკუთარ გადაწყვეტილებაში საბოლოოდ დარწმუნდა და მამაკაცს გახედა.
-ფილმი როგორც კი დამთავრდება, წავალ. მანამდე შეგიძლია დაიძინო, მე ხელს არ შეგიშლი...
















8 8 8 8
აეროპორტის შენობიდან გამოსულ აარონს, გარეთ, ყვითელ ლამბორჯინს მიყრდნობილი ნაცნობი სახეები დაუხვდნენ. ისინი მამაკაცს უღიმოდნენ, თუმცა ადგილიდან დაძვრას არც ერთი ფიქრობდა და არც, მეორე.
ეს ადამიანები, აარონის უმცროსი და-ძმა გახლდნენ, ვინებიც, მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები იყვნენ, გარეგნულად ოდნავადაც არ ჰგავდნენ ერთმანეთს.
ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლისანი ძლივს იქნებოდნენ, როდესაც, აარონმა ისინი საკუთარი ხარჯებით გაგზავნა ამერიკაში სასწავლებლად. ამ დროისთვის, მას უკვე საკმაოდ კარგი სამსახური და სოლიდური შემოსავალიც ჰქონდა. შეიძლება ითქვას, უმცროსი და-ძმისთვის ის იყო დედაც და მამაც, რომელთა მზრუნველობაც მას შემდეგ მოაკლდათ, რაც მათი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ორთავემ საკუთარი ოჯახები შექმნეს, სასურველ ადამიანებთან.
აარონი მუდამ ცდილობდა ტყუპებისთვის, უფრო კონკრეტულად კი -ნიცასთვის და ნიკოლოზისთვის კარგი მეურვე ყოფილიყო, ისინი კარგ ადამიანებად ექცია, თუმცა მისი ძალისხმევა საკმარისი ნამდვილად არ აღმოჩნდა. ნიცა, გიჟური გართობების მოყვარულ, უხეშ, მეამბოხე ადამიანად ჩამოყალიბდა, ხოლო ნიკა გამოუსწორებელ მექალთანედ, ვისაც ქალების გრძნობები მუდამ ფეხებზე ეკიდა და მათ ისე ეპყრობოდა, როგორც ნივთებს, დაძველების შემდეგ რომ სანაგვეზე მოისვრიან ხოლმე.
ტყუპები, ნამდვილი ღამის კოშმარივით იყვნენ აარონის ცხოვრებაში. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ მათი ფინანსურად უზრუნველყოფა, მთლიანად საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული, რადგან ორთავე იმდენად ზარმაცი იყო, ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ ჰქონდათ მუშაობაში გატარებული.
აეროპორტიდან გამოსული ხალხი ბუზებივით ირეოდა. ზოგი თავის ბარგს მიათრევდა, ზოგი ტაქსიში ჯდებოდა, ზოგიც კი, მათ დასახვედრად მოსულ ახლობლებსა თუ მეგობრებს ეხვეოდა. მხოლოდ აარონი გახლდათ ისეთი, ვისაც გარშემო არაფერი აინტერესებდა და ყვითელ ავტომობილს მიყრდნობილ ტყუპებს, შუბლშეკრული უმზერდა.
მძიმე ჩემოდნები ნამდვილად არ ჰქონია მამაკაცს. მხოლოდ აუცილებლად საჭირო ნივთები ჰქონდა წამოღებული, ამიტომ, ბარგის მანქანისკენ წაღება არ გასჭირვებია და შუა გზაში, ნაცნობი ხმაც მოესმა, რაც საკმაოდ ხმამაღლა ჟღერდა:
-კეთილი იყოს შენი ლოს-ანჯელესში ჩამოსვლა, ძამიკო!
ხალხის მასას, მაღალი, ყავისფერთმიანი ბიჭი გამოეყო, ლამაზი ზღვისფერი თვალებით და აარონს მაგრად გადაეხვია.
-იმდენი ხანია არ მინახიხარ, მეგონა უკვე ჭაღარა მოხუცს ჩაგიკრავდი გულში -ამჯერად, წაბლისფერთმიანი გოგონაც მოუახლოვდა მათ დუეტს და აარონს ისიც გადაეხვია -ისეთი სიმპათიური ხარ, ჩემი ძმა რომ არ იყო, აქვე შემოგახევდი ტანსაცმელს
-მხოლოდ ინცესტიღა გაკლია სრული გარყვნილებისთვის, ნიცა -აარონის ტონი, იმდენად სერიოზულად ჟღერდა, გოგონამაც შეკრა წარბები
-ეს რა ხასიათზეა? -ნიკას მიუტრიალდა იგი -მგონი, ერთდღიანი ამერიკული გართობა მოუხდება და ცოტათი გაამხიარულებს
-აქ საიდან გაჩნდით? -სხვა თემაზე გადაუტანა მამაკაცმა -როგორც მახსოვს, თქვენთვის ჩემი ჩამოსვლის დრო არ მითქვამს
-შენს მდივანს დავურეკეთ და მან გაგვარკვია ყველაფერში -თან ელაპარაკებოდა, თან მის ჩემოდანს საბარგულში დებდა, ნიკა -ისე, მაგარი ქალია და აქეთ ჩამოსვლისას თან გამოგეყოლებინა. საუკუნეა, ქართველი გოგო არ მყოლია. ყელში ამოვიდნენ ეს ამერიკელი ძუ*ნები
-მაგ ამერიკელი ძუ*ნების გამო, სახლი ყოველ დღე წვეულებისთვის დაქირავებულ დარბაზად გაქვს გადაქცეული, იდიოტო! -ნიცამ შეუტია, თან მანქანაში აარონის გვერდით მოთავსდა, უკანა სავარძელზე
-რაო, რაო? როგორც მახსოვს, მე და შენ სახლი შუაში გვაქვს გაყოფილი და შენს ტერიტორიაზე არ გადმოვდივარ!
-შენი აზრით, ხმა ქვემოთ არ ჩამოდის? მე როდესაც ბიჭები მომყავს, ჩუმად მაინც ვარ!
-ეგ იმიტომ, რომ საკმარისი ტემპერამენტი არ აქვთ შენს მაჩოებს
-ორივემ მოკეტეთ! -აარონის ხმამ შეწყვიტა მათი მომაბეზრებელი კამათი -აქ, მხოლოდ საქმიანი ვიზიტის გამო არ ჩამოვსულვარ! თქვენთანაც მაქვს სერიოზული სალაპარაკო, რომელიც ხვალ შედგება, როგორც კი საქმეებს მოვრჩები
-ვაუ, ოჯახური თათბირი გვაქვს -წამოიძახა ნიცამ და უფროს ძმას ფეხები მუხლებზე შემოაწყო -ხომ მიმზიდველი ფეხები მაქვს, ძამიკო?
საჭესთან მჯდომ ნიკას სიცილი აუტყდა, აარონმა კი, შუბლზე ხელი გაისვა და ღრმად ამოიოხრა.
-ფეხები ჩაწიე, ნიცა -თქვა მან მშვიდად, თუმცა აშკარად ეტყობოდა როგორ უჭირდა ბრაზის მოთოკვა
-მოხერხებულად ვზივარ და იქნებ დამაცადო?
-ნიცა!
-ჰო, კარგი, კარგი -მობეზრებული სახით შეასრულა ძმის თხოვნა და მოკლე კაბა ოდნავ ქვემოთ ჩაიქაჩა -აქ, რამდენი ხნით აპირებ დარჩენას?
-ერთ კვირაზე ცოტა მეტი
-მართლა? -ნიკამ მოაბრუნა თავი -მეგონა, სადღაც ერთი-ორი დღით გაჩერდებოდი
-ნიკუშ, გზას უყურე პატარავ -ნიკაპში ხელის ჩავლებით, კვლავ წინ გააბრუნებინა თავი ნიცამ, ტყუპისცალს -ნამდვილად არ მინდა შენი დაუდევრობის მსხვერპლი გავხდე . . .
მთელი დარჩენილი გზა, უსიტყვოდ მგზავრობაში გალიეს. ნიკოლოზი მანქანას მართავდა და ყურსასმენებში რაღაც მუსიკას უსმენდა, ნიცა მობილურით მესიჯობდა, ხოლო აარონს თავი ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული და ქალაქის ხედების თვალიერებით ერთობოდა.
უკვე შვიდ თვეზე მეტი იყო, რაც აქაურობა აღარ ენახა. ტყუპებსაც იშვიათად ეხმიანებოდა, იმდენად იყო თავის საქმეებში ჩაძირული. თბილისში საუკეთესო პიარ-მენეჯერს, სხვა უამრავი ბიზნესიც გააჩნდა, რისი მართვაც, მთლიანად მის კისერზე გადადიოდა. ნიცა და ნიკა, უკვე ოცდაორი წლისანი იყვნენ და უნივერსიტეტიც ჰქონდათ დამთავრებული, თუმცა ბოჰემური გართობის მოყვარულებს, ძმის დახმარება და პასუხისმგებლობის განაწილება ნამდვილად არ სურდათ. მხოლოდ აარონის ფულის ფლანგვით იყვნენ გართულები და სამშობლოში დაბრუნებაზეც არ ფიქრობდნენ.
ნიკასთან კიდევ შეიძლებოდა რაღაც მხრივ, საერთო ენის გამონახვა, თუმცა ნიცა სრულიად უკონტროლო გახლდათ. გოგონას გიჟური, არაორდინალური და თავნება ხასიათის გამო, აარონს მისი სრულად გაკონტროლება არ შეეძლო.
გამუდმებით ცდილობდა მამაკაცი ნიცასგან ნორმალური ადამიანის გამოძერწვას, მაგრამ უმცროსი დის საშინელი ხასიათი, მათ შორის დიდ გალავნად აღმართულიყო და მისი დანგრევა ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა.
როგორც თავად თქვა, მისი აქ ჩამოსვლა ნამდვილად არ ყოფილა მხოლოდ საქმიანი ვიზიტის შედეგი. აარონს განზრახული ჰქონდა, რომ უკან, ტყუპებთან ერთად დაბრუნებულიყო და მათთვის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის ხელში აღება ეიძულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ნიკას და არც, ნიცას, ერთ თეთრსაც კი არ აღირსებდა.
მოქუფრული ამინდი იყო. გზას დიდი ხნის განმავლობაში გასდევდა ფონად ზღვის ხედი და მისი აზვირთებული ტალღები. აარონმა, მინა კვლავ ზემოთ ასწია და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. ამ დროს, ნიცამაც დაარღვია სიჩუმე, ტელეფონიდან თავი ამოყო და ხმამაღლა წამოიყვირა:
-არ არსებობს, სკოტი დამშორდა!
-ვინ არის სკოტი?
-მაგის იდიოტი ბოიფრენდია -წინიდან ნიკა ახარხარდა -ნეტავ ასე ხმამაღლა რა აკივლებს?
-შენც ასე იქნებოდი, ვინმე რომ SMS-ით დაგშორებოდა -ლამის თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, გოგონა
-არა, ნიცა, სკოტს რომ მივეტოვებინე, შვებას ვიგრძნობდი, უზარმაზარ შვებას
-მოკეტე, რა!
-ისე ლაპარაკობ, თითქოს მაგის გარდა კიდევ ოთხი კაცი არ გყავდეს მარაგში
-ნიცა, შენ აქ სულ მთლად დაკარგე სინდისი, თუ რა ხდება?! -აქამდე თავს იკავებდა, თუმცა ახლა, სალონი აარონის ხმამაღალმა ტონმა შეაზანზარა -რას ნიშნავს ერთდროულად ოთხი კაცი?! მუდამ ვცდილობ შენს პირადში არ ჩავერიო, თუ უკიდურესი შემთხვევა არ მოხდა და ვინმემ გული არ გატკინა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, გესმის?!
-ეი, ეი, აარონ, იქნებ დამშვიდდე? -უმცროსი დის მშვიდმა, ირონიულმა ტონმა, საბოლოოდ შეშალა -ამ ქვეყანაში, შენსავით შეზღუდულად არავინ აზროვნებს და ნება მომეცი ცხოვრებით დავტკბე. ნიკა, მართალი ხარ, ჯანდაბაშიც წასულა სკოტი!
-სულ ცოტაც და ორივეს მოგსვამთ თქვენ-თქვენს ადგილას, აი ნახავთ! -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა აარონმა, ღრმად ამოისუნთქა და თვალებდახუჭულმა, თავი სავარძლის საზურგეს ჩამოაყრდნო . . .






* * *
დილით ანასტასია ტელეფონის ზარის ხმამ გამოაღვიძა და ძილბურანში მყოფი, მწვანე ღილაკს ისე დააწვა, რომ ზარის ავტორის ვინაობის შემოწმებაც აღარ გახსენებია.
-გისმენთ -ამოთქვა ნამძინარევი ხმით. ერთიანად ბალიშებში იყო ჩაფლული და როგორც ყოველთვის, ახლაც მხოლოდ ქვედა საცვლით ეძინა, ყველანაირი პიჟამისა და პენუარის გარეშე
-გავაღვიძე მისი უდიდებულესობა? -ყურმილში რომ თვით ელენა ბალანჩინის ხმა გაიგო, გაოცებამ პიკს მიაღწია. აქამდე, ქალს თუ რამე საქმე ჰქონდა, მუდამ ასისტენტის პირით ატყობინებდა ხოლმე ანასტასიას, ახლა კი, თავად ურეკავდა, თანაც ადრიან დილით და პლუს ამას, მშვიდ ძილს ურღვევდა
-დიახ, გამაღვიძეთ, ქალბატონო ელენა -ნამდვილად არ უფიქრია ანასტასიას პირფერობა იმ წამს -ალბათ, რამე სერიოზული მოხდა თქვენ რომ მირეკავთ და არა თქვენი თანაშემწე
-ჰო, ჩემო კარგო, მოხდა
-ერთი სული მაქვს გავიგო -ფეხზე წამოდგა გოგონა და შიშველ სხეულზე სანდროსთვის წართმეული პერანგი შემოიცვა. მართალია ვერ ხედავდა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ ახლა ელენა სავარძელში მედიდური სახით იყო მოკალათებული და ნეტარებით მიირთმევდა დილის ყავას
-მოკლედ გეტყვი, კარგი? დღეს შენთან, ჩემს მიერ გამოგზავნილი კურიერი მოვა, რომელიც ბილეთს მოგიტანს. ხვალ დილით ლოს-ანჯელესში მიდიხარ, გადაღებებზე და დღესვე დაიწყე ბარგის ჩალაგება
-მოიცა, რა? -ვერც კი გაიგო ანასტასიამ ისე აუწია ხმას -მეგონა, რომ გადაღებები დამთავრდა და ეს ორი კვირა, სრულიად თავისუფალი ვიქნებოდი. ოჯახთან ერთადაც კი ვგეგმავდი დასასვენებლად წასვლას
ყურმილში, რამდენიმე წამი მხოლოდ დუმილის ხმა ისმოდა, შემდეგ კი, იგი ელენას სიტყვებმა ჩაანაცვლა:
-როგორც ჩანს, ოჯახური დასვენების გადადება მოგიწევს. ახალ წელს, ლოს-ანჯელესში იქნები და დეფილემდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდები. ხომ იცი, ჩვენება შენ უნდა დახურო
-მაგრამ . . .
-არანაირი მაგრამ, ჩემო ტკბილო, მიდიხარ და მორჩა! ეს აღარ განიხილება -ანასტასიას თვალწინაც კი წარმოუდგა როგორ დაქაჩა წარბები ამის თქმისას ელენამ -ჰო მართლა, "Primavera"-ს რედაქტორმა წერილობითი ბოდიში რომ მოგიხადა ნახე? მართლა მიკვირს, როგორ შეძელი?
-იცით, თქვენ ნამდვილი გრინჩი ხართ, ქალბატონო ელენა -ბოლო კითხვაზე არც უპასუხია ისე დაუკიდა ყურმილი გოგონამ და ნერვებმოშლილმა, ტელეფონი საწოლზე მიაგდო
არადა როგორ უნდოდა ახალ წელს თავის და-ძმასთან ერთად შეხვედროდა, პარიზში. ლარას, ამ ქალაქის ნახვა უკვე ოცნებად ჰქონდა გადაქცეული და ნამდვილად არ დაუშვებდა, რომ ამ დაუგეგმავი გამგზავრების გამო, მის უმცროს დას ახალი წელი ჩაშხამებოდა. მაშინვე გადაწყვიტა, ის და სანდრო მოგზაურობაში მარტო გაეშვა და არეულ საწოლს თვალი უკმაყოფილოდ მოავლო.
იმდენად იყო გაღიზიანებული, ახლა დალაგების თავიც აღარ ჰქონდა. თმებგაშლილი და უფროსი ძმის პერანგში გამოწყობილი, პირდაპირ სამზარეულოში გაეშურა და თავისთვის ყავის მოდუღება დაიწყო. პარალელურად, თეფშზე, კუბიკებად დატეხილი, დაბალკალორიული შოკოლადი დაალაგა და როგორც კი ელექტროჩაიდანმა წყლის ადუღება ამცნო, ცხელი წყალი ჭიქაში ჩამოასხა.
კოფეინის სმა ნერვების დამშვიდებაში ეხმარებოდა, ანასტასიას.
ახლაც იჯდა სამზარეულოს მაგიდის ზედაპირზე, ფეხებს ჰაერში აქანავებდა, შოკოლადს სვენებსვენებით მიირთმევდა და იმაზე ფიქრობდა, როგორ ეტყოდა ლარასა და სანდროს თავისი საახალწლო გეგმების რადიკალური ცვლილების შესახებ. ამ ფიქრებში გართული, შემოსასვლელიდან მომავალმა ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ასე ადრიან დილით, ნამდვილად არავის ელოდა და ცოტათი გაუკვირდა კიდეც, თუმცა შემდეგ ელენას სიტყვები გაახსენდა, ვისი თქმითაც მალე გოგონასთან მისი კურიერი უნდა მისულიყო, თვითმფრინავის ბილეთის გადასაცემად და მაგიდიდან მობეზრებული სახით ჩამოხტა.
კარისკენ წასულს, ყავის ჭიქა თან მიჰქონდა და ნელ-ნელა სვამდა. არც კი მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ მხოლოდ სანდროს პერანგი უფარავდა სხეულს და ისიც ოდნავ თუ სცდებოდა საჯდომს. ყველაფრისადმი ინდეფერენტულობა მისი ერთ-ერთი თვისება იყო და ახლაც ისე თამამად გამოაღო კარი, თითქოს აქაც არაფერიო. აპირებდა კურიერისთვის ბილეთი გამოერთმია, ამანათის ჩაბარებაზე ხელი მოეწერა და კარიც მაშინვე დაეხურა, ყოველგვარი მადლობის გარეშე, თუმცა ზღურბლთან მდგომი ადამიანის დანახვამ, გეგმები ერთიანად ჩაუფუშა და გაოცებულიც კი დატოვა.
-ლექსო? შენ აქ რას აკეთებ?
-იქნებ ჯერ შემომიშვა?
ანასტასიას ნამდვილად არ გასჭირვებია იმის შემჩნევა, თუ როგორი მშიერი მზერით ათვალიერებდა მას, ბიჭი, თუმცა გადაწყვიტა ბინაში მაინც შემოეშვა და ოდნავ გვერდზე გადგა.
-აბა, გისმენ, რისთვის მოხვედი?
-გავიგე ელენა ლოს-ანჯელესში გგზავნის დეფილემდე -ყავის ჭიქა ჩამოართვა გოგონას, ოდნავ მოსვა და კართან მდგომ ტუმბოზე დადო
-ჰო, მერე?
-გადავწყვიტე მეც წამოვიდე. სულ მინდოდა ახალ წელს ამ ქალაქში შევხვედროდი, თან არც შენ იგრძნობ თავს მარტოსულად -ბოლო სიტყვები, განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა და კიდევ ერთხელ აატარა მზერა გოგონას სხეულზე -ასე კარი სპეციალურად გამიღე, არა?
-ჯერ ეს ერთიც, შენი დედინაცვლის მიერ გამოგზავნილ კურიერს ველოდი და მერეც მეორე, ნამდვილად არ ვიგრძნობ თავს მარტოსულად, ჯობს აქ დარჩე და შენს საქმეს მიხედო
ბიჭმა თავი სიცილით გადააქნია. რამდენიმე წამით, დაჟინებით უყურებდა ანასტასიას, შემდეგ კი ნებისყოფამ უმტყუვნა, გოგონას წელზე ხელები მოხვია და სხეულზე ისე აიკრა, რომ მათ შორის ნემსიც კი ვეღარ გაეტეოდა.
-რატომ მეჯიუტები, ლამაზო? -ჰკითხა, თან გოგონას ყელს მიაკრო ტუჩები -ხომ იცი, რომ შენზე შიმშილი მეწყება? ჭკუას მაკარგვინებ, ანასტასია მარგიანო!
-ჰოო? -გადაწყვიტა ცოტათი წათამაშებოდა, ამიტომ მის თმებში თითები ახლართა და ტუჩები დასაშვებზე მეტად მიუახლოვა. ამას რომ აკეთებდა, გრძნობდა როგორ იჭიმებოდა ნელ-ნელა ბიჭის სხეული და როგორ ფეთქდებოდნენ მის თვალებში სურვილის ნაპერწკლები -მითხარი, ძალიან გინდა ჩემთან?
-ვფიქრობ, ორივეს გვინდა -ლაპარაკზეც კი ეტყობოდა სუნთქვის გახშირება. ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმაც კი უჭირდა, თუმცა ქმედებები მაინც აქტიური ჰქონდა და უკვე მომთხოვნად დაასრიალებდა ტუჩებს ანასტასიას ყელზე. უნდოდა საკუთარი თავისთვის გაცილებით მეტის უფლებაც მიეცა, თუმცა ამ დროს, გოგონაც გააქტიურდა და ხელის კვრით, ციდან, დედამიწაზე დაანარცხა, თაბაგარი.
-გეგონა ჩემთან რამე გამოგივიდოდა? -ზიზღნარევი სიცილით ჰკითხა, მან -შენც სხვებივით უბრალოდ მანქანა ხარ, ვისაც ქალისგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდება და იცი? უკვე გულს მირევთ შენც და ყველა შენნაირიც. თუ მოთხოვნილების დაკმაყოფილება გინდა, შენს დედინაცვალს მიაკითხე. დარწმუნებული ვარ, ლოს-ანჯელესშიც მარტო იმიტომ მგზავნის, რომ არ უნდა ჩემთან ახლოს იყო და რამდენ ხანსაც შეუძლია, თავიდან მიშორებს
ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ანასტასია, დარწმუნებული გახლდათ, რომ ლექსოს მისკენ გამოხედვაც აღარ მოუნდებოდა და სამუდამოდ მოიშორებდა თავიდან. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ ასე სასტიკად დაამცირა? თუმცა გოგონას ვარაუდი არ გამართლდა.
ლექსო ერთხანს გახევებული იდგა და სასურველი ქალის სახეს თვალმოუშორებლად უყურებდა. შემდეგ გასასვლელისკენ დაიძრა ნელი სვლით, გოგონას ოდნავი ღიმილით მოხედა და საკმაოდ თავდაჯერებული ტონით უთხრა:
-შენ, მაინც ჩემი გახდები, აი ნახავ!
მერე იყო კარის დახურვის ხმა და სრული მდუმარება. ანასტასიას ზიზღის გრძნობაც კი გაუჩნდა ლექსოს მიმართ, რაც ბიჭის მიერ ბოლოს ნათქვამმა სიტყვებმა უფრო გააძლიერა.
მეთერთმეტე კლასიდან მოყოლებული, როდესაც დემეტრესთან ის ამბავი შეემთხვა, რისი გახსენებაც ყველაზე დიდ ტკივილს აყენებდა, პირადი ურთიერთობების ხსენებაც კი აღარ სურდა. ყველა კაცი სძულდა, ვინც კი ვნებით ათვალიერებდა მის სხეულს და მათ მიმართ იმოდენა გულის რევის შეგრძნებას განიცდიდა, რომ ხანდახან ამას ვერც კი ფარავდა.
მოდის სამყაროში, ამის გამო, "ყინულის ლედითაც" კი მოიხსენიებდნენ. გარშემო იმდენი "ზე"-სიმპათიური მამაკაცი ეხვია, მდიდარი ბიზნესმენებისა და უცხოელი ოლიგარქების ჩათვლით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილად ეცხოვრა, თუკი მათდამი დამოკიდებულებას ოდნავ მაინც დაათბობდა, მაგრამ ანასტასია შეუვალი კლდე გახლდათ. ამდენი მომხიბვლელი მამაკაცის თავიდან მოშორების გამო, ზოგიერთს არატრადიციული ორიენტაციის მქონედაც კი მიაჩნდა, თუმცა დაზუსტებით მაინც არავინ იცოდა ჭორი იყო, თუ სინამდვილე, ეს ყველაფერი.
უკვე სადილის დრო მოსულიყო დაპირებული კურიერი რომ მოადგა ანასტასიას კარს. გოგონას უკვე მოესწრო ბარგის ჩალაგება და ჩემოდნის შეკვრა. მხოლოდ სანდროსთან და ლარასთან დალაპარაკება ჰქონდა დარჩენილი, რათა თავისი გეგმების ცვლილების შესახებ ეცნობებინა. ყველაზე მეტად, ლარას გამო სწყდებოდა გული. იცოდა, ის განსაკუთრებით განიცდიდა ამ ამბავს და კიდევ ერთხელ წყევლიდა გულში ელენას, ამ მოულოდნელად დანიშნული ფოტოსესიის გამო.
საბოლოოდ, გადაწყვიტა პირველად სანდროს დალაპარაკებოდა. უნდოდა, ლარასთვის ამ ამბის თქმა, თავისი უფროსი ძმისთვის გადაებარებინა. სხვანაირად, ახლა ნამდვილად არ შეეძლო. ეს ერთი შეხედვით ყინულის ლედი, თავის უმცროს დასთან მეტად გულჩვილი ხდებოდა ხოლმე და მისი ოდნავი მოწყენილი სახის დანახვაზეც კი გული სტკიოდა. ლარა, მათ შორის ერთადერთი შვილი იყო, ვისაც მშობლები ოდნავადაც არ ახსოვდა და სწორედ ამის გამო იჩენდნენ ორივე და-ძმა მისდამი ამხელა მზრუნველობას. ყველანაირად ცდილობდნენ, დედ-მამის ნაკლებობა, ბავშვს წამითაც არ ეგრძნო და ამ მცდელობაში, საკმაოდ გულჩვილნიც კი გახდნენ ლარას მიმართ.
სადილობის შემდეგ, სანდროს სატელეფონო ზარით აცნობა თავისი გეგმების ცვლილების შესახებ, ანასტასიამ. რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული არ დარჩენილა ამ ამბის გაგებით, უფროსი მარგიანი, თუმცა რას გააწყობდა? უბრალოდ დაჰპირდა, ლარას ყველაფერს მე თვითონ ვეტყვიო და კავშირიც ამის შემდეგ გაწყდა.
დღის დარჩენილი მონაკვეთი სახლში გაატარა გოგონამ, სუბტიტრებიანი ფილმების ყურებაში. მხოლოდ საღამოს საათებში გაისმა მის კარებზე კიდევ ერთი ზარის ხმა და გაუფრთხილებლად მოსული სტუმრის ვინაობამ, სახეზე ღიმილი მოჰგვარა. ახლა, სწორედ ეს ადამიანი სჭირდებოდა ყველაზე მეტად და ამის გაცნობიერებისას, კარი უფრო ფართედ გამოაღო.
-კეთილი იყოს თქვენი ჩემს რეზიდენციაში მობრძანება, ბატონო ერეკლე
-წლის უთბილესი დახვედრა ანასტასია მარგიანისგან. ეს დღე, კალენდარში უნდა გავამუქო
-ნამდვილი კლოუნი ხარ -სიცილით დახურა კარი და შიგნით შესულ მოულოდნელ სტუმარს უკან მიჰყვა -სად იყავი ეს დღეები? გირეკავდი
-ჰოო? -უკვე დივანზე ჩამომჯდარმა გასცა პასუხი, თან მობილურს დახედა -ზარი არ შემოსულა
-ერკე!
-კარგი, კარგი, უბრალოდ, ლაპარაკის ხასიათზე არ ვიყავი
-ისევ რონი? -გვერდით მიუჯდა, კალთაში თავი ჩაუდო და ბიჭის თითებს დაუწყო თამაში, ანასტასიამ -იქნებ, კიდევ გეცადა მისი ნახვა?
-კარგი რა, ხომ იცი ჩემს ბოლო ვიზიტზე როგორი რეაქციაც ჰქონდა? მეშინია, რომ საკუთარ თავს მართლა დაუშავებს რამეს -ღრმად ამოისუნთქა და თითქოს მთელი ნაღველი გააყოლა ამ ამოსუნთქვას -ჰო მართლა, პარიზში წასვლას როდისთვის გეგმავთ? გუშინ ლარა ვნახე, შემთხვევით და იმდენად გახარებულია ამ მოგზაურობით, ლამის მეც შემოგეტენოთ
ანასტასიას, თითქოს ყველაფერი თავიდან გაახსენდა ამ სიტყვების მოსმენისას და მის თვალებში, ბრაზის ვულკანმა ამოაფრქვია მდუღარე ლავა.
-სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე, წელს ეიფელის კოშკის ნახვა არ მიწერია -თქვა მან -იმ ალქაჯმა ელენამ, ჩემი ლოს-ანჯელესში გაშვება გადაწყვიტა, გადაღებებზე. მხოლოდ დეფილემდე რამდენიმე დღით ადრე დავბრუნდები საქართველოში.
-მოიცა, გაცვლით პროგრამაში ჩაგრთო?
-ჰო, მე რომ წავალ, ლოს-ანჯელესიდან ჩამოვა იქაური სააგენტოს ერთ-ერთი მოდელი და ზამთრის ფეხსაცმლის ნაკრებს გაუკეთებს რეკლამას, ჩვენს ჟურნალში
-რთული დასაჯერებელია, რომ ელენას რჩეული მაინცდამაინც შენ გახდი -ღიმილით გადააქნია თავი ერეკლემ -მოდელებს, მასთან ამაზე ხვეწნაც კი უწევთ ხოლმე. მგონი, ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს
-ელენამ ჩემზე მხოლოდ იმიტომ შეაჩერა არჩევანი, რომ არ უნდა ლექსო ჩემს სიახლოვეს ტრიალებდეს. იმ ბებერ მელას, კონკურენტის ეშინია -უფრო მოხერხებულად დადო თავი ბიჭის მუხლებზე, თან ქვემოდან მის სახეს უყურებდა -რაც შეეხება იმას, რომ პრესტიჟულ სასტუმროში დამაბინავებენ და პირადი მძღოლი მომემსახურება, ეს ყველაფერი ფეხებზე ! მერჩივნა, ხიდის ქვეშ დამეძინა პარიზში, ოღონდ კი, ლარასთან და სანდროსთან გამეტარებინა ეს ახალი წელი
-იქნებ, როგორმე დაითანხმო და შენს მაგივრად სხვა გაგზავნოს? დარწმუნებული ვარ, მსურველი ბევრი იქნება
-კარგი რა ერკე, ხომ გითხარი, მხოლოდ ჩემი თავიდან მოშორება უნდა გარკვეული დროით-მეთქი? გრძნობს, რომ თავისი საყვარელი გერი, ნელ-ნელა ხელიდან ეცლება და ცდილობს ეს აიშოროს თავიდან
ერეკლემ ქვედა ტუჩის კუთხე კბილებში მოიქცია.
-ჰო, ნამდვილად რთული მდგომარეობაა -თქვა მან -გეტყოდი, ის საიდუმლო გამოიყენე, რასაც ელენას წინააღმდეგ ფლობ-მეთქი, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ყველა სიტუაციაში ამ ამბით დაშანტაჟება, გაიძვერებისთვის შესაფერისი საქციელია
-მართალი ხარ -გაეცინა და მერე დასძინა -ვერასდროს წარმოვიდგენდი, ელენა ბალანჩინს თუ ოდესმე ჩემი ასე ძალიან შეეშინდებოდა
-რატომაც არა? შენ ხომ ყინულის ლედი ხარ?
-ყინულის ლედი, ვისაც საახალწლო არდადეგები ჩაუშალეს -კვლავ სევდიანი გამომეტყველება დაბრუნდა გოგონას სახეზე
ერეკლე თავის ფიქრებში ჩაფლულიყო და მალე, გააჟღერა კიდეც ის კითხვა, რაც იმ წამს თავში უტრიალებდა:
-ანასტასია, დიდი ხანია გიცნობ და ჯერ კიდევ მაინტერესებს, რატომ არ იკარებ ახლოს არც ერთ მამაკაცს? იქნებ, რომელიმე მართლა არის ისეთი, ვისთან ერთად ყოფნაც, თავადაც მოგინდება?
-შენ ხომ გიკარებ, ერკე? -მხიარული ტონით სცადა შინაგანი ფორიაქის დამალვა, თუმცა ერეკლეს ხუთი თითივით ჰყავდა შესწავლილი და მას, ნამდვილად ვერაფერს გამოაპარებდა
-იცი რასაც ვგულისხმობ, ანასტასია. ვხვდები, შენს თავს რაღაც დიდი ამბავია და ამიტომ ხარ მამრობითი სქესის მიმართ განწყობილი ასე სკეპტიკურად -თან თმაზე ეფერებოდა, თან მშვიდად ესაუბრებოდა -ვგრძნობ, როგორ გტკივა რაღაც გულის სიღრმეში
-ვგიჟდები, როცა მენეჯერს "გამორთავ" ხოლმე და უბრალოდ მეგობარი ხდები -ბიჭის ხელის გულს აკოცა ანასტასიამ და თვალები დახუჭა -მიყვარხარ, მაგრამ ეს საიდუმლო ერთადერთია, რაც ჩემს შესახებ არ იცი და მინდა ასეც დარჩეს. არ მაიძულო, კარგი? მტკივა ამის გახსენება, ერკე
მეგობრის თვალებში დანახულმა ცრემლებმა, ერეკლესაც გაუფუჭა ხასიათი. მან, გოგონა ფრთხილად წამოსწია, თავისთან ახლოს მიიზიდა და მკლავებში ისე მოიქცია, როგორც ჩვილი ბავშვი.
-ოღონდ ახლა არ იტირო, კარგი? -შუბლზე კოცნიდა და მარჯვენა ხელით კვლავ თმაზე ეფერებოდა -მაპატიე, არ მინდოდა ამ მდგომარეობამდე მიმეყვანე
-შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ, იმ კადრების გახსენებაც კი გულს მირევს -იმოდენა ზიზღი იგრძნობოდა გოგონას ტონშიც კი, რომ ერეკლემ მაშინვე გააცნობიერა რა საშინელ ტკივილს აყენებდა ანასტასიას წარსულის ეს ეპიზოდი
-არაფერი გაიხსენო . . . გონება გათიშე და წარმოიდგინე, რომ . . . -ამის გაგრძელება რომ ვეღარ მოიფიქრა, გაეცინა და ანასტასიას გაცინებაც მოახერხა
-ჰო, რა წარმოვიდგინო, განაგრძე
-არაფერი, უბრალოდ მოდუნდი და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდე, რასაც შენს ცხოვრებაში პრობლემად თვლი
ანასტასიამ თავი დაუქნია და უფრო მაგრად მიეხუტა სხეულზე.
-დღეს, ჩემთან ხომ დარჩები, ერკე?
-პიჟამა-წვეულებაზე მეპატიჟები, მარგიანო?
-არა, ვისკის წვეულებაზე
-თუ ასეა, თანახმა ვარ
-ნამდვილი ლოთი ხარ, ერკე -სიცილით წამოდგა ფეხზე გოგონა და სასმელის მოსატანად გაემართა
-ჭიქებს მე წამოვიღებ!
უკან აედევნა რამდენიმე წამში ერეკლეც.








8 8 8 8

-ოჯახურ თათბირზე ხომ არ დავაგვიანე? -მხიარულად ჩაესვენა სავარძელში ნიცა და ერთმანეთის გვერდიგვერდ მჯდომ ძმებს გადახედა
ნიკას, სახეზე სრული უდარდელობა ეხატა, ცალი ფეხი დივანზე ჰქონდა ატანილი, იგი მუხლში მოეხარა და მობილურში რაღაცას ჩაშტერებოდა. რაც შეეხება აარონს, ეს უკანასკნელი ოდნავ გაღიზიანებული ჩანდა და ვისკის ჭიქაში ჩარჩენილ სითხეს, ნელ-ნელა ატრიალებდა.
-რა ხდება, ენა გადაყლაპეთ? -როდესაც შეატყო, რომ ხმას არავინ იღებდა, კვლავ თავად ალაპარაკდა გოგონა -ისე ზიხართ, როგორც უკბილო ბებრები მოხუცთა თავშესაფარში
მთლიანად მობილურში ჩამძვრალმა ნიკოლოზმა, მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ მოაშორა მზერა ეკრანს. სახეზე ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდა ეს საუბარი, თან, გამუდმებით საათზე იყურებოდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ სადღაც ეჩქარებოდა.
-ამდენი ხანი სად იყავი, ნიცა? -იკითხა მან -როგორც ვიცი, სახლში ნახევარი საათის წინ უნდა მობრძანებულიყავი
-შენ ვინ გეკითხება, დაუნო?! ის, რომ ერთ საშვილოსნოში განვვითარდით, უფლებას არ გაძლევს ანგარიშის ჩაბარებაც მომთხოვო!
-შენს ძმას წესიერად ელაპარაკე, ნიცა! -პირველად ამოიღო ხმა აარონმა მთელი ამ დროის მანძილზე, ფეხზე წამოდგა და დაცლილი ვისკის ჭიქა მაგიდაზე შემოდგა -როდესაც ვთქვი, სახლში ოთხ საათზე იყავი-მეთქი, ასეც უნდა მოქცეულიყავი
-და ახლა, ამის გამო ეშაფოტზე უნდა ამიყვანოთ? -დაუფარავი ირონია ჟღერდა გოგონას ხმაში
-ბედი შენი, რომ ეშაფოტი წარსულს ჩაბარდა, თორემ, პირველ რიგში მე ვიქნებოდი შენი იქ აყვანის მომხრე -სავარძელს მოხერხებულად მიყრდნობოდა ნიკა და ფეხი, ფეხზე ჰქონდა გადადებული
-აარონ, აქ ამ იდიოტის მოსასმენად მომიყვანე?
-არა, ნიცა, ამისთვის ნამდვილად არა
-თუ ასეა, რა ხდება?
-ჰო, ძმაო, მეც მაინტერესებს. დედა მესამედ გათხოვდა და ჩვენი ქორწილში დაპატიჟება სურს თუ რა ამბავია? -ახლა უკვე ნიკაც ისეთივე ინტერესიანი მზერით მიშტერებოდა, როგორც ნიცა და პასუხის გაცემაც აღარ დაუგვიანია:
-მოკლედ, თქვენთან ჩემი ჩამოსვლის მიზეზზე მინდოდა დალაპარაკება -კვლავ დივანზე ჩამოჯდა, თუმცა ამჯერად, ნიკასგან ოდნავ მოშორებით და განაგრძო :- პირველ რიგში, აქ სამსახურის საქმეების გამო ვარ, თუმცა არის მეორე მიზეზიც -მინდა, როცა თბილისში დავბრუნდები, ბარგი ჩაალაგოთ და თქვენც ჩემთან ერთად წამოხვიდეთ
-მოიცა, რა თქვი?! -წამოიყვირეს ორივემ ერთდროულად და ფეხზე წამოხტნენ. ნიცამ სიცილი დაიწყო და თმაში ხელი შეიცურა, ნიკას კი, სახეზე ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მოსმენილს
-ძმაო, რას ბოდავ? -ჰკითხა მან -მე და ნიცამ უნივერსიტეტი ლოს-ანჯელესში დავამთავრეთ, უკვე წლებია ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ახლა გვთხოვ, რომ იმ ქვეყანაში დავბრუნდეთ, რომელიც ჩვენთვის უკვე გაუცხოებულია?
-ნუ ღელავთ, ყველაფერს თავიდან შეეჩვევით. უკვე დროა უაზრო ცხოვრება შეწყვიტოთ და პასუხისმგებლობები აიღოთ საკუთარ თავზე
-რა პასუხისმგებლობებს გულისხმობ, აარონ, იქნებ გაგვარკვიო?!
-ხმას ნუ უწევ, ნიცა -დისგან განსხვავებით, მშიდი ტონით საუბრობდა მამაკაცი -რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, თბილისში დაბრუნების შემდეგ, ორივენი ჩემს სამშენებლო კომპანიაში იმუშავებთ და საქმეებში დამეხმარებით. უკვე დროა გაიზარდოთ და რაღაცის თქვენით კეთება ისწავლოთ. ამჯერად, ერთადერთი რაც იცით, კლუბური გართობა და საკრედიტო ბარათების დაცარიელებაა. ეს, ორივეს ნამდვილად პროფესიონალურად გამოგდით
-რაც არ უნდა იყოს, შენ ვერ გადაწყვეტ როგორ უნდა ვიცხოვროთ, გესმის? -ნიკა რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. ლურჯ თვალებში სიცივე ჩასდგომოდა და აღარც საათზე იყურებოდა ყოველ წამს, უწინდელივით
-მე არც ვწყვეტ, ნიკა, უბრალოდ, ორ ვარიანტს გთავაზობთ -ან აქ დარჩით და მათხოვრებივით იცხოვრეთ, რადგან მე, თქვენთვის ერთი თეთრის გამოგზავნასაც აღარ ვაპირებ, ან თბილისში დაბრუნდით, სადაც ორივეს საკუთარი ბინა გექნებათ და თქვენი ყოველდღიური ხარჯებისთვის, ფულს თავად გამოიმუშავებთ. არჩევანი თქვენზეა
-გვაშანტაჟებ, აარონ?
-არა, დაიკო, უბრალოდ ვცდილობ იმ ჭაობიდან ამოგიყვანოთ, რომელშიც უკვე მთელი ცხოვრებაა იძირებით
-იცი, ახლა საშინლად რომ მეზიზღები?
ამ საუბრის დაწყებამდე, მამაკაცი, ნიცასგან მსგავს სიტყვებს ნამდვილად მოელოდა, თუმცა მოსმენა ბევრად უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ამ კადრის გონებაში წარმოდგენა.
-დაე, გეზიზღებოდე, ნიცა -მიუგო მან -თუ ეს, შენს ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბებაში დამეხმარება, თანახმა ვარ საწყის ეტაპზე გეზიზღებოდე -მერე ნიკას გახედა, ვინც თვალდაუხამხამებლად უცქერდა და რატომღაც, პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული -შენც გეზიზღები, ნიკოლოზ? შენი დის მსგავსად, შენც გძულვარ? მითხარით, ასე ძალიან გძულთ ის ადამიანი, ვისაც თქვენზე მეტად ქვეყნად არავინ უყვარს და თუ რამეს აკეთებს, ისევ თქვენსავე სასიკეთოდ? -იმდენად მშვიდად ამბობდა ამ სიტყვებს, ვინმე იფიქრებდა შექმნილი სიტუაცია საერთოდ არ აღელვებსო -კარგი, არ მინდა, არ მიპასუხოთ. უბრალოდ, ერთს გეტყვით -რაც თავი მახსოვს, თქვენ ყოველთვის შეცდომებს უშვებდით, უნდა ვაღიარო ამის უნარი ნამდვილად დაგყვათ, თუმცა არ მინდა ასე გაგრძელდეს. არ მინდა მხოლოდ ცხოვრების დასასრულს გააცნობიეროთ, რომ მთელი თქვენი სიცოცხლე უაზროდ გალიეთ, არაფრის შექმნასა და უთავბოლო გართობაში
-შეწყვიტე, რა . . . -საუბარი ნიცას ხმამ გააწყვეტინა. გოგონას, ცალ თვალთან ბრილიანტისფერი ცრემლი უბრწყინავდა -საერთოდ არ ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრება უაზროა და მომავალში რამე გამიხდება სანანებელი . . . იცი ვის ცხოვრებას ვთვლი უაზროდ? -ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ამის თქმისას და საჩვენებელი თითი გულზე მიადო -შენსას, აარონ. საშინელებაა გამუდმებით საქმეში ჩაფლობა, საოფისე გარემო, ყელზე მოჭერილი ხალსტუხი და პირადი ცხოვრებისთვის დარჩენილი მინიმალური დრო! აი, რა არის უაზრობა და უშინაარსობა! მხოლოდ იმაში მადანაშაულებ, რომ არ მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც შენ ცხოვრობ!
-ნიცა, შეწყვიტე -მისი გაჩუმება სცადა ტყუპისცალმა, რადგან, ეს დიალოგი უკვე სერიოზულ კამათს ემსგავსებოდა -ჯობს, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ და ყველაფერი ავწონ-დავწონოთ
-განსახილველი აქ არაფერია. როდესაც თბილისში გავფრინდები, თქვენც თან გამომყვებით, თუ არადა, აქ ამოგხდებათ სული შიმშილით
-მოიცადე -მკლავში ხელის ჩავლებით შეაჩერა გასასვლელი კარისკენ მიმავალი ძმა, ნიცამ -ასე უბრალოდ ვერ გვიბრძანებ, სად უნდა ვიცხოვროთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ადგილას ელისაბეტი რომ იყოს, ასე ნამდვილად არ მოიქცეოდი
აარონს თვალებში მრისხანება მოაწვა და კბილები ბრაზისგან გააღრჭიალა. მისმა შემხედვარე ნიკოლოზმა, ისიც კი იფიქრა, ნიცას ხელს გაარტყამსო და ის-ის იყო, წინ გადაფარება განიზრახა, რომ აარონიც ალაპარაკდა :
-აღარ გაბედო და ელისაბეტი აღარ ახსენო -ხმის ტემბრსა და გამოხედვაზეც კი ეტყობოდა, თუ როგორ ცდილობდა თავის შიგნით დაგროვებული ბრაზის მოთოკვას -იგი, ჩვენს შორის ყველაზე უმცროსი იყო, თუმცა ტვინითაც და ადამიანობითაც, თითოეულ ჩვენგანს სჯობდა, გაიგეთ?! -იმხელა ხმაზე დაიღრიალა ბოლოს, რომ მთელი სახლი შეაზანზარა -თუ რამე საყვედურის თქმა, ან ჯავრის ამონთხევა გინდა, იგი ჩემზე ამოანთხიე, მაგრამ ჩვენი პატარა დის სახელი აღარ ახსენო, თორემ ჩემი ხელით მოგკლავ, ნიცა!
ასეთ გაბრაზებულ აარონს, ტყუპები პირველად ხედავდნენ. ზოგადად, ძალიან იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც იგი ემოციურად ფეთქდებოდა, თუმცა ამჯერად, საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა და გამძვინვარებულ ცუნამის ტალღად იქცა, ვინც მზად იყო ყველაფრისთვის გადაეარა, რაც კი გზად შეხვდებოდა.
-ჰაერზე მჭირდება გასვლა -ნიცამ რომ ხმა ამოიღო, აარონი უკვე დამშვიდებას ცდილობდა და თავის ყოველ აწეულ ხმაზე უტევდა სინანულის გრძნობა
-სად აპირებ წასვლას? -ჰკითხა მან
-სადმე, სადაც უკანასკნელი ნაგავივით არ მექცევიან და მოკვლით არ მემუქრებიან!
გოგონამ რომ ჩანთა აიღო და მხარზე გადაიკიდა, ნიკა ზუსტად მაშინ ამოძრავდა, ტყუპისცალს მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისკენ ისე სწრაფად მოატრიალა, რომ გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო
-ასე ვერსად წახვალ
-არა მგონია, შენგან ნებართვის აღება მჭირდებოდეს -აგრესიულად გამოაცალა ხელი მან და კარისკენ დაიძრა. ბიჭმა კვლავ სცადა დასწეოდა, თუმცა აარონის ხმამ შეაჩერა :
-აცადე, წავიდეს -ამჯერად, უკვე მშვიდი ტონით საუბრობდა მამაკაცი -ახლა მას ვერ დააკავებ და ჯობს, ის გააკეთოს, რაც უნდა
-ჰო, მაგრამ . . .
-ისე მოიქეცი, როგორც გეუბნები, დამიჯერე ასე უკეთესია
ამ სიტყვების შემდეგ, ხანგრძლივი მდუმარება ჩამოწვა. აარონი დივანზე იჯდა, თავი საზურგისთვის ჩამოეყრდნო, თვალები დაეხუჭა და მძიმე საუბრის შემდეგ, ფსიქოლოგიურად ისვენებდა.
ნიკას სახეს ვერ ხედავდა, თუმცა სუნთქვა ესმოდა და იცოდა, რომ სადღაც იქვე იყო, ახლოს.
ნიცაზე ცალკე ნერვიულობდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად უნდა ყოფილიყო ახლა ის, თუმცა ცდილობდა ცუდზე არ ეფიქრა. იმედოვნებდა, რომ გოგონა თავს კარგად გრძნობდა, ან, თუ კარგად არ გრძნობდა, უსაფრთხოდ მაინც იყო.
თავი რომ აიღო და თვალები გაახილა, დაინახა, ნიკა სავარძელში იჯდა, პირდაპირ ბოთლიდან სვამდა შოტლანდიურ ვისკის და უფროს ძმას წამითაც არ აშორებდა გამჭოლ მზერას.
-შენც რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის, ნიკოლოზ?
ბიჭს გაეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-მართალია, მინდა
-გისმენ
-მე არ მძულხარ, აარონ . . .









* * *
ღამის ათი საათი იყო. ანასტასია, თავისი სასტუმროს ნომრის აივანზე, საქანელა-სავარძელში მოკალათებულიყო და შამპანიურთან ერთად, თავის ფავორიტ ხილს-მარწყვს შეექცეოდა.
ვინაიდან, გადაღებები მომდევნო დღისთვის იყო დანიშნული, ახლა თავისუფალი დრო ჰქონდა და თავს, ლოს-ანჯელესის ულამაზესი ხედის ყურებით ირთობდა.
მართლაც უამრავ ადგილას გახლდათ მოგზაურობაში ნამყოფი, მაგრამ ამ ქალაქში პირველად იყო და სრულიად სხვაგვარი გრძნობები იპყრობდა, როდესაც წარმოიდგენდა, თუ რამდენად მცირე მანძილი აშორებდა Hollywood-მდე. ძალიან უნდოდა, ახლა ერეკლეც მის გვერდით ყოფილიყო, ამ ქალაქში, თუმცა ბიჭს სრულიად სხვა გეგმები ჰქონდა -შვებულება ოჯახთან ერთად უნდა გაეტარებინა, წყნეთის აგარაკზე, რაც ყოველწლიური წინა საახალწლო ტრადიცია გახლდათ მათ ოჯახში და ამას, ვერც წლევანდელ წელს გამოაკლდებოდა.
რამდენჯერმე, ანასტასია, სანდრო და ლარაც იყვნენ მათთან ახალი წლის დღეებში და იქ გატარებული დრო, მართლაც რომ იდეალურად ახსენდებოდა გოგონას.
ანასტასიამ კიდევ ერთი მარწყვი აიღო სინიდან და ნეტარებით უკბიჩა. ბოკალში შამპანიური თითქმის გამოლეოდა, ამიტომ, ბოთლს ხელი მოჰკიდა და უკვე დაცარიელებული ჭიქა უნდა შეევსო, რომ კარზე კაკუნის ხმამ დაურღვია მარტოობით გამოწვეული სიმყუდროვე.
გოგონას არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ უეცარი სტუმარი, სასტუმროს მომსახურე პერსონალიდან შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმე და კარის გაღების შემდეგ, ამაში თავადაც დარწმუნდა. მხოლოდ ერთმა რამემ გააკვირვა. ზღურბლს იქით მდგომ, სასტუმროს უნიფორმაში გამოწყობილ ბიჭს, ხელში ყვითელი ფერის ვარდი და პატარა ბარათი ეჭირა, რომელიც ანასტასიასკენ ჰქონდა გამოწვდილი, ღიმილიანი სახით.
-ეს რა არის? -ჰკითხა გოგონამ ინგლისურად და ბამბის ხალათი ტანზე უფრო მჭიდროდ შემოიხვია
-ეს ყველაფერი, თქვენს გვერდითა ნომერში დაბინავებულმა მამაკაცმა გამოგიგზავნათ
-ჩემს გვერდითა ნომერში?
-დიახ -მიუგო როგორც კი ყვავილი და წერილი გადასცა -მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, მის
-მადლობა -გაოცებული სახით დაემშვიდობა მას, ანასტასია და კარის დაკეტვის-თანავე ორად გაკეცილი ბარათი გახსნა. მასში, გოგონამ შემდეგი ტექსტი ამოიკითხა :
"ალბათ, შენ აღარც გახსოვს, თუმცა მე დაგპირდი, რომ ლოს-ანჯელესში შენთან ერთად წამოვიდოდი. ახლა, უბრალოდ გეტყვი, რომ შენი ნომერი, ჩემი ოთახის გვერდითაა და ტკბილ სიზმრებს გისურვებ, ანასტასია . . . იმ დღეს, შენს ბინაში დაწყებულს, ოდესმე აუცილებლად გავაგრძელებთ."
ბარათის ბოლომდე ჩაკითხვა და ანასტასიას მიერ, მისი შუაზე გადახევა ერთი იყო. ვარდიც სადღაც ოთახის კუთხეში მოისროლა და რამდენიმე წამში, უკვე გვერდითა ნომრის კარზე აკაკუნებდა გაცოფებული სახით.
იმ წამს, საშინლად უნდოდა კარზე მთელი ძალით დაებრახუნებინა და ბრაზი ასე მაინც ამოენთხია, თუმცა არ სურდა თავისი უკონტროლობის გამო, სასტუმროს სხვა დამსვენებლები შეეწუხებინა, ამიტომ იდგა და მოთმინებით ელოდა იმ სახის დანახვას, რომლის ხილვაც ყოველთვის ჭირივით ეზიზღებოდა ხოლმე.
ლოდინი დიდხანს ნამდვილად არ დასჭირვებია. დაკაკუნებიდან სულ მალე, კარის საკეტის ჩხაკუნის ხმაც გაისმა და ანასტასიაც უკვე ერთი-ერთში ხედავდა ალექსანდრე თაბაგარის მომღიმარ გამომეტყველებას.
-შენ რა, სულ გააფრინე? აქ, რა ჯანდაბას აკეთებ?!
ბიჭს, მზერა არ ეცვლებოდა. პირიქით, ანასტასიას რეაქციები ართობდა კიდეც და სახეზე უზომო კმაყოფილება ეწერა.
-რაო, ლამაზო? ვარდი მოგეწონა და გადაწყვიტე პირადად გადამიხადო მადლობა?
-სისულელეებს ნუ ამბობ! კითხვა დაგისვი და თუ შეიძლება, მიპასუხე
-მე, გასაგებად გითხარი, რომ აქ შენთან ერთად ჩამოვიდოდი -მშვიდად მიუგო მან -უბრალოდ, სხვა რეისზე მქონდა ბილეთები და ერთად ვერ გავემგზავრეთ, პატარავ
ანასტასიას ბაგეებს დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა. უყურებდა თავის წინ მდგომ ადამიანს და მისდამი ნეგატივის გარდა ვერაფერს გრძნობდა.
-რა საცოდავი სვლაა შენი მხრიდან, ლექსო -უთხრა ბოლოს -ელენა ბალანჩინის ბებერი სხეული მოგბეზრდა და ახლა ჩემზე გადმოხვედი? ასეთი გზებით ცდილობ ხელში ჩამიგდო? -ეგონა, ამ სიტყვებით მაინც შეატოკებდა ბიჭის ნერვებს, თუმცა ლექსოს წარბიც კი არ შეუხრია, ისე მიუგო:
-ელენა ბებერი სულაც არ არის და არც, მომხიბვლელობა აკლია, თუმცა არ ვარ ის, ვინც მხოლოდ ერთი ქალით კმაყოფილდება -მერე, გოგონასკენ დაიძრა, წელზე ხელები მარწუხებივით შემოხვია და პირდაპირ ყურთან უჩურჩულა: -უბრალო ხალათშიც კი ისეთი საოცარი სანახავი ხარ, შენი სურვილი მკლავს
-დამიჯერე, შენთვის ცხოვრების ბოლომდე უბრალო სურვილად და აუხდენელ ოცნებად დავრჩები -თავის მხრივ, მეტად ირონიული ტონით ჩასჩურჩულა ყურში გოგონამ, ლექსოს ხელები წელიდან უხეშად მოიშორა და თავის ნომერში ისე შევიდა, მისთვის ზედაც აღარ შეუხედავს.
ქვეცნობიერი თავიდანვე კარნახობდა, რომ ამ ქალაქში ჩამოსვლისას, რაღაც უსიამოვნოსთანაც მოუხდებოდა შეჯახება და მისი ინტუიციაც გამართლდა. იცოდა, ლექსოს აქ ყოფნა სიმშვიდეს დაურღვევდა და ბევრ პრობლემასაც შეუქმნიდა თუმცა რა უნდა ექნა? ვერც სასტუმროდან გააგდებდა და ვერც, სხვა ნომრის აღებას აიძულებდა. სამაგიეროდ, შეეძლო თავი მისგან შორს დაეჭირა და ისე მოქცეოდა, თითქოს ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.
ეს გადაწყვეტილება, ანასტასიას საკმაოდ გონივრული ეჩვენა. საკუთარი თავით კმაყოფილმა, ოთახის კუთხეში მიგდებული ვარდი ნაგვის კალათაში ჩაუძახა, შუაზე გადახეული ბარათიც მის გზას გაუყენა და გარდერობში შეიხედა.
ახლა ნომერში დარჩენა ნამდვილად აღარ სურდა. უნდოდა, ღამის ქუჩები მოენახულებინა, დაუსრულებლად ესეირნა და ქალაქის რიტმი, სიბნელის ფონზეც შეეგრძნო.
ტანსაცმლის არჩევისთვის დიდი დრო ნამდვილად არ დაუთმია. ჯინსის შარვალზე, სქელი, ნაქსოვი სვიტერი გადაიცვა, თავზე თბილი ქუდი მოირგო და ნომერი, ყურსასმენებში აჟღერებული მუსიკის ფონზე დატოვა.
მართალია, ელენამ პირადი მძღოლი მიუჩინა, ვინც ოცდაოთხი საათის მანძილზე უნდა მომსახურებოდა, თუმცა მაინც მოერიდა ამ დროს საბრალო კაცის შეწუხებას, მით უმეტეს, როდესაც სასტუმროში გვიან დაბრუნება ჰქონდა გეგმაში და გადაწყვიტა ისევ ტაქსის სერვისით ესარგებლა.
ოთახიდან გასულმა, სანდროს და ლარას დაურეკა. მხოლოდ რამდენიმე წუთს ესაუბრა მათ, თუმცა მაინც საშინელი სევდა შემოაწვა. კიდევ ერთხელ იგრძნო ის მარტოობა, რასაც მათგან შორს ყოფნისას განიცდიდა ხოლმე.
სასტუმროს ავტოსადგომზე დაყენებულ ტაქსიში ჩაჯდომისა და მძღოლისთვის მისამართის კარნახის შემდეგ, უკვე ერეკლეს ნომრის აკრება დაიწყო სენსორზე, თან, პარალელურად, თავი საქარე მინას მიადო და უკან ჩამოტოვებულ სასტუმროს გახედა.
ერეკლე ზარის პასუხს აგვიანებდა. წამით, ისიც იფიქრა ხომ არ სძინავსო, თუმცა მერე გაახსენდა, რომ იგი ამ დროს არასდროს წვებოდა ხოლმე და მოთმინებით დაიწყო გულში დათვლა, სანამ ბიჭი ზარს უპასუხებდა.
დაახლოებით, რიცხვ ათზე იყო ასული, როდესაც, წყვეტილი ზუმერი, ყურმილში ადამიანის ხმამ ჩაანაცვლა და ანასტასიაც მაშინვე ალაპარაკდა:
-როგორც იქნა მიპასუხე, უსაქმურო!
-შენც გაგიმარჯოს, ანასტასია -მხიარულად გაისმა ტელეფონში -რა მოხდა, დათვერი და ლოს-ანჯელესის რომელიმე კლუბში იჩხუბე?
-ჰო და ახლა განყოფილებიდან გიკავშირდები -სიცილით აჰყვა ხუმრობაში გოგონა, თუმცა როცა გაახსენდა რისთვისაც დაურეკა, მაშინვე დასერიოზულდა -ერკე, იცი აქ ვინ არის?
-ვინ?
-არც მეტი, არც ნაკლები, ალექსანდრე თაბაგარი. პირდაპირ ჩემს გვერდითა ნომერში დაბინავდა
-მანდ რას აკეთებს? ახლა არ თქვა, რომ…
-ჰო, ზუსტად -შუა გზაში გააწყვეტინა სათქმელი, ანასტასიამ -ჰგონია, რომ ასეთი გზით მაინც გახდება რამეს. უკვე, ყელშიც კი ამომივიდა მისნაირების თავიდან მოშორების მცდელობები
-ანასტასია, თაბაგართან ხუმრობა არ შეიძლება. აჯობებს, თუ მისგან თავს შორს დაიჭერ -გაფრთხილებასავით ჟღერდა ერეკლეს სიტყვები -მაგ ტიპს თუ რაღაც უნდა, ყველანაირად ცდილობს ამის მიღებას და გირჩევნია ფრთხილად იყო
-ხომ იცი, რომ იმ სულელი ქალების კატეგორიას არ ვეკუთვნი, ვინც მექალთანე მამაკაცების კონპლიმენტებში, მხოლოდ გულწრფელ აღფრთოვანებას ხედავს და არანაირ ფარულ სურვილს
-ვიცი და სწორედ ამიტომ არ ვალაგებ ბარგს შენთან ჩამოსასვლელად -მხოლოდ რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ მიუგო. ანასტასიას, მის სიტყვებთან ერთად, რაღაცის მსხვრევის ხმაც მოესმა
-რა ხდება, ქურდები შემოგეჭრნენ? -მართალია, მხიარული ტონით ჰკითხა, თუმცა სახეზე აღელვება ეტყობოდა
-არაფერი, უბრალოდ, ჭიქა გავტეხე
-შემთხვევით, მე რომ გაჩუქე ის ხომ არა?
-დამშვიდდი, მხოლოდ სახელური აქვს მოტეხილი, დღესვე შევაწებებ და პირობას გაძლევ, სანაგვე ყუთში არ აღმოჩნდება -გაეცინა ერეკლეს
-შენთვისვე ჯობს, ასე იყოს
-მანქანის ხმა ისმის, სადმე მიდიხარ? -საუბრის თემა შეცვალა ბიჭმა
-ჰო, გადავწყვიტე ცოტა გავისეირნო და ღამის ლოს-ანჯელესი დავათვალიერო. ზუსტად ახლა, ჰოლივუდის დიდების ხეივანს მივუყვები და ვიღაც გრძელთმიან ბიჭს ვუყურებ, რომელიც შუა ქუჩაში გიტარაზე უკრავს
-ესე იგი, მოგწონს მაქაურობა
-რომ გითხრა, თბილისის ქუჩები უფრო ლამაზია-მეთქი მოგატყუებ -საქარე მინიდან გადაშლილ სახაობას თვალი მოწყვიტა და კვლავ წინ გაიხედა, ანასტასიამ
-აი, სად დამტკიცდა შენი პატრიოტიზმი, ანასტასია მარგიანო. რა მარტივად გაცვალე სალი კლდეები, ჰოლივუდის დიდების ხეივანში
-შენ და შენი უაზრო ხუმრობები
-აღიარე, რომ მოგეწონა
-კარგი, ჰო, სულ ცოტათი -ბოლოს მაინც დანებდა და ოდნავ გაეღიმა -მოკლედ, ახლა უნდა გავთიშო, მალე დანიშნულების ადგილას ვიქნები
-მაშინ, კარგ გართობას გისურვებ, ოღონდ იცოდე, ბევრი არ დალიო, ქუჩაში არ იყვირო, უპატრონო კატები სასტუმროში არ მიათრიო და თაბაგართან ფრთხილად იყავი
ანასტასია ღიმილით უსმენდა თითოეულ რჩევა-დარიგებას. დუმილმა რომ დაისადგურა და მიხვდა, ერეკლეს მეტი აღარაფერი ჰქონდა სათქმელი, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, თანაც ის თქვა, რაც ამდენი ხანი უტრიალებდა გონებაში:
-უზომოდ მიყვარხარ, ერკე! უბრალოდ მიყვარხარ ეს ყოველთვის გახსოვდეს
-მეც ძალიან მიყვარხარ, ალქაჯო. აბა შენ იცი, ჭკვიანად იყავი და ბევრს ნუ იგიჟებ…
ერეკლეს მხიარულ ნოტაზე დაემშვიდობა გოგონა. მხოლოდ მაშინ გაახსენდა მობილურში დაპაუზებული მუსიკის შესახებ და კვლავ Playlist -ში დაიწყო ქექვა მის მოსაძებნად.
დარჩენილი გზა, ყურსასმენები წამითაც არ მოუშორებია. თავისი საყვარელი მელოდიის წყნარი ჰანგების ფონზე მიაღწია საყვარელ ადგილამდე და მანქანიდან გადმოსვლის წინ, საჭესთამ მჯდომ მძღოლს, ღიმილიანი სახით გაუწოდა კუთვნილი თანხა.
ქუჩაში ოდნავ გრილოდა, თუმცა ანასტასიას საკმაოდ თბილად ეცვა და ეს ყველაფერი ოდნავადაც არ აწუხებდა. მის წინ აღმართულ შენობაზე, სხვა აბრებთან და რეკლამებთან ერთად, ლამაზად ანათებდა წარწერა „Albatross Cafe“.
ანასტასიას საბოლოო გაჩერება, სწორედ ეს ადგილი იყო, ამიტომ, ბევრი აღარ უფიქრია, დაწესებულებაში თამამად შეაბიჯა და იქაურობას თვალი მოავლო.
მიუხედავად იმისა, რომ საათი თორმეტის ნახევარს უჩვენებდა, კაფე მაინც ხალხით იყო გადავსებული. გოგონამ დიდხანს ატრიალა თავი, თავისუფალი მაგიდის საპოვნელად და როგორც იქნა, მიაკვლია კიდეც. მისი ღამეული ვოიაჟი, სწორედ ამ ადგილიდან უნდა დაწყებულიყო და შემდეგ თავად გადაწყვეტდა რა იქნებოდა შემდეგი გაჩერება.
ვინაიდან, მომდევნო დღეს, გადაღებები სამ საათამდე არ ჰქონდა, ნომერში დაბრუნებული, გამოძინებასაც თავისუფლად მოასწრებდა, ამიტომ, კმაყოფილი სახით აიღო მენიუ, მცირე ხნიანი თვალიერების შემდეგ, მიმტანს ქათმის ფილეს და ხორციანი პიურეს შეკვეთა მისცა ბროკკოლთან და შემწვარ ლიმონთან ერთად, შემდეგ კი, მობილური ამოიღო და შეკვეთის მოტანის მოლოდინში გადაწყვიტა WF-ით ესარგებლა.








8 8 8 8


აარონმა კიდევ ერთი წარუმატებლობა განიცადა ნიცასთან დარეკვის მცდელობისას და გაღიზიანებულმა, ტელეფონი სავარძელში უხეშად მიაგდო.
უკვე ღამის თორმეტი საათი იყო და შუა დღის შემდეგ, გოგონას კვალიც კი არსად ჩანდა. სატელეფონო კონტაქტზეც რომ არ გამოდიოდა, სწორედ ეს გახლდათ აარონისთვის ყველაზე საშინელი. მართალია, რასაც აკეთებდა ყველაფერი ტყუპების სასიკეთოდ იყო, თუმცა საკუთარ თავს მაინც ვერასდროს აპატიებდა, ნიცას თუ რამე დაემართებოდა. უმცროსი დის დაკარგვა, ერთხელ უკვე გამოცდილი ჰქონდა და სულიერად განადგურდებოდა ეს კიდევ ერთხელ რომ მომხდარიყო მის ცხოვრებაში.
ნიკაც არ ჩანდა უკეთეს დღეში. აარონთან ერთად, მისაღებში ისიც ბოლთას სცემდა და პოლიციაში დარეკვისგან თავს მხოლოდ იმიტომ იკავებდა, რომ დაკარგვიდან 48 საათის გასვლამდე, მაინც არ დაიწყებდნენ ნიცას ძებნას.
საშინელება იყო ყოველი განვლილი წამი. აარონს უკვე ნერვები ღალატობდა და ისე მიაფშვნა მაგიდაზე დადებული ჭიქა კედელს, თავადაც კი ვერ გააცნობიერა.
-ეს გოგო ნამდვილად ჭკუიდან შემშლის! -შუბლზე თითები მიიჭირა მან, ისე, თითქოს თავის ტკივილს ებრძვისო -არ უნდა გამეშვა. არსად არ უნდა გამეშვა, თუნდაც მისი თოკებით დაბმა დამჭირვებოდა
-ახლა გვიანია იმაზე ფიქრი რა უნდა გაგეკეთებინა და რა, არა -ნიკას ხმა რომ გაიგო, მხოლოდ მაშინ გაახსენდა იმ ოთახში მეორე ადამიანის ყოფნა, მამაკაცს -ეს სულელური თემა რომ არ წამოგეჭრა, ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა და აღარც იმაზე მოგვიწევდა ტვინის ჭ*ლეტა, თუ სად ჯანდაბაშია ის გადარეული!
-ნიკა, ისედაც ბეწვზე ვარ და ნუღარ მიმატებ! ჯობს, კარგად გაიხსენო, იქნებ ვინმე არის ისეთი, ვისთანაც ასეთ მდგომარეობაში წასვლა მოუნდებოდა. მის მეგობრებს შენ უკეთ იცნობ, თქვი რამე!
ნიკა სავარძელში ჩაესვენა და თვალები მაგრად დახუჭა. ამდენი დაძაბულობა მის ნერვებზე საშინლად მოქმედებდა.
-უკვე ხომ ყველასთან დავრეკეთ? -იკითხა მან ხმადაბლა -არავინ არაფერი იცის. ნიცა დღეს არც კი უნახავთ
-ჯანდაბა! -მაგიდაზე მუშტის დარტყმით ამოანთხია მთელი ბრაზი აარონმა და ამ დროს, ზარის ხმაც გაისმა ნიკას ტელეფონზე -ნიცა რეკავს?
-არა, უცხო ნომერია -მაშინვე ჩაუკლა იმედი, ძმას და ყურმილი უკმაყოფილო გამომეტყველებით აიღო -გისმენთ . . . დიახ, დიახ . . . სერიოზულად ამბობთ? ანუ, მანდ არის? -შვება გამოისახა ნიკას სახეზე და ეს განწყობა აარონსაც გადაედო, ვინც უკვე ხვდებოდა ვითარების არსს -კარგი, ახლავე წამოვალ და წამოვიყვან. არსად გაუშვათ, კარგი?
-რა მოხდა? სად არის? -ჯერ კიდევ არ ჰქონდა ყურმილი დაკიდებული, რომ აარონმა დააყარა კითხვები -ხომ კარგად არის?
-კარგად არის, კარგად -სენსორზე, გათიშვის ღილაკს დააწვა ბიჭი -აქვე ახლოს ყოფილა, კლუბში. ბარმენმა დამირეკა, საშინლად არის მთვრალი, უკვე მერვე ჭიქა დალეწა და თუ შეგიძლიათ, მოგვაშორეთო. თურმე მის Call Log-ში შესულა და პირველად ჩემი ნომერი უნახავს. სწორედ ამიტომ დამირეკა
-თუ ასეა, რაღას ვუცდით? ახლავე წავიდეთ
-დამელოდე, გასაღებს ავიღებ -ფეხზე წამოდგა და კარისკენ წასულ ძმას უკან აედევნა
რამდენიმე წუთში, უკვე მანქანაში იჯდნენ და გზას მიუყვებოდნენ. საჭესთან აარონი იჯდა და იმდენად სწრაფად მართავდა, რომ მეორე დილისთვის ჯარიმის ქვითრის მოსვლა არ ასცდებოდათ.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ერთი წამითაც რომ დაეგვიანა, ნიცა უკვე იქ აღარ დახვდებოდა, ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობდა სიჩქარე არ დაეგდო და ამ ყველაფრისთვისაც საბოლოო წერტილი დაესვა.
სვლა რომ ალისფრად განათებული შენობის წინ შეანელა, საიდანაც მუსიკის გამაყრუებელი ხმა გამოდიოდა და მის წინ, რამდენიმე უცნაურად ჩაცმული ტიპიც იდგა, მანქანა პირდაპირ პარკინგზე შეაგდო და გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე გადაუხტა ნიკა ჯერ კიდევ გაუჩერებელი მანქანიდან.
-შენ აქ დარჩი, იმ გადარეულს მე გამოვიყვან!
-ნიცას კონტროლი რომ შეგეძლოს, ახლა ათობით ბიჭის ხელში არ იქნებოდა გამოვლილი -საქარე მინიდან გასძახა აარონმა -მანქანაში ჩაჯექი, ეს ამბავი ჩვენ ორს გვეხება და ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ!
-შენზე ძალიანაა გაბრაზებული, დარწმუნებული ვარ არ მოგისმენს
-ვაიძულებ მომისმინოს -კარი უხეშად მიაჯახუნა ამის თქმისას და ძმას მხარზე ხელი დაადო -აქ დამელოდე და წინააღმდეგობის გაწევა არც იფიქრო . . . არ გაბედო, გესმის?!
-მესმის -აშკარად იმიტომ დაემორჩილა, რომ აარონის უფრო მეტად გაღიზიანებას მოერიდა -შედი და საქმე დროზე დავამთავროთ, სანამ ისე დამთვრალა, რომ იქედან ვიღაც ნაბი*ვრის მიერ დაორსულებული გამოსულა
აარონს, ამის წარმოდგენაზეც კი უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში. ნიცასგან მართლაც ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ამიტომ, იქ მეტად აღარ შეყოვნებულა, სწრაფად შეაბიჯა ელექტრონული მუსიკით გაჯერებულ სივრცეში და ხალხით გადაჭედილ დარბაზს თვალი მოავლო.
ბრბოში, ძირითადად, თვრამეტ წლამდე თინეიჯერები ჭარბობდნენ, რომელთა სახესა და სხეულზე წასმული საღებავები, ულტრაიისფერი შუქების გამო, ფოსფორივით ანათებდა და ერთი შეხედვით, ადამიანს თავს ფერების ფესტივალზეც კი აგრძნობინებდა.
ხალხის სიმრავლეს, აარონისთვის ხელი არ შეუშლია თავისი დის შემჩნევაში. შესვლის თანავე, ნებისმიერ ადამიანს მოხვდებოდა თვალში ბარის მაგიდაზე ასული გოგონა, ვინც, ცეკვის პარალელურად ნელ-ნელა იხდიდა ქვემოთ შეკრებილი აჟიტირებული ბიჭების თანდასწრებით.
ლამის ტვინში სისხლი მოაწვა აარონს, ამ სცენის დანახვისას. თვალებში ცეცხლჩამდგარმა, სწრაფად გაარღვია მუსიკას გიჟურად აყოლილი ბრბო, შემდეგ ბარის მაგიდასთან შეკრებილი ბიჭები მისწი-მოსწია უხეშად და ნიცას მიერ ქვემოთ გადმოგდებული მაისური, მარჯვენა ხელით დაიჭირა.
-შოუ დასრულებულია, ყველამ დაახვიეთ აქედან! -დაუღრიალა მან იქ მდგომ ბიჭებს, მერე კი ნიცას მოუტრიალდა თვალების ბრიალით და მაისური პირდაპირ სახეში ესროლა -ჩაიცვი და ქვემოთ ჩამობრძანდი, ახლავე!
-ვაუ, ერთი შეხედეთ ვინ მოსულა -ოდნავ წაბარბაცდა გოგონა, თუმცა დროულად მოასწრო თავის შემაგრება და წონასწორობის დაცვა -თავად ჩემი სიმპათიური ძამიკო, ვინც სხვების ცხოვრების დანგრევაზე გიჟდება
-ძმაო, აცადე გოგონას იცეკვოს -გვერდიდან აარონმა ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია ისე გადადგა ნიცასკენ ერთი ნაბიჯი
-ბოლოჯერ გიმეორებ, მაქედან ჩამოდი და სახლში გამომყევი
-კიდევ რა გინდა? -გამომწვევად გაესპასუხა და ამჯერად, ლიფის შესაკრავისკენ წაიღო ხელები. აი, აქ უკვე მოთმინების ძაფი გაუწყდა აარონს, გოგონას მაჯას მისწვდა, იგი ინერციით ჩამოაგდო ძირს და სულ მალე, ნიცა მის ზურგზე გადაკიდებული ფართხალებდა
-დამსვი, პირუტყვო! ახლავე დამსვი! ვინ მოგცა ამის უფლება?! -ბოლო ხმაზე კიოდა გოგონა, თუმცა მისი სიტყვები, ბარის გამაყრუებელ მუსიკაში იკარგებოდა. ისინი მხოლოდ აარონს ესმოდა, ვინც ნიცას ისტერიკების მიუხედავად, მაინც გასასვლელი კარისკენ მიიწევდა, თან უამრავი ადამიანის ინტერესიან, ღიმილიან მზერასაც მიიყოლებდა.
ხმამაღალი მუსიკის ეპიცენტრს რომ მოშორდნენ და გარეთ გავიდნენ, გოგონა კვლავ წივილ-კივილით ურტყამდა აარონის ზურგს მუშტებს, თუმცა ახლა, თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, სიცივის შეგრძნებამაც შეაწუხა და მკლავებს თითები ისე შემოხვია, როგორც ეს თავდაყირა დაკიდებული ადამიანისთვის იყო შესაძლებელი
-მცივა, პირუტყვო, რამე მაინც ჩამაცვი! -დაიკივლა მან. აქ უკვე ნიკას ხმაც მოესმა :
-აარონ, საიდან მოგყავს? მაისური რატომ არ აცვია?
-ოჰ, ეს ერთუჯრედიანიც აქ ყოფილა. იქნებ უთხრა, შენს გორილა ძმას, რომ რამე ჩამაცვას
-მე რომ არა, ახლა ეგ ბიუსჰალტერიც არ გეცმეოდა! -უხეშად მიახალა აარონმა, შემდეგ კი, ძირს ჩამოსვა და თავისი მოსაცმელი შემოაცვა გაყინულ სხეულზე -მანქანაში ჩაჯექი, სახლში მივდივართ!
-შენთან ერთად არსად წამოსვლას არ ვაპირებ, გაიგე?!
-ნიცა, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, თორემ…
-აარონ, შეწყვიტე! -ნიკას ხელმა შეაჩერა დისკენ გაავებული სახით წასული მამაკაცი -ახლა მთვრალია და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ჯობს, ნიცა სახლში მე წავიყვანო, შენ კი, უმჯობესი იქნება თუ ერთ ღამეს სხვაგან გაათევ. ორივე რომ დამშვიდდებით, მერე დალაპარაკებასაც შეძლებთ
ნიკას სიტყვები, მართლაც რომ გონივრული ჩანდა აღნიშნულ სიტუაციაში. ნიცას ქცევა, მოცემულ მომენტში იმდენად უკონტროლო იყო, სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩებოდა. ისევ მისავე სასიკეთოდ, აარონმა გადაწყვიტა ამ დათმობაზეც წასულიყო და მანქანის გასაღები, უმცროს ძმას გადააბარა.
-იცოდე, კარგად მოუარე და გზაში ნელა იარე -გამაფრთხილებელი ტონი დაიჭირა მან, შემდეგ კი, გოგონას მიუტრიალდა -შენ რაც შეგეხება, იმედი მაქვს, უკანასკნელად გამხადე შენი სტრიპტიზის უნებლიე მოწმე
-ეს, ჯერ კიდევ საკითხავია
-ნიცა, ახლავე ჩაჯექი! -ამჯერად, ნიკამ დაუბრიალა თვალები და ავტომობილის მარჯვენა კარი გამოუღო. მართალია, გოგონას კიდევ უნდოდა ძმების წვალება, თუმცა თბილი შენობიდან გამოსულს, ქუჩაში იმდენად სციოდა, რომ დაყოვნების გარეშე ჩასკუპდა სალონში და თავი, სავარძლის საზურგეზე თვალდახუჭულმა ჩამოდო
-წადი, აარონ, მასზე მე ვიზრუნებ. გპირდები, წამითაც არ მოვშორდები გვერდიდან, რათა ისევ რამე სისულელე არ ჩაიდინოს
მამაკაცს ჩაეცინა.
-ჰო, ნიკა, გხედავ როგორც ზრუნავ მასზე -ირონიის დიდი დოზა გამოსჭვიოდა მის სიტყვებში -იცი, რომ შენ დას სახლში ბიჭები ამოჰყავს, შენ კი ამ დროს ტელევიზორის ყურებით ხარ გართული, გვერდითა ოთახში. ვერაფერს ვიტყვი, სამაგალითო ძმა ხარ . . .
აღარ დაუცდია ნიკას პასუხისთვის, არც მისი შეცვლილი გამომეტყველება დაუნახავს. უბრალოდ სურდა იმ ადგილს მოშორებოდა და რაც უფრო მეტად იტოვებდა უკან ელექტრომუსიკის ჟღერადობით გაყრუებულ კლუბს, მით უფრო თავისუფლად იწყებდა სუნთქვას.
რამდენიმე საათი ისე იხეტიალა, თავადაც ვერ იგებდა სად მიდიოდა . ჯერ ფეხით იარა, შემდეგ ტაქსით განვლო რამდენიმე კილომეტრი, შემდეგ კი, ისევ ფეხით გაუყვა ქალაქის ქუჩებს. სახლში მისვლას, რა თქმა უნდა, არ აპირებდა. შეეძლო ღამე სასტუმროში გაეთია, თუმცა რატომღაც არც ეს სურდა. ერთადერთი, რაც იმ წამს უნდოდა, ეს დაუსრულებელი ხეტიალი იყო და ასეც იქცეოდა.
რამდენიმე ქუჩა რომ გაიარა და სიარული მობეზრდა, ლამაზად გაშლილი პალმის ქვეშ მდგომ სკამზე ჩამოჯდა, დასასვენებლად.
საათს დახედა . . . ღამის ორის შესრულებას, სულ რაღაც წამები უკლდა, თუმცა ძილიანობის შეგრძნება მაინც არ აწუხებდა.
ქუჩაში ხალხი კანტიკუნტად თუ მოძრაობდა. მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა ერთი ბიჭი, რომელსაც, ვიღაც გოგოსთვის მოეხვია წელზე ხელები და მასთან ერთად, ტანს არარსებულ მუსიკას აყოლებდა. მათგან რამდენიმე ნაბიჯში, მოხუცი კაცი, ფრინველებს უყრიდა საკენკს, ხოლო დანარჩენები, უბრალოდ მიდი-მოდიოდნენ და ეტყობოდათ, რომ იმ ქუჩაზე უბრალოდ გავლით იყვნენ.
აარონმა ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა. ეკრანზე, ერთი საათის წინ გამოგზავნილი ნიკოლოზის შეტყობინება დახვდა, ვინც სწერდა, რომ უკვე სახლში იყვნენ და ნიცას მშვიდად ეძინა, თავის საწოლში. ვერც კი გაიგო SMS-ის ხმა, თუმცა ამაზე ბევრი აღარ უფიქრია, პირდაპირ მობილურის ფოტო-გალერიაში შევიდა და ის სურათი გახსნა, რომელიც რვა წლის ასაკში ჰქონდა გადაღებული, ტყუპებთან ერთად. ფოტოზე, ნიცა და ნიკა, მხოლოდ ორი წლისანი იყვნენ და კამერას გულწრფელი, ბავშვური ღიმილით უღიმოდნენ.
მაშინ, არც ერთისთვის, მათ შორის, არც აარონისთვის არ არსებობდა პრობლემები, წინააღმდეგობები და ყველაფერი ის, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურად გაზრდას აიძულებდა.
მაშინ, უბრალოდ ბავშვები იყვნენ. ბავშვები, რომლებიც ცხოვრების ამ ჯადოსნური პერიოდის ყოველი წუთით ტკბებოდნენ.
ფოტოსურათის ყურებაში, დრო ისე გავიდა, გააზრებაც ვერ მოასწრო, აარონმა. გვერდზე რომ გაიხედა, დაინახა, ქუჩას კიდევ ერთი ადამიანი შემომატებოდა. ეს უკანასკნელი, ახალგაზრდა გოგონა იყო, ვინც მამაკაცის გვერდითა სკამზე ჩამომჯდარი, ცალ ყურსასმენში რაღაც მუსიკას უსმენდა, მეორე მაისურზე ჰქონდა გადმოკიდებული, თან შოკოლადის მოზრდილ ფილას შეექცეოდა. ეტყობოდა, რომ თავის სტიქიაში იყო და გარშემო არაფერი აინტერესებდა.
აარონმა, გოგოს თვალი მოაშორა და კვლავ წინ გაიხედა, თუმცა დანახული ადამიანი, მეხსიერებაში უცნაურად ჩარჩა და წამის მეასედიც არ იყო გასული, რომ მზერა კვლავ მასზე გადაიტანა.
უყურებდა, ზვერავდა, აკვირდებოდა და ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ არაფერი ეშლებოდა. პროფილი, თმა, სხეულის ფორმები, ყველაფერი ისეთივე იყო.
ნამდვილად არ სჯეროდა ორ ადამიანს შორის ასეთი მსგავსების, თუმცა შეიძლებოდა ასეც ყოფილიყო, ამიტომ, გადაწყვიტა ჯერ ნიადაგი მოესინჯა და მობილური კვლავ ჯიბეში ჩაიბრუნა.
-გოგონა, შოკოლადს ვერ გამიყოფთ? -ხმამაღლა იკითხა მამაკაცმა. მართალია, არ გაუხედავს, თუმცა თვალის გვერდული ხედვით მაინც შეამჩნია, როგორ შეწყვიტა მან ჭამა, მეორე ყურსასმენიც მოიხსნა და თავისი მყუდროების დამრღვევს დააკვირდა
სიჩუმე მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდებოდა. როცა გოგონა ფეხზე წამოდგა და აარონის წინ დადგა, მამაკაცი უკვე ბოლომდე გახლდათ დარწმუნებული, რომ ეს ნამდვილად ის ადამიანი იყო, ვისაც ფიქრობდა.
-აარონ? -მოესმა მისი გაოცებული ხმა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუყარა თვალი, თვალში და მის მზერაში, ოკეანისხელა გაოცება დაინახა
-ასე ნუ მიყურებ, გარწმუნებ არ გეჩვენები
-მაგრამ . . . აქ რას აკეთებ?
-თავად რას აკეთებს აქ, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი მოდელი? -კითხვა ღიმილით შეუბრუნა მამაკაცმა და მის შოკოლადის ფილას, ერთი ნაწილი დაუკითხავად ჩამოატეხა -ანუ, მწარე შოკოლადი გიყვარს, ანნასტასია
-კითხვა დაგისვი და მიპასუხე -თავისი ტკბილეული ზურგს უკან დამალა და ისე უთხრა -აქ რას აკეთებ?
აარონს, მის ბავშვურ საქციელზე სიცილი აუტყდა.
-ბინაში რომ შემომივარდი, ხომ გითხარი ამერიკაში მივდივარ საქმეებზე-მეთქი? ჰოდა, მეც აქ ვარ
-ჯერ ერთი, კი არ შემოგივარდი, ბოდიშის მოსახდელად მოვედი -იოგას პოზაში ჩამოჯდა ანასტასია მის გვერდით, თან, შოკოლადის ჭამა უდარდელად განაგრძო -მერეც მეორე, შეგეძლო ეს ბოდიში ნორმალური ადამიანივით მიგეღო. ამ შემთხვევაში, ჩემი შენს ბინაში ატანა დიდხანს აღარ მოგიწევდა
-მაინც არ გითქვამს აქ რატომ ხარ -საუბრის თემა შეცვალა მამაკაცმა. ჯერ კიდევ ეუცნაურებოდა ასეთი დამთხვევა, თუმცა ანასტასიას პასუხმა ყველაფერს ფარდა ახადა :
-აქ, გადაღებების კვირეული მაქვს -თქვა მან -როგორც კი დავასრულებ, მაშინვე უკან დავბრუნდები
-შემთხვევით, სამშაბათის რეისზე ხომ არ გაქვს აღებული უკან დასაბრუნებელი ბილეთები?
ანასტასიამ შოკოლადიანი ხელი ძირს დაუშვა, თუმცა პასუხის გაცემა არ უჩქარია. ეს, მხოლოდ მაშინ გააკეთა, როდესაც აარონის კითხვით სავსე მზერა დააფიქსირა და მიხვდა, რომ ხმის ამოღების დრო იყო.
-ჰო, სამშაბათის რეისზე მაქვს . . . არ მითხრა, რომ შენც
-არ გეტყოდი, მაგრამ ასეა
-მართლა ბრაზილიურ სერიალში ვართ -სიცილის შეკავება ვერ შეძლო ამის გამგონე ანასტასიამ -ამხელა ქალაქში, სადაც, მხოლოდ ერთი დღეა რაც ვიმყოფები, მაინცდამაინც ჩემს კარის მეზობელს ვხვდები, თანაც, ღამის ორ საათზე
-გეთანხმები, უცნაურია -დაუდასტურა აარონმაც მისი უკეთ შეთვალიერების შემდეგ და დასძინა :- დღეს, ეზოში საგუნდაოდ გასული პატარა ბავშვივით გამოიყურები
-კონპლიმენტის თქმა, აშკარად არ გამოგდის
-მერე და ვინ გითხრა, რომ მაგის მცდელობა მქონდა?
ანასტასიამ, დასმულ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა. ამის მაგივრად, შოკოლადის უკანასკნელი ფილა ჩაიდო პირში და, აწ უკვე ცარიელი ქაღალდი ხელში მოჭმუჭნა.
-სახლში დაბრუნებას დილის შვიდი საათისთვის ვაპირებ -თქვა მან, თან აარონს შეხედა სივრცეს რომ მიშტერებოდა და აშკარად არ გახლდათ კარგ გუნებაზე -თუ შენც არ გეძინება, რამე კარგი ადგილი „დავგუგლოთ“ და მოვინახულოთ
იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა გოგონას შეთავაზება აარონისთვის, სახეზე ოდნავი გაკვირვებაც გამოესახა, თუმცა ახლა რომ გართობის ხასიათზე არ იყო, თავადაც მშვენივრად უწყოდა.
-უარი რომ გითხრა, ძალიან გეწყინება? -შეეკითხა მამაკაცი
-წყენით არა, უბრალოდ, უჟმურ ადამიანად ჩაგთვლი, ვისაც გართობის არაფერი გაეგება
-ცდილობ გამომიწვიო, ანნასტასია? -ირიბად გამოხედვის პარალელურად, ქვედა ტუჩის კუთხეს მოსდო კბილები, აარონმა
-ნუ აკეთებ ეგრე
-რაზე ამბობ?
-აი, ქვედა ტუჩს რომ კბილებში იქცევ -დააზუსტა გოგონამ -ასე მგონია, ჩემს შებმას ცდილობ
-ოჰ, ეს ქალები და მათი აზროვნება -სიცილით ამოთქვა, თუმცა წამში დასერიოზულდა -მაგაზე არ ინერვიულო, არ გაბამ, უბრალოდ ჩვევა მაქვს ასეთი
-ჰო, შენ ხომ მოდელებთან პირად ურთიერთობებს არ იწყებ
-ვფიქრობ, ეგ ამბავი გახარებს კიდეც, არადა, ქალური თავმოყვარეობა უნდა გელახებოდეს იმის გამო, რომ არ მომწონხარ
-მართალი გითხრა, გახარებული უფრო ვარ. სასიამოვნოა, როდესაც მამაკაცი ისე არ გიყურებს, როგორც შესაჭმელად გამზადებულ ხორცის ნაჭერს
აარონს, სახეზე კვლავ ღიმილი დაუბრუნდა. ანასტასიასთან საუბარი, აშკარად კარგ გუნებაზე აყენებდა.
-მაშინ, მეც მადლობას გიხდი
-რისთვის?
-იმისთვის, რომ ისე არ მიყურებ, როგორც შესაჭმელად გამზადებულ ხორცის ნაჭერს
-შენზეც ბევრი ქალი ნადირობს, არა? -თანაგრძნობით გახედა მას, ანასტასიამ და თვალები აატრიალა -პრინციპში, არც მიკვირს, ძალიან მიმზიდველი ხარ. ამ დღეებში, ჰოლივუდთან გაიარე, რა იცი რა ხდება -დაამატა ბოლოს სიცილით და აარონიც აიყოლია
-კონპლიმენტებს ისეთი უგრძნობი სახით ამბობ, შენში პატარა მარცვალ ემოციასაც ვერ ვიჭერ. სხვა შემთხვევაში, ვიფიქრებდი, რომ მეფლირტავები
-ანასტასია მარგიანი და მამაკაცთან ფლირტი? ეს, ჯერ ბუნებას არ ახსოვს -მიუგო და ფეხზეც წამოდგა -აბა, რა გადაწყვიტე, მოდიხარ ჩემთან ერთად თუ, არა?
-არ წამოვალ, ის ამბავი ჯერ არ დამვიწყებია შოკოლადი რომ არ მაჭამე
-თუ წამომყვები, უფრო დიდს გიყიდი, გპირდები -საჩვენებელი და შუა თითი ერთმანეთს გადააჭდო ფიცის ნიშნად, გოგონამ -აბა, რას იტყვი?
-მოიცა დავფიქრდე -ნიკაპზე თითები აათამაშა და ბოლოს, კვლავ ანასტასიას შეხედა აარონმა -შოკოლადის ხათრით დაგთანხმდები, თუმცა გაითვალისწინე, თხილიანი მიყვარს
-პატიოსან სიტყვას გაძლევ, აუცილებლად მიიღებ შენს თხილიან შოკოლადს. ახლა კი, წავიდეთ . . .








* * *

ანასტასია და აარონი, ქალაქის ერთ-ერთ სადღეღამისო კვების ობიექტში ისხდნენ და გამაგრილებელ სასმელს, ძველი მეგობრებივით მიირთმევდნენ.
გარეთ, ჯერ კიდევ ბნელოდა. დაწესებულებაში, მათ გარდა, კიდევ ორი მაგიდა იყო შევსებული, რაც მშვიდად საუბრის საშუალებასაც უქმნიდათ და აგრეთვე, თავს კომფორტულად აგრძნობინებდათ.
საკმაოდ თავისუფლად იქცეოდა მამაკაცთან, ანასტასია. ნელ-ნელა რწმუნდებოდა ლარას სიტყვებში, რომ აარონი მართლაც კარგი ადამიანი იყო და მასთან ყოფნა, უკვე ძალიან სიამოვნებდა.
-კიდევ რამეს ხომ არ დაამატებთ?-მიმტანი რომ თავზე დაადგათ, უკვე მესამე ჭიქა გამაგრილებელ სასმელს ცლიდნენ
ანასტასიამ საკვების შეკვეთა არ მოინდომა. არ სურდა ღამით ზედმეტი კალორიების მიღება, აარონს კი, იმ წამს, შიმშილის გრძნობა ყველაზე ნაკლებად აწუხებდა. სწორედ ამიტომ ედგათ წინ ერთსაც და მეორესაც, კოკა-კოლით სავსე ჭიქები, რომლიდანაც სვენებსვენებით მიირთმევდნენ, საუბრის პარალელურად.
-არა, გმადლობთ, მეტი არაფერი გვინდა -მიმტანისთვის პასუხის გაცემა, საკუთარ თავზე აიღო ანასტასიამ -თუ გადავიფიქრებთ, დაგიძახებთ
აარონმა საათს დახედა. თითქმის შვიდის ნახევარი იყო.
-სასტუმროში რომელზე უნდა იყო? -ჰკითხა მან გოგონას, როდესაც მაგიდასთან მარტონი დარჩნენ
-შვიდი საათისთვის. გადაღებამდე, გამოძინება უნდა მოვასწრო, თორემ უძილობისგან ჩაშავებული თვალებით სააგენტოშიც კი არ შემიშვებენ -მიუგო, თან ჭიქაში ჩარჩენილი ბოლო ყლუპიც მოსვა -შენ რას აპირებ, სახლში დაბრუნდები?
-ჯერ შენ მიგაცილებ . . . ასეთ დროს, ტაქსით მარტო სიარული საშიშია
-ნუ ღელავ, იაკუძას საბრძოლო ხელოვნებას ვფლობ
-სერიოზულად?
-რა თქმა უნდა, არა
-ტყუილს ისეთი სახით ამბობ, ადამიანი ეჭვსაც კი ვერ შეიტანს -საფულის გახსნის პარალელურად უთხრა და მაგიდაზე საჭირო თანხა დადო, ჩაის ფულთან ერთად. ანასტასიამ, ამ უკანასკნელს დახედა და თავი კმაყოფილმა გადააქნია
-მიმტანებს დღეს გაუმართლათ, გულუხვი კლიენტი შეხვდათ -შემდეგ ფეხზე წამოდგა და თავადაც დატოვა მომსახურე პერსონალისთვის "საჩუქარი"
აარონი პირველი მიდიოდა. გასასვლელ კარს რომ მიადგნენ, ჯერ ანასტასია გაატარა, შემდეგ კი თავადაც მიჰყვა უკან.
ქუჩები, ახლაც ცარიელი იყო. მხოლოდ რამდენიმე მანქანა თუ გაივლიდა, ისიც ათასში ერთხელ და ადრიანი დილის მყუდროებას ურცხვად არღვევდა.
მამაკაცმა ტაქსი გამოიძახა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჯერ ანასტასია მიეყვანა სასტუმრომდე, შემდეგ კი, თავის გზას გასდგომოდა. გოგონას უკვე აშკარად ეტყობოდა დაღლილობა და ეს იმითაც ვლინდებოდა, რომ ყოველ ორ წამში ერთხელ ამთქნარებდა.
-დაიღალე? -აარონის ხმა რომ გაიგო, ბულვარში ერთ-ერთ პალმას იყო მიყრდნობილი და თვალები დახუჭულ მდომარეობაში ჰქონდა
-ჰო, ძალიან . . . ტაქსი მალე მოვა?
-ოპერატორმა მითხრა, რომ ორ წუთში ადგილზე იქნება. ცოტაც მოითმინე
ანასტასიამ თვალები გაახილა და მამაკაცს სახეზე შეხედა. მისგან პროფილში იდგა აარონი და იმ გზას გაჰყურებდა, საიდანაც ტაქსის მანქანა უნდა მოსულიყო. ჯერ კიდევ ვერ გაეგო გოგონას, თუ რატომ დაუახლოვდა ამ ადამიანს ასე სწრაფად, მაგრამ რომ ენდობოდა და მის სიკარგეში დარწმუნებული იყო, ამას მთელი სხეულით გრძნობდა.
ტაქსი, მართლაც დანიშნულ დროს გაჩერდა მათ ფეხებთან. ამის შემდეგ, ორივენი უკანა სავარძელზე მოთავსდნენ და მძღოლს, პირველი მისამართი უკარნახეს. ვინაიდან, აარონის სახლი ბევერლი ჰილსზე იყო, ანასტასიას სასტუმრომდე მიყვანა უფრო ნაკლებ დროს წაიღებდა, თანაც, მამაკაცს არ სურდა გოგონას მარტოს ემგზავრა, დროის ამ მონაკვეთში.
ცალკე იმის ფიქრში გახლდათ, თუ როგორი საუბარი ელოდა ტყუპებთან დღევანდელ დღეს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების შეცვლაზე არც უფიქრია. ყველაზე ნაკლებად ის სურდა, თავისი და-ძმა უპასუხისმგებლო, უშინაარსო პიროვნებებად დარჩენილიყვნენ, რომლებიც, სხვის ხარჯზე ცხოვრებას მიჩვეულნი, თავად არაფრის შექმნას არ მოისურვებდნენ.
რადაც არ უნდა დაჯდომოდა, თავისთვის ეს ორი უძვირფასესი არსება, ამ ჭაობიდან უნდა ამოეთრია და მათგან ნორმალური ადამიანები შეექმნა.
იმასაც ხვდებოდა, რომ ეს ოდნავ დაგვიანებულიც იყო, რაშიც, საკუთარ თავს ადანაშაულებდა, თუმცა ერთი ცნობილი გამონათქვამი-" სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" ამშვიდებდა და ცდილობდა მოგვიანებით გამოესწორებინა ის შეცდომები, რისი გამოსწორებითაც აქამდე დიდი ხნით ადრე უნდა დაკავებულიყო.
ანასტასიას სასტუმრომდე, ათი წუთის გზა ძლივს იქნებოდა დარჩენილი, წყნარი მუსიკის ხმა რომ მოესმა, აარონს. მანქანაში, მაგნიტოფონი აშკარად გამორთული იყო, მელოდია კი, საკმაოდ ხმადაბლა ისმოდა აქამდე სიჩუმით გაჯერებულ სივრცეში.
გვერდზე რომ გაიხედა, ყველაფერი ნათელი გახდა მამაკაცისთვის. ხმა, ანასტასიას მხრიდან მოდიოდა, ვისაც თავი, სავარძლის საზურგეზე ჰქონდა შემოდებული, ნიჟარები ყურსასმენებით დაეცო და მუსიკა იმხელა ხმაზე აეწია, მისი ტონალობა გარეთაც კი აღწევდა.
-რას უსმენ? -აარონმა რომ ცალი ყურსასმენი გამოაძრო, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს და ძილმორეულმა დაამთქნარა
-გაიკეთე და ნახავ
უხმოდ დაჰყვა მის რჩევას, მამაკაცი. მართალია, მელოდია არ ეცნობოდა, თუმცა ეს უკანასკნელი, იმდენად სასიამოვნოდ ჟღერდა, მაშინვე დააფასა ანასტასიას მუსიკალური გემოვნება.
-კარგი მოსასმენია, ვერაფერს იტყვი -სიმღერის ბოლო სტროფებზე, შეაქო კიდეც და ყურსასმენი კვლავ უკან დაუბრუნა -ახლა რას აპირებ, უნდა დაიძინო?
-ჰო, გადაღება შუა დღეს მაქვს და მანამდე დასვენება უნდა მოვასწრო
-ალბათ, რთულია მოდელის პროფესია
-რაც გიყვარს, შენთვის რთული არასდროსაა -მიუგო -მე კი, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს
-კარგია, თუ ასე ფიქრობ . . . -რამდენიმე წამით ჩუმად იყო, შემდეგ კი დაამატა :- სახეზე გეტყობა, ძალიან გეძინება
-თვალებსაც კი ძლივს ვახელ. ნებას დამრთავს თქვენი უდიდებულესობა მხარზე თავი ჩამოვადო?
აარონმა არ იცოდა, რატომ გვრიდა ღიმილს ანასტასიას თითოეული სიტყვა, თუმცა ამაზე ფიქრით ოდნავადაც არ იღლიდა თავს.
-მგონი, დაგრთავს, მიუხედავად იმისა, რომ თხილიან შოკოლადს დაპირდი და არ უყიდე
-გამოდის, შენი ვალი მაქვს -უკვე, მის მხარზე თავჩამოდებულმა ამოილაპარაკა, თან თვალებიც დახუჭა -ერთ დღეს, აუცილებლად შევასრულებ დანაპირებს, დღეს უბრალოდ გადამავიწყდა
-არა უშავს, გპატიობ -უკვე ბუნდოვნად მოესმა აარონის ჩაცინება გოგონას და მერე, ყველაფერი უეცრად მოპარულმა შავმა ნისლმა გადაფარა, რამაც იგი სიზმრების სამყაროში გააგზავნა.







8 8 8 8

დილის რვა საათი სრულდებოდა, როდესაც ერეკლე, თავისი უმცროსი ძმის მიერ საწოლზე დახტომამ შეაფხიხლა და მალე, ამ უკანასკნელის ხმაც მოესმა, რომელიც პირდაპირ მარჯვენა ყურში ჩაჰყვიროდა :
-ერეკლე, ადექი! ერეკლე! -ეძახდა, თან მკლავში ხელები ჰქონდა ჩავლებული და მძინარე ბიჭს ანჯღრევდა -ადექი, ბიჭო, რა ქალივით მაყვირებ?! ფუ, შენი -როცა მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა, ტუმბოზე დადებული გრაფინიდან, ჭიქაში წყალი გადმოასხა, რამდენიმე წამით შეიცადა და ერეკლეს იგი, პირდაპირ თვალებში შეასხა.
სახეზე ცივი სითხის შეგრძნება და საწოლიდან წამოვარდნა ერთი იყო. მართალია, ძმის ხმა ძილბურანშიც ჩაესმოდა, თუმცა რამდენიმე წამი მაინც ვერ გააანალიზა მომხდარი და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა სველ გადასაფარებელს მოჰკრა თვალი.
-შენ ბიჭო სულ გააფრინე?! -გაბრაზებულმა ხმა ვერ გააკონტროლა, რის გამოც, ზედმეტად ხმამაღლა დაუყვირა უმცროს ძმას -ამ შუა ზამთარში, რა წუნწაობა აგიტყდა?! ან, აქ რას აკეთებ?!
ერეკლეს უმცროსი ძმა -თორნიკე გასვიანი, ჯერ მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო და მეცხრე კლასში სწავლობდა. ის და ლარა, ერთ სკოლაში სწავლობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ თანაკლასელები არ იყვნენ, საკმაოდ ახლო მეგობრობა აკავშირებდათ. ვინაიდან, ერეკლე ცალკე ბინაში ცხოვრობდა, მისი ძმა კი მშობლებთან, თორნიკეს ხშირად ნახვას ვერ ახერხებდა, თუმცა მცირედი დროით ერთად ყოფნაც კი საკმარისი იყო, რათა დღეში მინიმუმ რვაჯერ მაინც მოესწროთ ჩხუბი ან წაკინკლავება.
-გახსოვს, გუშინ რომ ვამბობდი, ბიჭები ბაკურიანში მივდივართ, ჩვენს თანაკლასელთან-მეთქი?
-ჰო, მერე? -სველი სახე, მაისურის სახელოთი შეიმშრალა და ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა, ერეკლემ
-მერე და ის, რომ დედას მაღალი სიცხე აქვს და ვერ წამიყვანს. მამა საერთოდ ხვალისთვის აპირებს ჩამოსვლას. მხოლოდ შენ დარჩი, ძამიკო
-ანუ, მე უნდა წაგიყვანო?
-ბინგო! როგორც იქნა, მიხვდი -ტაში შემოჰკრა და ფეხზეც წამოდგა, თორნიკე -მიდი, მიდი, მალე ჩაიცვი, ვაგვიანებთ
-უმცროსი ძმა კი არა, ბუნებისგან მოვლენილი სასჯელი ხარ
-ძამიკო, უკვე ვიცი, რომ როდესაც შენ მეჩხუბები, შენი *უძუები მლოცავენ -მერე ჩაფიქრდა, კართან შეყოვნდა და ერეკლეს გამოხედა -თუმცა სად გაქვს შენ *უძუები? ეგ, დედას უნდა ვუთხრა ხოლმე, როდესაც ჩხუბს დამიწყებს
-დედას ისიც უთხარი, რომ საუზმის გაწყობა არ დაიწყოს -კარადაში ქექვის პარალელურად გამოსძახა ერეკლემ -თუ მაინც ვერ მოისვენებს, ურჩიე საჭმელი კონტეინერით გაგვატანოს, გზაში ვისაუზმებთ
-შენ რომ საუზმობ, მაგ დროს მე სადილი მიწევს -სიცილით გადააქნია თავი თორნიკემ და ოთახიც დატოვა
მომზადების პროცესში, დიდი დრო არც ერთს არ დაუხარჯავს. სულ რაღაც ოც წუთში, უკვე სრულ მზადყოფნაში იყვნენ და ავტოფარეხში დაყენებული მანქანისკენ მიემართებოდნენ. კიდევ რამდენიმე წამიც და შიგნითაც უნდა ჩამჯდარიყვნენ, როცა კარგად შეფუთვნილი და თოვლიან ბილიკზე სირბილით წამოსული ქალის ძახილმა შეაჩერათ.
-დედა, კარგი რა, სიცხე უფრო მეტად აგიწევს, სახლში შედი -მისკენ პირველი თორნიკე წავიდა, გაბრაზებული გამომეტყველებით. ქალს, ხელში წითელი ფერის, პატარა ყუთი ეჭირა და სავარაუდოდ, გარეთაც სწორედ ამ უკანასკნელის გამოსატანად გამოსულიყო.
-ნინა, ეგ რა არის? -ამჯერად, ერეკლეც მოუახლოვდა ქალს და ყუთს დააკვირდა. თორნიკესგან განსხვავებით, იგი დედას მუდამ სახელით მიმართავდა ხოლმე, თუმცა ნინა, ამის გამო საყვედურს არასდროს გამოთქვამდა. პირიქით, ასე თავს უფრო ახალგაზრდულად გრძნობდა ხოლმე
-გუშინ რომ კექსები დავაცხვე, არც ერთს არ გიჭამიათ -ღიმილით მიუგო ქალმა, პასუხის მომლოდინე ბიჭებს -გადავწყვიტე, სხვა რამებთან ერთად, ესეც გაგატანოთ. ვიცი, როგორ გიყვართ ორივეს ტკბილეული
-კარგი რა, დე, იმდენ საჭმელს გვაყოლებ, მგონი გზაში ყოველი გამვლელის გამოკვებას შევძლებთ
-ნეტავი ამდენს არ ლაპარაკობდე -ქალმა თვალები აატრიალა და ყუთი ერეკლეს გაუწოდა -აჰა დედი, შენ წაიღე და ამას ხელიც არ მოაკიდებინო
-კარგი რა, ნინაჩკა, ნუ გწყინს
-მიდი, მიდი, ჩაჯექი -დედისთვის ტკბილეულის გამორთმევის შემდეგ, სიცილით აუჩეჩა უმცროს ძმას თმები, ერეკლემ თან, მანქანისკენ უბიძგა -მე, ამ გადარეულს მივიყვან და მაშინვე უკან დავბრუნდები
-იქნებ, ერთი დღე შენც დარჩე? ცოტას გაერთობოდი -შესთავაზა ნინამ, თუმცა ერეკლემ მაშინვე მტკიცედ გადააქნია თავი
-არა, მირჩევნია დავბრუნდე. უკანა გზაზე რამე ხომ არ წამოგიღო?
-არა, არაფერი მინდა. რაც საჭირო იყო, ყველაფერი მამაშენს დავაბარე
-მაშინ, ჩვენ წავალთ
-მშვიდობიანი მგზავრობა . . .
ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუდგნენ.
თორნიკე, მთელი მგზავრობის განმავლობაში, მაგნიტოფონში დისკებს ცვლიდა და მანქანის სალონში მუსიკის ხმა წამითაც არ წყდებოდა.
მისგან განსხვავებით, ერეკლე ჯერ კიდევ ვერ მოფხიზლებულიყო ბოლომდე, ამიტომ გზად ორმაგი ესპრესო იყიდა, ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში და ცხელი კოფეინი უკვე ნახევრამდე ჰქონდა დაყვანილი, გვერდითა სავარძლიდან თორნიკეს ხმა რომ მოესმა :
-ამაზე რა არის ჩაწერილი ? -საჩვენებელ და შუა თითს შორის მოქცეულ დისკს აჩვენებდა იგი, ერეკლეს. ჩასადებს, კარატეს საბრძოლო პოზაში მყოფი ადამიანი ეხატა, მარჯვენა კუთხეში
-თავი დაანებე, ეგ მუსიკების დისკი არ არის!
-აბა რა არის?
-უბრალოდ, დადე -მშრალად მიუგო ბიჭმა, ღრმად ამოისუნთქა და მის გონებაში, კვლავ წარსულის მორიგი კადრი ამოტივტივდა :


ზაფხულის პირველი დღე იყო. ქალაქში ისე ცხელოდა, რომ ასფალტსაც კი ბოლი ასდიოდა. ერეკლეს, მოულოდნელად დანიშნული დეფილეს გამო, მთელი თვით ქალაქში დარჩენა მოუწია, რათა ანასტასიას დახმარებოდა და მისი მენეჯერის მოვალეობა პირნათლად შეესრულებინა.
პირველი ერთი კვირა, მართლაც რომ გიჟური რეჟიმი ჰქონდათ ორივეს. მხოლოდ მომდევნო კვირის ორშაბათ დღეს გამოუჩნდა ბიჭს თავისუფალი დრო და მაშინვე იმ საქმეზე დაიწყო ზრუნვა, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში გეგმავდა.
შუა დღის საათები იყო, როდესაც თავისი მანქანით ერთ-ერთ თექვსმეტსართულიან კორპუსს მიადგა, მანქანა პარკინგზე დააყენა და სადარბაზოდან გამოსასვლელ კარს დაუწყო ცქერა.
ხვდებოდა, რამხელა სიგიჟეში ჩაეთვლებოდა აქ მოსვლა და შეიძლებოდა ამას ცუდი შედეგებიც მოჰყოლოდა, თუმცა გონების მეორე ნახევარი, მაინც პოზიტივით იყო სავსე და სწორედ ეს ნახევარი აკავებდა, რათა თავის გადაწყვეტილებაზე ხელი არ აეღო.
სანამ სასურველ ადამიანს დაინახავდა, დრო ინტერნეტ-სივრცეში ხეტიალით გაიყვანა. იმდენი ჭორი დახვდა აგორებული იმის თაობაზე, რომ ის და ანასტასია საყვარლები იყვნენ, უკვე ღიმილს ვერ იკავებდა. ერთი ასეთი სათაურიც მოხვდა თვალში:
"საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის გული, მისმა მენეჯერმა, ერეკლე გასვიანმა დაიპყრო. საინტერესოა, როდის განუცხადებს წყვილი ხალხს, თავისი ნამდვილი ურთიერთობის შესახებ?"
ეს და კიდევ მრავალი ამგვარი განცხადება უკვე თვალებს უჭრელებდა. ზოგადად, არასდროს მოსწონდა, რომ თავის თავს ჟურნალებისა და ინტერნეტ-სტატიების გარეკანზე ხედავდა, თუმცა ახლა, ამ უაზრო სათაურების კითხვა ძალიან ართობდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ანასტასიას სახეს წარმოიდგენდა, აღნიშნული სტატიების კითხვის დროს.
ცალი თვალი ტელეფონში ჰქონდა ბიჭს, ნახევრად კი, კორპუსის სადარბაზოს უყურებდა, როდესაც განცხადების კითხვა კარში მოულოდნელად გამოჩენილმა გოგონამ გააწყვეტინა.
ერეკლეს მაშინვე გადაავიწყდა ტელეფონი, იგი გვერდითა სავარძელზე დაუდევრად მიაგდო და საქარე მინა ჩამოსწია. უკვე ნათლად ხედავდა საზაფხულო შორტებსა და უმკლავო მაისურში გამოწყობილ გოგონას, ვისაც ცალ მხარეს ზურგჩანთა მოეგდო, თავზე მზის სათვალე აბადოკივით დაემაგრებინა და ტელეფონში ვიღაცას შეტყობინებას სწერდა.
იმდენად იყო გართული თავის საქმეში, ისიც კი ვერ შეამჩნია, როგორ აინთო ერეკლეს მანქანის ფარები და როგორ გაჰყვა უკან ნელი სვლით. ეკრანიდან თავის აღება მხოლოდ მაშინ მოიფიქრა, როდესაც ავტომობილმა მის გვერდით დაიწყო სვლა და საჭესთან მჯდომი ადამიანისთვის, თავიდან მოსაშორებელი სიტყვების მთელი პროგრამა უკვე მომზადებული ჰქონდა, რომ ხელში ერეკლე შერჩა, ვისაც ცალი მკლავი, საქარე მინის ჩარჩოზე შემოედო, მეორე ხელით საჭეს მართავდა და გოგონას, ღიმილიანი სახით უმზერდა.
-დაჯექი, წაგიყვან -თქვა ბიჭმა, როცა მიხვდა, რომ ის არაფრის თქმას არ აპირებდა და მხოლოდ გაკვირვებული უმზერდა -ასე ნუ მიყურებ, თორემ თავი მოჩვენება მგონია
-ერეკლე?
-მიხარია, თუ გახსოვარ, რონი
თავისი სახელის შემოკლებული ვარიანტის გაგონებაზე, გოგონამ ცალი წარბი აზიდა, მანქანისკენ გადაიხარა და ერეკლეს მსგავსად, მკლავით საქარე მინის ჩარჩოს დაეყრდნო
-ვერ მეტყვი, აქ რას აკეთებ? ან, ჩემი მისამართი საიდან გაიგე?
-იქნებ, ამ ყველაფერზე მანქანაში გვესაუბრა? -თვალებით თავის გვერდითა სავარძლისკენ ანიშნა ბიჭმა, თუმცა გოგონას მზერაში მორჩილება მაინც ვერ დაიჭირა
-არა, მირჩევნია ახლა გამცე პასუხი, თორემ უკვე ისევ იმ აზრს ვუბრუნდები, რომ მანიაკი ხარ
ერეკლეს გაეცინა.
-მეგონა, ტყეში საბოლოოდ დაგარწმუნე, მაგ არგუმენტის სიყალბეში
-გადაწყვეტილებებს ხშირად ვიცვლი ხოლმე -ამჯერად, წელში გასწორდა და ისე მიუგო. ორი წამიც არ იყო გასული მისი სიტყვებიდან, როცა ერეკლემ მანქანის კარი გამოაღო, ფანჯრის მინას ორივე ხელი ისე მიადო, რომ ვერონიკა მათ შორის მოიქცია და ზემოდან ღიმილით დააცქერდა:
-მაშინ, კიდევ ერთხელ ვცდი დაგარწმუნო ჩემს ნორმალურობასა და იმაში, რომ უბრალოდ შენი დანიშნულების ადგილამდე მიყვანა მქონდა განზრახული
-საინტერესოა, მაგას როგორ გააკეთებ
-შემიძლია, ჩემი გაკეთებული კეთილი საქმეები ჩამოგითვალო -შეეცადა სერიოზული გამომეტყველება დაეჭირა ამის თქმისას -თუნდაც, ორი დღის წინანდელი შემთხვევა გავიხსენოთ -მოხუცს, ვისაც მძიმე ჩანთები ეჭირა, გზაზე გადასვლაში მივეხმარე და სახლშიც მანქანით წავიყვანე. მართალია, მერე თავისთანაც დამპატიჟა და გემრიელი მურაბიანი ორცხობილებიც მაჭამა, მაგრამ სიკეთედ მაინც ჩამეთვალა. ჰო, კიდევ რამდენიმე კვირის წინ, კონსულტანტმა ზედმეტი ხურდა მომცა და უკან დავუბრუნე, აივანთან მოფრენილ მტრედებს ყოველთვის ვუყრი ხოლმე საკენკს და ჩემს თვრამეტ კატას მზრუნველობას არ ვაკლებ.
-შენ რა, მართლა თვრამეტი კატა გყავს? -აქამდე, მის სიტყვებზე ეღიმებოდა, თუმცა ბოლოს, სახეზე გაოცება აღებეჭდა და ბიჭს გაფართოებული თვალებით შეხედა
-ვიცოდი, რომ ამაზე გაამახვილებდი ყურადღებას -ოდნავ მოშორდა ერეკლე, მას -არა, თვრამეტი არა, თუმცა ოთხი ნამდვილად მყავს და შემიძლია გაგაცნო
-სახელები რა ჰქვიათ?
-ათოსი, პორთოსი, არამისი და დარტანიანი
-როგორც მუშკეტერებს? -კვლავ ღიმილი დაბრუნდა რონის სახეზე -ჭკვიანური მოფიქრებაა
-ნამდვილად . . . აბა, დარწმუნდი, რომ მანიაკი არ ვარ, თუ კიდევ გავაგრძელო ჩემი საგმირო საქმეების ჩამოთვლა?
-არანორმალური ვინმე ხარ
-მისცემ ამ არანორმალურს უფლებას კარატეს გაკვეთილზე წაგიყვანოს?
-ვაუ, ისიც იცი, რომ კარატეს გაკვეთილებს ვესწრები და ისიც, თუ რა დროს მივდივარ იქ. ეს უკვე მართლა უცნაურია -ბიჭის მწვანე თვალებს უყურებდა და მისი სუნამოს სურნელისგან თავბრუდახვეული, სიტყვებსაც კი ძლივს აბამდა ერთმანეთს
-ეს შენებურად თანხმობას ნიშნავს?
გოგონამ ქვედა ტუჩზე იკბინა, უარის ნიშნად თავი გააქნია და აბადოკად დამაგრებული მზის სათვალე ქვემოთ ჩამოიწია.
-არა, უარს ნიშნავდა -თქვა მან -როდესაც შენს ინფორმაციის წყაროს გამანდობ, საიდანაც ჩემს შესახებ ამდენ ცნობას ფლობ, მანქანით გასეირნებაზე მაშინ ვიფიქროთ
-გადაწყვეტილება უცვლელია? -გოგონას სიჯიუტე, ერეკლეს მისდამი მიზიდულობას ერთი-ორად ზრდიდა
-ასი პროცენტით
-ჯანდაბა, არადა როგორ მინდოდა შენს კარატეს გაკვეთილს დავსწრებოდი. მაინტერესებს, როგორ სცემ ხალხს
გოგონა ერთხანს ჩუმად იდგა. შემდეგ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ზურგჩანთა მოიხსნა , ელვაშესაკრავი სწრაფად გააღო, იქედან რაღაც თხელი, ოთხკუთხედი ფორმის ჩასადები ამოიღო და ერეკლეს გაუწოდა.
-აი ეს, ჩემი ერთ-ერთი საფინალო შებრძოლების დისკია -განუმარტა მან -მარჯვენა კუთხეში, კარატეს საბრძოლო პოზაში მყოფი ადამიანი აქვს მარკერით მიხატული, ამიტომ, სხვა დისკებში არ აგერევა და როდესაც სურვილი გაგიჩნდება, შეგიძლია ნახო როგორ ვუერთიანებ ცხვირ-პირს დაახლოებით შენი ასაკის ბიჭს -მერე, ზურგჩანთა კვლავ მხარზე მოიგდო, ერეკლეს თვალი ჩაუკრა და იქაურობას რეკორდულ დროში გაეცალა


მოგონება გაქრა . . .
კვლავ ნაცნობმა ტკივილმა გაჰკრა ერეკლეს, გულის არეში. ნეტავ შესძლებოდა იმ საბედისწერო ღამის შეცვლა, რომელმაც მისი და რონის ცხოვრება თავდაყირა დააყენა, თუმცა იცოდა, ამას ვერასდროს მოახერხებდა.
გოგონას არსებობა, მის ცხოვრებას ჰაერივით აკლდა. რონი ყველაფერი იყო, ახლა კი უბრალოდ სიცარიელეში უწევდა ცხოვრება, სადაც ყველაფერი, გამუდმებით შავ-თეთრ ფერებში ეჩვენებოდა.







8 8 8 8
ანასტასია სააგენტოდან შინ ბრუნდებოდა და სპეციალურად მისთვის გამოყოფილი მძღოლის მანქანისკენ მიემართებოდა, რომ შუა გზაში, ვიღაცის მკლავში ჩავლებულმა ხელმა შეაჩერა.
იქ და იმ დროს, ნამდვილად არავის ელოდა, თუმცა გოგონას სიმშვიდე, ღამეული მოჩვენებასავით აორთქლდა, როდესაც თავის ცხვირწინ ასვეტილ ალექსანდრე თაბაგარს მოჰკრა თვალი.
-ჯანდაბა, ისევ შენ? -ხასიათი წამებში გაუფუჭდა გოგონას -აქ მაინც როგორ მომაგენი? -მერე ხელიდან მკლავი გამოსტაცა და ისე შეხედა, როგორც უკანასკნელ ნაძირალას
-ვიფიქრე, სასტუმრომდე მე გავიყვან-მეთქი, მაინც ერთი გზა გვაქვს
-როდესაც დამჭირდები, თავად დაგირეკავ, ახლა კი, შენის ნებართვით დაგტოვებ, მძღოლი მელოდება -თქვა და წასვლაც დააპირა, თუმცა სულ რამდენიმე წამში აღმოჩნდა ლექსოს მკლავებში. ეს უკანასკნელი, წელზე ხელებს მარწუხებივით ხვევდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა
-იცი მაინც რა ლამაზი ხარ, როცა ბრაზობ? -პირდაპიდ ყურთან ჩასჩურჩულა ბიჭმა -ვკვდები ისე მინდა ჩემი გაგხადო და თავიდან ბოლომდე შევისწავლო შენი იდეალური სხეული
-იცი რომ ავადმყოფი ხარ, ლექსო? რა მოხდა, შენი და ელენას სასიყვარულო ისტორია დასრულდა და ახლა ჩემზე გადმოხვედი?
-რა მწარე ენა გაქვს -გაეცინა და ქვედა ტუჩზე ცერა თითი გადაუსვა ანასტასიას, თუმცა ამ უკანასკნელმა, სწრაფად მოიშორა
-ხელები აკონტროლე, თორემ ძალიან ცუდად დაასრულებ!
-არ გაგიშვებ, სანამ ერთ რამეს არ ვიზამ -თავი გააქნია და გოგონას სახეს უფრო მეტად მიუახლოვდა
-უკვე გითხარი, რომ შენს მანქანაში ჩაჯდომას არ ვაპირებ, რა არის გაუგებარი?
-არაფერი, ყველაფერი გასაგებია -ღიმილით მიუგო ბიჭმა და ისე მოულოდნელად ეძგერა ანასტასიას ტუჩებს, რომ გოგონამ რეაგირებაც ვერ მოასწრო. მართალია, რამდენიმე წამის შემდეგ, როცა სიტუაცია ბოლომდე გააანალიზა, წინააღმდეგობის გაწევაც დაიწყო, თუმცა ლექსო მაინც არ ნებდებოდა და სხეულზე უფრო მაგრად იკრავდა გოგონას.
საბოლოოდ, ანასტასიაც მიხვდა, ასეთი გზით რომ ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ, რამდენიმე წამით ბიჭს კოცნაში მთელი მონდომებით აჰყვა. ამ უკანასკნელმაც იფიქრა, რომ საფრთხე აღარ ელოდა, მკლავებიც საგრძნობლად მოადუნა და სწორედ აქ დაუშვა შეცდომა. ვერც კი გააცნობიერა, ისე უეცრად ჰკრა ხელი ანასტასიამ, სახეში მწარე სილა გააწნა და ბრაზისგან ანთებული თვალებით ლამის გახვრიტა.
-გაფრთხილებ -ცხვირწინ საჩვენებელი თითი დაუქნია მან, ლექსოს -კიდევ ერთხელ მომეკარები ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ და საკუთარი ხელით მოგკლავ, გესმის ჩემი?!
-კარგი, რა პანიკებში ხარ? ეს ხომ მხოლოდ კოცნა იყო? -ნატკენ ლოყას იზელდა ლექსო და გამვლელების მათკენ მომართულ მზერას აიგნორებდა
-ფეხებზე რა იყო! ვერავინ გამაკეთებინებს იმას, რაც არ მინდა, მათ შორის, ვერც შენ!
-მე უკან არასდროს ვიხევ, ანასტასია -ცივსისხლიანი ადამიანის მზერა დაიჭირა მის თვალებში გოგონამ ამის თქმისას -ეს კარგად დაიმახსოვრე
-ჩემთან ომს არ გირჩევ, ლექსო, დამიჯერე წააგებ
-მაგასაც ვნახავთ, ლამაზო
ანასტასიას მეტი აღარაფერი უთქვამს. უკვე გულს ურევდა ეს ადამიანი, მისი სიტყვებიც და გამოხედვაც. ახლა მხოლოდ თავის ნომერში ასვლა და შხაპის მიღება სურდა, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ამიტომ, ბიჭს ზურგი აქცია და თავისი მძღოლის მანქანისკენ გაემართა.
სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე, მთელი დრო იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ მოეშორებინა თავიდან ალექსანდრე თაბაგარი. აშკარა იყო უხეშობით და გამუდმებული უარყოფით ვერაფერს გახდებოდა. ამით, ბიჭი უფრო დიდ აზარტში ვარდებოდა და მისთვის, ეს ყველაფერი ერთგვარ თამაშს ემსგავსებოდა, რომელიც აუცილებლად წარმატებით უნდა დაეხურა.
რამე უფრო სერიოზული ხერხი იყო საჭირო. ისეთი, რაც ლექსოს ყველა გზას მოუჭრიდა და თავის განზრახვაზე ხელს საბოლოოდ ააღებინებდა.
შეიძლება ითქვას, ანასტასიას უკვე ჰქონდა ერთი პატარა გეგმა, თუმცა არ იცოდა რამდენად შეძლებდა მის განხორციელებას. ყოველ შემთხვევაში, თვლიდა რომ ცდად ნამდვილად ღირდა და ამას აუცილებლად გააკეთებდა.
სასტუმროში მისული, პირდაპირ თავისი ნომრისკენ წავიდა. ლექსო მეტად აღარსად შეხვედრია, რის გამოც, ბედისწერას ათასი მადლობა გადაუხადა და ოთახში შესულმა, პირდაპირ ტანსაცმლის გახდა დაიწყო. ფეხსაცმელი, კაბა, შიდა თეთრეული, ყველაფერი იატაკზე დატოვა მიმოფანტული, შემდეგ თმა გაიშალა და საწოლის გვერდით მიმაგრებულ უზარმაზარ სარკეში, სრულიად შიშველმა ჩაიხედა.
ნამდვილი სრულყოფილება უმზერდა იქედან. უნაკლო ჰქონდა სახის კანი, ფორმები, სხეულის თითოეული პარამეტრი, თუმცა საკუთარი გარეგნობა, ხანდახან აღიზიანებდა კიდეც. სწორედ მისი ვიზუალის გამო ხდებოდა, რომ მამაკაცები მუდამ თვალებით აშიშვლებდნენ და ისე უყურებდნენ, როგორც მტაცებლები, მოსანადირებელ მსხვერპლს.
საკუთარი თავის ყურება რომ მობეზრდა, სარკეს მოშორდა და სხეულზე კარადიდან გამოღებული პირსახოცის ხალათი შემოიცვა. გადაწყვეტილი ჰქონდა აბაზანა მიეღო და დასახული გეგმის განხორციელებაზე ამის შემდეგ ეფიქრა, ამიტომ პირდაპირ შესაბამის ოთახს მიაშურა, ჯაკუზი თბილი წყლით აავსო, მასში ქაფის ამოსაყვანი ხსნარიც დაამატა და როგორც კი წყალმა სასურველი ფორმა მიიღო, შიგნით გრაციოზული მოძრაობით ჩაწვა, თან ტელეფონი მოიმარჯვა.
ეკრანზე რამდენიმე წაუკითხავი შეტყობინება დახვდა. ორი სარეკლამო სააგენტოდან იყო გამოგზავნილი, ერთი ბანკიდან, ერთიც კი ლარასგან, ვინც სწერდა, რომ სადირექტორო წერაში უმაღლესი შეფასება ჰქონდა მიღებული და ამის გამო, სანდროს ახალი „ფლეისთეიშენით“ დაესაჩუქრებინა.
გაეღიმა ამის წაკითხვისას ანასტასიას. SMS-ის ველში აკრიბა, რომ მისით ძალიან ამაყობდა და თვითონაც ყველაზე ლამაზ საჩუქრებს ჩამოუტანდა ამერიკიდან დაბრუნებული. შემდეგ შეტყობინება გადაგზავნა, სატელეფონო წიგნაკში შევიდა და იქედან, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნომერი ამოარჩია.
ქაფიან აბაზანაში ნებიერად გაწოლილს, თავი უკან გადაეგდო და თითებს უკვე ჯაკუზის ზედაპირზე ათამაშებდა, როდესაც ყურმილში, გაბმული ზუმერი, სასურველი ადამიანის ბარიტონმა ჩაანაცვლა:
-გისმენ, ანუშკი
ხასიათი გამოუკეთდა ამ ხმის მოსმენისას გოგონას. ბოლომდე თავადაც ვერ აცნობიერებდა, როგორ ძალიან უყვარდა ეს ადამიანი და რამდენად აფასებდა მის უანგარო მეგობრობას.
-გცალიათ ჩემთვის, ბატონო ერეკლე? -ამჯერად, თვალები გახელილი ჰქონდა და ჭერში ჩამონტაჟებულ ნათურებს უყურებდა
-მცალია, მცალია . . . ახლახანს თორნიკე დავტოვე ბაკურიანში და მანქანით წყნეთში ვბრუნდები
-ტელეფონზე ლაპარაკის გამო, პატრულმა არ დაგაჯარიმოს
-ნუ ღელავ, ხმამაღალ კავშირზე ხარ -ამ სიტყვებთან ერთად, ავტომობილის დასიგნალებაც მოესმა ანასტასიას -აბა გისმენ, რა ხდება?
-სიმართლე გითხრა, შენთან ერთი კითხვა მქონდა
-მკითხე
-მაინტერესებს, აარონ ქალდანს თუ იცნობ ან, თუ გაგიგია მაინც რამე ამ ადამიანზე?
-აარონ ქალდანი? -ჩაფიქრებული ხმით ამოთქვა ბიჭმა, შემდეგ კი დაამატა :- ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიარ-მენეჯერი რომაა მასზე ამბობ?
-ჰო, ზუსტად -დაეთანხმა და გაუხარდა კიდეც, რადგან მიხვდა, რომ ერეკლე ამ ადამიანზე რაღაც ინფორმაციას მაინც ფლობდა -მითხარი, მასზე რა იცი?
-პირველი ის, რომ იმაზე მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ცაში ვარსკვლავია
-მტერი? -ჯაკუზიდან წამოიწია ანასტასია და სმენად იქცა
-ჰო, მტერი. თავისი პროფესიის გარდა, სხვა ბევრი ბიზნესიც აქვს, რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მფლობელიცაა და უამრავი ბიზნესმენიც ჰყავს ჩაძირული. თუმცა ყველაფერს კანონიერად აკეთებს და მის საქმეებში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა ვერც საგადასახადომ და ვერც, ვინმე სხვამ
-მიკვირს მასზე აქამდე რატომ არ ვიცოდი არაფერი . . . ანუ მილიონერია
-უფრო მეტიც, მილიარდელი. ახლა კი, მე მაქვს შენთან ერთი კითხვა, ეს ტიპი რაში გაინტერესებს? რამე ხდება?
-სიმართლე გითხრა, ეს ორი კითხვაა -გაეცინა გოგონას და სანამ ერეკლე პასუხს გასცემდა მანამდე განაგრძო -კარგი, კარგი, გეტყვი. რაღაცაში მჭირდება მისი დახმარება და მინდოდა მეთხოვა, თუ შეძლებდი, ჩემთვის აარონის ნომერი გეშოვა. თავადაც ვკითხავდი, მაგრამ გადამავიწყდა . . .
-ჰკითხავდი? რაღაც ვერ გავიგე
-ჰო, ერკე, აარონი ლოს-ანჯელესში ჩემთან ერთად არის და აგრეთვე, ჩემი კარის მეზობელია თბილისში
-მოკლედ, რა უცნაური სიახლეებით ხარ სავსე, ანასტასია მარგიანო -მხოლოდ მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ ამოიღო ხმა ბიჭმა -მგონი, უკვე ვხვდები მაგ ტიპთან რა საქმეც გაქვს
-ჩემი ჭკვიანი მეგობარი ხარ! აქ რომ მყავდე, კოცნით დაგახრჩობდი -ბავშვივით აჟიტირებულიყო ანასტასია და თავისუფალი ხელით ქაფს ეთამაშებოდა
-ცოტა ხანი დამჭირდება ნომრის გასაგებად. რამდენიმე საჭირო ადგილას უნდა გადავრეკო
-არა უშავს, დაგელოდები. მთავარია, რომ შეძლებ
-რა თქმა უნდა -მაშინვე შეიფერა საქებარი სიტყვები ბიჭმა -შენ ხომ მსოფლიოში საუკეთესო მენეჯერი გყავს?
-სწორედ ამიტომ მიყვარხარ ასე ძალიან
-შეგიძლია, ეგ ხშირად მითხრა ხოლმე -სიცილით მიუგო ბიჭმა და მათ შორის კავშირიც ამ სიტყვებით გაწყდა
ანასტასიამ, გათიშული ტელეფონი, ჯაკუზის ზედაპირზე კმაყოფილი სახით შემოდო და როგორც ყოველთვის, ახლაც მაქსიმალური სიამოვნების მიღება სცადა თბილი აბაზანით.
ნაზად, აუჩქარებლად დაასრიალებდა ქაფიან ხელებს საკუთარ სხეულზე, თან, გონებაში იმ ტექსტს ამუშავებდა, რომელიც აარონისთვის უნდა ეთქვა.
ამ ფიქრებსა და აზრების დალაგებაში, ნელ-ნელა იგრძნო, თუ როგორ შეიცვალა წყლის ტემპერატურა და ის-ის იყო გაიფიქრა უკვე ამოსვლის დროაო, რომ მობილურმა შეტყობინების მოსვლის ხმა გამოსცა.
სიხარულით აუციმციმდა თვალები ანასტასიას, როდესაც დარწმუნდა, რომ SMS სწორედ იმ შინაარსს შეიცავდა, რასაც ასე მოუთმენლად ელოდა.
ერეკლეს, მხოლოდ ორ სიტყვიანი წერილი გაუგზავნა შინაარსით : "საუკეთესო ხარ" და ჯაკუზიდან ამოსვლის შემდეგ, თავისთვის ჩაილაპარაკა:
"იმედია, ძალიან არ გამიჯიუტდები და შენს დათანხმებას მარტივად მოვახერხებ, აარონ".

-ჩვენი ძამიკო კიდევ არ მობრძანებულა, ნიკუშ? -უკვე საღამო ხანი იდგა, როდესაც ნიცა, თავის ტყუპისცალს გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი ისე უდარდელად გადახვია, თითქოს აარონის ბედი არც კი აინტერესებდა.
მამაკაცი, იმ ღამის შემდეგ აღარ გამოჩენილიყო მათ სიახლოვეს. არც ერთმა არ იცოდა, თუ სად გაათია ღამე ან, რა ადგილას იმყოფებოდა აარონი, აღნიშნულ წამს.
მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ ლოს-ანჯელესში იყო, რადგან თავისი ყველა ნივთი, სამსახურის საბუთების ჩათვლით, უკლებლივ სახლში ჰქონდა დატოვებული.
-არა, არ მოსულა -ნიკას ხმა რომ გაიგო, აარონთან დარეკვის მორიგ მცდელობაში გახლდათ, თუმცა უშედეგოდ. ამჯერადაც ავტომოპასუხე ირთვებოდა და გოგონასაც ჯიუტად არ სურდა ძმისთვის ხმოვანი შეტყობინების დატოვება. მის მიმართ ჯერ კიდევ გრძნობდა ბრაზს და ეს ბრაზი უფრო იზრდებოდა, როცა ახსენდებოდა, რომ თბილისში საცხოვრებლად მოუწევდა დაბრუნება
-დარეკვას ტყუილად ცდილობ, მაინც არ გიპასუხებს. ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული
-და ვინ გითხრა, რომ აარონს ვურეკავ? -დაუბღვირა ტყუპისცალს გოგონამ
-მე მაინც ნუ მატყუებ, ნიცა, ხომ იცი მოხარშულს გიცნობ?
-ჰოო? და შენ რატომ ხარ ასე მშვიდად? შენი ძმა, მთელი ღამე სახლში არ მობრძანებულა ახლა კი, საღამოა და ისევ სადღაც არის გადაკარგული, თანაც ზარებსაც არ პასუხობს. ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ტელევიზორის წინ იჯდე და Netflix-ზე გქონდეს გადართული
-აარონი შენნაირი თავქარიანი ნუ გგონია, ნიცა -მშვიდად გასცა პასუხი ბიჭმა -მასზე ამიტომაც არ ვნერვიულობ და შეგიძლია, შენც დაწყნარდე. უკვე თავი ამატკივე ამდენი ლაპარაკით
-თავს შენი სულელი ქალები გატკივებენ, მე არაფერ შუაში ვარ
-ჩემს სულელ ქალებს, სიამოვნების მონიჭება მაინც შეუძლიათ, შენგან განსხვავებით. ახლა კი გაჩუმდი და ფილმის ყურების საშუალება მომეცი!
-ხმას ნუ უწევ!
-თორემ რა? -ცინიკურად გადმოხედა მას, ბიჭმა -ღამით კიდევ ერთ კლუბში მიხვალ და სტრიპტიზს უცეკვებ იქ შეკრებილ პირდაღებულ იდიოტებს?!
გოგონას არ ახსენდებოდა, ოდესმე ნიკა ასეთი ტონით დალაპარაკებოდა და ეს, ოდნავ უკვირდა კიდეც.
-და შენ როდიდან გახდი მკაცრი ძამიკო? ცდილობ, აარონს დაემსგავსო? -ჰკითხა მან
-იქნებ, მეც მომბეზრდა შენი მუდმივად კუდში დევნა, რათა რამე შარს არ გადაეკიდო? ყოველთვის ასეთი იყავი, იმას აკეთებდი, რაც გინდოდა და შედეგებზე არასოდეს ფიქრობდი
-ჩემი ცხოვრების შესახებ, შენი ლექციების კითხვა რომ დამჭირდება, თავად მოგაკითხავ, ნიკაკო -რაც შეეძლო დიდი ცინიზმი ჩააქსოვა ამ სიტყვებში გოგონამ
-ჰო, რა თქმა უნდა, შენ ხომ მხოლოდ საკუთარ თავს უსმენ, რომელიც ტვინის დეფიციტის გამო, მალე გინესის რეკორდების წიგნსაც კი დაამშვენებს
ამ სიტყვებზე, ნიცა საბოლოოდ წამოენთო და ხმასაც საგრძნობლად აუწია:
-შენი თავი ვინ გგონია?! ახლავე ბოდიში მომიხადე!
-რომ არ მოგიხადო?! დედიკოს დაურეკავ და ყველაფერს მოუყვები? -არანაკლებ დამცინავი იყო ნიკას ტონი -თუ ამას აპირებ, თავს ტყუილად შეიწუხებ. ალბათ, ახლა თავის ახალ ქმართან ერთად ისვენებს ბორა-ბორაზე და შენი არსებობის შესახებ არც კი ახსოვს
ნიცას სიმწრით ჩაეცინა და ყელში მოწოლილი ცრემლების ბურთი გაჭირვებით გადაყლაპა.
-როგორც მახსოვს, ჩვენი დედიკო არც შენ განებივრებს სატელეფონო ზარებით და არც შენი მეილია გადავსებული მისი მოკითხვის შეტყობინებებით, თუ ვცდები?-ბოლო სიტყვებზე, ნიკას გაცეცხლებული მზერაც დაიჭირა და მიხვდა, რომ ბიჭი სიტყვა-პასუხში უპირატესობას კარგავდა
-შენთან კამათისთვის, ახლა ყველაზე ნაკლებად მცალია, ნიცა -თქვა მან შედარებით უფრო მშვიდად, თუმცა სიტყვებს, ბრაზის ნოტები მაინც ეტყობოდა
-თუ შეამჩნიე, უკვე ვიკამათეთ
-და ვისი მიზეზით?
-ყველაფრის ჩემთვის გადმობრალების ოსტატი როდემდე უნდა იყო? -დივანზე ფეხმოკეცილი დაჯდა და ისე შეხედა ძმას, ნიცამ
-და თავად როდემდე უნდა იყო სხვის ნერვებზე თამაშის ოსტატი?
-ამას შენ მეუბნები?
-ჰო, მე გეუბნები! -კვლავ ხმამაღლა მოუვიდა ნიკას -ვერ ხვდები, რომ ნამდვილ არარაობად იქეცი?!
-მორჩა, აი ახლა მართლა შემომაკვდები! -გაცეცხლებული სახით წაიწია ნიცამ ძმისკენ და ის-ის იყო მისთვის სილა უნდა გაეწნა, რომ უკნიდან გაგონილმა ხმამ, ჰაერში აწეული ხელი, ზუსტად იმავე მდგომარეობაში გაუშეშა
-კიდევ ვერ დაწყნარდი, ნიცა? ახლა ნიკოლოზზე გადახვედი?
გოგონამ უკან გაიხედა. ვერც კი გაიგო მისაღებში მესამე პირის შემოსვლა, თუმცა აშკარა იყო, მათგან რამდენიმე ნაბიჯში აარონი იდგა და მობილურს დამტენზე აერთებდა
-შენ როდისღა შემოიპარე, ძამიკო? -გოგონას ხმაში, ირონიასთან ერთად, შვებაც იგრძნობოდა, რადგან აარონი როგორც იქნა უსაფრთხოდ დაიგულა
-სწორედ რომ დროულად მოხვედი, თორემ მარცხენა ლოყაზე გაშლილი ხელის გულის კვალი მექნებოდა დამჩნეული
-და ღირსიც იქნებოდი, ნიკაკო! -კვლავ დამცინავი იყო ნიცას გამოხედვა
-თუ ჩხუბი დაამთავრეთ, გეტყვით, რომ ჩემი გადაწყვეტილება ისევ უცვლელია -მერე ნიცას გახედა და მზერა, მასზე შედარებით დიდხანს გააჩერა -გუშინ შენი გამოხდომა ავიტანე და საშუალება მოგეცი ცოტათი დამშვიდებულიყავი. სწორედ ამიტომ არ დავბრუნდი სახლში აქამდე, თუმცა ახლა შენ მოიქცევი ისე, როგორც მე მომინდება, გესმის?
-აარონ, ჩვენ არ გვსურს აქაურობის დატოვება -ნიკა ფეხზე წამოდგა და ძმას ისეთი გამჭოლი მზერით შეხედა, ნიცამ ისიც კი იფიქრა იჩხუბებენო, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. უფროსმა ქალდანმა, ჩვეული სიმშვიდე შეინარჩუნა და ამავე მშვიდი გამომეტყველებით ჩამოჯდა მისაღებში მდგომ მაგიდასთან, თან, ვაზიდან ამოღებული მწვანე ვაშლი ხმაურით ჩაკბიჩა.
-ფეხებზე , თქვენ რა გინდათ -განაცხადა მან მტკიცედ -ყოველთვის იმისკენ მიისწრაფით, რაც არასწორია და ამის ატანას უკვე აღარ ვაპირებ. ჩვენ ყველანი, თბილისში ერთად ვბრუნდებით და მორჩა! ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება
-საიდან მოვიდა ეს "ჩვენ"? სიაში დაუკითხავად რატომ ჩაგვწერე? მე და ნიცა, სრულწლოვნები ვართ, აარონ. შენ ვერ მიგვითითებ რა გავაკეთოთ და რა, არა
-მართალია, ვერ მიგითითებთ -თავის დაქნევით დაეთანხმა მამაკაციც -უბრალოდ, როგორც აქამდე გითხარით, შემიძლია ორი არჩევანი შემოგთავაზოთ -ან აქ დარჩით და თანხა მიმტანად მუშაობით გამოიმუშავეთ, რათა ბინის ქირა გადაიხადოთ, რადგან თბილისში დაბრუნების შემდეგ, ამ სახლის გაყიდვას ვგეგმავ, ან, ჩემთან ერთად წამოდით და ერთ-ერთ ჩემს ფირმაში დაიწყეთ მუშაობა. ასეთ შემთხვევაში, ორივენი ცალ-ცალკე ბინებით იქნებით უზრუნველყოფილნი და ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალი გექნებათ. არჩევანი უკვე თქვენზეა -ბოლო სიტყვების პარალელურად, ფეხზეც წამოდგა და თავის საძინებელში ისე გავიდა, მათი რეაქციით აღარც დაინტერესებულა
უნდოდა დრო მიეცა ტყუპებისთვის. დარწმუნებული გახლდათ, რომ კარგად დაფიქრების შემდეგ, ისინი აუცილებლად მეორე ვარიანტს აირჩევდნენ და უკან მასთან ერთად დაბრუნდებოდნენ.
მის ოთახში ბარგი ჯერ კიდევ ამოულაგებელი იყო. უკმაყოფილოდ შეავლო სავსე ჩემოდანს მზერა მამაკაცმა. ამობარგებას ჯერ კიდევ დილით აპირებდა, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამო ვერ მოახერხა. არც ახლა ჰქონდა ამის თავი. გადაწყვიტა ეს საქმე მომდევნო დღისთვის გადაედო და გუშინდელ ღამენათევს, ახლა უბრალოდ კარგად გამოეძინა.
გახდა არც უფიქრია. საწოლზე პირდაპირ ტანსაცმლიანად წამოგორდა და თვალებიც კი არ ჰქონდა დახუჭული, რომ საძინებლის კარი ნიკამ შემოუღო. ბიჭს ხელში აზუზუნებული ტელეფონი ეჭირა და აარონის საწოლისკენ მიემართებოდა.
-ვიღაც გირეკავს
-ვინაა? -მობეზრებულად ამოიხვნეშა მამაკაცმა. ახლა ვინმესთან საუბრის თავი ყველაზე ნაკლებად ჰქონდა
-არ ვიცი, უცხო ნომერია. შენს შეწუხებას არ ვაპირებდი, მაგრამ უკვე მეორე ზარს გიშვებს -მობილურის გადაცემის თანავე მოშორდა ნიკოლოზი მის საწოლს და ოთახიც საკმაოდ სწრაფად დატოვა. თითოეულ ფეხის ნაბიჯზე ეტყობოდა, რომ ძმაზე საშინლად ბრაზობდა და ამის შემჩნევა, არც აარონისთვის ყოფილა რთული
ტელეფონი კვლავაც არ წყვეტდა მომაბეზრებელ ზუზუნს. აარონი, რომელიმე თავისი კომპანიონის ზარს ელოდა, საქმის თაობაზე, თუმცა როდესაც ყურმილი აიღო და ტელეფონში ქალის ხმით წარმოთქმული საკუთარი სახელი მოესმა, ცოტა არ იყოს გაუკვირდა.
ეს ნომერი სულ ახალი აღებული ჰქონდა და წესით, კომპანიონებისა და ოჯახის წევრების გარდა არავის უნდა სცოდნოდა.
მამაკაცი საწოლიდან წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა.
-გისმენთ, ვის ვესაუბრები?
-არ მეგონა, თუ ხმაზე ვერ მიცნობდი -ამაყი ტონი იგრძნობოდა მოსაუბრის სიტყვებში -მოკლედ, აღარ გაწვალებ, ის მატყუარა ადამიანი ვარ, გასულ ღამით რომ თხილიან შოკოლადს დაგპირდა და არ გიყიდა
-ანნასტასია? -გაოცებით იკითხა აარონმა და სახეზე ღიმილი მოადგა -ჩემი ნომრის გაგებაზე ბევრი იწვალე?
-ნამდვილად არა, საკმაოდ ძლიერი კავშირები მაქვს . . . კარგი, ახლა იმას გეტყვი რატომ დაგირეკე
-ჰო, ეგ მეც ძალიან მაინტერესებს -მიუგო მამაკაცმა -მეეჭვება მხოლოდ შოკოლადის კომპენსაციას ეხებოდეს საქმე
-არც ეხება . . . შენთან სერიოზული საქმე მაქვს, თუმცა ტელეფონით ვერ გეტყვი, პირადად უნდა გნახო
-დღესვე? -ჰკითხა აარონმა და გულში ინატრა პასუხი დადებითი არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამაშიც წარუმატებლობა განიცადა :
-კი, დღესვე -მტკიცე გახლდათ ანასტასიას ხმა -გადადება რომ შეიძლებოდეს, ამას მეც გავაკეთებდი, თუმცა ახლა სულ სხვაგვარი სიტუაციაა. დამიჯერე, თუ დამეხმარები, ვალში არც თავად დაგრჩები
აარონს წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა შეიძლებოდა სდომებოდა მის ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად გამოჩენილ მოდელს. საუბრის დასწყისში, იმ აზრმაც გაუელვა, თითქოს გოგონა მასთან ფლირტს აბამდა, თუმცა ანასტასიას შემდგომმა სიტყვებმა დაარწმუნა, რომ საქმის ვითარება სულ სხვაგვარი იყო და ამ ყველაფრით, ოდნავ დაინტერესდა კიდეც.
-შენი სასტუმროს მისამართი მომწერე და მოგაკითხავ -თქვა ბოლოს -მართალია, ღამით მე მიგაცილე, მაგრამ მაინცდამაინც იდეალური მახსოვრობით არ გამოვირჩევი
-არა უშავს, მეც ეგ პრობლემა მაწუხებს -გაეცინა ანასტასიას -კარგი, ახლა გავთიშავ და მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნი. რესეფშენში საქმეს მე მოვაგვარებ, უბრალოდ, შენი სახელი და გვარი უთხარი, რათა ჩემს ნომერში ამოგიშვან
აარონმა ყურმილი ისე დაუკიდა, არაფერი უპასუხია. სულ რაღაც ოც წამში მიიღო ანასტასიასგან ტექსტური შეტყობინება, სადაც, სასტუმროს სახელსა და ზუსტ მისამართს ერთდროულად სწერდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლოს-ანჯელესის ქუჩები მთლად კარგადაც არ იცოდა, მანქანაში GPC მოწყობილობა ჰქონდა ჩამონტაჟებული, ამიტომ, ტაქსით წასვლა არც უფიქრია. ამის მაგივრად, მანქანის გასაღები აიღო, ტყუპებს მხოლოდ ის უთხრა საქმეებზე გავდივარო და ძვირადღირებული ავტომობილებით გადავსებული ავტოფარეხიდან, ერთ-ერთი მათგანი გამოიყვანა.
რამდენიმე წუთიც და უკვე სასტუმროსკენ მიმავალ გზას ადგა. როგორც GPC-ის ოთხკუთხედ ეკრანზე მოძრავი, წითელი ბურთულა უჩვენებდა, იქამდე არც თუ ისე შორი იყო. აარონის ვარაუდით, ანასტასიას სასტუმრომდე მისვლას ათ წუთზე მეტი არ დასჭირდებოდა, ამიტომ, გადაწყვიტა სიჩქარის მომატებაზე აღარ ეფიქრა და იგი კვლავ პირვანდელ მდგომარეობაში დაეტოვებინა.
მაგნიტოფონში, აარონისთვის უცნობი მუსიკა იყო აჟღერებული, რომელსაც ცალი ყურით უსმენდა მამაკაცი. მართალია, ახლა საშინლად ეძინებოდა და სახლში ყოფნას არაფერი ერჩივნა, თუმცა არც იმის ინტერესი იყო მცირე, თუ რა საქმე ჰქონდა მასთან ანასტასია მარგიანს. სწორედ ამ მიზეზით დათანხმდა შეხვედრაზეც და ნანატრი დასვენებაც ცოტა ხნით გვერდზე გადადო.
სასტუმრომდე სწორედ იმ დროს მიაღწია, რაც წინასწარ ჰქონდა ნავარაუდები. როგორც ანასტასიამ უთხრა, რესეფშენში მხოლოდ თავისი სახელისა და გვარის თქმა დასჭირდა, რის შემდეგაც, მორიგემ პირდაპირ გოგონას ოთახისკენ გაგზავნა, მომსახურე პერსონალისთვის დამახასიათებელი თავაზიანი ღიმილით.
ანასტასიას ნომერი ბოლო სართულზე იყო. მართალია, ლიფტების შიში ჰქონდა და თუ ძალიან დაღლილი არ გახლდათ, მის გამოყენებას საკუთარ კორპუსშიც ერიდებოდა ხოლმე, თუმცა იქამდე კიბის საშუალებით აღწევა ნამდვილ სიგიჟედ მიიჩნია, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოახერხა შიშის დაძლევა, ღრმად ამოისუნთქა და ლითონის მოძრავ ყუთში გაბედულად შეაბიჯა.
მის გარდა, ლიფტით ერთი ასაკოვანი ქალი და ერთიც, შუა ხნის მამაკაცი მგზავრობდნენ. თუ მათ ადგილზე ბორგვასა და გამუდმებით მაჯის საათზე ყურებას გავითვალისწინებდით, ადვილი იყო იმის მიხვედრა, რომ სადღაც ეჩქარებოდათ.
ლიფტიდან პირველად ქალი გავიდა, უცნობმა მამაკაცმა და აარონმა კი, იგი ერთდროულად დატოვეს, მხოლოდ წამით შეხედეს ერთმანეთს და საპირისპირო მხარეებისკენ გაემართნენ.
ანასტასიას აპარტამენტები თითქმის დერეფნის ბოლოში იყო. აარონმა ოთახის ნომერიც იცოდა, ამიტომ, მისი პოვნა საერთოდ არ გასჭირვებია და სულ მალე, უკვე გოგონას კარზეც აკაკუნებდა.
პირველ ჯერზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. აი, მესამეზე კი, ოდნავი პროგრესი გამოიკვეთა და შიგნიდან გოგონას ხმა მოესმა:
-Who Is It?
-The One You Were Expecting -მამაკაციც ინგლისურად გაეპასუხა, თან ზღურბლს ერთი ნაბიჯით მოშორდა. წამიც არ იყო გასული, რომ უკვე ღია კარის წინ იდგა და გრძელ, შალის სვიტერში გამოწყობილ ანასტასიას უყურებდა, ვისაც ფეხზე ლურჯი ფერის, მაღალყელიანი წინდები ამოეცვა
-ბოდიში, ფილმს ვუყურებდი და კარის ხმა ვერ გავიგე -პირველად ანასტასიამ დაარღვია დუმილი და აარონს მაჯაში ხელი ჩაავლო -სწრაფად შემოდი, შიგნით ვილაპარაკოთ
-იმედია, რამე სერიოზულია და ნანატრი ძილი ტყუილად არ გადავდე
-რამეს დალევ? -მაშინვე სხვა თემაზე გადაუტანა გოგონამ და ნომერში დადგმულ ტელეფონს მიუახლოვდა. თუ რამე გინდა, მითხარი, მიმღებში დავრეკავ და ამოგვიტანენ
-არაფერი მინდა -მშრალად მიუგო, თან იქაურობასაც მოავლო თვალი და კმაყოფილს ჩაეცინა -აშკარად კარგად მოწყობილხარ. ეს, ალბათ საუკეთესო ნომერია, არა?
-ერთ-ერთი საუკეთესო -რატომღაც, შესწორების შეტანა მოუნდა ანასტასიას -თუმცა მე მხოლოდ ხედის გამო მომწონს -დამაატა ბოლოს, თან მარცხენა კედელზე, მთელ სიგრძეზე გაყოლებულ ფანჯარას დააკვირდა, საიდანაც ქალაქის ულამაზესი პანორამა იშლებოდა
-კარგი, ხედს მოვეშვათ და საქმეზე გადავიდეთ -ფანჯარასთან მდგომ სავარძელში ჩაეშვა მოწყვეტით, თავის წინ მდგომ რბილ სადგამზე ფეხები შემოაწყო და თავზე წამომდგარ გოგონას ქვემოდან ახედა, თავისი ქვიშისფერი თვალებით -გისმენ
-სანამ მომისმენ, მანამდე შენი ჯდომის მანერა განვიხილოთ -აშკარად გაბრაზებული ჩანდა, ანასტასია
აარონს გაეცინა.
-ჰო, მართალია, ნამდვილად არ გამომსვლია ზრდილობიანად, თუმცა ახლა ისე ვარ დაღლილი, კონსერვატიული ჯდომა და ეტიკეტის ნორმები ყველაზე ნაკლებად მადარდებს, ამიტომ მომიტევეთ ქალბატონო ანნასტასია
გოგონა რომ მოშორებით მდგომ სავარძელთან მივიდა, მასში ჩაჯდა და ხელები ერთმანეთს გადააჭდო, აარონმა იფიქრა ჯდომის მანერაზე კამათი აღარ გაგრძელდებაო. მართალიც აღმოჩნდა, ანასტასიას გამოხედვაზეც ეტყობოდა, რომ იმ საუბრისთვის ემზადებოდა, რის გამოც, ეს პატარა შეხვედრა მოაწყო, საკუთარ ნომერში.
გოგონას ყოყმანის გამო, მამაკაცმა გადაწყვიტა ეს პროცესი თავად დაეჩქარებინა:
-აღარ იტყვი, რაზე გინდოდა ჩემთან საუბარი, ანნასტასია? -ჰკითხა მან -უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ხმის ამოღების გეშინია
-რა სისულელეა. უბრალოდ, იმაზე ჩავფიქრდი, გამოდგები თუ არა ამ როლისთვის
-რომელი როლისთვის? -აშკარა ინტერესი გაკრთა აარონის თვალებში
-ერთ ადამიანს თავი უნდა მოვაჩვენოთ, თითქოს ურთიერთობა გვაქვს
აარონმა ამოიხვნეშა და თავი გადააქნია. გააზრებაც ვერ მოასწრო გოგონამ ისე მოულოდნელად წამოდგა და ოთახიდან გასასვლელი კარისკენ დაიძრა.
-მეგონა, აქ რაღაც მნიშვნელოვანის გამო დამიბარე -ისე უთხრა, უკან არც მოუხედავს -ბავშვური თამაშებისთვის ნამდვილად არ მცალია, მოდელო
-ნეტავ მართლა ბავშვური თამაში იყოს -კარს რომ წინ გადაუდგა და გასვლის უფლება არ მისცა, მამაკაცმაც გადაწყვიტა გაჩერებულიყო და მისთვის ბოლომდე მოესმინა -ერთი მანიაკი მყავს გადაკიდებული, ვისი მოშორების შანსს, მხოლოდ იმაში ვხედავ, რომ ჩემს გვერდით სხვა მამაკაცი ნახოს. თავადაც შევძლებდი, მაგრამ არ მინდა მკვლელად ვიქცე და კლდიდან გადავჩეხო, მიუხედავად იმისა, რომ ამის წარმოდგენისას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ -ზიზღით დაამატა ბოლოს და აარონიც დაარწმუნა, რომ ხსენებული პიროვნების მიმართ საკმაოდ ნეგატიურად იყო განწყობილი
-იქნებ, აქ დარჩე და ამერიკის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვო?
-დამცინი, არა? მე კიდევ, დინჯი ადამიანი მეგონე
-რა იცი, რომ ის ტიპი მანიაკია? -საუბრის თემა შეცვალა აარონმა -იქნებ, სერიოზულად ფიქრობს შენზე და ცუდი ზრახვებიც არ აქვს?
ანასტასიამ თვალები აატრიალა.
-ალექსანდრე თაბაგარს შენზე უკეთ ვიცნობ და მის ხასიათს ნუ მასწავლი -მიუგო მტკიცედ -ნუ იქნები უგულო, დამეხმარე როგორც ადამიანი, ადამიანს. ჩემთვის რომ იგივე გეთხოვა, უარს ნამდვილად არ გეტყოდი
-იმას რა ვუყოთ, რომ მსახიობობა მაინცდამაინც კარგად არ გამომდის, ანნასტასია? -შეეკითხა მამაკაცი და კარს მოშორდა -თანაც, აქ საქმეებზე ვარ ჩამოსული და არა, ვიღაც ალექსანდრეს გასაცურებელი სპექტაკლის დასადგმელად
-ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ, რაც კი გინდა -უკან აედევნა ანასტასია და უპატრონო კნუტის თვალებით შეხედა. ამ სვლამ, აარონს სახეზე ღიმილი მოჰგვარა და ნელ-ნელა ყინულის გალღვობაც დაიწყო
-მაინცდამაინც მე რატომ მთხოვ ამას? სხვა კანდიდატი არ გყავს? -ბოლოს, ვეღარ მოითმინა და მაინც ჰკითხა ის, რაც მთელი ამ დროის მანძილზე აინტერესებდა
-როგორ არ მყავს, თუმცა ამ ქალაქში მხოლოდ შენ გიცნობ, ის ადამიანი კი ამერიკაშიც გამომეკიდა, ახლა ჩემს გვერდითა ნომერშია დაბინავებული და სანამ გადაღებები დამთავრდება, აქ ჩემთან ერთად აპირებს ყოფნას
-ესე იგი, ლოს-ანჯელესში შენს გამო ჩამოვიდა -ისე ამოილაპარაკა, ვინმე იფიქრებდა თავის წარმოსახვით მეგობარს ესაუბრებაო -ვერაფერს ვიტყვი, სერიოზულად გაგიბამს მახეში
-შენ ის მითხარი, თანახმა ხარ თუ არა? -ამას რომ ეკითხებოდა, აარონი დივანზე იჯდა, ანასტასიას კი მის მუხლებთან, ხალიჩაზე მოეკალათებინა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მამაკაცის წინ იყო ჩაჩოქილი
-ადექი, თორემ მგონია ცოლობას მთხოვ და მალე ბეჭედსაც გამოაძვრენ რომელიმე ჯიბიდან
იმ წამს, გოგონამაც შეამჩნია თავისი სასაცილო მდგომარეობა და ფეხზე მოღუშული სახით წამოდგა.
-ნამდვილი კლოუნი ხარ!
-არ იცოდი? ბავშვობაში ცირკის მსახიობი ვიყავი, ნეტავ გენახა მისაწებებელი ცხვირი როგორ მიხდებოდა -იმდენად სერიოზული ხმით ამბობდა ამას, გოგონამ დაიჯერა კიდეც, თუმცა სიმართლეს მაშინ მიხვდა, როდესაც სიტყვების ბოლოს, მამაკაცის სახეზე ცბიერი ღიმილი შენიშნა
-მერე იტყვის სამსახიობო ნიჭი არ მაქვსო, ტყუილის თქმა მშვენივრად გამოგდის
-გინდა კიდევ ერთი ტყუილი ვთქვა?
-მიდი
-შენი წინდები ძალიან მომწონს
-რას ერჩი ჩემს წინდებს? -ცალი წარბი აზიდა ანასტასიამ და ფეხზე მორგებულ თბილ ქსოვილს ხელი აუსვა
-არაფერს, უბრალოდ ნაწნავების და ჭორფლების დამატებაა საჭირო, რათა პეპის ორეულად იქცე
-ამ სიტყვებს, კონპლიმენტად მივიღებ -მამაკაცის კომენტარს, ოდნავადაც არ გაუბრაზებია იგი -კარგი, ახლა პასუხს ველოდები, თანახმა ხარ, თუ არა?
-ქვიშის საათი გამოიტანე, მოსაფიქრებლად დრო მჭირდება
-ნუ მაიმუნობ -მართალია მტკიცე გამომეტყველებას ინარჩუნებდა, თუმცა გულში, მის თითოეულ სიტყვაზე ეღიმებოდა და ამ ადამიანთან ყოფნისას, უდიდეს სიამოვნებასა და თავისუფლებას განიცდიდა, ანასტასია
-მიდი, პასუხი მითხარი, თორემ სადაცაა გოგრად გადავიქცევი
აარონი ფეხზე წამოდგა. ფანჯარას რომ მიუახლოვდა და ქალაქის ხედს მზერა გაუშტერა, გოგონა უკვე ფიქრობდა, რომ მისი პასუხი უარყოფითი იქნებოდა, თუმცა, დივნის საზურგეზე მიწოლილს, სრულიად სხვა რამ მოესმა:
-კარგი, გავაკეთებ ამას
ოთახში არსებული სიჩუმე, რომელიც ამ პასუხს მოჰყვა, ანასტასიას სიტყვებმა დაარღვია. ამ უკანასკნელის სახეს, აშკარად ეტყობოდა კმაყოფილება.
-მიხარია, რომ ბატონმა აარონმა არ დამაღალატა -მამაკაცის ზურგს უყურებდა ამის თქმისას -ბოლოს და ბოლოს, კარის მეზობლები ვართ და ერთმანეთის მხარში დგომა გვევალება
-კარის მეზობლის გამოყენება, მე მხოლოდ ორი თავი ხახვის გამო მსმენია და არა, შეყვარებულის როლის სათამაშოდ
-მერე რა? მე სიახლე შემომაქვს მეზობლობის კოდექსში -ღიმილით წამოდგა ფეხზე, მამაკაცს გვერდით მიუდგა და ხელზე, ხელი მოჰკიდა -ვაფასებ ამას, მართლა
აარონმა უბრალოდ გაუღიმა და ქალაქის პანორამის ყურება განაგრძო. მერე, უცებ რაღაც გაახსენდა და კვლავ გვერდით მდგომ ანასტასიას მიუტრიალდა.
-შეიძლება, მეც გთხოვო ერთი რამ?
-რა თქმა უნდა -ღიმილით დაუქნია თავი მან
-მინდა, ზეგ ჩემთან ერთად ლას-ვეგასში წამოხვიდე
-ლას-ვეგასში? იქ რა მინდა? აზარტული თამაშების მოყვარული ნამდვილად არ ვარ
-კაზინოებში ფულის მოსაგებად არც მე მივდივარ, უბრალოდ, იქაურ ბიზნესმენებთან მაქვს საქმიანი შეხვედრა. მსგავს შეკრებებზე, ძირითადად ქალებთან ერთად დადიან ხოლმე, თუმცა ახლა ვინმეს ძებნის თავი ნამდვილად არ მაქვს, როდესაც იდეალური ვარიანტი ჩემს გვერდით დგას
რატომღაც, სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა გოგონას, აარონის ბოლო სიტყვებმა, თუმცა თანხმობის მიცემაში სამსახური უშლიდა ხელს, ამიტომ ეს არც დაუმალავს :
-სიამოვნებით, მაგრამ გადაღებები ყოველ დღე მაქვს და ვერ მოხერხდება
-მაგას მე მოვაგვარებ, მხოლოდ ნაცნობი ექიმის ერთი პატარა ცნობა დაგვჭირდება, რომ გადამდები ვირუსი გაქვს და შემდეგ, ამ საბუთს შენს სააგენტოში გავაგზავნით. ასეთ შემთხვევაში, სამსახურის გაცდენაზე ვერავინ შემოგედავება
-მართლა შეძლებ მაგას?
აარონმა თავი დაუქნია.
-ეგ იგივეა, რაც მკითხო, შევძლებ თუ არა, საჩვენებელი თითის თვალთან მიტანას
-და იქ რამდენი ხნით მოგვიწევს დარჩენა?
-მეორე დღეს დავბრუნდებით, საღამოს საათებში -მიუგო, თან დააყოლა :-რახან მრავლობითი რიცხვი ახსენე, ესე იგი თანახმა ხარ
-შენი ვალი მაქვს, ასე რომ უარს ვერ გეტყვი . . . თანაც, ბიზნესმენების შეხვედრაზე არასდროს ვყოფილვარ და ეს ჩემთვისაც ახალი იქნება
-მაშინ, მოვილაპარაკეთ! -საქმიანი ჟესტით გაუწოდა ხელი და როგორც კი გოგონამ თავისი მარჯვენა შეაგება, დაამატა -მეორე თხოვნის დრო დადგა
-მეორეც გაქვს?
-ნუ ღელავ, დიდი არაფერია, უბრალოდ, ერთი დღე შენს ნომერში უნდა ამიტანო -ამ სიტყვებით, მამაკაცი დივანზე ჩამოჯდა, ფეხსაცმელი გაიხადა და ბალიშებზე ისე მიწვა, თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო
ანასტასია გაოცებული უყურებდა მის თითოეულ ქმედებას, იმას, თუ როგორ შეიხსნა პერანგის ღილები, როგორ მოხვია ფუმფულა ბალიშს ორივე ხელი და თვალები დახუჭა. ბოლოს, სიჩუმეში ვეღარ გაძლო და მკლავზე ხელის დადებით შეარხია მამაკაცი.
-ვერ მეტყვი რას აკეთებ?
-ვიძინებ -მოკლედ მოუჭრა აარონმა
-იძინებ? შენ რა, დაგავიწყდა სად ხარ?
-მახსოვს, უბრალოდ გვიანია, სახლში წასვლა მეზარება და საშინლად ვარ დაღლილი -სიტყვებს ისე სვენებსვენებით ამბობდა, აშკარა იყო მოთენთილობა მთელს სხეულში ჰქონდა გამჯდარი -თანაც, რა განერვიულებს, მე და შენ ხომ უკვე წყვილი ვართ?
-ძალიანაც ნუ შეიჭრები როლებში, ეს მხოლოდ სხვის დასანახად არის საჭირო
-თუ გინდა, რომ იმ სხვამ ერთხელ მაინც გვიხილოს ერთად, ყურში ნუ ჩამყვირი და ძილი მაცადე -ეს რომ თქვა, ბალიში უფრო მოხერხებულად ამოიდო თავქვეშ, თვალები კვლავ დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა -შეგიძლია, ტკბილი სიზმრები მისურვო, ანნასტასია . . .

* * *
დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო დაძინება გოგონამ. რული, მხოლოდ მაშინ მიეკარა, როდესაც ისრები ღამის სამს გადასცდნენ და დილის თერთმეტი საათისთვის, თავს უკვე საკმაოდ მხნედ და დასვენებულად გრძნობდა.
აარონს, ჯერ კიდევ დივანზე ეძინა, გათიშულს. იმდენად საყვარელი სანახავი იყო იატაკზე გადმოგდებული მარცხენა ხელითა და აჩეჩილი თმით, რომ ანასტასიამ, მობილურით ფოტოც კი გადაუღო და შემდეგ, კვლავ საწოლს მიაკითხა.
სააგენტოში შუა დღემდე არანაირი საქმე არ ჰქონდა. რატომღაც, არც საუზმის შეკვეთა სურდა ნომერში, ამიტომ, კომოდზე დატოვებული ლეპტოპი მუცელზე გადმოიდო, ეკრანი გაშალა და Whatsapp-ზე სანდროს მისწერა :
"როგორ არის ჩემი სიმპათიური ძამიკო?"
პასუხი მალევე მოუვიდა. დღის ამ მონაკვეთში, სანდრო მუდმივად Online-ში გახლდათ, რადგან, სამსახურის გამო ხშირად უწევდა ინტერნეტ-სივრცის გამოყენება და ეს, ანასტასიამაც მშვენივრად იცოდა.
"შენს ძამიკოს ცოტათი ენატრები . . . იქნებ, როგორმე მოახერხო და ახალ წელს მაინც ჩამოხვიდე, პარიზში"
ანასტასიას, სახეზე სევდა მოადგა და კლავიატურაზე ტექსტი მოღუშული სახით აკრიბა.
"ნეტავ შემეძლოს, მაგრამ არ გამოდის. ზამთრის კოლექციის გადაღებები ჯერ ჯიდევ წინაა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სულ რომ ფეხზე დგომა ვერ შევძლო,სააგენტოს მენეჯერები ამას მაინც არ გამომატოვებინებენ."
"ხომ გეუბნებოდი, შედარებით უფრო მარტივი პროფესია აირჩიე-მეთქი?"
"სიმართლე გითხრა, ეგეთი რამ არც არასდროს გითქვამს, სან" -ბოლოში ღიმილის სმაილიც დაურთო შეტყობინებას, გოგონამ
"სამაგიეროდ ახლა გეუბნები"
"პროფესიის შეცვლა უკვე ძალიან დაგვიანებულია. ამაზე ადრე უნდა მეფიქრა . . . ჰო მართლა, ლარა როგორაა? ამ ბოლო დროს იმდენი საქმე მქონდა, ნორმალურად ვეღარც გიკავშირდებით და ხშირად ვერც თქვენს ზარებს ვპასუხობ."
"თუ იმაზე ნერვიულობ, რომ ლარა გაბრაზებულია, ცდები."
ანასტასიამ, ძმას გულებიანი სტიკერი გაუგზავნა და ის-ის იყო მიმოწერის გასაგრძელებლად კლავიატურისკენ თითები წაიღო, რომ მისი ნომრის კარზე ხმადაბალი კაკუნი გაისმა.
წესით, ამ ხმაზე აარონსაც უნდა გაღვიძებოდა, თუმცა მამაკაცი ადგილიდანაც არ გატოკებულა.
"ალბათ, ღრმა ძილი აქვს" -მაშინვე მოძებნა ახსნა გოგონამ, ლეპტოპი კვლავ კომოდზე დააბრუნა, საწოლიდან წამოდგა და კარის გასაღებად გაემართა
უკვე ზღურბლთან იყო მისული, კაკუნი რომ კიდევ ერთხელ განმეორდა, ამჯერად უფრო ძლიერად. ანასტასიას აზრადაც არ მოსვლია, ადრიანი სტუმრისთვის ვინაობა ეკითხა, კარი პირდაპირ გამოაღო და დერეფანში მდგომი ლექსოს დანახვაზე, ღიმილიანი სახე, მომენტალურად შეეცვალა მოღუშულით.
-ჰო, დილის უარეს დასაწყისზე ვერც კი ვიოცნებებდი
-დარწმუნებული ვარ, ჩემი ნახვა გაგიხარდა, უბრალოდ ამას არ აღიარებ -ცხვირზე, საჩვენებელი თითი, პატარა ბავშვივით დაჰკრა ბიჭმა და უკვე ოთახში უნდა შემოსულიყო, რომ ანასტასიამ გადაუღობა გზა
-რა მოხდა, არ მიშვებ? სტუმრის ზღურბლთან დაყენება მთლად ზრდილობიანი საქციელი ვერაა
-მერე და როდის გითხარი, რომ ზრდილობის შემსწავლელი კურსები მაქვს გავლილი?
-დღეს გამონაკლისის დაშვება მოგიწევს, დაბადების დღე მაქვს და ველი, რომ სიურპრიზს გამიკეთებ
ანასტასიამ ცალი წარბი აზიდა და კარის ჩარჩოს, გულზეხელებდაკრეფილი მიეყრდნო.
-მხოლოდ სამიოდე ადამიანის დაბადების დღეს ვცნობ -ისე უთხრა, მისთვის თვალი არ მოუშორებია -ერთი ჩემი ძმაა, მეორე ჩემი უმცროსი და, მესამე კი, ერეკლე გასვიანი. ამ სამეულში შენი სახელი და გვარი არ ფიგურირებს, ამიტომ არც საჩუქარი იქნება
-მოიცადე, ანასტასია -უკვე კარის დახურვას აპირებდა გოგონა, რომ ლექსომ მას ფეხი დაუხვედრა და შეაკავა -არ შეიძლება მხოლოდ იმის გამო მაწვალებდე ამდენ ხანს, რომ დამიმტკიცო, რამდენად დაუმორჩილებელი ქალი ხარ მამრობითი სქესისთვის
-მართლა ფიქრობ, რომ საქმე მხოლოდ ამაშია? -ყურებს ვერ უჯერებდა იგი. წამით მასთან კამათის გაგრძელება მოუნდა, თუმცა მერე მიხვდა, რომ ამ ადამიანთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და დააპირა კიდეც კარის ხელმეორედ მიხურვა, როდესაც, უეცრად ვიღაცის მოხვევა იგრძნო ზურგიდან და პირდაპირ ლექსოს გაოცებულ თვალებს შეეჩეხა.
-არ ვიცოდი, სტუმარი თუ გვყავდა -გოგონას უკან აარონი იდგა, მის მუცელზე კვლავ ხელები ჰქონდა შემოხვეული და ლექსოს გამჭოლი მზერით უყურებდა.
ანასტასიას, სულ რამდენიმე წამი დასჭირდა სიტუაციის გასააზრებლად. მალევე მიხვდა, რომ უკვე დრო იყო აარონს თამაშში აჰყოლოდა და უკან ღიმილიანი სახით მიიხედა.
-ისე ტკბილად გეძინა ვეღარ გაგაღვიძე. ჰო მართლა, გაიცანი -ეს ალექსანდრე თაბაგარია, ჩემი სააგენტოს მფლობელის გერი, ალექსანდრე, ეს აარონ ქალდანია, ჩემი . . . -გოგონამ, ამ წინადადების დასასრულებლად შესაფერისი სიტყვის პოვნა ვერ მოახერხა, თუმცა აარონმა იხსნა სიტუაცია:
-ანასტასია სიტყვებს "შეყვარებულს", "ბოიფრენდს" და მსგავს სისულელეებს არ ცნობს. უბრალოდ ასე ვიტყვი -ერთად ვართ
ადვილი შესამჩნევი იყო, თუ როგორმა უსიამოვნო გამომეტყველებამ დაიდო ბუდე ლექსოს სახეზე, ამ სიტყვების მოსმენისას. ყველა კუნთი ერთიანად დაეჭიმა, თვალებში ბრაზი ჩაუდგა და სწორედ ამ დაუოკებელი ბრაზით უმზერდა ანასტასიას მუცელზე შემოხვეულ აარონის ხელებს. მიუხედავად ამისა, სიმშვიდე მაინც შეინარჩუნა და "წყვილს" ოდნავ გაუღიმა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, აარონ -გაჭირვებით ამოთქმულს ჰგავდა მისი სიტყვები -თუმცა გამიკვირდა, ანასტასიას აქამდე არასდროს უხსენებიხარ -ეჭვით გახედა ბოლოს
-ჰო, ანასტასია ჩვენს ურთიერთობაზე უმნიშვნელო ადამიანებს არ ესაუბრება ხოლმე -ირონიული მზერით გაეპასუხა და გოგონას ხელი შეუშვა -მოკლედ, თუ სხვა არაფერი გინდა, უნდა მაპატიო, თბილისიდან ახლახანს ჩამოვფრინდი და დასვენება მჭირდება. სხვა დროს ვილაპარაკოთ, კარგი? -მერე ანასტასიას მიუტრიალდა ღიმილით -მე წავალ, დავწვები, შენ სტუმარი გააცილე
-კარგი -ლექსოს დასანახად, სიყვარულით სავსე მზერით ახედა მამაკაცს და როგორც კი ის ოთახის სიღრმეში გაუჩინარდა, კვლავ ზღურბლთან მდგომ, დაუპატიჟებელ სტუმარს მიუტრიალდა. ამ უკანასკნელს, სახეზე სრული ქაოსი ეხატა და ანასტასიას ისე უყურებდა, თითქოს გოგონას მის წინაშე რაიმე სახის დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი
-კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდა, ლექსო? -ჰკითხა ანასტასიამ დაყვავებით და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. რომ მიხვდა, პასუხის გაცემას არ აპირებდა, დაამატა :- მაპატიე, რომ ეს ასე გაიგე, მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი ძალიან არ მიყვარს და არც პრესაში ვასაჯაროვებ ხოლმე რამეს. თუ საუბარს მოვრჩით, მაშინ კარს დავხურავ
-დახურე, დახურე -ისეთი ცბიერი ღიმილით წარმოთქვა ეს სიტყვები ბიჭმა, ნათელი იყო მისი მხრიდან საფრთხე ჯერ კიდევ იგრძნობოდა. მიუხედავად ამისა, ანასტასიას არაფერი შეუმჩნევია, დამშვიდობების ნიშნად ლექსოს ოდნავ გაუღიმა და ისიც ოთახის იმ ნაწილისკენ გაეშურა, სადაც აარონი ეგულებოდა.
მამაკაცი უკვე დივანზე იჯდა და მარჯვენა ფეხსაცმელზე იკრავდა თასმებს. ანასტასიას შესვლა რომ გაიგო, თავზე წამომდგარ გოგონას ქვემოდან ამოხედა და ამჯერად, ისე განაგრძო თავის საქმე.
-პირველისთვის ცუდი არ იყო, არა? -იკითხა მან -გარეგნული მხარე ნამდვილად იდეალური აქვს და რატომ არ მოგწონს?
-შენ თუ მოგწონს, შემიძლია დაგითმო
-გმადლობ, მაგრამ მე ჰეტეროსექსუალი ვარ და კაცები არ მიზიდავენ. ჩემი ტელეფონი სად არის?
-უკვე მიდიხარ? -შემაწუხებელი სიცხის გამო, კონდინციონერს ჩაუწია გოგონამ და პირსახოცის ხალათი გაიხადა. მის შიგნით, მხოლოდ ცისფერი საღამური ეცვა, თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ იყო დახურული და აარონთან არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა
-ჰო, მივდივარ. შხაპი უნდა მივიღო და მერე საქმეები მაქვს
-გმადლობ დღევანდელისთვის. მართლა ძალიან დამეხმარე, თუმცა ლექსო ის ადამიანი არ არის, ვინც ასე მარტივად დარწმუნდება ერთხელ ნათქვამში
-მეც შევამჩნიე მისი ეჭვები -დაუმოწმა აარონმა -ეს იმას ნიშნავს, რომ უტვინო არაა და გონება ჯერ კიდევ უმუშავებს
მამაკაცმა, როგორც იქნა თავისი მობილურიც იპოვა, ძილისგან აჩეჩილი თმა ორი თითით გადაივარცხნა და გოგონას გამოხედა.
-ესე იგი, დღეს გადაღებებზეც უნდა გამოგიარო
-რა სწრაფი ხარ -ღიმილით შეხვდა ანასტასია მის სიტყვებს -კი ბატონო, გამომიარე, მისამართს მოგვიანებით მოგწერ . . . ჰო მართლა, საიდან მიხვდი, რომ სწორედ ის იქნებოდა ლექსო?
-ისე ელაპარაკებოდი, რთული მისახვედრი ნამდვილად არ ყოფილა
-ტაშს ვუკრავ შენს მიხვედრის უნარს -აპლოდისმენტების იმიტაცია გააკეთა ანასტასიამ
-კარგი, კარგი უნდა წავიდე, ვაგვიანებ. საღამოს გამოგივლი, თუმცა . . .
-თუმცა რა?
-ამას, მხოლოდ შენი რომეოსთვის თვალის ასახვევად არ ვაკეთებ, საქმეების მერე მართლა მინდა სადმე გასვლა და განტვირთვა. კარგი იქნება პარტნიორობას თუ გამიწევ
ანასტასიამ ჩაფიქრებული სახე მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. პასუხი მხოლოდ იმის შემდეგ გასცა, რაც აარონმა მაჯის საათზე საჩვენებელი თითი დააკაკუნა იმის სანიშნებლად, ძალიან მეჩქარებაო.
-კარგი, წამოვალ, ქალაქის ნორმალურად დათვალიერება ვერც მე მოვასწარი
-მაშინ საღამომდე, ანნასტასია
აარონი რომ გააცილა, კვლავ მივიწყებულ ლეპტოპს მიუბრუნდა და სანდროსთან განაგრძო საუბარი. დიდი ხნის განმავლობაში ილაპარაკეს, ათას რამეს გადაწვდნენ და მანამ არ დაასრულეს, სანამ ანასტასიას სააგენტოში წასვლის დრო არ მოვიდა.
იქამდე, როგორც ყოველთვის, პირადმა მძღოლმა მიიყვანა. შიგნით შესვლის თანავე, ყველანი მზადყოფნაში დახვდნენ, ფოტოგრაფით დაწყებული, ვიზაჟისტთა გუნდით დამთავრებული. მათი შემხედვარე გოგონა ახლაც ბოლომდე ჩაეფლო თავის საქმეში. ქალის თეთრეულის ახალ კოლექციაში მომხიბვლელად პოზირებდა და ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა, რომ კამერის წინ დგომა ნამდვილად მისი მოწოდება გახლდათ. ფოტოგრაფი მხოლოდ ხანდახან ერთვებოდა, პოზებს ურჩევდა, მითითებებს აძლევდა, თუმცა ძირითად შემთხვევაში ამის საჭიროებას არ განიცდიდა.
გადაღებების მიმდინარეობის განმავლობაში, ორი ათწუთიანი შესვენება ჰქონდა დანიშნული გოგონას. ასეთ მომენტებში, ანასტასია ან ფოტოგრაფს ესაუბრებოდა, ან ტელეფონში იქექებოდა. ერთხელ, დილით გადაღებულ, მძინარე აარონის სურათსაც მოჰკრა თვალი, თავის ფოტოგალერიაში და ბაგეები კვლავ ღიმილმა გაუპო. ძალიან ცოტა ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი გაიცნო, თუმცა მთელი არსებით გრძნობდა, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა და იმედებს არ გაუცრუებდა.
სააგენტოში საქმეებს რომ მორჩა, უკვე შვიდი საათი სრულდებოდა. გადაღლილმა, ტანსაცმელი მშვიდად გამოიცვალა, მაკიაჟი ოდნავ მოიშორა და აარონს, ქვიშის საათის სმაილიანი შეტყობინება გაუგზავნა, რითაც მისი მოსვლის დროის მოახლოებაზე მიანიშნა.
რა თქმა უნდა, პირადი მძღოლისთვის აღარ დაურეკავს. სააგენტოს კარიდან თმების სწორებით გავიდა და უკვე კიბეებზე უნდა ჩასულიყო, რომ მოულოდნელად, ვიღაცამ ააკრა კედელზე, ზურგიდან მიუახლოვდა და ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა.
-გეგონა ის ზღაპარი დავიჯერე, პატარავ? -ამ ხმას, ათას კაცშიც კი გამოარჩევდა ანასტასია და უკვე დარწმუნებული იყო, რომ უკან ნამდვილად ის ედგა, ვისაც ფიქრობდა
-რა ჯანდაბა გინდა, ლექსო? მაინცდამაინც უნდა მოგკლა, რათა დაისვენო?! ახლავე გამიშვი!
ამ უკანასკნელმა, გაშვების მაგივრად ხელი უფრო მაგრად მოხვია და ყელში უხეშად აკოცა.
-მითხარი, ვინ იყო ის ტიპი? -ღვარძლიანად იკითხა მან -საიდან მოიყვანე? მსახიობი დაიქირავე, თავი რომ შენს მამაკაცად გაესაღებინა და ამ გზით გამოგეყვანე წყობილებიდან?
-რას ბოდავ? რა მსახიობი?
-ანასტასია, იცოდე ჭკუიდან ნუ მშლი! -ამჯერად წინ შემოატრიალა, მთელი სხეულით მიაწვა, რათა ვერ გაქცეულიყო და თითები ნიკაპზე მოუჭირა -შენ ჩემი ხარ და სხვისი ვერასდროს გახდები!
-ავადმყოფი ხარ, ლექსო! მეცოდები კიდეც იმოდენა აურზაური გაქვს თავში -ბიჭის ცისფერ თვალებს უყურებდა და დაეფიცებოდა, რომ მისდამი მხოლოდ და მხოლოდ გულის რევას გრძნობდა
-ფეხებზე ავადმყოფად მთვლი, თუ, არა! უბრალოდ ერთს გეტყვი -იმ ტიპს აღარ გაეკარები, არასოდეს!
ანასტასია უფრო მეტად გაღიზიანდა. თითქოს მასში მტაცებელმა გაიღვიძა და ლექსოს, ხელი მთელი ძალით ჰკრა.
-შენ იმ ადამიანში ხომ არ გეშლები, ვისაც შეგიძლია რამე უბრძანო? -აშკარა ირონიით ჰკითხა მან -საკუთარი ადგილი იცოდე ლექსო, უკვე ზღვარს გადადიხარ!
-აქ მოდი, ასე ვერ წახვალ -კიბეებისკენ დაძრული, კვლავ უკან მოაბრუნა, მაჯაში ხელის ჩავლებით, თუმცა როდესაც ქვემოთ გაჩერებულ მანქანას მოჰკრა თვალი, საიდანაც აარონი გადმოდიოდა, გოგონა მომენტალურად გაათავისუფლა თავისი "ტყვეობისგან"
მამაკაცი ისეთი მკაცრი გამომეტყველებით მოემართებოდა მათკენ, თაბაგარს წამით შიშიც კი შეეპარა, თუმცა სიმტკიცე მაინც შეინარჩუნა და შეეცადა მედგრად მდგარიყო, იმისდა მიუხედავად, რომ აარონის სიარულის მანერაც კი საფრთხის შემცველი ჩანდა იმ წამს
-საღამო მშვიდობისა
-საღამო მშვიდობისა. ასე მალე არ გელოდი -მაშინვე მის გვერდით დადგა ანასტასია და როგორც კი ლექსომ და აარონმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, დაამატა :- წავიდეთ, ძალიან ვარ დაღლილი
-მიდი, მანქანაში ჩაჯექი და მეც მალე მოვალ
ანასტასიამ, მამაკაცს ავტომობილის გასაღები გამოართვა.
-საჭესთან მე დავჯდები, არ დაიგვიანო -მერე ლოყაზე აკოცა და ისე წავიდა, ერთი სიტყვაც აღარ დასცდენია
რთული მისახვედრი ნამდვილად არ აღმოჩნდა აარონისთვის, რომ ანასტასიას იმ სიტუაციის ატანა უკვე აღარ შეეძლო, ამიტომ, ლექსოს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და თვალი, თვალში გაუყარა.
-მისმინე, არ მაინტერესებს შენ რა ზრახვები გაქვს, ან რა მიზნები, მაგრამ შეგიძლია დღეიდან ანასტასიას სააგენტოსთან აღარ იმორიგევო ხოლმე, მის სასტუმრომდე მიცილებაზე თავად ვიზრუნებ
-ნუ ღელავ, ამით არც მე ვწუხდები, პირიქით მსიამოვნებს
აარონს ბრაზისგან ყბები დაეჭიმა. საშინლად უნდოდა ახლა თაბაგარის ზემოდან მოქცეულიყო და სიკვდილამდე ეცემა, თუმცა ახსოვდა, რომ მანქანაში ანასტასია ელოდა და თავშეკავების რეჟიმზე გადართვას მაქსიმალურად ცდილობდა.
-იმ ადამიანს უმადლოდე ახლა იქ რომ მელოდება -თვალებით, პარკინგზე მდგომი ავტომობილისკენ ანიშნა მამაკაცმა -სხვა შემთხვევაში, კარგად ვიცი რასაც გიზამდი
-აარონ წავედით! -ჯერ კიდევ მზერითი პაექრობა ჰქონდა გამართული ლექსოსთან, როცა ანასტასიას ძახილი მოესმა. გოგონა, აშკარად აღელვებული ჩანდა და სწორედ ამ ვითარებამ გადააწყვეტინა აარონს თაბაგართან საუბარი აღარ გაეგრძელებინა. ამის მაგივრად, ბრაზი მოთოკა, უკან გაბრუნდა და პირდაპირ თავისი მანქანისკენ დაიძრა.
ანასტასია უკვე საჭესთან იჯდა და ძრავაც კი ამუშავებული ჰქონდა. როგორც კი აარონი შიგნით ჩაჯდა და იგი თავის გვერდითა სავარძელზე დაიგულა, მანქანა ადგილს ისე მოსწყვიტა, გამოცდილ დრიფტერსაც კი შეშურდებოდა.
საშინელ გუნებაზე იყო იმ წამს გოგონა. ლექსო და მისი საქციელი, თავისი ცხოვრების დამანგრეველს-დემეტრეს ახსენებდა, ვინც, თავის დროზე, საუკეთესო მეგობარიც დააკარგვინა და ღირსებაც შეულახა. სწორედ ამიტომ გრძნობდა ლექსოსადმი ასეთ დაუოკებელ ზიზღს და მისი ყოველი შეხებაც კი გულს ურევდა.
იმ წამს, მანქანას ისე მართავდა, რომ აარონს ყურადღებასაც არ აქცევდა. საჭეს მთელი ძალით იყო ჩაფრენილი, თაფლისფერ თვალებში ბრაზის ნაპერწკლები უხტოდნენ და აღნიშნულ მომენტში, საკუთარი გარეგნობაც ჭირივით ეზიზღებოდა. ეს უკანასკნელი ხომ, ხშირ შემთხვევაში, დიდი პრობლემების მიზეზიც ხდებოდა გოგონასთვის?
აარონი მთელი ამ ხნის მანძილზე ჩუმად იჯდა. იცოდა, რომ ანასტასიას სწორედ ეს სჭირდებოდა, მაგრამ როგორც კი გოგონამ სიჩქარის მაჩვენებლის მომატება დაიწყო და ნელ-ნელა დასაშვებსაც კი გადააჭარბა, გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს ჩარეულიყო.
-ანნასტასია, სიჩქარეს მოუკელი, ასე დავიმტვრევით
პასუხი არ ყოფილა. არც რეაგირება. მამაკაცი მის სახეს უყურებდა და ხვდებოდა, რომ გოგონა სხვა პირის იქ ყოფნას ვერც კი აღიქვამდა.
-ანნასტასია სვლა შეანელე, ამ გზაზე მსგავსი სიჩქარით სიარული სახიფათოა -ამჯერად ხმას აუწია, თუმცა უშედეგოდ. გოგონა მართლაც ისე იქცეოდა, თითქოს ავტომობილში სრულიად მარტო იჯდა. იმ წამს, კვლავ ის მომენტი ახსენდებოდა, როდესაც დილით, დემეტრეს მანქანაში გამოეღვიძა, მასზე მიკრულს და კვლავ შეკავებული ცრემლები აწვებოდნენ ყელში. საკუთარ თავს კვლავაც ვერ პატიობდა, რომ ის ადამიანი შეეხო, ვისადმი მცირედი გრძნობაც კი არ ჰქონდა და მისთვის მხოლოდ მეგობრის შეყვარებული იყო.
ამ ინციდენტის შემდეგ, პირადი ცხოვრება, მამაკაცები, პაემნები და ყველაფერი ის, რაც ქალს აბედნიერებს, გვერდზე გადადო ანასტასიამ. მხოლოდ კარიერული მწვერვალების დაპყრობაზე გახლდათ ორიენტირებული და ახლოს არავის იკარებდა. თითქოს ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელში დემეტრეს სახეს ხედავდა, ვინც იმ ღამით, ფაქტობრივად ცხოველივით მოექცა.
ლექსოს შემთხვევაში, ეს გრძნობა უასმაგდებოდა. ბიჭის სახის დანახვაც კი უარყოფითად მოქმედებდა მასზე, განსაკუთრებით, ბოლო დროს, როდესაც ამ ადამიანის საქციელმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა.
ანასტასიამ თვალები დახუჭა და გაზს უფრო ძლიერად დააწვა. ეჩვენებოდა, რომ უკვე სინათლის სიჩქარით მიქროდა და მოზღვავებული ადრენალინით, სხეულს ნეგატიური გრძნობებისგან გათავისუფლებაში ეხმარებოდა.
აარონის ხმა რომ ჩაესმა, სანახევროდ უკვე გამოსული იყო საკუთარი გრძნობების ტორნადოდან. მერე, შეხებაც იგრძნო ხელზე, მუხრუჭის პედალს ვიღაც მის მაგივრად დააწვა, საჭესაც მის მაგივრად დაეპატრონენ და მანქანაც ისე სწრაფად შევარდა ერთ-ერთი ჰიპერმარკეტის წინ მდებარე ავტოსადგომზე, გოგონამ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. მხოლოდ მოძრაობის შეწყვეტიდან რამდენიმე წამის შემდეგ შეძლო იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი აარონის გაკეთებული იყო და გვერდით მჯდომ მამაკაცს გადახედა. ამ უკანასკნელის მზერაში, ანასტასიას გასაკვირად, ოდნავი ბრაზიც არ იგრძნობოდა.
-უკეთ ხარ? -ჰკითხა მან წყნარად. ხელი ჯერ კიდევ გოგონას მხარზე ედო და თოთქოს ამ ჟესტით სიმშვიდის გადაცემას ცდილობდა ანასტასიასთვის
-მაპატიე . . . ზედმეტი მომივიდა
-საპატიებელი არაფერი გაქვს
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, გამშრალი ტუჩები ენის წვერით გაისველა და სავარძლის საზურგეს თვალდახუჭული მიეყრდნო
-კინაღამ მანქანა დაგილეწე, თან, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა მოგივა -თითქოს ნელ-ნელა იხსენებდა თავის მიერ ჩადენილ შეცდომებს და შუბლს ნერვიულად იზელდა. მხოლოდ აარონი ინარჩუნებდა სიმშვიდეს და ოდნავადაც არ ეტყობოდა, რომ ეს თემები აღელვებდა. გარკვეული დრო ასე უძრავად იჯდა, შემდეგ ანასტასიასკენ გადაიხარა, მისი ტირილისგან აწითლებული სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ისე ჩახედა, რომ გოგონას სხეული უცნობმა ჟრუანტელმა მოიცვა.
-ნუ გეშინია -უთხრა მან ღიმილით -მაგ ტიპს ისე მარტივად გავაქრობ შენი ცხოვრებიდან, მის კვალსაც ვერ იპოვი. არ მინდოდა უკიდურესი ზომებისთვის მიმემართა, მაგრამ უკვე ვხედავ, რომ საჭიროა -ნატკენ მაჯაზე გადაუსვა ცერა თითი, სადაც, რამდენიმე წუთის წინ ლექსო უჭერდა მთელი ძალით
-არ მინდა რამე გააკეთო, უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, რომ ეგ ფსიქოპათი შენც არ შეგიქმნის საფრთხეს
-ვერაფერს დამიშავებს, ანნასტასია -ღიმილით გაამხნევა აარონმა ის -მისნაირ ტიპებს კარგად ვიცნობ, მხოლოდ ქალებთან აქვთ დიდი გული და სხვა მხრივ, არაფერს წარმოადგენენ
-ასე რომ არ იყოს? მართლა კარგი ვინმე ხარ და არ მინდა ჩემს გამო რამე დაგემართოს -აშკარა შიში იკითხებოდა ამის თქმისას გოგონას თვალებში -არა, ამაში ვერ გაგრევ, დაივიწყე რაც გთხოვე, საკუთარ პრობლემებს თავად მივხედავ
-მოდი, აღარაფერი თქვა, კარგი? უბრალოდ მენდე და დარწმუნებული იყავი, რომ ის ადამიანი შენს სიახლოვეს აღარასდროს გამოჩნდება -ისე დარწმუნებული ელაპარაკებოდა, რომ ანასტასია გაოცებულ მზერას ვერ იშორებდა -ახლა კი დამშვიდდი და რაც ცოტა ხნის წინ მოხდა დაივწყე . . . მე, შენს გვერდით ვარ
-ვერ მეტყვი რას აპირებ? ახლა არ თქვა, მისი ცემა მაქვს გეგმაშიო
აარონს გაეცინა.
-დამიჯერე, ისეთს არაფერს ვიზამ, რაზეც სანერვიულო გექნება -სიტყვების ბოლოს, თვალიც ჩაუკრა -კარგი, ახლა მანქანიდან გადადი, საჭესთან მე დავჯდები. სადმე წავიდეთ და ცოტათი განვიტვირთოთ
-უკვე მოფიქრებული გაქვს სად წავალთ? -კარი გამოაღო ანასტასიამ და გარეთ გადავიდა. მალე, მას აარონიც უკან მიჰყვა
-მოდი, ამჯერად ეგ ყველაფერი გზაში გადავწყვიტოთ
ადგილები გაცვალეს.
აარონი კუთვნილ საჭეს დაუბრუნდა, ანასტასია კი მის გვერდით მოკალათდა და მანქანაც დაიძრა. გარკვეული დრო ჩუმად მიდიოდნენ და სალონშიც მდუმარება სუფევდა. მხოლოდ მგზავრობის დაწყებიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ დაარღვია დუმილი აარონის ტელეფონის დაწრიპინებამ და მას შეტყობინების მოსვლა ამცნო. მამაკაცს, ტექსტის წაკითხვის თანავე გაუკრთა სახეზე კმაყოფილების ღიმილი. ეს ჟესტი არც ანასტასიას დარჩენია ყურადღების მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ გზას უყურებდა და არა, აარონს.
-რამე კარგი ამბავია? -ჰკითხა მან და მამაკაცის მზერა თავისზე გადმოიტანა
-ჩემი დისგანაა შეტყობინება, მწერს, რომ ის და ნიკოლოზი თანახმა არიან ჩემთან ერთად თბილისში დაბრუნდნენ -მერე, გაახსენდა, რომ ანასტასიამ მათ შესახებ არაფერი იცოდა და განაგრძო: -ნიცა და ნიკა, ჩემი და-ძმანი არიან, ტყუპები
-მათზე აქამდე არაფერი მოგიყოლია
-ბევრი არც არაფერია მოსაყოლი. ჩემთან იმიტომ მომყავს, რომ მინდა უაზროდ ცხოვრებას შეეშვან, პასუხისმგებლობა აიღონ და მიხვდნენ, რომ საკუთარი საარსებო თანხა თვითონ უნდა გამოიმუშავონ
-აქამდე ერთი დღეც არ უმუშავიათ, არა?
-სამწუხაროდ -თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მამაკაცმა
-და მშობლებს ამაზე რა რეაქცია აქვთ?
-მე, ნიცას და ნიკას ერთი დედა არ გვყავს. მამაჩემს ტყუპები სხვა ქალისგას გაუჩნდა და როდესაც იმ ქალმა ოჯახი დაანგრია, ნიცაზე და ნიკაზე მზრუნველობა ნახევრად ჩემზე გადმოვიდა, მამას გარდაცვალების შემდეგ კი საბოლოოდ . . . როგორც ჩანს, ამ ამოცანას თავი ვერც ისე კარგად გავართვი
-ასე ნუ ამბობ, არასდროსაა გვიან სიტუაციის გამოსწორება -ღიმილით გაამხნევა აარონი, ანასტასიამ -დარწმუნებული ვარ, ახალი გარემო მათაც შეცვლის
-მეც ამის იმედი მაქვს . . .
იმ დღემ ნამდვილად გამოაკეთა ანასტასიას განწყობა. კალიფორნიაში, აარონის გვერდით აშკარად აღარ იყო ის გიჟი, არაპროგნოზირებადი მოდელი, ვინც გამუდმებით შარში ეხვეოდა ხოლმე. ლექსოსთან საუბრის შემდეგ, აღარ ეგონა, თუ ვინმე, ან, რამე შეძლებდა მის გამხიარულებას, თუმცა იმასთან, ვის გვერდითაც ახლა იყო, აღარც თაბაგარი ახსოვდა და აღარც სხვა დანარჩენი.
უამრავი რამ გაიგო იმ საღამოს მამაკაცის შესახებ. იგი თავისზე უყვებოდა, ანასტასია საკუთარ პიროვნებას აცნობდა და ამას ისე გულღიად აკეთებდა, თითქოს ათი წლის ნაცნობები ყოფილიყვნენ.
დღის დასასრულს, სასტუმრომდე მისულმა და თავის ნომერში განმარტოებულმა, უკვე ძალიან კარგად იცოდა, რომ აარონი იმ ადამიანთა სიაში ჩაწერა, ვინც ანასტასიას ფეხებზე არ ეკიდა და მისთვის მეტად მნიშვნელოვნადაც კი ითვლებოდა.


ნიცამ, ტყუპისცალის ოთახში დაუკითხავად შეაჭრა და ყველანაირი მისალმების გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადავიდა :
-ნიკა, მორჩი მაგ გოგოსთან კოტრიალს და ახლავე ადექი, შენთან საქმე მაქვს!
ბიჭს, ჯერ კიდევ ხვეულთმიან გოგონასთან ჩახუტებულს ეძინა, როცა ბურანში უსიამოვნოდ ჩაესმა დის ხმამაღალი ტონი.
ნიცასგან ასეთ გაღვიძებას ნამდვილად არ გახლდათ მიუჩვეველი, თუმცა ახლა, როდესაც ოთახში მარტო არ იყო, ტყუპისცალის ამგვარმა საქციელმა ძალიან გააღიზიანა და საწოლიდან ოდნავ წამოიწია.
-აქედან გაეთრიე, ნიცა, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
-არსად არ წავალ სანამ არ ვილაპარაკებთ -მერე საწოლში მწოლიარე გოგონა შეანჯღრია და ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა -ეი, ლამაზო, ადექი და შენი ძონძები მოაგროვე, ჩემს ძმასთან სალაპარაკო მაქვს
-ნიცა!
-ნუ ღრიალებ და საწოლიდან აეთრიე!
ამ ხმაურში, გოგონასაც გამოეღვიძა, პატარა ბავშვივით შეიშმუშნა და როგორც კი თავზე წამომდგარ ნიცას მოჰკრა თვალი, ზეწარი ლამის ცხვირამდე აიტანა
-ეს გოგო ვინ არის, ნიკ? -სასოწარკვეთით იკითხა მან, იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი, ცოლი ან შეყვარებული არ აღმოჩნდებოდა, თუმცა როგორც კი პასუხი გაიგონა, თითქოს გულიც დაუმშვიდდა :
-გაიცანი, ეს ჩემი დაა, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სასჯელი
ნიცა ხუმრობის ხასიათზე მოვიდა.
-ასე ამბობს, თუმცა სინამდვილეში, მთელ სამყაროს ვურჩევნივარ . . . . მიდი, მიდი, საყვარელო, ჩაიცვი, ახლა შენთვის ნამდვილად არ გვცალია
გოგონას აღარაფერი უთქვამს. ნიკა, ვინც უკვე პერანგის ღილებს იკრავდა, დაბნეული მზერით აათვალიერა, საწოლიდან წამოდგა და ისე სწრაფად ჩაიცვა, რომ გამოცდილ მეხანძრესაც კი შეშურდებოდა
-მე წავედი, ნიკ -თმების სწორებით მიადგა იგი ბიჭს და ლოყაზე აკოცა. ნიცა, ამ დროს კედელს იყო მიყრდნობილი, საკუთარ ფრჩხილებს უყურებდა და ალაგალაგ მათაც გახედავდა ხოლმე, მობეზრებული მზერით -ხომ დამირეკავ, არა?
-რა თქმა უნდა, დაგირეკავ
-გოგოს ნუ ატყუებ, ძამიკო, თორემ ცხვირი გაგეზრდება
-ნიცა, ენა ჩაიგდე!
-კარგი, ჩუმად ვარ -პირზე ელვის შეკვრის იმიტაცია გააკეთა და ხმა მანამ აღარ ამოუღია, სანამ ნიკას ღამეული სტუმარი, საძინებლის კარის მეორე მხარეს არ დაიგულა. მხოლოდ ძმასთან მარტო დარჩენის შემდეგ მიუახლოვდა ამ უკანასკნელს, ღიმილიანი სახით და პერანგის ბოლო დარჩენილი ღილი, თავისი ხელით შეუკრა.
-ისე, ლამაზი გოგო იყო -უთხრა მან, თან არეულ საწოლს გახედა -თუმცა დანარჩენებივით არც მას დაურეკავ
ნიკამ, დის ხელები, რომლებიც პერანგის საყელოს უსწორებდნენ, უხეშად მოიშორა.
-ეგ შენი საქმე არ არის, თქვი რა საქმე გქონდა, რომ დილამდე ვერ მოითმინე?!
-ჯერ გამიღიმე პატარავ, ასეთ ხასიათზე თუ იქნები, ვერაფერს გეტყვი
-შენთვისვე ჯობია, რამე მნიშვნელოვანი იყოს -შარვალზე რომ ქამარი შეიკრა, მხოლოდ მაშინ უპასუხა და არეული საწოლი სახელდახელოდ გაასწორა.
ნიცას, უკვე სავარძელში მოეკალათებინა და იქედან აღებულ ბალიშს ხელში ათამაშებდა.
საუბრის დაწყება მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ტყუპისცალი სრულიად მოწესრიგებული დაინახა და დივნის სახელურზე, ფეხები არხეინად შემოაწყო
-ცოტა ხნის წინ, აარონს მივწერე -თქვა მან -პრინციპში, ამ ბოლო დროს მარტო შეტყობინების გაგზავნა შეგვიძლია, სახლში თითქმის არასდროსაა
-მხოლოდ იმის სათქმელად მოხვედი, რომ ჩვენს ძმას მისწერე?
-რა თქმა უნდა, არა -თავი გადააქნია ნიცამ -აქ, მთავარი შეტყობინების შინაარსია, მას თბილისში დაბრუნებაზე დავთანხმდი, ორივე ჩვენგანის სახელით
-რა ქენი?!
-ყველაფერი ავწონ-დავწონე და ახლა ეს გადაწყვეტილება უფრო გვაწყობს -ნიკას ხმამაღალი ტონის მიუხედავად, მშვიდად უპასუხა გოგონამ
-ჰოო? და მაინც რატომ გვაწყობს?
-იმიტომ, რომ თუ აარონი აქედან უჩვენოდ წავა, არაფერი დაგვრჩება და დამლაგებლად მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რათა თავი ვირჩინოთ. ჯერ ამ ქვეყნის მოქალაქეობაც კი არ გვაქვს და კარგი სამსახურის შოვნა გაგვიჭირდება, თანაც, ხომ იცი მუშაობა როგორ მეზარება?
ნიკას გაეცინა.
-და შენი აზრით, თბილისში რისი კეთება მოგვიწევს? -ირონიით შეეკითხა ის, ტყუპისცალს -აარონს ჩვენი აქედან წაყვანა მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ საკუთარი შრომით გამოვიმუშავოთ ფული, ეს დაგავიწყდა?
-არ დამვიწყებია, ძამიკო, თუმცა იქ საკუთარი ბინებით მაინც ვიქნებით უზრუნველყოფილნი, აქ კი, ქუჩაში ვრჩებით. აი, ეს არის განსხვავება -განუმარტა ნიცამ, თან ღიმილით დასძინა :- შენ გგონია, თბილისში მართლა ვაპირებ საქმის კეთებას? უბრალოდ, აარონს ეგონება ასე
ნიკას, ეს იდეა ნამდვილად ჭკვიანური ეჩვენა. თუ აქამდე, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავდა, ახლა უკვე იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მომავალში. მართალია, ლოს-ანჯელესთან გამოთხოვება გაუჭირდებოდა, თუმცა ახლა საუკეთესო ვარიანტი, მაინც აარონისთვის დაჯერება იყო.
-ანუ, იმას ამბობ, რომ თბილისში ფეხს, ფეხზე შემოვიდებთ, არაფრის კეთებაში მაღალ ანაზღაურებას მივიღებთ და კვლავ ჩვენს ნებაზე განვაგრძობთ ცხოვრებას?
-სწორედაც -მზაკვრული ღიმილით დაეთანხმა ნიცა -საქმეს ჩვენს თანაშემწეებს გავაკეთებინებთ, რომლებიც დარწმუნებული ვარ გვეყოლება და ამას ისე მოხერხებულად ვიზამთ, ვერავინ ვერაფერს გაიგებს -დაასრულა და ძმის რეაქციას დაელოდა. ნიკას სიტყვებსაც არ დაუგვიანია:
-ზოგჯერ როგორ მიყვარს შენი საძაგელი ტვინის ნააზრევი -ნიკაპზე ისვამდა თითებს და ბაგეებზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. მერე ფეხზე წამოდგა, ნიცასთან მიახლოებულმა მისი სახე ხელებში მოიქცია, შუბლზე აკოცა და ლოყაზე ორი თითით უჩქმიტა -ყოჩაღ, გენიოსო!
-თბილისი გველის, ძვირფასო ძამიკო
-თბილისი და უკარება ქართველი გოგონები -ლურჯი თვალები უნათებდნენ ამის თქმისას ნიკოლოზს -მომწონს ასეთი გამოწვევები და წინააღმდეგობები
-გამუდმებით ქალებზე როგორ უნდა ფიქრობდე? -მობეზრებით ამოიხვნეშა ნიცამ, ტყუპისცალს თავში ბალიში ესროლა და მისი ოთახი სწრაფად დატოვა



ლექსო თავის ნომერში დაღლილ-დაქანცული შევიდა და ჩაბნელებულ ოთახში სინათლის ანთება არც უფიქრია ისე დაიწყო ტანსაცმლის გახდა.
ანასტასიასთან ბოლო შეხვედრის გამო, საშინლად იყო გაღიზიანებული. ის აზრიც კი აცოფებდა, რომ მისთვის სასურველი ქალის სიახლოვეს სხვა მამაკაცი ტრიალებდა და დიდი შანსი არსებობდა, ანასტასია მისთვის საბოლოოდ წაერთმია.
ზუსტად ნამდვილად არ იცოდა, ერქვა თუ არა სიყვარული იმ გრძნობას, რასაც განიცდიდა. მხოლოდ იმას აცნობიერებდა, რომ ანასტასია მარგიანი მისთვის ის ქალი იყო, ვისი მიღებაც ყველაზე ძალიან სურდა და ვისთანაც, ერთი ღამის შემდეგ, ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებდა.
ბიჭი შხაპის ქვეშ დადგა და ფილებს ორივე ხელით მიეყრდნო. თვალებდახუჭული იდგა, ცხელი წყალი ზემოდან ეფრქვეოდა და ცდილობდა როგორმე დამშვიდებულიყო. ვერ ეგუებოდა, როდესაც ვინმე თავისთვის სასურველ რამეში ეცილებოდა, ახლა კი, სწორედ მსგავსი შემთხვევა ჰქონდა.
წყლის ჭავლის ქვეშ დგომა რომ მობეზრდა და ცხელი წვეთებისგან კანიც დაეჭმუჭნა, გადაწყვიტა საშხაპე კაბინიდან გამოსულიყო. პირსახოცი იქვე, კედელზე მიმაგრებულ საკიდზე ჰქონდა ჩამოკიდებული. სანამ მას ჩამოხსნიდა, დაორთქლილი სარკე გააპრიალა, რათა საკუთარი ანარეკლი შეეთვალიერებინა. იდეალური გარეგნობა ჰქონდა. სწორედ ამის გამო, არც კი იცოდა რას ნიშნავდა უარი ქალის მხრიდან, მაგრამ ანასტასია მარგიანი სულ სხვა პლანეტა იყო. რამდენადაც აცოფებდა ის ფაქტი, რომ გოგონა მას არ ემორჩილებოდა, იმაზე ორჯერ მეტად აზარტში შედიოდა, რათა სასურველი ქალი ბოლოს და ბოლოს თავისი გაეხადა.
ლექსომ წელს ქვემოთ პირსახოცი შემოიხვია და საძინებელში გავიდა. სველი თმიდან ჯერ კიდევ წვეთავდნენ წყლის წვეთები, როდესაც ოთახი, შუქის ჩამრთველზე თითის ჩამოკვრით გაანათა და უკვე კარადასთან უნდა მისულიყო ტანსაცმლის გამოსაღებად, რომ რაღაც უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო. შეეძლო დაეფიცა, რომ იმ წამს ვიღაც უყურებდა და როდესაც თავი უკან გააბრუნა, საკუთარი ვარაუდის სისწორეში თვითონაც დარწმუნდა.
ყველაზე ნაკლებად ელოდა ამ ადამიანის თავის ნომერში დანახვას, თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად არ ეჩვენებოდა. კედელთან მიდგმულ მეწამულ სავარძელში, ნამდვილად იჯდა აარონ ქალდანი, ფეხი, ფეხზე გადაედო და ოქროსფერ სანთებელას ხელში ისეთი უდარდელი სახით ათამაშებდა, თითქოს ლექსოს ნომერში დაუკითხავად კი არა, მისივე ნება-სურვილით იმყოფებოდა.
დიდი მოულოდნელობა გახლდათ ეს თაბაგარისთვის. უნდა ეღიარებინა, ცოტათი შეეშინდა კიდეც, თუმცა სახეზე მაინც ფლეგმატურობის ნიღაბი აიკრა და დაუპატიჟებლად მოსულს ყალბი ღიმილით გაუღიმა.
-ეს რა საპატიო სტუმარი მყოლია -ვისკი დაისხა და მის წინ უდარდელად ჩამოჯდა -ძალიან მაინტერესებს, ამგვარი სიხარული რას მივაწერო?
-თუ გინდა ჩათვალე, რომ კეთილი ფერიას საჩუქარი ვარ
-ასეთ ძვირფას საჩუქარზე ვერც კი ვიოცნებებდი -სარკაზმის წყარომ ამოხეთქა ბიჭის ტონიდან
-მე კი მგონია, რომ ანასტასიას დანახვა უფრო გაგიხარდებოდა ჩემს ადგილას
ლექსოს ჩაეცინა.
-ასეც ვიცოდი, რომ ჩვენი საუბრის თემა ანასტასია იქნებოდა -ჭიქიდან ოდნავ მოსვა მან -გეგონათ ასე მარტივად დავიჯერებდი, რომ ერთმანეთს ხვდებით მაშინ, როდესაც არსაიდან გამოჩნდი?
-რატომ ფიქრობ, რომ მაინტერესებს რა გგონია და რა, არა?
-აბა რა გაინტერესებს? აქ რისთვის მოხვედი? -ეჭვით გადახედა ლექსომ მამაკაცს -რაღაც არ მახსოვს, რომ შენთვის მოსაწვევი ბარათი გამომეგზავნოს, ვარდებიანი სტიკერებით. ან, აქ შემოღწევა როგორ მოახერხე?
-თუ მოინდომებ, ყველა კარის გაღებაა შესაძლებელი -ორაზროვანი ღიმილი შეაგება აარონმა, მერე კი მის ნახევრად გამოცლილ ვისკის ჭიქას შეხედა და დაამატა :- მე არ შემომთავაზებ სასმელს? სტუმრებთან ასე არ იქცევიან
-სასურველ სტუმრებს შევთავაზებდი კიდეც, მაგრამ შენ მათ რიცხვში ნამდვილად არ ხარ!
-კარგი რა გაეწყობა, თავად დავისხამ -სანთებელა ხელში დაატრიალა მამაკაცმა, ლექსოს სავარძლის გვერდით მდგომ პატარა მაგიდას მიუახლოვდა და სასმელი თავისთვისაც ჩამოისხა. სანამ კვლავ უწინდელ ადგილას დაბრუნდებოდა, ბიჭი მას შეკრული წარბებით უმზერდა. ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო, როცა აარონი თავის სავარძელში ჩაესვენა და ჭიქიდან ერთი ყლუპი მოსვა.
-აღარ იტყვი აქ რას აკეთებ? -სტუმრის უდარდელ გამომეტყველებაში შეზავებული სასტიკი გამოხედვა, უკვე ჭკუიდან შლიდა ლექსოს
-მშვენივრად იცი აქ რისთვისაც ვარ
-ჰო, ვიცი და მოდი პირდაპირ გეტყვი, ანასტასიას თავს არასდროს დავანებებ! ამ გადაწყვეტილებაზე ხელს არ ავიღებ, თუნდაც მცემო
აარონის სახე დაუფარავმა ირონიამ მოიცვა.
-გგონია შენნაირ ნაბი*ვარზე ხელს გავისვრი, ან ქუჩურ გარჩევას მოგიწყობ თინეიჯერი ბიჭივით? -ჰკითხა მან -ძალიან ცუდად მიცნობ, ალექსანდრე თაბაგარო, ძალიან, ძალიან ცუდად
-მაშინ საინტერესოა, რით აპირებ ანასტასიას დათმობა მაიძულო? შენი სიტყვა რომ ჩემთვის არაფრად ფასობს, მგონი ამის შეხსენება არ გჭირდება -თან საუბრობდა, თან უყურებდა როგორი თავდაჯერებული სახით იჯდა მის წინ აარონი და ასე უარესად ცოფდებოდა. გულის სიღრმეში ეჭვი ჰქონდა, რომ ეს პაექრობა მისი გამარჯვებით არ დასრულდებოდა და ამ წინათგრძნობას წამითაც ვერ იშორებდა თავიდან.
აარონმა ვისკი ბოლომდე გამოცალა და ჭიქა, მაგიდაზე ხმაურით დადგა. რამდენიმე წამით კვლავ თავის ოქროსფერ სანთებელას ატრიალებდა ხელში, მერე ამ უკანასკნელს თავი მოხსნა, ცეცხლი აანთო, მას სული შეუბერა და იმდენად საშიში გამომეტყველება მიიღო, ლექსომ აშკარად იგრძნო მისგან მომავალი საფრთხე.
-თუ იმას არ გააკეთებ რასაც გეტყვი, დარწმუნებული იყავი, რომ შენს ცხოვრებას გავანადგურებ -სიტყვებს საკმაოდ მშვიდად და გამოკვეთილად ამბობდა აარონი, მიუხედავად მის ქვიშისფერ თვალებში დაბუდებული მრისხანებისა. შენს რეპუტაციას რომ მატლივით გავსრეს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია
-რაღაც არა მგონია, ეგ შეძლო -მიუგო ლექსომ იმისდა მიუხედავად, რომ საერთოდ არ ფიქრობდა ასე
-შევძლებ, შევძლებ, შენზე იმაზე მეტი რამ ვიცი, ვიდრე წარმოგიდგენია და სწორედ ეს არის ჩემი უპირატესობა -ორაზროვანი ღიმილი მოაყოლა ამ სიტყვებს -საიდუმლო იდეალური რამაა, თუ ადამიანს მისი გამჟღავნება არ აწყობს, შეგიძლია შენს ჭკუაზე ისე ატრიალო, როგორც მოგესურვება
ლექსო დაიძაბა. ეს, სავარძლის სახელურზე ათამაშებულ თითებზეც დაეტყო და დაჭიმულ ყბებზეც.
-ჩემზე ისეთს რა ინფორმაციას ფლობ, რამაც უნდა შემაშინოს? -რაც შეეძლო დიდი გამბედაობა მოიკრიბა, რათა ხმაზე ნერვიულობა არ შეტყობოდა
-მართლა გაინტერესებს?
-რომ არ მაინტერესებდეს, არ გკითხავდი, ქალდანო და გეყოფა ჩემთან თამაში!
-არ ვთამაშობ, უბრალოდ ვცდილობ ნელ-ნელა შემოგაპარო, რათა ნერვიულობისგან სახეზე არ გაფითრდე
-ახლა გული ამიჩუყდება -მიუგო ირონიული ღიმილით, თან მკლავებით მუხლებს დაეყრდნო და თითები ერთმანეთს გადააჭდო -ბოლოს და ბოლოს, მიპასუხებ კითხვაზე თუ, არა?
-რა თქმა უნდა, გიპასუხებ
-ჰოდა, გისმენ
-გაგიკვირდება, მაგრამ შენს პატარა საქმიანობაზე ვფლობ გარკვეულ ცნობებს, რასაც შენ და შენი დედინაცვალი -ელენა ბალანჩინი ატრიალებთ, სამოდელო სააგენტოში
-სააგენტოში?
-ჰო, ზუსტად -ამჯერად, ფეხზე წამოდგა და ისე განაგრძო -მოდელებს მდიდარ ადამიანებს უძებნით - ბიზნესმენებს, უცხოელ ოლიგარქებს, თუნდაც, არაბ შეიხებს. მოკლედ, ყველას, ვისაც სქელი საფულე აქვს, რათა თავიანთი სხეული გაყიდონ და სააგენტოს 70%-იანი წილი დაუტოვონ თავიანთი გამომუშავებული ფულიდან. თანხას, რა თქმა უნდა ის მდიდარი ხალხი უხდით და ეს, ერთგვარი პრო*ტიტუციაა, რომელიც კანონით ისჯება და რომლის გახმაურება სააგენტოს საბოლოოდ ჩაძირავს
-რას ბოდავ? ჩვენს სააგენტოში მსგავსი არაფერი ხდება, მოდელები თავს მხოლოდ პატიოსანი შრომით ირჩენენ!
-ლაყბობას შეეშვი, მშვენივრად ვიცი რა ამბებიც ტრიალებს თქვენთან. იმის შესახებაც მაქვს ცნობები, რომ ანასტასია ასეთი მოდელების სიაში არ არის. ალბათ, შენც და შენი დედინაცვალიც თავიდანვე მიხვდით, რომ მას ამ სიბინძურეში ვერ გარევდით და სწორედ ამიტომ არ იცის არაფერი იმის შესახებ, რაც მანდ ხდება
-გითხარი მსგავსი არაფერია-მეთქი! -ყვირილით წამოხტა ფეხზე ლექსო, თუმცა აარონის სახემ მიახვედრა, რომ მას უკვე თავის სიმართლეში ვეღარ დაარწმუნებდა და ენის წვერზე მომდგარი სიტყვები იქვე დატოვა.
აარონი, ბიჭს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-აქ შენი თავის მართლების მოსასმენად არ მოვსულვარ -თქვა მან -ეს ყველაფერი სანდრო წყაროებიდან ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ არც შენ გიცნობ კარგად და არც, შენს საყვარელ დედინაცვალს . . . მოკლედ, სულ ფეხებზე მ*იდია ის მოდელები, ვინც ამ ჭაობში თავისი ნებით ეფლობიან და არც თქვენი შენიღბული პრო*ტიტუცია მადარდებს, თუმცა, შემიძლია ეს ინფორმაცია წამებში გავხადო საჯარო, თუკი კიდევ ერთხელ დაგინახავ ანასტასია მარგიანის სიახლოვეს! შენი და მისი სახელი, ერთ წინადადებაში რომ გავიგონო, ცუდად დაასრულებ, ალექსანდრე თაბაგარო!
-შენ რა, ასე აპირებ დამემუქრო? -ბიჭმა ხელები ბრაზისგან მომუშტა, რადგან იმ წამს, მზად იყო აარონი მოეკლა კიდეც -აღიარე, რომ მიუხედავად შენი და ანასტასიას ვითომ „შეყვარებულობისა“, ეგ გოგო მაინც გიზიდავს და მის ხელში ჩაგდებას ცდილობ
-ანასტასიას შებმას რომ ვცდილობდე, ამას ღიად გავაკეთებდი და არა, შეფარულად, თუმცა ჩვენი ურთიერთობა შენ ნამდვილად არ გეხება და ჯობს, იმაზე დაფიქრდე, რაც ცოტა ხნის წინ გითხარი
-დასაფიქრებელი არაფერია, სასურველი ქალის დათმობას არ ვაპირებ!
-თუ ასეა, საკნის მეზობლებთან მოგიწევს იმაზე საუბარი, თუ რამხელა მსხვერპლი გაიღე ანასტასიას გამო
-ეს გოგო მიყვარს, შენ მას ვერ წამართმევ!
-შენთვის იგი უბრალოდ ახირებაა. ერთადერთი ქალია, რომელიც ვერ მიიღე და ეს გაცოფებს. დროა შეიგნო, რომ ზღვაში სხვა თევზებიც არიან და მასზე ოცნებას შეეშვა
-ჰო, რა თქმა უნდა, ასე ხომ შენ გეხსნება გზა? -ირონიით მიუგო ლექსომ, თან ოთახში გაიარ-გამოიარა. მისი გონება გამალებით მუშაობდა, რათა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ეპოვნა, თუმცა გონივრული არაფერი აფიქრდებოდა. ანასტასიას დათმობა და მისი ცხოვრებიდან აორთქლება ნამდვილად არ სურდა, თუმცა ამგვარად რომ არ მოქცეულიყო, აარონი სააგენტოს ბნელ მხარეს გამოააშკარავებდა და ამისთვის, აუცილებლად ციხეში მოუწევდა ჩაჯდომა. ნებისმიერი გადაწყვეტილება საკმაოდ რთული აღმოჩნდებოდა მისთვის და ამის გამო, ერთი-ორად იზრდებოდა აარონის მიმართ ბრაზი
-ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდა? -ბოლოს, მაინც კითხვის დასმა ამჯობინა, რათა დრო გაეწელა და პასუხის გაცემისგან ცოტა ხნით თავი შეეკავებინა
-ჩათვალე, ძლევამოსილი ვარ, შენ კი პატარა კოღო, რომელსაც ჩემი ფეხსაცმლით გავსრეს, თუ ერთი ადამიანის ყურთან არ შეწყვეტს ბზუილს
-ანასტასიას არ დაგითმობ ნაბი*ვარო!
-შენი ნებაა, თუმცა მე გაგაფრთხილე -დივნისკენ წავიდა, თავისი მოსაცმელი აიღო და კვლავ ბიჭს მოხედა -უბრალოდ გაგიმეორებ, თუ კიდევ ერთხელ დაგინახავ მაგ გოგოს სიახლოვეს, მაშინვე შევასრულებ ჩემს სიტყვას და იმ დღესვე ციხეში ამოყოფ თავს, სადაც, დარწმუნებული იყავი, რომ ანასტასია არ გესტუმრება მურაბიანი ღვეზელების მოსატანად
-ამ ყველაფერს განანებ, აარონ!
-მოთმინებით დაველოდები მაგ მომენტს -მხარზე ხელი დაადო მამაკაცმა, სარკასტულად გაუღიმა და ოთახიდან გასვლის წინ, კარის საკეტზე ხელჩაჭიდებული მოტრიალდა უკან
-ხვალ, მე და ანასტასია ლას-ვეგასში მივფრინავთ, ორი დღით. იმედია, უკან დაბრუნებულს, სასტუმროს გვერდითა ნომერში აღარ დახვდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იცი რაც მოხდება!









* * *

ერეკლე, აივანზე მდგომ სავარძელში იჯდა, ტელეფონის ეკრანზე გაშლილ სურათს დაჰყურებდა, სადაც რონისთან ერთად იყო გამოსახული, კარატეს თეთრ ხალათში და ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობდა, მიელოცა თუ არა გოგონასთვის მისი ოცდამეოთხე დაბადების დღე.
იმ წამს, მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა -უნდოდა ვერონიკა გვერდით ჰყოლოდა, ისევ კალთაში ჩესვა, მისი თავი საკუთარ მხარზე ეგრძნო და გოგონას მშვიდი სუნთქვისთვის ესმინა, რაც ერეკლესთვის, ამ ქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მელოდიის ტოლფასი იყო.
ცუდად გრძნობდა თავს ამ მელოდიის გარეშე. ვერონიკასთან დაკავშირებული ტკბილი მოგონებები, უკვე მტკივნეულად უსერავდა გულს, რადგან იცოდა, ბედნიერ წუთებს, სხვა წუთები ვეღარ შეემატებოდნენ და ამის გაცნობიერება ნაწილებად ფლეთდა.
ერეკლემ, დილის სუსხიანი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა არ უპასუხებდა, რონის მისალოცი ტექსტი, შეტყობინების სახით გაუგზავნა. შემდეგ, კვლავ ცოტა ხნის წინ გახსნილ ფოტოს დაუბრუნდა და იმ მხარეს, საითაც გოგონა იყო გამოსახული, თითები ფრთხილად გადაუსვა. ამჯერადაც ისე მოიქცა, როგორც მუდამ იქცეოდა მარტო დარჩენისას -გონებაში დროში მოგზაურობა დაიწყო და წარსულის იმ დღეს დაუბრუნდა, როდესაც, ეკრანზე გამოსახული ფოტო იყო გადაღებული.



2 წლისა და 2 თვის წინ . . .

თეთრკედლებიან დარბაზში, კარატეს ხალათებში გამოწყობილი ყველა მოსწავლე ადგილზე იყო, როდესაც, დანარჩენებივით ჩაცმულმა ერეკლე გასვიანმა შიგნით შეაბიჯა და პირდაპირ თავისი ინტერესის ობიექტის ძებნა დაიწყო წრეზე, იოგას პოზაში მჯდომ ადამიანებს შორის.
მისი გონება, ნაწილობრივ იმასაც აღიარებდა, რომ სიგიჟეს უდრიდა მსგავსი გადაწყვეტილება, თუმცა იმდენად დიდი გახლდათ ერეკლესთვის, ვერონიკასთან ყოფნის სურვილი, გოგონას გამო კარატეს შემსწავლელ კურსებზეც კი ჩაეწერა და ამ საბრძოლო ხელოვნების შესაბამისი ფორმაც ჩაიცვა, რაშიც საკუთარი თავის დანახვამ, ლამის სიცილით მოკლა.
დარბაზში მისი შესვლა, პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში არავის გაუგია. მხოლოდ მაშინ მიიქცია დანარჩენების ყურადღება, როდესაც ოდნავ ჩაახველა და წრეზე მჯდომებს კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. მათ შორის პირველმა, ოდნავ განსხვავებულ ხალათში გამოწყობილმა, საშუალო ხნის მამაკაცმა გამოიხედა, ვინც, თუ მის იერსა და მოქცევას გავითვალისწინებდით, იქ შეკრებილთა სენსეი უნდა ყოფილიყო.
მამაკაცი, ერეკლესკენ გაღიმებული სახით წამოვიდა.
ნებისმიერი ადამიანი, ერთი შეხედვითაც კი შეამჩნევდა, რომ ეს ორნი, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და ამაში ის მეგობრული გამოხედვაც დაარწმუნებდათ, რითაც სენსეი და ერეკლე ერთმანეთს უმზერდნენ.
-ესე იგი, მართლა გადაწყვიტე აქ სიარული? -მაშინვე ჰკითხა ერეკლეს, როგორც კი მისალმებას მორჩნენ. მე მეგონა ხუმრობდი, როდესაც ეს მითხარი
-ასეთ საკითხებში არასდროს ვხუმრობ, დიმიტრი, გადავწყვიტე რაღაც ახალი მეცადა ცხოვრებაში -ამის თქმისას, ცალი თვალით დანარჩენებს შორის მჯდომ ვერონიკას უყურებდა, ვინც მას ეჭვნარევ მზერას არ აშორებდა, თან ბაგეებზე მომდგარი იდუმალი ღიმილის შეკავებას მთელი ძალით ცდილობდა
-სიახლე ყოველთვის კარგია, მით უმეტეს, თუ შენს ცხოვრებაში ფიზიკური დატვირთვისთვის გამონახავ დროს. აქეთ მოდი, იმ ადამიანებს გაგაცნობ, ვისთან ერთადაც კვირაში ოთხჯერ მაინც მოგიწევს ყოფნა
ერეკლე მასწავლებელს უკან გაჰყვა და ყურადღებით უმზერდა მას, როდესაც კაცი იქ შეკრებილთაგან თითოეულ მათგანს აცნობდა. ჯერი რომ ვერონიკაზე მიდგა, ერეკლეს ოდნავ ჩაეღიმა და გოგონას თვალებში გამომწვევად ჩახედა. ამ უკანასკნელმაც ორაზროვნად ამოხედა და ზრდილობიანი ჟესტითაც დაატანა "კეთილი იყოს შენი მობრძანებაო".
მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც კარატეს გაკვეთილი გრძელდებოდა, ერეკლეს ერთხელაც არ გაუხედავს ვერონიკასკენ. მთლიანად სენსეის სიტყვებზე გახლდათ ორიენტირებული, დანარჩენებს აკვირდებოდა და ცდილობდა პირველი მეცადინეობიდან მაქსიმალური გამოცდილება მიეღო. მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში სურვილი კლავდა ერთხელ მაინც გაეხედა გოგონასკენ, თუმცა ამას ჯიუტად არ აკეთებდა, რადგან აინტერესებდა, როგორი რეაქციით უპასუხებდა იგი მის უყურადღებობას.
თითქოს ბედისწერის ხელი ერია იმაშიც, რომ როდესაც მასწავლებელმა, ერეკლესთვის ზოგიერთი აუცილებელი ილეთისა და შეტევის მოგერიების სწავლება გადაწყვიტა, პარტნიორად მას ვერონიკა დაუნიშნა.
დიმიტრიმ გოგონა მკაცრად გააფრთხილა, ერეკლესთან თითოეული მოქმედება მოეზომა, რადგან ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ახალი იყო და გამოუცდელი. ამის შემდეგ, წყვილი სულ მალე აღმოჩნდა ერთმანეთის პირისპირ.
გოგონა, ერეკლეს ისეთი მზერით უყურებდა, თითქოს მის სახეს ცხოვრებაში პირველად ხედავდა. მხოლოდ ის მცირედი ღიმილი გასცემდა, რაც ჯერ კიდევ უწინდებურად დასთამაშებდა მის ბაგეებს და ერეკლესაც არწმუნებდა, რომ ვერონიკას მშვენივრად ახსოვდა ისიც და მასთან გატარებული თითოეული წუთიც, ტყეში გათეული ღამიდან დაწყებული, მათი ბოლო შეხვედრით დამთავრებული.
-შენს აქ ნახვას არ ველოდი -ალაპარაკდა ბოლოს გოგონა
ერეკლემ ძლივს მოასწრო იმის თქმა, "ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსეო", რომ მისკენ ვერონიკას მოქნეული ფეხი წამოვიდა. ბიჭმა დროულად მოასწრო თავის დახრა და შემდეგი დარტყმის თავიდან ასაცილებლად, ოდნავ გვერდზე გახტა.
გოგონამ მასწავლებლისგან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო, ქმედებები ოდნავ მოეთოკა და გაკვეთილიც გაგრძელდა.
მოწინააღმდეგეები მუხლში ოდნავ იყვნენ მოხრილნი, ერთმანეთს ნელ წრეებს უვლიდნენ და შეტევაზე გადასვლას არც ერთი მათგანი არ ჩქარობდა.
დარბაზს მხოლოდ დანარჩენი მოსწავლეების პერიოდული სიცილი ამხნევებდა. ეს ხმები, რამდენიმე წამში ერთხელ ჩაესმოდათ ერეკლესა და ვერონიკას.
ერთმანეთის დაზვერვა რომ დასაშვებზე დიდხანს გაუგრძელდათ, გოგონამ გადაწყვიტა შეტევაზე თავად გადასულიყო. ერეკლემ, გააზრებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად გააკეთა ვერონიკამ სალტო ჰაერში, მარჯვენა ტერფი გამართა და თვალთან ახლოს, ბიჭს ისეთი ძლიერი დარტყმა უთავაზა, მის ადგილას ბევრი წაიქცეოდა კიდეც, თუმცა ამ უკანასკნელმა შესაშური მოხერხებით შეძლო თავის შემაგრება, ფეხზე მყარად დადგა და ის-ის იყო, კვლავ უნდა დაბრუნებულიყო „პოლიგონზე“, რომ მასწავლებლის სასტვენმა ისიც შეაჩერა და მორიგი შეტევისთვის გამზადებული გოგონაც.
კაცი, მოწინააღმდეგეებს რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა, დანარჩენების ტაში და შეძახილები ერთი ხელის აწევით შეწყვიტა და ვერონიკას მოუტრიალდა, შეკრული წარბებით.
-რონი, ხომ გითხარი, დარტყმები მოზომე-მეთქი? -ჰკითხა მან მკაცრად -ახლად მოსულებს შეტევის მოგერიება და მოხერხებულად მოძრაობა უნდა ვასწავლოთ, შენ კი, პირდაპირ მათ ცემაზე გადადიხარ
-დიმიტრი, ყველაფერი რიგზეა -სიცილით ჩაერთო მათ საუბარში ერეკლე -უნდა გიხაროდეს, საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე მოსწავლე გყავს
-ჯანდაბა, მგონი თვალი გაქვს ჩალურჯებული -აშკარად შეწუხებული სახე ჰქონდა გოგონას ამის თქმისას -დიმიტრი მაპატიე, თავი ვერ გავაკონტროლე
-ძმაო, ხომ კარგად ხარ? -მოესმა ერეკლეს უცნობი ხმა. მისკენ ერთი მაღალი ბიჭი მოდიოდა, ხოლო დანარჩენები ფეხზე წამომდგარიყვნენ და იქედან აკვირდებოდნენ სჭირდა თუ არა, რამე საგანგაშო მათ ახალწვეულს
-კარგად ვარ, კარგად, უბრალოდ რამდენიმე დღე სარკეში არ ჩავიხედავ და ეგაა -ამის თქმისას, ერეკლე ვერონიკას უყურებდა და მისი შეწუხებული სახის ხილვა ზედმეტადაც კი ართობდა. კმაყოფილებას გრძნობდა, რადგან გოგონა მასზე ნერვიულობდა და თავის საქციელსაც ნანობდა. ეს, ნატკენ თვალსაც ავიწყებდა და იმასაც, რომ ცხოვრებაში პირველად ქალის მიერ იყო ნაცემი
-რონი, მართლა არაჩვეულებრივი დარტყმა გაქვს -დუმილი იმ ბიჭმა დაარღვია, ვინც მათ ცოტა ხნის წინ მიუახლოვდა, ერეკლეს ამბის გასაგებად, თუმცა გოგონას მისთვის პასუხი არ გაუცია, თავის მსხვერპლს მიუახლოვდა და ჩალურჯებულ ადგილას თითები ნაზად გადაუსვა
-ძალიან გტკივა? -ხმა ისევ ისეთი დამწუხრებული ჰქონდა, როგორც ცოტა ხნის წინ
ერეკლემ თავი გააქნია.
-არა, ნუ ღელავ, არ მტკივა, თუმცა ალბათ ყინულის დადება მაინც დამჭირდება -ორაზროვნად ჩაეცინა, თან დაამატა :-შენ, აქვე ახლოს ცხოვრობ, არა?
-ჰო, მერე?
-მერე ის, რომ თავად დამაზიანე და თავადვე უნდა მომიარო -მიუგო ერეკლემ, რის შემდეგაც მასწავლებელს მოუტრიალდა -დიმიტრი, მგონი, დღევანდელ გაკვეთილს ბოლომდე ვერ დავესწრებით, ვერც მე და ვერც, ვერონიკა
-ერთი წუთით, იქნებ აზრი ჩემთვისაც გეკითხა? -მკლავზე ხელის ჩავლებით შემოატრიალა გოგონამ თავისკენ, იგი და თვალებში უტეხად ჩახედა. ბიჭი, მის ამ მზერას არ შეუფერხებია
-თუ კარგი ადამიანი ხარ, მაშინ შენს მიერ ჩადენილი შეცდომა უნდა გამოასწორო. ნატკენი ადგილი რომ გამისივდეს და შემდეგ გაკვეთილზე გაწითლებული თვალით მოვიდე, ვიცი სინდისის ქენჯნა შეგაწუხებს. ხომ ხედავ, ისევ შენ გიფრთხილდები?
გოგონას სიტყვის თქმაც არ დასცალდა ისე დაიძრა ერეკლე გასასვლელი კარისკენ. მართალია, საერთოდ არ უნდოდა იმ დღეს გაკვეთილის გაცდენა, თუმცა ფაქტი იყო, მომხდარში ყველაზე მეტად მისი ბრალეულობა იკვეთებოდა და თავს ვალდებულად თვლიდა, დაზარალებულისთვის რამე მაინც გაეკეთებინა.
მეორე მხრივ, იმასაც აცნობიერებდა, რომ ერეკლე ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებდა, რათა მასთან სახლში მოხვედრილიყო და არც კარატეს გაკვეთილებზე დასწრების სურვილი გახლდათ შემთხვევითი. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი, ოდნავადაც არ აღიზიანებდა ვერონიკას. პირიქით, მოსწონდა, როცა ბიჭი მოულოდნელად ჩნდებოდა ხოლმე მის სიახლოვეს, ისე, რომ თავად არც კი ელოდებოდა. შინაგანი ხმა მუდამ უმეორებდა -„ეს ადამიანი, შენთვის რაღაც ძალიან დიდის საწყისი გახდებაო “და ჩახედავდა თუ არა მის თბილ, მდელოსფერ თვალებს, ამაში თავადაც რწმუნდებოდა
ვერონიკამ ღრმად ამოისუნთქა, დანარჩენებს დაემშვიდობა და გასახდელისკენ გაემართა. გზაში ის ღამე ახსენდებოდა, როდესაც ერეკლე პირველად ნახა. მაშინ, საუბარში დრო ისე გაეპარათ, ვერც კი გაიგეს როგორ დაათენდათ თავზე. გოგონას, მასთან გატარებული წუთები სასიამოვნო მოგონებად დარჩა და იმაზეც კი არ უფიქრია, თუ ერთმანეთს სხვა დროსაც შეხვდებოდნენ.
დერეფანი რომ გაიარა, გასახდელი ოთახებისკენ გადაუხვია. ცხოვრებაში პირველად უნდა მიეყვანა სახლში თავისთვის ჯერ კიდევ უცნობი ბიჭი, თუმცა ერეკლე მასში იმხელა ნდობას იწვევდა, რაიმე ცუდი გონებაში წამითაც არ გაუვლია -მშვიდად მიადგა გადახდელის კარს, სახელური ძირს დასწია და უკვე შიგნითაც უნდა შესულიყო, რომ ზღურბლთან, ვიღაცის მხარზე ხელის შეხებამ შეაყოვნა.
რა თქმა უნდა, უკან მიბრუნების გარეშეც მიხვდა თავისი შემფერხებლის ვინაობას და სანამ ხმის ამოღებას მოასწრებდა, მანამდე საკუთარი სახის წინ, ტელეფონის ეკრანიც შენიშნა, რომელშიც სელფის კამერა იყო ჩართული.
-ვერ მეტყვი რას აკეთებ? -გაოცებით ჰკითხა მან ჯერ კიდევ კარატეს ფორმაში გამოწყობილ ერეკლეს, ვისაც, წესით ტანსაცმელი გამოცვლილი უნდა ჰქონოდა
-ეს მომენტი უნდა დავაფიქსირო -მიუგო ბიჭმა ღიმილით, თან კისერზე ხელი გადახვია და თავზე, თავი მიადო -მე და ჩემი ჩალურჯებული თვალი უნდა აღვბეჭდო, ამ სილურჯის შემოქმედთან ერთად
-ხუმრობ, არა?
-არ ვხუმრობ, ჯეკი-ჩანო, ახლა კი კამერას გაუღიმე -თავი ეკრანისკენ მიატრიალებინა ბიჭმა, შემდეგ მას უფრო მეტად მიუახლოვდა და გადაღების ღილაკს თითი დააჭირა -ესეც ასე, მგონი მშვენიერი კადრია, ახლა კი გამოიცვალე, სახლში წამიყვანე და ჩემზე იზრუნე, თორემ დედიკოს ვეტყვი, რომ მცემე
-ნამდვილი არანორმალური ხარ -ბიჭის სიტყვებზე, სიცილით გადააქნია თავი ვერონიკამ და მამაკაცების გასახდელისკენ წასულ ერეკლეს თვალი ძლივს მოაშორა, რათა ტანსაცმელი თვითონაც გამოეცვალა.

8 8 8 8
ლას-ვეგასში, შუა დღის საათებში ჩასულმა აარონმა და ანასტასიამ, სასტუმროში ერთმანეთის მოპირდაპირე ნომრები აიღეს და ოთახებში შესვლის თანავე დაიწყეს თავიანთი მცირედი ბარგის ამოლაგებაზე ზრუნვა.
ანასტასიას ბევრი არაფერი ჰქონდა წამოღებული. მხოლოდ რამდენიმე ხელი ყოველდღიური სამოსი და ორი საღამოს კაბა, რომელთაგან ერთ-ერთი იმ ვახშამზე უნდა ჩაეცვა, აარონთან ერთად რომ აპირებდა დასწრებას.
მსხვილ ბიზნესმენებთან გამართულ საღამოებზე, აქამდე არასდროს იყო დანასწრები, მით უმეტეს, მამაკაცის თანმხლებ პირად, თუმცა აარონთან ყოფნა არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა, პირიქით, სიამოვნებდა კიდეც და სწორედ ამიტომ დათანხმდა უპრობლემოდ ლას-ვეგასში ამ ადამიანთან ერთად ჩამოსვლას.
გოგონა ბარგის ამოლაგებას მალევე მორჩა და ფუმფულა ბალიშებით გაწყობილ საწოლზე მიწვა. მისი ნომრიდან ქალაქის არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა და მხოლოდ ამითაც შეიძლებოდა დროის მხიარულად გაყვანა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთში მაინც დაეტყო მოწყენილობა. საღამომდე ჯერ კიდევ საკმაო ხანი იყო, მას კი მთელი ეს დრო ნომერში ჯდომა ნამდვილად არ სურდა.
ლას-ვეგასში, მანამდე არასდროს გახლდათ ნამყოფი, ამიტომ, ქალაქის დასათვალიერებლად წასვლა ცუდი იდეა ნამდვილად არ იქნებოდა. ქალაქის რუქებიც ჰქონდა იმ შემთხვევისთვის, თუ უნებურად გზა დაებნეოდა, ამიტომ, ამ უკანასკნელს ხელი დაავლო, ოთახიდან გამოვიდა, კარი გამოიხურა და მოპირდაპირე ნომრის კარს შეხედა, სადაც აარონი იყო განთავსებული.
უცხო ქალაქში მარტო ხეტიალი იდეალურ ვარიანტად ნამდვილად არ ესახებოდა. რახან აარონიც აქ იყო, თანაც მის მოპირდაპირე ნომერში, გადაწყვიტა ეს შემთხვევა სათავისოდ გამოეყენებინა და ისიც თან წაეყვანა, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაუჩნდებოდა.
ანასტასიამ ტანზე დაიხედა. ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მომზადებაში დიდი დრო არ დაუხარჯავს, ამიტომ, კარზე თავდაჯერებულად დააკაკუნა და გაღების მოლოდინში კედელს გვერდულად მიეყრდნო.
ლოდინის პროცესი დიდხანს ნამდვილად არ გაწელილა. ზღურბლზე მალევე გამოჩნდა აარონის მაღალი ფიგურა, რომელიც მხოლოდ ჯინსის შარვალში გამოწყობილიყო და წელს ზემოთ შიშველს, ხელში თეთრი პირსახოცი ეჭირა. როგორც ჩანდა, სააბაზანოში შესასვლელად ემზადებოდა, ანასტასიას მოულოდნელმა ვიზიტმა კი დროებით შეაფერხა. მიუხედავად ამისა, გოგონას მაინც ღიმილით შეხვდა და სახეზე შეეტყო, რომ მისი დანახვა გაუხარდა კიდეც.
-მარტო ყოფნა მოგწყინდა? -ჰკითხა მან და ხელით ანიშნა შიგნით შესულიყო. ჩემოდანი უკვე ამოლაგებული ჰქონდა და კარადის გვერდით, კუთხეში ჰქონდა მიდგმული, ხოლო საწოლზე ლეპტოპი გაეშალა და იქვე დაეტოვებინა, ჩართულ მდგომარეობაში
-ცოტა ხნით ქალაქში მინდა გავლა, შენ არ წამოხვალ?
-შემთხვევით, კაზინოებში ხომ არ გადაწყვიტე გართობა? -კითხვის დასმის პარალელურად, მისი ტანსაცმელიც შეათვალიერა. გოგონას სპორტულ სტილში ეცვა და სულაც არ ჰგავდა ზემოთ ხსენებული დაწესებულებისთვის გამოწყობილს
-მაინცდამაინც აზარტული არ ვარ, ვფიქრობ, ამ ქალაქში კაზინოების გარდაც ხდება რამე საინტერესო
-კარგი, გადავამოწმოთ -მიუგო, თან აბაზანის კარისკენ წავიდა -წყალს გადავივლებ და წამოვალ. შენ, მანამდე აქ დამელოდე
-შეიძლება შენი ლეპტოპი გამოვიყენო? -საწოლზე გაშლილ მოწყობილობას შეხედა ანასტასიამ
-როგორც გინდა . . . ვეცდები მალე მოვრჩე
აარონი კარს მიღმა გაუჩინარდა, ანასტასია კი საწოლზე გულდაღმა გაწვა და ლეპტოპი თავისკენ მისწია. სასტუმროს WF-ის პაროლი უკვე შეყვანილი იყო, ამიტომ, ანასტასიამ პირდაპირ თავის ინსტაგრამ-გვერდი გახსნა და გადაწყვიტა, ცოტა ხნით სიახლეებს გასცნობოდა. როგორც მუდამ ხდებოდა ხოლმე, ესეც მალევე მობეზრდა. სოციალური ქსელების დიდად მოყვარული არც აქამდე ყოფილა, შესაბამისად, ახლაც მალევე დახურა თავისი გვერდი და Desktop-ზე გადაინაცვლა.
გოგონას ყურადღება მალევე მიიქცია რამდენიმე ვიდეო-ჩანაწერმა, ეკრანზე რომ იყო განთავსებული. თავდაპირველად, გადაწყვეტილება მიიღო არც ერთი მათგანი არ გაეხსნა, თუმცა ბოლოს, ცნობისმოყვარეობამ იმდენად სძლია, ჩართვის ღილაკზე თითი მაინც დააწკაპუნა და მონიტორზე აღბეჭდილ გამოსახულებას ყურადღებით მიაშტერდა.
ვიდეო, ვიღაც გოგონას შესავლით იწყებოდა, ვისაც თმას ქარი უწეწავდა და აცხადებდა, რომ ახლა მისი საყვარელი ძამიკო, მეტად სახიფათო ნომერს შეასრულებდა. გოგონა, დაახლოებით თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ ანასტასიამ მისი ვინაობა მანამ ვერ გაიგო, სანამ ეკრანზე აარონიც არ შენიშნა. ეს უკანასკნელი, ზღვიდან ამოწვერილ უზარმაზარ კლდეზე იდგა , წელს ქვემოთ შავი საცურაო კოსტიუმი მოერგო და იქედან გადასახტომად ემზადებოდა.
ანასტასიას კარგად ახსოვდა ის დღე, როცა აარონმა თავის ტყუპ და-ძმაზე მოუყვა, ამიტომ არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ვიდეოში მოსაუბრე გოგონა მისი უმცროსი და, ნიცა იყო.
ანასტასია ფიქრს შეეშვა და დაპაუზებული ჩანაწერი კვლავ განაგრძო. აარონი, ისევ კლდის პირას იდგა. აშკარა იყო, რომელიღაც ეგზოტიკურ კუნძულზე იმყოფებოდნენ დასასვენებლად, რადგან ირგვლივ არც შენობები ჩანდა და არც, საცხოვრებელი კორპუსები. გარშემო მხოლოდ ველური ბუნება იწონებდა თავს და აარონის სხეულსაც სწორედ ასეთი ადგილისთვის დამახასიათებელი რუჯი ეტყობოდა კანზე.
ანასტასიას, ტუჩებზე ღიმილი მოადგა და ჩანაწერის ყურება ორმაგი ინტერესით განაგრძო. ვიდეო უკვე ნახევრამდე იყო ჩასული, ნიცას შეძახილები რომ შეწყდა და მამაკაციც გაქრა თვალთახედვის არედან. გოგონამ ამჯერად ზღვის ზედაპირი დაინახა, მასზე აღბეჭდილი მკრთალი წრეებით და მიხვდა, რომ აარონი უკვე წყლის სიღრმეში ცურავდა.
ნიცა კვლავ აგრძელებდა ვიდეოს გადაღებას და ეს პროცესი მანამ არ გაუწყვეტია, სანამ ზედაპირზე აარონის თავი არ გამოჩნდა. მართალია, კლდის სიმაღლის გამო, მისი გამოსახულება საკმაოდ პატარა ზომით ჩანდა, თუმცა ანასტასია მაინც ხედავდა, როგორ უსვამდა აარონი მკლავებს ზღვის ტალღებში და ნაპირისკენ სწრაფი ცურვით მიიწევდა.
შემდეგი ვიდეოებიც, ძირითადად ექსტრემალური სტილის იყო. ზოგში, აარონის პარაშუტით გადმოხტომის სცენა იყო გადაღებული, ზოგში დელტაპლანით, ზოგიერთში კი საკმაოდ დიდ სიმაღლეზე მყოფი ხიდიდან, ფეხებზე თოკგამობმული ხტომა.
ჩანაწერების თარიღით თუ ვიმსჯელებდით, მათი უმეტესობა შვიდი წლის წინ იყო გადაღებული, ზოგიც კი რვა წლის წინანდელ ამბებსაც ასახავდა.
ანასტასია მათ ყურებაში ისე გაერთო, აარონის აბაზანიდან გამოსვლა ფაქტობრივად, არც გაუგია. მამაკაცის ოთახში ყოფნა მხოლოდ მაშინ იგრძნო, როდესაც ამ უკანასკნელმა, სველი პირსახოცი კარებთან მდგომ ნასვრეტებიან კალათაში ჩააგდო და საწოლზე ისიც გულდაღმა გაწვა, ანასტასიას გვერდით.
-ვხედავ, ამ მოგიწყენია -თვალით, ვიდეოს გახსნილი ფანჯრისკენ ანიშნა მან. ეკრანს თავადაც ინტერესით უყურებდა და ძველი მოგონებებიც ნათლად ცოცხლდებოდნენ მის თვალწინ
-მე კი ვხედავ, რომ ექსტრემალური რაღაცები გიზიდავს -მამაკაცისგან წამოსული სასიამოვნო სურნელი ღრმად შეისუნთქა ანასტასიამ -იმედია, არ გაბრაზდი შენს ვიდეოებში რომ დაუკითხავად შევძვერი. მაინცდამაინც ზრდილობიანი საქციელი არ ყოფილა, ვაღიარებ
-არ გაგიბრაზდები, თუ ერთ რაღაცაში დამეხმარები
ანასტასიამ გვერდულად გახედა თანამოსაუბრეს და როგორც კი ვიდეო-ჩანაწერი გაითიშა, ნიკაპით ხელის გულს დაებჯინა.
-მაინც რაში უნდა დაგეხმარო გარდა იმისა, რომ პარტნიორ ბიზნესმენებთან მიგყვები ვახშამზე?
-სავახშმოდ წასვლის წინ, ხალსტუხის შეკვრაში უნდა დამეხმარო
-მაგას სერიოზულად ამბობ? -ტუჩებზე მომდგარი ღიმილი ძლივს შეიკავა გოგონამ
-ჰო, რა იყო?
-არა, არაფერი, უბრალოდ ახლა ძალიან მომინდა დამეცინა იმის გამო, რომ ეგ ჯერ კიდევ ვერ იცი, თუმცა ამ ერთხელ დიდსულოვნებას გამოვიჩენ
-ოფიციალურ ტანსაცმელს ძალიან იშვიათად ვატარებ. ალბათ აქამდე ამიტომ ვერ ვისწავლე.
-სხვა დროს ვინ გეხმარება ხოლმე? -სიცილით ჰკითხა ანასტასიამ
-ძირითადად, ჩემს მდივანს უწევს ხოლმე ამის გაკეთება
-როგორც ჩანს, ახლა მე უნდა შევითავსო მისი მოვალეობა -თქვა და თან ფეხზეც წამოდგა -კარგი, ჩათვალე შენი ხალსტუხის პრობლემა უკვე მოგვარებულია. ახლა ის მოვიფიქროთ, სად წავიდეთ
-ზაფხული რომ იყოს, ქალაქში ხეტიალი საინტერესო იქნებოდა, თუმცა ახლა ზამთარია და ბოულინგზე ან მაგიდის ტენისზე ვიფიქრე
-ეგ ყველაფერი ხომ სასტუმროშიც გვაქვს? იქნებ, აუზებზე წავსულიყავით?
-საცურაო კოსტიუმი თან არ წამომიღია -აარონიც წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. მალე, ანასტასიას გვერდში ამოდგომაც იგრძნო
-არც მე, მაგრამ შეგვიძლია სადმე ვიყიდოთ
-შუა ზამთარში საცურაო კოსტიუმის შოვნა ცოტათი რთული იქნება, არ მეთანხმები?
-რთული შეუძლებელს არ ნიშნავს -გამომწვევად მიუგო გოგონამ და სანამ კარიდან გავიდოდა, დაამატა :- რამეს მოვიცვამ და რესეფშენში დაგელოდები, ეცადე მალე მოემზადო...
დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ანასტასია და აარონი უკვე მანქანით მიუყვებოდნენ ორმხრივი მოძრაობით გადაჭედილ გზას. მართალია, ამ სეზონზე საცურაო კოსტიუმების შოვნა ძალიან გაუჭირდათ, თუმცა ბევრი ძებნისა და აარონის მოთმინების ფიალის ამოწურვის შემდეგ, მაინც მოახერხეს მათი ყიდვა, რის შემდეგაც პირდაპირ სასურველი ადგილისკენ აიღეს გეზი.
ანასტასია, ნახევარი გზის განმავლობაში, ლარას სწერდა Whatsapp-ში. აქედან შეიტყო, რომ ის და სანდრო ორი დღის შემდეგ აპირებდნენ პარიზში გამგზავრებას და კიდევ ერთხელ დასწყდა გული იმის გამო, რომ თვითონ ვერ ახერხებდა მათ გვერდით ყოფნას.
ლარა მეგობრებთან ერთად აპირებდა კაფეში წასვლას, ამიტომ, დიალოგი მეტად ვეღარ განაგრძეს, ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ანასტასიამაც, ტელეფონი გვერდზე გადადო. რატომღაც, არც სანდროსთან და არც, თავის უმცროს დასთან არ უხსენებია, რომ ლოს-ანჯელესში აარონს შეხვდა. არც იმაზე დასცდენია სიტყვა, ლას-ვეგასშიც რომ მასთან ერთად აპირებდა წასვლას. მართალია, მისი აზრით, ამ ამბავში დასამალი არაფერი იყო, თუმცა ხსენებულ თემაზე კრინტს მაინც არ ძრავდა და თავს ასე ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობდა.
გოგონა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. გზა უწინდებურად ავტომობილებით იყო გადაჭედილი, ამიტომ, სწრაფად სიარულს ვერ ახერხებდნენ და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დრო, თავისდა უნებურად უხანგრძლივდებოდათ.
მანქანის სალონში წყნარი მუსიკა ისმოდა. ანასტასიას ცოტა ენერგიაზე მოსვლა მოუნდა, რის გამოც გადაწყვიტა მშვიდი მელოდია, ოდნავ ჩქარით შეეცვალა, რა თქმა უნდა, ავტომობილის მეპატრონის თანხმობის შემდეგ.
-შეიძლება ცოტა უფრო ენერგიული სიმღერა ჩავრთო? -იკითხა მან, თან აარონს გახედა, ვინც ცალი ხელით მანქანას მართავდა, მეორეს კი საჭეზე რიტმულად ათამაშებდა. ანასტასიას შეკითხვაზე, თავი წამით მისკენ მოატრიალა და ოდნავ ჩაეცინა
-ვხედავ, წყნარი მუსიკა მაინცდამაინც არ გიყვარს
-ეს თანხმობას ნიშნავდა?
-ჩართე რაც გინდა, მე პრეტენზია არ მაქვს
-კარგი, თუ ასეა, ეს დაიმსახურე -გოგონამ ამ სიტყვების პარალელურად, ჩანთაში ხელი ჩააცურა და იქიდან შოკოლადის ლამაზად შეფუთული ფილა ამოიღო -დაპირებული თხილიანი შოკოლადი შენთვის
-ამის ყიდვა როდისღა მოასწარი? -გაეღიმა აარონს
-მაგას არ გეტყვი, საიდუმლოა
-მაშინ, შეფუთვა შემოაცალე და ცოტა მომიტეხე, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება
-შენ გემო უნდა ნახო -თავმომწონედ განაცხადა გოგონამ. ტკბილეულს იმდენად ლამაზი შეფუთვა ჰქონდა, მისი გახევა ძალზედ შეენანა, თუმცა ეს მაინც გააკეთა, ფილას მეოთხედი ნაწილი ჩამოატეხა და მამაკაცს გაუწოდა -მიდი, დააგემოვნე და შთაბეჭდილებები შემდეგ გამანდე
-ისე ლაპარაკობ, თითქოს ეს შოკოლადი შენს ქარხანაში იყოს დამზადებული
-რამდენი ლაპარაკი გიყვარს, უბრალოდ ჩაკბიჩე
-კარგი, კარგი, გნებდები -მიუგო და რამდენიმე წამში შოკოლადის ფილაც დააგემოვნა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ თხილიან ტკბილეულს, მართლაც დაჰკრავდა რაღაც განსხვავებული გემო, სხვა ყველასგან რომ გამოირჩეოდა და ეს, არც აარონისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი
-მართლა გემრიელია, ყოჩაღ
-კიდევ ხომ არ გინდა? -დარჩენილი ნაწილიც გაუწოდა მას, ანასტასიამ
-ჯობს, დანარჩენი შევინახო, მიდი უჯრაში ჩადე
-გასაგებია, წონას უფრთხილდები -თავი დაუქნია ანასტასიამ და მისი თხოვნა შეასრულა -ალბათ, ექვსი საათის მერე ჭამასაც გაურბიხარ
-აი ამაში ცდები. თუ მომშვივდება, საათის ისრებს ნამდვილად არ გამოვუცხადებ მორჩილებას, მაგრამ გრაფიკის გამო ძალიან იშვიათია ჩემი საღამოს საათებში კვება
-საოცარია, არადა ფიტნესის აღნაგობა გაქვს
-კიდევ ერთი კონპლიმენტი ანნასტასია მარგიანისგან
-მადლობას მერე გადამიხდი
-შენ უბრალოდ შემახსენე
ანასტასია საუბარში ისე გაერთო, სასურველი მუსიკის ჩართვა სრულებით გადაავიწყდა. გოგონამ ეს მხოლოდ ახლა შენიშნა, თუმცა იმის გამო, რომ GPC-ის მოძრავი ბურთულის მიხედვით, სასურველ შენობასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ, თავის განზრახვაზე ხელი აიღო და კვლავ გზას გახედა.
-ნომერში დარჩენა ხომ არ გერჩივნა? -შეეკითხა ის მამაკაცს -ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალით წამოგიყვანე
-რატომ, უჟმური გამომეტყველებით ვზივარ? -სპეციალურად შეჭმუხნა წარბები ამის თქმისას
-ზოგადად, მუდამ სერიოზული გამომეტყველება გაქვს, თუმცა ახლა ამ სერიოზულობას უხასიათობაც ურევია
-ცოტა ხნით მოიცადე, შენი ნაყიდი შოკოლადი იმოქმედებს და ხასიათზეც მოვალ -თვალებით გაუღიმა და ერთ-ერთ შენობასთან სვლაც შეანელა. აღარ ელოდა ამ საუბრის გაგრძელებას, თუმცა ანასტასიამ სიტყვა შუა გზაში არ გაწყვიტა. იგი კვლავ უწინდელ თემას მიუბრუნდა, სწორედ მაშინ, როდესაც აარონს მანქანა უკვე გაჩერებული ჰქონდა და ღვედის გახსნას აპირებდა
-არ გინდა მითხრა რა გაწუხებს? -ჰკითხა მან -თუ რამით დახმარება შემეძლება, დაგეხმარები. შეგვიძლია უკანაც დავბრუნდეთ, აქ წამოსვლა ცუდი იდეა იყო
-არა, არა, მსგავსი არაფერი ხდება -მამაკაცმა თავი გააქნია, თან ძრავაც გამორთო -უბრალოდ ცოტა დავიღალე, იმედია ცურვა ენერგიაზე მომიყვანს
-ნამდვილად? მერე არ იწუწუნო
-არ ვიწუწუნებ, ანნასტასია, ახლა კი მანქანიდან გადმოდი -ღვედი თავისი ხელით გაუხსნა გოგონას, აარონმა, ცხვირზე საჩვენებელი თითი დაჰკრა და გარეთ გადავიდა. აქედან მალევე, ანასტასიას მიმართულებითაც გაიღო კარები. სახელური აარონს ეჭირა და გოგონას თვალებით ანიშნებდა, სალონიდან გადმოსულიყო.
-რა მოხდა, წამოსვლა გადაიფიქრე?
-არა, უბრალოდ ჩანთას ვეძებ
-ჩანთა მხარხე გაქვს გადაკიდებული
ანასტასიამ შენელებული კადრის მსგავსად დახედა საკუთარ მხარს და როგორც კი მიხვდა, რომ მამაკაცი სიმართლეს ეუბნებოდა, თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.
-იცოდე, ამაზე ხუმრობა არ გაბედო!
-კარგი, კარგი, ჩუმად ვარ -პირზე ელვის შეკვრის იმიტაცია გააკეთა მამაკაცმა და წინ წასულ გოგონას, ვინც თვითონაც ვერ იკავებდა სიცილს თავისი სულელური საქციელის გამო, უკან ნელი სიარულით მიჰყვა.
შენობა, რომელსაც ისინი ესტუმრნენ, რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. ერთმანეთზე გადაბმული ორსართულიანი კოტეჯებიდან ერთი საუნას ეკავა, მეორე ფიტნეს კლუბს, ხოლო მესამე დახურული აუზების განყოფილებას, სხვადასხვა სიღრმის ბასეინებით.
ანასტასიამ და აარონმა, სწორედ აუზების კოტეჯს მიაშურეს და სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში, ტანსაცმლის გამოსაცვლელად გადანაწილდნენ.
გოგონა თავიდანვე მოიხიბლა იქაურობის ინტერიერით. გასახდელში, სადაც სხვადასხვა ნომრით აღნიშნული ლითონის კარადები იყო ჩამწკრივებული, სალათისფერი კაფელი დაეგოთ, რაც ოთახს მეტად სასიამოვნო ელფერს სძენდა.
გარემოთი და სიტუაციით მოხიბლულს, ტანსაცმლის გამოცვლა ცოტათი დიდხანს გაუგრძელდა, თუმცა საბოლოოდ, მაინც მოირგო თავისი შავი ბიკინი და ბასეინების განყოფილებაში გადაინაცვლა.
ზამთრის სეზონის გამო, წყალს, აუზის კედლებზე დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობებით ათბობდნენ.
ანასტასიამ პირსახოცი შეზლონგზე მიაფინა და იქაურობა მოათვალიერა. მათ გარდა, დარბაზში კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო -ორი ახალგაზრდა გოგონა, ერთი შუა ხნის მამაკაცი და ერთიც, მაღალი, შავგრემანი ბიჭი, ვინც მობილურში იყურებოდა და კლავიატურაზე შეტყობინებას წერდა.
აარონი, უკვე აუზში გადამხტარიყო და მკლავებით, წყლის ნაკადს ენერგიულად მიაპობდა. ანასტასიამ, შიგნით ჩასვლამდე გადაწყვიტა მისთვის თვალი ედევნებინა, ამიტომ ბასეინის ზედაპირზე ჩამოჯდა, წყალში მხოლოდ ფეხები ჩაყო და აარონს დააკვირდა.
ეს ადამიანი, სულ ახალი გამოჩენილი იყო მის ცხოვრებაში, თუმცა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უკვე საუკუნეები იცნობდა. მასთან გატარებული თითოეული წუთი, მამაკაცთან ყოველი საუბარი, მის ცხოვრებას დიდ მრავალფეროვნებას სძენდა და ეს უკვე ანასტასიას ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო.
სანამ გოგონა მისი ცქერით გახლდათ დაკავებული, ამასობაში, აარონი აუზის ბოლოში გავიდა და ცურვით უკანაც გამობრუნდა. იმდენად სწრაფი იყო ამ საქმეში, ანასტასიაც კი გაოცებული დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა თავადაც იდეალურად გამოსდიოდა.
-ყოჩაღ, თითქმის თევზივით ცურავ -შეაქო როგორც კი კიდეს მოუახლოვდა, ბასეინიდან ტანი ამოზიდა და გვერდით ჩამოუჯდა. მის სხეულზე წყლის წვეთები იმდენად ლამაზად ბზინავდნენ, ანასტასიას რამდენიმე წამით თვალიც კი გაუშტერდა, თუმცა გონს მანამ მოეგო, სანამ აარონი ამას შენიშნავდა და მზერა კვლავ წინ მიმართა
-შენ რატომ არ ჩამოდიხარ?
-ცოტა ხანში ერთად ჩავიდეთ, მანამდე კი ის გოგონები შევათვალიეროთ თვალებით რომ გჭამენ
-მაინც ვინ მჭამს თვალებით? -გაეცინა აარონს და იმ მიმართულებით გაიხედა, საითაც ანასტასია იყურებოდა
შეზლონგებზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი გოგო იყო გაწოლილი, რომლებიც, კოქტეილის მაღალი ჭიქებით, ფორთოხლის წვენს მიირთმევდნენ და აარონს მზერას არ აშორებდნენ. ერთ-ერთ მათგანს მოკლე, ხვეული თმა ჰქონდა. ტანზე ერთიანი, მკერდზე ზედმეტად მოღებული საცურაო კოსტიუმი ეცვა, ხოლო მეორე, აზიური აღნაგობის, საკმაოდ დახვეწილი ფორმების მქონე გოგონა გახლდათ, გრძელი შავი თმითა და მარგალიტისფერი ბიკინით. მისი გარეგნობის პატრონი ერთი შეხედვითაც კი მოანდომებდა თავს მამაკაცს, თუმცა აარონმა მხოლოდ რამდენიმე წამით გააჩერა მზერა ლამაზმანზე, ოდნავ გაუღიმა და თავი კვლავ ანასტასიასკენ გაატრიალა.
-შენ რომელი უფრო მეტად მოგეწონა? -ჰკითხა მან. გოგონები კვლავ აარონს უყურებდნენ და თვალის მოშორებაზე ალბათ არც ფიქრობდნენ
-ალბათ ის, მარგალიტისფერ საცურაო კოსტიუმში რომაა გამოწყობილი -წამიც არ დასჭირვებია ფიქრი, ისე მიუგო -იერით თუ ვიმსჯელებთ, კორეელი უნდა იყოს, თან იმდენად ლამაზი სხეული აქვს, მეც კი დავეჭვდი ჩემს ორიენტაციაში -სიცილით დაამატა ბოლოს
-ალბათ, იმ ბიჭსაც ძალიან მოეწონა შენი სხეული. სწორედ ამიტომ გიყურებს ასეთი დამშეული მზერით -მათგან ოდნავ მოშორებით მჯდომ ახალგაზრდაზე ანიშნა მამაკაცმა
გოგონამ იგი ფარულად შეათვალიერა და დასკვნაც გააკეთა:
-ძალიან სიმპათიურია . . . ჰოლივუდის მსახიობს ჰგავს
-მეჩვენება თუ ამას ზედმეტად უემოციოდ ამბობ?
-არა, არ გეჩვენება. მამაკაცის გარეგნული მხარე ჩემთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანია. ის, რომ ასეთი თავხედი მზერით მათვალიერებს, უკვე ყველანაირ სიმპათიას მიბლოკავს მისდამი
-კაცის შეფასების მკაცრი კრიტერიუმები გქონია, ანნასტასია მარგიანო
-შენ თუ ხარ ნაკლებად მკაცრი, მაშინ იმ გოგოებს ზედაც რატომ არ უყურებ? -კითხვის დასმისას, ცალი წაბი აზიდა და ისე შეხედა
აარონმა რამდენიმე წამით დუმილი შეინარჩუნა, შემდეგ კი, თანამოსაუბრის კითხვას, კითხვითვე უპასუხა:
-ასე ძალიან გინდა, რომ მათთან მივიდე?
-მე უბრალოდ ის მიკვირს, ინტერესს რატომ არ გამოხატავ
-საპირისპირო სქესის რომ იყო, ქალის ერთ ღიმილზე ფეხზე წამოხტებოდი და მასთან გაიქცეოდი, ანნასტასია? -გამომცდელი მზერით შეათვალიერა მამაკაცმა, ის -დიდი ალბათობით, არა. ქალში მხოლოდ ლამაზი ფორმები რომ მიზიდავდეს, მაშინ ყოველ მეორესთან უნდა გავრბოდე გასაცნობად
-ჰო, მაგრამ მან თვითონ გამოგიწვია. ასეთ შემთხვევაში . . .
-ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ -თქვა აარონმა მტკიცედ -ქალში მარტო ერთი რამ მიზიდავს და ეს ჭკუა-გონებაა, იმ გოგოს კი საქციელზე ეტყობა, რომ ამ უკანასკნელის დეფიციტს განიცდის
-კარგი, კარგი, მოვრჩეთ იმ გოგოებზე ლაპარაკს -დანებდა ანასტასიაც, მერე კი აუზებს გახედა -წამოდი, შევეჯიბროთ, ამჯერად მეც ჩამოვდივარ
-წაგებულმა რაღაც უნდა იკისროს, სხვანაირ შეჯიბრს ჩემთვის ხიბლი არ აქვს -წყალში ჩახტა აარონი, ანასტასიას წელზე ორივე ხელი მოჰკიდა და ჩამოსვლაში მასაც დაეხმარა. წამით ერთმანეთთან იმდენად ახლოს აღმოჩნდნენ, რომ დაშორება ნახევარი სანტიმეტრიც კი ძლივს იქნებოდა.
მოულოდნელად შექმნილი უხერხულობა, ანასტასიას სიტყვებმა განმუხტა :
-მაინც, რა უნდა იკისროს წაგებულმა? -იკითხა მან -შოკოლადი უკვე გაჭამე, ახლა რამე განსხვავებული გინდა?
-მოდი ასე ვქვნათ -თუ მე გავიმარჯვებ, მაშინ ღამით კარაოკეს ჩართვაზე და სიმღერაზე სამუდამოდ აიღებ ხელს
-მოიცა, გინდა თქვა, რომ შენს ბინაში ყველაფერი ისმის?
-რა თქმა უნდა -ანასტასიას სახის დანახვაზე ღიმილი მოადგა აარონს
-და ასე ცუდად ვმღერი?
-ეგრეც ვერ ვიტყოდი, მაგრამ ისეთი ხმა ნამდვილად არ გაქვს, რომ იგი მეზობლებსაც გააგონო
-რა უხეში ხარ! -სახეში წყლის წვეთები შეასხა გოგონამ -კარგი და თუ მე მოვიგე იმ შემთხვევაში რა მოხდება?
-უფლებას გაძლევ ეგ თავად მოიფიქრო
-დარწმუნებული ხარ? -ისეთი გამომეტყველება მიიღო გოგონამ, აარონი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც საშინელებას უმზადებდა
-რაც არ უნდა გქონდეს ჩაფიქრებული, მზად ვარ
-მაშინ, თუ მე მოვიგებ, შენს ერთ-ერთ საკრედიტო ბარათს აიღებ და იქ განთავსებულ მთელ თანხას, ცხოველთა თავშესაფარში გადარიცხავ
-ოჰო, ამას არ ველოდი -გაეღიმა და სველ თმაზე ხელი გადაისვა -ანუ, ქველმოქმედების მომხრე ხარ, თუმცა სხვის ხარჯზე, არა?
-მაინც კეთილ საქმედ ჩამეთვლება. აბა რას იტყვი, თანახმა ხარ?
აარონი გარკვეული დროით ჩაფიქრდა, ბოლოს კი თქვა:
-მგონი ვიღებ შენს შემოთავაზებას -გოგონას გამოწვდილ ხელს, თავისი მარჯვენაც შეაგება ამის თქმისას და სანაზლეოც ჩაჭრა
-კარგი, მოდი სამ თვლაზე
ანასტასიამ თავი დაუქნია და ციფრების წარმოთქმა, თითების მაღლა აწევის პარალელურად დაიწყო.
სამ თვლაზე წყლის ნაკადი გაიპო და ორთავემ აუზის მეორე ბოლოსკენ დაიწყეს ცურვა.
ანასტასიაც და აარონიც, თავგამოდებით იბრძოდნენ პირველობისთვის. გოგონა იმდენად კარგი იყო ამ საქმეში, რომ სულ მცირედი მანძილით ჩამორჩა აარონს და მიუხედავად დამარცხებისა, მამაკაცი მაინც გაოცებული დატოვა.
-ყოჩაღ, ნამდვილი პროფესიონალი ხარ -შეაქო მან როგორც კი სული მოითქვა. მერე სველ თმაზე გადაისვა ხელები და ანასტასიას უკმაყოფილო სახეზე ღიმილი მოადგა
-პროფესიონალი რომ ვიყო, გამარჯვებული შენს მაგივრად მე ვიქნებოდი
-სე’ქსისტი არ ვარ, მაგრამ ცურვას დიდი ენერგია სჭირდება, რაშიც მამაკაცების უპირატესობა აშკარაა
-ფემინისტი რომ ვიყო, ამაზე უზარმაზარი კამათი მოგვივიდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ფორტუნა შენს მხარესაა
-ფორტუნას ჩემი სახელით მადლობა გადაეცი -კვლავ აუზის კიდეზე ჩამოჯდა ამ სიტყვების პარალელურად -ჰო მართლა, ნიზლავი მოვიგე, ამიტომ დღეიდან შეგიძლია კარაოკე დაივიწყო
-კარგი, პირობა პირობაა, ამიერიდან ჩემს ხმასაც ვერ გაიგონებ
-ანუ შევთანხმდით -ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა მამაკაცმა
-შევთანხმდით -მის გამოწვდილ მარჯვენას, თავისი შეაგება ანასტასიამ და აუზის მეორე ბოლოსკენ ანიშნა -წამოდი, ცოტა კიდევ გავცუროთ, თორემ შენი კორეელი და მისი დაქალი მალე ნერწყვების ყლაპვით დაიხრჩობიან
-მგონი, შენი შავგრემანი მაჩოც ზუსტად იგივე დღეშია -გაეცინა აარონს და კვლავ წყალში ჩახტა
კიდევ რამდენიმე საათი დაყვეს მათ აუზების ოთახში. ანასტასიამ, ცურვისას იმდენი ენერგია დახარჯა, რომ ისიც კი ეჭვის ქვეშ დადგა, შეძლებდა თუ არა სავახშმოდ აარონთან ერთად წასვლას. მიუხევად დაღლილობისა, გოგონასთვის დაპირება უპირველეს ადგილას იდგა, ამიტომ სიტყვის გატეხვა და უარის თქმა არც უფიქრია.
სასტუმროში რომ დაბრუნდნენ, უკვე შვიდი საათი სრულდებოდა. ვახშამი ცხრისთვის იყო დანიშნული, თან სპეციალურად ამ საღამოსთვის შერჩეული რესტორანიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა, რაც მომზადებისთვის საკმარისი დროის ქონას ნიშნავდა ორივესთვის.
გამომდინარე იქედან, რომ ანასტასია აქამდე ბიზნესმენების ვახშამზე არ იყო ნამყოფი და არ იცოდა კონკრეტულად როგორი სამოსი იქნებოდა შესაფერისი მსგავსი შეხვედრისთვის, გადაწყვიტა, რჩევა აარონისთვის ეკითხა.
საკუთარი ნომრის კართან მისულმა, ჩანთიდან ბარათი ამოაცურა და მამაკაცს გახედა. ეს უკანასკნელი, თავის მაჯის საათზე დროს ამოწმებდა. საუბრის წამოსაწყებად, უკვე შესაფერისი დრო იყო:
-ცოტა ხნით ჩემს ნომერში უნდა შემოხვიდე, რაღაც გვაქვს გასარკვევი
აარონმა თავისი ბარათი კვლავ ჯიბეში ჩაიდო.
-რომ არ გიცნობდე, შენს სიტყვებს სხვანაირად გავიგებდი -ღიმილით თქვა მან
-მე კი, ახლა რომ ხელში მაკრატელი მეჭიროს, ენას მოგაჭრიდი
-მოდი, ენის მოჭრა შემდეგისთვის გადავდოთ და ის მითხარი ნომერში რატომ მეპატიჟები? -ჰკითხა მამაკაცმა და ანასტასიას ოთახის ღია კარში მანამ შეაბიჯა, სანამ მისგან პასუხს მოისმენდა.
ისევე როგორც აარონის საძინებლიდან, გოგონას ოთახიდანაც იდეალური ქალაქის ხედი იშლებოდა, საწოლთან ახლოს კი ანასტასიას ჩემოდანი იყო დადებული, რისი შიგთავსიც, როგორც ჩანდა, უკვე კარადაში გადაენაწილებინა გოგონას
-მაინტერესებს, შესაფერისია თუ არა, ჩემი არჩეული კაბა დღევანდელი საღამოსთვის. მინდა შენი აზრიც მოვისმინო
-მხოლოდ ერთი ვარიანტი გაქვს? -დივანზე ჩამოჯდა და მოსაცმელი გაიხადა
-არა, ორი. სწორედ მათ შორის უნდა ავარჩიო რომელიმე
-მაშინ, ხმას არ ამოვიღებ, სანამ ორივეს არ ვნახავ. ოღონდ უნდა ჩაიცვა, მხოლოდ შეხედვით ვერაფერს გავიგებ
-კარგი რა, კაბების მოზომება და ჩვენება პოდიუმზეც მყოფნის
-პოდიუმზე უამრავი ხალხი გხედავს, აქ კი მხოლოდ ერთი მაყურებელი გეყოლება. მიდი, მიდი, ნუ წუწუნებ
ანასტასიამ თვალები აატრიალა, თუმცა მამაკაცს აღარ შეპასუხებია, პირიქით, კარადიდან ორივე კაბა გამოიღო, აბაზანაში შეიკეტა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო, რათა მათ შორის ერთ-ერთი მოეზომა.
პირველი კაბა, მუქი ლურჯი ფერის, მუხლს ოდნავ ჩაცდენილი იყო, რომელსაც გრძელი მკლავები ჰქონდა და გულ-მკერდზე ოთხკუთხედი ჭრილი ამშვენებდა. შეიძლება ითქვას, საკმაოდ კონსერვატიულ სტილში გადიოდა, თუმცა ტანზე რომ ჩაიცვა და აბაზანში დაკიდებულ დიდ სარკეში ჩაიხედა, თავისი გამოსახულება ძალიან მოეწონა.
საკუთარი ვიზუალის თვალიერება მხოლოდ რამდენიმე წამს გაუგრძელდა. კარგად ახსოვდა, რომ მთავარი შემფასებელი კვლავ ოთახში ელოდა, ამიტომ აბაზანიდან სწრაფად გავიდა, დივანზე ჩამომჯდარ აარონს მიუახლოვდა და მის წინ დოინჯშემორტყმული დატრიალდა.
-აბა, რას იტყვი, გამოდგება თუ უკომენტაროდ გავიდე და მეორე კაბა ჩავიცვა? -ამ კითხვის დასმისას, ანასტასიამ მამაკაცის შემფასებლური მზერა დაიჭირა, თუმცა მის თვალებში ვერაფრის ამოკითხვა ვერ შეძლო და აარონის რეაქციაც მანამ ვერ გაარკვია, სანამ ამ უკანასკნელმა თავად არ დაარღვია ხანგრძლივი დუმილი.
-ლამაზია -ზედმეტად ჩვეულებრივი ტონით აღნიშნა მან, შემდეგ კი ოდნავ წინ გადმოიხარა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო -თუმცა მგონი ცოტათი კონსერვატიულია
-სახეზე გეტყობა, რომ სიტყვა "ცოტათი" მხოლოდ ზრდილობის გულისთვის გამოიყენე
აარონს გაეცინა.
-კარგი, მიდი მეორე კაბაც მოიზომე და თუ არც ეგ გამოდგება, მაშინ ჩემს პიჯაკს გათხოვებ
-თუ ასეა, მე მისაწებებელ ულვაშებს ვიყიდი და შენს ბიზნესმენებთანაც კაცის სახელით წარვსდგები
-ასეთ ვახშამზე რომ ჩემი სქესის წარმომადგენელთან ერთად მივიდე, ჩათვლიან, რომ ჰომოსექსუალი ვარ -გაეცინა -მე კი ვისურვებდი, ჩემი ორიენტაცია ყველასთვის ნათელი იყოს
-კარგი, წავალ მეორე კაბას მოვიზომებ, თორემ ეჭვი მაქვს დავაგვიანებთ და მაგ შეხვედრას საერთოდ არ დაესწრები -მიუგო, თან მაშინვე აბაზანისკენ გაეშურა. ოდნავ ჩქარობდა კიდეც. საკუთარი თავის ამბავი რომ იცოდა, მომზადების პროცესი საკმაოდ დიდხანს გაუგრძელდებოდა, ამიტომ, ყველაფერი იმაზე ორჯერ უფრო სწრაფად უნდა გაეკეთებინა, ვიდრე ამას სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში იზამდა.
მეორე კაბა, პირველთან შედარებით საგრძნობლად მოკლე და ბევრად უფრო დახვეწილი იყო. ჭაობისფერი ქსოვილი, რომელიც ანასტასიას ზედ შემოტმასნოდა, მისი სხეულის თითოეულ სანტიმეტრს იდეალურად გამოკვეთდა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ეს კაბა, საგანგებოდ მისთვის გახლდათ შექმნილი.
სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა ანასტასიამ თავისი ანარეკლი. კაბის ამოღებული ზურგი, ბევრად უფრო თვალში საცემს ხდიდა ამ ქსოვილის ელეგანტურობას. წამით ისიც კი იფიქრა, რომ ზედმეტად გამომწვევად გამოიყურებოდა ასეთ სამოსში, თუმცა შემდეგ დიდი ხნის წინ, ლიზას მიერ ნათქვამი სიტყვები გაახსენდა, ვინც მუდამ უმეორებდა -თუ ქალს ლამაზი სხეული აქვს, იგი გრძელ სამოსში არ უნდა დამალოსო, ამიტომ, ბოლოჯერ დატრიალდა სარკის წინ, კვლავ ოთახში დაბრუნდა და ფანჯარასთან, მისგან ზურგით მდგომ აარონს, იმ წამს რომ ტელეფონს ჩაშტერებოდა, ოდნავი ჩახველებით გააგებინა თავისი შემოსვლა.
მამაკაცმა ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა და უკან მიტრიალდა. ანასტასიას უკვე საწოლთან დამაგრებულ სარკესთან გადაენაცვლა და მხრებზე ჩამოყრილი გრძელი თმის მაღლა აწევას ცდილობდა.
-შეგიძლია თმის სამაგრი მომაწოდო? -ისე ჰკითხა მამაკაცს, უკან არც მოუხედავს, თუმცა მის გამოსახულებას სარკეში ხედავდა და ისიც შეამჩნია, თუ როგორ დაკვირვებით ათვალიერებდა მას, აარონი
-ვფიქრობ, ეგ კაბა გამოდგება
-ნამდვილად? ზედმეტად გამომწვევი ხომ არაა?
-შენ რაც არ უნდა ჩაიცვა, ყველაფერი ზედმეტად გამომწვევი გამოჩნდება, ამიტომ მაგაზე არ ინერვიულო -სამაგრი მისცა და სარკესთან მის გვერდით დადგა -ჰო მართლა, ჩინურ სამზარეულოსთან რამე პრობლემა ხომ არ გაქვს?
-რატომ მეკითხები?
-იმიტომ, რომ ჩინურ რესტორანში ვაპირებთ ვახშმობას
ანასტასიამ თმის მოწესრიგება დაასრულა და მამაკაცს მიუტრიალდა.
-არა, არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუ ჩემს თეფშზე ტარაკნებს ან ხოჭოებს არ დავინახავ
-მაშინ მოვრიგდით -ხელზე, ხელი მოჰკიდა გოგონას და ოდნავ დაატრიალა -იმდენად თავბრუდამხვევად გამოიყურები, ვეჭვობ ამ საღამოს შენს პირად დაცვად მომიწევს მუშაობა
-თუკი ასეა, ანაზღაურებაზეც შევთანხმდეთ -ხუმრობაში აჰყვა ანასტასიაც
-თანახმა ვარ ერთი დღე ხელფასის გარეშე ვიმუშავო
-როგორი გულისხმიერებაა თქვენი მხრიდან, ბატონო აარონ. რახან ასეა, მადლობის ნიშნად იმაზე აღარ დაგცინებთ, რომ ხალსტუხის შეკვრა დღემდე ვერ ისწავლეთ
-ზუსტად ვიცოდი, ამას აუცილებლად წამომაძახებდი
-არაჩვეულებრივი წინათგრძნობა გქონია
-კარგი, წავალ ჩემს ნომერში მოვემზადები, თორემ დავაგვიანებთ. ეცადე მაკიაჟის კეთებაში ძალიან დიდი დრო არ დახარჯო
ანასტასიამ უბრალოდ თავი დაუქნია და რამდენიმე წამში, კარის დახურვის ხმით გაიგო, რომ აარონმა მისი ნომერი დატოვა.
სამოსი უკვე შერჩეული ჰქონდა, ამიტომ ახლა თავის მოვლის პროცედურებზე გადასვლის დრო იყო. გოგონამ ეს ყველაფერი შხაპის მიღებით დაიწყო და თმის გასწორებით დაასრულა.
სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში, ამ ყველაფერს ნომერში დარჩენასა და დასვენებას ამჯობინებდა, თუმცა ის ფაქტი, რომ საღამოს აარონთან ერთად გაატარებდა, უკვე ყველაფერს ცვლიდა.
თავადაც ვერ ხვდებოდს გოგონა, თუ რატომ იწვევდა ეს ადამიანი მასში ამხელა აღფრთოვანებას, თუმცა ფაქტი იყო, აარონის პიროვნებაში ყველაფერი არაჩვეულებრივი ეჩვენებოდა. ალბათ სწორედ ამიტომაც იყო, რომ მამაკაცს ასე მარტივად შეეჩვია და თავისი ცხოვრებიდანაც ისეთი რამები გაანდო, ლექსოსთან დაკავშირებული პრობლემების სახით, რასაც მხოლოდ ერეკლესთან თუ მოყვებოდა.
ანასტასიამ ხალათი გაიხადა და საღამოსთვის არჩეული კაბა ისე მოირგო, რომ ვარცხნილობა არ გაფუჭებოდა. გადაწყვიტა, თმა ზემოთ აღარ აეწია და უბრალოდ გაშლილ მდგომარეობაში დაეტოვებინა. მომზადების პროცესში, დრო იმანაც დაუზოგა, რომ მეორე კაბა საღამოსთვის შესაფერისი გამოდგა და ახლის საყიდლად სავაჭრო ცენტრში არ მოუწია წასვლა. ამის გამო, თავის მოწესრიგების პროცესი ერთ საათიან შუალედში ჩაატია, ხოლო მაკიაჟისთვის დამატებითი ათი წუთიც დასჭირდა. არასდროს უყვარდა სახეზე დიდი რაოდენობით კოსმეტიკის წასმა, ყოველთვის ზომიერებას ამჯობინებდა ხოლმე და ასე თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობდა.
მომზადება რომ დაასრულა და ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა, რესტორანში მისვლამდე ჯერ კიდევ ორმოცი წუთი იყო დარჩენილი. სანამ აარონი მის ნომერში შევიდოდა, სანდროსა და ლარას ესაუბრა, ვიდეო-ზარით, რაზეც მოასწრო ყველაფერზე ელაპარაკა, თუმცა როგორც კი კარზე კაკუნის ხმა მისწვდა მის ყურთასმენას, და-ძმას სწრაფად დაემშვიდობა და ტელეფონი ჩანთაში ჩადო.
-შემოდი -დაიძახა გოგონამ, თან საწოლიდან ფეხზე წამოდგა. ორი წამიც არ იყო გასული, რომ ოთახის კარი გაიღო და შიგნით კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილმა აარონმა შემოაბიჯა. იმდენად უხდებოდა მამაკაცს ეს სტილი, რომ ანასტასიას წამით მზერაც კი გაეყინა, თუმცა გონს დროულად მოვიდა და კისერზე გადაგდებული ის ლენტი მოხსნა, რომელიც ხალსტუხად უნდა გადაექცია.
-მოდი შეგიკრავ, მოუხერხებელო
-ვიღაც დამპირდა, რომ ამაზე არ დამცინებდა
-ჰოო?
-ჰო
-კარგი, მაპატიე, უცებ გადამავიწყდა -გაეცინა გოგონას და დაახლოებით ათ წამში, ბოლო ნასკვიც გააკეთა -მორჩა, მზად ხარ . . . სხვათა შორის, კარგად გამოიყურები
-შენ არც კი იცი, როგორ მეზიზღება ოფიციალური ტანსაცმელი
-ჰო, მაგრამ რომ გიხდება ამას ვერსად წაუხვალ -მერე თავისი ჩანთა აიღო და მარჯვენა მხარზე გადაიკიდა -წავედით?
-წავედით -ხელით კარისკენ ანიშნა გოგონას და როგორც კი ეს უკანასკნელი გასასვლელისკენ გაემართა, თავადაც უკან მიჰყვა . . .


ღამის ათი საათი იყო, როდესაც სანდრომ, ლარას საძინებლის კარი შეაღო და როცა თავისი და ლეპტოპში ჩამძვრალი დაინახა, კარის ხმამაღალი მიჯახუნებით გააგებინა თავისი შემოსვლა.
-ასეც ვიცოდი, რომ ჯერაც არ გეძინა -შეეცადა საუბრისას მკაცრი ტონი ჰქონოდა -ბარგი მაინც თუ ჩაალაგე? ხვალ დილით, ადრე უნდა ვიყოთ აეროპორტში
-ჩავალაგე, სან, ნუ ღელავ -ისე უპასუხა თავიც არ აუწევია. თითებს კვლავ კლავიატურაზე აკაკუნებდა და პერიოდულად, ეღიმებოდა კიდეც
-ლარა, ხვალ ადრე უნდა ადგე, გადადე ეგ ლეპტოპი და დაიძინე, თორემ ახალ წელს ეიფელის კოშკის სახურავის მაგივრად, ამ ბინაში შეხვდები, ნუშის ორცხობილებით ხელში
-კიდევ ცოტა ხანიც რა, ხომ იცი დღეში ოთხი საათი ძილიც მყოფნის
-ბევრს ნუ მალაპარაკებ, მორჩი შენს მეგობრებთან ჩათაობას და ლოგინში ჩაწექი! -თავისი ხელით დაუხურა გაშლილი ლეპტოპი და საბანი გადასწია. ლარასაც სხვა რა დარჩენოდა? იძულებული გახდა ძმას დამორჩილებოდა და საწოლში ბუზღუნით ჩაწვა.
-ნერვები მეშლება პატარა ბავშვივით რომ მექცევი, სანდრო!
-შენ რა, თავი დიდი გგონია?
ლარამ ბალიშები მოხერხებულად დააწყო, მერე კი კვლავ ძმას მიუტრიალდა.
-აღიარე, რომ ჩემს ასაკში თავი შენც დიდი გეგონა და გინდოდა შენთვის მეტი თავისუფლება მოეცათ
-თურმე თავისუფლება აკლია ქალბატონს -ახლა მართლა ვეღარ შეიკავა ღიმილი სანდრომ და საწოლზე გვერდით მიუწვა უმცროს დას -და მაინც რაში ხარ შეზღუდული?
-სულ წიგნებში ვარ ჩაფლული, სანდრო. მართალია, მეცადინეობა მიყვარს, თუმცა განტვირთვაც მჭირდება და როგორც კი ამას ვახერხებ, მაშინვე შენ შემოდიხარ ლოზუნგით-"ძილის დრო მოვიდა ლარა" -ამ სიტყვებზე, სანდროს ხმის ინტონაციას მიბაძა გოგონამ -ჰო, რას მიყურებ, რამეს ტყუილს ვამბობ?
-ახლა ცდილობ დანაშაულის გრძნობა გამიჩნდეს, არა?
-რა სწრაფად შეგიძლია ჩემი გაშიფვრა, ძამიკო. ცოტათი მეშინია კიდეც
სანდრომ თავი ღიმილით გადააქნია. ლარა მისთვის მართლაც გადაშლილი წიგნივით იკითხებოდა და უმცროსი დის თითოეულ ფიქრსაც კი ხვდებოდა.
-კარგი, ახლა ასე მოვიქცეთ -უკვე საწოლიდან წამომდგარმა თქვა მან -ნახევარ საათს კიდევ მოგცემ და თუ ამ დროის შემდეგაც გამწვანებული დაგინახე სოც-ქსელში . . .
-მოდი, ეგ წინადადება აღარ დაამთავრო, რადგან გპირდები ვერ მნახავ -სიხარულით გააწყვეტინა ძმას მონოლოგი, საწოლიდან წამოხტა, კისერზე ჩამოეკიდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა -ყველაზე მაგარი უფროსი ძმა ხარ მთელს მსოფლიოში!
-შენ კიდევ, აფერისტი ბავშვი
-მაგრამ მაინც გიყვარვარ, ხომ?
სანდრომ შუბლზე მიაკრო ტუჩები და გულში მაგრად ჩაიხუტა.
-ჰო, მიყვარხარ. შენ და ანასტასია ჩემი სისუსტეები ხართ და ეცადეთ ეს ხშირად არ გამოიყენოთ, თქვენს სასიკეთოდ
-რა ცუდია ხვალ ჩვენთან ერთად რომ არ მოდის. მისი ამბავი რომ ვიცი, პარიზში ყველა სავაჭრო ცენტრს მომატარებდა და თითოში მინიმუმ ოც წყვილ ტანსაცმელს მაინც მიყიდდა
-საყიდლებზე მეც წაგიყვან ხოლმე, ახლა კი მიდი, დარჩენილი ნახევარი საათიც გამოიყენე, წამზომი ჩაირთო -მაჯის საათს დახედა სანდრომ ბოლო სიტყვებზე და ლარას თვალებით ლეპტოპისკენ ანიშნა
ოთახში რომ სრულიად მარტო დარჩა გოგონა, კვლავ დროებით მივიწყებული ჩატის ფანჯარა გახსნა და როგორც ელოდა, ახალი შეტყობინებაც დახვდა. თანაკლასელები ახალი წლის შემდეგ აპირებდნენ შეკრებას, ერთ-ერთი მათგანის აგარაკზე და სთხოვდნენ, რომ ისიც წამოსულიყო.
პასუხი ჯერ-ჯერობით არ ჰქონდა ლარას. ახალი წლის შემდეგ, ანასტასიას დეფილე იგეგმებოდა და ამას ვერაფრით გამოტოვებდა. თუ დღეები ერთმანეთს დაემთხვეოდა, რა თქმა უნდა, თავისი დის ჩვენებაზე მისვლას ამჯობინებდა, ამიტომ მეგობრებს მისწერა დავფიქრდებიო და უკვე Youtube-ში იწყებდა თავისი საყვარელი მელოდიის ძებნას, რომ მისაღებიდან გამოსულმა ხმამაღალმა საუბარმა, ლეპტოპიც გადაავიწყა და სოციალურ ქსელში გახსნილი ჩატის ფანჯრებიც, დაუსრულებლად რომ ხმაურობდნენ.
მისაღებიდან აშკარად ორი ადამიანის საუბარი ისმოდა. აქედან ერთ-ერთი ქალი იყო, მეორე კი, სანდრო, ვინც თანამოსაუბრესთან შედარებით ბევრად მაღალი ტონით ლაპარაკობდა და ლარაც სწორედ ამან გააკვირვა.
აქამდე, ძმის აწეული ხმა არც კი ახსენდებოდა, მით უმეტეს არც ქალი უნახავს ოდესმე მის ბინაში, ამიტომ ცნობისმოყვარეობამ სძლია, ოთახიდან ფეხაკრებით გაიპარა და პირდაპირ მისაღების ოდნავ შეღებულ კართან გაჩერდა, რათა საუბრისთვის შეუმჩნევლად მიეგდო ყური.
კარში დარჩენილი პატარა ღრიჭოს გამო, ლარას, მოსაუბრეთა სახეების დანახვაც შეეძლო. სანდროს წინ, მაღალი, წაბლისფერთმიანი, საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის გოგონა იდგა, დახვეწილი ჩაცმულობით. სახეზე გადაკრული შეწუხებული გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით, ეს უკანასკნელი კარგ გუნებაზე ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.
ლარამ, ღრიჭოს თვალი მოაშორა და კვლავ კედელს აეკრო. სწორედ ამ დროს, სანდროს აწეული ხმის ტემბრიც მისწვდა მის სმენას :
-და აქ მოსვლით, შენი აზრით რამე შეიცვლება? -აშკარად გაღიზიანებული ჩანდა იგი და ეს არც კარს უკან ატუზულ ლარას დარჩენია შეუმჩნეველი. თავის ძმას მოხარშულს იცნობდა და მისი განწყობის გარჩევა სახეზე ერთი შეხედვითაც კი შეეძლო
-სანდრო გთხოვ, სიტყვის თქმის საშუალება მაინც მომეცი -ახლა უცნობი გოგონას ხმაც მოესმა -შენთვის უამრავი რამ მაქვს სათქმელი, უნდა მომისმინო
-უკვე გითხარი, რომ აღარც შენი ხმის გაგება მინდა და აღარც შენი სახის დანახვა, ნეა! წადი აქედან, უკვე დასაძინებლად ვაპირებდი დაწოლას
-არ მინდა პარიზში ისე წახვიდე, რომ ვერ დაგელაპარაკო -კვლავ მუდარა იკითხებოდა მის ხმაში -არ ვამბობ, მართალი ვიყავი და ჩემზე გაბრაზებული ტყუილად ხარ-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე ისე არ ყოფილა, როგორც გეგონა, სანი -ამ დროს, ლარამ კვლავ ღრიჭოში გაიხედა და დაინახა, თუ როგორ მოიქცია ხელის გულებში გოგონამ მისი ძმის სახე.
სანდრო ცოტა ხნით გაუნძრევლად იდგა, შემდეგ თავის წინ მდგომი ბრაზით ანთებული მზერით დაასაჩუქრა და მისი ხელებიც ცივად მოიშორა სახიდან
-მე, უკვე ყველაფერი გითხარი, ნეა, დასამატებელი აღარაფერი მაქვს. კარი იცი საითაცაა
-სანდრო . . .
-არავითარი სანდრო! ის ტყუილებიც საკმარისია, რაც შენგან ვისმინე და დროა ამას წერტილი დაესვას -ამ სიტყვების პარალელურად, მამაკაცმა, მას მკლავში ხელი ჩაავლო და თავად წაიყვანა სახლიდან გასასვლელი კარისკენ, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა და კვლავ ემუდარებოდა მისთვის წუთით მაინც მოესმინა.
სანდრო ასეთი სასტიკი და შეუბრალებელი აქამდე არც კი ახსოვდა, ლარას. ძმის სახეხე მხოლოდ აიზბერგის მთასავით ცივ გამომეტყველებას კითხულობდა, რომელსაც არანაირი გრძნობა არ გააჩნდა და ვერც დამწუხრებული ადამიანის ვედრება აღწევდა მისი გულის სიღრმეებამდე.
ლარა იმასაც კარგად აცნობიერებდა, რომ ასეთი საქციელისთვის სერიოზული მიზეზი ჰქონდა სანდროს, თუმცა ნამდვილად არ აპირებდა ძმისთვის ახსნა-განმარტება მოეთხოვა იმის შესახებ, თუ რამ აიძულა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. იცოდა, ახლა ამის კითხვა მეტად უადგილო იქნებოდა და ჯობდა უბრალოდ თავისი მხარდაჭერა დაენახვებინა, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად სჭირდებოდა სანდროს.
სიჩუმემ რომ დაისადგურა და ხმამაღალი საუბარიც შეწყდა, ლარამ კვლავ მოაშორა თვალი კარის ღრიჭოს, ცოტა ხნით ისევ მიიმალა, თითქოს გონს მოსვლას აცლიდა ძმას და ცდილობდა მეორე ოთახიდან გამოეცნო, თუ როგორ განწყობაზე დახვდებოდა იგი, როდესაც მისაღებში გავიდოდა.
დიდი ხნის განმავლობაში, ოდნავი ხმაც კი არ გამოსულა მეზობელი ოთახიდან. სახლში ისეთი მდუმარება სუფევდა, თითქოს იქ არც არავინ იყო. ლარას შეეშინდა კიდეც, რადგან სანდრო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა როგორც სიტყვიერ, ისე მოძრაობით სიჩუმეს, ამიტომ, კარს უკან აღარ გაჩერებულა -სამალავიდან სწრაფად გამოვიდა და პირდაპირ მისაღებში შეაჭრა, სწრაფი ნაბიჯებით.
სურათმა, რომელიც იქ დახვდა, იმაზე ორჯერ უფრო მეტად გააკვირვა, ვიდრე ძმის უწინდელმა სიცივემ და ფლეგმატურობამ. სანდრო კედელთან უსიცოცხლოდ იყო ჩაკეცილი, გულთან ახლოს მიტანილ მუხლებზე მკლავები ჩამოედო და თავჩაქინდრული ჩაშტერებოდა მკრთალი, ოქროსფერი შუქებით განათებულ იატაკს.
იმდენად განადგურებული ჩანდა აღნიშნულ მომენტში, ლარას ლამის სუნთქვა შეეკრა და მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა იმისთვის, რათა თვალები არ აცრემლიანებოდა.
ოდნავ დამშვიდების შემდეგ, ღრმად ამოისუნთქა, მტკიცე გამომეტყველება მიიღო და ზედმეტი ფიქრის გარეშე, პირდაპირ ძმისკენ დაიძრა. სანდრო კვლავაც არ ინძრეოდა. არც ლარას ოთახში შესვლაზე ჰქონია რეაგირება და არც იმაზე, რომ უმცროსი და გვერდით მიუჯდა. მხოლოდ მაშინ შეირხა და ისიც ოდნავ, როდესაც ლარამ თავისი ხელი, მისას მაგრად ჩასჭიდა და ბრაზისგან დაჭიმულ მკლავზე ნაზად აკოცა.
მდუმარება კიდევ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ლარამ შეატყო, რომ სანდრო ხმის ამოღებას კიდევ კარგა ხანს არ აპირებდა, ამიტომ გადაწყვიტა თავად გამხდარიყო საუბრის წამოწყების ინიციატორი.
-სან -ფრთხილად დაიწყო მან, ისე, თითქოს თოკზე გასვლის წინ მის სიმძლავრეს ზომავსო -სან, რაც არ უნდა მომხდარიყო, გამაგრდი და თავი ხელში აიყვანე, კარგი?
გოგონამ პასუხი ვერ მიიღო, თუმცა ეს არც გაჰკვირვებია, ამიტომ, ახალი შემართებით შეუდგა ძმის დამშვიდებას.
-სან, დიდების ჩხუბის არაფერი მესმის, რადგან ძალიან უცნაურები ხართ, მაგრამ დრო ყველაფერს მოაგვარებს, გესმის? მე ყველანაირად ვეცდები სულ შენს გვერდით ვიყო და გაგამხიარულო -მის პროფილს უყურებდა და ისე ესაუბრებოდა, თან წამითაც არ უშვებდა მაგრად მოჭერილ ხელს -თუ გინდა, ანეკდოტებს მოგიყვები, კარგი? სან, დამელაპარაკე! ის მაინც მითხარი, მოკეტეო! -მისგან სიტყვაც რომ ვერ გაიგო, მკლავებში ხელები ჩაავლო და მაგრად შეანჯღრია
ამან თითქოს შედეგი გამოიღო. მამაკაცის გაყინული მზერა, წამით მეტყველით შეიცვალა და თუ ოდნავ აწეული ტუჩის კუთხითაც ვიმსჯელებდით, გაეღიმა კიდეც.
-ლარა, შენს ოთახში წადი, უკვე გვიანია -თქვა მან მოულოდნელად, რითაც ბავშვს ენით აღუწერელი შვება მოჰგვარა. რაც მთავარია, ლაპარაკი ჯერ კიდევ შეეძლო, ამიტომ ლარამ სტუპორის შემთხვევა გამორიცხა და ამით გახარებულმა, მას უწინდებურად შემოხვია ხელზე, თავისი თხელი თითები.
-არსად წასვლას არ ვაპირებ -მტკიცედ განაცხადა გოგონამ -როცა ძმას უჭირს, დის მოვალეობაა მის გვერდით იყოს, თავისი მხარდაჭერა აგრძნობინოს და ხელი აი ასე მაგრად ჩაჰკიდოს -კიდევ უფრო მოუჭირა თითები მის მარჯვენას -მე, ჯერ პატარა ვარ, თუმცა იცოდე, რომ თუ რამე დაგჭირდება, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა მოწყენილობის დროს გაგამხიარულო და რთულ პერიოდში ის მხარი შემოგთავაზო, რომელსაც თავს დაადებ და თუ საჭიროა, იტირებ კიდეც -მერე სანდროს შეხედა, ვინც უზომოდ თბილი მზერით უყურებდა და დაამატა : -თუმცა შენ ხომ არასდროს ტირი. ყოველ შემთხვევაში, მე არ გავმხდარვარ ამის მომსწრე
-მოდი ჩემთან
ლარა, იატაკიდან ძმის კალთაზე გადაჯდა, კისერზე ხელები მოხვია და თვალთან ახლოს აკოცა.
-ძალიან მიყვარხარ, სან, არ მოიწყინო კარგი?
-მეც უზომოდ მიყვარხარ, ჩემო თოჯინა -ქერა თმაზე ხელი გადაუსვა დას, სანდრომ, რის შემდეგაც, ერთი ხელი ზურგზე მოხვია, მეორე მუხლებქვეშ ამოსდო და ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა ჰაერში -წამოდი, შენს ოთახში გაგიყვან, პრინცესა ლარა
-დღეს ჩემთან დაიძინე, კარგი?
-ერთი კიდევ მაკოცე და დაგთანხმდები
-რა პრობლემაა -გაეცინა გოგონას, ძმის მკლავებში უფრო მოხერხებულად მოექცა და ლოყაზე ტუჩები ნაზად მიაკრო.
უხაროდა, რომ სანდროს სახისთვის ჩვეული გამომეტყველების დაბრუნება შეძლო. ლარას ბედნიერებისთვის ესეც საკმარისი იყო.


* * *
ანასტასიამ და აარონმა ლიფტში ერთდროულად შეაბიჯეს და თავიანთი სართულის შესაბამის ღილაკს დააწვნენ.
რესტორანში გამართული ვახშმის გამო, სადაც, დაახლოებით ორი საათი დაყვეს, სასტუმროში დაბრუნება საკმაოდ გვიან მოუწიათ.
უკანა გზაზე, მაგისტრალზე მომხდარმა პატარა ავარიამაც შეაყოვნათ, რის გამოც ოცი წუთის განმავლობაში საცობში იდგნენ. ათი წუთი სასტუმრომდე მისვლაში დახარჯეს და უკვე თორმეტის ნახევარი იყო, როდესაც ბოლოს და ბოლოს დანიშნულების ადგილს მიაღწიეს.
მიუხედავად გვიანი ღამისა, ანასტასია დაღლილობას საერთოდ ვერ გრძნობდა და არც, ძილიანობის შეგრძნება აწუხებდა.
პირიქით, საკმაოდ ენერგიულადაც კი გამოიყურებოდა და ამის გამო, საკუთარი თავის თვითონაც უკვირდა.
-ხომ არ მოგეწყინა დღეს? -უკვე მეოთხე სართულზე იყვნენ, როცა გვერდიდან აარონის ხმა გაიგონა. ლიფტში, იმ წამს, მათ გარდა არავინ იყო, ამიტომ შეეძლოთ თავისუფლად ესაუბრათ
-არა, კარგი იყო. ძალიან ვიხალისე იმის ყურებით, როგორ ცდილობდა შენს ანკესზე წამოგებას იმ ბიზნესმენის შეყვარებული -გაეცინა და დაამატა -მგონი, გაელი ერქვა იმ კაცს, არა?
-დაგიმახსოვრებია -აარონსაც გაეცინა
-გამიკვირდა შენი ცივი დამოკიდებულება იმ გოგოსადმი. შეგეძლო საკმაოდ დიდი თევზი დაგეჭირა, თან ძალიან ლამაზი იყო და პლუს ამას, ისე გიყურებდა ყველაფერზე დაგთანხმდებოდა -ამის თქმისას, გამომცდელად შეხედა გოგონამ, მამაკაცს
პასუხს არ დაუგვიანია.
-ანნასტასია, შენ თვითონ თქვი, რომ ეგ გოგო იმ ბიზნესმენის შეყვარებული იყო, სხვისი თეფშიდან ჭამა კი ჩემი სტილი არ არის, რაც არ უნდა გემრიელად გამოიყურებოდეს საკვები
გოგონას, აარონის პასუხზე გულში გაეღიმა, თუმცა აღარაფერი უთქვამს, რადგან ზუსტად იმ წამს, ციფერფლატზე მათი სართულის აღმნიშვნელი ციფრი გამოისახა და ორფრთიანი კარიც ხმაურით გაიღო.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ -ხელით ანიშნა მამაკაცმა, რათა პირველი ის გასულიყო, შემდეგ კი, თავადაც უკან მიჰყვა და კოსტიუმის შიდა ჯიბეში კარის გასაღები ბარათის ძებნას მოჰყვა -კარგი ქენი რომ წამომყევი, უშენოდ საცობში ძალიან მოვიწყენდი
-ჰო, თან არც ჩინური სამზარეულო მქონდა გასინჯული. ვაღიარებ, არც ისეთი საშინელია, როგორიც წარმომედგინა
-ყველა ქვეყნის კერძებში მოიძებნება რამე ისეთი, რისი ჭამაც შეიძლება
ანასტასია კართან შედგა და ის კითხვა გააჟღერა, რაც თავში ბოლო ორი წუთის განმავლობაში უტრიალებდა :
-ანუ, როგორც თქვენი საუბრიდან გავიგე, სასტუმროს აშენებას აპირებთ, ამ ქალაქში, თანაც ისეთის, რომელშიც მრავალეროვნულობა იქნება ხაზგასმული, არა?
-გეგმა ასეთია, თუმცა რამდენად გაამართლებს, ეს უკვე სხვა საქმეა -უკვე ღია კარის სახელურს ჩამოყრდნობოდა აარონი
-ჩემი აზრით, გაამართლებს. ორიგინალური იდეაა, რომ აქ ჩამოსულ ნებისმიერი ეროვნების ტურისტს თავისუფლად შეეძლება თავიანთი ნაციონალური კერძები სწორედ თქვენს სასტუმროში დააგემოვნონ. გამიგია, ზოგიერთ ადამიანს პრობლემა ექმნება იმის გამო, რომ იმ კონკრეტული ქვეყნის სამზარეულო, სადაც მოგზაურობს, მის ორგანიზმს ვნებს
-იდეა მართლაც ორიგინალურია, თუმცა ამ შემთხვევაში, დიდი რაოდენობით სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს სპეციალისტების აყვანა მოგვიწევს და სასტუმროს მოგებაც უზარმაზარი უნდა იყოს, რათა პერსონალის ხარჯებს გადააჭარბოს -ჩაფიქფრებული სახე მიიღო ამის თქმისას, თუმა გამომეტყველება წამებში ეცვალა -მოკლედ, საქმეზე დღეს ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მგონი საკმარისია
-მაშინ, წარმატებებს გისურვებ ახალ წამოწყებაში -გოგონამაც შეაღო თავისი ოთახის კარი და ზღურბლთან შეყოვნდა
-ძილინებისა, აარონ
-ერთი წამით მოიცადე
-რა ხდება? -უკან მოტრიალდა მის სიტყვებზე. მამაკაცი უბრალოდ იდგა და თვალმოუშორებლად უყურებდა. ანასტასიას ტანში ჟრუანტელმაც კი დაუარა აარონის მზერაზე. მამაკაცის ქვიშისფერ თვალებში, რაღაც ისეთს ხედავდა, რაც მბზინავი მაგნიტივით თავის სიღრმეში ითრევდა და მეტყველების უნარსაც კი უკარგავდა.
გოგონამ ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო. სწორედ ამ დროს, აარონმა მისკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. მზერა კვლავ ისეთი დამაბნეველი ჰქონდა, როგორც რამდენიმე წამის წინ.
-დღეს, თავბრუდამხვევად გამოიყურებოდი, ანნასტასია -თქვა მან ბოლოს და მისი ნათქვამი "ანნასტასია" გოგონას სმენასა და გულს, სულ სხვანაირად მოხვდა -კონპლიმენტების თქმა დიდად არ მიყვარს, თუმცა ეს განსაკუთრებული შემთხვევაა
-არც მე მიყვარს კონპლიმენტების შემდეგ მადლობების გადახდა, თუმცა მაინც გმადლობ -ძლივს მოაბა სათქმელს თავი მამაკაცის სიტყვების შემდეგ, თუმცა დიდი ძალისხმევის წყალობით, ტონზე არც დაძაბულობა დასტყობია და არც, ნერვიულობა. მერე, საკუთარ თავს გონებაში სილა გააწნა და ისევ ის ჯიუტი, უკარება და მამაკაცთა მოდგმის მიმართ გულცივი ქალი გახდა, როგორიც აქამდე გახლდათ -მოკლედ, მშვიდობიან ღამეს გისურვებ, აარონ
-შენც ასევე -ოდნავ გაეღიმა მას და თავისი ოთახის კარს მიღმა მანამ მიიმალა, სანამ ანასტასია ადგილიდან განძრევას მოასწრებდა
დერეფანში სრული სიჩუმე სუფევდა. ანასტასიას ჯერ კიდევ არ ეძინებოდა, თუმცა გვიან ღამით ხეტიალიც სულელურ გეგმად ესახებოდა, ამიტომ, თავისი ნომრის ღია კარში შეაბიჯა, სინათლე აანთო და ჩანთა საწოლზე მიაგდო.
აარონის ნათქვამ სიტყვებზე ფიქრი არ სურდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მამაკაცის ხმა გამუდმებით უმეორდებოდა გონებაში და აიძულებდა კვლავ ამ პატარა მომენტის ირგვლივ ეტრიალა.
ანასტასიამ თავი გადააქნია, თითქოს ასე ფიქრების გამობერტყვას შეძლებდა, მერე კი, საღამოს კაბა გამოიცვალა და თავის საყვარელ პიჟამაში გამოეწყო, რომელიც ლარამ აჩუქა ოცდამეორე დაბადების დღის აღსანიშნავად. წამით ქალაქის ხედს გახედა გოგონამ. ღამის ლას-ვეგასი მართლაც რომ ზღაპრულად გამოიყურებოდა, მისი ფანჯრიდან, ამიტომ, ანასტასია საწოლის მაგივრად, სწორედ ამ ფანჯარასთან ახლოს მდგომი სავარძლისკენ გაეშურა, მასში მოხერხებულად ჩაჯდა, ფეხები სახელურს გადააწყო და დროის გასაყვანად თავის მობილურში ჩაძვრა.
ინტერნეტის სამყაროდან უამრავი რამ შეიტყო, გოგონამ. მისი სააგენტოს მოდელები, ყველანი დასვენების დღეებით ტკბებოდნენ და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ. ზოგი იაპონიაში ატარებდა არდადეგებს, ზოგი შვეიცარიაში, ზოგი პრაღაში, ზოგიც კი სხვადასხვა ეგზოტიკურ კუნძულზე. მათი სურათებისა და Story-ს დანახვა, უკვე თვალებს უჭრელებდა ანასტასიას, ამიტომ, თავისი Instagram-გვერდი მობეზრებული სახით გამორთო და გადაწყვიტა რამე საინტერესო ფილმის ყურებით მოეკლა დრო.
რამდენიმე შესაძლო ვარიანტი აარჩია კიდეც, IMDB კოეფიციენტებიც გადაამოწმა, თუმცა მათი მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, გული ვერც ერთს ვერ დაუდო. მაინც არ დანებდა, გადაწყვიტა კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტიც ეპოვნა, თუმცა ძიების პროცესი Whatsapp-ში მოსულმა შეტყობინებამ გააწყვეტინა და ფილმების საიტი მაშინვე ჩახურა.

„ვერც შენ იძინებ, არა?“ -წაიკითხა ეკრანზე და გაეღიმა, როდესაც აარონის ნომერი იცნო. საპასუხო ტექსტიც მაშინვე აკრიბა :
„როგორც ჩანს, საერთო პრობლემა გვაქვს“
„ნომერში სტუმარს თუ მიიღებ, შეგვიძლია ერთად მოვძებნოთ დროის გასაყვანი საშუალება“
„რამე შემოთავაზება გაქვს? შესაძლო ვარიანტებიც გარეშე არ გღებულობ“ -მისწერა და იგრძნო, რომ ამ ღამით დროის მოკვლა, სწორედ აარონთან ერთად სურდა
„იმ ორი ნაბიჯის განმავლობაში, რაც შენამდე მაშორებს, ვეცდები რამე მოვიფიქრო“
ანასტასიას გაეცინა.
„კარგი, შანსს მოგცემ, შეგიძლია მოხვიდე“
შეტყობინება უპასუხოდ დარჩა და გოგონაც მიხვდა, რომ აარონი წამი-წამზე უკვე მისი ნომრის კარზე დააკაკუნებდა. მართალია, მხოლოდ პიჟამაში იყო გამოწყობილი, თუმცა ეს უკანასკნელი არც იმდენად გამომწვევი ჩანდა, რომ გამოცვლაზე ეფიქრა. რომც ნდომოდა, ვერ მოასწრებდა, რადგან ჩატის დასრულებიდან ერთი წუთის შემდეგ, უკვე მსუბუქი კაკუნის ხმა ესმოდა შემოსასვლელი კარიდან.
ანასტასიამ გაშლილი თმა ცხენის კუდად აიკრა და სარკეში თავისი თავი ორი წამით შეათვალიერა. მხოლოდ ამის შემდეგ გაემართა კარის გასაღებად და ზღურბლთან მდგომი აარონის დანახვაზე, ვისაც ხელში პატარა, ხის ყუთი ეჭირა, ცალი წარბი ეჭვით აზიდა.
-ეგ რა არის? -იკითხა მან -არ მითხრა, რომ ბურთებით უნდა მიმკითხავო
მამაკაცმა, პასუხი მხოლოდ ოთახში შემოსვლის შემდეგ გასცა.
-არა, მაგ საქმეს ერთი წლის წინ შევეშვი, ნაკლებად შემოსავლიანი იყო
-აშკარად სასტუმროების ბიზნესი ჯობია, არა?
-ნამდვილად -დივანზე ჩამოჯდა აარონი და ყუთი გვერდით მოიდო -დროის გასაყვან საშუალებას ვეძებდი და მგონი ვიპოვე
-მაინც რა? -სწორედ ახლა მიხვდა ანასტასია უცნაური ყუთის დანიშნულებას და მამაკაცს გვერდით ჩამოუჯდა -ამაში რამე გასართობი დევს, თუ?
-რაღაც მაგდაგვარი. ეტყობა, რომელიმე თანამშრომელს დარჩა House Keeping-დან, რადგან ჩემი ნომრის სააბაზანოში ვიპოვე, სარკის წინ
-კარგი, ახლავე ვნახავ რა მოიტანე -ინტერესიანი გამომეტყველებით ახადა ყუთს თავი ანასტასიამ -შენ მანამდე ვისკი და კოკა-კოლა გამოიღე მაცივრიდან
-კოლა შენთვის და ვისკი ჩემთვის? -ფეხზე წამოდგა მამაკაცი
-ამ ორს, ერთმანეთში ვურევ ხოლმე და ისე ვსვამ. შენ რა, არასდროს გაგისინჯავს? -ჰკითხა ანასტასიამ, თან ყუთიდან ამოღებულ ოთხკუთხედ ბარათებს დახედა. თითოეულ მათგანს კონკრეტული დავალება ეწერა, რომელთაგან უმეტესობა საკმაოდ გიჟურად ჟღერდა. ანასტასიას ერთი ასეთი რამეც მოხვდა თვალში :
„Show Your Most Funny Video To Your Game Partner”
-არა, არასდროს გამისინჯავს, დღეს პირველი იქნება
აარონი რომ ჭიქებით და სასმელებით ხელში დაბრუნდა, გოგონამაც შეწყვიტა ბარათების კითხვა. უნდა ეღიარებინა, საინტერესო გასართობი იყო, რაც დროის მხიარულად გატარებაში დაეხმარებოდა იმ ღამით.
-და, თამაშის წესები როგორია? -თავისი ჭიქა ჩამოართვა ანასტასიამ, მამაკაცს, რომელშიც უკვე ორივე სახის სასმელი იყო შერეული
-კარგად არც მე ვიცი, ამიტომ მოდი ასე მოვიქცეთ -ეს ბარათები უკუღმა ამოვატრიალოთ, რიგრიგობით ავიღოთ და ვისაც რა ამოგვივა, ის შევასრულოთ
ანასტასიამ თავი დაუქნია.
-მგონი, თამაშის წესებიც ზუსტად ასეთი უნდა იყოს
-ესე იგი, ათიანში მოვარტყი
-სავარაუდოდ -სასმელი ოდნავ მოსვა და აარონს თავისი ჭიქისკენ ანიშნა -მოგეწონა ნაზავი?
მამაკაცმა, პასუხის გაცემამდე სითხე ჭიქაში დაატრიალა, კიდევ ერთხელ შეხედა ანასტასიას გამომცდელად და ოდნავ გაეღიმა
-მგონი არა უშავს -თქვა მან -რაღაც უცხო გემო აქვს, თითქოს არც ერთი სასმელის არომატი არ იგრძნობა, რადგან ერთმანეთს ანეიტრალებენ
ანასტასია უკვე ბარათების უკუღმა ამოტრიალებით გახლდათ დაკავებული. ბოლო მათგანიც რომ ამოაბრუნა, დივანზე ორივე ფეხი აიკეცა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა თავისი ჭიქიდან
-კარგი, დროა დავიწყოთ, ყველაფერი მზადაა
-მაშინ, პირველობას შენ გითმობ
გოგონამ სიტყვის უთქმელად გადახედა, დივანზე გაშლილ ბარათებს. რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ, ხელი ერთ-ერთი მათგანისკენ წაიღო. უკვე იცოდა, იქ ნამდვილი საშინელება ამოუვიდოდა და ინტუიციამაც არ უმტყუვნა. ბილეთზე აბსოლუტური სიგიჟე ეწერა.
-რა ამოგივიდა? -მისი გამომეტყველების მიხედვით, არც აარონს გასჭირვებია მიმხვდარიყო, რომ ანასტასია, ბარათზე ამოკითხული დავალებით, აღფრთოვანებული ნამდვილად არ დარჩენილიყო
-ჩემი მობილურის სატელეფონო წიგნაკში, რიგით მეათე აბონენტს უნდა დავურეკო და ვთხოვო, რომ ჩემზე დაქორწინდეს -ამის თქმისას, ანასტასიამ ბარათი დივანზე დადო, მერე კი ტელეფონი მოიმარჯვა და ეკრანს ბლოკი მოხსნა
-მართლა აპირებ ამის გაკეთებას?
-რა თქმა უნდა -წამით მობილურს მოწყდა და ისე მიუგო -არა მარტო მე, შენც ყველაფრის შესრულება მოგიწევს რაც ბარათში გეწერება. თამაში თუა, თამაში იყოს
-კარგი, რა გაეწყობა. ნახე ვინ არის შენი რიგით მეათე აბონენტი?
-ჰო, ვნახე -გაეცინა ანასტასიას -არც მეტი, არც ნაკლები ჩემი ძმა
-აშკარად იფიქრებს, რომ ზედმეტი ალკოჰოლი მოგივიდა -ჭიქაში ვისკი ჩაამატა აარონმა და დივნის საზურგეს უფრო კომფორტულად მიაწვა -კავშირი ხმამაღალზე ჩართე
-მისი რეაქცია გაინტერესებს, არა?
-ნებისმიერს დააინტერესებდა -მხრები ღიმილით აიჩეჩა მან. ანასტასიას უკვე მოესწრო ზარის გაშვების ღილაკისთვის თითის დაჭერა და ტელეფონიც Loud Speak-ზე იყო დაყენებული. ამის გამო, გაბმული ზუმერის ხმა მთელს ოთახში ექოდ ისმოდა
-სავარაუდოდ, ახლა უკვე სძინავს და მისი გაღვიძება მომიწევს -ხმადაბლა თქვა ანასტასიამ -დილით, ის და ლარა პარიზში მიფრინავენ და ადრე დაწვებოდნენ
-როგორც შენ თქვი, თამაში, თამაშია და ყველაფერი უნდა შესრულდეს, რასაც ბილეთები გვიკარნახებენ
-სწორედ მაგას ვაკეთებ ახლა -ნიშნის მოგებით უპასუხა და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, რომ ზუსტად იმ წამს, ყურმილში სანდროს ნამძინარევი ხმაც გაიგონა
-გისმენ, ანასტასია
აარონი საუბრის მოსასმენად მოემზადა, ანასტასიამ კი ვისკის ჭიქა ცოტა ხნით დივნის სახელურზე შემოდო და მობილური ხელში დაიჭირა.
-გაგაღვიძე?
ყურმილში ცოტა ხნით მხოლოდ მშვიდი სუნთქვა ისმოდა. გოგონამ ისიც კი იფიქრა, სანდროს კვლავ ჩაეძინაო, თუმცა ეჭვები მაშინვე გაეფანტა, როდესაც მისი ხმა კვლავ გაიგო
-ჰო, მეძინა. შენ რატომ რეკავ ასე გვიან? რამე ხომ არ მოხდა? -ბოლო სიტყვებზე ღელვა დაეტყო მის ტონს
-არა, არაფერი მომხდარა, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ, მინდოდა რაღაც მეკითხა
-კარგი, მკითხე
აარონს ჩუმი სიცილი აუტყდა, რაზეც ანასტასიამ თვალები აატრიალა და მხარზე მსუბუქად უჩქმიტა, მერე კი კვლავ გაწყვეტილ საუბარს მიუბრუნდა.
-მოდი, პირდაპირ გეტყვი და შენც დაუფიქრებლად მითხარი პასუხი
-ანასტასია გისმენ-მეთქი
-კარგი, მოკლედ, ჩემზე დაქორწინდები თუ არა?
ყურმილში რამდენიმე წამიანი პაუზა ჩამოვარდა, შემდეგ კი იგი სანდროს ხმამ შეცვალა.
-სიამოვნებით, დაიკო, მაგრამ ინ’ცესტის მომხრე არ ვარ. ახლა მითხარი, რამდენი დალიე, სად და უკვე სასტუმროში ხარ თუ არა?
-დამშვიდდი, უკვე ნომერში ვარ -სიცილი ძლივს შეიკავა ძმის სიტყვებზე -კარგი, ახლა ძილი გააგრძელე, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ. რომ ჩაფრინდებით, აუცილებლად დამირეკეთ
-ჰო, დაგირეკავ. სხვა დროს ეცადე ალკოჰოლის დოზა მოზომო და აღარც მე გამაღვიძო ასეთი სულელური კითხვების გამო. ტკბილი ძილი, გადარეულო
-შენც ასევე, სან
კავშირი გაწყდა.
გოგონამ რომ ტელეფონი თავის ადგილას დააბრუნა, აარონი უკვე უკუღმა ამოტრიალებულ ბილეთებს აკვირდებოდა და ფიქრობდა რომელი მათგანი ამოერჩია თავისთვის.
-კარგი, ჩემი პირველი დავალება შესრულებულია. ახლა ვნახოთ შენ რა გელის
აარონმა გოგონას გვერდულად გამოხედა.
-ასე ძალიანაც ნუ გიხარია, გარწმუნებ, არც ერთი დავალების შესრულება არ გამიჭირდება
-ამას დრო გვიჩვენებს, ახლა კი, მიდი ამოიღე რომელიმე მათგანი
ანასტასიას ბოლო სიტყვების შემდეგ მამაკაცს ბევრი აღარ უფიქრია, ერთმანეთში არეული ბარათებიდან ერთ-ერთი მათგანი ამოირჩია და ზედმეტი გაჭიანურების გარეშე წაიკითხა მისი წარწერა. უნდა ეღიარებინა, დავალება არც ისეთი საშინელი იყო, მაგრამ დაფიქრებას მაინც მოითხოვდა.
-რამე ისეთი უნდა გავაკეთო, რაც ჩემი ასაკის ადამიანისთვის სიგიჟედ ჩაითვლება -უთხრა მან ანასტასიას, ვისაც აშკარად აინტერესებდა რა ეწერა აარონის ბარათს -თუ გინდა მოფიქრებაში დამეხმარე, წინააღმდეგი არ ვარ
-მე, ჩემი თავისთვისაც კი გამიჭირდებოდა მოფიქრება. ჯობს, ისევ შენ მოიშველიო ფანტაზია
-რაღაც უკვე მოფიქრებული მქონდა, მაგრამ ამისთვის მეწყვილე დამჭირდება -მამაკაცმა ანასტასიას შეხედა გამომცდელი მზერით, მერე კი დაამატა -რადგან აქ მხოლოდ შენ ხარ, პარტნიორობაც შენ უნდა გამიწიო
-მაინც, რის გაკეთებას აპირებ?
-რაღაც, რაც ჩემი ასაკის ადამიანისთვის სიგიჟედ ითვლება, მაგიდაზე ცეკვაა -თქვა მან ღიმილით -თუმცა ამის მარტო გაკეთებას არ ვაპირებ
ანასტასიამ მაშინვე თავი გააქნია, როგორც კი მამაკაცის სიტყვების არსს ჩაწვდა.
-შანსი არ გაქვს, აარონ, ამას არ გავაკეთებ
-რა თქმა უნდა გააკეთებ -მაჯაში ხელი ჩაავლო მან, გოგონას და ფეხზე სწრაფად წამოაყენა. ანასტასიას კიდევ უნდოდა წინააღმდეგობის გაწევა. სცადა კიდეც ამის გაკეთება, თუმცა ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, გააზრებაც კი ვერ მოასწრო. ოთახში, სადაც აქამდე მხოლოდ მათი საუბარი ისმოდა, ახლა მუსიკის ხმაც აჟღერდა და ისე მოულოდნელად აღმოჩნდა მამაკაცის მკლავებში, სიტყვის თქმაც აღარ დასცალდა.
-გაგიჟდი? ახლავე დამსვი, მაგიდაზე ცეკვას არ ვაპირებ
საერთოდ არ დაუბრკოლებია აარონი გოგონას წინააღმდეგობას. თავადაც არ სჯეროდა, რომ ამ სიგიჟის გაკეთებას მართლა აპირებდა, თუმცა ანასტასიასთან ყოფნა, მასზე თითქოს უჩვეულო ზეგავლენას ახდენდა და სრულიად სხვა პიროვნებად გარდაქმნიდა.
-კარგი, ახლა კისერზე ხელები მომხვიე და შეეცადე მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთო, თორემ ჭურჭელი მთლიანად დაილეწება -მაშინვე სცადა მისი გაფრთხილება მამაკაცმა, როგორც კი მაგიდის ზედაპირზე აღმოჩნდნენ. აარონს, ანასტასიას წელზე ხელები ჰქონდა შემოხვეული და ასე ცდილობდა მის დაჭერას, რათა პარტნიორი არ გაქცეოდა.
-უსამართლობაა, რომ მეც ჩამითრიე შენს დავალებაში -წარბებშეკრული მზერა მიაპყრო მას, გოგონამ, თუმცა თხოვნა მაინც შეუსრულა და კისერზე ორივე ხელი ნაზად შემოხვია
სასიამოვნოდ დაახვია ანასტასიას თავბრუ მამაკაცის სურნელმა. ვერც კი გაიაზრა ისე აჰყვა მის ფრთხილ მოძრაობებს და პერანგის საყელოსთან ცხვირი ახლოს მიუტანა, რათა უფრო კარგად შეეგრძნო მისგან წამოსული არომატი.
-ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შენში ამხელა სიგიჟე იმალებოდა -აარონის მოძრაობებს აყოლილმა თქვა გოგონამ და მტკიცე მზერა შეაგება, მაშინ, როდესაც მამაკაცი, მკლავზე გადაწვენილს ჩააშტერდა თვალებში
-იმედია, ეს საიდუმლო ამ ოთახში დარჩება, ჩემსა და შენ შორის
ამ დროს, მაგიდიდან უეცრად გადავარდნილი ლარნაკის მსხვრევის ხმა გაისმა, რაზეც ორივეს სიცილი აუტყდათ. უბრალოდ იდგნენ მაგიდის ზედაპირზე, ერთმანეთთან ძალიან ახლოს და შექმნილი მდგომარეობა ორივეს ამხიარულებდათ.
-ამ ლარნაკის ხარჯებს შენ აანაზღაურებ, აარონ ქალდანო -აცნობა ანასტასიამ მაშინვე, როგორც კი სული მოითქვეს და სახეზე, ღიმილიანი გამომეტყველების ადგილი, სერიოზულმა დაიკავა
-წებოვანი ლენტი რომ შემოვაკრათ, ვითომ ძალიან დაეტყობა?
-მართლა არანორმალური ხარ -კვლავ გაეცინა ანასტასიას, თავის წინ მდგომ პიროვნებას თვალებში შეხედა და მისი კისრიდან ხელები მხრებზე გადაიტანა -კარგი, მგონი მაგიდის ზედაპირზე შესრულებული ვალსი დიდხანს გაგვეწელა. წამოდი, თამაში განვაგრძოთ
აარონი, ჯერ თვითონ ჩავიდა ძირს, შემდეგ ანასტასიას დაეხმარა ჩამოსვლაში და კვლავ დივანზე გადაინაცვლეს, სადაც უცნობი დავალებებით სავსე დანარჩენი ბარათები ელოდათ.
ვინაიდან, ჯერი ანასტასიაზე იყო დამდგარი, გოგონამ დიდად აღარ გააჭიანურა, მალევე ამოიღო მორიგი ბილეთი და ინგლისური წარწერის ქართულად ნათარგმნი ვერსია ხმამაღლა წაიკითხა :
-„მოუყევით საპირისპირო სქესისადმი თქვენი პირველი სერიოზული გატაცების შესახებ, თქვენი თამაშის პარტნიორს“ -სიტყვების ბოლოს, ანასტასიამ ღრმად ამოისუნთქა და თავი გადააქნია -მგონი ეს დავალება ჩავარდა
-რატომ?
-იმიტომ, რომ სერიოზული გატაცება არ მქონია
-მაშინ სერიოზული მოაშორე და უბრალოდ გატაცებაზე მოყევი -ჭიქა კვლავ ვისკით შეუვსო მამაკაცმა და ცოტა თავისთვისაც დაისხა. ანასტასიას გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით, ცდილობდა ვინმე ისეთი გაეხსენებინა, ვისზეც ასეთ სიტუაციაში რამის მოყოლას შეძლებდა
აარონის გამომეტყველებას რომ შეხედა, სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
-ახლა ჭორიკანა ქალის მზერა გაქვს, ვინც მეზობლისგან ახალი და ცხელი ჭორების გაგებას ელის
-რატომაც არა? საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი, ანასტასია მარგიანი თავის პირადზე საუბარს იწყებს, ექსკლუზიურად ჩემთვის -თავადაც გაეცინა მამაკაცს
-თუ გინდა კამერა ჩართე და შოუც ჩავწეროთ
-ბედი შენი, რომ შენიღბული ჟურნალისტი არ ვარ
-მართლაც რომ -თავი დაუქნია და ჭიქიდან ერთი ყლუპი მოსვა. მერე, სასმელი ძირს დადო, თითები ერთმანეთს გადააჭდო და იმის მოყოლა დაიწყო, რაც ძალიან დიდი ხნის წინათ იყო მომხდარი
-მოკლედ, მაშინ ათი წლის ვიყავი -ცალი თვალით გახედა ანასტასიამ, რათა ამ სიტყვებზე აარონის რეაქცია შეემოწმებინა. მამაკაცი უბრალოდ იჯდა, ნიკაპით ხელის გულს ჩამოყრდნობოდა და თვალებით ანიშნებდა განაგრძეო
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და წამოწყებულ საუბარს მიუბრუნდა.
-სკოლაში ერთ მერხთან ვიჯექით და შინ წამოსვლისას, მუდამ ჩემი ჩანთაც მოჰქონდა ხოლმე, თავისთან ერთად. მისი სახელიც არ მახსოვს. მხოლოდ ის მაგონდება, რომ ნახშირივით შავი თვალები ჰქონდა და ხვეული თმა.
-სულ ეს იყო? -ანასტასიას სიჩუმემ რომ ოთხ წამს გადააჭარბა, მხოლოდ მაშინ შეეკითხა აარონი
-ჰო . . . მერე სხვა სკოლაში გადაიყვანეს და ორ კვირიანი დეპრესია მქონდა ამის გამო. ამ დროის განმავლობაში, საჭმლის ჭამაზეც უარს ვამბობდი. მხოლოდ მაშინ გამომიკეთდა გუნება, როდესაც დედამ ჩემი ოცნების მობილური მიყიდა -სავარძლის საზურგეს ჩამოადო თავი ბოლო სიტყვებზე და სხეული მოადუნა. ხელში დაჭერილი ჭიქა, რომელშიც ჯერ კიდევ იყო ჩარჩენილი ცოტაოდენი სასმელი, საერთოდ არ გახსენებია. მხოლოდ მაშინ მოაგონდა მის შესახებ, როდესაც მაისურზე სისველე იგრძნო და როგორც კი გასწორდა, მაშინვე მოყავისფრო ლაქა შენიშნა თავის ნაცრისფერ პიჟამაზე
-ჯანდაბა, სასმელი გადავისხი -სახე მოეღუშა ანასტასიას, ფეხზე სინათლის სიჩქარით წამოხტა და ხელსახოცის შეკვრას ეცა, რათა ცოტათი მაინც გაეწმინდა დასვრილი მაისური
-ხომ არ დაგეხმარო? -აარონმაც დადო თავისი ჭიქა და ფეხზე წამოდგა
-არა, არ გინდა. სააბაზანოში შევალ და ვეცდები ლაქა ამოვიყვანო -ამ სიტყვებით, იგი კარადას მიუახლოვდა, ის მაისური გამოიღო რაც ხელში პირველად მოჰყვა და სანამ სააბაზანოში შეიკეტებოდა აარონს გახედა -არსად წახვიდე, მალე გამოვალ და გავაგრძელოთ
-ნუ ღელავ, მე, ვისკი და კოლა შენს მოსვლამდე კარგად გავერთობით
-აბა თქვენ იცით -ღიმილით გამოაღო კარი და შიგნით შევიდა
მაისურზე ლაქა არც ისე დიდი იყო, თუმცა მაინც ნერვიულობდა. თავისი უმცროსი დისგან ნაჩუქარი ეს პიჟამა, მართლაც რომ განსაკუთრებულად უყვარდა და არ სურდა იგი გადასაგდები გახდომოდა.
სააბაზანოს თაროზე, სხვადასხვა ფორმისა და ზომის შუშები ეწყო. ანასტასიამ დაკვირვებით გადაათვალიერა რამდენიმე მათგანი, იქედან წარწერის საშუალებით ამოირჩია მათეთრებელი, ნიჟარასთან მივიდა, მაისური შიგნით მოათავსა და მასზე დამჩნეულ ლაქას ხსნარი ფრთხილად გადაასხა.
გამოსაცვლელი ტანსაცმელი სააბაზანოს მაგიდაზე ჰქონდა დადებული, ამიტომ იგი სწრაფად გადაიცვა, კიდევ ერთხელ დახედა ნიჟარაში ჩადებულ მაისურს და გადაწყვიტა სანამ ქალა ამოვიდოდა, კვლავ ოთახში დაბრუნებულიყო, აარონთან
საშინლად სიამოვნებდა ანასტასიას მასთან ყოფნა, დროის გაყვანა და მამაკაცთან საუბარი. პირველად ხდებოდა გოგონას ცხოვრებაში, რომ თითქმის უცნობ ადამიანს, ამდენად მოკლე დროში მისცა დაახლოვების საშუალება, თუმცა ამაზე სულაც არ დარდობდა. გული უგრძნობდ, რომ აარონის შეფასებაში არ ცდებოდა და იგი ნამდვილად იმსახურებდა იმ ნდობას, რაც ანასტასიას მისდამი გააჩნდა.
-მორჩა, დავბრუნდი -ოთახში შესულმა, მაშინვე წამოიძახა გოგონამ, აბაზანის კარი სწრაფად მიხურა და დივნისკენ წასული შუა გზაში გაშეშდა
სურათმა, რომელიც იქ დახვდა, ჯერ გაოცება მოჰგვარა, შემდეგ კი, ოდნავი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში. აარონს, ვინც ცოტა ხნის წინ დატოვა, ვისკის ბოთლთან ერთად, თავი ბალიშებზე მიედო, ჭიქიანი ხელი ძირს დაეშვა, მეორე შუბლს ქვემოთ ამოედო და ისე ბავშვურად და საყვარლად ეძინა, ანასტასიამ ფეხაკრებითაც კი დაიწყო სიარული, რათა უნებურად არ გაეღვიძებინა.
პირველ რიგში, დივანზე უწესრიგოდ მიყრილი ბარათები ჩააბრუნა სპეციალუად მისთვის განკუთვნილ ყუთში გოგონამ. მერე კარადიდან დამატებითი პლედი გამოიღო და ფრთხილად მიუახლოვდა დივანზე მიძინებულ აარონს. რა თქმა უნდა, შეეძლო გაეღვიძებინა და ეთხოვა თავის ნომერში დაბრუნებულიყო, თუმცა რატომღაც ასე მოქცევა არ სურდა. თითქოს მამაკაცი, იმ უჩვეულო სითბოდ ქცეულიყო, რომლის გარეშეც ოთახში საშინელი სიცივე დაისადგურებდა.
ანასტასიამ, აარონს პლედი გადააფარა და სასმელის ბოთლი კვლავ მაგიდაზე დააბრუნა, ვისკის ჭიქებთან ერთად. თავად ჯერ კიდევ არ ეკარებოდა ძილი, ამიტომ იატაკზე, პირდაპირ მამაკაცის თავთან ჩამოჯდა, მოხერხებულად მოეწყო და მის მძინარე სახეს დააკვირდა.
უნდა ეღიარებინა, საშინლად სიმპათიური იყო აარონი. მამაკაცის სწორი ცხვირი, გრძელი წამწამები, სავსე ბაგეები, გამოკვეთილი ყბები და ლამაზად მორკალული წარბები , მთლიანობაში იმდენად მომაჯადოებელ კომბინაციას ქმნიდა, მაშინვე ყურადღების ცენტრში ახვედრებდა ამ ვიზუალის პატრონს.
გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა და კვლავ გაახილა. მართალია, მასსა და აარონს შორის არაფერი ხდებოდა და მამაკაცსაც არასდროს გამოემჟღავნებინა მისდამი განსხვავებული ინტერესი, თუმცა გულის სიღრმეში, ალბათ ყოველთვის გრძნობდა ანასტასია რაღაც აუხსნელ ქიმიას. სწორედ ამ ქიმიამ იქონია დიდი გავლენა გოგონას შემდგომ საქციელზე :- იგი უფრო ახლოს მიიწია აარონის თავთან, ხელი ასწია და საჩვენებელი თითით, მის სახეზე დაიწყო კონტურების ხაზვა, თან ისე, რომ მამაკაცს ოდნავადაც არ ეხებოდა.
შეუხებლად დაატარებდა თითებს მის წარბებზე, ცხვირზე, ყბებზე, ტუჩებსა თუ ნიკაპზე. იმ წამებში, ანასტასიას გონება თითქოს გათიშული იყო და ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. არც ჩაღრმავებია თავის ქცევებს და არც იმაზე უფიქრია, რატომ სჩადიოდა ამ ყველაფერს. თავის უჩვეულო სტიქიაში მყოფი, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც აარონი ოდნავ შეირხა, მკლავი უფრო მოხერხებულად მოხვია ბალიშს და უწინდელივით მშვიდი, თანაბარი სუნთქვა განაგრძო.
ანასტასია უკვე ფეხზე იდგა და ამჯერად შორიდან უყურებდა მძინარე მამაკაცს. მისი გონება ელვის სისწრაფით ამუშავებდა ცოტა ხნის წინანდელ ეპიზოდებს. თითის ბალიშები ისე ეწვოდა, თითქოს მართლაც შეხებოდა აარონის სახეს და განცდილი შეგრძნებები უკვე ძალიან ეუცხოვებოდა.
ახალი იყო ეს ანასტასიასთვის. იმდენად ახალი და უჩვეულო, რომ წამით ისიც კი იფიქრა სისულელეაო. აწყობდა კიდეც ასე ყოფილიყო, თუმცა მერე ისევ მამაკაცის სახეს შეხედა და როგორც კი მასთან სიახლოვის დაუოკებელი სურვილი იგრძნო, გოგონას ბაგეებს უნებურად დასცდათ სიტუაციისთვის შესაბამისი და სრულიად ბუნებრივი შეკითხვა:
-ნუთუ შენც გაები ანასტასია მარგიანო? ნუთუ მართლა გაები?


2016 წელი . . . 1 მაისი

ერეკლემ მანქანა უკვე კარგად ნაცნობი კორპუსის წინ გააჩერა და როგორც კი სადარბაზოდან ზურგჩანთით გამომავალ გოგონას მოჰკრა თვალი, აბურდული ყურსასმენების გახსნით რომ იყო დაკავებული, მაშინვე შვებით ამოისუნთქა.
-ესეც ასე, მოგისწარი -თქვა მან მხიარულ ტონზე, შემდეგ ამუშავებული ძრავა გამორთო, მზის სათვალე მოიხსნა და მანქანიდან გადასვლის თანავე გოგონას დაუძახა:
-სადმე მიგეჩქარებათ, ქალბატონო ვერონიკა?
ბიჭის სიტყვებს იმაზე სწრაფი რეაგირება მოჰყვა, ვიდრე ამას თავად იფიქრებდა. მაშინვე მიანება თავი გოგონამ აბურდულ ყურსასმენებს, თავი მაღლა ასწია და იმ მიმართულებით გაიხედა, საიდანაც, რამდენიმე წამის წინ ხმა მოესმა.
მანქანასთან მდგომი ადამიანის დანახვამ მის სახეს ოდნავი ღიმილი მოჰგვარა, თუმცა ეს უკანასკნელი სახიდან მალევე მოიშორა. არ სურდა ბიჭისთვის მისი დანახვისგან მოგვრილი სიხარული ეჩვენებინა.
-აქ საიდან გაჩნდი? -ჰკითხა მან წარბების აწევით -ამ კორპუსს ისე ხშირად სტუმრობ, მგონი მალე მეზობლებთანაც დაიწყებ ჭიქა ყავაზე სიარულს
-სიმართლე გითხრა, აქ შენს მეზობლებთან საჭორაოდ კი არა, იმისთვის მოვედი, რომ კარატეს გაკვეთილზე წაგიყვანო
-სამწუხაროა, არადა მეორე სართულზე მცხოვრები კლარა ბებო იდეალურ ყავას ამზადებს და მკითხაობაც კარგად ეხერხება -ნიშნის მოგებით მიუგო გოგონამ
ერეკლემ ჯერ შესაბამისი სართულის ფანჯარას ახედა, შემდეგ კი ვერონიკას მიუახლოვდა რამდენიმე ნაბიჯით.
-გასაგებია -თქვა მან -ამ დღეებში აუცილებლად შევუვლი შენს კლარა ბებოს, ახლა კი გაკვეთილზე ვაგვიანებთ
-გაკვეთილები ახლა გაგახსენდა? ცხრა დღეა არ გამოჩენილხარ -მაშინვე მიახალა გოგონამ, თუმცა ენაზე კბენა და თავში ხელის შემორტყმა უკვე გვიანი იყო. არც დროის მანქანა ჩანდა სადმე, რათა ნათქვამი სიტყვები უკვალოდ გაექრო ერეკლეს გონებიდან
-აჰა, ანუ დღეებსაც ითვლიდი -მაშინვე გამხიარულდა ბიჭი, თან არც რონის დაბღვერილი მზერა დარჩენია შეუმჩნეველი -გმადლობ ინფორმაციის მოწოდებისთვის, თურმე ცხრა დღე გამიცდენია
-მეჩქარება, უნდა წავიდე -გოგონამ იგრძნო, რომ მის თვითკმაყოფილ მზერას ვერ გაუძლებდა. ამის გამო გაცლა ამჯობინა, თუმცა მაჯაში ჩავლებულმა ძლიერმა ხელმა წასვლის უფლება არ მისცა
-მოიცა, რონი -იმოდენა სითბო ამოიკითხა ერეკლეს ხმაში, კინაღამ ადგილზე დადნა. მის მდელოსფერ თვალებს რომ ჩახედა და ზედმეტად ახლოს იგრძნო ბიჭის სუნთქვა, ლამის საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი. მიუხედავად ამისა, ჩვეული სიამაყე და თავდაჯერებული გამომეტყველება, რაღაც ძალის ფასად მაინც შეინარჩუნა
-შენს გამო გაკვეთილზე დავაგვიანებ -უთხრა მშვიდად გოგონამ, თან მაჯაზე შემოხვეულ ხელზე ანიშნა -არ გამიშვებ?
-ჩემი სახლიდან შენს სახლამდე მოსასვლელი გრძელი გზა მხოლოდ იმიტომ გამოვიარე, რათა წამეყვანე. მიდი, დაჯექი და გპირდები ერთი წამიც არ დაგვაგვიანდება
რონის ძალიან უნდოდა თანხმობა ეთქვა, თუმცა უარის ნიშნად მაინც თავი გადააქნია. შური უნდა ეძია ერეკლეზე იმ დღეებისთვის, როცა უგზოუკვლოდ იყო გადაკარგული და გაკვეთილებსაც ერთმანეთის მიყოლებით აცდენდა.
-არა, გმადლობ, ჯობს ტაქსით წავიდე -ამის თქმისას, ბიჭმა მის მაჯას ხელი შეუშვა და კვლავ მანქანის კარი გამოაღო. გოგონა უკვე დარწმუნებული იყო, რომ მეტ თხოვნას აღარ დაუწყებდა და უბრალოდ თავის გზაზე წავიდოდა, თუმცა შეცდა. ერეკლემ, მანქანის სალონში რამდენიმე წამიანი ქექვის შემდეგ, იქედან რაღაც ყვითელი ფერის ნივთი გამოიტანა, მანქანას ზემოდან შემოადო და კვლავ გოგონას გახედა სერიოზული სახით.
-ვიცოდი, რომ ტაქსით წასვლა მოგინდებოდა -თქვა მან, თან ავტომობილზე შემოდებული ტრაფარეტი გაასწორა, რომელსაც შავი ასოებით ეწერა “TAXI” -უკვე მიზეზი აღარ გაქვს, რათა უარი მითხრა
რამდენი ეცადა გოგონამ, როგორი ცუდი ამბები არ გაიხსენა, რათა იმ წამს არ გასცინებოდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, თვალებზე ხელის გული მიიფარა და სიცილი აუტყდა.
-ნამდვილი გიჟი ხარ, ერეკლე -იმ დღეს, პირველად მიმართა სახელით ბიჭს, თუმცა სიცილში გართულს ეს არც შეუმჩნევია -ტაქსის ტრაფარეტი სად იშოვე?

-ამას გზაში მოგიყვები -მესაჭის გვერდითა კარი უკვე გამოღებული ჰქონდა, მასთან გამოცდილი მძღოლივით დამდგარიყო და გოგონას ჩაჯდომას ელოდებოდა
-მიდი, რაღას უცდი? თუ დავაგვიანებთ სენსეი დაგვსჯის და ოთხი აგურის შუბლით გატეხვას გვაიძულებს
გოგონამ საათს დახედა. სულ რაღაც ათი წუთი ჰქონდა დარჩენილი. ახლა ავტობუსის ლოდინიც უაზრობა იყო და ტაქსის გამოძახებაც. ორივე ვარიანტში დაგვიანება მოუწევდა, დაგვიანებას კი ვერ იტანდა, ამიტომ გადაწყვიტა ისევ ერეკლეს შემოთავაზებას დათანხმებოდა და მის მანქანაში ყველანაირი კომენტარის გარეშე ჩაჯდა.
სასიამოვნო აურა სუფევდა სალონში. გაუკვირდა კიდეც მამრობითი სქესის წარმომადგენლისგან ასეთი სუფთა, მოვლილი ავტომობილი და ამ ფაქტით, ძალიან ნასიამოვნებიც დარჩა.
-რა მოხდა, რატომ გეღიმება? -ჰკითხა ერეკლემ მაშინვე, როგორც კი საჭესთან დაიკავა კუთვნილი ადგილი
-ისეთი არაფერი, უბრალოდ გონებაში ერთი ქულა დაგიწერე
ბიჭი მხოლოდ მანქანის დაქოქვისა და მისი გზაზე გაყვანის შემდეგ დაინტერესდა, თუ რასთან დაკავშირებით დაიმსახურა ეს ქულა.
-უჩვეულოდ სუფთა მანქანის გამო -პასუხის გაცემის პარალელურად, ზემოდან სარკე ჩამოსწია გოგონამ, რადგან მაისის მცხუნვარე მზე პირდაპირ თვალებში ანათებდა და ნორმალურად ხედვაში უშლიდა ხელს
-თუ ასეა, მეც დაგიწერე ერთი ქულა
-მაინც, რაში? -მისკენ არც გაუხედავს ისე ჰკითხა. პასუხს არ დაუყოვნებია :
-იმის გამო, რომ იდეალურად გამოიყურები -თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ერეკლემ გოგონა და როდესაც მიხვდა, რომ მოკლე შორტებში გამოწყობილი ვერონიკა ყურადღებას უფანტავდა, მაშინვე საჭეს მოუჭირა ხელები -გთხოვ, ჩანთა ფეხებზე დაიდე, მანქანა უნდა ვმართო
-შენ რა, მოკლე შორტებში გამოწყობილი გოგო აქამდე არ გინახავს? -სიცილით ჩაეკითხა რონი, თუმცა იმ წამს საერთოდ არ ეცინებოდა. რაღაც აუხსნელ ჟრუანტელს გრძნობდა და ეს იმდენად ითრევდა თავის მორევში, რომ ცოტათი ეშინოდა კიდეც
-მოკლე შორტებში გამოწყობილი გოგო ბევრჯერ მინახავს, რონი -სალონში რომ ერეკლეს ხმა გაისმა, გოგონამაც ინსტიქტურად მიატრიალა თავი მისკენ -თუმცა მოკლე შორტებში გამოწყობილი გოგო, ვინც გონებას მირევს მხოლოდ შენ ხარ
ამით ყველაფერი ნათქვამი გახლდათ. თითოეული განცდა და გრძნობა იყო ჩატეული ერთ წინადადებაში, რომელიც იმდენად გულწრფელად ჟღერდა ერეკლეს მხრიდან, გოგონა დაუოკებელმა სურვილმაც კი შეიპყრო ის ბაგეები დაეგემოვნებინა, საიდანაც ცოტა ხნის წინ თქმული სიტყვები ამოვიდა.
იმ ეტაპზე, სურვილი მხოლოდ სურვილად დარჩა და დანიშნულების ადგილამდე დარჩენილი გზაც სრულ მდუმარებაში გალიეს.


ლას-ვეგასიდან, ლოს-ანჯელესში, საღამოს შვიდი საათისთვის ჩაფრინდნენ ანასტასია და აარონი. აეროპორტიდან გამოსულებმა, პირდაპირ ტაქსი გამოიძახეს, რომელმაც ჯერ გოგონა მიიყვანა სასტუმრომდე, ხოლო შემდეგ კი აარონი დატოვა თავისი სახლის ჭიშკართან.
როგორც ელოდა, შინ არავინ დახვდა, ამიტომ პირდაპირ სააბაზანოსკენ გაეშურა და წყლის ჭავლის ქვეშ დაყოფილი ათი წუთის შემდეგ, ოთახში სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი გამოვიდა. ცალ ხელში პირსახოცი ეჭირა აარონს, მისი ბოლო მხარზე ჰქონდა გადაგდებული და წყლის წვეთებით დანამულ თმას იმშრალებდა.
დაწყებული საქმე მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როდესაც მისმა ტელეფონმა ზარის ხმა გამოსცა. არც მეტი, არც ნაკლები, ნიცა ურეკავდა.
-განყოფილებაში ხარ? -ჰკითხა, როგორც კი ყურმილი აიღო
-რა? რა განყოფილებაში? -ტელეფონში გოგონას გაკვირვებული ხმა გაისმა
-აბა იჩხუბე და ვინმე შემოგაკვდა?
-დაბოლილი ხარ ძამიკო?
-მხოლოდ მაშინ მირეკავ, როდესაც რაღაც შარში ეხვევი. ვცდილობ გამოვიცნო ამჯერად რა მოხდა -აუხსნა მამაკაცმა თავისი კითხვების მიზეზი
გარკვეული ხნით დუმილი ჩამოვარდა, შემდეგ კი კვლავ გაისმა ნიცას ხმა. აარონს უკვე ხმამაღალ კავშირზე ჰქონდა გადართული და ტანსაცმელს, რომელიც სააბაზანოში შესვლამდე გადაიხადა, სარეცხ მანქანაში ყრიდა.
-ამჯერად, არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ მაინტერესებდა ვინ იყო ის ლამაზმანი შენთან ერთად რომ გამოვიდა აეროპორტის შენობიდან -გოგონას ხმაში დაუფარავი ცნობისმოყვარეობა იკითხებოდა -უნდა ვაღიარო, მისნაირთან მეც კი გავაბამდი რომანს
-მოიცა, აეროპორტში რა გინდოდა? -სარეცხი მანქანის კარი გაკვირვებულმა მიხურა და ტელეფონი ხელში აიღო. მალე ყურმილის მეორე მხარეს მყოფის პასუხიც გაისმა :
-მე და ნიკამ გადავწყვიტეთ აეროპორტში დაგხვედროდით, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა იქედან თუ ვინმესთან ერთად გამოხვიდოდი და არა, მარტო. აბა, მომიყევი რა საქმეებს ხლართავ ძამიკო? ვაღიარებ, ეგ გოგო ყველაზე ლამაზია შენი მრავალრიცხოვანი კოლექციიდან
-ნიცა, ახლა შენი თავი არ მაქვს, თუ მეტი არაფერი გინდა, ყურმილს ვკიდებ! -თქვა და წაიღო კიდეც თითი კავშირის გამწყვეტი ღილაკისკენ, თუმცა გოგონას სიტყვებმა გააჩერა
-არა, არა, არ გამითიშო -რაც შეეძლო სწრაფად მიაყარა მან -უბრალოდ მე და ნიკა სახლში ვბრუნდებით და შეამოწმე მაცივარში მარწყვის პუდინგი დარჩა თუ არა. მარკეტში ვაპირებთ შევლას და თუ აღარ არის, მაშინ წამოვიღებთ
აარონი პასუხის გაცემის გარეშე გავიდა სამზარეულოში და გეზი პირდაპირ უზარმაზარი მაცივრისკენ აიღო, რომელიც თითქმის კედლის ნახევარს ფარავდა.
სხვა მრავალფეროვან პროდუქტსა და სასუსნავს შორის, პუდინგი ვერსად დალანდა, ამიტომ კარებები კვლავ დახურა და ტელეფონს დაწვდა.
-გათავებულა, შეგიძლიათ წამოიღოთ -თქვა მან -სახლში რამდენ ხანში იქნებით?
-დაახლოებით ოც წუთში. დროებით ძამიკო . . . იცოდე, იმ გოგოზე კიდევ გკითხავ და თუ შენი შეყვარებული არ აღმოჩნდა, ნიკუშა გამოაცხადებს მასზე ნადირობას
აარონმა იგრძნო, თუ როგორ აასხა ტვინში სისხლმა ამ სიტყვების მოსმენისას და ვერც კი გააცნობიერა ისე შეკრა მარჯვენა მუშტი.
-ეგ გოგო იმ კატეგორიას არ ეკუთვნის, როგორებსაც ნიკა დასდევს, ამიტომ, არც კი გაბედოთ მეორედ ამ თემის წამოჭრა!
დის პასუხისთვის არ დაუცდია, მამაკაცს. მობილური გაბრაზებულმა მიაგდო დივანზე, თავადაც მასზე ჩამოჯდა და საზურგეზე თავჩამოყრდნობილი ღრმა ფიქრებს მიეცა. იმ ფიქრებს, სადაც მხოლოდ ანასტასია მარგიანი ტრიალებდა. მხოლოდ ის და მეტი არავინ.















8 8 8 8



2016 წელი. 7 მაისი

ვერონიკა და ერეკლე კარატეს გაკვეთილიდან ერთად გამოვიდნენ და ავტოსადგომისკენაც ერთად გაემართნენ.
გოგონას მთელი გაკვეთილის მანძილზე შეენიშნებოდა სისუსტე და უხასიათობა, თუმცა ბოლო წუთებში, ყოველივე ეს ძალზედ გაუმძაფრდა და აღარც სახეზე ჰქონდა ნორმალური ფერი.
თავდაპირველად, ერეკლეს ეგონა, რომ ეს ყველაფერი ეჩვენებოდა, თუმცა როდესაც გოგონა შუა გზაზე წაბორძიკდა და შუბლზე ორივე ხელი მიიჭირა, ბიჭი მაშინვე მკლავში წვდა, რათა უნებლიედ არ წაქცეულიყო.
-რა გჭირს, ცუდად ხარ? -აშკარად შეშინებული ხმა ჰქონდა მას. ვერც კი გაიაზრა ისე მოხვია გოგონას წელზე ხელი და თავისთან ახლოს მიიზიდა, რათა უკეთ დაკვირვებოდა -რონი, თქვი რამე
-კარგად ვარ, სერიოზული არაფერია
-არა, არ ხარ -დარწმუნებით მიუგო ბიჭმა და როგორც კი მისი მოვარდისფრო ლოყები შენიშნა, შუბლზე ხელი მიადო. ახლა უკვე დასკვნის გაკეთება აღარ გასჭირვებია :
-ვფიქრობ, სიცხე გაქვს და სუსტად ამიტომ ხარ
-არც მიკვირს, გუშინ ღამით საშინელ წვიმაში მოვყევი -შეწუხებული სახით თქვა და სწორედ იმ დროს, დააცემინა კიდეც
ერეკლეს გაეცინა, თან გოგონას მანქანის კარი გამოუღო.
-ჯანმრთელობა . . . და არც კი შემეწინააღმდეგო, სახლში მე მიმყავხარ
-ისეთი სახით მიყურებ, ვხვდები, რომ შეწინააღმდეგებას ჩემი ზურგზე გადაკიდება და საბარგულში ძალით ჩატენვა მოჰყვება
-ჭკვიანი გოგო ხარ, აზრების კითხვა შეგძლებია -ღიმილით გაეპასუხა ბიჭი, როგორც კი ვერონიკა მარჯვენა სიდენიაზე მოთავსდა. სულ მალე მძღოლის სავარძელიც შეივსო. ერეკლემ საკუთარი ხელით გაუკეთა გოგონას ღვედი და წამით მასთან იმდენად ახლოს აღმოჩნდა, თავი ძლივს შეიკავა არ ეკოცნა. საბოლოოდ, მაინც მოთმინების უნარმა გაიმარჯვა, სურვილთან გამართულ ხელჩართულ ბრძოლაში და მანქანაც დაიძრა.
ვერონიკას სახლისკენ მიმავალ გზაზე ბიჭმა აფთიაქშიც შეიარა და იქედან ისეთი წამლებით დახუნძლული გამოვიდა, რომ გოგონამ სიცილი ვერ შეიკავა.
-ეს მარტო ჩემთვისაა, თუ მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის? -ჰკითხა მან, რაზეც ერეკლეს მხრიდან გამჭოლი მზერა მიიღო
-არ ვიცოდი კონკრეტულად რა პრეპარატს იღებ ასეთ დროს და სხვადასხვა სახეობის წამოგიღე -ისე ამბობდა, თავის მართლებას უფრო ჰგავდა მისი სიტყვები -მერე შენ თვითონ აარჩევ, როდესაც სახლში მივალთ
-მრავლობითი რიცხვი მომესმა?
-ვინმემ ხომ უნდა მოგიაროს? სიცხიანი, საკუთარ თავს მარტო ვერ მიხედავ
-და, შენ საიდან იცი, რომ სახლში მარტო ვარ?
გოგონა რამდენიმე წამით ჩუმად იყო. შემდეგ ერეკლეს გახედა და კვლავ ალაპარაკდა :
-ნებისმიერ შემთხვევაში, იმდენად ცუდადაც არ ვარ, რომ საკუთარ თავს თვითონ ვერ მივხედო. შენი ამოსვლა აუცილებელი არ არის
-მე კი ვფიქრობ, რომ აუცილებელია. ტონზეც გეტყობა რა სუსტადაც ხარ
-ერეკლე . . . -თუმცა აქ ბიჭმა გააწყვეტინა
-არანაირი უარი, რონი. მართალია უბრალოდ მაღალი ტემპერატურაა, მაგრამ შენზე მაინც ვნერვიულობ და მოსვენებას ვერ შევძლებ, თუკი მეცოდინება, რომ ასეთ მდგომარეობაში შენს გვერდით არავინაა
გული, სხეული, გონება -ყველაფერი ერთიანად გაუთბა გოგონას ამ სიტყვების მოსმენისას. ეგოისტურად ესიამოვნა ის ფაქტი, რომ ერეკლე მასზე ამდენად ღელავდა, თან თვითონაც სურდა მასთან უფრო დიდი დროის გატარება და გადაწყვიტა აღარაფერი გაეპროტესტებინა.
-კარგი, რახან არ იშლი, მაშინ ამოდი -მერე გამომწვევად გახედა და დაამატა -თან სააბაზანოში ონკანია გაფუჭებული და იმასაც შეაკეთებ
-რა თქმა უნდა, მე ხომ წინა ცხოვრებაში სანტექნიკოსი ვიყავი
-ჯობს, პირდაპირ აღიარო, რომ ასეთი საქმეები არ გეხერხება
ერეკლემ საჭეს ცალი ხელი აუშვა და გოგონა თავდაჯერებული გამომეტყველებით დააჯილდოვა.
-მაგასაც ვნახავთ, თუ არ მეხერხება -მიუგო მან ჯიბრიანად -ხელის ჩამორთმევის თავი რომ გქონდეს, დაგენიზლავებოდი კიდეც -მწარედ ჩაურტყა ბოლოს, რითაც მის იმჟამინდელ მდგომარეობაზე მიანიშნა
-ნიზლავი არაფერში მჭირდება, ისედაც დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში -არც ვერონიკა ჩამორჩა სიტყვა-პასუხში
-თუ ასეა, ვნახოთ ვისი მოსაზრება აღმოჩნდება სიმართლე
-ეგ მაწყობს -კვლავ საქარე მინას მიადო თავი გოგონამ და სახლამდე დარჩენილი გზა, ხმა აღარ ამოუღია. არც ერეკლე ამბობდა რამეს, უბრალოდ გზას ოდნავი ღიმილით გაჰყურებდა და აღნიშნულ მომენტში, მხოლოდ ვერონიკას გვერდით ჯდომითაც შეეძლო დამტკბარიყო.
ეს ღიმილი არც გოგონასთვის დარჩენილა შეუმჩნეველი, მიუხედავად იმისა, რომ ერეკლესკენ არ იყურებოდა.
ამ დროს, ისიც ისეთივე გაურკვეველ გრძნობებს მოეცვა, როგორსაც ერეკლე, თუმცა ცდილობდა თითოეულ ფიქრს არ ჩაღრმავებოდა. უბრალოდ დინებას მიჰყვებოდა და არარეალურ სიამოვნებას ანიჭებდა ის ფაქტი, რომ იმ დღის კიდევ რაღაც ნაწილს, დიდი იქნებოდა ეს თუ პატარა, თავის ინტერესის ობიექტთან ერთად გაატარებდა.
სახლამდე რომ მივიდნენ, უკვე საღამო ხანი იდგა. რონი უფრო და უფრო გრძნობდა სისუსტეს, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ტემპერატურა თანდათანობით უმატებდა. ამის გამო, ერეკლეს მოუწია იგი მკლავზე ხელის მოკიდებით მიეყვანა ლიფტის კარამდე , რისი საშუალებითაც, ისინი პირდაპირ გოგონას სართულზე ავიდნენ და დიდ, მუხისფერ კარს მიადგნენ.
-გასაღები მომეცი, მე გავაღებ -მაშინვე უთხრა ბიჭმა, როგორც კი ვერონიკა ჩანთის უკანა ჯიბეში ქექვას მოჰყვა. გოგონას ლოყები საგრძნობლად ახურებოდა, თავბრუ ეხვეოდა და ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ფეხზეც კი ძლივს იდგა
-აჰა, აიღე -ათასნაირი ბრელოკით გამდიდრებული ასხმა გაუწოდა მას გოგონამ და თვალდახუჭული, ცალი მხრით კედელს მიეყრდნო. ერეკლეს ხელის შემოხვევა რომ იგრძნო წელზე, სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა და მას კარში მორჩილად შეჰყვა.
ბიჭს ცალ ხელში წამლის პარკები ეჭირა. უნდა ეღიარებინა, აქამდე არასდროს ეზრუნა სიცხიან ადამიანზე და დიდად ვერც ერკვეოდა ამ ყველაფერში, თუმცა ეცადა ყველა პრეპარატის სახელი გაეხსენებინა, რასაც კი ვირუსის დროს დედა აძლევდა ბავშვობაში და ისიც დაგეგმა, რომ გოგონასთვის წვნიანი მოემზადებინა, თუ რა თქმა უნდა, ამას თავისი კულინარიული ნიჭიდან გამომდინარე მოახერხებდა.
-შენი საძინებელი საითაა? -ჰკითხა ბიჭმა როგორც კი კარი დაკეტა -დაგაწვენ და რომელიმე სიცხის დამწევს მოგცემ
-აი, იმ დერეფანს გაუყვები და ბოლოს წინა კარია -ამის თქმისას, კისერზე ხელი ინსტიქტურად გადახვია გოგონამ, რადგან თავბრუსხვევამ საგრძნობლად უმატა
ბავშვობიდან ასე იყო, ტემპერატურა ოდნავ აუწევდა თუ არა, დამოუკიდებლად სიარულიც კი აღარ შეეძლო და მანამ, სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდებოდა, ლოგინიდანაც ვერ დგებოდა.
ერეკლეც ხვდებოდა, როგორ ეძნელებოდა გოგონას დამოუკიდებლად სიარული, ამიტომ, გადაწყვეტილებაც სწრაფად მიიღო, ცალი ხელი მუხლების ქვეშ ამოსდო, მეორე წელზე შემოხვია და ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა ჰაერში.
-აი, ასე სჯობს -თქვა მან, როგორც კი ვერონიკას გაოცებულ სახეს შეხედა -ახლა უკვე აღარ შემეშინდება იმის, რომ შუა გზაში წაიქცევი
რას გრძნობდა რონი ამ წუთას? იმაზე გაცილებით დიდ ჟრუანტელს, ვიდრე მაღალი ტემპერატურა და თავისი მდგომარეობა ჰგვრიდა. ერეკლეს მკლავებში მოქცეულს, ნორმალურად აზროვნებაც კი უჭირდა და მხოლოდ ახლა აცნობიერებდა ბოლომდე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენდა მასზე ეს ადამიანი.
დაუოკებელი სურვილი ჰქონდა მის ყელს, რომელთანაც ასე ახლოს იყო, ტუჩებით შეხებოდა და იქედან ლამაზად გამოკვეთილი ყბებისკენ გაეკვლია გზა. სურვილი რა თქმა უნდა, სურვილად დარჩა. არც გარეგნულად შესტყობია რამე ისეთი, რასაც შეეძლო ერეკლესთვის მისი ფიქრები მიენიშნებინა.
საძინებელში რომ შევიდნენ, ბიჭმა იგი საწოლზე ფრთხილად დააწვინა და პლედი პატარა ბავშვივით გადააფარა. მხოლოდ რამდენიმე წამი ჰქონდა იმისთვის, რათა გოგონას ოთახისთვის თვალი შეევლო, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ იქაურ გარემოს სასიამოვნოდ გაეოცებინა.
რონის საძინებლის კედლები, ღია ცისფრად შეეღებათ. ირგვლივ ისეთი წესრიგი იყო, წვრილმანი ნივთიც კი არ შეგეჩხირებოდათ თვალში ზედმეტად. საწოლისგან მოშორებით, დაახლოებთ ოთხიოდე ნაბიჯში, მთელ სიგრძეზე გაყოლებული გარდერობი მოგხვდებოდათ მზერის ფოკუსში. ამ უკანასკნელს, რვა სარკიანი კარები ჰქონდა და მასში აღბეჭდილ ადამიანის გამოსახულებას, სასაცილო ფორმებში აჩვენებდა.
ოვალის ფორმის ჭაღისგან ცოტა მოშორებით, ჭერიდან საქანელა სავარძელი იყო ჩამოშვებული, რაზეც პატარა, ფერად ბალიშებთან ერთად ფუმფულა სათამაშო კატა იწონებდა თავს.
საწოლის თავს, ლამაზი პეიზაჟი ამშვენებდა, ხოლო მის ბოლოში ოთხგანყოფილებიანი თარო იყო დადგმული. ამ უკანასკნელის ორი ნაწილი წიგნებს ჰქონდა დაკავებული, ერთი სუვენირებს, ხოლო ბოლო დარჩენილი განყოფილებიდან პატარა მუსიკალური ცენტრი მოჩანდა.
ყველაზე მეტად მაინც მარჯვენა კედელზე მიმაგრებული, ორი რვაკუთხა ფორმის ჩარჩო ალამაზებდა საძინებელს. მათზე რონის სხვადასხვა ჯიშის ყვავილებით გაფორმებული ქოთნები შემოედო, რომელთაგან თითოეული, იდეალურად ეხამებოდა ოთახის კედლების ფერს.
გოგონას საძინებელი, საბოლოო ჯამში, მართლაც ძალიან ლამაზი იყო და ეს, არც ერეკლეს დაუმალავს მისთვის:
-გემოვნებიანი ოთახი გაქვს -ამას რომ ამბობდა, თან პლედს უსწორებდა და მის სახეს აკვირდებოდა -ერთი შეხედვითაც გეტყობა, რომ პედანტი ხარ და უწესრიგობას ვერ იტან
-თუ ასეა, შენც პედანტი გამოდიხარ
-მე? რატომ? -გაიკვირვა ბიჭმა, მერე კი საწოლზე ჩამოუჯდა და წამლების პარკში დაიწყო ქექვა, რათა შესაფერისი პრეპარატი ეპოვნა
-კარგად მახსოვს შენს მანქანას როგორც უვლი. ალბათ მასში ყავის დალევის უფლებასაც არავის აძლევ
ერეკლეს ჯერ გაეცინა, შემდეგ წამლების პარკი გვერდზე გადადო და ფეხზე წამოდგა.
-სანამ წამალს მოგცემ, ჯერ ტემპერატურა უნდა გაგიზომო -მკაცრი ექიმივით განუცხადა მან -თერმომეტრი სად ვიპოვო?
რამდენიმე წამის განმავლობაში, გოგონას ჩაფიქრებული სახე ჰქონდა. მერე ბალიშებზე უფრო კომფორტულად მიესვენა და უპასუხა :
-დიდი ხანია აღარ დამჭირვებია, თუმცა მგონი აქ უნდა იყოს -საწოლთან ახლოს მდებარე კომოდის მეორე უჯრისკენ გაიშვირა ხელი მან. ბიჭსაც აღარ დაუყოვნებია, პირდაპირ ვერონიკას მითითებული ადგილისკენ გაემართა და უჯრაში მცირე ხნიანი ქექვის შემდეგ, მიაკვლია კიდეც სასურველ ნივთს
-აი, ვიპოვე
-გმადლობ -ვერონიკამ მას თერმომეტრი ჩამოართვა და საჭირო ადგილას განათავსა. თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, მაღალი სიცხე ექნებოდა და აუხდა კიდეც წინათგრძნობა, როდესაც თერმომეტრმა ოცდაცხრამეტი და რვა ხაზი უჩვენა.
-ჯანდაბა, ფაქტობრივად იწვი -ვერცხლისფერ ხაზს შეწუხებული სახით დასცქეროდა ერეკლე -მოდი, მაშინ ეს გამომართვი -საშუალო ზომის თეთრი აბი გაუწოდა მას ბიჭმა და კომოდზე შემოდებული გრაფინიდან წყალიც ჩამოუსხა -ფარმაცეფტმა მითხრა, მაღალი სიცხის შემთხვევაში ეს ყველაზე ეფექტური საშუალებააო
-ისეთი შეშინებული სახე გაქვს, თითქოს ეს ვირუსი მალე ბოლოს მომიღებს -მის გამომეტყველებაზე ღიმილის შეკავება ვერაფრით მოახერხა გოგონამ -უბრალოდ დამწევს დავლევ და გამივლის -მერე, ერეკლეს ხელის გულიდან აბი აიღო, ენაზე მოათავსა და წყალიც მიაყოლა -მორჩა, ახლა ერთი საათის განმავლობაში ვიწვები და ყველაფერი დასრულდება
-დარწმუნებული ხარ? მე წვნიანის მომზადებასაც ვაპირებდი, გამიგია ასეთ დროს კარგი ეფექტი აქვსო
-დიდი მადლობა, ექიმო ჰაუს, მაგრამ წვნიანის ჭამას მირჩევნია ერთი კვირა სიცხიანი ვიწვე, ლოგინში
-შენც გეზიზღება, არა?
-საშინლად -ცხვირი სასაცილოდ აიბზუა გოგონამ -საბავშვო ბაღშიც ზუსტად იმიტომ არ მივლია, რომ წვნიანები არ მიყვარდა
-კარგი, რახან შენი და წვნიანის დამოკიდებულება გავარკვიეთ, მაშინ ლიმონიან ჩაის დაგალევინებ. იმედია, ეს მაინც არ გეზიზღება
ვერონიკას, ბიჭის ასეთ მზრუნველობაზე თანდათანობით უფრო დიდი სითბო ეღვრებოდა გულში.
-მითხარი, აქ რატომ ხარ? -ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაინც ჰკითხა. ერეკლემაც ზუსტად იცოდა, რომ ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხის მოსმენა, რონისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ხმის ამოღებას არ ჩქარობდა
გოგონამ ისიც კი გაიფიქრა, სიტყვის დაძვრას საერთოდ არ აპირებსო, რომ მოულოდნელად, ბიჭის ხელის შეხება იგრძნო საკუთარ მარჯვენაზე.
ერეკლე, მისი ხელის ზურგს, ცერა თითით ეფერებოდა და იმდენად დამაბნეველი მზერით უყურებდა, ვერონიკამ ყელში მოზრდილი ნერწყვი გადააგორა. შეეძლო დაეფიცა, რომ მსგავსი შეგრძნებები აქამდე მისთვის სრულიად უცხო იყო. ბიჭის მდელოსფერი თვალები, თითქოს სხეულში უძვრებოდნენ და თითოეულ უჯრედს უფორიაქებდნენ.
-გაინტერესებს აქ რატომ ვარ? -ოთახში რომ ერეკლეს ხმამ გაჟღერდა, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე რონი და თავიც ინსტიქტურად დაუქნია. იმ დამაბნეველ მომენტში, ხმის ამოღებაც კი დიდ სიძნელედ ესახებოდა
ერეკლეს ბაგე ოდნავშესამჩნევმა ღიმილმა გააპო. რამდენიმე წამით, ისევ გამჭოლი მზერით უყურებდა გოგონას, მერე მისკენ გადაიხარა, შუბლზე ტუჩები მიაკრო და თავისი ცხვირის წვერით, მისას ისე შეეხო, რომ ვერონიკას, ბიჭის ცხელი, არეული სუნთქვა, პირდაპირ სახეზე ეფრქვეოდა.
-ერეკლე, რას აკეთებ? -ჰკითხა მან აკანკალებული ხმით, თუმცა ეს კანკალი სიცხისგან არ გახლდათ გამოწვეული
-ჩუმად . . . არაფერი თქვა, კარგი? -მუდარა გაისმა ბიჭის ხმაში -მართალია, ახლა ჭკუიდან ვიშლები, ისე მინდა შენთვის კოცნა, მაგრამ როგორმე თავს მოვთოკავ
-კითხვაზე არ გიპასუხია -გოგონას თვალები მიენაბა, როდესაც ლოყაზე იგრძნო ერეკლეს ცხვირის შეხება და შემდეგ კი მისი ტუჩები ყელზე. იმდენად სიამოვნებდა თითოეული კოცნა, წინააღმდეგობის გაწევა თავში აზრადაც არ მოსდიოდა. უბრალოდ სიამოვნებას იღებდა ერეკლესთან ყოფნით და თავს ბედნიერების უფლებას აძლევდა
-რომელ კითხვაზე? -ამჯერად მის ზემოდან მოექცა ბიჭი, ხელები თავს ზემოთ გაუკავა და თვალთან ახლოს აკოცა. რონის უკვე ამოსუნთქვაც კი უჭირდა ამდენი ემოციისგან. მაღალი ტემპერატურა აღარც ახსოვდა. მისი გონებაცა და გულიც, ახლა მხოლოდ ერთი ადამიანით იყო მოცული და ამის გამო, სიტყვებსაც ძლივს აბამდა ერთმანეთს.
-აქ რატომ ხარ-მეთქი?
-პასუხი მარტივია, რონი -წამით გაჩერდა და ღიმილით დააცქერდა ზემოდან მას, ერეკლე -იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და მასთან ერთად ვარ, ვისთან ერთადაც ყოფნა მინდა -მერე, თავისი თითები გოგონას თითებში ახლართა, მისი სხეული გულზე ნაზად გადმოიწვინა და გრძელ თმაზე დაუწყო ფერება -მიდი, დაიძინე, როდესაც გამოფხიზლდები, ისევ შენს გვერდით ვიქნები და ონკანსაც შეკეთებულს დაგახვედრებ
-ლიმონიანი ჩაის მოდუღება დაგავიწყდა -გაახსენა გოგონამ მიუხედავად იმისა, რომ იმ წამს, ჩაი საერთოდ არ უნდოდა
-ჯანდაბა, ჰო . . . . გინდა მოგიტანო? -წამოწევა დააპირა, თუმცა რონის სიტყვებმა გააჩერა
-არაფერი მინდა, ვიხუმრე. სიცხის დამწევიც საკმარისია -მერე ოდნავ წამოიწია და ზემოდან დახედა ერეკლეს -წარმოდგენა არ მაქვს ისეთი რა გამიკეთე, რომ შენთან ერთად ასე წოლასაც კი არ ვაპროტესტებ, მაგრამ ერთი რამ იცოდე-თავისუფლად შემიძლია ისე შემოგიძვრე გონებაში, რომ ძილშიც კი ჩემს სახელს აბოდებდე, ამიტომ, ფრთხილად იყავი შენივე ანთებულმა კოცონმა არ დაგწვას
-როცა საქმე შენ გეხება, არც კოცონი მაფერხებს და არც დამწვრობა -ღიმილით მიუგო მას ბიჭმა, გოგონა კვლავ გულზე დაიწვინა და მის თმებში თითებს მანამ დაატარებდა, სანამ ვერონიკას ბოლოს და ბოლოს ღრმა ძილით არ ჩაეძინა . . . .

* * *

ფანჯარასთან ახლოს მდგომ ინვალიდის ეტლში, გრძელთმიანი გოგონა იჯდა და იქედან გადაშლილ ხედს უმეტყველო მზერით გასცქეროდა.
კედლის მაგივრად მთელ სიგრძეზე გაყოლებული სქელი მინიდან, თოვლიანი მწვერვალები მოჩანდა. ციდან შეუჩერებლად ცვიოდნენ თოვლის თეთრი ფანტელები, ხოლო ოთახის მარჯვენა კუთხეში ამოჭრილ ბუხარში, ცეცხლის ენები გიზგიზებდნენ საამოდ.
გოგონამ ხელში მაგრად ჩაბღუჯული მობილურის ეკრანს დახედა და მასზე გამოსახულ ფოტოს დააკვირდა. იქედან, მანქანის საჭესთან მჯდომი ბიჭის გამოსახულება უმზერდა, რომელსაც მზის სათვალე მოერგო და გზას გაჰყურებდა. საქარე მინიდან გამოჩენილი გაქცეული ხეების კადრი იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ ფოტოსურათი ავტომობილის მართვის დროს იყო გადაღებული.
ბიჭის იდეალური პროფილი, მართლაც ძალიან მომხიბვლელად მოჩანდა ეკრანზე. გოგონაც თვალმოუშორებლად მიშტერებოდა აღნიშნულ გამოსახულებას და სახეს სევდიანი ღიმილი უმშვენებდა.
გარეთ ისევ გაუჩერებლად თოვდა. ხმელ შეშაზე წაკიდებული ცეცხლი კვლავ აგრძელებდა საამო ტკაცუნს და ოთახშიც უწინდელივით სრული მდუმარება იყო გამეფებული, სანამმ ეს სიჩუმე, მოულოდნელად არ დაარღვია კარის გაღების ხმამ.
სავარძელში მჯდომი გოგონა არც შემობრუნებულა. იგი კვლავ ეკრანზე გამოსახულ სურათს დაშტერებოდა და ალბათ კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ასე, ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა რომ არ გაეგონა :
-რონი, იქნებ ცოტა ხნით მაინც მოშორდე ფანჯარას და საჭმელი ჭამო? -კართან ახლოს მაღალი, ქერათმიანი გოგონა იდგა, კარედ შეჭრილი თმითა და ცისფერი თვალებით. ამ უკანასკნელს, ხელში ვერცხლისფერი სინი ეჭირა, ხილის წვენითა და ფუნთუშებით სავსე თეფშით. ტკბილეულს ისეთი საამო სურნელი ასდიოდა, ნებისმიერ ადამიანს მოიყვანდა მადაზე, თუმცა გოგონა ოდნავადაც არ განძრეულა, ამჯერადაც სასურველი ფოტოსურათის ცქერით იყო დაკავებული.
-რონი, შენ გელაპარაკები -კვლავ სცადა მისი ყურადღების მიქცევა ახლადმოსულმა -მთელი დღეა არაფერი გიჭამია, ასე არ შეიძლება
პასუხი კვლავაც არ ყოფილა . . .
-შენ გელაპარაკები, მისმენ? -მასთან ახლოს მივიდა ქერათმიანი, სინი მაგიდაზე შემოდო და როგორც კი გოგონას ტელეფონის ეკრანზე გამოსახული სურათი შეამჩნია, მაშინვე მიხვდა მისი დუმილის მიზეზს
-დაიკო, გთხოვ ასე ნუ იქცევი -ეს სიტყვები იმხელა მუდარით იყო ნათქვამი, ამჯერად მართლა ვეღარ შეძლო იგნორის გაგრძელება გოგონამ და თავი უკან ნელა გაატრიალა
-არ მშია, ნინე -თქვა მან ჩამქრალი ხმით. გამოხედვაზეც ეტყობოდა, რომ არაფრის ხასიათზე არ იყო -შეგიძლია ეს ყველაფერი უკან წაიღო?
-ცოტა მაინც შეჭამე, შენი საყვარელი რეცეპტით მოვამზადე
-ნინე, მადა არ მაქვს, გთხოვ თავი დამანებე -ამჯერად, რონის ხმაში გამოსჭვიოდა მუდარა და აღარც ნინეს გაუგრძელებია მეტად. უბრალოდ დას გვერდით ჩამოუჯდა, ზურგიდან მოეხვია და თმაზე ხელი გადაუსვა
-ერეკლე გენატრება, არა? -პასუხის ცოდნის მიუხედავად, მაინც დაუსვა ეს კითხვა. დროის უკან დაბრუნების სურვილი მხოლოდ მაშინ გაუჩნდა, როცა იგრძნო, თუ როგორ დაიძაბა მისი და, ამ სიტყვებზე, თუმცა რამის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო
რონიმ ღრმად ამოიხვნეშა, თვალები დახუჭა და ცალი ხელი თმაში შეიცურა.
-ის ღამე, ორი იანვარი ერთად გავატარეთ -ისე დაიწყო გოგონამ, თითქოს ზღაპრის შინაარსს ყვებაო -ყველაფერი ჯადოსნური იყო, ნინე. მაშინ, როდესაც ნაძვის ხის ქვეშ, ერთმანეთზე ჩახუტებულები ვიწექით, მითხრა : „რონი, შენ იმდენად სრულყოფილი ხარ და ისე მავსებ, სხვა ქალისკენ გახედვა არასოდეს მომინდებაო. ისინი, როგორი ლამაზებიც არ უნდა იყვნენ, ჩემთვის მხოლოდ ნაცრისფერი ჩრდილები იქნებიანო.“ იცი რა თბილი მზერით მიყურებდა მაშინ? იცი როგორი სიყვარულით სავსე ხმით ამბობდა ამ სიტყვებს? -გოგონას თვალებიდან ბრილიანტისფერმა ცრემლებმა უხვად დაიწყეს დენა და ემოციების დამალვა მეტად აღარც უცდია -მენატრება, ნინე. პანიკურად მენატრება მისი ხმა, მისი სიცილი, ტკბილი ტუჩები, ჩახუტება, მზერა, რომლითაც მხოლოდ მე მიყურებდა და სხვას, არავის. მისი მდელოსფერი თვალები მენატრება, ასე ძალიან რომ მაბნევდა და თავის სიღრმეში მითრევდა. მინდა ისევ გამეღვიძოს ღამის ორ საათზე, მისი მშვიდი სუნთქვა მოვისმინო და დავინახო, რომ იგი კვლავ ჩემს გვერდით წევს, ჩემსავე სხეულზე მაგრად შემოხვეული. ჩემი ერეკლე საშინლად მაკლია, გაიგე? წარმოდგენა მაინც გაქვს როგორ მიყვარს, ნინე? ამას ბოლომდე ვერ აგიხსნი. სიგიჟემდე, გონის დაკარგვამდე, არანორმალურად მიყვარს და რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს გრძნობა უფრო ძლიერდება. მისი მონატრების ტკივილი თანდათან ჭკუიდან მშლის, მაგრამ . . . . -აქ უკვე თავი ხელებში ჩარგო გოგონამ და პატარა ბავშვივით ატირდა
სიტყვის დასრულება აღარ სჭირდებოდა, ვერონიკას, ნინემ ისედაც კარგად იცოდა ამ წინადადების დასასრული და უფრო მაგრად ჩაეხუტა თავის უმცროს დას, ვინც ახლა მის თანადგომას ყველაზე მეტად საჭიროებდა . . .


ანასტასიას, დამღლელი გადაღებები როგორც იქნა დაემთავრებინა და ახალი წლის წინა დღეს, თავისი სასტუმროს ნომრის ფუმფულა საწოლზე ნებივრობაში გაჰყავდა დრო.
სანდროსთან და ლარასთან ონლაინ-საუბრის შემდეგ, ვინებიც იმ დროს ეიფელის კოშკის რესტორანში სადილობდნენ, მეტად პოზიტიურად იყო დამუხტული. ეს ყველაფერი, იმას ახსენებდა, რომ მომდევნო დღეს, აარონთან ერთად აპირებდა გაფრენას, ნიუ-იორკში, ახალი წლის შესახვედრად. აღნიშნული გადაწყვეტილება, ბოლო წუთებში მიიღო მამაკაცმა, თუმცა ეს ყველაფერი, ანასტასიასთვისაც იმდენად მიმზიდველად ჟღერდა, გადაწყვიტა, კიდევ ერთი ამერიკული ქალაქი შეეტანა მონახულებულთა სიაში.
თავისი და აარონის ერთობლივ, ნიუ-იორკულ ახალ წელზე ფიქრიც კი ღიმილს ჰგვრიდა სახეზე გოგონას. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, ვინც ასეთ მოკლე დროში მოახერხებდა მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი გამხდარიყო. მუდამ დაჰყვებოდა შეგრძნება, თითქოს აარონს საუკუნეზე მეტ ხანს იცნობდა და რაც უფრო დიდ დროს ატარებდა მამაკაცთან, ეს გრძნობაც თანდათანობით უმძაფრდებოდა.
ანასტასიამ საწოლიდან წამოიწია და კარადასთან მიდგმულ, აწ უკვე ჩალაგებულ ჩემოდანს შეავლო თვალი. ნომერი, მისი ნივთებისგან უკვე მთლიანად იყო დაცარიელებული. ლოს-ანჯელესში დაბრუნებას აღარ აპირებდა. ბილეთები უკვე აღებული ჰქონდა, ამიტომ, თბილისში, პირდაპირ ნიუ-იორკიდან გადაფრინდებოდა, დილის რეისით. უნდა ეღიარებინა, ძალიან ჰქონდა მონატრებული მშობლიური ქვეყანა, თავისი სახლი, საძინებელი, საკუთარი აივნიდან გადაშლილი ხედი, დეკორატიული ნივთებიც კი. ეს ყველაფერი ახლა ძალიან აკლდა, თუმცა ვერც იმას იტყოდა, რომ შინ დაბრუნებულს, დასვენება და ნაცნობი გარემოთი ტკბობა ეღირსებოდა.
თბილისში დაბრუნების თანავე, დეფილესთვის უნდა დაეწყო მზადება, რომელიც მისი ჩასვლიდან ორ დღეში გაიმართებოდა. ანასტასია, ამ ჩვენების მთავარი მოდელი გახლდათ და მის გარეშე, აბსოლუტურად ყველაფერი ჩაიშლებოდა, რის გამოც, მაქსიმალურად უნდა ეცადა საუკეთესო ფორმაში ყოფილიყო.
გოგონა საწოლში გადატრიალდა, ცალი ფეხი მუხლში მოხარა და ბალიშს ჩაეხუტა. ტანზე მხოლოდ მოკლე ტოპი და შავი ფერის ტანგა ტრუსი ეცვა. ლოგინში ნებივრობას მუდამ თავისუფალ სტილში ჩაცმული ამჯობინებდა ხოლმე და თავისი ჩვევისთვის არც ამჯერად უღალატია. იმდენად მომხიბვლელად გამოიყურებოდა მოცემულ მომენტში, ისე მიმზიდველად მოჩანდნენ მისი მოშიშვლებული ფეხები, რომ ნებისმიერ კაცს ჭკუას დააკარგვინებდა, თავად კი მხოლოდ ერთი ადამიანი უტრიალებდა თავში -აარონ ქალდანი, ზედმეტად სიმპათიური მილიარდელი, ვინც ანასტასიას გონებაში საკმაოდ ღრმა კვალი დატოვა და მისთვის აქამდე სრულიად უცნობი გრძნობები განაცდევინა. თავადაც უკვირდა, თუ როგორ ახერხებდა აარონისადმი დამოკიდებულების ასე პროფესიონალურად დამალვას. გოგონას ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, როცა ასე ძალიან სურდა ვინმეს მისი მოპოვებისთვის ებრძოლა და ამის გაცნობიერება, ბოლომდე თვითონაც კი უჭირდა.
საათის ისრები შუა დღის ორს უჩვენებდნენ. გარეთ მზიანი ამინდი იყო, რაც იდეალურად მოჩანდა სასტუმროს ნომრის უზარმაზარი ფანჯრიდან. უკვე სადილობის დრო მოსულიყო და ანასტასიაც გრძნობდა რამე გემრიელის ჭამის სურვილს.
თითქოს მისი ფიქრები ვიღაცამ მოისმინაო, სწორედ იმ დროს მოუვიდა შეტყობინება სააგენტოს ერთ-ერთი მოდელისგან, ემბერისგან, ვინც მასთან ერთად სადილობას სთავაზობდა, უკეთ გაცნობის მიზნით. ემბერი საკმაოდ ლამაზი და დახვეწილი ბრიტანელი მოდელი გახლდათ, უცხო გარეგნობითა და თამამი ხასიათით. ანასტასიას, მასთან, შედარებით ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ვიდრე დანარჩენებთან, თუმცა იმდენად ახლობლებიც არ იყვნენ, რომ ერთად ესადილათ ხოლმე, ამიტომ, ემბერის შეტყობინებას ცოტა არ იყოს, გაკვირვებით შეხვდა. მიუხედავად ამისა, უარი მაინც არ უთქვამს და რადგან თავადაც აპირებდა სასტუმროს გარეთ სადილობას, გადაწყვიტა ეს კოლეგასთან ერთად გაეკეთებინა.
ტანსაცმლის ასარჩევად დიდი დრო არ დაუკარგავს. არჩევანი სპორტულ სტილზე-მაღალ წელიან ჯინსსა და ტოპ-მაისურზე შეაჩერა, მასზე გრძელი პალტო მოიცვა, თმა უბრალოდ გაშლილი დაიტოვა და თავისი ნომრის კარიც გამოიხურა.
დათქმულ ადგილამდე პირადმა მძღოლმა მიიყვანა. ემბერი უკვე იქ ელოდა. შეხვედრის ადგილად, გოგონებს ლამაზი, მყუდრო კაფე ჰქონდათ შერჩეული. იქაურობის მკრთალი განათება, კედლების ღია ფერები და ხელოვნური ყვავილებით გაფორმებული თეთრი მაგიდები, იმდენად სასიამვონო ატმოსფეროს ქმნიდნენ, ანასტასია შესვლის თანავე დადებითად განეწყო ამ დაწესებულების მიმართ. თითქოს ყველაფერი უბრალო იყო, მაგრამ იმდენად გემოვნებიანი, რომ სასიამოვნო განწყობის შექმნასაც კი უწყობდა ხელს.
-დიდი ხანი მელოდებოდი? -ჰკითხა ანასტასიამ როგორც კი მაგიდასთან ემბერის პირდაპირ დაჯდა. ეს უკანასკნელი, საკმაოდ თამამად იყო ჩაცმული -ერთიან წითელ კაბაზე, მაღალქუსლიანი, გრძელი ჩექმები ჰქონდა ამოცმული, ხოლო მელნისფრად შეღებილი ტუჩები იდეალურად გადიოდა მის სახის კანსა და თვალების ფერზე.
-არა, სულ რაღაც ორი წუთია რაც შემოვედი -ღიმილით უპასუხა ემბერმა, ანასტასიას შეკითხვას. გამოხედვაზევე ეტყობოდა, რომ ეს სადილი და დაახლოვების მცდელობა ერთადერთი არ იყო, რის გამოც იმ კაფეში იჯდა. მიზეზი სხვა რამეც გახლდათ და ანასტასიას ამის მიხვედრა ნამდვილად არ გასჭირვებია.
ემბერმა შემთხვევით ისარგებლა და მიმტანს უხმო. თავად დაბალკალორიული კექსი და ლატე-მაკიატო შეუკვეთა, ანასტასიამ კი სალათსა და ფორთოხლის წვენზე შეაჩერა არჩევანი.
საუბრის აწყობა ნამდვილად არ გაძნელებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან დიდად ახლო ურთიერთობაც არ ჰქონდათ. ემბერი საკმაოდ კომუნიკაბელური იყო და სააგენტოს არც ერთ მოდელთან არ უჭირდა კონტაქტის დამყარება. ამის გამო, ანასტასიასთანაც საკმაოდ თავისუფლად გრძნობდა თავს.
ოფიციანტმა რომ მათი შეკვეთა მოიტანა, მადლობა ორივემ ერთდროულად გადაუხადეს და კვლავ დროებით შეწყვეტილ საუბარს მიუბრუნდნენ.
-ანუ, სამშობლოში ზეგ ბრუნდები, არა? -იკითხა ემბერმა, როგორც კი კექსის პირველი ლუკმა ჩამოჭრა და პირში ჩაიდო
-ჰო, თუმცა ლოს-ანჯელესის მაგივრად, ნიუ-იორკიდან მიწევს გაფრენა
-ნიზლავს ჩამოვალ, ნიუ-იორკში ახალი წლის შესახვედრად მიდიხარ
-გამოიცანი -გაეღიმა ანასტასიას, თან, თავისი ფორთოხლის წვენის ჭიქიდან ოდნავ მოსვა. მის წინ, მაგიდის ზედაპირზე დადებული სალათი იმდენად გემრიელად გამოიყურებოდა, წვენზე ბევრი დრო აღარ დაუკარგავს, ჩანგალი ხელში აიღო და პირდაპირ სადილობას შეუდგა
-ანასტასია, შეიძლება რაღაც გკითხო?
-რა თქმა უნდა, მკითხე
ემბერმა ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და თითები ერთმანეთს გადააჭდო. აშკარა იყო, საუბრის წამოსაწყებად სიტყვებს ეძებდა. ბოლოს, მათი პოვნა მოახერხა კიდეც და მაშინვე ალაპარაკდა:
-ცუდად არ გამიგო, უბრალოდ შეგეკითხები და შენც გულწრფელ პასუხს გამცემ. ერთ ადამიანზე მინდა რაღაც კითხვის დასმა
-სააგენტოდანაა ვინმე? -თავისი სალათის თეფში სულ გადაავიწყდა ანასტასიას და სმენად იქცა
-არა, სააგენტოდან არავინ -ემბერმა თავი გააქნია -უბრალოდ, რამდენჯერმე შევნიშნე, რომ გადაღებების შემდეგ, პირადი მძღოლის მაგივრად ერთმა ადამიანმა მოგაკითხა. თავიდან შენს ბოიფრენდად ჩავთვალე, მაგრამ შემდეგმა დაკვირვებებმა მიჩვენეს, რომ მსგავსი ურთიერთობა არ გაქვთ
-აარონზე ამბობ? -ანასტასიამ ვეღარ მოითმინა და სათქმელი გააწყვეტინა
-სახელიც კი შენგან გავიგე. ეგრე ჰქვია?
-თუ იმაზე ამბობ, ვისზეც მე ვფიქრობ, ჰო
-მაღალი მამაკაცი, ღია წაბლისფერი თმითა და მუქი ქვიშისფერი თვალებით
ვიზუალის აღწერილობა რომ დაემთხვა, ანასტასია მაშინვე მიხვდა, რომ ემბერი სწორედ აარონზე საუბრობდა და გოგონას მიპატიჟების მიზეზსაც ჩაწვდა.
-ჰო, სწორედ ისაა -თავი დაუქნია მან -ყველაფერს მივხვდი, გინდა დააზუსტო ნამდვილად მეგობრები ვართ თუ, არა
-სწორად გამიგე, ანასტასია, სხვის შეყვარებულებზე მონადირე არასდროს ვყოფილვარ -საკმაოდ გულწრფელი ჩანდა ამის თქმისას ემბერი. იმდენად, რომ მისი სიტყვების სისწორეში ეჭვის შეტანას ვერავინ მოახერხებდა -უბრალოდ, თუ ერთმანეთთან მსგავსი ურთიერთობა არ გაკავშირებთ, მაშინ მისი საკონტაქტო ინფორმაცია მომაწოდე და დანარჩენს თავად მივხედავ
რას გრძნობდა ამ წამს ანასტასია? წესით გაბრაზებული უნდა ყოფილიყო, ემბერის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უნდა გასჩენოდა და გონებაში ის თავის მეტოქედ უნდა ეღიარებინა, თუმცა ასეთი არაფერი ყოფილა. გოგონა იმდენად გულწრფელი ჩანდა, ანასტასიაში ოდნავ გაღიზიანებასაც კი არ იწვევდა.
-აარონი მოგეწონა? -მხოლოდ ამის კითხვა შეძლო აღნიშნულ სიტუაციაში, მერე კი, თავისი ფორთოხლის ჭიქის ზედაპირზე საჩვენებელი თითით დაიწყო წრეების ხაზვა
-ჰო, მომეწონა, თანაც ძალიან -ნამდვილად არ უცდია გრძნობების დამალვა ემბერს -თუ რაღაც გინდა, მის მისაღებადაც უნდა იბრძოლო, ანასტასია და სწორედ ამას ვაპირებ
-ანუ გინდა აარონთან ბედი სინჯო -სკამის საზურგეს მიეყრდნო -ვერ გამიგია, რამდენჯერმე ნახვით ისეთი რა დაგმართა, მის შესახებ გამოძიების ჩატარება რომ მოგინდა?
-ალღო მკარნახობს, არც ჩემი გამოძიება გსიამოვნებს და არც ის კითხვები, რომელთაც გისვამ -ამის თმისას გამომცდელი სახით უყურებდა გოგონა, ანასტასიას და ეს უკანასკნელიც მაშინვე მიხვდა, რა იგულისხმებოდა ამ სიტყვებში
-არა, არა, არასწორად გამიგე -ყველანაირად სცადა ანასტასიამ იმ მომენტში გაღიმება მოეხერხებინა -მე და აარონი ერთად არ ვართ და არც არასდროს ვყოფილვართ, თუმცა არა მგონია ყველა მსურველზე მისი საკონტაქტო ინფორმაციის გაცემა ჩემი მხრიდან სწორი საქციელი იყოს. თუ გაცნობა და მასთან ურთიერთობა გინდა, ამაში მე ნუ გამრევ, კარგი?
ემბერი რამდენიმე წამით ჩუმად იყო, შემდეგ გაეცინა და თმა მარჯვენა ბეჭზე გადმოიყარა.
-რა მოხდა, გეშინია, რომ ეს მას გააბრაზებს? თუ თავისუფალი მამაკაცია, არა მგონია ჩემზე უარი თქვას და იმ ფაქტმა გააღიზიანოს, რომ ძალიან დამაინტერესა
-შენ მხოლოდ მისმა ვიზუალურმა მხარემ მოგხიბლა, ემბერ. ძალიან გთხოვ, ეს ადამიანისადმი ინტერესში ნუ აგერევა. რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის
-ანუ გინდა თქვა, რომ მხოლოდ გარეგნული მხარეა მისი ღირსება და სხვა მხრივ ცუდი ადამიანია?
-მე, ეს არ მითქვამს, უბრალოდ როდესაც ადამიანს არ იცნობ, მისი პიროვნება მხოლოდ გარეგნული ფასადის მიხედვით არ უნდა შეაფასო, თორემ ისევ შენ დარჩები წაგებული -ბოლო სიტყვები, საკმაოდ უხეშად ჟღერდა ანასტასიას მხრიდან, რადგან ემბერის ქარაფშუტობამ აშკარად გააღიზიანა. არასდროს ესმოდა იმ ქალების, ვისი მოხიბვლაც მხოლოდ ვიზუალური მხარით შეიძლებოდა და გარეგნული თვისებების გამო მოგვრილ სიმპათიებს, ადამიანისადმი ინტერესში ურევდნენ
ემბერს, ცოტა არ იყოს, წყენა მოჰგვარა ანასტასიას სიტყვებმა. ეს, სახეზეც ნათლად დაეტყო.
-ანუ გინდა თქვა, რომ ერთი უტვინო გოგო ვარ, ვინც ქარაფშუტულად ინტერესდება ყველა სიმპათიური მამაკაცით? -ამის თქმისას, თვალები ოდნავ მოჭუტული ჰქონდა მას -არა, ჩემო კარგო, მე და აარონს, ამაზე გაცილებით ბევრი რამ გვაკავშირებს
-მაინც, რა გაკავშირებთ?
-ის, რომ მაგ ადამიანს უკვე დიდი ხანია ვაკვირდები და ყოველ ჯერზე ისეთ რამეს ვხედავ, რაც ინტერესს უფრო მიღვივებს
ანასტასია უკვე იმ ზომამდე იყო მისული, რომ წამოწყებული საუბრის გაგრძელებას ყველაფერი ერჩივნა.
-რაც არ უნდა იყოს, მე ამ საქმეში ჩარევას არ ვაპირებ -გადაჭრით განაცხადა მან -რაც შეეხება აარონს, იგი ზეგ დილით თბილისში ჩემთან ერთად ბრუნდება და მეეჭვება ოდესმე, სადმე კიდევ ნახო, ამიტომ, აჯობებს დროებით გატაცებას მიაწერო და უბრალოდ დაივიწყო
-მთავარია გავიგე, რომ ერთმანეთს არ ხვდებით და თავისუფალი მამაკაცია -კმაყოფილს ეღიმებოდა ამის თქმისას, ემბერს -ორ კვირაში კიდევ ერთი გაცვლითი პროგრამა იწყება სააგენტოებს შორის და ყველანაირად ვეცდები, მასში მეც მოვხვდე, რათა თბილისში შევძლო ჩამოსვლა
ანასტასიას, თვალები ლამის შუბლზე აუვიდა ამის მოსმენისას. ვერ იჯერებდა, რომ გოგო, ვინც ასე ცუდად იცნობდა აარონს, მზად იყო მის გამო ამდენად ღრმად შეეტოპა.
-სწორად გავიგე? მის გამო თბილისში აპირებ ჩამოსვლას?
-სწორედაც . . . . რა არის ამაში ცუდი? დიდი ხანია ურთიერთობა არავისთან მქონია. იმ პერიოდის განმავლობაში, ახალი ქალაქის მონახულებითაც დავტკბები და აარონის მკლავებში ნებივრობითაც -ბოლო სიტყვებზე, თვალები სიამოვნებისგან მინაბა ემბერმა და ანასტასიას, მისი საუბრის მანძილზე პირველად გაუჩნდა სურვილი გოგონა თმებით ეთრია. ინანა კიდეც, რომ აარონი თავის პარტნიორად არ გააცნო. ასე ხომ ამ უაზრო დიალოგსაც აიცილებდა თავიდან და აღარც მამაკაცს ჩააგდებდა ემბერის კლანჭებში?
-კარგი, შენი ნებაა, როგორც გინდა ისე მოიქეცი -თქვა ბოლოს და სპეციალურად დახედა მაჯის საათს, რათა ემბერს ეფიქრა, რომ სადღაც ეჩქარებოდა. ასე თავისი მოულოდნელი წასვლის მიზეზსაც ახსნიდა -იცი, სასწრაფოდ უნდა გავიდე, იმედია არ გეწყინება
-მაგრამ სალათი არ დაგიმთავრებია
„მუდამ ისეთ მადაზე ყოფილიყავი, როგორზეც ახლა მე დამაყენე“ -გაიფიქრა გულში, ხმამაღლა კი ეს თქვა :- არა უშავს, სასტუმროს ბარში შევჭამ რამეს. სასიამოვნო იყო შენთან საუბარი
-ჩემთვისაც . . . . მართალია, აარონის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომაწოდე, მაგრამ ამის გაგებას თავადაც შევძლებ -ბოლო სიტყვები, საკმაოდ გამომწვევად ჟღერდა გოგონას მხრიდან, თუმცა ანასტასიას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თანხა მაგიდაზე დადო, ჩანთა გადაიკიდა და ემბერს გაუღიმა
-წარმატებებს გისურვებ მაგ პატარა გამოძიებაში, ახლა კი შენის ნებართვით, მე წავალ
-ნახვამდის, ანასტასია -თითები დაუქნია დამშვიდობების ნიშნად, რის შემდეგაც ჩანგალი აიღო და თეფშზე დატოვებულ თავის კექსს „შეუტია“

ანასტასია კაფედან გაღიზიანებული გამოვიდა. გუნება იმდენად ჰქონდა მოშხამული, საშინლად ინანა აქ წამოსვლაც და ეს საუბარიც. ის აზრი, რომ ემბერს და აარონს, შესაძლოა მომავალში რამე ურთიერთობა ჰქონოდათ, მის გულს საკმაოდ უსიამოვნოდ ხვდებოდა და ამას ვერაფერს უხერხებდა.
სასტუმროში დაბრუნებაზე არც უფიქრია. სურდა ცოტა ხნით ფეხით გაევლო და უმისამართოდ ეხეტიალა. ტელეფონიც კი გამორთო, რათა ზარებით არავის შეეწუხებინა. თავადაც უკვირდა, რომ მომხდარმა ამდენად იმოქმედა მის განწყობილებაზე, თუმცა ფაქტი იყო, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.
რა მოხდებოდა თუ ემბერი მართლაც ჩამოვიდოდა თბილისში და აარონთან დაახლოვებას ეცდებოდა? გოგონა უდავოდ მომხიბვლელი გახლდათ, საკმაოდ ქარიზმატული და თამამი ბუნების მქონე. იგი ქალთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინებიც, მამრობით სქესის წარმომადგენელთ არასდროს რჩებოდათ უყურადღებოდ. ამის გამო, არც აარონის მხრიდან მისდამი დაინტერესება იყო გამორიცხული, მით უმეტეს, როცა ემბერი თავად აპირებდა მამაკაცის მოპოვებისთვის ებრძოლა.
მსგავს ფიქრებსა და უაზროდ ხეტიალში დრო ისე გავიდა, ანასტასიამ ვერც კი გაიგო. ქუჩაში რომ ოდნავ ჩამობნელდა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა გოგონამ მოსაღამოვება და ეს, საათის ციფერფლატმაც დაუდასტურა, რისი დიდი და პატარა ისრებიც, შვიდის ნახევარს უჩვენებდნენ. დრო იყო ეს სეირნობა ბოლოს და ბოლოს დაესრულებინა და სასტუმროში დაბრუნებულიყო, თუმცა მოცემულ მომენტში, პიკის საათის გამო, ტაქსის დაჭერას ვერ შეძლებდა. მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა, თავისი პირადი მძღოლის მომსახურებით უნდა ესარგებლა, ამის გამო კი, ტელეფონის ჩართვა და მასთან დარეკვა იყო საჭირო. ანასტასიაც სწორედ ასე მოიქცა, მძღოლი იმ მისამართზე დაიბარა, სადაც ახლა იმყოფებოდა, იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა და ლოდინი დაიწყო.
წამით, გულიც კი დასწყდა, რომ აარონისგან არც გამოტოვებული ზარები იყო და არც, შეტყობინებები, თუმცა თავი იმით დაიმშვიდა ახლა საქმეები აქვსო და კვლავ ლოდინი განაგრძო ხვალინდელ მოგზაურობაზე ფიქრთან ერთად.
ემბერის სიტყვების გონებაში ტრიალით გოგონა ისე გაერთო, პირადი მძღოლის მანქანა ბოლო წუთებში შეამჩნია. გადაწყვიტა, სასტუმროში მისვლის შემდეგ ერეკლესთვის დაერეკა. მისთვის აუცილებელიც კი გახლდათ ვინმესთვის გაეზიარებინა თავის გულში შემოსული ახალი გრძნობის შესახებ, რაც აქამდე ანასტასიასთვის სრულიად უცხო იყო და აგრეთვე, საუკეთესო მეგობრის რჩევების მოსმენასაც საჭიროებდა, მუდამ გონივრულად რომ ჟრერდნენ ხოლმე.
გზაში დიდი საცობები არ ყოფილა, ამიტომ, სასტუმრომდე მისვლას ნახევარ საათზე მეტი არ დასჭირვებია. ანასტასიამ მძღოლს მადლობა გადაუხადა და პირდაპირ თავის ნომერს მიაშურა. ცდილობდა ემბერთან საუბარი აღარ გაეხსენებინა და გონებაც მხოლოდ სასიამოვნო აზრებით დაეტვირთა. ნაწილობრივ, ეს გამოუვიდა კიდეც, ხოლო ნეგატიური ფიქრებისგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად, ერეკლესთან დარეკვა იყო საჭირო.
ანასტასიამ, ამის გაკეთება შხაპის მიღების შემდეგ გადაწყვიტა, თუმცა მაისურიც არ ჰქონდა გახდილი, რომ განზრახვაზე ხელი კარზე კაკუნის ხმამ ააღებინა.
ლოდინით ნამდვილად არავის ელოდებოდა, არც ვახშამი ჰქონდა ნომერში შეკვეთილი, ამიტომ ვერ მიხვდა, თუ ვინ უნდა ყოფილოყო ასეთ დროს. მიუხედავად ყველაფრისა, კარის გასაღებად მაინც წავიდა და საკეტი ისე გადაატრიალა, სათვალთვალოში არც კი გაუხედავს.
გულმა თითქოს რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, როდესაც ზღურბლთან მდგომი ადამიანი დაინახა. იმ საღამოს ნამდვილად არ ელოდა აარონის დანახვას, თუმცა უნდა ეღიარებინა, ამაზე მეტად იმ წამს ვერაფერი გაახარებდა.
მამაკაცს, ცალ ხელში მობილური ეჭირა, მეორეში კი მანქანის გასაღებს ათამაშებდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ოთახში შესვლას არ აპირებდა.
-მოხდა რამე? -საუბრის დაწყების ინიციატივა, ისევ ანასტასიამ აიღო საკუთარ თავზე. იმდენად სიმპათიური ეჩვენა მამაკაცი ტყავის ქურთუკსა და ჯინსის შარვალში, ყელში მოზრდილი ნერწყვიც კი გადააგორა და იგრძნო, რომ უკვე პირი უშრებოდა
-იმის გასაგებად მოვედი, ხვალინდელ ფრენამდე ნომერში ჯდომა გაქვს გადაწყვეტილი, თუ რამე საინტერესოს გეგმავ?
-საინტერესოს? -ჩაეკითხა ანასტასია -მგონი შენ გაქვს შემოთავაზება. გამოგიტყდები, მე უკვე შხაპის მიღებას და დაძინებას ვაპირებდი
-აარონმა გოგონას ხელი თავისაში მოიქცია, დერეფანში გამოიყვანა და კედელს ისე ააკრა, რომ მათ შორის მანძილი ერთი სანტიმეტრიც ძლივს იქნებოდა
-არანაირი ძილი -ღიმილნარევი კატეგორიულობით განაცხადა მამაკაცმა, სანამ მისი საქციელით აღელვებული ანასტასია გონზე მოსვლას ცდილობდა -გამოძინებით, სხვა დროს გამოვიძინებთ, დღეს ღამით კი, მხოლოდ ჩემი უნდა იყო -მომხიბვლელი და ზედმეტად იდუმალი ტონით ჟღერდა ეს სიტყვები
-ჯერ მითხარი და შემდეგ გადავწყვეტ ღირს თუ არა დაფიქრებად შენი წინადადება -თავდაჯერებულად მიუგო, მიუხედავად იმისა, რომ აარონის ამგვარი სიახლოვე ზომაზე მეტად აბნევდა
მამაკაცს, ანასტასიას სიტყვებზე გაეღიმა, მერე კი მას მოშორდა, ოთახიდან მოსაცმელი გამოუტანა და ხელში შეაჩეჩა.
-წინასწარ არაფერს ვამბობ -თქვა მან -მაგრამ პირობას გაძლევ, ამ ღამით უკმაყოფილო არ დარჩები
-დარწმუნებული ხარ?
-ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით
-და, იმ ერთ პროცენტს რა სჭირს?
-ყოველი შემთხვევისთვის, უკან დასახევ გზასაც ვიტოვებ -მიუგო, როგორც კი ანასტასიამ მოსაცმელი მოიცვა და მასთან ერთად გაემართა დერეფნის ბოლოში მდებარე, ლიფტის ორფრთიანი კარისკენ
სასტუმროდან გასულები, მანქანაში ჩასხდნენ და უსაფრთხოების ღვედებიც გადაიჭირეს. გოგონა მხოლოდ ახლა შეაწუხა იმ კითხვამ, ეცვა თუ არა იმ ადგილისთვის შესაფერისად სადაც მიდიოდნენ, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიექცია და საჭესთან მჯდომ მამაკაცს გახედა. აარონს, იმ წამს დაძრული მანქანა, უკვე ავტოსადგომიდან გაჰყავდა.
-შენთვის ერთი ამბავი მაქვს -თქვა ანასტასიამ -არ ვიცი, დაგაინტერესებს თუ არა, მაგრამ მოვალე ვარ მაინც გითხრა
-მოდი, ჯერ ის მითხარი, ცუდი ამბისთვის უნდა მოვემზადო თუ კარგისთვის
-ცუდი ნამდვილად არაფერია -გამამხნევებლად მიუგო ანასტასიამ. ავტომობილი უკვე მაგისტრალზე გასულიყო და სხვა ოთხბორბლიანებს შორის მიიკვლევდა გზას -უბრალოდ, ერთი ჩემი ნაცნობი სერიოზულადაა დაინტერესებული შენით და დღეს, სწორედ ამ თემაზე მესაუბრა
-რა მხრივ არის დაინტერესებული?
-იმ მხრივ, რა მხრივაც ქალი ინტერესდება მამაკაცით -მაშინვე მიუგო ანასტასიამ
-ანუ, ქალია
-მგონი, ამ ყველაფერმა დაგაინტერესა, არა? -ამ კითხვის დასმისას, ანასტასია მთელი გულით ნატრობდა მამაკაცის პასუხი დადებითი არ ყოფილიყო
აარონმა საჭეს ცალი ხელი აუშვა და გოგონას გამომცდელად გამოხედა.
-და შენ თვითონ რატომ გინდა, რომ ამ თემამ დამაინტერესოს? -კითხვა შემოუბრუნა მან -ვფიქრობ, ჯერ ამაზე უნდა მიპასუხო
აარონს უკვე ჩიხში შეჰყავდა თავისი სიტყვებითა და გამოხედვით, თუმცა ანასტასია მაინც არ დაბნეულა.
-მე რა შუაში ვარ? ეს შენი გადასაწყვეტია, ან ჰო უნდა თქვა, ან, არა
-უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მონდომებული ხარ ვინმე გამაცნო და სამომავლოდ მის გვერდით მიხილო
ამ სიტყვებმა გოგონას მთელი შიგნეულობა აუწვა. როგორ უნდოდა იმ წამს ეთქვა, რომ მხოლოდ საკუთარ თავს თუ წარმოიდგენდა მის გვერდით და სხვას, არავის. რამდენად ძლიერ სურდა უბრალოდ მოხვეოდა, მამაკაცის სისხლისფერი ბაგეები დაეგემოვნებინა და გაემჟღავნებინა, რამხელა სიამოვნებას წარმოადგენდა თუნდაც მასთან ახლოს ჯდომაც კი, მაგრამ ვერ ახერხებდა. რაღაც ძალა უკან ექაჩებოდა და გულახდილობის საშუალებას არ აძლევდა.
ანასტასიამ, გამშრალი ტუჩები ენის წვერით გაისველა და აარონს შეხედა. მამაკაცი უკვე გზას უყურებდა და ამჯერად, საჭეს ორივე ხელით მართავდა.
-მე არაფერს ვცდილობ, აარონ -ჩამოვარდნილ სიჩუმეში, თითქოს ექოსავით გაიჟღერა გოგონას ხმამ -მხოლოდ საქმის კურსში ჩაგაყენე. დეტალებით დაინტერესდები თუ არა, ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია
-არანაირი დეტალები არ მაინტერესებს -გადაჭრით განაცხადა მან. ანასტასიამ მამაკაცის ხმაში, ბრაზისა და იმედგაცრუების ნოტებიც დაიჭირა -შენგან ამის გაგონება ყველაზე ნაკლებად მინდოდა, იცი?
გოგონა გაჩუმდა. არ უნდოდა აარონი უარესად გაეღიზიანებინა, თუმცა უთქმელი სიტყვები ყელში მოაწვა და მაინც შეეპასუხა :
-მართლა ვერ ვხვდები რატომ ბრაზდები. ისეთი არაფერი მითქვამს, რომ ამგვარი რეაქცია გქონოდა
მაშინვე არ უპასუხია აარონს. ჯერ ღრმად ჩაისუნთქა, მერე თავი საქარე მინისკენ მიაბრუნა, თითქოს სასაუბრო თემისგან გაქცევას ცდილობსო და ბოლოს, მზერა კვლავ ანასტასიასკენ მომართა.
-მოდი, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, კარგი? -თქვა მან უკვე დამშვიდებული ტონით -ამაღამ სხვა ქალებზე საუბარი არ მინდა
-კარგი, თუ ასეა, პირზე ბოქლომის დადება მშვენივრად გამომდის
გოგონას ნათქვამმა, აარონს სახეზე ღიმილი მოჰგვარა.
-არა, ბოქლომის დადება აუცილებელი არ არის. მინდა მელაპარაკო, თუმცა არა იმაზე, რაზეც ცოტა ხნის წინ
მამაკაცის ოდნავ მწვავე რეაქციის მიუხედავად, ანასტასია გულის სიღრმეში მაინც კმაყოფილებას გრძნობდა, რადგან აარონი, ემბერის თემამ ოდნავადაც არ დააინტერესა. მცირედი სურვილიც კი არ გამოუთქვამს გაეგო, თუ ვინ იყო ანასტასიას მიერ ნახსენები ადამიანი, ამის გამო კი უზომო კმაყოფილებას გრძნობდა.
დანიშნულების ადგილამდე დარჩენილი გზა, ორივემ უხმოდ გალიეს. საბოლოოდ, აარონმა მანქანა ქალაქის ერთ-ერთი მრავალსართულიანი შენობის წინ გააჩერა და ძრავაც გამორთო. ანასტასიასკენ რომ გადაიხარა და ღვედი საკუთარი ხელით შეუხსნა, გოგონამ მხოლოდ მაშინ დაარღვია სალონში გამეფებული დუმილი:
-უკვე მოვედით? -იკითხა მან, თან იქაურობას მოავლო დამკვირვებლური მზერა -ეს ხომ საცხოვრებელი კორპუსია, აქ რა გვინდა?
-თუ ცოტაოდენ მოთმინებას გამოიჩენ, მაგსაც მალე გაიგებ
მამაკაცი ავტომობილიდან გადავიდა და კარები ანასტასიას მხარესაც გააღო. გოგონას ჯერ კიდევ თავში უტრიალებდა კითხვა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მათ ამ ადგილას, მაგრამ გადაწყვიტა ბოლო მომენტამდე კრინტი არ დაეძრა და ყველაფერი მაშინ გაეგო, როდესაც ამის დრო დადგებოდა.
შენობაში რომ შევიდნენ, აარონმა გოგონას ხელი ჩაჰკიდა და პირდაპირ ლიფტისკენ წაიყვანა. საბედნიეროდ, იგი თავისუფალი იყო და ლოდინი არ დასჭირვებიათ. შიგნით, ორივე მხრიდან -მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც, მთელ სიგრძეზე სარკეები იყო დაყენებული. ანასტასიამ, შესვლის თანავე საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა და როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა, ლიფტის კართან მიმაგრებულ სენსორულ ციფერფლატს შეხედა, სადაც აარონს უკვე მიეჭირა თითი ბოლო სართულის აღმნიშვნელი ღილაკისთვის.
-ნუ ღელავ, იდეალურად გამოიყურები -უთხრა მან ანასტასიას, თან ღიმილით აათვალიერა ეს უკანასკნელი -იმ ადგილისთვისაც შესაფერისად გაცვია, სადაც მივდივართ, ამიტომ მაგაზე არ იფიქრო
-შენ რა, ჩემს აზრებს კითხულობ?
-ჰო, არ იცოდი?
ანასტასიას გაეცინა.
-ეგ რომ მართლა შეგეძლოს, სერიულ მკვლელს მოგიგზავნიდი
-საინტერესოა, ისეთი რა აზრები გიტრიალებს თავში, რომ მათ გამჟღავნებას უფრთხი -ვითომ ჩაფიქრებული სახე მიიღო მამაკაცმა ამის თქმისას
-ისეთი არაფერი, თუმცა მაინც მირჩევნია ჩემს ფიქრებზე წვდომა მხოლოდ მე მქონდეს
-ვერაფერს ვიტყვი, ლოგიკურია
ანასტასიამ აღარ იცოდა რა ეთქვა, ამიტომ სიტყვებს სიჩუმე ამჯობინა. აღარც აარონს ამოუღია ხმა. დუმილი მხოლოდ მაშინ დაირღვა, როდესაც ლიფტის კარები სრიალით გაიხსნა და ციფერფლატზეც ბოლო სართულის აღმნიშვნელი ციფრი გამოისახა.
-The Ladies Go First -მამაკაცმა ხელით ანიშნა პირველი ის გასულიყო, მერე კი თავადაც უკან მიჰყვა
ლიფტიდან გამოსვლის შემდეგ, დახვეული კიბით შენობის სახურავზე ავიდნენ. იქედან მთელი ლოს-ანჯელესი ხელის გულივით მოჩანდა, თუმცა გოგონას ყურადღება არა ხედმა, არამედ, სახურავზე დამჯდარმა, ასაფრენად გამზადებულმა ვერტმფრენმა მიიქცია. მასში პილოტს უკვე დაეკავებინა თავისი კუთვნილი ადგილი და თავზე მიკროფონიანი ყურსასმენებიც მოერგო
-აარონ, ეს . . . -სიტყვების წარმოთქმაც კი უჭირდა ანასტასიას განცდილი ემოციებისგან -სერიოზულად? იმას ვაპირებთ, რაც მე მგონია?
-ჯერ, მითხარი რა გგონია და მაგაზე მერე გიპასუხებ -ღიმილი გამოსახვოდა სახეზე მამაკაცს
-ლოს-ანჯელესის ვერტმფრენით დათვალიერებას ვგეგმავთ? -კითხვაზე პასუხი კარგად იცოდა, თუმცა ბოლომდე დასარწმუნებლად მაინც გააჟღერა ეს უკანასკნელი
-ჰო, ასეა და თუ შენი ხმის მიხედვით ვიმსჯელებთ, ძალიან გაგიხარდა
-კი მაგრამ, ეს ვერტმფრენი საიდან გააჩინე? შენია?
-რამდენიმე საათით ვიქირავე. სანამ თბილისში გავფრინდებით, მინდოდა რაღაც დასამახსოვრებელი გაგვეკეთებინა და ბოლოს ეს მოვიფიქრე
-იდეალური ფანტაზია გაქვს, ვერაფერს ვიტყვი
ანასტასიას, ვერტმფრენის თავზე დამაგრებული პროპელერი თმას უფრიალებდა და აიძულებდა ყოველ წამს მოეშორებინა სახიდან უწესრიგოდ გაბნეული ღერები.
-იდეალური ფანტაზიის მქონე, მადლობას გიხდით -ხელზე, ხელი მოჰკიდა მას მამაკაცმა, თან თვალებით ვერტმფრენისკენ ანიშნა -არ შევიდეთ?
-რა თქმა უნდა, შევიდეთ
-კარგად დაიმახსოვრე შენი ამჟამინდელი გაოცებული სახე. ქალაქის თავზე რომ მოვექცევით, ამაზე ორჯერ უფრო დიდი აღფრთოვანება შეგიპყრობს
-ანუ, ჯერ ყველაფერი წინაა -უკვე შიგნით შესულმა ჰკითხა ანასტასიამ და როგორც კი აარონი მის გვერდითა სკამზე მოკალათდა, ასაფრენად მომზადებული პილოტს გახედა
-ვფიქრობ, ასეა
-საოცარი ხარ, იცი?
-კონკრეტულად რატომ?
-ყველაფრის გამო -ანასტასიამ მამაკაცს თვალებში ჩახედა და საუბარი ისე განაგრძო -იმიტომ, რომ ლექსოს საკითხში გვერდით დამიდექი და მართალია, არ გითქვამს როგორ მოახერხე მისი უკვალოდ გაქრობა, თუმცა გენდობი და დარწმუნებული ვარ, ცუდს არაფერს გააკეთებდი. საოცარი ხარ, რადგან საიმედო საყრდენად მექეცი რთულ სიტუაციებში, რადგან ყოველთვის მაშინ ჩნდები, როდესაც ყველაზე მეტად ვგრძნობ ვინმეს საჭიროებას -ბოლომდე გულწრფელი იყო ამ წუთებში ანასტასია -დარწმუნებული იყავი, რომ თუ ოდესმე რამეში დაგჭირდები, შენთვის ნებისმიერ რამეს გავაკეთებ
მთელი იმ დროის მანძილზე, რაც გოგონა ლაპარაკობდა, მამაკაცს სახეზე ღიმილი არ მოსცილებია. სიამოვნებდა ასეთი გულწრფელი სიტყვების მოსმენა და ეს მის მზერაზეც ნათლად აისახებოდა. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და მიუგო:
-თუ ასეა, კარგია, რომ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ. რა თქმა უნდა, შენ უფრო დიდი აღმოჩენა გააკეთე ჩემი სახით, მაგრამ არც მე ვარ მთლად უკმაყოფილო
-თავში ავარდნის სუნი მცემს
-ცოტაც მოიცადე, ცაში ავფრინდებით და ვერტმფრენს გავანიავებ
ანასტასიას სიცილი წასკდა, თან იგრძნო, როგორ ადიოდა ნელ-ნელა მაღლა მათი საჰაერო ტრანსპორტი. სულ მალე, ქალაქს ზემოდან გადმოხედავდნენ, ამიტომ გოგონა ფანჯარას უფრო მეტად მიუახლოვდა და თანდათანობით იგრძნო ადრენალინის მოჭარბება.
ვერტმფრენმა ზემოთკენ დაიწყო სვლა. რაც უფრო სცილდებოდა იგი მიწას, მით უფრო პატარავდებოდნენ შენობები, მანქანები და ქუჩაში მოსიარულე ხალხი. გოგონა ყველაფერს ღიმილით ადევნებდა თვალ-ყურს. თითოეული წამი, მისთვის იმდენად განსაკუთრებული და ძვირფასი იყო, თავადაც კი უკვირდა. თითქოს სრულიად სხვა სამყაროში ხვდებოდა აარონის გვერდით. სამყაროში, სადაც მხოლოდ ის ორნი არსებობდნენ და მეტი არავინ.
ულამაზესი გახლდათ, ზემოდან დანახული ლოს-ანჯელესი. ანასტასია, კვლავაც ფანჯარასთან იჯდა და თავს, ამ სანახაობით ტკბობის უფლებას აძლევდა. ბოლო რამდენიმე დღემ დაარწმუნა, რომ ელენაზე იმდენად აღარ ბრაზობდა გადაღებებისთვის საზღვარგარეთ გამოგზავნის გამო. ეს მოგზაურობა რომ არა, აარონს ამდენად ვერ დაუახლოვდებოდა და ვერც იმ ლამაზ დღეებს გაატარებდნენ ერთად, რომლებიც სამუდამოდ დარჩებოდნენ ანასტასიას მეხსიერების ზარდახშაში.
-აარონ, ეს ყველაფერი მართლა საოცრებაა! -ამდენხნიანი დუმილის შემდეგ, მოულოდნელი გახლდათ გოგონას სიტყვები, თუმცა სიტუაციისთვის სრულიად შესაფერისი -ვერასოდეს ვიფიქრებდი, ზემოდან დანახული ლოს-ანჯელესი თუ ასეთი ლამაზი იქნებოდა
-ლოს-ანჯელესი, კიდევ ბევრი რამითაა საოცარი. ცუდია, რომ ასე ცოტა ხნით გვიწევს დარჩენა და მის ბოლომდე დათვალიერებას ვერ ვახერხებთ
ანასტასიამ, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-ჰო, ჩემი დეფილე რომ არა, შეიძლებოდა კიდევ რამდენიმე დღით დავრჩენილიყავი -მერე, რაღაც გაახსენდა და მამაკაცს მიუტრიალდა -ჰო მართლა, აქამდე მოდების ჩვენებას თუ დასწრებიხარ?
-შენს დეფილეზე მპატიჟებ?
-თუ სურვილი გექნება, შემიძლია მოსაწვევი გიშოვო. არ მიყვარს, როდესაც მხოლოდ ჩემთვის უცხო ადამიანები მიყურებენ ხოლმე. მირჩევნია, მათ რიცხვს ნაცნობები ჭარბობდეს
ამ სიტყვებზე, გოგონას თვალებში ჩახედა, აარონმა. მისი ნათქვამი იმას მიანიშნებდა, რომ იგი, მამაკაცს უკვე ახლობლად მიიჩნევდა და ამის გაცნობიერებამ, ღიმილი მოჰგვარა.
-სიამოვნებით ვნახავ, თუ როგორი ხარ პოდიუმზე -თქვა მან -ანასტასია მარგიანის დეფილეს არაფრით არ გამოვტოვებ
-ანუ, შევთანხმდით -უკვე სიხარულის ნაპერწკლები დახტოდნენ გოგონას თვალებში
-ხომ იცი, პირობას ყოველთვის ვასრულებ. აი, შენ კი გირჩევნია პირველი რიგის მოსაწვევის შოვნაზე დაიწყო ფიქრი
-ეგ, პრობლემას არ წარმოადგენს, მისტერ -გაეცინა, მამაკაცთან ახლოს მიიწია და ჯიბიდან მობილური ამოიღო. აარონის კითხვით სავსე მზერას რომ გადააწყდა, თავისი მოქმედება მაშინვე აუხსნა :
-ზოგადად, ვერ ვიტან სელფების გადაღებას, მაგრამ ახლა განსაკუთრებული შემთხვევაა და ეს მომენტი აუცილებლად უნდა აღვბეჭდო. მიდი, კამერას გაუღიმე
-ჰო, რა თქმა უნდა, ყოველ დღე კი არ დავფრინავთ ლოს-ანჯელესის თავზე ვერტმფრენით
პასუხად, ანასტასიამ თვალი ჩაუკრა და ტელეფონის წინა კამერაც ჩართო.
-მოემზადე, ახლა ჩიტი გამოფრინდება
-ასე, სამი წლის ასაკში მეუბნებოდნენ და მაშინაც არ მჯეროდა, ანნასტასია
-მე მეგონა ბავშვები ყველანაირი სისულელეს იჯერებდნენ
-ალბათ, პატარაობაში შენს კომბოსტოში პოვნის თეორიას ემხრობოდი და ასე ამიტომ ფიქრობ
ანასტასიამ, მამაკაცს გვერდულად გახედა, ცალი წარბი აზიდა და როგორც კი მიხვდა, რომ მათი საუბარი უკვე უაზრობამდე მიდიოდა, ორივეს სიცილი აუტყდათ. ფოტოსთვის მართლაც იდეალური კადრი იყო, ამიტომ, აღარც გოგონას დაუყოვნებია, ტელეფონი მოიმარჯვა, ეკრანი გაასწორა და გადაღების ღილაკსაც დააწვა.
ერთი ჩხაკუნის ხმა და აპარატმა მაშინვე აღბეჭდა ანასტასიასა და აარონის სახეები, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ მჯდომნი, კამერას გულწრფელი ღმილით უღიმოდნენ.




8 8 8 8

-ერეკლეე! -მოესმა ბიჭს მეზობელი ოთახიდან უმცროსი ძმის ყვირილი და ლეპტოპის წინ მჯდომმა, თავზე დამაგრებული ყურსასმენები მაშინვე მოიხსნა
-რა მოხდა, რა გაღრიალებს?! -მაღალი ტონალობით გასძახა მან, რათა იქამდე ხმა მიეწვდინა
-ჩემს ბობ მარლის მაისურს ვერ ვპოულობ, ხომ არ გინახავს?
-მე რად მინდოდა შენი ბობ მარლის მაისური?! -გაიკვირვა და თავი ღიმილით გადააქნია
-გამოდი რა, მომაძებნინე, პაემანზე ვაგვიანებ!
-შენ ხომ ადამიანს არაფერს დააცდი -თავისთვის თქვა ბიჭმა, ლეპტოპს თავი საბოლოოდ მიანება და ძმის ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა
შიგნით შესულს, სრული არეულობა გადაეშალა თვალწინ. საძინებელი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ცოტა ხნის წინ იქაურობაზე ქარბორბალას გადაევლო.თითქმის მთელ გარდერობს იატაკზე მოეყარა თავი, ხოლო ტანსაცმლის ნაწილი, საწოლზე უწესრიგოდ იყო მიმოფანტული.
-თორნიკე, რა ხდება, გერმანელების ტანკებმა გაიარეს აქ?! -ოდნავ ხმას აუწია ერეკლემ, რადგან ვერასდროს იტანდა საკუთარ ბინაში უწესრიგობის დანახვას
-ნუ დაიწყებ, რა, თორემ შენთან აღარასდროს დავრჩები. მოდი, მაისური მომაძებნინე და მერე აქაურობასაც მივალაგებ
-იმაზე არ გიფიქრია, რომ სხვა მაისური ჩაგეცვა? -სცადა ალტერნატივა შეეთავაზებინა ძმისთვის, თუმცა ამ უკანასკნელმა, თავი მტკიცედ გადააქნია
-ან ბობ მარლის მაისური, ან არაფერი -თქვა მან -მაინც სად უნდა იყოს? ზუსტად მახსოვს, რომ შენთან წამოსვლამდე ჩანთაში ჩავდე
-პაემანზე ბობ მარლის მაისურით აპირებ წასვლას და იმედი გაქვს, რომ იმ გოგოს კიდევ მოუნდება შენთან შეხვედრა?
-ვითომ რატომ არ მოუნდება? თავად მითხრა, ეგ მაისური ძალიან გიხდება და თუ შეძლებ, სწორედ მასში გამოწყობილი შემხვდიო
-აჰაა -სიცილის შეკავება ძლივს მოახერხა ერეკლემ -როგორც იქნა შენნაირი არანორმალური იპოვე, ძმაო, გილოცავ…. ჰო მართლა, რა ქვია?
-აილა
-აილა?
-ჰო, ვიცი, უცხო სახელია -კვლავ განაგრძობდა ძებნას თორნიკე და ისე ელაპარაკებოდა -იცი რა ლამაზია, ერეკლე? ახლახანს ჩამოვიდა თავის ოჯახთან ერთად საფრანგეთიდან და აქაურ ცხოვრების ტემპში ჯერ კარგად ვერ ერკვევა
-ანუ, მოგწონს
ძმის სახეზე თანხმობა ამოიკითხა, რაც თორნიკემ ნათქვამითაც დაადასტურა:
-ჰო, მომწონს, თანაც ძალიან, მაგრამ ჯერ არ მინდა ავჩქარდე და გრძნობებზე ჩამოვუგდო ლაპარაკი. ვაცლი, რათა შემეჩვიოს და თავადაც გაიხსნას ჩემთან
-ვაპირებდი რჩევა მომეცა, თუმცა ისე ჭკვიანურად ლაპარაკობ, მგონი ნელ-ნელა გაიზარდე და ამას მეც ახლა მივხვდი
თორნიკემ აღარაფერი უპასუხა, უბრალოდ გაუღიმა და კვლავ კარადაში შეძვრა თავით. მაისურის პოვნას ვერა და ვერ ახერხებდა, თან ძალიან ჩქარობდა, რათა ნანატრ შეხვედრაზე დაგვიანებული არ მისულიყო. როდესაც ბოლო უჯრამდეც ჩააღწია და ამჯერად მისი ქექვა დაიწყო, მოულოდნელად რაღაც ფოტო გადმოუვარდა იატაკზე. ერეკლემ ჯერ ყურადღება არ მიაქცია ამ ყველაფერს, მაგრამ როდესაც სურათზე კარგად ნაცნობ სახეებს მოჰკრა თვალი, ძმისთვის სასურველი მაისურის ძებნას მაშინვე შეეშვა.
-ეგ რა არის?
-არაფერი -ფოტოს ხელი მაშინვე სტაცა თორნიკემ და ზურგს უკან დამალა
-მაჩვენე! -კატეგორიული იყო ერეკლეს ტონი
-ერეკლე გეყოფა, ისეთი არაფერია, მაისურის ძებნა განვაგრძოთ, კარგი?
ბიჭს არაფერი უთქვამს საპასუხოდ, უბრალოდ ძმას მიუახლოვდა, მის ზურგს უკან ხელი მოხერხებულად გასწია და სურათი ისე ააცალა, თორნიკემ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო. როდესაც გააანალიზა რაც მოხდა, ერეკლე უკვე გამოსახულებას დაჰყურებდა ზემოდან და თვალები მასზე ისე გაშტერებოდა, თითქოს ვიღაცას ჯადოსნური ჯოხით მოეჯადოებინა.
ფოტოზე, თორნიკე და ვერონიკა იყვნენ გამოსახულები. გოგონას, საპატარძლო კაბა ეცვა და ერეკლე მაშინვე მიხვდა, რომ სურათი მისი და რონის ქორწილის დღეს იყო გადაღებული.
-ამას მიმალავდი? რატომ?
თორნიკემ, თავი დამნაშავე ბავშვივით ჩახარა.
-არ ვიცი, უბრალოდ, ვცდილობ ყველაფერი შორს წავიღო შენგან, რაც მასთანაა დაკავშირებული -გამოტყდა -ვხედავ, როგორ გტკივა, როდესაც რონი გახსენდება
-მე კარგად ვარ, ამაზე არ ინერვიულო -მხარზე ხელი დაადო ძმას და ოდნავ გაუღიმა
-ის, მეც ძალიან მენატრება, ერეკლე. მენატრება, ორშაბათი დღე, რომელსაც მუდამ თქვენთან ვატარებდი, მენატრება დრო, როდესაც მე და რონი ვიდეო-თამაშებს ვთამაშობდით, შენ კი წუწუნებდი, რომ ვინმეს შენთვისაც მოექცია ყურადღება -მოგონებებზე, სახეზე ღიმილი მოადგა თორნიკეს და საწოლზე მოღუშული ჩამოჯდა -საკუთარი დასავით მიყვარდა ის გადარეული გოგო
სული ეტკინა ამის მოსმენისას ერეკლეს. იმ წამს, კიდევ ერთხელ გაუმძაფრდა მონატრების შეგრძენება, ფანჯარასთან ახლოს მივიდა და თვალები მაგრად დახუჭა. მაშინვე წარმოუდგა თვალწინ თავისი და რონის ქორწილის დღე და როგორც მუდამ ხდებოდა, ამ ფიქრებს ხელჩაკიდებული გაჰყვა.


2017 წელი . . . 2 ივლისი

ერეკლემ სასტუმროს ნომრის კარი ფეხით შეაღო და ხელში აყვანილი, საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ვერონიკა შიგნით შეიყვანა.
ირგვლივ ყველაფერი ზუსტად ისე იყო მოწყობილი, როგორც ახალდაქორწინებულთა ნომერს შეეფერებოდა. საწოლზე, თეთრი და წითელი ვარდის ფურცლები ეყარა, მაგიდებსა და ტუმბოებზე სურნელოვანი სანთლები ეწყო, ყვავილებთან ერთად, ხოლო ჭერზე, ღია ვარდისფერი განათება იყო დამონტაჟებული, რაც იქაურობას რომანტიულ იერს სძენდა.
-მგონი, ცოტათი ბანალურია, არა? -გაეცინა ერეკლეს როგორც კი ყველაფერი მოათვალიერა
-კაცები რატომ თვლით, რომ სანთლები და ვარდის ფურცლები ბანალურობასთან ასოცირდება? უბრალოდ სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის ეს ყველაფერი -ლოყაზე აკოცა რონიმ ამის თქმისას და მკლავებიდან დაუძვრა ქმარს
-ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ სამუდამოდ ჩემი ხარ
-დროა დაიჯერო. თუ ეჭვი გეპარება, ჩემს საქორწინო კაბას შეხედე და დარწმუნდები
გოგონას მეტი აღარაფერი უთქვამს, პირდაპირ ვარდის ფურცლებით გაფორმებული საწოლისკენ დაიძრა, ზედ ჩამოჯდა და თმიდან ყვავილიანი სარჭების გამოძრობა დაიწყო. ნელ-ნელა მისი თმა ჩამოიშალა და შიშველ მხრებზე, ლამაზად დაეფინა თაფლისფერი კულულები.
სუნთქვაც კი შეეკრა ერეკლეს, ისეთი ლამაზი იყო ვერონიკა იმ წამს. გრძნობდა, რომ ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, ამიტომ სმოკინგის ბაფთა შეიხსნა, პიჯაკი გაიხადა და პირდაპირ ცოლისკენ დაიძრა, არეული ნაბიჯებით.
უტეხად უყურებდა მას თვალებში, რონი და იმაზე ფიქრიც კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, რომ დღეს თავის სხეულსაც და სიყვარულსაც, სამუდამოდ აჩუქებდა საყვარელ მამაკაცს.
გოგონა ფეხზე წამოდგა და როგორც კი ერეკლე მას მიუახლოვდა, კისერზე ხელები ნაზად შემოხვია.
-იცი, რომ ზედმეტად სიმპათიური ხარ, ქმარო?
-უკვე ასეც მომმართავ არა? -ოდნავ გაეღიმა ერეკლეს და გოგონა, წელზე ხელის შემოხვევით თავისკენ მიიზიდა, თან ოდნავ შეეხო ქვედა ტუჩზე
-კარგად ჟღერს, არა?
-არ უარვყოფ და კი -ამჯერად, გოგონას ყელს მიაკრო ტუჩები ერეკლემ, რითაც ამ უკანასკნელს, საბოლოოდ აურია სუნთქვა
-მისმინე . . .
-არ შეგეშინდეს, კარგი? ნუ კანკალებ. უბრალოდ მომენდე, თვალებში მიყურე და მზერა წამითაც არ მომაცილო
-მეც მაქვს რაღაც სათქმელი -ვერონიკამ, სახეზე ხელის გული დაადო ბიჭს და მარცხენა ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ერთი ნაბიჯით უკან დაიხია
-მითხარი
-ამ სხეულს ხომ ხედავ?
-ვხედავ და ერთი სული მაქვს ბოლომდე როდის შევისწავლი
-ჰოდა კარგად დაიმახსოვრე, ოდესმე ამ სხეულის გარდა, თუ ვინმესას კიდევ გაეკარები, ვერ გადამირჩები, ერეკლე გასვიანო! -გოგონას სიტყვები იმდენად სერიოზულად ჟღერდნენ და მზერაზეც იმოდენა სიმტკიცე ეტყობოდა, ერეკლეს ხმამაღლა გაეცინა და ვერონიკა კვლავ სხეულზე აიკრა
-ნუ ღელავ, შენზე ერთგული ქმარი ამ ქვეყნად არავის ეყოლება, ამიტომ შეგიძლია ბრჭყალები დამალო… ახლა კი, საქმე ლაპარაკის ნაცვლად -ეს რომ თქვა, გოგონას თმაში თითები შეუცურა, ტუჩებზე ნაზად შეეხო, ხელში აიყვანა და სასიამოვნო ტვირთთან ერთად დაიძრა საწოლისკენ


საღამო ხანი იდგა.
ერეკლე, სანდრო და ლარა ქალაქის ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ და სხვადასხვა არომატის ხილის წვენებს შეექცეოდნენ.
დაწესებულებაში ხალხის სიმრავლე შეინიშნებოდა. თავისუფალი მაგიდები თითქმის აღარ იყო, რის გამოც, ლურჯფორმიან მიმტანთა გუნდს ორმაგი დატვირთვით უწევდა მუშაობა.
ერთმანეთის გვერდიგვერდ მჯდომ ლარასა და ერეკლეს, რაღაცაზე გაცხარებული დიალოგი ჰქონდათ გამართული, პარალელურად ტელეფონს ჩაშტერებოდნენ და გარესამყაროსთან კავშირი სრულებით ჰქონდათ გაწყვეტილი. მეორეს მხრივ, სანდროსაც თავისი საფიქრალი უღრღნიდა გულსა და გონებას. საყვერელ ქალთან ურთიერთობის დასრულება ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადატანილი, თუმცა მუდმივად უწევდა კარგ ხასიათზე ყოფილიყო, რათა თავისი უხასიათობით ლარას განწყობაზეც არ მოეხდინა უარყოფითი გავლენა.
საშინლად უჭირდა თავის მოჩვენება. სამსახურშიც მუდამ მხიარული და კონტაქტური უნდა ყოფილიყო თანამშრომლებთან, რაც კიდევ უფრო მეტად ძაბავდა შინაგანად. უნდოდა გამოეხატა ის ტკივილი, თავისი გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში რომ ჰქონდა გამოკეტილი, სურდა ბოლო ხმაზე აწეული მუსიკის ფონზე ალკოჰოლში ჩამხრჩვალიყო, კლუბებში გაეთენებინა და დაეღამებინა, ყველასგან მოშორებით და ამით ოდნავ მაინც შემსუბუქებულიყო, თუმცა არ შეეძლო. იმ ადამიანების გამო არ შეეძლო, ვინც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა და ვისი ბედიერებაც მისთვის უპირველესი იყო.
სანდრომ სიმწრისგან კბილები ერთმანეთს დააჭირა, წამით თვალები დახუჭა და ცოტათი დამშვიდების შემდეგ, კვლავ უმცროს დასა და ერეკლეს დაუბრუნდა მზერით.
-მთელი დრო, ტელეფონიდან ცხვირი არ ამოგიყვიათ, ვერ მეტყვით რას აკეთებთ? -დაინტერესდა იგი. დარწმუნებული იყო, რომ თუ თავად არ დაარღვევდა მათ იდილიას, მანამ არც ერთი არ შეუშვებდა თავის პატარა "სამყაროში"
პირველმა მათ შორის ლარამ გამოხედა. ბავშვს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და აშკარა კმაყოფილება ეტყობოდა.
-ერეკლემ ნიზლავი წააგო -ნიშნის მოგებით განაცხადა მან -ახლა ის ათი მაისური უნდა გამომიწეროს ონლაინ-შოპინგიდან, რომელსაც ვეტყვი და ზუსტად იმათ ვარჩევთ
-ისევ ჭადრაკში მოგიგო, ერკე? -ოდნავ გამხიარულდა სანდროც მათი შემხედვარე. ბიჭის მჟავე სიფათმა მიახვედრა, რომ სწორედ ასე იყო და უმცროს დას ხელი გადახვია
-ყოჩაღ, ლარა, პროფესიონალი მოჭადრაკე იზრდები. შენს გარდა, ერეკლე გასვიანს მაგ თამაშში ვერავინ ჯობნის
-სწორედ მაგიტომ მთხოვს რევანშს ასე ხშირად, ჰგონია, ერთ დღეს ბედი გაუღიმებს და პირველობას დაიბრუნებს -სიცილით თქვა გოგონამ, რითაც ერეკლეს დუმილსაც დაუსვა წერტილი:
-ლარა, თუ არ გაჩუმდები, მაისურების გარეშე დარჩები! უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ვიყავი და ამიტომ წავაგე
-მგონი, უკვე დროა აღიარო, რომ ჭადრაკს შენზე უკეთ ვთამაშობ და ამით დავასრულოთ. ბავშვი ხომ არ ხარ? -თვალები აატრიალა ბოლო სიტყვებზე და კვლავ ტელეფონს ჩახედა -აი, ეს ფორთოხლისფერი მაისურიც ავიღოთ, ძალიან უცხო სტილია
-კატასტროფული ფასიც აქვს -დარწმუნებით განაცხადა ერეკლემ, როგორც კი ეკრანს დახედა, თუმცა იმასაც მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ რჩებოდა და დანებდა -კარგი, მიდი გამოწერე. ეჭვი მაქვს ჩემი საკრედიტო ბარათი გაბანკროტებას მაინც ვერ აცდება
-ნუ წუწუნებ, ადამიანს სამოცი დღე მაინც შეუძლია საჭმლის გარეშე არსებობა. წყალს რაც შეეხება, მე დაგალევინებ ხოლმე
სანდრო ღიმილით უგდებდა ყურს უმცროსი დისა და ერეკლეს დიალოგს. მათ შემხედვარეს, ანასტასია და თავისი თავი ახსენდებოდა ბავშვობაში. ისინიც ზუსტად ასე კინკლაობდნენ ხოლმე და გამუდმებით სანაზლეოებს დებდნენ ერთმანეთში, რაშიც, ძირითადად, ანასტასია გამოდიოდა ხოლმე გამარჯვებული. ერთი ისეთი შემთხვევაც ახსენდებოდა, როდესაც სტადიონზე მყოფებმა, ფეხბურთის გუნდების მოგებაზე დადეს ფსონები. პირობა ასეთი იყო-თუ გოგონას ფავორიტი გუნდი გაიმარჯვებდა, მაშინ, სანდროს ერთი კვირის განმავლობაში უნდა შეესრულებინა მისი საშინაო დავალებები, ხოლო თუ მოგებულის ტიტულს სანდროს არჩეული გუნდი მიიღებდა, ანასტასია ვალდებული იყო თავის მიერ გადანახული ფულით, რომელსაც ზაფხულის გეგმებისთვის აგროვებდა, სანდროსთვის სასურველი ჯიშის ძაღლი ეყიდა.
ბედის ირონია ის იყო, რომ თამაში ფრედ დასრულდა და ვერც ერთმა ვერ მოახერხა სასურველის მიღება. იმედგაცრუებულებმა, დღე იმით დაასრულეს, რომ სტადიონიდან ნაყინის საჭმელად წავიდნენ, თავიანთ საყვარელ კაფეში, მას შოკოლადის ტორტიც მიაყოლეს და საბოლოო შეთანხმებაც დადეს -სანდრო ანასტასიას საშინაო დავალებებს დაწერდა ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო ანასტასია, გაწეული სამსახურის სანაცლოდ, მართლაც უყიდდა უფროს ძმას მისთვის სასურველი ჯიშის ძაღლს.
ამ მოგონებების გახსენებაზე, სახეზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა სანდროს. წარსულის ყოველი მომენტი, იმის გაცნობიერებაში ეხმარებოდა, თუ რაოდენ ძვირფასი იყო მისთვის ანასტასიაც, ლარაც და მათი პატარა, თუმცა სიყვარულით სავსე ოჯახიც.
ბიჭის გონება, ჯერ კიდევ წარსულის მოგონებებში ხეტიალით იყო გართული, როდესაც გვერდიდან გაგონილმა ერეკლეს ხმამ, თავისი ცალკეული განზომილებიდან გამოიყვანა და მზერა ერთი ამოჩემებული წერტილიდან სწორედ მასზე გადაიტანა.
-ანასტასიამ მომწერა -გაკვირვებული დაშტერებოდა ერეკლე ტელეფონის ეკრანს -ამბობს, რომ უკვე ჩამოფრინდა და სახლშია
-მეც ზუსტად ეგ მომწერა ცოტა ხნის წინ -არანაკლებ გაკვირვებული ჩანდა ლარა, რადგან იცოდა, რომ თავისი დის რეისი ხვალისთვის იყო დაგეგმილი
სანდრომ ერთ ხანს ჩუმად უყურა ერეკლესა და ლარას გაოცებულ სახეებს, შემდეგ თავისი მობილურიც ამოაძვრინა ჯიბიდან და ნახა, რომ ანასტასიასგან მასაც ჰქონდა მოსული მსგავსი შინაარსის შემცველი შეტყობინება.
-კი მაგრამ, ხვალ არ უნდა ჩამოფრენილიყო? რატომ არავინ გაგვაფრთხილა? აეროპორტშიც კი ვაპირებდი დახვედრას
-მარგიანებს რას გაგიგებთ ადამიანი
-გასვიანო, უმცირესობაში ხარ და გირჩევნია გაჩუმდე -სიცილით უთხრა მას ლარამ, თან არც მაღლა აზიდული ცალი წარბი დავიწყებია
-მგონი, ჩემს დისკრიმინაციას აქვს ადგილი
-გიყურებთ და თანდათან ვრწმუნდები, რომ ორივენი ერთი ჭკუის ხართ -მათ დიალოგში სანდროც ჩაება -წვენის დალევას თუ მორჩით, ანგარიშს მოვითხოვ და გავიდეთ, ანასტასია ცოცხლად გაგვატყავებს, თუ მალე არ მივედით
-გავიდეთ -ერთდროულად დაეთანხმნენ ლარა და ერეკლე და თავიანთი სკამებიდან მაშინვე წამოდგნენ . . . .
მანქანით მგზავრობისას შეთანხმება დადეს, რომ იმ დღეს ანასტასიასთან უნდა დარჩენილიყვნენ, გვიანობამდე. კაფედან მოყოლებული, სახლამდე მისასვლელ გზაზე, სანდროს მინიმუმ ოთხჯერ მაინც გააჩერებინა მანქანა უმცროსმა დამ, მაღაზიაში სხვადასხვა წვრილმანების საყიდლად. ამის გამო, დანიშნულების ადგილამდე მისვლა მხოლოდ რვის ნახევრისთვის შეძლეს.
ლარას უკვე ერთი სული ჰქონდა, მონატრებული და ეხილა, ამიტომ ლიფტში ყველაზე მოუსვენრად სწორედ ის იყო და უკვე წამებს ითვლიდა როდის დაეწერებოდა სენსორულ ციფერფლატს სართულის აღმნიშვნელი ციფრი, თვრამეტი.
ბიჭები, მისი შემხედვარე ღიმილს ვერ იკავებდნენ. არც ერთი მათგანი ელოდა იმ მოულოდნელ სიურპრიზს, რაც ანასტასიამ მათ გაუკეთა, თუმცა ფაქტი იყო, დღის იმაზე სასიამოვნო გაგრძელებას ნამდვილად ვერ ინატრებდნენ, რომელიც ამ მოულოდნელობის გამო ეწვიათ.
დების შეხვედრა მართლაც ძალზედ ემოციური გამოდგა. არც ერეკლესა და სანდროს ჰყავდათ ნაკლებად მონატრებული გოგონა, ამიტომ ჩახუტებებმა და მოკითხვებმა, საკმაოდ დიდი დრო წაიღო.
სადარბაზოში სიყვარულის გამოხატვას რომ მორჩნენ და ბოლოს და ბოლოს, სახლში შესვლა მოიფიქრეს, პირველი რაც გააკეთეს ის იყო, რომ ჩემოდნის ოთახში შეტანაში მიეხმარნენ ანასტასიას, შემდეგ კი, მის ამოლაგებას ერთობლივი ძალებით შეუდგნენ. გოგონა ამ დროს, ლოგინზე იყო წამოწოლილი, გულზე ხელები დაეკრიფა და ლარას, სანდროსა და ერეკლეს, განკარგულებებს ისე აძლევდა, როგორც ძლევამოსილი იმპერატორი, თავის ერთგულ ქვეშევრდომებს.
-აი, ეგ კაბა რიადში პირველი დაკიდე, ერკე -თითით ანიშნა ჩემოდნის კიდეში ჩადებულ ოთხად გაკეცილ მატერიაზე და შოკოლადის მუსით გავსებული მორიგი კოვზი გაიქანა პირისკენ
ლარა და სანდრო, ამ დროს ანასტასიას პირადი ჰიგიენის უჯრების მოწესრიგებით იყვნენ დაკავებულნი და შეთანხმებულად ალაგებდნენ სათავსოებში კრემებს, ლოსიონებსა თუ შხაპის გელებს.
-მაგ ტკბილეულის ჭამას თუ არ შეეშვები, ელენა პოდიუმზე ასვლას აღარ გაღირსებს -დაბღვერით უთხრა ერეკლემ -ხომ იცი, სხეულის თითოეულ პარამეტრს გიმოწმებს გამადიდებელი შუშით?
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, კალორიებს სპორტ-დარბაზში დავწვავ -არხეინად მიუგო, თან კიდევ ერთხელ გალოკა მადიანად შოკოლადში ამოსვრილი კოვზი
ანასტასიას ერთი ჩვევა ჰქონდა-დაღლილობას მუდამ ტკბილეულის საშუალებით ებრძოდა ხოლმე და ახლაც სწორედ ამ ხერხს მიმართავდა
-პარიზში უჩემოდ არ მოიწყინეთ? დიდი იმედი მაქვს, ამ შეკითხვის პასუხი დადებითი იქნება -დასძინა სანამ ვინმე ხმას ამოიღებდა და ძმასა და უმცროს დას, გამომცდელად გადახედა
გარკვეული დრო დუმილი სუფევდა. შემდეგ ლარა მიუახლოვდა ანასტასიას ჩემოდანს, დარჩენილი ნივთების ამოსაღებად და ჰკითხა:
-შენც ხომ იცი, რომ ძალიან გვაკლდი, არა?
-განდიდების მანია სჭირს და უნდა ყველასგან მოისმინოს, რომ მის გარეშე მოწყენილობა იყო
-მოკეტე, რა, სანდრო
-სიმართლე მწარეა, დაიკო
-სიმართლეზე მწარე ჩემი ხელია, რომელსაც სახეში მიიღებ თუ პირზე ბოქლომს არ დაიდებ!
-ეს, დღეს რაღაც ცუდ ხასიათზეა, ალბათ, აკლიმატიზაციის პრობლემა აქვს -სიცილით ჩაერთო დიალოგში ერეკლე
-საერთო ძალებით მიტევთ, არა?
-მე შენკენ ვარ, დაო -ლარა მასთან მივიდა, მკლავზე მიეხუტა, თან ანასტასიას შოკოლადის მუსში საჩვენებელი თითი ამოუსვა და მადიანად გაილოკა -მმმ, მგონი ტკბილი მეც მომინდა
-მეტი აღარ დარჩა, შენმა გაუმაძღარმა დამ სულ შეჭამა -ამის თქმისას სანდრო, ანასტასიას დაბღვერილ მზერას გადააწყდა და სიტუაციის განსამუხტად, პირზე ელვის შეკვრის იმიტაცია გააკეთა
ჩემოდანი რომ ბოლომდე ამოალაგეს, მას გარდერობისთვის გამოყოფილი ოთახის მარჯვენა კუთხეში მიუჩინეს ადგილი. როგორც გადაწყვეტილი ჰქონდათ, იმ დღეს გვიანობამდე დარჩნენ ლარა, ერეკლე და სანდრო, ანასტასიასთან. გოგონა თითოეულ მათგანს ძალიან ჰყავდა მონატრებული და ცდილობდნენ დაკარგული დრო ამ გზით მაინც აენაზღაურებინათ.
ოთახის მოწესრიგებამ, დაახლოებით ნახევარი საათი წაიღო. ამ ყველაფერს რომ მორჩნენ, ერეკლემ მაშინვე პიცა გამოიძახა, რათა ამ უკანასკნელის თანხლებით ყველას ერთად ეყურებინათ რამე საინტერესო ფილმისთვის.
რა თქმა უნდა, ჟანრის არჩევაზე ამჯერადაც კამათი მოუვიდათ. ეს მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც მოახერხეს შეთანხმების მიღწევა და დოკუმენტური ჟანრის ეკრანიზაციაზე შეაჩერეს არჩევანი.
ანასტასია ბევრს ეცადა, თუმცა ფილმს გული ვერა და ვერ დაუდო. მხოლოდ ეკრანს მიშტერებოდა გაყინული მზერით და რომ გეკითხათ, ვერც კი გეტყოდათ რა ხდებოდა მასში. რაც უფრო მეტს ცდილობდა აარონისა და თავის ნიუ-იორკულ ახალ წელსა და იმაზე ფიქრით არ გაფანტვოდა გონება, როგორ უყურებდნენ გრანდიოზულ ფეიერვერკს „ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ სახურავიდან, მით უფრო ღრმად უტევდნენ წინა დღის კადრები, ისინი კი, სხვა რამეზე კონცენტრირების საშუალებას არ აძლევდნენ.
ფილმის ხანგრძლივობა ორი საათი გახლდათ, ამიტომ, მისი დასრულების შემდეგ, გარეთ უკვე საგრძნობლად იყო ჩამობნელებული. ეკრანზე ტიტრების გამოჩენისას, ყველამ მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება დაიწყო ერთმანეთთან. ანასტასიაც მიხვდა, რომ თვითონაც უნდა ეთქვა რაღაც, ამიტომ, მსუბუქი და ლაკონური შეფასებით შემოიფარგლა:
-ცუდი არ იყო -განაცხადა მან ზმორებით, თან ერეკლეს მხარს თავი ჩამოადო. პიცის ყუთი უკვე სრულიად ცარიელი იდო ჟურნალების მაგიდაზე და შიგ დაკუჭული, ცხიმიანი ხელსახოცები ეყარა
-მე მაგალითად, პიცა უფრო მომეწონა ვიდრე ფილმი -აღნიშნა ლარამ -მეორეც ხომ არ გამოგვეძახა?
-გამოტყდი, პიცა მოგეწონა თუ პიცის დამტარებელი ბიჭი? -კითხვის დასმისას გამომცდელი მზერა მიიღო ერეკლემ, რის გამოც, მკლავზე ჩქმეტაც დაიმსახურა ლარასგან. ანასტასიას უკვე ჩაებნელებინა ტელევიზორის ეკრანი და კვლავ მეგობრის ბეჭზე თავჩამოდებული, მარცხენა მხარეს გადმოგდებულ თმას იწნიდა
-ჩემი დაიკო უკვე დიდია, შეუძლია ვინმეს თვალი დაადგას და სერიოზული ურთიერთობაც დაიწყოს -განაცხადა მან, რაზეც სანდრომ ცალი წარბი მაღლა აზიდა
-იქნებ აზრი მეც მკითხოთ, სანამ ბავშვს საპატარძლო კაბაში გამოაწყობთ, თანაც თოთხმეტი წლის ასაკში
-რა სერიოზული ურთიერთობა? რა საპატარძლო კაბა? -უკვე სიცილით კვდებოდა ლარა -ან, საიდან მოიტანეთ, რომ იმ პიცის დამტარებელი ბიჭით მოვიხიბლე? -ამის თქმისას ერეკლეს გახედა -ყველაფერი შენი მწარე ენის ბრალია. რამეს იტყვი და ესენიც სულელებივით იჯერებენ
-რა ვქვნა, ძალიან დამაჯერებელი სახე მაქვს
-ფრთხილად იყავი, მაგ დამაჯერებელ სახეზე არ შემოგარტყა
ერეკლემ თავი მოისაწყლა.
-ხედავთ მარგიანებო თქვენი უმცროსი დაიკო როგორ მეუზრდელება? -ანასტასიას და სანდროს გადახედა მან -მგონი ჭადრაკთან ერთად, სიბრაზის მართვის კურსებზეც უნდა ატაროთ
-მშვენიერია, ის და ანასტასია ერთად ივლიან, თორემ დღეს რაღაც ძალიან არის განერვიულებული
-მაგით რის თქმას ცდილობ?
-არაფრის, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე
გოგონა ფეხზე წამოდგა და ჟურნალების მაგიდაზე შემოდებულ პიცის ყუთს დაწვდა.
-წავალ, აქაურობას ცოტათი მაინც მივალაგებ . . . . ჰო მართლა, არ გინდათ დღეს ყველანი ჩემთან დარჩეთ?
-ჯობს, კარგად გამოიძინო, ანასტასია -ერეკლემ გასცა პასუხი ყველას მაგივრად -ზეგ დეფილე შენ უნდა დახურო და დასვენება გჭირდება. ჩვენ თუ ყველანი ერთად დავრჩით, მთელი ღამე უძილობა გარანტირებული გვაქვს
-ჰო, ეგ საერთოდ არ გამხსენებია -დანებების ნიშნად ღრმად ამოიოხრა გოგონამ, სამზარეულოსკენ გაემართა და ამჯერად, უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა :
-ელენა ტყავს გამაძრობს თუ ყველაფერმა ისე არ ჩაიარა, როგორც საჭიროა . . .


თავდაჯერება . . .
სიამაყე . . .
გაბედულობა . . .
სითამამე . . .
სწორედ ეს ოთხი სიტყვა გახლდათ ის, რასაც ანასტასია მარგიანი, ყოველი პოდიუმზე გასვლის წინ იმეორებდა ხოლმე გონებაში.

საკუთარ თავთან მუშაობა, ფსიქოლოგიური მომზადება და "თვითდაჯერების ფიალის" შევსება, ახლაც ისევე საჭიროდ მიაჩნდა, როგორც მაშინ, როდესაც დებიუტანტად ითვლებოდა სამოდელო კარიერის სფეროში. მუდამ ფიქრობდა, რომ ადამიანს, თვითდაჯერების გრძნობა ბევრ რამეში წაწევდა წინ, თუმცა ამ უკანასკნელის გადაჭარბებული დოზა, შეიძლებოდა დიდი წარუმატებლობის საწინდარიც გამხდარიყო.

ანასტასიამ ღრმად ჩაისუნთქა და სარკეში არეკლილი გამოსახულება კიდევ ერთხელ შეათვალიერა. სულ რაღაც შვიდ წუთში, უკვე პოდიუმზე უნდა გასულიყო და თავისი გამოსვლით დეფილე ოფიციალურად დაეხურა.

უზარმაზარ გასახდელში, სადაც მოდელები ემზადებოდნენ, დიდი ფუსფუსი და აურზაური შექმნილიყო. ვიზაჟისტები განსაკუთრებული მონდომებით უსწორებდნენ სცენაზე გასასვლელად მომზადებულ გოგონებს მაკიაჟს, სტილისტები მათ ვარცხნილობაზე ზრუნავდნენ, ხოლო დიზაინერები, საპოდიუმე სამოსის გარკვეულ შტრიხებს ასწორებდნენ, რათა დეფილეს ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, უნაკლოდ ჩაევლო.

ანასტასიაც უკვე სრულ მზადყოფნაში გახლდათ. მართლაც რომ იდეალურად გამოიყურებოდა მისი სამოსი. გრძელი, ვერცხლისფერი კაბა, რომელსაც ზურგი მთლიანად ჰქონდა ამოღებული და მარჯვენა ფეხზე ბოლომდე იყო ჩახსნილი, იმდენად იდეალურად ჩანდა ანასტასიას სხეულზე, ნებისმიერ ადამიანს სპეციალურად მისთვის ეგონებოდა შექმნილი. ვიზაჟისტებისა და სტილისტების გუნდიც კმაყოფილი სახით უცქერდა თავის ნამუშევარს, ხოლო ანასტასია, ისევ საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა, თვალმოუშორებლად და გონებაში მხოლოდ ის კითხვა უტრიალებდა, იჯდა თუ არა ამ წუთას აარონი მაყურებელთა რიგში.

გოგონას მასთან წინა საღამოს შემდეგ არ ესაუბრა და არც ის იცოდა დაზუსტებით, მოახერხებდა თუ არა მოსვლას ეს უკანასკნელი.

საკმაოდ ბევრი რამის გაგება მოასწრო ანასტასიამ, ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, მამაკაცის შესახებ. პირად ცხოვრებას თუ ჩავუღრმავდებოდით, გარს მუდამ საუკეთესო ლამაზმანები ეხვია, თუმცა ისიც აღსანიშნავი გახლდათ, რომ აარონ ქალდანის მოხიბვლა მხოლოდ მშვენიერი სახითა და უნაკლო სხეულის ფორმებით შეუძლებელი იყო. მის მამაკაცურ ეგოს არ აკმაყოფილებდა საპირისპირო სქესის მიმზიდველი ფეხები და მკვრივი სა’ჯდომი, თუ ამ ყველაფერს ჭკუა-გონების მაღალი დონე არ ახლდა თან. ბევრი ადამიანი, მსგავსი შეხედულებების გამო, მას ზედმეტად ამაყ და ამპარტავან პიროვნებადაც კი მიიჩნევდა, ვისაც სიმდიდრე თავში ჰქონდა ავარდნილი და ყველას ზემოდან დაჰყურებდა, თუმცა ანასტასია, სულაც არ თვლიდა ასე. პირიქით, მოსწონდა კიდეც მამაკაცის უკარება ხასიათი და ის, რომ ყოველ მეორე შემხვედრს არ უყადრებდა თავს მხოლოდ ლამაზი ფიგურის გამო.

-ანასტასია, საყვარელო, მზად ხარ? -ზურგს უკნიდან მომავალმა ხმამ გაუწყვიტა ფიქრების ძაფი გოგონას. კითხვის ავტორი, თავად ელენა ბალანჩინი გახლდათ, ვინც გასახდელში იმ წამს შემოსულიყო, თავისი მედიდური გამომეტყველებით, ლამაზად დახვეული თმითა და მოხდენილი სამოსით, ასე ღიად რომ გამოკვეთდა ქალის სხეულის თითოეულ პარამეტრს

-სრულ მზადყოფნაში ვარ, ქალბატონო ელენა . . . და, თქვენ რატომ არ ზიხართ მაყურებელთა რიგებში?

-ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ, ჩემო ლამაზო. სულ მალე, შენი გასვლის ჯერი მოვა და ჯობს ამაზე ფიქრს დაუთმო მთელი ყურადღება

მოსამზადებელი ოთახიდან კიდევ ერთი მოდელი გაემართა პოდიუმზე გასასვლელად, ერთიც კი შიგნით შემოვიდა.

იქედან, ვისაც უკვე დაემთავრებინა თავისი გამოსვლა, ზოგი მაკიაჟის მოშორებით იყო გართული, ზოგიც კი, მობილურში ჩამძვრალიყო და "სქროლვით" ირთობდა თავს.
ანასტასიას უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამთავრდებოდა ეს დღე და ნანატრ ლოგინს მიაშურებდა. მართალია, დეფილეს შემდეგ კლუბში კორპორატიული წვეულებაც იყო დაგეგმილი, თუმცა ამ უკანასკნელზე წასვლას, დაღლილობის გამო, ნამდვილად აღარ აპირებდა გოგონა. ახლა არც ხმამაღალი მუსიკის თავი ჰქონდა და არც, ალკოჰოლით გაბრუებული კოლეგების ცქერის ნერვები, რომელთა უმეტესობაც, ამ დროს, საკმაოდ აუტანელნი ხდებოდა ხოლმე.

-დარწმუნებული იყავით, რომ სწორედ ამაზე ფიქრითაა დაკავებული ჩემი გულიც და გონებაც -მიუგო ანასტასიამ მედიდურად, ჯერ კიდევ თავის ცხვირწინ მდგომ ელენას -რამე სხვა შეკითხვაც ხომ არ გაქვთ?

-არა, რას ამბობ? უბრალოდ მინდა წარმატებები გისურვო, ტკბილო

ანასტასიამ, თვალები გადაატრიალა ქალის მოჩვენებითად თბილ დამოკიდებულებაზე და ის-ის იყო კედელზე მიმაგრებულ საათს ახედა, რომ მისი ყურადღება, იმ დიალოგმა მიიპყრო, რომელშიც მოსამზადებელ ოთახში მჯდომი ოთხი მოდელი იყო ჩაბმული. ამ უკანასკნელთ, უკვე დაემთავრებინათ მაკიაჟის მოშორება, სამოსიც გამოეცვალათ და ერთად შეჯგუფულები, საკუთარ ტელეფონებში რაღაცას დაკვირვებით ჩაშტერებოდნენ.

-ჯანდაბა, რაღა მაინცდამაინც, ასეთ სიმპათიურ ტიპებს ესვრიან?

-მისი ამ ქვეყნიდან წასვლა ნამდვილი საცოდაობა იქნება. მართლა მთელი გულით და სულით ვგულშემატკივრობ

-მეც ასევე, თუმცა ოთხი ტყვიის მოხვედრის შემდეგ, პროგნოზი არც ისეთი საიმედო უნდა იყოს

-რა ხდება? რას განიხილავთ? -მოდელების შეკრებას ანასტასიაც შეუერთდა -რამე ცუდი ამბავია?

გოგონებმა, მობილურებიდან ცხვირი ერთდროულად ამოყვეს. მათგან ერთ-ერთმა, ვინც ასაკით ყველაზე უმცროსი გახლდათ და საკმაოდ უცნაური სახელი -კალანია ერქვა, ანასტასიას შეკითხვაზე ღრმად ამოიხვნეშა.
-ინტერნეტში ვნახეთ რაღაც განცხადება -მიუგო მან -თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მილიარდელს, აარონ ქალდანს ესროლეს. ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი და ამ ეტაპზე ოპერაციას უკეთებენ

-ჯანდაბა, ასეთი ტიპების მართლა გამკვირვებია -ტელეფონი გვერდზე გადადო ჟღალთმიანმა, საკმაოდ დახვეწილი გარეგნობის მქონე გოგონამ -ადამიანი ამხელა ქონების პატრონია და შესაბამისად, უამრავი მტერი ეყოლება. მისნაირებს, უკან მინიმუმ სამი დაცვის მანქანა მაინც უნდა მიჰყვებოდეს, ის კი ყველგან თავისუფლად და დაზღვევის გარეშე დადის

-სწორედ ამიტომ დაემართა ეს ყველაფერიც. თურმე, ნამდვილად ჰქონია შიშის საფუძველი

გოგონები კვლავ საუბრობდნენ, მსჯელობდნენ და ინტერნეტში ამოკითხულ სტატიას დიდი ინტერესით განიხილავდნენ, თუმცა ანასტასიას, მათი ნათქვამიდან სიტყვაც აღარ გაუგონია. მისმა გონებამ იმ ნაწილში შეწყვიტა მუშაობა, როდესაც სახელი აარონ ქალდანი მოისმინა თავისი ერთ-ერთი კოლეგისაგან.

იმ წუთას, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დანარჩენი სამყარო ცალკე სივრცეში მოათავსა, თავად კი უხილავი გარსი შემოიხვია ირგვლივ და მოსამზადებელ ოთახში შეკრებილთა ხმებიც, უკვე ძალიან შორიდან ჩაესმოდა.

აღარ აინტერესებდა არც დეფილე, არც თავისი მნიშვნელოვანი როლი ამ ჩვენებაში და არც ელენა ბალანჩინი, ვინც გამოსაფხიზლებლად ძლიერად ანჯღრევდა, თან რაც შეეძლო ხმამაღლა უყვიროდა, რომ უკვე მისი გასვლის დრო მოსულიყო.

ანასტასიას ფიქრები, ახლა თავიდან ბოლომდე აარონს დასტრიალებდნენ და მთელი სხეულით გრძნობდა, რომ ყველაფრის ფეხებზე დაკიდების და მასთან გაქცევისთვის აბსოლუტურად მზად იყო.

ფეხზე მყარად დგომა რომ შესძლებოდა, გოგონამ დროებით ყველანაირი გრძნობა გათიშა თავის გულსა და გონებაში.მკლავებში ჩავლებული ელენას ხელების მოშორებისა და გარს შემოკრებილი ცმობისმოყვარე მოდელთა რიგის გარღვევის შემდეგ, სწრაფად გადაიძრო თავისი კაბა, იგი იატაკზე დაუდევრად მიაგდო, გასასვლელთან მდგომი სარკიანი მაგიდის წინ დატოვებულ, ფოტოგრაფის კოსტიუმს ხელი დაავლო და შიშველ სხეულზე შემოიცვა. მხოლოდ რამდენიმე წამით მოიხედა უკან გასვლის წინ, ელენასა და კოლეგებს თვალი შეავლო და მათ გაოცებულ სახეებს რომ შეხედა თქვა:

-მთელი კარიერაც რომ თავზე ჩამომენგრეს, ახლა, ამ ჩვენებაზე გამოსვლას მაინც ვერ შევძლებ. დანარჩენი თქვენ იცით . . . -მერე გატრიალდა და კარიდან ისე სწრაფად გავარდა, როგორც მშვილდიდან ნატყორცნი ისარი







4 საათის წინ . . .

აარონმა მანქანის კარები გააღო, სავარძელში მოთავსდა და ის-ის იყო გასაღები უნდა გადაეტრიალებინა, რომ განზრახვაზე ხელი უკანა მხრიდან, საფეთქელზე მობჯენილმა იარაღმა ააღებინა.
თავი არ მიუტრიალებია. არც ხმა ამოუღია. უბრალოდ, მანქანის ჭერზე მიმაგრებული სარკე გაასწორა, რათა უკან მჯდომი ადამიანის ვინაობა დაედგინა და მასში ალექსანდრე თაბაგარის ამოცნობის შემდეგ, თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა.
-იცი, რომ დღეს შენი სახის დანახვას ყველაფერი მერჩივნა?
-ნუთუ მართლა?
-აქ რას აკეთებ, თაბაგარო? რაღაც არა მგონია, სანტა-კლაუსის მიერ დატოვებული საახალწლო საჩუქარი იყო. წელს ისე ცუდადაც არ მოვქცეულვარ, რომ შენი თავი გამოეგზავნა სასჯელის სახით
ლექსოს ირონიულად ჩაეცინა.
-იარაღმიბჯენილიც კი ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა? შენს ადგილას ასე მშვიდადაც არ ვიქნებოდი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ რევოლვერიდან გასროლილი ტყვია, მალე მაგ დამპალ სხეულში გაგეჭედება
-ვერ ვიტყვი, რომ მაგ მომენტს ნეტარებით ველი, მაგრამ არც მუხლებში ჩავარდნასა და პატიების თხოვნას ვაპირებ
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და მანქანა დაძარი, ერთ ადგილას მივდივართ!
აარონს თვალებში ბრაზის ნაპერწკლები აუთამაშდა. ალექსანდრე თაბაგარს, გაცნობის თანავე შეატყო რა საშიში ადამიანიც იყო, თუმცა მაინც ვერ წარმოედგინა, თუ ამდენად ღრმად შეეძლო შეტოპვა.
-არსად წასვლას არ ვაპირებ -მიუგო მან მკაცრად -ახლა კი გადადი ჩემი მანქანიდან და ეგ იარაღიც მოაშორე!
-კიდევ რას მიბრძანებ? -აარონის სიტყვებს, ლექსოს ცინიკური ჩაცინება მოჰყვა -თუ გნებავთ, მარკეტშიც შევირბენ და შოკოლადის კრუასანებს გიყიდი, ანასტასიას დეფილეზე რომ მშიერი არ მიხვიდე. ზუსტად ვიცი გეზი იქითკენ გაქვს აღებული
-ირონიას შეეშვი!
-თავად კი ლაყბობას შეეშვი და მანქანა დაქოქე!
-ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიზამ, როდესაც უკანა სავარძელზე მჯდომ ნაგავს გადავყრი, შენი სახით
სალონში ლექსოს ხმამაღალი და ამაზრზენი სიცილი გაისმა. რამდენიმე წამის განმავლობაში, მართლაც რომ შეშლილივით იცინოდა, მერე კი, უეცრად დასერიოზულდა და აარონის საფეთქელს იარაღი უფრო ძლიერად მიაბჯინა.
-იცი, ქალდანო? შენი სიმშვიდე მომწონს. სწორედ ისეთი ადამიანები მიზიდავენ, ვინებიც თავდაჯერებულობას არანაირ სიტუაციაში არ კარგავენ, თუმცა განწირული რომ ხარ, ამაში ასი პროცენტით იყავი დარწმუნებული.
-და რას გააკეთებ? -აარონის ხმა აშკარად დამცინავად ჟღერდა -შუა ქალაქში გაისვრი, ამდენი ხალხის თვალწინ? რაღაც არა მგონია, ჭკვიანური საქციელი იყოს
-მერე და ვინ გითხრა, რომ ეგ მაქვს გეგმაში? -ამ კითხვის პარალელურად, ლექსომ ირიბად ჩაიცინა და ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის -უბრალოდ გაიძულებ მანქანა დაძრა და აქედან აახვიო
-საინტერესოა მაგას როგორ აპირებ?
-მარტივად, ქალდანო, მარტივად . . . თუ იმას არ გააკეთებ, რასაც გეუბნები, სრულიად შესაძლებელია, რომ საჭირო ადგილას გადავრეკო და ანასტასიას დეფილეზე, დიდი ტრაგედია დატრიალდება -თავდაჯერებული ტონი ჰქონდა ბიჭს -უფრო კონკრეტულად გეტყვი, ჩვენების მთავარ მოდელს, ვისაც დეფილეს დახურვა ევალება, ჩემს მიერ დაქირავებული პირი გამოსვლის დროს დააჭედებს ტყვიას, პირდაპირ შუბლში და წამსვე დაასრულებს მის სიცოცხლეს. თუ ჩემთან არ იქნება, მაშინ საერთოდ არ მინდა ცოცხალი იყოს
-იცი? მას მერე, რაც ანასტასიამ შენზე მიამბო, ეჭვი გამიჩნდა, რომ მთლად ნორმალური ვერ იყავი, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ შეშლილი ხარ
-ანასტასია . . . . ანასტასია . . . . -შთაგონებით გაიმეორა მისი სახელი ბიჭმა, თან თვალები დახუჭა -საბედისწერო ქალია, არა? საშინლად გიზიდავს, თავისი მომხიბვლელობის ბურუსში გახვევს და საღად აზროვნების უნარს გაკარგვინებს. მეც ეს გამიკეთა. რაც გავიცანი, მას შემდეგ მოსვენება მაქვს დაკარგული. რა კუთხით აღარ მივუდექი, მაგრამ მას ჩემთან არ უნდა, გესმის?!
-ჩემს მანქანაში ამაზე სალაპარაკოდ შემოძვერი? -მიუხედავად კრიტიკული სიტუაციისა, ლამის სიცილი აუტყდა აარონს -მგონი უკვე დროა შეურიგდე იმ აზრს, რომ ანასტასია და შენ, ერთი ნავით ვერასდროს იცურებთ
-ჰოო? და ვინ იცურებს მასთან ერთად, ერთი ნავით, შენ? -ადვილი შესამჩნევი გახლდათ ის ზიზღი, რაც ლექსოს სიტყვებში იკვეთებოდა -მასთან დაკავშირებით თავიდანვე ბინძური ზრახვები გქონდა, არა?
-არ ვიცი შენს თავში რა აზრები ტრიალებს, მაგრამ ჩემთვის ანასტასია მარგიანი ის ადამიანია, ვისაც უდიდეს პატივს ვცემ
-გგონია, ამ სისულელეს დავიჯერებ?
-ნამდვილად არ ვაპირებ რამეში დაგარწმუნო, გინდ დაიჯერე, გინდ არა
ლექსოს ჩაეცინა.
-მგონი საკმაოდ დიდხანს გაგვიგრძელდა უაზრო ლაპარაკი -თქვა მან, თან ცალი თვალით ხალხმრავალ პარკს გახედა -ძრავა აამუშავე, გვეჩქარება
-კიდევ ერთხელ გიმეორებ, ძრავას მხოლოდ იმის შემდეგ ავამუშავებ, რაც აქ შენს სახეს ვეღარ დავინახავ!
-ვფიქრობ კარგად ვერ გაითავისე რა გითხარი -იარაღი ამჯერად კისერში მიაბჯინა ლექსომ -თუ ახლავე არ დამემორჩილები, დედამიწა შენი სათაყვანებელი ქალის გარეშე გააგრძელებს ბრუნვას. აიტანს ამას თქვენი სინდისი, ბატონო ქალდანო?
-შენს სინდისზე რას მეტყვი? უდანაშაულო ადამიანს ასე უბრალოდ გამოასალმებ სიცოცხლეს საკუთარი ახირების გამო?
-ჯერ კიდევ ვერ მიხვდი რაზე ვარ წამსვლელი, არა? -ამის თქმისას, ლექსოს სახეზე ცინიკური გამომეტყველება აღიბეჭდა -საკუთარი გადმოსახედიდან მსჯელობ, ძმაო. იმის გამო, რომ თავად არ შეგიძლია ვინმესთვის რამის დაშავება, გგონია ამის გაკეთება სხვასაც გაუჭირდება. ადამიანი ყველაზე ისე ფიქრობს, როგორიც თავად არის
აარონმა წამით თვალები დახუჭა და ლექსოს სიტყვების გააზრებას მოჰყვა. ბიჭის თვალებში დანახული სიძულვილი, ის მრისხანება, რასაც ეს პიროვნება თავიდან ბოლომდე ჰყავდა მოცული, მართლაც ქმნიდა შესაძლებლობას, რომ მას საკუთარი მუქარა სისრულეში მოეყვანა, ამიტომ, რისკზე წასვლა არც ისე შესაფერისი გამოსავალი იყო მსგავს სიტუაციაში.
-ათამდე ვითვლი -ერთიანად გაფანტა აარონის ფიქრები ლექსოს ხმამაღალმა ტონმა -თუ ბოლო ციფრზე მანქანა დაძრული არ იქნება, ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე
-რატომ მაინცდამაინც ათამდე?
-იმიტომ, რომ ეს ჩემი ფავორიტი ციფრია -მიუგო და ტუჩის კუთხეში ღიმილიც გაუკრთა -თუ მეტი კითხვა აღარ გაქვს, ათვლას ვიწყებ
აარონი ხედავდა, როგორ შედიოდა სიტუაცია თანდათანობით უფრო დაძაბულ სტადიაში. მართალია, ლექსოს თხოვნის შესრულებით საკუთარ უსაფრთხოებას აყენებდა რისკის ქვეშ, თუმცა როდესაც სასწორის მეორე მხარეს ანასტასიას სიცოცხლე იდო, სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა გარდა იმისა, რომ თაბაგარის ნებას დაჰყოლოდა.
-კარგი, გეყოფა, მივდივართ -ციფრ რვაზე, თვლა შეაწყეტინა მას აარონმა, თან მანქანის გასაღებიც გადაატრიალა -ახლა კი, ეგ თვითკმაყოფილი გამომეტყველება მოიშორე და დიდხანს გაჭიანურების გარეშე მითხარი, გეზი საითკენ ავიღო
-ჰოო, აი ეს უკვე მომწონს -აშკარად ხასიათზე მოეყვანა თაბაგარი, აარონის მიერ თეთრი დროშის აფრიალებას
-არ მიკითხავს რა მოგწონს და რა, არა, გკითხე საით წავიდე მეთქი
-შუბზლე იარაღმიბჯენილიც კი რამდენს ლაპარაკობ ქალდანო! შენს ადგილას, ტონს დიდი სიფრთხილით შევარჩევდი. მიდი, ღვედი გადაიჭირე!
-ჩემს მოკვლას აპირებ, ღვედი რა ჯანდაბად მინდა?!
-თუ იქამდე უსაფრთხოდ არ მიგიყვანე, როგორღა უნდა მოგკლა?
-აღარ იტყვი საით უნდა წავიდეთ? -მამაკაცს აშკარად ეტყობოდა, რომ უკვე მოთმინებას კარგავდა
-ჯერჯერობით პირდაპირ იარე, პატარავ, დანარჩენს მერე გაიგებ . . . .
ნახევარი საათის განმავლობაში უხმოდ იმგზავრეს, ბიჭებმა, თუ არ ჩავთვლით იმ მითითებებს, რომელთაც ლექსო აძლევდა აარონს, გზის სასწავლებლად. ეს უკანასკნელიც მონოტონურად ატრიალებდა საჭეს, ისე თითქოს კიდევ ერთ დამღლელ რეისს ასრულებსო.
ქალაქიდან რომ გავიდნენ, უკვე საღამო ხანი იდგა. ცის კაბადონი ჟანგისფრად შეფერილიყო, ხოლო გაყინული წყლის სურნელით თუ ვიმსჯელებდით ჰაერში, მალე წვიმასაც უნდა დაეშვა.
-სულ ცოტაც და დანიშნულების ადგილას ვიქნებით -სალონში რომ ლექსოს ხმა გაისმა, უკვე გაშლილი მდელოს გასწვრივ მიიკვლევდნენ გზას. ეს სწორედ ის სიტუაცია იყო, როცა ვითარებიდან თავის დასახსნელი გამოსავლის ძიება უნდა დაეწყო აარონს, თუმცა მისი გონება მსგავსი ფიქრებით ნამდვილად არ გახლდათ დატვირთული. უბრალოდ დინებას მიუყვებოდა და მოსალოდნელ შედეგებს ნაკლებად განიხილავდა.
-მაინც რამდენ ხანში ვიქნებით? -იკითხა მან. GPC მოწყობილობის მიხედვით თუ იმსჯელებდნენ, კოჯორთან ახლოს იყვნენ. იმდენად ახლოს, რომ იქამდე სულ რაღაც ორი წუთის სავალიღა იყო დარჩენილი.
-გზიდან გადაუხვიე და მდელოზე გადადი -მიუგო გულგრილად ლექსომ -ბოლოში რომ წიწვების ტყვე მოჩანს, სწორედ იქ მივდივართ
-იქ რა გვინდა?
-პიკნიკი უნდა მოვაწყოთ. იმედია, პლედები და სასუსნავები წამოღებული გაქვს
აარონმა კვლავ სიმშვიდის შენარჩუნება ამჯობინა და ჰკითხა:
-პიკნიკებზე ყოველთვის რევოლვერით დადიხარ ხოლმე?
-განსაკუთრებულ შემთხვევებში ასეც ვიქცევი -მხოლოდ მაშინ უპასუხა, როდესაც მანქანა გზიდან გადავიდა და ქათქათა თოვლით გადაპენტილ მდელოზე დაიწყო სვლა -გაინტერესებს ახლა რატომაა განსაკუთრებული შემთხვევა?
-ინტერესით ვკვდები
-ცოტაც მოიცადე და ყველა შენს კითხვას გაეცემა პასუხი
აარონმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და შეეცადა მთელი ყურადღება მანქანის მართვაზე გადაეტანა. დაუოკებელი სურვილი იპყრობდა ავტომობილი გაეჩერებინა, ლექსოს კისერში წვდენოდა და სალონიდან გადაეთრია, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ეს ადამიანი საღ გონებაზე არ იყო და სულ პატარა მცდარი ნაბიჯის შემთხვევაშიც კი მოიყვანდა თავის მუქარას სისრულეში.
საგრძნობლად მომატებული სიჩქარის წყალობით, რომელიც აარონმა 120კმ/სთ -ზე აიყვანა, ორმოც წამში უკვე ტყის სიღრმეში იყვნენ შესულები და თვალუწვდენელ წიწვებს შორის მიიკვლევდნენ გზას.
ტყეში სულიერის ჭაჭანებაც კი არ იყო. ჟანგისფრად შეფერილი ცა, იქაურობას კიდევ უფრო საშიშ იერს სძენდა, ხოლო ქარის ზუზუნი იმდენად შემზარავად ხვდებოდა ყურთასმენას, რომ იმ ადგილისადმი ზიზღის გრძნობასაც კი აღუძრავდა ნებისმიერ გამვლელს.
-საკმარისია, აქ გააჩერე! -ლექსოს უკვე საქარე მინა ჩამოეწია და იქედან შემოვარდნილი ცივი ჰაერით ივსებდა ფილტვებს. იარაღი ჯერ კიდევ აარონისკენ ჰქონდა მიშვერილი და მის ჩამოღებაზე არც ფიქრობდა -ყოჩაღ, აი ახლა ძრავა გამორთე და მანქანიდან ისე გადადი, რომ ზედმეტი მოძრაობები არ გააკეთო!
კიდევ ერთხელ შეასრულა აარონმა თაბაგარის მითითება. უკაცრიელ ადგილას განმარტოება, პლუს იარაღმომარჯვებული ლექსო, საერთო ჯამში საკმაოდ სახიფათო გარემოს ქმნიდა მისთვის.
-კარგი, გადმოვედი . . . . ახლა იტყვი აქ რა გვინდა?
-შენ როგორ ფიქრობ, ქალდანო? ნუთუ გგონია, რომ აქ მართლა პიკნიკის მოსაწყობად წამოგიყვანე?
-ჩემი მოკვლა გაქვს გადაწყვეტილი? -მანქანის საზურგეს მიეყრდნო აარონი ამის თქმისას, მერე კი, გარემო მოათვალიერა -ვერაფერს იტყვი, იდეალური ადგილია ბოლო ამოსუნთქვისთვის
ლექსოს გაეცინა, თუმცა მის სიცილში იყო რაღაც ავისმომასწავებელი.
-იცი, ქალდანო? დიდი ხანი არაა, რაც გიცნობ, მაგრამ უკვე მოახერხე, რომ ჩემი მოსისხლე მტრების სიაში პირველ ადგილას გამოჭიმულიყავი -ლექსოს სახიდან ღიმილი გაქრა. ის ბრაზმა შეცვალა -ვფიქრობ, გმირია ის, ვისაც შეუძლია თავისი მტერი მეგობრად აქციოს. მე, ეს არ შემიძლია. მართალია შენი პიროვნულობით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ამის გამო ასჯერ უფრო მეტად მძულდები!
-ანუ, გადარჩენის შანსები არ მაქვს -გულისწყვეტა იგრძნობოდა აარონის ხმაში ამის თქმისას
-დამიჯერე, ერთი პროცენტიც კი არა
-ცუდია . . . . ბევრი რამის გაკეთება მინდოდა მომესწრო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გზის დასასრულია
-ნაბი*ვარი ხარ, იცი?! -ხმამაღლა შეჰყვირა ლექსომ -აქეთ რომ მოგათრევდი, მინდოდა შენს თვალებში შიში დამენახა, მინდოდა მუხლებში ჩამვარდნოდი და შებრალება გეთხოვა, მაგრამ შენ კვლავაც ისეთივე თავდაჯერებული გამომეტყველებით დგახარ და წარბიც კი არ გიტოკდება, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცი რაც მოგელის!
აარონმა, თითქოს მისი ლაპარაკი არც გაუგონიაო, თემა რადიკალურად სხვა კუთხით წაიყვანა :
-უბრალოდ მაინტერესებს, მე თუ მესვრი, ამით შენი ცხოვრება უკეთესობისკენ როგორ შეიცვლება?
-ხომ არ დაგავიწყდა, რომ სააგენტოში ჩემი და ელენას საიდუმლო საქმიანობის შესახებ იცი? -კითხვაზე, კითხვით უპასუხა ლექსომ -უკანონო საქმეებში თვითმხილველი ნამდვილად არ მჭირდება, ისევე, როგორც ანასტასიას სიყვარულში არ მჭირდება მეტოქე
-და ფიქრობ, რომ თუ მე მომკლავ, ანასტასია შენკენ ხელებგაშლილი გამოიქცევა? -ირონია ჭარბობდა აარონის ტონში, თუმცა ლექსოს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე მიუგო:
-ადრე თუ გვიან, ის მაინც ჩემი გახდება, ამაში ასი პროცენტით იყავი დარწმუნებული
-მაგის შანსები ნულს ქვემოთაა, თაბაგარო
-ვნახოთ, ვნახოთ -ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია, თან იარაღი მისი შუბლის სიმაღლეზე ასწია ლექსომ -პრინციპში სიამოვნებას მანიჭებს იმაზე ფიქრი, რომ სიცოცხლეს გამოგასალმებ, შენი ქალით კი მე ვისიამოვნებ
აარონს თვალებში სისხლი მოაწვა. იმაზე ფიქრსაც წყობილებიდან გამოჰყავდა, რომ ანასტასია სრულიად დაუცველი დარჩებოდა ამ მანიაკისგან. თუმცა მხოლოდ ეს არ გახლდათ მისი მღელვარების მიზეზი. იმაზე ფიქრითაც თავი უსკდებოდა, თუ რა ბედი ეწეოდათ ნიცას და ნიკოლოზს .
როგორ არ სურდა აარონს ტყუპები კვლავაც ისეთივე პიროვნებებად დარჩენილიყვნენ, როგორებიც ახლა იყვნენ. ნანობდა ყოველ იმ დაკარგულ წამს, მათი აღზრდისთვის რომ შეეძლო მიეძღვნა, თუმცა საკუთარ საქმეებში ბოლომდე ჩაფლულმა ეს ვერ გააკეთა.
-შეიძლება ერთი რაღაც გთხოვო? -ჰკითხა მან ცივსისხლიანი სახით მდგომ ლექსოს. ამ უკანასკნელს, სახეზე დაუფარავი სარკაზმი ეხატა
-ბოლო თხოვნა ხომ არ გაგიჩნდა, ქალდანო? -მიუგო მან კითხვითვე -თუ ასეა, სიამოვნებით მოვისმენ რა ინატრა შენმა მამაცმა გულმა, თუმცა არც იფიქრო, რომ ანასტასიას ხმას გაგაგონებ შენი ცხოვრების ბოლო მომენტში
-ეგ მეც ვიცი . . . უბრალოდ, ჩემს და-ძმასთან მინდა დავრეკო, ლოს-ანჯელესში -ამას რომ ამბობდა, ლექსოს ეჭვიან მზერას შეეჩეხა და დაამატა -ნუ ღელავ, შენს თვალწინ დავრეკავ, თან ხმამაღალ კავშირზე ჩავრთავ, რათა დარწმუნდე, რომ ნამდვილად მათ ვესაუბრები
-ანუ, ქალდანების ემოციურ საუბარს მოვისმენ პირდაპირ ეთერში -ნიკაპზე თითები აათამაშა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ლექსო, აარონს -ხომ იცი, ერთი ზედმეტი სიტყვაც და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგახლი ტყვიას?
-ვფიქრობ, საბოლოოდ ისედაც ეგ მომელის
-მართალია, მაგრამ თუ ჭკვიანად იქნები, ვაპირებ ფსიქოლოგიურადაც შეგამზადო, რათა ყველაფერთან გამოთხოვება არ გაგიჭირდეს
აარონს ჩაეცინა.
-ძალიან მზრუნველი ხარ, მაგრამ წინამოსამზადებელ პერიოდს არ ვსაჭიეროებ, ახლა კი მითხარი, მომცემ დარეკვის უფლებას, თუ, არა?
-მოიცა დავფიქრდე -მედიდური გამომეტყველებით გაიარ-გამოიარა ლექსომ, იარაღის ლულით კეფა მოიქექა და ეს უკანასკნელი კვლავ აარონს მიუშვირა -კარგი, ნებას გაძლევ ცოტა ხნით შენს ლაწირაკ და-ძმას ელაყბო -თქვა მან -თუ რამე არასაჭირო წამოგცდება, გახსოვდეს, რომ ჩემი მხრიდან ერთი ზარის გაშვებაც საკმარისია, რათა დეფილეზე უზარმაზარი ტრაგედია დატრიალდეს
არაფერი უპასუხია აარონს. მობილური შარვლის მარცხენა ჯიბეში ეგულებოდა, ამიტომ ხელი პირდაპირ იქითკენ წაიღო და მისი ამოღების შემდეგ, ეკრანზე ნიცას ნომერი აკრიბა. რა თქმა უნდა, არც ხმამაღალ კავშირზე გადართვა დავიწყებია და არც ლექსოსთვის იმის ჩვენება, რომ ზარის ადრესატი ნამდვილად მისი უმცროსი და იყო.
მობილურში, წყვეტილი ზუმერის ხმა რამდენიმე წამის განმავლობაში ისმოდა. აარონისთვის, თითქოს პარალელური სამყაროდან მოდიოდა ეს ხმები. დილით გაღვიძებულს, თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ დღის მეორე ნახევარი სწორედ ასეთი ექნებოდა და აღნიშნული სიტუაცია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოდნავ კომიკურიც კი გახლდათ მისთვის.
მამაკაცმა თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. შემდეგ, კვლავ თავისკენ მიბჯენილ იარაღს შეხედა და ამ დროს, სასურველი ხმაც მოესმა ყურმილში:
-არც კი მჯერა, ნუთუ ჩემს ცხვირაწეულ ძამიკოს გავახსენდი? -ტონზეც ეტყობოდა, თუ როგორი გაკვირვებული ჩანდა ამ ზარით, ნიცა -აბა, რა მოხდა? შენი საყვარელი დაიკო მოგენატრა, თუ უბრალოდ შენს ერთ-ერთ ქალს ურეკავდი საღამოს გასალამაზებლად და შეცდომით, ჩემთან მოხვდი?
-ნიკოლოზი შენს გვერდით არის? მინდა ორივეს ერთად გესაუბროთ -მისი სიტყვები არ შეიმჩნია ისე მიუგო აარონმა
-ჰო, ცოტა ხნის წინ სადღაც აქვე დაბოდიალებდა. სურდო აქვს და უკვე მეოთხე შეკვრა ხელსახოცს აცარიელებს . . . . ერთუჯრედიანოო! -ყურმილში გოგონას ხმამაღალი ყვირილი გაისმა -მისაღებში გამოდი, ჩვენი ძამიკო რეკავს!
ლექსო ყველაფერ ამას, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ისმენდა და აარონის გაქვავებულ მზერას თვალს არ აშორებდა.
-ნიცა, ბევრი დრო არ მაქვს, ცოტა იჩქარეთ, კარგი?
-დაწყნარდი, უკვე მოდის . . . ისე, ცუდია, რომ რეისზე ბილეთები აღარ დარჩა, რათა თბილისში შენთან ერთად წამოვსულიყავით, თუმცა იქნებ მაინც ჩვენს ჩამოსვლას დალოდებოდი და ყველაფერი მაშინ გეთქვა?
მწარე ღიმილი მოადგა სახეზე აარონს ამის მოსმენისას, თუმცა სცადა ხმაზე არაფერი შეტყობოდა და თაბაგარის მისდამი მომართული ირონიული მზერაც დააიგნორა.
-ვერა, ვერ დაველოდები -მიუგო მან ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით -ძალიანაც რომ მინდოდეს, ამას მაინც ვერ მოვახერხებ -დაამატა ბოლოს და ამ დროის მანძილზე პირველად იგრძნო გულის ტკივილი, გზის დასასრულთან მიახლოვების გამო
ფიქრები ნიცას სიტყვებმა გააწყვეტინა.
-აი, ის დაუნიც გამოჩნდა ჰორიზონტზე . . . მოდი ნიკაკო, შენს ძმას მიესალმე
-გისმენ, აარონ -ბიჭს, ხმაზეც კი ეტყობოდა, რომ ვირუსისგან იტანჯებოდა -რამე მოხდა?
-მშვენიერია, ანუ ორივენი მანდ ხართ
-ასეა -ერთდროულად უპასუხეს ტყუპებმა და გაჩუმდნენ. რამდენიმე წამით, აარონიც დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა მერე მიხვდა, რომ ასე ძვირფას დროს კარგავდა და გადაწყვიტა საუბარი დაეწყო :
-თქვენთვის ოდესმე მითქვამს, რომ თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული, ორთავე ნამდვილი ბუნების სასჯელი იყავით ჩემთვის? -სიცილით გააქნია ამის თქმისას თავი მამაკაცმა
-რა სასიამოვნოა ამის მოსმენა
-თუმცა როცა გიყურებთ -დის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე განაგრძო -მაინც ყოველთვის ერთი კადრი მიტრიალებს გონებაში -მომენტი, როდესაც პირველად დავინახე ერთმანეთის გვერდიგვერდ მწოლიარე, სხვადასხვა ფერის ბანტებით მორთული ორი პაწაწინა არსება. იცით რა საყვარლები, ნაზები და დაუცველები იყვნენ? მაშინ ორივეს ხელი მოვკიდე, ზემოდან დავაქცერდი და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ეს ბავშვები მთელი ცხოვრების მანძილზე უპირობოდ მეყვარებოდნენ, თითოეულ სურვილს ავუსრულებდი და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რათა ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერები ყოფილიყვნენ
-აარონ . . . .
-გაჩუმდი ნიცა... უბრალოდ ნება მომეცით სათქმელი ბოლომე ვთქვა, კარგი?
-ძმაო, ხომ ყველაფერი რიგზეა? -აღელვებული ხმა ჰქონდა ნიკასაც -თუ რამე ცუდი მოხდა, ხვალინდელ რეისზე ავიღებთ ბილეთებს და ახლავე დავიწყებთ ბარგის ჩალაგებას
ამ სიტყვების მოსმენისას, ლექსომ მკაცრი მზერა მიიღო და კიდევ ერთხელ ანიშნა თვალებით აარონს, ზედმეტი არაფერი წამოგცდესო. ამ უკანასკნელმაც თავი მობეზრებულად დაუქნია და კვლავ ტელეფონს მიუბრუნდა.
-ცუდი არაფერი ხდება, დამშვიდდით -ეცადა რაც შეეძლო დამაჯერებელი ყოფილიყო ამის თქმისას -უბრალოდ, როდესაც თბილისში ჩამოხვალთ, ოდნავ სახეშეცვლილი დაგხვდებით და მინდა ახლა მოვასწრო ყველაფრის თქმა, რაც კი ენის წვერზე მადგას
-გულისხმობს, რომ ისევ ისეთი ტირანი გახდება, როგორიც აქამდე ბრძანდებოდა -სიცილით უთხრა ნიცამ, ტყუპისცალს, თუმცა გოგონას ტონში მაინც იგრძნობოდა ის ფარული შფოთი, რაც ჯერ კიდევ უღრღნიდა გულს და ეჭვს აღუძრავდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო
-მისმინეთ -დაიწყო კვლავ მამაკაცმა -ვიცი, რომ რაც ამერიკაში გაგიშვით სასწავლებლად, თქვენთვის ისეთი ძმა ვერ ვიყავი, როგორიც გესაჭიროებოდათ. ჰო, ფინანსურად უზრუნველგყოფდით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მე მთავარი ვერ გასწავლეთ –ის, თუ როგორ ყოფილიყავით სამაგალითო და ღირსეული ადამიანები -ამის თქმისას, აარონმა თვალები მაგრად დახუჭა და მარცხენა ხელი ბრაზისგან მომუშტა. აქედან სულ მალე, ნიკას ხმაც მოესმა:
-აარონ, სრულიად არავითარი ვალდებულება არ გქონდა ჩვენი აღზრდით დაკავებულიყავი -მტკიცედ განაცხადა მან -რაც მამაჩვენი გარდაიცვალა, ეს ჩემი და ნიცას დედის ვალი იყო, თუმცა მან საკუთარი გერიც ბედის ანაბარა მიაგდო, შენი სახით და ღვიძლი შვილებიც. შენ რომ არა, ჩვენ ახლა არარაობანი ვიქნებოდით და გამრავლების ტაბულაც არ გვეცოდინებოდა
თვალებში სისველე მოაწვა ამ სიტყვების მოსმენისას, აარონს, თუმცა ცრემლებს არაფრით მისცა უფლება ჯებირები გადმოელახათ და ისინი კვლავ უკან გააბრუნა.
-სადაც არ უნდა იყოთ, მუდამ იცოდეთ, რომ ორივენი მიყვარხართ, გესმით? თითოეული აწეული ხმა, თითოეული კამათი თუ ჩხუბი, მხოლოდ იმიტომ იყო, რომ თქვენში რაღაც უკეთესობისკენ შემეცვალა და არა იმიტომ, რომ ამით საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ვცდილობდი
-გვაშინებს ეს დიალოგი, აარონ -საგრძნობლად დაძაბული ჩანდა ნიკა -გადაწყვეტილია, კიდევ რამდენიმე დღის გასვლას არ დაველოდებით და ხვალინდელ თვითმფრინავზე ავიღებთ ბილეთებს
აუტანელი ტკივილი იგრძნო აარონმა გულის არეში. უკვე ხვდებოდა, რომ ამ დიალოგის გაგრძელების აღარც ძალა ჰქონდა და აღარც, ნერვები, ამიტომ ყურმილი სიტყვის უთქმელად დაკიდა, მობილური უმისამართოდ მოისროლა და ლექსოს მზერას თავისი გაუშტერა.
-შენგან ზურგით დავდგები და ისე მესროლე -თქვა მან და თავისკენ მოშვერილ იარაღს ზიზღით შეხედა
-მაინც რატომ?
-იმიტომ, რომ არ მინდა სიკვდილს თვალებში ვუყურებდე . . . .


8 8 8 8

ნიცა და ნიკა აეროპორტიდან გამოვიდნენ და პარკინგზე მდგომი პირველივე ტაქსი გააჩერეს, სახლამდე მისასვლელად.
რა თქმა უნდა, გეზი აარონის ბინისკენ ჰქონდათ აღებული, რადგან წინა დღის სატელეფონო საუბრის შემდეგ, უფროსი ძმისგან მცირედი დეტალიც აღარ სმენოდათ. არც ზარებზე პასუხობდა მამაკაცი და არც, შეტყობინებებზე. გამოუვალ სიტუაციაში, ტყუპებმა ისიც კი გადაწყვიტეს, აარონის თანაშემწისთვის ეკითხათ მისი ადგილსამყოფელი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი შვებულების გასატარებლად იმყოფებოდა ეგვიპტეში და აღნიშნულ საკითხზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა.
-კვლავ გამორთული აქვს, არა? -ჰკითხა ნიცამ, ტყუპისცალს, როგორც კი ტაქსის უკანა სავარძელზე მოთავსდნენ, ერთმანეთის გვერდიგვერდ
-იმედი ვიქონიოთ, რომ სახლში იქნება. გუშინდელი ზარი თავიდან არ ამომდის, ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი
-კარგი, ყოველ ორ წამში ნუ ურეკავ, თორემ ტელეფონი მალე ბილწსიტყვაობას დაგიწყებს
-ახლა შენი ნერვები არ მაქვს, სავარძელს მიეყრდენი და ჩუმად იჯექი!
-ხმას ნუ უწევ! -იერიშზე გადავიდა ნიცაც -შემთხვევით თავი ჩემზე უფროსი ხომ არ გგონია?
-შენზე ოცი წუთით ადრე დავიბადე და დიახაც რომ უფროსი ვარ!
ამ სიტყვებზე, ნიკას ტაქსის მძღოლი მოუტრიალდა, ოდნავ გაბრაზებული სახით.
-უფროსი თუ ხარ, შეგიძლია ისიც მითხრა, რა მისამართზე უნდა წაგიყვანოთ, დასაკარგი დრო ნამდვილად არ მაქვს
-იმდენად უტვინოა, ეგეც არ გახსენებია. აი, გამომართვით -პატარა, ოთხკუთხედი ქაღალდი გაუწოდა მძღოლს, ნიცამ, ფულთან ერთად -მანდ დაწერილ მისამართზე მიგვიყვანეთ და ხურდა თქვენთვის დაიტოვეთ, იქნებ ნორმალური მაისურის შეძენა მაინც მოახერხოთ
-უკაცრავად?
-უნდოდა ეთქვა, რომ შეგიძლიათ ახალი მაისური იყიდოთ მის სახელზე -სიტუაციის დასაბალანსებლად, საუბარში ნიკაც ჩაერია და ტყუპისცალს მხარზე უჩქმიტა, რათა მეტი აღარაფერი ეთქვა
-მე კი მომეჩვენა, რომ სულ სხვა რამ თქვა
-არა, არა, უბრალოდ ამერიკიდან ახლახანს ჩამოვიდა და ქართულად კარგად ვერ მეტყველებს, სულ ესაა
მანქანა დაიძრა.
ნიცა, ამჯერად ჩუმად იჯდა და ხმას აღარ იღებდა. დიდი ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც მშობლიური ქალაქი არ ენახა, თუმცა ახლა მისი თვალიერების თავიც არ ჰქონდა. მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, მაინც ყოველ წამს აარონზე ფიქრით იყო დაკავებული მისი გონება. სახლში მისვლასაც კი უფრთხოდა. ეშინოდა, რომ იქ რაღაც ისეთი დახვდებოდა, რაც არ მოეწონებოდა.
მანქანაში მჯდომს, წარსულის ერთი მოგონებაც ამოუტივტივდა მეხსიერების მორევიდან. მაშინ, თვითონ თერთმეტი წლისა იყო, ხოლო აარონი კი ჩვიდმეტის. სკოლაში სპექტაკლი ჰქონდა, სადაც პრინცესა ავრორას როლს თამაშობდა და თანაკლასელებთან ერთად ემზადებოდა კულისებში.
მცირედი იმედიც არ ჰქონდა გოგონას, რომ წარმოდგენას ოჯახიდანაც დაესწრებოდა ვინმე. ნიკა, იმ პერიოდში ზამთრის ბანაკში გახლდათ წასული, აარონს სამუშაო საათები ეწყებოდა ჰიპერმარკეტში, ხოლო მის მშობლებს, როგორც ყოველთვის, არც ახლა ჰქონდათ შვილისთვის დასათმობი დრო.
მეტად სევდიანი ჩანდა ამის გამო ნიცა. საკუთარი როლის შესრულებაც კი აღარ ეხალისებოდა. გამუდმებით თავში უტრიალებდა დედის ნათქვამი- „შენი სპექტაკლისთვის არ მცხელა“ და მამის გულგრილი, არაფრისმთქმელი მზერა. ტირილი სურდა, მაგრამ ვერ ტიროდა. უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა, თუმცა ვერც ამას აკეთებდა. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ კლასელების ირონიული მზერისა და ჩურჩულის ატანაც უწევდა, ვინებიც ჩუმად დასცინოდნენ, მისი მდგომარეობის გამო.
წარმოდგენის დაწყებამდე რამდენიმე წუთიღა რჩებოდა. ნიცა ცდილობდა გარშემო მყოფთა ხმები ჩაეხშო და პოზიტიურ თემებზე ეფიქრა, რათა ცუდი ხასიათის გამო, სცენაზე თამაშში არ შეშლოდა ხელი. საკუთარ თავს აჯერებდა, თითქოს არავინ სჭირდებოდა, თითქოს მისთვის სულ ერთი იყო, იჯდებოდნენ თუ არა მაყურებელთა შორის მშობლები და ძმები.
-უბრალოდ გრძნობები გამორთე, ნიცა, უბრალოდ ფეხებზე დაიკიდე ყველაფერი –სარკეში იყურებოდა და ისე ლაპარაკობდა. ყურადღებასაც არ აქცევდა კულისებში მყოფთ, თითქოს მათ არსებობასაც ვერ ამჩნევდა
მერე უეცრად რაღაც მოხდა. ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა გაიგო, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიუქცევია. ეგონა, მისი გონება რაღაცას ურევდა და ეს ყველაფერიც ეჩვენებოდა. ალბათ, კიდევ დიდხანს იფიქრებდა ასე, ნაცნობ ხმას, შეხებაც რომ არ მოჰყოლოდა მხარზე, რამაც გოგონა აიძულა საბოლოოდ გამოფხიზლებულიყო და ნათლად დაენახა სარკეში მის გვერდით არეკლილი მაღალი სილუეტი, სრულიად მოულოდნელად რომ შემოჭრილიყო კულისებში.
-აარონ! -იმდენად ხმამაღლა იყვირა ნიცამ, სავარაუდოდ დარბაზში მსხდომთაც კი გაიგეს -აქ საიდან გაჩნდი? ხომ თქვი ვმუშაობ და უფროსი ცოცხალი თავით არ გამომიშვებსო?
-ჩემი დაიკო პრინცესას როლს თამაშობს, მე კი ამ დროს სამსახურში უნდა ვიჯდე?
-მაგრამ უფროსი გაგიბრაზდება
აარონს გაეღიმა.
-ჯანდაბამდე გზა ჰქონია მასაც და მის ჰიპერმარკეტსაც
-შენ რა, სამსახურიდან წამოხვედი? -გაოცება გამოესახა სახეზე და წამებში მოიწყინა -ჩემს გამო მოგიწია წამოსვლა?
-არა, უბრალოდ შენი სპექტაკლი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ჩემი ა.წ უკვე ყოფილი სამსახური -გამამხნევებლად აკოცა შუბლზე დას, აარონმა, მერე კი მისი სახე ხელებში მოიქცია -ახლა წავალ, მაყურებელთა შორის დავჯდები, შენ კი ყველაზე მაგრად უნდა ითამაშო შენს თანაკლასელებს შორის, გესმის?
-ჰო, მესმის -ბედნიერებისგან უბრწყინავდა თვალები ნიცას. სიამოვნებისგან ბურძგლავდა იმის წარმოდგენისას, რომ ასეთ დროს, მის გვერდით ვიღაც მაინც იქნებოდა და თავისი იქ ყოფნით გაამხნევებდა
-თუ ასეა, ეს გამომართვი -ზურგ-ჩანთა სწრაფად გახსნა ბიჭმა, იქედან ბრჭყვიალა, ლამაზი თვლებით მოჭედილი გვირგვინი ამოაძვრინა და ნიცას თავზე ფრთხილად დაადგა -ესეც ასე, თქვენო უდიდებულესობავ, ახლა უკვე მზად ხართ ტახტზე ასასვლელად
-კულისებში ამის მოსაცემად შემოძვერი? -კიდევ ერთი ბედნიერების ტალღა მიასკდა გოგონას გულს და მადლიერების გამოსახატად ძმას ლოყაზე მაგრად აკოცა -გმადლობ, რომ ეს დღე გამილამაზე
-შენც გმადლობ, რომ ყოველ დღეს მილამაზებ -გრძელ თმაზე მიეფერა დას, აარონი, ზურგჩანთა შეკრა და კულისებიდან გასვლამდე მოაძახა :- როგორც არ უნდა ითამაშო ეს როლი, ჩემთვის შენ მუდამ პრინცესა იქნები. ყველაზე ლამაზი პრინცესა მთელს მსოფლიოში...
ნიცას წარსულის მოგონებების ძაფი, ტაქსის მძღოლის ხმამ გაწყვიტა. ეს უკანასკნელი ატყობინებდა, რომ უკვე დანიშნულების ადგილას იმყოფებოდნენ.
კარი ნიკოლოზმა გაუღო და ჩემოდნების საბარგულიდან გადმოტანაც ამ უკანასკნელმა აიღო საკუთარ თავზე. ვინაიდან, ტაქსის მომსახურების თანხა წინასწარ ჰქონდათ გადახდილი, გეზი პირდაპირ მაღალსართულიანი კორპუსისკენ აიღეს, თანაც ისე, რომ ერთმანეთისთვის ზედმეტი სიტყვაც არ უთქვამთ. დუმილი მხოლოდ მაშინ დაარღვიეს, როდესაც, ორივე მხრიდან სარკეებით გარემოცულ ლიფტში შეაბიჯეს და მეთვრამეტე სართულის აღმნიშვნელ ღილაკს მიაჭირეს.
-გული ცუდს მიგრძნობს -საუბრის წამოწყების ინიციატორი ნიკა გახდა -აარონს ტელეფონი ამდენი ხნით არასდროს გამოურთავს
-უკვე ძალიან გამაღიზიანებელი ხარ ამ შენი პესიმიზმით
-ჰოო? და შენ იცი რითი ხარ გამაღიზიანებელი? -ხმის ტემბრს აუწია ნიკოლოზმა ამის თქმისას, რადგან უკვე ნერვები აღარ ჰყოფნიდა
-მაინც რითი?
-იმით, რომ ყველაფრისადმი ასეთ გულგრილობას იჩენ და ვერასდროს ხვდები, სად რა უნდა ილაპარაკო
-რა ხასიათზე ხარ? მთელი გზაა მეჩხუბები, შენ რა მარცხენა ფეხზე ადექი?
-რომ მძინებოდა, შეიძლებოდა მარცხენა ფეხზეც ავმდგარიყავი, მაგრამ აარონის წყალობით გუშინ საერთოდ არ მიძინია
ამჯერად ნიცამ უცებ არ უპასუხა. რამდენიმე წამი გავიდა, სანამ რამეს იტყოდა:
-როცა ვნახავ თავს წავაცლი -გამოცრა კბილებში -უპასუხისმგებლოებს ჩვენ გვეძახის და თავად რა დღეშია?
ნიკას სიტყვის თქმა აღარ დასცალდა. ზუსტად იმ დროს, როცა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, ლიფტის კარი სრიალით გაიხსნა და პირდაპირ აარონის ბინის კარი გამოჩნდა, ნუმერაციის აღმნიშვნელი ციფრით, ოცდარვა.
-იმედია სახლში დაგვხვდება -პირველად ნიკა გავიდა, თან ჩემოდნებიც გაიტანა -ჯანდაბა, ნიცა, ამდენი რამ რისთვის წამოიღე? ტანსაცმელს აქ ვერ იყიდი?
-ხომ არ დაგავიწყდა, რომ აქ აარონის საკრედიტო ბარათებს ვეღარ გავაბანკროტებთ? ფული თავად უნდა ვიშოვოთ და არა მგონია ეს ჩვენს მოთხოვნილებებს ეყოს
-მრავლობით რიცხვში ნუ ლაპარაკობ, ჩემთან შედარებით ათჯერ მეტს ხარჯავ -თვალების ტრიალით შეხვდა ნიკა ტყუპისცალის სიტყვებს და კარზე ზარიც დარეკა
-შენ ნამდვილად არ შეგეკითხები რამდენს დავხარჯავ
ნიკამ გადაწყვიტა პასუხი აღარ გაეცა და კამათიც ამით დაემთავრებინა. ახლა მის გონებას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი ჰქონდა -სურდა თავის წინ აღმართული კარი რაც შეიძლებოდა მალე გაღებულიყო და ის ადამიანი დაენახა, ვის გამოც დაჩქარებული რეისით მოუწია მშობლიურ ქალაქში დაბრუნება
ზღურბლის მეორე მხრიდან ჩამიჩუმიც არ მოდიოდა. ნიცა თავის ჩემოდანზე იყო ჩამომჯდარი და სივრცეში უმეტყველო მზერით იყურებოდა. ცდილობდა ყველაფრისთვის ცივი გონებით შეეხედა, არ ეფიქრა იმაზე, რომ აარონის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა.
-ალბათ სადმე ერთობა -თქვა ბოლოს -დიდი ალბათობით, მობეზრდა მუდამ სამსახურის საქმეებზე ზრუნვა და გადაწყვიტა ცოტა ხნით ცხოვრების სტილი შეიცვალოს
-იცი, რომ შენი დასკვნები უკვე სასაცილო ხდება, ნიცა?
-რას ერჩი ჩემს დასკვნებს? მაინცდამაინც ის უნდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ძმა კლდიდან გადაიჩეხა და ზარებსაც ამიტომ არ პასუხობს?
ნიკოლოზმა შუბლზე ხელი ნერვიულად გაისვა. ის გარემოება, რომ კარს არავინ აღებდა, აარონის სახლში არყოფნაზე მიანიშნებდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად უნდა წასულიყო ეს უკანასკნელი და არც ის იცოდა, რა უნდა მოემოქმედა ახლა.
-საკეტის კოდი მაინც ვიცოდეთ -თქვა ბოლოს ბიჭმა -შიგნით შევიდოდით და ბარგს დავტოვებდით, აარონის მოძებნაზე კი ამის შემდეგ ვიფიქრებდით
-მე არ მინდა მის საძებნელად ქუჩებში ვიხეტიალო -მაშინვე გააპროტესტა ნიცამ, რის გამოც, ტყუპისცალის მკაცრი მზერა დაიმსახურა
-შენი „არ მინდას“ წინააღმდეგ, ჩემი „მინდა“ დგას და სწორედ ჩემი „მინდა“ იმარჯვებს, გაიგე?!
-რაც მოგესურვება ის გააკეთე, მე კი აარონს აქ დავუცდი. ნუ გგონია, რომ მაგ აწეული წარბებით შემაშინებ
-ჩემოდანზე ჩამომჯდარი აპირებ ლოდინს სახლიდან გამოგდებული მაწანწალასავით?
-ეგ შენი საქმე არ არის, წადი სადაც მიდიოდი! -მიუგო მკვახედ, თან დასძინა :- აარონის ფოტოც გაიყოლე, გამვლელებს რომ აჩვენო და ჰკითხო, ვინმემ სადმე ნახა თუ, არა
-ძალიან სასაცილოა -ნიკა ტყუპისცალის კომენტარმა გააღიზიანა, თუმცა იმასაც მიხვდა, რომ აარონის ქუჩაში ძებნა ყველაზე უაზრო ვარიანტი იყო, უაზრო ვარიანტთა შორის და გადაწყვიტა სხვა გამოსავალი ეძებნა
-კარგი, თუ გვიანობამდე არ გამოჩნდა რას მთავაზობ -წარბების ქვემოდან გახედა ნიცას -ასე ხომ ვერ ვიქნებით ჩემოდნებზე ჩამომსხდარნი მის ლოდინში?
გოგონამ ღრმად ამოიოხრა.
-იქნებ სასტუმროში წავიდეთ და ბარგი იქ დავაბინავოთ?
-მოიცა, მოიცა -ნიკას თავში ერთმა იდეამ გაუელვა და იმედგადაწურული, ბოლომდე მას მოებღაუჭა -ის გოგო ხომ გახსოვს, ჩვენს ძმასთან ერთად რომ დავინახეთ ლოს-ანჯელესის აეროპორტში?
-ჰო, მერე? -სმენად იქცა ნიცა
-მერე ის, რომ მაგ გოგოს ნომერი ჩუმად გადმოვწერე აარონის ტელეფონიდან -გამოტყდა ბიჭი -შეგვიძლია დავურეკოთ და ვკითხოთ რამე თუ იცის
-მოიცა, მოიცა, სტოპ -ფეხზე წამოდგა ჩემოდნიდან ნიცა -მისი ნომერი რად გინდოდა?
-არ ვიცი, უბრალოდ ძალიან მიმზიდველია და თუკი დავადგენდი, რომ აარონს მასთან არაფერი აქვს, თავად ვცდიდი ბედს
-სულ ქალებზე როგორ ფიქრობ?
-მე რომ სულ ქალებზე არ ვფიქრობდე, ახლა ანასტასიას ნომერიც არ გვექნებოდა და ვერც მასთან დარეკვას შევძლებდით
-ლაყბობას გირჩევნია ტელეფონი აიღო და რაც საჭიროა ის გააკეთო
სადარბაზოში დუმილი ჩამოწვა. ნიკამ ჯიბეებში მობილურის ძებნა დაიწყო და როგორც იქნა მას ქურთუკის მარცხენა ჯიბეში მიაკვლია. ანასტასია მისი ბოლო იმედი იყო და ეს იმედიც რომ ხელიდან გაფრენოდა, ნამდვილად აღარ იცოდა რა უნდა ექნა.
-ზარი გადის? -ჰკითხა ნიცამ ინტერესიანი მზერით
-ჩუმად, გადის
რამდენიმე წამით ტელეფონში მხოლოდ გაბმული ზუმერის ხმა ისმოდა. ნიკას ხმამაღალ კავშირზე ჰქონდა გადართული და ორივენი გაფაციცებით ელოდნენ, თუ როდის შეცვლიდა სტანდარტულ ზარს, ადამიანის სიტყვები.
მათდა საბედნიეროდ, ამ მომენტს დიდხანს არ დაუგვიანია. დარეკვიდან დაახლოვებით ათი წამის შემდეგ, ყურმილში სასურველი ხმა გაიგეს:
-გისმენთ
-ანასტასია მარგიანს ვესაუბრები?
-დიახ, ვინ რეკავს? -ხმაზეც კი ეტყობოდა, რომ იმ წამს ტელეფონზე საუბრის ხასიათზე სრულებით არ გახლდათ
-მე, ნიკა ქალდანი ვარ, აარონის ძმა -მიუგო წამსვე, რათა ყველაფერს მალევე ახდოდა ფარდა -ბოდიშით შეწუხებისთვის, მაგრამ ჩემს ძმას ვერ ვუკავშირდები და თქვენ ხომ არ იცით მასზე რამე? ამერიკიდან დღეს დავბრუნდი და სახლშიც არ დამხვდა
ყურმილში ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. ტყუპებს მხოლოდ ანასტასიას სუნთქვის ხმა ესმოდათ და ერთმანეთს ცოტა არ იყოს, გაკვირვებულები შეჰყურებდნენ. ბოლოს, მაინც ნიკას გაუწყდა მოთმინების ძაფი და კვლავ ალაპარაკდა:
-ანასტასია, აქ ხართ?
-ჰო, ჰო, აქ ვარ -გოგონას ტონიდან გამომდინარე, უკვე აღარც ნიკას გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ იგი ნერვიულობდა და თავადაც შემოუსახლდა დაძაბულობის ნაწილაკები
-აარონს რამე სჭირს? -იკითხა მან მშრალად, თან ტელეფონს მოუჭირა ხელი, მთელი ძალით -რაღაც დაემართა, არა? უბრალოდ მითხარით, ანასტასია! -ბოლო სიტყვებზე ხმა ვერ გააკონტროლა ბიჭმა და მას საგრძნობლად აუწია. პასუხის მოლოდინში ნიცას გახედა. გოგონა კედელს მიყრდნობოდა, ხელები ზურგს უკან წაეღო და არაფრისმთქმელი მზერით იყურებოდა. მხოლოდ ნიკამ თუ იცოდა, რამხელა ფორიაქის ქარიშხალში იყო გახვეული ტყუპისცალის გონება, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ამას არ გამოხატავდა
-აარონი საავადმყოფოშია, დაჭრეს -ანასტასიას სიტყვები რომ გაჟღერდა, თითქოს ორივენი ფილმის კადრივით დაპაუზდნენ. მხოლოდ გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა გამეფებულ სიჩუმეს, რასაც, გარკვეული დროის გასვლისა და პირველადი ფორიაქის ჩაცხრობის შემდეგ, ნიკას ხმაც შეუერთდა:
-რომელ საავადმყოფოშია? -ბიჭს მთელ ძალისხმევად დაუჯდა, რათა კითხვის დასმისას ხმა არ აკანკალებოდა
-მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნი
-გთხოვ, სწრაფად -მავედრებლად გაისმა ბიჭის ბოლო სიტყვები და კავშირიც გაწყდა
ნიცა ჯერაც ვერ მოსულიყო გონს. სანამ შეტყობინების მოსვლას ელოდნენ, ორწამიანი ინტერვალებით უმეორდებოდა გონებაში ანასტასიას მიერ ნათქვამი სიტყვები : -
„აარონი საავადმყოფოშია, დაჭრეს“
„აარონი საავადმყოფოშია, დაჭრეს“
„აარონი საავადმყოფოშია, დაჭრეს“
ჯერაც ვერ დაეჯერებინა, რომ ეს სიმართლე იყო. მის გონებას არ სურდა იმის ბოლომდე აღქმა, თუ რა საფრთხის წინაშე იდგა უფროსი ძმის სიცოცხლე და ამას არც აკეთებდა. ცდილობდა ნაკლები ეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე. ასე საკუთარ თავს იცავდა იმ ემოციებისგან, რისი გამოხატვაც საბოლოოდ გატეხდა მის სულიერ მდგომარეობასა და სიმტკიცეს.
-მისამართი მომივიდა, ნიცა, წავედით! -ტყუპისცალის სიტყვები რომ აღიქვა, ბიჭს უკვე მის მაჯაზე ჰქონდა ხელი ჩავლებული და ლიფტისკენ მიათრევდა
არც ერთს არ გახსენებიათ სადარბაზოში უპატრონოდ მიტოვებული ჩემოდნები. ვერც ის გააცნობიერეს, თუ როგორ აღმოჩნდნენ კორპუსის გარეთ და როგორ გააჩერეს პირველივე ტაქსი, რომელიც გზად შემოხვდათ. საავადმყოფომდე მისასვლელი მანძილიც ისე დაფარეს, ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ. ორივენი თავიანთ ფიქრებში ჩაძირულიყვნენ და თითქოს ლაპარაკის უნარიც წართმეოდათ.
ტაქსი რომ საავადმყოფოს შემოგარენს მიუახლოვდა, ნიცამ თავი საქარე მინას მიადო და თვალები დახუჭა.
-გადმოსვლა არ მინდა ნიკა -ამოიჩურჩულა მან -მე აქ დავრჩები და შენ მითხარი აარონის მდგომარეობის შესახებ
-ნიცა, მანქანიდან აუცილებლად გადმოხვალ, აქ არ დარჩები
-არ შემიძლია, გაიგე?! არ მინდა და არ გადმოვალ! -ხმას ისე აუწია, ტაქსის მძღოლის წინა სავარძელზე ჯდომა არაფრად ჩაუგდია
-ნიცა . . . .
-რა?!
-ამას მარტო ვერ გავუმკლავდები, გთხოვ არ დამტოვო -ამის თქმისას, აკანკალებულ ხელზე, ხელი მოჰკიდა ტყუპისცალს, ნიკოლოზმა, თან მავედრებელი მზერით გახედა -წამოდი ჩემთან ერთად, კარგი?
-ასე რომ მიყურებ, უარის თქმის ყოველგვარ სურვილს მიკარგავ
-თუ ასეა, ნუ მეტყვი
ნიცამ ღრმად ამოსუნთქვას გაატანა მთელი თავისი შინაგანი ფორიაქი. ამით თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოიხსნა და ძმას პირდაპირ თვალებში შეხედა.
-გადაიხადე და წავედით . . .

საავადმყოფოს ფოიეში ერთად შევიდნენ ტყუპები.
პირველი, რაც ამის შემდეგ გააკეთეს, ის იყო, რომ მიმღებში მჯდომ მორიგე ექთანს მიუახლოვდნენ და ჰკითხეს, თუ რომელ პალატაში შეეძლოთ აარონ ქალდანის ნახვა.
-პაციენტის ვინ ბრძანდებით? -ტრადიციული შეკითხვა დასვა მედიკოსმა
-მისი და-ძმა ვართ და ამ უაზრო ფორმალობებისთვის ახლა ყველაზე ნაკლებად გვცხელა -საკმაოდ უხეში ტონით მოუვიდა პასუხის გაცემა ნიცას -გვითხარით, სად შეიძლება მისი ნახვა?
ექთანს აღარაფერი უთქვამს, მაშინვე კომპიუტერის მონიტორს შეაშტერდა და ბაზაში პაციენტის მონაცემების შემოწმება დაიწყო. დაახლოებით ნახევარი წუთი წაიღო ამ ყველაფერმა. საბოლოოდ, ექთანმა მონიტორიდან მზერა კვლავ პასუხის მომლოდინე ტყუპებზე გადაიტანა და უთხრა:
-მისი ოპერაცია ოთხი საათის წინ დასრულდა. ამ წუთას, რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზე. მეორე სართულზე აბრძანდით, თუ შეიძლება
-კარგად არის? -მოუთმენლობა ეტყობოდა ნიკოლოზის ტონს
-მე ვერაფერს გეტყვით, უმჯობესი იქნება მის ექიმს გაესაუბროთ
ნიცამ იგრძნო ძმის ნერვიულობა და ხელზე ჩაჭიდებული ხელი, უფრო მაგრად მოუჭირა. ბიჭს თვალები ამღვრეოდა, სახეზე უდიდესი ტკივილი ეხატა, ხოლო მის მზერაში შიში იკითხებოდა.
-წამოდი, მეორე სართულზე ავიდეთ -თქვა გოგონამ -მთლად კარგი ადგილი ვერაა ჩვენი ძმის სანახავად, მაგრამ მთავარია ცოცხალია და სუნთქავს . . .




* * *
ერეკლე, რეანიმაციული განყოფილების კართან მჯდომ ანასტასიას გვერდით მიუჯდა და წყლით სავსე პლასტმასის ჭიქა მიაწოდა.
გოგონას თავი კედელზე ჰქონდა მიყრდნობილი, სივრცეში უმისამართოდ იყურებოდა, ხოლო თვალის უპეები, გამოუძინებლობისგან ოდნავშესამჩნევად ჩაშავებოდა.
-სანდროსთვის ჯერაც არაფერი გითქვამს? -ჰკითხა შეპარვით ბიჭმა
-მირეკავდა, თუმცა პასუხის გაცემა არ შემიძლია, უბრალოდ მივწერე, რომ თავს კარგად ვგრძნობ
-მოიცა, ტელეფონი ჩართე? -გაუკვირდა ერეკლეს
-ჰო, ჩავრთე . . . . ცოტა ხნის წინ აარონის ძმამ დამირეკა. თურმე ახლახანს დაბრუნებულა ამერიკიდან და არაფერი იცოდა. მე მომიწია ყველაფრის ახსნა
ბიჭმა ნათლად იგრძნო, როგორ გაფითრდა ანასტასია ამის თქმისას და მხარზე ხელი გადახვია.
-მიდი, მოსვი -წყლის ჭიქა, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, ტუჩებთან მიუტანა გოგონას და ფაქტობრივად, ძალით დაალევინა -ანასტასია, ასე არ შეიძლება, სანდროს უნდა დავურეკო და ყველაფერი ავუხსნა. თავი მის ადგილას წარმოიდგინე და მიხვდები, რომ მართალი ვარ
-თუ აქ მოვა, სახლში წასვლას და გამოძინებას მაიძულებს, მისი ხასიათი კარგად ვიცი
-ჰო მაგრამ, მასაც გაუგე. ძალიან ნერვიულობს, თან ისიც არ იცის, სად ხარ. აარონთან ცოტა ხნით მისი ძმა დარჩება, დარწმუნებული ვარ უკვე გზაშია და წუთი-წუთზე აქ იქნება
ერეკლე თითქოს წინასწარ გრძნობდა რა მოხდებოდა, რადგან მისი სიტყვებიდან ორი წუთი ძლივს იყო გასული, რომ დერეფანში, სწრაფი ნაბიჯებით მომავალი ბიჭი და გოგო შენიშნეს. ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდათ, რომ რეანიმაციული განყოფილებისკენ მოემართებოდნენ. ანასტასიას წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა ნიკოლოზი, თუმცა ნიცას ამოცნობა იმ ვიდეოს საშუალებით მოახერხა, რაც აარონის ოთახში ნახა, მაშინ, როდესაც მამაკაცი შხაპს იღებდა. მართალია მას შემდეგ გოგონა ძალიან შეცვლილიყო, თუმცა მთავარი გარეგნული ნიშნები მაინც შემორჩენილი ჰქონდა და სწორედ ამან გაუადვილა ანასტასიას მისი ამოცნობა.
-ესენი არიან აარონის და-ძმა -გადაუჩურჩულა მან ერეკლეს, როგორც კი ტყუპები ოდნავ მიახლოვდნენ
-შენ მათ დაელაპარაკე, მე კი გავალ და სანდროს ავუხსნი სიტუაციას, უკვე მეორასედ მაინც მირეკავს
-კარგი -თავი მორჩილად დაუქნია გოგონამ. უკვე ხვდებოდა, რომ ამის გადადება მეტად აღარ შეიძლებოდა
ერეკლეს გასვლის შემდეგ, ტყუპებიც მალევე გაჩნდნენ რეანიმაციული განყოფილების კართან. ანასტასია ფეხზე წამოდგა, მათ შესაგებებლად, მიუხედავად იმისა, რომ იმ წამს დგომაც კი უჭირდა
პირველად გოგონასთან ნიკა მივიდა. ბიჭმა ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ, მხოლოდ ახლა გაუშვა ხელი ტყუპისცალის მარჯვენას და ანასტასიას, თვალი, თვალში გაუყარა.
-ექიმი რას ამბობს, რა მდგომარეობაა? -ყველანაირი მისალმების გარეშე ჰკითხა მან. ნიცა რეანიმაციის კართან გაჩერდა და მას გაშლილი ხელის გული ისე მიადო, თითქოს აარონიც იგივეს აკეთებდა მეორე მხრიდან
-უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, ოთხი ტყვია ამოუღეს და იმის შანსიც მცირე იყო, რომ საერთოდ გადარჩებოდა -ხმის კანკალით მიუგო ანასტასიამ -თქვეს, შემდეგი ორმოცდარვა საათი იქნება გადამწყვეტიო
-ეს ვინ გააკეთა? ამის შესახებ არის რაიმე ცნობები?
-არავინ არაფერი იცის. როგორც კი გონს მოვა, გამოძიებელი მაშინვე დაკითხავს
-როგორ თუ არავინ არაფერი იცის? -აქ მოსვლის შემდეგ, პირველად გაისმა დერეფანში ნიცას ხმა -ჩემს ძმას ვიღაც შეშლილი მანიაკი ოთხ ტყვიას ესვრის და პოლიცია მის გაღვიძებას ელოდება, რათა ერთი ადგილი გაანძრიოს და დამნაშავის ძებნა დაიწყოს?
-ნიცა, ცოტა კორექტურად -ისეთი მზერით შეხედა ამის თქმისას, ანასტასიას ბიჭმა, თითქოს დის მაგივრად უხდიდა ბოდიშს
-ზრდილობის ნორმების დაცვის ხასიათზე არ ვარ ძამიკო -ტონში გულგრილობა ემჩნეოდა გოგონას -აარონის ექიმმა რა თქვა? გადარჩენის შანსები რამდენად დიდია?
-ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ. ნებისმიერ წამს შეიძლება შინაგანი სისხლდენა დაეწყოს -ანასტასია კვლავ სკამზე დაეშვა და თუ აქამდე ცდილობდა, რომ ტყუპებთან სიმტკიცე შეენარჩუნებინა, ახლა უკვე აღარც ამ თამაშის გაგრძელება შეეძლო. საშინლად უმძიმდა აარონის მდგომარეობის შესახებ საუბარი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სიტუაცია ზედმეტად კრიტიკული იყო და პოზიტიურ პროგნოზთა პროცენტული მაჩვენებელი კი, საკმაოდ დაბალი
დაძაბულობა იგრძნობოდა რეანიმაციული განყოფილების კართან. თითქოს არაფერი იყო ისეთი, რასაც იმედის ხავსივით ჩაეჭიდებოდნენ და პოზიტიურ განწყობას შეიქმნიდნენ.
-მე საპირფარეშოში გავალ -ჩამოვარდნილ სიჩუმეში უეცრად გაისმა ნიცას ხმა
-მარტო წახვალ? -მაშინვე გამოეპასუხა ტყუპისცალი
-არა, რამდენიმე ქირურგს და მედდას გავიყოლებ, რათა შარვლის ჩაწევაში გამიწიონ დახმარება
-ახლა მაინც შეიკავე თავი და ყველას ნუ აჩვენებ რა ბინძური ენაც გაქვს -ანასტასიაზე მიანიშნა თვალებით, ბიჭმა ამის თქმისას, თუმცა დისგან პასუხი აღარ მიუღია. ამ უკანასკნელმა, მას ზურგი აქცია და დერეფნის მეორე ბოლოსკენ გაეშურა, ჩქარი ნაბიჯებით.
იქ ყოფნა უკვე აღარ შეეძლო. გრძნობდა, რომ ყელში რაღაც უჭერდა და ჰაერი არ ჰყოფნიდა. ახლა, განმარტოება ისე სჭირდებოდა, როგორც თევზს, წყალი, ამიტომ სწრაფად შეაღო ქალების საპირფარეშოს კარი, იგი შიგნიდან საგულდაგულოდ გადაკეტა და სუნთქვააჩქარებული, ხელის გულებით დაეყრდო მთელ კედელზე გაყოლებული სარკის წინ დამონტაჟებულ ერთ-ერთ ნიჟარას.
-ისუნთქე, ნიცა -თვალები დახუჭა და საკუთარ თავს მწარე სილა გააწნა გოგონამ. შემდეგ, სენსორული ონკანი მოუშვა და პირზე რამდენჯერმე შეისხა შეტყუპებულ ხელებში დაგუბებული წყალი
საკუთარ გამოსახულებას რომ შეხედა, იქედან შეშინებული, სასოწარკვეთილი გოგო უმზერდა. ვერ აიტანა ეს ნიცამ. თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ ჰკრა ხელი ამ დროს გოგონას და აიძულა საკუთარი სისუსტე გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში გადაეტანა. იქ, სადაც მის პოვნას თავადაც ვერ შეძლებდა.
კიდევ ერთხელ გაუსწორა ნიცამ თვალი საკუთარ ანარეკლს. როგორც კი დარწმუნდა, იმდენად სასოწარკვეთილი სახე აღარ ჰქონდა, მხრებში ამაყად გასწორდა, თან თვალებზე მოწოლილი ცრემლები უკან გააბრუნა.
-შენი და არ იტირებს, აარონ -თქვა მან ხმამაღლა -შენი და შენს გვერდითაა და ყველას აზღვევინებს, ვინც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანა
კარზე ძლიერი კაკუნის ხმა გაისმა, თუმცა ნიცას გაღებაზე არც უფიქრია. ამის მაგივრად, წყლისგან დასველებული სახე შეიმშრალა, ხელსახოცით, როგორც იქნა სუნთქვაც დაირეგულირა და შეეცადა კვლავ ისეთი გამომეტყველება მიეღო, რაც აქ შემოსვლამდე ჰქონდა.
კაკუნი კვლავ განმეორდა. ამჯერად, ეს უკანასკნელი, ბევრად უფრო ხმამაღალი იყო და გოგონაც მიხვდა, რომ კარის მეორე მხარეს მყოფს, ძალიან უნდოდა შიგნით მოხვედრა. მალე, ნაცნობი ხმაც მოესმა :
-ნიცა, ამდენ ხანს მანდ რას აკეთებ? -ზღურბლის საპირისპირო მხრიდან ნიკა ესაუბრებოდა, ხმა კი, აშკარად აღელვებული ჰქონდა
გოგონა დიდი დროის განმავლობაში დუმდა, სანამ რამეს იტყოდა.
-აქ მაინც შემეშვი! თუ დაგავიწყდა, გეტყვი, რომ კაცების საპირფარეშო სხვა მხარესაა -თქვა ბოლოს. ახლა, ყველაზე ნაკლებად ის უნდოდა, ვინმეს მისი სისუსტე ეხილა, თუმცა კარს მიღმა მყოფი, დანებებას არ აპირებდა
-იცოდე გააღე, თორემ შემოვამტვრევ!
ნიცა კარს მიუახლოვდა და მას, შუბლი თვალდახუჭულმა მიადო.
-რა ჯანდაბა გინდა, ნიკა? -ამოთქვა დახშული ხმით
-ვგრძნობ, რომ ცუდად ხარ
-არ მჭირდება შენი ნუგეში
-ფეხებზე მ’კიდია შენ რა გინდა . . . . ახლა მაგ ამაყ ცხვირს დაბლა დაწევ, კარს გამიღებ და დასამშვიდებლად მომეხვევი, გაიგე?
-წადი, გთხოვ . . .
-თუ სამ თვლაზე არ გააღებ, იცოდე მართლა შემოვამტვრევ -ისეთი ტონით თქვა ნიკოლოზმა, რომ გოგონას წამითაც არ შეუტანია ეჭვი ამ მუქარის სინამდვილეში -მორჩა, ათვლას ვიწყებ
-გაჩუმდი!
-ანუ აღებ?
-ჩემი პირადი სასჯელი ხარ -შუბლი კარს მოაშორა ნიცამ და საკეტს ხელი მოჰკიდა. რამდენიმე წამიც და უკვე პირისპირ ხედავდა ტყუპისცალის სახეს, რომელმაც არც აცია, არც აცხელა, მაშინვე დასთან მივარდა და გულში მაგრად ჩაიკრა
მიუხედავად ნიცას სიჯიუტისა, ბიჭი კარგად ხვდებოდა, რომ მას ვიღაც თავისზე ძლიერი სჭირდებოდა. ის, ვინც მხარდაჭერას აგრძნობინებდა, ცრემლებს შეუმშრალებდა, ხელს მაგრად ჩასჭიდებდა და საკუთარ ძალას უწილადებდა.
-ერთ საშვილოსნოში ვართ ნამყოფები, ნიცა, შენ როგორ უნდა მომატყუო? ვიცი, რომ კარგად არ ხარ და ჩემს თვალწინ ემოციის გამოხატვის ნუ გრცხვენია -შუბლზე აკოცა ამის თქმისას, თან ფეხით მიხურა საპირფარეშოს კარი.
იატაკის ფილებზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ დასხდნენ ტყუპები. ნიკოლოზმა, გოგონას მხარს ხელი გადახვია, მეორე კი სახეზე ჩამოუსვა.
-კარგად იქნება, ის ჩვენ არ დაგვტოვებს -თქვა მან ჩურჩულით -უბრალოდ გჯეროდეს ამის, გთხოვ
-მე იცი რისი მჯერა?
-რისი?
-იმის, რომ თუ აარონს რამე მოუვა, ამის გამკეთებელს ვიპოვი და თითებს ერთმანეთის მიყოლებით დავამტვრევ. გეფიცები, გაჩენის დღეს ვაწყევლინებ!
-ნიცა, ამ საქმეს პოლიცია მიხედავს, შენ ნუ ჩაერევი -თვალებში ჩახედა და ისე უთხრა -შეეცადე ბრაზმა არ გმართოს და საკუთარი თავის კონტროლი შეძლო
-საკუთარი თავის კონტროლი უდიდესი ნიჭია, შენ კი კარგად იცი, რომ ეს ნიჭი შარვლის მარცხენა ჯიბეში არ მიდევს, რათა საჭირო დროს ამოვიღო და გამოვიყენო
-შეიძლება ასეა, მაგრამ თუ მოგინდება ამ უნარის გამომუშავებასაც მოახერხებ
ნიცამ თავი უარყოფის ნიშნად გადააქნია, მერე კი, ღრმად ამოსუნთქვას გააყოლა თავის შიგნით დაბუდებული უარყოფითი ემოციები.
-მხოლოდ ამ ერთი რამით არ ვგავართ, ნიკა -ხმადაბლა ამოთქვა მან -ჩემგან განსხვავებით, შენ შეგიძლია სიტუაციას გონივრულად შეხედო, მაშინ, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის. ამას ვერ ისწავლი, ასეთად უნდა დაიბადო
-და რას აპირებ? ქამარში იარაღს გაირჭობ, სამკერდე ნიშანს გაიკეთებ და თავად ჩაუდგები სათავეში ამ საქმის გამოძიებას?
ნიცას სევდიანად გაეღიმა.
-ჯერ არ ვიცი რას მოვიმოქმედებ, თუმცა ამის გამკეთებელი რომ ცუდ დღეში აღმოჩნდება, მაგაში ეჭვი არ შეგეპაროს
-სადარდებლად აარონიც მყოფნის, შენც ნუ დამემატები, კარგი?
-ნუ ღელავ, ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ დამატებითი პრობლემები შეგიქმნა
-ნამდვილად?
-ნამდვილად -თავის დაქნევით დაუმოწმა ნიცამ, მერე კი, რაღაც გაახსენდა და ჰკითხა -ჰო მართლა, ანასტასია ისევ იქ არის?
-არა, ძმამ მოაკითხა და ძლივს დაითანხმა ცოტა ხნით სახლში შევლაზე. წასვლის წინ დამიბარა, ორ საათში კვლავ დავბრუნდებიო
-როგორ ფიქრობ, რა ხდება მასსა და აარონს შორის? -თვალები ეჭვით დააწვრილა ამის თქმისას ნიცამ
-არ ვიცი, თუმცა აშკარაა მომხდარს ჩვენზე ნაკლებად არ განცდის
-ვაღიარებ, ის საუკეთესოა, ვინც კი აარონის გარემოცვაში მინახავს -ოდნავშესამჩნევად გაეღიმა ნიცას და ფეხზეც წამოდგა -ადექი, აქედან გავიდეთ, თორემ ქლორის სურნელი უკვე ნერვებს მიშლის
-აარონის ექიმსაც დაველაპარაკოთ, მისგან უფრო დეტალურად გავიგებთ რა მდგომარეობაა
ტყუპებმა საპირფარეშო ისე დატოვეს, რომ კართან, იმ წამს მოსული მოხუცი ქალისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არც ის სალანძღავი სიტყვები გაუგონიათ, რაც ამ უკანასკნელმა წარმოთქვა, მათი მისამართით, რადგან იქედან გამოსული და-ძმის დანახვაზე, მაშინვე ის წარმოიდგინა, რასაც ნებისმიერი ადამიანი წარმოიდგენდა მის ადგილას.
ნიცა და ნიკა, უხმოდ მიუყვებოდნენ დერეფანს, ცდილობდნენ, მომავლისთვის იმედის თვალით შეეხედათ და იმ პესიმისტური აზრებისთვის არ მიეცათ გონებაში გაჭაჭანების უფლება, რომლებიც გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში ჰყავდათ გამოკეტილი.







8 8 8 8

ერეკლემ საავადმყოფოს შენობა დატოვა და პირდაპირ ავტოსადგომზე დაყენებული საკუთარი მანქანისკენ აიღო გეზი.
კლინიკაში სანდროს მოსვლის შემდეგ, ვინც ანასტასია, თავისი მანქანით წაიყვანა შინ, ერეკლემ გარკვეული დრო კაფეტერიაში დაჰყო, რათა მთელი ღამის უძილარს, მაგარი ყავა დაელია და ოდნავ მაინც მოფხიზლებულიყო.
ორმაგმა ესპრესომ, მართლაც შესაბამისად იმოქმედა ბიჭის მდგომარეობაზე. უწინდელი მოთენთილობის შეგრძნება, თითქოს მზეზე გამდნარი თოვლივით გაქრა და აშკარად ენერგიის მომატება იგრძნო.
ავტომობილამდე მიღწეულმა, ეს უკანასკნელი, გასაღებზე თითის დაჭერით გააღო. გეგმა ასეთი ჰქონდა -სახლში მივიდოდა, ცოტას დაისვენებდა, შემდეგ კი კვლავ ანასტასიას მიაკითხავდა, კლინიკაში. იცოდა, რომ ახლა მას, ერთადერთი მეგობრის მხარში დგომა ჰაერივით სჭირდებოდა, ამიტომ, თავს ვალდებულად თვლიდა გოგონას გვერდით ყოფილიყო.
ერეკლემ მანქანის კარები გამოაღო და შიგნით ჩაჯდა. სანამ ძრავას აამუშავებდა, გარემოს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო და ის-ის იყო, გასაღები უნდა გადაეტრიალებინა, რომ უეცრად, ერთ ადგილას, ფილმის კადრივით დაპაუზდა.
არ ეჩვენებოდა . . .
სწორედ ის იყო. საავადმყოფოს კარიდან, ნამდვილად ვერონიკა გამოჰყავდა ეტლით, თავის უფროს დას, ნინეს, თანაც გზაში რაღაც მხიარულზე ესაუბრებოდა.
ავტომობილის დაქოქვა მაშინვე გადაიფიქრა ერეკლემ. ახლა უკვე არ შეეძლო უბრალოდ ამდგარიყო და წასულიყო, ამიტომ, სალონიდან სწრაფად გადავიდა და პირდაპირ იქითკენ გაემართა, სადაც წამების წინ რონის მოჰკრა თვალი.
მართალია, აქამდე დისტანციას იცავდა და გოგონას ახლოს არ ეკარებოდა, თუმცა როდესაც საავადმყოფოდან გამომავალი დაინახა, ეჭვებმა შეიპყრო. შეეშინდა, რომ ვერონიკას რაღაც ცუდი სჭირდა და სწორედ არსებულ ვითარებაში გარკვევა აიძულებდა ნაბიჯები წინ გადადგმას.
ნახევარი გზა რომ გაიარა, მისი და რონის მზერა ერთმანეთს დაეჯახა. ნინემაც შეამჩნია ბიჭი, რის გამოც, სახეზე ოდნავი ნერვიულობა დაეტყო. არც ამას უმოქმედია ერეკლეს გადაწყვეტილებაზე, ვერონიკა ახლოდან ენახა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელის დაჟინებული მზერა დააფიქსირა.
როგორ მონატრებოდა საკუთარი ცოლის ახლოდან ხილვა ერეკლეს. სავარძელში მჯდომიც კი იმდენად ლამაზი ეჩვენა, სახეზე ოდნავი ღიმილი მოადგა და როგორც კი სასურველ ობიექტს ორი ნაბიჯის დაშორებამდე მიუახლოვდა, ეტლის უკან მდგომ ნინეს მიაპყრო მზერა.
-გამარჯობა, ნინე -მხიარულად მიესალმა მას, ბიჭი
-გამარჯობა, ერეკლე, როგორ ხარ? -ღიმილითვე უპასუხა გოგონამ, თან დის რეაქციას დააკვირდა. ვერონიკა სადღაც უსასრულობაში იყურებოდა და თავის წინ მდგომ პიროვნებას, თითქოს ვერც ამჩნევდა
-არა მიშავს . . . აქ რას აკეთებთ? -ახლა, ეტლში მჯდომ გოგონაზე გადაიტანა მზერა
-არაფერს, უბრალოდ, შაქრის დონე შევამოწმე სისხლში. რონის მარტო დარჩენა არ უნდოდა და გამომყვა
-მერე რა გაარკვიე?
-ყველაფერი ნორმაში მაქვს, მადლობა
ერეკლე, კვლავ სავარძელში მჯდომ გოგოს უყურებდა და ლამის ჭკუიდან გადასულიყო მისი სრული იგნორის გამო. ნუთუ სულ მცირედ გრძნობასაც ვერ აღძრავდა მასში? როდის გაცივდა ვერონიკა მისდამი ასე ძალიან? ამაზე პასუხს, ვერა და ვერ პოულობდა.
-რონი, არც კი შემომხედავ? -მთელი ტკივილი ამოაყოლა ბიჭმა ამ სიტყვებს. ქვასაც კი დაადნობდა მისი ტონი, თუმცა ის, ვისკენაც აღნიშნული სიტყვები იყო მიმართული, კვლავაც კლდესავით უძრავად იჯდა -რონი, შენ გელაპარაკები, მისმენ?
-ერეკლე, იქნებ ჯობდეს . . .
-გაჩუმდი ნინე -მაშინვე შეაწყვეტინა მას, ბიჭმა -სანამ ხმას არ გამცემს, ჩემგან თავს ვერ დაიხსნის და მოუწევს ამას შეეგუოს
-ნინე, წავიდეთ აქედან -გადაჭრით წარმოთქვა ვერონიკამ. ერეკლესკენ კვლავაც არ იყურებოდა, რასაც, ეს უკანასკნელი საბოლოოდ გამოჰყავდა მოთმინებიდან
-არსადაც არ წახვალ! -ახლა უკვე ბიჭმა დაიჭირა კატეგორიული ტონი -ნუ ცდილობ საბოლოოდ გამაგიჟო. იმ წლების ხათრით მაინც დამინდე, რაც ერთად გვაქვს გატარებული!
ვერონიკა კვლავ გაუნძრევლად იჯდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად თვალები ჰქონდა აწყლიანებული და მთელი ძალით იბრძოდა, რათა ლოყაზე ცრემლის ჩამოვარდნა არ ეგრძნო. ნინეც არ იღებდა ხმას, თითქოს ქანდაკებად ქცეულიყო, გონება გაყინვოდა და იმასაც ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
-ისევ ჩუმად ხარ, არა? -საერთო მდუმარებაში, კვლავ ერეკლეს ხმამ გაიჟღერა -იცოდე, თუ ახლავე არ დამელაპარაკები, რაც მოხდება საკუთარ თავს დააბრალე
პასუხი კვლავაც არ ყოფილა, ერეკლეს კი უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა. აღარ შეეძლო გოგონასგან ამოდენა იგნორის ატანა. ის დროც საკმარისად ეჩვენებოდა, რაც ითმინა და რაც მარტოობაში გაატარა, ვერონიკასთან ყველანაირი კონტაქტის გარეშე. უკვე აღარ ფიქრობდა, რა შედეგები მოჰყვებოდა მის საქციელს. იმ წამს, მხოლოდ ინსტიქტები მართავდნენ და დაემორჩილა კიდეც ამ უკანასკნელის კარნახს -რონის ეტლთან სწრაფად მივარდა, იგი წამებში აიტაცა ხელში და ზურგზე გადაკიდებული, ავტოსადგომზე დაყენებული თავისი მანქანისკენ ისე წაათრია, რომ არც ნინეს ყვირილისთვის მიუქცევია ყურადღება და არც, ვერონიკას მუშტებისთვის, რომელთაც გამეტებით უშენდა ბიჭის ზურგს.
-ერეკლე დამსვი, შენ რა სულ გააფრინე?! -ლამის კიოდა გოგონა
ბიჭი გზას ისე აგრძელებდა, თითქოს არაფერი ხდებაო. ვეღარც ნინეს ნაბიჯებს გრძნობდა ზურგს უკან, რაც აფიქრებინებდა, რომ ეს უკანასკნელი ან ვერ ეწეოდა, ან, მიმხვდარიყო ერეკლეს გადაწყვეტილების სიმტკიცეს და ჩარევას სრულიად უაზროდ თვლიდა.
-ერეკლე, ეს სასაცილო არაა, უკან დამაბრუნე -კვლავ არ ისვენებდა რონი -ნინე! ნინე, რას დაყუდებულხარ, დამეხმარე!
ბიჭი თითქმის მანქანასთან იყო მისული, როცა ნინეს ხმა მისწვდა მის ყურთასმენას :
-მე არ ჩავერევი, იქნებ ახლა მაინც გეშველოთ თქვენ ორს -იძახდა გოგონა, რითაც აშკარად უსვამდა ხაზს, რომ არანაირი ზომის მიღებას არ აპირებდა, დის გადასარჩენად. ამან, ვერონიკას წინააღმდეგობაც გატეხა ნაწილობრივ და მუშტების რტყმევაც შეწყვიტა. მხოლოდ ენით ცდილობდა „გამტაცებლის“ კლანჭებიდან თავის დახსნას, თუმცა ვერც ეს მეთოდი ეხმარებოდა რამის შეცვლაში.
ავტომობილის მარჯვენა კარი რომ გამოაღო და მძღოლის გვერდითა სავარძელში შესვა ერეკლემ, გოგონამ სცადა მისთვის თვალებში შეეხედა, თუმცა ბიჭი თითქოს სპეციალურად არ უყურებდა. მხოლოდ ღვედი შეუკრა, საკუთარი ხელით და მანქანის კარი ისე მიუჯახუნა, რონიმ ყურებში თითებიც კი დაიცო, ზედმეტად ხმამაღალი ჯახუნისგან გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნების დასათრგუნად
-ვერ მეტყვი რა ჯანდაბას აკეთებ? -აშკარად გაბრაზებული ტონით ჰკითხა გოგონამ, როგორც კი ერეკლე მანქანაში ჩაჯდა
-გიტაცებ! -იყო პასუხი
რონიმ კვლავ საქარე მინიდან გაიხედა. მცირედი იმედის ნაპერწკალი მაინც უღუოდა გულში, რომ ნინე დახმარების ხელს გამოუწვდიდა, თუმცა როდესაც ტერიტორიას თვალი მოავლო, ვეღარც თავისი უფროსი და შენიშნა და ვეღარც, საკუთარი ეტლი.
-რას ნიშნავს მიტაცებ? რომელ საუკუნეში ვართ?
-ოჰო, თურმე ლაპარაკიც შესძლებია -ღვედი თავადაც გადაიჭირა და გასაღები გადაატრიალა ბიჭმა -ცოტა ხნის წინ ასეთი ენაწყლიანი არ იყავი
-ამჩნევ, რომ ახლა სულელურად იქცევი?
ერეკლე კარგა ხანს დუმდა, სანამ პასუხს დაუბრუნებდა. ეს მხოლოდ მაშინ გააკეთა, როდესაც ავტომობილი გზაზე გაიყვანა და სხვა ოთხბორბლიანებს შორის განაგრძო სვლა.
-ანუ მე ვიქცევი სულელურად -ყველანაირად ცდილობდა მშვიდი ხმით საუბარს -და შენ რას აკეთებ? გგონია, სწორ გადაწყვეტილებებს იღებ?
-არასწორი რა გავაკეთე? -ხმას აუწია რონიმ, თან, მარჯვენა მუჭი შეკრა, რათა გრძნობები მოეთოკა და შეუვალი კლდის პოზიციაში დარჩენილიყო -ორჯერ გამოგიგზავნე განქორწინების საბუთები და ორივეჯერ შუაზე გადახეული დამიტოვე კართან. ვერ გავიგე, არ მაქვს უფლება ქმარს გავეყარო?
სახეზე სიმწრის ღიმილი მოადგა ერეკლეს. საჭეს ორივე ხელით იყო ჩაფრენილი, თითქოს, ეს უკანასკნელი მისგან გაქცევას ლამობდა.
-აუცილებლად მოგიწერდი ხელს მაგ საბუთებზე, თუკი განქორწინება იმიტომ გენდომებოდა, რომ აღარ გიყვარვარ, თუმცა ზუსტად ვიცი ასე არაა
-მე არ მეხება საკუთარ თავს რას დააჯერებ . . . რაც შეეხება გაყრას, ოდესმე აუცილებლად მოგიწევს ხელის მოწერა
-არ მოგიწერ -გადაჭრით განაცხადა ერეკლემ
-ვითომ რატომ?
-მარტივი მიზეზის გამო –მიყვარხარ და შენთან განქორწინება არ მინდა
-ხომ არ ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩემი სურვილიც გასათვალისწინებელია?
-ჰო, რა თქმა უნდა, შენ ხომ მუდამ საკუთარ სურვილებს აყენებ წინა პლანზე -კბილებში გამოსცრა ერეკლემ -ამასთანავე, ძალიან მარტივად შეგიძლია თქვა უარი იმ წლებსა და მოგონებებზე, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. ადამიანი, ვინც ერთ დროს სიყვარულს მეფიცებოდა, ახლა უბრალოდ გაყრის საბუთებს მიგზავნის მხოლოდ იმის გამო, რომ წყეულ ეტლში ზის და ჰგონია დავიტანჯები, თუკი მასთან ვიქნები! -თუ აქამდე მშვიდად საუბარს ცდილობდა, ახლა უკვე თავი ვეღარ გააკონტროლა ერეკლემ და ხმას საგრძნობლად აუწია -გგონია ასე მაბედნიერებ?! გგონია კარგად ვარ და ცხოვრების თითოეული დღით ვტკბები?! მითხარი, ასე ფიქრობ?!
-ნუ მიყვირი -დახშული ხმით ამოთქვა გოგონამ და წამით თვალები დახუჭა. ცრემლების ბურთი ყელში შემაწუხებლად ჰქონდა გაჩხერილი და ისეთ შეგრძნებას უტოვებდა, თითქოს წამი-წამზე დაიხრჩობოდა
-მაპატიე, მაგრამ ახლა არც ხმის გაკონტროლება შემიძლია და არც ნერვების!
-სად მივდივართ?
პასუხი არ ყოფილა, რამაც შეკითხვის გამეორება აიძულა ვერონიკას :
-გკითხე, სად მივდივართ-მეთქი?
-გაჩუმდი!
-ეტლიდან ამოგყავარ, ზურგზე გადაკიდებულს მანქანაში კარტოფილის ტომარასავით მტენი, კარს მიხურავ და იმის უფლებაც არ მაქვს, გავიგო სად აპირებ ჩემს წაყვანას?
-ჩვენს აგარაკზე მივდივართ -რატომღაც, ბოლოს მაინც თქმა გადაწყვიტა ერეკლემ -სწორედ იქ, სადაც ყველაზე ბედნიერი დღეები გვაქვს გატარებული
გოგონას სახეს მიტკლისფერი დაედო. მთელი გულით ინანა, რომ იმ დილით ნინეს გამოჰყვა გამოკვლევებზე, თუმცა დროის უკან დაბრუნება უკვე ვეღარ მოხერხდებოდა.
-ერეკლე, უკან დამაბრუნე, გთხოვ -ამოთქვა ვედრების ტონით -თუკი ოდესმე რამეს ვნიშნავდი შენთვის, მანქანა მოატრიალე და ნინესთან წამიყვანე
ბიჭმა უარის ნიშნად თავი გადააქნია.
-და რისთვის გავაკეთო ეს? -იკითხა მან -რომ ისევ ისე განვაგრძოთ, როგორც ადრე და კვლავ ვუყურო იმ სახლს, რომელიც შენს გარეშე უზომოდ ცარიელი მეჩვენება? რატომ არ გინდა უბრალოდ იბრძოლო? თუ ასეთ მდგომარეობაში არ შეგიძლია ჩემთან ყოფნა, როგორშიც ახლა ხარ, მაშინ შეეცადე იმ წყეული ეტლიდან წამოდგე!
-შენც ხომ იცი ეს რამდენჯერ ვცადე?! ავარიაში მოხვედრის შემდეგ, უამრავ ექიმთან ვიყავი, ათასი გამოკვლევა და თერაპია ჩავიტარე, თუმცა არაფერმა იმოქმედა! ეს, შენც კარგად იცი, რადგან იმ მომენტებში მუდამ ჩემს გვერდით იყავი. მაშინ ვცდილობდი შენს გამო მებრძოლა, მინდოდა ეტლიდან ავმდგარიყავი და კვლავ უწინდელ ცხოვრებას დავბრუნებოდით, მეც და შენც, თუმცა დამღალა ამდენმა იმედგაცრუებამ!
მანქანის სალონში დაძაბულობა ჩამოწვა. ვერონიკა უკვე ვეღარ ახერხებდა ცრემლების შეკავებას და აღარც ცდილობდა ეს გაეკეთებინა. ერეკლესაც გულს უკლავდა საყვარელი ქალის თვალებზე დანახული ბრილიანტისფერი წვეთები, ამიტომ, ქალაქის ერთ-ერთ პარკთან ჩავლისას, მანქანა სასწრაფოდ გადაიყვანა გზიდან, ავტოსადგომზე დააყენა და ძრავაც გამორთო.
-რას აკეთებ? აქ რისთვის გავჩერდით?
-იმისთვის, რომ რაღაც გთხოვო -ძლივსგასაგონად ამოთქვა ერეკლემ -ეს თხოვნა უნდა შემისრულო, რონი, რადგან უკვე ნერვები აღარ მაქვს ამ ყველაფერს გავუძლო
-რა თხოვნა გაქვს? ჩემგან კიდევ რას ითხოვ? იცი, რომ ვიბრძოდი, მინდოდა ის წყეული სავარძელი ჯანდაბაში მომესროლა, თუმცა ხომ ხედავ, არაფერი გამოდის?
-კიდევ უნდა სცადო -მთელი ტანით მიტრიალდა მისკენ ბიჭი და ხელზე, ხელი მოჰკიდა -ჩვენს გამო უნდა განაგრძო მცდელობა. კიდევ იბრძოლე რონი. იმის გამო იბრძოლე, რომ ისევ გავიღვიძოთ ერთ საწოლში, ისევ ისე ხალისიანად შევხვდეთ ყოველ დილას, კვლავ ალერსში გავათენოთ ღამეები და ისევ მასწავლო ზღაპრები, რაც შენი თქმით, ჩვენი შვილებისთვის უნდა მომეყოლა, როდესაც ისინი გაგვიჩნდებოდნენ -მოგონებებმა, სახეზე სევდიანი ღიმილი მოჰგვარა ერეკლეს -თუ შენთვის რამეს ვნიშნავ, მცდელობა არ შეწყვიტო, რადგან უშენობა ჭკუიდან მშლის -ამის თქმისას, გოგონა თავის კალთაში გადმოისვა და ძვლების ატკივებამდე ჩაეხუტა. არც ვერონიკას გაუპროტესტებია. იმდენად იყო ძალაგამოცლილი იმ სიტყვებისგან, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა, რომ ხმის ამოღების თავიც აღარ ჰქონდა
-იცი, რა რთულია ცარიელ სახლში სიარული? -ტუჩები გოგონას ყელს მიაკრო და ისე ამოთქვა, ერეკლემ -წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, როგორ მიმძიმს იმ ნივთების ყურება, რასაც შენ ეხებოდი? იმ სამზარეულოში შესვლა, სადაც მუდამ ატარებდი ხოლმე შენს კულინარიულ ექსპერიმენტებს, იმ საწოლში წოლა, სადაც ერთად გვეძინა. მენატრება შენი სხეული, შენი კანის სურნელი, ბალიშზე გაშლილი შენი თმა, რომელსაც ყოველ ღამით ვეფერებოდი. ჩემი ცოლი მენატრება, გაიგე? აღარ შემიძლია მეტი და რატომ გსიამოვნებს განადგურებულს რომ მხედავ?! ალბათ, ვერც ვერასდროს შევძლებ, რომ სხვას ისე შევხედო, როგორც შენ. ლამაზ ქალს ვუყურებ და თითქოს ცარიელ ფიტულს ვხედავ მისი სახით. მხოლოდ შენ ხარ, მხოლოდ შენ არსებობ, მარტო შენ იწვევ ჩემში სურვილს, გაიგე?!
-გეყოფა . . . -ამდენი ემოციისგან უკვე სუნთქვაც კი უჭირდა რონის და ეს, ხმაზეც ნათლად შეეტყო -ამას ნუ აკეთებ, გთხოვ
-ძალიან დიდხანს ვითმინე, მაგრამ მეტის მოცდა ჩემს ძალებს აღემატება -მის გულზე ედო თავი ერეკლეს და ისე ესაუბრებოდა -ჩემი ცოლი მჭირდება . . . მენატრები . . . ტკივილამდე მენატრები
-ერეკლე გამიშვი -მისი კალთიდან წამოდგომა სცადა გოგონამ, თუმცა წელზე ძლიერად შემოხვეული მკლავების გამო, ეს ვერ მოახერხა
-ნუ გეშინია, არ ვაპირებ შენს აგარაკზე წაყვანას -თქვა ბოლოს -უბრალოდ ცოტა ხნით ასე ვიყოთ, კარგი?
-ერეკლე . . .
-გაჩუმდი -ტუჩებზე საჩვენებელი თითი ააფარა და შუბლზე, შუბლი მიადო მას, ბიჭმა -გევედრები, არაფერი თქვა . . . დიდი ხანია შენთან ასეთი სიახლოვე აღარ მქონია და ნება მომეცი ამით დავტკბე
ამ სიტყვებმა, საბოლოოდ დანებება აიძულეს ვერონიკას. ძალა უკვე აღარ ჰქონდა, რათა ცდუნებას შეწინააღმდეგებოდა. თავადაც ჰაერივით სჭირდებოდა ერეკლესთან სიახლოვე, მისი სხეულის სითბოს თავისაზე შეგრძნება და ბიჭის სუნთქვის მოსმენაც კი. ამ ყველაფერმა იმდენად მოიცვა მისი არსება, გადაწყვიტა ამჯერად გულის ხმისთვის დაეჯერებინა, გონების ხმის მაგივრად, ერეკლეს ზურგს ხელები მაგრად შემოხვია, ნიკაპი მის თავს ჩამოაყრდნო და თვალებდახუჭულმა, ჩურჩულით ამოთქვა :
-დრო მომეცი, ერეკლე . . . უბრალოდ დრო მომეცი, რათა კიდევ ერთხელ ავწონდავწონო ყველაფერი . . .





8 8 8 8

ანასტასიამ, თავისი ბინის კარის გასახსნელი კოდი აკრიბა და სანდროსთან ერთად შიგნით შეაბიჯა.
მიუხედავად დაღლილობისა, იმ წამს ყველაზე მეტად ის უნდოდა, რომ თავი დროულად მოეწესრიგებინა და კვლავ აარონთან დაბრუნებულიყო, კლინიკაში. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მისი იქ არ ყოფნით, რაღაც ცუდი მოხდებოდა და ყოველივე ამის გამო, ანასტასიას გონება, ახლა სულ სხვა განზომილებაში დაფრინავდა.
-შენს ოთახში შედი და შხაპი მიიღე -სანდროს ხმა რომ მოესმა, უკვე მისაღებში იყვნენ გასულები. გოგონაც, თითქოს სწორედ ამ ხმამ მოიყვანა გონს, ძმას დაბინდული თვალებით შეხედა და ღრმად ამოიოხრა.
-სანამ გამოვალ, ყავა მომიდუღე რა -ოთახში ჩამოვარდნილ სიჩუმეშიც კი ძლივს გაისმა მისი ხმა
-წადი, ყველაფერს მე მივხედავ
-სან . . .
-ბოდიშის მოხდა არაა საჭირო -მაშინვე ამოიცნო დის ფიქრები ბიჭმა და სიტყვა შუა გზაზე გააწყვეტინა. მართლა გული სწყდებოდა, რომ ასეთ რთულ დროს, ანასტასიამ, მის მაგივრად ერეკლეს დაურეკა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, თუ რამდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ეს ორნი და რაღაც მხრივ, თავისი დისაც ესმოდა -მიდი, აბაზანაში შედი, პირზე წყალი შეისხი, თორემ ადამიანის სახე გაქვს დაკარგული
აღარაფერი უპასუხია ანასტასიას. იმ წამს, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ყოველი სიტყვა ენერგიას გამოაცლიდა, ამიტომ, ძმას ზურგი აქცია, საკუთარი ოთახისკენ დაიძრა და შიგნით შესვლის შემდეგ, პირდაპირ ტანსაცმლის გახდას მოჰყვა. ერეკლეს ნათხოვარი მანტო საწოლზე დადო გოგონამ. მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ვისი იყო ის პიჯაკი, შიდა თეთრეულზე რომ ჰქონდა მოცმული. ამაზე ფიქრით თავი არც დაუღლია ანასტასიას. ყოველგვარი მატერია სწრაფად მოაშორა საკუთარ სხეულს, წყლის ჭავლის ქვეშ შედგა და გადაწყვიტა ამდენი ხნის ნაგროვები ცრემლებისგან, სწორედ საშხაპე კაბინაში დაცლილიყო.
ტიროდა.
მლაშე წვეთებს ატანდა თავის შინაგან ფორიაქს და გაჩერებას ვერ ახერხებდა. იმაზე ფიქრიც კი აშინებდა, რომ ამერიკაში განცილი ლამაზი წუთები უკანასკნელი მოგონება იქნებოდა აარონის შესახებ. ამას ვერ გადაიტანდა. გრძნობდა, როგორ ენატრებოდა მამაკაცის მიერ დაძახებული „ანნასტასია“, მისი გამოხედვა, მისი ხმა, სიცილი. თითქოს აარონის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგომამ მიახვედრა სრული სიცხადით, თუ რამდენს ნიშნავდა მისთვის ეს ადამიანი.
ცხელმა შხაპმა თავისი მისია შეასრულა და ოდნავ გამოაფხიზლა გოგონა. კაბინიდან გამოსულმა, თეთრი პირსახოცი ტანზე შემოიხვია, დაორთქლილი სარკე ხელის გულით გააპრიალა და საკუთარ ანარეკლს შეხედა. შეშინებული, დამფრთხალი გოგონა უმზერდა იქიდან. არასდროს შეენიშნა აქამდე, საკუთარ სახეზე მსგავსი გამომეტყველება. მიუხედავად ცხოვრებისეული დაბრკოლებებისა, სიმამაცე მუდამ მის გვერდით დააბიჯებდა ხოლმე, თუმცა იმ წამს, ამ გრძნობის ნატამალიც აღარ შერჩენოდა.
გოგონამ სველი თმა სახიდან მოიშორა, ზურგზე გადაიყარა და სააბაზანო დატოვა. იმდენად სწრაფად იცვამდა, თავადაც ვერ გაიგო რა მოირგო ტანზე. თმაც მხოლოდ სახელდახელოდ გაიშრო და თავზე, მოსაცმელის კაპიუშონი წამოიფარა.
სანდრო უკვე მისაღებში ელოდა, ფინჯან ყავით ხელში. როგორც კი ოთახიდან გამოსულ დას მოჰკრა თვალი, ჭიქა მაშინვე გაუწოდა და ტირილისგან ამოწითლებულ თვალებში ჩააშტერდა.
-ანასტასია, ასეთი ვინ არის ის ტიპი, რომ მისმა ამ მდგომარეობაში ხილვამ ადამიანის სახე დაგაკარგვინა? -ჰკითხა მან შეპარვით
გოგონამ მხოლოდ იმის შემდეგ უპასუხა შეკითხვას, რაც ფინჯნიდან ერთი ყლუპი მოსვა.
-ახლა ამის დრო არაა, მოდი სხვა ვითარებაში აგიხსნი ყველაფერს
-მგონი ახსნა არცაა საჭირო, ისედაც ვხვდები რაც ხდება
-და რა ხდება? -მხოლოდ იმიტომ ჰკითხა ანასტასიამ, რომ აინტერესებდა სანდროს თავში რა აზრები ტრიალებდა
-მხოლოდ ერთ რამეს გკითხავ, მასაც უყვარხარ?
-რა?
-რაც გაიგე -სახეზე ხელის გული ჩამოუსვა სანდრომ, თან ოდნავ გაუღიმა -ეგ ადამიანი შენთვის იმაზე მეტია, ვიდრე თავად წარმოგიდგენია. გამოხედვაზეც გამჩნევ, რომ ასეა
-სან, ახლა არა, გთხოვ -მუდარა გამოსჭვიოდა ანასტასიას ხმაში -ყავას დავლევ და კლინიკაში წამიყვანე, კარგი?
-თუ ასე გინდა, აღარაფერს გკითხავ
-გმადლობ . . . ჰო მართლა, ლარა სად არის?
-სკოლაშია, სხვაგან სად უნდა იყოს?
-პრინციპში არსად, უბრალოდ მე ვარ ძალიან არეული -ამოიოხრა და ფინჯნიდან კიდევ ერთხელ მოსვა. სწორედ ამ დროს, კარზე გაბმული კაკუნის ხმა გაისმა. ვიღაც ისე ძალიან აბრახუნებდა, თითქოს კარის შემომტვრევა ჰქონდა განზრახული
-ეს ვინღაა? -ინტერესით იკითხა სანდრომ და ჰოლისკენ წასვლაც დააპირა, თუმცა ანასტასიას მიერ ჩავლებულმა ხელმა არ მისცა ამის გაკეთების საშუალება. გოგონამ, ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და ძმას სახეში შეხედა
-მე თვითონ გავაღებ. ზუსტად ვიცი ვინც იქნება
-მაინც ვინ?
-ამ დროს, ასე გამწარებული, მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს და იგი ელენა ბალანჩინია
სიტყვის თქმაც ვეღარ მოასწრო სანდრომ. როდესაც მიღებული ინფორმაცია გადახარშა, ანასტასია უკვე მისაღებიდან იყო გასული და ჰოლისკენ მიემართებოდა. ბევრი აღარ უფიქრია, თავადაც უკან გაჰყვა უმცროს დას. აცნობიერებდა და, რომ ელენა, აქ ჭიქა ყავაზე ნამდვილად არ იქნებოდა მოსული, ამიტომ, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, იქვე ახლომახლო უნდა ყოფილიყო.
სანდრო შემოსასვლელში ზუსტად იმ წამს აღმოჩნდა, როდესაც ანასტასიამ საკეტი გადაატრიალა. გოგონა არ შემცდარა -ზღურბლის მეორე მხარეს მართლაც ელენა ბალანჩინი იდგა და ისეთი გამყინავი მზერით იყურებოდა, თითქოს წამი-წამზე ვინმეს მოკვლა ჰქონოდა გადაწყვეტილი
-ანუ, სახლში ბრძანდებით, ქალბატონო მარგიანო -ქალის ტონში, ადვილი შესამჩნევი იყო ის მრისხანება, რის დაფარვასაც საწყის ეტაპზე მთელი ძალით ცდილობდა -იქნებ იმის ზრდილობა მაინც გეყოთ, რომ სადარბაზოში არ დამაყენოთ და შიგნით შემატაროთ?
-მობრძანდით, მაგრამ მალე უნდა გავიდე, სტუმრების მიღების დრო არ მაქვს
-შენ რა, დამცინი? -ხმას საგრძნობლად აუწია ელენამ, ანასტასია ხელის კვრით გასწია გვერდზე და ბინაში შევარდა -წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რამხელა მნიშვნელობის დეფილე ჩამიშალე შენი მოულოდნელი აორთქლებით? ახლა კი, უბრალოდ დგახარ და იმ ახსნა-განმარტებასაც არ კადრულობ, რომელიც ნამდვილად დავიმსახურე შენგან?!
-ქალბატონო ელენა, ახლა აყალმაყალის მოწყობის დრო არაა -სანდრო ჩაერია მათ დიალოგში -მისთვის ძალიან ახლობელ ადამიანს ესროლეს და სასწრაფოდ მოუწია წასვლა
-ფეხებზე მ’კიდია ვის ესროლეს და ვინ გაიტანეს ყვითელი ავტობუსით! -როგორც ჩანდა, ქალი დანებებას არ აპირებდა -ჩემთვის მთავარი ჩემი სააგენტოს პრესტიჟია, რაც ამ ქალბატონმა ფეხქვეშ გათელა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
ანასტასია ერთხანს მდუმარედ იდგა და ხმას არ იღებდა. ფიქრობდა, რომ იმ დროს, ელენასთან შესაკამათებლად ძალას ვერ იპოვიდა, თუმცა როდესაც დაუპატიჟებელი სტუმრის მიერ აწეულმა ხმამ ზედმეტად შეაწუხა, გადაწყვიტა დუმილის უფლება დაერღვია:
-როგორ ბედავთ და ჩემს სახლში ასე როგორ მელაპარაკებით? -ჰკითხა მან მოჩვენებითი სიმშვიდით -თქვენი სააგენტო არ ვიცი, მაგრამ აქ მე ვარ მთავარსარდალიც, იმპერატორიც და ეგვიპტის ფარაონიც, ამიტომ, თუ შეიძლება ხმას დაუწიეთ!
ამ სიტყვებს, რამდენიმე წამში, ხმამაღალი ტკაცანიც მოჰყვა. ანასტასიას ორი წამი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ელენამ სახეში გაარტყა. ლოყა საშინლად აეწვა, თავბრუც დაეხვა, თუმცა მისთვის ხელის შებრუნება აზრადაც არ მოსვლია. ამ სილას, იმდენად მშვიდად შეხვდა, თავად ელენა ბალანჩინიც გაოცებული დატოვა.
სამაგიეროდ, სანდრომ ვერ შეიკავა თავი, როგორც კი ამ სცენას თვალი მოჰკრა, მაშინვე ანასტასიასკენ დაიძრა, მას წინ გადაუდგა და ელენას კუშტი მზერა დაასო.
-მგონი გასაგებად გითხარით, რომ ჩემი და ახლა რთულ მდგომარეობაშია -თქვა მან მკაცრად -მეორედ აღარ გაბედოთ მასზე ხელის აწევა!
-საუბარზეც კი გეტყობათ, რომ ორივე და-ძმა ერთნაირად უზრდელები ხართ! როგორ ჩანს, დედათქვენს, თქვენს აღზრდაზე მაინცდამაინც არ უზრუნია
სანდროს ბრაზის ცეცხლი ჩაუდგა თვალებში ამ სიტყვების მოსმენისას. ვინ იცის, რამხელა ნებისყოფად დაუჯდა ის, რომ წყობილებიდან არ გამოსულიყო.
-ქალბატონო ელენა, უკვე ზღვარს გადადიხართ -კბილებში გამოსცრა მან -დედაჩვენის ცუდად მოხსენიების უფლება არავის აქვს, მათ შორის არც თქვენ
-სანდრო შეეშვი, ახლა კამათის დრო არ არის -მხარზე ხელი დაადო უფროს ძმას, გოგონამ
-ოჰო, ანასტასია მარგიანი მშვიდობის სიმბოლოდ გადაიქცა და გაწნილი სილის გამო საყვედურსაც კი არ ამბობს
-ახლა თქვენს ხასიათზე ყველაზე ნაკლებად ვარ, ქალბატონო ელენა. სხვა შემთხვევაში, აქედან ისე არ გაგიშვებდით, რომ ერთი-ორი „ლამაზი“ სიტყვა მაინც არ მეთქვა
ქალმა ღრმად ამოისუნთქა. როგორც ჩანდა, ისიც ისევე ცდილობდა მოთმინების შენარჩუნებას, როგორც სანდრო.
-გაფრთხილებ ანასტასია -ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და თითი, ცხვირწინ გამაფრთხილებლად დაუქნია მან -უახლოესი ერთი თვის განმავლობაში აღარსად გადამეყარო, თორემ შეიძლება შემომაკვდე!
-მაგაზე არ ინერვიულოთ, თავადაც არ ვაპირებდი თქვენთან ფინჯან-ჩაიზე დაწვევას -მერე ძმას მიუტრიალდა და მავედრებელი მზერით გახედა. გოგონას თვალებში, უდიდესი სულიერი დაღლილობა იკითხებოდა -სან, გთხოვ ეს ქალი აქედან მოაშორე და კლინიკაში წავიდეთ . . . მეტი აღარ შემიძლია . . .





8 8 8 8

ნიცამ, საავადმყოფოს მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთი კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო და შიგნით, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე შეაბიჯა.
კაბინეტი, რომელშიც გოგონა ასე დაუდევრად შეიჭრა, ახალგაზრდა ქირურგს-დათა ჯაფარიძეს ეკუთვნოდა. სწორედ მისი პაციენტი იყო აარონი, ვის გადასარჩენადაც, თავის დროზე, უდიდესი ძალისხმევა დახარჯა ქირურგმა და სიკვდილს, ფაქტობრივად ხელიდან გამოგლიჯა მამაკაცი.
ნიცას უეცარ შეჭრას, აღფრთოვანებული ნამდვილად არ დაუტოვებია ექიმი. მისი საქაღალდეში ჩარგული თავი იმაზე მეტყველებდა, რომ რაღაც აუცილებელ საქმეს აგვარებდა, რაშიც, კარის ხმამაღალმა ჯახუნმა შეუშალა ხელი და აიძულა საქაღალდისთვის ცოტა ხნით თვალი მოეწყვიტა.
-რამე გინდოდათ? -აშკარად გაღიზიანებული ტონი ჰქონდა დათას -წესით, შემოსვლამდე აკაკუნებენ ხოლმე
ნიცას ყურიც არ შეუბერტყავს ისე ჩამოჯდა მის პირისპირ და ფეხი, ფეხზე გადაიდო.
-წესები ჩემთვის არ არის, მისტერ ჰიპოკრატე, ასე, რომ მათი ახსნით თავს ნუ შეიწუხებ -მაშინვე შენობითზე გადავიდა ნიცა, რამაც, მის თანამოსაუბრეს უკმაყოფილო გამომეტყველება მოჰგვარა სახეზე
-ნუ ღელავთ, თქვენში ზრდილობის ეტიკეტის ჩანერგვას არ ვაპირებ, შეგიძლიათ მთავარ სათქმელზე გადახვიდეთ
ამის გაგონებაზე, ნიცა უფრო მოხერხებულად მოეწყო სავარძელში. გამოხედვიდანაც კი აშკარად ჩანდა, რომ რაღაც სერიოზულ თემას უნდა შეხებოდა.
-მოკლედ -დაიწყო გოგონამ, თან მაგიდას ჩამოეყრდნო, ცალი იდაყვით და ნიკაპი, მუშტად შეკრულ ხელს დაადო -ჩემს ძმას ოპერაცია შენ გაუკეთე და ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ . . .
-მაგრამ რა? -თვალები ეჭვით დააწვრილა დათამ
-ოპერაციის შემდგომ პროცედურებზე მინდოდა საუბარი
-გისმენთ
-აღარ მსურს, რომ მისი ექიმი შენ იყო -პირდაპირ მიახალა ნიცამ, ისე, რომ წარბიც არ შეუხრია -აარონის მდგომარეობა სარისკოა, მას კი, ვინმე უფრო გამოცდილი ექიმი სჭირდება და არა, შენნაირი ახალგაზრდა, ვინაც სულ ახლახანს ააგდო ჰაერში უნივერსიტეტის გამოსაშვების ქუდი და პირდაპირ კლინიკაში შემოვარდა ქირურგად
ნიცას განცხადება, მართლაც რომ ბომბის აფეთქებას ჰგავდა. ელოდა კიდეც ექიმის გაბრაზებას ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ, თუმცა ამ უკანასკნელმა, ოდნავშესამჩნევად ჩაიცინა, ოქროსფერი, მსხვილი კალამი ტუჩებთან მიიტანა და გოგონას თვალიერებას ისე მოჰყვა თითქოს, მზერით უსვამს დიაგნოზსო
-რას მომაშტერდი? არაფერს იტყვი? -მდუმარებაში რომ წუთზე მეტი გაატარეს, ნიცას მოთმინება ამოეწურა და კვლავ თავად ალაპარაკდა -ვთქვი მკურნალი ექიმის შეცვლა მინდა-მეთქი. შენ თუ ვერ დამეხმარები, ისეთ ვინმესთან მაინც გადამამისამართე, ვისაც მსგავსი საკითხები ეხება
-ცოტა ხნის წინ, აქ თქვენს ძმასთან ერთად იყავით შემოსული, თუმცა მას ასეთი რამ არ უთქვამს. უბრალოდ ჩემი პაციენტის მდგომარეობის შესახებ მესაუბრა და მორჩა
-სამაგიეროდ მე გეუბნები -ჯიბრიანი ტონით მიუგო ნიცამ -ეს საქმე თამაში არ არის, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ის, ვისაც შენ, შენივე პაციენტად მოისხსენიებ, კარგად იქნება და ცუდი არაფერი დაემართება
დათამ კალამი მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა. ნიცამ სიტუაციის გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ იგი უკვე მისი სავარძლის უკან იდგა და ხელები გოგონას მხრებზე ჰქონდა დაწყობილი.
-ანუ, ჩემს კომპეტენციაში ეჭვი შეგაქვთ -პირდაპირ მის ყურთან დაიხარა და ისე უჩურჩულა. გოგონას, სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა ექიმის სუნამოს სურნელის შეგრძნებისას, თუმცა გონს სწრაფად მოეგო, გორგოლაჭებიანი სავარძლით დატრიალდა და დათასკენ შებრუნდა
-დიახ, ეჭვი შემაქვს და არ მსურს ჩემს ძმას კიდევ ერთხელ მიეკარო -უთხრა მტკიცედ. ნერვები ეშლებოდა, რომ მამაკაცის თვალებში ვერანაირ ცვლილებასა თუ ბრაზს ვერ კითხულობდა. ამის გამო, წყობილებიდან გამოსვლამდე ცოტაღა უკლდა
-შეგახსენებთ, რომ აქაურობა თქვენი საკუთრება არაა და არც წესების დადგენის უფლება მოუნიჭებია ვინმეს -თქვენობით ტონს, არა და არ ეთხოვებოდა ქირურგი -თუ სათქმელი მეტი აღარაფერი გაქვთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ, საქმე ისედაც თავზე საყრელად მაქვს და უაზრო საუბრებისთვის ნაკლებად მცალია
-ანუ შენს თავს რისკის ქვეშ აყენებ და ოდნავადაც არ გეშინია?
-და, რისკის ქვეშ რატომ? -კვლავ ეჭვით დააწვრილა თვალები დათამ
-იმიტომ, ჩემო კარგო, რომ თუ რამე მცირედ შეცდომას დაუშვებ და ამის გამო აარონი დაზარალდება, შენს კარიერას კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებ. ეს ნამდვილად არ გამიჭირდება
დათა კვლავ საკუთარ სავარძელს დაუბრუნდა, თან ნიცას ესროლა გამომცდელი მზერა.
-ჩავთვალოთ, რომ თქვენი გამოწვევა მიღებულია -თქვა მან მშვიდად. მიუხედავად გოგონას უხეშობისა, ეს ყველაფერი ოდნავადაც არ მიუტანია გულთან ახლოს და არც რაიმე სახის შიში უგრძვნია
-ჰოდა თუ ასეა, მაშინ ტყავიდან გამოძვერი და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რათა ჩემი ძმა იმ წყეული რეანიმაციიდან თავისი ფეხით გამოვიდეს
დათამ კვლავ საქაღალდე აიღო ხელში, თან ისე გადაფურცლა, ვითომ კაბინეტში სრულიად მარტო ყოფილიყო.
-თქვენი წასვლის დროა -ისე თქვა მან, ნიცასთვის სახეშიც არ შეუხედავს -გასვლის წინ, კარი გაიხურეთ, თუ შეიძლება
„ნეტავ შემეძლოს მაგ ამაყ თავში, რამე მძიმე საგანი ჩაგარტყა“ -გაიფიქრა გოგონამ, ხმამაღლა კი თქვა : -კი ბატონო, წავალ და დაგტოვებ შენს მრავალფეროვან ფიქრებთან ერთად
-ჰო, კარგი იქნებოდა, თორემ უკვე ბუზის ბზუილივით შემაწუხებელია თქვენი აქ ყოფნა
მართალია, ამ სიტყვებმა ძალიან გააბრაზა ნიცა, თუმცა თავი მალევე დაიმშვიდა და გადაწყვიტა აღარ შეპასუხებოდა. ამის მაგივრად, სავარძლიდან ფეხზე წამოდგა, ექიმს კიდევ ერთხელ ესროლა გამჭოლი მზერა და პირდაპირ კაბინეტიდან გასასვლელი კარისკენ გაემართა.
ზღურბლზე გადაბიჯება და ნიკას სახის დანახვა ერთი იყო. ბიჭი სწორედ იმ წამს ამოსულიყო კაფეტერიიდან და ხელში, ქაღალდის ჭიქებში ჩასხმული, ორი ყავა ეჭირა, ერთი თავისთვის, ხოლო მეორე -ნიცასთვის.
-როგორც მითხარი, უშაქრო ლატე დარიჩინით და თხილით -ჭიქა გაუწოდა ბიჭმა, ტყუპისცალს, თან ეჭვით შეათვალიერა ეს უკანასკნელი -მანდ რას აკეთებდი?
-არაფერს . . .
-როგორ თუ არაფერს?
ნიცამ თვალები აატრიალა. ეს დაკითხვა უკვე მის ნერვებზე მოქმედებდა.
-რა მოხდა, არ მაქვს უფლება ჩემი ძმის მკურნალ ექიმს გავესაუბრო?
-მას ერთი საათის წინ გავესაუბრეთ ნიცა. თუ რამე გქონდა სათქმელი, შეგეძლო მაშინ გეთქვა
-დამშვიდდი, ნიკუშ, უბრალოდ იმ ლაწირაკ ექიმს მოტივაცია მივეცი, რათა მცირედი შეცდომაც არ დაუშვას
-შენზე ექვსი წლით უფროს ადამიანს ლაწირაკს რატომ უწოდებ?
-იმ პოსტისთვის ნამდვილად ლაწირაკია, რაც ახლა უკავია
ნიკა მოსაცდელის ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და ყავა მოსვა. ამდენი ხნის უძილარს, ნამდვილად სჭირდებოდა ენერგიის მოკრება.
-თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ, რომ ჩვენი ძმა სწორედ იმ ადამიანმა გადაარჩინა, ვისაც შენ ლაწირაკად მოიხსენიებ -აშკარა უკმაყოფილება იგრძნობოდა ბიჭის ტონში -კარგი იქნება, თუ ცოტაოდენ მადლიერებას გამოიჩენ და ყველას ნერვებს არ მოუშლი
-კარგი, კარგი, გაჩუმდი და ყავა დალიე
-თავად კი, სისულელეების კეთება შეწყვიტე, თორემ უკვე დავიღალე შენი დასვრილის აწმენდით
-ის ლამაზი მოდელი ჯერ არ მოსულა? -სხვა თემაზე გადაუტანა ნიცამ, თან მის გვერდით ჩამოჯდა
-ჯერ არა . . . რატომ მეკითხები?
-არაფერი, უბრალოდ ვფიქრობდი, ჩემი ძმა და ის თუ ერთად იქნებიან, ძალიან ლამაზი შვილები ეყოლებათ-მეთქი
-ნიცა, ახლა მაგის დროა?
-ვცდილობ ყურადღება რაღაც პოზიტიურზე გადავიტანო და თუ შეიძლება მომეცი ამის საშუალება!
ამ სიტყვებზე. ნიკა თითქოს მიხვდა საკუთარ დანაშაულს და უკან დაიხია :
-კარგი, მაპატიე, მართალი ხარ
-ბოდიში მიღებულია -მერე ჭიქიდან კიდევ ერთხელ მოსვა და დაიჭყანა -ჯანდაბა, ამ ყავას ტალახიანი წყლის გემო აქვს
-წადი და უკეთესი თავად იშოვე
-ჰო, შენგან მეტს არც ველოდი. ერთადერთი, რაც კარგად გამოგდის, ქალებისთვის ტანსაცმლის შემოხევაა
ნიკას პასუხის გაცემა უნდოდა, თუმცა ვეღარ მოასწრო, რადგან ამ დროს, კაბინეტიდან თვით დათა ჯაფარიძე გამოვიდა, თეთრი ხალათის სწორებით და ტყუპებს გვერდი ისე აუარა, თითქოს მათი იქ ყოფნა ვერც შენიშნაო. ექიმის ამ საქციელზე, ირონიული ღიმილი მოადგა სახეზე ნიცას, თან დერეფანში მიმავალ ჯაფარიძეს თვალი გააყოლა.
-თვითკმაყოფილი იდიოტი -ჩაილაპარაკა გოგონამ თავისთვის, თან თვალებიც აატრიალა
-ნიცა, შეეშვი მაგ ადამიანს, აცადე მშვიდად გაკეთოს თავისი საქმე. მართალია ახალგაზრდაა, თუმცა მთელ ქალაქში ყველაზე ძლიერი ქირურგია და ამას ყველა აღიარებს
-ჰოო? და შენ საიდან იცი? -ინტერესით ჩაეკითხა ნიცა
-არსებობს ერთი რაღაც -ინტერნეტი ჰქვია. შეგიძლია თავადაც სცადო მისი გამოყენება, სასურველი ინფორმაციის მისაღებად
-მაგით სხვა დროს დავკავდები, ახლა სუფთა ჰაერზე მინდა გასვლა -თქვა, ფეხზე წამოდგა და ყავის ჭიქა ნიკას შეაჩეჩა ხელში -აარონთან ჯერ მაინც არ გვიშვებენ, რა აზრი აქვს აქ ჯდომას?
-ამ ყინვაში გარეთ აპირებ ხეტიალს?
-ნუ ღელავ, შინაგანად ვხურვარ და არ შემცივდება
-პრინციპში გიჟებს თბორეგულაცია დარღვეული აქვთ, შეგიძლია წახვიდე
-ძალიან სასაცილოა -ენა გამოუყო ნიცამ, თბილი ქურთუკი ყელამდე შეიკრა და მანამ გაემართა ლიფტისკენ, სანამ ნიკა პასუხის დაბრუნებას მოასწრებდა
ქუჩაში, მართლაც რომ ძალიან ციოდა. თოვას სულ ახლახანს გადაეღო და ჰაერში ყინულიანი წყლის სურნელი იგრძნობოდა. მიუხედავად შემაწუხებელი სუსხისა, შიგნით შებრუნება არც უფიქრია გოგონას. პირიქით, ავტოსადგომთან ახლოს მდებარე სკვერში ჩამოჯდა, ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი და თვალები დახუჭა. იმ წამს, კვლავ ყურში ჩაესმოდა ბოლო სატელეფონო საუბრისას ნათქვამი აარონის სიტყვები. მაშინ, ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და მართალიც აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, იმ დღეს ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ვითარება ასეთი სერიოზული იქნებოდა.
ნიცა ძირს დაიხარა, ერთი მუჭა თოვლი აიღო და იგი გუნდად გადააქცია. შემდეგ ხელის გულზე მოათავსა გაყინული ბურთი. აინტერესებდა რამდენ ხანს გაუძლებდა იმ სიცივეს, რომელიც კანს უწვავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ხელში ვიღაც ნემსებს არჭობდა და შიგნითვე უტოვებდა. როდესაც კანის წვა გაუსაძლისი გახდა გოგონასთვის, თოვლის გუნდა შორს მოისროლა, გაყინული ხელის გული დაიორთქლა და სკვერი მოათვალიერა. მის გარდა იქ არავინ იყო, რაც ძალიან სიამოვნებდა ნიცას. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს სიმშვიდის სამყაროში მოხვდა, სადაც ცუდი არაფერი შეემთხვეოდა არც მას, და არც მისთვის საყვარელ ადამიანებს.
გოგონამ, ამჯერად სკვერთან ახლოს მდებარე ავტოსადგომს გახედა, სადაც სწორედ იმ წამს დააყენეს კიდევ ერთი მანქანა. თავდაპირველად, გოგონას ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა, როდესაც ავტომობილიდან გადმოსულ ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი, მზერა ერთ ადგილას გაეყინა და რამდენიმე წამი, თავიც არ გაუმოძრავებია.
ავტოსადგომზე ნამდვილად ანასტასია მოაბიჯებდა, თან გვერდით, ნიცასთვის უცნობი მამაკაცი მოჰყვებოდა. ამ უკანასკნელმა, იგი სკვერამდე მიაცილა, შუბლზე კოცნით დაემშვიდობა, შემდეგ კი, უკან გატრიალდა და კვლავ მანქანისკენ გაემართა, ნელი ნაბიჯებით. გოგონას ვარაუდით, ეს ადამიანი ანასტასიას ძმა უნდა ყოფილიყო, რომელმაც, დას საავადმყოფოში მიაკითხა და ცოტა ხნით სახლში წაიყვანა, თავის მოსაწესრიგებლად.
ნიცას ბევრი აღარ უფიქრია, სკამიდან ფეხზე წამოდგა და სანამ გოგონა შენობაში შევიდოდა, მანამ დაიძახა მისი სახელი :
-ანასტასია, აქეთ -იყვირა მან რაც შეეძლო ხმამაღლა. მართალია, ამ უკანასკნელს არც ისე კარგად იცნობდა, თუმცა, რატომღაც მასთან გასაუბრება სურდა, ამიტომ უხერხულობა ერთი წამითაც არ უგრძვნია -ჰო, ჰო, შენ გეძახი, აქეთ მოდი
-ნიცა, არა? -ჰკითხა გოგონამ, როდესაც ორი ნაბიჯის დაშორებაზე მიუახლოვდა
-ჰო, დედაჩემი საფრანგეთზე გიჟდება და ეს, სახელზეც დამეტყო
-სასიამოვნოა შენი გაცნობა -მერე გამომცელად შეხედა და ჰკითხა -აქ, ამ სიცივეში რას აკეთებ? აარონს ხომ არ შეემთხვა რამე? -ბოლო სიტყვებზე, ხმაც აუკანკალდა, თუმცა, ნიცას პასუხმა მაშინვე დაამშვიდა
-ჩემს ძმას რომ რამე მოსვლოდა, მე ახლა სკვერში ჯდომის და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის ხასიათზე ვიქნებოდი?
-ალბათ, არა -ოდნავშესამჩნევად გაეღიმა ანასტასიას
-მოდი, ცოტა ხნით ჩამოვჯდეთ -ჯერ თვითონ დაჯდა, მერე კი, თანამოსაუბრესაც ანიშნა სკამისკენ, ნიცამ
-მდგომარეობა ისევ უცვლელია?
-ჰო, უცვლელია . . . ისე, მეც მაქვს შენთან ერთი კითხვა
-მკითხე
-ერთი ვერსია მაინც არ გაქვს, ვის შეეძლო ამის გაკეთება?
-არ ვიცი, ნიცა . . . აარონს ბევრი მტერი ჰყავს და ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო წამსვლელი ასეთ რამეზე
გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია და რამდენიმე წამით გაჩუმდა. მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა, როგორც კი იგრძნო, რომ დუმილი საკმაოზე მეტ ხანს გაიწელა.
-ის ბიჭი, ვინც აქამდე მოგიყვანა, შენი ძმა იყო? -ჰკითხა მან, თან გვერდულად გახედა
-ჰო, ასეა . . . სამსახურიდან დაურეკეს და სასწრაფოდ მოუწია წასვლა. სიმართლე რომ ვთქვა, ასეც ჯობია
-რატომ?
-უბრალოდ არ მომწონს, როდესაც განწყობა არ მივარგა და სანდრო ამას ხედავს
-რაღაც მხრივ ვგავართ -უმისამართოდ იყურებოდა წინ, როდესაც ამას ამბობდა, ნიცა -მეც არ მიყვარს, როცა ვინმე ცუდ ხასიათზე მყოფს მიყურებს, თუმცა ჩემს მეორე ნაწილს, ისიც უნდა, რომ ამ დროს ვინმემ ანუგეშოს
-ანუ შენში ორი პიროვნება ცხოვრობს
-ალბათ ასეა . . . მომწონხარ, იცი? საუკეთესო ხარ, ვინც კი აარონის სიახლოვეს მინახავს
ანასტასია უხერხულად შეიშმუშნა ამ სიტყვებზე. აშკარად მიხვდა, რაც იგულისხმა ნიცამ ამ სიტყვებით.
-სინამდვილეში, მე და აარონი ერთად არ ვართ -თქვა მან ხმადაბლა -გარედან შეიძლება ასე ჩანს, მაგრამ . . .
-აღარ მაინტერესებს რა მოსდევს შენს „მაგრამ“-ს -საუბარი ნიცას ხმამ გააწყვეტინა -ჩემი ინტუიცია არასდროს ცდება. თუ აქამდე თქვენს შორის არაფერი ყოფილა, მომავალში აუცილებლად იქნება
-ახლა ამაზე ფიქრისთვის ყველაზე შეუფერებელი დროა -ეს თქვა, თუმცა გულში მაინც გაეღიმა თავისი და აარონის საერთო მომავლის წარმოდგენისას
-ჰო, მთავარია ყველაფერი დასრულდეს და დანარჩენზე ლაპარაკს მერეც მოვასწრებთ
ნიცამ სივრცეს გახედა, თან ფილტვებში ღრმად შეუშვა ცივი ჰაერი. სიცივისგან ხელები ერთიანად ჰქონდა დაწითლებული და გადაწყვიტა ისინი ჯიბეებში ჩაწყობით გაეთბო. სწორედ ამის გაკეთების შემდეგ იგრძნო, რომ ქურთუკის მარცხენა ჯიბეში ჩადებული მისი ტელეფონი ზუზუნებდა. თავდაპირველად, გადაწყვიტა ყურმილი არ აეღო, თუმცა მერე რატომღაც გადაიფიქრა, სენსორს დახედა და როგორც კი მასზე სახელი -„ერთუჯრედიანი“ ამოიკითხა, ზარს მაშინვე უპასუხა.
-გისმენ, ნიკოლოზ
-სად ხარ? -აღელვებული, თან გახარებული ტონი ჰქონდა ბიჭს
-ქვემოთ ვარ, სკვერში . . . რამე ხდება?
-აარონი . . .
-რა სჭირს აარონს? -მაშინვე ეცვალა ფერი ნიცას და მასთან ერთად, ანასტასიასაც
-არც კი მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ . . .
-მაგრამ, რა? ბოლოს და ბოლოს, ამოღერღე, დაუნო!
ყურმილში რამდენიმე წამიანი დუმილი ჩამოვარდა, შემდეგ კი, კვლავ ნიკას ხმა გაისმა :
-აარონმა თვალები გაახილა, ნიცა . . . მხოლოდ რამდენიმე წამით, მაგრამ მაინც გაახილა . . .




8 8 8 8

დღეები გადიოდა . . .
ორი კვირა თვალის დახამხამებაში მიილია . . .
აარონის მდგომარეობა კვლავ უცველი რჩებოდა, თუმცა ის რამდენიმე წამიანი გამოფხიზლება, ექიმებსაც დიდ იმედს აძლევდა და მათაც, ვისაც პაციენტის გადარჩენა ყველაზე მეტად სურდათ.
მიუხედავად ყველაფრისა, პროგრესი მაინც შეიმჩნეოდა. მამაკაცის ჯანმრთელობას, უწინდელივით დიდი საფრთხე უკვე აღარ ემუქრებოდა. ცუდი მხოლოდ ის გახლდათ, რომ გონზე მოსვლას ვერ ახერხებდა და კვლავ გაუნძრევლად იწვა თავის საწოლზე.
იმის გამო, რომ მდგომარეობის გართულების რისკები აღარ იყო, მეოთხე დღეს გადაწყდა, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან, პალატაში გადაეყვანათ.
პოლიცია, ჯერ კიდევ იძიებდა ამ დანაშაულს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერანაირ კვალზე ვერ გადიოდა. მხოლოდ ერთი იმედი იყო დარჩენილი -აარონი გონს უნდა მოსულიყო და დამნაშავე თავად დაესახელებინა.
ნიცამ და ნიკამ, თითქმის ყველა საეჭვო პირის მონაცემები გადასცეს პოლიციის განყოფილებას, ვისაც კი შეეძლო ამ საქმესთან რამე კავშირი ჰქონოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თითოეულ მათგანს გააჩნდა სერიოზული ალიბი, რაც მათ უდანაშაულობაზე მეტყველებდა. არავინ არაფერი იცოდა, არანაირი ვერსია არ არსებობდა და არც, აარონის ნაცნობებმა, თუ თანამშრომლებმა იცოდნენ რამე. მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო -ლოდინი, რათა დაზარალებულს თავად მოეხადა თავი საიდუმლოებით მოცული ზარდახშისთვის.
ერთი კვირა გასულიყო იმ საბედისწერო დღის შემდეგ, რაც აარონი ტყეში იპოვეს დაჭრილი. ვინაიდან, მსურველებს უკვე პაციენტის მონახულების უფლებას აძლევდნენ, ანასტასია, აარონის პალატაში იჯდა, მოშორებით მდგომ სავარძელში, ნიკაპი ხელის გულზე ჰქონდა შემოდებული და მამაკაცის მძინარე სახეს თვალს არ აშორებდა.
ტყუპები, კაფეტერიაში იყვნენ ჩასულები, საჭმელად, ამიტომ, აარონთან მხოლოდ ის იყო და ეს გარემოება სიამოვნებდა კიდეც. იმდენად ჰქონდა მონატრებული მამაკაცის ხმის გაგონება, ცრემლებიც კი აწვებოდა თვალებზე. ის დღე ახსენდებოდა, როცა ლოს-ანჯელესის თავზე, ვერტმფრენით მიიკვლევდნენ გზას. არც ლას-ვეგასში განვლილი დღეები გამორჩენია ანასტასიას მეხსიერებას და არც ნიუ-იორკში. თითქოს აარონთან გატარებული წუთები, ერთ დიდ ფილმს ქმნიდა გოგონასთვის, სადაც თავად გახლდათ მთავარი როლის შემსრულებელი ბედნიერი პერსონაჟი.
ანასტასიამ შუბლი თითებით დაიზილა, ფეხზე წამოდგა და ფრთხილად ჩამოჯდა აარონის საწოლის კიდეზე. იმ წამს, რატომთაც საშინლად მოუნდა მას შეხებოდა, ამიტომ, ბევრი აღარ უფიქრია, ზედმეტი სიფრთხილით აიღო მამაკაცის ხელი, მის ვენაში გაყრილი წვეთოვანის ნემსის გამო, თვალები დახუჭა და ლოყაზე ბრილიანტისფერი წვეთი ჩამოუვარდა. ერთიანად აწყლიანებოდა თვალის გარსი ანასტასიას. იმ წამს გააცნობიერა, თუ რამდენად სასიამოვნო და ამავდროულად, რთული იყო გყოლოდა ძვირფასი ადამიანი. მართალია, ასეთი პიროვნებების არსებობა ცხოვრებას ულამაზებდა, თუმცა უდიდეს ტკივილსაც ხომ მათი ცუდად ყოფნა აგრძნობინებდა?
სწორედ ასე სტკიოდა ახლაც. რას არ გაიღებდა, რომ რამის გაკეთება მაინც შესძლებოდა აღნიშნულ სიტუაციაში, მაგრამ არაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ დინებას მიჰყოლოდა და მოვლენების განვითარებას დალოდებოდა.
გოგონამ, ლოყაზე ხელის გული ჩამოუსვა აარონს და მის წამოზრდილ წვერს მიეფერა. საკუთარ თავს აძალებდა არ ეტირა, თუმცა საბოლოოდ მაინც ცრემლებმა გაიმარჯვეს და ანასტასიას ღაწვებზე დაიწყეს დენა.
-ნეტავ ვიცოდე, ამ საწოლზე შენი აღმოჩენის მიზეზი ვინაა -ამოთქვა მან ჩურჩულით და აარონის ხელს, თავისი მარჯვენა მოუჭირა -იცი, ლარას როგორ ენატრები? თითქმის ყოველ დღე დადის შენს სანახავად და მოუთმენლად ელის, თვალებს როდის გაახელ
გოგონას, ყელში მომდგარი ცრემლების ბურთისგან, უკვე ლაპარაკიც უჭირდა, თუმცა მაინც აგრძელებდა :
-შენს და-ძმასაც ენატრები და გვერდიდან წამითაც არ გშორდებიან. ხედავ, რამდენი ხალხი ელოდება შენს დაბრუნებას? იქნებ, მათ გამო მაინც მოიკრიბო ძალა? -მერე, მამაკაცის შუბლს აკოცა ნაზად და მზერა მის ტუჩებზე გააჩერა. იმდენად ძლიერი იყო სურვილი, რომ ანასტასიას ბევრი აღარ უფიქრია, კიდევ ერთხელ დაიხარა მისკენ და აარონის ბაგეებს თავისი შეუერთა. ნაწილობრივ, იმასაც აცნობიერებდა, რომ სიგიჟე იყო უგონოდ მყოფი ადამიანისთვის კოცნა, თუმცა როდესაც ბოლომდე შეიგრძნო აარონის თბილი ბაგეებისგან მოგვრილი ჟრუანტელი, ყველანაირი საწინააღმდეგო აზრი უკუაგდო, რამაც ცოტა ხნის წინ გაუელვა გონებაში.
-ნეტავ იცოდე, ჩემთვის რამდენს ნიშნავ -მამაკაცის შუბლს, შუბლით დაეყრდნო გოგონა და თვალები დახუჭა -ნეტავ იცოდე, რა მნიშვნელოვანი გახდი ამ დროის განმავლობაში. თუმცა ამას ვერც კი გეტყოდი, უგონოდ რომ არ იყო. სასაცილოა, მაგრამ ანასტასია მარგიანს პირველად ეშინია მამაკაცის და მის მიმართ გრძნობის გამოხატვის. აქამდე შემეძლო ნებისმიერი ვინმე მექცია ჩემად, თუმცა შენ მაშინებ . . . მეშინია იმის, რასაც შენდამი განვიცდი, რადგან ინტუიცია მკარნახობს, რომ ძალიან მეტკინება. მეშინია, აარონ . . . იმის მეშინია, რომ ჩემთვის არასდროს შემოგიხედავს, როგორც ქალისთვის და ეს უბრალოდ მეჩვენებოდა. იცი? თავიდან მსიამოვნებდა კიდეც, რომ სურვილით აღსავსე მზერით არ მიყურებდი, ისე, როგორც სხვები, რადგან ასეთი გამოხედვა უკვე ყელში მქონდა ამოსული. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა -მამაკაცს მოშორდა და კვლავ ზემოდან დააცქერდა -უკვე ძალიან მინდა, შენს თვალებშიც იგივეს ვკითხულობდე, მინდა ისე გიზიდავდე, რომ სუნთქვა გეკვროდეს და ჩემში ქალს ხედავდე . . . სასურველ ქალს, ვისაც შენს ყოველდღიურობას გაუზიარებ და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცევ
ანასტასია გაჩუმდა. რამდენიმე წამით, პალატის ფანჯრიდან გადაშლილ ხედს უყურებდა, შემდეგ კვლავ საწოლზე მწოლიარეს დაუბრუნდა მზერით. სწორედ ამ დროს იგრძნო, რომ მის ჯიბეში ჩადებული მობილური ვიბრირებდა. იმ წამს, საერთოდ არ უნდოდა ვინმეს ზარისთვის ეპასუხა, თუმცა იმასაც ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა რამე სერიოზული ყოფილიყო, ამიტომ საწოლიდან წამოდგა, სარკმელს მიუახლოვდა და ზარს უპასუხა.
-გისმენთ!
-ანასტასია, მე ვარ
ამ ხმის გაგონებაზე, გოგონას მთელ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ყველაზე ნაკლებად, ახლა მასთან საუბარი სურდა და დააპირა კიდეც გათიშვა, რომ კვლავ მოესმა :
-არ გათიშო, გთხოვ, მართლა სერიოზულ საქმეზე ვრეკავ
-რა გინდა, ლექსო? მალე მითხარი და დავასრულოთ, ახლა შენთვის არ მცალია
-ჰო, ჰო, რა თქმა უნდა -სწრაფად მიაყარა სიტყვები ბიჭმა -უბრალოდ აარონის მდგომარეობა მაინტერესებდა. პრესა მის შესახებ დუმს, რადგან მისი და-ძმა, ჟურნალისტებთან საუბარზე უარს აცხადებენ. შენ ხომ არ იცი როგორ არის?
-მისი მდგომარეობა რატომ გაინტერესებს? -გულწრფლად გაუკვირდა გოგონას -როგორც ვიცი, მაინცდამაინც ახლოს არ ხართ
ყურმილში მცირეხნიანი დუმილი ჩამოვარდა. მხოლოდ კითხვის დასმიდან ოთხი წამის შემდეგ გაისმა ლექსოს პასუხი :
-ჰო, არ ვმეგობრობთ, მაგრამ მაინც დამაინტერესა -ხმაში აღელვება ეტყობოდა, თუმცა ანასტასია ვერაფრით მიხვდა რისგან იყო გამოწვეული ეს ყველაფერი. ამაზე დიდხანს არც უფიქრია. სურდა ეს დიალოგი მალევე დაესრულებინა, ამიტომ სწრაფად მიუგო
-გონს ჯერ კიდევ არ მოსულა, თუმცა სიცოცხლისთვის სახიფათო რისკები აღარ არის
-საერთოდ? ანუ გამოძვრა?
გოგონამ, რაღაცის მსხვრევის ხმა გაიგო ყურმილის მეორე მხრიდან, თუმცა არც ამაზე გაუმახვილებია ყურადღება.
-წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, ლექსო, ყველაფერს დრო გვიჩვენებს
-შეგიძლია მისი ამბები გამაგებინო ხოლმე?
ანასტასიამ ღრმად ამოიოხრა. ვერ ხვდებოდა, რატომ თამაშობდა ამ თამაშს, თაბაგარი, თუმცა გოგონას აზრით, აქ რაღაც ისე ვერ იყო. მიუხედავად ამისა, მაინც დადებითი პასუხი გასცა :
-კარგი, გაგაგებინებ ხოლმე -ისე ხმადაბლა თქვა, თითქოს არ უნდოდა მისი სიტყვები ვინმეს გაეგონა. რაღაც სუსტი ამოძახილის მაგვარი ხმაც მისწვდა გოგონას ყურთასმენას, თუმცა იფიქრა, რომ ეს ბგერები ყურმილიდან მოდიოდა და ფანჯრის რაფაზე, თითებით დაიწყო წარმოსახვითი წრეების ხაზვა.
-ძალიან დიდი მადლობა, უახლოეს დღეებში შენს ზარს ველოდები
-ანნასტასია -გაისმა კვლავ. ხმა, წინანდელთან შედარებით უფრო მკაფიოდ ჟღერდა, თუმცა მაინც მისუსტებული ეთქმოდა
-ჰო, ლექსო, კიდევ რამე გინდა? -ამოთქვა მობეზრებული ტონით, თუმცა წყვეტილი ზუმერის ხმამ ყურმილში, მიახვედრა, რომ კავშირი უკვე დასრულებული იყო
გოგონამ თვალები დახუჭა. ხელების კანკალი იგრძნო იმ წამს. და კვლავ ეს ხმა . . . პალატაში ვიღაც მის სახელს წარმოთქვამდა, ძლივსგასაგონი ხმით. თავდაპირველად იფიქრა, რომ მოჩვენებები დაეწყო. ამის გამო, ფანჯრის რაფას ხელი მთელი ძალით მოუჭირა და თავი რამდენჯერმე გადააქნია, ისე, თითქოს უსიამოვნო ფიქრების გამობერტყვას ცდილობსო.
ამანაც ვერ უშველა. კვლავ მოესმა დაბალი ხმით წარმოთქმული საკუთარი სახელი და საბოლოოდ, იმასაც მიხვდა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არა, წარმოსახვის ნაყოფი.
ანასტასიამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. ჯერ თავი მიატრიალა უკან, თითქოს ტერიტორიას ზვერავსო, შემდეგ მთელი ტანით მიტრიალდა და საწოლზე მწოლიარე მამაკაცს შეხედა. ნელა, არეული ნაბიჯებით მიუახლოვდა მის საწოლს, ისე, თითქოს კუ ყოფილიყო და არა, ადამიანი. მის რაღაც ნაწილს, ჯერ კიდევ ეშინოდა იმის, რომ ეს ყველაფერი საკუთარმა გონებამ წარმოადგენინა, თუმცა როდესაც ხმის გაგონებასთან ერთად, მამაკაცის ტუჩების ძლივსშესამჩნევ გამოძრავებას მოჰკრა თვალი, მოწოლილი ემოციებისგან ხელის გულიც კი აიფარა პირზე.
-აარონ -ხმის კანკალით ამოთვა მისი სახელი -აარონ შენ . . .
მამაკაცმა ქუთუთოები ოდნავ დააშორა ერთმანეთს. შემდეგ სცადა ხელი გაემოძრავებინა, თუმცა ვენაში გაყრილი წვეთოვანის ნემსის გამო ტკივილი იგრძნო და იგი კვლავ ძირს დაუშვა.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ეს რეალურად ხდება? -თმაში თითები შეიცურა ანასტასიამ, შემდეგ კი, აარონის ბალიშის გასწვრივ ხელები ისე დააწყო, რომ მამაკაცის თავი მათ შორის მოაქცია -აარონ, გთხოვ, თვალები გაახილე და შემომხედე
მამაკაცს მისი თხოვნა არ შეუსრულებია, თუმცა სიტყვებით გამოხატა, რომ გონზე იყო :
-აქ რა მინდა? -იკითხა მან, თან ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა
-მაგას სხვა დროს მოგიყვები . . . ახლა მითხარი, როგორ ხარ? -სიხარულისგან ხმასაც კი ძლივს იმორჩილებდა ანასტასია
-უკეთესადაც ვყოფილვარ -მერე კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა გოგონას სიტყვებმა შეაჩერა
-წავალ, ექიმს დავუძახებ, ვეტყვი, რომ გონს მოხვედი
-მოიცა, ანნასტასია -აარონმა მხოლოდ ამის თქმისას მოახერხა თვალების ოდნავ გახელა და თავზე წამომდგარ გოგონას, თავისი ქვიშისფერი ირისებით ახედა
-ნიცა და ნიკოლოზი აქ არიან?
-რა თქმა უნდა, აბა სხვაგან სად უნდა იყვნენ?-მიუგო ღიმილით, თან საწოლზე ჩამოუჯდა მამაკაცს. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ხედავდა მის გახელილ თვალებს და სიხარულის აზვირთებული ტალღებიც განუწყვეტლივ ეხეთქებოდნენ მის გულს
-უცნაური სიზმარი ვნახე -კვლავ მისუსტებული ხმა ჰქონდა აარონს -მაგრამ ძალიან ჰგავდა სინამდვილეს
-რა დაგესიზმრა? -სმენად იქცა ანასტასია
-ეს იმდენად რეალური იყო, ახლაც ვგრძნობ შენი ტუჩების გემოს, საკუთარ ტუჩებზე
გოგონა გაჩუმდა და ლოყებზე ალისფერმა გადაჰკრა. მიხვდა, თუ რასაც გულისხმობდა მამაკაცი და იმ წამს, აწყობდა კიდეც მომხდარი სიზმრად ჩაეთვალა.
-ანნასტასია . . .
-გისმენ
-არ გინდა, კარგი? თავს ნუ დამაკარგვინებ -მერე კვლავ დახუჭა თვალები და დაამატა -თუმცა შენ უკვე დამაკარგვინე თავი . . .
არც ამაზე უპასუხია გოგონას. ბოლომდე ვერ ხვდებოდა, თუ რის გადმოცემას ცდილობდა მამაკაცი თავისი ნათქვამით, თუმცა იმ ნაწილმა სასიამოვნოდ აუდუღა სისხლი, სადაც აარონი ამბობდა, თავი დამაკარგვინეო.
ბევრი აღარ უფიქრია ანასტასიას. საწოლზე მწოლიარე მამაკაცს კიდევ ერთხელ დააცქერდა ღიმილით და პირდაპირ პალატისკენ გასასველი კარისკენ დაიძრა რათა მომხდარის შესახებ დანარჩენებისთვისაც დაუყოვნებლივ ეცნობებინა.






8 8 8 8
ორი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოწერეს აარონი. იმ დროიდან მოყოლებული, რაც თვალები გაახილა, ხან პოლიციის თანამშრომლებთან უწევდა საუბარი, ხანაც ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემაზე უარის თქმა.
საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აარონს მშვენივრად ახსოვდა ვინც ესროლა, ამაზე სიტყვასაც არ ძრავდა და საიდუმლოს ღრმად ინახავდა, თავისი გულის ყველაზე მიუვალ ცხრაკლიტულში.
იანვრის მორიგი სუსხიანი დღე იყო. აარონი, დივანზე გახლდათ მოკალათებული და მუხლებზე ლეპტოპი ჰქონდა გაშლილი. მარცხენა მხარეს ნიკა ეჯდა, ვისაც მობილურში, Candy Crush-ის თამაშით გაჰყავდა დრო, ხოლო მარჯვენა მხარეს, ნიცას მოეკალათებინა და ფეხის ფრჩხილებზე იისფერ ლაქს ისვამდა.
მას მერე, რაც მოხდა, ტყუპები წამითაც არ სცილდებოდნენ გვერდიდან აარონს. ისე იქცეოდნენ, თითქოს, უფროსი ძმის პირადი მცველები ყოფილიყვნენ, რომელთაც, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, მისი კუდში დევნა ევალათ. ძილითაც კი აარონის ოთახში ეძინა ორთავეს. ეს უკანასკნელი, ხშირად აღნიშნავდა, რომ მხოლოდ საპირფარეშოში შეეძლო მარტო გასვლა და მაშინაც აქეთ-იქით იყურებოდა, რათა ტყუპებს, სადმე სათვალთვალო კამერა არ ჰქონოდათ დამონტაჟებული.
საღამო ხანი იდგა. დიდი ფანჯრიდან ნათლად მოჩანდა, თუ როგორ ფარფატით ეშვებოდნენ ციდან მსხვილი ფიფქები და როგორ ტრიალებდნენ ყინულის სურნელით გაჟღენთილ ჰაერში.
კედელზე მიმაგრებულ პლაზმურ ტელევიზორში, საინფორმაციო გამოშვება იყო ჩართული, დაბალ ხმაზე. თავდაპირველად, ქალდანებიდან, ეკრანს არავინ უყურებდა და თავთავიანთი საქმით იყვნენ გართულნი, თუმცა, როდესაც ნიცამ ერთი წამით აიხედა ზემოთ და ტელევიზორს მოჰკრა თვალი, დისტანციური მართვის პულტით მაშინვე ხმას აუწია, თან ძმებიც აიძულა გამოშვებისთვის მოესმინათ.
-შეხედეთ, შეხედეთ, მგონი აარონზე ლაპარაკობენ -თქვა მან ხმამაღლა, რითაც, ორივეს ყურადღება ჯერ თავისკენ გადაიტანა, შემდეგ კი პლაზმური ეკრანისკენ
მისაღებში, მკაფიოდ გაისმა ჟურნალისტის წრიპინა ხმა. იგი შემდეგს იუწყებოდა :
„ცნობილი, ქართველი ბიზნესმენის, აარონ ქალდანის მკვლელობის მცდელობის საქმე, კვლავ გაუხსნელად ითვლება. გამოძიება ჩიხშია შესული. თავად დაზარალებულს რაც შეეხება, იგი კამერების წინ საუბარზე უარს აცხადებს და . . . „
ჟურნალისტმა სიტყვა ვეღარ დაასრულა, რადგან არონმა, ნიცასთვის წართმეული პულტით ტელევიზორი ჩააბნელა და მობეზრებით ამოიხვნეშა.
-უკვე აღარ შემიძლია საკუთარი თავის ახალ ამბებში ხილვა -შუბლი მოისრისა მან -კარგი იქნება, თუ უახლოესი ორი კვირის მანძილზე, ამ ტელევიზორს არავინ ჩართავს
-წარმოდგენაც არავის აქვს, ვინ გესროლა და გამოძიებაც ერთ ადგილასაა გაყინული . . . ბუნებრივიცაა, რომ „ნიუსების“ მთავარი თემა ხარ -გამოთქვა თავისი აზრი ნიკოლოზმა, რასაც, ნიცაც დაეთანხმა, თავის დაქნევით
-იქნებ, ფსიქოლოგთან მიხვიდე და ჰიპნოზის თერაპიით გაგახსენოს იმ ადამიანის ვინაობა -თქვა გოგონამ. სწორედ ამ დროს, ლაქის წასმასაც მორჩა და ფუნჯი კვლავ შუშაში ჩადო
-კარგი რა, ნიცა, რა ჰიპნოზი? არ მახსოვს და მორჩა . . . ამაზე ფიქრში, დიდი დროის დახარჯვას ნამდვილად არ ვაპირებ
-და, რა გარანტია გაქვს, რომ ის უცნობი შეშლილი კიდევ ერთხელ არ მოგადგება და დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს?
-ნიცა მართალია აარონ, უნდა ეცადო იმ ადამიანის სახე აღიდგინო მეხსიერებაში და თუ შენთვის უცნობი პიროვნება აღმოჩნდა, ფოტორობოტი მაინც გადასცე გამოძიებას, რათა თავად დაადგინონ მისი ვინაობა
აარონს, რაღაც მხრივ, დანაშაულის გრძნობა აწუხებდა და არ მოსწონდა თავისთვის ახლობელი ადამიანებისთვის ტყუილის თქმა, მაგრამ აღნიშნულ მომენტში, ასე იყო საჭირო. ლექსო თაბაგარი, ვინც ამ შემთხვევის შემდეგ, თავისი სახლიდან აორთქლებულიყო, აუცილებლად უნდა ეპოვა და თავად გაესწორებინა ანგარიში. ამაზე, უკვე მუშაობდა კიდეც აარონი, უფრო სწორად, მის მიერ დაქირავებული კერძო პირი, ვისაც, ლექსოს ადგილსამყოფელი უმოკლეს დროში უნდა დაედგინა.
-მე მარკეტში ჩავალ, რამე ხილს ვიყიდი -ფიქრებიდან ნიკოლოზის ხმამ გამოარკვია მამაკაცი -თქვენთვისაც ხომ არ წამოვიღო რამე?
-არაფერი, უბრალოდ, ის მოკლეკაბიანი კონსულტანტი გოგონა მომიკითხე, ვის გამოც ამ წამს ხილი მოგინდა -ირონიული ღიმილით მიაწვა სავარძლის საზურგეს ნიცა, თან მაჯიდან შავი რეზინი მოიძრო და აარონს გაუწოდა -თმა ჩამიწანი, Please
-რა გრძელი ენა გაქვს, ტყუპისცალო -ისეთი უკმაყოფილი გამომეტყველება აღიბეჭდა ნიკოლოზის სახეზე, როგორიც, ტყუილში გამოჭერილ ბავშვს აქვს ხოლმე
ამასობაში, აარონმა მუხლებზე დადებული ლეპტოპი გვერდზე გადადო, ნიცას თმას დაწვდა, იგი სამად გაყო და ჩაწნას საგულდაგულოდ შეუდგა. ისე გაერთო ამ საქმეში, ვერც კი გაიგო, როგორ გავიდა სახლიდან ნიკოლოზი. მხოლოდ მაშინ მიხვდა მის არყოფნას, როცა მისაღებს თვალი მოატარა და სიცარიელე დაინახა. სახლში მხოლოდ ის და ნიცა იყვნენ და ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევდა. დუმილი მხოლოდ მაშინ დაირღვა, როცა დისთვის თმის ჩაწნას მორჩა და ბოლოები თმისსამაგრით შეუკრა.
-არ მჯერა, რომ არ გახსოვს ვინ გესროლა, იცი? -ნაწნავი მარჯვენა ბეჭზე გადმოიგდო და ძმას თვალებში ჩახედა ნიცამ. ისე უყურებდა, თითქოს სიცრუის დეტექტორი იყო, რომელსაც აარონის შინაგანი ფიქრების გაშიფვრა ჰქონდა მიზნად დასახული
-ასე რატომ გგონია?
-ჩავთვალოთ, რომ მეექვსე გრძნობა მკარნახობს . . . რა მიზეზით მალავ იმ ტიპის ვინაობას? გეცოდება, რომ ციხის საჭმელი კუჭ-ნაწლავის პრობლემებს შეუქმნის, თუ ნაკლებად რბილ საწოლში ძილისთვის ვერ იმეტებ?
-არ ვიცი, შენს თავში რა აზრები ტრიალებს, თუმცა რამე რომ ვიცოდე, გამოძიებას აუცილებლად დავეხმარებოდი -მზერა აარიდა ამის თქმისას მამაკაცმა
-თუ ასეა, თვალს რატომ ვერ მისწორებ? აშკარაა, რაღაცას ბოლომდე არ ამბობ
-მგონი დროა შერლოკ ჰოლმსის როლის თამაში შეწყვიტო და ძაღლის თავის ძებნას შეეშვა იქ, სადაც იგი არ არის . . . დაახლოებით ერთ კვირაში, თქვენთვისაც მოვიცლი, საქმეს მოგიძებნით და უაზრო ფიქრებისთვისაც აღარ გექნებათ დრო. მთავარია სიტუაცია ცოტათი მიწყნარდეს
ნიცამ თვალები აატრიალა და ღრმად ამოიოხრა. მართალია, ძმის ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა, თუმცა მყარი არგუმენტების ნაკლებობა არ აძლევდა კამათის გაგრძელების საშუალებას, ამიტომ, გაჩუმება არჩია და აარონის ლეპტოპი, ამჯერად თავად გადმოიდო მუხლებზე.
-თვითერზე შევალ და დაგიბრუნებ -ისე უთხრა, მისკენ არც გაუხედავს. ნერვებზე იყო მოშლილი იმის გამო, რომ თავისი ძმის მტერი, ჯერ კიდევ უდარდელად დასეირნობდა და პასუხს არ აგებდა იმაზე, რაც ჩაიდინა
ამასობაში, კარის ჯახუნის ხმაც გაისმა. ნიცაც და აარონიც, მხოლოდ ნიკას დაბრუნებას ელოდნენ შინ, თუმცა როდესაც მისაღებში შემოსულ ბიჭს, კიდევ ვიღაც შემოჰყვა თან, წამით, ორივეს გაოცება აღებეჭდათ სახეზე.
ნიკოლოზმა, მარკეტიდან ამოტანილი პარკები მაგიდაზე დააწყო. მხოლოდ ამის შემდეგ გადახედა დივანზე მსხდომთ და ვითარება აუხსნა.
-ამ ქერა ბავშვს, შენი ნახვა უნდოდა, აარონ -თქვა მან -კართან შემხვდა და მითხრა, რომ შენი მეზობელია
-ლარა? -ღიმილი გადაეფინა მისი დანახვისას მამაკაცის სახეს და ტყუპებიც მიხვდნენ, რომ გოგონა მართლაც ნაცნობი იყო -აქ რას აკეთებ?
-შენს სანახავად მოვედი . . . როგორ ხარ?
აარონმა დივანზე ხელი დადო, რითაც, მოუდლონელად მოსულ სტუმარს ანიშნა დამჯდარიყო.
-მოდი, ჩამოჯექი, ფეხზე რატომ დგახარ? -მერე ტყუპებს გადახედა სათითაოდ -გაიცანით, ეს ანასტასიას უმცროსი დაა ლარა . . . ლარა, ესენი ჩემი და-ძმა არიან, ნიცა და ნიკოლოზი
-სასიამოვნოა -ორივეს გაუღიმა და აარონის გვერდით ჩამოჯდა. ცხადად გრძნობდა, ტყუპების თავისკენ მომართულ მზერას და ამის გამო, ოდნავ უხერხულადაც კი იყო, თუმცა ცდილობდა, ეს გარეგნულად არ დასტყობოდა -საავადმყოფოშიც მინდოდა შენი ნახვა, თუმცა პალატაში არასდროს მიშვებდნენ ხოლმე
-საყვარელი ვინმეა -ღიმილი მოჰგვარა გოგონას სიტყვებმა ნიკოლოზს, თან, ტყუპისცალს თვალებით ანიშნა ამდგარიყო -ჩვენ წავალთ, ფილმს ვუყურებთ. შეგიძლიათ, მშვიდად ილაპარაკოთ
-არ ვიცოდი, ანასტასიას ასეთი ლამაზი და თუ ჰყავდა -ფეხზე ადგომის პარალელურად ჩაილაპარაკა ნიცამ -როცა გაიზრდება, ალბათ სურვილისგან ერთ ადგილს დაუსივებს ბიჭებს
აარონმა, ლარას, მხარზე დაადო ხელი, მერე კი, თავით ნიცასკენ ანიშნა.
-მას ყურადღებას ნუ მიაქცევ, არასდროს იცის, სად რა უნდა თქვას
ამჯერად, ძმის სიტყვებზე ყურადღება არ გაუმახვილებია ნიცას. ამის მაგივრად, ლარას თვალი ჩაუკრა, ხელი დაუქნია და გასასვლელისკენ წასულ ნიკოლოზს უკან აედევნა.
-აბა, მოყევი შენ როგორ ხარ -მარტონი რომ დარჩნენ, მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა აარონი -მოგეწონა ფრანგული არდადეგები?
-საოცრება იყო . . . მხატვრობა მაინცდამაინც არ მიზიდავს, თუმცა ლუვრი მაინც ზღაპრულად მომეჩვენა -მერე წამით გაჩუმდა და დაამატა -ჰო მართლა, ანასტასიასაც უნდოდა შენი ნახვა, თუმცა ჯერ ერეკლეს ელაპარაკება
-ერეკლეს?
-მისი მეგობარია, დამავიწყდა, რომ არ იცოდი ვინ იყო და მხოლოდ სახელით ამიტომ მოვიხსენიე
-არა უშავს -ღიმილით შევხდა მამაკაცი ლარას სიტყვებს, თუმცა გულში, უსიამოვნო ეჭვად მაინც ჩარჩა სახელი „ერეკლე“ -რამეს ხომ არ დალევ?
-გააჩნია რისი შემოთავაზება შეგიძლია
-მგონი მანგოს წვენი უნდა მოგეწონოს -ფრთხილად წამოდგა ფეხზე, რათა ნაკერები არ სტკენოდა და სამზარეულოსკენ დაიძრა -ვფიქრობ, მარწყვის პუდინგიც უნდა იყოს სადმე გადარჩენილი, თუ რა თქმა უნდა, ნიცამ არ გაავლო მუსრი
მანგოს წვენისა და პუდინგის ხსენებაზე, ლარას, თვალები სიხარულისგან აენთო, ფეხზე წამოხტა, მამაკაცის ნაბიჯებს ფეხდაფეხ მიჰყვა, თან წამოიძახა :
-ხანდახან მგონია, რომ ჩემს აზრებს კითხულობ აარონ!




* * *

ანასტასიამ, ერეკლესთან გამართული სატელეფონო საუბარი დაასრულა და მობილური კვლავ ჯიბეში ჩააბრუნა. ძალიან გახარებული იყო იმ შესანიშნავი ამბის გამო, რაც მეგობრისგან მოისმინა გოგონამ. ამდენი ხნის შემდეგ, ვერონიკა როგორც იქნა დათანხმებოდა მკურნალობის ახალ კურსს და ის და ერეკლე, ხვალინდელი რეისით მიფრინავდნენ შვეიცარიაში, გამოკვლევებზე.
ბიჭს, იქ ერთი საკმაოდ გამოცდილი ექიმი ეგულებოდა, ვინც, ამ სფეროში, ფაქტობრივად სასწაულებს ახდენდა, ამიტომ, გამგზავრების წინ, იმედით გახლდათ სავსე და უკვე თავისუფლად სუნთქვაც შეეძლო.
ანასტასიაც იდეალურად გრძნობდა თავს. ერთის მხრივ, რონის ამბავი, მეორე მხრივ კი, აარონის გადარჩენა უმაღლებდა განწყობას. სწორედ ამ უკანასკნელის სანახავად აპირებდა ახლა წასვლას. მას შემდეგ, რაც აარონი გამოწერეს, იგი ერთხელაც აღარ უნახავს. სურდა გარკვეული დრო მარტო ყოფნა ეცლია, და-ძმასთან ერთად, თუმცა ახლა უკვე შესაფერისი დრო იყო დისტანცია დაერღვია და იგი მოენახულებინა.
ერეკლესთან საუბრის დროს, ლარას გაპარვა არც კი გაუგია. ამაზე ოდნავ ჩაეღიმა გოგონას, სპორტული მოსაცმელი მოიცვა და უკვე თავადაც უნდა გასულიყო გვერდითა მეზობელთან, რომ კარზე ზარის ხმა მოესმა.
იმ წუთას, ნამდვილად არავის ელოდა. არც ლარა მოისურვებდა ასე მალე დაბრუნებას, სანდრო კი, სამსახურის საქმეებზე იყო წასული, ბათუმში და ბუნებრივია, ვერც ის იდგებოდა ზღურბლის მეორე მხარეს. ზედმეტ ფიქრს, ანასტასიამ ისევ კარის გაღება არჩია. ასეც მოიქცა, საკეტი გადაატრიალა, ოდნავ უკან დაიხია და სადარბაზოში მდგომის ხილვაზე, ადგილს მიეყინა.
ვის დანახვას აღარ ელოდა გოგონა იმ წამს, თუმცა იმის ნამდვილად არა, ვის სახესაც ახლა უმზერდა. შეეძლო დაეფიცა, რომ ირმებიან მარხილზე მჯდომი თოვლის ბაბუის სტუმრობას უფრო რეალურად ჩათვლიდა თავის ბინაში, ვიდრე ემბერისას, ვისაც მარჯვნივ და მარცხნივ, უზარმაზარი ჩემოდნები ამოედო და ანასტასიას, ღიმილიან მზერას არ აშორებდა.
-Hello From Los-Angeles! -ხმამაღლა წამოიძახა გოგონამ, ბარგს ხელი შეუშვა და გაოცებულ მასპინძელს ისე გადაეხვია, თითქოს ოცი წლის მეგობრობა აკავშირებდათ -არ მოგენატრე, საყვარელო?
-ემბერ? აქ რას აკეთებ?
-ხომ გითხარი, სააგენტოს უფროსს დაველაპარაკები, რათა შემდეგ გაცვლით პროგრამაში ჩამრთოს-მეთქი? -გოგონას ბრიტანული აქცენტი, სასიამოვნოდ ხვდებოდა ყურში ანასტასიას
-მაგას არ გეკითხები, ის მაინტერესებს, ჩემს სადარბაზოში რას აკეთებ, თანაც ამხელა ბარგით ხელში
-ჰო მართლა, ბარგი -ამ სიტყვებზე, ემბერმა, თავისი ჩემოდნების ტარებს ხელი მოჰკიდა, ანასტასია გვერდზე გასწია და ისინი ბინაში გაჭირვებით შეაგორა. მხოლოდ ამის შემდეგ ინება, მასპინძლის შეკითხვისთვის ეპასუხა
-სასტუმროში რატომ უნდა დავრჩე, როცა ჩემი მეგობარი ამ ქალაქში მეგულება? -თვალები დააწვრილა და გულზე ხელები დაიკრიფა ემბერმა -თანაც გავიგე, რომ აარონ ქალდანი შენს გვერდითა ბინაში ცხოვრობს
-შენ რა, სტალკერი ხარ?-კარი მიხურა ანასტასიამ და შეეცადა ის ბრაზი არ დასტყობოდა სახეზე, რაც მთელს შინაგანს, გეიზერის ცხელი წყაროსავით უწვავდა
-თუ ადამიანი მართლა გიზიდავს, სტალკერიც გახდები და პაპარაციც -მერე ბინას მოატარა თვალი და აშკარა კმაყოფილება დაეტყო -ძალიან დახვეწილია აქაურობა, თუმცა ახლა ის უნდა მითხრა, რომელი იქნება ჩემი ოთახი
-შენი ოთახი?
-ჰო, სადმე ხომ უნდა დავიძინო? უმჯობესი იქნება, თუ დიდ გარდერობიან საძინებელს გამომიყოფ, უამრავი ტანსაცმელი მაქვს წამოღებული
-ჰო, ეგ მეც შევამჩნიე -ღრმად ამოიოხრა ანასტასიამ, როდესაც ემბერის ჩემოდნებს გადახედა. საშინლად არ ხიბლავდა ის ვარიანტი, რომ გოგონა მასთან უნდა დარჩენილიყო. ბოლოს და ბოლოს, კარგად იცოდა, რისთვისაც ჩამოვიდა აქ ემბერი. მისი მთავარი ინტერესი, პირველ რიგში აარონი იყო და შემდეგ სააგენტო და თავისი სამსახური. მიუხედავად ამისა, უეცარი სტუმრის გაგდებას მაინც ვერ შეძლებდა. უბრალოდ არ გამოუვიდოდა ასე მოქცევა, ამიტომ, გადაწყვიტა დათმობაზე წასულიყო და საკუთარი თავი ეიძულებინა ემბერის იქ ყოფნა როგორმე აეტანა.
-წამოდი, რამე შეჭამე, შენს ოთახს მერე გაჩვენებ -თვალებით სამზარეულოსკენ ანიშნა ამის თქმისას, ანასტასიამ
-თვითმფრინავში უკვე ვჭამე, თუმცა რამე დესერტზე უარს არ ვიტყოდი -ენის წვერით გაისველა ქვედა ტუჩი, თან დაამატა : -რა თქმა უნდა, დაბალკალორიული უნდა იყოს
-ხილზე და ერთპროცენტიან იოგურტზე რას იტყვი?
-აი ეგ შეიძლება -კმაყოფილების ღიმილი გამოესახა სახეზე ემბერს, ზურგ-ჩანთა მისაღების დივანზე მიაგდო, თმა ცხენის კუდად აიკრა და მასპინძელს, ფეხდაფეხ აედევნა.
გოგონები სამზარეულოში გავიდნენ. ანასტასიამ, მართლაც გამოიღო მაცივრის ზედა სათავსოდან დაპირებული იოგურტი, იგი სპეციალურ თასში ჩამოასხა, ზემოდან წვრილად დაჭრილი ავოკადო მოაყარა და შემაღლებულ მაგიდასთან მჯდომ ემბერს, წინ დაუდგა.
-გმადლობ შენთან დარჩენის უფლება რომ მომეცი -პირველი კოვზის პირში ჩადების თანავე უთხრა გოგონამ -სიმართლე გითხრა, მეგონა გამაგდებდი, მაგრამ ნიადაგი მაინც ვსინჯე
-ჰო, სასურველი მამაკაცის გამო რისკზე წასვლას ვინ დაგასწრებდა? -რამდენი არ ეცადა, რომ ამ სიტყვებს მიღმა დამალული აგრესიული ტონი დაეფარა, თუმცა ბოლომდე მაინც არ გამოუვიდა
-არ მესმის, რა გაბრაზებს? შემთხვევით იმის მომხრე ხომ არ ხარ, რომ მამაკაცმა უნდა ინადიროს ქალზე და არა პირიქით?
-სქესობრივ დისკრიმინაციას ნამდვილად არ ვემხრობი
-თუ ასეა, რაშია საქმე? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით უყურებდა მას, ემბერი, თან იოგურტს კოვზით ურევდა
ტყუილში გამოჭერილ ბავშვს ჰგავდა იმ წამს ანასტასია, თუმცა მაინც არ სურდა სიტყვა-პასუხში დამარცხება, ამიტომ, სწრაფად მოიფიქრა თავის დასაცავი არგუმენტი :
-სულაც არ ვბრაზდები, უბრალოდ უცნაურად მიმაჩნია, რომ შენთვის უცნობ ადამიანთან სიახლოვე ასე ძალიან გინდა -ამის თქმისას, ცალი ხელი მინის ჭიქას შემოაჭდო, ხოლო მეორეთი, წყალი ჩამოისხა, მაგიდის პრიალა ზედაპირზე შემოდებული გრაფინიდან
-კარგი, ჩემზე ლაპარაკს შევეშვათ . . . შენ არავინ გყავს? -დესერტის წვალებას შეეშვა და კვლავ მის ჭამაზე გადავიდა ემბერი
-არა, მარტო ვარ
-გასაოცარია შენი უმამაკაცოდ ყოფნა, არადა რომ შემოგხედავ, მეც კი მიზიდავ
ანასტასიას გაეცინა.
-კარგი იქნებოდა ეს მანამ გეთქვა, სანამ სახლში შემოგიშვებდი
-ვხუმრობ, რა გჭირს? -ემბერსაც მოადგა ღიმილი -მართალია ლამაზი ხარ, მაგრამ შენს მეზობლად მცხოვრები მისტერ ვალენტინი უფრო მიმზიდველია ჩემთვის
-გული მატკინე, არადა მეგონა შანსი გვქონდა -მოჩვენებითად დამწუხრებული სახე მიიღო ანასტასიამ
-ნუ ღელავ პატარავ, თუ ოდესმე ორიენტაციის შეცვლას გადავწყვეტ, პირველად შენ მოგაკითხავ
-მპირდები? -ძვალში მოხრილი ნეკა თითი გასწია ემბერისკენ, გოგონამ
-გპირდები! -თავის მხრივ, საკუთარი ნეკაც შემოაჭდო ანასტასიასას, მან და როგორც კი ცოტა ხნის წინ გამართული დიალოგი გაიაზრეს, ორივეს სიცილი აუტყდათ . . .

იმ საღამოს, აარონის მონახულების გეგმა სისრულეში ვეღარ მოიყვანა ანასტასიამ. სახუმარო საქმე ხომ არ იყო, თავად კალიფორნიიდან ეწვია „მეგობარი“, ვინც კიდევ ორი კვირით უნდა აეტანა თავის სახლში.
პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ემბერს საძინებელი მიუჩინა და ჩემოდნების შეტანაშიც დაეხმარა. ოთახს, მართლაც დიდი გარდერობი ჰქონდა, სადაც, გოგონას თავისუფლად შეეძლო განეთავსებინა თავისი უამრავი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი. შემდეგ აარონის ბინიდან დაბრუნებულ ლარას გააცნო უეცარი სტუმარი, თუმცა იმის გამო, რომ ემბერმა ქართული არ იცოდა, ხოლო ლარა, ინგლისურად საუბრის პრაქტიკაში მოიკოჭლებდა, ერთმანეთს ბევრი ვერაფერი უთხრეს და მხოლოდ მცირედი დიალოგით შემოიფარგლნენ.
საბოლოო ჯამში, დღე საკმაოდ დამღლელი და სიახლეებით დატვირთული გამოდგა. ვახშმის შემდეგ, ემბერმა პირდაპირ თავის საძინებელს მიაშურა, რადგან ნამგზავრი იყო და ძალიან ეძინებოდა, ხოლო ლარას, ტელევიზორის წინ ჩასთვლიმა, „ტომი-ჯერი“-ს ყურებაში. ანასტასიამ იგი აღარ გააღვიძა. ამის მაგივრად, ოთახიდან პლედი გამოუტანა, ფრთხილად გადააფარა, შუბლზე ნაზად აკოცა და მისაღებში ყოველგვარი განათება გამორთო.
იმ ღამით, ანასტასიაზეც ვირუსივით გავრცელდა სახლში მყოფთა მოთენთილობა და თავადაც ჩვეულებრივზე ადრე დაწვა დასაძინებლად. რაღაც დროის განმავლობაში, ფიქრებმა წაიღო მისი გონება. ცდილობდა გამოეცნო, რა მოხდებოდა ემბერის ამ სახლში დარჩენის შემთხვევაში. ნუთუ მართლა მიაღწევდა საწადელს და აარონს ანკესზე წამოაგებდა? რატომ არ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო? ემბერს ხომ ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რათა ნებისმიერი მამაკაცი მოეხიბლა? ამის გაფიქრებაც კი გულს უკლავდა ანასტასიას, თუმცა პარადოქსი ის იყო, რომ კონკურენტის მიმართ მცირეოდენ ზიზღსაც არ გრძნობდა. მეტიც, მას თავის სახლში დარჩენის ნება მისცა და საძინებელიც გამოუყო, უზარმაზარი გარდერობით. ეცინებოდა საკუთარ თავზე ანასტასიას. ეს სიტუაცია, საკმაოდ კომიკურად ეჩვენებოდა, თუმცა ისიც არ იცოდა, უნდა გაეკეთებინა თუ არა ის, რისი გაკეთებაც გულის სიღრმეში სურდა. ეს რაღაც, ემბერის სახლიდან გაშვება იყო, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ უხეშ საქციელში ჩაეთვლებოდა.
ამ ფიქრებში, ძილი უჩუმრად მიეპარა გოგონას. ისე გამოეთიშა რეალობას, მთელი ოთხი საათის განმავლობაში, საწოლში გვერდიც არ მოუცვლია. მხოლოდ შუა ღამით გამოაღვიძა მობილურზე შეტყობინების მოსვლამ. ეს ხმა, თითქოს ექოდ გავარდა მთვარის შუქით სუსტად განათებულ ოთახში და ძილის სამყაროში სამოგზაუროდ წასული ანასტასია, კვლავ რეალურ სამყაროში დააბრუნა.
ეკრანს, ნახევრად დახუჭული თვალებით შეხედა გოგონამ. თავდაპირველად, საათი შეამოწმა. თითქმის პირველის ნახევარი იყო. მერე უკვე შეტყობინების ავტორის ვინაობითაც დაინტერესდა და თუ სხვა შემთხვევაში საშინლად გაბრაზდებოდა იმ კონკრეტულ ადამიანზე, გვიან ღამით გაღვიძების გამო, ახლა ლოგინში გახარებული წამოჯდა, საწოლის გვერდითა ტუმბოზე შემოდებული კონუსისებრი სანათი აანთო და ბალიშებს ზურგით მიეყრდნო.
SMS-ის გამომგზავნი აარონი იყო. შეტყობინების ველში, შემდეგი სიტყვები ამოიკითხა ანასტასიამ :
„თუ ჯერ კიდევ არ გძინავს, კარის მეზობელს ხომ არ მოინახულებდი?“
გოგონას, სახეზე ღიმილი მოადგა და მაშინვე აკრიბა საპასუხო ტექსტი.
„მგონი, პირველის ნახევარი ის დროა, როცა მეზობელთან სტუმრად წასვლა უტაქტობაში ჩაგეთვლება.“
„თუ თავად ის გეპატიჟება, ამ შემთხვევაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.“
„შენი არგუმენტებით, ჩემს განიარაღებას ცდილობ, არა?“ -წარბაწეული სმაილიც დაურთო გოგონამ შეტყობინებას და მაშინვე გააგზავნა. აარონის ნახვა, ახლა მართლა ძალიან უნდოდა, ამიტომ, მოუთმენლად ელოდა მამაკაცის მორიგ შეტყობინებას. ამ უკანასკნელს, დიდხანს არც დაუგვიანია :
„თუ განიარაღება გამომივიდა და სათქმელი აღარაფერი გაქვს, მაშინ გელოდები . . . ტყუილად არ გეპატიჟები, რაღაც უნდა გაჩვენო“
„ჰოო?“
„მგონი დაინტერესდი“
ანასტასია ფეხზე წამოდგა და საწოლი სახელდახელოდ გაასწორა. წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ჩუმად უნდა ემოქმედა, რათა მისაღებში მწოლიარე ლარა არ გაეღვიძებინა
„დავინტერესდი“ -მხოლოდ ერთი სიტყვა მისწერა აარონს, თან სწრაფად შეუდგა ჩაცმას. მალე კიდევ ერთი შეტყობინების მოსვლის ხმა ამცნო ტელეფონმა. ანასტასიამ, მაისურის ჩაცმის პარალელურად დახედა ეკრანს და მასზე შემდეგი ტექსტი ამოიკითხა :
„საკეტის კოდი -01 02 03 . . . როცა მოხვალ, ნუ დააკაკუნებ და კარი თავად გააღე. მისაღებ ოთახში დაგელოდები.“
ანასტასიას აღარაფერი მიუწერია. უბრალოდ მობილური საწოლზე მიაგდო და კვლავ თავის მოწესრიგება განაგრძო. თმა, არც ისე ცუდ დღეში ჰქონდა, ამიტომ, მხოლოდ სავარცხლით დავარცხნას დასჯერდა, ნამძინარევ თვალის უპეებზე კონტური წაისვა და საბოლოოდ, როდესაც დარწმუნდა, რომ ნორმალურად გამოიყურებოდა, ოთახიდან ფეხაკრებით გამოვიდა.
ლარას, კვლავ მშვიდად ეძინა, დივანზე. არც ემბერის საძინებლიდან მოისმოდა საეჭვო ხმები, რაც იმას ნიშნავდა, რომ არც ის გახლდათ ფხიზლად. ამით გამხნევებული ანასტასია, სწრაფად მივარდა გასასვლელ კართან, იგი ჩუმად გამოაღო და სულ მალე, სადარბაზოში გადაინაცვლა. რამდენიმე წამიც და უკვე აარონის კარზე მიმაგრებულ სენსორულ ციფერფლატზე კრებდა შესაბამის კოდს. თვითონაც ეუცხოვებოდა საკუთარი თავის ასეთი ვერსია. ისე იყო აჟიტირებული, როგორც თინეიჯერი გოგონა, ვინც, პირველ პაემანზე წასასვლელად ემზადებოდა.
ნაწილობრივ, მოსწონდა კიდეც ეს შეგრძნება, რადგან მისთვის უცხო ხილი გახლდათ მამაკაცისადმი დაინტერესება, თუმცა მეორე მხრივ, შიშს გრძნობდა. შიშს იმისა, რომ ყველაფერი არც ისე კარგად წავიდოდა და საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებული დარჩებოდა.
ანასტასიამ ღრმად ამოისუნთქა, გონებიდან ყოველგვარი ნეგატიური ფიქრი მოიშორა და ბინაში ფეხაკრებით შეაბიჯა. იცოდა, რომ ნიკოლოზი და ნიცა, კვლავ აარონთან რჩებოდნენ, ამიტომ ცდილობდა ისინი არ გაეღვიძებინა.
ჰოლი რომ გადაჭრა და მარცხნივ გაუხვია, პირდაპირ მისაღები ოთახის შესასვლელთან გაჩერდა. იქაურობა, მთლიანად იყო ჩაბნელებული და სინათლის მცირედი წყაროც არ გამოკრთოდა. ფანჯრიდან შემოსულ შუქში, მხოლოდ ნაწილობრივ თუ იკვეთებოდა სავარძელში, ზურგშექცევით მჯდომი სილუეტი. მიუხედავად იმისა, რომ სიბნელე იყო, ანასტასიამ, მაშინვე ამოიცნო ამ პიროვნებაში აარონი, ამიტომ, შესვლის თანავე, ოდნავ ჩაახველა, რათა ამ უკანასკნელის ყურადღება მიეცია.
გოგონას ეს მეთოდი შედეგიანი აღმოჩნდა. როგორც კი ხმა მამაკაცის ყურამდე მივიდა, თავი მაშინვე მოაბრუნა და ფეხზეც წამოდგა.
-სწრაფად მომზადებულხარ ანნასტასია -თქვა მან ხმადაბლა, თან იდუმალი ღიმილით გაეღიმა
-სინათლეები რატომ არის ჩამქვრალი?
-რაც საავადმყოფოდან გამომწერეს და სახლში ვარ, ყველანაირი მკვეთრი განათება თავს მატკივებს . . . წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
გოგონამ თავი გააქნია და სავარძლის სიახლოვეს მდგომ დივანში ჩაეშვა
-სულაც არა, იყოს როგორც შენ გინდა -მერე თავზე წამომდგარ მამაკაცს ახედა და ჰკითხა :- თავს როგორ გრძნობ? დღეს, მეც მინდოდა შენი მონახულება, თუმცა ამერიკიდან მეწვია მეგობარი და ვეღარ მოვახერხე
-უკეთესად ვარ, მადლობა -მხოლოდ მაშინ უპასუხა აარონმა, როგორც კი მის გვერდით ჩამოჯდა. გოგონას სახეს, სიბნელის გამო კარგად ვერ ხედავდა, თუმცა გრძნობდა, რომ იმ წამს, თვალებში უყურებდა ანასტასია
-მითხარი რაღაც უნდა გაჩვენოო -დუმილი და სახეში ყურება რომ საკმაოდ დიდხანს გაიწელა, გოგონამ აიღო საკუთარ თავზე საუბრის წამოწყების ინიციატივა. ამით უხერხულობაც გაიფანტა და ის მხურვალებაც, რაც, თითქოს შიგნიდან უწვავდა კანს
-ჰო, გითხარი და გაჩვენებ კიდეც
-და რატომ აჭიანურებ? რამე განსაკუთრებულია? -ცნობისმოყვარეობითა და მოლოდინით აღსავსე სახე ჰქონდა ანასტასიას
აარონი გაჩუმდა. წარბები ისე შეჭმუხნა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, მერე კვლავ წამოდგა, გოგონას ზემოდან დახედა და მარჯვენა ხელი გაუწოდა.
-წამომყევი
-სად?
-უბრალოდ წამომყევი და ნახავ
ანასტასია არ შეწინააღმდეგებია. აღარც ზედმეტი კითხვები დაუსვამს. უბრალოდ, აარონის ხელს, თავისი ჩასჭიდა, ფეხზე წამოდგა და მისაღებიდან გასასვლელი კარისკენ დაძრულ მამაკაცს გვერდით მიჰყვა.
ოთახი რომ დატოვეს და იქედან გამოსულებმა დერეფანი ნახევრად გაიარეს, აარონი, კედელში ჩატანებულ მუხისფერ კარებთან გაჩერდა. კარს, არც საკეტი ჰქონდა და არც რამე ისეთი, რითაც მისი გაღება შეიძლებოდა. მხოლოდ მარცხენა მხარეს იყო მიმაგრებული პატარა, სამკუთხედი ფორმის სანათი, რომელიც ღია ცისფერ შუქს აფრქვევდა. მამაკაცმა, სწორედ ამ სანათს მოჰკიდა ხელი, იგი უკუღმა ამოატრიალა და ოდნავ უკან დაიხია.
ანასტასია, თავდაპირველად ვერ მიხვდა რა ხდებოდა, თუმცა როდესაც კარმა ჭრიალა ხმები გამოსცა, ოდნავ წინ წამოვიდა და შემდეგ გვერდზე გაწევით გაათავისუფლა შესასვლელი, მაშინ, მისთვისაც ყველაფერი აშკარა გახდა.
კარს მიღმა, რკინის, დახვეული კიბე გამოჩნდა, რომელიც გოგონასთვის ჯერ კიდევ უცნობ ადგილას ადიოდა. იქაურობას, მხოლოდ სამკუთხედი სანათის ცისფერი შუქი ანათებდა, ამიტომ. აარონმა ტელეფონში Flashlight-პროგრამა ჩართო, შიგნით შეანათა და ანასტასიას გახედა.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ
-ეს რა, რაღაც საიდუმლო გასასვლელის მაგვარია? -თვალებში ჯერ კიდევ გაოცება ეტყობოდა გოგონას
-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი გაღება მხოლოდ მე შემიძლია, ასეა
-მხოლოდ შენ არა, უკვე მეც -ზუსტად იმ წამს, მამაკაცის ხელს, თავისი ხელი გაუშვა და ფეხი პირველ საფეხურზე შედგა
შიგნით დახუთული სუნი იდგა, თუმცა ეს, არც იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ სუნთქვის შეკავება დასჭირვებოდა გოგონას. კიბე ნელ-ნელა მიიკლაკნებოდა ზემოთ და საბოლოოდ, დიდ, წრისებრ კართან ჩერდებოდა. თითოეული წამის გასვლასთან ერთად, ანასტასიას ცნობისმოყვარეობაც ნაპირისკენ წამოსული ტალღასავით იზრდებოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის აამთავრებდა დარჩენილ საფეხურებს და როდის აღმოჩნდებოდა ზღურბლის მეორე მხარეს, რათა საიდუმლოს ის ფარდა ჩამოეხსნა, რომელიც მამაკაცმა ჩამოაფარა ცოტა ხნის წინ.
ვინაიდან, აარონი უკან მოჰყვებოდა, კარამდე პირველად გოგონამ მიაღწია და მის წინ, უძრავად შედგა. უკან რომ შეტრიალდა, მამაკაცის ტელეფონიდან წამოსულმა სინათლის წყარომ, თვალები ატკინა და მასზე გაშლილი ხელის გული აიფარა.
-მოვედით, არა? -იკითხა მან, ისე, რომ სახიდან თითები არ მოუშორებია
-მოვედით . . . -უპასუხა, თავი ჩახარა და დამნაშავის მზერა მიიღო -იცი, მოგატყუე, როცა გითხარი, რომ ამ ადგილის შესახებ არავინ იცის . . . აქ, ჩემი ქალები ამომყავს ხოლმე
გოგონას მაშინვე ეცვალა მზერა, თუმცა როდესაც მისი სახის შემყურე აარონს გაეცინა, მიხვდა რაშიც იყო საქმე.
-რა მწარედ ხუმრობ -გაბრაზებულმა, მკლავზე ჩქმეტით დააჯილდოვა მამაკაცი. აარონმა ტკივილისგან სახე დამანჭა
-ისედაც ოთხმა ტყვიამ გაიარა ჩემს სხეულში, კიდევ ეს მინდოდა? -დაიწუწუნა მან
-არა უშავს, ერთ პატარა სილურჯეს გადაიტან -მერე, კვლავ თვალებში შეხედა აარონს და ჰკითხა : -მე უნდა შევიდე თუ შენ შემიძღვები?
-ვინაიდან, ჩემს საიდუმლო ადგილას ვიმყოფებით, ვალდებული ვარ თავად შეგიძღვე -ამ სიტყვებით, მამაკაცმა ოქროსფერი სახელური მოატრიალა, კარი შეაღო და როგორც კი შიგნით შევიდა, იქაურობა, ტუმბოდან აღებულ პატარა პულტზე თითის დაჭერით გაანათა.
სივრცეში მაშინვე გაიბნა ძალიან მკრთალი, ოქროსფერი შუქი, რომელსაც, იატაკზე დადებული ოთხი მრგვალი სანათი გამოსცემდა. მათ, წამებში დაუსვეს წერტილი სიბნელის ბატონობას და მას დომინანტის სტატუსი ჩამოართვეს.
სახეზე დაუფარავი ღიმილი მოადგა ანასტასიას, იქაურობის დანახვისას. ზღურბლზე გადაბიჯების თანავე, ტურისტივით დაიწყო ოთახის თვალიერება. საძინებელი, პატარა, ბროლის სასახლეს ჰგავდა. კედლები, ჭერი, იატაკი, აბსოლუტურად ყველაფერი მინის იყო. მთელი მომხიბვლელობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ არც ავეჯით გახლდათ ზედმეტად გადატვირთული იქაურობა. მხოლოდ საძინებლისთვის აუცილებელი -ტანსაცმლის კარადა, სამსართულიანი ტუმბო და საწერი მაგიდა შეადგენდა ინვენტარს, ხოლო საწოლის მოვალეობას, იატაკზე დაფენილი, უზარმაზარი, ფუმფულა ლეიბი ასრულებდა, რომელიც ფორთოხლისფერ-მარგალიტისფერი, მომცრო ბალიშებით იყო გადავსებული. თუმცა ეს არ გახლდათ ყველაფერი. კედლის მაგივრად ჩაშენებული ოთხივე ფანჯრიდან, ზღაპრულად ლამაზი პანორამა იშლებოდა, ხოლო ჭერიდან, ნათლად მოჩანდა, თუ როგორ მიფრინავდა ქალაქის თავზე, ცაში ვერცხლისფრად მანათობელი თვითმფრინავი.
-იცი აქაურობა რას მაგონებს? -ისე წარმოთქვა გოგონამ, მამაკაცისკენ არც გაუხედავს, თუმცა, ყელთან საკმაოდ ახლოს იგრძნო მისი ცხელი სუნთქვა და ინსტიქტურად თვალები დახუჭა
-მაინც რას?
-მინის სასახლეს . . . აქაურობა იმდენად საოცარია, რომ -ანასტასიამ სიტყვა ვეღარ დაასრულა და აარონისკენ მიტრიალდა. დაჟინებით უმზერდნენ მამაკაცის თვალები და არაფერი იყო დედამიწაზე აღნიშნულ წამს გოგონასთვის, ამ მზერაზე უფრო ძვირფასი -აქ რატომ ამომიყვანე? ეს ყველაფერი რატომ მაჩვენე?
-იმიტომ, რომ მხოლოდ აქ შევძლებდით მარტო ყოფნას -სახეზე ჩამოყრილი თმა, ყურს უკან გადაუწია ამის თქმისას -თავს უხერხულად გრძნობ?
-სისულელეს ნუ ამბობ -მაშინვე უარყო გოგონამ -უბრალოდ, ეს ადგილი შენ გეკუთვნის და ამიტომაც გამიკვირდა
-ამას მნიშვნელობა არ აქვს -მერე, ღრმად ამოისუნთქა და დაამატა -შენთვის მადლობის გადახდა მინდა, ანნასტასია
-მადლობის? და რისთვის? -მამაკაცის სიტყვებმა ოდნავ გაკვირვებული დატოვა ის
სანამ პასუხს გასცემდა, აარონი, გოგონას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და ხმაც, მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო :
-იმისთვის, რომ კლინიკაში წამითაც არ მომცილებიხარ გვერდიდან. იმისთვის, რომ ჩემთან იყავი, განიცდიდი და ჩემი ხელი მაგრად გეჭირა
-ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ მადლობა გეთქვა
-ვიცი -კვლავ გოგონას სახისკენ წაიღო ხელი და მასზე თითები ნაზად ჩამოატარა მამაკაცმა. ანასტასიას, მთელი ძალისხმევის მოკრება დასჭირდა იმისთვის, რათა სიამოვნებისგან თვალები არ დაეხუჭა. იმდენად იმოქმედა ამ შეხებამ, ერთ ადგილს გაქვავებულივით მიეკრო და ვეღარც სიტყვის დაძვრას ახერხებდა. მამაკაცმა, ამჯერად მეორე ხელის გულიც მიადო მის ლოყას და უფრო მეტად მიუახლოვდა
-იცოდე, რომ შენ ჩემთვის იმაზე მეტი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია -თითქმის ჩურჩულით ამოთქვა და გოგონას ყურის ბიბილოზე, ქვედა ტუჩი გადაატარა -მართლა საოცარი ვინმე ხარ, ანნასტასია
გოგონას თითქოს ძალა ეცლებოდა. მაგიური ჰიპნოზივით მოქმედებდნენ მასზე აარონის ქვიშისფერი თვალები. მის გამოხედვას, მის სურნელსა და ხმის ტემბრს, უკვე ვეღარ უძლებდა. რაღაც უნდა გაეკეთებინა. რამე უნდა მოემოქმედა, თორემ სურვილისგან მთელი სხეული უკანკალებდა.
-აარონ -ამოთქვა მან განწირული ხმით და თვალები წამით დახუჭა -შენი აზრით, ადამიანს თუ რაღაც ჭკუის დაკარგავმდე უნდა, ეს უნდა გააკეთოს?
საუბრის თემის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ, ცოტა არ იყოს, დააბნია მამაკაცი, თუმცა პასუხი მაინც დროულად გასცა :
-რა თქმა უნდა, ასე უნდა მოიქცეს . . . რატომ მეკითხები?
-იმიტომ, რომ მე მინდა ახლა ერთი რამის გაკეთება
-მაინც, რისი?
-აი, ამის -სწრაფად მიუგო გოგონამ, მამაკაცს თმებში თითები შეუცურა, მას მთელი ტანით მიეკრო და ალისფერ ბაგეებზე მოწყურებული დაეწაფა.
თითქოს ერთბაშად შემოუტია თავბრუსხვევის შეგრძნებამ აარონს, გოგონა ბაგეების გემოს გაგებისას. თავი რომ შეემაგრებინა, უკან მდგომ კომოდს ჩამოეყრდნო, ცალი ხელით, ხოლო მეორეთი, გოგონას ზურგს უკან გაუკავა ხელები და კოცნაში მთელი მონდომებით აჰყვა.
გრძნობების მთელ ფეიერვერკს განიცდიდა ანასტასია იმ წამს. ერთიანად ეიფორიაში მყოფი, მხოლოდ მამაკაცის სიახლოვით იყო გაბრუებული. აი თურმე რას ნიშნავდა აარონ ქალდანის მახეში გაბმა. გრძნობდა, რომ თავს აკარგვინებდა ეს მამაკაცი. თითქოს, მთელს სხეულში ჰქონდა გოგონას გაბნეული მცოცავი ჭიანჭველები, ხოლო მუცელში, ცხელ, სასიამოვნო სიმძიმეს გრძნობდა და ბოლოს და ბოლოს აცნობიერებდა, თუ რას ნიშნავდა რეალობისგან ერთიანად გამოთიშვა.
უყვარდა . . .
მთელი არსებით გრძნობდა, რომ უყვარდა და ამაში, კოცნისგან მიღებულმა ემოციებმაც დაარწმუნეს გოგონა. აარონმა რომ მის წელს ხელები მოაშორა და ისინი თეძოებზე ჩაასრიალა, ანასტასიას ინსტიქტურად აღმოხდა მისი სახელი და ისევ მამაკაცის ბაგეებს უნდა დაბრუნებოდა, რომ უეცრად, ისე, რომ არც ელოდა, ამ უკანასკნელმა თავიდან სწრაფად მოიშორა, ცოტა ხნის წინანდელი სითბო სადღაც გაუქრა და თვალებში სიცივეჩამდგარმა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-წადი აქედან! -თქვა მან მკაცრი, კატეგორიული ხმით. სიტყვები კიდევ არაფერი. ანასტასიას, იმ უგრძნობმა გამოხედვამ უფრო ატკინა გული, აარონის სახეზე რომ შენიშნა იმ წამს. ეს უკანასკნელი ისე უმზერდა, როგორც უცხო ადამიანს, ვისაც, ცხოვრებაში პირველად ხედავდა. უწინდელი მომენტიც, თითქოს სრულიად უაზრო გამხდარიყო მისთვის და მცირედ მნიშვნელობასაც არ ანიჭებდა.
უზომოდ მტკივნეული იყო ამ მზერის ყურება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სრულიად სხვაგვარ რეაქციას მოელოდა მამაკაცისგან. უხერხული დუმილი, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. რომ შესძლებოდა, იქედან მოჩვენებასავით აორთქლდებოდა გოგონა, თუმცა ეს შეუძლებელი ჩანდა და თავს ვალდებულად თვლიდა, წამების წინ მომხდარი აეხსნა :
-აარონ, მე . . . -დაიწყო ანასტასიამ, თუმცა სიტყვებს თავი ვერ მოუყარა და კვლავ გაჩუმდა. სამაგიეროდ, ამჯერად მამაკაცმა დაარღვია კიდევ ერთხელ გაბატონებული სიჩუმე :
-არა უშავს, არა უშავს -სცადა გაგამხნევებლად გაეღიმა და ის ემოციები დაემალა, რაც მის შიგნით საომარი ყუმბარასავით ფეთქდებოდა -უბრალოდ ჯობს აქვე დავაზუსტოთ, რომ ეს შეცდომა იყო და მეტად აღარ უნდა განმეორდეს
-შეცდომა? -ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ვიღაცამ ერთი ვედრო მდუღარე წყალი გადაასხა თავზე -ამას მართლა შეცდომად თვლი?
-აბა რად უნდა ჩავთვალო ანასტასია? -პირველად წარმოთქვა გოგონას სახელი მამაკაცმა ორი „ნ“-ს გარეშე -შენ, შეიძლება ჩემთვის სასიამოვნო ადამიანი იყო და პატივს გცემდე, თუმცა როგორც ქალი, სრულიად უფერული ხარ და შენში არაფერია ისეთი, რაც მდედრობით სქესში დამაინტერესებდა -თავისი თითოეული სიტყვა, გულში ლახვარივით ესობოდა აარონს, თუმცა გარეგნულ თავდაჯერებას მაინც ინარჩუნებდა.
არც ანასტასია იყო უკეთეს დღეში. მთელი არსებული და არარსებული ძალები, რაც კი იმ საშინელ მომენტში შეაკოწიწა, ერთიანად შემოიკრიბა, რათა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, კვლავ შესძლებოდა ფეხზე დგომა. გრძნობდა, თუ როგორ უკანკალებდა მთელი სხეული, როგორ უხურდა კანი განცდილი სირცხვილისგან, თუმცა ანასტასია მარგიანისთვის დამახასიათებელ ამაყ გამოხედვას მაინც ინარჩუნებდა და სწორედ ეს გამოხედვა ეხმარებოდა იმაში, რათა ის სასოწარკვეთილი ადამიანი დაემალა, ვინც უკვე მის შიგნით ცხოვრობდა და მთელი ძალით ცდილობდა დღის სინათლეზე გამოსვლას.
-კარგი, არ არის პრობლემა -თქვა გოგონამ მტკიცე, თავდაჯერებული ხმით, მერე კი, თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტყუილი თქვა -ალბათ, მეც წუთიერ სისუსტეს ავყევი, ასეთი რამ ხდება ხოლმე
-ჰო, შესაძლებელია -მართალია არ დაუჯერებია, თუმცა მაინც დაეთანხმა მამაკაცი. როგორ უნდოდა იმ წამს, ყველაფერი ფეხებზე დაეკიდებინა და საყვარელ ქალს მოხვეოდა, თუმცა ეშინოდა. ეშინოდა იმის, რომ ისიც ზუსტად ისევე დაამთავრებდა, როგორც მამამისი.
-თუმცა იცი რა? ისეთ უხეშობას, რაც შენგან ცოტა ხნის წინ მივიღე, არც ერთი ქალი არ იმსახურებს -ცრემლები ძლივს შეიკავა ამის თქმისას გოგონამ -შეიძლებოდა, ჩემს ადგილას შენზე შეყვარებული ადამიანი მდგარიყო და მსგავსი მოპყრობით, მის გულს ნაწილებად დაფშვნიდი, გესმის ეს?
-მაპატიე . . .
-პატიებას ნუ მთხოვ, მე არ ვარ ის შენზე შეყვარებული პიროვნება -იმდენად ხმადაბლა მიუგო, საკუთარი სიტყვების გაგონება თავადაც ძლივს შეძლო. ტყუილს, ტყუილზე ამატებდა იმ მომენტში, რადგან არ სურდა აარონის თვალში საბოლოოდ დამცირებული გამოსულიყო. თუ საპასუხო გრძნობას ვერ ეღირსა, ნამდვილად არ გახდებოდა სიყვარულის მათხოვარი და საკუთარ თავმოყვარეობას მაინც გადაარჩენდა, თითქმის ფეხქვეშ რომ გათელა აარონმა
გოგონამ „მინის სასახლეს“ მოავლო მზერა. რა ბედნიერი ღიმილით უცქერდა აქაურობას ცოტა ხნის წინ და როგორ დამძიმებოდა ახლა მთელი შინაგანი, მამაკაცის უარყოფისგან მოგვრილი ტკივილით.
-მომეწონა აქაურობა -თქვა მან ბოლოს -მომეწონა, თუმცა უკვე გვიანია და ჩემი წასვლის დროა
აარონი მისგან ზურგით დადგა. ამის გამო, გოგონას აღარ შეუმჩნევია მამაკაცის მაგრად დახუჭული თვალები და ის, თუ როგორ ჩაისუნთქა-ამოისუნთქა რამდენჯერმე, საკუთარი თავის დასამშვიდებლად.
-კარგი, წადი -უთხრა ბოლოს -მიხარია, თუ ყველაფერი მოგეწონა
-მშვიდობიან ღამეს გისურვებ, აარონ -თითქმის მთელი გული ამოაყოლა ამ სიტყვებს ანასტასიამ, კარი გამოაღო და დახვეული კიბე ისე სწრაფად ჩაირბინა, ლამის გინესის რეკორდი დაამყარა. „მინის სასახლიდან გასულს, რა თქმა უნდა, აღარ დაუნახავს, თუ როგორ ჩაიკეცა საწოლთან აარონი მისი წასვლის შემდეგ, თავი ხელებში ჩარგო და შემდეგი სიტყვები ამოთქვა :
-რამდენი არ ეცადე აარონ, რამდენი არ ეცადე, მაგრამ მაინც თევზივით წამოგაგო ანკესზე . . .







* * *

„მინის სასახლიდან“ წამოსვლის შემდეგ, ანასტასია, ლიფტის გამოყენებით ბოლო სართულზე ჩავიდა, კორპუსის ავტოსადგომზე გაჩერებულ პირველივე ტაქსიში ჩაჯდა და ჭერზე მიმაგრებულ სარკეში არეკლილ, შუა ხნის მძღოლს, დაბინდული მზერით შეხედა
-მანქანა დაძარით და უბრალოდ იარეთ . . .
-კონკრეტულად სად მიბრძანდებით ქალბატონო? -თავი მოაბრუნა კაცმა, რათა უცნაური კლიენტი უკეთ შეეთვალიერებინა
-იქ წამიყვანეთ, სადაც ჩემნაირი შეშლილი იდიოტები მიჰყავთ ხოლმე
-გასაგებია . . . ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე რას იტყვით?
ღიმილის თავი რომ ჰქონოდა, ამ სიტყვებზე აუცილებლად გაეღიმებოდა ანასტასიას, თუმცა ახლა, იმდენად იყო განადგურებული, ეს არანაირად არ გამოუვიდოდა.
-უბრალოდ იარეთ, არსად წასვლა არ მინდა -თვალებდახუჭულმა და ემოციურად გადაღლილმა ამოთქვა. აღარც ტაქსის მძღოლი ჩასძიებია მეტად. მიხვდა, რომ ახლა მის კლიენტს, ლაპარაკის თავი ყველაზე ნაკლებად ჰქონდა, ამიტომ, გასაღები გადაატრიალა, ძრავა აამუშავა და მანქანა გზაზე გაიყვანა
ღამის ქალაქში მხოლოდ აქა-იქ თუ მოძრაობდა ხალხი. დაძრული ავტომობილიდან, შენობები ერთმანეთს შესაშური სისწრაფით ენაცვლებოდნენ. საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა საახალწლო დეკორაციებით მორთული თბილისი, თუმცა თავის ფიქრებში ერთიანად ჩაძირული ანასტასია, ვერც ამ სილამაზეს ამჩნევდა და ვერც, სხვა რამეს.
ჯერ კიდევ საშინლად ბრაზობდა საკუთარ თავზე, ასეთი იმპულსური და დაუფიქრებელი ქმედების გამო. ყველაზე მტკივნეული კი მაინც საყვარელი მამაკაცის მხრიდან უარყოფა გახლდათ გოგონასთვის. მართლა ვერ გაეგო, თუ რატომ იყო აარონისთვის ასეთი უინტერესო. სად დაუშვა შეცდომა? რა გააკეთა არასწორად?
აღნიშნული კითხვებიდან, არც ერთ მათგანზე არ ჰქონდა პასუხი. მხოლოდ ის იცოდა, რომ ასეთი ნაბიჯით საკუთარი თავი შეირცხვინა და საბოლოოდ, დამცირებულის სტატუსით გამოვიდა მამაკაცის ბინიდან.
ტაქსით, დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში იარა ანასტასიამ. ეგონა, ასე ცოტათი მაინც დამშვიდდებოდა, თუმცა ოდნავადაც ვერ დაიწყნარა ნერვები. როცა მანქანაში ჯდებოდა, დარწმუნებული გახლდათ, რომ მთელს ღამეს სიარულში გაატარებდა, მაგრამ ახლა ჰაერზე გასვლა ისე უნდოდა, როგორც არაფერი, ამიტომ, მძღოლს მშვიდობის ხიდთან გააჩერებინა მანქანა, თანხა გადაუხადა, სწრაფად დაემშვიდობა და ქუჩაში გამეფებულ სიცივესთან საბრძოლველად, მოსაცმელი ბოლომდე შეიკრა.
ხიდზე, იმ წამს, მის გარდა არავინ იყო. ეს გოგონას წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან ნამდვილად არ სურდა ვინმეს ის ცრემლები ეხილა, რომელთაც უკვე ვეღარ აკავებდა თვალებს მიღმა. ახლა, ემოციებისგან დაცლა მართლაც საუკეთესო წამალი უნდა ყოფილიყო მისთვის, ამიტომ, თავი აღარ შეუკავებია, მინის მოაჯირს მკლავებით ჩამოეყრდნო, თავი დახარა და გულამოსკვნილი ატირდა.
ყველაფერს ერთად გლოვობდა -იმ სიტყვებს, რაც აარონისგან მოისმინა, დამცირებას, რომელიც იმ წამებში იგემა და ყველაზე მთავარი იმას, რომ მიუხედავად მომხდარისა, ამ ადამიანისადმი გრძნობები კვლავაც უცვლელი დარჩა.
ნაწილობრივ, კომიკურიც გახლდათ მისთვის შექმნილი სიტუაცია. თუ აქამდე მუდამ თავად ეუბნებოდა უარს მამაკაცებს, ახლა თავად გახლდათ უარყოფილის როლში. ვერასდროს წარმოიდგენდა ასეთი რამ თუ შეემთხვეოდა, მაგრამ ფაქტი იყო შეემთხვა და აუტანელი ტკივილიც აგრძნობინა. წამით, ისიც კი მოუნდა თავის ყველა თაყვანისმცემლისთვის დაერეკა და პატიება ეთხოვა, რადგან ახლა ყველაზე კარგად ესმოდა მათი განცდების. გააკეთებდა კიდეც ამას, რომელიმე მათგანის ტელეფონის ნომერი რომ სცოდნოდა, თუმცა არც ეს ინფორმაცია ჰქონდა ხელთ.
ქუჩაში სუსხიანი ქარი დაქროდა. მანქანებიც აქა-იქ თუ მოძრაობდნენ გზაზე. მიუხედავად ამისა, ანასტასია კვლავაც ვერ ფიქრობდა შინ წასვლაზე. ემბერის ჩამოსვლაც, თითქოს ჭრილობაზე მოყრილი მარილივით სტკიოდა იმ წამს. თავად არაფერი გამოუვიდა, თუმცა ხომ შეიძლებოდა მას მოეხერხებინა აარონის მახეში გაბმა? ამის მისაღწევად, მართლა ყველანაირი ღირსება ჰქონდა გოგონას -გარეგნობა, სითამამე, მიზანდასახულობა და შემტევი ხასიათი. თავისუფლად შეეძლო იმ მიზნის მიღწევა, რისთვისაც აქ ჩამოვიდა, ანასტასიას კი მოუწევდა ყველაფერ ამისთვის შორიდან ეყურებინა.
გოგონა, ტირილს კვლავაც ვერ წყვეტდა. მთელი სახე ცრემლებით ჰქონდა დასველებული და მათ, პერიოდულად იმშრალებდა, მოსაცმლის სახელოთი. იმ წამს, სიგიჟემდე უნდოდა ერეკლესთვის დაერეკა, თუმცა ახსოვდა, რომ დილით შვეიცარიაში აპირებდა გაფრენას, რონისთან ერთად და ასეთ დროს ნამდვილად ვერ შეაწუხებდა.
წამით გვერდზე გაიხედა. მხოლოდ ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის. ეგონა, იქ მარტო იყო, თუმცა ნანახმა ხასიათი უფრო მეტად გაუფუჭა. ცრემლებისგან დაბინდული მზერით, ხიდის მეორე ბოლოში გოგონას სილუეტი შენიშნა, ვისაც ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაეწყო და თუ ნელი ნაბიჯებით ვიმსჯელებდით, აშკარად სასეირნოდ იყო გამოსული.
ანასტასიას, აშკარად არ ესიამოვნა თავის პირად სივრცეში უცხო პირის შემოჭრა, თუმცა რა უნდა ექნა? საკუთარი დეპრესიული ფონის გამო „მშვიდობის ხიდზე“ ადამიანთა მოძრაობას ნამდვილად ვერ აკრძალავდა, ამიტომ, ლოყებზე ჩამოგორებული ბრილიანტისფერი წვეთები კიდევ ერთხელ შეიმშრალა, ნიკაპით ხელის გულს ჩამოეყრდნო და ქვემოთ გადაშლილ სივრცეს მიაცქერდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაუვლიდა გვერდს უცნობი და კვლავ თავის გზას გააგრძელებდა. გონებაში წამებსაც კი ითვლიდა იმდენად აწვებოდა ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ცრემლების ზღვა, თუმცა მოლოდინი არ გაუმართლდა. იმის მაგივრად, რომ უბრალოდ გვერდით ჩაეარა, გოგონა, ანასტასიასთან ახლოს გაჩერდა, თავზე წამოფარებული კაპიუშონი მოიხადა და მოაჯირს მის გვერდით ჩამოეყრდნო.
-მართლა რა პატარაა ეს ქალაქი. გულწრფელად ვაღიარებ, ყველაზე ნაკლებად ველოდი შენს აქ დანახვას -თქვა მან, რითაც, ანასტასიას მთელი ყურადღება თავისკენ მიმართა. მილიონ ადამიანშიც კი გამოარჩევდა გოგონა ამ ხმას და არც შემცდარა -გვერდზე გახედვისას დარწმუნდა, რომ მის სიახლოვეს ნამდვილად ლიზა იდგა, ვისაც ხელებში კისერზე შემოხვეული კაშნეს ბოლოები ჰქონდა მოქცეული და მათ, პატარა ბავშვივით ათამაშებდა
-ჯანდაბა, შენ? -ახლა უკვე მართლა მთელი ძალით ეცადა ანასტასია შინაგანი ემოციების დაფარვას, რათა ისინი თავის გვერდით მდგომს ვერ შეემჩნია, თუმცა დიდად ვერაფერს გახდა
-ჰო, მე ვარ და იმასაც ვხედავ, რომ რაღაც დეპრესიული ფონის მაგვარი გაქვს -ირონიული გახდა ლიზას მზერა ამის თქმისას -რა მოხდა, ჩვენმა პრინცესამ კიდევ ვინმეს შეყვარებულზე დაიწყო ნადირობა და მარცხი განიცადა?
ანასტასიამ ბრაზით მოუჭირა მარჯვენა ხელი მოაჯირის სახელურს. ეს სიტყვები, ცეცხლზე ნავთის დასხმასავით იყო მისთვის.
-ლიზა, სანამ მთელი ხარ, აქედან წადი, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! -დაუფარავი ბრაზით ამოთქვა, თან გამყინავი მზერა დაასო ამ უკანასკნელს, თუმცა ამანაც ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოახდინა გოგონაზე
-საინტერესოა, რას გააკეთებ თუ არ წავალ? -დაწვრილებული თვალებით ჩაეკითხა ის -სიმართლე გითხრა, ძალიან დავინტრიგდი
-ლიზა, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, ახლა ყველაზე ნაკლებად ვარ შენი სარკაზმის ხასიათზე -მერე, თითქოს ერთიანად მოაწვა მთელი ამ წლების განმავლობაში ნაგროვები ბრაზი, ეს ყველაფერი ვულკანური ლავასავით ამოიფრქვა მის გონებაში და ყოფილი მეგობრისკენ მთელი ტანით მიტრიალდა :
-რა გინდა ჩემგან?! -თითქმის ყვირილით ჰკითხა -არ გეყო, რაც გამიკეთე? ნუთუ საკმარისი არ არის შენთვის, რომ შვიდი წელია სიცოცხლეს მიმწარებ და ყველანაირად ცდილობ მიწასთან გამასწორო? მე არაფერში ვარ დამნაშავე, ლიზა, სრულიად არაფერში! იმ ნაგავმა გამომიყენა და თავისი გაისწორა, რის გამოც, ფსიქოლოგის კაბინეტი ჩემს მეორე სახლად ვაქციე ერთ დროს! ყოველ ღამით მესიზმრებოდა ის ამაზრზენი მომენტები და ყოველ ღამით თავიდან მძულდებოდა საკუთარი სხეული, გესმის?! ნამდვილად არ ვიქნები მატყუარა თუ გეტყვი, რომ ამ ყველაფერმა, შენზე მეტად მე დამტანჯა, მაგრამ მაშინ თითქმის ბავშვი ვიყავი და გავჩუმდი! ვერავის ვერაფერი ვუთხარი, საკადრისი პასუხი ვერ ვაგებინე მაგ ნაძირალას, რადგან საშინლად მრცხვენოდა იმის, რაც გადამხდა და ვფიქრობდი, რომ თუ რამეს ვიტყოდი, თითს ყველა ჩემკენ გამოიშვერდა. შენთანაც მხოლოდ იმიტომ გავჩუმდი, რომ არ მინდოდა ერთადერთი მეგობარი დამეკარგა! მჭირდებოდი . . . ძალიან მჭირდებოდი და ჩემი ცხოვრების იმ ყველაზე რთულ მომენტში, შენს დაკარგვასაც ვერ გადავიტანდი! აღარ შეეძლო ამდენი ჩემს ფსიქიკას! -ვერც კი გაიგო, ისე გადმოსცვივდა ამის თქმისას ცრემლები ანასტასიას, თუმცა უკვე აღარ ფიქრობდა ემოციების დაფარვაზე. იმდენად თავისუფლდებოდა განცდების სააშკარაოზე გამოტანით, უკვე ფეხებზე ეკიდა რას იფიქრებდა ლიზა -ახლა ზუსტად ისეთ სიტუაციაში ვარ, რაც შენს სიხარულს გამოიწვევს -მამაკაცმა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ჩემი ოცდაოთხწლიანი არსებობის განმავლობაში შემიყვარდა, მითხრა, ჩემთვის სრულიად ცარიელი ხარ და შენში არაფერია საინტერესოო. მითხრა, როგორც ქალი არ მაინტერესებ, მხოლოდ მეგობრად აღგიქვამო . . . რაღას უცდი? შეგიძლია წახვიდე და ამაზე სკანდალური სტატია ააგო შენი ჟურნალისთვის. მიდი, დაწერე რამე! კიდევ შემარცხვინე, გააკეთე ის, რაც გსურს, ოღონდ ახლა აქედან წაეთრიე და საკუთარ თავთან მარტო დამტოვე! -ბოლო სიტყვებზე, მოაჯირთან ჩაცურდა გოგონა, მუხლებში მოხრილ ფეხებს, ხელები მაგრად შემოაჭდო, მასზე თავი ჩამოდო და ყოფილი მეგობრის წინ, პატარა ბავშვივით ატირდა.
არ დაუნახავს ლიზას გამომეტყველება. არც მისი ხმა გაუგონია. სამარისებურ სიჩუმეში დარჩენილს, უკვე ეგონა, რომ გოგონა იქაურობას გაეცალა, თუმცა გაოცებამ ლამის პიკს მიაღწია, როცა მისი თითების შეხება იგრძნო საკუთარ ხელზე.
ლიზას ამ საქციელმა, მხრებში გასწორებისა და ამ უკანასკნელისთვის, თვალებში შეხედვის სურვილი გაუჩინა ანასტასიას. ასეც მოიქცა -თავი მაღლა ასწია, გოგონას მზერა გაუსწორა და კიდევ ერთხელ იგრძნო გაკვირვება, რადგან მის გამომეტყველებაზე არც დაცინვის კვალი ჩანდა და არც, ირონიის.
-წამოდი, ჩემს მანქანაში ჩავჯდეთ, სულ გაყინულხარ -უთხრა მან. თანაგრძნობა ამოიკითხა ანასტასიამ ყოფილი მეგობრის ტონში, თუმცა ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, იფიქრა მეჩვენებაო
-შენს მანქანაში რა მინდა? შიგნით ბომბი ჩაამონტაჟე და გინდა ამაფეთქო? -მერე დაფიქრდა და დაამატა -პრინციპში, ახლა ისეთი შერცხვენილი ვარ, ამაზეც კი სიამოვნებით დაგთანხმდებოდი
-შენს აფეთქებას არ ვაპირებ, ამიტომ ლაყბობას შეეშვი
-შენ კი ეგ თანაგრძნობის ნიღაბი ჩამოიხსენი, მგონი ცოტათი გიჭერს
-მაგით რის თქმას ცდილობ?
-იმის, რომ ახლა ძალიან გახარებული ხარ იმით, რა მდგომარეობაშიც მხედავ და გინდა სიამოვნება გაიხანგრძლივო
ლიზამ თვალები გადაატრიალა და ღრმად ამოიოხრა. ანასტასიას სიჯიუტე უკვე ნერვებს უშლიდა და მოთმინებაც, ქვიშის საათიდან ჩამოყრილი სილასავით ეწურებოდა.
-მორჩა, ადექი -ისე მოუდლონელად ჩაავლო ხელი მაჯაში, გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო ანასტასიამ. სიტუაცია რომ გააანალიზა, უკვე ფეხზე იდგა და ინერციით მიჰყვებოდა წინ, სწრაფი ნაბიჯებით წასულ ლიზას
-რას აკეთებ, სად მიმათრევ? -წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა იმდენად მაგრად უჭერდა „მოწინააღმდეგის“ ხელი, მის მაჯას, რომ ძვრაც კი ვერ უყო -გამიშვი, შენთან ერთად წამოსვლა არ მინდა!
-პატარა ბავშვივით ნუ იქცევი!
-ჩემს პირში სადმე სოსკას ხედავ?
-სოსკა არც გჭიდება, ჭკუა ისევ ორი წლის ადამიანის გაქვს! -თან ტროტუარისკენ მიათრევდა, თან ეკამათებოდა მას, ლიზა
მანქანამდე სწორედ ასეთ კინკლაობაში მიაღწიეს. კაპოტს, ზემოდან წითური კატა შემოჯდომოდა და ფუმფულა კუდს, ზემოთ-ქვემოთ ათამაშებდა. გოგონების მოახლოებამაც ვერ იმოქმედა მასზე -თავის ადგილას კვლავ უძრავად იჯდა და ფეხის მოცვლაზე არც ფიქრობდა.
-ეს შენი კატაა? -მხოლოდ იმ წამს შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა ანასტასიამ, მერე კი, ინტერესიანი მზერით გახედა ყოფილ საუკეთესო მეგობარს
სანამ რამეს უპასუხებდა, გასაღების ღილაკზე თითის დაჭერით გააღო ავტომობილი ლიზამ, რის შემდეგაც მიუგო :
-არა, ალბათ უპატრონოა -ამის თმისას, ხელი შეუშვა, დაკვირვებით აათვალიერა და დასძინა -ასე გიჟივით, ამ სიცივეში რამ გამოგიყვანა? შენ რა, თბილი ტანსაცმელი არ გაქვს?
-ეგ შენ არ გეხება -კატა უკვე ხელში ჰყავდა აყვანილი და ყურებზე ეფერებოდა მას, გოგონა
-საერთოდ არ იცვლები, მარგიანო, ისევ უპატრონო კატებისკენ გაქვს მიდრეკილება -აღნიშნა ლიზამ უკმაყოფილოდ -არ მითხრა, რომ ეგეც სახლში უნდა წაიყვანო
-ქუჩაში დასატოვებლად მეტისმეტად ლამაზია
-მიდი, მიდი, ჩაჯექი, შენთან ლაპარაკით მაინც ვერაფერს გავაწყობ -ამ სიტყვებით, გოგონამ კარი გამოაღო და ხელით მანქანის სალონისკენ ანიშნა ჯერ კიდევ კატის მოფერებით გართულ ანასტასიას. როცა მის სახეზე ყოყმანი შენიშნა, დაამატა :- საკუთარი თავი თუ არ გებრალება, ეგ არსება მაინც შეიცოდე, ხელში რომ გიჭირავს. დარწმუნებული ვარ, ძალიან სცივა
შეიძლება ითქვას, ლიზას ამ ხრიკმა შედეგი გამოიღო. რამდენიმე წამის განმავლობაში, გოგონა კვლავ კატით ხელში იდგა ავტომობილის გაღებულ კართან, თუმცა, როდესაც კიდევ ერთხელ იგრძნო სუსხიანი ქარის ამოვარდნა, ფარ-ხმალი დაყარა და სავარძელში მობუზული მოთავსდა, თავის ახალ მეგობართან ერთად. როგორც კი ანასტასია მანქანაში დაიგულა, აღარც ლიზა მდგარა უმოქმედოდ -მძღოლის გვერდითა სავარძელზე მჯდომს, კარები სწრაფად მოუხურა, თავად მესაჭის ადგილას მოთავსდა და ძრავა მხოლოდ იმიტომ აამუშავა, რათა სალონში გათბობა ჩაერთო.
-ესეც ასე, ცოტა ხანში ნორმალური ადამიანის ტემპერატურა დაგიბრუნდება, თორემ ახლა ქვეწარმავალივით ცივი ხარ
-ქვეწარმავალივით ცივი, მუდამ შენ იყავი ხოლმე ჩემს მიმართ, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ახლა რა ბზიკმა გიკბინა?
-ბზიკები არ მკბენენ, მწერებისგან დამცავ ლოსიონს ვიყენებ -სცადა ხუმრობის საშუალებით აერიდებინა თავი ნამდვილი პასუხისთვის
მანქანაში ნელ-ნელა სასიამოვნოდ დათბა და ანასტასიამაც მოახერხა გაყინული ხელების გათბობა. პარალელურად, ძილიც მოერია გოგონას, თუმცა ლიზას მანქანაში დაძინება, მაინცდამაინც შესაფერის ვარიანტად არ ესახებოდა
-შეგიძლია სახლამდე მიმიყვანო? -ჰკითხა, თან კატა უფრო მოხერხებულად დაისვა მუხლებზე. როგორც ჩანდა, სითბომ ამ უკანასკნელზეც იმოქმედა, რადგან ანასტასიას ფეხებზე გაწოლილმა, კრუტუნა ხმები ამოუშვა და თვალები დახუჭა
-ჯერ რაღაც უნდა გკითხო -დიდი ხნის დუმილის შემდეგ გაისმა ლიზას პასუხი. სახეზეც კი ეტყობოდა, რომ რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა იმ მომენტში
-მაინც, რა გაინტერესებს?
-მცირედი სამაგიეროც კი არ გადაუხადე?
-ვის? -აშკარად დააბნია ამ კითხვამ ანასტასია
-დემეტრეს . . . .
-დემეტრეს?
-ჰო, მას -ლიზას ყოველი პასუხი, წინანდელთან შედარებით უფრო ხმადაბლა ჟღერდა
-მოიცა, მოიცა, შენ რა, გჯერა იმის რაც ცოტა ხნის წინ და აგრეთვე, შვიდი წლის უკანაც გითხარი? -ლამის შუბლზე აუვიდა თვალები. ყველაზე ნაკლებად მოელოდა ყოფილი მეგობრისგან ასეთ რადიკალურ სახეცვლილებას
-კითხვა ჯერ მე დაგისვი, ასე რომ პირველმა შენ უნდა მიპასუხო
ანასტასიას არაფერი უშლიდა ხელს, რათა ამ დათმობაზე წასულიყო, ამიტომ ასეც მოიქცა :
-ბეისბოლის ბიტა ვიყიდე და გვიან ღამით, ის მანქანა დავულეწე, რომელშიც ცხოვრება დამინგრია
ლიზას სიცილი აუტყდა. დიდი ხნის განმავლობაში იცინოდა. მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როდესაც ოდნავ სული მოითქვა :
-მერე პასუხი არავინ გაგებინა?
-რა თქმა უნდა, მაგებინეს -წარსულის გახსენებაზე, უსიამოვნო ტალღებმა დაუარა სხეულში გოგონას -ის ღამე, პოლიციის განყოფილებაში გავატარე
-მეორე დღეს როგორ გამოგიშვეს? ვინმემ გირაო შეიტანა? -ნელ-ნელა ცნობისმოყვარეობა ემატებოდა ლიზას. ანასტასიაც ისე პასუხობდა, თითქოს ამ დროის მანძილზე, მათ შორის არანაირი კონფლისტი არ მომხდარიყო
-გირაო არა, უბრალოდ იმ პოლიციელს ვუამბე ჩემი ქმედების მიზეზი, ვინც დამკითხა . . . ჩემდა გასაკვირდა, მითხრა ამ ყველაფრის ღირსი ყოფილაო და ჩემი გათავისუფლება საკუთარ თავზე აიღო. ისიც დაამატა, შეგიძლია ამის გამო მასზე საჩივარი დაწეროო, თუმცა უარი ვთქვი. ერთის მხრივ, მრცხვენოდა, მეორეს მხრივ კი, არ მინდოდა ჩემი ძმა მკვლელი გამხდარიყო და იმ ნაბი*ვრის სისხლში გაესვარა ხელები. შენც კარგად იცი, როგორი ფიცხი და იმპულსური იყო ადრე სანდრო. ამ თვისების რაღაც ნაწილი, დღემდე აქვს შემორჩენილი
ლიზა, გონების ერთი ნაწილით ანასტასიას ლაპარაკს უსმენდა, ხოლო მეორეთი, კვლავ რაღაცაზე ფიქრობდა შეუსვენებლად. აზრების თავმოყრის პარალელურად, საჭეზე თითებს მონოტონურად აკაკუნებდა. ანასტასიას თხოვნაც კარგად ახსოვდა, როცა უთხრა სახლში წამიყვანეო, თუმცა მის შინ მიყვანას ნამდვილად არ აპირებდა. იმ დროსა და იმ მომენტში, სრულიად სხვა გეგმები ტრიალებდნენ ლიზას თავში.
-მაპატიე, მაგრამ შენს სახლში მისვლას ცოტათი დააგვიანდება -თქვა მან ბოლოს. გვერდით მჯდომისკენ არც გაუხედავს, თუმცა მის უკმაყოფილო მზერას მაინც კარგად ამჩნევდა
-თუ ჩემს სახლამდე მიყვანას არ აპირებ, შემიძლია კვლავ ტაქსი გავაჩერო -ამ სიტყვების პარალელურად, წაიღო კიდეც ხელი კარის საკეტისკენ, თუმცა ლიზას ნათქვამმა, გეგმები ერთიანად შეუცვალა
-შენთან რაღაც შემოთავაზება მაქვს, ანასტასია -განუცხადა მან. როგორ ჩანდა, სურდა იმ საიდუმლო ფიქრების ზარდახშისთვის მოეხადა თავი, რომელშიც, ცოტა ხნის წინ, დიდი მონდომებით აწყობდა ახალ-ახალ აზრებს
-შემოთავაზება? -აშკარად დაბნეული ჩანდა გოგონა. უნდა ეღიარებინა, ლიზამ მართლაც ბევრჯერ მოახერხა იმ ღამით მისი გაოცება
-ჰო, შემოთავაზება . . . მზად ხარ მოსასმენად?
ანასტასიას არაფერი უთქვამს. დასტური, მხოლოდ თავის მსუბუქი დაქნევით გამოხატა და სმენად იქცა. მისმა კითხვის ნიშნებით სავსე მზერამ, ლიზასაც აიძულა საუბრის დროულად წამოწყება.
-მოკლედ -დაიწყო მან, თან მთელი ტანით მიტრიალდა გვერდით მჯდომისკენ -სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ დემეტრემ ახალთახალი, თან საკმაოდ ძვირადღირებული მანქანა იყიდა, რამდენიმე დღის წინ
-ჰო, მერე? -აშკარად ვერ გაიგო ანასტასიამ, თუ რატომ ეუბნებოდა ამ ყველაფერს
-მერე ის, რომ ბეისბოლს ისევ ვთამაშობ, ბიტები მანქანაში მაქვს და ვფიქრობ, არც მის ახალ „პიპიას“ აწყენდა შელამაზება -ცბიერი ღიმილი დაურთო თავის სიტყვებს მან -აბა, რას იტყვი, საქმეში ხარ?
-ლიზა . . .
-გაჩუმდი! -მაშინვე გააწყვეტინა -გაჩუმდი და ასეთი სახით ნუ მიყურებ, შენთვის ჯერ კიდევ არ მიპატიებია -მერე მარცხენა მკლავით ჩამოეყრდნო საჭეს და თანამოსაუბრეს გვერდულად გახედა -მოკლედ, დამეხმარები თუ არა? პოლიციაზე არ ინერვიულო, ამჯერად ბორკილებს ვერავინ დაგვადებს, ამაზე თავად ვიზრუნებ
ჩაფიქრებული სახე მიიღო ამ შეკითხვის გამგონე ანასტასიამ. გარკვეული დროის მანძილზე, ერთ ამოჩემებულ წერტილს მიშტერებოდა და მუხლებზე მწოლიარე, ჩაძინებულ კატას, თავზე ნაზად ეფერებოდა. მერე, თითქოს ღრმა ძილიდან ხმამაღალი მუსიკის ტონალობამ გამოარკვიაო, თვალებიდან უმეტყველო მზერა მოიშორა, ლიზას გახედა და ბაგეებზე მზაკვრული ღიმილი მოეფინა :
-რაო, რა მითხარი ბეისბოლის ბიტები სად მიდევსო?





8 8 8 8

საღამო ხანი იდგა, როდესაც აარონი, პარკში სეირნობისას, ხელჯოხიან, მოხუც კაცს ჩამოუჯდა გვერდით და თვალდახუჭულმა, თავი სკამის საზურგეს ჩამოაყრდნო.
უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში, ანასტასიასთან ბოლო საუბარზე ფიქრობდა მამაკაცი. ჯერ კიდევ თვალწინ ედგა გოგონას გამოხედვა, როდესაც ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, რისი თქმაც, იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად სურდა და თითქოს თავიდან განიცდიდა სულის შემხუთველ ტკივილს.
ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ საყვარელ ადამიანს ამდენად აწყენინა. თავადაც ზუსტად ისე განადგურდა იმ წამებში, როგორც ანასტასია, მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. უბრალოდ არ შეეძლო მასთან ყოფნა, როცა ამაში, მწარე ცხოვრებისეული გაკვეთილი უშლიდა ხელს.
მამაკაცმა თავი აიღო, თვალები გაახილა და სახე წინიდან მონაქროლ, სუსტ ქარს მიუშვირა. რამდენიმე წამით ასე იჯდა და სივრცეს სრულიად უმისამართოდ გაჰყურებდა. მისი მზერა, იმ მხატვრის გამოხედვას მოგაგონებდათ, ვინც, პეიზაჟის შექმნის წინ, მას გულდასმით ათვალიერებდა, რათა მცირე დეტალიც არ გამორჩენოდა.
პარკი, ხალხის სიმრავლით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, დროის იმ მონაკვეთში. აარონის გვერდით მჯდომი მოხუცი კაცის გარდა, იქ მხოლოდ ორი ადამიანი დაიარებოდა. ერთ-ერთი მათგანი, დაახლოებით ათი-თერთმეტი წლის გოგონა, შადრევნის კიდეზე ჩამომჯდარიყო, ხოლო მისგან ცოტა მოშორებით, ახალგაზრდა ბიჭი, თავის ლაიკას დაასეირნებდა, თან, ტელეფონში ჰქონდა ჩარგული თავი და კლავიატურაზე თითებს გამეტებით აკაკუნებდა.
აარონმა ოდნავ ჩაახველა, სივრცეს თვალი მოაშორა და ამჯერად ბერიკაცს გახედა. ეს უკანასკნელი, ცალი ხელით თავის ჯოხს დაყრდნობოდა, მეორეთი, სპეციალური შეფუთვიდან, გარჩეულ მზესუმზირას იღებდა და ფეხებთან მოფრენილ მტრედებს გამოზოგვით უყრიდა.
ღიმილი მოადგა მამაკაცს ამ სცენის ხილვისას. რატომღაც, მოხუცთან გამოლაპარაკება მოუნდა და ზედმეტად არც დაფიქრებულა, ისე გახდა საუბრის წამოწყების ინიციატორი :
-თქვენი აზრით, ფრინველებს ადამიანის მზრუნველობის აღქმა შეუძლიათ? -ის ჰკითხა, რაც ენაზე პირველად მოადგა. აქამდე არასდროს ელაპარაკა ქუჩაში, თავისთვის სრულიად უცნობ ადამიანთან, თუმცა მოხუცისგან იმდენად დადებითი აურა მოდიოდა, ამის გამო მცირედი დისკომფორტიც არ შექმნია აარონს.
-ფრინველებს ყველაფერი შეუძლიათ, მათ შორის სიყვარულიც, თუმცა ბევრი ადამიანი ამას ვერ ამჩნევს -მიუგო მან ისე, რომ თანამოსაუბრისკენ არც გამოუხედავს. მერე წამით შეიცადა და დაამატა : -ჩემი ასაკის რომ იყო, შენს აქ მარტო ჯდომას უცნაურად არ ჩავთვლიდი, მაგრამ ახლა . . .
-ახლა რა? -კითხვა შეუბრუნა აარონმა, რადგან პაუზა საკმაოზე მეტ ხანს გაიწელა
მოხუცს ჩაეღიმა. იმ მომენტში უფრო ნათლად გამოეკვეთა თვალების ირგვლივ გაჩენილი ნაოჭები, მის ასაკოვნებას რომ ზედმიწევნით უსვამდა ხაზს.
-ახლა დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს -ბოლოს, მაინც დაასრულა საკუთარი აზრი კაცმა, თან პირველად შეხედა მთელი დიალოგის განმავლობაში, თანამოსაუბრეს სახეში
-ასე ძალიან მეტყობა უხასიათობა, თუ უბრალოდ კარგი ინტუიცია გაქვთ?
-ერთიც და მეორეც -თან ესაუბრებოდა, თან მტრედების გამოკვებას განაგრძობდა მოხუცი. მის ფეხებთან, ნენ-ნელა უფრო და უფრო მეტი ფრინველი გროვდებოდა
აარონს თავში ერთი იდეა მოუვიდა. მისთვისაც რთული დასაჯერებელი იყო, რომ ამის გაკეთებაზე სერიოზულად იფიქრა, თუმცა ფაქტი იყო ეს, იმ წუთას ჰაერივით სჭირდებოდა.
-შეიძლება რაღაც გთხოვოთ? -შეეკითხა იგი ბერიკაცს, სანამ მთავარ გეგმას განახორციელებდა
-მთხოვე, შვილო
მოხუცის თბილმა ღიმილმა, თითქოს აარონსაც ამოუშალა გონებიდან ყოველგვარი საწინააღმდეგო აზრი, რომ ეს გადაწყვეტილება სიგიჟე იყო და საუბრის დასაწყებად გამბედაობა შემატა.
-გინდათ ჩემი მსმენელი იყოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში? -ამის თქმისას, გარემო კიდევ ერთხელ მოათვალიერა მამაკაცმა. პატარა პარკში, მათ გარდა უკვე აღარავინ დარჩენილიყო -მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ, შემდეგ კი თქვენ განსაჯეთ, სწორად მოვექეცი თუ არა ადამიანს, ვინც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია
-ასეც ვიცოდი, რომ საქმე სიყვარულს ეხებოდა -შაქრისფერ წვერზე ჩამოისვა დამჭკნარი ხელი მოხუცმა -მოყევი, შვილო . . . შენს ასაკზე ორჯერ დიდი, ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და იქნებ, რამე გონივრული გირჩიო კიდეც
გარკვეული დროის განმავლობაში დუმილი ჩამოვარდა. აარონი, აზრებს ალაგებდა გონებაში, თუ როგორ უნდა წამოეწყო საუბარი. მერე რა, რომ სრულიად უცხო ადამიანისთვის აპირებდა თავისთვის ყველაზე დაფარულ და ამავდროულად, სიღრმისეულ საკითხზე საუბარს? მთავარი იყო, ასეთი ნაბიჯი სიმსუბუქეს აგრძნობინებდა, ამიტომ, როგორც კი სიტყვები დააწყო, მაშინვე ალაპარაკდა :
-ელისაბეტი, ქალი, რომელმაც გამაჩინა, პროფესიით მოდელი იყო -ამის თქმისას, კვლავ სივრცეს გახედა აარონმა და განაგრძო :-მას, დედად იმიტომ არ მოვიხსენიებ, რომ დედობა ერთი საათითაც კი არ გაუწევია თავისი შვილისთვის. ჩემი დაბადებაც კი არ უნდოდა. სურდა მოვეშორებინე, რადგან თვლიდა, რომ ორსულობა ფიგურას გაუფუჭებდა და თავის კოლეგა მოდელებს შორის, ყველაზე ლამაზი ვეღარ იქნებოდა -სევდის ოკეანე ჩაიღვარა მამაკაცის თვალებში ამის თქმისას -დღესდღეობით, ოცდარვა წლის მხოლოდ იმიტომ ვარ და ამ ქვეყანაზეც მარტო იმიტომ დავაბიჯებ, რომ მამაჩემმა, იმ ქალს არაფრით მისცა უფლება მოვეკალი. მთელი ორსულობის განმავლობაში, იძულებით აცხოვრებდა თავის სახლში და მისთვის ორი პირი ჰყავდა მიჩენილი, ვინებიც, დღეგამოშვებით მუშაობდნენ და ოცდაოთხი საათის განმავლობაში არ სცილდებოდნენ გვერდიდან, რათა ჩემთვის არ დაეშავებინა რამე. ასე გავიდა ცხრა თვე. მამაჩემის მცდელობამ შედეგი გამოიღო და როგორც იქნა, არასასურველი ბავშვიც მოევლინა ქვეყანას. შემდეგ კი ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო -ჩემმა ეგრედწოდებულმა დედამ, რა თქმა უნდა, მამას მიუგდო ჩემი თავი, თვითონ კი გაიქცა და უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. სანამ პატარა ვიყავი, გულის სიღრმეში ყოველთვის ველოდი ელისაბეტის გამოჩენას. წარმოვიდგენდი, როგორ მეფერებოდა დედა, სხვა ბავშვების მსგავსად, მერე ოცნებებში მივდიოდი, სადაც იგი ჩემთან ბრუნდებოდა და პატიებას მთხოვდა. დამსიზმრებია კიდეც ეს სცენა და იცით? მაშინ რომ ასე მომხდარიყო, სიხარულით მივიღებდი. უბრალოდ ხელებს გავშლიდი და მაგრად ჩავეხუტებოდი, რადგან მუდამ ვნატრობდი მეც მყოლოდა ვიღაც, ვისაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სიტყვას „დედას“ დავუძახებდი . . . მერე, ერთ დღეს ისე მოხდა, რომ მეგონა ჩემი ოცნება რეალობად იქცა. მახსოვს, ათი წლის ვიყავი, როდესაც, ვიღაც ძალიან ლამაზმა ქალმა მომაკითხა სკოლაში და მითხრა დედაშენი ვარო . . . იცით, როგორ გამიხარდა? ვფიქრობდი, აარონ ყველაფერი დასრულდა, ამიერიდან, დედა შენც გეყოლება-მეთქი, თუმცა არა . . . სულ სხვანაირად წარიმართა ჩვენი შეხვედრა. იმის მაგივრად, პატიება ეთხოვა, მითხრა, რომ ვეზიზღებოდი, რომ ჩემი გაჩენა ყველაზე ნაკლებად სურდა და მხოლოდ მამაჩემის გამო ვიყავი ცოცხალი . . . იაზრებთ? ქალმა, ვისაც მთელი ათი წელი ველოდი, მხოლოდ სიტყვა „მეზიზღები“ გამოიმეტა ჩემთვის -აარონმა თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა. იგრძნო, რომ ისევ ისე სტკიოდა ამ ყველაფრის გახსენება, როგორც ადრე
-ამ დიალოგის შემდეგ, საბოლოოდ შევწყვიტე დედაჩემის ლოდინი. მივხვდი, რომ ამ მხრივ არ გამიმართლა და გადავწყვიტე ბედს შევგუებოდი. მერე წამოვიზარდე, ბევრი რამ გავაანალიზე და საკუთარ თავთან მტკიცე პირობა დავდე, რომ არასდროს დავიწყებდი სერიოზულ ურთიერთობას ისეთ ქალთან, ვინც ელისაბეტის მსგავსი პროფესიისა იქნებოდა. არ მინდოდა მამაჩემის შეცდომა გამემეორებინა და ჩემს მიერ ჩასახული არსებაც ისე შეზიზღებოდა ვინმეს, როგორც მე ვეზიზღებოდი იმ ქალს. მიუხედავად ყველაფრისა, მამაჩემს, იგი გაგიჟებით უყვარდა. მეორე ცოლიც კი მოიყვანა, მაგრამ მისი დავიწყება ვერაფრით შეძლო . . . ახლა კი . . . მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს პირობა მივეცი, მეც ზუსტად მამაჩემის კვალს ვადგავარ
-ანუ, შენც ამ პროფესიის ქალზე ხარ შეყვარებული? -აარონის გრძელი მონოლოგის შემდეგ, პირველი კითხვა დასვა ბერიკაცმა. მოსმენილი ისტორიით, მართლა ძალიან იყო შეწუხებული, თუმცა არ სურდა ამის გარეგნულად გამოხატვა, რათა უფრო მეტად არ დაემძიმებინა თანამოსაუბრე
-ჰო, ასეა -მწარე ღიმილით მიუგო მამაკაცმა. ამას მთელი ძალით ვებრძოდი, მაგრამ უსუსური მწერივით გამაბა თავის ქსელში
-და მერე რა მოხდა?
-მერე ის მოხდა, რომ ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი მან გადმოდგა, მე კი ხელი ვკარი და საშინელი რამები ვუთხარი, რათა თავად წასულიყო ჩემგან -ნერვიულად გაისვა კეფაზე ხელი, ამის თქმისას და განაგრძო :- ახლა იფიქრებთ, მისდამი ასეთი უნდობლობა რატომ აქვსო. შეიძლება მართალიც იყოთ, მაგრამ თავდაპირველად, ელისაბეტიც იდეალური ქალის როლს თამაშობდა მამაჩემის თვალში. ისეთის, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება და მხოლოდ რჩეულთა ხვედრია -მერე ბერიკაცს გადახედა. ელოდა, რომ ამჯერად ის ეტყოდა რამეს და ასეც მოხდა :
-დარწმუნებული ხარ, მისდამი შენს გრძნობებში? -ჰკითხა მან
-ნეტავი არ ვიყო, თუმცა იმაზე ფიქრიც კი ცუდად მხდის, რომ ოდესმე სხვა მამაკაცი შეეხება. გონებისა და გულის თითოეულ ნაწილში ნარკოტიკივით მყავს გამჯდარი. ისეთია, მხოლოდ საკუთარი თავისთვის რომ მემეტება და სხვისთვის არავისთვის, რადგან მგონია ჩემსავით ვერავინ შეიყვარებს. ის კი . . . ის, იმდენად საოცარია, ნამდვილად იმსახურებს ვინმეს მთელი არსებით უყვარდეს
ბერიკაცს კვლავ ჩაეღიმა აარონის სიტყვებზე. ამ უკანასკნელის თვალებში ჩაბუდებული სევდა არწმუნებდა, რომ ის, ვისზეც საუბრობდა, ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო მამაკაცის ცხოვრებაში, ამიტომ, არც რჩევის მიცემაზე უფიქრია დიდხანს ;
-შენ შეიძლება ეს ყველაფერი გამოშტერებული მოხუცის ბოდვად ჩათვალო, მაგრამ თუ დამიჯერებ, გეტყვი, რომ როცა საქმე სიყვარულს ეხება, რისკზე წასვლა ზუსტად ის ნაბიჯია, რაც აუცილებლად უნდა გადადგა
-სასაცილოა, მაგრამ, თავის დროზე ჩემკენ მომართულ იარაღსაც არ შევუშინებივარ, ანასტასიასადმი გრძნობები კი უზომოდ მაშინებს -სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი ამის თქმისას -ნუთუ შესაძლებელია ვინმეს სიყვარული ამდენად აშინებდეს?
-მე თუ მკითხავ, სწორედ მაგ გრძნობის უნდა გვეშინოდეს ყველაზე მეტად -დარწმუნებით მიუგო მოხუცმა და მტრედების გამოკვებაც შეწყვიტა, რადგან შეფუთვაში მზესუმზირა აღარ დარჩენოდა -თუმცა რამდენადაც საშიშია ეს გრძნობა, იმაზე ორჯერ უფრო მეტად სასიამოვნოა იმის გაანალიზება, რომ სადღაც დადის ადამიანი, ვისი გულიც მხოლოდ შენთვის ცემს და ვინც ბოლომდე შენ გეკუთვნის
-ლამაზად ლაპარაკობთ -გულწრფელად გაეღიმა აარონს
-ჩემს ლამაზ ლაპარაკს ყურადღებას ნუ აქცევ, უბრალოდ მთავარი სათქმელი გაიაზრე
-და რაში მდგომარეობს მთავარი სათქმელი?
მოხუცმა რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა სანამ რამეს იტყოდა, შემდეგ კი, თავისი წყლიანი, ნაცრისფერი თვალები შეანათა აარონს და მიუგო :
-იმაში, რომ თუ ცხოვრებაში რაღაც გინდა, ნაკლებად უნდა იფიქრო იმაზე, თუ რა შედეგი მოჰყვება მის მიღებას. ხანდახან საჭიროც კია, დინებას მკვდარი თევზივით გაჰყვე და მოვლენების განვითარებას გულგრილად ადევნო თვალი. თუ შემთხვევით ქვას შეეჯახები, ანუ შეცდომას დაუშვებ, ის მაინც გეცოდინება, რომ სცადე და წლების შემდეგ, იმაზე ფიქრი აღარ დაგტანჯავს, რა მოხდებოდა გულის კარნახით რომ გემოქმედა და არა, გონების
აარონი ბოლომდე ჩაწვდა ბერიკაცის სიტყვების მთელ სიღრმეს, მაგრამ გონებისა და გულის სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილის დროს, ვერც ერთ მხარეს ემხრობოდა და ვერც, მეორეს. უბრალოდ ჯერ ძალიან ადრე იყო იმისთვის, რათა ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიეღო, ამიტომ, გონებაში ქაოსურად მოძრავი ფიქრები გამობერტყა და მობილურში, იმ წამს მოსულ შეტყობინებას დააცქერდა.
ამ SMS-ის შინაარსი, ერთადერთი კარგი ამბავი იყო, რაც კი იმ დღეს გაიგო მამაკაცმა. დროის დაკარგვა არაფრით არ შეიძლებოდა. ეს საქმე აუცილებლად უნდა მოეგვარებინა, ამიტომ, მოხუცს, მეგობრულად დაადო მხარზე ხელი, თან ოდნავ გაუღიმა :
-ერთი რაღაც მაქვს მოსაგვარებელი და სასწრაფოდ უნდა წავიდე -უთხრა მან -რჩევებისთვის ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად დავფიქრდები ამ საკითხზე კიდევ ერთხელ . . .


* * *

არონი ქალაქის გარე უბანში მდგომი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, კიბის გამოყენებით ავიდა, თეთრ, დაჟანგულ კარზე ზარი დარეკა და მასპინლის გამოჩენას მოთმინებით დაელოდა.
როგორც კერძო დეტექტივმა შეატყობინა, ლექსო თაბაგარი სწორედ ამ სახლში იმყოფებოდა და იქედან, მხოლოდ პროდუქტის საყიდლად თუ გამოდიოდა, მზის სათვალეებითა და კაპიუშონით, ისე, როგორც პოლიციის მიერ დევნილი დამნაშავე.
მართლაც რომ მოუთმენლად ელოდა ამ მომენტს აარონი. ერთი სული ჰქონდა, როდის იხილავდა თაბაგარის სახეს ერთი-ერთში, რათა მასთან გასწორება დამოუკიდებლად შესძლებოდა. ახლა, როცა სადარბაზოში იცდიდა და ზღურბლის საპირისპირო მხრიდან, კარისკენ მომავალი ნაბიჯების ხმა ესმოდა, უზარმაზარი ბრაზი იპყრობდა. იცოდა, რომ შეიძლებოდა თავზე კონტროლიც დაკარგა, თუმცა ახლა უკან გაბრუნება და აქედან წასვლა ისევე არ შეეძლო, როგორც ლექსოსთვის გულწრფელი მეგობრობის შეთავაზება.
-ვინ არის? -როცა ბინიდან ხმა მოესმა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ კარებს სათვალთვალო არ ჰქონდა დაყენებული. ეს აარონის წისქვილზე ასხამდა წყალს. მართალია შეეძლო საკუთარი ვინაობა ეთქვა და თუ თაბაგარი კარს არ გააღებდა, იგი შეელეწა კიდეც, თუმცა ასე ზედმეტ ხმაურს გამოიწვევდა. თანაც, შეიძლებოდა რომელიმე მეზობელს პოლიცია გამოეძახა, ეს კი, აშკარად შეუშლიდა ხელს იმის განხორციელებაში, რაც დაგეგმილი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ხმა შეიცვალა და ლექსოს მიერ დასმულ შეკითხვას, შემდეგი პასუხი გასცა:
-კურიერული მომსახურებაა, თუ შეიძლება გააღეთ
-მე არაფერი გამომიძახებია -მოაძახა უხეშად კარის მეორე მხარეს მდგომმა. აარონს უკვე მოთმინება ეწურებოდა, თუმცა მშვიდი ტონის შენარჩუნებას მაინც ახერხებდა
-დიახ, ვიცი, მაგრამ თქვენს წინ მცხოვრებ მეზობელს, პიცა ჰქონდა შეკვეთილი და სახლში არ დაგვხვდა. დარეკა, რომ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და გთხოვათ, მის მაგივრად თქვენ გადაიხადოთ. როცა დაბრუნდება, ვალს თავად დაგიბრუნებთ -ისეთი პროფესიონალური ტყუილი გამოაცხო მამაკაცმა, თანაც ასე მოკლე დროში, რომ საკუთარი თავით თავადაც გაოცებული დარჩა
რამდენიმე წამით სიჩუმე სუფევდა ბინაშიც და სადარბაზოშიც. მამაკაცმა უკვე ისიც კი იფიქრა, ლესომ ჩემი სიტყვები არ დაიჯერა და არც, თავის სოროდან გამოძრომას აპირებსო, თუმცა როდესაც საკეტის ჩხაკუნი მისწვდა მის ყურთასმენას, მაშინვე მტერთან შეტაკების მომლოდინე მებრძოლივით მოემზადა და როგორც კი ღია კარში მდგომ თაბაგარის გამომეტყველებას მოჰკრა თვალი, ტუჩებზე მაშინვე სარკასტული ღიმილი გამოესახა.
-დაუპატიჟებელ სტუმარს ხომ არ მიიღებთ, ბატონო ალექსანდრე?
მეტად ადვილი იყო იმის შემჩნევა, თუ რა სწრაფად ეცვალა ფერი ბიჭს, სადარბაზოში მდგომი ადამიანის დანახვისას. იმ წამს, სახეზე ისეთი თეთრი იყო, პუდრით შეღებილსაც კი ჰგავდა და ამან, უფრო მეტად გაახალისა აარონი.
-რა მოხდა, ენა გადაყლაპე? -ისევ მორიგი კითხვა დასვა მან -თუ იარაღის გარეშე ისეთი მაგარი ბიჭი აღარ ხარ, როგორადაც ადრე ასაღებდი თავს?
-აქ . . . აქ როგორ მომაგენი? რრ… რანაირად?
-მოდი, ჯერ გამართულად ლაპარაკი ისწავლე და კითხვები მერე დამისვი -ამ სიტყვებით, მამაკაცმა, ლექსო ხელის კვრით შეგადო ბინაში, ზღურბლს თავადაც გადააბიჯა, კარი ზურგს უკან მიხურა და გასაღებიც საგულდაგულოდ გადაატრიალა -ასე რატომ მიყურებ? ამ დროს, ზოგადად დასალევს სთავაზობენ ხოლმე, ან რამე სხვას
-ჩემს მოსაკლავად მოხვედი? -უდიდესი შიში იკვეთებოდა თაბაგარის ტონში ამ კითხვის დასმისას
აარონს გაეცინა.
-ზოგიერთი იმის ღირსიც არაა, რომ მის სისხლში გაისვარონ ხელები. საზეიმოდ გაცნობებ, რომ შენც ასეთების რიცხვს განეკუთვნები, ლექსო -მერე, ცოტა ხნით უყურა, რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა, მუშტი შეკრა და ისე ძლიერად უთავაზა ცხვირში, რომ ბიჭს ხმამაღალი ყვირილი აღმოხდა :
-ჯანდაბა, ჯანდაბა, მგონი ცხვირი გამიტეხე!-სახეზე ორივე ხელს იფარებდა და განუწყვეტლივ ღრიალებდა
-ცხვირი დასაწყისია, ჯერ მხოლოდ ვხურდები -აიზბერგისხელა მრისხანება იკითხებოდა აარონის თვალებში. სწორედ ამ ბრაზმა ითამაშა უდიდესი როლი იმაში, რომ მამაკაცმა ლექსოს ერთი დარტყმა არ აკმარა. ამის მაგივრად, საყელოებში ხელი ჩაავლო, კედელთან მიიმწყვდია და ამჯერად, მუცელში უთავაზა ძლიერი მუშტი
-ახლა კარგად მომისმინე ნაბი*ვარო -სახიდან მარცხენა ხელი ჩამოაღებინა აარონმა და დაინახა, როგორ ჩამოსდიოდა ლექსოს ცხვირიდან სისხლის უწყვეტი ნაკადი -არ გეგონოს, რომ პოლიციაში შენდამი სიბრალულის გრძნობის გაჩენის გამო არ ავლაპარაკდი. უბრალოდ არ მინდა, ყველაფერი გახმაურდეს და შენი ავადმყოფური ფსიქიკის გამო, ანასტასიამ დაიწყოს საკუთარი თავის დადანაშაულება, ჩემს ამბავში. გამოძიებას მხოლოდ ამის გამო არ მივეცი ჩვენება
თაბაგარს ჩაეცინა, თუმცა მის მზერაში ჯერ კიდევ იყო დარჩენილი შიშის ნაპერწკალი, რაც ბოლომდე მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა.
-ჰო, რა თქმა უნდა, მეც ასე ვიფიქრე -ამოთქვა მან ღვარძლიანად -ანასტასია მარგიანის გამო, მსხვერპლზე წასვლისთვის არც ერთი კაცი არ იტყოდა უარს. მე, ამ მსხვერპლზე უკვე წავედი და გესროლე, ახლა კი, შენი ჯერი დადგა, რათა გმირის როლი მოირგო
-გმირობა არაფერში მჭირდება, შენ კი ლაყბობას შეეშვი, ყურები დაცქვიტე და კარგად მომისმინე, რათა ჩემი არც ერთი სიტყვა არ გამოგრჩეს -მის საყელოს ცალი ხელი შეუშვა აარონმა, ნიკაპის ქვემოთ მოუჭირა, თავი უკან გადააწევინა და კედელზე ძლიერად მიაბჯენინა -შენს ბარგს რაც შეიძლება მალე ჩაალაგებ და ამ ქვეყანას დატოვებ… ფინანსებს ყველანაირად საკუთარ თავზე ვიღებ, რადგან ვიცი, რომ მამაშენის ჯიბის გარეშე, ერთი თეთრიც არ გაბადია. და კატეგორიულად გაფრთხილებ, მეორედ არ გამამეორებინო, თორემ ძალიან ცუდად დაასრულებ
-როდის მიხვდები, რომ ჩემთან ბრძანებების გაცემის არანაირი უფლება არ გაქვს? ისე ნუ მექცევი, თითქოს მონათა ბაზარზე გყავდე ნაყიდი
-შეგიძლია გული დაიმშიდო, მონათა ბაზარზე შენნაირი ნაგავში ფულს არავინ გადაიხდიდა, მათ შორის, არც მე
კედელთან მიმწყვდეული ლექსო, გარკვეული დრო სიძულვილით სავსე მზერით უცქერდა აარონის სახეს. იმდენად სავალალო ეჩვენებოდა თავისი მდგომარეობა აღნიშნულ წამს, რომ საკუთარი თავის მიმართ სიბრაზესაც კი განიცდიდა. ყველაზე მეტად, მაინც ანასტასიას გამო არ სურდა ქვეყნის დატოვება და აქედან გადაკარგვა. ჯერ კიდევ ავადმყოფურად სურდა გოგონას ხელში ჩაგდება. უდიდესი სურვილი იყო მისთვის ეს ქალი. ყველაზე აუხდენელი ოცნებაც კი, რაც თავისი ოცდაექვსწლიანი ცხოვრების განმავლობაში ჰქონია.
-ანასტასიას რა ბედი ეწევა? -ვერც კი გააცნობიერა, ისე გაახმაურა საკუთარი ფიქრები -მე რომ აქედან წასულს დამიგულებ, მას შენ ჩაიგდებ ხელში, არა?
-ანასტასია, შენი აქ ყოფნის დროსაც მე მეკუთვნოდა -ინსტიქტურად წამოსცდა მამაკაცს. როგორც კი თავისი სიტყვები გაიაზრა, მაშინვე ნაცნობი ჟრუანტელი იგრძნო მთელს სხეულში. ის ჟრუანტელი, რასაც ანასტასიას გვერდით ყოფნა აგრძნობინებდა ხოლმე, ბოლო პერიოდში
-ამას ნუ ამბობ -ლექსოს ხმამ დააბრუნა ფიქრების სამყაროდან მამაკაცი -ნუ მეუბნები, რომ ის შენია, გაიგე?! ყველაფერს ვაკეთებდი, რათა ჩემთვის ერთხელ მაინც შემოეხედა ადამიანურად, თუმცა გვერდს ისე მივლიდა, თითქოს არც ვარსებობდი. თავიდან მხოლოდ მიზიდავდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა -ამის თქმისას, გულწრფელმა სევდამ დაისადგურა ბიჭის თვალებში -შემიყვარდა . . . ისე გიჟურად შემიყვარდა, რომ მისი იგნორი მაცოფებდა და ხშირად, ძალადობის გზასაც მივმართავდი, რადგან ნერვები არ მყოფნიდა იმ დაუფარავ ირონიასა და უარყოფას შევგუებოდი მისი მხრიდან. ვაღიარებ, მოთმინების უნარით არასდროს გამოვირჩეოდი, ამიტომ იმის მაგივრად, რომ ანასტასიასთან ურთიერთობას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყოლოდი, გაცნობის დღესვე პირდაპირ ვუთხარი, რომ სულ რაღაც ორ დღეში გაიღვიძებდა ჩემს მკლავებში. მახსოვს იმ წამს მისი მზერა, ისე მიყურებდა, როგორც ტარაკანს, ვისი გასრესაც სურდა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. მხოლოდ სარკასტულად ჩაეცინა, მითხრა ზოგიერთ ოცნებას ახდენა არ უწერიაო და წავიდა… მართალი მითხრა მაშინ, იცი? ოცნება, რომელსაც ანასტასია მარგიანი ჰქვია, დღემდე ვერ ავისრულე, ახლა კი, მის ახდენაში ერთი ნაბი*ვარიც მიშლის ხელს, შენი სახით
-მართლა ავადმყოფი ხარ, უთქვამთ ეს შენთვის? -გულწრფელი სიბრალული იკითხებოდა აარონის მზერაში იმ წამს. პირველად განიცდიდა ლექსოსადმი ასეთ რამეს და წესით, იმის შემდეგ რაც გაუკეთა, ოდნავადაც არ უნდა შესცოდებოდა, მაგრამ ფაქტი იყო ეცოდებოდა და ეს მზერაზეც დაეტყო
-კი, უთქვამთ -ხმადაბლა მიუგო ბიჭმა -ანასტასია გამუდმებით ამას მიმეორებდა ხოლმე და სადაცაა, უკვე მეც დავიჯერებ
ამ საუბრის გაგრძელება უკვე აღარ სურდა აარონს. მაშინაც კი ღიზიანდებოდა, როცა ამ ადამიანის პირიდან საყვარელი ქალის სახელი ესმოდა, ამიტომ, მაშინვე საქმიანი ტონი დაიჭირა.
-მოკლედ, აირჩიე, ან აქედან წახვალ, ან შენს ყოველ დღეს ღამის კოშმარად ვაქცევ -ბრაზისგან ელავდნენ მამაკაცის თვალები. წამების წინ განცდილი სიბრალულიც, თითქოს უკვალოდ აეორთქლებინა ორგანიზმიდან, რადგან გულის სიღრმეში იცოდა, რომ ლექსოს ეს არ დაემსახურებინა -ხომ იცი, სადაც არ უნდა დაიმალო, მაინც გიპოვი და სოროდან გამოგათრევ? შენ ჯერ კიდევ არ მიცნობ თაბაგარო და ბოლომდე ვერ აცნობიერებ რა შემიძლია. შესაძლოა ციხეში არ ჩაგსვა, თუმცა თავად ვეცდები მოგიწყო ისეთი საკანი და გასართობი ღონისძიებები, რომ გისოსებში ჯდომა სანატრელიც კი გაგიხადო
-ნეტავ კიდევ ოთხი ტყვია დამემატებინა შენთვის იმ დღეს -ყელზე მოჭერილი აარონის ხელის გამო, ძლივს ამოიხრიალა ბიჭმა -ნამდვილად არ მეგონა თუ გადარჩებოდი, აშკარად კატასავით ცხრა სიცოცხლე გაქვს
-ერთი წამართვი, უკვე რვა დამრჩა . . . ახლა კი, მთავარ თემაზე გადავიდეთ და შენი აქედან სამუდამოდ გადაკარგვა განვიხილოთ
-არსად გამგზავრება არ მინდა -უკანასკნელ გაბრძოლებას ჰგავდა ლექსოს სიტყვები. რა თქმა უნდა, თავადაც მშვენივრად აღიქვამდა სიტუაციის მთელს სიმძიმესა და იმას, რომ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა, თუმცა რაღაც არარსებულს მაინც ეჭიდებოდა
-მე არ მიკითხავს რა გინდა. ახლა ისეთ სიტუაციაში ნამდვილად არ იმყოფები, რომ თავად გადაწყვიტო შენს ბინძურ გულს რა უფრო გაუხარდება
აღარაფერი უპასუხია ლექსოს. უბრალოდ თვალები დახუჭა და წარმოსახვა ჩართო. იმ წამს, მხოლოდ ანასტასიას სახე ედგა თვალწინ და მთელი შიგნეულობა უხურდა, როცა კამერების წინ მდგომი გოგონას მიმზიდველი მოძრაობები ახსენდებოდა. რას არ მისცემდა, რათა უბრალოდ მისი ერთხელ შეხება მაინც შესძლებოდა. რას არ დათმობდა, ოღონდ კი გოგონას მზერაში სიძულვილი აღარ დაენახა, თუმცა უკვე გვიანი იყო. დროის უკან დაბრუნების შემთხვევაში, ალბათ, სრულიად ახალ ტაქტიკასაც დასახავდა, სასურველი ქალის მისაღებად, მაგრამ ახლა . . . ახლა უბრალოდ უნდა დანებებულიყო, რადგან მის ყელს ჩაფრენილი აარონი, ნამდვილად არ ხუმრობდა და საკმაოდ დიდ ძალასაც ფლობდა. იმ ძალას, ლექსოს უფსკრულში გადაეჩეხვა ხელის ერთი კვრით რომ შეეძლო, თუკი მის ნებას არ დაჰყვებოდა.
-შენ გაიმარჯვე, ქალდანო -დაუფარავი ზიზღით "ახარა" მას, ბიჭმა -შეგიძლია იზეიმო და მიღწეული წარმატების აღსანიშნავად, წვეულებაც გამართო
-ზეიმს არ ვაპირებ, თუმცა იმას ნამდვილად სიამოვნებით ვნახავ, თუ როგორ ალაგებ ჩემოდნებს -ამ სიტყვებით, მამაკაცმა ლექსოს კისერს ხელი შეუშვა, კედელს მოაშორა და საძინებელი ოთახისკენ უბიძგა -მიდი, მიდი, დროის დაკარგვა არ შეიძლება, აქედან პირდაპირ აეროპორტში მივდივართ . . .








8 8 8 8

-როგორ მიხარია თქვენი კვლავ ერთად ხილვა, ბავშვებო -ღიმილით უყურებდა ანასტასია, ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ ერეკლესა და ვერონიკას სახეებს, ვინებიც აივანზე ისხდნენ და სწორედ იქედან ჰქონდათ მოწყობილი პირდაპირი ჩართვა
გოგონა თავის ოთახში, საწოლზე გულდაღმა გაწოლილიყო, თან ზურგზე ემბერის თავი ედო. ეს უკანასკნელი, Snapchat-ში იყო შემძვრალი და თავს სელფების გადაღებით ირთობდა.
მართალია, გოგონა ხმას არ იღებდა და არც საუბარში უშლიდა ხელს, თუმცა ანასტასიას მაინც ნერვები ეშლებოდა იმის გამო, რომ ემბერს წამითაც ვერ იშორებდა თავიდან. უნდა ითქვას, ამ რამდენიმე დღეში შეეჩვია კიდეც მის აქ ყოფნას. თანაც მომენტებში, ართობდა კიდეც მეტად პოზიტიურ და ექსტრაორდინალურ კოლეგასთან დროის გატარება, მასთან ერთად ფილმების ყურება ან, თუნდაც საუზმის ერთობლივად მომზადება, სამზარეულოში, მაგრამ ის ფაქტი, რომ გოგონას აარონისთვის ჰქონდა თვალი დადგმული, ანასტასიას ბოლომდე არ აძლევდა საშუალებას მას დამეგობრებოდა. მიუხედავად მამაკაცის მხრიდან უარყოფისა, მას ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ის გრძნობა, რამაც აიძულა პირველი ნაბიჯი გადაედგა ურთიერთობაში. ყოველდღე ელოდა, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა განელდებოდა და დავიწყებასაც მიეცემოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. ანასტასიასდა საუბედუროდ, აარონისადმი დამოკიდებულება კვლავაც უცვლელი რჩებოდა.
-იცი, ძალიან ხარ შეცვლილი -ვერონიკას ხმამ დააბრუნა რეალობაში გოგონა -მართლა მწყინს, წასვლის წინ რომ ვერ მოვახერხე შენი მონახულება
-მთავარია, მაქედან ჩამოხვიდე საკუთარი ფეხით და ერთმანეთის ნახვას აუცილებლად მოვასწრებთ -მერე ერეკლეს სახეს შეხედა და გულში სითბო ჩაეღვარა. მეგობრის თვალებში, კვლავ შენიშნა ის ანთებული ნაპერწკალი, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩამქრალი ჰქონდა, ბიჭს -ერკე, შვეიცარია როგორ მოგწონთ? ლამაზია?
-გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ფოტოებზე… შეიძლება რონის საცხოვრებლადაც კი მოუნდეს აქ დარჩენა, გარკვეული დროის განმავლობაში -სიცილით დააყოლა ბოლოს
გოგონამ დაბღვერილი მზერა ესროლა, ორთავეს.
-არც კი გაბედოთ -თქვა მან მკაცრად -თქვენ მე აქ მჭირდებით და თუ დროულად არ ჩამოხვალთ, ჩემი სახელი სამუდამოდ დაივიწყეთ
-კარგი, რატომ აწვალებ? -ტუჩებზე მომდგარ ღიმილს ძლივს იკავებდა რონი -ნუ ღელავ, ანასტასია, აქაურობა მართლა ძალიან მომწონს, მაგრამ ხომ იცი როგორი პატრიოტიც ვარ? ჩემი თბილისის ქუჩები მაინც ყველაფერს მირჩევნია
-ჰოდა თუ ეგრეა, ეგ ვაჟბატონი ყურით წამოათრიე -სპეციალურად არ გაიხედა ერეკლესკენ ამის თქმისას. იმის წარმოდგენაც კი აშინებდა, რომ თავისი საუკეთესო მეგობარი, სხვა ქვეყანაში გადავიდოდა საცხოვრებლად. აღნიშნულ თემაზე, ხუმრობაც კი არ სურდა
-ყურით წამოთრევა არ დასჭირდება, ისედაც ჩემი კუდში დევნა აქვს მოსჯილი მთელი ცხოვრება
-ქალები საერთო ძალით მიტევთ, არა? -ღიმილით უსმენდა ბიჭი მათ საუბარს, თან, ანასტასიას რეაქციებზე დაკვირვებით ერთობოდა
-ჭკვიანად იყავი, ერკე, მანდ არ ჩამომიყვანო -ამის თქმა დამთავრებული ძლივს ჰქონდა, რომ ემბერმა ფოტოების გადაღება დაასრულა და ფეხზეც წამოდგა. ტელეფონი, იქვე, საწოლზე მიაგდო, შემდეგ კი, სარკის წინ ლამაზად დალაგებულ ანასტასიას კოსმეტიკას მიადგა და სახის დამატენიანებელ კრემს თავი მოხსნა
-ემბერ, რას აკეთებ? -თანამოსაუბრეებს ცოტა ხნით მოწყდა და გოგონას დააკვირდა, ეს უკანასკნელი, უკვე კრემის სახეზე გადანაწილებით იყო გართული
-ვერ ხედავ? სილამაზის პროცედურებს ვიტარებ
-მგონი, სანამ სხვის ნივთებს აიღებ, ნებართვა უნდა ითხოვო
-ტელეფონზე საუბრობდი, ძვირფასო, არ მინდოდა ხელი შემეშალა -უდარდელად მიუგო და მაშინვე თავის საქმეს მიუბრუნდა. აღარც ანასტასიამ ჩათვალა საჭიროდ დაწყებული კამათის გაგრძელება და ის-ის იყო, კვლავ მივიწყებულ თანამოსაუბრეებთან უნდა დაბრუნებულიყო, რომ მთელს სახლში ექოდ გაისმა, კარზე გაბმული ზარის ხმა.
ემბერმა მაშინვე ყურები ცქვიტა, თუმცა ჰოლისკენ არ წასულა. ამის მაგივრად, კანში კრემის შეზელა დაამთავრა და ანასტასიას გახედა.
-არ გააღებ?
-ჰო, ჰო, ვდგები
-მაშინ, მეც წამოვალ
-ბარემ შენ გაგეღო -გაეცინა გოგონას და უკან ადევნებულ კოლეგას გახედა
-შენი სახლია და კარის გაღება მეუხერხულება, თორემ ასეც ვიზამდი . . .
შემოსასვლელში ერთად გავიდნენ გოგონები. ანასტასიას ერთი სული ჰქონდა, როდის დაუბრუნდებოდა ერეკლესთან და რონისთან გაწყვეტილ საუბარს, ამიტომ, კარი იმის მოლოდნით გამოაღო რომ დაუპატიჟებელ სტუმარს მალევე გაისტუმრებდა, თუმცა სადარბაზოში მდგომის დანახვაზე, ლამის ერთ ადგილს მიეყინა.
ზღურბლის მეორე მხრიდან, თავად აარონ ქალდანი უყურებდა, თანაც იმდენად გამჭოლი მზერით, რომ გოგონამ უხერხულობისგან თვალიც კი აარიდა.
-არ შემომიშვებ? -პირველივე სიტყვიდან შეეტყო, რომ ნასვამი იყო მამაკაცი -ანნასტასია, გთხოვ, ასე ნუ მიყურებ, მკლავს ეს მზერა
-რამე გინდოდა? -კარის ჩარჩოს, ცალი მხრით მიყრდნობოდა გოგონა. მთელ ძალას იკრებდა, რათა მამაკაცის წინაშე უზომოდ თავდაჯერებული გამოჩენილიყო. საკუთარ პიროვნებასთან ჭიდილმა და დაძაბულმა ატმოსფერომ, სრულიად გადაავიწყა თავის უკან მდგომი ემბერი, ვინც სწორედ იმ წამს გადმოაბიჯა ზღურბლს, მამაკაცს წინ აესვეტა და შემდეგ, ანასტასიას ჩაუკრა მალულად თვალი.
-ანასტასია, ჩვენს სტუმარს არ გამაცნობ? -აარონს უყურებდა გამომწვევი მზერით, ამის თქმისას. როგორც იქნა შანსი ეძლეოდა სასურველი ადამიანი პირადად გაეცნო და ამ შესაძლებლობას, ხელიდან ნამდვილად ვერ გაუშვებდა
-ემბერ, ახლა ამის დრო არაა, შენს ოთახში შედი
გოგონას ყურიც არ უთხოვებია მისი სიტყვებისთვის. ისე მოიქცა, თითქოს ანასტასიას წამის წინ არაფერი ეთქვა და მამაკაცს, გასაცნობად ხელი გაუწოდა.
-მე ემბერი, ვარ, ანატასიას მეგობარი ლოს-ანჯელესიდან
-აარონი -მის გამოვწდილ ხელს, თავისი მხოლოდ იმიტომ შეაგება, რომ ზრდილობის ნორმები მოითხოვდა ასე. სხვა მხრივ, ახლა არც ემბერის იქ ყოფნა სურდა და არც, სხვა ვინმესი. ერთადერთი, რაც იმ წამს უნდოდა, ეს ანასტასიასთან მშვიდად საუბარი იყო, თუმცა ზედმეტი ადამიანები, ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
-იქნებ, ჩემთან გავსულიყავით? -ჰკითხა მამაკაცმა -ტყუპები სახლში არ არიან და თავისუფლად საუბარსაც შევძლებდით
როგორ ძალიან უნდოდა იმ წამს გოგონას უკან გაჰყოლოდა და მისი სიტყვებისთვის მოესმინა, თუმცა კარგად ახსოვდა აარონთან ბოლო დიალოგი, ამიტომ თავის შეკავება უფრო გონივრულ იდეად ჩათვალა.
-დარწმუნებული ვარ, ისეთი არაფერი იქნება, რასაც აქ ვერ მეტყვი . . . სიმართლე გითხრა, ბევრი დრო არ მაქვს, ამიტომ იჩქარე
-ანნასტასია, გთხოვ . . . უბრალოდ მართლა ჰაერივით მჭირდება ახლა შენთან საუბარი . . . გევედრები ასე ნუ იქცევი
ამ დროს, ემბერი კვლავ უხეშად შეიჭრა მათ საუბარში. აღიზიანებდა ის, რომ ქართულ საუბარს ვერ იგებდა და ისინიც, თითქოს სპეციალურად მეტყველებდნენ მისთვის უცხო ენაზე.
-იქნებ, ინგლისურზე გადასულიყავით -თქვა მან -ცოტათი უტაქტობაა ასეთი მოქცევა
მიუხედავად ამ სიტყვებისა, აარონმა მაინც არ გაითვალისწინა გოგონას თხოვნა. ამის მაგივრად, ანასტასიას ხელს, ხელი ჩაჰკიდა და მასთან ახლოს მიიწია.
-მე, შენ ვერ დაგკარგავ, გესმის? -ალკოჰოლისა და სუნამოს სურნელის ნაზავი მოდიოდა მამაკაცის სხეულიდან -გპირდები, ისევ გავათბობ იმ ცივ მზერას, რომლითაც ახლა მიყურებ... სხვანაირად, არსებობაც კი გამიჭირდება, ანნასტასია
მეტი აღარაფერი უთქვამს აარონს. იმ წამს, უკვე დარწმუნებული გახლდათ, რომ ეს ქალი მისთვის ჰაერი გამხდარიყო, რის გარეშე არსებობაც, არასრულყოფილებით იქნებოდა გაჯერებული.
იქნებ, გადაებიჯებინა საკუთარი თავისთვის? იქნებ, მართლა ღირდა გონებაში ღრმად ჩაბეჭდილ მოსაზრებაზე უარის თქმა და რისკზე წასვლა? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ყველაზე სასიამოვნო რისკი იქნებოდა მის ცხოვრებაში?
ანასტასია, გაურკვევლობის ზღვაში ჩაძირა მამაკაცის სიტყვებმა. ვერ ხვდებოდა, რას გრძნობდა აარონი, იმ წამს, თავში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა -"რატომ ჰკრა ხელი იმ ღამით, თუკი მისდამი ამხელა მიჯაჭვულობას განიცდიდა?" იქნებ, ჰქონდა ამის მიზეზი? იქნებ, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც იმ მომენტში ჩანდა?
ამაზე ფიქრი დიდხანს არ დასცალდა გოგონას. მისი ყურადღება, ემბერის საქციელმა გაფანტა. ეს უკანასკნელი, სწრაფად ამოძრავდა, თავისი კარისკენ წასულ აარონს უკან აეკიდა და მხარზე ხელი დაადო.
-შევამჩნიე, რომ ცოტათი ნასვამი ხარ -უთხრა მას გოგონამ -თუ გინდა, შენთან შემოვალ და ისეთი ძლიერი ყავის რეცეპტს გაგანდობ, ორ წამში მოგიყვანს აზრზე
ნერვებმა ლამის ყელში წაუჭირეს ანასტასიას ამის გაგონებაზე. მისთვის ისიც რთული მოსასმენი იქნებოდა, თუ როგორ უპასუხებდა აარონი ამ შეთავაზებას, ამიტომ ბინაში სწრაფად შეიკეტა, კარები დახურა და ბრაზისგან ანთებული თვალებით გაემართა საძინებელი ოთახისკენ.
შეეძლო დაეფიცა, რომ ეჭვიანობის გრძნობა, ყველაზე საშინელი იყო, მათ შორის, რაც კი ქვეყნად ცუდი რამ არსებობდა. მიუხედავად მომხდარისა, ემბერის მიმართ სიძულვილს არც ამჯერად განიცდიდა. ზოგადად, ნაკლებად გამოსდიოდა ადამიანების შეძულება, თუ დემეტრესა და ლექსოს არ მიიღებდა მხედველობაში, მაგრამ ერთი დაუოკებელი სურვილი რომ ჰქონდა და ეს სურვილი, ემბერის თმით თრევაში გამოიხატებოდა, ამას ვერსად წაუვიდოდა.
ნაწილობრივ, რცხვენოდა კიდეც საკუთარი თავის. ნამდვილად არ შეეფერებოდა ის აზრები და ფიქრები, რომლითაც ახლა იყო გარემოცული, თუმცა ვერც მათთან ბრძოლაში გამოდიოდა გამარჯვებულის სტატუსით.
ანასტასია საძინებელში შევიდა და გადაწყვიტა, კვლავ ერეკლესთან და ვერონიკასთან საუბრით გადაეტანა ყურადღება. გარკვეული დრო ელაპარაკა კიდეც, ათას თემას გადაწვდა, თუმცა ერთი საათის შემდეგ, ესეც დაასრულა, რადგან წყვილი სასეირნოდ აპირებდა გასვლას, გარკვეული ხნით.
ემბერი კვლავაც არ ჩანდა, ანასტასია კი, ისევ მარტო დარჩენილიყო თავის აშლილ ფიქრებთან ერთად. საწოლზე გულაღმა გაწოლილი და ჭერს მიშტერებული, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რას აკეთებდა გოგონა, ამდენ ხანს აარონის ბინაში. გონებაში ათასი კადრი მაინც უტრიალებდა იმ წამს. იქნებ ახლა ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ? იქნებ, ამაზე უარესიც ხდებოდა? რატომაც არა? ემბერი ხომ ნებისმიერი მამაკაცისთვის სასურველი ქალი იყო და აარონს რა შეუშლიდა ხელს სიტუაციით ესარგებლა?
ლამის ცრემლებამდე მიიყვანეს ანასტასია მსგავსმა ვარაუდებმა, თუმცა საკუთარ თავს არაფრით აძლევდა უფლებას ეტირა. რაც არ უნდა მომხდარიყო, სიძლიერე და თავშეკავება მართებდა საკუთარი გრძნობების გამოხატვის მხრივ, ამიტომ, ზემოთ ხსენებულ საკითხებზე ფიქრს, ისევ რეალობას გამოთიშვა ამჯობინა.
გოგონამ ტელეფონი ფრენის რეჟიმზე გადაიყვანა, რათა არავის შეეწუხებინა, ოთახი შოკოლადისფერი ფარდებით ჩააბნელა, კომოდის უჯრიდან საძილე წამლების შუშა გამოიღო, ხელის გულზე ორი აბი მოათავსა და მათი გადაყლაპვის შემდეგ, ბალიშზე მაგრად ჩახუტებული დაელოდა ძილის მოახლოებას.
ბურუსის სამყაროში გადასვლის წინ, გოგონას ბაგეებს, ჩურჩულით დასცდათ სიტყვბი, რომლებიც ასე ჟღერდნენ :
-სიყვარული საშენო არ ყოფილა ანასტასია . . .









* * *

ემბერმა, ბარის სტილის, მაღალ მაგიდასთან ჩამომჯდარ აარონს, ყავის ჭიქა დაუდგა წინ და შემდეგ, ერთი ფინჯანი თავისთვისაც დაისხა.
იმ წამსა და იმ მომენტში, ყველაზე ნაკლებად იყო სტუმრის მიღების ხასიათზე, მამაკაცი, თუმცა ცდილობდა ზრდილობის ეტიკეტის მიხედვით ემოქმედა და გოგონასთვის გული არ დაეწყვიტა.
ფიქრებით, ჯერ კიდევ ანასტასიას ირგვლივ დაფრინავდა აარონი. უკვე ტკივილამდე ენატრებოდა მისი თბილი დამოკიდებულება და ვერ ეგუებოდა იმ ყინულივით ცივ მზერას, რომელსაც ბოლო პერიოდში ხედავდა ანასტასიას თვალებში. შეეძლო ნებისმიერი რამისთვის გაეძლო, თუმცა ეს იმდენად მოქმედებდა მის განწყობაზე, თითქოს ეკლებზე მჯდარიყო და ერთ ადგილას მოსვენება არ გამოსდიოდა.
-ასე ჩუმად რატომ ხარ? -ჩამოვარდნილი მდუმარება, ემბერის სიტყვებმა დაარღვია. გოგონას, ყავის ჭიქისთვის ორივე ხელი ჰქონდა შემოხვეული, მის ორთქლს ხარბად უშვებდა სასუნთქ რეცეპტორებში, თან მამაკაცს არ აშორებდა გამომცდელ მზერას
-მაპატიე, რაღაცაზე ჩავფიქრდი -შუბლი მოისრისა და მაჯის საათზე დრო შეამოწმა. თითქმის ცხრა შესრულებულიყო
-არა უშავს, შემიძლია თავად წარვმართო დიალოგი -ალმაცერად უყურებდა მას ემბერი
-კარგი, თუ ასეა, გისმენ
-გინდა შენთან ზედმეტად პირდაპირი ვიყო?
-რატომაც არა -მხრები აიჩეჩა, თან გაეღიმა აარონს. გოგონასაც თითქოს გამბედაობა შეემატა ამ სიტყვებით და მორიგი კითხვაც დასვა :
-როგორ ფიქრობ, აქ მხოლოდ იმიტომ შემოგყევი, რათა შენთვის ყავა მომემზადებინა?
-არ ვიცი, თუმცა შეგიძლია თავად მითხრა
-რა თქმა უნდა, მხოლოდ ამიტომ არა -სკამის საზურგეს თავდაჯერებულად მიაწვა ამის თქმისას. გადაწყვიტა, თუ გულახდილობა იყო, ბოლომდე გულახდილობა ყოფილიყო და დაამატა: -თვალს მას შემდეგ გადევნებ, რაც ლოს-ანჯელესში ანასტასიას აკითხავდი, გადაღებების შემდეგ. უნდა ვაღიარო, რომ მიზიდავ და ამის დამალვას არც ვაპირებ
აარონს ჯერ გაოცება გამოესახა სახეზე, შემდეგ, ეს ყველაფერი ოდნავმა ღიმილმა ჩაანაცვლა და მაგიდას ორივე მკლავით ჩამოეყრდნო.
-საკმაოდ თამამი განაცხადია შენი მხრიდან -უთხრა მან -ბევრი, ამას ვერ გაბედავდა, თანაც სრულიად უცხო ადამიანთან
ემბერი კმაყოფილებისგან გაიბადრა. როგორც თავად ფიქრობდა, მამაკაცის თვალში პირველი ქულა უკვე დაწერილი ჰქონდა. ახლა, დანარჩენ ქულებზეც უნდა ეზრუნა. გონებით გიჟსა და ექსტრავაგანტულს, ნამდვილად არაფრის რიდი არ ჰქონდა, ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლასა და წვალებას, მუდამ ამჯობინებდა დროულად გაეკეთებინა ხოლმე ის, რაც სურდა. ამ წუთას კი ეს სურვილი აარონთან სიახლოვეში გამოიხატებოდა და მოცდას ნამდვილად არ აპირებდა.
-ფეხზე წამოდექი -ყავის ჭიქას ხელი შეუშვა და ისე ამოთქვა ემბერმა -მიდი, მიდი, გააკეთე რასაც გეუბნები
-კარგი, არ არის პრობლემა -მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა რაში სჭირდებოდა, სტუმრის თხოვნა მაინც შეასრულა აარონმა. აღარც ემბერს დაუკარგავს დრო, როგორც კი მამაკაცს, ფეხზე მდგომს მოჰკრა თვალი, თავადაც წამოდგა, მას იდუმალი მზერით მიუახლოვდა, მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები, თითები მის ზურგზე აასრიალა, თან მთელი ტანით აეკრო და ყბის ქვემოთ მხურვალედ აკოცა.
-მითხარი, რას გრძნობ ახლა? გიკვირს? გაბნევ? -ჩაეკითხა ვნებიანი ხმით. აარონის სახეზე ემოციების წაკითხვა უჭირდა, ამიტომ ისევ შეკითხვების დასმა ამჯობინა
-ასეთი საქციელით რის მიღწევას ცდილობ? -უკვე ეღიმებოდა მამაკაცს, გოგონას სითამამეზე
-ვცდილობ გამოგიწვიო, შენში სურვილი აღვძრა და გონება აგირიო . . . აბა რას იტყვი, გამომდის? -მის ყურთან ამოიჩურჩულა, შემდეგ დასაშვებზე მეტად მიუახლოვა ტუჩები და თვალებში უტეხად ჩააშტერდა
-ემბერი არა?
-სახელს არ აქვს მნიშვნელობა
-ლამაზი ხარ ემბერ
-ჰო, მერე? -უფრო გათამამდა გოგონა, მამაკაცის ნიკაპს მიაკრო ბაგეები და კოცნის მოლოდინში თვალები დახუჭა, თუმცა აარონი არც განძრეულა. მალე, მისი ხმაც მოესმა :
-მერე ის, რომ მეც მინდა ახლა ყველაფერი გაგიკეთო, რაც კი გონებაში მიტრიალებს, მაგრამ ეს მხოლოდ წუთიერი ჟინი იქნება. თავად თუ გაწყობს, ვინმემ ერთჯერადი ნივთივით გამოგიყენოს და შემდეგ ახლოსაც აღარ გაგეკაროს?
ემბერს ენა დაება. საუბრის ასეთ გაგრძელებას აშკარად არ ელოდა.
-რა გაქვს მხედველობაში? არაფერი მესმის -გაურკვევლად ამოთქვა მან
-იმას ვგულისხმობ, რომ გასათელად მეცოდები. კა*პა არ ხარ, თვალებში გატყობ, ერთი გულუბრყვილო გოგო ხარ, ვინც ლამაზ სიყვარულზე ოცნებობს და ამის მიღწევა პირდაპირობითა და სითამამით უნდა, მაგრამ ჩემთან ვერ იპოვი იმას, რასაც შენ ეძებ
გოგონა, გარკვეული დროით თვალმოუშორებლად უმზერდა აარონის ქვიშისფერ თვალებს. გაოცებულიც კი იყო. ცოტა ხნის წინ, მასზე უარი თქვეს! მამაკაცს საკუთარი თავი შესთავაზა, მან კი სასტიკად უარყო და ხელი ჰკრა. ამის გაცნობიერება და აარონისგან მოშორება ერთი იყო. აქამდე მშვიდ თვალებში, ბრაზის ნაპერწკლები აუთამაშდა ემბერს, თან, ხელის გულში ფრჩხილები მთელი ძალით ჩაიჭირა, რათა იმედგაცრუებისგან მოგვრილი ტკივილი ასე მაინც გაენელებინა.
-აშკარად დიდი ვინმე გგონია შენი თავი -უთხრა გოგონამ უხეშად -დარწმუნებული ვარ, ჩემნაირი არავინ გყოლია და ერთ დღეს ამას ინანებ კიდეც
-სულ ტყუილად გწყინს -ღიმილით ჩამოჯდა აარონი მაგიდასთან, თან ფინჯანში ჩარჩენილი ყავა მოსვა -შენთან მომავალ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ გამოვრიცხავ, რომ გულში ორი ქალის ადგილი ნამდვილად არ მაქვს . . . სხვა დანარჩენზე, დასკვნები თავად გააკეთე
-აჰა, ესე იგი, ვიღაცით უკვე ხარ დაინტერესებული -სევდიანად მოიკვნიტა ქვედა ტუჩი -და ვინ არის? მე მჯობია?
-გულუბრყვილო გოგოსთვის დამახასიათებელ შეკითხვებს სვამ ემბერ… მე სილამაზის კონკურსის ჟიური არ ვარ, რათა შენი და მისი ვიზუალური მხარეები ვადარო ერთმანეთს, შემდეგ კი ქულები დაგიწეროთ
-ასე ჯერ არავის დავუმცირებივარ, იცი? ვერ წარმომედგინა თუ არსებობდა კაცი, ვისთანაც ლანგარზე დადებული მივიდოდი, ის კი ჩემზე უარს იტყოდა
აარონი ყავის ფინჯანს შეეშვა. მასში ჩარჩენილი სითხე, ოდნავ გაცივებულიყო და საერთოდ აღარ ეგემრიელებოდა მამაკაცს. დაძაბული სიტუაცია შექმნილიყო ირგვლივ.
-მაპატიე -თქვა ბოლოს -არ მინდოდა შენთვის გულის ტკენა, უბრალოდ არასწორი ადამიანი შეარჩიე
-ანუ, ეს არის შენი ბოლო სიტყვა
აარონი გაჩუმდა, თუმცა ისეთი მზერა მიიღო, რომ საკუთარი დასტური ამის საშუალებითაც კი გამოხატა.
-კარგი იყოს ეგრე -ემბერიც მიხვდა მამაკაცის ნამიოკს -თუ მარტო ჯდომა გირჩევნია შენს ყავის ჭიქასთან ერთად, არც ეგ არის პრობლემა, მე კი შენდა სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობო
მამაკაცი ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ დაძრულ გოგონას უკან მიჰყვა, გასაცილებლად. ამ ბოლო დროს, ადამიანებს ისე სტკენდა გულს, თავადაც ვერ აცნობიერებდა, თუმცა ემბერის შემთხვევაში, თავს დამნაშავედ არ გრძნობდა, რადგან მასთან აბსოლუტურად გულწრფელი იყო, ანასტასიას შემთხვევისგან განსხვავებით.
კართან რომ მივიდნენ, გოგონამ კიდევ ერთხელ მოხედა მამაკაცს გაბრაზებული თვალებით. მის გამოხედვაში, შეურაცხყოფილი ადამიანის მზერა ჩანდა.
-ერთი დღე იქნება, ეგ შენი სიამაყე დაგღუპავს, იცი? -უთხრა მან. ჯერ კიდევ ნერვებზე იყო მოშლილი აარონის მხრიდან უარყოფის გამო და ვეღარც საკუთარ ენას უწევდა კონტროლს
-დამიჯერე, ნებისმიერი კაცისთვის სასურველი ქალი ხარ და ჩემს საქციელს დიდად ნუ მიიტან გულთან ახლოს. ამას საკუთარი მიზეზები აქვს ემბერ
-არ მაინტერესებს ეგ მიზეზები -მიუგო მკვახედ გოგონამ, საკეტი მოატრიალა, სადარბაზოში შურდულივით გავარდა, თან კარი ისე ძლიერად მოაჯახუნა, ლამის მთელ საცხოვრებელ კორპუსს გააგონა.
იმდენად იყო გაბრაზებული, ციფერფლატზე, შიგნით შესაღწევი კოდის აკრეფასაც კი ორ წუთს მოუნდა, აკანკალებული თითების გამო. კიდევ ერთი უსიამოვნება ის იყო, რომ ბინაში შესულს, ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული დაუხვდა. საეჭვოდ ეჩვენა ეს ყველაფერი ემბერს. იმ მომენშტი მარტო ყოფნას აბსოლუტურად ყველაფერი ერჩივნა. ახლა, ვიღაცას რომ არ დალაპარაკებოდა, შეიძლებოდა გაგიჟებულიყო კიდეც. ვინ უნდა ყოფილიყო მისი თანამოსაუბრე თუ არა ანასტასია?
გოგონამ მისაღებში სინათლე აანთო და პირდაპირ სახლის პატრონის საძინებლისკენ დაიძრა. თითქმის დარმუნებული გახლდათ რომ, ეს უკანასკნელი, ამ დროს სახლიდან გასული არ იქნებოდა და სწორედ იქ დაუხვდებოდა. ემბერის ვარაუდი გამართლდა კიდეც. როგორც კი ანასტასიას ოთახში ფეხი შედგა, იგი საწოლზე მწოლიარე დაინახა, ბალიშს ჩახუტებული. გოგონას, კომოდზე სუსტად მბჟუტავი ნათურა დაეტოვებინა ანთებული და მშვიდი სუნთქვით არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს.
ემბერს ბევრი აღარ უფიქრია, ახლა იმდენად ჰქონდა ნერვები დაწყვწტილი, ხმის გამცემი იმაზე მეტად სჭირდებოდა ვიდრე თევზს, წყალი, ამიტომ ანასტასიას ლოგინთან სწრაფად მივიდა, მას ზემოდან მოჩვენებასავით დაადგა და გასაღვიძებლად ნჯღრევა დაუწყო :
-გამოფხიზლდი რა, რა დროს ძილია, ჯერ ათი საათიც კი არ არის
პირველმა მცდელობამ, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. გოგონა ისევ გაუნძრევლად იწვა და ოდნავადაც არ ირხეოდა.
-გაიღვიძე, თორემ თავზე ყინულიან წყალს გადაგასხამ, მარგიანო!
-მმმ . . .
-აი ასე, უკვე პროგრესს განვიცდით, ახლა თვალებიც გაახილე -საწოლზე დახტა ემბერი, მის ქუთუთოებს თითებით შეეხო და ძალის გამოყენებით აუწია ზემოთ -ბევრს ნუ მალოდინებ, გაიღვიძე ბოლოს და ბოლოს! -გოგონას ბოლო სიტყვები, იმდენად ხმამაღლა იყო ნათქვამი, რომ შეუძლებელი გახლდათ ამის შემდეგ ვინმეს კიდევ მოეხერხებინა დაძინება. საძილე წამლებისგან გათიშული ანასტასიაც ნელ-ნელა მოფხიზლდა და რამდენიმე წამის შემდეგ, როგორც კი თავზე წამომდგარი სილუეტი გაარჩია დაბინდული მზერით, მისუსტებული ხმით აღმოხდა :
-ემბერ, რა ჯანდაბა გინდა? ამ შუა ღამით რატომ მაღვიძებ?
-რა შუა ღამე, შენ რა, დროის მსვლელობა აგერია? ჯერ საკმაოდ ადრეა!
-მნიშვნელობა არ აქვს, მოშორდი აქედან და ძილი მაცალე! -კვლავ ბალიშს მიეხუტა ანასტასია, თუმცა სწორედ იმ წამს ამოუტივტივდა გონებაში ემბერის აარონთან ვიზიტი და მაშინვე თვალები ჭყიტა
-მოიცა, მოიცა, ასე მალე დაბრუნდი? -საწოლზე ენერგიულად წამოჯდა ამის თქმისას -მეგონა, ღამითაც იქ დარჩებოდი, ისეთი შემართებით გახვედი ბინიდან
ემბერს ნირი წაუხდა. ჯერ კიდევ შერჩენოდა ის ბრაზის ნაპერწკლები, რაც აარონის ბინიდან გამოსვლისას დახტოდნენ მის თვალებში.
-სწორედ ამაზე მინდოდა შენთან საუბარი -თქვა, თან გვერდით მიუჯდა გოგონას -ეგ შენი მეზობელი, შემთხვევით ზედმეტად თავშიავარდნილი და ცხვირაწეული ხომ არ არის? მართალია მილიარდელია, თუმცა არც მე ვარ უნიტაზების მხეხავი და არ მესმის, ზემოდან რატომ მიყურებს?
-რას გულისხმობ? -ინტერესი გაუღვივდა ანასტასიას ამის მოსმენისას. აშკარა იყო, მათ შორის საქმე მთლად ისე თბილადაც არ წასულა, როგორც ამას თვითონ ვარაუდობდა
-იმას, რომ მაგ შენმა აარონმა, თუ ვინცაა, ჩემზე ყველანაირი დაფიქრების გარეშე თქვა უარი, წარმოგიდგენია?! მე კი, მის გამო თბილისში ჩამოსვლაზეც არ დავიხიე უკან!
-ცოტა ჩუმად, ამხელა ხმაზე ნუ ყვირი
-რას ნიშნავს ნუ ვყვირი?! -მუხლებით დადგა საწოლზე და ისე შეხედა თანამოსაუბრეს -აზრზე მაინც ხარ, ახლა თავს რა დამცირებულად ვგრძნობ?
-ემბერ, ყოველთვის იქნება ადამიანი, ვისაც მოეწონები და ვისაც არ მოეწონები, მგონი ამას ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევ -გულწრფელად ცდილობდა დაემშვიდებინა, თუმცა მეორეს მხრივ მაინც უხაროდა, რომ მასსა და აარონს შორის, არაფერი მომხდარიყო
-მაგრამ, აქამდე ჩემთვის არც ერთ კაცს არ უთქვამს უარი. არც კი ვიცოდი ეს რას ნიშნავდა
-ვფიქრობ, ამ მხრივ მე და შენ ერთ ნავში ვზივართ
-შენც მოგსვლია ასეთი რამ? -ემბერს თვალები გაუფართოვდა, მერე კი დაამატა :- მგონი, ამ ქართველ კაცებს რაღაც სჭირთ, ჩვენნაირებს რომ ჰკრავენ ხელს
-ვერ გეტყვი რა სჭირთ, ამაზე ინფორმაციას არც მე ვფლობ -სევდიანად ჩაეღიმა ამის თქმისას ანასტასიას. ამ დროს, ემბერის ხელის შეხებაც იგრძნო თითებზე და კითხვით სავსე მზერით ახედა ამ უკანასკნელს :
-რას აკეთებ? -ჰკითხა გაკვირვებით
-განუგეშებ . . . თუ გინდა, დღეს არ დავიძინოთ, ჩემს ოთახში წამოდი, ლეპტოპს ჩავრთავ და გვიანობამდე ისეთი შინაარსის ფილმებს ვუყუროთ, სადაც სერიული მკვლელი ქალი, სიმპათიურ მამაკაცებს ხოცავს. ახლა ბოღმისგან ისე ვარ გასიებული, თვალს მაინც ვერ მოვხუჭავ
-ემბერ, არ მინდა ამაღამ სისხლი და ძალადობა, ჯობს დავიძინო
-არავითარი ძილი! შენს სტუმრად ვითვლები და მოვალე ხარ მასიამოვნო -ამ სიტყვებით ემბერმა, ანასტასიას მაჯას შემოხვია თითები, საწოლიდან ძალით წამოაყენა და მხოლოდ ჟოლოსფერ მოკლე მაისურსა და ამავე ფერის ტრუსებში გამოწყობილი გოგონა, საძინებლიდან გასასვლელი კარისკენ გაჭირვებით წაათრია.






8 8 8 8

ემბერი ახალი დაბრუნებული იყო სააგენტოდან და საქმეებით გადაქანცული, უკვე დაძინებას აპირებდა, რომ კარზე დარეკილი ზარის ხმამ ააღებინა ხელი განზრახვაზე.
სახლში სრულიად მარტო იყო გოგონა. ანასტასიას, ლარა ჰყავდა წაყვანილი საყიდლებზე და ასე მალე, ვერანაირად ვერ დაბრუნდებოდნენ. არც საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რომ მასთან მოსულიყო ვინმე სტუმრად, ამიტომ, ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა, კარს საერთოდ არ გავაღებო, თუმცა როდესაც ზარის რეკვა არა და არ შეწყდა, იძულებული გახდა მიღებული გადაწყვეტილება რადიკალურად შეეცვალა.
კარის გაღებისთვის, არც ისე შესაფერის ფორმაში იყო ემბერი. მის ტანს, მხოლოდ მოკლე საღამური შორტი და ლურჯი ტოპ-მაისური ფარავდა, სპანჯ-ბობის გამოსახულებით. მიუხედავად ამისა, რამის მოცმაზე არც უფიქრია, არც სათვალთვალოში გაუხედავს მომსვლელის ვინაობის გადასამოწმებლად. ამის მაგივრად, სახელური პირდაპირ დასწია ძირს და სადარბაზოში მდგომი ადამიანის დანახვაზე, კარის ჩარჩოს ცალი მხრით მიეყრდნო.
-ანასტასია სახლში არ არის, შემიძლია თქვენი დანაბარები გადავცე -მაშინვე უთხრა მან, რითაც მოსულის გაოცებული მზერაც დაიმსახურა. ემბერს ეჭვი გაუჩნდა, შეიძლება ინგლისური არ ესმისო და ის-ის იყო, მობილური ამოაძვრინა Translate-ს ჩასართავად, რომ უეცარმა სტუმარმა ხმა ამოიღო :
-უკაცრავად, მაგრამ თქვენ ვინღა ხართ?
-აჰა, ესე იგი, ჩემი გესმის -მერე სადარბაზოში მდგომი აათვალიერა და დაამატა -მე, ანასტასიას მეგობარი ვარ, ლოს-ანჯელესიდან
-გასაგებია, ანასტასიას მეგობარო, არ შემომიშვებ?
-შიგნით შემოსვლას თუ აპირებ, ჯერ უნდა მითხრა ვინ ხარ
-მისი ძმა ვარ, სანდრო და რახან ჩემი დის მაგივრად სახლში შენ დამხვდი, უნდა დამეხმარო -ამ სიტყვების შემდეგ, ემბერმა გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე ჩაავლო მაჯაში, ხელი მამაკაცმა, კარები ფეხის კვრით მიხურა და გოგონა პირდაპირ მისაღებისკენ წაიყვანა
ემბერს ცოტათი შეეშინდა კიდეც, თუმცა ამის გარეგნულად შემჩნევას ყველაფერი ერჩივნა.
-ვერ მეტყვი, სად მიმათრევ? -სცადა ხელიდან დასხლტომოდა, მაგრამ წარუმატებლობა განიცადა მამაკაცის ძალასთან გამართულ შერკინებაში
-ძალიან ცუდად ვარ და ახსნა-განმარტებების თავი არ მაქვს -ხმაზე აშკარად ეტყობოდა, რომ სიტყვების ერთმანეთზე გადაბმაც უჭირდა, თან შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა და თვალებში ტკივილი ჩასდგომოდა
მისაღებში ისე გავიდნენ, ემბერს დამატებითი კითხვები აღარ დაუსვამს. მართალია ეუცნაურებოდა შექმნილი სიტუაცია და გონებაში ათასი აზრი მაინც უტრიალებდა, თუმცა მამაკაცის ნატანჯი სახის შემხედვარეს, ხმის ამოღების სურვილი ყველაზე ნაკლებად ჰქონდა.
როგორც იქნა, მისაღებში გავიდნენ და ემბერის მაჯამაც იგრძნო თავისუფლება.
-ჭრილობის გაკერვა შეგიძლია? -ჰკითხა მან გოგონას, თან პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო
-ჭრილობის გაკერვა? რას ბოდავ? საავადმყოფოშიც მხოლოდ ციკლის არევის გამო ვარ ნამყოფი, ჭრილობა როგორ უნდა გაგიკერო?
სანდროს სიცილი აუტყდა და გოგონა კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
-რა პირდაპირი ხარ . . . -მერე გაახსენდა, რომ მისი სახელი არ იცოდა და ჰკითხა : -ჰო მართლა, როგორ მოგმართო?
-ემბერი მქვია და არა მგონია შენი დახმარება შევძლო -თან ელაპარაკებოდა, თან უყურებდა როგორ იხსნიდა ღილებს მამაკაცი. ბოლო მათგანიც რომ გახსნა, სანდრომ პერანგი სხეულიდან მოიშორა და მისი მარცხენა ბეჭის ქვემოთ, ნათლად გამოჩნდა სისხლმდინარე ჭრილობა, რომელზეც ბანტი უნიჭოდ იყო გადაკრული და ჯერ კიდევ ჟონავდა სისხლი
-ჯანდაბა, ეს რა არის? -დამფრთხალი გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე ემბერს, ამის დანახვისას
-თუ გეშინია და არ გინდა სისხლისგან დავიცალო, პირველადი დახმარების ყუთი მოიტანე და ეს რაღაც დამიმუშავე
-ხომ გითხარი ვერ შევძლებ-მეთქი? -ისეთი შეგრძნება დაეუფლა ემბერს, თითქოს უდიდესი პასუხისმგებლობა ჩამოკიდეს კისერზე, მძიმე ლოდის სახით
-უნდა შეძლო . . . თავადაც ვიზამდი, უბრალოდ ისეთ ადგილას მაქვს, ფიზიკურად ვერ ვუდგები
-საავადმყოფოში წადი, თუ გინდა ახლავე დავრეკავ სასწრაფოში -გამოსავალი იპოვა გოგონამ. სანდროს, კვლავ ღიმილი მოადგა სახეზე, მისი გულუბრყვილობის გამო
-შენი აზრით, მაგდენი მე ვერ მოვიფიქრე? -ჰკითხა -საავადმყოფოში მისვლა რომ მდომოდა, თავადაც მივიდოდი, ახლა კი მითხარი, დამეხმარები თუ არა?
ემბერმა თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. ბოლომდე გახლდათ დარწმუნებული, რომ ასეთი საქმის მისთვის ნდობა არ შეიძლებოდა, თუმცა ვინაიდან, სახლში მხოლოდ თვითონ იყო და წინ ის ადამიანი ეჯდა, ვისაც დახმარება ძალიან სჭირდებოდა, თავს ვალდებულად თვლიდა გულხელდაკრეფილი არ მჯდარიყო.
-კარგი, კარგი, წავალ სამედიცინო ყუთს მოვიტან -თქვა მან ბოლოს -ოღონდ თუ რამე ისე არ წავიდა, მე ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიხსნი, რადგან დასაწყისშივე გაგაფრთხილე ასეთი რამები არ მეხერხება-მეთქი
-კი ბატონო, ჩათვალე თავი ქუდში გაქვს -გამამხნევებლად მიუგო სანდრომ და გაღიმება სცადა, თუმცა სწორედ ამ დროს, ტკივილმა თავი შეახსენა და სახე სიმწრისგან დაემანჭა -ძალიან გთხოვ, ცოტა იჩქარე
ემბერი სწრაფად გავიდა მისაღებიდან და ორი წუთის შემდეგ, დიდი, თეთრი ყუთით ხელში დაბრუნდა უკან. თითები უკანკალებდა იმის წარმოდგენაზე, რისი გაკეთებაც მოუწევდა ცოტა ხანში. მას ხომ აქამდე, ხელში ნემსიც კი არ სჭეროდა, ახლა კი ჭრილობის დამუშავება და გაკერვა მოუწევდა, თავისთვის სრულიად უცნობი ადამიანისთვის.
-ნუ კანკალებ, გესმის? -აგონიაში მყოფს, თითქოს შორიდან მოესმა მამაკაცის ხმა -საშიში არაფერია, მხოლოდ სისხლდენა უნდა შეწყდეს და მორჩა . . . ღრმად ისუნთქე, კარგი? -სახეზე მარჯვენა ხელი ჩამოუსვა აფორიაქებულ გოგონას და მის მზერას თვალები გაუშტერა -ეცადე დამშვიდდე, ამ საკითხს ისე მიუდექი, თითქოს შენი ფუმფულა დათუნია გაიხა და აუცილებლად უნდა გაკერო, რათა მას პირველადი ფორმა დაუბრუნო
-კარგი რა, შენ და დათუნია ერთი ხართ? -ლამის ტირილამდე მისულიყო ემბერი, თუმცა სანდროს სახეს მაინც ღიმილი დასთამაშებდა.
-საქმეც მაგაშია, რო არ ვართ, მაგრამ შენ უნდა წარმოიდგინო, თითქოს ასეა
-კარგი, კარგი -გოგონამ ყუთიდან, პირველად მისასხურებელი სამედიცინო სპირტი ამოიღო და სანამ მამაკაცს ჭრილობაზე მიასხამდა, გააფრთხილა :
-ახლა ცოტათი გეტკინება
-მოსალოდნელი შედეგებისთვის აბსოლუტურად მზად ვარ -შექმნილი სიტუაციისთვის ზედმეტად თავდაჯერებული იყო სანდროს ტონი. მისმა განწყობამ, თითქოს ემბერიც გაამხნევა. უკვე არც თითები უკანკალებდა იმდენად და აღარც შინაგან დაძაბულობას გრძნობდა, ამიტომ, ჭრილობას ეთანოლი თამამად მიასხა, იგი ბამბით საგულდაგულოდ გაწმინდა, თან, მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სულს უბერავდა სანდროს, რათა სახეზე გამოსახული ტკივილი, ხმამაღლა რომ არ გამოხატავდა, ცოტათი მაინც შემსუბუქებოდა
სპირტით მოსუფთავებას რომ მორჩა, სისხლიანი ბამბები ერთად მოაგროვა გოგონამ და ამჯერად, ნემსს და ძაფს დაწვდა.
-ნემსის წვერი ცეცხლის ალით უნდა მოვწვა, არა?
-დასაწყისისთვის სპირტით მოასუფთავე -ძლივს ამოიღო ხმა ტკივილისგან შეწუხებულმა სანდრომ.
ემბერმა, ზუსტად ისე გააკეთა ყველაფერი, როგორც „პაციენტმა“ დაარიგა, შემდეგ წვრილ ყუნწში გაუყარა ძაფი, თავად ნემსი, ცეცხლის ალით გაასტერილა და მამაკაცის სახეს შეხედა.
-მგონი დასკვნით ნაწილზე გადასვლის დროა . . . როგორ ხარ, უძლებ?
-როგორც ხედავ კი . . . თუ გონება დავკარგე, არ შეგეშინდეს და სასწრაფოში დარეკვაზე არც იფიქრო. უბრალოდ მშვიდად განაგრძე შენი საქმე და დაიმახსოვრე, ახლა ადამიანს კი არა, შენს ფუმფულა დათუნიას კერავ
-კარგი, შენ ფუმფულა დათუნია ხარ, ფუმფულა დათუნია, ფუმფულა დათუნია -წამში ერთხელ იმეორებდა ამას ემბერი და ნელ-ნელა მამაკაცის დარღვეული კანის ქსოვილებისკენ მიიწევდა. პირველად რომ გაუყარა ნემსი, თითქოს, თავადაც ის შეგრძნება განიცადა, რაც სანდრომ. მიუხედავად ამისა, მამაკაცი ადგილიდან არ გატოკებულა. ღირსეულად იტანდა გოგონას ყოველ „შემოტევას“ და მხოლოდ სახის მიმიკები ეცვლებოდა, ტკივილის სიძლიერის შესაბამისად
-მითხარი, გაძლება შეგიძლია?
-უბრალოდ განაგრძე . . .
-უნდა ვიცოდე როგორ ხარ, თორემ საქმის დამთავრებას ვერ შევძლებ
-ჯანდაბა, ნეტავ ანასტასია რატომ არ დამხვდა აქ, შენს მაგივრად -უკმაყოფილოდ ამოთქვა სანდრომ -ერთი ჭრილობის გაკერვაც კი არ შეგიძლია ისე, რომ ორი წლის ბავშვივით არ კანკალებდე
ბრაზის მოზღვავება იგრძნო ემბერმა ამ სიტყვებზე. წამით, ისიც კი მოუნდა იმ ნემსით აეკუწა მამაკაცი, რომელიც ხელში ეჭირა.
-ხომ გითხარი, ასეთ რამეს პირველად ვაკეთებ-მეთქი? -მიუგო მან თვალების ბრიალით -თუ რამის მეშინია, მხოლოდ იმის, რომ უნებლიედ არ დაგაზიანო და რამე არ გატკინო, ამიტომ მოკეტე და მხოლოდ იმ კითხვების საპასუხოდ გააღე პირი, რომელთაც დაგისვამ
-საინტერესოა, კიდევ რა კითხვები გაქვს?
-მაინტერესებს, ამ მდგომარეობამდე ვინ მიგიყვანა
-ძალიან გინდა ამის გაგება?
-სხვა შემთხვევაში, არც გკითხავდი -ალაგალაგ, თვალებში უყურებდ აემბერი, საუბრისას, თუმცა ძირითადად, კონცენტრაცია მაინც ჭრილობის გაკერვაზე ჰქონდა გადატანილი
-კარგი, დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას და გეტყვი, რომ ეს ჩემმა ყოფილმა გააკეთა
ემბერს, თვალები ლამის შუბლზე აუვიდა ამის მოსმენისას, მერე კი სიცილი აუტყდა.
-რა ჯანსაღი ურთიერთობა გქონიათ, თქვენ ორს
-ნუ იცინი . . .
-რთულია ამაზე არ გაგეცინოს
სანდრომ კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავის წინ მდგომი გოგონა და ერთი კითხვა დაებადა, რაც გონებაში გაელვების თანავე გააჟღერა :
-შენს შესახებ რატომ არაფერი ვიცოდი? თურმე ანასტასიას სახლში ცხოვრობ, მე კი ამას ახლა ვიგებ
-ეგ, შენს დას უნდა ჰკითხო -მაშინვე მიუგო ემბერმა -ბოლო დროს, ისეთი აფორიაქებული და დაბნეულია, მიკვირს საკუთარი სახელი რომ ახსოვს
-აფორიაქებული და დაბნეული? -სხვა თემაზე გადართვა, თითქოს ტკივილს უმსუბუქებდა სანდროს და გოგონასაც უფრო უმარტივდებოდა თავისი საქმის კეთება
-ჰო, ვფიქრობ რაღაც სჭირს -დაბალი ხმით ამოთქვა -დაბნეულია და ხშირად, როცა ვესაუბრები, ღრუბლებში დაფრინავს
ემბერმა, ამდენი ხნის შემდეგ, პირველად შეავლო მზერა სანდროს ვიზუალს. მხოლოდ იმ წამს გაიაზრა, რომ წინ, ნახევრად შიშველი მამაკაცი ეჯდა, ვის ნავარჯიშებ სხეულსაც, ვერც ერთი ქალი ვერ შეხედავდა გულგრილად. ემბერიც დაიბნა, მაგრამ კვლავ თავის საქმეზე ყურადღების გადატანით მოიშორა ის ფიქრები, რაც აღნიშნულ მომენტში უტრიალებდა გონებაში.
ჭრილობის გაკერვას, მართლაც განსაკუთრებული სიფრთხილითა და მონდომებით უდგებოდა. იმდენად ჩაეფლო თავის სამუშაოში, იმოდენა თავდაჯერება მოიკრიბა ბოლო მომენტებში, რომ თავადაც ვერ გააცნობიერა როგორ მოახერხა ერთმანეთს დაცილებული კანის ქსოვილების კვლავ შეერთება. მხოლოდ სანდროს ხმამ შეატყობინა საქმის დასრულების შესახებ და მორჩენილი ძაფი, ფრთხილად გადაჭრა ყუთიდან ამოღებული მაკრატლით.
-მგონი შევძელი, არა? -იკითხა მან ისეთი გახარებული ტონით, თითქოს წამების წინ, მისთვის ნობელის პრემია გადაეცათ
-ჰო, შეძელი . . . დანარჩენს ჩემითაც მოვახერხებ, თავისუფალი ხარ
ემბერს ლამის ყბა ჩამოუვარდა ამის მოსმენისას.
-თავისუფალი ვარ? -წამოენთო ის -კინაღამ გული წამივიდა ამდენი სისხლის დანახვისას და შენ მხოლოდ იმას ამბობ, რომ თავისუფალი ვარ?! ვფიქრობ ამ წინადადებას მადლობა აკლია!
გოგონას რეაქციამ, სანდროს სახეს ღიმილი მოჰგვარა.
-ესე იგი, მადლობა გინდა, არა? -კითხვის პარალელურად, ემბერთან ძალიან ახლოს მიიწია ის
-ჰო, კარგი იქნებოდა, თუ რა თქმა უნდა, გამოიმეტებს თქვენი უდიდებულესობა
-მგონი გამოიმეტებს -დარწმუნებით დააქნია თავი სანდრომ, ისე, რომ ემბერმა გააზრებაც ვერ მოასწრო, ბაგეებზე დააცხრა და ოთხწამიანი, საკმაოდ ცეცხლოვანი კოცნის შემდეგ, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა -აი, ესეც შენი კუთვნილი მადლობა, ლამაზო . . .
მერე ერთბაშად მოშორდა, სანამ ემბერი დაბნეულობისგან თვალებს ახამხამებდა, სისხლიან ბამბებს ხელი მოხვია, თავისი პერანგიანად აიღო, დივნიდან წამოდგა და გასვლის წინ, ისე რომ მისკენ არც გაუხედავს, მიაძახა :
-მგონი, მადლობა შენგანაც მეკუთვნის, წამების წინ ენით აღუწერელი სიამოვნება განგაცდევინე . . .








8 8 8 8

შუა დღე ხანი იყო. ანასტასია და ემბერი, ტელევიზორის წინ ისხდნენ და Animal Planet-ზე უყურებდნენ პოლარული დათვების შესახებ, საკმაოდ საინტერესო გადაცემას, რომ უეცრად, კარზე გაბმული ზარის ხმამ მიიქცია მათი ყურადღება.
ლარა, იმ ღამით სანდროსთან აპირებდა დარჩენას. ეს უკანასკნელი, ახალი დაბრუნებული გახლდათ ბათუმიდან, სადაც, სამსახურის საქმეებზე მოუწია წასვლა, ამიტომ უცმროსი და, ძალიან ჰყავდა მონატრებული. აქედან გამომდინარე, სახლში მხოლოდ ემბერთან ერთად იყო გოგონა და ცდილობდა, მთელი თავისი ყურადღება ტელევიზორისკენ გადაერთო, რათა სხვა რამებზე ფიქრის დრო ნაკლებად დარჩენოდა.
-ნეტავ ამ დროს ვინ უნდა იყოს? -ღრმად ამოიხვნეშა ანასტასიამ. კარის გასაღებად წასვლა, ახლა საშინლად ეზარებოდა, თუმცა დივანზე აკეცილი ფეხები მაინც ჩამოიღო, წამოიწია და უკვე უნდა წამომდგარიყო კიდეც, რომ ემბერის სიტყვებმა გააჩერა :
-იჯექი, მე გავაღებ, ცოტა ხნის წინ, ჩინური საჭმელი შევუკვეთე და ალბათ ის მოიტანეს
ჩინური საჭმლის ხსენებაზე, ანასტასიას ის საღამო გაახსენდა, როდესაც აარონის პარტნიორ ბიზნესმენებთან ერთად სადილობდნენ ჩინურ რესტორანში და ნირი წაუხდა.
-იმედია, მარტო შენთვის გამოიძახე, მე არ მინდა
-რატომ არ გინდა?
-უბრალოდ გააღე კარი, სანამ კურიერს ზარის ღილაკი არ მოუძვრია -მერე შეატყო, რომ ოდნავ უხეშად მოუვიდა, ემბერს ბოდიში მზერით მოუხადა და დივანზე დადებული პატარა ბალიში გულში ჩაიხუტა
გოგონა მალევე წავიდა კარის გასაღებად და უკან, ძალზედ მოზრდილ ქაღალდის ყუთებთან და ხის ჩხირებთან ერთად დაბრუნდა. მერე, დაპაუზებული გადაცემა ღილაკ Play-ზე თითის დაჭერით განაგრძო და კვლავ დივანზე წამოსკუპდა, ანასტასიას გვერდით.
-იცოდე, ძალიან ბევრს კარგავ
-არა მგონია -მშრალი პასუხის გაცემა ამჯობინა გოგონამ
-დღეს რაღაც უხასიათოდ მეჩვენები, რამე გჭირს?
-მე ის მიკვირს, შენ რატომ არ ხარ უხასიათოდ
-რატომ უნდა ვიყო?
-იმიტომ, რომ ადამიანი, ვის გამოც აქ ჩამოხვედი, შენით ისე ვერ აღფრთოვანდა, როგორც ეს წარმოდგენილი გქონდა
-შენს კარის მეზობელს გულისხმობ?
-ჰო, ზუსტად ეგ ცხვირაწეული ვიგულისხმე -მერე თვალებში ბრაზი ჩაუდგა და დაამატა : -შენ არ მოეწონე, მე არ მოვეწონე, ვერ გამიგია, როგორი უნდა იყოს ქალი, რათა მისი სიმპათია დაიმსახუროს? არ მესმის, მეტი რა უნდა გამეკეთებინა?! -ანასტასიამ, იმ წამს ვერც კი გაიაზრა, რომ ყველაფერი ემბერის წინაშე აღიარა, თუმცა ეს უკანასკნელი უკვე სიტუაციის არსში ბოლომდე გარკვეულიყო და ნუშისფერ თვალებში გაოცება ჩასდგომოდა
-მოიცა, მოიცა, შენ რა, ის მოგწონს? -კინაღამ ყელში გადასცდა საჭმელი ემბერს, ამ კითხვის დასმისას -მთელი ამ დროის განმავლობაში, აარონზე ფიქრობდი და მიუხედავად ამისა, შენს სახლში მაინც შემომიშვი?
-ემბერ, გეყოფა . . .
-არანორმალური ხარ, იცი? შენს ადგილას, მე, კინწისკვრით გავაგდებდი ნებისმიერს, ვინც არ უნდა ყოფილიყო
-სწორედ ამიტომ გქვია შენ ემბერი და მე, ანასტასია, რომ სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვაგვარად მოვიქცევით
-ჰო მაგრამ, ვერ გამიგია, თუ არ აინტერესებ, მისდამი გრძნობა ისევ რატომ გაქვს? -ჰკითხა -ახლა არ მითხრა, ასე არ არისო, ყველაფერი სახეზე გაწერია -გამაფრთხილებლად დაუქნია თითი, თან დაამატა :-მე მეგალითად, თუ შევატყობ, რომ კაცს ვერ ვაგიჟებ და მასზე მაგიურ გავლენას ვერ ვახდენ, მისდამი ინტერესს ავტომატურად ვკარგავ. რაღაც მხრივ, ისიც მინდა, მიუწვდომელი კაცის გვერდით ვიყო, თუმცა, თუ ბოლომდე თავად ვარ მონადირის როლში, ეს თამაში უკვე აღარ მხიბლავს . . . აარონი უზომოდ სიმპათიურია და გამოხედვითაც კი გიღვიძებს სურვილს, თუმცა მირჩევნია ის უფრო გიჟდებოდეს ჩემზე, ვიდრე მე, მასზე, ამიტომ თამაშიდან გავდივარ
ანასტასია, ეჭვით დაწვრილებული თვალებით უსმენდა გოგონას სიტყვებს. როგორც კი ეს უკანასკნელი ლაპარაკს მორჩა, გულში მეორე ბალიშიც ჩაიხუტა და მიუგო :
-რაღაც არა მგონია, აზარტი ასე მალე დაგეკარგა . . . ვფიქრობ, ამ დროის მანძილზე ვიღაც სხვათი დაინტერესდი და მიზეზი სწორედ ესაა
-რაო? და, ვისით უნდა დავინტერესებულიყავი? -სახეზე ალისფერმა გადაურბინა ემბერს. იმ წამს, მოსამართლის წინ მდგომ მსჯავრდებულს ჰგავდა, ვისაც, სადაც იყო, ჩადენილი დანაშაულისთვის მეტად ხანგრძლივ სასჯელს მისცემდნენ
-ამდენ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ. არა მგონია, ასე მარტივად დანებებულიყავი და ყველაფერზე ჩაგექნია ხელი, თუ ამას სერიოზული მიზეზი არ ახლავს თან, ეს სერიოზული მიზეზი კი, მხოლოდ სხვა მამაკაცის გამოჩენა მგონია
-ის, რომ შენ გგონია, აღნიშნული არგუმენტის სიმართლეს არ ამტკიცებს
-მართალი თუ არ ვარ, ასეთი გაბრაზებული სახე რას მივაწერო? -ჯიბრიანად ჩაეკითხა ანასტასია და კვლავ ტელევიზორის ეკრანს შეხედა -ჰო მართლა, დღეს სააგენტოში არ მიდიხარ?
-ხომ გითხარი, თავისუფალი დღე მაქვს-მეთქი?
-შეიძლება, მაგრამ რატომღაც გადამავიწყდა
-ჰო, მსმენია, რომ სკლეროზი, კარის მეზობლის სიყვარულის გვერდითი მოვლენაა
ემბერის სიტყვები, ანასტასიას სახის მოღუშვის მიზეზი გახდა.
-მშვენიერია, ახლა შენი დასაცინიც გავხდი
-ბოდიში, მაგრამ აშკარად სასაცილო სიტუაციაა. მე, ის კაცი მომწონდა, ვინც შენ მოწგონს და მიუხედავად ამისა, ახლა მაინც ერთ დივანზე ვსხედვართ მშვიდად, თანაც გადაცემას ვუყურებთ
ანასტასიამ, გოგონას ნათქვამი ბოლომდე გაიაზრა და თავადაც მოადგა სახეზე ღიმილი.
-გეთანხმები, მართლა პარადოქსია -მიუგო -ყველა მეუბნება, რაღაც მხრივ არანორმალური ხარო და ნელ-ნელა თავადაც ვრწმუნდები ამაში
-ნუ ღელავ, არანორმალურობაში ცუდი არაფერია -მხარზე ხელის გადახვევით გაამხნევა ემბერმა -მართალია, წეღან სულ სხვა რამ ვთქვი, მაგრამ მგონი, ერთი კაცის მიმართ სიმპათია, სულაც არ უნდა გახადონ გოგონებმა კამათის თემად. ჩემი აზით, ეს საკითხიც, ისევე როგორც სხვები, რაციონალურ მიდგომას საჭიროებს
-მშვიდობის სიმბოლო გაკლია მკლავზე და ნამდვილი პაცეფისტი ხარ -თვალების ტრიალით მიუგო ანასტასიამ, გვერდით მჯდომს. რაც ემბერი აქ ჩამოვიდა, იქედან მოყოლებული აწუხებდა კითხვა, თუ რატომ არ აღიზიანებდა ყველაფრისდა მიუხედავად ეს გოგო, თუმცა ამაზე პასუხი, ჯერ ჰორიზონტის ხაზზეც არ ჩანდა
გოგონები გაჩუმდნენ და კვლავ ტელევიზორის ყურება განაგრძეს. ხმას არც ერთი არ იღებდა. ორივენი მშვიდად მიშტერებოდნენ მოზრდილ ეკრანს და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, კარზე მორიგი ზარის ხმა რომ არ გაეგონათ.
-რა მოხდა, კიდევ გამოიძახე რამე? -მაშინვე შეეკითხა ემბერს, ანასტასია
-არა, მეტი არაფერი
-თუ ასეა, ვინ უნდა იყოს?
-შენი სახლია და კარიც შენ უნდა გააღო -უდარდელად მიუგო, თან საჭმელი ჩხირებით, პირში სიმინდის მარცვალი ჩაიდო
-ცოტა ხნის წინ რომ ბუმერანგივით გავარდი, მაშინ არ იყო ჩემი სახლი?
-მაშინ ვიცოდი რისთვისაც იყვნენ მოსულები, ახლა კი, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დგას კარის მეორე მხარეს, თანაც, დარწმუნებული ვარ, ჩემთან არავინ მოსულა, ამიტომ, ყველა ვარიანტში შენ მოგიწევს გაღება
-რამდენს ლაპარაკობ . . . შემახსენე, რომ მერე ენა სანტიმეტრით გაგიზომო, შეიძლება გინესის რეკოდრსმენობასაც გამოჰკრა ხელი
-ჯერ კარი გააღე და მაგ საქმეს მერე მივხედოთ -სიცილით მიუგო ემბერმა, თან სატელევიზიო არხი შეცვალა, რადგან უკვე მობეზრებული ჰქონდა აქეთ-იქით მორბენალი ცხოველების ყურება
ამასობაში, ანასტასია ჰოლისკენ დაიძრა. ვერ იტყოდა, რომ ვინმე კონკრეტულს ელოდა იმ მომენტში, თუმცა საკეტის გადატრიალების წინ, სათვალთვალოთი მაინც არ უსარგებლია. ამის მაგივრად, კარი პირდაპირ გამოაღო, ოდნავ უკან გადგა და ზღურბლის საპირისპირო მხარეს მდგომის დანახვისას, სახეზე გაოცება გამოესახა.
-ლ . . . ლიზა? აქ . . . აქ რას აკეთებ? -მერე, უეცარი სტუმრის ხელში დაჭერილ ტანსაცმლის საკიდს დააკვირდა, რასაც, გამჭვირვალე პარკი ჰქონდა შემოცმული და მორიგი კითხვაც დასვა :-ჰო მართლა, ხელში რა გიჭირავს?
-დასაწყისისთვის აირჩიე, რომელ კითხვაზე გინდა გაგცე პირველად პასუხი? -ოდნავ ჩაეღიმა უეცარ სტუმარს, შემდეგ კი ისე სწრაფად შემოაბიჯა შიგნით, ანასტასიამ მომხდარის აღქმაც ძლივს მოასწრო. იმ ღამის შემდეგ, რაც დემეტრეს, ბეისბოლის ბიტებით ახალთახალი პორშე დაულეწეს, ერთხელაც კი აღარ ენახა ლიზა. მაშინ, არც მომავალი ურთიერთობის პერსპექტივაზე უსაუბრიათ და არც, მეგობრობის გაგრძელებაზე, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ეს ადამიანი მაინც მის სახლში იყო და ისე იქცეოდა, თითქოს გასული შვიდი წელი, მეხსიერებიდან ძირფესვიანად ამოშლოდა
-ბოლოს და ბოლოს, ამიხსნი რა ხდება? -უკვე მისაღებში უნდა შესულიყო ლიზა, როდესაც ანასტასიამ მკლავში ხელის ჩავლებით შეაჩერა ის -რომელ კითხვაზეც გინდა, პირველად იმაზე მიპასუხე, მთავარია რამეში მაინც გამარკვიო
გოგონების საუბარზე, დივნიდან ემბერმა გამოიჭყიტა, თუმცა ქართული საუბრიდან თითქმის ვერაფერი გაარჩია და კვლავ სატელევიზიო არხების ცვლა განაგრძო, დისტანციური მართვის პულტით.
-გახსოვს, სანამ ჩვენს შორის შავი კატა გაირბენდა, ამ რიცხვში რით ვიყავით ხოლმე დაკავებულები?
-მაინც, რით?
-დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, ტასო -ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მიმართა სახელის შემოკლებული ფორმით ლიზამ. ამ უკანასკნელის გარდა, გოგონა არც არავის აძლევდა უფლებას მისთვის ასე მოემართათ. სანდრო და ლარაც კი, მუდამ სრული სახელით მიმართავდნენ ხოლმე
-მერე? -კითხვის ნიშნებით აევსო თვალები ანასტასიას -შემთხვევით, ის ხომ არ გინდა მამაშენის დაბადების დღეზე დამპატიჟო?
ლიზამ მხრები აიჩეჩა.
-ვფიქრობ, უკვე დაგპატიჟე -თქვა და ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე შეაბიჯა მისაღებში. იქედან გამომდინარე, რომ იქ არავის დანახვას არ ელოდა, დივანზე წამომჯდარი ემბერის ხილვამ, ოდნავ გააკვირვა ლიზა. თავად მისთვის არაფერი უკითხავს, ამის მაგივრად, ანასტასიას მიუტრიალდა და ეჭვით გახედა
-ვინ არის? -თავით ემბერისკენ ანიშნა. ეს უკანასკნელი, სწორედ იმ წამს წამოდგა დივნიდან და მოსულს, ინგლისურად მიესალმა
-ქართული არ ესმის . . . ჩემი კოლეგაა, ამერიკიდან ჩამოვიდა და სანამ თბილისში იქნება, ჩემთან იცხოვრებს
-გასაგებია -წამსვე გადავიდა ინგლისურზე ლიზაც და გოგონას, გასაცნობად ხელი გაუწოდა -მე, ლიზა ვარ
-ემბერი -ამ უკანასკნელმაც შეაგება საკუთარი მარჯვენა, თან ოდნავ გაუღიმა და თვალებით, ჟურნალების მაგიდაზე შემოდებული, პატარა, ქაღალდის ყუთებისკენ ანიშნა -ჩინური საჭმელი ხომ არ გინდა?
-ვერ იტანს ჩინურ საჭმელს -მის მაგივრად, ანასტასიამ უპასუხა
-მრავალი წელი გავიდა, თუმცა ჩემს შესახებ მაინც ყველაფერი გახსოვს, მარგიანო . . . აღფრთოვანებული ვარ -ამ სიტყვებზე, ემბერის გაურკვევლობით მოცულ მზერას გადააწყდა ლიზა და სცადა ვითარება მოკლედ აეხსნა -ადრე ვმეგობრობდით, თუმცა მერე ჩემს შეყვარებულს გაუსინჯა გემო და ურთიერთობა გავწყვიტეთ
-რაო?
-ლიზა, ძალიან გთხოვ შეწყვიტე . . . ამას, უფრო მეტად გადარევა არ სჭირდება, ისედაც გადარეულია
-გადარეული სულაც არ ვარ -მაშინვე იუკადრისა ემბერმა და გაბუტული ბავშვის სახე მიიღო. ლიზას გაეცინა
-არ გეწყინოს, ძვირფასო, ასეთი მწარე იუმორი აქვს -მერე, კვლავ ანასტასიას მიუბრუნდა, თან ხელში დაჭერილი საკიდი ასწია მაღლა -აქ, ჩვენი კაბებია, რითაც წვეულებაზე წავალთ. შენთვის მეწამული ავარჩიე, ჩემთვის კი, მარგალიტისფერი
-კაბები ორივესთვის იყიდე? -გაოცების საზღვარს გადააბიჯა ანასტასიამ. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი და ლიზას ურთიერთობა 360 გრადუსით შემობრუნდებოდა, მაშინ, როცა იგი სრულიად განწირულად მიაჩნდა
-ჰო, ორივესთვის ვიყიდე -დაუმოწმა გოგონამ -აქვე მოვემზადოთ და რვა საათისთვის ჩემი მძღოლი გამოგვივლის, რათა რესტორანში წაგვიყვანოს
ანასტასია, რამდენიმე წამით ჩუმად იყო. შემდეგ ცალი ხელი თმაში შეიცურა და თავი სიცილით გადააქნია.
-და ახლა რა იქნება? -იკითხა მან -მაღვიძარა დარეკავს და გამომეღვიძება?
ამ დროს, საუბარში ემბერიც ჩაერთო :
-მოიცა, თქვენ მართლა ასეთი წარსული გაკავშირებთ და ახლა, წვეულებაზე ერთად აპირებთ წასვლას? -წინანდელი არგუმენტები, რომ მეგობრებს კაცის გამო არ უნდა ეჩხუბათ, სრულიად გადაავიწყდა მას -ხუმრობთ, თუ უბრალოდ არანორმალურები ხართ?
-საყვარელო, მომწონს შენი ბრიტანული აქცენტი, თუმცა მაინც მგონია, რომ ჩუმად მყოფი უფრო საყვარელი ხარ -სიტყვების ბოლოს, საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა ლიზამ, რათა ემბერისთვის კიდევ ერთხელ მოეწოდებინა სიჩუმისკენ
-აზრი არ აქვს, მაინც არსად წამოსვლას არ ვაპირებ. ლარა, დღეს ჩემთან აპირებს დარჩენას
-შემიძლია მე დავიტოვო -სიხარულით გამოთქვა სურვილი ემბერმა -მეცადინეობას რომ მორჩება, მაკიაჟს გავუკეთებ და სურათებს გადავუღებ. თუ საუბარი გაგვიჭირდა Translate-თი ვიხელმძღვანელებთ და რაღაც გამოგვივა
-ხედავ, არანაირი პრობლემა აღარ არის, შეგვიძლია წავიდეთ, თან მამასაც გაუხარდება შენი ნახვა
-ლიზა . . .
-გისმენ -საკიდი დივანზე მიაფინა გოგონამ, რათა მისი თრევისგან დაღლილი ხელი დაესვენებინა
-რატომ აკეთებ ამას?
ანასტასია, ჯერ კიდევ გაურკვევლობაში გახლდათ და ამის დამალვას არც ფიქრობდა. ზედმეტად უცნაური იყო ეს ყველაფერი იმისთვის, რათა მისი რეალურობა ერწმუნა.
-გაინტერესებს, რატომ ვაკეთებ?
-ჰო, თანაც ძალიან
ლიზას ოდნავ გაეღიმა და მის თვალებში, სევდის ნაპერწკლებმა იწყეს თამაში.
-ალბათ იმიტომ, რომ შენთან დროის გატარება მომენატრა, ტასო . . .



* * *
ანასტასიას ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ამ წინადადებას დათანხმდა, თუმცა ფაქტი იყო, სწორედ იმ მეწამულისფერ კაბაში გახლდათ გამოწყობილი, რომელიც ლიზამ აურჩია და რესტორნის ხალხით გარემოცულ დარბაზში მიიკვლევდა გზას, ამ უკანასკნელთან ერთად.
ირგვლივ, ყველაფერი იმდენად ლამაზად მოერთოთ, შეიძლებოდა წლის წვეულებადაც კი ეღიარებინათ აღნიშნული საღამო. დარბაზში მხიარული სახეებით დააბიჯებდნენ გრანდიოზულად გამოწყობილი ქალბატონები, სმოკინგებში ჩაცმული მამაკაცები და სპეციალური ფორმებით შემოსილი, შავბაფთიანი ოფიციანტები, ვინებიც, ოქროსფრად მოლაპლაპე სინებით ხელში დაიარებოდნენ და ალა ფურშეტის მაგიდებზე, შამპანიურით გავსებულ ჭიქებს ამატებდნენ.
იქაურობა ხმადაბალ და წყნარ მუსიკას მოეცვა. იმდენად ჰარმონიულად იფრქვეოდნენ სივრცეში მშვიდი ჰანგები, გეგონებოდათ, ცოცხალი ორკესტრი უკრავს რომელიმე სასიამოვნო კომბინაციასო.
ანასტასია, ახლა სულაც არ გახლდათ დაბადების დღის ზეიმის განწყობაზე. ამ ყველაფერს, სახლში ყოფნა და კარგად დასვენება ერჩივნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ცდილობდა გარეგნულად არაფერი გამოეხატა და სახეზე, უდარდელობის ნიღაბი ჰქონდა მიწებებული.
-შეიძლება ყველას მოატყუო, მაგრამ მე ვერა -ლიზას ხმა რომ გაიგო, მომენტალურად მიაბრუნა თავი მისი მიმართულებით. გამომცდელი მზერით უყურებდა ეს უკანასკნელი, თითქოს, პლანტატორი ყოფილიყო, ვინც, საგულდაგულოდ უსინჯავდა მონას თითოეულ ნაკვთსა და სხეულის პარამეტრს, მისი ყიდვის წინ
-რაზე ამბობ? -მუსიკის გამო, ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა შეკითხვის დასმა ანასტასიას
-იმაზე, რომ სახეზე არაფერი გეტყობა, თუმცა შინაგანად, ზიხარ და ისევ იმ კაცს გლოვობ, ვინც მაგრად დაგადო
უხერხულობის სხივი შეეპარა ანასტასიას თვალებს. ნებისმიერ ადამიანთან გაურბოდა ამ თემაზე საუბარს, მით უმეტეს ლიზასთან, ვისაც ჯერაც არ ენდობოდა ბოლომდე, იმისდა მიუხედავად, რომ წლების წინ საუკეთესო მეგობრებად იწოდებოდნენ.
-შენ საიდან იცი რა ხდება ჩემს შინაგანში? -თითქოს თავი დაიცვა მან ამ კითხვის დასმით-არავისაც არ ვგლოვობ. არ ვუნდივარ და მორჩა, ეს მისი გადასაწყვეტია
-სხვათა შორის, მე ვიცი ვინც არის ის კაცი -თითქოს მისი სიტყვები არ გაუგონიაო ისე მიუგო ლიზამ
-იცი? აბა მითხარი რა იცი
-სახელი-აარონი, გვარი-ქალდანი, პროფესიით-მსხვილი ბიზნესმენი, ვიზუალური აღწერილობა -ქალების მომაკვდინებელი შხამი -ისე ლაპარაკობდა გოგონა, თითქოს ხსენებული ადამიანის მოკლე ბიოგრაფიას ყვებაო -ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდ დროს ატარებდი მასთან, ამერიკაშიც ერთად იყავით და სხვა ვერავინ იქნება შენი გონების ამრევი, თუ არა ის
ანასტასიამ თვალები დახუჭა და ამოიოხრა.
-ის, რომ შენ ასე გგონია, სულაც არ ამტკიცებს მოსაზრების სიზუსტეს -ბოლომდე მაინც არ გატყდა იგი. აღარც ლიზას გამოუდვია თავი საკუთარი სიტყვების მტკიცებაში. ისედაც იცოდა, რომ მართალი იყო, ამიტომ, გადაწყვიტა ეს თემა მშვიდობიანად დაეხურა
-კარგი, როგორც გინდა, ოღონდ ახლა წამოდი, მამაჩემს მიესალმე -ხელით ანიშნა ფურშეტის ერთ-ერთ მაგიდასთან მდგომი, მაღალი, საკმაოდ დახვეწილი ჰაბიტუსის მქონე, თმაშევერცხლილი კაცისკენ, ვინც, თავისზე ორჯერ უფროს ქალბატონს ესაუბრებოდა, ღიმილიანი სახით, თან შოტლანდიური ვისკით ნახევრად სავსე ჭიქა ეჭირა ხელში და იქედან სვენებსვენებით მიირთმევდა
თავი უხმოდ დაუქნია ანასტასიამ, გოგონას. რახან აქ მოვიდა, ვალდებული იყო იუბილარისთვისაც მიელოცა, ამიტომ პირდაპირ მისკენ დაიძრა, ლიზასთან ერთად და მიახლოების თანავე, მხარზე ხელი დაადო კაცს :
-ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, ბატონო დავით -მიმართა მან, რითაც მაშინვე მიიქცია იუბილარის ყურადღება. მართლაც რომ გულწრფელი სიხარული ჩაუდგა თვალებში, ამ უკანასკნელს, გოგონას დანახვისას და ეს, მის წარმოთქმულ სიტყვებზეც ნათლად აისახა :
-ანასტასია, ჩემო ლამაზო, როგორ გამახარე -მარჯვენა ხელზე, ხელი მოჰკიდა და ოდნავ დაატრიალა იგი, დავითმა -უფრო მეტად გალამაზებულხარ, ვიდრე აქამდე იყავი
-დიდი მადლობა . . . დაბადების დღეს გილოცავთ
-გმადლობ, ძვირფასო, გმადლობ -გაუღიმა თბილად, მერე კი თავის ქალიშვილს გახედა -როგორ მიხარია, რომ თქვენ ორნი, ბოლოს და ბოლოს შერიგდით. მენატრებოდა ის დრო, ღამის ორ საათზე რომ მუსიკებს რთავდით, სასმელის ბოთლებს ხელში დაიჭერდით და მთელს სახლში ცეკვავდით
გოგონებს, თითქოს შეთანხმებულნი იყვნენო, ზუსტად ერთ დროს გაეცინათ. ორივეს მოაგონდა, თავისი ცხოვრების ეს განვლილი ეტაპი და ერთმანეთს გადახედეს. ანასტასიამ, მხოლოდ მაშინღა შეამჩნია დავითის გვერდით მდგომი, ასაკში შესული ქალი და როგორც კი კარგად დაკვირვების შემდეგ, მასში ლიზას ბებია -ქალბატონო თამარი ამოიცნო, ამ უკანასკნელსაც თბილად მიესალმა.
საკმაოდ მხიარულად გაატარა პირველი რამდენიმე წუთი ანასტასიამ, მონატრებულ გარემოცვაში. დავითისა და თამარის რეაქციებმა დაარწმუნეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ მისი და ლიზას შვიდწლიანი ჩხუბის მიზეზების შესახებ, რამაც, თითქოს თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცა. იმ წამს, პირველად დაუსვა საკუთარ თავს შეკითხვა, შეძლებდა თუ არა, ლიზასთვის იმ წლების პატიებას, რომელთა მანძილზეც, მუდამ მოსისხლე მტრად ედგა კვალში და დაასკვნა, რომ შეძლებდა. ვალდებულიც კი იყო ეს გაეკეთებინა, რადგან ორივეს საკმაოდ ბევრი რამ ჰქონდათ ერთმანეთისთვის საპატიებელი და ვინაიდან, პირველი ნაბიჯის გადმოდგმა ლიზამ ითავა, უნდოდა მის ნაბიჯებს, თავადაც ფეხდაფეხ მიჰყოლოდა, წარსულის წყენის დავიწყების გზაზე.
დარბაზში ხალხი ნელ-ნელა იმატებდა. დავითთან ყველანი სათითაოდ მიდიოდნენ, იუბილეს ულოცავდნენ და კეთილი სურვილებით ამკობდნენ. ანასტასიას, ერთი წამითაც კი არ მოუწყენია მათ კამპანიაში ყოფნისას. ხასიათიც საგრძნობლად გამოუკეთდა და ალბათ, ეს განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაჰყვებოდა, მოულოდნელად ერთი რამ რომ არ მომხდარიყო :-უცებ, სად იყო და სად არა, დარბაზში შემოსასვლელ კარში კიდევ ერთმა ადამიანმა შემოაბიჯა. ამ უკანასკნელმა, საკმაოდ დიდი ხნით დაგვიანების გამო, თითქმის ყველას ყურადღება მიიქცია, თუმცა განსაკუთრებით თვალმოუშორებლად, მას ანასტასია უმზერდა, რადგან ამ დაგვიანებულ პიროვნებაში, თვით აარონ ქალდანი ამოიცნო.
ნამდვილად არ ელოდა მის ნახვას, იქ და იმ მომენტში. ყველაზე უარესი კი ის გახლდათ, რომ მამაკაცმაც მაშინვე გამოარჩია სხვებისგან და რამდენიმე წამით, შეაჩერა კიდეც მზერა გოგონაზე.
-ლიზა, ხომ ვერ მეტყვი, ამას აქ რა უნდა? -უჩუმრად ანიშნა აარონზე, თავის გვერდით მდგომს, ვინც იმ მომენტში, მარწყვსა და შამპანიურს ერთად შეექცეოდა
-ვისზე ამბობ?
-აარონ ქალდანზე -რაც შეეძლო ხმადაბლა მიუგო, რათა დავითს არაფერი გაეგონა და ანიშნა, მასაც ჩუმად ელაპარაკა
-მამაჩემის ბიზნეს-პარტნიორი და ჩემი მეგობარია . . . ბოდიში, მასზე რომ გესაუბრებოდი, ამის თქმა გამომრჩა -მხრები უდარდელად აიჩეჩა ლიზამ, თან ოდნავ ჩაეღიმა. იდუმალება ამოიკითხა მის ღიმილში ანასტასიამ. გაახსენდა, თუ როგორ აძალებდა ლიზა წვეულებაზე წამოსვლას, როგორ შეურჩია კაბა საკუთარი ინიციატივით და მაშინვე ყველაფერს მიხვდა :
-აქ იმიტომ მომიყვანე, რომ აარონს შევხვედროდი, არა? -ჰკითხა მან. თვალებში ბრაზის ცეცხლი ჰქონდა ჩამდგარი, თუმცა თავს მაქსიმალურად იკავებდა, რათა ეს აალებული ცეცხლი გარეთ არ გამოეშვა და ვინმე არ დაეწვა
-ასე გაბრაზებული რატომ მიყურებ? ახლა არ თქვა, მისი დანახვა მეწყინაო, მაინც ვერაფრით დამაჯერებ
-ლიზა, ხალხი რომ არ გვიყურებდეს, პირდაპირ იმ ტორტში ჩაგაყუდებდი, სირაქლემას პოზით -ბრაზი ბოლომდე მაინც ვერ დაიოკა, მისკენ გადაიხარა და მკლავზე შეუმჩნევლად უჩქმიტა
-სიკეთე გაგიკეთე, საყვარელო, ასე რომ ჩემი მკლავების დალურჯებას შეეშვი. რაღაც არა მგონია, ქალდანს შენს მიმართ გრძნობები არ ჰქონდეს. ვფიქრობ, აქ სხვა ამბავია და კარგი იქნება თუ ყველაფერში გაერკვევით
ანასტასიას აღარაფერი გაუგონია ლიზას სიტყვებიდან, რადგან იმ წამს შეამჩნია, რომ აარონი სწორედ მათი მაგიდისკენ მოემართებოდა და თავის კლაჩს სასწრაფოდ დაავლო ხელი.
-ცოტა ხნით საპირფარეშოში გავალ -იქვე მდგომ დავითსა და თამარს გახედა გოგონამ -თქვენთან უკაცრავად
-ხომ კარგად ხარ, შვილო? ფერი არ გადევს -თამარი მისკენ ოდნავ წამოიწია, სათვალე შეისწორა და კარგად დააკვირდა. ლიზა კვლავ ჩუმად იდგა, თან, თავისთვის ეღიმებოდა
-გმადლობთ, კარგად ვარ, უბრალოდ მაკიაჟს შევისწორებ და დავბრუნდები
-ცოტა ხნით მოგეცადა -დიალოგში დავითიც ჩაერთო -ჩემს კომპანიონს გაგაცნობდი, აი, უკვე აქეთაც მოდის -თქვა და აარონს ხელი დაუქნია. ანასტასია უკვე ხვდებოდა, რომ დრო იყო აქედან სასწრაფოდ აორთქლებულიყო, ამიტომ, მაგიდასთან დარჩენილებს, კიდევ ერთხელ მოუბოდიშა ზრდილობიანად, ლიზას მორიგი მკვლელი მზერა ესროლა და ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა დარბაზიდან გასასვლელი სათადარიგო კარისკენ
აარონის ნახვა და მასთან მორიგი საუბარი, ახლა ნამდვილად არ შეეძლო. ჯერ კიდევ სუნთქვა ეკვროდა, როცა ახსენდებოდა, რა მიმზიდველად გამოიყურებოდა დარბაზში შემოსვლისას, მამაკაცი. ლიზაზეც საშინლად ბრაზობდა, მის ზურგს უკან საქმეების ხლართვის გამო, თუმცა დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ იმ მომენტში, ცუდი ზრახვები არ ჰქონია გოგონას.
როგორც იქნა საპირფარეშომდეც მიაღწია და შიგნით შევიდა. გაუხარდა, რადგან იქ, მის გარდა არავინ იყო და თითქოს, შვებითაც ამოისუნთქა. სარკეში დაკვირვებით შეათვალიერა საკუთარი ანარეკლი. იმდენად ლამაზად ადგა ტანზე თავისი ზურგზე ჩახსნილი, მეწამული კაბა, რომ აშკარა კმაყოფილების გამომხატველი ღიმილი მოადგა სახეზე. მერე, მხრებზე ჩამოყრილი, თმის დატალღული ბოლოები გადაიყარა უკან, ტუჩსაცხი ნეკა თითით შეისწორა და კლაჩიდან მობილური ამოაძვრინა. ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო. წვეულებიდან ასე ნაადრევად წასვლა ნამდვილად ეუხერხებულებოდა დავითთან. მიუხედავად იმისა, რომ შინ დაბრუნება ახლა ყველაზე ძალიან სურდა, საკუთარ თავს მაინც ვერ მისცემდა უფლებას ყველაფერი ფეხებზე დაეკიდებინა, ამიტომ, ძალა მოიკრიბა, გონებაში გადაწყვიტა, რომ აარონს ისე მოქცეოდა, როგორც შორეულ ნაცნობს და ამ გადაწყვეტილებით გამხნევებულმა, ის-ის იყო კარიდან გააბიჯა, რომ მოულოდნელად, ვიღაცამ მაჯაში ხელი ჩაავლო, წამებში კედელზე ააკრა და მთელი ტანით გადაეფარა, რათა მცირედი მოძრაობაც ვერ გაეკეთებინა.
-მაინც დაგიჭირე
ანასტასიამ თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, რათა ნანახის სინამდვილეში ბოლომდე დარწმუნებულიყო. არა, არ ცდებოდა, ნამდვილად აარონის ქვიშისფერი თვალები უმზერდნენ და სახეზეც მისი ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა.
-ვერ მეტყვი რას აკეთებ? -გოგონა ყველა ძალას იკრებდა, რათა თავდაჯერებული ტონი ჰქონოდა და გამოსდიოდა კიდეც
-ვცდილობ გავიგო რატომ გამირბიხარ
-იქნებ არ გაგირბივარ და უბრალოდ მინდოდა საპირფარეშოთი მესარგებლა?
-დაგიჯერებდი, მაგრამ არარეალურად მეჩვენება მაინცდამაინც ჩემი დანახვისას რომ მოგინდა მისით სარგებლობა-ეჭვი გამოკრთოდა მამაკაცის მზერიდან -ჰო მართლა, არ ვიცოდი დავითისთვის ამდენად ახლობელი თუ იყავი
-არც მე ვიცოდი აქ თუ შენს სახეს ვიხილავდი
-თორემ არ მოხვიდოდი, არა?
-რატომ გგონია, რომ ამდენად დიდ მნიშვნელობას განიჭებ? -მაშინვე წამოენთო აარონის სიტყვებზე გოგონა -ერთი კოცნის გამო, დღედაღამ შენზე ფიქრს ნუ დამწამებ
აარონს გაეცინა და გოგონას სახეს უფრო მეტად მიუახლოვდა.
-მენატრები, ანნასტასია -ამოიჩურჩულა მან, პირდაპირ მის ყელთან -ვერ ვეგუები იმას, რომ ნელ-ნელა ხელიდან მეცლები . . .
-ჰოო? და რა გინდა გავაკეთოთ, აარონ? ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა? თუ კარგად დაფიქრდები, მიხვდები კიდეც, რომ ჩვენი ურთიერთობის ადრინდელივით გაგრძელება ისეთივე შეუძლებელია, როგორც პალმების ხილვა ანტარქტიდაზე. ძალიან გთხოვ, თავი ჩემგან შორს დაიჭირე და გამუდმებით თვალებში ნუ მეჩხირები -მისგან თავის დახსნა სცადა ამის თქმისას გოგონამ, თუმცა მამაკაცის მკლავებმა არ მისცეს გამოძრავების საშუალება. ამ უკანასკნელს, აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა სურდა და მალევე, ალაპარაკდა კიდეც :
-ახლა მე მომისმენ და დასკვნებს მერე გააკეთებ, კარგი? -მტკიცე იყო აარონის ტონი, ხოლო გამოხედვა, მეტად სერიოზული
ანატასიამ ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ თავი მორჩილად დაექნია და ასეც მოიქცა. მართალია მისი სიახლოვე საშინლად აბნევდა და იქაურობას გაცლა სურდა, თუმცა არც ის აწყობდა მამაკაცის თვალში ქაჯივით გამოსულიყო, ვისთანაც ნორმალური საუბრით ვერაფერს გახდებოდა ადამიანი. ერთის მხრივ კი, თავადაც ინტერესი კლავდა, რას ეტყოდა აარონი.
-დასაწყისისთვის აღვნიშნავ, რომ დღეს თვალისმომჭრელად გამოიყურები -მის ლავიწზე ცერა თითი გადაატარა მამაკაცმა, მერე ყელს აუყვა ნელ-ნელა ზემოთ და გოგონას გულზე დაბნეული, ცრემლის ფორმის მბრწყინავი კულონი ხელში შეათამაშა
-გმადლობ . . . ახლა შეგიძლია მთავარ სათქმელზე გადახვიდე
ამ სიტყვებზე, გოგონას ყელსაბამს ხელი მაშინვე შეუშვა მამაკაცმა. გულში ეღიმებოდა მის მკაცრ ტონსა და იმაზე, თუ როგორ ცდილობდა შინაგანი ემოციების დაფარვას. ჯერ კიდევ არ იცოდა მამაკაცმა, გადალახავდა თუ არა იმ შიშს, რაც ანასტასიას სიყვარულს ახლდა თან, თუმცა ეს ქალი რომ ჰაერივით სჭირდებოდა და მის დაკარგვას ვერ გადაიტანდა, ამაში ასი პროცენტით გახლდათ დარწმუნებული.
-მთავარი სათქმელი ის არის, რომ იმ ღამით შენი სითამამე ძალიან მომეწონა
-ჰოო? რაღაც არ დაგეტყო . . . ისე მიყურებდი, თითქოს მფრინავი თეფშიდან გადმოსული უცოპლანეტელი ვყოფილიყავი
-ეს იმიტომ, რომ მოულოდნელი იყო შენი საქციელი, თუმცა ვაღიარებ, კარგი შეგრძნებები დამიტოვა. დღემდე მახსოვს ამ ტუჩების გემო -თითებით მიეფერა მის ბაგეებს, მამაკაცი
-მეთამაშები არა? -აუტანელმა ტკივილმა დაისადგურეს გოგონას თვალებში -ფიქრობ, ჩემზე მაინც გიჟდება და თუ მასთან სამომავლო ურთიერთობა არ მსურს, თავბრუს მაინც დავახვევო, არა? ჩემგან რა გინდა აარონ? რისი მოსმენა გინდა? რომ შემიყვარდი? ჰო, კარგი, ვაღიარებ, ასეა. ახლა მიდი და აიმაღლე შენი თვითკმაყოფილება ამის გამო. მე, ისედაც ფეხქვეშ გავთელე საკუთარი სიამაყე, მას შემდეგ, რაც შენ გაგიცანი. აი, ზუსტად ამიტომ არ მინდოდა ეს გრძნობა განმეცადა, ზუსტად ამიტომ! ყველა ამბობს, რომ სიყვარული ყველაზე კარგი რამაა ამ ქვეყნად, მაგრამ ერთადერთი, რასაც ის აკეთებს, ისაა, რომ ადამიანს ტვინს ურეცხავს და სულელური ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. ჰოდა მეც გადავდგამ ამ სულელურ ნაბიჯს, გეტყვი, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ! ყოველი შენი ამოსუნთქვა მიყვარს, ყოველი შენი გამოხედვა, ღიმილი! როცა გიყურებ, სისხლიც კი სხვანაირად მოძრაობს ძარღვებში და ამის გამო, ჩემი ერთი ნაწილი შენდამი სიძულვილსაც კი გრძნობს. სიძულვილს იმის გამო, რომ ასე ღრმად გაიდგი ფესვები ჩემს გულში! კმაყოფილი ხარ? ეს გინდოდა, არა? ალბათ ძალიან ამაყობ იმით, რაც გამიკეთე, იმით, რომ მაგ მაცდური შარმით თავბრუ დამახვიე და მზერითაც კი შეგიძლია სუნთქვა შემიკრა. მიპასუხე ასეა, არა?!
-ანნასტასია . . .
-ხმა არ ამოიღო! გადავიფიქრე, არ მინდა რამე მითხრა . . . მართალია ახლა ის ქარი ვარ, რომელიც მხოლოდ შენი მიმართულებით უბერავს, თუმცა ადრე თუ გვიან, მხარეს აუცილებლად შევიცვლი, გონებიდან ამოგიგდებ და ისე განვაგრძობ ცხოვრებას, თითქოს არც არასდროს გიარსებია. დამიჯერე, ამის გაკეთება ოდნავადაც არ გამიჭირდება -მერე მთელი ძალა მოიკრიბა, უხეშად მოიშორა მამაკაცის ხელები, თავის კლაჩს ხელი დაავლო და დარბაზისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა
საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილი აარონი, ერთხანს გაუნძრევლად იდგა და ანასტასიას თითოეულ ნათქვამს სიტყვას იაზრებდა. შეეგუებოდა, რომ გოგონას ოდესმე მართლა გაქრობოდა მისდამი გრძნობები? შეძლებდა ამის მიღებას? პასუხი მხოლოდ ერთი იყო -ვერ შეძლებდა. ეგოისტურად უნდოდა ანასტასიას სიყვარული მხოლოდ მისი ყოფილიყო. არ დაუშვებდა, ოდესმე სხვა კაცისთვის შეეხედა ისე, როგორც იმ ღამით მას უყურებდა, „მინის სასახლეში“. უკვე დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ საკუთარ პრინციპებზეც კი იტყოდა უარს, ყველაფერს ფეხებზე დაიკიდებდა, ოღონდ კი ანასტასია არ გაეშვა თავის ცხოვრებიდან. ამის გაკეთებას, მართლაც რომ ყველაფერი ერჩივნა დედამიწის ზურგზე. მართალია, მამა ყოველთვის ეუბნებოდა, ვინც გიყვარს, ის ადამიანი შენთვის დატენილი იარაღივით საშიშია, მხოლოდ მას შეუძლია გაგანადგუროს, გული ნაწილებად დაგიფლითოს და საშინელ მდგომარეობაში ჩაგაგდოსო, თუმცა ანასტასიას გამო განადგურებისთვისაც მზად იყო, გულის ნაწილებად დაფლეთვისთვისაც და საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნისთვისაც.
აარონმა ღრმად ამოისუნთქა და საკუთარ თავში დარწმუნებული სახით დატოვა ვიწრო დერეფანი. როდესაც კვლავ დარბაზში გადაინაცვლა, იქაურობას დამკვირვებლური მზერა მოავლო. თვალებით კვლავ ანასტასიას ეძებდა, თუმცა გოგონა, ამჯერად იუბილარის გვერდით აღარ იდგა. აღნიშნულ მომენტში, იგი საცეკვაო მოედნისკენ მიჰყვებოდა ვიღაც თეთრ სმოკინგში გამოწყობილ, ქერათმიან ბიჭს და აღარც გამომეტყველებაზე აჩნდა ის დაძაბულობა, რისი მომსწრეც, სულ ცოტა ხნის წინ გახდა აარონი, საპირფარეშოს კართან.
იმ წუთას, სრულიად სხვა ანასტასიას ხედავდა მამაკაცი -ამაყს, მიმზიდველს, საკუთარ თავში დარწმუნებულსა და მამრობითი სქესის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის უზომოდ სასურველს.
თეთრსმოკინგიანმა რომ გოგონა საცეკვაო მოედნამდე მიიყვანა და წელზე ხელები თამამად მოხვია, აარონმა ამ სცენას თვალი სიმწრით აარიდა. წამით იფიქრა, კვლავ იუბილართან საუბრით გადაეტანა ყურადღება, თუმცა მერე მიხვდა, რომ იმ წამს არავისთან დალაპარაკების განწყობა არ ჰქონდა და განმარტოებულ მაგიდასთან დაიკავა ადგილი.
ჭიქას, ჭიქაზე ცლიდა აარონი. ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა მუსიკა, რათა ანასტასიას, უცხო მამაკაცის ხელები მოშორებოდა, თუმცა მისდა საუბედუროდ, მორიგ მელოდიაზეც ისე გადააბეს ცეკვა, თითქოს აქაც არაფერიო. ბოლო წვეთი ის აღმოჩნდა აარონისთვის, როცა იხილა, თუ როგორ მიუტანა თეთრსმოკინგიანმა, გოგონას, ტუჩები ყურთან ახლოს და რაღაც ჩასჩურჩულა. იცოდა, არანაირი უფლება არ ჰქონდა, თუმცა მაინც აღარ შეეძლო ამ ყველაფრის მაყურებელთა რიგებიდან ცქერა. უკვე მოთმინება ეწურებოდა და შამპანიურის ჭიქასაც ისე გამეტებით უჭერდა ხელს, სადაც იყო შემოეფშვნებოდა. ცხოვრებაში არასდროს უმოქმედია ასე ინტრიგულად, თუმცა როდესაც იგრძნო, მეტის მოთმენა მის ძალებს აღემატებოდა, შამპანიური კვლავ მაგიდის ზედაპირზე შემოდო, დარბაზის შუა გულისკენ დაიძრა და როგორც კი მიზანში ამოღებულ მოცეკვავე წყვილს მიუახლოვდა, შორიახლოს მდგომ ლიზას, თვალებით ანიშნა მოსულიყო.
აარონი და ლიზა, ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც დავითსა და აარონს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, მათაც ხშირად უწევდათ ერთმანეთთან კონტაქტი და გასულ ზამთარს, დასასვენებლადაც კი იყვნენ ერთად, მთის კურორტზე, სადაც, მუდამ მოძრავი და პოზიტიური ბატონი დავითის წყალობით, მართლაც არაჩვეულებრივი დრო გაატარეს ორივემ.
-რა იყო? მოხდა რამე? -ლიზამ მართლაც სწრაფად გაიგო მამაკაცის ნამიოკი და წამებში მასთან გაჩნდა. არ გაჰკვირვებია, როცა აარონმა მისი ხელები ყელზე შემოიხვია და მუსიკის რიტმს აყოლილ სხვა წყვილებს შეუერთდა. ბოლოს და ბოლოს, საცეკვაო მოედანზე იყვნენ, სადაც მათ გარდა უძრავად არავინ იდგა
-აი, იმ ტიპს ხედავ, ანასტასიას რომ ეცეკვება?
-ვხედავ, მერე? -იდუმალი ღიმილით ეღიმებოდა ლიზას, რადგან უკვე კარგად ხვდებოდა, რისკენაც წავიდოდა ეს საუბარი
-ნებისმიერ ერთ სურვილს შეგისრულებ, თუ მას თვალთახედვის არეალიდან მომაშორებ
ანასტასია კარგად ამჩნევდა დანარჩენ წყვილებს შორის მოცეკვავე ლიზასა და აარონს, თუმცა ცდილობდა მათთვის ყურადღება ნაკლებად მიექცია.
-ნებისმიერ სურვილს? -გოგონა კიდევ ერთხელ ჩაეკითხა გადასამოწმებლად
-ნებისმიერს
-მაშინ, ამ ზაფხულს, იმ შენს სიმპათიურ გერმანელ მეგობარს დაპატიჟებ თბილისში, ვინც, გასულ წელს, მთის კურორტზე დასვენებისას გყავდა წამოყვანილი. მარტო დაპატიჟება საკმარისი არაა, ჩამოსვლის დღეს ეტყვი, რომ შენი სახლი წყალმა დატბორა და რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ პრობლემები მოგვარდება, ჩემს ბინაში დაასახლებ . . . იქ უკვე თავად მივხედავ. დედაჩემსაც რამეს მოვუხერხებ, რათა ცოტა ხნით დასასვენებლად გავუშვა და მასთან მარტო დავრჩე
-ჰენრიზე ამბობ? -გოგონას სიტყვებმა ღიმილი მოჰგვარა აარონს -ასეთი რა შთაბეჭდილება მოახდინა დღემდე რომ გახსოვს?
-ეგ, ჩვენ ორს გვეხება, საყვარელო -თვალი ჩაუკრა ლიზამ, ამ სიტყვების ბოლოს -აბა, რას იტყვი, მოვილაპარაკეთ?
-მოვილაპარაკეთ -მერე დაფიქრდა და დაამატა -ისე, არ ვიცოდი ანასტასია შენი მეგობარი თუ იყო
-ნუ ღელავ, ბოლო შვიდი წელი არც მე ვიცოდი
-ანუ? -აშკარად დააბნია აარონი მისმა სიტყვებმა
-არაფერი, ჩემთვის ვთქვი რაღაც -გოგონამ, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, რადგან თვლიდა, რომ ამ საკითხზე ლაპარაკის უფლება, თავად მას არ ჰქონდა. აღნიშნული თემა ანასტასიას ეხებოდა და იტყოდა თუ არა რამეს, მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო -აი, მიმტანიც მოდის, მგონი სწორედ დროული იყო
-რას აპირებ? -აარონმა ლანგრით ხელში მომავალ ბაფთიანს შეხედა. ეს უკანასკნელი, მოცეკვავე წყვილებს შორის ოსტატურად მოძვრებოდა და მათ დახელოვნებულივით უქცევდა გვერდს, რათა სასურველ ადგილამდე მიეღწია
-უბრალოდ მიყურე და ისწავლე, ქალდანო -ამ სიტყვებით, ლიზამ, პარტნიორის კისერზე მოხვეული ხელები ძირს ჩამოიღო, იმ წამს, მათ გვერდით ჩავლილ ოფიციანტს სინიდან მოჰიტოს ჭიქა ააცალა და ისე სწრაფად დაიძრა ანასტასიასკენ, რომ აარონმა გააზრებაც ვერ მოასწრო. სულ რამდენიმე წამიც და ლიზა უკვე ცარიელი ჭიქით ხელში იდგა, მისი შიგთავსი მთლიანად თეთრსმოკინგიანისთვის გადაესხა და მოჩვენებითი მწუხარებით უხდიდა ბოდიშს საკუთარი მოუხერხებლობის გამო
როგორც კი სიტუაციის არსი ბოლომდე გაიაზრა, კმაყოფილების ღიმილი მოჰგვარა აარონს, გოგონას მოხერხებულობამ. ახლა უკვე მისი მოქმედების დრო იყო, ამიტომ, მეტად აღარც დაუყოვნებია, წამსვე ანასტასიასთან გაჩნდა, მკლავში ხელი ჩაავლო, ოდნავ გვერდზე გაიყვანა და ყურში შემდეგი სიტყვები ჩასჩურჩულა :
-აირჩიე, ან შენი ნებით მომყვები, ან ზურგზე გადაკიდებულს გაგიყვან აქედან
-სულ გაგიჟდი ხომ? შენ რა, სხვა საქმე არ გაქვს?
-მაქვს, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია
-აარონ, ხელი გამიშვი!
მიუხედავად გოგონას კატეგორიული ტონისა, მამაკაცი კვლავაც ურყევად დადგა თავის პოზიციაზე.
-ანასტასია, ისედაც ყველა ჩვენ გვიყურებს, სამ თვლაზე თუ არჩევანი გაკეთებული არ გექნება, ინტერნეტ-სტატიების გარეკანზე მოვხვდებით, მეტად სკანდალური სათაურებით
გოგონამ, დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა-ამოისუნთქა. მამაკაცის თვალებში ყურებისას, რწმუნდებოდა, რომ ეს უკანასკნელი მართლა იყო რაღაც სიგიჟის ჩამდენი, ამიტომ, წინააღმდეგობის გაწევას, ისევ თეთრი დროშის აღმართვა ამჯობინა და თავისი მკლავი, მისი ხელიდან სხვებისგან შეუმჩნევლად გამოაძვრინა :
-კარგი, ამჯერად დაგითმობ, თუმცა შენც და ლიზამაც იცოდეთ, რომ ოდესმე ამ სპექტაკლის დადგმისთვის, სამაგიეროს გადაგიხდით . . .








* * *

-აქ რა გვინდა? -ქალაქის გარეუბანში მდებარე, ლამაზ, ორსართულიან სახლს ააყოლა თვალი ანასტასიამ, საქარე მინიდან და აარონს, კითხვის ნიშნებით სავსე მზერით შეხედა
რაც წვეულებიდან წამოვიდნენ, ოცი წუთის განმავლობაში უხმოდ იარეს და ერთმანეთისთვის, სიტყვაც კი არ უთქვამთ. მხოლოდ ახლა დაირღვა დიდხნიანი დუმილი, სქელ ნისლად რომ გაწოლილიყო მათ თავზე და ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა, არც ერთ მათგანს.
-ვფიქრობ, აქ უფრო მშვიდად ვისაუბრებთ
აარონს, მეტად აღარაფერი უთქვამს. ჯერ თავად გადავიდა მანქანიდან, შემდეგ კი, ანასტასიას მხარეს გამოაღო კარები და ხელი გაუწოდა.
-წამოდი
-გმადლობ, თავადაც შემიძლია მანქანიდან გადმოსვლა -მამაკაცის გამოწვდილი მარჯვენა დააიგნორა და ასფალტზე, პირველად მარჯვენა ფეხი გადმოდგა. ამ დროს, მისი თეძომდე ჩაჭრილი კაბა, ბოლომდე გაიხსნა და ცალი ფეხი მთლიანად მოუშიშვლა. აარონმა, ამჯერადაც მზერა აარიდა. უბრალოდ, არ შეეძლო ამ ყველაფრის გულგრილად ყურება
-არ გცივა? -ისე, სხვათაშორის ჰკითხა, თან კაბაზე ანიშნა მზერით
-შენ არ ინერვიულო, კარგად ვარ . . .
ეზოში ისევე უხმოდ შევიდნენ, როგორც მთელი მგზავრობის განმავლობაში იყვნენ. იქაურობას, მთელ სიგრძეზე, ზემოდან ფოთლებით დაფარული ხეივანი მიუყვებოდა, რაც ჩინური სტილის ნათურებით იყო განათებული.
სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში, თუ დაკვირვებით შეათვალიერებდა ყველაფერს ანასტასია, ახლა, ქვით მოკირწყლულ გზას, არაფრისმთქმელი მზერით მიუყვებოდა. ვერ გაეგო, რატომ წამოიყვანა აარონმა ამ ადგილას, ან, რაზე უნდა ესაუბრათ ასე განცალკევებით. იმედს იტოვებდა, ამ კითხვებზე პასუხებს, სახლში შესვლის შემდეგ მოისმენდა.
ხეივანი რომ ბოლომდე გაიარეს, მამაკაცი სახლის ოთხსაფეხურიან კიბეს მიადგა, იგი სწრაფად აირბინა და დიდი, ყვავილის ქოთნიდან ამოღებული გასაღები, საკეტს სწრაფად მოარგო.
-ასეთი სახე ნუ გაქვს, შენს შეჭმას არ ვაპირებ -ანასტასიას მიუტრიალდა კარის გაღების პარალელურად
-შიშით ნამდვილად არ მეშინია, უბრალოდ ძალიან ცოტა დრო მაქვს და შეეცადე მალე მითხრა, რისი თქმაც გინდა
-იქნებ, ჯერ შევსულიყავით -იმ წამს გაღებული კარიდან გამოჩენილი დერეფნისკენ ანიშნა თავით
ანასტასიას სხვა გზა აღარ დარჩენოდა იმის გარდა, რომ ამაზეც დათანხმებულიყო. რახან აქ მოვიდა, ბარემ მოუსმენდა კიდეც და შემდეგ ისე გააგრძელებდა ცხოვრებას, თითქოს აარონთან ერთი წამიც კი არასოდეს გაეტარებინა. მთელ ძალებს მოიკრებდა, რათა ეს უმოკლეს ვადებში მოეხერხებინა.
სახლში საკმაოდ თბილოდა. ქუჩაში გამეფებულ სიცივესთან შედარებით, აქაურობა მართლაც რომ საუნას მოგაგონებდათ. გოგონა, ამჯერადაც არ ათვალიერებდა სახლს და მისაღები ოთახისკენ დაძრულ მამაკაცს მიჰყვებოდა უკან. გრძელი, საღამოს კაბა სიარულში ხელს უშლიდა, ამიტომ მისი ბოლო ცალი ხელით დაიჭირა და გზა ისე განაგრძო.
სახლი იმდენად დიდი იყო, მისაღებში გასვლას დაახლოებით წუთნახევარი მოანდომეს. ერთ უზარმაზარ ლაბირინთს ჰგავდა იქაურობა, სადაც დაკარგვაც კი შეიძლებოდა საიმედო ექსკურსიამძღოლის გარეშე.
-ეს ბუხარი ვინ დაანთო? -ლოგიკური კითხვა გაუჩნდა გოგონას, როგორც კი ცეცხლის ენებით აბრიალებულ, ხმელ შეშებს მოჰკრა თვალი
-ქალი, ვინც ამ სახლს ალაგებს, აქვე ცხოვრობს. მანქანაში რომ ვიჯექით, მივწერე გათბობა ჩაერთო და როგორც ჩანს, ბუხარიც დაუნთია
-კარგი, ერთ კითხვაზე უკე მიპასუხე. ახლა დროა დანარჩენებსაც მოუხერხო რამე -ანასტასიას სახეზე, მოუთმნელობა იკითხებოდა. ამას ოდნავი შიშიც ახლდა. შიში იმისა, რომ აარონი მისი გრძნობებით ისარგებლებდა და თავბრუს დაახვევდა. როგორც ჩანს, მამაკაცმაც შეძლო მის მზერაში ამ ყველაფრის ამოკითხვა და სახეზე ოდნავი ღიმილი მოადგა :
-ნუ ღელავ, აქ ცუდი ზრახვებით არ მომიყვანიხარ -სცადა სიტყვებით დაემშვიდებინა, მერე კი, რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა და მისი სახე ხელის გულებში მოიქცია -უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ იმ ღამით შენზე უარის თქმა ყველაზე ნაკლებად მინდოდა
ანასტასიამ, გამშრალ ყელში ნერწყვი გადააგორა.
-აარონ, აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი . . . შენ უკვე ყველაფერი გასაგებად ამიხსენი და მეც გავიგე. ვერ ვხვდები, ისევ ერთსა და იმავე ადგილს რატომ ტკეპნი?
-არ შემიძლია, ანნასტასია -თვალებდახუჭულმა მიუახლოვა ცხვირი მის ლოყას და სურნელი ღრმად შეისუნთქა -არ შემიძლია სხვა კაცის მკლავებში გხედავდე და ამას მშვიდად ვუყურებდე. თითქოს სუნთქვა მეკვრის, როცა ვუყურებ როგორ გეხება სხვა. დღესაც ლამის ჭკუიდან გადავედი
-საერთოდ რაზე ლაპარაკობ? -ეჭვიანად ჩაეკითხა გოგონა -შენ უფლება არ გაქვს მიმითითო! სხეული ჩემია და ვისაც მინდა იმას ვაჩუქებ!
-გაჩუმდი -მაშინვე ააფარა ტუჩებზე თითი -გთხოვ, ეს მეორედ აღარ თქვა
-და რომ ვთქვა? -ნელ-ნელა ხმას უწევდა ანასტასია -რომ ვთქვა რას იზამ? საერთოდ ვინ ხარ? რა უფლებით მოგყავარ აქ და რა უფლებით მიწესებ კონტროლს, ვინ გამეკარება და ვინ, არა? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემზე უარი თქვი და ისე მომიშორე, როგორც უკანასკნელი ნაგავი. ცარიელი ვიზუალი არაფერში მჭირდებაო, არა? მგონი, ეს შენი სიტყვები იყო, თუ ვცდები?
-არა, არ ცდები -თავი ჩახარა მამაკაცმა და ისე მიუგო. იმ წამს, ყოველი თავისი ნათქვამი სიტყვა ისე სტკიოდა, როგორც, ანასტასიას ატკინა იმ ღამით
-ჰოდა თუ ასეა, განსახილველი რაღა გვაქვს? -მის მკლავებში აფართხალდა, რათა თავი დაეძვრინა, თუმცა აარონმა, ამჯერად წელზე შემოაჭდო მკლავები და სხეულზე ისე აიკრა, რომ მათ შორის მაძილი, ერთი სანტიმეტრის ქვემოთ დაიყვანა
-სათქმელი კიდევ გვაქვს, ანნასტასია -მიუგო ჩურჩულით მამაკაცმა და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა აქაც, გოგონამ გააწყვეტინა :
-რა გვაქვს? რა გვაქვს სათქმელი? იმ ღამით საკმარისად ვერ დამამცირე და დღეს გინდა განაგრძო?
-გაჩუმდი . . .
-არ გავჩუმდები! თუ ახლავე არ გამიშვებ, ყვირილს დავიწყებ და მთელს შენს სამეზობლოს არ შევყრი!
-ანნასტასია, გეყოფა . . .
-თქვი ბოლოს და ბოლოს რისი თქმაც გინდა და გამათავისუფლე!
გოგონას თვალებში იმოდენა ბრაზის ცეცხლი იდგა, როგორიც აქამდე არასდროს უნახავს აარონს. მეტად გაჭიანურება აღარ შეიძლებოდა. ამ გაურკვევლობისთვის, ახლავე უნდა დაესვა დიდი, შავი წერტილი და ასეც მოიქცა :
-სიტყვებით არაფერს გეტყვი -თქვა მან, შექმნილი სიტუაციისთვის მეტად გასაკვირი სიმშვიდით -უბრალოდ მოქმედებით გაგრძნობინებ
-მოქმედებით?
-ჰო, მოქმედებით . . . იმაში აგყვები, რაშიც თავის დროზე უნდა აგყოლოდი და არაფერი გავაკეთე
ამ სიტყვებისთვის, მეტად აღარანაირი განმარტება არ მოუყოლებია აარონს, უბრალოდ გოგონას თავს ზემოთ გაუკავა ხელები და სანამ ეს უკანაკსნელი რამის თქმას მოასწრებდა, ბაგეებზე მოწყურებული დააცხრა.
კოცნამ, თავბრუსვევის შეგრძნება მოჰგვარა გოგონას. როგორც არ სურდა იმ წამს, აარონის ბაგეების მოძრაობას აჰყოლოდა, თუმცა იმდენად დიდი ჟრუანტელი დაურბოდა მთელს სხეულში, თავადაც ვერ გაიაზრა, ისე შემოხვია მკლავები მამაკაცის კისერს და მისი ტუჩების დაგემოვნებას თავადაც მთელი მონდომებით შეუდგა.
სუნთქვის მარაგის ამოწურვამდე კოცნიდნენ ერთმანეთს. მხოლოდ მაშინ გაჩერდნენ, როცა ჰაერის უკმარისობა ორივესთვის გახდა საგრძნობი. ანასტასიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი ახმაურებული გული ლამის კედლებს გამოანგრევდა. ყურებში სისხლის მოძრაობის ხმაც ესმოდა იმ წამს და მთელი სხეულით ხურდა.
-აარონ . . . -ჩუმი ოხვრით აღმოხდა მამაკაცის სახელი გოგონას -ჩემგან რა გინდა?
-მინდა, რომ გიყვარდე -იყო პასუხი
- .....
-ანნასტასია
-გისმენ
-შესაბამისად გადმოგეცი მოქმედებით სათქმელი თუ სიტყვების მოსმენაც გინდა?
გოგონამ პასუხი არ გასცა. კვლავ სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა იმ წამს, თუმცა მამაკაცის სიახლოვისგან გაბრუებული, ამას ნამდვილად ვერ ახერხებდა.
-როგორც ჩანს ვერ გადმოგეცი -ბოლოს, თავადვე გასცა პასუხი საკუთარ შეკითხვას, აარონმა და ოდნავ გაეღიმა -თავი ასწიე, თვალები გაახილე და შემომხედე!
გოგონამ მაშინვე აასრულა მისი თხოვნა, რომელიც ბრძანებასავით უფრო ჟღერდა.
-აი ასე, ახლა კი კარგად დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი -კვლავ მის სახის კანს ეფერებოდა აარონი -რაც არ უნდა მეთქვა შენთვის იმ ღამით, უბრალოდ დაივიწყე . . . სიმართლე ისაა, რომ საკუთარი თავის გარდა არავისთვის მემეტები და მინდა ბოლომდე ჩემი იყო . . . არ გეტყვი, რომ მიყვარხარ, რადგან ეს ძალიან ცოტაა . . . შენ, ბევრად მეტი ხარ ჩემთვის იმასთან შედარებით, რასაც სიტყვა „სიყვარული“ იტევს. მე, უბრალოდ შეპყრობილი ვარ შენით ანნასტასია მარგიანო! მაგიჟებ . . .ყველა ასპექტში და კონტექსტში მაგიჟებ და ამას ვერ ვებრძვი. ბევრი ვეცადე, თუმცა არ გამომივიდა. ვერ შევძელი და შენს ცდუნებას ვერ გავუძელი
მამაკაცმა, ანასტასია მოატრიალა და მის ზურგზე აატარა ტუჩები. აარონის ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა გოგონას კანზე და სიამოვნების ოხვრას ძლივს იკავებდა.
-გთხოვ, შეწყვიტე -განწირული ხმით ამოთქვა მან -გევედრები, არ გინდა
მიუხედავად ამისა, აარონი მაინც ვერ წყვეტდა მის მოფერებას.
-ოღონდ ახლა ნუ შემაჩერებ, გთხოვ . . . . გეფიცები, არაფერს მოვიმოქმედებ, თუ შენ ამიკრძალავ, მაგრამ ეს არ გააკეთო ანნასტასია -მერე თავისკენ მოაბრუნა გოგონა, ქვედა ტუჩზე ცერა თითი გადაუტარა და სახე იმდენად მიუახლოვა, რომ ლამის წამწამებით ეხებოდნენ ერთმანეთს
-არ მჯერა
-რისი არ გჯერა? -ამჯერად, თვალთან ახლოს აკოცა და ნელ-ნელა ქვემოთ ჩაუყვა მამაკაცი
-იმის, რასაც მთელი სხეულით ვგრძნობ შენთან ყოფნისას. ეს, რაღაც არარეალურია
-რეალურია -მიუგო და ოდნავ შეეხო ტუჩებზე აარონი -იმდენადვე რეალურია, როგორც ის, რომ ახლა შენს წინ ვდგავარ
ბუხრიდან ხმელი შეშის ტკაცუნი ისმოდა. საამოდ თბილოდა მთელს ოთახში, თუმცა ანასტასია, მამაკაცის სიახლოვისგან უფრო ხურდა, ვიდრე ცეცხლის ენებისგან წამოსული სითბოსგან.
ბუნდოვნად იგრძნო გოგონამ, თუ როგორ შეიხსნა მისი კაბის ელვაშესაკრავი და სულ მალე, აარონის წინ მხოლოდ შიდა თეთრეულით იდგა.
ანთებული თვალებით უყურებდა მამაკაცი, სასურველი ქალის სხეულს. ლავიწის ძვალზე რომ მიაკტო ტუჩები და კვლავ თვალებში ჩახედა, ანასტასიამ კისერზე ორივე ხელი მოხვია. მამაკაცის სხეულისგან წამოსულ სითბოს, უკვე ყოველი უჯრედით გრძნობდა და ამას, სადღაც არარეალურ სამყაროში გადაჰყავდა ის.
მერე აარონის ტუჩების ნაზი შეხება იგრძნო საკუთარ ბაგეებზე. მამაკაცმა წელზე ხელის მოხვევით მიიზიდა გოგონა თავისკენ, ოთახის შუა გულისკენ ისე წაიყვანა, რომ კოცნა არ შეუწყვეტია და იქვე, მისაღებში გაფენილ ფუმფულა ხალიჩაზე ჩაიმუხლა, მასთან ერთად.
იმ წამს, უკვე ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ მიუხედავად თავისი პრინციპებისა და შეხედულებებისა, ეს ქალი ჰაერივით სჭირდებოდა. მზად იყო ეტანჯა კიდეც, ტკივილიც აეტანა და ისიც, რომ ანასტასია მუდამ თავის კარიერას დააყენებდა ყველაფერზე წინ. მთავარი იყო მის სიახლოვეს იქნებოდა და არავის დაუთმობდა. ვერ შეეგუებოდა, რომ თავისთვის საყვარელ ქალს, ოდესმე სხვა მამაკაცი შეხებოდა. ეს უბრალოდ არ შეეძლო.
-ანნასტასია…
-გისმენ -მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა გოგონამ და ლოყაზე ნაზად აკოცა
-იქნები სამუდამოდ ჩემი?
გოგონას წამიც კი არ დასჭირვებია, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად :
-მე უკვე ისედაც შენი ვარ, აარონ, გაცნობის პირველივე დღიდან ასეა და მუდამ ასე დარჩება
ცეცხლის ენები კვლავ უწინდებურად ანათებდნენ ჩაბნელებულ ოთახს. ბუხარში შეშა კვლავ საამოდ ტკაცუნებდა, თუმცა ანასტასიასა და აარონს, აღარაფერი ესმოდათ ერთმანეთის სხეულის ენის გარდა, რომლითაც მთელი იმ გრძნობის დაუფარავად გამოხატვას ცდილობდნენ, რაც კი გულში ჰქონდათ დაგროვებული, ამდენი ხნის მანძილზე.




* * *
ანასტასია ხალიჩაზე გულდაღმა იწვა და მძინარე აარონის ზურგზე თითებს ნაზად დაატარებდა.
ჯერ კიდევ მთელ სხეულზე ჰქონდა შემორჩენილი მისი სურნელი, ტუჩების გემო, ის შეგრძნებები, რასაც ცოტა ხნის წინ განიცდიდა და სიამოვნებისგან ეღიმებოდა. ცხოვრებაში პირველად გრძნობდა ასე ცხადად, თუ რას ნიშნავდა სიტყვა ბედნიერება. ამ წუთას, სამყარო ისეთი ლამაზი ეჩვენებოდა, როგორც არასდროს და უნდოდა ეს განცდები მთელი დარჩენილი დროის მანძილზე გაჰყოლოდა.
მხოლოდ ერთი რამ უშლიდა სრულყოფილ ბედნიერებამდე მიღწევაში გოგონას. აარონისთვის ჯერაც არ ჰქონდა მოყოლილი, წლების წინ, დემეტრესთან თავს გადამხდარი ამბავი. ანასტასიასთვის, ურთიერთობა, გულწრფელობაზე იყო დამყარებული, ამიტომ, ამ ამბის დამალვა არც უფიქრია. უბრალოდ, ახლა და ამ სიტუაციაში, არ სურდა ლამაზი წუთების დაძაბული ამბებით გაფუჭება. დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ აღნიშნულ თემას, აუცილებლად წამოჭრიდა და სიმართლეს ეტყოდა აარონს, თუმცა არა აქ და არა, ახლა.
გოგონა მამაკაცის მძინარე სახეს დააკვირდა. ბავშვივით უშფოთველად სუნთქავდა აარონი. რამდენიმე წამის განმავლობაში ასე უყურა, შემდეგ კი, როდესაც საყვარელ ადამიანთან სიახლოვის სურვილმა დასაშვებს გადააჭარბა, მისკენ გადაიხარა და ლოყაზე მხურვალე კოცნის კვალი დაუტოვა. გაეღიმა იმის დანახვისას, თუ როგორ ზანტად გაახილა თვალები მამაკაცმა და ამჯერად, მის ბაგეებს შეეხო ნაზად, რათა საბოლოოდ გამოეფხიზლებინა.
-ძილსაც არ მაცლი არა? -ოდნავ ჩაეცინა მამაკაცს და ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა აბურდულ თმაზე გადაისვა ხელი
-სანამ შენ გძინავს, მე რა ვაკეთო?
-ჰო, ეგ არ გამხსენებია -ამჯერად, ბოლომდე გაახილა თვალები, გოგონას ზემოდან გადააწვა და ტუჩები დაუკოცნა -იცი, რა სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ მხოლოდ ჩემი ხარ?
-კიდევ რა არის სასიამოვნო? -თვალებში უტეხად უყურებდა ანასტასია და ამით უფრო მეტად იწვევდა მამაკაცს
-კიდევ შენი სხეულია სასიამოვნო, ჩემს შეხებაზე აჩქარებული შენი სუნთქვის მოსმენა და კიდევ აი ეს -ბაგეებზე გადაუტარა თითები აარონმა -ესენი ყველაზე მეტად მიყვარს
-ზედმეტად ლამაზია ეს ყველაფერი იმისთვის, რათა რეალობა იყოს
-რეალობა, ანნასტასია -გაეღიმა მამაკაცს, თან შუბლზე აკოცა -მე, შენთან ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. შეიძლება არასდროს მოგინდეს ჩემთან მთელი ცხოვრების დაკავშირება და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ურთიერთობის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანა, თუმცა მზად ვარ ესეც მივიღო. ძალას მოვიკრებ და ამასაც შევეგუები
გოგონას ეუცნაურა მამაკაცის ნათქვამი. ვერ მიხვდა, თუ რას გულისხმობდა თავის სიტყვებში, ამიტომ ეს არც დაუმალავს :
-რას ნიშნავს ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანა? ან, შენთან მთელი ცხოვრების დაკავშირება რატომ არ უნდა მომინდეს?
-შენ კარიერა გაქვს, ანნასტასია -ღრმად ამოიხვნეშა მამაკაცმა და თავი გოგნას მკერდს დაადო -ვიცი, რომ შენთვის სწორედ ეს დგას ყველაფერზე მაღლა და ცხოვრებისეულ დანიშნულებადაც კარიერული მწვერვალების დაპყრობას მიიჩნევ
გოგონა თითქოს რაღაცას მიხვდა. ნაწილობრივ, გააცნობიერა, რატომ არ გაიკარა თავდაპირველად ახლოს მამაკაცმა, თუმცა ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უბრალოდ მის ლოყას ხელი ნაზად ჩამოუსვა და თავდაჯერებული ტონით უთხრა :
-ჩემთვის, ყველაზე და ყველაფერზე წინ, შენ დგახარ . . . კარიერა, პოდიუმი და ყველაფერი ამდაგვარი, მეორეხარისხოვანია. თუ შენ არ იქნები, არც ისინი მჭირდება
-დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში?
-ასი პროცენტით
ადვილი შესამჩნევი იყო ის კმაყოფილება, რაც მამაკაცს ჩაუდგა თვალებში ამ პასუხის მოსმენისას. თურმე რა სულელური ყოფილა ის მოსაზრება, მთელი ამ დროის მანძილზე რომ უღრღნიდა გულს და გონებასაც უწამლავდა. ახლანდელი გამოსახედიდან, იდიოტადაც კი თვლიდა საკუთარ თავს, რადგან წარსულის ჭრილობას, კინაღამ მომავლის დანგრევის უფლება მისცა.
-ანნასტასია -სიყვარულით ჩაილაპარაკა მისი სახელი და გოგონას თმების სურნელი ხარბად შეისუნთქა, შემდეგ კისერს აუყვა კოცნით და ტუჩებთან რომ გაჩერდა, იქვე ამოიჩურჩულა -ყველაზე კარგი რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში. იცი? იმ დღეს, როდესაც პირველად მაკოცე, იფიქრე, რომ ჩემზე ამას არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, არა?
-და სხვანაირად იყო?
მამაკაცმა ღრმად ამოიოხრა და ამჯერად, თავის ზემოდან მოიქცია გოგონა.
-არც კი იცი, რამხელა ნებისყოფად დამიჯდა, რათა შენთვის ხელი მეკრა და დაწყებული შემეწყვიტა. დღემდე მიკვირს ეს როგორ შევძელი -თან ესაუბრებოდა, თან მის მოშიშვლებულ ზურგზე დაატარებდა თითებს მამაკაცი
-თუ ასეა, მეც მაქვს ერთი რამ სათქმელი
-მაინც?
-„მინის სასახლეში“ ერთმანეთს მეორედ ვაკოცეთ . . . პირველი საავადმყოფოში იყო, თუმცა შენ ეს სიზმრად ჩათვალე, რადგან უგონოდ იყავი
აარონი ამას მართლა არ მოელოდა. მართალია, ახლაც ახსოვდა, თუ რამდენად რეალობასთან მიახლოებული შეგრძნებები დაეუფლა გამოღვიძებულზე, თუმცა აშკარად ვერ იფიქრებდა. რომ ანასტასიამ ეს მართლა გააკეთა.
-აჰა, ესე იგი, ჩემი სისუსტით ისარგებლე და შენი სურვილები დაიკმაყოფილე, არა?
გოგონას გაეცინა და ხუმრობაში თავადაც აჰყვა.
-მაპატიე, მეტს აღარ ვიზამ, გპირდები
-არა, მაგას ნუ მეტყვი
-რატომ?
-იმიტომ, რომ მინდა ყველაფერი გამიკეთო, რაც ამ წამს თავში გიტრიალებს
-დარწმუნებული ხარ? -ეჭვით დააწვრილა თვალები ამ კითხვის დასმისას, ანასტასიამ
-რისკზე წასვლა მიყვარს, ამიტომ, ჰო
გოგონამ თითები ნიკაპზე აათამაშა, ფიქრის ნიშნად. რამდენიმე წამის განმავლობაში, თავში აზრებს ალაგებდა. შემდეგ სახეზე ჩამოყრილი თმა გადაიყარა, მამაკაცის სხეულიდან წამოიწია, მუხლებზე დადგა და მას ზემოდან დააშტერდა.
ლამის სუნთქვა გაუჭირდა აარონს, იმდენად მომაჯადოებელი იყო იმ წამს, ანასტასია. გრძელი, წელამდე ჩამოშლილი თმა, ლამაზად ფარავდა მის მკერდს, სახეზე მაცდუნებელი გამომეტყველება ედო, თვალები კი, ისე უნათებდა, თითქოს მათ მიღმა ვიღაცამ ძვირფასი ქვები დამალაო.
-წამომყევი -ხელი გაუწოდა მან, მამაკაცს
-სად მივდივართ?
-როცა აქ გავიღვიძე, სახლის ჩრდილოეთ მხარეს დახურული აუზები დავინახე. მინდა, მასში ვიბანავო, შენთან ერთად
-ხუმრობ? ეგ წყალი გაყინულია, ანნასტასია
-არა უშავს, ერთმანეთს თავად გავათბობთ -ფეხზე წამოდგა, ტანზე მამაკაცის სვიტერი გადაიცვა და გასასვლელი კარისკენ ისე წავიდა, აარონისკენ ერთხელაც აღარ მოუხედავს. ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ მამაკაცი უკან გამოჰყვებოდა და როგორც კი ზურგიდან ნაბიჯების ხმა მისწვდა მის ყურთასმენას, ბაგეები კმაყოფილების ღიმილმა გაუპო.







8 8 8 8

დილით გაღვიძებულ ანასტასიას, პირველად თვალებში ის კადრი მოხვდა, თუ როგორ მოფარფატებდნენ ნაცრისფერი ციდან, მუშტის ზომის, ქათქათა ფანტელები.
ყოველთვის ძალიან უყვარდა თოვლი და თეთრად გადაპენტილი გარემოს ცქერა. ბავშვობაში, როდესაც გათოვდებოდა, ერთი ამოკვიატებული ჩვევა ჰქონდა- ყოველთვის სარკმელთან დგებოდა, ხელებს განზე, შლიდა, ზემოთ აიხედავდა და მუდამ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ცაში მიფრინავდა.
შორეული წლების ტკბილმა მოგონებებმა, სახეზე ღიმილი მოჰგვარეს გოგონას. ამინდით ნასიამოვნები, საწოლში მოხერხებულად გადატრიალდა, ცალი ფეხი მუხლში მოხარა, ხელები ბალიშის ქვეშ ამოაწყო და თვალები კვლავ დახუჭა.
აარონი მის გვერდით აღარ იწვა. უკვე მეოთხე დღე გათენდა, რაც ამ სახლში, სრულიად მარტონი იყვნენ და თითოეულ წამს, ერთმანეთით იყვნენ დაკავებულები. ჯადოსნური იყო საყვარელ მამაკაცთან გატარებული თითოეული წამი ანასტასიასთვის. რაც უფრო მეტ დროს ატარებდა მასთან, მით უფრო ნარკოტიკივით უჯდებოდა ორგანიმზში აარონთან სიახლოვის სურვილი, მამაკაცის აუხსნელი შარმი და მისი ქვიშისფერი თვალებიდან გადმოღვრილი დამაბნეველი მზერა, ჯერაც ისევე აგიჟებდა, როგორც მაშინ, როცა ჯერ კიდევ თავისთვის მიუწვდომელ ვარსკვლავად ესახებოდა იგი. სრულყოფილებას განიცდიდა მასთან ყოფნისას ანასტასია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ზღაპრის პერსონაჟივით ფუმფულა ღრუბლებზე დააბიჯებდა და მიწაზე დაბრუნება ყველაზე ნაკლებად სურდა.
გოგონამ თვალები კვლავ გაახილა და აარონის ბალიში გულში ჩაიხუტა. ამ უკანასკნელს, ჯერ კიდე შემორჩენოდა მამაკაცის სურნელი. როგორ უყვარდა ეს არომატი ანასტასიას. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, აარონის ყელში თავჩარგული მხოლოდ იმიტომ იძინებდა, რომ ამ სასიამოვნო სურნელის თანხლებით გადასულიყო სიზმრების სამყაროში.
ანასტასიასგან განსხვავებით, მამაკაცი მუდამ ადრიანად ადგომას ამჯობინებდა. ბევრჯერ შეუფხიზლებია ბურანში მყოფი გოგონა მის მოფერებასა თუ კოცნას, რაზეც ნეტარებისგან ეღიმებოდა ხოლმე და შემდეგ, კვლავ ძილს აგრძელებდა. მხოლოდ მაშინ იღვიძებდა საბოლოოდ, როდესაც საათის ისრები ათს გადაცდებოდნენ და მისაღებში გასულს, მუდამ აარონის ხელით მომზადებული საუზმე ხვდებოდა, სამზარეულოს მაგიდაზე.
მსხვილი, რძისფერი ფიფქები, კვლავ ფარფატით ეშვებოდნენ და თავისი ცივი საბნით ფარავდნენ დედამიწას. ოთახში, ხმელი შეშებით აგიზგიზებული ბუხრის გამო, სასიამოვნო სითბო იდგა. ცეცხლის ენები, ერთმანეთში იხლართებოდნენ, განუწყვეტლივ მოძრაობდნენ და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, თითქოს რაიმე კონკრეტულ ცეკვას ასრულებენო.
ტუმბოზე დატოვებულ, Rolex-ის ფირმის, აარონის მაჯის საათზე, დრო შეამოწმა ანასტასიამ. უკვე თერთმეტის ათი წუთი იყო, ის კი, კვლავ ლოგინში განაგრძობდა ნებივრობას. აღარ მოუნდა ასე გაგრძელება. ძილი ნამდვილად არ დაჰკლებია, თან მარტო ყოფნაც მობეზრდა, ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია, შიშველი ფეხები ხის, პრიალა იატაკზე გადმოდგა, კარადასთან მიირბინა, აარონის მრავალრიცხოვანი ტანისამოსიდან, ხაკისფერი პერანგი ამოარჩია, სხეულზე სწრაფად შემოიცვა, ღილები სანახევროდ შეიკრა, ხოლო დარჩენილ ნაწილს, ბოლოებში ხელი მოჰკიდა და ტოპის მსგავსად გადაინასკვა მუცელთან.
წელს ქვემოთ აღარაფერი ჩაუცვამს გოგონას, თმა სახელდახელოდ გაისწორა სარკეში, აბაზანაში შესულმა კბილები სწრაფად გამოიხეხა, სახეზე წყალი შეისხა და როგორც კი დილის პროცედურებს საბოლოოდ მორჩა, საძინებელი ოთახიც დატოვა.
აარონი, მისაღებში დაუხვდა, ბუხართან. წელს ზემოთ შიშველს, ხელში საჩხრეკი ეჭირა, ნაკვერჩხლებს აქეთ-იქით ფანტავდა, თან აგიზგიზებულ ცეცხლში, იქვე მომარაგებულ ხმელ შეშას ამატებდა.
ღიმილი მოერია ამის დანახვაზე გოგონას. რამდენიმე წამით, შიგნით არც შესულა. უბრალოდ კართან იდგა, მამაკაცის განიერ მხარ-ბეჭს აკვირდებოსა და მისი ცქერით ტკბებოდა, თუმცა, როდესაც მისი შორიდან ყურებისას, სიახლოვის სურვილიც მოეძალა და ამან მთელი გონება მოიცვა, დაუფიქრებლად დაიძრა სასურველი ადამიანისკენ.
ნაბიჯების ხმაზე, აარონიც გამოერკვა და უკან მიიხედა. ლამის სუნთქვა შეეკრა ნახევრად შიშველი ანასტასიას დანახვაზე. მის ხაკისფერ პერანგსა და თითქმის ამავე ფერის ტრუსებში გამოწყობილი, იმდენად საოცრად გამოიყურებოდა, რომ სხეულის ტემპერატურის მატებაც კი იგრძნო აარონმა.
-დილამშვიდობისა
აარონს არაფერი უპასუხია. უბრალოდ მისკენ ნელი სვლით დაიძრა და როგორც კი დასაშვებზე მეტად მიუახლოვდა, წელზე მკლავები მარწუხებივით შემოაჭდო საყვარელ ქალს. მათ შორის დაშორება, ერთი სანტიმეტრიც კი ძლივსღა რჩებოდა.
გოგონას ნეტარებისგან გააჟრჟოლა ამ შეხებისას. მამაკაცის სხეულის სითბო, მის კანზე ბოლომდე გადმოდიოდა და იდუმალი სიამოვნებით მოცულ ბურუსში ხვევდა.
-რატომ ცდილობ ჩემს გამოწვევას? -დაბალი ხმით ამოთქვა მის ყურთან აარონმა -ხომ იცი, როცა ასე გიყურებ, ათასი ბილწი აზრი მიტრიალებს გონებაში?
-სახლში თავისუფალი სტილით სიარულს ვარ ჩვეული და ამაზე უარს ვერ ვამბობ . . .
-ეს არის შენი თავისუფალი სტილი? -სითბოთი სავსე მზერით შეხედა მამაკაცმა, მერე ფეხის მოსახრელებში მოკიდა ხელი გოგონას, იგი პრესზე მოხერხებულად შემოისვა, მისი ფეხები წელზე მაგრად შემოიხვია და თვალებში გამომცდელად ჩააშტერდა.
-რას გრძნობ ანნასტასია? -ჰკითხა -ახლა და ამ წუთას ბედნიერი ხარ?
-ბედნიერი? -გაეცინა, თან ქვედა ტუჩზე ნაზად აკოცა აარონს- არა, არ ვარ . . . ბედნიერება მართლა ცოტაა ამ გრძნობის აღსაწერად
მამაკაცს ირიბად ჩაეღიმა, შემდეგ სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა გოგონა, თავად კი, მის ფეხებს შორის მოექცა და სახეზე ორივე ხელი მიადო.
-მაპატიე იმ ცრემლებისთვის, ჩემს გამო რომ დაღვარე, კარგი? ნამდვილი იდიოტივით მოვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლებად მინდოდა შენთვის ტკენა
-არ მაინტერესებს რა იყო ამის მიზეზი . . . -მის კისერს თითები შემოხვია, შუბლზე, შუბლი მიადო და ცხვირის წვერზე აკოცა გოგონამ -მთავარია ორივემ ახალი გვერდი გადავშალეთ ჩვენი ცხოვრების წიგნში და არასდროს დავინტერესდები იმით, თუ რა წერია წინა გვერდებზე
-სრულყოფილი ხარ, იცი ეს? -მის თეძოებს ვნებამორეულმა ააყოლა ხელები და თავისკენ ძლიერად დაქაჩა. არც გოგონა დარჩენილა უმოქმედოდ - მამაკაცის პრესზე თითები აატარა, ნელ-ნელა ზემოთ აუყვა და გულ-მკერდზე ნაზად გადაუტარა. მის ამ საქციელზე, სიამოვნებისგან თვალებიც კი დაეხუჭა აარონს. ზედმეტი იყო ეს ყველაფერი იმისთვის, რათა უემოციოდ დგომა შესძლებოდა.
-აი, სუსტ წერტილსაც მივაგენით -ამოთქვა დახშული ხმით -მოკლედ, პირდაპირი გაგებით დედა მაქვს ნატირები ისე ნარკომანივით დამოკიდებული ვხდები შენზე
სიცილი აუტყდა ანასტასიას, ამის მოსმენისას. შეუძლებელი იყო არ გასცინებოდა, ისეთი ტონით იყო ნათქვამი ეს სიტყვები.
-რამე ნარკოტიკზე უკეთესისთვის რომ შეგედარებინე, უფრო რომანტიულად გამოგივიდოდა
-არა -მისი თითები მუჭში მოიმწყვდია და მხურვალედ აკოცა ხელის გულზე, აარონმა -სწორედაც რომ ნარკოტიკი ხარ. ძვირადღირებული ჰეროინი, რომელსაც ჩემი ყველა უჯრედი გამოჰყავს წყობილებიდან, თან სიგიჟეების კეთებასაც მაიძულებს. საყვარელი ქალი უდიდესი ძალას ფლობს მამაკაცზე. სწორედ ამიტომაც ხართ ჩვენთვის დატენილი იარაღივით საშიშები
აარონის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ღიმილს გვრიდა სახეზე გოგონას. მის წინ ის მამაკაცი იდგა, ვინც გონის დაკარგვამდე უყვარდა და ხვდებოდა, რომ ეს გრძნობა ორმხრივი იყო. უზღვავი ენდორფინის დოზით ევსებოდა გული იმ წამს. აღარაფერი ახსენდებოდა ისეთი, რასაც კი ამ ცხოვრებაში ინატრებდა. აარონთან ერთად, ბედნიერების ისეთ სრულყოფილ მორევში უწევდა ცურვა, ნამდვილად არ სურდა იქედან ოდესმე ამოსულიყო.
-შენთან ერთი შემოთავაზება მაქვს -კვლავ განაახლა საუბარი აარონმა, თან გამომცდელი მზერით შეხედა, ისე, თითქოს მის რეაქციებს ამოწმებსო
-რა შემოთავაზება? -ანასტასიაც დაინტერესდა
-მინდა სადმე წავიდეთ . . . მხოლოდ ჩვენ ორნი, გარკვეული დროით ყველაფერს მოვშორდეთ და აქაურობას გავეცალოთ
-მაინც სად გინდა წასვლა?
-ეს ისე ჟღერდა როგორც თანხმობა, თუ მომეჩვენა?
-არ მოგეჩვენა -ღიმილით აკოცა მამაკაცის ლოყას -აქედან შორს წასვლა და ბოლო დროინდელი მოვლენების გამო განტვირთვა, არც თავად მაწყენდა
-თუ ასეა, ყველაფერი შემთხვევითობას მივანდოთ
-ანუ?
-წამომყევი და ყველაფერს აგიხსნი
ანასტასიამ შეწუხებული სახე მიიღო.
-აარონ, ფეხზე არ მაცვია, იატაკი კი ცივია -დაიწუწუნა მან, რაზეც მამაკაცს სიცილი აუტყდა და მისგან ზურგით დადგა -მიდი, მომახტი და მეორედ ფეხშიშველი გავლილი არ დაგინახო, მერე გაცივდები და მომიწევს წამლებით ხელში ვირბინო შენთან, იმის მაგივრად, რომ საყვარელი ქალის სხეულით დავტკბე
გოგონა მის ზურგზე გადაბობღდა, წელზე მაგრად შემოაჭდო ფეხები, ხოლო ხელები კისერზე შემოხვია და კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე.
-ნუ გეშინია, არ გავცივდები. ზამთრის დეფილეებზე გამოვიმუშავე იმუნიტეტი, როდესაც ღია ცის ქვეშ, საზაფხულო ტანსაცმლით მიწევდა გამოსვლა
-ჰოო, ეს რატომღაც არ გამხსენებია
-სად მივდივართ? -როგორც კი მისაღებიდან გავიდნენ, მაშინვე იკითხა გოგონამ
-მოითმინე, თითქმის მივედით -ამის თქმიდან რამდენიმე წამში, აარონი თეთრი კარის წინ გაჩერდა, იგი სახელურის მოტრიალებით შეაღო და ანასტასიასთან ერთად, შიგნით შეაბიჯა. მაშინვე მძაფრად დაეჯახა მამაკაცს წარსულის სურნელი. ამ ოთახს, ბავშვობაში მუდამ სამეცადინოდ იყენებდა ხოლმე. ეს, მის ყოველ კუთხე-კუნჭულში იგრძნობოდა. ირგვლივ, ყველგან წიგნების სუნი იდგა. საწერ მაგიდა კალმებითა და უბრალოდ ფანქრებით იყო გადავსებული, რასაც სახაზავები, გეომეტრიული ფარგალი და ერთად დახვავებული ათობით რვეული უმშვენებდა გვერდს
-ეს შენი ოთახი იყო, არა? -მორიგი კითხვადასვა ანასტასიამ
-ჰო, თუმცა მხოლოდ სამეცადინოდ ვიყენებდი -მერე ჩაეღიმა და დაამატა :- ალბათ, გაინტერესებს აქ რატომ ვართ
-სიმართლე გითხრა, ძალიან
აარონს პასუხი აღარ გაუცია. უბრალოდ საწერი მაგიდის ზემოთ დამაგრებულ თაროზე შემოდებულ პატარა, ვერცხლისფერსადგამიან გლობუსს დაწვდა, სასიამოვნო ტვირთთან ერთად დაიძრა ოთახის კუთხეში მდგომი სავარძლისკენ, ანასტასია ძირს ჩამოსვა და როგორც კი დაჯდა, გოგონაც მაშინვე ჩაისვა კალთაში.
-ამას ხედავ?
-ჰო, გლობუსია -გაოცება იკითხებოდა მის მზერაში -გეოგრაფიაში უნდა მამეცადინო?
-ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ -გაეღიმა მამაკაცს, მერე კი საუბრის თემა შეცვალა -ხომ გახსოვს, ცოტა ხნის წინ გითხარი ყველაფერი შემთხვევითობას მივანდოთ-მეთქი?
-მახსოვს, მერე?
აარონმა, გლობუსს საჩვენებელი თითი ჩამოჰკრა და დაატრიალა, მერე კი კვლავ ანასტასიას შეხედა.
-ახლა თვალები დახუჭე და როგორც კი გლობუსი გაჩერდება, თითი ერთ კონკრეტულ ადგილს დაადე
გოგონამ, მისი ეს თხოვნა ისე შეასრულა, იმის შესახებ არაფერი უკითხავს, თუ რატომ აკეთებინებდა ამ ყველაფერს.
-კარგი, დავხუჭე -თქვა მან -ახლა?
-ცოტაც მოიცადე . . .
ანასტასია მოუსვენრად ცმუკავდა. მისი ცქერისას, ღიმილს სახიდან ვერ იშორებდა აარონი.
-მორჩა, გაჩერდა, ახლა შეგიძლია ერთ კონკრეტულ წერტილს შეეხო
-უკვე ვხვდები, რომ ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული -თვალები არ გაუხელია, ისე წაიღო ხელი გლობუსისკენ, ცოტა ხანს ადგილის შერჩევას მოუნდა, თუმცა მერე გადაწყვიტა დიდხანს აღარ გაეჭიანურებინა და საჩვენებელი თითით, ერთ კონკრეტულ წერტილს შეეხო
-ესეც ასე, მისი შესრულებულია -თქვა მან ამაყად -ახლა შემიძლია, თვალები გავახილო?
-გაახილე -აარონმაც დართო ნება. მამაკაცი, იმ წერტილს უყურებდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ანასტასია შეეხო და სახეზე კმაყოფილება ეხატა. როდესაც გოგონას მზერას გადააწყდა, გლობუსი გვერდზე გადადო, საყვარელი ქალი უფრო მოხერხებულად მოათავსა საკუთარ მუხლებზე და მის ლავიწის ძვალზე ტუჩები გადაატარა. სიამოვნებისგან მთელი სხეულის დაჭიმვა იგრძნო ანასტასიამ. კიდევ რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო ასე? რამდენ ხანს უნდა დაებნია მოსწავლე გოგოსავით, მამაკაცის თითოეულ შეხებას? ალბათ, ეს სამუდამო იყო და ვერასდროს ვერაფერს მოუხერხებდა
-აღარ მეტყვი, რა ხდება? -იკითხა, როგორც კი მოგვრილი ემოციებისგან სუნთქვის დარეგულირება შეძლო
-ფიჯის კუნძულებზე მოგიხვდა თითი
-ჰო, მერე?
-მერე, ის, რომ მე და შენ, სწორედ ფიჯის კუნძულებზე წავალთ . . . ესეც შენი შემთხვევითობა ანნასტასია . . .






8 8 8 8

ერეკლე და ვერონიკა, საძინებელში იყვნენ და საწოლზე გაწოლილები, ფილმ „მალენა“-ს უყურებდნენ, უზარმაზარი ჯამი პოპ-კორნის თანხლებით.
უკვე ერთ კვირაზე მეტი იყო, რაც შვეიცარიაში იმყოფებოდნენ, ქალაქ ბერნის გარეუბანში, ლამაზი, ეზოიანი სახლი ჰქონდათ დაქირავებული და ამდენი ხნის შემდეგ, ცდილობდნენ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაეწყოთ.
ვერონიკას მკურნალი ექიმი, მართლაც რომ პროფესიონალი გახლდათ თავის სფეროში. ეს, წყვილისთვის უზარმაზარი იმედის ტოლფასი იყო. განსაკუთრებით, ვერონიკა გახლდათ მონდომებული. ექიმის დანიშნულებას, ყოველთვის პედანტი ადამიანისთვის დამახასიათებელი სიზუსტით ასრულებდა. თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობდა იმ დაკარგული თვეების გამო და სურდა, რაც შეიძლებოდა მალე მოესროლა სანაგვეზე ის ეტლი, რომლის დანახვაც კი აღიზანებდა ბოლო მომენტებში.
პირველი პროგრესი, რონის დამწვარი ფეხის ისტორია გახლდათ ახალი მკურნალობის კურსის გზაზე. ერთხელ, როდესაც გოგონამ ერეკლეს ჩაის მოდუღება სთხოვა და ამ უკანასკნელმაც, იგი შემთხვევით ფეხზე გადაასხა, წესით მხოლოდ დამწვრობა უნდა დარჩენილიყო გოგონას ფეხზე, თუმცა ლამის სიხარულისგან კივილიც კი დაიწყო, როცა კანის საშინელი წვა იგრძნო. არასდროს ყოფილა ფიზიკური ტკივილის განცდა ვერონიკასთვის ასეთი სასიამოვნო. დამწვარი ფეხის ამბავი ისე იზეიმეს, თითქოს რამე დიდი დღესასწაული ყოფილიყო. თუმცა მათთვის იყო კიდეც დღესასწაული. ეს, იმედის პირველი საფეხური იყო იმ კიბეზე, რომელზეც ერეკლე და რონი ერთად ადიოდნენ.
სწორედ ამ დამწვრობისგან დარჩენილ ლაქას უყურებდა გოგონა ამ წუთას. ფილმი, იმდენად აღარ აინტერესებდა და კვლავ ფიქრებს ჰყავდათ გატაცებული. წარმოიდგენდა თავის პირველ ნაბიჯებს, ერეკლეს გახარებულ სახეს, ბედნიერების ღიმილს და ეს ოცნებები, სახეზე დაუფარავ ღიმილს ჰგვრიდნენ.
ბიჭი, ტელევიზორის ეკრანს მიშტერებოდა და ჯამიდან ათასში ერთხელ თუ იღებდა პოპ-კორნს. რონიმ ერთხანს უყურა მის პროფილს, თუმცა ყურადღება რომ ვერ მიიქცია, ერეკლესთან ახლოს მიჩოჩდა, წელზე ხელები შემოხვია და გულზე თავი დაადო.
-მოკლედ, თუ ეკრანზე მონიკა ბელუჩის ხედავ, გარშემო აღარაფერი გაინტერესებს -ცოტა არ იყოს, წყენით ამოილაპარაკა გოგონამ -მეცოდინება, რომ დღეიდან ეს ფილმი აღარ უნდა ჩაგირთო
ბიჭს ხმამაღლა გაეცინა, თან მასზე მიხუტებულ გოგონას, შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია.
-ხომ იცი, რომ მონიკას შენ მირჩევნიხარ?
-თუ ასეა, თვალს რატომ ვერ წყვეტ?
-უბრალოდ ველოდებოდი, როდის გაბრაზდებოდი და როდის მოხვიდოდი ჩემთან . . . იცი ახლა რას მაგონებ?
-რას?
-პატარა კნუტს, ვისაც ყურადღება მოაკლდა და პატრონისგან მოფერებას ელის
-ჰოდა თუ მაგდენს ხვდები, გამორთე ეს ფილმი და მოეფერე -მაცდურად დაადაბლა ხმა გოგონამ და ერეკლეს თმებში თითები შეაცურა
-ჯანდაბა, კიდევ რამდენ ხანს უნდა მბურძგლავდეს შენს თითოეულ შეხებაზე -სიცილით ამოილაპარაკა და სიამოვნებისგან დახუჭა თვალები ბიჭმა -ნუთუ ეს არასოდეს გადაივლის?
-კი არ გადაივლის, ნელ-ნელა უფრო და უფრო მოიმატებს
-ჰოო?
-რა თქმა უნდა . . . ჰო მართლა, ფეხზე რომ დავდგები, გადავწყვიტე საშინაო ჩაცმის სტილი შევიცვალო
-რა ცვლილებებს გულისხმობ? -აშკარად დაინტერესდა ბიჭი
-ყველა ტანსაცმელს გადავყრი და სახლში სრულიად შიშველი ვივლი
-თუ ამას მართლა იზამ, გპირდები სახლში მოსვლას აღარასდროს დავაგვიანებ
გოგონა საწოლზე წამოჯდა, თან ზემოდან დააცქერდა ერეკლეს.
-შენ ხომ არც აქამდე აგვიანებდი? -ჰკითხა
-ჰო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უფრო ადრეც მოვალ ხოლმე -მერე თავადაც წამოჯდა, ფილმი გამორთო, რონი კალთაში გადმოისვა და ცხვირზე ნაზად აკოცა -მგონი დროა, ჩემს პატარა კნუტს მოვეფერო
-კატის ხმის იმიტაციას ვერ ვაკეთებ, თორემ კნავილსაც დავიწყებდი მეტი დამაჯერებლობისთვის
ერეკლეს სიცილი აუტყდა მის სიტყვებზე.
-არ არის, საჭირო -უთხრა, როდესაც სული მოითქვა, თან კაბის ცალი მხარე ჩამოუწია და ბეჭზე მიაკრო ტუჩები -ვგიჟდები შენს ნაზ კანზე
-გახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა? -კისერზე მოხვია ხელები რონიმ და საფეთქელთან ახლოს აკოცა
-ჰო მახსოვს . . . მე, შენ, კარავი, რევოლვერი და რისკის ფორთოხალი
-იმ ღამით, მართლა ძალიან შემაშინა შენმა გამოჩენამ
-თუმცა მაინც დაგარწმუნე, რომ კარგი ბიჭი ვიყავი -განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა ბოლო სამი სიტყვა ერეკლემ
-დამარწმუნე და ერთ რამესაც მიმახვედრე
-მაინც რას?
-იმას, რომ ერთ დღესაც, ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდებოდი -ბოლომდე გულწრფელი იყო ამ წუთას ვერონიკა -ეს იმ ღამეს ნათლად ვიგრძენი, თუმცა სიგიჟედ ჩავთვალე და მაშინვე დავივიწყე. ჩვენ ხომ ერთმანეთსაც კი არ ვიცნობდით?
-რონი . . .
-ჰო
-გმადლობ
-მადლობას რისთვის მიხდი?
-იმისთვის, რომ ჩემს გამო კიდევ ერთხელ დათანხმდი გებრძოლა, იმისთვის, რომ მორიგი იმედგაცრუების არ შეგეშინდა და კიდევ იმისთვის, რომ უბრალოდ არსებობ
ერეკლეს მდელოსფერ თვალებში, უდიდეს სითბოს კითხულობდა გოგონა. როგორ უყვარდა ეს გამოხედვა და ზოგადად, ეს ადამიანი. იმ წამს, უკვე დარწმუნებული იყო, რომ თუ რამე ღირებული ეჩუქნა მისთვის ცხოვრებას, მათგან უპირველესი ერეკლე გასვიანი იყო და ამ აღმოჩენით გულგამთბარი, ქმარს მთელი ძალით მოეხვია.
-როგორ ვცხოვრობდი შენს გარეშე ეს ოთხი თვე? როგორ გავძელი?
-მოდი ეს აღარ გავიხსენოთ, კარგი? -ბიჭმა მის თმას ხელი ჩამოუსვა და თავადაც მოხვია მკლავები -მომავალში ლამაზი დღეები გველის, ამიტომ მხოლოდ წინ ვიყუროთ
-მაწყობს
-მაშინ მაკოცე
ვერონიკამ, ბიჭის კისერს ხელები მოაშორა, ოდნავ უკან დაიხია, სახეში შეხედა და ის-ის იყო, მისი თხოვნა უნდა შეესრულებინა, რომ ტელეფონზე მოსულმა შეტყობინების ხმამ ააღებინა ხელი განზრახვაზე.
-ახლა რა დროს ეს იყო? -აწუწუნდა ერეკლე -იქნებ არ გენახა?
-შეიძლება რაღაც სერიოზულია
-კარგი, კარგი, ცოტა ხნით მოვიცდი და ისევ მონიკას ცქერაში გავიყვან დროს -ტელევიზორის პულტს დაწვდა ამის თქმისას. რონიმ გაბრაზების სცენა გაითამაშა და წარბები თეატრალურად შეჭმუხნა
-ახლა, შენ და შენს ბელუჩის ერთმანეთზე გადაგაბამთ და ორივეს გარეთ მოგისვრით
-ნუ მატყუებ, მშვენივრად ვხვდები, როცა გწყინს და როცა, არა -მერე ტელეფონი გამოართთვა და ეკრანს დახედა -ჰო, რა თქმა უნდა, ანასტასია მარგიანის გარდა ვის უნდა შეეშალა ხელი ამ დროს? მგონი რაღაც ვიდეოს აგზავნის
-ვიდეოს? -უკვე რონიც ინტერესით მიშტერებოდა ეკრანს -ისე, ძალიან მომენატრა ანასტასია
-მეც მომენატრა. როგორც კი უკან დავბრუნდებით, ყველანი ერთად წავიდეთ დასასვენებლად, როგორც ადრე
ბიჭს მეტად აღარაფერი უთქვამს, პირდაპირ ვიდეოს ჩართვის ღილაკს დააჭირა თითი და როგორც კი მობილურში, მაგიდასთან მჯდომი ანასტასიას სახე გამოისახა, მაშინვე სმენად იქცა.
გოგონა, ვიდეოს ხელის დაქნევით იწყებდა. იმდენად ბედიერი სახე ჰქოდა, ვინმე იფიქრებდა, მთელი მსოფლიოს ადამიანთათვის სამყოფი ბედნიერება, სწორედ მას ხვდა წილადო. ამის შემდეგ, რამდენიმე წამი სიჩუმე სუფევდა ტელეფონშიც და ოთახშიც. წყვილი მოთმინებით ელოდა, თუ როგორი იქნებოდა ვიდეო-რგოლის გაგრძელება. ცდამ დიდხანს არც მოუწიათ, რამდენიმე წამში ანასტასიას გამოსახულება წინ გადმოიხარა, მკლავებით მაგიდის ზედაპირს ჩამოეყრდნო და ალაპარაკდა :
ვინაიდან, თქვენ ჩემი უახლოესი მეგობრები ხართ, მინდა, პირველებმა თქვენ გაიგოთ. სანდროს და ლარას, მოგვიანებით დაველაპარაკები, რადგან ვიცი უზარმაზარ შოკს მიიღებენ -ამის თქმისას, თმა მარჯვენა მხარეს გადმოიყარა გოგონამ და განაგრძო -დასაწყისისთვის, შენ მოგმართავ, ქალბატონო ვერონიკა. მართალია, ორივენი ერთნაირად მიყვარხართ, თუმცა ერეკლეს თუ კიდევ ერთხელ ამყოფებ ისეთ აგონიაში, როგორშიც ადრე ჩააგდე, ყველაზე მკაცრ სასჯელს მოვიფიქრებ შენთვის . . .
კარგი, კარგი, ეს ლირიულ გადახვევად ჩავთვალოთ და მთავარ სათქმელზე გადავიდეთ . . . -მერე კვლავ რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა, სახეზე ოდნავი ღიმილი გამოესახა და სკამის საზურგეს მიეყრდნო -მივემგზავრები, ბავშვებო . . . გარკვეული დროით ყველასგან და ყველაფრისგან მივდივარ, ერთ ადამიანთან ერთად . . . გიკვირთ, არა? შეიძლება, ცოტათი მეც . . . არ ვიცი, თუ გინდათ თინეიჯერული სისულელე უწოდეთ ამ ყველაფერს და თუ გინდათ, ამაზე ბევრად უარესიც. სიმართლე კი მხოლოდ ერთია და იმაში მდგომარეობს, რომ არასდროს მომჩვენებია ცხოვრება ისე ლამაზი, როგორადაც ახლა მეჩვენება. ყოველთვის მიკვირდა თქვენ ორის. ვერ ვიგებდი, თუ რატომ გქონდათ ერთიმეორისადმი ამხელა მიზიდულობა და რა მიზეზით იყავით ცუდად, თუ ერთმანეთს დიდი ხნით ვერ ხედავდით. ახლა აბსოლუტურად მესმის ეს ყველაფერი. მესმის, რადგან თავადაც მსგავს სიტუაციაში ამოვყავი თავი და მივხვდი, რომ რაღაც მხრივ, სასიამოვნოც კია იყო ვიღაცაზე ამდენად მიჯაჭვული.
ჰო, მიჯაჭვული ვარ მასზე და ეს . . . ეს უზომოდ მაბედნიერებს . . .

პ.ს რომ დავბრუნდები, აუცილებლად მოგიყვებით როგორი იყო ფიჯის კუნძულები და თეთრი ქვიშები. ორივენი უზომოდ მიყვარხართ -ჩანაწერის ბოლოს, ჰაეროვანი კოცნით ემშვიდობებოდა მათ, ანასტასია და ვიდეოც ამ ნაწილში წყდებოდა . . .
რამდენიმე წამის განმავლობაში, ხმის ამოღებას ვერც ვერონიკა ახერხებდა და ვერც, ერეკლე. თითქოს ჯერ კიდევ მიღებული ინფორმაციის გააანალიზების პროცესში იყვნენ, რის გამოც, სიტყვის დაძვრასაც ვერ ახერხებდნენ. იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ორივესთვის ამ ამბის მოსმენა, კიდევ დიდხანს იქნებოდნენ გაქვავებულნი, რომ არა მორიგი შეტყობინების მოსვლის ხმა ტელეფონზე.
ამჯერად, SMS სარეკლამო შინაარსს შეიცავდა, ამიტომ, ერეკლეს იგი არც გაუხსნია და წაუკითხავად წაშალა მობილურიდან.
-ჯანდაბა, ნამდვილად არ მეგონა ანასტასია მარგიანსაც თუ გააგიჟებდა რომელიმე მამაკაცი -საბოლოოდ, მაინც ვერონიკამ აიღო საკუთარ თავზე საუბრის წამოწყების ინიციატივა -ასეთი ვინ არის ეს ადამიანი?
-სახელი-აარონი, გვარი-ქალდანი, ზოგადი დახასიათება -ვიღაც არამიწიერი -გაეცინა ერეკლეს და დაამატა :- ისე, არც მე მეგონა, თუ რომელიმე ქალს ჩემი ასე გაგიჟება შეეძლო, მაგრამ თურმე შესძლებია
-არ გინდა კიდევ მითხრა რამე ლამაზი? -ბავშვივით ააფახულა თვალები გოგონამ
-რა თქმა უნდა, გეტყვი
-გისმენ
ბიჭმა საყვარელ ქალს ხელები წელზე მოხვია, თავისთან ახლოს მიიზიდა და ყურში შემდეგი სიტყვები ჩასჩურჩულა :
-გმადლობ, რომ სიყვარული მასწავლე რონი . . .

დასასრული . . .



№1 სტუმარი სტუმარი თამუნა

კარგი იყო ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი A.N.A

აი თურმე სად ყოფილა "ქვიშის ქარიშხალი" _ს დასაწყისი. ვგიჟდები ვგიჟდები ისე მიყვარს ეს ისტორია და მისი პერსონაჟები.
ანასტასიასა და აარინის ამბავი ძალიან მომეწონა, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია ეს ისტორია.
ერეკლეზე და რონიზეც ვგიჟდები, საერთოდ ამ ისტორიის ყველა დადებითი პერსონაჟი მიყვარს.
წარმატებები ❣️❣️

 


№3  offline წევრი haddes

ვგიჟდები ანასტასიაზე და აარონზე ❤️ ისეთი ზე წყვილი არიან რომ შოკში ვარ❤️ ქვიშის ქარიშხალი მაქვს წაკითხული თუმცა სანდროს და ემბერის ისტორიაც ძალიან მინდა რომ ვნახო❤️ იმედია დაწერ❤️ კარგად წერ და მომწონს შენი სტილი ❤️ მადლობა ამ უზღვავი ემოციებისთვის❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent