სასრულეთი (თავი 14)
დავუდი მაინც წავიდა. წავიდა და თან გაიყოლა ჩემი გულისა და სულის უდიდესი ნაწილი. არ ვიცი რამდენ ხანს ვუყურებდი ჩემს წინ მიმავალ წყვილს და ხელს, რომელსაც ჩემი საყვარელი ქალის სხეული ეჭირა და თავისკენ მჭიდროდ მიეზიდა. მზად ვიყავი გახელებული მივარდნოდი და ძირში მომემტვრია ის ხელი, რომელიც ლეას ზურგს ურცხვად ეხებოდა, თუმცა რაღაც შინაგანი ძალა განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. და რა იყო ეს შინაგანი ძალა თუ არა ისევ უსაზღვრო სიყვარული ლეას მიმართ? მიუხედავად იმისა, რომ თავადაც იგივე ცეცხლით იწვოდა, მან არჩევანი გააკეთა და მე უფლება არ მქონდა პატივი არ მეცა მისი გადაწყვეტილებისადმი. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან ისევ გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები. ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან აფრინდა. ვბრუნდებოდი, მაგრამ სად მეც არ ვიცი. ამაოდ ვაიგნორებდი ნილაის და მერიემის ზარებს. ვინ იცის, როგორ გველოდნენ. ან ვინ წარმოიდგენდა, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც ერთად განვიცადეთ, ცალ-ცალკე დავრჩებოდით და ლეა ხელს მკრავდა?! სახლში ვერ მივიდოდი, იმავე სასტუმროში იგივე ნომერი ვიქირავე, სადაც ლეამ გაატარა ბაღდადში ბოლო ღამე. დამლაგებლებსაც კატეგორიულად ავუკრძალე რამეს შეხებოდნენ. ჩემი მოთხოვნა ბაღდადის სახელგანთქმული ოჯახის მდიდარი და ახალგაზრდა გათამამებული წარმომადგენლის მორიგ ახირებად ჩათვალეს და უხმოდ დამთანხმდნენ. თითქოს კედლებს ჯერ კიდევ შერჩენოდა მისი სურნელი. უზარმაზარი ფანჯრები ზედ ტიგროსს გადაჰყურებდა. მდინარეს, რომელსაც ბაბილონი სამეფოს ბედნიერი დღეებიც შეეგრძნო და ერაყის ომის სისხლითაც შეღებილიყო. სააბაზანოში შევედი, რომ წყალი სახეზე შემესხა და გამოვფხიზლებულიყავი. აბაზანის ქვეშ ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია ზურმუხტისებრმა ბრწყინვალებამ. დიახ, არ შევცდი, ძირს სწორედ ის თმის სარჭი ეგდო - ზურმუხტის პეპელა, რომელიც ლეას ჩემი ხელით გავუკეთე თმაზე. საოცრად უხდებოდა მის თავთუხისფერ თმებს ზურმუხტისფერი. ეს თმის სარჭი ნილაი სულთანს ეკუთვნოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ნუთუ აქ ლეამ განგებ დატოვა. არ მჯერა, ის ამას არ იზამდა. იცოდა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის როგორი მნიშვნელობა ჰქონდა. ალბათ შემთხვევით დაუვარდა და ალბათ ესეც მას (مصير - ბედისწერა) კიდევ ერთი ოინია. ალაჰ, როდემდე უნდა სცადო ჩემი სიყვარული? ნუთუ საკმარისად არ დავამტკიცე ჩემი გრძნობები? ნუთუ მხოლოდ იმის გამო მიმეტებ ამ განსაცდელისთვის, რომ მე ჩემი წინაპართა რჯულის ქალი შემიყვარდა? რატომ ხარ ასეთი სასტიკი? თმის სარჭთან ერთად საწოლზე პირქვე დავემხე და ბალიში ამოვიდე, რომ გულიდან ამოხეთქილი შემაძრწუნებელი ღრიალის ხმა დაეხშო. ასე გაუნძრევლად ვიწექი კარგა ხანს, თითქოს გონებამ ფიქრის მექანიზმი დაბლოკა. თვალწინ ისევ ლეას ათრთოლებული სხეული მედგა. ვეღარ მოვითმინე და სოციალურ ქსელში შევედი. პირველად ვათვალიერებდი ლეას ფეისბუქს. ნელ-ნელა ემატებოდა საჯარო პოსტები, ზოგში საქორწინო კაბით იყო, ზოგი წინასაქორწინო წვეულებიდან. ვგრძნობდი, სიბრაზისგან და ეჭვიანობისგან როგორ მეჭიმებოდა ყელზე ძარღვები. პიკი კი აეროპორტში გადაღებული ფოტო აღმოჩნდა, სადაც ლეა დამფრთხალი შველის ნუკრის თვალებით იცქირებოდა, გარს კი უამრავი ადამიანი ეხვია. ნამდვილად არ ბრწყინავდა ბედნიერებისგან. ვეღარ მოვითმინე და დაფარული პროფილიდან მივწერე. „წახვედი და დამტოვე ისე, რომ არაფერი მითხარი.” - არც ეს მეყო და ზედ ჩემი საყვარელი არაბული პოეზიიდან მოვაყოლე ციტატები, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავდა ჩემს სულის გამოძახილს: „არ ხარ აღმოსავლეთში, არც დასავლეთში, არც დედამიწის სამხრეთით, ან ჩრდილოეთით. არ ხარ ჰაერში და არც ზღვის წიაღში, არც ველზე და არც ოღროჩოღრო ვიწროებში. შენ ხარ სხივები სულებში და ცეცხლი, შენ ხარ გული, მოფრთხიალე ჩემს მკერდში“. და ბოლოს, თითქოს გონება გამინათდაო, მივაყოლე: „მე მოვალ მაშინ, როცა მომძებნი. მოვალ, როცა თავად მოხვალ ჩემთან და მთხოვ, მთხოვ ჩვენს გაერთიანებას.“ ჯერ ვიფიქრე დაველოდები პასუხსმეთქი, მაგრამ ბოლოს ისევ გაუჩინარება ვარჩიე. ვიცოდი ლეას ხასიათი. სწორედ მცირე ინტრიგის დატოვება ისევ გაუღვიძებდა სურვილს უცნობი ადრესანტის ვინაობა გაეგო. მიხვდებოდა, რომ მე ვიყავი და ისევ აღვუძრავდი ჩემზე ფიქრებს. ამიერიდან, ზუსტად ვიცოდი ჩემი მოქმედების სტრატეგია. ლეასთან ყოველგვარ პირდაპირ კომუნიკაციას გავწყვეტდი მანამ, სანამ თავად არ მომძებნიდა. თუმცა, ირიბად ყოველთვის შევახსენებდი თავს. არ მივცემდი საშუალებას დავევიწყებინე, არ მივცემდი უფლებას ჩვენი ისტორია დაუწყებლად დაესრულებინა. ჩვენი ზღაპარი მხოლოდ ახლა ითვლიდა პირველ სტრიქონებს. კმაყოფილმა დავტოვე სასტუმრო. გულის ჯიბით ზურმუხტის პეპელა, აწ უკვე ლეას თმის სარჭი მქონდა. მანამ არ გავჩერდებოდი, სანამ ისევ ჩემი ხელით არ გავუკეთებდი და არ დავიბრუნებდი მის გულს, სულსა და სხეულს. *** ლეა დღე სასიამოვნოდ დაიწყო. დღეს პირველი სამუშაო დღე მქონდა. უნივერსიტეტის ეზოში, როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. სწრაფად ავირბინე პირველი კორპუსის კიბეები და უმალვე შევაღე აუდიტორიის კარი. პროფესორთან უკვე შეკრებილიყო ხუთიოდე ახალგაზრდა. ალმაცერად გადმომხედეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს ის სოცპოლელია, ისტორიული წყაროების კვლევაზე რომ აქვს პრეტენზიაო. მათი საუბარი არ შევიმჩნიე და თავაზიანად მივესალმე. - მიხარია, რომ ერთად მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა, წინ საინტერესო სამუშაო პერიოდია. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის ჯერ მიუღწეველი არქივების კარი გაიღება, და ვინ იცის, იქნებ ეს ყოველივე ახალი თავგადასავლების დასაწყისი გახდეს. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ ბოლო სიტყვებზე პროფესორმა რატომღაც მე გადმომხედა. - ამ ფაილებში პირველად ინფორმაციას ნახავთ კვლევის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე ყველასთვის ნაცნობ ფაქტებზე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ და კითხვები ჩაინიშნოთ. ხვალ დილის 9 საათზე გელოდებით. კითხვები გავიაროთ და ეროვნულ არქივში წავიდეთ.- მშვიდი და აუღელვებელი ტონით განაგრძო. - ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა, მოგეხსენებათ, საველე სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მონახულებასაც ითვალისწინებს, იმედია არცერთი თქვენგანი არაა წინააღმდეგი მოკლევადიანი მივლინებების. ყველანი თავის დაკვრით დავეთანხმეთ და ჩვენ-ჩვენი ფაილები ავიღეთ. გულში მიხაროდა კიდეც, რომ მივლინებები მოგვიწევდა. მეტიც, მთელი გულით მსურდა, რომ რაც შეიძლება მალე წავსულიყავი. საქმეზე კონცენტრაცია და მარტო ყოფნა ჰაერივით მჭირდებოდა გრძნობებში გასარკვევად. თან ამით, იმ უხერხულობას ავირიდებდი თავიდან, რასაც ალესანდროსთან ინტიმური სიახლოვეზე უარის თქმა გამოიწვევდა. განა არ მინდოდა, მინდოდა, მეტიც ჩვენი ადრინდელი ემოციებისა და ვნებების გახსენებისას თითქოს ჟრუანტელიც კი მივლიდა , მაგრამ ვგრძნობდი, რომ მზად არ ვიყავი. თან არ მინდოდა ტყუილს ტყუილი დამემატებინა. აუცილებლად მოგვიწევდა გულწრფელი საუბარი, და ამის მერე თუ გამიგებდა, თუ მიმიღებდა, მერე შეიძლებოდა ისევ ინტიმურ სიახლოვეზე ფიქრიც. ფიქრებიდან ისევ პროფესორის ხმამ გამომიყვანა. - მეგობრებო, წყაროებზე მუშაობა გართობა არ გეგონოთ, საკმაოდ შრომატევადი საქმეა, შეიძლება ერთ პოზაში საათობით ჯდომისგან ზურგი გეტკინოთ ან თქვენთვის უცნობ და რთული რელიეფის ბილიკებზე მოგიწიოთ გადაადგილება. ჩვენს შემთხვევაში წყაროთმცოდნეობის ძირითადი საგანია წერილობითი წყაროები, მაგრამ მის ზოგად პრინციპებს ყველა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზისა და კრიტიკის დროს გამოვიყენებთ. თქვენი უმთავრესი ამოცანაა კონკრეტული ისტორიული პირის ირგვლივ არსებული წერილობითი და სხვა სახის წყაროების დაჯგუფება, მათი სისტემატიზაცია და კლასიფიკაცია. მუშაობისას გაითვალისწინეთ შემდეგი თანმიმდევრობა: ევრისტიკა, წყაროს ტექსტის დადგენა, წყაროს წარმოშობის გარკვევა, ჰერმენევტიკა, წყაროთმცოდნეობითი სინთეზი. ასე რომ, თუ არ შეგიძლიათ, ჯობს ახლავე თქვათ და მშვიდობიანად დავიშალოთ. ბოლო სიტყვებზე ყველამ რატომღაც ისევ მე გადმომხედა ნიშნის მოგებით. არადა, მართალნი იყვნენ. პროფესორის ნათქვამმა ცოტა არ იყოს, ამაფორიაქა. განსაკუთრებით ბოლო წინადადებებიდან ბევრი იყო ჩემთვის უცნობი ტერმინი. ვფიქრობდი მეკითხა თუ არა ხმამაღლა. ბოლოს გადავწყვიტე ცალკე მესაუბრა. მშვიდად დაველოდე დანარჩენების ოთახიდან გასვლას და მორიდებით მივუახლოვდი პროფესორს. - ბატონო გია, მოგეხსენებათ, ჩემი პროფესია არ არის პირდაპირ კავშირში ისტორიოგრაფიასთან, ამიტომ ბევრი ტერმინი პირველად გავიგე და ჩემთვის უცხო იყო. თუ ეს დაბრკოლება არ იქნება, გთხოვთ, მიმითითოთ შესაბამისი ლიტერატურა, სადაც მივიღებ ძირეულ ინფორმაციას. - მორიდებით ვუთხარი და პასუხის მოლოდინში თავი დავხარე. პროფესორმა გამიღიმა და ჩანთიდან წიგნების დასტა ამოიღო. - დარწმუნებული ვიყავი, რომ შენში არ შევცდი. დასაწყისისთვის შეგიძლია ამ წიგნებს გაეცნო. თუ კიდევ კითხვები გექნება, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მეილზე მომწეროთ, - უღრმესი მადლობა. გპირდებით, თქვენს ნდობას გავამართლებ. კადნიერებაში თუ არ ჩამომართმევთ მინდა გკითხოთ, რა არის საკვლევი თემა? - ამ ყველაფერს იმ ფაილებში ამოიკითხავ ცოტა ხნის წინ რომ მოგეცი. - თვალი ჩამიკრა და აუდიტორია დატოვა. მეც ემოციებით სავსე და კმაყოფილი გამოვედი და გეზი ვარაზისხევისკენ ავიღე, სადაც ალესანდრო მანქანით მელოდებოდა. ერთი სული მქონდა, ჩემი პირველი დღის შთაბეჭდილებები გამეზიარებინა. მთელი გზა შეუჩერებლივ ვსაუბრობდი. ალესანდრო მანიშნებდა ამოისუნთქე და ცოტა ნელა, თორემ ვერ მოგყვებიო. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ალესანდრო შესანიშნავი მსმენელია. შეუძლია ყველაზე სულელურ ამბავსაც ისეთი გულისყურით მიუდგეს, თითქოს უმნიშვნელოვანესი და კაცობრიობისთვის საჭირბოროტო საკითხი წყდება. ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა როგორ მომისმენდა? შიგადაშიგ სახეზე კმაყოფილების განცდა აესახებოდა და თბილად მიღიმოდა. - როგორც იქნა, ჩემი ლეა დაბრუნდა. აი, ასეთი მიყვარხარ, მიზანდასახული, მონდომებული, შენი ტიტინი როგორ მომნატრებია. - გაიცინა და როგორც სჩვეოდა, ცხვირზე მიჩქმიტა. სახლში სიცილ-კისკისით დავბრუნდით. გეზი მაშინვე სამუშაო მაგიდისკენ ავიღე. ხვალამდე მინდოდა ერთი წიგნი მაინც წამეკითხა. არჩევანი წყაროთმცოდნეობის შესავალზე გავაკეთე, თუ მოვინდომებდი, არქივთმცოდნეობის კონსპექტსაც ჩავხედავდი. ალესანდრომ ყელთან თბილი კოცნა დამიტოვა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. გვიანობამდე ვკითხულობდი. არ ვიცი როდის ჩამთვლიმა, მაგრამ ალესანდროს ჩახუტებამ გამომაფხიზლა, ცხელი კაპუჩინო, კრუასანი და პლედი მოეტანა და თავადაც იქვე ჩამომჯდარიყო. ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს ადამიანი სინამდვილეა? როგორ შეუძლია ზუსტად გამოიცნოს, როდის რა მესიამოვნება? სანამ გავიფიქრებ, უკვე გაკეთებული აქვს ხოლმე. პლედი მასაც გავუნაწილე, ჩახუტებულებმა განვაგრძეთ ერთობლივად კითხვა, შემდეგ კი დაღლილებს ტანსაცმელებითვე ჩაგვეძინა საწოლზე. *** დილით მაღვიძარას ხმამ გამომაფხიზლა. ჯანდაბა, მაგვიანდება.... საჩქაროდ დავიწყე ჩაცმა, თან ვერაფერს ვაგნებდი და ყველაფერი ძირს მივარდებოდა. სულ ასე მემართება, როცა ნერვიულობას ვიწყებ, არაფერი გამომდის და ყველაფერს ვაფუჭებ. აფორიაქებული გული მხოლოდ ალესანდროს დანახვამ დამიმშვიდა. რა კარგია, ჯერ არ წასულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტამდე გამიყვანდა, შესაბამისად მეტროთი მგზავრობა და მერე ფეხით სიარული არ მომიწევდა. ამიტომ ჯერ კიდევ დრო მქონდა მშვიდად მოვმზადებულიყავი. ის ის იყო სახლიდან გავდიოდით, რომ უცებ გონებაში განგაშის წითელი ღილაკი აინთო - ფაილები არ წამიკითხავს, ეს როგორ დამემართა?! სწრაფადვე შევბრუნდი, სამუშაო მაგიდაზე ფაილები მოვძებნე და სათაურის გადასაკითხად გადავფურცლე. გადავფურცლე და მოულოდნელობისგან ფაილები ძირს დამივარდა. ძირს დაგდებული მთავარი გვერდიდან ორმოცდარვიანი ფონტით ავისმომასწავებლად მიყურებდა წარწერა: ქართველი მამლუქების კვალდაკვალ ახლო აღმოსავლეთში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.