შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი საწოლი (პირველი თავი)


20-11-2020, 14:43
ნანახია 1 821

თუ არჩევანში შეცდი, ყველაზე მოულოდნელი, იქნებ აბსურდული გზებითაც, სამყარო აუცილებლად მიგანიშნებს, რომ არ ხართ „მასთან“ - ადამიანთან, რომლისთვისაც დაიბადე... რამდენჯერაც უნდა დახუჭო თვალი და თავიდან მოიშორო გონების მღრღნელი ფიქრები, ერთ დღეს მაინც მოგიწევს სიმართლის ჰაერივით ჩასუნთქვა, ტყუილით რომ არ გაიგუდო. მაშინ, როცა პიროვნული გახრწნის ზღვარზე სინამდვილეს უკვდავების წყაროსავით დიდ ყლუპად მოსვამ, აუცილებლად მიხვდები ბედის ირონიას - რომ იქ, სადაც აღმოჩნდი შენი ადგილი არ ყოფილა. ამ „ერთი დღის“ კი ყველას გვეშინია, ზოგჯერ სიკვდილზე ან მარტობაზე მეტადაც კი.
ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დილით თვალს გაახელ და შენკენ მოშვერილ ზურგს დაინახავ... ნაცვლად მიხუტებისა კი გაიფიქრებ - „მერამდენედ?“ მერამდენედ გაგეღვიძა უკოცნელად? სად გაქრა ის გარიჟრაჟის ამბორი, წინა ღამით წახემსებული კერძის ან ნიკოტინის გემო რომ დაჰკრავს? მერამდენედ გაახილე თვალი მარტომ, მის მკლავებში გაღვიძების ნაცვლად?
ეს შეგრძნება შეიძლება წამოგეწიოს მოგვიანებით, როცა „მას“ შენთვის ყავის მოდუღება არ გაახსენდება, სამაგიეროდ, დიდხანს იტრიალებს სარკის წინ. უსათუოდ გულისრევას მოგგვრის მისი ნარცისიზმი და ეჭვი გაგიჩნდება, რომ სამსახურში ეგულება ვიღაც, ვისთვისაც ასე გულმოდგინეთ ლამაზდება... არცერთ კომპლიმენტს არ გადმოგიგდებს, გულს კი ნამდვილად გაგიწვრლებს წუწუნით, რომ შენ გამო სამსახურში ისევ აგვიანდება, არადა, ხომ იცი, პუნქტუალურობა მისი ძლიერი მხარე არც არასდროს ყოფილა.
ეს შეიძლება მოხდეს სამსახურის კართან - დამშვიდობებამდე რამდენიმე წამით ადრე - ტაქსიდან გადასულს თუ თავისი მანქანის საჭესთან დალურსმულს ჩახუტება რომ დაავიწყდება ან მხოლოდ ინერციით გადმოიხრება შენკენ, არა ისე, როგორც უწინ - სიამოვნებით, დაუცხრომელად.
თვალი შეიძლება აგეხილოს შუადღისას (ოხ, როგორ შეგზიზღდება შუადღეები... ისე შეგზიზღდება, რომ შეიძლება ვერც იმუშაო, ვერც დაისვენო; ტუალეტში შევარდე და დიდხანს ჩაიკეტო), მაშინ - როცა ლანჩზე სრულიად მარტო გასული მობილურს დახედავ და არ დაგხვდება არც ზარი, არც SMS-ი. შეიძლება კაფის მაგიდასთან კოლეგებთან ერთად იჯდე და თავს იკატუნებდე, რომ ეს სულელური პოლილოგი შენში მინიმალურ ინტერესს მაინც აღვიძებს... მხოლოდ იმ არაფრისმთქმელი მზერის დასამალად, ჩამქვრალ ეკრანს რომ ვერ აშორებ.
გონება შეიძლება გაგინათდეს მდიდრულ რესტორანში - ლამაზი ხედით - რომლის სტუმრობა დიდი ხნის წინ გინდოდა, ცნობილი შეფის კერძის მოლოდინში, ზუსტად მაშინ, როცა შენთან საუბრის ნაცვლად, ტექნიკაში ჩაიკარგება: არ დაელევა მეგობრებთან სალაპარაკო, კოლეგებთან ან დედასთან გასარჩევი თემა... ბოლოს, შენი უამრავი ამოოხვრის შემდეგ, „სმარტფონს“ გვერდზე გადადებს, მაგრამ ყველა ნერვული დაბოლოებით იგრძნობ, რომ ერთი სული აქვს თავის ვირტუალურ სამყაროში დაბრუნდეს. შეფის კერძი მოვა და ცქრიალა ღვინოსაც ჩამოასხამენ, მაგრამ ვერცერთის გემოს იგრძნობ, ინტერიესაც დაეკარგება დიდებულება, შეუფერებლად გამოწყობილ სულელს დაემსგავსები, რომელმაც უშედეგოდ სცადა კაცზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა, ღამის ქალაქის პანორამა კი დაშვებული, რუხი ფარდის მიღმა მკვდრისფრად გაიცრიცება.
ეს შეიძლება მოხდეს რიგით საღამოს, როცა სავარძელში ერთად ისხდებით, ის კი, როგორც ყოველვის, კომპიუტერს მიაშტერდება (სპორტი უყვარს თუ ვიდეოთამაშები?) - ნაცვლად იმისა, რომ გაცინოს, გეთამაშოს, გაგეფლირტაოს, - ზუსტად მაშინ, შეიძლება გეწვიოს ეს უსიამოვნო „გასხივოსნება“...
დაზღვეული არასდროს ხარ: იქნებ ეს მოხდეს სუპერმარკეტში... საყიდლებზე რომ წახვალთ და პროდუქტის რიგებს შორის იხეტიალებთ, სადილ-ვახშმის ინგრედიენტების ძიებაში; ან მორიგი ჩხუბისას, რომელიც უკვე ორივეს ყელში გაქვთ და აღარც იცით, რა გაკამათებთ, რადგან უკვე ყველაფერი სულ ერთი გახდა.
და მაინც... იმის აღმოჩენა, რომ ადამიანი მისამართივით შეგეშალა ყველაზე საზარელი და მტკივნეული, იცი, როდის არის? დაძინებისას, როცა მის გვერდით, ჩაბნელებულ ოთახში აღმოჩნდები და მიხვდები, რომ ერთად ოცნებას გადაეჩვიეთ, ან, შესაძლოა, არც არასდროს შეჩვეულხართ. მნიშვნელობა არ აქვს, სექსის მერე თუ უსექსოდ - ის ძილს მიეცემა, მართლა ან ვითომ დაღლილი აგარიდებს თავს, შენ კი გულაღმა იწვები და ჭერს გაუშტერებთ წყლიან თვალს, ან გადაბრუნდები და კედელს მიაჩერდები, თითქოს მასში იმალება ყველა კითხვაც და პასუხიც. უსიამოვნოდ დაგბურძგლავს ტანზე და სულის კიდეს უსახელო განცდა გადაგიხლეჩს. ფეხები გაგიცივდება საბანშივე... და გაგახსენდება, რომ ადრე მის მხურვალე ტანზე ითბობდი ტერფებს, ახლა კი აღარც გინდა. მთელი ტანით იგრძნობ, რომ თურმე, სხვის საწოლში წევხარ; რომ არაფერი შეიცვლებოდა თქვენთვის, თუ სხვადასხვა სახლში დაიძინებდით.
შემდეგ კი უსათუოდ შენს თავს დაინახავ: ფეხაკრებით წამოდექი საწოლიდან, „მას“ კი არაფერი შეუმჩნევია, შეუძლია ისე ეძინოს თითქოს შენი სიზმრების დარაჯად არავის აურჩევია... უჩუმრად იცვამ. უფარდო ფანჯრიდან შემოსულმა, მთვარის ვერცხლისფრმა სხივებმა ყველა ნივთი გაპოვნინა, რომ არაფერი დაგრჩეს... რომ არაფერმა გაახსენოს შენი თავი გაღვიძებულს... რადგან მთვარეც კი ხვდება, რამეს თუ დაუტოვებ „ის“ ყველაზე მივიწყებული თაროს კუნჭულში მოათავსებს... ან შეიძლება მრისხანებისას სანაგვეში მოისროლოს. მერე ინანებს, მაგრამ გადაგდებისას მაინც დაეუფლება შვებისა და სიამოვნების სუსტი გრძნობა. მერე დაინახავ, რომ უკვე კართან ხარ. არ გახსოვს, როგორ გაიარე მოკლე დერეფანი. შემოსასვლელში ატუზულ სარკეს ისე ჩაუვლი, საკუთარ თავს არც კი შეხედავ, არა იმიტომ რომ სიბნელეში ანარეკლს ვერ გაარჩევ, მხოლოდ იმიტომ რომ მასში თავიდან ბედნიერი იყურებოდი... ახლა კი... სახელურს შეეხები და გააცნობიერებ, რომ ეს რკინის კარი ყოველთვის უგულოდ ცივი და არასაიმედო იყო, მეტიც, არასდროს მოუნიჭებია შენთვის სასურველი სიმშვიდე, მაგრამ ახლა სიცივესთან ერთად გაუცხოვდა კიდეც. საკეტი ყოველთვის ხმაურობს... მაგრამ შენ მაინც გადააბრუნებ გასაღებს, კარს გააღებ და უკანმოუხედავად გაიქცევი. კიბეებს ისე ჩაირბენ, რომ ვერც ერთ საფეხურს გაარჩევ ფეხქვეშ... ლიფტთან მიაჭრი, ციდან მონაწყვეტი ვარსკვლავივით წამონთებულ ღილაკსაც შეეხები თითქოს, მაგრამ კარის გაღებამდე უკუნეთში შთაინთქმები... სად ხარ? ვისთან ხარ? ნამდვილად „ხარ“? თუ „აღარც ხარ?“ სულ ერთი წამით ვეღარაფერს დაიანახავ, შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ თურმე, ისევ ქვეშაგებში წევხარ... არც კი განძრეულხარ... თურმე, ღია კარში „მისი“ დატოვება ჯერ კიდევ არ შეგიძლია... კვლავაც მისი კანის რბილი, მოტკბო სუნი გცემს - ღრმად იჭრება შენს ფილტვებში და სუნთქვაში ხელს გიშლის... შენი ტანსაცმელი ისევ აბურდული ყრია აქა-იქ; მთვარე კი შეთქმული ღრუბლების მიღმა იმალება. „მისკენ“ გაიხედავ, დაინახავ, რომ ისევ ზურგშექცევით წევს, როგორც დილას, თითქოს გასულ დღეს არასდროს უარსებია და ეს ორი, ფართო ბეჭი ბალიშს არ მოშორებია...
გეტკინება, რომ მას თავისი სამყარო აქვს, შენ კი იქ არაფერი გესაქმება... ინატრებ, ეს ღამე - და სხვა ყველაც - მანვე შეამოკლოს, გენდომება ძველებურად თმაზე გადაგისვას ხელი, წელზე შემოგხვიოს მკლავი და ყურში ზღაპრად ჩაგჩურჩულოს ძველისძველი, ტკბილი ისტორია.
„მინდა, შენთან ერთად დავამარცხო ინსომნიის უსიზმრო სიმფონია. მინდა, ერთ დროს ვიძინებდეთ, ერთ ბალიშზე გვედოს თავი ანდა, შენი განიერი მხარი თავქვეშ სიამით ამოვიდო. მინდა ხშირად მკითხო, საით წაგიყვანა დარდმა და ნაღველი სხეულიდან ყურძნის ბადაგივით გამომწურო. მინდა, ჩემთან ერთად ყველა ღამე თეთრად გაათენო, სანამ ზმანებათა სამფლობელო კარიბჭეს არ გახსნის... ანდა, ერთადერთხელ მაინც, მოერიო ძილის სურვილს, რომ ღამეულ ფიქრთან ობლად არ დამტოვო.“ - გულში გაივლებ, სიტყვად არ დაგცდება და ისევ სხვის საწოლში ჩაგეძინება.
თუ არჩევანში შეცდი, ყველაზე მოულოდნელი, იქნებ აბსურდული გზებითაც, სამყარო აუცილებლად მიგანიშნებს, რომ არ ხართ „მასთან“ - ადამიანთან, რომლისთვისაც დაიბადე... და როცა ეს დღე დადგება, ყველაფერი შეიცვლება, უკან ვეღარაფერს დააბრუნებ(თ): ვერც გრძნობებს, ვერც დაპირებებს, იმედებს ან მოლოდინებს. ყველაზე სანუკვარი ოცნებებიც დაიფანტება და თავიანთ გაუთხრელ სამარეებს მძიმედ დაეფინება.

ავტორი: ფურცლებში დაკარგული



№1 სტუმარი Life is beautiful

მომეწონა ♥️ ველოდები შემდეგ თავს

 


რა ლამაზი იყო ♡♡

 


№3  offline წევრი Vlad hoshin

ძალიან მომეწონა <3
--------------------
V.hoshin

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent